შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების ქრონიკები ( სრულად )


24-06-2024, 23:04
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 8 276

ისევ ის სიზმარი მესიზმრა, ფრიალო კლდიდან უფსკრულში ვეშვებოდი თავდაყირა და ვერაფრით ვახერხებდი ფრთების გაშლას, საშინელი სისწრაფით ვუახლოვდებოდი წვეტიანი ქვებით დაფარულ, მდინარის დამშრალ კალაპოტს, ისე მკაფიოდ და აშკარად ვგრძნობდი ტკივილს დაცემის გამო თითქოს რეალურად მომხდარიყო, ყურებში საკუთარი ძვლების ტკაცუნი ჩამესმოდა და პირი თბილი, ბლანტი, ჟანგისსუნიანი სითხით მქონდა სავსე, ჩემი ფრთებიდან მოგლეჯილი ბუმბულებით იყო მოფენილი ყველაფერი, ხორცში ჩასობილი გვერდებალესილი ქვები უფრო და უფრო ღრმად ჩადიოდნენ და მაიძულებდნენ ღმუილისმაგვარი სასოწარვეთილი ხმები გამომეცა, ტკივილი მკლავდა და ბოლოს მიღებდა, უცნაური გამაყრუებელი გრუხუნი რომ მომესმა, მთელი ძალა მოვიკრიბე რომ წამოვწეულიყავი და შევბრუნებულიყავი, გაოგნებული, პირდაღებული შევყურებდი გადამხმარ კალაპოტში ჩემკენ მომავალ აზვირთებულ, ავად აქოჩრილ ტალღებს და ნიკაპზე ღვარად ჩამომდიოდა სისხლი, პირველმა დარტყმამ უზარმაზარ ლოდზე მიმახეთქა, ცხადად ჩამესმა თავისქალის მსხვრევის ხმა, მერე აღარაფერი მიგრძვნია, ტალღებმა ამიტაცა და თავის ნებაზე წამიღო...

დაღლილს გამეღვიძა, მთელი სხეული ისე მტკიოდა თითქოს კარგა გვარიანად მივებეგვე ვინმეს, უკვე ნერვებს მიშლიდა ეს ერთი და იგივე სიზმარი თუმცა თავს ზემოთ ძალა არ იყო, ნეტავ რას ნიშნავდა, რის თქმას ცდილობდა ჩემთვის ჩემი ქვეცნობიერი, კეფა საშინლად მტკიოდა, გულისგამაწვრილებლად მიფეთქავდა მარცხენა საფეთქელი და სულ მთლად სველი ვიყავი, ადგილიდან არ განვძრეულვარ ისე შევათვალიერე ჭერი საიდანაც ორი უზარმაზარი ყვითელი ლაქა მიმზერდა, ლაქებიდან კი ტყაპატყუპით ცვიოდა ჩემს ჭრელაჭრულა საბანზე წვიმის წვეთები, ნახევრად სველი ბალიში შეძლებისდაგვარად ავაფუმფულე, ისევ მივწექი და თავქვეშ ამოვიწყვე ხელები, საფეთქელი უკვე ისე მტკიოდა მარცხენა თვალს ვეღარ ვახელდი, ვიწექი ასე თვალმოჭუტული და ვფიქრობდი, წვიმა გადაიღებდა თუ არა სახურავზე ვიყავი ასასვლელი, ალაბათ კატებმა თუ გატეხეს ჩხუბის დროს რომელიმე ძველისძველი კრამიტი, გამოვცვლიდი და ცოტახნით დავისვენებდი, ვეღაფრით ვიხსენებდი ჩემი კიბე რომელიც ჩემს მეზობელ სულიკოს ვათხოვე ამ ერთი თვის წინ, დამიბრუნა თუ არა, სულ ასე იცოდა, ხან რას ითხოვდა ხან რას და მერე შენ თუ არ გაახსენებდი თვითონ არაფრით არ დაგიბრუნებდა ის კი არადა აქეთ შემოგედავებოდა არ გითხოვებიაო, ასე შეიტყაპუნა ჩემი ძველისძველი ბროლის ჭიქები რომელიც შვილიშვილის ნათლობისთვის ითხოვა და ბებიაჩემის ნაქონი კექსის გამოსაცხობი ფორმა, არცერთი არაფერში მჭირდებოდა, არ შევდავებივარ, თავი არ გამომიდვია და კი შერჩა ხახვივით, თუმცა ამჯერად არამგონია იმ ხუთმეტრიანი კიბის ასე უბრალოდ გადამალვა მოეხერხებინა, თუ რათქმაუნდა ჯადოქარი არ იყო, თუმცა მაგისგან არც ეგ გამიკვირდებოდა.
- თეკო, შვილო სახლში ხარ? -კარზე ბრახუნი მომესმა და მერე მოურიდებელი ნაბიჯების ხმაც მოსწვდა ჩემს ყურთასმენას, ისევ არ გამიგია ყეფის ხმა, ნეტავ ჩემი ძაღლი რა ჯანდაბას აკეთებდა იმ დროს როცა ჩემს სახლში და ეზოში ასე ბედნიერად და თავისუფლად დააბოტებდნენ ჩემი მეზობლები, ვაკოს ბებია სონა ბებო ამბობდა ხოლმე ძაღლი არჩევს ავის მოსურნეს და კეთილის მოსურნეს ერთმანეთისგან და ამიტომაც არ ერჩის ზოგ ადამიანსო, მართლა ძალიან მაინტერესებდა მთელ უბანში არავინ არ იყო ჩემი ავის მოსურნე თუ ეს თავგასიებული უზარმაზარი ლომა მყავდა დებილი და ყველას მიმართ ნამეტანი ტოლერანტული.
- გააღე კარი, -ახლა კარს მოადგა და ეტყობა მთელი ძლით მოაწვა ისე საცოდავად დაიწყო მრავალჭირნახულმა, საღებავაქერცლილმა ჩარჩომ ჭრაჭუნი, კიდევ კარგი საძინებლის კარის ჩარაზვის ჩვევა მქონდა გამომუშავებული თორემ ვინ იცის როდის და რა მდგომარეობაში შემომისწრებდნენ, ჩემს ფიქრებზე თავადვე გამეცინა გულიანად, განა ისეთ რა მდგომარეობაში უნდა შემოესწროთ, ქმარი მე არ მყავდა და საყვარელი, ეგ იყო შიშველი ძილი მიყვარდა ზაფხულობით მაგრამ ახლა უკვე შემოდგომა იდგა, საკმაოდ გრილოდა და საღამურებით მეძინა ხოლმე, თუმცა დიდი ამბავი დოდო შიშველს თუ დამინახავდა მაინც ნახევრად მაგის გაზრდილი ვიყავი, დედაჩემი თექვსმეტი წლის რომ გამოეკიდა უტვინო მამაჩემს რომელიც სულ რაღაც ორი წლით იყო მასზე უფროსი და ცხრა თვეში მე რომ გამაჩინა ფაქტიურად ჩვენი კარის მეზობლის დოდოს გასაზრდელი გავხდი, დოდო თავის ქმართან და შვიდ შვილთან ერთად ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა პატარა კოხტა ორსართულიან სახლში, დედაჩემს მშობიარობა რომ დაეწყო, იმ დროს ის და მამა მარტო იყვნენ სახლში და დოდო გაჰყვათ სამშობიაროში, ხუთი პატარა შვილი ყველაზე უფროსს თექვსმეტი წლის მარიამს დაუტოვა, ყველაზე პატარა, ორი წლის ვაკო თან წამოიყვანა და სანამ არ დარწმუნდა რომ ყველაფერი კარგად იყო მანამდე არ მოშორებია გვერდიდან შეშინებულ, ჭკუიდან გადასულ მამაჩემს რომელიც თურმე ისე ნერვიულობდა, მერე დოდო ყვებოდა ხოლმე მეგონა ხელებში ჩამაკვდებოდაო, მამაჩემს დედა არ ჰყავდა, მხოლოდ მამა და ზუსტად დედაჩემის ტოლი ძმა, დედას მშობლები არ ელაპარაკებოდნენ იმის გამო რომ ასე დაუკითხავად გათხოვდა, ჰოდა დარჩა ასე პირისპირ ცხოვრების სირთულეების წინაშე თექვსმეტი წლის გოგო, მამაჩემი ყველანაირად ეხმარებოდა, ბაბუაც ხელს უწყობდათ თურმე მაგრამ მაინც ძალიან უჭირდა, დოდო რომ არა...
- მოვდივარ, მოვდივარ, -რომ აღარ გაჩერდა მთელი ხმით ვიყვირე, წამოვდექი და ბარბაცით მივედი კართან, გამოვაღე და შეშინებულმა ვისკუპე უკან, მერე კი როცა გავიაზრე რაც ხდებოდა ხარხარი ამიტყდა, თუმცა დოდოს არანაირი რეაქცია არ ჰქონია, მიჩვეული იყო ჩემგან უცნაურ და არაადეკვატურ საქციელს, რა უნდა გამეკეთებინა რომ გამეოცებინა არ ვიცი.
- დამცინე, დამცინე შენი რა მიდის, ნუცამ ჩამომიტანა რაღაც საღებავი, წაბლისფერიაო მიმტკიცებდა და ნარინჯისფერი გამოვიდა, შენ რა გჭირს რატომ ხარ სველი? დაუპატიჟებლად შემოაბოტა და პირდაპირ ჭერს დაასო გამჭოლი ყოვლისმხედველი თვალი, -წყალი ჩამოდის? ვაკოს ვეტყვი გადმოვა და შეაკეთებს, იმ ონკანსაც გამოცვლის ეზოში.
- ჩამოდის მაგრამ მე გავაკეთებ, ვაკოს არაფერი უთხრა, თავისი საქმეებიც ეყოფა მაგას და ნუღარ დაუმატებ, გადაიღებს თუ არა თვითონ ავალ სახურავზე, -გვერდი ავუქციე და სამზარეულოსკენ წავედი, უხმოდ მომყვა უკან, ვიცოდი რაღაც სერიოზული ჰქონდა სათქმელი და თუ ასე წელავდა დაწყებას ესე იგი რასაც მეტყოდა ნამდვილად არ მესიამოვნებოდა, დაახლოებით ვხვდებოდი რაშიც უნდა ყოფილიყო საქმე.
- მეც დავლევ, ყავის ჭიქაზე მიმითითა და სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა, ჭიქას მოვურიე და წინ დავუდგი.
- შენთვის გავაკეთე, ხომ იცი მე არ მიყვარს ყავა.
- დედაშენმა დარეკა, -მომახალა პირდაპირ, იცოდა როგორ ვერ ვიტანდი მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს და გადაწყვიტა აღარ გაეჭიანურებინა, არაფერი მითქვამს, მის წინ დავჯექი და ერთამნეთზე გადაჯვარედინებულ ხელებს ნიკაპით დავეყრდენი, მეტი არც დოდოს უთქვამს რამე, ალბათ ახალი არაფერი ჰქონდა სათქმელი, უკვე ზეპირად ვიცოდი რომ გაგვეგრძელებინა როგორ განვითარდებოდა ჩვენი საუბარი, ის მეტყოდა რომ დედაჩემს ჩემთან საუბარი უნდა, მოვენატრე და პატიებას მთხოვს, მე კი მშვიდად, წყნარად და ღიმილით დავუბრუნებდი პასუხს, ვეტყოდი გადასცეს რომ მასზე გაბრაზებული არ ვარ, არც ნაწყენი, ჩემგან საპატიებელი არაფერი ჩაუდენია, უბრალოდ არ მინდა მასთან რამე ურთიერთობა მქონდეს, არ მინდა მისი ნახვა, არც მისი ხმის გაგონება, არასდროს, არასდროს...
- გიყურებ და ვხვდები რომ ტყუილად ცდილობს, -ჩაილაპარაკა და უგემურად მოსვა ყავა, -შენი მესმის ჩემო გოგო, ჩემზე უკეთ ვინ გიცნობს, თექვსმეტი წლის იყავი რომ დაგტოვა და წავიდა, უკვე ოცდსამი წლის ხარ, ამდენი დრო გავიდა, იქნებ გეცადა და...
-
- დედები შვილებს არ უნდა ტოვებდნენ, ასე უბრალოდ და უკანმოუხედავად არ უნდა მიდიოდნენ, ვინმეს ან რამის გამო ამ ცხოვრების ორომტრიალში დასაკარგად არ უნდა იმეტებდნენ ახლად შებუმბლულ და ფეხადგმულ ბარტყებს, -ფართოდ გავიღიმე და ჩემს შიგნით აზვირთებულ ბრაზს გადმოფრქვევის საშუალება არ მივეცი, ის ქალი თავს ჩემს დედას რომ უწოდებდა ნამდვილად არ იყო ჩემგან თუნდაც ერთი წვეთი ბრაზის ღირსი.
ასე უხმოდ ვიჯექით, დოდო ყავას სვამდა და ალბათ ერთდროულად უამრავ რამეზე ფიქრობდა, ოჯახზე, ქმარზე, უკვე თავთავის გზაზე წასულ შვილებზე, სახლზე რომელიც ბანკში ჰქონდათ ჩადებული, გადასახადებზე, უამრავ წვრილმან თუ მსხვილმან რამეზე, მათ შორის დედაჩემზე რომლის საქციელიც მისთვის არამგონია გასაგები ყოფილიყო თუმცა მაინც ვერ იმეტებდა, ჩემზეც ფიქრობდა ალბათ და ჩემს ჯერჯერობით გაურკვეველ აბურდულ-დაბურდულ ცხოვრებაზე, საკუთარ ნარინჯისფერ თმაზე და მომატებულ თხუთმეტ კილოგრამზე რომელსაც ვერაფრით იკლებდა, იქნებ მოღალატე ქმარზეც ფიქრობდა და მისთვის შეწირულ მთელ ცხოვრებაზე, ვინ იცის, მე კი მას ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა იქნებოდა მისნაირი ადამიანური ადამიანები რომ არ არსებობდნენ სხვა ადამიანების ცხოვრებაში, მისნაირი თბილი, გულიანი და ყველას გულშემატკივარი, ან ვაკოსნაირი, საყვარელი, გულწრფელი, მორცხვი და საოცრად მიმზიდველი, მეზობლის არაფრით გამორჩეულ გოგონაზე უგონოდ შეყვარებული, ან ჩემნაირი ინტროვერტი, უფერული, ამ სამყაროში საკუთარი ადგილის არმქონე ადამიანები...





ფანჯარასთან ვიჯექი და პიტნიან და ლიმნიან ჩაის ვსვამდი, მსიამოვნებდა ცხელი სითხე და არომატი ერთგვარ დამამშვიდებელ გარს რომ ქმნიდა ჩემს გარშემო, საოცრად უხდებოდა ეს ჩაი შემოდგომის ფერად და ერთფეროვან დღეებს, ჩემი მისაღების ფანჯრიდან პარკი მოსჩანდა, უზარმაზარი, ძველისძველი ჭადრებით და გაბურდული, წლობით გაუსხლავი ბუჩქნარით სავსე, მომწონდა ეს ხედი, იმდენად მომწონდა რომ მისაღების კედლიდან ორი პატარა ფანჯარა ამოვაღებინე და ერთი დიდი და მთლიანი ჩავსვი, ფანჯრის წინ რბილი ტახტიც დავდგი, სადაც მოცალეობის ჟამს წამოვწვებოდი ხოლმე, მოვიდგამდი გვერდზე სურნელოვანი სითხით სავსე ფინჯანს, გადავშლიდი რომელიმე ძველ, ათასჯერ წაკითხულ, ფურცლებგაცრეცილ წიგნს და გადავეშვებოდი ოცნებებში, თუ გამიმართლებდა, ჩემი ბებერი, წითური ცალთვალა კატაც შემომიერთდებოდა, ჩემთვის კრუტუნის თერაპიის ჩატარებას ინებებდა და თავზე ხელის გადასმის უფლებასაც მომცემდა, უკვე ყველაფერი ნამდვილად იდეალურად იყო ხოლმე...

- როგორ ხარ? -როგორც ყოველთვის ახლაც შეუმჩნევლად მომიახლოვდა ვაკო, წელზე მომხვია ხელები, დაიხარა და ნაზად შემახო ტუჩები მოშიშვლებულ მხარზე, მესიამოვნა მისი სიახლოვე, მოვდუნდი, თავი უკან გადავხარე და მკერდზე მივეყრდენი, ეგოისტურად მესიამოვნა მისი გულისცემა არანორმალურად რომ აჩქარდა, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი გრძნობები ორმხრივი არ იყო და ის ჩემს მიმართ თავის გრძნობებზე და განცდებზე ჩემთან არასდროს საუბრობდა, მაინც მომწონდა ასე უგონოდ რომ იყო შეყვარებული ჩემზე, იცოდა რომ ვხვდებოდი, შეუძლებელი იყო ვერ მივხმდარიყავი, ჯერ კიდევ ბაღის ასაკიდან ვხედავდი მის თვალებში მხოლოდ ჩემთვის განკუთვნილ სიყვარულს...
- აქ რას აკეთებ, დღეს არ მუშაობ? -ვკითხე და თან პარკის შესასვლელთან სვავებივით მოტრიალე, პიჯაკებში გამოწყობილი და საქაღალდეებით და პლანშეტებით შეიარაღებული არსებებისთვის არ მომიშორებია მზერა, ნეტავ რა ჯანდაბის შეკრება ჰქონდათ.
- სამსახურიდან გავეთავისუფლე, დოდომ მითხრა რომ წყალი ჩამოგდის საძინებელში და ვიფიქრე სახურავს შევაკეთებდი, -ხელი გამიშვა, გვერდით მომიჯდა და ჩემს მზერას გააყოლა თვალი.
- დედაშენს ვუთხარი რომ შენთვის არ ეთქვა, არ მინდა ჩემს გამო საქმეს მოცდე, მე თვითონაც გავაკეთებდი, სულიკოს კიბეს გამოვართმევ და...
- უკვე გამოვართვი, მართალია მოცემა არ უნდოდა მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, -გულიანად გაიცინა და მერე დაკვირვებით შემათვალიერა.
- რას უყურებ ასე გაფაციცებით?
- იმ სვავებს ვუყურებ, დილიდან ასე დაბოდიალობენ, შენი აზრით რა საქმე აქვთ აქ?
- მგონი პარკის რეაბილიტაციას აპირებენ.
- ჰმ, რეაბილიტაციას? ანუ ეს ბუჩქები და ხეები უნდა მოჭრან?
- უმეტესობა მაინც, -მხრები აიჩეჩა და უფრო მოხერხებულად მოკალათდა, -შენ რა გაწუხებს?
- ის რომ შეიძლება ამ პარკის ადგილზე საშინელი უსახური კორპუსები ააშენონ, მერე რა ვქნა ფანჯრიდან კორპუსებს ვუყურო ხოლმე? -ისე გავბრაზდი და ისე ავუწიე ხმას თითქოს ვაკო ყოფილიყოს რომელიმე სამშენებლო კომპანიის გაქსუებული, გაუმაძღარი და სინდისგარეცხილი პატრონი, იმის წარმოდგენაც კი მაცოფებდა რომ მთელ უბანში არსებულ ამ ერთადერთ მწვანე სივრცეში სადაც ზაფხულობით თავისუფლად იყო სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა შესაძლებელი, შეიძლებოდა საცხოვრებელი შენობები აეშენებინათ, ისე კი მიკვირდა ან ამდენ ხანს როგორ გამორჩა მერიას ეს ადგილი და როგორ არ მიყიდა ვიღაც ფულის ტომარას სიმბოლურ რამდენიმე ლარად.
- მშვიდად, მშვიდად, რა გჭირს, კრიტიკული დღეები გაქვს? -ჩემი ბრაზიანი გამოსვლის საპასუხოდ ისე საყვარლად მკითხა სიცილი ვერ შევიკავე, ასეთი იყო ვაკო, მუდამ ახერხებდა ჩემს გაღიმებას, ჩემზე ორი წლით იყო დიდი, ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ, ყოველთვის ერთდ ვიყავით, მერე კი როცა თექვსმეტი წლის ასაკში დედამ დამტოვა და ზუსტად ორი თვის შემდეგ მამა გულის შეტევით დაიღუპა, მათთან გადავბარგდი საცხოვრებლად, იმ დროს საერთოდ აღარავინ მყავდა, ბიძაჩემი ამერიკაში ცხოვრობდა იქაურ მეუღლესთან ერთად და მამას დაკრძალვის შემდეგ უკან ამერიკაში დაბრუნდა, წასვლამდე ერთი კი მთხოვა უგულოდ, წამოდი ჩვენთან ერთად იცხოვრეო მაგრამ გულიანადაც რომ ეთხოვა მასთან ერთად წამსვლელი არ ვიყავი, დედაჩემის მშობლებმა გაიგეს თუ არა რომ მარტო დავრჩი მაშინღა იკადრეს მოსვლა, დაკრძალვიდან ერთი კვირის შემდეგ მომადგნენ, მაშინ ჯერ კიდევ ამ სახლში ვცხოვრობდი მარტო თუმცა დოდო, ვაკო და მისი და-ძმები ერთი წუთითაც კი არ მტოვებდნენ, იმ გადაპრანჭულმა და რამდენიმე კილო ოქროასხმულმა ქალმა თავს ჩემს ბებიას რომ უწოდებდა ჩემი წაყვანა სცადა, რათქმაუნდა არ გავყევი, მახსოვს როგორ ნერვიულობდა ვაკო და როგორ განიცდიდა იმ ყველაფერს რაც ხდებოდა, ახლა თუ არ წამოხვალ დაივიწყე რომ ვარსებობთო გამომიცხადა ბაბუაჩემმა, ისედაც არ მახსოვდა რომ არსებობდითთქო ვუპასუხე...
მათი წასვლიდან ზუსტად ორ დღეში დოდომ ჩემი მცირე ბარგით თავის სახლში წამიყვანა, რაკი ვიწროდ ცხოვრობდნენ და ცალკე საძინებელი არ ჰქონდათ ვაკოს დის საძინებელში დამიდგეს საწოლი, ის ორი წელი რაც მათთან ერთად ვიცხოვრე საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, მე და ვაკო უფრო მეტად დავახლოვდით ისე რომ ერთი დღეც რომ არ მენახა თავს ცუდად ვგრძნობდი, ერთად ვსწავლობდით, ვმეცადინეობდით, ვკითხულობდით, საღამოობით ფილმებს ვუყურებდით, ღამღამობით მის საძინებელში ვიპარებოდი და საუბარში ვათენებდით, მათთან ყოფნისას ერთი წამითაც კი არ მიგრძვნია რომ მათთვის ზედმეტი ვიყავი თუმცა იყო ერთი რამ რაც მაწუხებდა და დისკომფორტს მიქმნიდა, ვგრძნობდი როგორ იცვლებოდა ვაკო დღითიდღე ჩემს მიმართ, ვამჩნევდი მის განსხვავებულ მზერას, ვამჩნევდი როგორ ღელავდა ჩემთან სიახლოვისას, ვხვდებოდი ასე ვეღარ გაგრძელდებოდა, ასე რომ თვრამეტი წლის გავხდი თუ არა ჩემს სახლში დავბრუნდი, თავიდან გამიჭირდა მარტო ცხოვრება, მერე შევეჩვიე...
- რაზე ჩაფიქრდი? -ცხვირწინ გამიქნია გრძელი თითები და ისე საყვარლად გამიღიმა...
- გუშინ ბიძაჩემმა დამირეკა, -ამოოხვრა ამოვაყოლე სიტყვებს, -მგონი ჩამოდის და თან ცოლ-შვილიც მოჰყავს, ვფიქრობ ხანგრძლივად დარჩება.
- გასაგებია, ანუ ამის გამო გქონდა ნერვები მოშლილი.
- ამის გამოც, იმის გამოც და ყველაფრის გამოც, -ჩავიბურტყუნე და ტახტიდან ჩამოვხტი, სამზარეულოსკენ წავედი, ვაკოც უკან მომყვა.
- სამსახურში როდის გადიხარ? -მკითხა და თან ჩემი მაცივრის შესწავლა დაიწყო, ყველი, ძეხვი, კვერცხი და სხვადასხვა სახის ბოსტნეული გამოალაგა, სიხარულისგან ხელი ხელს შემოვკარი.
- ომლეტს აკეთებ?
- ჰო, თანაც ზუსტად ისეთს შენ რომ გიყვარს, დარწმუნებული ვარ მშიერი ხარ.
- შიმშილით ვკვდები, -შევჩივლე და თხლად დაჭრილი ყველი გავიქანე პირში, -შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა არ ვიცი.
- არაფერიც არ გეშველებოდა, მოკვდებოდი შიმშილით, -ნიშნისმოგებით მითხრა და დანის ოსტატური მოძრაობით დაიწყო ბოსტნეულის დაჭრა, -კითხვაზე პასუხი არ გაგიცია, სამსახურში როდის გადიხარ?
- ზეგ დილით?
- ვერ ვხვდები ეს სამსახური რაში გჭირდებოდა, იმ საკონდიტროში ხომ მუშაობ შეთავსებით.
- ჰო მაგრამ ვცდილობ სწავლის გადასახადისთვის გადავდო ცოტ-ცოტა, ბიძაჩემი კარგა ხანია აღარაფერს მიგზავნის, ჰო მართლა, გუშინწინ ბებიაჩემმა გამომიგზავნა ორასი დოლარი.
- მართლა? -ვაკოს ისე გაუკვირდა ხელი აუცდა და კინაღამ თითზე დაისვა დანა, -როდის აქეთია გაახსენდი.
- ალბათ მას მერე რაც ბაბუა დაიღუპა და სულ მარტო დარჩა, ფული უკან გავუგზავნე, დღეს დილით დამირეკა, არ მინდოდა რომ მეპასუხა თუმცა ბოლოს მაინც შემეცოდა და ვუპასუხე.
- რა უნდოდა?
- ვიფიქრე რომ მომიკითხავდა, ბოდიშს მომიხდიდა იმის გამო რომ ამდენი წელია არ გავხსენებივარ მან კი ამის მაგივრად სულ უმადური მიძახა, თურმე ის ორასი დოლარი რომ უკან დავუბრუნე უმადური გამოვდივარ, წარმოგიდგენია?
- ყურადღებას ნუ მიაქცევ, მარტოობა აკეთებინებს ყველაფერს, ტელეფონს უპასუხე, -იქვე მიგდებულ ტელეფონზე მიმითითა რომელიც გამწარებული ვიბრირებდა და ისევ ომლეტს მიუბრუნდა, ტელეფონს დავხედე, ერთხანს ვყოყმანობდი მერე გავთიშე და გვერდით გადავდე.
- ვინ იყო? -მკითხა ხელოვნურად დაყენებული მშვიდი ხმით, თუმცა დარწმუნებული ვიყავი მშვენივრად იცოდა ვინც იყო, ალბათ წეღან სახელის წაკითხვაც მოასწრო ტელეფონის ეკრანზე.
- დათო იყო, დღეს საღამოს სადღაც უნდა წავსულიყავით თუმცა რაღაც არ ვარ ხასიათზე თანაც ისეთი ამბით დამპატიჟა და ისე შემიკვეთა მაკიაჟი და ჩაცმულობა დარწმუნებული ვარ რაღაც სერიოზულს აპირებს.
ერთხანს უხმოდ მისმენდა ვაკო, მერე ბოსტნეულის ჭრას თავი მიანება, ხელები გადაიბანა, ჩემს პირდაპირ მიუჯდა მაგიდას და რომ მეგონა ეს ესაა იფეთქებსთქო სწორედ მაშინ შეეცვალა სახე და ისე დამპლურად და უდარდელად გამიღიმა მე რომ ასე ძალიან მიშლიდა ხოლმე ნერვებს.
- მგონი უნდა წახვიდე, არ ღირს ამ შანსის ხელიდან გაშვება, დარწმუნებული ვარ ცოლობას გთხოვს, შენც რა თქმა უნდა მაშინვე ადთანხმდები და იცხოვრებთ მერე შენ და დათუნა ტკბილად და ბედნიერად უკუნითი უკუნისამდე, -უდარდელად გადაიდო ფეხი ფეხზე და თითები რიტმულად ააკაკუნა მაგიდაზე.
ვუყურებდი მის იდეალურ სახეს, ოდნავ წამოზრდილ გრუზა თმას, ვნებიან ტუჩებს, ზომიერად დაკუნთულ სხეულს, ულამაზეს თითებს და გონებაში უნებურად დათოს ვადარებდი, დათოს რომელსაც უამრავი ფული და შესაძლებლობები გააჩნდა იმისთვის რომ გავებედნიერებინე, ვაკოს რისი შემოთავაზება შეეძლო ჩემთვის სიყვარულის გარდა, რას ვგრძნობდი ვაკოს მიმართ? ალბათ სიყვარულს არა თორემ სიყვარულთან ანგარიშს რა ესაქმება...



საშინლად დაღლილი ვბრუნდებოდი სამსახურიდან, იმის წარმოდგენაც კი მზარავდა რომ შუაღამემდე უნდა მემეცადინა, ეს წელიც, ეს ბოლო წელიც და მორჩა, მანტრასავით ვიმეორებდი გულში და მძიმედ ვადგამდი ნაბიჯებს, მინდოდა თუ არა, შემეძლო თუ არა მაინც უნდა გამეკეთებინა და უნივერსიტეტი წარმატებით დამესრულებინა, ჩემს თავს უფლებას არ მივცემდი ახლა ეღალატა და მერე მთელი ცხოვრება მენანა რომ ასეთი სუსტი აღმოვჩნდი მაშინ როცა სიძლიერე ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
- ჯანდაბა, ისევ გაიჭედა, ამასთან ჯაჯგურიღა მაკლდა, ოჰ შენი... -ხმამაღლა შევუკურთხე ძველისძველ, ჟასგმოკიდებულ რკინის ჭიშკარს და წვალებ-წვალებით გამოვაღე, შევედი თუ არა ბოთე ლომა შემომეგება კუდის ქიცინით და წკმუტუნით, რაღაც უცნაურად იყო აჟიტირებული, ასე მაშინ იქცეოდა ხოლმე როცა სტუმრები მყავდა, უყვარდა ლომას სტუმრები, შეეძლო საათობით მჯდარიყო ჩვენს გვერდით და ჩვენი საუბრისთვის ესმინა, თუ ვინმე ყურადღებას მიაქცევდა და თავზე ხელს გადაუსვამდა მასზე ბედნიერი ძაღლი არ არსებობდა იმ წუთას ცისქვეშეთში.
- რა ხდება ლომა რამ გაგახარა ასე ძალიან? -ყურთან მოვფხანე და მანაც პასუხად უცნაური ყმუილისმაგვარი ხმა ამოუშვა, მერე ადამიანივით გამეკრიჭა და აივნისკენ გაიქცა, თან უკან იყურებოდა თუ მომყვებაო, ზურგჩანთა მოვიხსენი და უკან მივყევი, თავი მაღლა არ ამიწევია ისე ავიარე კიბეები, აივანზე ასულს თვალში პირველად მამაკაცის ფეხსაცმელი მომხვდა, შევდექი, ფეხსაცმლიდან ფეხებზე გადავიტანე მზერა და ნელ-ნელა ავუყევი ზემოთ...
ჩემს სარწეველა სავარძელში იჯდა თვალდახუჭული, კალთაში ჩემი წითური, ცალთვალა ბებერი კატა სარიკო ეჯდა და მის გაქუცულ ბეწვში დაატარებდა თითებს, მუქი ჩალისფერი თმა ჰქონდა, ზუსტად ჩემი თმის ფერი, ბოლოში ოდნავ აპრეხილი სწორი ცხვირი და ლამაზი, ვარდისფერი ტუჩები, ვერ ვხვდებოდი რატომ მეცნობოდა ასე ძალიან და ვერც იმას ვხვდებოდი რატომ არ მაშინებდა ან მაწუხებდა მისი აქ ყოფნა, არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი ასე გაშეშებული, ეტყობა ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო და თვალები გაახილა, ზუსტად ჩემნაირი, დიდი, თაფლისფერი თვალები, ჩემნაირი და კიდევ ისეთი მამაჩემს რომ ჰქონდა, დამინახა თუ არა თბილმა, გულწრფელმა ღიმილმა გაუნათა სახე, მძინარე კატა ფრთხილად გადასვა ძირს და მთასავით წამოიმართა ფეხზე, ინსტიქტურად დავიხიე უკან და მოაჯირს მთელი ძალით ჩავეჭიდე, თითქოს იგრძნო რომ დავფრთხი და შედგა, ხელები გაშალა და მაღლა ასწია იმის ნიშნად რომ სამშვიდობოდ იყო მოსული, თუმცა თვითონაც რომ არ ეთქვა უკვე ვიცოდი რომ არაფერს დამიშავებდა, ცუდი განზრახვა რომ ჰქონოდა სარიკო სათოფეზეც კი არ მიეკარებოდა.
- ვინ ხარ და აქ რას აკეთებ? -ვკითხე თუმცა უკვე ვიცოდი რასაც მიპასუხებდა, არაფერი უთქვამს, მხოლოდ გაიღიმა და გამეტებით მოიკვნიტა ტუჩი, ვხვდებოდი როგორ ღელავდა და როგორ უჭირდა საუბრის დაწყება მიუხედავად იმისა რომ ერთი შეხედვით მშვიდად გამოიყურებოდა, მეტი აღარაფერი მიკითხავს, გვერდი ავუარე, კარი გავაღე და სახლში შევიპატიჟე, არ ვიცი რას ელოდა მაგრამ არა ისეთ რეაქციას როგორიც მქონდა, გაოცებული მომყვა უკან, მისაღებში შემოვიდა და მითითებულ სავარძელში ჩაეშვა.
- რამეს დალევ? -რაღაცნაირად გულსგარეთ შევთავაზე, თავი გააქნია უარის ნიშნად.
- დაჯექი, ვისაუბროთ, -თბილი, გულშიჩამწვდომი ხმით მითხრა და მეც დაჰიპნოზებულივით დავემორჩილე, იქვე დივანზე მოვიკეცე ფეხები და ცნობისმოყვარეობით აღსავსე მზერით მივაშტერდი.
- მათე მქვია, შენზე ორი წლით უმცროსი ვარ და მგონი უკვე ხვდები ვინც ვარ, -ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გადავიდა მთავარზე, არც მე ვაპირებდი თავის მოკატუნებას და იმის უარყოფას რაც ისედაც აშკარა იყო.
- საოცრად გავხარ მამას, -ისეთი გრძნობა მქონდა რომ ჩემდაუნებურად იფრქვეოდა სიტყვები ჩემი ბაგეებიდან, თუმცა გაჩერება არ მინდოდა, -ზუსტად მისნაირი თვალები გაქვს, მისნაირი ღიმილი, მასავით მაღალი ხარ და... -სიტყვა გამიწყდა, ყელში მობჯენილმა ეკლიანმა გორგალმა გაგრძელების და დასრულების საშუალება არ მომცა, ვიგრძენი როგორ გამევსო თვალები ცხელი სითხით, მზერა დამებინდა და როცა ვიგრძენი როგორ ჩაიზნიქა ჩემს გვერდით დივანი, ჩემდა უნებურად მივიწიე ახლოს მასთან, მკლავებზე მთელი ძალით ჩავებღაუჭე, მკერდზე მივეყრდენი შუბლით და პატარა ბავშვივით ხმამაღლა ავღრილადი, არაფერი უთქვამს, სანამ მე მთელ ჩემს განვლილ ცხოვრებას ვტიროდი და ემოციებისგან ვიცლებოდი, ის უბრალოდ იჯდა ჩემს გვერდით, თმაზე მეფერებოდა და საკუთარ სითბოს მიზიარებდა, თანდათან ვმშვიდდებოდი და ვიაზრებდი თუ რა უცნაური და საოცარი რამ იყო მასთან სიახლოვე, მიუხედავად იმისა რომ არ ვიცნობდი მაინც ყველაზე ახლობელი იყო ჩემთვის და თურმე როგორ მაკლდა და მჭირდებოდა.
- მაპატიე, საერთოდ ასეთი ემოციური და მტირალა არ ვარ, არ ვიცი რა დამემართა, -როგორც კი მის სითბოს შეველიე, ოდნავ მოვშორდი და დარცხვენილმა შევხედე თვალებში, გაეღიმა და ნაზად მომეფერა ლოყაზე.
- სიმართლე რომ გითხრა ასეთ შეხვედრას არ ველოდი, დიდხანს ვფიქრობდი სანამ აქ მოვიდოდი, მეშინოდა, მეგონა მეჩხუბებოდი და გამაგდებდი.
- გაგაგდებდი? რატომ უნდა გამეგდე.
- რა ვიცი ფილმებში და წიგნებში ყოველთვის ასე არ ხდება ხოლმე? -ისე საყვარლად და მიამიტურად გაიკვირვა, სიცილი ვერ შევიკავე, ისიც ამყვა, ცოტა ხანში უკვე სამზარეულოში ვისხედით, ჩემს მომზადებულ ჩაის ვსვამდით და ვცდილობდით ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო, ვუყურებდი და საკუთარი თავი მაკვირვებდა, ისე უბრალოდ მივიღე, შევითვისე და შევისისხლხორცე თითქოს ერთად ვყოფილიყავით გაზრდილები, თვითონაც ძალიან თბილი, საყვარელი და უშუალო ჩანდა.
- მიდი დაიწყე, -კიდევ ერთი ნაჭერი ნამცხვარი გადავუღე თეფშზე და მოსასმენად მოვემზადე, გაღიმებულმა და თვალებ აწყლიანებულმა შემომხედა.
- რომ გიყურებ ასე მგონია საკუთარ თავს ვხედავ, ძალიან მგავხარ, სწორედ ამ მსგავსებამ დამაეჭვა როცა ერთი თვის წინ უნივერსიტეტში დაგინახე, რატომღაც ახლოს მოსვლა და დალაპარაკება ვერ გავბედე, შეიძლებოდა სულაც გიჟად ჩაგეთვალე, მერე ხშირად გითვალთვალებდი ხოლმე, რამდენჯერმე სახლამდეც კი გამოგყევი...
- მანიაკივით საუბრობ.
- ლამის მართლა მანიაკი გავხდი ისეთ დღეში ვიყავი, ვერაფრის გარკვევა რომ ვერ მოვახერხე დედაჩემს დაველაპარაკე, კიდეც რომ არაფერი ეთქვა მისი რეაქციებიდან მივხვდი ვინც იყავი, მერე უკვე სხვა გზა აღარ ჰქონდა და ყველაფერი მომიყვა.
- არ ვიცი მინდა თუ არა იმის მოსმენა რა როგორ მოხდა, -ჩაი უგემურად მოვსვი და ნაძალადევად გავიღიმე, -მამაჩემი ჩემთვის ყოველთვის კაცის და მამის იდეალი იყო და ახლა... ახლა როცა შენ გიყურებ თავისთავად გამოდის რომ...
- სიმართლე რომ გითხრა დეტალურად არც მე არ ვიცი რა მოხდა, დედამ მითხრა თუ სურვილი ექნება მოიყვანე, გამაცანი და თვითონ მოვუყვები ყველაფერსო.
- ესე იგი წინააღმდეგი არ არის რომ ურთიერთობა გვქონდეს?
- წინააღმდეგი რატომ უნდა იყოს, ასეთი არაფერი უთქვამს მაგრამ კიდეც რომ ეთქვა შენთან ურთიერთობაზე მაინც არ ვიტყოდი უარს, მთელი ცხოვრება მარტო ვიყავი და ვოცნებობდი და ან ძმა მყოლოდა, ჩემი სულისა და ხორცის ნაწილი და ახლა როცა გიპოვე დედაჩემი კი არა ვინც არ უნდა იყოს არავის მივცემ უფლებას შენთან ურთიერთობა ამიკრძალოს, ამ სიამოვნებაზე უარს ვერ ვიტყვი თუ რათქმაუნდა შენი სურვილიც იქნება.
ვუსმენდი და მეგონა მე ვსაუბრობდი და არა ის, მეგონა ჩემს ფიქრებს და ოცნებებს აჟღერებდა, ვუყურებდი მოციმციმე თაფლისფერ თვალებში და ვატყობდი როგორ ზვირთდებოდა ჩემში ცრემლების მორიგი ტალღა, არ ვაპირებდი წარსულზე ფიქრს, არაფერს არ ჰქონდა მნიშვნელობა, ახლა მხოლოდ ის მინდოდა რაც შეიძლებოდა მაგრად ჩავხუტებოდი, მისი ძლიერი მკლავებისთვის შემეფარებინა თავი და კიდევ ერთხელ მეგრძნო მისი უცხო და ამვდროულად ნაცნობი, მშობლიური სურნელი, თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო, მკლავები ფართოდ რომ გაშალა, ერთი წამითაც კი არ მიყოყმანია, წამოვხტი, კალთაში ჩავუსკუპდი და მხრებზე მოვეხვიე, თვითონაც მომეხვია და სახე ჩემს თმებში ჩარგო, ერთხანს ასე ვიჯექით მერე კი ერთდროულად ავწიეთ თავი და კარისკენ შევბრუნდით ჩახველება რომ მოგვესმა.
- ხელს ხომ არ გიშლით? -ჩარჩოს მხრით ეყრდნობოდა ვაკო და ისე გვიყურებდა მზერით კაცის მოკვლა რომ ყოფილიყო შესაძლებელი, მათეს ფერფლად აქცევდა და ალბათ მეც ზედ მიმაყოლებდა...





- არ გაყვები? მიდი დაამშვიდე თორემ კაცმა არ იცის რა იფიქრა, ყველაფერი აუხსენი თორემ აქედან რომ გავალ დიდი ალბათობით მომკლავს და დარჩები ახლად შეძენილი ძმის გარეშე, -მათე სიცილს ძლივს იკავებდა თუმცა მე სულაც არ ვიყავი სიცილის ხასიათზე, ვაკო ისე გაიქცა სახლიდან არაფრის ახსნის საშუალება არ მომცა, სირბილით გავყევი უკან, ძლივს დავეწიე უკვე ჭიშკართან მისულს, აშკარა იყო ფეხს ითრევდა თორემ ასე გაბრაზებულს წესით ახლა ცხრა მთა უნდა ჰქონოდა გადავლილილი, მკლავში ჩავჭიდე ხელი რომ შემეჩერებინა, ცივად მომიშორა, ისეთი სახე ჰქონდა, ისე მიყურებდა შეშინებულმა დავიხიე უკან.
- რა გჭირს? როგორ იქცევი, -ხმა მითრთოდა და სულს ძლივს ვითქვამდი.
- მე როგორ ვიქცევი? -ასეთ სუსხს მის ხმაში პირველად ვგრძნობდი და ძალიან არ მომწონდა, -მე როგორ ვიქცევი? -ხმას აუწია და სახიფათოდ ჩაუწითლდა თვალები, -ჯერ იყო და დათო რომელსაც კინაღამ ცოლად გაყევი უსიყვარულოდ და ანგარებით ახლა კი ეს... სახლში მოგყავს, მის კალთაში მოკალათებულს გხედავ, კიდევ რას უნდა ველოდო შენგან, კიდევ რას...
- გეყოფა, გაჩუმდი სანამ რამე ისეთი გითქვამს რასაც ვეღარ გამოასწორებ და ძალიან ინანებ, გაჩუმდი გთხოვ და მაცადე აგიხსნა, -შევემუდარე თუმცა ვიცოდი ახლა ბოლომდე რომ არ ეთქვა რასაც გრძნობდა ალბათ გაგიჟდებოდა, ვხვდებოდი რა ცუდად იყო, საკუთარივით ვგრძნობდი მის ტკივილს, არ ვიცი რამ მაიძულა ამის გაკეთება მაგრამ თავი ვერ შევიკავე, თითისწვერებზე ავიწიე, კისერზე მოვეხვიე და მისი ტუჩები მოვძებნე, როგორც კი შევეხე ჩემდა უნებურად დავხუჭე თვალები და მთელი სხეულით ავეკარი სხეულზე, ერთხანს გაოგნებული იდგა, მერე გამოერკვა და ისე მომეხვია თითქოს ეშინოდა რომ გავქრებოდი, რომ ხელებში შარშანდელი თოვლივით დავუდნებოდი, კოცნაში ამყვა... ეს ჩემი პირველი კოცნა ნამდვილად არ ყოფილა თუმცა ასეთი არასდროს არაფერი მიგრძვნია, მინდოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო, თუ უსასრულოდ არა იქამდე მაინც რომ ჩემი მის მიმართ გრძნობები გამეთავისებინა და გამეაზრებინა, თუმცა ზედმეტად მალე მოეგო გონს და ცივად მომიშორა, თვალებამღვრეული და სუნთქვა აჩქარებული დამყურებდა ზემოდან ცინიკური ღიმილით და რატომღაც სულაც ვერ ამჩნევდა ჩემს მდგომარეობას, თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ ჩავკეცილიყავი.
- რა ხდება, ის ვერ გაკმაყოფილებს და გადაწყვიტე ჩემთანაც სცადო? ბოლოს და ბოლოს შემამჩნიე? თუმცა იცოდე არასდროს გავხდები შენთვისსათადარიგო ვარიანტი, -იმდენი ზიზღი და სიძულვილი ჩანდა მის ხმაში... იმის მერე რაც გავაკეთე, იმის მერე რაც ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავს გადავაბიჯე და გრძნობებში გამოვუტყდი ყველაფერს ველოდი ასეთი სიტყვების გარდა, როგორ შეეძლო ასეთი სასტიკი ყოფილიყო ჩემს მიმართ, წესით ყველაზე უკეთ ის მიცნობდა, წესით ყველაზე უკეთ მას უნდა ცოდნოდა რისი გამკეთებელი ვიყავი და რისი არა, უნებურად ისეთი გრძნობა გამიჩნდა თითქოს ამ უზარმაზარ, უკაცურ სამყაროში სრულიად მარტო დავრჩი.
- გაეთრიე, ახლავე წადი აქედან და თვალით აღარ დამენახო, -მე თვითონაც არ ვიცი საიდან ამომივიდა ასეთი სასოწარკვეთილი ხმა, -გაეთრიე...
არც ის ელოდა ჩემგან ამას, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, ათრთოლებული თითები ჩამოისვა სახეზე და ენით დაისველა გამშრალი ტუჩები, თვალები აუწყლიანდა, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, მხოლოდ რამდენიმე წამს ყოყმანობდა, მერე შებრუნდა და უხმაუროდ გაიხურა კარი, ერთბაშად გამომეცალა ძალა ფეხებში, ძლივს მივაღწიე აივნამდე, მათე სავარძელში მოკალათებული მელოდა, ეტყობა მართლა ცუდად გამოვიყურებოდი, დამინახა თუ არა წამოხტა ჩემთან მოიჭრა და ხელში აყვანილი მიმიყვანა სავარძლამდე.
თვალდახუჭული ვიჯექი, ყურში ისევ და ისევ ვაკოს სიტყვები ჩამესმოდა, ისევ მტკიოდა სული და მიუხედავად იმისა თუ როგორ დამამცირა, მაინც ვგრძნობდი ტუჩებზე მისი ტუჩების შეხებას და მაოცებდა სხეულში დავლილი ჟრუანტელი, რა დამემართა, ჯანდაბა, მე მას ვაკოცე და სულაც არ ვაპირებ ეს საქციელი იმით გავამართლო რომ მისი დაკარგვის შემეშინდა...
- მესმოდა თქვენი საუბარი, მგონი მაგ ბიჭს ძალიან უყვარხარ, აშკარაა რომ შენზე გიჟდება, -ჩემს გვერდით მჯდარი მათე ხელზე მეფერებოდა და ისე მესაუბრებოდა, თვალები გავახილე და მზერა გავუსწორე.
- მეც მიყვარს, -ხმამაღლა, გარკვევით ვთქვი და როგორც იქნა შვებით ამოვისუნთქე, -ვაკოცე გესმის? ვაკოცე და ისეთი გრძნობა მქონდა მეგონა გული გამისკდებოდა, აქამდე როგორ ვერ ვხვდებოდი, არ ვიცი როგორ ვახერხებდი მის გვერდით თავის შეკავებას, ერთად გავიზარდეთ, მთელი ბავშვობა ერთ საწოლში გვეძინა, მერე მათთან ვცხოვრობდი, ვატყობდი რომ ვუყვარდი, მე კი... მე ყოველთვის იმას ვუმტკიცებდი ჩემს თავს რომ ჩემი მეგობარი იყო და მეტი არაფერი...
- რაც მთავარია მიხვდი რომ გიყვარს, -თბილი, მშვიდი, ღიმილშერეული ხმა ჰქონდა მათეს.
- რა მნიშვნელობა აქვს რას მივხვდი, საშინელებები მითხრა და წავიდა, -ცხელი ცრემლები გადმოვყარე და მთელი ხმით ავტირდი, მათემ ხელში რომ ამიყვანა და კალთაში რომ ჩამისვა უფრო მოვუმატე ღრიალს, ცრემლებით დავუსველე მაისური, პირველად ვაძლევდი ჩემს თავს ასეთი სისუსტის უფლებას და მომწონდა რომ მათე ამ დროს ჩემს გვერდით იყო, დიდხანს არ დარჩენილა, როგორც კი დავმშვიდდი, დამიბარა ხვალ აუცილებლად მოვალო და წავიდა.

საღამო სახლში გამოკეტილმა გავატარე, გვიან დავწექი დასაძინებლად, დაძინებამდე ბიძაჩემს ვესაუბრე სკაიპით, ცუდად გამოიყურები რამე პრობლემა ხომ არ გაქვს, რამე ხომ არ გჭირდებაო მკითხა, მერე კი რატომღაც გაბრაზდა ირონიულად რატომ იღიმიო, რა მექნა თავი ვერ შევიკავე, მისგან მოკითხვებით და ყურადღებით ნამდვილად არ ვიყავი განებივრებული, მალე ჩამოვალ ოჯახთან ერთადო გამამხნევა, მე და ჩემს ცოლს ჩემი ძმის საძინებელი გაგვიმზადეო გამომიცხადა, არაფერი მითქვამს, მამას ოთახში მე ვცხოვრობდი რადგან ყველაზე დიდი და მოხერხებული იყო და ერთადერთი ამ ოთახს ჰქონდა საკუთარი აბაზანა, სულაც არ ვაპირებდი მათთვის დათმობას, სხვა საძინებლებით შეეძლოთ ესარგებლათ, ან სულაც ახალი სახლი ეყიდათ, ვერ ვხვდებოდი მათი შესაძლებლობების მიუხედავად მაინც რატომ ჰქონდათ ამოჩემებული ეს ძველისძველი სახლი, თუმცა თუ ასე მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი აქ ცხოვრება, ქალბატონი ბიცოლა ალბათ როგორმე შეეგუებოდა საკუთარი აბაზანის არარასებობას.
საუბარს მოვრჩი თუ არა დავწექი, შამფურივით ვტრიალებდი საწოლში და ვერაფრით ვახერხებდი დაძინებას, ბიძაჩემზე და ბიცოლაჩემზე ფიქრიღა მაკლდა როცა ჯერ დღევანდელი ამბავი არ მქონდა მონელებული და ალბათ ვერც ვერასდროს მოვინელებდი, თვალწინ ვაკოს გაცოფებული სახე მედგა, მისი ხშირი აჩქარებული სუნთქვა ჩამესმოდა, მისი ხელები წელზე, ტუჩები ჩემს ტუჩებზე, სურნელი...
- ახლა გავგიჟდები, -გაცოფებული წამოვხტი საწოლიდან და იქვე ტუმბოზე მიგდებულ ტელეფონს დავწვდი, რა მოხდებოდა რომ დამერეკა, რომ არ ეპასუხა? ვაკოს ნომრის მაგივრად მათეს ნომერი ავკრიფე და დაველოდე როდის მიპასუხებდა.
- რა ხდება დაიკო, ასე გვიან რატომ მირეკავ? -ოდნავ აღელვებული და სიმთვრალეშეპარული ხმა ჰქონდა, მუსიკაც მესმოდა, ხმამაღალი ლაპარაკიც და სიცილიც, ალბათ მეგობრებთან ერთად ერთობოდა, მე კი არავინ მყავდა ვაკოს გარდა და ისიც კაცმა არ იცის სად იყო ახლა.
- ბოდიში რომ შეგაწუხე, უბრალოდ ვერ დავიძინე და ვიფიქრე დაგელაპარაკებოდი, -ისე საცოდავად ჟღერდა ჩემი ხმა, თვითონვე შემეცოდა ჩემი თავი, ერთ წამს დუმილი ჩამოწვა და მერე სრულიად ფხიზელი ხმით მკითხა.
- გინდა მოვიდე?
- არ მინდა, დამამშვიდებელს დავლევ და დავიძინებ, ჩემს გამო გართობას ნუ მიატოვებ.
- მე ვიცი შენ ვინც გინდა ახლა, -მხიარულად გაიცინა და დაუმშვიდობებლად გათიშა, გაკვირვებულმა მივაგდე ტელეფონი და გულაღმა დავეცი საწოლზე, მგონი მათე ჩემზე მეტად გიჟი იყო და თანაც სულაც არ ანაღვლებდა ჩემი მდგომარეობა, ესღა მაკლდა.

უკვე ძილბურანში ვიყავი წასული ხმაური რომ მომესმა, მესმოდა როგორ გაიღო კარი, მესმოდა ნაბიჯების ხმა მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი გამოფხიზლებას, ჩემი საძინებლის კარმაც რომ გაიჭრიალა მაშინღა გავახილე თვალები თუმცა როცა ოთახი ალკოჰოლს შერეულმა მისმა საკუთარმა სურნელმა გაავსო ასე ძალიან რომ მიყვარდა, მოვდუნდი და დავმშვიდდი, ფრთხილად მოუახლოვდა საწოლს, ფეხზე გაიხადა, საბანი ასწია და მაისურითა და შარვლით შემოწვა საწოლში, არ გავნძრეულვარ, ისიც გაუნძრევლად იწვა და შეძლებისდაგვარად იკავებდა სუნთქვას, მერე გაბედა, წელზე მომხვია ხელი, ზურგზე ამეკრო და სახე ჩემს თმებში ჩარგო, გავიგონე როგორ ჩაისუნთქა ღრმად ჩემი სურნელი და როგორ ამოიხვნეშა.
- მაპატიე, -ჩამჩურჩულა, ოდნავ წამოიწია და მხურვალე ტუჩები მომაკრო ლოყაზე, იმ წუთას საერთოდ აღარ მახსოვდა თუ ვიკამათეთ რისთვის და რატომ, იმ წუთას ბედნიერების შეგრძნებით ავივსე პირთამდე და სხვა აღარაფერი მინდოდა გარდა იმისა რომ ასე მის მკლავებში მოქცეულს გამეტარებინა მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება...





- დღეს ბიძაჩემი ჩამოდის თავის ოჯახთან ერთად, -ვაკოს გვერდით მჯდომ მათეს გადავხედე და მერე როცა გამახსენდა რომ ბიძამისიც იყო უხერხულად გავიღიმე, -ბოდიში, ალბათ უნდა მეთქვა რომ ბიძაჩვენი ჩამოდის, აეროპორტში დამხვდიო მომწერა, უარი ვერ ვუთხარი, ექვსზე გავალ სახლიდან, თუ გინდა შენც წამოდი, ერთად დავხვდეთ რას იტყვი?
- არაა იყოს რაღაც საქმეები მაქვს, -ერთი კი შემომხედა, მერე თავი ჩაღუნა და ისევ ტელეფონში ჩაძვრა, საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას, ვიღაცას გამალებული წერდა შეტყობინებებს და დროდადრო ეშმაკურად იღიმოდა, ბიძაჩემის მიმართ მისი ასეთი დამოკიდებულება არ მიკვირდა, თუმცა შეიძლებოდა როცა ახლოს გაიცნობდა ყველაფერი შეცვლილიყო.
- აუცილებელია რომ შენ დახვდე? -ვაკომ უკმაყოფილოდ მობრიცა ქვედა ტუჩი და მოიღუშა, -დავიჯერო მისამართი დაავიწყდა და უშენოდ ვერ მოაგნებს?
გამეღიმა, ვაკო როგორც ყოველთვის ახლაც ჩემზე ღელავდა და ცდილობდა ჩემი ინტერესები დაეცვა, არასდროს მალავდა ბიძაჩემის მიმართ მის დამოკიდებულებას, ბრაზობდა რომ ასე უყურადღებოდ ვყავდი მიტოვებული, ადრე მეც ვბრაზობდი ხოლმე, გულს მტკენდა ჩემთვის უახლოესი ადამიანის ასე გაუცხოება, თუმცა ახლა როცა ჩემი ორი უსაყვარლესი მამაკაცი გვერდით მყავდა არავინ და არაფერი აღარ მჭირდებოდა იმისთვის რომ თავი ბედნიერად და კმაყოფილად მეგრძნო, ვიჯექი და ერთი შეხედვით წარმოუდგენელ სურათს შევყურებდი, მათე და ვაკო გვერდიგვერდ ისხდნენ განუყრელი მეგობრებივით, ზუსტად ორი კვირა იყო იმ დღის შემდეგ გასული რაც პირველად ნახეს ერთმანეთი, სამი დღის შემდეგ ვაკო ძლივს გამოვტეხე რომ იმ ღამით მათეს დაურეკავს მისთვის, უნახავს და ყველაფერი აუხსნია, იმიტომაც მოვიდა ჩემთან და პატარა საყვარელი ლეკვივით შემომიწვა საწოლში დარცხვენილი, მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, მათე ყოველდღე მსტუმრობდა და გვიანობამდე რჩებოდა ხოლმე, ის და ვაკო მიუხედავად იმისა რომ სულ კატა და ძაღლივით კბენდნენ ერთმანეთს მაინც მშვენივრად ურთიერთობდნენ, ცდილობდნენ ჩემთვის გული არ ეტკინათ, თუმცა ჩემსა და ვაკოს შორის გაურკვეველ მდგომარეობას ვერაფერს ვუხერხებდი, იმ დღის შემდეგ როცა პირველად ვაკოცე ეზოში, ჩვენს შორის ასეთი სიახლოვე აღარ ყოფილა, საბაბსაც კი არ მაძლევდა რომ ამ თემაზე დავლაპარაკებოდი, ისეთი გრძნობა მქონდა რომ გამირბოდა და თავს მარიდებდა, ღამით აღარ რჩებოდა ჩემთან, აღარც დღისით მოდიოდა ძველებურად ხშირად, ყველანაირ ფიზიკურ კონტაქტს გაურბოდა მაშინ როცა მე სული მეწვოდა ისე მინდოდა მასთან ჩახუტება და მისი სურნელის შეგრძნება, ყელში რომ ამომივიდა მისი ასეთი საქციელი, მათეს შევჩივლე ჩემი გასაჭირი, გაეცინა, ჩამეხუტა და რა სულელი მყავხარო მითხრა, აცადე, დრო მიეცი და გაერკვევა საკუთარ გრძნობებში, აცადე და იმასაც მიხვდება როგორ გიყვარს, ახლა უბრალოდ დაბნეულია და ფიქრობს იმ დღეს იმიტომ აკოცე რომ არ გინდოდა წასულიყო და სიყვარულთან ეს კოცნა არაფერ შუაშიაო.
კაცმა რომ თქვას მგონი სწორად მსჯელობდა მათე, მოცდა შემეძლო, დრო ბევრი მქონდა, რაც მთავარია ვიცოდი ვაკოს ვუყვარდი და მეც როგორმე შევძლებდი ჩემს გრძნობებში მის დარწმუნებას.

- წავალ გავემზადები და გავალ მერე, -წამოვდექი და ვაკოც მაშინვე წამოდგა.
- მე წაგიყვან.
- არ მინდა მოგაცდინო, ტაქსით წავალ.
- არ ვცდები დღეს არ ვმუშაობ.
- ჰო მაგრამ...
- არავითარი მაგრამ, მანქანას გამოვიყვან.
- შეიძლება მოცდამ მომიწიოს და ამიტომ სჯობს...
- გეყოფათ რა, პატარა ბავშვებივით იქცევით, -თავშეუკავებლად ახარხარდა მათე, -ერთ რამედ ღირს თქვენი ყურება და მოსმენა, ბოლოს მაინც ერთად წახვალთ და ტყუილად რატომ კამათობთ?
- შენ ნუ ერევი, -ვაკომ ისეთი სახით გადახედა მათე მაშინვე დასერიოზულდა თუმცა ამ სიწყნარემ მხოლოდ რამდენიმე წამი გასტანა, წამოდგა, მომიახლოვდა, დემონსტრაციულად მომხვია მკლავი მხარზე და წარბაწეულმა ნიშნისმოგებით შეხედა ვაკოს.
- მეზობლის ბიჭო, ხომ არ გავიწყდება ვინ ვარ.
- თეკო უთხარი შენს უმცროს ძმას ნუ მიწვევს, -ვაკომ სპეციალურად გამოკვეთა სიტყვა ‘’უმცროსი’’ იცოდა როგორ ღიზიანდებოდა მათე როცა მის უმცროსობას ახსენებდა ხოლმე ვინმე, ისეთი საყვარლები იყვნენ თავი ვეღარ შევიკავე რომ არ გამეცინა.
- კარგი გეყოფათ, ასე თუ გააგრძელებთ დამაგვიანდება და რა გაუძლებს მერე ბიცოლაჩემის წუწუნს, ლოდინი რომ მოუწიოს.
- ისე როგორც შენ ყვები ძალიან აუტანელი ქალი უნდა იყოს, -მათემ ჩაფიქრებულმა მოიქექა კეფა, -მათთან ერთად ცხოვრება არ გაგიჭირდება?
- სიმართლე რომ გითხრათ მაინცდამაინც კარგად არ ვიცნობ, იმედია მართლა ისეთი ცუდი არ არის როგორიც ასე შორიდან ჩანს, -მხრები ავიჩეჩე და გაჭირვებით დავუსხლტი ხელიდან მათეს, -შენ დარჩები და დაგველოდები თუ წახვალ?
- სჯობს თუ ახლავე არ შევეჩხირები თვალში ძვირფას ბიძიას და ბიძაშვილებს, უკეთესი იქნება თუ ნელ-ნელა შევაპარებთ ინფორმაციას ჩემი არსებობის შესახებ.
ყურადღებით შევათვალიერე, უდარდელი გამომეტყველება ჰქონდა და ირონიული ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე თუმცა სინამდვილეში რაზე ფიქრობდა და რას გრძნობდა ვერ ვხვდებოდი, დრო, დრო მჭირდებოდა იმისთვის რომ უკეთ გამეცნო...
-
თავისი ძველისძველი ფორდის საჭეზე ათამაშებდა თითებს ვაკო, მიყვარდა ეს მანქანა, უამრავი ტკბილი და სახალისო მოგონება მქონდა მასთან დაკავშირებით, თავიდან ვაკოს ბაბუას ეკუთვნოდა, ვაკო სრულწლოვანი რომ გახდა მას აჩუქა, მახსოვს როგორი გახარებული იყო, ისეთი აღფრთოვანებული მაჩვენებდა... პირველად რომ დაჯდა საჭესთან მის გვერდით ვიჯექი, მაშინაც როცა განათების ბოძს შეეჯახა, მაშინაც როცა ჩვენი მეზობელი ორსული ლელუკა მიგვყავდა საავადმყოფოში, მაშინაც მის გვერდით ვიჯექი გამოცდების ჩასაბარებლად რომ მიდიოდა და ისე ნერვიულობდა მართვა ვეღარ შეძლო შუა გზაში დავტოვეთ მანქანა და ავტობუსით გავაგრძელეთ გზა, მაშინაც მის გვერდით ვიჯექი როცა...
- როგორ ფიქრობ, ბიძაშენმა იცის მათეს შესახებ? -ვაკოს ხმამ გამომარკვია სასიამოვნო მოგონებებიდან და პირველად დავფიქრდი იმაზე რაც მკითხა.
- ალბათ იცის, -არც თუ ისე დარწმუნებულმა მივუგე.
- რომ ცოდნოდა არ გეტყოდა?
- რა ვიცი რას გაიგებ, შეიძლება ზედმეტ პრობლემებს მოერიდა, შეიძლება მართლა არ იცის არაფერი, აი ჩამოვა, შეხვდებიან და ყველაფერს გავიგებთ.
- თეკო ხომ იცი რომ ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, -უცნაურად დაუთბა ხმა, გვერდულად გამომხედა და ღიმილი გადაეფინა სახეზე.
- ვიცი მაგრამ ახლა რატომ მეუბნები?
- უბრალოდ რატომღაც მგონია რომ მათთან ერთად ცხოვრება გაგიჭირდება და თუ რამე პრობლემა შეგექმნება მინდა რომ მითხრა, კარგი?
- ძალიანაც რომ მინდოდეს შენ ვერაფერს დაგიმალავ, გადაშლილი წიგნივით მკითხულობ, -გამეცინა და მანაც ისეთი თვითკმაყოფილი სახე მიიღო რომ არ დამემატებინა არ შემეძლო.
- ოღონდ მხოლოდ მაშინ როცა სიბრაზე და ეჭვიანობა არ გაბრმავებს.
- კარგი რა თეკო, როდისმე მაინც თუ მაპატიებ იმ დღეს, რამდენჯერ მოგიხადე ბოდიში, -ხმაში წყენა ჰქონდა შეპარული კიდევ სევდა ცოტა ბრაზიც, ვერ მოვითმინე, გადავიხარე და მხარზე ჩამოვადე თავი.
- იმ ღამესვე გაპატიე, ხომ იცი.
- ჰოდა ნუღარ მახსენებ, -საყვარლად ჩაიბუზღუნა და ვიგრძენი როგორ გაუნათა ღიმილმა სახე.
-
უამრავი ხალხი ირეოდა აეროპორტში, ბიძაჩემის რეისი იგვიანებდა, ვღელავდი, მიუხედავად იმისა რომ თავს ვარწმუნებდი სანერვიულო არაფერი მქონდა მაინც ვღელავდი, ვაკო მშვენივრად ამჩნევდა ჩემს ასეთ მდგომარეობას და ყველანაირად ცდილობდა დავემშვიდებინე.
- გინდა რამე გიყიდო? ყავა ან ბროწეულის ცივი წვენი, ჩემი მოუსვენრობით თავმობეზრებულმა ძალით დამსვა სკამზე და ჩემს წინ ჩაიმუხლა.
- არაფერი არ მინდა, -ამოვიოხრე და ხელები გავშალე, -მხოლოდ ის მინდა რომ ჩამეხუტო, გთხოვ მინდა ვიგრძნო რომ მარტო არ ვარ.
გვერდით მომიჯდა, მკლავები გაშალა და გულში ჩამიკრა, ნაზად მეფერებოდა ზურგზე და დროდადრო თავზე მკოცნიდა, მე კი მის სითბოში გახვეული ვდუნდებოდი და ვმშვიდდებოდი.
- მშვიდად თეკო, სანერვიულო არაფერი გაქვს, ბოლოს და ბოლოს შენი ოჯახია, რა გაშინებს?
- ოჯახი რომელსაც ფაქტობრივად არ ვიცნობ, უცხო ადამიანებთან ერთად მომიწევს ცხოვრება, ბიძაჩემი წლებია არ მინახავს, ბიცოლაჩემს აქედანვე ეტობა რომ ვერ მიტანს და არამგონია მეც მომეწონოს, ბიძაშვილებზე რა გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს თექვსმეტი წლის ტყუპი ბავშვი როგორ უნდა ავიტანო, ხომ იცი როგორ ვარ მიჩვეული მარტო ცხოვრებას და სიმშვიდეს და საერთოდაც...
- მგონი გამოჩნდნენ, -ვაკომ მონოლოგი შემაწყვეტინა და ჩემთან ერთად წამოდგა ფეხზე, თავს ძალა დავატანე რომ გამეღიმა რათა მათთვის ჩემი კეთილგანწყობა მეჩვენებინა, გვიახლოვდებოდნენ, ერთიანად დაძაბული ვიდექი და ჩვენკენ მომავალ ბედნიერ ოჯახს შევყურებდი...






- ამით უნდა წავიდეთ? -ქერად თმაშეღებილი, მკვეთრ მაკიაჟიანი, გრძელფრჩხილებიანი, მოტკეცილ ჯინსსა და ღრმად ამოღებულ გულისპირიან მაისურში გამოწყობილი კარენი ტუჩაბზუებული შეჰყურებდა ჩვენს მანქანას, მისი შემხედვარე ტყუპები გულიანად ხითხითებდნენ და მის შეუმჩნევლად მიკრავდნენ თვალს, უკვე ვხვდებოდი რომ მათთან ურთიერთობა არ გამიჭირდებოდა თუმცა ამ ძალად არისტოკრატი ქალისთვის რა უნდა მომეხერხებინა ჯერ არ ვიცოდი, დაძაბულმა გადავხედე ვაკოს რატომღაც მეგონა კარენის ასეთი რეაქცია ეწყინებოდა და გააბრაზებდა თუმცა ჩემდა გასაკვირად მშვიდად იღიმოდა.
- თუ ჩვენი მანქანა არ მოგწონთ აეროპორტის გამოსასვლელთან ტაქსები დგას და შეგიძლიათ იმით წამოხვიდეთ, -ისეთი ხმით და ღიმილით უთხრა ქალს და ისეთი გრაციოზული მოძრაობით გამომიღო წინა კარი, კარენმა პირი დააღო და უაზროდ თვალების ხამხამს მოყვა, გამეღიმა და თან უცნაურმა სიბრაზემ დამიარა სხეულში, ვხვდებოდი ვაკოს ისე ნამდვილად არ უყურებდა როგორც ქმრის ძმისშვილის შეყვარებულს უნდა შეხედო ნორმალურმა ადამიანმა და ვაკოს არც თუ ისე კარგად შეფარული არშიყიც საშინლად მაღიზიანებდა, ნეტავ რა ჯანდაბას ცდილობდა, ჩემს გამოწვევას? თუ ასეა მისი ტაქტიკა ნამდვილად წარმატებული იყო და ცოტას კიდევ თუ გააგრძელებდა ასე მოქცევას ნამდვილად გავგიჟდებოდი.
- შენ თუ გინდა ტაქსით წადი, ჩვენ ამით წამოვალთ, -ტყუპები გახარებულები უვლიდნენ ირგვლივ ჩვენს ფორდს, -მამა ნახე რა მაგარია, ნამდვილი კლასიკაა.
- მგონი ჩვენ კარგად გავუგებთ ერთმანეთს, -მომღიმარმა ვაკომ ბიჭებს ხელი გაუწოდა დასარტყმელად.
- საკმარისია კამათი, ჩასხედით, ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალთ რომ დავისვენო, -ბიძაჩემმა როგორც იქნა ინება ტელეფონიდან თავის ამოწევა და იქაურობა მოათვალიერა, დარწმუნებული ვიყავი ერთი სიტყვაც კი არ გაუგია ჩვენი საუბრიდან, ზედმეტად გაუცხოებული ჩანდა, ნორმალურადაც კი არ მომსალმებია, უბრალოდ არ ვაინტერესებდი.
როგორც იქნა ჩავსხედით და გზას დავადექით, ტყუპები გაფაციცებით ათვალიერებდნენ ყველაფერს, აღფრთოვანებულები იყვნენ აქაურობით, დამტვრეული ქართულით აკეთებდნენ კომენტარებს და უამრავ კითხვას მისვამდნენ ერთდროულად, ბიძაჩემი ისევ ტელეფონს ჩაჰყურებდა და ვიღაცას წერდა გამწარებული, კარენი თვალებმილულული იჯდა და სახეზე ინიავებდა გამალებით.
- კარგად ხარ? -ვაკომ ისე მკითხა ჩემთვის არც შემოუხედავს, თუმცა შემოხედვა და დაკვირვება არც ჭირდებოდა იმისთვის რომ ჩემი განწყობა გამოეცნო, ყოველთვის ასე იყო, შორიდანაც კი გრძნობდა როგორ ვიყავი, პასუხი არ გამიცია, მრგვალად გაკრეჭილი პატარა მწვანე ხეების დათვლა გავაგრძელე ნახევრად ჩამოწეული მინიდან რომ მოჩანდნენ, რატომღაც გამახსენდა როცა პატარა ვიყავი და ავტომობილის ან მატარებლის ფანჯრიდან ვიყურებოდი როგორ მეგონა რომ ხეები და განათების ბოძები გარბოდნენ... მას მერე ძალიან დიდი დრო გავიდა, ახლა უკვე დიდი გოგო ვიყავი და ვიცოდი რომ ხეები და ბოძები ერთ ადგილზე მყარად იდგნენ და ძალიანაც რომ მოენდომებინათ მაინც ვერსად ვერ წავიდოდნენ, კიდევ რა ვისწავლე ამ წლების განმავლობაში? ის რომ ცხოვრება ზღაპარი არ არის და დროდადრო აუტანლად მტკივნეულ გაკვეთილს გვიტარებს, მთავარია შეძლო ატანა და არ დაეცე, კიდევ ის ვისწავლე რომ ადამიანები სულაც არ გვანან ერთმანეთს, ჭრელები არიან, მრავალფერები და უცნაურები, ერთი ფეხის ნაბიჯზეც არ შეიძლება ზოგიერთს ენდო, ზოგს კი საკუთარი სიცოცხლე და ცხოვრება შეგიძლია ჩააბარო ისე რომ უკან მოხედვის არ შეგეშინდეს... უნებურად გავაპარე თითები ვაკოს თითებისკენ და მაგრად, ძალიან მაგრად მოვუჭირე.
- რომ იცოდე როგორ მაბედნიერებს ჩემს ცხოვრებაში შენი არსებობა, -ხმამაღლა, გარკვევით ვთქვი ისე რომ სულ არ მაინტერესებდა გაიგონებდნენ თუ არა უკანა სავარძელზე მსხდარნი, ჩემთვის ჩემი სიტყვების მოსმენისას ვაკოს გაბრწყინებული თვალები და მომღიმარი სახე იყო მთავარი...
-
- ღმერთო ჩემო რამხელაა, ნამდვილი ურჩხულია, მომაშორეთ, -ისეთი ხმით იკივლა კარენმა ლომა რომ დაინახა ალბათ ცოტა ხანში მთელი სამეზობლო ჩემს ეზოში იქნებოდა შეყრილი, ჭიშკართან მდგარი ვაკო და უკანა თათებზე ჩამჯდარი ენაგადმოგდებული ლომა ერთნაირად გაოგნებულები უყურებდნენ ბიძაჩემის ზურგს ამოფარებულ ქალს და ვერ ხვდებოდნენ რა აკივლებდა.
- რამხელაა, როგორი ლამაზია, -ტყუპები აღფრთოვანებულები იყვნენ მაგრამ მიახლოებას ვერ ბედავდნენ, ლომა კი მათ მიმართ კეთილგანწყობის გამოსახატად კუდს მთელი ძალით ურტყამდა ძირს და უზარმაზარ კბილებს კრეჭდა.
- მოაშორე, ახლავე დააბი, რამხელა ეშვები აქვს, ნამდვილი მონსტრია, უნდა რომ დაგვკბინოს, -კიდევ ერთხელ იკივლა კარენმა.
- არ გიკბენს ნუ გეშინია, ვერ ხედავ რომ გიღიმის, -თავმობეზრებულმა გადავატრიალე თვალები და ის იყო სახლისკენ შევბრუნდი რომ ბიძაჩემის ზედმეტად მკაცრმა და მბრძანებლურმა ხმამ შემაჩერა.
- ძაღლი დააბი და კარენს ჩანთების წაღებაში დაეხმარე, ვერ ხედავ როგორი დაღლილია?
უნებურად ჩემი და ვაკოს მზერა ერთმანეთს შეეჩეხა, ვხედავდი როგორი დაძაბული იყო, შევატყვე ჩემს დასაცავად აპირებდა რაღაცის თქმას და ვანიშნე რომ ხმა არ ამოეღო, ბიძაჩემს მივუბრუნდი და რაც შემეძლო გულითადად და გულიანად გავუღიმე.
- ლომას დავაბამ ოღონდ მხოლოდ რამდენიმე დღით, კარენმა კეთილი ინებოს და მიიჩვიოს როგორმე, მთელი ცხოვრება დაბმული ვერ მეყოლება ძაღლი, თავისუფლად სირბილს არის მიჩვეული, ჰო და ბარგს რაც შეეხება, არც იმდენი აქვს რომ საძინებლამდე ვერ მიიტანოს, არა მგონია ცოტაოდენმა დატვირთვამ რამე დაუშაოს, მე ბავშვებს დავეხმარები.
- ვაკოს რომელიც კარენის საქციელის და მერე ჩემი ომახიანი მონოლოგის გამო ღიმილს ძლივს იკავებდა დავემშვიდობე, ბიჭების ჩანთებს ხელი დავავლე და ბიძაჩემის მოღუშული სახისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე გავეშურე აივანზე ასასვლელი კიბისთვის, ეზოს თვალიერებით გართული ტყუპები სირბილით მომყვნენ უკან და ჩანთები ჩამომართვეს, შვებით ამოვისუნთქე, არ ვიცი ვისი დამსახურება იყო მაგრამ ბიჭები აშკარად კარგად იყვნენ აღზრდილები, ზრდილობიანები და თავაზიანები ჩანდნენ, სხვა თუ არაფერი ისინი მაინც არ მეყოლებოდნენ თავში სახლელები.
- აი თქვენი ოთახი, ჯერჯერობით ერთად მოგიწევთ დაძინება მერე კი სხვა საძინებელიც მოვაწყოთ და ერთ-ერთი იქ გადახვალთ, -საკმაოდ ფართო, ნათელ და სუფთა ოთახში შევუძეხი ბიჭებს რომელიც მათ ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე მოვაწყვე, ორი საკმაოდ განიერი და რბილი საწოლი ვიყიდე, ძველებურ კარადებსაც შევავლე ხელი, შპალერი გამოვცვალე, ახალი ჭაღი და ფარდები დავკიდე და ფუმფულა ხალიჩაც დავაფინე.
- მეორე ოთახი რა საჭიროა, ამერიკაშიც ერთ ოთახში გვეძინა, თანაც აქაურობა მოგვწონს მე და ლუკას, -მაიკმა ხელი გადახვია ძმას და საყვარლად შემომცინა.
- ესე იგი შენ ლუკა ხარ, შენ კი მაიკი, -ყურადღებით შევცქეროდი ბიჭებს და ვცდილობდი ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი მაინც მეპოვა, ალბათ გამიჭირდებოდა მათი გარჩევა.
- ტყუილად ნუ ცდილობ დედა და მამაც კი ვერ გვარჩევენ ერთმანეთისგან, -პატარა ეშმაკუნები მაშინვე მიხვდნენ რატომ ვუყურებდი ასე დაჟინებით.
- ტყუილად გგონიათ რომ ვერ გაგარჩევთ, შენ ლუკა ხარ, შენ კი მაიკი.
- ეგ არ ითვლება, წეღან ჩვენ თვითონ გითხარით.
- ჰო მაგრამ აი შენ ლუკა, ღიმილისას მარცხენა ლოყა ოდნავ შესამჩნევად გეჭუტება მაიკს კი არა, მაიკი მარჯვენა წარბს წევს მაღლა გაკვირვებისას, შენ მარცხენას, -ნიშნისმოგებით გავუღიმე და დავინახე როგორ გაუფართოვდათ თვალები გაოცებისგან.
- რანაირად მიხვდა, როგორ შეამჩნია, ხომ გითხარი მაგარი ვიღაც იქნებათქო, ყოჩაღ, -ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ...

- თეკო სად ხარ? -ბიძაჩემმა კარი შემოაღო და გაბრაზებული სახით ამესვეტა წინ, რა თქმა უნდა კარენიც უკან მოყვა და მის გვერდით დადგა გულზე ხელებ დაკრეფილი.
- რა ხდება? -თვალი მშვიდად შევავლე აშკარად საჩხუბრად განწყობილ ცოლ-ქმარს.
- ხომ გთხოვე ჩვენთვის ჩემი ძმის საძინებელი გაგემზადებინა არადა იქ ჯერ კიდევ შენი ნივთებია, მე და კარენს დასვენება გვჭირდება, დაღლილები ვართ.








- არც მე ვარ დასვენებული, ცდებით თუ გგონიათ რომ აქ უსაქმურობისგან ვკვდები, ნორმალურად არც მომსალმებიხართ, შენ მაინც ბიძია, შენ მაინც გეკითხა როგორ ვარ, საერთოდ არ გაინტერესებს? ჯანდაბა თუმცა რა მნიშვნელობა აქვს რას მკითხავ, ისედაც ყველაფერი ნათელია, წამოდით თქვენს საძინებელს გიჩვენებთ, -ჩემი მათთვის აშკარად მოულოდნელი რეაქციით გაოცებულებს გვერდი ავუარე და დერეფანში გამოვედი, დერეფნის ბოლოში მდებარე საძინებლის კარი შევაღე და შევუძეხი.
- აი თქვენი საძინებელი, გუშინ დავალაგე, საწოლზე სუფთა თეთრეულია გადაკრული, დანარჩენს კი თქვენ მიხედავთ აწი.
- თეკო ხომ გთხოვე ის საძინებელი დაგეთმო ჩვენთვის, -ხმა დაუთბა ბიძაჩემს და ამჯერად ღიმილიც არ დავიწყებია, -იმ საძინებელს საკუთარი აბაზანა აქვს კარენს კი...
- იმ ოთახში მე მძინავს და ის აბაზანაც ძალიან მომწონს, ასე რომ როგორმე ამ ოთახით უნდა დაკმაყოფილდეთ, მე წავალ წამოვწვები ცოტას დავისვენებ, -პასუხს არ დავლოდებივარ ისე გამოვიხურე კარი.
- ის რა დაძინებას აპირებს? -მომესმა კარენის წუწუნი, -კი მაგრამ ვახშამი ვინ უნდა მოამზადოს...

იმაზე საერთოდ არ მიფიქრია რომ შეიძლებოდა ვინმეს ცუდი მასპინძელი ვგონებოდი, თავს საშინლად ვგრძნობდი, მთელი დღის ნაგროვებმა და ვერგამოთქმულმა ემოციებმა ერთბაშად შემომიტია, საძინებელში შევედი, კარი საგულდაგულოდ გადავკეტე ზურგსუკან, მუსიკა ჩავრთე, აბაზანა თბილი წყლით ავავსე, ჩავწექი და ყველაფრით გადაღლილი ცხარე ცრემლით ავტირდი, არ მახსოვს რამდენხანს ვიწექი წყალში გაუნძრევლად და რამდენხანს ვტიროდი მოთქმით, თვალი რომ გავახილე უკვე დილის შუქით იყო განათებული ოთახი, საწოლში ვიწექი, საღამურები მეცვა, ჩემს გვერდით კი ვაკოს ეძინა, ჩემს ბალიშზე ედო თავი და მშვიდად ფშვინავდა ისე ტკბილად ეძინა არ მინდოდა მისი გაღვიძება მაგრამ ვერ მოვითმინე.
- ვაკო, აქ რას აკეთებ? რა ხდება საერთოდ, -შევანჯღრიე და პასუხად საწყალობელი ლუღლუღი მივიღე, მძიმედ ასწია თავი და მოჭუტული თვალებით შეხედა იქვე ტუმბოზე მდგარ საათს.
- ექვსი ხდება თეკო, ჯერ ძალიან ადრეა, დაწექი და მაცადე დავიძინო.
- არ გესმის რას გეუბნები? აქ რას აკეთებ?
- მაინც არ მომასვენებ და ჯობია გითხრა რაც მოხდა, -წამოჯდა და თვალდახუჭული მიეყრდნო საწოლის საზურგეს, -ვიცოდი რომ დღევანდელის გამო თავს ცუდად იგრძნობდი და მოვედი რომ შენთან დავრჩენილიყავი, სხვათაშორის კარი ძლივს გავაღე, რა საჭირო იყო ასე რომ გქონდა ჩარაზული, მგონი საკეტი გავაფუჭე მაგრამ არაუშავს გამოვცვლი...
- მერე? -შევაწყვეტინე სიტყვის ასე გაგრძელებით ნერვებ მოშლილმა, შემომხედა და ეშმაკურმა ღიმილმა გაუნათა სახე.
- დარწმუნებული ხარ რომ გინდა მოგიყვე რა მოხდა მერე?
უნებურად დავიხედე სხეულზე და მივხვდი რომ მას შემდეგ რაც შიშველი ჩავწექი აბაზანაში არაფერი მახსოვდა, ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე, ახლა ალბათ მთლად წითელი ვიყავი.
- რა მოხდა? -ხმაჩავარდნილმა ვკითხე.
- ისეთი არაფერი დამშვიდდი, -ვაკოს ისეთი სახე ჰქონდა აშკარა იყო რომ შევეცოდე და ამ თამაშის გაგრძელებას აღარ აპირებდა, -აბაზანაში იწექი ცივ წყალში და გეძინა, ისეთი გათიშული იყავი ვერაფრით შევძელი გამომეფხიზლებინე, ამოგიყვანე, ჩაგაცვი და საწოლში ჩაგაწვინე, ეს იყო და ეს.
- შიშველი ვიყავი...
- შემიძლია დავიფიცო რომ შენთვის არ შემომიხედავს, -ხელები ასწია და ისე საყვარლად გამიღიმა თავი ვერ შევიკავე, ჩავეხუტე და გავყუჩდი, სულ არ მაინტერესებდა დამინახა თუ არა შიშველი, ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ ჩემს გვერდით იყო და ასე ახლოდან მესმოდა მისი გულის ძგერა.
- ამ ბოლო დროს თავს მარიდებ, მე კი სულ მენატრები ხოლმე, -საყვედურივით გამომივიდა, არაფერი უთქვამს, ნაზად მომკიდა თითები ნიკაპზე, თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა.
- მინდოდა შენთვის დრო მომეცა.
- დრო რისთვის?
- იმისთვის რომ საკუთარ გრძნობებში გარკვეულიყავი, არ მინდოდა შეცდომა დაგეშვა და რაღაც სხვა გრძნობა აგრეოდა სიყვარულში.
- მგონი მათე მართალი იყო, საინტერესოა რა გეგონა იმ დღეს რომ გაკოცე.
- შენ რა მათეს ჩვენზე ელაპარაკები ხოლმე? -გაკვირვებულმა აზიდა წარბი.
- ჰო ველაპარაკები, შენზე გაბრაზებული ვიყავი მან კი დამამშვიდა და მითხრა რომ ცოტა დრო მომეცა შენთვის.
- ეგ ბიჭი ყოველდღე უფრო და უფრო მომწონს, -გულიანად გაეცინა, დაიხარა და ტუჩებზე შემეხო, -იქნებ მოვრჩეთ ლაპარაკს, მგონი საკმარისია, -კოცნასა და კოცნას შორის ამოიჩურჩულა...
-
სამზარეულოში ვისხედით და ვაკოს მიერ მომზადებულ ერბოკვერცხს შევექცეოდით ტყუპები რომ შემოგვიერთდნენ.
- შეიძლება თქვენთან ერთად ვისაუზმოთ? -ერთდროულად იკითხეს და მხოლოდ ნებართვის მიღების შემდეგ მიუსხდნენ მაგიდას.
- რა მოგიმზადოთ, რას შეჭამთ? -მაცივარი გამოვაღე და ჩემს არც თუ ისე მრავალფეროვან მარაგს გადავავლე თვალი.
- მგონი საყიდლებზე ვართ წასასვლელი, ფაქტობრივად არაფერი არ გვაქვს, -ვაკომ ჩაი დაუსხა ბიჭებს და მერე კარადის თაროებს გადაავლო თვალი, -შეგვიძლია ბლინები გავაკეთოთ.
- მე მიყვარს ბლინები, -ლუკამ სიხარულით შემოკრა ტაში, -მაიკს კი კვერცხიანი პურები უყვარს.
- მაგას ყიყლიყო ქვია, -შეუსწორა ვაკომ და მერე მე მომიბრუნდა, -ძალიან უპრეტენზიო ბიძაშვილები გყავს, გაგიმართლა.
ცოტა ხანში ყიყლიყოც მზად გვქონდა და ბლინებიც, ბავშვები გემრიელად შეექცეოდნენ, მე და ვაკო ჩაის ვსვამდით.
- ვერ მოვითმინე და მოვედი, რა ხდება, როგორ მიდის საქმე, -როგორც ყოველთვის ახლაც გაუფრთხილებლად და დაუკაკუნებლად შემოიჭრა მათე, მოგვესალმა და მაგიდას მიუჯდა, დაკვირვებით შეათვალიერა ტყუპები.
- მეჩვენება თუ მათეს ძალიან გვანან, -იდაყვი გამკრა ვაკომ, თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად, მართლა გასაოცარი მსგავსება იყო, მეგონა სამ ტყუპს ვუყურებდი, ეს მსგავსება გუშინვე როგორ ვერ შევამჩნიე.
- ერთმანეთს არ გაგვაცნობ? -მათეს ისეთი აღელვებული ხმა ჰქონდა ჩემზეც იმოქმედა, თითების ცახცახი რომ შემეჩერებინა როგორმე ვაკოს ჩავჭიდე ხელი.
- ბიჭებო გაიცანით მათე, -ლუკას და მაიკს მივმართე რომლებიც თვალს არ აშორებდნენ მას, -მათე ჩემი უმცროსი ძმაა.
- და ჩვენი ბიძაშვილი გამოდის არა? -მაიკი ფეხზე წამოდგა და მიუახლოვდა, -ლუკა ნახე, ზუსტად ისეთი ლაქა აქვს ყურთან შენ რომ გაქვს.
- მართლა? -ახლა ლუკაც მიუახლოვდა მათეს, -მართლა ჩვენი ბიძაშვილი ხარ? ჩვენ რატომ არ ვიცოდით შენს შესახებ?
- მაგ ყველაფერს აუცილებლად აგიხსნით, ოღონდ ახლა ჩამეხუტეთ, -მათემ მკლავები გაშალა და ტყუპები გულში ჩაიკრა, მე ვაკოს მხარზე თავჩამოდებული ვუყურებდი ამ საოცარ სცენას და ვიცრემლებოდი, თუმცა იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა, სამზარეულოში, ხალათში გამოწყობილი კარენი შემოვიდა, თუმცა მიუხედავად იმისა რომ ხალათი ეცვა მაკიაჟი საგულდაგულოდ ჰქონდა გაკეთებული და ვარცხნილობაც შესაფერისი ამშვენებდა, არ მოგვსალმებია ისე გამოაღო მაცივარი და ტუჩაბზუებულმა მოათვალიერა.
- ავოკადო არ გაქვთ?
- არ გვაქვს თუ გინდათ ბლინებზე დაგვეწვიეთ, -მთელი გულით მიიპატიჟა ვაკომ და მისი ხმა რომ გაიგო მხოლოდ მაშინ იკადრა ჩვენთვის ყურადღების მოქცევა.
- შენ რატომ მეპატიჟები? -რაღაცნაირად აგდებული ხმით ჰკითხა ვაკოს.
- რას ნიშნავს რატომ გეპატიჟება? -ვეღარ მოვითმინე, უკვე ძალიან მიჭირდა მისი კუდაბზიკობის ატანა, შემომხედა, მერე ვაკოს და მათეს გადახედა რომელსაც სახეში შესციცინებდნენ ტყუპები და ისე გაიღიმა აშკარად გაიაზრა რომ არათანაბარ მდგომარეობაში იყო და სკანდალის მოწყობა არ ღირდა.
- იმას ნიშნავს რომ ვაკო ამ სახლში სტუმარია და...
- ვაკო ამ სახლში სტუმარი არ არის კარენ, ის და მათე ჩემი ოჯახის წევრები არიან, მოხარული ვიქნები თუ ამის შემდეგ გაითვალისწინებ და...
- აქ რა ხდება? -სამზარეულოში კლასიკურ სამოსში გამოწყობილი საგულდაგულოდ თმადავარცხნილი ბიძაჩემი შემოვიდა და არც თუ ისე გულითადი საუბარი შეგვაწყვეტინა, მისი ხმა გაიგო თუ არა მათე ფეხზე წამოდგა და მზერა გაუსწორა მისი დანახვით გაოგნებულს.
- დილა მშვიდობის ბიძია...





მათესთან ვიყავით სტუმრად, დედამისის გამომცხვარ ალუბლის ჯემიან ნამცხვარს გეახლებოდით და ვუყურებდით როგორ დასდევდნენ ბაღში იხვებს მაიკი და ლუკა.
- ბოდიში რა, არ უნდა წამომეყვანენ, თავდაყირა დააყენეს ყველაფერი, პატარა სულელი ბავშვებივით იქცევიან, -დარცხვენილმა მოვუბოდიშე ქეთის, გულიანად გაეცინა ჩემს შემხედვარეს.
- ბავშვები არიან და აბა როგორ უნდა მოიქცნენ, შეეშვი, რაც უნდათ ის გააკეთონ, ალბათ ამერიკაში მოკლებული იყვნენ ასეთ გარემოს, ბუნებას, ცხოველებს და ფრინველებს, თავისუფლებას, მიეჩვევიან და დაწყნარდებიან მერე როცა ეს ყველაფერი მათი ყოველდღიურობა გახდება.

საოცარი ქალი იყო ქეთი, ძალიან ვღელავდი როცა მათემ ერთი თვის წინ პირველად დამპატიჟა თავისთან, არ ვიცი რას ველოდი მაგრამ არა ისეთ თბილ და შინაურულ შეხვედრას როგორიც მომიწყო, ერთი წამითაც კი არ უგრძნობინებია ჩემთვის რომ ამ სახლში უხო და არასასურველი სტუმარი ვიყავი, უნდა ვაღიარო რომ ცოტათი მშურდა კიდეც მათესი...
- რაზე ჩაფიქრდი? -ფრთხილად დამადო ხელზე ხელი და მომიჭირა, -რა გჭირს თეკო?
- ხანდახან მათესი მშურს და მერე ასეთი ფიქრების გამო თავს ცუდად ვგრძნობ, -შევჩივლე და სიცილი რომ ვერ შეიკავა მეც ავყევი ძალაუნებურად.
- რა უცნაური გოგო ხარ, ასეთ რამეს ხმამაღლა ვინ ამბობს.
- მე სხვებს არ ვგავარ, -ამაყად გავიმართე მხრებში და მერე აივნის კიბეებზე ამომავალ მათეზე მივუთითე, -აი ერთადერთი ამ მუტანტს ვამსგავსებ საკუთარ თავს.
- მუტანტის ხმა მესმის, -პატარა ბავშვივით დამეჯღანა და ენა გამომიყო, -რაო რას ამბობდი წეღან? აბა აღიარე რატომ გშურს ჩემი.
- დედაშენის გამო, -არც კი მიფიქრია დამემალა რასაც ვგრძნობდი, -გაგიმართლა რომ ქეთისნაირი დედა გყავს, მართლა...
არაფერი უთქვამს, უბრალოდ მოვიდა, ჩამეხუტა და მაგრად, ძალიან მაგრად მომხვია ხელები, თვალებაწყლიანებული გვიყურებდა ქეთი, ვერც მე შევძელი თავის შეკავება, ისევ უკითხავად და უდროოდ გამოარღვიეს ცრემლებმა ჯებირები.
- რა გჭირს? ამ ბოლო დროს როგორი მგრძნობიარე და მტირალა გახდი, იმედია შენ და ვაკო რაღაცებს არ მაიმუნობთ და ასეთი ახალგაზრდა ბიძა არ ვხდები, -ჩემს წინ იყო ჩაჩოქილი და გათამაშებული სერიოზულობით მიყურებდა, რა თქმა უნდა ვხვდებოდი რომ ხუმრობდა და ჩემს გამხიარულებას ცდილობდა მიუხედავად იმისა რომ თვითონაც სევდით ჰქონდა მზერა სავსე.
- რაღაც სისულელეს ნუ ბოდავ, -კეფაში წავუთაქე და მერე ცარიელი სურა შევაჩეჩე ხელში, -მიდი რა ცივი წყალი მოგვიტანე.
- კარგი ჰო, შეგეძლოთ პირდაპირ გეთქვათ რომ მარტო დარჩენა გინდათ, -ბუზღუნ-ბუზღუნით შევიდა სახლში და სპეციალურად მიაჯახუნა კარი.

- რატომ არ პასუხობ? -ქეთიმ ტელეფონზე მანიშნა როცა დაინახა რომ კიდევ ერთხელ გავთიშე, მერე კი ნომერი დავბლოკე.
- ალბათ როდისმე ვუპასუხებ ოღონდ ახლა არა, -უგემურად გავიღიმე.
- იქნებ გეცადა მისი გაგება...
- ძალიან გთხოვ შენც დოდოსავით არ დამიწყო შეგონება და იმის მტკიცება რომ ვუყვარვარ და რაც გააკეთა ახალგაზრდული თავქარიანობის გამო გააკეთა, თექვსმეტი წლის ვიყავი რომ წავიდა, მერე მამა დაიღუპა და სულ მარტო დავრჩი, დოდოსთან ვცხოვრობდი სანამ სრულწლოვანი არ გავხდი, დედაჩემმა ერთ შვილს ვერ მოუარა, ერთი შვილი ეზედმეტა, დოდო კი თავის ბავშვებთან და მოღალატე, უსაქმურ ქმართან ერთად ჩემთვისაც ახერხებდა დროის და დედობრივი სითბოს დათმობას, ასეა, არც არ უნდა სამწუხარო იყოს, ყველა ქალი არ არის დედობის ღირსი, აი მაგალითად ტყუპების დედა კარენი, შეხედე ბიჭებს როგორი კარგები არიან, როგორი ჭკვიანები და ზრდილობიანები, თავიდან მიკვირდა კარენმა როგორ მოახერხა მათი ასე აღზრდათქო, მაგრამ აღმოჩნდა რომ პირველი დღიდანვე ძიძა ჰყოლიათ, ეთიოპიელი მოხუცი ქალის გაზრდილები არიან, მისგან აქვთ ნასწავლი და შეთვისებული ყველაფერი კარგი რაც გააჩნიათ...
- რა კარგია რომ მათემ გიპოვა და ახლა შენ ჰყავხარ, -ისე ოსტატურად შემაწყვეტინა ქეთიმ სიტყვა და ისე შეცვალა თემა ვერც მივხვდი, -ყოველთვის მარტოსულად გრძნობდა თავს ახლა კი ისეთი ბედნიერია სიტყვებით აღწერა შეუძლებელია, შენი მადლობელი ვარ თეკო.
- ეს მე ვარ მადლობელი რომ ასე თბილად მიმიღე, მეგონა არ გენდომებოდა მე და მათეს ახლო ურთიერთობა გვქონოდა.
- მე კი პირიქით ვფიქრობდი, ბოლოს და ბოლოს მამაშენისგან ქორწინების გარეშე გავაჩინე შვილი, არ ვიცოდი რას იფიქრებდი ჩემზე.
- დარწმუნებული ვარ შენც გექნება შენი სიმართლე.
- ასე ფიქრობ? ზედმეტად კეთილი და მიამიტი ხარ თეკო, თუმცა ასე რომ არ იყოს ახლა ტყუპები შენთან ერთად არ იქნებოდნენ.
- ფიქრობ რომ უკან უნდა გამეშვა მიუხედავად იმისა რომ წასვლა არ უნდოდათ?
- არა რა თქმა უნდა, მაგრამ იმაზე თუ გიფიქრია საერთოდ რომ აღარ მოინდომონ ამერიკაში დაბრუნება ბიძაშენი რას იზამს.
- ბიძაჩემს ახლა მათთვის არ სცხელა, ცალკე კარენთან განქორწინებას აგვარებს და ცალკე ბიზნესის გადარჩენას ცდილობს, წარმოდგენა არ მქონდა რომ თურმე ფინანსური პრობლემების გამო ჩამოვიდა აქ და მაგიტომ დადიოდა მოჟამული და ცხირჩამოშვებული, ძალიან იყო შეშინებული ეგონა რომ გადასახადების დამალვის გამო დაიჭერდნენ, მაგრამ ახლა რაც ახალი პარტნიორი იპოვა მგონი კარგად წაუვა საქმე.
- უცნაურია ასე უბრალოდ რომ გადაწყვეტეს დაშორება მან და კარენმა.
- ჩემი აზრით კარენს ეს დიდი ხნის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი, უბრალოდ შესაფერის დროს ეძებდა, ვფიქრობ რომ ბიძია არ უყვარს, ალბათ უფრო ის ცხოვრება იზიდავდა რასაც ის სთავაზობდა, მერე კი როცა ფინანსურმა პრობლემებმა იჩინა თავი მისი ნამდვილი გრძნობები გამოამზეურა, არ ვიცი რას ელოდა როცა საქართველოში მოყვებოდა მაგრამ აშკარად არ მოხიბლა ჩემმა ღარიბულმა ძველმა სახლმა და მარტივმა კომფორტმა, იცი რომ ვაკოს ეპრანჭებოდა?
- სერიოზულად? -ლამის შუბლზე აუვიდა ქეთის თვალები გაკვირვებისგან, -და შენ რა რეაქცია გქონდა?
- სიმართლე რომ გითხრა არანაირი, თავიდან ცოტა ვიეჭვიანე, მერე კარენი შემეცოდა და ბიძაჩემიც, ვაკო კი... მას საკუთარი თავივით ვენდობი.
- გიყვარს?
- ძალიან.
- ის რას ფიქრობს იმაზე რომ ტყუპები შენთან დარჩნენ.
- უხარია რომ ასე გაიზარდა ჩვენი ოჯახი, იცის რომ მიუხედავად მათი ოჯახის თანადგომისა თავს მაინც ყოველთვის მარტოსულად ვგრძნობდი ახლა კი ჩემს გამო ისიც ბედნიერია.
- საოცარი წყვილი ხართ, -ღიმილით მიყურებდა ქეთი, თვალები უბრწყინავდა, ეტყობოდა რომ მართლა უხაროდა ჩემი კარგად ყოფნა.
- მათეც ზუსტად ასე ამბობს ხოლმე, თუმცა ეჭვიანობის სცენებსაც გვიწყობენ ხანდახან ის და ტყუპები, -გამეღიმა როცა მათი მოღუშული სახეები გამახსენდა, ისეთი სახეები ჰქონდათ როცა ჩახუტებულებს გვიყურებდნენ ძალაუნებურად ვფიქრობდი რომ გონებაში ვაკოს გატყავების სცენას სახავდნენ.
- ხანდახან ისე იქცევა ხოლმე მათე მგონია რომ ტყუპების ასაკისაა, -გაეღიმა ქეთის, ისე არ გითქვამს ბავშვები რას ფიქრობენ მშობლების განქორწინებაზე?
- რატომღაც მგონია რომ კარენს დედად ვერ აღიქვამენ, თანაც აქ ისე კარგად არიან, იმდენი სიახლე დაატყდათ ერთბაშად თავს მგონი ჩვეულებრივად გადაიტანენ ყველაფერს.
- არ გაგიკვირდეს თუ გეტყვი რომ მომენატრა ბიძაშენი, შენ ალბათ არ იცი მაგრამ ჩვენ ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ.
- მომიყვები?
- მამაშენზე?
- ყველაფერზე.
- მზად ხარ რომ მომისმინო?
- მზად ვარ.
- მე და მამაშენი ტოლები ვიყავით, ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი იმ პერიოდში როცა დედაშენი მოიყვანა ცოლად დაქორწინებას ვგეგმავდით, დედაშენი ძალიან პატარა იყო, თურმე მამაშენი დაუნახავს და მოწონებია, არ ვიცი იმ ასაკში როგორ მოიფიქრა ასეთი რამ ან ვინ დაარიგა ჭკუა მაგრამ ჩვენს გამოსაშვებ ბანკეტზე მოვიდა დაუპატიჟებლად, მერე მამაშენს რაღაც ჩაუყარა ჭიქაში...
- კარგი რაა, ამას ვერ დავიჯერებ, -გამწარებულმა და პირგამშრალმა გამოვცალე წყლით სავსე ჭიქა და კინაღამ გავიგუდე სასულეში რომ გადამცდა, -მატყუებ ქეთი?








- რას ამბობ, რატომ უნდა მოგატყუო, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, მაშინ სულ ცოტა ხნით მოვადუნე ყურადღება და მაშინვე გაქრნენ ჩემი თვალთახედვიდან, ძებნა დავიწყე, სპრტდარბაზში მივაგენი შიშვლებს, მამაშენი თითქმის უგონოდ იყო, დედაშენი კი... დედაშენი ნიშნისმოგებით მიფრიალებდა ცხვიწინ დასვრილ კაბას, იმის დამადასტურებელ ნიშანს რომ ქალწულობა მას ჩააბარა, სულ რაღაც სამ კვირაში გაიგო მამაშენმა რომ ფეხმძიმედ იყო და ცოლად მოიყვანა, სხვა გზა არ ჰქონდა, უბრალოდ ვერ ადგებოდა და ასეთ მდგომარეობაში ვერ მიატოვებდა, ცოლად შეირთო თუმცა რა თქმა უნდა მისი შეყვარება ვერ შეძლო, ძალიან რთულად გადავიტანე მასთან დაშორება, ამ ამბავში ჩემი დანაშაული მხოლოდ ის არის რომ როცა ჩემთან დაახლოება სცადა დავთანხმდი, თუმცა როგორც კი გავიგე რომ ფეხმძიმედ ვიყავი მასთან ურთიერთობა გავწყვიტე, მათეს არსებობის შესახებ არ იცოდა, არ მინდოდა სცოდნოდა, რომ გაეგო ოჯახს დაანგრევდა, მე კი სხვის უბედურებაზე საკუთარის აგება არ მინდოდა...
- არც თუ ისე კარგი მოსასმენი იყო, -ნაძალადევად გავიღიმე, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, იქნებ არ უნდა მეთხოვა რომ მოეყოლა, ან თვითონ რატომ მომიყვა ასე დეტალურად, რა საჭირო იყო დედაჩემის გმირობებისთვის კიდევ ერთის დამატება, ქეთის შევხედე რომელიც ამჯერად მე არ მიყურებდა, ცარიელ სივრცეს უმზერდა გაშტერებული და მოგონებებში წასული, იქნებ ის რაც მომიყვა ერთგვარი შურისძიება იყო დედაჩემზე, მან ხომ საყვარელი ადამიანის გარეშე გაატარა მთელი ცხოვრება, ალბათ რამდენი წინაღობის გადალახვა მოუხდა რომ მარტოხელა დედის სტატუსით გაეზარდა შვილი, რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო მესმოდა მისი, ვიცოდი რომ რამდენად კარგი ადამიანიც არ უნდა ყოფილიყო მაინც ექნებოდა სადღაც გულის რომელიღაც შორეულ კუნჭულში საგულდაგულოდ გადანახული ბრაზი, ბოღმა და ტკივილი რომელმაც ალბათ სწორედ მაშინ იჩინა თავი როცა მათემ ჩემი თავი გააცნო...
-
უჩვეულოდ სწრაფად გადიოდა დრო, ფერადი და სურნელოვანი გაზაფხული იდგა ჩვენს პატარა ხალხმრავალ და ხმაურიან ქალაქში, ჩვეულებისამებრ ფანჯარასთან ვიჯექი, პარკში ახლად აყვავებულ ხეებს გავყურებდი და ნება-ნება მივირთმევდი სურნელოვან ჩაის, ხალხის პროტესტის შედეგად ჩვენს პარკს გაჩეხვა აღარ ემუქრებოდა, ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც სანამ წინაზე უფრო მეტად მომგებიან წინადადებას არ შესთავაზებდა ჩვენს გაუმაძღარ მერს რომელიმე მასზე უფრო მეტად გაუმაძღარი საქმოსანი.
- მათე ნინის მოტაცებას აპირებს, -მისაღებში აქოშინებული მაიკი შემოვარდა და გაბრაზებული ლუკაც მაშინვე უკან მოყვა.
- მათემ ხომ გითხრა არავის უთხრაო რა ვერ გაიგე?
- მოიცა მომესმა თუ მოტაცება ახსენა ვინმემ, -ფანჯრიდან ჩამოვხტი და დოინჯშემორტყმული მივაჩერდი უხერხულად აწურულ ბიჭებს, -სად არის თქვენი უტვინო ბიძაშვილი.
- ნინის სანახავად წავიდა, ცოლობა უნდა ვთხოვო და თუ არ დამთანხმდება უნდა მოვიტაცოო, სხვათაშორის ვაკოც მასთან ერთად არის.
შვებით ამოვისუნთქე, ვაკოს მასთან ერთად ყოფნა თავისთავად ნიშნავდა იმას რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა, ვიცოდი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა იმას რომ მათეს ნინისთვის რამე დაეძალებინა.
- არ გაუბრაზდე რა ხომ იცი როგორ უყვარს, -საყვარლად ლოყებაწითლებულმა შემომხედა ლუკამ, -ხომ არ გაუბრაზდები?
- რა თქმა უნდა გავუბრაზდები, იმის გაფიქრებაც კი დანაშაულია რის ჩადენასაც აპირებს ეგ სულელი, კარგად დაიმახსოვრეთ რასაც ახლა გეტყვით, არასდროს, არასდროს იფიქროთ რომ ძალადობას შეუძლია სიყვარული შვას, როცა ვინმე შეგიყვარდებათ მიდით და პირდაპირ დაელაპარაკეთ, უთხარით თქვენი გრძნობების შესახებ, ეცადეთ მისი გული მოიგოთ.
- სწორედ გულის მოსაგებად იტაცებს, -ლუკამ მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები და წარბებს ქვემოდან გამომხედა, -იმიტომ იტაცებს რომ უყვარს.
- და თუ ნინის არ უნდა ეს? რა გამოდის ამ შემთხვევაში?
- ძალადობა, -მხოლოდ ეს ერთი სიტყვა თქვა მაიკმა, ლუკას მხარზე მოხვია ხელი და თავი თავზე მიადო, -წარმოიდგინე რომ თინიკო მოიტაცოს ვინმემ, ვინმე ისეთმა ვინც თინიკოს არ უყვარს.
- თინას მე ვუყვარვარ.
- ჰოდა წარმოიდგინე რა მოხდება სხვამ რომ მოიტაცოს და ისეთი რამის გაკეთება აიძულოს რაც მას არ ენდომება, წარმოიდგინე...
დავინახე როგორ შეკრა მუშტები ლუკამ და როგორ აემღვრა მზერა, არაფერი მითქვამს, არც იყო საჭირო, ტელეფონს ხელი დავავლე და უჩუმრად გამოვიხურე მისაღების კარი, ეკრანს დავხედე, სამჯერ ჰქონდა დანარეკი დოდოს.
- რომ გირეკავ სად ხარ, ტელეფონს რატომ არ პასუხობ, -აქაქანებული შემოვარდა ეზოში დოდო, -შენმა ძმამ ცოლი მოიყვანა შენ კი ჭურში ზიხარ, ვაკომ დამირეკა შენთან მოდიან თურმე.
- მოვკლავ მაგ უდღეურს, -ისეთ ხმაზე ვიკივლე დოდომ ყურებზე აიფარა ხელი, -ახლა თუ მოტაცებული გოგო მოყავს ჩემთან ცოცხლად გავატყავებ მაგ საწყალს, ვერ გადამირჩება.
- მართლა არ იცი რა ხდება? მოდი დაჯექი და მოგიყვები, -დოდომ ძალით ჩამსვა სავარძელში და გვერდით მომიჯდა.
- მათეს არ მოუტაცია ნინი, პირიქით მოხდა თურმე.
- რას ნიშნავს პირიქით მოხდა?
- რა და ეს ორი შტერი მისულან გოგოსთან, თურმე მათეს მისთვის ხელის თხოვნა ჰქონდა ჩაფიქრებული და ორგანიზებაში ეხმარებოდა ვაკო, ის ახტაჯანა მეგობრებთან ერთად ყოფილა, დაუვლიათ ხელი ამ ორმეტრიანი ახმახისთვის და ჩაუტენიათ მანქანაში, თბილისიდან გასულები ყოფილან თურმე უკვე, რომ გაურკვევიათ ყველაფერი და მობრუნებულან, მეგონა აღარასდროს გამომიტყდებოდი სიყვარულში და მაგიტომ მოგიტაცეო გამოუცხადებია თურმე ქალბატონს...
დიდხანს ვხოხავდი აივანზე და გულს წასვლამდე ვიცინოდი, ერთადერთი იმაზე მწყდებოდა გული მათეს სახე რომ ვერ ვნახე მაშინ როცა მანქანაში ტენიდნენ.
-
- სადმე უნდა წავიდეთ, უკვე ძალიან ცხელა და თანაც შენი ძმისგანაც დავისვენებთ ცოტას, ცოლის მოყვანამაც არ უშველა, მაინც სულ აქ არიან ორივე, არა მაინც სად იპოვა ასე თავისნაირი გიჟი და გადარეული, -შორტებში და ფერად მაისურში გამოწყობილმა ვაკომ შემოაღო საძინებლის კარი, ფეხზე გაიხადა და ჩემს გვერდით წამოწვა საწოლზე.
- რას ერჩი მათეს და ნინის ვერ ვხვდები, თუმცა მგონი მართალი ხარ, ნინი მაგაზე მეტად გიჟია, ეგენი და ტყუპები მარტო რომ დავტოვო სახლში აქაურობის ადგილზე ფერფლიღა დამხვდება, არ ღირს წასვლა, არსადაც არ მოვდივარ.
- კარგად დაფიქრდი, -ბილეთები ამიფრიალა ცხვირწინ.
- ღმერთო ჩემო ეგვიპტე, -შევკივლე, ზემოდან მოვექეცი ჩემი რეაქციით გახარებულს და ჩავეხუტე, -რა საძაგელი ხარ, იცი რომ ამაზე უარს ვერ ვიტყვი.
- დიდ იმედებს ვამყარებ ამ მოგზაურობაზე, პირამიდების ფონზე თუ გთხოვ ცოლობას იქნებ მაშინ მაინც დამთანხმდე, -ეშმაკურად შემომღიმა ქვემოდან, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად შემეხო ტუჩებზე.
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან კარგი და საინტერესო ისტორიაა.

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

Daldoni Daldoni
ძალიან ძალიან კარგი და საინტერესო ისტორიაა.


მადლობა heart_eyes

 


№3 სტუმარი kati

რა კარგი,მაგრამ რა პატარაა.გაგრძელებაც მოუხდებოდა...

 


№4  offline წევრი ლილა ნესი

kati
რა კარგი,მაგრამ რა პატარაა.გაგრძელებაც მოუხდებოდა...


ყოველი ახალი ისტორიის დაწყებისას ვგეგმავ რომ გრძელი იქნება მაგრამ თავისით მიდიან ხოლმე თავის გზაზე, არაფერს არ მეკითხებიან bowtie blush

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

აი ეს მესმის... როცა ასეთ საყვარელ ,პოზიტიურ და დადებითი ემოციებით დატვირთულ ისტორიებს ვკითხულობ,მეც ვბედნიერდები... დიდი მადლობა.პატარა, საყვარელი და რამდენადმე სახალისო ისტორიაა, რომლის კითხვაც გაღიმებულმა დავასრულე.❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ნანა
აი ეს მესმის... როცა ასეთ საყვარელ ,პოზიტიურ და დადებითი ემოციებით დატვირთულ ისტორიებს ვკითხულობ,მეც ვბედნიერდები... დიდი მადლობა.პატარა, საყვარელი და რამდენადმე სახალისო ისტორიაა, რომლის კითხვაც გაღიმებულმა დავასრულე.❤️❤️❤️


მადლობა heart_eyes

 


№7 სტუმარი მთვარო სვანი

აუ რა სასიამოვნო და სახალისო წასაკითხი იყო.მადლობა დიდი ????

 


№8 სტუმარი სტუმარი მაია

საყვარელი და სახალისო ისტორია

 


№9  offline წევრი ლილა ნესი

მთვარო სვანი
აუ რა სასიამოვნო და სახალისო წასაკითხი იყო.მადლობა დიდი ????


მადლობა თქვენ თბილი სიტყვებისთვის heart_eyes

 


№10  offline წევრი TamoTi

უსაყვარლესი ისტორიაა♥️♥️ძალიან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent