შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაცემული ანგელოზები თავიI (ნაწილიI)


2-11-2023, 23:20
ავტორი Thousand Thoughts
ნანახია 1 032

იყო მის მზერაში რაღაც ძალიან ამაზრზენი, რაღაც ადამიანურს მიღმა, შეცნობასა და მიმღებლობას მოკლებული, არაჰუმანური, მაგრამ ამავდროულად ძალიან მშვიდი და სტაბილური, იდუმალი და ამოუცნობი. აკრძალული ხილის ეფექტივით, როდესაც ერთდროულად შიშს გგვირს, მაგრამ ცნობისმოყვარეობას აღაგზნებს. იცი, რომ დაუშვებელია, აკრძალულია, მაგრამ მისი ვერ შეცნობის იდეა უფრო მეტად აღძრავს შენში სურვილს, რომ გაიგო თუ რა იმალება დახურულ კარს მიღმა.
თავისი კარიერის მანძილზე ძალიან ბევრ პაციენტთან ჰქონია შეხება. ბევრი ყოფილა ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი, ბევრი ვინც მკურნალობას არ ექვემდებარებოდა, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პაციენტის პირისპირ მჯდომს თავი დაუცველად და უსუსურად ეგრძნო. უცნაური ემოციური ფონი დაჰკრავდა მის არსებობას, ისეთ შეგრძნებას ჰგვირდა ადამიანები ცუდ წინათგრძნობას, რომ ვუწოდებთ. გონებიდან წამოსული სიცივე მთელ ტანს მოედო და ფორიაქმა მოიცვა მისი არსება. ერთადერთი, რასაც ხვდებოდა ის იყო, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეჩვენებინა მისთვის სისუსტე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებდა.
ღრმად ჩაისუნთქა და მომზადებული კალამი ხელში აათამაშა. მზერა გაუსწორა და ოფიციალური ტონით შეეცადა კითხვის დასმას:
-რა მოლოდინი გაქვთ დღევანდელი სეანსისგან? - მაქსიმალურად ცდილობდა სახეზე არ აღბეჭდვოდა ის შეშფოთება, რომელსაც მის წინ მჯდომი პიროვნება იწვევდა.
-მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს - თქვა და მონოტონურად აათამაშა ხელი სკამის სახელურზე - ვფიქრობ, ეს თქვენ ხართ, ვისაც რაღაც მოლოდინები აქვს ასეა არაა? - იკითხა მკაცრად და გამჭოლი მზერა მიაპყრო. მისმა გამოხედვამ წამიერი შეძრწუნება გამოიწვია. თითქოს შეეძლო აზრების წაკითხვა. ფიქრების გაშიშვლება და ამით მანიპულირება.
-მე ვფიქრობ, რომ მომხდარზე ლაპარაკი უნდა სცადოთ ასე არ არის?
-და თუკი ვიტყვი, რომ საუბრის შემთხვევაში თქვენ მე ვერ გამიგებთ? - კითხვაზე კითხვით უპასუხა ისე, რომ თვალი ერთი წამითაც არ მოუცილებია.
-ყოველ შემთხვევაში შემიძლია ვცადო. თუკი საუბარს დაიწყებთ...
-შეგიძლიათ მკითხოთ, რაც გაინტერესებთ - სიტყვა გააწყვეტინა. აშკარად ცდილობდა დომინირებას, იმ მომენტში მთავარ როლში ის იყო და თავისთავად სურდა ტრიუმფით ეზეიმა.
-განა ის უფრო მნიშვნელოვანი არ არის, რას თვლით საჭიროდ, რომ ვიცოდე?
-გული სწრაფად გიცემთ - თქვა მოულოდნელად - ჩემთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა გაშინებთ? - მის მიერ წარმოთქმული სიტყვები ოთახში მეხივით გავარდა. გული მართლაც გამალებით უცემდა. წამიერად ოთახი გამაყრუებელმა სიჩუმემ მოიცვა. „ეს მისი შოუა ნება უნდა მივცე, რომ ისე წარმართოს, როგორც სურს, ბოლოს და ბოლოს მე ხომ უბრალოდ სიმართლე მაინტერესებს“. გაიფიქრა და გადაშლილ ბლოკნოტში ჩანაწერების გაკეთება დაიწყო.
-მასაც ეშინოდა - თქვა და ტუჩის კუთხეებით ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა - დიახ როდესაც მიხვდა, რომ ბედთან შეგუება ერთადერთი გამოსავალი იყო - ხმაურით გაუსვა ფრჩხილები სკამის სახელურზე - მე მის თვალებში სწორედ, რომ შიში და სასოწარკვეთილება ამოვიკითხე - მზერა გაუცხოველდა, თითქოს ტრანსში იყო, თითქოს დაუბრუნდა იმ საბედისწერო დღეს, საბედისწერო მოვლენებს, რომლებმაც შეცვალა მისი ცხოვრება რადიკალურად - ამის დანახვამ კი, ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა - იმ წამს გაიაზრა, რომ ეს გამოხედვა სამუდამოდ მისი კშმრების ნაწილი გახდა....

თავიI (ნაწილი I)
უძილო ღამეები, უძირო ფიქრები, უსაშველოდ გაწელილი დრო, აუტანელი მონატრება, გაუსაძლისი სიმარტოვე, ათასობით მოგონება ერთიანად მოაწყდა სულს. ყოველ ღამით ერთი და იმავე ფიქრები. დამღლელია საკუთარ თავთან გამკლავება ასეთ პერიოდში, როდესაც შენთვისაც რთულია გაიგო რეალურად რაშია პრობლემა. თითქოს ოთახის კედლები ვიწორვდება, ფილტვები გარშემო არსებულ ჰაერს ვეღარ იტევს, გული აჩქარებულია. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს უუნარო ვხდები, თითქოს არ შემიძლია ჩემს არსებაში დაბუდებულ მტერს წინააღმდეგობა გავუწიო, რაც მაგიჟებს.
საზღვრებს სცდება ადამიანის შესაძლებლობები, თითქოს ჩემს სულსა და სხეულს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა გამართული. იმის გააზრება, რომ ადამიანის ჭურჭელს შეუძლია ამდენი ემოცია ერთდროულად დაიტიოს, ჩემში ძალიან უცნაურ შეგრძნებებს იწვევს. ფიქრობ, რომ მეტს ვეღარ დაიტევ, ვეღარ მოითმენ, მაგრამ გულის სიღრმეში დარწმუნებული ხარ, რომ გადარჩენისთვის უფრო მეტის გადატანაც შეგიძლია.
ლოგინიდან დამძიმებული სხეულით ვდები. ყოველთვის, როცა კარს ვაღებ გული სწრაფად იწყებს ცემას. თითქოს კარს მიღმა ნამდვილი ოჯახური ცხოვრება მიედინება, მაგრამ ყოველთვის იმედგაცრუებული ვრჩები, რადგან ჩემს კერას უკვე დიდი ხანია მარტოობის სურნელი ასდის. სინათლეს ვანთებ და სამზარეულოში შევდივარ. ყავის სურნელი ნელ-ნელა მაფხიზლებს. მალე ჩართული მელოდია ფარავს ჩემს ფიქრებს, გონებას ნაცნობი, სასიამოვნო ხმა სწვდება. „ დრო და დრო მაწვიმს გიხსენებ შენ ვივიწყებ სხვებს...“ ვიღიმი. სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის. მიყვრას დღის ეს მონაკვეთი, როცა შემიძლია, რომ სულ ცოტა ხნით აღარ ვიფიქრო და გონება შევასვენო ტოქსიკური აზრებისგან.
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. ვცდილობ თვალებზე მომდგარი ცრემლები შევიკავო. არ ვიცი საკუთარ თავთან ცდილობ იმის დამტკიცებას, რომ ძლიერი ვარ თუ, უბრალოდ მომბეზრდა დრამის დედოფლის განსახირება. თურმე ძალიან რთული ყოფილა იყო უბრალოდ ბედნიერი არა? ადამიანი.. როგორი რთული არსებაა. ღმერთი გაძლევს მიზეზს, რომ გაიღიმო, კიდევ ერთი ლამაზი დღით მეტი შექმნა და იცხოვრო. ჩვენ კი.. ჰო, ჩვენ ადამიანები მიზეზებს ვეძებთ სამყაროს წიაღში და გვაინტერესებს მართლა ვიმსახურებთ თუ არა იმას, რასაც ვიღებთ. ამავდროულად ყოფილა მომენტი, როცა უბრალოდ ვსუნთქავდი და ამას მოიცავდა ჩემი მთლიანი არსებობა, მაგრამ მაინც არ ამიღია ხელი საკუთარ თავზე. ხანდახან ვერ ვიჯერებ, რომ დღეს ის ვარ, ვინც ვარ და რომ აქამდე მოსვლა შევძელი. ალბათ მიზეზიც სწორედ ეს იყო. გარკვეულწილად, რომ საკუთარი თავით მეამაყა.
მობილურზე ტექსტური შეტყობინება მოდის:
ტაისია: გძინავს?
ნენე: არა..
ტაისია: კარგად ხარ?
ნენე: არამიშავს ????
ტაისია: გინდა შენგან კიდევ ერთი ღამე მოვიპარო?
ნენე: განა ყველა ღამე ჩვენი არ არის? ჩამოდი.
გულში სითბო მეღვრება. იშვიათად უმართლებთ ადამიანებს ისე, როგორც მე გამიმართლა იმ ფაქტით, რომ თავისუფლად შემიძლია ვთქვა ნამდვილი მეგობარი მყავს თქო. ტაისია ჩემი ბავშვობის მეგობარი და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. არ მახსოვს არც ერთი წამი მის გარეშე. ყველაფერი გაიზიარა და იწილადა თუნდაც ჩემი ტკივილიდან, თუნდაც ბედნიერებიდან. ყოველთვის გვერდით მყავს, რაც არ უნდა მოხდეს.
ღიმილით შევდივარ კვლავ სამზარეულოში და ტაისიას საყვარელ ცხელ შოკოლადს ვუმზადებ. მალე კარზე ნაცნობი კაკუნი ისმის, მეღიმება იმიტომ, რომ მახსენდება ის პერიოდი, როცა სასტუმროში ერთად ვმუშაობდით. ამენითების ატანის დროს სტანდარტის მიხედვით სტუმრის ოთახის კარზე მხოლოდ სამჯერ უნდა დაგვეკაკუნებინა.
-ღიაა - ვამბობ გასაგონად
ჩემს სიტყვას ნაცნობი ხმა მოსდევს, რომელიც სამზარეულოსკენ მოემართება.
-მაკამ პიცა გააკეთა ხომ იცი შენს გარეშე, რომ არაფერს არ მარგებს - მეუბნება და მადისაღმძვრელ პიცას მაგიდაზე ათავსებს.
-ჩემი მაკა დეიდა იცის როგორ მიყვარს მისი კერძები - ვამბობ და ტაისიას მისაღები ოთახისკენ ვანიშნებ. ისიც უსიტყვოდ მომყვება ნაბიჯ-ნაბიჯ ერთი ფინჯანი ცხელი შოკოლადით.
-აბა გავაფერადოთ შენი თეთრი ღამეები? - მეკითხება და თვალები უბრწყინავს.
-რას აპირებ პირდაპირ მითხარი. სიურპრიზებისთვის მზად არ ვარ.
-არაფერს უბრალოდ გთავაზობ, რომ ისაუბრო. ვიცი ახლა შენს შიგნით გრძნობების ფეიერვერკია..
-ერთი და იმავე თემაზე რამდენჯერ შეიძლება, რომ ვისაუბროთ.
-მაშინ საუბარს შეეშვი და მოქმედებაზე გადადი. უკვე ხასიათში, რომ გადაგდის და სისტემატიურად უბედური, რომ ხარ ხვდები ამას ხო? - ტონს უწევს და გაფართოებული თალებით მიყურებს - ვერ ვხვდები რამ მიგიყვანა ამ მდგომარეობამდე. რაღაც მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს, რაღაც რამაც გაიძულა, რომ ცხოვრებისთვის ასეთი უიმედო კუთხიდან დაგეწყო ყურება.
-იცი? ხანდახან მაგისთვის ერთი ცუდი დღეც კი საკმარისია - ვაწყვეტინებ მოულოდნელად - ხანდახან მხოლოდ ერთ წარუმატებელ დღეს შეუძლია დაგაფიქროს მთელს შენს არსებობაზე და იმაზე საერთოდ გიღირს თუ არა ასეთი არსებობა - ხმა მიკანკალებს და ვიაზრებ თუ როგორ მეკარგება მგრძნობელობა სახის ქვედა ნაწილში - მესმის დახმარება გინდა. მეც მინდა, რომ შემეძლოს საკუთარ თავს დავეხმარო, მაგრამ საუბარი, მონოლოგები და ცხოვრებისეული მწყემსვა ახლა ვერაფერს შეცვლის. მე არ მინდა, რომ ამ ყველაფერს თავი ავარიდო. მარტივია უბრალოდ ავდგე და ვთქვა, რომ ახლა კარგად ყოფნის დროა, მაგრამ ჩემს თავში გარკვევა მინდა, მჭირდება. გესმის? თუ ვერ გავერკვევი ისევ ჩემში დარჩება და ოდესღაც ისევ თავს გამახსენებს. ეს ფიქრები ჩემს შიგნით საკმარისად მახინჯია დამიჯერე აქ, რომ დავტოვო მაშინ სულსაც დამიმახინჯებენ ამიტომ არ ღირს..
-რადგან ასე ამბობ..
-დამიჯერე - ვეუბნები და ვუღიმი. ამჯერად გულწრფელად, რადგან დიდი ხანია საკუთარი თავით და გადაწყვეტილებით ბედნიერი არ ვყოფილვარ.

***
02:45. დაძინებას ვცდილობ. James Arthur – Car’s Outside. მელოდია სულის სიმებს მირხევს. ტაისია სახლში გავუშვი და ახლა ისევ მარტო ვარ. ვფიქრობ.. დაუსრულებლად... გაუსაძლისად... ვფიქრობ როგორ შეიძლება, რომ საკუთარი თავი ამ ჯოჯოხეთიდან გამოვიყვანო. ვგონებ სისტემატიური ბედნიერება მჭირდება. თითქოს ყოველ წუთს მიზეზებს ვეძებ, რასაც შეიძლება, რომ ჩავეჭიდო. რაღაც რის გამოც უნდა მიღირდეს ხვალინდელი დღე. ამ მდგომარეობის გამო საკუთარი თავი მეზიზღება და მეზიზღება ცხოვრება, რომელიც ასეთი დაუნდობელი და აუტანელია. მინდა ვიცოცხლო, ვიცხოვრო, მაგრამ არ ვიცი ეს როგორ უნდა გავაკეთო. წარმოგიდგენიათ? შემიძლია გადაადგილება, სუნთქვა, ფიქრი, ოცნება, მიზნების მიღწევა, რაღაცების შექმნა, მაგრამ ამ ყველაფრისთვის მიზეზი მჭირდება.
ვდგები... გულ-მკერდის არეში ტკივილს ვგრძნობ. მუხლები მეკვეთება. ოთახში შევდივარ და წიგნების თაროდან ალბომს ვიღებ. ალბომს, რომელსაც უკვე დიდი ხანია დროის კვალი ემჩნევა. ალბომს, რომელიც თავის გვერდებზე იტევს ყველაზე მნიშვნელოვან და დაუვიწყარ მოგონებებს, რომლებიც უსაზღვროდ დიდ ტკივილს მაყენებენ. ფრთხილად ვშლი და ვფურცლავ გვერდებს.. შევძლებ კი ოდესმე დავივიწყო ის ყველაფრისმთქმელი თვალები ოდესღაც სიცოცხლეს, რომ ასხივებდა? შევძლებ ოდესმე შევავსო ის სიცარიელე, რომელიც დიდმა ტრაგედიამ გამოიწვია? სუნთქვა მეკვირს.. ემოციების ტალღამ დატბორა სულის ყველა კუნჭული.. პატარა ბავშვივით ვტირი.. წარმოუდგენელია თუ რაოდენ მცირეა სამყაროსთვის ერთი ადამიანის ტკივილი.. მაგრამ ერთ დღეს.. ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით...



№1 სტუმარი Елка

Далиан момецона. Давелодеби маинтересебс ра шеемтхва. Мадлобт

 


№2 სტუმარი Елка

Агар агрделебт дацеоет ром агар велодот

 


№3 სტუმარი thousang thought

Елка
Агар агрделебт дацеоет ром агар велодот

ვაგრძელებ კი დავდებ მალე ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent