შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება


12-06-2023, 02:26
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 1 845

ხატია მელიქიშვილი, ერთი უბრალო, არაფრით გამორჩეული, მაგრამ საოცარი ქალი იყო. წარმოშობით, ქუთაისიდან იყო და ქუთაისში ჰქონდა საცხოვრებელი.
იგი განთქმული იყო თავისი ხელოვნებით.
ჭავჭავაძეზე, პატარა საკონდიტრო ჰქონდა, სადაც თავისი ხელით ამზადებდა ყველაფერს. საოცარი სურნელი ტრიალებდა მუდამ იმ ქუჩაზე. როდესაც ჩაივლიდი, წამით მაინც გაგაჩერებდა რაღაც ძალა, დაგაფიქრებდა და მოგანდომებდა რომ დაგეგემოვნებინა.
თუ ერთხელ გასინჯავდი, გემო არასდროს დაგავიწყდებოდა.
ნარკოტიკივით იყო, მაგრამ განსხვავებული მხოლოდ ის იყო რომ არ ზიანდებოდი...

ცალკე სიამოვნება იყო იმის ყურება, თუ როგორ სათუთად იღებდა ყველა დეტალს, უხამებდა გემოებს და საოცრებებს ქმნიდა.
მუდამ ვისხედით ხოლმე საკონდიტროს წინ და ვუმზერდით ხატიას.
ყველაზე ლამაზი იყო.
ქალი მაღალი, ტანადი...ულამაზესი შავი თვალებითა და ყორანივით შავი თმებით.
მუდამ ღიმილიანს, სახე უბრწყინავდა.
დედას და თავის მეგობრებს, ყოველთვის შურდათ მისი, რადგან ამ საოცარი ემოციების საიდუმლოს, ვერასდროს ხსნიდნენ.
ბევრს ეცადნენ ქალები, კაცები...ყველას მასთან დაახლოება სურდა, მაგრამ ახლოს არავინ მიუშვა.

***
ერთხელ ძალიან გაგვიწვიმდა ქუთაისში.
ცამ ცხარე ცრემლით იტირა და ცხოვრების მშვიდი ტემპი, უმალ გიჟურად გადაგვიქცია. თავშესაფარს ვეძებდით, გავრბოდით, რათა წვიმისგან არ გავლუმპულიყავით.
ხატია...?
ხატია იდგა თავისი საკონდიტროს ვიტრინის უკან, ხელში ფინჯანი ეჭირა და დამეფიცება რომ სითხეს, ოხშივარი ასდიოდა.
მეც ვიდექი მის მოპირდაპირედ და ვუყურებდი. მის ღიმილს ვხედავდი, რომელიც საოცარი იყო. ნაზი, მოხდენილი, თბილი და ყველა ღიმილზე წრფელი.
არ მბეზრდებოდა...
მანამ ვუყურებდი, სანამ ჩვენს შორის მანქანა არ გაჩერდა.
შავი და დაბურული მანქანიდან, ვიღაც გადმოვიდა. ბევრი არ უფიქრია.
პირდაპირ საკონდიტროში შევიდა.

დუდუ იყო...
მისი ნამდვილი სახელი, არ ვიცოდი. არავინ იცოდა...
მხოლოდ ხატიამ.
შორიდან ეტრფოდა. ვერასდროს უბედავდა იმის თქმას, რომ სიგიჟემდე უყვარდა, რადგან ქალს არასდროს მიუცია მისთვის იმაზე მეტის უფლება, ვიდრე შოკოლადის ნამცხვრის შეკვეთა იყო.
მეღიმება...
დუდუც კი ვერ ახერხებდა მისი გულის მოგებას.
ზოგი იმასაც ამბობდა რომ თავს იფასებდა ხატია, მაგრამ ჩემი აზრით, ხატიას არ უყვარდა დუდუ და სწორად იქცეოდა. როდესაც არ გიყვარს, რთულია აიძულო საკუთარი თავი იმაში, რომ ვიღაც განზრახ შეიყვარო.
ეს ტანჯვაა...ტანჯვა, რომელსაც ზოგჯერ ადამიანები ჩვენს თავს ვუსჯით.

რამდენიმე დღე, ასე გრძელდებოდა. მოვიდოდა დუდუ, იყიდდა ნამცხვარს და წავიდოდა.
მხოლოდ ერთხელ მოხდა სხვაგვარად.
მაშინ, მე მათი საუბარი მოვისმინე.
-გამარჯობა, ხატია.
-გაგიმარჯოს. როგორც ყოველთვის?-უღიმოდა. თბილად და ისე, როგორც მან იცოდა, მხოლოდ მას შეეძლო და მისი იყო.
-დიახ, თუ შეიძლება.
ძალიან მოხდენილად ჩაუწყო შოკოლადის ნამცხვრის ნაჭრები ყუთში, ზედ თავისი ხელმოწერაც დაურთო და ბედნიერი დღე უსურვა. უნდა დამშვიდობებოდა, თუმცა...:
-ხატია...
-გისმენ, დუდუ.
-რატომ?
-რას ნიშნავს რატომ?-ისევ იღიმოდა, თან საქმეს არ სწყდებოდა.
-რატომ გინდა რომ ჩვენს შორის ამხელა მანძილი იყოს?
-განა ეს ცხადზე უცხადესი არ არის?
-არ ვიცი, იქნებ გამარკვიო.
-დუდუ, მე შენს მიმართ არ გამაჩნია გრძნობები. ეს რთული გასაგებია?
-შანსს რომ არ მაძლევ, ეს ნორმალურია?
-სრულიად.
-ხატია...
-გისმენ.
-გთხოვ...ხვალ ისევ მივდივარ და მინდა...
-არა, გთხოვ. თავს ცუდად ვგრძნობ, როდესაც ამგვარად იქცევი. ხალხი ჩემზე ათას სისულელეს მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობს რომ შენ აიძულებ.
-მე?-გაოცებული ჩანდა დუდუ.
-დიახ. როდესაც ასე მოდიხარ ხოლმე და ამდენ ხანს რჩები, ყველას კითხვები უჩნდება.
-ბრბო არ მაინტერესებს!-მკაცრი იყო დუდუს სიტყვები. წამით ტანშიც გამცრა.
-სამაგიეროდ, ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. შენ წახვალ, მე აქ ვრჩები. რთულ მდგომარეობაში მაგდებ და თუ მართლა გიყვარვარ, აღარ გააგრძელო.

...არაფერი უთქვამს დუდუს. ნამცხვარი იქვე დატოვა და წავიდა. ისე წავიდა, ერთი წამითაც არ შეუხედავს ხატიასთვის.
დატოვა.
იქ დატოვა ხატია და თავისი სიყვარულიც.
მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ თურმე, მხოლოდ ხატიას წილი ბედნიერება წაუღია.

იმ დღის მერე, ისევე მოიქუფრა ხატია, როგორც ამინდი-ყოველი დღის ბოლოს.
ნელ-ნელა, ყველაზე ფერადი და ხალისიანი ქალი, უფერულ და გამჭვირვალე სულად იქცა. მიზეზი ვერავის გაეგო, თუმცა მე ვხვდებოდი.
იმ დღეს, ხატიას ცნობიერებაში დუდუ შეიჭრა, ფესვების გადგმა დაიწყო და ისე მალე მოედო მთელ სხეულს და მოიცვა გონება და სული, რომ თავადაც ვერ გაიაზრა.

დღეები გადიოდა...თვეები...ბოლოს წელიც მიილია და გაზაფხულის ახლად დაბადება გვამცნო ბუნებამ.
ხატია კი...
ხატია აგრძელებდა თავის საქმეს, მაგრამ ჩვეული სილაღე, სადღაც დაემარხა.
სადღაც, სადაც ჩვენ ვერ მივწვდებოდით. ისე შეინახა, როგორც სკივრში ვინახავთ ძვირფას ნივთებს და მხოლოდ შესაფერის დროს ვიღებთ, რათა რაღაც განსაკუთრებულისთვის, საოცრად და მოხდენილად გამოვიყურებოდეთ.

12 მაისი.
ორშაბათი დილა, მცირედი წვიმით დაიწყო.
წვიმის წვეთებთან ერთად, ჩემი სახელი გავიგე...
"ვივიენ..."
მეგონა მომესმა, მაგრამ როდესაც ისევ გავიგე, გამოვფხიზლდი და შევხედე...
ხატია იყო.
მეძახდა.
უცბად გადავჭერი ქუჩა და მასთან მივირბინე.
-გისმენ, ხატია დეიდა.
-დეიდა?-გამიღიმა.-დეიდა არ გინდა...უბრალოდ ხატია.
-დიახ, ხატია...-უნებურად გამეღიმა.
-ვივიენ, მინდა რომ ეს ალუბლის ტორტი, ქალბატონ მარინეს წაუღო.-მარინე დუდუს დედა იყო, უკეთილშობილესი ქალბატონი. მთელ ქალაქს თუ არა, მთელ ქუჩას გვიყვარდა ქალბატონი მარინე. მუდამ კარგად ექცეოდა მაცხოვრებლებს და როდესაც გვიჭირდა, გვეხმარებოდა კიდეც. ხმა დადიოდა, რომ სწორედ მარინე იყო ის ადამიანი, ვინც ხატიას დაეხმარა საკონდიტროს სრულად მოწყობაში, თუმცა ამას ყოველთვის უარყოფდა. ალბათ თავმდაბლობის გამო, ან კიდევ იმიტომ რომ უხერხულობას არ უქმნიდა ხატიას. არ ვიცი...მაგრამ უდაოდ საოცარი ქალბატონი იყო და ხატიას შემდეგ, ყველაზე მეტად ის მიყვარდა და პატივს ვცემდი.
-კარგი, არ არის პრობლემა. ისე, რომ გკითხო, შეიძლება?-მორცხვად მივუგე.
-რა თქმა უნდა, ვივი, მკითხე.
-დუდუ ჩამოდის?
დაიბნა. თავისი შავი ბრიალა თვალების ცეცება დაიწყო, უნდოდა ამრიდებოდა, მაგრამ იმდენად მქონდა ინტერესის დაკმაყოფილების სურვილი, სანამ არ მიპასუხა, ვერ მოვეშვი.
-არ ვიცი, უბრალოდ მთხოვა რომ გამეკეთებინა.-მოკლედ მომიჭრა.
-მაშ კარგი, წავიღებ.

პატარა აღმართი, მალე ავირბინე. შევიჭერი ეზოში, კარებზე დავაკაკუნე და ულამაზესი ქალბატონი, ღიმილიანი სახით შემომეგება. რაც მთავარია, ტორტი დაუზიანებლად მივუტანე ქალბატონ მარინეს. ძალიან თბილად მიმიღო, შოკოლადები მომცა და მადლობა-ო, მითხრა.
მეც გაბადრული წამოვედი უკან, მაგრამ როდესაც დაღმართზე ჩამოვდიოდი, უცნაური რაღაც დავინახე.
შავი მანქანა...
უთუოდ ის იყო.
"დუდუ ჩამოვიდა!"-ვიკივლე გონებში.
ხატიასთან ჩავირბინე. ქოშინით შევვარდი საკონდიტროში და მხოლოდ ერთი სიტყვა ვუთხარი...-"დუდუ."
მაშინვე მიხვდა და სახეზე ღიმილი მოეფინა.

საღამოს, მე და ხატია ცხელ შოკოლადს ვსვამდით და ბანანის უგემრიელეს მაფინებს შევექცეოდით, როდესაც საკონდიტროს წინ მანქანა გაჩერდა.
როგორც ყოველთვის, საოცარი ქარიზმითა და მოხდენილი, დინჯი ნაბიჯებით წამოვიდა დუდუ ჩვენკენ.
ადგომა მინდოდა, მაგრამ ძალა არ მეყო. მინდოდა მათი საუბარი გამეგო.
"ღმერთო, საოცარი წყვილია..."-ვფიქრობდი გულში.
ჯერ მოგვესალმა და, რა თქმა უნდა, ყურადღება ხატიაზე გადაიტანა. მეც გავირინდე...:
-გამარჯობა, ხატია.
-დუდუ...-ამ ერთ სიტყვაში, ალბათ მთელი ერთი წლის მონატრება ჩააქსოვა.
-როგორ ხარ?
-მადლობა, კარგად ვარ. შენ როგორ ხარ?
-კარგად ვარ.
სიჩუმემ დაისადგურა. წამით, მგონი სუნთქვაც კი შევწყვიტეთ სამივემ. ალბათ რაღაცას ველოდით? მაგრამ...რას?
აი, ისიც...
-აქ რატომ ჩამოხვედი?-მოულოდნელად ჰკითხა ხატიამ, ზურგი შეაქცია და თითქოს საქმის კეთება დაიწყო. თან მზერას უკან აპარებდა...
-ჩემგან გინდა გაიგო ყოველივე, თუ მართლა ვერ ხვდები?-მანძილი ორ სიყვარულის ობიექტს შორის, ნელ-ნელა მცირდებოდა.
-ვერ ვხვდები.-სხეული უთრთოდა ხატიას. გრძნობდა რომ გული უვარდებოდა, მაგრამ ახლა რომ დაეკარგა თავისი სიმტკიცე, ძალიან არ უნდოდა.
-ხატია, მომენატრე! მთელი არსებით მომენატრე.
-ხომ გითხარი, რომ არ მიყვარხარ?
-მერე?
-რატომ მოგენატრე?
-მე ხომ მიყვარხარ, არა?! ამას შენი პასუხი შეცვლიდა? როგორ ფიქრობ?
-არ ვიცი, ვერ ვფიქრობ.-ნერვიულობდა. ხელებს იმტვრევდა...აღარ იცოდა სად წასულიყო.
-არ გჭირდება ფიქრი. გეტყვი რომ შენი პასუხი, ჩემს გრძნობებს ვერ შეცვლიდა. პირიქით...მეტად შემომეჭერი და სურვილი, რომ ჩემი გერქვას, მეტად გამიმძაფრდა.
-გთხოვ, არ გინდა.
-რა არ მინდა, ხატია?-უფრო ახლოს მივიდა. ახლა უკვე იმდენად ახლოს იდგნენ ერთმანეთთან, რომ დუდუს ერთი ზედმეტი ნაბიჯი და მათი ტუჩები, სამუდამოდ ერთამენთს შეურეთდებოდნენ.
-ეს ყველაფერი.
-და მაინც რა?
-დუდუ...
-გისმენ, ჩემო ხატია.
-ჩემო?
-კი, ჩემო. ვხედავ, რომ შენც იმავეს გრძნობ, რასაც მე. აღარ გაგიშვებ, გესმის? ახლაც რომ გამაგდო, არ წავალ.
-რატომ?-ღაწვებზე ეული ცრემლი, ნაზად ჩამოუგორდა ხატიას. ყელისკენ მიიწევდა, მაგრამ ნიკაპთან ისე აკოცა დუდუმ, ცრემლიც დაუშრო და სუნთქვაც შეუჩერა. მათი გულის ცემა, ყოველგვარ ხმაურს ფარავდა. ნუთუ ეს იყო სიყვარულის მელოდია? კი, ნამდვილად ეს იყო. მსგავსი არასდროს გამიგია და ალბათ ვერც გავიგებ.
-მიყვარხარ, ხატია. უშენოდ ვეღარ ვარ და ვეღარ ვიქნები.
-საბოლოოდ დაბრუნდი?
-დავბრუნდი. შენთან დავბრუნდი, ჩემო ხატია.
-დუდუ... მენატრებოდი.-ცრემლები წამოუვიდა.
ატირდა. ცხოვრებაში პირველად ვნახე, რომ ხატია ასეთი ცხარე ცრემლით ტიროდა. გინახავთ ოდესმე ისეთი ადამიანი, ვისაც ტირილი უხდებოდა? მე მინახავს და მას ვუყურებდი. ნათლად აღვიქვამდი ტკბილეულის დედოფლის ტირილს და საოცრება იყო.
-ჩუ, ნუ ტირი, ჩემო ხატია. აქ ვარ და აღარ დაგტოვებ.
-არასდროს?
-არასდროს. ყოველთვის აქ მეყოლები...- და გულზე ხელი დაიდო.
ისევ სიჩუმე...
ისევ ეს აუტანელი სიჩუმე.
ღმერთო, კიდევ რაღაცას ამზადებ, ვიცი...მაგრამ გთხოვ, მალე მოავლინე. გული ვეღარ უძლებს.
და აი, მესმის ხმა...დუდუს ხმა.
-დღეს 12 მაისია, ხატია.-ხელი ჯიბისკენ წაიღო.
-გახსოვს?
-გეგონა დამავიწყდებოდა?-გაიღიმა და ულამაზესმა კულონმა, რომელზეც მზესუმზირა იყო ამოტვიფრული, თვალები გამინათა.-დაბადების დღეს გილოცავ, ხატია.-ყელზე მოარგო, ხელი ნაზად ჩამოუსვა და იქვე ამბორიც დაუტოვა.
-მადლობა, დუდუ.-ძლივს ამოილუღლუღა და ჩაეხუტა.
თვალებს არ ვუჯერებდი.
ამდენი ხნის მერე, როგორც იქნა ერთამენთთან სიახლოვე, მხოლოდ ემოციურად აღარ უგრძვნიათ.
შემრცხვა...
ისედაც ამდენ ხანს ვუყურე. ავდექი და მშვიდად წამოვედი.
არც გაუგიათ.
ან კიდევ...რას გაიგებდნენ? მათი გულები ისე ხმაურობდნენ, ყურთა სმენას მეც მიხშობდნენ.
ქუჩის მეორე მხარეს გადავედი და ვუყურებდი, თან გულში ვთქვი: "დაბადების დღეს გილოცავ, ხატია."-ზეცამ სიხარულისგან ტირილი დაიწყო. მეც სიხარულის ცრემლები შევაგებე და ასე ვხარობდით ქვეყანაზე "ახალი ადამიანის" დაბადებას.
აღარ ვიცი რა მოხდა მათ შორის, ან როგორ მოხდა, მაგრამ იმ დღის მერე, დუდუ და ხატია, ერთი მთლიანობა გახდა. ვფიქრობ, რომ ხატია ორჯერ დაიბადა იმ დღეს, როდესაც დუდუს მკლავებში დაიგულა თავი.

განა საოცარი არ არის?
საოცრებაა, რომ ამდენი ხნის შემდეგ, ერთად არიან, ერთი გული უცემთ და ერთი ფილტვებით სუნთქავენ.
ზოგჯერ ცხოვრება ისეთი მოულოდნელი და საოცარია...სურვილი გაგიჩნდება რომ დიდ ხანს იცოცხლო და იმდენი ბედნიერი წამი შეაგროვო, რომ სამუდამოდ გახსოვდეს და გინათებდეს ცხოვრების ბნელი ბურუსით მოცულ გზას.



____________
გამარჯობა...
არაფერს ვიტყვი, უბრალოდ მიხარია რომ აქ ვარ და ხელთ მაქვს ისეთი რაღაც, რასაც გამოვამზიურებ, დადებითად ამავსებს და ყველა თბილ ემოციას გამოიწვევს-იმედი მაქვს, თქვენც არ დაგტოვებთ უემოციოდ...))

გილოცავ!

.......
პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...))



№1 სტუმარი ხატია..

მიყვარს 12 ივნისი და მიყვარხარ შენ..❤️ შენი საოცარი ჩანახატებით..♡♡

 


№2  offline წევრი Chocolate from White Hell

ხატია..
მიყვარს 12 ივნისი და მიყვარხარ შენ..❤️ შენი საოცარი ჩანახატებით..♡♡

მე შენ მიყვარხარ და სულ სულ გულში ხარ...♡⁠♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent