შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარმოსახვითი გზატკეცილი (სრულად)


21-10-2023, 14:59
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 5 812

- მალე მოვა სამყაროს აღსასრული.

უეცრად დაცდენილმა სიტყვებმა თავადვე გამაოცა.

- იმედი მაქვს.

ქალაქში აღმართული სიჩუმის კედელი უცნობის მტკიცე სიტყვებმა უხეშად გაარღვია.
შემაღლებულ ბორდიურზე მარტო აღარ ვიჯექი.

- აქ რას აკეთებ? - შიშნარევი ნოტები შემეპარა ხმაში, თუმცა თამამად ავათვალიერე მუქი ტანსაცმლით შემოსილი სხეული.

- იმას, რასაც შენ. - ლამპიონებით ნახევრად განათებულ გზატკეცილს მისი მზერა ბრწყინვალებას ანიჭებდა.

აქამდე არასდროს მენახა ცეცხლის ალში გახვეული, აგიზგიზებული თვალები.
ტანში გამცრა,
მაგრამ ვერ მივხვდი,
ეს სიამოვნებისგან იყო თუ შიშისგან.

ეს იყო რაღაც მაზოხისტური - როდესაც წამის მეასედში ასწრებ საფრთხის აღქმას, თავის დაღწევის არარსებულ გზაზე ფიქრს და ყელში მობჯენილი სასოწარკვეთის სიმწარის შეგრძნებას.

- შენ რომ არ იცი, მე რას ვაკეთებ?! - ჩემს მოჭუტულ თვალებზე ეცინება.
ხავერდოვან ხმებს გამოსცემს.
მაფრთხობს.

- სამყაროს აღსასრულს ელოდები. - გადაჭრით ნათქვამი სიტყვები მარწმუნებდა მისი არასერიოზული წინადადების სისწორეში.
- იმედი უნდა გაგიცრუო.
- რატომ? - დაიბრუნა მხიარული ნოტები.
- აქ ამისთვის არ ვარ.

იანვრის სიცივე ძვალ-რბილში ატანდა, მაგრამ გმირულად ვუძლებდი.

- რატომ ხარ?
- რატომ უნდა გითხრა?! - მხრები ავიჩეჩე უდარდელად და იდაყვებით დავეყრდენი შემაღლებულ ბორდიურს, რომლის არსებობასაც ვერ ვხსნიდი შუა გზატკეცილზე.
- შეყვარებულს დაშორდი? - ირონიაშეპარეული ნოტები წამსვე ამოვიცანი.
- როგორი ბანალურია... არა? - იმავე ტონით დავუბრუნე პასუხი. გაეცინა.
- არ ვიცი, უთქვამთ თუ არა, მაგრამ ნორმალური არ უნდა იყო, - არ დამაკლო უცნობისთვის არადამახასიათებელი სითამამე.
- რატომ?
- კომენდანტის საათია, შუა იანვარი, მინუს ორი გრადუსი და შენ ბორდიურზე ზიხარ. ან რაღაც შეგემთხვა, ან გიჟი ხარ.
- იმიტომ ვარ გიჟი, რომ ახლა სხვები სითბოში სხედან?
- ჰო... რა, არა? - აშკარად უკვირდა და ამავდროულად ამხიარულებდა ჩემი აღშფოთებული გამომეტყველება.
- არ გიფიქრია, რომ ისინი არიან გიჟები?
- ვინც კომენდანტს არ არღვევს და მინუს ორ გრადუსში არსებობის გაყინვას არ ამჯობინებს? - ეჭვით გადმომხედა.
- ჰო! - უჩვეულო აღფრთოვანებით აღმომხდა. მეც არ ვიცი, რატომ.
ალბათ უფრო იხტიბარს არ ვიტეხდი, რადგან მეც არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი აქ, შუა გზატკეცილზე, შუა იანვარში.
არაფერი მახსოვდა იმ მომენტში,
მხოლოდ ის შეგრძნება, რომ იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი.
ლამპიონის ყვითელი შუქი ეცემა მის სახეს.

- მეწყინა, იცი?

- რა გეწყინა? - ეცინება.

- ორივე შემთხვევაში არასწორად შერაცხე ჩემი აქ ყოფნა. განა შენ შეგიძლია გადაჭრით თქვა რა არის სწორი და რა - არასწორი?
- და შენ შეგიძლია?

- არა. ამ სამყაროში არა. ამ სამყაროში დარწმუნებული ვერაფერში იქნები, მაგრამ შეგიძლია ირწმუნო ის, რაც სწორად მიგაჩნია, გაქვს ამის თავისუფლება.

რამდენიმე წამით მაკვირდება. შემდეგ ჩვენს წინ აღმართულ კორპუსებს უსწორებს თვალს.

სიჩუმის ხმები მესმის მხოლოდ.

- სხვათა შორის, შენც აქ ხარ, თანაც იმედიც გაქვს. - გამარჯვებული ღიმილით ვუყურებდი კაპიუშონში ჩამალულს.
- რისი?
- სამყაროს აღსასრულის.
ანთებული, გაცისკროვნებული მზერა ჩემზე გადმოაქვს.

ვცბები, ზუსტად ისე, როგორც ძილის ფაზაში გადასვლისას.

ამჩნევს.

იჭერს ჩემს რეაქციას.

უფრო დაჟინებით მიყურებს.
თითქოს მისმა მზერამ მთელს ორგანიზმში, მთელს გონებაში შეაღწია და ჩემი ყველა ფიქრი, მის წინ გადაიშალა.

- რატომ ხარ აქ? - სიმტკიცეშეპარული ხმით ვეკითხები და ტანით მისკენ ვბრუნდები.
მარჯვენა მენჯით ვეყრდნობი აღმართულ კედელს და ხელებს გულზე ვიკრეფ.
- ჯერ შენ უნდა მითხრა.
- არა!
- გელოდები. - მოუთმენლად მათვალიერებს.
- უბრალოდ, ასე მინდა. მსიამოვნებს. არაფერი დრამატული. - დავნებდი.
- მე კი მეგონა, მარლა სინგერი აღმოვაჩინე-მეთქი. - თბილად ეღიმება და ქვემოდან მიყურებს ოდნავ მოჭუტული თვალებით. - სიმართლე გითხრა, იმედი გამიცრუვდა.
- ნუთუ, მებრძოლთა კლუბის წყალწაღებულ დამაარსებელთან მაქვს საქმე? - მეცინება, - ახლა რომელი ხარ... დერდენი?
- არცერთი. ხომ გითხარი, იმედი გამიცრუვდა-მეთქი. ვერ გავქაჩეთ. - მხრები აიჩეჩა და მზერა ერთადერთ განათებულ ნათურას გაუსწორა, ჩაბნელებულ კორპუსს მისტიკურ ელფერს რომ სძენდა.
უპასუხოდ ვტოვებ, მაგრამ იმდენად თავისუფლად მეცინება, თავადაც ხვდება ჩემს ფიქრებს.
- დრამატული მიზეზი უნდა გქონდეს, რა. აი, ეგ რომ გქონდეს, არც დერდენობაზე ვიტყოდი უარს. - აშკარაა, რომ ძალიან დამცინის, თუმცა სერიოზულ ტონს ინარჩუნებს.
- ჰო, სამყაროს თუ ვერა, აი, იმ კორპუსს გავანადგურებდით, - გულდაწყვეტილი და მხრებჩამოყრილი ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები.
- ვიმხიარულებდით... - ჩემივე ტონით წარმოთქვამს და მხარზე მხარით მეხება.
- კომენდანტია. შუა იანვარი. როგორც მითხრეს, მინუს ორი გრადუსიც. აქ რას აკეთებ?
ჩუმად იცინის.


*ჩასუნთქვა*

წამიერ ჩასუნთქვას მოყვება წამის მეასედში შემოტეული ფიქრთა კორიანტელი.

რომ არა კომენდანტის საათი,

სადმე, რომელიმე დიდ ქალაქში მოისმენდით თავად ქალაქის სუნთქვას?
ვერსად და ვერასდროს შეიგრძნობდით დიდი ქალაქის ჩუმ მძვინვარებას.

თვალს ვუსწორებ ქუჩას, - რამდენიმე ფერში მბზინავს.
წითელს ყვითელი ერწყმის და ერთად ეხეთქებიან ასფალტს.
წარმოქმნიან სიმოფნიას, სიჩუმის ნაზ სიმფონიას.

ყური დაუგდე.
სმენა დაძაბე და შეიგრძენი სიჩუმის ხმები.

მეორდება.
ისევ და ისევ.
ისე, თითქოს, სამყაროს დაუწერელი კანონი ყოფილიყოს.

ვუყურებ ქუჩას,
უძრაობისგან მტვერდადებულს.

უშფოთველად სძინავს გადაღლილს.

*ამოსუნთქვა*


მისი ხავერდოვანი ხმა არღვევს სიჩუმით მოქსოვილ ბარიერს.

- დაგინახე და მოვედი. არაფერი დრამატული.

- არც შენ ყოფილხარ მოწოდებით დერდენი. ჰო, მართლა, რა გქვია?

- ჰო, ტაილერი არა, მაგრამ ივა ბერიძე ვარ.

- მანუ ბურდული.

- უბრალოდ მანუ?

- ჰო, უბრალოდ.

- ლამაზი სახელია მა-ნუ. - უცნაური ინტონაციით გაიმეორა.
თითქოს დაფიქრდა.
ბევრი იფიქრა და მითხრა, რომ მართლაც ლამაზი სახელია მანუ.

გამეღიმა და უეცრად ამოვარდნილ ქარს შევაგებე ჩემი მოშიშვლებული მხრები, რომლებიც ვეღარც გრძნობდნენ სულისშემძვრელ სიცივეს.

- საშვი გაქვს, ხო?
- ჰო, მაქვს.
- უსამართლობაა!
- რატომ?
- შენ რომ გაქვს და მე არა.
- იქნებ, რატომ მაქვს.
- რატომ გაქვს?
- რა?
- მეთამაშები? - წარბები სასაცილოდ ავზიდე მისი სარკასტული ღიმილი რომ დავინახე.
- არა... - ძლივს იკავებდა სიცილს.
- ნუ იცინი! - განრისხებულმა ვუბრძანე.
- რა მარტივია შენი გაბრაზება.
- სულაც არა! - არ ვთმობდი პოზიციას.
- საშვი მაქვს, იმიტომ, რომ მჭირდება. შენ არ გაქვს, მაგრამ მაინც აქ ხარ.
- ჰო, და არც მჭირდება.
ცივ ქვას მიყრდნობილი, უჩვეულოდ განრისხებული ვუყურებდი.
- ისე, მანიაკი ხომ არ ხარ? - ვკითხე სხვათაშორის.
- საინტერესო კითხვაა... შენ როგორ ფიქრობ? - ალმაცერად ამათვალიერა.
ფეხი ფეხზე გადაიდო და ქვემოდან ამომხედა.
-... რომც იყო, არ მადარდებს. - მხრები ავიჩეჩე.
- რატომ?
- რა, რატომ?
- როგორ შეიძლება არ გეშინოდეს?
- მეშინია, მაგრამ იცოდე, რომ ჯიბეში ელექტროშოკი მაქვს! - სერიოზული გამომეტყველებით მივუბრუნდი.
იმ მომენტში, ერთ-ერთი მართლაც ჰგავდა მანიაკს; ის ნამდვილად არა.
- კაი, მართლა?
- ჰო, აბა!
- უნდა მეშინოდეს, ხო? - ღიმილს ვერ იკავებდა.
- როგორც გინდა.
ხმას არ ვიღებდი. არ ვუყურებდი.
მაგრამ უცნაური ძალით გასხივოსნებულს მალევე მომბეზრდა უხერხული სიჩუმე.

- აკრძალული ხილი უფრო გემრიელია, ივა. ყოველთვის... ისე, ახლა დავფიქრდი და, ზოგჯერ, როცა რაღაცას ვამბობთ, ვიცით, რომ ძალიან გაცვეთილი და ბანალურია, მაგრამ არც სხვანაირად გამოდის. მინდა ეს გაცვეთილი წინადადებები სხვებით ჩავანაცვლო, მაგრამ არაფერი მაფიქრდება უფრო ორიგინალური.
- ფრაზა ყოველთვის იცვითება, შინაარსი - არასდროს. შენ ფიქრობ, რამდენი ადამიანიც ფრაზებს ციტირებს, ყველა მათგანს შეუძლია შინაარსის აღქმა? - გამომცდელად მიყურებს. - მე მგონია, რომ გაცვეთილი ფრაზის სიღრმეში ჩასვლა ბევრს არ შეუძლია.
- მაგრამ მაინც კლიშეა.
- წრეზე დავდივართ მაინც, ყველაფერი მეორდება, ყველაფერი შექმნილია, ყველაფერი ნათქვამია. ახალ სიტყვასაც ვერ დავამატებთ.
- სრული უიმედობაა. მაგრამ ზოგჯერ ეს ცხოვრება მიყვარს, იცი, რატომ?
- აბა?
- არაადეკვატურად რომ ვიქცევი.
- მეეჭვება ადეკვატურად მოქცევა შეგეძლოს.
- შენ სულ ადეკვატური ხარ, ხო?
- დღეს არა. გაგიმართლა!
- მე არა, შენ გაგიმართლა, თორემ გააგრძელებდი გზას და მოწყენილობისგან მოკვდებოდი.
- აჰ, შენ გგონია, ახლა რამე მხიარულ ფართიზე ვართ? - დამცინის.
- როგორი მოსაწყენი ხარ! - მხრები ჩამოვყარე. თვალი ავარიდე უცნაურად, თითქოსდა სევდიანად მომღიმარს.
- ვითამაშოთ, გინდა?
- რა ვითამაშოთ?
- ‘ნორმალურია’.
- შენ დაიწყე.
- იცოდე, რაც თავში მოგივა, ის თქვი. დაფიქრებისას, ისე უცებ იფანტება წვრილი აზრები, რომ ვეღარც იხსენებ, რა გაიფიქრე. მერე უბრალოდ ცარიელი რჩები. - დაბალი ხმით მაფრთხილებს და ისევ ბნელ ჰორიზონტს უსწორებს თვალს.

დაფიქრდა. თითქოს გონების ღრმა წერტილიდან უნდოდა აზრის ამოტანა.

- ნორმალურია, თუ სიცარიელესა და სევდასთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობ.
- ახლა ეგრე გრძნობ?
- შენი ჯერია.- არ შეიმჩნია ჩემი კითხვა. ბორდიურზე შემოჯდა.

ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი.

- ნორმალურია, ესაუბრებოდე სხვას და არ იმჩენევდე, რამდენად იტანჯები.
- ნორმალურია, სიამოვნებას განიჭებდეს ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ყოველთვის გაქცევას ცდილობდე.
მოჭუტული თვალებით აკვირდება ბნელ ცაზე გამრავლებულ პიქსელებს.
- ნორმალურია, არავის ესმოდეს ეს ხმები, შენს თავში თავისთავად არსებული.
- ნორმალურია შინაგანი მოუსვენრობა, - თან გინდოდეს და თან არ გინდოდეს. თან აქ იყო და თან არ იყო.
- ნორმალურია, თავს მეორეხარისხოვნად გრძნობდე საკუთარ ცხოვრებაში.
- ნორმალურია, ივიწყებდე იმას, რაც უნდა გახსოვდეს და გახსოვდეს ის, რაც უნდა გავიწყდებოდეს.
- ნორმალურია, გიყვარდეს და გძულდეს ერთი და იგივე ადამიანი.
- ეგ არ არის ნორმალური.
- ნორმალურია და წესებს ნუ არღვევ!
თამაშის გაგრძელება არჩია უცნობმა არამზადამ.
- ნორმალურია, გრძნობდე არაფერს და მაინც იცოდე, საით მიდიხარ.
- ნორმალურია, გინდოდეს, გჭირდებოდეს, მაგრამ იცავდე დისტანციას.
- ნორმალურია, გინდოდეს სიცოცხლე და ოცნებობდე სიკვდილზე.
- კაი?!
- ჰო.
- ამიხსენი.
- ჯერ შენ ამიხსენი სიყვარულ-სიძულვილის ჰარმონიული თანაარსებობა.

- ზოგჯერ იმდენად გიყვარს, რომ შეგიძლია გძულდეს კიდეც. ისე, მე თუ მკითხავ, სიყვარული და სიძულვილი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. სიძულვილამდე რომ გიყვარს... წარმოგიდგენია? - სიცივისგან თუ ემოციებისგან აკანკალებული აქეთ-იქეთ დავდიოდი და რაღაც პარადოქსულ თემას მთელი მონდომებით ვუხსნიდი.
- როცა გძულს, არც გიყვარს.
- ზოგჯერ გვიყვარს ის, ვინც იმედს გვიცრუებს, ან სათანადოდ არ ვუყვარვართ, ასეთი ადამიანის შეძულება უმარტივესია, მაგრამ ეს გრძნობა წამიერად გვეუფლება. წარმოიდგინე, იმდენად გიყვარს, რომ გეზიზღება საკუთარი თავი. იმდენად გიყვარს, რომ ისიც გეზიზღება, იმიტომ, რომ მისი მიზეზით გეზიზღება საკუთარი თავი. მაგარია, არა?

- გამოგიცდია?
- მეტნაკლებად.
- ეგ როგორ გავიგო, მანუ? - წარბები აზიდა და უცნაური, თითქოს არეული მზერით გადმომხედა.
- კი და არა. ვგრძნობ, რომ გამომიცდია, მაგრამ ვერ ვიხსენებ თითქოს.
- მე რომ შეგიყვარდე, შეძლებ შემიძულო?
- საკუთარ თავს შევიძულებ, თუ მეყვარება ის, ვინც ამას არ იმსახურებს.
- სხვას?
- სხვას ალბათ ვერასდროს.
- სიძულვილი სჯობს, იცი?
- რას?
- შეცოდებას. საკუთარი თავი არასდროს შეიცოდო, მანუ.
- თითქოს სიძულვილი უფრო ნეგატიურია... არა? შეცოდება კიდევ, რაღაც უფრო ჰუმანური.
- ეგრე ჩანს. შეცოდება, თანაც საკუთარი თავის, სხვების წინაშე, თუ მარტო დარჩენილის, ყველაზე დიდი ზიანია, რისი მიყენებაც შეგიძლია. ისე დაგასუსტებს, ისე ჩამოგშლის, ადამიანურ საწყისებსაც დაგავიწყებს. სისუსტეა.
- ერთხელ მაინც ხომ აქვს ადამიანს უფლება, იყოს სუსტი.
- ყველაფრის უფლება აქვს, თუკი საკუთარ თავს ვნებს, მაგრამ საბოლოოდ იცი, რა დარჩება?
- ტკივილი?
- სინანული. სინანულამდე კი, ეჭვი და შიში. ეჭვსა და შიშს კი ყოველთვის თავისი გააქვთ, შეუმჩნევლად შეუძვრებიან გონებაში და იმას დაანახებენ, რაც თავად სურთ.

ხანგრძლივი, დამაფიქრებელი სიჩუმე მე დავარღვიე.

- რატომ ოცნებობ სიკვდილზე?
- რამე ალტერნატიულზეც უნდა იოცნებო. მიუწვდომელსა და ყველაზე ხელმისაწვდომზე. თუ დაფიქრდები, მიხვდები, რომ რამდენადაც შორსაა, იმდენად ახლოსაა. სულ შენთან არის. ფეხდაფეხ მოგყვება, მაგრამ არ გიახლოვდება... სასიამოვნო წუთია. წუთი, რომელშიც ყოფნა-არყოფნა თანაარსებობს.
ცოცხალი ხარ ახლა, ამ წამს.
წამის შემდეგ, შეიძლება აღარც იყო.
- რატომ უთამამდები?
- ვეთამაშები.
- შედეგად რას იღებ?
- დროებით სიმშვიდეს.
- სიკვდილზე ფიქრი გამშვიდებს?
- მხოლოდ ალტერნატიული გამოსავალი მამშვიდებს.

მაოცებდა მშვიდი, აუღელვებელი ხმა.
- და მე მეუბნები, რომ არანორმალური ვარ. - დაკვირვებით ვათვალიერებ.
- ვინღა არის ნორმალური? - იმავეს იმეორებს.
- ადამიანები, რომლებსაც ხუთ წუთში შეუძლიათ დაიძინონ.
ეცინება. თავს მიქნევს და ბორდიურიდან ხტება.
- დრამატული იცი რა არის?
- რა? - ინტერესით ვეკითხები.
- დაემშვიდობო მას, ვინც შენთვის მნიშვნელოვანი გახდა.
აუღელვებელი, მშვიდი ხმა ჰქონდა.

მომეხვია ისე,
რომ ყინულად ქცეული არსებობა გაათბო.
გამომეტყველებაც კი არ შესცვლია.
პარადოქსია-მეთქი, გავიფიქრე.
ერთს მეუბნება, მეორეს აკეთებს.
ვგრძნობ, როგორ მეღვრება სხეულში სითბო.
სულარეული,
ნელ-ნელა ვქრები.
ვგრძნობ, როგორ იფანტება ჩემი სხეული.

მზე ამოდის?

*თავისი ოცნება სიზმარში დატოვა და სულიდან ამოიღო ემოციებით სავსე ცარიელი ჩემოდანი.*

/
SECRET DOOR

ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გავაანალიზე, რომ ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო.
სიზმრის ნაწილი. არარსებული. დასრულებული.
გუშინ ვნახე რაღაც, მეც არ ვიცი რა, დილით გაღვიძებულს ცუდი ემოციები და ცარიელი კადრები შემრჩა.
- სად ხარ?
- მაღაზიაში.
- მიდი, გამოდი რა.
- კომენდანტზე გსმენია რამე?
- მოასწრებ, ახლა დაიწყო ცხრა. - ხმაზე ვატყობ ხოლმე ადამიანებს, როდის გამდის გადაგდება და როდის - არა.
როგორც ჩანს, ჩემი დღე არ იყო.
არც დღეს.
- კარგი, ვიზამ რამეს.
ვუთხარი და გავუთიშე.
ყოველთვის სწრაფი ვიყავი, დღეს - არა.
ხომ ვამბობ, არ არის ჩემი დღე.

სახლიდან რომ გამოვედი, ცხრის ნახევარი და ცოტა მეტიც იყო.
ტაქსის იმედი არც მქონია.
ფეხით გადავწყვიტე წასვლა.
ხალხი გიჟივით მოძრაობდა.
იქვე ჩამოვჯექი,
საათს დავხედე.
ათი წუთიც და აორთქლდებიან,
ზუსტად ისე, როგორც მე ჩემი სიზმრიდან.
დღეს წესებს დავარღვევ.
ცოტას ვითაღლითებ.
რა მოხდა, მერე?
მთელი მსოფლიო თაღლითობს.
საათს მეორედ რომ დავხედე და გზატკეცილი მოვათვალიერე, კმაყოფილს გამეცინა.
სრული სიცარიელე.

„Where’s my mind?“ ფეთქავდა ყურებში.

მავიწყებდა ყველაფერს,
საერთოდ ყველაფერს.

მანამ, სანამ მანქანის მუხრუჭების ხმა არ მისწვდა მელოდიისგან დაქანცულ სმენას.
თვალი რომ გავახილე,
ერთადერთი რისი აღქმაც მოვახერხე, ყურსასმენებიდან გამოჟონილი სიტყვები იყო;
With your feet on the air and your head on the ground

რამდენი ხანი გავიდა?
Your head will collapse, and there's nothing in it

- შენ რა, გაგიჟდი?
მძიმე ნაბიჯების ხმა მომესმა.
ჩემი ბედნიერება ძალიან მალე დასრულდა.

ვიღაც ზემოდან დამყურებდა.
დიდად მისი აღქმა არ შემეძლო,
რადგან ძალიან მომწონდა ცივ ასფალტზე გართხმულს ფრენსისის მოსმენა.

Where’s my mind?

Where’s my mind?

რამდენი ხანი გავიდა?

- „მებრძოლთა კლუბი“ ნანახი გაქვს?- წამოვიყვირე და უსწრაფესად წამოვდექი ფეხზე.
- ...რა? - დაბნეულმა შემათვალიერა.
თვალებში ლიბრი გადამკვროდა.
ალბათ ავარიის ბრალი იყო.
- მომისმინე, კომენდანტია, შუა იანვარი, მინუს ორი გრადუსი. აქ რას აკეთებ?
გინახავთ ცეცხლის ალში გახვეული, აგიზგიზებული თვალები?
მე - კი.

მეორედ.

- კარგად ხარ? - მკითხა აღელვებულმა.
- წესების დარღვევაზე რა აზრის ხარ?

რამდენიმე წუთი გაოცებული მიყურებდა.
ბოლოს ვუთხარი,
- You met me at a very strange time in my life.
- ნიტროგლიცერინი შუა გზატკეცილზე?


საიდუმლო კარი გაიღო.



2021


სიზმრით ინსპირირებული, კომენდანტის ჟამს დაწერილი, რაღაც პატარა ამბავი.



№1 სტუმარი Ana-maria

პატარა საოცარი ისტორია,რომელმაც უამრავი ემოცია დამიტოვა. წარმატებები ❤❤❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

ერთი სიამოვნება იყო. მეტროში ვკითხულობდი და ისე ჩამითრია ორი სადგური გავიარე ზედმეტად ????
ძალიან საინტერესო და ბევრისმთქმელი დიალოგები იყო განსაკუთრებით ეს ნაწილი

«შეცოდება, თანაც საკუთარი თავის, სხვების წინაშე, თუ მარტო დარჩენილის, ყველაზე დიდი ზიანია, რისი მიყენებაც შეგიძლია. ისე დაგასუსტებს, ისე ჩამოგშლის, ადამიანურ საწყისებსაც დაგავიწყებს. სისუსტეა.»

საინტერესოდ წერ, უამრავი ემოცია დამიტოვა მეც♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი Niako

ძალიან ლამაზი ისტორიაა, გამორჩეული და სასიამოვნო♥️♥️♥️♥️♥️ჯადოსნური

 


№4 სტუმარი Ტასია

Ძველებიც წაკითხული მაქვს და უკარგესია ????

 


№5  offline წევრი Margo Tokyo

Ana-maria
პატარა საოცარი ისტორია,რომელმაც უამრავი ემოცია დამიტოვა. წარმატებები ❤❤❤❤❤

გამახარა ამ კომენტარმა! მადლობა!! <333333

სტუმარი ანა
ერთი სიამოვნება იყო. მეტროში ვკითხულობდი და ისე ჩამითრია ორი სადგური გავიარე ზედმეტად ????
ძალიან საინტერესო და ბევრისმთქმელი დიალოგები იყო განსაკუთრებით ეს ნაწილი

«შეცოდება, თანაც საკუთარი თავის, სხვების წინაშე, თუ მარტო დარჩენილის, ყველაზე დიდი ზიანია, რისი მიყენებაც შეგიძლია. ისე დაგასუსტებს, ისე ჩამოგშლის, ადამიანურ საწყისებსაც დაგავიწყებს. სისუსტეა.»

საინტერესოდ წერ, უამრავი ემოცია დამიტოვა მეც♥️♥️♥️

უჰჰჰ!! მეტროსთვის ბოდიში :დდ
დიდი მადლობა!!<3333

Niako
ძალიან ლამაზი ისტორიაა, გამორჩეული და სასიამოვნო♥️♥️♥️♥️♥️ჯადოსნური

კომენტარიც როგორი ლამაზია <3

Ტასია
Ძველებიც წაკითხული მაქვს და უკარგესია ????

მიხარია ძალიან<333

 


№6 სტუმარი სტუმარი Daldoni Daldoni

ხოო ,ძალიან ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავია ,ავტორისთვის არ დამიხედია,თუმცა თქვენგან ასეთი პატარა შედევრი არ იყო გასაკვირიი.. უამრავი ღრმა მძაფრი რეალური და რეალობას აცდენილი ემოციააა ამ პატარა ისტორიაში, ორჯერ მივუბრუნდი .მადლობა ამ ემოციისთვის.

 


№7  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი Daldoni Daldoni
ხოო ,ძალიან ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავია ,ავტორისთვის არ დამიხედია,თუმცა თქვენგან ასეთი პატარა შედევრი არ იყო გასაკვირიი.. უამრავი ღრმა მძაფრი რეალური და რეალობას აცდენილი ემოციააა ამ პატარა ისტორიაში, ორჯერ მივუბრუნდი .მადლობა ამ ემოციისთვის.

ძალიან დიდი მადლობა ასეთი ლამაზი შეფასებისთვის <3 გამახარა!

 


№8  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

ზოგჯერ გვიყვარს ის, ვინც იმედს გვიცრუებს, ან სათანადოდ არ ვუყვარვართ, ასეთი ადამიანის შეძულება უმარტივესია, მაგრამ ეს გრძნობა წამიერად გვეუფლება. წარმოიდგინე, იმდენად გიყვარს, რომ გეზიზღება საკუთარი თავი. იმდენად გიყვარს, რომ ისიც გეზიზღება, იმიტომ, რომ მისი მიზეზით გეზიზღება საკუთარი თავი. მაგარია, არა?


❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️გიგზავნი

 


№9  offline წევრი Margo Tokyo

პენელოპე
ზოგჯერ გვიყვარს ის, ვინც იმედს გვიცრუებს, ან სათანადოდ არ ვუყვარვართ, ასეთი ადამიანის შეძულება უმარტივესია, მაგრამ ეს გრძნობა წამიერად გვეუფლება. წარმოიდგინე, იმდენად გიყვარს, რომ გეზიზღება საკუთარი თავი. იმდენად გიყვარს, რომ ისიც გეზიზღება, იმიტომ, რომ მისი მიზეზით გეზიზღება საკუთარი თავი. მაგარია, არა?


❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️გიგზავნი

ოხ, ქეთო!!! ♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent