ზაქარია
-ბებო, ვინ არის ის კაცი? -ვინ კაცი, ბებომ გენაცვალოს? -აი, ის...წითელი შორტები და მაისური რომ აცვია. არ სცივა? -ის კაცი, დიდებული ადამიანი იყო. ერთ დროს ძალიან ჭკვიანი და განათლებული პიროვნება, საქსოფონზე და პიანინოზე უკრავდა. ამასთანავე, უბადლო შემსრულებელი იყო ქართული სიმღერებისა. -ახლა რა სჭირს? -ავად არის... ეს იყო ჩემი პირველი საუბარი ბებიასთან მაშინ, როდესაც წვიმიან დღეს, ვიღაც კაცი დავინახე-პარკში. ერთ ადგილს ტკეპნიდა და წრეზე დადიოდა. მაშინ ხუთი წლის თუ ვიქნებოდი... გადიოდა წლები, ვიცვლებოდი, მაგრამ კაცი-წითელ სამოსში და უცნაურად აბურდული ვერცხლისფერი თმებით, მუდამ იქ იყო. ის არ იცვლებოდა. არც მისი სამოსი. იშვიათად, გაცრეცილი და ყავისფერი მოსაცმელი თუ ექნებოდა, ისიც ძალიან ფარატინა. აი, ისეთი, ერთი ქარის დაბერვაზე რომ სადღაც მოისვრიდა. შემდეგ იყო სკოლა... ყოველ დღე, როდესაც მასწავლებელთან მივდიოდი, ის კაცი სულ მხვდებოდა, მაგრამ მხოლოდ თავისთვის იყო. არ ლაპარაკობდა. მხოლოდ დადიოდა და თავისთვის ზოგჯერ რაღაცას წაიბუტბუტებდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მეშინოდა მისი. მახსოვს, როდესაც ბებიას ისევ შევეკითხე ამ კაცზე, მიპასუხა რომ გიჟი იყო. .... -გიჟი? რატომ გაგიჟდა? -ოჯახის გარეშე დარჩა. ყველა მოუკვდა, ვინც უყვარდა და მისთვის ძვირფასი იყო. -როგორ? რანაირად? -მეუღლე და მშობლები, ხანძრის დროს დაეღუპა. ხოლო შვილი, რომელიც ძლივს გამოიყვანა სახლიდან და გადარჩენასაც გამალებით ცდილობდა, ხელში ჩააკვდა. -რას ამბობ, ბებია...-ცრემლები თავისით წამოვიდა, როდესაც წარმოვიდგინე ის, თუ რა საშინელება დაატყდა თავს. -ჰო, ვერ მოასწრო სასწრაფომ მოსვლა და მკვდარი შვილი, უგონოდ მყოფ მამას ხელიდან გამოაცალეს.-თავი დანანებით გააქნია ბებიამ და ხელსახოცი მომაწოდა.-ერთი კვირა, ხმას არ იღებდაო, როგორც შემდეგ თქვეს. სულ ბოლოს კი... -რა, სულ ბოლოს? -საგიჟეთში წაიყვანეს. -რატომ? -იმ დროს საშიში იყო. -რითი იყო საშიში? -ყველა ბავშვი, თავისი შვილი ეგონა. გზაში აედევნებოდა ხოლმე და ეფერებოდა. არაფერს უშავებდა მათ, თუმცა შეშინებული და ატირებული ბავშვები ვერ იგებდნენ ამას. ამიტომ, მთელმა ქალაქმა გადაწყვიტა რომ იქ წაეყვანათ. პატარა ქალაქია, ბებია და ამიტომ ბევრი წვალება არ დასჭირვებიათ. -ყველა თანახმა იყო მის წაყვანაზე? -კი... -შენც?-მინდოდა ეთქვა, რომ არ იყო. მინდოდა, ბებიაჩემი მაინც ყოფილიყო ის ერთადერთი, ვისაც ეს კაცი ოდნავ მაინც ებრალებოდა იქაურობისთვის... -მეც, სამწუხაროდ. შვილო, ის საშიში იყო. -საშიში? რითი, კი მაგრამ? რითი იყო საშიში? -ადვილია ქუჩაში სიარული, როცა არც კი იცი როდის გამოგიხტება ვიღაც და დაგიწყებს ჩახუტებას? -ბებია, შენ თქვი რომ არაფერს უშავებდა ბავშვებს! ხომ ასეა?! -ასეა. -მაშ, რაღა იყო საშიში? -ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი, საზოგადოებისთვის სახიფათაო, ეფემია!-ოდნავ ხმას აუმაღლა, ცხოვრებაში პირველად. იმდენად უცხო იყო ჩემთვის, გავჩუმდი, ავდექი და გავედი. არც ბებიას უთქვამს რამე. ალბათ მიხვდა კიდეც რომ მეწყინა, თუმცა ის არასდროს ავლენდა ემოციებს. ყოველთვის თავშეკავებული იყო ყველაფერში-სიყვარულშიც კი. ეს იყო ბოლო საუბარი იმ კაცზე, რაც ჩემსა და ბებიას შორის იყო. ამ საუბრიდან, რამდენიმე წელი გავიდა. ალბათ 7 წელი, ზუსტად არ მახსოვს. მე ამერიკიდან სახლში ვბრუნდებოდი და ისევ იმაზე მეფიქრებოდა, რაც ბოლოს მოხდა. ჩემი და ბებიას საუბარი, ისევ თვალწინ მედგა, როდესაც თვალებს ვხუჭავდი. ვფიქრობდი იმაზე, თუ დამხვდებოდა ის მოხუცი კაცი იქ და ახლა უკვე თავად მივიდოდი მასთან. ეს დანამდვილებით ვიცოდი. დრო სრაფად გავიდა და საქართველოში ჩამოვედი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში როდესაც ფეხი დავდგი, ჩემი მეგობრები შემეგებნენ. -ეფემია...-ყველა ჩამეხუტა. ვიგრძენი, რომ სახლში მოვედი. მთელი ეს წლები, რაც ამერიკაში ვიყავი, თურმე რა მენატრებოდა. პატარა კაფეში დავსხედით. ირგვლივ უამრავი რბილი ბალიში და ლამაზი დეკორატიული ნივთები იყო. საოცარი სიმშვიდე სუფევდა კაფეში, რასაც თან ყავის სურნელი ერთვოდა... -როგორ ხარ?-მკითხა ნინიამ. -როგორ მოხდა რომ ჩამოხვედი?-აჰყვა მარიტა. -მომენატრეთ... -რას ამბობ? სიცხე გაქვს?-შუბლი გამისინჯა ნინიამ. -ო, ნინია!-სიცილით მოვაცილებინე ხელი.-მართლა მომენატრეთ. -იქ ახალი დაქალები გაიჩინე, არა?! -აბა რას იზამდა, მარიტა?! იმიტომაც დავავიწყდით ჩვენ! -ჯერ მოგისიყვარულოთ და შემდეგ, ორივეს სათითაოდ ჩამოგახრჩობთ! -ეს სადისტური გამოხტომები, იქაურმა დაქალებმა გასწავლეს?-არც ვიცი რატომ, მაგრამ ისე გამახალისა მსგავსმა "ეჭვიანობამ", სიცილი ამივარდა. ორივე ამყვა და ასე სიცილ-კისკისში, ორი საათი გავატარეთ. -აბა, არ წავედით? გელოდებიან შენები.-მახარა მარიტამ. -ჯერ პარკში მინდა გავიარო... -ამ სიცივეში, იქ რა ჯანდაბა გინდა? გაიყინები? -მინდა, ნინია. იქ დამტოვეთ და შემდეგ ჩემით მოვალ. -კარგი, ოღონდ ბევრი არ იბოდიალო და მალე მოდი. გელოდება ყველა... 15 წუთში, პარკში ვიყავით. დავემშვიდობე გოგონებს და ფეხით გავუყევი ბილიკებს. ვათვალიერებდი ყველა კუთხეს და ვფიქრობდი, ნეტავ სად იყო? ხან ერთ ადგილას ვიჯექი, ხან მეორე ადგილას, ხან კიდევ უმისამართოდ დავდიოდი პარკში. არ ჩანდა... მისი კვალიც არ იყო. ლამის დავნებდი კიდეც და წასვლა გადავწყვიტე, თუმცა საოცარმა ხმამ, რომელიც პარკის შუაგულიდან მესმოდა, გამაჩერა და მოჯადოებულივით წამიყვანა იქ, სადაც ჰანგების დასაწყისი იყო. სწრაფად გავიარე მანძილი, რომელიც მე და იმ ხმას გვაშორებდა და გავშეშდი, როდესაც მოხუცი დავინახე...ისევ წითელი მაისური, გრძელი შორტები და შევერცხლილი თმა ჰქონდა. მხოლოდ ერთი განსხვავება იყო...ადრე, როცა მე ვნახე, არაფერი ებადა. ახლა კი... ახლა...ხელში პატარა სალამური ეჭირა და რაღაცას უკრავდა. ისეთი იყო, რომ არასდროს გამეგო და მომესმინა, თუმცა საოცრად ლამაზად ჟღერდა. -გამარჯობა...-ჩუმად ვუთხარი. ისეთი ჩუმი იყო, მეც ძლივს გავიგე. -...-მხოლოდ დაკვრას აგრძელებდა. არაფერი მიპასუხა. -გამარჯობა!-ახლა კი ცოტა ხმამაღლა ვუთხარი და როგორც მივხვდი, მისი ყურადღება მივიქციე. -გამარჯობა. თქვენ ვინ ხართ? -მე ეფემია ვარ. -ეფემია? როგორი ლამაზი სახელია. ბებიას ერქვა?-თბილად გამიღიმა. -დიახ...დედაჩემის დედას. -საოცრებაა.-კიდევ გამიღიმა. იცით, რაღაც განსხვავებული იყო. უჩვეულოდ მშვიდი აურა მოდიოდა მისგან. ადრინდელი პიროვნება, თითქოს სადღაც გამქრალიყო, მაგრამ სად? -შეიძლება, თქვენი სახელი რომ გავიგო? -რა თქმა უნდა. ზაქარია მქვია. -ძალიან სასიამოვნოა, ბატონო ზაქარია. -აქ რამ მოგიყვანათ, ახალგაზრდა ქალბატონო? თან ასეთ სუსხში? -თქვენ... -მე? მე როგორ, ჩემო კარგო? -მე თქვენ ბავშვობიდან გიცნობთ. -გასაგებია...შენც იცი ჩემი ამბავი, ხომ? -დიახ, ვიცი. -მერე? -მერე არ ვიცი...როცა გავიგე, პატარა ვიყავი და ძალიან განვიცადე. -გეცოდები?-პასუხის მოლოდინში, ძალიან მაგრად დახუჭა თვალები. ვფიცავ, ვიგრძენი როგორ ეტკინა ყველა კუნჭული იმ გრძნობების გახსენებით, რომელიც მე ამოვიტივტივე. ბასრი მინისგან, ალბათ ათასჯერ დავასრე მისი ჭრილობა, როცა ისევ გავახსენე ამბავი, რომლის დავიწყებასაც შესაძლოა ცდილობდეს. -მე...მე პასუხი არ მაქვს.-დასჯილი ბავშვივით ჩავხარე თავი. -მითხარი, შვილო...განა რა არის კი, ამ არა-ზე მარტივი სათქმელი? -მაპატიეთ, ძალიან გთხოვთ.-ისევ ეს დამპალი და უსუსური ემოციები. ისევ ტირილი... -სუ, ნუ ტირი...რა გაქვს საპატიებელი? -რომ მეცოდებით...მე მტკივა ის ტკივილი, რასაც თქვენ განიცდიდით ეს წლები. ყველა იმ ადამიანის გამო გიხდით ბოდიშს, ვინც ოდნავ მაინც გატკინათ და თქვენს სულს ჭრილობები შემატა. ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ...გთხოვთ. -ეფემია...-ჩამეხუტა. ისე ჩამიკრა გულში, როგორც თავის შვილს ეხუტებოდა, როდესაც მის გვერდით იყო...-საპატიებელი არაფერია, რადგან მე ყველას ვაპატიე. ვაპატიე ყველას იმ ტკივილის ვერ გაგება, რომელიც მქონდა და მაქვს. ვაპატიე, რადგან ადამიანი მქვია...ისიც ვაპატიე, საგიჟეთში რომ წამიყვანეს, ისევ...ამავე დროს, მათი მადლიერიც ვარ, რადგან როგორღაც გამოვედი იმ მდგომარეობიდან. -ისევ? კიდევ წავიყვანეს? -კი და კარგიც ქნეს. ბევრი რამე შეიცვალა, თუმცა ერთი რამე უეცვლელი რჩება. ტკივილი, რომელიც არც ნელდება და მითუმეტეს არც ქრება. -ბატონო ზაქარია, გაქვთ სახლი? -მაქვს...ერთმა კეთილმა ქალბატონმა, თავისი სამკერვალო დამითმო. -მიხარია. იმედია ზამთარში თბილად ხართ... -კი, ეფემია, თბილად ვარ. ღმერთმა ბოლომდე არ გამწირა და სიცივეში სასიკვდილოდ არ გამიმეტა. -გენატრებათ?-უეცრად ვკითხე. -განა კითხვა სჭირდება? მენატრება ჩემი შვილი, ჩემი ულამაზესი მეუღლე და მშობლები. სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ მათი დაბრუნება შემეძლოს. -ისინი კარგად არიან, დარწმუნებული ვარ. -მეც ზუსტად ვიცი, რომ ჩემზე უკეთესად არიან. მათი სულები, შესაძლოა სიმშვიდეშიც არიან ახლა. -აქამდე არ იყვნენ? -არა მგონია...მე ხომ მათ იმედებს ვუცრუებდი და ისეთ ადამიანად დავდიოდი ქვეყანაზე, რომელსაც ვერავინ იტანდა. მეტიც, შეიძლება სძულდათ კიდეც იმის გამო, რომ დახეული ტანსაცმელი, მოუვლელი სახე და ჭუჭყიანი ხელები მქონდა. -ბატონო ზაქარია, ყველაზე მთავარი, რაც ქვეყანაზე არსებობს, სულია. მე კიდევ ვთვლი რომ თქვენი სული, ყველაზე სუფთაა. -შენ ძალიან კარგი გოგონა ხარ, ეფემია. სამყაროში, სადაც ბოროტება, შური და სიძულვილი მეფობს, იშვიათად შეიძლება იპოვო სინათლე, რომელსაც ჭეშმარიტებისკენ შეუძლია წაგიყვანოს. გულში სითბო, მალამოსავით მომედო და ვერ შევნიშნე, როგორ გამეტებით დაიწყო ცამ ტირილი. -სახლში წადი, ეფემია. ალბათ გელოდებიან...და მადლობა, ამ ყველაფრისთვის.-ზურგი მაქცია, თავისი სალამური ამოიღო და მთელი გულით დაკვრა განაგრძო. *** იმ ღამეს, საშინელი ჭექა-ქუხილი დაატყდა ჩვენს ქალაქს. მეორე დღეს, ყველაფერზე წვიმისფერი ხავსივით იყო შემოსილი და ნელ-ნელა შთაინთქმებოდა ქალაქი ამ ფერებში. სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა... ცუდი ამბავი, იმაზე მალე ვრცელდება, ვიდრე კარგი. მალე გავიგეთ, რომ გარდაიცვალა ზაქარია ამირეჯიბი. კაცი, რომელიც არავის უყვარდა, არავინ გულშემატკივრობდა, მაგრამ თითქოს ყველას დასწყდა გული, მისი გარდაცვალების გამო. "იქნებ მაინც ენანებოდათ ცივი სამარისთვის?"-ვფიქრობდი გულში. მისი დასაფლავება, მთელმა ქალაქმა გადაწყვიტა. ასე ერთად შეკრებილი საზოგადოება, არასდროს მენახა. დიდი თუ პატარა, ყველა ჩართული იყო საქმეში და ზაქარიას პატივსაცემად, ყველა რაღაცას იმეტებდა. და მაშინ, როდესაც საბოლოოდ მივაბარეთ ზაქარია ცივ მიწას, ცამ კიდევ ერთხელ იტირა, მაგრამ იცით რაში ვარ დარწმუნებული? ეს სიხარულის ცრემლები იყო! როგორც იქნა, უამრავი მარტოდ გატარებული წლის შემდეგ, ზაქარია ოჯახს ნახავდა. იქ მაინც... სადღაც, სადაც დედამიწა ფეხიდან გეცლება, არის ადგილი, რომელსაც შეგიძლია "სახლი" უწოდო, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებიც გელიან. *** სახლში რომ დავბრუნდით, ბებიამ რაღაც კონვერტი მომცა. ნახევრად სველი იყო... -ბებო, ეს რა არის? -ზაქარიას ქურთუკის ჯიბეში იპოვეს ექიმებმა. -შენ რატომ მოგცეს?-გამიკვირდა. -არ ვიცი, ბები...ალბათ მე ვიყავი ყველაზე ახლოს და მაგიტომ. როდესაც გავაშრე და გავხსენი კონვერტი, პატარა ნაგლეჯი იყო ფუცლისა. ორად გადაკეცილი ფურცელი, ძალიან ფრთხილად გავხსენი და ზედ ულამაზესი კალიგრაფით, რაღაც ნაწერი ვნახე: "ძვირფასო ეფემია... მადლობა, იმ უკანასკნელი და გულრწფელი საუბრისთვის, რომელიც ჩემთვის გაიმეტე. მადლობა იმ უკანასკნელი წამებისთვის, რომელმაც თავი ადამიანად მაგრძნობინა. მადლობა, კეთილო ეფემია. მადლობა, რომ იმ სიცივეში და სიბნელეში, სადაც ლამის საუკუნე გავატარე, სინათლისკენ გზა მაჩვენე. ყოველთვის ემახსოვრები მოხუც ზაქარიას, სადაც არ უნდა იყოს. მშვიდობით..." დიდი ხნის მანძილზე დაგროვებული ემოციები, მგონი ახლა აფეთქდა ატომური ბომბის მსგავსად და ცხარე ცრემლით ვიტირე. ვტიროდი, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის იყო მიზეზი ცხადი...და ალბათ მათთვისაც, ვინც ახლა ზემოდან მიყურებდა. ჩემთან ერთად ტირიან? ნეტავ თუ შეხვდა ზაქარია თავის შვილს...? არა...კითხვაც არ უნდა. მჯერა, რომ ერთად არიან! ზოგჯერ, სასწაულები მართლა ხდება. დასასრული. ________________________ საღამო მშვიდობისა...ან დილა)) ჩემს თავს ვაჯობე და იმაზე მალე მოვედი, ვიდრე ვფიქრობდი. ეს ისტორია, რეალურ ამბავზე დაფუძნებულია. მართლა არსებობდა კაცი, რომელსაც წითელი ემოსა მუდამ, შევერცხლილი თმა ჰქონდა და უკრავდა საქსოფონზე. მისი ისტორია კარგად არ მახსოვს, მაგრამ არც ამაზე ნაკლებად მძიმე იყო, სამწუხაროდ...((( რამდენიმე დღეა ვფიქრობ და საბოლოოდ, მაინც გადავწყვიტე დამედო. იმედი მაქვს, ასე თუ ისე გადმოვეცი და თქვენამდეც მოვიტანე ის ემოცია, რასაც წერის დროს განვიცდიდი... ჰო, იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ კიდეც. პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.