შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რასაც დასთეს... ( სრულად )


9-10-2023, 22:28
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 5 935

რასაც დასთეს იმას მოიმკიო, ძალიან სწორად უთქვამთ ჩვენს წინაპრებს, ფაქტიურად მთელი ცხოვრებაა რაც ჩემი დაუფიქრებლობის და თავქარიანობის შედეგს ვიმკი.
- რით ვეღარ დასრულდა ეს მკა, -აღმომხადა გამწარებულს და ბალიშს მთელი ძალით დავუშინე მუჭები თითქოს ეს რამეში დამეხმარებოდა, დავიღალე, ღმერთო როგორ ძალიან დავიღალე, ხანდახან როცა ჩემს განვლილ ცხოვრებას გადავხედავ ხოლმე ძალიან მინდა ვინმე დავადანაშაულო იმ ყველაფერში რაც გადამხდა მაგრამ არ გამომდის, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საკმაოდ ჭკვიანი ვარ იმისთვის რომ ვერ მივხვდე, ყველაფერი რაც მჭირს ჩემი ბრალია, მხოლოდ საკუთარ თავს თუ დავადანაშაულებ იმაში რომ ოცდაშვიდი წლის ასაკში ქმარს გაშორებული, უშვილო და ფაქტიურად უსამსახურო ბებიაჩემის დატოვებულ ოროთახიან, ძველისძველი ნივთებით და მასიური ხის ავეჯით გამოტენილ ბინაში განდეგილივით ვცხოვრობ, არავინ მყავს, მშობლები და ერთადერთი ძმა არ მელაპარაკებიან, საუკეთესო მეგობარი კი რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდი და რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა...

- ქეთი ხომ სამუდამოდ მეგობრები ვიქნებით? -სადღაც შორეული წარსულიდან ჩამესმა საყვარელი ხმა და მწარედ გამეღიმა, პირველად მაშინ გაუჩნდა ჩემსა და ანას მეგობრობას ბზარი როცა თექვსმეტი წლის ასაკში ჩემს რჩეულთან ერთად გავიპარე რომელიც აღმოჩნდა რომ თურმე ანასაც უყვარდა...
ახლა როცა იმ წლებს ვიხსენებ მინდა მქონდეს სათქმელი რომ ის სისულელე მე არ გამიკეთებია და თექვსმეტი წლის ბავშვი ჩემი ნებით არ გავკიდებივარ უკან ოცდასამი წლის ეგოისტ ვირს, მინდა შემეძლოს თქმა რომ დამაძალეს, მომიტაცეს, მშობლებმა მაიძულეს, ალბათ ეს უფრო დამიმშვიდებდა სინდისს და თავს უკეთ მაგრძნობინებდა, სხვა თუ არაფერი ვიღაც სხვას ხომ დავაბრალებდი ჩემს უბედურებას, თუმცა ამის გაკეთებაც არ შემიძლია რადგან ცხოვრებაში თუ რამე გამიკეთებია ყველაფერი ჩემი ნებით გააზრებულად მაქვს გაკეთებული...
კობა პირველად რომ დავინახე მაშინვე მოვიხიბლე მისით, ჩვენს მეზობლად იყო მოსული სტუმრად, თურმე თვითონაც შევუმჩნევივარ, მეორე დღეს სკოლაში მიმავალს დამხვდა გზაში, ასე ვიარეთ ერთი თვე წინ და უკან, ერთი თვის თავზე მეზობლებმა დედაჩემს ენა მიუტანეს, შენს ნებიერა გოგოს ვიღაც თავისზე ბევრად უფრო დიდ ბიჭთან ერთად ვხედავთ, საეჭვოდ ახლოს არიან და ყურადღება მიაქციეო, სკოლიდან სახლში რომ დავბრუნდი დედა გაგიჟებული დამხვდა, ის მამა და ჩემზე ორი წლით უფრო ძმა მსაჯულებივით ისხდნენ და ჩემგან ახსნა განმარტებას ელოდნენ, მის სიყვარულში და ლმობიერებაში დარწმუნებულმა უშიშრად რომ დავუდასტურე მეზობლების ნათქვამი, თმაში ხელი ჩამავლო, საძინებელში გამათრია და ჩამკეტა, ათი დღე შინაპატიმრობაში ვიყავი, თითქოს ყოველ დღე ჩხუბი ყვირილი და ნახევრად მშიერი ყოფნა შემაცვლევინებდა აზრს, როგორც კი გარეთ გასვლა მოვახერხე მაშინვე კობა მოვძებნე და მოვუყევი რაც მოხდა, შემომთავაზა ცოლად გამომყევიო, მაშინვე არ დავთანხმებივარ თუმცა მეორე დღეს ჩემს სანახავად მოსულს მანქანაში ჩავუჯექი და ცოლად მოგყვებითქო გამოვუცხადე, არ ჰქონდა ცუდი ოჯახი კობას, მიუხედავად იმისა რომ მის მშობლებს არაფრად ეპიტნავათ თექვსმეტი წლის ბავშვი რძლად მაინც ყველანაირად ცდილობდნენ რომ თავი კარგად მეგრძნო, ჩემს მშობლებს რომ გააგებინეს ყველაფერი, გაცოფებულები რომ მოვარდნენ და მამაჩემს რომ გამოვუცხადე კობა მიყვარს და აქ ვრჩებითქო, დღეიდან დაივიწყე რომ მამა გყავსო ამოიხავლა და მხრებში მოხრილმა გაიხურა კარი, დედაჩემი და ჩემი ძმაც მას გაყვნენ...
სამი წელი ვიცხოვრე კობასთან ერთად მისი მშობლების სახლში, მშობლები არ შემრიგებიან, არ ვიცი როგორ მოახერხეს და ასე ერთიანად და ერთბაშად ამომიღეს გულიდან, ან ჩემმა სათაყვანებელმა ძმამ როგორ მოახერხა და სამუდამოდ წამშალა საკუთარი ცხოვრებიდან, სამაგიეროდ კობას მშობლები მექცეოდნენ საკუთარი ქალიშვილივით, მათი ხელშეწყობით დავამთავრე სკოლა თუმცა კობამ სწავლის გაგრძელების საშუალება არ მომცა, სამი წლის შემდეგ ცალკე გადავედით საცხოვრებლად, მარტო რომ დავრჩით სწორედ მაშინ მივხვდი თუ როგორი ყოფილა სინამდვილეში, ჩემთან მთლიანად ავლენდა თავის მახინჯ ბუნებას მაშინ როცა მშობლებთან ცხოვრებისას რადიკალურად განსხვავებულად იქცეოდა, სახლში გვიან მოდიოდა, ჩემთვის არასოდეს ეცალა, გამუდმებით მიწევდა შუაღამემდე გავმასპინძლებოდი მის მეგობრებს მაშინ როდესაც მე ერთადერთ მეგობართან ანასთან ურთიერთობას მიშლიდა რომელთანაც ძლივს მოვახერხე ურთიერთობის აღდგენა, ბავშვი არ გვყავდა და ეს რათქმაუნდა ჩემი ბრალი იყო, ექიმთან მისვლაზე არ მთანხმდებოდა ალბათ იმიტომ რომ ეშინოდა თუ თვითონ მას აღმოაჩნდებოდა პრობლემა ჩემი დასადანაშაულებელი მიზეზი აღარ ექნებოდა, მარტო გადასვლიდან მეექვსე თვეს ითვლიდა ჩვენი ოჯახი როცა შუაღამეს უგონოდ მთვრალი მოვიდა სახლში და თან საყვარელი მოიყვანა...
მასთან გაყრა გადავწყვიტე და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მისმა მშობლებმა მე დამიჭირეს მხარი, ბებიაჩემის დატოვებულ ბინაში გადავწყვიტე გადასვლა, ამდენი წლის შემდეგ მაშინ პირველად შევხვდი დედაჩემს, ბინის გასაღები ჩვენს კარის მეზობელთან ჰქონდა დატოვებული, ეზოში შევხვდი, ბაზრიდან ბრუნდებოდა სახლში, ნავაჭრით სავსე პაკეტებს ძლივს მიათრევდა, დამინახა თუ არა თვალი ამარიდა ზურგი შემაქცია და თითქმის სირბილით შევარდა სადარბაზოში.
- დედა გაჩერდი, გთხოვ გაჩერდი უნდა დაგელაპარაკო, -მეორე სართულის ბაქანზე დავეწიე და შევაჩერე, პაკეტები ძირს დაყარა და დოინჯი შემოირტყა.
- შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, -ცივი და გაუცხოებული ჰქონდა ხმა, არ მწყენია, მეტკინა, ისე მეტკინა რომ სახედაღრეჯილი მოაჯირს ჩავეჭიდე წონასწორობა რომ შემენარჩუნებინა.
- ასეთი რა დავაშავე, -განწირული ხმით ამოვიხრიალე, -ასეთი რა დაგიშავეთ, რა შეცდომა დავუშვი ისეთი რომ დღემდე ვერ მოგინელებიათ.
- შეგვარცხვინე, -განაჩენივით გაისმა მისი ხმა, -მე და მამაშენს შენთვის არაჩვეულებრივი მომავალი გვქონდა დაგეგმილი შენ კი ყველაფერს ხაზი გადაუსვი და თექვსმეტი წლის ასაკში იმ უსაქმურს გაეკიდე, ვითომ ეს არ კმაროდა და ახლა გაშორდი კიდეც, თავიდან უნდა აალაპარაკო ხალხი? შენს ძმას საცოლე ჰყავს, პატივსაცემი, ცნობილი ოჯახიდანაა ის გოგო, შენი აზრით რას იტყვიან მისი მშობლები როცა გაიგებენ რომ ლუკას განათხოვარი და ხელიდან წასული და ჰყავს.
- შენთვის შენს შვილზე მნიშვნელოვანი ის არის შენი მეზობლები და ნათესავები რას იტყვიან?
არაფერი უთქვამს, პაკეტები წამოკრიფა, დემონსტრაციულად გადმომხედა წარბაწეულმა და კიბეებს ხვნეშა-ხვნეშით შეუყვა.
- აქ მოსვლა აღარ გაბედო, ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს, -გადმომძახა უკვე მეოთხე სართულიდან.
-
ასე თუ ისე ფეხი ავუწყვე ცხოვრებას კობას გარეშე, კობას მამამ ზურამ სამსახური მიშოვა თავისი მეგობრის კომპანიაში, მდივანი სჭირდებოდათ, ბატონი მურთაზი ყველანაირად მიწყობდა ხელს, პარალელურად ინგლისური და რუსული ენის კურსებზე დავდიოდი, კურსების თანხას კი კობას დედა ლელა იხდიდა, ფინანსურადაც მეხმარებოდნენ, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას მირიცხავდნენ ხოლმე ანგარიშზე, ქეთისთანაც უფრო და უფრო დამითბა ურთიერთობა და მალე ისევ ისე განუყრელები გავხდით როგორც მაშინ ბავშვობაში ვიყავით, ყველაზე კარგი ის იყო რომ ჩემმა ძმამ ლუკამ ჩემთან ურთიერთობის აღდგენა გადაწყვიტა, მოვიდა მომიბოდიშა და პატიება მთხოვა, ხშირად მნახულობდა და მასთან და მის საცოლესთან ერთად ვატარებდი ხოლმე დროს, მშობლებსაც დავითანხმებ რომ შეგირიგდნენო მპირდებოდა, მერე მოხდა კიდევ ერთი რამ რამაც წარუშლელი კვალი დაამჩნია ჩემს ცხოვრებას და ძირისძირობამდე შეცვალა, ანა გათხოვდა...
იმ დროს უკვე ოცდაოთხი წლის ვიყავი, მის რჩეულს არ ვიცნობდი, მხოლოდ მაშინ მითხრა ქორწილის შესახებ როცა ქორწილის დღე დანიშნული იყო, როცა შეატყო რომ მეწყინა, უბრალოდ არ მინდოდა რომ თვალი გვცემოდაო გამომიცხადა, სწორედ მაშინ მივხვდი რომ მას ჩემი და კობას ამბავი ჯერ კიდევ არ ჰქონდა დავიწყებული, მე კი ჯერ ისევ ვიმკიდი ჩემს უკიდეგანო მიწებზე დათესილ, უკვე დიდი ხნის მომწიფებულ შურს უნდობლობას და ეჭვს.
მისი მეუღლე ირაკლი ქორწილში გავიცანი, თავიდანვე არ მომეწონა, უცნაურად მიყურებდა, ისე როგორც ახალდაქორწინებულმა მამაკაცმა არ უნდა შეხედოს მეუღლის მეგობარს, მის მიმართ ეს შეხედულება არც შემდეგ შემცვლია, ჩემგან არც თუ ისე შორს ცხოვრობდნენ და ხშირად ვსტუმრობდით ხოლმე ერთმანეთს, ირაკლი შანსს არ უშვებდა ხელიდან რომ ჩემთვის უხეში და უსიამოვნო კომპლიმენტები არ ეთქვა, უადგილოდ მხვევდა ხელს, ყოველი შეხვედრისას ცდილობდა რაც შეიძლება ხანგრძლივად ეკოცნა ჩემთვის ლოყაზე, ხელზე ხელს მიჭერდა, ყველა შესაძლებლობას იყენებდა რომ შემხებოდა, შეძლებისდაგვარად ვარიდებდი თავს, ანასთვის არაფერი მითქვამს ვიცოდი არ დამიჯერებდა...








იმ ავბედით დღეს როცა ეს ყველაფერი მოხდა, ანამ დამირეკა და მთხოვა რომ მასთან მივსულიყავი, საყიდლებზე ვარ გასული, ერთ საათში მოვალ, შენც მოდი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრაო, გახარებული ჩანდა, ხალისიანი და მხიარული, რათქმაუნდა წავედი, ადრე მომივიდა მისვლა, ანა სახლში არ იყო, სამაგიეროდ ირაკლი დამხვდა...
- რამეს დალევ? -დივანზე მჯდარს დამადგა თავზე.
- არ მინდა ნუ შეწუხდები ანას დაველოდები, -ვეცადე რომ გულითადად გამეღიმა, სახე შეეცვალა, მაღლა აზიდა წარბი და გვერდით ძალიან ახლოს მომიჯდა, რომ დაინახა როგორ გავიწიე ამაზრზენად გაეცინა.
- ისე ინაზები თითქოს შენ არ გინდოდეს ჩემთან ურთიერთობა.
- რას ამბობ გაგიჟდი? -გაოგნებულს აღმომხდა, ასე პირდაპირ შეტევას ნამდვილად არ ველოდი.
- რას ვამბობ? მშვენივრად ხვდები რომ მომწონხარ და მინდიხარ, თავი ზედმეტად პატიოსნად ნუ მოგაქვს, ბოლოს და ბოლოს ქმარს ხარ გაშორებული, დავიჯერო არავის აძლევ? შემიძლია ყველანაირად უზრუნველგყო, დედოფალივით დაჯდები სახლში და არაფერს გააკეთებ სამაგიეროდ ჩემი გახდები და მასიამოვნებ ხოლმე...
რათქმაუნდა უარი ვუთხარი და ერთი კარგად გამოვლანძღე, დავემუქრე თუ არ შემეშვები ანას ვეტყვი ყველაფერსთქო, გაცოფდა, საღი აზროვნების უნარი დაკარგა, გაავებული ნადირივით მეცა, სახეში დამარტყა, ტანსაცმელი შემომახია, დივანზე დამაგდო და ზემოდან მომექცა, სწორედ ამ დროს შემოვიდა მისაღებში ანა...
ალბათ გაინტერესებთ რა მოხდა შემდეგ, ანამ ჩემი ერთი სიტყვისაც არ დაიჯერა, ცოლ ქმარმა ერთობლივი ძალებით გამომაგდეს გარეთ, ტანსაცმელ შემოხეული, მკლავებ დალურჯებული, ტუჩგახეთქილი და შეურაცხყოფილი, ჩემი შეცდენა სცადაო დაარწმუნა ირაკლიმ, უშვერი სიტყვებით გამომლანძღა ანამ, კობა არ გეყო და ახლა ირაკლის წართმევაც მომინდომეო მითხრა, შეუმდგარი და უბედური არსება ხარ და ჩემი ბედნიერების გშურსო.
ის დღე იყო და ის დღე, მას შემდეგ არც ანა და არც ირაკლი თვალით აღარ მინახავს, სამაგიეროდ ანამ იმდენი მოახერხა რომ საბოლოოდ გადამკიდა ჩემი ძმაც და კობას მშობლებიც, სათითაოდ ესტუმრა ყველას და თავისი შეთხზული გაზვიადებული ისტორია მოუყვა იმის შესახებ თუ როგორ ვცდილობდი მისი ოჯახის დანგრევას და ქმრის წართმევას, ლელამ და ზურამ საბოლოოდ გაწყვიტეს ჩემთან ურთიერთობა, ლუკა ტელეფონზეც აღარ მპასუხობდა, სამსახურიდანაც მომიწია წამოსვლამ...
ორი წელი გავიდა მას შემდეგ, ნეტავ ბედნიერი იყო ანა თავის საყვარელ ქმართან ერთად? ნეტა ლუკას ხანდახან მაინც თუ ვახსენდებოდი, ნეტავ ჩემი მშობლები...

კარზე ზარის ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან და გაჭირვებით წამოვიზლაზნე საწოლიდან, კვირაში ერთადერთი თავისუფალი დღე მქონდა და მაშინაც კი ვერ ვისვენებდი ნორმალურად, ხან რა გამოხტებოდა და ხან რა, ერთი თვე იყო საოცნებო სამსახურში ვმუშაობდი, მართალია დროებით და ჰაერში გამოკიდებული მაგრამ ვფიქრობდი რომ ჩემს შრომისმოყვარეობას და ნიჭს გაითვალისწინებდნენ და სამუდამოდ თუ არა რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც დავრჩებოდი ბატონი ნოე კვარაცხელიას პირად ასისტენტად.
- რა ჯანდაბა ხდება ამ დილაუთენია? -ბუზღუნით გამოვაღე კარი და ერთ ადგილზე გავშეშდი, ჩემს წინ თვალცრემლიანი, გაფითრებული ანა იდგა და ცახცახებდა.
- მაპატიე ქეთო, მაპატიე ყველაფერი რაც დაგიშავე, -სასოწარკვეთილ ქვითინს ამოაყოლა სიტყვები, ჩემს წინ მუხლებზე დაეცა და ფეხებზე მომეხვია...

გაოგნებული ვიდექი, გაგიკვირდებათ და ვერაფერს ვგრძნობდი, ხშირად მიფიქრია ხოლმე ასეთ მომენტზე, ჩემს ფიქრებში და წარმოდგენებში ანას ადგილზე ხან ჩემი მშობლები იყვნენ, ხან კობას მშობლები, ხან ლუკა, ხან თვითონ ანა მაგრამ რატომღაც ყოველთვის მეგონა რომ მათი მათი ბოდიშით, მათი სინანულით სიამოვნება უნდა განმეცადა, სიმშვიდე და თავისუფლება უნდა მეგრძნო, არადა ამდაგვარი არაფერი მომხდარა, დავყურებდი ჩემს წინ მუხლებზე დამხობილს და ყურში უსიამოვნოდ ჩამესმოდა მისი ქვითინის ხმა, არ მეცოდებოდა რადგან ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო, თავისი დაუფიქრებელი საქციელის საფასურს იხდიდა ჩემს წინაშე თავის დამცირებით, ზუსტად იმას იმკიდა რაც დათესა, ისევე როგორც მე, როგორც სხვები, არც მეტი, არც ნაკლები...
- ცოტა ხნით შემოვალ და დავილაპარაკოთ, -ქვემოდან ამომხედა ჩაწითლებული სველი თვალებით, -გთხოვ ქეთო, უფლება მომეცი ყველაფერი აგიხსნა.
არაფერი მითქვამს, დავიხარე მხრებში დავწვდი, წამოვაყენე და გვერდზე გავდექი რომ შემოსვლის საშუალება მიმეცა, გაუკვირდა თუმცა ეცადა რომ არ შეემჩნია, ჩანთიდან ხელსახოცების შეკვრა ამოაძვრინა, ცხვირი ხმაურით მოიწმინდა და თავჩაღუნული წავიდა მისაღებისკენ.
- აბა ჰე გისმენ, რა გაქვს სათქმელი, -მის წინ ჩამოვჯექი და ფეხი ფეხზე გადავიდე, თვითონვე მიკვირდა საკუთარი თავის, სახლში შემოვუშვი, ველოდი როდის მობოდავდა რაღაც უაზრობას რომელიც საერთოდ არ მაინტერესებდა, რაც არ უნდა ეთქვა ჩვენს ურთიერთობას ვეღარაფერი გაამრთელებდა და თუ მას ამ ყველაფრის გამოსწორების იმედი ჰქონდა სასტიკად სცდებოდა.
- ძალიან ვწუხვარ, შენზე ის საშინელებები არ უნდა მეფიქრა, მაშინ ცუდად მოგექეცი, უნდა დამეჯერებინა რასაც ამბობდი, მაპატიე, -საცოდავად ამოიკნავლა და მუდარით სავსე მზერით შემომხედა.
- რამ გაგინათა გონება? რა მოგელანდა? -ირონია არ დამიშურებია.
თავი ჩაღუნა და თითების წვალება დაიწყო, ვხედავდი როგორ ებრძოდა საკუთარ თავს, სახეზე წამოწითლდა, კანკალებდა, ვერ ვხვდებოდი რა აწუხებდა ასე ძალიან, დანაშაულის გრძნობა თუ ამ დანაშაულის გრძნობის გამო მოხდილი და ჯერ ისევ ნახევრად ყელში გაჩხერილი ბოდიში.
- დღეს ირაკლის და მისი მეგობრების საუბარს მოვუსმინე შემთხვევით, კაკო და ლაშა ჩვენთან იყვნენ სტუმრად, აივანზე ისხდნენ, მე სამზარეულოში გავედი ყავის მოსადუღებლად, ყავა რომ მიმქონდა მათთვის გავიგე რაზეც ლაპარაკობდნენ.
- რაზე თუ ვისზე?
- მართალი ხარ, შენზე საუბრობდნენ, ღმერთო ახლაც არ მჯერა რომ იმ სიტყვებს ირაკლი ამბობდა, ისევ უნდა ვცადო და ამჯერად გამომივა მისი შებმაო ამბობდა, ლაშა იცინოდა კიდევ წააგებ სანაძლეოს როგორც მაშინო, რამდენი არ ცადე და მაინც ვერ გაჟ*მეო, შეეშვი რას ამოიჩემე ისედაც ამდენი ხანი გავიდაო...
ხმისამოუღებლად ვუსმენდი მის მონათხრობს, ყვებოდა ანა და ნელ-ნელა ეპარებოდა ხმაში ტირილის ნოტები, ბოლოს უკვე სლუკუნებდა და ისე აგრძელებდა.
- იცი რა თქვა იმ ნაბიჭვარმა? იმ დღეს ანა რომ ცოტა გვიან დაბრუნებულიყო კარგი იქნებოდა ხომ მოვასწრებდი და მის დაქალს ერთი კარგად ვიხმარდიო.
- ჰაჰ ასე არა? -მოულოდნელად პანიკური სიცილი ამიტყდა და კარგა ხანს ვერ გავჩერდი, გაოგნებული მიყურებდა თვალცრემლიანი ანა.
- კარგად ხარ? -მკითხა როცა ოდნავ დავწყნარდი.
- მშვენივრად ვარ, იმ დღის მერე ცუდად აღარ ვყოფილვარ როცა შენ და შენმა საყვარელმა მეუღლემ ცხოვრება დამინგრიეთ, ასე რატომ გძულვარ ანა...
- არ მძულხარ, -ხმაათრთოლებულმა შემაწყვეტინა სიტყვა.
- არ გძულვარ? თუ არ გძულვარ მაშინ მითხარი რატომ წახვედი ჩემს ძმასთან და რატომ გადამკიდე სამუდამოდ, ასეთი რა უთხარი რომ თვალის დასანახად ვეზიზღები, კობას მშობლები? მშვენივრად იცოდი რომ საკუთარი მშობლებივით მიყვარდნენ და მათ გარდა სხვა არავინ მყავდა, იცოდი მაგრამ მათთანაც მიხვედი...
- შეცდომა დავუშვი, რატომ არ გესმის?
- სინამდვილეში შეცდომა არ დაგიშვია, შენც მშვენივრად იცი რომ ასეა მაგრამ საკუთარ თავსაც კი არ უტყდები, ყველაფერი გამიზნულად გააკეთე, ვერაფრით მაპატიე კობას ამბავი და ალბათ გაგიხარდა კიდეც რომ ჩემი გამწარების საშუალება მოგეცა...
- რას ამბობ ქეთი, ფიქრობ რომ შენი ცუდად ყოფნა მიხარია? ორსულად ვარ, მეორე ბავშვს ველოდები და მაინც ვშორდები ირაკლის, შენს გამო ვეჩხუბე, სახლიდან წავიდა...
- და რას ელოდები, ეს უნდა გამიხარდეს? სხვისმა უბედურებამ და ცუდად ყოფნამ რომ გამახაროს სულ მცირე შენნაირი უნდა ვიყო მე და შენ კი არაფრით არ ვგავართ ერთმანეთს, წადი, -წამოვდექი, შემოსასვლელში გავედი და ფართოდ გავაღე კარი, თავდახრილმა ჩამიარა გვერდი და უკან მოუხედავად დაეშვა კიბეებზე, ვიცოდი რომ უკანასკნელად არ ვხედავდი, მშვენივრად ვიცნობდი, კიდევ მოვიდოდა, მანამდე მოვიდოდა სანამ არ ვაპატიებდი, ლელა და ზურაც მოვიდოდნენ პატიების სათხოვნელად, ლუკაც თუმცა ამ ყველაფერს უკვე არანაირი აზრი არ ჰქონდა...




დილით ადრე გამეღვიძა, თავს არც თუ ისე კარგად ვგრძნობდი, ჯერ კიდევ ანაზე ვფიქრობდი, მის ბედოვლათ ქმარზეც, ჩემს ყოფილ ოჯახზეც ვფიქრობდი, ჩემი ქმრის ოჯახზეც, რა იყო ჩემი ცხოვრება, ან რა იქნებოდა შემდეგ, ვინ იცის რა მოხდებოდა, მე ნამდვილად არ ვიცოდი...
საათს შევხედე და სასწრაფოდ დავიწყე მომზადება სამსახურში წასასვლელად, მეტროსთან ახლოს ვცხოვრობდი, ასე რომ სამსახურში სიარული არ მიჭირდა, თავისუფლებაზე ამოვდიოდი და შემდეგ ფეხით ხუთ წუთში უკვე სამსახურში ვიყავი ხოლმე.
მეტროდან გამოვედი თუ არა მუსიკა და უჩვეულოდ სასიამოვნო ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას, იმისდა მიუხედავად რომ თითოეული წუთი გათვლილი მქონდა მაინც ვერ გავუძელი ცდუნებას და გავჩერდი, პატარა მუსიკალურ ჯგუფს უამრავი მსმენელი ჰყავდა, იქვე კიბეზე ჩამოვჯექი, ჯგუფის სოლისტი მთელი გრძნობით მღეროდა, მაღალი იყო, მოზრდილი წვერი ჰქონდა და ბრიალა შავი თვალები, ჩვეულებრივად ეცვა, ნაცრისფერი, მკლავებზე აკეცილი პერანგი და შავი ჯინსი, არაფრით და თითქოს ყველაფრით გამორჩეული იყო, არ მახსოვს რამდენ ხანს ვუსმენდი, რამდენჯერმე შეხვდა ჩვენი მზერა ერთმანეთს, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა, აპლოდისმენტებმა რომ გამომაფხიზლა უკვე მაგვიანდებოდა, სირბილით გულამოვარდნილი მივედი შენობასთან.
- შეიძლება? -შეშინებულმა დავაკაკუნე ბატონი ნოეს კაბინეტის კარზე.
- შემოდით, -მიპასუხა და მეც თავჩაღუნულმა გავაღე კარი.
- დაგაგვიანდა ქეთი, -მაგიდაზე ნერვიულად ააკაკუნა ოქროსფერთავიანი კალამი, ცოლის ნაჩუქარი იყო, ქორწინების ოცი წლის თავზე აჩუქა ორი კვირის წინ.
- მაპატიეთ, გზაში გაუთვალისწინებელი რაღაც შემემთხვა.
- მოდი, მოდი არაფერია, შენთან საქმე მაქვს, -ჩვეული თბილი ხმით მითხრა და სკამზე მიმითითა დაჯექიო, ყოველთვის ასეთი იყო, წყნარი, მშვიდი, თავაზიანი, ამიტომაც მომწონდა მასთან მუშაობა, თანამშრომლებს გარეგნობის მიხედვით არ არჩევდა როგორც სხვები, მათი შესრულებული სამუშაოს დანახვაც შეეძლო, პასუხისმგებლობას და შრომისმოყვარეობას აფასებდა.
- ქეთი, მართალია ჩვენთან დიდი ხანი არ არის რაც მუშაობ მაგრამ მომწონხარ და გენდობი, ამიტომაც მინდა ჩემი ძმისშვილის თანაშემწედ გადაგიყვანო, -პირდაპირ და შეუმზადებლად გამაცნო თავისი წინადადება.
- რატომ ჩემი მუშაობით უკმაყოფილო ხართ? -მართლა დამწყდა გული რადგან ვთვლიდი რომ კარგად ვმუშაობდი, თანაც ისიც კი არ ვიცოდი რომ ძმისშვილი ჰყავდა, სად ჯანდაბიდან გამოჩნდა მაინცდამაინც ახლა და რაღა მაინცდამაინც მე ამარჩიეს მის თანაშემწედ.
- რას ამბობ ქეთი, შენი მუშაობით კმაყოფილი რომ არ ვიყო ანდრეას ნამდვილად არ განდობდი, მოგეხსენება რომ ამ კომპანიას მე და ჩემი ძმა ვუდგავართ სათავეში, ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც გეცოდინება, ცოტა გაურთულდა ავადმყოფობა და გადაწყვიტა რომ თავისი პოსტი შვილს გადასცეს, თუმცა ანდრეა როგორ გითხრა, ცოტა თავისებურია, თავქარიანია და გართობის მოყვარული, უკვე ოცდაათი წლისაა არადა გართობის მეტი არაფერი აღელვებს, ახლა იძულებულია კომპანიის მართვაში მიიღოს მონაწილეობა და დახმარება დასჭირდება, მინდა რომ გვერდში დაუდგე და ყველანაირად დაეხმარო, თანაც შენთვისაც კარგია, დროებით აღარ იმუშავებ და სტატიანი თანამშრომელი გახდები.
ვუსმენდი და ვხვდებოდი რომ ჩემთვის არცთუ ისე სახარბიელო სიტუაციაში ვიყავი, ბატონ ნოეს უარს ვერ ვეტყოდი, ეს პირდაპირ ნიშნავდა იმას რომ სამსახურს დავკარგავდი არადა იმ ვიღაც თავქარიანი ანდრეას ძიძობაც რომ არ მინდოდა...
- მგონი ჩემმა წინადადებამ ვერ მოგხიბლა მაინცდამაინც, -გაეცინა ბატონ ნოეს.
- არა რას ამბობთ, რათქმაუნდა თანახმა ვარ, -ენამ გონებას გაუსწრო წინ.
- ჰოდა ძალიან კარგი, როგორც კი მოვა გაგაცნობ, ჯერ არ დაუწყია მუშაობა და უკვე აგვიანებს, არ მინდა მოგატყუო ქეთი, ახლავე გეტყვი რომ გაგიჭირდება მასთან ერთად მუშაობა მაგრამ ვიცი რომ შეძლებ, თანაც ხელფასიც მოგემატება...
საუბარი კარის ხმამ გაგვაწყვეტინა, არც დაუკაკუნებია ისე შემოიჭრა ოთახში, ბატონი ნოე და მე ერთდროულად ავდექით ფეხზე.
- მოდი ანდრეა, შენი თანაშემწე უნდა გაგაცნო, -ნოემ ღიმილით მიმართა და მეც სწორედ მაშინ შევბრუნდი მისკენ, ჩემს წინ ის ქუჩის მომღერალი იდგა დილით ასე უცბად რომ დაიპყრო ჩემი გული და გონება.
- გამარჯობა, მე ანდრია ვარ, შეგიძლია უბრალოდ ანდრია დამიძახო, ბატონო არ დააყოლო თორემ ძალიან გავბრაზდები იცოდე, -ღიმილით გამომიწოდა ხელი და ზუსტად ისე ჩამიკრა თვალი როგორც იქ ქუჩაში...
-
- რა საოცრებაა, -ანტონელამ ტაში შემოჰკრა და თვალები ისე აატრიალა აშკარად რაღაც ძალიან, ძალიან რომანტიული წარმოიდგინა.
- რა არის საოცრება, -ვკითხე გაკვირვებულმა.
- როგორ თუ რა, ჯერ იყო და ქუჩაში შემთხვევით შეხვდით ერთმანეთს...
- არ შევხვედრივართ უბრალოდ ის მღეროდა მე კი ვუსმენდი.
- შენ ხომ თქვი რომ შეგამჩნია?
- შემამჩნია, მიცნო როცა ბიძამისმა ბატონმა ნოემ ჩემი თავი როგორც თანაშემწე ისე წარუდგინა.
- თავიდანვე მოგეწონა არა?
- ვერ უარვყოფ, ანდრეა ძალიან სიმპათიური და ქარიზმატული იყო, ისეთი ნებისმიერ ქალს ადვილად რომ აურევდა თავგზას.
- მეც მაგას ვამბობ და არ მისმენ, -ანტონელამ ისევ მეოცნებე სახე მიიღო, თვალები დახუჭა და ფეხები იქვე მდგარ რბილ სკამზე შემოალაგა, -უბრალოდ წარმოიდგინე, ყველაფერი ისე მოხდა როგორც ზღაპრებშია, შენ მარტოსული ლამაზი გოგო, ის სიმპათიური ქარიზმატული პრინცი რომელიც იმისად მიუხედავად რომ პრინცია ქუჩაში მღერის, ერთმანეთს ხვდებით, პირველი დანახვისთანავე მოგწონთ ერთმანეთი და...
- ზღაპარში არ ვართ ანტონელა, არც მაშინ მიგრძვნია თავი კონკიასავით როცა ანდრიას ვხვდებოდი, ყოველთვის რეალისტი ვიყავი, ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ისეთით სადაც ბედნიერი დასასრულები არ არსებობს.
- როგორ ხარ ასეთი, როგორ შეგიძლია ამ ყველაფერზე ასე ცივად და მშრალად ისაუბრო, -გაბრაზებული წამოხტა ფეხზე და დოინჯშემორტყმული დამაცქერდა ზემოდან, -ასე არ შეიძლება ქეთი, როდემდე შეიძლება მკვდარი თევზივით მიყვებოდე დინებას, საერთოდ არ იბრძვი ბედნიერებისთვის.
- რა უნდა გამეკეთებინა? შენი აზრით შემეძლო მეიძულებინა რომ ჩემთან ერთად ყოფილიყო? -სრულიად მშვიდად ვკითხე და კაფეში შემოსული სტუმრისკენ ვანიშნე, -მიდი შენ მიხედე რა მე რაღაც ვერ ვარ კარგად.
- შენ იჯექი და დაისვენე, იცოდე ცოტა ხანში მოვალ და ისევ გააგრძელებ შენი ამბის თხრობას, ყველაფერს მომიყვები იმ წამამადე როცა აქ ამ პატარა ლამაზ ქალაქში ერთმანეთს შევხვდით.
- მოგიყვები, აუცილებლად მოგიყვები, -ღიმილით დავაიმედე.
- ისე სხვათაშორის შენთვის მოდის ხოლმე, -ეშმაკურად ჩამიკრა თვალი და ზურგი შემაქცია, ცალი თვალით შევათვალიერე ნაცნობი სტუმარი, უკვე კარგა ხანია რაც ჩვენი კაფის ყოველდღიური სტუმარი გახდა, იქნებოდა ასე ოცდათხუთმეტიოდე წლის, მაღალი, ტანადი და საოცრად უცხო, მიმზიდველი გარეგნობის პატრონი იყო, დაბალზე შეჭრილი წაბლისფერი თმა და იმ ზღვასავით მღელვარე ლურჯი თვალები ჰქონდა რომელსაც ახლა გადავყურებდი, ვიცოდი რომ მოვწონდი, ვიცოდი რომ ყოველდღე ჩემს სანახავად დადიოდა აქ, უბრალოდ ვერ ვხვდებოდი რატომ, მითუმეტეს ახლა როცა მაკიაჟს აღარ ვიკეთებდი, თმა რამდენიმე თვის შეუღებავი მქონდა და გრძელი, ფართხუნა კაბები მეცვა.
- გამარჯობა, -იტალიურად მომესალმა, გამიღიმა და ხელი ამიწია ბართან მდგარმა, ვიცოდი ჩემი მხოლოდ ერთი ღიმილი იყო საკმარისი იმისთვის რომ მოსულიყო და ჩემს მაგიდასთან ჩამომჯდარიყო, თვალი ავარიდე, თავი დავუკარი და მოაჯირს იქით ცოცხალივით მსუნთქავ და მღელვარე ზღვას გავუშტერე მზერა, ახლა ვერავისზე და ვერაფერზე ვერ ვიფიქრებდი იმ პატარა სიცოცხლის გარდა რომელიც ჩემს სხეულში იზრდებოდა.
- სულ ცოტაც პატარავ, სულ ცოტაც და ჩემთან იქნები, -უზარმაზარ მუცელზე გადავისვი ხელი, მანაც არ დააყოვნა და ფეხის მორტყმით მამცნო რომ თვითონაც ერთი სული ჰქონდა ამ სამყაროს გაცნობის...





თბილი თითების შეხებას ვგრძნობდი სახეზე, ლოყებზე, შუბლზე, თმებზე, უცხო სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა ჩემს ირგვლივ...
- ქეთი, ქეთი გაიღვიძე, -ანტონელა მადგა თავზე და მსუბუქად მარხევდა, ზანტად გავახილე თვალები და მიმოვიხედე, ჩამძინებია, კაფეში აღარავინ იყო, წამით ისევ დავხუჭე თვალები და ღრმად ჩავისუნთქე სასიამოვნო არომატით გაჟღენთილი ჰაერი, არა, ეს ნამდვილად არ იყო ანტონელას სუნამო.
- რაღაც უნდა გითხრა ოღონდ არ გამიბრაზდე, -პატარა საყვარელი ლეკვის თვალებით შემომხედა და გვერდით მომიჯდა, -წეღან რომ ჩაგეძინა მარკო მოვიდა შენთან, გეფიცები მინდოდა შემეჩერებინა მაგრამ ისე საწყლად მთხოვა უარი ვერ ვუთხარი, მხოლოდ რამდენიმე წამი დარჩა შენს გვერდით, უბრალოდ სახეზე და თმაზე მოგეფერა და წავიდა, პატარა ბიჭივით არის შენზე შეყვარებული.
- ესე იგი არ დამსიზმრებია? -ლოყაზე ჩამოვისვი თითები და უნებურად გამეღიმა.
- იქნებ გაბედო და მისცე შანსი, -ჩემი ღიმილით გათამამებულმა ანტონელამ მაჭანკლობა გადაწყვიტა თუმცა მაშინვე გაჩუმდა როგორც კი დაინახა როგორ მოვიღუშე.
- მეხუმრები? რომელ შანსზე მელაპარაკები, ორ კვირაში ბავშვს გავაჩენ, მარტოხელა დედა ვიქნები, არავინ მყავს, არაფერი გამჩნია, ის კი ის... ხომ ხედავ როგორი კარგია, ვერ ვხვდები საერთოდ რატომ მოვწონვარ, ნეტავ რა ნახა ჩემში?
- საერთოდ არ აფასებ საკუთარ თავს, -დანანებით გადააქნია თავი ანტონელამ, -თუმცა იმ ყველაფრიდან გამომდინარე რაც შენს ცხოვრებაზე მომიყევი გასაკვირი არცაა რომ შენს თავზე ასეთი ცუდი წარმოდგენა გაქვს.
- იქნებ საკმარიასია ამაზე საუბარი.
- მგონი დაგავიწყდა რომ შენი და ანდრიას ამბავი გაქვს გასაგრძელებელი.
- ოჰ შენ ხომ ადამიანს არ მოასვენებ, -ამოვიხვნეშე და თვალები დავხუჭე რომ უკეთ შემძლებოდა ჩემს არც თუ ისე შორეულ წარსულზე ფიქრი.

მაშინ მეგონა რომ ანდრიამ იღბალი მომიტანა, ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს სამსახურში, მის გაცნობას სხვა ბევრი კარგი რამ მოყვა ფეხდაფეხ, როგორც ვვარაუდობდი ისე მოხდა ანამ სათითაოდ ჩამოუარა ყველას და თავისი ქმრის არაკაცობის და ჩემი უდანაშაულობის შესახებ მოუყვა, პირველი ჩემი ძმა მოვიდა და მომიბოდიშა, შემდეგ კობას მშობლებმა მომაკითხეს, დედაჩემმა კი შორიდან შემომითვალა თუ გინდა შეგიძლია გვესტუმრო ხოლმეო, ანას რაც შეეხება მისი მიღება ვერ შევძელი, ბევრი ვეცადე მაგრამ ვერ მოვახერხე.
მე და ანდრია მალე დავახლოვდით, ვერც მივხვდი ისე შემოვუშვი ჩემს ცხოვრებაში, თავიდანვე ყველაფერი გარკვეული გვქონდა, ერთმანეთი არ მოგვიტყუებია, ყალბი დაპირებებიც არ მიგვიცია, უბრალოდ ერთად ყოფნა გვსიამოვნებდა, ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ჩემგან განსხვავებით რომანტიკოსი იყო, ხშირად მჩუქნიდა ყვავილებს და ტკბილეულს, სიურპრიზებს მიწყობდა, ლექსებს მიკითხავდა, მეუბნებოდა მიყვარს გახარებულს რომ გხედავო, მის მეგობრებსაც ვიცნობდი, ბატონმა ნოემაც იცოდა ჩვენს შესახებ, ექვსი თვე გავატარეთ ასე უპრობლემოდ წყნარად და მშვიდად, ყველაფერი მაშინ აირია როცა შევამჩნიე რომ გადამიცდა და ტესტის ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა რომ ორსულად ვიყავი.
არ შემშინებია, არ მინანია და არც მისი მოშორება მიფიქრია, პირველი რაზეც ვიფიქრე ის იყო თუ რა სახე ექნებოდა კობას როცა გაიგებდა რომ ორსულად ვიყავი, საოცრად მინდოდა მისი ამ დროს მისი სახის დანახვა, ერთი წამითაც კი არ მიფიქრია ანდრიასთვის ამ ამბის დამალვა, ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი რომ არ გაუხარდებოდა მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლიდი რომ მეთქვა.
მიუხედავად ჩემი ასეთი განწყობისა მისი რეაქცია ჩემთვის მაინც მოულოდნელი და გულსაკლავი აღმოჩნდა, სახე შეეცვალა, ვერ მივხვდი ეწყინა თუ შეეშინდა, ახლაც არ მინდა იმის დაჯერება რომ იმ წამს მის თვალებში რაღაც ზიზღისმაგვარი დავინახე.
- ვიცი რომ ამაზე თავიდანვე არ შევთანხმებულვართ მაგრამ უნდა გცოდნოდა რომ ბავშვი ჩემს გეგმებში არ შედიოდა, -ცივად გამომიცხადა და ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს, მის ბინაში ვიყავით, სახლში არასდროს ეწეოდა არადა ახლა რამდენიმე წუთში ოთახი ისე გაიჟღინთა კვამლით სუნთქვა გამიჭირდა.
- უბრალოდ ჩავთვალე რომ უნდა გცოდნოდა, -არ ვიცი საიდან ვპოულობდი ჩემში ძალას რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა და პატარა ბავშვივით არ ავღრიალებულიყავი, კაცმა რომ თქვას მეტი არც არაფერი იყო სათქმელი, ანდრეას კარგად ვიცნობდი, ამ მცირე ხანში მშვენივრად მოვახერხე მისი გაცნობა, ერთად კარგად ვიყავით, თუმცა იმის ილუზია არასდროს მქონია რომ როდისმე მასთან ერთად ოჯახს შევქმნიდი.
- მისმინე ქეთი, -ხმა დაუთბა და მისმა გამოხედვამ მიმახვედრა რომ უკვე გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული თანაც ისეთი რომ ჩემს დასათანხმებლად თავი ქარიზმის გამოყენება სჭირდებოდა.
- იმედია იმას არ მეტყვი რასაც ვფიქრობ, -უნებურად მუცელზე შემოვიჭდე თითები, ჩემს მოძრაობას გააყოლა თვალი და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
- რამდენი თვის ხარ?
- ჯერ ზუსტად არ ვიცი, ალბათ ერთი თვისაც არ ვიქნები.
- ბავშვი არ მინდა ქეთი, არც შენგან და არც არავისგან, ჯერ პატარაა და თავისუფლად შეგიძლია მოიშორო, შენც არამგონია ახლა ბავშვის გაჩენა გაწყობდეს, შენები ისევ აიღებენ შენზე ხელს, შენი ძმა არა მგონია შენს მარტოხელა დედობას შეეგუოს...
- ანუ ჩემზე ზრუნავ არა? -მწარედ გამეღიმა თუმცა ისე იყო ამ ახალი ამბით თავგზაარეული ირონიას ვერ მიმიხვდა.
- რათქმაუნდა შენზე ვზრუნავ, ახლავე დაგირიცხავ თანხას და დღესვე შეგიძლია წახვიდე ექიმთან.
- არ გამომყვები?
- მე? არა რას ამბობ, არ შემიძლია, -ისე გაასავსავა ხელები წამით მასთან ერთად მთელი კაცობრიობა შემზიზღდა, -არ მინდა რომ იქ მნახოს ვინმემ ხომ გესმის...
- მესმის, რათქმაუნდა მესმის, -გაჭირვებით წამოვდექი და ისე გამოვედი ბინიდან უკან არ მიმიხედავს, არ გამომყოლია...
ჯერ სახლშიც კი არ ვიყავი მისული რომ შეტყობინება მომივიდა, გავხსენი... ანდრიამ ათიათასი ლარი დამირიცხა ანგარიშზე, ეზოში ვიდექი შენობის შესასვლელთან და სულელივით გაღიმებული დავცქეროდი შეტყობინებას რომელსაც მალე მეორეც მოყვა.
- ორ კვირიან შვებულებას გაძლევ, შეგიძლია ამ თანხით სადმე წახვიდე დასასვენებლად...
-
- მართლა ასე მოგწერა? ეს როგორ გააკეთა მაგ უგულომ და უსინდისომ, როგორ იფიქრა რომ საკუთარ შვილს მოკლავდი და მერე დასასვენებლად წახვიდოდი, -ანტონელა აღშფოთებას ვერ მალავდა, გამწარებული წამოხტა და მოაჯირს დაეყრდნო, ალბათ ახლა ანდრია აქ რომ ყოფილიყო შემოაკვდებოდა.
- დამშვიდდი და დაჯექი, მე ამ ყველაფერს ველოდი, ამიტომაც არც მაშინ მქონია საშინელი რეაქცია და ახლა მითუმეტეს აღარ მაქვს.
- როგორ შეგიძლია, როგორ შეგიძლია ასე მშვიდად იყო, -ჩემს წინ ჩაიმუხლა თვალებ აცრემლებულმა და მუცელზე ნაზად გადამისვა ხელი, -დარწმუნებული ვარ ინანებს, აუცილებლად ინანებს ყველაფერს, როცა გაიგებს რომ ბავშვი არ მოგიშორებია...
- იცის.
- იცის?
- მას მერე რაც თანხა ჩამირიცხა მივხვდი რომ დრო იყო ჩემს ცხოვრებაში რაღაც შემეცვალა, მთელი თვის განმავლობაში არ მინახავს, არც მას მოუკლია თავი ჩემთან დაკავშირების მცდელობებით, ამ პერიოდში სამსახურიდან წამოვედი, ბინა გავყიდე, დანაზოგიც საკმაოდ მქონდა და გადავწყვიტე რომ საქართველოსგან მოშორებით დამეწყო ახალი ცხოვრება.
- ოჯახის და ახლობლების დატოვება არ გაგიძნელდა?
- კარგი რა, რომელი ოჯახის? მშობლებთან ისევ არ მქონდა ურთიერთობა, ჩემი ძმა კი როგორც კი ჩემი ორსულობის შესახებ გაიგებდა დარწმუნებული ვარ რომ ისევ მიმატოვებდა, ამიტომაც გადავწყვიტე იტალიაში წამოსვლა, ენა ვიცოდი და თან ჩემი ოცნების ქვეყანა იყო, წამოსვლის წინა დღეს თანხა უკან გადავურიცხე ანდრეას და შეტყობინებაც დავუტოვე რომ ბავშვი არ მომიშორებია, პასუხი არ მიმიღია სამაგიეროდ აეროპორტში მის ახალ თანაშემწეს თაკოს შევხვდი, ჩემი წასვლის შემდეგ გადაიყვანა მასთან ბატონმა ნოემ, ჩემი დანახვა გაუხარდა, რამდენიმე წუთით ვისაუბრეთ, ახლახანს გავაცილე ანდრეა და მისი საცოლე საფრანგეთში ორ კვირიან მივლინებაშიო მახარა.
- საცოლე? როგორ საცოლე ჰყავდა? -ანტონელა პირდაღებული შემომყურებდა.
- ჰო თურმე ჰყოლია, შეიძლება იმ ერთ თვეში მოახერხეს და იპოვნეს ერთმანეთი რაც ერთად აღარ ვიყავით, შეიძლება მანამდეც ერთად იყვნენ არ ვიცი.
- ალბათ შეტყობინებაც ნახა.
- ჰო ალბათ, შეტყობინება ნახა მაგრამ ყურადღება არ მიაქცია.
- აკი დაქორწინება და სერიოზული ურთიერთობები არ უნდოდა?
- რას გაიგებ, ეტყობა მე არ მიმიჩნევდა მისი ცოლობისთვის შესაფერისად, -ვერც კი შევნიშნე ისე გამეპარა ხმაში გულისტკივილი, რაც არ უნდა დამერწმუნებინა ჩემი თავი რომ ის ყველაფერი დავივიწყე მაინც არ იყო ადვილი...


- მას შემდეგ არანაირი ურთიერთობა აღარ გქონიათ?
- მე მასთან დაკავშირება არ მიცდია, ალბათ არც თვითონ ჰქონია ჩემი მოძებნის სურვილი, სოციალური ქსელებიც კი არ მაქვს, არ მინდა მის შესახებ რამე ინფორმაციას წავაწყდე.
- ის უსინდისო არაფერში გვჭირდება, პატარას ჩვენც მშვენივრად გავზრდით, არაფრის შეგეშინდეს, მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები, -ხელზე ხელი მომიჭირა და გამამხნევებლად გამიღიმა, გული ამიჩუყდა და თავს უფლება მივეცი სისუსტე გამომეჩინა, ერთადერთი ცრემლი გადმოსცდა ჯებირებს და ლოყაზე ჩამომეღვარა.
- ყველაზე კარგი გადაწყვეტილება რაც ჩემს ცხოვრებაში მიმიღია შენთან მეგობრობა და შენი პარტნიორობაა, გამიმართლა რომ იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ მალევე შეგხვდი.
- ეს მე გამიმართლა ქეთი, იმ პერიოდში ძალიან მჭირდებოდა დახმარება, შენ რომ არა ამ კაფეს და სახლს ბანკი წამართმევდა და გამიყიდიდა, ისე შენს ადგილას მე შეიძლებოდა ასე არ მოვქცეულიყავი, მთელი შენი ფული იმ საქმეში ჩადე რისიც არაფერი გაგეგებოდა, მენდე...
- გენდე და გამიმართლა, ხომ ხედავ კაფე მშვენივრად მუშაობს, საწუწუნო არაფერი გვაქვს, -საყვარლად აწითლებულ ლოყებზე მოვეფერე და გაჭირვებით წამოვდექი, -უნდა წავიდე და გამოვიძინო, შენ მიხედავ აქაურობას?
- წადი, ნუ გეშინია არ გამიჭირდება, დღეს ნიკოც გამოდის სამსახურში, ყველაფერს მივხედავთ.

დილით გაბრუებული ავდექი, სულ უფრო და უფრო მიჭირდა სიარული თუმცა სახლში ვერ ვჩერდებოდი, კაფეში ყოფნა მერჩივნა თანაც მე და ანტონელა იქვე ახლოს ვცხოვრობდით, უკვე სახლიდან უნდა გავსულიყავი ჩემმა ძმამ რომ დარეკა, სკაიპი ჩართე მომენატრეო გამომიცხადა, სხვა რა გზა მქონდა ყავა მოვადუღე, კომპიუტერი ჩავვრთე და მივუჯექი, კამერა ისე გავასწორე რომ ჩემი უზარმაზარი მუცელი არ დაენახა და ჩავრთე.
- როგორ ხარ ქეთუსი, ასე რატომ იკარგები ხოლმე, -იმ ღიმილით შემომღიმა ყველაფრის მიუხედავად ასე ძალიან რომ მიყვარდა.
- ვიღლები, ბევრს ვმუშაობ, -შევეცადე როგორმე გამემართლებინა თავი.
- თუ ამდენს მუშაობ და იღლები ასე მოპუტკუნება როგორ მოახერხე? -ეჭვით სავსე მზერით შემათვალიერა, მისი მზერით დაბნეულმა გავკარი ხელი ჭიქას და მდუღარე ყავა მუხლებზე გადავისხი.
- ჯანდაბა, ესღა მაკლდა, -გამწარებული ისე წამოვხტი ჩემი მუცელი არც გამხსენებია, ჩემი ძმის გაფართოებულ თვალებს და დაღებულ პირს რომ მოვკარი თვალი უკვე გვიან იყო.
- ეს რა არის ქეთი? -ისეთი ხმით იკითხა თითქოს რაღაც საოცრება დაენახოს, -შენ რა ფეხმძიმედ ხარ?
- ჰო მგონი ასეა, -ირონიულად ჩავიცინე და გაწითლებულ მუხლებს დავხედე რომლებიც საშინლად მეწვოდა.
- აქ არ გეყო რაც გააკეთე და მანდაც აგრძელებ? -წამის წინ თბილი ხმა უცბად გაუხდა გესლით და სიძულვილით სავსე, -მაგისთვის წახვედი რომ ვიღაც იტალიელის გააჩინო?
ვუსმენდი და ვცდილობდი მუცლის ტკივილისთვის ყურადღება არ მიმექცია, ჯერ ადრე იყო, ჯერ კიდევ ორი კვირა მქონდა მის დაბადებამდე.
- აააა, ჯანდაბა, -თავისთავად წამსკდა ყვირილი და მაგიდის კიდეს ჩავეჭიდე გამწარებული, ფეხებზე ჩამოღვრილი სისველე ვიგრძენი.
- ცდილობ რომ თავი შემაცოდო? ნუ მსახიობობ, -ისევ აგრძელებდა ჩემი ძმა, აღარაფერი მითქვამს, ლეპტოპი დავხურე და ტელეფონს დავსტაცე ხელი, სასწრაფოდ მოვძებნე ანტონელას ნომერი.
- სად ხარ, სასწრაფოდ მოდი სახლში გთხოვ, -ჩავყვირე როგორც კი მიპასუხა.
- ანტონელა გასულია, მთხოვა რომ კაფეში მე დავრჩენილიყავი, ტელეფონიც აქ აქვს დატოვებული, კარგად ხარ? რატომ გაქვს ასეთი ხმა?
მარკო იყო, ის მარკო ჩემთვის აქამდე ორი გადაბმული სიტყვაც რომ არ ჰქონდა ნათქვამი, ალბათ მართლა ძალიან საშინელი ხმა მქონდა რომ ამდენს მელაპარაკებოდა, სხვა გზა არ მქონდა, აქ ანტონელას მეტი არავინ მყავდა და ახლა იძულებული ვიყავი მარკოსთვის მეთხოვა დახმარება.
- მშობიარობა დამეწყო, -ძლივს ამოვილუღლუღე ტკივილისგან გაწამებულმა, რამდენიმე წამს დუმდა და მხოლოდ მისი ღრმა სუნთქვის ხმა მესმოდა.
- არ შეგეშინდეს ცოტაც გაუძელი ახლავე მოვალ, -ისეთი ხმით ჩამძახა თითქოს უნდოდა ჩემთვის მხნეობა და იმედი შეემატებინა, რამდენიმე წუთში უკვე ჩემთან იყო, როგორც კი შევხედე მაშინვე შევატყვე როგორი შეშინებული იყო და როგორ ღელავდა მაგრამ ყველანაირად ცდილობდა არ შეემჩნია, ხელში აყვანილი გამიყვანა გარეთ და ავტომობილში ჩამსვა, საავადმყოფოშიც ხელში აყვანილი შემიყვანა...
-
- ძალიან საყვარელია, -ჩემს მკლავებში განაბულ პაწაწა, უთმო და ვარდისფერტუჩებიან გოგონას გაბადრული დაჰყურებდა ანტონელა, -ულამაზესია, მაპატიე ქეთი რომ მშობიარობას ვერ დავესწარი.
- არა უშავს, მარკო ჩემს გვერდით იყო, ერთი წამითაც კი არ მომშორებია, -გულში უცნაური სითბო ჩამეღვარა მარკოს სახე და აცრემლებული თვალები რომ გამახსენდა როცა ვეხვეწებოდი მეშინია არ წახვიდე, მარტო არ დამტოვოთქო.
- ხომ გეუბნებოდი რომ შენზე გიჟდება, -ეშმაკურად ჩაიცინა ანტონელამ.
- შეიძლება? -მარკოს ხმა მოგვესმა და მერე ფრთხილად შემოაღო კარი, ხელში ფერადი ყვავილების თაიგული და უზარმაზარი ვარდისფერი დათუნია ეკავა, მის ლურჯ თვალებში ისე ჩავიკარგე ვერ მივხვდი როდის დაგვტოვა ანტონელამ მარტო, საწოლს მოუახლოვდა და გვერდით ჩამომიჯდა, ხელები გამომიწოდა.
- შეიძლება რომ ავიყვანო? -ბავშვზე მანიშნა და მოუთმენლად აათამაშა თითები, ფრთხილად ჩავუწვინე, ისეთი ციცქნა ჩანდა მარკოს ძლიერ მკლავებში მოქცეული ღიმილს ვერ ვიკავებდი.
- შენ გგავს, შენსავით ლამაზია, -აღფრთოვანებული ხმა ჰქონდა.
- ყველაფრისთვის გმადლობ მარკო, შენ რომ არა...
- სამადლობელი არაფერია, -სიტყვა შემაწყვეტინა, დაიხარა და ლოყაზე მომაკრო ტუჩები, თვალები მივლულე და მისი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე.

- ქეთი, -უკვე თითქმის დავიწყებული ხმა რომ მომესმა თავიდან მეგონა რომ მეჩვენებოდა, მე და მარკომ ერთდროულად შევხედეთ პალატის ღია კარში გახირულ ანდრეას რომელიც ისეთი სახით გვიყურებდა ვერ ვხვდებოდი ეჭვიანობდა ბრაზობდა თუ უბრალოდ სინანულს გრძნობდა დაკარგულის გამო.
- ანდრეა აქ რას აკეთებ? -ძლივს შევძელი ხმის ამოღება.
- დიდხანს გეძებდი, შენი და ჩვენი შვილის ნახვა მინდოდა, ძლივს გიპოვე მაგრამ... -ხელები გაშალა და სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე, -ეს ყველაფერი როგორ უნდა გავიგო?

იდგა ჩემს წინ, მე და მარკოს შემოგვყურებდა რომლის მკლავებშიც მშვიდად ეძინა მის სისხლსა და ხორცს და ფიქრობდა რომ უფლება ჰქონდა ჩემთვის რამე მოეთხოვა, არადა შეეძლო ახლა მარკოს ადგილზე თავად ყოფილიყო, შეიძლებოდა ახლა მის მკლავებში სძინებოდა ჩვენს პატარას, ამის შანსი მივეცი მაგრამ არ გამოიყენა, შეეძლო მაგრამ...
- აქ რას აკეთებ? -მშვიდად გავუმეორე კითხვა.
- თუ გინდა მარტო დაგტოვებთ, -მითხრა მარკომ რომელიც უკვე ხვდებოდა რაში იყო საქმე.
- არ წახვიდე გთხოვ, -მუდარით სავსე თვალები შევანათე და მანაც თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.
მძიმე ნაბიჯით მოგვიახლოვდა ანდრეა, ცუდად გამოიყურებოდა, ასეთი არ მახსოვდა, გამხდარი იყო, თვალებ ჩაცვენილი, უხმოდ იდგა ჩვენს წინ და მძინარე პატარას დაჰყურებდა, მერე ფრთხილად, ძალიან ნელა შეახო თითები ლოყაზე, თვალები მაგრად დახუჭა და თვალნათლივ დავინახე როგორ აუთრთოლდა ტუჩები, ასევე უხმოდ შეტრიალდა და პალატიდან გავიდა.
- კარგად ხარ? -თავისი საოცარი თვალებით თვალებში ჩამხედა მარკომ და გამიღიმა, რათქმაუნდა კარგად არ ვიყავი მაგრამ ვიცოდი რომ დღეიდან ყველაფერს გავაკეთებდი კარგად ყოფნისთვის.
-
ჩემი საავადმყოფოდან გამოწერიდან ორი კვირის შემდეგ დაბრუნდა ანდრეა საქართველოში, ეს ორი კვირა თითქმის ყოველდღე გვსტუმრობდა სახლში, მთხოვდა რომ შევრიგებოდი და მასთან ერთად დავბრუნებულიყავი თბილისში, მომიყვა როგორ დაშორდა საცოლეს და როგორ მიხვდა თუ რა დიდი შეცდომა დაუშვა ჩემთან მიმართებაში, ცოლად გამომყევიო მთხოვა...

- ანდრეა გავაცილე, -ანტონელა ხმაურით შემოვარდა ოთახში და იქვე დივანზე მიძინებული პატარა რომ დაინახა პირზე აიფარა ხელი, -მაპატიე არ მეგონა თუ ეძინა.
- არა უშავს, შენ ის მითხარი ანდრეამ რა გითხრა, პირდაპირ აეროპორტში მიდის?
- ჰო და სიმართლე რომ გითხრა შვებით ამოვისუნთქე, რატომღაც მეგონა რომ შენც მასთან ერთად დაბრუნდებოდი.
- ეს რამ გაფიქრებინა? -მართლა გულიანად გამეცინა.
- რამ და იმან რომ დავინახე როგორ უყურებდი ხოლმე როცა ბავშვს ეფერებოდა.
- ის მამამისია და ასე თუ ისე ამაღელვებელი იყო ჩემთვის მათი ყურება ეს არის და ეს, მგონი დიდხანს ვეღარ ვიხილავთ მას ასე რომ სალაპარაკოც არაფერია, მშვენივრად იცის რომ იმას რაც გააკეთა არასდროს ვაპატიებ.
- გასვლისას რაღაც თქვა, სანამ ტაქსში ჩაჯდებოდა მოიხედა, დიდხანს უყურებდა ჩვენს ფანჯრებს, ყველაფრის ღირსი ვარ, რაც დავთესე იმას ვიმკიო ჩაილაპარაკა.
- მართლა ასე თქვა? -სევდიანად გამეღიმა და კარზე ზარის ხმა რომ გაისმა მაშინვე წამოვხტი, -მე გავაღებ.
- ალბათ მარკოა, მე პატარას თავის ოთახში გავიყვან და თქვენ ისაუბრეთ, -თვალი ჩამიკრა და მძინარი ბავშვი ოთახიდან გაიყვანა, გულაჩქარებულმა გავაღე კარი, ეს ბოლო დღეები მისი დანახვისას სულ ასე მემართებოდა, პატარა გოგოსავით ვიბნეოდი, ვწითლდებოდი და სუნთქვა მეკვროდა.
- მომენატრე, -სახე გაუნათდა ჩემი დანახვისას და თვალები აუციმციმდა, ისეთი საყვარელი იყო ცდუნებას ვერ გავუძელი, სურვილს ვეღარ მოვერიე, თითისწვერებზე ავიწიე, მაგრად მოვხვიე მკლავები და ვაკოცე, არ დაბნეულა, მთელი ძალით ჩამიხუტა, მაღლა ამწია, იქვე მდგარ კომოდზე შემომსვა და მთლიანად ჩამკარგა მხურვალე ალერსში.
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი maristela

ძალიან საყვარელი ისტორია იყო პატარა მაგრამ მაინც ნასიამოვნები დამტოვა მადლობა ავტორს ამისთვის❤️❤️

 


№2 სტუმარი ეთო

საინტერესო და ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ისტორიაა. მადლობა და წარმატებები ????

 


№3  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი იყო♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent