კიტის (თავი VII)
”მეორე მეჯლისი” ეტლში ჩუმად ვისხედით. გრძელი, მელნისფერი კაბა ფეხებში ამბლანდვოდა, კორსეტი კი სუნთქვას მიკრავდა. “სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს” - მითხრა მართამ, როცა საკუთარ სამოსს ფეხი წამოვდე. რომ არ შემშველებოდნენ, მინდორზე გავიშოტებოდი. დაძაბულობა ჰაერში იგრძნობოდა. სივიწროვე იყო, ცხელოდა, ყველანი ერთმანეთის ამონასუნთქს ვსუნთქავდით, გარდა კიტისა, რომელსაც თავი სარკმლიდან გაეყო და ჩალისფერ კულულებს ქარი უჩეჩავდა. თმა, რომელიც საგანგებოდ დაუყენეს, სულ ჩამოშლოდა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ ჰქონია, რადგან როგორც ელენე ამბობდა, სახლიდან ტომარაჩამოცმულიც რომ წაგვეყვანა, ის მაინც ყველაზე ლამაზი იქნებოდა. სახეზე ენით გამოუთქმელი გულგრილობა ეხატა. ნინო მას უყურებდა და დრო და დრო თავს უკმაყოფილოდ აქნევდა აქეთ-იქით. კიტის მისთვის საგანგებოდ შეკერილი,მოკლე სახელოებიანი, ხორცისფერი კაბა ემოსა, რომელშიც მოსვენებას ვერ პოულობდა და დაუსრულებლად ხვანცალებდა. დედამისმა ეტლამდე ხელჩაკიდებული მოიყვანა, ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. ნინოს ბოლომდე სჯეროდა, რომ შვილი შუა გზიდან გაექცეოდა და ხელს არაფრის დიდებით არ უშვებდა. ყველა უჩვეულოდ მოღუშულიყო. მართაც კი, რომელიც ამ საღამოსთვის საგანგებოდ ემზადებოდა, მდუმარედ იჯდა და თავი ჩაეხარა. კატერინა გერლიანის სასახლემდე დაუბრკოლებლად მივაღწიეთ. ეტლიდან ჩამოვლაგდით და ერთმანეთს გადავხედეთ. მათი მგლოვიარე სახეები ძრწოლას მგვრიდა, რადგან არ ვიცოდი, რისი მოლოდინი უნდა მქონოდა. -კიტი, წინ წადი! - მიუთითა ნინომ, როცა შეამჩნია, რომ ყველაზე უკან სწორედ ის მოაბიჯებდა. გრძელ კაბაში გზა ვერ გამოეკვლია და მაქმანიანი ბოლოები ხელით ეჭირა. -დედა, გეყოფა, მოდის! აქედან ხომ არ აორთქლდება, არა? - თქვა იესემ, რომელიც გრძნობდა, რომ ნინოს მეტისმეტი მოსდიოდა. წინა დღის ჩხუბის შემდეგ, იესე და კიტი ერთმანეთს თითქმის არ ესაუბრებოდნენ. იესეს ნერვები ყალყზე ჰქონდა, ყველას ეკამათებოდა, გმინავდა და ისე იქცეოდა, როგორც არ სჩვეოდა. კიტი იმედგაცრუებული იყო. გაბრაზებული არ ყოფილა, ვამჩნევდი, თვალებში ნაღველი ჩასდგომოდა და ისეთი ხმამაღალი აღარ იყო, როგორიც აქამდე. ყოველ წამს, როცა იესე მასთან დალაპარაკებას ცდილობდა, ახერხებდა და როგორღაც თავს არიდებდა. წინ ერეკლე მიგვიძღვოდა, ნინოსთან ერთად, მათ კი ელენე და მართა მიჰყვებოდნენ. შემდეგ მე ვიდექი, უკან კი ბიჭები. სულ ბოლოს კიტი მოგვყვებოდა. ნინოს ფეხები უკან რჩებოდა, თუმცა შვილები თვალებს უბრიალებდნენ და უმცროსთან მიახლოების გზას არ უტოვებდნენ. უზარმაზარ დარბაზში შევაბიჯეთ, რომელიც მაგიდებით, უხვი საკვებით, შანდლებითა და მორთულ-მოკაზმული ადამიანებით იყო გამოჭედილი. აქაურობა ისე აღარ მეუცხოვებოდა, როგორც პირველად. ყველაფერი დიდებული იყო. მხიარული წამოძახილები ერთმანეთში ირეოდა. სტუმრები საგანგებოდ მორთულიყვნენ, ზოგიერთს თავზე საკუთარი თმისგან შექმნილი უცნაური ფიგურა დაედგა. გამომწვევი, გულღია კაბებიდან ამობზეკილი მკერდი მოუჩანდათ. მამაკაცემს ფართოსახელოებიანი თეთრი პერანგები მოერგოთ, ჩიბუხს გულიანად ქაჩავდნენ და კვამლს ნესტოებიდან უშვებდნენ, ღვინოს ერთ ყლუპად სვამდნენ და ეშხში შესულები რაღაცას განიხილავდნენ. ახალგაზრდა, ჩვენი ასაკის გოგონები, საქმროს მაძიებელნი, ცენტრში ჩამომდგარიყვნენ, როგორც ქალთა გამოფენაზე. მე კი ერთი სული მქონდა მათ შევერთებოდი. -ერეკლე, ნინო! - შორიდან დაგვიძახა კატერინამ და ჩვენკენ გამოემართა. შემოსვლისთანავე მას ვკიდე თვალი, სახეზე მრავალფერი ფერუმარილი შეეფრქვია და პომპეზურად გამოიყურებოდა. შევამჩნიე, როგორ აენთო თვალები კიტის დანახვისას. შემიძლია დავიფიცო, რომ სუნთქვაც კი შეეკრა. ჩვენკენ სწრაფი ნაბიჯით მოდიოდა, წითლად შეღებილი ტუჩები კი ღიმილს გაეპო. ნინო და ერეკლე გულში ჩაიკრა. იმ ქალს აღარ ჰგავდა, რომელმაც პირველი შეხვედრისას კარგა გვარიანად დამაფრთხო. -მართა, ელენე, შეუდარებლები ხართ. - წინ მდგომი გოგონები გადაკოცნა მან, შემდეგ კი ყველას რიგ-რიგობით ჩამოუყვა, - იესე, როგორც ყოველთვის, სახე გიცინის. - თმაზე მოეფერა მას, - ლუკა, დღითიდღე უფრო ლამაზდები... - გაუცინა უფროსს და ამჯერად ტეოს მიადგა, რომელთანაც ჩემს პირველ მეჯლისზე საკმაოდ დაძაბული საუბარი გაემართა, - თეოდორ. - თავი დაუკრა ტეოს, სხვა კი მისთვის არაფერი უთქვამს. თეოდორს გვერდით მე ვედექი, - ლილია, საყვარელო, ბრწყინავ, უფრო ხშირად უნდა გვესტუმრო, აქაურობას ამშვენებ! - შემათვალიერა მან. სიხარულისგან სახე გამებადრა. უკან კიტი მედგა, რომელსაც ამასობაში მსახური გამოეჭირა და სასმლის არჩევაში დახმარებას სთხოვდა. მთელი ის დრო, როცა კატერინა გვაქებდა და გვადიდებდა, კიტი არ გაჩუმებულა. მისი საუბარი მასპინძლის ქათინაურებს ფონად გასდევდა და ნინო ამის გამო ადგილზე ცქმუტავდა. ერთი სული ჰქონდა, შვილი გაეჩუმებინა. -კიტი ... - როგორც იქნა მას მიუბრუნდა კატერინა, რომელსაც თვალები ანთებოდა და უმცროსს მონუსხული ათვალიერებდა. ყველანი კიტისკენ შევბრუნდით, რომელიც მსახურს გულმხურვალედ უსხნიდა, რომ ღვინის ტემპერატურა მისთვის მაინც და მაინც არ იყო მნიშვნელოვანი. ნინომ ხმამაღლა ჩაახველა, რომ ქალიშვილის ყურადღება როგორმე მიეპყრო. სახეზე ალმური მოსდებოდა. სწორედ მაშინ, კიტიმ წამით ახედა მასპინძელს, თავი მოხდენილად დაუკრა, თქვენის ნებართვითო, მოუბოდიშა და ისე, რომ მითვის ხმის ამოღების საშუალება არ დაუტოვებია, მსახურს აედევნა, რომელსაც სავარაუდოდ, კიტი სასმლის შესარჩევად უნდა წაეყვანა. კატერინას სახეზე გაოცება დაეხატა. მე ტუჩზე ვიკბინე, ტეოს კი ხმამაღლა გაეცინა. ყველამ მას შევხედეთ. ვერ გაგვეგო, ვითარების კიდევ უფრო დამძიმება როგორ მოეხერხებინა უადგილი ჩახითხითებით. -თქვენის ნებართვით, ქალბატონო. - თქვა მან და ხალხს იქამდე შეერია, ვიდრე რამეს ეტყოდნენ. -რა გაეწყობა, - ხასიათი არ გაიფუჭა კატერინამ, - მხიარულებას შემოუერთდით, კიტის კი მოგვიანებით მოვძებნი. მასპინძელი გაგვეცალა თუ არა, ნინო ერეკლეს დაეყრდნო, მეორე ხელი კი ალმურ მოდებულ სახესთან დაინიავა. თვალები გაოცებისგან გადმოცვენას ჰქონდა. -უზრდელი შვილები გვყავს, ერეკლე, უზრდელი შვილები! - ჩურჩულებდა ნინო, - ახლახანს მოვედით, მათ კი უკვე ყველაფერი გააფუჭეს. კიტისთან ჩხუბის შემდეგ, ერეკლე უგუნებოდ იყო, სახე ჩამოსტიროდა და ვხედავდი, განიცდიდა. -ნუ აჭარბებ! - უთხრა ცოლს ყველაფრისგან დაღლილმა და გამოფიტულმა. -ვაჭარბებ? - სახე გიჟს მიუგავდა, - პარალელურად საუბრობდა, ერეკლე, პარალელურად. ქალს სიტყვის თქმა არ აცადა. -კარგად იცი, რომ თავადის ქალის ხასიათი არ დაჰყოლია. - ამოიგმინა მან ისე, თითქოს ყველაფერს წინასწარ შეგუებოდა და ფარ-ხმალი დაეყარა. იქვე მდგომ მოახლეს ფოდნოსიდან შუშხუნა ღვინო ააცალა და ერთ ყლუპში გამოცალა. იცოდა, ამ საღამოს გრადუსი არ აწყენდა. ხალხში გავერიე. დარბაზში ადამიანები ჩურჩულებდნენ. მათი სახეები გაოცებული, გამშრალი და მონუსხული იყო. სწორედ ისეთი, როგორიც მე მქონდა, როცა კიტი პირველად დავინახე. დაახლოებით შემეძლო წარმომედგინა, თუ რას გრძნობდნენ მისი ყურებისას. შიშნარევ აღფრთოვანებას. ხალხი გარს უვლიდა, სიტყვას კი არავინ ეუბნებოდა. კიტის ასეთი აურა ჰქონდა. ძუ ვეფხვს ჰგავდა, ეს კი მასთან მიახლოებას მეტად ართულებდა. სხვებზე რა უნდა მეთქვა, როცა მასთან ერთად ვცხოვრობდი, პირველად და უკანასკნელად კი მაშინ ვესაუბრე, როცა სახლამდე თავისი ცხენით მიმიყვანა. მას შემდეგ შორიდან ვაკვირდებოდი, გამოლაპარაკება კი ვერ გამებედა. ის მისტიურობა, რომელიც მას თან სდევდა, ჩემში ძრწოლას იწვევდა. ყოველთვის, როცა ვუახლოვდებოდი, მის კამკამა ზღვისფერ თვალებში საკუთარ ანარეკლს ვხედავდი, ვშეშდებოდი და უკანვე მოვრბოდი. სწორედ ასე უყურებდნენ მას სხვებიც. მორთულ-მოკაზმული სტუმრებს, რომლებიც ერთმანეთს ტოლს არაფერში უდებდნენ, კისრები იქით მიებრუნებინათ, სადაც კიტი იდგა. უზარმაზარ დარბაზში, სადაც ხალხი ბუზებივით ირეოდა, კიტის ვერ დაკარგავდით. საკმარისი იყო იქით გაგეხედათ საითაც ყველა იყურებოდა და ჰოპ, მას წააწყდებოდით. მეცინებოდა. მე წითელი მოსართავების უკან მყუდრო თავშესაფარი მომეძებნა და კედელს მივყრდნობოდი. გვერდით მაგიდა იდგა, რომელზეც გოჭი გადაფარჩხულიყო და ორთქლი ასდიოდა. საკვებს არავინ ეკარებოდა. მართამ გამაფრთხილა, უჭმელი მისვლა უკულტურობად ჩაითვლებაო. ვერაფრით ვიგებდი რად უნდოდათ ოხრად საკვები, თუ პირი არავის უნდა დაეკარებინა. ბრაზი მომერია. ჩემი თანასოფლელები რას არ გაიღებდნენ იმ კერძებისთვის, რომლითაც თავადები მეჯლისებს რთავდნენ. ჩვენს სამყაროებს საერთო არაფერი ჰქონდა, იქ ხალხი შიმშილით იხოცებოდა, აქ კი, საკვები ოხრად ეყარა, თუმცა კი ყველა მაძღარი იყო. ფიქრებში გართულს ნაღველი მერეოდა, როცა მოულოდნელად ყველამ ჩემკენ დაიწყო ყურება. მოპყრობილმა მზერებმა შუბლი ამიწვა. კაბაზე დავიხედე, რამე ხომ არ დავისხი მეთქი. აკანკალებული ხელი ფერწასულ სახეზე მოვისვი. დავიძაბე. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ვცადე მხრებში გავმართულიყავი, რადგან ჩემსკენ მომზირალი მრგვალი ირისები მრავლდებოდნენ. -აქ რას უდგახარ? - ყურთან ჩამესმა კიტის მხიარული, წკრიალა ხმა და მისკენ შეშინებული შევტრიალდი. ვთრთოდი. “აი, თურმე რატომ მიყურებდა ყველა”, გავიფიქრე ჩემთვის და სახეზე მივაჩერდი, - იმალები? კიტი მიცინოდა. მოხასიათებული მეჩვენა. ისეთივე ხმამაღალი გამხდარიყო, როგორიც აქამდე. მე გამეღიმა, თუმცა კი სხეული კვლავ მითრთოდა და აკანკალებულ თითებს კაბაში ვმალავდი. -რა კარგი ადგილი გიპოვნია, - არჩევანი მომიწონა მან, - გინდა აქ იდგე, ყველაფერი დაინახო, ყველას მოუსმინო და მერე, შენს უცნაურ, პაპირუსივით ქაღალდებთან ღამე ათიო. მე გული ამიჩქარდა და კედელს მივეყრდენი. საფეთქლები მიფეთქავდა და ფეხებში ძალა მეცლებოდა. ჯერ გავთეთრი, შემდეგ გავწითლდი, გავყვითლდი და ბოლოს გავმწვანდი. ”იცის!” წამოვიკივლე გონებაში და ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე. -ჰო, რა იყო, გაგიკვირდა? - ისევ იცინოდა კიტი. ჩემი გამომეტყველება მეტად ახალისებდა, - ისიც ვიცი, რაზეც წერ. მოზღვავებული ემოციისგან, რომელიც გულმკერდზე მასკდებოდა და გარეთ გამოღწევას ლამობდა, სუნთქვა გამიხშირდა. ერთბაშად იმდენი რამ ვიგრძენი, სხეული გამეყინა, თითქოს ზღვარს მივაღწიე და უცბად მომეშვა. ამოვისუნთქე. -არ გინდა, რომ აღარ იმალებოდე? - კედელს მხრით მიეყრდნო ის და საუბარი გამიბა. “მაინც და მაინც ახლა რატომ გადაწყვიტა ჩემთან ლაპარაკი? ერთი კვირაა მასთან ვცხოვრობ და სიტყვა არ დასცდენია” ვბრაზობდი ჩემთვის. -შენც იმალები. - პირის გახსნა გავბედე. ხმამ გამცა, ისევე მითრთოდა, როგორც სხეული. -ვიმალები? - გულწრფელად გაიკვირვა მან, - ეს ადგილი არ მომწონს ... მაინც და მაინც არც ეს ხალხი, - ისევ მიცინოდა კიტი, - აქაურობა შენთვისაა შექმნილი. ვხედავ, რომ მოხიბლული ხარ, მაგრამ მაინც აქ დგახარ და ცდილობ შეუმჩნეველი დარჩე. მართალი იყო. ასეთი ადგილებისთვის ვიყავი შექმნილი. ამისთვის დავიბადე. ხშირად მესიზმრებოდა, როგორ მოვაბიჯებდი მორთულ-მოკაზმულ დარბაზებში და ყველა მე შემომცქეროდა. -მაგრამ ამ წამს ყველა შენ გუყურებს, - მიმოიხედა კიტიმ და საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა თვალი ჩამიკრა, - დროა მეცეკვო! ხელი დამავლო და ისეთი სისწრაფით წამიყვანა დარბაზის ცენტრში მოცეკვავე წყვილებისკენ, რომ საკუთარ კაბას კვლავ ფეხი წამოვდე და წავბორძიკდი. მართალი იყო, ყველა მე მიყურებდა, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან ერთად ვიყავი. დარბაზის შუაგულში ბუტაფორიასავით ჩამომაყენა, ხელები მოხერხებულად ჩამკიდა და მუსიკას თავისი მოქნილი სხეული ააყოლა. თავით მანიშნებდა, ამყევი, რას უდგახარო. ხელები ძალიან ცივი ჰქონდა, ტანს კი მოხდენილად არხევდა. ჩვენს გარშემო წყვილები ცეკვავდნენ. მხოლოდ გოგო-ბიჭი. ერთმანეთისთვის თავის მოწონებას ლამობდნენ და უცნაურად ინაზებოდნენ. ჩვენმა გამოჩენამ სიმყუდროვე დაარღვია. კიტისთვის აყოლა ვცადე, იმიტომ რომ ყველა მე შემომცქეროდა, მე კი სამყაროში ყველაზე ლამაზ გოგოსთან ერთად ვიდექი და ახლა იმაზე უფრო არარაობად მეჩვენებოდა საკუთარი თავი, ვიდრე ნორმაში. -კარგად გამოგდის, - იცინოდა ის, - ყურადღების ცენტრში ყოფნა იმაზე მარტივია, ვიდრე შენ გგონია. -ეს შენთვის. - წამოვიყვირე მე, ჩემი ხმა მუსიკას რომ არ გადაეფარა. -შენთვისაც, ლილია, - თვალები გადაატრიალა მან. “მე თუ შემიძლია, შენც შეძლებ” გამახსენდა მისი სიტყვები, ცხენზე დაჯდომისას რომ მანამუსებდა. გამეცინა. მხიარულად ცეკვავდა, ჩემს გარშემო ტრიალებდა და იცინოდა. ბედნიერი ვიყავი. მისი აურა მთლიანად შევისრუტე. მეგონა დავთვერი ... მიუხედავად იმისა, რომ იმ საღამოს წვეთი არ დამილევია. აღარ მცხვენოდა, სხეულს უფრო თამამად ვაყოლებდი მუსიკას და კიტის ვუღიმოდი. მეჩვენებოდა, რომ ზანტი და მოუხეშავი აღარ ვიყავი, როგორც მჩვეოდა. “რა ლამაზია, რა ლამაზია, რა ლამაზია” ვუმეორებდი საკუთარ თავს შეურაცხადივით და თვალს ვერ ვაცილებდი მის ხორბლისფერ კანსა და მოუსვენარ მზერას. თვალს ვერც სხვები აცილებდნენ. შევამჩნიე, ნელ-ნელა გარშემო წყვილები როგორ შემოგვეცალენ და ჩვენს საყურებლად, შორიახლოს ჩამოდგნენ. მთელი დარბაზი ჩვენს გარშემო შემოიკრიბა. ისეთი თამამი ვიყავი, როგორც ჩემს ოცნებებში. -კიტი ... - წამომცდა. თითქოს მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ არ ვიცოდი რა. ის გაჩერდა. ცოტა ხანს მიყურა, მერე მიხვდა, რომ არაფრის თქმას არ ვაპირებდი და ხმამახღლა გაიცინა. შევნიშნე, ხალხს ნინო როგორ გამოეყო და ჩვენკენ წამოვიდა. შევკრთი. უცებ ვიგრძენი, რომ ასეთი შესაძლებლობა შეიძლებოდა აღარ მომცემოდა. არ ვიცოდი, კიდევ როდის ვიქნებოდი ასეთი გაბრუებული, თამამი, ლაღი და თავისუფალი ... მისი მსგავსი. სახე ახლოს მივუტანე, რომ მუსიკის ფონზე ჩემი ხმა კარგად გაეგო და ვუთხარი: “მე დავწერ შენზე, როგორც გოგოზე, რომელმაც მთელი ცხოვრება გაითამაშა” - ჩემს საყვარელ პოეტს ვციტირებდი. მღელვარებაც მომიცვა. მან შემომხედა, ცალყბად გამიღიმა და მშვიდად მითხრა “გეგონა, არ ვიცოდი, რომ ჩემზე წერ?” ამის გაგონებაზე, დაჭიმულობა ერთიანად მომეხსნა. მოვდუნდი. ბედნიერება სხეულის ყველა ნაწილში ასე ცხადად არასდროს შემიგრძვნია. კიტიმ იცოდა! მისი სიტყვები თანხმობად მივიღე. ყოველ შემთხვევაში, ასე არ იქცეოდა, როცა რაღაცის წინააღმდეგი იყო. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა მასზე იყო თუ არა ეს ამბავი, ან თუ ჰქონდა, მენდობოდა. სინდისის ქენჯნის გარეშე შემეძლო ღამეები მეთენებინა და იმაზე მეწერა, რაზეც აქამდე ძრწოლით ვწერდი. კიტი იქამდე გამეცალა, სანამ ნინო ჩვენამდე მოღწევას მოასწრებდა. ასე დავრჩი დარბაზის ცენტრში ჩუჩელასავით დაყუდებული. ნინოს კიტისთან საუბარი უნდოდა, მაგრამ ხელში მე შევრჩი. იხტიბარი არ გაიტეხა და უკან არ გაბრუნებულა. -ლილია, ხომ კარგად ხარ? - მკითხა და ხელკავი გამომდო. -შესანიშნავად, დიდი მადლობა. - ვუთხარი და ღიმილით გამოვყევი. ისიც იღიმოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავდი, საშინელ ხასიათზე გახლდათ. იცოდა, იმ საღამოს ყველა მათზე საუბრობდა. არ უნდოდა დაძაბულობა სახეზე დასტყობოდა და ხალხი კიდევ უფრო მეტად აელაპარაკებინა, ამიტომ უბრალოდ თავს აჩვენებდა. ცეკვის შემდეგ, როცა ელენესა და მართასთან ერთად კმაყოფილი ვიდექი, ადამიანები თავზე მევლებოდნენ. სასმელს მაწვდიდნენ, ჩემთან გამოლაპარაკებას ცდილობდნენ და ქათინაურებით მავსებდნენ. “ნეტავ, დედა მხედავდეს ..” ვფიქრობდი და სიხარული მავსებდა. გულის სიღრმეში ყოველთვის მეგონა, რომ კიტის არ მოვწონდი. ან, უკეთეს შემთხვევაში, ჩემი სახელიც არ იცოდა, რადგან ზედაც არ მიყურებდა, თუ შემომხედავდა კი ისეთ გულგრილ მზერას მესროდა, მერჩივნა შეუმჩნეველი დავრჩენოდი. დანარჩენი საღამო კიტიმ მსახურებთან საუბარში გაატარა. კითხვებს უსვამდა, პასუხებს ინტერესით ისმენდა, ამბებს უყვებოდა და გულიანად აცინებდა. ერთ პატარა, შავთვალება ყმაწვილს, რომელიც 17 წლისა თუ იქნებოდა, ზეთისხილს დაატარებდა და ყველას გვთავაზობდა, ფოდნოსი გამოართვა, თავად დაიჭირა ორივე ხელით და მასთან ერთად დააგემოვნა. თან რაღაცას ყვებოდა და სიცილისგან იკლაკნებოდა. ნინოსთვის ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა. -ხალხში მოქცევა არ იცის, ერეკლე, ძალიან ცუდ დღეში ვართ. - ამოიოხრა მან და ქმარს ჩამოეყრდნო. -სახლშიც ასე იქცევა, მაგრამ არასდროს საყვედურობ. - ერეკლე ისეთი დაღლილი მეჩვენა მთელი ამ გარემოებით, რომ მისდამი ემპათია ვიგრძენი. -სახლში როგორ ვუსაყვედურებ, ერეკლე, ჩვენი მსახურების ხელში გაიზარდა, - ამჯერად ქმარზე გაბრაზდა ნინო, - თავს უფლებას არასდროს მივცემ, რომ ამის გამო ვუსაყვედურო .. მაგრამ აქ? წვეულებაზე? სხვის სახლში? შეხედე, - კიტისკენ მიანიშნა ერეკლეს, - არა, ხედავ? კიტი ზეთისხილს ფერების მიხედვით უწვდიდა მსახურს და საქმეში ისეთი გართული გახლდათ, გარშემო ვეღარაფერს ამჩნევდა. დანარჩენებიც მას ვუყურებდით. -ცუდს არაფერს აკეთებს, - ეს ყველაფერი ყელში ამოსვლოდა თეოდორს, - ისე იქცევა, როგორც სთხოვეთ .. საუბრობს და ცეკვავს. -მაინც რა ვთხოვე? - მოთმინების ფიალა ავსებოდა ნინოს, - მამაკაცების ნაცვლად ლილიას ეცეკვე და მთელი საღამო მსახურებთან საუბარში გაატარე მეთქი? -ცუდი არაფერია იმაში, თუ მათთან საუბარი მოსწონს, - უკმეხი იყო ტეო, - შენც სცადე. -ამ ეშმაკის ფეხს როდიდან იცავ? - ქალს ეგონა, ყველას მის წინააღმდეგ შეეკრა პირი, - ჩხუბის მეტს არაფერს აკეთებთ! აღელვებული მხარდაჭერის იმედად მართას მიუბრუნდა. დარწმუნებული იყო, მართაც მის აზრზე იდგა, თუმცა საუბარი აღარ დასცალდათ, რადგან კიტის მასპინძელი მიუახლოვდა, მსახური დაასაქმა, თავად კი უმცროსს წელზე ხელი შემოჰხვია და სასაუბროდ მოემზადა. ნინო აწითლდა, მე კი ერთიანად მოვიჭიმე. -მიხარია, რომ წვეულებას შემოუერთდი! - მასპინძლის ხმა გარკვევით გვესმოდა, რადგან კატერინას ძალიან ხმამახლა სჩვეოდა საუბარი. კიტის არაფერი უთქვამს, მხოლოდ ზრდილობიანად უღიმოდა. რა ვქნა, უხარია და უხაროდესო, ფიქრობდა ალბათ. მისი აზრების გახმოვანებით დაკავებულს, ჩუმად მეღიმებოდა. ამასობაში, ნინომ ტეოს სთხოვა მასპინძელთან მისულიყო და სიტუაციის განსამუხტად ქათინაური ეთქვა. თეოდორი მათ მართლაც მიუახლოვდა, თქმით კი არაფერი უთქვამს, ორ მეტრიანი სხეული დას უსიტყვოდ ამოუდგა გვერდით. -ვფიქრობ, ხშირად უნდა გვესტუმრო, - აგრძელებდა კატერინა, - აქაურობა დაამშვენე. კიტი კვლავ უსიტყვოდ უღიმოდა. -სასმელი ხომ მოგეწონა? - იკითხა კატერინამ, როცა კიტის ხელში შუშხუნა ღვინის ჭიქა შეამჩნია და ალბათ, აღარც იცოდა, ისეთი რა ეთქვა, რომ უმცროსს ხმა ამოეღო. კიტიმ თანხმობის ნიშნად თავი კვლავ ზრდილობიანად დაუქნია. ვერაფერს ვიტყოდით, ჯერ-ჯერობით ხმის ამოღებას და რაიმე ისეთის თქმას, როგორიც მას სჩვეოდა, სჯობდა ასე მდგარიყო და უბრალოდ გაეღიმა. ერეკლე მათ უყურებდა და ულვაშიდან თმას ნერვიულად იწიწკნიდა. -მსახურს იმდენ ხანს ესაუბრებოდი, ისე გულიანად აცინებდი, მეგონა ერთ-ორ სიტყვას ჩემთვისაც გაიმეტებდი. - თქვა მასპინძელმა, როცა დარწმუნდა, რომ უმცროსი მხოლოდ ულაპარაკოდ დგომასა და ღიმილს აპირებდა. -დიახ, - მიუგო კიტიმ დანანებით,- ძალიან მოწყენილი მეჩვენა, თქვენ კი არ მეჩვენებით. კატერინას სიტყვა პირზე შეაშრა, მე კი გაოცებისგან თვალები ბუდიდან გადმომცვივდა. მასპინძელმა და-ძმას ბედნიერი საღამო უსურვა და ხალხს სწრაფად შეერია. ნინო კინაღამ ტანსაცმლიდან ამოხტა, დასაბმელი გამხდარიყო. მართა თავს აქნევდა და ხომ ვამბობდიო, წამდაუწუმ იმეორებდა. თუმცა, არავინ ვიცოდით “რას ამბობდა”. -ბავშვო, სიცოცხლე მოგბეზრებია? - კიტის მიუბრუნდა ტეო, - დედა ეზოში შენთვის საფლავს თხრის. -იმედია, დროზე იზამს. - ამოიგმინა მან და კაბა შეისწორა. ჩანდა, სტუმრები დაშლას არ აპირებდნენ, ჩვენ კი ადგილს ვეღარ ვპოულობდით. ნინოს სიბრაზისგან ენა ჩაეყლაპა, დანარჩენებს კი ქანცი გამოსცლოდათ და ერთმანეთს მიჰყუდებოდნენ. 11 სრულდებოდა, როცა დარბაზი დავტოვეთ და ეტლს მივაშურეთ. მე ბოლო ვიყავი, ეტლი მაღალი იყო, ერეკლე კი ახტომაში მეხმარებოდა, როცა კატერინა მოგვიახლოვდა, მამაკაცს მკლავზე ხელი მაგრად ჩასჭიდა და თავისკენ შეაბრუნა. შევკრთი. -თქვენი ქალიშვილი ვერ მიტანს, - კოპები შეეკრა მასპინძელს - ეს გამოასწორეთ! თქვა და იქამდე გაგვეცალა, სანამ ერეკლე პირის გახსნას მოასწრებდა. ეტლში ჩავსხედით და სახლს მივაშურეთ. გოგონები დაღლილობისგან პირში ენას ვეღარ იბრუნებდნენ და თავი ერთმანეთის მხრებზე ჩამოედოთ.ნინოს სიბრაზისგან წითელი ფერი დასდებოდა, ვხედავდი, ერთი სული ჰქონდა დაგროვილი ემოცია გარეთ გამოეშვა და ჩხუბი დაეწყო, ერეკლეს კი კოპები შეეკრა და ისეთი მზერა ჰქონდა, სახეს ვარიდებდი. იესე კვლავ შფოთავდა, ადგილს ვერ პოულობდა, ხელში კი მოსასხამს ათამაშებდა. ლუკას თითქმის ჩასძინებოდა, ტეოს კი არაფრისმთქმელი, გულგრილი გამომეტყველება მოერგო და ერთ წერტილს მისჩერებოდა. ბედნიერად მხოლოდ მე გამოვიყურებოდი. ეს საღამო ჩემთვის განსაკუთრებული იყო, თუმცა ქანცგაწყვეტილს თვალები აღარ მემორჩილებოდნენ და ძალდატანებით ვახელდი. -დასაძინებლად არავინ წავიდეს! - სახლში შევაბიჯეთ და ის იყო საკუთარი ოთახებისთვის თავი უნდა შეგვეფარებინა, ერეკლემ რომ დასჭექა და ყველანი უკან დაგვაბრუნა. მისი ხმა სახლში ექოდ გაისმა. ერთმანეთს გადავხედეთ და გმინვით ჩამოვსხედით გრძელ ტყავის სავარძელზე. ცოლ-ქმრის სახეები კარგს არაფერს მოასწავებდა. გვერდიგვერდ იდგნენ და საუბრის წამოსაწყებად ემზადებოდნენ. -დღეს მასპინძელმა ისეთი რამ მითხრა, - დაიწყო ერეკლემ, - რაც არ უნდა ეთქვა. -ვის აინტერესებს, რა თქვა მაგ ალქაჯმა? - ტეო საუბარში მანამ ჩაერთო, სანამ მამამისი წინადადების დასრულებას მოახერხებდა. უხეში იყო, როგორც ყოველთვის. -თეოდორ, - განცვიფრებას ვერ მალავდა ნინო, - რას უკავშირდება შენი ასეთი სიძულვილი მისდამი? -მე მომწონს კატერინა და მგონი, მასაც მოვწონვარ. - მხიარული იყო მართას ხმა. მან ზუსტად იცოდა, რომ დღეს არაფერი დაუშავებია. პირიქით, სანიმუშო შვილი გახლდათ, როგორც ყოველთვის. ყველა წესს გადასარევად ერგებოდა და ამ წესებში, თავსაც იდეალურად გრძნობდა. - რა გითხრა, მა? -ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვმელოვანი ის არის, რომ თქვენს გამო შემრცხვა. - ხმა კიდევ უფრო გამკაცრებოდა ერეკლეს და ტუჩთან ნაოჭი უთრთოდა. მე დანარჩენებს გადავხედე. როგორც ჩანდა, კატერინას უკანასკნელი სიტყვები მხოლოდ მე მომესმინა, მათ კი ამაზე არაფერი იცოდნენ. -კიტი, - უმცროს ქალიშვილს მიუბრუნდა ნინო, - აქამდე არ იცოდი, რომ ჩვენ, ქალები, მეჯლისებზე მხოლოდ მამაკაცებთან ერთად ვცეკვავთ? კიტის ხმა არ ამოუღია, მგონი, ეძინა. ჩუმად გადავხედე. დავიძაბე, რადგან ამ ამბავში გარეული მეც ვიყავი. -ლილია უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენე. იძულებული გახადე, რომ დარბაზის ცენტრში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას შენთან ერთად ეცეკვა! ენა სასაზე მიმეკრო. გადავწყვიტე, რომ რაღაც აუცილებლად უნდა მეთქვა, რადგან დღეს, სწორედ კიტის წყალობით, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი საღამო გამოვიდა და არ მინდოდა ამის გამო საყვედური მიეღო. -დედა, მხოლოდ კაცებთან ცეკვა ხან და ხან მეც მბეზრდება. - დამასწრო და დას გამოექომაგა ელენე. შვებით ამოვისუნთქე. -ასევე დაუსრულებლად ესაუბრებოდი ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც სტუმრებიც კი არ იყვნენ. ეს არ იკმარე და გადაწყვიტე, გამოგეკვება ისინი. რაც ცალსახად მასპინძლის შეურაცხყოფაა. - უმცროსის ქილიკს განაგრძობდა ნინო. კიტი კვლავ არაფერს ამბობდა. ჩემი აზრით, უბრალოდ ძალიან ეზარებოდა. -შენ გელაპარაკები, კიტი! -ჩემი აზრით, არ არის. - როგორც იქნა ამოღერღა მან. -რა არ არის? - ვერ გაიგო ნინომ. -შეურაცხყოფა, არ არის. -ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა კიტი. -მისი აზრით, არ ყოფილა, - ხელები დემონსტრაციულად გაშალა ნინომ, - როგორ გგონია, კატერინა მათ არ აჭმევს და მონებივით ამუშავებს, თუ რას მივაწეროთ შენი საქციელი? -არავინ გამოუკვებავს, თვითონაც მათთან ერთად მიირთმევდა, - თვალები გადაატრიალა ლუკამ, რომელსაც თავისი სამყარო ჰქონდა და იმდენად დაკავებული იყო, საოჯახო დიალოგებში ჩართვის დრო მაინც და მაინც არ რჩებოდა ხოლმე. -უბრალოდ ზეთისხილს სინჯავდნენ. - ჩაიჩურჩულა მართამ. მის გვერდით რომ არ ვმჯდარიყავი, ვერ გავიგონებდი. არ უნდოდა, დედა გაეღიზიანებინა და სურდა კვლავ სამაგალითო შვილად დარჩენილიყო, თუმცა ვერ მოითმინა. გაუმართლა, მისი ხმა ნინოს არ გაუგონია. -იმაზე რაღას იტყვი, რომ მთელი საღამო მათთან დიალოგში გაატარე? - ტონს უწევდა ნინო. კიტის პასუხი კვლავ არ გაუცია. შვილის დუმილი ნინოს უფრო და უფრო აცოფებდა, ერეკლეს კი, როგორც ჩანდა, უმცროსთან კამათი აღარ სურდა და ერჩივნა, ყველაფერს შორიდან დაკვირვებოდა. -იცოდი, რომ შენს “საყვარელ” ლაქიას ორი წლის წინ, ქალიშვილი გარდაეცვალა? - მშვიდად იკითხა ტეომ. მიუხედავად ამისა, მისი ხმა კვლავინდებურად კაცრი იყო, სახე კი უტიფარი. რამდენიმე წამიანმა დუმილმა დაისადგურა. -ეს რაღა შუაშია? - გულზე მოხვდა ნინოს. არ იცოდა. -მე ვიცოდი, იმიტომ რომ მოვისმინე, კიტის როგორ უყვებოდა. მენდომებოდა, რომ მანამდეც მცოდნოდა და შესაბამისად მოვქცეულიყავი. - დედამისს ჩაშტერებოდა თვალებში, - მაგრამ არასდროს მიკითხავს. -ეგ შენს დას მოკითხე, რომელმაც თურმე საჭიროდ არ ჩათვალა, ჩვენთვის შეეტყობინებინა. - ნინო ისე ბრაზობდა, საკუთარ თავთან მოდიოდა წინააღმდეგობაში. ხელები შესამჩნევად უთრთოდა და თმას წამდაუწუმ ყურს უკან იწევდა. -დედა, ცოტა ხნის წინ არ გინდოდა მსახურებთან ესაუბრა. ახლა მოგინდა, რომ დამჯდარიყო და შენთვისაც მოეყოლა მათი ამბები? - საუბარში იესე ჩაერთო, რომელიც აქამდე უხმოდ შფოთავდა და თავს შიგადაშიგ უკმაყოფილოდ აქნევდა. -იესე, რა ხდება? - ყველას ერთიანი წინააღმდეგობა ნინოს ძალიან აშფოთებდა. მართა კი, მისი ერთადერთი იმედი, კვლავინდებურად დუმდა. -არაფერი არ ხდება, დედა, უბრალოდ გამწარებული ხარ და აღარ იცი საჩხუბრად რა მიზეზი გამოჩხრიკო. - უპასუხა მან. -შესაფერისად ისაუბრე, იესე! - მხოლოდ ახლაღა ჩაერთო ერეკლე, რომელსაც ცოლმა მუდარით სავსე თვალებით ახედა და დახმარება უსიტყვოდ სთხოვა. ასე იყო თუ ისე, ნინოს ექვს შვილთან გამკლავება უჭირდა. -თეოდორ, როცა კიტისთან გაგაგზავნე, გთხოვე გვერდით ბუტაფორიასავით ჩამოუდექი და იცინე მეთქი? - თემა სწრაფად შეცვალა ნინომ, რადგანაც ხვდებოდა, იესე მართალი იყო, თვითონ კი არა, თუმცა თავს ვეღარ ერეოდა და სახე გიჟისას მიუგავდა. -ზედმეტად დაღლილი ვარ ამ დიალოგისთვის. - კვლავ წასვლა დააპირა ტეომ. -ფეხი არავინ მოიცვალოს-მეთქი! - შეუვალი იყო ერეკლე. ასეთი გაბრაზებული აქამდე არასდროს მენახა, თუმცა კი მათთან ცხოვრების ჯერ მხოლოდ პირველი კვირა იწურებოდა. ნინომ ოთახში გაიარ-გამოიარა. ღრმად სუნთქავდა. ცდილობდა დამშვიდებულიყო და საუბარი ისე განეგრძო. მეორე ეტაპისთვის ემზადებოდა. -თქვენ რატომ არ თვლით საჭიროდ, რომ საკუთარ დას ხან და ხან აუხსნათ საზოგადოებაში მოქცევის წესები? - თქვა მან რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ, როცა ბოლთის ცემას მორჩა, სახე დაალაგა და კვლავ ჩვენ მოგვიბრუნდა. კიტიმ სახეზე ხელები ჩამოისვა. მომეჩვენა, რომ დიალოგში შესასვლელად თავს იფხიზლებდა. დავიძაბე. -მაინტერესებს რატომ არ უნდა ველაპარაკო იმას, ვისთანაც ლაპარაკი მომინდება? - იკითხა მან. -იმიტომ, რომ ყველაფერი ისე ვერ მოხდება, როგორც შენ მოგინდება. - ცოლს შეეშველა ერეკლე, - არსებობს გარკვეული ეტიკეტი, რომელზეც აქამდე არაფერი გსმენია. -ეგ არგუმენტი არ არის. - ტონს აუწია კიტიმაც, რომელიც სიზმრებიდან საბოლოოდ გამორკვეულიყო და მორიგი ტანტრუმისთვის ემზადებოდა. -შემდეგში იქნებ სია შეუდგინოთ იმ ადამიანებისა, ვისთან საუბარიც ნებადართულია. ასე პრობლემებს ავირიდებდით და სახლში დაბრუნებულებს დაძინების საშუალებაც გვექნებოდა. - თქვა იესემ, - რას იტყვით? -ერთი წამით, ვერ გავიგე, - კვლავ ჩაერთო საუბარში ელენე, - გინდათ, რომ დავაჯინოთ და თქვენს ნაცვლად შენიშვნები ჩვენ მივცეთ? -დიახ, ელენე, მინდა, რომ ჩემი უფროსი ქალიშვილი ხანდახან მაინც მეხმარებოდეს უმცროსების აღზრდაში! - მასაც გადასწვდა ნინო. მეშინოდა, მეც არ მომდგომოდა. -აქ რა განკითხვა მოაწყვეთ? - სიტუაცის ვეღარ უძლებდა ტეო. ცოტა ხნით ყველა გაჩუმდა. უცბად ნინომ დაიწყო: -კატერინას უნდა, რომ უახლოეს მომავალში კიტი ეახლოს და... -არ ეახლება. - წინადადება შუაში გააწყვეტინა ტეომ. ყველამ მას შევხედეთ. ერთმანეთზე უფრო გაკვირვებული სახეები გვქონდა. -თეოდორ, რა ჯანდაბამ გაგაგიჟა? - უკვე ყვიროდა ნინო. -ვფიქრობ, საკმარისი იყო, დღეს რომ ვეახელი. - მშვიდი იყო კიტის ხმა. მშვიდი და ჰარმონიული. -მეც ასე მგონია. - მკაცრად დაეთანხმა ტეო. -ვინმემ ჩაინიშნოს ეს დიდებული დღე, როცა ტეო და კიტი ერთმანეთს დაეთანხმნენ. - ხუმრობის ხალისს არასდროს კარგავდა სამყაროს ყველაზე ნათელი ადამიანი, ლუკა. მე გამეღიმა და დასაფარად, თავი ჩავხარე. -საბედნიეროდ, არავის ადარდებს თქვენ რა გგონიათ. შეგიძლიათ წაბრძანდეთ! კიბეებს ყველა ერთად ავუყევით. -კატერინასთან არ წახვალ. - თქვა ტეო, როცა ოთახებისკენ გავემართეთ. -აჰა, დაიწყეს ისევ ... - თვალები მობეზრებულად გადაატრიალა ელენემ. -შენ ვინ გკითხავს, მე რას ვიზამ? - გაკვირვებული მიუბრუნდა კიტი. ტეოს ასეთი წინააღმდეგობა და კატერინას მიმართ სიძულვილი ყველას გვაკვირვებდა. -ორი წამის წინ, თვითონაც არ აპირებდი! - გადაირია ის. -თუ იცოდი, რომ არ ვაპირებდი, ბრძანებებს რაღას გასცემ? თუ ასე დამელაპარაკები, წავალ კი არა, ერთი კვირით დავრჩები მასთან. -ეს ჯიუტი თხა ვინ არის, გამაგებინოს ვინმემ? - ფერები ეცვლებოდა ტეოს. კიტის არაფერი უთქვამს, ოთახის კარი ისე შეიკეტა. -იმ ქალმა რამე დააშავა, რაც უნდა ვიცოდეთ? - მიუტრიალდა ტეოს იესე, როცა კიტი დაბინავებული დაიგულა. -გადასარევი ქალია, სულ სიხარულით გვხვდება, ვერ ვიგებ, რატომ ვერ იტან. - უკვირდა მართასაც. -ტეო?! - პასუხს ელოდა იესე. -ვიძინებ! - ოთახის კარი გააღო თეოდორმა და მის უკან გაუჩინარდა. -შენც მშვიდი ღამე, - მხრები დაეჭვებულმა აიჩეჩა იესემ და დასაძინებლად გაემართა. იმ ღამით არ მძინებია, შეუჩერებლად ვწერდი. ვცდილობდი, არც-ერთი დეტალი არ გამომრჩენოდა. წერისას ვიღიმოდი. გაღიმებული დავწექი და მგონი, გაღიმებულს მეძინა. *** მოგესალმებით. მინდა გითხრათ, თუ როგორ მახარებს თითოეული თქვენგანის გამოხმაურება და რამხელა სტიმულს მაძლევს. აბა, როგორ მოგეწონათ? ძალიან დიდი თავი იყო. ნელ-ნელა რაღაცები გარკვევას დაიწყებს და ვიღაცები გამოჩენას :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.