შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯერ გულს უყვარდება (თავი2)


22-06-2024, 02:42
ავტორი KeSsy
ნანახია 817

ზუსტად ერთ კვირაში,დილის 7 საათზე გამაღვიძა მობილურის ხმამ. უცნობი ნომერი რეკავდა,ამიტომ ზარს ხმა გავუთიშე და ძილი გავაგრძელე... რამდენიმე წუთში ისევ ზარის ხმა მაღვიძებს,იგივე ნომერია. საათს რომ შევხედე რვის ნახევარს აჩვენებდა. ისევ გავუთიშე ზარს ხმა და ავდექი. სააბაზანოსკენ გავეშურე, თუმცა როგორც ყოველთვის დაკავებული იყო.
- სანდრო ! სანდრო მალე გამოხვალ !?
ოთახიდან "Queen"ის რომელიღაც სიმღერის ხმა გამოდიოდა , აშკარა იყო არ ჩქარობდა ჩემი საყვარელი ძმა სააბაზანოდან გამოსვლას
-სანდროოო!!!! -გაბმული კაკუნი ავტეხე კარზე, თუმცა თითქოს არაფერი,მთელი სიმშვიდით აგრძელებდა ჩემი ძმა თავის "საქმეს"
-დააცადე გამოვა - გამომძახა დედამაც
-არა ძალიან მაინტერესებს როგორ ახერხებს,რომ რა დროსაც არ უნდა ავდგე, დილის შვიდი საათი იქნება თუ შუადღის სამი , სულ ტუალეტშია !? რა ვიცი გრძნობს ?? - ავბუზღუნდი როგორც ყოველთვის,დღის ეს ნაწილი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი დილის რუტინაში. გულში მეცინება , თუმცა მაინც ძალიან გამაღიზიანებელია ჩემთვის ეს ყოველივე .
ოთახში დავბრუნდი და ჩანთა ჩავალაგე , ტანსაცმელიც ჩავიცვი. ხელი დავავლე ტელეფონსაც და მისაღებში გადავბარგდი. ტელეფონს დავხედე. ესემესი დამხვდა.
"იმედია დღესაც არ დააგვიანებ ქიმიის გაკვეთილზე , პატარა ქალბატონო!"
ახლა მივხვდი ვინც იყო, თუმცა გაკვირვებას ვერ ვმალავდი , საიდან ქონდა ჩემი ნომერი ლადოს ? სრულად აღვიდგინე გონებაში წინა ოთხშაბათი , არა ! ნამდვილად არ გაგვიცვლია ნომრები !
-მშვიდობაა ? (დედა)
-კი დე , სალომეა . - ვუპასუხე დედას და საპასუხო ესემესის წერას შევუდექი.
"ჩემი ნომერი როდის მოგეცი ლადო?"
"და შენ რატომ არ მიპასუხე ზარებზე?" -არ დააყოვნა პასუხმა
"უცხო ნომრებს იშვიათად ვპასუხობ"
"ჭკვიანი გოგო ყოფილხარ ???? " -გამეღიმა, თუმცა პასუხი აღარ დავუბრუნე.
სანდროც გამოვიდა სააბაზანოდან, ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და გავემართე თავის მოსაწესრიგებლად.
სკოლაში დროულად მივედი , ძალიან ვჩქარობდი , არ მინდოდა კიდევ განმეორებულიყო წინა კვირის გამოცდილება. მთელმა დღემ მშვიდად ჩაიარა , კლასიდან ერთხელაც არ გავსულვარ , არასდროს მყვარებია შესვენებებზე უაზროდ ბოდიალი, არც სკოლის ბუფეტში ჭამის მოყვარული ვარ, ამიტომ თუ სალომემ არ ამომიარა და არ გამიყვანა კლასიდან , ჩემით არ გავდივარ.
ბოლო გაკვეთილიც დასრულდა, ზარი დაირეკა თუ არა მაშინვე დაიცალა კლასი . მოგეხსენებათ, სკოლა ისეთი სივრცეა მოსწავლეებისთვის , როგორიცაა ხმელეთი თევზისთვის .
-ელენე ! აღარ მოდიხარ? - კლასიდან გასვლამდე დამიძახა მარიამმა
-ორი წუთი, დამიცადე! -კიდევ ერთხელ შევათვალიერე ჩემი თავი სარკეში, წარბი გავისწორე , თმა გავიშალე , ტუჩსაცხიც გადავისვი და გასასვლელად მოვემზადე
-ისედაც ლამაზი ხარ ელენე, გავიდგი ფესვები! გთხოოვ!!!! - კედელს მიყრდნობილი მარიამი საწყალი, შეღონებული სახით მიხმობს
-მოვდივარ მოვდივარ!
კლასიდან გავედით და კარი დავხურეთ , იქვე, კიბესთან ლადო იდგა. პირდაპირ თვალებში მიყურებდა და იცინოდა.
-ვეთანხმები შენს მეგობარს , ელენე! - მითხრა მან
-გამარჯობა ლადო ! - გავუღიმე ,მე არ შევიმჩნიე მისი კომენტარი, თუმცა ერთი ცუდი თვისება მაქვს , ძალიან მარტივად მიწითლდება ლოყები
-გამარჯობა ელენე ! -გადასაკოცნად გამოიწია მან
-გაიცანი, მარიამი. (მე)
-სასიამოვნოა მარიამ, ლადო!- გაუღიმა და ისევ მე მომიბრუნდა - სკოლის მერე გცალია?
-რავიცი,რატო?
-მე წავალ ელენე,მერე გნახავ. -ჩაილუღლუღა მარიამმა და გაცლა სცადა,თუმცა ხელი დავუჭირე , არ ვიცი რატომ, ოდნავ დავიძაბე ლადოსთან მარტო რომ ვრჩებოდი.
-კიდევ ორი წუთი დამელოდე გთხოვ ! (მე მარიამს)
-თუ არ გცალია არაუშავს, ვიფიქრე გავისეირნებდით . (ლადო)
-იცი ლადო, დღეს ცოტა დაკავებული ვარ. თან ვფიქრობ არც ისე კარგი იდეაა.(მე)
-არ შეგჭამ, ელენე ! -ჩაიცინა ლადომ
-არა რა სისულელეა,არც მიფიქრია ... უბრალოდ .... შეხედე რა ამინდია -სიტყვებს თავი ძლივს მოვუყარე , წარმოდგენაც არ მინდა როგორ ამიჭარხლდა მთელი სახე
-მოღრუბლულია უბრალოდ . -აღნიშნა ლადომ. აშკარად მიხვდა მისგან თავის დაძვრენას რომ ვცდილობდი,არ ესიამოვნა. -თუმცა კარგი, გასაგებია . -ჩაილაპარაკა და გაგვეცალა
ჩვენც გზა განვაგრძეთ.
-ვინ იყო? - სიჩუმე მარიამმა დაარღვია
-არ ვიცნობ- ვუპასუხე სასხვათაშორისოდ
-მასე არ ჩანდა - წარბები აათამაშა მარიამმა
-არა მართლა, წინა კვირას გავიცანი.სახელი ვიცი მხოლოდ. (მე)
-ანუ? არაფერია? (მარიამი)
-არაფერი. - დავუდასტურე და თემა შევცვალე. -სალომე სად გაქრა ? ორი დღეა არც მოუწერია , არც დაურეკავს , არც სკოლაში ჩანს...
-არ ვიცი , გუშინ მინდოდა მომეკითხა მაგრამ ზარიც არ გავიდა მობილურზე .(მარიამი)
-კახეთში ხომ არ წავიდა ნეტა?(მე)
-ჩვენ რატომ არაფერს გვეტყოდა მერე?
-არ ვიცი , დღეს ვცადოთ,იქნებ დავუკავშირდეთ, თუ არა და საღამოს ავაკითხოთ სახლში გავიგოთ რა ხდება. (მე)
-კარგი . ავტობუსი მოვიდა,წავედი მე - ლოყაზე მაკოცა და ავტობუსში ასასვლელად მოემზადა .
მთელი დღე ვცეილობდით სალომესთან დაკავშირებას,თუმცა უშედეგოდ. ბოლოს სახლში ასვლა გადავწყვიტეთ , უკვე მალე დაბინდდებოდა , ამიტომ დროულად უნდა მოგვესწრო სახლიდან გასვლა , მოგეხსენებათ , გოგონების შებნელებულზე გარეთ გასვლა როგორ უჭირთ ქართველ მშობლებს .
-დე , სალომესთან გავდივართ მე და მარიამი და მალე მოვალთ კარგი? - კარტოფილის ღვეზელა დავავლე ხელი და ისე გავაკეთე განცხადება -უჰჰ! როგორ მიყვარს შენი ტკბილი ხელები ! -გულის მოსაგებად ესეც დავამატე და ღვეზელი ჩავკბიჩე
-სალომესთან რა ხდება ასე გვიან ? -ჩამეკითხა დედა
-გაციებულა და ქეთი დეიდამ დამირეკა , სახლიდან გასვლა უწევთ და იქნებ ამოხვიდეთ ყურადღება მიაქციოთო გვთხოვა - ტყუილების მოგონებაში ბადალი არ მყავს .
- უი რას ამბობ,არადა დღეს ვნახე ქეთი, არაფერი უთქვამს .
- ჰო,უბრალო გაციებაა.. საინფორმაციოთი ხომ არ გადმოსცემდა ? - შევეპასუხე დედას და კიდევ ერთი ღვეზელი დავიტაცე - მადლი შენს ხელებს , რა გემრიელია !
- რა ენა გაქვს ელენე ! - გაეცინა დედაჩემს
- წავიდე ანუ? - ლოყით ლოყაზე მივეფერე და პასუხის მოლოდინში გავიტრუნე
- ნუ ხარ მაიმუნი ამხელა გოგო! - კიდევ გაეცინა დედაჩემს - წადი აბა რა უნდა ქნა ? წამოსვლისას დამირეკე , სანდროს ვეტყვი მოგაკითხავს .
- კარგიი! -კიდევ ერთი ღვეზელი დავიტაცე, სალფეთქში შევახვიე და მარიამისკენ გავეშურე,რომელიც უკვე კორპსუთან მელოდებოდა
- რამდენი მალოდინე ! -წაიბუზღუნა მან- ყველა შენი ახლობელი, ალბათ სამუდამოდ განწირულია უსაშველო ლოდინისთვის ! რა უბედურებაა ელენე ამდენი ხანი? ამიერიდან რომ მეტყვი გამოდიო ერთ საათში გამოვალ იმ მომენტიდან !
- ენა ამოიდგი კაპანაძე??? -გამეცინა მე- აჰა აიღე , დედამ გამოაცხო - ღვეზელი გავუწოდე
- უჰჰ! რას იძახი - გამომართვა და მაშინვე ხახაში გადაიგდო დედაჩემის ლამაზი ღვეზელი-ამისთვის კი ღირდა ლოდინი, თუმცა შენზე მაინც გაბრაზებული ვარ! -განაცხადა მან
- ჭამე მალე და წავიდეთ , შემოგვაღამდა !(მე)
- მერე ვისი ბრალია?... ჩემი? - გამოტენილი პირით ძლივსღა საუბრობდა ქალბატონი
მობილურზე ისევ ესემესი მომივიდა.
"ბედისწერის გჯერა პატარა ქალბატონო?" -ლადო იყო
ჩავფიქრდი, რა უნდა მეპასუხა? ან უნდა მეპასუხა საერთოდ?
"მე მაგალითად , არ მჯერა . თუმცა ჩემი და ამბობს , რომ ჩვენი შეხვედრა ბედისწერაა."-მალევე მომივიდა მეორე ესემესიც.
"ასე რატომ ფიქრობს?" - ამის გარდა , სხვა უამრავი კითხვა მიღრღნიდა კიდევ ტვინს , თუმცა ვცდილობდი მასთან ბევრი არ მესაუბრა და ამ მიზეზით, მხოლოდ ერთი კითხვით შემოვიფარგლე.
"იქნებ იმიტომ,რომ ჩემთან ერთად გასეირნებაზე მხოლოდ შენ ამბობ უარს."(ლადო)
- ვინ არის ? -ინტერესიანი მზერა მომაპყრო მარიამმა.
- ლადოა (მე)
- ის ლადო რომ არ იცნობ? - გაეცინა მარიამს
- ჰო მარიამ , ის. -ოდნავ უხეშად დავუბრუნე პასუხი მეგობარს
- თუ არ იცნობ რატომ წერ? (მარიამი)
- უბრალოდ პასუხს ვუბრუნებ. -ვუპასუხე მას და ტელეფონს ჩავაცქერდი .
"მაშინ იქნებ ვინც არ გეუბნება უარს იმასთან ისეირნო ლადო? ????" -ტექსტი ავკრიფე, თუმცა სანამ გავგზავნიდი, შევყოვნდი.ესემესი წავშალე და თავიდან ავკრიფე- "???? გასაგებია" -მივწერე.
"რას შვრები?" (ლადო)
"მეგობარი უნდა ვნახო, არ მცალია ახლა ლადო" -ვუპასუხე და მობილური ჯიბეში ჩავიდე
-მგონი მაგ ბიჭს მოსწონხარ - ღიმილიანი სახით განაცხადა მარიამმა და პატარა ბავშვივით ხტუნვა დაიწყო
-რა სისულელეა მარიამ, რას არ იტყვი ხოლმე ! - ვუარყავი მისი წინადადება და ხელი მოვკიდე , ვანიშნე , დიდი გოგოსავით მოიქეცი მეთქი .
-ვფიქრობ, ჩემს თვალს იშვიათად თუ გამორჩება რამე. - მიპასუხა მან
-მე კი ვფიქრობ სათვალეები უნდა იხმარო მეგობარო. - ვუპასუხე მას და გზა განვაგრძეთ
თხუთმეტ წუთში სალომესთან ვიყავით . როგორც აღმოჩნდა ველოსიპედიდან გადმოვარდა , ფეხი მოიტეხა და ტელეფონიც დაუზიანდა .
***
ლადო
მერვე კლასელი ვიყავი პირველად რომ შევხვდი ჩემს პატარა ქალბატონს. არა კი არ შევხვდი , დავეჯახე , დავაზიანე და ამ დღის მერე,სადაც არ უნდა დავინახო , თუნდაც ვერ დავინახო , ყველგან ვგრძნობ მის სიახლოვეს. ბავშვური სიყვარული მეწვია. თუმცა დიდხანს ვერ ვიაზრებდი რომ სიყვარული იყო ეს გრძნობა.რას ვგრძნობდი იმასაც ვერ ვიაზრბდი ახლა რომ ვფიქრობ. უბრალოდ ვზრუნავდი, შორიდან, ახლოდან , შეუმჩნევლად თუ შესამჩნევად. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი მისი გატეხილი თავის გამო. ის დაჯახება ხომ მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა თავზე ნიშნით პატარა ელენეს. ჩემს წინ იზრდებოდა , ვუყურებდი როგორ შედიოდა მოწიფულ ასაკში , თუმცა მწყინდა რომ მისთვის ყოველთვის შეუმჩნეველი ვიყავი. არ ვიცი ასე რატომ ხდებოდა , ყველასთვის შესამჩნევი ლადო ასათიანი მხოლოდ ელენესთვის იყო შეუმჩნეველი და მოსვენებას მიკარგავდა ეს აზრი. ვერ ვიაზრებდი რა მაკავშირებდა მასთან მანამ სანამ მეორედ არ დაგვაჯახა ცხოვრებამ ერთმანეთს. ეს იყო ლტოლვა ორ მონათესავე სულს შორის . ეს იყო მიზიდულობა , რომელსაც მხოლოდ მე ვგრძნობდი და კიდევ უფრო მაგიჟებდა ის აზრი , რომ ეს ასე იყო. თუმცა რას მოვითხოვდი მაშინ ელენესგან? ის ხომ ჯერ მხოლოდ ბავშვი იყო.სუფთა და სპეტაკი გოგონა.
კიბეზე არბოდა პატარა ქალბატონი, ფეხი დაუცურდა და ხელი ჩანთაზე მომკიდა თავი რომ შეემაგრებინა. მოულოდნელობის ეფექტი იმდენად დიდი იყო რომ თავი ვერც მე შევიმაგრე და მის გვერდით დავეცი. ადგა,ჩუმად რაღაც ჩაიბუტბუტა და გაიქცა . მეც სწრაფი ნაბიჯით გავყევი უკან, როგორც აღმოჩნდა დედაჩემის გაკვეთილზე აგვინდებოდა . გამეცინა . კლასისკენ წავედი. ვეღარ მოვისვენე,მიზეზების ძიება დავიწყე კლასიდან გამოსასვლელად , ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია, ხელი სისხლიანი მქონდა , დავიბან მეთქი მასწავლებელს ვუთხარი და კლასიდან გავედი.
მოსვენება კიდევ უფრო დამაკარგვინა იმ ფაქტმა , რომ ერთ სართულზე ვიყავით მე და ელენე , თუმცა დღეში მხოლოდ ერთხელ ვხედავდი, ისიც სახლში რომ მიდიოდა მაშინ. თვითონ ვერც მამჩნევდა. რამდენჯერმე შორიდან მივესალმე, გავუღიმე თუმცა ამაოდ.
ბოლოს გადავწყვიტე მასთან ღია კონტაქტზე გავსულიყავი და ერთი კვირის თავზე რამდენიმე მცდელობა მქონდა მასთან საუბრის. სულ უფრო მეწურებოდა მოთმინების უნარი.
"მეგობარი უნდა ვნახო,არ მცალია ახლა ლადო." მიპასუხა მიწერილ ესემესზე.
უამრავი აზრი დამიტრიალდა თავში , უამრავი კითხვა . ვინ მეგობარი უნდა ენახა ? ჩემთვის დრო არ ქონდა დღეს,ახლა კი მეგობრის სანახავად მიდის.
რამდენჯერმე ავკრიფე საპასუხო ესემესი, თუმცა არცერთი გამიგზავნია . ბოლოს გადავწყვიტე დამერეკა. პირველ ზარზე არ მიპასუხა და ესემესი მივწერე.
"წესით ჩემი ნომერი უცხო აღარ უნდა იყოს შენთვის ,პატარა ქალბატონო."
"მართლა არ მცალია ლადო." -დაგვიანებით მომივიდა პასუხი
მე აღარ მიპასუხია. წიგნი ავიღე და ერთერთი საგნის მეცადინეობა დავიწყე .
საღამოს ცხრა საათი იქნებოდა ტელეფონმა რომ დამირეკა. ერეკლე იყო .
- ლადო, რას აკეთებ ?(ერეკლე)
- ვმეცადინეობდი რავიცი , შენ?(მე)
- რავი,გოგოები არიან სალომესთან და გარეთ მინდა გასვლა , ჩამოხვალ? (ერეკლე)
- ჩამოვალ.
გულის გადაყოლება მჭირდებოდა,ამიტომ მეც მომეწონა გარეთ გასვლის იდეა. ბურთი ჩავიტანე და ჩავედი .
-ისევ კალათბურთი? - გაეცინა ერეკლეს
-რავი არა ?
-ფეხბურთის საშუალებაც გვაქვს ძმაო (ერეკლე)
- კარგი რა , რა ჯობია კალათბურთს .
- მოსაბეზრებელია ყოველდღე კალათბურთი.( ერეკლე)
- წამოდი წამოდი.
თამაშით ისე გავერთეთ,ვერც გავიგეთ დრო როგორ გავიდა. თორმეტის ნახევარი იქნებოდა სახლში წასვლა რომ გადავწყვიტეთ . სტადიონიდან გამოსულებს სახლში მიმავალი სტუმრები მოხვდა თვალში ერეკლეს .
-მიდიხართ უკვე ? გაგაცილოთ? - მიმართა სიბნელეში მომავალ სილუეტებს ერეკლემ
-არა ეკე, სანდრო მოვა ახლა - უპასუხა ხმამ, რომელიც ძალიან ნაცნობი იყო ჩემთვის , და რომლის მოსმენაც იმ მომენტში ძალიან არასასიამოვნო იყო ჩემთვის.
-მალე მოვა ?
-კი კი. ადი შენ არ ინერვიულო - თბილად უპასუხა იგივე ხმამ
- არა დაველოდები თქვენთან ერთად სანდროს, ვნახავ თან.
- სიმართლე გითხრა, გასეირნებას ვაპირებდით ცოტას- გამოესარჩლა მეორე ხმაც
- თორმეტი საათია მარიამ. (ერეკლე)
- რა შეგვჭამს? - გაეცინა მარიამს
- მარიამ ასეთ დროს გაჩუმდი ხოლმე გთხოვ!- მიუბრუნდა უკმაყოფილო ელენე დაქალს
ახლოს მივიწიე ახალგაზრდებთან და ერეკლეს გვერდით დავიკავე ადგილი.
-სანდროსთვის არც დაგირეკავთ ჰო?- ეჭვნარევი მზერა ჰქონდა ერეკლეს
-სანდრო ვინ არის ? - ჩავეჭერი დიალოგში
-შენ? - მობილური სახეში მომანათა ელენემ,პასუხი არ გამიცია .სამაგიეროდ მარიამმა გადაიხარხარა გულიანად .
-იცნობთ ერთმანეთს ? (ერეკლე)
-კი(მარიამი)
-არა (მე)
მე და მარიამმა პასუხი ერთდროულად გავეცით, რაზეც მარიამმა ისევ გემრიელად გადაიხარხარა , ერეკლე კი დაბნეული ხან მე მიყურებდა , ხან გოგოებს.
-კი თუ არა ? (ერეკლე)
-წინა კვირას პატარა ავარია მოგვივიდა სკოლის კიბეზე . (ელენე)
-ჰო, პატარა . -დავადასტურე მეც.
-მოკლედ გოგოებო, ეს ლადოა , ჩემი ბიძაშვილი, ჩემი ძმა ... ლადო ესენი კი ჩემი დის კლასელები და ბავშვობის მეგობრები არიან , ელენე და მარიამი ... -მოვალეობის მოხდის მიზნით "გაგვაცნო ერთმანეთი" ერეკლემ. მარიამი სიცილს ვერ წყვეტდა.
- ერეკლე გაგვიშვი გთხოვ ! -სიცილნარევი ხმით შეევედრა მარიამი
- არ შეიძლება, სანდროს რა პასუხი გავცე მერე ? ორი ვარიანტია , ან მე მიგაცილებთ ან ერთად დავურეკავთ და დაველოდებით სანამ მოვა . -მკაცრად მოუხაზა ლადომ და გოგოების პასუხს დაელოდა .
- და ვინ არის ეს სანდრო მეთქი ? -ტონში ცოტა გაღიზიანება შემეტყო.
- ჩემი ძმაა ... (ელენე)
ისე მესიამოვნა იმ მომენტში ეს პასუხი , ვერც წარმოიდგენთ. თუმცა ელენეზე მაინც გაბრაზებული ვიყავი. ვიცოდი რომ ამის უფლება არ მქონდა , არც მიზეზი . მე ხომ ჯერ კიდევ უცხო ვიყავი მისთვის . თუმცა მინდოდა მისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი ვყოფილიყავი როგორც ის იყო ჩემთვის . მინდოდა მხოლოდ ჩემი დანახვა შესძლებოდა . ის კი მხოლოდ მე ვერ მხედავდა . აი რა იყო ჩემი სიბრაზის მიზეზი ... უყურადღებობა .
საბოლოოდ სანდრომ წაიყვანა გოგოები . იმ საღამოს ძლივს დავიძინე . უამრავჯერ ავკრიფე ნომერი რომ დამერეკა , მერე თავს ვეკითხებოდი "რა უფლებით?" . უამრავჯერ ავკრიფე ესემესი , თუმცა რაღაც მიშლიდა ხელს მის გაგზავნაში . ბოლოს მაინც ვერ მოვისვენე და მივწერე .
"ძილინებისა , პატარა ქალბატონო "
ვიცოდი არ მიპასუხებდა , ან იქნებ უკვე ეძინა . არ მინდოდა მის ლოდინში ჩამძინებოდა , ამიტომ ტელეფონს ხმა გამოვურთე და დასაძინებლად გადავბრუნდი. თუმცა მას მალევე უპასუხია.
"ღამემშვიდობის ლადო!"




ძალიან ვეცადე მეორე თავი მალევე ამეტვირთა ვინაიდან პირველი ზედმეტად პატარა და ნაკლებად ინფორმაციული იყო. პირველი ხუთი თავი საცდელი იქნება მეგობრებო. ამიტომ, გამიზიარეთ თქვენი აზრი, გავაგრძელო?



№1 სტუმარი Anna

მშვენიერია , მალმალე დადე, არ გვალოდინო ????

 


№2  offline წევრი KeSsy

Anna
მშვენიერია , მალმალე დადე, არ გვალოდინო ....

ამ კვირაში დავდებ აუცილებლად <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

მომწონს, ვგრძნობ კარგი გაგრძელება ექნება. არ გვალოდინო.

 


№4  offline წევრი KeSsy

სტუმარი ნინო
მომწონს, ვგრძნობ კარგი გაგრძელება ექნება. არ გვალოდინო.

უმოკლეს დროში ავტვირთავ შემდეგ თავს ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent