შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი კატა თარსი კატა ( სრულად )


14-01-2024, 00:13
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 6 867

- კიდევ გადამირბინა წინ ლუდას შავმა კატამ, ა აგერ შემოვდიოდი სადარბაზოში და გადმომიხტა წინ, მოკლედ არ გაეცდება ჩემი დანახვა, ჩასაფრებულია მგონი, გავდივარ წინ უნდა გადამირბინოს, შემოვდივარ უნდა გამომირბინოს, აცხა მაგას არ ესმის და აქშა, არ ეშინია არაფრის, დაჯდება ისე რომ ვერ მივწვდე და აკვარკვალებს იმ უზარმაზარ საშინელ ყვითელ თვალებს, მოვკლავ ლუდას თავის კატიანად რამე რომ დამემართოს, ყველაფერი იმ კატის ბრალია ისედაც, თუ რამე მჭირს...
გამწარებული ქოთქოთებდა ბაზრიდან ახალი დაბრუნებული მამიდაჩემი, სამზარეულოში გავიდა, პროდუქტი ამოალაგა, ზოგი მაცივარში შეაწყო, ზოგი თაროებზე განათავსა, ყავისთვის წყალი დაადგა, კარტოფილი გათალა აშიშხინებულ ტაფაზე დაყარა და რომ გამოვიდა კიდევ იმ საწყალ კატას ლანძღავდა გაცოფებული, ვუსმენდი და ვერ ვხვდებოდი უწყინარ ბუნჩულა ლუციფერს ვისთვის რა უნდა დაეშავებინა, ერთი უბრალო ქუჩის იყო როცა ჩვენმა კარის მეზობელმა მოხუცმა ლუდა ბებომ ქუჩაში იპოვა და სახლში მოიყვანა, სადაც ოთხი კატა იქაც ხუთიო გამოაცხადა, მაშინ დედა ცოცხალი იყო, გუშინდელივით მახსოვს ცხელ - ცხელი კარტოფილის ღვეზელები რომ გამატანა ლუდასთან, მაშინ ცხრა წლის ვიყავი, გამიხარდა, ყოველთვის მომწონდა მასთან სტუმრობა, ჩაბნელებული ბინა აქვს უამრავი ძველი და უცნაური ნივთით სავსე, შევედი თუ არა მისი გაქუცული დივნის საზურგეზე ამაყად შემომჯდარი აფხორილი, ფუმფულა შავი გორგალი დავინახე, ვიგრძენი როგორ გამომაყოლა თვალი როცა სამზარეულოსკენ წავედი ღვეზელების დასადებად, სახელი შენ დაარქვიო შემომთავაზა ლუდამ, ბევრი არ მიფიქრია, ლუციფერი დავარქვი მუგუზალივით შავს და გაბურძგნულს.
- დღეიდან ლუციფერი გქვია გესმის, -ყურში ჩავჩურჩულე ჩემს მკლავებში განაბულს, ამომხედა დიდი ყვითელი თვალებით და ისე დაიკნავლა თითქოს მეთანხმებაო, მას შემდეგ თოთხმეტი წელი გავიდა...

- ვის ველაპარაკები, სად დაფრინავ გოგო, -ცხვირწინ ამიფრიალა ბუთქუნა თითები დეიდამ რომლებზეც ალბათ თხუთმეტი ბეჭედი მაინც ეკეთა, უყვარდა ბრჭყვიალა ნივთები, დღენიადაგ წუწუნი, მეზობლებისთვის ნერვების მოშლა და ჩემი ტვინის ბურღვაც უყვარდა.
- მამიდა, შალვა როგორ არის? -ვკითხე და დავინახე როგორ გაწითლდა კიბორჩხალასავით.
- ვინ შალვა? -ისეთი ხმით მკითხა ცოტაც და აფეთქდებოდა.
- შენი თაყვანისმცემელი შალვა, როგორ არ გახსოვს, საყვარელი წითელლოყებიანი შალვა, გუშინ რომ თაიგული გამოგიგზავნა, ორი დღის წინ შოკოლადები და წინა კვირას ძეხვეულის ტორტი, -გულიანად გადავიხარხარე როცა ტორტის დანახვისას მამიდას აღფრთოვანებული მზერა გამახსენდა, არა რა, იცოდა შალვამ მისი სუსტი წერტილები.
- შალვას გაჩვენებ ახლა მე შენ, -მკლავები დაიკაპიწა და ჩემკენ შემპარავი ნაბიჯით დაიძრა, ერთი ნახტომით ამოვეფარე უკან დივანს.
- არ მომეკარო თორემ ასთორმეტზე დავრეკავ და ვიტყვი რომ ჩემზე ძალადობ, -მხიარულად გავიკრიჭე და მის დასანახად ავკრიფე ნომერი.
- ვინ ძალადობს გოგო, კიდევ მე ვძალადობ? შალვა და შალვა, შალვა და შალვა, წაიღე ტვინი, რასაც შენ აკეთებ ზუსტად ძალადობა ჰქვია მაგას, ოღონდ ფსიქოლოგიური.
- მოსწონხარ მაგ კაცს, შენც ხომ მოგწონს, კარგი კაცია, გათხოვდი რა მამიდა გეხვეწები გათხოვდი რა, -შევემუდარე საცოდავი სახით.
- შენ დაგეკითხო როდის გავთხოვდები? -იკივლა მთელი ხმით, -მთელი ახალგაზრდობა შენ შემოგწირე, შენს გამო არ გავთხოვდი და ახლა გინდა რომ თავიდან მომიშორო? ვერ ეღირსები.
მისი ასეთი სიტყვები არ მწყენია, ვიცოდი რომ საკუთარი შვილივით ვუყვარდი და რასაც ამბობდა სულაც არ იყო მართალი, უბრალოდ ცოტა მწარე ენა ჰქონდა, შეჩვეული ვიყავი, მიკვირდა შალვა როგორ უძლებდა ასეთი ენის პატრონს თუმცა რას გაუგებ სიყვარულს.
- დედა და მამა რომ დაიღუპნენ თოთხმეტი წლის ვიყავი სხვათაშორის, ფაქტიურად გაზრდილი და მე ნუ დამაბრალებ ახლა იმას რომ კაცებს აშინებ, ცოტა მოდუნდი, გაიღიმე, გახალისდი და ნახავ რომ ცხოვრება მშვენიერია.
- მოგკლავ, -სულწასულივით ამოიხრიალა, მე კი უფრო მოსახერხებელი პოზიცია მივიღე თავდაცვისთვის.
- შენთვის ვცდილობ მამიდა, შალვას თუ გაყვები მასზე გადაიტან ყურადღებას და იმას გაუმწარებ სიცოცხლეს, ჩემთვის დრო აღარ დაგრჩება.
- შენთვის თუ შენს ცხოვრებაში ცხვირის ჩასაყოფად, -შემისწორა ირონიული ღიმილით.
- ეს ფაქტიურად ერთი და იგივეა.
- კარგი რა ტასო, გვეყოფა ახლა, პატარა ბავშვივით ნუ იქცევი, მოდი დავჯდეთ სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო, -საეჭვოდ უცბად დამშვიდდა, დივანზე დასკუპდა და ყურებამდე გაღიმებულმა მიმიპატიჟა მის გვერდით დასაჯდომად, გაკვირვებულმა ავწკიპე წარბები და გარშემო მიმოვიხედე, რაღაც უცნაური ხდებოდა ოღონდ ჯერ ვერ ვიგებდი რა, სხვა დროს საათობითაც კი გაგვგრძელებია ხოლმე კამათი, მივუახლოვდი და დივნის კიდეზე ჩამოვჯექი.
- აბა რა ხდება ახალი ძვირფასო მამიდა.
- ჰო შენ იმასხარავე ასე და დარჩები უმუშევარი და გაუთხოვარი, -ჩვეული ქოთქოთი დაიწყო და მაშინვე მივხვდი რაშიც იყო საქმე ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული რომ ჩემი ქმრობის ახალი კანდიდატი ჰყავდა ნაპოვნი, მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ოცდასამი წლის ვიყავი უკვე შინაბერად ვყავდი შერაცხული და გამწარებული ეძებდა ჩემთვის საქმროს, არადა მშვენივრად იცოდა რომ შეყვარებული მყავდა, მე და გიგა უკვე ოთხი წელი ხდებოდა რაც ერთად ვიყავით.
- რა გინდა მამიდა, -ატკივებულ შუბლზე შემოვიჭდე თითები და საზურგეზე მივწექი.
- ზურა ხომ იცი ნაზიკოს ბიჭი.
- ვიცი, -ამოვიკვნესე და თვალები მივლულე.
- ხვალ დედამისთან ერთად მოვა ჩვენთან სტუმრად.
- მოვიდეს მერე მე რა შუაში ვარ.
- მშვენივრად ხვდები რა შუაშიც ხარ, -დამიბრიალა თვალები და სახიფათოდ ახლოს მოიწია ჩემთან, -თურმე დიდი ხანია რაც მოსწონხარ, თვითონ უთხოვია ნაზიკოსთვის, ნუნუკას დაელაპარაკე თავისი ძმისშვილი გამირიგოსო.
- შემახსენე ერთი რამდენი წლისაა ეგ ზურა.
- ოცდაცხრა წლისაა და სხვათაშორის...
- უი სრულწლოვანი ყოფილა, -გავიკვირვე ყასიდად, -არადა მეგონა პატარა ბიჭი იყო, დედიკოს გარეშე რომ ეშინია გარეთ გასვლა.
- რას ამბობ თუ ხვდები? -აიფოფრა მამიდა თუმცა უკან დახევას არ ვაპირებდი.
- რას ვამბობ და შენი აზრით ისეთ კაცს სერიოზულად შევხედავ ჩემთან ახლოს მოსვლის რომ ეშინია? რა იყო რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, რაღა დროს გარიგებაა.
- უბრალოდ მორიდებული ბიჭია, იცი რა ჭკვიანია, იცი რა კარგი სამსახური აქვს, მაღალანაზღაურებადი, თბილისშიც აქვს სახლი, წყნეთშიც, ბათუმში ბინა აქვს და ორი მანქანა ჰყავს, კიდევ...
- ხომ იცი ასეთი რაღაცები არ მაინტერესებს მამიდა.
- აბა ვინ გაინტერესებს, ის ბედოვლათი გიგი? -ავად დააკვესა თვალები და მომიმარი ფერია ნათლიადან წამსვე კუდიან მალეფისენტად გადაიქცა, -რით ვერ ჩამოშორდი იმ უდღეურს.
- მიყვარს, -ისე ამოვიოხრე მე თვითონაც კი შემეპარა ჩემს სიტყვებში ეჭვი და მამიდა მითუმეტეს არ დამიჯერებდა, რატომღაც არც მისი სიტყვები მწყენია როცა გიგის ბედოვლათი უწოდა.
- არ გიყვარს შენ ეგ ბიჭი, უბრალოდ შეეჩვიე შვილო, არ არის ეგ სანდო ადამიანი, შეიძლება აუტანელი ვარ და თავსაც გაბეზრებ ხოლმე მაგრამ ადამიანების ცნობა ნამდვილად არ მეშლება, არის მაგ ბიჭში რაღაც რაც მაეჭვებს, მგონი გატყუებს.
- მატყუებს? რას გულისხმობ?
- რამდენი წელია რაც შეყვარებულები ხართ?
- ოთხი წელია.
- მის მეგობრებს იცნობ?
- რამდენიმეს.
- ოჯახის წევრებს?
- არა მაგრამ...
- არ გინდა რომ მისი ოჯახი გაიცნო?
- აქ ხომ მოდის ხოლმე მამიდა, შენ ხომ იცნობ.
- ეს ერთი და იგივე არ არის, შენთან სერიოზული ურთიერთობა რომ უნდოდეს წაგიყვანდა და ოჯახის წევრებს გაგაცნობდა, იცოდე ფრთხილად იყავი, ზედმეტი არ გააბედინო თორემ მერე არ თქვა არ გაგიფრთხილებივარო, თავისას რომ მიიღებს მაშინვე მიგატოვებს.
- რანაირად ლაპარაკობ, ეგ რა სიტყვებია, მთარსავ მამიდა?
- გთარსავ რა, ლუდას შავი კატა კი არ ვარ, თან ლუციფერი რომ დაარქვა, კატა კი არა ნამდვილი დემონია, უკვდავია მგონი.
- შეეშვი მაგ საცოდავ კატას თუ ქალი ხარ და ლუდამ კი არა მე დავარქვი ეგ სახელი.
- რამდენი წლის არის?
- ვინ ლუდა?
- ლუდა კი არა ეგ ჯოჯოხეთის მაშხალა.
- ლუციფერს თუ გულისხმობ, არ ვიცი რამდენი წლისაა, ლუდამ რომ მოიყვანა ზრდასრული იყო, მას შემდეგ კი თოთხმეტი წელი გავიდა.
- არადა საერთოდ არ ეტყობა რომ მაგხელაა.
- რაზე უნდა შეგეტყო, ჭაღარა ულვაშებზე? -ჩავიფხუკუნე და მანაც ეჭვით გადააქნია თავი.
- ეგ კი არადა დღეს სად აპირებდი წასვლას, ისევ იმას უნდა შეხვდე?
- რა გინდა, ჯვარედინ დაკითხვას მიტარებ? -გაბრაზებული წამოვხტი შევტრიალდი და დავინახე აივნის ღია კარიდან როგორ მოძვრებოდა ლუციფერი ოთახში, შემოჩვეული მყავდა, იცოდა რომ ჩემთან ყოველთვის დახვდებოდა მისთვის გადანახული სასუსნავები, შემოვიდა თუ არა მამიდაჩემი შეამჩნია, ერთ ადგილზე შედგა და აიფოფრა, უკან წადითქო ვანიშნე ხელით, თვალები დააწვრილა, დემონტრაციულად შებრუნდა და ასე გაფუყული ნელი ნაბიჯით გავიდა აივანზე, ვიცოდი მამიდაჩემის გასვლას დაელოდებოდა და მერე შემობრძანდებოდა, მამიდას ლაპარაკისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, საძინებელში შევედი რომ ჩამეცვა, საყიდლებზე ვიყავი წასასვლელი, ახალი კაბა მჭირდებოდა, საღამოს გიგისთან ერთად რესტორანში მივდიოდი, პირველად დამპატიჟა ასეთ ხალხმრავალ ადგილზე და ცოტა არ იყოს ვღელავდი, სხვა დროს ყოველთვის სადღაც მიყრუებულ კაფეებში ან ქალაქგარეთ ამჯობინებდა ხოლმე შეხვედრას, ან ჩემთან სახლში, ჰმ, რატომღაც ახლა პირველად დავფიქრდი იმაზე რომ ეს ყველაფერი მართლაც საეჭვოდ გამოიყურებოდა...






- რას იტყვი ლუცი, შენც მამიდასავით ფიქრობ? იქნებ გიგი მართლა მატყუებს, რატომ უნდა მატყუებდეს, როგორ ფიქრობ არ ვიმსახურებ რომ ბედნიერი ვიყო? -აივანზე ვიჯექი მოწნულ სავარძელში, ჩემს მუხლებზე მოკალათებულ ლუციფერს თავზე ხელი გადავუსვი და მანაც საყვარლად დაიწყო კრუტუნი, ზურგზე გადაბრუუნდა, თათები მაღლა აიშვირა და ისე შემომხედა მივხვდი მუცელზე მოფერებას მთხოვდა.
- ეჰ ლუციფერ რომ იცოდე მამიდა შენზე რას ფიქრობს გაგიჟდებოდი, თარსს და ეშმაკეულს გეძახის არადა როგორი ღუნღულა ხარ, როგორი...
- ვაიმე შვილო, ახლა კატებთან ლაპარაკიც დაიწყე? -მამიდაჩემის ხმა რომ მოგვესმა ერთნაირად შევხტით ორივე, მე ღიმილი ავიკარი სახეზე, ლუცი კი ჩემი კალთიდან წამსვე მოაჯირზე აღმოჩნდა აფხორილი და ავი მზერა შეავლო მასზე არანაკლებად გაავებულ მამიდას.
- რა გინდა მამიდა რას ერჩი? ვერ ხედავ როგორ ნერვიულობს შენ რომ გხედავს?
- აცხა კატა აქედან, ქში, ქში, -ჩემთვის ყურადღებაც არ მოუქცევია ისე ეცა, იქვე კუთხეში მიყუდებულ ცოცხს დასწვდა და მოუქნია.
- რას აკეთებ, გაგიჟდი? -ხელებში ვეცი, ლუციფერს კი არანაირი რეაქცია არ ჰქონია მის ფაფხურზე, ამაყად შეაქცია ზურგი, ვიწრო მოაჯირი გრაციოზული ნაბიჯებით გაიარა და ლუდას აივანზე გადახტა.
- გეფიცები მუნიციპალურ ინსპექციას გამოვიძახებ რომ წაიყვანონ, -აქოშინებული დაჯდა ჩემს გვერდით და გულზე დაიკრიფა ხელები.
- მუნიციპალური ინსპექცია არ ეყოფა მაგ საქმეს, ბარემ ვატიკანს მივმართოთ, ვინმე მაგ საქმის სპეციალისტი გამოგვიგზავნონ, ნამეტანი სერიოზულ მოვლენასთან გვაქვს საქმე.
- დამცინე, დამცინე და აი ნახავ თუ არ დავრეკავ.
- რას ეტყვი მთარსავს და ამიტომ გამოგიძახეთთქო? -გულიანად გადავიხარხარე როცა მუნუიციპალური ინსპექციის თანამშრომლების სახე წარმოვიდგინე, მამიდას რომ უსმენენ რომელიც ლუციფერის ეშმაკეულობის დამტკიცებას ცდილობს.
- რანაირად როხროხებ ერთი, -ახლა მე შემომიტია გამწარებულმა, -ხომ შეგიძლია გოგოსავით მოიქცე, ამიტომაც ხარ ამდენხანს გაუთხოვარი.
- რას ნიშნავს გოგოსავით აბა როგორ ვიქცევი?
- ლოთი კაცივით ხარხარებ, შენს სულელ დაქალებთან ერთად ხანდახან შუაღამემდე სვამ ხოლმე, მაკიაჟს არასდროს იკეთებ და ყოველთვის ეს დაგლეჯილი ჯინსები და კედები გაცვია, ცოტა თავს მიხედე, ახალგაზრდა ხარ ბოლოს და ბოლოს.
- მივხედავ მამიდა მივხედავ, დამშვიდდი შენ.
- საყიდლებზე წასვლა გადაიფიქრე?
- მივდივარ, უბრალოდ ლუციფერთან მქონდა სალაპარაკო, წავალ ახლა.
- მაგას ნუ მიხსენებ, წადი გამოიცვალე.
- უკვე გამოვიცვალე.
- ასე აპირებ წასვლას? -ამრეზით შეათვალიერა ჩემი ჩაცმულობა, ვერ ვხვდებოდი რა არ მოსწონდა, უბრალო თეთრი მაისური, ჯინსი და კედები მეცვა.
- ჰო ასე მივდივარ, -მხრები ავიჩეჩე და შევბრუნდი, ვამპირის სისწრაფით წამოხტა სავარძლიდან ჩემთან გაჩნდა და მხარში ჩამაფრინდა.
- წამოდი მე ჩაგაცმევ რამე უკეთესს, ისეთს რომ ქალს დაემსგავსო.
მასთან კამათის ნერვები ნამდვილად აღარ მქონდა და ამიტომ მორჩილი ცხვარივით გავყევი უკან, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ვარდისფერ სარაფანში გამოწყობილი, მაღალ ქუსლებზე შემდგარი და თმაგაშლილი ვიდექი სარკის წინ, უნდა ვაღიარო რომ მომეწონა ჩემი თავი ასეთ ფორმაში, მაგრამ ამას ცოცხალი თავით არ ვაღიარებდი, მამიდაჩემის კმაყოფილ გამომეტყველებას გულიანად შევუბღვირე, ჩანთას ხელი დავავლე და ოთახიდან გამოვედი, სახლის კარი გამოვიკეტე თუ არა შეტყობინებაც მივიღე რომ გამოძახებული ტაქსი სადარბაზოსთან მელოდა.

წვალებით ჩავედი პირველ სართულზე და სადარბაზოდან გავედი თუ არა აფხორილმა ლუციფერმა გადამირბინა წინ, გამეცინა როცა წარმოვიდგინე თუ რას იფიქრებდა ჩემს ადგილზე მყოფი მამიდაჩემი, შეიძლებოდა უკანაც აბრუნებულიყო სახლში, გაღიმებულმა გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი, ყელმოღერებული მივდიოდი და მივაქნევდი ჩანთას, ამომტვრეულ ასფალტში გაჭედილმა ქუსლმა საეჭვოდ რომ გაიტკაცუნა უკვე გვიან იყო თავის შემაგრება, იქვე გაჩერებულ ტაქსს ხელგაშლილი გადავემხე ზედ, მძღოლი შეშფოთებული გადმოხტა და ჩემკენ წამოვიდა, ის იყო ვიფიქრე ადგომაში დამეხმარება და მკითხავს ხომ არაფერი დაგიშავდათქო რომ გაცოფებული მეცა, გვერდით მომიფრიალა და მანქანის შემოწმება დაიწყო ხომ არ გაგიკაწრავსო, დამელოდე ფეხსაცმელს გამოვიცვლი და ჩამოვალთქო ვთხოვე, მაგაზეც უარი მითხრა, სხვა რა გზა მქონდა, კოჭლობით ავბრუნდი სახლში, კიდევ კარგი მამიდა დივანზე დამხვდა ჩაძინებული, უჩუმრად გამოვიცვალე ფეხსაცმელი, ჩემი განუყრელი თეთრი კედები ჩავიცვი და ტაქსის გამოძახება ვცადე, პირდაპირ სასწაული იყო, ზოგი აპლიკაცია არ მუშაობდა, ზოგს თავისუფალი ტაქსები არ ჰყავდა, ბუზღუნ ბუზღუნით ჩავედი დაბლა, ის იყო სადარბაზოდან ფეხი გავადგი რომ თითქოს ჩასაფრებული მელოდაო ისევ გამოჩნდა ლუციფერი, ერთი წამით შევდექი და მერე ჩემს თავზე გამეცინა, ზუსტად ეგღა მაკლდა რომ ასეთი სისულელეების მერწმუნა როგორიც დათარსვაა, ლუციფერმა ჯერ გაოცებულმა შემომხედა ასე გიჟივით რა აცინებსო და მერე სულ ხტუნვა ხტუნვით გადამირბინა წინ, მერე ისევ გადმოირბინა, ისევ გადაირბინა და საბოლოოდ პირველი სართულის აივანზე დასკუპდა სფინქსივით, მინდოდა თუ არ მინდოდა მისმა ასეთმა საქციელმა მაინც დამაეჭვა, მივუახლოვდი და ქვემოდან ავხედე ქანდაკებასავით გაშეშებულს, იმანაც ჩამოხედა ზემოდან ყვითელი თვალებით და რა ხდებაო თვალები მოჭუტა.
- მთარსავ ლუციფერ? -ვკითხე გულდაწყვეტილმა, მარჯვენა თათი გულზე მიიდო თითქოს მეკითხებოდა, ამას მე მეუბნებიო?
- ჰო შენ გეუბნები შენ, -დავუდასტურე და მანაც ისეთი ხმით დაიკნავლა აშკარად მაგრძნობინა რომ მისთვის ჩემი მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება საშინლად შეურაცხმყოფელი იყო.
- ვის ელაპარაკები ტასო? -ბინის პატრონმა აივნის კარი გამოაღო და წითლად შეღებილი თავი გამოჰყო გარეთ.
- არავის ნათელა დეიდა, მივდიოდი და...
- გავიგონე რომ ვიღაცას ელაპარაკებოდი, -შემაწყვეტინა და დაჭვებულმა მიმოიხედა ირგვლივ მერე კი ლუციფერი მოხვდა თვალში, -აცხა კატა.
- კარგად ნათელა დეიდა, -მანამ დავემშვიდობე სანამ კიდევ რამეს მკითხავდა და ცენტრალური ქუჩისკენ წავედი რომ გამომვლელი ტაქსი გამეჩერებინა, ჩაფიქრებული მივუყვებოდი გზას, არ გამიგია როგორ მომიახლოვდა ვიღაც, ყურთან აჩქარებული სუნთქვა რომ ვიგრძენი უკვე გვიან იყო გამოფხიზლება, ვიგრძენი როგორ დაქაჩა ვიღაცამ ჩემს ჩანთას გამეტებით, ხელიდან წამგლიჯა და სირბილით გაუყვა ქუჩას, პირდაღებული ვუყურებდი, თბილისის ცენტალურ უბანში ვცხოვრობდი მაგრამ აქ არასდროს ხდებოდა ასეთი რამეები, მითუმეტეს ასე დღისით მზისით, სულ რამდენიმე წამი დამჭირდა გონს მოსასვლელად, სირბილი ყოველთვის კარგად მეხერხებოდა ასე რომ არ გამჭირვებია ავდევნებოდი, ქურდს ჩემდა გასაკვირად ცისფერი ჯინსის შარვალი და ისეთი მკვეთრი წითელი ფერის მაისური ეცვა ძალიანაც რომ სდომებოდა დამალვა გაუჭირდებოდა, მივდევდი და სულ არ მაინტერესებდა გამვლელი ხალხის გაოცებული მზერა, ახლა უკვე მიხაროდა რომ ცოტა ხნის წინ ქუსლი მომტყდა და იძულებული გავხდი ფეხსაცმელი გამომეცვალა.
არ ვიცი რამდენ ხანს მივდევდი და ისიც არ ვიცოდი ჩვენს უბანში ამდენი ჩიხი, ლაბირინთი და გასაძვრომ გამოსაძვრომი რომ იყო, საბოლოოდ ვიწრო, მაღალი შენობების გამო ჩაბნელებულ ქუჩაში შეუხვია ქურდმა, უკან მივყევი და უცებ დამეკარგა თვალთახედვიდან, აქოშინებული მივეყრდენი კედელს, ოდნავ რომ დავისვენე და ამოვისუნთქე, მაშინღა მივხვდი რომ წარმოდგენა არ მქონდა სად ვიყავი, ჩანთის გარეშე რომელშიც ფული და საბუთები მედო საყიდლებზეც ვერ წავიდოდი, ასე რომ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი, ტროტუარს გავუყევი და ის იყო ცენტრალურ ქუჩაზე გასულმა შვებით ამოვისუნთქე რომ ზურგში მთელი ძალით დამეტაკა რაღაც, თვალთ დამიბნელდა და წონასწორობა დაკარგული გავიშხლართე ასფალტზე.
- მაპატიეთ არ მინდოდა შემთხვევით მომივიდა, ცოტა ვჩქარობდი, შეკვეთა მაქვს სასწრაფოდ მისატანი და მოპედით დაგეჯახეთ, -ჩამესმოდა ტირილნარევი ხმა, თვალები გახელილი მქონდა მაგრამ ვერაფერს ვხედავდი, ცოტა ხანში როგორც იქნა მზერა დამეწმინდა და ჩემს თავთან დახრილი ჩვიდმეტიოდე წლის გამხდარი წითური ბიჭი დავინახე, კურიერის ფორმა ეცვა და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
- როგორ ხართ, -მკითხა ათრთოლებული ხმით, მისი დახმარებით წამოვდექი ფეხზე, არაფერი მჭირდა გარდა იმისა რომ მარჯვენა მუხლი და იდაყვი მქონდა გადატყავებული.
- კარგად ვარ ნუ ნერვიულო, არაფერი მიჭირს, -აქეთ დავუწყე დამშვიდება ისე შემეცოდა.
- საავადმყოფოში წაგიყვანოთ? -ისე მკითხა აშკარად ნატრობდა რომ უარი მეთქვა, გამეღიმა.
- საჭირო არ არის კარგად ვარ, ამის მერე მაინც იყავი ხოლმე ფრთხილად, -ჩემს გარშემო შეჯგუფებული ხალხი გავარღვიე და ის იყო ორიოდე ნაბიჯი გადავდგი რომ ქალის განწირული კივილი მომესმა.
- მოერიდე თორემ დაგეცემა.
შეშინებული შევდექი ერთ ადგილზე, მერე რაღაც ჭრიალის და ზრიალის ხმა მომესმა, ხარაჩოებ შეყუდებული მშენებარე შენობის წინ ვიდექი, ზემოთ ავიხედე, დავინახე როგორ მოფრინავდა პირდაპირ ჩემკენ რაღაც დიდი და უფორმო, მერე ბევრი აღარაფერი მახსოვს...





გონს რომ მოვედი თავიდან ვერ მივხვდი სად ვიყავი, ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო, მკვეთრი სინათლე მჭრიდა თვალს და თავზე ისეთი სიმპათიური ვიღაც დამყურებდა დიდი შოკოლადისფერი თვალებით და ისე საყვარლად მიღიმოდა...
- კარგად ხარ? ხომ არაფერი გტკივა, -მკითხა და მეც შტერი ბავშვივით პირდაღებული მივაჩერდი, ხმაც საოცარი ჰქონდა, ნამდვილი სრულყოფილება იყო, ხელი ასწია, გრძელი გრილი თითებით შუბლზე შემეხო და მერე კმაყოფილმა გაიღიმა.
- სიცხე გქონდა მაგრამ ახლა კარგად ხარ.
- სად ვარ? -ერთადერთი ამის კითხვა მოვახერხე.
- საავადმყოფოში ხარ.
- შენ ვინ ხარ?
- ექიმი ვარ, -მშვიდად მიპასუხა და წამოდგა რომ წვეთოვანი შეემოწმებინა, სხეულიც ისეთი სრულყოფილი ჰქონდა როგორიც სახე, გამშრალი ტუჩები მოვილოკე და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
- დარწმუნებული ხარ რომ ექიმი ხარ?
- რათქმაუნდა, -ისეთი სახით მიპასუხა რომ ვერ შეეკამათებოდი.
- რა მჭირს, დიდი ხანია აქ ვარ?
- რამდენიმე საათია რაც მოგიყვანეს, სერიოზული არაფერი გჭირს, კეფა გაქვს ოდნავ დაზიანებული, ეტყობა მძიმე რაღაც მოგხვდა, რამე გახსოვს? გახსოვს რატომ მოხვდი აქ?
თვალები დავხუჭე და გონება დავძაბე, ნაწყვეტ ნაწყვეტად ცოცხლდებოდა ჩემს გონებაში დღევანდელი დღე, სახლი, ლუციფერის საეჭვო საქციელი, ქუსლის მოტეხვა, ქურდი, მოპედი და მშენებარე შენობა, ჯანდაბა, მგონი მამიდაჩემი მართალი იყო.
- ყველაფერი ლუციფერის ბრალია, -ამოვიკნავლე მისუსტებული ხმით.
- ვისი? ლუციფერი ვინ არის? -გაიკვირვა ამ ღმერთკაცის მსგავსმა ექიმმა.
- ვინ არის და ლუდას შავი კატა, მგონი დამთარსა, დღეს სახლიდან რომ გამოვდიოდი რამდენჯერმე გადამირბინა წინ.
- კარგი რა, -ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეებში თუმცა ყველანაირად ცდილობდა არ გაეცინა, -ახლა არ მითხრა რომ ასეთი ცრურწმენების გჯერა.
- ცრურწმენა რა შუაშია, ვკითხე და კი იუარა მაგრამ...
- ვის ჰკითხე? -უცბად დასერიოზულდა და რაღაცნაირად ეჭვით შემომხედა.
- ვის და ლუციფერს, ვკითხე და იუარა მე რა შუაში ვარო მაგრამ მგონი მომატყუა, ამდენი რაღაც ერთ დღეში არასდროს დამმართნია.
- მგონი ტვინის შერყევა გაქვს, -ჩაფიქრებული სახე მიიღო და წამოდგა, არადა წესით არ უნდა გქონდეს, კიდევ ერთხელ უნდა ჩაგიტარო გამოკვლევა, -არ გაინძრე აქ იყავი და ახლავე მოვალ, -დამიბარა დიდი ამბით და სწრაფი ნაბიჯით გავიდა პალატიდან, დაბნეულმა მოვიქექე თავი.
- რას ბოდავს, რა ტვინის შერყევა, -ჩავიბურტყუნე და წამოვიწიე, გაჭირვებით წამოვდექი, თავი საშინლად მტკიოდა, ხელი და ფეხი შეხვეული მქონდა, თმა აჩეჩილი და ჩემი ფეხსაცმელიც არსად ჩანდა, წვეთოვანი მოვიძვრე და ფეხშიშველი გამოვედი პალატიდან, როგორმე მამიდასთვის უნდა დამერეკა, თორემ გაგიჟდება რომ ვერ დამიკავშირდეს, ნელი ნაბიჯით გავუყევი დერეფანს, ის იყო ლიფტს მივუახლოვდი რომ ერთ-ერთი ოთახის კარი გაიღო და ხელიხელ ჩაკიდებული წყვილი გამოვიდა, გოგო ორსულად იყო ალბათ შვიდი თვის მაინც იქნებოდა, ბიჭი კი...
- გიგი? -აღმომხდა გაოცებულს, აქ მის ნახვას ნამდვილად არ ველოდი თანაც ორსულ გოგოსთან ერთად ხელჩაკიდებულს, მანაც შემამჩნია და წამსვე შეახმა ბედნიერი ღიმილი სახეზე, თანმხლებს რაღაც გადაულაპარაკა, ლიფტში შეაცილა და ჩემკენ წამოვიდა.
- აქ რას აკეთებ და თანაც ასეთ მდგომარეობაში, -მკლავში უხეშად წამავლო ხელი და კედელზე ამაკრა.
- ხელი გამიშვი, -მკერდზე მთელი ძალით მივაწექი რომ მომშორებოდა, -ეს შენ უნდა ამიხსნ აქ რას აკეთებ, თანაც იმ გოგოსთან ერთად, არ დაიწყო ახლა ჩემი და ან ბიძაშვილიაო, მშვენივრად დავინახე ერთმანეთს როგორ უყურებდით.
ხელი გამიშვა და უკან დაიხია, გაბრაზებული იყო, არა ალბათ უფრო გაცოფებული ეთქმოდა, კბილს კბილზე აჭერდა და ხელებს გამეტებით მუშტავდა.
- ჩემი ცოლია, -გამოსცრა ბოლოს კბილებში.
ჩემდა გასაკვირად საერთოდ არ გამკვირვებია და არც მწყენია, მგონი მართალი იყო მამიდაჩემი ეგ ბიჭი არ გიყვარსო რომ ამბობდა.
- დიდი ხანია რაც მატყუებ? -მშვიდად ვკითხე.
- უკვე წელიწადზე მეტია რაც ჩემი ცოლია, აბა რას ელოდი, შენ ხომ არასდროს გიფიქრია ჩემთან სერიოზულ ურთიერთობაზე.
- გაგიჟდი? მე როგორ მადანაშაულებ? ოთხი წელია ერთად ვართ და მხოლოდ შენს ორ მეგობარს ვიცნობ, ერთხელაც არ გაგჩენია სურვილი რომ ჩემი თავი შენი ოჯახისთვის გაგეცნო.
- დედაჩემი არასდროს დათანხმდებოდა ჩვენს ქორწინებას და იმიტომ, შენ ჩვენი წრიდან არ ხარ, არც კარგი გვარისშვილი ხარ, თუმცა შენი დაკარგვა არ მინდოდა ტასო, მე მართლა მიყვარხარ, შეგვიძლია ასეც გავაგრძელოთ ურთიერთობა...
- დღეს რისთვის დამპატიჟე იმ რესტორანში?
- სპეციალურად შენთვის რესტორანი დავახურინე, ერთ-ერთ ძვირფას სასტუმროში ლუქსიც შევუკვეთე, იმედი მქონდა რომ დღეს მაინც დაგითანხმებდი და...
აი ასე ჩვეულებრივად, ძალიან ადვილად და მარტივად მიხსნიდა ამ ყველაფერს, თითქოს ნორმალური იყო რომ ცოლი ჰყავდა და მეც არ მანებებდა თავს, ესე იგი უნდოდა რომ მისი საყვარელი ვყოფილიყავი? ვერ მივართვი.
- შეცდი გიგი, -მთელი ძალა მოვიკრიბე რომ რაც შეიძლებოდა მშვიდად მეთქვა, -მე შენ არასდროს მყვარებიხარ, ისედაც დაშორებას ვაპირებდი შენთან და გადაწყვეტილი მქონდა ეს დღეს მეთქვა.
სუნთქვა გაუხშირდა, თვალები ჩაუწითლდა, შევატყვე რომ ასეთ რამეს არ ელოდა, სევატყვე რომ გამალებით ეძებდა სიტყვებს ჩემს შესამკობად.
- ვინმე გყავს? -ამოიხრიალა გამწარებულმა.
- მყავს, -ისე ვუპასუხე ერთი წამითაც არ მიყოყმანია.
- ვინ არის?
- ის ვინც მიყვარს, ვისაც ვუყვარვარ, მაფასებს და მალე ცოლადაც მივყვები.
- მატყუებ არა? -წყალწაღებულივით ეჭიდებოდა ხავსს, რაღაც უნდა გამეკეთებინა, რაღაც ისეთი რომ მისგან საბოლოოდ გავთავისუფლებულიყავი, ირგვლივ მიმოვიხედე და დაბარებულივით ჩვენკენ მომავალ ღმერთკაც ექიმს გავუღიმე.
- აი ის არის, ის არის ჩემი საქმრო, -მასზე ვანიშნე პირდაღებულ გიგას, მერე ჩემი საქციელის გამო გაოგნებული ექიმისკენ გავიქეცი და კისერზე ჩამოვეკიდე.
-
ფრთხილად გააღო კარი და გადმოსვლაში დამეხმარა, ძირს ფეხი დავდგი თუ არა თავბრუ დამეხვა, უხერხულად წავიბორძიკე და მკლავებში ჩავუვარდი, თითქოს ამას ელოდაო უფრო ახლოს მიმიზიდა, ცალი ხელით მკერდზე მიმიკრა, მეორე ხელით თავი უკან გადამაწევინა და დამშეულივით დამაცხრა ტუჩებზე, სიამოვნებისგან ლამის სული განვუტევე, ასეთი რამ არასდროს მქონდა განცდილი, გიგის კოცნა და მოფერება საერთოდ არ აღძრავდა ჩემში სურვილს ეს ექიმი კი ისეთ რამეს მმართებდა ლამის იყო აქვე ეზოში გავშიშვლებულიყავი, ტუჩებს თავი რომ ანება და ყელზე და მხრებზე რომ გადავიდა მაშინღა ვიკადრე გამოფხიზლება და მისი მკლავებიდანაც დავიძვრინე თავი.
- გაგიჟდი? რას აკეთებ? -მოჩვენებითი სიბრაზით ვუყვირე, -რაკი საავადმყოფოში რამდენიმე წუთით ჩემი საქმროს როლი ითამაშე თავი მართლა ჩემი საქმრო ხომ არ გგონია?
- თუ ელოდები რომ ბოდიშს მოგიხდი სულ ტყუილად, -თავხედურად გამომიცხადა და ეშმაკური ღიმილით გამომიწოდა ხელი, -წამოდი ბარემ სახლამდე აგაცილებ.
მოღუშულმა დავხედე მის ხელს, დიდი ამბავი თუ მაკოცა, თანაც ძალიან მომეწონა, გიგისთან დაშორებაშიც დამეხმარა, სახლამდეც მომიყვანა და იქნებ მომავალშიც... საკუთარ ფიქრებზე გამეღიმა და ხელი ჩავკიდე.
- წავედით.

რაკი გასაღები თან არ მქონდა კარზე ზარის დარეკვამ მომიწია, მამიდამ კარი გააღო და რომ ველოდი აა აგერ ახლა დაიწყებს ჩვეულ ქოთქოთსთქო ზუსტად მაშინ ჩაუვარდა ენა, დაკვირვებით შეგვათვალიერა ორივე და სახე ისე გაებადრა ნუ იტყვით.
- მოდით შვილო მოდით, -დიდი ამბით შეგვიპატიჟა ორივე, ჩემი სიმპათიური ექიმი მისაღებში დივანზე დასვა და მე სამზარეულოში გამათრია ძალით.
- ახლავე მითხარი რა ხდება, -სულთამხუთავივით დამადგა თავზე.
- რა უნდა ხდებოდეს მამიდა, საავადმყოფოდან მოვდივართ, ტელეფონი დავკარგე და ვერ დაგირეკე რომ მეთქვა...
- აკი არ მინდა, არ მინდაო თავს იკლავდი?
- რაზე მეუბნები, საავადმყოფოში მოხვედრაზე? ეგ ვის უნდა ხოლმე.
- რას ბოდავ, ზურაზე გეუბნები გოგო.
- ზურა ვინ ჯანდაბაა, ახლა არ მითხრა რომ ისევ ნაზიკოს ზურაზე მელაპარაკები თორემ გავგიჟდები იცოდე.
- რაღაც ვერ გავიგე, -მამიდამ დაბნეული სახით შემომხედა, -რას აკეთებ ამასთან ერთად?
- ამასთან? -ახლაღა დავფიქრდი იმაზე რომ მისი სახელი არ ვიცოდი, -მამიდა ყველაფერს მოგიყვები, დღეს გარეთ რომ გავედი ლუციფერმა გადამირბინა წინ...
- და მაგის მერე აღმოჩნდი ზურასთან საავადმყოფოში? პირობას გაძლევ ამის მერე მაგ შენს ლუციფერს აღარ გავუბრაზდები, არ ყოფილა ეგ თარსი კატა, ხედავ შენ? მართალი ყოფილა თურმე რომ ამბობენ, სადაც არის ბედი შენი იქ მიგიყვანს ფეხი შენიო.
მამიდას ვუსმენდი და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებას ვცდილობდი, საავადმყოფო, ნაზიკოს ზურა, ჩემი სიმპათიური ექიმი, ბედი, ესე იგი მან თავიდანვე იცოდა ვინც ვიყავი.
- მამიდა ახლა არ მითხრა რომ ეს ექიმი ის ზურაა, -სასოწარკვეთილი მივუბრუნდი აღელვებულს, გაბადრულმა დამიქნია თავი თანხმობის ნიშნად.
- კი მაგრამ ის ზურა მაღალი გამხდარი და მახინჯი არ იყო?
- შენ რა იცი როგორი იყო, ბოლოს ათი წლის წინ ნახე, ბავშვი იყავი მაშინ, -ყავით სავსე ჭიქები მომაჩეჩა ხელში და მანიშნა გაიტანეო, მისაღებში გავედი, ზურა ისევ ისე იჯდა დივანზე, კალთაში ლუციფერი ეჯდა, ეფერებოდა და რაღაცას ეჩურჩულებოდა, დამინახა თუ არა თავი ასწია და ისე გამიღიმა ლამის იქვე დავდნი და დავიღვენთე, ლუციფერს შევხედე და შემიძლია დავიფიცო რომ ისიც იღიმოდა.
-
-
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი გიული

ლუციფერი????,ძალიან საყვარელი ისტორიაა????

 


№2 სტუმარი სტუმარი მაია

საყვარლობა❤️❤️

 


№3 სტუმარი მთვარო სვანი

რა საყვარლობა იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent