ქამმერდე (სრულად)
,, - ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ცოტა შევალამაზე, თუმცა დაკლებით არაფერი დამიკლია. ამბის მომყოლს მე არ გავამხელ, თუ კითხვისას მიხვდებით ვინ არის, არც თქვენ ამხილოთ. სანამ დავიწყებდე ერთ რჩევას მოგცემთ, თქვენ კი კარგად დაიმახსოვრეთ! შეიძლება რამეს ვერ ხედავდეთ, მაგრამ არსებობდეს. შეიძლება თქვენ რამის არ გჯეროდეთ, მაგრამ გეშინოდეთ. თუ ერთხელ მაინც გაივლებთ თავში რაიმე არარეალურს, არარსებულს, არ დაიჯეროთ ამ გაელვების არარსებობა, დამიჯერეთ ის სადღაც მაინც დაიბადა, გაჩნდა და არსებობა დაიწყო,, ავტორი. ,,რომ იცოდეთ რამხელა ძალა აქვს თქვენს ფიქრებს, არასდროს იფიქრებით ნეგატიურად!,, ზიგმუნდ ფროიდი. (გზა სვანეთისკენ) მანქანის ძრავმა რამოდენიმე მცდელობის შემდეგ როგორც იქნა დაიხრიალა, უცნაური გაუმართავი ხმით. საშინელი ხმისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, პირიქით ოვაციებით შეხვდნენ მანქანის დაქოქვას. ავტობანზე გასვლისთანავე დაიწყეს გართობა. მუსიკები ხმამაღლა ჩართეს. მღეროდნენ, იცინოდნენ, შეძლებისდაგვარად ცეკვავდნენ კიდეც. ან როგორ არ ემხიარულათ, უნივერსიტეტი დაამთავრეს იმ წელს. სხვაგვარად როგორი წარმოსადგენია ახალი წლის აღსანიშნავად მიმავალი ახალგაზრდული ხუთეული. იმის მიუხედავად რომ წინ გრძელი გზა ჰქონდათ, მაინც პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი. გარდა ლეილასი რომელსაც ხშირად ეკამათებოდნენ ცრუ რწმენების და უხასიათობის გამო. ამიტომაც მგზავრობდა მეწყვილის გარეშე, მუდამ სწავლაზე შეყვარებულს არასდროს ეცალა ბიჭებისთვის. თუმცა ამის მიუხედავად როგორღაც შეძლო და თავისგან ათასჯერ განსხვავებულ გოგონებს დაუმეგობრდა. - ლუკა ცოტა შეანელე, გიჟივით მიდიხარ. - დიდხანს ითმინა გადაჭარბებული სიჩქარე და ბოლოს მაინც გასძახა მძღოლს ლეილამ. მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ მხოლოდ გვერდით მჯდომმა ნუცამ გაკრა მხარი მეგობარს: - ცოტა მოდუნდი ლეა, ნუ ხარ დაძაბული. - უბრალოდ ძალიან სწრაფად მივდივართ, არადა არ გვეჩქარება. - ჩაილაპარაკა მოღუშულმა. ისედაც გულზე არ მოსდიოდა ამ გაგიჟებულ ზამთარში მაღალმთიან ადგილას წასვლა. სიტყვის დამთავრება ძლივს მოასწრო, რომ მანქანა უცნაურად შეტორტმანდა. გოგოებმა შეჰკივლეს, ლუკამ კი სიცილი დაიწყო: - ხომ არ შეგეშინდათ?.. - სულ გააფრინე? საჭე რომ ვერ დაიმორჩილო? - უფრო მეტად გაღიზიანდა ლეილა. პროტესტიც გამოთქვა, სხვები კი სიცილით შეხვდნენ ამ უკბილო ხუმრობას. ლუკამ უკანა ხედვის სარკიდან გახედა უკან მსხდომებს. რეზი რომელსაც სიგამხდრის და ხუჭუჭა თმების გამო ჩიჩილაკს ეძახდნენ, ნუცას რაღაცას ეჩურჩულებოდა თან მის წაბლისფრად მბზინავ თმის კულულს აწვალებდა თითებით. ნუცას გვერდით მჯდომი ლეილა კი მოღუშული უმზერდა ფანჯრიდან სწრაფ-სწრაფად ცვალებად ხედს. ლუკამ ოდნავ შეანელა სვლა და ყურადღება არ მიუქცევია ნინას გაოცებული მზერისთვის რომელიც მის გვერდით საპატიო ადგილას იჯდა. ქერა თმით, ცისფერი თვალებით, წითელი ტუჩსაცხით და სელფებით გადაჭედილი მობილურით. გზის სავალი ნაწილი უკან მოიტოვეს. თვალწინ კი ხელისგულივით გადაიშალა ლამაზი ხედი, თოვლში და ნისლში გახვეული, მიყუჩებული, ძილბურანში მყოფი სვანეთი. - გთხოვ ცოტახნით გავჩერდეთ. - ვეღარ გაუძლო ლეილამ ამ ბუნების ყურებას. მანქანიდან გადმოხტა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, წრიული დატრიალებით თვალი მოავლო იქაურობას, დათოვლილ მთებს ნისლი ეხურა, შემაძრწუნებელი სილამაზე სუფევდა ირგვლივ, ხელის ერთ გაწვდენაზე ტყეც იყო, პირქუში და თოვლის სითეთრის მიუხედავად ბნელი. - ღმერთო რა სილამაზეა. - დაიჩურჩულა ძლივს გასაგონად. - წამოდი ლეაა.. - პირველი ნინა იყო ვინც მანქანის ფანჯრიდან თავი გადმოყო. გადმოსვლა არცერთს მოუნდომებია, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ დანარჩენები ნინამ შეაჩერა. - არა, არა ეს უნდა დავაფიქსირო, ფოტოებზე რომ არ აღვბეჭდო თავს ვერ ვაპატიებ. - გამოეპასუხა ლეილა და ფოტოაპარატი მოიმარჯვა. ნინამ მხოლოდ ორი წუთი შეძლო მოთმენა: - ლეააა... - გოგონაც დანებდა. გული უგრძნობდა თუ მანქანაში არ დაბრუნდებოდა დიდი ალბათობით იქვე დატოვებდნენ გართობის და განმარტოების მსურველი წყვილები. - ჯანდაბას თქვენი თავი. - ჩაეღიმა, აპარატი შეინახა და მანქანისკენ გაიქცა - მოვდივარ, მოვდივაარ.. - რა იყო ასეთი, რომ ვერ მოწყდი? - რეზიც გამოვიდა თავის ირონიული სიტყვით. გადაღებული ფოტოების თვალიერებით გართული ლეილა ცოტ-ცოტას ვერცერთს უგებდა, თუმცა რეზი განსაკუთრებულად არ ეხატებოდა გულზე, მაგრამ ოთხივე უყვარდა უცნაურად და თავისებურად. მათაც თავისმხრივ უყვარდათ მუდამ ჩაფიქრებული და ფლორა-ფაუნაზე შეყვარებული ლეილა. - შენ მაინც ვერ გაიგებ. - გამოაჯავრა ლეამ ნიცას მხარს უკნიდან. - მითხარი, იქნებ და ვიგებ.. - იცი მაინც რამხელა ისტორია აქვს სვანეთს? ლეგენდები, მითები, წეს-ჩვეულებები.. - შენ საიდან იცი? - მოსმენაც კი არ იკადრა რეზიმ, რა გაგებაზე იყო საუბარი. - იქიდან რომ დედის მხრიდან ბებია სვანი მყავდა. - აი თურმე რატომ სვანდები ხოლმე - გახუმრება სცადა ნინამ, რომელსაც თავისივე ნათქვამზე მხოლოდ მას და რეზის გაეცინათ. - რა გვარი იყო? - დაინტერესდა ლუკა. - ნათაი ამბერგიანი - სიამაყით წარმოთქვა ლეილამ. კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ სარკეში ლუკას მზერა დააფიქსირა, გაჩუმება არჩია, თვალი აარიდა და ისევ ფოტოებს მიუბრუნდა. ტყის სურათებს ადიდებდა და აკვირდებოდა, თითქოს რაღაც უცნაურს აღიქვამდა თვალი, მაგრამ გონება უარყოფდა დანახულს. (აკრძალული ტყე) გზაც გაილია და ერთ ერთ სოფელს მიადგნენ, დიდი მცდელობის მიუხედავად მაინც დაეტყოთ დაღლა ახალგაზრდებს. ახლა მხოლოდ ის სურდათ სახლი ეპოვნათ და დაბინავება მოეხერხებინათ. უკვე ბინდდებოდა როცა ეულად მდგარი სახლის საკვამურიდან ამომავალი კვამლი ხსნად მოევლინათ. - მიდი, მიდი ხმამაღლა დაიძახე - მეგობრებმა მასპინძლის დასაძახებლად გადასული ლუკა გაამხნევეს. მასაც ბევრი არ უფიქრია ღობეზე შედგა და იმედიანად შესძახა: - მასპინძელოო.. - მანქანაში ატეხილი სიცილისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე დაიძახა კიდევ ერთხელ. როდესაც სახლის კარი გაიღო, ლუკამ შვებით ამოისუნთქვა და მეგობრებს მაღლა აწეული ცერა თითი დაანახა. სახლიდან მოხუცი კაცი გამოვიდა და ნელა დაიძრა მათკენ. მთიდან ბურუსს ჩამოეღწია და მოხუცის სახლიც გაეხვია თავის საცეცებში. - გაუმარჯოს პაპა. - ლუკამ მოახლოებაც არ აცადა ისე დაუწყო საუბარი. მოხუცებულობის მიუხედავად კაცი მხნედ გამოიყურებოდა. დიდ თოვლში შეუბრკოლებლად მოაბიჯებდა მხარზე კი დიდი ნაჯახი გაედო, ერთი შეხედვით არაფრის მომცემი გრავიურებით მოხატული ტარით, რომელიც ლუკამ მხოლოდ მაშინ შეამჩნია როცა კაცის პირისპირ არმოჩნდა. - გისმენ - მოხუცმა ხმა ამოიღო და ლუკასაც უცნაურად გაჩენილი დაძაბულობა გაუქრა. - აქ რამ ამოგიყვანათ? გზა დაკარგეთ? ლუკამ ცულს თვალი ძლივს მოსწყვიდა და პასუხი დაუბრუნა კაცს. - არა პაპა, მგონი ზუსტად იქ მოვედით სადაც გვინდოდა, ქალაქისგან შორს, საოცარ ბუნებაში. - გონებაში სწრაფად ამოქექა ლეილას ლექსიკონი და მისი სიტყვებით ალაპარაკდა. კაცმა თავი დაუქნია, მაგრამ არ უპასუხია. ამიტომ სიტყვა ისევ თვითონ განაგრძო მორიდებით. - გვინდოდა სახლი გვექირავა, იქნებ იცოდეთ ვინმე. კაცს გაეცინა და დანაოჭებული სახე უფრო დაუნაოჭდა. არა, ნამდვილად არ ჩაევლო სიბერეს უკვალოდ. ხელებიც დაეკოჟრა ასაკს და მის შავ თვალებშიც შემოეღწია ავბედით ნისლს. - ამ ზამთარს აქ მხოლოდ მე შემოვრჩი, კიდევ იყო ერთი ოჯახი, მაგრამ ისინიც წავიდნენ გამოსაზამთრებლად, არამგონია ახლა აქ რამის პოვნა შეძლოთ. - როგორც კი ბიჭს სახეზე უიმედობა შეატყო დაუმატა - არაუშავს თქვენ კი გაგიმართლათ. ჩემთან გაათიეთ ღამე, ხვალ კი უკან გაბრუნდეთ სჯობს. - კაცმა მთისკენ ხელი გაიშვირა, საიდანაც ტყე მდუმარედ და საზარლად იმზირებოდა, თუმცა სილამაზე არ აკლდა თოვლის საბურველში გახვეულს. - ტყეში ასვლას არ გირჩევთ, თუ ახვალთ დაგაღამდებათ. ლუკამ ეჭვით გახედა ტყეს. - მადლობა პაპა.. - ბეშგენ - თქვა კაცმა და ხელი გაუწოდა ლუკას, რომელიც უეცრად დაიბნა, თუმცა მაშინვე მოეგო გონს და მიხვდა რომ კაცი სახელს ეუბნებოდა. ბიჭი მეგობრებს მოელაპარაკა, ტყეში უგზოუკვლოდ სიარულს ჯობდა ღამე ბეშგენთან გააეთიათ. მოხუცმა ბავშვები შინ შეიპატიჟა. სახლში შესულები პირდაპირ მისაღებ ოთახში აღმოჩნდნენ სადაც დიდი მრგვალი მაგიდა ზუსტად შუაგულ ოთახში იდგა, ზედ ლარნაკით და შიგ ჩაწყობილი უკვე გამხმარი ყვავილებით. ხელმარჯვნივ კუთხეში ბუხარი გიზგიზებდა, ბუხრის თავზე ირმის უშველებელი ცალი რქა ჩამოეკიდათ. ბუხრის წინ ძველი და გაცვეთილი დივანი იდგა, ზედ გადაფარებული შალის პლედით. ხელ მარცხნივ კი უჯრებიანი კარადა იყო. სახლი მონადირის ბუნაგს გავდა, თუმცა საკმაოდ სუფთად და მოვლილად გამოიყურებოდა. სითბო ყველას ესიამოვნა. მაშინვე ბუხრის წინ დივანთან მიგროვდა ყველა. - კარგ დროს მოხვედით, ვახშმობას ვაპირებდი. - სიჩუმე ბეშგენმა დაარღვია. - სანამ გათბებით მაგიდას გავშლი. გაწყობილი მაგიდაც ისეთივე მონადირული იყო როგორც მოხუცის სახლი. დამარილებული ხორცი, სუნელში გამოყვანილი სალა, ცოტა ლობიო, მჭადი, ყველი, მჟავე და ცოტა სასმელიც. მამა-პაპური სუფრის დანახვაზე ყველამ იგრძნო მუცლის გვრემა, დიდი პატიჟი არ დასჭირვებიათ ისე შემოუსხდნენ რაინდებივით მრგვალ მაგიდას. თავადაც ჰქონდათ წამოღებული მშრალი რამოდენიმე დღის საკვები, თუმცა გასართობად წამოღებული არც საკვები გამოუჩენიათ და არც სასმელი. - ამ შუა ზამთარში აქ რამ ამოგიყვანათ? - ბეშგენმა ჭიქები შეავსო. - მეც მაგას არ ვამბოობ?! მაგრამ ვინ დამიჯერა.. - ჩაიბუზღუნა ლეილამ. - ცოტა დასვენება და გართობა გვინდოდა - ლუკამ ჭიქა ასწია და მასპინძელი დალოცა. სხვებმაც გაიზიარეს მისი სადღეგრძელო და ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა. გოგონებმა მალევე გადაინაცვლეს ბუხართან, მაგრამ ლეილა ცალი ყურით ბეშგენის საუბარს ისმენდა მაინც, რომელიც ამ მხარის იდუმალებაზე ყვებოდა. - ანუ თქვენ ამბობთ, რომ ტყეში შესვლა აკრძალულია? - რეზის ხმაში ირონია იგრძნობოდა. - მთლიანი ტყე კი არა, რაღაც ადგილები. - ბეშგენს უკვე საკმაოდ მოჰკიდებოდა სასმელი. - აქ ჯერ კიდევ ვუსმენთ ლეგენდებს და მითებს, ახალ თაობას ზღაპრები, რომ ჰგონიათ. - დაუჯერებელია! - ლუკამ კიდევ ერთი ჭიქა შესვა და რეზის გადახედა, რომელმაც მასპინძლის მალულად ანიშნა ლუკას მგონი ცოტა აფრენსო. - დაუჯერებელი არაფერია. - თავი გაიქნია ბეშგენმა. - დაა აკრძალული რატომ არის? - რეზის მაინც აბდაუბდად მიაჩნდა ეს ყველაფერი. - რატომ და იმიტომ, ყველაფერი ადამიანებს კი არ ეკუთვნით რასაც თვალი სწვდება და არ სწვდება. - ბეშგენმა ბიჭებს გადახედა და თითი გამაფრთხილებლად ასწია - იმ ტყეში სისხლის დაღვრა არ შეიძლება, ეგ კი არადა ფოთოლი, რომ ფოთოლია იმის წამოღებაც კი. - არც დათვალიერება? - ლუკაც მოსულიყო ხუმრობის ხასიათზე. - ტყე, ტყეა რაღა მაინც და მაინც ის უნდა ათვალიეროს კაცმა. - ბეშგენის ხმა უკვე ძლივს ირჩეოდა. - პაპა ბეშგენ იმ ნაჯახზე რას იტყვით? - იკითხა ლუკამ გულში ჩარჩენილი ჰქონდა ტარზე ამოტვიფრული ძველი დამწერლობა. - სისხლი, სისხლის წილ. სული, სულის წილ.... - ეს ამოილაპარაკა მოხუცმა ისიც ძლივს გასაგონად და საბოლოოდ დაჯაბნა სასმელმა. ბიჭებმა ბეშგენი დივანზე გადააწვინეს. ლეილამ კი მაგიდა მიალაგა. ცეცხლი გააღვივეს და თვითონაც იქვე ჩამოსხდნენ საუბარში გართულები. - მაინტერესებს - თქვა მოულოდნელად ნინამ. - რა გაინტერესებს? - დაინტერესდა ლუკა. - რაც მოყვა კაცმა, აკრძალულ ტყეზე? - გაგიჟდით ხომ? - ლეილამ თვალიბი აატრიალა. - მოდი წავიდეთ - რეზიც ჩაერთო საუბარში თითქოსდა ლეილას ჯინი ჰქონდა სულ მის საწინააღმდეგოდ გამოხატავდა აზრს. - აკრძალული არ ვიცი, მაგრამ თოვლიანი ტყე მაგარი იქნება. - ნუცამ თითქოს რეზის დაუჭირა მხარი. ამ ტყეზე ლაპარაკში დადგა შუაღამე. ოთხივე ისე გაჯიუტდა მოდი ეხლავე წავიდეთო, რომ ლეილას ხვეწნა-მუდარაში გადასული თხოვნა ყურად აღარ იღეს. ბეშგენის გაღვიძებასაც კი არ დაუცადეს, ისე გაიკრიფნენ გარეთ. უარზე მყოფ ლეას სხვა გზა აღარ დარჩენოდა და მათ გაჰყვა. გაყინული მანქანა ძლივს დაქოქეს და წყვდიად ღამეში ავად მომზირალი ტყისკენ აიღეს გეზი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მას პეიზაჟი არ ელამაზებოდა პირიქით, თრგუნავდა გულს უჩქარებდა, ხის კენწეროებზე ნაცრისფერი გველივით გაწოლილი ნისლი არარსად სცანდა. ეხლა მოწმენდილი ცა და თითქმის პირთამდე ავსებული მთვარე, უფრო მეტად აჯადოსნურებდა დაძაბულ, დამუხტულ გარემოს. (მონადირის ქოხი) ტყეს მიუახლოვდნენ, ახლოდან კიდევ უფრო ბნელი და ცივი მოეჩვენათ, ჯერ მხოლოდ ახლა იწყებდა დილა ძალების მოკრეფვას. გარკვეული მანძილის შემდეგ მანქანამაც ვეღარ შეძლო სვლა, თოვლში ცურავდა და ახრიალებული ძრავი უფრო ღმუოდა. - ჯანდაბა, ამის დედაც.. - ლუკამ გულმოსულმა დასცხო ხელი საჭეს. - ფეხით უნდა გავაგრძელოთ. - თქვა და ბავშვებს გამოხედა. - გაგიჟდი? არავითარ შემთხვევაში. - შეიცხადა ნინამ - მაშინ ვიჯდეთ აქ და ველოდოთ.. - რეზი საზურგეს მიეყრდნო და სიგარეტის კოლოფი გახსნა. - ახლა აქ არ მოწიო თორემ რაღაცას ჩაგარტყამ. - ისედაც ნერვებზე მყოფი ლეილა უფრო გააბრაზა მისმა ამ საქციელმა, რეზიმ ამოიოხრა და კოლოფი ჯიბეში დააბრუნა. - მოდი უკან გავბრუნდეთ - მუდარით მოავლო თვალი მეგობრებს ლეამ. - ანუ გინდათ თქვათ, რომ ამ შუაგულ ტყეში ფეხით უნდა ვუბოდიალოთ? - ჩუმად მყოფი ნუცაც ალაპარაკდა. - ნინა შენი ბიჭი აფრენს - საფეთქელთან თითი დაიტრიალა და თან დაუსტვინა. - შენ შენს ბიჭს მიხედე ნუცა. - ნინამ უკან მსხდომებს შეუბღვირა. - გეყოფათ ახლა. - ლუკამ გოგოები დააშოშმინა. - ნივთები მოაგროვეთ და არაფერი დაგრჩეთ, წავედით. თქვენთვის სიურპრიზი გვაქვს! ასე არაა რეზი? - მეგობარს ეშმაკურად გადახედა - ჯერ ხომ არ გითქვამს? - რეზიმაც უარის ნიშნად თავი გაიქნია ჩაღიმებულმა. გოგონები კი ვერაფერს მიხვდნენ რაზე იყო საუბარი. სიახლის მიუხედავად ბუზღუნით დატოვეს მანქანა და ტყეში უფრო ღრმად შევიდნენ. თოვლში მიაბიჯებდნენ. დროდადრო დილის რიჟრაჟთან ჯერ ისევ ძლივს შერწყმულ გარემოს თვალს ავლებდნენ. უცნაური სიჩუმე ჩამოწვა. იქნებ დაიღალნენ, ან იქნებ უცნაური ფიქრები აეშალათ გონებაში. შიშმაც იცის ადამიანის დადუმება. წინ ლუკა მიდიოდა, ცოტა ჩამორჩენით მის ხელს ჩაფრენილი ნინა მიჰყვებოდა, შემდეგ რეზი, ნუცა და ბოლოში სამიოდე მეტრის დაშორებით ფოტოაპარატით შეიარაღებული ლეილა. სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ მათი ფეხის ხმა და თოვლის ღრაჭუნი არღვევდა. - ლეილა არ ჩამოგვრჩე, იარეთ ბავშვებო - ლუკა ყველას ამხნევებდა - სიურპრიზიც მალე გამოჩნდება დარწმუნებული ვარ. - მოვდივაარ - გამოეპასუხა ლეილა. უკან შეტრიალდა გამოვლილი ნაკვალევის ფონზე კიდევ ერთი ფოტო გადაიღო და გზა გააგრძელა, თან სურათს ამოწმებდა თუ როგორი კადრი დააფიქსირა, ბნელი ფოტო გამოვიდა, მხოლოდ კადრში მოხვედრილი თოვლი ბზინავდა, ნაკვალევის მიღმა ხეები ასვეტილიყვნენ. მათ ბნელ სიღრმეში კი ორი წვრილი ნათელი წერტილი ელავდა. გოგონა გაჩერდა და ფოტოს უკეთ დააკვირა, უკან გააპარა მზერა, ტყეს თვალი მოავლო. გადაღების არეალი ფოტოს შეადარა თუმცა მსგავსი ვერაფერი შეამჩნია. - ლეააა - ნუცას ხმა უკვე შორიდან მოესმა და ფეხს აუჩქარა, სწრაფად მიუახლოვდა მეგობრებს. - გეყოფა ფოტოები არ დაიკარგო სადმე. - შეხედე ნუცი - თავის ფიქრებში წასულმა ლეილამ ნუცას ფოტო აჩვენა. - ეს რა უნდა იყოს ნეტა? რაღაც უცნაური გადავიღე. - კარგი გოგო გულს ნუ მიხეთქავ. - აპარატი დაუბრუნა ნუცამ - რა უნდა იყოს ლინზის ანარეკლი სხვა რაა.. - რავიცი აბა, მეუცნაურა.. უკვე საკმაოდ ღრმად შესულიყვნენ ტყეში, უკან მყოფებს ლუკას ხმა რომ შემოესმათ: - მოვედით ბავშვებოოო - მისმა შეძახილმა გამოაფხიზლათ. - აუუუუუუუ - ნინაც შეუერთდა მის ხმას და რეზიც აიყოლა. - რა ჯანდაბა გაყმუვლებთ? მოიზიდეთ ახლა მგელი და უბედურება. - ლეილამ გვერდი აუარა მათ ხტუნვა ყიჟინას და მხიარულების მიზეზსაც უეცრად მოჰკრა თვალი. მსხვილ ტანიანი ხეების ქვეში ვიღაცას ქოხი აეშენებინა. ალბათ ლამაზი უნდა ყოფილიყო მყუდრო და პატარა სახლი, სახურავზე ღუნღულა ბამბისმსგავსი თოვლით დაფარული, მაგრამ არა, ის უბრალოდ თავშესაფარი იყო, ამჟამად ფანჯრებ ჩაბნელებული, მოაჯირ მორყეული და საფეხურებ დალეწილი. - ეეს?... - გაკვირვებულმა ლეილამ ბიჭებს გამოხედა. - დიახ ქალბატონო ლეილა ესაა სიურპრიზი, ჩვენმა ბეშგენმა ახსენა სანამ ძილში გადახტებოდა - აუხსნა რეზიმ სიცილით. - გეყოფა მასხრობა, - შეუბღვირა გოგონამ - აქ მართლა აპირებთ დარჩენას? - მხოლოდ რამოდენიმე დღე. - უპასუხა ლუკამ მხრების აჩეჩვით. - საჭმელი მაინც არ გვეყოფა დიდხანს.. - და არც სასმელი. - ჩამოართვა სიტყვა ნინამ და სახლისკენ წავიდა. ორიოდე გუნდის სროლით შემოიფარგლნენ უკან დარჩენილები. ოდნავ შემაღლებულად აშენებული სახლი ნახევრად ხის იყო. უბრალოდ ლურსმნით გადაკეტილი კარი გააღეს. დენი არ დახვდათ, თუმცა სანთლები იპოვეს და ისევ სიხარულის ხმებმა დაფარა მიდამო. სახლი სულ ორი ოთახისგან შედგებოდა, პირველი მისაღები, რომელიც ასევე სამზარეულოსაც ითავსებდა, ჭურჭლის კარადა, მაგიდა სკამებით, დივანი და ბუხარი, მთელი ის სიმდიდრე იყო რასაც ეს ოთახი იტევდა. მეორე ოთახი საძინებლად იყო მოწყობილი, საწოლით და პატარა ძველისძველი კარადებით, ერთი ცარიელი მეორე კი რამდენიმე გაცრეცილი წიგნით. ბუხარი აანთეს, მშრალად ივახშმეს, ცოტა დალიეს და დაღლილობამ თავისი ქნა, ჯერ ნუცა გაიძურწა ოთახში, რომელსაც მისვლისთანავე დაადგა თვალი, მას რეზიც მიჰყვა, ლუკას და ნინას კი იქვე დივანზე მიეძინათ. ლეილამ პლედები გაშალა ბუხრის წინ დაჯდა. დიდხანს ებრძოლა ძილს, თუმცა ბოლოს სურათების თვალიერებით გართულს მაინც დაეხუჭა თვალები, მაინც ჩაითრია ძილის მორევმა. შუა დღე იყო გადასული ლუკა და ნინა ყავას სვამდნენ რეზი რომ გამობარბაცდა ოთახიდან. - ოჰ ქალბატონ ლეილას შეხედეთ. სუფთა ჰაერი ესიამოვნა და გაღვიძებას არ ჩქარობს. - რეზის ხმა ჩაესმა ლეას და თვალები უხალისოდ გაახილა. - სხვამ ვერავინ გამაღვიძეთ ამას, რომ დაუგრძელებია ენა? - ჩვეულ ფორმაში ხარ გოგონი. - რეზიმ თვალი ჩაუკრა და გვერდი აუქცია - ყავა მეც მინდა. ცოტახანში სახლის პატარა აივანზე ყველა ერთად, ოხშივარ ავარდნილი ჭიქებით ხელში იდგნენ და ტყეს გაჰყურებდნენ. ოდნავი მოძრაობაც კი არ შეიმჩნეოდა და ისეთი სიჩუმე იყო გეგონებოდა მართლაც და ზამთრის ძილს მისცემოდა ბუნება, თუ უფრო მტაცებელივით ჩასაფრებულს და გარინდულს გავდა, თითქოს ელოდა მსხვერპლის შეცდომას, წინდაუხედავ ნაბიჯს. (ნაძვის ხე) - ბავშვებო ხვალ ახალი წელია, ჩვენ კიდევ განწყობა გვაკლია. - გამოაცხადა ნინამ და მობილური გვერდით გადადო. - არც ინტერნეტია, მიღებაც კი არ აქვს აქ. - ხოდა თვითონ შევქმნათ განწყობა. - თვალები გაუბრწყინდა ნუცას. - ამ სახლში არა მგონია მოსართავები და ნაძვის ხე იყოს. - ოთახიდან გამოვიდა ლეილა პატარა ძველყდიანი წიგნით ხელში. - სამაგიეროდ ჩიჩილაკი გვყავს. - იხუმრა ლუკამ, რამაც ყველა გაამხიარულა. - ხალხნო გარეთ გაიხედეთ ამხელა ტყეა, თან ნაძვებით სავსე. - რეზიმ ფანჯრისკენ დემონსტრაციულად გაიშვირა ორივე ხელი. - მაგარია, წადი და მოიტანე. - ტაში შემოკრა ნინამ. - არ არსებობს, - თავი გაიქნია რეზიმ - სულ არ მადარდებს მორთულობა მე! - გეშინია.. - ჩაცინებისგან თავი ვერ შეიკავა ლეილამ. - თუ არ გეშინია თავად მოიტანე. - წამოენთო ბიჭი. - მე პატივს ვცემ მათ წეს-ჩვეულებებს.. - რა გაჩხუბებთ, მოდი ვითამაშოთ და წაგებულმა მოიტანოს. - ჩაერია ლუკა. - მე პას - ხელები ასწია ბუხართან მოკალათებულმა ლეილამ და წიგნი გადაშალა. - კარგია, რაიმე სწრაფი თამაში ვითამაშოთ. - თქვა რეზიმ, თან ჭიქები ალკოჰოლით შეავსო. - ჯეირანი ვითამაშოთ. - მოიფიქრა ნუცამ. რომელი წყვილიც წააგებდა ის მოიტანდა ნაძვს. თამაში დიდხანს გაუგრძელდათ. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა, შეშას კი ტკაცატკუცი გაუდიოდა. ლეილას წიგნი რაიმე ლიტერატურა კი არა უბრალო ჩანაწერები აღმოჩნდა და ისე გაერთო კითხვით სულ აღარ აქცევდა მათ ყურადღებას, სანამ უეცრად რეზიმ და ნუცამ გამარჯვების შეძახილებით არ აიკლეს სახლი. - რა ხდება? - ფეხზე წამოდგა ლეილა. - არ მჯერა, მოვიგეთ! ნინა და ლუკა ტყეში მიდიან - უხაროდა ნუცას. - სერიოზულად ითამაშეთ? - გაუკვირდა ლეას. - კი სერიოზულად, ამ სულელმა წააგო, წარმოგიდგენია საერთოდ არ იცის თამაში - ნინა ქურთუკს იცვამდა და თან ლუკას უბღვერდა. - შენ ნუ გეშინია, ყველადერი კარგად იქნება - თბილად გაუღიმა ლეილას ლუკამ და ქუდი წამოიფარა. - მართლა საბოლოოდ გაგიჟდით? - ყურებს არ უჯერებდა ლეილა. - უკვე ღამდება, თქვენ კი ნასვამები ხართ, მართლა გინდათ ამ უღრან ტყეში ბოდიალი? - სამაგიეროდ საახალწლო განწყობას მოგართმევთ პირდაპირ სახლში - სიცილით თქვა ნინამ. - მოიცადეთ იმ ნაძვის მოთხრას ხომ არ აპირებთ? - ზურგსუკან ხელებ დამალული რეზი მიუახლოვდათ. - მანდ რა გაქვს? - ეჭვით გამოხედეს მეგობრებმა. ლეილა სულ გადაირია, როცა რეზიმ მომალული ნაჯახი ლუკას გაუწოდა. ნაცნობი ნივთი ბეშგენის სახლიდან. - გააფრინე? ქურდი ხარ? - ყვირილით უახლოვდებოდა რეზის ლეილა. - მომშორდი არანორმალურო, ფსიქოპატი ხარ? რეზი გოგოს რეაქციას ხუმრობად იღებდა და სიცილით უსხლტებოდა ხელიდან. ერთ წუთს უყურეს რეზის, ნუცას და ლეილას ოთახში გამართულ გიჟურ რბოლას, მერე ერთმანეთს გადახედეს და კარი გაიხურეს. წინ ნინა მიდოდა უკან ლუკა მიჰყვებოდა მხარზე გადებული ნაჯახით. მიდიოდნენ და ბინდჩამოწოლილ გარემოს ათვალიერებდნენ. იქნებ რაიმე მოსაწონი მიეგნოთ. თოვლის კრაჭა-კრუჭის მეტი თითქოს არაფერი ისმოდა, თუმცა შეცბუნებულმა ლუკამ რამოდენიმეჯერ მოიხედა უკან, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ვიღაც მოჰყვებოდათ. უცნაური ამბების მოსმენამ და შიშს აყოლილი ლეილას რეაქციამ საბოლოოდ იმოქმედა მასზე: - არ მომწონს ნინაა, ცუდი აზრია.. - გაჩუმდი ლუკა და გამოძვერი ამ დაწყევლილ ბუჩქებში - შეუბღვირა გოგომ - ნუ წააგებდი და არც მოგვიწევდა აქ წამოსვლა, მაგათ რა მართლა მშიშრები უნდა ვეგონოთ? - ეგ რა შუაშია? - უპასუხა ბიჭმა და ბუჩქებში გადაძვრა. ტყე ძლიერ გაუვალი გამხდარიყო. ტემპერატურაც დაეცა შებინდებასთან ერთად. თოვლის სქელი ფენა ფეხებს უყინავდათ. ხელთათმანებშიც ატანდა სიცივე, ხელებიც გალურჯებოდათ, თუმცა ნინას დაჟინებით მაინც წინ მიიწევდნენ სასურველის მისაღებად. ტყეში შემოპარულ ღამეს ჯერ კიდევ ვერ მიეღწია მათ გულამდე და ცნობიერებამდე. ლუკას კიდევ ერთხელ გაუჩნდა უკან დახევის სურვილი, თუმცა აღარ გამოუხატავს, ვეღარ გაბედა სისუსტის ჩვენება, მაშინ როცა მისი გოგო ასე მონდომებით ცდილობდა თავისი შიშის დამალვას. თანაც უკვე მიზნამდე აღარაფერი აკლდათ. ვეღარ შეჩერდებოდა. გული უგრძნობდა, რომ მოცემულ მომენტში თავის გატეხვას სახელის გატეხვა ჯობდა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო თავის გამჟღავნება. ზუსტად არ იცოდნენ სად გადიოდა საზღვარი აკრძალული ტყის,. დიდად არც სჯეროდათ თქმულების, თუმცა ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ,,აკრძალულ ტყეში,, შეპარვა გმირობა იყო და არა დიდი სისულელე. - ეს მოვჭრათ ლამაზია. - ლუკამ საკმაოდ მოზრდილ ხეს გარს შემოუარა. - ლამაზია, მაგრამ მაგხელას ვერ წავიღებთ, პატარა ჯობია. - იუარა ნინამ. გამორჩეულად მდგომი და ასევე გამორჩეული სილამაზის, პატარა, კოხტად გატოტილ ნაძვს მიაგნეს. სიმაღლით მეტრნახევარი თუ იქნებოდა. ერთმანეთს გადახედა წყვილმა და ორივე უსიტყოვდ მიხვდა, რომ იმ ერთადერთის წინ იდგნენ. ძირში თოვლი შემოუწმინდეს. ლუკამ ცული მოამზადა. მოქნეული ბასრი პირის ხესთან შეხებისთანავე ჩაესმათ ყრუ მოგუდული ღმუილი. ერთწამს შეკრთნენ და მიმოიხედეს. ყურადღება მეტად აღარ გაუმახვილებიათ, საქმე სწრაფად დაასრულეს, სულ ორი დარტყმით გადაჭრეს ჯერ ისევ ნორჩ ვარჯიანი ხე. სიცივე უკვე მართლაც რომ ძვალ-რბილში ატანდა. ჩაბნელებულ ტყეში მხოლოდ აქაი-იქ მკრთალად აღწევდა მთვარის შუქი. ოდნავი ნიავი დაქროდა ხის ტოტებს შორის და ავის მომასწავლებლად შრიალებდა ტყე. უკან დაბრუნებისას ისევ შემოესმათ ყმუილის მსგავსი გაწელილი ბგერები. - იჩქარე ნინა, არ მინდა მგლების ლუკმა გავხდე. - ლუკა წინ მიმავალ ნინას აჩქარებდა. ჯერ მას დაეხმარა ღობესავით გაუვალი ბუჩქების გადალახვაში, შემდეგ ნაძვი გადააწოდა, ბოლოს კი თვითონ ლუკა, რომელმაც ბუჩქებში გასვლამდე ტყეს თვალი მოავლო და წამიერად ხეებს შორის დანახული მოძრაობა შიშს და ალკოჰოლს მიაწერა. *** - არ მჯერა მოაქვთ - აყვირდა პარმაღზე დარაჯისავით ჩასაფრებული ნუცა. - მადლობა ღმერთს. - შვებით ამოისუნთქა ლეილამ, თითქოს ლოდი მოეხსნა გულზეო. ლუკამ მათი დანახვისას ნაძვი ჩემპიონატის თასივით მაღლა ასწია. - აბა რა გეგონათ? სულაც არ იყო რთული - ლუკა სიამაყით ამაგრებდა ნაძვის ხეს ბუხრის გვერდით. - კარგია რომ გაგიმართლათ. - ჩაილაპარაკა ლეილამ, გაცრეცილი ფარდა გადასწია და გარეთ გაიხედა. სიბნელეს სრულიად მოეცვა იქაურობა, თითქოს სახლი დაპატარებულიყო ხეები კი ერთი-ორად გაზრდილიყვნენ სიმაღლეში ცა გადაეფარათ და ზემოდან დაჰყურებდნენ დედამიწაზე წერტილად დარჩენილ ადამიანებს. - ადამიანი ნეგატივი, არა! ნეგატივების დედოფალი. - გადაიხარხარა ნინამ, რისთვისაც ლეილას მწყრალი გამოხედვა დაიმსახურა. - კარგით რაა, გვეყო ზრაპრები. სანამ ჩემი ტელეფონი სულ მთლად მომკვდარა, ჩავრთოთ მუსიკა და დავლიოთ კიდევ. - რეზიმ სასმლის ბოთლი ასწია და რითმული მელოდია შეარჩია, რაღაც საახალწლო კლუბურ ჟანრში. გართობა ისევ განაახლეს, ლეილამაც კი დალია რამოდენიმე ჭიქა. ბევრი იცინეს, იმღერეს იცეკვეს, სანამ ბოლომდე არ ამოეწურათ ენერგია. ამჯერად ნინამ დაიკავა ოთახი და თავის მეწყვილეც თან გაიყოლა. ლეილამ უსიტყვოდ გაშალა ბუხრის წინ პლედები, ცეცხლის ყურებაში თვალები ელულებოდა, თუმცა ძილს არ მიჰყავდა ბოლომდე. ბევრი იბორგა, იწრიალა, ხან ფანჯრიდან უთვალთვალა კუნაპეტ ღამეს, რაღაც არ ასვენებდა. საკმარისი სიმშვიდე არ გააჩნდა, რომ თვალები დაეხუჭა. რამოდენიმეჯერ უცნაური მოგუდული ყმუილი შემოესმა, მაგრამ ფიქრებით მაინც სასიამოვნო ილუზია შექმნა, თითქმის საკუთარ შექმნილ სიზმარში ჰქონდა ფეხი შედგმული, რომ ეზოდან თოვლის შრიალის ხმას მოჰკრა ყური, თავიდან ვერ გამოერკვა, მაგრამ კიდევ რომ გამეორდა ეს ხმა გამოფხიზლდა. მიხვდა, რომ გარეთ რაღაც იყო. იქნებ მგლები, ,,ხო რა თქმაუნდა მგლები,, ფიქრობდა ის, ,,სხვა რა?,, იმედი ჰქონდა რომ მგლები. (კვალი) დილით ადრიანად გაეღვიძა ლეილას. არა, გაღვიძებას ვერ დაარქმევდით, რადგან თითქმის არც უძინია, მხოლოდ თვლემდა და უცნაური შეგრძნება არ ასვენებდა მთელი ღამე. როგორც კი დილის სინათლე ტყეში შემოიპარა და ხილული გახადა გარემო, ლეილამ მაშინვე, ჯერ ფანჯრიდან მოათვალიერა ეზო, შემდეგ კი კარი გამოაღო და აივანზე გავიდა. სამარისებური სიჩუმე სუფევდა ირგვლივ, არც ნიავი იძვროდა, არც რაიმე სულიერის ხმა აღწევდა მის ყურამდე. განაწყენებული ბავშვივით, თითქოს ზურგი შეექცია ტყეს. თოვლგადაცლილი კიბე ნელი ნაბიჯით ჩამოიარა ლეილამ, სახლის გარშემო ყველგან აბურდულიყო თოვლის ფენა, ნაკვალევს არ გავდა უფრო გეგონებოდათ ბავშვებს ერბინაო, ეგუნდავათ და ერთიანად გაკრეფილიყვნენ დედის ძახილზე. გოგონას კვლავ უცნაურმა შეგრძნებამ დარია ხელი. წამოიკივლა, შეხტა და სწრაფად შემობრუნდა ზურგსუკან ნაბიჯების ხმა, რომ მოესმა. ლუკა სახლიდან გამოსულიყო. - აქ რას აკეთებ? - ბიჭი მისკენ მოდიოდა. ამოისუნთქა თუმცა ისევ დაიძაბა როცა ლუკა იმაზე მეტად მიუახლოვდა ვიდრე ელოდა. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ყურადღება ისევ თოვლზე გადაიტანა. - რა იყო, ხომ არ გეშინია? - შეცბა, როცა ბიჭი თითებით ლოყაზე მიეფერა. - არა კარგად ვარ. - ეჭვით გამოხედა და სახე მოარიდა. - ჯერ ისევ ყველას სძინავს. - თავით სახლისკენ ანიშნა ლუკამ - წამოდი რაიმე ცხელი დავლიოთ, აქ ძალიან ცივა. - კარგი. - დათანხმდა და გვერდით ამოუდგა. მოხვეული ხელისთვის წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. ერთხელ კიდევ მოავლო მზერა გარემოს და ლუკას სახლისკენ გაჰყვა. *** - მეჩვენება თუ ფიქრობ რომ ნამდვილია? - ჰკითხა ლუკამ და ერთჯერადი პაკეტებიდან ჭიქებში რძიანი ყავა ჩაყარა. - რას გულისხმობ? - გამოერკა ფიქრებში წასული ლეილა. - ეს რაღაც აკრძალული ტყე და უაზრო ზღაპრები.. - მის წინ დაჯდა და ჭიქა გაუწოდა. - ვფიქრობ? კი არ ვფიქრობ დარწმუნებული ვარ. - ლეილამ ჭიქა გამოართვა და ფანჯრიდან ხის კენწეროებზე ღრუბლებივით დაფენილ თოვლს გახედა. - კარგი ვთქვათ მართალია, ესეიგი იქ სადღაც თოვლის კაცი ცხოვრობს? - ჩაეცინა ლუკას. - თოვლის კაცი არა, მასზე უარესი. როგორ გითხრაა.. რაღაც ვენდიგოს მსგავსი - გოგოსაც გაეცინა, ასე ხმამაღლა ნათქვამი მართლაც სულელურად ჟღედრა. - რაო მერე გამიტაცებს და მაწამებს? - თავზე უეცრად წამომდგარმა თმა აჩეჩილმა ნინამ ორივე შეაკრთო. - რა იყოთ გვრიტებო ხომ არ შეგაშინეთ? - დაამატა ირონიული სიცილით და თავისუფალ ჭიქას დაწვდა. - ლეილას თუ დავუჯერებთ საშიშად სჩანს. - მხრები აიჩეჩა ლუკამ. - ჰეი! შენ მანდ, - ფანჯრის მიმართულებით ვითომ ვიღაცას გასძახა ნინამ. - მოდი და წამიყვანე თუ მაგარი ხაარ! - ეხლა ყური მიუშვირა ფანჯარას, ვითომ რაღაცას უსმენსო, შემდეგ შემობრუნდა და თავი გაიქნია. - დამშვიდდით იქ არაფერია. მათ საუბარზე გამოღვიძებულმა ნიცამ თავი წამოყო. - დილა მშვიდობის ხალხნო. რეზიც წამოდგა მთქნარებით. - რას ჭორაობთ უჩვენოდ? - ნინა ვენდიგოს იხმობს. - სიცილით გამოეპასუხა ლუკა. - მაგას ვენდიგო კი არა ოჩოკოკი ქვია ქართულად. - თქვა რეზიმ და თვალების ფშვნეტით წავიდა მეგობრებისკენ. - ღმერთო ჩემო, ჩიჩილაკმა გამოანათა. - გაოცება ვერ დამალა ლეილამ. რეზიკომ კი სიამაყით ასწია წარბები და თავი დაუკრა აუდიტორიას. ლეილამ რამდენჯერმე სცადა აეხსნა მათთვის არეული თოვლის ამბავი, ირწმუნებოდა რომ ღამით მგლები ან სხვა ამოუხსნელი შემოესიათ, მაგრამ ამაო იყო მისი ლაპარაკი. (ახალი წლის ღამე) ცოტა წაიხემსეს, საღამოს ახალი წლის შემოსვლას ელოდნენ, აამიტომ მორჩენილი სასმლისთვის ხელი აღარ დაუკარებიათ. სახლი შეძლებისდაგვარად მიალაგეს და მოაწესრიგეს. რადგან ბოლო ღამეს გაათევდნენ. იგუნდავეს, ერთმანეთი თოვლში აკოტრიალეს, იცინეს ფოტოები გადაიღეს. სანამ ტელეფონებს კიდევ შეეძლო. აღარც მგლის ხმები გაუგონიათ და არც საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ, ან უბრალოდ ვერ შეამჩნიეს ვერაფერი ასე გულიანად გართულებმა. დაღლილები და შემცივნულები შევიდნენ შინ. მინავლებული ცეცხლი გამოაცოცხლეს, ააგიზგიზეს და ხელფეხი მიუფიცხეს. ლეილაც კი ისე გაერთო სულ გადაავიწყდა რაიმე არარეალურის არსებობა. მხოლოდ ნინა იყო ცოტა უხასიათოდ, თითქოს გაერთო აჰყვა მეგობრებს, მაგრამ მაინც ჩვეული მხიარულება აკლდა. განსაკუთრებით ლუკას მიმართ გამოხატავდა წყენას. თუმცა სიტყვა ვერ დააცდევინეს თავის გულჩათხრობილობაზე. საღამოს რვა საათი იქნებოდა შიმშილმა რომ შეაწუხათ. საკვები ბევრი აღარაფერი იყო, აი სასმელი კი ჰქონდათ საკმარისი გრადუსში გადასასვლელად. სანთლებით განათებულ მაგიდას შემოუსხდნენ ჭიქები შეავსეს, რისი სადღეგრძელო აღარ დალიეს. ბევრი მოგონების და სამომავლო გეგმების ფონზე მეგობრობისაც შესვეს და თავიანთი გაცნობის დღეები გაიხსენეს. - ჩემთვის ყველაზე სტაჟიანი ნუცია პირველად ის გავიცანი. - თქვა ლეილამ და ნუცას თვალი ჩაუკრა. - კი მასეა, მერე ვიპოვეთ ეული ნინა და ჩიჩილაკი რეზი - ნუცამ ფართოდ გაიღიმა. - მართალია მე დიდი ხანია არ ვარ თქვენთან ერთად, მაგრამ მახსოვს პირველად რომ შეგხვდით. - ჩაფიქრებით თქვა ლუკამ და წყალი მოსვა. - გზის პირას ბორდიურზე იჯექით, ლეილა თურმე წაქცეულიყო და სისხლი სდიოდა მუხლიდან, დახმარება შემოგთავაზეთ და მერე ნინამ წამიყვანა აფთიაქში. - წამით ნინას გახედა და მზერა ისევ ლეილაზე გადაიტანა. უეცრად წამოდგა რეზის სიგარეტი სთხოვა, მოსაწევად გავდივარო, სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი და კარი გაიხურა. სუფრასთან უცნაური და გაურკვევლი უხერხულობის განსამუხტად რეზიმ მუსიკა ჩართო. ნასვამ მეოგობრებს არ შეუმჩნევიათ როდის დატოვა ნინამ მაგიდა. ქურთუკი შემოიცვა და ლუკას გარეთ მიჰყვა. რეზი თავისთავს გადამხდარ სისულელეებს ჰყვებოდა ნუცა და ლეა კი იცინოდნენ. ცოტახანში ლეილამ, რომ მოინაკლისა მეგობრები კი მოიკითხა შეეჭვებულმა: - სად გაქრნენ ესენი? - ცოტა ხნის წინ კართან ფეხის ხმა გავიგე, ალბათ ლაპარაკობენ. - უპასუხა ნუცამ. - ან სიყვარულობენ. - წარბები აათამაშა გაღრეჭილმა რეზიმ. უეცრად კარი გაიღო და კოპებშეკრული ლუკა შემოვიდა. - რას ჩამომდგახართ მაგ კართან არ გვიცათ? ერთ საათში ახალი წელია ნუ მოიფანტებით ეხლა. - რომელ კართან? მე ცოტა გავისეირნე ტყეში. - ლუკამ ქურთუკი გაიხადა და მაგიდას მიუჯდა - რა სახეები გაქვთ? მოხდა რამე? - თვალი მოავლო მეგობრებს. - ლუკა ნინა სადაა? - ნუცა ფეხზე წამოდგა და ოთახისკენ წავიდა. - სანამ გავედი აქ არ იყო? -ოთახში არაა, რეზი! ნინა ოთახში არაა.. - მაგიდას მოუახლოვდა აღელვებული ნუცა. ლეილა გარეთ გავარდა და სიბნელე ამაოდ მოათვალიერა. - ნინაა! - ხელები სახესთან მიიტანა და დაიძახა. - დამშვიდდით, სად წავიდოდა. ალბათ აქვეა სახლთან. ნინააა!- რეზიც მას გამოჰყოლოდა გარეთ. - ნინაა...! ყველა გარეთ გამოშლილიყო მეგობრის მოსაძებნად. ტყეში ტყვიასავით ისმოდა მათი ძახილი, ექოდ კი მხოლოდ ყმულისა და ღრენის მსგავსი ბგერები უბრუნდებოდათ. გოგონას პასუხი კი არა, მისი კვალიც კი არ სჩანდა არსად. ცას სავსე მთვარე ესვენა, მის მკაფიო სინათლეს კი ნისლი დღაბნიდა, აქრობდა და ჩამოღამებულ ტყეს უნაწილებდა საჯიჯგნად. ხეებზე ხანდახან აქა-იქ ცრემლებივით თუ გაიბრწყინებდა ყინვისგან გაქვავებული ფისი. თორმეტი სრულდებოდა. ახალი წელი ზღურბლს აბიჯებდა, თუმცა სუფრასთან არავინ ელოდა მომღიმარი სახით. (ნინა) როცა ნინამ სახლი დატოვა არ უფიქრია რა ელოდა წინ. გარეთ ცრემლების დასამალად გავიდა. მისი ცისფერი თვალები უფრო ფირუზის ფერი გამხდარიყო. კიბეები ჩაიარა და უკვე გაკვალულ თოვლს გახედა. კვალი ტყისკენ მიდიოდა, არ უნდოდა ლუკას გაყოლოდა, ამიტომ კიბეს თოვლი გადააცილა და იქვე ჩამოჯდა. არ შეეძლო დაჯერება, რომ სასურველი აღარ იყო. დარწმუნებული იყო, რომ ლეილა მის და ლუკას შორის არ ჩადგებოდა, არა ამას ლეა არ გაუკეთებდა. მართალია გასართობად წავიდნენ, მაგრამ უკვე ფიქრობდა, რომ შეცდომა იყო. თუმცა ვის დააბრალებდა მთავარი ინიციატორი თავად გახლდათ ამ პატარა მოგზაურობის, ლეილაც კი მისი დაჟინებული თხოვნით მოხვდა იქ. თავი ხელებმოხვეულ მუხლებზე ჩამოდო. სახლიდან დროდადრო სიცილის ხმა გამოდიოდა. ვერ აჯობა სიცივეს და შინ შესვლა გადაწვიტა, რომ თოვლის ჭრიალი შემოესმა. ნაბიჯების ხმა მიუახლოვდა. ეგონა ლუკა მოვიდაო. თავი ასწია, მაგრამ მის წინ ლუკას ნაცვლად სხვა იყო, რაღაც უცნაური, ამოუცნობი, შიშის მომგვრელი. ადამიანის მსგავსი აღნაგობის არსებას თვალები მომწვანო ზურმუხტებივით უელავდა, ჩვეულებრივზე ბევრად მაღალი და მხარბეჭიანი იყო. ათ სანტიმეტრამდე გრძელი თითები ასევე გრძელი კლანჭებით უბოლოვდებოდა. უცნაურ ხავსმოდებულ ძონძებში გახვეულიყო. მხოლოდ თვალები უჩანდა, საიდანაც მისი სული იმზირებოდა, თავზე რქებივით აქეთიქიდან ხის ტოტები ამოსვლოდა, რაც უფრო საზარელს ხდიდა. სახეს კი თავზე ჩამოფხატული რომელიღაც ცხოველის ჩონჩხად ქცეული თავის ქალა უფარავდა. სხეულზე უხილავი, ენით აუღწერელი მკრთალი სინათლე სდევდა თან. თავზარდაცემული და მოძრაობისუნარ დაკარგული ნინა ქვემოდან შესცქეროდა. მისი გაოგნება შიშმა ჩაანაცვლა, პირს აღებდა, მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა. გული გამალებით უცემდა. უეცრად მთელი სხეულით იგრძნო, რომ მას უნდა მინდობოდა, მაგრამ თავს მოერია ფეხზე წამოდგა და სახლისკენ გაქცევა სცადა, თუმცა ტყიდან გამოსული არსება მასზე სწრაფი აღმოჩნდა და გზა გადაუჭრა კართან მისულს წინ აესვეტა. - არ გინდა გთხოვ.. - საყვირლად დაღებული პირიდან მხოლოდ ეს სიტყვები ამოუვიდა ნინას. მერე კი იგივე გრძნობა დაეუფლა, რომ თითქოს და მას უნდა გაჰყოლოდა, თითქოს ვალდებული იყო, აუცილებელიც კი. არსებამ გოგოსკენ ნაბიჯი გადადგა. მას კი უფრო გაუმძაფრდა ნდობის სურვილი, გულის სიღრმეში იმასაც ხვდებოდა ვინ იდგა მის წინ. ტყისა და ცხოველების მცველი ქამმერდე. ნამდვილი და არა ზღაპრიდან გადმოსული, რეალური და არა მოჩვენება, ან სიზმარი. და როცა ტყის სულმა ნინას მაჯაში ხელი ჩაჰკიდა. გოგონა გაჰყვა, მოჯადოებულივით მინდობილი, მხოლოდ ერთხელ გახედა მონადირის ქოხს სანამ თვალს მიეფარებოდა, შემდეგ კი უბრალოდ თავი ჩახარა და სვლა გააგრძელა. ტყე ნისლით ივსებოდა, ნინა ნაბიჯს ნაბიჯზე ადგამდა, უკან მოუხედავად და მდუმარედ. სიბნელეში ჩაბუდებული სიცივე სახეს უწვავდა, ცრემლებს ლოყებზე უყინავდა. უხმოდ და ჩუმად ტიროდა, მაგრამ არა თავის თავს, არა მეგობრებს, არამედ ტყეს. თავის საქციელს დარდობდა. არ იცოდა საიდან და როგორ, მაგრამ ზუსტად ხვდებოდა რა ჰქონდა სატირალი.. სადღაც შორიდან მოგუდულად საკუთარი სახელი შემოესმა, არსაიდან მოქროლილმა ნიავმა კი ტყის სევდიანი ჩურჩულით ჩაანაცვლა ნაცნობი ბგერები: - ,,თუ ნანობ, იქნებ არ არის გვიან..,, ,,თუ მართლა ნანობ..,, - შეკრთა და მიმოიხედა, მის წინამძღოლს გახედა, რომელიც ცერად აკვირდებოდა მხარს ზემოდან. - ეს.. ეს ვინ თქვა? - ამდენი სიარულის შემდეგ ისევ მოახერხა რამოდენიმე სიტყვის თქმა, თუმცა პასუხი რომ ვერ მიიღო, ისევ გადმოსცვივდა ცრემლები, რადგან ისედაც კარგად იცოდა მოსაუბრის ვინაობა. სვლა განაგრძო და თავი აღარ აუწევია, სანამ ქამმერდე არ შეჩერდა. ნინამ ირგვლივ მიმოიხედა, ისევ ტეში იყვნენ თუმცა აქაი-იქ მრავლად იყო გადაჭრილი ხეები. ქარი უფრო მძლავრად ქროდა, მთვარის შუქი მოფენოდა გარემოს, სიცივეც უფრო იგრძნობოდა. - რა არის ეს? - იკითხა გოგომ. - ,,ადამიანები,, - პასუხად ისევ ჩურჩულისებური შრიალი მიიღო. ნინამ მუდარით გახედა ტყის მცველს და როცა მის მზერას გადააწყდა, მუდარა თანაგრძნობამ ჩაანაცვლა. რადგან მის გამოხედვაში არ იყო ბრაზი, არ იყო ზიზღი. ზურმუხტისფრად მოელვარე თვალებში თხოვნა დაინახა. ქამმერდემ ამჯერად ხელი გამუწოდა ნინას, გოგომ ისევ მორჩილად ჩასჭიდა მის გრძელ და კლანჭებით დაფარულ სიცივის მიუხედავად თბილ ხელს თავისი გაყინული თითები. სვლა განაგრძეს. მუხლამდე თოვლს ფეხქვეშ ჭრიალი გაუდოდა. სხვანაირი ამოუხსნელი ღამე იყო, გეგონებოდათ დრო ჯადოსნურად გავიდაო. ნინას დაღლა არ უგრძვნია, არადა მთვარე გაიცრიცა და გაუფერულდა. სიბნელე ძალას კარგავდა, რადგან დღის სინათლე იპარებოდა ტყეში. ნინასთვის კარგად ნაცნობ ადგილს მიადგნენ. დიდ ხეებს შორის, გადათელილ თოვლში ნორჩი ნაძვის გადაჭრილი ტანი მოსჩანდა. დღის სუსტ სინათლეზეც ადვილი შესამჩნევი იყო გადანაჭრელიდან ჩამოღვენთილი მოწითალო-ქარვისფერი სითხე. ნინამ ფეხებში სისუსტე იგრძნო და თოვლში ჩაიმუხლა. - ამისგამო მსჯი? - ამოთქვა ხმის კანკალით. - ,,ცოტაა შენთვის?,, - მოესმა არსაიდან. - მე არაფერი დამიშავებია. - ამოისლუკუნა ნინამ. - ,,ისინი აქ შენ მოიყვანე, ყველა შენი პასუხისმგებლობაა.. მშვიდობით წადით და მშვიდობით გაგიშვებთ.,, გაოცებულმა ნინამ აცრემლებული ლურჯი თვალებით ამოხედა ტყის სულს. - წავალთ, აღარაფერს დავაშავებთ, დავტოვებთ ტყეს. - ფეხზე წამოდგა და მოქუფრულ, ნაცრისფერი ღრუბლებით დაფარულ ცას ახედა. - გპირდბით. - პირობა ყველას მაგივრად დადო. შემდეგ მიმოიხედა, სწორი მიმართულება ამოირჩია და ნელი ნაბიჯი გადადგა თოვლში. წინ ნინა მიდიოდა, უკან კი გრძნობდა როგორ მოყვებოდა ქამმერდე. გოგოს გული სიმშვიდით და სიხარულით ევსებოდა, ცოტაც და მეგობრებს ნახავდა, აქაურობას დატოვებდნენ და აღარასდროს, აღარასდროს გაიხსენებდა მომხდარს. ციდან ჩამოსული ღრუბელი, ზედ ტყის თავზე, ხის კენწეროებზე გაწოლილიყო თითქოს. აღარც ქარი ქროდა. ტყეც დადუმებულიყო და ტყის ბინადარნიც. ამინდი სათოვლად ემზადებოდა. ნინა უკანმოუხედავად მიდიოდა, მიდიოდა თვის ფიქრებში გახვეული, რომ უეცრად ისევ მორჩილება იგრძნო, ბრძანებასავით ,,შეჩერდი,, და ადგილზე გაშეშდა. - ,,უყურე მათ,, - გოგომ ქამმერდეს გაშვერილი ხელის მიმართულებით გაიხედა. შორიახლოს ირემი იდგა, ერთი შეხედვით არაფერი ემჩნეოდა, თუმცა აშკარად მახეში გაბმულიყო. რქები ტოტებში ჰქონდა გახლართული და ამაოდ ცდილობდა თავის დახსნას. ნინა მანამ ვერ მიხვდა რას აჩვენებდა ტყის სული, სანამ თავის მეგობრები არ დაინახა, თუ როგორ უახლოვდებოდნენ საბრალო ირემს. - ,,რას გააკეთებენ ისინი?,, - სულ მთლად ყურთან ჩაესმა ნინას. - არაფერს, ეს ხომ ნუცაა, ის ვერაფერს დაუშავებს ცოცხალ არსებას. - მეგობრებზე თვალმოუცილებლად ამოთქვა გოგომ. - ,,გოგონა? არა, ის თვითონ წყვეტს თავის ბედს,, ნინამ ნაბიჯის გადადგმა სცადა მათკენ, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა, ვერც დაძახებას ახერხებდა, მხოლოდ ის დარჩენოდა თვალყური ედევნებინა. ***შეცდომა*** ტყეში გაფანტული მეგობრები ეძახდნენ ნინას, გამოჩენას სთხოვდნენ, იქნებ და ცუდად გვეხუმრებაო, თუმცა გოგო არსად სჩანდა. დაუფიქრებლად წინ მიმავალი ლეილა შეჩერდა. ძახილიც შეწყვიდა. ტყეში ოდნავ საგრძნობი ნიავი ქროდა, ფოთლებს აშრიალებდა. უკან დარჩენილ სახლს გამოხედა, უცნაური გრძნობა დაეუფლა, ერთი სიტყვა ,,წადი,, უტრიალებდა გონებაში, ყური უფრო მონდომებით მიუგდო ამ ხმას და ირგვლივ შეშინებულმა მიმოიხედა როცა ხეებიდან ფოთლების შრიალის ნაცვლად ეს სიტყვა უფრო მკაფიოდ მოესმა, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ისე ძლიერ დაუბერა არსაიდან მოვარდნილმა ნიავმა შეჩერდა, ნელ-ნელა უკან დაიხა და სახლისკენ გაიქცა. კიბეებთან მიირბინა მოაჯირს ხელი ჩასჭიდა და კიბეზე ჩამოჯდა. ღრმად სუნთქვადა და ხელები უკანკალებდა. ტყიდან კი მეგობრების ხმა ესმოდა თუ როგორ ეძახდნენ ნინას. ცოტახანში ლუკა გამოჩნდა. მას კი მალევე მოჰყვნენ უკან რეზი და მასზე მიხუტებული ნუცა. - ლეილა? - ლუკა სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა. - მეგონა მე მომყვებოდი. - მე.. მე.. - ხმა უთრთოდა ლეას. - წავიქეცი, ფეხი ვიტკინე და უკან დავბრუნდი. - იცრუა. გაუგებარია რატომ, იქნებ იმიტომ, რომ მოსმენილს არ დაუჯერებდნენ, ან იქნებ იმიტომ, რომ არც უნდოდა თქმა. - იტკინე? - ლუკა მის წინ ჩაიმუხლა. - მაჩვენე რა მოგივიდა. თვალზე ცრემლებმომდგარი ნუცა უყურებდა სცენას სადაც ლუკა ლეილას წინ დაჩოქილიყო და მზრუნველობას იჩენდა. თითქოს გონებასთან ერთად თვალებიც დაებინდა. ისეთი ბრაზი მოერია უეცრად, ყველა ნერვი ერთიანად დაეჭიმა. რეზის მოშორდა და მათკენ გაიქცა. - საზიზღარო. - დაუღრიალა ლუკას და ხელი ჰკრა. ლუკა თოვლში წაიქცა. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, უეცრად გონსაც ვერ მოეგნენ. - რა დაგემართა? - ბიჭი ფეხზე წამოდგა. - დაისვენე ეხლა ხომ? - ნუცა თავისთავს არ ჰგავდა. - რა გაუკეთე? სად არის ნინა? - ყველა კითხვაზე ხელისკვრით მიიწევდა მისკენ. - შეწყვიდე! - ლუკა ხელებს უჭერდა. - ნუცა, დაწყნარდი - რეზიც ცდილობდა მის დაშოშმინებას და გაკავებას, მაგრამ ნუცას თითქოს ძალა გაორმაგებოდა ბრაზისგან. - შენი ბრალია, არასდროს გიყვარდა, ცივად ექცეოდი. - გოგო გაჩუმებას არ აპირებდა. - მოკალით? გზიდან ჩამოიშორეთ ხომ? თქვენ ორივემ! - ახლა ლეილას გამოხედა მტრულად. - რა? - ლეილა ფეხზე წამოდგა. - ვიცი რომ ლუკა მოგწონდა, ვიცოდი, რომ ერთმანეთი მოგწონდათ, მაგრამ გაჩუმდით და რახან გაჩუმდით ბოლომდე უნდა გაჩუმებულიყავით. - ნუცა თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. - რას ამბობ ნუცა?! გაგიჟდი? - ვერ აიტანა მეგობრის სიკვდილში ბრალის წაყენება. ნუცა არ იყო მართალი ლეილა ხომ სასიყვარულო გრძნობებს არასდროს არ გამოხატავდა. - მოვძებნით, ვიპოვნით კარგად იქნება. - რეზი ტირილისგან, ბრაზისგან და ემოციებისგან აცახცახებულ ნუცას ეხუტებოდა. *** - ჩაეძინა. - თქვა ოთახიდან ფეხაკრეფით მომავალმა რეზიმ. - იმედი მაქვს უკეთ იქნება. - ლუკამ ცეცხლს შეშა დაუმატა. - რა თქმა უნდა კარგად იქნება ბიჭებო. - ალბათ მიღებული შოკისგამო გაბრალებდათ თქვენ, ხომ იცით ნუცა ძალიან ემოციურია..... ძაღლების და კატების ვიდეოებზეც კი ტირის. - სევდიანი ღიმილით თქვა რეზიმ. არავინ იცოდა ნუცა რამდენად შეძლებდა მშვიდად ყოფნას, მაგრამ ეხლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდათ. ნინა უნდა ეპოვათ. უმოქმედოდ ისხდნენ და ერთმანეთს თვალს ვერ უსწორებდნენ. არ იცოდნენ რა და როგორ გაეკეთებინათ. - უნდა მოვძებნო. - ლუკა ქურთუკს დაწვდა და კარისკენ წავიდა. - ეხლა ვერ წახვალ, ჩვენ არაფერი გვაქვს იმისთვის რომ ღამე ტყეში გზა გაიკვლიო. - ლეილამ მისი შეჩერება სცადა. - აბა ასე ვიჯდე და ველოდო? - თავი გაიქნია და კარი გამოხსნა ბიჭმა, თუმცა ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ შეძლო. თვალებ გაფართოებული უყურებდა სივრცეს. მის გვერდით მყოფი ლეილაც ააღელვა ნანახმა. - ღმერთო ჩემო.. - უნებლიედ ლუკას მკლავს ჩაეჭიდა. - რა მოხდა? - რეზი სწრაფი ნაბიჯით გაჩნდა მათთან. ნიავს ნისლი გაეფანტა და მთვარეს გარემო დღესავით გაენათებინა. სახლის გარშემო და მთელი მიმდებარე ტერიტორია სავსე იყო ათობით ყვითლად მოელვარე თვალით. მგლები თითქოს განძრახ მოსულიყვნენ მათ სათვალთვალოდ. გუნდ-გუნდად იდგნენ და სახლს მზერას არ აშორებდნენ. გასვლა შეუძლებელი იყო. ერთი შეხედვით მშვიდი არსებები დაპროგრამებულ და სპეციალურად დაგეშილ მხეცებს ჰგავდნენ. ჯერ ვერსად წავიდოდნენ, კარი ჩაკეტეს. იმედი ჰქონდათ, რომ მგლებს მალე მოსწყინდებოდათ თვალთვალი. განიცდიდნენ, რომ ნინას ვერაფრით ეხმარებოდნენ, ღმერთმა იცის რა უჭირდა იმ წამს. ძილი არ ეკარებოდათ, დროდადრო გადაწეული ფარდის მიღმა ამოწმებდნენ მოდარაჯე მხეცებს. თვითონ დაიღალნენ, აი მგლებს კი მოწყენილობის და დაღლის არაფერი ეტყობოდათ. ღამის მეორე ნახევარში შიმშილიც იგრძნეს, მაგრამ იცოდნენ ლუკმა არ გადაუვიდოდათ ყელში. სიმართლე რომ ვთქვათ აღარც არაფერი ჰქონდათ დასანაყრებლად. გათენებამდე ბევრი აღარ იყო დარჩენილი, მგლებმა რომ დაკავებული პოზიციები დატოვეს და ტყეში მიიმალნენ. როგორც კი შეამჩნიეს ბიჭებმა მაშინვე გამზადება დაიწყეს წასასვლელად. სანამ გარეთ გავიდოდნენ ნუცა გამოვიდა ოთახითან. - მეც მოვდივარ. - მეგობრებს თვალი მოავლო. ბევრად დამშვიდებული ჩანდა. - ნუცა დარჩი და დაისვენე. - უთხრა რეზიმ ზრუნველად. - არ შემიძლია, უნდა წამოვიდე! - გოგოს მტკიცედ გადაეწყვიტა წასვლა. ქურთუკები ჩაიცვეს. ნაჯახი აიღეს და კარი გაიხურეს. ლეილა შინ დარჩა, ისევ ფეხის ტკივილის მომიზეზების გამო. მწკირავდ მიუყვებოდნენ თოვლიან გზას. ჯერ მხოლოდ ეხლა იწყებდა გათენებას. ამიტომ სუსხიც უფრო მეტად საგრძნობი იყო. მოღრუბლული ცა ტყესაც უფრო მოქუფრულს აჩენდა. სიცოცხლის ოდნავი ნიშანწყალიც არ იგრძნობოდა ისე გარინდულიყო გარემო. წინ რეზი მიდიოდა, შემდეგ ნუცა და ბოლოს ჩაფიქრებული ლუკა მიყვებოდათ. უცნაური შეგრძნება ჰქონდა, თავში ისე არეოდა ფიქრები, რომ ვეღარ პოულობდა სწორ აზრს. არა, ნინას გადარჩენაზე უარს არ იტყოდა, მაგრამ შემდეგ რამდენად ენდომებოდა მის გვერდით ყოფნა? უყვარდა ნამდვილად უყვარდა, მაგრამ თითქოს აღარ შეეეფერებოდა, აღარ სჭირდებოდა. იქნებ დრო იყო ნამდვილი გრძნობა წამოეწია წინ. დღის სინათლეს საგრძნობლად შემოეღწია ტყეში, თან ფიფქავდა ჯერ ნელ-ნელა, მერე კი უფრო და უფრო უმატა თოვამ. მეგობრები წინ მიიწევდნენ, რასაც რამეს საეჭვოდ მიიჩნევდნენ ამოწმებდნენ. ბუჩქებს, ხის ძირებთან მიგროვილ თოვლს და თავად ხის ტოტებსაც ათვალიერებდნენ, წარმოუდგენელი იყო ნინას ხეზე აძრომა, მაგრამ არა დაუჯერებელი. - შეხედეთ. - დაიძახა რეზიმ - ირემიი? - ნუცამ რეზის მითითებულ მხარეს გაიხედა. ფიფქებს მიღმა ირემი იდგა - ძალიან ლამაზია. - ლამაზია, თუმცა უფრო გემრიელი. - ჩაეცინა რეზის. - რას ამბობ? ეხლა ამაზე ფიქრი როგორ შეგიძლია? - კოპებშეკრულმა გოგომ შეუბღვირა. - შენ რას იტყვი ლუკა? - ახლა ლუკას მიუბრუნდა რეზი. - ვფიქრობ, ძალიანაც რომ გინდოდეს, არამგონია მხოლოდ მაგ ნაჯახით შეძლო რამე. - ლუკამ ნეიტრალური მხარე არჩია, არ უნდოდა დრო ირემზე დაეხარჯათ, რადგან ეხლა ნინას ძებნით იყვნენ დაკავებულები, მაგრამ თუ ჯერ ვერ იპოვნიდნენ და დარჩენა კიდევ მოუწევდათ მაშინ ცხადია ჭამაც დასჭირდებოდათ. - მართალი ხარ, მაგრამ ნახე მახეშია მგონი გაბმული. - რეზი ირმისკენ წავიდა, რომელიც ცდილობდა თავი დაეხსნა ხის ტოტებისგან. მეგობრებიც მას მიჰყვნენ. - არ გააკეთო ეს, ცოდოა! შეხედე, გავუშვათ. - ნუცა მკავზე ეჭიდებოდა რეზის. - ნუ მოკლავ. შეშინებული და დამფრთხალი ცხოველი დამრგვალებული თვალებით იყურებოდა აქეთ-იქით. შემდეგ კი რეზიზე და მაღლა აღმართულ ნაჯახზე შეაჩერა მზერა. ისე წამებში, ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, მოქნეული ნაჯახის გაელვება, ტყისშვილის თვალებზე ჩამოგორებული ცრემლი, ნუცას კივილი და თვალებზე ხელის აფარება. მათ მეთვალყურე შორიახლოს მდგარი ნინას იმედის დაკარგვა, სიცოცხლის ბოლო ამოძახილთან ერთად, თითქოს ეს წამის მეასედი გაიყინა და შენელდა.. ტყის გმივნა მოჰყვა ირმის დაჩოქებას, ისევ აშრიალდნენ ფოთლები.. ნინამ თვალები დახუჭა, როცა მწვავე ტკივილი შეიჭრა მის ზურგში - ,,მხოლოდ ესაა ადამიანი!,, პირში სისხლის გემო იგრძნო, თავის სხეულს დახედა, მუცლიდანაც გამოსვლოდა ბასრი ბრჭყალების კვალი. მისი ტკივილი სასიამოვნო სითბომ ჩაანაცვლა თითქოს სხეულს მოშორდა და სიმსუბუქით აივსო, თვალების გახელა ეძნელებოდა. ტყის ხმებს დაეფრთხო მისი მეგობრები. მძაფრად და სიცხადით ყურებში უწუოდათ არსაიდან მოტანილი სიტყვები ,,სიცოცხლე, სიცოცხლის სანაცვლოდ,, ლუკა ნუცას თითქმის ძალით მიარბენინებდა უკან კი შეშინებული რეზი მოსდევდათ სისხლიანი ხელებით და ასეთივე ნაჯახით, რომელსაც თბილი, ბლანტი სისხლი წვეთ-წვეთად ჩამოსდიოდა. თოვდა უფრო გამეტებით და მსხვილად, ტყე კი შრიალებდა უცნაურად და არარეალურად.. კიოდა, ტიროდა და ბორგავდა თითქოს. ***საიდუმლო*** სახლში მარტოდ დარჩენილი ლეილა ისევ ჩანაწერების წიგნს მიუბრუნდა. იმ ადგილზე გადაფურცლა სადაც მისთვის ნაცნობი გვარი ,,ამბერგიანი,, აეღნიშნათ. იმის მიუხედავად რომ ყოველთვის სჯეროდა მსგავსი ამბები, პირველჯერზე მაინც ვერ გააცნობიერა წაკითხულის რეალურობა, სხვა დროს ალბთ გაახარებდა იმის ცოდნა, რომ მითი ყოველთვის მითი არაა, მაგრამ ეხლა როცა ამ ყველაფრის მონაწილე თავად იყო ეძნელებოდა, აღარ სურდა, თუმცა მისი სურვილის წიინაღმდეგ უნდა წასულიყო და ერწმუნა ტყეში რაღაც უცნაურის არსებობის. ჩანაწერების უცნობი ავტორი ნათლად მოიხსენიებდა ტყის მცველ საზოგადობას, გვარებს და თავად ტყის სულ ქამმერდეს. ქამმერდეც ადამიანი იყო ერთ დროს. მონადირე რომელიც ზედმეტმა ქებამ გაათამამა, ნადირობა უმოწყალო ხოცვას დაამსგავსა. ყოველ წართმეულ სიცოცხლეზე ამბობდა, რომ თავად იყო მბრძანებელი და ტყის უფროსი, პატივისცემის მიღება ცუდი გზით განიზრახა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ დაისაჯა ბუნების ძალების მიერ. ის გახდა ქამმერდე. ტყეზე შესისხლხორცებული და მისი მცველი. ვალი დიდი იყო, ნახევრად გაჩეხილი და ასევე ფრინველ-ცხოველისგან დაცლილი ტყე ფეხზე უნდა წამოეყენებინა. ახლომდებარე სოფლიდან ორ გვარს ამბერგიანებს და ქარბიანებს კი ამ საიდუმლოს, ტყის და ქამმერდეს დაცვა დაევალათ. ესეც ერთგვარი სასჯელი იყო, რადგან შთამომავლობაზე გადავიდოდა მათზე მინიჭებული დაცვის სტატუსი. მათ უნდა ეკონტროლებინათ, რომ ტყეში ფეხი არავის შეედგა და საიდუმლო ტყიდან არ გამოსულიყო. ჟრუანტელმა დაუარა ლეილას იმის წარმოდგენაზე, რომ თვითონაც ერთერთი გვარის შთამომავალი იყო, უნდოდა თუ არ უნდოდა მასშიც ჩქეფდა ამბერგიანის სისხლი. შეძრწუნებულმა წიგნი დახურა და სახლიდან გავიდა. ესიამოვნა ზამთრის ცივი დილა, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. თვალდახუჭულმა სახე მოქუფრული ცისკენ ასწია, ყური მიუგდო ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს. ფაქტის წინაშე იდგა, მაგრამ მაინც ცდილობდა ერწმუნა რომ ეს მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო. ფეხის ხმა მოესმა, თვალები გაახილა ტყეში ხეებს მიღმა მომავალ ფიგურას დააკვირდა. მოახლოებული კაცი ნელ-ნელა იცნო ეს ბეშგენი გახლდათ. კაცმაც შორიდანვე შენიშნა სახლის წინ მდგარი ლეილა და ფეხს აუჩქარა. გაბრაზებულზე მეტად შეშინებული ჩანდა ბეშგენი. მიუახლოვდა და ლეილას პირისპირ შეჩერდა, წარბშეკრული უყურებდა დანისლული თვალებით. გოგოც მიხვდა გულისსიღრმეში მისი იქ ასვლის მიზეზს, თვალს ვერ უსწორებდა და ხმას არ ირებდა. - რა ჩაიდინეთ? - სიჩუმე ბეშგენმა დაარღვია. - მე წასვლა მინდოდა, მაგრამ მათ არ დამიჯერეს.. - თავი იმართლა ლეამ. - სად არიან სხვები? - დაიმედებით გახედა კაცმა სახლს, მაგრამ ლეილას უარყოფით გაქნეულ თავზე ის პატარა იმედის ნაპერწკლებიც ქარს გაჰყვა. - რა მოხდა? ლეილამ ფრთხილად დაიწყო მოყოლა ნინას გაუჩინარებაზე და მის მოსაძებნად წასულ მეგობრებზე. დასრულებული არ ჰქონდა მოყოლა, ტყიდან მომავალმა გმინვამ ტალღასავით გადაუარათ. ბეშგენს ბევრი აღარ უფიქრია ისე გადადგა ნაბიჯი ტყისკენ, ლეილაც მაშინვე მიჰყვა უკან. წინ ბეშგენი მიდიოდა, მის უკან კი ლეილა მიაბიჯებდა უხმოდ და მდუმარედ. ციდან მსხვილ-მსხვილი ფიფქები არეულად ცვიოდა. მიმავლებს შორის ჩამდგარი უამრავ კითხვა გაჩენილი სიჩუმე მარწუხებივით მწარედ ეხვეოდა ლეილას ინტერესს. ჯერ ითმინა ენაზე კბილების დაჭერა, მაგრამ დიდხანს ვეღარ გაუძლო. - წიგნი წავიკითხე. - ჩაილაპარაკა ტუჩისკვნეტით. - რა წიგნი? - გამოეპასუხა ბეშგენი ნაბიჯის შეუნელებლად. - პატარა ჩანაწერები ტყის საიდუმლოზე. - სად ნახე? რა ეწერა იმ წიგნში? - ბეშგენი შეჩერდა და ლეილასკენ შემობრუნდა. - იქ მონადირის ქოხში, ნადირობაზე, ტყის მოვლაზე და ასეთ რამეებზე უფრო ბევრი წერია, მაგრამ იმ პატარა საიდუმლოზეცაა რაც აქ ხდება. - გოგომ მხრები აიჩეჩა, შემდეგ ის მისთვის მნიშვნელოვანი ამბავი მოუყვა რაც წაიკითხა, ბეშგენი ყურადღებით უსმენდა, მისთვის ამბის ჩვეულებრივედ მიღება იმაზე მეტყველებდა, რომ ეს უკვე იცოდა, მხოლოდ ეს კი არა უფრო მეტი იცოდა ვიდრე იმ პატარა ჩანაწერებზე აღწერილი ლეგენდა. - რატომ მაინცდამაინც ამბერგიანები და ქარბიანები? - მოყოლა დაასრულა ლეამ. - იქ სინადვილე არ წერია ლეილა. - კაცმა თავი გაიქნია და ამღვრეული თვალებით ფიფქებს მიღმა ტყეს გახედა. ისევ ლეილას გაუსწორა თვალი და როცა გოგონას ინტერესიანი მზერა შეატყო, თავის საიდუმლო გუდასაც მოხსნა თავი: ***მითი*** ლურჯად მოლივლივე ცის ქვეშ, ორ მყინვარწვერს შორის, ტყისძირში, ნისლში გახვეული სოფელი იყო, მისი კოშკებად აღმართული სახლების ხაკისფერი ხავსმოდებული ქვები ბუნებას ერწყმოდა და ერთ მთლიანობას ქმნიდა. სილამაზით დაჯილდოვებულ ადგილს არაფერი არ აკლდა. ან რა უნდა კლებოდა, როცა საკუთარი ანგელოზი მფარველობდა მხარეს. ანგელოზი ქალღმერთს გამოეგზავნა ბუნების მფარველად. ხალხს სჯეროდა, რომ მათი მფარველი ტყეში სახლობდა და თუ რამე გაუჭირდებოდათ ლოცვით უნდა მიემართათ მისთვის. თვალით უნახავის რწმენა დიდი იყო მათში. თუ მოსავალი გაფუჭდებოდა, თუ წვიმა დაიგვიანებდა, ან თუნდაც რაიმე ავადმყოფობა დარევდათ ხელს, რომელიმე ხის ნორჩ ნერგს აარჩევდნენ და შესაწირად მიჰქონდათ. ტყეში ღრმად შედიოდნენ, ნერგს რგავდნენ და ანგელოზის სახელზე ლოცულობდნენ. იმდენად დიდი იყო რწმენა, რომ არცერთი გაუხარელი ნერგი არ იყო ტყეში. სოფელში ერთერთ ოჯახში ვაჟი სახელად ქარიმანი იზრდებოდა. ბავშვს ყველა წესისა და რწმენის მიხედვით ზრდიდნენ. პატარა ასაკიდანვე უნერგავდნენ ბუნების სიყვარულს და პატივისცემას. თუმცა ყველა მცდელობის მიუხედავად თავნება იყო ვაჟი. თავისნათქვამა და ჯიუტი. ჯერ ბავშვიაო ამბობდნენ, მაგრამ, რომ წამოიზარდა არც მაშინ შეცვლილა რამე. ქარიმანს ნადირობა უყვარდა. ხშირად მიდიოდა ტყეში. სანამ პატარა იყო და არ უშვებდნენ იპარებოდა, მერე კი, როცა წამოიზარდა თავისნებით და სურვილით მოქმედებდა. ერთხელ სანადიროდ წასულ ქარიმანს ყრუ ძახილი შემოესმა, ხმას მიჰყვა და ხევში გადავარდნილი, თავის თანატოლი და თანასოფლელი ქარბიანების ვაჟი დაინახა. ქარიმანმა მაშინვე იცნო თავისი ძუძუმტე და ბევრი უფიქრის გარეშე დაეხმარა ამოსვლაში. სიკვდილს გადარჩენილი ვაჟი ძმად შეეფიცა ქარიმანს, როგორც მისგან სიცოცხლით დავალებული. აღმოჩნდა რომ მასაც ასევე უყვარდა ნადირობა და ახლაც ამიტომ წამოსულიყო ტყეში, შემდეგ ფეხი დაცდომოდა ხრამის თავზე, დაღმართზე ჩაგორებულიყო, თუმცა ხეების წყალობით შეეკავებინა თავი. სიკვდილ გადარჩენილს ამაოდ დაეწყო ძახილი, თუმცა მის ბედად ხმა ქარიმანმა გაიგონა. უფრო ახლოს გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დაახლოვდნენ ძმადნაფიცები. როგორც კი დრო დადგებოდა ვაჟები ერთად მიდიოდნენ სანადიროდ. ტყეში დღეებს და ხანაც კვირეებს ატარებდნენ. ქარიმანმა მოიფიქრა ტყეში კარავში ღამის თევას ჯობია პატარა ქოხი ავაშენოთ, უფრო დაცულად და თბილად ვიქნებით, როცა აქ ამოვალთ ხოლმეო. დიდი ფიქრი არ დასჭირვებიათ, ერთიანი ძალებით პატარა ლამაზი ხის ქოხი აღმართეს. ხეებს შორის წამოსკუპული სახლი მყუდრო და ლამაზი იყო, ხან მწვანეში გახვეული, ხანაც თოვლის გუნდას დამსგავსებული, ხანაც კი ნისლ გარშემორტყმული. ხან მთვარე დაჰნათოდა მეგობრების ქოხს, ხანაც მზის ცხელი სხივები. სახლი ტყეში როგორც მეგობრებს ასევე სხვა უცხო მონადირეებსაც მასპინძლობდა. მისი კარი ყველასთვის ღია იყო. ერთ დღეს სოფელში ცხენით ჯირითი გამართეს. ძმადნაფიცებიც იღებდნენ მონაწილეობას. სოფლის დიდს თუ პატარას ყველას მდელოზე მოეყარა თავი. ცხენებს კაზმავდნენ მეგობრები როცა შორიახლოს, სიამაყით თავაწეული ამბერგიანების ქალიშვილი ამუნა დაინახეს. ქარიმანს მაშინვე გულში ჩაუვარდა ქალი. მის ძმადნაფიცს კი აქამდეც მოეკრა თვალი ამუნასთვის. ამუნას სილამაზეს მის გულშიც დაედო ბინა, მაგრამ ვერ ამხელდა გრძნობებს ვაჟი და იმ წუთიდან, როგორც კი ქარიმანის თვალებში სხივი შენიშნა სულ ჩაუვარდა ენა. თავის გრძნობები გულში დაიტოვა და გაჩუმება არჩია. თითქოს უფლება წაერთვა ამ საიდუმლოს გათქმის. მეობარს გულს ვეღარ გაუტეხდა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ არც ამუნა არ იყო მის მიმართ გულგრილი, იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთს არასდროს გამოლაპარაკებოდნენ, თითქოს მის მალულ მზერას ყოველთვის ამჩნევდა. ამუნა ამბერგიანი მართლაც რომ, მშვენიერი და მზისსადარი, თვალებში ვარსკვლავებმოციმციმე, დიდი თავნება ვინმე იყო. თავს არავის უყადრებდა, ყველას ალმაცერად და სიამაყით უმზერდა. ქარიმანი ყოველთვის იქ იყო სადაც მისი სიყვარული, ამუნა ეგულებოდა. გოგო კი სათოფეზე არ იკარებდა ვაჟს. ერთხელ ცხენებით წყაროზე მიმავალმა მეგობრებმა ამუნა შორიდანვე შენიშნეს, მზის სხივების ფერ თმაზე შესაკვრელი შეხსნოდა და სანამ გოგონა სურას ავსებდა, მისი ნაწნავის ჩამოშლილი ბოლო ნიავთან თამაშს ლამობდა. ქარიმანმა მეტს ვეღარ გაუძლო ქარბიანების ძე უკან მოიტოვა და ცხენის ჭენებით მიიჭრა ამუნასთან, მისვლითანავე ჩამოხტა უნაგირიდან. იმის მაგივრად, რომ დამფრთხალიყო და შეშინებოდა გოგომ მკაცრი მზერით სცადა ქარიმანის მოშორება. ვაჟს ამ სიყვარულის მოთმენა აღარ უნდოდა ამუნა კი რისი ამუნა იყო ასე მარტივად ადვილად და უანგაროდ ეპასუხა იგივე გრძნობით. სანამ ქარიმანის გზიდან ჩამოცლას ცდილობდა რამდენჯერმე მკაცრი და შეუვალი მზერა შეაგება, მის ძმადნაფიცსს. რომ მიხვდა ვერას გახდებოდა ეშმაკური ღიმილით და თვალის მორიდებით უცნაური პირობა მისცა ქარიმანს - თუ შენს ვაჟკაცობას მაჩვენებ და თუ თვალით არ ნახულს მაჩუქებ, შენს გრძნობას გულს გავუხსნიო. და სანამ ქარიმანი და მისი მეგობარი გონს მოეგნენ ამუნა კისკისით გაეცალა იქაურობას. ამის გაგების შემდეგ სულ ყველა საღმა აზრმა დატოვა ქარიმანი. გამოაცხადა ტყეში მივდივარ ყველაზე ძლიერი ნადირის ჩამოსატანადო. ძმადნაფიცმა ვერ შეძლო მისი გადარწმუნება, ქარიმანი ჯიუტად გაიძახდა ეხლა, რომ შევჩერდე ამუნა ჩემსკენ აღარც კი გამოიხედავსო. მისი გულის მოგება ჯიუტად ჰქონდა განძრახული. გაზაფხული იყო მეგობრები, რომ ტყის გზას დაადგნენ. აქაიქ შემორჩენილი თოვლი მზის სხივებზე ბრწყინავდა, ახლად გაღვიძებულ ბუნებას პირველი მთის ყვავილები, ფერადი ღილებივით მოებნია ხის ძირებთან. ჩიტების საამო ჟღურტული ისმოდა ტოტებზე. დიდხანს იარეს ტყეში მეგობრებმა. სოფელიც უკან მოიტოვეს და თავიანთი ხელით აშენებული ქოხიც. რადგან უკვე გაზაფხული იყო, ნადირიც შორს გაკრეფილიყო მთაში. მიდიოდა ქარიმანი და ჯერ დარწმუნებით არც კი იცოდა რას ეძებდა. რა იქნებოდა თვალით უნახავი და ძვირფასი ამუნასათვის. ტყეში ხეტიალისას ერთხელ კიდევ ურჩია მეგობარმა სწორი აზრის პოვნა, მაგრამ ქარიმანმა ყური არ დაუგდო, თავის მტკიცე გადაწყვეტილებაზე იდგა მაინც. ბრაზმორეული და დაბრმავებული ძმადნაფიცსს შეეკამათა, იქნებ გშურს ჩემი და ჩემი სიყვარულისო, რადგან ამდენჯერ სცადე ჩემი შეჩერებაო. შეიძლება ინანა ქარიმანმა თავის სიტყვები, მაგრამ უკვე გვიანი იყო, გაბრაზებულ, განაწყენებულ და გულმოსულ მეგობარს ზურგი შეექცია მისთვის. შესაძლოა მომხდარის გამოსწორებაც უნდოდა, მაგრამ სიამაყემ სძლია და გზა გააგრძელა მიზნისკენ. გაუჩერებლად იარა შუაღამემდე, მერე ადგილი იპოვა მოსასვენებლად. კოცონი აანთო და წაიხემსა. გულისგადასაყოლებლად წამოღებული სასმელი ბოლომდე გამოცალა თავისთავზე გაბრაზებულმა. დამძიმებულ ქუთუთოებს ვეღარ გაუძლო და ძილს მისცა თავი. შეურაცყოფილ მეგობარს, რომელმაც ზურგი შეაქცია და სოფლის გზას ადგა, გულმა არ მოუთმინა. ქარიმანმა თავს რამე არ აუტეხოსო და ისევ მისკენ მობრუნდა. საღამოხანს ცოტა შეისვენა. არც კი იცოდა სად და როგორ ეპოვნა ქარიმანი. ტყეც უღრანი და გაუვალი იყო, ხის კენწეროებს მაღლა ვერც კოცონის კვამლს ვერ შენიშნავდა რომ კვალი აეღო. ბრმად და ალალბედზე მიჰყვებოდა მეგობრის გზას. შუა ღამისას ნიავმა დამწვრის სუნი, რომ მოიტანა. გულში ცუდი გრძნობა გაუჩნდა. ნიავის საწინააღმდეგოდ აიღო გეზი და დამწვრის სუნის კერასაც მალე მიაგნო. ცეცხლში გახვეულიყო ტყის მონაკვეთი ხეებს ალაგ-ალაგ ცეცხლი ეკიდათ. მაშინვე მიხვდა მეგობრის გასაჭირს და დაუფიქრებლად შევარდა აბრიალებულ ხეებსშორის. როცა ქარიმანი საღსალამათი დაინახა ერთ წამს დამშვიდდა, თუმცა მის თვალწინ შექმნილი სურათი კარგს არაფერს მოასწავლებლა. ცეცლის კერებს შორის იარაღ მომარჯვებული ქარიმანის წინ ირემი იდგა. ამაყად მდგარი არსება თვალს არ აცილებდა ქარიმანს. მისი მთლიანი სხეული თოვლივით თეთრ ბეწვს დაეფარა. მხოლოდ სხეული კი არა, აქეთ იქით ფრთებივით გაშლილი რქები ყინულის ლოლოებს მიუგავდა. ჩვეულებრივ ქორბუდაზე დიდი იყო ტანით. თითქოს მის არსებას ემორჩილებოდა მოგიზგიზე ცეცხლი. ირემმა ფეხი მიწას დაჰკრა და ქარიმანს თავი აუქნია, თითქოს ამბობდა გაბედე რას უცდიო. ძმადნაფიცი სწრაფად მოეგო გონს და ქარიმანისკენ გაიცქა, თან სთხოვდა ეს არ ქნა თუ ღმერთი გწამსო, ხმამაღლა ყვიროდა და აფიცებდა ყოვლის შემძლეს. მოულოდნელად ირემმა თავი ჩახარა და ქარიმანისკენ გაქანდა, მისმა გასროლილმა ტყვიამ კი თეთრ თოვლივით ქათქათა ანგელოზს მოუკლა გული. გაქრა მისი ძალა, გაფრინდა მისი არსება, ძირს უსულოდ დაეცა ირმის სხეული. ქარიმანი კი დაჯახების შედეგად გადავარდა უგონოდ. ცეცხლი უმალ გაძლიერდა და გაფართოვდა, ქარბიანების ძემ სცადა ქარიმანის გამოფხიზლება მაგრამ უშედეგოდ, არც ცეცხლი აძლევდა მოცდის საშუალებას ამიტომ ძმადნაფიცის სხეულს თავი ანება და მკვდარი ირემი სამშვიდობოს გამოათრია. განიცდიდა თავის საქციელს, მაგრამ თავი იმით დაიმშვიდა რომ ქარიმანს ვეღარაფრით დაეხმარებოდა ასე კი თავისი საკუთარი თავის დახმარებას მაინც შეძლებდა, ახლა ამუნა ისევ თავისუფალ ქალად ითვლებოდა. თუ ამ თვალით უნახავს თავად მიუძღვნიდა, მისი ფარული სიყვარულიც შეისხამდა ფრთებს. ცეცხლს გადარჩენილი, საკუთარ ნანადირევად გასაღებული თეთრი ირმის სხეული სოფელს ჩამოიტანა... მაგრამ... ამაო აღმოჩნდა მისი ღალატი.. ამაო აღმოჩნდა მისი ამუნასთვის მიძღვნილი ძღვენი, რადგან ამუნა სხვას გაჰყვა ცოლად.. ამუნას კეკლუცური გრძნობებით თამაში სასჯელი გახდა მისი და მისი შთამომავალი, მისი სისხლის მატარებელი ქალების, ისინი არასდროს იქნებოდნენ სიყვარულისგან ბედნიერები. სიკვდილს გადარჩენილმა, ნაღალატევმა, ხელნაკრავმა და დასახიჩრებულმა ქარიმანმა ტყეს მისცა თავის სულიც და სხეულიც.. ქარიმანის სურვილი შეისმინა ქალღმერთმა და ის ქამმერდეს სახით ტყის სულად და მცველად აქცია.. ყველაზე დიდი იყო სასჯელი მოღალატე ძმადნაფიცი და ძუძუმტე ბეშგენ ქარბიანის... მისი ვალი იყო ტყისა და ქამმერდეს მსახურება, რომ დაეცვა ის და საიდუმლო შეენახა უსასრულოდ სიცოცხლის ბოლომდე, სანამ ტყის სული არ მოისურვებდა მისი სიკვდილით მოსვენების. სუნთქვა შეკრული ისმენდა ლეილა ამბავს. ამბავს რომელიც ყოველმხრივ არარეალურს გავდა, იმ წამს მხოლოდ ბეშგენის სახელი აიძულებდა ერწმუნა, მისივე მონათხრობი. ეშინოდა იმის დაჯერების, რომ თავად შესაძლოა ამუნა ამბერგიანის სისხლის კავშირი ჰქონდა. მუხლებში სისუსტეს გრძნობდა. - ესეიგი ამ ტყეს სული ჰყავს? - ლეილამ ერთერთ ხეს ხელი შეაშველა, რომ არ წაქცეულიყო. - ასეა ლეილა, სამუდამოდ შევიდა ქარიმანი ტყის გულში, ტყემ კი ქარიმანში გაიდგა ფესვები. - რამდენი წლის ხართ? - პასუხი თავადაც იცოდი, მაგრამ მაინც იკითხა ხმის კანკალით. ბეშგენისგან მხოლოდ ტკივილნარევი ოხვრა შემოესმა, სწორედ ეს იყო პასუხი, მთელ ამ უსასრულოდ გაწელილ წლებზე. მარტოსულობის წლებზე, სინდისის ქენჯნის წლებზე, იმედდაკარგულ წლებზე. ლეილამ მაჯით ცრემლები შეიშრო და ღრმად ჩაისუნთქა ყინულივით ცივი ჰაერი. წინ წასულ ბეშგენს კვალში ჩაუდგა. სულ ცოტა ჰქონდათ გავლილი, ტყეში ღრმად მოძრაობა, რომ შენიშნეს. ჯერ ნუცა მოდიოდა ცრემლებისგან თვალებ ჩაწითლებული, უკან კი ბიჭები მოჰყვებოდნენ და თან ირემს უფრო სწორად მის მონაჭრელს მოათრევდნენ. - ეს რა არის? რა ხდება? - ლეილა წინ მომავალ ნუცას შეეგება. - მაგ სულელებს ჰკითხე.. - უპასუხა და გვერდი აუქცია ნუცამ. - ეს რა გიქნიათ? - ბეშგენმა ხელები თავში შემოირტყა. - ხომ გითხარით, რომ აქ არ უნდა მოსულიყავით, ვინ ხართ თქვენ, ვინ? ლუკა შეჩერდა, რეზიმ ნაბიჯის შეუნელებლად გააგრძელა გზა სახლისკენ, თან არც ნადავლისთვის გაუშვია ხელი. მიდიოდა და ბრაზმორეული ბუტბუტებდა. ,, - რა მიქნია და ვცდილობ გადავრჩე, ნინა დაიკარგა აღარსად სჩანს. უპოვნელად ვერ წავალთ, მანამდე რა ვქნათ თოვლი ვჭამოთ? ,, ***ბეშგენი*** ბეშგენის დიდი ხვეწნამუდარის მიუხედავად რეზიმ სახლში მისვლისთანავე ხორცის მომზადება დაიწყო. ისეთ აგრესიას და ბრაზს ასხივებდა, ბეშგენმაც თავი ანება და მეგობრებმაც, როგორც გინდა ისე მოიქეციო. ცოტახანს კიდევ უყურა, შეშლილებივით მომზირალ მეგობრებს, დაბნეულებს და საკუთარ თავებ დაკარგულებს. მერე მალე მოვალო დაიბარა, კართან აყუდებული, სისხლით მოთხვრილი ნაჯახს თვალი სევდიანად შეავლო და გარეთ გავიდა. რის იმედად მიდიოდა არ იცოდა, მაგრამ იმის იმედი ნამდვილად ჰქონდა, რომ წლების უნახავ ძმადნაფიცს თვალებში ჩახედავდა და თავის ბოლო თხოვნას ეტყოდა. ამდენი წლის მერე, ამდენი ტკივილის მერე, იმ დანაშაულით ცხოვრების მერე, დარწმუნებული იყო, რომ ქამმერდე მოუსმენდა. იცოდა პატიებას ვერ მიიღებდა, მაგრამ ნაბიჯს ნაბიჯზე მაინც ადგამდა. თოვა დამშვიდებულიყო. ტყეში ისეთი მდუმარება სუფევდა, როგორც არასდროს. ხეებს თავშეფარებული ჩიტები, იშვიათად აქაიქ თუ გაიჟღურტულებდნენ, სევდიანად და ჩუმად. ბეშგენი გზას მიუყვებოდა და ყველა შემხვედრ ხეს, თუ ბუჩქს ხელს ისე უსვამდა, თითქოს ეფერებოდა, თითქოს თავადაც იზიარებდა ირგვლივ გამეფებულ გლოვას. როცა ჩათვალა, რომ საკმარისზე მეტი ჰქონდა გავლილი, შეჩერდა. გარშემო მიმოიხედა, თეთრ სუდარებში გახვეული ხეების გარდა არაფერი არ ჩანდა. ბეშგენმა ხმადაბლა, გაუბედავად დაუძახა: - ქარიმან! - პასუხი არ მიუღია, პასუხი არც მეორე და მესამე დაძახილზე მიუღია. იდგა ბეშგენი თავჩახრილი და თვალების სრესვით ცდილობდა იმ ცრემლების შეკავებას რაც მთელი ეს წლები არასდროს დამშრალა. ოდნავი ფაჩუნი შემოესმა და თავი სწრაფად ასწია მაღლა. მის წინ არსაიდან მოსული ქამმერდე იდგა. ნაპერწკლებივით ანთებულ, ზურმუხტისფერი თვალებიდან წამოსულ მზერას არ აცილებდა ბეშგენს. ამაყი და თავაწული იყო ქამმერდე, მაგრამ სევდიანი და ბეშგენის ნახვით ჭრილობა გახსნილი. მდუმარედ ცვლიდნენ მზერას ერთმანეთში. პირველი ნაბიჯი ბეშგენმა გადადგა: - ნება მიეცი წავიდნენ ქარიმან. - თქვა და თვალი მოარიდა. - ,,ამ ტყეში შეცდომებს არ პატიობენ.. ბეშგეენ..,, - გაისმა ორაზროვანი პასუხი. - არ გინდა, ამას ნუ იზამ.. - ,,შენ, შენი მოვალეობა დაივიწყე, ძმაო..,, - წინადადების ბოლოს მიმართვა, ირონიას და თავაზიანობას უსვამდა ხაზს. თითქოს ბეშგენს არჩევანის საშუალებას აძლევდა სიყვარულსა და სიძულვილს შორის. - არ დავუშვებ, რომ კიდევ მოკლა! - მოთმინება დაკარგულმა უყვირა ქამმერდეს. - არ მოგცემ ამის უფლებას. - ,,მაშინ მე მოგცემ იმას რასაც მთელი შენი უბადრუკი ცხოვრება ელოდი.. ბეშგეენ!,, მათი მზერა ისევ გადააიკვეთა. თვალებზე ცრემლებმომდგარ ბეშგენს ხელ-ფეხი უთრთოდა ისე უნდოდა ძმის გულში ჩაკვრა, მაგრამ სინდისი ამის საშუალებას აღარ აძლევდა. ქარიმანსაც ჰაერივით წყუროდა, სიკვდილამდე გადახვეოდა ძუძუმტეს, მაგრამ სიამაყე ამის უფლებას აღარ აძლევდა. ჰაერივით მსუბუქად მიუახლოვდა და წის აესვეტა ქამმერდე. ბეშგენი კი ადგილიდან არ დაძრულა. იცოდა რაც ელოდა, მისი ბედი უკვე გადაეწყვიტათ, ისევე როგორც მან გადაწყვიტა წლების წინ ქარიმანის სიკვდილი. დანებივით ბასრი კლანჭებისგან გამოწვეული ტკივილი იგრძნო სხეულში და თვალებმა ცრემლები ვეღარ შეიკავეს. თვალი არ მოუშორებია ქარიმანისთვის, როცა ტკივილი საამოდ მოგვრილმა სითბბომ ჩაანაცვლა. მის ნისლჩამდგარ თვალებში ცის უსასრულობა ჩატეულიყო. ,,თავისუფლება,, დაიშრიალა ტყემ. ძუძუმტეს სისხლით მოთხვრილი ხელი უღონოდ ედო თოვლზე, მეორე მკლავი კი ძლიერ მოეხვია ძმისთვის და უსულო სხეულს გულში იკრავდა, მუხლმოკვეთილი ქამმერდე. სახე ზეცისკენ მიეშვირა... ტყის მდუმარება, უცნაურმა, ტკივილნარევმა და საშიშმა ღმუილმა დაარღვია... *** ნუცა *** სახლში დარჩენილები ერთმანეთს არც კი ელაპარაკებოდნენ. ნუცა ოთახში შეიკეტა. ლეილა ბუხართან იჯდა თავის ფიქრებთან ერთად. რეზი ხორცს წვავდა და ისეთ ცეცხლებს ყრიდა არცერთს უფიქრია მისთვის ხმის გაცემა. ლუკაც ვერაფრით ისვენებდა, ადგილს ვერ პოულობდა. უეცრად ნუცამ ოთახის კარი გააღო და ჩუმად გამოვიდა, ცუდად შენიღბულ სიმშვიდეს მისი მოელვარე თვალები გასცემდნენ. მეგობრები შეათვალიერა, ბოლოს მიზანში რეზი ამოიღო რომელიც მაგიდაზე თეფშებს აწყობდა და მისკენ გადადგა ნაბიჯი. სკამი უხმაუროდ გამოსწია და ჩამოჯდა. ლეილამ ალმაცერად შეათვალიერა ნუცას უჩვეულო მდგომარეობა. რამდენიმე წუთიანი დუმილი ისევ ნუცამ დაარღვია: - უნდა წავიდეთ!. - ხმადაბლა თქვა, თავჩაღუნულმა, თითქოს თავისთავს მიმართა. პასუხი არცერთმა დაუბრუნა, ამიტომ უფრო ხმამაღლა გაისმა ნუცას ხმა. - ვერ გაიგეთ? უნდა წავიდეთ!. - თან მაგიდას ხელი დაარტყა, მაგიდაზე დაწყობილმა თეფშებმა გაიწკრიალეს. - მერე ნინა? - ლუკა მაგიდას მიუახლოვდა და სკამის საზურგეს დაეყრდნო ნუცას პირდაპირ. გოგომ თავი უკან გადააგდო და ხმამაღლა ნერვიულად გაიცინა. - ნინა? თქვენ სამნი. - თითი ოთახს მოავლო დამცინავად. - ისევ ნინას ელოდებით? ოთახში აურა იძაბებოდა. ლეილა ფეხზე წამოდგა, რომ შესაბამის მომენტში ჩარეულიყო, რადგან რეზის სულ არ აინტერესებდა რას ლაპარაკობდნენ მისი მეგობრები და შეყვარებული. მაგიდის შუაში თასით შემწვარი ხორცი დადგა და ჭამას აპირებდა. - რა გინდა ნუცა? ნინა არ მოვძებნოთ? მივატოვოთ და წავიდეთ? - ლუკა ნელნელა ხმას უწევდა. - ვითომ არ არსებობდა, ისე დავივიწყოთ? - ნინა მოკვდა ვსიო აღარ არის. - ნუცა ფეხზე წამოიჭრა და ხელის გულები ისე დაუსვა ერთმანეთს, თითქოს რაღაც საზიზღრობა ჩამოიფერთხაო. - ყველა ერთიანად გაგიჟდით. ვერ ხედავთ? შენ შეიშალე, ლეილას ყველაფერი ფეხებზე კიდია, ეს ნახე.. - თავით რეზისკენ მიანიშნა. - აღარც კი ლაპარაკობს თუ ლაპარაკობს მხოლოდ საკუთარ თავთან. იმ მოხუცმა კაცმა რამდენიმე საათია მიგვატოვა.. - გაჩერდი ნუცა ასე ნუ ლაპარაკობ. - საუბარში ლეილა ჩაერია. - ტყუილს ვამბობ? - წავალთ, ოღონდ დაწყნარდი. - ლეილა მიუახლოვდა და როგორც პატარა ბავშვის ისე სცადა მისი დამშვიდება, ნუცამ უხეშად მოიშორე მისკემ მიმართული ხელები. - ყველა გაჩუმდით და ჭამეთ! თუ არ გშიათ, მაშინ მე მაცადეთ სიწყნარეში ჭამა და თავზე ნუ დამყვირით. - რეზიმ მტრულად ამოხედა მეგობრებს ქვეშიდან. ლუკა გარეთ გავიდა და კარი ხმაურით გაიხურა. ლეილა ბუხარს დაუბრუნდა და შორიდან ადევნებდა თვალყურს ოთახში დარჩენილებს. ნუცა ისევ სკამზე დაეშვა მძიმედ. ხორცს ზიზღით შეავლო მზერა. ასე ზიზღმორეულმა გადმოიღო ერთი ნაჭერი, თავის ვეგეტერიანელ მეს ისე ერთი ხელის მოსმით მოუღო ბოლო, ვითომც არც არასდროს ყოფილა. ამის დანახვისას პირდაღებუმა ლეილამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამის მაგივრად ენას კბილი ძლიერად დააჭირა და თვალი მოარიდა მაგიდასთან მსხდომებს. ნუცას ზიზღიანი სახე სიამოვნებამ ჩაუნაცვლა, ჭამდა და წუთითაც არ ნანობდა საკუთარ თავზე გადაბიჯებას. გვერდით მჯომ რეზის მის დანახვაზე ცბიერად ჩაეღიმა, თითქოს ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო. ნუცამ ხელები და პირი მოიწმინდა და ისე წამოდგა, გეგონება ახლაღა გააცნობიერა რაც ჩაიდინაო. თვალებში ცეცხლი მღელვარებას ჩაენაცვლებინა. ნელი და ჩუმი ნაბიჯებით გაიპარა გარეთ. კიბეები ჩაიარა და შებინდების ცივი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. სახლს გვერდიდან შემოუარა, თავს უცნაურად გრძნობდა. საკუთარ ხელებს დახედა და ყელში ბურთი გაეჩხირა. თოვლში მუხლებით ჩაეშვა და ყინულივით ცივი თოვლი სახეზე შეიზილა. ღრმად და გახშირებულად სუნთქავდა. დიდხანს ვეღარ გაუძლო საკუთარი სამყაროს უაზრო ბრუნვას და გული აერია. ლამის გაიგუდა ისეთი ხველა დაეწყო. დამფრთხალი წამოდგა ფეხზე. სახლისკენ წასვლა დააპირა, მაგრამ ისევ კამათის ხმა შემოესმა. მეგობრების სამყოფელს ზურგი აქცია და ტყეში გაიქცა. სირბილისგან გულამოვარდნილმა ისევ აღებინა. სიმწრის ცრემლებისგან თვალები ეწვოდა და ეხუჭებოდა. თავი ასწია და წელში გასწორდა. გვერდიდან რაღაც ფაჩუნი მოესმა და მზერა ხმისკენ გადაიტანა, ტყის სიღრმეს დააკვირდა, ჯერ ვერაფერი გაარჩია მერე კი ისე ნათლად დაინახა შორიდან მომზირალი ირემი, რომ თმა ყალყზე დაუდგა. სიცივემ სხეულში დაუარა. პირზე ხელი აიფარა, რომ არ დაეკივლა. ირემს ზურგი აქცია და გაიქცვა სცადა, ჯერ ტოტებში გაიხლართა, როგორც კი თავი დაიხსვა, ფეხი დაიცდა და წაიქცა, სწრაფად წამოდგა და გაქცა.. მირბოდა და დროდადრო უკან იხედებოდა. სულისმოსათქმელად გაჩერდა და სწორედ მაშინ ისევ მოკრა თვალი საკუთარ შიშს უფრო ახლოს და უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ცხოველის სილუეტი. - არ მომეკარო. - დაიკვნესა ძლივს გასაგონად და უკან დაიხია. ზმანება არ გამქრალა, პირიქით უფრო ცდილობდა მიახლოვებოდა. ისევ გაქცევით უშველა ნუცამ თავს, მაგრამ საითაც გაიხედავდა ყოველმხრივ მას ხედავდა. უკვე შეშლილივით კიოდა. გზამ ხრამის პირას გაიყვანა, შეშინებულმა და აღელვებულმა ძლივს შეიკავა თავი, რომ არ გადაჩეხილიყო. ტყე ზურგს უკან დარჩენილიყო, წინ კი ხრამს დაეფჩინა პირი. ნუცამ უკან დაიხია და ტყისკენ მობრუნდა, მაგრამ ისევ ადგილს მიეყინა. ხეებს შორიდან სილუეტი გამოიკვეთა და ირემმა გამოაბიჯა. ცალი რქა ნახევრამდე მომტვრეოდა, ზურგზე თოვლის ფიფქები ეყარა, უცნური ნათებით ელვარებდა მისი სხეული. ბარხატივით ბეწვი ალაგ-ალაგ დაწინწკვლოდა. კისერზე ბეჭთან ახლოს ახლად შეხორცებულ ნაიარევზე სისხლი შეხმობოდა. კამკამა ზეცისფერ, ზურმუხტივით თვალებში სევდა და იმედგაცრუება ჩასდრომოდა. - გაჩერდი გთხოვ. - ნუცამ ხელი ასწია მის შესაჩერებლად. ცხოველი შედგა და ლურჯი თვალებით დააკვირდა მის წინ მდგარ ადამიანს. - მაპატიე, - ამოიკნავლა ნუცამ. სახე მაღლა ასწია და უფრო ხმამაღლა დაიყვირა. - მაპატიე გესმის?!!! მზერა ისევ ირემზე გადაიტანა. ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. მუჭები ისე ძლიერად შეეკრა, რომ კანი სულ გათეთრებოდა. - არ შემიძლია, - დაიჩურჩულა და ნაბიჯი უკან გადადგა. თვალებზე ხელები აიფარა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა უკან. - მეტი აღარ შემიძლია. - გაიმეორა ისევ და ხრამში თავისი ნებით გადაეშვა. წაბლისფერი თმა ნიავმა აიტაცა. მისი ტირილის ხმა მოგუდულად გაისმა მანამ, სანამ ხრამის დათოვლილ კიდეს შეენარცხებოდა. ცა ისევ სათოვრად მოქუფრულიყო, მყინვარებიდან ნაცრისფერი ნისლი მოიწევდა. ხრამის კიდესთან კი ლურჯთვალა ირემი ბღაოდა. ისევ კამათს, ჩხუბსა და დავიდარაბას გამოქცეული რეზი ტყეს აფარებდა თავს. ვითომ ნუცას მოსაკითხად გამოსული უფრო თავის ფიქრებს ანიავებდა.. ისე მიყვებოდა საკუთარ ფეხებს, რომ ერთხელაც არ აუწევია თავი გარემოს მოსათვალიერებლად. მხარზე ბეშგენის ნაჯახი გაედო და მიაბიჯებდა ფაფუკ თოვლში. ვეღარ იგებდა სად იყო, ან რატომ იყო. ამ ერთი შეხედვით უბრალო დათოვლილ ტყეში რა ხდებოდა ასეთი, რომ თავს ვეღარ აღწევდნენ? ან ნუცასი არ იყოს, რატომ არ მიდიოდნენ? ნუთუ შეიძლებოდა ნინა ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილიყო ამ უღრან ტყეში.. ეჭვი ეპარებოდა საკუთარ ფიქრშიც. ხან ეღიმებოდა, ხან სახე ექუფრებოდა მოგონებებზე, რაც ამ მოკლე დროში უამრავი დაგროვდა. სულ რამდენიმე წამით მოასწრო ნიადაგის ცვლილების შემჩნევა და შეჩერდა, ერთი ნაბიჯიც და თოვლი ხრამში გადაიყოლებდა მის წინ გზა ჩაიშალა თოვლი შრიალით ჩაეშვა ძირს. შეშინებულმა ხმამაღლა უშვერი სიტყვებით შეამკო ზამთარი და თოვლიც. ისევ უჩვეულო და იდუმალი სიწყნარე ჩამოწვა გარშემო, გამობრუნებას და გეზის შეცვლას აპირებდა, რომ განწირული ვედრება მისწვდა მის ყურს ,,მაპატიე გესმიის?!!!..,, ნაცნობი ხმის მიმართულებით აიხედა არც ისე ზემოთ კლდის შვერილზე ნუცას მოჰკრა თვალი, რომელიც თითქოს ვიღაცას ესაუბრებოდა. პირი გააღო დასაძახებლად, მაგრამ გოგონას წინ მდგარი რქა მოტეხილი ირემი, რომ დაინახა ენა ჩაუვარდა და მერე ყველაფერი ისე წამებში მოხდა, მუხლმოკვეთილი იქვე ჩაიკეცა თოვლიში. ყველაფერი მის თვალწინ დატრიალდა. რეზიმ ნუცას ვარდნას გაატანა გულიც, სულიც და არამარტო, თითქოს მისი ცოდვებიც წაიღო გოგოს სიფრიფანა სხეულმა. ხრამის თავზე აბღავლებულმა ირემა რეზის მიმართულებით გამოიხედა, ერთ წამს შეყოვნდა მერე კი ტყეში გაუჩინარდა, არა იქნებ მოეჩვენა და ცხოველს არ დაუნახავს, იქნებ ეს ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. თოვლში ალესილი პირით ჩარჭობილ ნაჯახს ხელი წამოავლო და სწრაფად წამოდგა ფეხზე. ამ ტყეში დარჩენას ერთი წუთითაც აღარ აპირებდა, სულ აღარ ადარდებდა რას იფიქრებდნენ დანარჩენები მასზე, ალბათ ლაჩრად ჩათვლიდნენ, მაგრამ აღარ ადარდებდა. აქედან უნდა წასულიყო.. მუხლების კანკალით მორბოდა და ფეხდაფეხ ნისლი მოჰყვებოდა. როგორც კი თავი სამშვიდობოს იგრძნო და სახლი დაინახა, მხოლოდ მაშინ შეძლო მანამ შეკავებული ყვირილი. ლეილასთან და ლუკასთან მოახლოებული სულს ძლივს ითქვამდა და სიტყვების გადაბმა უჭირდა. ხან ნუცას ახსენებდა, ხან ირემს, ერთიანად გაფითრებულის დამშვიდება ვერც მეგობრებმა ვერ შეძლეს. - მოდი სახლში შევიყვანოთ. - თქვა ლეილამ და რეზის ხელმკლავი გამოსდო. - არა! გამიშვი. - უხეშად მოიშორა მისი ხელი ბიჭმა. -ვერ გაიგეთ, აქედან უნდა წავიდეთ. - რა ნახე, რა დაინახე? - ახლა ლუკამ სცადა მისი აზრზე მოყვანა. - სიკვდილი დავინახე ძმაო, სიკვდილი! - ხმა გაებზარა და თვალები ცრემლებმა დაუსველა. - მე ნუცას სიკვდილი დავინახე, ნინას სიკვდილიც და ჩვენიც ახლოსაა.. ნამდვილი შეშლილივით ლაპარაკობდა, მერე ისე რომ ყურადღება აღარცერთისთვის მიუქცევია, ზურგი აქცია მეგობრებს და თავისი ვარაუდით სწორი გზით თავის გადასარჩენად გაიქცა ტყიდან. გაურკვევლობაში მყოფი ლუკა ხან ლეილას უყურებდა, ხან გაქცეულ მეგობარს და როგორც ხდება ხოლმე საითაც გარბის ბრბო ინსტიქტიც იქით გექაჩება, ლუკამაც დააპირა რეზიზე დადევნება, მაგრამ მკლავზე როგორც კი ლეილას შეხება იგრძნო გაჩერდა. - რას აკეთებ? უნდა გავყვეთ! - აზრი არ აქვს. - თქვა გოგომ და ზურგი აქცია. - რას არ აქვს აზრი? ლეილა! - ლუკა სწრაფად გადაეღობა წინ. - შენ გგონია წასვლას შეძლებს? გჯერა ამის? - თავმობეზრებულად და უხეშად შეეპასუხა ბიჭს. ხელისკვრით ჩამოიშორა და სახლში შევიდა. ლუკაც მაშინვე მიჰყვა უკან. რა უნდა ცოდნოდა ლეილას იმაზე მეტი ვიდრე თვითონ იცოდა. - რა ხდება ლეილა, თქვი რამე. - ჯერ ხვეწნას გავდა მისი ხმის ტონი და როცა საჭირო პასუხი ვერ მიიღო ბრაზით და უხეშად შეეცადა ახსნის მიღებას. - ენა ჩაგივარდა თუ რაშია საქმე? - ახლა ჩამივარდა ხომ ენა? როცა ვამბობდი, რომ წავსულიყავით არცერთმა დამიჯერეთ, ახლა ყველა იმას იღებთ რაც ჩაიდინეთ! არ ვართ მარტო, არა! გაიგე ბოლოსდაბოლოს! - ცოტახანს გაჩუმდა და ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა. - იცი მაინც რა არის ქამმერდე? - ნიშნისმოგებით გადახედა ბიჭს. - არ იცი არა? ის ერთი გაბოროტებული ურჩხულია რომელიც ამ ტყეში სახლობს. - ლეილაა... - გიჟი გგონივარ ხომ? - აყვირდა როცა ლუკას სიბრალულით სავსე გამოხედვა შეამჩნია. - მე არ გამომიგონია ბეშგენმა მითხრა, წავიკითხე კიდეც სულ, რომ არ ეთქვა. - ბოლო ისე ჩაილაპარაკა თითქოს წამოსცდაო, მაგრამ ენას მაინც ვერ დააჭირა კბილი. - სად წაიკითხე? - ლუკას არ გამორჩენია მისი შემცბარი სახე. - ესეიგი დაზუსტებით იცოდი და არაფერი თქვი? ბიჭმა ისე წარმოთქვა წინადადება და გაიწია ლეილასკენ, რომ გოგომ დამფრთხალმა წამოიკივლა და სახლიდან გავარდა. მაგრამ ის რაც გარეთ გასულმა იხილა ბევრად საშიში და სისხლის გამყინავი იყო. სახლის წინ რამდენიმე მეტრის მოშორებით თვით ქამმერდე იდგა. უწინ მწვანედშეფერილი თვალები, წითლად და მრისხანებით უელავდა. ლეილას ლუკაც გამოჰყვა უკან, ისიც დაზაფრა ნანახმა. როგორც ქარიშხლის მომასწავლებელად ჩაწყარებული ოკეანე ისე დუმდა გარემო. შეშინებული და დამფრთხალი ადამიანების აჩქარებული სუნთქვის ხმა ისმოდა მხოლოდ. ***რეზი*** გაქცეულმა რეზიმ შორს წასვლა ვერ შეძლო, გზა მგლების ხროვამ გადაუღობა. ნაჯახს გამეტებით იქნევდა, თუმცა მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა, ამიტომ უკან მობრუნება მოუწია. თითქმის სახლთან მოსულმა შორიდანვე შეამჩნია ავად მომზირალი ქამმერდე და მის წინ ერთ ადგილს მიყინული მეგობრები. ნაჯახი მაღლა აღმართა და გაბედულად თუ სულელურად პირდაპირ ტყის სულისკენ გაქანდა. ხის ტოტს დამსგავსებული ხელის ერთი მოქნევით მოიშორა ქამმერდემ მასთან მიახლოვებული რეზი, ბიჭი სამი მეტრის მოშორებით ჩაენარცხა თოვლში, მეგობრები ვერ მიხვდნენ ცოცხალი იყო თუ მკვდარი, მაგრამ არც დრო იყო ამის შემოწმების. ლეილა სწრაფად მოეგო გონს ლუკას ხელი ჩაავლო და გაქცევა სცადეს, მაგრამ შეშინებულს და ანერვილებულ ლუკას, რომელიც უკან იყურებოდა და ქამმერდეს თვალს ვერ აშორებდა, სიჩქარეში ფეხი აერია და წაიქცა, წამიერად დააპირა ლეილამ მასთან მობრუნება მაგრამ როგორც შეამჩნია ქამმერდე უახლოვდებოდათ მაშინვე გადაიფიქრა და გაიქცა. - ლეილაა.. - ლუკას ხმა მისწვდა მის ყურს. ერთი მოხედა ისე რომ არც შეჩერებულა. ,,- უნდა გადავრჩე.,, ფიქრობდა გულში, იქნებ მეგობრებიდან რომელიმეს შველა შეეძლო, იქნებ ყველას შველა შეეძლო, არა გამორიცხულია, მომხდარი სულაც არ იყო მისი ბრალი. თავის სისწორეში დარწმუნებულმა, სწრაფად ამოიბერტყა თავიდან სხვა ფიქრები. მხოლოდ განწირული ყვირილის ხმაზე შეჩერდა და მის უკან დარჩენილებს თვალი შეავლო. სწრაფი მოძრაობით, თითქოს გაელვებით ასვეტილიყო ლუკას წინ ქამმერდე და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაასრულა მისი სიცოცხლე. ,,სიცოცხლე, სიცოცხლის სანაცვლოდ,, ,,სიცოცხლე სიცოცხლის სანაცვლოდ,, გუგუნებდა ტყე და თან ნისლით იფარებოდა. ლუკას თოვლში ჩავარდნილი უსულო სხეული ისე ილეოდა, როგორც მისი ხანმოკლა ცხოვრება. ლეამ დაინახა როგორ წამოდგა რეზი ფეხზე, ყურადღებით დააკვირდა მოვლენების განვითარებას და ეს სცენა ერთისმხრივ ისეთი ნაცნობი იყო, სუნთქვა შეუკრა ნანახმა. რეზის ქამმერდეს მიმართ შეჩერებულ მზერაზე მიხვდა რაც მოხდებოდა. ზურგით მდგომი ქამმერდე სულ ვერ ამჩნევდა ბიჭს, რომელსაც მთელი ეს დრო შეეძლო უკან მოუხედავად გარიდებოდა იქაურობას, მაგრამ რეზის ჯერ კიდევ ჰქონდა მეგობრის გადარჩენის იმედი. როგორც კი დარწმუნდა ლეილა მეგობრის განზრახვაში, მაშინვე აყვირდა: - არა! გაჩერდი, ეს არ ქნაა.. - მაგრამ უკვე გვიანიც იყო. ბიჭის მოქნეულმა ცულმა გაიელვა ჰაერში და მისკენ ბრაზით შებრუნებულ ქამმერდეს გული გაუპო. თითქოს ტყე შეირხა, ხის ტოტებიდან აქაიქ თოვლი ჩამოიბერტყა და ხმაურით დაიყარა ძირს. ***სიცოცხლე სიცოცხლის სანაცვლოდ*** სიცოცხლე ქმნის სიკვდილს და სიკვდილის შემდეგ წარმოიქმნება სიცოცხლე, ეს ის უწყვეტი ჯაჭვია რასაც ვერ გაწყვეტ. ყველა აკრძალულ ქმედებას მოყვება შედეგი და ეს შედეგი არაა სასიამოვნო. ზოგიერთი კავშირის გაწყვეტა შეუძლებელია, ქამმერდეს ტყეზე მიჯაჭვულ სულს, შუძლებელია ეს კავშირის ძაფი გაუწყვიტო. ზებუნებრივი ძალები ყოველთვის პოულობენ სხვა გზებს. სხვა ხელჩასაჭიდ საშუალებებს, დამაკავშირებელ ბმულებს, სხვა ჩასანაცვლებელ სხეულებს. ბურუსში გაეხვა ლეილას წინ ასახული სანახაობა, სულ რამდენიმე წამით ვეღარაფრის დანახვა ვეღარ შეძლო. გაუბედავი ნაბიჯი გადადგა წინ. დილემის წინაშე იდგა ლეა, აღარ იცოდა ზურგს უკან მიეტოვებინა ყველაფერი, თუ ენახა რა მოხდა მის თვალწინ. როცა საკუთარი თავის გადასარჩენად გააკეთა არჩევანი, სწორედ მაშინ გაიფანტა ნისლი. ქამმერდე ისევ იქ იდგა, სადაც ცოტახნისწინ, თუმცა არც აგრესიას ამჟღავნებდა, არც ბრაზს, არც შიშს, უფრო მწუხარეს და ზიზღმოგვრილს გავდა მისი არსება. თოვლში ორი სხეული მოსჩანდა. როცა ლეილასა და ქამმერდეს მზერა გადაიკვეთა, ტყის სულმა თითქოს ასპარეზი დაუთმოო, ისე დაიხია უკან. კვლავ ერთ გაუბედავ ნაბიჯს მეორე მოჰყვა და ლეილა სირბილით მივიდა ჯერ ლუკასთან, რომლის უსიცოცხლო შიშჩამდგარი თვალები ამ ქვეყანას აღარ ეკუთვნოდა, ილეოდა და ქრებოდა მისი სხეული. ახლა რეზის მიუბრუნდა, მაგრამ იქ სულ სხვა დახვდა. ჯერ კიდევ მფეთქავი სხეული და ძლივს გახელილი თვალები რეზის არ ეკუთვნოდა, გაოცებული დაჰყურებდა ლეილა უცხოს, მის გონებაში ცოცხლდებოდა ბეშგენის ნაამბობი და ჩახლეჩილი ხმით ძლივს წარმოთქვა პირზე მომდგარი სახელი: - ქარიმან? - ჯერ ისევ ახალგაზრდა, თუმცა ცხოვრებით დაღლილი, მხრებზე უამრავი სხვისი თუ საკუთარი ცოდვებ აკიდებული მიდიოდა იმ ქვეყნად. მკერდი სადაც მთლიანი პირით ჩასობოდა ნაჯახი, ძლივსშსამჩნევად აუდ-ჩაუდიოდა გაძნელებული და მძიმე სუნთქვის დროს. წარსულიდან გადმოსულმა სულ-მიტოვებულმა ქარიმანმა გაჭირვებით მოუჭირა თითები ლეილას გაყინულ ხელს: - ამუნა! - მხოლოდ ეს ამოთქვა ბოლო სიტყვად და ცასავით გამჭვირვალე თვალების დახუჭვაც ვეღარ შეძლო. თავისუფალი აკანკალებული ხელი ჩამოუსვა ლეილამ სახეზე. ღრმად სუნთქავდა და ცრემლები ჩამოსდიოდა ლოყებზე. ფეხზე წამოდგა სხეულს ვეღარ იმორჩილებდა ისე უკანკალებდა ხელ-ფეხი და ნიკაპი. - კი მაგრამ რეზი? სად ხარ? - ჯერ იმედით მიმოიხედა გარშემო, შემდეგ კი თითქოს ნათელი გახდა ყველაფერი, მზერა პირდაპირ ტყის პირთან მდგომ ქამმერდეზე შეაჩერა. - არა! არა! - ამოთქვა შეშინებულმა და ხელები სახეზე აიფარა. მუხლებით ჩაემხო თოვლში, ლოყებზე ჩამოგორებულმა ცრემლებმა იმატეს და მთელი ხმით აღრიალებული ლეილას სევდა მოედო ტყეს. - ეს არ უნდა მომხდარიყო, მაპატიე, გთხოოვ... გთხოვ მაპატიე.. - ჯერ უმისამართოდ ითხოვდა პატიებას მერე კი ასე დაჩოქილი გახოხდა მდუმარედ მდგომი ცოცხლად დარჩენილი ერთადერთი მეგობრისკენ. ზურმუხტისფერ სევდიან და მწუხარე მზერაში, ზიზღის მუქმა ლურჯმა ფერმა გაუელვა ქამმერდეს ,,არასდროს!,, გაისმა ჩახლეჩილად, თუმცა მტკიცედ. დიდხანს მოთქვამდა და ტიროდა თოვლში დამხობილი, ქამმერდეთ ქცეული რეზის პასუხით დაჭრილი ლეა. სულ მთლად გაყინული წამოდგა ფეხზე, აღარც ქამმერდე ჩანდა ახლომახლო და აღარც უსულო სხეულები. მხოლოდ ცოტახნისწინ მკვლელობის იარაღად გამოყენებული ნაჯახი ეგდო ძირს. სახეზე შეუშრობლად ჩამოსული ცრემლები უხეშად მოიწმინდა მაჯებით, თოვლი ჩამოიბერტყა, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და გამხეცებული ნადირივით შევარდა სახლში ნაჯახ მომარჯვებული. შეშლილივით ლეწავდა რამოდენიმე წუთი იქაურობას, ეს არ იკმარა და უფრო გულმოსულმა სახლს ცეცხლი წაუკიდა. ნაჯახიანი ხელი უღონოდ ჩამოეკიდა ძირს, დაღლილი მძიმედ სუნთქავდა, აღარც ცრემლები უსველებდნენ სახეს. გაუბედურებული იყო, თუმცა კმაყოფილება გამოიხატებოდა მის მზერაში. ავად სახსენებელ ტყეს ზურგი აქცია და დაღმართს დაუყვა. ისე შემართებით, ისე გაგულისებული მიაბიჯებდა წინ, რომ თითქოს ვეღარაფერი შეაჩერებდა. ჩამოღამებულ ტყეშიც კი უშიშრად შეძლო რამოდენიმე დღის წინ შუა გზაში მიტოვებული მანქანის პოვნა. ხიდან ჩამომტვრეული ნაძვის ტოტებით თოვლი გადააწმინდა და საჭეს მიუჯდა. იქამდე ცდილობდა იმ მართლაც ჯართის დაქოქვას, სანამ გასაღების ტრიალით ბებერები არ გამოუვიდა თითებზე, როცა საბოლოოდ დარწმუნდა თავის უსუსურობაში, ცრემლების მეორე შემოტევა დაეწყო, ვეღარ მშვიდდებოდა, ხელებს დასისხლიანებამდე გამეტებით ურტყამდა საჭეს, მერე სულაც გადმოვიდა, კარი ძლიერ მიაჯახუნა და თან წამოღებული ნაჯახით შეუტია უძრავად მდგარ რკინის გროვას. თითოეულ დარტყმას თან აყოლებდა, სხეულიდან წამოსულ ყელში ბურთად გაჩხერილ ღრიალს. როდესაც საკმარისად ჩათვალა ნაჯახის უშედეგო ქნევა გაჩერდა. მორიგი შეტევის მოლოდინით, მანქანას, უფრო სწორად იმას რაც მანქანისგან დარჩა ზურგით მიეყრდნო, ნელნელა ძალაგამოცლილი ჩაცურდა თოვლში და იქვე ჩაჯდა. ***უწყვეტი ჯაჭვი*** თბილ საწოლში გაიღვიძა. სანამ თვალებს გაახელდა, სულ ერთი წამით სიხარული ჩაეღვარა სხეულში. ვითომ ეს ყველაფერი ესიზმრა. ყოველ დილით დიდი მოლოდინით იღვიძებდა, მერე კი დიდი მოლოდინისგან გამოწვეული სიხარული რეალობაში ეფერფლებოდა, უფრო დიდი იმედგაცრუება აწვებოდა გულზე.. ეს დარდი ჭამდა რამდენიმე წელიწადის გასვლის შემდეგაც და ვერაფრით განელებოდა. თვალები მძიმედ გაახილა. მარტოსულობიას და სიგამხდრისგან გალეული ხელის გულებით სახე მოიფშვნიტა და საწოლში წამოჯდა. დაორთქლილი ფანჯრიდან უფრო ჩაბურული და სევდიანი მოსჩანდა ტყე. ღრმად ჩაისუნთქა ოთახში გაბნეული ჰაერი. - ადექი ლეილა. - თავს შეუძახა და წამოდგა. ტყე ელოდა. წლებთან ერთად გაითავისა ვალდებულებად ქცეული არსებობა. ერთდროს ბეშგენის საცხოვრებლად განკუთვნილი სახლის კარი სიკვდილმისჯილივით მდუმარედ გამოიხურა. ცხენი შეკაზმა და ნისლის საბურველში გახვეული ტყისკენ აიღო გეზი. იმ საბოლოო ღამიდან ერთ თვეში შეწყვიტა გაქცევის ყველანაირი მცდელობდა. სურვილი და ვალდებულება აწონდაწონა და დანებდა. ჯერ ბეშგენის სახლში გამოიკეტა. მერე სირცხვილ აკიდებული პირველად წავიდა ტყეში. ერთხელ, მეორედ, მესამედ და ეს ყოველდღიულ რუტინად ექცა. ყოველჯერზე ერთიდაიგივე ადგილას ადიოდა ლეილა. ლურჯად მოელვარე ნაძვის ძირში, მის ვარჯზე მიყრდნობილი მუხლებზე ხელებ შემოხვეული ტიროდა ლუკას. ზუსტად იცოდა ვისი სიცოცხლე წაიღო ხემ. შორიახლოს ფაჩუნზე მის მოახლოებასაც გრძნობდა, ლურჯთვალა თეთრი ირემი ნინაზე უღვიძებდა მოგონებებს. ყველაზე ახლობელიც უმალ ჩნდებოდა, ისეთი სქელი ხელშესახები და მსუბუქი ნისლი ეხვეოდა გარს და ამით ხვდებოდა სად იყო ნუცა. ნელი, მძიმე ნაბიჯით მიმავალ ცხენზე შემჯდარმა ლეილამ ტყესთან მიახლოებისთანავე შეამჩნია, ტყეში ღრუბლად ჩამოწოლილი ნისლი და იმ ნისლის სიღრმიდან მომზირალი ლურჯთვალა არსება. მაშინვე გული დაუმძიმდა, სევდა თვალებზე შემოაწვა და ლოყები ერთი მეორის მიყოლებით დაუსველეს ცრემლებმა. - მოვედი.. - ჩაილაპარაკა სევდინად, წლები იყო სხვა ხმის გამცემი არ ყავდა საკუთარი თავის გარდა. - მოვედი კიდევ ერთი პატიების სათხოვნელად.. პირველი ორი წლის გასვლის შემდეგ, აღარც წლებს ითვლიდა, აღარც დღეებს, აღარც ნავედრებ და ცრემლებ გაყოლილ პატიების თხოვნებს. ხეებს შორის შეაბიჯა და თითქოს საზღვარს გადააბიდა, ლურჯი ნაძვისკენ მიმავალს უმალ ფეხდაფეხ მიჰყვნენ მისი მეგობრები. თითქმის დანიშნულების ადგილთან მისულმა უცნაური, უჩვეულო მძიმე მოძრაობა შენიშნა ხეებს სიღრმიდან. პულსი აუჩქარდა, სუნთქვა შეეკრა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია ისე განაგრძო გზა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ამდენი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო მისი სიახლოვე. სახე სატირლად მოეღრიცა. დარწმუნებული იყო ქამმერდე უკან მოყვებოდა. ფიქრები უმალ აერია გონებაში ნუთუ მეგობარმა აპატია? ალბათ არა! ლეილას საკუთარი თავის პატიება ხომ თავადაც ეძნელებოდა... არეული ფიქრები ერთი ხელის მოსმით ჩაახშო და სევდა ნარევი ღიმილით ბედს მინდობილმა მიაშურა ნაძვს. ამის შემდეგ ტყეში ასული ლეილა ლურჯი ხის ძირში დაჯდა, თვალები დახუჭა და სახეზე ღიმილგადაფენილი ფიქრებში ჩაიძირაა. თითქოს ისევ შეიკრიბნენ მეგობრები. *** სახლის სახურავზე დაკიდებული დნობაში შესული ლოლოები მონოტონურად წვეთავდნენ. აქაიქ შეკვირტული ხეებიც თოვლს იბერტყავდა ტოტებიდა. გვიანი გაზაფხულის მოახლოებას გრძნობდა ბუნება და მასთან ერთად ლეილა. ჩამავალ მზის სხივებს მიფიცხებული იჯდა სახლის კართან მიდგმულ სკამზე. ფიქრებში ღრმად წასულს თვალები მიელულა, რომ მოულოდნელად მანქანის ხმამ გამოფხიზლა. ჭიშკართან მომდგარი წითელი ჯიპი თვალისგახელისთანავე შეამჩნია. ფეხზე წამოდგა და სახეზე მომდგარი მზის ბოლო სხივები ხელით მოიჩრდილა. - გამარჯობათ! - შორიდან მიესალმა მანქანიდან გადმოსული მძღოლი. ლეილას შიში შეუძვრა მუხლებში, ძლივს გადადგა ნაბიჯი წინ. - აქ დასასვენებლად ამოვედით, - ახალგაზრდამ მანქანაზე მიანიშნა და ისევ მოუბრუნდა. - ვინმე ხომ არ იცით ოთახს აქირავებდეს? პირვლად იგემა იმ ვალდებულების სიმძიმე რაც ასე მჭიდროდ ჰქონდა მხრებზე აკიდებული. ჯერ უარის ნიშნად გაიქნია თავი მერე როგორც იყო თავი აიძულა ელაპარაკა. - არა! აქ იმას ვერ იპოვით რასაც ეძებთ, ახლა ტყეც ისეთი სახიფათოა, მშიერი ნადირია ჩამოსული მთიდან, ჯობია ქვემოთ ჩაიწიოთ სოფლებში იქ უფრო ნახავთ ღამის გასათევს. - ნაჩქარევად და სხაპასხუპით გაიმეორა რამდენჯერმე ზეპირად გაზუთხული ფრაზები. საკუთარი თავი დაინახა თითქოს ავტომობილის უკანა მინაში. ტყეს გახედა შეძრწუნებულმა. - წადით, აქ თქვენი ყოფნა არ შეიძლება. ჯერ გაოცებული შემოჰყურებდა სტუმარი, მერე ნელ-ნელა უკან დაიხია და დამფრთხალი დაუბრუნდა საჭეს. სანამ თვალს არ მიფარნენ ჭიშკართან იდგა აღელვებული ლეილა. *** უცნაურმა შიშმა წამოახტუნა საწოლში. ფანჯარას გახედა, მხოლოდ სიბნელე უმზერდა იქიდან. ჩამშრალი ყელის გასასველებლად წამოჯდა და ტყისკენ გაიხედა, თითქოს იქ გამომწყვდეულ მეგობრებს დაინახავდა, მაგრამ რაც მან შეამჩნია იმ უკუნეთ ღამეში უარესი იყო... ტყისკენ მიმავალ გზაზე მანქანის ორი წითლად ანთებული ფარი კიაფობდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.