მეორედ (თავი 7)
#7 ნორმალურად არც მახსოვს როგორ დავბრუნდით გუშინ სახლში. თეკლა პირდაპირ დასაძინებლად წავიდა და ახლაც ზუსტად ისე წევს როგორც გუშინ დაწვა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ვცდილობ მის გაღვიძებას მაინც არ გამომდის. არა, უფრო სწორად გამომდის, თუმცა მხოლოდ 2 წუთით, მერე ისევ ბალიშზე დებს თავს და ძილს აგრძელებს. აღარაფერს ვაძალებ, ამ მდგომარეობაში მისი სადმე წასვლა ისედაც გამორიცხულია. ამიტომ მარტო მივდივარ უნივერსიტეტში. სიმართლე რომ ვთქვა გუშინდელმა უძილობამ ჩემზეც იმოქმედა, ისე ვარ დაღლილი სიარულის თავიც ძლივს მაქვს, თუმცა საინტერესო მაინც ისაა გონება რომ არ იღლება ფიქრით. რაღაცნაირად ამეკვიატა, არ ვიცი, თითქოს ტატოს გარდა აღარც არსებობს არაფერი. ბევრი ვერსია მაქვს, თუმცა აქედან ყველაზე რეალურის დაჯერების მაინც მეშინია. არ მინდა რომ ტყუილი დავიჯერო და მერე დავიტანჯო. ისედაც საკმარისად იყო ყველაფერი, თუმცა... არ ვიცი. ასე მგონია რომ არაფრისთვის არ ვარ მზად. ნიკასაც დავუჯერე, მაგრამ რა მოხდა? არაფერი ნამდვილის რწმენა არ შემრჩა, რა ვქნა. ტატოსთან მაინც ყველაზე მეტად არ მინდა ეს მოხდეს. აღარ მინდა რომ ყველაფერი თავზე დამენგრეს, ახლა მაინც ყველაზე ნაკლებად მაქვს იმის რწმენა რომ ისევ შევძლებ ნანგრევებიდან გამოსვლას. წინა ურთიერთობამ ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა. ჩემს შეცდომებზე, იმაზე, რომ გულუბრყვილოდ მჯეროდა ლამაზი კომპლიმენტების, საერთოდ რაიმე ლამაზის, რეალურად კი ძალიან გვიან მივხვდი რომ ყველაფერი თამაში იყო. ეს გადავიტანე. ალბათ იმიტომაც გადავიტანე ასე რომ ნიკასთან ის სულიერი კავშირი არ მქონია, ისეთს ვერაფერს ვგრძნობდი რასაც ტატოსთან ვგრძნობ, ამიტომაც მგონია, რომ მისი სიყალბე უფრო მატკენს. თამარა ხშირად მეუბნება რომ არ ვაღიარებ, მაგრამ რეალურად ვიცი, რომ სულ მიყვარდა. მაშინაც კი როცა ამას უბრალოდ ვფიქრობ მთელი არსებით ვგრძნობ. მას შემდეგ რაც მეორედ შევხვდით თითქმის სულ ვეჩხუბები, თუმცა შინაგანად ვერასოდეს ვბრაზდები ისე, როგორც მინდა რომ გავბრაზდე. არ ვიცი რა მემართება. მასთან რომ ვარ სხვანაირი ვარ, ძალიან მარტივად შეუძლია ჩემზე კონტროლი და მარტო ესეც კი კმარა ყველაფრის მისახვედრად. უშედეგოდ ვიცაც საკუთარ თავს მისგან და არ ვიცი კიდევ როდემდე შევძლებ ამას. მეშინია იმის, რომ მეთამაშება. ადრე ვენდობოდი, სულ ვენდობოდი, მაგრამ ისეთი რამეც თავისუფლად აქვს გაკეთებული რასაც ვერც წარმოვიდგენდი. როდესაც უბრალოდ სტუდენტი ვიყავი და ძალიან კარგად ვმეგობრობდით ხაზი ხომ გადამისვა, ნელ-ნელა ხომ საერთოდ გააცივა ჩვენი ურთიერთობა, ეს ხომ გააკეთა. სწორედ ამიტომ მგონია რომ ახლაც შეუძლია იგივეს გაკეთება, მე კი გადატანა აღარ. ამიტომ არ მინდა რომ მითხრას, და დარჩეს ისე როგორც არის. *** ბოლო სემინარსაც ვამთავრებ. მოახლოებული გამოცდების პერიოდი თითქმის ყველა სტუდენტისთვის კოშმარია. ამას ისიც ემატება რომ რამდენიმე საგანში უკვე იყო ეს გამოცდები და ყველა გადაიწვა. როგორც შემიძლია ვეხმარები, რჩევებსაც ვაძლევ, თუმცა მაინც წუწუნებენ. სიმართლე რომ ვთქვა მათი შედეგები მართლა ძალიან მაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს ეს ხომ ჩემთვის პირველია, გამოჩნდება როგორი ხელმძღვანელი ვიყავი. ტელეფონზე საათს ვამოწმებ როცა კარზე კაკუნის ხმა მესმის. ისევ მგონია რომ რიგითი სტუდენტია და არც ვუყურებ ისე ვეუბნები რომ მოვიდეს, თუმცა თავს რომ ვწევ არც მეტი არც ნაკლები ტატოს და, ნია მხვდება გაღიმებული. წამიერი გაოცება მაქვს. მაშინვე მორბის და მეხუტება, ძლივს ვფიქრობ ხელების მოხვევას. მართლა წლებია არ მინახავს, გუშინაც შემთხვევით გავიგე რომ უკვე სტუდენტია. კარგი მეგობრები არც ვყოფილვართ, უბრალოდ რამდენჯერმე შევხვდი ჩემი სტუდენტობის პერიოდში. მახსოვს როგორ გაგვაცნო ტატომ მე და თამარას. ყოველთვის ძალიან საყვარელი და თბილი ბავშვი იყო და ახლაც არ შეცვლილა დიდად. დიდი სიყვარულით მოკითხვას რომ რჩება კაფეში წასვლას მთავაზობს. დიდად ამის ხასიათზე არ ვარ, თუმცა არც ის მინდა რომ ეწყინოს, ამიტომ ვთანხმდები და ჩვენივე უნივერსიტეტთან ახლოს მყოფ კაფეში გადავდივართ. -მართლა ძალიან გამიხარდა რომ გავიგე უკვე ლექტორი ხარ. -ისე უციმციმებს თვალები, საოცრად ლამაზია. ასეთი გულწრფელი ადამიანები აკლია სამყაროს. - ლექტორი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მგონი მაინც. -მეც ვუღიმი. - კარგი რა, სემინარის ხელმძღვანელობიდან იწყება ყველაფერი, მერე რა, დრო მოვა შემდეგ საფეხურზეც იქნები ვიცი და წარმოიდგინე რა მაგარი იქნება. - ვნახოთ, ყოველთვის ძალიან მინდოდა. - ხო, მაგრამ ისე კი არ ქნა რომ ზედმეტად შეეჩვიო მარტო ხელმძღვანელობას, აი მაგალითად ჩემი ძმა, ხარისხი აქვს და მაინც არ უნდა ლექციების კითხვა, მე რომ მქონდეს ასეთი შესაძლებლობა ხელიდან როგორ გავუშვებდი. ისე საყვარლად ყვება მეღიმება. მომენტებში ზუსტად ისეთი გამოხედვა აქვს როგორც ტატოს. -შენ რას შვები, როგორ მოგწონს სტუდენტის ცხოვრება? -ვცდილობ თემა გადავუტანო. - რა ვიცი, ჯერ პირველ კურსზე ვარ და ნორმალურად ვერც კი ვიარე უნივერსიტეტში, ფეხი მქონდა მოტეხილი. -მართლა? - ხო, მაგიტომაც ვერ გნახე შენც თავიდანვე, თორემ ჩემმა ძმამ რომ მითხრა შენზე მაშინვე მინდოდა რომ მოვსულიყავი და მომელოცა. კი დავდიოდი ყავარჯნებით ცოტას მაგრამ აქ ასე მაინც ვერ მოვედი, რა ვიცი, თან მრცხვენოდა, თან ძალიან არაკომფორტულად ვიყავი. - მთავარია ახლა უკეთ ხარ. - ხო, რა ვიცი, მაგრამ მორჩა სემესტრი უკვე. -ეცინება.- კურსელებიც კი ვერ გავიცანი ნორმალურად. სახლში ვმეცადინეობდი და ასე უაზროდ გავატარე ამხელა დრო. - უაზროდ რატომ, თუ მეცადინეობდი და არაფერს ჩამორჩი ეს ცოტას არ ნიშნავს. - კარგი რა, ტატოსავით რატომ ლაპარაკობ. მეღიმება. -აი მისთვისაც მთავარია ტვინშის არ იყოს პრობლემა და სწავლას არ უშლიდეს ხელს. ღმერთო როგორ მღლის ეს სწავლა, თან რამხელა მასალებია... -უკმაყოფილოდ ოხრავს. -ნელ-ნელა მიეჩვევეი, ნია, ისეთი არაფერია რომ ვერ შეძლო. - იმედი მაქვს, თორემ ვიტანჯები, ანა. სერიოზულ შარში გავყე თავი აქ რომ ჩავაბარე. თან ისიც არ მინდა იფიქრონ ტატოს რა შტერი და ყოლიაო. მეცინება. -ხო, მართლა გეუბნები. აქ სწავლაც შარშია, ტატოს და რომ ვარ ეგეც შარია.-თვითონაც ეღიმება. - კარგი რა. - მე სწავლისთვის არ ვარ დაბადებული თქვენსავით. -მხრებს იჩეჩავს. -ბევრს ვცდილობ, მაგრამ ასე მგონია ჩემგან არაფერი გამოვა. ნეტავ შენნაირად შემეძლოს... - ნია... რა თქმა უნდა შეძლებ, მონდომება მთავარია და ჩემზე მეტსაც შეძლებ. მოჩვენებითი წუხილი ეხატება სახეზე, მერე მაინც იღიმის. -კარგი რა, შენ რომ საბაკალავრო დაწერე ეგეთს ვერ დაწერს ვერავინ, აი ძალიან მაგარი იყო. - ჩემი საბაკალავრო წაიკითხე? -ოდნავ მიკვირს. - ხო, ჩემი ძმის მაგიდაზე ვიპოვე სახლში ადრე და ძალიან დამაინტერესა, ისეთი კვლევა იყო რომ მერე შემითრია და რა ვიცი, მართლა ძალიან მაგარი ხარ, ჩემი ნება რომ ყოფილიყო ასს კი არა, ათასს დაგიწერდი. მისი ბოლოს სიტყვები ნორმალურად აღარც მესმის. მის მაგიდაზე... მის მაგიდაზე, თანაც სახლში. გონება დაუსრულებლად იმეორებს. კი მაგრამ, რატომ? თუ არ ვაინტერესებდი, დრო არ ჰქონდა და ასე შემდეგ რაღა უნდოდა ჩემს საბაკალავროსთან. გონებაში სრული ქაოსი მაქვს. რაღაცები ერთმანეთს თავისით უკავშირდება და ვხვდები, რომ ასე ვეღარ გავაგრძელებ. -ამ, ნია... იცი, უნივერსიტეტში უნდა დავბრუნდე ახლა. - უკვე? -მაშინვე იწყენს. -ცუდია, რა კარგად ვსაუბრობდით. - კიდევ გნახავ, აუცილებლად. -სწრაფად ვდგები ფეხზე და ვეხვევი. თავს მიქნევს და მაინც ღიმილით მემშვიდობება. *** ამ ქაოსს ვერაფერს ვშველი. თავში იმდენი კითხვა მაქვს უკვე აღარც ვიცი რომელზე ჯობს რომ ვიფიქრო. მართალია შესანიშნავად ებმის ყველაფერი ერთმანეთს თუმცა... არ ვიცი. საპირისპირო ფიქრები მაინც არ მასვენებს. ყველაფერი მახსენდება. საერთოდ ყველაფერი. თუმცა იმ სიცივეს რასაც მაშინ ვგრძნობდი მისგან მაინც ვერაფერი ცვლის. არ მჯერა იმის, რომ არასწორად ვიფიქრე, ან იქნებ უნდოდა რომ ასე მეფიქრა. ამ უკანასკნელზე არასოდეს დავფიქრებულვარ. ისიც კი არ ვიცი მინდა თუ არა რომ ეს ასე იყოს. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ყველაფერი ერთმანეთში ირევა. უნდა ვისაუბროთ. ვიცი, რომ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, სხვანაირად აღარც კი გამოვა. პასუხები მინდა ამ კითხვებზე. უნივერსიტეტში შევდივარ, თუმცა იმის მიუხედავად რომ ყველგან ვეძებ მაინც არსადაა, ბოლოს საერთოდ ვგებულობ, რომ უკვე კარგა ხნის წასულია. ტელეფონს ვიღებ და დაუფიქრებლად ვურეკვა. დღესაც რომ მარტო დავრჩე ამდენ არეულ ფიქრთან ნამდვილად გავგიჟდები. ზარი გადის, თუმცა ბოლოს მითიშავს. გაოცებული ვწევ ტელეფონს და რამდენიმე წამი ვუყურებ ეკრანს. მართლა გამითიშა? ისევ ვურეკავ. მიუხედავად იმისა, რომ ვხვდები შეიძლება ცუდ დროს ვურეკავ მაინც. ისევ მითიშავს. ღრმად ვსუნთქავ და ისე გადავდივარ შეტყობინებებზე. ,,უნდა ვილაპარაკოთ. ყველაფერზე და თან საერთოდ ყველაფერზე.“ წამშივე მომდის პასუხი. ,,კონფერენციაზე ვარ, თოფურია.“ ,,უნივერსიტეტში ხარ? მოვრჩები და მოვალ“ -მალევე აყოლებს მეორესაც. ,,კარგი, გელოდები“ აღარაფერს მპასუხობს, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ წაიკითხა. მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ყელში სიბრაზეც მაქვს. ტელეფონს ვთიშავ და ჩანთაში ვდებ. მე შენ გაჩვენებ. *** თითქმის ერთი საათი გადის ამ უაზრო ლოდინში. იქამდე თამარასთან ლაპარაკსაც თავისუფლად ვასწრებ. რაიმე განსაკუთრებული რეაქცია არ აქვს ამ ყველაფერზე. ისევ თავის აზრს აწვება და თან კმაყოფილი ამთავრებს იმით, რომ თავიდანვე სწორად მიხვდა ყველაფერს. საბოლოოდ ძალიან მღლის. ყურადღების გადატანა კი არა პირიქით გამოდის. მასთან არ უნდა დამერეკა. როგორც კი ვუთიშავ თეკლას შეტყობინებაც მხვდება. როგორც იქნა გაიღვიძა. მეკითხება როდის მივალ, გეგონება პასუხი მქონდეს. საათს ვამოწმებ. თუ აქ დამაღამდა მგონი არც უნდა გამიკვირდეს. ამინდიც კი იცვლება უკვე. ვერ ვხვდები ამდენ ხანს რას აკეთებს. მინდა რომ დავურეკო, თუმცა მაინც ვიკავებ თავს. საინტერესოა თუ მიხვდება უკანა ეზოში რომ ვარ. მაინც მგონია რომ ,,ვერ“, თუმცა მისი დანახვა და ჩემი სახეზე შეყინული გაოცება ერთია. რანაირად... ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება და ბოლოს სათვალესაც იხსნის. -დიდ ხანს გალოდინე? უბრალოდ მხრებს ვიჩეჩავ. მერე ვაკვირდები. ეღიმება, თუმცა მაინც მიჯდება გვერდით. -აბა, რა ხდება, თოფურია? - კონფერენციამ როგორ ჩაიარა? -სპეციალურად ვიწყებ შორიდან. წამიერი გაკვირვება ესახება სახეზე, თუმცა მაინც მპასუხობს. -კარგად, რამდენიმე სტუდენტი მყავდა. - ანუ ხელმძღვანელობდი... ეღიმება, თუმცა მაიგნორებს. -რა ხდება? აღარ ვპასუხობ. ვხვდები, რომ ინტრიგაში ვტოვებ, თუმცა იყოს, ძალიან კარგია. წამიერი სიჩუმე. ისე მაკვირდება ზუსტად ვიცი ცდილობს ჩემი ფიქრები გამოიცნოს. მისკენ ვტრიალდები და ფეხებს ვიკეცავ. -ჩემი საბაკალავრო წაიკითხე?თანაც სახლში, შენს მაგიდაზე... ვხვდები, რომ ზედმეტად მოულოდნელი იყო. ნელა სუნთქავს. მერე ოდნავ მიქნევს თავს. -დანაშაულია? მხრებს ვიჩეჩავ. -არ მეგონა რომ გაინტერესებდი. ყოველ შემთხვევაში მაშინ ისე გამომაგდე... - ვინ გამოგაგდო, შენ თვითონ წახვედი. მეცინება. -მართლა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგე? მზერას მაშორებს. -მეთამაშები, არა? ეს რა საქციელია? ვერ ვხვდები რას აკეთებ, იცი? -პირდაპირ ვაყრი კითხვებს. -ჯერ მოდიხარ, მეგობრობას მთავაზობ, ყველანაირად ჩემს გვერდით ხარ, ჩემს ნდობას იპოვებ, მერე უცებ ცივდები, ყოველ ჯერზე უმიზეზოდ მიშორებ, საბაკალავროს ხელმძღვანელობაზე რაღაც აფსურდული მიზეზის გამო მეუბნები უარს, გულ მტკენ... მერე -ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო თუმცა ვხვდები, რომ აღარ გამომდის. - მერე მეორედ ვხვდებით ერთმანეთს და ისე იქცევი თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარა, არ გვიჩხუბია, არ მიყვირია, არ გამოგიგდივარ, მერე საერთოდ შანსზე მელაპრაკები... -აი ამიტომ... - რა ამიტომ?! -გაუაზრებლად ვუწევ ტონს. -ამიტომ არ მეუბნები?! რა გინდა, ურთიერთობა?! ზედმეტად დამნაშავე ხომ არ ხარ ამისთვის?! ისევ მისწორებს მზერას. თვალები ამღვრეული აქვს, მაგრამ მაინც არ მეუბნება არაფერს. -იცი რა, ბოდიში, მაგრამ მე შენი სათამაშო არ ვარ! - ანა... - რა? რა, ანა?! - ისე არ არის, როგორც ფიქრობ, ეს თამაში არაა. - მართლა? აბა რა არის, სიყვარული? -მეცინება. - არც გაბედო რომ ამით გაამართლო, საყვარელ ადამიანებს ასე არ ექცევიან! არ ვიცი რა მომდის, მაგრამ თავს ვეღარ ვიკავებ. ყველა საპირისპირო ფიქრი მიქრება და გონება მხოლოდ იმაზე იღებს აქცენტს რომ თამაშობს, მეორე მხარეს კი უბრალოდ აღარც განიხილავს. ფეხზე ვდგები. ისიც. -ეს შენთვის გავაკეთე, ანა... - რა, რა გააკეთე?! -შუბლზე ვიდებ ხელს, ვგრძნობ, რომ მეტი აღარ შემიძლია. წამიერი სიჩუმე, თუმცა ბოლოს მაინც იწყებს. - ყველაფერი... არ მინდოდა რომ შენთვის სწავლაში ხელი შემეშალა. თუ გავაგრძელებდით ასე ვეღარ გავაგრძელებდი. ჩვენი მეგობრობა... -ჩერდება. -შენ მხოლოდ მეგობარი არასდროს იყავი. მეღიმება. -საყვარელ ადამიანებს ასე არ ექცევიან მეთქი. - იძულებული ვიყავი. არ მინდოდა რომ კონცენტრაცია დაგეკარგა, მინდოდა რომ მიგეღწია. ძალიან ბევრისთვის, შენ ძალიან ბევრისთვის უნდა მიგეღწია, მაგრამ ჩემთან ერთად არა, მარტო. არ მინდა რომ არასწორად გაიგო, მე არაფრის და არავის მეშინია, მაგრამ არ მინდოდა რომ შენს სახელზე მომავლში ჩვენს ურთიერთობას ემოქმედა. ჩემით კი არა შენით მიაღწიე. - ანუ შენ გეგონა რომ ჩემით... - ანა. -მაჩერებს. -მე არაფერი მსგავსი არ მეგონა. ზუსტად ვიცოდი შენი შესაძლებლობები. ადრეც მითქვამს და ახლაც გაგიმეორებ რომ ამაში ეჭვი არასდროს შემპარვია, მაგრამ გარედან ასე არ გამოჩნდებოდა. ყოველთვის იტყოდნენ რომ შენი შრომით არ მოგიპოვებია ის უმაღლესი შეფასებები, შენი შრომით არ მიგიღწევია, შენი შრომით არავის აუყვანიხარ სამსახურიში. მხოლოდ შენთვის, მარტო მხოლოდ შენთვის, ანა. ძმას და მეგობარს ჩაგაბარე, ვიცოდი, რომ საუკეთესოდ გიხელმძღვანელებდა და არც შევმცდარვარ. იმ წუთას შენთან ყოფნაზე მეტად არაფერი მინდოდა, მაგრამ... მაშინ ასე სწორი არ იქნებოდა, დაგაზარალებდი და მე ყველაზე ნაკლებად ეს მინდოდა. -შეგეძლო ეს მაშინ გეთქვა... -იმდენ ძალასაც ვერ ვაძლევ ხმას რომ ნორმალურად ვთქვა, თითქოს რაღაც მტყდება შიგნიდან. - ვერ გამიგებდი. -მზერას მარიდებს. მეცინება. -მადლობა! რა იცი რომ ვერ გაგიგებდი?! - ვიცი, ანა. დამიჯერე, ასე ჯობდა. - არა, რატომ ვერ გაგიგებდი, მითხარი! - ანა... - მითხარი, ტატო! - სხვანაირად გაიგებდი, გესმის? სხვანაირად ცუდად... არ მინდოდა ასე... -ვეღარ აგრძელებს. - ისედაც ვერ გიტან. - მაგრამ ახლა სწორად გესმის. ისევ სკამზე ვჯდები და თავს ხელებში ვრგავ. ღმერთო, ვხვდები, რომ ცუდად ვარ. ვგრძნობ, რომ თვითონაც მიჯდება გვერდით. რამდენიმე წუთიანი დუმილია. ვფიქრობ. ისიც ვიცი, რომ ისიც ფიქრობს. -და ახლა? -მაინც ვარღვევ ამ სიჩუმეს. -ახლა შეიძლება? მორჩა აკრძალვები? -მაინც მერევა ირონია. აღარ მპასუხობს. ისევ ვტრიალდები მისკენ. -მეზიზღები. -იმდენად მაწვება სიბრაზე გაუაზრებლად ვაჟღერებ მოწოლილს. წამსვე მისწორებს მზერას. საერთოდ ყველაფერია ამ წამს მის თვალებში. -ანა... - და შენ ამბობ რომ ეს თამაში არ არის, არა? თოჯინასავით კი მექცევი! ვერ გაგიგებდი, თურმე! საერთოდ რა ნამუსით... - არანაირი. ზედმეტი ისედაც არაფერი გამიკეთებია. - ხო, მე ვარ სულელი რომ რომ გაკოცე. ისევ აღარაფერს მპასუხობს. აღარც მიყურებს. -მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და არც იფიქრო რომ მნიშვნელობა მიანიჭო. არასდროს არაფერი არ მინდა შენთან. სწრაფად ვდგები ფეხზე და იქამდე გავრბივარ სანამ კიდევ მეტყვის რამეს. *** განადგურებული მივდივარ თამარასთან. ვეხუტები და ყველა შეკავებული ცრემლი ერთად მომდის. ჩემი მდგომარეობის ისე ეშინია ყოველ წამს რაღაცას მეკითხება. ბოლოს ვუყვები, საერთოდ ყველაფერს ვუყვები და იმასაც ვგრძნობ, რომ მეტი ლაპარაკი უბრალოდ აღარ შემიძლია. ძალა მეცლება. ისიც ვიცი, რომ შეიძლება სატირალი არც არაფერია, მაგრამ ძალიან სუსტი ვარ შინაგანად. ხო, შეიძლება ამას არასდროს ვაღიარებ, მაგრამ ასეა. ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისედაც ძალიან ცუდია, მცირედსაც ვეღარ ვუძლებ, ეს კი... . ჩემთვის მცირედი არაა. თითქოს ისევ იქ დავბრუნდი სადაც წლების წინ, თითქოს ყველაფერი ერთად განახლდა. ყველაფერი ერთმანეთში ირევა და სულს მიხუთავს. თამარა ჩაის მიკეთებს, თუმცა დალევის თავიც კი არ მაქვს. -ანა, ჩემო ლამაზო, ასე ნუ განიცდი, გთხოვ... -თმაზე მეფერება. - წარმოგიდგენია... თურმე მე ვერ გავუგებდი, ასე იფიქრა ჩემზე... - მან შენზე იფიქრა, შენს მომავალზე იფიქრა, შენს სახელზე, არავინ გააკეთებდა ამას. წარმოიდგინე როგორ უყვარხარ. ნელა ვსუნთქავ. -ვიცი, რომ გიჭირს, მაგრამ შეეცადე გაუგო. - რა სიყვარულზე მელაპარაკები, თამარა. ჩვეულებრივი სათამაშოსავით მექცევა, მაშინ წადი ანა, ახლა მოდი ანა, რა კარგია არა? წამიერი დუმილი. -მესმის, რომ გწყინს, თუმცა... მას ხომ ასე არაფერი უთქვამს, ხო, შეიძლება ასე გამოვიდა მაგრამ... რომ დავფიქრდეთ, მან დაგიცვა, შენი სახელი და საერთოდ ყველაფერი დაიცვა. წარმოიდგინე, ლექტორის და სტუდენტის ურთიერთობა... ეს რომ გამსკდარიყო მართლა რა საშინელება მოხდებოდა, რომც არ გამსკდარიყო რამდენ ხანს დაიმალებოდით, ბოლოს და ბოლოს ვიღაც გაიგებდა და შენზეც იმქომედებდა ეს, სხვანაირად შემოგხედავდნენ მერე. ის მართალია, ანა. - მაშინვე ასე უნდა ეთქვა, მაგრამ ვერ გავუგებდი თურმე. - არ ფიქრობ, რომ დიდი შანსი იყო ვერ გაგეგო? შენ სულ ფეთქებადი იყავი, ოდნავი გადატრიალებული სიტყვა და უკვე გიჟდებოდი, შენი ხასიათი... წარმოიდგინე, მოდის და გეუბნება მაგას, არ ეტყოდი რას მაკადრებო? შენ ახლაც კი სულ უკუღმა ფიქრობ ყველაფერს, წარმოიდგინე, თავს დაადანაშაულებდი, იფიქრებდი რომ ასე ფიქრის, ასე შემოხედვის უფლება მიეცი, შეიძლება სხვანაირად გაგეგო - თამარა, მას ამართლებ?! -ისევ მეშლება ნერვები. - სიმართლეს. რატომ უთხარი რომ გეზიზღება, მაგას იმსახურებდა? დაგიცვა, სიტყვა არ შემოუბრუნებია არასდროს შენთვის, ზედმეტი არასდროს არაფერი უკადრებია. ახლაც კი როგორი სიფრთხილით ექცეოდა ყველა შენს გრძნობას. ვიცი, მესმის, რომ გული გატკინა, მაგრამ როგორ გგონია შენ არ ატკინე მაგ სიტყვებით? ხელებში ვრგავ თავს. უკვე აღარ ვიცი რაზე უნდა ვიფიქრო. იქნებ თამარაც მართალია. იქნებ მეც იგივე გავაკეთე ცოტა ხნის წინ. თვალები მეხუჭება. ფიქრი აღარ მინდა. მინდა რომ გავითიშო. ბალიშზე ვდებ თავს. აღარაფერს მეუბნება თამარა. საბანს მაფარებს და მერე თმაზე მეფერება წამიერად. აღარც მახსოვს როგორ ვითიშები. ______________________________________ მარიამობას გილოცავთ! <3 ვიცი, რომ ძალიან პატარაა, უბრალოდ სხვანაირად ვერ მოვახერხე, მომიტევეთ. ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ, გამიზიარეთ, ვისაუბროთ, თქვენი ელა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.