მატილდა ( სრულად )
- საბა რეკავს, უკვე მესამედ, -აუზის პირას შეზლონგზე წამოწოლილ ძილბურანში წასულ მატილდას კატო დაადგა თავზე და ხელებში მიაჩეჩა აზუზუნებული ტელეფონი, მერე კი შებრუნდა და ისევ სახლისკენ წავიდა, უკმაყოფილოდ დახედა ეკრანს მატილდამ, ჯერ მხოლოდ ხუთი დღე იყო რაც მეგობრებთან ერთად საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე წამოვიდა დასასვენებლად სამი კვირით და აქაც კი ახერხებდნენ მისთვის ნერვების მოშლას და ხასიათს გაფუჭებას, ყოფილი ქმარი, შვილი, მეზობლები და მებაღეც კი დღეში რამდენჯერმე ურეკავდნენ, ერთ წამს იფიქრა საერთოდ გამოვრთავ ტელეფონსო მაგრამ მაინც არ მოუთმინა დედის გულმა. - ახლა რაღა მოხდა, -ცოტა არ იყოს უხეშად უპასუხა პასუხად კი მხიარული სიცილი მიიღო. - რა გჭირს დედიკო, ვინ მოგიშალა ნერვები. - შენი აზრით? - კარგი ჰო, არ მინდოდა შენი შეწუხება, უბრალოდ მაინტერესებს როგორ ხარ, როგორ ისვენებ... - მართლა ამის საკითხავად დარეკე? -დაეჭვებულმა შეაწყვეტინა სიტყვა, საბას მხიარული ხმის და უდარდელობის მიუხედავად მაინც იგრძნო რომ რაღაც ხდებოდა. - აბა სხვა რა უნდა მინდოდეს? -მიამიტურად გაიკვირვა და მერე საეჭვოდ გაყუჩდა. - რა ვიცი იქნებ რამე დააშავე. - კარგი რა დედა, ბავშვი ხომ აღარ ვარ, ორ თვეში ოცი წლის ვხდები, უბრალოდ მოგიკითხე, მაინტერესებს როგორ ისვენებ და როდის აპირებ დაბრუნებას. - ჩვეულებრივად, როცა გვქონდა დაგეგმილი დაბრუნება მაშინ დავბრუნდებით არაფერი შეცვლილა, -უპასუხა და რაღაცნაირად შვებით რომ ამოისუნთქა საბამ კიდევ უფრო დაეჭვდა, აღარაფერი უთქვამს დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა, სათვალე მოიხსნა და თვალებმოჭუტულმა გახედა ჩამავალ მზეს, წამოდგა, სახლში შესულმა მხოლოდ ის უთხრა მეგობრებს ცოტახნით მარტო გავისეირნებ სანაპიროზეო. ხელში ეკავა ტყავის თასმებიანი სანდლები, ფეხშიშველი მიუყვებოდა სანაპიროს, სიამოვნებდა ფეხისგულებზე ცხელი ქვიშის შეხება, გრძელი წითური თმა კეფაზე უწესრიგო გორგალივით ჰქონდა შეკრული, თეთრი იყო მატილდა, თოვლივით თეთრი, მზისგან ოდნავ შეწითლებული ჰქონდა სხეული, ვერასდროს ახერხებდა გარუჯვას, რამდენიც არ უნდა ეცადა მზე არ ეკიდებოდა, სამაგიეროდ ზაფხულობით წვრილი, საყვარელი ჭორფლებით ეფარებოდა მხრები და სახე, საშუალო სიმაღლის იყო, ლურჯი თვალები ჰქონდა და უნაკლო ჩამოსხმული სხეული, პატარა გოგოს ჰგავდა, სწორი ოდნავ აპრეხილი ცხვირით და ბავშვური გაბუშტული ტუჩებით... - საღამო მშვიდობის, -ნაცნობი ხმა მოესმა და გაღიმებული მიბრუნდა უკან, მის წინ ოცდახუთიოდე წლის, წელზემოთ შიშველი, თმააჩეჩილი, საყვარლად მომღიმარი ბიჭი იდგა რომელიც აქ ჩამოსვლიდან მეორე დღეს გაიცნო, ნიკი კანადიდან მეგობრებთან ერთად სტუმრობდა საბერძნეთს, მატილდა დაინახა თუ არა იმ დღიდან მის აჩრდილად იქცა და არაფრით აძლევდა მოსვენებას. - საღამო მშვიდობის ნიკ, დღეს როგორ ხარ? -თბილი ხმით ჰკითხა და გზა გააგრძელა, ბიჭიც უკან აედევნა ფეხდაფეხ. - როგორ ვიქნები შენგან უარყოფილი, -სასაცილოდ მოისაწყლა თავი. - წადი, შენი ტოლი იპოვე ვინმე და მასთან გაერთე, -ხელი უმისამართოდ გაიქნია და ფეხს აუჩქარა თავმობეზრებულმა, -სერიოზულად გეუბნები ნიკ, ვინმე ახალგაზრდა გოგო გაიცანი და... - მაინც არ მეუბნები რამდენი წლის ხარ, -არ ისვენებდა ნიკი, -ყოველთვის ასაკზე აკეთებ აქცენტს არადა ალბათ ოთხი, მაქსიმუმ ხუთი წლით თუ იქნები ჩემზე დიდი. - ასე ფიქრობ? -გულიანად გაიცინა მატილდამ, -შენ თვითონ რამდენი წლის ხარ? - დღეს ოცდახუთის გავხდი. - მართლა? გილოცავ, მე კი ერთი თვის შემდეგ ოცდათვრამეტი წელი შემისრულდება. - მატყუებ, ნამდვილად მატყუებ, გინდა რომ თავი დაგანებო და ცდილობ ასე ჩამომიშორო, კარგი რა, საერთოდ არ მოგწონვარ? -წინ გადაუდგა ნიკი და შეაჩერა, მიუახლოვდა, წელზე მოხვია მკლავი, წინააღმდეგობა არ გაუწევია მატილდას, ღიმილი არ მოშორებია სახეზე, ხელი ასწია და აჩეჩილ თმაზე ისე გადაუსვა თითები როგორც ალბათ საბას მოეფერებოდა, არაფერი იყო ამ ჟესტში რომანტიული ან ამაღელვებელი, ეს ნიკმაც იგრძნო და ხელი გაუშვა უკან დაიხია ცივად. - ოცი წლის შვილი მყავს, შენი აზრით შემიძლია როგორც კაცს ისე შემოგხედო? -თვალებში უყურებდა დაბნეულს, სხვა მის ადგილზე ალბათ იხალისებდა ბიჭის ასეთ მდგომარეობაში ხილვით მაგრამ მატილდა არ იყო ისეთი როგორიც სხვები, გარემო მოათვალიერა და იქვე ახლოს მდებარე კაფეზე შეაჩერა მზერა, მერე ისევ ნიკს მიუბრუნდა, -წამოდი ნაყინზე დაგპატიჟებ. - დამცინი? -სიმწრის ღიმილმა გაუპო ნიკს ბაგე, -მესმის რომ ჩემთან ურთიერთობა არ გინდა, ალბათ არ მოგწონვარ მაგრამ ისე რატომ მექცევი თითქოს პატარა ბავშვი ვიყო. - პატარა ბავშვი ნამდვილად არ ხარ, -გაეცინა მატილდას, -ვერ ამჩნევ ის გოგონები როგორ გიყურებენ, ლამისაა თვალებით შეგჭამონ, ნაყინზე კი იმიტომ დაგპატიჟე რომ ძალიან მიყვარს, რას იტყვი წამოხვალ? - - ესე იგი არ მატყუებდი და მართლა ოცდათვრამეტი წლის ხარ, ოცი წლის შვილი გყავს და ყოფილი ქმარი, ახლა კი მიუხედავად იმისა რომ საოცრად გამოიყურები არავის ხვდები, -ნიკი მარწყვის ნაყინს ჭამდა და თან თვალს არ აშორებდა მის წინ მჯდარ ულამაზეს ქალს, არ მეტყვი ქმარს რატომ დაშორდი? - მიღალატა და ვერ ვაპატიე, -ისე უბრალოდ უპასუხა აშკარა იყო მისთვის უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ამ ფაქტს. - შენ გიღალატა? -ნაყინი გადასცდა ნიკს და ისეთი ხველა აუტყდა სულ მთლად გაწითლდა, -არ მესმის როგორ შეიძლება ჭკუათმყოფელმა მამაკაცმა შენნაირ ქალს უღალატოს, სულელი ყოფილა შენი ქმარი. - სულელი? სულაც არა, -სანდრო ჭკვიანი და თან ძალიან სიმპათიური მამაკაცია, უბრალოდ ძალიან ადრე დავქორწინდით, გააზრებული არ გვქონდა გვინდოდა თუ არა მთელი ცხოვრება გაგვეტარებინა ერთად, გართობად მიაჩნდა ოჯახური ცხოვრება, საკმაოდ გვიან აღმოაჩინა რომ ეს ყველაფერი მისთვის არ იყო, სხვათაშორის თვითონ მითხრა რომ მიღალატა, ვერ შეძლო დამალვა, ერთ-ერთი კარგი თვისება ის აქვს რომ მატყუარა არ არის, მაშინ საბა შვიდი წლის იყო, ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა... მეგონა იდეალური ოჯახი მქონდა და ეს იდეალური ოჯახი ორ წუთში დამენგრა თავზე. - ის... ის როგორ აგრძელებს ცხოვრებას. - ჩვეულებრივად, არ ვიცი, შეიძლება ეს არის მისთვის ბედნიერება, ხანმოკლე ურთიერთობები, უსაზრვრო და უმიზნო გართობა და არავითარი პასუხისმგებლობა. - შენთან შერიგება არ უცდია? - კარგად მიცნობს, ისე როგორც მეც კი არ ვიცნობ საკუთარ თავს, იცის რომ არ შევურიგდები, თუმცა როცა ვნებით სავსე მზერით მიყურებს ხოლმე, დაუფარავად მეარშიყება და ცდილობს ისევ ძველებურად შემეხოს და თავგზა ამირიოს... - და შენ? - მე? მე... - მას მერე არავინ გყოლია? - არავინ, უბრალოდ ცხოვრება გავაგრძელე, -სუსტად გაიღიმა და მზერა გაუსწორა ნიკს, სადღაც გამქრალიყო ის მოარშიყე ახალგაზრდა მამაკაცი და მისი ადგილი იტერესით შეპყრობილ, თვალებგაფართოებულ პატარა ბიჭს დაეკავებინა. არანაირი ვნება და სურვილი, ახლა მის თვალებში მხოლოდ ცნობისმოყვარეობა და ცხოველი ინტერესი ჩანდა. - საერთოდ არავინ? - მქონდა მცდელობები თუმცა... - თუმცა საქმე საწოლამდე არ მისულა ასეა? - ასეა, არ ვიცი რატომ მაგრამ რატომღაც ვერ შევძელი, იქნებ იმიტომ ზედმეტად ფრიგიდული ვარ. - ფრიგიდული? -გულიანად გაეცინა ნიკს, -მატილდა მერწმუნე საოცარი, ცეცხლოვანი ქალი ხარ, უბრალოდ რაღაც გბოჭავს, ეტყობა ნამდვილი მამაკაცი არ შეგხვედრია რომ შენში ეს ქალი გაეღვიძებინა, ნეტავ ახლა ჩემი თვალით შეგახედა საკუთარი თვისთვის, დაგანახა როგორი ლამაზი და სასურველი ხარ. ვერ იტყოდა მატილდა რომ ნიკის სიტყვები და მისი ასე აშკარად გამოხატული აღფრთოვანება არ სიამოვნებდა, მაინცდამაინც არ იყო მიჩვეული კომპლიმენტებს, იშვიათად აძლევდა მამაკაცებს იმდენად მოახლოების საშუალებას რომ საკუთარი თვისთვის მისთვის კომპლიმენტის თქმის უფლება მიეცათ, ახლა კი ამ პატარა საყვარელმა ბიჭმა მასში მთვლემარე ქალი გამოაღვიძა და დააფიქრა იმაზე რომ ტყუილუბრალოდ კარგავდა დროს, გულის სიღრმეში მშვენივრად იცოდა რატომ ვერ ახერხებდა ვერავისთან ურთიერთობის აწყობას, სანდრო ისევ უყვარდა და როგორც კი რომელიმე თაყვანისმცემელთან კოცნაზე შორს წავიდოდა ურთიერთობა ვერაფერს უხერხებდა იმ აზრს რომ ღალატობდა, ალბათ ეს პრობლემა იყო, სულელური და უაზრო პრობლემა მაგრამ მაინც პრობლემა... - მადლობა საუბრისთვის, -თბილად გაუღიმა ნიკს, -კარგი ბიჭი ხარ. - ეს ყველაფერი რატომ მომიყევი? -ნიკი ყველანაირად ეცადა მისი დედობრივი ტონი არ შეემჩნია თუმცა ხმაში მაინც გაეპარა წყენა. - უბრალოდ მინდოდა მომეყოლა. - იმიტომ ხომ არა რომ ფიქრობ ორიოდე დღეც და ვეღარასოდეს მნახავ. - გინდ დაიჯერე გინდ არა უბრალოდ საუბარი მჭირდებოდა და მადლობა რომ მომისმინე, ჩემმა მეგობრებმაც კი არ იციან ის რაც უკვე შენ იცი, არ იციან რატომ დავშორდით მე და სანდრო. - რატომ არ იციან? - მაშინ ვფიქრობდი რომ არ დამიჯერებდნენ, მერე კი უბრალოდ აღარ ჩავთვალე ამის თქმა საჭიროდ, სანდრო ისეთი იდეალური იყო ყოველთვის, განსაკუთრებით მათთან მიმართებაში, ალბათ თვიანთი თვალით რომ დაენახათ საყვარელთან მაინც იპოვიდნენ მიზეზს რომ მე დავედანაშაულებინე, უბრალოდ იციან რომ ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო და... - უცნაური ვინმე ხარ, პირველად ვნახე ადამიანი ამდენად არ აფასებდეს საკუთარ თვს და იმას რაც გააჩნია, -ნიკმა დანანებით გადააქნია თავი, და მერე ტელეფონს დასწვდა, -მაპატიე უნდა ვუპასუხო, ჩემი მეგობარია, წვეულებას აწყობენ და ვიფიქრე რომ შენც დაგპატიჟებდი, თუმცა ახლა... - - საათს დახედა, ერთ საათში თბილისის აეროპორტში დაეშვებოდა თვითმფრინავი, იმ დღესვე იყიდა უკან დასაბრუნებელი ბილეთები როცა ნიკთან საუბრის შემდეგ სახლში დაბრუნდა რომელიც მეგობრებთან ერთად ჰქონდა ნაქირავები, დილით ადრევე მოახერხა გამოფრენა და ერთადერთი იმაზე ეთანაღრებოდა გული ნიკთან დამშვიდობება რომ ვერ შეძლო, ის ეჭვებიც რომ არა რომელიც მაშინ გაუჩნდა საბამ რომ დაურეკა მაინც ვეღარ შეძლებდა იქ დარჩენას, სახლში უამრავი საქმე ელოდა, ახალი რომანი ჰქონდა დასამთავრებელი რომელსაც დროზე თუ არ ჩააბარებდა გამომცემლობას ალბათ ტერაქტს მოუწყობდა გამომცემლობის მფლობელი რომელიც მისი ბავშვობის მეგობარი იყო, მას შემდეგ დაიწყო მატილდამ წერა რაც სანდროს დაშორდა და პირველივე რომანმა არნახული წარმატება და აღიარება მოუტანა... - ღვედები შეიკარით, -სტიუარდესას ხმა დაუკითხავად შეიჭრა მის ფიქრებში და გამოაფხიზლა, საშინლად დაღლილი გამოვიდა აეროპორტიდან და იქვე მდგარი ტაქსებისკენ წავიდა, საბასთვის არ უთქვამს რომ ბრუნდებოდა, ინსტიქტურად გრძნობდა რომ უკეთესი იქნებოდა თუ მოულოდნელად დაადგებოდა თავზე, ზოგადად არ იყო კონტროლი მოყვარული მშობელი მაგრამ ახლა რატომღაც კარგს არაფერს უგრძნობდა გული, ტაქსი მის სახლს რომ მიუახლოვდა და გაჩერდა შვებით ამოისუნთქა, გაჭირვებით შეიტანა ეზოში ჩემოდანი ად ფერადი ქვით მოკირწყლულ ბილიკს გაუყვა სახლისკენ, ეუცნაურა კარი ღია რომ დახვდა... ფეხზე გაიხადა, ჩემოდანი იქვე დერეფანში დატოვა და ფეხშიშველი წავიდა მისაღებისკენ საიდანაც მოგუდული სიცილი და ნაცნობი ხმები ესმოდა, შევიდა თუ არა, ოთახში მაშინვე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მისი შვილის მეგობრები რომლებსაც ბავშვობიდან იცნობდა, ფეხზე წამოხტნენ და დამნაშავე ბავშვებივით გამწკრივდნენ ერთ ზოლზე, ყველა იქ იყვნენ, ლადო, ზაზა, ბაქარი და მისი ტყუპისცალი ნინა, საბა კი რატომღაც არსად ჩანდა, ყურადღებით შეათვალიერა თავდახრილები და საეჭვოდ გაჩუმებულები, არ ჩვეოდათ ამ ბავშვებს ასეთი მორიდება და სიჩუმე, მითუმეტეს მატილდასთან რომელიც მათვის ყოველთვის მეგობარი იყო და არა უბრალოდ მეგობრის დედა. - გამარჯობა, როგორ ხართ ბავშვებო, რა ხდება, რა შეკრება გაქვთ? საბა სად არის? -რომ მიხვდა ხმის ამომღებები არ იყვნენ ისევ თვითონ ითავა საუბრის დაწყება. - მატილდა რა კარგია რომ ჩამოხვედი, თან ასე ადრე, -პირველი ნინა გამოფხიზლდა, ტყუპისცალს რომელიც გამწარებული ანიშნებდა რაღაცას შეუბღვირა, მატილდას მიუახლოვდა და გადაეხვია, -მოგვენატრე მატი. - ჰოო? ერთი კვირაც არ არის რაც წავედი, ისე ძალიან მოგენატრეთ რომ ჩემი დანახვისას შოკი განიცადეთ და ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლდით? - ოჰ შენ რა ხუმარა გვყავხარ, -ახლა ზაზამ აიღო თავზე სიტუაციის გამოსწორება, მატილდას მიუახლოვდა და მხარზე ხელი მოხვია, -წამოდი გარეთ გავიდეთ, ვერანდაზე დავსხდეთ, ნინა ცივ ყავას გაგვიკეთებს, არ გინდა? - ცივი ყავა კი არა შხაპი და გამოძინება მჭირდება, დაღლილი ვარ, თუმცა იმის შემჩნევა არ მიჭირს რომ საეჭვოდ იქცევით, არ გითქვამთ საბა სად არის. - საბა... ის... განწირულმა კივილმა შეაწყვეტინათ საუბარი, მერე ყვირილის და მსხვრევის ხმა მოისმა მეორე სართულიდან, მატილდამ ერთი კი მოავლო თვალი გაფითრებულ და ერთ ადგილზე გაშეშებულ მეგობრებს და მერე სირბილით წავიდა მეორე სართულზე ამავალი კიბეებისკენ, დერეფანში შედგა და მიაყურადა, ხმა საბას საძინებლიდან გამოდიოდა, კარს მიუახლოვდა და მოსინჯა, არ იყო ჩაკეტილი, შეაღო. - არ გინდა გთხოვ, თავი დამანებე, გამიშვი აქედან, -ქვითინნარევი საწყალობელი ვედრება მოესმა და მერე საბას ხმაც რომ მოესმა, ზედმეტად ხმამაღალი და მისთვის სრულიად უჩვეულო სიტყვები, ბევრი აღარ უფიქრია, თავგზაარეული შევარდა ოთახში, მის თვალწინ გადაშლილმა სცენამ აიძულა შემდგარიყო და დამბლა დაცემულივით გაშეშებულიყო, საბას საწოლზე, არეულ ქვეშაგებზე იწვა, თმააბურდული, ტირილისგან თვალებდასიებული გოგონა, რომელსაც თხელი მოკლე სარაფანი ზემოთ აქაჩვოდა და გრძელი სწორი ფეხები გაშიშვლებოდა, ზემოდან საბა მოქცეოდა, ფეხშიშველი, რამდენიმე ღილზე შეხსნილი პერანგით, მაჯებს უჭერდა მთელი ძალით და ადგომის საშუალებას არ აძლევდა... უამრავი რა იფიქრა მაშინ მატილდამ, იმ რამდენიმე წამში რაც ამ მის თვალწინ გათამაშებულ სცენას უყურებდა უამრავი ვარიანტი განიხილა გონებაში მაგრამ ერთი წამითაც კი არ დაუშვია რომ მისი შვილი შეიძლებოდა მოძალადე ყოფილიყო და ამ პატარა უმწეო გოგოზე ეხმარა ძალა. - აქ რა ხდება? -ათრთოლებული ხმით რომ აღმოხდა მაშინღა შეამჩნიეს მისი იქ ყოფნა, საბამ ცივად გაუშვა ხელი გოგონას, წამოდგა და დამნაშავე ბავშვივით თავჩაღუნული გაჩერდა დედის დინ, დედის რომელიც საკუთარ თავზე მეტად უყვარდა და რომელსაც დიდ პატივს სცემდა. - აგიხსნი, გეფიცები ყველაფერს აგიხსნი, ოღონდ შენ არ იფიქრო რომ... -მიხვდა მატილდა, ცოტაც და შეიძლებოდა მის ბიჭს რომელიც ერთი შეხედვით ჭკუადამჯდარ ჩამოყალიბებულ მამაკაცს ჰგავდა შეიძლებოდა მის წინ პატარა ბავშვივით დაეწყო ტირილი, მიუახლოვდა, მხარზე დაადო ხელი, მეორე ხელით თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა საკუთარ გაზრდილს, თავისი ცხოვრების ერთადერთ სამუდამო სიყვარულს, ერთხანს თვალის დაუხამხამებლად უყურებდნენ ერთმანეთს, მერე მკრთალად გაუღიმა. - გადი, კარი გაიხურე და მარტო დაგვტოვე, -გოგონაზე ანიშნა თავით რომელიც საწოლის კუთხეში იჯდა, ხელები მოკეცილ მუხლებზე ჰქონდა შემოხვეული და საცოდავად სლუკუნებდა. - დედა მაცადე აგიხსნა. - გადი, მეგობრები გაუშვი და ქვემოთ დამელოდე, ცოტა ხანში ჩამოვალ და ვილაპარაკოთ, -ისეთი ტონით უთხრა საბა მიხვდა შელაპარაკებას არანაირი აზრი არ ჰქონდა, თუმცა აშკარა იყო რომ მატილდას რეაქციამ დაამშვიდა, მიხვდა რომ დედა ენდობოდა, მისი სჯეროდა და შვებით ამოისუნთქა, მაგრად მომუშტული თითები გაშალა, ამოიოხრა და მოღუშულმა შეხედა გოგონას მერე კი სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან და კარი ისე მოაჯახუნა კედლებმა ზანზარი დაიწყო. - ბოდიში, არ მინდოდა, ალბათ ორპირის ბრალია, -ისევ შემოყო თავი და დარცხვენილმა შეხედა მატილდას, მერე კი რაც შეიძლებოდა ფრთხილად გაიხურა კარი, ჰმ, შეუძლებელი იყო ამ ბიჭს ვინმესთვის რამის დაშავებაზე ეფიქრა, გაკეთებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, თუმცა მის საწოლზე საცოვადად მოკუნტული გოგო სხვა რამეზე მეტყველებდა, უნდა გაეგო რა მოხდა მის არყოფნაში, საწოლს მიუახლოვდა და კიდეზე ჩამოჯდა, ფრთხილად ასწია ხელი და მუხლზე დაადო გოგონას, გული მოუკვდა მისი დასიებული, ჩაწითლებული თვალების და ცრემლებით სველი სახის დანახვისას. - მე მატილდა ვარ, საბას დედა, -მშვიდი თბილი ხმით მიმართა, ყველანაირად ცდილობდა მისი ნდობა მოეპოვებინა და მისთვის ეგრძნობინებინა რომ მის გვერდით უსაფრთხოდ იყო, -დამშვიდდი, ახლა აქ ვარ შენთან და ნურაფრის შეგეშინდება კარგი? შეგიძლია მითხრა რა ხდება? ტუჩებმობრეცილი, ცრემლიანი თაფლისფერი თვალებით უყურებდა გოგონა და დროდადრო სლუკუნებდა, ეტყობოდა რომ ყოყმანობდა, ალბათ ძალიან იყო შეშინებული, პატარა იყო, გამხდარი, გრძელი აბურდული თმა უწესრიგოდ ეყარა მხრებზე, ხაფანგში გაბმულ ველურ ცხოველს ჰგავდა. - რა გქვია, რამდენი წლის ხარ? არ დამელაპარკები? -კიდევ უფრო ახლოს მიიწია მასთან, მხარზე მოხვია ხელი, მიიზიდა, გაუკვირდა რომ წინააღმდეგობა არ უგრძვნია, უფრო მეტად გაუკვირდა, გულში რომ ჩაეკრა და მთელი ხმით ატირდა, თვითონაც მოხვია მკლავები, თმაზე ეფერებოდა დროდადრო, არაფერს ამბობდა, აცდიდა დაცლილიყო, დამშვიდებულიყო... - ზუსტად ისეთი სუნი გაქვს დედას რომ ჰქონდა, -ჩახლეჩილი, ტირილისგან დაბოხებული ხმით ნათქვამი მოესმა და მერე ჯერ ისევ მთრთოლვარე სხეული მოშორდა, -მაპატიეთ, ძალიან ვნერვიულობ და სისულელეებს ვამბობ, მე... უბრალოდ... დედა დიდი ხანია დაიღუპა და... მაშინ თორმეტი წლის ვიყავი, ჯანდაბა, არ ვიცი ამ ყველაფერს რატომ გიყვებით. - შეგიძლია რაც გინდა ის მომიყვე, მოგისმენ, -სახეზე ჩამოშლილი თმა გადაუწია და გაუღიმა, -მითხარი რა გქვია და რა ხდება შენსა და საბას შორის, იცოდე რაც არ უნდა იყოს, რა პრობლემაც არ უნდა გქონდეს, მიუხედავად იმისა რომ მისი დედა ვარ შენს გვერდით მიგულე კარგი? - მართლა დამეხმარებით? -იმედის სხივი გაუკრთა თვალებში და გამოცოცხლდა, -არ მინდა გათხოვება, არც დათოზე და არც საბაზე, საერთოდ არ მინდა. - გათხოვება? რას ამბობ? რა ჩაიდინა იმ სულელმა. - ყველაფერს მოგიყვებით, თაია მქვია, ორ თვეში ვხდები თვრამეტი წლის, მინდა რომ ვისწავლო, იურიდიულზე ვაპირებ ჩაბარებას, მამაჩემმა კი აიჩემა უნდა გაგათხოვოო, დათო ძალიან მდიდარია და... - მოიცადე, ცოტა ნელა, ვერაფერი გავიგე, ჩვიდმეტი წლის ხარ და მამაშენი აპირებს გაგათხოვოს? საბა რა შუაშია ან აქ როგორ მოხვდი? - სჯობს თუ თავიდან მოგიყვებით, ჩვენ ძალიან არ გვიჭირს თუმცა დედას გარდაცვალების შემდეგ მამამ სამსახურს თავი დაანება, სმას მოუხშირა, ნელ-ნელა შემოგველია ფული, აგარაკი, მანქანა, ყველაფერი გაყიდა რაც გაგვაჩნდა, შარშან კი ის გამოჩნდა, დათო, არ ვიცი სად და როდის დამინახა, რამდენჯერმე სცადა ჩემთან გამოლაპარაკება, თუმცა მე მისი მეშინოდა, ბევრად უფროსია ჩემზე, ოცდაექვსი წლის არის, თანაც სულ დაცვით დადის ხოლმე, ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა ჩემგან, მამაჩემს მოაკითხა სახლში, დიდხანს იყვნენ ოთახში ჩაკეტილები, რომ გამოვიდნენ მამამ როგორც ჩემი საქმრო ისე წარმიდგინა... - ასე უბრალოდ... - ჰო ასე უბრალოდ, მამას წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, მას შემდეგ სულ რამდენჯერმე ვნახე დათო, ზედმეტი არაფერი მომხდარა ჩვენს შორის, მეუბნებოდა თვრამეტი წლის როგორც კი გახდები ცოლად შეგირთავო, მაგრამ ეტყობა რაღაც შეიცვალა, წინა კვირას მნახა და მითხრა რომ რამდენიმე დღეში მოვიდოდა ჩემს წასაყვანად, წესით ახლა მასთან უნდა ვიყო. - მასთან წასვლა გინდოდა? - არა რა თქმა უნდა, სახლიდან ვაპირებდი გაქცევას, გავიქცეოდი კიდეც რომ არა საბა, ის... მან, სახლიდან გამოპარული მომიტაცა და აქ მომიყვანა, ახლა კი აუჩემებია რომ ვუყვარვარ და მისი ცოლი უნდა გავხდე, მაპატიეთ მაგრამ მგონი ცოტა ვერ არის, სულ ორჯერ მყავს ნანახი, როგორ უნდა ვუყვარდე, ნინას და მე საერთო მეგობარი გვყავს და მასთან შევხვდი, მერე მეორედაც ვნახე, ახლა კი... ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რომ აქედან წავიდე, არ მინდა გათხოვება, საბა არ მიყვარს, ცოლად რატომ უნდა გავყვე, მე რატომ არავინ არაფერს მეკითხება, ასე არ შეიძლება. უსმენდა მატილდა ენად გაკრეფილ თაიას და ვერ ხვდებოდა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა, ცალკე მისი მოყოლილი ამბავი აწუხებდა, ამბავი მამაზე რომელიც ფულის ან რაღაც გარიგების გამო თავისზე ბევრად უფროს მამაკაცზე ათხოვებს ქალიშვილს, ცალკე კი საბას საქციელი აფიქრებდა, დარწმუნებული იყო ამ ყველაფერს კარგი რამ ნამდვილად არ მოჰყვებოდა. - აქ რომ შემოვედი მაშინ რა ხდებოდა? -ჰკითხა და დაინახა როგორ აუწითლდა ღაწვები თაიას, თავი ჩაღუნა. - ფანჯრიდან ვაპირებდი გადაპარვას მაგრამ მომისწრო, მერე ის ვაზა ჩავარტყი თავში, -დამსხვრეულ ვაზაზე მიუთითა და ტუჩები მობრიცა სატირლად, ბალიშის ქვეშიდან მაკრატელი გამოიღო და მატილდას დაანახვა, -მერე ეს მაკრატელი ვიპოვე და საბა მის წართმევას ცდილობდა, ცუდი არაფერი იფიქროთ, ცუდად ნამდვილად არ მომქცევია თუ იმას არ ჩავთვლით რომ ძალით მომიყვანა აქ. - რა საყვარელი ხარ, იმ ყველაფრის მერე რაც გააკეთა კიდევ მას იცავ? -თავზე გადაუსვა ხელი, პატარა, დამყოლი კნუტივით გააყოლა თავი თაიამ მისი ხელის მოძრაობას. - არ ჩანს ცუდი ადამიანი და იმიტომ, -ჩაიბუტბუტა და მუჭით მოისრისა თვალები, -ახლა რა იქნება? გამიშვებთ? - რა თქმა უნდა გაგიშვებთ, არავის აქვს უფლება ძალით დაგაკავოს სადმე. - მერე საბა? - მაგაზე ნუ იფიქრებ, ის მითხარი წასასვლელი თუ გაქვს, სად აპირებ წასვლას. - არ ვიცი, მოვიფიქრებ რამეს. - ასე ალალბედზე აპირებ ამ ქალაქში თავის გატანას? - უნდა შევძლო, სხვა შემთხვევაში სახლში დაბრუნება მომიწევს და მამა მაიძულებს დათოს გავყვე ცოლად, მისი მეშინია, იქ ვერ დავბრუნდები. - იმის არ გეშინია რომ მოგძებნიან და გიპოვიან? - ამაზე არ მიფიქრია, მართლა რომ მიპოვოს დათომ მაშინ რა უნდა ვქნა? -შეშფოთება გამოესახა სახეზე თაიას, ქვედა ტუჩი აუცახცახდა, ხელი მოხვია მატილდამ და გულში ჩაიკრა. - სანამ აქ, ჩემს გვერდით ხარ არაფრის შეგეშინდეს, არავის მივცემ უფლებას რომ რამე დაგიშავოს და გული გატკინოს, მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, გეტყობა რომ უძილარი და დაღლილი ხარ, დაწექი, დაისვენე, კარგად გამოიძინე და მერე ვისაუბროთ იმაზე თუ სად წახვალ, გაპარვა არ სცადო კარგი? არავინ გაკავებს, როცა მოგინდება მაშინ შეძლებ აქედან წასვლას, უბრალოდ ახლა დასვენება გჭირდება, შევთანხმდით? თაია, თაია გესმის? მშვიდი ფშვინვა რომ მოესმა გაეღიმა მატილდას, გული გაუთბა, ფრთხილად გადააწვინა საწოლზე, ბალიში გაუსწორა და პლედი დააფარა, ერთხანს თვალმოუშორებლად დაჰყურებდა მის ფერმკრთალ, გაცრეცილ სახეს და ერთადერთი რაც იმ წუთას დანამდვილებით იცოდა იყო ის რომ ამ პატარა, გულუბრყვილო გოგონას რადაც არ უნდა დასჯდომოდა ყველასა და ყველაფრისგან დაიცავდა... - მიყვარს, მართლა მიყვარს, -თავჩაღუნული იჯდა მატილდას წინ საბა და საკუთარ თითებს აწვალებდა, თვალის გასწორება უჭირდა დედისთვის რომელსაც იცოდა ვერაფერს დაუმალავდა. - გეყოფა ასე თითებს დაიმტვრევ, -ხელზე წაავლო ხელი და აიძულა გაჩერებულიყო, -თავი აწიე და შემომხედე, გეყოფა საბა ბავშვივით ნუ იქცევი, არადა რომ გკითხოს კაცმა დაქორწინებას აპირებ, მიდი თვალებში შემომხედე და ისე მითხარი რომ გიყვარს. გაჭირვებით გაუსწორა თვალი საბამ, მის ამღვრეულ მზერაში იმ წამს იმდენი რამ ამოიკითხა მატილდამ, იმდენი რამ უთხრა, მისმა დაძაბულმა და დაჭიმულმა სხეულმა... - ასეც ვიცოდი, -გაიღიმა და მერე უფრო მოხერხებულად მოკალათდა სავარძელში, -მიდი სანამ მამაშენი მოსულა მოყევი რა მოხდა სინამდვილეში. - როგორ არ მიყვარს როცა ასე გადაშლილი წიგნივით მკითხულობ ხოლმე, -გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა თუმცა გაჭიანურება აღარ უცდია. - თაიას და ნინას საერთო მეგობარი ჰყავთ, პირველად მასთან ვნახე ერთი წლის წინ, მაშინ სულ მთლად ბავშვი იყო, პრინციპში ახლაც ბავშვია მაგრამ... - ბავშვი რომლის ცოლად მოყვანასაც აპირებ, თანაც ძალით, -წარბაწეულმა შეაწყვეტინა მატილდამ სიტყვა, უჭირდა მისი მოსმენა, იცოდა როდისმე მოუწევდა მასთან ამ საკითხზე საუბარი მაგრამ ასე ნამდვილად არ წარმოედგინა ყველაფერი, მისი შვილის საძინებელში არასრულწლოვან, სახლში ძალით მოყვანილ ბავშვს ეძინა, ეს სულელი კი უმტკიცებდა მიყვარსო თუმცა მისი თვალები სხვა რამეს ამბობდნენ. - გავაგრძელო? -საცოდავი ხმით იკითხა საბამ, თავი დაუქნია მატილდამ. - ერთი სიტყვით პირველად ნინას მეგობართან ვნახე სახლში, მერე კიდევ ერთხელ შევხვდი, მომეწონა თუმცა მასთან დაახლოვებისგან იმის გამო ვიკავებდი თავს რომ პატარა იყო, ხშირად ვნახულობდი ხოლმე შორიდან, სულ ვიცოდი როგორ იყო, რას აკეთებდა, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა, იცი რა კარგი გოგოა? იმ არაკაცმა კი... მაპატიე, უბრალოდ ძალიან ვარ გაბრაზებული მამამისზე, ალკოჰოლიკია, ამ ბოლო წლებში თამაშიც დაიწყო თუმცა მგონი თაიამ არც იცის ამის შესახებ, თაიას ცხოვრებაში დათო რომ გამოჩნდა მასზე სერიოზულად არც მიფიქრია თანაც თაია საერთოდ არ იყო მისით დაინტერესებული, გვიან გავიგე რომ თურმე მამამისთან გარიგება ჰქონია დადებული, დიდძალი ვალი ჰქონდა მამამისს და დათომ გადაიხადა, სამაგიეროდ თაიას საქმროდ გამოაცხადა თავი, ამ ბოლო დროს სულ იმაზე ვფიქრობდი როგორ უნდა დავხმარებოდი, ვფიქრობდი... - ფიქრობდი, ფიქრობდი და დავიჯერო მეტი ვერაფერი მოიფიქრე? - რა უნდა მექნა, დავლოდებოდი სანამ ის არაკაცი წაიყვანდა და გააუბედურებდა? - გგონია ახლა ბედნიერია? - რა უნდა გამეკეთებინა, -ხელები გაშალა და საყვარლად, გულუბრყვილოდ გაკვირვებულმა შეხედა მატილდას, ღიმილით გადააქნია თავი მატილდამ, ხვდებოდა უჭირდა რაღაცების გააზრება საბას, ახლა მის გონებაში ქაოსი იყო, ბევრი რამ ერეოდა ერთამანეთში, შეიძლება უკვე ხვდებოდა კიდეც რამხელა შეცდომა დაუშვა, მაგრამ რამდენად აღიარებდა ეგ სხვა საქმე იყო, შეძლებდა კი? - მოდი ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ კარგი? პირველი რაც ყველაზე მთავარია ის არის რომ შენ თაია არ გიყვარს... - კი მაგრამ... - ნუ შემაწყვეტინებ გთხოვ, კარგად გიცნობ, მოგწონს, გიზიდავს, მაგრამ არ გიყვარს, ის რაც გააკეთე მისი დაცვის სურვილით უფროა განპირობებული ვიდრე იმის გამო რომ გიყვარს და მისი დაკარგვის შეგეშინდა, არ შემიძლია არ გითხრა თუ რამდენად არასწორად მოიქეცი როცა მისი ნებართვის გარეშე წამოიყვანე და აქ ჩაკეტე, ამ მოჩვენებითი სიყვარულის სახელით. - მე მართლა მიყვარს დედა, რატომ არ გესმის, ისე ნუ მელაპარაკები თითქოს შენც არ მოეტაცებინე მამას, მშვენივრად გრძნობდით თავს ერთად. - სულელო, მშვენივრად იცი რომ მე და მამაშენს ერთმანეთი გვიყვარდა, სიგიჟემდე ვიყავი მასზე შეყვარებული, ისედაც ვაპირებდით დაქორწინებას, უბრალოდ რაღაც სისულელის გამო ვიკამათეთ, უაზროდ გავიბუტეთ, ჩემი ჭკუით დავსაჯე და ერთი კვირა არ ველაპარაკებოდი, ხმას არ ვცემდი, იმ არანორმალურმა კი როგორც კი გარეთ გავედი დამავლო ხელი და მანქანაში ჩამტენა, მე რომ მამაშენი არ მყვარებოდა და მას მართლა ძალით წავეყვანე, ვერადროს ვაპატიებდი ჩემი თვისუფლების ფეხქვეშ გათელვას და ისე მოქცევას თითქოს უუფლებო საქონელი ვყოფილიყავი, ჩვენს ურთიერთობას იმ სიტუაციას ნუ შეადარებ რისი მოწმეც ცოტა ხნის წინ გამხადე. - ის რაც საძინებელში მოხდა, უბრალოდ გაუგებრობა იყო, რატომ არ გესმის, შეყვარებული ვარ, ის კი... ის... ფანჯრიდან აპირებდა გადახტომას. - შეყვარებული ადამიანი შენსავით ეგოისტურად არ იქცევა საბა, მართლა რომ გყვარებოდა მის გრძნობებზე და განცდებზეც იფიქრებდი, მასზე ოდნავ მაინც რომ გეფიქრა იცი რას გააკეთებდი? შენ და შენი მეგობრები დაჯდებოდით და ერთად გამონახავდით რამე უფრო ცივილიზებულ გზას მის დასახმარებლად, თქვენ თუ ვერაფერს შეძლებდით მე ან მამაშენს მაინც გვთხოვდით დახმარებას, მაგრამ ეს არ გაგიკეთებია, მესმის რომ როცა მისი პრობლემების შესახებ გაიგე შენში უნებურად მისი დაცვის ინსტიქტმა გაიღვიძა თუმცა ეს ყველაფერი ზედმეტად არასწორად გააკეთე და ძალიან გთხოვ სიყვარულზე ნუღარ დამელაპარაკები, იცი რამდენი ხანია რაც დათო გამოჩნდა მის ცხოვრებაში? იცი რამდენი ხანია რაც მის საქმროდ ითვლება? თუ გიყვარდა, თუ ამდენად სერიოზული იყო შენი განზრახვა მის მიმართ, აქამდე სად იყავი, რას ელოდი, რატომ არ დაეხმარე, იქნებ იმიტომ რომ უბრალოდ არ გაინტერესებდა და ახლა რაღაც უაზრო ეგოიზმმა შემოგიტია.... - ვერ გამიგია ჩემი მტერი ხარ თუ დედაჩემი, რა დაგიშავე ასე რომ გამასწორე მიწასთან, -გაბრაზებულმა შეაწყვეტინა სიტყვა საბამ, ნაწყენი ჩანდა, გულნატკენი თუმცა მის შეცოდებას და დანდობას ნამდვილად არ აპირებდა მატილდა. - შენი მტერი რომ არ ვარ ზუსტად იმიტომ გეუბნები სიმართლეს, შეიძლება ახლა ჩემი სიტყვების გამო ნაწყენი და გულნატკენი ხარ მაგრამ იმის გამო რომ გული არ გატკინო რისი გაკეთება სჯობს? მითხარი რა გავაკეთო საიმისოდ რომ თვი ბედნიერად იგრძნო, იმ პატარა დაჩაგრულ გოგოს ჩემი რძლი ვუწოდო და თავზე ხელი გადაგისვა იმისთვის რომ ასე ივაჟკაცე? გინდა რომ მშვიდად ვუყურო ორივე როგორ გაუბედურდებით? - აზვიადებ, გეყოფა, -უკვე უჭირდა თავის შეკავება და მოთმინება ნელ-ნელა ელეოდა საბას, გამწარებული, ყბებდაჭიმული, პირგამეხებული იჯდა. - ვაზვიადებ? მითხარი რა იცი მასზე სახელის გარდა, იცი რა უყვარს და რა არა? იცი რა სიამოვნებს? ის თუ მაინც იცი რა პროფესია აქვს არჩეული? - არ ვიცი, -ამოიხრიალა საბამ და უღონოდ ჩამოყარა მკლავები. - იურიდიულზე უნდა ჩაბარება, სწავლა უნდა, საკუთარი სურვილები და ოცნებები აქვს, არ უყვარხარ, არც მოსწონხარ, ისე არ გიყურებს როგორც სასურველ მამაკაცს შეიძლება შეხედოს ქალმა, გინდა გითხრა რატომ, იმიტომ რომ თაია ქალი არ არის, ჩვიდმეტი წლის ბავშვია, ბავშვი რომელსაც ფრენა სწადია, შენ კი აპირებ ოჯახური უღლით დაამძიმო და ნაადრევად მოხარო წელში, შენი აზრით რა მოხდებოდა მე რომ შენი მხარე დამეჭირა როგორც ზოგადად იქცევა ხოლმე ქართველი დედების უმრავლესობა, რა მოხდებოდა იმაზე რომ მეფიქრა მეზობლები და ახლობლები რას იტყვიან, რა მოხდებოდა არაფრად რომ არ ჩამეგდო თაიას გრძნობები და განცდები, რას გააკეთებდი, აიძულებდი შენი ცოლი გამხდარიყო და შენი საძინებელი და სარეცელი გაეზიარებინა? - ამას ნუ მეუბნები გთხოვ, ხომ მიცნობ, იცი რომ არაფერს ვაიძულებდი. - ვიცი, ვიცი რომ რომ ცუდი ადამიანი არ ხარ და არც ცუდი განზრახვა გაქვს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა როდის, ერთი თვის, ექვსი თვის თუ ერთი წლის შემდეგ, აუცილებლად დადგებოდა დრო როცა თაია საბოლოოდ შეწყვეტდა ბრძოლას, დანებდებოდა და იმედ დაკარგული, საკუთარ სხეულს უსიცოცხლო მკვდარი ლეშივით მოგიგდებდა საჯიჯგნად თქვენს საერთო სარეცელზე... ოღონდ არ ვიცი ეს შენ რამდენად გაგაბედნიერებდა, როგორც არ უნდა ვეცადოთ ამ ყველაფერს სხვა სახელი მოვუფიქროთ და ლამაზად შევფუთოთ, შენ მოგწონს თუ არა ამას მაინც ძალადობა ჰქვია, ამას არ დავუშვებ საბა, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ რომ მთელი ცხოვრება ერთმანეთის ზიზღში და სიძულვილში გალიოთ და გაუბედურდეთ, უფლებას არ მოგცემ მის თვალებში სხივი ჩააქრო და ნაადრევად აქციო ქალად, მერე კი მოიბეზრო და სხვაგან დაუწყო ძებნა ნამდვილ სიყვარულს, უფლებას არ მოგცემ სული სამუდამოდ დაუსახიჩრო და ცხოვრება დაუმახინჯო, შენ ასეთი არ ხარ, მე შენ ასეთი არ გამიზრდიხარ... სამარისებური სიჩუმე იდგა ოთახში, ისეთი ბუზის გაფერენასაც რომ გაიგონებდით, ხოლოდ საბას ხშირი სუნთქვის ხმა არღვევდა შემაწუხებელ და უადგილო მყუდროებას, წელში მოხრილი იჯდა, იდაყვებით მუხლებს ეყრდნობოდა და ხელებში ჰქონდა ჩარგული სახე, შესამჩნევად უცახცახებდა მხრები, ერთხანს ასე იჯდა, მერე წამოდგა, მატილდას წინ ჩაიჩოქა, მუხლებზე მოხვია ხელები და კალთაში ჩაუდო თავი, ნაზად ეფერებოდა თმებზე მატილდა და გრძნობდა როგორ უსველებდა კაბას მისი ცრემლები და თვითონაც ძლივს იკავებდა თავს რომ პატარა ბავშვივით არ ატირებულიყო. - რა ხდება? ყველაფერი კარგად გაქვთ? -მისაღების ღიად დარჩენილ კარში იდგა სანდრო და გაოცებული უყურებდა შვილს და ყოფილ ცოლს, არც ახსოვს ბოლოს საბას ცრემლები როდის ნახა და ახლა ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა. მისი ხმა გაიგონა თუ არა ფეხზე წამოხტა საბა და გაღიმებაც კი მოახერხა ვითომ და აქაც არაფერიო, მტკიცე ნაბიჯით მიუახლოვდა მამას და მხარზე მოხვია ხელი. - წამოდი გარეთ გავიდეთ შენთან სალაპარაკო მაქვს, -თვალები ამღვრეული ჰქონდა, ხმა ოდნავ ჩახლეჩილი, შეუმჩნევლად გადახედა სანდრომ მატილდას, გაყევიო უხმოდ რომ ანიშნა მან, აღარაფერი უთქვამს. ვერანდის კიბეებზე, ერთმანეთის გვერდით ისხდნენ ერთ დროს ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები, ცხელი, სურნელოვანი ჩაით სავსე ჭიქა ეჭირა ხელში მატილდას. - არ ინერვიულო, ყველაფერს მოვაგვარებ, ყველაფერი კარგად იქნება, -თბილი ხმა ჰქონდა სანდროს, სიმშვიდეს და სიმყუდროვეს ასხივებდა, შეუძლებელი იყო მის სიტყვებში ეჭვი შეგეტანა, ყოველთვის ასეთი იყო, ტყუილად არაფერს იტყოდა, რასაც ამბობდა აკეთებდა კიდეც. თვალები დახუჭა მატილდამ და ამოიოხრა, თავი უკან გადასწია, სახე საღამოს გრილ ნიავს მიუშვირა და უნებურად გაეღიმა სანდროს დაჟინებული მზერა რომ იგრძნო. - დათო იმნაძე არ არის ხელწამოსაკრავი კაცი, სანამ შენ და საბა საუბრობდით მეც რაღაცები მოვიძიე მასზე და მის გარემოცვაზე და... - ვიცი, თუმცა არც შენ და არც საბას არაფერი გაქვთ სანერვიულო, მოვაგვარებ. - თაია? - ყველაფერი ისე იქნება როგორც მას ენდომება, სიტყვას გაძლევ რომ ვერავინ ვერაფერს აიძულებს, ოღონდ საბა ცოტა მაფიქრებს, მგონი ზედმეტი მოგივიდა. - ბავშვი აღარ არის, სანამ რამე გააკეთებს მანამდე უნდა დაფიქრდეს და თუ არ დაფიქრდება მაშინ საკუთარ შეცდომებზე პასუხისგების არ უნდა შეეშინდეს, არ ვაპირებ ყველაფერში ავუბა მხარი. - ვგიჟდები შენზე, -ისეთი აღფრთოვანებით თქვა სანდრომ, მერე ისე გადმოიხარა და ისე უბრალოდ, ბუნებრივად აკოცა ტუჩთან ახლოს, თითქოს ეს სრულიად ჩვეულებრივი რამ ყოფილიყოს, მისი სიტყვების და საქციელის გააზრებაც კი ვერ მოასწრო მატილდამ რომ სანდრო უწინდელ პოზიციას დაუბრუნდა და ეშმაკურად აციმციმებული თვალები შეანათა. - რას იტყვი შენი აზრით უყვარს თაია? -მატილდამ არაფერი შეიმჩნია ისე გააგრძელა საუბარი. - არა, -დაუფიქრებლად უპასუხა სანდრომ და მანაც როგორც იქნა შვებით ამოისუნთქა, ფეხზე წამოდგა და დაჭმუჭნული კაბა შეისწორა. - ცოტახნით უნდა გავიდე, შეგიძლია ჩემს მოსვლამდე აქ დარჩე და თაიას და საბას ყურადღება მიაქციო? თაია ალბათ კარგა ხანს არ გაიღვიძებს მაგრამ მაინც... - ამაღამ დაბრუნდები? - რა თქმა უნდა. - არაფერზე ინერვიულო, შენს მოსვლამდე არ წავალ, მშვიდად იყავი. - სევდიანი, გულგატეხილი, სიცოცხლე მობეზრებული ადამიანებით სავსე, მომაკვდავ ქალაქში, საყვარელ კაფეში იჯდა მატილდა, ხშირად მიდიოდა ხოლმე იქ, აივანზე კუთხეში ჰქონდა ადგილი ამოჩემებული, ღამის ნათურებით მკრთალად განათებულ ქუჩას გადაჰყურებდა აივანი, იჯდა მატილდა, დაბალ ხის მოაჯირს ეყრდნობოდა იდაყვებით და საყვარელი საქმიანობით იყო გართული, აკვირდებოდა ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს, ცდილობდა მათ ნიღბებს მიღმა ამოეცნო მათი რაობა, ცდილობდა მათი მომღიმარი, კმაყოფილი, ბედნიერი სახეების მიღმა დაენახა სინამდვილე, აკვირდებოდა პატარა გოგონებს ხალხმა და ზოგადად სოციუმმა რომ აიძულა გაზრდა, პატარა ბიჭებს დროზე ადრე რომ დაკაცდნენ ან პირიქით კაცად გახდომა რომ დააგვიანდათ, აკვირდებოდა ადამიანების მსგავს ადამიანებს და მონსტრებს რომლებსაც ადამიანების სახე ჰქონდათ მიღებული, აკვირდებოდა პატარა ბავშვებს რომლებსაც ბავშვობა არ გააჩნიათ, ქალებს რომლებიც თავს ქალად ვერ გრძნობენ, კაცებს რომლებსაც საკუთარი უძლურება კლავთ და ახრჩობთ აკვირდებოდა და... არავინ იცის როდის გადაწყვიტა გუგა არაბულმა მატილდასთვის თავის შეყვარება ისე ძალიან, ისე უსაზღვროდ რომ საკუთარი თავიც და მთელი სამყაროც დაევიწყებინა მისთვის, არავინ იცის როდის შეამჩნია პირველად, ნეტავ მაშინ ხომ არა როცა მატილდა ჩვეულებისამებრ, საყვარელი კაფის აივნიდან აკვირდებოდა ადამიანებს, იქნებ მაშინ მკითხველებთან რომ მართავდა შეხვედრებს, შეიძლება ისიც იდგა ხელმოწერის მსურველთა რიგში და აღელვებული, სუნთქვა აჩქარებული ელოდა სანატრელ ქალთან შეხვედრას, , ან შეიძლება სულაც ქუჩაში გადაეყარა, უფერულ ხალხის მასაში მოსიარულეს, ყველასგან გამორჩეულს, ერთდერთ მანათობელ ჩირაღდანს შავ-თეთრი ფერებით და უიმედობით მოსილ ქალაქში, არავინ იცის როდის შეეპარა გუგა არაბულის გულქვა გულს მატილდას სიყვარული, როდის მოედო მთელ მის ორგანიზმს და აქამომდის ძარღვებში მდორედ მდინარე სისხლი აუჩქეფა... - უზარმაზარვარჯიანი ჭადრის ხისქვეშ გაჩერებულ ავტომობილზე მიყრდნობილი იდგა გუგა და თვალმოუშორებლად შესცქეროდა ძველ, ალგ-ალაგ ფასადშელახულ შენობას რომელშიც რედაქცია იყო განთავსებული, უკვე ორი საათი ხდებოდა რაც ასე გაუნძრევლად იდგა და შენობიდან მატილდას გამოსვლას ელოდა, საკუთარ თავზე ეცინებოდა, თავადვე უკვირდა საკუთარი საქციელი, ოცდაცხრამეტი წლის ისე გახდა სერიოზულად არავისზე უფიქრია, არასდროს სდომებია ოჯახი, შვილები ან თუნდაც ხანგრძლივი ურთიერთობა მაგრამ როცა მატილდა დაინახა... - ჯანდაბა, მოდის, -დაბნეულმა ჩაილაპარაკა შენობიდან გამომავალი ქალი რომ დაინახა ამაყად მხრებში გამართული რომ მიდიოდა იქვე ტროტუართან გაჩერებული ავტომობილისკენ, გაშლილ ცეცხლისფერ თმას უფრიალებდა მსუბუქი ნიავი, საოცრად უხდებოდა თხელი თეთრი სარაფანი, ნამდვილი სრულყოფილება იყო, მისმა შემხედვარემ ძლივს მოახერხა გამოფხიზლება გუგამ, შავი სათვალე მოირგო და მერე სიცილი აუტყდა რომ გაიაზრა როგორც იქცეოდა, პატარა, გამოუცდელი ბიჭიც კი არ გააკეთებდა ასეთ სისულელეებს, მთელი თვე იყო აჩრდილივით დასდევდა უკან, მისი ყოველი ნაბიჯი ზეპირად იცოდა, მიახლოვებას კი ვერ ბედავდა, ძალიან საინტერესო და მიმზიდველი, თუმცა ზედმეტად შორეული, ზედმეტად მიუწვდომელი ჩანდა მატილდა, ახლაც იმას აპირებდა რომ ჩვეულებისამებრ მალულად გაჰყოლოდა სახლამდე, კიდევ ერთხელ დამტკბარიყო მისი ხილვით და მერე ისევ დაუბრუნდებოდა ყოველდღიურ მოსაწყენ რუტინას, კომპანია, საქმიანი შეხვედრები, უამრავ უინტერესო ადამიანთან ურთიერთობა... - რა ხდება, ეს ვინღაა, -ჩაილაპარაკა როცა მოსახვევიდან გამომავალი, სამედიცინო ნიღბით პირაკრული, გაბურძგნულთმიანი მამაკაცი დაინახა პირდაპირ მატილდასკენ რომ მიდიოდა, ისიც შეამჩნია მატილდამ მისი დანახვისას როგორ დაიხია უკან შეშინებულმა, ვერ აიტანა გუგამ ასეთი დამფრთხალი და შეშინებული მატილდას ხილვა, ბევრი არ უფიქრია, მაშინვე იგრძნო საფრთხე, ინტუიცია ისედაც არასდროს ღალატობდა, სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა ქუჩა და მათკენ გაემართა. - - ახლა წერისთვის არ მცალია ნიკო, შენ თუ არა სხვამ ვინ იცის რა დღეშიც ვარ, ყურადღების მოკრება მიჭირს, ვერაფერზე ვფიქრობ, -ძველისძველ ტყავის სავარძელში მჯდარი მატილდა ნერვიულად ათამაშებდა თითებს და მის მოპირდაპირედ მჯდარ, ორმოციოდე წლის, თმაში ჭაღარაშერეულ პუტკუნალოყებიან მამაკაცს არ აშორებდა თვალს, რომელსაც სასაცილო ნახატებით აჭრელებული მაისური ეცვა. - დასვენება გჭირდება, ცოტა ხნით წადი სადმე, სადმე სადაც მარტო იქნები, მაგალითად მთაში, სვანეთში რომ წახვიდე? ოღონდ კომპიუტერის წაღება არ დაგავიწყდეს, მუზა რომ მოგივა ხომ უნდა დაწერო. - ვერსად ვერ წავალ, მითუმეტეს ახლა. - კარგი რა მატი, მკითხველი ახალ რომანს ითხოვს, წინა რომანის მეორე ნაწილსაც, სწორედ ახლაა დრო, ძალიანაც ნუ გაწელავ, ვიცი შენი პრობლემების შესახებ მაგრამ იქნებ ცადო დაწყება ჰა, ისე მეც ძალიან მაინტერესებს ნიკოლა და ამანდა შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს ბოლოს და ბოლოს, თან ჩემი მოსახელე რომ არის ნიკოლა ხომ იცი განსაკუთრებულად მიყვარს, მიუხედავად იმისა რომ შტერი და უნიათოა. - შტერი რატომ არის, რა დაგიშავა. - რა დამიშავა და გამბედაობის ნასახიც არ გააჩნია, მიდი რა მატი დაწერე მეორე ნაწილი და შეახვედრე ერთმანეთს ეგ და ამანდა. - ვერ შეხვდებიან ნიკო დამთავრდა ეგ ისტორია, მორჩა. - კარგი რა, ხომ გითხარი, მკითხველი მეორე ნაწილს ითხოვს, იქნებ როგორმე შეახვედრო. - გამაგიჟებ შენ მე, რანაირად უნდა შევახვედრო, ნიკოლა მოკვდა, რა ვქნა, როგორ გავაცოცხლო, იქნებ შენ გაქვს რამე კარგი იდეა. - მოიფიქრე რამე, მაგალითად გულის დროებითი გაჩერება, ან კლინიკური სიკვდილი. - იმას რა ვუყოთ რომ გულის შეტევით არ მომკვდარა და უზარმაზარმა სატვირთომ გადაუარა. - მისი სული რომ ჩასახლდეს ვინმე სხვაში, მაგალითად მის მეგობარ სტივენში, -ნიკოს ისეთი აღფრთოვანებული სახე ჰქონდა ამ ახალი იდეის გამო მატილდამ ღიმილი ვერ შეიკავა. - სტივენს ცოლ-შვილი ჰყავს და თან ფარული გეია, ეს ყველაფერი მშვენივრად იცის ამანდამ. - ესე იგი საშველი არ არის? ფეხმძიმედ მაინც დაგეტოვენინა საწყალი. - როგორ უნდა დაეფეხმძიმებინა ნიკოლას, სულიწმინდის დახმარებით? - ეს რა შუაშია? -ისე გაიკვირვა ნიკომ თითქოს რამდენჯერმე არ ჰქონოდა წაკითხული რომანი. - იმ შუაშია რომ ერთი ქვეყნის თავში ცხოვრობდა, მეორე ბოლოში და ერთმანეთი არასდროს უნახავთ. - ჰოდა მეც მაგას ვამბობ, სადისტი ხარ, რატომ არ ანახე ერთმანეთი. - შორით წვა და შორით დაგვაო არ გაგიგია? - შორით წვამ და დაგვამ მოუღო ბოლო ზუსტად საწყალ ნიკოლას. - უფრო ზუსტად რომ ვთქვათ დიდი სიჩქარით მოძრავმა სატვირთო ავტომობილმა. - რატომ ხარ ასეთი ცივსისხლიანი, -ნიკომ არარსებული ცრემლები მოიწმინდა მუჭით. - ოოოჰ ნერვებს მიშლი უკვე, უნდა წავიდე, ბავშვები მყავს მისახედი. - რომელი ბავშვები, მეორედ გათხოვდი, დაფეხმძიმდი, ბავშვები გააჩინე და დავიჯერო მე ეს ყველაფერი გამომეპარა? - ნამდვილი მასხარა ხარ ნიკო, რას ბოდავ, რა მეორე გათხოვება, საბა და თაია ვიგულისხმე. - მოიცა, მოიცა, ჯერ ვერსად ვერ წახვალ, -შეაჩერა ნიკომ და ისეთი სახე მიიღო მატილდა მიხვდა ახლა დაკითხვას დაიწყებდა, არც შემცდარა. - თაია ისევ თქვენთან ცხოვრობს? მეგონა სრულწლოვანი რომ გახდებოდა წავიდოდა. - გაგიჟდი? სად უნდა წავიდეს, ორი დღის წინ გახდა თვრამეტი წლის, სწორედ ახლა სჭირდება გვერდში დგომა და მხარდაჭერა. - საბა რას ამბობს? - რაც დრო გადის მით მეტად ვრწმუნდები რომ მე და სანდრო არ ვცდებოდით და თაია არ უყვარს, იმაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ რომ თაია მის მიმართ არაფერს გრძნობს, ასე თუ ისე ჯერჯერობით მშვიდი და წყნარი თანაცხოვრება გვაქვს, ერთმანეთს ხელს არ უშლიან, მგონი დამეგობრდნენ კიდეც, თაია ძალიან კარგი გოგოა, ჭკვიანი, ნიჭიერი, ზრდილობიანი და ძალიან თბილი, ცდილობს საბასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს, არაფერი ზედმეტი, მხოლოდ მეგობრობა... - როდემდე უნდა იყოს შენთან? - როდემდე? იქამდე სანამ მყარად არ დადგება ფეხზე და დამოუკიდებლად არ შეძლებს თავს მიხედოს, ახლა ჩვენს მეტი არავინ ჰყავს, მამას მისი დანახვაც არ უნდა... - როგორ? არ კითხულობს ხოლმე? - ერთხელაც არ მოუკითხავს, მასთან სანდრომ მოაგვარა საქმე, არ მეუბნება თუმცა ვიცი რომ საკმაოდ დიდი თანხა მისცა იმისთვის რომ თაიასთვის აღარაფერი დაეძალებინა. - და შენ ასეთ იდეალურ კაცს ასე უბრალოდ და ადვილად შეელიე, კარგი რა, -თავი დანანებით გადააქნია ნიკომ, გაეღიმა მატილდას, მიჩვეული იყო მის მეგობრებს უფრთო ანგელოზი რომ ეგონათ სანდრო. - ხომ შევთანხმდით რომ ამ თემაზე არ ვისაუბრებდით, გინდა რომ წავიდე? თუ კიდევ გააგრძელებ სანდროზე და ჩემზე ლაპარაკს წავალ. - არა რა, ცოტა ხანს კიდევ დარჩი და ხმის ამომღები არ ვარ სანდროზე, ის მითხარი, ის ტიპი არ ჩანს თაიას საქმრო რომ იყო? - საეჭვოდ არის გაყუჩებული, ვიცი რომ საბა და სანდრო შეხვდნენ და ილაპარაკეს თუმცა არცერთი არ მიმხელს რა მოხდა მათ შორის, სანდრო მეუბნება სანერვიულო არაფერი გაქვსო თუმცა მაინც მეშინია, ბოლოს და ბოლოს თაიას მისი საცოლე ერქვა, საბას რამე რომ დაუშაოს... ჯანდაბა, ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ თავგზა მერევა და არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. - ყველაფერი კარგად იქნება მეგობარო, რა უნდა დაუშაოს, ეს ქვეყანა მართლა ჩალით ხომ არ არის დახურული, თან თვითონ თქვი რომ საკმაოდ სერიოზული ადამიანია. - რა ვიცი, რა ვიცი, ძალიან დამღალა ამ ყველაფერზე ფიქრმა, -თავი უკან გადასწია, თვალები დახუჭა და ღრმად ამოიოხრა. უცნაურად დაღლილი გამოვიდა დირექციიდან, ბოლო დროს ძალიან მალე იღლებოდა, აღარც არაფრის ხალისი ჰქონდა, სახლიდან თითქმის არ გადიოდა, ინერციით მიყვებოდა ცხოვრებას, ხანდახან საათობით იჯდა ხოლმე სახლის ვერანდაზე და გარინდებული უყურებდა ერთ წერტილს, მიუხედავად იმისა რომ თავს მარტოდ გრძნობდა მაინც არ მოსწონდა ის ფაქტი სანდრომ ზედმეტად საეჭვოდ რომ მოუხშირა მათთან სიარულს, აშკარა იყო მისი ინტერესი, დაუფარავად ეარშიყებოდა და ცდილობდა მასთან ურთიერთობა გაეღრმავებინა თუმცა მატილდა არ აპირებდა მისთვის შანსის მიცემას, არავითარ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა რომ ხანდახან სიგჟემდე უნდებოდა მასთან სიახლოვე, მისი სითბოს და სურნელის ახლოდან შეგრძნება, მისი ხელების და შიშველი სხეულის... - გაგიჟდი? რაზე ფიქრობ? -ხმამაღლა წამოსცდა საკუთარ თავზე გაბრაზებულს, იქვე მდგარ ავტომობილს გახედა და ჩანთა გახსნა რომ გასაღები ამოეღო, ის იყო თავი ასწია რომ მისკენ მომავალი მამაკაცი დაინახა გაბურძგნული თმით და სამედიცინო პირბადით, მასში ის არანორმალური თაყვანისმცემელი რომ ამოიცნო მისი პირველი რომანის გამოსვლის შემდეგ რომ დასდევდა და არაფრით ანებებდა თავს, შეშინებულმა დაიხია უკან... - გეყოფათ ასე შემოგაკვდებათ, -მკლავში სწვდა გაცეცხლებულ გუგას მატილდა რომელიც მთელი ძალით უჭერდა ყელში ხელს შეშინებულ და დამფრთხალ მამაკაცს, ზუსტად მაშინ მიუსწრო გუგამ კაცმა ხელი რომ ჩაავლო მატილდას და სადღაც წათრევა დაუპირა, ახლა კი უბრალოდ უნდოდა სული ამოეხადა მისთვის იმიტომ რომ გაბედა და მის საოცნებო ქალს შეეხო. - გთხოვ გაუშვი, ძალიან გთხოვ, არ არის საშიში, არაფრის დაშავებას არ აპირებდა, -ისე გადავიდა შენობით საუბარზე მატილდა ვერც მიხვდა. - თვითონ თქვა რომ შენს მოტაცებას აპირებდა, როგორ თუ საშიში არ არის? -გაცეცხლებული გუგა თავს ვერ იმორჩელებდა, ვერაფრით ახერხებდა დაწყნარებას, იმის წარმოდგენაც კი ჭკუიდან შლიდა რომ შეიძლ;ებოდა მატილდას ვინმე მისი სურვილის საწინააღმდეგოდ შეხებოდა. - მე ის მიყვარს, არაფერს არ დავუშავებდი, მინდა ცოლად გამომყვეს, -ძლივს ამოიხრიალა კაცმა, თვალებში ჩახედა გუგამ საცოდავად აფართხალებულს, აშკარა იყო ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა გონებაში, ხელი უშვა თუ არა მაშინვე უკანმოუხედავად გაიქცა და მოსახვევს მოეფარა. ახალდაფქვილი ყავის სასიამოვნო არომატით გაჟღენთილ კაფეში ისხდნენ და უხმოდ შესცქეროდნენ ერთმანეთს, არ სჯეროდა გუგას რომ ყველაფერი ასე განვითარდა და საოცნებო, სანატრელი ქალი ახლა წინ ეჯდა ერთი ხელის გაწვდენაზე და ინტერესით სავსე მზერით უყურებდა... პირველად იყო მატილდა ასე დაინტერესებული, პირველად იყო რომ ანდროს გარდა სხვა მამაკაციც ეჩვენებოდა მიმზიდველად, მიმზიდველობა მსუბუქი ნათქვამი იყო როცა საქმე გუგა არაბულს შეეხებოდა, ჰქონდა რაღაც, რაღაც ისეთი რაც მატილდას ურცხვ, დაუოკებელ სურვილებს უღვიძებდა, საოცრად მამაკაცური იყო, ოდნავ უხეში სახის ნაკვთებით, ჩამოსხმული სხეულით და გრძელი თითებით, დანაშაულის გრძნობას უნდა შეეწუხებინა იმის გამო რომ მის მიმართ ასეთ რამეს გრძნობდა? მგონი არა. - მადლობა რომ დამეხმარეთ, თუმცა საჭირო არ იყო, -როგორც იქნა მატილდამ ითავა საუბრის დაწყება, -ის კაცი ჩემი მკითხველია, რაც ჩემი პირველი რომანი წაიკითხა მას მერე აკვიატებული ვყავარ და... - ასეთი აკვიატება საშიშია და ხშირად ფატალური შედეგით სრულდება ხოლმე, ხომ გაიგონე რა თქვა, კუთხეში მყავს მანქანა გაჩერებული და რაჭაში უნდა წამეყვანაო. - კარგი რა, -მატილდამ ისე გულიანად გადაიკისკისა თვითონვე გაუკვირდა საკუთარი სილაღე და უცხო ადამიანთან ისეთი დამოკიდებულება თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყოს, -რაჭა კი არა მაგისმა ჯაბახანამ თბილისიდან გასასვლელამდე თუ მიაღწია სასწაული იქნება. მონუსხული შეჰყურებდა გუგა მომღიმარ, ეშმაკურად თვალებ აციმციმებულ ქალს და მთელი ძალით ებრძოდა სურვილს რომ შეხებოდა, სახე მის თმებში ჩაერგო და ახლოდან შეეგრძნო მისი სითბო და მომაჯადოებელი სურნელი. - როგორც ვხედავ იმ არანორმალურს მშვენივრად იცნობ. - მე კი ვხედავ რომ შენ მიცნობ მშვენივრად, -თვალები მოჭუტა მატილდამ და გამომცდელი მზერა შეავლო მამაკაცს, საიდან მიცნობ? - ჩათვალე რომ შენი ერთ-ერთი მკითხველი და გიჟი თაყვანისმცემელი ვარ, -ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა გუგამ, მიხვდა მატილდასნაირ ჭკვიან და დაკვირვებულ ქალს მის დაუფარავ ინტერესს ვერ გამოაპარებდა. - არ გავხარ ისეთ კაცს სასიყვარულო რომანების კითხვა რომ ხიბლავდეს, -ხელისგულებით მაგიდას დაეყრდნო მატილდა, ოდნავ წამოიწია და წინ გადაიხარა, თვალებში ჩახედა გუგას, გაუღიმა და მაცდურად გადაიტარა ენა ქვედა ტუჩზე, დაინახა როგორ შეეკრა სუნთქვა მის წინ მჯდომს, როგორ დაეძაბა და დაეჭიმა სხეული, თვალები გაუფართოვდა, მზერა აემღვრა, საშინლად ესიამოვნა კაცის ასეთი რეაქცია, ამ რამდენიმეწამიანმა არშიყმა თავი ისევ ცოცხლად და სასურველად აგრძნობინა, პირველად იგრძნო რომ მთელი არსებით სურდა უფრო შორს წასულიყო, სურდა მთლიანად ჩაკარგულიყო მის მკლავებში და მისი სიახლოვე ეგრძნო, პირველად იყო რომ საკუთარი ასე უცბად მოვარდნილი და მოზღვავებული სურვილები არ ეუცხოებოდა... - საოცრად ბედნიერი და გახალისებული დაბრუნდა სახლში, მიუხედავად იმისა რომ მომავალ შეხვედრაზე არ შეთანხმებულან მატილდა დარწმუნებული იყო მისი და გუგას გზები სულ მალე კიდევ ერთხელ გადაიკვეთებოდა, მშვენივრად გრძნობდა მის მიმართ მამაკაცის ინტერესს, იმასაც ხვდებოდა რომ გუგა მშვენივრად იცნობდა მას და აქ მისი როგორც მწერლის ცნობადობა არაფერ შუაში იყო, ეზოში შესულმა, სანდროს რომ მოკრა თვალი რომელიც ნერვიულად სცემდა ბოლთას მაშინღა მიხვდა იმ დროის განმავლობაში რაც გუგასთან ერთად გაატარა სანდროს აჩრდილი ახლოსაც არ მიკარებია, პირველად იყო იმაზე არ უფიქრია რომ რაღაც ცუდს აკეთებდა, რაღაცას აშავებდა... - გელოდი, შენთან სალაპარაკო მაქვს, -კართან მისვლამდე შეეგება სანდრო და შეაჩერა, -მოდი უკან გავიდეთ და ვერანდაზე დავსხდეთ. - აუცილებელია რომ ახლა ვისაუბროთ? დასვენება მინდა და აბაზანის მიღება, დავიღალე, -მატილდამ სცადა გვერდი აეარა, თუმცა სანდრომ არ გაუშვა. - სად იყავი ასე გვიანობამდე? - საქმე მქონდა. - რა საქმე? - სერიოზულად მეკითხები? -სიცილი ვერ შეიკავა მატილდამ, ახლა რა ანგარიში უნდა ჩაგაბარო? რა გჭირს, ხომ არ დაგავიწყდა რამდენი ხანია ცოლ-ქმარი აღარ ვართ. - მატი გთხოვ, მართლა სერიოზული საქმე მაქვს წამოდი რა დავჯდეთ ვერანდაზე. - მხოლოდ ათი წუთი, -ღრმად ამოიოხრა მატილდამ, ზურგი შეაქცია და წითელი ქვით მოკირწყლულ ბილიკს გაუყვა უკანა ეზოსკენ. - ჯანდაბა, არ მჯერა რომ საბოლოოდ დაგკარგე, ასეთი შეცდომა როგორ დავუშვი, -სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე სანდროს, ხელებში ჩარგო სახე და ნერვიულმა სიცილმა აუცახცახა მხრები, ალბათ უკვე ნახევარი საათი იქნებოდა რაც ვერანდაზე ისხდნენ და ცდილობდა მატილდა დაერწმუნებინა მასთან დაბრუნებულიყო, მოუბოდიშა, პატიება სთხოვა, არასდროს გიღალატებო დაპირდა, თუმცა მისდა გასაკვირად ამ ყველაფერს მატილდაზე საერთოდ არ უმოქმედია, უბრალოდ და გარკვევით უთხრა ერთადერთი სიტყვა, -არა... - ნუ აზვიადებ, -ნაძალადევად გაიცინა მატილდამ, -შენ მე მაშინ დამკარგე როცა დაუფიქრებლად მიღალატე, როცა ჩათვალე რომ შეგეძლო ჩემს გარდა სხვასაც შეხებოდი, მერე კი უდარდელად გააგრძელე იგივეს გაკეთება თითქოს შენს ცხოვრებაში არც არასდროს მიარსებია, ამაყად, დაუფარავად აჩენდი ჩემს თვალწინ შენს ახალ-ახალ საყვარლებს, ამ ყველაფრისმერე მართლა გჯეროდა რომ როდისმე ისევ შევძლებდი შენთან ერთად ცხოვრებას ისე რომ გულისრევის შეგრძნებას არ შევეწუხებინე? - რაღაც შეიცვალა, მითხარი რა მოხდა, შენს ცხოვრებაში ვიღაც გამოჩნდა არა? - საიდან მოიტანე? ჩემს ცხოვრებაში ვიღაცის არსებობა აუცილებლობას არ წარმოადგენს იმისთვის რომ ვხვდებოდე, ოჯახური ცხოვრება შენთვის არ არის შექმნილი, კარგი მამა ხარ სან, კარგი მეგობარი მაგრამ ქმარი? ძალიან, ძალიან ცუდი, აზრი არ აქვს ამ ყველაფერს, გთხოვ ნუ გააგრძელებ, სჯობს ის კარგი და მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნოთ რაც გვაქვს. - არ მესმის რა ხდება, -სანდროს თვალები უამრავი პასუხგაუცემელი კითხვით იყო სავსე, -ვიცი რომ მიუხედავად იმისა ერთად აღარ ვართ არავინ გყოლია, ვგრძნობდი როგორ გაღელვებდა ჩემი სიახლოვე, ვიცოდი ჩემი ერთი სიტყვა და... - ჰმ, ამიტომაც იყავი ასე მშვიდად? გეგონა როცა მოიდომებდი მაშინ შეძლებდი ჩემთან დაბრუნებას და ოჯახობანას თამაშის გაგრძელებას მაგრამ შეცდი. - ძალიან ცივი ხარ, მკაცრი, უგრძნობი, გთხოვ მატი, -სავარძლიდან წამოდგა სანდრო და მის წინ ჩაიჩოქა, კალთაში ჩაუდო თავი, -უშენოდ ვერ ვიცხოვრებ ხომ იცი, აქამდე ყოველთვის გგრძნობდი, ყოველთვის მწამდა რომ როცა მოვიდოდი დამხვდებოდი და სიხარულით მიმიღებდი, ახლა კი ისეთი შორეული ხარ, ისეთი მიუწვდომელი... გთხოვ ნუ მომისჯი უშენოდ ცხოვრებას... - კარგ ხასიათზე გაიღვიძა დილით მატილდამ, დიდხანს ნებივრობდა საწოლში, მას მერე რაც საბოლოოდ გაარკვია ანდროსთან ურთიერთობა და დაარწმუნა რომ მათ შორის კარგი მეგობრობის მეტი არასდროს არაფერი იქნებოდა, გააცილა, საძინებელში ავიდა და მშვიდად დაეძინა, ღამით გუგა ესიზმრა, მწვანედ აბიბინებულ მინდორში ბალახებზე იყო მატილდა წამოწოლილი და გუგა თავისი ხელით აჭმევდა კარგად დამწიფებულ მარწყვს, ცალ ხელზე დაყრდნობილი დაჰყურებდა ზემოდან მამაკაცი და დროდადრო მის საკინძეს ეთამაშებოდა გრძელი თითებით... - მატი გღვიძავს? -ფრთხილი კაკუნი მოესმა და მერე თაიამ შემოყო თავი ოთახში, მაშინვე წამოჯდა მატილდა და დარცხვენილი გოგონა შეიპატიჟა. - შემოდი, უკვე დიდი ხანია გავიღვიძე. - რაღაც მინდა გითხრა, -თავდახრილი ჩამოუჯდა საწოლზე თაია, -მუშაობა დავიწყე. - მერე სწავლა? თანაც ხომ იცი ფრთხილად უნდა იყო, დათო... - მაგაზე არ იდარდო, დათოს უკვე აღარ ვახსოვარ, გუშინ ცოლი მოიყვანა. - სერიოზულად? - ჰო, თავისზე ათი წლით უფროსქალზე დაქორწინდა, საერთო ბიზნესი ჰქონიათ თუ რაღაც მასეთი, რაკი ეს პრობლემაც სამუდამოდ მომშორდა ახლა უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს, ვიმუშავებ, პარალელურად ვისწავლი, არ გამიჭირდება, როგორც კი მოვახერხებ გადასვლასაც ვგეგმავ, არ მინდა ზედმეტად შეგაწუხოთ. - გადასვლა საიდანღა მოიტანე, რა ხდება, საბამ გითხრა რამე? იჩხუბეთ? მეგონა კარგი ურთიერთობა გქონდათ, მეგონა ყველაფერი გაარკვიეთ. - არა მატი, საბა რა შუაშია, თქვენთვის ორივესთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, შეიძლება მაშინ საბა დაუფიქრებლად მოიქცა მაგრამ მართლა უნდოდა ჩემი დახმარება, შენ კი ორივე გადაგვარჩინე რომ საბას შეცდომის დაშვების საშუალება არ მიეცი, შენ რომ არა ახლა ორივე უბედურები ვიქნებოდით ად ისიც ვერასდროს შეამჩნევდა თავის ერთადერთ და ნამდვილ სიყვარულს. - რას გულისხმობ? რომელი სიყვარული? - დავიჯერო ვერ შეამჩნიე? -თაიას ეშმაკურად აუციმციმდა თვალები, მერე აივნის კართან მიირბინა, ეზოში გადაიხედა და მატილდა იხმო, -მოდი მატი, ნახე რა უნდა გაჩვენო, ფეხაკრეფით მიუახლოვდა მატილდა და მის მხარს ზემოდან გადახედა ეზოს, ნანახმა მართლაც რომ გააკვირვა, ჩახუტებულები, მთელი გრძნობით და ვნებით კოცნიდნენ საბა და ნინა ერთმანეთს. სამზარეულოში ისხდნენ თაია და მატილდა, ყავას მიირთმევდნენ საბა რომ შევიდა, ჯერ დედას ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა მერე კი თაიას მოხვია მკლავები. - თაიკო მიდი რა მეც გამიკეთე ყავა. - გაგიკეთებ და გავრბივარ მერე, გასაუბრება მაქვს, ნინა სად არის, წავიდა? - ჰო, რაღაც საქმე ჰქონდა, -ღიმილმა გაუნათა სახე ნინას გახსენებისას, გაეცინა მატილდას, ბედნიერი ჩანდა საბა, ძალიან ბედნიერი. - რა გაცინებს? -მატილდას შეხედა და მერე თითქოს მის თვალებში რაღაც ამოიკითხაო თბილმა ღიმილმა გაუნათა სახე, წამოდგა, მოეხვია და მხარზე დაადო თავი, -იცი რომ საუკეთესო დედა ხარ, შენ რომ არა გამოუსწორებელ შეცდომას დავუშვებდი. - ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ, მთავარია რომ ბედნიერი ხარ, ჩემთვის ეს არის მთავარი, -გაჩეჩილ თმებში შეუცურა თითები გაყუჩებულს და მათ შემყურე თვალებაწყლიანებულ თაიას ღიმილით გადახედა. - საყვარელ კაფეში იჯდა მატილდა, ჩვეულ, ამოჩემებულ ადგილზე, აივნიდან გადაჰყურებდა ღამის თბილისს და მის ბინადრებს, ლანდად ქცეულ, სიცოცხლე ჩამქრალ ან სულაც პირიქით ზედმეტად მოკაშკაშე ადამიანებს, საკუთარივით გრძნობდა მათ გრძნობებს და განცდებს, მათ ტკივილს და სიხარულს, უყურებდა ადამიანებს რომელთა ცხოვრებასაც მარტივად ცვლიდა, ერთი სიტყვა, ერთი ნაბიჯი ან არასწორი გადაწყვეტილება, როგორი ადვილი იყო მათი გაბედნიერება ან სამუდამო უბედურების მარწუხებში გამომწყვდევა... უკვე იცოდა რაზე დაწერდა, რის შესახებ იქნებოდა მისი შემდეგი ისტორია, აი ასეთ ნამდვილ ადამიანებზე ახლა მის თვალწინ რომ დაიარებოდნენ ქუჩაში, ისეთებზე როგორებიც სინამდვილეში არიან, დაწერდა მათზე, მათ გრძნობებზე, ფიქრებსა და სურვილებზე, დაწერდა ნამდვილ სიყვარულზე და ტკივილზე, ყოველგვარი შელამაზების და გაზვიადების გარეშე... - შეიძლება რომ ჩამოვჯდე და შენთან ერთად ვადევნო თვალი ადამიანებს? -ნაცნობი ხმა რომ მოესმა ნელა ასწია თავი და სუნთქვა შეეკრა გუგას თვალებს რომ შეეფეთა, უღიმოდა მამაკაცი, ისე უღიმოდა, არავის რომ არასდროს გაუღიმია მისთვის, თბილად, გულწრფელად, სიყვარულით, ვნებით და სურვილით სავსე თვალებით, ასეთი მზერის შემდეგ სისულელე იყო ზედმეტი ფიქრი და განსჯა, დრო იყო საკუთარი ისტორიის წერა დაეწყო... - დაჯექი, -საპასუხო ღიმილი შეაგება და მოპირდაპირედ მდგარ სავარძელზე მიუთითა. - - - - - - დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.