შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაცემული ანგელოზები თავი2 (ნაწილიI)


12-11-2023, 00:11
ავტორი Thousand Thoughts
ნანახია 654

რა ვიგრძენი, როდესაც პირველად ხელში ავიყვანე? სასწაული იყო. ვგონებ შეუძლებელია სიტყვებით მსგავსი გრძნობების გადმოცემა. ციცქნა იყო. ყველაზე ლამაზი პატარა ადამიანი. ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ დაწყევლილ მიწაზე ბავშვები ყველაზე უდანაშაულო და წმინდა არსებები არიან. უფრთო ანგელოზები. გვაძლევენ საშუალებას, რომ დღის ბოლოს მაინც შევინარჩუნოთ ადამიანური სახე და გვწამდეს თუნდაც მცირედის. არავის მიმართ არ ვყოფილვარ მსგავსად განწყობილი. ჩემი ცხოვრების ნათელ წერტილს ვეძახდი. ყველაზე თბილ და ტკბილ არსებას, რომლისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობდი. ის ფაქტიც კი, რომ არსებობდა და ჩემი, რომ ერქვა უბედნიერეს ადამიანად მაგრძნობინებდა თავს. მზად ვიყავი სული მიმეცა, ოღონდ ჩემი დათუჩა ყოფილიყო ბედნიერი და ის ლამაზი ღიმილი არ მოეშორებინა სახიდან ყველაფერს, რომ მერჩივნა.
სულ მაინტერესებდა რა ხდება მაშინ, როცა ერთ ადამიანს შენს „ყველაფერს“ უწოდებ და მერე ეს ადამიანი უბრალოდ აღარ არის შენს ცხოვრებაში... თურმე ყველაფერს კარგავ და გრჩება ერთი დიდი არაფერი. ვერასდროს გავაქრობ საკუთარ თავში დანაშაულის გრძნობას. ვერც წუხილით გამოვისყიდი ან შევცვლი რამეს ამ სიტუაციაში. მაგიჟებს ის ფაქტი, რომ შეგუება ერთადერთი გამოსავალია. როგორ შევეგუო? როგორ გავითავისო და ვიცხოვრო ამ ყველაფერთად ერთად მაშინ, როცა ისიც კი მაწუხებს მე რომ ცოცხალი ვარ, ვსუნთქავ, ვარსებობ.. უსამართლობაა.. არაფერი ჰქონდა ნანახი ამ ცხოვრებაში.. არაფერი იცოდა. ახლა მას ბინა დაუდია მიწის საფარში მე კი.. მე ყოველ ღამე თბილი საბნის ქვეშ მძინავს და საშუალება მაქვს, რომ მეორე დღეს თვალები გავახილო...
სახლში დავდივარ უაზროდ. მის სურნელს ვეძებ. მის სათამაშოებთან ერთად მძინავს. ღამე ყოველთვის მესიზმრება. ვფიქრობ, რომ გაზრდილიყო როგორი იქნებოდა. ნაწილებად მშლის ის ფაქტი, რომ ამ ყველაფერზე მხოლოდ ფიქრი შემიძლია... მხოლოდ წარმოდგენა და სხვა არაფერი.
ვდგები.. შავ ტანსაცმელსა და გაცვეთილ ქონვერსებს ვიცვამ.. გასაღებს ვიღებ და საკუთარი სახლიდან ვიპარები.. ჩუმად.. ფორიაქით.. დამძიმებული სულით.. ახლა არაფერს აქვს მნიშვნელობა... არაფერს აქვს აზრი.. სწრაფი ნაბიჯებით ვტოვებ სადარბაზოს. გული სწრაფად მიცემს. ცივი ჰაერი საშუალებას მაძლევს თავი ისევ ცოცხალ ადამიანად ვიგრძნო. ტემპს ვუკლებ.. მშვიდად მივუყვები ქუჩას. მალე მანქანის სინათლე მჭრის თვალს და ხელს სახეზე ვიფარებ. მაღალი სილუეტი ჩემსკენ მოემართება. გონებაში უამრავი სიუჟეტი ჩამოვაყალიბე. ყაჩაღი? გიჟი? იქნებ რამეს მიპირებს? ქვა არ არის სადმე, რომ თავდაცვის მიზნით ჩავარტყა?
-ელენე? - ისმის ხმა სიბნელიდან, თითქოს ნაცნობი, მაგრამ მაინც ჩემთვის უცხო..
-ვინ ხარ? - ვეკითხები შეშინებული
-თუ ასე ძალიან გეშინია მაშინ ამ დროს საერთოდ რატომ გამოდიხარ გარეთ? - მობილურის სინათლე ინთება და სულს ვითქვამ.. დემეტრე. „ნეტავ რა ჯანდაბა უნდა ამ შუა ღამისას“ - იცი რამდენი გადარეული დადის?
-ამ წამს ვფიქრობდი, რომ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ - ვპასუხობ და ვცდილობ მზერა ავარიდო.
-სად მიდიხარ?
-რა შენი საქმეა?
-არ ვიცი მხოლოდ ჩემს მიმართ გაქვს მსგავსი დამოკიდებულება თუ ზოგადად ხარ ადამიანების მიმართ უხეში, მაგრამ ყველაფერს, რომ თავი დავანებო ღამის პირველი საათია. კაციშვილის ჭაჭანება არ არის, ბნელა შენ კიდევ სიფრიფანა მაისურით და გახსნილი თასმებით ხარ გარეთ გამოსული. პლიუს ამას ის, რომ ისეთი შეშინებული ხარ სუნთქვასაც ძლივს ახერხებ. მოხდა რამე?
-არა არაფერი უბრალოდ ვსეირნობ - საკუთარმა სიტყვებმა გამაკვირვა
-სეირნობ? - ცალყბად იღიმის
-რა არ შეიძლება?
-ხვდები რამდენად აბსურდია ახლა, რასაც ამბობ? - მიყურებს გამომცდელად. პასუხს არ ვცემ.
-მეტყვი სად მიდიხარ თუ არა?
-საფლავზე.. - ვამბობ გამბედავად
-შუა ღამისას?
-ჰო შუა ღამისას
-ღმერთო გადარეულია ეს გოგო
-ნამდვილად არ არის ის ფაქტი, რომელმაც კონკრეტულად შენ უნდა შეგაწუხოს
-კარგი წამოდი - ამბობს და მანქანისკენ მანიშნებს
-სად?
-საფლავზე
-შენთან ერთად? - ვეკითხები გაოგნებული
-ჰო რა მოხდა მარტო სიარულს აღარ სჯობს?
-არა - ვეუბნები დაუფიქრებლად.
-მისმინე, ხვდები იმას, რომ ამ დროს მარტო ფეხით ვერ გაგიშვებ არა? ჯერ ერთი იმიტომ, რომ მე თვითონ ვერ მოვისვენებ. მერეც მეორე სოსომ, რომ გაიგოს თავს წამაცლის - მეუბნება თავის სიტყვებში დარწმუნებული - და მართალიც იქნება - ამატებს აკურატულად - მართლა გეუბნები ან წამოდი მე წაგიყვან ან სახლში აბრუნდი და ხვალ უფრო შესაფერის დროს წადი.
-ჩემი ძმის ნახვა მინდა - ვპასუხობ ჭირვეული ბავშვივით და ვცდილობ, რომ ჩემი გრძნობები ჩემთვის შევინახო.
-კარგი წამოდი - მეუბნება, მაგრამ ახლა მეტად კატეგორიული ტონით და მეც აღარ ვამბობ უარს.
კარგად ატარებს. მშვიდად, გაწონასწორებულად. ტაქტიანია. ზედმეტ კითხვებს არ სვამს. მაქსიმალურად კონცენტრირებულია. ყურადღება მხოლოდ საჭესა და გზაზე აქვს გადატანილი, რაც საშუალებას მაძლევს, რომ მქონდეს პირადი სივრცე ჩემი ფიქრებისთვის. გზა თავისუფალია. სიმშვიდეა. ლამპიონები.. სუფთა ჰაერი.. სიჩუმე...
შუქნიშანზე ვჩერდებით. სანამ მწვანე აინთება მანქანასთან მოხუცი ბაბუ მოდის, რომელსაც ხელში პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი ყვავილები უჭირავს. ვხვდები, რომ დემეტრემაც დაინახა. ფანჯარას უწევს:
-ბაბუ შეიძლება ერთი ცალი? - ეკითხება თბილად.
-კი როგორ არა შვილო - დამჭკნარი, მაგრამ ძალიან ლამაზი თითები აქვს. ყვავილებს დემეტრეს აწვდის - გოგონასთვის? - ეკითხება მაცდურად
-არა ბაბუ - თბილად უღიმის და ყვავილებს ართმევს - ამჯერად გოგონასთვის არა - ქაღალდის კუპიურას აწვდის
-ეს ბევრია შვილო დამელოდე ხურდას დაგიბრუნებ
-არა შენი იყოს - ამბობს და ყვავილებს კალთაში იდებს
-მადლობა შვილო უფალი გფარავდეს
-გაიხარე!
გზას განვაგრძობთ. ისევ ჩუმად ვართ. დათუჩას უყვარდა ყვავილები. ლიას სთხოვდა ხოლმე, რომ მისთვის ლამაზი თაიგულების გაკეთება და ყვავილებისთვის მოვლა ესწავლებინა მერე, რომ ჩემთვის ეჩუქნა თავისი პატარა ლამაზი ხელებით. არ მიკვირს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ სახლში ვერც ერთმა ყვავილმა ვერ გაიხარა.
-აქ შეუხვიე - მივუთითებ გზაზე და ნაცნობ ადგილს ვავლებ თვალს.
-მოვედით? - მეკითხება და გამჭოლი მზერით მიყურებს.
-მოვედით - მანქანიდან გადმოვდივარ - მადლობა დემეტრე შეგიძლია წახვიდე აქედან უკვე ჩემით დავბრუნდები.
-ნუ სულელობ
-მართლა გეუბნები
-მეც მართლა გეუბნები ელენე ძალიან გთხოვ ნუ მანანებინებ საერთოდ, რომ წამოგიყვანე.
უხმოდ ავდივართ შემაღლებულ ადგილზე. მობილურით ვანათებ მიდამოს. ფრთხილად ვაღებ რკინის კარს თითქოს სძინავს და ფეხაკრებით შევდივარ.. დემეტრეც ფეხდაფეხ მომყვება. ქვაზე ვჯდები.. მის სურათს ვუყურებ და გულში ვფიქრობ „მშვიდი ძილით იძინე ჩემო პატარა“.. ცრემლები მომდის. დემეტრე ფრთხილად ათავსებს ყვავილებს დათუჩას გულზე.
-რამდენი წლის იქნებოდა - მეკითხება ხმადაბლა
-ათი წლის - ვპასუხობ ძლივს გასაგონად
-შენ როგორ ფიქრობ რატომ? - მეკითხება და სანთებელას ხელში ათამაშებს.
-ამბობენ ანგელოზები ღმერთს თავისთან მიჰყავსო.. ზედმეტად კარგი იყო იმისთვის, რომ ასეთ სამყაროში ეცხოვრა - ვეუბნები ისე, რომ თვალს არ ვაცილებ.
-გგონია ენდომებოდა ასე, რომ ყოფილიყავი?
ვიღიმი. თავისთავად არ ენდომებოდა. ვერ იტანდა მოწყენილს, რომ მხედავდა. უნდოდა სულ გაღიმებული და ბედნიერი ვყოფილიყავი. დიდ ადამიანს ვეძახდი, რადგან ყოველთვის ამჩნევდა როდის ვიღიმოდი გულწრფელად. ხანდახან ისეთ რაღაცებს მეკითხებოდა სიღრმისეულად ვფიქრობდი ხოლმე საათობით.
-ხუთი წუთი მომეცი.. - ვეუბნები და ვამჩნევ, რომ ხვდება თუ რამდენად მნიშნელოვანია ასეთი მცირედი დრო ჩემთვის
-კარგი - ამბობს და მანქანისკენ მიდის.
ჩემი და დათუჩას საყვარელი მომენტი იყო მთელი დღის მანძილზე. აივანზე გავდიოდით და ხუთ წუთს ვუთმობდით ორივე საკუთარ ფიქრებს. თან ვარსკვლავებს ვუყურებდით დათუჩა კი ყოველთვის სურვილს იფიქრებდა. „ახლა შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ.. თუ შევძლებ ოდესმე გაგრძელებას.. მხოლოდ შენი გულისთვის..“
მანქანაში ვბრუნდები.
კვლავ სიჩუმეა. მშვიდად გავიარეთ ჩემთვის ნაცნობი გზა. მანქანას აჩერებს. კარს ფრთხილად ვხურავ. ცაზე უამრავი ვარსკვლავია..

***
მეშინია... სისტემატიურად ნეგატიური ფიქრებისა და აზრების უსაზღვროდ მეშინია. გული მისკდება, რომ ერთ დღესაც ზღვა ემოციას ვერ გავაკონტროლებ.. მეშინია ვინმეს გავუზიარო და გული გადავუშალო.. ვერავინ გაიგებს შეიძლება ისიც კი იფიქრონ გიჟიაო. ერთი პერიოდი თითქოს შევძელი კალმის ხელში აღება. დაბლაგვებულ ხელებს რაიმეს დაწერის შანსი მივეცი, მაგრამ ფურცელზე გადატანილი იმაზე ბევრად შავი და ყოვლისმომცველი აღმოჩნდა, რომ დღის სინათლეზე გასვლა არ ეღირსა. იცით? ხშირად ვფიქრობ. ამ ხნის მანძილზე ნეტავ გამიკეთებია ისეთი რამ, რის გამოც მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდი? ყველაზე რთულია, როდესაც შიგნიდან კვდები და არ არსებობს გარშემო არავინ ვინც ნორმალურად გაგიგებს და არ განგსჯის. ვისწავლე, რომ შიში და ეჭვი ყველაზე საშინელი და ამაზრზენი ორი გრძნობაა, რომელმაც შესაძლოა დაგანგრიოს ისე, რომ ვეღარასდროს შეძლო ყველაფრის თავიდან შენება გასაგრძელებლად. ვცდილობ.. ვფიქრობ.. ვიაზრებ.. სურვილი მაქვს... მინდა კარგად ყოფნა, ნორმალური, ადამიანური ცხოვრების უკან დაბრუნება მინდა, მაგრამ ყოველივე ეს უბრალოდ არ ჩანს და არ არსებობს. რატომ? ვეკითხები საკუთარ თავს ყოველ დღე.. იმდენად უცხოა ეს ყველაფერი. ადრე ყველაფერი მიხაროდა. შემეძლო ყველა დამემშვიდებინა გარშემო. ვყოფილიყავი ბედნიერი იმით, რაც მქონდა. ახლა ძლივს ღამდება... აუტანელ ფიქრებში სული მიბერდება, მიჭკნება, მეღლება... ის ძლივს დაღამებული დღე კიდევ თენდება.. მე ისევ და ისევ ჭერს ვუყურებ და ვფიქრობ „დღეს რისთვის ვცოცხლობ?“ განა სიცოცხლისთვის მიზეზია საჭირო? განა ეს სწორედ ის ერთადერთი არაა ისედაც, რისკენაც მთელი კაცობრიობა ილტვის? მეშინია ვინმეს ისე ახლოს მოშვების, რომ ამდენად ღრმად დაინახოს ეს ყველაფერი. ვის შეუძლია მიმიღოს ასეთი, როცა მე მიჭირს საკუთარი თავის მსგავს ვერსიად ცხოვრება.
ვოცნებობ ერთ ნორმალურ დღეზე. ღიმილიან დღეზე. ბედნიერ დღეზე. ფერად დღეზე. ლამაზ მოგონებებზე. ვოცნებობს, რომ მქონდეს გამოსავალი და ვიცოდე როგორ შემიძლია ამ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიო. ბალიში, რომელზეც თავი მიდევს უამრავ ცხარე ცრემლს ინახავს ერთგული მეგობარივით. ისევ.. ღამით.. ჩემს ფიქრებთან ერთად.. ჩემს სევდასთან ერთად.. გულამოსკვნილი ვტირი.. ჩუმად.. თითქოს ვინმეს შეეძლოს გაგება... ვუყურებ კედლებს და ვფიქრობ... რამდენად ცარიელი და სავსეა ეს სახლი ერთდროულად.. ცარიელი ოჯახის წევრებისგან, ცარიელი სითბოსა და მზრუნველობისგან, მაგრამ სავსე და გადაჭედილი ნეგატიური ფიქრებისა და მოზღვავებული გრძნობებისგან.. გახუნებული მოგონებებისგან.. არ ვიცი როდემდე შევძლებ კიდევ ჩემს ხორცში ცხოვრებას...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent