დიაგნოზი დედა
ჩვეულებისამებრ ღრმად ეძინა, უშფოთველად, ტკბილად, წელსზემოთ შიშველი, სახით ბალიშში ჩამხობილი იწვა, დილის მზის სხივები დასთამაშებდა ტატუებით მოხატულ დაკუნთულ მხრებსა და მკლავებზე, კარზე კაკუნი რომ ჩაესმა და გამოფხიზლება აიძულა უსიამოვნოდ შეეჭმუხნა სახე, თავიდან სცადა ყურადღება არ მიექცია, მერე გამეტებით რომ დააბრახუნეს რამდენჯერმე მიხვდა თავის მომძინარება აღარ გამოუვიდოდა, იქნებ ვინმეს რამე სასწრაფო საქმე ჰქონდა, უწადინოდ წამოილაზნა და თვალების ფშვნეტით გავიდა საძინებლიდან, სათვალთვალოდან არ გაუხედავს ისე გააღო კარი, არავინ დახვდა, ის იყო იფიქრა ეტყობა მეზობლის ბავშვები მაიმუნობენო და უკან შებრუნება დააპირა რომ წკმუტუნის მაგვარი ხმა მოესმა, მაშინღა დაიხედა ქვემოთ, დაიხედა და კარგა ხანს ვერ უჯერებდა თვალს, კართან მდგარ დიდ, მოწნულ კალათში ალბათ ათიოდე თვის ჩალისფერთმიანი ლურჯთვალა ბავშვი იჯდა და გულიანად ღეჭავდა სათამაშო იხვს. - აქ როგორ მოხვდი პატარავ, -გაკვირვებულმა ჩაიმუხლა მის წინ და აბრეშუმივით სრიალა თმაზე ნაზად გადაუსვა ხელი, ყურადღებით შეათვალიერა, ამ შენობაში მცხოვრებ ყველა ოჯახს იცნობდა, თუმცა ეს ბავშვი არასოდეს ენახა, კარგად რომ დააკვირდა კალათის კუთხეში მიგდებული კონვერტი შეამჩნია, აიღო და გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა როცა ზედ გაკრული ხელით წაწერილი საკუთარი სახელი დაინახა ‘’ბაჩო’’ ბევრი აღარ უფიქრია, კალათს ხელი დაავლო და ბავშვიანად შეიტანა მისაღებში, ხალიჩაზე დადო თუ არა მაშინვე გახსნა წერილი... - მაპატიე რომ მომიწია ასე შემეხსენებინა თავი შენთვის თუმცა სხვა გზა არ მქონდა, -ამ სიტყვებით იწყებოდა წერილი, -მაგ პატარა გოგონას ანა ჰქვია, გახსოვს რამდენჯერ გითქვამს რომ გინდოდა ბავშვისთვის ანა დაგერქმია? ჰოდა ოცნება აგიხდა, ანა შენი შვილია და იმედია მას კარგად მიხედავ, როცა ერთმანეთს დავშორდით მალევე გავიგე რომ ორსულად ვიყავი, ბავშვის მოშორება არ მიფიქრია, თუმცა არც შენი ცხოვრების დანგრევა მინდოდა, ვიფიქრე ყველაფერს გავუმკლავდებოდი და მარტო მივხედავდი, მაგრამ ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც ვგეგმავდი, სამი კვირის წინ ჩემი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულს შევხვდი, ინგლისელი, საკმაოდ ძველი და არისტოკრატული წარმომავლობის ოჯახიდან, სიგიჟემდე ვუყვარვარ და ცოლობა მთხოვა თუმცა თუ გაიგებს რომ სანამ მას გავიცნობდი საყვარელი მყავდა და შვილიც მყავს მიმატოვებს, დღეს მასთან ერთად მივფრინავ ინგლისში და აქ აღარასდროს დავბრუნდები, ანა შენი შვილია და შენ უნდა მიხედო, ათი თვის არის, ჯერ არ დადის და არ ლაპარაკობს, ჭკვიანია და წყნარი, ძალიან არ შეგაწუხებს, აბა შენ იცი. წერილი ზუსტად ასე მთავრდებოდა, გაოგნებულმა მოიქექა კეფა ბაჩომ და ბოლოში მიჩხაპნილ სახელსა და გვარს დააკვირდა, ნატა ცინცაძე, ნატა, ნატა... ნატა... მეხსიერების შორეული კუნჭულიდან ამოუტივტივდა ქერათმიანი, ლურჯთვალა, დიდმკერდიანი გოგოს სილუეტი, ისიც გაახსენდა რომ მასთან სულ რაღაც ერთი კვირა ჰქონდა ურთიერთობა, თავს იცავდა და არასოდეს უთქმას მისთვის რა უნდოდა დაერქვა შვილისთვის სახელად, თვალები დახუჭა და გონებას ძალა დაატანა, უნდა გაეხსენებინა როდის ჰქონდა მასთან ურთიერთობა, ეს იყო... ეს იყო ზუსტად ერთი წლის წინ, ბავშვი კი... - ჩემი არ არის, -თითქოსდა შვებით ამოისუნთქა და კალათში საცოდავად მიძინებულს გადახედა, ტელეფონს დასწვდა და ნომერი აკრიფა. - გუგა აუცილებლად უნდა მოხვიდეთ შენ და თინიკო, სასწრაფო საქმე მაქვს, ვერ წარმოიდგენთ რა მოხდა, მალე მოდით რა, -როგორც კი უპასუხა მეგობარმა მაშინვე ერთბაშად მიაყარა. - ასეთი რა ხდება, მარტო რომ მოვიდე? -ნამძინარევი ხმა ჰქონად გუგას, საათს შეხედა ბაჩომ, ათი ხდებოდა. - ახლა ისეთ დღეში ვარ, შენზე უფრო თინიკო მჭირდება. - ჰო მაგრამ ნანა სოფელში წავიდა და ტყუპები ვის დავუტოვოთ? - ვის უნდა დაუტოვოთ, წამოიყვანეთ, -ხმას აუწია გამწარებულმა და პასუხს არ დალოდებია ისე გათიშა ტელეფონი, მერე კალათს მიუახლოვდა, დაიხარა, ნაზად შეუცურა ხელები მძინარს, ფრთხილად აიყვანა და დივანზე მიაწვინა. - - დაუჯერებელია, შეხედე რა საყვარელია, დარწმუნებული ხარ რომ შენი შვილი არ არის? -თინიკო, ნაჭამ, პამპერსგამოცვლილ და ცხოვრებით კმაყოფილ, ტკბილად მოღუღუნე ანას ეთამაშებოდა, დროდადრო კი გიჟებივით მორბენალ სამი წლის ტყუპ ბიჭებს ტუქსავდა. - არ ვიცი, არაფერში არ ვარ დარწმუნებული, -თავზე ხელებშემოწყობილი ბაჩო ბოლთას სცემდა ოთახში, -როგორც გამოვითვალე ჩემი არ უნდა იყოს. - აბა შენ რატომ დაგიტოვა? -გუგამ ხელში ყავის ჭიქა მიაჩეჩა და აიძულა დამჯდარიყო. - საიდან უნდა ვიცოდე რატომ დამიტოვა, სულ რამდენჯერმე ვიყავით ერთად, უბრალოდ ვერთობოდით, ალბათ ნამდვილი მამა ვერ იპოვა და რატომღაც მე გავახსენდი. - ახლა რა უნდა ქნა, წესით უნდა განაცხადო მის შესახებ და მერე ალბათ წაიყვანენ. - სად წაიყვანენ? - რა ვიცი ალბათ ბავშვთა სახლში, თუ ვინმე ნათესავს ვერ იპოვიან ვინც მოუვლის. უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები ბაჩომ და ანასკენ გააპარა თვალი რომელიც ამჯერად ტყუპების შუაში იჯდა, ხვეულ წითურ თმებზე ეთამაშებოდა მათ და გულიანად იცინოდა, წარმოიდგინა ყველასგან მიტოვებული, მარტოდმარტო, ცრემლიანი თვალებით, წარმოიდგინა და საშინლად არ ესიამოვნა. - არსად არ განვაცხადებ, ვეცდები ნატას მშობლები და ნათესავები ვიპოვო, მათ მივუყვან და მიხედავენ, ხომ მიხედავენ? -დაეჭვებულმა გადახედა ცოლ-ქმარს, მხრები აიჩეჩა თინიკომ. - მათი იმედი რომ ჰქონოდა შენ კი არ დაგიტოვებდა ბავშვს. - მე მაინც ვცდი, -მტკიცე ხმით დასვა წერტილი და საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილმა აიყვანა ხელში პატარა, მაშინვე თმებში ეცა ანა და მთელი ძალით მოქაჩა თან რაღაც გაუგებარი ლუღლუღი მიაყოლა. ზუსტად თვე და ორი კვირა ეძებდა ბაჩო ნატას მშობლებს, გაუჭირდა მათი მოძებნა, ახსოვდა მათი მისამართი რადგან რამდენჯერმე სახლამდე მიიყვანა ნატა, იქ რომ მივიდა გადასულები დახვდნენ, შემდეგ ნატას მამის სამსახურის მისამართი გაარკვია, თუმცა აღმოჩნდა რომ ბატონი ვახტანგი ერთი თვის წინ დაღუპულიყო, მისამართი მისცეს თუმცა იქ მისულს კიდევ ერთი იმედგაცრუება ელოდა, ნატას დედას სახლი გაეყიდა და გადასულიყო, საბოლოოდ ზუსტად ერთი კვირის ძებნის შემდეგ მიაგნო, თბილისის გარეუბანში, პატარა, ერთსართულიან სახლში მცხოვრებს. - ანა პატარავ, მობაჯბაჯდი ჩემთან სადღაც უნდა წაგიყვანო, -ტყუპებთან თამაშში გართულს დაუძახა, ჩაიჩოქა და მკლავები გაშალა, მაშინვე წამოდგა ანა და საყვარელი ჭყლოპინით სასაცილო, აცაბაცა ნაბიჯებით წამოვიდა მისკენ, ორი კვირა იყო რაც სიარული ისწავლა და ისე გაცელქდა ბაჩოს თმებს ყალყზე უყენებდა, ამ ექვსი კვირის განმავლობაში ყველაფერი ისწავლა ბაჩომ, როგორ უნდა დაებანა, ეჭმია, გამოეცვალა საფენები, გაერთო ან დაეძინებინა, ამ პატარა ულამაზესმა ფერიამ რომელიც ახლა მისკენ მობაჯბაჯებდა მთელი მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა, ხვდებოდა როგორ გაუჭირდებოდა მასთან განშორება. - დედა, დედა, -ბუთხუზა ხელები გაშალა ანამ, გაიცინა და კისერზე ჩამოეკიდა ბაჩოს, ბაჩომ გაოგნებულმა, თვალებგაფართოებულმა გადახედა თინიკოს. - მომესმა თუ დედა დაგიძახა, -ყურებს ვერ უჯერებდა თინიკო. - ლაპარაკი დაიწყო, გესმის? ლაპარაკობს, აბა კიდევ თქვი რამე, -აღფრთოვანებული იყო ბაჩო. - დედა, -კიდევ ერთხელ ჩაიღუღუნა ანამ და ბაჩოს ყელში ჩარგო თავი, -დედა... თინიკოს უნდოდა გაეცინა, ყელში მოწოლილმა სიცილმა კინაღამ დაახრჩო მაგრამ ბაჩოს აცრემლებული, ამღვრეულ თვალები რომ დაინახა... - დარწმუნებული ხარ რომ გინდა მათთან წაიყვანო? -ვითომ ისე სასხვათაშორისოდ ჰკითხა, უხმოდ დაუქნია თავი ბაჩომ და გულში ჩახუტებულ ანასთან ერთად წამოდგა. - ნეტავ დედას რატომ მეძახის? -უკვე კართან მისული მობრუნად თინიკოსკენ. - ალბათ ტყუპებს ბაძავს, -მხრები აიჩეჩა თინიკომ. - თუ ასეა დედა შენ უნდა დაგიძახოს მე კი არა. - შენ იმიტომ გეძახის რომ ზუსტად იგივე რაღაცებს აკეთებ მისთვის რასაც მე ტყუპებისთვის, ისე ექცევი როგორც მე ვექცევი მათ. - ჰოო, საინტერესოა, -თავისთვის ჩაილაპარაკა ბაჩომ და ნაზად აკოცა ლოყაზე მის მკლავებში განაბულ ანას. - ტყუილად მოხვედი აქ, -ბავშვს რომელსაც ბაჩოს მკერდში ჰქონდა სახე ჩარგული თვალს არიდებდა ორმოცდაათიოდე წლის ჭაღარათმიანი ქალი. - თქვენი შვილიშვილია, ვიფიქრე რომ... - ტყუილად იფიქრე, ამ ბავშვს ხომ ხედავ, -ბაღში მოთამაშე სამიოდე წლის ბავშვზე ანიშნა, -ესეც ნატას შვილია, გააჩინა და მე მომიგდო გასაზრდელად, ამას ძლივს ავუდივარ, ზედმეტი ტვირთი არაფერში მჭირდება. - იცით რომ თუ არ აიყვანთ ბავშვთა სახლში მოხვდება? - სადაც უნდათ იქ წაიყვანონ, ეს რა ჩემი პრობლემაა, -ხმას აუწია ქალმა, ანა შეკრთა და ბაჩოს მკლავებს ჩაებღაუჭა, ქვემოდან ახედა შეშინებული თვალებით, აღარაფერი უთქვამს ბაჩოს, უკვე იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა. - კარგი რა, რატომ გერიდება, ბოლოს და ბოლოს შენგან დავალებულია, მიდი დაურეკე, -ხელში შეაჩეჩა გუგამ ტელეფონი ჩაფიქრებულ ბაჩოს. - რა ვუთხრა რომ ჩემი გულისთვის თანამდებობა ბოროტად გამოიყენოს? - პირველად გაუკეთებია თუ რა, დიდი ამბავი, ტენდერის მოგებას შენ არ სთხოვ და კორპუსის ჩასადგმელ ადგილს, ბავშვის აყვანაში დაგეხმარება, ეგ არის და ეგ. - კარგი კარგი, ცოტა ხმადაბლა, არ გამიღვიძო, ძლივს დავაძინე, -ხალიჩებზე მიყრილ ბალიშებზე ჩაძინებულ ანას გადახედა სიყვარულით სავსე მზერით და ნომერი აკრიფა. სამი წელი ეძახდა ანა ბაჩოს დედას, სამი წლის შემდეგ პირველად რომ დაუძახა მამა თავიდან ეუცხოვა თუმცა მერე მიხვდა რომ ალბათ ცხოვრებაში ვერასდროს ვეღარ განიცდიდა ამაზე დიდ ბედნიერებას. - დასასრული - ისტორიის სახელი შეიძლება შეუსაბამოდ მოგეჩვენოთ მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ეს პაწაწუნა მოთხრობა ერთ-ერთი საერთო პროექტის ნაწილია რომელსაც ეს სახელი ჰქვია და მეც აღარ შემიცვლია :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.