მეორედ (თავი 1)
სიცარიელე. ის, რასაც ცხოვრებამ მიმაჩვია. ერთ შუმერულ ანდაზაში წავიკითხე, რომ ბოლოს ყველაფერი უბრუნდება დასაწყისს, ალბათ არც მე აღმოვჩნდი გამონაკლისი. ბევრჯერ ავმდგარვარ დაცემული, თუმცა ამჯერად არ განმიცდია. ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სიყალბეში ვეძებდი ბედნიერებას. ზედმეტი ვეცადე, ზედმეტიც მოვითმინე იმის გათვალისწინებით, რომ ცხოვრება ფილმი არაა, ყველაფერი იდეალურად ხდებოდეს, თუმცა მოთმენასა და ბედნიერების ძიებაში დამავიწყდა, რომ ზედმეტი არაფერი ვარგა. ახლა? არ ვიცი. არ განვიცდი. დიდი ხანია ჩემს მდგომარეობას არ განვიცდი. თითქოს მივეჩვიე, რომ წესია, ყველაფერი უნდა დამემართოს. ეს მაძლიერებს ხოლმე, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით, ცხოვრებამ იცის, მას რაც უნდა დაუპირისპიროს ჩემში რომ დაამარცხოს. ხშირად ვამბობ, რომ მე არც მარტო ვარ, არც ცარიელი ვარ, პირიქით მეც მაქვს ჩემი ფერები, მეც შემიძლია ღიმილი, არის რაღაცები რაც მეც მაბედნიერებს, მერე მეღიმება ხოლმე, მაგრამ ეს რისი ღიმილია? ბედნიერების? რაღაცის სიხარულის? არა, ალბათ ეს ჩემი მეორე მე დასცინის იმ ერთს, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა რაღაცის, რაღაც კარგის, რეალურად კი ასეთი არაფერია და არც მგონია, რომ ოდესმე იქნება. * ნაძალადევად ვიღებ ყურსასმენს ჩანთიდან და თან ვცდილობ შუქნიშანი ვაკონტროლო. ჩემი ბრალია, ტელეფონი უნდა გამომერთო. -ხო, თამარა. - ღმერთო, ანა, რამდენი ხანია გირეკავ, ვერ ვხვდები, საერთოდ რად გინდა ეგ ტელეფონი. სად ხარ? -მანქანაში. - მხოლოდ ბოლო კითხვაზე ვცემ პასუხს, თანაც ძალიან ლაკონურად. - მანქანაში? უკვე მორჩა პროცესი? ღმერთო ჩემო, არ მჯერა რომ ტყუილად მოვედი. არადა გეფიცები, რაც შემეძლო ვიჩქარე, ეს დაუსრულებელი საცობები რომ არა... - თამარა. -ვაჩერებ. ახლა მისი მონოლოგის მოსმენა ფიზიკურად არ შემიძლია, მით უმეტეს ვუთხარი, რომ მოსვლა საჭირო არ იყო. - როგორ ხარ? -ტონს ცვლის. თითქოს მისი სახე და ემოციაც მიდგება თვალწინ. უკნიდან მანქანა მისიგნალებს. სათვალეს ვიხსნი და სარკეში ვუყურებ, მერე ოდნავ მეღიმება. ხანდახან მაინც როგორ ძალიან მინდა ყველა კაცი ამოწყდე.ს. -კარგად, შენ?- ისევ თამარას ვუბრუნდები. - კარგად? ანა, მისმინე, სად ხარ, მოვალ, ვილაპარაკოთ, დავლიოთ, რამე ვქნათ, არ ვიცი. - უნივერსიტეტში მივდივარ, სემინარი მაქვს. - რა? - ხო. - ახლა? - რა ვქნა, თამარა, ძაძები ჩავიცვა და გლოვას მივეცე? თუ უნივერსიტეტში დავრეკო და ვთქვა, უკაცრავად დღეს ქმარს გავშორდი, ძალიან განვიცდი და იქნებ პირველი სამუშაო დღე გამეცდინა მეთქი? ისე, ამის გაკეთება შემიძლია, მართლა რომ განვიცდიდე, მაგრამ სამწუხაროდ ერთი ცრემლიც კი არ მიგორდება თვალიდან. წამიერი დუმილი. -დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ? -კი. კარგი, წავედი, შევედი უკვე პარკინგზე, მერე დაგირეკავ, მიყვარხარ, გაკოცე. იქამდე ვუთიშავ სანამ კიდევ მეტყვის რამეს. ვერ ვიტყვი, რომ ჩვეულებრივ ასე ცივი არ ვარ ხოლმე, პირიქით, მე სულ ასეთი ვარ, ასეთად დავრჩი, ასე რომ ვიცი, თამარას ჩემი ესმის და იცის, როგორ მიყვარს. მანქანას ვაჩერებ და ჩანთიდან ტუჩსაცხს ვიღებ. მანქანის სარკეზე არ ვგიჟდები, თუმცა რას ვიზამთ. მერე თვალებს ვაკვირდები, კიდევ ვაკვირდები, კიდევ... ცარიელია. ლაინერი, ტუში, ფანქარი, არაფერი მშველის და ალბათ ვერც ვერასდროს მიშველის. საშინლად არ მომწონს ჩემი თვალები, უფრო მეტად კი ის სიცარიელე რასაც მასში ვხედავ. ისედაც ვიცი რომ არსებობს, ამდენი ხანია შინაგანად ვგრძნობ, შევეჩვიე, თუმცა რომ ვხედავ, მაინც სხვანაირი გრძნობაა, სხვანაირი საშინელი. ისევ სათვალეს ვიკეთებ და მანქანიდან გადავდივარ. დაცვის თანამშრომელი ალმაცერად მიყურებს, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ ისე შევდივარ ნაცნობი უკანა კარიდან. მახსოვს, მე და თამარა როგორ ვიპარებოდით ხოლმე აქედან. ხანდახან მარტოც. წინა კარი არც მაშინ მიყვარდა და არც ახლა მქონია სურვილი იმდენ ხალხს შორის გამევლო. მაშინ სხვა დრო იყო, სხვა ანაც, თუმცა, ალბათ უფრო გარეგნულად. ახლა ცისფერი თმა აღარ მაქვს, არც პირსინგები და საერთოდ არაფერი წარსულიდან, მაგრამ შინაგანად ზუსტად იგივე ვარ რაც მაშინ ვიყავი და ეს არასრულფასოვნების კომპლექსები ისევ მაწუხებს. საკუთარი თავი ვერ შევიყვარე და ალბათ მაგიტომაც ვერ შემიყვარა ვერავინ. # -ძალიან გამეხარდა ანა, გილოცავ და კიდევ ერთხელ დიდ წარმატებას გისურვებ. - მადლობა, ქალბატონო სოფო. მოჩვენებითი ღიმილით ვემშვიდობები ფაკულტეტის დეკანს და პირდაპირ ნული სართულისკენ ვიღებ გეზს. საკმაოდ გრძელი ისტორიაა აქ როგორ მოვხვდი ისევ. ალბათ მაინც ნებისმიერი უნივერსიტეტი მერჩივნა აქაურობას, მაგრამ კარგი, ამაზე ფიქრი აღარ მინდა. არავისთან მაქვს პრეტენზია, თუმცა თუკი აქედან გასვლის შემდეგ რამის დავიწყება ვცადე ყველაფერს თავიდან მახსენებს ეს კედლები. ლამის 18 წლის ანა დამიდგეს თვალწინ. მაშინაც არ მომწონდა საკუთარი თავი. ყველა პრობლემა სახეზე მეწერა, ამიტომაც არ მაქვს არც ერთი ფოტო. მახსოვს გამოსაშვებზე ფაქტობრივად ძალით გადამიღო თამარამ მანტიაში, მერე დაბეჭდა კიდეც. მაშინ მგონი პირველად გავიკეთე მაკიაჟი და იქაც კი საშინლად გამოვიყურები. ჩემი აზრით, არც ახლა შეცვლილა რამე, მაგრამ ახლა მაკიაჟის გაკეთება მაინც ვისწავლე. ფრთხილად ჩავდივარ კიბეებზე და თან საათს ვამოწმებ ტელეფონზე. 1 წუთი აკლია. ალბათ ამ ერთ წუთში მივალ, თუ არა და, დაგვიანებულ რამდენიმე წამსაც ალბათ მაპატიებენ. დაგვიანება არ მიყვარს, პირიქით, მსგავსი რაღაცები მაღიზიანებს, მაგრამ ახლა გაქცევის თავი არ მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ შინაგანად ვღელავ, რატომღაც საერთოდ არა. ზოგჯერ მგონია, რომ გრძნობებიც გამიქრა, მაგრამ არა, თავი მტკივა და ამ ტკივილს ვგრძნობ. ბოლო დროს ძალიან ხშირად მტკივა თავი, თანაც თუ ჩემს პანიკურ შეტევებსაც გავითვალისწინებთ, ალბათ პირველი წამლების წამოღება უნდა გამხსენებოდა, მაგრამ არა... ვერა. მეხსიერების პრობლემებიც დამეწყო თუ საერთოდ რა ხდება ვერ ვხვდები. ჩანთიდან ჩემს საქაღალდეს ვიღებ და 05 აუდიტორიას ვუახლოვდები. დერეფანში სრული სიჩუმე იქნებოდა ზუსტად ამ აუდიტორიის ნახევრად ღია კარიდან რომ არ გამოდიოდეს ხმაური. ტიპური სიტუაცია. უბრალოდ ლექტორი რომ არაა, დიდი ალბათობით ამიტომ. დრო მოვიდა... ეს დროც მოვიდა. ახლა მე არ ველოდები, რომ შემოვლენ, ახლა მე შევდივარ. სათვალე თმაზე ამაქვს და ნახევრად ღია კარს კიდევ უფრო ვაღებ. უამრავი სტუდენტია. წამიერად ვავლებ ყველას თვალს და ზუსტად იმ წამს, როცა გამარჯობა უნდა ვთქვა მაგიდასთან მჯდომი მხვდება თვალში. სიტყვა მიწყდება. მასაც. მხოლოდ 1 წუთი, ან უფრო ნაკლები, მაგრამ ყველა მოგონება იმდენად სწრაფად მირბენს თვალწინ წამიერად სუნთქვა მეკვრება. მიყურებს, ვუყურებ. ნეტავ როგორ ვახსენდები? ან რას ფიქრობს ამ წამს? -გამარჯობა. -თავსაც მიკრავს და ნელა დგება სკამიდან. -გამარჯობა. -ჩვეულებრივზე ხმადაბლა გამომდის. - როგორც ხედავთ, თქვენი ლექტორი არსებობს -ამჯერად სტუდენტებს უბრუნდება. - წარმატებულ სემინარს გისურვებთ. - თქვენც ასევე. - ამჯერად მაინც ვასწრებ და იქამდე ვუვლი გვერდს, სანამ კიდევ გააგრძელებს დაკვირვებას. აუდიტორიიდან გადის. არ ვიცი, მეჩვენება თუ მართლა სპეციალურად ნელა, მაგრამ... კარგი. მაგიდასთან მივდივარ და ამჯერად უკვე კუთვნილ ადგილას ვჯდები. -დაგვიანებისთვის უკაცრავად, დავიწყოთ... *** ტატო კერესელიძე ჩემი ერთ-ერთი ლექტორია. ბოლო კურსზე სრულიად შემთხვევით, როდესაც თამარამ მისი არჩევა მოასწრო და მეც ამირჩია, მახსოვს რამდენს მესაუბრებოდა იმაზე, თუ როგორ გაგვიმართლა რომ მასთან ვარ საგანზე. ყველა სტუდენტი პირდაპირი მნიშვნელობით გიჟდებოდა მასზე. ხო, მასზე და არა საგანზე. მე - პირიქით. განსხვავებულობის მოყვარული ყოველთვის ვიყავი, მაგრამ მაშინ ეს სრულიადაც არ მქონია მიზნად. უბრალოდ ვსწავლობდი და არ ვცდილობდი სხვაგვარად მიმექცია ვინმეს ყურადღება. განსხვავებული თავისთავად გამოვჩნდი. ჯგუფში უბრალოდ იმდენი და ისეთი ლამაზი გოგონები იყვნენ, მათ რომ სწავლაზე ეფიქრათ, მაკიაჟსა და ჩაცმულობაზე ვერ იფიქრებდნენ, თუმცა მათთვის რომ ეს უკანასკნელი უფრო იყო პრიორიტეტი, პირველივე სემინარზე დავრწმუნდი. ვერ ვიტყვი, რომ თამარა არ სწავლობდა, პირიქით, სწავლობდა და ძალიან კარგადაც, თუმცა სამსახურის გამო ხშირად უწევდა გაცდენა. გაცდენა... გაცდენა და სემინარზე თავს ისე გარიყულად ვგრძნობდი, აღწერაც წარმოუდგენელია. არ ვიცი, თითქოს ყველა ერთმანეთს ჰგავდა. ყველა ერთნაირად ლამაზი, თავისუფალი. ზოგჯერ ეს თავისუფლება ზღვარსაც კი სცდებოდა. ასეთ გარემოში საერთოდ კიდევ როგორ შევძელი სწავლა არ ვიცი. ისე მიყურებდნენ თითქოს რამეს ვაშავებდი რომ ვსწავლობდი. თითქოს რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა, როდესაც ვაბარებდი. მათი რაღაცნაირი, ალმაცერი მზერა ახლაც არ მავიწყდება. ალბათ ტატო და მის მიერ შექმნილი ყველანაირად კომფორტული გარემო რომ არა, კიდევ უფრო გამიჭირდებოდა ასეთ კურსელებთან. ის არავის ასხვავებდა და ეს თვისება ყოველთვის ყველაზე მეტად მომწონდა მასში. მათნაირად, განსხვავებულად რომ არ მიყურებდა. მალევე დავმეგობრდით. ოღონდ ეს მართლა ყველაზე გულწრფელი მეგობრობა იყო სემინარს იქითაც. რომ გავიხსენო, ალბათ თამარას შემდეგ მართლა ერთადერთი მეგობარი იყო უნივერსიტეტში და ალბათ მასაც ვერ გავიცნობდი რომ არა თამარა. თვითონაც მალევე იპოვა ტატოსთან საერთო ენა და ასე ვიქეცით შესანიშნავ სამეულად. მართლა არ ვიცი ეს როგორ მოხდა. არც მაინცდამაინც ასაკში იყო დიდი სხვაობა და ალბათ ამიტომაც უგებდა სტუდენტებს ასე მარტივად. ზუსტად 2 წელი ვმეგობროდით. მერე ყველაფერი დამთავრდა. ყოველ შემთხვევაში ჩემსა და მას შორის მაინც. მაშინაც ვიცოდი და ახლაც ვიცი, რომ ჩემი აუტანელი და პრინციპული ხასიათის გამო რაღაცებში მეც ზედმეტი მომივიდა, გადავაჭარბე, თუმცა არც მას ვამართლებდი ბოლომდე და სიმართლე რომ ვთქვა, არც ახლა შეცვლილა მაინცდამაინც რამე. საბაკალავროს ხელმძღვანელობაზე მითხრა უარი. მეხის გავარდნასავით იყო. არ ვიცი, თითქოს დენმა დამარტყა. არ მეგონა, ვერც კი წარმომედგინა რომ უარს მეტყოდა. არ ვფიქრობდი იმაზე, თუ უარს მეტყოდა როგორი რეაქცია უნდა მქონოდა, რადგან ზუსტად ვიცოდი რომ ამას არ იზამდა, უფრო სწორად... ასე მეგონა, თუმცა რეალობა სხვა აღმოჩნდა. მახსოვს, როგორ განვიცადე. 2 წუთის განმავლობაში ისეთი გაშეშებული ვიდექი მის წინ გონსაც ვერ მოვედი. ახლა რომ ვფიქრობ, იყო კი აქ ისეთი, ჩემი მხრიდან ასე მძაფრად განცდას რომ იმსახურებდა? ალბათ იყო. ნებისმიერ სხვას რომ ეთქვა ის უარი, ალბათ ისე არ მეწყინებოდა და განვიცდიდი როგორც მისი უარი მეწყინა. მაშინ დავინახე რომ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. ყველა სოციალურ ქსელში წავშალე მეგობრებიდან. საერთოდ ცხოვრებიდანაც წავშალე. რა ბავშვური და სულელური საქციელია, არა? ვთანხმდებით. ახლა რომ დამაბრუნა იმ დროში ამ ჭკუით ალბათ ასე აღარ მოვიქცეოდი, მაგრამ... ეს შეუძლებელია. რაღაც სინანულის მსგავსი მაქვს, თუმცა არ ვიცი ვაპატიე თუ არა. ვიღაცისთვის რაა მნიშვნელოვანი და ვიღაცისთვის რა. არც ადრე მყავდა ბევრი ადამიანი ცხოვრებაში და ვინც მყავდა, მათ ყოველ ქცევას ძალიან ფრთხილად ვაკვირდებოდი, რომ დამენახა ნამდვილად ვუნდოდი თუ არა. თუ ვხედავდი რომ არ ვუნდოდი მაშინვე ვქრებოდი მათი ცხოვრებიდან. ამას მივეჩვიე. მიმაჩვიეს. თითქოს ყველგან ამის დანახვას ვცდილობდი. ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რატომ აღარ მოვუსმინე ტატოს. გონებამ თითქოს პირდაპირ ჩართო რაღაც სიგნალი და დაუსრულებლად მხოლოდ იმაზე იღებდა აქცენტს, რომ მასაც აღარ ვუნდოდი. ჩემთან მეგობრობით დავღალე, ჩემი უინტერესო ცხოვრებით შევაწყინე თავი. რეალურად მიზეზი მართლა ეს იყო თუ არა... ვჩერდები. არ ვიცი, მას შემდეგ ამაზე აღარც მიფიქრია. თუმცა ახლა ასე მძაფრად აღარ განვიცდი. ჩვენი ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი მარტო ეს იყო მეთქი რომ ვთქვა, ალბათ არასწორი იქნება. ამას თავისი შესავალიც ჰქონდა. ბოლო პერიოდში ისედაც ვგრძნობდი, რომ სხვანაირი გახდა. გაცივდა. მეგობრობაც აღარ ერქვა უკვე ჩვენს ურთიერთობას იმხელა დისტანცია იყო. თუმცა მაინც ვერ ვიჯერებდი და ალბათ მანდ დავუშვი შეცდომა. არ ვიცი რა დამემართა, დასანახი არ დავინახე და საბოლოოდ მივედით იქამდე სადამდედაც მივედით. უფრო ადრე რომ გავცლოდი, ისე, როგორც ამას სხვებთან ვაკეთებდი როცა ვხედავდი, რომ ჩემთან მეგობრობით დაიღალნენ, ალბათ ასე არ მოხდებოდა, მაგრამ ამას აღარ აქვს ახლა მნიშვნელობა. მე ვერ შევძელი. მან შეძლო. დაანგრია. მერე უკვე მეც დავანგრიე. *** სტუდენტებს ღიმილით ვემშვიდობები და ლეპტოპს ვხურავ, მერე საქაღალდეს. ბოლოს კი ერთმანეთის მიყოლებით ვაწყობ ჩანთაში. ვერ ვიტყვი, რომ პირველი სემინარი გამიჭირდა. უფრო ჩემი სტატუსის აღქმა მიჭირს. აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება მაქვს, ამიტომ უფრო მგონია პირველი არ იყო, არადა პირველი იყო. საინტერესოა. წამიერი ჩაფიქრება, თუმცა მალევე მოვდივარ გონს და ფეხზე ვდგები. ჩანთას და ტელეფონს ვიღებ და ზუსტად მაშინ როცა კარის მიმართულებით უნდა ავიღო გეზი, ერთი ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვასწრებ ისე ვჩერდები ინსტიქტურად. რა თქმა უნდა. ტატო. ზუსტად კარსაა მიყრდნობილი და ისე მიყურებს აშკარად არ ჰგავს ამ წამს მოსულს. ცოტა ადრე რომ გამეხედა ალბათ უკეთესი იქნებოდა. -გილოცავ, კოლეგა. - ამ ხნის განმავლობაში პირველად იღებს ხმას. -სულ ვიცოდი, რომ მიაღწევდი. - მადლობა, კოლეგა. -ოდნავ ვუღიმი ნაძალადევად. მერე ვუახლოვდები, უფრო სწორად მას არა, კარს, იმ იმედით რომ გაიწევა, თუმცა საერთოდ რომ არ ინძრევა, ვრწმუნდები, რომ შევცდი და მხოლოდ მიახლოვება მრჩება. მიყურებს. ვუყურებ. თვალებში ყურება არასდროს მიჭირდა. არც იმაზე მაქვს პრეტენზია თვითონ რომ მიყურებს. აქ მაინც ვერაფერს დაინახავს. ისედაც არაფერია, საერთოდ არაფერი. - ამდენი წლის მერეც? წამიერად მეღიმება. -ამდენი წლის მერეც, რა? - მაინც ვუბრუნებ კითხვას, თუმცა ძალიან კარგად ვიცი რაც იგულისხმა. - გასაგებია. -თვითონაც ეღიმება. მაგრამ ეს ჩვეულებრივი ღიმილი არაა. რაღაც სინანულისას უფრო ჰგავს, ან შეიძლება მეჩვენება. რა მნიშვნელობა აქვს, თუ ნანობს ინანოს. მართალია, ცოტა გაუგებარია ამდენი წლის მერე ისევ ამაზე თუ ფიქრობს რატომ, მაგრამ კარგი, თუ მართლა ასეა საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. - კარგია. - როგორ ხარ? - როგორც მხედავ. -მხრებს ვიჩეჩავ. -დეტალები საინტერესო არაა. - მასე გასწავლე? -ახლა სხვანაირად ეღიმება. - შენ რა მასწავლე, მე ვისწავლე. - სრული სერიოზულობით ვუბრუნებ პასუხს. თავიდან ზე კმაყოფილი, მაგრამ წამშივე ვხვდები, რომ ცუდად გამომდის და სახეც თავისით მეცვლება ამის შესაბამისად. - თოფურია ჩვეულ ამპლუაშია. -ახლაც მიღიმის. -საინტერესოა, მომავალში შენი სტუდენტი რომ გეტყვის იგივეს, როგორ მიიღებ. - უკაცრავად. - არა უშავს, მირჩევნია მითხრა, ვიდრე ყალბ ღიმილს ამოაფარო. - ყალბი? სად დაინახე ჩემი ყალბი ღიმილი? - ხელებს ვიკრეფ. - აბა, გულწრფელია? - ნაძალადევი. - იმდენად მტკიცედ ვამბობ მე თვითონ მიკვირს, თუმცა კვლავ წამშივე ვხვდები, რომ ისევ ცუდად გამომდის. არ შეიძლება ასე. გეგონება ისევ ის პატარა გოგო ვიყო. თუმცა რატომღაც საკუთარი თავი არ მემორჩილება. - ნაძალადევი... -იმეორებს. მერე ოდნავ ფიქრდება. - რეალურად, არ მეგონა ისევ ზუსტად ისეთ გაბრაზებულს თუ გნახავდი როგორც იმ დღეს, მართლა. - სიმართლე თუ გინდა, აღარ ვიყავი. -მხრებს ვიჩეჩავ, თუმცა ბოლომდე არც ვარ დარწმუნებული იმაში რასაც ვაჟღერებ - მაგრამ რომ დაგინახე ყველაფერი გამახსენდა. ეღიმება. -იმედია, სტუდენტებზე არ ამოგინთხევია... - როგორ გეკადრება, მხოლოდ შენზე. წამიერი სიჩუმე. ღრმად ვსუნთქავ. მეც არ ვიცი ახლა რაღა მინდა მისგან და ან საერთოდ რაზე ვესაუბრები. -შეიძლება გავიარო? კვლავ ეღიმება. მერე ოდნავ მეცლება კარიდან, თუმცა მაინც წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა გავიარო. -დამცინი? ოდნავ აქნევს თავს უარის ნიშნად და საბოლოოდ მეცლება. აღარ ვფიქრობ ისე ვუვლი გვერდს, თუმცა მაინც მაწევს სიტყვას. -ცისფერი თმა გიხდებოდა... ვჩერდები, მაგრამ არ ვტრიალდები. -ვინმე ცისფერ თმიანს უხელმძღვანელე საბაკალავროზე. *** სახლამდე ძლივს მივდივარ. ვხვდები, რომ დაუსრულებელი საცობები მალე მომიღებს ბოლოს. ზოგჯერ მაინც, ვერაფერს ვიტან. სიმშვიდის შენარჩუნება მეზიზღება. ყოველთვის სიტუაციას რომ უნდა მოერგო ეგეც მეზიზღება. საერთოდ აქამდე როგორ მოვედი არ ვიცი. დავიღალე. ვგრძნობ, რომ ყველაფრისგან ძალიან დავიღალე. მოთმენითაც დავიღალე. უკვე მცირედიც ყელში მაქვს. სიგარეტს სადარბაზოში შესვლამდე ვაგდებ. მერე კი ასე, დაუფიქრებლად, გაუაზრებლად, მხოლოდ ინსტიქტებს მინდობილი შევდივარ. უცნაურია. თითქოს გარემოც უცნაურია. ნიკა რომ გავაგდე რამდენიმე დღის წინ მაშინ არ მიგვრძნია ასეთი არაფერი. ფორმალობაც რაღაც იყო ალბათ. აშკარად. ახლა სხვანაირად ვარ. სულ სხვანაირად. სახლში შესულიც ვგრძნობ სხვანაირ სიცარიელეს, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ მაწუხებს. პირიქით, ვიცი, ესაა ყველაფერი კარგის დასაწყისი. ცხოვრებაში არ დამიშვია ნიკაზე გათხოვებაზე დიდი შეცდომა. არც კი ვიცი, მაშინ რა დამემართა. 1 წლის წინ, მართლა სულ სხვა ანა არსებობდა კიდევ, რომელსაც იმ რაღაც-რაღაც მომენტებში მაინც მიჭირს გავუგო. ვიცოდი როგორიც იყო, რაც იყო, არაფერი დაუმალავს და მეც ვხედავდი, მაგრამ რა? არაფერი. ავდექი და მაინც გავყევი ცოლად. არც თამარას მოვუსმინე, მიუხედავად იმისა, რომ სულ მეუბნებოდა და მაფრთხილებდა. ავიჩემე რომ მიყვარდა. ან კი, მიყვარდა ოდესმე? არა. ახლა რომ ვფიქრობ, ვიცი, ზუსტად ვიცი, რომ ეს სიყვარული ნამდვილად არ იყო. უბრალოდ იმ პერიოდში ძალიან მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც ისე დამიჭერდა მხარს როგორც ეს ნიკამ შეძლო. მართალია თამარა იყო, ყოველთვის იყო, მაგრამ მას მაშინ ამას ვერ ვთხოვდი. თავადაც სულ ახალი შექმნილი ჰქონდა ოჯახი, დღედაღამ ბავშვს ვერ ტოვებდა, ათასი პრობლემა და კიდევ მე? არა. ვერა. მას ვერ გავიმეტებდი და ვერც გავიმეტე. ნიკა კი თითქოს ზუსტად დროულად გამოჩნდა, მაშინ, როდესაც უსაშველოდ მჭირდებოდა. თითქმის სულ ერთად ვიყავით. ჩემი ცხოვრების ძალიან რთული პერიოდი სწორედ მისი წყალობით გადავიტანე. მასთან ერთად გავრბოდი ყველაფრისგან. არ მეშინოდა. რაღაც ინსტიქტით ბოლომდე მივენდე. მერე ყველაფერი თავისით მოხდა. არ ვიცი. ახლა არ მეჩვენება სწორად ის რასაც მაშინ ვაკეთებდი, მაგრამ რაღაც მაინც არის, რის გამოც საკუთარ თავზე ვერ ვბრაზდები. უბრალოდ გათხოვებამდე აღარ უნდა შემეტოპა. ნიკასაც ვუთხარი ეს. ზუსტად ასე, პირდაპირ. იგივე მიპასუხა. ხო, არც მეო. დიდად არ სწყენია სახლიდან რომ გავაგდე. ბოლო კამათი უკვე პიკი იყო. ისედაც განადგურებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა საბოლოოდ გამინადგურა. მაჯერებდა, რომ ბედნიერი ოჯახი რომ არ გვქონდა მხოლოდ ჩემი ბრალი იყო. მღალატობდა. მეც სულელივით... ღმერთო, არც კი ვიცი კიდევ როგორ ვდგავარ ფეხზე. ზოგჯერ მგონია, რომ არ გავგიჟდი სასწაულია. ფიქრიც აღარ მინდა ამაზე. ძალიან დავიღალე. სწორად ვერ ვცხოვრობ, ამას ვიაზრებ, მაგრამ მცდელობის მიუხედავად აქამდე ვერაფერი გამოვასწორე. *** სახლში მისულს მალევე მადგება თამარა თავზე. არ მიკვირს, ვიცოდი, რომ მოვიდოდა. კი ვუთხარი მერე დაგირეკავ მეთქი, მაგრამ ვერ მოვიცალეზე სწორი ისაა, რომ მზად ვერაფრისთვის ვიყავი და დიდად არც ახლა ვარ. მინდა რომ დავჯდე და მას ვუსმინო, მაგრამ ისე მიყურებს აშკარად თვითონ აპირებს იგივეს. -მოვკვდი მთელი დღე შენზე ნერვიულობით, საერთოდ არ ფიქრობ არა ჩემზე? რომ ხვდება, რომ საუბრის დამწყები არ ვარ, მაინც საკუთარ თავზე იღებს. ღრმად ვსუნთქავ. -ყავა გინდა? -რა ყავა, ანა, მომიყევი... -კიდევ უფრო ახლოს იწევა და სახეს ხელებში რგავს. -პროცესზე არაფერი უთქვამს? ხომ არ მოვა ისევ? - არ მოვა, თავის ნივთებიანად... -წავიდას უკვე ხელით ვანიშნებ.- არც არაფერი გაუპროტესტებია. სჭირდებოდა კიდეც, იმაზე რომ დაქორწინდეს, მადამ, მადამ... -ღმერთო, რამ მოაწონა ეგ ბებია. - ბებია, არა, ფული, მემკვიდრეობა გაცილებით უფრო ლამაზია, ხომ იცი. მე რა მაქვს, ეს ერთი სახლი, რომელიც ზოგჯერ მგონია, რომ თავზე დამენგრევა. -გეყოფა, ოღონდაც. წავიდა და წავიდეს, აქამდეც უნდა გაგეგდო ეგ იდიოტ.ი, ღმერთო როგორ ცხოვრობდი მასთან. -ახლა თავზე ისვამს ხელებს. თითქოს მისი ბრალი იყოს რამე. -აღარ მინდა წარსულზე ლაპარაკი და გახსენება, ძალიან დამღალა ყველაფერმა, მართლა. თვალებს ვხუჭავ. დიდად არ მეძინება, მაგრამ გონების გათიშვა ნამდვილად მინდა. წამიერი სიჩუმე. მერე უცებ ახსენდება. -უნივერსიტეტი, როგორ ჩაიარა? -ხმაშიც ვგრძნობ მის აღტაცებას. - ანაა, მომიყევი, ხომ იცი, უნდა გავიქცე მალე ბავშვთან. იძულებით ვახელ თვალებს. ვიცი, რომ მაინც არ მომეშვება. -კარგად ჩაიარა. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც დავტოვეთ. - მართლა? ღმერთო, ის კედლებიც კი მომენატრა. მაინც რა დრო იყო... წამიერად მიდის ფიქრებში. კიდევ ერთხელ ვსუნთქავ ღრმად და ამ სუნთქვასვე ვაყოლებ საბოლოოდ. -ტატო ვნახე... წამში ეცვლება სახეზე ემოციები. -ღმერთო. -კივის.- ჩვენი ტატო? -შენი. -ვუსწორებ. - არ არსებობს! რა მაგარია, რამდენი დრო გავიდა, ალბათ უკვე ლექციებსაც კითხულობს. ისაუბრეთ? ვჩერდები. არც კი ვიცი, როგორ შეიძლება ჩვენი საუბარი ავუხსნა მაშინ, როცა თვითონაც ვერ გამიგია ნორმალურად. რომ ვეტყვი, გამაკრიტიკებს. ისიც ვიცი, რომ სწორი იქნება. -ანა! -რომ ხვდება ხმის ამომღები არ ვარ, მკლავში მაფრინდება. ღმერთო. -კი და მგონი ზედმეტი მომივიდა. - რატო? -ისეთი ტონით მიბრუნებს კითხვას მეცინება. მის თვალებში სიხარულის ნაპერწკლებს უკვე რაღაც სხვა ცვლის. - რა ვიცი.- მხრებს ვიჩეჩავ. - რა ქენი? -კიდევ უფრო მეტი დაბნეულობა ესახება სახეზე. ვეღარაფერს ვეუბნები, უფრო სწორად ვერც ვიგებ, როგორ უნდა ვთქვა სწორად. ალბათ ეს ორჭოფობა შესანიშნავად მეტყობა კიდეც. -ანა, ნუ მაგიჟებ, რა ქენი?!- კითხვას მიმეორებს. ღრმად ვსუნთქავ, მაინც არ ამცდება ამაზე საუბარი. -მოვიდა და რაღაც მეგობრულად მომილოცა. მე კიდევ... არ ვიცი, მგონი ზედმეტად ცივად ვესაუბრე. კიდევ უფრო იბნევა. -რაზე? არა, დაიცა, ის გაუხსენე? თვალებს ვატრიალებ. -ანა, კარგი რაა, ხომ იცი რომ ჩავლილი ამბავია. ვიცი, რომ ძალიან გეწყინა, მეც მეწყინა, ასე რომ გააკეთა, მაგრამ მასაც ხომ რაღაც მიზეზები ჰქონდა, არა? თანაც რამდენი წელი გავიდა. კიდევ ამაზე ჩხუბი შეიძლება? - ვიცი. - აბა რაღატომ იქცევი ბავშვივით, რას იფიქრებს ვერ გაიზარდა ეს გოგოო. - ეგეც ვიცი და საერთოდაც, თავს არ ვამართლებ, მაგრამ არც მას. მეგონა, რომ ვაპატიე, მართლა. ალბათ უპატიებელი არც არაფერი იყო, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა, წინ რომ დამიდგა ის ყველაფერი განმიახლდა თითქოს, მინდოდა ყველაფერი მეთქვა რაც მაშინ ვერ ვუთხარი. - და უთხარი? - არა, ვერა. რაღაცნაირად ვარ, არ ვიცი. - გინდა რომ დაგესლო. -ეცინება. - კარგი რაა, არ მეხუმრება საერთოდ. უბრალოდ აღარ მინდა მასთან არანაირი ურთიერთობა, არც თანამშრომლური და მით უმეტეს, მეგობრული. ისეთი არავინ მინდა გვერდით ვისაც მხოლოდ მაშინ ვახსენდები, როდესაც უკვე შეიძლება რაღაცაში დავჭირდე. წამიერი სიჩუმე. ფიქრობს. - მე მაინც მიჭირს, რომ ტატოზე ასე ვიფიქრო. - ფაქტი სხვა რამეა. აქ მარტო ჩემს საბაკალავროს ხელმძღვანელობაზე არაა საქმე. შენ თვითონაც ხომ ხედავდი მაშინ, ბოლო პერიოდში როგორი გახდა, როგორც შეიცვალა. მერე თითქოს მოვალეობა მოიხადა ავთოს რომ სთხოვა ჩემთვის ეხელმძღვანელა. ახლა ისევ მოდის და ცდილობს ურთიერთობა ძველებურად აღადგინოს. რატომ? ახლა უკვე რაღაცას წარმოვადგენ, მაშინ კი არავინ ვიყავი, ამიტომაც გადამიარა ასე მარტივად. ამის ჭეშმარიტებაზე რომ ვფიქრობ, საერთოდ ყველანაირი სურვილი მიქრება, რომ საერთოდ დაველაპარაკო მაინც. - ანა, მომისმინე. -ჩემკენ იწევა.- ტატოს რაღაცებში არც მე ვამართლებ, შენ იცი ეს, მაგრამ... ასე მძაფრად არაფერს უნდა შეხედო. ეს ადრეც მითქვამს შენთვის. მაქსიმუმს ითხოვ ადამიანებისგან, პრობლემა ამაშია. დღევანდელ დროში კი ალბათ ასეთები არ არსებობენ. - შენ ხომ არსებობ? ეღიმება. -მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ამით ხელმძღვანელობა არ ვიცი რამდენადაა შენთვის სწორი. - ანუ შენსავით ვერავინ შემიყვარებს? -მეც მეცინება. - არა, მაგას არ ვამბობ. უბრალოდ თავისუფლად იყავი და რაც საჭიროა თვითონ მოხდება. გზები არ ჩაკეტო, პირიქით გახსენი და თუ რამე არ გამოვა ამაზე ნერვიულობის მაგივრად გაიღიმე. ეს ცხოვრებაა ასეთი, ხომ იცი, არ მოგერგება თუ შენ არ მოერგე. არ დაიძაბო და ეცადე, რომ რაღაც მცირედები გულთან არ მიიტანო. მესმის, რომ შენთვის მცირედი არაა, მაგრამ ეცადე, რომ მცირედი გახდეს, სხვაგვარად დაიტანჯები. - მისთვის მცირედი იყო და ამიტომაც არ დაიტანჯა. - მაინც ირონიულად გამომდის. - მისთვის ძალიან ჩვეულებრივი მეგობრები ვიყავით, როგორც ყველა სტუდენტი. - ხო, ნეტავ ეგ ადრე გამეაზრებინა. ამას მართლა ვნანობ. -თავს ვხრი. - სინანული ყოველთვის გვიანი არაა. შენს თავზე იმუშავე და ეცადე ისე მოიქცე როგორც საჭიროა, კარგი? დანარჩენი თვითონ მოხდება. - მადლობა, თამარა. -ვეხვევი. თვითონაც მხვევს ხელებს. არც კი მინდა იმის წარმოდგენა ის რომ არ იყოს რა მეშველებოდა. -ცვლილებები რომ კარგად შეგიძლია ვიცი. - გარეგნული კი. -მეღიმება. - მაგრამ ცისფერი თმა მაინც ძალიან გიხდებოდა... ___________________________________ ვუყურებ და არ მჯერა, რომ დავბრუნდი. ვერ აღვწერ როგორ მომენატრა აქაურობა და თქვენ, ყველა. გულწრფელად გამეხარდება თუ თქვენს აზრს გამიზიარებთ. თქვენი ელა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.