შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორედ დაბადებული(სრულად)


17-11-2023, 18:53
ავტორი cinnamongirl
ნანახია 9 305

ეს პატარა ისტორია ეძღვნება ყველა ქალს, რომელსაც ეჭვი ეპარება საკუთარ სიძლიერეში. ყველა ქალს, რომელსაც ჰგონია რომ მეტს ვეღარ გაუძლებს. ყველა ქალს, რომელიც ფიქრობს რომ აღარასდროს გაუბრწყინდება უბედურებისგან ჩამქვრალი თვალები.
იბრწყინეთ და იკაშკაშეთ მუდამ, რადგან არაფერია ამქვეყნად ქალზე უფრო აღმატებული.

***წინა ანგარიშიდან ერთხელ გამოვედი და იმის მიუხედავად რომ მეილსაც და პაროლსაც სწორად ვწერდი ვეღარ შევედი და ვერც აღვადგინე, ამიტომ ახლის გაკეთება მომიწია და იმედია ამასაც ასე არ მოუვა.


პ.ს თავებად ვდებდი, თუმცა ვისაც ნაწილნაწილ წაკითხვა არ გიყვართ, თქვენთვის სრულად ატვირთვაც გადავწყვიტე. ვინც აქამდეც კითხულობდით, შეგიძლიათ უბრალოდ ჩასქროლოთ და ბოლოში დაგხვდებათ მეთერთმეტე თავი, იგივე დასასრული.



*

ვიღაცას რომ ვუთხრა ქმარს დავშორდი და მასზე სულ არ ვდარდობ , დედამთილს რომ ვეღარ შევხვდები ამაზე მეჩხვლიტება გული-მეთქი, ალბათ მხოლოდ გაეცინება და იფიქრებს ეს სულ გაგიჟდაო.
ახლა ჩემს მცირეწლოვან ბავშვებს ხელი ხელ ჩაკიდებულებს რომ მივაქანებ ერთი დღით ნაქირავებ სახლში, იმაზე ვდარდობ რომ დილას დედამთილთან ერთად ჩაის ვეღარ დავლევ და ვერც საღამოს ვივახშმებ მისი საყვარელი კერძით.
მაგრამ მაინც, ამ წამს ყველაზე მეტად დედასთან წასვლა მინდა.. მინდა ჩავეხუტო, თავი მკერდზე მივაბჯინო და ისე დავიძინო.
გული ბრაზით მევსება როცა ვხვდები რომ მასთან მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტილი მაქვს.
დედაჩემი ახლა ყველაზე უცხოა ჩემთვის, იმ ჩემს მოძალადე ქმარზე კიდე უფრო უცხოც კი.
17 წლის ასაკში შვილს რომ ვიღაც შენთვის სრულიად უცხოს მიათხოვებ , კარს გამოიკეტავ და იტყვი მე ჩემი დავასრულე, ახლა ქმარმა მიხედოსო როგორ შეიძლება დედა გერქვას?
შენს საკუთარ შვილზე ქმარი რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობს და შენ რომ ურჩევ ბავშვი გააჩინე და ყველა პრობლემას მოგიგვარებსო შენს თავს დედა როგორ უნდა უწოდო? როგორ უნდა გეძინოს მშვიდად როცა იცი რომ შენს შვილს ვიღაც ყოველ ღამით სახეს უსიებს ხელების რტყმევით.
როგორ ვევედრებოდი არ მინდა-მეთქი სანამ ჩემს წასაყვანად მოვიდოდნენ..
სულ ზედ შემოვიხიე ის ჩემი თეთრი მაქმანებით გაწყობილი საპატარძლო კაბა. ვინ მომისმინა? სასწრაფოდ შემისწორეს მაკიაჟი, ქმარს ამ სახით ნუ დახვდები სირცხვილიაო.
დედასთან მინდოდა, მის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმომედგინა. ვერ ვხვდებოდი სად მივდიოდი, მაგრამ ვიცოდი რომ წასვლა არ მინდოდა..
ჩამსვეს მანქანაში, წამიყვანეს სრულიად უცხო სახლში, სრულიად უცხო ხალხთან.
ეს იქნება დღეიდან შენი სახლიო, ეს შენი ოთახიო და ჩვენ შენი ოჯახის წევრებიო გამომიცხადეს და ვითომც არაფერი ისე გაემართნენ თავიანთი ოთახებისკენ. იმ ღამეს თვალი არ მომიხუჭავს, ერთი წამითაც კი ვერ დავიძინე. გაუჩერებლად ვტიროდი.. როგორც ჩემი ქმარი წლების შემდეგ გამომიტყდა იმ წამს გასჩენია ჩემ მიმართ ზიზღი, შენი სლუკუნი ყურებს მტკენდა და დაძინების საშუალებას არ მაძლევდაო. სულ მამადლიდა მაგ ღამეს, მადლობა მითხარი პირველივე დღეს თმით რომ არ გათრიეო..
როგორ ვთხოვდი დედას, მამას, ძმას , უკან სახლში დაბრუნების საშუალება მომეცით, სხვა არაფერი მინდა-მეთქი. ვეხვეწებოდი, სათითაოდ ვაკითხავდი ყველას. თავის მოკვლით დავემუქრე , ასე ვერ გავძლებ მართლა დავასრულებ ყველაფერს-მეთქი და აქეთ მისაყვედურეს ამას როგორ ამბობ სულ არ გეცოდებით , სულ არ ფიქრობ ჩვენზეო..
დედამ ბოლოს მკაცრად მისაყვედურა, შენი ოჯახის პრობლემები გარეთ არ გამოიტანოო, რაც თქვენთან ხდება იქვე დატოვე და ჩვენამდე ნუ მოგაქვს, არ არის ლამაზიო.
მას შემდეგ მეც გავჩუმდი.
ხმას აღარ ვიღებდი მასთან სტუმრად მისული, სახეზე გაჩენილ სილურჯეებს ურცხვად ვაფარებდი თითებს. მოურიდებლად ვუღიმოდი ყველა გამოხედვაზე ისე, თითქოს ყურებს არ მტკენდა საკუთარი სულის კივილი.
მერე იქ სიარულსაც მოვუკელი. ერთ დროს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი სახლი ყველაზე უცხოდ იქცა დროის სვლასთან ერთად.
ჩემი ბავშვობის სახლთან ერთ საერთოსაც ვეღარ ვპოულობდი.
ალბათ ამიტომაც მეფიქრება ჩემს დედამთილზე , ალბათ ამიტომაც მენანება დასატოვებლად.
17 წლის ვიყავი მისი სახლის კარი რომ შევაღე. სულ არაფერი ვიცოდი ცხოვრებაზე, საერთოდ არაფერი ვიცოდი.
არასდროს ვუყვარდი, არასდროს იყო ჩემ გვერდით, არასდროს მიცავდა, თუმცა ჩემთვის ის ერთადერთი ადამიანი იყო რომელსაც კითხვებს დავუსვამდი და პასუხებს მივიღებდი, ამიტომ ესეც საკმარისი იყო, სხვა არასდროს არაფერი მითხოვია.
ცხოვრების აზრზე რომ მოვედი ორი შვილით ხელში აღმოვჩნდი სახე დასიებული.
მერე ბავშვებისთვის ვითმენდი, ოღონდ არ იყვიროს ოღონდ მათ ოთახში არ შეაღწიოს ამ საზიზღარმა ხმამ და დაე მირტყას-მეთქი, ვფიქრობდი და წინააღმდეგობასაც აღარ ვუწევდი.
თვალებს ვისიებდი ტირილით როგორც კი თავისას მიიღებდა და სახლიდან გავარდებოდა.
დედასთან ვიკავებდი, ბავშვებთან ვიკავებდი, ჩემს დედამთილთან, ჩემს მულთან და მაზლთან ყველა ჩემ გარშემო მყოფთან ვიკავებდი ჩემს ნამდვილ ემოციებს მხოლოდ მე და იმ ბალიშმა ვიცით იმ ტირილში გათენებულ ღამეებზე, მხოლოდ მე და იმ ჩემმა საბრალო ბალიშმა უთქმელად რომ მიწევდა პარტნიორობას და დაუღალავად იშრობდა ჩემს ცრემლებს.
ჩემი მეგობრების ცხოვრებას მხოლოდ შორიდან სოციალური ქსელებით ვაკვირდები , ისინი გაიზარდნენ , ისინი მართლა გაიზარდნენ რადგან ამის საშუალება ჰქონდათ. თოჯინებითაც ითამაშეს და ახლა დიდ საქმეებსაც ეჭიდებიან. მე კი.. მე თოჯინებზე ვფიქრობდი ხელში ჩემი საკუთარი შვილი რომ მეჭირა და გაფაციცებით მაკვირდებოდა. ჩემი ასაკის გოგოებთან ჭორაობაზე ვოცნებობდი და ‘’აღუ’’, ‘’აღუ’’-ს ძახილით დავსდევდი ჩემს თვეების ბავშვს..
წარმოდგენა არ მქონდა რომ იმ მუშტების მოქნევაზე უფრო რთული მასზე უარის თქმა იქნებოდა. წასვლა მინდოდა , თუმცა საკუთარ თავს დარჩენას ვაიძულებდი.
იმის გამო არა რომ მეშინოდა ხალხის ლაპარაკის როცა ოჯახს დავანგრევდი , იმის გამო რომ წარმოდგენა არ მქონდა ცხოვრებაზე და მეშინოდა ქუჩაში მარტო ორი ბავშვით დარჩენის. მეშინოდა ქუჩების , მეშინოდა მანქანების , გზების , ადამიანების, მეშინოდა რომ უკან დაბრუნება მომიწევდა და მეშინოდა რომ უკან დაბრუნებულს იმაზე უარესი არ დამხვდეს , ვიდრე ახლა გავურბივარ -მეთქი.
ახლა კი აქ ვარ, ქუჩაში ვარ ჩემი ორი შვილით და ფეხით მივდივარ ჩემი ერთ დღიანი თავშესაფრისკენ, ძალა გამოცლილს დაცემის საშუალებას მხოლოდ ის პატარა თითები არ მაძლევენ ხელზე რომ მეჭიდებიან.
მხოლოდ საათები გავიდა მას შემდეგ რაც იმ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიე მაგრამ არც კი მახსოვს როგორ ჩავალაგე ჩემი და ბავშვების ნივთები და როგორ გამოვიქეცი. თითქოს არაფერი მომხდარა განსაკუთრებული, ჩვენთვის ჩვეული კვირა დღე იყო , იგივე გინებით და ჩხუბით დაწყებული, საუზმეს ვამზადებდი ყველასთვის, უცებ სახეზე ბინდი გადამეკრა და ყველაფრის კეთება დამავიწყდა. ვერ მივაგენი საშაქრეს, ვერ მივაგენი მაცივარს , თითქოს მხოლოდ ის ვიცოდი ჩემი გარდერობიდან ყველაზე მოზრდილი ჩანთა როგორ ამეღო და მასში ყველაფერი როგორ ჩამეტენა, ჩემი გონება მხოლოდ ამ მოძრაობებს მკარნახობდა და მეც პირველად ჩემს ცხოვრებაში საკუთარ ხმას დავუჯერე , საძინებელში გავიქეცი და ყველაფერი იმის კეთება დავიწყე რასაც ის მკარნახობდა.
დანარჩენი უკვე კადრებად მახსოვს. ბავშვების გაოცებული სახეები , მათი ცრემლიანი თვალები , კადრებად მახსოვს ჩემი ქმრის ხელების ქნევა , ჩემი დედამთილის ისტერიული კივილი და აქეთ-იქით სირბილი..
მართალი ყოფილა, თუ რამეს დაიჯერებ , ის აუცილებლად მოხდება. იმ მომენტში პირველად დავიჯერე რომ იქიდან წამოვიდოდი და წამოვედი კიდეც..

-დედა, მალე მივალთ? ძალიან დავიღალე.-ფიქრებიდან ჩემი პირველი გოგონა მაფხიზლებს , ვამჩნევ რომ უკვე დიდი ხანია გაუჩერებლად დავდივართ და ვჩერდები, ვდუნდები და მის წინ ვიმუხლები.
-იმაზე მალე მივალთ ვიდრე შენ წარმოიდგენ ჩემო პრინცესა.-შუბლზე ვკოცნი და შედარებით ნელი ნაბიჯებით ვაგრძელებ გზას.
სანამ გასაღებს გამოვართმევ სახლის მეპატრონეს , იქვე ახლოს მდებარე ლომბარდთან ვჩერდები და თამამად ვიხსნი ყველანაირ ოქროს რაც უკვე წლებია მოუხსნელად მიკეთია.
ფულს ჩანთაში საგულდაგულოდ ვინახავ , ბავშვებს ისევ ვებღაუჭები ხელებში და ჩემს ერთდღიან თავშესაფარში ავდივარ.
-ხვალ პირველი საათისთვის სხვას ველოდები და ამ დროს რომ გახვიდეთ.-წარბაზიდული მაკვირდება ხანში შესული ქალბატონი , ფაქტია ვერ არკვევს ჩემი იქ მისვლის მიზეზს და ამაზე ღიზიანდება.
-ხვალ პირველ საათზე გავალთ , ამაზე არ იდარდოთ.-ვუღიმი როგორც შემიძლია და კარისკენ ვაცილებ.

ჩემი შინაგანი ტკივილის დაიგნორების მცდელობით მხოლოდ იმას ვაღწევ რომ თავი გაუსაძლისად მტკივდება. საფეთქლებზე ხელებს ვიჭერ და ვცდილობ ბავშვებთან არაფერი შევიმჩნიო.
ისედაც ისეთი დაბნეულები არიან არ მინდა კიდევ რამით დავძაბო. მშვიდად ვუხსნი რომ ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე, ვუხსნი რომ მე მათ გვერდით ვარ და არაფრის უნდა ეშინოდეთ..
მერე ჩვენს საყვარელ ზღაპარს ვუყვები სამ პრინცესაზე რომლებიც ჯადოსნურ სახლში ცხოვრობენ და დაღლილებს მალევე ეძინებათ.
კარადაში ვიღაცის დატოვებულ ყავას ვპოულობ, დაუფიქრებლად ვიმზადებ და აივანზე გავდივარ..

მთელი ღამე გაუჩერებლად მირეკავდნენ ცალკე ჩემი ქმარი და მისი ოჯახის წევრები, ცალკე დედაჩემი და ჩემი ძმა. არავისთვის მიპასუხია, ან რატომ უნდა მეპასუხა ან რომ ვუპასუხებდი მერე რა უნდა მეთქვა, ან ისინი რას მეტყოდნენ..
დილის ათი საათიდან ჩამოვუყევი განცხადებებს, ხან ვისთან დავრეკე ხან ვისთან, სახლის ქირაობა რომ მომესწრო პირველ საათამდე. ზოგმა ბავშვებთან ერთად ვერ შეგიშვებო მაშინვე გამითიშა, ზოგმა ახლავე ვერ შეგიშვებ ერთი ორი დღე უნდა დამელოდოო, რამდენიმემ წინასწარ ორი თვის მომთხოვა, მე კი მხოლოდ 800 ლარამდე მქონდა დარჩენილი და ქირის გარდა სხვა რაღაცებზეც უნდა მყოფნოდა ამიტომ ვერ დავთანხმდებოდი.. წვალების შემდეგ ძლივს ვიპოვე ერთი ქალბატონი და შვებით ამოვისუნთქე. სახლის ფოტოები არ ედო, თუმცა ჩემთვის არც ჰქონდა მნიშვნელობა. მთავარია ჩემი ქმრის სახლიდან ძალიან შორს იყო და ფასიც სრულიად მისაღები ჩემთვის.

დილიდან გაორებული განცდები მაქვს და ეს კიდევ უფრო მთრგუნავს. თითქოს ბედნიერი ვარ იმ ჯოჯოხეთს რომ მოვშორდი , თითქოს კარგად ვარ და ყველა ჰაერის ჩასუნთქვა მიხარია, მერე გადმოვხედავ ამ ჩემს პატარა ჯერ კიდევ დაბნეულ გოგონებს და გული სევდით მევსება.. მაშინვე საკუთარი თავის დადანაშაულებას ვიწყებ. იქნებ უნდა მომეთმინა? იქნებ ბოლომდე უნდა გამეძლო? იქამდე მაინც სანამ გაიზრდებოდნენ.. უცნაური შეგრძნება მაქვს და გონებაში რაღაც მკარნახობს რომ ეგოისტურად მოვიქეცი და მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქრე როცა სახლიდან წამოვედი, ეს განცდა მოსვენებას მიკარგავს და შიგნიდან მჭამს.. ვერ ვიტყვი აქამდე არაფერი აკლდათ ჩემს შვილებს-მეთქი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სახლი ჰქონდათ, საჭმელ-სასმელი და ტანსაცმელი არასდროს მოკლებიათ და თითქოს ეს ყველაფერი წავართვი, თითქოს პირიდან ლუკმა გამოვაცალე და ყველაფრის ამარა დავტოვე.. ვინ იცის რა იქნება ახლა? ვინ იცის როგორი სიცივისთვის და შიმშილისთვის გავიმეტე. იმასაც ვფიქრობ იქნებ ჯერ ისევ არ არის გვიან? იქნებ მათი მომავლისთვის უკან დაბრუნება სჯობდეს?
მომენტებში ფიქრები შიგნიდან ისე მაწვება რომ თავს მაკარგვინებს, კანკალი მთლიანად მიტანს და სუნთქვასაც ვეღარ ვახერხებ, სხეული ერთიანად მიკანკალებს და ერთადერთი რაც მინდა ყველაფრის გაჩერებაა. ამასთან გამკლავებას ჯერ კიდევ ვსწავლობ, ღრმად ვსუნთქავ, სახეზე წყალს ვისხავ და ვცდილობ დადებით რაღაცებზე ვიფიქრო.

პირველის ნახევრისთვის გოგონები გავამზადე, ჩემი ერთდღიანი თავშესაფარი მაქსიმალურად მივალაგე და ახალი სახლისკენ გავეშურე.
ბავშვები ათას კითხვას მისვამენ, მე კი პასუხი არაფერზე მაქვს ამიტომ დაუღალავად ვცდილობ ყურადღება სხვა რამეზე გადავატანინო და მაქსიმალურად გავამხიარულო როგორც შემიძლია, საბედნიეროდ გამომდის კიდეც და დროდადრო სულ უფრო მეტად იცინიან, მე კი ენერგიებით ვივსები როცა მათი კისკისი მესმის.
ჩემი ოჯახისგან მოსულ შეტყობინებენს ისე ვშლი რომ არც კი ვკითხულობ, ისედაც ბეწვზე კიდია ჩემი სახლიდან წამოსვლის გადაწყვეტილება და არ მინდა რამე ისეთი წავიკითხო რომ საკუთარი თავის რწმენა დავკარგო და უკან დავბრუნდე..

როგორც იქნა დანიშნულების ადგილამდეც მივდივარ. ჩემი სახლის მეპატრონე 50 წლამდე წარმოსადეგი ქალბატონია. ჩემს სახეზე შემორჩენილი სილურჯეები რომ დალანდა,შევამჩნიე მაშინვე როგორ მოეღუშა სახე და როგორ აუცრემლიანდა თვალები, მაშინვე ჟრუანტელმა დამიარა, აქამდე არასდროს შემიმჩნევია რომ ვიღაც ჩემს ტკივილს იზიარებდა.
სახლი დამათვალიერებინა, ყველაფერი ამიხსნა და წასვლისას ბავშვებს ქერა კულულებზე ნაზად მიეფერა.
-კარგი შვილები გყავს, შენც კარგი გოგო ხარ, თუ რამე დაგჭირდეს მაშინვე დამირეკე, არ მოგერიდოს.
გულრწფელი მადლობა გადავუხადე , გავაცილე და საქმის კეთებას შევუდექი.
ახლა როცა სახლი ვიპოვე, ჩემი ერთადერთი საზრუნავი სამსახურია.
აქამდე არასდროს არსად მიმუშავია, მაგრამ ვიცი, მჯერა რომ ყველაფერს მარტივად ავითვისებ და თუ რამეს ხელს მოვკიდებ აუცილებლად სრულფასოვნად შევასრულებ.

სახლი მივალაგე, ნივთები ამოვალაგე, გოგონებიც ვაბანავე და საკუთარ თავსაც მივხედე, უკვე საღამოს 6 საათი იყო ამიტომ მათი საყვარელი მურტფილმი ჩავურთე და მე პროდუქტების საყიდლად გავემართე რომ ვახშამი მომემზადებინა.
-დე, მალე მოხვალ?-თვალი ძლივს მოწყვიტეს ტელევიზორს და ოკეანისფერი თვალებით ამომხედეს ორივემ ერთდროულად.
-მალე მოვალ დე, ჩვენს საყვარელ მურტფილმის მომენტს ხომ არ გამოვტოვებ? მოვალ სანამ იქამდე მიხვალთ და მერე ერთად გავაგრძელოთ. ორივეს ვუკოცნი ალუბლისფრად შეღებილ ლოყებს და გარეთ გავდივარ.
ჩვენი სახლი იტალიური ეზოს ერთერთი ნაწილია, სხვა სახლებისგან თითქოს არც არაფრით გამოირჩევა.
ძველი, ფერდაკარგული ჭრაჭუნა ფანჯრები, თეთრი გრძელი ფარდები, სიარულისგან გახუნებული საფეხურები, მცენარეებით გატენილი აივნები.. ეს ყველაფერი ახლა მეჩვენება ასეთი ლამაზი რადგან ამ მდგომარეობაში ვარ თუ სხვა დროს რომ მენახა მაშინაც ასე ვიფიქრებდი? იმ სახლის მერე რომელშიც ვცხოვრობდი ახლა ეს სიძველით ძლივს შემონახული სახლები სამოთხეს გავს, თითქოს გარშემო მხოლოდ ნათელი ფერებია და არანაირი სიბნელე.
მაღაზიაში პროდუქტებს მაქსიმალურად სწრაფად ვარჩევ, ვიცი თუ სახლში მისვლა შემაგვიანდება და ბავშვებთან დათქმულ დროს გადავაცილებ ინერვიულებენ ამიტომ ამისთვის თავის ასარიდებლად ერთი შეთვალიერების შემდეგ მაშინვე კალათში ვყრი არჩეულ ნივთებს.
ვეცადე ერთი თვის მარაგი მეყიდა, თუმცა პარალელურად იმასაც ვცდილობდი ას ლარში ჩავტეულიყავი ამიტომ არ ვიცი რამდენად გამომივიდა.
მაღაზია სახლიდან მოშორებით არის , ფეხით საკმაო მანძილის გავლა მომიწია აკიდებული, მძიმე პარკებით. ვგრძნობდი როგორ მიჩერდებოდა სისხლი თითებში მაგრამ შეუსვენებლად ვაგრძელებდი გზას.
დროდადრო ტვინში ის ფრაზები მიტივტივდებოდა რომლებსაც უკვე 25 წელია გაუჩერებლად ვისმენ: “შენ სუსტი ხარ” ; “შენ არაფერი შეგიძლია” ; “შენ არარაობა ხარ” ; “არასდროს არაფერი გამოგივა” ; “მარტო ერთ ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამ” და მრავალი სხვა, ყველა გახსენებაზე ვეჭვობ, იქნებ ისინი მართლები არიან? იქნებ მართლა არ მაქვს ამდენი ძალა?
მინდა უბრალოდ ვიწვე, სადმე რბილ და თბილ ლოგინში ვიწვე და ვუყურებდე როგორ გულით მიმზადებს ცხელ სადილს დედა, მინდა ვგრძნობდე რომ მარტო არ ვარ.. ბავშვობის შემდეგ ეს აღარ მიგრძვნია, ბოლოს 15-16 წლის ვიყავი ნამდვილ ბედნიერებას რომ ვგრძნობდი. რა თქმა უნდა, ჩემი შვილების დაბადება სასწაული იყო ჩემთვის და ამ განცდას ვერაფერს შევადარებ, სასწაული იყო და ახლაც არის მათი გაზრდის ყურება, მათთან დროის გატარება.. მაგრამ ის ბედნიერება რომელსაც სიმშვიდეც თან ახლას, უკვე აღარც კი მახსოვს როგორია. როცა ყოველ წამს რაღაც უბედურებას არ მოელი, როცა ზუსტად რომ ყველაფერი ცუდისგან დაზღვეული ხარ და შეგიძლია თამამად და მყარად გადადგა ყველა ნაბიჯი.
ფიქრებ არეული ვბრუნდები ჩემს გოგოებთან და მაშინვე მათთვის ვახშმის მზადებას ვიწყებ. რა თქმა უნდა, პირობა შევასრულე , არ დამიგვიანია და ჩვენს საყვარელ მომენტს ერთად ვუყურეთ.
ვახშმის შემდეგ სამზარეულოს მოწესრიგებას ვიწყებთ, გოგონები ყოველთვის მეხმარებიან მაგიდის მილაგებაში, თუმცა ვცდილობ ზედმეტად არასდროს დავტვირთო და როცა მე ვარ ძირითადი ნაწილი თავად გავაკეთო.
-დე, ჩვენ სახლში ბებოსთან აღარ დავბრუნდებით?-თეფშს მაწვდის და თვალზე მომდგარი ცრემლების შეჩერებას ცდილობს. მაშინვე ვეშვები გასარეცხ ჭურჭელს და მის წინ ვიმუხლები.
-ლიტუკა, დე, ხომ იცი რომ შენთვის და ლილესთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა.. ხომ იცი რომ ყველაფერს ამისთვის ვაკეთებ? ბებოსთან ვერ დავბრუნდებით, იმისთვის რომ ჩვენი ჯადოსნური სამყარო შევქმნათ დროებით მარტო ცხოვრება გვჭირდება, ახლა ასეა საჭირო კარგი?
-სახლი მენატრება, ბებოც..
-მეც მენატრებიან დე. გპირდები მათ აუცილებლად ვნახავთ, ოღონდ გარკვეული დროის შემდეგ კარგი? ჯერ ჩვენი ჯადოსნური ცხოვრების შენებას დავიწყებთ და შემდეგ ბებოსაც ვნახავთ.
-შენ და ლილე ყველაზე მეტად მიყვარხართ დე.-ფეხებზე მეხვევა და მთელი ძალით მიჭერს პატარა ხელებს.
-მეც მიყვარხარ ჩემო პრინცესა.

სამზარეულოს დასუფთავების შემდეგ გოგონებს საღამურებში ვაწყობ და საძინებელში ვინაცვლებთ.
მაღაზიაში ნათურები შემხვდა და არც კი დავფიქრებულვარ ისე ვიყიდე, ვიცი როგორ უყვართ საბნებით სახლების აშენება და შემდეგ შიგნიდან მისი მორთვა, ამიტომ რამდენიმე წამოვიღე მათ გასამხიარულებლად და როცა ვუთხარი “შტაბის” აწყობას ვიწყებთ-მეთქი, სიხარულისგან ფრენა დაიწყეს.
სამივემ ბევრი ვიშრომეთ და საბოლოოდ საუკეთესო სახლი ავაწყეთ რაც კი აქამდე გვქონია. შიგნით მოვთავსდით და ჩემს დაკიდებულ ოქროსფერ ვარსკვლავის ნათურებს მივაშტერდით.
-მადლობა დედა.-ტკბილი ხმით ამოილაპარაკა ლილემ, ჩემმა უმცროსმა პრინცესამ და ხელები ჩამიკოცნა.
-მადლობა შენ დე რომ არასდროს გავიწყდება ეს ჯადოსნური სიტყვა.
ორივე გულთან ახლოს მივიხუტე და როგორც ყოველთვის ახლაც მოვუყევი ზღაპარი სამ პრინცესაზე.
კარვის შენებით დაღლილები მალევე მიითიშნენ, ცოტახანს მათთან ერთად დავტკბი მყუდროებით, მერე ორივეს ფრთხილად ვაკოცე და ყავის დასალევად გავეშურე.

სამზარეულოს ფანჯარასთან ჩამოვჯექი ფინჯანი ყავით და ეზოს ხედით დავიწყე ტკბობა. გონებაში მადლობას ვუხდიდი სამყაროს იმისთვის რომ მეორე დღემაც ასე მშვიდად და თითქოს დაბრკოლებების გარეშე ჩაიარა. ასეთი ჩვევა მაქვს, სულ რომ მთელი დღე კოშმარში გავატარო, დღის ბოლოს მადლობის საათებს ვიწყობ რომ არასდროს გამომრჩეს იმის დაფასება რაც მაქვს. არ მინდა უბედურებამ ისე დამაბრმავოს რომ დადებითის დანახვა ვეღარ შევძლო. ყოველთვის ამის მეშინოდა რომ ერთ დღეს ისე გავიღვიძებ და იმ სასწაულების დანახვა აღარ შემეძლება რომელსაც ახლა ვხედავ, ამიტომ ვიხდი მადლობებს ყველაფრის მიუხედავად.
ისეთი გათიშული ვარ გარშემო არაფრის ხმა არ მესმის, ამიტომ კარზე კაკუნის ხმა იმაზე გვიან გავიგე ვიდრე უნდა გამეგო, დაფეთებული წამოვხტი ფეხზე და ინსტიქტურად მოვცილდი ფანჯარას გარედან რომ არავის დავენახე. გული ლამის ამომივარდა როცა წარმოვიდგინე რომ ჩემმა ქმარმა ჩემი ადგილსამყოფელი გაიგო და ჩემი და გოგონების უკან დასაბრუნებლად მოვიდა.
ვიფიქრე კარს საერთოდ არ გავაღებ და იქამდე დავიმალები სანამ არ წავა-მეთქი, მაგრამ ასე გოგონებსაც დავუფრთხობდი ძილს და კარზე ბრახუნით მეზობლებსაც შევაწუხებდი ამიტომ სხვა გზა არ დამრჩა, ძალები მოვიკრიბე და კარისკენ დავიძარი, ფეხაკრეფით მივედი კარამდე და ასეთივე სიფრთხილით გავიხედე, გული ცოტა დამიმშვიდდა როცა სილუეტი რომელიც დავლანდე ჩემი ქმრისგან 100%-ით განსხვავდებოდა , ჯერ კიდევ მეშინოდა ამიტომ ხმა აკანკალებულმა ვიკითხე.
-ვინ არის?
-თქვენი მეზობელი ვარ, ბოდიში შეწუხებისთვის..-კარის მეორე მხრიდანაც სრულიად დაბნეული, ბოხი ხმა გამომელაპარაკა და რაღაცნაირად მაშინვე ვიგრძენი რომ გულრწფელი იყო, ამიტომ შიშები გამიქრა და კარი სრული სტუმართმასპინძლობით გამოვაღე.
-გამარჯობა, ბოდიში რომ გაწუხებთ..-კიდევ უფრო დაიბნა ჩემი დანახვისას ,თუმცა არ ვიცი ეს რამ გამოიწვია.
-არაუშავს, გისმენთ.
-კატა დავკარგე, ფანჯრებს ღიას ვუტუვებ ხოლმე, ეტყობა გისოსებიდან გამოძვრა, სახლში არ არის.. ვიფიქრე იქნებ ვინმემ დაინახა ან სახლში შეიყვანა-მეთქი.. -ხმა უკანკალებდა და აშკარა იყო როგორც ღელავდა.
-არ დამინახავს, თუმცა დამშვიდდით, აუცილებლად იპოვით.-ვეცადე მაქსიმალურად გამემხნევებინა.
-თქვენ ბოლო იმედი იყავით.-სახეზე ხელები აიფარა და კარის გვერდზე კედელს მიეყრდნო.-სხვას ყველას ვკითხე და არავის დაუნახავს.
-აუცილებლად იპოვით, არ ინერვიულოთ.
მასთან დამშვიდობებას და კარის მოკეტვას ვაპირებდი როცა უეცრად ვიგრძენი ფეხზე რაღაც გრძელბეწვიანი არსება როგორ გამეხახუნა. პატარა ცელქი ფისო რომელიც პატრონს გამოექცა ახლა ჩემს სახლში ცდილობდა დაბინავებას. მაშინვე სიხარულით შევკივლე და ანერვიულებულ მამაკაცს ხელებში მივუწვინე, მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. მაშინვე ფისოს კოცნას მოჰყვა , ხელებს ისე უჭერდა თითქოს წართმევას ვუპირებდი.
-ნაპოლეონ! ჩემო ბიჭო! სად გაიქეცი? რა იყო ზრუნვამ გაწყინა და ისევ ქუჩაში დაბრუნება გადაწყვიტე?
ვერც კი მამჩნევდა კატასთან საუბრით გართული. გამეცინა, აქამდე არასდროს მინახავს კაცი რომელიც საკუთარ ფისოს კოცნის და ელაპარაკება. ჩემი ქმარი გოგონებსაც კი არ ეხუტებოდა ხოლმე, ხვევნა-კოვნა რა კაცის საქმეაო ამბობდა.. ახლა კი ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა ამ მამაკაცისგან წამოსული ამხელა სითბო დავინახე.
-დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ ბოდიში.-ხმა სრულიად დაუმშვიდდა ,შევატყე რომ სრულებით აღარ ღელავდა.
-არაუშავს , რა ბოდიში, მიხარია რომ იპოვეთ.
-ხო მართლა , მე ტიტე ვარ.-ხელი ღიმილით გამომიწოდა, შავი პიჯაკი სულ გაშავებოდა კატის თეთრი ბეწვით.
-სასიამოვნოა, ანა.-ასევე ღიმილით ჩამოვართვი ხელი და გულში რაღაცამ გამკრა მის ხელთან შეხებისას.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ, მე ჩემს სამზარეულოს მივუბრუნდი და სამსახურის ძებნას შევუდექი. რამდენიმე ვარიანტით მოვიხიბლე და ფურცელზე ნომრები ამოვიწერე დილას რომ მარტივად დარეკვა შემძლებოდა.
ერთი ფინჯანი ყავაც დავლიე და დასაძინებლად გავემართე.
ვერაფრით ვხვდებოდი ამ მდგომარეობაში მეზობელზე და მის კატაზე როგორ ვახერხებდი ფიქრს, მაგრამ მაინც მათზე მეფიქრებოდა..

ჩვენი დილა დილის 8 საათზე დაიწყო. ლილეს ადრე გაეღვიძა და მარტო რომ არ ყოფილიყო მე და ლიტაც კოცნით და სიცილ-კისკისით გაგვაღვიძა. არ ვიცი ამით თავის გამართლებას და დამშვიდებას ვცდილობ თუ მართლა ასეა და ბავშვები ახლა უფრო ბედნიერად გამოიყურებიან როცა მარტო ვართ ვიდრე სულ რაღაც ორი დღის წინ.
მე კი ყოველთვის ვცდილობდი არაფერი შემემჩნია მათთან, მაგრამ ლიტა 7 წლისაა, ლილე 5 ის , თანაც თავის ასაკთან შედარებით ბევრად უფრო მეტად აზროვნებენ ამიტომ ვფიქრობ რომ რაღაცას ისინიც ამჩნევდნენ, ხვდებოდნენ რომ რაღაც რიგზე არ იყო და ეს მათ ხასიათზეც შესაბამისად აისახებოდა.

-ანა შვილო, მე ვარ ირინა, რაღაც მოგიტანე თუ გღვიძავთ.-კარზეც არ დაუკაკუნებია, ისე გარედან შემომძახა ჩემი სახლის მეპატრონემ, ალბათ იფიქრა არ გავაღვიძო ან არ შევაშინოო, სიხარულით შემოვიცვი ხალათი და კარებამდე მივირბინე.
-მობრძანდით, გვღვიძავს.-მაშინვე გავუღე კარი და შინ შემოვიპატიჟე.
-როგორ დაგიწკრიალებია აქაურობა , ასე სუფთად ეს სახლი წლებია არ მინახავს. ხან ვინ უჯიშო ცხოვრობდა, ხან ვინ.. დალაგება კი არა რომ არ გადამიწვეს სახლი მაგაზეც მადლიერი ვარ.
-ჩაის ან ყავას მოგიმზადებთ, ჩვენც ახლა უნდა გვესაუზმა, შიგნით შევიდეთ.
-დილას რომ გავიღვიძე სულ შენს პატარებზე მეფიქრებოდა , ვეღარ მოვითმინე, წამოვხტი და აი ეს კექსი გამოვუცხვე, ყველა ამბობს რომ ყველაზე კარგად ეს გამომდის.-სითბოთი სავსე თვალები შემომანათა და რბილად ჩაიცინა ტუჩის კუთხეებით.
-დიდი მადლობა, ძალიან გაუხარდებათ.

გოგონებმა ლამის თითებიც ჩააყოლეს კექსს ჭამისას ისე მოეწონათ, მათი შემყურე მეც ბედნიერებით ვივსებოდი, რომ დაასრულეს სათამაშოდ გავუშვი და მე და ირინამ ყავის დალევაც გადავწყვიტეთ.
-არ გკითხავ რა მოხდა-მეთქი, ვამჩნევ რომ კარგი არაფერი დაგმართნია.-ხელი ხელზე მომკიდა და თაფლისფერი თვალებით მაქსიმალურად მაგრძნობინა რომ ჩემი ესმოდა.
-ქმარს გავშორდი, უფრო სწორად არც გავშორებივარ, უბრალოდ ავდექი და წამოვედი.. აღარ შემეძლო იქ გაჩერება, აღარ შემეძლო ყველაფრის მოთმენა.
-კარგად მოიქეცი, უკეთესს ცხოვრებას იმსახურებ, შენც და ეს შენი ზღაპრული გოგონებიც.
-იმედი მაქვს შევძლებ უკეთესი ცხოვრება მივცე მათ, იმედი მაქვს უარესისთვის არ გავიმეტე..
-ამას ნუ ამბობ, შენს თავში დარწმუნებული უნდა იყო, სხვანაირად არაფერი გამოგივა.
ცოტა ჩემზე ვისაუბრეთ, მისი სიტყვები და დამშვიდება გულზე მალამოსავით მედებოდა, ყოველ წამს გულში მადლობას ვუხდიდი სამყაროს იმისთვის რომ ამ ადამიანს შემახვედრა.
ღმერთო, აქამდე არასდროს მიგვრძვნია სხვასთან საუბრისას ამხელა ემპათია , მისი სიტყვები იმდენად ბევრს ნიშნავს ჩემთვის რომ ჩემი ძალები ასჯერ უფრო მეტად გაიზარდა ამ რამდენიმე წუთში. მას ჩემი სჯერა , სჯერა რომ სწორად მოვიქეცი, სჯერა რომ ჩემს შვილებს უკეთეს ცხოვრებას ვაჩუქებ.
რა ცოტაა ადამიანის ბედნიერებისთვის საჭირო, სულ ცოტა, სხვა ადამიანი..
“ადამიანი ადამიანისთვის დღეა”-ო რომ წავიკითხე, დიდხანს ვფიქრობდი ამ სიტყვებზე, მათი მნიშვნელობა ჩემს გულამდე არ მოსულა რადგან აქამდე ჩემში სინათლე არცერთ ადამიანს შემოუტანია, ახლა კი ზუსტად ვხვდები , ვხვდები და ვფიქრობ რომ ჩემი სინათლე ეს ქალბატონია რომელმაც ორ ნახვაში მაგრძნობინა ის, რაც სხვებისგან მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მიგრძვნია.

-მეც სულ მარტო ვარ.-აღსარებასავით ამოილაპარაკა ხვნეშით.-აქ მარტო ვცხოვრობ და მხოლოდ ეზოში გასვლით თუ ვირთობ თავს. ადრე ეს ეზოები სავსე იყო ხალხით, გრძელი მაგიდებით.. ყველა ერთად ვისხედით, ვჭამდით, ვსვამდით, ვმღეროდით, ვცეკვავდით. ახლა ყველაფერი შეიცვალა, ხალხი სახლიდან აღარ გამოდის და არც შიგნით გიშვებენ.
ან გარეთ რა დარჩენიათ? ქმრები, შვილები, შვილიშვილები, ყველა შიგნით ყავთ და გარეთ რაზე გამოვლენ..-თვალები აუცრემლიანდა , სკამს ბოლომდე მიეყრდნო და მაღლა აიხედა რომ მე არ შემემჩნია.
-რამდენჯერ ვცადეთ მე და ჩემმა ყოფილმა ქმარმა, რა არ ვცადეთ, არაფერი გამოვიდა.. მე ვერ ვორსულდებოდი, მას კი შვილი უნდოდა, მეც მინდოდა შვილი, რა თქმა უნდა, მინდოდა მაგრამ მის თავს არაფერში გავცვლიდი ისე მიყვარდა, მე სულელს მჯეროდა მასაც ასე ვუყვარვარ, ყველაფერს ერთად გადავიტანთ-მეთქი. ჯერ დილაობით ჩემთვის ყავის გაკეთება შეწყვიტა, მერე კომპლიმენტებს მოუკლო, ღამით სახლში გვიან მოდიოდა და ძირითადად მთვრალი, სულ თავს მარიდებდა, ჩემთან ერთად არსად ჩნდებოდა და ბოლოს როგორც იქნა მივხვდი რომ წასვლა უნდოდა და ამასაც კი ვერ მეუბნებოდა.. ტყუილად დაგვაჯერეს კაცები ყველაზე ძლიერები არიანო , იმის ძალაც არ ეყო ეთქვა რომ უშვილოდ ჩემთან ვერ იცხოვრებდა და სხვა უნდა მოეყვანა ცოლად, ამის ძალაც არ ჰქონდა..
-თქვენ გაუშვით?-ვკითხე ინტერესით და თვალებში ჩავაცივდი.
-ხო, მე თავად გავუშვი, მისი საცოდაობისთვის რომ აღარ მეყურებინა.. წავიდა და მოიყვანა სხვა ქალი, ისეთი რომელიც შვილებს უპრობლემოდ გაუჩენდა, გაუჩინა კიდეც. მე კი დავრჩი აქ სრულიად მარტო ჩემს ტკივილთან.
-დღეიდან ეს სიტყვები აღარ თქვათ, ნუ იფიქრებთ რომ მარტო ხართ, მე აქ ვარ, ნებისმიერ დროს მოდით და დამელაპარაკეთ.
ახლა მე მოვიქციე ხელებში მისი ხელი, ვერ მოითმინა და მთელი ძალით ჩამიხუტა გულში.

ირინა გავაცილე, რომ გაიგო სამსახურს ვეძებდი და ბავშვების მარტო დატოვებას ვაპირებდი სახლში სანამ ბაღი და სკოლა დაიწყებოდა, ჭკუიდან გადავიდა მე გვერდზე სახლში ვცხოვრობ და შენ ამათ მარტო როგორ დატოვებო. არ მინდოდა მისი შეწუხება და დიდხანს ვუარობდი, თან ვიცნობ ჩემს შვილებს, ვიცი რომ თუ საჭმელს , სასმელს , საკმარის სასუსნავებს და სათამაშოებს დავუტოვებ თავს ყველაფერს მარტოც მშვენივრად გაართმევენ, მაგრამ ირინამ იმდენი ქნა მაინც დამიყოლია და შევთანხმდით რომ დილაობით შემოივლიდა და ბავშვებთან იქამდე გაჩერდებოდა სანამ მე არ დავბრუნდებოდი. საკმაოდ ბედნიერი ჩანდა ამ გადაწყვეტილებით, ჩემს ცხოვრებაში იმხელა სიხარული შემოიტანე წარმოდგენაც არ გაქვსო, სახლში მარტო ყოფნის ნაცვლად ამ ანგელოზებთან რომ გავატარებ დროს ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოსო.
მისი წასვლის შემდეგ ჩემ მიერ ამოწერილ ნომრებზე ჩამოვრეკე ,აქედან მხოლოდ ორი აღმოჩნდა შესაფერისი , ორივემ იმავე დღეს დამიბარა გასაუბრებაზე და მეც , რა თქმა უნდა, დავთანხმდი.
სახლი მივალაგე, მოვწესრიგდი, გოგონებს ყველაფერი გავუმზადე და გასაუბრებაზე დავიძარი. ირინასთვის არ დამიძახია, სახლში მაინც მალე დავბრუნდებოდი და ტყუილად აღარ შევაწუხე.

გასაუბრებებმა იმაზე კარგად ჩაიარა, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი. ჩემით მოიხიბლნენ და ორივეგან შემომთავაზეს ხვალვე დაიწყე თუ თანახმა ხარო..
რადგან ერთ-ერთი უნდა ამერჩია და ორივეთი კმაყოფილი ვიყავი, ბოლოს გადავწყვიტე რომელიც ჩემს სახლთან შედარებით ახლოს იყო იმაზე შემეჩერებინა არჩევანი რომ გზაში ფული არ დამეხარჯა და ფეხით შემძლებოდა სიარული. ვერ მოვითმინე და გზიდანვე დავურეკე, ხვალ დილის ათზე თქვენთან ვიქნები-მეთქი.
სახლში აღტაცებული და ბედნიერი მოვაბიჯებდი, წელში გამართული და საკუთარი თავით კმაყოფილი, ეს განცდა პირველად დამეუფლა ჩემს ცხოვრებაში და სიამოვნების ჩხვლეტებს დაუსრულებლად ვგრძნობდი, ვგრძნობდი როგორ მივლიდა ჟრუანტელი თმის ღერიდან ფეხის თითებამდე. მე ეს შევძელი, გამომივიდა! სამსახური ვიპოვე და ეს ჩემით, ყველას დახმარების გარეშე გავაკეთე!

გზად წინ მიმავალმა ვიგრძენი რომ ჩემს უკან მანქანა შენელდა, თუმცა არც იმდენად რომ გაჩერებულიყო. არც მე გავჩერებულვარ, უკანაც არ გამიხედავს იგივე ტემპში გავაგრძელე სიარული და მუშტი ისე შევკარი მეგონა სადაცაა სისხლი წამომივა ხელიდან-მეთქი.
-გამარჯობა ანა.-მანქანა წამომეწია , შიგნით მჯდომმა ფანჯარას ჩაუწია , შემდეგ სათვალეც ჩამოიწია და ისე მომესალმა.
-გამარჯობა.-ზემოდან ჩავხედე და მისი დანახვისას ავტომატურად გამეღიმა.
-სახლში თუ მიდიხარ გაგიყვან, ამ სიცხეში ფეხით რომ არ იარო.
რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ახლაც ვიუარე როცა ვიღაცამ დახმარება შემომთავაზა. ზოგადად ასეა, როცა ამას მიჩვეული არ ხარ შენთვის ისეთი უცხო ხდება რომ არ იცი როგორ დათანხმდე.
-ნუ გეშინია, არ შეგჭამ, მოდი ჩაჯექი.-ხმით გამიცინა და ხელი სავარძელზე მსუბუქად დაარტყა.
მომერიდა მისი შეყოვნება, ეტყობოდა რომ ჩემზე ჯიუტი იყო და ასე მარტივად არ დანებდებოდა, ამიტომ დრო აღარ გავწელე და მანქანაში მის გვერდით მოვკალათდი. დიდხანს ვიარე სიცხეში, კონდინციონერის ცივი ჰაერი რომ ვიგრძენი ცოტათი მომეშვა და გონს მოვეგე.
გრძელი , წაბლისფერი თმა ზემოთ ავიწიე და ვარდისფერი გულებიანი რეზინით შევიკარი. არც მახსოვს ლილემ ხელზე როდის ჩამომაცვა მაგრამ სიცხესთან გასამკლავებლად ნამდვილად გამომადგა.
დავინახე როგორ მიაშტერა თვალი ჩემს მოშიშვლებულ კისერს მამაკაცმა და უხერხულობისგან რამდეჯერმე ჩავახველე, მაშინვე წინ გაიხედა და თავადაც უსიამოვნოდ შეიშმუშნა.
მანქანაში მისი სუნამოს სურნელი სრულიად ბატონობდა, ირგვლივ ყველაფერი მოეცვა და გაუჩერებლად მიწვავდა ცხვირის ნესტოებს სიამოვნებისგან, მეც ხარბად სულ უფრო და უფრო ვისუნთქავდი ისე, თითქოს ვაპირებდი ეს სურნელი ცხოვრების ბოლომდე გამყოლოდა.
სახლში სულ რაღაც 7 წუთში მივედით, გზაში სრულიად არ გვისაუბრია, მე მის სურნელზე ვფიქრობდი და წინა ღამის მონაკვეთები მიტივტივდებოდა გონებაში, ის არ ვიცი რაზე ფიქრობდა, თუმცა მომენტებში მაინც ეპარებოდა თვალები ჩემი კისრისკენ.
-დროებით ანა.-მანქანიდან ერთდროულად გადმოვედით და მაშინვე დამემშვიდობა.
-დროებით.-ღიმილით მივუგე და სახლისკენ დავიძარი.

ლიტას და ლილეს ბევრი, ძალიან ბევრი ვესაუბრე და ბოლოს დავითანხმე დღეში რამდენიმე საათის ჩემ გარეშე გატარებაზე. უკვე რომ გადაწყვეტილი მქონდეს რაღაც კონკრეტული საკითხი მაინც ყოველთვის ვეკითხები აზრს რომ თავი უმნიშვნელოდ არ იგრძნონ და იცოდნენ რომ მათი აზრები ჩემთვის მნიშვნელოვანია. პირველ ჯერზე როცა ჩემ გარეშე დარჩენა შევთავაზე გამიპროტესტეს და ცხვირი აიბზუეს, თუმცა როცა ავუხსენი ეს რისთვის იყო საჭირო და ავუხსენი რამდენი დადებითი რამ მოყვებოდა ჩემს სამსახურში გასვლას ერთიანად სიხარულით დამთანხმდნენ.
სადილი ერთად მოვამზადეთ, ჩვენი საყვარელი მაკარონი ნაღების სოუსით, ერთად მივირთვით და 7 საათისთვის როცა უკვე საკმარისად აგრილდა გარეთ გასეირნებაც შევთავაზე.
-ჩვენ რომ გარეთ არ გავდივართ ხოლმე თუ ბაღი ან სკოლა არ არის?-გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა ლიტას. ჩემს ქმარს არ სიამოვნებდა როცა გარეთ გავდიოდი თუნდაც ბავშვებთან ერთად ამიტომ გოგონებიც ძირითად დროს სახლში ატარებდნენ რაზეც ყოველთვის ვწუხდი. მინდოდა მენახა როგორ ირბენდნენ ქუჩებში , როგორ ითამაშებდნენ თანატოლებთან..
-ხო დე, აქამდე არ გავდიოდით ხოლმე, მაგრამ თუ გინდათ შეგვიძლია ახლა გავიდეთ და ძალიან, ძალიან ბევრი ვითამაშოთ.

გარეთ გავედით და ჰაერი სამივემ ერთდროულად ღრმად და ხარბად ჩავისუნთქეთ. შუაში ვიდექი, გვერდებზე გოგონები მედგნენ და ზედაზე მეკიდებოდნენ რადგან ხელები დაკავებული მქონდა.
რაღაც მომენტში ჩემდაუნებურად გამეფიქრა თუ ჩემ მიმართ რაიმე ინტერესი აქვს, წამში გაუქრება როცა ბავშვებით დამინახავს-მეთქი. მერე მთელი გზა ჩემს თავს ამაზე ვუბრაზდებოდი, ან რა ინტერესი უნდა ჰქონდეს სულ ორჯერ შეგხვდა და წესიერად არც გისაუბრიათ-მეთქი, ან სულ რომ ჰქონდეს ამაზე საერთოდ რომ მეფიქრებოდა ამის გამო ძალიან ვბრაზობდი.
გოგონები მაშინვე საქანელასა და სასრიალოებს მიცვივდნენ, მე იქვე ახლოს სკამზე ჩამოვჯექი , რამდენიმე წუთში პარკს სხვა ბავშვებიც და მათი მშობლებიც შემოუერთდნენ. გვერდზე მაქსიმალურად ჩავიჩოჩე როცა მივხვდი რომ იმავე სკამზე აპირებდნენ დასხდომას რომელზეც მე ვიჯექი.
-გამარჯობა, აქ პირველად გხედავთ.-ნაძალადევი ღიმილით მომესალმა ორიდან ერთ-ერთი და მაშინვე მაკიაჟის შესწორებას მოჰყვა.
-გამარჯობა. დიახ, პირველად ვარ.
-ახლა გადმოხვედი ჩვენს უბანში?-ახლა მეორე დაინტერესდა და საუბარში ჩაერთო.
-დიახ , დღეს გადმოვედი.
თვალი მათ მოვაშორე და ბავშვებს გავხედე, ლილე ტიროდა ლიტა კი მის დამშვიდებას ცდილობდა, მაშინვე ფეხზე წამოვხტი და მათთან მივირბინე, ჩემ გვერდზე მსხდომი ქალბატონებიც მაშინვე წამოდგნენ და “რა ხდება დედიკოს” ძახილით მიცვივდნენ თავიანთ შვილებს.
-ლილე , რა ხდება დედი?-ცრემლები შევუმშრალე და ხელში ავიყვანე.
-იმ ბავშვის სათამაშო უნდოდა და იმან არ ათხოვა.-ლილეს არც აცადა ისე მიპასუხა ლიტამ და გვერდზე გამახედა.
ქალბატონებმა ბავშვებს ხელი ჩაჰკიდეს და ჩვენკენ დაიძრნენ.
-დიდი ბოდიში რა, სულ ვეუბნები ვისაც უჭირს იმისთვის ნუ დაგენანება -მეთქი მაგრამ ბავშვია და რას ხვდება ეს ვის უჭირს და ვის არა..-ამრეზით დაგვათვალიერა მე და გოგონები და თავისი შვილისთვის გამორთმეული სათამაშო ლილეს გაუწოდა.
-აიღე , ჩვენ ახალს ვიყიდით.
-დიდი მადლობა, მაგრამ ლილეს სახლში აქვს სათამაშოები და იმით ითამაშებს, არ სჭირდება.-ლიტუკამ არც ახლა გვაცადა საუბარი, ლილეს თვალები დაუბრიალა დამეთანხმეო , ისეთი საყვარელი იყო დიდივით მოქცევას რომ ცდილობდა თავი ვერ შევიკავე და ხმით გამეცინა.
-ხო, სახლში ვითამაშებ.-ლილეც ბეჯითად დაეთანხმა თავის დას რომლის ყველა სიტყვისაც სჯერა და მათი განწყობა კიდევ უფრო რომ არ გამეფუჭებინა გადავწყვიტე იმ ადგილს გავრიდებოდით.
ქალბატონებს და მათ შვილებს დავემშვიდობე გოგონებს ხელი ჩავჭიდე და სხვა ადგილისკენ გავემართე.
-ამ ქალს ჩვენი დამცირება უნდოდა!-გადაჭრით მეუბნება ლიტა და ბრაზისგან კოპებს კრავს.
-შეიძლება უნდოდა, შეიძლება არა, ეს ვერ გვეცოდინება ლიტა.
-გვეცოდინება! ჩემს შვილს ბევრი სათამაშო აქვს, თქვენ არ გაქვთო ზუსტად ესე თქვა!
-ჩვენ ხომ ვიცით რომ სათამაშოების რაოდენობა არაფერს ნიშნავს?
-ჩვენ ვიცით მაგრამ იმ ქალმა ნამდვილად არ იცის.-ცხვირი ამიბზუა ლიტამ.
-ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე ვართ პასუხისმგებლები დე , არასწორია ადამიანს ერთი შეცდომის გამო რომ აკრიტიკებ. რადგან არ ეტყობოდა რომ გულრწფელი იყო როცა ლილეს სათამაშოს ჩუქნიდა, არ ნიშნავს რომ არ ყოფილა. ზოგჯერ ადამიანები სწორად ვერ გადმოსცემენ ემოციებს , ეს იმის უფლებას არ გვაძლევს რომ მათ რაღაც იარლიყები მივაკროთ და არც იმის უფლებას გვაძლევს რომ ვეკამათოთ და ცუდი ტონით ვესაუბროთ,ხომ ასეა ლიტა?
-ასეა.-არ ვიცი მართლა გაიაზრა რაც ვუთხარი თუ უბრალოდ დამეთანხმა , თუმცა ვიცი რომ თუ ახლა არა მოგვიანებით მაინც გაიაზრებს ჩემს სიტყვებს როცა დრო გავა , ამიტომ ვცდილობ ყოველთვის ის აზრები მივაწოდო , რომელსაც სწორად მივიჩნევ.

რამდენიმე ადგილას შევჩერდით, ვითამაშეთ , ვისეირნეთ , ბოლომდე დავიღალეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავბრუნდით სახლში.
ვიღაც უცხო ნომრიდან მირეკავდა სახლში მისულს , ვიფიქრე სამსახურიდან არ იყვნენ და რამე ინფორმაცია არ გამომრჩეს-მეთქი , ამიტომ მაშინვე ვუპასუხე.
-ანა სად ხარ?-ჩემი ქმრის ხმა მაშინვე ვიცანი და შიშისგან ლამის გონება დავკარგე, გოგონებს გავეცალე ჩემი ნერვიულობა რომ არ შეემჩნიათ და სააბაზანოში განვმარტოვდი.
-ჩვენ შორის მართლა ყველაფერი დამთავრდა ლაშა, როცა ამას შენც გაიაზრებ გოგონების ნახვის უფლებას მოგცემ, შენთვის შვილების წართმევას არ ვცდილობ, ახლა კი მოეშვი ჩემი ადგილსამყოფელის გარკვევას.
-შენ გგონია ახლა გოგონების გამო გირეკავ? შენი აზრით მათი ნახვის უფლებას მომცემ თუ არა ეს მადარდებს? სახლში დაბრუნდი ანა ! ნუ მაიძულებ მთელი თბილისი შემოვიარო და ისე გიპოვო! ისიც კი ვერ მოახერხე ბიჭები გაგეჩინა , ჩემი გვარის გამგრძელებლები! გგონია შენს მტირალა გოგოებზე ვიფიქრებ? შენნაირ დებილებად რომ ზრდი მხოლოდ მაგიტომ მეცოდებიან.
-შენს სახლში დაბრუნებას არ ვაპირებ, არც ახლა და არც არასდროს! ჩემი გოგონების თმის ერთ ღერადაც არ ღირხარ ლაშა. ნუ მაიძულებ პოლიციაში წავიდე და ციხეში ჩაგალპო, ნუ მაიძულებ თორემ გეფიცები ხელიც არ ამიკანკალდება ისე გავაკეთებ!
ტელეფონი გამითიშა , ვიცნობ და ვიცი რომ იქამდე არ დანებდება სანამ არ მიპოვის და ახლა მხოლოდ იმის იმედი მაქვს რომ ეს უბრალოდ არ გამოუვა..
ამასობაში ათი საათიც მოვიდა და გოგონები დასაწოლად გავამზადე.
-დედა დღესაც კარავში დავიძინოთ, გთხოვ! -პატარა თითები კისერზე დაიკიდა ლილემ და რა თქმა უნდა, მის ლეკვის სახეს ვერ გავუძელი და დავთანხმდი. დაძინებამდე გვერდზე მივუწექი , ხელები ჩემს თმებში გაბლანდეს , ბავშვობიდან ასე მშვიდდებიან , მეც დრო აღარ გავწელე და დავიწყე..
-ჯადოსნურ სამყაროში სადაც ყველაფერი სიკეთითა და სიყვარულითაა სავსე, მთავარ ადგილს სამი პრინცესა იკავებს . მათი ძალა იმაში მდგომარეობს რომ ისინი არასდროს განსჯიან სხვა ადამიანებს, არასდროს აყენებენ სხვას შეურაცხყოფას და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას არასდროს ცდილობენ სხვისი დაკნინებით. ადამიანები ზოგჯერ ისეთ რაღაცებს ამბობენ რაც მათ როგორც წესი არ უნდა სიამოვნებდეთ მაგრამ პრინცესებს ეს გულთან ახლოს არ მიაქვთ ,რადგან მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობს სხვა როცა საკუთარი თავის გჯერა. პრინცესობის საიდუმლოც ხომ სწორედ ეს არის? თუ პრინცესამ იცის რომ ის ლამაზია, მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის სხვა , მისი აზრი მაინც არ შეიცვლება. თუ მთელ თავის დროს ვიღაცებთან იმის მტკიცებაში დახარჯავს რომ ის ლამაზია, სხვა რაღაცების კეთებისთვის ვეღარ მოიცლის და მისი ნაშენები ჯადოსნური სამყაროც ჩამოშლას დაიწყებს.
-კი მაგრამ, პრინცესა თავისი სიმართლის დამტკიცებას არ უნდა ეცადოს? მუდმივად თავი უნდა უხაროს მათ რაც არ უნდა უთხრან?-ზღაპარი ლიტამ გამაწყვეტინა.
-პრინცესა თავს არასდროს ხრის ლიტა, ის ყოველთვის მაღლა იყურება ,წელში გამართული დააბიჯებს თავის ულამაზეს ეზოში და ყოველთვის დარწმუნებულია ყველა ნაბიჯში რომელსაც დგამს. თავის დახრა მაშინ მოუწევს ,როცა პატარა ადამიანებისთვის პასუხის გაცემას მოინდომებს.

ყოველთვის ვცდილობ ზღაპარი იმის მიხედვით წავიყვანო, რაც იმ დღეს გადაგვხდება თავს, ასე მათთვისაც უფრო საინტერესო ხდება და ჩემთვისაც უფრო მარტივია სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე ყურადღების გამახვილება, დღეს განსაკუთრებით არ მოინდომეს დაძინება და მეც თითქმის ერთი საათი ვუყვებოდი პრინცესებზე. ძლივს რომ დახუჭეს ოკეანისფერი თვალები და ძილის მორევში გადაეშვნენ, შუბლზე ნაზად ვაკოცე და სამზარეულოს მივაშურე კუთვნილი ყავის თერაპიის ჩასატარებლად.
დედაჩემის დაუსრულებელ ზარებს უკვე ვეღარ ვუძლებდი და რადგან ჩემს ქმართან ლაპარაკი შევძელი, გადავწყვიტე მისთვისაც ბოლოსდაბოლოს მეპასუხა რომ იქნებ საბოლოოდ მომეშორებინა მისი ზარები.
-გისმენ დედა.
-ანა, სად ხარ შვილო? სრულ ჭკუაზე ხარ? ორი დღეა გაუჩერებლად მირეკავს შენი დედამთილი და უკვე აღარ ვიცი რა პასუხი გავცე.. წაიყვანა ბავშვები და წავიდა ვერ ვუკავშირდებითო. ნორმალური ხარ ანა? ან მაგ ბავშვებს რას ტანჯავ, ან შენს თავს რას იტანჯავ? ან ის ხალხი რას გააგიჟე და გამოიყვანე წყობილებიდაჯ? დაბრუნდი სახლში და ნორმალურად იცხოვრე , სისულელეების კეთებას მოეშვი.
-ნორმალურად ვიცხოვრო?-ხმით გამეცინა დედაჩემის სიტყვებზე.-შენთვის ის გარემო რომელშიც მე ვცხოვრობდი ნორმალურია დედა? იქ დაბრუნებისკენ მომიწოდებ? შენ ხომ არ შემიწუხებიხარ, შენთან ხომ არ მოვსულვარ? ხოდა მოდი თავი დამანებე და იმაში ახლა ნუ ჩაერევი რაში ჩარევაზეც წლების წინ თავად თქვი უარი.
-ანა, ყველა ოჯახშია ჩხუბი და კამათი შვილო, ამას გიმტკიცებ მას შემდეგ რაც გათხოვდი. რატომ არ გესმის და რატომ არ გჯერა ჩემი? სხვანაირად როგორ აგიხსნა?
-დედა შეწყვიტე! გარეთ 40 გრადუსია და შარვლით და გრძელმკლავიანი მაისურით დავდივარ ! ასე ვცდილობ ჩემი სისხლჩაქცევების დამალვას! მტკივა , მაგრამ ტკივილზე მეტად მრცხვენია იმის რაც მჭირს! მრცხვენია რომ სხვა ადამიანები ამას დაინახავენ და მე დამადანაშაულებენ რადგან როგორც შენ ამბობდი კაცი თუ ქალზე ხელს წევს ეს ქალის ბრალია , როგორც შენ ამბობდი თუ ქმარი ცოლს სცენს ესეიგი ცოლი რაღაცას არასწორად აკეთებს.. რამდენ ხანს მჯეროდა ამის! რამდენ ხანს ვცდილობდი გამეგო რას ვაკეთებდი არასწორად , რით ვიმსახურებდი ყოველ ღამე წიხლებით შედგომას..-თვალებიდან ცრემლები წვიმებივით გადმომცვივდნენ და საუბრის გაგრძელება ძლივს მოვახერხე.
-აქ დარეკვაზე აღარც კი იფიქრო დედა და მითუმეტეს იმის სათქმელად რომ იმ მოძალადესთან დავბრუნდე! შეგიძლია იფიქრო რომ მოვკვდი და შეგიძლია კუბოს გარეშე დამიტირო დედა, რადგან მე მართლა მოვკვდი , სულ ახლახანს, გუშინ წინ მოვკდი როცა სახლიდან ჩემს შვილებთან ერთად გამოვიქეცი და შენთან მოსვლაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო.
-ანა, სისულელეების ლაპარაკს მოეშვი, შენს შვილებს მარტო ვერ გაზრდი , მამა სჭირდებათ, ფინანსები სჭირდებათ, დაბრუნდი სანამ გაპატიებს, თავს ნუ დაიღუპავ.
ტელეფონი გავუთიშე და ცრემლები მაისურის საყელოთი შევიმშრალე. რას ველოდი? საერთოდ არ უნდა მეპასუხა! ის არასდროს შეიცვლება, არასდროს ექნება სხვა აზრი ამ საკითხზე მე კი ტყუილად გავიფუჭე ხასიათი.
ყავა მოვსვი და შევეცადე მაქსიმალურად დამემშვიდებინა ჩემი თავი რომ მეორე დღეს სამსახურში სტრესისგან თვალებ დასიებული არ მივსულიყავი.
დიდხანს ვიჯექი ფანჯარასთან ატუზული ჭიქით ხელში, რამდენჯერმე გამახსენდა მანქანიდან წამოყოლილი სურნელი და შემდეგ ამ სურნელის ავტორი. გამახსენდა ის გაჟრჟოლება მისი ხელის შეხებისას რომ ვიგრძენი და შიგნით მუცელში რაღაცამ მძიმედ დამიწყო ჩხვლეტა. ნეტა ის თუ ფიქრობს ჩემზე? რა სისულელეა.. რატომ უნდა იფიქროს ან რა უნდა იფიქროს.
საკუთარ თავთან კამათისგან რომ თავი დამეღწია დასაძინებლად გავემართე , ლოგინში დაწოლაზე იმ ღამით მეც უარი განვაცხადე და გოგონებს ციმციმა ნათურებით სავსე კარავში შევუწექი.

სამსახურში წავედი , ბავშვებთან ირინა დავტოვე. ბოლოს რომ მოვიხედე და დავინახე სამივე ბედნიერი , ღიმილიანი სახით როგორ მაცილებდა გადავწყვიტე რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანახაობა იყო რაც კი აქამდე მინახავს და დადებითი ენერგიებით გავუდექი გზას.
ჩემი საქმე მალევე ავითვისე, პატარა კაფეში მიმტანად უნდა მემუშავა რაც საბედნიეროდ არ გამჭირვებია. ჩემთვის გულში ვფიქრობდი ადამიანი ორ ბავშვს რომ გაზრდის მას ყველაფერი გამოუვა -მეთქი.
6საათისთვის როცა ჩემი სმენა დამთავრდა ფეხებში ოდნავ ვიგრძენი დაღლა , თუმცა უფრო მეტად ბავშვებთან ჩახუტებაზე ვფიქრობდი ვიდრე დაღლილობაზე ამიტომ უცებ გამოვიცვალე, თანამშრომლებს დავემშვიდობე და კარისკენ დავიძარი, თითქმის გასული ვიყავი ჩემი უფროსის ხმა რომ გავიგე.
-ანა! ერთი წუთით.
დაუფიქრებლად მივბრუნდი მასთან , ვიფიქრე რაღაც არასწორად გავაკეთე და შენიშვნის მოცემას აპირებს-მეთქი ამიტომ კანკალმა ამიტანა.
-შენი საქმე იდეალურად შეასრულე და მადლობა მინდოდა მეთქვა.-ხელი მხარზე მომისვა და თბილად გამიღიმა.
-მადლობა თქვენ, აქ მართლა საოცარი გარემოა.-ასევე თბილად დავემშვიდობე და სახლისკენ გზას დავადექი.

სახლამდე ძლივს მივაღწიე , ეზოში შესულმა ჩემს შვილთან მოთამაშე ტიტეს რომ შევავლე თვალი გული ისე ამიჩქარდა მეგონა გარშემო ყველა გაიგებდა, თუმცა მის დაწყნარებას მაინც ვერ ვახერხებდი.
-ლიტა!-დავუძახე როგორც შემეძლო ხმამაღლა ,ისიც მაშინვე ჩემკენ გამოიქცა და ფეხებზე მთელი ძალით შემომეხვია.
-დედა ეს ტიტეა, ჩვენი მეზობელი.-ახლა ისევ მასთან გაიქცა და მეც თან გამიყოლა.
-გამარჯობა ანა.-ტუჩის კუთხე ჩატეხა ჩემი დანახვისას და თვალები აუთამაშდა.
-გამარჯობა.-მივესალმე და ისევ ლიტას მივუბრუნდი.
-შენ გარეთ რატომ ხარ? ირინა და ლილე სად არიან?
-სახლში არიან, მე მოვიწყინე და ირინამ გამომიშვა, თუ ტიტესთან იქნები და სხვაგან არ წახვალ გადიო, გეფიცები მართლა თვითონ გამომიშვა.
-ნუ გეშინია ანა, არც შენს შვილს შევჭამ და არც შენ, მეგონა ეს უკვე გავიარეთ.-ისევ ისეთი ხმით ჩაიცინა ჩემს შფოთვაზე როგორც წინა დღეს როცა მანქანაში ჩაჯდომაზე უარი ვუთხარი და ლიტას ალუბლისფერ ლოყებზე გრძელი თითებით მიეფერა.
-ვწუხვარ, თუ შეგაწუხათ.-მასთან საუბარი ზედმეტად მაბნევდა ამიტომ ვეცადე რამდემიმე სიტყვაში მომეშორებინა და თავი მაქსიმალურად ამერიდებინა.
-დედა არ შემიწუხებია!-საუბარში ლიტა ჩაერთო და გაბრაზებულმა ისევ დოინჯი შემოირტყა.
-ხო, არ შევუწუხებივარ , პირიქით ძალიან გავერთეთ.-ლიტას თვალი ჩაუკრა, მე ყველა კბილით ერთად გამიცინა და სახლისკენ დაიძრა.
-მადლობა.-გავუღიმე და მეც ჩემი სახლისკენ გავემართე, ლიტაც თან წავაკონწიალე , აშკარა იყო რომ მას ტიტესთან გაკიდების იდეა უფრო ხიბლავდა.
-ხვალ ისევ გამოვაალ.-მიაძახა როგორც შეეძლო ხმამაღლა და ნაბიჯის აჩქარებას შეეცადა რომ დამწეოდა.

ბავშვები მოვისიყვარულე, საჭმელი გავუმზადე და ირინასთან ერთად განვმარტოვდი.
-ძალიან , ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის! არც კი ვიცი როგორ ვინერვიულებდი მათთან რომ არ დარჩენილიყავით.
-მადლობებს ნუ მიხდი, ისეთი საოცარი ბავშვები გყავს 24 საათიც დაუღლელად დავრჩებოდი მათთან, თანაც არაფრის კეთებით უკვე ძალიან დავიღალე.
ყავა დავლიეთ , ჩემს სამსახურზე მოვუყევი , თვითონ გოგოებზე მიყვებოდა და მათ საქციელებზე ბევრი ვიხალისეთ.

-ტიტე გაგიცნია.-რაღაცნაირი ღიმილით ამომხედა და ჩემს პასუხს დაელოდა.
-ხო, სულ ორჯერ შევხვდით, დღეს მესამედ.
-შენზე მკითხა, ლიტა რომ გავიყვანე.
-ჩემზე რა გკითხათ?-ტანში მაშინვე ჟრუანტელმა დამიარა.
-ლიტა რომ გავაცანი და რომ ვუთხარი ანას შვილია-მეთქი ჯერ გაჩუმდა, მერე მკითხა როდის გადმოვიდა, რამდენი წლის არის და ქმარი თუ ყავსო.-ისევ ისე უცნაურად იღიმოდა ირინა , მე კი დაბნეულობისგან ფერი სულ დავკარგე.
-ეს რაში აინტერესებს? სულ ორჯერ შევხვდით, დღეს მესამედ და ჯამში 10 წუთიც კი არ გვისაუბრია.
-არ ვიცი რაში აინტერესებს , მაგრამ ფაქტია რომ დააინტერესა.
ჩემი და ტიტეს გაცნობის ისტორიით მოხიბლული ირინა კიდევ დიდხანს მესაუბრებოდა ამ თემაზე, მე კი ლოყები ისე მიხურდა სირცხვილისგან რომ ვგრძნობდი შუქნიშნისფრად როგორ ვანათებდი.. ის კი სულ უფრო და უფრო იცინოდა ჩემს დაბნეულობაზე . ბოლოს უკვე რომ შემოგვიღამდა დაგტოვებ, დაისვენე და ხვალ გავაგრძელოთო, თბილად მომეხვია და სახლისკენ დაიძრა.
ფიქრებისგან ტვინი მქონდა არეული, თუ ვინმე ფიქრობს რომ ადამიანს ერთდროულად ას რაღაცაზე ფიქრი არ შეუძლია, მინდა ვუთხრა რომ სასტიკად სცდება. ერთი ფიქრიდან მეორე ფიქრზე კი არ გადავდივარ, ყველაზე ერთად ვფიქრობ და ეს ჭკუიდან მშლის, მაგიჟებს..
როგორ შეიძლება ფიქრობდე ყოფილ ქმარზე, დედაზე, დედამთილზე , შვილებზე და მეზობელ მამაკაცზე ერთდროულად? როგორ შეიძლება ყველაფერმა რასაც შეეხები ან რასაც დაინახავ მისი სურნელი გაგახსენოს?
ესღა მაკლდა.. გავიფიქრებ ხოლმე პერიოდულად და საკუთარ თავს ვებრძვი რომ ეს კოშმარი ტვინიდან ამოვიგდო, მაგრამ რაც უფრო ვიბრძვი იმისკენ რომ მასზე აღარ ვიფიქრო, მით უფრო მეტად მითრევს და ბოლოს ამ მორევში ერთიანად , მთელი არსებით ვიძირები..
რაში აინტერესებდა ქმარი მყავს თუ არა? ჩემზე რატომ იკითხა?
რამდენი კითხვაა და პასუხი ისევ არაფერზე მაქვს! ვოცნებობ რომ ჭკუიდან არ შევიშალო..

დილის შვიდ საათზე გარედან შემოსულმა ხმაურმა გამაღვიძა, სიტყვებს კარგად ვერ ვარჩევდი თუმცა ჩემი სახლის მეპატრონის ხმა მაშინვე ამოვიცანი და რომ მივხვდი ვიღაცასთან კამათობდა ვერ მოვითმინე , მაშინვე ხალათი შემოვიცვი და გარეთ გავვარდი.
ვინ იფიქრებდა? ყველა ხმაურის გაგონებაზე პირველი ვიყავი ვინც იმალებოდა , სადღაც ძვრებოდა რომ აღარასდროს გამოჩენილიყო. ახლა კი ჩემი ფეხით მივდივარ გარეთ და ერთი წამითაც კი ვერ ვგრძნობ შიშს.
გარეთ გასულმა დავინახე ირინა ვიღაც თავისი ასაკის კაცთან რაღაცას რომ არჩევდა და მაშინვე მათთან მივირბინე.
-ანა , მაპატიე, გაგაღვიძე?-მაშინვე ჩემზე გადმოერთო , ხელები შემომხვია და თავზე რბილად მაკოცა.
-რას ამბობთ , ხომ მშვიდობაა?-თვალებში მკაცრად ჩავაცივდი ტყუილი რომ არ ეთქვა.
-კი მშვიდობაა. ვიღაცას სახლის გზა აერია, თუმცა მგონი უკვე კარგად ავუხსენი, ახლა წავა და მე თავს დამანებებს.-ზიზღით აათვალიერა მის წინ აღმართული სასმლის სუნით გაჟღენთილი მამაკაცი , ხელი ხელში გამიყარა და ზურგი აქცია. იმ მომენტში ისეთი მკაცრი და დამაჯერებელი ჩანდა , ვიფიქრე ალბათ მართლა ვიღაც უცხოა და მთვრალზე ტყუილად აუშარდა-მეთქი. როგორც კი ჭაღარაშეპარულ მამაკაცს მოვშორდით თვალები ცრემლებით აევსო და სხეული უცნაურად აუკანკალდა, შევატყე როგორ ცდილობდა ცრემლების შეკავებას, თუმცა ბოლოს ვეღარ მოითმინა და პატარა ბავშვივით ხმით აქვითინდა. ტირილის პარალელურად გაუჩერებლად ბოდიშებს მიხდიდა , შენი არ გეყოფა ახლა ჩემს ცრემლებს გაყურებინებო..
-რას ამბობთ, პირიქით ჯობს იტიროთ და ბოლომდე დაიცალოთ , ტირილი სტრესს ამცირებს , ასე უფრო შეძლებთ დამშვიდებას.-ზედმეტი კითხვების გარეშე უბრალოდ მოვეხვიე,გვერდზე მივუჯექი და საშუალება მივეცი გული მოეთქვა.
-ჩემი ყოფილი ქმარი იყო, რომ გიყვებოდი.. ათასში ერთხელ დათვრება და მერე დილაუთენია ჩემს სახლთან მოდის, მოდის და სიყვარულს მიხსნის, მეუბნება რომ შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომამ ისიც ისევე დატანჯა , როგორც მე.. მეუბნება რომ ერთმანეთისთვის გავჩნდით და ერთად უნდა ვიყოთ..თავიდან ვერ გიგდებო მეფიცება, ჩემი ცოლი არ მიყვარს, სულ შენზე ვფიქრობო მიმტკიცებს..
-არ მგონია მის შეცდომას ისიც ისევე დაეტანჯა როგორც თქვენ.. მარტო დაგტოვათ, თავად კი ახლადმოყვანილ ცოლს აორსულებდა, როგორ შეიძლება ეს ერთიდაიგივე იყოს.
-ზუსტად მაგ ფიქრების გამო ვაბრუნებ ყველა მოსვლაზე ჩხუბით და კამათით უკან.. ზუსტად მაგის გამო. ღმერთო , რა რთულია ყველა ჯერზე როცა მეუბნება რომ ვუყვარვარ ვუპასუხო რომ სახლში უნდა დაბრუნდეს სადაც ცოლი და შვილები ელოდებიან..
-ისევ გიყვართ?-ავტომატურად ვეკითხები კითხვას რომელზე პასუხი ისედაც ვიცი, მის სევდიან თვალებში ვკითხულობ.
-აღარც კი მახსოვს როდის არ მიყვარდა ანა.. აღარც კი მახსოვს! ადამიანი ერთხელ თუ შეგიყვარდა , თუ ნამდვილად , მთელი გულით შეგიყვარდა მერე უკვე აღარაფერს აქვს მნიშვნელობა. მერე უკვე მკვდარიც გიყვარს, ავადმყოფიც, სხვისი ქმარი რომ გახდეს, მაინც გიყვარს.. ასეთი საშინელი დაავადებაა სიყვარული ანა! ამის გამო დავინგრიე ცხოვრება, წლები გავლიე მის ნატვრაში, წლები გავლიე იმის წარმოდგენაში მე რომ ვყოფილიყავი ის ცოლი, რომელიც შვილებს გაუჩენდა.. მე რომ ვყოფილიყავი ის ქალი, რომელიც ყველაფერს მისცემდა რაც ბედნიერებისთვის სჭირდებოდა.. მე რომ შემძლებოდა, მე რომ უკეთ გამოვდგომოდი ახლა ხომ ისევ ერთად ვიქნებოდით.
-მისი სისუსტე თქვენი ბრალი არ არის.-საუბარი გავაწყვეტინე და აღელვებისგან ხმაც კი ამიკანკალდა.-მას რომ არ შეძლებოდა შვილების გაჩენა დარწმუნებული ვარ რომ არასდროს მიატოვებდით! სხვა კაცში არ გაცვლიდით და მარტოს ყველაფრის ამარა არ დატოვებდით! ამ ოთხ დღეში საკმარისად გაგიცანით იმისთვის რომ ამაში დარწმუნებული ვიყო.
-რა თქმა უნდა, არ მივატოვებდი.. მართალი ხარ, ის სუსტი აღმოჩნდა, ჩემს გვერდით დარჩენას სიძლიერე სჭირდებოდა რომელიც მას არ აღმოაჩნდა, ღალატი და სხვისი ცოლად მოყვანა მარტივი საქმეა, სიყვარულისთვის ბრძოლაა რთული. ადამიანები ცხოვრობენ ერთად შვილების გარეშეც..-თვალებში კვლავ ცრემლები უდგება და ხმაც კიდევ უფრო უკანკალებს ვიდრე აქამდე.
-წადი , შენი გოგონები გაიღვიძებდნენ.. ჩემზე არ ინერვიულო, კარგად ვარ, კარგად ვიქნები.-არადამაჯერებლად მიღიმის და კარისკენ მაცილებს.
-შემომძახე სანამ წახვალ, კიდევ კარგი შენ და ეს ბავშვები მაინც მყავხართ , ამ დილას ვინ იცის როდის გადავიტანდი სხვანაირად.
ირინას ძლიერად ვეხუტები და სახლში დათრგუნული ვბრუნდები, ბავშვებს ჯერ კიდევ სძინავთ ამიტომ საშუალება მაქვს მშვიდად მოვამზადო ყველაფერი სამსახურში წასვლამდე.
საქმეს შევუდექი თუმცა ფიქრებით კვლავ ჩემი სახლის მეპატრონესთან ვიყავი. რა რთულია ქალის ცხოვრება.. და მითუმეტეს შეყვარებული ქალის. არასდროს იცი რა მოგელის და ხშირ შემთხვევაში კარგი არაფერი. ჩემი ქმარი იყო და ჩემზე ყველანაირად ძალადობდა როგორც შეეძლო, ირინას ქმარმა კი მასზე მთელი თავისი არსებით შეყვარებული ქალი იმის გამო მიატოვა რომ შვილებს ვერ უჩენდა.. ვინ იცის კიდევ რამდენი უბედურება მოაქვთ ქმრებს ცოლებისთვის! მერე ჩვენ ვდგებით და საკუთარი თავის დადანაშაულებას ვიწყებთ მათი საქციელების გასამართლებლად. მეც ხომ ვფიქრობდი, მეც ხომ მჯეროდა რომ ჩემი ბრალი იყო მისი ყველა ხელის მოქნევა.. იქნებ ჩემს ხმაშია პრობლემა-მეთქი , იქნებ ჩემს გარეგნობაში ან საქციელებში-მეთქი, რას აღარ ვფიქრობდი.. სარკესთან საათობით ვიდექი რომ საკუთარი ნაკლები აღმომეჩინა.
ფიქრებიდან შეტყობინების ხმამ გამომარკვია , ტელეფონი მოვიმარჯვე და კითხვას შევუდექი..ლაშა იყო , 8წლიანი ურთიერთობის შემდეგ მისგან პირველად მივიღე შეტყობინება და გაოცებისგან ყბაც კი ჩამომივარდა.
-‘’ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ არასწორად ვიქცეოდი ანა, შენც და ჩვენს შვილებსაც სათანადოდ ვერ გაფასებდით , გპირდები ყველაფერი შეიცვლება თუ ერთ შანსს მომცემ და ჩემთან დაბრუნდები, ცხოვრებას ახლიდან დავიწყებთ, უბრალოდ ერთი შანსი მომეცი გთხოვ, ჩვენი შვილების და იმ წლების ხათრით რაც ერთად გამოვიარეთ.’’
წავიკითხე თუ არა მაშინვე ცივმა ოფლმა დამასხა , ტელეფონი სადღაც მოვისროლე და სკამზე ჩამოვჯექი გონზე მოსასვლელად. მსგავსი სიტყვები ლაშასგან აქამდე ბევრჯერ მინატრია, თუმცა არასდროს მომისმენია.. ნუთუ როცა გაიაზრა რომ მართლა გავქრი მისი ცხოვრებიდან გადაწყვიტა შეცვლილიყო? ნუთუ მართლა ნანობს თავის საქციელებს და ყველაფრის გამოსწორება სურს?

უკვე ბოლო საათი იყო დარჩენილი ჩემი სამსახურის დასრულებამდე, იმ შეტყობინების წაკითხვის შემდეგ კი ერთი წუთიც არ გასულა ისე, რომ მის შინაარსზე არ მეფიქრა.
პასუხი , რა თქმა უნდა, არ გამიცია და არც ვაპირებდი , თუმცა კითხვებს რომლებიც წაკითხვისას გამიჩნდა თავიდან ვერ ვიგდებდი.
სახლში დაბრუნებულს ირინამ შემატყო რაღაც რომ რიგზე არ მქონდა და როგორც კი მარტო დამიგულა მაშინვე მომაყარა კითხვების კორიანტელი.
-ტიტეზე ფიქრობ? დღესაც შეგხვდა? რაო რა გითხრა?-ეშმაკური თვალებით და ასეთივე ღიმილით მაკვირდებოდა და მის ამ საქციელზე გულიანად გამეცინა.
-არა, ტიტე არ მინახავს და არც მასზე ვფიქრობ.-ვუპასუხე სიცილით და შევატყე მაშინვე როგორ მოეღუშა სახე.
-ხო, დღეს მეც არ დამინახავს, მგონი შენამდე წავიდა სამსახურში , მანქანაც არ აყენია.
-სად მუშაობს?-ინსტიქტურად ვიკითხე , ჩემი კითხვის თავადვე შემრცხვა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
-პოლიციელია.
-პოლიციელი?-ერთიანად შევხტი.
გამახსენდა ერთ საუბარშიც რომ არ გამორჩენია ლაშას იმის ხსენება თუ როგორ ვერ იტანდა პოლიციელებს. დიდად არავინ უყვარდა, მაგრამ ისინი ყოველთვის განსაკუთრებულად ეზიზღებოდა. ჩემგანაც სულ იმის მოსმენა უნდოდა რომ მის აზრზე ვიყავი ამიტომ ვინ იცის რამდენჯერ გამიმეორებია მისი სიტყვები რომ “ყველა პოლიციელი ძაღლია” და უბედურების მეტი არაფერი მოაქვთ.. როგორც ჩემმა დედამთილმა მომიყვა, მისი ბავშვობის მეგობარი პოლიციელის ტყვიას ემსხვერპლა მაშინ როცა ერთ-ერთი დანაშაულისას წაასწრო, თავის დაცვას ცდილობდა ის უბედური, იქნებ სულ არ უნდოდა მოეკლაო ესეც მოაყოლა, მაგრამ ჩვენს სახლში მის საქციელს ბოლომდე მაინც არავინ ამართლებდა. სულ რომ მთელი ცხოვრების ციხეში გატარება მომიწიოს, მაინც ვიპოვი და ყელს ჩემი ხელით გამოვჭრი იმ ნაბი*ვარსო მუდმივად იმუქრებოდა ლაშა და ამ თემაზე საუბრისას ვამჩნევდი როგორ ეცვლებოდა სახის ყველა გამომეტყველება, თვალები ბრაზისგან სულ წითლად ეღებებოდა..
-ხო პოლიციელია, რამე მოხდა?-საკუთარ მოგონებებში ჩაძირულს აღარც კი მახსოვდა ირინას რომ ველაპარაკებოდი და მისი ხმის გაგებისას მალევე მოვედი გონს.
-არა, არაფერი.-შერჩენილი სიმშვიდით გავუღიმე და მასთან საუბარი განვაგრძე.

საღამოს 10 საათზე უკვე ისეთი დაღლილი ვიყავი რომ ფეხზე დგომაც აღარ შემეძლო, ბავშვები დავაწვინე და ჩვეულებისამებრ მეც გვერდზე მივუწექი.
-დე ხვალაც უნდა წახვიდე?-წყენით შემომჩივლა ლილემ.
-სულ რამდენიმე საათით დედი, მალევე მოვალ და ბევრს ჩაგეხუტებით.-ცხვირზე ნაზად ვაკოცე და გულზე მივიკარი.
-დღეს ტიტე არ გამოსულა, მთელი დღე ვიყურებოდი ფანჯრიდან და ერთხელაც არ დამინახავს.-ახლა ლიტე მოჰყვა ზუზუნს.
-ლიტუკა, იმ ადამიანს თავისი საქმეები აქვს, ყოველთვის შეიძლება ვერ მოიცალოს შენთან სათამაშოდ.
-ვიცი, ისე გეუბნები..

ზღაპრის მოყოლა დავიწყე და არც კი მახსოვს როდის ჩამეძინა. მაღვიძარის ხმა რომ გავიგე დაფეთებული წამოვხტი და მაშინვე გავთიშე ბავშვებისთვის ძილი რომ არ დამეფრთხო.
ყავა მოვიმზადე და ფანჯარასთან ავიტუზე დილის სასიამოვნო სუსხთან ერთად.
-ანა!-ფანჯრის იქიდან ტიტეს ხმას რომ მოვკარი ყური ისე დავიძაბე მეგონა მოძრაობას საერთოდ ვეღარ შევძლებდი.
-გამარჯობა.-მივესალმე და ისედაც ღია ფანჯარა კიდევ უფრო, მაქსიმალურად გამოვაღე.
-გუშინ მთელი დღე საქმეებზე ვიყავი, ლიტას დავპირდი შეგხვდები-მეთქი მაგრამ ვეღარ მოვახერხე და მინდოდა გამომესწორებინა.
დავინახე რაღაცის მოწოდებას რომ ცდილობდა და აღარ ვაწვალე, კარის გასაღებად დავიძარი იქიდან გამოგართმევ-მეთქი.
კარი გავაღე თუ არა მაშინვე ჟრუანტელმა დამიარა, ისე უხდებოდა შავი ფორმა თითქოს მის სატარებლად მოევლინა სამყაროს. მოტკეცილ საროჩკაში მარტივად შევამჩნიე მისი კუნთები და ტუჩზე მაგრად ვიკბინე გონზე რომ მოვსულიყავი და ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა.
-ჩემი საყვარელი ფერი ვარდისფერიაო მითხრა და ეს ავურჩიე, იმედი მაქვს მოეწონება..
საუბარი დამთავრებული არ ჰქონდა არსაიდან საღამურში გამოწყობილი, თმა აბურდული ლიტუკა რომ გამოგვეცხადა.
-ტიტეე! -ხმამაღლა შეჰკივლა და ისე გაემართა ჩასახუტებლად თითქოს ერთადერთი ადამიანი ყოფილიყოს მის ცხოვრებაში.
რადგან ადრესატი გამოჩნდა, საჩუქარიც პირდაპირ მას გადასცა, ლიტამ სახლში შემოიპატიჟა ,მისაღებში მოვთავსდით და გახსნას ყველანი ერთად შევუდექით, რა თქმა უნდა, არც ლილე დავიწყებია.
მისი ყურადღება იმაზე მეტად სასიამოვნო იყო, ვიდრე შეიძლება რომ ადამიანმა წარმოიდგინო. არ დაავიწყებია ბავშვი რომელსაც თამაშს დაპირდა და პირობა ვერ შეასრულა, ამის გამოსასწორებლად კი ულამაზესი პრინცესული კაბებით მოგვადგა.
-ძალიან დიდი მადლობა მაგრამ მართლა არ იყო საჭირო, გთხოვ სხვა დროს აღარ დაიხარჯო.
-სხვა დროს ბრჭყვიალა კაბებს შენთვისაც წამივიღებ.-ხმით გამიცინა, ცხვირზე ბავშვივით მიჩქმიტა და ისე გავიდა, ჩემს პასუხს აღარც დალოდებია.
ჩვენს ოთახებში კიდევ დიდხანს დარჩა მისი სურნელი..

-დე, შეგიძლია დღეს მთელი დღე ეს გვეცვას?-უკვე მეათასედ დაბზრიალდა ლიტა ჩემი სამსახურში გაცილებისას , ასეთი ბედნიერი აქამდე არასდროს მინახავს.
-რა თქმა უნდა დე, შეგიძლია იმდენ ხანს გეცვას რამდენ ხანსაც გენდომება.
-გავუფრთხილდები, გპირდები!
-ეჭვიც არ მეპარება.-წასვლამდე ბოლოჯერ მოვეხვიე გოგონებს.
-იცოდე ამ კაბებზე რომ მოხვალ მერე კარგად მომიყვები.-წარბები აათამაშა ირინამ და სიცილით მიიხურა კარები.

მუშაობა ჩემმა თანამშრომელმა გამაწყვეტინა, ბეჯითად მაწვდიდა ტელეფონს ვიღაც გაუჩერებლად გირეკავს უპასუხე და მე გავაგრძელებ შენს საქმესო. მომერიდა არ მინდოდა ეფიქრათ რომ რაღაცას ვმალავდი და ამიტომ არ ვპასუხობდი ტელეფონს, მადლობა გადავუხადე და ზარს ვუპასუხე.
-ჩემი შეტყობინება არ მიგიღია?-ამჯერად ყვირილის გარეშე დაიწყო საუბარი ლაშამ.
-მივიღე.
-მერე? რატომ არ მიპასუხე?
-რა უნდა მეპასუხა?
-ანა, თქვენ გარეშე სახლი ისეთი ცარიელია, მხოლოდ ახლა მივხვდი როგორ მჭირდებით. შვილებს ნუ წამართმევ გთხოვ, ოჯახს ნუ დამაკარგვინებ.
-მე არავის გართმევ ლაშა! გოგონების ნახვის უფლებას მოგცემ-მეთქი რომ გითხარი არ მჭირდებიანო მიპასუხე! ახლა რა შეიცვალა?
-გაბრაზებული ვიყავი ანა და არ ვიცოდი რას ვამბობდი, ერთ შანსს გთხოვ სხვა მართლა არაფერი მინდა.
-უნდა გავთიშო, არ მცალია.
-დამპირდი რომ ჩემს სიტყვებზე იფიქრებ.

ლაშას გავუთიშე და ჩემს საქმეს დავუბრუნდი.
ნეტავ რამდენი რამის გაძლება შეუძლია ადამიანს? ან რამდენ ხანს შეუძლია ყველაფერს გაუძლოს? ესეც გაივლის-მეთქი თავს ვიმშვიდებ , სხვა ტკივილებმაც ხომ გაიარეს თითქოს.. ტკივილებმა გაიარეს, მაგრამ ის ჭრილობები რაც მათ დამიტოვეს ვერა და ვერ მოვიშუშე. ეს სიმძიმე რაც მხრებზე მაწევს მგონია რომ ერთ დღეს ბოლოს მომიღებს და სრულიად გამანადგურებს, მგონია რომ ერთ დღეს ამ ტვირთის ზიდვას უბრალოდ ვეღარ შევძლებ და მასთან ერთად მიწაში გავუჩინარდები.. იქნებ ასეც სჯობდეს? იქნებ სიკვდილი ჩემი ერთადერთი შანსია სიმშვიდის მოსაპოვებლად, იქნებ სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის.
ისევ დამიბრუნდნენ კითხვები ლაშაზე და რა თქმა უნდა, როგორც წინა დღით ახლაც ვერაფრით ვცემ პასუხებს..
არ მინდა ჩემი შიშების გამო გოგონებს მამა დავაკარგვინო. იქნებ მართლა უნდა მივცე შანსი? თუ ის გამოსწორდება ჩემი შვილებისთვის , რა თქმა უნდა მასთან ცხოვრება ბევრად უფრო ხელსაყრელი იქნება. მის მიმართ გრძნობები არ მაქვს და არც არასდროს მქონია მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს.. ყველა სიყვარულისთვის სულ არ იბადება, როცა შვილები გყავს მხოლოდ მათზე უნდა იფიქრო! მოულოდნელად გონებაში ლაშას დილის სტუმრობა მიტივტივდება. მისი სხეულის სიმხურვალე, მისი სიცილი, მისი სურნელი, მისი მზისგან შეღებილი კისერი.. “საკმარისია ანა! საკმარისია!”-ვუმეორებ საკუთარ თავს დაუსრულებლად და სახლში წასვლის დროც მოდის.

ეზოშივე მეგებებიან პრინცესულ კაბაში გამოწყობილი ლიტა და ლილე, ქათინაურებით ვავსებ და ვამჩნევ როგორ უწითლდებათ ლოყები ყველა კომპლიმენტზე სათითაოდ.
-დე, გარეთ გავისეირნოთ რა!
ფეხები დაღლილობისგან მიკანკალებს , მაგრამ გოგონებს უარს მაინც ვერ ვეუბნები და გარეთ გავდივართ.
-ირინა ისეთი საოცარია!-სიტყვებს ვერ იკავებს ლილე.-სულ გვკოცნის და გვეფერება, სულ რაღაცებს გვიყვება, დღეს დიდი გოგოების ჭიქით კაკაოც კი დაგვალევინა!
-ირინა მართლაც საოცარია დე,ეს მასაც ხშირად შეახსენე რომ არ დაავიწყდეს კარგი?
-მე სულ ვეუბნები რომ მიყვარს.-ჩემთვის თავის მოწონებას შეეცადა ლიტა.
-მეც ვეუბნები!-უფროს დას არც ლილე ჩამორჩა.
-ორივე ძალიან , ძალიან კარგი გოგონები ხართ.
გარეთ ბევრი ვისეირნეთ, ვითამაშეთ და როცს გოგონებიც საკმარისად დაიღალნენ სახლში დავბრუნდით.
ბავშვებს ვახშამი გავუმზადე, ვაბანავე, სახლიც მივალაგე და ტელევიზორთან სამივე ერთად მოვკალათდით, მალე ირინაც შემოგვიერთდა ახლადგამომცხვარი შოკოლადის მაფინებით ხელში.
-გოგონებს დავპირდი.-ჩემს სახეზე მიხვდა რომ ვუსაყვედურებდი რატომ შეწუხდი-მეთქი და მაშინვე თავის მართლებას მოჰყვა.
-ისედაც მთელ დღეს გაკარგვინებთ, ახლა კიდევ ნამცხვრები.. მართლა არ მომწონს ასე რომ წუხდებით ჩვენთვის.
-უფრო უკეთესისთვის რისთვის შევწუხდები? უყურე როგორ უხარიათ, ამ სახეებს რომ ხედავ ამის გამოცხობა როგორ უნდა დაგეზაროს.
ტელევიზორის ყურებაში სამივეს სავარძლებში მიეძინათ, ისეთი საყვარლები იყვნენ ვერ შევძელი რომელიმე გამეღვიძებინა, კარი მოვიხურე და სამზარეულოში გადავინაცვლე.
რამდენიმე წუთში კარებზე ჩხაკუნის და კატის კნავილის ხმა მომესმა, კართან მივირბინე , უკვე ვიცოდი ვინც დამხვდებოდა.
-ნაპოლეონ! ისევ სახლიდან გამოიქეცი? იცი მე და შენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს, გაქცევა მეც კარგად გამომდის.-სიცილით ავიყვანე ხელში და გარეთ გავედი იქნებ ბარემ სადმე ტიტეც დავლანდო და თავის ფისოს დავუბრუნებ-მეთქი. მთელი ეზო ვათვალიერე მაგრამ ვერსად ვიპოვე, მანქანაც არ იდგა თავის ადგილას და მივხვდი რომ სახლში არ იყო.
-რა გაეწყობა ნაპოლეონ, დროებით ჩემთან მოგიწევს გაჩერება. ნუ გეშინია, სულ აქ არ დარჩები.
ფისოს წყალი დავუსხი, ჩემთვის ყავა დავისხი და ორივე ერთად დაველოდეთ ჩემი მეზობლის და მისი პატრონის სახლში დაბრუნებას..

ფანჯრიდან როგორც კი დავლანდე ნაპოლეონის პატრონის გამოჩენა, მაშინვე კარისკენ გავიქეცი რომ იქამდე მომესწრო მისთვის დაძახება სანამ სახლში შევიდოდა.
-ტიტე!-შევყვირე ზურგით მდგომს და ისიც მაშინვე ღიმილით შემობრუნდა ჩემკენ. ამჯერად რაღაც სხვანაირი , უფრო მაცდური ღიმილით იღიმოდა.
-რომ გითხრა შენს ნაზ , ტკბილ და ბავშვურად უბოროტო ხმას არასდროს დავივიწყებ-მეთქი, დამიჯერებ?
მაშინვე ვიგრძენი მის სუნამოში შეპარული ვისკის სურნელი, მის სითამამესაც აშკარად ჭარბად ეტყობოდა სასმლის კვალი.
-მთვრალი ხარ?-შევეკითხე წარბაზიდულმა.
-ეს პრობლემაა?-ჩემს კითხვაზე კიდევ უფრო გაიცინა და მაქსიმალურად მომიახლოვდა.
-ფანჯრები ისევ ღია დაგრჩა.
-ახლა ფანჯრებზე ვსაუბრობთ?
-ნაპოლეონია ჩემთან, ჩემს კართან კნაოდა და რომ ვერ გიპოვე სახლში შევიყვანე.
-ნაპოლეონსაც მოეწონე.-ცალყბად ჩაიღიმა და ჩემი სახლისკენ ჩემ გარეშე დაიძრა.
-ნაპოლეონსაც?-ყურადღების გარეშე არ დავტოვე მისი სიტყვები თუმცა პასუხი აღარ გაუცია. კართან აიტუზა და მოთმინებით დამელოდა სანამ მივიდოდი და წინ შევუძღვებოდი.
ნაპოლეონმა პატრონის დაბრუნება იგრძნო , კარისგაღებისთანავე გარეთ გამოვარდა და მის ფეხებში გაიბლანდა.
-გპირდები, ფანჯრის დაკეტვა აღარასდროს დამავიწყდება! შენც დამპირდი რომ არასდროს მიმატოვებ.-გაბურძგნულ კატას სახე ჩაუკოცნა და ჩვეულებისამებრ მასთან საუბარს მოჰყვა.
-მე შევალ, მარტო დაგტოვებთ.-ერთმანეთის სიყვარულში გართულებს ღიმილით დავემშვიდობე და სახლში გულაჩქარებული შევვარდი.
ღმერთო! რა მჭირს? რა მემართება? მისი დანახვისას ასე რატომ ვღელავ? მასთან საუბარი ასე რატომ მაბნევს? ასე რატომ მიზიდავს?
ისევ დაუსრულებელი ჩემს თავში გაჩენილი უპასუხო კითხვები..
გოგონები ლოგინში ფრთხილად გადავაწვინე, ირინას პლედი მივაფარე და თავადაც ძილის მორევში გადავეშვი.
დილის ათ საათზე ირინამ შეშფოთებულმა გამაღვიძა, ეგონა ჩამეძინა და სამსახურში ვაგვიანებდი.
მის ხმაურზე გოგონებიც წამოხტნენ ლოგინიდან.
-სამივესთვის კარგი ამბავი მაქვს, დღეს არ ვმუშაობ.
ბავშვებმა სიხარულით ტაში შემოკრეს, ირინა გამიბრაზდა გაგეფრთხილებინე, ტყუილად ხომ აღარ გაგაღვიძებდიო.
დილა ფანქეიქების გამზადებით დავიწყეთ,ლიტა და ლილე სამზარეულოში ფუსფუსზე გიჟდებიან, მე და ირინაც ბავშვებს ავყევით და სიცილ-კისკისში უგემრიელესი საუზმეც გავამზადეთ.

-ლიტუკა რას აკეთებ?-ფეხსაცმლის ჩაცმით გართულ ლიტას თავზე წავადექი და ვეცადე მისი გეგმები გამომეცნო.
-ტიტეს უნდა დავუძახო,ჩვენთან ერთად ისაუზმოს.
-ეს იდეა საიდან მოგივიდა?
-არამგონია ფანქეიქები ჰქონდეს, ჩვენ თუ ვჭამთ იმას არ უნდა? არ შეიძლება ვინმე მოვიყვანო?-ლიტა ჩემს კითხვაზე იმაზე მეტად გაბრაზდა ვიდრე მე მის საქციელზე.
-რა თქმა უნდა, შეიძლება ვინც გინდა ის მოიყვანო როცა მე სახლში ვარ, მაგრამ წინასწარ უნდა იკითხო და ჩვენთან შეათანხმო. მე ხომ ყველაფერს გეკითხებით შენ და ლილეს? შენც ასე უნდა მოიქცე.
-შეიძლება ტიტე საუზმეზე დავპატიჟო? გთხოვ!-თვალები მოისაწყლა ჩემთვის თავის შესაცოდებლად.
-შეიძლება. მაგრამ სანამ დაპატიჟებ ჯერ ჰკითხე საერთოდ თუ სცალია და ხომ გახსოვს, ერთი უარი სრულიად საკმარისია, ხვეწნა არ უნდა დაიწყო და ადამიანებს იმის გაკეთება არ უნდა აიძულო რაც შენ გინდა.
-მახსოვს.
ბედნიერი გავარდა სახლიდან და უკან ჩვენს მეზობელთან ერთად დაბრუნდა. ნაბახუსევზე მყოფს დიდი ფინჯანით ჩაი მოვუმზადე და მაგიდაზე მისთვის თეფში დავამატე, ყველანი ჩვენ-ჩვენს ადგილებზე მოვთავსდით.
-ეს დილა ძველ დროს მახსენებს..-სევდით ამოილაპარაკა ირინამ.-იმ დროს მეზობლები ერთად რომ ვსაუზმობდით და ერთმანეთის ბედნიერებით ვხარობდით.
-ქალბატონო ირინა, ყოველ დილას ვისაუზმებ თქვენთან ერთად თუ ასეთ ფანქეიქებს მომიმზადებთ.-სიცილით უპასუხა ტიტემ, რომელიც თვალებით რატომღაც სულ მე მომჩერებოდა.
-ბევრი ტკბილი არ შეიძლება თორემ დიაბეტი დაგემართება, ხო დე?
-მართალი ხარ ლილე, ბევრი არაფერი შეიძლება, ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო.-ნიშნის მოგებით გავხედე ტიტეს, რომელსაც წინა ღამით ალკოჰოლი აშკარად ზედმეტი მოუვიდა.
-ყველაფერში , მაგრამ ამ ფანქეიქებში ნამდვილად არ ღირს ზომიერების დაცვა.-ლილეს თვალი ჩაუკრა და ჭამა მადისაღმძვრელად განაგრძო.
საუზმობა დავასრულეთ , ძირითადად ირინა და ბავშვები საუბროდნენ, მე და ტიტე მხოლოდ პერიოდულად ვერთვებოდით.

-ანა , მე გავალ სახლში ბევრი საქმე დამიგროვდებოდა, მერე გამოგივლით.
წარბები აათამაშა ირინამ, აბა შენ იციო ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა და სახლისკენ დაიძრა.
მის საქციელზე ისე გავწითლდი , მგონი ყველაფერი ზედ დამეწერა.
-პატარა ბავშვივით წითლდები.-ჩემს გამომეტყველებაზე ჩუმად ჩაიცინა ტიტემ და მაგიდის ალაგებას შეუდგა.
-არ შეწუხდე, მე ავალაგებ..-ჯიუტად განვუცხადე და ხელიდან თეფშები ძალით გამოვგლიჯე.
-სულ ასეთი ხარ?-არ დამნებდა და მაინც განაგრძო დასვრილი თეფშების შეგროვება.
-როგორი?
-‘’არ შეწუხდე’’ , ‘’ჩემით გავაკეთებ’’ , ‘’საჭირო არ არის’’.. შენგან მხოლოდ ამ სიტყვებს ვისმენ.
-თუ ჩემგან მხოლოდ მაგ სიტყვებს ისმენ, ესეიგი ასეთი ვარ.
-ახლა მეუხეშები?-ხმით გაიცინა ტიტემ.
-არ გეუხეშები.-ვიცრუე , თუმცა არა დამაჯერებლად.
-როცა დახმარებას გთავაზობენ უბრალოდ უნდა მიიღო ანა, რადგან თუ ვინმეს შენთვის რამის გაკეთება უნდა, ესეიგი არ წუხდება, უბრალოდ ასე უნდა და მორჩა.
-ხო მაგრამ..
-მაგრამ რა? საჭირო არ არის?-ისევ ომახიანად გაიცინა ჩემს დაუსრულებელ წინადადებაზე, რომლის დასასრულიც თავადაც ზუსტად გამოიცნო.
გავბრაზდი და ხმა საერთოდ აღარ გამიცია, თავად საკმაოდ მხიარულად აგრძელებდა მაგიდის დალაგებას, მე ჭურჭლის რეცხვას შევუდექი.
-გირეკავენ.-ტელეფონი ყურთან ახლოს მომიწია და თავად ჩემზე მეტად გაფართოებული თვალებით დააკვირდა ეკრანს სახელი რომ კარგად წაეკითხა.
-მერე ვუპასუხებ.-ხმა გავუთიშე და ტელეფონი ჯიბეში მოვათავსე.
-ვინ არის ლაშა?
-ლიტას და ლილეს მამა.
-და რატომ არ პასუხობ?
-უკვე ხომ ვთქვი? მერე დავურეკავ.-მის ცნობისმოყვარეობაზე ზედმეტად გავღიზიანდი და ხმაზეც დამეტყო.
-კარგი ნუ მიბრაზდები , უბრალოდ შენზე რამის გაგებას ვცდილობ , შენ კი საუბარს სულ გაურბიხარ.
ოთახიდან თავის საყვარელ კაბაში გამოწყობილი ლიტა გამობრძანდა და მე და ტიტეს ცალკე საუბრები აღარ გაგვიგრძელებია.
-ამას შეხედეთ! ნამდვილი პრინცესა ხარ.-ბავშვი ხელში აიყვანა და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა.
ერთად ბევრი ითამაშეს , ამასობაში მე სახლის საქმეებს და თავის მოწესრიგებასაც მოვრჩი.
მართალია გოგონებისთვის დიდი ხალისი შემოჰქონდა მის ჩვენს სახლში ყოფნას , თუმცა მე ჭკუიდან საბოლოოდ მშლიდა მასთან დიდხნიანი სიახლოვე. არ მინდოდა , თავს ვიკავებდი მაგრამ მაინც გამირბოდა თვალები მისი განიერი მხრებისკენ, მათთან შეხებაზე მეფიქრებოდა და მერე საკუთარ თავს დაუსრულებლად ვსაყვედურობდი. აქამდე ეს არასდროს დამმართნია, არც კი მეგონა რომ საერთოდ შესაძლებელი იყო.

-დეე! ტიტემ ნაყინების საჭმელად დაგვპატიჟა,ხომ გაგვიშვებ?
-ლიტუკა, ვფიქრობ დღეისთვის საკმარისი ტკბილი ჭამეთ.
-კარგი რა! ზაფხულია, ბავშვებს ნაყინის ჭამაზე უარს ვერ ეტყვი.-საუბარში ტიტე ჩაერთო.
-ხო თან წელს ნაყინი საერთოდ არ გვიჭამია.
-სამივე ჩემს წინააღმდეგ ხართ?-მათ სახეებზე გულიანად გამეცინა და იმის მიუხედავად რომ არ მინდოდა ბავშვები მარტო გამეშვა მასთან ერთად, მაინც დავთანხმდი.
დამპირდნენ რომ ყველაზე ახლო მაღაზიაში იყიდიდნენ ნაყინს და მაშინვე სახლში დაბრუნდებოდნენ. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებდი რომ ვიცოდი არც გზაზე გადასვლა მოუწევდათ და არც მანქანებში სიარული , ამიტომ ყველანაირ საფრთხეს აირიდებდნენ.
-გპირდები ამ პატარა გზაზე საკუთარ თავზე მეტად გავუფრთხილდები.-გასვლისას ტიტემ აღელვება შემატყო და ჩემს დამშვიდებას შეეცადა ,რაც ნამდვილად გამოუვიდა.
მხოლოდ მათი გაცილების შემდეგ ვუპასუხე ლაშას , რომელიც ალბათ უკვე მეოცედ რეკავდა ჩემს ტელეფონზე.
-ჩემს სიტყვებზე იფიქრე ანა?
-ლაშა ახლა შენს სახლში დაბრუნებას არ ვაპირებ, თუ რამე შეიცვლლება მე თვითონ დაგიკავშირდები.
-ბავშვების ნახვა მინდა, დედაჩემსაც ძალიან ენატრება ორივე, მითხარი სად ხართ მოვალ და ცოტახნით წავიყვან, მერე ისევ დავაბრუნებ თუ შენც წამოსვლა არ გენდომება.
-ამ ეტაპზე მაგისთვის მზად არ ვარ , არც მე და დარწმუნებული ვარ არც შენ, ამიტომ სჯობს ცოტახანს მოვიცადოთ , დროის გასვლას დაველოდოთ.
-რას უნდა დაველოდოთ ანა? გეუბნები ჩემი შვილები მენატრებიან -მეთქი , რისთვის უნდა ვიცადო? ასე ტელეფონში ამის გარჩევას აღარ ვაპირებ, ისედაც იცი როგორ მეზიზღება ეს რეკვები, შემხვდი და ვისაუბროთ, სადაც მეტყვი იქ მოვალ , უბრალოდ დავილაპარაკოთ გთხოვ, ასე უფრო დაინახავ რომ მართლა ვცდილობ შეცვლას.
-არ შემიძლია.
-ხომ იცი რომ აქამდე ასჯერ გიპოვიდით შენ და გოგონებს ეს რომ მომენდომებინა? ხომ იცი რომ ამდენი დრო არ დამჭირდებოდა შენთვის რომ მომეგნო? მართლა ვცდილობ შეცვლას ანა, უბრალოდ შეხვედრა და საუბარი მინდა, სხვა რამ რომ მინდოდეს უკვე აქ მეყოლებოდით . ხომ არ დაგავიწყდა ვინ ვარ და რა შემიძლია?
-არა ლაშა , არ დამვიწყებია ვინ ხარ და რა შეგიძლია, ზუსტად ამიტომ არ მინდა შენთან შეხვედრა.
ტელეფონს ვუთიშავ და თვალებზე მომდგარ ცრემლებს თითებით ვაკავებ, ახლა ამის დრო არ არის, ბავშვებისთვის სადილი და ვახშამი მაქვს მოსამზადებელი.. ემოციების შეკავება უკვე ჩემს განუყოფელ ნაწილად იქცა . იყო დრო მიჭირდა , თავს ვერ ვაკონტროლებდი და ვერაფრით ვჩერდებოდი , ახლა ვისწავლე როგორ შევიკავო სულის ტკივილი და როგორ არაფერი დამეტყოს გარედან. ჩემს სხეულზე გაჩენილ იარებსაც ხომ ასე ოსტატურად ვმალავ, ვერავინ ამჩნევს და მეც კი მხოლოდ სააბაზანოში ყოფნისას თუ მოვკრავ თვალს.
სულ მეფიქრება ხოლმე ,როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება სკოლა რომ ბოლო წელს არ მიმეტოვებინა , როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება უნივერსიტეტში რომ ჩამებარებინა და მხოლოდ სწავლითა და მეგობრებთან დროის ტარებით ვყოფილიყავი დაკავებული. რამდენ გოგოს უთქვამს ჩემთვის სკოლის პერიოდში ,ერთი სული მაქვს ქმარი და შვილები როდის მეყოლებაო, სულ მიკვირდა რადგან თავად ზუსტად ვიცოდი რომ ჯერ უნდა მესწავლა, განათლება მიმეღო, ჯერ მე უნდა გავზრდილიყავი და ოჯახზე მხოლოდ შემდეგ უნდა მეფიქრა. ვინ იფიქრებდა ამაშიც თუ უნდა გაგიმართლოს ადამიანს, ვინ იფიქრებდა რომ არის სიტუაციები სადაც ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შენს ნაცვლად სხვები იღებენ.. არადა მაშინ გულრწფელად მჯეროდა რომ თუ ვისწავლიდი და თუ გულით მოვინდომებდი ყველაფერი გამოვიდოდა, ამიტომ იმაზე კარგად ვსწავლობდი ვიდრე ნებისმიერი ჩემს კლასში და შესაბამისად მასწავლებლების რჩეულიც ვიყავი.იმ მასწავლებლების ჩემს ქორწილში ურცხვად რომ ცეკვავდნენ.. თვალებით ვთხოვდი შველას, თქვენ ხომ მაინც იცით ჩემი ოცნება და მიზანი რა არის-მეთქი, მაგრამ ჩემკენ სულ არ გამოუხედავთ დროის ტარებაში გართულებს..
ახლა მხოლოდ ის შემიძლია ისე ვიცხოვრო რომ ჩემს შვილებს იმ ყველაფრის გამოვლა არ მოუწიოთ რაც მე გამოვიარე და დარწმუნებულიც კი ვარ რომ მათ ცხოვრებაში ეს არასდროს მოხდება რადგან მე არ დავუშვებ ამას. თუმცა ეს საკმარისია? საკმარისია ჩემთვის?

ნაყინის ჭამით გაბედნიერებული ლიტა და ლილე სახლში დაბრუნდნენ, ტიტე აღარ დამინახავს, როგორც ბავშვებმა მითხრეს კარებამდე მოგვიყვანა და თავად პირდაპირ სახლში შევიდა სამსახურისთვის უნდა მოემზადოსო.
ორივეს თვალები უბრწყინავდათ, ადგილს ვერ პოულობდნენ სიხარულის გამოსახატად და აქეთ-იქით კალიებივით დახტოდნენ. არ ვიცი როგორ შეეძლო ტიტეს მათი ასე გაბედნიერება.
ვისადილეთ, ირინას ნაჩუქარი წიგნები წავუკითხე ბავშვებს და ამასობაში ისიც გვესტუმრა.
-როგორ არიან ჩემი ანგელოზები?
სამივეს სათითაოდ გადაგვეხვია და სამზარეულოში მოკალათდა, თან თვალით მანიშნა შენც აქეთ გამოდიო, ვიცოდი ამ საუბარს რომ ვერსად გავექცეოდი ამიტომ ბეჯითად გავყევი უკან და მისთვის ყავის მომზადებას შევუდექი.
-მთელი დილა შენ გიყურებდა, თვალს არ გაცილებდა.-ზუსტად იმ თემით დაიწყო საუბარი რომელსაც ველოდი.
-ხო , შევამჩნიე.
-მერე? მე რომ წავედი რამე ხომ არ გითქვამს?
-რა უნდა მეთქვა?-მის გვერდზე დავჯექი და ფეხები სკამზე ავალაგე.-ორი შვილი მყავს , მოძალადე ქმარი რომელსაც სულ რამდენი დღეა თავი დავაღწიე და კაცმა არ იცის როდის მიპოვის და რომ მიპოვის რას იზავს.. რას ვეტყოდი, რა უნდა მეთქვა..
-ანა, მოძალადეების ადგილი ციხეშია! ის შენი ქმარი დასაჭერია, მაგის შიშით ვერ იცხოვრებ, ის უნდა აკეთო რაც გინდა!
-მესმის, მაგრამ ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია ირინა , თითქოს იმ დღეს როცა სახლიდან წამოვედი თავიდან დავიბადე და ახლა ყველაფრის ხელახლა სწავლა მიწევს. როგორ ვიარო, როგორ ვისაუბრო, ყველაფერს თავიდან ვსწავლობ და ჩემთვის ასე მარტივი არ არის, ხომ გესმის.. 17 წლიდან სხვებზე დამოკიდებული ვარ და სხვების ცხოვრებით ვცხოვრობ, არჩევანის უფლება არასდროს მქონია , ახლა პირველად ვარ იმ სიტუაციაში როცა რაღაცები მე თავად უნდა გადავწყვიტო , ამიტომ ჯერ კიდევ ძალიან მიჭირს ყველაფერთან შეგუება, ვერ ვენდობი კაცს რომელსაც სულ რამდენიმე დღეა ვხედავ, არ ვიცი რისი მოტანა შეუძლია მას ჩემთვის ან ჩემი შვილებისთვის, ახლა ვინმესთან საუბრებს ან ურთიერთობებს ვერ დავიწყებ, იმისთვის არ წამოვსულვარ სახლიდან რომ ისევ იგივეში აღმოვჩნდე ჩემდაუნებურად.
-მესმის ჩემო გოგო, როგორ არ მესმის.. მაპატიე, ზედმეტი მომივიდა ჩემი ჭორიკნებით. შენს სიტუაციაში ფეხზე რომ დგახარ და საერთოდ რამეს აკეთებ ეგეც გასაკვირია. მე არასდროს გამომიცდია რაც შენ გამოიარე და ბოლომდე ვერასდროს გავიგებ მაგრამ როცა თვალებში გიყურებ ერთ პატარა, შეშინებულ გოგონას ვხედავ რომელსაც ეს სხეული თითქოს აბჯრად აქვს ასხმული და მასში დამალვას ცდილობს. პატარა გოგონას ვხედავ რომელიც ყველას დახმარებას სთხოვდა , თუმცა დედამიწის ზურგზე არავინ მოიძებნა ვინც მას დაეხმარებოდა. შენს თვალებში ვხედავ ტკივილისგან სუნთქვა რამდენჯერ გაგჩერებია.. პირველად რომ დაგინახე მაშინვე ამოვიკითხე ეს ყველაფერი და ეგოისტურად გამეფიქრა ნეტავ ჩემს შვილად დაბადებულიყო, ამ ყველაფრის გავლა ხომ აღარ მოუწევდა -მეთქი..
ირინას სიტყვებზე ტანში ჟრუანტელმა თავიდან ფეხებამდე დამიარა, ის პირველი ადამიანი იყო ვინც ჩემი იმ ტკივილის დანახვა შეძლო ,რომელსაც ასე მონდომებით ვმალავდი. ხმის გაცემა ვერ მოვახერხე, უბრალოდ მოვეხვიე და ერთად დიდხანს ვისხედით ჩვენ-ჩვენი სევდებით დამძიმებულები.


ათი საათისთვის ბავშვები დავაწვინე, ზღაპარი მოვუყევი და თავადაც აბაზანაში ვაპირებდი შესვლას ფანჯარაზე კაკუნის ხმა რომ გავიგე.
-ანა!-ისეთ დაბალ ხმაზე მეძახდა მეზობელი, თითქოს არც უნდოდა რომ გამეგო და მისთვის მეპასუხა.
-ხომ მშვიდობაა?-ფანჯრიდან გადავხედე ტიტეს და ვეცადე მისი სტუმრობის მიზეზი გამომეცნო.
-კი მშვიდობაა, სამსახურში შესვენება მქონდა და სულ შენზე ვფიქრობდი, მერე მივხვდი რამეს თუ არ ვიზავდი ეს ფიქრები ჭკუიდან შემშლიდა, ხოდა აი..
დავინახე ნახატი რომ გამომიწოდა მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა მე თუ ვიქნებოდი. დავხედე თუარა მაშინვე ამიკანკალდა ხელები , თითქოს ფურცელზე ჩემი სული პირდაპირ ჰქონდა გადმოტანილი, საოცრება იყო , სიტყვებითაღუწერელი საოცრება. ალბათ საკუთარ თავს ისე ვერასდროს გამოვხატავ როგორც მან თავის ნახატში..
ეს სარკეში ყურებაზე მეტი იყო, ბევრად მეტი. თვალებიდან ცრემლები ჩემდაუნებურად წამცდა და ახლა იმის არ მეშინოდა სხვაც რომ დაინახავდა ჩემს ემოციებს, იმის მეშინოდა რომ ჩემი ცრემლებით ნახატს რაიმეს დავუშავებდი.
-ეს.. არც კი ვიცი რა გითხრა.. -ისევ გადავხედე დაბლა მოთმინებით მდგომას.
-არაფერი არ უნდა მითხრა ანა, უკვე წლებია არ დამიხატავს, შენთან შეხვედრის შემდეგ კი უცნაურად ამიკანკალდა ხელები, თითქოს ჩემში რაღაც გადატრიალება მოახდინე. აქამდე ეს ყველაფერი არასდროს მიგვრძვნია და არ ვიცი როგორ ვმართო , როგორ ვაკონტროლო..
-ტიტე.. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ არ შემიძლია.-ცრემლით სავსე თვალები შევანათე და ფანჯარას დასაკეტად ჩავებღაუჭე.
-რას გულისხმობ?
-ეს ჩემს ფანჯარასთან მოსვლები, ჩვენი საუბრები , ჩემს ცხოვრებაში ამის ადგილი არ არის და დამიჯერე, არც შენ ისურვებდი ჩემთან რაიმეს დაწყებას ოდნავ მაინც რომ მიცნობდე ან რამე იცოდე ჩემზე.
-მე რაც ვიცი , მე რასაც ვხედავ ისიც სრულიად საკმარისია ანა! სხვა არაფრის გაგება და ცოდნა არ მჭირდება.
-ვწუხვარ ტიტე.
ფანჯარა დავკეტე და საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა რომ არ მომესწრო , მაშინვე სწრაფი ნაბიჯით გავემართე სააბაზანოში.
წარმოდგენა არ მქონდა რატომ გამიჭირდა მისთვის უარის თქმა ასე ძალიან, თუმცა ხუთამდე თვლაც კი აღარ შველოდა ჩემს შფოთვა, ცხელ წყალში ჩავესვენე, არც ამან იმუშავა, თავიდან ბოლომდე ვკანკალებდი და ვერაფრით ვახერხებდი დამშვიდებას..

მისი თვალები ფერს იცვლის როცა მე მიყურებს, ეს დღეს დილას შევნიშნე. როცა სხვა რამეს ან სხვა ვინმეს უყურებს სრულიად სხვა ფერის თვალები აქვს , როცა მე მიყურებს სხვანაირი. სახის გამომეტყველება სრულიად ეცვლება როცა ჩემი ხმა ესმის..

დილა 7 საათზე დაიწყო. გავიღვიძე, მოვწესრიგდი, გოგონებსაც დავეხმარე მოწესრიგებაში, ლოგინები გავასწორე, საუზმე გავამზადე, სახლი მივალაგე, სარეცხი გავფინე, ყველაფერი გავაკეთე რისი გაკეთებაც მევალებოდა თუმცა ყურადღება მაინც ვერაფერზე გადავიტანე. იმის მიუხედავად რომ ტიტეს ნაჩუქარი ნახატი სადღაც ბნელ და სრულიად გამოუსადეგარ ადგილას შევჩურთე თვალებში რომ არ მომხვედროდა, მაინც ვერაფრით ვიგდებდი გონებიდან ვერც ნახატს და ვერც მის შემსრულებელს.
სულ თავში მიტრიალებდა მისი იმედგაცრუებისგან დანგრეული სახე როცა ფანჯარა ცხვირწინ მივუხურე.
საკუთარ თავს დაუსრულებლად ვუმეორებდი რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და მხოლოდ ამით ვცდილობდი თავის დამშვიდებას.
სამსახურში მისვლა ასე ძალიან არცერთხელ გამხარებია, იმდენი საქმე მაქვს ხოლმე რომ ყველაზე ნაკლებად აქ მრჩება ფიქრის დრო. მთელი რვა საათი გაუჩერებლად აქეთ-იქით დავრბივარ და თან მაქსიმალურად იმაზე ვარ კონცენტრირებული რომ არაფერი შემეშალოს ,ამიტომ დროც მალე გადის და პასუხგაუცემელი კითხვებიც ნაკლებად ჩნდება.
უკვე სახლში ვაპირებდი დაბრუნებას ჩემმა დედამთილმა რომ დამირეკა, არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც დაუფიქრებლად ვუპასუხე.
-როგორ მოხდა რომ ჩემს ზარს უპასუხე ანა?
-სახლში დაბრუნებას არ ვაპირებ, ლაშასაც ყველა საუბარში ამას ვეუბნები, ტყუილად ჩემთან დარეკვით თავს ნუღარ შეიწუხებთ.
-ანა, შენ ძალიან კარგად იცი რამდენი რამ სჭირდება ბავშვს, მალე სკოლა და ბაღი დაიწყება. რას იზავ? ახალ ტანსაცმელს არ შეუძენ გოგონებს? დაპატარავებული ან უკვე გაცვეთილი ტანსაცმლით ატარებ? ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ კარგი კვება , ამას როგორ მოახერხებ? ლიტუკას რომ მასწავლებელი დასჭირდეს როგორ აუყვან? ზეიმებსა და ექსკურსიებზე დასადები ფულიც რომ არ გექნება არ შეგრცხვება ანა? ან ბავშვებს რას ეტყვი ჩემი დაუფიქრებლობის გამო ყველაფერი დაგაკარგვინეთო? მადლობას უნდა მიხდიდე რომ გირეკავ და შენს სწორ გზაზე დაბრუნებას ვცდილობ.
-ლაშასთან დაბრუნებას არ ვაპირებ, ამას არ გავაკეთებ და მინდა რომ ყველამ კარგად გაიაზროთ! თუ თქვენთვის ჩემი შვილები მხოლოდ მაშინ იარსებებენ როცა მანდ დავბრუნდებით, შეგიძლიათ იფიქროთ რომ ისინი აღარ არსებობენ რადგან ეს არასდროს მოხდება! კაცის შვილების მიმართ პასუხისმგებლობები იქამდე გრძელდება სანამ ცოლს დაშორდება? მერე აღარ აქვს ვალდებულებები? ბავშვების მომავლით ნუ მანიპულირებთ ჩემზე! ჩემი შვილები არც ზეიმებს დააკლდებიან და არც ექსკურსიებს, ამაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ.
-შენ მაინც გჯერა მაგ სიტყვების ანა? მუხლისჩოქით დაბრუნდები ჩემს შვილთან, ყველა შენს სიტყვას და საქციელს ინანებ და მერე ძალიან გვიანი არ იყოს! მე გაფრთხილებ, დანარჩენი შენ გადაწყვიტე.
ტელეფონი ანერვიულებულმა გამითიშა, მე საბოლოოდ გავემზადე სახლში წასასვლელად, კარში ჩემი თანამშრომლები შემეჩეხნენ ფილმზე მივდივართ და შენც წამოდი, მერე გვიან სადმე დავლევთ და კარგ დროსაც გავატარებთო, გულის გადასაყოლებლად ალბათ კარგი იქნებოდა, თუმცა ამის ფუფუნება ახლა ნამდვილად არ მაქვს, სახლში მაქსიმალურად მალე უნდა დავბრუნდე რომ ირინა იმაზე მეტად არ შევაწუხო ვიდრე ისედაც ვაწუხებ. ვერც ფილმში და სასმელში დავხარჯავ ფულს, თითო თეთრს ვეკიდები სანამ ხელფასს ავიღებ ბავშვებისთვის რომ საჭმელი არ დამაკლდეს.. მოკლედ ახლა ამის დრო არ არის, ჩემთვის ეს დრო არც არასდროს ყოფილა.

-გზაში ვარ ირი, 10 წუთში უკვე სახლში ვიქნები, რამე მოხდა?
-არ მინდოდა დამერეკა მაგრამ უკვე ვეღარ ვაწყნარებ გოგონებს, იქნებ შენ დაელაპარაკო.
-რა ხდება?
-გარეთ გავედით, მაღაზიაში რაღაცების ყიდვა მინდოდა , გზად ძაღლი შეგვხვდა, დაკბენილი იყო თუ რავიცი, იქნებ რაღაც ავადმყოფობაც სჭირდა , აიჩემეს წავიყვანოთო , რა თქმა უნდა , უარი ვუთხარი და მას მერე გაუჩერებლად ტირიან, მოკვდება და ჩვენი ბრალი იქნებაო.. აღარ ვიცი როგორ დავამშვიდო.
-დამალაპარაკე რომელიმე, ბოდიში რა , მართლა ვწუხვარ რომ შეგაწუხეს.
-მე რით შემაწუხებენ , ამათზე ვნერვიულობ რომ ამდენი ტირილით რამე არ დაიმართონ..-ტელეფონი გულამოვარდნილ ლიტას გაუწოდა.
-დედა!-ტირილით შემომჩივლა ლიტამ.-მალე მოხვალ?
-გზაში ვარ ლიტუკა, უკვე მალე მოვალ, ძალიან გთხოვ ჩემს მოსვლამდე დამშვიდდი და ლილეც დაამშვიდე კარგი? გპირდები იმ ძაღლს აუცილებლად დავეხმარებით , უბრალოდ ჩემს სახლში მოსვლამდე მოიცადე და მერე ყველაფერი მომიყევი,
ლიტა შედარებით დაწყნარდა, ტელეფონი გავუთიშე და უფრო ჩქარი ნაბიჯებით გავაგრძელე გზა სახლამდე.

სახლში მისვლისთანავე გოგონებს ხელი ჩავჭიდე და იმ გაუბედურებული ძაღლის საშველად გავემართე , მთელი უბანი შემოვიარეთ მაგრამ ვერსად ვიპოვეთ.. გოგონებს რომ ბოლო იმედი გადაეწურათ ახლა თავიდან შეუდგნენ ცრემლების ღვრას.
-ხომ ვთქვი მოკვდება-მეთქი!-ძლივს ამოილაპარაკა ლილემ და უფროს დას მოეხვია.
-როგორც ჩანს ჩვენამდე ვიღაც ძალიან კარგმა ადამიანმა იპოვა და ახლა სწორედ ის ეხმარება, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ ლილე.
მთელი გზა თავს იდანაშაულებდნენ ჩვენ რომ წაგვეყვანა ახლა კარგად იქნებოდაო, მათ გადარწმუნებას ვცდილობდი მაგრამ თითქოს არც ვსაუბრობდი ,არცერთი მისმენდა.
უკან დავბრუნდით, ანერვიულებული ირინა ეზოშივე შეგვეგება.
-ვერ იპოვეთ?
-ვერა..-ვუპასუხე გულდაწყვეტილმა.-ვეცდები რამით ყურადღება გადავატანინო, კიდევ ერთხელ ბოდიში დღევანდელი დღისთვის და მადლობა.
-რა ბოდიში ჩემო გოგო, ნეტა წამომეყვანა, არც მიფიქრია ამდენს თუ ინერვიულებდნენ..

ნამცხვრის გამოცხობა დავიწყე, თუმცა არცერთი მომხმარებია, მურტფილმი ჩავურთე, ერთი წამითაც არ შეუხედავთ. სათამაშოები გადმოვალაგე, თამაშს შევუდექი , ყურადღებაც კი არ მომაქციეს , საათები გავიდა ჩემი გოგონები კი მაინც ისხდნენ და გულს იგდებდნენ ტირილით. ყველაფერი ვცადე მათ გასამხიარულებლად რაც შემეძლო და არ შემეძლო, მაინც არაფერი გამოვიდა..
აქამდე არასდროს შემიმჩნევია ასეთი ემოციურები თუ იყვნენ. იქნებ ჩემი ბრალია?იქნებ მე დავუშვი მათ გაზრდაში ისეთი შეცდომა რამაც ეს გამოიწვია? ყოველთვის ვასწავლიდი გაჭირვებულს დაეხმარეთ და წაქცეულს ნურასდროს მიატოვებთ, წამოდგომაში დაეხმარეთ-მეთქი. იქნებ ზედმეტად ჩავუნერგე რომ ემპათიურები უნდა იყვნენ ყველასა და ყველაფრის მიმართ? ბავშვები ისედაც სენსიტიურები არიან და იქნებ მე ეს კიდევ უფრო გავუღვივე და შედეგად ეს მივიღე რომ მთელი დღეა იმ ძაღლის გამო ტირიან რომელიც მათიც კი არ არის. ნეტავ რა მდგომარეობაში ნახეს თვალებიდან რომ არ ამოსდით.. ბეწვები ამოგლეჯილი ჰქონდა და ცრემლები სდიოდაო, რა კატასტროფაა! ყველა რომ თავის წილ პასუხისმგებლობას იაზრებდეს ასეთ უბედურების ზღვარზე ხომ აღარ ვიქნებოდით? სახლში მიყვანილ ცხოველს მოიბეზრებენ და ქუჩებში ყრიან, მერე ვიღაც უკბენს, ვიღაც დაგლიჯავს და ეს ჩემი შვილების ტრამვად იქცევა..
მათზე ნერვიულობით არც საჭმლის ჭამა გამხსენებია, არც ყავის დალევა, რობოტივით მხოლოდ იმას ვაკეთებდი რაც ვიცი რომ უყვართ , თუმცა უშედეგოდ..
9საათისთვის ირინა მესტუმრა, კარი როგორც კი გავაღე მაშინვე ქოშინით შემოიჭრა , რაღაცით ზედმეტად აღელვებულს ჰგავდა, თუმცა ვერ ვატყობდი ცუდი ამბისგან იყო ამ მდგომარეობაში თუ პირიქით.
-გარეთ ვიჯექი და დავინახე ტიტე რომ მოვიდა, მანქანიდან რაღაც პლედში გახვეული რომ გადმოიღო უცებ დავეჭვდი , მივვარდი რას აკეთებ-მეთქი და მერე მომიყვა შუადღისკენ ეს ძაღლი ვიპოვე ქუჩაშიო, ვეტერინართან მყავდა ახლა სახლში მოვიყვანე დასაბინავებლად სანამ რამეს მოვიფიქრებო, იმისთვის არც მითქვამს ჩვენც რომ ვეძებდით , მაშინვე შენთან გამოვიქეცი.-თვალები ისე აუცრემლიანდა ირინას, შევატყე რომ ჩემი შვილების ტკივილს მართლა საკუთარივით განიცდიდა.. მოვეხვიე და მისაღებში მასსავით ქოშინით გავიქეცი გოგონებისთვის რომ მეხარებინა.
არც კი დამაცადეს ბოლომდე დამემთავრებინა მაშინვე ტიტეს სასხლისკენ გაცვივდნენ , კარი ლამის ჩამოუღეს ბრახუნით.

გოგონებმა გული ვერა და ვერ იჯერეს ძაღლის ფერებით, თვალებს ვუბრიალებდი სათითაოდ , საკმარისია სახლში წავიდეთ-მეთქი მაგრამ ვერაფრით დავიყოლიე.
-ჩაის გაგიკეთებ, შენც დაღლილი ჩანხარ.-ბავშვების და ძაღლის ფერებაში გართული უეცრად მომიბრუნდა ტიტე.
-სიამოვნებით.-ვუპასუხე და ვეცადე თვალი მაშინვე ამერიდებინა რომ მის მიმართ გაჩენილ სიმხურვალეს მარტივად გავმკლავებოდი,
ჩემს პასუხზე გულრწფელად ჩაეცინა.
-მიხარია რომ დამთანხმდი და ესეც არ იუარე.
სამზარეულოში გადაინაცვლა და ჩაის მომზადებას შეუდგა. მე დრო ვიხელთე და მისი სახლის თვალიერებას შევუდექი.
სისუფთავისგან ბზინავდა სახლის ყველა კუთხე-კუნჭული. აშკარა იყო რომ ტიტეს წესრიგი იმაზე მეტად უყვარდა ვიდრე მე ეს წარმომედგინა.
კედელზე ფერად ჩარჩოში ჩასმული გახუნებული სურათებიც არ გამომპარვია, პატარა ტიტე ერთი შეხედვით ამოვიცანი, თვალები სულ არ შეცვლია, ისევ ისეთი სუფთა იერი აქვს, ისეთი თითქოს სიკეთის მეტი ცხოვრებაში არაფერი უკეთებია. ალბათ ასეც არის, ყველა ხომ არ გადაარჩენდა ქუჩაში მომაკვდავ ძაღლს? ყველა ხომ არ მისცემდა სიცოცხლის კიდევ ერთ შანსს? არც ფინანსები დანანებია, არც თავისი დრო , არც დაღლა უგრძვნია და არც უკან დაუხევია, მაშინვე ხელი მოკიდა და ვეტერინართან გააქცია. ნეტავ ეს ის თვისებაა რომლითაც ადამიანის ამოცნობა შეიძლება? პირველად რომ ჯერ კიდევ კარის მეორე მხრიდან გავხედე მაშინ ვიგრძენი რომ ყველაზე გულრწფელი ადამიანია ვისაც აქამდე შევხვედრივარ, ყველაზე სანდო, მაგრამ რამდენად რეალურია ჩემი გრძნობები? იქნებ სულაც არაა ასე, იქნებ ყველაფერი პირიქითაა..
ჩემთვის კენკრის ჩაით ხელში დაბრუნდა, გოგონებს კი ისეთი გემრიელი კაკაო მოუმზადა რომ სუნი მეორე ოთახშიც ვიგრძენი.
-მადლობა ტიტე.-ჩაით სავსე ფინჯანი ხელიდან გამოვართვი და სავარძელში კომფორტულად მოვკალათდი.
-მიხარია შენ და გოგონებს დამშვიდებულებს რომ გხედავთ, თვალები დაუსიებიათ ტირილით, წარმოდგენა არ მქონდა თორემ აქამდე გაგაგებინებდით.
-დარწმუნებული იყავი რომ დღეიდან მათი გმირი ხარ.
-მიხარია, დიდი სტიმულია იმისთვის რომ ოდესღაც მართლა გავხდე გმირი. შენ კი სასწაული ხარ ანა, როგორ მოახერხე ამ პატარა არსებებში ამდენი სიკეთე და სიყვარული გაგეღვივებინა.
-უბრალოდ ასეთები არიან.-ვუპასუხე ღიმილით.
-უბრალოდ არაფერი ხდება, შენი მთელი სინაზე და სიკეთე თითქოს ამ ბავშვებში გადაიტანე, შენი გულრწფელობა..
უხერხულად შევიშმუშნე და პასუხი არ გამიცია.
-ანა, ყველა ვინც კომპლიმენტს გეუბნება შენს ‘’დაკერვას’’ არ ცდილობს, მოეშვი.-ისევ იმ ჩემთვის კარგად ნაცნობი ეშმაკური სიცილით მიპასუხა და თავადაც სავარძელში ჩაესვენა.
-ეს არც მიფიქრია.-ჩავილაპარაკე გაბუტულმა და გოგონებს მივუბრუნდი.
-კაკაოს სმა დაასრულეთ და სახლში წავიდეთ, უკვე გვიანია.
ორივე აზუზუნდა, თუმცა ყურადღება აღარ მიმიქცევია.
-არც სამსახურში მივდივარ და არც მეძინება, შეუძლიათ იმდენხანს დარჩნენ რამდენიც მოუნდებათ.
-დღეს ბევრი ემოცია და ენერგია დახარჯეს, უკეთესი იქნება თუ მალევე დაიძინებენ რომ ხვალამდე ძალების აღდგენა მოახერხონ..
-დღეს რამე ჭამე?-საუბრის გაგრძელება არ დამაცადა და კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი კითხვა დამისვა მეზობელმა.
-მე?-გაოცებისგან თვალები ლამის შუბლზე ამივიდა.
-დილას სამსახურში წახვედი, იქიდან დაბრუნებული ქუჩა-ქუჩა ეძებდი ძაღლს, დარწმუნებული ვარ გოგონების ტირილის ფონზე ჭამას არ დაიწყებდი , ამიტომ ლოგიკური კითხვა გამიჩნდა. ჭამე დღეს რამე?
-დღეს ჭამა თითქმის ვერ მოვახერხე , მაგრამ ეს ახლა რა შუაშია? ამას რატომ მეკითხები?-გაოცებას ვერ ვმალავდი.
-აქ იყავი , რამეს მოგიმზადებ.
-არაფრის მომზადება არ არის საჭირო, მართლა.-ვუპასუხე თუმცა თავიდანვე შევატყვე უარს რომ არ მიიღებდა, მაშინვე სამზარეულოსკენ დაიძრა.
სავარძელზე მისვენებული ველოდებოდი დაპირებულ ვახშამს. ჩემი თავი უმისამართო ღიმილშიც კი გამოვიჭირე, ისე , თავისთვის, ჩემთვის მეღიმებოდა. ბავშვობის შემდეგ თავს პირველად ვგრძნობდი სახლში იმის მიუხედავად რომ ჩემი რამდენიმე დღის წინ გაცნობილი მეზობლის მისაღებში ვიჯექი, თავს პირველად ვგრძნობდი ასე მშვიდად. ვიღაც ჩემთვის საუზმეს ამზადებს და მე მის უკვე მომზადებულ ჩაის შევექცევი..
ეს სიმშვიდე რომელიც ტიტესთან ყოფნით მეუფლება, იმდენ ძალას მაძლევს რომ მზად ვარ ყველას და ყველაფერს შევებრძოლო ჩემი და გოგონების ბედნიერებისთვის. მზად ვარ ვიმუშაო , ვისწავლო , მზად ვარ ყოველი ღამე გავათენო ოღონდ ის ცხოვრება შევქმნა რომელზეც ყოველ ღამე დაძინებამდე ვოცნებობდი.
არადა ამბობენ სიძლიერე მარტოობაშიაო, მე პირიქით დამემართა, მთელი ცხოვრება მარტო ვიყავი და როცა ვიღაცამ ჩემზე სულ მცირედით იზრუნა, მივხვდი რომ მთების გადადგმა შემიძლია.
ისე გავერთე ფიქრებში ვერც კი გავიგე როდის მოასწრო ტიტემ ვახშმის მომზადება, მისაღებში გამოგვხედა მე და აწ უკვე ჩაძინებულ გოგონებს.
-ყველაფერი მზად არის.-ჩურჩულით მითხრა და ხელით მანიშნა აქეთ გამოდიო.
ფეხაკრეფით გავიპარე სამზარეულოში ძაღლზე მიწოლილი გოგონები რომ არ გამეღვიძებინა.
მაგიდა ისე ლამაზად ჰქონდა გაწყობილი ღიმილი ვერ შევიკავე.
-მადლობა ტიტე, ახლა კიდევ უფრო მომშივდა.
ერთად ვივახშმეთ მისი მომზადებული კერძებით და დასასრულს სიამოვნებისგან ორივე სკამის ზურგს მივეყრდენით.
-ყველაფერი საოცარი იყო, კიდევ ერთხელ მადლობა.
-ძალიან მოვინდომე, რომ არ მოგწონებოდა ალბათ ცხოვრებაში სამზარეულოსკენ აღარც კი გამოვიხედებოდი.
ერთად მივალაგეთ, ჩვენი ხელები რამდენჯერმე შემთხვევით შეეხო ერთმანეთს და თავი ძლივს შევიკავე ისე მომინდა შევხებოდი მისი სხეულის ყველა ნაწილს.

გოგონები თავიანთ ლოგინამდე ისეთი სიფრთხილით გადამაწვენინა რომ წარბიც კიარ შეუხრიათ, ტკბილად გააგრძელეს ძილი.
-ლამაზი კარავია.-თვალი ჩვენს აშენებულ კარავს შეავლო და ყველაზე თვალისმომჭრელად გამიღიმა, ვიდრე აქამდე გაუღიმია.
-ხო, მეც მომწონს , ჩვენი საყვარელი გასართობია.-ვუპასუხე და კარისკენ დავიძარი მის გასაცილებლად.
-იმედი მაქვს ერთხელ ასეთ კარავში თქვენთან ერთად მეც დავიძინებ.-ხმით ჩაიცინა და მალევე მოაყოლა.-ახლა მართლა გკერავ.
-აშკარად შენც დაღლილი ხარ..-წარბი ისევ ზევით ავუქაჩე და ნელი ნაბიჯით დავიძარი კარამდე. ჩემს ტვინს უნდოდა რომ წასულიყო, მხოლოდ ტვინს, სხვა ყველაფერი კი მასთან შეხებას ნატრულობდა დაუსრულებლად..

-დედა გაიღვიძე! ტიტეს სანახავად წავიდეთ რა!-ახალგათენებულზე მეცნენ ლიტა და ლილე ღრმა ძილში მყოფს, დიდხანს მაღვიძებდნენ ნჯღრევა-ნჯღრევით და ბოლოს საწადელსაც მიაღწიეს.
-ჯერ ძალიან ადრეა დე, არც ტიტეს ეღვიძება და არც ძაღლს, ლოგინებში დაბრუნდით.
-ვნახოთ იქნებ ღვიძავთ, გთხოვ!-კისერზე თითები დაიკიდა ლილემ.
-დილის 6საათია, ასე ადრე ადამიანს სახლში ვერ შევუვარდებით, მესმის რომ ის ძაღლი შეგიყვარდათ მაგრამ ახლა რომ იქ მივადგეთ თქვენი სურვილის დასაკმაყოფილებლად ეს როგორი საქციელი იქნება?
-ეგოისტური.-ბეჯითად მპასუხობს ლიტა.
-ზუსტად, ეგოისტური და ზრდილობა მოკლებული საქციელი იქნება ჩვენი მხრიდან , ამიტომ სჯობს მოვიცადოთ და როცა შესაბამისი დრო იქნება შემდეგ წავიდეთ მათ სანახავად.
ლოგინებში ჩავაწვინე, მალევე შეიბრუნეს ძილი, მე კი წინა დღით მომხდარ ამბებზე მეფიქრებოდა და ვერაფრით ვეღარ მოვხუჭე თვალი. გულმა არ მომითმინა, ფეხზე წამოვდექი და სახლში უაზროდ ბოდიალი დავიწყე.
როცა ტიტეს თვალებში ვუყურებ ჩემს თავს ვხედავ ისეთს, როგორადაც ის მხედავს და ეს ყველაზე საოცარი გრძნობაა რაც კი აქამდე განმიცდია. მისი თვალებიდან შემიძლია ვუყურო ანას რომელიც ძლიერია, მამაცია, კარგი დედაა. მის თვალებში ვხედავ ანას რომელსაც ყველაფერი შეუძლია, რადგან მისთვის სწორედ ასეთი ვარ.
ნელ-ნელა ის სუსტი გოგო რომელიც თავისი სურვილის გარეშე გაათხოვეს 17 წლის ასაკში ჩემში სულ უფრო და უფრო უკან იხევს, განზე დგება და შორიდან მაკვირდება. ამდენი წლის მანძილზე ახლა პირველად ვხვდები რომ ფეხზე მყარად დგომა მეც შემიძლია, მეც შემიძლია ზღაპრის იმ გმირად ვიქცე, რომელზეც ბავშვებს ყოველ ღამე, ძილის წინ ვუყვები. ერთმა სწორმა ნაბიჯმა სრული გადატრიალება მოახდინა ჩემში , იმ დაწყევლილი სახლიდან რომ არ წამოვსულიყავი ისე მოვკვდებოდი ვერასდროს ვერც კი წარმოვიდგენდი რეალურად რა შემიძლია. ყოველთვის შევნატროდი წარმატებულ , ძლიერ ქალებს და ახლა ვხვდები რომ მეც შემიძლია ასეთი გავხდე, მეც შემიძლია დიდ საქმეებს შევეჭიდო..
ბოდიალიდან სახლის მოწესრიგებასა და საუზმის გამზადებაზე გადავერთე, გოგონებიც გავაღვიძე, ირინას დაველოდეთ და როცა ჩვენი საყვარელი სახლის მეპატრონე გვესტუმრა მაგიდასაც მივუსხედით.
-რა გჭირს შენ?-ალმაცერად ჩამათვალიერა ირინამ თავიდან ფეხებამდე.
-რა მჭირს?-ვუპასუხე დაბნეულმა.
-რაღაც სხვანაირად იღიმი და შენს თვალებშიც სიხარულისგან ანთებულ ნაპერწკლებს ვხედავ, რაც აქამდე არ შემინიშნავს.
-მიხარია რომ აქ ხარ და ჩვენთან ერთად საუზმობ, მიხარია რომ ამ სახლში ვცოხვრობ და მიხარია რომ შენ შეგხვდი, ეს საკმარისია სიხარულის ნაპერწკლებისთვის?-სიცილით ვუპასუხე და შევამჩნიე როგორ სიამოვნებით გაინაბა ჩემი პასუხის მოსმენისას.
კარზე ზარის ხმა გაისმა და მის გასაღებად, რა თქმა უნდა მე გავემართე.
-გამარჯობა ტიტე.-გავუღიმე, თუმცა წარბაზიდულმა. თავადაც არ ვიცოდი მას რაზე ვუბრაზდებოდი, მხოლოდ ის მაწუხებდა რომ მასთან დროის ხშირი გატარება არ შემეძლო.
-გამარჯობა ანა. ვიფიქრე გოგონებს ძაღლთან დამშვიდობება ენდომებოდათ.
-დამშვიდობება?-ერთიანად დავიძაფრე ამ სიტყვის გაგონებაზე.
-ნუ გეშინია , კარგად არის და კიდევ უფრო კარგად იქნება, ქალაქგარეთ მიმყავს, ერთ ძალიან მაგარ ბიჭს დავუტოვებ და მასზე ის იზრუნებს.
-ვინ ბიჭს? რა დარწმუნებული ხარ რომ იზრუნებს?
-დარწმუნებული ვარ, კარგი ბიჭია , შემოსავალი სჭირდება და დავეხმარები , ის კი ძაღლს მიხედავს.
-მეგონა შენ დაიტოვებდი..-ტუჩები დამებრიცა ჩემდაუნებურად.
-დრო არ მაქვს, თორემ სიამოვნებით დავიტოვებდი,ნაპოლეონიც ძალიან დაისტრესა მთელი ღამე საძინებელში რომ მყავდა გამოკეტილი, მოკლედ კარგად იქნება, მთავარი ეს არის.


-კარგად იქნები პიკაჩუ, შენზე იზრუნებენ და არავინ აღარ გატკენს არასდროს.-ბოლოჯერ მოეხვია ლიტა ძაღლს დამშვიდობებისას.
სულ პატარაობიდან იძახდა პიკაჩუ ჩემს პირველ ძაღლს უნდა დავარქვა როცა მეყოლებაო, მიკვირს ეს სახელი რომ სხვისთვის გაიმეტა.
ძაღლთან დამშვიდობებას რომ მორჩნენ ლიტა და ლილე, ახლა ტიტესკენ გაემართნენ , მთელი ძალით მოეხვია ერთი ერთ ფეხზე, მეორე მეორე ფეხზე.
-ხომ ნამდვილად კარგად იქნება?-მაინც მოახერხა ლილემ გულის აჩუყება და ცრემლებიც ვეღარ შეიკავა.
-იმაზე კარგად ვიდრე შენ წარმოგიდგენია ჩემო პრინცესა. ჭრილობებს ბოლომდე მოირჩენს და მერე უზარმაზარ ეზოში დაუსრულებლად ირბენს და ითამაშებს.
-მპირდები?
-გპირდები, ოღონდ შენც უნდა დამპირდე რომ ამდენს აღარასდროს იტირებ.
ლილემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, ყველამ რომ გული იჯერეს ერთმანეთის ფერებით გოგონები და ირინა სახლში გავიყვანე, მე კი ჩანთა და ტელეფონი მოვიმარჯვე და სამსახურში წასასვლელად გავემართე.
-მე გაგიყვან.-მაშინვე შემომძახა ტიტემ როგორც კი გარეთ გამოვედი, როგორც ჩანს ჩემს გამოსვლას ელოდებოდა.
მანქანაში ჩავსხედით.
-დამესიზმრე.-მეუბნება მშვიდი და მისთვის დამახასიათებელი ხრინწიანი ხმით.
-დაგესიზმრე?-სიცილით ვბრუნდები მისკენ, ის კი გზას თვალს არ აშორებს.
-ხო , დამესიზმრე.
-და რა ხდებოდა შენს სიზმარში?
-მხოლოდ შენი თმების სურნელი მახსოვს.-ისევ წინ იყურება, მე კი თვალს ვერ ვაშორებ მის კისერს.
-სხვა დროს თუ კიდევ დაგესიზმრები, ეცადე ბოლომდე დაიმახსოვრო.
-სხვა დროს ეცადე აღარ დამესიზმრო.
-ასეთი ცუდი იყო?-სახის გამომეტყველება ერთიანად მეცვლება.
-არ მინდა მესიზმრებოდე, მერე ვიღვიძებდე და ჩემ გვერდით არ იყო.
-ტიტე, არ დაიწყო!-მკაცრად ვპასუხობ , თვალს ვაშორებ და ახლა მეც სხვაგან ვიწყებ ყურებას.
-კითხვაზე გიპასუხე, არაფერს ვიწყებ.
მანქანა გააჩერა, ერთი წუთით შეგაყოვნებო მითხრა და გადავიდა, თვალი გავაყოლე, მეორე მხარეს გადაირბინა, მერე სადღაც შეუხვია და ჩემს თვალსაწიერს გაცდა, უკვე ვეღარ ვხედავდი. საათს უაზროდ დავაშტერდი , სამსახურში არ ვაგვიანებდი , მაგრამ მაინც შფოთვამ ამიტანა , რამდენიმე წუთს თუ არ გამოჩნდება ავდგები , გადავალ და მანქანას აქ დავტოვებ-მეთქი გავიფიქრე, სამსახურთან მაინც ახლოს ვიყავი და ფეხით მისვლას რამდენიმე წუთშიც თავისუფლად მოვახერხებდი.ფიქრებში ისე გავერთე ტიტეს გამოჩენა მხოლოდ მაშინ შევნიშნე როცა მანქანის კარი შემოაღო და ხელში არც თუ ისე პატარა , სხვადასხვა ფერის მინდვრის ყვავილებით გაწყობილი თაიგული გამომიწოდა.
-შენი თმების სურნელის შესაფერის ყვავილს ვეძებდი , თუმცა ვერ ვიპოვე, ეს ყველაზე ახლოს არის და ამიტომ შევარჩიე.
-მადლობა, ძალიან ლამაზია.-ხელში თავმომწონედ დავიჭირე ჩემი პირველი თაიგული და ვიგრძენი როგორ დამიარა ჟრუანტელმა სიხარულისგან.
ზუსტად ორ წუთში ჩემს სამსახურთან ვიყავით, კარის გასაღებად გავიწიე , გამაჩერა, მე დაგეხმარებიო, რამდენიმე წამში გაჩნდა ჩემს კართან, ფრთხილად გამომიღო , ყვავილები გამომართვა მარტივად რომ ავმდგარიყავი და შემდეგ ისევ მე დამიბრუნა.
-თავს გაუფრთხილდი ანა, ან უფლება მომეცი მე გაგიფრთხილდე.
-გავუფრთხილდები.-ვუპასუხე შერჩენილი სიმკაცრით და მეორე მხარეს შევტრიალდი.
..

სახლში დაღლილი და მუშაობისგან განადგურებული დავბრუნდი, ჩვეულებრივზე მეტი ხალხი გვყავდა და ისე გადავიწვი ნაბიჯებს ძლივს ვდგავდი, თუმცა ამის მიუხედავად ხელში მაგრად ჩაბღაუჭებული ყვავილები მაინც ახერხებდა ჩემი ხასიათის გამოკეთებას.
გამოვიცვალე, ყვავილები ლარნაკში მოვათავსე , გოგონებს მოვესიყვარულე და ვახშმის კეთებას შევუდექი, პარალელურად ირინას ყველაფერი მოვუყევი რაც ამ ორი დღის განმავლობაში ტიტესთან გადამხდა.
-გიჟდება ეგ ბიჭი შენზე ანა და ახლა არ შემეწინააღმდეგო!-ჩემი მონაყოლიდან დასკვნის გაკეთება არ გაჭირვებია ირას.
-ვითომ?-სახე ბავშვივით მოვისაწ.....
-რაღა ვითომ, ნერვებს ნუ მიშლი!
-არ ვიცი რა ვქნა, ჩემი აზრები, ფიქრები , ყველაფერი ორად არის გაყოფილი..
-ჩემო გოგო, წლებია მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს დავშორდით და ის რაც მასთან ვიგრძენი იმის მეოთხედიც კი აღარავისთან მიგრძვნია, თუ შენ ფიქრობ რომ ტიტე შენი ადამიანია, ასე მარტივად ნუ გაუშვებ ამ გრძნობებს და მისთვის იბრძოლე თორემ მერე აუცილებლად გვიანი იქნება და ვეღარაფერს ვეღარ შეცვლი..
-მეშინია რომ ის რასაც მე ვგრძნობ საკმარისი არ აღმოჩნდება , მეშინია რომ რაღაც ისეთი მოხდება რაც გულს მატკენს და დამასუსტებს როცა ძალების მოკრეფას ჯერ კიდევ ახლა ვცდილობ. მთელი ცხოვრება იმედგაცრუებებში ვიყავი და ახლა როცა ყველაფერს თავიდან ვიწყებ შეცდომებისთვის მზად არ ვარ.
-დამიჯერე, სჯობს ცადო და მიხვდე რომ არ ღირდა, სჯობს იმედები გაგიცრუვდეს ვიდრე მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრში გაატარო რა მოხდებოდა რომ გაგერისკა.
-ჩემმა ქმარმა რომ გაიგოს სხვა კაცზე ვფიქრობ ალბათ ცოცხლად დამმარხავს.. სულ არავიზე ვფიქრობდი ეჭვიანობისგან რომ ცოფებს ყრიდა, თავისი მოლანდებების გამო რას მიკეთებდა და ახლა ეს რომ გაიგოს წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება.. ჩემს თავზე იმდენად არ ვდარდობ, მეშინია რომ გოგონებს ან ტიტეს დაუშავებს რამეს..
-ვერაფერს გაბედავს ანა, შენს ცხოვრებაში ვეღარ ჩაერევა!
-წარმოდგენაც კი არ გაქვს ვისზე საუბრობ ირი , წარმოდგენაც კი არ გაქვს რა შეუძლია, წარმოდგენაც არ გაქვს რა გამიკეთა და მის ძალებს ამიტომ ვერ აფასებ..
ბევრი ვისაუბრეთ , ის თავის ტკივილს მიზიარებდა, მე ჩემსას და ამასობაში ვახშმის დროც მოვიდა , იმის მიუხედავად რომ არცერთს აღარ გვქონდა მადა, ნაძალადევად გავიღიმეთ გოგონებისთვის და მაგიდას მივუსხედით.
ძალით გავღეჭე რაც პირველი თვალში მომხვდა , ძლივს გადავყლაპე და ჭამა აღარც გამიგრძელებია.

ათი საათისთვის ირინა გავაცილე, გოგონები ვაბანავე და დასაძინებლად გავამზადე. რადგან წინა ღამეს ისე ჩაეძინათ რომ ზღაპრის მოყოლა ვერ მოვასწარი , წინასწარ შემითანხმდნენ ახლა ორჯერ უფრო დიდხანს უნდა მოგვიყვეო, მეც რა თქმა უნდა, დავთანხმდი და საქმეს შევუდექი, ინტერესით მისმენდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ ძილთან გამკლავებას , მეცინებოდა მათ ძალით დაჭყეტილ თვალებს რომ ვუყურებდი , დიდხანს იწვალეს და ბოლოს მაინც დაეხუჭათ ოკეანისფერი თვალები. ორივე ფრთხილად ჩავკოცნე და სამზარეულოში ფანჯარასთან ყავით ხელში განვმარტოვდი , ფანჯრიდან გახედვისთანავე დავლანდე ეზოში მდგომი ტიტე, თვითონაც დამინახა , სხვა გზა აღარ მქონდა, გავუღიმე და თავი დავუქნიე, ის კი მაშინვე ჩემკენ დაიძრა.
-სამსახურში ძალიან სტრესული დღე მქონდა და გადავწყვიტე დაძინებამდე ცოტა დამელია , ხომარ შემომიერთდები?
-მე არ ვსვამ.-ცივად ვუპასუხე და თვალი მაშინვე ავარიდე.
-ერთხელ დაუშვი გამონაკლისი და დალიე ჩემთან ერთად, დაგელოდები.
სახლისკენ გატრიალდა ღვინის ბოთლით ხელში , ვუყურებდი მის ზურგის ქნევას, მის განიერ მხრებს, მის მზისგან ფერშეცვლილ კისერს.. ჩემდაუნებურად წარმოვიდგინე როგორ მეხება მისი დიდი ,დაძარღვული ხელებით.. ფიქრებმა ისე ამიტანეს რომ ვეღარ მოვითმინე, სახლში ყველა ფანჯარა ჩავკეტე და მისკენ დავიძარი.
კარზე არ დამიკაკუნებია, პირდაპირ შევაღე.
-მოხვედი..-გამარჯვებულმა ამოილაპარაკა ტიტემ, რომელმაც სამი თუ არა, ორი ჭიქის დალევა მაინც მოასწრო ამ დროში.
-ხო , მოვედი.- მისგან ოდნავ მოშორებით ჩამოვჯექი. ჯერ კიდევ ვეწინააღმდეგებოდი ჩემს თავს მიღებულ გადაწყვეტილებაში, მაგრამ რადგან უკვე იქ ვიყავი, უკან წასვლას აღარ ვაპირებდი.
ღვინით სავსე ჭიქა გამომიწოდა და თვალები ჩემს სახეს გაუშტერა.
-ასე ნუ მიყურებ.-მის მუქ მწვანე თვალებს ვეღარ გავუძელი და სახეზე ხელები ავიფარე.
-წარმოდგენა მაინც გაქვს რა ლამაზი ხარ?-ჩემკენ ჩამოიწია , სახიდან ხელები მომაშორა და ისევ ისე ჯიუტად დამაკვირდა, პასუხი არ გამიცია.
-ერთი მზერით შეგიძლია ადამიანი დაავადმყოფო, წარმოდგენაც არ გაქვს რა შეგიძლია..-ჩემი თმა ხელებში მოიქცია და ცხვირთან ახლოს მიიტანა.
-ღმერთო , წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორ მაგიჟებს ეს სურნელი.
მისი მოწოდებული ღვინო ერთ მოყუდებაში დავლიე და შემდეგი ჭიქა თავად დავისხი.
-შენი შეშინება არ მინდა, არც ის მინდა უხერხულობას გიქმნიდე.
-კარგად ვარ.-გავუღიმე და თითებით სახეზე წავეთამაშე, თავი გადმოხარა, ჩემი ხელი თავსა და კისერს შორის მოიქცია და ახლა ასე მომაშტერდა.
-შენთან ყველა შეხება სიზმარს გავს ანა, რეალობაში ასეთი რამ ჯერ არასდროს განმიცდია.
ერთმანეთის ყურებით ტკბობაში კიდევ რამდენიმე ჭიქა დავლიეთ. მაქსიმალურად მომიახლოვდა, იმდენად რომ სახეზე მის სუნთქვას ვგრძნობდი, ვგრძნობდი როგორ ილტვოდა მისი ვნებისგან აწითლებული ტუჩები ჩემთან შეხებისკენ და წინააღმდეგობა აღარ გამიწევია, თვალები დავხუჭე , ჩანაფიქრს მიმიხვდა , ხელები შემომხვია და ჩემს ტუჩებს ისე ფრთხილად შეეხო , თითქოს უფრო მეტად რომ შემხებოდა ფაიფურის ჭურჭელივით დაიმსხვრეოდა. მოულოდნელად ვიგრძენი რომ სუნთქვის გაგრძელება აღარ შემეძლო, ხელებით მოვიშორე და ქოშინით ძლივს ამოვილაპარაკე.
-ერთმანეთზე არაფერი ვიცით..
-მინდიხარ, შენთან ყოფნა მინდა აქ , ახლა და ყოველთვის როცა ეს შენც გენდომება, ამის გარდა სხვა რისი ცოდნა გჭირდება ამ მომენტში?
-სხვა არაფრის.-ვუპასუხე მორჩილად და ხელები მაიკის ქვეშ შევუცურე, მაშინვე ვიგრძენი მისი სხეულის სიმკვრივე მივხვდი რომ იმდენად მიზიდავდა გაჩერება აღარ შემეძლო.
მაისური გადაიძრო , კისერში რამდენიმე სველი კოცნა დამიტოვა და ჩემი მაისურის გასახდელად შეემზადა, არ დავაყოვნე, მაშინვე ხელები ზემოთ ავწიე საქმე რომ გამარტივებოდა, იმ მომენტში სხვა არაფერზე ვფიქრობდი, სხვა არაფერი მახსოვდა, მხოლოდ მასთან შეხება. ვნებებიდან მაშინ გამოვერკვიე როცა გავაანალიზე რომ აღარ მეხებოდა და პირიქით, დაზაფრული აკვირდებოდა ჩემს შიშველ სხეულს და მასზე შემორჩენილ ნაიარევებს.
-ეს ვინ გაგიკეთა?-ისედაც მუქი მწვანე თვალები ახლა სულ ჩაუშავდა სიმწრისგან, ყბები კიდევ უფრო გამოეკვეთა დაჭიმულობისგან.
-ასე ვინ გაგიმეტა ანა?-ხელები სახეზე შემოირტყა, შევატყე ჯდომა რომ აღარ შეეძლო, ფეხზე წამოდგა და ბოლთას სცემას მოჰყვა, თან გაუჩერებლად იმეორებდა: ‘’ასე ვინ გაგიმეტა’’, ‘’ასე ვინ მოგექცა’’..
მაისური გადავიცვი , დაბნეულობისგან რამდენჯერმე წავაქციე ცარიელი ჭიქა, თუმცა საბედნიეროდ გადარჩა, არ გამტყდარა.
-მე წავალ.-ფეხზე ავდექი და კარს მივუახლოვდი.
-კითხვაზე მიპასუხე ანა, ასე ვინ გატკინა?
-ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ, ძილინებისა.
გარეთ გამოვედი , სახლამდე მისვლაც ვერ მოვასწარი, იქვე მის კართან ჩავიკეცე და პატარა ბავშვივით ავქვითინდი.. რა სულელი ვარ! საერთოდ რაზე ვფიქრობდი? აქ მოსვლა როგორ გავბედე? რატომ ვერ გავიაზრე რომ ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რაღაცების ადგილი არ არის! რატომ მივეცი ჩემს თავს ამდენის უფლება..
დაუსრულებლად ვაკრიტიკებდი საკუთარ თავს და ცრემლებიც გაუჩერებლად მცვიოდა თვალებიდან. ტირილით გული რომ ვიჯერე სახლში დავბრუნდი , ტანსაცმლითვე ჩავწექი ლოგინში და ძილის მორევში გადავეშვი..

გაღვიძება იმაზე მეტად გამიჭირდა ვიდრე ოდესმე, ზანტად წამოვიმართე ლოგინში და ფეხზე ძლივს წამოვდექი. თავის ტკივილი თავბრუს მახვევდა და პირველ რიგში წამლის დასალევად გავემართე, შემდეგ კი სხვა საქმეების კეთება დავიწყე. რასაც ჩვეულებრივ ხუთ წუთში ვაკეთებ ხოლმე, ახლა ამის გასაკეთებლად ოცი წუთი დამჭირდა..
ყველაფერი რომ დავასრულე ირინას შევძახე გავდივარ მაგვიანდება-მეთქი და სამსაურისკენ სირბილით დავიძარი.
წარმოდგენა არ მქონდა ამ ტკივილით და ამ განცდებით როგორ უნდა მემუშავა მაგრამ საბედნიეროდ ჩემმა პასუხისმგებლობამ გადამარჩინა და ყველაფერი ზუსტად ისე გავაკეთე, როგორც უნდა გამეკეთებინა და 6საათიც მოახლოვდა.
გამოსვლამდე თანამშრომლებს გამოველაპარაკე, ერთ-ერთი ბავშვს ელოდება და რომ გაიგო ორი შვილი მყავს, რაღაცებს გკითხავ ძალიან ვნერვიულობო გამაჩერა.მეც, რა თქმა უნდა, ყველა მის კითხვას ვუპასუხე და დავამშვიდე როგორც შემეძლო.
-აი ისე მელაპარაკე ცოტა მომეშვა, ამ ინტერნეტში რომ ვკითხულობ ჭკუიდან ვიშლები ისეთი რაღაცები წერია ყოველ წამს მუცლის მოშლას ველოდები..
-განწყობა ხომ იცი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ მოეშვი ისეთი სტატიების კითხას რაც შენზე ცუდად მოქმედებს. შენს და შენს პატარას არაფერი გემუქრებათ ,დამიჯერე.-თბილად გავუღიმე და მუცელზე წავეთამაშე, დიდი მადლობა გადამიხადა და მთელი ძალით მომეხვია.
ყველას დავემშვიდობე, გარეთ გამოვედი და ჩემი კაფის წინ გაჩერებული ტიტეს მანქანა რომ დავინახე, სახეზე ცივმა ოფლმა დამასხა. ‘’აქ რა ჯანდაბას აკეთებს-მეთქი’’ გავიფიქრე ვეცადე გვერდი ამევლო,თუმცა შემამჩნია თუ არა მაშინვე მანქანიდან გადმოვიდა და ჩემკენ სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა..
-ანა!-ხელი მკლავში ჩამავლო რომ გავეჩერებინე…

ჩემს სამსახურთან ახლოს პატარა სკვერში დავსხედით. მისგან მაქსიმალურად შორს მოვთავსდი და ისე რომ არც შემიხედავს და არც გამომეტყველება შემიცვლია, უემოციოდ დავიწყე საუბარი.
-გისმენ, ბევრი დრო არ მაქვს.
-გაბრაზებული ხარ, გიხდება.-ხმით ჩაიცინა და ჩემკენ ჩამოიწია.
-ამის სათქმელად მოხვედი?
-არა.-ხმა და სახე ერთიანად დაისერიოზულა.-გუშინ ზედმეტი მომივიდა, ასე არ უნდა ჩაგცივებოდი და ასე არ უნდა გამეშვი.. მაპატიე, თავი ვერ გავაკონტროლე.
-მესმის, ზუსტად ამას გეუბნებოდი ტიტე, როცა გაიგებ ჩემს თავს რა ხდება შენც აღარ გენდომება ჩემთან-მეთქი ხომ გითხარი? ხოდა ასეც მოხდა!
-სისულელეებს ნუ ამბობ ანა!
-რა არის სისულელე?
-გუშინდელი ჩემი სისუსტე იმას არ ნიშნავს რომ შენთან არ მინდა! ახლა იმაზე მეტად მიზიდავ ვიდრე ოდესმე! შენს თვალებში ყოველთვის ვხედავდი პატარ-პატარა ტკივილებს და ტრაგედიებს, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა თუ ეს იდგა ამ ყველაფრის უკან..
საუბარი ვეღარ გააგრძელა, სიმწრისგან მუშტი რამდენჯერმე შეკრა და თვალები სივრცეს გაუშტერა.
-17 წლის ვიყავი, სკოლა ჯერ დამთავრებული არ მქონდა. საერთო მეგობრის დაბადებისდღეზე დამინახა პირველად, მას შემდეგ სულ დამსდევდა , სულ იქ ჩნდებოდა სადაც მე ვიყავი, თუმცა არც მესაუბრებოდა და არც ჩემს გაცნობას ცდილობდა, უბრალოდ იდგა და შორიდან ცივი მზერით მაკვირდებოდა. რამდენიმე კვირაში მშობლებთან ერთად ჩემს სახლში მოვიდა ,მისაღებში დასხდნენ და საუბარი დაიწყეს, მე დასწრების უფლება არ მომცეს, ამიტომ არაფერი ვიცოდი. იმავე საღამოს დედაჩემმა სალაპარაკოდ დამისვა , მითხრა უკვე დიდი გოგო ხარ და ცხოვრების ახალ ეტაპზე უნდა გადახვიდეო.. ასეთი შესაძლებლობა შეიძლება სულ აღარ მოგეცეს და ახლა თუ უარს ვიტყვით მერე სულ ისე დარჩები და ამას არ დავუშვებო..წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, ბევრჯერ ვცადე მაგრამ არაფერი გამოვიდა. ჩემი ქმარი არ მიყვარდა, თუმცა ეს ყველაზე ნაკლები პრობლემა იყო ჩემთვის.. მახსოვს პირველად რომ სხეულზე სილურჯეები გამიჩნდა მთელი დღე დაუსრულებლად ვუყურებდი და ვუყურებდი.. პატარა ვიყავი , ძალიან პატარა.. სულ სხვა მიზნებით და ოცნებებით სავსე.
-ამას რამდენად ხშირად აკეთებდა?-ხმა აუკანკალდა ტიტეს.
-ყოველდღე , ხანდახან დღეში ორჯერ ან სამჯერაც. მნიშვნელობა არ ჰქონდა მთვრალი იყო თუ ფხიზელი, კარგი დღე ჰქონდა თუ ცუდი.. საერთოდ არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. რომ გაიგო ორსულად ვიყავი ცოტახანს შემეშვა, მხოლოდ იქამდე სანამ ექიმი გვეტყოდა რომ გოგოს ვატარებდი მუცლით.. მერე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. დაუსრულებლად ცდილობდა ჩემში მისი გვარის გამგრძელებლის ჩასახვას და ღმერთო.. ვერავინ გაიგებს ეს რა გრძნობაა.
შევამჩნიე როგორ ჩაუდგა მზის შუქისგან გაღიავებულ თვალებში ცრემლები და როგორ არც კი უცდია მათი შეკავება.. ყველა ემოცია ზედ ეწერა იმ მომენტში , ერთი შეხედვით ვკითხულობდი მის აზრებს.
-ვიცი მისაყვედურებ როგორ არ უჩივლეო, ვიცი მეტყვი ასეთი მანიაკების ადგილი ციხეშია და ამას რატომ ითმენდიო..შენ ვერ გაიგებ ტიტე, ვერავინ გაიგებს რას ნიშნავს როცა ადამიანი ისე გაშინებს რომ მისთვის რამის დაშავება ვერც კი წარმოგიდგენია.. მე ვიზრდებოდი სახლში, სადაც ჩემთვის სრულიად უცხო კაცი ყოველ საღამოს ჩემი ცემით იღებდა სიამოვნებას, სად უნდა გამეგო ჩემს უფლებებზე, როდის უნდა მესწავლა კანონები.. როდის უნდა მომმატებოდა ძალა მასთან საბრძოლველად..
ჩემთან მაქსიმალურად ახლოს მოიწია, მისი მძიმე, დიდი და დაძარღვული ხელები მთლიანად შემომხვია და მთელი ძალით ჩამიხუტა, ისე ძლიერად რომ მეგონა სუნთქვას ვეღარ შევძლებდი. მის მკლავებში მოქცეული კიდევ უფრო დავპატარავდი, თავი მკერდზე მივაბჯინე და საკუთარ თავს იმის უფლება მივეცი რომ ცხოვრებაში პირველად ჩემი ემოციები სხვასთან ბოლომდე გამომეხატა. მე ხმით ავტირდი , ის კი სულ უფრო და უფრო მიხუტებდა მის გულთან ახლოს.
-როგორ დარჩი ასეთად ანა? ამდენმა ბოროტებამ როგორ გაგიარა ისე რომ ერთი პროცენტითაც არ დარჩენილა შენში.. ეს როგორ მოახერხე?რამდენი ადამიანი მინახავს, დამნაშავეც , უდანაშაულოც , ვის აღარ შევხვედრივარ ცხოვრებაში მაგრამ ის რაც შენშია აქამდე არავისში დამინახავს ანა! როგორ შეიძლება იფიქრო რომ საკმარისად ძლიერი არხარ როცა ეს ყველაფერი გამოიარე და მაინც იმ პატარა ზღაპრის გმირად დარჩი რომელიც მხოლოდ სიკეთესა და სიყვარულს ასხივებს გარშემო..
დიდხანს ვისხედით ასე , ერთმანეთთან მიხუტებულები და იმ მომენტში ჩემს წარსულს პირველად გავუსწორე თვალი ასე მკაფიოდ , პირველად ჩავხედე თვალებში ყველა იმ ტკივილს რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოვიარე და გულში ჩემდაუნებურად გავიფიქრე:’’აღარ მეშინია!’’

-რატომ დაგაგვიანდა ანა? გირეკავდით და არ გვიპასუხე!-ცხვირი ამიბზუა ლიტამ სახლში შესვლისთანავე.
-სადღაც შეყოვნება მომიწია ჩემო პრინცესა და ვერ გიპასუხეთ.-გაბუტული სახეები ჩავუკოცნე გოგონებს და სახლის საქმეებს შევუდექი.
ვახშამი წინასწარ გავამზადე და დესერტის მომზადებაც დავიწყე.
-აბა მომიყევით დღეს რას აკეთებდით?
-ირინას სახლში ვიყავით და ფოტოებს ვათვალიერებდით, იცი ადრე კიდე უფრო ლამაზი ყოფილა! ნამდვილ პრინცესას გავდა.
-ახლაც ულამაზესია დე.
-მერე რაღაც სურათი შეხვდა და ტირილი დაიწყო.-ამბის მოყოლა ლიტამ გააგრძელა.-აი ლილე რომ წაიქცა ერთხელ, ფეხი რომ ძალიან იტკინა და რომ ტიროდა, ზუსტად ისე.
-მერე?
-მერე ჩავეხუტეთ და ვარსკვლავების საყურებლად ჩვენს კარავში წამოვიყვანეთ, მგონი მოეწონა.
-კარგი გოგოები ხართ, დარწმუნებული ვარ მოეწონებოდა.
ნამცხვარი გაზში შევდგი და გოგონებთან ერთად მურტფილმს ჩავუჯექი.
-დედა, მადლობა იმ სახლიდან რომ წამოგვიყვანე.-სრულიად მოულოდნელად თითქოს არაფერი ისე მეუბნება ლილე სიტყვებს, რომლის გაგონებაზეც ტანში ჟრუანტელი მივლის და გული ასჯერ უფრო მეტად მიწყებს ფეთქვას.
-რას გულისხმობ ლილე?
-აქ მირჩევნია, აქ არავინ ყვირის.-თვალი მისი საყვარელი სცენისთვის არც კი მოუშორებია ისე მიპასუხა.
ლილეს სიტყვებმა საბოლოოდ მიმახვედრა რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე უფრო მნიშვნელოვანი ამქვეყნად საერთოდ არაფერია. შეიძლება ჩემს გოგონებს არ ეცვათ კლასში ყველაზე ძვირიანი სამოსი, მაგრამ ეს ვის ადარდებს? ისინი არ გაიზრდებიან სტრესულ გარემოში და თითქმის ჩაძინებულებს იმ აუტანელი ყვირილის მოსმენა აღარ მოუწევთ! ჩემი საბრალო გოგონები.. ვინ იცის რამდენჯერ გაუგიათ ის საზარელი ხმები და რამდენჯერ შეშინებიათ, ვინ იცის რამდენჯერ დაუძინიათ სახეზე საბან გადაფარებულებს რომ უფრო ნაკლებად გაეგოთ ან უფრო ნაკლებად შეშინებოდათ. ახლა ვხვდები რატომ ვერასდროს უყურებდნენ თვალებში საკუთარ მამას, ახლა ვხვდები რატომ არიდებდნენ თვალს და რატომ გაურბოდნენ მასთან საუბარს ყოველთვის როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდათ..
-მაპატიე რომ აქამდე არ წამოგიყვანეთ დე..
ორივეს მოვეხვიე და კითხვები იმაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე თუ არა, საბოლოოდ გაქრა.

გოგონებმა რომ დაიძინეს ისევ ჩემს საყვარელ ადგილას განვმარტოვდი და ისევ ყავით ხელში. ვიცოდი ტიტე რომ მთელი ღამით მუშაობდა ამიტომ მის გამოჩენას არ ველოდი და ეზოშიც იშვიათად თუ მეპარებოდა თვალი.
ტელეფონში უაზროდ სქროლვას შევყევი და ჩემი ყურადღება რაღაც განცხადებამ მიიქცია სადაც საუბარი იყო სოციალური მედიის შესწავლასა და მისი ცოდნის უპირატესობებზე, კურსის ღირებულება ფასდაკლებით 400 ლარს შეადგენდა , გარანტირებულ სამსახურს და კარგ შემოსავალს გვპირდებოდნენ დასრულების შემდეგ, ჩვენგან კი გამოცდილებას ან რაიმე ცოდნას არ ითხოვდნენ, ყოველი შემთხვევისთვის შევინახე, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი რომ ისევ მივუბრუნდებოდი.
ყავის სმა დავასრულე, ჭიქაში შერჩენილი ნალექი სახეზე შევიზილე და წყლის გადასავლებად მოვემზადე.
-ანაა! გღვიძავს?-გარედან შემომძახა ირინამ.
-ხომ მშვიდობაა?
-მოწყენილობისგან ვერაფრით მოვისვენე და ვიფიქრე ჩემს გოგოს თუ ღვიძავს შევუვლი-მეთქი, ხელს ხომარ შეგიშლი?
-არა რა ხელს შემიშლი, შემოდი , ბანაობას ვაპირებდი მაგრამ ხვალ მაინც ვისვენებ და გადავდებ, შენი გამხიარულება მირჩევნია!-თვალი ჩავუკარი და სამზარეულოსკენ ერთად დავიძარით.
-ლიტას და ლილეს ჩემს ალბომებს ვათვალიერებინებდი, ჩემი და ჩემი ყოფილი ქმრის ქორწილის ფოტო შემხვდა და მას შემდეგ სულ მაგ დღეზე ვფიქრობ..
-გაოცებულები იყვნენ შენი სილამაზით, ნამდვილ პრინცესას გავდაო ლილემ.
-იმ დღეს მართლა ვგავდი პრინცესას, ზუსტად ასე მაგრძნობინებდა თავს კაცი რომელსაც ცოლად მივყვებოდი.. მაგ პრინცესასგან ახლა აღარაფერი დარჩა, სულ არაფერი.
-ირი, დილას სამსახურში რომ მივდივარ და ჩემს გოგონებს შენთან ვტოვებ, საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე საჭმელს დროულად შეჭამენ თუ არა, არც იმაზე ვფიქრობ დასალაგებელ სახლში იქნებიან თუ დაულაგებელში, არაფერზე ვფიქრობ და არაფერი მადარდებს, მხოლოდ ის ვიცი რომ ჩემს გოგონებს ყველაზე კარგი ადამიანი ჰყავთ გვერდით , რომლისგანაც მაგალითის აღებას შეძლებენ და ეს პატარა მაგალითები რომლებიც ეხლა შეიძლება ვერც გაიაზრონ, ზრდასრულ ასაკში ძალიან გამოადგებათ. თუ მაშინ პრინცესა იყავი და იმ პრინცესასგან აღარაფერი დარჩა, ჩათვალე ახლა დედოფალი ხარ, თუმცა ამისთვის ვინმე არ გჭირდება ვინც ასეთად გაგრძნობინებს თავს, უბრალოდ შინაგანად ეს ხარ და მორჩა.
-ამხელა ქალს ნუ მაწითლებ!-დამორცხვებულმა მიპასუხა ირინამ და სახიდან სიწითლის მოსაშორებლად რამდენჯერმე დაინიავა.

ირინა ხასიათზე მოვიყვანე, შემდეგ ძილმორეული სახლამდე გავაცილე, ვიბანავე და ლოგინში ჩავესვენე, დაწოლისთანავე აწკრიალდა ჩემი ტელეფონი , თინეიჯერი გოგოსავით თავზე ბალიში დავიმხე ხმა რომ დამეფარა და მაქსიმალურად ჩუმად ვუპასუხე.
-გისმენ ტიტე.
-გაგაღვიძე?
-არა , ახლა ვაპირებდი დაძინებას.
-მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ კარგად ხარ და არაფერი გჭირდება.
-კარგად ვარ, მადლობა.
-ფანჯრები ღია არ დატოვო , თავისუფლად შეძლებს ნებისმიერი ადამიანი შემოსვლას.
-არ დავტოვებ.
-და თუ რამე მოხდება ეგრევე დამირეკე, კარგი? დილამდე ვმუშაობ, მაგრამ რომც არ ვმუშაობდე.. მოკლედ, უბრალოდ დამირეკე თუ რამე მოხდება.
-კარგი, უნდა წავიდე , გოგონებს გავაღვიძებ.
-ძილინებისა ანა.
-ღამემშვიდობისა.
გავუთიშე თუ არა მაშინვე მოაყოლა ზარს შეტყობინებაც:
‘’And if a double-decker bus
Crashes into us
To die by your side
Is such a heavenly way to die
And if a ten ton truck
Kills the both of us
To die by your side
Well, the pleasure, the privilege is mine’’-პირველად რომ დაგინახე , მას შემდეგ ჩემდაუნებურად სულ ამას ვმღერი გონებაში, ამიტომ ჩვენი სიმღერა დავარქვი, ხოდა ახლა გიზიარებ რომ ძილის წინ შენც უსმინო ჩვენს სიმღერას და მერე ღამე მხოლოდ მე დაგესიზმრო.’’
პასუხი აღარ გამიცია, დაბალ ხმაზე ‘’ჩვენი სიმღერა’’ ჩავრთე და იქამდე ვუსმენდი სანამ საბოლოოდ არ ჩამეძინა.

რადგან არც ვმუშაობდი და არც რაიმე საქმე მქონდა დილას, გოგონებს რამდენჯერმე შევაბრუნებინე ძილი და იქამდე არ ავდექი ფეხზე სანამ შიმშილისგან კუჭები არ აგვიწრიალდა სამივეს ერთდროულად.
საუზმის გამზადება დავიწყე და გოგონებიც, რა თქმა უნდა, თავისებურად ერთვებოდნენ პროცესში.
-დე, ვიღაც გირეკავს.-ტელეფონი ჩქარი ნაბიჯით მომირბენინა ლიტამ და ხელში მომაწოდა.
გამოვართვი, დედაჩემი მირეკავდა რომელიც ბოლო საუბრის შემდეგ არ გამოჩენილა, არ ვუპასუხე , თუმცა არც ის გაჩერდა და ყელში რომ ამომივიდა საბოლოოდ საძინებელში გავედი გადავურეკე.
-ანა, შვილო! სასწრაფოდ რასაც არ უნდა აკეთებდე ჩაიცვი და წამოდი, მისამართს მოგწერ სადაც უნდა მოხვიდე.
-რა? რამე მოხდა?
-იმ შენგან მიტოვებულმა ქმარმა, გუშინ ღამე სცადა, საბედნიეროდ გადავრჩით, არ მომკვდარა მაგრამ საავადმყოფოში წევს, დილიდან მირეკავს დედამისი შენი შვილის გამო მოხდა ეს ყველაფერი და როგორც გინდა ისე დააბრუნე სახლში თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებო. შენ სულ რომ ვერ გიპოვონ ჩემზე, მამაშენზე და შენს ძმაზე იყრიან ჯავრს, თუ ღმერთი გწამს ანა, ასეთ უბედურებას ნუ დაგვატეხ თავზე!
-ხომ გადარჩა? ხომ ცოცხალია? ხოდა დედამისიც დამშვიდდება.
-მისამართს გამოგიგზავნი და ახლავე წამოდი თუ არ გინდა შენს გადაწყვეტილებას ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს! საერთოდ ღამით როგორ დაიძინებ როცა იცი რომ ადამიანი შენ გამო თავს იკლავს, იმის ოჯახი კიდე ჩვენ გვემუქრება სიკვდილით, გული სულ არ გაქვს ანა?
-მისამართი მომწერე, გოგონებს ვასაუზმებ და წამოვალ, იქნებ რომელიმესთან დალაპარაკებამ გაჭრას.
რომ წარმოვიდგინე ჩემი ყოფილი ქმრის და მისი ნათესავების ნახვა მომიწევდა , გული ისე ამიჩქარდა რომ სუნთქვის გაგრძელება ვეღარ მოვახერხე, კივილი მინდოდა, მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა, თუმცა ეს არ შემეძლო , სურვილისგან თავის დასაღწევად კი გაუაზრებლად ხელები სახეზე ავიფარე და მაქსიმალურად სულ უფრო და უფრო ვიჭერდი ფრჩხილებს სხვადასხვა ადგილებში, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება აფექტის მდგომარეობაში აქამდეც მიცდია და ამასთან გამკლავებას ჯერ კიდევ ვსწავლობ..
გონს რომ მოვეგე გოგონებს ნაძალადევი ღიმილით დავუბრუნდი , საუზმის მზადება დავასრულე და მათთან ერთად დავჯექი, თუმცა პირი არაფრისთვის დამიკარებია. როგორც კი ჭამა დაასრულეს მაგიდა მივალაგე და წასასვლელად გამზადება დავიწყე.
-სად მიდიხარ დე? ხომ თქვი რომ დღეს მთელი დღე ერთად ვიქნებოდით.
-პატარა საქმე მაქვს ჩემო პრინცესა, ცოტახნით გავალ და ძალიან მალე დავბრუნდები.
-15 წუთში?
-არა ლილე, 15 წუთში ვერ მოვასწრებ , მაგრამ გპირდები იქამდე მოვალ სანამ მოიწყენ.
გოგონებს ძალიან ბევრჯერ ჩავეხუტე სახლიდან გასვლამდე, გაუჩერებლად მიცახცახებდა მთელი სხეული და სიცხის მიუხედავად მაინც უსიამოვნოდ მამცივნებდა შიგნიდან.
მთელი გზა ფიქრებში გართული დანიშნულების ადგილამდე ისე მივედი ვერც კი გავიაზრე. მიმღებში ჩემთვის საჭირო ინფორმაცია მივიღე და ყოფილი ქმრის პალატისკენ გავემართე. შინაგანად ვიწვოდი, მაგრამ საერთოდ არაფერი მემჩნეოდა გარედან, სიმყარით სავსე ნაბიჯებით მივუყვებოდი კიბეებს. მესამე სართულზე ავედი და მაშინვე დავლანდე ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი ადამიანები, მათკენ დავიძარი , თუმცა ფეხები უკან მრჩებოდა.. შევამჩნიე როგორ შეეცვალათ გამომეტყველება როცა დამინახეს, შევამჩნიე ზიზღით სავსე თვალებით როგორ მომაშტერდნენ, მათი კბილების აკაწკაწებაც კი შევამჩნიე, თუმცა უკან დახევას აზრი უკვე აღარ ჰქონდა.
-შენ დაღუპე ჩემი შვილი! შენ გამო წევს ახლა ამ დაწყევლილ საავადმყოფოში! როგორ არ გრცხვენია, რა დაგაკელი ან მე ან ჩემმა შვილმა? მე გაგზარდე, ფეხზე მე დაგაყენე შენ კიდე რა გააკეთე? მოკიდე შენს შვილებს ხელი და სახლიდან გაიქეცი, უთქმელად, უსიტყვოდ, ულაპარაკოდ ასე უბრალოდ გაიქეცი! დაუნახავი გოგო ხარ, უმადური!
ხმის ამოღება არ შემეძლო, ამისთვის ვიცოდი ძალა არ მეყოფოდა ამიტომ უბრალოდ ვიდექი და ვუსმენდი როგორ უკანასკნელი სიტყვებით მლანძღავდა ხალხით სავსე საავადმყოფოში ქალი , რომელსაც თითქოს ზუსტად უნდა სცოდნოდა რატომ გავიქეცი..
-ვიღაც გაიჩინა ეტყობა , აბა რატომ წავიდოდა? ასე ბო*ები იქცევიან, ლაშას რა ვუთხარი თორე ამ საძაგელ გოგოს ახლოსაც არ უნდა ვიკარებდეთ!-ჩემს დედამთილს ლაშას მამიდაც აყვა, მერე მისი დაც , მისი ბიძაშვილიც, შორეული ნათესავიც, ვისაც არ დაეზარა ყველამ თავისებურად დამახასიათა და როცა ჩემი ლანძღვით გული იჯერეს ნება მომცეს პალატაში ჩემს ყოფილ ქმართან შევსულიყავი.

-ესეიგი სანამ თავი არ მოვიკალი, იქამდე ჩემი ნახვა არ იკადრე, ყოჩაღ ანა, ყოჩაღ.. ზუსტად მაგის ღირსი ვარ შენგან!
-ის კაცი არ ხარ ვისაც ჰგონია რომ ხელს თუ ოდნავ გაიჭრის ამით მოკვდება, ეგ კაცი არ ხარ ლაშა და ორივემ ძალიან კარგად ვიცით.
ჩემგან ამ პასუხს არ ელოდა, გაბრაზებისგან მაშინვე წამოიმართა თითქოს ცუდად მყოფი და ლოგინში მყარად წამოჯდა.
-ანუ იმისიც არ გჯერა რომ თავს ვიკლავდი? ასე რამ შეგცვალა ანა? ასე როგორ გაბოროტდი ამ რამდენიმე დღეში.
-შენ ვერ მაფასებდი სათანადოდ თორემ მე სულ ასეთი ვიყავი. შენმა გეგმამ არ გაამართლა, არც გული ამიჩუყდა თუ ამას ელოდი და არც შენს სახლში გამოვიქცევი იმის შიშით რომ კიდევ არ სცადო რამის დაშავება საკუთარი თავისთვის.
-ოხ! ლაპარაკიც გისწავლია , ორ სიტყვას ერთმანეთზე ძლივს რომ აბავდი უკვე დაგავიწყდა? ისიც ხომარ დაივიწყე რომ მევედრებოდი გაჩერდი, მეტის გაძლება აღარ შემიძლიაო! არაუშავს ანა, რომც დაგევიწყებინა მაინც მოვახერხებ თავიდან შეხსენებას, ხომ ზუსტად იცი რომ ასე იქნება? ამაში ეჭვი ხომ არ გეპარება?
-შენთან არასდროს დავბრუნდები, თუ გინდა ყოველდღე სცადე , ეს მაინც არ მოხდება, ეცადე დაიწყო ამის დაჯერება.
უკვე კართან ვიყავი და გასვლას ვაპირებდი ყვირილით რომ მომაძახა.
-სათითაოდ გავამწარებ ყველას! დედაშენსაც, მამაშენსაც, შენს ძმასაც! ყველას გავამწარებ ვისთვისაც გამარჯობა მაინც გითქვამს! შენთვისვე სჯობს შენს შვილებს ხელი მოკიდო და სახლში დაბრუნდე.
პალატიდან გამოვედი, გარშემომყოფების მზერა სრულებით დავაიგნორე და ჩქარი ნაბიჯით გავეცალე იქაურობას. ლაშას დედა ჩემს შეკავებას ცდილობდა, ახლა ნამდვილად არსად აღარ გაგიშვებო, თუმცა რომ მიხვდა რომ ვეღარ მაკავებდა და უცხოების ყურადღებასაც ზედმეტად იქცევდა ხელი გამიშვა, რაღაც მომაძახა ზურგით მდგომს და თავის ადგილს დაუბრუნდა. გარეთ გამოვედი, იქვე ახლოს ვიპოვე რაღაც ხის სკამი, დავჯექი და ცხარე ცრემლებით ავქვითინდი..

არც კი ვიცი საიდან შემამჩნია დედაჩემმა , მისი ნაბიჯების ხმა გავიგე და მივხვდი რომ ჩემკენ მოდიოდა, სწრაფად მოვიწმინდე ცრემლები და სახე მაქსიმალურად გავასწორე სანამ ბოლომდე მომიახლოვდებოდა.
-ამ საქმეს ტირილით ვერ უშველი ანა , მაგის იმედი ნუ გექნება.-მითხრა და გვერდზე მომიჯდა , ასეთი შეწუხებული აქამდე არასდროს მინახავს , სხვანაირი დარდი ჰქონდა სახეზე გადაკრული.
-გამარჯობა , ჯერ გამარჯობა დედა.
-გამარჯობების და მოკითხვების დრო არ არის ახლა, მითხარი ,ელაპარაკე? რაზე მორიგდით?
-არც გვილაპარაკია და არც რამეზე მოვრიგებულვართ, ერთადერთი რაც დააწყნარებს ჩემი იმ სახლში დაბრუნებაა, სხვა არაფერს აქვს აზრი.
-ხოდა დაბრუნდი ანა! ნუღარ წელავ და ნუღარ ამწარებ ამ ხალხს, საკმარისია!
-თავიდან არ დაიწყო დედა, უკვე აღარ შემიძლია ამ ყველაფრის შენგან მოსმენა!
-რას ნიშნავს არ დავიწყო? ამას როგორ მეუბნები? შენი ძმა ცხოვრებაში პირველად შეყვარებულია ანა, შენზე უფროსია და ახლა შეუყვარდა პირველად, ახლა იწყებს ნამდვილ და ბედნიერ ცხოვრებას!კაცმა არ იცის ის შენი ქმარი ან იმისი დედა რას დამართებენ შენზე გამწარებულები, რატომ უნდა იტანჯოს შენი გადაწყვეტილებების გამო? ბიჭს პირველად ეწვია ეს საოცარი გრძნობა, დააცადე ბედნიერი იყოს , იმასაც დააცადე და შენც დაუბრუნდი შენთვის შესაფერისს ცხოვრებას.
-ჩემთვის შესაფერისი იმ კაცთან ცხოვრებაა რომელსაც არ ვუყვარვარ და არც არასდროს ვყვარებივარ? ჩემთვის შესაფერისი მოძალადესთან ერთად ცხოვრებაა დედა?
-ანა შვილო..-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და საუბარი ასე განაგრძო.-ხომ გითხრა ყველაფერი შეიცვლება და სხვანაირად იქნებაო? შენი დაკარგვის შეეშინდა და ყველაფერს იზავს იმისთვის რომ ისევ არ წახვიდე მისგან, აი ნახავ, ზუსტად ვიცი ასე იქნება.
-შენ არაფერი იცი დედა, საერთოდ არაფერი.-მისი ხელები სახიდან ზიზღით მოვიშორე და ფეხზე წამოვდექი.
-ანა, მე შეიძლება შეცდომები დავუშვი, შეიძლება ბევრჯერ მოვიქეცი არასწორად, მაგრამ გთხოვ , გევედრები შენ ნუ ჩადგავ ფეხს ცოდვაში.. ისევ ნუ გაუჩინარდები! გახსოვს პატარა რომ იყავი როგორ უყვარდი შენს ძმას, გიჟდებოდა შენზე, ჩვენ რომ გეჩხუბებოდით სულ გიცავდა, ხელში აყავდი და მთელი ძალით გიხუტებდა ხოლმე..
გვერდი ავუარე, მის სასოწარკვეთილ შეძახილებს ყურადღება არ მივაქციე და სახლისკენ გავემართე. სანამ სახლში შევიდოდი ჯერ ირინას გავძახე გამოდი , რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა და დროც არ მაქვს -მეთქი.
-რა ხდება ანა, ასე გიჟივით რატომ დარბიხარ?
-მოკლედ, სახლში ვბრუნდები ირა, ამ ქირის ფულს მაინც გადაგიხდი რაც უნდა მოხდეს , ამის თქმა მინდოდა..-თვალი ავარიდე და სააბაზანოში გადავინაცვლე ნივთების ასაკრეფად.
-სად სახლში ბრუნდები? ან რა ქირაზე მელაპარაკები არ გრცხვენია ანა?
-სახლში, ჩემს ქმართან ვბრუნდები.
-შემომხედე! რამე დაგიშავა? სიმართლე მითხარი არაფერი დამიმალო!-ჩქარი ნაბიჯით დამედევნა, როგორც კი დამეწია მაშინვე გამაჩერა და სახეზე კარგად დამაკვირდა.
-არა, არაფერი დაუშავებია.
-აბა ასე უცებ რა მოხდა ანა? გაჩერდი , დაჯექი , ცოტახანს ვისაუბროთ და მერე წადი თუ წასვლას გადაწყვეტ.
-არაფერია სასაუბრო ირა, ჩემს ქმართან შერიგება გადავწყვიტე, საერთოდ არ უნდა წამოვსულიყავი , იქ არის ჩემი ადგილი.-ცრემლმორეულმა გავუღიმე და ხელები წელზე შემოვხვიე.-შენ მადლობა ყველაფრისთვის, გპირდები ოდესმე აუცილებლად დაგიბრუნებ ამ სიკეთეს..
დაბნეული გოგონები წასასვლელად გავამზადე და ჩვენი ნივთები რამდენიმე წუთში თავიდან ბოლომდე ჩავალაგე. ირინა არაფრით მეშვებოდა, დარწმუნებული ვარ საფრთხეში ხარ და ასე არ გაგიშვებო ,თუმცა არც მე დავნებდი და საბოლოოდ ჩემთან გამომშვიდობება მოუწია.
-აბა შენ იცი ანა, ჩემი ნომერი ხომ გაქვს? დამირეკე და ნებისმიერ დროს შენთან გავჩნდები..-სამივე ერთიანად ჩაგვიხუტა და ტაქსამდე ატირებულმა მიგვაცილა.
-რატომ წამოვედით? მე მომწონდა ამ სახლში ცხოვრება, ლილესაც მოწონდა.. ირინას საერთოდ ვეღარ ვნახავთ? შენ ხომ თქვი რომ ჩვენ სამს ჩვენი ზღაპრული სამყარო უნდა აგვეშენებინა? მაშინ ისევ იქ რატომ მივდივართ?
-ახლა ასეა საჭირო ლიტა.-უემოციოდ ვუპასუხე და მეორე მხარეს გავიხედე მათთვის რომ ჩემი სისუსტე არ დამენახებინა.
გამოსვლისას მეზობლის ფანჯრებს შევავლე თვალი, დაკეტილი ფანჯრებიდან ნაპოლეონი იყურებოდა ჯიუტად , სახეზე ეტყობოდა რომ პატრონის დაბრუნებას ელოდა სულმოუთქმელად. ტიტე ნაპოლეონისთვის მიცემულ პირობას ასრულებს და მას შემდეგ არცერთხელ დავიწყებია ფანჯრების დაკეტვა..

-სად ხარ?-ტაქსიდან გადმოსვლისთანავე დავურეკე ლაშას.
-ახლა გამომწერეს და სახლში ვბრუნდები, როგორც ვხვდები ჩემს ნათქვამზე გიფიქრია.
-სახლთან ვარ,გელოდები.
მაშინვე გავუთიშე მისი გამარჯვებისგან აღტკინებული ხმა რომ აღარ მომესმინა და ბინძურ კიბეებზე დაუფიქრებლად ჩამოვჯექი.
-ხომ გახსოვთ საიდუმლოს შენახვის მნიშვნელობაზე რომ გიყვებოდით?
-კი მე მახსოვს, არასდროს არავისთვის მითქვამს ლილემ რომ გატეხა ბებოს საყვარელი ჭიქა.
-ძალიან კარგი , ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაც უნდა ვაქციოთ საიდუმლოდ და მჯერა რომ თავს ამასაც გაართმევთ. მამას, ბებოს და საერთოდ არავის უნდა მოუყვეთ იმ დღეებზე რომლებიც სხვა სახლში გავატარეთ სხვა ადამიანებთან, არც ირინაზე, არც ტიტეზე , საერთოდ არაფერზე არ უნდა ისაუბროთ ჩემ გარდა არავისთან, ხომ შეძლებთ?
-კი მაგრამ, რატომ? ცუდი ხომ არაფერი მომხდარა?
-ხანდახან კარგი რაღაცების დამალვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცუდის..
-არასდროს არავის მოვუყვები შენი და ლიტას გარდა, გპირდები.-ნერვიულობისგან გაოფლიანებული ხელებით მეხვევა ლილე და ცდილობს არ შეიმჩნიოს როგორ აღელვებს ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში.
-ვიცი რომ ნერვიულობთ და გული დაგწყდათ იმ სახლიდან რომ წამოვედით,თქვენს განცდებზე საუბარი პრობლემა არ არის, არც ახლა და არც არასდროს. შეგიძლიათ ყველაფერი მითხრათ რაც გაწუხებთ..

გავიქეცი, ახალი ცხოვრების დაწყებაც კი ვცადე და ბოლოს მაინც ჩემი ნებით დავუბრუნდი ჯოჯოხეთს, სადაც ყოველ წამს ტკივილისგან ვიწვი..
არაფერი შეცვლილა ამ სახლში, ყველაფერი თავის ადგილას დევს და ყველა თავის ადგილას ზის. ჩემი დედამთილი სამზარეულოში, ჩემი მამამთილი კაბინეტში, ჩემი ქმარი ტელევიზორთან.. არავინ და არაფერი შეცვლილა, მე კი თავს მაინც სულ სხვანაირად ვგრძნობ.
-ყველაფერს თავიდან დავიწყებთ ანა, ის სიტყვები ტყუილად არ გამიჟღერებია, მართლა არ მინდა შენი დაკარგვა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ სამუდამოდ ჩემთან დარჩე.
კარადაში ტანსაცმლის შელაგებისას უკნიდან მომეხვია ლაშა და გაუხეშებული ტუჩები რამდენჯერმე შეახო ჩემს კისერს.
-დღეს საავადმყოფოში ჩემი ოჯახის წევრების მოკვლით მემუქრებოდი , ახლა გინდა დავიჯერო რომ ყველაფერი სხვანაირად იქნება?-ხმით ჩავიცინე და მის თავიდან მოშორებას მაქსიმალურად შევეცადე.
-ყოველთვის ამას აკეთებ ანა! ყოველთვის როცა შენთან მოვდივარ და ჩვენი ურთიერთობის დალაგებას ვცდილობ ისეთ სისულელეებს აჟღერებ რომ ჩემს თავზე კონტროლს ვკარგავ! ჭკუიდან გადაგყავარ და მერე კიდე შენ გარბიხარ სახლიდან.
-ასე ცდილობ ურთიერთობების დალაგებას ლაშა?-მუცელზე მაიკა ავიწიე ჩემი სისხლჩაქცევები მაქსიმალურად კარგად რომ დაენახა.-ასე ლაგდება ურთიერთობები შენთვის? ვიღაცებს შეიძლება მართლა სჯერათ რომ ყველაფერში მე ვარ დამნაშავე, მაგრამ მე და შენ მაინც ხომ ვიცით სიმართლე? ჩვენ ხომ მაინც ვიცით თუ სხვამ არავინ?
-ყველა იმას იღებს რასაც იმსახურებს, უაზრო საუბრებს მოეშვი და საქმეს მიხედე.
-შენ დაიწყე საუბარი, მე მხოლოდ პასუხებს გცემ.
-ხოდა ნუ მცემ!
შევამჩნიე ჩემი სახისკენ გამოშვერილი ხელი ჰაერში როგორ გაუშეშდა, ოთახიდან გინებით გავარდა და ისევ ტელევიზორს დაუბრუნდა. როდემდე ეყოფა ნერვები? როდემდე მოითმენს რომ ყველა ბრაზზე ისევ ხელები არ მომიქნიოს? ვერასდროს დავიჯერებ რომ ეს სამუდამოდ გაგრძელდება და მართლა შეიცვლება. უკვე საკმაოდ გავიზარდე იმისთვის რომ ვიცოდე, მოძალადეები არ იცვლებიან.
ნივთები თავის ადგილას დავაბინავე, თეთრეულები გამოვცვალე, ტანსაცმელი გავრეცხე , საჭმელი ყველასთვის გავამზადე , გოგონები ვაბანავე , დავაწვინე და როცა მთელი დღის ემოციებით გადაღლილებს ჩაეძინათ, სარეცხის ჩამოსახსნელად აივანზე გადავინაცვლე.
მთელი დღე ისე გავიდა ვერაფერზე მოვასწარი წესიერად დაფიქრება, როგორც ჩანს ზუსტად იცოდნენ რომ დავბრუნდებოდი, იცოდნენ ძალა არ მეყოფოდა მათ მუქარებთან გასამკლავებლად.. გამშრალი სარეცხი ჩამოვხსენი , დაწნულ კალათში ჩავკეცე და პატარა სკამზე ჩამოვჯექი ორი წუთით რომ დამესვენა. თვალი გარემოს მოვავლე , ჩემი ყურადღება გაჩერებული მანქანის ანთებულმა ფარებმა მიიქცია , რამდენჯერმე კარგად დავაკვირდი და საბოლოოდ ძლივს ამოვიცანი ტიტეს მანქანა.. მაშინვე ტელეფონი გამოვარბენინე და მასთან გადავრეკე.
-აქ რას აკეთებ? სულ გააფრინე? საიდან გაიგე ჩემი მისამართი?
-შენ რას აკეთებ მაგ მანიაკის სახლში?
-ჩემი ქმარია და ჩემი ადგილი ზუსტად აქ არის!
-გგონია მაგ სიტყვებს დავიჯერებ?
-მოგიწევს დაიჯერო! აქედან წადი ტიტე და შენს ცხოვრებას მიხედე.
-არსად წასვლას არ ვაპირებ! მე აქ ვიქნები თუ დაგჭირდები და თუ არ დაგჭირდები მაინც აქ ვიქნები ანა!
-არ მჭირდები ტიტე, არც შენი აქ ყოფნა მჭირდება.
-ეგ საკმარისი მიზეზი არ არის იმისთვის რომ აქედან წავიდე.
-ახლა შენ იქცევი მანიაკივით!
-ანა, შენ აღარ ხარ ის 17 წლის გოგო რომელიც ძალით გაათხოვეს! შენ აღარ ხარ ის გოგო რომელიც შიშისგან ხმას ვერ იღებდა, ის ბავშვი აღარ ხარ რომელიც ყოველ ღამე საკუთარ თავში ეძებდა მიზეზს რის გამოც ასე სასტიკად ექცეოდნენ. შენ ამ ყველაფერზე ბევრად მეტიხარ და მჯერა რომ ამის დავიწყებას არ აპირებ, მჯერა რომ ისეთი სულელი არ ხარ რომ იქ დაბრუნდე საიდანაც ერთხელ უკვე გამოიქეცი.
-უნდა გავთიშო..-ხმა აკანკალებულმა ამოვილაპარაკე და თვალზე მომდგარი ცრემლების შეკავებას მთელი ძალით შევეცადე.
-არასდროს მიგატოვებ, ეს დაიმახსოვრე ანა! ყოველთვის იქ ვიქნები სადაც შენ ხარ, ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები.
-მშვიდობით ტიტე.
ტელეფონი სახიდან მოვიშორე და აბაზანაში გავემართე განმარტოებისთვის. ტიტე მართალია, მე აღარ ვარ ის 17 წლის პატარა გოგო, თუმცა ჩემს ზრდასთან ერთად ჩემი პრობლემებიც პარალელურად იზრდებიან და მათგან თავის დაღწევას ვეღარ ვახერხებ. ვალდებული ვარ ჩემი ოჯახი დავიცვა, ვალდებული ვარ ვიზრუნო მათ უსაფრთხოებაზე. ვიცნობ ჩემს ქმარს, ვიცი რომ მას მართლა შეუძლია ადამიანებისთვის უბედურების მოტანა. როგორ უნდა მეძინოს მშვიდად როცა მეცოდინება რომ მათ სათითაოდ გაუსწორდება იმისთვის რომ თავისთან დამიბრუნოს. ამ ამბავს დასასრული არ აქვს, ყოველ შემთხვევაში ახლა არა..
-დაძინებას არ აპირებ?-სააბაზანოში კარზე ბრახუნით მომივარდა ლაშა.
-გოგონებთან დავიძინებ.
-რას ბოდავ ანა? კარი გააღე!
ცრემლები მოვიწმინდე და გარეთ საკუთარ თავში დარწმუნებული გამოვედი.
-მგონი გასაგებად გითხარი, გოგონებთან დავიძინებ დღეს და ის მომდევნო დღეებიც რომელსაც ამ სახლში გავატარებ.
-ანა , პირველივე დღესვე ნუ გამომტყუებ რაიმეს , ხომ ხედავ ჩემს სიტყვას ვასრულებ და თავს მაქსიმალურად ვიკავებ, მაგრამ ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი ამიტომ ნუ გამომცდი , იქ დაიძინებ სადაც შენი ადგილია.
-ხომ გინდოდა შენს სახლში დავბრუნებულიყავი? ხოდა დავბრუნდი! ახლა მე გადავწყვეტ სად დავიძინო.
-ზედმეტი მოგდის ანა, ძალიან ზედმეტი, შენს ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი.
საჩვენებელი თითი სახესთან ახლოს დამიქნია და საძინებელში გავარდა.
ღრმა ძილში მყოფ გოგონებს ფრთხილად მივუწექი , ემოციურად და ფიზიკურად დაღლილს ძლივს მეწვია სიმშვიდე და მოსვენება.
ჯერ კიდევ გული მიჩქარდება ტიტესთან შეხება რომ მახსენდება.. ჯერ ისევ ვგრძნობ მუცელში უცნაურ სასიამოვნო ტკივილს მისი ღიმილის გახსენებაზე. ნეტავ ეს გრძნობები როდის გაივლის? ან თუ გაივლის საერთოდ? როგორ უნდა დამავიწყდეს მისი ხელების სითბო ან როგორ უნდა დამავიწყდეს მის თვალებში ანთებული ნაპერწკლები როცა მე მიყურებდნენ..

-ანა გაიღვიძე! აქ რატომ გძინავს?-დილაადრიან ჩემი დედამთილის ყვირილმა გამაღვიძა.
-რამე პრობლემაა?-თვალები მოვიფშვნიტე და ასადგომად გავემზადე.
-ადექი, ბავშვებს ნუ გააღვიძებ, სამზარეულოში ვისაუბროთ.
ტანზე ჩავიცვი და მის ნებას დავემორჩილე, უკან ფეხაკრეფით გავყევი.
-ჩემი შვილი მართლა ცდილობს შეცვლას, ახლა შენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება, შენ კიდე პირიქით იქცევი. ცოლს და ქმარს ერთ ოთახში რომ უნდა ეძინოთ ეს ხომ იცი?
-ამ სახლში იმიტომ არ დავბრუნებულვარ რომ მისი ცოლობა მინდა, აქ იმიტომ დავბრუნდი რომ ჩემი ოჯახი თქვენგან დავიცვა.
-ასეთი სითავხედე თავიდანვე რომ გამოგეჩინა , ჩემს სახლში ერთი წამითაც კი არ გაგაჩერებდი! რას ვიფიქრებდი იმ ყველაფრის სანაცვლოდ რაც შენთვის გავაკეთე ამას თუ მივიღებდი უკან.. წამოგიყვანე, ადამიანად გაგზარდე, შენ კიდე დღითიდღე მარწმუნებ რომ არაფერს იმსახურებდი არც მაშინ და არც ახლა! როგორი წყნარი გოგო იყავი, ერთი საყვედურიც კი არ მითქვამს აქამდე შენთვის, ყველაფერს უთქმელად აკეთებდი , არავის ეპასუხებოდი.. ვინ აგირია გონება ანა? რა ხდება შენს თავს?
-დავიღალე, მხოლოდ ეს ხდება, დავიღალე! ჩემი ცხოვრების რვა წელი უკვე შემოგწირეთ, ესეც არ არის საკმარისი თქვენთვის? კიდევ რამდენი გჭირდებათ? კიდევ რამდენი?-ანერვიულებული ფეხზე წამოვდექი და მისგან თავის დაღწევას შევეცადე, ხელები მკლავში ჩამავლო და უკან სკამზე რამდენიმე წამში დამაბრუნა.
-ახლა ვხვდები ჩემი შვილი რატომაც გექცეოდა ასე, კიდევ კარგად გიძლებდა ასეთ სისულელეებს თუ ლაპარაკობდი!
სამზარეულოში შეშინებული ლიტა გამოვარდა და მაშინვე ჩემკენ გამოიქცა.
-რატომ ყვიროდით?-კალთაში ჩამიჯდა და ხელები წელზე შემომხვია.
-უბრალოდ ვსაუბრობდით ბებო, ყვირილი რა მოსატანია?-ბავშვს ნაძალადევად გაუღიმა და ნიკაპზე თითებით წაეთამაშა ყურადღების გადასატანად.

სანამ დილის საქმეებს დავასრულებდი სახლიდან ყველა სხვადასხვა საქმეზე გავიდა, მხოლოდ მე და ჩემი გოგონები დავრჩით. დიდხანს ვესაუბრე რომ მათ ენაზე როგორღაც ამეხსნა რატომ მოგვიწია ისევ უკან დაბრუნება და მაქსიმალურად ვეცადე მათ გამხიარულებას სხვადასხვა თამაშებით, როცა მივხვდი რომ აღარც დილის ყვირილი ახსოვდათ და აღარც სახლში დაბრუნებაზე ნერვიულობდნენ ასე ძალიან, დრო ვიხელთე, ბავშვებს გავეცალე და ირინასთან გადავრეკე, ვიცოდი რომ თვითონ არ დამირეკვავდა პრობლემები რომ არ შეექმნა ჩემთვის.
-როგორ ხარ ირი?-შევეკითხე მაქსიმალურად ომახიანად.
-რადგან შენი ხმა გავიგე უკვე კარგად ვარ ჩემო გოგო! ისე ვღელავდი სახლში ვერც გავჩერდი , გამოვედი აქ შენი და გოგონების ოთახში და ფანჯრიდან ვუყურებდი გათენებას, თვალებიც ვერ მოვხუჭე, ვფიქრობდი ვაითუ რამე უჭირს და მე მის გვერდით არ ვარ-მეთქი..
-ზუსტად ვიცოდი ასე რომ იქნებოდა და მაპატიე რომ განერვიულებ, ყველაზე ნაკლებად ის მინდა შენ ჩემ გამო ღამეები ათენო..
-რა ვქნა ასე რომ შემაყვარე თავი? მარტო მე კი არა, ტიტეც გაგიჟებულია. გუშინ რომ მოვიდა და შენ არ დახვდი სახლში ლამის ჩამომიღო კარი, ანა სად არის ასეთ დროს გარეთ არ გავიდოდაო , სახლში დაბრუნდა-მეთქი რომ ვუთხარი ისე წაბარბაცდა, მეგონა გონებას დაკარგავდა, შუშის თვალებით მიყურებდა და რამდენიმე წუთით გაუჩერებლად იმეორებდა იქ არ დაბრუნდებოდაო.. გონს რომ მოეგო მაშინვე მანქანაში ჩაჯდა და სადღაც წავიდა. კი მივაძახე ანას შეეშვი , პრობლემებს ნუ შეუქმნი-მეთქი მაგრამ არც ვიცი გაიგო? ან რომც გაეგო მე რას დამიჯერებდა..
ირინას მონაყოლზე გული ორმაგად ამიჩქარდა და თვალებში ისევ სევდასავით ჩამიდგნენ ცრემლები.
-ხო , აქ იყო, შემთხვევით დავინახე გუშინ აივნიდან. დავურეკე და მაქსიმალურად ვეცადე წასვლაზე დამეყოლიებინა როგორც ჩანს გამომივიდა, დღეს დილით მისი მანქანა უკვე აღარ დამინახავს..
-ახლა მაინც მითხარი მაგ ხალხთან რატომ დაბრუნდი, რას ერჩი ამ შენს საწყალ თავს..
-გუშინ არ მინდოდა თქმა, ვიცოდი აღარ გამიშვებდი და შენც უარესად იდარდებდი.. ჩემმა ქმარმა საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება სცადა, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმისთვის რომ უკან დავებრუნებინე, თუმცა ამას მაინც დიდი ამბავი მოჰყვა, დედამისი დაემუქრა დედაჩემს, თუ ანა სახლში არ მოვა და ლაშა ამის გაკეთებას გააგრძელებს მთელს ოჯახს გაგანადგურებთო, საავადმყოფოში რომ მივედი ლაშა პირადად მეც დამემუქრა, შენსას ყველას გავამწარებ ვისთვისაც გამარჯობა მაინც გითქვამსო..
-ღმერთო ჩემო! ეს რა ხალხია, საიდან მოვიდნენ, ასე რამ გააბოროტათ..
-შემეშინდა, საკუთარი თავის გამო არა, ჩემი ოჯახის გამო შემეშინდა, თავი ვალდებულად ჩავთვალე ისინი დამეცვა იმის მიუხედავად რომ ასეთ ჯოჯოხეთში რომ აღმოვჩნდი ნაწილობრივ მათი დამსახურებაცაა.. ესეც რომ არ იყოს როდემდე გავიქცევი? სულ რომ ჩემს ოჯახზე არ ვიფიქრო და ვუთხრა რაც გინდა დაუშავე მაინც არ დავბრუნდები-მეთქი , მერე საკუთარი შვილებით რომ დამემუქროს? მათთვისაც რომ სცადოს ზიანის მიყენება?
-არც კი ვიცი რა გითხრა ანა, მაგ ავადმყოფისგან მართლა ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ..
-იმის შიშში უკვე ვიცხოვრე რომ ჩემთვის რაიმე არ დაეშავებინა და ეს ვიცი რამდენად მძიმეცაა, მაგრამ გავაგრძელო ცხოვრება მისგან შორს, ისე რომ ვერ ვუყურებდე მის ნაბიჯებს და ვფიქრობდე იმაზე რომ ის ჩემ გარშემო ადამიანებს რაიმეს დაუშავებს, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა..
-რომ მიხვდა მისი აღარ გეშინოდა გადაწყვიტა სხვა ადამიანებით დაგმუქრებოდა რომ როგორმე ისევ მოეპოვებინა ძალაუფლება შენზე და მიზანსაც მიაღწია..
-ამჯერად ყველაფერი ასე მარტივად არ იქნება, დაველოდები რამდენ ხანს ითამაშებს სხვა ადამიანის როლს და რამდენხანს შეძლებს თავი შეიკავოს ფიზიკური ძალადობისგან, აი მერე უკვე აღარაფერი შემაჩერებს და იქ გავგზავნი სადაც დიდი ხნის წინაც უნდა გამეშვა, ციხეში ამოვალპობ რადგან ზუსტად ამას იმსახურებს ჩემგან! არანაირი გრძნობა აღარ დამრჩა მის მიმართ აღარც მეცოდება, აღარც მებრალება, აღარც მეშინია, საერთოდ არაფერს ვგრძნობ რომ ვუყურებ და ახლა ზუსტად ვიცი როგორც უნდა მოვიქცე თუ ერთხელ მაინც ეცდება რამე დამიშაოს. აი მერე კი ნამდვილად განვთავისუფლდები. მის გარეშე დედამისს არაფერი შეუძლია, ვერც ჩემს შვილებს მოუტანს ზიანს და ვერც ჩემს ოჯახს, მერე უკვე მართლა შემეძლება ცხოვრება ახლიდან დავიწყო..
-არაფრის შეგეშინდეს ჩემო გოგო , ზუსტად ამ შემართებით უნდა იყო ბოლომდე და ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოუღო მაგ არამზადას! შენი მჯერა და ვიცი შენ უკეთ იცი ახლა რისი გაკეთება სჯობს.. შენთვის და გოგონებისთვის ვილოცებ, ვილოცებ რომ მალე დამიბრუნდეთ და ისევ ისე გააფერადოთ ჩემი სახლიც და ჩემი ცხოვრებაც..
-ირი, ცხოვრება მართლა ღირდა იმისთვის რომ შენნაირი ადამიანი აღმომეჩინა, თუნდაც ამ ასაკში და ასე გვიან, თუნდაც მას შემდეგ რაც ყველამ გამწირა.. მაინც ყველაფერი ღირდა შენს გასაცნობად, სიტყვები არასდროს იქნება საკმარისი იმ მადლიერების გამოსახატად რასაც შენ მიმართ ვგრძნობ!
-ხომ იცი როგორ ჭარხალივით ვწითლდები ასეთ რაღაცებს რომ მეუბნები.. თანაც უკვე ისეთ ასაკში ვარ ყველაფერზე გული მიჩუყდება და პატარა ბავშვივით უაზროდ ტირილს ვიწყებ.-ნერვიულად ჩაიცინა და ტელეფონიდანაც კი შევამჩნიე როგორ აუთამაშდა თვალებში სიხარულის ნაპერწკლები.
-უნდა წავიდე, როცა შევძლებ კიდევ დაგირეკავ. არ ინერვიულო და არცერთი ღამე აღარ გაათენო ჩემზე დარდში , იცოდე მალე ისევ შევხვდებით და მერე რომ ჩაშავებული თვალები შეგამჩნიო, არასდროს აღარ გაპატიებ!
-გოგონებს ჩემს ნაცვლად ჩაუკოცნე ის ალუბლისფერი ლოყები და აბა შენ იცი ანა, თავს გაუფრთხილდი..

ირინასთან საუბარმა იმაზე მეტად დამასევდიანა ვიდრე ვვარაუდობდი, აქამდეც ვგრძნობდი ყველა გადაწყვეტილებაში მხარს რომ დამიჭერდა, თუმცა ამის მისგან მოსმენამ მაინც სხვანაირად მაგრძნობინა თავი. გადავწყვიტე უფრო ნაკლებად ვიფიქრო იმ ადამიანებზე ვინც ზიანს მაყენებენ და მეტი დრო დავუთმო მათ, ვინც ადამიანებისკენ შემომაბრუნა და დამანახა რომ ვიღაცებში მართლა არსებობს ის მზის სხივი და არ ღირს ყველასგან გაქცევა. ასი ადამიანიდან თუ ერთი მაინც შეგხვდა კარგი, ესეიგი ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის და ხელის ჩაქნევა ჯერ ძალიან ადრეა, 99 ცუდ ადამიანს ის ერთი თავისი სიკეთითა და თანაგრძნობით ისე აბათილებს რომ ვერც კი ამჩნევ როგორ თვალსა და ხელს შუა ქრებიან მათზე ფიქრები. სულ ალბათ თითზე ჩამოსათვლელად მიმიღია სწორი გადაწყვეტილებები და მათში ყველაზე საუკეთესო ის არის რომ ამდენი ტკივილის შემდეგ კიდევ ვენდე ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებს და მივეცი მათ შანსი თავი გაეცნოთ ჩემთვის.
სრული ნდობა რომ არ გამომეცხადებინა ტიტესთვის, ალბათ იმ ღამეს როცა ანერვიულებული სახლში მომადგა, სულ არ გავუღებდი კარს და გზააბნეულს უკან გავაბრუნებდი, ასე ხომ ვერასდროს გავიგებდი ერთ თითქოს სრულიად ჩვეულებრივ ადამიანს რამდენი ემოციის გაღვიძება შეუძლია მეორე სრულიად ჩვეულებრივ ადამიანში. მასთან გატარებული ის რამდენიმე დღე , წუთი და წამი ერთად აღებულ მთელს ჩემს განვლილ ცხოვრებას ჯობს და იმ მომენტებმა რაც მასთან მაკავშირებს ჩემს მეხსიერებაში იმდენად ყველაფერი მოიცვა რომ სხვა, იმ ცუდი და საშინელი დღეების ადგილი სულ აღარ დატოვა..

ვიცოდი ნელ-ნელა ყველა სახლში დაბრუნდებოდა ამიტომ სადილის მომზადებას შევუდექი. საჭმლის კეთება მართლაც ჩემმა დედამთილმა მასწავლა, ალბათ ამას გულისხმობს ხოლმე რომ მეუბნება მე გაგზარდე და ყველაფერი მოგეციო.. აქ რომ მოვედი მხოლოდ კარტოფილის და კვერცხის შეწვა ვიცოდი , ახლა ნებისმიერი სირთულის კერძს და დესერტს თავისუფლად ვამზადებ. მისთვის ალბათ სხვა არაფრის ცოდნა არ არის საჭირო და ისიც საკმარისია იცოდე რა რამდენ ხანს მოხარშო და რა რომელი სუნელით შეაზავო.. არადა ცხოვრება საკვების მომზადებაზე ბევრად რთულია და ბედნიერი ვიქნებოდი ეს უკანასკნელი მართლა რომ ესწავლებინა ჩემთვის ვინმეს, ან სულ ოდნავ მაინც შევემზადებინე სანამ ერთიანად დამაჯახებდა ამდენ გაუგებრობასა და ტკივილს.
-დე, ნახე რა დავხატე!-სიხარულით შემოირბინა ლიტამ სამზარეულოში და მაგიდაზე თაბახის ფურცელზე შესრულებული თავისი ნახატი გამიშალა.
-ეს შენ ხარ, ეს მე , ეს ლილე, ეს პიკაჩუ , აქ კიდევ ტიტე და ირინა.-თითებით წრიულად შემოხაზა ყველა მისი პერსონაჟი და ქათინაურების მოსასმენად გამზადებული ოკენაისფერი თვალები შემომანათა.
-ძალიან ლამაზია ჩემო პრინცესა, დიდი მადლობა ამ საოცარი ნახატისთვის.
-მახსოვს არავის რომ არ უნდა ვუთხრა, რადგან არავინაა ამიტომ გაჩვენე, შენ მოგცემ და შეინახე კარგი? როცა ტიტეს და ირინას ისევ შევხვდებით მათაც ვაჩვენოთ.
ნახატი გამოვართვი და შევპირდი რომ საგულდაგულოდ დავმალავდი ისე რომ ვერავის მიეგნო.
სახლში პირველი ლაშა დაბრუნდა, როგორც ჩანს წინა ღამის ბრაზმა ჯერ კიდევ არ გაუარა , ისევ ვერ ეგუებოდა რომ მის გვერდით არ მეძინა.
-საჭმელი მზად არის?-სახე დაღრეჯილმა მკითხა კარის გაღებისთანავე და სააბაზანოში გაეშურა ხელების დასაბანად.
-მზად არის.-გზაში დავაწიე ორი სიტყვა და სამზარეულოში შევბრუნდი მაგიდა რომ გამეშალა მისთვის.
-ესეიგი აღარც გძინავს და აღარც ჭამ ჩემთან ერთად? ძაღლივით მარტომ უნდა ვისადილო? მაშინ საერთოდ რაში მჭირდება ცოლი?
მის კითხვაზე ხმაურიანად ჩამეცინა.
-მეც ეგ მაინტერესებს, რაში გჭირდება ცოლი რომელსაც არც ძილი უნდა შენთან ერთად, არც ჭამა და აღარც შენი ეშინია?
-არც მე მადგები არაფერში და ვერც სხვას გამოადგები თუ ამის იმედი გაქვს, შენნაირები არავის არაფერში სჭირდება ანა. რომ მომინდეს ხვალვე მოვიყვან შენზე ათასჯერ უკეთესს ცოლს რომელსაც ის მაინც შეეძლება რომ ჩემი გვარის გამგრძელებლები გააჩინოს, უბრალოდ პრინციპის ამბავია, ჯერ ასე მირჩევნია.
მკლავები აიკაპიწა და მაგიდას მიუჯდა. ხმა აღარ გამიცია,ბავშვების ოთახში გავედი და ტელეფონი შევამოწმე , ტიტეს შეტყობინებამ რამდენიმე წამის წინ მომხდარი უსიამოვნება სულ დამავიწყა.
-‘’ვიცი რომ სახლში დაბრუნდა, შენც იცოდე რომ მე ისევ აქ ვარ. არ გირეკავ რადგან არ მსიამოვნებს შენგან იმის მოსმენა რომ თავი დაგანებო.’’
-‘’მანიაკივით იქცევი, მაგრამ მომწონს.’’-პატარა ბავშვივით დავიღრიჭე და მისგან მონიჭებული სიამოვნებისგან ტანზე გამოყრილი ბუსუსებიც კი შევამჩნიე.
-‘’ამის თქმა არ უნდა გაგერისკა, ახლა თავიდან მართლა ვეღარ მომიშორებ.’’
-‘’ალბათ ასე უკეთესია.’’
ბოლო შეტყობინება გავგზავნე და ტელეფონი ისევ სადღაც შევჩურთე შემთხვევით ლაშას რომ არ მოენდომებინა მისი შემოწმება. გოგონებს მივუჯექი და მათთან ერთად ჩავები თამაშში იქამდე, სანამ ჩემი ქმარი არ გამომძახებდა ჭამას მოვრჩი და შეგიძლია აალაგოო.

როგორც იქნა დასრულდა კიდევ ერთი დღე ჯოჯოხეთში. ამ ღამესაც დავიყოლიე ლაშა სხვაგან დაძინებაზე და მგონი ნელ-ნელა ეჩვევა კიდეც იმ ფაქტს რომ მისი დანახვაც კი არ შემიძლია. მის თვალებში ოდნავ შიშის გაელვებაც კი შევამჩნიე , აშკარაა მამჩნევს რომ შევიცვალე და იმასაც ამჩნევს რომ ჩემს ამ ვერსიას მისი განადგურება მართლა შეუძლია. მე კი სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ მე მასზე ბევრად ძლიერი ვარ. რა სულელი ვარ, აქამდე როგორ მჯეროდა რომ ძალა მუშტების ქნევით განისაზღვრება, ასე რომ იყოს მართლა მომიწევდა იმ ფაქტთან შეგუება რომ მას ვერასდროს მოვერევი, მაგრამ არა, ახლა ზუსტად ვიცი რომ როგორც კი ჩემზე ხელს აწევს მაშინვე პოლიციას ჩავაბარებ და მისი ცხოვრება იმაზე მეტად აირევა ვიდრე ჩემი მაშინ, როცა 17 წლის ამ სახლში გამომამწყვდია.
დილა ტიტეს დილამშვიდობისათი დაიწყო. სიამოვნებით გამოვაცურე ტელეფონი ბალიშის ქვეშიდან და შეტყობინებას წაკითხვას შევუდექი, თავიდანვე ზუსტად ვიცოდი ის რომ იქნებოდა.
-‘’დილამშვიდობისა ანა. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმის რომ მარტო არ ხარ და მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები.’’
-‘’დილამშვიდობისა ტიტე.’’
-‘’იქნებ მოახერხო და სულ რამდენიმე წუთით მაინც შემხვდე? მინდა დაგელაპარაკო, თვალებში ჩაგხედო და დავრწმუნდე რომ ყველაფერი კარგად გაქვს.’’
-‘’ყველაფერი კარგად მაქვს, მართლა.’’
-‘’მაგის გარდა კიდევ არის რაღაც.’’
-‘’რა? ყველაფერი რიგზეა?’’-ერთიანად ამიტანა შფოთვამ, ვიფიქრე ირინას თუ შეემთხვა რაიმე და ამის თქმა თუ უნდა-მეთქი..
-‘’შენ გარეშე სუნთქვის გაგრძელება აღარ შემიძლია.’’
-‘’ტიტე ნუ სულელობ, რა არ ვიფიქრე!’’
-‘’ყველაზე და ყველაფერზე ფიქრობ ჩემ გარდა.’’- ვიგრძენი პატარა ბავშვივით რომ გამებუტა და ტუჩის კუთხეებით ჩავიცინე მის ამ საქციელზე.
-‘’შუადღეს შევძლებ გამოსვლას, სულ რამდენიმე წუთით რომ შეუმჩნეველი იყოს.’’
-‘’სულ რამდენიმე წუთიც საკმარისია ჩემთვის. აი ხომ ხედავ გუშინ წინ აქედან წადიო მეჩხუბებოდი , ახლა კიდე შეხვედრაზეც დაგითანხმე.’’
-‘’ფრთხილად ტიტე, ჯერ კიდევ შემიძლია გადავიფიქრო.’’
-‘’შენს ზარს ველოდები.’’
საუზმის მზადებას ახლა უკვე სიხარულით შევუდექი. მგონი მხოლოდ მას კი არა, მეც მიჭირს სუნთქვის გაგრძელება როცა მასთან არ ვარ..

-დედა, საუზმედ რა გვექნება?-სამი სათამაშოთი ერთად შემობაჯბაჯდა ლილე სამზარეულოში და მაშინვე კუთვნილ სკამზე მოთავსდა ნახევრად მძინარე.
-ისეთ ფანქეიქებს გიკეთებ შენ რომ გიყვარს.-შუბლზე ვაკოცე და თითებით ლოყებზე წავეთამაშე.
-იმედია არ ფიქრობ რომ ფანქეიქების თუ რაღაც იდიოტობის ჭამას ვაპირებ, ნორმალური საუზმე გააკეთე.-ლილეს ლაშაც შემოყვა და ისიც უსიამოვნოდ მიუჯდა მაგიდას.
-კვერცხს შეგიწვავ.-ვუპასუხე ისე რომ სახეზეც კი არ შემიხედავს.
-ყველაფრის შეხსენება არ უნდა გჭირდებოდეს ანა, მომაბეზრებელია.
ბოლო ფანქეიქები თეფზე გადმოვალაგე და მაცივრიდან კვერცხი გამოვიღე მოსამზადებლად, ვიცი ასეთ სიტყვებს იმისთვის მეუბნება რომ მაქსიმალურად დამიგდოს თვითშეფასება და დამაჯეროს რომ მართლა არაფერი შემიძლია, ასე ხომ ბევრად უფრო მარტივი სამართავი ვიქნები მისთვის.
-ლილე , მამიკო, იცოდე ადამიანს ისეთი დღე აქვს, როგორიც საუზმე. თუ საუზმეს ჩააშხამებ, მთელი დღეც ეგეთი დათარსული ექნება, ამიტომ როცა გათხოვდები და ქმარი გეყოლება, მისი თქმის და ნერვების მოშლის გარეშე მოუმზადე ის რაც უყვარს.
-მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება საუზმე, როცა ადამიანი მას შენთვის ამზადებს, უკვე კარგად უნდა გაგრძელდეს შენი დღე და თუ ეს არ შეგიძლია, ესეიგი პრობლემა შენშია და არა იმ ადამიანში ვინც საუზმე გაამზადა, დილამშვიდობისა დედა.-საუბარში ლიტა ჩაერთო და უმცროს დას გვერდი დაუმშვენა.
ყოველდღე მაოცებენ ჩემი შვილები, როგორ მოახერხეს ასე გაზრდილიყვნენ და ასე სწორად გაეგოთ ყველაფერი რასაც ვასწავლიდი? საოცრებაა უყურებდე შენს ჯერ კიდევ მცირეწლოვან შვილს და ხვდებოდე რომ ის ზუსტად ისეთი ადამიანია როგორადაც ყოფნას შენ ისურვებდი თავიდან რომ დაბადებულიყავი..
-სულ არ უნდა დამეწყო საუბარი! ისეთი სისულელეებით გიტენით დედათქვენი თავს რომ ჩემს ნათქვამის ერთ პროცენტსაც ვეღარ ხვდებით.-თეფშს ხელი გაკრა სიბრაზის გამოსახატად და დოინჯშემორტყმული დაელოდა კუთვნილ საუზმეს.
-მამას ენა არ უნდა შეუბრუნო ბებო, ასე როგორ შეიძლება? -თავისი ადგილი ჩემმა დედამთილმაც დაიკავა და მისთვის უკვე გამზადებული ყავის მირთმევას მოჰყვა.
-ლიტა არც ისე პატარაა იმისთვის რომ მივუთითოთ როდის , სად და რა უნდა ისაუბროს, ამას თავად გადაწყვეტს.-საკუთარი შვილის კლანჭებიდან დახსნას შევეცადე და უკვე ვგრძნობდი სული რომ ყველას გვეხუთებოდა დაძაბულობისგან.
-როცა მამა შვილს დარიგებას აძლევს, მეორემ ენა არ უნდა შეუბრუნოს ანა, ეს შენ რომ გცოდნოდა ალბათ შენს შვილებსაც ასწავლიდი.-ნიშნის მოგებით გამიღიმა და თვალებში ცივად ჩამაცივდა. მასთან კამათს გავაგრძელებდი, თუმცა თავი ამჯერად მხოლოდ გოგონების გამო შევიკავე, არ მინდოდა დილიდან უსიამოვნო ენერგიით დამუხტულიყვნენ, ამიტომ გავჩუმდი, ყველას კუთვნილი საუზმე თეფშზე დავულაგე და თავადაც მაგიდას მივუჯექი.
საუზმობა რომ დავასრულეთ, ჩვეულებისამებრ მაგიდის ალაგებას შევუდექი, გვერდზე ოთახიდან საუბრის ხმა გავიგე , რომ მივხვდი ჩემი დედამთილი და ჩემი ქმარი ჩემზე საუბრობდნენ, მაშინვე გავეცალე სამზარეულოს და მაქსიმალურად ფრთხილად მივუყურადე მათი ხმა რომ გამეგო.
-პირველად რომ გადაწყვიტე ამ უტაქტოს აქ მოყვანა გავჩუმდი და მაქსიმალურად ხელი შეგიწყვე მეც და მამაშენმაც, ვიფიქრე ჩემს ჭკუაზე გავზრდი და რაღაცა იქნებ მართლა გამოვიდეს ამ გოგოსგან -მეთქი, ახლაც დაგეხმარე რომ აიტეხე სახლში უნდა დავაბრუნოო მაგრამ შენთვითონ არ უყურებ როგორ იქცევა? ასეთი ცოლი რაში გჭირდება ლაშა? ყოველ წამს შენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს.
-ვიცი დედა, მე თვითონაც ვიცი , შენი მითითებები არ მჭირდება.
-რაღაც ჩაიფიქრა და არამგონია ჩვენ რამე კარგი მოგვიტანოს მაგისმა სულელურმა ჩანაფიქრებმა.
-კარგი რა დედა! რა უნდა მოიფიქროს ანამ ისეთი რაც ჩვენ ცუდს მოგვიტანს? მეჩქარება, ამ საუბრების დრო არ მაქვს, ბიჭებს უნდა შევხვდე მელოდებიან.
-მე გაფრთხილებ ლაშა! ეს გოგო რაღაც სხვანაირად იქცევა და ძალიან არ მომწონს ისეთი, როგორიც ამ სახლში დაბრუნდა.
-ყველაფერს ვაკონტროლებ ეკა, დამშვიდდი.
ლაშას ფეხის ხმით მივხვდი კარისკენ რომ დაიძრა და წამებში ისევ სამზარეულოში გავჩნდი. აქამდე თუ ეჭვები მქონდა, ახლა ნათლად ვხედავ რომ ჩემი ეშინიათ და მოახლოებულ საფრთხესაც კარგად ამჩნევენ. მართალია ჩემი ქმარი დედამისთან ამას არ აღიარებს, თუმცა მის ხმაში შეპარული კანკალითაც ამის ამოცნობა ძალიან მარტივია.

როცა დავრწმუნდი ყველა სახლიდან უკვე შორს იქნებოდა და ჩემს გარეთ გასვლას საფრთხე აღარ ემუქრებოდა, გოგონებს სასუსნავები გავუმზადე, მურტფილმი ჩავურთე , დავპირდი მალე დავბრუნდები-მეთქი და ტიტეს შეტყობინება დავუტოვე სადაც უნდა შევხვედროდი.
სახლის კარი რომ გამოვიხურე და გარეთ გავედი, ვიგრძენი შიშმა ფეხებში როგორ დამიარა, ვიცოდი ძალიან სარისკო ქმედებას რომ ჩავდიოდი და თავისთავად, მეშინოდა კიდეც ,თუმცა ამას არ შევუჩერებივარ რადგან იმ მომენტში ის უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის რომ კვლავ შევხვდებოდი მამაკაცს, რომელიც ჩემგან შორს ყოფნითაც კი ასე მიზიდავდა.
საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით ვიარე , თუმცა ტიტე დანიშნულების ადგილამდე მაინც ჩემზე სწრაფად მივიდა. როცა ის დავინახე ნაბიჯები კიდევ უფრო ამიჩქარდა თავისდაუნებურად, ლამის მივირბინე და მის წინ დასჯილი ბავშვივით ავიტუზე.
-არ ჩამეხუტები?
ხელები დაუფიქრებლად შემოვხვიე და მივხვდი სწორედ ეს იყო რაც ასე მაკლდა და რაც ასე მჭირდებოდა, მასთან შეხება და თან იმდენად ახლოს რომ მისი სუნთქვისა და გულისცემის ხმა ერთმანეთში ამრეოდა და ერთი მეორესგან ვეღარც განმესხვავებინა.
-იმ ღამეს რომ დამირეკე აქედან წადი, აღარ მჭირდებიო, რაღაც მომენტში მართლა ვიფიქრე რომ შენს ქმარს დაუბრუნდი და რომ წარმოვიდგინე ამ სურნელს ვეღარასდროს ვიგრძნობდი სიტყვებითაც ვერ აგიხსნი რა ვიგრძენი იმ მომენტში.
-მაგ მომენტში სხვას ვერაფერს გეტყოდი ტიტე, ახლაც არ ვიცი რა უნდა გითხრა, ეს რასაც ახლა ვაკეთებთ არასწორია. რასაც არ უნდა ვგრძნობდე ჩემი ქმრის მიმართ, ახლა მაინც მასთან ვარ და ერთმანეთს არ უნდა ვხვდებოდეთ.
-უბრალოდ უფლება მომეცი და წამებში გავაქრობ შენს ქმარსაც და შენს პრობლემებსაც!
-ახლა არ არის ამის დრო, როცა ამის დრო იქნება ამ პრობლემებს თავად მოვიშორებ.
-პატარა ბავშვივით ხარ სულ ‘’მეთვითონ’’ ‘’მეთვითონ’’-ს რომ გაიძახის.-სიბრაზით ამოიხვნეშა და თვალებით სულ მაღლა აიხედა.
-გოგონები გახსენებენ, ლიტამ ეს ნახატი დახატა, წაიღე და ირინასაც აჩვენე, უნდოდა გენახათ..-ჯიბეში ჩაკუჭული ფურცელი ამოვაძვრინე და ხელში გავუწოდე.
-ამ ნახატში ჩემზე მაღალი ხარ, შენ დაავალე ასე დაეხატა?-ხმით ჩაიცინა და მივხვდი ხუმრობით რომ ნამდვილი ემოციების დაფარვას შეეცადა.
-ხო , მე დავავალე.-მეც გავიცინე და თავი ისევ მკერდზე მივაბჯინე.
-მინდა თავი მოგაწონო, ან შეგაყვარო კიდეც, მე კიდე მხოლოდ ის შემიძლია შენი ქმრის სახლის დაბლა სადარბაზოსთან ვიდგე და იქ დაველოდო როდის დაგჭირდები.
-რამხელა ამბიციები გაქვს, გგონია ჩემთვის თავის შეყვარებას მოახერხებ?
-შენ უბრალოდ საშუალება მომეცი და დანარჩენში მე დაგარწმუნებ.-წარბები აათამაშა და ცხვირზე ხელით ფრთხილად მიჩქმიტა.
-უნდა წავიდე, შეიძლება აქაც გამოიაროს ვინმემ , ან შეიძლება ადრე მიბრუნდეს ვინმე სახლში.
-კიდევ როდის გნახავ?
-არ ვიცი ტიტე, მართლა არ ვიცი.. გეფიცები მართლა არ მინდოდა ასეთი ურთიერთობისთვის გამეწირე, არჩევანი რომ მქონდეს..-თვალებზე მომდგარი ცრემლები გრძელი თითებით მომწმინდა და საუბარი გამაწყვეტინა.
-შენ საუკეთესო რაღაც ხარ რაც ცხოვრებაში დამმართნია ანა, აღარც კი მახსოვს რა იყო აქამდე და არც იმაზე ვფიქრობ მომავალში რა იქნება, მხოლოდ ის ვიცი რომ ახლა მხოლოდ შენ მინდიხარ და მხოლოდ შენ მიტრიალებ გონებაში.
დამშვიდობებისას კიდევ ერთხელ მოვეხვიე და ჩემს გზას დავადექი, ზურგზე მის მზერას ბოლომდე ვგრძნობდი, უკვე შორს ვიყავი რომ შევტრიალდი და დავინახე ჯიუტად როგორ იდგა და იქამდე მიყურებდა სანამ თვალს საბოლოოდ არ მივეფარე. საინტერესოა რა დაინახა ჩემში ასეთი რომ ყველაფრად უღირს ჩემთან ყოფნა? მე კი ვიცი მასში რაც დავინახე, ის რაც აქამდე არცერთ კაცში არ შემინიშნავს..

ტიტეში ყველაზე მეტად ის მომწონს რომ ის თავს იმ პატარა გოგოდ მაგრძნობინებს, რომელიც სულ მინდოდა ვყოფილიყავი. პატარა გოგოდ, რომელიც უნდა დაიცვა, რომელსაც უნდა ჩაეხუტო, მოეფერო და დააჯერო რომ ყველაფერი კარგად იქნება. მან იცის რომ ძლიერი ვარ და მეტიც, ჩემი სიძლიერე ნაწილობრივ თავად მან აღმომაჩენინა, თუმცა ეს ხელს არ უშლის იმაში რომ საყრდენი იყოს ჩემთვის.
სახლში ღიმილით დავბრუნდი , თუმცა ღიმილი სახეზე მაშინვე შემახმა როგორც კი მისაღების კარი შევაღე და გოგონების გვერდით სავარძელში ჩამჯდარი ანერვიულებული ლაშა დავინახე. თითებიდან ფრჩხილებს ისტერიულად იკვნეტდა, ლიტა რაღაცას ესაუბრებოდა თუმცა ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა, მისკენ არც კი იყურებოდა, ჩასისხლიანებული თვალები კედლისთვის მიეშტერებინა და ღმერთმა იცის რაზე ფიქრობდა.. სხვა გზა არ მქონდა, შიგნით უნდა შევსულიყავი თუმცა თავადაც ვხვდებოდი კარგი რომ არაფერი მელოდა წინ.
-სად იყავი?-მაშინვე ფეხზე წამოდგა როგორც კი დამინახა, მკლავში ხელი ჩამავლო , საძინებელში გამაქცია და შესვლისთანავე ლოგინზე მიმაგდო, თავად კი ზემოდან შეშლილივით დამაცქერდა.
-სად იყავი-მეთქი ანა?
-ჰაერზე გასეირნება გადავწყვიტე, ამ სახლში სუნთქვა მიჭირს და თუ ესეც გაინტერესებს, ამის მიზეზი სწორედ შენ ხარ.-ისევე ბოროტულად გავუღიმე როგორც თავად მიყურებდა და ფეხზე წამოვდექი.
-თუ გინდა რომ ეს შენი ჰაერის ჩასუნთქვის ბოლო დღე არ იყოს, შენს საქციელებს ტვინიც დაატანე და მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვა.-სიბრაზისგან წამოსული დორბლები ხელით მოიწმინდა , რამდენიმე ნივთი აიღო და სახლიდან ისე გავარდა ჩემთვის ხმა საერთოდ აღარ გაუცია.
როგორც კი კარის გაჯახუნების ხმა გავიგე მაშინვე მისაღებში გოგონებთან გავიქეცი და მათ შუაში მოვთავსდი , რა თქმა უნდა, სახეზე როგორც ყოველთვის ახლაც არაფერი მემჩნეოდა.
-რა უნდოდა მამას?-შეშინებულმა ამომხედა ლიტამ.
-დამავიწყდა გამეფრთხილებინა რომ გავდიოდი და ამაზე ინერვიულა. თქვენთვის რამე ხომარ უთქვამს?
-არა, უბრალოდ გვკითხა როდის და სად წავიდაო, მერე აქეთ-იქით სიარული დაიწყო და ბოლოს აქ დაჯდა.
-შეიძლება მოგვიწიოს რამდენიმე უსიამოვნების ატანა, თუმცა არ დაგავიწყდეთ რომ ყველაფერი ცუდი რაღაც ძალიან დიდი კარგისთვის ხდება, ამიტომ ცუდ რაღაცებზე ნუ ჩაიციკლებით და გონებას ამაზე ფიქრით ნუ დატვირთავთ კარგი? -როგორც შემეძლო გავუღიმე და ორივე მკლავებში მოვიქციე.-მთავარია სამივე ერთად ვართ.
-საუკეთესო ხარ დედა!-ტაში შემოკრა ლილემ პატარა ხელებით და სახე მარწყვივით ტუჩებით ჩამიკოცნა.

გოგონებთან თამაშში და ალერსში გართულმა ზარის ხმა რამდენიმე წუთით გვიან შევამჩნიე, თუმცა მაშინვე წამოვხტი და კარისკენ გავიქეცი,ესეც ძველი ჩვევაა რომელიც ამ სახლში გადმოსვლის შემდეგ შევიძინე, თავს უფლებას ვერ ვაძლევ რაღაცები გვიან გავაკეთო, რადგან მეშინია რომ ამის გამო პასუხს მომთხოვენ, იმედი მაქვს ოდესმე ბოლომდე დავაღწევ თავს იმ შიშებს რომლებიც ჩემს გონებაში გამოვკეტე და საბოლოოდ გავთავისუფლდები..
-გიგა?!-შევყვირე გაოცებულმა როცა კარი გამოვაღე და დიდი ხნის უნახავი ძმა დავინახე, რომელიც თითქმის არასდროს გვსუმრობდა.
-გამარჯობა ანა.-სევდიანი შემომეხვია და ჩემი გაოცება თავიდან ბოლომდე დააიგნორა.-მარტო ხარ?
-მე და გოგონები ვართ, შემოდი.-სახლში შემოვიპატიჟე და მისაღებამდე მივაცილე.
-საუბარი მინდოდა თუ დრო გაქვს.
-კი, ყავას გაგიკეთებ, აქ დამელოდე.-სავარძლისკენ მივუთითე და თავად სამზარეულოში გავედი ყავის და ტკბილეულის გამოსატანად. უკან რომ დავბრუნდი გიგა გოგონებთან საუბარში იყო გართული, იმის მიუხედავად რომ ერთმანეთს ძალიან იშვიათად ნახულობენ , ჩემს პატარებს ბიძა მაინც განსაკუთრებულად უყვართ რადგან ხშირად ვუყვები იმ თავგადასავლებზე რაც ბავშობაში ერთად გადაგხვდენია, ეს ისტორიები კი მართლაც ისეთი თავბრუდამხვევია რომ ლიტას და ლილეს გიგა რაღაც საუცხოო პერსონაჟად წარმოუდგენიათ.
-ცოტახანს თქვენს ოთახში ითამაშეთ დე, ვისაუბრებთ და შემდეგ დაგიძახებთ კარგი?-ორივეს ხელები ჩავავლე და ფეხზე წამოდგომაში დავეხმარე.
-მშვიდობაა?-ისევ გაკვირვებით მივუბრუნდი გიგას როცა ოთახში მარტო დავიგულე.
-დედამ მითხრა აქ რომ დაბრუნდი, ისიც მითხრა რომ თავისმხრივ მანაც გაიძულა..
-ეს შენთვის როდიდანაა პრობლემა? პირველად გესმის რომ დედა აქ ყოფნას მაიძულებს?
-ძალიან ვწუხვარ ანა, მართლა გულრწფელად ვწუხვარ იმის გამო რომ ამ ყველაფრის გადატანა გიწევს.. შენ ყოველთვის ჩემ გვერდით იყავი, ყოველთვის როცა თვლიდი რომ ეს მჭირდებოდა.. შენზე უფროს ბიჭებს ეჭიმებოდი, წინ მიდგებოდი და ისე საყვარლად ცდილობდი ჩემს დაცვას რომ თვალებიც კი მიცრემლიანდებოდა შენს შემხედვარეს. როგორი უშიშარი იყავი მაშინ..
-უშიშარი? ყველაზე მშიშარა ადამიანი ვიყავი გიგა, ძალას მხოლოდ ის მმატებდა რომ მჯეროდა ამას თუ არ გავაკეთებდი შენ დაგიშავებდნენ რაიმეს, ახლაც ამან მომცა ნაწილობრივ აქ დაბრუნების ძალა, იმაზე ფიქრმა რომ შენ რამეს დაგიშავებდნენ. იცი რა ძნელია იმ ადამიანების დაცვა რომლებსაც თვითონ ერთხელაც კი არ უცდიათ შენ გვერდზე მდგარიყვნენ? იცი რა გრძნობაა როცა თავს მსხვერპლად წირავ მათ გამო ვისაც შენთვის თითიც კი არ გაუნძრევია! შენ წარმოდგენა არ გაქვს! წარმოდგენა არ გაქვს რისთვის გამწირეთ ! წარმოდგენა არ გაქვს რისთვის გამიმეტეთ!
-არ გინდა ანა გთხოვ , არ გინდა! შენი აზრით აქ რატომ არასდროს მოვდიოდი? ან სახლიდან რატომ გავდიოდი მაშინ როცა შენ და შენი ქმარი ერთად გვსტუმრობდით? იმიტომ რომ არ შემეძლო იმის ნახვა როგორ გექცეოდა , არ შემეძლო ამის ნახვა და მოსმენა!
-და რა გააკეთე ამის შესაჩერებლად? ამ წლების განმავლობაში რა გააკეთე? ბავშვობიდან ჩავიდე ტვინში რომ ჩემი მხსნელი იყავი, სულ მჯეროდა რომ ყოველთვის ჩემ გვერდით იქნებოდი, მაგრამ როცა პირველად შენთან მოვედი და გთხოვე ამ ჯოჯოხეთიდან წამიყვანე -მეთქი, მე არაფრის გაკეთება შემიძლიაო გამომიცხადე! თვალი ამარიდე, სადღაც გვერდზე გაიხედე და გამომეტყველებაც კი არ გეცვლებოდა ჩემს ხვეწნებსა და მუდარებზე. მაშინ მივხვდი რომ რეალურად ის ძლიერი ჩემი ძმა მე გამოვიგონე, მე შევქმენი ჩემს გონებაში რადგან ასე მჭირდებოდა, მივხვდი რომ რეალურად ერთი დედიკოს კალთას ამოფარებული მშიშარა კაცი ხარ და მეტი არაფერი. კაცი , რომელიც დედის სიტყვარს ვერ შეურაცხყოფს და საკუთარ დას დახმარების ხელს ამიტომ არ გაუწვდის. ახლა შენი აღიარებები ფიქრობ რამეში მჭირდება? ფიქრობ ახლა შენგან იმის მოსმენა რომ ამ ყველაფერზე წუხარ მე დამეხმარება?
-შენ არ იცი ჩემთვის რა რთული იყო ამასთან შეგუება ანა! ყოველღამე თავს ვიდანაშაულებდი და ეს ერთ ან ორ წელს არ გაგრძელებულა, უკვე წლებია ამ ტანჯვაში ვცხოვრობ! თვალწინ სულ ის შენი დალურჯებული სახე მიდგას და მოსვენებას მაკარგვინებს. იმის წარმოდგენა რომ ჩემი წვლილიცაა შენს ასე განადგურებაში ჭკუიდან მშლის!
-ამდენ ხანს ასე გაწუხებდა და ხმა მაინც ვერ ამოიღე? ერთხელ მაინც ვერ მაგრძნობინე რომ გაღელვებდი? თუნდაც ორი სიტყვით ან თუნდაც მზერით, ერთხელ მაინც რომ მეგრძნო ვინმესგან თანაგრძნობა, ჩემი მთელი ცხოვრება შეიცვლებოდა გიგა და შენ ესეც ვერ გააკეთე! მუდმივად გაყინულ, ცივ და არაფრისმთქმელ მზერას ვიმსახურებდი შენგან! არადა როგორ მჭირდებოდა ვინმე ვისგანაც ვიგრძნობდი რომ ჩემი ესმის და ჩემს ამბავს განიცდის, მაშინ მართლა მჭირდებოდა ვინმე ვისგანაც ამას დავინახავდი! სულ მარტო ვიყავი, იმდენად მარტო რომ მეგონა მთელმა სამყარომ პირი შეკრა და ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდა.. გიყურებდი მაგ გაყინულ მზერაში და ვცდილობდი ოდნავ მაინც გამელღვო ის, ოდნავ მაინც შემომებრუნებინა ჩემკენ, თუმცა უშედეგოდ..
-ადამიანები შეცდომებს უშვებენ ანა…-მომიახლოვდა, ჩემ წინ ჩაიმუხლა, თვალი თვალში გამიყარა და ხელებით ჩემს მუხლებს დაეყრდნო.-შენც ხომ იცი რომ ასეა? შენც ხომ დაგიშვია შეცდომები? მთავარია ჩვენი შეცდომები ვაღიაროთ და პატიება ვითხოვოთ, აი შემდეგ კი როცა უკვე გვაპატიებენ, შეგვიძლია გავთავისუფლდეთ და ცხოვრება მშვიდად განვაგრძოთ.
-ჰაჰ, ესეიგი ჩემგან პატიება გჭირდება, თავიდანვე ასე დაგეწყო გიგა. მე უკვე დიდიხანია გაპატიე რადგან ჩემს ცხოვრებაში ვინმეზე გაბრაზების ან წყენის ადგილი არ არის, შეგიძლია უკვე განთავისუფლდე.-ღიმილით მოვაშორე მისი ხელები ჩემს მუხლებს და ფეხზე წამოვდექი.-ახლა კი გაგაცილებ, რადგან ის მიიღე რაც გჭირდებოდა.
-ასე ნუ გამოგყავს ანა, ცხოვრების ახლიდან დაწყებას ვცდილობ და მინდა ეს ტკივილი უკან ჩამოვიტოვო.
-ხო , რა თქმა უნდა, შენი მესმის. რთულია ახალი ცხოვრების დაწყება ძველი ტკივილით.
კარამდე მივაცილე, დავინახე როგორ მაქცია ზურგი თითქოს ჩემკენ შემოტრიალებულმა და სანამ კიბეზე ჩავიდოდა და მე შიგნით შევბრუნდებოდი, უკნიდან სიცილით მივაძახე.
-კარგად გიგა ,ისევ შევხვდებით ახალ წელს და დაბადებისდღეებზე, ან იქნებ არც…
დღე ჩვეული აქტივობების კეთებით დავასრულე , ჩემდა გასაკვირად ლაშამ ისევ შეძლო თავის შეკავება და საერთოდ არ მომკარებია. ისიც დავაფიქსირე რამდენიმე გამოწევაზე საკუთარმა დედამ როგორ შეაკავა და როგორ დაუბრიალა შავი თვალები. აშკარაა რომ ის ჩემს ჩანაფიქრს ხვდება და შვილის გადარჩენას ცდილობს. ხვდება რომ ძალადობას აღარ მოვითმენ და ჩემი მოშორებაც ამიტომ უნდა. სპეციალურად ისეთ რაღაცებს მეუბნება და აკეთებს რაზეც იცის რომ ყველაზე მეტად ვღიზიანდები. ჩემი თანდასწრებით გოგონებს სრულიად უსაფუძვლოდ შენიშვნას აძლევს ,შეფარულად მათ დამცირებას ცდილობს რომ გამაგიჟოს და ჭკუიდან გადამიყვანოს. თუ აქამდე აქ დაბრუნებას მეხვეწებოდა, დღეს ისეთ გარემოს მიქმნის რომ მაქსიმალურად მალე გავიქცე მისი სახლიდან. გულის სიღრმეში , სადღაც ძალიან ღრმად მსიამოვნებს კიდეც ასეთ უსუსურს და სასოწარკვეთილს რომ ვხედავ.

მეორე დილას ყველა სახლიდან უჩვეულოდ ადრე გავიდა, რომ გავიღვიძე შინ არავინ დამხვდა თუმდა ეჭვებს არ ავყოლილვარ და უბრალოდ ვისიამოვნე მშვიდი საუზმით ჩემს შვილებთან ერთად. საქმეებს რომ მოვრჩი მხოლოდ მაშინ მოვიცალე ტელეფონისთვის სადაც რამდენიმე საათის წინ მოსული ტიტეს შეტყობინება დამხვდა.
-‘’დღესაც გამონახავს კოშკში გამოკეტილი პრინცესა დროს ჩემთან შესახვედრად?’’
როგორ მინდა უარი ვუთხრა და ამით მოსალოდნელი საფრთხეები თავიდან ავირიდო, მაგრამ არ შემიძლია.. ჩემი ყველა ნაწილი სასურველი მამაკაცისკენ ილტვის და უბრალოდ ვერ ვახერხებ უარი ვთქვა მასთან შეხვედრაზე თუნდაც სულ რამდენიმე წუთით.. არც გუშინდელი 15 წუთი იყო საკმარისი და ვიცი არც დღევანდელი იქნება, თუმცა სულ უმისობას ახლა ასე მირჩევნია. მე თვითონაც მიკვირს საკუთარ სურვილებზე ფიქრი რომ დავიწყე , მათ ასრულებასაც რომ არ ვუშინდები ეს კიდევ უფრო მაოცებს, თუმცა ვხვდები რომ ეს დიდი ხნით ადრეც უნდა მომხდარიყო, რადგან მეც ვიმსახურებ ბედნიერებას ისევე როგორც ყველა!
ტიტეს იგივე ადგილას შეხვედრაზე შევუთანხმდი და წინა დღის მსგავსად ახლაც სასუსნავებითა და სათამაშოებით მორთულ ოთახში დავტოვე გოგონები. ერთი სული მქონდა როდის შემოვხვევდი ჩემს დაღლილ ხელებს მის მზისგან შეფერილ გრძელ და დაძარღვულ კისერს.. ერთი სული მქონდა როდის შევიგრძნობდი მის სურნელს რომელიც თავბრუს მახვევს და ყველა ტკივილს მავიწყებს. ისევ ისე, ისევ იქ იდგა და უძრავად მელოდა.. მის დანახვაზე მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, ჯერ კიდევ შორს ვიყავი, თუმცა მაინც შევამჩნიე მასაც რომ აუთამაშდა თვალებში ნაპერწკლები როცა შემამჩნია როგორ მივიჩქაროდი მისკენ. წინ მივდიოდი და მხოლოდ მის მოელვარე და მომღიმარ სახეს ვხედავდი რომელიც მოულოდნელად რატომღაც სრულიად საპირისპიროსკენ შეიცვალა. ბოლომდე დავაკვირდი მისი სახის გამომეტყველების გარდასახვას, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა ეს რამ გამოიწვია. ჯერ შიში გამოისახა მის სახეზე, შემდეგ გაურკვევლობა, სასოწარკვეთა და ბოლოს ჩემთვის მოულოდნელად ბოლო ხმაზე შეჰკივლა:’’ანა , ფრთხილად!’’ და ჩემკენ მაქსიმალური სიჩქარით გამოიქცა, თუმცა როგორც ჩანს მისი სიჩქარე საკმარისი არ აღმოჩნდა..
ჩემმა სახე წაშლილმა ქმარმა რომელიც მასზე ადრე უკნიდან წამომეწია, ხელები კისერში ჩამავლო და სახეში მუშტი ისეთი ძალით მომარტყა რომ გონება მაშინვე დავკარგე.. თვალები დავხუჭე და ვიგრძენი როგორ დავენარცხე მიწაზე, ვიგრძენი ტუჩიდან წამოსული სისხლი როგორ ჩამისრიალდა ყელამდე.. სხვა არაფერი მახსოვს, რამდენიმე წამი ლაშას და ტიტეს ყვირილი მესმოდა, თუმცა მალევე ესეც გაქრა და მხოლოდ სიშავე დარჩა.
გონზე მხოლოდ მაშინ მოვედი როცა გარშემო ყველაფერი სირენის ხმამ მოიცვა. მანქანებიდან გამოსული ეს შემაძრწუნებელი ხმა იმდენად ხმამაღალი იყო რომ მაშინვე გამომაფხიზლა. თვალები რომ გავახილე მივხვდი ტიტეს მანქანაში რომ ვიყავი ჩასვენებული, იმის მიუხედავად რომ თავი ჯერ კიდევ წარმოუდგენლად მტკიოდა და თავბრუც გაუჩერებლად მეხვეოდა, მაინც შეძლებისდაგვარად წამოვდექი და ცნობისმოყვარე პატარა ბავშვივით გავიხედე ფანჯრიდან. ჩემს წინ კი ზუსტად ის სურათი იყო გადაშლილი რაც ალბათ ბევრჯერ წარმომიდგენია გონებაში და დამსიზმრებია კიდეც.. ბორკილ დადებულ ჩემს მოძალადე ქმარს პოლიცია მთელი ძალით ექაჩებოდა მანქანაში ჩასასმელად, იმის მიუხედავად რომ ბოლომდე ცდილობდა თავის დაღწევას მაინც მოათავსეს უკანა სავარძელზე და როცა თავადაც შიგნით მოთავსდნენ, მანქანებიც მშვიდი ტემპით დაიძრნენ..
როგორც კი სირენების ხმა მოშორდა ჩემს ყურთასმენას ჩემკენ მომავალი ტიტე შევნიშე, დაფეთებულმა გამოაღო მანქანის კარი და მთელი ძალით მომეხვია.
-ყველაფერი დასრულდა ანა, ყველაფერი დამთავრდა..-გამუდმებით მიმეორებდა ყურთან ახლოს ამ რამდენიმე სიტყვას და სულ უფრო და უფრო ცდილობდა მისკენ მივეზიდე ისე, თითქოს ჩემთან სამუდამო გაერთიანება ჰქონდა გადაწყვეტილი..
-ახლა რა იქნება?-ამოვილუღლუღე ჯერ კიდევ თავის ტკივილით გაბრუებულმა.
-განყოფილებაში წავალთ, შენგან მხოლოდ ჩვენების მიცემა იქნება საჭირო, იმ ნაბი*ვარს კი ის ელის რაც დაიმსახურა.-ხელები მომაშორა , კარი ფრთხილად მომიკეტა და საჭესთან მოთავსდა.
მისი წითლად შეფერილი თითები რომ შევამჩნიე, მივხვდი ყველაფერი რომ ისე მარტივად არ ყოფილა როგომც მე წარმომედგინა, თუმცა არაფერი მიკითხავს და არც არაფერი მითქვამს.. თვალი გზას გავუსწორე და უჩვეულო სიმშვიდით მივეყრდენი ტყავის სავარძელს.
მთელი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია, მხოლოდ ტიტეს ხშირი სუნთქვა და ჩემი აჩქარებული გულისცემა ესმოდათ ჩვენს ყურებს. იმ მომენტში ჯერ კიდევ მიჭირდა იმის გააზრება რომ ყველაფერი მართლაც დასრულდა..

ჩვენება მივეცი, ყველაფერი მოვყევი რაც იმ დღეს მოხდა და რაც აქამდეც არაერთხელ მომხდარა. ამ ამბების გახსენებისას რამდენჯერმე მომაწვა სევდასთან ერთად ცრემლებიც და თავის შეკავება ვერ მოვახერხე.. თუმცა ჩემს წინ მჯდომი შავებში გამოწყობილი მამაკაცი მოთმინებით მისმენდა და ყველა ჯერზე დაუღალავად მაწვდიდა ერთჯერად ხელსახოცებს. დაუხაზავ ფურცლებზე გამუდმებით ინიშნავდა რაღაცებს ჩემთვის სრულიად გაურკვეველს და რამდენჯერმე ხელიც კი შემომხვია თანაგრძნობისთვის. ჩვენების მიცემა ტიტესაც მოუწია , როგორც მოწმეს თუმცა მისთვის ეს პროცესი სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა და როცა თეთრი პატარა ოთახიდან გამოვედი , ისიც გარეთ დამხვდა და მაშინვე ჩემკენ წამოვიდა.
-სახლში წაგიყვან, გოგონებმა არ ინერვიულონ.-შუბლზე მაკოცა , ჩემი ხელი მის დიდ ხელში მოიქცია და მაქსიმალურად შეეცადა ჩემთვის სიარულისგან მონიჭებული ტკივილი შეემსუბუქებინა.
-მაპატიე რომ შეხვედრა გთხოვე და ასეთ საფრთხეში ჩემ გამო აღმოჩნდი.. მაპატიე რომ შენთან მოსვლა მასზე სწრაფად ვერ მოვახერხე..-აღსარებასავით ამოილაპარაკა როგორც კი მანქანაში ჩავსხედით და მწვანე , მაქსიმალურად გაღიავებული თვალებით სახეში ჩამაცივდა.
-როგორც არ უნდა გეცადა ვერ შეძლებდი, ის ბევრად უფრო ახლოს იყო..
-ხელები სახეზე შემოვხვიე და თითებით მის ახლად ამოსულ წვერს წავეთამაშე.
სახლში მისვლისთანავე მაქსიმალური სისწრაფით ჩემი და გოგონების ნივთების ჩალაგება დავიწყე რომ იქამდე გავცლოდი იქაურობას, სანამ ვინმე მოვიდოდა და კიდევ ერთ სცენას დამიდგავდა.. ლიტას და ლილეს რომ ვუთხარი გარეთ ტიტე გველოდება და ისევ იქ ვბრუნდებით-მეთქი, ისე გაუხარდათ მეტი კითხვა საერთოდ აღარ დაუსვამთ, საბედნიეროდ არც ჩემი ჩაწითლებული სახე შეუმჩნევიათ რომელიც შემდეგ ტონალურით მაქსიმალურად დავფარე.
გარეთ გამოვედი ჩემოდნებით, ტიტე სადარბაზოსთანვე შემეგება და მანქანამდე მათ მიტანაში დამეხმარა. სანამ ჩვენ საბარგულში ჩემოდნებს ვალაგებდით, არსაიდან ჩემი დედამთილი გამოჩნდა რომელმაც უკვე ყველაფერი იცოდა და სანამ საკუთარ შვილს მიაკითხავდა პოლიციის განყოფილებაში, როგორც ჩანს ჯერ ჩემი ნახვა ჰქონდა გადაწყვეტილი ამიტომ ფეხაჩქარებული მორბოდა ჩვენი კორპუსისკენ.
-შე არაქალო! შე არაადამიანო! ეს როგორ გაუკეთე ჩემს შვილს?-ატირებული მომიახლოვდა და ხელი ჩემი სახისკენ წამოიღო სილის გასარტყამად, მის ნაოჭებ შეპარულ ხელს ჰაერშივე წაავლო ტიტემ თავისი ხელი , სახესთან მაქსიმალურად მიუახლოვდა, თვალებში მკაცრად ჩახედა და წარბშეუხრელად დაემუქრა.
-აღარასდროს გაბედო ამ ტონით ესაუბრო ანას და მითუმეტეს მისი შვილების თვალწინ! აღარასდროს არც კი ეცადო რაიმე ზიანის მიყენებას მათთვის თორემ იცოდე, შენი შვილის ნახვას მხოლოდ კუბოს ფიცრებში შეძლებ!-ხელით მაქსიმალურად მოიშორა, დარჩენილი ჩანთები საბარგულში ბოლომდე ჩატენა და მე და გოგონებს მანქანის კარი გამოგვიღო შიგნით რომ ჩავმსხდარიყავით.
სანახაობისგან შეძრწუნებულმა ეკამ, ათასი სისაძაგლე მოგვაძახა, თუმცა აღარცერთი მათგანი შემიმჩნევია რადგან მის სიტყვებს ახლა ყველაზე ნაკლებად ჰქონდა მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ის იფიქრებს რომ ყველაფერი კაცის გამო გავაკეთე, იფიქრებს რომ კაცის გამო გავიქეცი სახლიდან და მერე მის გამო დავაჭერინე ჩემი მოძალადე ქმარი.. ასე იფიქრებს ჩემი დედამთილიც და დანარჩენებიც, ვისაც ის ამ ამბავს მოუყვება. თუმცა მათ აზრს რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა აქვს რას იფიქრებენ ისინი..

ეზოში გამოსულმა ირინამ მე და გოგონები რომ დაგვინახა ხელიდან სულ გაუცვივდა გასაშრობად გამოტანილი სარეცხი და მაშინვე ჩვენკენ გამოიქცა.
-ჩემი გოგონები! ჩემი ყველაზე საყვარელი გოგონები!-ერთიანად ჩაგვიხუტა სამივე სუნთქვაშეკრულმა და როცა ჩვენი ფერებით გული იჯერა სახლშიც ასეთივე ხალისით შეგვიძღვა.
ლიტამ და ლილემ მაშინვე აქეთ-იქით სირბილი დაიწყეს, ბედნიერებისგან ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდნენ და როცა დასასვენებლად ორი წუთი სულს მოითქვამდნენ მაშინვე ჩემკენ მორბოდნენ და ყელზე თითებდაკიდებულები მეხვეწებოდნენ იქ აღარასდროს დავბრუნდეთო მეც ახლა უკვე სრულიად დარწმუნებული ჩემს სიტყვებში თავს ვუქნევდი და ყოველ ჯერზე ერთნაირად დამაჯერებლად ვუმეორებდი რომ იქ აღარასდროს დავბრუნდებით..
დღის ბოლოს ,როცა უკვე გოგონებმაც დაიძინეს და მეც ყველა საქმე მოვამთავრე გადავწყვიტე ტიტესთან გავსულიყავი და მისთვის მადლობა გადამეხადა დახმარებისთვის, მის გარეშე მართლა რთული იქნებოდა იმ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევა, თან ვიცოდი თავის თავს რომ იდანაშაულებდა იმის გამო რომ ჩემი ლაშასგან ხსნა დროულად ვერ მოახერხა, ამიტომ მინდოდა დამემშვიდებინა და მეთქვა რომ მან ისედაც იმაზე მეტი გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა..
-შემოვიდე?-ფრთხილად შევაღე ნახევრამდე მისი სახლის კარი.
-შემოდი, გელოდებოდი.
მე მის გვერდით დავჯექი , მან კი დრო იხელთა და თავი მაშინვე ჩემს კალთაში მოაქცია.
-მადლობის თქმა მინდოდა, შენ რომ არა ეს ყველაფერი ასეთი მარტივი არ იქნებოდა.
-მადლობას მე უნდა გიხდიდე ანა იმისთვის რომ ცხოვრების აზრი დამიბრუნე.. როცა ყველა ოჯახის წევრი ერთმანეთის მიყოლებით დავკარგე, ვფიქრობდი რომ არაფრის გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი. ჩემი ცხოვრება სრულიად ერთფეროვანი გახდა. რობოტივით ვასრულებდი დავალებებს და ველოდებოდი იმ დღეს, როცა გაღვიძება აღარ მომიწევდა. ყოველ დილას როცა თვალს ვახელდი პირველი გონებაში მხოლოდ ის მიტივტივდებოდა რომ მარტო ვარ, რომ არავინ მყავს ვისაც ვჭირდები და არავინ მყავს ვინც ჩემთან იქნება მაშინ როცა მე დამჭირდება.. როცა შენ გამიღე შენი სახლის კარი და როცა პირველად დაგინახე, ყველა სიშავე მაშინ სხვადასხვა ფერებით შეიღება და მას შემდეგ ყოველთვის გაღვიძებისას და დაძინებისას მხოლოდ შენზე ვფიქრობ, მხოლოდ შენზე..
-ასე მგონია სამყარომ ყველა ტკივილისთვის ბოდიშის ნიშნად შენი თავი გამომიგზავნა ტიტე, შენ ხარ ის ვისაც მართლა შეუძლია დამავიწყოს რა გამოვიარე და თავი განსაკუთრებულად მაგრძნობინოს.
დიდხანს ვისხედით ერთმანეთზე მიწეპებულები და დაუღალავად ვსაუბრობდით ათას თემაზე. გარეთ უკვე თენდებოდა თუმცა არც მე მინდოდა წასვლა, არც მას ჩემი გაშვება ამიტომ არც კი გვიფიქრია ერთმანეთთან დაშორებაზე.

არ ვიცი ახლა რა იქნება, არც ის ვიცი ჩემი და ტიტეს ეს გრძნობა სამუდამოა თუ არა, არც ის ვიცი თუ შევძლებთ ცხოვრების ბოლომდე ერთად ყოფნას , იქნებ ერთ თვეშიც კი დასრულდეს ჩვენი ამბავი? თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ის არის რომ ახლა ისე გვიზიდავს ერთმანეთი რომ ყველაფრისთვის მზად ვართ ერთად ყოფნისთვის, მთავარი ის არის რომ ახლა ერთმანეთი გვყავს და ეს ორივესთვის სრულიად საკმარისია.
ვიცი ცხოვრებაში ისევ შემხვდება სირთულეები და დაბრკოლებები, თუმცა ამის უკვე აღარ მეშინია . მზად ვარ ყველა უსიამოვნებას გავუმკლავდე რადგან მჯერა საკუთარი ძალების და ვიცი რაც შემიძლია. აღარავის მივცემ უფლებას ისე მომექცეს როგორც მის საკუთრებას , აღარავის მივცემ უფლებას რამე დამიშაოს! ახლა მე თავიდან ბოლომდე თავისუფალი ვარ და ვგრძნობ რომ სუნთქვაც კი სრულიად სხვანაირი მაქვს, ამიტომ ვიცი და მჯერა რომ ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა რადგან დღეს მე მეორედ დავიბადე და დავიბადე ზუსტად იქ, სადაც ვისურვებდი რომ დავბადებულიყავი.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

ჩემი მიზანი ამ ეტაპზე დიდი ისტორიის დაწერა არ ყოფილა , ამიტომ ვფიქრობ დასასრულიც ძალიან დროულია. ჩემთვის მთავარია რომ ის მესიჯები გავაჟღერე, რისი გაჟღერებაც ყოველთის მსურდა.
განსაკუთრებული მადლობა მათ ვინც პირველივე თავიდან მომყვება და ასევე უდიდესი მადლობა იმ ადამიანებს რომლებიც ახლა წაიკითხავთ.
სიამოვნებით მოვისმენ თქვენს აზრს კომენტარებში.
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და ვინ იცის, იქნებ სხვა ისტორიებიც შემოგთავაზოთ თუ ჩემი წერის სტილი მოგწონთ და ისევ ისურვებდით წაკითხვას.
ყველას გისურვებთ მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას <3

Cinnamonngirl.



№1 სტუმარი Елка

Далиан каргад церт да имеди маквс мале ахал историас шемоквтавазебт. Дагелодебит мадлоба

 


№2  offline წევრი ♥love love♥

ძალიან თბილი და სასიამოვნო წასაკითხი იყო, უამრავი ემოციით დატვირთული და ბევრისთვის იმედის მიმცემი, რომ არასოდეს უნდა დაუხარონ თავი უსამართლობას. <3

 


№3 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომეწონა ეს ისტორია. მართალია მძიმე ისტორია იყო,მაგრამ გამიხარდა ანასთვის და მისი გოგონებისთვის ყველაფერი კარგად რომ დასრულდა. წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს ❤❤❤

 


№4 სტუმარი ლეილა დიაკონიძე.

ძალიან კარგი დასარული ქონდა.ასე ეკუთნის ყველა მოძალადეს.მადლობა თქვენ.აუცილებლად უნდა წეროთ.❤️????

 


№5  offline წევრი cinnamongirl

ძაალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ წაიკითხეთ და კომენტარის დატოვებაც გადაწყვიტეთ heart_eyes

 


№6  offline წევრი ელენე.ელე

ერთადერთი დადებითი და კარგის თქმა შემიძლია მხოლოდ ირინაზე.დანარჩენზე თავს შევიკავებ...

 


№7 სტუმარი

ძალიან კარგი იყო!!!!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent