შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მერე რა ( 2 )


10-01-2024, 23:58
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 166

- დარწმუნებული ხარ რომ მისამართი არ გეშლება? -ტატო დაეჭვებული უყურებდა სრულ სიბნელეში მდგარ, ფანჯრებჩაშავებულ სახლს.
- კი ნამდვილად ეს არის, არ მეშლება, აქ ადრეც ვარ ნამყოფი, -ელასაც ეტყობოდა რომ არ ელოდა რასაც ხედავდა, ავტომობილიდან გადავიდა და ჭიშკარს მიუახლოვდა, დაკეტილი დახვდა, გამეტებით დააბრახუნა თუმცა პასუხი ვერ მიიღო, სახლში აშკარად არ იყო არავინ, ისევ უკან გამობრუნდა და გვერდით მიუჯდა ტატოს, გაბრაზებულმა ხმაურით მიხურა კარი.
- მშვიდად, ეტყობა რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი, დაურეკე და კითხე სად არიან, იქნებ გეგმები შეეცვალათ, -მის დამშვიდებას ცდილობდა, თვითონაც ნერვიულობდა ასე ანერვიულებულს შეშინებულს და აფორიაქებულს რომ ხედავდა.
- აქ უნდა ყოფილიყვნენ, შეთანხმებულები ვიყავით, არ ვიცი რა მოხდა, როგორ დავურეკო ხომ გითხარი ტელეფონი რომ ტაქსში დამრჩა, -ანერვიულებული თავისდაუნებურად გადავიდა მიმართვის შენობით ფორმაზე, ერთმანეთში გადახლართულ თითებს აწვალებდა და ნერვიულად იკვნეტდა ქვედა ტუჩს, ულამაზესი იყო, ასეთ მდგომარეობაშიც კი, ცრემლიანი თვალებით და გაფითრებული სახით, ისეთი მშვენიერი იყო ტატო თვალს ვერ აშორებდა, თავს ვერაფერს უხერხებდა, სულსა და სხეულს მოდებულ უადგილო სურვილთან ცდილობდა გამკლავებას, მუხლს საკმაოდ აცილებულ სარაფანს მზერა მოარიდა, საჭეს მთელი ძალით მოუჭირა თითები და ჩაბნელებულ მიდამოს მოავლო მზერა.
- აიღე და დარეკე, -ისე გაუწოდა ტელეფონი მისკენ არ შებრუნებულა, ჩამოართვა ელამ და ნომერი აკრიბა, რამდენიმე ზარის მერე უპასუხეს, ერთი სიტყვაც კი არ გაუგია ტატოს მისი საუბრიდან ისე იყო ფიქრებში ჩაძირული.
- გეგმები ისე შეუცვლიათ არც გამაფრთხილეს, დღეს დილით მშობლებთან უჩხუბია და უარი უთქვამთ აგარაკზე ვერ გადაიხდიო ჰოდა ისიც თურმე ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის ბარში აღნიშნავს.
- დილის აქეთ როგორ ვერ მოახერხეს და გაგაფრთხილეს, -ტატო უნებურად ისე გაბრაზდა მის მეგობრებზე ხელში რომ მოჰყოლოდა რომელიმე ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა.
- ლელასთვის უთქვამთ, ყველამ იცოდა რომ მას უნდა გავეფრთხილებინე მან კი დარწმუნებული ვარ სპეციალურად არ გამაფრთხილა, ჰგონია რომ მისი შეყვარებული მომწონს არადა მე და ნიკუშა ბავშვობიდან ვმეგობრობთ, ძმასავით მიყვარს, დაიცა ჩავალ თბილისში და ვაჩვენებ როგორ უნდა ჩემი ამ ტყეღრეში გამოგზავნა...
გაუჩერებლად ტიტინებდა, წარბები შეწმუხნილი ჰქონდა, მკლავები მკერდთან გადაჯვარედინებული, საყვარლად ბრეცდა ტუჩებს, ერთი ფეხების დაბაკუნებაღა აკლდა და ნამდვილად პატარა ჯიუტ ბავშვს დაემსგავსებოდა, საოცრება იყო ერთ ადამიანში ასე ჰარმონიულად შერწყმული ქალურობა და ბავშვურობა, წარმოუდგენლად მიმზიდველი იყო...
- გესმით? უკაცრავად, -ცხვირწინ რომ გაუქნია თითები გოგონამ მაშინღა გამოფხიზლდა და შეეცადა გონს მოსულიყო, საკუთარ თავზე გაეღიმა, ასე პატარა ბიჭივით რომ იყო დაბნეული.
- მე მითხარი რამე? -გულზე მიიდო თითი.
- იცით რა, ძალიან მერიდება მაგრამ, იქნებ თბილისში ჩამიყვანოთ, არა მგონია ახლა ტაქსის შოვნა მოვახერხო არადა აქაც ვერ დავრჩები.
- ახლა ისეთი დაღლილი ვარ ლამის საჭესთან დამეძინოს, ახლა უკან ვერ წავალ, -მოკლედ მოუჭრა ტატომ და ძრავი ჩართო.
- აბა რა ვქნა? -სახეზე შეშფოთება დაეტყო ელას.
- ჩემთან დარჩი, აქვე ახლოს ვცხოვრობ, ღამეს გაათევ და ხვალ დილით წაგიყვან თბილისში, -იქვე იმწუთას მოუვიდა ტატოს იდეა და არც უნანია, ის კი არადა საკუთარ საწოლში მწოლი მძინარე გოგონაც კი წარმოიდგინა და სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა სხეულში.
- თქვენთან? -ელას ხმაში მერყეობის ნოტები დაიჭირა ტატომ, -მარტო ცხოვრობთ?
- ზოგადად არა მაგრამ აგარაკზე მარტო ვარ, ნუ გეშინია შენთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებ, მართლა ვერ იშოვი ტაქსს და ღამე გარეთ ხომ არ დარჩები.
- კარგი, მგონი სხვა გზა არც მაქვს, მადლობა შემოთავაზებისთვის, დავრჩები და იმედია ძალიან არ შეგაწუხებთ, -მალევე მიიღო ელამ გადაწყვეტილება, მართლა არ ჰქონდა სხვა გზა, ფეხით ხომ არ ჩავიდოდა თბილისამდე თანაც ეს კაციც არ ჰგავდა მანიაკს რომელსაც მისთვის რამის დაშავება ჰქონდა გადაწყვეტილი, მანიაკი კი არა ისეთი სიმპათიური იყო თვალი ზედ რჩებოდა, შეუმჩნევლად შეათვალიერა ტატოს ფიგურა, ზუსტად ისეთი იყო როგორთან ყოფნასაც ისურვებდა და როგორი მამაკაციც ჯერ არ შეხვედროდა ცხოვრების გზაზე, ალბათ ამიტომ იყო რომ აქამდე შეყვარებულიც კი არ ჰყოლია, ტატო კი ზუსტად მის სურვილებს და ოცნებებს შეესაბამებოდა, მომხიბვლელი, მამაკაცური, ქარიზმატული, მარტო მისი თითები ღირდა ერთ რამედ, გრძელი, თხელი, მოუსვენარი თითები, არ გაჭირვებია იმის წარმოდგენა თუ როგორ დასრიალებდნენ ეს თითები მის შიშველ სხეულზე, თვალები დახუჭა რომ უკეთ წარმოედგინა, თავი უკან გადასწია, პირი გაუშრა, მკერდი გაუმკვრივდა, მუცლის კუნთები შეეკუმშა, ფეხები მჭიდროდ მიატყუპა ერთმანეთს...

აგარაკის წინ გაჩერებულ ავტომობილში მჯდარი ტატო მონუსხული შეჰყურებდა ელას რომელსაც ოდნავ შეეხსნა ლამაზი ბაგეები და თვალდახუჭული ღრმად სუნთქავდა, მისკენ გადაიხარა და ისე რომ თითქმის ლოყაზე ეხებოდა ჩასჩურჩულა.
- გამოფხიზლდი, მოვედით.
დაფეთებულმა გაახილა თვალები ელამ და უკან დაიწია, ღვედი შეიხსნა და კარი გამოაღო, ესიამოვნა გახურებულ სხეულზე გრილი ჰაერი, ჭიშკართან მდგარ ტატოს მიუახლოვდა დარცხვენილი.
- მაპატიეთ ფიქრებში ვიყავი გართული და ვერ გავიგე როდის მოვედით.
- საინტერესოა ასეთზე რაზე ფიქრობდი, -ჩაიცინა ტატომ და კარი შეაღო, -გთხოვთ ქალბატონო, -თეატრალურად დაუკრა თავი.

- რამეს დალევ? -მისაღებში შესულმა ტატომ სავარძელზე მიუთითა დაჯექიო და თვითონ პაკეტები წაიღო სამზარეულოსკენ, -იქნებ გშია, საჭმელი ხომ არ გავაკეთო, რას შეჭამ?
- მეც დაგეხმარებით, სიმართლე რომ გითხრათ ძალიან მშია, მთელი დღეა არაფერი მიჭამია, -ელა უკან აედევნა.
- ოღონდ ერთ რამეზე შევთანხმდეთ, -ტატომ პაკეტები მაგიდაზე დააწყო და მაცივრის კარი გამოაღო, -შენობით ვისაუბროთ კარგი?
- კარგი, -უხერხულად აიჩეჩა მხრები ელამ, -აბა რას ვაკეთებთ, კარტოფილი ხომ არ შევწვათ.
- კარგი აზრია, სალათაც დავჭრათ და ყველიც, ღვინოც გვაქვს თუ რათქმაუნდა გინდა დალევა, -წითელი ღვინის ბოთლი გადმოიღო თაროდან ტატომ.
- ერთ ჭიქას დავლევ.
- მხოლოდ ერთს?
- ერთს.
- იყოს ერთი ოღონდ ჯერ მითხარი რამდენი წლის ხარ, -ტატომ ეშმაკური ღიმილით შეხედა და ელასაც რომ გაეღიმა თამამად გადადგა ნაბიჯი მისკენ.
- გაინტერესებს სრულწლოვანი ვარ თუ არა? -უკან არ დაუხევია, ქვემოდან ახედა მისკენ დახრილს და ქვედა ტუჩის კუთხე კბილებს შორის მოიქცია, -შეგიძლია მშვიდად იყო, ახლახანს გავხდი ცხრამეტი წლის.
- პატარა ხარ, ძალიან პატარა, -უცნაური ყოყმანი დაიჭირა მის ხმაში ელამ.
- მე ასე არ ვფიქრობ, -ამჯერად უკან დაიხია და იქაურობა მოათვალიერა, -ღვინის ჭიქებს სად ინახავ?

ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, საჭმელს გემრიელად შეექცეოდნენ მოშიებულები, დროდადრო თუ გადაულაპარაკებდნენ ორიოდე სიტყვას ერთმანეთს.
- შენი მხოლოდ სახელი ვიცი, იქნებ უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი, -მის ჭიქას საკუთარი მიუჭახუნა ელამ და მერე ბოლომდე გამოცალა.
- მგონი საკმარისად დალიე, მეტს ნუღარ დალევ, -ტატომ ხელიდან გამოაცალა ბოთლი და გვერდზე გადადო, ჯობია უბრალოდ ვისაუბროთ და მერე დავიძინოთ.
- კარგი, თუ ასეა შენზე მომიყევი რამე, ვინ ხარ, რამდენი წლის? ცოლი თუ გყავს ან შვილი.
- ეს ყველაფერი რატომ გაინტერესებს?
- ისე უბრალოდ ბოლოსდაბოლოს ღამე ერთად უნდა გავატაროთ და...
ტატოს გაოცებულ და ღიმილშეპარულ სახეს რომ შეხედა მაშინღა მიხვდა რაც თქვა, მიხვდა და სახე წამში გაუხურდა სირცხვილისგან, საყვარლად აუწითლდა ღაწვები.
- ამის თქმა არ მინდოდა, მე... მე უბრალოდ... არასწორად გაიგე.
- დამშვიდდი, დაწყნარდი, მშვენივრად მივხვდი რისი თქმაც გინდოდა, გეტყვი რაც გაინტერესებს, -ტატო ძლივს იკავებდა სიცილს ელას ასე დაბნეულს და შერცხვენილს რომ ხედავდა, -ოცდათოთხმეტი წლის ვარ, ცოლი მყავს, შვილიც...



- ცოლი გყავს? -ელას თითქოს გულში რაღაც ჩასწყდა, წამსვე დაკარგა ფლირტის ხალისი და დაუკითხავად შემოჩენილ ანც ფიქრებს და სურვილებს, გონების ყველაზე ბნელ კუთხეში მიუჩინა ადგილი, მის წინ მჯდარი ეს უზომოდ სიმპათიური მამაკაცი რომელსაც ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა ვნებიან ბაგეებზე მოსწონდა ისე ძალიან რომ ახლა ამწუთას შეეძლო ყველა პრინციპი დაევიწყებინა ბოლოს და ბოლოს გაებედა, ერთხელ მაინც დაევიწყებინა ყველაფერი და მასთან ერთღამიან ურთიერთობაზეც არ ეთქვა უარი თუმცა ცოლი? არაა პრობლემები ნამდვილად არ სჭირდებოდა, რა გეგონა სულელო ასეთი მამაკაცი მარტო როგორ იქნებოდაო, გაიფიქრა გულში და მერე სევდიანად გაეღიმა.
-კარგია ოჯახი, აი მე არავინ არ მყავს, მამა პატარა ვიყავი რომ დაიღუპა, დედა გასულ წელს დავკარგე, სხვა არავინ მყავს.
- ვწუხვარ, -ტატო მართლა გულწრფელად შეძრა მისმა სევდიანმა თვალებმა, -მარტო ცხოვრობ?
- რაც დედა დაიღუპა მის მერე მარტო ვარ, ვსწავლობ, ვმუშაობ.
- შეყვარებული?
- არ მყავს, არასოდეს მყოლია და ასეთი სახით ნუ მიყურებ, სულაც არ ვარ უბედური, მარტოც მშვენივრად ვგრძნობ თავს.
- კარგი, შენ თუ ასე ამბობ ესე იგი ასეა, -დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია ტატომ, თუმცა აშკარა იყო ნაკლებად სჯეროდა ელას ბედნიერი და უდარდელი ცხოვრების, -უკვე გვიანია, თუ გინდა საძინებელს გაჩვენებ.
- კარგი იქნება, უნდა ვაღიარო რომ ძალიან მეძინება, -უნებურად დაამთქნარა და ამღვრეული თვალებით შეხედა ტატოს, -მგონი სასმლის ბრალია მაგრამ ახლა უკვე ლაპარაკიც კი მიჭირს, ერთი სული მაქვს საწოლში ჩავწვე და დავიძინო.
- წამოდი, -წამოდგა ტატო და ხელი გაუწოდა, ასალაგებელ სუფრას გადახედა ელამ.
- მე მივხედავ, შენ დაიძინე, ავალაგებ და მერე დავწვები, -მაშინვე მიუხვდა ტატო, ხელი ჩაჰკიდა და მეორე სართულზე ამავალი კიბისკენ წაიყვანა...

- ეს ოთახია, შეგიძლია აქ დაიძინო, მყუდრო ნათელ ფერებში მოწყობილ საძინებელში შეუძღვა ნახევრად მძინარ გოგონას, საწოლთან მიიყვანა, დასვა და კარადისკენ შებრუნდა, პირსახოცები გამოიღო, აბაზანის ხალათიც.
- შეგიძლია აბაზანაში შეხვიდე და მერე...
სიტყვა პირზე შეეყინა როცა გადასაფარებელზე ზემოდან მიწოლილი საცოდავად მოკუნტული ელა დაინახა, გვერდულად იწვა, მარჯვენა ხელი ლოყის ქვეშ ჰქონდა ამოდებული, მშვიდად, თანაბრად სუნთქავდა, გაუკვირდა ასე უცბად როგორ შეძლო დაძინებაო, მიუახლოვდა, საწოლთან ჩაიჩოქა, სითბოთი სავსე მზერა მოავლო სასმლისგან აწითლებულ სახეზე, მისთვის მეტად უცნაურ და უჩვეულო სიტუაციაში იყო, აქამდე არასდროს უღალატია მარიკოსთვის, აზრადაც კი არ გაუვლია...
- ღალატი? -უნებურად ხმამაღლა წამოსცდა ის სიტყვა რომელიც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა, ეთვლებოდა კი ღალატში ის რომ ახლა ამ პატარა გოგოს სურვილი კლავდა, რომ ერთი სული ჰქონდა დაესაკუთრებინა, თავისად ეგრძნო, მის ფერებაში გაელია ღამეები, მისი სითბოთი და ალერსით გათანგულს დაეძინა და საბოლოოდ ეპოვა ის სიმშვიდე რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა და ვერა და ვერ ეპოვნა, ეთვლებოდა ღალატში ასეთი საქციელი? ეთვლებოდა რადგან მხოლოდ შეხება, მხოლოდ შეგრძნება არ არის ღალატი, ფიქრიც და სურვილიც ღალატია, ღალატზე ფიქრიც თავისთავად ღალატია...
- რას ვაკეთებ, რას ვაკეთებ, ჯანდაბა რა მჭირს, -კეფაზე შემოიჭდო თითები და ამოიოხრა, ის იყო ასადგომად წამოიწია რომ შეხება იგრძნო მკლავზე, უღონოდ ეჭიდებოდა ელას თითები.
- არ წახვიდე გთხოვ, არ დამტოვო, -ნახევრად ძილღვიძილში მყოფი ჩურჩულებდა და უაზროდ აცეცებდა ამღვრეულ თვალებს, -ამაღამ ჩემთან ერთად დაიძინე, მარტო ყოფნა არ მინდა გთხოვ.
მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ტატომ, ეცადა, მართლა ეცადა მაგრამ ვერაფრით მოერია მასთან ახლოს ყოფნის სურვილს რომელიც მთელ სხეულში ისე ჰქონდა გამჯდარი ციებიანივით ცახცახებდა, გადასაფარებელი გადასწია, ფრთხილად შეაწვინა მის ქვეშ ელა და თვითონაც გვერდით მიუწვა, მკლავზე დაადებინა თავი, მკერდზე მიიხუტა და თავისად დაიგულა თუ არა მთლიანად ჩაიძირა მის სითბოსა და სურნელში.
- ხომ არ წახვალ? -ძლივსგასაგონი ჩურჩული მოესმა.
- აქ ვარ შენს გვერდით, დამშვიდდი და დაიძინე, -თმაში შეუცურა თითები და ნაზად აამოძრავა, მალევე ჩაეძინა ელას, გათენებამდე არ მოჰკიდებია რული ტატოს, მის სუნთქვას უსმენდა განაბული, როდის როდი ჩაეძინა ტუჩებზე ღიმილშერჩენილს...
-
- რა გჭირს გამოფხიზლდი, ნახევარ საათში შეხვედრა გვაქვს და შენ ისეთი სახე გაქვს თითქოს ერთი კვირაა არ გიძინია, ალბათ ერთი სიტყვაც ვერ გაიგე რაც ნადარეიშვილთან დაკავშირებით გითხარი, -კოტე შეფიქრიანებული უყურებდა მეგობარს, მართლა აწუხებდა მისი ბოლოდროინდელი მდგომარეობა.
- შენ წარმოიდგინე და მართლა ერთი კვირაა რაც ნორმალურად არ მძინებია, მას მერე ასე ვარ რაც აგარაკიდან ჩამოვედი.
- სულ იმ გოგოს ბრალია ასეთ დღეში რომ ხარ, ვერ იპოვე?
- ყველაფერი გადავატრიალე, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ვერ გავიგე, ვერც იმას ვხვდები ასე რატომ გაიქცა, სულაც არ ჩანდა ასეთი მორცხვი და მორიდებული, ვერ წარმოიდგენ რა დამემართა დილით რომ გავიღვიძე და ვერ ვიპოვე, ასე უბრალოდ გაქრა, თითქოს არც არსებულა.
- ჰმ, საინტერესოა, -სახელის მეტი არაფერი იცი? არანაირი ინფორმაცია არ გაქვს?
- მეტი არაფერი ვიცი, ვინ იცის იქნებ საერთოდ არ ჰქვია ელა.
- რატომ ეძებ?
გაკვირვებულმა შეხედა ტატომ მეგობარს თითქოსდა რას მეკითხებაო, მერე რომ გაიაზრა პასუხი არ ჰქონდა ხმამაღლა გაეცინა საკუთარ თავზე, მართლაცდა რატომ ეძებდა ისე გამწარებული თითქოსდა მის პოვნაზე ყოფილიყო დამოკიდებული ტატოს მომავალი და ბედნიერება, ან იქნებ იყო კიდეც...
- არ ვიცი, -თვალი გაუსწორა მეგობარს და მწარედ ჩაეცინა, -გეფიცები მართლა არ ვიცი რატომ ვეძებ, ერთადერთი რამ ვიცი თუ არ ვიპოვი, ისევ თუ არ ვიგრძნობ მის სურნელს, ისევ თუ არ დავინახავ მის ღიმილს შეიძლება გავგიჟდე, ასეთი გრძნობა არასდროს მქონია, რა ჯანდაბა მჭირს.
- მეც მიკვირს ასეთს რომ გხედავ, მიუხედავად იმისა რომ შენ და მარიკოს ხშირად გქონდათ პრობლემები არასდროს გაგიხედავს სხვისკენ...
- ასე მგონია არამარტო მას, საკუთარ თავსაც ვუღალატე, -მაგრად დახუჭა თვალები ტატომ და ხელი მთელი ძალით მოუჭირა სავარძლის საზურგეს.
- როგორ თუ უღალატე? -გაოცებულმა კოტემ ისე იყვირა არ იყო გამორიცხული სხვებსაც გაეგოთ, -შენ ხომ თქვი ჩვენს შორის არაფერი მომხდარაო.
- მაინცდამაინც სექსი უნდა მქონოდა რომ ღალატად ჩათვლილიყო? -გაცოფებულმა გამოსცრა კბილებში, წამოდგა, მინის კედელთან მივიდა და თავსხმა წვიმისგან დასველებულ ეზოს გადახედა, -მთავარია რომ ამის სურვილი მქონდა და ეს სურვილი ჯერ კიდევ არსად გამქრალა.
- ანუ მხოლოდ მასთან დაწოლა გინდა?
თვალები დახუჭა ტატომ, მოგონებები გააცოცხლა, მისი ულამაზესი ღიმილი, ფერადი თმა, პატარა ცუღლუტი ბავშვივით აციმციმებული თვალები...
- მე ის მთლიანად მინდა, მინდა რომ თავით ფეხამდე ჩემი იყოს, სულით და სხეულით, მე უნდა მეკუთვნოდეს, მხოლოდ მე, აუცილებლად უნდა ვიპოვო.
- მერე მარიკო?
- მარიკო? მარიკო... ჩემი და მარიკოს ურთიერთობა დიდი ხანია დასრულდა უბრალოდ ამის აღიარება არ მინდოდა, ბევრი ვეცადე კოტე, შენც ხომ იცი როგორ ვცდილობდი ჩვენი ოჯახის გადარჩენას მაგრამ დავიღალე, ისე დავიღალე რომ არაფრის სურვილი აღარ მაქვს, ერთადერთი იმაზე ვფიქრობ თათია როგორ მიიღებს ჩვენს ამბავს.
- უკვე დიდი გოგოა, დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერს გაიგებს, -კოტე მიუახლოვდა და მხარზე დაჰკრა ხელი, -წამოდი სათათბირო დარბაზში შევიდეთ თორემ დაგვაგვიანდება, უკვე მოვლენ.
- შეხვედრაზე ვინ იქნებიან?
- ვახტანგ ნადარეიშვილი საკუთარ პარტნიორთან გიორგი ჯიბუტთან ერთად უნდა მოსულიყო მაგრამ გუშინ ავტასაგზაო შემთხვევის გამო საავადმყოფოში მომხვდარა ჯიბუტი ამიტომაც ჯიბუტის თანაშემწესთან ერთად მოვიდა, იმ გოგომ ყველაფერი იცის რაც საქმეს შეეხება, მგონი დღეს ყველაფერზე შევთანხმდებით და ხელშეკრულებასაც მოვაწერთ ხელს...
-





- ერთად შევიდნენ დარბაზში სადაც უკვე ელოდნენ მომავალი პარტნიორები, ვახტანგის გვერდით მდგარი მორცხვად მომღიმარი ელა რომ დაინახა სუნთქვა შეეკრა ტატოს, ძლივს მოახერხა იმ სიხარულის და ბედნიერების დამალვა რაც მისი დანახვისას იგრძნო, აშკარა იყო ელამაც იცნო, უხერხულად აწრიალდა ერთ ადგილზე, ღაწვები აუწითლდა.
- ის არის, როგორც იქნა ვიპოვე, -აღელვებულმა გადაულაპარაკა მის გვერდით მომავალ კოტეს.
- ვერაფერი გავიგე, ვინ იპოვე? -ქაღალდებიდან თავი არ ამოუწევია კოტეს.
- ის გოგო ირაკლი ნადარეიშვილის გვერდით რომ დგას ისაა ვისაც ვეძებდი, ჩემი ელაა.
- შენი ელა? -კოტემ ახლაღა შეხედა ირაკლის გვერდით მდგარ ელას და გაეღიმა იმის დანახვისას თუ როგორ უყურებდა ის ტატოს.
- ნამდვილი საოცრებაა, -ტატო აშკარად ვეღარ ფიქრობდა საქმეზე, ვერ ხვდებოდა რას მართებდა ეს პატარა ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული და მისთვის მთელ სამყაროზე მეტად ღირებული და საინტერესო გოგო, თავს ძლივს იკავებდა რომ მასთან არ მისულიყო და გულში არ ჩაეკრა, შეაჟრჟოლა როცა წარმოიდგინა როგორ ეხება იმ ულამაზეს ტუჩებზე ახლა ასე გამეტებით რომ იკვნეტდა ელა, თითქოს მისი სითბო და იასამნის გრილი და სასიამოვნო სურნელიც კი იგრძნო...
- იცოდე ეს შეთანხმება იმიტომ რომ ჩაიშალოს შენ რომ თავგზა გაქვს არეული და ნორმალურად ვეღარ აზროვნებ, ვერ გადამირჩები, -კოტემ შეუმჩნევლად გაკრა მუჯლუგუნი ტატოს და მომავალ პარტნიორს მიესალმა.

წარმატებულ შეთანხმებას აღნიშნავდნენ რესტორანში, ტატოს ჯერ კიდევ ვერ მოეხერხებინა ელასთან განმარტოება და გამოლაპარაკება, გიჟს ჰგავდა, ფართო, მარმარილოთი მოპირკეთებულ აივანზე იდგა, ცალი ხელით მოაჯირს ეყრდნობოდა, მეორეში სასმლით სავსე ჭიქა ეჭირა.
- იმედია წარმატებული წელი გვექნება, -ირაკლი ამოუდგა გვერდით, ღიმილით ახედა ტატომ ჭაღარაშერეულ მუდამ სერიოზულ და მშვიდ მამაკაცს.
- მეც ამას ვიმედოვნებ ბატონო ირაკლი, თქვეთან პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, -გულწრფელად ჟღერდა მისი თითოეული სიტყვა, ირაკლი კი თუ რამეს აფასებდა ადამიანში ეს პირველ რიგში გულწრფელობა იყო.
- ელას მამა ჩემი მეგობარი იყო, -ისე უცბად და პირდაპირ დაიწყო ირაკლიმ თითქოს ეუბნებოდა მის მიმართ შენი მზერა არ გამომრჩენიაო, ტატომაც ზუსტად ისე გაიგო ყველაფერი როგორც ირაკლის სურდა რომ გაეგო, უხერხულად ჩაახველა.
- ალბათ გაინტერესებთ საიდან ვიცნობთ ერთმანეთს.
- ვერ ვიტყვი რომ არ მაინტერესებს მაგრამ მანამდე ერთი რამ უნდა გითხრა, შორიდან გიცნობ და ვიცი რომ კარგი ადამიანი ხარ, შრომისმოყვარე, პატიოსანი, ნამდვილი ვაჟკაცი, ერთი სიცუდეც კი არ გამიგია შენი, მერწმუნე შენში რამე არასწორი რომ დამენახა არანაირი გამორჩენის მიზნით თქვენთან პარტნიორობას არ დავთანხმებოდი, მოკლედ გეტყვი, შევამჩნიე ელას როგორ უყურებდი...
- ბატონო ირაკლი მე...
- დამასრულებინე გთხოვ, ელა საკუთარი შვილივით მიყვარს, კარგი გოგოა, ჭკვიანი, შრომისმოყვარე, სულ მარტო ცხოვრობს და ცდილობს ამ ცხოვრების სიძნელეებს შეეჭიდოს, დახმარებას არავისგან იღებს, იმაზეც ძლივს დავითანხმე რომ ჩვენს კომპანიაში დაეწყო მუშაობა, ჯერ პატარაა, ცხოვრებაში არაფერი უნახავს, უნდა გაიზარდოს, ისწავლოს, ტვინს ნუ აურევ.
- ისეთს არაფერს გავაკეთებ რომ გული ეტკინოს, -მტკიცედ ჟღერდა ტატოს ხმა, მშვენივრად ესმოდა რის ახსნასაც ცდილობდა ირაკლი, იმასაც თავიდანვე მიხვდა რომ ელა არ იყო ჩვეულებრივი გოგო, თუმცა ისედაც არ გაივლებდა გულში მისთვის რამის დაშავებას.
- გენდობი, იმედს ნუ გამიცრუებ, -მხარზე მსუბუქად დაჰკრა ხელი ირაკლიმ და დარბაზში შესასვლელი კარისკენ წავიდა, მზერა გააყოლა ტატომ, კარს იქით, მსუბუქ განათება მოფენილ დარბაზში მათ ერთ-ერთ თანამშრომელთან ცეკვავდა ელა, სასიამოვნო ჰანგები იღვრებოდა ირგვლივ, გაეღიმა როცა მისი უხერხული მძრაობები და შეწუხებული სახე დაინახა, აშკარა იყო რომ პარტნიორის სიახლოვე არ სიამოვნებდა, ნელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ...

ყველანაირად ცდილობდა ელა დისტანციის დაჭერას თუმცა არაფერი გამოსდიოდა, წელზე უხეშად შემოჭდობილი თითები, მამაკაცის აჩქარებული სუნთქვა და ამღვრეული თვალები საშინელ უხერხულობას აგრძნობინებდა, ბოჭავდა, ერთი სული ჰქონდა მუსიკა როდის დამთავრდებოდა.
- მოდუნდი პრინცესა, -მისკენ გადმოიხარა კაცი და სასმლის სუნი შეაფრქვია სახეში, -ძალიან მომწონხარ, რას იტყვი აქედან რომ გავიპაროთ?
- გავიპაროთ? შენი სახელიც კი არ ვიცი, -ელამ უკან გადასწია თავი რომ თავისუფლად ჩაესუნთქა ჰაერი თუმცა გულისრევის შეგრძნებას ვერაფერს უხერხებდა.
- ხომ გაგეცანი, უკვე დაგავიწყდა? გიორგი მქვია, აქამდეც მყავხარ შემჩნეული ჯიბუტთან ერთად, ყოველთვის მომწონდი, იქნებ უფრო ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი.
- შეიძლება? -ზურგს უკნიდან ნაცნობი ხმა რომ მოესმა შვებით ამოისუნთქა, მართალია მთელი დღეა გაურბოდა ამ ხმის პატრონს მაგრამ ახლა მშველელივით მოევლინა, პირგამეხებულმა გიორგიმ თავისი ხელით გადააბარა პარტნიორი ტატოს, მისი თითები რომ შემოეჭდო წელზე უნებურად თვალები დახუჭა და გაეღიმა, ნაზად დაადო მხარზე ხელი, მისკენ მიიწია, გიორგისგან თუ გაქცევას ცდილობდა ტატოსთან სიახლოვეს თავად სთხოვდა თავისივე სხეული.
- მომენატრე, -ყურთან სულ ახლოს ჩაესმა მისი ხმა და მთელი სხეული დაეხორკლა, მისი რეაქცია არ გამოპარვია მამაკაცს, დაიხარა და ნაზად შეახო ტუჩები ლოყაზე, -მართლა ძალიან მომენატრე, გეძებდი, ყველგან გეძებდი მაგრამ ვერ გიპოვნე.
- რატომ მეძებდი ჩვენ ხომ თითქმის არ ვიცნობთ ერთმანეთს, -მხარზე დაადო თავი და პასუხის მოლოდინში გაყუჩდა, საპასუხოდ არაფერი უთქვამს ტატოს, იცოდა ახლა უკვე ვერსად გაექცეოდა, ვეღარ დაემალებოდა, არც მას და არც საკუთარ თავს უფლებას აღარ მისცემდა დრო დაეკარგათ.
- მაპატიე იმ დღეს ასე რომ წავედი, - მაინც ვერ მოითმინა ელამ, არ იცოდა რატომ მაგრამ ძალიან უნდოდა აეხსნა თავისი იმდილანდელი გაუჩინარება, -დილით მეგობარმა დამირეკა, ჩემი დახმარება სჭირდებოდა, სასწრაფო იყო, მართლა არ...
- ჩუუ მაცადე შენი სიახლოვით დავტკბე, -უფრო მაგრად მოხვია წელზე ხელები და თვალდახუჭულმა შეისუნთქა მისი სურნელი.

გაღიმებული მართავდა საჭეს, ჯერ კიდევ მისი სურნელი და სითბო ჰქონდა შერჩენილი სხეულზე, სახლში ირაკლიმ წაიყვანა ელა თუმცა ის დროც მოვიდოდა როცა...
- ნახე რა სახე აქვს, -უკან მჯდარმა გოგამ სიცილით ანიშნა კოტეს ტატოზე რომელსაც სულ არ ესმოდა მათი ლაპარაკი.
- გეფიცები ძმაო ის პატარა გოგო ნამდვილი სასწაულმოქმედია, -კოტემ გაოცებულმა გაშალა ხელები და მერე ხმამაღლა იყვირა.
- გააჩერე ბიჭო, გავცდით.
ისე სწრაფად დაამუხრუჭა ტატომ კოტეს უსაფრთხოების ღვედი რომ არ ჰკეთებოდა შუბლით სეასკდებოდა საქარე მინას.
- რას გავცდით?
- ჩემს სახლს, ჩამო ბიჭო, დღეს მაინც არ შეგიშვებს შენი ცოლი სახლში და ჩემთან დარჩი, -სავარძელზე მიწოლილ გოგას გადახედა.
- კიდევ იჩხუბეთ? -ისე გაიკვირვა ტატომ ვითომ ახალი ამბავი ყოფილიყოს.
- აუჩემებია საყვარელი გყავსო, -ხელი ჩაიქნია გოგამ.
- არ გყავს თუ?
- კარგი რა ნუ მიწყობთ ლექციას, თქვენღა მაკლდით, -ბუზღუნით გადავიდა, კოტეც მას მიჰყვა, თვალები დახუჭა ტატომ და ამოიოხრა, ესიკვდილებოდა ახლა სახლში მისვლა და მარიკოსთან საუბარი არადა როდისმე ხომ უნდა დაესრულებინა ის რაც ისედაც დასრულებული იყო უბრალოდ ხმამაღლა გაცხადება სჭირდებოდა...
-
- როგორც იქნა მოხვედი, გაგახსენდა რომ სახლი გაქვს? -სამზარეულოს მაღალ სკამზე იჯდა მარიკო, ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული, შეხსნილი ხალათიდან შავი მაქმანებიანი სექსუალური საცვლები უჩანდა, ხელში წითელი ღვინით სავსე ჭიქა ეჭირა, მაცდურად უბზინავდა ღვინით სველი ტუჩები, მხრებზე ტალღებად ჰქონდა დაფენილი გრძელი თმა, ულამაზესი იყო თუმცა ცარიელი, იმდენად ცარიელი რომ კარგა ხანია ვეღარანაირ გრძნობას ვეღარ აღძრავდა, აღარ იზიდავდა ტატოს ეს ცარიელი სილამაზე და ყალბი გულისხმიერი ღიმილი, მშვენივრად იცოდა რაც იმალებოდა ამ ღიმილის და უზადო გარეგნობის მიღმა.
- უნდა ვილაპარაკოთ მარი, -პერანგი შეიხსნა და მის წინ ჩამოჯდა, წიქას წაავლო ხელი, ღვინო დაასხა და მოსვა, არ ესიამოვნა.
- რათქმაუნდა უნდა ვილაპარაკოთ, -ცივად ჟღერდა მარიკოს ხმა, -ეს გოგო ვინ არის? ვინმე გყავს ტატო? ამიტომ არ შემომთავაზე რომ დღეს წვეულებაზე წამოვსულიყავი? -ტატოს ტელეფონი გაუწოდა, ჩამოართვა ტატომ დახედა, ფოტოზე ის და ელა იყვნენ გამოსახულები ცეკვის დროს, მის წელზე მოხვეულ საკუთარ თითებს დახედა, მის მხარზე მისვენებულ ელას ფერადთმიან თავს და გაეღიმა, ისე გულიანად გაეღიმა როგორც უკვე კარგა ხანია აღარ იღიმოდა...


- ვინ არის ეს გოგო, -ხმას აუწია მარიკომ, ბრაზით ჰქონდა ანთებული თვალები, როგორ უნდოდა ტატოს რომ ამ თვალებში ცოტაოდენი სიყვარული მაინც დაენახა ან ეგრძნო რომ ეჭვიანობდა მაგრამ არა, მარიკო მხოლოდ ბრაზობდა იმის გამო რომ ტატოს ის შეიძლებოდა ვინმე სხვაში გაეცვალა.
- ჩუმად, ნუ ყვირი, თათიას გააღვიძებ, -კბილებში გამოსცრა და იქვე მიაგდო ტელეფონი.
- ახლა მოხვედი, რა იცი რომ სძინავს, -მარიკომ კიდევ ერთხელ შეივსო ჭიქა.
- მე ყოველთვის ყველაფერი ვიცი რაც მას ეხება, ცოტა ხნის წინ ვესაუბრე, გზიდან დავურეკე...
- ოჰ, როგორი საოცარი მამა შვილობა გაქვთ, -უცნაური ზიზღით დაბრეცილი ტუჩებით წარმოსთქვა და სასმელი მოსვა, -მასზე ყველაფერი იცი მე კი საერთოდ აღარ გაინტერესებ.
- საკუთარ შვილზე ეჭვიანობ?
- ის ჩემი შვილი არ არის, რით ვერ შეიგნე, -მთელი ხმით იყვირა გაცოფებულმა, -რატომ მაიძულებ რომ შვილად აღვიქვა, რატომ?
- საკმარისია, -გაავებულმა იღრიალა ტატომ და მთელი ძალით დასცხო ხელი მაგიდას, -საკმარისია, ყელში ამომივიდა, დიდი ხანია შენს გამოხტომებს, სიცივეს, თათიას მიმართ უსულგულო მოქცევას ვიტან მაგრამ ეს ბოლოა, უფლებას აღარ მოგცემ გული ატკინო, განქორწინება მინდა.

წკრიალით დაიფშვნა ღვინით სავსე ჭიქა კრემისფერზოლებიან ფილაქანზე, სისხლის წვეთებივით გაიშალა გარშემო სისხლისფერი ღვინო...
- მშორდები? -ცივად, ავისმომასწავებლად გაისმა მარიკოს ხმა უცაბედად ჩამოვარდნილ ავბედით სიჩუმეში, გამშრალი, გაშეშებული იჯდა, თითები უცახცახებდა, გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა ტატოს, ქვედა ტუჩი გვერდზე ჰქონდა მოქცეული, შოკში იყო, აშკარად არ ელოდა ასეთ რამეს, რატომღაც ყოველთვის ფიქრობდა რომ მის გარდა სხვა გზა და სხვა ხსნა არ გააჩნდა ტატოს.
- ორივესთვის ასე უკეთესი იქნება, ერთმანეთი დავღალეთ მარი, აღარ გიყვარვარ, არც მე მიყვარხარ, ჩვენს ოჯახს ოჯახი არ ჰქვია, თათიასთვისაც უკეთესი იქნება თუ ნაკლებად კომფლიქტურ გარემოში იცხოვრებს, იმედია გამიგებ... -მაქსიმალურად არჩევდა სიტყვებს, ცდილობდა ყველაფერი გასაგებად აეხსნა, რაც არ უნდა ყოფილიყო ამდენი ხანია ცოლ ქმარი იყვნენ და მისთვის ერთ დროს ძვირფასი და საყვარელი იყო ეს ქალი ახლა ასე უცხოდ და შორეულად რომ ეჩვენებოდა.
- იმ პატარა კახპის გამო მშორდები? -სასოწარკვეთილის ხავილს ჰგავდა მარიკოს ხმა, -მასთან ერთად ხარ და გინდა მიმატოვო? ასეთი ვინ არის, ასეთი რა გაგიკეთა.
- ყველას ადანაშაულებ საკუთარი თვის გარდა, -მწარედ ჩაეცინა ტატოს, არავინ არაფერ შუაში არ არის ჩვენს გარდა, ჩვენი ბრალია რომ ურთიერთობა ვერ შევინარჩუნეთ, ჩემი და შენი.
- მისი ბრალია, ყველაფერი მისი ბრალია, -დაჰიპნოზებულივით იმეორებდა მარიკო, -ვინ არის, ახლავე მითხარი ვინ არის, -სკამიდან წამოხტა, გიჟს გავდა, თვალები ჩაუწითლდა, მაგიდიდან ერთიმეორის მიყოლებით ყრიდა ნივთებს ძირს, ტატო არაფერს აკეთებდა, მშვიდად იჯდა და ელოდა როდის გადაუვლიდა სიშლეგე, ერთიანად რომ მოიღვენთა მარიკო და იატაკზე რომ ჩაიმუხლა მაშინღა მივიდა მასთან, ხელში აიყვანა მისაღებში გავიდა და დივანზე დასვა.
- დამშვიდდი? გავაგრძელოთ საუბარი თუ ხვალისთვის გადავდოთ.
- სულ აღარ გიყვარვარ? ცოტათი მაინც? -ქვემოდან ამოხედა მარიკომ ცრემლიანი თვალებით, მაჯაზე ჩაეჭიდა წვრილი თითებით, -ვერ დამშორდები გესმის? უშენოდ ვერ ვიცხოვრებ, უშენოდ მოვკვდები.
- ეს ახლა გგონია ასე, -ტატომ მის წინ ჩაიმუხლა და ფრთხილად გაუსწორა სახეზე უწესრიგოდ ჩამოყრილი თმა, -უჩემოდ ძალიან კარგად იქნები.
- არ ვიქნები, -პატარა ჯიუტი ბავშვივით გაბუსხა ტუჩები.
- ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ? ასეთი ეგოისტი როგორ ხარ, მხოლოდ ის გადარდებს რომ შენ იქნები ცუდად, ჩემთვის როდისმე გიკითხავს როგორ ვარ, რა მინდა, ან ბედნიერი ვარ თუ არა, მხოლოდ შენი თავისთვის ცხოვრობ, ყველაფერს შენთვის ითხოვ, შენთვის აკეთებ...
- აქედან თუ წავალ თათიაც ჩემთან ერთად წამოვა, -სიტყვა შეაწყვეტინა და გამარჯვებულის მზერით გადმოხედა, -მე დედამისი ვარ და მოუწევს ჩემთან ერთად წამოსვლა.
უნებურად გაეცინა ტატოს, მართლა გულიანად გაეცინა, სიკვდილმისჯილის უკანასკნელ გაფართხალებას ჰგავდა მარიკოს საქციელი ისევ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა, ისევ მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებდა, სხვა არავინ და არაფერი.
- არ მითქვამს რომ აქედან უნდა წახვიდე, -სრულიად მშვიდად, თბილი ხმით და ღიმილით უთხრა, -აქედან მე და თათია წავალთ, ქალაქგარეთ, იმ სახლში გადავალთ შენ რომ არასდროს მოგწონდა მხოლოდ იმიტომ რომ თბილისის ცენტრში არ იყო, აა ჰო ისიც არ მოგწონდა ფეხი რომ გესვრებოდა ხოლმე სანამ ჭიშკრიდან სახლამდე მიხვიდოდი.
- დამცინი? -თვალები კიდევ უფრო მეტად გაუფართოვდა მარიკოს.
- შენი აზრით? -ტატომ ღიმილით გაშალა ხელები, დაღლილი სახე ჰქონდა, დაღლილი თვალები, მთელი მისი სხეული საოცარ დაღლილობას გამოხატავდა.
- მგონი ვერ გაიგე რა გითხარი, -მარიკო ცდილობდა მის ხმას სიმტკიცე არ დაეკარგა, -თუ დამშორდები თათია ჩემთან დარჩება მე დედამისი...
- შეწყვიტე, -ხმას აუწია ტატომ, -ახლა გახდი დედამისი?
- თუ დაშორდებით მე მამასთან ერთად წავალ, -დაბალმა ათრთოლებულმა ხმამ შეაწყვეტინათ კამათი, ერთდროულად შებრუნდნენ მისკენ, მისაღების ღია კარში თათია იდგა, თმააბურდული, ცრემლიანი თვალებით, კურდღლებით მოხატულ საღამურში გამოწყობილი...

- მართლა შორდებით? მე და შენ სხვაგან ვიცხოვრებთ? -თათიას საერთოდ არ ეტყობოდა წუხილი ამ ამბის გამო, პირიქით რაღაცნაირად ბედნიერიც კი ჩანდა, გული მოეწურა ტატოს, ეწყინა, ეტკინა, ვერ ხვდებოდა მარიკომ როგორ მოახერხა და ბავშვს ასე შეაძულა თავი, ნაძალადევად გაიღიმა და თხელი ვარდისფერი საბანი გაუსწორა თვალებმილულულ გოგონას.
- დაიძინე, ხვალ უკეთ აგიხსნი ყველაფერს.
- იცოდე აქ არ დავრჩები.
- დამშვიდდი, მშვენივრად იცი რომ შენს გარეშე ერთი დღეც კი ვერ გავძლებ, ერთად გადავალთ ქალაქგარეთ და ბოლოს და ბოლოს შენს ოცნებასაც ავახდენთ.
- რას გულისხმობ? -თვალები ჭყიტა თათიამ, ოცნების გაგონებისას წამსვე გამოფხიზლდა, გახარებული წამოჯდა საწოლში, -ძაღლს მიყიდი?
- არ გიყიდი, ერთად წავალთ თავშესაფარში და წამოვიყვანთ, უზარმაზარი ეზო გვაქვს და იქ თავისუფლად ირბენს, თუ გინდა პატარა ფისოც ვიყოლიოთ.
- მიყვარხარ მამიკო, ვგიჟდები შენზე, -კისერზე შემოხვია წვრილი მკლავები და მთელი ძალით ჩაეხუტა, გულში სითბო ჩაეღვარა ტატოს, ნაზად დაუკოცნა ლოყები, იცოდა ასე აღელვებული მთელი ღამე ვეღარ დაიძინებდა.
- დროა დაიძინო, ხვალ ადრე ხარ ასადგომი, -წამოდგა და მუქარით დაუქნია თითი.
- რაღაც უნდა გითხრა მა, ჯერ არ წახვიდე, არ მინდოდა მეთქვა მაგრამ საბამ მითხრა თუ არ ეტყვი გაბრაზდებაო.
- ასეთი რა უნდა მითხრა.
- არ გაბრაზდები? -ისე საყვარლად კითხა სიცილი ძლივს შეიკავა ტატომ.
- ჯერ მითხარი რა ხდება და მაგას მერე გადავწყვეტ.
მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი თათიამ არ იცოდა როგორ უნდა დაეწყო, არ უნდოდა გული ეტკინა მისთვის, მის გარდა ხომ არავინ ჰყავდა.
- მინდა რომ ჩემი ბიოლოგიური მშობლები მოძებნო, შეიძლება და ან ძმაც მყავს, საბა მეხმარება მოძებნაში, უკვე მივაგენით კვალს , -ძლივსგასაგონად ისმოდა მისი ხმა, თავს მაღლა ვერ წევდა რომ მამისთვის თვალებში შეეხედა.
- გეგონა ამის გამო გაგიბრაზდებოდი? -ჩვეული სითბო რომ შეამჩნია ტატოს ხმაში შვებით ამოისუნთქა.
- მეგონა გეწყინებოდა.
- არ მწყინს, კარგია რომ მითხარი, თუმცა ეს ისეთი საქმეა რასაც შენ და საბა მარტო არ უნდა შეეჭიდოთ, მე დაგეხმარები რომ ნამდვილი მშობლები იპოვო.
- შენ ხარ ჩემი ნამდვილი მშობელი, ჩემი ნამდვილი მამა შენ ხარ, ისინი... ისინი უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო მინდა მათი მოძებნა, -ხმა გაებზარა თათიას და თვალები აუცრემლიანდა, -მინდა გავიგო რატომ მიმატოვეს.
- ყველაფერი მესმის ჩემო პატარავ, ვიცოდი რომ ერთ დღესაც მათი ნახვა, გაცნობა, კითხვებზე პასუხის მიღება მოგინდებოდა, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, გეფიცები არ მწყინს, ყველანაირად დაგეხმარები, ერთად ვიპოვით მათ, ახლა კი მოდი, ჩამეხუტე, -მკლავები ფართოდ გაშალა და თბილად გაუღიმა...
-
მაღალსართულიანი შენობის წინ იდგნენ თათია და საბა, შესასვლელს თვალს არ აშორებდნენ და დროდადრო შეთქმულებივით უყურებდნენ ერთმანეთს.
- წესით ეს ყველაფერი მამაშენისთვის უნდა გვეთქვა, -საბამ უხერხულად მოიქექა მოზრდილი შავი თმა, -ხომ გითხრა მამაშენმა დაგეხმარები მათ მოძებნაშიო.
- ჰო მაგრამ ჯერ უნდა დავრწმუნდე რომ ნამდვილად ის არის, მერე ყველაფერს ვეტყვი და გავაცნობ კიდეც, წარმოგიდგენია რა მაგარია, უფროსი და მყავს.
- ნეტავ როგორია, ან როგორი რეაქცია ექნება როცა ეტყვი რომ მისი და ხარ.
- იმედია ვიღაც უჟმური არ აღმოჩნდება, -გადაიკისკისა თათიამ და შენობიდან გამომავალი გოგო რომ დაინახა საბას მკლავზე დაქაჩა.
- ის არის, როგორც იქნა გამოვიდა, წამოდი, სწრაფად თორემ წავა და მერე სადღა უნდა ვდიო, -სირბილით გადაჭრეს ქუჩა ხელჩაკიდებულებმა...



№1 სტუმარი სტუმარი გვანცა

საოცარი ისტორიაა. ძალიან კარგად წერთ, თქვენი ისტორიების წაკითხვისას ყველა პრობლემა მავიწყდება და სხვა სამყაროში გადავდივარ. ასე გააგრძელეთ და გთხოვთ აღარ დააგვიანოთ გაგრძელება. პატივისცემით

მიხარია რომ გამოჩნდით. საოცარი გოგო ხართ

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი გვანცა
საოცარი ისტორიაა. ძალიან კარგად წერთ, თქვენი ისტორიების წაკითხვისას ყველა პრობლემა მავიწყდება და სხვა სამყაროში გადავდივარ. ასე გააგრძელეთ და გთხოვთ აღარ დააგვიანოთ გაგრძელება. პატივისცემით

მიხარია რომ გამოჩნდით. საოცარი გოგო ხართ


დიდი მადლობა
ვეცდები მალე დავდო, იმ კვირის ბოლომდე ისედაც ვფიქრობ დასრულებას და სრულად ავტვირთავ heart_eyes

 


№3  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან საინტერესო ისტორიაა ,საინტერესოა სამი მეგობრის ცხოვრების გზა .და მათი ყოველდღიური სირთულეები.. რაც შეეხება ტატოს,რომელიც განსაკუთრებული და განსხვავებული, ვფიქრობ წინ ჯერ კიდევ დაბრკოლებები ელის .თუმცა ვნახოთ . გელოდებით ავტორო.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

ველით მთლიან ისტორიას მოუთმენლად

 


№5 სტუმარი ნია

ძალიან კარგი და რომანტიკული ისტორიაა ასე გააგრძელეთ. მადლობა რომ წერთ ასეთ კარგ ისტორიებს და პრობლემებს გვავიწყებთ. ველით დასასრულს მოუთმენლად

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინა

რა კარგია რომ არსებობთ თქვენ და თქვენი ისტორიები

საოცარი ისტორიაა. დიდი სიამოვნებით წავიკითხე და ასევე მოუთმენლად ველოდები დასასრულს

 


№7 სტუმარი სტუმარი მარი

ველოდებით ამ საოცარი ისტორიისდასასრულს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent