მტრობა (სრულად)
მტრობა პირველი ნაწილი მანქანა უცნობი კორპუსის წინ გააჩერა. ძრავი გაუაზრებლად გამორთო და ღვედი შეიხსნა, თითქოს ყველაფერს მექანიკურად აკეთებდა. მშვიდად, რიტმულად სუნთქავდა, მაგრამ არა თვითნებურად - არამედ ძალდატანებით. სისხლი ძარღვებში უდუღდა და მხოლოდ საკუთარი გულის ფეთქვის ხმა ჩაესმოდა. თვალი მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარი მანქანისათვის გაეშტერებინა. მძღოლი არ ჩქარობდა გადმოსვლას. მოთმინების ფიალა კი ნელ-ნელა ივსებოდა და ივსებოდა, ის-ის იყო უნდა აფეთქებულიყო, რომ შავი მანქანის კარი გაიღო და იქედან ნაცნობი სხეული გადმოვიდა. რამდენიმე წამში მას გადმოჰყვა უცნობი, ლამაზი ქალის სილუეტი. მდიდრულად ეცვა, შავი სწორი თმა ლამპიონების შუქზე ულაპლაპებდა. კაცმა ხელი წელზე მოხვია და ისე გაუჩინარდნენ სადარბაზოში. ბედნიერ წყვილს ჰგავდნენ. სხვა დროს ალბათ ესიამოვნებოდა კიდეც ასეთი შესაფერისი ქალისა და კაცის ერთად დანახვა ლილეს. მაგრამ ახლა საკუთარი გული, ღირსება და სული ერთად დაჰყიოდა მის გასაწ....ბულ მდგომარეობას. სასოწარკვეთისგან სიცილი აუვარდა. გულიანად, ხმამაღლა აკისკისდა, მერე ახარხარდა და ბოლოს ტირილში გადაეზარდა. საკუთარი თავის ზიზღის გარდა იმ წამს ვერაფერს გრძნობდა, ეგონა, ჭუჭყიანი იყო, ტალახსა და განავალში ამოსვრილი, უმგვანო, მახინჯი არსება. გულისრევამ ყელში კლანჭები წაუჭირა. საკუთარი თავი ეზიზღებოდა, იმ ხელებით შეხების უფლებას რომ აძლევდა, რომლითაც საყვარელს ეფერება ახლა მისი ქმარი. როგორ ლაღად, ბედნიერად შემოხვია წელზე ხელი, აკოცა ლოყაზე... თითქოს უკან არაფერი ექაჩებოდა. არაფერი გააჩნდა. თითქოს სახლში ცოლი არ ელოდა. თითქოს ყველა ძაფი გაწყვეტილიყო. მშვიდად დაქოქა მანქანა ლილემ და სახლისკენ სულგამოცლილი, გულცარიელი წავიდა. ვერაფერს გრძნობდა და აქამდე არასოდეს ეგრძნო ასეთი ვაკუუმი საკუთარ არსებობაში. თითქოს მთელი სხეული შიგნიდან ფუტლიერი იყო. სახლში ასულმა ქმრის ჩემოდნის ჩალაგება დაიწყო. მოღალატე ქმრის. ტანსაცმელი თვითონ დაეკეცა რამდენიმე დღის წინ. თვითონ დაერეცხა. ამას იმხელა სიყვარულით და სიმშვიდით აკეთებდა, საკუთარ თავზე გაბრაზდა. მახეში საკუთარი თავიც თვითონ გააბა. თვალდახუჭული ენდო, ეჭვი არ შეჰპარვია. საწოლისკენ გახედვაც კი არ უნდოდა. აქაურობა გულს ურევდა და ფანჯრები იმ იმედით გამოაღო, რომ სუფთა ჰაერი მაინც ამოუვსებდა გულისამრევ სიბინძურის შეგრძნებას. ჩემოდნები მისაღებ ოთახში გაათრია. ზემოდან თავისი ქორწინების ოქროს ბეჭედი დაადო. არათითზე იმხელა სიცარიელე იგრძნო, თითქოს სხეულის ნაწილი მოაცალეს. ქორწინების დღის შემდეგ არ მოუშორებია ხელიდან და მიხვდა, როგორ შეისისხლხორცა. ალბათ გაგა საყვარელთან შეხვედრისას სულ იხსნიდა. მისთვის არ იქნებოდა ეს შეგრძნება ნაცნობი. შუაღამე ხდებოდა, გასაღების ჩხაკუნი რომ გაისმა. კარი გაიღო. მძიმე ნაბიჯებით მოიწევდა ვიღაც შინისკენ. ლილე ადგილიდან არ დაძრულა. დივანზე ისევ ისე იჯდა, როგორც ერთი საათის წინ და გამორთულ ტელევიზორს მისშტერებოდა. მზერა შავი ეკრანიდან ზანტად გადაიტანა გაოცებულ კაცზე, რომელიც ხან ჩემოდნებს მისჩერებოდა, ხან უემოციო ცოლის სახეს. -ბარგი გაგიმზადე. -სანამ რამეს იკითხავდა გაგა, თვითონ დაასწრო. -შენ გადაწყვიტე სად წაიღებ: შენს ახალ სახლში თუ შენს საყვარელთან. გაგას გაკვირვება სახიდან ჩამოერეცხა, ათასმა ემოციამ გადაურბინა სახეზე ერთი წამის განმავლობაში. ლილეს უსიტყვოდ ჩაეცინა. -რა სისულელეს ამბობ? -ჰკითხა სახეგაწითლებულმა გაგამ, თვალები ბრაზით ამოვსებოდა. ნეტავ რაზე ბრაზობდა, სიმართლე რომ გამოუმჟღავნდა თუ სახლიდან რომ აგდებდნენ. -სისულელე შენ გააკეთე. თუ ასე თვლი, რა თქმა უნდა. ძალიან ბედნიერი ჩანდი იმ ქალის გვერდით. რა ჰქვია? შავთმიანი, მაღალი, ლამაზი, მწვანე მანტო ეცვა დღეს და წითელი ტუჩსაცხით ჰქონდა ტუჩები მოხატული... -რა მოგეჩვენა! არ გადამრიო, ლილე! ან ეს ჩემოდნები რა არის? -ხმას აუწია გაგამ. -ხმას დაუწიე! რაც მაყარე თვალებში ნაცარი გეყოს! ამომევსო და ამოვიწმინდე: კარგად დაგინახე. ლორთქიფანიძეზე იყავი ოთხი საათის წინ, შვიდ ნომერთან, პირველ სადარბაზოში შებრძანდი საყვარელთან ერთად. არ მითხრა, რომ თანამშრომელია, ან ძმაკაცის დეიდაშვილი, ან შენი უკანონო შვილი! დებილიც კი მიხვდება, რომ მაგ ქალთან სექსი გაქვს. რაც გამასულელე, შეურაცხყოფა მომაყენე და დამამცირე, კმარა. გეყოს ნამუსი, გამბედაობა, სიმართლე თქვი და წადი აქედან. მოღალატის იარლიყს მაინც ვეღარ ჩამოიხსნი და ჩემი ზიზღისგან მაინც გადაირჩინე თავი. -ლილე, ყველაფერს... ყველაფერს აგიხსნი... -ბრაზი თითქოს მინავლდა კაცის თვალებში, ახლა სასოწარკვეთა აალდა. -რას ამიხსნი? შენი აზრით, არ ვიცი ცოლის ღალატი რას ნიშნავს? თუ სექსი როგორ გქონდა იმას ამიხსნი? დეტალები არ მაინტერესებს. ის მინდა, ვიცოდე, რამდენი ხანია მასულელებდი და რატომ. მინდა ყველა კითხვაზე პასუხი მქონდეს და მერე გავშორდეთ, რომ სამუდამოდ დაგივიწყო და არაფერმა შემაწუხოს, რაც შენ გიკავშირდება. -ნუ სულელობ... -ნუ ჩაიხვიე დებილივით! -გაღიზიანებამ გონება დაუბინდა, ყელში გულისრევა აბობღდებოდა და ენას ძლივს ატრიალებდა, პირდაპირ სახეში რომ არ მიერწყია მოღალატისთვის. -რამდენი ხანია, მიპასუხე! -ცოტა ხნის წინ გავიცანი... -სავარძელზე ჩამოჯდა გაგა. ეტყობოდა, ძლივსღა სუნთქავდა. -შენი ცოტა ხანი რამდენია? არც ერთ სიტყვას ვენდობი შენსას, შენ ცოლიც ერთი გგონია, მაგრამ სხვა ქალსაც მშვენივრად ტყნავ, ხოდა, თქვი. დრო ზუსტად. თარიღი. ვინ არის. რატომ. -იმხელა ზიზღით ელაპარაკებოდა ლილე, კაცს გაუკვირდა, ასეთს პირველად ხედავდა. თითქოს მის წინ მონსტრი იჯდა და არა თავისი ცოლი. რომელსაც უღალატა. -სამი თვეა. ჩვენთან მუშაობა დაიწყო... -კარგი, და რატომ? რატომ მიღალატე... -ძალიან ცდილობდა ქალი, ხმა არ ჩაწყვეტოდა, მის წინაშე აცრემლებული და დასუსტებული არ გამოჩენილიყო. გაგას აღარ ჰქონდა უფლება, მტირალი ენახა. -არ ვიცი... -სახე ორივე ხელში ჩარგო კაცმა, იქედან ძლივს ისმოდა მისი ხმა, მხოლოდ მონსტრივით ქშინავდა. -არ ვიცი. არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე. -მაგრამ არ ნანობ... -გააგრძელა ლილემ ჩურჩულით, -სინანული საერთოდ არ გეტყობა... როგორი ლაჩარი ყოფილხარ... არაკაცი... ასე როგორ შემაზიზღე შენი და ჩემი თავიც... სიჩუმე ჩამოწვა. მძიმე, გაუსაძლისი სიჩუმე. დამნაშავე და ყველაფრისმთქმელი. ლილე მართალი იყო, ყველაფერში, ყველა სიტყვაში. გაგას თვალებზე ცრემლები მოსწოლოდა და ქალს ამაზე საშინელი დასანახი, ამაზე თვალთმაქცური თითქოს არაფერი ეხილა თავის ცხოვრებაში. -წადი. -თქვა ბოლოს მშვიდად. -ვიცი, ეს სახლი შენიც არის, ერთად ვიყიდეთ... გავყიდით და ისე გავყოფთ, როგორც საჭიროა. ახლა წადი. სასამართლოში შევხვდებით. *** ამ ამბიდან დიდი დრო არ გასულა. რამდენიმე ორშაბათი და რამდენიმე წვიმა. ლილეს ზუსტად არ ახსოვს. სიცარიელემ თითქოს აზროვნება და მეხსიერებაც წაართვა. ყველაზე მეტად ამ სახლიდან წასვლა უსერავდა ძლივს მომუშავე გულს. გონება სჯიდა: ახალი არაფერი ამახსოვრდებოდა, მხოლოდ ძველს ახსენებდა გამუდმებით. ამ სავარძელზე ერთად უყურებდნენ ხოლმე ფილმებს. ლილეს ნახატებს ჩარჩოებს გაგა უკეთებდა, კედელზეც ის კიდებდა. ყველაფერს გაგას ხელიც აჩნდა. ყველაფერს. კარს. კედლებს. ნივთებს. ყველაფერი, რაც ასე უყვარდა ადრე, უნდოდა, აღარასოდეს ენახა. ეს სახლი თავისი ხელით მოაწყო. აქ უნდა ეცხოვრათ სიცოცხლის ბოლომდე, გაეჩინათ და გაეზარდათ შვილები. მაგრამ არაფერი აუხდათ. გაგამ ყველაფერს ხელი მოავლო და ნაგვის ურნაში ჩაყარა, შემდეგ ისე შორს მოისროლა, ლილეს რაც არ უნდა ეცადა, უკან ვეღარაფერს დააბრუნებდა. ვერც ნდობას, ვერც პატივისცემას, ვერც სურვილს. ყველაფერი ერთიანად აორთქლდა. გაგას კი აიძულა წასულიყო, მაგრამ საკუთარი სახლიდან გაგდებულად თავს თვითონ უფრო თვლიდა. ხელი მშვიდად გააწერეს. ჯვრის დაწერას მომავალში აპირებდნენ, ამიტომ გაუმართლათ, ზედმეტი პროცედურები თავიდან აიცილეს. სახლიც მაშინვე გაყიდეს და ყველაფერი ისე მარტივად, ერთი-ორი ხელის მოწერით დასრულდა, თითქოს ათწლიანი წარსული უკან არ მოეტოვებინათ. ლილეს ზედმეტად არაფერი უკითხავს. გაგას არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ ნათესავები, მეგობრები და ნაცნობები არ წყვეტდნენ შეკითხვებს. ყველასთვის მოულოდნელი იყო უკვე ყოფილი ცოლ-ქმრის გადაწყვეტილება. რეალური მიზეზი ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა. მხოლოდ ახლო მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა. გაგას დედა, ლეილა, ისე ცუდად გახდა, ლამის საავადმყოფოში გახდა დასაწვენი მიკრო-ინფარქტის ნიშნებით. ლილეს დედას არაფერი უთქვამს, მამა - ბეშქენი კი ძლივს გააკავეს, გაგასთვის რამე რომ არ დაეშავებინა. შემწინააღმდეგებელი არც არავინ ჰყავდა ლილეს გარდა. მამას მშვიდი, თუმცა უემოციო თვალებით ანიშნა, რომ არ ღირდა ნერვიულობად, ხელის გასვრად და ციხედ, მითუმეტეს. მიუხედავად იმისა, რომ ბეშქენ დაშნიანი არავის მიუტევებდა საკუთარი ოჯახის უპატივცემულობას, სანუკვარი ქალიშვილის დამცირებას კი - მით უფრო, მაინც თავი შეიკავა ლილეს ხათრით. მიხვდა, ასე უფრო მარტივი იქნებოდა შვილისთვის ახალი ცხოვრების დაწყება. ლილესთვის კი რეალურად მარტივი არაფერი იყო. ის, რაც ბევრს ახალი ცხოვრების დასაწყისად მიაჩნდა, მისთვის უბრალოდ ძველის დავიწყების სასოწარკვეთილი მცდელობა იყო. ასე დამცირებულად, უმნიშვნელოდ თავი არასოდეს უგრძვნია. ათასჯერ ეკითხებოდა საკუთარ თავს - ათი წლის განმავლობაში შენთვის ყველაზე ახლო ადამიანს თუ ვერ ენდობი, აბა ვინღაა სანდო? „შენი თავის გარდა არავინ.“ ეჩურჩულებოდა საკუთარი ხმა. ყველაფერზე პასუხი თითქოს ყოველთვის იცოდა. ხმა, რომელიც მის გონებაში ცხოვრობდა, არ იყო სულელი, ლოგიკას მოკლებული. სწორედ ამ ხმამ ააღებინა ეჭვი რამდენიმე კვირის წინ... გაგა თითქოს შეიცვალა, სხვანაირი სურნელი ასდის. ამის გაფიქრებაზე პირველად გაეცინა, ასეთი სისულელე როგორ ვიფიქრე, რას ჰქვია ადამიანს სუნი შეეცვალა. ალერსიც სხვანაირი გაუხდა. კოცნაც და მოფერებაც. ისეთი შეგრძნება დაგრჩებოდათ, როგორიც ბაგაზე გამობმული გამომშრალი ჩალის მცოხნელი ძროხის დანახვისას. მერე იმრავლა „სამსახურის საქმეებმა“, „კლიენტებთან შეხვედრებმა“... ათასმა მიზეზმა, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა პრობლემა. იმრავლა ტელეფონზე შეტყობინებების წრიპინმაც, აივანზე ნაპასუხარმა ზარებმა. ლილე, რა თქმა უნდა, არასდროს აკადრებდა საკუთარ თავს ქმრის ტელეფონში ჩაძრომას. ეს არც გაუკეთებია და არც დასჭირვებია. ყოველ ღამე მის ქმარს სხვა ქალის სუნი მოჰქონდა სახლში. ამ სუნმა კი მეძებარი ძაღლივით გაიყვანა კვალზე. შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამ დროს ფიქრობდა, რომ მიზეზის ცოდნას რამე მნიშვნელობა ჰქონდა. გაგას პირდაპირ არასოდეს უთქვამს, მაგრამ ძალიან განიცდიდა უშვილობას. ლილეც არანაკლებად. გაკვრით ამბობდა ხოლმე გაგა, რომ „ბავშვი ოჯახს ამყარებს“, „ბავშვი მისი აუხდენელი ოცნებაა“... ეს სიტყვები გულზე კარგად ალესილი ისრებივით ესობოდა ლილეს. შვილი მასაც უნდოდა, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის ზოგიერთი წყვილისათვის. როგორც აღმოჩნდა, გაგას და ლილეს შვილის ყოლა არ შეეძლოთ. ათას ხერხს მიმართეს. ათასი ანალიზი ჩაიტარეს. კონკრეტულ მიზეზს ვერავინ ამბობდა. ხუთწლიანი ქორწინების განმავლობაში ოთხი წელი მკურნალობაში გაატარეს ცოლ-ქმარმა. შედეგი სახეზეა: გაგას გულმა არ მოუთმინა, სხვა ქალი იპოვა. „ვინმე ჩემზე ნაყოფიერი“, ცივად შეახსენა შინაგანმა ხმამ ლილეს და ამ სიტყვებზე უხმოდ გაეცინა. ოჯახები წლობით ელიან შვილებს. რამდენს ჰყოლია ათი წლის მცდელობის შემდეგ შვილები. როგორ საერთო პრობლემად მიაჩნდა ეს ლილეს და ბოლოს, როგორ შეაწმინდა გაგამ ხელები. -მამა, -მტანჯველი ფიქრების კლანჭებიდან ბეშქენის დაბალმა, ნაღვლიანმა ხმამ გამოიხსნა. როგორც ყოველთვის - მისი ყველაზე დიდი ჭაღარიანი იმედი. მხსნელი. -ხო, მა... -მიწყვეტილი ხმით უპასუხა ლილემ და ძალით გაიღიმა. წამოჯდა, რათა ბეშქენსაც შეძლებოდა ქალიშვილის გვერდით ჩამოჯდომა. -ასე სახლში წოლას არ გირჩევნია, ჩვენთან სოფელში ახვიდე... სახლი რამდენი ხანია დაკეტილია... წადი, გონება გაანიავე... სუფთა და ცივი, მთის ჰაერი ჩაისუნთქე. მამასთან ლაპარაკი იმიტომ უყვარდა, რომ ზედმეტ კითხვებს არასოდეს უსვამდა, არც პასუხის გაცემა სჭირდებოდა მის ნათქვამს. ყველაფერს სრულყოფილად ამბობდა ბეშქენი, ალბათ, თვითონ ვერც კი ხვდებოდა როგორ უიოლებდა ქალიშვილს არსებობას, სუნთქვას, ცხოვრებას. მეორე დღეს მანქანაში ერთი ჩემოდანი ჩადო და გზას დასავლეთისკენ გაუდგა. მგზავრობა მშვიდი და წუხილით სავსე იყო. რთულია, მარტოობას შეეგუო, როცა წლობით ერთ ადამიანზე ხარ მიწებებული. სხეულის რაღაც ნაწილს თითქოს ბოლომდე ვეღარ გრძნობ. ლილეს უყვარდა გაგა. უყვარდა მთლიანად. მაგრამ როგორც ჩანს ერთი ლილე ერთი გაგასთვის საკმარისი არ იყო. იმას მეტი უნდოდა და მეტის საძებნელადაც წავიდა. ქალს კი დამნაშავედ თავი ნამდვილად არ უნდა ეგრძნო იმის გამო, რისი მიცემაც არ შეეძლო. ფიქრებს ფიქრები მოსდევდა, ლამპიონს-ლამპიონი. დრო ნელა გადიოდა, გზას კი დასალიერი არ უჩანდა. ტკბებოდა საქართველოს ლამაზი ხედებით, გაცრეცილი ხეებით, სუსხიანი ღრუბლებით. მშობლიურ მხარესთან მიახლოვებამ მის სულს და გარემოს სითეთრე შემატა. მთაში უკვე თოვდა. რა თქმა უნდა. ჩაეცინა ნაადრევად მოსულ ზამთარზე. თავს ისე გრძნობდა, თითქოს ბუნებამ გაუგო. გონება გამოუწმინდა მუქი, მურიანი ფიქრებისგან. თოვა ნელ-ნელა იმატებდა და უკვე შიშიც კი შეეპარა ლილეს, რომ სოფლამდე ვერ მიაღწევდა დიდთოვლობის გამო. ბნელდებოდა. გზაზე მისდაჭირად მანქანას არ გამოუვლია. მანქანაში ჩამაგრებულ რუკას თუ ენდობოდა, ჯერ კიდევ საათნახევარი უნდა ემგზავრა, რომ სოფლამდე აეღწია. ოცწუთიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ დანებდა. თოვამ ისე იმატა, რომ გზას ვეღარ ხედავდა, ვერც მისის მანქანა ახერხებდა ნახევარმეტრიანი თოვლის საბნის გარღვევას. შეშფოთებულმა, რომ მის მანქანას მალე თეთრი საბურველი გადაეფარებოდა და აქედან ვერ გააღწევდა, საჭეს ხელები დასცხო. რამდენიმე წუთი არ იყო გასული, რომ რაღაცის ხმა შემოესმა. თითქოს მანქანა უნდა ყოფილიყო. ყურები დაცქვიტა. ფარები უცებ აანთო და რამდენჯერმე დაასიგნალა. მანქანიდან ძლივს გადმოვიდა. უკან ჯიპი მოსდგომოდა. იმით გახარებულმა, რომ ამ თოვლში არ ჩაიხრჩობოდა, ორივე ხელი ააქნია სხარტად. ჯიპი მის უკან გაჩერდა და იქედან მაღალი სხეული გადმოვიდა. თოვლში კარგად ვერ ამჩნევდა ლილე ვინ იყო, მაგრამ აშკარად კაცის აღნაგობა ჰქონდა. -გამარჯობა, -ადამიანს მოახლოება არ დააცადა, ისე დაიწყო საუბარი სულიერის დანახვით გახარებულმა. - ლელეთში მივდივარ, უფრო სწორად, ვაპირებ, რომ წავიდე, მაგრამ საშინლად გათოვლდა! იქნებ, როგორმე დამეხმაროთ... -გაგიმარჯოს, აქედან ლელეთში ჩასვლას ამ ამინდში ვერ შეძლებთ. -მშვიდი, თუმცა მკაცრი ხმით გამოეპასუხა კაცი. ლილე მის სახეს კარგად ვერ ხედავდა, თუმცა მისმა ნათქვამმა გული კი გაუხეთქა. -მაქსიმუმ ბუქსირზე გამოვაბათ თქვენი მანქანა და ჩემს სოფლამდე ისე ჩავიდეთ. მანამდე გზებს გაწმინდავენ და ხვალ შეძლებთ ლელეთამდე მისვლას. -კარგი, გამიყვანეთ. -უცებ დაეთანხმა ლილე. იქ სადმე სასტუმროში მაინც დარჩებოდა, გზაზე ამ გამყინვარებაში გაჩერებას ნამდვილად სჯობდა. კაცს აღარაფერი უთქვამს. მანქანა წინ გადაუყენა. ლილეს პატარა მანქანა ბუქსირს გამოაბა. თვითონ გზას უკვალავდა და ლილეც მშვიდად მიჰყვებოდა მის გადაწმენდილ გზას. გაჭირვებით იარეს ორმოცი წუთი. კარგად ჩაბნელებულიყო, როცა მანქანა გაჩერდა. ლილე გარეთ თოვლის გარდა ვერაფერს ამჩნევდა. რუკაც ვერ კითხულობდა, სად იყო ზუსტად. ცოტა შიში კი შეეპარა გულში, მაგრამ მაინც მამაცად გადმოვიდა მანქანიდან, ქურთუკის ჯიბეში წარბების გამოსაქნელი პინცეტი ჩაებღუჯა. მხარზე ჩანთა მოიგდო და ძლივს გააბიჯა მუხლებამდე თოვლში. -სად ვართ? -ხმამაღლა ჰკითხა უცნობს, რომლის სახესაც კი ვერ ხედავდა ამ ღამეში. მხოლოდ სქელ ფიფქებს გრძნობდა გაყინულ სახეზე რომ ეწებებოდა. -ამაღამ ჩვენს ოჯახში დარჩი. სახლში მე, ჩემი ცოლი, ჩემი ძმა, დედაჩემი და მამაჩემი ვართ. სტუმრად მიგიღებთ. -თბილი ხმით გამოეპასუხა კაცი. -არა, არ შეგაწუხებთ, -ყოყმანით უპასუხა ლილემ, -სადმე, სასტუმროში დავრჩები... -აქ სასტუმრო არ არის, ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებთ. მე დემეტრე ფიცხელიანი ვარ. შენ რა გქვია? -მე.. მე ლილე დაშნიანი... -გაყინული ხმით უპასუხა ლილემ. სუსხმა სახე და შიშველი თითები გაუქვავა. უკვე ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ ყინულის ქანდაკებად არ ქცეულიყო უცხო ადამიანის წინაშე. -დაშნიანი?! მოდი, მოდი! შენც ჩვენი მთის ყოფილხარ! შემოდი, -ჭიშკარი ფართოდ გაუღო დემეტრემ და ეზოში შეატარა. ძაღლების ყეფამ ისე დააფრთხო ლილე, არ ელოდა. სწრაფად ჩააფრინდა დემეტრეს მკლავში გულგახეთქილი და გვერდიდან არ მოსცილებია, სანამ სახლის კარამდე არ მივიდნენ. ამხელა გზა გამოიარა და სასაცილოც კი იქნებოდა, ძაღლებს რომ შეეჭამათ სხვის ეზოში. პირველ სართულზე, აივნის ქვეშ, შესასვლელ კართან სინათლე აინთო. ახალგაზრდა კაცმა მხრებიდან თოვლი გადმოიბერტყა, ფეხებიც გააბაკუნა, რომ თოვლი მოეშორებინა. ლილემაც ზუსტად გაიმეორა მისი ქმედებები. მთლიანად გაწუწულიყო. ყინვა ძვლებში ატანდა. ხელის თითებსაც კი ვეღარ ხრიდა. კარი მალევე გაიღო და დემეტრეს ლამაზი, შავთვალება გოგო შემოეგება. მისი ცოლი უნდა ყოფილიყო. ქმარს მორიდებით ჩამოეკიდა კისერზე და ლილე რომ დაინახა გაკვირვებულმა უკან დაიხია. ოდნავ ლოყები შეუწითლდა. -დღეს სტუმარი გვეყოლება, -ოთახის განათებაზე საკმაოდ ახალგაზრდა აღმოჩნდა დემეტრე. ლილე მორცხვად მიჰყვა უკან მასპინძელს. საოცარი სიმშვიდე იგრძნო, როცა შიგნით სახლური გარემო დახვდა. მიხვდა, რომ გაუმართლა. -თოვაში მოჰყვა, თავისი პატარა სათამაშო მანქანით ვერ გაივლიდა გზას, ამიტომ დღეს ჩვენთან დარჩება. ხვალ ვნახოთ. -გამარჯობა, -საწყლად ამოიკნავლა ლილემ. ამდენი უცხო ადამიანის დანახვამ გული შეუღონა უცებ. დემეტრეს ცოლმა და დედამ კეთილად გაუღიმეს, მამა და ძმა ჯერ არ ჩანდნენ. -დიდი მადლობა, რომ შემიფარეთ. არ მეგონა, ასეთ დღეში თუ მოვხვდებოდი. გამიმართლა, დემეტრე რომ შემხვდა. -მოდი შვილო, დაბრძანდი. გაიყინებოდი. სულ სველი ხარ. -სწრაფად შეიპატიჟა შინ ჩია, გაჭაღარავებულმა ქალმა. -მიდი, შვილო, მარო, შენი ტანსაცმელი კარგად ექნება. არ გაგვიცივდეს სტუმარი. -მე მამასთან და ბექნუსთან გავალ, -მშვიდად თქვა დემეტრემ, მერე ლილესაც გაუღიმა, როცა სამშვიდობოს დაიგულა და მეორე კარიდან გავიდა. -შეშას ჩეხავენ, შვილო, და მავლენ მალე. შენ მოდი, ფეჩთან ახლოს დასჯექ, არ გასცივდე. მარიკა მალე მოგიტანს ტანსაცმელს და გამაიცვალე. -მოხუცმა თბილი, მაგრამ დინჯი მთის მასპინძლობით მიიწვია ლილე. -დიდი მადლობა. -გულწრფელად გაუღიმა დაშნიანმა. -იცით, მეც აქაური ვარ... ლელეთში აქვს ჩვენს ოჯახს სოფელი, მაგრამ კარგა ხანია აქ არ ვყოფილვართ. -მართლა? რა გვარისა ხარ? -გაუხარდა ქალს. ლილე პასუხის გაცემას აპირებდა, მაგრამ ამ დროს მარიკამ ოთახისკენ გაიხმო თავისი ტანსაცმლით ხელდამშვენებულმა. სწრაფად წამოდგა, მოხუცმაც ანიშნა, საუბარი შემდეგ გავაგრძელოთო. პატარა, მყუდრო ოთახში შეუძღვა მარიკა. ერთი ფანჯარა ჰქონდა საძინებელს, ერთადგილიანი საწოლი კუთხეში იდგა, ზემოდან თეთრი,ფუმფულა ბალიში და თეთრი საბანი გადაეგოთ. პატარა კომოდი და გარდერობის კარადაც იქვე იდგა. -ესენი ჩაიცვი. ფენი კომოდში დევს, თმა გაიშრე, თორემ გაცივდები. -თბილად გაუღიმა მარიკამ. -დიდი მადლობა. არ მინდოდა თქვენი ასე შეწუხება. -რას ამბობ, რა შეწუხებაა გაჭირვებაში მყოფი ადამიანის დახმარება. ყავას ან ჩაის ხომ არ დალევ, სანამ ვახშამს გავამზადებთ? -ჩაი, თუ შეიძლება. ახლავე გამოვალ მეც. -გულწრფელად გაუღიმა ლილემ. შალის წინდები, თბილი შარვალი და დიდი სვიტრი სწრაფად გადაიცვა. გრძელი, ხვეული თმა მხოლოდ პირსახოცით შეიმშრალა. ფენი საშინლად აუფუებდა და არ უნდოდა მასპინძლები დაეფრთხო. სასტუმრო ოთახში, სადაც შეშის ფეჩი იდგა, სასიამოვნო სითბო და ნაძვის სურნელი ტრიალებდა. ლილემ იგრძნო, რომ ძვლები გაულღვა. ქალები მშვიდად ფუსფუსებდნენ. თავადაც შესთავაზა დახმარება, მაგრამ მათი შეურაცხყოფილი სახეების დანახვისას მაშინვე გადაიფიქრა. მარიკამ მოცვის ჩაი გაუმზადა. ისეთი არომატული სურნელი დატრიალდა ოთახში, ლილეს თვალები მიელულა სიამოვნებისაგან. იქვე ჩასთვლემდა ალბათ, შემოსასვლელის კარი რომ არ შემოეგლიჯათ უეცრად. თოვლის სუსხი და სურნელი ძაღლების ყეფასთან ერთად დაუპატიჟებლად შემოიჭრა მყუდრო ოთახში, მას მოჰყვა მაღალი კაცი, კუპრივით შავი თვალებითა და მოკლე, შავი ხვეული თმით, რომელიც გასველებოდა და შუბლზე მიკროდა. ორივე ხელით იმდენი შეშის ნაფოტი მოჰქონდა, რომ ლილეს ეს კაცი უცებ მძლეთა მძლედ მოეჩვენა. კაცმა ერთხელ აათვალიერა სტუმარი, თავი ოდნავ დაუკრა და შეშა ფეჩის გვერდზე ხის შეჭედილ კალათში ჩაყარა. ეს უეჭველად დემეტრეს ძმა უნდა ყოფილიყო. ბექნუ. ლილე მისმა გამომეტყველებამ და აურამ დაძაბა თითქოს. კაცი ისეთი მტრული სახით უყურებდა, ადგომა და აქედან გაქცევა მოუნდა უცებ. -საკმარისია, შვილო. დაუძახე იმათაც, შემოვიდნენ. -მკაცრად, თუმცა მაინც მოეალერსა ქალი თავის ვაჟს და სუფრის გაშლას შეუდგა. რამდენიმე წუთში ყველა სუფრას მოუსხდა. დემეტრეს და ბექნუს მამა თბილად შეხვდა უცხო სტუმარს და გვერდით მოისვა სუფრასთან. -ლილეც აქაურია, მამა. -ღიმილით უთხრა დემეტრემ უფროს ფიცხელიანს. -ლელეთს ჰქონია სოფელი. -ვახ, ვახ! -სახე გაუბრწყინდა ბუდუს, მათ მამას. -რა გვარისა ხარ, ლილე? -დაშნიანი, მაგრამ ჩვენი ოჯახი დიდი ხანია, აქ აღარ ცხოვრობს. -ღიმილითვე უპასუხა ქალმა. რატომღაც მოეჩვენა, რომ მისი გვარის გაჟღერებამ ყველა დაძაბა. ბუდუმ დემეტრეს გადახედა, შემდეგ სახეგახევებულ ბექნუს. ლილესაც ღიმილი სახეზე შეახმა და უგემრიელესი კუბდრის ლუკმა უგემურად, ძალით გადაყლაპა. გული აუკანკალდა. -როგორ მოგეწონა კუბდარი, ლილე? -მხიარულად იკითხა მარიკამ. ლილე ვერ მიხვდა, ამას დაძაბულობის განსამუხტად აკეთებდა ქალი, თუ ვერაფერი შენიშნა. -ასეთი გემრიელი არასოდეს მიჭამია. -პირველად გავაკეთე დღეს. -გაიპრანჭა მარიკა, დემეტრემ სიყვარულით გადაუსვა ხელი თავზე ცოლს. -ყოჩაღ, ძალიან კარგია. -გაუღიმა ლილემაც. ვახშამი უსიტყვოდ დაასრულეს. ლილე რაღაცას გრძნობდა, თუმცა ბოლომდე ვერ გაერკვია, რას. არც დაძაბულობას ჰგავდა ეს გრძნობა, არც სიმსუბუქესა და შვებას. რაღაც ამოუხსნელი აურა მოდიოდა ყველასგან დემეტრესა და მარიკას გარდა. ალბათ, ახალდაქორწინებულები არიანო, გაიფიქრა ლილემ როცა მათ აციმციმებულ თვალებს შეხედა. უნებურად მოაგონდა თავისი ქორწინება, თაფლობის თვე და აუტანელმა სევდამ შემოუჭირა გულზე ხელები. ისედაც დაძაბული იყო და ეს გრძნობა უარესად უჟამავდა ხასიათს. ახლა ერთადერთი, რაც უნდოდა, მარტო ყოფნა იყო. იმედოვნებდა, რომ თოვლი მალევე გადაიღებდა და დილით შეძლებდა სოფელში, თავის სახლში ჩასვლას. მიუხედავად იმისა, რომ უსაზღვროდ მადლიერი იყო ამ ოჯახისა, თავს მაინც უცხოდ გრძნობდა. არ უყვარდა უცნობი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, სადაც თითქოს ყველა გამადიდებელი ლინზით აკვირდება. ბექნუს ხმა არ ამოუღია მთელი დღის განმავლობაში. როგორც ლილე მიხვდა, დაუმშვიდობებლად დაწვა და ამან უფრო მოუშხამა ხასიათი, აქ მინიმუმ ერთი ადამიანისთვის არ იყო სასურველი სტუმარი და ეს ეკლებზე სვამდა. მოხუცმა ცოლ-ქმარმა ხვალინდელ გეგმებზე გააბეს საუბარი. თვითონ მარიკასთან ერთად სამზარეულოში გავიდა. დაიჟინა, რომ დახმარებოდა და გოგოც აღარ შეეწინააღმდეგა. მარიკასაც დემეტრესავით მუქი თაფლისფერი თვალები და თმა ჰქონდა. თეთრი, სუფთა სახის კანი უმშვენებდა ლამაზ სახის ნაკვთებს. უფროსს არ ჰგავდა, მაგრამ არც ბავშვს, უფრო ახალგაზრდა ქალი ეთქმოდა. მშვენიერი და მომნუსხველი. რატომღაც იფიქრა, რომ აქაურ კაცს სწორედ ასეთი ცოლი შეეფერებოდა. -თქვენ აქ ცხოვრობთ ყველანი? -უხერხული სიჩუმე დაარღვია ლილემ და ჭურჭლის რეცხვა განაგრძო. -არა, აქ მხოლოდ დედა და მამა ცხოვრობენ, ჩვენ როცა შეგვიძლია მაშინ ჩამოვდივართ მოსანახულებლად, მაგრამ ახლა თოვლში მოვყევით და სანამ გზას არ გაწმენდენ აქედან ვერსად წავალთ. ისე თბილისში ვცხოვრობთ. შენ რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ ასეთ დროს? ბება და პაპა გელიან? -არა. გარდაცვლილი არიან ბებიაჩემი და პაპაჩემი. -გაუღიმა ლილემ, -ასე რომ ვთქვათ, განსამარტოვებლად და გონების გასაწმენდად გადმომისროლა აქეთ ბედისწერამ. -როცა გჭირდება, აუცილებელია განმარტოება. მერე უფრო ირევი და ცუდად ხდები. კარგად მოიქეცი, რომ ჩამოხვედი. იმედია, გზას მალე გაწმენდენ. -ხო, იმედია. გამიმართლა, თქვენნაირი მასპინძელი რომ შემხვდა, მაგრამ არ მინდა შეგაწუხოთ. -რას ამბობ, საერთოდ არ ვწუხდებით, -გულწრფელად შეიცხადა მარიკამ. -ბექნუს ყურადღება არ მიაქციო, ცოტა რთული საურთიერთობო კაცია. რა დასამალია და ნამდვილი ტყიურია. -ჩუმად ჩაეცინა გოგოს. ლილემ კომენტარი არ გააკეთა მარიკას სიტყვებზე. მხოლოდ უსმენდა. -ხომ იცი, მთაში რთული პირობებია, ხალხსაც უწევს შეეჩვიოს და მათი ხასიათიც გარემოსას ემსგავსება. მკაცრები არიან, მაგრამ გულში დიდ სიყვარულს მალავენ. სიცივეც მკაცრი იციან, მაგრამ ზაფხული გრილი და სასიამოვნო. -დიდი ხანია, რაც შენ და დემეტრე დაქორწინებული ხართ? -არც ისე. ჯერ ორი წელიც არ არის. თავიდან გამიჭირდა შეჩვევა აქაურობასთან, მაგრამ ახლა ხომ ხედავ, კუბდარიც კი მოვამზადე. -ძალიან კარგი წყვილი ხართ. ერთმანეთს უხდებით. -მეც ასე ვფიქრობ... -გაუღიმა მარიკამ და თვალებში ეტყობოდა, რომ თვითონაც უნდოდა სტუმრისათვის შეკითხვა დაესვა, მაგრამ უცებ მზერა მოარიდა. გადაიფიქრა. მამას დაურეკა. თავიდან გადაწყვიტა, სიმართლე ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა. ახლა მისი ანერივულება დედას ანერვიულებასაც ნიშნავდა, მერე ეს ღელვა მეტასტაზებივით მოედებოდა ორივეს და არ მოასვენებდნენ, ამიტომ იცრუა, რომ შინ მშვიდობით მივიდა და საკუთარ დანთბულ ბუხართან მიმჯდარიყო. დასაძინებლად ადრიანად წავიდა. მასპინძლებს მორიდებით დაემშვიდობა ლილე და თავის დროებით ოთახში შეყუჩდა. მიუხედავად იმისა, რომ მისაღებ ოთახში თბილოდა, საძინებელში საშინელ სუსხს დაებუდებინა. ლილე კარგად ჩაფუთნული შეწვა საწოლში და საბანი თავზე გადაიფარა. მხოლოდ ცხვირი ჰქონდა გარეთ გამოყოფილი, რომ გრილი ჰაერი ჩაესუნთქა. ფანჯრიდან მუქ ნაცრისფრად მოჩანდა დათოვლილი ეზო და მთები. მთვარე ანათებდა. აღარ თოვდა და ლილესაც იმედი მიეცა, რომ რაც შეიძლებოდა, მალე დატოვებდა აქაურობას. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები კეთილგანწყობილები იყვნენ მის მიმართ, მაინც მარტო ყოფნისკენ მიუწევდა გული. დამშვიდება და დაფიქრება სჭირდებოდა. ჯერ მხოლოდ ათი საათი იყო. ასე ადრე ბოლოს როდის დაიძინა, არც ახსოვს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ძილი საერთოდ გაუტყდა. ხან რა საშინელება ესიზმრება მის ისედაც დატანჯულ გონებას, ხან რა. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ლილეს სიზმრები ხშირად უხდება რეალობა. ალბათ, რთული დასაჯერებელი და ცოტა სასაცილოც კი შეიძლება იყოს ვინმესთვის, მაგრამ არსებობენ ადამიანები რომელთაც პრეკოგნიტური უნარები დანარჩენებზე უკეთ აქვთ განვითარებული. დაშნიანზე ნამდვილად არ ითქმის, რომ როცა სიზმარს ნახულობს, ის აუცილებლად ახდება, წინასწარმეტყველია ან რამე მსგავსი, მაგრამ ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც რაღაც უხილავს სიზმრად, შემდეგ კი - რეალობაშიც. წინა ღამით ნანახი საშინელი სიზმარი, სადაც იყინება და თოვლში კვდება, ნაწილობრივ, ალბათ აუხდა კიდეც, რადგან სახლამდე ვერ მიაღწია და სხვასთან მოუწია ღამის გათევა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია. როცა ამხელა გზაზე მიდიხარ და თანაც ისეთ მხარეში, სადაც დიდთოვლობა ჩვეულებრივი მოვლენაა, აღელვებულ გონებას რამე მსგავსი რომ დაესიზმროს, ამაში განსაკუთრებული არაფერია. მაგრამ ის სიზმარი, რომელიც ლილემ ფიცხელიანების სახლის პატარა საძინებელში იხილა, წინებს ნამდვილად არ ჰგავდა. ქალს ოქროსფერი თმა თეძოებამდე დასთრევდა, ხელის ყველა თითზე ბეჭედი ეკეთა და უაზროდ ცდილობდა მათ მოხსნას, ადგილიდან ვერ ძრავდა, თითქოს მიწებებოდა, მუხლამდე თოვლში თეთრი, სიფრიფანა კაბით მირბოდა ფეხშიშველი. საით მირბოდა, ვერ ხედავდა, ირგვლივ ნაცრისფერი გაჩაჩხული ხეები სწრაფად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. უკან უცებ მიიხედა: მგლები მოსდევდნენ, ალესილი კბილები მთვარის შუქზე უელავდათ და ხმამაღლა ღრიალებდნენ. ლილეს უკვირდა, საერთოდ როგორ უსწრებდა წინ მტაცებლებს, გულაფრიალებული კი ხელებიდან ბეჭდების მოშორებას ცდილობდა, ის-ის იყო არათითიდან წაიძრო ერთი ზურმუხტიფერთვლიანი ბეჭედი, რომ წაიბორძიკა და გაყინული მუხლებით თოვლში ჩაერგო. საწოლიდან გულგახეთქილი წამოჯდა. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად სციოდა, როცა აქ შემოდიოდა, ახლა ოფლში ცურავდა. გაღიზიანებულმა მოისრისა გაოფლილი შუბლი, თმები შუბლიდან გადაიწია და ღრმად ამოისუნთქა. უკვე გამაღიზიანებელი იყო ამდენი სულელური სიზმარი. წესიერად ძილის საშუალება არ ეძლეოდა, როცა თვალის მოხუჭვას ახერხებდა. ზედმეტი დრო არც დაუკარგავს იმაზე ფიქრში, რას შეიძლება ნიშნავდესო ეს სიურეალისტური სიზმარი. ოთახის სიცივე შეეპარა მოშიშვლებულ ყელსა და წელზე და ისევ საბანში შეიფუთა სიგრილით ნასიამოვნები. ამჯერად, დილამდე მშვიდად იძინა. *** დილით ლილე ადრე ადგა. მაშინვე ფანჯრიდან გაიხედა და ბარდნის ნაცვლად, თვლაისმომჭრელი მზე რომ დაინახა ლურჯ ცაზე, ბედნიერს გაეღიმა. ჯერ შვიდი საათი იყო. აწეწილ თმაზე ხელები გადაისვა, მარიკას ნაჩუქარი ჯემპრი გადაიცვა ზემოდან და შალის წინდების მეორე ფენა დაიმატა ტერფებზე. როგორც ჩანს ოჯახის დიასახლისიც ამდგარიყო. -დილამშვიდობისა, -ზრდილობიანად გაუღიმა ლილემ და ახლაღა გაიაზრა, რომ მოხუცის სახელი ჯერ არ იცოდა. -მშვიდობიანი დილა არ მოგკლებოდეს, შვილო. რა ადრე ამდგარხარ! ცუდად ხომ არ გეძინა? -კამკამა ლურჯი თვალები შეანათა ქალმა ლილეს, იმ ცას მიუგავდა, წეღან რომ ფანჯარაში დაინახა გოგონამ. -არა, კარგად მეძინა. როგორ ბრძანდებით? -როგორც მოხუცს შეეფერება, შვილო. დაჯექი, დაჯექი ფეჩთან. ახლავე მოვალ და მოცვის ჩაის დაგალევინებ. გუშინ ხომ მოგეწონა? -დიახ, ძალიან. როგორ ამზადებთ? -ზაფხულზე მოცვს ტყეში ვაგროვებთ, ვახმობთ ათას ბალახ-ბულახთან ერთად და ზამთარში ცხლად მივირთმევთ. -ასეთი გემრიელი ჩაი არასოდეს გამისინჯავს. -საწყლად მოიფუზა ფეჩთან ლილე. სასიამოვნო, სახლური გარემო სუფევდა ირგვლივ. გუშინდელი დაძაბულობა სადღაც გამქრალიყო, სუფრაზე რომ ჩამოწვა. დიასახლისის გულთბილობამ შვება მოგვარა. -ცოტა ხნით ეზოში გავისეირნებ, რომ მოვალ ჩაი ერთად დავლიოთ, კარგი? ქალმა თავი დაუქნია, თავისი შავი ბოტები გამოუცუნცულა რომელიღაც ოთახიდან, ბექნუს ქურთუკიც შეაჩეჩა ხელში. სხეული თითქმის არ უჩანდა, ამიტომ ძალიან თბილად გრძნობდა თავს. ზამთრის ჰაერი სასიამოვნოდ მოედო ფილტვებს. ახლა მიხვდა, რატომ ეძახიან საზამთროს საზამთროს: იმიტომ, რომ ზამთარში, დილით, როცა ჰაერი სავსეა სიცივითა და ჟანგბადით, ირგვლივ საზამთროს სასიამოვნო, გრილი სურნელი ტრიალებს. რომ ჩაისუნთქა, იგრძნო, როგორ გასუფთავდა შიგნიდან. -ძაღლების არ შეგეშინდეს, ბექნუ სანადიროდ არის წასული და თან წაიყვანა, -სიამოვნებიდან ქალის ხმამ გამოარკვია ლილე. ამანაც ღიმილით დაუკრა თავი. თოვლში გაბედულად მიაბიჯებდა და ირგვლივ აღმართულ ამაყ, თეთრ მწვერვალებს ღიმილით აკვირდებოდა. აქაურობა ყველაფერი იყო, რაც ადამიანს შეიძლება ბედნიერებისთვის სჭირდებოდეს: სიმშვიდე, ბუნება, სუფთა ჰაერი, სიმყუდროვე, სახლის სითბოსაც კი სხვა მნიშვნელობა ჰქონდა თითქოს, მაგრამ რატომღაც ადამიანებს გული ყოველთვის ქალაქისკენ, ხმაურისა და უჟანგბადობისკენ მიუწევთ. დიდი ეზო ჰქონდათ მასპინძლებს. რამდენიმე უფოთლო ხე და ნაძვი იდგა შიგნით, ორსართულიანი, ხის აივნიანი სახლის უკან დაბალი, დაქონქილი შენობა იდგა, რომლის სახურავქვეშ ოქროსფერი ჩალა შეენახათ. აქა-იქ ძაღლების ყეფისა და საქონლის ზარების წკრიალის ხმა ისმოდა. სახლის საკვამურიდან ნაცრისფერი კვამლი ამოდიოდა და ცას ერეოდა. ეზოს თვალიერებას რომ მორჩა, ქუჩაშიც გადავიდა. სახლები არც ძალიან შორს და არც ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან. ყველა მათგანის საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა. ეს იყო ყველაზე მყუდრო სანახაობა, რაც ზამთრის გამყინვარებაში ლილეს ოდესმე ენახა. რამდენიმე ფოტო გადაიღო, უფრო მეტი უნდოდა, მაგრამ ხელები ეყინებოდა, როგორც კი ჯიბეებიდან ყოფდა. ისე იყო გართული თეთრ ზეწარგადაფარებული ბუნების თვალიერებით, ვერც კი შენიშნა, როგორ გამოჩნდა გზაზე მგზავრი ორ ძაღლთან ერთად. ხელებით რაღაცას მოათრევდა და მხარზე თოფი მოეგდო. მხოლოდ ძაღლების ყეფამ გამოარკვია ლილე ბურანიდან. წამოიკივლა დამფრთხალმა და რამდენიმე ნაბიჯით უკან გადახტა. შიშისგან ლამის თვალთ დაუბნელდა ორი ამხელა ნაგაზი რომ დაინახა, მაგრამ ნაცნობი სახის დანახვამ შვება მოგვარა. მიუხედავად იმისა, რომ ბექნუს დიდად გულზე არ ეხატებოდა დაუპატიჟებელი სტუმარი, ლილე იმედოვნებდა, რომ ძაღლებს მაინც არ დააგლეჯინებდა მის თავს. -მშვიდად! -მკაცრი ხმით დაუყვირა წინ გაწეულ ძაღლებს, რომლებიც მაშინვე დაემორჩილნენ პატრონის ბრძანებას, თუმცა ლილეს მაინც უნდობლად უცქერდნენ - ისევე, როგორც თავად ბექნუ. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგღა შენიშნა კაცის მკლავებში მოქცეული საწყალი, აკანკალებული შვლის ნუკრი ლილემ. მუცელში უსიამოვნო გრძნობა აუგორავდა, როცა თოვლზე დაცემული სისხლის წვეთებიც აღიქვა მისმა გონებამ. კაცს სასოწარკვეთილმა შეხედა. ასეთ მშვენიერ და უსუსურ არსებას რომელი ცხოველი გაიმეტებდა მოსაკლავად. -ეგრე ნუ მიყურებ, სტუმარო. -თვალები მკაცრად დაუბრიალა ბექნუმ და ცივად შეხედა ქალს, -ცოცხალია. -ააცილე? -გამოსცრა ლილეს. ვერ იტანდა ნადირობას. კაცმა არაფერი უპასუხა, ისე გააგრძელა გზა და ლილეც უკან დაედევნა გაბრაზებული, თან არ უნდოდა, ამ კაცის ნაგაზებს დაეგლიჯათ, თან ბრაზი კლავდა, ასეთი სცენის მომსწრე რომ შეიქნა. სისხლის პატარ-პატარა წვეთები თითქოს ერთადერთი რამე იყო, რაც აქაურობას აბინძურებდა და ასე თვალისმომჭრელად თეთრ გარემოში ახლა მხოლოდ ეს სიწითლე ხვდებოდა ლილეს თვალებში. მისდა გასაკვირად, ბექნუმ ნუკრი სახლში შეიყვანა და ფეჩთან ახლოს, გუშინ რომ შეშა ჩაყარა, იმ შეჭედილ კალათში ფრთხილად ჩასვა. ლილემ ფართხა-ფურთხით გაიხადა ფეხზე დიასახლისის ნათხოვარი ბოტები და უკან შეყვა კაცს. -მგელმა წაკრა კლანჭი, მიხედეთ. -თქვა ბექნუმ და ლილესთვის არც კი შეუხედავს, ისე გავიდა ოთახიდან. ნუკრი საწყლად ძაგძაგებდა და დიდრონ, შავ თვალებს დაფეთებული ახამხამებდა. ლილემ ვერ გადაწყვიტა, მიახლოვებოდა თუ არა, არ უნდოდა ცხოველის დაფრთხობა, მაგრამ თან ძალიან უნდოდა მოფერებოდა და დაემშვიდებინა. დიასახლისმა შალის ნაჭერი, ტილოები და თბილი წყალი მოიტანა ჯამით. -შეიძლება, მე მივხედო? -მიდი, შვილო. მე რძეს მოვუტან და ისიც დაალევინე მერე. ლილე ფრთხილად მიუახლოვდა ნუკრს. ის და პატარა დამფრთხალი არსება მარტონი დარჩნენ, ამიტომ დაბალ ხმაზე დაუწყო ლაპარაკი და ტილო თბილ წყალში ჩააწო. -ნუ გეშინია, მეც შენსავით ვარ. -ისე გაუღიმა, თითქოს ცხოველს ესმოდა მისი, -დაჭრილი და უცხო გარემოში. ახლა მე სისხლს მოვწმენდ შენს ლამაზ ქათიბს, მერე შეგიხვევ და თბილად შეგიძლია, დაიძინო. ყველაფერი კარგად იქნება. შენ ისეთი ლამაზი ხარ, შენს მოკვლას მხოლოდ ბოროტი მგელი თუ შეძლებს, მაგრამ მე თუ მკითხავ, მასაც არ უნდა შეეძლოს, რამე დაგიშავოს. დედა სადა გყავს? მოგენატრა? არაუშავს, მეც დავკარგე ახლობელი. უფრო სწორად, იმან მიმატოვა, დარწმუნებული ვარ, შენს დედას შენ არ მიუტოვებიხარ. ხმადაბლა ეჩურჩულებოდა ნუკრს, ისიც წინააღმდეგობის გარეშე დაჰყვა თავისი ექიმის ნებას. არც კი განძრეულა, მორჩილად აფახულებდა წამწამებს. სასიამოვნო სუნი ჰქონდა. აღარ კანკალებდა და თოვლისგან დასველებული ქათიბი რომ გაუშრა, უფრო ლამაზი გამოჩნდა, უფრო გაუღიავდა წაბლისფერი ბეწვი. ლილეს გული აუჩქარდა ისეთი ლამაზი იყო. შავ, აპრიალებულ ცხვირზე საჩვენებელი თითი ნაზად დაუსვა და მის შემკრთალ რეაქციაზე გაეცინა. დიასახლისი მალევე დაბრუნდა რძიანი ბოთლით ხელში, თავზე ყვითელი, დიდი ზომის საწოვარა წამოეგო და კეთილად იღიმოდა. -ამით ჩვენს ახალდაბადებულ ხბოებს ვაჭმევთ ხოლმე, ამასაც მოეწონება. -უთხრა და ლილეს გაუწოდა ბოთლი. -მშვენიერია... -გაუღიმა ლილემ, ლოყები ვარდისფრად უღუოდა ფეჩთან სიახლოვისგან, დანამული თმები მასაც ნუკრივით გაშრობოდა. -ძალიან კეთილი ხართ. ბექნუ რომ დავინახე, მეგონა მოკლა. -ბექნუ უდანაშაულოს არასდროს მოკლავს, შენ არ იცნობ და იმიტომ იფიქრე მასე. -თბილად გაუღიმა ქალმა. -ხო, მართალი ხართ... ასე არ უნდა მეთქვა... -დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ლილემ და ქალს თვალი რომ ვერ გაუსწორა, ისევ ნუკრს მიუბრუნდა. ცხვირთან ახლოს მიუტანა საწოვარა. პატარა არსებამ ჯერ დასუნა უცნობ ობიექტს, ყველა მხრიდან მოუარა, ბოლოს გაბედა და პატარა კბილები ზედ შემოაჭდო. ერთხელ მოსვა, მეორედაც და აღარ გაჩერებულა. ქალსაც და ლილესაც ერთდროულად გაეღიმათ და ერთმანეთს გადახედეს. -უკეთესად რომ გახდება, ტყეში გაუშვებთ? -ინტერესით მოავლო თვალი ოთახში ახლახანს შემოსულ ბექნუს, რომელსაც სანადირო იარაღი მოეშორებინა და დაჟინებით უყურებდა ხან ნუკრს, ხანაც - ლილეს. -რომ წამოიზრდება და მოძლიერდება, გავუშვებთ. ახლა მარტო ცოდოა, ვერ გაუძლებს და მგლების ლუკმა გახდება. -მშვიდი, გაწონასწორებული ხმით უპასუხა კაცმა. ლილეს ისეთი დაჟინებული მზერით ჩააშტერდა თვალებში, ქალმა თითქოს მზეს უყურებსო, თვალი ვეღარ გაუსწორა და მოარიდა. -დღეს კარგი ამინდია, თუ შესაძლებელი იქნება, მე წავალ, -გამოაცხადა, როცა ყველამ თავი მოიყარა საერთო ოთახში. მარიკა ძალიან გაერთო ოჯახის ახალი წევრით. -დღესაც რომ დარჩე? -თვალებით შეეხვეწა გოგო. -თუ შესაძლებელია და გზებიც გაწმინდეს, მირჩევნია, სახლში წავიდე. -უხერხულად შეიშმუშნა ლილე, პირდაპირ უარის თქმას ვერ ახერხებდა, თუმცა არც დარჩენისკენ მიუწევდა გული. ამ სახლში რატომღაც შერეულ განწყობებს გრძნობდა, ვერ ხვდებოდა რას გამოეწვია ეს აზრთა სხვადასხვაობა. ახლა ისედაც ურამრავი გაურკვეველი ქარტეხილის გამოვლა უწევდათ მის ფიქრებსა და შეგრძნებებს, აქ დასალაგებლად, გონზე მოსასვლელად ჩამოვიდა, ფიცხელიანების სახლში ყოფნა კი მხოლოდ და მხოლოდ გაუგებრობას უმძაფრებდა. განმარტოება უნდოდა. მშვიდად, ყველასგან მოწყვეტა. -ბექნუ გამოგყვება. თუ საჭირო იქნება, ბუქსირზეც მოაბამს შენს მანქანას. -მშვიდად უთხრა ოჯახის უფროსმა. ლილეს კი გულზე მოეშვა, კალთაზე რომ აღარ დაუწყეს ქაჩვა. მართალია, იმ კაცთან ერთად სადმე წასვლა და მის იმედად ყოფნა დიდად ვერ ამშვიდებდა, რატომღაც დემეტრეს უფრო ენდობოდა, ვიდრე მას, მაგრამ აღარ დაუწუწუნია. უხმოდ დაუკრა თავი ბუდუს. -მარიკა, ჩემს ნომერს ჩაგაწერინებ. როცა მოგინდება დამირეკე. -თბილად გადაეხვია გოგონას. ყველას დაემშვიდობა. ნუკრს ცალი თვალი შეავლო, ტკბილად ეძინა, ზემოდან დიასახლისის მოტანილი შალის ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. ეძნელებოდა მისი დატოვება, თუმცა თვითონ ხომ თან ვერ წაიყვანდა. ამ ზამთარში ვერ მოუვლიდა. ბექნუ წინ მიდიოდა, თოვლში ისე მიიკვლევდა გზას, როგორც ლილე ჩვეულებისამებრ უთოვლობის დროს. გეგონებოდათ, არანაირი წინააღმდეგობა ამ კაცს წინ არ ედგა მუხლამდე თოვლის სახით. ჭიშკართან მისულმა კიდევ ერთხელ დაუქნია ხელი მასპინძლებს და თავის მანქანაში ჩაჯდა. ბექნუ თავისი მანქანით წინ გაუძღვა. გზები გაწმენდილი არ იყო, მაგრამ გადაადგილება მაინც არ ჭირდა. ფიცხელიანის უზარმაზარი მანქანა გზას უკვალავდა და ესეც მორჩილად მიჰყვებოდა უკან. კიდევ კარგი, რომ მის გვერდით მჯდომს არ მოუწია მგზავრობა. სოფელში რომ შევიდნენ ლილეს ნაცნობი გზების და სახლების დანახვამ სასიამოვნო სევდა მოჰგვარა. აქაც, როგორც ფიცხელიანების სოფელში, ყველა სახლის საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა, კოშკებიც ალაგ-ალაგ ამაყად იდგნენ თავიანთი პატრონების სადარაჯოზე. არც კი ახსოვდა, რომ აქაურობა ყველაფერზე მეტად უყვარდა. ვერც გაიაზრა როგორ გააჩერა ბექნუმ მანქანა და გადმოვიდა. თვითონაც კაცს მიბაძა. რა თქმა უნდა, მან ხომ არ იცოდა ზუსტად სად ცხოვრობდა ლილე. -დიდი მადლობა, ბექნუ. აქედან ჩემით წავალ. შორი არ არის. -სიმშვიდითა და მადლიერებით სავსე ხმით მიუგო ქალმა. ბექნუმ ისეთი თვალებით დახედა ზემოდან ლილეს, რომ მან თავი უეცრად იმ შვლის ნუკრად იგრძნო, ფიცხელიანების სახლში რომ დატოვა. რატომღაც ჩათვალა, რომ პატარა არსებაც ზუსტად მისნაირად გრძნობდა თავს, სანამ მგელი თავის ტორს წაკრავდა. -მამაჩემს პირობა მივეცი, რომ სახლამდე მიგიყვანდი. -მოუჭრა მკაცრად, ოდნავ უხეშადაც კი, -ამიტომ, მითხარი რომელია შენი სახლი და ჭიშკრამდე მიგიყვან. გზა გაკვალული არ არის და გაგიჭირდება. -ახლა გზა რომ გაიყოფა, მარცხნივ გადაუხვიე, მაქედან მესამე სახლია. -დამფრთხალმა უპასუხა და მაშინვე თავის მანქანაში ჩაჯდა ლილე. ათი წუთიც არ დასჭირვებიათ ჭიშკრამდე მისასვლელად. ლილეს ენა ჩაუვარდა, ლამის თოვლში ჩაფლული თავისი სოფლის სახლი რომ დაინახა. ეზოში შესვლაც კი შეუძლებელი იქნებოდა, თუ ვინმე გზას არ გაკვალავდა. ბექნუ მანქანიდან რომ გადმოვიდა, საბარგული გახსნა და ნიჩაბი ამოაძრო. ალბათ, იცოდა ასეთი მდგომარეობა რომ დახვდებოდა, ან ყველგან ნიჩბით დადიოდა. -ბექნუ, არ არის საჭირო, მე თვითონაც ვიზამ.... მაგრამ კაცს ხმა არ გაუცია, ისე დაიწყო სახლამდე გზის გაკვალვა. საკუთარი სახლის კარამდე მისასვლელი გზა ასეთი გრძელი და დაუსრულებელი ლილეს არასოდეს მოჩვენებია. მიუხედავად იმისა, რომ ფიცხელიანი საკმაოდ სწრაფად მიიკვლევდა გზას, ნერვები ეშლებოდა ლილეს, თვითონ რომ არ აძლევდა დახმარების უფლებას. ან რა უნდა გაეკეთებინა. როგორც იქნა, ბექნუ მორჩა საქმის კეთებას და ლილემაც გააჩხაკუნა გასაღები რკინის კარში. შიგნიდან დაბუდებული ხის და სიცივის სუნი შემოეფეთა სახეში. ფეხები დაიბერტყა კართან და კაცსაც თვალით ანიშნა შემოსულიყო, მაგრამ ის ადგილიდან არ იძვროდა. ერთ ადგილას გახევებული იდგა და ლილეს უკან სახლში გაშტერებული იყურებოდა. ქალმაც უკან მიიხედა, რამე ისეთი ხომ არ დაინახაო, მაგრამ საეჭვო თვითონ ვერაფერი შეამჩნიე. -ბექნუ, შემოდი. ჩაის დაგალევინებ. -ზრდილობიანად მოიპატიჟა სტუმარი. -არ მინდა, -ცივად უპასუხა და ახლაღა გადაიტანა ქალზე მზერა ფიცხელიანმა. ლილეს გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა, ვინ ამბობს მოპატიჟებაზე „არ მინდას“, შეიძლება თქვა, რომ გეჩქარება, ან საქმე გაქვს, მაგრამ „არ მინდა“ ყველაზე მეტად მოულოდნელი პასუხია მასპინძლისთვის. -რატომ? რა მოხდა? გაიყინები, შემოდი. -სახლში შემოსვლა არ მინდა, ლილე. -მკაცრად უპასუხა, -შენს სახლში შემოსვლა არ მინდა. -რატომ, კი მაგრამ? ცეცხლს ახლავე ვერ დავანთებ, ჯერ შეშა უნდა მოვიტანო, სანამ გაშრება და ჩაის ავადუღებ, მანამდე დარჩი... -ლილე, ჩვენ გულით მიგიღეთ და გიმასპინძლეთ დემეტრეს უვიცობის გამო. მან არ იცის ვინ ხარ, სახლში ამიტომ შემოგიპატიჟა. ჩვენ კი უკვე მოსულ სტუმარს სახლიდან პატივისცემისა და დახმარების გარეშე არ გავუშვებთ, მაგრამ მე შენს სახლში არ შემოვალ. -მოიცა, შენ მიცნობ? -თვალები იმაზე მეტად გადმოეკარკლა ქალს, ვიდრე წეღან, როცა უარი მიიღო პასუხად ბექნუსგან, -რას ნიშნავს დემეტრემ არ იცის ვინ ვარ. შენ იცი? მე პირველად გხედავ! -შენ მხედავ პირველად, მაგრამ მამაჩვენები იცნობდნენ ერთმანეთს ძალიან კარგად. -ცივად მოუჭრა კაცმა და ლილესაც გულ-მუცელში უსიამოვნო, გულისრევის შეგრძნება აუბუყბუყდა. გული ცუდის მოლოდინმა აუჩქარა. -მამას არასოდეს უხსენებიხართ... -ძლივს მოიბრუნა ენა პირში. არ იცოდა, რა უნდა ეთქვა მისთვის. -არც უნდა ვეხსენებინეთ და იმიტომ, მაგრამ როგორღაც მოახერხე და შენ შენი ფეხით მოგვადექი კარზე. -ესღა თქვა და უკან გაბრუნდა. ლილემ უცებ ჩაავლო ხელი მკლავში რომ გაეჩერებინა. ასეთ გაუგებრობაში ამ სახლში მარტო დარჩენას ნამდვილად არ აპირებდა. რას ბოდავდა ეს ადამიანი. -მოიცადე! -რაც შეეძლო მაგრად ჩაავლო ქურთუკში ლილემ, გულთან უსიამოდ გაკენწლა კაცის შავ თვალებში ბრაზმა და ზიზღმა რომ ერთდროულად გაიელვა, მაგრამ არ გაჩერებულა. -რა აკავშირებთ მამაჩვენებს ერთმანეთთან, ან მე რა შუაში ვარ... -მტრობა. -მკაცრად მოუჭრა ბექნუმ და მკლავი ხელიდან გამოგლიჯა ლილეს, რომელმაც დაბნეულობისგან უკან დაიხია. -ამაზე მეტის თქმის უფლება არ მაქვს. დემეტრემ არაფერი იცის, არც მარიკას დაელაპარაკო. ჩვენს შორის არანაირი კავშირი არ უნდა არსებობდეს და ნუ ეცდები, უხილავი ძაფები გააბა. დაივიწყე, რაც მოხდა და შენი ცხოვრება გააგრძელე. გახევებულ ლილეს თავში ერთი და იგივე სიტყვები უტრიალებდა: „მამაჩვენები იცნობენ“, „მტობა“, „დემეტრემ არ იცის ვინ ხარ“... ვერც დემნას წასვლა გაიგო, ვერც მისი მანქანის ხმა და ვერც ის, როგორ შემოათრია სახლში თავისი ხელით ნესტიანი, გაყინული ხის ნაფოტები ბუხრის დასანთებად. საიდან უნდა ჰყოლოდა მამამისს მტრები, მით უმეტეს აქ. ყველას უყვარდა, ყველას პატივს სცემდა, და რაც მთავარია, თითქმის ოცდაათი წელია აქ აღარ ცხოვრობს. ალბათ, რამე ეშლებოდათ ფიცხელიანებს. შეიძლება სხვა დაშნიანებთან ჰქონდათ პრობლემები. მაგრამ როგორ უნდა გაერკვია კი სიმართლე ლილეს? მამამისს აქედან ვერ დაელაპარაკებოდა, მოუწევდა, ეღიარებინა რომ მათი პოტენციური „მტრების“ სახლში გაათენა ღამე. სიმართლეს სავარაუდოდ,არც არავინ ეტყოდა, თუ არსებობდა რამე, რაც იმ შეშლილი მთის კაცის სიტყვებს ახსნიდა. ნეტავ, საერთოდ არაფერი ეთქვა და ნეტავ, საერთოდ არ წამოსულიყო აქ ლილე. სახლი რომ გათბა, ნივთების ამოლაგებას შეუდგა. ყველაფერს მექანიკურად აკეთებდა, გონება ხან ერთ მხარეს გაურბოდა, სადაც გაგა და მისი საყვარელი დაბუდებულიყვნენ, ხან მეორე მხარეს, სადაც ფიცხელიანების და თავისი ოჯახის აუხსნელი მტრობა ბინადრობდა. ხვდებოდა, რაც უფრო ღრმად შედიოდა ფიქრებში, მით უფრო მეტ ნაწილად იშლებოდა მისი გონება და ბოლოს გაწყვეტილი ყელსაბამის მარგალიტებივით იბნეოდა ირგვლივ. ბოლოს ერთი იდეით სახეგაბრწყინებულმა ძველი სურათებისა და ნივთების ყუთს დაავლო ხელი, ბავშვობაში მამასთან ერთად რომ ათვალიერებდა ხოლმე, იქნებ, აქ მაინც ვიპოვო რამე ხელჩასაჭიდიო. დივანზე კომფორტულად მოკალათდა და მტვრიანი ყუთი მის წინ მაგიდაზე დაახეთქა. მტვერი გადაწმინდა და სურათები ამოალაგა. ახალი ვერაფერი შენიშნა. ყველგან მამამისი, ბაბუამისი და ხანაც მისი გარდაცვლილი მამიდა - ლილე, რომლის სახსოვრადაც მამამ შეარქვა სახელი, ჩანდნენ. აქა-იქ ბებიაც ჩანდა, მეზობლები... შორეული ნათესავები... ბევრი სურათი ისედაც არ ჰქონდათ, განა სად იყო მთაში ხშირად პოზიორობის ან ფუფუნება, ანაც სურვილი. აქ სურათებს მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს იღებდნენ. ყუთის კუთხეში ჩაჭუჭყნული ფოტო, რომელსაც ნახევარი ფაქტობრივად მოხეული ჰქონდა, ძლივს ამოაძვრინა. მამიდამისი, რომელსაც ასე ძალიან ჰგავდა ლილე, ვიღაცის გვერდით უნდა მდგარიყო, მაგრამ კარგად არ ჩანდა, ვინ იყო. გაცრეცილი ჭუჭყშეპარული სურათი ამოატრიალა ლილემ და გაკრული ხელით, გადღაბნილი წარწერა ძლივს გაარჩია. „ლილე ზურაბის ასული დაშნიანი.... ანთან ერთად ...980 წ“ ნაწერის ნახევარი, როგორც ჩანს მოგლეჯილ მეორე ნაწილზე ინახებოდა. ნაწილი მეორე ლილემ მამიდამისის ფოტოს ნაგლეჯი ჩაფიქრებულმა გადადო გვერდზე. ყუთში კიდევ უამრავ ძველ ნივთს დაებუდებინა და დაედო მტვერი. თითები მთლიანად მურში ამოსვროდა დაშნიანს. როგორმე უნდა გაერკვია, რა მოხდა. იცოდა, რომ მათ ტრადიციაში უამრავი ისეთი წეს-ჩვეულება არსებობდა, რაც მარტივად გადაამტერებდა ორ ოჯახს, საგვარეულოს, ან თუნდაც სოფელს ერთმანეთს, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ სისხლისღვრა ნაკლებად მოჰყოლიათ ხოლმე. სიმშვიდეს უფრთხობდა ის ფაქტი, რომ ფარული მტრები ჰყავდა და თვითონ ამის შესახებ არაფერი იცოდა. რა თქმა უნდა, ბეშქენი თავის შვილს ამაში არ გარევდა და არც ზედმეტ სანერვიულოს მისცემდა ერთადერთ ქალიშვილს. მეტი მნიშვნელოვანი რომ ვერაფერი იპოვა, დაშნიანი ჯერ მშობლების ოთახში შეძვრა, თუმცა რომ ვერაფერი იპოვა, მამიდამისის ოთახს მიაშურა. იცოდა, რომ არ იქცეოდა სწორად და სხვისი ნივთების ქექვა არც სჩვევია, მაგრამ შეუცნობლის აღმოჩენის სურვილმა იმდენად დააბრმავა, რომ საკუთარ პრინციპებსაც ვეღარ ხედავდა. უფროსი ლილე დაშნიანი უმცროსის დაბადებამდე გარდაიცვალა. ბეშქენი ყოველთვის აღუწერელი ტკივილით იხსენებს თავის უმცროს დას, თვალები ცრემლებით ევსება და ძალიან უჭირს, მტკიცე ხმა შეინარჩუნოს როცა მასზე საუბრობს. ლილე ფილტვების ანთებამ იმსხვერპლა. ისედაც სუსტი ჯანმრთელობის მქონეს, დაავადებებმა მოუსწრაფა სიცოცხლე. გარდაცვლილი მამიდის ნივთებში ქექვამ გული საშინლად დაუმძიმა ლილეს, მაგრამ მნიშვნელოვანი ვერც იქ იპოვა რამე. ბოლოს იმ უკანასკნელი ნაღვერდალივით დანებდა ბედს ბუხარში მარტოდ მარტო რომ იწვოდა და ძილს მისცა თავი. დილით საშინელმა სუსხმა გამოაღვიძა. ესიკვდილებოდა ახლა საბნის გადახდა და ცეცხლის შენთება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. გარეთ აღარ თოვდა, მხოლოდ სახურავებიდან მიწაზე გამნდარი წვეთების დახეთქების ხმა ისმოდა. ცეცხლი დანთებული არ ჰქონდა, რომ ჭიშკრის ჭრიალმა მოსჭრა ყური. თავი სწრაფად მიაბრუნა. წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ შეიძლება ყოფილიყო ის მოხუცი ქალი, ძლივს რომ მოდიოდა ბექნუს გაკვალულ გზაზე. სტუმრისთვის კარის გასაღებად ფეხზე სწრაფად წამოდგა. მოხუცი ქალი იყო, წელში მოხრილი, თითქოს უზარმაზარ უხილავ ტვირთს მოათრევდა ზურგით. ოდნავ კოჭლობდა კიდეც. ლილე არავის ელოდა. აქ ბევრს არც არავის იცნობდა. კარი რომ გააღო, ქალი დაკაკუნებას აპირებდა, გაუკვირდა და ერთ ადგილას შედგა. -შვილო, ლილე... როგორა ხარ? გელოდით! -დამტკბარი ხმით უთხრა ქალმა. ლილეს თავი უკვე ისეთ ფილმში ეგონა, სადაც თვითონ არავის იცნობდა, მაგრამ მის შესახებ ყველამ ყველაფერი ზეპირად იცოდა. -გამარჯობა, ვერ გიცანით... მელოდით? რატომ? ჩამოსვლას რომ ვაპირებდი, არავინ იცოდა.. -უპასუხა დაბნეულმა. არც იცოდა, უნდა შემოეპატიჟებინა თუ არა სახლში ეს ქალი. -მერე, რა შვილო... იმისთვის რომ გელოდნენ, საერთოდ არ არის საჭირო იცოდნენ მიხვალ თუ არა... ვინც გულით გელის რა თქმა უნდა. მე ნელი ვარ, შენ გვედით ვცხოვრობ, -თავი მარჯვენა სახლისკენ გაიქნია ქალმა. პატარა ქოხის საკვამურიდან წვრილად ამოდიოდა ნაცრისფერი კვამლი და ცაში იფანტებოდა. -მობრძანდით, -ინსტიქტურად შეიპატიჟა შინ ქალი ლილემ. -ამაღამ სოფელში ნადირცეცხლობას აღვნიშნავთ. გვერდითა სოფლიდან ცეცხლს ჩამოგვიტანენ იქაური ცეცხლის ბატონები, რახან სახლში ხარ შენც უნდა დაესწრო და მიიღო მონაწილეობა. -უკაცრავად, პირველად მესმის ასეთი ტრადიციის შესახებ... -დაიბნა ლილე. აშკარად სხვა სამყაროში მოხვდა. ამას არ ელოდა. რა ნადირცეცხლობა, რა ცეცხლის ბატონები. რომელი საუკუნეა. ან საერთოდ რა რელიგიისანი არიან აქ. მაზდეანები? -ნადირცეცხლობას ყოველ წელს რიგ-რიგობით აღვნიშნავთ ჩვენს მხარეში ნადირის დასაფრთხობად და ჩვენი წვრილფეხა თუ მსხვილფეხა ცხოველების მათგან დასაცავად. ცეცხლის ბატონები ახლა ფიცხელიანები არიან. ისინი ჩამოგვიტანენ და ერთ-ერთ ოჯახს გადაეცემა ჩვენი პატარა სოფლიდან. იმას, ვისი ცეცხლიც ყველაზე დიდ ხანს არ ჩაქრება. -გასაგებია, მაგრამ ჩემს მონაწილეობას აზრი არა აქვს, -ლილე მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი შოკის დამალვას, არ უნდოდა, სტუმარს თავი ცუდად ეგრძნო, -მე აქ ძალიან ცოტა ხნით ჩამოვედი. მალე უკან წავალ. თანაც მგონი, ფიცხელიანები დიდად არ გვწყალობენ. მოხუცმა გამჭოლი ცისფერი თვალები დაასო ლილეს სახეზე. დიდხანს უყურა და მერე ჩაეღიმა. -ამნაირმა ტრადიციებმა მტრობა არ იცის. -ანუ თქვენ იცით რა მოხდა ჩვენ ოჯახებს შორის? ვერ გავიგე... თუ შეგიძლიათ, რომ მითხრათ. -ინტერესისგან გული აუჩქროლდა ლილეს, ნუთუ ახლა ყველაფერს გაიგებდა, ყველაფერს ნათელი მოეფინებოდა. -რახან აქამდე არ გაგიგია, ესე იგი, მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ეს უნდა გითხრას. ნუ აწყენინებ მოხუცს. მოდი აუცილებლად. უნდა იცოდე რა მიწას ეკუთვნი. აქ ყველას უყვარხარ. ლილე დამუნჯებული იჯდა. საღამომდე ვერც ვერაფერი გააკეთა. მთელი დღე ფიქრობდა, უნდა წასულიყო თუ არა. მამამისს ვერაფერს ეუბნებოდა. ეშინოდა, მამისთვის გული არ ეტკინა და არ შეეშინებინა. იქნებ, უკან წამოსვლაც კი მოეთხოვა და ვერასდროს გაეგო სიმართლე. საღამოს უკვე მუხლამდე ბოტებით მიაპობდა თოვლს. ჭიშკარი ჭრიალით გააღო და ნელის ეზოში შევიდა. თოვლით გადათეთრებული ეზო ნაფეხურების ანაბეჭდს დაესერა. მეზობლები ბოლთას სცემდნენ. ლილეს დანახვაზე ყველამ მისკენ მოაბრუნა თავი. ქალის მოსვლას არავინ ელოდა. ნელი გახარებული გამოვარდა სახლიდან, ხელგაშლილი შემოეგება ლილეს. -მოვიდა ჩემი ლამაზი გოგო! როგორ გამახარე, ბებია! აგერ, მოდიან ფიცხელიანებიც. შარა გზაზე დასავლეთიდან ცეცხლის ყვითელი წერტილი შენიშნა ლილემ. სიბნელეს თეთრი თოვლი შეელურჯებინა. ცეცხლი ბექნუს ეჭირა ხელში, გვერდით მისი ძმა მოჰყვებოდა. ბექნუ მხრებში გაშლილი ბევრად მაღალი და წარმოსადეგი ჩანდა გამხდარი დემეტრეს გვერდით. შავებში შემოსილიყო და მუხლამდე თოვლზე ისე მოდიოდა, თითქოს წინააღმდეგობას საერთოდ ვერ გრძნობდა. ლილე ისეთ ადგილას დაჯდა, ნაკლებად რომ გამოჩენილიყო და თვალში არ ჩავარდნოდა კაცს. მისი ღრენის და ავი მზერის ატანა ახლა ნამდვილად არ უნდოდა. თანაც იქნებ ბექნუს შეეშალა ხელი მისთვის, სიმართლე რომ გაეგო. ეს რა უბედურებაა. ყველას წყალი რომ ჩაუგუბებია პირში და ერთსა და იმავეს ეუბნებოდნენ ლილეს. ცეცხლის შუქზე კაცს ნახევარი სახე ყვითლად უელავდა და თვალებში სიხარულის ნაპერწკლები უკრთოდა. ლილეს საკმარისი დრო ჰქონდა ბექნუს სახის ნაკვთების შესასწავლად. სწორი, სქელი წარბები ჰქონდა, თაფლისფერი თვალები და მუქი თმა. სახის არცერთი ნაკვთი არ უკრთოდა. ტუჩები მკაცრად მოეკუმა და მხრებგაშლილი აკვირდებოდა მის დასახვედრად შეკრებილთ. დემეტრემ მალევე გამოძებნა საერთო ენა ერთ-ერთ მეზობელთან და ხალხში ჩამალული ლილეც დაინახა. სახეზე სიხარულის ღიმილი მოეფინა მის დანახვაზე. ლილე ნამდვილად ვერ იტყოდა იგივეს იმაზე, რაც თვითონ იგრძნო. ბექნუს რომ დაენახათ, მრისხანება არ ასცდებოდა ქალს. მაგრამ იქნებ, ასეც იყო საჭირო. სხვაგვარად ყველა ასულელებდა. -როგორა ხარ, გოგონა? ჩემს ძმას კრინტი ვერ დავაძრევინე შენზე, მაგრამ უსაფრთხოდ რომ დაგაბინავებდა, მაგაში დარწმუნებული ვარ. -დემეტრე, კარგად, შენ როგორ ხარ? არ ვიცი, ამ უცნაურ რიტუალზე მომიწვიეს... -ირგვლივ მიმოიხედა ლილემ, ჩურჩულებდა, არავის რომ გაეგო. -ბექნუ, ნახე, აქ ვინაა! აჰა, მისი ყველა მცდელობა წყალში ჩაყარა დემეტრემ. იმხელა ხმით დაიყვირა, მარტო ბექნუმ კი არა მთელმა სოფელმა მათკენ მოაბრუნა თავი. ოთხფეხა შინაური მეგობრების ჩათვლით. კაცის შეკრულ გამომეტყველებას სახეზე დაძაბულობამ გადაურბინა. მხრების ნელი რხევით და მედიდური ნაბიჯებით წამოვიდა ბექნუ მათკენ. ლილეს მოეჩვენა, რომ კაცი ამ ცეცხლს თავზე წაუკიდებდა, ისეთი თვალებით უყურებდა. -გამარჯობა. -ოდნავი თავის დაკვრით მიესალმა ფიცხელიანი. -გაგიმარჯოს. -გაოცებული და წყენაშეპარული ხმით უპასუხა ლილემ. -შენც იღებ მონაწილეობას? -იღებს, იღებს, აბა, რა! -პასუხის გაცემა არ დააცადა დემეტრემ. ლილეს მხნედ შემოკრა ზურგზე ხელები. მოულოდნელობისგან გოგო ლამის თოვლში გაგორდა. -მერე იცის მონაწილეობის წესები? -ხმა გაიმკაცრა ბექნუმ. -არა. რატომღაც ამ მხარეში არავინ თვლის ახსნა-განმარტების ღირსად. -ცივად წაისისინა ლილემ. ბექნუმ წარბები აზიდა. ჯერ ლილეს გადახედა, მერე დემეტრეს და ორივეს ზურგი შეაქცია თავის ადგილას დასაბრუნებლად. ლილეს ყბა ჩამოუვარდა გაოცებისგან. ბრაზმა გულ-მუცელი აუდუღა. რაღატომ კითხულობდა იცოდა თუ არა წესები, თუ ზურგი უნდა შეექცია და არ აეხსნა. კბილები მაგრად დააჭირა ლილემ ერთმანეთს. -ნუ მიაქცევ მაგას ყურადღებას, ცოტა უჟმურია. მე აგიხსნი ყველაფერს. იმ ჯიბგირს რომ ხელში ცეცხლის ჩირაღდანი უჭირავს, მაგ ცეცხლმა უამრავი ნადირი დააფრთხო ამ მხარეში. ის შენი საყვარელი შვლის ნუკრიც ამის წყალობით გადარჩა... -კი მაგრამ...მაშინ ცეცხლი არ ეჭირა ხელში... -ქალო, ქვრება ეს ცეცხლი, ჯადოსნური კი არ არის. დამაცადე, დავასრულო. ლილე გაჩუმდა. -ამ მხარეში ცეცხლის მატარებელს დიდ პატივს სცემენ. ასე რომ ვთქვათ შინაური ცხოველების დაცვის სამინისტროა ეგ ოჯახი. თუ ნადირი შემოუტევს საქონელს, ოჯახი პასუხისმგებელია დაიცვას ხალხი თავისი საქონლის დაკარგვისგან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სიმბოლურია და ტყე-ღრეში მგლებზე სანადიროდ წასვლას არავინ მოგთხოვს ცეცხლის შენზე გადმოსვლის შემთხვევაში. მთავარია, შენს ხალხს გვერდით დაუდგე გასაჭირში. პირველ რიგში შენთან მოვლენ თუ ვინმეს რამე გაუჭირდა, რჩევა შენ უნდა გასცე და ანუგეშო. მოკლედ, ეს ერთგვარი ბედის და პასუხისმგებლობის გადაბარებაა. და ასე გადადის ოჯახიდან- ოჯახში, სოფლიდან სოფელში ცეცხლი. ეს ტრადიცია ადამიანებს ერთმანეთთან აახლოვებს, ერთმანეთზე ზრუნვასა და პატივისცემას ასწავლის. ასევე ახალ ცეცხლის ბატონს შეუძლია წინა ბატონს მიაკითხოს რჩევა-დარიგებისათვის, და სოფელს ერთი თხოვნის ასრულება სთხოვოს იმ ტვირთის შესამსუბუქებლად, რომელიც სამას სამოცდახუთი დღის განმავლობაში უნდა ატაროს. -ქალი ცეცხლის ბატონი გყოლიათ ოდესმე? მე არ მინდა მონაწილეობის მიღება. მალე უნდა წავიდე. -ნუ გეშინია.. -არ მეშინია! უბრალოდ არ მინდა ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. აქ არავის ვიცნობ და არ ვარ ვალდებული! -შენი სახლი ამ სოფელშია. თუ ამ სახლში ერთი ადამიანი მაინც ცხოვრობს, ის ვალდებულია ტრადიცია დაიცვას. -მკაცრად უთხრა დემეტრემ. ლილეს მოეჩვენა რომ იმ წამს ძალიან დაემსგავსა თავის ძმას. -წამო, ნუ გეშინია. შენი ჩირაღდანი ყველაზე მალე ჩაქრება, რადგან პატარა ხელი გაქვს და ჩირაღდანიც პატარა გეკუთვნის. ნელიმ მალე დაარიგა ჩირაღდნები. დემეტრე მართალი იყო. ლილეს ყველაზე წვრილი და მოკლე მისცეს. სხვა ჯან-ღონიან თანასოფლელებსა და მხარბეჭიან ბიჭებს მასზე ბევრად დიდი ჩირაღდნები უწილადეს. მერე ბექნუმ სვლა დაიწყო. თავის ცეცხლწაკიდებულ ჩირაღდანს სხვებისას ადებდა და ცეცხლს უკიდებდა, თან რაღაცას ეუბნებოდა ისე, რომ ლილე ვერ იგებდა რას. მალე მასაც მოუახლოვდა. დემეტრემ ხელი უჯიკა და წინ გააგდო. ქალმა ისეთი თვალებით შეხედა, სიამოვნებით წაუკიდებდა ცეცხლს კაცს, მისი ჩირაღდანი ჯერ ცივი და მშრალი რომ არ ყოფილიყო. ბექნუმ ჩირაღდანი მისკენ გადმოხარა. ცეცხლის სითბომ ლილეს სახე გაულღვო. კაცს თვალები ურჩად გაუშტერა და ელოდა, როდის ეტყოდა მას რამეს. მაგრამ ხმა არ ამოუღია. მხოლოდ სხვებზე დიდხანს ჰქონდა მის ჩირაღდანზე საკუთარი მიწებებული და თავადაც დაჟინებით ჩაშტერებოდა თვალებში. ლილეს აღიზიანებდა მისი უემოციო და მტრული მზერა. თითქოს თვალებით ეუბნებოდა „წადი, შენი ადგილი აქ არ არის, მტერი ხარ“. -ჩემი დაწვა თუ გინდა მთელი სოფლის წინაშე ნუ გააკეთებ ამას. -ვეღარ მოითმინა ლილემ და პირში მიახალა. -მთელი სოფლის წინაშეც სიამოვნებთ გავაკეთებდი. უთხრა ბექნუმ და თავისი ჩირაღდნიანად რიგის ბოლოს მიადგა. ლილე კი დატოვა ნახევრად დამწვარი შეშის ნაჭრით. სრულიად დარწმუნებული იყო ქალი, რომ ძალით ჩაწვა ფიცხელიანმა მისი ჩირაღდანი. გულის სიღრმეში მადლიერიც კი იყო, ახლა ამის თავი ნამდვილად არ ჰქონდა. როგორც ჩანს მის ცხოვრებაში უამრავი საიდუმლო იყო გასახსნელი და თვითონ მათი არსებობის შესახებაც კი არ იცოდა არაფერი. ბოლოს ანთებული ჩირაღდნებით ხელში ბექნუ და ერთი ახალგაზრდა, მასზე არანაკლებ მხარბეჭიანი და წარმოსადეგი გარეგნობის ბიჭი დარჩნენ. -ამ შემთხვევაში რა ხდება... -კითხვის დასრულება არ დასცალდა ლილეს, „ცეცხლის ბატონმა“ რომ ხმა ამოიღო. -ლაშა, ჩვენი მტერი დაწვას მაგ ცეცხლმა, შენს ხელს რომ შეეზარდა. -უცნაური კილოთი წარმოთქვა ბექნუმ. ლილეს მოეჩვენა, რომ მთელ სოფელს ესმოდა მისი ხმა. ვინც აქ შეკრებილიყო მარტო იმათ კი არა, ვინც სახლებში იყვნენ - მათაც ესმოდათ. ეგონა ყველას სახლში შეეღწია მის ხმას და ყველა გულით უსმენდა. -მზადა ხარ ტვირთის საზიდად? -მზად ვარ.-ბოხი, ჩახლეჩილი ხმით უპასუხა ლაშამაც. მისმა ხმამ დაიბუბუნა. ისეთი სუფთა და გამჭოლი არ იყო, როგორიც ფიცხელიანისა. -რა არის შენი სურვილი?! ჩვენი ხალხის ვალია შეგისრულოთ, რა თქმა უნდა, თუ იგი ჩვენს წესებსა და ღირსებას არ ეწინააღმდეგება. -ლილემ შენიშნა ბრაზი ბექნუს ხმაში. სწორედ ასეთი ტონი ჰქონდა მისი სახლის კართან რომ იდგა და ჩემი მტერი ხარო ეუბნებოდა. ცივი და ბრაზიანი. ეს ლაშაც მისი მტერი იყო ალბათ. ამ მხარეში უცნაური წესები აქვთ, ვინმეს გადამტერება რთული არ უნდა იყოს. -ჩემი სურვილი ეს ქალია. ხალხს ჩურჩულის ტალღამ გადაურბინა. ლილეს გარდა კიდევ იყვნენ აქ ქალები. სავარაუდოდ, ქვრივები, ან ისეთები ვისაც ვაჟები არ ჰყავდათ რომ გამოეშვათ ამ გაუგებარ რიტუალზე დასასწრებად. ლილე მიხვდა, რომ არცერთი მათგანის საკუთარ სურვილად არჩევა იმ კაცს აზრადაც არ მოუვიდოდა, ახლა რომ ფიცხელიანის წინაშე იდგა, თვალები კი ქალისთვის მოეპყრო და რაღაც ეშმაკური უელავდა იმ ცეცხლის შუქზე ბექნუმ რომ უწილადა. -ლილე დაშნიანი. ლამის გული აერია საკუთარი სახელის ხსენებაზე ქალს. აშკარად არქაულ სამყაროში აღმოჩნდა. რას ქვია მისი სურვილია ეს ქალი! ბრაზმა და ბოღმამ ყელში წაუჭირა ხელები, სასოწარკვეთისგან ენა ჩავარდნოდა. რა ხალხია! რა წესებია! საერთოდ რა ჯანდაბა ხდება აქ! გაკიოდა მისი გონება. საკუთარი ხმა ხან ერთ ნაწილს ასკდებოდა გონებისას, ხან მეორეს, ხან მესამეს... არსაიდან არ ისმოდა ნუგეში ან პასუხი იმ კითხვებზე, ერთმანეთის მიყოლებით რომ ებადებოდა. -რას ჰქვია! -თავადვე დაიცვა საკუთარი თავი ბოლოს, ჩირაღდნის ნამწვავი თოვლში მოისროლა და წინ გააბოტა. ბრაზისგან გულ-მკერდი ღრმად აუდიოდ-ჩაუდიოდა. -თქვენ მე ნივთი ხომ არ გგონივართ, სურვილად გინდოდეთ! ეს რა უაზრობაა! კალენდარს ბოლოს როდის შეხედეთ საერთოდ! თუ არავის გაგიგიათ, მე გეტყვით, რომ ოცდამეერთე საუკუნეა. ანუ ის დროა, სადაც ქალებს ნივთებად ვერ აირჩევენ თქვენნაირი კაცები... -ლილე, გაჩუმდი. -თვალები დაუბრიალა ბექნუმ. ცეცხლზე ნაკლებად არ იწვოდა მისი მზერა. ისიც არანაკლებ აღელვებული ჩანდა. ეტყობა, ამ ქალის სიტუტუცემ გააწბილა, თორემ იმ ლაშას სურვილის შესრულებაში, ლილე დარწმუნებული იყო, რომ ფიცხელიანი პრობლემას საერთოდ ვერ ხედავდა თავისი ბინდგადაკრული თვალებით. -რატომ? მე აქ გაჩერებას არ ვაპირებ, დასასვენებლად ჩამოვედი! არავის სურვილი არ ვიქნები, -გაცხარებული მიუბრუნდა ლაშას ზემოდან რომ ღიმილიანი, გამარჯვებული მზერით დაჰყურებდა. -გაიგე შენ? გინდ მისურვე, გინდ - არა! ყურებზე ხახვი არ დამაჭრა. მისურვებს თურმე! წინააღმდეგი ვარ! ჩემს ღირსებას ეწინააღმდეგება, როგორც ამ ველურმა თქვა, -თავით ბექნუსკენ ანიშნა, რომელსაც ჩირაღდანი ჩაებღუჯა და არაფრის დიდებით ხელიდან არ აგდებდა. სოფელი დაძაბული ისმენდა დიალოგს. -თუ ღირსებას და წესებს ეწინააღმდეგება, არ აგისრულებთო, ხოდა ჩემს ღირსებას და წესებს ეწინააღმდეგება. გზაზე არ გადამეღობო, თორემ მაგ ცეცხლს თავზე წაგიკიდებ! -შენ რა კაპასი ყოფილხარ. ლაპარაკიც ბევრი გყვარებია. არადა, შეშინებული ჩანდი. -ჩაიხითხითა ლაშამ. მისი ლაპარაკი გულს ურევდა ლილეს. სახეში შეფურთხება მოუნდა, თუმცა საკუთარ სურვილზეც კი შერცხვა. ამას არასოდეს ჩაიდენდა. -შეშინებულს შენ დაგტოვებ! -წაისისინა ლილემ და ბექნუს ხელში ჩააფრინდა, ჩირაღდანი რომ წაერთმია. იმპულუსური ქმედება იყო, თორემ მოაზროვნე ადამიანი მიხვდებოდა, ქალი ფიცხელიანს ხელიდან რომ ვერ გამოგლეჯდა იმ ჩირაღდანს. ბექნუმ სისხარტე გამოიჩინა და თავისუფალი ხელით გააკავა ლილე. ზემოდან ისეთი თვალებით დახედა, დაშნიანი უსაშველოდ გაცეცხლებული რომ არ ყოფილიყო, იქნებ შეშინებოდა კიდეც მისი სახის. -ლილე, გეყოფა. -ხმამაღლა, მაგრამ გამოზომილად გამოსცრა ბექნუს. თაფლისფერი თვალები ჩაუშავდა. მოეჩვენა, რომ ცეცხლი თავის პატრონს გამოექომაგა და უფრო მეტად აალდა, ლამის ქალის თმასაც მისწვდა, ამიტომ გვერდზე გამოსწია. -როგორც ხედავ, ამ ქალს არ უნდა შენი სურვილი იყოს. -სანამ ლილე რამეს დაამატებდა და კვლავ ერთ ამბავს ატეხდა, დაასწრო დემეტრემ. ლილეს გულზე მოეშვა. ახლა მისი გამოქომაგება ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ბექნუს ეტყობოდა, ქალის ბედი დიდად რომ არ ადარდებდა. აქამდე, ალბათ, მაგიტომ არ ამოიღო ხმა. -ფიცხელიანები ქალს არ მითმობთ. იქნებ, ცეცხლიც თქვენთან გინდათ რომ დარჩეს. -დაიგესლა ლაშამ. ბექნუ იმაზე მეტად დაიძაბა, ვიდრე ლილეს ეგონა, რომ შესაძლებელი იყო. -ფიცხელიანები ქალს პატივს ვცემთ... -დაშნიანის ქალს სცემთ პატივს, -თვალები დაიწვრილა ლაშამ, -ბექნუმ კარგად იცის, ეს რასაც ნიშნავს. -მე და შენ მოვაგვარებთ ამას, -ბექნუმ ლილეს ხელი შეუშვა და ლაშას იმდენად მიუახლოვდა, ლამისაა, მართლა ცეცხლი წაუკიდა. -მე და შენ რატომ? ამ სოფელში ყველამ კარგად იცის თქვენი ამბავი. -რა ამბავი? -გაოცებით იკითხა ლილემ. ანუ, ყველამ იცის. ამ საძაგელმა, მყრალმა არსებამაც იცის. დემეტრეც მასავით გაოცებული ჩანდა. პასუხის მოსასმენად ის ლილესგან განსხვავებით, თავის ძმას მისჩერებოდა. -ნუთუ არ იცი... -ხმა გაინაზა ლაშამ და ღიმილით გადახედა ჯერ ლილეს, შემდეგ ბექნუს. -არაფრის თქმა არ გაბედო. შენი საქმე არ არის. -მკაცრად მიუგო ბექნუმ. ლაშას ხელიდან ჩირაღდანი გამოგლიჯა და თოვლში მოისროლა. შიშინმა თან ჩაიყოლა უამრავი დამსწრის ჩურჩული და ამოგმინება. ყველა პირდაღებული მისჩერებოდა უფასო სანახაობას. ლილეს თავში იმდენი კითხვის ნიშანი დარბოდა, რამდენის დატევაც მის გონებას შეეძლო. -ცეცხლი ჩვენთან რჩება. -მეც მტრად მიკიდებ? -წარბები მაღლა აზიდა ლაშამ. რატომღაც ლილეს მოეჩვენა, რომ კაცი ამას ელოდა და ფიცხელიანიც წარმატებით წამოეგო მის ანკესს. -მე მტრად არავინ გამიხდია. არც სხვის ღირსებას შევხებივარ და არც ვინმეს ცხოვრება მომითხოვია ძღვნად. აქედან მოშორდი. -ბოლო სიტყვები იმაზე ხმამაღლა თქვა ფიცხელიანმა, ვიდრე ლილე ელოდა. ერთ ადგილას შეხტა შეცბუნებული. ამ კაცმა გადაარჩინა? თუ ეს რა ხდებოდა მის თავს. ვერ ბედავდა მისი მადლიერი ყოფილიყო, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლებოდა რამე ისეთი გაეკეთებინა, საკუთარი მადლიერების გრძნობაც კი ენანა. -წავალ, მაგრამ იცოდე, თუ ამ ქალს შენ არ წაიყვან, მე წავიყვან. დღეს თუ არა ხვალ... ხვალ თუ არა ზეგ.. -წაიმღერა. -ეს გიჟია? -სასოწარკვეთით გადახედა ლილემ სოფლელებს. სიტუაციის კომიკურობაზე ეცინებოდა. -სად წამიყვან ჩემი ნებართვის გარეშე? ვერსად! -იცი... ჩვენში ასეთი წესია... -ძალიან მშვიდი და აუღელვებელი ხმით დაიწყო ლაშამ, -ყველაფერი მემკვიდრეობით გადადის... მათ შორის ოჯახების დანათესავების სურვილიც... ეს ახლა საჯაროდ განსახილველი არ არის, მითუმეტეს რომ ყველამ იცის ეს ამბავი, შენ გარდა... შენი ოჯახიდან ერთი ქალისთვის რამდენიმე წლის წინ ორი კაცი იბრძოდა, როგორც ხედავ, ეს ჯერ კიდევ არ მომხდარა... -საკმარისია! -ბექნუმ ლილე ზურგს უკან გადამალა. ჩირაღდანი ისევ ხელში ეჭირა. -არა, არ არის საკმარისი! -აკივლდა. წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, მაგრამ ამჯერად დემეტრემაც ძმას აუბა მხარი. -ლილე, გთხოვ, მშვიდად დასრულდეს ეს ყველაფერი და პირობას გაძლევ, ყველაფერს მოგიყვება ბექნუ. -რა უნდა დასრულდეს მშვიდობით! ორი კაცის გასაყოფი რომ ვარ ეგ? -არ ცხრებოდა დაშნიანი. -გთხოვ. -მუდარით ჰქონდა თვალები სავსე დემეტრეს. ლილეს ყელში ბურთი გაეჩხირა. მისი გონება არაფრის დაჯერებას არ აპირებდა. თავი სიზმარში ეგონა. -წადი. -გაუმეორა ბექნუმ, მერე ხალხს მიუტრიალდა. -როგორც ხედავთ, ცეცხლი ჩვენთან რჩება! -ლილე? -ახლაღა ამოიღო ხმა ნელიმ. დაშნიანს ენიშნა, რომ ეს ყველაფერი ქალმა თვითონ დაგეგმა. თვითონ გააგებინა მთელს სოფელს მისი ჩამოსვლის ამბავი და მივიწყებული შუღლიც თავიდან აუშალა ვინ იცის რამდენ ოჯახს. -ჩვენთან მოდის. ლილე ვერასდროს იფიქრებდა, ფიცხელიანების სახლში თუ ოდესმე დაბრუნდებოდა, მაგრამ ასე მოხდა. სიხარულით არავინ შემოგებებია. მის იქ დანახვას არავინ ელოდა. ოჯახის უფროსს, ბუდუ ფიცხელიანს დაძაბული სახე ჰქონდა. ვაჟები თავისთან გაიხმო და ოთახიდან დიდი ხნის განმავლობაში არ გამოსულან. ლილე მარიკასთან ერთად ფეჩიან ოთახში იჯდა. ოჯახის დიასახლისი ჩაის ამზადებდა. ხმას არავინ იღებდა. -ეჭვი მაქვს, რამე რომ ვიკითხო, მაინც არ მეტყვით, რა ხდება, მაგრამ მაინც შევეცდები, -მოთმინება ბოლოს, რა თქმა უნდა, ლილეს ამოეწურა. მარიკაც შეიშმუშნა, თითქოს სწორედ ამას ელოდა. მოხუცი წელში გაიმართა და მაგიდასთან დაჯდა. ლეილამაც დაწვრილებით მოყვა ყველაფერი, რაც გადახდა. -გთხოვთ, ამიხსენით, რას გულისხმობდა ის ბიჭი. ჩემთვის არავის არაფრის თქმა არ სურს. -დარწმუნებული ვარ, ბექნუ ისედაც ყველაფერს გეტყვის, შვილო. აქ ნურაფრის შეგეშინდება. ფარულიანებს არა აქვთ ჩვენს ოჯახში მოსასვლელი პირი. -ჩემს ოჯახს აქვს? -გულწრფელად იკითხა ლილემ. არ უნდოდა, ვინმეს წინაშე დამნაშავე ყოფილიყო. ახლა მიხვდა, რას გულისხმობდა ლაშა, რომ უთხრა, ამ მხარეში ყველფერი მემკვიდრეობით გადადისო. ასევე იყო ის დანაშაულის გრძნობა, რომელსაც ლილე იმ წამს გრძნობდა, თუმცაღა არ იცოდა კი რატომ... -წარსულს უნდა ჩაბარდეს ადრე თუ გვიან. ბექნუმ რომ სახლში მოგიყვანა, ეგ სწორედ მაგას ნიშნავს. -კარგი... ანუ თქვენც არაფერს მეტყვით. -ფარ-ხმალი დაყარა ლილემ. ისევ ბექნუს იმედად უნდა ყოფილიყო. საწოლი ისევ იქ გაუშალეს, სადაც ადრე ეძინა. ყველანი დასაძინებლად დაწვნენ და ბექნუ ლილესთან ერთად მარტო დატოვეს დიდ ოთახში. ხელები გულზე დაეკრიფა ქალს და თვალებით ბურღავდა ბექნუს, რომელიც საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა და თითქოს დაშნიანის გამოცდას ცდილობდა. ის კი არ იცოდა, რომ მისი მოთმინების ფიალა ღრმა საერთოდ არ იყო და ნელ-ნელა ისიც ევსებოდა, რაც ჰქონდა. -დიდ ხანს გელოდო? აქედან წასვლა მინდა! დროზე მითხარი სიმართლე, და წავალ. -ჯერ ვერსად ვერ წახვალ. ის გადარეული ეგრე მარტივად არ მოგეშვება. -აშკარად შენი გაბრაზება უფრო უნდოდა, ვიდრე მე. გამოუვიდა კიდეც. რატომ აჰკიდე ის ტვირთი შენს მშობლებს! ჩემ გამო, მე ხომ შენი მტერი ვარ თუ რაღაც! -მშვიდად ყოფნა შეგიძლია საერთოდ? -ხმა გაიმკაცრა კაცმა. -ისეთ პირობებში ვარ, როგორ არა, ძვირფასო! -თვალები მოჭუტა ლილემ. ისე აღიზიანებდა ახლა მისი მშვიდი სახის დანახვა, თვალიც კი მოარიდა. -ლაშას დას ვუყვარვარ. ჩვენთან დანათესავება არ უნდა, ამიტომ მაიძულა შენ წამომეყვანე და თავიდან მოვეშორებინე. -შენც გიყვარს? -არა, მაგრამ არც სხვაზე გათხოვდება, სანამ მე თავისუფალი ვარ და ვუყვარვარ. -თქვენ ტვინი აშკარად სხვანაირად გაქვთ ხო მოწყობილი? თუ გაქვთ საერთოდ მაგ თავში რამე! -წამოენთო ისევ. -მერე მე რა! ვინმე დაგაძალებს, ის გოგო ცოლად მოიყვანეო თუ არ გინდა? რაღაც არ ჰგავხარ სხვის დაკრულზე მოცეკვავეს. -გოგო, ნუ ყვირი! -დაუღრინა, -სძინავს ხალხს. ეგრე თუ აპირებ ლაქლაქს, არაფერს არ გეტყვი, ჩემი ხელით დაგაბრუნებ იმ შენს ქალაქში, მამაშენმა სადაც გადაგმალა და თვითონ მოგხედოს, იმ გადარეულების კლანი რომ დაგადგებათ თავზე. -მამაჩემს არსად გადავუმალივარ, -მშვიდად უპასუხა ლილემ იმით დამფრთხალმა, ბექნუს რომ არ გადაეფიქრებინა რამის თქმა, მაგრამ უკვე საკუთარ სიტყვებშიც აღარ იყო დარწმუნებული. ფიცხელიანი ისეთი სახით უყურებდა, აშკარად მიხვდა, ლილე რასაც გრძნობდა და ჩაეღიმა. -დარწმუნებული ხარ? -პასუხი რომ ვერ მიიღო, ბექნუს გაეღიმა. -რა თქმა უნდა, ვერავინ დამაძალებს მის ცოლად მოყვანას, მაგრამ მას არ სურს თავისი დის ტანჯვას შორიდან უყუროს. ისიც ვიფიქრე, მის ცოლად მოყვანას მომთხოვდა თავის სურვილად, მაგრამ შენ რომ აგირჩია, მივხვდი, საერთოდ არ უნდა ჩემთან დანათესავება. ჰგონია, ანკესზე წამომაგო. იცის, მის ხელში არცერთი ქალის ჩაგდებას რომ არ ვისურვებ. -რატომ არ მოსწონხარ? -მამამისი ბიძაჩემმა მოკლა. ეს ამბავი იმდენად ცივად გააჟღერა ფიხცელიანმა, ლეილას შიგნეულობა გაეყინა. მკვლელის ოჯახში იყო ანუ... მტრობის არაჩვეულებრივი მიზეზი ჰქონია იმ ადამიანს! ვის ენდომება თავისი ოჯახის წევრის მკვლელი ოჯახი დაინათესავოს? ყბა დაეჭიმა დაძაბულობისგან, გული მკერდის ძვლის გამომტვრევას ლამობდა იმ წამს. სახე წაუხურდა და საკუთარი გულის ფეთქვის გარდა არაფერი ესმოდა. ბექნუ მშვიდად აკვირდებოდა მის შოკს. გრძელ თითებს მაგიდაზე აუჩქარებლად ათამაშებდა და თვალს არ აშორებდა. -ახლა ალბათ ფიქრობ, რომ მართალია ის კაცი, ასე რომ ვეზიზღებით, -განაგრძო მშვიდი ხმით, ცდილობდა, არ დაეფრთხო ქალი, მაგრამ ხმა რას უშველის, როცა ამბის გაგრძელებაა შემზარავი. -მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ბიძაჩემს რომ სიკვდილი დაემსახურებინა, მე მის მკვლელს არ შევიზიზღებდი. არც შევაქებდი, მაგრამ არც შუღლს გავაგრძელებდი მასთან. ლაშა ასე არ ფიქრობს. -როგორ ლაპარაკობ! -ხმა აუკანკალდა ლილეს, -რა უნდა ჩაიდინოს ადამიანმა, რომ მოკვლა დაიმსახუროს, თან სხვისი ხელით... ამის გამართლება როგორ შეიძლება... -მე ვფიქრობ, რომ შეიძლება... -ხმა ცივი ჰქონდა ბექნუს, ლილეს კი შიგნეულობას მხოლოდ მისი სიტყვები უყინავდა. -არა... არ შეიძლება, ნუ ფიქრობ...არ მაინტერესებს მიზეზი... ეს არ შეიძლება! -არადა სწორედ მიზეზი გეხება შენ. არ გინდა იცოდე? -წარბები აზიდა ბექნუმ. თვითონ ალბათ ერთი სული ჰქონდა ამ დიალოგისგან თავი დაეღწია. -მე? -ხო, შენ. შენს ოჯახს. -იმიტომ გვემტერებით, რომ ბიძაშენმა ლაშას მამა მოკლა? ამ ამბავში ჩემს ოჯახს ვერ ვხედავ. -ბიძაჩემს რა მოუვიდა, შენი აზრით? -ხმა გაუცივდა, ნაცნობი ზიზღი ჩაუდგა მასში ფიცხელიანს. -არ ვიცი...-ხმა ჩაუწყდა ლილეს. ოღონდ აქ არ იყოს მისი ბრალი... ოღონდ აქ არა... -ბიძაჩემს მამიდაშენი უყვარდა. იმასაც ლილე ერქვა შენსავით. არა.. არა.. არა.. ლილემ თავი ხელებში ჩარგო. შეუძლებელია! -ლაშას მამასაც, ქვრივი იყო, ორი შვილით. მამიდაშენსაც უყვარდა ბიძაჩემი. დაოჯახებასაც აპირებდნენ. ყველამ ყველაფერი იცოდა, ლაშას გიჟი მამა, მანუჩარი, ვერაფერს ამბობდა, შიგნიდან კი იბოღმებოდა. მე მაშინვე გიცანი, რომ დაგინახე. დემეტრემ არაფერი იცოდა, ამიტომაც ვერ გიცნო... არ ვამბობ, რომ გასაჭირში უნდა დაეტოვებინე, მაგრამ სხვანაირად მოიქცეოდა, სახლში არ მოგიყვანდა... -მაინც ვერ ვხვდები... -ცრემლები მოსდიოდა უკვე ლილეს. -მამიდაშენი მანუჩარს შემოაკვდა. მოტაცება უნდოდა. წინააღმდეგობა გაუწია, მანუჩარი კი შეიარაღებული იყო. მოკლედ, შეხლა-შემოხლაში ისე მოხდა, რომ ვერ გადაარჩინეს მამიდაშენი სამწუხაროდ. მამაშენმა და ბიძაჩემმა მაშინვე მანუჩარს დაუწყეს ძებნა, მამაჩემიც თან გაყვათ. ორივე გამხეცებული იყო, რომ ერთადერთი ქალი ვერ დაიცვეს იმ საზიზღარი ღორისგან. იმ ოთხის გარდა არავის უნახავს იქ რა მოხდა. ფაქტია, მამაჩვენები ცოცხლები დაბრუნდნენ. მე იმ დროს პატარა ვიყავი, კარგად არ მახსოვს. შენ წესით არ იყავი დაბადებული. ბიძაჩემმა მანუჩარი მოკლა, მამაშენმა კი ბიძაჩემი. -მამა არავის მოკლავდა... თან ასეთი უაზრო მიზეზით... ბიძაშენს მამიდაჩემი უყვარდა... არაფერი დაუშავებია... არა შეუძლებელია.... არა.... -ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა ლილეს. -მამა მკვლელი არ არის... -საქმე ის არის, რომ დანიშნულები იყვნენ. პასუხისმგებლობა საქმროს ეკისრება. მამაშენმა ბიძაჩემი დაადანაშაულა, რომ საცოლე ვერ დაიცვა. იმპულსურად იმოქმედა და უდანაშაულო ადამიანი მოკლა. -არა, არ მჯერა. -ფეხზე წამოდგა ლილე, თუმცა თავბრუ დაესხა და გულიც წაუვიდოდა, ბექნუს რომ არ ემარჯვა და ხელი არ შეეშველებინა. -მერე... მერე რა მოხდა... დაიმალაო რატომ თქვი მამაჩემზე... რატომ დამმალა... თითქოს ლილე ყველაფერს ხვდებოდა.... აქაურობა შეზიზღდა უეცრად... ეს საშინელი წესები, მკვლელი კანონები და არაცივილური გარემო, სადაც ადამიანებს ასე თვალის დაუხამხამებლად ხოცავენ... და მამამისიც ასეთივეა? თვითონაც ამის ნაწილია? უფროსი დაშნიანი ჭიანჭველასაც კი არ დაადგამს ფეხს... წარმოუდგენელია... შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს... სანამ მამამისისგან არ მოისმენს არ გაჩერდება. -ან მამაშენმა რატომ არ მოკლა მამაჩემი... თუ ასე ყველა ერთმანეთის მიყოლებით ხოცავს ადამიანებს...-არ დამჯდარა ლილე, ორივე მკლავში ჩაფრენოდა კაცს და თვალებში უყურებდა. -კანონი მამაშენს ამართლებს. მამაჩემი კი კანონმორჩილია. თან ყველა ყველას გაუსწორდა, შურისძიების გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. ჩვენს ოჯახებს შორის კავშირი გაწყდა. მამაჩემს რომ მამაშენი მოეკლა, თქვენ აქედან ვერასოდეს წახვიდოდით, მერე შენს ძმას მოუწევდა ჩემი მოკვლა, ან შენ მოგიწევდა მე მოგეკალი ან დემეტრე. ბექნუ ისე მშვიდად საუბრობდა სისხლის აღების წესებზე, თითქოს ლილეს კრუასანის რეცეპტს კარნახობდა და ცდილობდა, მაქსიმალურად გასაგებად ეთქვა ყველაფერი. -და ლაშა და თქვენ? შენ გაწყობს, რომ ლაშას ოჯახს დაუნათესავდე... ასე ხომ მოგკლავს... ბექნუ... ეს რატომ.. რა? მართალი ვარ? მითხარი! რასაც ვფიქრობ სიმართლეა? -ხო, მაგიტომ არ უნდა ლაშას რომ მისი და შევირთო. ჰგონია, ასე შურისძიების საშუალება მოესპობა. შენც იმიტომ გითხოვა. შენი წაყვანით ის დაამტკიცებდა, რომ მათ გაიმარჯვეს და ბიძაჩემი და მამიდაშენი ტყუილად დაიხოცნენ. დაამტკიცებდა, რომ მამამისი თუ არა ის აუცილებლად აისრულებდა საწადელს და დაშნიანს ცოლად შეირთავდა... ანუ შენ... -ანუ ეს იმიტომ გააკეთე, ბიძაშენის ღირსება რომ დაგეცვა... რომ დაგემტკიცებინა, შენ გაიმარჯვე....- ხმა გაეყინა ლილეს. ხელები შეუშვა კაცს. -ცოლად არ მომყავხარ! არც არასდროს მოგიყვან და იმ სთვის არაფერი მაქვს სამტკიცებელი. არც ბიძაჩემის ღირსებას სჭირდება დაცვა. იმ ახვარმა მანუჩარმა ქალი მოიტაცა და შემოაკვდა. ამ მხარეში ქალის მკვლელობას კაცს არავინ აპატიებს. მამამისის ნამუსის ჩამორეცხვას რაც არ უნდა ეცადოს, ვერასდროს მოახერხებს ლაშა. ცხრა დაშნიანი რომ დაისვას სახლში მაინც. -ანუ შენ გინდა თქვა, რომ ეს დაპირისპირება ჩვენზე მემკვიდრეობით არ გადმოსულა? -მაქსიმალურად ცდილობდა ლილე ცივი გონებით ემსჯელა. -ლაშა შენ არ მოგკლავს ახლა, როცა თავიდან მოგიშორა და იცის, რომ მის დას არ შეირთავ... თან ის ცეცხლის რაღაცაც წაართვი. დარწმუნებული ვარ, ხმალს ლესავს ახლა და ხვალ შენ მოგადგება, რომ კისერი გამოგღადროს. -ჩემზე შენ ნუ იდარდებ. სანამ ჩემი ცოლი არ ხარ, არაფერს დამიშავებს. მე ხომ მაგისი დისთვის ვარ არაჩვეულებრივი საკბილო. -ბექნუს ჩაეცინა,- შენ რაც შეგეხება... სანამ ჩემი ცოლი არ ხარ, საფრთხე გემუქრება მაგისგან. ამიტომ, დროებით დარჩი, იფიქროს, რომ ცოლად მომყავხარ, სანამ მამაშენი ჩამოვა და წაგიყვანს. ისე, ვერ ვხვდები, ამდენი წელი გმალავდა, რომ ჩვენ ხელში არ ჩაგვვარდნოდი... ახლა რატომ გამოგიშვა, თანაც მარტო... -არა... მამამ რომ გაიგოს... რომ გაიგოს რომ ჩემი ცოლად წაყვანა უნდა, მოკლავს... არ მინდა, მამამ გაიგოს. ჩემით წავალ.... -შიშისგან ხელების აუკანკალდა ლილეს. წყლის დალევაც კი ვერ მოახერხა ნორმალურად. ჭიქა ბექნუმ დაუჭირა ტუჩებთან ახლოს. ძლივს მოსვა წყალი. პირი გამომშრალი ჰქონდა ქალს. მოსმენილს არ იჯერებდა.... მართლა რატომ გამოუშვა მამამ, თუ ასეთი ამბავი ხდებოდა... სუფთა ჰაერზე წადი, გულს გადააყოლებო....დაისვენებო.. ვერ ხვდებოდა, რატომ.... თუკი იცოდა, რომ როცა სოფლიდან მიდიოდა აქ ასეთ ამბავს ტოვებდა, თუ თავისი ხელით გადამალა შვილი, ახლა რატომ არ დაუშალა უკან დაბრუნება... -მარტო სად წახვალ?! შენ გგონია არ გამოგყვება? წადი, დაწექი და დაისვენე ახლა... -თვალებით თავისი ოთახისკენ ანიშნა ბექნუმ. -შენ... შენ რა ადამიანი ხარ? -კბილები მაგრად დააჭირა ლილემ ერთმანეთს. -შენ გგონია ახლა მე დამეძინება? მეუბნები რომ... ღმერთო... აქედან გამოსავალი საერთოდ არსებობს? -დამშვიდდი. -ნუ მამშვიდებ! როგორ შეიძლება ასე მშვიდად იყო, როცა იცი, რომ ადამიანი დანას ლესავს სადღაც, რომ როგორც კი შანსი ჩაუვარდება, მაშინვე მოგკლას და ეს ყველაფერი თავიდან დაიწყოს... ქალს უკვე საუბარი აღარ შეეძლო. მისი პანიკით შეწუხებულმა ბექნუმ, როგორც ჩანს, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ცალი ხელი პირზე ააფარა, მეორე წელზე მოხვია და ასე წაიყვანა თავისი ოთახისკენ. -როგორც ჩანს,თუ ძალა არ გამოიყენა ადამიანმა, შენ ისე არ გიყვარს გაჩუმება, გაჩერება და დამშვიდება. სანამ აქ ხარ არაფერი გემუქრება, რამეს მოვიფიქრებ და მე თვითონ დაგაბრუნებ მამაშენთან, თუკი ის არ ჩამოვა... შენს აქ დატოვებას არ ვაპირებ, არც მე მინდა ბიძაჩემის მკვლელის შვილი ოჯახში. დაწექი და დაისვენე! საწოლზე დასვა, თვითონ კი კარი გაიხურა. ლილეს მთელი ღამე არ უძინია. როგორც კი ინათა, მაშინვე ადგა და ეზოში ჩავიდა. ისე თოვდა, შემოგარენში საერთოდ აღარ ჩანდა არცერთი მეზობლის სახლი. ყველაფერი ჩაიცვა რაც ჰქონდა და ფილტვები ცივი ჰაერით ამოივსო. ბრონქები დაუსერა გაყინულმა ჟანგბადმა, თვალებზე ცრემლები მოადგა. სახლის გვერდზე პატარა ბოსელიდან ზარის რიჟრაჟი ისმოდა. როგორც ჩანს, ამათ ძროხებსაც გაეღვიძათ. ოთახში ფეჩი არ ენთო, ანუ არავინ ამდგარა ჯერ. ბოსლისკენ წავიდა. დროს მაინც გაიყვანს, სანამ ყველა ადგება და რამე საქმოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. ოცდახუთი წლისაა და ერთი კვირის განმავლობაში ამდენი საშინელი ამბავი არასდროს არ გაუგია. მთელი ღამე ამაზე ფიქრში გაატარა და ახლა უკვე იმდენად გამოეფიტა გონება, ტვინი უარს უცხადებდა იმ საშინელი ამბების მემილიონედ გადახარშვაზე. ბოსელში თავისი საყვარელი ნუკრი რომ დაინახა შესასვლელთან ჩამოსკუპებული სიხარულისგან გული აუფრთხიალდა. -შენც აქა ხარ გოგო? შენც ვერ გააღწიე? -ნებიერად გადაუსვა ცხოველს თავზე ხელი. სამი დღის კვალობაზე საკმაოდ მოზრდილი და მოკეთებული მოეჩვენა. შველმაც თითქოს ნაცნობი სუნი იგრძნოო, არც კი განძრეულა, გაყინული ხელის შეხებისას თვალები მინაბა. -ჩემი ამბები რომ მოგასმენინა, გაგიჟდებოდი ნამდვილად. რა ვქნა ახლა მე? ამ თოვლში ვერსად ვერ წავალ. რომ არ წავიდე, იმ ადამიანს, ვინც გადამარჩინა ჩემი ხელით ჩავუგდებ მტერს ხელში მოსაკლავად... ხო, თავი მეც კინოში მგონია, სადაც არ მთავარი და არც მეორეხარისხოვანი გმირი მე არა ვარ. ვერანაირ გადაწყვეტილებას თავისუფლად ვერ ვიღებ.... კარგი... ჩემზე მოვრჩეთ, შენ როგორ გაჭმევენ? მოგწონს აქ? ძაღლები ხომ არ გაშინებენ? -არ იცის მაგან ლაპარაკი... -სახლის უკანა მხრიდან გამოვიდა ბექნუ. მთელი სხეული თოვლს დაეფარა. იმაზე ბევრად დიდი ჩანდა, ვიდრე რეალურად იყო. ქუდი არ ეხურა და შავი თმა გათეთრებოდა, წამწამებზეც თოვლის ფიფქები ჰქონდა დანამცეცებული. ძალიან ლამაზი მოეჩვენა ლილეს. ეს აზრები, რა თქმა უნდა, უძილობას დააბრალა. -კარგი ერთი! შენ რომ იცი, რას მეუბნები კარგს და სასიხარულოს? -სწრაფად წამოხტა ლილე. თავბრუ დაეხვა, თუმცა არ შეიმჩნია და ბოსლის კარის ძგიდეს ხელით მიეყრდნო. -სად იყავი? სანადიროდ? -შიშველი ხელებით აქ არავინ ნადირობს. არ გეძინა? -როგორ გეკადრებათ! ისე ტკბილად მეძინა, მეტი რომ არ შეიძლება. -გამწარდა ლილე და გვერდი აუარა. -შენ ყოველთვის ასე იკბინები, თუ მხოლოდ დილაობით? -უკან გაყვა ბექნუც. -რა შენი საქმეა! -არ ცხრებოდა ლილე. ქაქანებდა და ქაქანებდა. გაუკვალავ თოვლში მუხლამდე ჩაეფლო ფეხები და ადგილიდან ვეღარ იძროდა. ხელები საწყლად გაასავსავა. -მართალია, არ არის ჩემი საქმე... -მშვიდად უთხრა კაცმა და გვერდი მშვიდად აუარა თოვლში გაჭედილ გოგოს. თვითონ სულ არ უჭირდა სიარული. ლილე კი ძლივს-ძლივობით მოტრიალდა თოვლში, გამოძვრა და ბექნუს ნაკვალევს გაყვა. წელამდე სველი იყო. ცხვირი და ლოყები გაწითლებული ჰქონდა. თმაც სულ გაუსველდა სახლში რომ შევიდა და თოვლი გალღვა. -საბანაოდ იყავი? -წარბები აათამაშა კაცმა. ლილე ვერ ხვდებოდა, სერიოზულად ეხუმრებოდა ეს კაცი, თუ ეს ყველაფერი სიზმრის ნაწილი იყო, თუ ნახევრად ეძინა და ელანდებოდა, რაც ხდებოდა. -ვერ ვხვდები, რატომ ხარ ხუმრობის ხასიათზე? -ცეცხლს დავანთებ, აქ გამოიცვალე, თორემ გაცივდები. -აქ? -საერთო ოთახზე იკითხა ლილემ. -ხო, აქ. მე გავალ, სველი ტანსაცმლით ცივ ოთახში ნუ შეხვალ. ფეხები გაგიცივდება და ბავშვებს ვეღარ გააჩენ მერე, თუ რაღაც... ასეთი ჭორები არსებობს ჩვენში... ლილეს გულზე მოხვდა ეს სიტყვები. არაფერი უპასუხია. „შვილებს უმაგისოდაც ვერ ვაჩენდიო“ გაიფიქრა და ფეჩს ლამის ჩაეხუტა ისე სციოდა. ბექნუმ შენიშნა მისი დანაღვლიანება, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. მშრალი ტანსაცმელი მოიმარაგა ლილემ. -შენ მიდარაჯე, არავინ შემოვიდეს. -უთხრა ფიცხელიანს, ფეჩი რომ გახურდა. ახლა ისე სციოდა, სულ რომ მოეკლა ვინმეს, იმ გაყინულ ოთახში მაინც არ შევიდოდა ნახევრად სველი გამოსაცვლელად. ბექნუს არაფერი უთქვამს, ისე დაჰყვა მის ნებას. კარიდან გავიდა. ლილემ მაინც ფაცხა-ფუცხით გამოიცვალა, ეშინოდა, არავის შემოესწრო ნახევრად შიშველისთვის. რომ ჩათბა, იგრძნო როგორ ამოძრავდა სისხლი ფეხებიდან ზემოთ. -ჩაის გაგიკეთებ. -ახლა რა იქნება? -ჩახლეჩილი ხმით იკითხა ლილემ. კაცს მისთვის არ შეუხედავს. დივანზე იჯდა და ტელეფონში რაღაცას კრეფდა. ლილეც იქვე ჩამოჯდა, ფეხები აიკეცა და ბექნუს მოცემული პლედი მთელს სხეულზე შემოიხვია. -არაფერი... ამინდები რომ გამოვა, მამაშენს დაურეკავ და წახვალ, როგორც უკვე გითხარი. მეტი რისი მოსმენა გინდა? -მეც ხომ გითხარი, მამა აქ არ ჩამოვა-მეთქი? არ მინდა ამ ამბებში გავრიო კიდევ ერთხელ... გთხოვ... დამეხმარე და რამე მომაფიქრებინე. მთელი ღამე არ მიძინია. ჩემი აქ ყოფნა შენც საფრთხეს გიქმნის. -შენ ზოგადად ყოველთვის ასეთი ურჩი და ჯიუტი ხარ, თუ მარტო ჩემთან ამოგდის რქები? -წარბებაზიდულმა გადახედა ლილეს. -მარტო შენთან ამომდის რქები. ის დღე ისე გავიდა, არავის არაფერი უთქვამს მისთვის. მარიკაც იშვიათად თუ გამოელაპარაკებოდა. არც ლილეს ჰქონდა თავი რაიმე ეთქვა, ღამენათევს და ნანერვიულებს ჩასთვლიმა დივანზე. ნანამ არც დააცადა ამდგარიყო, მიაფარა და აიძულა იქ დაესვენა. ოთახში არავინ შემოსულა. ყველანი სოფლის საქმეებზე გაიფანტნენ და არც არავის შუწუხებია. ბექნუ დილის შემდეგ საერთოდ არ დაუნახავს. ჯავრობდა, რამე არ მოსვლოდა მისი აქ ყოფნის დროს... ვაიდა, მერე მოესურვებინა იმ შეშლილს ლილეს ქმრობა. დაევლო ხელი და წაეყვანა, ვინ გაუწევდა წინააღმდეგობას. საღამოს რომ გამოეღვიძა ოფლში ცურავდა. თავზე მარიკა და ნანა წამოდგომოდნენ შეწუხებული სახით. ქალმა შუბლზე ხელი რომ მიადო, შეიცხადა, ისეთი გავარვარებული ჰქონდა სხეული ლილეს. -შვილო, იწვი... ლილემაც იგრძნო, რაღაც რიგზე რომ ვერ იყო მის თავს. ძვლებში ამტვრევდა, გული ერეოდა და დროგამოშვებით სციოდა.. -წყალი მწყურია... მარიკამ მაშინვე მიურბენინა წყალი, ტუჩებთან მიუტანა, რომ დაელია. აშკარად ყველას დაეტყო შეწუხება. ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა თავს, იცოდა, მისი აქ გაჩერება მხოლოდ მისთვის რომ იყო საკეთილდღეო და ამ ოჯახს საერთოდ არაფერში ადგებოდა, მაგრამ ვერც მიდიოდა სადმე. მაინც რატომ არ გააფრთხილა მამამ! ახლა საშინლად ბრაზობდა მასზე. სიცხე არა და არ უწევდა. მარიკა და ნანა ერთმანეთს ენაცვლებოდნენ საღამომდე. გვიან ბექნუმ გადაიბარა ეს მოვალეობა. ძალით გაყარა ქალები ოთახიდან. ცეცხლი დაანთო და ლამის ნახევარლიტრიანი ქილით აიძულა ლილეს ჩაის დალევა. -არ მინდა ამდენი ჩაი... შარდის ბუშტი გამისკდება... -ამოილუღლუღა ღონეწართმეულმა. ბექნუს წარბიც არ შეურხევია მის სიტყვებზე. ჭიქა გამომშრალ და დამსკდარ ტუჩებთან მიუტანა ლილეს. -ცხელია, დამეწვა... -დაისისინა სიმწრისგან. ბექნუ თან სულს უბერავდა ჭიქას, ხან კოვზით ურევდა. ოთახში ლილეს ღრმა სუნთქვის, კოვზის ჭიქაზე რაკუნისა და ცეცლის ტკაცუნის მეტი არაფერი ისმოდა. უგონო მდგომარეობას დააბრალეთ, ან რამე სხვას, მაგრამ ლილეს სიამოვნებისგან გაეღიმა. -მთელი ღამე არ გეძინა, მერე თოვლში იკოტრიალე და ახლა ღამეც უნდა მათევინო. ნამდვილი სასწაული მომევლინე. პირდაპირ ციდან დამეცი... -გეცლია მარიკასთვის... -დაიკნავლა საწყლად ლილემ. ლოყები გაღუებოდა, ხვეული თმა შუბლზე მიწებებოდა და აჩეჩვოდა. გულმკერდი დაოფლილი ჰქონდა მაღალი ტემპერატურისგან. -სულ სველი ხარ, უნდა გამოიცვალო. სად გაქვს ტანსაცმელი? -სად მექნება... ოთახში... არ მინდა გამოცვლა... ვიქნები ასე... მაგრამ ვინ უსმენდა ავადმყოფს. ბექნუმ თავისი მაისური და სვიტერი მოიტანა. იმხელა იყო, ლილეს მთელ სხეულს დაუფარავდა. -შენს წინ არ გავშიშვლდები... -ამოიკნავლა ისევ. -არავინ გიყურებს შიშველს. წამოჯექი. ზურგზე გრილი ნიავის მოხვედრა ესიამოვნა ლილეს. მაგრამ ძალა არ ჰქონდა რაიმე გაეკეთებინა საკუთარი თავისთვის. კისერზეც ვერ იმაგრებდა თავს და გაუაზრებლად ჩამოადო ბექნუს მხარზე. -ვიცი, არ უნდა გეხებოდე უკითხავად, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თავს შენ თუ არ ამაწევინებ, ჩემით ვერ ვზიდავ.... -ამხელა სიცხითაც რამდენს ლაქლაქებ. -ძალიან ახლოს გაიგონა მისი ხმა ლილემ. მისი ფილტვების ბუბუნიც კი მოესმა, ან უბრალოდ ყურები დაუბუგდა სიმხურვალისგან. სასიამოვნო სუნი ჰქონდა ფიცხელიანს, გრილი და სუფთა, თოვლის და ფიჭვის.. თითქოს თვითონაც გაეხსნა ფილტვები ლილეს. ოდნავ ამოისუნთქა. -მხოლოდ ზედას გაგხდი, კარგი? -ჯანდაბას... არავინ დაგვინახოს, არ მინდა, ამის გამო ცოლად გამომაყოლონ... -ლაპარაკის ძალას მაინც არაფერი გართმევს, ხომ? ცხელი ნახევრად გაოფლილი სვიტრის სხეულიდან მოშორება ისე ესიამოვნა, როგორც გულიდან ლოდის. სიგრილე ესიამოვნა. -რა კარგია.. ასე დავწვები, არ მინდა შენი სვიტრი... -ბალიშისკენ სცადა თავის წაღება, მკლავში რომ ჩააფრინდა ბექნუ და თავის ადგილზე დააბრუნა. -ნახევრად შიშველი ხარ, ასე დაძინება არ შეიძლება. მხოლოდ ამის გაგონებაზე დაქაჩა ლილემ თვალები. სულ არ ახსოვდა რა ეცვა იმ სვიტრის შიგნით. რა თქმა უნდა, მხოლოდ ნაჭრის ტოპი, გემრიელად ამოჭრილი, ნახევრად რომ ლანდავს და მართლაც გინდ გცმია, გინდ არა რამე ასეთი ,როცა უცხო კაცის წინაშე დგახარ. სიცივისგან მკერდის თავებიც გაუმაგრდა და გამოეკვეთა. სირცხვილისგან სად წასულიყო აღარ იცოდა და უცებ აიფარა ხელები. იმაზე მეტად გაცხელება უკვე შეუძლებელი იყო, რაც მას სჭირდა. ბექნუმაც სწრაფად გადააცვა თავისი სვიტრი და მხოლოდ ამის შემდეგ მისცა დაწოლის უფლება. -მრცხვენია... იმედია ხვალ არ მემახსოვრება... -თქვა ბალიშში თავჩარგულმა ნახევრად ბუბუნით... -სახლში მინდა... -ხმა გაუტყდა. -არაუშავს, არაფერი მინახავს ისეთი. სახლში მალე წახვალ. -თქვენც საფრთხეში გაგდებთ... ვიცი არ მოგწონს აქ რომ ვარ... არც მე მინდა ასე იყოს... -ნუ შფოთავ, თორემ კიდევ ჩაის დაგალევინებ. დილით გვიანობამდე ეძინა. რომ გაიღვიძა ოთახში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. კენკრის და პიტნის. მის ფეხებთან მარიკა იჯდა და ღიმილიანი სახით რაღაცას ქსოვდა. -დილამშვიდობისა, -საკუთარი ხმა ვერ იცნო ლილემ. -როგორა ხარ, ლილე? -ქსოვა არ შეუწყვეტია ისე გამოხედა მარიკამ. -დღეს მე და შენ ვართ სახლში, ბექნუც აქვე ტრიალებს ეზოში. დედა და მამა დემესთან ერთად ქალაქში წავიდნენ. -ქალაქში? მეც წავყვებოდი! რატომ არ გამაღვიძეთ? -წამოჯდომა სცადა ლილემ, მაგრამ თავბრუ დაეხვა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. -მაგიტომ. სიცხე გაქვს ჯერ კიდევ და ცუდად ხარ. ჩვენთვის წამლებს მოიტანენ, თან რაღაც საქმეები აქვთ. შენ რა გინდა ქალაქში? ხომ გითხრა ბექნუმ, ჯერ აქ უნდა იყო.. -წამალი შენ რად გინდა? ცუდად ხარ? ხომ არ გადაგედო? -არა, ორსულად ვარ და რაღაცები დამინიშნა ექიმმა. -უთხრა და ხელით პატარა ბაჩუჩზე ანიშნა, რომლის ქსოვაც ნახევრად დასრულებული ჰქონდა. -უკვე მეოცე კვირაში ვარ.. -ვაიმე, საერთოდ არ გეტყობოდა კაბაში... გამხდარი რომ ხარ... გილოცავ, რა მაგარი ამბავია! გოგოა თუ ბიჭი? -გოგოა... თან კარგია, შენც რომ აქ ხარ. უკვე გაინძრევა მალე და ფეხს რომ მომარტყამს შენ უნდა შემოგხედო. -მე? რატომ? -შენ რომ დაგემსგავსოს. ეგრე ამბობენ... ბავშვი რომ გაინძრევა, ვისაც შეხედავ მაგ დროს, იმას დაემსგავსებაო... -მე რანაირად დამემსგავსება... მაგრამ მადლობა... კომპლიმენტისთვის... -რა ვიცი, მე მაინც შემოგხედავ და ვნახოთ, იქნებ, კი დაგემსგავსოს. -გაეცინა მარიკას. -მე გირჩევდი, რომ სარკეში ჩაიხედო... შენ თუ დაგემსგავსება ბედნიერი იქნება უფრო... ღრმად ამოიხვნეშა ლილემ. ადგომა რომ დააპირა, სწორედ იმ დროს შემოვიდა ბექნუც. -ხვალ ბექნუს დაბადების დღეააა...- წაიღიღინა მარიკამ. კაცმა კი შეუბღვირა... ლილემაც სიცილით გადახედა ფიცხელიანს, რომელმაც შეშის ნაჭრები ფეჩთან ხმაურით დაყარა და გარეთ უსიტყვოდ გავიდა. -საშინლად უხასიათოა.. თან რაც ასაკი ემატება, მით უფრო. -ჩაიფხუკუნა მარიკამ. -რამდენი წლის ხდება? -ოცდაათის. ათას რამეზე ჭორაობით გაიტანეს ის დღე მარიკამ და ლილემ. ოჯახის წევრებმა დიდთოვლობის გამო უკან დაბრუნება ვერ მოახერხეს და ქალაქში ნათესავებთან დაბრუნდნენ ღამის გასათევად. მარიკას ძილი მალევე მოერია და დასაძინებლად დაწვა. ბექნუ ლილეს ყარაულობდა. -დღეს შეიძლება ჩემს საწოლში რომ დავიძინო? გადავჯეგე თქვენი დივანი.. -ბექნუსგან თავის დასაღწევად თქვა ლილემ. კარგად ახსოვდა, რა მდგომარეობაშიც ნახა გუშინ და თვალს ვერ უსწორებდა. -არა. -კრიჭაშეკრულმა უთხრა და ტელეფონს ჩააშტერდა. ლილეს ახლაღა გაახსენდა, რომ თვითონ ორი დღეა არავისთან ულაპარაკია და თავის ტელეფონს ჩააფრინდა. მამასთვის მიწერილი ჰქონია, კიდევ კარგი, რომ აქ კარგად არ იჭერს. ახლაც მიწერა, რომ კარგადაა და მალე დაბრუნდება უკან. დედაც მოიკითხა. თავისი ერთი-ორი მეგობარიც და ტელეფონი გათიშა. -დაბადების დღის აღნიშვნის რამე განსაკუთრებული ტრადიცია არ გაქვთ ამ მხარეში? -იკითხა თვალებდახუჭულმა. ბექნუს მისი გამომწვევი ტონი ენიშნა. გამოკეთება ხმაზეც დაეტყო ლილეს. ჩაეცინა. -კი, საღამოს ზუსტად ექვს საათზე ერთ ქალს ვატყავებთ. -არ გამიკვირდება სიმართლე რომ იყოს... -ხვნეშას ამოაყოლა ეს სიტყვები. -ლაშამ რომ გაიგოს, გათხოვილი ვიყავი... თავს დამანებებს? მთელი დღე ეს შეკითხვა უტრიალებდა თავში ლილეს. ახლაც არ უნდოდა თავისი ცხოვრების დეტალების სხვებთან გამომჟღავნება, მაგრამ ბექნუმ და მისმა ოჯახმა იმაზე მეტი იცოდა მის შესახებ, ვიდრე თავად. ამის გამხელაც არაფერს დააშავებდა. -ალბათ. -ოთახში ამ პასუხმა სიმძიმე ჩამოაწვინა. -რამე მკაცრი აკრძალვა არ გაქვთ არაქალიშვილებზე? უეჭველად უმწიკვლო არ უნდა იყოს ქალი, აქაურმა რომ შეირთოს და თავისი ქმრობის ღირსად ჩათვალოს? -არა. ქვრივები ხელშეუხებლები არიან. ზოგადად არ აქვთ ამ მხარში ქალების მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორიც შენ გგონია. -არა, რას ამბობ... მამიდაჩემი ტყუილად მოკვდა... -მამიდაშენი გიჟმა კაცმა შეიწირა და არა აქაურმა წესებმა და ტრადიციებმა. დიდი განსხვავებაა, არამგონია დახუჭული თვალებითაც კი შეუძლებელი იყოს ამის დანახვა. ქალებს აქ პატივს სცემენ. მათ სურვილებს და სიტყვას ითვალისწინებენ. -კარგია, თუ ეგრეა... მაგრამ მე რატომღაც სახლში ვერ მივდივარ იმის გამო, რომ ვინმე გადარეულმა გზიდან არ მომიტაცოს და ცოლად არ წამათრიოს. -ლაშას და მანუჩარისნაირი ახვრები ყველგან არიან. თბილისშიც შეიძლება ვინმემ თვალი დაგადგას და იმავეს გაკეთება მოისურვოს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ მთაში ბარის კანონი მარტივად ვერ აღწევს. აქ პოლიციის არავის ეშინია. -დაუსჯელობის სინდრომია ყველა საშინელების თავი და თავი. ალბათ, მაგიტომ გაქვთ ეს საშინელი სისხლის აღების წესები. მაგით ამართლებთ. რა თქმა უნდა, როგორ მოითმენთ, სანამ პოლიცია მოვა და დამნაშავეს აიყვანს. თქვენ უნდა დაასწროთ ტყვიის დაშენა შუბლში. მამაჩემიც მათ შორისაა, თურმე, სხვას რას ვერჩი... ყველას საკუთარი ხელით უნდა, რომ შური იძიოს, ალბათ, ეს უფრო უმსუბუქებთ დანაკარგს. -შენ მოკლავდი? -თვალი არ გაუხელია ლილეს, თუმცა გრძნობდა, ბექნუმ როგორ დაასო სახეზე მზერა. შუბლი გაუხურდა. -არა. ციხეში ჩავსვამდი, მერე ხშირად მივაკითხავდი და ავუხსნიდი, როგორია ცხოვრება, როცა თავისუფალი ხარ და სული სხვისი სიცოცხლით არ გაქვს დამძიმებული. -და თუ სამართალს ვერ პოულობ? თუ საყვარელი ადამიანის, ოჯახის დაცვა გიწევს? შენ თუ არ მოკლავ, ის მოგკლავს. ეს რომ იცი, როგორ მოიქცევი? ვინმემ შენი და ან ძმა რომ აწამოს... შენ კი მისი მწამებლის დასჯა შეგეძლოს, ამას არ გააკეთებდი? -არა. -არც კი დაფიქრებულა ლილე, -დასასჯელად არ გავაკეთებდი ამას. გადასარჩენად, ალბათ, კი... საქმეც ამაშია, აქ ყველა დასასჯელად კლავს. მითხარი, რომელი მკვლელობა ჩაიდინეს ბოლოს ვინმეს გადასარჩენად? ასე არ შეიძლება. ამიტომ არაა უსაფრთხო ერთი კუნჭულიც კი აქაურობის. -მე არ ვთვლი, რომ ყველა მკვლელობა დანაშაულია. -ხოდა ძალიანაც ცუდი! -თვალები დაქაჩა ლილემ. ბექნუს თავი დივნის საზურგეზე გადაედო, თმები შუბლიდან და კისრიდან გადაყროდა. სახე დამშვიდებული ჰქონდა. თითქოს მკვლელობებზე კი არ საუბრობდნენ, ლილე უმღეროდა იავნანას. გულმკერდი მშვიდად აუდ-ჩაუდიოდა, ყელზე ხორხი გამობურცვოდა და ყბის ძვალზე ოდნავ შესამჩნევად წამოსვლოდა წვერი. ცხვირი თურმე ოდნავ კეხიანი ჰქონია, წამწამებიც იმაზე გრძელი ვიდრე ლილეს შეუმჩნევია. -ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა და ჩვენი ოჯახები გადაემტერა ერთმანეთს. მე რომ მცოდნოდა, არ ჩამოვიდოდი... -ნადირცეცხლობაზე საიდან გაიგე? -თავი ოდნავ მოაბრუნა ქალისკენ ბექნუმ. თვალებში ჩააშტერდა. -ნელიმ მომაკითხა და მთხოვა მივსულიყავი. წინა დღეს მამიდაჩემის ფოტოს ნაგლეჯი ვნახე, უკან შენი გვარიც ეწერა, ახლა მივხვდი, შენმა ნათქვამმაც ჩამაფიქრა...... მოკლედ, იმიტომ წამოვედი, რომ მინდოდა რამე გამერკვია. ნელის ეტყობოდა, რომ რაღაც იცოდა, მაგრამ რა - ვერ ვათქმევინე. ბექნუს აღარაფერი უთქვამს. თავი გაასწორა და თვალები დახუჭა. მეორე დღეს ლილე მარიკას ჭყავილმა გააღვიძა. ბექნუს რაღაცას უმღეროდა ბოლო ხმაზე, თან სიცილს ძლივს იკავებდა. ფიცხელიანი შეწუხებული სახით და აჩეჩილი თმით გამოვიდა ოთახიდან, თოფი გადაიკიდა და წასასვლელად მოემზადა. -სად მიდიხარ? -თავი წამოყო მაშინვე ლილემ, საბანი გადაიხადა და ფეხზე წამოდგა. როგორც იქნა, თავბრუ არ დახვევია. აღარც სიცხე ჰქონდა. ბექნუს სვიტრი მუხლამდე სწვდებოდა. -არ არის შენი საქმე, -არც შემოუხედავს ისე უთხრა. ბოტები ჩაიცვა და კარი ცხვირწინ მოუჯახუნა. -არ უყვარს თავისი დაბადების დღე, -უკნიდან მოადგა მარიკა. ლილე გაცეცხლებული შებრუნდა მისკენ. -რატომღაც ტორტზე სანთლები რომ ჩაექრო და ტაში შემოეკრა! -თქვენ აშკარად ვერ უგებთ ერთმანეთს....-წარბები აათამაშა მარიკამ. -ამას ვინ უგებს, ვერ ხედავ რა ველურივით დარბის თოფგადაკიდებული? ვინმემ ტვინი რომ მიასხმევინოს სადმე, გაგიკვირდება საერთოდ? -ღმერთმა დაიფაროს, -მაგიდაზე სამჯერ დააკაკუნა მარიკამ. -ყველას უყვარს თავისი ხასიათის მიუხედავად. სამართლიანი ადამიანია, ამის გამო დიდი პასუხისმგებლობის აღება უწევს ხოლმე საკუთარ თავზე... -ხო.. ჩემ გამოც მოუწია ისევ პასუხისმგებლობა აეღო.. რომ მცოდნოდა, აქ ასეთი ამბები დამხვდებოდა, არ ჩამოვიდოდი... -დემეტრემ რაღაცები მომიყვა, არ გარბაზდე... მართლა ვერ მივხვდით, მამაშენმა როგორ გამოგიშვა აქ... -ვერც მე, ალბათ, რამე არ იცოდა... დავიწყებოდა შეუძლებელია, მამიდაჩემს დღესაც ცრემლმორეული იხსენებს... თავს იდანაშაულებდა, მაგრამ ვერასდროს ვხვდებოდი რატომ... ახლა გასაგებია, მაგრამ... არ ვიცი.. -ფიქრობ, რომ ერთადერთი დამნაშავე ის კაცია, ვინც მამიდაშენი გაიტაცა და შემოაკვდა... მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ამბობ. არ გინდა ადამიანის მკვლელი გაამართლო იმის მიუხედავად, თუ რა ჩაიდინა თავად იმ ადამიანმა და დაიმსახურა თუ არა ეს. -მარიკა, მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, ადამიანმა დაიმსახუროს ვინმეს ხელით სიკვდილი.... -ალბათ იმიტომ, რომ შენს საყვარელ ადამიანს ჯერ არავინ შეხებია. მესმის, მამიდა დაკარგე, მაგრამ მას შენ არ იცნობდი, არ გახსოვს, მისი ცნება გიყვარს და არა თვითონ ის ადამიანი, ვინც არსებობდა რეალურად მამაშენის ცხოვრებაში. თუ ვერ გაუგებ, არ განსაჯო მაინც. ახლობლის სიკვდილი, თანაც ასეთი ტრაგიკული, საშინელებაა... ნაშუადღევს დანარჩენი ოჯახის წევრებიც მოვიდნენ, დემეტრე მთელი დღე თავის ცოლს არ მოშორებია. ელოდებოდა, როდის მოარტყამდა პატარა ფეხს. ნანამ ფუსფუსი დაიწყო მაშინვე. ბუდუმაც თოფი გადაიკიდა მხარზე და თავისი უფროსი ვაჟის გზას გაჰყვა. ლილემ სწრაფად ჩაიცვა ქურთუკი და სწრაფად გაჰყვა უკან კაცს. იქნებ, მისგან მაინც მიეღო რაიმე დახმარება. -უკაცრავად, ბატონო ბუდუ... თუ შეიძლება, რომ დავილაპარაკოთ. ახლა თუ არა, როცა მოხვალთ... -მიდი, ქუდი დაიხურე და შენც გამოისეირნე, შორს არსად მივდივარ. ხუთი წუთი ისე იარეს, არავის არაფერი უთქვამს. ლილე ვერ ხვდებოდა, საუბარი როგორ დაეწყო. უამრავი რამე უნდოდა ეკითხა, გაეგო, მაგრამ ფრთხილობდა, არ უნდოდა ამ ადამიანის განაწყენება. ისედაც შეაწუხა. -ბოდიშს გიხდით, თქვენი ასე შეწუხება და ამ მდგომარეობაში ჩაგდება არ მინდოდა. მე არაფერი ვიცოდი. მამას არაფერი უთქვამს. -ვიცი შვილო, მამაშენი არაფერს გეტყოდა, რომ დაიბადე ისე შეშინდა, შენც არ დაეკარგე, აქედან საერთოდ გადაიკარგა. არ მიკვირს... თავს ნუ იდანაშაულებ. ბექნუსაც ნუ მიაქცევ ყურადღებას. ტრადიციებს მეც პატივს ვცემ, მაგრამ იმას უფრო მეტად მიაქვს გულთან, ვიდრე დანარჩენებს. მაგიტომ გაგრიყა თავიდანვე. -გამრიყა კი არა გადამარჩინა, ის რომ არ ყოფილიყო, ლაშა მართლა წამიყვანდა სოფელი თუ დათანხმდებოდა? -სოფელი არ დათანხმდებოდა. ისევე როგორც ბექნუ არ დათანხმდა. შუღლის განახლება უნდა... ბექნუ უნდა, რომ გამოიწვიოს. თვითონ ვერ ბედავს ნაბიჯის გადადგმას, რადგან იცის, მთელი სოფელი ჩემს შვილს გადაუდგება წინ გადასარჩენად. -სახლში მინდა წასვლა. აქ მეგონა დავისვენებდი, მამამაც მაგიტომ გამომიშვა... ხომ იცით, აქ ხშირად არ ჩამოდიოდა თვითონაც, მე ხომ საერთოდ. -ამიტომ ვერ ვიფიქრებდი ვერასდროს, რომ შენ იყავი, პირველად რომ დაგინახე. ბეშქენის ქალიშვილი. ბექნუმ მაშინვე გიცნო. სურათებიდან იცოდა მამიდაშენი, ძალიან ჰგავხარ მაგრამ, მე მაინც არ დავუჯერე თვალებს... მერე რომ თქვი ვინცა ხარ, კი მივხვდი, რომ ჩემი თვალებისთვისაც უნდა დამეჯერებინა. მამაშენი ვიღაცამ შეაცდინა, თორემ ისე არ გამოგიშვებდა აქ... რაღაც ისეთი მოხდა, რაც ჩვენ არ ვიცით.... -ძალიან მინდა, სახლში წავიდე, მაგრამ შევშინდი... არ მინდა ეს ადამიანი გამომყვეს და გადამეკიდოს. -შენ ნურაფრის შეგეშინდება, შვილო, ბექნუ ყველაფერს მოაგვარებს... აგერ, მოდის და გაყევი შენ სახლისკენ, მე გავივლი კიდე ცოტას... ლილეს და მამის ერთად დანახვამ გააოცა ბექნუ, თუმცა არაფერი უთქვამს. ქალიც უხმოდ მობრუნდა და მასთან ერთად გაუდგა გზას. -დაბადების დღეს გილოცავ. -ამოღერღა ბოლოს ლილემ. ბექნუმ თავი დაუკრა მხოლოდ, არაფერი უთქვამს. გვერდიდან შეხედა ლილეს, ისე რომ თავიც არ მიუბრუნებია. ქერა ხვეული თმა მხრებზე სცემდა ლილეს, უმზეო ამინდშიც კი უბზინავდა და ოქროსფრად უელავდა, ცხვირი ქურთუკის საყელოში ჩაერგო და მხოლოდ ნახევრად უჩანდა აწითლებული ლოყები და სევდიანი თვალები. ბექნუმ წინ მხოლოდ მაშინ გაიხედა, ლილე რომ ერთ ადგილას შედგა. მზერა გაუშეშდა. ლაშა მოდიოდა თავისი ორი ძაღლით. სახეზე შორიდანაც ეტყობოდა თვითკმაყოფილი ღიმილი. მხარზე იმასაც ორლულიანი თოფი შემოეკიდა. ლილე ბრაზმა დაახრჩო. ყველა იარაღით დადიოდა გარეთ, ვინმეს რამე მოეკლას ჯერ არ უნახავს. ერთადერთი, როცა არცერთს მხარზე თოფი არ ჰქონდა მოგდებული, ნადირცეცხლობის ყრილობა იყო, თუმცა იქ ჩირაღდნებს აბრიალებდნენ გამწარბულები. შეატყო, ბექნუც რომ დაიძაბა. იფიქრა, უბრალო მისალმებით გამორჩებოდნენ ლაშას, მაგრამ, მისი ამპარტავანი და ცინიკური ხასიათის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო მხოლოდ გამარჯობით ფარულიანის თავიდან მოშორება. -ახლად გამოჩეკილ წყვილს სალამი, -გულისამრევად წაიღიღინა ლაშამ და ჯერ გაწბილებულ ლილეს შეხედა, შემდეგ ბექნუს, რომელსაც კრიჭა ჰქონდა შეკრული და მაქსიმალურად ცდილობდა ამ გამაღიზიანებელი ადამიანის არსებობის დაიგნორებას. -პური როდის უნდა გვაჭამოთ? რა ხანია, სოფელში ქორწილი არ ყოფილა..... მოგვენატრა ლელეთშიც ერთი კარგი ქეიფი. -შეგიძლია, შენ შეირთო ცოლი, ნახვამდის, ლაშა. -ლილემ სცადა კატეგორიული ყოფილიყო და კაცისთვის ადგილი მიეჩინა, მაგრამ ლაშას სასაცილოდაც არ ეყო ქალის სიტყვები. მგელს რომ კბილში გაეჩხირებოდა, იმდენად უსუსური იყო დაშნიანის შეტევა. -მას შემდეგ, რაც ამ ცეცხლის ბატონმა შენი თავი ამაწაპნა, აბა, როგორ? გული მაქვს ნატკენი და ჯერ უნდა მომიშუშდეს, მერე, იქნებ შემიყვარდეს კიდეც ვინმე... შენნაირი... -თავიდან ფეხებამდე აათვალიერა ლილე თავისი გამაღიზიანებელი მზერით ლაშამ. დაშნიანის მოთმინების ფიალის სიღრმე კარგად არ მოეხსენებოდა, ალბათ, ამ სიტყვების ავტორს, თორემ იქნებ თავიც კი შეეკავებინა. ბექნუმ რეაგირებაც კი ვერ მოასწრო ისე გასწია ლილემ მისკენ იმ უშნო სახის ჩამოსახოკად. შეტევაზე გადასვლას არც ლაშა ელოდა, მაგრამ მისი ძაღლები ორივე გვერდს რომ უმშვენებდნენ, თითქოს მზად იყვნენ ქალი ადგილზე შეეჭამათ. ლილეს ფეხის მოცვლა და ძაღლების პირის დაღება ერთი იყო. ვერავინ გააზრება ვერ მოასწრო, ისე ჩააფრინდნენ ლაშას ოთხფეხა მეგობრები ლილეს ორივე ფეხს. მრისხანება კივილმა შეცვალა. მთელი სოფელი ქალის განწირულმა ხმამ მოიცვა. ლაშამ მაშინვე დაუცაცხანა თავის ძაღლებს, ბექნუმ კი ლილეს ჩაავლო ხელი და მანამ ჩამოაცალა იქაურობას, ვიდრე დაშნიანი ამის გააზრებას მოახერხებდა. შიშისგან გული წასვლოდა... რომ გაიღვიძა ორივე ფეხში დაჭიმულობა იგრძნო. სახლში სასიამოვნო კენკრის სურნელის ნაცვლად სპირტის და რაღაც უჩვეულო წამლის სუნს დაებუდებინა. ფილტვები გამოუფხიკა ამ სურნელმა. თავი საავადმყოფოში ეგონა. გამოძრავება სცადა, მაგრამ კიდურები დაეჭიმა, გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა კანზე. ბოლოს ასე ბავშვობაში იყო, წლების წინ, როცა ქუჩაში გახურებულ ასფალტზე გახოხდა მუხლებით და შემხმარი სისხლის გამო ფეხებს ვეღარ ხრიდა. მოსულიერებულს მაშინვე თავზე წამოადგნენ ნანა და მარიკა შეწუხებული სახეებით. ლილე უკვე თვალს ვეღარ უსწორებდა მათ. სასწრაფოდ უნდა წასულიყო აქედან, იმხელა ტვირთად დააწვა ამ ადამიანებს საკუთარი თავი ვეღარ აიტანა. -სახლში მინდა, გთხოვთ, -ამოიტირა საწყლად. -გამიშვით... სახლში მომივლიან, აღარ შემიძლია აქ გაჩერება... თქვენც გაწუხებთ... -აბა, რას ამბობ, ლილე? ამ მდგომარეობაში სად წახვალ? ბექნუმ არ გაიგოს, თორემ ძალიან გაბრაზდება.. -დატუქსა მარიკამ მეგობარი. ნანა ხმას არ იღებდა. დედა იყო და ალბათ არც სიამოვნებდა უცხო ქალის თავის ოჯახში ამდენ ხანს გაჩერება, როცა ყველა ბექნუს ქორწილს ელოდებოდა და მათ შორის, ლაშაც, შური რომ ეძიებინა მასზე და დაესვენა. -არ გვაწუხებ, შვილო, აბა, რას ამბობ. -ნანამ შუბლზე ხელი გადაუსვა, -შენი რა ბრალია... შენი რა ბრალია... ლილეს წამით მოეჩვენა, რომ ნანა სულ სხვა რამეს გულისხმობდა, მაგრამ დამფრთხალს და ნანერვიულებს ამაზე ფიქრის თავი აღარ შერჩენოდა. წასასვლელი არსად ჰქონდა. ამხელა დედამიწაზე ერთი ადგილიც კი ვერ იპოვა ისეთი, მშვიდად რომ ყოფილიყო, თავისი აწეწილი სული დაელაგებინა, და ცხოვრების გაგრძელების საშუალება მისცემოდა. ქალაქს გამოექცა იმ იმედით, რომ აქ იპოვიდა სიმშვიდის ნავსაყუდელს. ცოტა ხნით თავს შეაფარებდა მანქანებისგან, მაღალი ბეტონის შენობებისგან, ჭრელა-ჭრულა ხალხისგან დაცლილ ადგილს. და სად აღმოჩნდა? უარეს ქაოსში, სადაც ადამიანები ერთმანეთს დაუფიქრებლად ხოცავენ შურისძიების აღსასრულებლად, სადაც ყოველ მეორეს ვიღაცის სისხლი სწყურია და შესაფერის მომენტს ელოდება, რომ შურისძიების ობიექტის მკვლელობა არა მარტო ცხოველურად დამაკმაყოფილებელი იყოს მისთვის, არამედ სანახაობრივი და სამაგალითო სხვებისთვისაც. ახლა არავის დანახვა უნდოდა. არც საკუთარი თავის. აფორიაქებულს მალევე მიეძინა... სიზმრად ისევ ის ნახა... როგორ მისდევდა ორი მგელი, კბილებზე დორბლი ჩამოსდიოდათ, თეთრი თოვლი წითელი სისხლის წვეთებს გაეუპატიურებინა.... საღამოის ხანს გამოეღვიძა. თავის ოთახში იწვა, სიცივეს არ გრძნობდა. არ ახსოვს აქ როდის აღმოჩნდა. ალბათ ბექნუმ გადააწვინა, რომ უკეთესად მოესვენა და ოჯახის წევრების ხმაურს არ შეეწუხებინა. წამოდგომა რომ სცადა, სწორედ მაშინ შემოაღო ნანამ კარი. ხელში დიდი ქილა ეჭირა და რაღაც უცნაური ფოთლების შეკვრა, რომელსაც ნაცრისფერი კვამლი ასდიოდა და ოთახში დამწვრის სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა. -რა ხდება? ეს რა არის? -იკითხა ჩახლეჩილი ხმით. -უნდა გამოგილოცო... დაწექი და ხმა არ ამოღიო... ლილე თვალებდაქაჩული დაჰყვა ქალის ნებას. რას ნიშნავს გამოულოცოს? ვინ შეულოცა, რომ გამოსალოცი იყოს? ნანას ერთი სიტყვაც ვერ გაიგო ლილე. ქალი მისთვის გაურკვეველ ენაზე რაღაცას პუტუნებდა და კვამლავარდნილ ფოთლებს მღვდელივით უკმევდა გაკვირვებულ ლილეს, რომელიც ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა, რათა ეს რიტუალი არ ჩაეშალა. ნანა პუტუნს რომ მორჩა, ფოთოლი იმ ქილაში ჩააწო და ჯერ ფანჯრისკენ მოიქნია, შემდეგ კი კარისკენ. წვეთების დაშხეფების ხმა შემოესმა ლილეს. ასე კიდევ ორჯერ გაიმეორა ნანამ და ოთახიდან უსიტყვოდ გავიდა. -ღმერთო, მგონი, მირჩევნია საგიჟეთში ვიყო და ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყოს.... -ჩაიჩურჩულა თავისთვის ლილემ. ფეხები ისევ იმ მდგომარეობაში ჰქონდა, თუმცა ემოიცურ ფონს კი გაევლო. ტელეფონი მოიმარჯვა და ძლივს ძლივობით სცადა დაჭერა. ერთ ხაზს უჩვენებდა მხოლოდ, ხელები ჰაერში გაასავსავა, რომ კავშირი გაეძლიერებინა, მაგრამ დიდი ვერაფერი. დედის ნომერი აკრიფა. ისე მონატრებოდა მშობლის ხმა, თვითონ დალაპარაკებაც არ უნდოდა. უნდოდა მხოლოდ დედის საუბრისთვის მოესმინა დაუსრულებლად. მერე ბეშქენმაც უთხრა ქალიშვილს ერთი-ორი სიტყვა, უკან დაბრუნებაზეც გადაუკრა, მაგრამ ლილე ჯერ ვერაფრის დაზუსტებით თქმას ვერ ბედავდა. ამ მდგომარეობაში, მართლაც ვერსად წავიდოდა. ლაქლაქს რომ მორჩა, ძალიან მოსწყინდა მარტო, გამოყრუებულს ყოფნა. ნეტავ ვინმე შემოსულიყო მასთან და რამე ეთქვათ. მარიკა მაინც სად დაიკარგა... არც წიგნი აქვს, არც ინტერნეტი იჭერს, რომ თავი რამით გაირთოს და თავი ფიქრებს არ მისცეს, თორემ აუცილებლად იმ ფანჯრიდან გადახტება, ასე ახლოს რომ იყო მის საწოლთან. თითქოს ქალის მუდარა იგრძნოო, კარი მაშინვე გაიღო და ოთახში ბექნუ შემოვიდა. სახე დაღლილი ჰქონდა, ხელში კი ლანგარი ეჭირა, რომელზეც სავარაუდოდ, ლილეს ვახშამი იდო. -ნანამ რა გამიკეთა? მითხრა უნდა გამოგილოცოო და რას ნიშნავს, რატომ უნდა გამომილოცოს? -მაშინვე მიაყარა კაცს სიტყვები. ფიცხელიანმა ლანგარი მშვიდად დადო საწოლის გვერდით პატარა ხის მაგიდაზე და ლილეს საწოლზე ჩამოჯდა ფეხებთან. -ტრადიციაა ასეთი, როცა ადამიანს ცხოველი დაკბენს, ცოფი რომ არ შეეყაროს, ან ავი სული... მოკლედ, სხეულის განსაწმენდად ატარებენ ამ რიტუალს. -შთამბეჭდავია, -ჩაიქირქილა ლილემ. ბექნუს არ გამოპარვია არც მისი ტონი და არც განწყობა, მაგრამ კრიჭა შეკრა და არაფერი უთქვამს. -ლაშას ძაღლებიც აღარ არიან საფრთხე. -უღიმღამოდ ჩაილაპარაკა ფიცხელიანმა. -საფრთხე როცა იყვნენ, მაშინ უნდა ეღონა თავის პატრონს რამე. ნამდვილი საგიჟეთია. -მანამდე ტყუილად ხომ არ მოკლავდა თავის ცხოველებს? -სასხვათაშორისოდ თქვა ბექნუმ. ლილემ ამაზე თვალები გადმოკარკლა. -მოკალით? მოკვლა რა საჭირო იყო... -იმ ტრადიცი... -ეგ სიტყვა აღარ მიხსენო! მეზიზღება თქვენი ტრადიციებიც, ჩვევებიც, წესებიც, ადათები და საერთოდ ყველაფერი! რა ხალხი ხართ! -ხმას დაუწიე, გოგო, თორემ ნანა იფიქრებს, რომ ცოფი შეგეყარა და უკანმოუხედავად მოგისვრის აქედან. -მკაცრად დაუბრიალა თვალები. -აღარ შემიძლია ამ მასკარადის ატანა! -შენც ამ კუთხის ნაწილი ხარ, შენი წინაპრები სწორედ ამ ტრადიციების პატივიცემით და დაცვით ცხოვრობდნენ, რახან ქალაქში გაიზარდე, ეგ იმის უფლებას არ გაძლევს მოხვიდე, გვლანძღო და შეურაცხყოფა მოგვაყენო. შენ ვერაფერს შეცვლი გარდა შენზე ჩვენი წარმოდგენისა, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინე. შეიძლება ჩვენი ოჯახები ერთმანეთთან არ მეგობრობენ, მაგრამ არავის გაუხარდება, როცა ამ მთის და ცის შვილი თავის ხალხს აუგად მოიხსენიებს და მასხრად იგდებს. ამ პატარა მიწაზე ბევრი მტრობს ერთმანეთს, მაგრამ დაცინვა მიუღებელია. საკმარისად მოგითმინე უადგილო და ცინიკური კომენტარები, მეტს აღარ მოვისმენ. ფეხი მოგირჩება და ჩემი ხელით დაგაბრუნებ მამაშენთან! ლილეს პირი გამოუშრა გაოცებისა და მოულოდნელობისგან. თვალები სინანულის ცრემლებმა ამოუშრო, თუმცა თავს ტირილის უფლება მაინც არ მისცა ამ ადამიანის წინაშე. ბექნუ ისეთი გაცეცხლებული გავარდა ოთახიდან, დაშნიანს მოეჩვენა რომ მთელი ოთახი კაცის მრისხანების ხანძარში გაეხვა. თავს დასჯილ ბავშვად გრძნობდა, რომელიც დანაშაულს ხვდება, მაგრამ არ სურს იხტიბარი გაიტეხოს. გული მოემჩვარა იმის გაფიქრებაზე, რომ ფიცხელიანს მასზე გაუწონასწორებელი და ცინიკოსი ქალის შთაბეჭდილება შეექმნა. ასეთი საერთოდ არ იყო. რომ მიხვდა, მის სანახავად არავინ შემოვიდოდა, თავს ტირილის უფლებაც მისცა... პანიკა ცდილობდა მის დაჯაბნას, მაგრამ დანებება არ უნდოდა. თავს ტირილის უფლება მისცა და ვერც კი მიხვდა, როდის ჩაეძინა..... სამი დღის განმავლობაში ნანა საკუთარი შვილივით უვლიდა. საპირფარეშომდე მიჰყავდა, საჭმელს უმზადებდა, ჩაის, ბევრს არ ელაპარაკებოდა, მაგრამ წიგნი მისცა საკითხავად, რომ არ მოეწყინა სტუმარს. ლილე მოუთმენლად ელოდა, როდის შეაღებდა ფიცხელიანების უფროსი ვაჟი მის კარებს და თავისი ჯმუხი სახით დახედავდა, მაგრამ თვალითაც არ უნახავს ბექნუ ამ დღეების განმავლობაში. -ტყიური ჯიბგირი, -ჯაჯღანებდა თავისთვის ბექნუზე გაბრაზებული. -ერთხელ არ მოვიდა და არ მნახა! მაცადოს, ფეხზე დავდგე, კარგად გამოვლანძღავ და მერე მე თვითონ წავალ აქედან..... ვითომ მე მინდოდეს მაგისი ველური სახის დანახვა.... ტრადიციების მცველი კომბლე! მე ვერ დამიცვა იმის ძაღლებისგან და მგლებისგან დაიცავს ეგ ცხოველებს? მთელს სოფელს გავაგებინებ, რისი მაქნისიცაა... -შენს თავს ელაპარაკები? -კარში თავი შემოყო დემეტრემ. ნანას მერე დემეტრე მისი ყველაზე ხშირი სტუმარი იყო. მარიკას ძაღლნაკბენის ოთახში შესვლა ეკრძალებოდა ორსულობის გამო, ესეც მორიგი ტრადიციის თუ ადგილობრივი თვითრწმენის საფუძველზე, თორემ მარიკა ყვირილით ესაუბრებოდა ხოლმე ლილეს მეზობელი ოთახიდან. -ხმამაღლა ვფიქრობდი, -დაიწრიპინა საწყლად ლილემ. წეღანდელი მისი რკინის შემართება სანთელივით ჩაადნა ხელებში. -ხვალიდან უკვე შეგიძლია ადგე, თუ აღარ გტკივა... ბექნუ ექიმს ელაპარაკა და დაგრთო ნება. ოღონდ ბევრი არ უნდა იარო... -ოხ, მართლა? თვითონ რატომ არ მომახსენა ეს ჩინებული ამბავი? ხომ არ ეშინია ცოფს გადავდებ? -კი, ზუსტად მაგის მეშინია, მაგრამ ენა შენ ძაღლის კბენამდეც გესლიანი გქონდა. -დემეტრეს ძმაც რომ ამოუდგა გვერდით, ლილემ უხერხულობისგან ამ ოთახიდან გაქცევის ნებისმიერ გზას დაუწყო ძებნა. ერთადერთ გამოსავლად კვლავ ფანჯარა რჩებოდა. -ხოდა, ნუ მომეკარები! -იხტიბარი არ გაიტეხა ლილემ, თუმცა გულის სიღრმეში იგრძნო, რომ თავისი დანაშაულის მტანჯველ გრძნობას რაღაც ნაწილი შემოეფცქვნა. -ლაშა და მისი და მოვიდნენ შენს სანახავად. -ხმა უჩვეულოდ გაიმკაცრა ბექნუმ. დემეტრეც დაიძაბა. აი, თურმე რის სათქმელად მოსულა. ლილეს ამბით კი არ ყოფილა დაინტერესებული.... -აქ რა უნდა? მაგისი ვიზიტი რაში მჭირდება? -მოიქოქა უცებ, თავისი ფიქრებით გამოწვეული გულის წყვეტა რომ გადაეფარა. -ღმერთო, როგორი ქაქანა ხარ. საერთო არ გავხარ აქაურს... -გინდოდა გეთქვა ტყიურს? -გოგო! დემეტრემ ფხუკუნით დატოვა ოთახი. -გოგოს ნუ მეძახი, ლილე მქვია და არ მომწონს, როცა გაზოგადებული არსებითი სახელით მომმართავენ. -წესია ასეთი, დაზარალებულს ზარალის გამომწვევი ოჯახი უნდა ეწვიოს და მისგან შინაური ცხოველის ყოლის კურთხევა აიღოს. -ქალის ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია ბექნუმ და მშვიდად აუხსნა მდგომარეობაც. -კარგი, შემოვიდნენ, თუ აქ არიან და შენ პრობლემა არ გაქვს მათი ამ სახლში შემოყვანის, როგორც ვიცი, მტრები ერთმანეთის სახლში არ შედიან. -საიდან მოიტანე ეგ? -ბექნუ გაკვირვებული ჩანდა, ჯერ იმით, რომ ლილე ასე მარტივად დამორჩილდა, შემდეგ იმით, რომ მტრების სახლში სტუმრობაზე მსგავსი დასკვნა გამოიტანა. -შენ ხომ არ შემოხვედი ჩემთან, როცა შემოგიპატიჟე! მითხარი, ჩემი მტერი ხარ და შენს სახლში არაფერი მესაქმებაო. -ხო, მართალია, მაგრამ ეგ მე არ მინდოდა პერსონალურად, რამე კანონი ან ტრადიცია არ არსებობს მსგავსი. ლაშა და მალინა მშვიდობით მოვლენ, შენს წინაშე ვალს მოიხდიან და წავლენ. არაფერი მოხდება. -კარგი, გასაგებია.... ბექნუ ორ წუთში ორი სტუმრით დაბრუნდა. ლაშა შავებში გამოწყობილიყო, გვერდით მასზე დაბალი, შავთმიანი საკმაოდ ლამაზი გოგონა ამოსდგომოდა, რომელიც ძალიან ჰგავდა თავის ძმას. ლილემ ბექნუს გაკვირვებით გადახედა, ეს გოგო ანგელოზს ჰგავდა, თვითონ რომ ამდენ ველურში მოხვედრილი კაცი ყოფილიყო, მისნაირი ნაზი არსება მაშინვე მოუნუსხავდა გულს და თავდავიწყებით შეიყვარებდა. იქნებ, ასეც იყო კიდეც, უყვარდა ფიცხელიანს ეს გოგო და არ ამხელდა, რადგან ტრადიციების პატივისცემა და მტრობა არ უშვებდა, რომ ცოლად შეერთო და თავისი გრძნობები გამოემჟღავნებინა. ამ აზრმა ყელში უსიამოვნო შეგრძნება ჩაუღვენთა, რომელიც ვერც პირიდან ამოიტანა და ვერც გადაყლაპა, გულთან დაელექა და იქ დარჩა.... -გამარჯობა, -ოდნავ წამოჯდა საწოლში, -ვერ ავდგები, მაპატიეთ... -დაბნეულმა შეხედა სტუმრებს. ლაშას ჩვეულებრივი არაფრისმთქმელი გამომეტყველება ჰქონდა სახეზე. -მალინა, მიეცი ძღვენი და წავიდეთ. -მკაცრად უთხრა თავის დას. გოგოც დაბნეული დაემორჩილა ძმის ბრძანებას. საწოლის გვერდით კომოდზე დაუდო ლილეს პატარა კალათი და ლაშას გვერდით დაბრუნდა. ოთახში დაძაბულობა ჩამოწვა. მალინამ არ იცოდა უხერხულობისგან სად წასულიყო, ერთ ოთახში ალბათ საყვარელ კაცთან და ძმასთან ერთად პირველად იდგა, მისი გრძნობების შესახებ ორივემ კარგად იცოდა, დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, მაგრამ იგი მაინც ურჩად ცდილობდა თავი დაეხსნა ამ საშინელი სიტუაციიიდან. -ლაშა, როგორც ვიცი კურთხევაა საჭირო ჩემგან. პირველ რიგში, ბოდიშს გიხდი ჩემი წინდაუხედავობის გამო რომ შენი ძაღლები დაკარგე, შენ გიცავდნენ ჩემგან, მათ არაფერი დაუშავებიათ.... თუ ჩემს ნება-სურვილზეა დამოკიდებული შენ ისევ შეძლებ თუ არა შინაური ცხოველების ყოლას, მე თანახმა ვარ. -მტკიცედ გაისმა ლილეს ხმა ოთახში. სამი წყვილი თვალი დაჟინებით უცქერდა ქალს. ლაშას რაღაც გაუკრთა თვალებში, მაგრამ არაფერი უთქვამს, ისე გაბრუნდა და დატოვა იქაურობა. მისი დაც, რა თქმა უნდა, მაშინვე მიყვა უკან. ფიცხელიანმა სტუმრები რომ გააცილა ისევ ლილესთან დაბრუნდა. თითქოს რამის თქმა უნდოდა ბექნუს, მაგრამ ვერ გაებედა და კედელს უაზროდ მიშტერებოდა. -ლამაზი გოგოა.... -ბოლოს ისევ დაშნიანმა დაარღვია სიჩუმე. -ხო, ლამაზია. -ბექნუც დაეთანხმა. -გიყვარს? -არა. -რატომ? -რა კითხვებია, ლილე? არ არის შენი საქმე. დაიძინე. -ბოდიშს გიხდი, რომ გაწყენინე იმ დღეს... და იმ დღემდეც, -კარში გამავალს დააწია სიტყვები ლილემ, -მართლა. ვიცი, ზედმეტი მომივიდა, მე არ ვარ ასეთი, მაგრამ ახლა არც საუკეთესო პერიოდი მაქვს ცხოვრებაში. ვიცი, ეს თქვენ არ გეხებათ და ჩემ გამო ძალიან ბევრი რამის გადატანა გიწევთ, მართლა ძალიან ვწუხვარ და სინდისი მქენჯნის, მაგრამ ვერაფერს ვცვლი. ლაშა რომ არა, ლელეთში მაინც წავიდოდი. ვიცი, რომ ჩემი აქ ყოფნით შენს სიცოცხლეს ექმნება საფრთხე და ჩემი გაუმართლებელი საქციელით ისე გამოვიდა, რომ საკმარისად ვერ აღვიქვი ვერც სიტუაციის სირთულე და ვერც თქვენი ტრადიციების მნიშვნელობა. როგორც კი ექიმი რეკომენდაციას მომცემს, მაშინვე წავალ და ზედმეტ შარში აღარ გაგხვევ. -შენ მე ვერ მაწყენინებ, ლილე. -მშვიდად უსმენდა მის მონათხრობს ბექნუ, ასევე მშვიდად ალაპარაკდა თავადაც, -შენ თუ აქაურობას პატივს არ სცემ, ეს ჩემი პრობლემა არ არის. შენი ქცევა მხოლოდ შენზე მეტყველებს, გარშემომყოფებს უბრალოდ შთაბეჭდილებას უქმნის. -მართალი ხარ, -სიმტკიცე არ მოკლებია ლილეს სიტყვებს, მაგრამ თავს მაინც უჩვეულოდ ცუდად გრძნობდა. დამნაშავედ. მიხვდა, ფიცხელიანისთვის საკმარისად ძვირფასი არ იყო, მის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა რომ ჰქონოდა. ბექნუსთან დიალოგის შემდეგ უცნაური სევდა შემოაწვა ლილეს. დიდად ფეხზე ადგომამაც ვერ გამოუკეთა ხასიათი და ვერც იმან, მარიკას მისი ნახვის და მასთან მიკარების ნება რომ დაერთო. ბევრი სიარული მაინც არ შეეძლო, გარეთ რომ გაესეირნა, მართალია ფიცხელიანი მასთან საუბრის ინიციატივას დიდად არ იჩენდა, თუმცა მკაცრად აკონტროლებდა მის ყველა ნაბიჯს და ლილეს ზედმეტად რომ გაებედა გავლა, ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა მის რისხვას. ამიტომ თავის თავს პრობლემებს აღარ უქმნიდა. იჯდა მშვიდად და დროის გასვლას ელოდებოდა. თოვლიანი ამინდები მზით შეიცვალა, თეთრი საბურველი ნელ-ნელა ეცლებოდა სოფელს. სახლის სახურავებიდან გამლღვალი თოვლი წვეთებად ებერტყებოდა მიწაზე. ირგვლივ წვეთების წკაპუნის სასიამოვნო მელოდია სუფევდა.. -ნუკრი უნდა გავუშვათ უკვე... საკვები ხბოებისთვისაც ძლივსა გვყოფნის. -მკაცრად თქვა იმ საღამოს ნანამ. -შეიძლება ვნახო სანამ გაუშვებთ? -საწყლად ამოილაპარაკა ლილემ, -დავემშვიდობები... არავის არაფერი უთქვამს, მხოლოდ ბექნუმ დაუკრა თავი ოდნავ და ვახშმობა განაგრძეს. დილით ადრე ადგა. შეეშინდა, რომ ფიცხელიანი შველს ტყეში მანამ დააბრუნებდა, სანამ თავად გაიღვიძებდა. სწრაფად ჩავიდა ბოსელში რამდენადაც ამის საშუალებას თავისი ფეხები აძლევდა. -არ წაუყვანიხარ! მე კიდევ მეგონა, ვერ მოგისწრებდი. -ისე შემოეხვია ნუკრს კისერზე ლილე, ლამის დაახრჩო. -თუ მოკლავ ვერსადაც ვერ წავიყვანთ. -ცხენით უკან მოადგა ბექნუ ლილეს. შავი ფაშატი გარემოსთან საოცარ კონტრასტს ქმნიდა, შეუძელებელი იყო არ შეგემჩნია და მისთვის თვალი მოგეწყვიტა. ბეწვი უბზინავდა, ისევე როგორც შავი თვალები. პატრონს გვერდით მედიდურად და ამაყად ედგა. საოცარი სანახავი იყო. თავისი პატარა ნუკრი მასთან შედარებით საწყალ არსებას ჰგავდა. თუმცა მასზე არანაკლებ ლამაზს. -ჭკვიანად მოიქეცი. -ყავისფერი ბეწვით დაფარულ შუბლზე აკოცა ლილემ ნუკრს და ფეხზე წვალებით წამოდგა. ფიცხელიანმა ხელის შეშველება სცადა, თუმცა, აბა, განა ლილე მას ამის ნებას მისცემდა? ხელი აუქნია და დამოუკიდებლად გასწორდა. -არ შეგეშინდეს, -უთხრა ნუკრს და საბელი თავისი ხელით მოხსნა წვრილი ყელიდან, -მგელს თუ დაინახავ, ჩუმად გაიქეცი. ან აქ დაბრუნდი, ნანა დაგხვდება და მოგივლის. კაცმა თვალები მობეზრებით გადაატრიალა. -მალე მორჩება სეანსი? -დაუღრინა ლილეს. -კი, წაიყვანე... -შენ არ წამოხვალ? -წარბები აზიდა ბექნუმ, -ხომ უნდა იცოდე, სად უშვებ ბავშვს... -რა ვიცი, ბევრ სიარულს მიშლი, თან დამცინი და არც ჩემი ლაპარაკი მოგწონს, დარწმუნებული ხარ? -ცხენი შენთვის გამოვიყვანე. -თვალები გადაატრიალა ფიცხელიანმა, -დაჯექი და ისე წამოდი. -მართლა? -ბავშვურმა აღტაცებამ აუფრთხიალა გული თუ ფიცხელიანის გულისხმიერებამ, ლილემ ვერ გაარკვია იმ წამს. -მაგრამ მე რომ არ ვიცი ცხენზე ჯდომა როგორ უნდა? -მე დაგსვამ. მიდი, თბილად ჩაიცვი. ლილემ ძალიან მოინდომა, რომ ბექნუს „თბილად ჩაიცვი“ მაქსიმალურად სწორად გაეგო, მერე რამე რომ არ მოსწონებოდა და სახლში არ დაეტოვებინა. ყველაფერი ჩაიცვა და შემოიხვია, რაც გაათბობდა. მზის მიუხედავად გარეთ მართლაც ყინავდა და მის მდგომარეობას ახლა გაცივება რომ დამატებოდა ისევ და აქედან ვერ გაეღწია, ნამდვილად გადახტებოდა ფანჯრიდან. ფიცხელიანს წარბი არ შეტოკებია თოთო ბავშვივით გამოხვეული ლილეს დანახვაზე, უემოციოდ აათვალიერა თავიდან ბოლომდე. მერე მიუახლოვდა და ორივე ხელი წელზე შემოაჭდო. ლილეს იმდენი ტანსაცმლისგან თუ ამ კაცის ხელების შეხებისგან შუბლზე ოფლმა დაასხა და გული შეეხუთა. -ახლა აგწევ და ფეხი უნაგირს გადაადე. კარგი? -თვალებში ჩააჩერდა ბექნუ. -თუ გეტკინება, მითხარი, ჭრილობა არ გაგეხსნას... -მიდი, ამწიე.. -სიახლოვეს ვეღარ იტანდა უკვე ლილე, ჩქარა უნდოდა მოსცილებოდა ამ კაცის საოცარ, სუფთა სუნს, რომელიც ცხვირში უხიჭინებდა და მხოლოდ ნერვებს უშლიდა, რასაც მისი სხეული გრძნობდა. ფიცხელიანის ტორები უფრო მჭიდროდ შემოეჭდო ქალის წელს და ისე უცებ ასწია ჰაერში, ლილე საერთოდ არ ელოდა ასე თუ გაუმარტივდებოდა კაცს ეს საქმე. გამხდარი და სიფრიფანა ნამდვილად არ ერქვა, თან ხუთი კილო მარტო ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ როგორც ჩანს ფიცხელიანისთვის ეს არ ყოფილა გამოწვევა. -გადაადე ფეხი, მიდი, -ბრძანება გასცა ბექნუმ. ლილე ორივე ხელით მის მხრებს დაყრდნო, კაცის თავი მკერდთან გაესწორებინა და ამდენი ტანსაცმლის ფენის მიუხედავად, მაინც გრძნობდა მის თბილ სუნთქვას კისრამდე რომ აღწევდა. დამორჩილდა და მალე უნაგირზე იჯდა. კომფორტული არ იყო, წარმოდგენაც არ უნდოდა, საჯდომი რა მდგომარეობაში ჩაუვარდებოდა, დიდხანს რომ მჯდარიყო ამ ცხენზე, მაგრამ ხმა არ გაუღია. ცხენით გასეირნების პირველ სიამოვნებას ასე მარტივად ვერ დათმობდა. ბექნუს ცალი ხელი აღვირისთვის ჩაევლო, ცალი შვლის საბელისთვის და ისე გადავიდნენ ეზოდან. ნანამ უსიტყვოდ დაკეტა ჭიშკარი და დიდხანს უყურებდა ვიწრო გზაზე მიმავალ თავის შვილს და იმ კაცის შვილს, მაზლი რომ მოუკლა. საშინლად ეშინოდა ისტორიის გამეორების. თანაც, ნელიმ ხომ უკვე იწინასწარმეტყველა... ქალი სახლში დაღონებული შებრუნდა. წინწარმეტყველებას არამარტო ამ მხარეში, არამედ ვერსად ვერავინ აღსდგომოდა წინ. მის წინაშე მშობელი დედაც კი უძლურია. -ბუდუ, მგონი, დროა, ბეშქენ დაშნიანს დაურეკო.... -სახლში შესულმა განუცხადა არანაკლებ შეფიქრიანებულ ქმარს, რომელიც ფანჯრიდან გასცქეროდა გზას. -ნანა, რასა ამბობ? -ეს გოგო ჩემს ვაჟსა დაჰღუპავს. დამიღუპავს შვილს. -ხმით შეავედრა ქმარს ნანამ. თვალებში უკიდეგანო შიში და მუდარა ჩასდგომოდა ქალს, რომელსაც არაფრის ეშინოდა ამქვეყნად. გარდა შვილის დაკარგვისა. -რაც მოსახდენია, ისედაც მოხდება, ნანა. წინასწარმეტყველება ხშირად იცვლება. -მკაცრად მიუგო ცოლს ბუდუმ. -ოცდახუთი წელია არ შეცვლილა! -და შენ გინდა ერთ დღეში შიშველი ხელებით შეცვალო? -რა ლამაზია აქაურობა, -ცხენის ფლოქვების ხმა ლილეს გაოცებამ გადაფარა. აკვირდებოდა უზარმაზარ, დიდებულ კლდეებს, უშიშრად რომ გამოკიდებულიყვნენ ირგვლივ და გარემოს მკაცრ იერს აძლევნდნენ, ლილეს კი მაინც სიმშვიდეს უტოვებდა მათით ტკბობა. თითქოს რაღაც თავის თავზე ძლიერის ნახვამ და შეგრძნობამ ყველა ტკივილი და სევდა დაუპატარავა, დაუსუსტა. თითქოს იგრძნო, რომ როცა ამხელა მთები ამდენი საუკუნეა დგანან აქ, უძვრელად, დინჯად და ამაყად, თვითონ როგორ ვერ უნდა ეპოვა ძალა თავის პატარა არსებობაში, რომ ყველა სისუსტე, ტკივილი დაეძლია და ცხოვრება ამაყად, დინჯად და მშვიდად გაეგრძელებინა. -რამხელაა სამყარო, და მისი რამდენად პატარა ნაწილის დანახვა შეუძლიათ ჩვენს თვალებს, მაგრამ რამდენად დიდ ნაწილს იტევს ჩვენი სული. ალბათ ერთი სამყარო არაა ამისთვის საკმარისი. -ისე ლაპარაკობდა, ვერც კი ამჩნევდა რომ მარტო იყო თითქოს. ან თითქოს უნდოდა კიდეც, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვინმეს მისთვის მოესმინა და თავისი არსებობიდან გამოეშვა ის ჯავრი, ამდენი ხანი რომ უჯაბნიდა გულს. -ამ ნუკრს იმიტომ მივეჯაჭვე, რომ მასში ჩემი თავი დავინახე. აქ მეც დაჭრილი ჩამოვედი, მარტო ვიყავი და მიტოვებული, ისიც ჩემსავით შეიფარეთ, უვლიდით და მეც მასავით წავალ ახლა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრია ჩემს ახლანდელ თუ წარსულ ცხოვრებაში გასარკვევი, თქვენთან გაჩერებაც აღარ შეიძლება. არ მინდა ჩემი თქვენთან ყოფნით დაზარალდეთ, თორემ ხალხი რას იტყვის ან სოფელი იმაზე, მარტოხელა ქალი უცხო ოჯახს რომ აფარებს თავს, მე ეგ უკვე ნაკლებად მადარდებს. თუმცა რაღა უცხო... მტრის ოჯახს... ლილე გაჩუმდა. ბექნუსგან პასუხი არ მიუღია და მისთვის თავის შეწყენა აღარ უნდოდა. ამ ადამიანმა საკმარისზე მეტი გააკეთა მისთვის და კიდევ ლაპარაკით თავს ხომ აღარ მოაბეზრებდა. თავის თავთან ლაპარაკი გულში განაგრძო. გაიხსენა გაგა... ღალატი... უშვილობა... მერე მისი ოჯახის წარსული... მამიდამისის ტრაგიკული დაღუპვა... ლაშა... ფიცხელიანები... ყველაფერი ერთმანეთს აყვა, ჯაჭვივით დაუკავშირდა და ყელზე შემოეხვა ლილეს. ახლა მარტო ყოფნა და ტირილი ყველაზე მეტად უნდოდა.... -იცი... მე დაქორწინებული ვიყავი. -ამოთქვა ბოლოს. საკუთარი ოჯახი, გაგას მიმართ სიყვარული, ხუთწლიანი ტანჯვა-წამება უშვილობით გამოწვეული, ღალატი და დანგრეული ბედნიერება აწვა ლილეს ამღვრეულ სულს. ბექნუს ხმა არ ამოუღია. ან კი რა ჰქონდა სათქმელი. გულში უსიამოდ გაკრა ახალმა ამბავმა. მაშინ რომ ახსენა ლილემ კი იეჭვა, მაგრამ თავს მალევე დაავიწყა ეს ამბავი. ქალის აღიარებითი ჩვენება გულზე შემოდგომის ბურუსივით შემოებურა. სხვისი ცოლი. -თითქმის ექვსი წელი... შვილი არ გვეყოლა... როგორც აღმოჩნდა, ჩვენი სიყვარული არ იყო საკმარისად მყარი უშვილობისთვის რომ გაეძლო და მიღალატა. -ხმა გაუტყდა ლილეს. ამის აღიარება რომ უღალატეს, რომ მის ღირსებას შეეხნენ და ფეხქვეშ გაიგეს სრულიად უცხო ადამიანისთვის კი არა, მტრისთვის, ბოლოს უღებდა. მაგრამ ბოლომდე უნდოდა საკუთარი თავის წამება. ბოლომდე უნდოდა ეზღო და შემდეგ ახლად დაბადებულს თავიდან დაეწყო ცხოვრება. -აქ ამიტომ ჩამოვედი, მამამ მითხრა დამშვიდდები და გულს გადააყოლებ... მაგრამ შენც ხედავ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდი, მეშინია არ გავტყდე და უცხო ადამიანებს არ ჩავემსხვრე ხელებში... უფრო სწორად, მტრებს, როგორც შენ უწოდებ საკუთარ თავს... მღვდელივით აღსარებას გაბარებ, -ჩაეცინა ლილეს, -უბრალოდ უცნობს თუ მოუყვები შენს ტკივილზე უკეთესია, შენზე მოკერძოებული არ არის, ხვდები, რომ არ განგსჯის და მისთვის დასამალიც არაფერი გაქვს... ჩემთვისაც ისედაც მძიმე იყო... ბავშვი მეც ძალიან მინდოდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, ალბათ კარგი იყო ასე რომ მოხდა... მე და გაგას რომ არ გამოგვივიდა, არასწორ ადამიანთან ალბათ, არც ღირდა მერე მთელი ცხოვრება საკუთარი თავისა და შვილების ტანჯვა. ბექნუ კვლავ დუმდა. არ იცოდა, უნდოდა თუ არა ამ აღსარების მოსმენა. ეს ქალი ისედაც ტვინში შემოუძვრა და ახლა იმდენად ღრმად შეტოპა თავისი მონაყოლით, პირდაპირ გულზე ხვევდა თავის ხვიარა ფესვებს. არც ეს გრძნობა მოსწონდა, და არც ის ქალი, ვის მიმართაც ეს გრძნობა გაუჩნდა. ბევრისთვის იყო კარჩაკეტილიც და ლილესთვის ალბათ ტვინჩაკეტილიც, ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ ქალი, რომელმაც რაღაც აგრძნობინა, სხვისი ცოლი შეიძლებოდა ყოფილიყო. საკუთარი თავი შეაზიზღა ამ აზრებმა. ლილეც გაჩუმდა. ალბათ, ყველაფერი თქვა რისი თქმაც შეეძლო და სურდა. ფიცხელიანის სიჩუმემ გული მოუწურა. ვერ ხვდებოდა, რას გრძნობდა კაცი და შესაბამისად არ იცოდა, რა უნდა გამოეხატა თვითონ. არაფერს გრძნობს, ლილე... ნუ სულელობ... შენი მტერია და ერთი სული აქვს, სახლიდან როდის გაგისტუმრებს... თავის თავს კი ამას ეუბნებოდა, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რამის დაჯერება უნდოდა. გათხოვილ ქალს აქ სხვანაირად უყურებენ. გათხოვილ ქალს თუნდაც გაშორებული იყოს, აქ კაცები საერთოდ არ უყურებენ. შვლის ნუკრი უკვე კარგა ხნის გაცუნცულებული იყო ტყეში. ისინი ისევ წინ მიდიოდნენ, ჩაფიქრებულნი და სოფლისგან შორს. -არ დაიღალე ფეხით? -არა, მიჩვეული ვარ. სახლში მშვიდად დაბრუნდნენ. გზაში არცერთს ხმა არ ამოუღია. ისე ჩამოსვა ცხენიდან ლილე ბექნუმ, მისთვის თვალებში არც შეუხედავს. ლილეს გული მოეწურა. ყველაზე მეტად ვერ იტანდა, როდესაც საკუთარი ქვეცნობიერის კრიტიკულად მოაზროვნე ნაწილი მართალი აღმოჩნდებოდა. მხრებზე ოდნავ დაეყრდნო ხელებით და მიწაზე რომ სვამდა, ლამის სახეზე თავისი გაყინული ცხვირი გაუსვა ლილემ, მისი სუნთქვა იმდენად ეახლოვა, შეეშინა არ შეესრუტა. სწრაფად ჩამოხტა და სახლისკენ გავარდა. მარიკა ქათმებს აჭმევდა. გაოცებით ჯერ ერთს შეხედა, შემდეგ მეორეს, რომელმაც ცხენი დააბინავა თუ არა, მაშინვე გადაღმა გავარდა. -ეს ბიჭი საერთოდ აღარ ჩერდება სახლში! -თავი გააქნია მარიკამ. არ ამხელდა, მაგრამ ისიც ღელავდა ბექნუზე. ლილეს შიგნით შეყვა. მარტონი იყვნენ და სალაპარაკოდ არაჩვეულებრივი დრო იყო. -ჩაის გაგიკეთებ. -მშვიდად უთხრა დაშნიანს, რომელიც მაგიდასთან იჯდა და კედელს უაზროდ მიშტერებოდა. -ხო, შემცივდა... -ამოიხრიალა ლილემ. -ის სად წავიდა? -რას გაიგებ... სახლში საერთოდ აღარ ჩერდება... -ხო, ნეტავ რატომ... -მაგიტომ, არ მითქვამს ლილე. შენ გამო არ იქცევა ასე, უბრალოდ ლაშასთან ძალიან დაეძაბა ამ ბოლო დროს, შენც ხომ იცი. მთელი სოფელი მის იმედადაა და ლაშა არაფერს დაუშავებს... -ლაშას მამა ბიძამისმა მოკლა, ლაშამ სისხლის აღება რომ მოინდომოს, სოფელი ამას წინ აღუდგება? მაინც დაიცავენ? -მაგ ლოგიკით დემეტრეც საფრთხეშია, -მშვიდად თქვა მარიკამ, ლილეს არ ესმოდა მისი სიმშვიდის, -ლაშას არ აქვს მთის კანონით ფიცხელიანებზე შურისძიების უფლება. მამამისმა მამიდაშენი შეიწირა. ბექნუს ბიძამ შური იძია საცოლის მკვლელობისთვის, ყველაფერი გასწორებულია. -აბა ვინ არის გასასწორებელი? ჩვენ და თქვენ? რახან მამაჩემმა მოკლა... ახლა ბექნუმ უნდა მომიკლას ძმა ან და, ან მე უნდა მომკლას? -წესით, ხო..- თავი დახარა მარიკამ. -მაგრამ თქვენ მიმიღეთ..... -ქალს არასოდეს ახლებს ხელს ბექნუ,-მაზლის გამართლება სცადა მარიკამ. -მარიკა,შენ არ თვლი,რომ ეს ტრადიცია საშინელებაა უბრალოდ? მე მამაჩემს არ ვამართლებ, მაგრამ რატომ უნდა დაისაჯოს ჩემი ძმა, ან მე, ან ნებისმიერი ვინმე სხვა ადამიანის ცოდვების გამო... -კი, გეთანხმები, მაგრამ ვერაფერს შევცვლით ჩვენ..... ლაშა უბრალოდ იჭიმება, ამიტომაც არ ეშინია ბექნუს მისი.... იცის არაფერს იზამს, ბექნუს არაფერს დაუშავებს, ვერაფერს... -თუ არაფრის მაქნისია, მე რას გამომაქანა აქ იმ გიჟმა! ათასჯერ ჰქონდა ჩემი მოკვლის საშუალება, მოვეკალი და დამთავრდებოდა ანგარიშსწორება! -შენც ხომ იცი, რატომ წამოგიყვანა... სხვანაირად არ შეიძლებოდა... ლაშა არ არის კარგი კაცი, ლაჩარია, და ლაჩრები სუსტებისთვის არიან საშიშები. შენ აქ მარტო ხარ, იმ სახლში სრულიად მარტო იყავი, იმ კაცმა თვალი დაგადგა და იცი, რატომაც! -თავის გამარჯვებულად გამოცხადება უნდოდა, ეგ მითხრა უკვე იმან... -მერე რა, რომ მტრის შვილი ხარ ბექნუსთვის, მისი პირველი მოვალეობა ამ სოფელში დაუცველის დაცვაა, როცა მას უსამართლოდ ერჩიან... -რა დიდსულოვნებაა, მე დამიცვა, მაგრამ მამაჩემს ან ჩემს ძმას შუბლს გაუხვრეტდა სიამოვნებით, არა? მე ამდენი სისხლის... სიკვდილის... შურის ატანა არ შემიძლია, დღესვე მინდა წავიდე... ლილეს ფეხზე წამოდგომა და ოთახში დემეტრეს და ბექნუს შემოვარდნა ერთი იყო. უმცროსს მხარზე ჰყავდა უფროსი ძმა გადაკიდებული. ფიცხელიანი ფეხს ძლივს მოათრევდა. მარიკამ შეკივლა და პირზე ხელი აიფარა. ლილემ გაოცებით შეხედა ჯერ ერთს, მერე მეორეს და შიშისგან გული მოეწურა კაცი რომ ამ დღეში დაინახა. სახეზე ტკივილისგან ოფლი ასხამდა,თუმცა მაინც არაფერს იმჩნევდა. შარვალი სისხლით ჰქონდა მოთხვრილი. -დავაწვინოთ, ჩქარა, -მეორე მხრიდან ამოუდგა ლილე და თავისი ოთახისკენ წაიყვანა. -რა მოხდა? -საწყლად დაიწრიპინა მარიკამ. -ლაშას გადაეყარა და ეს მოხდა... -დემნა! -დაიგრგვინა ბექნუმ. ლილეს მთელს ტანში გასცრა, მარიკას შეხედა, რომელსაც შიშისგან თვალები ჩაშავებოდა და ცრემლის თხელი ფენა გადაჰკვროდა ზემოდან. ლილეს გული ლამის ყელში ამოუჯდა. -მაკრატელი, სუფთა ტილოები, თბილი წყალი და სპირტი მომიტანე მარიკა! -ცივად თქვა ლილემ და ბალიში თავქვეშ ამოუდო ფიცხელიანს. -არ მინდა შენი დახმარება! -გამოსცრა კბილებს შორის კაცმა. ტკივილისგან სახე ემანჭებოდა. დახმარებაზე კი მაინც უარს ეუბნებოდა. -მე კიდევ შენი ხმის მოსმენა არ მინდა! გაჩუმდი და საქმის კეთება მაცადე! მაკრატლით სასწრაფოდ გაუჭრა შარვალი და სისხლიანი მონაკვეთიდან მოაშორა. ღრმა ჭრილობა იყო, ცეცხლსასროლით მიყენებულს არ ჰგავდა, უფრო ბასრი საგნით. მშვიდად დაუმუშავა, გაუსუფთავა, გაუკერა და შეუხვია. საქმეს რომ მორჩა უკვე ჩაძინებული დახვდა პაციენტი. შუბლზე ოფლი შეაწმინდა და ქურდულად დააკვირდა სახეზე. ტანჯვისგან დაღლილ სახეზე უხდებოდა ძილის კვალი, თითქოს ტანჯვისგან გათავისუფლდა. სწორი წარბები ჰქონდა, ცხვირი სწორი, ტუჩები ჩვეულებრივზე მშრალი, თვალის უპეები ჩაცვენილი... მისმა ასეთ მდგომაროებაში ჩავარდნამ გული მოუწურა. როგორ არ უნდოდა თვითონ ყოფილიყო მიზეზი... როგორ ეშინოდა, რომ რამე დაუშავდებოდა... არამარტო მისი მიზეზით, არამედ მაშინ როცა წავიდოდა... თვალები ოდნავ გაახილა ბექნუმ. მიბნედილი მზერით შეხედა ლილეს. ქალს შერცხვა, ვაითუ იგრძნო, რომ დავაშტერდიო და წასვლა დააპირა, ბექნუმ რომ მკლავში ჩაავლო. ძალა არ ჰქონდა, მაგრამ ლილე მაინც გაჩერდა. გული ყელში ამოუჯდა. -მადლობა. -უღონოდ კაცმა პაციენტმა და გვერდი იცვალა. იმ ღამეს ლილეს არ დაეძინა. როცა მიხვდა, საწოლში გორიალს აზრი არ ჰქონდა, ფეხზე წამოდგა და კაცის ოთახში შეიპარა, რომ დაეხედა ჭრილობისთვის. თეთრ ბინტზე ოდნავ ჩანდა წითელი სისხლის კვალი. -აქ რას აკეთებ? ნუ გაგიხარდება, ცოცხალი ვარ, -ამოიგმინა ბალიშიდან კაცმა. ლილე შეხტა. არ ელოდა. -როგორ მიხვდი..... -შენ დაიპარები ეგეთი ნაბიჯებით. -გტკივა? -ისე, რა... შენ რა ექიმი ხარ? -არაა.. პირველად გავაკეთე... ჩაცინების ხმა მოესმა ბალიშიდან. -შეგიძლია მოხვიდე? -წყალი გინდა? მოგიტან... -იქვე წყლის ბოთლიდან ჭიქაში ჩამოუსხა და მიაწოდა. კაცმაც ნებიერად დალია. -რა მოხდა არ მეტყვი? -შენი საქმე არ არის... -ხმა ჩაიწმინდა ბექნუმ. წეღანდელივით დაბოხებული აღარ ჰქონდა. -გთხოვ, -საწყლად ამოიკვნესა ლილემ, ტანჯავდა გაურკვევლობა. -მაგ ხრიკებით ვერ დამტყუებ... მიხვდი ჩხუბით და შეტევაზე გადმოსვლით რომ ვერაფერს მათქმევინებ და გინდა ტკბილი ხმით მომთაფლო... -ტკბილი ხმით არ მითქვამს! -ხმა გაიმკაცრა ლილემ. -კი, მითხარი... აი, ახლა მელაპარაკები კაპასი ქალივით. -თემა გადაგაქვს... ჩემ გამო მოხდა? -ვიცი, შეიძლება რთული წარმოსადგენია რომ ორი კაცი შენ გამო ერთმანეთს არ ხოცავდნენ, მაგრამ შენ გამო არ მომხდარა. -მალინა? მის გამო? კაცმა პირში წყალი ჩაიგუბა. მიხვდა, სწორი მიმართულებით რომ მიდიოდა. -რამე უთხარი? იმ გოგოსგან რა გინდოდა... -შენი საქმე არ არის, -წაიღიღინა ბექნუმ და გვერდი იცვალა, -გახვალ თუ მომიწვები? -იოცნებე! -ფართხაფურთხით წამოდგა ლილე და ოთახი დატოვა. ბექნუს ღიმილი დასთამაშებდა კმაყოფილ სახეზე...... ორ დღეში დემეტრეს დაბადების დღე მოვიდა. ლილეს გამო ბექნუს დაბადების დღე ვერ აღნიშნეს, მაგრამ ოჯახმა დემეტრეს ნამდვილად არ მოაკლო ეს სიამოვნება. ნანამ ტრადიციული ნამცხვარი გამოუცხო შვილს, რომელსაც იმდენი ჯვარი ჰქონდა გამოსახული, რამდენი წლისაც ხდებოდა ფიცხელიანი - ოცდაექვსი. ბექნუც უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე დღის წინ თავისმა თანასოფლელმა დაჭრა და ფეხზე ძლივს იდგა. ამ ოჯახში გასაჭირს არავინ იმჩნევდა. ხომ დარწმუნებული იყო ლილე, რომ გული ყველას სევდითა და ჯავრით ჰქონდა ამოვსებული, მაგრამ არცერთს ერთხელაც არ უგრძნობინებია მისთვის, რომ იქ ზედმეტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად უხერხულად გრძნობდა თავს და სუნთქვაშეკრული დღეებს ითვლიდან აქედან გასაქცევად, იცოდა, რომ უსაფრთხოდ იყო, სანამ ამ ოჯახში ათევდა ღამეს. იმასაც კარგად ხვდებოდა, ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა, რომ ქალი იყო და ამ სქესისადმი უკიდეგანო პატივისცემის შედეგი იყო ის, ერთმანეთს გადამტერებული ოჯახების მიუხედავად, მაინც რომ უძლებდა და იცავდა ფიცხელიანების უფროსი ვაჟი. ლილეს გული მოეწურა ბექნუს გახსენებაზე. ახლაც იჯდა და თვალს ჩუმად აპარებდა მისკენ, როგორ ასხამდა ღვინოს ჭურიდან დოქში. მისი სხეული ამას ისე მშვიდად აკეთებდა, ისე ჰარმონიულად, სახე მკაცრი, მაგრამ მაინც ისეთი მშვიდი და ძლიერი ჰქონდა, ლილეს მოუნდა შეხებოდა. საკუთარმა ფიქრებმა გააწამა. იცოდა, ერთადერთი, ვინც ისევ ჭაობში მოისვრიდა, საკუთარი თავი იყო და სხვა არავინ. ახლა გულის ოდნავი შეფრთხიალებაც კი საკმარისი იყო, რომ ყელამდე გაურკვევლობაში ჩაეფლობოდა და აუცილებლად გაიგუდებოდა, რადგან არავინ ეყოლებოდა მშველელი. ბექნუ ხელს არც დასახმარებლად გაუწვდიდა იმ ურთიერთობაში და არც ჩასჭიდებდა. ქალს კი მეორედ აღარ უნდოდა მარტო დარჩენა იქ, სადაც მხოლოდ ორი ადამიანის ადგილია. მშობლები ადრე დაწვნენ. სუფრასთან მხოლოდ ახალგაზრდები დარჩნენ. ლილეს თვალების ბრიალის მიუხედავად, ბექნუმ მაინც დალია რამდენიმე ჭიქა ღვინო, დემეტრემაც და თვითონ ლილემაც. -ძალიან გემრიელია, მაგრამ მეტს ვეღარ დავლევ, -ჭიქას ხელი გადააფარა ლილემ, დემეტრემ მისკენ რომ წაიწია ღვინით სავსე დოქით. -ერთიც და შეგეშვები. არაფერს გიზამს. -შეევედრა დემეტრე. ლილემაც ხათრი ვეღარ გაუტეხა. -არადა უკვე დამათრო, -სხეული მოემჩვარა ლილეს. ლოყები წითელი ჰქონდა, თავი გაბრუებული, თვალები კი ამღვრეული. უჩვეულოდ აშტერდებოდა მეორე მხრიდან ფიცხელიანი, რომლის თვალებიც არანაკლებ ყოფილიყო სიმთვრალეში ამოვლებული. ქალის მთელს სახეზე ურცხვად დაცოცავდა, აკვირდებოდა და მის ყველა ნაკვთს სწავლობდა. ლილე ამას გრძნობდა, მაგრამ თავს მისკენ არაფრის დიდებით აბრუნებდა. არ იცოდა, სიმთვრალე რას ჩაადენინებდა, ან რას გამოააშკარავებდა მისი თვალები, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობდა ბექნუ სუფრიდან მოეკვეთა. -ეს ღვინო ბექნუმ ველური ყურძნისგან თვითონ დაამზადა, მხოლოდ დაბადების დღეებზე ვსვამთ, -ნელა მოწრუპა დემეტრემ. წითელმა სითხემ ტუჩები შეუფერადა. ძმას, რომელიც უკვე რამდენიმე წუთი იყო, ხმა არ ამოეღო უჩვეულოდ გადახედა. ლილემ ოდნავ გააპარა თვალი მისკენ, ყველასთვის შესამჩნევი რომ არ ყოფილიყო თავისი სიხისტე. კაცს სიმთვრალე მხოლოდ თვალებზე ეტყობოდა. ლილეს ისე უყურებდა წარბების ქვემოდან ამღვრეული თაფლისფერი თვალებით, რომ მაშინვე ინანა ქალმა გამეტებული მზერა. მთელი მუცელი გაუხურდა, ლოყები უფრო მეტად გაუღუვდა და ყველა გრძნობის ორგანო აუმოძრავდა, ეგონა გახურებული ფოლადი გულიდან მუცელში ჩაეღვარა. იცოდა, მთვრალი თვალების დაჯერება რომ არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც ვერ დაადუმა თავისი გონების ის პაწაწინა ნაწილი მკივანა ხმით რომ გაჰკიოდა მისთვის ყველაზე სასურველს... რომ კაციც გრძნობდა რაღაცას, მაგრამ თავს ეჭიდავებოდა, რომ არ გაემჟღავნებინა ის, რისი გამჟღავნებაც არ შეეძლოთ. უსასრულო სევდამ შემოუჭირა გულზე თითები ლილეს. იცოდა, შეუძლებელი იყო. მათ შორის ვერანაირი ყვავილი და სათნო გრძნობა ვერ გაიხარებდა. თავს კი მაინც დაუფიქრებლად მისცა პატარა იმედი, ასე რომ სჭირდება ადამიანის სულს არსებობისთვის... იმედი მისცა და თავისი გულიც კიდევ ერთხელ გაიმეტა დასასახიჩრებლად.... -მინდა ეს სადღეგრძელო სიყვარულისა იყოს,- დაძაბული აურა ფიცხელიანს და დაშნიანს შორის რომ ტრიალებდა, დემეტრეს ხმამ გადაფარა. -ამ სუფრასთან ჩემთვის ორი ყველაზე საყვარელი და სათაყვანებელი ადამიანი ზის, ჩემი უფროსი ძმა - მისაბაძი და სამაგალითო, რომლის ყოველი სწორი ნაბიჯის გამეორებაც ჩემი ერთადერთი მიზანია ცხოვრებაში, რადგან მასზე სამართლიან, მასზე კეთილ და დიდი გული მქონე ადამიანს მე ამ სამყაროში არ ვიცნობ, მეორე ჩემს ცოლს... როგორ მიყვარს ეს სიტყვა და როგორ მიყვარს ეს ადამიანი, ვისაც ამაყად ვუწოდებ ამ სიტყვას... მე საკუთარი თავის გარეშე უფრო შემიძლია ვიცხოვრო, ვიდრე ჩემი ცოლის... შენ ხარ ის თავშესაფარი, რომელიც არასდროს ვიცოდი, რომ მჭირდებოდა და რომელიც ყველაფერს შემაძლებინებს, რომ შენთან ყოფნის არც ერთი წამი არ დავთმო არაფრის გულისთვის. ვისაც არ ყვარებია, ვერასდროს მიხვდება ეს რა გრძნობაა... მე ასეთი სენტიმენტური მხოლოდ ახლა ვარ, ცოტა ნასვამი, მაგრამ შენ ხომ მაინც იცი, უსიტყვოდაც ხომ იცი, მარი, რომ შენ ჩემი მეორე ნახევარი კი არა, ჩემს არსებობაზე ბევრად მეტი ხარ....თან ახლა, როცა შვილსაც მჩუქნი, მე რა უნდა გავაკეთო ოდესმე შენი მორჩილების და სიყვარულის გარდა, რომ გადაგიხადო იმისთვის, რაც შენ ჩემთვის გაიმეტე... მხოლოდ გაიმეტე, მაგრამ ამაზე მეტი კიდევ შენი ნებით მომეცი, შენ ჩემთვის მთელ სამყაროს წონი ჩვენს შვილს როცა ატარებ. ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი შენ ხარ. ლილეს გული ყელში მოებჯინა. სიმთვრალეს დააბრალა თუ დემეტრეს სიტყვებს არ იცის, მაგრამ იგრძნო, თვითონ არასდროს არაფერი მსგავსი რომ არ ჰქონია. იგრძნო, რაც დემეტრეს და მარიკას შორის იყო ბევრად განსხვავდებოდა ერთად ცხოვრების კომფორტისგან, სიყვარულის იმ გაგებისგან თვითონ რომ იყოფდა გაგასთან. გრძნობდა ამ ადამიანების ძალას და ბედნიერი იყო მათ გამო, რაღაც ხელშეუხებელი, რაღაც საწყისზე და სასრულზე უფრო ძლიერი რომ აკავშირებდათ. მხოლოდ ამისთვის ღირს. ტანჯვაც, წამებაც, ცრემლიც და სიცილიც, როცა იცი, ამხელა ძალა გაქვს. მარიკა ხმას არ იღებდა, სიყვარულსა და ცრემლში ამოვლებული თვალებით უყურებდა საკუთარ ქმარს. ლილე დარწმუნებული იყო, მარიკამ დემეტრეს ნათქვამი ყველა სიტყვა უთქმელად იცოდა. -მარიკა, შენ ალბათ ყველაზე ბედნიერი და ძლიერი ქალი ხარ ვინც მე მინახავს, -ხმა ჩაიწმინდა ლილემ, ჭიქა ხელში შემართა, არ იცოდა, ამ სადღეგრძელოს თქმის ძალა საიდან უნდა მოეტანა, მისი სხეულის ყველა უჯრედი დაცლილი იყო ყველა ემოციისგან იმ წამს. გული შეეკუმშა როცა თავისი თავი იმის ნატვრაში გამოიჭირა, ნეტავ, თვითონაც ყვარებოდა ასე ვინმეს. და იმან უფრო გაუმწარა სული, როცა ეს ვინმე იცოდა, ამ სუფრასთან იჯდა, თვითონ კი მისკენ გახედვასაც ვერ ბედავდა უარყოფის მიღების გარდაუვალობის შიშით. -მე სიყვარული სწორედ ასე მესმის,როგორც დემეტრემ აგიხსნა. მაგრამ ერთია გესმოდეს, მეორეა - ამის გამოცდა შეგეძლოს. დემეტრე ვერასოდეს იგრძნობდა იმას, რასაც შენს მიმართ გრძნობს, რომ არა შენი პასუხი ამ გრძნობაზე. თქვენს სიყვარულს ბედნიერებაც აძლიერებს, რადგან ის ორმხრივია და ვიცი, ასე იქნება ყოველთვის. მე სიყვარულს ვერ დავლოცავ მხოლოდ ცალმხრივს, ბედნიერებას ვერ უსურვებ ადამიანს, რომელსაც ცალმხრივად უყვარს... რომელიც ორის ურთიერთობაში მარტოა... ეს დაცინვაა და არაფერი მეტი... გილოცავთ იმ სიყვარულს, სადაც ორივე ერთად ხართ.... მისი მესიჯი იმდენად ბუნდოვანი იყო ბექნუსთვის და იმდენად პირდაპირი ლილესთვის, მხოლოდ ისინი თუ გაიგებდნენ ამას. ბექნუმ ისიც იფიქრა, ალბათ, თავის პირველ ქმარს ვერ გამოეტირა, ისევ იმისი სიყვარული ტანჯავსო. ამის დაჯერება ფიცხელიანის სულს ყველაზე მეტად დაამშვიდებდა ახლა. ერჩივნა ამ ქალს ისევ თავისი მოღალატე ქმარი ყვარებოდა, ვიდრე მისთვის ყოფილიყო ის სიტყვები და ცოდნოდა ამ ქალს ასე უყვარს, თვითონ კი მასთან ყოფნაც არ შეუძლია... მტრის ქალი... მტრის ქალი... ხმამაღლა გაჰკიოდა მის თავში წვრილი ხმა... იმის დაჯერება, რომ დაშნიანის ქალს უყვარდა, იმ გრძნობას გააორმხრივებდა, რაზეც ლილე ლაპარაკობდა სადღეგრძელოთი... მართალი იყო, ცამდე მართალი... ეს გრძნობა რომ ლილეს გაეორმხრივებინა, მისგანაც ეგრძნო... ბედნიერი იქნებოდა, უუფლებოდ, მაგრამ მაინც.... და არ უნდოდა, საშინლად არ უნდოდა მტრის ქალის სიყვარულში ყოფილიყო ბედნიერი... მასთან ცხოვრებას ვერ შეძლებდა... -ალბათ, ზოგჯერ უპასუხობა ჯობია პასუხს....რომ ის ვინც გიყვარს, ქვესკნელში არ ჩაითრიო შენთან ერთად...ჩემთვის ესაა სიყვარული. მასთან ყოფნის გარეშეც ისე გიყვარდეს, როგორც მასთან ერთად. ისე გადაკრა ბოლო ჭიქა ღვინო, მეტი არაფერი თქმულა სუფრაზე. მარიკამ დემეტრე თავიანთი ოთახისკენ წაიყვანა. ლილესაც გაქცევა უნდოდა იმ დაძაბულობისგან, მასა და ფიცხელიანს შორის რომ შემორჩა. თავი გაბრუებული ჰქონდა რამეზე ცივი გონებით რომ ეფიქრა. ახლა მთელს სხეულს ის ჰაერი უწვავდა, რომელსაც ბექნუ ათბობდა ამ პატარა ოთახში და სული ეხუთებოდა. -მე ავალაგებ, შენ წადი. -ესღა თქვა ბოლოს, კაცი როგორმე თავიდან რომ მოეშორებინა. ფიცხელიანი ისე მიუახლოვდა ლილემ ამის გააზრებაც ვერ მოახერხა. რომ არ წაქცეულიყო მაგიდაზე ჩამოჯდა. ღვინის დახუთული სუნის მიუხედავად ცხვირში მაინც სასიამოვნოდ უღიტინებდა კაცის სუფთა, ფიჭვისეული სუნი. მუხლები მოუკვეთა მისმა სიახლოვემ. ნამდვილად დავარდებოდა, საჯდომი მაგიდაზე რომ არ ჩამოედო. მუცელში ცხელი ლითონი ჩაეღვარა. სურვილმა გონება საერთოდ გადაუბინდა თითებზე ნაზად რომ შეეხო ამ კაცის უხეში ხელი. ადგილიდან ვერ იძვროდა. გაწევა არ უნდოდა. დაბნეული თვალებით ახედა იმის ნაღვლიან, შებრუებულ თაფლისფერ თვალებს, შებერილ ტუჩებს და ოდნავ შეფერადებულ ლოყებს. ისე ახლოს იყო მუცელზეც კი გრძნობდა მის შეხებას და მასთან უფრო მეტად მიახლოვების გარდა ახლა დაშნიანის ქალი არაფერზე ფიქრობდა. შეიძლებოდა ენანა, მაგრამ ეს სურვილი იმდენად ძლიერი იყო, მასზე გამარჯვება კი არა, შებრძოლებაც არ უნდოდა. ბექნუ ღრმად სუნთქავდა, სურვილი იმასაც ოხრაში გადადიოდა, მაგრამ თვალები დახუჭა, თავის თავს სძლია და მოშორდა ქალს. ლილემ რაც გამბედაობა ჰქონდა, ერთიანად მოიკრიბა და მკლავში დაქაჩა ფიცხელიანს. მისი სიძლიერე სადღაც გამქრალიყო ისე მარტივად დამორჩილდა ქალის შეხებას. ლილემ იცოდა, ამ ყველაფერს სიმთვრალეს რომ დააბრალებდა ხვალ დილით, როცა გაიღვიძებდა, იცოდა ეს არ იყო საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციიდან, არა, ეს გამოსავალიც არ იყო, ეს იყო ამ მავთულხლართში კიდევ ერთი გაუგებრობის დამატება, მაგრამ ქალი თავისი გულის და სურვილის კარნახს მიენდო. ორივე ხელი შიშველ ყელზე გამებდავად მოხვია, თავისკენ დაქაჩა და მთელი გრძნობით აკოცა ტუჩებზე, რომლებსაც არა ღვინის, არა წყლისა და სისუფთავის, არამედ შეკავებული სურვილის ოხშივარი ასდიოდა. ფიცხელიანი მთელი სხეულით აეკრა ქალს. არაფერი ახსოვდა. არც საკუთარი თავისთვის მიცემული პირობები, არც აკრძალვები... საერთოდ არაფერი... ამასთან შეწინააღმდეგება არ უნდოდა, აქ უკვე ძალას და შესაძლებლობებს მნიშვნელობები დაეკარგათ..... ეს არ იყო არც სისუსტე, არც ცდუნება... ეს იყო ორმხრივი შეთანხმების აქტი. მაგნიტური ველების დაძაბულობა მატულობდა და გონებას სიმთვრალე ეცლებოდა. სწრაფად დაცილდნენ ერთმანეთს. ბექნუ ოდნავ შეღუებული ლოყებით, უღიმილოდ გაპობილი ბაგით უყურებდა ამ ქალს, რომელიც უკითხავად შემოეჭრა გულსა და გონებაში, რომელთან არც მისასვლელი გზა არსებობდა და არც წამოსასვლელი. საკუთარი თავი შესძულდა იმ წამს, ამ ქალს რომ დამორჩილდა. რომ ვერ შეეწინააღმდეგა. რომ არ შეეწინააღმდეგა. მათ შორის აღარაფერი თქმულა. არაფერი გაფილტრულა და გარკვეულა, გარდა იმისა, რომ გრძნობა, რომელიც აკავშირებდათ ძლიერი იყო, მაგრამ ამ გრძნობას არ შეეძლო გამოაშკარავება, არ უნდა გაგრძელებულიყო. აკრძალული იყო და მორჩა. -შეიძლება ვილაპარაკოთ? -ეზოში გააკითხა ლილემ ბექნუს, როცა შეშის მჩეხავი დაიმარტოხელა. -გისმენ. -არც შეუხედავს ისე უპასუხა. მეორე დღეა ასე იყო. თითქოს იმ კოცნამ მათ შორის დიდი უფსკრული გააჩინა. ერთმანეთთან კი არ დაახლოვათ, პირიქით ჩამოაშორათ და ლილეს მოეჩვენა კიდეც, რომ ეს სამუდამო იყო. -თავის მართლებას არ დავიწყებ. შენი კოცნა მინდოდა, -დაბალი ხმა ჰქონდა ქალს, თუმცა მტკიცე და შეუვალი. -თავის მართლება არც არავის უთხოვია. რა არის სალაპარაკო, უბრალოდ, ვერ ვხვდები. კოცნა იყო. დარწმუნებული ვარ არც პირველი და არც უკანასკნელი შენთვის. კაცის სიცივემ ლილეს სული გაუყინა. იცოდა, მისგან იმას ვერასდროს მიიღებდა, რითაც სიყვარული ლოგიკურად გრძელდება ხოლმე: ნორმალურ ურთიერთობას, პაემნებს, ოჯახს და ასე შემდეგ... ეს შეუძლებელი იყო, თუმცა მაინც სურდა მისგან მოესმინა, რომ აქედან დამშვიდებული წასულიყო და უკან მოხედვის მიზეზი არ ჰქონოდა. -ანუ შენთვის არაფერს ნიშნავდა? ბექნუ გასწორდა. არც კითხვა მოსწონდა, არც ეს დიალოგი და საერთოდ, ლილეს მოეჩვენა, რომ არც მისი იქ ყოფნა. ზემოდან დახედა ქალს, რომელსაც ახლა სასურველის გაგების ინტერესი უცრემლიანებდა თვალებს. გული შეეკუმშა სევდისაგან, თუმცა ვერაფრით შეძლო ამ გრძნობამ მის სახეზე კვალის დატყობა. იქვე ჩაკლა. -ნიშნავდა, მაგრამ ჩემსა და შენს შორის არასდროს არაფერი იქნება, ლილე. თუ ამის გაგება გინდოდა, მე შენთან ყოფნას ვერასდროს შევძლებ. ჩვენ ერთმანეთის სისხლში გვაქვს ხელები გასვრილი. უფრო სწორად - შენ გაქვს ჩემს სისხლში ხელები გასვრილი. ასეთი წარსულის შემდეგ ნებისმიერი ბედნიერი გაგრძელება აზრს კარგავს. -მაშინ არ მჯერა, რომ შენც იმავეს გრძნობ რასაც მე. -ტკივილს ლილეს ხმა უფრო განემტკიცებინა, თვალები კი გატყდომოდა. -ეს არ შეიძლება ლილე... შენთან ვერასდროს ვერ ვიქნები... არ შემიძლია... ვერც შენ იქნები ჩემთან, როცა ერთი სული მაქვს მამაშენი დავინახო, ან შენი ძმა და შური ვიძიო იმისთვის, რომ ბიძაჩემი თქვენს ოჯახს სიყვარულის გამო შეეწირა. სრულიად უდანაშაულო. მამაშენის ადგილას თავს მოვიკლავდი და უდანაშაულოს არ გავწირავდი. თუ ბიძაჩემმა ვერ დაიცვა საცოლე, ვერც მამაშენმა დაიცვა მისი და. მას არ ჰქონდა უფლება ასე უსამართლოდ მოქცეოდა ადამიანს, რომლის სულიც უკვე ტანჯვას სხეულიდან ამოეგლიჯა. ერთი სიყვარული ვერ აიტანა ჩვენმა ოჯახებმა, მეორეს შენც ვერ შეგწირავ.... ლილე გრძნობდა, როგორ უჭირდა კაცს ტკივილის შეკავება, მაგრამ ბოლო სიტყვებმა მაინც გასცა. გული ყველა გრძნობისგან დაეშრიტა. ახლა ამ მოტრიალებულ ეზოში რომ არ ყოფილიყვნენ ისე გაიქცეოდა მისკენ ჩასახუტებლად, მაგრამ ამას ვეღარ გაუკეთებდა ფიცხელიანს. -ეშმაკივით შემოგიჩნდი.. ჩემი ბრალია... შენ ყველაფერში მართალი ხარ... მე რომ არ გძულვარ ჩემთვის ესეც გასაკვირია და დიდი შვება... ჩემს სიყვარულს ვერ მოგთხოვ, რადგან ეს არასდროს იქნება საკმარისი, თუ ჩემი ოჯახიც არ გეყვარება......შენ ყველაფერში ცამდე მართალი ხარ... ნეტავ, ვიცოდე, მამაჩემმა საერთოდ როგორ გამომიშვა აქ... -ნანობ რომ გამიცანი? -სიმშვიდეს ძლივს ინარჩუნებდა ბექნუ. მთელი სხეული უცახცახებდა თვითონაც. ნეტავ მის წინ დაშნიანების ქალი არ მდგარიყო... ნეტავ თავისი ოჯახი ყოფილიყო დამნაშავე და ამით საყვარელი ქალის ტკივილი შეემსუბუქებინა.... ნეტავ ფარულად იმას არ ეუბნებოდეს ლილეს, რომ მისი ოჯახის ბრალი იყო ახლა რომ არ შეეძლო მოხვეოდა.. რომ მამამისი ა ბიძასთან ერთად მისი თავიც რომ წაართვა.... ბრაზს სევდა ენაცვლებოდა, სევდას ტკივილი... ლილე ხმას არ იღებდა.... -მგონი რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ მით უფრო რთული იქნება.... დღესვე მინდა წავიდე... გთხოვ, ნუ დამიშლი... თავის ოთახში იმ მწირი ნივთების ჩასალაგებლად ავიდა, რასაც აქ ცხოვრების განმავლობაში იყენებდა. გულზე სევდა შემოფენოდა. თითქოს ამ საშინელმა შეგრძნებამ მისი თითოეული უჯრედი შებოჭა. ჰაერს ფილტვებში უშვებდა და უკან აბრუნებდა, მაგრამ ამასაც ვერ გრძნობდა მისი ორგანიზმი. უჰაეროდ იყო ამ სუფთა და ყველაფრის მომცველი ჰაერით სავსე გარემოში, ამ ოთახში, სადაც ნანა ულოცავდა და ფოთლებს უკმევდა... ნეტავ ეს გრძნობაც გამოელოცა.. ნეტავ ასე დაწყევლილი არ ყოფილიყო... მანქანის ხმას ეზოში რომ გაისმა, თავიდან ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ჩოჩქოლი და ყვირილი რომ ატყდა და აურ-ზაურში მამის ხმა ამოიცნო, შიგნეულობა ჩაუცივდა. შეუძლებელია.... მამამისი აქ რომ მოსულიყო.... ბექნუ... გარეთ თავქუდმოგლეჯილი გავარდა. მამამისი ჭიშკართან გამეხებული სახით იდგა, ბექნუს დემეტრე აკავებდა, ნანას მარიკა აკროდა. ბეშქენის პირისპირ კი ბუდუ იდგა და თავისი ძმის მკვლელს თვალებში მშვიდად უყურებდა. -მე რა გაგაფრთხილე ბუდუ! ჩვენ რაზე შევთანხმდით! -მტკიცე იყო ბეშქენის ხმა. ლილეს მუხლები მოეკვეთა. მამამისი ასეთი გაცხარებული არასოდეს ენახა, თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევდა, შვილის დანახვამ უფრო გაამძვინვარა. -ჩემს შვილს აქ რა უნდა! ლილე, აქ რას აკეთებ! ამათ სახლში რა ჯანდაბა გინდა, გამაგებინე, მამა! -შენ როგორ ბედავ ეგრე მოგვმართო, შე მკვლელო! ნაძირალა! -ძლივს აკავებდა დემეტრე ძმას. ლილემ შეკივლა ქამრიდან იარაღი რომ ამოიღო და მამამისს დაუმიზნა. -ჩვენი ღირსება გათელე, აქ მოსვლას რა პირით ბედავ! თან ამხელა გულზე! -ბექნუ, გთხოვ... -ამოიკნავლა ლილემ... მიკარება კი ვერ გაბედა...-ნუ მომიკლავ მამას, გთხოვ.... -შენი მოსაკვლელი აქ არავინაა, ფიცხელიანების ბიჭო! ეგ იარაღი დასწიე და სახლში შებრძანდი! ბუდუ, მიხედე შენს შვილს! ლილე, მანქანაში, დროზე! -მამაჩემს თვალს როგორ უსწორებ... ძმა მოუკალი, გესმის, ძმა! მამა, როგორ უყურებ მაგ კაცს ასე მშვიდად! -ბექნუს ხმაჩახლეჩილი ღრიალი მთელს სოფელს ესმოდა. -ხმას დაუწიე, ბექნუ! არ გამამეორებინო! ეს კაცი აქ თავისი შვილის წასაყვანად მოვიდა. წაიყვანს და წავა. მთელს სოფელს ნუ ასეირებ. სახლში შედი! -მამა... -საყვარელ კაცსა და მამას შორის ჩამდგარ ლილეს ლოყებზე ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები...-გთხოვ, გაჩერდი... ახლავე წამოვალ.. ნუ გაამწვავებ... თავს ნუ მოაკვლევინებ... ნუ აჰკიდებ ამ ცოდვას...... -წადით აქედან! ორივე! დროზე გადით... -თავს ძლივს იკავებდა ბექნუ, რომ რამე ისეთი არ ეთქვა, რითაც საკუთარი თვის პატივისცემას დაკარგავდა პირველ რიგში. -არ მინდა რომელიმეს ჩემს სახლში გხედავდეთ. მარიკას უკვე გამოეტანა ლილესთვის ჩემოდანი. გოგონა ქალებს გადაეხვია უხმოდ. ცრემლები აწითლებულ ლოყებს უსერავდა. ბექნუს გულმოკლული თვალებით შეხედა, მაგრამ იქ არაფერი დახვედრია... ბრაზის, ზიზღის და სიცარიელის გარდა.... როცა თვალი გაუსწორა, იფიქრა, რამეს ეტყოდა, ან მშვიდობით, ან ნახვამდის, ან აგრძნობინებდა მაინც... მაგრამ საერთოდ არაფერი.... ფიცხელიანების უფროსი ვაჟი კბილებს ილესავდა....შურისძიების წყურვილის გარდა თვალებში არაფერი ედგა. სიყვარულის ადგილი ამ ადამიანის გულში არ იყო....ვერც ლილე ხედავდა თავის ადგილს, რომელიც მოეჩვენა რომ ჰქონდა... სულ პატარა,მოცუცქნული და ალბათ, არასაკმარისიც...... არასაკმარისი..... გააცია.... ეს ხომ უკვე გადაიტანა.... ერთხელ ხომ უკვე გადაიტანა ის ტკივილი, არასაკმარის სიყვარულს, არასაკმარის ურთიერთობას მოეტანა..... მეორედ... მეორედ ამას ვერ დაუშვებდა..... თავს ვერ მიუძღვნიდა კაცს, რომლის თვალებშიც კი არ იყო მისი სიყვარულის ადგილი, მაშინ როცა თვითონ შეეძლო თავდავიწყებით ყვარებოდა.... -გთხოვ, გვაპატიე... -თვალი გაუსწორა ლილემ ბექნუს წასვლის წინ, ხმადაბლა, მამამისს რომ არ გაეგო, რადგან დარწმუნებული იყო, ის მის აზრს არ გაიზიარებდა. -გვაპატიე, რომ ამ სისხლის ხელებიდან მოშორება შეუძლებელია.... მიხვდა ფიცხელიანისთვის , რომელიც აქაურ წესებს, ჩვევებს, ხალხს და საერთოდ ყველაფერს ცამდე აღმერთებდა, თვითონაც დამნაშავე იყო, რადგან დაშნიანი იყო, ბეშქენის ქალიშვილი.... ამ სისხლისმიერ კავშირს ვერსად გაქცეოდა, ისევე როგორც ბიძამისის სისხლის კვალს თავისი ოჯახის წევრების ხელებზე. ქალაქამდე მთელი გზა საკუთარ თავს სუნთქვას აძალებდა....... მესამე ნაწილი -ნანო, კარგი, რა! სად გეჩქარება, დამელოდე.... -წუწუნებდა ლილე და თან მთელს სავაჭრო ცენტრში სირბილისგან დაბუჟებულ ფეხებს ძლივს მიათრევდა იმ უამრავ ჩანთასთან ერთად, ორივე ხელში რომ ეჭირა. -მეორე დღისთვის კაბა მაქვს საყიდელი, ეგღა დამრჩა და მორჩა, ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება... ხომ ყველაფერი მაქვს? -შეღონებულ სახეზე მიაშტერდა ნანო მეგობარს, თვითონ საერთოდ არ ეტყობოდა არც დაღლა და არც ფეხების ტკივილი. პირიქით, ძალიანაც მხნედ გამოიყურებოდა. ალბათ, პატარძლისგან მოსალოდნელიც კი არის ქორწილამდე ერთი დღით ადრე ასეთი ენერგიის მოძალება. -კი, ნანო, გთხოვ, სადმე დავსხდეთ, ყავა დავლიოთ, თორემ გეფიცები აქვე დავვარდები ვირივით და ვერსადაც ვერ წამოვალ, შენს ქორწილში კი არა! -კარგი, ხო, ცოტა დავისვენოთ და კაბაზე მერე გავიდეთ. ერთი მომეწონა, რომ გაჩვენე, ალბათ მაგას ვიყიდი და ბევრს აღარ ვირბენ, ისედაც სალონში ვარ წასასვლელი... შენ რა ქენი, შეარჩიე კაბა? სალომე მკერავთანაა დღეს და დასრულდება მაგისი კაბაც... ძალიან ლამაზი კი იქნება! -კი ვიყიდე, ხვალ განახებ, -თვალი ჩაუკრა მეგობარს და თავისი ჩანთებიანად ჩაესვენა რომელიღაც კაფის მყუდრო სავარძელში. მთელი სხეული მოუდუნდა, სისხლი აუმოძრავდა კიდურებიდან და ღრმად ამოისუნთქა, როცა კვლავ ცოცხალ არსებად იგრძნო თავი... რამ ჩააცვა ეს არაკომფორტული ფეხსაცმელი.... თითქოს არ იცოდა ნანოს ამბავი, მთელს ქალაქს მოატარებდა და ბოლოს მაინც იმას იყიდდა, რაც პირველად მოეწონა.. -მამაშენი კიდევ არ ჩამოსულა? -თვალი თვალში გაუყარა ნანომ მეგობარს, რომელიც ნამდვილად გაკვირვებული ჩანდა, თუ როგორ მოახერხა ამდენი ხანი თავის შეკავება ამ კითხვის დასმისაგან. -გუშინ გვიან ჩამოვიდა... -ღრმად ამოიოხრა დაშნიანმა, ამ თემაზე საუბარიც კი არ სურდა, არც ჰქონდა რაიმე სათქმელი. ნანო უბრალოდ ზედმეტად მეოცნებე იყო იმისათვის, რომ „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ არ დაეჯერებინა. მისი აზრით, ბექნუ აუცილებლად ჩამოაკითხავდა ლილეს, უარს იტყოდა შურისძიებაზე, წაიყვანდა თავისთან სახლში და ცოლად მოიყვანდა... ჭირი იქა, ლხინი აქა... -მერე? -წარბები მაღლა აზიდა ნანომ, თვალებით ანიშნა მეგობარს, ამდენ კითხვებს ნუ მასმევინებო. -არაფერი, ნანო... რა უნდა მომხდარიყო? ცოცხალი რომ ჩამოვიდა, ეგეც მიკვირს. არაფერს მეუბნება საერთოდ, ხმას არ მცემს ამ საკითხთან დაკავშირებით. ფიცხელიანებს არც კი ახსენებს, მე რომ კითხვას ვუსვამ - გიჟდება, ცოფდება, მაგათი გვარი არ მიხსენოო, თავს საერთოდ არ თვლის დამნაშავედ იმის გამო, რაც ჩაიდინა, ნანო, ასეთ მამაჩემს არ ვიცნობ.... ნანომ ღრმად ამოიოხრა. ნელ-ნელა თვითონაც იწყებდა იმის დაჯერებას, რომ ლილესა და ბექნუს შორის ყველაფერი დამთავრდა, უფრო სწორად, რაც არ დაწყებულა, ის დასრულდა. -ამდენი ხანი გავიდა, როგორ არ შემოგეხმიანა.. -ნანო, ზღაპარში არ ვართ, -გააწყვეტინა ლილემ, -ყველაფერი გააზრებული მაქვს და როცა გრძნობები მიჩნდებოდა მის მიმართ, მაშინ უნდა მეფიქრა ამაზე. გეუბნები, ისე წამოვედით, ერთხელაც კი არ შემომხედა ნორმალურად, ერთი სული ჰქონდა ჩემი არსება თავის ეზოს მოშორებოდა. მამაჩემს მისი ოჯახის წევრის სისხლის სიმძიმე ადევს კისერზე, ამას მარტივად არავინ ივიწყებს, ამის დამარცხება, გადალახვა და უგულებელყოფა შეუძლებელია, რაც არ უნდა ძალიან გიყვარდეს ადამიანი. ვიცი, რაღაცას მიმალავს მამაჩემი... რაღაცას არ ამბობს, მაგრამ ძალა აღარ შემრჩა მასაც ვებრძოლო. იმ ადამიანთან ვერასდროს ვიქნები. არც ის მოისურვებს ჩემთან ყოფნას, ვერ მოისურვებს, ან თუ მოისურვებს, თავის თავს არ მისცემს ამის უფლებას. შენ მას არ იცნობ, სოფელში ყველა პატივს სცემდა, ყველას უყვარდა, იმიტომ რომ თვითონ იყო ასეთი - უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით აჯილდოებდა თითოეულ ადამიანს, ადათს და წესს, რაც თავის სოფელთან და მხარესთან არის დაკავშირებული. ამის გამო ძალიან დიდ პატივს ვცემ, მისი ამ თვისების გამოა, რომ მის მიმართ გრძნობები გამიჩნდა, მაგრამ ამავე მიზეზით არ შემიძლია მასთან ყოფნა, ამიტომ ტყუილ ოცნებას შევეშვი. ის არ გამომეკიდება, მე კი მასთან მისასვლელი პირი არ მაქვს. -შენ არაფერ შუაში ხარ, ლილე! არ იცოდი! -როცა შემიყვარდა, ვიცოდი... ვიცნობდი, და მაინც ვაკოცე, მაინც ვაიძულე ამაზე ეფიქრა, მაინც ვაიძულე მის ცნობიერებაში „ჩვენს“ ცნებას ეარსება. მან კი მითხრა, რომ ეს შეუძლებელია. ათასი საშინელებისგან მიხსნა ყველაფრის მიუხედავად, რომ ვუყვარდე არ არის ვალდებული.. -შენი აზრით არ უყვარხარ? -მშვიდად ჩააშტერდა ნანო თვალებში, რითაც მიანიშნებდა, რომ გულწრფელი უნდა ყოფილიყო მასთან. მისი გულიდან წამოსული პასუხი აინტერესებდა მეგობარს და არა თვეების განმავლობაში ცივი გონების მიერ შეთითხნილი თეორიები. -არ ვიცი, -მხრები აწურა ლილემ, ხმა ოდნავ გაუკრთა ამას რომ ამბობდა. სიმართლე თქვა... მართლა არ იცოდა. თვალები ცრემლში ამოევლო, კაფის დიდი ფანჯრიდან ქუჩაში გაიხედა. ზაფხულის ცხელ საღამოს უეცრად წამოსული წვიმა აგრილებდა. ჰაერი ნესტით დამძიმებულიყო, თუმცა მაინც სასიამოვნო სურნელი იდგა. ხეებმა და მცენარეებმა მხოლოდ აქა-იქ რომ შეინიშნებოდნენ ამ ქუჩაზე, თითქოს როგორც იქნა, სული ამოითქვეს...... ლილეც როგორ ელოდა წვიმას ამ სიცხეში, თვითონაც როგორ უნდოდა თავის დახუთულ სულსაც ეგრძნო შვება. -ადამიანის ბუნება როგორი სასაცილოა, როგორი ინერტული... რომ არ მეკრძალებოდეს, ასე ძალიან არც მენდომებოდა ალბათ.... ნანოს ხმა აღარ ამოუღია, სახეზე ინტერესით აკვირდებოდა მეგობარს. ამხელა უიმედობა ბოლოს როდის დაინახა მის თვალებში ვერც კი იხსენებდა. ბრაზობდა, საშინლად ბრაზობდა, ასე ყურებჩამოყრილი რომ იჯდა ლილე მის წინ, დანებებული და ფარხმალდაყრილი, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან კარგად ესმოდა მისი. ამიტომ არჩია გაჩუმება, ჭრილობები რომ არ განეახლებინა მისთვის. ქორწილის დღეს თავი ძლივს წამოსწია საწოლიდან. მთელი ღამის უძილარს ისე დამძიმებოდა ტვინი, დიდი სიამოვნებით შეიბრუნებდა ძილს ასეთი მნიშვნელოვანი დღე რომ არ ყოფილიყო მისი უახლოესი მეგობრის ცხოვრებაში. სალონში წასვლაზე არც უფიქრია, ამ სიცხეში მაინც ყველაფერი ჩამოერეცხება სახიდან საღამომდე. მუქი შინდისფერი კაბა ჩაიცვა, საკმაოდ თამამი ოთხკუთხედი გულით, წვრილი ბრეტელბით, წელში გამოყვანილი და შემდეგ გაშვებული, მუხლს ოდნავ ქვემოთ. მის სხეულს ქალურობა ისედაც არ აკლდა, სავსე ფორმებით ნებისმიერი ჩაცმულობით სექსუალურად გამოიყურებოდა, ეს კაბა კი გამყოფი ზღვარი იყო თითქოს იდუმალ სინაზესა და აშკარა მიმზიდველობას შორის. ნანოს სახლამდე თავისი მანქანით მივიდა. სალომეც უკვე იქ იყო ჩაცმულ-დახურული და მეგობარს უზარმაზარი საქორწინო კაბის ჩაცმაში ეხმარებოდა. მთელი კვირის ნაგროვები ენერგია და შემართება სახიდან გამოსცლოდა ნანოს, იმდენად ნერვიულობდა. ლილეს დანახვაზე ქვედა ტუჩი კმაყოფილების ნიშნად გამობზიკა და წარბებიც აათამაშა. -რაღა დროს ის მთის ტყიურია ქალო, ყველა კაცი შენ დაგესევა, კარგად გაახილე ამაღამ თვალები... -ხუმრობის ხასიათზე მოვიდა პატარძალი. ლილეს არაფერი უთქვამს, მხოლოდ თავი გააქნია და საქორწილო კაბის კორსეტი შეუკრა მეგობარს. ნანო არაჩვეულებრივი პატარძალი იყო, დედოფლური, ზუსტად ისეთი, როგორიც პრინცესულ ანიმაციურ ფილმებშია. -ლილე, შენ ხო მანქანით ხარ? -ოთახში შემოიჭყიტა ნანოს ძმამ, ოთომ, ლამაზად გამოწყობილი გოგონების დანახვისას მანაც ზუსტად ისეთი გამომეტყველება მიიღო,როგორიც ნანოს ჰქონდა, ლილე რომ ოთახში შევიდა. -დიახ, ოთარ... -გააწვალა მეგობრის უმცროსი ძმა დაშნიანმა, -რა ხდება? -აუ, სიძის რამდენიმე ძმაკაცი უნდა ჩაისვა ეკლესიიდან რესტორნამდე, დასალევად მოდიან მაინც და ტყუილად რომ არ დასხდნენ საჭესთან..... -ოთო, თუ რამეს მემაიმუნები იცოდე, არ ვიცი, რას გიზამ. -კაი, რა, ლიანა, არა გრცხვენია? არ გემაჭანკლები შენს თავს გეფიცები, მართლა აღარავინ დარჩა მანქანიანი სხვას რომ ჩავუსვა... ერთი ცოლ-ქმარია თან, არ ინერვიულო. -კარგი, ხო, აღარ გავაჯანჯლებ ახლა, მაგრამ რამე ისე თუ იქნება, იცოდე, ჩავსვამ მანქანიდან, სადაც არ უნდა ვიყო, გადაეცი. -ლილე, რას ამბობ, -შეიცხადა ნანომ, -თორნიკეს ეწყინება.... -შენს ქმარს დღეს არაფერი ეწყინება, თან ვიხუმრე, დამშვიდდი..... ჯვრისწერამ მშვიდად, ტრადიციების დაცვით ჩაიარა. ლილეს თვალზე ცრემლი მოადგა, საოცარი რიტუალი იყო მისთვის ჯვრისწერა ყოველთვის. მშვიდი, სუფთა და გულწრფელი. კავშირის სიწმინდის, ძლიერების და ერთობის დამამტკიცებელი რიტუალი, რომელიც წყვილს სულიერად იმდენად აახლოვებს ერთმანეთთან, რომ სიკვდილსაც კი არ შეუძლია ამ კავშირის შესუსტება, არა თუ შეწყვეტა. საოცარ შვებას გრძნობდა, ახლა, როცა თავის მეგობარს უყურებდა უსაყვარლეს ადამიანთან ერთად, რომ თავადაც არ ჰქონია გაგაზე ჯვარი დაწერილი, რომ ამ წმინდა კავშირსაც არ მიაყენა შეურაცხყოფა თავისი ბინძური არსებობით ყოფილმა ქმარმა... ცრემლები ჩუმად შეიმშრალა და ტაძარი დატოვა. ნეფე-პატარძალი ჯერ კიდევ შიგნით იყვნენ მეჯვარეებთან ერთად სურათების გადასაღებად. ცოტა სუფთა ჰაერის გადაყლაპვა არ აწყენდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ასეთ თაკარა სიცხეში. ეკლესიის გრილ ჩრდილს მოეფარა და ოთოს დაუწყო თვალებით ძებნა. -ოთო, სადა ხარ? -დაურეკა ბოლოს, -ეკლესიის გვერდით ვდგავარ ჩრდილში, სად არიან თორნიკეს მეგობრები? -მოდი, გასასვლელთან ვართ, ჩემთან არიან გელოდებით.. ძლივს წამოიზლაზნა ფეხზე და გასასვლელისკენ წავიდა. ხალხი ერთმანეთში ირეოდა, ყველას ფოტოების გადაღება უნდოდა, ლილეს კი ერთი სული ჰქონდა მანქანაში ჩამჯდარიყო და ამდენ ადამიანს გარიდებოდა. მას შემდეგ, რაც ლელეთიდან ჩამოვიდა, მარტოობას შეეგუა, ჯერ ერთი წელიც არ იყო გასული, მაგრამ განდეგილობა ყველაზე დიდ შვებას და თავისუფლებას ანიჭებდა. მიხვდა, საკუთარ თავთან დარჩენა რომ იყო მის ცხოვრებაში ერთადერთი განაჩენი, რომელსაც ვერსად გაექცეოდა. ჭიშკართან მისული ნაცნობმა ხმამ გამოგლიჯა სევდიანი ფიქრების კლანჭებიდან. თავისი თვალებით რომ არ ენახა, ალბათ იფიქრებდა კიდეც, რომ ელანდებოდა მისი ხმა მასზე ამდენი ფიქრისგან. მუცელში ნაცნობმა სიმხურვალემ ჩაუწვა ყველა ორგანო და მუხლები შეუსუსტდა. სუნთქვა ვერც კი გაიაზრა ისე შეეკრა. ლილეს წინ იდგა, შავ შარვალ-კოსტუმსა და თეთრ მაისურში გამოწყობილი, რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდა ოთოს რომ ელაპარაკებოდა. თითქოს არაფერი ჰქონდა საერთო იმ მთის კაცთან, რვა თვის წინ რომ შეხვდა ლილეს, თოფგადაკიდებული რომ ტყეში დარბოდა, შეშას რომ ჩეხავდა, ცეცხლი რომ მოჰქონდა თოვლით გადაპენტილ შარაზე.....ლილეს რომ სიცხეს უზომავდა.... ყველაფერი თვალწინ დაუდგა იმ წამს დაშნიანს. ორი წამის შუალედში გაფუჭებული ფირივით თვალწინ გადაურბინა ყველაფერმა, ისე სწრაფად, თითქოს არც ყოფილიყოს, ისე სწრაფად, შეუიარაღებელი თვალი რომ ვერ შეამჩნევს, მის დასანახად რომ გული და მახვილი მზერაა საჭირო. როგორი ხმა ჰქონია როცა იცინის.... გულ-მუცელი ჩაენავლა, გაეყინა ლილეს იმაზე ფიქრისას, რომ თვითონ ვერასოდეს იქნებოდა მისი ასეთი ლაღი სიცილის მიზეზი, თვითონ ვერასდროს დაესწრებოდა მის ბედნიერ წამებს, იმ შემთხვევითობას თუ არ ჩავთვლით, რომ გაუმართლა დაშნიანს და ახლა დაუდგა. -მოხვედი, ლიანა? -ოთოს ხმამაღალმა შეძახილმა და მხრებზე ხელის გადახვევამ შეაფხიზლა ლილე, ბექნუმ დაბნეული მზერა გადაატარა ჯერ ოთოს, შემდეგ მის გვერდით მდგარ ქალს და ღიმილი სახეზე შეახმა. თვალებს თითქოს არც ის უჯერებდა. ლილეს სხვაგან გახედვა არ უნდოდა, ერთი სული ჰქონდა ფიცხელიანის თვალებში რამე ისეთი დაენახა, რაც აფიქრებინებდა, რომ ამდენი ხანი ტყუილად არ ელოდა, რომ ამ შემთხვევითობის მიუხედავად მასაც უნდოდა ქალის ნახვა. მაგრამ საერთოდ არაფერი. -ლილე გაგიყვანთ შენ და დემეს მარიკასთან ერთად, ბექუშ. წავედი ახლა მე სხვებიც მყავს დასაბინავებელი, აბა შენ იცი, ლილი, არ შემარცხვინო. -მხარზე ხელი მოუთათუნა ოთომ დაშნიანს და სანამ რომელიმე რამის თქმას მოასწრებდა, მანამდე მოკურცხლა იქედან. მხოლოდ ახლაღა შენიშნა ბექნუს გვერდით მდგარი დემეტრე და მარიკა, რომელსაც მუცელი აღარ ჰქონდა. ოთხივენი დაძაბულები მიშტერებოდნენ ერთმანეთს და ვერცერთი იგებდა, რა უნდა გაეკეთებინათ. -დემე, მომეცი შენი გასაღები, -პირველი ხმა, რა თქმა უნდა, უფროსმა ფიცხელიანმა ამოიღო. -ბექა, კარგი რა! -დაიწუწუნა მარიკამ, ლილე გახევებული იდგა ერთ ადგილას. -ამის მანქანაში არ ჩავჯდები, -გაჯიუტდა კაცი და ისეთი მკაცრი მზერა დაასო ლილეს სახეზე, ქალის უშრეტი გამბედაობა რომ არა, ნებისმიერი სხვა მის ადგილას ალბათ ტირილსაც კი დაიწყებდა. -„ამის“ ვის? -გამოსცრა ლილეს, საკუთარ თავზე უფრო იყო გაბრაზებული ახლა, ვიდრე ამ ტყიურ კაცზე, როგორც ნანო ეძახდა, მაინც რაღაც კარგის იმედი რომ ჰქონდა მისგან. -არაფერი არ მისცე , დემეტრე. მე მთხოვა ოთომ და მე წაგიყვანთ, თორემ იფიქრებს, რომ მე არ ჩაგისვით მანქანაში. -შენ არავინ გეკითხება! -ცხივრწინ დაუქნია საჩვენებელი თითი ფიცხელიანმა და ანიშნა ადგილიდან ჩამოშორებოდა, თუმცა ლილეს ფეხიც არ მოუცვლია. -აქეთ არის ჩემი მანქანა. -თავით ანიშნა ცოლ-ქმარს, მერე გასაღები ამოიღო და კარი ორივეს გაუღო. -დემეტრე, მომეცი მეთქი გასაღები! -ჩაჯექი და კონცერტს ნუ აწყობ, -მხარში მოქაჩა ლილემ კაცს. ამ თაკარა სიცხეში ისე გააცია მის შეხებაზე დაშნიანს, შემდეგ კი მეხდარტყმულივით იმხელა მხურვალე ტალღის შემოტევა იგრძნო მთელს სხეულში, რომ ნერწყვი ძლივს გადააგორა საყლაპავ მილში. შეხებას არც ფიცხელიანი ელოდა, მთელი სხეული დაეძაბა იმდენად ახლოს იყო ლილეს მოღეღილ მკერდთან და ალმურავარნდილ სახესთან, ერთი ნაბიჯიც არ სჭირდებოდა რომ შეხებოდა. დროულად რომ არ მოშორებოდა, ლილემ ნამდვილად არ იცოდა რა დაემართებოდა, თითქოს მთელი სამყაროს ცენტრი ბექნუს სხეულში მოქცეულიყო და ყველაფერი მისკენ ექაჩებოდა. არ იცის, რის ფასად დაუჯდა ოდნავ მაინც რომ მოშორებოდა. კაცი რამდენიმე წამი შეყოვნდა, შემდეგ მაინც დაჯდა მის გვერდით და კარი ისეთი ძალით მოიხურა, მარიკა ადგილზე შეხტა. დემეტრესაც დაძაბულობა მოეხსნა და ლილეს უკანა ხედვის სარკიდან მოეჩვენა კიდეც, რომ გაეღიმა. -თქვენ აქ საიდან? თორნიკეს ნათესავები ხართ? -სიტუაციის განმუხტვა სცადა ლილემ. ბექნუს არსებობას არც იმჩნევდა. -ბექა და თორნიკე კურსელები და ძმაკაცები არიან. -პასუხი დემეტრემ გასცა, რა თქმა უნდა, უფროსი ხომ კრინტს არ დაძრავდა. -ბექა? -გულწრფელად გაუკვირდა ლილეს,- ასე გქვია? -ხო, ბექნუს მოფერებით ვეძახით, მაგრამ ახლა ნამდვილად არ იქცევა ისე, რომ ვინმემ კნინობით- ალერსობითი ფორმით მიმართოს. -დაისისინა დემეტრემ. -მარიკა, ბავშვი როგორ არის... გოგოა? -კი... როგორ მიხვდი? -გაუკვირდა მარიკას. თან გაუხარდა თემის გადატანას რომ ცდილობდა დაშნიანი. -არ ვიცი, უბრალოდ... რა დაარქვით? გილოცავთ! -მადლობა, ლილე... -არაფრის... სახელს არ მეტყვით? -ლილე დავარქვით. ქალმა გაოცებისგან თვალები დაქაჩა. აშკარად რაღაც ანომალიურ ოჯახთან ჰქონდა საქმე. საჭეს მთელი ძალით ჩააფრიდა, მოულოდნელობისგან რამე სისულელე რომ არ მოსვლოდა. წარბები მაღლა აზიდა. ერთ ძმას მისი დანახვა არ უნდა, მეორემ თავის შვილს მისი სახელი დაარქვა. -რა.. მაგარია... -ჩაიცინა, ვერ ხვდებოდა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა. შეიძლება, მის გამო საერთოდაც არ დაარქვეს და რომელიმეს ნათესავსაც ერქვა ეს სახელი, ბოლოს და ბოლოს, მთის ხალხში ბევრს ჰქვია ლილე, ამიტომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება გადაიფიქრა საერთოდ, უხერხულობაში რომ არ ჩავარდნილიყო. რესტორნამდე მშვიდად იმგზავრეს. დანარჩენებზე ადრე მოვიდნენ. ეზოში ორიოდე ადამიანი თუ იქნებოდა მათ გარდა კიდევ. დემეტრე და მარიკა მაშინვე რესტორანში შევიდნენ. ბექნუ ტელეფონზე საუბრობდა რაღაცას გამალებით. პიჯაკი გაეხადა და თეთრი მოკლემკლავიანი მაისურიდან ისე მედიდურად მოუჩანდა გაშლილი მხრები, ძლიერი მკლავები და კისერი, აქამდე რომ არ შეუნიშნავს ლილეს. მონატრებისგან სუნთქვა გაუხშირდა, მაგრამ ეს კაცი ამის საშუალებასაც არ აძლევდა. თვალებში ჩახედავდა თუ არა, მაშინვე აგრძნობინებდა, რომ ტყუილი ოცნების კოშკების აგება საჭირო არ იყო. ლილეს შიგნით შესვლა და მისთვის თავის არიდება არც კი უფიქრია. მშვიდად დაელოდა, როდის გათიშავდა ტელეფონს და მაშინვე მისკენ დაიძრა გამოზომილი, თავდაჯერებული ნაბიჯებით. ბექნუმ თვალები მობეზრებით გადაატრიალა, რითაც ანიშნა, რომ ახლა მისი ტლიკინის მოსმენის თავი არ ჰქონდა, თუმცა დანებებას არც დაშნიანის ქალი აპირებდა. -სად გარბიხარ? -ზუსტად ის სიტყვები უთხრა, რაც იცოდა, რომ ადგილზე მიაჯაჭვავდა კაცს, -არ შეგჭამ, ნუ გეშინია. -რა გინდა? -მობეზრებული სახით მოტრიალდა ლილესკენ და ზემოდან დააშტერდა. -მამაჩემი იყო ჩამოსული... -ლილე, რა გინდა - მეთქი, -დაეტყო ფიცხელიანს, ბეშქენის ხსენება დიდად რომ არ ესიამოვნა. -რაღაცას მიმალავთ... ან ის გვიმალავს ორივეს... -შენი კონსპირაციები ჩემთან რა შუაშია? -მამაჩემი იყო-მეთქი ჩამოსული! მამიდაჩემის სიკვდილის შემდეგ პირველად მე ჩამომაკითხა და დავიჯერო რომ მეორედ უმიზეზოდ ჩამოვიდა? დავიჯერო, რომ ამ ვიზიტს შენთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა? თანაც მეჩვენება, რომ თავი კი არ მოგაბეზრე, უბრალოდ შენ გინდა, რომ ეგრე მეგონოს, რეალურად გამირბიხარ. მომიყევი, რა მოხდა. -კინაღამ დამავიწყდა ასეთი რომ ხარ! -ოხვრას ამოატანა ფიცხელიანმა სიტყვები. -როგორი ასეთი? შენ რა გგონია, ვიგინდარასავით დამელაპარაკები და მე შეგარჩენ? -მამაშენს რატომ არ ჰკითხავ? რატომ ჩამოვიდა, ჰკითხე მამაშენს, მე რომც ვიცოდე, არ გეტყვი, არაა საჭირო ყველაფერში ცხვირი ჩაყო. -მომისმინე! -უკან დაგაბრუნებას აპირებდა ფიცხელიანი, ლილემ რომ მკლავში ჩაავლო და მისკენ მოაბრუნა, ქუსლებზე შემდგარი მის სახეს უსწორდებოდა და ასეთ ხვატიან ამინდშიც კი გრძნობდა მამაკაცის ცხელ სუნთქვას საკუთარ სახეზე. ძალიან დიდი ძალა დასჭირდა იმ წამს საკუთარ სიბრაზეზე რომ კონცენტრირებულიყო და იმ სახეზე მიფერებოდა, გულგრილობა რომ ჰქონდა აწებებული ბექას. -შტერს ვგავარ? შენი აზრით, მე არ მეხება ის რაც მოხდა? ორი კვირა შენს სახლში ვცხოვრობდი და ისე გამომაგდე, ზედაც არ შემოგიხედავს. მერე მამაჩემმა ჩამოგაკითხა, ზუსტად ვიცი შენთან იყო, თანაც კრინტს არ ძრავს ამაზე. იცოდე, სიმართლეს თუ არ მეტყვი, ჩემი ფეხით ჩამოვალ და გავარკვევ. ჩემს ნერვებს და მოთმინებას ნუ ეთამაშები, თორემ თქვენი შურისძიების წყურვილი მონაგონი იქნება იმ ამბავთან, რასაც მე დავატრიალებ! კაცს წამიერმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. აშკარად ეტყობოდა, ძალიან ნასიამოვნები ჩანდა ლილეს გაწიწმატებული სახის ყურებით და მუქარის მოსმენით. თვალებში იქამდე უყურებდა, სანამ ქალი არ დამშვიდდა. -არ გამიგდიხარ, მამაშენმა მოგაკითხა და გაგიშვი, -უთხრა მშვიდი, გულგრილობისგან დაცლილი ხმით. -სიხარულით მომიშორე თავიდან, მაშინ როცა მე... -სიტყვა შუაზე გაუწყდა ლილეს. მიხვდა, დაუფიქრებლად რომ იქცეოდა, გრძნობდა, ამდენხნიანი განშორების მერე მასთან ახლოს ყოფნა გონებას რომ ურევდა, სურვილი რომ ყველანაირ საღ აზრს უხრჩობდა. -როცა შენ რა? -ჩაეძია კაციც, ერთი სანტრიმეტრითაც კი არ მოშორებია, რომ ლილესთვის საქმე გაემარტივებინა. -იცი, რაც. არ გინდა თავის გასულელება! -ოდნავ დამარცხებული ბრაზით უთხრა ლილემ და თვითონ დაიხია უკან ერთი ნაბიჯით. თვალები ცრემლით აევსო და სასწრაფოდ მიიხედა გვერდზე, რომ არავის შეემჩნია. -შენ კი ჩემი დანახვაც არ გინდა... უფრო საკუთარი თავის გასაგონად თქვა, ვიდრე იმას რომ გაეგო, ვისაც ყველაზე მეტად უნდოდა, რომ სცოდნოდა, მაგრამ აშკარა იყო ფიცხელიანის ყურსაც რომ მისწვდა ეს ამბავი. ლილე მიხვდა, ვერაფერს გაიგებდა ამ კაცისგან და მეგობრის ქორწილისთვის ხასიათის ჩაშხამება აღარ უნდოდა. ხალხიც ნელ-ნელა შეიკრიბა რესტორანში. თვითონ თავის მეგობრებთან იჯდა, მაქსიმალურად ცდილობდა ყურადღების სხვა თემაზე გადატანას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ფიქრებით ხან ფიცხელიანს დასტრიალებდა, ხან მამამისს... ორივეზე საშინლად ცხარობდა, მაგრამ გამოსავალსაც ვერსად ხედავდა. ნახევარმა ქორწილმა ისე გაიარა ლილე ფიცხელიანებს სათოფეზე არ გაჰკარებია. მათი იქ ყოფნით იმდენად იყო დაძაბული, ძლივს იღიმოდა გარშემომყოფების ხუმრობებსა და ბედნიერებაზე. ძალიან უნდოდა ოთოსთვის ეთხოვა ვინმე სხვა გადმოესვა მის მანქანაში სახლში დაბრუნებისას, მაგრამ ოთო უკვე ისე დამთვრალიყო მისთვის რამის თქმას აზრი სრულებით დაეკარგა. იმის გახსენებაზე, რომ მთვრალი ფიცხელიანი კიდევ აღმოჩნდებოდა მის სიახლოვეს მიუხედავად იმისა დემეტრე და მარიკაც რომ იქვე იქნებოდნენ თავგზას ურევდა. საერთოდ როგორ უნდა ემართა საჭე, როცა ამ კაცის ერთი გამოხედვა, მისი სურნელი და სხეულის ჩრდილიც კი გონებას უფანტავდა. ყურადღების გადასატანად ხან ვის ეცეკვა, ხან ვის. უკვე ყველა გვარიანად შეზარხოშებული იყო. ამხელა ქორწილში, სადაც მინიმუმ სამას კაცს მაინც მოეყარა თავი, პირველად იყო და ერთი სული ჰქონდა აქაურობას ძალიან სწრაფად და უფრო მეტად შორს გაქცეოდა. სახეზე სიმშვიდე და უდარდელობა აეწებებინა გული კი ფორიაქით ჰქონდა ამოვსებული და საკუთარი შინაგანი და გარეგანი სამყაროების ასეთი დრამატული განსხვავება იმაზე მეტ ძალას ართმევდა, ვიდრე უბრალოდ ცუდად ყოფნა. წამიერად თვალი გაგას რომ მოკრა, ეგონა მოეჩვენა, მაგრამ მერე უცებ კარგად მივიწყებული ინფორმაციის გახსენებამ მთელს სხეულში გააცია. როგორ არ გააფრთხილა ნანომ აქამდე! ან ეს რამ გამოატვინა ასე ძალიან, თორნიკეს და გაგას ნათესაობა რომ გადავარდა გონებიდან. ბექასთან და ამ არსებასთან ერთად ერთ შენობაში ყოფნა ლილესთვის ბედისწერის ყველაზე ხმამაღალი და გამაყრუებელი დაცინვა იყო. პანიკას ცოტა აკლდა გაგამაც რომ შენიშნა ყოფილი ცოლი და მისკენ მტკიცე ნაბიჯებით დაიძრა სახეზე უდარდელი ღიმილით გასხივოსნებული. ლილეს გულისრევა ყელში ამოაწვა. -შეიძლება ამ უმშვენიერეს მანდილოსანს ვეცეკვო? - წინ აესვეტა და ხელი ისეთი კეკლუცური ღიმილით გამოუწოდა ქალს, თითქოს პირველად ხედავდა და მისი შებმა უნდოდა. -გაგა, არ მაქვს შენი ნერვები, თავი დამანებე. - მკაცრად ახედა ლილემ, ამხელა ქუსლებზე ამხედრებულს ისედაც ფეხზე დგომის თავი აღარ ჰქონდა გაგაც რომ არ დამატებოდა ზემოდან. -მთელი ქორწილის კაცებთან იცეკვე და მე მწყვეტ გულს? ასეთმა აშკარა შეურაცხყოფამ კაცის მხრიდან ლილეს სახეზე ალმური მოსდო, გულ-მკერდიც კი კაბის ფერი გაუხდა ბრაზისაგან. -ეგ კაცები ჩემი უახლოესი მეგობრები არიან, გაგა! და თავიდან მომწყდი, არ მინდა ყურადღება მივიქციოთ და ნანოს ყველაფერი ჩაშხამდეს შენი უაზრო ქცევის გამო! -სულ არ შეცვლილხარ, -გულისამრევად აათვალიერა ქალი გაგამ ავხორცი სურვილით სავსე თვალებით. ლილეს თავი შეძულდა ოდესღაც ამ კაცთან რომ იყოფდა სარეცელს, თავის ღირსად რომ თვლიდა. - ერთი მეცეკვე და გაგეცლები, მართლა.. მკლავში ხელი ჩაავლო ლილეს და ასადგომად უბიძგა. მის შეხებაზე გააჟრჟოლა დაშნიანს და მკლავი აუქნია, რომ მოშორებოდა. -არ შემეხო იცოდე! -საჩვენებელი თითი დაუქნია ქალმა და ფეხზე წამოხტა. გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა. ერთმანეთში არეული ღვინის, საჭმლის და სიგარეტის სუნი გულს უხუთავდა. ზოგი ისე დამთვრალიყო ფეხზე ძლივს იდგა, ზოგს ჯერ კიდევ შერჩენოდა ჭიქის აწევის და მკლავზე მოპორწიალე მავედრებელი ცოლის მოშორების უნარი, ზოგი გამეტებით ცეკვავდა მუსიკაზე, რომლის რიტმშიც საერთოდ არ ჯდებოდა მათი მოძრაობები, ზოგი უბრალოდ მშვიდად იჯდა და დაღლილი თვალებით აკვირდებოდა სანახაობას სადაც უამრავი ადამიანი აჩენდა თავის ამაზრზენ სახეს. სასიამოვნო სიგრილე იყო რესტორნის ეზოში. რამენიმე მთვრალ კაცს მოეყარა ერთად თავი, ხელგადახვეულები სიგარეტს ეწეოდნენ და ერთმანეთს კაცობას უქებდნენ. მოშორებით შეკრებილიყვნენ მათი ცოლები და ნახევრად მძინარე შვილები, გამწყრალი თვალებით რომ უყურებდნენ ქმრებს და მამებს და ერთი სული ჰქონდათ აქედან გაქცეულიყვნენ. გრილმა ჰაერმა ლილეს სული მოათქმევინა. ფოთლები საამოდ შრიალებდნენ ოდნავ მონაბერი ნიავის წყალობით. კეთილმოწყობილი კაპიტალური რესტორნიდან გუგუნით ისმოდა ხმამაღალი მუსიკა. რა თქმა უნდა, მისი მცდელობა, რომ გაგასგან თავი დაეღწია უშედეგო გამოდგა.. კაცი უკან გამოყვა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დაუდგა წინ ხის ძელსკამზე მჯდარ ლილეს, იდაყვი რომ საზურგეზე ჩამოედო და თავს ხელისგულზე ასვენებდა. -შენ სად უნდა გამექცე, ლილე, მე რომ ვერ მოგაგნო? ქალმა არაფერი უპასუხა. ზედაც არ შეუხედავს მისთვის. ზაფხულის ჩაბნელებულ ცას გაჰყურებდა და თავდაუზოგავად ცდილობდა საკუთარი თავის გარემოსგან იზოლირებას. -სექსუალური ხარ… -შენ მთვრალი და გულისამრევი, - არც განძრეულა ისე შეხედა ლილემ ამღვრეულ თვალებში კაცს. გაგას ჩაეცინა, თუმცა კი გაღიზიანება შეეტყო. -არ გიხდება ასეთი სიტყვები.. -რა გინდა, გაგა? ხომ გითხარი, თავი გამანებე-მეთქი, რატომ არ გესმის? ან ამ ქორწილში რა თავის გამოჩენა მოგინდა, წადი რა, შენს ცხოვრებას მიხედე! თავი მომაბეზრე! -წესიერად მელაპარაკე! -მკლავში უხეშად ჩაავლო ხელი ლილეს და ფეხზე ადგომა აიძულა. ქალს სიჩქარისა და მოულოდნელობის გამო ფეხი გადაუბრუნდა, კოჭი საშინლად ეტკინა, თუმცა ყველა ფიზიკურ ტკივილს იმ წამს გაგას უხეში და უპატივცემულო საქციელით გამოწვეულმა გაკვირვებამ აჯობა. -გაგა, როგორ მექცევი! ხელი გამიშვი! -დაეჯაჯგურა კაცს, თუნმცა ისე ძლიერად უჭერდა ხელს მკლავზე, ვერაფერს გახდა. ბრაზი ყელში უთუხთუხებდა. -როგორ გექცევი, ლილე? -სახე ახლოს მიუტანა გაგამ, ალკოჰოლის სუნმა ცხვირი დაუწვა ქალს. -მშვიდად ნათქვამი არ გესმის, იქნებ, ასე გაგაგებინო რამე. -რა მითხარი მშვიდად და რა არ გავიგე? შენგან ასეთ უპატივცემულო მოპყრობას არ ავიტან… გაგამ ხმამაღლა გადაიხარხარა. -შენთვის ეს არის უპატივცემულო მოპყრობა და შენ რასაც მიკეთებდი მთელუ ჩვენი ცოლქმრობის განმავლობაში, ეგ ნორმალური იყო? ყოველთვის ზემოდან მიყურებდი, ყოველთვის ჩემზე ძლიერად და მნიშვნელოცნად მიგაჩნდა თავი! შენ იყავი მთავარი! -თუ ეგრე არ გინდოდა, რომ ყოფილიყო, ერთხელ მაინც აგეღო შენს უბადრუკ თავზე პასუხისმგებლობა. ერთხელ მაინც გეცადა ტვირთის განაწილება! მარტივია ყველაფერი ქალს დაადო მხრებზე და მერე სიძლიერის გამო კიცხავდე თავმოყვარეობაშელახული! -ლილე ხმადაბლა, თუმცა ბრაზით სავსე ხმით პასუხობდა. სისხლი უდუღდა ამ არაკაცს ასე ახლოდან უყურებდა და მისი მოკვლა არ შეეძლო. -საინტერესოა ვისი თავმოყვარეობა შეილახა, კაცი სხვა ქალთან გაგექცა! -შენ მე არსად გამქცევიხარ, წასვლა გინდოდა და არავინ გაგაკავა! დამნაშავე მე არ ვარ შენს ღალატში, გაგა. ჩემს თავმოყვარეობას და ღირსებას შენ რაც არ უნდა გამიკეთო, ვერასდროს ვერ გასვრი და შეეხები. დამნაშავე ისაა, ვინც ღალატში დაინახა გამოსავალი და არა ურთიერთობის გამოსწორებაში, ან იმაში, რომ სიძლიერე გამოეჩინა, გაშორებოდა ცოლს და ისე დაეწყო სხვა ქალთან ურთიერთობა მოღალატის იარლიყის აკვრის გარეშე! ლაჩარი ხარ და ამავდროულად არაკაციც, ამ ბრწყინვალე კომბინაციას არაფერი ეშველება სამწუხაროდ, რადგან შენს სისუსტეს ყოველთვის სხვას დააბრალებ საკუთარი დაბინძურებული ღირსების დასაფარავად! არასწორი მსხვერპლი აარჩიე! -დაძაბულობისგან ხმა უწყდებოდა ლილეს, როცა ამ სიტყვებს ეუბნებოდა გაგას, თუმცა ყველაფრის პირში მიხლისგან მიღებული სიამოვნებით იმდენად იყო დაბრმავებული, კაცის შეშლამდე მისულ სახეს სულ ვეღარ ამჩნევდა. -შე ! -მრისხანებისგან ხმა დაბოხებოდა გაგას, ცხოველივით იღრიალა და ლილეს ისე ძლიერად უბიძგა ხელით, რომ ქალი ხის ძელსკამს თეძოთი და მხრით მიეხეთქა. -ბავშვის გაჩენაც არ შეგიძლია, ვის რაში სჭ… სიტყვის დასრულება არ დასცალდა, ისე ძლიერად მოხვდა სახეში ვიღაცის მოქნეული ხელი. ლილეს სკამზე მიხეთქების სიმწრისგან დახუჭვოდა თვალები და ვერც კი გააცნობიერა, როდის მივარდა მათთან მესამე პირი და როდის მოასწრო გაგასთვის სახეში მოქნევა. თვალი რომ გაახილა სიმწრის ცრემლებმა მზერა დაუბინდა, ამღვრეული გამოსახულების მეტს ვერაფერს ხედავდა. ახლა მარტო კოჭი კი არა მხარი და თეძოს ძვალიც საშინლად სტკიოდა. ტკივილისგან ხმა ვეღარ შეიკავა და ოდნავ ამოიგმინა, როცა წამოდგომა სცადა. ვიღაც თეთრმაისურიანი ზემოდან დადგომოდა გაგას და ყელზე ხელებს უჭერდა. -მიკარება არ გაბედო მეორედ, თორემ ცხვირის გატეხვას არ დავჯერდები და კისერსაც ზედ მიგაყოლებ, ხო გაიგე? ხალხის ჩურჩულისა და წამოკივლებისგან ნათლად გამოარჩია უფროსი ფიცხელიანის გამძვინვარებული ღრიალი ლილემ და ენა მუცელში ჩაუვარდა შოკისგან. მთელი საღამო ცდილობდა ამ ქალისგან შორს ყოფნას. იქეთ არც კი იხედებოდა, სადაც ის ეგულებოდა. არადა, ისეთი ლამაზი იყო, ისეთი მაცდური და ამავდროულად მიუწვდომელი, არავისთვის ემეტებოდა. ყელში ერთი ყლუპი ღვინოც არ გადასვლია. საკუთარი თავის და მოთმინების იმედი აღარც ფხიზელს ჰქონდა, მთვრალს - უფრო მეტად ამ ჯადოქრის სიახლოვეს რომ იყო. ნელიმ სიმართლე უთხრა, რომ ჯადო ედო. ასეთი რაღაცების არასდროს სჯეროდა, მაგრამ ახლა დარწმუნებული იყო, რომ ლილეს არსებას ჯადოსავით მოეცვა მისი სხეული, სული და გონება. შეუძლებელი იყო ამისთვის რამე სხვა ეწოდებინა ბექას, როცა მისი დანახვის დღიდან ლილესგან გაქცევის მეტს არაფერს ცდილობდა, მაგრამ მისი გულიც და სულიც ერთდროულად ღალატობდა, ყველაფერი მისკენ ექაჩებოდა. ამ წამსაც მასზე ფიქრის წინააღმდეგ ჭიდილში ატარებდა უახლოესი მეგობრისთვის უძვირფასეს დღეს. იჯდა და ლილეს არსებაში საკმარისი ნაკლების ძიებას ცდილობდა, რომ საკუთარი გული არასწორ არჩევანში დაერწმუნებინა. რომ არ იყო ეს ქალი სამისო, მაგრამ ვერაფერი გამოუძებნა საკმარისად ძლიერი, საკმარისად საშინელი და ავი, რაც ლილეზე გულს ააცრუებინებდა. მხიარულებასა და მეგობრებთან გართობაშიც კი იდეალური იყო, ასე მიმზიდველად ჩაცმულიც კი არ ჩანდა ვულგარული, ნაკლიანი. ბექას ეჩვენებოდა რომ ამ ქალში ყველაფერი იყო, ავიც და კარგიც, მაგრამ ვერაფერი აიძულებდა მასზე ავად ეფიქრა, ვერაფერი აიძულებდა რამე ავი ეგრძნო მის მიმართ. ის კაცი რომ დაინახა მკლავში როგორ ჩააფრინდა და მერე როგორ მოიშორა ლილემ, სხეულის ენით მიხვდა, უცნობი რომ არ იყო. “ალბათ ყოფილი ქმარია”, მაშინვე დასჩხავლა არსაიდან მომავალმა ბოროტმა ხმამ და სხეულში გასცრა. მზერა სასწრაფოდ მოარიდა. ისიც კი არ აწუხებდა რომ ადრე სხვისი ცოლი იყო. საკუთარი ტრადიციების პატივისცემის მიუხედავად ვერაფერი აიძულებდა ამ ქალზე უარი ეთქვა საკუთარი თავის წინაშე მაინც. კარისკენ მიმავალი რომ დაინახა, რომელსაც ის კაცი უკან მიჰყვებოდა, ვეღარ მოითმინა, თვითონაც წამოდგა და უკან გაჰყვა. არ იცოდა რა ძალა ექაჩებოდა იქეთკენ, მათ საუბარში ჩარევაც არ სურდა, მაგრამ ლილეს ტკივილიანი წამოკივლება რომ გაიგონა, გონებაზე მაშინვე ყველაზე სქელი ნისლი გადაეფარა. ახლა რასაც იმპულსები კარნახობდნენ მხოლოდ იმ ცხოველის მოკვლა იყო, ლილესთვის ამდენი ხნით შეხების უფლება რომ მისცა. -შეეშვი, გთხოვ.. არ მოკლა, -ძლივს ამოიკნავლა ლილემ. გრძნობდა ნელ-ნელა სხეულის ტკივილისა და ემოციური შოკისგან გონება ეთიშებოდა და რეალობის აღქმას კარგავდა. ბექა სასწრაფოდ მიუახლოვდა და ფრთხილად ამოსდო ხელები ფეხებქვეშ და წელზე. ისე ნაზად ეხებოდა, როგორც ახლადაყვავებულ ყვავილს, ფურცლები რომ არ დაუზიანდეს. -რას აკეთებ.. მთვრალი ხარ.. - ამოიკვნესა საწყლად თავის მანქანაში მგზავრის სავარძელზე რომ დააწვინა კაცმა და ღვედი შეუკრა. მისი სუნი ისე სწრაფად დატრიალდა მანქანის სალონში რომ ფილტვები მაშინვე ფიცხელიანით ამოევსო, ისევე როგორც გონება, გული და მთელი არსება. -არ ვარ მთვრალი, საავადმყოფოში მიმყავხარ. რამე გტკივა? - ეტყობოდა მამაკაცს როგორ ცდილობდა ნერვიულობის შეკავებას, თუმცა აღელვებული თვალები წამდაუწუმ ლილეს სახისკენ გაურბოდა. თითქოს ეშინოდა მასზე ტკივილის დანახვის. -არ მინდა საავადმყოფოში, გთხოვ. არ მტკივა, კითხვებს დამისვამენ რა მომივიდა და არ მინდა. სახლში წამიყვანე. -ხმაში ცრემლი გაერია ლილეს. იმდენი ხალხი გახდა იმ ცირკის მოწმე, მათ შორის ფიცხელიანიც. სირცხვილისგან საკუთარი თავისგან უნდოდა გაქცეულიყო. -მამაშენი მაშინვე ტყვიას დამახლის შუბლში, მასთან ასეთ მდგონარეობაში რომ მიგიყვანო. -საკუთარი თავის დასარწმუნებლად უფრო თქვა ეს, ვიდრე ლილეს. კარგად იცოდა, ბეშქენი რომ არაფერს დაუშავებდა და ასეც რომ ყოფილოყო, თვითობ მაინც არ შეეშინდებოდა, რადგან ნამუსი სუფთა ჰქონდა. ახლა სადმე სხვაგან რომ დაეტოვებინა და ვერ გაეგო, როგორ იყო, ერთი წამიც რომ მოშორებოდა ამ მდგომარეობაში მყოფს… არ უნდოდა. -ჩემი ბინის გასაღები არ მაქვს. -ამოიჩურჩულა ლილემ. ჩუმად გახედა გზაზე მიშტერებულ კაცს, რომელსაც მთელი სხეული დაბვოდა და ორივე ხელით ძლიერად ჩაფრენოდა საჭეს. -ჩემთან წაგიყვან. -მტკიცედ უპასუხა, თითქოს ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ უნდა ხედავდეს დაშნიანი. -არ მინდა. დემეტრე და მარიკა რატომ დატოვე.. უხერხულია. -დემეტრე და მარიკა დიდი ხნის წინ წავიდნენ, ბავშვის ჭამის დრო იყო. -მაშინ მითუნეტეს, არ მინდა არავის შეწუხება. -ლილე, ძალიან გთხოვ დაწყნარდი. ჩემს სახლში მიმყავხარ, შესაბამისად იქ არავინ არ ცხოვრობს ჩემ გარდა და არც არავინ შეწუხდება. ამ მდგომარეობაში ვერსად ვერ დაგტოვებ. ტყუილად არ შემეწინააღმდეგო. -გამოზომილად თუმცა დაძაბული ხმით მიმართა ქალს, ისე, რომ გზისთვის მზერა არც კი მოუშორებია. მთელი დღის ემოციებისგან დაღლილი დაშნიანი ხმას ვერ იღებდა. გზას გაჰყურებდა და თბილისში შესულმა ბოლოჯერ გაიბრძოლა ბექასთან დარჩენის წინააღმდეგ. -მამაჩემი მაინც მოგკლავს, თუ გაიგო რომ ღამე შენთან გავათენე. მარტომ. -სახლში ამ მდგომარეობაში მარტო არ მიგიყვან. შენც რატომ გინდა ყველა ანერვიულო? დილით დაგაბრუნებ. დარეკე და თქვი რომ სადმე რჩები. -ტყუილის თქმისკენ მიბიძგებ? -ჩაეღიმა ლილეს, თუმცა პასუხს არ დალოდებია ისე დარეკა სახლში და სალომესთან დარჩენა მოიმიზეზა. მერე სალომესთანაც დარეკა და გააფრთხილა, რომ მასთან რჩებოდა. მეგობარმა მილიონი შეკითხვა მოაყარა, თუმცა “მერე მოგიყვები” იყო გადამჭრელი პასუხი და ზარიც შეწყდა. არ იცოდა, რატომ ემორჩილებოდა ამ კაცს. ალბათ იმიტომ, რომ თავადაც უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ კოჭი საშინლად სტკიოდა, მაინც არ დამორჩილდა ბექას და თავისი ფეხით მილასლასდა სადარბაზომდე. ახლა, როცა გონს იყო მოსული, მის ფხიზელ გონებას საერთოდ არ სურდა ფიცხელიანის სხეულთან მჭიდრო სიახლოვე. მათ შორის ჰაერს უნდა გაევლო, რომ ამ დაძაბულობის და მუხტის მცირე ნაწილი მაინც გაენიავებინა და თან წაეღო. კიბეებზე ასვლასთან რომ მიდგა საქმე, ბექნუს ბევრი არც კი უფიქრია ისე შემოჰხვია ქალს წელზე ხელი და ნახევრად მის მხარს დაყრდნობილი მიიყვანა ლიფტამდე. -არ მესმის ამას რატომ აკეთებ..- დაძაბულობის გასაფანტად უფრო თქვა ლილემ, ვიდრე იგულისხმა. -არადა ათასჯერ აგიხსენი. -ოხვრას ამოაყოლა ბექნუმ და ჯიბიდან გასაღები ამოიღო. მკვეთრ განათებაზეღა შენიშნა ლილემ თეთრ მაისურზე სისხლის წითელი წინწკლები. -და მე მაინც ვერ გავიგე.. ჩაფიქრებულმა რომ დააპირა ლიფტიდან გასვლა, სულ დაავიწყდა კოჭი რა მდგომარეობაში ჰქონდა, მთელი სხეულის წონა მასზე გადაიტანა ნაბიჯის გადადგმის დროს და ტკივილისგან თვალებიდან ნაპერწკლენი გაყარა. პირზე ხელი აიფარა, რომ არ ეტირა. ჯერ კიდევ ქუსლიან ფეხსაცმელზე იყო აღმართული და ეს ყველაფერი მდგომარეობას მხოლოდ აუარესებდა. ფიცხელიანი იქვე რომ არ მდგარიყო და სხარტად არ ჩაევლო ხელი, ვინ იცის იქნებ კიდევ გაშხლართულიყო იატაკზე და საერთოდაც განუტევებდა სულს მისი დაბუჟებული სხეული. -ჯიუტი ხარ, ნამდვილი ჯიუტი. -ჩაილაპარაკა და კარი ცალი ხელით გააღო. -გაიხადე ეგ საშინელება, სანამ მეორე ფეხიც მოგტყდა. -ვერ ვიხრები…-ამოილუღლუღა ლილემ. საკუთარი სხეულის უძლურება ნერვებს უშლიდა და ცრემლებიც ამიტომ მოადგა. ახლა ერთადერთი, რაც შვებას მოგვრიდა დღევანდელი ემოციებისგან დაცლა იყო. ის კი რატომღაც, როცა რაღაც უჭირდა ყოველთვის ფიცხელიანების სახლში აღმოჩნდებოდა ხოლმე. და რა თქმა უნდა, თავში ყველაფერი ერეოდა და ეხლართებოდა, როგორც ძაფის გორგალი. ბექას არც კი უკითხავს ისე მიიყვანა სავარძლამდე ხელში აყვანილი. სხეულს რომ ადუნებდა ლილე უფრო მეტად გრძნობდა დაბეჟილი კუნთების ტკივილს. კაცს სირცხვილისგან თვალს ვერ უსწორებდა, მისი დაცვა და გამოქომაგება რომ დასჭირდა ისევ, ესირცხვილებოდა. რცხვენოდა იმისაც, რომ ყველამ გაიგო და დაინახა თუ როგორ კაცთან იცხოვრა ხუთი წლის განმავლობაში. მართალია, ეს მის ღირსებას არ შეხებია, მაგრამ ადამიანში რომ შეცდები ეს ნაკლებად მტკივნეული ხომ არ არის… ფეხსაცმელი ფრთხილად გახადა ბექნუმ. წარბებშეკრული თუმცა მთელი მოთმინებითა და სიფრთხილით აკეთებდა ყველაფერს. თითქოს ზედმეტად არ უნდოდა, რომ შეხებოდა და უარესად ეტკინა. მისგან წამოსულმა დაძაბულობამ მთელი ოთახი ამოქოლა, შეუძლებელი იყო ამ ენერგიისგან გაქცევა, თვალის დახუჭვა ან სუნთქვის შეკვრა. მიუხედავად იმისა, რომ კრიჭაშეკრული ცდილობდა მრისხანების შეკავებას, რომელიც გულში დაგროვებოდა, დაშნიანის მახვილ თვალს და მგრძნობიარე აურას არ გამოპარვია მისი რეალური გრძნობები. -ასე არასოდეს მოქცეულა, არ ვიცი, რა დაემართა… -ამოილაპარაკა ბოლოს ლილემ. ფიცხელიანმა ისეთი თვალებით შეხედა, მაშინვე ინანა წამოროშილი სიტყვები გაგას დაცვას რომ უფრო ჰგავდა, ვიდრე სიტუაციის განმუხტვას. -ღალატი ნაკლები დანაშაული არ არის და ნუ ამართლებ იმ არაკაცს. ნურც მახსენებ, თორემ მივბრუნდები და ნამდვილად მოვკლავ, იცოდე! ლილემ მაშინვე ენას კბილი დააჭირა. იცოდა, ამას გააკეთებდა ბექნუ, თუ კიდევ ახსნებდა გაგას სახელს, მაგრამ რატომ? უნდოდა ეკითხა რატომ ჰქონდა მის მიკართ ამხელა მრისხანება. ლილე ნამდვილად არ თვლიდა საკუთარ თავს საკმარის მიზეზად. შეკითხვის დასმას კი ერიდებოდა ცეცხლზე ნავთი რომ არ დაესხა, თორემ ბექა ნამდვილად აორთქლდებოდა ბრაზისაგან. ოთახიდან მაისურით და შორტით ხელში გამოვიდა. სახე ოდნავ დამშვიდებოდა, დივანზე ლილეს ფეხებთან ჩამოჯდა. -მალამო მაქვს, მოგცემ და წაისვი, სადაც გტკივა. ესენიც ჩაიცვი, თუ გინდა დაგეხმარ… -არ მინდა! არა, არა! ჩემით ვიზამ, -სწრაფად მიაყარა ლილემ, მის წინაშე კიდევ ერთხელ გაშიშვლებას ვეღარ გადაიტანდა, მითუმეტეს რომ კაბის შიგნით მხოლოდ საცვლები ეცვა. სწრაფად წამოჯდა, ტანსაცმელი რომ გამოერთმია და ტკივილმა ისე სწრაფად დაუარა მთელს სხეულში, რომ ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა. -რატომ ხარ ასეთი მოუსვენარი? არ დამიძალებია, შემოგთავაზე, შენ აღშფოთდი და წევხარ ახლა ამ მდგომარეობაში. ფრთხილად წამოჯექი, მოდი და მერე გავალ, მალამოს მოგიტან. ლილე მოჯადოებულივით იქცეოდა, როგორცნ კი ნესტოებში ბექას სურნელი შეუვარდა მაშინვე სხეული მოემჩვარა, ყველა უჯრედი თითქოს ერთმანეთის მიყოლებით ჰაერში აეყარა და მერე თავის ადგილს დაუბრუნდა. ყველა მონაკვეთი ეწვოდა თავისი სხეულის, სადაც ფიცხელიანი შეეხო. უფრო მეტად არაადეკვატური კი ის იყო, რომ მასთან უფრო ახლოს მისვლა უნდოდა, ამ შეხების დასრულების არანაირი სურვილი არ გააჩნდა, პირიქით - რაც შეიძლება ცოტა ადგილი სურდა დაეტოვებინა თავის სხეულზე სადაც ბექნუ არ ეხებოდა. რომ მოშორდა უკმაყოფილება იგრძნო, თითქოს მწყურვალს წყლით სავსე ჭიქა ტუჩებთან მიუტანეს და მერე მის თვალწინ გადაღვარეს. ოთახიდან გასული რომ დაიგულა, რის ვაი-ვაგლახით გადაიცვა თეთრი მაისური. კაბა დივნის მკლავზე გადაკიდა. ის ხელი, რომლითაც დაეცანსაერთოდ უმოძრაო ჰქონდა, ოდნავი გარხევაც კი საშინელ წვას და ტკივილს აყენებდა. შორტი რომ ამოიწია გახეხილ თეძოზე უნდოდა ცოცხალი აღარ ყოფილიყო. ასეთ მდგომარეობაში სხეული ბავშვიბაშიც კი არ ჰქონია, როცა ავტოფარეხის სახურავიდან გადმოვარდა. სახლში რა უნდა ეთქვა ასეთ მდგომარეობაში რომ მივიდოდა, თუ ფიცხელიანი მიიყვანდა ხომ საერთოდ, ომი და მსხვერპლი გარდაუვალი იქნებოდა. თვითონაც გამოეცვალა ბექნუს, ხელში ვარდისფერი მალამოს კოლოფი ეჭირა. ლილეს გაუწოდა და უხმოდ წავიდა სამზარეულოსკენ. -მეძინება, შეიძლება აქ ვიწვე? -მთქნარებით თქვა ლილემ, როცა ძლივს ძლივობით წაისვა მალამო და ფიცხელიანის მოტანილი ცივი წყალი სულმოუთქმელად გამოცალა. -არა. საწოლზე უფრო მოისვენებ, აქ ვიწრო სივრცეა. -ქალის რეაქციას არ დალოდებია ისე აიყვანა კვლავ ხელში და ოთახისკენ გააფრიალა. -შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს, როგორც ჩანს, ამიღებ და წამიღებ სადაც გინდა. -ბევრს ნუ ლაპარაკობ. -წარბები შეკრა ბექამ და ქალი საწოლზე დასვა. -ცოტას როდის ვლაპარაკობდი. ფიცხელიანმა ამოიქშინა. -რამე თუ არ გჭირდება, გავალ. -კი მჭირდება. პასუხები შეკითხვებზე. -ლილე, ახლა არა… -აბა როდის? ხვალ სახლში წავალ დილიდანვე, შენ გაუჩინარდები ისევ. -ისევ რას ნიშნავს. არსადაც არ გავუჩინარებულვარ. სახლში ვიყავი. -გაუჩინარებაა მაშინაც, როცა ადამიანი გელოდება, შენ კი განზრახ არ მიდიხარ მასთან. არ არის საჭირო მაინც და მაინც მისთვის უცნობ ადგილას იმყოფებოდე. მაგრამ ამაზე არ მაქვს პრობლემა, ჩემთვის გასაგებია ყველა ის მიზეზი რის გამოც შენ ჩემს ნახვას არ მოისურვებდი. მე რაც უკვე გკითხე იმაზე მქინტერესებს პასუხი. -მემგონი, გაგეცი მაგაზე პასუხი, -რომ მიხვდა საუბარს დასრულება არ ეწერა, სავარძელზე ჩამოჯდა ფიცხელიანი და დაღლილი თვალებით შეხედა ქალს. -აქ რატომ მომიყვანე? - მრისხანება ერეოდა უკვე ლილეს, -მიგეყვანე სახლში, მამაჩემი ხვალამდე მაინც ვერაფერს გაიგებდა! შენს სახლში რატომ მომიყვანე! -გითხარი, რატომაც. -არა, ბექა, არ გითქვამს! არაფერზე პასუხი არ გაგიცია! ისე წამოვედი, შენგან ნორმალურ სიტყვას ვერ ვეღირსე, მერე არც დამიკავშირდი, ახლაც რომ შემხვდი დიდად არ გესიამოვნა, მაგრამ არც ის გინდა სახლში გამიშვა. რაღაცას მიმალავ მამაჩემთან ერთად და გეფიცები, თუ შენი პირით არ მეტყვი, ჩამოვალ და ჩემით გავიგებ! -შენ იცი, რატომაც არ წამოგყევი, რატომაც არ გითხარი არაფერი მამაშენის თანდასწრებით! იცი, რატომაც ვერ ვიქნებოდით ერთად და რატომაც არ შეიძლება ამის გამომჟღავნება არც ერთმანეთთან და არც დანარჩენ სამყაროსთან. შენ თუ გგონია.. -ერთ ამოსუნთქვას ამოატანა ყველა სიტყვა ბექამ და ბოლოს სუნთქვაშეკრულს წინადადება შუაზე გაუწყდა. ლილეს თვალებში ჩააშტერდა. იმხელა სასოწარკვეთა დაინახა ქალმა მათში გული მოეწურა. -რა.. რა თუ მგონია, -მაქსიმალურად ფრთხილად ჰკითხა ლილემ, სუნთქვა თვითონაც შეკრული ჰქონდა. თვალებით ევედრებოდა, რამე ეთქვა, ერთხელ მაინც გაემხილა რას გრძნობდა, სულ ოდნავ.. -ასე არ შეიძლება. -როგორ? -შენი ხმის გაგონება არ მინდა. -ლილეს არც ერთი ჭრილობა არ ტკენია ისე, როგორც ის სიტყვები, რომელსაც ბექნუ ეუბბებოდა თვალებდახრილი, -არ მინდა მახსოვდე. არ მინდა ვიცოდე როგორი ხარ. როგორი ხმა გაქვს, როცა იცინი ან რამე გწყინს. არც შენი სუნი მინდა ვიცოდე, არც შეხება. თუ ჩემთვის ასეთი მიუწვდომელი უნდა იყო, როგორც ახლა ხარ, მირჩევნია საერთოდ უცხო იყო ჩემთვის, იმიტომ რომ შენ გვერდით ყოფნისთვის ვერაფერს გავაკეთებ. ამას არც მე დავუშვებ და არც მამაშენი. ყველაფრის მიუხედავად რომ შენ მაინც მელოდებოდი, ეგ მთელს სხეულს მიფლითავს. ჩემი გონების გარდა ყველაფერი შენკენ მექაჩება. ახლაც, ამ წამსაც. მეშინია რომ ხვალაც ისე ვერ გაგიშვებ, როგორც დღეს ვერ გაგიშვი. შენ ჭკვიანი ქალი ხარ და ხვდები, რომ მამაშენის არ შემეშინდება, რადგან მართალი ვარ, იცი, რატომაც არ მიგიყვანე და მაინც წამომყევი. ეგ მაგიჟებს. ყველაფერში შეგიძლია წინააღმდეგობა გამიწიო, ყველაფერზე შეგიძლია ისე მეჩხუბო, როგორც უკანასკნელ დამნაშავეს, მაგრამ ჩემთან ახლოს ყოფნას შენც რომ ვერ ელევი, ეგ მაუძლურებს. მამაშენს პირობა მივეცი. არ ვიცი რა იეჭვა, მაგრამ სწორად იეჭვა. შენთან გაკარება ამიკრძალა. მართალიცაა, ჩვენ მისი ერთი ძვირფასი ვერ დავიცავით, მეორეს ცოცხალი თავით აღარ გვანდობს. მერე რა, რომ თვითონაც დააშავა, ახლა ათასმაგად ცდილობს დაგიცვას. მე ბოლომდე არა, მაგრამ მისი პირობა მაინც დავარღვიე და ესეც საკმარისია ჩემთვის რომ სული დამეტანჯოს. -მე მენატრებოდი…-ხმა ჩაუწყდა ლილეს, ცრემლები ღვარღვარით ჩამოსდიოდა ლოყებზე, მთელი სხეული უკანკალებდა მის გულში დატრიალებული გრძნობების ქარიშხლისაგან. -მე მენატრებოდი და შენ მამაჩემს ჩემგან შორს ყოფნას პირდებოდი… -გთხოვ, არ გინდა… -თვალები დახუჭა ფიცზელიანმა და საზურგეზე გადააგდო. ღრმად სუნთქავდა. ადგომა და აქედან გასვლა უნდოდა, მაგრამ თითქოს სავარძელს მიეჯაჭვა. -რატომ.. რაში დაგჭირდა პირობის მიცემა.. შენ ხომ ისედაც არ მოიყვან ცოლად ბიძაშენის მკვლელის შვილს! შენ ხომ ამდენი პრინციპი გაქვს, ბექა ფიცხელიანო და ერთი ადგილუც არ დარჩა შენს მრავალპუნქტიან ჩამონათვალში, ჩემთან ყოფნა რამდენიმე წამით მაინც რომ გაგეთვალისწინებინა. -მე მამაშენთან ვალში ვარ. დამიჯერე. მეტს ვერაფერს გეტყვი. ეს არ არის სწორი. არ შემიძლია. -ვედრებით შეხედა ქალს და ოთახიდან გასასვლელად მოემზადა. -შენ ყოველთვის ყველაზე მართალი ხარ. ჩემი სიყვარული რომ შეგეშალოს… შეუძლებელია. - ხმა გაუტყდა ლილეს, როცა ბოლო სიტყვებს ამბობდა, თუმცა მისი თანდაყოლილი ბრაზი დაუფარავი იყო ახლაც კი. ფიცხელიანს ყველაფერი ჩაწყდა ლილეს სიტყვებზე. მუხლები ძლივს მოხარა რომ ნაბიჯი გადაედგა და სწრაფად გასცლოდა იმ ოთახს, ამ ქალს რომ დაეპყრო მთლიანად. სხეული ისედაც მასზე ფიქრით და სურვულით ჰქონდა სავსე, მის ირგვლივ ყოფნა მხოლოდ ტკივილს აუსაძლისებდა. ტკივილს, რომელიც ახლა ლილეს შეხების სურვილის წინააღმდეგ წასვლით იყო გამოწვეული. მთელი ღამის განმავლობაში არც ერთს სძინებია. ლილე ბექნუს საწოლიდან მიშტერებოდა ფანჯარაში შემიპარულ მთვარეს, რომლიც ვერცხლისფერი შუქიც სახეზე დანათოდა, ფიცხელიანი დივანზე იწვა, თავქვეშ ხელები ამოედო და თვალებდახუჭული ფიქრობდა ყველაფერზე. ახლა საკუთარი თავის გარდა არავინ ჰყავდა გასაბრაზებელ ობიექტად. თვითონ იყო ერთადერთი, ვინც შეცდომა დაუშვა ლილეს სახლში წამოყვანით, სისუსტემ სძლია. მთელი დღე წესიერად არც კი დალაპარაკებია, არც კი შეუხედავს მისთვის არადა ისე ენატრებოდა. საკუთარ სახლში მისი მოყვანა და ამ მონატრების არ მოკბლის სურვილი ყველაზე დიდი სასჯელი იყო, რასაც საკუთარ თავს მიუსჯიდა გამოჩენილი სისუსტისათვის, დარღვეული პირობისათვის….. თვითონქც იცოდა, არ არსებობდა თითქმის დარღვეული პირობა, მას ასრულებ, ან არა. ბეშქენმა უთხრა, ჩემს ქალიშვილს არ მიეკაროო, მან კი თავის სახლში მოიყვანა… როგორც კი ინათა მაშინვე წამოდგა ლილე. უძილობისა და დაჟეჟილობისგან სხეული ტკიოდა, გადაადგილება უჭირდა, თუმცა სასწრაფოდ უნდოდა აქაურობას გაცლოდა. ცოტა ხნის წინ თუ სიამოვნებდა ფიცხელიანის სუნით გაჟღენთილი ჰაერი ახლა სულს უხუთავდა, ყელში უჭერდა და გონებას უბინდავდა. ყველა მისაცემი შანსი ამოწურა ლილემ. აღარაფრის მცდელობას ჰქონდა აზრი, საპასუხო სიყვარულს ხომ არ შეევედრებოდა ადამიანს, ვისაც ამის გაღება არ შეეძლო. კარის ხმაზე მაშინვე წამოჯდა ფიცხელიანი. უკან მიიხედა და კოჭლობით მომავალ ლილეს, რომელიც ზედაც არ უყურებდა თვალი გამოაყოლა. -ტაქსი უკვე გამოვიძახე, შეწინააღმდეგება საჭირო არ არის, არც სცადო ტყუილად, წავალ და მორჩა. -ხმა უძილობისაგან ჩახლეჩოდა. ეს სიტყვებიც ისე უთხრა ბექნუს, რომ მისთვის ზედაც არ შეუხედავს. -ტყუილად გგონია, რომ ტაქსით გაგიშვებ. -არაფერი არ მგონია, არც შენი გასაშვები მჭირს რამე, მელოდება უკვე მძღოლი. იმედია, შენი ტანსაცმლის დაბრუნებას არ მომთხოვ, რადგან მაგ დროისთვის უკვე ნაგავში მექნება გადაყრილი. უთხრა და კარი ცხვირწინ მიუკეტა. ბექა რა თქმა უნდა, სახლში არ დარჩებოსა გულხელდაკრეფილი. არც ის იცოდა, ტაქსი ამ დროს მუშაობდა თუ არა საერთოდ და ამ ქალისგან არ იყო გამორიცხული ფეხით წასულიყო სახლამდე. უკან გაყვა. არც დამშვიდობებიან ერთმანეთს, ისე ჩაჯდა ლილე მანქანაში და მძღოლს რაღაც უკარნახა. *** -სერიოზულად ამბობ? -ყურებს არ უჯერებდა სალომე ლილეს ნაამბობს რომ მოუსმინა. მეტი დრამატულობისთვის ყბაჩამოვარდნილ პირზეც აიფარა ხელი. -მართლა ასე გითხრა? ვაიმე, ღმერთო ამაზე ფილმის გადაღება შეიძლება… ლილე მაგ კაცს უყვარხარ სიგიჟემდე… -კარგი რა, სალო. ამაზე ფიქრიც კი აღარ ღირს… -აუცილებლად უნდა დაელაპარაკო მამაშენს იცოდე. კატეგორიულად მოთხოვე ყველაფერი აგიხსნას. ასე სად გაგონილა! ორი წლის ბავშვი ხომ არა ხარ, ცუდ ამბებს გიმალავდნენ. -არაფერს მეტყვის.. და ვერც მე ვეტყვი ვერაფერს. -ღრმად ამოიხვნეშა ლილემ და საწოლზე გადაბრუნდა, -ბექა მართალია. მამაჩემს რომ ვუთხრა ის მიყვარს, ნამდვილად ხელებში ჩამაკვდება… შენ არ იცი, რა დღეში ვარდება მამიდაჩემს რომ ვახსენებთ.. ზაფხულის ცხელი საღამო იდგა თბილისში. ყველაფერს ბუღი ასდიოდა, რასაც მზის მწველი სხივები წვდებოდა. მოსაღამოვებულს ხალხი ეზოში გამოფენილიყო და მთელი დღის ნანატრი სიგრილით ტკბებოდნენ. სალომე გვიანობამდე გაჩერდა ლილესთან, ათას გამოსავალს სთავაზობდა მეგობარს, თუმცა თავადაც კარგად იცოდა არცერთი მათგანი რომ არ იყო შესაძლებელი. სახლში რომ წავიდა, უკვე ხალხსაც ძილისთვის მიეცა თავი. მხოლოს მანქანების გუგუნი ისმოდა აქა-იქ, რასაც შეერეოდა ხოლმე ძაღლების წამოყეფება, მერე ყველაფერი წამიერად წყნარდებოდა და მხოლოდ ფოთლების ჩუმი შრიალი ისმოდა. ვერც ახლა იძინებდა ლილე. აბაზანიდან გამოსულს თმა არც კი გაუშრია ისე დაწვა. სიამოვნებდა გრილი წვეთები ყელზე და ზურგზე, მონაბერი სიო რომ ეხმარებოდა სხეულის ბრაზისა და მხურვალებისგან გათავისუფლებაში. უკვე ისედაც ბოლომდე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ამ ამბავს აუცილებლად გაარკვევდა და მერე აუცილებლად მოშორდებოდა ამ გარემოს, ხალხს, წესებს, ტრადიციებს, პრინციპებს, რომლებიც ასე აშორებდათ ადამიანებს ბედნიერებისგან. უეცრად გაახსენდა, რომ მარიკას ნომერი ჰქონდა. ახლა თუ არ იმოქმედებდა, „მერე“ აღარ იქნებოდა. რაც დრო გადის, საიდუმლოებს უფრო სქლად ედებათ მტვერი და სიმართლის გარკვევაც უფრო რთული ხდება. „მარიკა, რომ გეცლება დამირეკე. ლილე“ სწრაფად აკრიფა ტექსტი და საწოლზე გულაღმა გადაწვა. ორი წუთი არ იყო გასული, ტელეფონი რომ აზუზუნდა. მარიკას სახელი ეწერა განათებულ ეკრანზე. -ლილე, ხომ მშვიდობაა? გამარჯობა. -აფორიაქებული ხმა ჰქონდა მარიკას. -კი, მარიკა, გაგიმარჯოს. გთხოვ, ბექამ არ გაიგოს რომ გელაპარაკები... შენთან შეხვედრა და ლაპარაკი მინდა, თუ თბილისში ხარ. -კი, ჩვენ თბილისში ვართ რამდენიმე კვირა, ლილე. ბექა უკვე წავიდა სოფელში. იცი, არ გეწყინოს, მე ბავშვს ვერ დავტოვებ, მაგრამ დემეს სამსახურში რომ გავუშვებ, მოგწერ და გამოდი. -კარგი, მარიკა, დიდი მადლობა. -ლილე, ხომ კარგად ხარ? -კი, კარგად, მარიკა. შეხვედრამდე. საშინელი სიცხე და ბუღი იდგა ქალაქის ქუჩებში. ლილეს უკვირდა, ზოგი როგორ არ იყო შეწუხებული ამ გაუსაძლისი ამინდით, როცა თავად სახიდან ყველანაირი ღიმილი ჩამორეცხვოდა. მარიკას მიერ მიცემულ მისამართზე სწრაფად მივიდა. იმედი არ ჰქონდა, რომ მისგან რამე მნიშვნელოვანს გაიგებდა, მაგრამ ცდად მაინც ღირდა. -ლილე, როგორ ხარ? რა გაწითლებული ხარ... ესე ცხელა გარეთ? მე ბავშვის გამო სულ სახლში რომ ვარ, ვერც ვიგებ რა ხდება. -მადლობა, მარიკა. ხო, ძალიან ცხელა, წყალი დამალევინე თუ შეგიძლია. -მოდი, ცივ ყავას დაგალევინებ, რაღა წყალი. -ბავშვს სძინავს? მაინტერესებს, როგორია... -ოთახი მოათვალიერა ლილემ, ყველგან ბავშვის ნივთები იდო, აშკარად ეტყობოდა აქაურობას ახალშობილის აქ ყოფნა. -სძინავს, მალე ჭამა უწევს და რომ გაიღვიძებს, მერე ნახე, კარგი? მოდი, დაჯექი.. ძალიან შემაშინა შენმა ზარმა ლილე, ხომ მშვიდობაა? იქეთ ბექნუც თავქუდმოგლეჯილი გავარდა სოფელში... რამე მოხდა? -არ ვიცი, მარიკა, და მაგის გარკვევა მინდა სწორედ, -გახურებულ ლოყაზე ცივი წყლით სავსე ჭიქა მიიდო და ოდნავ დაიამა ის ჩახუთულობა, ქუჩიდან რომ ამოყვა. -ვიცი, მამაჩემი იყო ჩამოსული, ბექა არაფერს მეუბნება საერთოდ, არც მამაჩემი... იქნებ შენ იცოდე რამე ისეთი, რაც საჭიროა, რომ მეც ვიცოდე. -ხომ იცი, მაგათსას ვერაფერს გაიგებ, დემეტრეც არაფერს მეუბნება ალბათ იმის შიშით, შენ არ გითხრა. ერთადერთი, რაც ვიცი ის არის, რომ მამაშენი ნელის ძალიან მწარედ ეჩხუბა, მთელმა სოფელმა გაიგო, სულ კუდიანი ეძახა, ჩემი შვილი შენ ჩაგაბარე და შენ იმათ ხახაში ჩააგდეო. როგორც ვიცი, ლაშასთანაც იყო, ფაქტია, იმის მერე ლაშა ჩვენი ეზოსკენ არც კი იხედება, ბექნუსგანაც შორს უჭირავს თავი და ისე აღარ მატრაკვეცობს, როგორც სჩვეოდა, მოკლედ. დეტალები არ ვიცი, მე და დემეტრე თბილისში წამოვედით ჩემი მშობიარობის გამო. ბექნუ იქ დარჩა რამდენიმე ხანი, მხოლოდ ახლა ჩამოვიდა საქორწილოდ, დარჩენას აპირებდა ცოტა ხნით, მაგრამ უკან გავარდა. -აღარ შემიძლია ამდენი საიდუმლოები, მარიკა. -ლილე ყოყმანობდა, არ იცოდა ეთქვა თუ არა მარიკასთვის, რაც მოხდა. მისთვის ამის ცოდნას არანაირი აზრი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ვინმეს გაუმხელდა თავის გულის ნადებს და ცოტა უფრო მოეშვებოდა. ბოლოს მაინც გადაიფიქრა. ცოტა ხნით კიდევ დარჩა, ბავშვს მოეფერა, წაეთამაშა და ნაშუადღევს სახლისკენ წავიდა. ყველაფერი ჩალაგებული ჰქონდა, რომ მეორე დილით გზას გასდგომოდა ლელეთისკენ. მამამისს რაც უნდა ეთქვა, აქ ვეღარაფერი გააკავებდა, აუცილებლად გაიგებდა ყველაფერს, რაც უნდა სცოდნოდა. სახლში გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ზღვაზე მიდიოდა რამდენიმე დღით. ბეშქენმა ცოტა ეჭვის თვალით კი შეხედა თავის ქალიშვილს, ეს რომ გამოუცხადა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მისი შეთავაზება რომ თავად წაიყვანდა ქალიშვილს, რა თქმა უნდა, ლილემ მწარედ უარყო. მთელი გზა ისე ჩაფრენოდა საჭეს, რომ გზისთვის თვალი არ მოუცილებია. გზის ნახევარზე მეტი რომ გალია, იმაშიც კი დაეჭვდა, საერთოდ პოზა შეეცვალა თუ არა მგზავრობის განმავლობაში. ნელ-ნელა ტემპერატურამ იკლო და ნაცნობმა გზებმა იმატა. მართალია, ახლა გარემო სულ სხვანაირი იყო, მწვანეში ჩაფლული და ნაყოფით დახუნძლული, ვიდრე მაშინ, პირველად რომ მოდიოდა და თოვლით გადაპენტილ გზაზე გაიჭედა. უეცრად ისეთი ნოსტალგია შემოაწვა, თითქოს საერთოდ დავიწყებოდა მისი პირველი ვიზიტის დროს მომხდარი მოვლენები და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ისიც კი იფიქრა - ნეტავ იმ დროში დამაბრუნაო. თავისი სახლის ჭიშკარს რომ მიადგა უკვე საღამოვდებოდა. მგზავრობისგან ისე იყო დაღლილი, ერთადერთი ჩემოდანიც ძლივს გადმოათრია საბარგულიდან და სახლში შელასლასდა. ირგვლივ მტვრის და ნაცნობი სიცივის სუნი იდგა. მამამისს, რა თქმა უნდა, ყველაფერი მოწესრიგებული დაეტოვებინა, თუმცა მტვერიც საკმარისად დაედო ყველაფერს. მაშინვე ფანჯრები გამოაღო, ზეწრები აიღო და ოდნავ მიასუფთავა იქაურობა. დიდი ხნით დარჩენას ისედაც არ აპირებდა, მაგრამ მის ნერვულ მდგომარეობას ახლა მტვრიანი ოთახიც რომ დამატებოდა, ნამდვილად ჭკუიდან შეიშლებოდა. როგორც კი საქმეს მორჩა, მაშინვე ნელის ეზოში გადავიდა. სახლში სინათლე ენთო და ბუხრიდანაც კვამლი ამოდიოდა. მოხუცს ჯერ კიდევ ეღვიძა როგორც ჩანს და ლილე დარწმუნებული იყო, რომ მისი დაბრუნებაც შემჩნეული ექნებოდა, მაგრამ რატომღაც ძველებური ცნობისმოყვარეობის გამოჩენისგან თავს იკავებდა. კარზე გაბედულად დააკაკუნა. შორიდან ფაცხა-ფუცხის და ნაბიჯების ხმა მაშინვე მოესმა. მასპინძელი უეჭველად ელოდებოდა. კარი გაიღო და ზღურბლს მიღმა ჩია დედაკაცი გამოჩნდა, აციმციმებული თვალებით რომ მისჩერებოდა ლილეს და ქალს მოეჩვენა, რომ ნელიმ ზუსტად იცოდა, მის კარზე რომ დააკაკუნებდა ადრე თუ გვიან. -შვილო, ჩამოხვედი? მოდი, მოდი. -გამარჯობა, ქალბატონო ნელი. თქვენთან რაღაცის საკითხავად მოვედი... -ხო, ხო აბა რისთვის მოხვიდოდი, ვიცი რისთვისაც მოხვედი. შემოდი, დაჯექი, ჩაი გინდა? -არა, გმადლობთ. რას ნიშნავს იცით, რისთვისაც მოვედი? საიდან იცით? ქალს მის კითხვაზე მხოლოდ ეშმაკურად ჩაეცინა და ჩაის მომზადებას მაინც შეუდგა სტუმრის უარის მიუხედავად. -მე, ასე რომ ვთქვათ, შემიძლია დავინახო, რა მოხდება... ლილეს მაშინვე თავში ამოუტივტივდა მარიკას სიტყვები, მამაშენმა სულ კუდიანი ეძახა ნელისო. ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა გამოსულიყო ბეშქენი წყობიდან რომ მოხუცი ქალისთვის ყვირილი დაეწყო და შეურაცხყოფა მიეყენებინა, მაგრამ თუ ეს სიმართლე იყო... ლილემ მაშინვე გააქნია თავი, რომ გონებიდან ეს ფიქრები გადმოებერტყა. წამით იმისაც შეეშინდა, ამ ქალმა ჩემი ფიქრებიც არ წაიკითხოსო და დაკვირვებული თვალებით დაათვალიერა ნელის ოთახი. კედლებზე ათასი მცენარე ეკიდა კონად შეკრული, წინდებში ნიორი ჩაეტენა და ჭერზე ჩამოეკიდა, პატარა თაროებზე შუშის ბოთლები და სათავსოები ელაგა. ცეცხლი სასიამოვნოდ ტკაცუნებდა და წყალი გაუჩერებლად დუღდა. ერთი შეხედვით, არაფერი ეტყობოდა აქაურობას. საეჭვო საერთოდ არაფერი იყო, თავად მასპინძლის გარდა, რომელიც არამხოლოდ უცნაურად გამოიყურებოდა, უცნაურადვე საუბრობდა და იმზირებოდა კიდეც. -მამაჩემს თქვენთან რა უნდოდა? რატომ მოვიდა აქ? -პირდაპირ საქმეზე გადავიდა ლილე, როცა შეატყო რომ მოხუცი ნამეტნავად შეჰყვა ჩაის კეთებას და მგონი, დაავიწყდა კიდეც სტუმარი რომ ეჯდა მაგიდასთან. -თვითონ მამაშენს რატომ არ კითხავ? -ხომ იცით, რომ არ მეტყვის. ამიტომ ჩემით მინდა გავარკვიო, თუ თქვენც უნდა მითხრათ, თუ მამაჩემმა არ მითხრა საჭირო არაა რომ ვიცოდე და ათასი სისულელე. -არა, გეტყვი, -მოკლედ მოუჭრა დედაკაცმა, ძალიანაც გამხიარულებული ჩანდა ლილეს პირდაპირი საუბრით. -ეგრე ის შენი ცეცხლის ბატონი ფიქრობს, თორე მე სულაც არ მიმაჩნია, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის, რაც პირდაპირ მას ეხება. მით უმეტეს, როცა ეს საქმე თავის თავში სიყვარულსაც მოიცავს. -მერე? გისმენთ! ნელიმ მოთმინებით დაუდო ლილეს ერთი ჭიქა მუქი შინდისფერი შეფერილობის ჩაი, ერთი თვითონაც დაიდგა და ღიმილიანი სახით ჩამოჯდა ხისგან გამოჩორკნილ ჯორკოზე. გოგონას სახეს მშვიდად აკვირდებოდა, თითქოს მასზე რაღაცის ამოკითხვას ცდილობდა. -მამაშენმა, სანამ აქ გამოგიშვებდა, ჩემთან დარეკა. -ერთი ყლუპი მოსვა, ისე რომ ლილესთვის თვალი არ მოუშორებია, თითქოს მის რეაქციას ელოდა. დაშნიანს რა თქმა უნდა, სახეზე არანაირი ემოცია არ დასტყობია ისეთი, რაც ამ ქალს სიამოვნებას მიანიჭებდა, გული კი შეუქანდა ამ ინფორმაციის გაგებაზე, რადგან არ იცოდა, რას ნიშნავდა მისი გაგება. -ასე რომ ვთქვათ, მე მამაშენი მენდობოდა. ისიც კი მკითხა, უსაფრთხო იყო თუ არა შენი აქ გამოშვება. -თქვენ რატომ გკითხათ ეგ? თვითონ არ იცოდა, რომ არ იყო? -და რატომ არ იყო? რა დაგიშავდა? ჯანმრთელად გამოიყურები, შენი ფუძე გაიცანი, აქაური ხალხი, მამაშენსაც რომ ექაჩებოდეს ასე აქეთ რამე, კარგი იქნებოდა, მაგრამ მამიდაშენის ტრაგედიის მერე... -თემას ნუ გადაუხვევთ, ძალიან გთხოვთ. მითხარით რატომ გკითხათ თქვენ მამაჩემმა აზრი? -იმიტომ რომ მენდობოდა-მეთქი, გოგო, არ გესმის? მეც ვუთხარი, რომ არაფერი გემუქრებოდა და პირადად მოგხედავდი, მენდო, გამოგიშვა. მერე გაიგო ფიცხელიანებთან რომ იყავი, საიდან არ ვიცი, ალბათ იმათმა გააგებინეს თვითონ, რომ წაეყვანე მამაშენს. ჩემზე ძალიან გაცხარდა, აკი მითხარი უსაფრთხოდ იქნებაო, მატყუარა კუდიანი მეძახა. თქვენ, ალბათ, სხვანაირი აღქმა გაქვთ უსაფრთხოებისა, მე კი მართლა ვერ ვხედავ რამე დაგშავებოდეს. -არც დამშავებია, იმიტომ რომ მამამ ჩამომაკითხა და წამიყვანა.... -და რომ არ წაეყვანეთ, რა მოგივიდოდათ, ფიცხელიანების ბიჭი მგელივით გდარაჯობდა, ერთი თმის ღერიც ვერ ჩამოგივარდებოდა, სათოფეზეც ვერავინ მოგეკარებოდა, როცა ბექნუ ფიცხელიანი იქნებოდა შენ გვერდზე, არ იცი ეს? თავი არ გამოისულელო, ჭკვიანი ქალი ხარ, მეც ჭკვიანი თვალი მაქვს და ყველაფერს მაინც შევამჩნევ. -სულ ეს იყო? მამაჩემი ამხელა გზაზე თქვენს გამოსალანძღად ჩამოვიდა? -მისი შეკითხვაც და ის შეგრძნებაც, რაც ამ შეკითხვამ გაუჩინა, მაშინვე დააიგნორა ლილემ. -არა, რა თქმა უნდა, მერე ფიცხელიანებთან და ფარულიანებთანაც გააგრძელა. ფაქტია, მისი ჩამოსვლის მერე ლაშა ფიცხელიანებს აღარ ემტერება, მამაშენმა რაღაც ისეთი უთხრა, რამაც ყველაფერი მაგ გეზით წაიყვანა, რა უთხრა, მაგას მე ნამდვილად ვერ გეტყვით. -აბა, ყველაფერი ვიციო? -ვიცი კიდეც, მაგრამ მე ვერ გეტყვი, არ მაქვს მაგის უფლება. მე რაც მეხებოდა ისეთი, რასაც შენთან ჰქონდა საქმე, ყველაფერი დაწვრილებით მოგიყევი. დანარჩენი იმათთან გაარკვიე. სანამ მამაშენი ჩამოვა. -ბოლო სიტყვები გაფრთხილებასავით ჟღერდა, მაგრამ ლილეს ყურადღება მის ტონზე არ გაუმახვილებია. -მამაჩემი არ ჩამოვა, არ იცის, რომ აქ ვარ და არც უთქვამს, რომ ჩამოსვლას აპირებდა. -იქნებ, იეჭვა, რომ მოატყუე... -კარგი, მადლობა ინფორმაციისათვის. სხვა თუ არაფერი, თქვენ რამე მაინც მითხარით. ღამე მშვიდობისა. -ლილე მაშინვე ფეხზე წამოხტა და კარისკენ გასწია. მოხუცი ფეხზე არ ამდგარა, ღიმილიანი სახით მიაცილა გოგონა კარებამდე და სანამ მიიხურავდა, მხოლოდ მანამდე უთხრა: -თქვენი ამბავი დაწერილია უკვე, სადაც არ უნდა გაექცე, ბედისწერა მაინც უკან მოგაბრუნებს. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის სიცხეებს გამოექცა და ახლა ბევრად უკეთ შეეძლო სუნთქვა, დაძაბულობას ერთი წამითაც არ დაუტოვებია მისი სხეული. მართალია, ამ მხარეში ათასგვარ გამოუცნობ წესს, ტრადიციას და რიტუალს მოეყარა თავი, მაგრამ ჯადოქრების და ნათელმხილველების არსებობას მაინც ვერ იჯერებდა. ამიტომ ნელის სიტყვები მისთვის ცოტა არადამაჯერებლად და ცოტა არ იყოს, უსარგებლოდაც კი ჟღერდა. ერთი არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა, მამამისი საერთოდ სხვა ადამიანი ყოფილიყო სახლში და რადიკალურად განსხვავებული გარეთ, დანარჩენ სამყაროსთან. მამასთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა და ახლა იმის გაცნობიერება, რომ მათ შორის საიდუმლო ჩამდგარიყო და ეს ორი ერთმანეთს დაეშორებინა, გულს უფრო მეტად უმძიმებდა. მერე ფიქრებით ფიცხელიანებთანაც გადახტა. მანქანით მის სახლს ისე აუარა გვერდი იქეთ მიხედვაც კი ვერ გაებედა. ნეტავ ბექნუმ თუ დაინახა, რომ დაბრუნდა, ან თუ არ დაუნახავს, თუ გაიგო, რომ ჩამოვიდა. ამ სოფელში, რომელიც ხელის გულზე ეტევა, შეუძლებელია რამე დაიმალოს. მართალია, ნებისმიერ შემთხვევაში ბექნუ მას ნამდვილად არ შეუმტვრევდა წიხლით სახლის კარებს და არ მიაკითხავდა, მაგრამ ეს სულ ერთი იყო ლილესთვის. ლაშასთან მისვლას პირველ რიგში ერჩივნა ფიცხელიანთან მისულიყო და მისთვის კიდევ ერთი უკანასკნელი შანსი მიეცა. დილით ადრიანად წამოხტა. არც უსაუზმია ისე გაქანდა ფიცხელიანების ეზო-კარისკენ. იცოდა, კაცი დილაუთენია აუცილებლად თოფგადაკიდებული რომ გავარდებოდა ტყეში და არ უნდოდა გაესწრო. ისედაც მთელი ღამე მოთმინების პირთამდე სავსე ფიალა ახრჩობდა. მოუსვენრობა ხელებზეც დატყობოდა, მთელი სხეული შინაგანად უკანკალებდა. ფიცხელიანების ეზოს რომ მიუახლოვდა, შორიდანაც შენიშნა ბექნუს მაღალი სხეული, მხრებშიგაშლილი რომ აპირებდა სახლის დატოვებას და ტყეში შესვლას. ლილემ ნაბიჯს აუჩქარა, ბოლოს სირბილიც დაიწყო და ფეხის ხმაზე როცა ბექნუ მობრუნდა და ქალის სხეული ამოიცნო, მხოლოდ მაშინ შეანელა სვლა. აღელვებისა და სირბილისგან გული ყელში მობჯენოდა. ლოყები აფორაჯებოდა და ხვეული თმა თავზე კოსად რომ აებურდა, დაუდევრად ჩამოყროდა სახეზე. ფიცხელიანს გაკვირვება ნამდივლად არ აღბეჭდვია სახეზე, როცა ქალი დაინახა, თუმცა მის სახეზე ლილემ ვერც სხვა ემოციის დანახვა შეძლო. როგორც ჩანს დაუბრუნდა თავის მთებს და პირველ სახეს, რომლითაც ლილეს თავი გააცნო. -შენთან სალაპარაკოდ მოვედი. სად მიდიხარ? -ძლივს ამოთქვა ლილემ, სუნთქვა რომ დაირეგულირა. -სათევზაოდ. -რა სასაცილოა. არ წახვალ, სალაპარაკო მაქვს შენთან. -დოინჯი შემოირტყა ლილემ და ცალთვალმოჭუტულმა ახედა თავისზე მაღალ სილუეტს. ბექნუმ ქალის ბრძანების გაგონებისთანავე წარბები მაღლა აწკიპა. -რამდენჯერ უნდა გავიმეორო ერთი და იგივე? არაფერი მაქვს სათქმელი-მეთქი. -არადა ნელიმ კარგად ჩამომირაკრაკა ყველაფერი, როგორც ჩანს კაცებს გაქვთ რაღაც პრობლემა ჩემთან. -ნელისთან რა გინდოდა? -წარბები შეკრა ბექნუმ, სახეზე აშკარად დაძაბულობა შეეტყო და წუთისწინანდელი ირონიაც ჩამოერეცხა. -რამე ხომ არ ჭამე, ან დალიე... -ჩაი შემომთავაზა, მაგრამ არ დამილევია, რა იყო? რა მოხდა მერე? -ცალი თვალით გახედა ლილემ კაცს. მისი დაფრთხობა ეუცნაურა. -ლილე, მომისმინე, -ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალს და მათ შორის დარჩენილი მანძილის დიდი ნაწილი გადაფარა, ლილეს ძლივს დამშვიდებული სხეული ისევ აუფორიაქდა მის სიახლოვეზე. -მაგ ქალის მორთმეულს და შემოთავაზებულს არაფერს ხელი არ დააკარო, ხომ გაიგე? რამეს მოკიდე ხელი? რამე გამოგატანა? -არა, დამშვიდდი. არ დამილევია-მეთქი. რა პრობლემაა ვერ ვხვდები ცოტა არ იყოს.... შენც გგონია რომ ჯადოქარია, ან რამე? -არაფერი არ მგონია, მაგრამ მაგ ქალთან ხუმრობა არ შეიძლება. ისეთ რამეებს ხედავს, ამჩნევს და ამბობს,რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ხედავენ, ვერ ამჩნევენ და ვერ ამბობენ. დამიჯერე. არაა სახუმარო. -ისეთი მკაცრი დამაჯერებლობით ელაპარაკებოდა ფიცხელიანი, რომ ლილემ წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ მოახერხა.- რა გითხრა? -არაა შენი საქმე, რაც მითხრა. შენ თუ არ მეტყვი, რაც მოხდა, იცოდე, შემდეგი ვიზიტის ადგილად ლაშას სახლი მაქვს მონიშნული. -გოგო, შენ გაგიჟდი საერთოდ? რანაირად იქცევი? მაინცდამაინც უნდა დაგაბა, რომ გაჩერდე? -ხო, დაბმა მოგიწევს, რომ გავჩერდე და რომ გავჩუმდე, პირიც მოგიწევს რომ ამიკრა. რას იტყვი? დაბმული რამდენი ხანი გეყოლები? ერთი-ორი თვე... ამ პროცესს უბრალოდ გაახანგრძლივებ... -ლილე, იმასთან მისვლა არ გაბედო იცოდე, რა გგონია, სიმართლეს გეტყვის? -შენთან რომ მოვედი, რა? შენგან რომ მაქვს სიმართლის მოსმენის იმედი და მემილიონედ გთხოვ რამის ცოდნის ღირსად ჩამაგდო, რა? ითვალისწინებ ჩემს თხოვნას? შენ თუ არ მეტყვი, ლაშასთან მივალ, ლაშა თუ არ მეტყვის მამაშენთან, ასე ვივლი კარდაკარ სანამ ვინმე რამეს არ მეტყვის, ხომ გაიგე?! -წამოდი. -მკლავში ხელი ჩაავლო ბექნუმ და ვიწრო ბილიკისკენ წაათრია, რომელიც ტყის სიღრმეში შედიოდა. -სად მიმათრევ, უნდა მომკლა? არ გამიკვირდება ესეც რამე მსხვერპლშეწირვის რიტუალი რომ იყოს. -შენ აქაურ ჰაერზე იწყებ ეგრე ლაპარაკს მაინც და მაინც? თუ რა გემართება? -მეც იგივე შეკითხვა მაქვს შენთან. და ხელი გამიშვი, მოგყვები, ხომ ხედავ! -მთელი სხეულით დაეჯაჯგურა ლილე ფიცხელიანის მკლავს,მაგრამ რა თქმა უნდა, უშედეგოდ. -დაგიჯერე, როგორ არა. ორი წუთის სიარულის შემდეგ პატარა ღელე გამოჩნდა, რომელზეც ფიცრებისგან შეჭედილი ქვის წისქვილი იდგა. გარეთ პატარა ძელსკამი და ხისგან გამოჩორკნილი მაგიდაც მოეთავსებინათ. ლილეს სკამზე დაჯდომისკენ უბიძგა, თვითონ კი მის მოპირდაპირედ ქვაზე ჩამოჯდა და თოფი მოიხსნა. -აბა, გისმენ... -გარემო შეათვალიერა ლილემ, შემდეგ კი ფიცხელიანს მოჭუტული თვალებით დააშტერდა. -რატომ ხარ ასეთი ჭირვეული? -ოხვრას ამოაყოლა ბექნუმ სიტყვები. -არასწორი პასუხია, აბა, კარგად. -მაშინვე წამოხტა ლილე და წასასვლელად მოემზადა. ამდენი რეპლიკის მოსმენამ უკვე მოთმინების ფიალა აუვსო და სიმართლე ითქვას, მობეზრდა კიდეც ღრიტინი ინფორმაციის გამოსასყიდლად. -დაჯექი! -ხელში ჩაავლო ფიცხელიანმა და თვალებით მკაცრად ანიშნა, სადაც დასვა იქ დაბრუნებულიყო. -მომბეზრდა ხვეწნა-მუდარა! თუ იმის გეშინია, რომ სიმართლის გაგების შემდეგ დეპრესიაში ჩავვარდები ან აქედან წავალ საერთოდ და ვერც ერთი ვერ მნახავთ, მაგას ისედაც ვაპირებ, ბექა. თან შენ არამგონია პრობლემა გქონდეს რამე, ისედაც ამ მთებში ცხოვრობ, სადაც მე არ ვარ. -დაწყნარდები? -ლილეს ხმა აღარ ამოუღია. რამდენიმე წამი მოუთმენლად ელოდა, როდის დაიწყებდა ფიცხელიანი საუბარს. -მამაშენს პირობა მივეცი, რომ შენ არ მოგეკარებოდი. ამ პირობას უბრალოდ არ მივცემდი, ვალში რომ არ ვყოფილიყავით მასთან. ლაშაც მამაშენის სიტყვის წყალობით შეეშვა ჩემზე ნადირობას და ჩემს ოჯახსაც მამაშენის გულისხმიერების წყალობით არ აცხია ჩირქი. მამაშენს არ მოუკლავს ბიძაჩემი.. -რა? -მოულოდნელობისგან ფეხზე წამოხტა ლილე, თუმცა მერე ისევ დაჯდა, რადგან თავბრუ დაეხვა და სუნთქვა შეეკრა ამ ამბის მოსმენაზე. თითქოს უდიდესი შვება იგრძნო, რომ მამამისი მკვლელი არ იყო, რომ არავის ცოდვის ტარება არ უწევდა არც თვითონ და არც მამამისს. რომ არავის წინაშე არ მოუწევდა თავის დახრა, დარცხვენა. -აბა, ლაშას მამამ? -არა.. არა... ბიძაჩემმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც ლაშას მამა მოკლა. გეფიცები, მეც ახლა გავიგე და... მაშინ საერთოდ არ ვიცოდი... შენ არ იცი ეს რას ნიშნავს, ჩვენთვის ყოვლად დაუშვებელია ადამიანმა თავი მოიკლას. ოჯახს მისი გამოტირების უფლებაც კი არ აქვს, აქაური კაცისთვის უდიდესი სირცხვილია მარტო მისთვის კიარა, მთელი მისი ოჯახისთვისაც. ხშირად რიყავენ თვითმკვლელების ოჯახს. არ ვიცი, ამას ალბათ, მამაშენსაც არ დავუჯერებდი, მამაჩემსაც რომ არ დაედასტურებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სიმართლეა. მან ვეღარ გაუძლო იმას, რომ თავისი საყვარელი ქალი აღარ ჰყავდა, მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებდა ამაში, რადგან პირველ რიგში თვითონ იყო მასზე პასუხისმგებელი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის დანიშნულები იყვნენ. როცა ლაშას მამა მოკლა შურისძიების გამო... ბუდუმ მითხრა, რომ ვერ გადაიტანა.. არ ჰქონდა ძლიერი ხასიათი, სულიც დასახიჩრებული... თავისი თავის მოკვლით სისხლის აღების ტრადიციასაც დაასრულებდა და შემდეგ თაობასაც აღარ მოუწევდა ამ ტვირთის ტარება, როგორც წესი მამიდან შვილზე გადადის შესასრულებელი ვალდებულება ღირსების წინაშე, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კაცს ცოლ-შვილი არ ჰყავს, ძმაზე და ძმის შვილებზე... ამით, არ ვიცი, ალბათ ჩვენი დაცვაც უნდოდა და აქედან გაქცევაც, ამ სამყაროდან. არ ვიცი, იქ თვითმკვლელებს რა ბედი ეწევათ, როცა სხვა სამყაროში გადადიან... მოკლედ, ასე იყო. ბუდუმ მამაშენს სთხოვა, რომ ეს სირცხვილი არავისთვის გაემხილა. ამ საქმეში ყველაზე დიდი დამნაშავე ალბათ მამაჩემია, მაგრამ მეც არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი მის ადგილას. ალბათ, ავიღებდი საკუთარ თავზე იმ პასუხისმგებლობას, რომელიც დამეკისრა, თუ საზოგადოება გამრიყავდა დაე, ასე ყოფილიყო, სხვას არ ვაიძულებდი ჩემი ძმის მკვლელის იარლიყი ეტარებინა, მაგრამ... არ მინდა მისი გაკიცხვა. მამაშენს ძალიან უყვარდა ჩვენი ოჯახი, ჩვენ.. ვერ გაგვწირა, მას არც არავინ გაამტყუნებდა ეს რომ თავის თავზე აეღო, თვითონ კი იცოდა, რომ მართალი იყო და არც აწუხებდა, სხვა რას იფიქრებდა. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, არავინ იცის. ლაშამაც მხოლოდ იმიტომ გაიგო, რომ უაზრო დევნა და სისხლის წყურვილი დაეოკებინა. მამაშენის წინაშე გაუტეხელი ფიცი დადო, რომ ამას არავის ეტყოდა, რადგან არც მამამისი იყო სუფთა და ნამდვილად არ ენდომება, ყველამ ყველაფერი გაიგოს მასზეც. გთხოვ, ამის თქმასაც ნუღა მომთხოვ. მეც არ ვიცი, წესიერად არც დავინტერესებულვარ იმის შემდეგ, რაც ბიძაჩემზე გავიგე სიმართლე. მოკლედ ასეა. არ ვიცი, როგორ შეამჩნია მამაშენმა ან რატომ იეჭვა, რომ ჩვენს შორის რამე შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ პირობა ჩამომართვა, რომ... რომ შენგან შორს დავიჭერდი თავს. ამიტომ გთხოვ, ნუ გაართულებ ყველაფერს... სიტყვას ვერ გავტეხ და ვერაფერს დაგპირდები შენგან შორს ყოფნის გარდა. ბოლო სიტყვები ჩურჩულით წარმოთქვა ბექამ. ლილეს თვალები ცრემლით ჰქონდა გადაგლესილი და მის გამოსახულებას წესიერად ვერც ამჩენვდა. მხოლოდ ხმის ტემბრით ატყობდა თუ როგორ უჭირდა კაცს ამ ყველაფრის მისთვის მოყოლა, რამხელა ნდობა გამოუცხადა, როცა თავისი ოჯახის ყველაზე საიდუმლო და პირადული დეტალები გაუმხილა. გაუაზრებლად წამოდგა, გვერდით მიუჯდა და მხრებზე ორივე ხელები შემოხვია, თავი კი ბეჭზე ჩამოადო. ფიცხელიანი ადგილიდან არ დაძრულა, ყელში გაჩხერილი ბურთულა ძლივს გადააგორა, როცა ქალის ნაზი ხელების შეხება და განუსაზღვრელი მზრუნველობა იგრძნო მისგან. იგრძნო, რომ გულთან ახლოს მიიტანა მისი ნათქვამი და გონებაშიც გადახარშა. თვითონ ვერასდროს სთხოვდა ამხელა ნუგეშს, მაგრამ უნებართვოდ გაღებულზე უარის თქმა არ შეეძლო. -მე დამაბრალე, -გატეხილი ხმით ამოიჩურჩულა ლილემ, -ჩემი ბრალია. მე არ განებებ თავს, თორემ სიტყვას შენ შენი ნებით არ გატეხ. ახლაც მე არ გეშვები, მე შემოგიჩნდი ეშმაკივით, მართალი ხარ, გთხოვ, ყველაფერი მე დამაბრალე ოღონდ ახლა ჩახუტების უფლება მომეცი ცოტა ხნით. მერე წავალ. არ გაგიძნელებ. ეს ცოტა ხანი რამდენიმე წუთზე დიდხანს გაგრძელდა. ლილე უსიტყვოდ იზიარებდა ფიცხელიანის უთქმელ ტკივილს, მის პირობით შებოჭილ ბედნიერებას. იცოდა, გრძნობდა, რომ ფიცხელიანსაც არანაკლებ უნდოდა ახლა მოხვეოდა, ეკოცნა, არსად გაეშვა... მაგრამ ამის თქმის უფლებასაც ვერ აძლევდა თავს. აქ ერთადერთი მსხვერპლი მხოლოდ ბექნუ იყო და ლილესაც არ შეეძლო მისი დახსნა ამ მდგომარეობიდან. -შენთან ისე კარგად ვარ... -ამოილაპარაკა ბოლოს საოცრად დამშვიდებული, ნაზი ხმით. ისე, რომ ბექნუს გული მწარედ შეეკუმშა და მთელ სხეულში თითქოს სისხლის მიწოდება შეუწყდა. -ჩემი ნება რომ იყოს, არსად წავიდოდი... მაპატიე, რომ ასე ისარგებლა მამამ შენი მდგომარეობით და შენ წინააღმდეგ გამოიყენა. ჩვენ წინააღმდეგ. მე აუცილებლად დაველაპარაკები.... -არა, იცოდე არაფერი თქვა, გთხოვ. -ოდნავ შეირხა ფიცხელიანი, მაგრამ იმდენადაც არა, ლილე რომ მოშორებოდა. -პირობა პირობაა. -მან სიმართლე უნდა იცოდეს, ბექა. -ისედაც ყველაფერს ხვდება! შეწყალება არ მჭირდება. -თქვა და ფეხზე წამოდგა. -შენი სიამაყე დაგვღუპავს.. მე და შენ... -ლილემ ქვემოდან ცრემლიანი თვალებით ახედა. მისი სხეული ჯერ კიდევ გლოვობდა ფიცხელიანის სიშორეს. -შენი აზრით, იმ ქალის გვერდით ყოფნა, რომელიც გიყვარს, შეწყალებაა? -ჩემთვის კი! პირობას ვერ გავტეხ. ასეთი არც შენ გეყვარები, არც მე მეყვარება საკუთარი თავი. რას მთხოვ? ავდგე, გადაგეხვიო, როცა ვიცი, რომ მამაშენს ვუღალატე? ჩემი სიტყვა გავაუფასურე? ამის მერე ბედნიერებას მთხოვ შენთან? ხელი ჩაგკიდო და ზღვის სანაპიროზე ვიცეკვო შენთან ერთად? შენ მამაშენს დაგაშორო იმის გამო, რომ უპრინციპო და ფლიდ კაცთან ყოფნა აირჩიე? აქედან რამე გამოსავალს ხედავ? -კი ვხედავ! ვხედავ! მინდა, რომ ერთხელ მაინც დაივიწყოთ ეს პრინციპები და წესები, ყველაფერი, რაც გბოჭავთ და თქვენს თავს სიყვარულის და ბედნიერების უფლება მისცეთ. მამაჩემს ჰგონია ასე მიცავს არარსებული საფრთხისგან? ერთხელ მაინც დაგეყენებინათ მართლა ჩემი ბედნიერება ყველაფერზე წინ.. მე შენი ყველაფერში მესმის გარდა იმისა, რომ არ გინდა მამაჩემს ვუთხრა შენს მიმართ რასაც ვგრძნობ. რომ სადაც შენ არ ხარ იქ მე ვერ გავიხარებ, ვერ ვისუნთქებ... მხოლოდ მე შევაცვლევინებ მამაჩემს ამ დამოკიდებულებას და მინდა, რომ ამის უფლება მომცე.... -არ მინდა, რომ შეაცვლევინო, გესმის? არ მინდა. არ მინდა იმის გამო, რომ შენ სთხოვე, ჩემთან ყოფნის უფლება მოგცეს და რეალურად არ მენდობოდეს, რეალურად არ გვლოცავდეს და არ თვლიდეს, რომ მე მისი შვილის ღირსი ვარ. შენ შეიძლება გადაწყვეტილება შეაცვლევინო, მაგრამ აზრს ვერ შეაცვლევინებ. მე ასე ბედნიერი ვერ ვიქნები. -იმაზე უბედური იქნები ვიდრე ახლა ხარ? როცა შენთან ყოფნა არ შემიძლია? -კი! მამაშენის სიტყვას ვერც კი ხვდები ჩემთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს ლილე.. -ანუ ჩვენ მამაჩემის და შენს ურთიერთობაზე ვსაუბრობთ და არა ჩვენზე.... -არაფერი გამოვა აქედან. გთხოვ, სანამ მეტად გატკენ გულს წადი... -ამაზე მეტად აღარ არსებობს. ეპილოგი -კატო! კატო, შვილო, მოდი აქ! ნათლიაშენი მოვიდა... -გოგო, ნუ უყვირი ბავშვს, პატარაა ჯერ რანაირად მოვა, ძლივს დაღოღავს... ჩემი გაბერილი გოგო... -ნათლული ხელში აიყვანა და ტკბილი ლოყები დაუკოცნა, მერე ისე ძლიერად ჩაიკრა გულში, ისე ძლიერად... შეეშინდა არ მოეჭყლიტა და პატარა ხელები დაუკოცნა, -რაო, ნათლი, გაგიჟებს დედაშენი? წამო ჩემთან, ერთად ვიყოთ მშვიდად და ჩუმად... არც შენ გიყვარს ხმაური და არც მე... -ლილე, დასვი და მოდი, ჭამე, თორე გაგასწრებს მალე ნათლული წონაში... -ჩაიფუკუნა ნანომ და შვილი ხელიდან ააცალა დაქალს. -მიდი დროზე.. ლილე ფრუტუნით ჩამოჯდა სკამზე და უგემურად დაუწყო ცოხნა საჭმელს. ნანომ ბავშვი დააწვინა და თვითონ მალევე დაუბრუნდა სამზარეულოს, სადაც ლილე ჩაფიქრებული იჩიჩქნებოდა სალათის ფურცლებში. -როგორი იყო აბა იტალია? პიცის და სპაგეტის ქვეყნიდან ასეთი გაჩხირებული როგორ ჩამოხვედი კი მაგრამ? -სევდა ჩაუდგა თვალებში ნანოს. -არ მიჭამია ბევრი პიცა და სპაგეტი და ისე.. რამხელა გაზრდილა კატო... რა კარგია შვილები... -შენც უნდა გათხოვდე და გააჩინო თუ ასე ძალიან გინდა! ლილემ ამოიფრუტუნა და ისე გადახედა მეგობარს. -ხო ეგრე მარტივი რომ იყოს, დემოგრაფიული პრობლემები არ შეგვაწუხებდა ჩვენისთანა პატარა ერს. -გოგო შენ აღარ მომწონხარ იცი? -თვალები მოჭუტა ნანომ, -რა არის რა აჩრდილს დამსგავსებიხარ მარადჟამს თავქარიანი დაშნიანების ქალი? -თავქარიანობას რა აზრი აქვს, თორემ კი. კაცები არ მწყალობენ. -ჩაიფხუკუნა ლილემ. სხვა თუ არაფერი საკუთარ უბედობაზე ხუმრობების თქმა მაინც შეეძლო. -მაგ კაცებს... ვაი.. ჩემი ნება რომ იყოს... -ჩვენი ნება არაფერია... -ნერვებს ნუ მიშლი! იმ მთიელი ტყიურის გარდა კიდევ კაცი აღარ დარჩა, რომ მისტირი? გაიარ-გამოიარე ათასი ლამაზი კაცი დადის. -შენ რატომ არ ათვალიერებ მერე მაგ ლამაზ-ლამაზ კაცებს, ნანო? -თვალები მობეზრებით გადაატრიალა ლილემ. უკვე იმდენჯერ ისმენდა ერთსა და იმავეს, რომ გააზრებაც აღარ სჭირდებოდა. -მე ქმარი მყავს და იმიტომ! -მერე შენ შენი ქმარი არ გიყვარს? რომ გიყვარს იმიტომ არ უყურებ სხვებს, მაგიტომ არ ვუყურებ მეც და ძალიან გთხოვ, აღარ გინდა ეს სისულელეები.. -კაი, კაი ხო. -კარში დააწია სიტყვა ნანომ, -ამ საღამოს გელოდები იცოდე, ძალიან არ დააგვიანო. სახლამდე ენერგიაგამოცლილი მივიდა. ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ ჰქონდა არაფრის თავი. ვერაფერში პოულობდა ხალისს და შვებას. ხასიათიც სულ გამოეცვალა. ადრე თუ ჯიუტი და თავქარიანი იყო, ახლა უბრალოდ ყურადღებასაც კი აღარ აქცევდა არაფერს. თითქოს აქაურობას საერთოდ მოწყდა. ღიმილით ისევ იღიმოდა, ისევ ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ვინც ახლოს არ იცნობდა, მისი ხასიათის ცვლილებას ვერც კი შეამჩნევდა. -დედა, მოხვედი? მოდი, ვისადილოთ...- ხელებგაშლილი შეეგება შვილს, ლილემ ლოყაზე ფრთხილად აკოცა დედამისს და თავის ოთახში გაუჩინარდა. -ხედავ რა გააკეთე? -გამწყრალი სახით მიუბრუნდა ქმარს ნინო, -შენი ხისთავიანობის დამსახურებაა ეს ყველაფერი! ვერ ამჩნევ შენი შვილი რა დღეშია? -ნინო, არ გინდა... -თავი მობეზრებით გააქნია ბეშქენმა, თუმცა კი თვითონაც სევდიანი თვალები გააყოლა შვილს. -არ მინდა? ოცდარვა წლის არის შენი შვილი... პირველ ქმარში არ გაუმართლა, მეორედ შეუყვარდა ადამიანი და იმასთან ყოფნაც კი არ შეუძლია შენი ქედმაღლობის და უაზრო შიშების გამო! ვაი, რომ ის კაციც შენნაირია, ხელი არ დაავლო შენს შვილს და არ წაიყვანა თავისთან. ვერ ხვდები? შენს სიტყვას ვერ გადაუდის და ბოლოს მაინც ჩემი შვილი იტანჯება ყველაზე მეტად! იცოდე! ახლა ჩემი ლილეს ბედნიერებაზე წინ არაფერი არ დგას, ბეშქენ. არც შენ! შენ თუ გაქვს პრინციპები, ასევე გვაქვს ჩვენც, მეც მეშინია! მეშინია, რომ ჩემი შვილი თავისი ცხოვრების საუკეთესო წლებს თავის სიყვარულთან ყოფნის ნატვრაში გალევს... რაღა ის შეუყვარდა! რაღა ის! მაგრამ რას ვიზამთ. ამ აზრს უნდა შეეგუო. იმ ბიჭმა თავისი დასამტკიცებელი შენ დაგიმტკიცა ბეშქენ! შენს შვილს სათოფეზე არ მიკარებია! ხომ იცი, ლილე ასე მარტივად არ გაჩერდებოდა. ხომ იცი, რომ ლილემ ყველაფერი გაიგო მაშინ... შენ ცნობ შენს შვილს? მე ვერა! რისი გეშინია, მითხარი! -მის დაკარგვასაც ვეღარ გადავიტან ნინო, ვერც შენსას... რას მეუბნები, -ხმა ჩაუწყდა კაცს. სასწრაფოდ წყალი დალია და შუბლზე დაცვარული ოფლი ხელის ზურგით შეიწმინდა. -ხომ იცი, ჩემი დის შემდეგ..... -ლილეს ნუღარ ახსენებ! შენ ვერაფერს შეცვლიდი მაშინ, მაგრამ ახლა შეგიძლია შენი ქალიშვილი ბედნიერების ღირსად მაინც ჩათვალო. არ შეიძლება შენი შიშების გამო ის გყავდეს გალიაში გამოკეტილი, იმ ბიჭს კი საკუთარ ღირსებას უმიზნებდე შუბლში. მათ ამბავში შენ ხარ უარყოფითი პერსონაჟი, ნუთუ ამას ვერ ხვდები..... ჩემი ლილე დამიბრუნე, თორემ მეც მოგშორდები.... ბეშქენმა ნერწყვი ძლივს გადააგორა საყლაპავში. რაღაც ფიქრს შეეწუხებინა ჭაღარაშეპარული კაცი. თვალებში უჩვეულო ნაღველი ჩადგომოდა. გაბრაზებულ ცოლს, ოთახში რომ შეიკეტა, უხმოდ გააყოლა თვალი და ჯიბიდან მობილური ამოიღო. ღირსება უცნაური ფასეულობაა. ზოგი საერთოდ არ უფრთხილდება, ზოგი კი ზედმეტად ცდილობს მის დაცვას და აქ უკვე ყველანაირი საზღვარი ბედნიერებასა და ღირსების დაცვას შორის ბუნდოვანდება. პრინციპებს ხშირად არასწორ გადაწყვეტილებამდე მივყავართ. იმან, რასაც ღირსების სახელით ახლობლების დასაცავად ვაკეთებდით, შესაძლოა მეორე უკიდურესობამდე მიგვიყვანოს. უკიდურესობამდე, სადაც ყველანაირი კეთილშობილი კვალი ქრება და შენგან მხოლოდ ანტიგმირი რჩება, რადგან ცხოვრება მხოლოდ ერთი ადამიანის თამაში არ არის. თუ მხოლოდ საკუთარ ღირსებაზე, პრინციპებსა და შიშებზე იფიქრებ, ისე იმსხვერპლებ სხვების ცხოვრებას, საერთოდ დაგავიწყდება, რომ გზის დასაწყისში მარტო არ იყავი, მაგრამ გზის ბოლოს ირგვლივ აღარავინ გყავს. ბეშქენ დაშნიანი ბექა ფიცხელიანის პირისპირ იდგა და ბოლოდროინდელი აზრებით შეწუხებული სიტყვებს ვერ პოულობდა. ფიცხელიანი თითქოს საერთოდ არ შეცვლილა, მხოლოდ მახვილი თვალი თუ შენიშნავდა ორიოდე ნაოჭს წარბებს შორის და ნაღველჩამდგარ თვალებს, რომელიც ღიმილის დროსაც კი არ უქრებოდა, ან ფერმკრთალდებოდა. -ბექა, ჩემი შვილი ისევ გიყვარს? ყველაფერს ელოდა ფიცხელიანი ამ შეკითხვის გარდა. გული ყელში ამოუვარდა და ერთ ადგილას გაშეშებულს მთელი გონება ამ კითხვის გარშემო დაუტრიალდა. -ყოველთვის. არ ვფიქრობ, რომ ეს პირობის გატეხვაა. ამას ვერ დამიშლით, რაც არ უნდა ძალიან გინდოდეთ, თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად. -იცი... დღეს ჩემი ცოლი დამემუქრა... თუ მის ქალიშვილს არ დავუბრუნებდი, თვითონ აუცილებლად მიმატოვებდა. ჩვენ ოცდაათი წელია ერთად ვცხოვრობთ. მასაც ისევე ვუყვარვარ, როგორც მე, და დამიჯერე, მისი გაცნობის დღის შემდეგ ეს სიყვარული ოდნავადაც არ განელებულა. იმის გაფიქრებამ, რომ თავისი ნებით წავიდოდა ჩემგან, შინაგანად დამანგრია, რომ არაფერი ვთქვა იმაზე, რა დამემართებოდა ეს რომ რეალურად მომხდარიყო. მივხვდი... გვიან, მაგრამ მაინც... ჩემი შვილი ამას უსიტყვოდ უძლებდა... მეგონა, თავიდან ჭირვეულობდა, როგორც იცის ხოლმე, რომ ამოგიჩემა... მაგრამ თვეები გავიდა და ჩემი საქციელის ნაყოფს, ჩემს... უბედურ... უბედურ შვილს რომ ვხედავ, ვხვდები, რომ მე არც ჩემი ცოლის და არც ჩემი შვილის ღირსი არა ვარ, იმდენად მშიშარა ვარ.. არ მინდა, შენც ჩემნაირი იყო. უბედურების შიშის გამო ბედნიერებას ნუ დათმობ. გეშინოდეს, მაგრამ ბედნიერებაც უნდა გაბედო. ჩემს შვილს პირველმა ქორწინებამ გული გაუტეხა, გამთელების უფლება, ალბათ, მე არ მივეცი... ამას მარტო ლილეს დასაბრუნებლად არ ვაკეთებ, მარტო მისი ბედნიერებისთვის არ ვაკეთებ.. ერთი წამით მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი შენს სისუსტეში, აქ არ დაგიბარებდი... შენ სიტყვის კაცი ხარ, ღირსეული და მართალი... ლილეს ძალიანაც რომ ნდომოდა, სიტყვის გატეხას არ გთხოვდა... ისიც ვიცი, შენ თხოვე, ჩემთვის არაფერი ეთქვა თავის გრძნობებზე... ყველაფერს კარგად ვხვდები ახლა... როცა ჩემს შვილს ჩემს დანახვაზე თვალები აღარ უციმციმებს. ცრუმორწმუნე ვარ, მეშინოდა, მაპატიე, რომ მეშინოდა, მაგრამ შენ ბიძაშენი არ ხარ, არც ლილეა მამიდამისი..... არ მინდა თქვენს ბედნიერებას მე ვუშლიდე ხელს. ნანოს და თორნიკეს სახლში დიდი აურზაური იდგა იმ საღამოს. ყველას პატარა კატოს ლოყების მოქაჩვა და მოფერება უნდოდა, მისი ერთი წლის იუბილეს ყველა აღნიშნავდა მის გარდა, რადგან პატარას მალევე მიეძინა. ლილე ჩაფიქრებული შლიდა სუფრას, ნანოს და სალომეს ლაპარაკის ნახევარიც არ ესმოდა. მისი ცისფერი კაბა ფრიალებდა სამზარეულოდან-სასტუმრო ოთახამდე და პირიქით. აივნის ღია კარიდან სასიამოვნო სიგრილე მოდიოდა, ოდნავ სიცივეში რომ გადადის და პლედის მოხურვას მოგანდომებს, მაგრამ მაინც არ ეპუები და მხრებს გაბედულად იშიშვლებ. კარგად გახურებულ ქეიფსა და შუა ლაპარაკში იყვნენ, ლილეს რომ დივანზე მიძინებოდა. ისედაც მთელი ღამის უძილარი იყო და მეგობრების მყუდრო გარემოში ყოფნამ პატარა კატოსთან ერთად მოთენთა და ნათლულს გვერდით მიუწვა. მანამდე ეფერა, სანამ თვითონაც არ წაიღო ძილმა. ვერც კი გაიგო ისე ახმაურდა ყველა. ახალმოსულ სტუმარს ყიჟინით მიეგებნენ. ფიცხელიანიც ღიმილით გადაეხვია ყველას, თუმცა გულ-მუცელი მოუსვენრობის გრძნობას აეწრიალებინა და თვალებით მხოლოდ იმას ეძებდა, ვის გამოც ახლა გაღიმება შეეძლო. -მოდი, ბექნუ, მაგარ სადღეგრძელოს ვამბობთ... დემე სადაა, რატო არ წამოვიდა? -ოთომ ძლივს გადახვია ხელი ახალმოსულს, ისეთი მთვრალი იყო უკვე. -შენ რასაც ამბობ, მაგას სადღეგრძელო ნამდვილად აღარ ეწოდება, ოთარ. -წარბები მაღლა აწკიპა ნანომ და ძმას საყვედურნარევი ტონით მიმართა. -ეგ არის უკვე სერთიფიცირებული ბჟუტური. -რამდენჯერ გითხარით შენ და ლილეს, ხალხში ოთარს ნუ მეძახით-მეთქი? იმას ძინავს კიდევ კარგი, თორემ ორივეს ერთად რა აგიტანდათ..... ახლა მისი სახელის გაგონებამაც კი იმდენად აუჩქარა გული, ისე აეწვა მუცელი მღელვარებისგან, რომ დღეს მის ნახვას შეძლებდა თუ არა, ესეც კი ეჭვქვეშ დააყენა. თვალი არ მოუშორებია იმ კარისთვის, რომლიდანაც ის უნდა გამოსულიყო და ახმაურებულ გულისცემას ვეღარაფერს უხერხებდა. ერთი ყლუპი ღვინოც კი არ გადასვლია, ლუკმაზე რომ არაფერი ითქვას. მხოლოდ სანახევროდ იყო აქ. მოუთმენლად მაგრამ მაინც დიდი თავშეკავებით ელოდა ლილეს ოთახიდან გამოსვლას. -შედი, კატო ნახე... -მხარზე ხელი მოუთათუნა ნანომ და ჩუმად უჩურჩულა, სხვებს რომ არ გაეგოთ. ბექნუმ ისეთი თვალებით შეხედა ნანოს, უსაზღვრო მადლიერება, რომელსაც ვერასდროს გადაუხდიდა აშკარა იყო. ნანომაც ფეხზე წამომდგარს თვალი ჩაუკრა და თავით ანიშნა დროზე გასულიყო. კარამდე როგორ მიაღწია არ ახსოვს. ეგონა ყველაფერი დაახრჩობდა ერთიანად, მონატრებაც, მღელვარებაც, შიშიც... შიში, რომ არ მიიღებდა ამდენი ხნის შემდეგ, მაგრამ მაინც იმედიანად შეაღო კარი. გულსა და მუცელში თითქოს ყველა გრძნობამ ერთიანად იფეთქა, როცა კატოსთან ერთად მშვიდად მძინარე დაინახა. როგორ მოუნდა ეს ყველაფერი მისი ყოფილიყო, ახლა, როცა ყველაფერი გადააფასა, მიხვდა, არავინ და არაფერი არ უღირდა მისგან შორს ყოფნად. როცა ვერ ხედავ, თითქოს მარტივია მონატრების გადატანა. მაგრამ ახლა როცა მის წინ იწვა ასეთი მშვიდი, მშვენიერი და სასურველი, ყველა სახსარში სისუსტე იგრძნო. ისიც არ იცოდა, უნდა მიახლოებოდა თუ არა... უბრალოდ იდგა იმდენად ახლოს რომ ყველაფერი დაენახა, და იმდენად შორს რომ არ შეეწუხებინა და ზედმეტად მიკარებასაც ვერ ბედავდა. ლილემაც ძილში იგრძნო თითქოს, რომ ვიღაც უყურებდა, იმდენად აეწვა სახე. ოდნავ შეიშმუშნა და თვალები რომ გაახილა, არც კი დაუჯერა ნანახს. ეგონა, ისევ ესიზმრებოდა, ოდნავ გაუღიმა კიდეც... მერე გონებამ ნელ-ნელა გამოფხიზლება რომ დაიწყო და ოთახში ის სუნი რომ დადგა, რომელსაც ყველასგან გამოარჩევდა, დენდარტყმულივით წამოხტა ფეხზე. ხისტი მოძრაობისგან ოდნავ შებარბაცდა მაგრამ თავის შეკავება მაინც მოახერხა. -შენ? -ნამძინარევი ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა. -რა გინდა აქ? -შენს წასაყვანად მოვედი, -ლილეს ყველაფერი ჩაწყდა იმდენად ჰგავდა ნანახი სიზმარს. თავი დაფიქრებულმა მოიქექა... ირგვლივ მიმოიხედა, რამე ხელჩასაჭიდს ელოდა, რაც დაარწმუნებდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო. ბექნუს მიახლოების სურვილმა სძლია და ორ ნაბიჯში დაფარა მანძილი რაც ამ ქალამდე ამდენი ხნის განმავლობაში აშორებდა. -რა? -ლილე ისევ ისეთი გაკვირვებული სახით იყურებოდა. ვერ გამორკვეულიყო. -შენ ხარ? -ხო... პირველად მხედავ? არ გესიზმრება...-გაღიმება სცადა ფიცხელიანმა, თუმცა გული სიმწრისგან გაკიოდა ასეთი წარმოუდგენელი რომ ეგონა ამ ქალს მისი გამოჩენა. -მერე აქ რა გინდა? ბავშვის ოთახია, გადი. -ნანომ მომცა ნება, შემოვსულიყავი.. -მისმა სიკაპასემ ოდნავ შვება მოგვარა. თუ ჯერ კიდევ გაბრაზებულია, ესე იგი არაფერს გაუვლია. -თანაც შენც ხომ აქ ხარ? -მე ბავშვის ნათლია ვარ. -მე ბავშვის ნათლია იმიტომ არ ვარ, რომ შენ ხარ. -რაებს ბოდავ? მომშორდი! -როგორც კი ოდნავ მოახლოება იგრძნო ლილემ, მაშნვე უკან დაიხია, თუმცა ფიცხელიანსა და კედელს შორის, როგორც ჩანს ადგილი აღარ იყო დარჩენილი, სადაც გაქცევას შეძლებდა. -არ შემიძლია...-ჩახლეჩილი ხმით უთხრა ბექნუმ და ცხვირით ლოყაზე მოეფერა. ლილეს ლამის მუხლები მოკვეთა მისმა სიახლოვემ. თავს ძლივს იკავებდა, რომ მომჩვარული სხეული ვერტიკალურ მდგომარეობაში შეენარჩუნებინა, და ამ ველურს არ ეგრძნო, რომ მისი მონატრებით კვდებოდა. -ასე პირველად გავგიჟდი ქალზე, რომელმაც მხოლოდ ერთხელ მაკოცა, იცი? -ნუ ბოდავ-მეთქი... -გვერდიდან სცადა გაქცევა ლილემ, მაგრამ ფიცხელიანმა ორივე ხელით გზა გადაუკეტა. -არ ვბოდავ, სიმართლეს ვამბობ. ასე პირველად გავგიჟდი კი არა, ზოგადად პირველად გავგიჟდი ქალზე... და ეს შენ ხარ... შენ რომ ჩემთვის გეთქვა იგივე სიტყვები, მე ძალიან გამიხარდებოდა. -ჯერ ერთ ლოყაზე აკოცა ნაზად, შემდეგ მეორეზე. -ბექა, გამიშვი...-ორივე კოცნამ ხმა გაუტეხა ლილეს, გულ-მუცელზე კი ლამის ცეცხლი წაეკიდა ფიცხელიანის სიახლოვისგან. -ვერა... ტყუილად მეხვეწები... -მამაჩემი დაგავიწყდა? შენ ხომ მის პირობას ვერ დაარღვევ ისეთი ღირსეული ხარ! ჩემი გულის ტკენა არ არის ხომ არასწორი საქციელი! ბავშვის ოთახში ნუ მაყვირებ, აივანზე მაინც გავიდეთ! -აივანზე რისთვის გავიდეთ, თავისუფლად რომ მეჩხუბო? -არ გესმის რა გითხარი, შე ველურო? -დაისისინა ლილემ და თვალებით ბავშვისკენ ანიშნა. -კარგი, გავიდეთ სუფთა ჰაერზე..-წელზე ხელი სწრაფად მოხვია და სანამ ლილე რამის გააზრებას მოასწრებდა, მანამდე გასვა აივანზე. -მამაშენი მიხვდა, რომ შენს თავს ვიმსახურებ, -ცალი ხელი წელზე მოხვია, მეორეთი კი ხელები გაუკავა გულთან, თვალებში უცნაური სხივი უელავდა და მთელს სახეზე დაძვრებოდა მზერით. -ახლა რომც გადაიფიქროს, მაინც აღარ დაგაბრუნებ. აქამდეც რომ მენახე, ვერც აქამდე გავუძლებდი, რომ ხელი არ მეტაცა შენთვის და ჩემთან არ წამეყვანე. იმ დღესვე რომ არ წასულიყავი, სადმე რომ გადამყროდი... ვიცი, ახლა აზრი არ აქვს... მაგრამ ვერ გაგიშვებდი... ყველა დღე შენზე ფიქრში და ტანჯვაში გავატარე... იმ ოთახში გაჩერებაც კი არ შემეძლო, სადაც შენ მაკოცე.... სადაც შენ გეძინა... მაპატიე ასე რომ მოხდა, თუ რამეა ჩემი ბრალი მაპატიე, მაგრამ ახლა საშინლად მინდა ვალი გადაგიხადო... ლილე თვალებგაფართოებული უყურებდა სახეზე კაცს, რომელიც ოხვრას და მძიმე სუნთქვას აყოლებდა ყველა სიტყვას, რომელსაც მთვრალივით გადაბინდული ჰქონდა თვალები და რომელიც სიგიჟემდე მონატრებოდა. -მე არ მინდა შენი კოცნა! -ბოლოჯერ გაიბრძოლა, ასეთი უსუსური ტყუილი არასოდეს უთქვამს. -მეც ზუსტად ეგრე მეგონა, მაგრამ შენ მაინც მაკოცე.. სანამ რამის თქმას მოასწრებდა ლილე, ფიცხელიანმა მანამდე დაასწრო და ძილისგან გაღუებულ ტუჩებზე მანამ კოცნიდა, სანამ ქალიც არ აიყოლია.... -ფიცხელიანი, სად ხარ ამდენ ხანს? -ლილე, არსად არ აქვთ ეს შოკოლადში ამოვლებული ანანასის ტორტი მოცვის კურკებით, კარგი რა! სხვა რამე არ გინდათ? -შეწუხებული ხმით უპასუხა ბექნუმ. -კარგი ხო, მაშინ ოხრახუში წამოიღე...-იმედგაცრუებული ხმით უპასუხა დაშნიანმა და გამობერილ მუცელს კმაყოფილი სახით გაუღიმა, -ახლა ეგ გვინდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.