შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიბნელის მარცვალი (სულ)

18-02-2024, 23:40
ავტორი ვე რა
ნანახია 10 099

სიბნელის მარცვალი
1

(შემოდგომის მზე)

ჭადრების ქუჩას მოუყვებოდა შიო ნელი ნაბიჯით. ის დრო იყო, შემოდგომა რომ უკვე ძალას იკრეფდა. ჭადრის ოქროსფერ ფოთლებს შორის მზის რბილი ბარხატივით სხივები იპარებოდნენ და გარემოს საოცარ ჯადოსნურ ელფერში ხვევდნენ.

შორიდანვე მისწვდა მის სმენას ვალსის სასწაული მელოდია. თან სასიამოვნოდ გააოცა და თან მივიწყებული მოგონებები გაუცოცხლა მუსიკამ. გაახსენდა, როგორ აიძულებდა დედა იმ საძულველ სამეჯლისო ცეკვებზე სიარულს და როგორ უმტკიცებდა ურჩ მოზარდს, რომ ერთ დღეს ცეკვა მის ცხოვრებას შეცვლიდა. მანამ იარა ცეკვაზე, სანამ ბოლოს თავისი არ გაიტანა და ცეკვიდან კრივზე არ გადავიდა. ეს ხომ უფრო შეეფერებოდა თხუთმეტი წლის შარიან მოზარდს, ვიდრე ვალსის და ტანგოს ცეკვა. დედა გაებუტა და კარგა ხანს ხმას აღარ სცემდა. დედის გახსენებაზე ისევ თბილად გაეღიმა.

ამასობაში ლამაზ შენობას მიუახლოვდა და მუსიკამ, ცეკვის რიტმს ატანილი, ბაღში შეიტყუა.
კიბეებზე ალბათ კონსერვატორიის სტუდენტები ისხდნენ და ჯერჯერობით სამოყვარულო დონეზე, მაგრამ მაინც საოცრად ლამაზად უკრავდნენ Shostakovich_ the second walz_ ს. ახლა მართლა გაეცინა, შერჩეულ მელოდიაზე ეტყობოდათ, რომ ჯერ ისევ ბავშვები იყვნენ. ჯერ ისევ ოცნებობდნენ და ცხოვრების სირთულეებს არ იცნობდნენ ისე კარგად, როგორც თვითონ.

ის ის იყო გამობრუნებას აპირებდა, რომ კიბეების ძირში , მსმენელთა წრის შუაგულში, ნაცრისფერ კაბიანმა გოგონამ შემოირბინა. მის დანახვაზე წამით შეყოვნდა. გოგონამ
მხრები შეიფერთხა, ჯერ ორივე მკლავი ძირს დაუშვა, ყელი მოიღერა და შიოსთვის ოდესღაც კარგად ნაცნობი საცეკვაო პოზა მიიღო.
თითოქს უხილავ პარტნიორს ეცეკვებოდა უცნობი გოგო. პირველივე ნაბიჯზე, ნაცრისფერი ნაკეცებიანი კაბა ფაფუკი ღრუბელივით გაიშალა ჰაერში და გოგონას გრაციოზულ მოძრაობას ნისლივით აედევნა.
მოჯადოებულივით წინ წავიდა შიო და ნაბიჯით მოშორდა კიდეც მაყურებლებს.
მელოდიით აცრილმა და გოგონას მოძრაობით დატყვევებულმა, თავადაც ვერ მიხვდა როგორ , მაგრამ სწორედ იმ მომენტში, როცა თვალმინაბული გოგო მას გაუსწორდა, ოდნავ მოჰხვია წელზე ხელი და მის გაოცებული, ცისფერ თვალებში ჩაკარგული თავადაც მელოდიას აედევნა.

ჯერ გაცლა სცადა გოგომ, მზერა აარიდა და ტემპს მოუჩქარა, მაგრამ ვერ ჩამოიტოვა ყოჩაღი პარტნიორი.
შემდეგ პირდაპირ თვალებში ამოხედა და თავადაც სწორედ ის უცნაური ეიფორია დაეუფლა, რაც მის მეწყვილეს. ახლა მოცეკვავეები მოექცნენ ყურადღების ცენტრში, ახლა მოცეკვავეებს აედევნა მელოდია.
ერთმანეთის თვალებში საკუთარ თავებს ხედავდნენ.
გაბრაზებული და აღტაცებული მზერა ჰქონდა უცნობ გოგონას. უნებურად გაეცინა. ის კი ღიმილით უყურებდა მის ლოყაზე გაჩენილ ლამაზ ჩაღრმავებას, და გაოცებული ფიქრობდა, შემოდგომის მზეს როგორ უხდება მისი ოქროსფერი თმისფერიო.

რაღაც მომენტში მიხვდნენ მუსიკა დასრულდა. გოგოს შერცხვა ეს გაოგნების წამი და უკან დაიხია. ზურგი აქცია და მეგობრებს შეერია. ის კი იდგა და კვლავ მის კვალს გაჰყურებდა. რამდენჯერმე მოხედეს აჩურჩულებულმა გოგონებმა. მაგრამ შიოს ნაბიჯიც არ გადაუდგამს მისკენ. კიბეები აირბინა უცნობმა გოგომ. კიბის თავში სანამ ზედა იარუსზე ააბიჯებდა გაჩერდა. მართლაც პრინცესასავით რევერანსი გაუკეთა, მადლობის ნიაშნად და იმ ლამაზ ჩუქურთმებიან შენობაში გაუჩინარდა.

მიუხედავად იმისა , რომ გული მისკენ მიუწევდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა შიომ. კიბეები საპირისპირო მიმართულებით ჩაირბინა და ქუჩის დაღმართს დაუყვა სწრაფი ნაბიჯებით.

და ეს მშვენიერი დღეც ორივემ უბრალოდ გადაივიწყა, რადგან ყველაფერი რაც ლამაზია, იმდენად ემსგავსება დროთა მააძილზე ზღაპარს, რომ მისი გახსენება გულს გტკენს. როგორც ყველა იმ დაკარგული შანსისა, რომლებსაც დაბრუნება არ უწერიათ.

(შოპენი)

რაც არ უნდა მოწესრიგებული ცხოვრება ჰქონდეს და როგორი შემდგარიც არ უნდა იყოს ადამიანი ,მაინც მუდმივად ახლის ძიებაშია. მუდმივად აინტერესებს იდუმალი სამყარო და ეძებს რაღაც სრულყოფილს. თითქოს რაღაც დაკარგულს, იმას , რაც ადრე ეკუთვნოდა და ცხოვრების გრძელ გზაზე დაეკარგა. . . .

შიო აივანზე იდგა, ყავის ჭიქით ხელში, უყურებდა გადაშლილ ხედს და დილის ნისლი თუ უცნაური იისფერ_ მოლურჯო ნათება საოცარ მითიურ ფიქრებს აღუძრევდა. ხედავდა მთებს და ფიქრობდა მძინარე დრაკონებზე.

ცხელი ყავა მოსვა, და ყავის მწარე ყლუპმა რეალობაში დააბრუნა.
აივნის მოაჯირს დაეყრდნო, გადაიწია და გადაიხედა. ერთი სართულით ქვემოთ ,მარცხნივ , დილის რიჟრაჟში აივანზე აფრიალებულ თეთრ ფარდას მოჰკრა თვალი. აივნის ტიხარი უცხო თვალისგან სანახევროდ იფარავდა ლურჯ საღამურში ჩაცმულ გოგონას, არ ჩანდა მისი არც სხეულის და არც სახის ნაკვთები, მხოლოდ იმას ხედავდა, რომ გრძელი ოქროსფერი თმა საოცრად უხდებოდა ინდიგოსფერ ლურჯს. ან დილის ბინდბუნდში ილანდებოდა ასე ჯადოსნურად. ან მისი განწყობა თამაშობდა ასე უცნაურად. ან გამჭვირვალე, რძისფერი ფარდის ფრიალი იწვევდა ამ უცნაურ შეგრძნებას... არ იცოდა შიომ, რამ მოხიბლა ამ უცნაურ სურათში...

უცებ გოგონამ ჰაეროვნად აიქნია ხელის მტევნები, ისე თითქოს როიალს მიუჯდა და აივნის მოაჯირზე ჩამოალაგა გრძელი , ლამაზი, მოქნილი თითები. დაკვრა დაიწყო. უკრავდა თავდავიწყებით და საოცრად გრაციოზულად, მისი სხეულიც იმ მელოდიას ჰყვებოდა, რომელიც მხოლოდ თავად ესმოდა.

კარგად დააკვირდა შიო მისი თითების სწრაფ და ჩახლართულ მოძრაობას. თითქოს ეცნო, თვალები მოჭუტა, არ შეიძლებოდა შემცდარიყო გოგონა შოპენის გაზაფხულის ვალსს უკრავდა .
მოჯადოებული უყურებდა მისი თითების ცეკვას და ახლა თავადაც ესმოდა. დაიფიცებდა, რომ მართლა ესმოდა, სრულიად უცხო ადამიანის სულის საოცარი მელოდია.

განა ცხოვრებაში ხშირად ხდება ასეთი სასწაულები? აი მაგალითად თქვენ თუ მოგისმენიათ თქვენი ადამიანის სულის მელოდია? სულ პატარა ნაწყვეტი? სულ რამდენიმე ნოტი მაინც? არა?! მითხარით, აბა როგორ მიხვდით , რომ ეს სწორედ თქვენი ადამიანია?!

გაოცებული შიო თვალს არ აშორებდა უცნაურ პიანისტს, ეს იყო ყველაზე უცნაური კონცერტი, რომელსაც ის დასწრებია, უხმო და მაინც ასეთი მეტყველი. განა ცოტაა ვინმეს სულის მელოდიის მოსმენა? განა ასეთი უბრალო ამბავია? უცებ თავი დამნაშავედ იგრძნო. თითქოს ქურდულად უთვალთვალებდა, თითქოს არ ჰქონდა ამის უფლება. თითქოს მიუხედავად იმისა, რომ ესმოდა, მისთვის მაინც არ უკრავდა ქალი. უცებ ოთახიდან ვიღაც გამოვიდა და პიანისტს ზურგიდან ჩაეხუტა. ხელები მოხვია, გულში ჩაიკრა და კისერში აკოცა. ქალმა დაკვრა შეწყვიტა და მაშინვე შეწყდა საოცარი მუსიკაც . ხელები კაცის მკლავებს მოხვია და დილის ბურუსში ჩაფლულ მთებს გახედა .

_ მძინარე დრაკონებზე არ ჰგვანან?_ იკითხა ბავშვური წკრიალა ხმით.
გული უცნაურად შეუფართხალდა შიოს. ჩახუტებულ წყვილს თვალი მოაშორა და სევდიანად გახედა მუდმივი თოვლით დაფარულ მყინვარებს.

_ კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა შოპენ, მგონი მე შენი სულის მელოდია მოვიპარე!_ თქვა ჩურჩულით და ოთახში შებრუნდა ისე, რომ აღარ შეუხედია მისთვის, ვისაც მისალმებით დაემშვიდობა.

უცნაურად აეკვიატა ლამის მივიწყებული მოგონება შიოს. ხასიათი გაუფუჭდა. ვერ მიხვდა რატომ.

_ გაიღვიძე ძვირფასო?_ მოესმა საწოლიდან.

_ ჰო!_ არც კი უცდია უხასიათობა დაემალა.

_ მედეა წადი, უნდა მოვწესრიგდე!_ ცივად უთხრა საწოლიდან ვნებიანად მომღიმარ ქალს.

_ კარგი რა, _ ღიმილით წამოიწია ქალი._ ჯერ უამრავი დრო გვაქვს!

_ გადიმეთქი!_ ტონს მოუმატა შიომ.
ქალს ღიმილი მაშინვე ჩამოერეცხა სახიდან.

_ უხეში კაცი ხარ შიო, უხეში და ცივი. და ამიტომ ყოველთვის მარტო იქნები! _ თითქოს დასწყევლა ქალმა. სწრაფად გადაიცვა მოკლე წითელი კაბა. თმა შეისწორა და კარისკენ წავიდა.

_ ლევანი გააღვიძე, გაემზადოს გავდივართ!_ მიადევნა მიმავალს. რატომღაც ამ სასტუმროში ყოფნის ყველანაირი სურვილი დაკარგა.
დაახლოებით ერთ საათში დაურეკეს. მანქანა მზადააო. ნომრიდან გავიდა და ლიფტში შეაბიჯა.
მობილურში სიახლეებს ამოწმებდა, რომ ლიფტის კარი გაიღო და ვიღაც შემოვიდა.
თავიც კი არ აუწევია შიოს. სანამ სიცილი არ მოესმა.

_ კარგი რა დედა, დღეს კონცერტის შემდეგ დავბრუნდებით. კი გიოც აქაა , აბა სად იქნება! სასაუზმოდაა უკვე ჩასული. დღეს შეხვედრა აქვს მასაც. ის მიუწვდომელი და მიუდგომელი უნდა ნახოს. კი ყველაფერი გამოვა დიდი იმედი აქვს ამასაც. მოგიკითხავ აუცილებლად. ახლა უნდა დაგემშვიდობო.
უსმენდა შიო, მაგრამ არც უსმენდა. უფრო უფორმო კოსად აკრულ თმაზე აკვირდებოდა. "შემოდგომისფერი თმა. შემოდგომისფერი თმა.. " ხმიანობდა მის გონებაში.

მოულოდნელად, ქალს ბეჭები აუწვა მისმა მზერამ. წარბშეკრულმა ამოხედა და შიოს გული კინაღამ გაუჩერდა.

ის იყო, შეუძლებელი იყო შემცდარიყო. ეს ცისფერი ბრაზიანი თვალები სხვაში ვერასდროს აერეოდა. უნებურად ღიმილი შეეპარა ტუჩებზე.

_ გისმენთ?_ უთხრა ქალმა ისე, რომ წარბი არ გაუხსნია.

_ ვერ მივხვდი?!_ გაიოცა შიომ.

_ უბრალოდ ისე მიყურებთ, ალბათ რამის თქმა გსურთ?_ახლა მის ბრაზზე გაეღიმა. მაგრამ მიხვდა ქალმა საერთოდ ვერ იცნო და თითქოს გული დასწყდა.

_ არა, არაფერი! _ მხრები აიჩეჩა და თვალი მანამ მოარიდა, სანამ ქალმა ზურგი აქცია.
შემდეგ კი ისევ მის უცნაურ მსუყე ოქროსფერ თმებში ჩაეკარგა მზერა. მოუნდა მისი თმის სურნელი შეეგრძნო. თავი ძლივს შეიკავა, რომ მისკენ არ დახრილიყო.
ამასობაში კარიც გაიღო ქალი გრაციოზული ნაბიჯებით გავიდა ლიფტიდან. თითქოს მხოლოდ მისთვის გასაგონ მელოდიაზე მიარხევდა ტანს.

_ დავიჯერო ახლა ეს ბედი არაა?!_ ჩაეღიმა გაოგნებულს.
ტელეფონი აიღო და მდივნის ნომერი აკრიფა.

_ მედეა გადავიფიქრე, ვრჩებით! _ პასუხი არც დააცადა. მობილური გათიშა და ოდესღაც გაშვებული შანსის მოსაძებნად მტკიცე ნაბიჯი გადადგა.

ლამის მთელი სასტუმრო მოიარა, მაგრამ ქალს თვალიც ვერ მოჰკრა. დაფიქრებული ჩამოჯდა ფოიეში.

_ სად ხარ კაცო, მოვკვდი შენი ძებნით!_ მძიმედ ჩაეხეთქა მის გვერდით მისი პარტნიორი და ბავშვობის ძმაკაცი ლევანი.

_ ცალკე მე გავხეთქე ტელეფონი, ცალკე მედიკომ! რა ხდება? დღეს დიასამიძესთან შეხვედრა გვაქვს. ხომ იცი არა მაგისი პროექტები?

_ ლევან, დღეს სასწაული მოხდა!_ მოხედა ღიმილით შიომ.

_ რა სასწაული?_ ვერ მიუხვდა მეგობარი.

_ ის ვიპოვნე, გახსოვს რომ ვეძებდი, მოცეკვავე!

_რაო?_ წამოიწია გაოცებული._ დარწმუნებული ხარ? ლამის ხუთი წელი გავიდა.

_ ხუთიც გავიდა და შვიდიც.

_ მერე როგორ იცანი?

_ თვალებით.

_ აფრენ რაა, დარწმუნებული ხარ რომ ისაა?

_ აი ვიპოვნი და დავრწმუნდები.
ადე წამო! აბა ჯერ ეგ შენი არქიტექტორი ვნახოთ და მერე მასაც ვიპოვნი, აქაა ბიჭო ამ სასტუმროში! _ სიხარულით ისე იყო აჟიტირებული შიო , როგორც პატარა ბიჭი.

პირველი თავად გავიდა დარბაზიდან და უკან ლევანი გაჰყვა მხრების ჩეჩვით.

_ არა, ვერა ხარ რა! თუ მასე მოგეწონა ან მაშინვე რატომ არ გაჰყევი. ან ახლა როგორ გაუშვი ხელიდან? ან მედეა რომ გაიგებს, თავს როგორ დაიძვრენ!

_ რა?_ გაკვირვებულმა გამოხედა მეგობარს._ რა შუაშია მედეა?

_ რას ქვია რა შუაშია? ერთად ხართ რამდენი ხანია! არაა ცუდი გოგო ხომ.._ სიტყვაც არ დაასრულებინა მეგობარს.

_ ჩვენ ზრდასრული ხალხი ვართ ლევან, მე ის არ მომიტყუებია. იცოდა, რასაც აკეთებდა და თანახმა იყო. ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ხვდები არა, რა უაზრობას ამბობ ახალა! ბავშვები ხომ არ ვართ, არა?_ მართლა არ გრძნობდა სინანულს, ან დანაშაულს. თავისუფალი კაცი იყო. სიყვარულს არავის დაჰპირებია. დროს კარგად ატარებდნენ ერთად, ეს იყო და ეს. თუ რამე არ მოსწონდა მედეას, შეეძლო წასულიყო და შიო ახალ მდივანს მოძებნიდა. სულ ეს იყო მისთვის მედეა, მეტი არაფერი.
თუმცა ქალი ასე არ ფიქრობდა. ზოგადად არც ერთი ქალი არ ფიქრობს, რომ ურთიერთობა საყვარელ და სასურველ მამაკაცთან მხოლოდ გართობაა. თუ მაშინვე არა, დროთა განმავლობაში მაინც, უჩნდებათ სტაბილურობის სურვილი. და არც მედეა იყო გამონაკლისი. შიოს თავის საკუთარად თვლიდა და მის დათმობას მარტივად არ აპირებდა.

სასტუმროს რესტორანში შევიდნენ.

_ რადგან შენც მოუცლელი ხარ და არც დიასამიძეა თავისუფალი, შეხვედრა ამ დილითვე შევათანხმეთ. აი, გველოდება კიდეც!_ ხელით ანიშნა კუთხეში მყუდრო მაგიდისკენ ლევანმა შიოს.
შიოსაც მოეწონა ლევანის არჩეული არქიტექტორი.
გიორგი დიასამიძე საკმაოდ ცნობილი იყო მათ სფეროში.
მისი თანამედროვე ხედვა, მისი პრაქტიკული პროექტები ყველას ინტერესის საგანს წარმოადგენდა.

კარგა ხანს საუბრობდნენ კაცები მაგიდასთან.
და უფრო და უფრო სიმპატიით ეწყობოდნენ ერთმანეთის მიმართ.
ბოლოს ხელი ნდობით ჩამოართვეს ერთმანეთს და პარტნიორობის გასაფორმებლად შემდეგი შეხვედრის თარიღიც დათქვეს.

_ კარგი, მე ახლა დაგემშვიდობებით! _ ღიმილით წამოდგა ფეხზე გიორგი.

_ დღეს ჩემი მეუღლის კონცერტია, სწორედ ამის გამო ვართ აქ ჩამოსულები და ამ ბედნიერ შემთხვევას ვუმადლი თქვენს გაცნობასაც._ მის სიტყვებზე ცუდმა წინათგრძნობამ ხელები გაუყინა შიოს. გაახსენდა მოსმენილი; "გიოც აქაა, იმ მიუდგომელთან აქვს შეხვედრაო!" ანუ... აზრი გააწყვეტინა გიორგის სიტყვებმა.

_ აი ისიც!_ ხელი დაუქნია გიორგიმ ვიღაცას მათ ზურგს მიღმა და ღიმილით წამოდგა ფეხზე.

_ გაიცანი საყვარელო, ჩემი მომავალი პარტნიორები და ახალი უფროსები, ბატონი ლევან და ბატონი შიო!_ წარუდგინა გიორგიმ ცოლს სუფრასთან მსხდომი მამაკაცები. თან ქალს წელზე ოდნავ მოხვია ხელი.

_ ეს კი ჩემი ლენია, უფრო სწორედ ქალბატონი ლენა ლომიძე!_ ხუმრობით წარმოსთქვა ცოლის ოფიციალური სახელი გიორგიმ და აშკარად შეამჩნია შიოს გაფითრებული სახე.

_ სასიამოვნოა!_ ლამაზი ღიმილი ჰქონდა ლენას, ღიმილისას ლოყაზე ფოსო მოუჩანდა. შეხედა ქალმა შიოს და არ ესიამოვნა მის თვალებში დანახული სასოწარკვეთა. უცნაური რამ არის ქალის ინტუიცია. სწორედ ამ ინტუიციამ უკარნახა ლენას, რომ ეს შეხვედრა ამ შავთვალა კაცთან აუცილებლად საბედისწერო იქნებოდა. და თავისდაუნებურად მისასალმებლად გაწვდილი ხელი ცივად უკან გამოსწია.

ცოლ_ ქმრის წასვლის შემდეგ სავარძელში მოწყვეტით ჩაეფლო შიო.

_ ლევან, არ დაიჯერო, რომ ბედისწერა არსებობს!

_ რა მოხდა? რა ფერი გადევს?_ ახლაღა შეამჩნია მეგობრის წაშლილი სახე.

_ ის იყო ლევან! ჩემი შემოდგომისფერი გოგო!

_ რაო, გიორგის ცოლზე ამბობ?_ გაშრა ლევანიც.

_ შარში ვარ ძმაო! _ მწარედ გაეცინა შიოს.

_ აშკარად!_ თვალი აარიდა ლევანმა.

(ჩიტის სახლები)

ბორგავდა და ვერაფრით ისვენებდა. ვერაფრით ეგუებოდა იმის აღიარებას, რომ დააგვიანა. დააგვიანა თან ამდენად.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, მედეას დანახვა აღარ უნდოდა. საწყალი ქალი იმ საღამოსვე გაამგზავრა დედაქალაქში. ლევანის თავიდან მოშორებაც სცადა, მაგრამ მეგობარმა არფრით დატოვა.

საღამოს საკონცერტო დარბაზში წავიდა შიო და ლევანიც თან გაჰყვა, რა თქმა უნდა.

უზარმაზარ შავ როიალთან მჯდარი, კიდევ უფრო მშვენიერი იყო ლენა. აქამდეც უყვარდა კლასიკა შიოს, დედის მონდომებით პიანინოზეც წლები იარა, მაგრამ ახლა პირველად გაიაზრა, თუ რა საოცრებაა, როცა ერთი შეხედვით დაუმორჩილებელი როიალი ერთი პატარა ქალის ნაზ თითებს ემორჩილბა. როცა მელოდია დარბაზს ეფინება და ვეღარაფერს ხედავ მუსიკის ვირტუოზის გარდა. როცა თითოეული ბგერა ჯერ მუსიკოსის სხეულში იბადება და შემდეგ მსმენელის ყურამდე აღწევს. რა საოცარი რამ ყოფილა ეს თითქოს ინტიმური კავშირი მუსიკოსსა და მსმენელს შორის. არასდროს აქამდე არ დაფიქრებულა თავად შემსრულებელზე. აქამდე უპირატესი ყოველთვის მელოდია იყო, ახლა კი სულაც პირიქით...

შოპენის გაზაფხულის ვალსს ასრულებდა ლენა, სწირედ იმას, რასაც დილით აივანზე უკრავდა საკუთარ წარმოსახვაში და თავად ჰგავდა გაზაფხულს. რაღაც ეტკინა გულში შიოს. ყელში მოუჭირა ტკივილმა. ვეღარ გაუძლო. ადგა და დარბაზი დატოვა. მისი წასვლა არავის შეუმჩნევია. რადგან იმ წამს არ არსებობდა შიო, არსებობდა მხოლოდ ლენა და შოპენი. დანარჩენი სამყარო უბრალოდ დუმდა.

_ კარგად ხარ?_ მხარზე ხელი დაადო ლევანმა. შიომ სიგარეტი იქვე ჩააქრო და ხელი ჩაიქნია.

_ წავედით ძმაო, სანამ გავგიჟდი. წავიდეთ აქიდან!_ მიაძახა მეგობარს საკუთარ თავზე გაგულისებულმა და კიბეები ჩაირბინა.

თავდავიწყების რამდენიმე ხერხი არსებობს, როცა დანაკარგს განიცდის ადამიანი. პირველი , თუმცა ყველაზე უგერგილო ვარიანტი, სასმელია.
წუთიერი თავდავიწყება მოაქვს. წუთიერი სიბრაზე და უიმედო ფიქრი, რომ არაფერი ამად არა ღირს.
შემდეგი ნაბიჯი უფრო უთავმოყვარო რამაა, ვიდრე სასმელში დარდის ჩახრჩობა. ეს სხვა ადამიანის გამოყენებაა. მაგიერის, ნაცვალის, მაგრამ ამ ვარიანტს არასდროს მოაქვს სასურველი შედეგი. უფრო საკუთარ თავს აზიზღებს ადამიანს. და იმ სხვასაც გულის ტკენის და ცრემლების ფასად უჯდება.
მესამე ხერხი, ყველაზე მოქმედი და ალბათ ყველაზე აზრიანიცაა, ეს საყვარელი საქმის კეთებაა. ყურადღების სხვა საქმეზე გადატანა. საკუთარი სულის და გულის სხვა, იმ ეტაპზე სრულიად უინტერესო, საქმით ისე ამოვსება, რომ ფიქრისთვის წამიც არ დაგრჩეს. საკუთარი თავის მექანიკურ სათამაშოდ გადაქცევა, ეს ყველაზე რთულია და მხოლოდ დიდი ნებისყოფის ადამიანები თუ ახერხებენ ამას.

დედაქალაქში დაბრუნებულმა
შიომაც, როგორც ყველამ, მარტივი ხერხით დაიწყო. ლევანმა უგონო მდგომარეობაში აიტანა სახლამდე.
შემდეგ დაჭრილი ვეფხვივით მბორგავმა , ჭრილობაზე მალამოს დასადებად მედეას გამოუძახა. ის საბრალო ქალიც მაშინვე მოვარდა, მაგრამ საშველის ნაცვლად გაუგებარი ბრაზი და ტკივილი მოუტანა.

_ მედეა, დღეიდან ყველაფერი დასრულდა!_ იმდენად მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო შიომ, ქალს ენა ჩაუვარდა. ვერ მიხვდა, რა მოხდა. გულმაც ვერაფერი უგრძნო. კი ხდავდა, რომ რაღაც აწუხებდა კაცს, მაგრამ რა ფიქრი სჭამდა, ვერაფრით გამოიცნო.

_ დავაშავე რამე?_ სიბრაზე შეერია ხმაში_ სამი წელია შენთან ვარ, სულ ცოტა, ახსნას მაინც ხომ ვიმსახურებ!

_ რა უნდა აგიხსნა? ვერაფერს აგიხსნი, უბრალოდ არ მინდა შენი გამოყენება. არ მინდა მხოლოდ მაშინ მოგიხმო, როცა ..._ წამით გაჩუმდა. ასე უგულოდაც ვერ მოექცეოდა ქალს.

_ როცა რა შიო? როცა რა?_ გაკაპასდა ქალი.

_ მისმინე, სამსახურიდან არ გიშვებ, მაგრამ თუ წასვლას მოინდომებ, მე არ დაგაკავებ, ყველაფერს გაგიგებ!_ თვალი ლაჩარივით აარიდა. არ სურდა დაენახა, რომ გული ატკინა.

_ შიო ამაზე საუბარი ამიკრძალე, მაგრამ შენ ხომ ხვდები, რომ მე მიყვარხარ!_ სატირლად მოექცა ქალს სახე. მიუახლოვდა და ჩაეხუტა.

_ მაპატიე მედეა! მაგრამ მე მეტი არაფერი შემიძლია!

_ სხვა გიყვარს?_ ამოხედა ცრემლიანი თვალებით. ვერ უპასუხა. რადგან ისიც არ იცოდა, რა იყო სიმართლე.
უყვარდა? ვინ უყვარდა, ორჯერ ნანახი სხვისი ცოლი?
არა! შეუძლებელია ეს სიყვარული ყოფილიყო. უბრალოდ დაიღალა და ეგაა. ამით დაიმშვიდა საკუთარი თავი.

_ წადი მედეა!_ ხელი გაუშვა მასზე უიმედოდ მოჭიდებულ ქალს.
კარამდე მიაცილა და სახლში შებრუნდა.
ვერაფრით იგებდა, რა აცოფებდა, რა აგიჟებდა?
რამდენი ეძება მაშინ, როგორც კი გაიაზრა, რომ მისი კვლავ ნახვა სურდა, მაგრამ ვერსად მიაგნო. საძინებლის კედელს ახედა, ოქროსფერ ფონზე ღრუბელივით იყო გაშლილი ნაცრისფერი კაბა. მოცეკვავის გრაციოზული ლამაზი ხელები ისე დეტალურად გამოესახა მხატვარს, თითქოს ამ ხელებზე საათობით ფიქრობდა.
უცნაური გრძნობა იყო, პოვნა და დანაკარგი ერთდროულად. უცნაური და მტკივნეული.
რა იქნებოდა, მაშინ რომ ხელი არ გაეშვა? უკან რომ გაჰყოლოდა? რა იქნებოდა?
საკუთარი გაუბედაობა სტკიოდა, ამდენად მარტივ ნაბიჯს ამხელა დრო რომ მოანდომა. მაგრამ მაშინ სიყვარულის არც დრო იყო და არც ადგილი.
თუმცა ამ წამს ესეც მორიგ თავისგასამართლებელ საბუთად ეჩვენებოდა და საშინლად სურდა, ის წარსულში დარჩენილი, საკუთარი თავი წიხლქვეშ გაეგდო.

როცა ვერაფრით დაიმშვიდა გული, მესამე ზემოთნახსენებ ხერხს მიმართა და სამუშაოში ისე ღრმად ჩაყვინთა, რომ თავისუფალი ჟანგბადის ყველაზე მცირედი ულუფაც კი გადაუკეტა საკუთარ თავს.

მედეა გაცოფებული დაბრუნდა სახლში. ჩანთა დივანზე მიაგდო და ჩამოჯდა ქუსლიანები გაიხადა. ხელით მტკივანი ტერფები დაიზილა.

_ დავშორდეთ? _ ჩაეცინა მწარედ.

_ სამსახურიდან წავიდე?_ მუჭი დაირტყა მუხლზე._ ვერ ეღირსები! გგონია ასე მარტივად მომიშორებ არა? გგონია ავდგები და ასე ჩუმად წავალ არა?
ცრემლები სწრაფად ამოიშრო, თან სცადა მაკიაჟი არ მოშორებოდა.

_ შენ ისევ დამიძახებ! ვნახოთ თუ არა!_ გაესაუბრა შიოს აჩრდილს და ავად გაიღიმა. ისეთმა გეგმამ დაიწყო მის გონებაში მომწიფება, მანამდეც რომ არაერთხელ შეუხსენებია საკუთარი არსებობა, მაგრამ როგორღაც ყოველთვის ამაზე მაღლა დგომას არჩევდა. ახლა კი დასაკარგი არაფერი ჰქონდა. უფრო სწორედ ყველაფერი ხელიდან ეცლებოდა, თან ისე, რომ მიზეზზე წარმოდგენაც კი არა ჰქონდა.

_ ლეენ! სად ხარ?_ სახლში მყუდროება და სიჩუმე იყო. გიორგის გაუკვირდა, სახლში გამეფებული სიჩუმე, ეს თითქმის არასდროს ხდებოდა. ლენას მუდამ რაიმე მუსიკა ჰქონდა ჩართული, ხმადაბლა მაინც. ისე თავისთვის. ახლა კი სრული მდუმარება ეხამუშა.
სახლი მოიარა და ცოლი ვერსად ნახა. უკანა კარი გამოაღო და ეზოში გავიდა.
სწორედ აქიდან უნდა დაეწყო ძებნა. გაეღიმა
სახლის უკან, ბაღის კუთხეში ფიცარნაგზე ფეხმორთხმით იჯდა მისი ცოლი. თმა ფერადი თავსაფრით დაუდევრად აეკეცა. წინ ხელსაწყოები გაეშალა და რაღაცას მთელი მონდომებით ხერხავდა პატარა ხერხით. იქვე სხვადასხვა ფერის საღებავები მოემარაგებინა.

_ რას აკეთებს ჩემი მშვენიერება?_ მის უკან ჩაიმუხლა და ცოლს ხელი მოხვია.
თან სხვადასხვა ზომაზე დაჭრილი პატარ_ პატარა ფიცრები მოათვალიერა.

_ჩიტების სახლებს ვაკეთებ!_ უკან მოუხედავად უპასუხა ქალმა.

_ მერე გამოგდის?_ გაეღიმა გიორგის.

_ ნწ!_ თავი უარის ნიშნად გააქნია ლენამ.

_ გიორგიმ გაგვაკეთოსო!_ ამოხედა ბავშვური სუფთა და წრფელი თვალებით. მთელი ცა ეტეოდა ლენას თვალებში.
მთელი ცა და გიორგისთვის სამყოფი მთელი ბედნიერება.

_ ხოო?_ საფეთქელზე აკოცა ცოლს და ტუჩები შეაყოვნა. ყვარდა მისი პულსაციის მოსმენა.
ლენამ თავი დაუქნია.

_ მოუქნელი!_ გაეხუმრა და ხერხი ჩამოართვა.

_მე გეუბნები, რომ იეტს ჰგავხარ როიალთან?_ ეს ორი ადამიანი სრულიად განსხვავებული და მაინც მსგავსი, ხუთი წლის უკან შეყარა ბედმა ერთად. ერთმანეთის უსიტყვიდ ესმოდათ, პატივს სცემდნენ და აფასებდნენ იმ ყველაფერს, რაც ჰქონდათ.
ერთმანეთს ავსებდნენ. მეგობრები მათზე ამბობდნენ, რომ ერთმანეთისთვის დაიბადნენ.
მხოლოდ ერთი რამ იყო, რასაც ვერაფრით ხსნიდნენ. ამ საოცარ სიყვარულს და ურთიერთ გაგებას რატომღაც მადლი არ დაჰყვა. შვილი არ უჩნდებოდათ. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. ცალ_ცალკე ორივე სრულებით ჯანმრთელი, მაგრამ ამ სიხარულისთვის სრულიად შეუთავსებელნი აღმოჩნდნენ. სწორედ ასე უთხრეს იმ ექიმებმა, ვისთანაც არაერთი კონსულტაცია გაიარეს. სხვასთან აუცილებლად გეყოლებათ შვილები, მაგრამ ერთმანეთისთვის შეუთავსებელნი ხართო.
ამ სისულელის დაჯერება კი არც ერთს სურდა. მტკიცედ სჯეროდათ, რომ როცა შესაძლებლობებს ითვლი, სასწაული არ უნდა გამორიცხო.
და ელოდნენ ამ სასწაულს, მოთმინებით და ერთგულად.

დაახლოებით ათამდე პაწაწუნა სახლი გააკეთებინა ლენამ ქმარს. ყველაზე სასაცილო ამ პატარა სახლუკებში ის იყო, რომ მათ ჰქონდათ პატარა აივნები, ფანჯრები, პაწაპინა ქოთნებიც კი, სადაც ლენამ ასევე პაწაწა სუკულენტები ჩაურგო მომავალ ბინადრებს.ასეთი უცნაური და ნათელი იყო ლენა. და სწორედ ეს სინათლე იზიდავდა მასში გიორგის.
უარს არასდროს არაფერზე ეუბნებოდა, ყველა მის, ერთი შეხედვით სასაცილო, წამოწყებას მხარს უჭერდა და ამაყობდა ცოლით. ან როგორ არ იამაყებდა, როცა ამდენად აშკარად შურდათ მისი ბედნიერების.
რამდენჯერ შეუნიშნავს სხვების თვალებში ლენათი აღფრთოვანება. გაბადრული ხელს მოხვევდა ხოლმე ცოლს და იმის შეგრძნება , რომ ეს სასწაული მხოლოდ მას ეკუთვნოდა ხალისით და შემართებით ავსებდა.

იმ დღეს იმ ახლად გაცნობილ კაცსაც, რომელიც მისი ახალი უფროსი იყო , შეამჩნია როგორ აღაფრთოვანა ლენას გამოჩენამ. როგორ ბრინჯივით დაიბნა ამხელა კაცი. კაცი, რომელიც მთელ ბიზნესს ფლობდა და მართავდა. ჩაეცინა ნასიამოვნებს ამის გახსენებისას და მორიგი სახლუკა, რომელშიც სავარაუდოდ არასდროს დაიბუდებდნენ ჩიტები, ჩამოკიდა ეზოში მდგარ უზარმაზარ ფიჭვზე.
ზემოდან ჩამოხედა ოქროსთმიან ცოლს. ღიმილით ამოხედა ლენამ. უდაოდ მშვენება იყო ეს ქალი. უნაკლო და ბუნებრივად საოცარი.
თავი მეფედ წარმოიდგინა, ლენა კი საკუთარ დედოფლად. ბედნიერების შეგრძნებამ აავსო გიორგი. იყო კიდეც ბედნიერი, ან როგორ არ იქნებოდა?!

_ როგორ ხარ ძმაო?_ ვითომ არაფერი ისე ჰკითხა ლევანმა მეგობარს და თან ფარული ინტერესით დააკვირდა მედეასა და მას შორის ჩამდგარ სიცივეს.
ერთმანეთს არც კი უყურებდნენ. თითქოს შიო უხერხულობასაც კი გრძნობდა ქალის სიახლოვით.
არადა ეგონა, მშვენიერი წყვილი იყვნენ. ერთნაირად საქმიანები, ერთნაირად გონიერები. ქალს უსიტყვიდ ესმოდა შიოს ყველა ფიქრი.
მხოლოდ წარბის აწევა და უკვე იცოდა, რისი თქმა სურდა კაცს.

_ ზოგიერთი არ აფასებს იმ მარტივ ბედნიერებას, რაც აქვსო!_ სინანულით გაიფიქრა და ქალის გამომწვევ ფორმებს თვალი გააყოლა.

_ რას ერჩი მედეას?_ ჰკითხა გაბრაზებით შიოს.

_ არაფერს, უბრალდ მასთან დავასრულე!_ აბეზრად უპასუხა შიომ.

_ რას ნიშნავს დაასრულე? სამი წელია შენს მეტს ვერაფერს ამჩნევს! თავს გევლება და შენ დაასრულე? _ ახლა მართლა მოეშალა ნერვები.

_ მგონი ზედმეტები მოგდის, იცი?!_ წარბები შეკრა შიომ.

_ ის ქალი, პიანისტი, გათხოვილია! ოჯახი ჰყავს! გასაგებია? და მისი ქმარი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა! არ დაივიწყო ეს!_ ფეხზე წამოდგა ლევანი. ვერ მიხვდა, რატომ აიტანა შიოს მიმართ ბრაზმა.

_ ლევან, მგონი ბავშვი არ ვარ არა?!_ ამოხედა შიომ სერიოზულად.
შიოს ყველაფერი ჰქონდა, ყველაფერი, მაგრამ რაღაც არ ასვენებდა. და ამას ვერ ხვდებოდა ლევანი. მადლიერი იყო მისი, რომ წინ სვლისას ბავშვობის მეგობარი არ დაივიწყა და თან გაიყოლა, მაგრამ სადღაც შურდა მისი. არც მამით, არც პაპით არ მოსდგამდა შიოს, რაც გააჩნდა. ყველაფერს თავად მიაღწია გონიერებით, მონდომებით, შრომით და რისკიანობით.
თავად ლევანი არაფრით გამოირჩეოდა. რომ არა შიო, ალბათ უბრალო თანაშემწის ან მენეჯერის პოზიციას ვერასდროს ასცდებოდა. ახლა კი... ერთადერთი ერთგულება მოეთხოვებოდა მეგობრისადმი და ერთგულობდა კიდეც, მაგრამ ეს ერთგულება ზოგჯერ ყელში უჭერდა იმ ჰალსტუხივით, საკუთარი მდგომარეობა რის ტარებასაც აიძულებდა შიგადაშიგ. არიან ადამიანები, რომლებიც მწვერვალებისთვის იბადებიან და თავს იმ მწვერვალზე ისე თავისუფლად გრძნობენ, როგორც საცეკვაო მოედანზე და არიან ადამიანები, რომლებიც ამ მწვერვალებს ეპოტინებიან და ფეხის გულები სულ გადაყვლეფილი აქვთ ამ მწვერვალზე წონასწორობის შენარჩუნების გაუთავებელი მცდელობებისგან.

2
(შიშველი გრძნობები,
შიშველი ხელები)

_კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოფისში!_ კაბინეტისკენ მიუძღვოდა გაბადრული სახით ლევანი გიორგის.

_ აბა როგოს მოგეწონა შენი სივრცე!_ გაუღიმა და ოთახის კარი ფართოდ შეაღო.

ოთახი ნათელი და ვრცელი იყო. სწორედ ისეთი, როგორიც ფირმის მთავარ არქიტექტორს შეეფერებოდა. მყუდრო და კომფორტულად მოწყობილი. საწუწუნო ნამდვილად არაფერი ჰქონდა გიორგის. ნივთების ყუთი მაგიდაზე დადო. ოთახი კმაყოფილმა მოათვალიერა
და მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა.

_ მშვენიერია, მეტიც იდეალურია!_ თავი მოწონების ნიშნად დაუქნია ლევანს.

_ გამარჯობა გიორგი!_ კაბინეტში შიომ შემოაბიჯა კეთილგანწყობილი ღიმილით.

_ კეთილი იყოს შენი მოსვლა! იმედია შენს გემოვნებაში ჩავჯდებით!_ გაიხუმრა და ხელი მისასალმებლად გაუწოდა.

_ რა თქმა უნდა! ეჭვიც არ მეპარება!_ კმაყოფილების დამალვა არც უცდია გიორგის.

_ მშვენიერი ოთახია! ზუსტად საჩემო. მხოლოდ ერთი რამ აკლია აქაურობას._ ყუთში ხელი ჩაყო და ცოლის სურათი ამოიღო. სადაც ლენას ყვავილებიანი ფერადი კაბა ეცვა და ბედნიერი იღიმებოდა. მაგრამ გიორგიმ საკუთარი მაგიდის ნაცვლად, იქვე განთავსებულ წიგნების თაროზე, გამოსაჩენად შემოდო ცოლის სურათი. თითქოს ყველას დასანახად ისე, როგორც რაღაც ძვირფასი სუვენირი. თან თვალი შიოს სახისკენ გააპარა და მიუხედავად მისი თავშეკავებისა, მაინც დაინახა მის თვალებში გაელვებული უცნაური მღელვარე ნაპერწკალი.
სიამოვნებით ჩაეღიმა.
აშკარად არ შემცდარა იმ პირველ ჯერზეც. მისი უფროსი ლენათი იყო მოხიბლული.

_ აბა, ნაყოფიერ სამუშაოს გისურვებთ ბატონო გიორგი!_ თავი დაუკრა შიომ და კაბინეტი სწრაფად დატოვა.

_ ავღნიშნოთ შენი ჩვენთან მოსვლა!_ კეთილად იყო განწყობილი ლევანიც.

_ აუცილებლად, როგორმე._ თავი დაუქნია გიორგიმ. სინამდვილეში ლევანი სულ არ მოეწონა, მაგრამ ამის აფიშირებას არ აპირებდა. სულაც პირიქით, ყველანაირად დააჯერებდა, რომ მის მიმართ დადებითად იყო განწყობილი. ვინ იცის, რას მოუტანდა მასთან თანამშრომლობა.

მუხლებზე დაჩოქილი ლენა ხელზე მებაღის ხელთათმანებით მიწას თხრიდა. ხანდახან მიწით დასვრილი მაჯით შუბლზე ოფლს იმშრალებდა. ხელთათმანს ბოლოში მეტალის კლანჭები ჰქონდა რათა მიწა ადვილად ამოეთხარა. იჯდა და მიწას გამეტებით აღრმავედა. იმაზე ბევრად მოზრდილი ორმო ამოიღო, ვიდრე ჰორტენზიის მომცრო ნერგს სჭირდებოდა. რაღაც მძიმე ფიქრს წაეღო მისი გონება. იქვე აზალიის მოზრდილ ბუჩქებზე მხიარულად ჟღურტულებდნენ ბეღურები. ჩიტებმა ქალის ყურადღება მიიქციეს. გამოაფხიზლეს.

_ ამდენი უაზრო ფიქრი მავნებელია! _ საკუთარ თავს გაესაუბრა ლენა. ახლაღა დაინახა, რომ ორმო იმაზე ღრმა იყო ვიდრე საჭირდებოდა. ამოიოხრა. მოუქნელი უხეში ხელთათმანები გაიძრო. არ უყვარდა ხელთათმანებით მუშაობა. თავისუფალი ხელით უფრო კარგად შეიგრძნობდა საქმეს. თითქოს უფრო გულიანი გამოსდიოდა ყველა საქმე, რომელსაც შიშველი ხელით ეჭიდებოდა. ისევე, როგორც ეს ხდებოდა როიალის შემთხვევაში. ვერ წარმოედგინა ხელთათმანებით როგორ უნდა დაეკრა. გაეცინა. კიდევ კარგი, იქაც არ აიძულებდა გიორგი ხელთათმანების ჩაცმას.

_ არაუშავს, სამაგიეროდ კარგი დრენაჟი გამოუვა!_ თავი დაიმშვიდა და დამტვრეული ძველი კრამიტი ბლომად ჩაყარა ორმოში.

ვერანდაზე მჯდარი შორიდან უცქეროდა
ახალ მცენარეს და თვითკმაყოფილი ღიმილით ყავას წრუპავდა.
თან გონებაში რაღაც ახალ მელოდიას უკირკიტებდა. და შიგადაშიგ ნოტების რვეულში აღნიშვნებს აკეთებდა.

_ ნეტა გიორგი სადაა, რატომ იგვიანებს?_ გაუელვა მოულოდნელად თავში. საათს ახედა. ადგა და თავის მოსაწესრიგებლად აბაზანას მიაშურა. გიორგის არ უყვარდა მიწით დასვრილი რომ შეეგებებოდა ხოლმე. განა რამეს ამბობდა, მაგრამ მისი ეს უცნაური გატაცებები აშკარად აფორიაქებდა. არ ღირდა ასე არაფრის გამო ქმრის განერვიულება!

წყალი გადაივლო, თმა გაიშრო, დაიტალღა, როგორც გიორგის უყვარდა. მხოლოდ გიორგის გამო, თორემ თავად უბრალოდ აკეცილი თმა, უბრალო სპორტული სამოსი, უბრალოდ საღამოს სარწეველა სკამში გატარება, წიგნის კითხვა და ხმადაბალი შოპენი ყველაფერს ერჩია.

სამზარეულოში გავიდა და მაგიდის გაშლას შეუდგა. ჭიქებს რომ იღებდა თაროდან, ლამაზად ჩამოგრეხილ წითელ სანთლებს ჰკიდა თვალი. გაღიმებულმა ჩამოიღო.
და მაგიდის თავსა და ბოლოში აანთო. სანთლებმა სიმყუდროვე და ინტიმურობა შეჰმატეს სასადილო ოთახს.
კარზე ზარი გაისმა. ღიმილიანი სახით გაემართა ლენა კარის გასაღებად.
ჯერ წითელი ვარდების მოზრდილი თაიგული დაინახა ლენამ და მხოლოდ ამის შემდეგ ქმარი.
ბედნიერი სახით ჩამოართვა ყვავილები და გულში ჩაეკრა ყურადღებიან მეუღლეს.

_აბა, როგორ მოგეწონა ახალი სამსახური?_ ჰკითხა ინტერესით.

_ კარგია, არაჩვეულებრივი! მგონი კარგახანს დავრჩები მათთან!_ ხელი მაჯაში მოჰკიდა ცოლს და თვალწინ დაიტრიალა.

_ მშვენიერი ხარ იცი?!_
ლენამ გაუღიმა.

_ ხელები დაიბანე და მოდი ვივახშმოთ, მანამდე ყვავილებს ვაზაში ჩავაწყობ!_ ყვავილები ჩაიხუტა და სასადილო ოთახისკენ გაემართა. ყვავილებს გაზეთის მსგავსი მოყვითალო საფუთი ქაღალდი შეხსნა, და ბროლის მაღალ ვაზაში მოათავსა.

_ ვერაფრით დაიმახსოვრა, რომ მე თეთრი ვარდები მიყვარს!_ ჩაეცინა თავისთვის. მერე ის ქალები გაიხსენა, რომლებიც წლობით ელოდებიან მეუღლეებისგან ამ ერთი შეხედვით უბრალო ჟესტს და არა და არ ეღირსათ და მხრები აიჩეჩა.

_ წითელი, თეთრი ყვავილი ყვავილია, ბოლოს და ბოლოს ფერს რა აზრი აქვს!

_ რამეს ავღნიშნავთ ძვიფასო?_ მოეხვია გიორგი ლენას და ლოყაზე აკოცა.

_ არა, ისე უბრალოდ! რომანტიკისთვის!_ სკამი გამოუწია ქმარმა ლენას.

_ მთელი დღე კომპიუტერის ეკრანის ვუყურებ, თვალები ძალიან მტკივა. მოდი რომანტიკა სხვა დროს იყოს, სანთლების ციმ_ციმი უარესად მტკენს თვალებს!_ სთხოვა ქმარმა, და ისე რომ პასუხს არ დალოდებია, ოთახში მკვეთრი დღის განათება ჩართო და ორივე სანთელი ჩააქრო.
"არადა, რა საოცარ განწყობას ქმნიან სანთლები!"_ გაიფიქრა გულში ლენამ. მაგრამ უკმაყოფილება არ გამოუხატავს. განა ღირდა სანთლების გამო დაღლილ ქმართან კამათი?!

(რაც უფრო შორს ხარ,)

ჭიქა ღინოს კიდევ სხვა ჭიქა მოჰყვა და საკმაოდ მოეკიდა სასმელი მედეას. შავ აბრეშუმის საღამურზე იმავე ფერის თხელი ხალათი მოესხა ქალს და აივანზე ფეხშველი იდგა. იცოდა, განა არ იცოდა, მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები ახალგაზრდა კაცის ყურადღებას რომ იქცევდა ასე შილიფად ჩაცმული?! მაგრამ ძაღლად არ აგდებდა მის ვნებიან თვალებს. გაცოფებული იყო მედეა. რაც მთებიდან დაბრუნდნენ ერთხელ არ დაუძახია შიოს. არადა ეგონა მის უნახავად დიდხანს არ გაუძლებდა გული. მაგრამ გაკერპდა კაცი. ვერც კი ამჩნევდა თითქოს. საყვარელ ყავასაც კი აღარ სთხოვდა შუადღისით მდივანს, ალბათ მასთან შეხვედრა რომ აეცილებინა თავიდან.
"თავმოყვარე ადამიანი მის მდივნად აღარც გაჩერდებაო!" ასისინდა სინდისი.

_ მოკეტე!_ ხმადაბლა იყვირა ქალმა._ გაჩუმდი! მღელვარებისგან ღრმად სუნთქავდა და შიშველ ყელზე მოალერსე ნიავიც კი ვერ უმშვიდებდა მბორგავ ფიქრებს.

_ მე მიმატოვა? ანუ მე მიმატოვა?!_ გაუმეორა საკუთარ თავს. ხელი წელზე ჩამოისვა და მოპირდაპირე აივანზე მდგომ ბიჭს ამღვრეული თვალებით გახედა.
თვალებით ჭამდა აივნის მეზობელი. და ეს პირველი შემთხვევა სულაც არ იყო. ჩაეცინა მედეას. იცოდა, როგორი ქალიც იყო. იცოდა, მისი მხოლოდ ერთი თითის დაქნევაც კმაროდა და ნებისმიერი სასურველი მამაკაცი ფეხქვეშ გაეგებოდა. ნებისმიერი შიოს გარდა და ეს უარყოფა აგიჟებდა ქალს.

_ არა ლოდინი არას მარგებს, უნდა ვიმოქმედო!_ თქვა ჩაფიქრებით და ცალი თვალით ისევ მეზობელს გახედა მზაკვრულად. სულ ოდნავ გონების სიღრმეში გაიკლაკნა სამოქმედო გეგმა. სულ ოდნავ გაჰკრა სიავემ შავი ფრთები მის გატეხილ გულს, მაგრამ ესეც კმაროდა იმ ქალისთვის , რომელმაც ნებისმიერ ფასად მიზნის მიღწევა დაისახა.

_ წავიდეთ დავლიოთ?_ შემოხედა კაბინეტში ლევანმა შიოს. მან უარის ნიშნად გააქნია თავი.

_ ამ ბოლოს სულ თავს მარიდებ, რა ხდება? არ მითხრა, რომ ჩვენს შორის შავმა კატამ გაირბინა!_ გაეხუმრა მეგობარი.

_ შავმა არა რიჟამ! უბრალოდ დავიღალე, დასვენება მინდა!_ საზურგეს კომფორტულად მიეყრდნო შიო.

_დასვენება და მასზე ოცნება არა?_ ირონია შეეპარა ხმაში ლევანს. შიომ წარბის აწევით ანიშნა, აკონტროლე რას ამბობო.

_ კარგი კაცია გიორგი! სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა!_ წინ ჩამოუჯდა ლევანი.
რა უნდოდა? რა გიორგი აუტყდა ამ საღამოს?! კარგად ხედავდა შიოს სისუსტეს და გულის სიღრმეში სიამოვნებდა მისი გაკენწვლა. აქამდე რკინის რობოტს ჰგავდა ბატონი შიო. არც შეცდომები, არც სისუსტე, არც გრძნობები, მაგრამ ახლა აშკარა იყო, ლენა ლომიძე მასზე მაგნიტივით მოქმედებდა.
ახსოვდა ლევანს ვიღაც ოქროსფერთმიან მოცეკვავეს როგორი გატაცებით ეძებდა შიო მაშინ. ლამის ყველა საცეკვაო სტუდია მოიარა, მაგრამ ვერსად მიაგნო. არ გინდა ბედის უკუღმართობა?! თურმე აქვე კონსერვატორიაში უნდა ეძებნა. მუსიკოსი ყოფილა ოცნების ქალი და არა მოცეკვავე. მხიარულად ჩაეცინა ამის გახსენებაზე ლევანს.

_ რა გიხარია?_ ჰკითხა დაღლილი სახით შიომ.

_ მიხარია? არა, სულაც არა! უბრალოდ ბედნიერი ვარ, გიორგი რომ ჩვენთან მუშაობას დასთანხმდა, სწორედ დროული იყო!_ შიომ მხრები აიჩეჩა.

_ გიორგი არა და სხვა იქნებოდა, რაა ამაში ასეთი განსაკუთრებული?

_ ჰო, მაგრამ სწორედ გიორგია და არა სხვა ვინმე!_ თვალი ჩაუკრა ლევანმა ორაზროვნად და მისი კაბინეტიდან ხმადაბალი სტვენით გავიდა.

( სინათლე ფანჯრებში)

ნელა გავიდა მანქანით ოფისის ეზოდან და ნაცნობ ქუჩაზე დაეშვა. არსად ეჩქარებოდა. სულ სხვა იქნებოდა სახლში მოსიყვარულე ადამიანი რომ დალოდებოდა. რატომღაც საკუთარ დივანზე მის მოლოდინში მძინარე ლენა წარმოიდგინა. გულში სითბო ჩაეღვარა. რა იქნებოდა ლენა ყოფილიყო ის ქალი, ვინც სახლის კარებს გაუღებდა. ვინც მის მოლოდინში სახლში სინათლეს არ ჩააქრობდა და სახლში მისული განათებულ ფანჯრებს დაინახავდა. სულ სხვანაირად უხარია დაღლილ ადამიანს სახლში დაბრუნება თუ იქ გულით ელიან.
მანქანა ეზოში გააჩერა და საკუთარ ჩაბნელებულ ფანჯრებს ახდა. ამოიოხრა. ალბათ ზოგ ოცნებას ახდენა არ უწერიაო, გაიფიქრა.

_ ეს რა არის ლენ?_ სანახევროდ ჩაძინებული ლენა ქმრის შეშფოთებულმა ხმამ გამოაღვიძა. სწრაფად გამოფხიზლდა და საწოლში წამოჯდა.

_ რა მოხდა? რას მეკითხები?

_ აი ამას!_ მაჯაში ხელი დაავლო გიორგიმ და საკუთარ თითებზე დაახედა. გაოცებულმა დააფახულა ლამაზი თვალები ლენამ. მაინც ვერ მიხვდა, რამ გააბრაზა მისი ქმარი.

_ ისევ მიწას თხრიდი არა? ხომ გთხოვე საკუთარ თავს გაუფრთხილდე, ნახე რას გიგავს ფრჩხილები! კარგი მე არ მითვალისწინებ, მაგრამ საკუთარ პროფესიას მაინც ეცი პატივი, სად გინახავს ფრჩხილებ განადგურებული პიანისტი?
ისევ საკუთარ თითებს დახედა ლენამ. მართლაც გაფუჭებოდა მანიკური. მაგრამ ასეც იყო მოსალოდნელი, ბაღის სამუშაოების შემდეგ.

_ და ამის გამო მაღვიძებ ასე ჯაჯღანით? _ გაოცებით ამოხედა ქმარს.

_არ მეგონა თუ გეძინა!_ ხელები მოხვია ქმარმა._ მე უბრალოდ მინდა დედოფალს ჰგავდე და იდეალურად გამოიყურებოდე!

_ რა თუ ფრჩხილი მომტყდება ლამაზი აღარ ვიქნები?_ უარესად გაოცდა ლენა. რა კავშირში იყო სილამაზე ფრჩხილებთან?

_ შენ სულ ლამაზი იქნები ჩემო გოგო! მაგრამ ხომ გაგიგია: "ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!"_ წაიღიღინა გიორგიმ ლამაზი ხმით, მაგრამ ლენას გაოცებულ თვალებს რომ გადააწყდა, რომლებშიც გაოცების გარდა კიდევ რაღაც უცნობი გრძნობა მოუჩანდა , მაშინვე გაუღიმა ცოლს და გეგეხუმრეო დაამშვიდა.

იმ ფამეს ფიქრებმა არ მოასვენეს ლენა. წარმოიდგინა, რომ ავარიაში მოჰყვა და სავარძელს მიეჯაჭვა, ანდაც დაბრმავდა, დასახიჩრდა, ხელი ან ფეხი დაჰკარგა. ნუთუ სულ ეს იყო მისი სილამაზე? ამით დასრულდებოდა ყველაფერი? თუ დღეს მისი მოტეხილი ფრჩხილი ამხელა ნაკლი იყო გიორგისთვის, მაშინ სულაც მოკვეთილი ფეხი ალბათ რა ტრაგედია იქნებოდა?!
თავი დაბნეულმა და ხასიათწამხდარმა გადააქნია. სიმშვიდე დაჰკარგა.
რა იყო ნამდვილი სიმშვიდე? ამაზე აქამდე არ უფიქრია.
აქამდე თავის საქმეს აკეთებდა, არაფერზე ფიქრობდა და თითქმის არაფერზე დარდობდა. იმაზეც კი არ მისცა გიორგიმ დარდის უფლება, რომ ორსულად ვერ რჩებოდა.

_ ყველა ხომ არ არის არა დედობისთვის დაბადებულიო!_ ანუგეშა ქმარმა._ შენი მისია ალბათ ლამაზი მუსიკის შექმნააო.
არც ამაში ეთანხმებოდა ლენა, გიორგის, მაგრამ გაჩუმდა. სხვას ვის სურდა მისი ბედნიერება თუ არა გიორგის?!
არდა შვილი ძალიან უნდოდა ლენას. საკუთარი იქნებოდა თუ ბავშვთა სახლიდან ამას მნიშვნელობას არც ანიჭებდა. ის გეყვარება, ვისაც ღამეს გაუთენებო, ფიქრობდა ქალი, მაგრამ ვერც ეს სურვილი გააჟღერა ხმამაღლა. რადგან გაიგონა ერთხელ როგორ უთხრა გიორგიმ მათ მეგობრებს:

_ ჩვენ უკვე შევეგუეთ უშვილობას და ამაში პრობლემებს საერთოდ ვერ ვხდავთ! თანაც რაა იმაში ცუდი, თუ ჩემს ცოლს სხეული არ დაუმახინჯდება და მკერდი მუხლებამდე არ ჩამოეელწელებაო!
ანუ გიორგისთვის შვილის ყოლა, სხეულის დამახინჯებასთან ასოცირდებოდა?
ესეც მაინც და მაინც სწორედ ახლა გაახსენდა ლენას. საწოლიდან ჩუმად ადგა. სარკესთან მივიდა, ტორშერი ჩართო და ჩაიხედა. სექსუალურ , გამომწვევ საღამურებში გამოწყობილი, მართლაც საოცარი სანახავი იყო. წელამდე გაშლილი თმით და ჩამოქნილი სხეულით. გაახსენდა რამდენი იცინა გიორგიმ, როცა ერთხელ სპანჯ ბობიანი საღამურებით იპოვნა ცოლი საწოლში. ჯერ გულიანად იხარარა,მერე საკუთარი ხელით გააძრო ქალს სასაცილო საღამურები და ნაგავში გადაუძახა.

_ამ რაღაც მახინჯობის ჩაცმას სულაც შიშველმა დაიძინო ჯობიაო!_ ისევ საწოლს მიუახლოვდა და ქმრის გვერდით ჩამოჯდა. მის მოძრაობაზე გიორგი შეფხიზლდა და გვერდი იცვალა, ცოლის ნაცვლად მისი ბალიში ჩაიხუტა გულში , ხელი მოხვია და ინსტიქტურად დაყნოსა.

_ მაინც რა საყვარელია!_ ჩაილაპარაკა ლენამ, თხელი საბანი ასწია. ქმარს ზურგით მიეხუტა, მკლავზე თავი ჩამოადო და თვალები დახუჭა.

_ ბევრი ფიქრი სახიფათოა ლენა!_ ჩაულაპარაკა საკუთარ თავს და ვერ დაინახა, როგორ კმაყოფილს გაეღიმა გიორგის.

3
(ლურჯი ფრინველი)

""სიყვარული რა არისო?" ხშირად ჩაფიქრებულა გიორგი ამაზე და პასუხსაც სწრაფად პოულობდა ხოლმე.

_ სიყვარული უანგარო გაცემაა! როცა სანაცვლოდ არაფერს მატერიალურს არ მოითხოვ! მხოლოდ მაგიერ გრძნობას და პატივისცემასო!_ ასეთი იყო მისი პასუხი.
ალბათ ასეცაა, მაგრამ მის ამ გაზუთხულ პასუხში, მაინც იყო ერთი პატარა დეტალი. სულ უმნიშვნელო და ალბათ ბევრისთვის შეუმჩნეველი.

"და მაინც რა არის სიყვარული?!" სხვა ათასივით ცდილობდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ლენაც. ისიც ფიქრობდა, რომ სიყვარული უანგარო გაცემაა, ყველაფრის რაც გაგაჩნია: გულის, სხეულის, სულის! და აი სწორედ ეს იყო განსხვავება მათ შორის.

"მატერიალური"ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო, პაწაწუნა სიტყვა, რომელიც ერთის გონებაში გადამწყვეტი აუცილებლობა იყო, ხოლო მეორისთვის არაფერ ღირებულს არ წარმოადგენდა.
ალბათ ყველას ჰყავს ერთი ისეთი მეგობარი, რომელმაც საჩუქრის ჩუქება არ იცის. უფრო სწორედ იცის და ძალიანაც აბედნიერებს, უბრალოდ სწორად ვერასდროს არჩევს. უმეტესად ისეთ საჩუქარს გჩუქნის, რაც თავად მოსწონს. შეიძლება ძალიან ძვირიანს, იქნებ ძალიან ბრენდულს და მოდურს, მაგრამ მაინც, ის შენი არაა! ვერ ირგებ, ვერ იხდენ, მაგრამ მის გაბრწყინებულ თვალებს რომ უყურებ, უბრალოდ გიხარია, ანუ მისი სიხარული გიხარია. და დევს ეს საჩუქარი თაროზე ხელუხლებლად, როგორც სუვენირი ძვირფას ადამიანზე მოგონებად და პატივისცემად შემორჩენილი, მაგრამ არასდროს, გესმით თქვენ, არასდროს მოიხმართ მას დანიშნულებისამებრ.
რადგან საჩუქრის პრაქტიკულობას მისი ფასი კი არ განსაზღვრავს, არამედ ის, თუ რამდნად იცნობს მჩუქებელი თქვენს ხასიათს და რამდენად გაყენებთ საკუთარ ეგოზე წინ.

ლენა შეეჩვია ფიქრს, რომ ნივთი ნივთია, ყვავილი ყვავილია, ვახშამი ვახშამია და ასე შემდეგ. სანამ ეს ყველაფერი მართლაც არ გაუფერულდა და მხოლოდ აზრის გამომხატველ სიტყვებად არ იქცა. არადა, როგორ შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ყვავილი ყვავილია და მეტი არაფერი? მაშინ რატომ ხდებოდა, რომ ჰორტენზიები მეტად უყვარდა ვიდრე აზალიები? ან თეთრი ვარდები ეჩია წითელს? ან რატომ სურდა ევახშმა სანთლების შუქზე და რატომ სწყინდა გულის სიღრმში, როცა გიორგი სანთლებს უქრობდა?!

ხეზე დაკიდულ ჩიტის ფერად სახლებს გახედა სინანულით.

_ ხომ ხვდები არა, რომ ამ სახლებში ჩიტები არ დაბუდდებიან?_ იცით რა დროს უთხრა ქმარმა ეს უნუგეშო სიტყვები? როცა სახლი ტოტზე დაუკიდა, კიბიდან ჩამოვიდა და ქალს ხელი მოხვია მხრებზე, ლენა კი აღფრთოვანებით ასცქეროდა ქმრის ხელმარჯვეობის შდეგს და გული სიხარულით უცემდა იმის წარმოდგენაზე, რომ ერთ დღეს იმ პაწაწუნა სახლიდან სულიერი გადმოხედავდა.
რა საჭიროა იმედების ასე შეუბრალებლად მოკვლა? ფიქრობდა სევდიანად ქალი და ნოტების რვეულში ბეღურებს ხატავდა.

_ სულაც არა, ყველაფერი ისაა, რადაც შენ მოიაზრებ!_ გაბრაზდა ბოლოს უადრესატოდ.

_ ყვავილი შენი განწყობაა, ვახშამი რომანტიკა, მუსიკა კი სული და მაშინაც კი თუ სახლი ცარიელია, ის პოტენციური თავშესაფარია მათთვის, ვინც მასში ამ მნიშვნელობას აღმოაჩენს!_ ფანქარი რვეულში ჩატოვა და უცნაური გადაწყვეტილებით სახლიდან გავიდა. პირველად მოხდა, რომ ქმარს არ დაურეკა და მიღებული გადაწყვეტილება არ შეუთანხმა. რატომ? ალბათ წინასწარ იცოდა, რომ გიორგი ჩანაფიქრს გადააფიქრებინებდა.
და ცოტა ხანში სახლში ოქროსფერი გალიით დაბრუნდა, რომელშიც ორი ცისფერი, არა უფრო მოლურჯო თუთიყუში იჯდა!

(ძაღლური ერთგულება)

_ ლევან, რა სჭრს შიოს?_ ჰკითხა საკუთარ მაგიდასთან მჯდარმა მედეამ მოპირდაპირედ დივანში მჯდომს. ლევანი მაგიდის ქვეშიდან მადისაღმძვრელად მომზირალ ერთმანეთში გადაკლაკნილ თეთრ ტკიცინა ფეხებს ვერ სწყვეტდა თვალს და გულში ფიქრობდა:
" რატომ უნდა სდიო ოცნებას, როცა რეალურად ამდენად მაგარი ქალი გყავს გვერდითო!"

_ არ ვიცი, რას გულისხმობ?_ გაუღიმა და როგორც იქნა, მზერა მისი ფეხებიდან მის სახეზე გადაიტანა.
სახეც არანაკლებ ლამაზი და მიმზიდველი ჰქონდა ქალს, რომ არა ეს ცბიერი თვალები და მოთვალთვალე გამოხედვა. თუმცა იმ წამს ესეც კი მიმზიდველად ეჩვენებოდა კაცს.

_ ვერ ხვდები? კარგი რა! წლებია ერთმანეთს ვიცნობთ!_ გაუღიმა მაცდურმა._ არ გინდა თავის არიდება! მე უკვე შეგუებას ვიწყებ, მის გულცივობასთან! უბრალოდ ნამდვილი მიზეზი მაინტერესებს! სულის სიმშვიდისთვის და მეტი არაფერი! სხვა ჰყავს ხომ?
ახლა მარჯვენა ფეხი გადახლართა მარცხენაში მედეამ. გულში ირონიულად ჩაეღიმა. კაცები, რომლებიც საკუთარ თავს ძლიერ სქესს ეძახდნენ, მისი ფეხების უბრალო მოძრაობით იმართებოდნენ.
აქამდე შიოც ასე იყო, მაგრამ რა შეიცვალა ახლა? აი ამას რომ ვერ ხვდებოდა, ამიტომ ვერ მშვიდდებოდა ვერაფრით.

_ასეც ვერ ვიტყვი!_ უხერხულად გაეღიმა ლევანს._ უბრალოდ თავისი პირველი სიყვარული იპოვა და ის კი სხვისი..._ უცებ შეწყვიტა. მიხვდა კინაღამ ზედმეტი წამოროშა. სწრაფად წამოდგა ფეხზე. "უნდა წავიდეო!" მოიმიზეზა და მედეას თავბრუსდამხვევ სხეულს თვალი ძალით აადღლიზა. შიოს კაბინეტის
მისაღები სწრაფად დატოვა და საკუთარ კაბინეტში შეიკეტა.

_ ჯადო გამიკეთა თუ ჰიპნოზი ამ წყეულმა ქალმა!_ გაიფიქრა დაბნეულმა და პირველად გაიაზრა, თუ რა საშიში ქალი იყო მედეა სინამდვილეში.

_ მისგან თავი შორს უნდა დავიჭირო!_ გაიფიქრა გულში და მიღებულმა გადაწყვეტილებამ დაამშვიდა.
ლევანი არ იყო იდეალური ადამიანი, არც იდეალური მამაკაცი, ალბათ არც მეგობრად ვარგოდა, მაგრამ იყო ერთი პატარა გრძნობა, იქნებ არც პატარა?! ამას მადლიერება ერქვა. ახსოვდა და არაფრით ავიწყდებოდა, თუ რა წუმპიდან ამოათრია შიომ ოდესღაც. კაბინეტი მათვალიერა. მაშინ, როცა ქუჩაში გამარჯობასაც არ ეუბნებოდნენ ძველი მეგობრები, მხოლოდ შიომ გაუწოდა დახმარების ხელი. ფეხზე დააყენა, კაცად აქცია და თუნდაც ძალიან შურდა შიოს ნიჭის, გამჭრიახობის და ალღოსი, მის ღალატს გულში არაფრით გაივლებდა. მხოლოდ თავს ირთობდა მისი პატარ_ პატარა გაღიზიანებებით.
ეს იყო და ეს, მეტი არაფერი!

(კვალი)

შიო გიორგის მოტანილ ნახაზებს დასცქეროდა ყურადღებით, უამრავ კითხვას სვამდა, ყველაფერი უმცირეს დეტალებამდე აინტერესებდა. და თანდათან აღფრთოვანებაში მოდიოდა. მართლაც პროფესიონალი იყო გიორგი საკუთარ საქმეში. თან უმაღლესი კლასის პროფესიონალი.
გიორგი ყველა კითხვას მოთმინებით და უცნაური თავდაჯერებით პასუხობდა და შიოს აღფრთოვანებით ნეტარებდა. იცოდა, რომ მას მოეწონებოდა ნახაზები. ეჭვიც კი არ ეპარებოდა ამაში. ფანჯრიდან შემოსული მზის სინათლისკენ მიბრუნებული უფროსის პროფილს გულდასმით აკვირდებოდა. შავგვრემანი კაცი იყო შიო. მკვეთრი და შუაში ოდნავ ჩატეხილი ნიკაპით, " ალბათ ძალიან ჯიუტი კაციაო!" გაიფიქრა გიორგიმ.
თაფლისფერი, ჭკვიანი და ცოცხალი თვალები ჰქონდა შიოს. ისეთი, ემოციებს რომ ატარებდა და გულის ნაფიქრალს სახეზე რომ აწერდა პატრონს. აი ზუსტად ისე, როგორც ახლა მისი ნახაზების თვალიერებისას. "გულწრფელი კაცია!" გაიფიქრა ისევ გიორგიმ და ერთი უცნაური და სახალისო იდეა მოუვიდა თავში.

_ შიო, ვახშამზე გეპატიჟებით! ჩემთან სახლში! რესტორანში დაგპატიჟებდით, მაგრამ ყელში ამოვიდა რესტორნის სადილები. რამე სახლური მირჩევნია, რამე მართლა გემრიელი! რას იტყვი?_ წამით გაშრა შიო. სულ წამით გახევდა.

_ დარწმუნებული ხარ, რომ არ შეგაწუხებთ?_ გამოხედა იმედით, რომ გიორგი მიპატიჟებას გადაიფიქრებდა, რომელსაც შიო თავიდან ვერაფრით აირიდებდა.

_ ლევანმაც მითხრა, სადმე გავიდეთო და რაღა სადმე გავიდეთ, ბარემ ჩემთან ავიდეთ! დარწმუნებული იყავი მოგეწონებათ! აბა რას იტყვი?_ თვალების სიღრმეში გადამალა გიორგიმ ის ფარული მაზოხისტური სიამოვნება, რაც შიოს თანხმობით განიცადა. ზედ გულწრფელობა და სტუმართმოყვარეობა წააფარა. რა იყო იმაზე დიდი სიამოვნება ადამიანისთვის, როცა შეეძლო საკუთარი იდეალური ცხოვრების დემონსტრირება მოეხდინა, მართლაც იდეალური ადამიანის თვალწინ და ეჩვენებინა, რომ არსებოდა რაღაც, რაც მხოლოდ მას ეკუთვნოდა და რასაც ის ვერასდროს დაისაკუთრებდა.
რაღაც თუ ვიღაც?! ესეც საკითხავი იყო.

შიომ ფარულად ამოიოხრა და მიწვევას დასთანხმდა. თანაც გულში კიდევაც ესიამოვნა. სხვაგვარად სად და როგორ ნახავდა ლენას? ერთი მოკლე საღამო, სულ ორიოდე საათი. გაეღიმა.

"ჯანდაბას! რა დაშავდება, არც არაფერი!" გაიფიქრა და ისევ ნახაზებს მიუბრუნდა.

_ რაო? სახლში დაგვპატიჟა? რა უცნაური კაცია? საკუთარ სახლში ვახშმის გამართვას, როგორც წესი, ყველა თავს არიდებს ხოლმე, არა?_ დაფირებით თქვა ლევანმა და შიოს ღიმილით გადახედა_ და შენც მეტი რა გინდოდა არა? დრაკონის გამოქვაბულის სიღრმეში გამომწყვდეული პრინცესის სანახავად წასვლას, აბა როგორ არ დასთანხმდებოდი?
შიომ წარბშეკრულმა ამოხედა, მაგრამ არაფერი უპასუხია. მართალი იყო ლევანი, და მისი სიტყვების უარყოფას აზრი საერთოდ არ ჰქონდა.

_ საყვარელო!_ სახლის კარი აჟიტირებულმა შეაღო გიორგიმ. სწრაფად გამოიცვალა ფეხზე და სამზარეულოს მიაშურა. ლენა მისგან ზურგით იდგა სამზარეულოს თეთრ მარმარილოს ზედაპირიან მოზრდილ მაგიდასთან იდაყვბზე დაყრდნობილი.

_ დღეს სტუმრები გვეყოლებიან, ჩემი უფროსები! _ ვერ მიხვდა რას აკეთებდა ცოლი. სანამ ლენა მისკენ არ მოტრიალდა და მაგიდაზე მდგარი გალია არ დაინახა.

_ ეს რა ჯანდაბაა?_ ვერ დამალა უკმაყოფილება.

_ ჯანდაბა არა, ჩიტებია!_ მაგიდაზე ჩამოდებული თითები მომუჭა ლენამ. ცხოვრებაში პირველად არ აპირებდა ქმრისთვის დათმობას_ ჩემი ჩიტებია! ჟაკო და მაკო!
ისე წარუდგინა სახელებით, როგორც პიროვნებები. გიორგიმ ცოლის ხმაში უცნაური, უცხო და ახალი ამბოხი დაინახა. ისიც დაინახა, როგორ ჯიუტად შეკრა ლენამ პატარა მუჭი და ჩათრევას დროებით ჩაყოლა არჩია, თუმცა კი სახლში ცხოველთა სამყაროს კატეგორიულად არ მიესალმებოდა. ჰაერი ჩაისუნთქა და სახეზე ღიმილი იფარა.

_ ვაა, მე რატომ არ მითხარი, რომ ახალი ბინადრების მოყვანას აპირებდი? რა ლამაზები არიან!_ ეს კი თქვა, მაგრამ თუთიყუშის უსიამოვნო ჭყიპინზე შუბლი მოექუფრა.

_ მოგეწონა?_ მოეშვა ლენას გულზე და მუჭიც თავისუფლად გაშალა.

_ მეგონა უარს მეტყოდი!_ სიყვარულით გადახდა ახალ მეგობრებს.

_ უარს გეტყოდი?_ გაეღიმა გიორგის_ როდის გეუბნები უარს რამეზე?

რომ დაფიქრდა ლენა, ასე უცებ ვერც გაიხსენა, რომ ქმარს უარი ეთქვა მისთვის. გააოცა ამ აღმოჩენამ. აბა, რატომ ეგონა ასე დარწმუნებით, რომ გიორგის მისი იდეა არ მოეწონებოდა?! საკუთარი თავით უკმაყოფილება იგრძნო, თითქოს ფარული დანაშაულის გრძნობაც კი, რომ ასეთ გულიან და საყვარელ კაცზე ასეთი სისულელეები გაიფიქრა. ქმარს ჩაეხუტა და ხელები კისერზე მინდობილად მოხვია. გიორგიმაც მოხვია ცოლს ხელები წელზე. გულში ძლიერად ჩაიკრა, თან გალიას ზიზღით გადახედა მის მხარს მიღმა. ცხვირი ცოლის ყელში ჩაყო. ესიამოვნა ქალის სურნელი. მოუნდა იქვე უხეშად დაუფლებოდა მის სხეულს. რომ თითქოს ამით დაესაჯა თავნებობისთვის და ცოტა დამშვიდებულიყო. თმაში ხელი მოჰკიდა და თავი გვერდზე გადააწევინა. განთავისუფლებულ ყელზე დაეწაფა. ისეთი სურვილით და ისე ძლიერად, რომ ქალს გამჭვირვალე კანზე მუქ წითლად დაამჩნია "საიყვარულის" კვალი. რომ მოშორდა და შორიდან შეხედა, ესიამოვნა კიდეც საკუთარი შედევრის დანახვა.
"ასე უკეათესიცააო!" გაიფიქრა და სამზარეულოდან ისე გავიდა ჩიტებისთვის აღარც შეუხედავს.

( ყვავილი ყვავილია)

_ რა ყვავილები აგიტყდა ბიჭო? პაემანზე კი არ მიდიხარ!_ ისევ დაიჭირა შიომ მეგობრის ხმაში გაპარული ირონია და ინანა, რომ ლენაზე მოუყვა.
თავი გადააქნია და ყვავილების მაღაზიაში გადავიდა. ამ შემთხვევას ხელიდან ვერ გაუშვებდა. სასურველი ქალისთვის ყვავილების ჩუქების შანსი, კაცმა არ იცის, კიდევ როდის მიეცემოდა. განა რამე, მხოლოდ საკუთარი გულის გახარება სურდა.
არჩევანი, როგორც კაცების უმეტესობამ, მანაც წითელ ვარდებზე შეარჩია.
მაგრამ თან შემოყოლილმა ლევანმა ხელიდან აართვა თაიგული.

_ ახლა უკვე მეტისმეტი მოგდის, იცი?_ სამართლიანად შეუწყრა._ წითელი ვარდი სიყვარულის სიმბოლოა, ეს პატარა ბავშვმაც კი იცი! აჰა, აი ეს წამოიღე!
ხელი თეთრ_ მომწვანო, ჰოლანდიური ვარდების მოზრდილ კონას დაავლო.
შიომ ამოიოხრა, მაგრამ წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. "ყვავილი ყვავილია ბოლოს და ბოლოსო!" გაიფიქრა.

კარზე ზარი რომ გაისმა, გიორგი, ოთახში იყო და პერანგის ღილებს იკრავდა სარკეში.
_კარი გააღე რა ლენა!_ გასძახა ცოლს.

კარი რომ გააღო და უზარმაზარ თეთრ ვარდებს მოჰკრა თვალი, მუხლებში გააჟრჟოლა ლენას. "რა უცნაური გრძნობა ყოფილა წლებით ნანატრი, სასურველი საჩუქარის მიღებაო!" გაიფიქრა ქალმა. და ეს აღელვება ყვავილებს დააბრალა.
თავი ისე მოაჩვენა, მაშინაც და ახლაც, თითქოს ვერ იცნო ლიფტში ნანახი უცნაური კაცი. რომლის თვალებშიც აშკარად დაიჭირა რაღაც უცნაური, იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე აუცილებელი იყო. ამიტომ გრძნობდა თავს უცნაურად, დაძაბულად და აღელვებულად.

_ მობრძანდით!_ შეიპატიჟა სტუმრები სახლში. თაიგული ჩამოართვა და განზე გადგა. სტუმრებმა სახლში შემოაბიჯეს.
ოთახიდან ღიმილით გამოსულმა გიორგიმ მოასწრო დაენახა, როგორი ბედნიერი ღიმილით დასცქეროდა ლენა თეთრ ვარდებს. ისე, როგორც არასდროს დაუხედავს მის მიერ მორთმეული წითელი ყვავილებისთვის. არ ესიამოვნა ამის აღმოჩენა, მაგრამ აზრიც დიდად არ დაუტანებია ამ მომენტისთვის. უბრალოდ სადღაც გონების სიღრმეში დაელექა, როგორც უსიამოვნო გრძნობა.

სტუმრები დივანზე ჩამოსხდნდნ და ცოტა ისაუბრეს, სანამ ლენა მაგიდას შლიდა და გიორგი ეხმარებოდა. იდეალური სანახავი იყო ცოლ_ ქმარი ერთად. შიომაც კი აღიარა გულში, რომ წყვილი ერთმანეთს უხდებოდა და ერთმანეთს ავსებდა.

ვახშამი კი მართლაც სრული ნეტარება იყო.

_ მართალი იყავი გიორგი!_ გაუღიმა შიომ თანამშრომელს._ ასეთ გემრიელ ვახშამს ვერცერთ რესტორანში ვერ ვიგემებდით! განსაკუთრებული მადლობა ოქროსხელება დიასახლისს!
წითელი ღვინით სავსე, გრძელფეხა ფუჟერი მაღლა ასწია, ლენას სადღეგრძელოდ და მოსვა. დამორცხვებულმა ქალმა, მადლობა თქვა და ინსტიქტურად გადაიწია მხარზე ჩამოყრილი ოქროსფერი თმა და სწორედ მაშინ, როცა შიო გულში ფიქრობდა:" ალბათ რა ბედნიერებაა, სახლში ასეთი საჭმლით რომ განებივრებს ცოლიო!" რომ თვალი ჰკიდა ლენას ყელზე დამჩნეულ დაწითლებულ კვალს. კინაღამ ღვინო გადასცდა. რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ ქალს ყელზე ქმრის უხეში კოცნის კვალი აჩნდა და პირველად წაუჭირა ყელში მკვეთრმა სიბრაზემ და სიბრაზეზე უფრო აშკარა შურმა. იმის გააზრებამ, რომ ეს ქალი ნამდვილად სხვას ეკუთვნოდა და არანაირი უმნიშვნელო შანსიც კი აღარ რჩებოდა მას, თუ, რა თქმა უნდა, ღირსების და კაცობის შენარჩუნება სურდა.
სწორედ ამ მომენტს ელოდა გიორგი მთელი საღამოს მანძილზე. ნასიამოვნები მიეყრდნო სკამის საზურგეს. მხრებში გაიშალა და ეგოც დაუმშვიდდა.

უცნაურია ადამიანი და კიდევ უფრო უცნაურია ის კაცი, რომელიც ალესილი დანის პირზე სიარულით იღებს მაზოხისტურ სიამოვნებას, რადგან საკმარისია მხოლოდ ერთი წამიერი და უმნიშვნელო შეცდომა, სწორედ ამ დანაზე წამოსაგებად. საინტერესოა რას იგრძნობდა ლენა, საკუთარი მეუღლის ფიქრების გაგონება რომ შესძლებოდა?!

4
(დავიწყებული მოგონებები)

_ იდეალური წყვილია!_ თითქოს განაჩენი გამოუტანა შიოს. ისეთი მტკიცებითი ფორმით გაახმაურა ლევანმა საკუთარი აზრი.
შიო კი იმ წუთში წარსულში გაშვებულ შანსზე ფიქრობდა. მაგრამ მაშინ ეგონა, რომ სიყვარულის მის ცხოვრებაში დრო და ადგილი არ ჰქონდა. " ნუთუ სიყვარულს დროც აქვსო?" გაიფიქრა საკუთარ თავზე აღრენილმა.
დამშვიდობებისას იგრძნო, რომ წასვლა არ უნდოდა, რადგან ამ ქალის სიახლოვე სიამოვნებდა. სიამოვნებდა მისი სურნელი, მისი ხელით გამზადებული და მორთმეული ვახშამი. უბრალოდ მის ახლოს სუნთქვა სიამოვნებდა და აღარ ეთმობოდა ეს სიახლოვე. წამით ისიც კი დაავიწყდა, რომ ეს ქალი გიორგის ცოლი იყო. მხოლოდ სულ წამით

_ მშვენიერი საღამო გავატარეთ, მადლობა ქალბატონ ლენას!_ დამშვიდობებისას მის ხელს ოდნავ მოუჭირა თითები და გულდაწყვეტილმა გაიფიქრა: "რა იქნებოდა ვეცნეო?" ესეც ეგოისტური ფიქრი იყო, თორემ რა საჭირო იყო, რომ ლენას ის რამდენიმე ხელიდანგაშვებული წუთი გახსენებოდა.
" ამდენად უმნიშვნელო!" უფეთქავდა გონებაში ეს ორი სიტყვა შიოს და უფრო და უფრო წუხდა დაკარგული მომენტის გამო.

რატომღაც არასდროს ვფიქრობთ ადამიანები, რომ მომავალში რაღაც ჩვენს საწინააღმდეგოდ შეიცვლება. ვმალავთ ნამდვილ გრძნობებს და სურვილებს, რაც შეგვიძლია დიდხანს და მონდომებით. თავებს ათასი უაზრობით ვიმართლებთ, რომ დრო არაა! რომ ხასიათი არაა! რომ ადგილი არაა! მაგრამ წამითაც არ ვუშვებთ იმ აზრს, რომ ჩვენს გაფლანგულ წამებს ვიღაც სხვა ჩასაფრებული უცდის. უცდის სწორედ იმ წამს, იმ ადგილს და იმ სიტუაციას, რომ გადადგას ის თამამი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ჩვენ უბრალოდ შეგვეშინდა. და ასე და ამგვარად იმ ნიშას, რომელიც ჩვენ უნდა შეგვევსო ჩვენი არსებობით, ავსებს ვიღაც სხვა, ჩვენ კი გვიპყრობს წუხილი და ვებრძვით მილიონ რომს, მაგრამს, ნეტავს და იქნებს....

ლენა დაფიქრებული იჯდა სარკის წინ. გრძელი თმა წინ გადმოეყარა და სავარცხლით ხელში ფიქრებში ჩაფლული რაღაცის გახსენებას ცდილობდა.

_ საიდან მეცნობა? სად მყავს ნანახი?_ ეკითხებოდა საკუთარ თავს და სწორედ იმ წამს იხსენებდა, როცა იქ სასტუმროს ლიფტში შეეჩეხა მის თვალებს პირველად. პირველად?! მაშინაც აყვა ის უცნაური დეჟავუს შეგრძნება.
მაგრამ რა შუაში იყო დეჟავუ? როცა ჯერ კიდევ იმ ლიფტში აშკარად იცოდა, რომ ყელზე მარჯვენა მხარეს ხალი ჰქონდა.

_ რაზე დაფიქრებულა ჩემი მშვენიერი ელენა?_ მოშიშვლებულ ყელზე ჯერ კიდევ მუქად დამჩნეულ კვალზე ოდნავ შეახო ტუჩები გიორგიმ.

_ იცი, რომ მშვენიერი ხარ, არა? თუ უკვე გითხარი?_ სარკეში შეხედა ცოლის ანარეკლს.

_ სარკევ, სარკევ, ვინ არის ყველაზე ლამაზი?_ ჰკითხა სარკეს თეატრალური ხმით.

_ ლენა....ლენა....ლენა..._ მაგიური ჩურჩულით გაახმოვანა სარკის პასუხიც.
ლენას გაეცინა. სავარცხელი დადო, ადგა და მისკენ შებრუნდა.

_ რომ იცოდე, რა საოცარი ხარ!_
ხელი ცოლის მკლავზე ჩამოაცურა და ხალათის ქამარი გაუხსნა. მხრებზე გადაუწია და დააკვირდა, როგორ დასრიალდა ძვირფასი ქსოვილი ქალის გამოკვეთილ ფორმებზე. გულში აღიარა, რომ იდეალური ცოლი ჰყავდა!

_ დაუკრავ ჩემთვის?_ ჰკითხა უცნაურად აციმციმებული თვალებით.

_ სიამოვნებით!_ გაუღიმა ლენამ. ყოველთვის სიამოვნებდა ქმრის ასეთი ინტერესი და სიყვარული მისი პროფესიისადმი. სხვა კაცებს არ ჰგავდა გიორგი. საათაობით იჯდა და უსმენდა ლენას დაკრულ კომპოზიციებს. ლენას
შოპენი უყვარდა, გიორგის ლენა და იყო ამ ყველაფერში რაღაც სინათლე. შეიძლება ჩირაღდანივით ჩახჩახა არა, მაგრამ მაინც სინათლე.
ლენა როიალს მიუახლოვდა დაჯდა და სანამ დაკვრას დაიწყებდა გიორგის გახედა.

_ რა დავუკრა გიორგი?_ ჰკითხა მოულოდნელად. დაბნეული იყო, ვერ გადაწყვიტა. სხვა დროს ამ კითხვას არ სვამდა ლენა. უმეტესად ან საკუთარ შემოქმედებას უკრავდა, ან შოპენს.
გაოცებით შეხედა გიორგიმ, და ღმერთმა უწყის რატომ და საიდან ამოუტივტივდა თავში:

_ შოსტაკოვიჩიო! _ უპასუხა ცოლს.

მხრები აიჩეჩა ლენამ და დაკვრა დაიწყო.
ჯერ უემოციოდ უკრავდა, მერე ფიქრები ისე დატრიალდნენ მის გაფანტულ გონებაში, როგორც შემოგომაზე იცის ოქროსფერმა ფოთლებმა ერთმანეთში აფრიალება. თვალები დახუჭა ქალმა. ემოცია დაიჭირა და მას მიჰყვა. საკუთარ ფიქრებს აადევნა თითები და ლამის მივიწყებული მოგონება ამოუტივტივდა გონებაში. გაახსენდა სწორედ ამ მელოდიაზე ცეკვავდა იმ ლამაზ ბაღში უცნობ კაცთან ერთად. ოქროსფერი მზე და ჭადრის ფოთლების ნარინჯი. მზის სხივებს ხან პარტნიორი ეფარებოდა, ხან კი შიგ თვალებში უჭიტინებდა მზე. სწორედ ამიტომ თვალმოჭრილმა ვერ დაიმახსოვრა მისი სახის ნაკვთები, მხოლოდ ერთი პატარა დეტალი. პატარა დეტალი....
ხალი... ხალი ყელზე... ყელზე?

" შეუძლებელია! არ არსებობს!"
და ბოლო აკორდი! მუსიკა შეწყდა. მაგრამ ფიქრებში ისინი მაინც ტრიალებდნენ და მუსიკა მხოლოდ მათ გონებაში ჟღერდა.

_ რა მოგივიდა ცუდად ხარ?_ გამოაფხიზლა ქმრის ხმამ_ მოიცა წყალს მოგიტან! რა დაგემართა ფერი არ გადევს!
მართლაც შეშინებული იყო გიორგი. და უცნაურად მომზირალ ცოლს თავს დასტრიალებდა.
ვერაფერი უპასუხა ლენამ. ან რას ეტყოდა, რა ჰქონდა სათქმელი?! წყალი მოსვა და გული დაიმშვიდა.
"დაე ისევ მოგონებად დარჩესო!" უბრძანა საკუთარ თავს და გულაჩქარებული ქმარს მოეხვია დასამშვიდებლად.

(ობობა)

მედეა დასაფრებული ელოდა მოპირდაპირე აივანზე მეზობლის გამოჩენას, შემდეგ კი ვითომ შემთხვევით გადიოდა, გამომწვევ საღამურში გამოკვალთული, სიგარეტს ეწეოდა ან ღვინოს წრუპავდა ნებიერად მოწნულ სავარძელში მიწოლილი და თვალს არ აშორებდა უბედურ მიჯნურს.
გულში დასცინოდა და მასხრად იგდებდა. სად ის და სად მედეას გრძელი ფეხები?! მაგრამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად სჭირდებოდა ეს ბოთე კაცი.
ელოდა საჭირო მომენტს. მომენტს, როცა მისი გულუბრყვილობით ისარგებლებდა.

არასდროს ფიქრობს ქსელის ბოლოს მჯდომი, მოთმინებით აღჭურვილი, ობობა, რა ბედი ეწევა მის საბრალო მსხვერპლს. რადგან ის ძალას არ იყენებს. არა, ის იყენებს მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს, მხოლოდ ნიჭს და არა ძალას. დაე იყოს მსხვერპლიც იმდენად გონიერი, რომ შესძლოს და მის უბრალო მახეს თავი აარიდოს. თუ მსხვერპლს გადარჩენის ინსტიქტი არ უვარგა, ეს ობობას ბრალი საერთოდ არაა.

მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, სინანულმა შეიპყრო შიოს გული. ინანა, რომ ცეკვას თავი დაანება. ინანა, რომ პიანინო მიატოვა. ინანა, რომ თუნდაც წამით დედას გული ატკინა. თუმცა ის არასდროს უნანია, კრივს რომ დაეუფლა. რას ვიზამთ ადამიანი სათავისოდ ცდილობს სამყაროს მოწყობას.და ხათრით იმ დათვილი წამების ხარჯვა, რაც ღმერთმა ასე რუდუნებით მოგვანიჭა ცოტა სისულელეც მგონია, მაგრამ მაინც. ადამიანებს ის გვხდის ადამიანებად, რომ ხათრის თუ სიყვარულის გამო საკუთარი ამბიციების დათმობა შეგვიძლია.

ხოდა სწორედ ამ სინანულის ბრალი იყო, რომ ლენა დაკარგა შიომ.

იმ დღეს დედასთან მიდიოდა საავადმყოფოში. მიდიოდა, რათა ექიმისგან მოესმინა საბოლოო განაჩენი.

_პაციენტს არაფერი ეშველება, ჯობია სახლში შინაურების სიახლოვეს დალიოს სულიო!_ იცოდა და ფეხსაც ამიტომ ითრევდა. იცოდა და სწორედ ამიტომ ცდილობდა დამტკბარიყო იმ წამების მშვენიერებით, რომლებსაც სულ რამოდენიმე საათში ჩამოაბნელებდა ექიმის განაჩენი.

გარდაუვალი სიბნელის წინ ჯადოსნურ გაელვებას ჰგავდა ლენა იმ დღეს.
სინათლის სხივს, რომელსაც შეეძლო შიოს გულში გაჩენილი სიბნელის მარცვალი დაეძლია და დაემარცხებინა, მაგრამ ვერ გაბედა შიომ. ვერ გაბედა იმ მწუხარების ჟამს საკუთარი თავისთვის ბედნიერების უფლება მიეცა და ახლა ამასაც სწორედ ისე ნანობდა, როგორც დედისთვის გაცრუებულ იმედებს.

( გულწრფელობა თუ ვალდებულება)

_ სადაა მედიკო შიო?_ ჰკითხა ლევანმა ქალს და წითელი ტუჩსაცხით აბრიალებულ ვნებიან ტუჩებს დაასო თვალი.
" უჰ, რა ქალია!" გაიფიქრა გულში და ეს ფიქრი სახეზეც არანაკლებ დაეხატა. მედეას ჩაეღიმა.

_ გასულია ლევან! დაიბარა, არ ვიცი, როდის მოვალო! შენ კი მიმალავ, მაგრამ ქალური ინტუიცია მეუბნება, ვიღაც ჰყავს! არ მეტყვი ვინაა ის ბედნიერი?_ კი იღიმოდა მედეა, მაგრამ თვალებიდან ლამის ღვაძლი და ბოღმა მოუწვეთავდა.

_ მედიკო, _ სერიოზული სახით მიუახლოვდა და გვერდით ჩამოუჯდა ლევანი.

_ არ მითხრა, რომ გიყვარს ჩვენი შიო!_ სცადა ხუმრობის ტონი გაერია ხმაში

_ჩვენი შიო? ჩვენი არა! და თუ მიყვარს?_ ქალი მხოლოდ ტუჩებით იღიმოდა. თვალებიდან კვლავ ბრაზს და სიავეს აფრქვევდა.

_ გიყვარს?_ შეუბრუნა კითხვა. თვალებში ჩააცქერდა. ვერაფერი სიყვარულისმაგვარი იქ ვერ დაინახა. და გულში გაიფიქრა: "მგონი ჯობია, ეს ქალი თუ წავა და შიოსგან შორს იქნებაო!"

იმ საღამოს სახლში ესტუმრა მეგობარს. შიოს მოთენთილ სახეზე და სპორტულებზე მიხვდა, რომ მთელი დღე სახლში გაეტარებინა მის მეგობარს.

_ ჰოო, დეპრესიაღა გაკლდა!_ შეუწყრა და ის დღეები გაახსენდა, როცა შიოს დედა, ნანი დეიდა გარდაცვლილი ესვენა ამავე მისაღებში და შიო კი წაშლილი სახით სადარბაზოში იღებდა სამძიმრებს. მაშინ პირველად გაიაზრა ლევანმა, რომ იყო მეგობარი, ეს უღრმესი პასუხისმგებლობაა,
როგორც მეგობრის, ისევე საკუთარი ღირსების წინაშე. ღირსების, რომელიც სულ წკიპზე ეკიდა ხოლმე და ქარის ყოველი ძლიერი შემოქროლვისას უიმედოდ იხრებოდა ხან სინათლის და ხან სიბნელის მხარეს.

თუ დავიჯერებთ, რომ სიბნელე თავისთავად არ არსებობს და ის უბრალოდ სინათლის ნაკლებობაა, მაშინ ხსნა ყოველი უიმედოსთვის შეიძლება მოინახოს. რაში იყო ლევანისთვის ხსნა?! როგორ უნდა მოეხერხებინა, რომ მასში არსებულ სიბნელის მარცვალს ფესვი არ გაედგა და სარეველასავით არ მოსდებოდა გულში.

ცოტა ხანს ისაუბრეს, ხან რას მოედო ლევანი ხან რას. ვერაფრით გადაწყვიტა გაენდო თუ არა
მეგობრისთვის საკუთარი აზრი. თითქოს მისი საქმე არ იყო, მაგრამ თან ვის ეხებოდა სხვას, თუ არა მას, როგორც შიოს ერთადერთ მეგობარს?!

_ ძმაო, მედიკო უნდა გავუშვათ!_ გამოუცხადა მოულოდნელად. გაოცებულმა შიომ ლუდის ჭიქა პირიდან მოიშორა და მაგიდაზე დააბრუნა.

_ სად?_ ჰკითხა დაბნეულმა.

_ სად კი არა, საიდან! სამსახურიდან!_ თვალი აარიდა ლევანმა მეგობარს. მხოლოდ თავისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ქალს ისე მოიშორებდა, რომ თვალს არ დაახამხამებდა, მაგრამ როცა საქმე შიოს ეხებოდა, იცოდა, რომ მას თავისი წესები და პრინციპები ჰქონდა. არასდროს არავის მოექცეოდა უსამართლოდ. თან ქალს და მით უფრო იმ ქალს, ვისთანაც რაღაც სახის პირადი ურთიერთობა მაინც ჰქონდა ოდესმე.

_ რატომ? მოხდა რამე?_ ხმა შეეცვალა შიოს.

_ მისმინე, მედეა ის ქალი არ არის, უბრალოდ გაპატიოს მიტოვება და ყველაფერი დაივიწყოს! ჯობია თუ მისგან თავს შორს დაიჭერ, ხვდები?_ აღარ მორიდებია ბოლოს.

_ მედეა კარგი მდივანია, თავისი საქმის პროფესიონალი!_ თავი ჯიუტად გააქნია შიომ.
" ხოო პროფესიონალია აბა რა!" ირონიულად გაიფიქრა ლევანმა. " უფროსთან გორაობაც პროფესიინალიზმის ნაწილია ალბათ!" მაგრამ ხმამაღლა კი სხვა რამ თქვა.

_ შიო, მის თვალებში სიავეს ვხედავ, მე გაგაფრთხილე! შენი კი შენ იცოდე, ბავშვი არა ხარ ბოლო_ ბოლოს!

_ იცი რა არის ლევან? მე არ მჯერა, რომ ადამიანი ბოლომდე კეთილია ან ბოროტია, უბრალოდ ჩვენში ყველაში სძინავს სიბნელის მარცვალს, და არ ვიქნები მართალი, თუ იმის გამო, რაც თავადაც მჭირს სხვას მოვექცევი უსამართლოდ. მეც ხომ არ ვარ მასთან მთლად მართალი არა?!_ ხელი ჩაიქნია ლევანმა. მისი როგორც მეგობრის ვალი მოხდილი იყო. ახლა ვეღარავინ იტყოდა, რომ გაჩუმდა და სეირებს შორიდან უყურა.
დანარჩენი უკვე შიოს გადასაწყვეტი იყო.

_ კარგი მორჩი ფილისოფისობას და მითხარი, რას იტყვი, ხევსურეთის სასტუმროს პროექტზე?_ გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე.

_ გიორგიმ ადგილზე ჩასვლა და ადგილ_ მდებარეობის იქვე შეფასება მოისურვა! _ სიახლე გააცნო უფროსს.

_ ხოდა ძალიანაც კარგი, თავის განიავება არც ჩვენ არ გვაწყენს. გუნდი შეკრიბე და ერთად გავიდეთ ადგილზე. ერთი ორი დღით დავისვენოთ , თან საქმეც გავაკეთოთ.

_ ისა და, მედეაც წამოვა?_ კართან მისული მობრუნდა ლევანი. შიომ წარბის აწევით გამოხედა, აქაოდა ხომ დავასრულეთ მაგ ამბავზეო.

_ კარგი უფროსო, იყოს ნება შენი!_ გაეცინა ლევანს და კიბეები სტვნა_სტვენით ჩაირბინა.

5
( სიყვარულის სანაცვლოდ)

_ლევან, პრობლემა ხომ არ იქნება თუ ლენაც წამოვა?_ ჰკითხა გიორგიმ ოთახში მისასალმებლად შემოსულს._ გავიგე მედეაც მოდის და ქეთიც, გოგოებიც ხომ იქნებიან და უხერხულობას არ შევქმნით!

_ მარათლა?_ გაიოცა ლევანმა, უფრო კი გულში გაელვებული ფიქრის გადაფარვას შეეცადა. "ნეტავ შიო რას იტყვის, ალბათ გაუხარდებაო!"

_ რავი, რატომაც არა? მაგრამ იცოდე, საქმის დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღე კარვების გაშლას ვაპირებდით, და ამისთვისაც შეემზადეთ._ გიორგი კი გააფრთხილა, მაგრამ შიოსთვის არაფერი უთქვამს. არც კარვებზე. კარგა ხანია ქეთას თვალებს უპაჭუნებდა და ამ გასვლაზე დიდ იმედებს ამყარებდა. მიუხედავად იმისა, რომ შიოს გაუხარდებოდა ლენას კვლავ ნახვა, მაინც უცნაური კაცი იყო, არ იყო გამორიცხული წამოსვლაზე სულაც უარი ეთქვა უხერხული სიტუაციისთვის თავის არიდების მიზნით. ამიტომაც გაჩუმდა.

მედეასთვის უცხო არ იყო ამგვარი გასვლები სხვადასხვა ლოკაციებზე. იყო კიდეც რაღაც რომანტიული შიოსთან ერთად კარავში ღამისგათევაში. თუმცა მაინც, მედეა სასტუმროებს ამჯობინებდა და არა ღია ცის ქვეშ ძილს. მაგრამ ამ მომენტში თუნდაც ხის ქვეშ დაიძინებდა, ოღონდ სასთუმლად სასურველი მამაკაცის მკლავი სდებოდა.

წითელი შემოტკეცილი ელასტიკი, მოკლე და მოუხერხებელი სპორტული, აქსესუარად უფრო რომ შეეფერებოდა, ვიდრე სამოსად, ბრჭყვიალა ზურგჩანთა სავსე ჰიგიენის საჭირო თუ არასაჭირო ნივთებით და წითელივე ფერის ბოტასები. სარკეში ძალიან მოეწონა საკუთარი თავი.

_ნამდვილი ქალი ყველა ფორმაში უნდა ბრწყინავდს!_ გაამხნევა საკუთარი თავი.
ლევანისი არ იყოს, მასაც დიდი იმედი ჰქონდა, რომ ეს პატარა მოგზაურობა ყველაფერს თავის ადგილას დააბრუნებდა და ზედმეტ თავისტკივილს ააშორებდა.
ცალი თვალით მეზობლის აივანს გახედა. ისე გაათამამა ის სულელი ბიჭი, რომ უკვე ყვავილებსაც უტოვებდა კარის ზღურბლთან, რომლებსაც მედეა ზიზღით ყრიდა სანაგვეში.

_ყვავილიც არის და ყვავილიც, სად შოულობს ნეტავი ამ პანაშვიდის ცოცხებსო!_ დასცინოდა გულში ჟინით ატანილ მიჯნურს. და მის ამ უღიმღამო საჩუქრებს სხვადასხვა დროს შიოს ნაჩუქარ ძვირფასეულობას ადარებდა. აბა სად შიო და სად ეს საწყალი?!

_ აბა რას იტყვი, კარგია?_ ოთახიდან გამოვიდა და ქმრის წინ დატრიალდა ლენა. თავისუფალი ლურჯი მაისური ეცვა და ჯინსის შარვალი. მაისური საქამრესთან გაეკვანძა, გრძელი თმა ცხენისკუდად აეკრა და შემდეგ ლამაზ ნაწნავად ლამის წელამდე ჩამოეწნა. მხარზე სპორტულ ჩანთა გადაკიდებული მხიარულად უღიმოდა ქმარს.

_ გადასარევი!_ გაეცინა გიორგის და თავადაც ცოლის მაისურის მსგავსი გადაიცვა._ აბა ვგავართ წყვილს?

_ ნამდვილად ვგავართ!_ ბედნიერებას ასხივებდა ლენა.

_ აქამდე ყოველთვის უარს ამბობდი წყვილი მაისურების ჩაცმაზე, არადა ნახე როგორი საყვარლობაა!_ გვერდით ამოუდგა ქმარს და წელზე ხელი მოხვია. უცნაურად ჰგავდა ცოლ_ქმარი ერთმანეთს. და_ძმას უფრო ჰგავდნენ გარეგნულად.
იქნებ სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ გიორგი თავს არიდებდა მსგავსი სამოსით გამოჩენას. რათა ეს უცნაური გარეგნული მსგავსება ნაკლებ შესამჩნევი ყოფილიყო.
რატომ არ სიამოვნებდა? არ ვიცი, კაცია და გუნება. მაგრამ მამაკაცური ბუნება რატომღაც ეწინააღმდეგებოდა მის ცოლთან ნათესაურ მსგავსებას. მართლაც იყო ამაში რაღაც უცნაური.

_ მოიცა!_ გაჩერდა გასვლის წინ ლენა._ ჩემს ჩიტებს საკენკს ჩავუმატებ! ვინიცობაა რამე მოხდეს გაუთვალისწინებელი და დროზე არ დავბრუნდეთ! _გიორგიმ უცნაურად ჩაიღიმა. თქმით კი არაფერი უთქვამს. უსიტყვიდ გამოაღო კარი და მანქანაში ჩაჯდა.
ლენამ სწრაფად შეირბინა სამზარეულოში. გალია გახსნა საკენკით გაავსო დამატებითი ჭურჭელიც და საიმედოდ ჩაკეტა.

_ აბა არ მოიწყინოთ ბავშვებო! დედიკო მალე დაბრუნდება!_ გაესაუბრა ჩიტებს. სამზარეულოს კართან მისული ისევ უკან დაბრუნდა და ფანჯარა შეამოწმა. ვინიცობაა ქარი ამოვარდეს, არ შემიშინოს ჩიტებიო. საკეტი გადაკეტა და სირბილით გავიდა სახლიდან.

ლენას დანახვა თითქოს ყელში გაეჩხირა შიოს. მაშინვე დაიძაბა, თან უცნაური სიხარული იგრძნო. როგორც უჰაეროდ ყოფნის რამდენიმე წუთის შემდეგ ჰაერით ხარბად ივსება ფილტვები, სწორედ ისე ამოისუნთქა წამიერი გაოცების შემდეგ გონს მოსულმა კაცმა. შიოსთვის ის კი არ იყო მტკივნეული, რომ საკუთარი გრძნობების დამალვა და კონტროლი სჭირდებიდა, არა! ის აგიჟებდა, რომ სულ უმცირესი ნაბიჯის გადადგმის უფლებაც კი შეზღუდული ჰქონდა. ერთია როცა ცდილობ და ადამიანს თავს ვერ აყვარებ, მაგრამ სულ სხვაა, როცა ვერაფერს აკეთებ, თუმცა გულის სიღრმეში დარწმუნებული ხარ, შენი ერთი სიტყვაც კი ყველაფერს შეცვლის, იქნებ შენს სასიკეთოდაც კი, მაგრამ ჯიუტად დუმხარ გაკერპებული.
არც ლენას გამოპარვია შიოს მოსვლა. თუ აქამდე საერთოდ არ აღელვებდა, მხოლოდ მცირედ ღიზიანდებოდა მისი ინტერესით სავსე თვალების გადაწყდომისას, ახლა მისთვის თვალის გასწორებასაც ვერ ბედავდა. თითქოს რაღაცას აშავებდა გიორგის წინაშე, მაგრამ ვერც კი ხვდებოდა, რას. რა მისი ბრალი იყო თუ მაშინვე ვერ გაიხსენა,ან გინდაც გაეხსენებინა, რა საჭირო იყო ამ თემაზე საუბარი. თავად შიოს თუ ახსოვდა ნეტა ის ჯადოსნური მომენტი? ამ ფიქრს მიადევნა გულისყური და შიოს მზერაში ჩაიკარგა წამით.
ეუცნაურა შიოს მისი არეული გამოხედვა. ეუცნაურა მის თვალებში ამოკითხული მღელვარება. მიხვდა, რომ რაღაც შეცვლილიყო ქალში,მაგრამ რა?!

_ გამარჯობათ ბატონებო!_ გაისმა მოულოდნელად მედეას მკვეთრი ხმა და სამივე კაცი ერთდროულად შებრუნდა ხმის მიმართულებით. ნასიამოვნებს გაეღიმა მედეას. ყოველთვის სიამოვნებდა საპირისპირო სქესის თვალებში მის დანახვისას გაჩენილი ნაპერწკლების შემჩნევა.
ლევანი ისედაც თავხედი, არც ცდილობდა ამ ნაპერწკლების დამალვას. აი გიორგი სულ სხვა იყო. "რა სიმპატიური კაცია! გაიფიქრა ქალმა. " სხვა დროს და ადგილას რომ შევხვედროდით, ხელიდან არ გავუშვებდიო!" დააყოლა გულში. მაგრამ ახლა მისი სამიზნე შიო იყო და არა გიორგი.
თითქოს შემთხვევით იყო ეს ადამიანი ქალად დაბადებული. მონადირის ინსტიქტი იმდენად მძლავრობდა მასში, რომ ორ მსხვერპლსაც სიამოვნებით დაუგებდა ხაფანგს და გულით დატკბებოდა მათი ერთდროული წამებით.
თუმცა ეს სასიამოვნო განწყობა და ფიქრები მაშინვე მოეშხამა, როცა მიხვდა შიო ვერ ააღელვა მისმა ეფექტურმა გამოჩენამ. ის ლენას უყურებდა ფარულად და ფიქრობდა, ამ სისადავის მიღმა კიდევ უფრო ყვირის მისი დიდებულებაო. მართლაც სადედოფლო ქალი იყო ლენა. მაკიაჟის და ყველანაირიორთულობის გარეშეც იზიდავდა თვალს. მარტო მისი ნაწნავი ღირდა ერთ ქალად. იგივეს თქმა შეიძლებოდა მის თვალებზე, ანდაც ნატიფ და მოქნილ ხელის თითებზე. მაკიაჟით და გამოპრანჭული ხომ საერთოდ სხვა სამყარო იყო. თუმცა მაკიაჟი ხომ ყველა ქალს ალამაზებს?! და მაინც მედეასგან განსხვავებით, ეს უბრალოება ბევრად სასურველი ჩანდა და ეს კიდევ უფრო თვალშისაცემი იყო, როცა ამ ორ ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებულ ქალს გვერდიგვერდ ხედავდა შიო.

ქალურმა ინტუიციამ მაშინვე უგრძნო მედეას, რომ შიოს მზერაში რაღაც მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სილამაზის აღქმა. და როგორც ყველა ის ლამაზი ქალი, რომელსაც სხვა მასზე ლამაზი ქალის გამოჩენა გულში ისრად ეყრება ხოლმე, სიძულვილით აივსო ლენას მიმართ. ნელა მიუახლოვდა შიოს და მისი ყურადღება სრულიად უადგილო, თუმცა მნიშვნელოვანი თემით მიიქცია. დეტალურად უხსნიდა იმ მოთხოვნებს, რომლებიც პარტნიორებმა წაუყენეს მათ კომპანიას.

_ აქ არ გვინდა მედიკო!_ გააწყვეტინა თავმობეზრებულმა კაცმა და სევდიანად გახედა მიმავალ ლენას, რომელსაც გიორგისთვის გაეკეთებინა ხელკავი და სიცილით მისეირნობდა მათთვის დაჯავშნილი საოჯახო ტიპის სასტუმროსკენ. წამით მძაფრმა სურვილმა მოუარა, იქვე და იმ წამსვე დასწეოდა გიორგის და მისთვის ის ძვირფასი წაერთმია, რაც თავად ამდენად სურდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს წამიერი სისუსტე იყო მხოლოდ და მეტი არაფერი.
მედეა კი არ ჩუმდებოდა, და საუბარს აგრძელებდა.

_ წამოდი შიო, ჩვენი ნომერი ვნახოთ!_ სცადა ხელი ჩაეკიდა მისთვის.

_ ჩვენი?_ მისი ხელი აირიდა კაცმა.

_ მედეა, მეგონა ამაზე გასაგებად ვილაპარაკეთ!_ მკაცრი ხმა ჰქონდა.

_ მე კიდე მეგონა წყენა გადაგივლიდა!_ გაბუსხა ქალმა ტუჩები.

_ წყენა? რა წყენა? ბავშვები ხომ არ ვართ! ჩვენ შორის ყველაფერი მორჩა მედეა! თუ შეძლებ ამის მიღებას, ხომ კარგი, თუ არადა მირჩევნია დღესვე დაბრუნდე ქალაქში._ წარბშეკრული თვალს არ არიდებდა სატირლად მომზადებულ ქალს._ და გთხოვ არ გინდა არაფრისმომცემი ისტერიკები! აქ სამუშაოდ ვართ!

_ ააა, სამუშაოდ არა? ანუ ახლა სამუშაოდ ვართ? რა ვიცი, აქამდე არ გიშლიდა მუშაობა ხელს ჩემთან ყოფნაში! რა შეიცვალა შიო?_ ოდნავ გაკაპასდა ქალი.

_ არ ვაპირებ ახლა და აქ ვარჩიო, რა შეიცვალა!_ ზურგი ცივად აქცია კაცმა და სასტუმროსკენ გაემართა.

_ ანუ გამომიყენე და ახლა მტოვებ?_ ბოლო წყალწაღებული მცდელობა იყო, მაგრამ მაინც. ცივად მობრუნდა შიო. მოუახლოვდა და საკუთარი უზარმაზარი ჩრდილით გადაფარა ქალი.

_ რა ვქენი? გაიმეორე რა ვქენი?_ ჰკითხა ყელზე ძარღვებდაბერილმა._ რამეს დაგპირდი და არ შეგისრულე?

_ მე იმის თქმა მინდოდა, რომ შენ იცოდი ჩემი გრძნობების შესახებ და ამას მშვენივრად იყენებდი საშნოდ!_ უკან არ დაიხია ქალმაც, რა ჰქონდა დასაკარგი?!

_ ააა, ვიყენებდი არა? რასაც შენ სანაცვლოდ ითხოვდი ჩემგან, კიდევაც იღებდი! და არ გვინდა ამაზე მეტი ლაპარაკი! ერთ სიტყვას თუ მაინც გავიგებ, გეფიცები განა მარტო აქიდან, სამსახურიდანაც გაგიშვებ!_ უთხრა შიომ, თვალით იმ ძვირფას სამაჯურზე ანიშნა, მაჯას რომ უმშვენებდა ქალს.
ვერაფერი უპასუხა მედეამ, რადგან მართალი იყო შიო. ეს კაცი არასდროს ყოფილა მის მიმართ ძუნწი. რაც არ უნდა ენატრა ქალს, რაც არ უნდა ეთხოვა, ყველაფერს იღებდა კაცისგან. თხოვნით კი რატომღაც ყოველთვის ხელშესახებ მტკიცებულებებს ითხოვდა სიყვარულის სანაცვლოდ და ეგონა, რადგან შიო ამდენად გულუხვი იყო უყვარდა კიდეც. რადგან არ სჯეროდა უანგარო და უბრალო სიყვარულის. მისთვის სიყვარულს საკუთარი ფასი ჰქონდა. რა მოხდებოდა ამ ბრჭყვიალა ნივთების ნაცვლად სიყვარული რომ მოეთხოვა ქალს, სიტყვები, გრძნობები და არა საყურეები და ბეჭდები? მაგრამ რას იზამ, ყველას ის სურს, რადაც საკუთარი თავი უღირს. ხელები მომუჭა ქალმა და გაცოფებულმა ღრმად დაიწყო სუნთქვა.

( ბალანსის წერტილი)

_ აუუუ, რა ლამაზია აქაურობა გიორგი!_ გულში ეკვროდა ქმარსლენა და აღტაცებული ადევნებდა თვალს მზის ჩასვლას.

_ ლამაზი შენ ხარ!_ მონოტონურად უპასუხა ქმარმა და გონებაში იმ შენობის მონახაზი წარმოიდგინა. რომელიც სწორედ იმ მშვენიერ ლოკაციაზე აშენდებოდა სულ ცოტა ხანში, რაც მათ თვალწინ გადაშლილიყო იმ წამს. დიდად არ აღელვებდა ბუნების სილამაზე გიორგის, თუმცა ესთეთიკის გრძნობა ნამდვილად ჰქონდა. უბრალოდ რა ღირებულების მატარებელი იყო ეს ცარიელი მინდორი? აი სულ სხვა იქნებოდა, როცა ზედ სასტუმროს წამოჭიმავდნენ. ასე იდგა ორი ერთმანეთზე ჩახუტებული ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთზე ახლობელი წესით არავინ არ უნდა ჰყოლოდათ და სულ სხვადასხვაგვარ ოცნებებს ხედავდნენ.

ერთი მზეს, სიმწვანეს, მთებს და ცას ხედავდა და ამ პირველქმნილი სილამაზით ტკბებოდა.მეორე კი კომფორტს, წარმატებას, შემოსავალს და ადამიანის ხელით შექმნილ ხელოვნურობას უწნავდა დაფნის გვირგვინს.
მაინც რა საერთო ჰქონდა ამ ორ ადამიანს? სად იყო მათი ბალანსის წერტილი? ან საერთოდ თუ გააჩნდათ ასეთი რამ?!

საღამოს სავახშმოდ ჩამომავალი მედეა ლიფტში საეჭვოდ მოჭუკჭუკე ლევანს და ქეთას რომ გადააწყდა, გულში ისევ გაჰკრა ბოღმამ. კიდევ ერთი მსხვერპლის ხელიდან გასხლტომა რომ გაიაზრა. თუმცა ლევანი, როგორც კაცი, დიდად არ აღელვებდა, ალბათ იმის გამო, რომ არც თუ სქელი ჯიბე ჰქონდა, მაგრამ მაინც არ ესიამოვნა, რომ როცა ის არსებოდა კაცი სხვა ქალს უღიმოდა. ხასიათწამხდარმა გამოაბიჯა ლიფტიდან და მაგიდასთან გიორგი და ლენა დალანდა. მათკენ გაეშურა ყალბი ღიმილით.

_ რა სამწუხაროა, როცა ლამაზმა ქალმა ჩაცმა არ იცის!_ ჩაილაპარაკა დამცინავად, თან სახიდან ღიმილმოუშორებლად აკვირდებოდა ლენას. ოდნავ დიდ იისფერ ჰუდში გამოწყობილი ქალი თავს თავისუფლად და მხიარულად გრძნობდა. საკუათარ თავთანაც არ აღიარა მედეამ, მაგრამ ლენას სილამაზემ მის გაფუჭებულ ხასიათს ცეცხლზე ნავთი დაასხა. მიჩვეული იყო, რომ ყოველთვის თავად იყო დედოფალი და ვერავინ ახერხებდა მის დაჩრდილვას. სწორედ გიორგის წინ ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გამომწვევად გადაიდო ვითომ აქ არაფერიო. ოდნავ ჩაეღიმა გიორგის, და ცოლს ჩამოუსხა ჭიქაში ალუბლის წვენი.

_ თქვენ ინებებთ?_ მხოლოდ ამის შემდეგ გამოსწია მედეასკენ სამელით სავსე გრაფინი.

_ დიახ , მადლობა!_ ნაძალადევად გაუღიმა ქალმა.

_ ლამაზი წყვილი ხართ!_ რატომღაც კომპლიმენტის გაკეთება გადაწყვიტა. თუმცა რატომ რატომღაც? მოპირდაპირე სარკეში უკან მიუხედავად დაინახა, რომ შიო მიუახლოვდა მათ მაგიდას. ქვეცნობიერად იგრძნო ეს კომპლიმენტი მის ყოფილს არ ესიამოვნებოდა და მართალიც აღმოჩნდა. წამით გადაჰკრა უსიამოვნო ჩრდილმა შიოს სახეზე. " ანუ შენ ხარ მიზეზი?!" ეჭვით გახედა მედეამ ლენას და გრძელი ფრძხილები მაგიდაზე ნერვიულად ააკაკუნა.

_ საღამო მშვიდობისა!_ საერთო სალამი თქვა შიომ. და ლევანსა და გიორგის შორის დაიკავა ადგილი. სპეციალურად მისთვის შენახული სკამისთვის, მედეას გვერდით, ზედაც არ შეუხედავს. უარყოფის ეს მტკივნეული ეკალიც ღიმილით გადაყლაპა ქალმა.

_ დღევანდელმა შეხვედრამ, მოლოდინს გადააჭარბა!_ გახარებული იყო ლევანი._ დაინახეთ რა სახით უკირკიტებდნენ გიორგის ნახაზებს? წუნი ვერ უნახეს!
გიორგიმ უსიტყვოდ შეიფერა ქება. ლენას უფრო მოერიდა ქმრის ქება, ვიდრე თავად ქების ადრესატს. ლოყები აუწითლდა, გაბღენძილი ქმრის შემხედვარეს და გონებაში გაიფიქრა, " საქებარია და იმიტომ აქებენ, აბა ტყუილად ხომ არ იტყოდნენ კარგსო!"

_ რადგან ყველაფერმა ასე კარგად ჩაიარა, მიდი აღვნიშნოთ და ტანეს ტბაზე წავიდეთ? გამყოლი ვიქირაოთ, ცხენები, კარვები და რამდენიმე დღე დავრჩეთ! აბა რას იტყვით?_ სანამ ხმას ამოიღებდნენ ტაში შემოკრა ლენამ.

_ ეგ ხომ ისაა, გულის ფორმა რომ აქვს? სულ მინდოდა მენახა. _ პირზე მომდგაი უარი უკან ჩააბრუნა გიორგიმ. გაიღიმა და ცოლს წელზე მოხვია ხელი.

_ რატომაც არა? არც მე ვარ ნამყოფი ტანეზე!_ თვალი აარიდა წყვილს შიომ. არ სურდა წასვლა, მაგრამ უკან დაბრუნება თავისთავად ნიშნავდა, რომ მედეაც გამოჰყვებოდა და არანაირად არ სურდა მასთან ერთად მგზავრობა. თუმცა ეს უფრო ძალად მოფიქრებული მიზეზი იყო, სინამდვილეში ლენას სიახლოვეს ყოფნის შესაძლებლობას ვერ შეელია. თანაც ამჩნევდა, როგორ კრთებოდა ქალი, როდესაც მას თუნდაც უმნიშვნელო კითხვით მიმართავდა და დაინტერესდა, რა იყო ამის მიზეზი. რომ გაიგო შიოც მიდისო, თბილისში რა დააბრუნებდა მედეას? უსიამოვნოდ და უხასიათოდ, მაგრამ მაინც დათანხმდა ისიც.

აღჭურვილობის მოტანა ლევანმა ითავა. და ყველაფერი სწრაფად იქირავა.

_ ეგ რაღად გინდა?_ მხარზეგადებულ ჩონგურზე ანიშნა გიორგიმ.

_ ოოო, შენ არ მოგისმენია ორი ჭიქა ჟიპიტაურის შემდეგ როგორ გალობას დაიწყებს ხოლმე ჩვფნი უფროსი!_ გაეცინა ლევანს.

_ვინ შიო უკრავს და მღერის კიდეც?_ მართლა გაოცდა გიორგი. არ მოელოდა ამ უხეში და ცივი კაცისგან ამდენ სინაზს.

_ ასეა ასე! აი როცა მოუსმენ, მიხვდები, რომ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებლი კაცია!_ მხარზე ხელ მეგობრულად დაჰკრა ლევანმა და ჩონგური მანქანაში ჩადო.
" უყურე შენ რაღაც საერთო მაინც ჰქონიათ!"_ გაიფიქრა გიორგიმ და მხარი ჩამოიბერტყა.

ყველაფერს ხედავდა ლენა. სწორედ ეს დეტალები იყო, რაც აფიქრებინებდა ხოლმე, რომ გიორგი სინამდვილეში სხვა ადამიანი იყო და არა ის მოსიყვარულე ქმარი, როგორსაც ის ხედავდა.
რატომ იყო ასეთი ქედმაღალი მისი ქმარი? თუ ეს ქედმაღლობა არ იყო, აბა რა თვისება იყო?!
ადრე თითქოს მოსწონდა კიდეც მისი გამუდმებული სწრაფვა სრულყოფილებისკენ, მაგრამ დროთა განმავლობაში, როცა სიყვარული უფრო დინჯი და გააზრებული გახდა, ლენამ ამგვარი პატარ_პატარა დეტალების შემჩნევა დაიწყო. უცნაურ ზიზღს განიცდიდა გიორგი ადამიანების უმრავლესობის მიმარათ. თითქოს მის სტატუსს არ შეეფერებოდნენ. თუმცა კი არავის არაფერს უშავებდა, მგრამ მათთან ურთიერთობას ისე არიდებდა თავს, როგორც წვიმიან ამინდში გზაზე გაჩენილ ტალახიან გუბეებს.

_ აბა ფეხს ხომ არ დაისვრის და ტალახში ხომ არ იტყლაპუნებს ამხელა კაცი!_ გაბრაზდა საკუთარ თავზე ქალი. და წამის წინ არაპირდაპირი მნიშვნელობით ნაფიქრი და ნააზრევი პირდაპირი მნიშვნელობით გააპროტესტა.
რა საჭირო იყო სიბნელის მარცვალის ძებნა იქ, სადაც მზე ასე ლამაზად ანათებდა?!

6
(იდეალური ქალი)

ყველა ადგილს თავისი დრესკოტი აქვს, ხან პირდაპირ წესად გაწერილი, ხანაც უბრალოდ შესაფერისი. მაგალითად მთაში აუცილებელია თავისუფალი სპორტული სამოსი. რათა ადვილად შეძლო სიარული, არ იბორძიკო და ბარგად არ დააწვე შენს თანამგზავრს. ამას გარდა ეს სამოსი და აღჭურვილობა იქ საკუთარი უსაფრთხოების ერთგვარი გარანტიცაა.

ისედაც ვერ ეგუებოდა ლენა გამომწვევ ტანსაცმელს, ქუსლიანებს აუცილებლობის გარდა არც იცმევდა, სამოსიც თავისუფალი ერჩივნა, რადგან ამით არავის უმტკიცებდა საკუთარ უპირატესობას, საკუთარი გარეგნობა სრულებით აკმაყოფილებდა და მტკიცებით ფორმაში რამის დემონსტრირების აუცილებლობას უბრალოდ ვერ გრძნობდა.
სამოსი რაღაც მომენტში თავად ადამიანის სულიერების გამოხატულებაა. სწორედ ასე ფიქრობდა ლენა, ლამის ორი ზომით ვიწრო სპორტულებში გამოკვეტებულ მედეას ამაო მცდელობას რომ აკვირდებოდა. ქალი უხმოდ ცდილობდა ცხენზე აძრომას. სწორედაც რომ აძრომას და არა ამხედრებას.
ლევანი ბოლომდე ქეთიზე იყო გადართული და მედეა დიდად არ ადარდებდა, გიორგი თავისთავად ლენას არ სცილდებოდა, ხოლო შიო მთელი თავისი არსებით აიგნორებდა გამწარებულ ქალს, რომელსაც სწორედ მის მოსახიბლად შეერჩია ასეთი მკვეთრი და არაკომფორტული ტანსაცმელი.

კაცების ნაცვლად უხერხულობა ლენამ იგრძნო. " რა უსიამოვნო ქალიაო!" გაიფიქრა გულში, მაგრამ ხმამაღლა მაინც სთხოვა გიორგის: " ქალბატონ მედეას დაეხმარე თუ შეიძლებაო."
ლენა შესაძლოა ოდნავ მოძველებული შეხედულებების ქალი იყო, მაგალითად სჯეროდა, რომ ნამდვილი მამაკაცი ქალს აუცილებლად უთმობს ადგილს ტრანსპორტში, უღებს მანქანის კარს, სჩუქნის ყვავილებს და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ ვერ აიტანა, როცა მედეას დასახმარებლად ნაბიჯიც კი არავინ წადგა.
თავი უხერხულად იგრძნო, თუმცა მიზიზი რომ გეკითხათ ამ უხერხულობის, ალბათ პასუხს ვერც გაგცემდათ.
უბრალოდ ასეთი ქალი იყო ლენა.

_ მადლობა!_ მომხიბვლელად ჩაუღიმილა მედეამ გიორგის. რომელსაც სულ არ გასჭირვებია მომცრო ტანის ქალის ცხენზე ამხედრება.
და როცა გიორგიმაც საპასუხოდ გაუღიმა, მედეას ისევ გაჰკრა გულში, "საოცარი კაციაო". ცალი თვალით სახემოქუფრულ შიოს გახედა, რომელიც საკუთარ ფიქრებში გართული დაწინაურებულიყო, მხარზე ფანდური გადაეკიდა და თითქოს ყველასგან განცალკვებას ცდილობდა.

"რისთვის ვიჭირვებ ცხოვრებასო?!" გაიფიქრა გულში მედეამ, მაგრამ დასაკუთრებულ ადამიანზე უარის თქმა არც თუ ისე ადვილი იყო, თანაც მაშინ, როცა თავად იყო მიტოვებულის პოზიციაში. ერთი შეხედვით გიორგი უფრო ადვილადმისაღწევი ჩანდა. მერე რა თუ ცოლი ჰყავდა. ლენას უღიმღამო ხასიათს იქნება ხელიც კი შეეწყო ქალისთვის, თუ კი მისი ქმრის მოჩანგვლა მოეწადინებოდა. თანაც თუ მართლა ლენას გამო მიატოვა შიომ, კარგი შურისძიებაც კი იქნებოდა.

ისე რა უცნაურია ცხოვრება, მაშინ როცა შენ შენთვის ხარ ბედნიერი ან უბედური, შესაძლოა შენგანდამოუკიდებლად სხვას ექცე სიყვარულის ან სიძულვილის მიზეზად, არადა თავად არაფრის აზრზე არ იყო და ცხოვრებას ჩვეულად აგრძელებდე.

ცოტა ხანში ლევანი და ქეთი დანარჩენებს ჩამორჩნენ, ვითომ სულაც შემთხვევით. ლევანის ქეთი აინტერესებდა, როგორც მორიგი სასიამოვნო თავგადასავალი, თანაც ცოტა ხმით იმ სახიფათო ოთხეულისგან დასვენება სურდა. არ უნდოდა ამ ლამაზ ადგილას შიოზე და მის მიუწვდომელ სიყვარულზე ეფიქრა, როცა გვერდით მთლად ეგზოტიკური ხილი თუ არა, ქართული გემრიელი ატამი ნამდვილად ეგულებოდა. ასეთი კაცი იყო ლევანი, ჯერ თავო და თავოო და მერე მეგობაროო და დანარჩენი სამყაროვო.

_ გიორგი, რას იტყვით, მოგწონთ აქაურობა?_ მიუახლოვდა მედეა ცოტა არ იყოს მოწყენილ კაცს.

_ მომწონს, შეიძლება რომ არ მომწონდეს?
_ გიორგისმიერ უკან შებრუნებულმა კითხვამ მიახვედრა მედეა, რომ კაცი საუბრის წინააღმდეგი სულაც არ იყო.

_ კარგად ჯირითობს თქვენი მეუღლე!_ ცოლი შეუქო კაცს. გიორგიმ შორს გაქროლებულ ლენას მიაყოლა თვალი. სადღაც გულში დიდად არ სიამოვნებდა მისი სილაღე, მაგრამ ვერც მიზეზი მოუდო, რომ თავისთან შეეკავებინა.
საქმე იმაში იყო, რომ თავად გიორგი ვერ დაიკვეხნიდა: "კარგი მოჯირითე ვარო." ამ შემთხვევაში აშკარად სჯაბნიდა ცოლი და ეს დიდად არ სიამოვნებდა. მაგრამ ამის გამოხატვას არანაირად არ აპირებდა, სულაც პირიქით, ამაყი ქმრის როლი მოირგო და ლენას უნარები ამაყადვე შეაქო.

_ თქვენ ძალიან გიყვართ მეუღლე, ხომ გიორგი?_ კაცმა უცნაურად გამოხედა ქალს. ვერ მიუხვდა ასეთ პირადულ კითხვას რატომ უსვამდა. მედეაც მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და ნათქვამი შეასხვაფერა.

_ არა, უბრალოდ ისეთი აღფრთოვანებით უყურებთ ხოლმე, მაშინვე მიხვდება ადამიანი, რომ ეს ნამდვილი გრძნობაა!_ ტუჩი მოიკვნიტა ქალმა. ინანა პირდაპირიბა და ფამილარობა.

_ ეს იმიტომ, რომ ლენა იდეალური ქალია!_ გიორგი ამჯერადაც გულწრფელი იყო, თუმცა მისი პასუხი ორივეს სხვადასხვაგვარად ესმოდა.
სინამდვილეში რას ნიშნავს იყო იდეალური ქალი? იყო ლამაზი და მოხდენილი, შემდგარი პროფესიაში, სტაბილური, სანდო და მზრუნველი? ლოგინში საუკეთესო პარტნიორი? კარგი კულინარი? ნუთუ ამას ნიშნავს იდეალური ქალობა? აი ლენასთვის რომ გეკითხათ, იტყოდა: იდეალური ქალობა, ნიშნავს შვილის მოვლინება და აღზრდა რომ შეგიძლიაო. მისთვის რომ გეთქვათ სილამაზე და სტაბილური სამსახურია იდეალურობაო, სევდანარევი სიცილით მოკვდებოდა ალბათ.
მიზეზი ამ უცნაური ამოუხსნელი სევდისა კი სწორედ ის იყო, რომ თავად არასდროს უძებნია იდეალური კაცი. ისეთი კაცი, რომელიც შენს გვერდით ბავშვივით გულწრფელია. კაცი, რომელიც მინდორთან აჩერებს მანქანას და სოსანებს და ყაყაჩოებს შენთან ერთად კრეფს. კაცი, რომელიც სიცივეში ახალ ბეწვს კი არ გიყიდის, არამედ საკუთარ ქურთუკს დაგითმობს. რომელიც შენს გამო ნებისმიერს გაუსწორდება და საღამოს შენთან ერთად იტირებს სულელურ მელოდრამაზე. რომელიც ქუჩაში ვალსს გეცეკვება. რომლის ერთი მზერაც საკმარისი იქნება, რომ მთელი დარჩენილი დრო მასზე ფიქრისას სურვილმა დაგწვას.
მაგრამ მაინც, იდეალური ადამიანი შესაძლოა მხოლოდ შენთვის იყოს ასეთი და სხვა საერთოდ ვერ ამჩნევდეს მის სიკეთეებს.

(შატილის ცასავით...)

მიაჭენებდა ლენა ცხენს და ტკბებოდა თავისუფლებით. ტკბებოდა თმებში გამობმული ქარით. ტკბებოდა უსაზღვრო ზეცით, გამჭვირვალე ჰაერით, სინათლით.

_ რა ლამაზები ხართ მთებოოო!_ გაჰყვიროდა და ეგონა ცაც მისი იყო და დედამიწაც.

მოულოდნელად უმხედრო ცხენი დალანდა, წამში იცნო შიოსი უნდა ყოფილიყო. სადავეები მოზიდა და მინდორი მოათვალიერა.

_ ხომ არ გადმოვარდა ნეტა ცხენიდან?_ ჩაილაპარაკა შეშფოთებით. მაინც სად უნდა წასულიყო?! სწორედ იმ ადგილთან იყვნენ ახლოს, სადაც გამყოლი უნდა შეხვედროდათ , ვინც ტანიემდე ააცილებდა მათ და უსაფრთხო საკარვე ადგილას დააბინავებდა. მთა იყო მაინც, მთას კი ხუმრობა არც სჩვევია და არც უყვარს.

ცხენიდან მოხერხებულად ჩამოხტა. აღვირი აუკეცა და საბალახოდ მიუშვა. ცხენმა მეგობარს ჩაუფრუტუნა და კუნტრუშით აედევნა.
დაძახება უნდოდა მაგრამ ეუხერხულა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და შეჩერდა. ფანდურის ხმადაბალი ჩხარუნი მოესმა.

" არხოტის მთა თუ გადმოვიარე
ძვირფასო შენს თმებს მოვეფერები!" მოესმა ოდნავ ჩახლეჩილი ბოხი ხმა. ესიამოვნა მის სმენას. გულიც საამოდ აუძგერა. გარემო მოათვალიერა, ისე ერწყმოდა მთებს უჩინარი მომღერლის სიმღერა.
სიტყვები გულში შეუძვრნენ, გრძნობები აურიეს.

" მოგეფერები, მოგეფერები..."

უნებურად მიჰყვა ხმას და მოულოდნელად შიოს წაადგა თავს. მაღალ ბალახში მიწოლილიყო უდარდელად, ზურგით მოზრდილ ლოდს ეყრდნობოდა. თავს ირთობდა ფანდურზე დაკვრით და ხმადაბალი ღიღინით.

ქალი შედგა და გაოცებული მიაჩერდა. რატომღაც ვერ წარმოიდგენდა, რომ შიოს ასეთი ფაქიზი სული ჰქონდა. თუმცა რატომ ვერ წარმოიდგენდა, განა ეს კაცი არ იყო მაშინ ასე რომ ააღელვა და ააფორიაქა. როგორ ეგონა, რომ ადრე თუ გვიან მოვიდოდა. ხშირად სპეციალურადაც კი მიდიოდა იმ ბაღში. იჯდა და ელოდა. რამდენჯერ ინანა, რომ თავად არ გადადგა მისკენ პირველი ნაბიჯი. რამდენჯერ სიფხიზლისა და სიზმრების გზაგასაყარზე კვლავდაკვლავ უცეკვია მის მკერდში ჩაკრულს...
მის სახეზე არც ფიქრობდა ხოლმე ლენა. მხოლოდ მის ხალს წარმოიდგენდა ყელზე და ეს იყო და ეს.

ახლა კი ეს იდუმალი კაცი, იმ თავისი სულში მოფათურე თვალებით თითქოს სწორედ მას უმღეროდა. ამ ფიქრზე შეცბა. უკან გაბრუნება დააპირა, მაგრამ შიომ იგრძნო მისი სიახლოვე და მოულოდნელად ამოხედა. სიმღერა შეწყვიტა და ოდნავ წამოიწია, მაგრამ ფანდურზე დაკვრა არ შეუწყვიტავს. მხოლოდ მელოდია შეცვალა.

_ უკაცრავად!_ დაიბნა ლენა. და ჩამორჩენილების გზას გახედა. ჯერ კიდევ არავინ ჩანდა.

_ მე, ჯირითით გავერთე და .... _ რას ვბოდიალობო, გაიფიქრა ქალმა და გაჩუმდა.

_ შეიძლება თქვენთან დაველოდო მათ?_ ჰკითხა და უხერხულობის დასაფარავად გაუღიმა. შიომ თავი დაუქნია. თვალს ვერ აშორებდა ოცნების ქალს. ახლა ამ წამს, საკუთარ თამამ ფიქრებში სწორედ მას უშლიდა დალალებს და აჰა, დაბარებულივით არ გამოეცხადა?!
ნეტა რას იზამს თუ ახლა იმ უმანკო ოცნებას აიხდენს და მართლა ჩამოუშლის გრძელ ოქროსფერ ნაწნავს?! ქალი მოშორებით ჩამოჯდა.

_ ლამაზად მღერით!_ ისევ გაუღიმა. მზე დაიტია ლენას ღიმილმა. მაგრამ კაცის სიჩუმე უფრო და უფრო უხერხული ხდებოდა. სიჩუმეზე უფრო მისი თვალები აბნევდნენ. ლენას უცნაურმა სურვილმა მოუარა, მოუნდა მისულიყო და კიდევ ერთხელ ახლოდან ენახა ხალი მის ყელზე. საკუთარმა თამამმა სურვილმა აღაშფოთა ქალი. თვალი აარიდა შიოს და ბალახის გრძელი ღერო მოწყვიტა. თითებში შეათამაშა, თითქოს მღელვარების გადაფარვა სცადა და უფრო უარესად აღელდა.

" შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,
მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზს..."

მის გულს იმდენად პირდაპირ მოხვდა კაცის სიტყვები, რომ გულმაც პასუხად ფეთქვა შეწყვიტა.

" შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას,
შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს...."
უცნაური ხრინწი გაერია ხმაში შიოს. ისე უკრავდა თვალს არ აცილებდა მინდვრის ბალახებში ყელზე შეწყვეტილი მძივივით დაბნეულ ლენას. ინსტიქტურად ხელი გულისკენ წაიღო ქალმა.

" არა, რა ჯანდაბა მჭირს ?"_ ბრაზით აენთო ლენას მართლაც შატილის ცასავით კამკამა თვალები. ფეხზე წამოხტა. თვალი დაუფარავი სურვილით ააყოლა კაცმა მის ლამაზ ტანს, თავისუფალი სამოსიც რომ ვერ უფარავდა მოხდენილობას და მოქნილობას.
მზერით იბრძოდნენ ცოტა ხანს, მაგრამ ვერ გაუძლო ლენამ. ვერ მოერია. თვალი აარიდა და ლამის სირბილით გაიქცა ცხენისკენ.

"კვლავ ნუღარ შემხვდები, მერიდე მზექალო!
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით,
შევცდები შეგტაცებ პერანგის საყელოს.
მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით!"

მკაცრი გაფრთხილებასავით მიადევნა გაბზარული ხმა კაცმა და არც მისი გაქცევის შემდეგ შეუწყვიტავს დაკვარა. ცხენს მოევლო ლენა, და გამეტებით გააჭენა იმ გზაზე, საიდანაც მოვიდა.

" შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები..." მისდევდა ნიავად შეყვარებული კაცის ვედრებით სავსე სიტყვები.

სულელივით იღიმებოდა ლენა, როცა გზად მომავლებს შემოეყარა. ლოყები ასწითლებოდა, მაგრად ჩაწნული თმა ჭენებისგან ასწეწვოდა.
თვალები კი უცნაურად, სიცხიანივით უელავდა. ის წამი იყო, რომ მასში წლობით ნამწყვდევმა ამორძალმა ქალმა ბორკილი აიხსნა და ახლა სახიფათოდ ახლოს იდგა ნაპრალის კიდესთან. იდგა და ქარის ქროლვას აყოლილი სახიფათოდ ირწეოდა. და საკმარისი იყო ერთი ძლიერი გრიგალი, რომ მისი ანთებული არსება გაეტაცა და ბედის სასწორი სულ ახალი სიმძიმით გადაეწონა.

" რა მოხდა ნეტავ?!"_ მაშინვე იაზრა ლევანმა. "აშკარად რაღაც მოხდა!"
გიორგის არაფერი შეუმჩნევია. მასაც საკუთარი საფიქრალი გასჩენოდა და სწორედ ამიტომ გამოეპარა ლენაში ახალი ქალის ჩასახვის მომენტი. აწეწილი თმა ყურს უკან გადაუწია და გახურებულ ლოყაზე აკოცა ცოლს.

მედეამ ცხენი ოდნავ გაანაპირა. უცნაური იყო, იმ ერთი საათის მანძილზე, საერთოდ არ გახსენებია შიო. მაგრამ ცხენი მოაჭენა თუ არა ლენამ, მაშინვე თან მოიყოლა შიოზე ფიქრებიც.

_ მაინც რა ლამაზია ეს ოხერი!_ ბოლოს როგორც იქნა აღიარა მედეამ ლენას უჩვეულო მოხდენილობა.

7

( უბრალოდ სიმღერა)

რაც უფროს უახლოვდებოდნენ შიოს, მით უფრო ღელავდა ლენა. თითქოს ერიდებოდა მის ნახვას, მაგრამ თან ერთი სული ჰქონდა მის თვალებს გადასწყდომოდა და ბოლოს, როგორც იქნა გაუსწორდნენ იმ მინდორსაც. თვალი გააპარა ლენამ ქურდულად. დაინახა, როგორ უბრალოდ მოევლო კაცი ცხენს და გაოცდა , რომ ეს უბრალო ამბავიც საუცხოო მოვლენასავით აღიქვა მისმა გულმა. ცხენი შეაყოვნა და ქმრის განიერი ბეჭები იფარა, როგორც საიმედო თავშესაფარი. სწორედ ისე, როგორც პირჯვარს ეფარებიან ცდუნების პირისპირ მდგარი მორწმუნენი.
წამით აღარ მოშორებია ქმარს. წამით აღარ გაუხედავს შიოსკენ. თუმცა შიო არც ჩამორჩენილა და არც ლენას თვალები უძებნია.

ამასობაში გამყოლის ბინას მიადგნენ. ერთ იქაური ბიჭს ეკისრა მათი გამყოლობა. ლევანის მეგობრის მეგობარი იყო. დია ზარიძე. საუბრით შეუყვნენ ლევანი, შიო და დია საცხენოსნო წვრილ ბილიკს.

_ მალე მივალთ საბანაკე ადგილამდე და დაისვენებთ!_ იცინოდა დია ლევანის მოუღალავ წუწუნზე. კარგად დაწინაურდნენ მხედრები.

_ რას იტყვი ქეთი._ მოესმა უცებ ლენას მედეას ხმა.

_ხიმ არ მოგეწონა ჩვენი ლევანი?_
"რა ამ ქალის საქმეაო?" გაიფიქრა ლენამ. და დარცხვენილ გოგონას გახედა. ლოყები ასწითლებოდა ქეთის.

_ კარგი კაცია ლევანი, მაგრამ საშენო არ არის, ქეთი!_ დარიგებასავით გაიჟღერა მედეას ხმამ._ კარგად ვიცნობ მასეთ კაცებს! გულს აგიჩქარებენ, საწადელს მიაღწევენ და შარშანდელი თოვლივით გაქრებიან! ყველა კაცი ასეა, არ შეიძლება მათი დანაპირების დაჯერება!_ თითქოს საკუთარ თავთან ჰქონდა ქალს მონოლოგი. ქეთი კი სულ დამუნჯებულიყო და აღარ იცოდა, სად წასულიყო. აშკარად არ სიამოვნებდა მედეას სიტყვები. ალბათ იმ მომენტში მედეა მართალიც იყო, მაგრამ შეყვარებული ქალის გონებას არ სურდა მის სიტყვებში ჭეშმარიტების მარცვლის დანახვა. ლენა კი საკუთარ ფიქრებს წაეღო.
" განა მართლა ყველა კაცი ასეა? აი გიორგი სულაც არაა ასეთი! უკვე წლებია ერთად არიან და ჯერ ერთი ღამც კი არ გაუთევია ლენას გარეშე. მერე რა თუ ჯიუტი და ხისტია, მერე რა თუ ვერ იგებს ლენას მარტივ ოცნებებს. სამაგიეროდ ყოველთვის შეიძლება მასზე დაყრდნობა! სამაგიეროდ მის გვერდით ქარიშხლები არ ბობოქრობენ და არც სასიკვდილო ტალღები გემუქრებიან წალეკვით." ბობოქარ ტალღებზე ისევ შიოს სიმღერა გაახსენდა. მისი სურვილით ატანილი ხმა და თვალები და კვლავ უცნაურად აუჩქარდა გული. ისევ გამოიჭირა საკუთარი თავი მისდამი აღფრთოვანებაში და კიდევ ერთხელ შეეშინდა ამ გაუგებარი, კაცმა არ იცის საიდან მოვარდნილი, მძლავრი სურვილების. რომ თუნდაც წამით მის მკლავებს მინდობოდა. მაგრამ იქნებოდა კი წამი მართლაც წამი?! ეს აღარ იცოდა ლენამ. სამაგიეროდ ის იცოდა კარგად, რომ ამგვარი ფიქრები საშიში იყო, რადგან სულ ადვილად შეიძლებოდა, რომ ერთხელაც უბრალო ფიქრები მძლავრ, დაუოკებელ სურვილებში გადაზრდილიყვნენ.

ისევ გიორგის მოუხმო ფიქრებში. თვალითაც მოძებნა წინ წასული ქმარი და გიორგის ნაცვლად ისევ შიოზე დარჩა მოღალატე თვალები.

შეცბა. ძალიან მოუნდა სახლში დაბრუნება. დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო, გიორგის უარში, ახლავე ეტყოდა სახლში წამიყვანეო.
ჯანდაბას რაც იყო, ეს ღამე და კიდევ მორიგი ღამეც უნდა მოეთმინა და შემდეგ ისევ სახლში დაბრუნდებოდა.

_მოვითმინო, თუ გავუძლო? _ სისინებდა მის გონებაში საიდანღაც აღმოცენებული სიბნელის მარცვალი და მოსვენებას უკაგავდა ისედაც აღელვებულ ქალს.

საღამოსპირზე მიატანეს საკარვე ადგილს. კაცებმა მაშინვე დაიწყეს კარვების დადგმა. სულ ოთხი კარავი იყო, ერთი გიორგისი და ლენასი, მეორე ბიჭების და მესამე მედეასი და ქეთისი. თუმცა ქეთიც და მედეაც სიამოვნებით გაცვლიდნენ პარტნიორებს. მეოთხე ყველაზ პატარა კი
დიას, მათ გამყოლს ეკუთვნოდა.
ცოტა ხანში კარვების დადგმას მორჩნენ და ერთად დაიწყეს ვახშმის მზადება. ლევანის აკვიატებით წამოღებული ხორცი დაამუშავეს და სამწვადედ გაამზადეს.
მგზავრობით დაღლილი ქალები მოსვენებით დასვეს, ყველაფერი საკუთარ თავზე აიღეს და მალე გემრიელი ვახშამი გააწყვეს. დიამ არაყი ამოაძვრინა აბგიდან. ლევანი აჟიტირებული შეხვდა ამ ფაქტს. დალიეს შეთვრნენ, თანდათან ცაზე ვარსკვლავები აკიაფდნენ.

_ სიყვარულს გაუმარჯოს ხალხო!_ ქეთის მხარზე ხელგადახვეული როხროხებდა ლევანი.

_ გაგიმარჯოს საყვარელო!_ პაწაწუნა ჭიქა მიუჭახუნა ლენას გიორგიმ._ აკი არ ვიცი დალევაო?
გაეცინა ქმარს, როცა ქალმა მორიგი ჭიქა დაცალა. მართლაც არ იცოდა ლენამ სმა, ახლა უბრალოდ ვარსკვლავები უკიდებდნენ გამბედაობას. დაღლილს მალევე მოერია სასმელი.

_ რამეს არ გვიმღერებ შიო?_ ახლოს მიიწია ნასვამი კაცისკენ მედეამ. მაგრამ შიო მედეას არ უყურებდა. მიწას დასჩერებოდა კუშტად. ხანდახან თვალს ლენასკენ აპარებდა და ნატრობდა, რომ ის დღე და წამი დაბრუნებულიყო, როცა პირველად ნახა ეს ქალი. ყველაზე მწარე მისი დაკარგული პირველობა იყო, მან ხომ პირველმა ნახა ეს ქალი პირველმა ჩახედა შატილის ცისფერ თვალებში.

_ მართალია ძმაო, მიდი გვიმღერე!_ შეაგულიანა ლევანმა.

_ გვიმღერე შიო!_ მხარზე ჩამოადო თავი მედეამ. არ ესიამოვნა ქალის შეხება, მით უფრო სასურველის თვალწინ. მხარი აუკრა. და წამოდგა ვითომ ფანდურის ასაღებად. გულში ღრმად დაიჭრა მედეა. კარგად მიხვდა შიოს წამოხტომის მიზეზს და უჩინარი იარა აეწვა. მიხვდა უკვე ყველა გზა ჩახერგილი ჰქონდა, ამ ქალის გამო დაკარგა შიო. სიძულვილით გახედა გიორგის მკლავქვეშ განაბულ ლენას.
" გიყვარს ქმარი არა ქალბატონო?! კარგი! თვალი თვალის წილ!"გაიფიქრა უარყოფილმა და გულის ცეცხლს სიბრაზის ნავთი გადაასხა.

სანამ შიო ფანდურს მომართავდა, გიორგი ფეხზე წამოდგა. ლენასთვის პლედის მოსატანად მოშორებით მდგარი კარვისკენ წავიდა. "ან ახლა ან არასოდესო!" გაიფიქრა მედეამ და აშკარად ფეხარეულ კაცს უკან მიჰყვა. სწორედ ისე, როგორც ნადირი ნანადირევს. წამით მიმოიხედა და თავადაც კარვში შეიმალა.

ამასობაში შიომ ფანდურს ჩამოჰკრა და კარგად ნაცნობი კაფიის მელოდია დაამღერა:

_ "ხმა ამაიღე ფანდურო,
ამომავალი მზისთვინა,
შაირ_ კაფია ამოსთქვი
პირიმზე ლამაზისთვინა"._ თვალი თვალში გაუყარა ლენას. ირონიულად გაეღიმა მის დუმილზე. ქალმა, როგორც შიო ელოდა პასუხი არ დაუბრუნა და თვალი აარიდა.

_ "თვალი მიჭირავს შენზედა,
როგორც მიმინოს მწყერზედა!
ნეტავი გამაგებინა ,
შენ რა გული გაქვს ჩემზედა!"_ თავად დაამღერა ისევ. აშკარად მუხვდა ლენა ხუმრობა და სიმღერა რომ არაფერ შუაში იყო. პირზე მოადგა საპასუხო ლექსი, მაგრამ ენას კბილები მაგრად დააჭირა. ნებისმიერი პასუხის გაცემა მაინც პასუხი იყო.

_"ქალავ სულ თავლწინ მიდგეხარ ღვიძილშია და ძილშია.
დაიმალება ხოხობი
შენი თავალ წარბის ჩრდილშია!"_ ჯიუტად მღეროდა შიო. თვალს არ აცილებდა წარბშეკრულ გულისსწორს. საკუთარ თავს ებრძოდა ლენა. სურვილი ჰკლავდა ეპასუხა, დამწვარიყო ამ უცნაურ კაფიაში. თითქოს მის შიგნით სხვა თავნება ქალი იღვიძებდა და სწირედ ამ თავხედი კაცის თვალების ნაპრალებში გადაჩეხვა ეწადა.
კარგა ხანს აჟღარუნა ფანდური შიომ პასუხის მოლოდინში, მაგრამ ვერ დაიმორჩილა ჯიუტი ქალი მისმა სიმღერამ. ვერც ლენამ იგემა გამარჯვება. ფეხზე წამოდგა და ისევ გაქცევა ამჯობინა.

_ "ნეტაი რისთვის გაქებდი,
რისთვის დავხარჯე ძალაო!
მაგ ხასიათის პატრონსა
ვინ შეგიყვარებს ქალაო?"_ მიადევნა გაქცეულს კაფიის ბოლო სტროფი. წამით გაჩერდა ლენა. მოუნდა მიბრუნებულიყო და სილა გაეწნა თავხედისთვის. მაგრამ ვერც ეს გაბედა. ეს ხომ პირდაპირი აღიარაება იყო. ხელი ჩაიქნია და დაგვიანებულ ქმარს გაუდგა.

_ რა იყო ახლა ეს?_ წარბშეკრულმა გამოხედა ლევანმა შოოს _ რას აკეთებ, თუ ხვდები?

_ რას ვაკეთებ? უბრალოდ ვნღერი!_ უდარდელად ახედა ვარსკვლავებიან ზეცას შიომ.

_ შეწყვიტე გესმის?! აქ არ არის მაგის დრო და ადგილი!_ გაფრთხილებასავით გაისმა ლევანის ხმა. შიოს ჩაეცინა. ფანდური გვერდზე გადადო, ფეხზე წამოდგა და სიბნელეს შეერია.

(ეჭვი)

ჩქარა და ხმაურიანად მიუახლოვდა ლენა კარავს.

_ რას მიბედავს ეს არანორმალურიო!_ ბურდღუნებდა ხმადაბლა. თან ვერც იმ უცნაურ გრძნობას უხერხებდა რამეს, სიამოვნებას რომ ჰგავდა და მის გულში შეძრომას ასე გამეტებით რომ ცდილობდა. კარავს რომ მიადგა მაშინღა მოაშორა საკუთარ ფეხსაცმელს თვალი და დანახულმა გააკვირვა. კარვის წინ გიორგი და მედეა იდგნენ. იმაზე ახლოს ვიდრე მათი ნაცნობობა აძლევდათ ამის უფლებას. და იმაზე მხიარულად საუბრობდნენ, ვიდრე გიორგის სჩვეოდა ლამის უცხო ადამიანებთან. მისი დანახვისას კიდევ უფრო უცნაურად მოიქცა ორივე მათგანი. თითო ნაბიჯით დაიხია ორივემ უკან. თითქოს ლენამ ფაქტზე წაასწროთ. რომ არა მათი უცნაური შეცბუნება ლენა ყურადღებას არც კი გაამახვილებდა ამ ამბავზე. იფიქრებდა, რომ მოეჩვენა, ან გადაამეტა. მაგრამ მათ რეაქციებს ვერსად გაექცა და თუმცა თქმით არაფერი უთქვამს. გულში ხინჯად დარჩა. ალბათ ეს იყო პირველი მომენტი მის ცხოვრებაში, როცა ემოცია ასე ძალიან ახლოს იდგა ეჭვიანობასთან. თუმცა ეჭვიანობით ეჭვიანობენ იმაზე, ვინც უყვართ.

8

(საკუთრება თუ სიყვარული?!)

_ რა მოხდა საყვარელო? უკვე მოვდიოდი!_ უთხრა ღიმილით გიორგიმ ცოლს და მკლავზე გადაფენილი პლედი დაანახა. მედეას გახედა ლენამ. ქალი აშკარად ვერ მალავდა თავალებში აკიაფებულ სიხარულს და მგონი დამალვას არც კი ცდილობდა.

_ რამე გინდოდა მედეა?_ თავს ვეღარ აიძულა თქვენობითში საუბარი ლენამ.

_ არაფერი, ფანარი მთხოვა!_ მედეას ნაცვლად უპასუხა ისევ გიორგიმ და მედეს პატარა ჯიბის ფანარი გაუწოდა. მედეამ მადლობა თქვა და ტანის რხევით ისევ კოცონისკენ გაემართა.

_ დავბრუნდეთ ჩვენც?_ გამოაფხიზლა გიორგიმ მედეაზე თვალგაშტერებული დაფიქრებული ცოლი.

_ არა, მე აღარ მინდა! დავიღალე და თავი მტკივა!_ არც შეუხედავს ქმრისთვის ლენას. კარვის კალთა ასწია და ისე შეძვრა შიგნით, რომ არც ის პლედი გამოურთმვია. ასე მზრუნველად რომ მოუძებნა ქმარმა.
ერთი გახედა კოცონს გიორგიმ. თავი ღიმილით გადააქნია და ცოლს შეჰყვა.
ზურგშექცევით იწვა ლენა. არც მაშინ გადმობრუნდა ქმარი რომ ჩაეხუტა.

_ ხომ არ გაცივდი, რატომ გტკივა თავი?!_ შუბლი მოუსინჯა ცოლს. ცოტა ეცხელა კიდეც. ლენას არაფერი უთხვამს. მხოლოდ მისი ხელი მოიშორა შუბლიდან.

_ რამე მოხდა ლენა?_ ჰკითხა გიორგიმ.

_ ჯერ ალბათ არაფერი!_ გულწრფელზე გულწრფელი იყო ქალის პასუხი. თანაც პირდაპირ ორაზროვანი. ვისაც რა სატკივარი აწუხებდა, იმას არგებდა ამ პასუხს. იმ ღამეს გიორგი იყო ალერსის ინიციატორი. გაუკვირდა კიდეც, რომ ესიამოვნა ცოლის ოდნავი წინააღმდეგობა, აქამდე არასდროს ყოფილა, რომ ლენას ალერსზე ალერსით არ ეპასუხა. ახლა კი რაც უფრო უარყოფდა ქალი, მით უფრო ხელდებოდა გიორგი. იდეალური სხეული ჰქონდა ლენას, შეუძლებელი იყო მის გვერდით სხვა ქალზე ეფიქრა კაცს.

იწვა გიორგი კარვის ჭერს ასცქეროდა და უკვირდა წამის წინანდელი აჟიტირება, იმ ვულგარული ქალით. საკუთარ მკლავზე გაშლილ ცოლის გრძელ თმას გადახედა. ერთად მოაგროვა და მუჭში მოიქცია. სახესთან მიიტანა და თმის მოტკბო სურნელი შეისუნთქა. შემდეგ მთელი თმა მოშიშვლებულ მხარს მიღმა გადაუყარა ცოლს და კისერში აკოცა მძინარს. უცნაური იყო ის მესაკუთრის ინსტიქტი, რასაც გიორგი ამ ქალის მიმართ გრძნობდა. ჯერ ერთი, მის მეტი არც არასდროს უძებნია არავინ, მაგრამ ასეც რომ მომხდარიყო, ლენაზე უარს ვერაფრით იტყოდა. იცოდა, რომ პირველი იყო ცოლისთვის, გიორგიმდე კოცნითაც კი არავის ეკოცნა ამ ქალისთვის. არასდროს არავინ შეხებია მის თმასაც კი. საკუთარება იყო მისი, აბა რა იყო? და ასე იქნებოდა სიცოცხლის ბოლომდე. ლენას არასდროს გაუშვებდა გიორგი, სულაც ასი ქალიც რომ ჰყოლოდა მაინც. თუნდაც ლენას აღარ ყვარებოდა და აღარ სდომებოდა, ეს არც არაფერს შეცვლიდა, სულაც პირიქით. ასე უფრო სასურველი ხდებოდა გიორგისთვის საკუთარი ცოლი.

იყო თუ არა ეს გრძნობა სიყვარული? რა თქმა უნდა, იყო. ასე ვერავის ვერასდროს შეეხებოდა, მაგალითად მედეას. ასე სხვას ვერავის დაისაკუთრებდა. ალბათ არც ექნებოდა ამის სურვილი. ამ დამოკიდებულებას მხოლოდ ლენას მიმართ გრძნობდა. ორივე ხელი მოხვია და მკერდზე ისე მიიკრა სასურველი, თითქოს ინტუიციით გრძნობდა, რომ მალე ბევრი რამე შეიცვლებოდა.

(ყვავილი თუ ჩაი?!)

განთიადი სულ სხვა ფერი იყო მთაში. ცეცხლად ამოენთო მთის წვერზე მზე, დილის ნისლები ზანტად აიშალნენ ლამის მონდორზე ღამენათევნი.
მთის წვერზე შემოხვეული ჯანღიც ნელა აიზლაზნა. დილით გადაცვარული ბალახი მზის სხივებში აბრჭყვიალდა.

თბილ გრძელ სვიტრში ჩაფუთნული ლენა ცეცხლის მინავლულ ნაკვერჩხალს ჩხრიკნიდა ჯოხით. ადრე იყო ჯერ, ძალიან ადრე. ყველას ისევ ეძინა. ნაღვერდალს ქექავდა, თან შიგადაშიგ სულს უბერავდა, მაგრამ დანესტილ შეშას ცეცხლი არაფრით ენთებოდა.
გვერდით პატარა ვერცხლისფერი ჩაიდანი მოედგა. ერთ რამედ ღირდა ამ ხედის წინ ცხელი ჩაის დალევა. მუდამ ოცნებად ჰქონდა ეს წამი ქცეული, მაგრამ ვერ იქნა და ვერაფრით გააჩაღა კოცონი.

_ დილა მშვიდობისა!_ მოესმა ზურგსუკან სასიამოვნო ხმა. ისე მიესალმა, არ მიუხედავს. ყრუდ და უგულოდ. ახლა ირონიული ჩაცინება მოესმა უცხვირპირო სალმის პასუხად. მოქუფრულმა ახედა შიოს. თვალებში ღიმილი უკრთოდა ამ მარად მოღრუბლულ კაცს.

_ მოდი მე აგინთებ ცეცხლს!_ "აგინთებ" ახლა ეს სიტყვა მოხვდა ლენას სმენას უადგილოდ. მაინც წამოდგა და ორი ნაბიჯით გადგა. გულში ინატრა, ვერც შიოს აენთო ცეცხლი. მაგრამ ნატვრა არ აუსრულდა. წვრილად დაანაფოტა კაცმა ხის ტოტები და მალე მინავლული ნაღვერდალიც გააჩაღა. ცეცხლს შეყუდებულ ორ მოზრდილ ქვაზე მსხვილი ჯოხი გასდო და ჩაიდანი ზედ ჩამოკიდა. გულხელდაკრეფილ ქალს უსიტყვოდ აუარა გვერდი და გაეცალა. მინდორს თავდაღმა დაუყვა.
გაოცებულმა გააყოლა თვალი ლენამ მიმავალს. ეგონა აბეზარი საუბრით შეეცდებოდა მასთან ურთიერთობას. ხოდა გაუკვირდა, ასე ადვილად რომ დატოვა, განა გუშინ არ იყო მხოლოდ თვალებით ცეცხლი რომ წაუკიდა?! განა გუშინ არ იყო სიმღერით რომ უთხრა სათქმელი?! დაიბნა ლენა. დაიბნა და შერცხვა საკუთარი თავის. ცეცხლის პირას ჩამოჯდა და დაფიქრდა. "ალბათ რეალობას სასურველად ვასაღებო!" მაგრამ ამის გაფიქრებისას კიდევ უფრო გაბრაზდა საკუთარ თავზე. ანუ გამოდის, თავად ფიქრობდა რაღაც სისულელეს და მის ფიქრებს რეალობასთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდა. გულზე მოეშვა. რას ერჩოდა ამ ადამიანს? რატომ აითვალწუნა?! თავს რატომ არიდებდა? ალბათ რას აღარ ფიქრობდა მასზე შიო?! ალბათ გულში დასცინიდა კიდეც ლენას!

ამ ფიქრებში იყო გართული პირდაპირ მისი სახის წინ რომ იელვა თეთრი, ოდნავ მოვარდისფერო ყვავილების თაიგულმა. უცებ იფიქრა გიორგიმ მომართვაო , სწრაფად ააყოლა თვალი მკლავს და ირონიულად მომღიმარი შიო შერჩა ხელთ. მუჭში ეჭირა უცნაური ყვავილების მოზრდილი კონა. მისკენ ოდნავ დახრილი ისეთი უცნაური ღიმილით უწვდიდა, წამის წინ მწყობრში მოყვანილი ფიქრები ისევ ქარიშხალივით თავდაყირა ამოუტრიალა.

_ ეს რას ნიშნავს?!_ ფეხზე წამოდგა გაბრაზებული. " ყვავილების მორთმევაღა აკლდაო!" გაიფირა წარბშეკრულმა.

_ დეკის ჩაი უხდება მთებს!_ გაეცინა შიოს. გაწვდილი ყვავილების კონას ფოთლები შეაცალა, წყალი გადაავლო, ცეცხლზე მოთუხთუხე ჩაიდანს თავი ახადა და ფოთლები წყალში ჩაყარა. გაშრა ლენა. სითავხედეც იყო და სითავხედეც. მიხვდა რომ დასცინოდა შიო. ისე ეთამაშებოდა, როგორც კატა თაგვს.

_ ცოტა ხანს იდუღოს და მზადაა!_ ჩაულაპარაკა კაცმა და ისევ მარტო დასტოვა თავის აბურდულ ფიქრებთან.
სინანულით გახედა ლენამ ქვაზე დაწყობილ ფოთლებგაცლილ ლამაზ ყვავილებს. უყურა, უყურა და თავადაც გაეცინა საკუთარ თავზე.

_ დიდი საძაგელი ვინმე ბრძანდებით ბატონო შიო!_ ჩაილაპარაკა თავისთვის და ქაფქაფა მოწითალო სითხე ჭიქაში ღიმილით ჩამოისხა.

კარვის გახსნილი კალთიდან აკვირდებოდა გიორგი მომხდარს. რა თქმა უნდა ხმა არ ესმოდა, მაგრამ ყველაფერს კარგად ხედავდა და სულაც არ გასჭირვებია იმ უჩუმარი ფლირტის შემჩნევა, რასაც შიო ლენასთან აბამდა. ჩაეცინა და კიდევ უფრო ამპარტავანი გახადა იმის შეგრძნებამ, რომ ქალი, რომელიც წინა ღამეს მხოლოდ მისი საკუთრება იყო, ასე ახელებდა სხვას. არ ვიცი, იცოდა თუ არა გიორგიმ, რომ ამპარტავნება ერთერთია შვიდ მომაკვდინებელ ცოდვათაგან, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა, გიორგი შიოს რატომღაც არ თვლიდა სახიფათო მოწინააღმდეგედ. რა იყო ამ სიმშვიდის მიზეზი? ის რომ შიო არ იყო საკმარისად კარგი? თუ ის, რომ თავისი ცოლის სინდისს აგრერიგად ენდობოდა გიორგი?!

მალე ქალებიც გამოვიდნენ კარვიდან. დიაც შემოუერთდათ , მხოლოდ ლევანს ეძინა მშვიდად, ისე როგორც უცოდველ ბავშვებს სძინავთ ხოლმე.

იმ დღეს ტბაზე ავიდნენ, ერთი ღამეც და ეს საოცარი თავგადასავალიც დასრულდებოდა. რამდენიმე საათში მზემ მთელი ძალა მოიკრიბა და ცის შუაგულში აჩახჩახდა. მხოლოდ მთამ იცის ქალივით ხასიათის მოულოდნელი ცვალებადობა. ახლა რომ მზეა , წამში გაიავდრებს, შემდეგ ისევ გადაიყრის ღრუბლებს და მზე დააცხუნებს, ისე თითქოს წამის წინ არ იქუფრავდა შუბლს. მათ კი გაუმართლათ, ცას კამკამი გაუდიოდა. ცა ლენას თვალებში ირეკლებოდა, თუ ლენას თვალები ცაში, ძნელი გასარკვევი იყო. მედეას შურიც კი შეეპარა, და კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ლენა ძალიან ლამაზი ქალი იყო.

_ ამის სილამაზე რომ მომცა, ასე უბრალოდ რა გამატარებდა? ისე ავკაშკაშდებოდი, თვალს ვერ გამისწორებდა ვერავინ! ეჰ, სულელებს რატომ უმართლებთ ნეტავ?!_ ფიქრობდა და თვალს არ აშორებდა მშვენიერ მეტოქეს.

მედეა წყალს არ გაკარებია, დიდად არც ქეთის გამოუხატავს აღფრთოვანება. სამაგიეროდ უამრავი ფოტო გადაიღეს სხვადასხვა რაკურსით, მერე დასხდნენ და იმ ფოტოებში ჩაყვეს ცხვირები, ზოგს ფილტრი დაადეს,, ზოგს რაღაც ჩამოაჭრეს, ზოგს რაღაც დაამატეს,
_ რა სილამაზეაო! _იძახდნენ, მაგრამ იმ სილამაზით, რაც ცხვირწინ ჰქონდათ გადაშლილი ტელეფონის სურათებში ტკბებოდნენ. გაოცებული იდგა ლენა.

_ ხელისგულზე უდევთ მთელი ბუნება და ტელეფონიდან ათვალიერებენო?!_ აიჩეჩა მხრები.

( კარგი თუ ცუდი ნიშანი?!)

ისევ იმ უცნაურ ტბას გადახედა. გულის ფორმა ჰქონდა წყალს. "რა უცნაური რამეაო?" გაიფიქრა ლენამ. ნელა მიუახლოვდა ტბის ნაპირს. დაიხარა და ხელი წყალში ჩაყო. ეცივა წყალი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხებით. ნელა_ნელა მიაჩვია ხელი. ცივი იყო, მაგრამ არა ყინულივით. რამდენჯერ უნატრია თბილისში სიცხისგან ამოხუთულს ასეთი წყალი. სარაფანი აიკეცა და ჯერ კოჭებამდე შეტოპა. უკან გაიხედა, აღარვინ სჩანდა. გოგოებიც ალბათ კარვებისკენ გაბრუნებულიყვნენ. ესიამოვნა მარტოობა. სარაფანს ხელი გაუშვა და რბილი ნაჭერი წყალზე გაიშალა. თმისსარჭი მოიხსნა, კბილებით დაიკავა, ჩამოშლილი თმა ერთად მოაგროვა, დაახვია და თავზე შემოიგრაგნა გვირგვინივით, ის იყო სარჭი უნდა დაემაგრებინა, რომ მეტალის სამაგრი, ხელიდან გაუსხლტა და წყალში ჩაიძირა. ხმადაბლა შეჰკივლა. წყლისკენ დაიხარა, მიუხედავად იმისა რომ წყალი კამკამა იყო მაინც ვერაფერი დაინახა. გული დასწყდა, უყვარდა ეს თმისსამაგრი. ცისფერი ბრჭყვიალა ნემსიყლაპია. სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის ძალიან დიდი ხანი ამ პატარა ნივთს და ალბათ ამიტომ ვერ შეელია წლების მანძილზე. ახლა კი ასე უეცრად გაუხხლტა ხელიდან. ალბათ ესეც ნიშანი იყო. თუმცა რას ანიშნებდა სამყარო , ეს კი ვერაფრით ამოიცნო.

გულდაწყვეტილი უფრო ღრმად შევიდა წყალში, წელამდე მისწვდა სიცივე. გარემო მოათვალიერა, თითქოს სადღაც ზღაპარში იყო. რეალურს არ ჰგავდა ეს გამჭვირვალე ცა, რეალურს არ ჰგავდა ეს კრისტალური წყალი, არც ეს მწვანე ფერი ჰგავდა ბალახისფერს. საოცრად მოუნდა დაკვრა, წარმოიდგინა როიალთან იჯდა. ხელები ჰაეროვნად აიქნია და წარმოსახვით კლავიშებზე ჩამოაწყო. ჰაერი ჩაისუნთქა და დაკვრა დაიწყო, იმ საოცარი მელოდიის, რომელიც სჯეროდა რომ მხოლოდ თავად ესმოდა. რეალობამ არსებობა შეწყვიტა, და დარჩა მხოლოდ ლენა, შოპენი და ვალსი.

ხეტიალი მობეზრდა შიოს. ლევანის სიტყვებზე ფიქრობდა საღამოს აქეთ. " რას აკეთებ?" ჩაესმოდა ეს სიტყვები და საკუთარ თავსაც მეათასედ უსვამდა ამ კითხვას.

_ რას აკეთებ შიო? რა ჯანდაბას აკეთებ?_ არასდროს უგრძვნია თავი ასე გაუცხოებულად. საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. თითქოს მხარზე მართლაც ასხდნენ პაწაწუნა კეთილი და ბოროტი ანგელოზები. ერთი თავისას ეჩურჩულებოდა, მეორე თავისას. საკუთარ სურვილებს ვეღარ უმკლავდებოდა შიო. არასდროს ყოფილა ასეთი სუსტი. სურდა ხელი დაევლო სანატრელისთვის და გაეტაცა სადმე შორს, სადაც ვერავინ ვერასდროს მიაგნებდა მათ. მაგრამ ხვდებოდა, მარტო მისი ეგოისტური სურვილი არ კმაროდა ამ ნაბიჯისთვის.
ნეტავ რას ფიქრობდა ლენა? მისი გაბრაზებული სახე წარმოუდგა თვალწინ და გაეღიმა. რას არ მისცემდა, ოღონდ უფლება ჰქონოდა მისი ბედნიერების მიზეზი ყოფილიყო! ხედავდა და გრძნობდა მის ღელვას და ფორიაქს და უხაროდა, რომ სულ ცოტა გულგრილი მაინც არ იყო მისდამი. ამ ფიქრებით მიაუახლოვდა ტბას და ადგილზე გაშეშდა.
ლენა წელამდე წყალში იდგა. ცისფერი სარაფანა წყალს მარაოსავით გაეშალა მის გარშემო, სველი თმა კი მკლავებზე და მკერდზე მიჰკვროდა. ქალი უძრავად იდგა და შიო უცებ ვერც მიხვდა, რას აკეთებდა.თითების მოძრაობას მიადევნა სმენა და მოულოდნელად ყრუდ მისწვდა მის სმენას მელოდიის ხმა, მიაყურადა და უფრო გარკვევით გაიგონა, ისევ შოპენს უკრავდა ლენა. უკრავდა პიანინოს გარეშე. უკრავდა საკუთარ სულის მელოდიას და როგორც მაშინ, ახლაც ესმოდა შიოს ეს მუსიკა. როგორც მაშინ , ახლაც უნებლიედ ქურდობდა შიო.

_ ლამაზია არა?_ მოესმა თვალგაშტერებულს. შეკრთა სწორედ ისე, როგორც ქურდობის ფაქტზე გამოჭერილი. ცოლს უყურებდა მის გვერდით მდგომი გიორგიც.

_ არა, ლამაზი კი არა სრულყოფილია! მით უფრო, როცა ასე თავის ოცნებაში უკრავს ხოლმე. ამ დროს ალბათ ესმის კიდეც არა, რასაც უკრავს?_ უცნაურად დაფიქრებული თვალები შიოს მიაპყრო გიორგიმ. და მიხვდა შიო, რომ გიორგის არ ესმოდა ლენას სულის მელიდია. გიორგი ლენასკენ წავიდა. თვალი გააყოლა შიომ.
ქურდობა? მაგრამ იქნებ არც ქურდობდა? იქნებ სწორედ მისთვის უკრავდა ლენა?! ამ ფიქრმა გული გაუმსჭვალა. თუ ასე არ იყო ,მაშინ მას რატომ ესმოდა?!

შორიდან უყურებდა, როგორ დაუძახა გიორგიმ ცოლს, ოცნებას მოსწყვიტა. წყლიდან ამოიყვანა. მხრებზე პირსახოცი მოახურა და კარვებისკენ წაიყვანა.
ნელი ნაბიჯით ჩავიდა შიო ტბის ნაპირას. ტანსაცმელი გაიხადა და გახურებული გული ცივ წყალში ღრმად ჩაძირა.

რამდენჯერმე ჩაყვინთა და ფსკერზე თვალი რაღაც ბრჭყვიალას მოჰკრა. ხელი მოჰკიდა და მაღლა ამოიტანა. თითები გაშლა და მზეზე აბრჭყვიალდა ცისფერი ნემსიყლაპია. სწორედ ისეთი, როგორიც იმ სურათში ღრუბლისფერკაბიან გოგონას ჰქონდა თმაში ჩაბნეული, შიოს საძინებლის კედელზე რომ ეკიდა. გაოგნებულმა გახდა კარვებს. ენიშნა ეს თმისსარჭი შიოს, ენიშნა და ამ ნიშანმა იმედი მისცა.

9

( ჩანასახი)
ქალური წინთგრძნობით მიხვდა მედეა, საერთოდ რომ დაკარგა შიოს ფიქრებში ადგილი. სწორედ ფიქრებში, რადგან მის გულში მედეა არც არასდროს ყოფილა. მიხვდა და გაოცდა, რადგან სიბრაზეს თითქმის არ გრძნობდა. არა, ის კი აცოფებდა, რომ ცხოვრებაში პირველად უარყვეს, მაგრამ დანაკარგის გრძნობას არ განიცდიდაა. მხოლოდ ქალური შურისძიება სურდა, რადგან მიტოვებულობის გრძნობა პირადი დამცირების განცდას იწვევდა მასში. რა იყო იმის მიზეზი, რომ მედეა არ ბრაზობდა? თავადაც იფიქრა ამაზე და მოულოდნელად მიხვდა, რომ იმ წამს თვალმოუშორებლად შეჰყურებდა გიორგის და არა შიოს და ამ აღმოჩენამ განაცვიფრა.
"სულელი ქალია ლენა, ვერ აფასებს იმას, რაც აქვს, ასეთი უმადური ქალი არცაა ღირსი ამ ყველაფრით იყოს უზრუნველყოფილი. სახლი, სტატუსი, ასეთი ჯადოქრული სილამაზე და პლიუს ასეთი სრულყოფილი კაცი! არა, ეს ყველაფერი ერთად მეტისმეტია მხოლოდ ამ სულელი ქალისთვის!" გულში ფიქრობდა მედეა და ასე დაუკითხავად იბუდებდა მასში შური. შური, რომელიც თავისი მარწუხებით შიოს დაკარგვასაც კი ამეტებდა, ისე ჰგუდავდა ქალის პატივმოყვარეობას.
ლენასი პირველად სილამაზე შეშურდა, შემდეგ მამაკაცების თვალებში ამოკითხული აღტაცება, ეს აღტაცება არაფრით არ ჰგავდა ამავე კაცების თვალებში აკიაფებულ მისდამი ვნებას, რითაც აქამდე ასე მოჰქონდა თავი მედეას. არა, ეს ბევრად მეტი იყო. ახლა უკვე თავადაც სურდა მსგავსი აღტაცება გამოეწვია საპირისპირო სქესში. დიაც, ეს პატარა ბიჭიც კი, გამოიჭირა აღტაცებული, ლენას მზერაში გართული. შიოზე აღარაფერს ამბობდა. გრძნობდა, მაშინაც კი თუ შიო ლენასგან ზურგით იდგა, მაინც მასზე ფიქრობდა. სახეზე ეწერა შიოს ყველაფერი. თითქოს მუდმივ ოცნებაში იყო ჩაძირული. ეს ლენას არ სურდა ამ ყველაფრის შემჩნევა და არც ვინმეს ეჯიბრებოდა, თორემ მედეამ კარგად იცოდა, რომ ლენასთან უშანსოდ დამარცხდა და ამან გააცოფა ქალი. იჯდა ყავას სვამდა და ტბიდან მომავალ ცოლ_ ქმარს ყურადღებით აკვირდებოდა. დედმამიშვილებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე ცოლ_ქმარს. ზუსტად ერთნაირი ფერისები. ხედავდა მედეა, ისე ექცეოდა გიორგი ცოლს, როგორც ძვირფას ბროლის ნაკეთობას. რაც უფრო მეტი მზის სხივი ხვდებოდა ბროლის ფიგურასით უფრო მეტად ციმციმებდა ლენა და ეს ციმციმი იზიდავდა გიორგის მასში. და არა მარტო გიორგის.

მაგრამ ხელოვნების ნიმუშის ცქერა ხომ დანაშაული არ არის, არა?! მეპატრონე თავად იყო, მხოლოდ თავად ჰქონდა უფლება ხელი შეეხო მისთვის და რეალურად დაესაკუთრებინა. დანარჩენ სამყაროს კი მხოლოდ ცქერა უნდა ეკმარა. რაც შიომ და ლევანმა ვერ ამოხსნეს გიორგის საქციელში, ის რომ გიორგი ლენაზე არ ეჭვიანობდა და მის სილამაზეს და უნაკლობას ასე საქვეყნოდ აფიშირებდა, მედეამ ძალიან მალე გაიაზრა.
ლენა ქმრისთვის ძვირადღირებული, დახვეწილი და დასაკუთრებული ხელოვნების ნიმუში იყო. და თუ გიორგი ვერაფერს ხედავდა ცუდს იმაში რომ მისი ცოლით ყველა აღფრთოვანებული ყოფილიყო და ამით საკუათარ ეგოსაც კი იმაღლებდა, ეს მხოლოდ მანამდე, სანამ ვინმე არ შეეცდებოდა მისთვის ეს მშვენიერება წაერთმია. მხოლოდ მანამდე, სანამ მისი დაკარგვის რეალურ საფრთხეს არ იგრძნობდა. მერე კი ვინ იცის, იქნებ ისე გამოემწყვდია ციხე_კოშკში, როგორც ზღაპრისეული პრინცესა

_ საინტერესოა რას იზამს, თუ ვინმე ლენაში შეეცილება? _ ახლა შიოს გახედა მედეამ. ჯერ ისევ სველი გიშერივით თმა უბზინავდა კაცს. მაღალი და ბრგე იყო. ნავარჯიშები, ჯანმრთელი იერი ჰქონდა, შავგვრემანს უცნაური უხეში სილამაზე დასდევდა. მისი ცქერისას სურვილი გიჩნდებოდა, რომ ის კი არ ყოფილიყო შენი, არამედ თავად ყოფილიყავი მისი.

ახლა გიორგის გადახედა მედეამ. მძიმე ხასიათისგან განსხვავებით ნათელი გარეგნობა ჰქონდა გიორგის. შიოზე მაღალი, უფრო პროპორციული, წელწვრილი მოხდენილი კაცი იყო. განიერი მხრებით, გრძელი ხელ_ფეხით. ჩალიფერი მოკლედ შეჭრილი თმით და ღია მომწვანო_ მონაცრისფერო თვალებით. ელფს უფრო ჰგავდა, იდეალური სილამაზის კაცი. უფრო ლამაზი ეთქმოდა, ვიდრე სიმპატიური.

_ ვერც კი ვიგებ რომელი უფრო ლმაზია!_ მოესმა გვერდით მჯდარი ქეთის ხმა და გაეცინა მის ნათქვამზე, თავადაც სწორედ იგივეს ფიქრობდა.

_ კარგი იქნებოდა ორივეს სიყვარული ერთდროულად რომ შეიძლებოდეს, არა?!_ ჰკითხა მათ მზერაში გართულ მიამიტ გოგონას.

_ არა,_ მოულოდნელი და უცნაური პასუხი მიიღო მედეამ და ამან დააფიქრა_ მათი სილამაზე მხოლოდ თვალის გასახარად არის მოგონილი, ჩემი აზრით ლევანი ყველას სჯობს, მე მათ ყველას რეალური და მიწიერი ადამიანი მირჩევნია. ჩემი მსგავსი, ჩემი შესაფერისი!

მიწას დააშტერდა მედეა.
" ჩემი შესაფერისი!" მაინც რა იგულისხმა ქეთიმ ამ სიტყვებში. მაინც ვინ იყო მედეას შესაფერისი? მობილურის გამორთულ ეკრანს დახედა და საკუთარ თავს დააკვირდა. რომ არა ეს შეღებილი თმები, მაკიაჟი, გამომწვევი ჩაცმულობა, ვინ იქნებოდა მედეა? ვინ იყო რეალურად? როგორი იყო, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებოდა?
როცა აღარ სჭირდებოდა თამაში და ნიღბის მორგება. სინამდვილეში ის 36 წლის ნაოჭებშეპარული და ჭაღარაგარეული, არცთუ ლამაზი ნაკვთების, დაღლილი ქალი იყო. ქალი, რომელსაც ცხოვრებაში არაფრით გაუღიმა ბედმა. და ახლა გამწარებული ცდილობდა მღელვარე ტალღების ზედაპირზე ეტივტივა, ოღონდ დავიწყების და უფერულობის ჭაობში არ ჩაძირულიყო. ეს ბრძოლა მისგან თავის გადარჩენის უკანასკნლი მცდელობა იყო. თუ ახლა ვერ გაიმარჯვებდა, გამოდის ხელი უნდა ჩაექნია და დინებას დანებებოდა, იმიტომ რომ სხვა ასეთი შანსი მისთვის აღარ იქნებოდა. ამას კარგად ხვდებოდა ქალი და ამიტომ იბრძოდა ასეთი უწესო წესებით. ან ახლა გაიმარჯვებდა, ან ვეღარასდროს.სწორედ ამ წამს როცა ეს გაიფიქრა მედეამ თავი ასწია და გიორგის დაასო ხარბი მზერა. რომელიც გასაშლელ სკამზე მჯდარ ცოლს ნაზად უმშრალებდა სველი თმის ბოლოებს. რას არ გაიღებდა მედეა, რომ თავად ყოფილიყო ახლა ლენას ადგილას! იქნებ არც ისეთი რთული იყო ამ სურვილის ასრულება? იქნებ აქამდე არჩევანში ცდებოდა, როცა იმ ღრჯუ შიოს ებღაუჭებოდა გამწარებული. იქნებ სწორედ გიორგი იყო ის კაცი, ვინც მას ნანატრ სიმშვიდეს მოუტანდა? ამ აზრმა თითქოს შვება აგრძნობინა ქალს და ეშმაკურად გაეღიმა. ახლა მთავარი იყო ლენა ჩამოეშორებინა გზიდან. ამისთვის კი შიო სჭირდებოდა. რადგან კარგად ხვდებოდა, რომ გიორგი თავისი ნებით არ დათმობდა ცოლს. სწორედ ამიტომ ლენა თავად უნდა წასულიყო ქმრისგან. ამ უცნაური და მზაკვრული გეგმის ჩანასახი ისე ჩარსახა მედეას გონებაში, როგორც ჩვილი დედის მუცელში. მაშინვე ზრდა დაიწყო და მთლიანად მოიცვა მედეს არსება.

( ღამე მთაში)

_ ისედაც სიცხე გაქვს და ცივ წყალში შესვლა რამ მოგაფიქრა ლენა?_ ჩუმად საყვედურობდა გიორგი ცოლს_ აქ რომ რამე მოგივიდეს, რა ვქნა მერე?
თან აბრეშუმივით სრიალა თმას უმშრალებდა. იცოდა გიორგიმ, მარტო მისი თმა ღირდა ერთ ქალად. სიამოვნებდა მისი თმის ალერსიც კი.

_ლენა, ძალიან ლამაზი ხარ იცი?_ დაიხარა და ცოლს უჩურჩულა ჩუმად._ წეღან, იქ ტბასთან, რას ვნატრობდი იცი?

_ რას? _ ამოხედა ღიმილით ქალმა. ისეთი სასურველი იყო ლენა, გაჟრჟოლა გიორგის.

_ რომ ახლა აქ მარტო ჩვენ ვიყოთ და არავინ სხვა!_ ქმრის თვალებში გაელვებულმა სურვილმა დააბნია ლენა. მიჩვეული არ იყო მისგან ასე სახალხოდ გრძნობების გამოჩენას. სასიამოვნოდ გააოცა ამ სასიამოვნო სიახლემ.

_ მერე რა გვიშლის ხელს, რომ განვმარტოვდეთ ხოლმე?_ შესცინა ქმარს. უყურებდა გიორგი ცოლის ლამაზ თვალებს და ფიქრობდა: მართლაც რა უშლიდა ხელს, რომ ამ ქალით იმაზე მეტად დამტკბარიყო, ვიდრე ამას ჩვეულად აკეთებდა? მოულოდნელად დაიხარა და ცოლს მოურიდებლად და ხანგრძლივად აკოცა ტუჩებში. იგრძნო, როგორ ხურდა ქალის სხეული. თითქოს ცეცხლი ეკიდა. გაოცებულმა ახლა შუბლზე აკოცა.

_შენ მგონი იწვი ლენა!_ შეშფოთდა და ხელიც დაადო გახურებულ შუბლზე._ აი რა იცის დაუფიქრებელმა ქცევამ!
წამში გაეფანტა მთელი რომანტიკა გიორგის, გაბრაზდა ცოლზე.. რა უნდა ექნა ახალა აქ მთაში? ვერც უკან დაბრუნდენოდნენ. ამღვრეულ თვალებში ჩახედა ცოლს.

_ ოხ, ლენა, ოხ! ნეტავ სულ არ წამოვსულიყავით!_ ეწყინა ლენას გიორგის სიტყვები. ზედმეტად პრაქტიკული იყო მისი ქმარი. დიდი ამბავი თუ სიცხე ჰქონდა. ბავშვი ხომ არ იყო, უბრალი სიცხეს გადაჰყოლოდა. დაწვებოდა, დაიძინებდა და ხვალ უკეთ იქნებოდა. რატომ აქცევდა გიორგი ბუზისგან სპილოს?! რატომ არ შეეძლო უბრალოდ მომენტის დაჭერა?!

_ ადექი წამოდი, დაწექი და ჩათბი. მე ჩაის მოგიტან. და იქნება წამალიც ჰქონდეს დიას!_ კარავში ლამის ძალით შეიყვანა გიორგიმ ლენა. საძილე ტომარაში ჩაწოლაც აიძულა. თავად კი დიასთან წავიდა.

იწვა ლენა, კარვის იისფერ ჭერს ასცქეროდა და ფიქრობდა. რაღაც ფორიაქი ჰქონდა მის გულს შეჩენილი. როცა იმ უცნაური კაცის მწველ მზერას წააწყდებოდა, იბნეოდა და გაქცევის სურვილი აიტანდა ხოლმე, მაგრამ საკუთარ თავს იმაშიც იჭერდა, რომ ამ მზერას სულ დაეძებდა ინსტიქტურად. რომ მისგან მოგვრილი ჟრუანტელი მთელ სხეულს ედებოდა და ასეთ დროს მხოლოდ გიორგისთან პოულობდა თავშესაფარს. შეშინებული ამ უცნაური ეიფორიით, ქმრის მკლავებში ეძებდა ხსნას. მაგრამ გიორგის არ ახლდა ის ცეცხლი, რომლშიც ლენას სურდა დაფერფლილიყო. როცა გიორგი კარავში დაბრუნდა ჩაის ჭიქით ხელში, ლენას უკვე ეძინა. ეძინა და ძილში ბორგავდა.
შეაფხიზლა გიორგიმ და დიასთვის გამირთმეული სიცხის დამწევი ძალით დაალევინა. დაელოდა როდის იმოქმედებდა წამალი და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა მძინარე ცოლი. თავადაც ცეცხლისპირზე მსხდომთ შეუერთდა.

_ როგორ არის გიორგი ლენა?_ ჰკითხა ლევანმა და თვალი ჩუმად მჯდარი შიოსკენ გააპარა.

_ უკეთაა, დაუწია სიცხემ, მაგრამ სძინავს. აღარ გავაღვიძე. რამ მოაფიქრა იმ გაყინულ წყალში ბანაობა?!_ ვერ შეიკავა თავი გიორგიმ და გაბრაზება მაინც ხმამაღლა გაახმაურა.

_ არაუშავს, უბრალოდ გაცივდა, ხვალ უკეთ იქნება!_ გაამხნვა ქეთიმ გიორგი. და გვერდით მჯომ კაცს მიეყრდნო ზურგით. ლევანმა ხელი გადახვია გოგონას. ლევანიც უცნაურად შეეცვალა ამ ორ დღიან მოგზაურობას, თუ მთა მოქმედებდა მის განწყობაზე, თავად ლევანიც ვერ ხვდებოდა. პირველად ცხოვრებაში საკუთარი მდგომარეობით კმაყოფილი იყო. არავისთვის არაფრის დამტკიცება არ უწევდა. ამ გოგოს თვალებში ისეთ აღფრთოვანებას ხედავდა, მანამდე რომ არავისთვის შეუმჩნევია. ქეთი არც ლენასავით სრულყოფილება იყო და არც მედეასავით სექსუალურობის პიკი. სამაგიეროდ მის გვერდით მყუდროებას, სისუფთავეს და თავდაჯერებულობას გრძნობდა. თითქოს ამ პატარა, უბრალო გოგომ აგრძნობინა, რომ სწორედ ის კაცი იყო, ვინც თავად უნდოდა რომ ყოფილიყო. ახლა, როცა ცაში მომზირალ, დადუმებულ, მოწყენილ მეგობარს უყურებდა ცხოვრებაში პირველად უხაროდა, რომ მის ადგილას თავად არ იყო.

_ რა სასიამოვნო გრძნობა ყოფილა საკუთარი თავით კმაყოფილებაო!_ გაიფიქრა ლევანმა და შვება იგრძნო. უფრო მეტად მოხვია ხელი ქეთის და შუბლზე აკოცა. ახლაღა აღმოაჩინა, რომ ბედნიერებისთვის სულაც არ ყოფილა მთავარი სუპერმოდელი ან ძალიან გამოცდილი ქალის სიყვარული, "საყვარელი ქალის თვალებში შენი არსებობით გამოწვეული სიხარულიც კმარა ბედნიერებისთვისო!" გაიფიქრა ლევანმა.

სიჩუმე ჩამოწვა. მეგობრების გასართობად დიამ ფანდური აიღო და ჩუმად აღიღინდა.

ზეცა საყვარელი ქალივით დაღლილი იწვა მთის გადაშლილ, მძლავრ მკლავებში, ვარსკვლავებით მოქარგული გულისპირი შეეხსნა და ურცხვად აჩენდა მოთეთრო_ რძისფერ, მწიფე მთვარეს. შავ, ჩამოშლილ დალალებში გაბნეული მუჭისსიმსხო ვარსკვლავები ისე ციმციმებდნენ, როგორც ალების თმებში გაბნეული ციცინათელები. საოცარი და ურცხვი იყო ღამის მთასთან შერწყმა. თითქოს კონტურებით ერთმანეთს შეზრდოდნენ და მათ შორის საზღვარი სრულებით წაშლილიყო. მთელი სხეულით აწვა ღამე მთას. მთა კი თავის გარიდებას და ამოსუნთქვას თითქოს აღარც ცდილობდა. თუ ყურადღებით მოუსმენდი მის ოხვრანარევ სუნთქვას, მიხვდებოდი კიდეც, რომ მთა სწორედ ღამით სუნთქავდა. იყო თუ არა ეს მიზიდულობა სიყვარული? არ იცოდა შიომ. მთისას რას გაიგებდა, როცა თვისი გულისაც კი არ ესმოდა და სანამ არ იგემებდა სასურველს, როგორც მთამ იგემა ღამე, ალბათ ვერც გაარკვევდა ამ საიდუმლოს.

(ღამევ, ჩემი გულისავით ბნელო....)

მედეა ადგა და კარვისკენ წავიდა. გვერდზე ჩავლისას გიორგის შეანათა სურვილით სავსე თვალები. არ უჭირდა მედეას თვალებით ეთქვა თავისი სათქმელი. თვალი გააყოლა გიორგიმ ქალს.
რა იყო მედეაში ისეთი, რაც მას ასე იზიდავდა. ალბათ სწორედ ის ურცხვი ალი, რაც ასე აკლდა ლენას. ვიტყოდი, რომ ადამიანს ხანდახან ჭუჭყი იზიდავს. თუმცა არა, ეს სიტყვები სრულად ვერ აღწერს იმას, რისი თქმაც მინდა. სულაც პირიქით!
ხდება ზოგჯერ სიწმინდე ყელში წაგიჭერს, დაგღლის ის გრძნობა, რომ თითქოს მუდმივად მისი ღირსი უნდა იყო და ისიც, რომ ამ მოლოდინს ვერაფრით გააცრუებ. ხოდა ეს უცნაური მარწუხი დაგღლის და გაქცევვას გაიძულებს. თითქოს აპროტესტებს შენი სხეული ზეცის სიწმინდეს და მიწიურ წუხილში თავდავიწყებით ეფლობა. ხანდახან თითქოს გსიამოვნებს ეს ფსკერზე დალექვა. თითქოს გატკბობს ცოდვის სურნელი მაგრამ ეს მხოლოდ ცოტა ხნით. მხოლოდ მანამდე, სანამ ამ ცოდვის ამაოებას მთელი არსით არ გაისიგრძეგანებ. შემდეგ კი თავქუდმოგლეჯილი გარბიხარ ამ ჭაობიდან ისევ საკუთარი სინათლიკენ თავისგადასარჩენად. მაგრამ ხანდახან ისეც ხდება, რომ შენგან წამით მიტოვებულ სიწმინდეს მართლაც ღირსეული პოულობს და უკან აღარ გიბრუნებს. დაახლოებით ასე წარმომიდგენია ღალატი. და ის შედეგები, რომლებიც ამ წამიერ და ამაო თავდავიწყებას მოჰყვებიან ხოლმე სასჯელად.

გიორგისაც ალბათ ასეთი მომენტი ედგა ცხოვრებაში, რომ ლენა მეტისმეტად იდეალურიც კი იყო მისთვის, ან იქნებ მაცდური ღამის ბრალი იყო მისი მოუსვენრობა, ანდაც უბრალოდ ამდენი არც უფიქრია. ვერც მიხვდა ისე წამოდგა და კარვებისკენ გაემართა, მხოლოდ შიომ შეამჩნია, რომ გიორგიმ თავის კარავს გვერდი აუქცია და სიბნელეს შეერია.

ლევანი ქეთის ეჩურჩულებოდა რაღაცას და იცინოდა. დია კი ხმადაბლა ღიღინებდა, და ვინ იცის, ისიც ვიღაცის სახეს ხედავდა საკუთარ ფიქრებში.

შიო ფეხზე წამოდგა. სინდისის ყოყმანი ძლივს დასძლია. კარგად ხვდებოდა, არ იყო მის საქციელი სწორი, იცოდა, რომ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოჰყოლოდა იმ სურვილს, რაც არ ასვენებდა, მაგრამ გიორგისი არ იყოს, ისიც საკუთარ გაუსაძლის გულისწადილს მისდევდა მხოლოდ.

არავის შეუმჩნევია როგორ მიუახლოვდა ლენას კარავს, წამით ისევ შეყოყმანდა, მაგრამ ქალის სიახლოვის სურვილი ვერაფრით დასძლია. ალბათ აღარასფროს დაუდგებოდა ასეთი ხელსაყრელი მომენტი. არა, საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებდა თუ ახლა გამბედაობა უღალატებდა.
კარვის კალთა გახსნა და შიგნით შევიდა.
მუხლებზე დადგა მძინარე ქალის გვერდით. ოდნავ ბჟუტავდა დამჯდარი ელექტრო სანათი. მაგრამ მაინც ჰყოფნიდა ლენას სახის გასარჩევად. მშვიდად ეძინა ლენას.
მისკენ დაიხარა და თმის გრძელ კულულს თითები გააყოლა. ესიამოვნა მისი შეხება. შემდეგ ლოყაზე მოეფერა გაუბედავად.

" ეს სხვისი ქალია შიო!" ისევ გახმიანდა გონებაში მისი სინდისი. მაგრამ შიოს მოსმენა არ სურდა.
ნელა დაიხარა ქალისკენ, ტუჩებში ვერ გაუბედა და ტუჩები ყელზე ოდნავ შეახო. შემდგ მისი სურნელით აივსო ფილტვები.

" ნეტავ რას იზამდა ლენა, ახლა რომ გაღვიძებოდა?! იქნებ არც კი გაუწევდა წინააღმდეგობას?! იქნებ თავადაც სურდა ეს?! " გაიფიქრა შიომ და შეზარა საკუთარმა ფიქრმა. დენდარტყმულივით მოშორდა ქალს. აქიდან უნდა წასულიყო, მოშორებოდა სახიფათო ადგილს, თორემ არეულ გონებაში ერთმანეთზე უარესი სურვილები ირეოდნენ. საკუთარ სურვილებს აჯობა შიომ. კარვიდან გამოვიდა. ზეცას ახედა და ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი, თითქოს სურდა ლენას გამაბრუებელი სურნელისგან განთავისუფლებულიყო. საკუთარ კარავს ისე შეეხიზნა, როგორც ცოდვილი კელიას.

დაუსრულებლად თვალწინ ტრიალებდა მძინარე ლენას ხატება. თითებში გრძნობდა მისი თმის სირბილეს, ტუჩებზე ცეცხლს უკიდებდა მისი ყელი, ალბათ აწი უემოციოდ ვერასდროს შეხედავდა ამ ქალს.
ალბათ ამ ღამის შემდეგ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდებოდა. გულით გრძნობდა შიო ამ ყველაფერს. და ვერ ხვდებოდა, რომ ეს ცვლილება უკვე მომხდარი იყო. სწორედ იმ წამს, როცა შიომ ლენას სურვილს აჯობა მის გულში უბრალო ინსტიქტური ვნება, ყველაზე ძლიერმა, წმინდა და სრულყოფილმა გრძნობამ ჩაანაცვლა. დიახ, თქვენ სწორად მიხვდით. შიოს ლენა შეუყვარდა.

(ლურჯი ჩიტები)

ახალი გათენებული იყო, კარვები რომ აშალეს კაცებმა. ცხენები შეკაზმეს. და შუადღისკენ უკან გამობრუნდნენ. ხომ არაფერი იყო რამდენიმე დღიანი მოგზაურობა. მაგრამ მთამ მაინც თავისი გაიტანა და ყველას ფიქრებს შეუცვალა მდინარება. ყველას ბედით ითამაშა თავნებამ და ყველას გამოუტანა საკუთარი განაჩენი.

ახლა ლევანი მხოლოდ ქეთის ხედავდა და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მასთან სერიოზული ურთიერთობის აწყობა.
ლენას უკან მოჰყვებოდა გიორგი და თვალს არ აშორებდა გაფითრებულ, ნასიცხარ ცოლს. დანაშაულის გრძნობით ავსილი, სინდისის ხმის ჩახშობას ცდილობდა და ერთხელაც კი არ გაუხედავს მისი მზერის ძებნაში გაფაციცებული მედეასათვის, რომელსაც ვერ გაეგო რატომ არიდებდა კაცი თვალებს. ეგონა ყველაფერი საჩემოდააო , მაგრამ ახლა უკვე ეჭვი ეპარებოდა. ვაითუ ესეც სხვა კაცების მსგავსად მხოლოდ წამიერ სიამოვნებაზე ფიქრობდა და სულაც არაფრად უღირდა წინა ღამისთვის მოპარული სიამოვნება.
შიო კი დიასთან ერთად მოუყვებოდა ბილიკს და წამითაც არ ნანობდა, რომ ამ მოგზაურობას დასთანხმდა. ბედნიერება იმას ეკუთვნის, ვინც მისთვის ბრძოლას არ შეუშინდებაო! ფიქრობდა გულში.

სახლის კარი შეაღო ლენამ და პირველმა თავად შეაბიჯა. მაშინვე სამზარეულოსკენ გაუწია გულმა. სამი დღე იყო რაც თავისი ჩიტები დატოვებული ჰყავდა. გული უწუხდა, მათზე დარდით. პირველი ღია ფანჯარა მოხვდა თვალში და წამის მეასედში აიტანა უსიამო წინათგრძნობამ. და მართალიც იყო გატეხილი გალია იატაკზე ეგდო, საკენკი გაფანტულიყო. ლურჯი ბუმბულებით იყო მოფენილი იატაკის თეთრი ფილები.
გაშრა ლენა. გაიყინა.

_ რა მოხდა საყვარელო?_ შემოაბიჯა ოთახში გიორგიმ და ცოლს წელზე ხელი მოხვია.

_ აქ რა მოხდა?_ მოათვალიერა გიორგიმ ოთახი. შემდეგ ღია ფანჯარას გახედა, დანანებით გადააქნია თავი და ხმამაღლა ივარაუდა ._ ალბათ მეზობლის კატა შემოძვრა, არა?!

მაშინვე გავიდა, აქანდაზი და ცოცხი შემოიტანა. ჯერ გატეხილი გალია გადააგდო. ოთახი ისე მოასუფთავა, თითქოს იქ არც არასდროს არაფერი შეცვლილიყო.

_ კარგი, არ იდარდო ამაზე საყვარელო!_ კოცნით დაამშვიდა ცოლი და საძინებელში გავიდა გამოსაცვლელად. სარკის წინ კარადას დაეყრდნო ხელებით და საკუთარ ანარეკლს დაჟინებით მიაჩერდა.

_ ჯანდაბას გიორგი! ახლა ამის დრო იყო?!_ შეუღრინა საკუთარ თავს და გაშლილი ხელისგული კარადის ზედაპირს გამეტებით დასცხო.

ლენა კი იდგა სამზარეულოში, ფანჯარაზე თვალგაშტერებული და მძიმედ სუნთქავდა.
შესაძლოა წინა ღამეს, სიცხისგან დაბინდულს, შიო და მისი კოცნა მოეჩვენა, მაგრამ ძალიან კარგად ახსოვდა, რომ სწორედ წასვლის წინ უკან მობრუნდა და ფანჯარა საკუთარი ხელით შეამოწმა. რათა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მეზობლის მავნე კატა სახლში ვერაფრით შემოაღწევდა.

10

(ფარული მონსტრი)
ამღვრეული თვალებით შემოაბიჯა ლენამ საძინებელში და უცნაური ბრაზით თუ ზიზღით სავსე მზერით მიაშტერდა გიორგის ფართო მხრებს. სარკში გარკვევით დაინახა გიორგიმ ცოლის სახეზე გამოხატული ეს აქამდე უცნობი ემოცია და მძიმედ შებრუნდა მისკენ. მიხვდა, ამას თუ ახლავე არ გაუმკლავდებოდა, ყველაფერი უფრო გართულდებოდა.

_ ჩემი ხელით ჩავკეტე!_ ლენას არ დაკონკრეტებია რას გულისხმობდა, ისედაც მიხვდა გიორგი.

_ მერე?_ ჰკითხა ოდნავი ირონიით.

_ ჩემი ხელით ჩავკეტე!_ გაიმეორა ჯიუტად ლენამ.

_ ალბათ ვერ ჩაკეტე კარგად!_ მოთმინებით გაუღიმა ქმარმა, თუმცა ის წყეული ირონია არ გაჰქრობია სახიდან. ცოტა ხანს აკვირდებოდა ლენას სახეზე დაუფარავად გამოსახულ ბრაზს, წითელი ტუჩები უთრთოდა ქალს ძლივს შეკავებული ბრაზისგან. ლამაზ თვალებში ცრემლი უელავდა, ადრე ასე არასდროს გაბრაზებულა ლენა. ან ასე პირდაპირ არ გამოუხატავს აქამდე. ახლა თითქოს რაღაც შეცვლილიყო მასში. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. იგრძნო გიორგიმ ეს ცვლილება და ღიმილით მიუახლოვდა ცოლს.

_ რის გამო ტირიხარ? _ უნდოდა მოფერებოდა, მაგრამ ხელი ზიზღით აუქნია ქალმა.

_ მე დავკეტე ის ოხერი ფანჯარა!_ გააცოფა ლენას სიჯიუტემ გიორგი. ისე აფექტურად გამოვიდა წყობიდან, თავადაც ვერ მიხვდა, ლენას პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ აშკარად გიორგის სდებდა ბრალს. რაღაც ჩიტების გამო უყურებდა ასეთი ზიზღით. ხელი წაატანა მაჯაში და ძლიერად მოუჭირა.

_ მერე! რისი თქმა გინდა მაგით!_ ბრაზით სავსე თვალებში ჩააცქერდა. კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა ქალს, მაგრამ აღარაფერი უთქვამს, ტუჩები მაგრად მოკუმა და მკერდზე ხელი ჰკრა ქმარს.
კარგად იცოდა ლენამ, არასდროს აღიარებდა გიორგი, რომ მისი ნახელავი იყო ჩიტების ამბავი. ისიც იცოდა, რომ თავიდანვე არ მოსწონდა მისი იდეა, მაგრამ რა საჭირო იყო ასეთი რადიკალური ნაბიჯი?! განა გიორგი არ იყო რამდენიმე ხნის უკან, თავისი ხელით რომ აუწყო ჩიტების სახლები?!

_ დამშვიდდი, კარგი?!_ ასეთი ცივი ხმა არასდროს ჰქონია მის ქმარს. ცრემლების ახალი ტალღა მოაწვა მის თვალებს.

_ გინდა წავიდეთ და ახალი ჩიტები იყიდე?!_ ლოყაზე მოეფერა გიორგი. ვითომ დაუთმო, მაგრამ არც მის სიტყვებში, არც ამ მცირე ალერსში და არც მის მზერაში წამით არ იგრძნობოდა სინანული, არც აღიარება, არც სითბო.
პირველად ქორწინების მანძილზე გაუკვირდა ლენას, რომ აქამდე ვერ ამჩნევდა ამ ყველაფერს.

_ არაფერი არ მჭირდება შენგან!_თავი გააქნია უარის ნიშნად და ხელის წართმევა სცადა.

_ სულ არაფერი?_ ირონიულად გაეღიმა გიორგის, მაგრამ ხელი არ გაუშვია, პირიქით უფრო მოეხვია ცოლს. პირველად აღმოაჩინა ლენამ, თუ როგორი მტაცებლური ხასიათი ჰქონდა მის ქმარს. აქამდე სულ ეგონა, რომ ჩხუბის და კამათის შემდეგ, შერიგება სწორედ განცდილი ემოციების გამო იყო ხოლმე ასეთი მძაფრი, მაგრამ ახლა სულ სხვაგვარად რამ გაიფიქრა, რომ გიორგის სწორედ მის ბრაზი მოსწონდა და აღაგზნებდა და არა შერიგების აუცილებლობა.

_ გამიშვი ხელი გიორგი!_ მიუხედავად სიბრაზისა მშვიდად უთხრა ლენამ.

_ მთხოვე, რომ გაგიშვა!_ თვალები ავად უელავდა გიორგის. რადგან თვალებში ჩამდგარ სიძულვილს და ზიზღს ვერსად მალავდა ლენა, ვერც თავად ახერხებდა დამშვიდებას. არაფერი უთქვამს ლენას. მიხვდა აზრი არ ჰქონდა სიტყვებს. დიდხანს, ძალიან დიდხანს იმშვიდებდა გიორგი აბორგებულ სინდისს ცოლის ალერსით. ჩიტების ამბავზე არ დარდობდა, მხოლოდ იმ სულელურ ნაბიჯზე ღელავდა მედეასკენ რომ გადადგა გაუაზრებლად. თითქოს ლენას ალერსით ცდილობდა სხეულიდან და სინდისიდან მედეას სიბინძურის ჩამოწმენდვას. მაგრამ თავად ლენა აღარ განიცდიდა ქმარს. ვერც ალერსში აიყოლია და აღარც წინააღმდეგობას უწევდა, არაფრით მიანიჭა სიამოვნება. არც თანხმობით, არც უარით.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმითაც კმაყოფილი იყო გიორგი, ლენა რომ ჰყავდა.

მეორე დღეს, იმაზე თბილი და გახსნილი იყო კაცი, ვიდრე სჩვეოდა, თითქოს განაპირებული ცოლის შემორიგებას ცდილობდა, მაგრამ სამსახურში ისე წავიდა, სასურველს ვერაფრით მიაღწია. უკვირდა კიდეც, ასე ხანგრძლივად არასდროს გაბუტვია ცოლი.

სამსახურში ლენაზე ფიქრებში გართული ისე შევიდა, წამით არ გახსენებია მედეა.
აი მედეა კი სულსწრაფად ელოდა მის მისვლას. ბედნიერი ღიმილით შემოხვდა ჰოლში, მაგრამ ჩვეულად ცივი სალმით ჩაუარა გიორგიმ. გაშრა ქალი. გაოგნდა. ოდნავ გვერდზე გადახარა თავი და მხოლოდ მისთვის ლამაზად მოხატული თვალები გააყოლა ლიფტისკენ მიმავალს.

_ ეს რაღა იყო?_ ჩაილაპარაკა თავისთვის. მალევე მოეგო გონს და სწრაფი ნაბიჯებით შეჰყვა. რეაქციაც კი არ ჰქონდა გიორგის. და რადგან ლიფტში მარტონი იყვნენ დრო აღარ დაჰკარგა ქალმა. ხელზე ხელი ღიმილით ჩასჭიდა.

_ გამარჯობა საყვარელო! როგორ ხარ?_
გაოცებით და ამრეზით დაიხედა გიორგიმ ხელზე. ცივად გააშვებინა.

_ რას აკეთებ?_ ჰკითხა ავი ხრინწით.

_ შენ რას აკეთებ? ვერ ვხვდები, რა ხდება?_ პირდაპირი იყო მედეა.

_ მეგონა.._მოულოდნელად ყელში წაუჭირა ხელი გიორგიმ გაოგნებულ ქალს. ლიფტის კედელს ძლიერად შეაჯახა და მისკენ სახიფათოდ დაიხარა.

_ ახლა გასაგებია?_ მართლა შეაშინა მედეა გიორგის თვალებში ამოკითხულმა ხიფათმა.
თავი დაუქნია საწყლად და მორჩილად. ცოლთან მოთოკილ ბრაზს მედეაზე ანთხევდა გიორგი.

_ ისე მოიქეცი, თითქოს არაფერი მომხდარა, ხომ გაიგე?! გაიგე მეთქი?!_ გიორგიმ ისევ ძლიერად შეახეთქა კედელს ქალი._ არც კი გაბედო ჩემით თამაში! სხვა ვინმე არ გეგონო! ამაზე სიტყვა არ დაგცდეს სადმე!
არასდროს არავინ დამუქრებია მედეას, მით უფრო პოტენციური საყვარელი. სულაც პირიქით, ყოველთვის თავად იყო მანიპულატორი და თამაშის წესებსაც თავად ადგენდა. მაგრამ ის, რაც იმ წამს მოხდა, რეალურად საშიში იყო. ფეხები და ხელის თითები გაეყინა ქალს. აშკარად იცნო გიორგის თვალებში მიმალული მოძალადე მანიაკი.

წამის შემდეგ ხელი შეუშვა გიორგიმ, სამოსი მოიწესრიგა, წამის წინ მრისხანე სახე წამებში დაილაგა და ისე გავიდა ლიფტიდან, თითქოს თანამშრომელთან გულიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა მხოლოდ. მუხლების კანკალით დატოვა მედეამ ლიფტი. ძლივს მიაღწია საკუთარ მაგიდამდე და სავარძელში ჩაეშვა ძალაგამოცლილი.

_ ეს რა ჯანდაბა იყო?_ აზრზე მოსვლა აცადა საკუთარ თავს._ ღმერთო ჩემო! ღმერთიც კი გაახსენდა საბრალო ცოდვილს.

_ და ის სიფრიფანა ლენა ამ მონსტრს უძლებს?! ყოჩაღ ქალო!_ უცნაური და მოულოდნელი პატივისცემა იგრძნო ლენას მიმართ.

( ცხადი სურვილები)

მთელი დღე უხასიათოდ იყო გიორგი. ლენა არც მის ზარებს პასუხობდა, არც შეტყობინებებს. ყველამ შეამჩნია გიორგის უხასიათობა.

_ რა სჭირსო?_ თვალით ანიშნა ლევანმა შიოს, როცა ლამის დაუსრულებელი კრებიდან გავარდა გიორგი.
მხრები აიჩეჩა შიომ. მაგრამ გულში გაიფიქრა, რომ აშკარად სახლში ჰქონდა პრობლემები.
გზად ყვავილების მაღაზიაში გაიარა გიორგიმ. კამათის შემდეგ გაჩენილ ბზარებს ყოველთვის მშვენივრად ავსებდნენ ლამაზი ყვავილები.
დაუდევრად დასტაცა ხელი ვარდების წითელ, საკმაოდ ძვირფას თაიგულს და მანქანაშიც დაუდევრად შეისროლა. საკუთარ სინდისთან მწყრალად იყო გიორგი. მისი ნება რომ ყოფილიყო, იმ დღესვე დაითხოვდა მედეას, რათა მისი დანახვისას საკუთარი სულელური შეცდომა არ გახსენებოდა.

რამდენჯერმე დააკაკუნა კარზე და არავინ უპასუხა. ადგა და საკუთარი გასაღებით გააღო ბოლოს. ესეც პირველად ხდებოდა, რომ სამსახურიდან მოსულს ცოლი კარებში არ შემოეგება. ვერანდაზე იჯდა ლენა. მაგიდაზე გატეხილი ლურჯი გალია ედო და მონდომებით ცდილობდა რომ გაღუნული მავთული გაესწორებინა. ამოიოხრა გიორგიმ. რატომ არ შეეძლო ლენასთან დათმობაზე წასვლა? რატომ აყენებდა პრინციპებზე უარის თქმა ამხელა ტკივილს. და თუ ლენა ჩიტების გამო ასე ბრაზობდა, რას იზამდა თუ მედეასთან ინტრიგის ამბავს გაიგებდა? იცნობდა გიორგი ლენას და სწორედ ამიტომ იმ შეცდომაზე ვერასდროს ვერაფერს გაიგებდა მისი ცოლი. ვერანდის შუშის კარი ღიმილით გასწია გიორგიმ.

_ აქ ხარ საყვარელო?_ სცადა თბილად ეთქვა. თავიც არ აუწევია ქალს. მოუარა და მის წინ დაიჩოქა.

_ ისევ ბრაზობ ჩემზე?_ ნიკაპი ააწევინა და ლამაზ თვალებში ჩახედა. სიყვარულით გაეღიმა, სიბრაზეც რომ მშვენიერი ჰქონდა ამ ჯადოქარს.

_ შევრიგდეთ?_ ჰკითხა დამნაშავის ღიმილით და ყვავილები, როგორც მშვიდობის ელჩები ისე ჩაიყენა შუაში.
უცნაურად უყურებდა ლენა. ისე, როგორც ექვსი წლის უკან, როცა მის შესწავლას ცდილობდა, როცა მისი ფიქრების ამოცნობა უნდოდა. ეჭვით, უნდობლად და დაკვირვებით. ყვავილებს არც შეხებია ლენა. ამიტომ მაგიდაზე დადო და ორივე ხელი წელზე მოხვია ცოლს. თავი კალთაში ჩაუდო ასე მუხლებზე დაჩოქილმა.

_ არ მინდა, რომ ბრაზობდე ჩემზე!_ დაიჩურჩულა მის მუხლებზე და მუხლებზევე აკოცა. შემდეგ მუცელზე, მკერდზე და ყელში. ცრემლმა გაიბრჭყვინა ლენას ცისფერ თვალებში. მიხვდა გიორგი, გული მოულბო ქალს და უფრო ჩაეჭიდა.

_ ცუდად ვარ, როცა შენ ბრაზობ!_ ჭირვეული ბავშვივით მხოლოდ საკუთარ გრძნობებზე ჩიოდა, არადა ჯობდა ის ეთქვა: საკუთარ თავზე ვბრაზობ, რომ ჩემს გამო ცუდად ხარო!
ვერც ლენა მიხვდა რამდენად გულწრფელი იყო იმ წამს გიორგი. თითები ჩალისფერ თმებში შეუცურა ქმარს და მტკივნეულად მოქაჩა. თითქოს სამაგიერო გადაუხადა.

_ შევრიგდით?_ ჰკითხა გიორგიმ და ისევ გაუღიმა. თავი დაუქნია ლენამ.

იმ საღამოს გიორგი რომ მოუთმენლად გავარდა სახლში. ოფისში წერილები მიიტანეს. გიორგის სახელზეც იყო ერთი მოზრდილი საქაღალდე. რომელიღაც სამედიცინო დაწესებულების სახელით. ისეთ ფოსტას, რომელიც არ სურდა ლენას უნებურად ენახა, სამსახურის მისამართზე ამისამართებდა გიორგი.
ხელში გადააბრუნა მედეამ გიორგის სახელზე მოსული კონვერტი. დააინტერესა ადრესანტმა. ისეთი ქალი არ იყო მედეა, რომ ადვილად დაეხია უკან. იფიქრა, იქ რაღაც მნიშვნელოვანი არისო, და არც შემცდარა.
მაგიდას მიუჯდა და კონვერტის სახსნელი ბასრპირიანი დანა ამოიღო. ადრეც უქნია მსგავსი რამ, როცა შიოს პირადი მიმოწერით ინტერესდებოდა. დანის პირი ფრთხილად შეყო კონვერტის წებოვან საფარში და ფრთხილად დააშორა პირები ერთმანეთს. როცა გამოუვიდა ბავშვივით გაუხარდა.
კონვერტი გახსნა, წერილი ამოიღო და გაშალა. წაიკითხა და სახე შეეცვალა. გაოგნდა, გაოცდა და გაკვირდა. წერილს ფოტო გადაუღო, დაკეცა და კონვერტი ახლიდან დააწება. შემდეგ აიღო და ჩანთაში შეინახა. დაფიქრებული გამოვიდა სამსახურიდან მედეა. მანქანასაც უყურადღებოდ მართავდა. სახლამდე როგორ მივიდა, არ გაუგია.
სადარბაზოს რომ მიუახლოვდა უცხო სალამმა გამოაფხიზლა. მოსაუბრეს გახედა და შეკრთა. ის აკვიატებული თაყვანისმცემელი იყო, მოპირდაპირე აივნის მეზობელი.

_ საღამო მშვიდობისა!_ ჯერ კიდევ გაუბედავად მოუახლოვდა ახალგაზრდა კაცი. აშკარად მედეაზე ბევრად პატარა იყო, გამოუცდელობა გაუბედაობაზვე ემჩნეოდა.

_ შენი ნახვა მინდოდა!_ კიდევ კარგი თქვენობით არ მელაპარაკებაო, გაეცინა გულში მედეას. მისი აღფრთოვანებული თვალები მალამოდ დაედო დილით გიორგისგან შეურაცხყოფილ თავმოყვარეობას. არა, ვერც კი წარმოიდგენდა მედეა, ასეთი გაგრძელება თუ მოჰყვებოდა მთაში დაწყებულ ვნებიან ამბავს. არადა სიმართლე რომ ითქვას, გიორგი შიოსაც კი სჯობდა, ბევრად მომთხოვნი იყო, ბევრად მბრძანებლური. მოსწონდა მედეას ძლიერი კაცები. ამ პატარა ბიჭს კი არ ჰგავდა! ჩაეცინა ქალს. თუმცა მასშიც იყო , რაღაც საინტერესო. მარტოობას ყველაფერი ერჩივნა იმ დღეს მედეას.

_ მე ზურა ვარ!_ თვალებში ისე შესციცინებდა ბიჭი, თითქოს მის მეტი ლამაზი ქალი არასდროს ენახა. და ამით თავს მართლაც ლამაზად გრძნობდა ქალი. ზოგ ადამიანს სულ სჭირდება, რომ მისით ვინმე აღფრთოვანდეს. რომ ვიღაცის თვალებში სულ ხედავდეს საკუთარ სრულყოფილებას და ამით თავდაჯერება ემატებოდეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზოგისთვის ეს ამბავი. სახლში დაპატიჟა თაყვანისმცემელი მდეამ.

_ დალევ რამეს?_ რაც უფრო აკვირდებოდა, მით უფრო მოსწონდა ზურა.
" რა იქნებოდა ფიზიკურთან ერთად მატერიალური ღირსებებისც მიეცა მისთვის ღმერთსო!" ფიქრობდა გულში. მაგრამ დღეს დილით დარწმუნდა, რომ იდეალური მამაკაცი ბუნებაში არ არსებობს. არადა, რა ძალიან ჰგავდა გიორგი იდეალურ საყვარელს. ფიქრი გიორგისკენ გაექცა ქალს. ერთი პლიუსი ამ ამბიდან ის იყო, რომ შიო სულ ამოუვარდა გონებიდან, აბა გულში ხომ არც არასდროს ჰყოლია.
არ იცოდა, იმ ინფორმაციისთვის რა მოეხერხებინა, რაც ასეთი უცნაური გზით ჩაუვარდა ხელში.
სამედიცინო კვლევითი ცენტრი ატყობინებდა გიორგის, რომ მას არავითარი პრობლემა არ ჰქონდა შვილოსნობასთან დაკავშირებით. რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? რაში დასჭირდა გიორგის ამ ინფორმაციის მოძიება?
ან რატომ უმალავდა ცოლს ამ სასიხარულო ამბავს? თუმცა მედალს ხომ ორი მხარე აქვს? ის, რაც ერთისთვის სასიხარულოა, მეორესთვის შესაძლოა ტრაგედია აღმოჩნდეს.

_ რა ლამაზი ხარ?_ ეჩურჩულებოდა მედეს გაიბედავად ზურა.

_ კიდევ მითხარი!_ სთხოვა ქალმა.

_ ლამაზი ხარ, მშვენიერი, სრულყოფილი!_ კომპლიმენტს კომპლიმენტზე ამბობდა გაგიჟებული ბიჭი. ისე იყო მონდომებული, ისე გულწრფელად აქებდა, ბოლოს სასურველი ჯილდოც კი დაიმსახურა.
და როცა დაღლილი გადაწვა საწოლზე, მედეამ შეახსენა, რომ უკვე წასვლის დრო იყო. ზურა ზურა იყო და არა შიო, ან გიორგი. მისგან მეტი არაფერი სჭირდებოდა მედეას და არც მეტის უფლებას მისცემდა.
ზურას წასვლის შემდეგ, მართლაც კმაყოფილი გადაწვა საწოლზე ქალი. მობილური აიღო და უკანონოდ გადაღებულ პირად ინფორმაციას კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი. დრო იყო ლენას გაეგო ეს ამბავი, მაგრამ ეს როგორ მოეხერხებინა უკვე აღარ იცოდა.

( სახიფათო ოცნება)

მთიდან დაბრუნების შემდეგ ბორგავდა შიო. ვერ ისვენებდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს რაღაც აკლდა. ეს დანაკარგის გრძნობა აგიჟებდა და კიდევ იმის ცოდნა, რომ მისი საყვარელი ქალი ყოველ ღამ სხვა კაცს ეკუთვნოდა. გამოსავალს ეძბდა და იმაზე აღარც ოცნებობდა, რომ ამ ამბავთან შეგუებას შესძლებდა. მალვე გამოუჩნდა შესაძლებლობა, ცოტა ხნით მაინც, სათავისოდ შეეცვალა სიტუაცია. არქიტექტორთა საერთაშორისო ფორუმი ტარდებოდა გერმანიაში და შიოს ნაცვლად გიორგის გამგზავრება გადაწყდა. თავად გიორგის ეჭვი არ შეჰპარვია ამ გადაწყვეტილების ფარულ ქვეტექსტებში. აბა ვინ უნდა გამგზავრებულიყო , თუ არა ის?! სწორედ იმ პიერიოდს დაემთხვა ლენას კონცერტისთვის მზადებაც, დიდად არც გამოუხატავს ქმართან ერთად გამგზავრების სურვილი.

უცნაური უხილავი ნაპრალი გამჩდარიყო ცოლ_ქმარს შორის და ყოველ ნაბიჯზე იზრდებოდა მისი უხილავი სიღრმე. ხან საკუთარ თავს აბრალებდა ლენა ამ გაუცხოებას, ხან გიორგის ცივ ხასიათს. თუმცა ამჩნევდა, რომ ქმარი აშკარად ცდილობდა დათმობებზე წამოსვლას. თითქოს ერთგვარ ექსპერიმენტს ატარებდა ლენა. უკვე რამდენიმე ხანი იყო ნელ_ნელა ცვლიდა საკუთარ ყოველდღიურობას და შორიდან აკვირდებოდა, თუ რა შედეგს მოუტანდა ეს ცვლილებები.
ხედავდა გიორგი, შერიგების მიუხედავად, როგორ უსიტყვოდ ჯიუტობდა ლენა და ფიქრობდა, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად გადაუვლიდა. კარგიც იყო ახლა ეს ფარული ბუტიაობა. მოინელებდა ლენა წყენას და სამაგიეროდ შემდეგ აღარასდროს მიიღებდა საეჭვო გადაწყვეტილებებს. სცადა გიორგიმ თავად მორგებოდა რიგ სიტუაციებს, თან არა ერთხელ და ორჯერ, მაგრამ არ გამოუვიდა. საკუთარი სიმშვიდე და ბედნიერება ძვირად უღირდა. "მე ყველაფერს ვაძლვას მას სიმშვიდისთვის! და თავადაც მეკუთვნის ჩემი წილი სიმშვიდეო!" აი ასე ფიქრობდა გულში და არც კი მოსვლია აზრად, რომ მუდმივი სიმშვიდე ზოგჯერ მოსაბეზრებელია.
ზოგჯერ ცეცხლი გჭირდება ადამიანს, ზოგჯერ ემოციების სიმძაფრე, ზოგჯერ თვალები სიხარული ნაპერწკლებით უნდა აგევსოს. სტაბილურობა კარგია, რა თქმა უნდა, უდაოდ კარგია, მაგრამ სიცოცხლე ხომ ასეთი მოკლეა მუდმივი სრულყოფილებისა და ერთფეროვნებისათვის.
ვერ ხვდებოდა გიორგი, რომ რასაც ის ლენას აძლევდა, თავად ლენასაც შეეძლო აეღო ცხოვრებისგან და წარმატებისთვის გიორგი სულაც არ სჭირდებოდა. სინამდვილეში ადამიანს ხომ პარტნიორი სულიერი სიცარიელის შესავსებად სურს! იმ თანდაყოლილი მარტოობის ამოსავსებად, რაც დაბადებიდან მოგვდევს და გვტანჯავს. მაგრამ გიორგი არ იყო ის კაცი, ვინც სიყვარულისთვის უამრავ ბავშვურ სიგიჟეს ჩაიდენდა. დიახ, არანაირად არ იყო ის კაცი, ვინც საკუთარ სიმყუდროვეზე უარს იტყოდა საყვარელი ქალის გამო. განა გიორგი ასე გამეტებით არ ცდილობდა ლენასთვის საკუთარი კომფორტის ზონაში მუდმივი და უცბლელი ადგილის მინიჭებას? "არც იქით, არც აქეთ, აი ზუსტად აქ ამ წერტილში არის შენი ადგილი. იფიქრე ისე, როგორც მე მსურს! იოცნებე, როგორც მე მწადია! რაც მთავარია,ამით თავადვე იყავი ბედნიერიო!" აი ასეთი იყო ის სიტყვით უთქმელი ურთიერთობა, რასაც გიორგი ოჯახს ეძახდა და საკუთარ თავზე ისე ირგებდა, როგორც ძვირადღირებულ, ბრენდულ კოსტუმს. რომელსაც ღვინის ერთი პატარა ლაქაც კი სამუდამოდ დაემჩნეოდა და გადასაგდებს გახდიდა.

დიდხანს, საკმაოდ დიდხანს ერგებოდა ლენა გიორგის ცხოვრებას და თავიდან თითქოს თავადაც მოსწონდა ეს თითით საჩვენებელი ოჯახის იმიჯი. მაგრამ მაშინ, როცა ისეთ მარტივ სურვილებს, როგორიც მაგალითად ის ორი პატარა ჩიტი იყო, ასე მიწაზე ფეხით ასრესდა გიორგი, სწორედ ეს აიძულებდა ლენას მოეხსნა გიორგისგან გაკეთებული ვარდისფერი სათვალე და რეალურად დაენახა, რამდენად სახიჩარი იყო მისი ეს "იდეალური ცხოვრება".

მაგრამ ახლა სულ სხვა რამის გამო ჩაყლაპა წყენის და ტკივილის ეს უზარმაზარი ბურთი.
ახლა საკუთარ სინდისთან არ იყო ლენა მართალი. რადგან რამდენჯერმე გამოიჭირა საკუთარი თავი სხვა კაცზე ფიქრში და უფრო უარესი იყო, როცა აღმოაჩინა ამ ფიქრისგან მოგვრილი სასიამოვნო ოცნება.

_ გაჩერდი ლენა! გამოფხიზლდი!_ მკაცრად უმეორებდა საკუთარ თავს სარკის წინ მჯდარი, გიორგის საყვარელ აბრეშუმის საღამურში გამოწყობილი და მაინც ოცნებობდა, რომ სულ სხვა ვინმე დამტკბარიყო მისით. არ ასვენებდა იმ შავთვალა კაცის რამდენიმე მოპარული მზერა. სიტყვები, რომლებიც მხოლოდ სიმღერით უთხრა. და როცა საღამოობით დივანზე ფეხიფეხგადადებულ, არქიტექტურულ ჟურნალებში ჩაფლულ იდეალურ ქმარს უყურებდა, ბრაზობდა საკუთარ თავზე. მართლაც არ იყო სინდისათან მართალი ლენა და ეს უსამართლობა აგიჟებდა სწორედ.

_ რა იქნებოდა შვილი გვყოლოდა!_ სწორედ ასეთ მომენტებში ფიქრობდა ის და დარწმუნებული იყო, შვილი რომ ჰყოლოდა გიორგისგან ამდენი უაზრო და სახიფათო ფიქრიც არ დაეპატრონენოდა მის გულს და გონებას.

(გადაწყვეტილება)

_ ამ ბოლოს სასიკეთოდ შეიცვალე იცი? ხედავ შენ რა შესძლებია მაგ პატარა გოგოს?_ გაეხუმრა შიო მესიჯის წერაში ღიმილით გართულ მეგობარს.

_ ხოო,ძმაო! სულ სხვანაირად შევხედე ცხოვრებას!_ ისე სერიოზულად უპასუხა ლევანმა, წარბი ასწია შიომ.

_ როგორღაც სულ ხელიდან ვუშვებდი იმას, რაც მართლა ღირებული იყო, ისეთ ოცნებას მივსდევდი სულ, რაც ჩემი არ იყო. ლამის ხრამში გადამჩეხა ამ სხვისი ოცნებების დევნამ._ ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა ლევანმა._ ქეთიმ კი თვალი ამიხილა ძმაო!
ქეთის ხსენებაზე თვალები აუციმციმდა.

_ სულ არ ვგეგმავდი ისე გავები მახეში!_ გაეცინა გულწრფელად.

_ საერთოდ მახეში გაბმას ვინმე გეგმავს ნეტავ?_ გაეცინა შიოსაც.

_ აი შენ გეგმავ მაგალითად!_ იმდენად მოულოდნელი იყო ლევანის პასუხი, რომ შეკრთა შიო.

_ რას გულისხმობ?_ გიხედა დასერიოზულებულმა.

_ რა გგონია, არ ვიცი რატომ დაუთმე გიორგის მოსაწვევი?! შეჩერდი ძმაო, შეჩერდი, თორემ კარგად არ დამთავრდება, რაც ჩაიფიქრე!_ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის უკან ალბათ წააქეზებდა ლევანი მეგობარს და შორიდან უყურებდა სეირს, მაგრამ ახლა მართლა გულწრფელად ღელავდა შიოზე. ხვდებოდა უბრალო თამაში არ იყო ის, რაშიც ასე იხლართებოდა მისი მეგობარი.
არც ის გრძნობა ჰგავდა უბრალო სასიყვარულო თავგადასავალს,
ლევანი რომ შიოს გამოხედვაში ხედავდა. დუმდა შიო, დუმდა და საკუთარ ფიქრებს არავის ანდობდა. ამიტომ უფრო იყო ეს სიყვარული ასეთი სახიფათო. შეიძლებოდა შიოს ერთ არასწორ ნაბიჯს არა მარტო მისი და ლენასი, არედ ყველას სიმშვიდე ხრამში გადაეჩეხა. ადგა შიო და წასვლა დააპირა.

_ თავს ნუ მარიდებ ძმაო! სანამ ჯერ კიდევ დროა შეჩერდი!_მიაძახა გაბრაზებულმა ლევანმა გაჯიუტებულ მეგობარს.

_ სამწუხაროდ უკვე შეუძლებელია შეჩერება!_ ჩაილაპარაკა შიომ.

_ ამ შემთხვევაში არ ხარ მართალი! ეს თავადაც ხომ იცი?!_ ფეხზე წამოდგა ლევანი.

_ ის მე პირველმა ვიპოვნე!_ ასეთ ბავშვურ, მაგრამ გულწრფელ თავისგამართლებას არ მოელოდა ლევანი შიოსგან.

_ და მაგას ამ სიტუაციაში რამე აზრი ააქვს?_ მაინც არ ეშვებოდა, სურდა მის ამჟამად დახშულ გონიერ მხარეს მისწვდომოდა, მაგრამ შიო მართალი იყო. გონიერებისთვის უკვე ძალიან გვიანი იყო. სიყვარულის ომში ჩართულნი ნაკლებად აღიარებენ ხოლმე კანონიერ და მართალ წესებს. სხვა დროს, ცივი გონებით, ალბათ შიოც მიხვდებიდა, რომ სხვისი ოჯახის დანგრევა ვერანაირად ვერ იქნებოდა გამართლებული.მაგრამ ახლა, მხოლოდ ეს ერთი რამ ეწადა. შეცდა გიორგი, ძალიან შეცდა გამარჯვებულის ალამივით რომ ააფრიალა თავისი მშვენიერი ცოლი. თუმცა ამ შეცდომაზე თავად გიორგის ჯერ წარმოდგენაც არ ჰქონდა.

როდესაც გიორგი გაემგზავრა, სწორედ იმ საღამოს, ვიღაცამ ფარულად ჩააგდო გიორგის სახელზე გამოგზავნილი კონვერტი ლენას საფოსტო ყუთში.

პიანინოსთან იჯდა ლენა, უკრავდა და გონებას ასვენებდა, მხოლოდ შოპენს ვერ ერეონენ შიოს ცეცხლოვანი თვალები. მხოლოდ შოპენს ვერ ერეოდა გიორგის უგულო დამშვიდობება. იჯდა ლენა და უკრავდა თავდავიწყებით. თითქოს ლენა იყო სამყაროს ცენტრი, რადგან სწორედ მას უნდა მიეღო ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველას ცხოვრებას შეცვლიდა ცოტა ხანში.

თუმცა გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ადამიანი ვითომ თავისუფალი ნებით იღებს, ძალიან დიდ , თითქმის გარდაუვალ გავლენას ახდენენ გარეშე პირთა მიზანმიმართული ქმედებები. სწორედ ისეთები, როგორიც იყო მედეას გადაწყვეტილება, როცა საფოსტო ყუთში ჩაშვებულ კონვერტს ხელი მაინც გაუშვა.

11

( სიყვარულის სახელით)

_ მოვდივარ დედა, მოვდივარ!_ მობეზრებულად გასძახა ლენამ ძვირფას შავ კაბაში გამოწყობილ, საოცრად მომხიბვლელ ლურჯთვალა ქალბატონს. დაკვირვებული თვალი არც იყო საჭირო, რათა ამ ორ ქალს შორის არსებული ოცწლიანი სხვაობის მიუხედავად მათში დედა_შვილი ამოგეცნოთ.
ამაყად ეჭირა თავი შავკაბიანს. ხუმრობა საქმე კი არ იყო მისი საქვეყნოდ ცნობილი, პიანისტი შვილი ფილარმონიაში რომ მართავდა კონცერტს.
ეს ლენა იყო მოკრძალებილული და დიდად არ ხიბლავდა ყვითელი პრესის მომაბეზრებელი აურზაური თორემ, ქალბატონი დალი, ყოფილი ბალერინა და საკმაოდ წარმატებული მოცეკვავე თავის დროს, ახლაც სიამოვნებით პოზირებდა ხოლმე კამერების წინ. აი ახლაც ინტერვიუს ჩაწერაზე აგვიანებდა ლენა. რომ არა დალის ახირება, საერთოდ არც კი დასთანხმდებოდა.

_ ნეტავ გიორგიც აქ იყოს!_ სასურათედ ახალი პოზისთვის მოინაცვლა მხარი დალიმ და შვილს ხელკავი გამოსდო.
ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი ლენამ. ისევ გაიფიქრა ხასიათწამხდარმა, რომ გიორგი უფრო უყვარდა დალის, ვიდრე საკუთარი შვილი. დალი აღფრთოვანებილი იყო იდეალური სიძით. ყველაფერი მოსწონდა მასში. ასეთი თვალშისაცემი გარეგნობა, რესპექტაბელური სამსახური, მისი ცივი ხასიათიც კი ხიბლავდა მოყვარულ სიდედრს, ქედმაღალი, მოზომილი, არისტოკრატული.

გიორგის გახსენებაზე, იმ ღამინდელი ფოსტა გაახსენდა ლენას. ვერაფრით მიხვდა, რატომ და როდის გაიარა გიორგიმ ახალი შემოწმება და უფრო იმან გააოცა, თუ რატომ არაფერი უთქვამს მისთვის.
ან თუ თავად გაიარა შემოწმება ლენას რატომ უშლიდა ხელს?! ათას მიზეზს იგონებდა ლამის ორი წელი ხდებოდა, რომ ქალს დაგეგმილი ვიზიტი მერამდენედ გადაედო.
არა, სწორედ ახლა, სანამ გიორგი დაბრუნდენოდა უნდა მოესწრო. მაგრამ იქ არ წავიდოდა, სადაც ყოველთვის. ამ ჯერად ისეთ ექიმს მონახავდა, რომელიც მას არც კი იცნობდა.
მალევე მობეზდა აპარატების ჩხაკუნი და ყალბი ღიმილით გაეცალა ჟურნალისტებისთვის გამოყოფილ ტერიტორიას.

_ ლენა, ლენა!_ რამდენჯერმე დაუძახა გაბრაზებულმა დედამ შვილს, მაგრამ ლენას უკან არ მოუხედავს, ისე გაიარა დერეფანი.

დარბაზში იჯდა და საყვარელი ქალის ყურებით ნეტარებდა შიო. აქ აღარ სჭირდებოდა საკუთარ მზერაში მოზღვავებული გრძნობების დამალვა. ახლა არავინ ეტყოდა, რომ მისი თვალები სურვილს, ვნებას და სიყვარულს ერთმანეთზე მძაფრად გამოხატავდნენ. რომ მის მზერაში დაუფარავი წყურვილი და სინაზე ერთმანეთს შერწყმოდა. მუსიკაზე მეტი იყო იმ წამს შიოსთვის ლენა, რომ გეკითხათ, რას უკრავსო, ალბათ ვერც კი გიპასუხებდათ. საკუთარ ოცნებებში წასული სხვა სამყაროში იყო თითქოს. იქ, სადაც ლენა როიალს უჯდა და ერთადერთ მსმენელად მხოლოდ შიო ჰყავდა.

ერთადერთი წითელი ვარდი ეჭირა შიოს ხელში და ლენას გამოსვლას უცდიდა კონცერტის ბოლოს. ლენამ კი ვიღაც სოლიდურად გამოწყობილ ქალთან ერთად გამოაბიჯა კარგა ხნიანი ლოდინის შემდეგ, ხელში უზარმაზარი თეთრი აშკარად გიორგისეული ვარდებით. უკან დაიხია შიომ. ქუჩის სიბნელე იფარა. გულზე მოუჭირა ეჭვიანობის მარწუხმა. კილომეტრებს იქით იყო გიორგი, მაგრამ ლენას სიყვარულის უფლება მაინც მხოლოდ მას ჰქონდა.
მუჭები შეკრა სიმწრით. ადრე ყოველთვის უკვირდა, ამბობდა: ისე რამ უნდა გაგაგიჟოს ადამიანი რომ სიყვარულისთვის სიგიჟეებს არ მოერიდოო, მაგრამ ახლა მზად იყო სულაც მოეტაცა სხვისი ცოლი და სინდისის ქენჯნაც არ ეგრძნო ამის გამო. უბრალოდ იცოდა, რომ ლენა არ გაჰყვებოდა. იცოდა და ეს იყო ერთდერთი მიზეზი, რატომაც თავს ქუჩის სიბნელეს აფარებდა.

(ყვავილის სურნელი)

ჯერ დედამისი მიიყვანა და დატოვა სახლში ლენამ. ქმრის გამოგზავნილი ვარდებიც მას გაატანა და მხოლოდ ამის შემდეგ გამობრუნდა სახლისკენ. მაგრამ გული არ მიჰყვებოდა სახლში, სადაც ქმრის აჩრდილი, მისი სურნელი და ის უცნაური წერილი ელოდნენ.

ტაქსი სახლთან ახლოს, სკვერთან გააჩერა და მანქანიდან გადმოვიდა. ესიამოვნა ღამის სიგრილე. გრძელ შინდისფერ კაბაზე, რომელიც კონცერტის შემდეგ არ გამოიცვალა, თხელი შარფი მოიხურა და მოკირწყლულ ბილიკს გაუყვა. არც კი შეუმჩნევია, რომ ვიღაც ფარულად ფეხდაფეხ აედევნა. ქუსლიანმა ფახსაცმელმა ფეხები ატკინა, ლამპიონის ქვეშ ჩამოჯდა და ფეხზე გაიხადა. სკამზე გვერდით მოიწყო. ხელებს დაეყრდნო და თავი უკან გადასწია. ცას ახდა. არ სჩანდნენ ვასკვლავები თბილისის თავზე. ქალაქის სინათლე ახშობდა მათ ციმციმს.

_ ვარსკვლავებიც კი არ სჩანან!_ ჩაილაპარაკა სევდიანად.

_ გამარჯობა ლენა!_ მოესმა მოულოდნელად და შეკრთა. უცბად გასწორდა და რატომღაც ინსტიქტურად ხელი ფეხსაცმელებს წაავლო. თითქოს უნდა გაქცეულიყო.
უცებ ვერც იცნო, მაგრამ როცა უცნობში შიო ამოიცნო, ამან უარესად დაიბნა.

_არ მინდოდა შენი შეშინება._ მოიბოდიშა კაცმა და ერთი ცალი წითელი ვარდი უხერხულად მოინაცვლა ხელში.

_ შეიძლება?_ ვარდითვე ანიშნა სკამის ცარიელ დაბოლოებაზე. შიშმა გაუარა ლენას და ინტერესმა მოიცვა მისი გული. ინსტიქტურად გრძნობდა, რომ შიო მისთვის სახიფათო ვერ იქნებოდა, მაგრამ იყო კი ეს სიმართლე?! ვინ იცის სინამდვილეში რა უფრო საშიშია, ადამიანის ღია და დაუფარავი სურვილები თუ ის, რასაც გულის ბნელ სიღრმეებში მონდომებით მალავს?!

_ დაჯექი._ მშვიდად უპასუხა ლენამ. თან ისე უბრალოდ, თითქოს ყოველ საღამოს ასე ერთად ისხდნენ სკვერში და მეგობრულად საუბრობდნენ.
ცოტა ხანს ჩუმად იჯდა შიო და ფიქრობდა, რით დაეწყო სათქმელი. საკუთარ ფიქრებში რაზე აღარ საუბრობდა ლენასთან, მაგრამ რეალურად არც ისე მარტივი აღმოჩნდა სიტყვებისთვის თავის მოყრა. ამიტომ უბრალოდ ვარდი გაუწოდა.

_ დარბაზში იყავი არა?_ ისე ჰკითხა ლენამ, რომ მისკენ არც მოუხედავს. ვარდი გამოართვა და დაყნოსა. შეგიმჩნევიათ, რომ ქალები ყოველთვის ყნოსავენ მირთმეულ ყვავილებს? მერე ფურცლებზე ეფერებიან თითებით, და თუ ყვავილს სურნელი არ აქვს თითქოს იმედი უცრუვდებათ, უსუნო ყვავილს ყალბად გაუღიმებენ და გვერდით მოიდებენ. მაგრამ თუ ყვავილს სურნელი აქვს, გინდაც სულაც უსიამოვნო, მაინც ბედნიერად იღიმებიან. თითქოს ამაზე ძვირფასი არა არის რა სამყაროში. თითქოს სამყარო უჭირავთ ხელში ყვავილის ნაცვლად. არა, არ ვიტყვი, რომ ყველა ქალი ერთანაირია, არ ვიტვყვი, რომ ყველა ქალი ასე აფასებდეს ყვავილს, მაგრამ უმეტესად მაინც ასეა. რადგან ეს ქცევა თითქოს ქალის ქალურობის გამოძახილია. მასში თავშეფარებული სინაზის ინსტიქტური გამოვლინებაა. და სხვა ვინ შეაფასებდა ყვავილს სურნელით თუ არა ლენა?!

_ რა საოცარი სურნელი აქვს!_ ჩაილაპარაკა გაოცებულმა. გაუკვირდა კიდეც სურნელოვანი ვარდი, მიჩვეული იყო გიორგის მორთმეულ უსიცოცხლო თეთრ ვარდებს.

_ რატომ გიკვირს?_ გაოცდა შიო.

_ ისე უბრალოდ!_ უკმეხად უპასუხა ლენამ. თითქოს შიოს ბრალი იყო გიორგის უყურადღებობა ასეთი მცირედი, მაგრამ თან ყოვლისმომცველი დეტალებისადმი.

_ მოგეწონა?_ ჯიქურ ჰკითხა ქალმა_ მოგეწონა კონცერტი?!

_ თითქმის არც გამიგონია!_ ჯიქურ კითხვას ასეთივე პასუხი დაახვედრა შიომ.
შეცბა ლენა. ეგონა ქებით აავსებდა კაცი.

_ თუ მუსიკას არ უსმენდი, აბა რისთვის მოხვედი იქ?!_ მზერა მაინც ვერ გაუსწორა. სახიფათო თვალები ჰქონდა შიოს.

_ შენს სანახავად! მე მაშინ უფრო მიყვარს შენი მოსმენა, როცა მარტოობაში უკრავ, როიალის გარეშე!_ გააჟრჟოლა ლენას. იაზრა შიოს ნათქვამი.

_ რას გულისხმობ?

_ იქ მთაში, სასტუმროს აივანზე შოპენს რომ უკრავდი!

_ შოპენს?_ ამოხედა ქალმა.

_ ტბაზე, იქაც შოპენს უკრავდი! _ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ლენამ. კი მაგრამ მან საიდან იცოდა , როგორ მიხვდა?! გიორგიც კი ვერ ხვდებოდა ხოლმე, რომ სინამდვილეში მართლა უკრავდა, ალბათ გიორგი არც დაუჯერებდა, რომ დასაკრავად როიალი სულ არ სჭირდებოდა. ცოტა ხანს უყურა და როცა მიხვდა, მისი თვალების ალი სახიფათოდ სწვავდა მის გრძნობებს სახე აარიდა.

_ აქ რატომ ხარ?_ იკითხა და მაშინვე ინანა ლენამ.

_ შენი ნახვა მინდა!_ ენის წვერზე მოადგა "რატომო?" მაგრამ თავს სიჩუმე აიძულა ქალმა.

_ უნდა წავიდე!_ წამოდგა ფეხზე.

_ ასე ფეხშველი?_ ნერვიულად გაეცინა ქალს.

_ შეიძლება სახლამდე მიგიყვანო?_ წამოდგა შიოც.
იცოდა ლენამ, რომ უარი უნდა ეთქვა, იცოდა რომ შიო ახლავე და ამ წამს უნდა გაეშვა მოუსავლეთში, თორემ მერე ყველაფერი აირეოდა. სწორედ ასე ფეხშველი უნდა წასულიყო სახლისკენ და ყოველ ნაბიჯზე უნდა შეეხსენებინა საკუთარი თვისთვის, რომ ეს სწორედ გაქცევა იყო იმ ხანძრისგან თავის დასაღწევად, რასაც ეს შავთვალა კაცი უმზადებდა.
იცოდა, მაგრამ მაინც არ გაიქცა.

_ შეიძლება!_ ჩაილაპარაკა და დანაშაულის გრძნობა სადღაც სინდისის შორეულ კუთხეში მიყუჟა. მთელი ის მოკლე დრო რაც სკვერიდან მის სახლამდე იყო იმ პაწაწუნა ხალს უყურებდა ლენა. უყურებდა და წარსულს ნანობდა. "რა უცნაურია ?!" ფიქრობდა ქალი " მე სწორედ მაშინ გავიქეცი, როცა დარჩენა სჯობდა და დავრჩი მაშინ , როცა გაქცევა გადარჩენაა!" მაგრამ მათ შორის იყო უცნაური მუხტი, ამოუხსნელი ფიზიკა, მიზიდულობა და თავბრუსდამხვევი ქიმია. ლენა უბრალოდ საკუთარი იმპულსების სიგნალებზე რეაგირებდა, თუმცა გვიან, საკმაოდ გვიან. ან იქნებ გვიან სჯობდა სულ არასოდესს?!

სახლთან გააჩერა მანქანა შიომ.
თითები საჭეზე ააკაკუნა და ტუჩი მოიკვნიტა. აშკარად ნერვიულობდა, ლენას კი სიამოვნებდა მისი შესწავლა. მოსწონდა ამ პაწაწინა დეტალების აღმოჩენა მასში. ეს ხომ სიახლე იყო ამ უძირო ერთფეროვნებაში, რასაც მისი ცხოვრება ერქვა, სადაც ლენა ისე იდგა დარბაზის ცენტრში, როგორც მარმაარილოს ძვირფასი ვენერა, იდგა სრულიად გამოსაჩენ ადგილზე, იდგა რათა სხვებში აღფრთოვანება გამოეწვია და ამით პატრონის ამპარტავნებას მალამოდ დაჰფენოდა.
მაგრამ თავად მას არ ჰქონდა უფლება ეტირა, ეყვირა, ეცინა, ის ხომ მხოლოდ მარმარილოს ხელებწაკვეთილი ქანდაკება იყო. უდაოდ მშვენიერი, მაგრამ უტყვი და უძრავი.

_ ღამე მშვიდობისა!_ შიომ აშკარად დაიჭირა სევდა ქალის ხმაში.

_ შენ ვერ მიცანი არა?!_ იმდენად მოულოდნელი იყო შიოს დასმული კითხვა. კარის გასაღებად წაღებული ხელი ჰაერში გაუშეშდა ლენას.

_ რას გულისხმობ?_ ძლივს შეიკავა აკანკალებული თითები.

_ერთხელ ჩვენ ვალსი ვიცეკვეთ! შვიდი წლის უკან!_ ლენასკენ შებრუნდა შიო. მოეჩვენა თუ მართლა გაიბრჭყვინა ცრემლმა ქალის ცისფერ თვალებში?

_ არ მახსოვს!_ ხმაჩამწყდარმა დაიჩურჩულა ქალმა. მანქანიდან გადავიდა და სახლში ისე შეიმალა, უკან არ მოუხედია.

_ მე გაგახსენებ! აუცილებლად გაგახსენებ!_ ისე დაჰპირდა შიო ლენას. თითქოს ქალი მის სიტყვებს გაიგონებდა. მანქანა დაქოქა და სახლისკენ წავიდა.

(თავდაჯერება)

ზურას გაცნობის შემდეგ მარტო აღარ ატარებდა საღამოებს მედეა. ამ ბიჭთან ურთიერთობა თითქოს ენერგიით ავსებდა და თავდაჯერებას უძლიერებდა. განა ახალგაზრდა ლამაზი გოგონების მეტი რა იყო? მათი, ვისაც ჯერ ვერ მოესწროთ მასავით გათამამება ურთიერთობებში, მაგრამ არა! ეს ბიჭი , ლამის ნახევარი სიცოცხლით უფრო პატარა, მას ამჯობინებდა ყველა იმ ქორფა გამოუცდელ გოგონას, რადგან ის ნამდვილი ქალი იყო, რადგან ის ურთიერთობაში შეცდომებს აღარ უშვებდა, რადგან იდეალურ ალერსს არაფრით აფუჭებდა, არ სჭირდებოდა ხვეწნა, არ სჭირდებოდა წაქეზება, არ იყო ალერსის დროს ძუნწი და მშიშრა. ასე ხედავდა ზურას გვერდით საკუთარ თავს მედეა და ვერაფრით იგებდა, რომ სწორედ ეს სითამამე მობეზრდა მასში შიოს. თუმცა ვცდები, სითამამე კი არა, ეს უფრო სხვა რამ იყო, რაც არც შიოს და არც გიორგის, არავის გამოცდილს და გონიერს, არ უჩენდა სურვილს, რომ მასთან უფრო მნიშვნელოვანი ურთიერთობა ჰქონოდათ, ვიდრე ერთი ორი და გინდაც სხვა უამრავი ღამე ყოფილიყო.

რაც არ უნდა უმტკიცოს კაცმა სამყაროსაც და საკუთარ თავსაც, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, სინამდვილეში ასე არაა. ჯერ არ ყოფილა, რომ კაცს სიბილწე სინაზეში არეოდა, ქალურობა ვულგარულობაში, ჯერ არ ყოფილა, რომ საყვარელი ქალისთვის თუნდაც გულში "'ჩემი" არ დაერქმია. ასე იყო სამყაროს დაბადებიდან და ასე გრძელდება დღემდე. ვნება წამიერია და ხშირად ეს "წამი" საკმაოდ ხანგრძლივადაც გრძელდება. ზოგჯერ ვნება სიყვარულშიც ერევათ ადამიანებს, მაგრამ საბოლოოდ კაცები მაინც "ლენას'' ირჩევენ და არა "მედეას".

_ სად იყავი შიო?_ დაეჭვებული შესცქეროდა უცნაურად თვალებაციმციმებულ მეგობარს ლევანი.

_ გიორგის ცოლის კონცერტზე იყავი არა!_ სპეციალურად უხსენებდა გიორგის, არა იმიტომ რომ მისთვის ხასიათი წაეხდინა, არამედ იმიტომ, რომ მიენიშნებინა მისი საქციელის სიავკარგე.

_ ჰო მასთან!_ არ დაუმალავს შიოს.

_ მერე?_ ჩაეკითხა ლევანი.

_ რა მერე?!_ შიოს გაეცინა._ სახლამდე გავაცილე, ცოტა ვისაუბრეთ!

_ შიო ნუ მაგიჟებ!_ თმა აიჩეჩა ლევანმა.

_ ნუ გიჟდები! მიყვარს, რატომ არ გესმის?_ ხასიათი არ უფუჭდებოდა შიოს.

_ არ გიყვარს, აიკვიატე!

_ თავიდან იქნებ მასეც იყო, ახლა კი მიყვარს! ვგიჟდები მასზე! _ დაფიქრებით უპასუხა შიომ.

_ სადამდე აპირებ შესვლას?!_ ხელებით დაეყრდნო მაგიდას ლევანი და მეგობარს თვალებში ჩახედა.

_ბოლომდე, აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვარ! _ მტკიცე ხმა ჰქონდა შიოს. იცოდა ლევანმა რამდენად მიზანდასახული კაცი იყო შიო. იცოდა, რომ თუ გადაწყვეტილებას მიიღებდა შემდეგ გზიდან არ გადაუხვევდა. და მიხვდა რომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიეღო მას.

_ არც გიორგია მარტივი სამიზნე! ეს ამბავი კარგად არ დასრულდება! მერე არ თქვა, რომ მე არ გაგაფრთხილე!_ ჩაილაპარაკა ლევანმა ბრაზით და კაბინეტი დატოვა.

შიო კი იჯდა და კედელზე დაკიდულ რომელიღაც ცნობილი შენობის უცხო რაკურსით გადაღებულ სურთას ღიმილით შესცქეროდა. გადაწყვეტილების მიღებამდე იყო რთული საკუთარ სინდისთან ბრძოლა, თორემ ახლა, როცა ლენას თვალებშიც ამოიკითხა ინტერესის სხივები, შიოს რაღა გააჩერებდა.

(ამოუცნობი მიზეზი)

გიორგი ფორუმს დასწრო და დაღლილი გაემართა სასტუმროს ნომრისკენ. დარეკა და ცოლისთვის გასაგზავნი ყვავილები შეუკვეთა. პრინციპებს ახლაც არ უღალატა და ჩვეულად თეთრი ყვავილები გაუგზავნა ცოლს.
სასტუმროს ნომერში მყუდროება და სუჩუმე იდგა. წამით ისე მოენატრა ცოლი გაუკვირდა კიდეც. წარმოიდგინა, რომ ლენა იქვე იყო, მაგალითად სააბაზანოში და ოქროსფერ თმას იშრობდა. ცხადად წარმოიდგინა მის შიშველ ზურგზე მიწებებული თმების წვრილი გველები. ხალები მის მხრებზე, წელს ზემოთ უცნაური ორი სიმეტრიული ჩაღრმავება. პატარა შრამი მარჯვენა მკლავზე, გრძელი, ნატიფი სპილოსძვლისფერი მკლავები, მაღლა აღმართულ ხელში თმის საშრობი და მის ცხელ ჰაერზე ჰაერში აკლაკნილი თმის კულულები.
საათობით უთვალთვალებდა ხოლმე ამ მომენტს, უყვარდა ლენას ყურება მაშინ, როცა ქალს ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. როცა მარტო მყოფი სიმორცხვის უკან არ იმალებოდა. როცა აბრეშუმის ხალათი მკლავებიდან ხალვათად ჰქონდა დაშვებული და მკერდი მოუჩანდა. არაფერი ვულგარული არ იყო ამ ქალში, სურვილიც კი, რომელსაც მისი სიშიშვლე აღძრავდა, თითქოს ამაღლებდა გიორგის. თითქოს ყველა ჭუჭყს სწმენდდა მის არსებას. ლენა სინათლე იყო , მზის იდეალური შუქი. და გიორგის ყოველი ნაკლი ამ შუქის გარშემო მოთამაშე ჩრდილები იყვნენ, უყვარდა გიორგის ლენა და თუ მეტყვით, რომ ეს ყველაფერი შორს იყო სიყვარულისგან, მე გიპასუხებთ, მეტი სიყვარული არ იცოდა ამ კაცმა. ეს მაქსიმუმი იყო, რაც მას შეეძლო ეგრძნო და განეცადა.
იმ ადამიანებს, რომლებსაც დადებითი გრძნობები ასე აკლიათ, სანაცვლოდ ჭარბად აქვთ უარყოფითი.
ამას ნურასდროს დაივიწყებთ!

ლენა სამზარეულოში იჯდა და ანალიზების ფურცელს ხელში ატრიალებდა. ხვალ ყველაფერს გაიგებდა, გაიგებდა თუ რატომ მალავდა გიორგი საკუთარ დამაკმაყოფილებელ ჯანმრთელობას.

გამოკვლევებმა იმდენ ხანს გასტანა, წამით ისიც კი იფიქრა ლენამ, ნეტა სულ არ წამოვსულიყავიო. მაგრამ გაქცევას არ აპირებდა. იჯდა და მოთმინებით ელოდა ექიმს. ბოლოს კაბინეტში დაუძახეს და დაუჯერებელი რამ უთხრეს:

_ ქალბატონო ლენა, იმის შანსი რომ თქვენ ბავშვი გეყოლოთ, დაახლოებით ასიდან ათი პროცენტის ტოლიაო.

კლინიკიდან გაბრუებული გამოვიდა ლენა.
იმაში ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ გიორგიმ ეს ყველაფერი იცოდა, მაგრამ რატომ უმალავდა ამ ამბავს, აი ამას კი ვერაფრით ხვდებოდა .

12

(მთის ბროლივით წმინდა)

სახლში დაბრუნებულ გიორგის უკვე მეორედ შეეგება ლენას ნაცვლად სიცარიელე. მიუხედავად იმისა, რომ ლენა ვერანდის აჩემებულ კუთხეში იჯდა, სახლში მაინც იგრძნობოდა უმისობა. თითქოს ფიზიკურად იქ იყო, მაგრამ ფიქრებით საკუთარი თავი გიორგისგან ძალიან შორს წაეღო და სადღაც მიუწვდომელ მხარეს გადაემალა. ეუცნაურა გიორგის ცოლის უხასიათობა. მისთვის ნაყიდი მორიგი ძვირფასი საჩუქარი მაგიდაზე დადო და ცოლისკენ თავად დაიხარა. არც საპასუხო ალერსი შეუგებებია ქალს. კუნთიც არ შერხევია მარმარილოსფერ სახეზე.

_ რამე მოხდა ლენა?_ ეჭვი და სიცივე შეეპარა გიორგის ხმაში.

_არაფერი, რა უნდა მოხდეს?_ ფეხზე წამოდგა ქალი და აშკარად მისგან თავის გასარიდებლად სამზარეულოს მიაშურა.

_გეშიება, ალბათ!_უთხრა უგულოდ. თითქოს მხოლოდ ცოლის ვალდებულებას იხდიდა.

_ რა გჭირს ლენა?_ ვიღაც სხვას შეიძლება ვერც შეჩნია ცოლის ეს ინდიფერენტული განწყობა, მაგრამ არა გიორგის. ის ხომ მიჩვეული იყო, საკუთარ სამეფოში მშვიდ განწყობას და მომხიბვლელ გარემოს.

_ ლენაა?_ მისთვის ნაყიდი საჩუქარი არც კი გახსენებია ისე გაჰყვა უკან. როგორც ყველა დამნაშავეს, მასაც სწორედ იმ დანაშაულმა მოუჭირა ყელში, რაც სინდისზე დარდად აწვა.

_ შემომხედე ლენა! ვინმემ რამე გითხრა?_ ამ სიტყვებზე უცნაურად ამოხედა ქალმა. ირონია შეეპარა ღიმილში.

_ ესეიგი ვინმემ რამე მითხრა? სათქმელიც აქვს ვიღაცას რაღაც, არა?!_ ჰკითხა დამცინავად. მიხვდა გიორგი, ისე ვერ თქვა, როგორც საჭირო იყო.

" თუ იმ ძუკნას სიტყვა დასცდა, ჩემი ხელით დავახრჩობ!" გაიფიქრა გაცოფებულმა, მაგრამ მშვიდი გამომეტყველების შენარჩუნება მაინც მოახერხა.

_ უბრალოდ ნათელია, რაღაც გაწუხებს!_ ქალს ხელი მოჰკიდა და მისაღებისკენ გაიყოლა. წინააღმდეგობა არ გაუწევია ლენას. ცოლი წინ დაისვა და თვალებში ჩახედა.
_ აბა მომიყევი, რა მოხდა!

უყურებდა ლენა ქმარს და აუტანელ სიცარიელეს გრძნობდა. მაგრამ ამ სიცარიელის მიზეზი გიორგი კი არა თავად იყო. თითქოს ვიღაცამ სხეულიდან რაღაც მნიშვნელოვანი ამოაგლიჯა.
თითქოს ახლა არასრულფასოვანი ქალი გაცდა. რადგან არ შეეძლო ქალისთვის ყველაზე მთავარი დანიშნულების შესრულება.
" უშვილო! უნაყოფო! უმომავლო!" ცოცხალი არსებასავით ფეთქავდნენ მის გონებაში ეს საშინელი სიტყვები. ერთია , როცა არჩევნის თავისუფლება გაქვს და არ გსურს საკუთარი ნებით, მაგრამ მეორეა როცა იცი, რომ რაღაც შენს შესაძლებლობებს აღემატება და ამის ცოდნა ხდის მიზანს ამდენად სასურველს.
მართალი იყო გიორგი, მთელი ცხოვრება მართალი იყო, ის უნაკლო იყო, სრულყოფილი. აი ლენა კი....
ამ არასრულფასოვნებას ქმრის გვერდით უფრო ნათლად შეიგრძნობდა და მის მიმართ ამოუხსნელი უარყოფითი ემპათია ეუფლებოდა.

_ არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ ხასიათზე არ ვარ!_ თვალი აარიდა.
გიორგის გაეღიმა. რამდენიმე დღის უკან იმის აღმოჩენამ, რომ ცოლი ასე ძალიან ენატრებოდა, თითქოს მისი ემოციები უფრო გამძაფრა. ლენას ხელი მოხვია და მუხლებზე დაისვა. წინააღმდეგობა არ გაუწევია ქალს.

_ მომენატრე ჩემო მშვენიერო! მგონი იმაზე მეტად ვარ შენზე დამოკიდბული, ვიდრე მეგონა!_ ხარბი თვალი ლენას გრძელ ყელს დაასო. რომ გეკითხათ რა აღაგზნებდა ყველაზე მეტად ამ ქალში, გიპასუხებდათ: მისი ყელიო. სწორედ მაშინ იყო ქალი ყველაზე დაუცველი, როცა ქმარი ყელში ჰკოცნიდა. ამ დროს თითქოს არა მარტო მისი სხეული, არამედ მისი სულიც ხელში ეჭირა და ამის განცდა აგიჟებდა გიორგის. ყოველთვის, როცა ამაზე ფიქრობდა უცნაურად უხეში და მტკივნეული იყო მისი ალერსი. თავს იმართლებდა, რომ ასეთი მძაფრი ვნება მხოლოდ მისი დიდი და ძლიერი სიყვარულს ბრალი იყო. თუმცა იქნებ ასეც იყო, ვინ იცის?!

ერთი უცნაური რაღაც აღმოაჩინა გიორგიმ იმ დაუფიქრებელი ღალატის შემდეგ, თითქოს სწორედ ამ შემთხვევამ გაუმძაფრა და განუახლა ცოლის მიმართ მინავლული გრძნობები. თითქოს ერთფეროვნებისგან და მომაბეზრებელი ყოველდღიურობისგან გადაიტვირთა და ახლა ბევრად აფასებდა საკუთარ მთის ბროლივით წმინდა და სუფთა ცოლს. და ახლაც სწორედ ისე დაეწაფა, როგორც დიდი ხნის მწყურვალი მთის ანკარა წყაროს. ტკბილი იყო ლენა და შეუცვლელი. ვერასდროს ვერავინ ჩაანაცვლებდა მას გიორგისთვის. სიცოცხლის ბოლომდე სურდა ეს ქალი. მხიარულიც, სევდიანიც, გაბრაზებულიც, გულგრილიც, ყველა მის ხასიათში პოულობდა გიორგი სასურველს. ცოლის ალერსით დამშვიდებულმა თვალდახუჭულ ქალს თხელი პლედი მიაფარა და საფეთქელზე აკოცა.

_ ჩემი სიცოცხლე ხარ ლენა! ვერასდროს შეგელევი!_ უთხრა ჩურჩულით. იშვიათად გამოხატავდა გიორგი გრძნობებს ხამამაღლა, და ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო სწორედ. თვალები არ გაუხელია ლენას. მხოლოდ ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე.

( ის, რაც გსურს...)

რამდენიმე დღე იყო უცნაურ დაღლილობას გრძნობდა მედეა. ხან თავბრუც ეხვეოდა, მაგრამ გადაღლილობას აბრალებდა და დიდად ყურადღებასაც არ აქცევდა, სანამ ერთ დილით სამზარეულოში გული არ წაუვიდა. გონს მოსულმა სასწრაფო თავისი ხელით გამოიძახა. პატარა გოგო აღარ იყო, რომ ჯანმრთელობაზე არ ედარდა. მარტოობას მიჩვეული იყო მედეა, მაგრამ ახლა შეაშინა საკუთარმა მარტოობამ. რამე რომ მოსვლოდა მიმხედავიც კი არავინ ჰყავდა. ძალიან მოუნდა ოჯახის ყოლა, მყუდრო და თბილი პატარა ოჯახი ინატრა. რატომ არ შეიძლებოდა, რომ ვინმეს მასზეც ეზრუნა. ისეთ ასაკში იყო მედეა, თუ ახლა არა, ალბათ აღარასოდეს იფიქრებდა ოჯახსა და მომავალზე.
თუმცა ყველა სურვილი ზუსტად ისე არ გვიხდება, როგორც ჩავიფიქრებთ ხოლმე.
სწორედ ასე მოხდა მედეას შემთხვევაშიც.
საავადმყოფო სიახლის მოსმენით დაბნულმა დატოვა. სამსახურში დარეკა და დასვენების დღე აიღო. სახლში დაბრუნებაც არ სურდა. სადღაც, რომელიღაც ვერანდიანი კაფე მონახა და ყავა და ნამცხვარი შეუკვეთა.
ჩამოჯდა და დაფიქრდა.

_ თქვენ ექვსი კვირის ორსული ხართ! გილოცავთ ქალბატონო!_ გახმიანდა ექიმის სიტყვები მის არეულ გონებაში.
პირთან მიტანილი ყავა ისევ მაგიდაზე დადგა. ალბათ ინსტიქტურად ჩაერთო დედის ინსტიქტი.

_ ორსულად?!_ გაუღიმა უაზროდ სივრცეს. ხელი ყავის ჭიქას შეუშვა და მკვრივ მუცელზე მიიჭირა.

_ ორსულად!_ გაიმეორა უფრო მტკიცედ. თან შეეშინდა, თან გაუხარდა.
_ ეს ჩემი შანსია!_ გაიღიმა ბედნიერმა._ ვნახოთ, ვნახოთ!

წამითაც არ დაფიქრებულა, თუ ვინ იყო ბავშვის მამა. შიო, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა, შიო აღარც აღელვებდა. მაგრამ აი გიორგი კი სხვა საქმე იყო! წარმოიდგინა მასავით ქერა და ცისფერთვალა ბიჭუნა და სიამოვნებით გააკანკალა.
წამითაც კი არ უფიქრია, რომ დიდი ალბათობით ორსულად ზურასგან იქნებოდა.

_ ზურა?!_ გაეცინა უდარდელად. _ პატარა ზურიკო ამ წამიდან გაქრება ჩვენი ცხოვრებიდან! დედოკოს დაუჯერე, და ყველაფერი კარგად იქნება!

წამოდგა, ფული გადაიხადა და კაფე დატოვა. მიმტანმა გაოცებულმა დახედა ხელუხლებელ ყავის ფინჯანს.

_ რისთვის უკვეთავდა თუ არ დალევდა?!_ ჩაილაპარაკა და ფინჯანი ნამცხვრის ცარიელ თეფშთან ერთად ლანგარზე გადაიდგა.

კარებზე გაბმულად აბრახუნებდა ვიღაც. თუმცა მედეამ ზუსტად იცოდა ვინც იყო. გააგიჟა მისმა უგულო წინადადებამ ზურა. ნამცეციც აღარ დარჩა იმ მშვიდი და საყვარელი ბიჭისგან, ვისაც მედეა იცნობდა. ვერც კი წარმოიდგენდა ასეთი თუ იყო სინამდვილეში. ცოტა არ იყოს შიშმა აიტანა, მაგრამ ახლა თუ დაუთმობდა, ხვდებოდა თავიდან ვეღარ მოიშორებდა. ასეთი რამე ალბათ პირველად ხდებოდა მის ცხოვრებაში, რადგან საბოლოოდ ყოველთვის მას ტოვებდნენ ხოლმე. თავად პირველად იყო დაშორების ინიციატორი მაგრამ შეცდა მედეა. ამაზე კარის გამეტებული ბრახუნიც მეტყველებდა.

_ გააღე კარი, გააღე! ვიცი, რომ სახლში ხარ!_ ჯიუტად აგრძელებდა ბრახუნს და ხმაზეც ეტყობოდა მთლად ფხიზელი არ უნდა ყოფილიყო. ბოლოს ყელში ამოუვიდა. ხალათი მოიცვა და კარი გამოაღო.

_ რა გინდა?_ მკაცრად გადაუდგა წინ თვალებამღვრეულ კაცს.
ისე უყურებდა ზურა, როგორც არავის შეუხედავს მისთვის, თვალებით სჭამდა.

_ რატომ? რატომმეთქი?_ კარის დირეს ორივე ხელით დაეყრდნო გონარეული და ქალისკენ დაიხარა.

_მე ხომ მიყვარხარ , მართლა მიყვარხარ!_ გააოცა მედეა მის თვალებში დანახულმა გულწრფელობამ. სულ წამით გაუელვა თავში სიტყვამ: "იქნებ..." მაგრამ წამიერადვე ჩაიკლა ეს არაფრისმომცემი გრძნობა და მთელი ძალა მოიკრიბა, რათა წინააღმდეგობა გაეწია.
ვერა, მიუხედავად გარეგნობისა, სიყვარულისა, სურვილისა, ვნებისა, ვერ აირჩევდა ამ უბრალო უქონელ კაცს. არ ჰქონდა ასეთი არჩევანის ფუფუნება მედეას. ის არ ეკუათვნოდა იმ კატეგორიის ქალებს, რომლებისთვისაც სიყვარული არის საჭმელიც , სასმელიც, სახლიც და კომფორტიც.

_ მიყვარხარ გესმის?_ სასმელის სუნი ასდიოდა ზურას, ალბათ სწორედ სასმელი იყო მისი ასეთი გამბედაობის მიზეზიც. ორივე ხელი მოხვია ქალს და განიერ მკერდზე აიკრა. ისევ აირია მედეა. მისმა შეხებამ ისევ აუშალა გრძნობები.
არადა რა ბედნიერი შეიძლებოდა ყოფილიყო, მხოლოდ ეს სიყვარულით სავსე თვალები რომ ყოფილიყო მისთვის საკმარისი.

" მხოლოდ ერთხელ, ბოლოჯერ!" გაიფიქრა ქალმა და საყვარელს ხელები მოხვია.
მეორე დღეს კი როცა ზურა დამშვიდებული და წინაღამისგან დაიმედებული მიადგა საყვარლის სახლს, იქ მედეას კვალიც კი ვეღარ იპოვნა...

უინტერესოდ ათვალიერებდა მეგობრებს ლენა, რომლებიც ლამის იყო დამდნარიყვნენ გიორგის ყველა სიტყვაზე. აშკარად იჭერდა რამდენიმესგან შურის ნაპერწკლებს და უკვირდა კიდეც, ვერ იჯერებდა. ერთი_ორი ჭიქა დალია. ხასიათი მაინც ვერაფრით გამოიკეთა.

_ კი გოგო, იმ ბაღში ძლივს მოვახვედრეთ თებე! ჩემმა მამამთილმა ჩარია ვიღაც, ხოო! ისე შანსი არ იყო!_ გულში გაეცინა ლენას. ნეტავ კი ბავშვი ჰყოლოდა და სულ არ იდარდებდა, თუ რომელ ბაღში მოუწევდა შვილის ტარება. ან იქნებ ახლა ეგონა ასე და მერე ყველაფერს ამ გოგოებივით შეხედავდა. მაგრამ მათთვის ბავშვებს ლენას ხელზე წამოცმული უშველებელი ბრილიანტისთვლიანი ბეჭდის დანიშნულება ჰქონდათ მხოლოდ. რომ ძვირფასი თოჯინასავით გამოეპრანჭათ, რამდენიმე ფოტო გადაეღოთ, და მერე თავმობეზრებულებს ძიძებისთვის გადაელოცათ. ნიკაპი აუკანკალდა ლენას. ადგა, მოიბოდიშა და საპირფარეშოსკენ გაემართა. რომ არ გასცლოდა იქაურობას, ალბათ იქვე ატირდებოდა. ქალთა ოთახის კარი შეაღო და მოსმენილმა გააოგნა.

_ რა კაცი ჰყავს ამ უცხვიმპიროს! ბედი არ უნდა?_ მას ჭორავდნენ დაქალები.

_მაინც თავ_პირი ჩამოსტირის, სულ ასეთი იყო, ცივი და ქედმაღალი! ვის რად უნდა მაგის სილამაზე? როგორ იტანს ნეტავ გიორგი ასეთ ქალს? უჰ, კაცია! რომ ვხედავ ჟრუანტელი მივლის!

უსიტყვოდ გამობრუნდა და ჰოლში დაკიდულ უზარმაზარ სარკეში მოჰკრა თვალი საკუთარ ანარეკლს. უცნაურად ჩამქრალი თვალები და გაფითებული სახე ჰქონდა. სამაგიეროდ დედოფალივით იყო მორთულ_ მოკაზმული. სწორედ ისე, როგორც შიგნით მსხდომების შვილები. ერთი უცნაური მსგავსება დაიჭირა იმ ბავშვებსა და საკუთარ თავს შორის. ისინი დედების თავის მოსაწონებელი სათამაშოები იყვნენ, თავად კი გიორგის ლამაზად მორთული დედოფალა.
თვალები დახუჭა და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა. სარკეს ზურგი აქცია და რესტორანი დატოვა. უმისამართოდ დაუყვა თბილისის მოკირწყლულ ქუჩებს.
ცოტა ხანში ამღერდა მისი ტელეფონი.

_ სად ხარ?_ შეშფოთებული ხმა ჰქონდა მის ქმარს.

_ გიორგი, მარტო ყოფნა მჭირდება, ცოტა ხანს მარტო უნდა ვიყო, თორემ გავგიჟდები!_ უპასუხა. ტელეფონი გათიშა, მერე სულაც გამორთო და ჯიბეში ჩაიდო. გიორგიმ სუფრის ანგარიში გადაიხადა და დაუმშვიდობებლად გამოვარდა რესტორნიდან. გაცოფებული იყო. ლენას ვერ ურეკავდა, ტელეფონი ისევ გამორთული ჰქონდა.

_ რაღაც მოხდა, მაგრამ რა ჯანდაბა მოხდა!_ სულ დაკარგა ჩვეული თავდაჭერილობა. მანქანას გიჟივით მიაქროლებდა სახლისკენ. გულში იმედი ჰქონდა, რომ ლენა სახლში დახვდებოდა , მაგრამ შეცდა.
ცარიელ მისაღებში მდგარი წამით დაფიქრდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და დამშვიდება სცადა. რაღაც მოხდა იმ დროს, როცა გიორგი კომფერენციაზე იყო.
ეჭვიც არ ეპარებოდა ამაში. მაგრამ ლენას ვერაფერი დააცდენინა.

_ უეჭველად იმ ძუკნას ამბავია!_ მუჭები შკრა ბრაზით. ტელეფონი აიღო და მედეას ნომერი აკრიფა.

_ გისმენ!_ აშკარად გაოცებული ხმა ჰქონდა ქალს. მის ზარს არ ელოდებოდა.

_ შენი ნახვა მინდა, სად ხარ?_ ისე ჰკითხა ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ უარს არ ეტყოდა.

_ კარგი მოვალ ნახევარ საათში!_მობილური გათიშა და სახლი დატოვა.

მედეამ ბედნიერი ღიმილით მიაშურა საძინებელს. რამე ლამაზი და გამომწვევი სურდა ჩაეცვა. ცოტა ხანს კი აწუწუნა და ანერვიულა ამ კაცმა, მაგრამ აჰა! როგორც სხვებმა, ამანაც ვერ გასძლო დიდხანს.

_ ჩვენი მამიკო მოდის!_ ბედნიერი ღიმილით მოეფერა მუცელს._ ლამაზად უნდა დავხვდეთ!

(დეჟავიუ)

ლევანი და ქეთი კინოდან გამოვიდნენ და შიოს შეხვდნენ. შეთანხმებულები იყვნენ, რომ ერთად ივახშმებდნენ. სწორედ მაშინ მივიდნენ რესტორანთან, როცა ლენა არეული ნაბიჯით გამოვიდა გარეთ. მათი სალამი არც კი გაუგონია, ისე დაუყვა ქუჩას.

_ რა სჭირს?_ იკითხა დაბნეულმა ლევანმა.

_ აშკარად არაა კარგად! ვერც კი შეგვამჩნია!_ თვალი გააყოლა ქეთიმ მიმავალს.

_ შენ აღარ წამოხვალ არა?_ ჰკითხა წარბშეკრულმა ლევანმა მეგობარს. შიომ უსიტყვოდ გააქნია თავი.

_ ეჰ, არ დასრულდება ძმაო ეს ამბავი კარგად!_ ისევ გააფრთხილა, მაგრამ პასუხად მხოლოდ ღიმილი მიიღო.

_ აბა კარგი დროის გატარებას გისურვებთ, ბოდიში ქეთი, სხვა დროს შემოგიერთდებით. _ ხელზე აკოცა შიომ ძმაკაცის შეყვარებულს და სწრაფი ნაბჯით აედევნა მიმავალს.

_ რა ხდება ლევან?_ ინტერესით გამოხედა ქეთიმ მოღუშულ კაცს.

_ არასწორი ადამიანი შეუყვარდა!_ ხელი გაბრაზებით ჩაიქნია მან.

_ არ არსებობს არასწორი ადამიანი სიყვარულო! არსებობს მხოლოდ არასწორი დრო და სიტუაცია!_ გაუღიმა ქეთიმ და ჩაეხუტა.

მიჰყვებოდა შიო ქალს და მის სევდიან განწყობას მთელი სხეულით გრძნობდა. სადღაც ქუჩის მუსიკოსი უკრავდა ჩელოზე. ლენა გაჩერდა და მუსიკოსს გახედა. აშკარად რაღაც ლამაზი და სასიამოვნო გაახსენა მუსიკამ. გაეღიმა და გზა გადაჭრა. მიუახლოვდა, რამდენიმე მუსიკისმოყვარული შეჩერებულიყო მუსიკოსის წინ და მუსიკას უსმენდა.

შიო ლენას მიუახლოვდა, უცნაურად ნაცნობი მომენტი იყო, დაჟავიუს გრძნობა დაეუფლა. რატომღაც დაწმუნებული იყო, რომ შვიდი წლის უკანდელ დღეს იხსნებდა ლენაც. და ზუსტად ისე, როგორც წლების წინ ხელები ძირს დაუშვა ქალმა, წელში გაიმართა, თავი გვერდზე გადახარა, ცალი ხელი უჩინარ პარტნიორს დაადო მხარზე და მელოდიას გაჰყვა. მოულოდნელად იგრძნო, რომ მისი წარმოსახვითი პარტნიორი სულაც არ იყო უხორცო. გაოცებულმა თვალები გაახილა და ისევ იმ ცეცხლოვან, შავ თვალებს შეეჩეხა. შეკრთა და როგორც მაშინ, გაქცევა დააპირა, მაგრამ შიომ არ მისცა გაქცევის უფლება. ხელი წელზე მოხვია, ჩურჩული გაისმა გარშემო , ხალხს გახედა ლენამ.

_ მე მიყურე! _ მის ყურთან დაიჩურჩულა შიომ. უნებურად ისევ მას გაუსწორა თვალი ლენამ. შერცხვა და მზერა დახარა. ახლა ნაცნობი ხალი მოხვდა თვალში მის ყელზე. აღელდა, გული აუჩქადა.
შეუძლებელი იყო რომ ეს დამთხვევა ყოფილიყო. შეუძლებელი იყო, უბრალოდ წარმოუდგენელი.
საკუთარ სხეულს ვერ გრძნობდა ლენა. მღელვარებისგამ ლამის ვეღარც სუნთქავდა.

_ შენ? როგორ?_ ტუჩების მოძრაობით უფრო წაიკითხა შიომ, ვიდრე ხმა გაიგონა.

_ როგორც ჩანს მე შენი ბედი ვარ! სამყაროს ასე სურს ლენა!_ გაუღიმა და მუსიკაც შეწყდა. ტაში დაუკრა მაყურებელმა წყვილს.
_ რა ლამაზები არიან, არა!
_ უხდებიან ერთმანეთს!
_ რა კარგი წყვილია!

გაისმა აღფრთოვანებული შეძახილები.
შეცბა ლენა. თითქოს ფაქტზე გამოიჭირეს. უკან დაიხია.

_ არ წახვიდე!_მუდარა გაისმა შიოს ხმაში.
_ ეს არ არის სწორი! ასე არ შეიძლება!_ უპასუხა ლენამ

_ აბა ის შეიძლება, რომ ვკვდები უშენოდ?_ ადგილზე გააქვავა შიოს აღიარებამ. მიუახლოვდა შიო და გაშლილ, გრძელ, შემოდგომისფერ თმაში ის მთაში დაკარგული ნემსიყლაპია თავისი ხელით შეუბნია.

_ რა ლამაზი ხარ ლენა?_ მისკენ დაიხარა შიო._მე ერთხელ შევცდი და ხელი გაგიშვი, აღარ ვაპირებ იგივე შეცდომის დაშვებას!

_ არ მსურს ამის მოსმენა!_ ხმისკანკალით შეაწყვეტინა ლენამ აღიარება შიოს.ზურგი აქცია და სირბილით გაიქცა. იქვე მდგარ ტაქსში ჩაჯდა და სახლის მისამართი უკარნახა.

მედეს კარზე მოუთმენელი კაკუნი გაისმა. აუჩქარებლად შეისწორა სარკეში თმა ქალმა და აუჩქარებლადვე გააღო კარი. უსალმოდ შეაბიჯა გიორგიმ. თუმცა მედეასთვის ახლა ამას არც ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა. მთავარი იყო, რომ გიორგი მოვიდა, თანაც თავის ფეხით.

13

( გაქცევა)

გაქცევა ზოგჯერ ფიზიკურად გაცლას არ ნიშნავს. იმისთვის რომ გაქცევა მოგინდეს, სულაც არაა საჭირო, სადმე იყო დამწყვდეული, ანდაც ხიფათი მოგდევდეს უკან. ზოგჯერ ყველაზე საშიში ადამიანისთვის საკუთარ თავი და საკუთარი აბობოქრებული სურვილებია და ყველაზე ხდირად სწორედ საკუთარი თავისგან გავრბივართ ხოლმე.

ალბათ ერთხელ მაინც ყველას გულში აღელვებულა ასეთი თავბრუსდამხვევი სურვილების ოკეანე. ერთხელ მაინც ყველას გადაუტანია ბრძოლა საკუთარ თავთან და სურვილებთან. ეს ის ბრძოლაა, გამარჯვებული რომ არ ჰყავს. რადგან საკუთარ თავზე გამარჯვება ამავდრულად საკუთარი თავის დამარცხებასაც ნიშნავს. თუმცა ნამდვილი თავისუფლებაც ხომ სწორედ ესაა არა? არ დაგიმონონ შენივე სურვილებმა და გამარჯვება მოიპოვო მათზე. მაგრამ რეალურად რომ დაუკვირდე, ალბათ აღიარებ კიდეც, რომ ძალიან ტკბილია საკუთარ თავთან დამარცხება, კი შემდეგ აუცილებლად მოჰყვება ხოლმე ამ მარცხს წუხილი და სინდისის ქენჯნა, მაგრამ მაინც, თუ რამე სიტკბოება და ნეტარება არსებობს ამ ქვეყნად, ეს სწორედ საკუთარ, მძაფრ სურვილებთან დამარცხებაა.

ლენა ქვეცნობიერად ხვდებოდა, რომ არც მარცხი და არც გამარჯვება არ მოუტანდა სასურველ სიმშვიდეს და ამიტომ საკუთარ თავთან ომს უბრალოდ გაქცევა ამჯობინა. ბარგი ჩაალაგა და სანამ გოირგი დაბრუნდებოდა სახლი დატოვა.

_ რა მოხდა ასეთი სასწრაფო, რომ გაგახსენდა ჩემი თავი?_ მედეა კაცის წინ გამომწვევად ჩამოჯდა და აბრეშუმის გამჭვირვალე შავი ხალათი ვითომ სულ შემთხვევით შემოეღეღა ლამაზ მკერდზე. ღიად ჩაეცინა გიორგის. მაშინ ნასვამი იყო და ახალ შეგძნებას ეძებდა, თორემ მისთვის რომ გეკითხათ, საერთოდაც იყო მოღალატე კაცი. ლენასთან თანახცოვრების მანძილზე, ალბათ სულ თითებზე ჩამოსათვლელად თუ იწვა სხვა ქალთან. სწორედ რომ იწვა და მეტი არაფერი. მხოლოდ ზედმეტი ნეგატივისგან იცლებოდა ასე. დაგროვილი აგრესიისგან, ბრაზისგან, იმედგაცრუებისგან. იმდენად არაფერს ნიშნავდა მისთვის ყველა ეს ეგრედ წოდებული ღალატი, რომ იმ ქალების სახლებიც კი აღარ ახსოვდა. ლენა ერთადერთი ქალი იყო მისთვის. სწორედ ასე გადაივიწყებდა მედეასაც, უბრალოდ ახლა გასაგებად უნდა აეხსნა ეს მისთვის.
ხედავდა, რომ ყველას რაღაც სჭირდებოდა მისგან, უმეტესად მაინც ფული. ყველა ჩუმდებოდა რაღაცის სანაცვლოდ და ასე გაჩუმდებოდა მედეაც. თუ არა და...

_ სალაპარაკოდ მოვედი!

_ ხოო? გისმენ?_ გაეღიმა ქალს საკუთარი უპირატესობის გრძნობით ავსილს.

_ მისმინე, პირდაპირ გეტყვი და თამაშს არ თავიწყებ! მსურს, ჩვენს შორის მომხდარი დაივიწყო!_ ოდნავ წინ გადაიხარა გიორგი და იდაყვებით საკუთარ მუხლებს დაეყრდნო.

_ ჰოო, ეგ ცოტა რთული იქნება ჩემო კარგო!_ გაეცინა ქალს.

_ რთული? რატომ?_აი, სწორედ ამგვარ ფრაზებს ელოდა გიოგი.

_ იმიტომ რომ შენთვის სიურპრიზი მაქვს!_ თავდაჯერებული იყო მედეა. აღიზიანებდა მისი თავდაჯერება კაცს. უკვე ხელები ექავებოდა. არადა რა მარტივი იყო ამ ძუკნას გაჩუმება. სიმშვიდის შენარჩუნება სცადა. ისევ მჭიდროდ მოირგო წლობით ნაჭედი, უემოციო ნიღაბი.

_ რა სიურპრიზი?_ბოლოს მაინც ინტერესმა დასძლია.

_ მალე მამა გახდები ძვიფასო!_ გაოცებისგან და მოულოდნელობისგან თვალები გაუფართოვდა კაცს. სიცივემ გულიდან მთელ სხეულში გაუარა.

_ შვილი?_ ამოილაპარაკა. შვილი საყვარელი ქალისგანაც არ სურდა გიორგის, არათუ ამ კახპისგან. არა! არ დაუშვებდა, რომ ამ ბინძურს მისი სისხლს და ხორცის ნამცეცი ეტარებინა სხეულით. საფეთქლებმა გუგუნი დაუწყო. წამით მედეას თვითკმაყოფილი სახეც ბუნდოვანი გახდა.

_ შეუძლებელია! რა ვიცი, რომ ჩემია?!_ გაისმა ბოლოს მისი დაბოხებული ხმა.

_ დეენემი გაიკეთე, თუ არ გჯერა!_ თავხედობას და უტიფრობას ხშირად რომ გააქვს ლელო. ესეც კარგად იცოდა მედეამ. თანაც დასაკარგი რა ჰქონდა რო?

_ რაც არ უნდა იყოს, მე არ მჭირდება ეს ბავშვი! ამით თუ ცდილობ ჩემ დაბმას, მგონი ხვდები, რომ ის სულელი, მიამიტი შიო არ ვარ, არა?

_ვიცი, შენ შიო არ ხარ, შენ ბევრად ძლიერი კაცი ხარ! და ამიტომაც მსურხარ ასე!_ ნელა წამოდგა ქალი და ნელი, მიმპარავი ნაბიჯებით მიუახლოვდა კაცს. ხელი გაკრა და ისედაც მოკლე, გამჭვირვალე ხალათი ძირს დაცურდა.

_ მომწონს შენი სიძლიერე! არაფერი მაქვს ამის საწინააღმდეგო. მე და შენ ერთმანეთს შევეფერებით!_ მკერდზე ხელი ჰკრა და კალთაში ჩაუჯდა. უცნაური ინტერესით ააყოლა გიორგიმ ქალს შიშველ ფეხებზე თვალი. შემდეგ მკედრზე და ბოლოს მის ყელს გაუშტერა. როგორ არ ჰგავდა ეს ქალი ლენას. ლენასთან თითქოს სულ ძალადობდა გიორგი, მაშინაც კი როცა ცოლსაც სურდა მისი ალერსი. მასთან რაღაც ყოველთვის რჩებოდა მიუღწეველი. მიუხედავად სისუსტისა, მიუხედავად სინაზისა, იყო ლენაში რაღაც სიწმინდე, რასაც გიორგი ვერ იმორჩილებდა და ეს აგიჟებდა სწორედ. ახლა კი იმის ნაცვლად რომ სურვილი ეგრძნო, რატომღაც ზიზღს გრძნობდა და სბინძურის უცნაურ, უსიამო შგრძნებას.

_ არა! ერთხელაც სრულიად კმაროდა!_ ჩაილაპარაკა მოულოდნელად მედეას ზიზღით ხელი მოჰკიდა და გვერდზე გადაისროლა, როგორც ნაჭრის თოჯინა. ქალმა მოულოდნელობისაგნ იკივლა და ხელი ინსტიქტურად მუცელზე მიიფარა.

_ რას აკეთებ ნადირო!_ შეუღრინა ფეხზე წამომდგარ კაცს.

_ წახვალ და მაგ..._ ვერც კი გამოთქვა ბავშვსო და ზიზღით თითით ანიშნა მუცელზე_ მაგას მოიშორებ! მერე კი გაქრები ჩემი ცხოვრებიდან. არ მაინტერესებს ჩემია, სხვისია იმდენს გადაგიხდი, რომ გეყოს! დიდხანს გეყოს! სანამ ახალ საკბილოს აარჩევ! გასაგებია?

_ გაგიჟდი?_ დაიბნა მედეა. ამას მართლა არ ელოდა. ნუთუ ამდენად გიჟი იყო ეს კაცი?!

_ არ ვაპირებ ბავშვის მოცილებას!_ მტკიცე ხმით უთხრა. იატაკიდან ხალათი აიღო და მჭიდროდ შეიკრა. თითქოს ამ გამჭვირვალე ნაჭრით დაიცავდა საკუათარ შვილს განრისხებული კაცისგან.

_მე გითხარი! გაქრი ჩემი ცხოვრებიდან! თორემ არც თავად გამიჭირდება ამის გაკეთება!_ აჩაჩული პერანგი უდარდელად შეისწორა გიორგიმ.

_ სამაგიეროს გადაგიხდი გიორგი!_ ასისინდა ქალი.

_ მიდი! შენ ოღონდ მიზეზი მომეცი!_ ცივად ჩაეცინა კაცს და სახლის კარი გაიჯახუნა.

კმაყოფილი სახით დაეშვა კიბეებზე და ყურადღებაც არ მიუქცევია, სადარბაზოსთან დაყუდებული ახალგაზრდისთვის. მტრული, ბოღმით სავსე მზერა გააყოლა უცხო კაცმა გიორგის. შემდეგ კი მედეას განათებულ ფანჯრებს ახედა სვდიანად.

გზიდანვე დაურეკა დამშვიდებულმა გიორგიმ ლენას, დარწმუნებული იყო, მედეა გაჩუმდებოდა. ცოტა ხნით მაინც. ყველას დუმილს თავის ფასი აქვს, მათ შორის ამ აშარი ქალის სიჩუმესაც რაღაც ფასი ექნებოდა. ერთი_ორ დღეს მისცემდა დასაფიქრებლად და მერე ისევ ესტუმრებოდა.

_ გისმენ გიორგი!_ ლენას სევდიანმა ხმამ გამოაფხიზლა ფიქრებში გართული.

_ სადა ხარ ძვირფასო, მიხვედი სახლში?_ მის კითხვას ცოლის დუმილი მოყვა.
_ ლენა გესმის?

_ მესმის გიორგი! _ ქალმა ამოიოხრა._ სახლში არ ვარ!

_ აბა სად ხარ გამოგივლი, გარეთ ვარ!

_ გიორგი!_ ისევ მცირე პაუზა გააკეთა ქალმა. იცოდა, რაც მოჰყვებოდა მის სიტყვებს._ გიორგი ცოტა ხნით მარტო ყოფნა მჭირდება!

_ რას ნიშნავს მარტო ყოფნა გჭირდება?_ აღელვებულმა მანქანა გააჩერა და მობილური მოინაცვლა მეორე ხელში.

_ უნდა დავფიქრდე და გავიაზრო, რას გავაკეთებ!_ ლენას პასუხმა ააღელვა.

_ და რის გაკეთებას აპირებ?

_ არ ვიცი გიორგი! ახლა არაფერი არ ვიცი? დრო მომეცი!_ სიმტკიცზე მეტი თხოვნა ერია მის ხმაში. დაფიქრდა გიორგი. იქნებ ჯობდა დამშვიდებისთვის მართლაც მიეცა ცოტა დრო?! მანამდე კი დედამისს ნახავდა და ცოლის ადგილ_სამყოფელს ასე გაიგებდა. დალიმ როგორც ყოველთვის, ყველაფერი იცოდა ერთადერთ შვილზე და თან ყოველთვის გიორგის მხარეს იყო. დიდი გავლენა ჰქონდა ქალს ლენაზე. ის დღე გაახსენდა გიორგის, ხელი რომ სთხოვა ლენას. პომპეზურად სცენაზე რომ ავიდა და მთელი დარბაზის თვალწინ რომ აიძულა ასეთი პირადული გადაწყვეტილების მიღება.
კარგად ახსოვდა მისი უკან გადადგმული ორი სახიფათო ნაბიჯი და დალის მქუხარე ტაში, რომელსაც მთელი დარბაზი წამში აჰყვა. დედას გახედა მაშინაც ლენამ და შემდეგ მორჩილად გაუწოდა ლამაზი თითები გიორგის.
უყვარდა თუ არა ცოლს?! ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ უყვარდა. უბრალოდ, მუდამ რაღაც უაზრო ოცნებებს დასდევდა ლენა და მუდმივად სჭიდებოდა იმის შეხსენება, რომ რეალური ცხოვრება აქ სახლში ჰქონდათ და ამაო ოცნებებისთვის დროის ხარჯვა სასურველი უბრალოდ არ იყო.

დალიმ ისიც კარგად იცოდა, რომ სწორედ ლენას ჰქონდა პრობლემა და არ შეეძლო ბავშვის გაჩენა. გიორგის თხოვნით ამ ამბავს საიდუმლოდ ინახავდა. თან გულში ემადლიერებოდა კიდეც სიძეს.

(სულისსაფერი)

_ ახლა წასვლა შეიძლება? არ გადამრიო!_ ბობოქრობდა ლევანი.

_ ცოტა ხნით რომ არ წავიდე, რაღაც გამოუსწორებელს ჩავიდენ იცოდე!_ წარბი არ შეუხრია შიოს. ცოტა ხნით გაცლა უნდოდა, იმ პაწაწუნა, გადაულახავი მანძილის კიდევ უფრო დაგრძელება, რაც ლენასგან აშორებდა. ასე ხელისგულისოდენა ქალაქში მისდამი მიზიდულობა ძალიან სახიფათო რამ იყო.

_ რას აკეთებ? რას აკეთებ ძმაო?_ ლევანიც ხვდებოდა, ჯერ კიდევ რომ ახერხებდა თავშეკავებას მისი მეგობარი, მაგრამ სადაც იყო მისი თავშეკავება დამარცხდებოდა და აი მერე ვინ ან რა შეაჩერებდა დაგორებული ზვავივით აბორგებულ მის გრძნობებს. ამიტომ გაჩუმდა. გულში კი იმ დღეს სწყევლიდა, როცა გიორგისთან კონტრაქტის დასადებად იმ ოხერ სასტუმროში აიძულა შიოს ჩასვლა. ალბათ ბედი იყო მათი შეხვედრა. იქ თუ არა, ალბათ სადმე მაინც გარდაუვლად შეხვდებოდნენ. მაგრამ ლევანს სინდისზე აწვა გიორგისთან ნაცნობობა და პარტნიორობა. სხვა რამ დიდად არ ანაღვლებდა.

_სად მიდიხარ, ის მაინც დაიბარე! რომ მოგძებნო თუ დაიკარგები!_ გაიხუმრა და ხელი ჩაიქნია.

_მთებში, მაშინ რომ ვიყავით!_ ლევანს ერჩივნა შიო სადმე ზღვისპირეთს სტუმრებოდა, სადაც საცდურიც მეტი იყო და გულღიობაც. სადაც იქნებ ვინმეს გადაჰყროდა და გულიც და გონებაც სხვა მხარეს მქროლავი ნიავისთვის გაეტანებინა. მაგრამ არა! შიო ინსტიქტურად იქ მიიწევდა, სადაც კვლავ მის აჩრდილს შეხვდებოდა და კვლავ მასზე იოცნებებდა.
აღარაფერი უათქვამს. ამოიოხრა და ოთახიდან გავიდა. წინ დაძაბული და მძიმე კვირა ელოდა. თანაც გიორგიც დაბრუნებულიყო უკვე.

ჩვეულად მაღალი ნომერი აიღო შიომ. რომ თვალწინ რაც შეიძლება ვრცელი ჰორიზონტი გადაშლოდა. რომ რაც შეიძლება მეტი მთა მოხვედრილიყო მის თვალსაწიერში. უყვარდა მთები ამ უცნაურ კაცს. მის ხასიათს ჰგავდა მთაც. ერთი შეხედვით გიროზი და პირქუში. თითქოს გაუცინარი და მუდამ ფიქრიანი. თანაც საოცრად მშვენიერი. აი თქვენ თუ აღტაცებულხართ მთის მკაცრი მშვენებით, მიმიხვდებით რატომ ვამსგავსებ ახლა შიოს ხასიათს მთას.

ჩანთა უდიერად მიაგდო სავარძელზე. ტანზე გამოიცვალა, შავი ჰუდი და შესაბამისი შარვალი მოირგო. სამთო ფეხსაცმელი. პატარა ზურგჩანთა გაიმზადა, დაწნული ფერადი თოკით შალითაში გახვეული ფანდურიც გადაიკიდა და სულსწრაფად გაემართა ლიფტისკენ. ერთი სული ჰქონდა, ხალხმრავლობას გასცლოდა და ბუნებასთან სიახლოვეში ეპოვნა თავდავიწყება.

"მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა,
სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა,
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.“

გულში ვეფხისტყაოსნის ამ სტროფს იმეორებდა და საკუთარ თავს აბუჩად იგდებდა ამით.

_ დათმობა!_ ჩაილაპარაკა თავისთვის. რაც სინამდვილეში არასდროს ეკუთვნოდა, როგორ დაეთმო? მაგრამ მეორეს მხრივ გარეთ მეთორმეტე საუკუნე ხომ აღარ იდგა? რატომ უნდა დაეთმო? ან ვისთვის? მაინც მონადირის ინსტიქტი მეტი იყო მასში, ვიდრე რაინდის. საკუთარ თავს ებრძოდა შიო. მაგრამ გრძნობდა, რომ მხოლოდ ერთი პატარა ბიძგი არასასურველი მიმართულებით და წამში დამარცხდებოდა. იცოდა და ამიტომ შეაფარა თავი მთას. თუმცა ბედის გვჯერა თუ არ გვჯერა, სადღაც რაღაც ჩვენგან დამოუკიდრბლად იხლართება და ინასკვება. სწორედ ასე იყო ახლაც.წყალი, ასანთი და რაღაც რაღაცეები იყიდა. ფეხით გაუყვა მთებისკენ მიმავალ გზას. უცნაურია, მაგრამ რაც უფრო შორდებოდა ადამიანთა საუფლოს, მით უფრო ივსებოდა მის სულში გაჩენილი მარტოსულობის ნაპრალი. არცთუ შორეულ მთას გაჰყურებდა, როგორც მთავარ სამიზნეს, და თითქოს არაფრით მცირდებოდა მათ შორის მანძილი. სულის შეხუთვამდე მიუწვდომელი იყო მწვერვალს მიღმა ანთებული მზე, სწორედ ისე როგორც ლენა.

დაღლილმა მიმოიხედა და მეჩხერი ტყის პირზე მდგარი ხისკენ გაემართა. ჩანთა და ფანდური მოიხსნა და გვერდით დაიწყო. თავად კი ზურგით ხეს მიეყრდნო და სახით მთის პირისპირ დაჯდა. უცნაურად იცის მთამ ადამიანის მონუსხვა. უყურებ, უყურებ და ხედი არ იცვლება, მაგრამ თან ყოველ წამს სულ უფრო მშვენიერია. არ გყოფნის, თვალს ვერ აცილებ. ფარულ ფიქრებს ააშკარავებს მთის თვალი. პირდაპირ შენს გულში იყურება თითქოს და მისხალ საიდუმლოს აღარ გიტოვებს. ან იქნებ იცი, რომ ის ყველაზე უკეთ შეგინახავს საიდუმლოს და თავადვე უხსნი გულს? ვინ იცის, ყველა საიდუმლო თავადაც ხომ მუდმივად იმის მცდელობაშია, რომ მჭიდროდმოკუმულ ბაგეთა მარწუხს როგორმე თავი დააღწიოს და მთელ სამყაროს მწველ სიცხადედ მოეფინოს.

ხელმა თავისით მონახა ფანდური. მკერდზე დაიყრდნო და შიოც ხმადაბლა აღიღინდა:

" რა ხელ ჩაბნელდ_ჩამაღამდა ახიელას?
შურთხიც აღარ დაგოგმანობს ჭერხოს ბოლოს.
ვერსად წახვალ ქლავ მაინც მაგიხელავ.
გინდ დევების ჯარ_ლაშქარი შემებრძოლოს.

რახელ გაწვიმ_გაავდარდა ხასიათი?!
ვახმე თუ ვერ დაგიჩემე თვალმზიანო!
მოსცილდ ქალაქს, როგორც სხივთა ათინათი!
შგსვამ ცხენზე და აგავლევ სამზიანოს.."

საკუთარი დარდის ხმამაღლა ამოთქმა თუნდაც სიმღერით, სულს ამსუბუქებს და ამ სიმღერით თითქოს სულ ცოტა ხნით მაინც პოულობდა შიო სიმშვიდეს. ცოტა ხანს კიდევ აჟღრიალა მოწყენილმა ფანდური და მერე მთების იდუმალ სიმყუდროვეს დანებდა.
ბევრჯერ იყო ნამყოფი ამ მთებში. ისიც იცოდა, რომ თუ კიდევ რამდენიმე ხანს ივლიდა პირდაპირ მეცხვარეთა თუ მონადირეთა ქოხს მიადგებოდა.
გულში გადაწყვიტა, რომ იმ ღამეს სასტუმროში აღარ დაბრუნდებოდა. მარტოობა სწყუროდა. ის იყო გზის გაგრძელება დააპირა, რომ ფეხის ხმაც მოესმა. სულ გვერდით ჩაუარა მგზავრმა. შიო არც კი შეუმჩნევია. საკუთარ ფიქრებში გართული უმისამართოდ და უმიზნოდ მიჰყვებოდა საკუთარ საწუხარს. ხელში წვრილი წკეპლა ეჭირა და შიგადაშიგ ბალახებს ურტყამდა გამეტებით. თითქოს საკუთარ ჯავრს შყვითლებულ მცენარეებზე იყრიდა.
გაშრა შიო. ფეხზე ადგა და ნაბიჯი ვეღარ გადადგა. ხმა ვერ ამოიღო. მის წინ ლენა იდგა. გაოგნდა კაცი. საიდან სად გამოექცა ამ ქალის ლანდს და აქ კი გამოეცხადა. თვალებს ვერ დაუჯერა.

_ აქ რა უნდა?_ გაიფიქრა.
სწრაფად მოიკიდა ჩანთა. ფანდური შალითაში ჩააბრუნა და უჩუმრად აედევნა შორიახლოს. საკმაოდ შორს იყო სასტუმრო და დიდი ალბათობით გზა არეოდა ქალს.

მზეც კაიხნის გადასული იყო. ცას ლოყაზე შემორტყმული ალიყურის სიწითლედღა აჩნდა მისი ოქროსფერი დალალები. სადაც იყო დაბნელდებოდა.

ბოლოს ალბათ ამ უეცარმა ჩამოღამებამ მოიყვანა ლენა გონს. შედგა და მიმოიხედა. ახლაღა მიხვდა, არ დამართვნოდა კარგი ამბავი. უეცრად მოქუფრულ მთის წვერს გახედა შეშფოთებულმა.

_ გამარჯობა!_ მოესმა ნაცნობი ხმა ზურგს უკან და ჟრუანტელმა დაუარა უნებურად. წამის მეასედში გაიფიქრა, რომ ეს ბევრად უარესი იყო, ვიდრე უცნობ მთებში შემოღამება.

ცა კი უცნაურად სწრაფად შავდებოდა. სანამ პასუხის გაცემას მოასწრებდა წვიმის საბურველში გახვევაც კი დაასწრო მთამ. ჩამოიქუფრა უჩვეულოდ და საშიშად. სადღა იყო მისი წამის წინანდელი მომნუსხველი იერი.

_ მთაც ქალივითაა! წამის წინ გიღიმოდა, იმედს გაძლევდა, წამის შემდეგ ვერ გაიგებს რაზე შემოგწყრა!_ გაუაღიმა დაბნეულ და უხერხულობისგან არეულ ქალს შიომ.

_ აქ რას აკეთებ? შენ რა მე მითვალთვალებ?_ ლენას ცასავით მოქუფრული სახის დანახვისას წარბი ასწია გაოცებულმა.

_ მეც შემეძლო ზუსტად იგივე მეთქვა!_ წარბშეკრულმა აუქცია გვერდი და გზა გააგრძელა. სასტუმროში დაბრუნებას ისევ ქოხთან მისვლა სჯობდა. კაცმა რომ თქვას, არც უკან დაბრუნება იყო შეუძლებელი, მაგრამ გულის კარნახს გაჰყვა შიო. თუ ლენაც ასე მოიქცეოდა, იქნებ... ფიქრიც აღარ გააგრძელა. ჩანთა შეისწორა და უკანმოუხედავად დაადგა კარგად ნაცნობ ბილიკს.
ცოტა ხანს დუმდა ლენა. სიჯიუტეს და სიამაყეს ებრძოდა და სადღაც გულის სიღრმეში აყეფებულ საღ აზრს, მიმოიხედა. უკვე კარგა გულიანად წვიმდა. ვინ იცის, როდის გადაიღებდა. თანაც მთა იყო, ტყე...

_ სად მიდიხარ?_ ბოლოს აჯობა საკუთარ სიამაყეს._ სად მიდიხარმეთქი?!
შიოს გაეღიმა. არც თუ ისე ძნელი აღმოჩნდა ლენას აზრთა მდინარების ამოცნობა. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ უკან გაჰყვებოდა. თუნდაც მარტო იმისთვის, რომ ბნელში დარჩენის შეეშინდებოდა. უკან ისევ მოღუშულმა გამოხედა.

_ აქვე ქოხია, წვიმის გადაღებას იქ დაველოდები!_ ზურგი აქცია და ნაბიჯს უმატა. ხელები მჭიდროდ მოიხვია ლენამ შემცივნებულ ტანზე. "უცნაურად ცივი წვიმა სცოდნია მთასო!"_ გაიფიქრა და სწრაფად გამოუდგა უკან, მტკიცე ნაბიჯით მიმავალს.

ოცი წუთიც არ უვლიათ, რომ ის პატარა ფიცრული გამოჩნდა, შიო რომ ქოხს ეძახდა. იმედი გაუცრუვდა ლენას. არ ვიცი, რას ელოდა იმ შუაგულ ტყეში, მაგრამ მთლად ასეთ უბრალო ფიცრულს კი ნამდვილად არა. სახეზე დაეტყო იმედგაცრუება.

_ მთლად სათქვენო სასახლე ვერ არის დედოფალო, მაგრამ წვიმისგან ნამდვილად დაგვიფარავს!_ დამცინავად ჩაილაპარაკა შიომ და ფიცრულის კარი შეაღო. უნდოდ შეიხედა ქალმა ბნელ ოთახში, მაგრამ ნაბიჯიც არ გადაუდგამს წინ. ისევ გაეცინა შიოს. აღარ დაელოდა და პირველმა თავად შეაბიჯა.

_ მოდი, მოდი! ბევრი ბევრი თაგუნიებმა და ობობებმა გვიმასპინძლონ!_ ისევ დასცინოდა ლენას სიფრთხილეს.

_ ობობებმა? ობობების არ მეშინია!

_ აბა რის გეშინია?_ უცებ მოუბრუნდა შიო. "შენ ხარ ამ წამს ჩემთვის ყველაზე სახიფათოო!"_ გაიფიქრა ლენამ და ჰაერი არ ეყო თითქოს. უცნაური, გაუსაძლისი სურვილით სავსე თვალებში შეხედა და წამიერად მოუნდა ხელით შეხებოდა ასე ახლოს მყოფს და ასე აკრძალულს. არ ვიცი იქნებ იმიტომ, რომ ქოხი იყო მართლაც პატარა, ანდაც იმიტომ, რომ სულისსაფერის სურნელით სავსე ჰაერი არასდროსაა სამყოფი? მაგრამ ის პატარა ქოხი თითქოს მართლაც არ კმაროდა ორივესთვის. მათთვის, სანამ ასე ჯიუტად ცდილობდნენ ერთმანეთისგან გაცლას, თითქოს ვიწრო იყო იმ ქოხის კედლები და არა მარტო ის ფიცრული, მთელი დედამიწაც პატარა იყო ამ ორისთვის, თუკი ერთმანეთის შეხება არ შეეძლებოდათ.

სიბნელის მარცვალი 11
#საბნელისმარცვალი

(გაქცევა)

14

(ფაიფურის თოჯინა)

_ სად წავიდა ლენა, არაფერი უთქვამს?_ მისვლისთანავე ეს ჰკითხა გიორგიმ დალის.

_ამჯერად, მართლა არ ვიცი შვილო! ის კი არა და ჩემს ზარებსაც არ პასუხობს ქალბატონი!_ თბილად გაუღიმა ქალმა საამაყო სიძეს და ლამაზი, მოხატული ფაიფურის ფინჯანი დაუდგა წინ.

_ რა ხდება? ამ ბოლოს ძალიან უცნაურად იქცევა ჩემი შვილი. ვამჩნევ გონება აქვს გაფანტული! რამე პრობლემაა თქვენს შორის?

_ კარგახანი მშვიდად იყო, მაგრამ ახლა ისევ ძველებურად ამბოხს აწყობს. მივეჩვიე კიდეც!_ გიორგიმ უდარდელი სახის მიღება სცადა.

_ არ ვიცი გიორგი, შენ გარდა ვინ მოითმენდა ლენას კაპრიზებს და გამოხტომებს!_ დალის გულწრფელი სიტყვები ეამა გიორგის ამპარტავნებას. თავს ამით იმშვიდებდა თავადაც, რომ ეს განმარტოებაც ლენას მორიგი ჭირვეულობა იყო და მეტი არაფერი. მალე გადაუვლიდა და დამშვიდებული ისევ ქმართან დაბრუნდებოდა, მაგრამ ახლა ცოტა არ იყოს და ეჭვიც უღრღნიდა გულს, ალბათ ისევ საკუთარი შეცდომა აწვალებდა შინაგანად. შეცდომა თუ შეიძლება ეწოდოს მის საქციელს?! თანაც ამ ბოლოს ლენა რაღაც განსხვავებულად იქცეოდა. უბრალოდ დუმდა. დუმილის მართვას კი ვეღარ ახერხებდა გიორგი. მართლა გულთამხილავი ხომ არ იყო? ვერ ხვდებოდა სინამდვილეში რა იყო ლენას ფორიქის მიზეზი ამჯერად?!
იქნებ ვინმე... არა! თავი გადააქნია გიორგიმ. როგორ? როდის? რანაირად?
თან ვის ლენას? ჩაეცინა. რატომ უნდა ეძებნა ლენას ვინმე ან რამე სახლს გარეთ? თუმცა ის ხომ არ გავდა სხვებს. ოცნებებიც, სურვილებიც და გრძნობებიც სხვაგვარად ჰქონდა განვითარებული. თუ შეიძლება ოცნებები და სურვილები განავითაროს ადამიანმა. აი გრძნობები კი მართლაც სხვანაირი ჰქონდა ქალს. ვერაფრით ჩაკლა გიორგიმ მასში ეს მეამბოხე, მეოცნებე სული, ვერც მოისყიდა, ვერც სხვა მისწრაფებით ჩაანაცვლა. სიდედრის ათასი ბრჭყვიალა წვრილმანით სავსე სახლი იმედგაცრუებილმა დატოვა. ანუ რა გამოდის? დედაც კი არ გააფრთხილა სად მიდიოდა?! გაბრაზდა ცოლზე.

_ მეტიმეტად ბევრის უფლებას აძლევ საკუთარ თავს ძვირფასო!_ მუჭი დასცხო მანქანის სახურავს.
სამსახურისკენ წავიდა ხასიათწამხდარი. იქაც არ ესურვილებოდა წასვლა და იმ საზიზღარი ქალის მზერის ატანა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა?!
ისეთი სახით შეაბიჯა ოფისში, თითქოს სანერვიულო არა ჰქონდა რა. თავდაჯერების ნოღაბი იფარა და გაწონასწორებული ნაბიჯებით გაიარა ჰოლი.

მედეას გულიან ღიმილზე ოდნავი თავისდაკვრით მიესალმა. "უბრალო თანამშრომლებსაც კი არ ესალმებიან ამდენად უგულოდ." გაიფქრა ქალმა და აუტანელი სურვილი გაუჩნდა, მისთვის დღე ჩაეშხამებინა.

_ ლევანს გაუმარჯოს!_ კაბინეტიდან გამომავალ პარტნიორს მიესალმა გიორგი.

_ სალამი გიორგი!_ გაუღიმა ლევანმაც.

_ შიოს ვერ ვნახავ დღეს? ახალ პროექტზე მინდოდა მესაუბრა._ მედეასთან საუბარი არ სურდა და ლევანს იმიტომ ეკითხებოდა.

_ შიო რამდენიმე დღე არ იქნება, საქმეზეა გასული! ასე რომ მე და შენ ვართ აქ უფროსები!_ სიცილით უთხრა ლევანმა. უცნაური დაძაბულობა თუ დაბნეულობა შეამჩნია გიორგის დაკვირვებულმა თვალმა. თუმცა ყურადღება არ მიუქცევია. კაბინეტისკენ გაემართა. არაუშავდა, ჯობდა კიდეც, თუ შიო არ იქნებოდა, ცოტა დასვენება არც მას აწყენდა. უნდა გაეგო სად ბრძანდებოდა მისი ცოლი და მასთან წასულიყო. ძალიან მოუნდა ლენას ნახვა.
"ნეტავ როდის ან რანაირად გავხდი ამ ქალზე ასე დამოკიდებული?" ჰკითხა საკუთარ თავს.

_არაა, კაცისთვის სასჯელია ლამაზი ცოლი!_ გაეცინა საკუთარ ფიქრებზე. მაგრამ რაც არ უნდა უცნაური ან დაუჯერებელი ყოფილიყო, გიორგის სრულებით კმაროდა თავისი ცოლი. მეტი არავინ სჭირდებოდა, დიდად არც ნათესავებს სწყალობდა, მეგობრებიც მხოლოდ ის და იმდენი ჰყავდა მის სტატუსს კარიერას და საქმეს რომ სჭირდებოდა. შიოსგან განსხვავებით გიორგი არ საჭიროებდა ერთგულ მეგობარს, დარდის და სიხარულის გამზიარებელს. რადგან არც საკუთარ წუხილს და არც სიხარულს არავის უზიარებდა. სისუსტედ მიაჩნდა. მაშ სხვა რა ფუნქცია ჰქონდა მეგობარს? არც ნათესავები ეხატებოდა გულზე. მაინც უაზრო სათხოვრების მეტს ვერაფერს მოისმენდა მათგან. სათხოვრები კი ყველაზე მეტად სძულდა გიორგის. მეტი მონდომება და მიზანდასახულობა რომ გამოეჩინა ყოველ მათგანს, დღეს მათაც მასავით წარმატებული კარიერა და იდეალური ცხოვრება ექნებოდათ. ახლა კი ვერაფრით იგებდა, რატომ იყო ვალდებული ტახტზე გაგორებული, ზარმაცი და უნიათო ხალხისთვის გაენაწილებინა საკუთარი ნაწვალები. მოწყალება და თანადგომა უცხო და გაუგებარი ცნებები იყო გიორგისთვის.

_ ის, რასაც სარგებელი არ მოაქვს, სრულებით ზედმეტი ბარგიაო!_ ასე ფოქრობდა. მხოლოდ ლენასთვის არ ენანებოდა არაფერი. თუმცა არაფერშიც მხოლოდ იმას მოიაზრებდა, რაც მის პრინციპებს, სტატუსს და დამოკიდებულებას უსვამდა ხაზსს.
ისევ ლენასთან დააბრუნეს არეულმა ფიქრებმა. დაურეკა და კვლავ გამორთული ჰქონდა მობილური. თანდათან მოთმინებაც ეწურებოდა. ამ ფიქრებში იყო გართული, მედეა რომ მოზრდილი საქაღალდით ხელში დაადგა თავზე.

_ რა გინდა?_ შეუღრინა ავად.

_ უბრალოდ მამიკოს ნახვა გვინდოდა!_ თბილად გაუღიმა ქალმა და მუცელზე მოისვა ხელი. გააჟრჟოლა გიორგის.

_ ვერ გაიგე, რა გითხარი არა?_ ავად გამოხედა.

_ ეს შენ ვერ გაიგე ძვირფასო ვერაფერი!_ გაეცინა მედეას._ მე ამ ბავშვს გავაჩენ! და დავამტკიცებ, რომ შენია! აი მერე რას იზამ? ან შენი ფაიფურის თოჯინა ცოლი რას გააკეთებს ნეტავ?

_ ბედს ეთამაშები ახლა!_ სრულებით მშვიდი ხმა ჰქონდა გიორგის. თითქოს სიამოვნებდა კიდეც ქალი რომ მიზეზს აძლევდა.

_ ერთი წამით მაინც რომ დაფიქრდებოდე, მიხვდებოდი, რომ ეს არც ისე ცუდი ამბავია!_ ამოიოხრა ქალმა_ დღეს რომ გახვიდე და უბედურ შემთხვევას ემსხვერპლო, გიფიქრია მაინც რას დატოვებ ამ სამყაროში?

_ ოჰ, ჰორმონები გიტევენ უკვე?_ ირონიულად ჩაეცინა გიორგის._ ქვეყანაზე ერთით მეტი ნაბიჭვრის დატოვებს ნუ მიანიჭებ ამხელა მნიშვნელობას!
ვეღარ გაუძლო მის ირონიას და კაბინეტი დატოვა მედეამ. არა! მაინც რატომ სურდა ეს კაცი? ნუთუ შესაძლებელი იყო, რომ ამ ცივ და უგულო ადამიანს ღირსეული მამობა გაეწია მისი შვილისთვის?!
წამით ეჭვიც შეეპარა გულში და თქვენ კი იცით, რა უცნაური რამაა ეჭვი. ერთი თუ შეგეპარა ფიქრებში, მორჩა მისგან თავს ვეღარ დაიხსნი.

_ ჯანდაბა შენს თავს შიო!_ ბუზღუნებდა გაღიზიანნული ლევანი. _ არ ექნება ამ ამბავს კარგი დასასრული!
ამდენი ქალიდან რაღა მაინც და მაინც ის, ჰა? წერა რომ აგიტანს ადამიანს, ასეა ძმაო შენი ამბავი!
მობილური ამოიღო და მისი ნომერი აკრიფა. დიდხანს რეკა, მაგრამ არავინ უპასუხა.
_ გამაგიჟებს ეს კაცი! ისევ ტყიურივით იმ ქოხში თუ არ იყოს, თავი მომაჭერით!

_ როგორ ხარ ლევან?_ სახე გაუნათდა ქეთის დანახვისას. აი ასეთი უბრალო და წმინდა უნდა ყოფილიყო სიყვარული. და არა ინტრიგებით და სხვისი ტკივილით სავსე. რა ბედი მქონიაო?! გაიფიქრა და საყვარელი ქალი გულში ჩაიკრა.

_ რაო, აბა რა ხდება? ხომ არ მოიწყინა ჩემმა გოგომ? ერთი_ ორი საათიც და წავალთ სახლში!_ კალთაში ჩაისვა ქალი და ლოყაზე აკოცა.
_ რა მომაწყენს ამათ ხელში!_ გაეცინა ქეთის.

_ რაო, ახლა რაღა ხდება, ვინ ჩაუვარდათ ხელში? გის ძიძგნიან სვავები?_ გაეცინა ლევანს. სვავებს თანამშრომელ ქალებს ეძახდა. სწორედ მათი შიშით უხდებოდათ ურთიერთობის მალვა.

_ ოო არ დაიჯერებ, მაგრამ ახლა მედიკო ჰყავთ დღის განრიგში!_ლვანს გაუკვირდა მისი ნათქვამი._ ჰო, მანონი ამტკიცებს, რომ მედეა ორსულადაა!

_ რაო?_ დენმა კეფაში რომ დაკრა ლევანს ფეხის თითებამდე გაუარა.

_ხო აღარც ყავას სვამსო და აღარც სიგარეტს ეწევა და გულიც ხშირად ერევაო! დღეს ვაკვირდებოდი და თითქოს წონაშიც მოიმატა იცი? თან სტილი რადიკალურად შეიცვალა. აღარც ის ორმეტრიანი ქუსლიანი აცვია და აღარც მოტკეცილი მინი კაბები.

_ ახლა კი შარში ხარ ძმაო!_ გაიფიქრა ნირწამხდარმა ლევანმა.

_ მაინც რამდენი თვის იქნება ნეტავ?_ინტერესით ჰკითხა ქეთის.

_ რა ვიცი, რადგან მუცელი არ ეტყობა ასე სამი თვის იქნება, მაქსიმუმ ოთხის!_ უპასუხა ქალმა. კარგი გინეკოლოგივით გონებაში გადათვალა კაცმა.

_ანუ სადღაც მაშინდელი ამბავია, ხევსურეთში რომ ვიყავით არა?

_ ხოო ალბათ! რა ძალიან დაგაინტერესა, შენ ხომ არ ხარ ბავშვის მამა ნეტავ? კი მსმენია შენზეც რაღაცეები!_ თვალები მოჭუტა ქალმა.
გაეცინა ლევანს.

_მაინც მაბრალი და რა აზრი აქვს ჩემს პატიოსნებას? ავდგები და შევიფერებ შენს ეჭვს!_ უთხრა მუქარით თან ყელში აკოცა._ მე მხოლოდ შენ მყავხარ. ძველი თავაშვებული ცხოვრება ძველ დროში დარჩა!

(იქნები ჩემი მეგობარი?!)

_ წყალი მინდა! გვაქვს წყალი?_ უკანასკნელი, რაც იმ წამს სურდა ლენას ალბათ წყალი იყო, მაგრამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა, რომ ოდნავ მაინც გასცლოდა და დისტანცია დაეცვა. თავბრუს ახვევდა შიოს სიახლოვე. რატომ? რატომ მოქმედებდა მასზე ეს უცნობი კაცი? რატომ სურდა გამუდმებით თვალთახედვის არეში ჰყოლოდა. რატომ უღვიძებდა ჯერაც ამოუხსნელ ფიქრებს? მის გვერდით გიორგი ავიწყდებოდა ლენას. პატარა გამოუცდელი გოგოსავით აიტანდა ხოლმე სურვილი ხელი ჩაეკიდა მისთვის.

ღალატზე უცნაური შეხედულება ჰქონდა ლენას. ღალატად მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე არ მიაჩნდა მას. მთავარია ფიქრებში არ უღალატო ადამიანს და ასე ნელ_ნელა საკუთარი გულიდან არ გააძევო, აი ეს არის ნამდვილი ღალატიო! ხშირად უმეორებდა საკუთარ თავს და სწორედ ამგვარი ღალატის პირას იდგა ახლა თავადაც. მთელი ძალით უხმობდა საკუთარ თავაში მიძინებულ ნებისყოფას და სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. შიო კი ისე იქცეოდა, თითქოს არავითარი საზღვარი არ იყო მათ შორის. თითქოს ასეც უნდა ყოფილიყვნენ იმ მოცუცქნულ ქოხში შეფარებულები. ჩანთიდან პლედი ამოიღო და პაწაწინა რკინის დაჟანგული ღუმელის წინ დააფინა. შემდეგ ის მცირე სანოვაგეც ამოააგა და ერთი ბოთლი ღვინოც დაამატა. ლენა მაგიდასთან იდგა და ასე შორიდან უყურებდა მის თავისუფალ მოქმედებას. რაღაცას ღიღინებდა შიო თავისთვის. აშკარად კარგ ხასიათზე იყო.

_ რა გიხარია, მეტყვი?_ ნერვებმა უმტყუნეს ბოლოს ქალს.

_ შენი სიახლოვე!_ მოკლე და გასაგები იყო შიოს პასუხი.

_ თავხედობ არა?

_ არა, მხოლოდ ვოცნებობ!_ გაოცებით ამოხედა კაცმა. პლედზე დაჯდა და ხელით ანიშნა მოდიო. ტუჩები მკაცრად მოკუმა ქალმა.

_ მოდი ვივახშმოთ!_ ისე უბრალოდ და ძალდაუტანებლად სთხოვა შიომ, გიორგის რომ არასდროს უთხოვია.
გიორგის არასდროს გაუშლია მისთვის მაგიდა. მით უფრო ასეთი რომანტიული!
"და რა ჯანდაბაა აქ რომანტიული!" ახლა საკუთარ თავზე გაბრაზდა ლენა. " მტვრიანი ქოხი და ჟანგიანი ღუმელი?!"
გალიაში ახლადგამომწყვდეულ ბეღურას ჰგავდა ქალი. ჯერ ისევ კედლებს რომ ეხლება და გული გამალებით უცემს. რომ ვერ გაუგია, რა ქნას და რა გზას დაადგეს და ამ უიმედო ფორიაქში და შეხლა_ შემოხლაში ერთადერთ მხსნელ და მოკავშირე საკუთარ ფრთებს რომ იზიანებს ბოლოს.

_ არ მშია!_ ჯიუტად მიახალა. ეგონა დააძალებდა შიო. ეგონა, რადგან გიორგისთან მიჩვეული იყო მუდამ რაღაცის იძულებას, უიმედო გაპროტესტებას და ბოლოს ტკივილნარევ დანებებას, მაგრამ შიო გიორგი არ იყო.
უბრალოდ მხრები აიჩეჩა კაცმა და ვახშმობა გააგრძელა. ეოცა ლენას. ახლა ამაზე გაბრაზდა.

_ ხეპრე! ტყისკაცი!_ ჩაილაპარაკა თავისთვის. მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა და მის გვერდით დაჯდა ღუმელთან ახლოს. თავი არ აუწევია, ისე გაეღიმა შიოს.
არ უკითხავს ისე შეუვსო პატარა ვერცხლისფერი გასაშლელი ჭიქა.
არც ლენას უთქვამს რამე, ისე დალია. და მაინც როგორ უხდებოდა წითელი ტკბილი ღვინო ცეცხლს, ქოხს, მთას და წვიმის ხმას. და რა სასიამოვნოდ სხვაგვარი ჩანდა ეს უცნაური კაცი რამდენიმე ჭიქის შემდეგ.

_ ფანდურის დაკვრა როდის ისწავლე?_ უხერხული სიჩუმე ყელში გაეჩხირა ლენას.

_ ბავშვობაში, დედის დაჟინებით!_ გაუღიმა შიომ.
_ ცეკვა?
_ ისიც!
_ პიანინოზეც უკრავ ალბათ?_ გაეღიმა ქალს.
_ საკმაოდ კარგად!

ისევ გააბრაზა ამ მოკლე მოკლე პასუხებმა ლენა. "მე საუბრის გაბმას ვცდილობ და ეს კიდე რანაირად მპასუხობს! ნუთუ თავად არაფერი აინტერესებს ჩემზე?" ფიქრობდა გულში ქალი. კაცისგან გამოვლენილი უინტერესობა ინტერესის მახეში სულ უფრო და უფრო აბამდა.

_რას ელი ჩემგან?_ თავადაც ვერ გაიაზრა ისე დასცდ ეს კითხვა. სულ იმ ოხერი ღვინის ბრალი იყო.
_ განა მე ოდესმე მითქვამს, რომ შენგან რამე მინდა?!_ ამოხედა კაცმა და მის შავ თვალებში სულ საპირისპირო სურვილი წაიკითხა ქალმა. მაგრამ როდის იყო, რომ თვალების მიერ გამხელილ აშკარა სურვილებზე გამოკიდების უფლება გვქონდა ადამიანებს?!

ვახშამი როგორც გაშალა, ისევე აალაგა შიომ. მისახმარებელიც არა იყო რა, მაგრამ მაინც ისეთი უჩვეულო იყოს ლენასთვის ეს ყველაფერი. თითქოს სხვაზე ზრუნვა ინსტიქტში ჰქონდა უკვე გამჯდარი, თუ მოვალეობაში? ამიტომ თავს უხერხულად გრძნობდა. ვერ ისვენებდა. ფორიქობდა. რას იფიქრებდა გიორგი ახლა რომ დაენახა თავისი ცოლი?! თავი გადააქნია. ყველაფერი ხომ შემთხვევით მოხდა არა? აბა რა ექნა ტყეში დარჩენილიყო?! არც ეს ესიამოვნა ქალს. საკუთარ თავთან რომ დასჭირდა თავისმართლება. შინაგან სიმშვიდეს და წონასწორობას ურღვევდა ეს უჩვეულო სიტუაცია. თუ ის რომ მთელი საღამო თავადაც ეძებდა ამ ცეცხლოვან შავ თვალებს?
ხის უხეშ ნარზე ჩამოჯდა შიო.

_ მგონი მეტისმეტად ბევრი სიჩუმეა არა? _ გაუღიმა უამისოდაც დაბნეულ ქალს და ფანდური მონახა.

_ იქნებ შენ დაუკრა?_ ჯერ ლენას გაუწოდა. ქალმა უარის ნიშნად თავი გადააქნია. ნერვიულობდა, არ ეგონა თუ თითებს დაიმორჩილებდა. თანაც გულში მისი ხმის მოსმენა უფრო სურდა. იქნებ ახლაც რაღაც ახალი ეთქვა შიოს თავისი სიმღერით, მაგრამ შეცდა. კაცი მხოლოდ უკრავდა და არ კი მღეროდა.

_ ჰმ!_ ჩაეცინა ლენას. _ რა უხიაგი კაცია!
უცნაურად გამოხედა შიომ. თითქოს მისი ჩურჩული გაიგონა.
მელოდია შეცვალა და ზედ ხმადაბლა დაამღერა:

" მიამბე რამე, იმ ძველიდან
როგორც ზღაპარი.
მთების ფერდობებს ნისლები
და ცხვარი ჰფენია.
ამ დილის ნისლში, მოწყენილი გიხმობ, წაწალი.
მიამბე რამე, სანამ უფრო მომიწყენია.

მიამბე რამე, ჩემს გონებას დარჩეს შენი ხმა.
კალთაში გიდებ გადაღლილ თავს, მძიმე ფიქრებით.
შენ წახვალ ალბათ სხვას აუხდენ ფერად ოცნებას.
მიმატოვებ და მალე სულაც სხვისი იქნები.

როცა შენ წახვალ, შევიძულებ მთების სიმკაცრეს.
და ეს ნისლებიც შენთან ერთად აიყრებიან.
მომენატრები, გულს დავიღლი შენზე ფიქრებით.
ბოლოს დარდებიც არაყივით დაილევიან.

ამ დილის ნისლში მოწყენილი გიხმობ წაწალი...
გულში ჩამეკარ, სანამ დროა შენი ალერსის...
ჩუმად მიამბე იმ ძველიდან ერთი ზღაპარი,
უბრალო ბიჭის გულის გულის ნატვრის ახდენის...."
(ვე რა)

ისევ თვალებში უყურებდა და მზერაში სწვავდა. ისევ სიმღერით უმხელდა გრძნობებს და ბოლოს ისევ სევდიანად დაასრულა.
ცოტა ხანს დუმდა ლენა. გახსენებას ცდილობდა, მაგრამ ვერ გაიხსენა. ეს სიმღერა არასდროს მოესმინა მანამდე.

_ ვისი ლექსია?_ წინასწარ იცოდა, რასაც უპასუხებდა და მაინც იკითხა.

_ ჩემი!_ ჩვეულად მოკლედ უპასუხა შიომ. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა ლენამ.
კიდევ სურდა რაღაც ეკითხა, მაგრამ ვერ გაბედა. შიოს სევდიანად გაეღიმა.

_ნუ მკითხავ, თუ გინდა, პასუხი ხომ ისედაც იცი!_ უთხრა და არც უთხრა. ადგა ფანდური ნარზე დადო და ქოხიდან გავიდა.

_ რატომ მაინცდამაინც ახლა?_ საკუთარ თავს ჰკითხა ლენამ. _ რატომ მახვედრებ ამ კაცს ყოველთვის ან ძალიან ადრე, ან ზედმეტად გვიან?!
საყვედურივით ჟღედა ეს სიტყვები. საყვედურივით თუ აღიარებასავით?!

კარგა ხნის შემდეგ დაბრუნდა შიო ქოხში. იფიქრა, უკვე დაიძინებდა ლენა და მათ შორის ჩამდგარი უხერხულობაც აღარ იქნებოდა ასეთი მძიმე ასატანი. მაგრამ შეცდა. ცეცხლის წინ იჯდა და ხმადაბლა უკრავდა ქალი. გრძელი, საოცარი თმა მხარს მიღმა გადაეყარა და თავსაფრით გაეკოჭა. თითქოს დაეტყვევებინა. მაგრამ აბურდული ოქროსფერი კავები მაინც მიჯნურისკენ იწვდიდნენ ჯიუტად მკლავებს.
"ან ახლა, ან არასოდეს!" გაუელვა ისევ საშიშმა აზრმა შიოს და ლენას გვერდით დაეშვა მუხლებზე. მთელ გამბედაობას მოუხმო და როცა იფიქრა, რომ სასურველი ქალი გულში ჩაეკრა, სწორედ მაშინ გააქვავა ლენას სიტყვებმა:

_ იქნები ჩემი მეგობარი, შიო?_ მისკენ გაწვდილი ხელები უმისამართოდ გაუშეშდა წამით და შემდეგ უღონოდ ჩამოუცვივდა. განა შეეძლო უარი ეთქვა?!

მხოლოდ მერეღა ამოხედა ქალმა. დაინახა შიომ, დაინახა ან იგრძნო, რომ ლენამ გადაწყვეტილება მიიღო და მას არჩევანი შესთავაზა_ ან მეგობრობა, ან დასასრული!მწარედ გაეღიმა კაცს, მაინც ვერ გაიმეტა დასაკარგავად ქალმა. ეს შვება უნდა ეკმარა ახლა!

" როგორ ვიფიქრე, რომ ამ ომს მოვიგებდი და ის დამნებდებოდა?!"
ლენა არ იყო ის ქალი, არც ის ადამიანი, რომელსაც სხვაგვარი წინადადებით ან ქმედებით შელახავდი! და თუ მაინც შელახავდი და გადათელავდი, მერე უკვე ლენა აღარ იქნებოდა! ისედაც იცოდა ეს შიომ! ისედაც ძალიან კარგად იცოდა!

_ და ასე დაიმონა კრავმა მგელი არა?_ გაუღიმა წამის შემდეგ მორჩილად._ სხვა გზას არ მიტოვებ არა?

_ არ შემიძლია სხვაგვარად!_ ჩურჩულს ჰგავდა ლენას ხმა, მაგრამ ბრძანებასავით უსმოდა.

_ გასაგებია! მაგრამ მე მხოლოდ მანამდე ვიქნები შენთვის მეგობარი, სანამ თავად არ მოისურვებ ჩემ განთავისუფლებას! არ დაივიწყო ეს!_ კი არ უთხრა, შეემუდარა შიო. ლენა გაჩუმდა იმ დუმილით, თანხობას რომ ნიშნავს ხოლმე.

მეორე დღეს ორივე დაბრუნდა თბილისში. ორივე, მაგრამ ცალ_ცალკე. ახლა მათ ერთმანეთთან სიახლოვის საპატიო მიზეზი ჰქონდათ. თუმცა არცერთს არ უფიქრია ბევრი ამ ფაქტზე. ლენამ ოდნავ შვებით ამოისუნთქა. შიომ კი მხოლოდ დროებით მოცდა გადაწყვიტა. ან ჰქონდა კი სხვა გზა?!

15

(სიყვარულის კვალი)

_ დაგვიბრუნდი ესეიგი?!_ რად უჯდებოდა გიორგის იმ წამს თავის მოთოკვა, ალბათ მხოლოდ თავად თუ იცოდა. დაუძლეველ სურვილად უვლიდა სხეულში რომ ლენა მუჭში მოექცია და გაესრისა. თუმცა ისევ საკუთარი ღალატის და ამ ღალატის ნაყოფის უხილავი მარწუხი აკავებდა და იჭერდა.

_ აბა, საკმარისად დაიმშვიდე არეული ფიქრები? თუ უფრო უარესადაა საქმე?_ ფეხზე არ ამდგარა, დივანზე იჯდა და თვალებში ისე უყურებდა ცოლს, როგორც მონუსხული.

_ გამარჯობა გიორგი!_ უხერხულად იდგა საკუთარ სახლში ლენა. იქაურობას ისე ათვალიერებდა, როგორც შემთხვევით შემოსწრებული სტუმარი. ამოუხსნელ სიცივეს გრძნობდა შინაგანად.
ინტერესით აკვირდებოდა გიორგი ცოლის გაუცხოვებულ მზერას.

" ლენა თუ გაიგებს ახლა მედეაზე, აუცილებლად წავა და უკან ვეღარასდროს დავიბრუნებ!" გაიფიქრა და სახეზე ისევ ღიმილი აიფარა.

_ და შენი ქმარი არ მოგენატრა ლამაზო?_ ადგა და უძრავად მდგარ ქალს მოეხვია.

_ მე რატომ არ დამპატიჟე შენს პატარა მოგზაურობაში?_ ჰკითხა ღიმილით. თითები მის წელზე აასრიალა. ესიამოვნა მისი სხეულის სინატიფე.

" ალბათ ძალიან მოუხდება ლენას ორსულობა?" გაიფიქრა და მოულოდნელად სიგიჟემდე მოუნდა ის ბავშვი მედეას ნაცვლად ლენას სხეულში ეგრძნო.
ბავშვი!_ აი რა სჭირდებოდა ახლა გიორგის. ბავშვი, რომელსაც ეს ქალი გაუჩენდა. ქალი, რომელიც ასე სურდა და ასე ესაკუთრებოდა. მაღლა აწეული თმა გაუშალა ცოლს. თითებით ჩამოუვარცხნა მხრებზე.

_ რატომ ხარ ასეთი ლამაზი ლენა?_ ჰკითხა თვალებამღვრეულმა. _ და რატომ მომენატრე ასე?
თითები ლამის ნეკნებამდე მოუჭირა და სუნთქვა შეუკრა. ნაზი იყო ლენა, რბილი და თბილი.

_ იცი, ხანდახან როგორ ვეჭვიანობ შენზე! მაგრამ სანამ ცოცხალი ხარ, მხოლოდ მე ვისუნთქებ შენით! ეს არ დაივიწყო ლენა!_ ნელა შეისუნთქა ქალის მონატრებული სურნელი. შემდეგ მოშიშვლებულ მხარზე აკოცა. ნელა აუყვა ალერსით მაღალ ყელს. მის ოქროსფერ თმაში გახვეულს არც უფიქრია თმის მოშორება, ყოველ კოცნაზე უფრო და უფრო ემატებოდა ვნება და სიგიჟე. სიამოვნებდა ცოლის უტყვი მორჩილება. ისიც სიამოვნებდა, რომ ქალს აშკარად სურდა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ თავს იკავებდა. ნელა შეუხსნა კაბის ღილები და მხრებიდან გადაუწია და ისევ მხარზე აკოცა, შემდეგ ძალიან ეტკინა ლენას, როგორც თქმა იცოდა გიორგიმ, სიყვარულის კვალი დაამჩნია კბილებით მხარზე.

_ არ გინდა ლენა ჩემთან?_ ეკითხებოდა და თვალები ვნებით უელავდა. ცრემლები უბრჭყვიალებდა თვალებში ლენას. ახლა უკვე იცოდა ლენამ, ძალადობა მხოლოდ ცემა რომ არ არის. და ძალადობის კვალი სხეულზე გაჩენილ სილურჯეზე მეტად ის უტყვი მორჩილებაა, როცა საკუთარი თავის გათელვის უფლებას აძლევ მას, ვინც შენს ღირსებას უნდა იცავდეს წესით.
მაგრამ პატარა ადამიანი იყო გიორგი, თუმცა თავი დიდად მიაჩნდა. ღირსებაზე წარმოდგენა ან საერთოდ არ ჰქონდა, ან თუ ჰქონდა აშკარად ანარეკლის ეფექტით ხედავდა ჭეშმარიტებას.
ნაპრალის პირას დადიოდა და საკუთარი ამპარტავნებით დაბრმავებული ვერ ხვდებოდა, რომ უკვე საძირკველ ჩამოშლილი იყო ის კლდე, თავს რომ თამამად აფარებდა.

თვალდახუჭული იწვა ლენა. საკუთარ ფიქრებს ისე ეფარებოდა, როგორც თავშესაფარს.
გული აღარ სტკიოდა. აღარც ნატკენი მხარი. მხოლოდ საკუთარ სხეულში გაფანტულ გამბედაობის ციცინათელებს უხმობდა, ჯერ ისევ უსიტყვო ღიღინით. თუმცა ბევრი აღარ იყო დარჩენილი იმ წამამდე, როცა ლენა გონებაში გადამალულ სიტყვებს ღიღინს თან ამოატანდა.

ზუსტად მაშინ, როცა გიორგიმ კიდევ ერთხელ დააჯერა საკუთარი თავი, რომ ხიფათი უკან მოიტოვა ვნებისგან დაცლილმა და სიამოვნებით სავსემ ზურგშექცეულ ცოლს კისერში აკოცა, ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა.

" დიდი ხანია მოთმინებით გიცდი, მაგრამ მგონი დრო მოვიდა შენმა ცოლმა ჩემზე გაიგოს, მამიკო!"

_ ოხ შე კახპა!_ იღრიალა მოულოდნელად და ლენამ ინსტიქტურად სახეზე აიფარა ხელი.
გიორგიმ ვერც კი შეამჩნია ცოლის ეს უცნაური და მოულოდნელი ქმედება. საწოლიდან გიჟივით წამოხტა და ჩაცმა დაიწყო.

_ რა მოხდა გიორგი?_ ხმის კანკალით ჰკითხა ლენამ.

_ არაფერი საყვარელო! შენ არ იდარდო! ახლა საქმეზე გავალ და მალე მოვალ!_ კართან მისული უკან მობრუნდა. ცოლს ტუჩებზე დაეწაფა, როგორც ასი წლის მწყურვალი. მანამდე კოცნა, სანამ საკუთარ თავში მედეასთან შესახვედრად საკმარისი ძალა და თავდაჯერება არ იგრძნო.

_არ იდარდო, მალე მოვალ!_ მგონი საკუთარი თავი უფრო დაიმშვიდა და სახლი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.

ლენამ საათს დახედა. ღამის პირველი საათი იყო. ფეხზე ადგა და ხალათი მოიცვა გაოგნებულმა. სარკის წინ შეჩერდა და ზურგი მოიშიშვლა. ლურჯად ემჩნეოდა "სიყვარულის კვალი." საკუთარი თავი სიბრალულით შეათვალიერა და ხალათი შემოიცვა. ფიქრი გიორგისკენ გაექცა. რა უნდა მომხდარიყო ასეთი, რომ ამ დროს სახლიდან გავიდა? თან ასე გაცოფებული. ვითომ სამსახურში მოხდა რამე? მხრები აიჩეჩა ქალმა. სამზარეულოში შევიდა და ყავა მოიდუღა. სულ ერთი იყო დაძინება მაინც აღარ ეწერა. ვერანდაზე დაჯდა. ვერც იქ მოისვენა. მეგობრებიც კი არ ჰყავდა მის ქმარს, აბა სად გაიქცა ასე სასწრაფოდ? იქნებ საყვარელი ჰყავდა? ჩაეცინა! ცოლებს არ ჰკოცნიან საყვარელთან წასვლის წინ!
ადგა და გადანახული ფანდური მონახა, აქამდე როიალი უფრო უკეთ საუბრობდა მის გრძნობებზე. მაგრამ ადრე მისი ფიქრები ბევრად აბსტრაქტული და უკონტურო იყო. ახლა კი....
ლამაზი თითები ჩამოჰკრა სიმებს. ცოტა ხანში იმ ლექსის სიტყვებით ამღერდა, მხოლოდ მისთვის რომ დაიწერა და შეიქმნა.

(უკანასკნელი ნავთსაყუდელი)

მანქანას გამეხებული მართავდა გიორგი. ამ ბოლოს ხშირად ჰკარგავდა მოთმინებას და შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. იცოდა, რომ აფექტის მდგომარეობას როცა უახლოვდებოდა უჭირდა საკუთარი სიბნელის მართვა. ყოველი სიბრაზისას იზრდებოდა მასში ეს ერთი შეხედვით პაწაწა მარცვალი. ღვივდებოდა და ფესვს სიღრმეში მყარად იდგამდა. თუმცა იცოდა გიორგიმ ყვავილის და ნაყოფის ნაცვლად ეკლებით რომ ყვაოდა მასში ფესვგადგმული წყვდიადი. ერთხელ უკვე გამოსცადა მისი სიმწარე და მას მერე გაფაციცებით უთვალთვალებდა, რათა გაზრდის საშუალება არ მიეცა. მაგრამ მთებში დაშვებული შეცდომა ფეხდაფეხ მოსდევდა და წონასწორობას აკარგვინებდა.

კარზე გაბმული ბრახუნი რომ ატყდა, მერეღა გამოერკვა ფიქრებიდან მედეა. მიხვდა ვინც იქნებოდა. უწადინოდ წამოდგა. არ ეგონა, რომ ამ დროს მოსვლას მოისურვებდა. თანაც კაკუნზე ემჩნეოდა, წინ ბრძოლა ელოდა. ამ ბოლოს ისედაც სუსტად გრძნობდა თავს. ჩხუბის თავიც აღარ ჰქონდა, მაგრამ გიორგი ისე იქცეოდა, თითქოს მას არ ეხებოდა მედეას წამოზრდილი მუცელი და უხასიათობა.

ამას რა უშავდა, იმ დილით თითქოს ზურას მოჰკრა თვალი. ან იქნებ მოეჩვენა? ზურაზე აღარც ფიქრობდა. დაივიწყა ლამის და აჰა, ახლა თუ ისევ გამოეცხადა! მეტი პრობლემა აღარ უნდოდა, გიორგი ისედაც საკმარისზე მეტი იყო.

_ გამრჯობა!_ მაინც ღიმილით გაუღო კარი.
ზუზღით შეხედა კაცმა და ბინაში უსალმოდ შეაბიჯა.

_ მამიკო გაბრაზებულია!_ მუცელს მოეფერა მედეა და უკან მიჰყვა გიორგის.

_ რამეს დალევ? თუმცა ამ ბოლოს ალკოჰოლს აღარ ვსვამ? წვენი მაქვს, წყალი!_ გიორგის გამტკნარებულ სახეს რომ შეხედა გაჩუმდა.

_ მისმინე!_ ჰაერი ჩაისუნთქა დამშვიდება სცადა._ მე არ მჭირდება ეგ ბავშვი! არც შენ მჭირდები! თუ აბორტს არ გაიკეთებ, თუ ასაკის გამო გინდა მაგ ბავშვის გაჩენა, მესმის კიდეც!

"ასაკის გამო" თავში უროსავით მოხვდა მედეას გიორგის სიტყვები. თავბრუ დაეხვა და ნელა დაეშვა დივანზე.

_ კაცის გამოჭერა გინდოდა, მაგრამ არ გამოგივიდა! მესმის შენნაირი ქალები, მთელი ცხოვრება ნაგულავები და გაფლანგული რომ გაქვთ, ბოლო ნავთსაყუდლად ჩემნაირი კაცების გაბმას ბავშვით ცდილობთ! სანამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ შვილის გაჩენა, უკანასკნელი სახელოში გადამალული კოზირივით ჩანასახშივე იყენებთ ჯერაც არდაბადებულ შვილებს. შენ რა დედა უნდა იყო ამის მერე? მაგრამ მე მესმის! ხოდა შენც გამიგე! მე ის კაცი არ ვარ მაგით რომ აუჩუყებ გულს. თანაც კაცმა არ იცის, ვისია სინამდვილეში! ასე რომ უკანასკნელად გთავაზობ, საკმარის თანხას მოგცემ და წადი ქვეყნიდან! ცოტაოდენი ღირსება შეინარჩუნე! ვერ შემეტენები მედეა! ოჯახი რომც დამინგრიო, ვერ მომიახლოვდები! მაგრამ იცოდე, ბოღმიანი კაცი ვარ და უკან ასმაგად დაგიბრუნებ ვალს! მეშინია , ჩემ წინ გზაზე მიმავალს რომ დაგინახავ, ისე არ მომიაროს შურისძიების სურვილმა, რომ მანქანით გადაგიარო!
უსმენდა მედეა და სილასავით ხვდებოდა სახეში მისი სიტყვები:

" ასაკის გამო...სანამ ჯერ კიდევ შეგიძლია... ჩანასახს იყენებ...ვერ შემეტენები... გადაგიარო... უკანასკნელი ნავთსაყუდელი...."

_ წადი გიორგი!_ ძლივს ამოთქვა ცრემლმორეულმა.

_ რა თქვი?_ ჰკითხა გაკვირვებულმა კაცმა. ისტერიკას ელოდებოდა მისგან, მორიგ ფარისევლობას, სპექტაკლს.

_ ადექი და წადი! წაეთრიე აქიდან! არ არის ეს შენი შვილი! მართალი ხარ! შენ ვინ გაღირსებს შვილს? შენი ბერწი ცოლი ხომ ისედაც ვერასდროს გაგიჩენს!
დრო მოვა, იქნებ ინანო კიდეც, მაგრამ ახლა წაეთრიე ჩემი სახლიდან და ახლოს აღარ გამეკარო!_ კი არ ყვიროდა, ხაოდა მედეა. თვალები შეშლოდა, ჩასისხლიანებულ გუგებს ამაზრზენად ქაჩავდა და ხელით საკუთარ მუცელს იჭერდა. თითქოს სტკიოდა საკუთარ სხეულს შეხიზნული დედისთვის დაუმსახურებელი და მამისგან უარყოფილი ახალი სიცოცხლე. დაინახა გიორგიმ როგორ ჩამოუყვა სისხლის წვრილი ზოლი მედეას ჩამოქნილ ბარძაყებს.

_ ამის დედაც!_ შეიკურთხა ხმადაბლა და სახლი დატოვა. კართან შეჩერდა. უკან მიიხედა და მაინც შეეცოდა მუხლებზე დაჩოქილი ისტერიკაში ჩავარდნილი ქალი. მობილურზე სასწრაფოს ნომერი აკრიფა, მისამართი უკარნახა და სახლი გულცივად დატოვა. სადღაც იმის იმედით, რომ ბავშვის გადარჩენას ვეღარ მოასწრებდნენ.

ლიფტს არ დალოდებია, პირდაპირ კიბეებს დაუყვა. რამდენიმე ბაქანს ქვემოთ სიბნელე იდგა. არც ისეთი წყვდიადი, როგორც მის სულში, მაგრამ სამყოფი იმისთვის რომ უცნობ თავდამსხმელს საფრად ეფარა. გაოცდა როცა იგრძნო, როგორ შესრიალდა ფოლადის ბასრი პირი მის სხეულში. რომელიღაც ნეკნზე გაღრჭიალდა და გაჩერდა. ელდამ და წამიერმა ადრენალინმა ტკივილი ცოტა ხნით დაბლოკა, მაგრამ სულ ცოტა ხნით. საშინელი წვა იგრძნო ფერდში. ტკივილს სიბნელე მოყვა. ჩაიჩოქა და თვალები დახუჭა.

_ ის ჩემია ახვ...ო!_ ჩაესმა სიფხიზლის უკანასკნელ წამს და ნაცნობ სიბნელეში ჩაიძირა.

დივანზე თვლემდა ლენა შიოს ნომრიდან რომ შვიდა ზარი. უცებ გამოფხიზლდა. გაოცებულმა დახედა ეკრანს. ბოლოს გულმა არ გაუძლო და უპასუხა.

_ მაპატიე გაგაღვიძე!_ უცნაური ხმა ჰქონდა შიოს.

_ მოხდა რამე?_ დაბნეულმა ჰკითხა.

_ არ ინერვიულო, მაგრამ არ მაქვს კარგი ამბავი!_ გულზე ხელი მიიდო ლენამ. მიხვდა საქმე გიორგის ეხებოდა.

_ გიორგი დაჭრეს! _ გული მოეწურა ქალს. _ მაგრამ ნუ გეშინია, სასწრაფომ მიასწრო. კლინიკაში გადაიყვანეს. ახლა გამოგივლი და წამოგიყვან.

რომ გათიშა მერეღა მიხვდა, რომ ეს ყველაფერი უცნაური იყო. საიდან იცოდა შიომ გიორგის ამბავი? ნუთუ ერთმანეთს შეხვდნენ? ფიქრი ცუდისკენ წაუვიდა. ვაითუ გიორგიმ გაიგო მათი უნებური შეხვედრის ამბავი და არასწორად გაიგო. ან გაიგო კი არასწორად?! იქნებ ყველაფერი სწორედაც ისე იყო, როგორც გიორგის ესმოდა.
სწრაფად გაემზადა და ათ წუთში უკვე კართან ელოდა შიოს.

_ რა მოხდა? ვინ დაჭრა? არ დამიმალო გთხოვ!_ სთხოვა ანერვიულებულმა.

_ არ ვიცი ლენა! მეც ლევანმა დამირეკა. ალბათ პოლიცია ყველაფერს გაარკვევს. მთავარია რომ გადარჩა. ფილტვი აქვს დაზიანებულიო. ბედად გულს ასცდა დანა._ ხედავდა შიო რომ ლენას ძალიან ეშინოდა. გულწრფელად სწუხდა და სადაც იყო იტირებდა კიდეც.

" უყვარს ლენას გიორგი, უყვარს!" გაიფიქრა და ამოიოხრა. მის ადგილზე გიორგის ალბათ გაუხადებოდა თუ მის მეტოქეს ვინმე სასიკვდილოდ გაიმეტებდა, მაგრამ შიო გიორგი არ იყო. გიორგისგან განსხვავებით, მისთვის ლენა იყო მთავარი და მერე საკუთარი თავი. რაში იყო შიოს ცოდვა იმის გარდა, რომ სხვისი ცოლი ჯერ კიდევ მანამდე შეუყვარდა, სანამ იმ სხვას ცოლად გაჰყვებოდა?

რაც შეეძლო სწრაფად მიიყვანა ლენა საავადმყოფოსთან შიომ. ჯერ ისევ საოპერაციოში ჰყავდათ. რთული რამდენიმე საათი ელოდათ წინ. საოპერაციოსთან ლევანი და პოლიციის ოფიცრები დახვდათ, საავადმყოფოს მიერვე გამოძახებული.

_ გამარჯობათ!_ მიესალმა შიო პოლიციელებს._ ეს ქალბატონი ლენაა, დაზარალებულის მეუღლე!

_ გამარჯობა ქალბატონო ლენა! _ მიესალმა ოფიცერი.

_ რა იცით მომხდარზე? იქნებ გაიხსენოთ რამე, რაც ამ ამბავთანაა კავშირში?

_ არაფერი ვიცი, გიორგი მშვიდი უკონფლიქტო ადამიანია, მტრები არ ჰყავს, _ სახეზე ხელები აიფარა ლენამ.

_ დაჯექი ლენა!_ სკამისკენ წაიყვანა შიომ.

_ არ ვიცი, მესიჯი მოუვიდა, რაზეც ძალიან გაღიზიანდა და სახლიდან ისე გავიდა, არ აუხსნია სად მიდიოდა!_დაასრულა ლენამ ამბის მოყოლა.

_ მედეა როგორაა? _ ჩურჩულით ჰკითხა შიომ ლევანს.

_ ბავშვი დაკარგა, ფიზიკურად კარგადაა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან განიცდის! როგორ გგონია, რა საქმე ჰქონდა გიორგის მედეასთან?_ ასევე ჩურჩულით იკითხა ლევანმა.

_ ბავშვები არ ვართ, მგონი კი ვხვდებით რა საქმეც ჰქონდა არა?_ ბრაზით ჩაილაპარაკა შიომ._ არაა საჭირო ლენამ გაიგოს, ახლა მაინც.

_ რა უცნაური კაცი ხარ შიო? სწორედ ახლა უნდა გაიგოს, შენს წისქვილზე დაასხამს ეს ამბავი წყალს! მოღალატე ქმარს მიატოვებს და დასამშვიდებლად შენს მკლავებში აღმოჩნდება!_ არ ვიცი რაციონალური კაცი ერქვა ლევანს, ცბიერი თუ უბრალოდ კარგი მეგობარი, რომ ასეთ დროს ამაზე ფიქრობდა.

_ შეწყვიტე ლევან! აზრზე ხარ რას ამბობ?_ ხელი აუქნია შიომ.

_ მაინც გაიგებს, ეს ამბავი არ დაიმალება, ხომ იცი არა?

_ ვიცი, ლევან ვიცი, მაგრამ შეწყვიტე თუ ღმერთი გწამს._ დისპენსერისკენ წავიდა შიო. ჭიქა ცივი წყლით გაავსო და დალია.

_ რა ჯანდაბაა, ეს ქალი გყავდეს და მედეასთან უღალატო? _ ჩაილაპარაკა გაოგნებულმა და თვალი ლენასკენ გააპარა.

ორი საათის შემდეგ გამოვიდა ექიმი და ოპერაციის წარმატებით დასრულება ამცმო გაფითრებულ ლენას.

თუმცა ცდებოდა შიო. სჯობდა ლენას ყველაფერი მათგან გაეგო, ვიდრე ისე, როგორც გაიგო.
გათენებულიც არ იყო ჯერ, რომ სიახლეებმა წალეკა ინტერნეტი.

" ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ცნობილი პიანისტის ლენა ლომიძის მეუღლე, ასევე ცნობილი არქიტექტორი გიორგი დიასამიძე
საყვარელის სახლთან სასიკვდილოდ დაჭრეს, რის შემდეგაც გაუკეთდა ურთულესი ოპერაცია და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება."

16

(დასასრული)
პალატის კარი უხმაუროდ შეაღო და ისე შეაბიჯა, თითქოს პაციენტის გაღვიძების ერიდებოდა. ნელა მიუახლოვდა საწოლს და გაფითრებულ, ნამტირალევ ქალს ინტერესით დააცქერდა.
მედეამ გუმანით იგრძნო, რომ მნახველი ჰყავდა და თვალი გაახილა. ლამაზ თვალებში შეხედა მოსულს და ბოლოს მზერა აარიდა. სიცარიელე უყურებდა ლენას თვალებიდან მედეას და ეს ბევრად საზარელი სანახავი იყო ვიდრე ბრაზი, ტკივილი, ანდაც შურიძიება. ამ დამსახურებულ ემოციას მიიღებდა მედეა, ამისთვის მზადაც კი იყო, მიიღებდა და დამშვიდდებოდა, მაგრამ სიცარიელეს ვერ გაუსწორა თვალი.

გული ეტკინა მედეას. თითქოს ახლაღა გაიაზრა, რომ ლენაც ისეთივე ქალი იყო, როგორიც თავად. რომ ლენაც ეძებდა თავის წილ ბედნიერებას ამ სამყაროში. გაიაზრა, რომ სხვისთვის ბედნიერების მოპარვის მცდელობამ გაანადგურა სწორედ.

_ გამარჯობა მედეა!_ დაღლილი ხმა ჰქონდა ლენას. საწოლის გვერდით ჩამოჯდა სკამის კუთხეზე. ჩვეულად წელში გამართული, ამაყი და მშვიდი.

_ ვწუხვარ შენს გამო!_ თვალით უკვე სამუდამოდ ცარიელ მუცელზე აშნიშნა.

_ მეც ვწუხვარ ლენა! ძალიან ვწუხვარ!_ ჩაილაპარაკა მედეამ ხმადაბლა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა._ მკითხე!

_ გიორგის ბავშვი იყო?_ ხმა აუკანკალდა ლენას. წლები იცხოვრა ამ კაცთან. წლები მორჩილად ელოდა სასწაულს, რომელიც შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო, მაგრამ როგორც სჩანს ტყუილად.

_ არა ლენა! ბავშვი მისი არ იყო!_ საკუთარ თითებს დასცქეროდა მედეა._ ბავშვი მხოლოდ ჩემი იყო და მე ამას ახლაღა მივხვდი!

_ და მაინც..._ ნერწყვი გადაყლაპა ლენამ. საკუთარი სიამაყე ნებას არ აძლევდა. არ სურდა იმის გაგება, რაც მთელმა სამყარომ იცოდა უკვე. არ სურდა აღიარება. არც დაჯერება სურდა._და მაინც, შეიძლებოდა მისი ყოფილიყო, არა?

_ შეიძლებოდა!_ ამოიკვნესა მედეამ და თვალებზე მომდგარ ცრემლებს გზა მისცა.
წამით უყურა ლენამ. მერე ადგა და ისე გავიდა ოთახიდან უკან აღარ მოუხედავს.
მედეა კი ცხარედ დასტიროდა ვერგაჩენილ შვულს, ვერ დაფასებულ სასწაულს, ვერ განცდილ დედობას. ასეც არის, რასაც დასთეს ამ სამყაროში, სწორედ იმას მიიღებ საბოლოოდ.

პალატის წინ მდგარ შიოს და ლევანს მოჩვენებასავით უხმოდ ჩაუარა ლენამ. მათ დაძახილს ყურადღებაც არ მიაქცია. დერეფნის ბოლოს გიორგის პალატის კარი გააღო. სულ წამით შეყოყმანდა და ისე შეაბიჯა, ერთხელაც არ მოხედა გაოგნებულ მეგობრებს.

_ მეგონა აქვე მიატოვებდა?_ გაოცება არ დაუმალავს ლევანს _ მეგონა უბრალოდ ადგებოდა და წავიდოდა.

_ ის ხომ ლენაა ლევან, ლაჩარივით არ გაიქცევა!_ სევდიანად გაეღიმა შიოს. ხვდებოდა გარეგნული სიმშვიდის მიღმა ქარიშხალს ებრძოდა ლენა. მაგრამ ეს ბრძოლა მას მარტოს უნდა მოეგო. მოეგო ან სამუდამოდ დამარცხებულიყო. გზაგასაგარათან დგომას ჰგავდა ლენას ბრძოლა.

განა რა იყო ამაში ისეთი? ლენაც ისეთივე ქალი იყო, როგორც სხვა მილიონი, მასაც სტკიოდა და მასაც, როგორც ყველა ქალს, შეეძლო საკუთარი ტკივილების მოშუშება, მაგრამ რის ფასად?!

თვალი რომ გაახილა გიორგიმ და ლენა დაინახა, უცებ ვერც კი გაიხსენა მომხდარი მაგრამ წამოჯდომა რომ სცადა და სხეული ტკივილმა დაუსერა მაშინ კი მოვიდა გონს. ისევ ცოლს გახედა და ახლაღა შეამჩნია მისი უცნაური მზერა. თითქოს იღიმოდა ლენა, თან ამავდროულად ერთი ნაკვთიც კი არ უღიმოდა ქალს.

_ ლენა!_ მთელი ენერგია ამოატანა მის სახელს. მისმა გონებამ უცბადვე აღიდგინა ყველა დეტალი. მიხვდა, ყველაფერი იცოდა ცოლმა.

_ ლენა..._ კიდევ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ქალმა არ დაანება.

_ შენთვის ლაპარაკი არ შეიძლება გიორგი._ უთხრა უემოციოდ. არც კი უკითხავს კარგად იყო თუ არა, არც სიხარული დასტყობია, რომ გიორგი გადარჩა. ხელიც კი არ გაუწვდია მისთვის, არათუ ეკოცნა და ჩახუტებოდა. იცოდა ლენამ! აშკარა იყო ყველაფერი იცოდა! მაგრამ თუ იცოდა, აქ რაღატომ იყო? მედეა გაახსენდა და ისევ სიბრაზემ აიტანა.
რომ არა ის აშარი ქალი! რომ არა მისი ! სახეზე სიბრაზემ გადაუარა და შუბლი შეეჭმუხნა.

_ მედეამ ბავშვი დაკარგა!_ ისე მოულოდნელად უპასუხა მის უსიტყვო კითხვას ლენამ, შეკრთა გიორგი.

_ უცნაური ბედის ხარ გიორგი! ცოლი შვილს ვერ გიჩენს, საყვარელს მუცელშივე უკვდება. არ იმსახურებ ალბათ შვილს!_ ფანჯარა მშვიდად გააღო ლენამ და საავადმყოფოს ეზოს გადახედა.

_ არადა როგორ მინდოდა შენგან შვილი მყოლოდა!_ ჩაეღიმა და ცას გახედა. მზე არ ჩანდა.

_ჩვენც ლამაზი, ბედნიერი ოჯახი გვქონოდა! _მოულოდნელად სწრაფად მოტრიალდა და ჰკითხა_ რატომ დამიმალე ჩემი გამოკვლევის პასუხი გიორგი?

ახლა კი მართლაც გაოგნდა. საიდან იცოდა ლენამ? საბუთს ხომ სამსახურში ინახავდა. სწრაფადვე იაზრა სად ეძებნა დამნაშავე. სიმწრით ტუჩი მოიჭამა.

_ იცოდი არა, რომ შენთან გაუჩენელი ბავშვის არსებობა მაკავებდა? რადგან იმედი მქონდა, ერთ დღესაც მეც ვითამაშებდი ოჯახობანას, არა? ახლა გიორგი? ახლა რა დამაკავებს შენთან?! ახლა როგორ შემაჩერებ? მოგონებებიც კი არ მაღირსე საჩემო და ბედნიერი, რომ მათზე სინანულის გამო მაინც..._ ლენა გაჩუმდა. ფანჯრის რაფას მიეყრდნო. თავი უარის ნიშნად გააქნია.

_ რა აზრი აქვს ახლა ამ სიტყვებს? მაგრამ შენს გამოც ვწუხვარ იცი? არადა სულ მარტივად შეიძლებოდა ბედნიერები ვყოფილიყავით, მხოლოდ წითელი ვარდების ნაცვლად ხანდახან თეთრი უნდა შეგერჩია ჩემო საყვარელო. ხანდახან დაგეთმო, ხანდახან მოგესმინა, იქნებ ხანდახან შენს გვერდით თავი მართლაც სრულყოფილად მეგრძნო! _
უყურებდა გიორგი თავის სრულყოფილ ცოლს, ქალს, რომელსაც მუდმივი იდეალურობის ძებნით არასრულფასოვნების კომპლექსი დამართა. ქალს, რომელსაც ყველაფერი მისცა იმის გარდა, რაც თავად სურდა სინამდვილეში. ქალს, რომელზეც ყველა ოცნებობდა, მაგრამ თავად ის ვერავის ამჩნევდა.
ქალზე, რომელიც გაიქცა, მაგრამ მის გამო კვლავ უკან დაბრუნდა. ქალს, რომელიც ჯეროვნად ვერ დააფასა და წამითაც არ დაეჭვებულა, იყო კი თავად მისი ღირსი?!

ხელი გაუწოდა, ისე თითქოს უკანასკნელ ხავს მოეჭიდა. ლენამ უკანასკნელად გახედა ქმარს. წამით თითქოს ხელიც წასწია მისკენ, მაგრამ პატიება ვეღარ შეძლო.

_ როცა დაბრუნდები, მე აღარ დაგხვდები გიორგი!_ უთხრა და პალატა დატოვა.

(დასაწყისი)
მიდიოდა ქუჩაში და არ ტიროდა ლენა. სურდა, მაგრამ ვერაფრით დაალღო ჯიუტად გაყინული ცრემლები. მიდიოდა ლენა და რაც უფრო შორდებოდა გიორგის, მით უფრო მსუბუქდებოდა მისი ნაბიჯები. ტელეფონზე დედა ურეკავდა. წამით დახედა, გაიღიმა გათიშა და ჩანთაში უდარდელად ჩააგდო.
ყვავილების მაღაზიის წინ გაჩერდა. უზარმაზარი თეთრი ვარდების თაიგული იყიდა და გულში ჩაიხუტა და გზა გააგრძელა. შემდეგ ზოომაღაზიის წინ შეჩერდა, შუშის ვიტრინაში აჟღურტულებულ ჩიტებს შეხედა. ცოტა ხანს იდგა, ყოყმანობდა, შემდეგ გაიღიმა და თამამად შეაღო მაღაზიის კარი.
"წვრილმანები. პაწაწუნა ბედნიერების მომტანი წვრილმანებისგან შედგება ცხოვრება. რატომ მოვაკლო ეს წვრილმანები საკუათარ თავს?!" ფიქრიბდა გულში.

გიორგი ლენას წასვლიდან ორ კვირაში დაბრუნდა სახლში და შეაშინა ცარიელმა თეთრმა კედლებმა. თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე იყო. თითქოს არაფერი შეცვლილიყო, მხოლოდ ლენა არ იჯდა ჩვეულად ვერანდაზე. აღარც ის დაჭეჭყილი გალია იდო ხის მოაჯირზე. მხოლოდ ერთი უბრალო ადამიანი იყო ლენა, განა რა იყო მისი წასვლა, მაგრამ წასვლისას თან სიმშვიდე, სიმყუდროვე და ბედნიერება წაეღო.

საძინებელში გავიდა ლენას დაცარიელებული კარადა გამოაღო. ცრემლი მოერია, მიტოვებული ქალივით ეკიდა საკიდზე მისი მშვენიერი ცოლის, სპილოსძვლისფერი საღამური და ხალათი.

_ ვიცოდი, რომ არასდროს გიყვარდა!_ ჩაილაპარაკა გიორგიმ. ხელი მოკიდა გრილ, სრიალა ნაჭერს და თავისკენ მოქაჩა. ლენას სურნელი ჰქონდა პერანგს. თვალები დახუჭა გიორგიმ და გულში ჩაიხუტა ისე, როგორც, ადრე ცოლს იხუტებდა. ეტკინა ლენასგან მისი უარყოფა. საწოლზე დაჯდა უცნაურად ცარიელი. მხოლოდ ახლა გაიაზრა, რომ მოენატრებოდა და ვეღარ ნახავდა. ისურვებდა და ვეღარ მიიღებდა. ინატრებდა და არ აუხდებოდა...

მესიჯის ხმაზე მობრუნდაა. მობილურს დახედა და გაეღიმა.

" როგორ ხარ სულო?"

საოცარი გრძნობა იყო. ეს ყოველდღიური ბედნიერების ნამცეცა წერილები. თავს ერთდროულად პატარა გოგოდაც გრძნობდა, სასურველ ქალად, სრულყოფილ ადამიანად.
ფანჯარა გამოაღო და აივანზე გადგმულ გალიას გახედა. მის დანახვაზე აჟღურტულდნენ ლურჯი ჩიტები.

" მოდი დღეს სადმე გავიდეთ?" მისწერა პასუხი და აბურდული თმები დაუდევრად აიკოსა.
"ლევანსაც უთხარი, ქეთის მოუხდება სუფთა ჰაერი!" მიაყოლა მაშინვე.

კარადიდან უბრალო ჯინსი გადმოიღო, მაისურიც უბრალო შეარჩია. დიდი ხანია აღარ სჭირდებოდა იდეალური ქალის თამაში. ახლა ის იყო, ვინც სურდა, რომ ყოფილიყო. მანქანის გასაღები აიღო და კიბეებს ფეხით დაუყვა.

სუპერმარკეტის თაროებს ღიღინით ჩამოუარა. თითებით ჩვეულად შოპენს უკრავდა ჰაერში.

_ გამარჯობა ლენა!_ მოესმა ნაცნობი ხმა და ადგილზე გაშეშდა. ნელა მიტრიალდა მოსაუბრისკენ. ისევ ის ნაცნობი და ლამაზი ცისფერი თვალები. ისევ უკან ლამაზად გადავარცხნილი ქერა თმა. ლამაზი სახე და ალბათ უამრავი ქალის ოცნება გამოკვეთილი ტუჩები. შეხედა ლენამ და ვერაფერი ვეღარ იგრძნო. არადა წლები უყვარდა ეს სახე. წლები მიაჩნდა ეს ნაკვთები იდეალურ ნაკვთებად. ვერ დაიჯერა, რომ შეძლებოდა ერთდროს ყველაზე ახლობელი ადამიანი ერთ დღესაც სულერთი გამხდარიყო. უცებ მოეშვა უცნაური დაძაბულობა. შვებით ამოისუნთქა. დიდხანს ეშინოდა ამ შეხვედრის. დიდხანს არიდებდა თავს ხალხმარავალ ადგილებს. ეშინოდა, ვაითუ ეგრძნო მკერდთან თუნდაც პატარა ტკივილი და სინანული. მაგრამ როგორც სჩანს, ტყუილად ღელავდა.

_ გამარჯობა გიორგი!_ გაუღიმა გულწრფელად.

_ სულ არ შეცვლილხარ ლენა!_ სევდა გაკრთა კაცის ხმაში. საკუთარი თავი ინტერესით შეაითვალიერა ლენამ. არადა თითქოს ძირფესვიანად შეიცვალა. მხრები აიჩეჩა. ორიოდე მარტივი ფრაზა გაცვალეს. მერე კი ლენა დაემშვიდობა:
_ გიხარდა შენი ნახვაო!_ სალაროსკენ გააგორა ურიკა.

_ რა ლამაზი ხარ ლენა!_ ჩაილაპარაკა გიორგიმ და თვალი ისეთი აღტაცებით გააყოლა ქალს, როგორც ერთ დროს მის გვერდით მიმავალს აყოლებდნენ უცხო კაცები. ქალს, რომელსაც არც თმა ჰქონდა იდეალურად დავარცხნილი, არც მაკიაჟი ამშვენებდა, არც რაღაც ძვირფასი და ელეგანტური სამოსი ეცვა. უბრალო ქალი იყო, სრულებით უბრალო და მაინც სამყაროში ყველაზე ლამაზი. რადგან ახლა მისი სული იყო თავად სასურველი და არა მისი ფუტლიარი.

იჯდა ლენა მწვანე მინდორზე გაფენილ პლედზე. კალთაში შიოს თავი ედო და მის ხუჭუჭა თმაში დაასრიალებდა გრძელ ლამაზ თითებს.

_ რა უნდა გეთქვა აბა?_ ამოხედა კაცმა სიყვარულით სავსე შავი თვალებით.

_ სასწაული მოხდა ჩემს თავს შიო!_ მზეს გახედა ლენამ.

_ სასწაული?_ ვერ მიხვდა კაცი. სახე გადააბრუნა და ქალს მუხლებზე აკოცა.

_ რა სასწაული?

_ სინათლის სულ პაწაწინა მარცვალმა ჩემი არსებიდან საბოლოოდ განდევნა სიბნელის მარცვალი შიო!_ მშვიდად გაეღიმა ქალს.

_ მაინც ვერ მივხვდი, არაფერი მესმის! _ გაეცინა შიოს.

_ არა უშავს, სულ რაღაც რამდენმე თვეში ყველაფერს მიხვდები!_ მზეს გაუღიმა ლენამ.

დასასრული

ვე რა

№1  offline წევრი Daldoni Daldoni

შენეული უჩვეულო და საინტერესო ისტორია იყო

№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Daldoni Daldoni
შენეული უჩვეულო და საინტერესო ისტორია იყო

მადლობა))

№3 სტუმარი Елка

Гаихарет далиан момецона

№4 სტუმარი სტუმარი ქეთა

სიტყვები არ მყოფნის..
ისტორია დავასრულე და ცრემლებიც დაუკითხავად ჩამოცვივდნენ..
უნიჭიერესი გოგო ხარ ლენა, უზუსტესად გადმოსცემს ადამიანის ნაკლს თუ ღირსებას
❤️

სტუმარი ქეთა
სიტყვები არ მყოფნის..
ისტორია დავასრულე და ცრემლებიც დაუკითხავად ჩამოცვივდნენ..
უნიჭიერესი გოგო ხარ ლენა, უზუსტესად გადმოსცემს ადამიანის ნაკლს თუ ღირსებას
❤️

ვერა❤️
ლენა- ისტორიის გავლენა გადმომყვა კომენტარში:დდდ

№5 სტუმარი სტუმარი ნატალია

ძალიან საინტერესო იყო ❤️

№6 სტუმარი სტუმარი იაკო

სუპერ გოგო ხარ შენ❤️

№7  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ქეთა
სიტყვები არ მყოფნის..
ისტორია დავასრულე და ცრემლებიც დაუკითხავად ჩამოცვივდნენ..
უნიჭიერესი გოგო ხარ ლენა, უზუსტესად გადმოსცემს ადამიანის ნაკლს თუ ღირსებას
❤️

სტუმარი ქეთა
სიტყვები არ მყოფნის..
ისტორია დავასრულე და ცრემლებიც დაუკითხავად ჩამოცვივდნენ..
უნიჭიერესი გოგო ხარ ლენა, უზუსტესად გადმოსცემს ადამიანის ნაკლს თუ ღირსებას
❤️

ვერა❤️
ლენა- ისტორიის გავლენა გადმომყვა კომენტარში:დდდ

ლენა მეც მომწონს. მადლობა რომ არ დაიზარეთ და განწყობა გამიზიარეთ))))

№8 სტუმარი სტუმარი თეო

საოცარი ისტორიაა, მიხარია ხშირად რომ წერ ❤️

№9  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი თეო
საოცარი ისტორიაა, მიხარია ხშირად რომ წერ ❤️

ეგ მეც მიხარია))) მადლობა დიდიი)))

№10  offline წევრი აბლაბუდა

საოცარი ისტორია იყო, უვრალოდ შიო და ლენა დამაკლდა

№11 სტუმარი სტუმარი ნინი

როგორც ყოველთვის ძალიან მომეწონა❤️❤️❤️❤️ველოდებით ახალს❤️❤️❤️❤️

№12  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნინი
როგორც ყოველთვის ძალიან მომეწონა❤️❤️❤️❤️ველოდებით ახალს❤️❤️❤️❤️

მადლობა))))

№13 სტუმარი სტუმარი რუსკა

არაჩვეულებრივი ისტორიები გაქვთ,ყველა ერთმანეთზე უკეთესიი.გაიხარეთ❤️❤️

№14  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი რუსკა
არაჩვეულებრივი ისტორიები გაქვთ,ყველა ერთმანეთზე უკეთესიი.გაიხარეთ❤️❤️

მადლობა თქვენ)))

№15  offline წევრი ირო

ყველაზე სათუთი სული რომელიც მსხვრევადია,ამბობენ ხელოვანებ ადამიანებს აქვთო .მართლაც ასეთია ლენა და რატომღაც რეალურ ცხოვრებაში ასეთ მსხვრევად ადამიანებს ზუსტად ასეთი ფარული მონსტრი ქმრები ყავთ,ისეთები ვინც ამ სუფთა სულს კლავენ,თითქოს უსხავენ წყალს ზრდიან,თავს ევლებიან,ზრდიან მაგრამე ს არის მხოლოდ და თითქოს.მერე,ნერე ერთხელაც დამსხვრეული ადამიანები საკუთარ თავში პოულობენ ძალას და როგორც ფელიქსი აღდგებიან ფერფლისაგან ძლიერები და ზუსტად ისეთ მეორე მეს მოძებნიან რომელსაც სადღაც გადაკვეთის წერტილში აცდნენ თავის დროზე.კარგები არიან შიო და ლენა.სადღაც მედეასაც გავუგე თითქოს რადგან ეს მისი ბოლო შანსი იყო დედობის უბრალოდ მონადირიდან მსხვერპლად იქცა.როგორც ხდება ხოლმე.ბევრ შეცდომებზე მოდიში წინასწარ.

№16  offline წევრი Annia

რამდენიმე დღე ნელნელა ვკითხულობდი, ძალიან კარგი იყო
და ლამაზად საწაკითხი, ბოლომდე შევედი პერსონაჟების სულში და
მათ
ფიქრებში

№17  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ირო

მადლობა რომ მოგეწონათ და პერსონაჟებიც რომ გაიაზრეთ ბოლომდე

Annia
რამდენიმე დღე ნელნელა ვკითხულობდი, ძალიან კარგი იყო
და ლამაზად საწაკითხი, ბოლომდე შევედი პერსონაჟების სულში და
მათ
ფიქრებში

მიხარია რომ მოგეწონათ )))))))))

№18 სტუმარი ნა ნა

რო კითხულობ ისე გრძნობ თავს თითქოს განცდილი გაქვს ეს ყველაფერი და შენ გადაგხდა .ისეთი ნაცნობია.ძალიან.ძალიან მაგარი ხარ❤❤❤❤

№19  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნა ნა
რო კითხულობ ისე გრძნობ თავს თითქოს განცდილი გაქვს ეს ყველაფერი და შენ გადაგხდა .ისეთი ნაცნობია.ძალიან.ძალიან მაგარი ხარ❤❤❤❤
მადლობა, მიხარი რომ მოგწონთ, და არასდროს გეზარებათ კომენტარის დატოვება.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent