შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარტნიორი დანაშაულში (2)


23-09-2024, 15:02
ავტორი ავრორა
ნანახია 1 284

-2-
ადგილიდან ვერ ვიძროდი. ისეთი დაძაბულობა ჩამოწოლილიყო ოთახში, რომ შესვლას ვერ ვბედავდი. ჰაერისგან დაიცალა სახლი და ანდროს მძიმე სუნთქვამ გაავსო იქაურობა.
სახეზე ეტყობოდა, როგორ ებრძოდა ნერვებსა და ერთიანად მოწოლილ ემოციებს.
სურათზე ქალი ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, კალთაში ეჯდა ახალგაზრდა კაცს. რამდენჯერმე შევხედრილვარ კიდეც თაზო ირემაშვილს, რატის ბიძაშვილს... მაგრამ სურათი მაინც არ იყო მარტივად სანახავი, განსაკუთრებით ისეთი გამომწვევი დასათაურების შემდეგ, რაც პირდაპირ ყიფიანების ოჯახის რეპუტაციას იღებდა მიზანში.
იმ წამს პირველად მომიჭირა იმ ბაწარმა კისერზე, რომელშიც თავი საკუთარი ნებით გავყავი და არ ვიცი, რამ მაფიქრებინა, რომ სუფთა ბიზნეს-შურისძიება იქნებოდა მხოლოდ ანდრო ყიფიანის მიზანი. ვიცოდი, შემდეგი მე ვიქნებოდი. მე მომწვდებოდა მალე ამ ბინძური ჟურნალისების საცეცები.
-გავარკვევ, ვინ გააკეთა. -ხმა ამოიღო მიშკამ.
მარიამმა პატარა ალექსანდრე აიტაცა ხელში და დასაძინებლად გაიყვანა.
-არაფერია გასარკვევი, მიშკა, ისედაც ვიცი, ვინც გააკეთა. -სულისშემძვრელად მშვიდი ხმა ჰქონდა. -რატი ირემაშვილმა.
-კი მაგრამ სურათზე მისი ბიძაშვილია, ანდრო, რაში აწყობდა...
-ეგ ყველას კიდია, მიშკა, რას მახსნევინებ, -თვალები ისე მოისრისა, რომ აშკარად თავი სტკიოდა ფიქრისგან.
მე ქანდაკებასავით ვიდექი და გულწრფელად მიკვირდა, როგორ შეეძლო ბრაზის ასე შეკავება.
ასეთ დროს ხომ ქალებს უფრო მეტი ტალახი ხვდებათ, ვიდრე მამაკაცებს. განსაკუთრებით ისეთ ქალებს არ ინდობენ, ვინც ქმარი მიწაში სამი წლის წინ ჩააწვინა და მერე შვილისტოლა ბიჭს ჩაუჯდა კალთაში.
გამომწვევად ეწეოდა თაზო სიგარეტს. თითქოს თავს იწონებდა, ამხელა ქალი რომ გაასულელა.
-ჩვენ წავალთ. -ფეხზე წამოდგა ანდრო.
უნებურად გავყევი მეც მის ნაბიჯებს. უსიტყვოდ გაგვაცილეს.
ვერც მე ვიღებდი ხმას. ჩემს ტელეფონს კიდევ კარგი ხმა ჩავუგდე, თორემ ლამის ამიფეთქეს ოჯახის წევრებმა.
ახლა აღარ იქნებოდა საქმე ასე მარტივად.
ისე სწრაფად ადგამდა უზარმაზარ ნაბიჯებს, რომ დაწევა მიჭირდა და ლამის მივრბოდი.
-ახლა რას აპირებ? -ვკითხე, როცა ეზოდან გავედით.
ხმას არ იღებდა. არ უნდოდა პასუხის გაცემა. ისე მძიმედ სუნთქავდა მაშინ ვიგრძენი მისი დაძაბულობა ყველაზე ცხადად.
-ჩემ გამო გააკეთა ეს, მე დაველაპარაკები.
-გამორიცხე. -მიპასუხა მაშინვე.
-დაგემუქრა და აასრულა კიდეც მუქარა...
-ეგ ამაზე უარესს ვეღარაფერს გააკეთებს, რაც დღეს გააკეთა, ანა. უზარმაზარი შეცდომა დაუშვა. -ცივად ჩაეცინა.
მამა მირეკავდა. აღარ შემეძლო ამდენ ხანს მათი დაიგნორება და ფრთხილად ვუპასუხე ტელეფონს.
-ხო მა... -ისეთი ხმა მქონდა, თითქოს არ ვიცოდი, რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა ჩვენს თავს.
-ანა, სად ხარ?
-სახლში მივდივართ მე და ანდრო. რა ხდება?
-არ იცი რაც ხდება, მამა? -ხმა გაიმკაცრა მან და მე უნებურად გავხედე ანდროს გაყინულ პროფილს. ქვის ქანდაკებად ქცეულიყო. -ამ ამბავში შენი გარევა არ მინდა!
მე არაფერი მითქვამს. არ მინდოდა ჩემს გვერდით მჯდომს ეგრძნო, როგორ შეცვალა ამინდი მის გარშემო დედამისის სურათების გამოჩენამ.
-ხვალ გამოგივლით, მა, კარგი?
-კარგი, კარგი. -თვითონაც დაეტყო ხმაზე წუხილი და გამითიშა.
სიტყვა არ უთქვამს ანდროს.
-მყავს ნაცნობები ტელევიზიებში, ავაღებინებ... -ტელეფონი ჩანთაში აღარ ჩამიდია, მზად ვიყავი ყველგან გადამერეკა. -რამდენიმე გვერდი საერთოდ ჩემი კლიენტია და...
-აზრი არ აქვს, შენც ხო იცი.
-შენ... ეს ყველაფერი იცოდი? -ხმა წამერთვა სანამ შეკითხვის დასმას მოვრჩებოდი.
პასუხი რომ არ გამცა, მივხვდი, რომ იცოდა.
-ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩემი ცოლად მოყვანა გადაწყვიტე?
-გაინტერესებს ქალით გადავუხადე თუ არა სამაგიერო ირემაშვილებს? -ცივად გამომხედა. ისე გამისწორა თვალები, რომ დავმუნჯდი. ზუსტად ისე გაიგო ყველაფერი, როგორც ვფიქრობდი. -მე შენი თავი მისთვის არ წამირთმევია, ანა.
-ვიცი, მაგრამ ასე ჩანს. ისინი ასე ფიქრობენ. ხალხიც ამას იფიქრებს.
-არა. ეს არ ყოფილა მიზეზი.
აი, აქ კი უკვე ეტყობოდა, რომ უბრალოდ საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა იმაში, რომ ორმაგი კოზირი ვიყავი მისთვის.
-იყო, -ცივად გამეღიმა მე. რაღაც უსიამოვნო შეგრძნებამ გამყინა. -გინდა თქვა, რომ შენი სხვა ქალზე დანიშვნაც ისევე გაამწარებდა იმათ, როგორც მათი ყოფილი სარძლოსი?
-ეს შენ ისედაც იცოდი, ანა. -გარკვევით შემახსენა ჩვენი პირობა. -ისედაც ეს იყო ამ ყველაფრის მიზანი, არა?
-ვიცოდი.
საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. მაშინ აუცილებლად მომიწევდა დედამისის ხსენება მისი საქციელის ერთ-ერთ მიზეზად და მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არასდროს გამჭირვებია წინადადების სწორად დალაგება, ამჯერად სიტყვები ვერ ვიპოვე.
ალბათ საშინელი შეგრძნება უნდა ყოფილიყო ამხელა სირცხვილი მშობლისაგან. არაფერი ვიცოდი მათზე. წარმოდგენა არ მქონდა კონკრეტულად საიდან დაიწყო მისი შუღლი ირემაშვილებთან.
უამრავი შეკითხვა გამიჩნდა, მაგრამ ჩემი თავი მის ადგილას რომ წარმოვიდგინე, ნამდვილად არ მენდომებოდა სხვისთვის საკუთარი შავბნელი წარსულის ახსნა.
-სად მივდივართ? -ვკითხე, როცა უსაშველოდ დაგრძელდა გზა და ის, რომელსაც ვედექით არცერთის სახლისას არ ჰგავდა.
-სახლთან ჟურნალისტები იქნებიან.
-ჩემთან წავიდეთ. ცოტა ხნის წინ გადავედი იქ, არ ეცოდინებათ...
-მათ ყველაფერი იციან, ანა. -გაეღიმა ცივად და ისე მიაქროლებდა მანქანას, გზას თვალს ვერ აშორებდა.
რატიზე საშინლად ვბრაზობდი.
იქნებ არც ღირდა ეს შეფარული თამაშები. იქნებ უკეთესი იქნებოდა პირში მიმეხალა, რატომ ვებრძოდი და ვეომებოდი. წარმოსახვითი სიმართლე იმაზე მეტის უფლებას აძლევდა, ვიდრე ჰქონდა.
საგურამოში ვიყავით. მანქანა მაღალ გალავნიან ჭიშკართან შეაჩერა ანდრომ. ირგვლივ ხეებში ჩაფლულიყო ეზო.
შავი ჭიშკრის შეღებისას რაღაც გრანდიოზულ საზაფხულო სასახლეს ველოდი. სანაცვლოდ პატარა, მყუდრო და დიდაივნიანი სახლი დამხვდა. სახლს სამკუთხედისებური სახურავი ფარავდა და იქ მრგვალი ფანჯარა გამოეჭრათ. ბავშვობაში სულ მინდოდა ოთახი სხვენში, უზარმაზარი მრგვალი ფანჯრით.
იმდენად ღრმა ბავშვობაში ვოცნებობდი ასეთ ოთახზე, რომ დამვიწყებოდა კიდეც, სანამ არ დავინახე.
ისეთი სიმშვიდე სუფევდა ირგვლივ, წამიერად დამავიწყდა კიდეც, რა ხდებოდა იმ ჭიშკარს მიღმა.
ვაშლის ხეების ძირში მრგვალი მაგიდა და სარწეველა სკამები იდგა. ბალახიც შეეკრიჭათ.
აქაურობას აშკარად ვიღაც უვლიდა.
იმდენად უტყვი იყო ეს კაცი, რომ ვერაფრით გამოვძებნე მასთან სალაპარაკოდ შესაფერისი სიტყვები. სააბაზანოში შევედი, რომ ცოტა ცივ წყალს მაინც მოვეყვანე გონს.
თან ჩაფიქრებული დავყურებდი ჩემს ტელეფონს.
ბოლოს გავბედე და მაინც დავრეკე რატისთან.
ისე სწრაფად მიპასუხა აშკარად ელოდა ჩემს ზარს.
-ო, ძვირფასო ანნა... -მეუცხოვა მისი ირონია. არ იყო ასეთი.
-თავმოყვარეობა ამდენად არ გაგაჩნია, რომ ქალთან დაშორების შემდეგ ასე უზნეოდ იქცევი, რატი? არ მცნობიხარ...
-არ გცნობივარ, ძვირფასო. ნამდვილად არ გცნობივარ. -გაეცინა მას. გულისრევამ დამახრჩო ლამის. -შენმა საქმრუკამ იცის, რომ მირეკავ? ვის თავმოყვარეობაზე საუბრობ შენ, ანა?
-შენსაზე. -სისხლი შუბლში მომაწვა და დამაბრმავა. -შენ არ იქნები ამ ომში გამარჯვებული, რატი, ფრთხილად იყავი.
-ფრთხილად შენ იყავი. -ხმაზე დაეტყო, რომ გამწარდა. -სულ ასეთ დღეში არ ვიქნები. იცოდე, ეგ კაცი, ვისთვის ტალახის მოხოცვასაც ასე ცდილობ, მალე გამიცვლის ადგილს. მერე ისევ ჩემთან მოგინდება, ძვირფასო, მაგრამ მე აღარ მენდომები.
-იყავი კაცი და კაცურად დაიცავი საკუთარი თავი. ასეთი სიბინძურე შენც კი არ შეგეფერება. იმას, ვინც იმსახურებს, ჯოჯოხეთშიც ჩავყვები. შენ რაც დაიმსახურე, ის მიიღე.
-რა დაგიშავე,გოგო, რომ მიყვარდი ეგ? მთელი ქვეყნის დასაცინი რის სანაცვლოდ გამხადე?
ო, ისეთი სურვილი მქონდა პირში მიმეხალა ყველაფერი, მაგრამ ასე მარტივად ვერ გადავატარებდი ამ ამბავს.
-შეწყვიტე ეს. -ჰაერი ძლივს შევისუნთქე.
-როგორ მინდა ყიფიანიც ისმენდეს შენს ხვეწნას... არ არის მანდ ახლოს სადმე, თუ ცრემლებს გიმალავს?
-არ გეხვეწები, გაფრთხილებ რომ საკუთარ ცხოვრებას მიხედო.
აღარ მომისმენია მისი პასუხისთვის.
გაწბილებულმა გავთიშე ტელეფონი და გარეთ გავედი.
შემოსასვლელში იჯდა ანდრო უზარმაზარ თეთრ სავარძელზე, რომელიც ბუხრის წინ იდგა. თავი საზურგეზე მიეყრდნო და თვალები დაეხუჭა.
ნეტავ რას ფიქრობდა...
ვერ გავიგე, მართლა არაფერს გრძნობდა თუ უბრალოდ გრძნობების შენახვა შეეძლო ზედმეტად კარგად.
მისი რობოტიზმი მე კი მტოვებდა ჰაერში გამოკიდებულს, გაუგებრობაში გახლართულს.
-რატომ არ მითხარი? -ვერ მოვითმინე. მისგან ოდნავ მოშორებით ჩამოვჯექი.
-იმიტომ რომ არავის უნდა გაეგო. შენ მაინც მიიღებ იმას, რაც გინდოდა, ანა. -თვალები არ გაუხელია, ისე ლაპარაკობდა.
-ამიტომ არ მიკითხავს..
-ამიტომ მეკითხები. -თვალები გაახილა. უჩვეულო ნაცრისფერი გადაჰფენოდათ მათ. -ჩვენ ერთმანეთისთვის პირადი შეკითხვების დასმის ვალდებულება არ დაგვიკისრებია. თუ გადაიფიქრე, ეგეც შეგიძლია თქვა.
-არ გადამიფიქრებია, ანდრო, -მთელი სხეული დამეჭიმა. როგორ შეეძლო ასე მარტივად გადაწყვეტილებების მიღება. -არ გინდა თავის ისე მოჩვენება, თითქოს ვერ ხვდები, როგორ მიკავშირდება მე ეს ამბავი.
-არ ვიცოდი, -სხარტად წამოჯდა სავარძელზე და ისე გამისწორა თვალები, რომ მიმანიშნა, ხომ მიიღებ ასე, რაც გინდოდაო. -შეგიძლია დამშვიდდე, არ გამომიყენებიხარ.
ფეხზე წამოდგა ამ სიტყვების თქმის შემდგომ და სახლიდან საერთოდ გავიდა.
უჩვეულოდ გულდამძიმებულმა გავაყოლე მას თვალი და იმ ადგილას გაბრუებული ჩავეშვი, სადაც წეღან ანდრო იჯდა.
სუნამოს გრილი სურნელი დაეტოვებინა სავარძელზე.
ტელეფონი ამოვიღე, ინტერესი ვერ დავძლიე და მაინც შევედი ინტერნეტში.
ელენეს ავუფეთქებივართ. თითქმის ყველა სიახლე ჩემს პირადში ჰქონდა გადმოშეარებული. ზოგი რას წერდა, ზოგი რას. ყველა ისე ფუთავდა ამ ყველაფერს, როგორც თავად მოეწონებოდათ.
ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო უკეთ შეძლებდა ადამიანების ცხოვრების დანგრევას და ამ ყველაფრის დასათაურებას.
„ანა ანჯაფარიძე - ყიფიანის შურისძიება თუ ნამდვილი სიყვარული?“
„ირემაშვილებისა და ყიფიანების დაპირისპირების ახალი ფრონტი ქალებმა გახსნეს“
„როგორ და რატომ იკვეთებიან ირემაშვილებთან ანდრო ყიფიანის ცხოვრების საბედისწერო ქალები - დედა და საცოლე“
უკმაყოფილოდ გამცრა. ამ სისულელეებს მოფიქრება ხომ უნდა? ზოგი იმდენად სასაცილოდ ჟღერდა გულთან ახლოს ვერც კი მიმქონდა.
მაგრამ ფაქტი იყო, ამ ამბავმა საბოლოოდ გამოუთხარა ძირი ყიფიანების ვინ იცის ძლივს შეკოწიწებულ სიმშვიდეს და რეპუტაციას.
მსგავსი წამქეზებლური ფრაზებით მხოლოდ ანდროს შემდეგ ნაბიჯებს ელოდნენ გამაღიზიანებელი ინტერესით თვალანთებული ადამიანები.
ის კი ეზოში იდგა და ტელეფონზე ისე მშვიდად საუბრობდა, თითქოს ცხოვრება თავზე არ ენგრეოდა.
ველოდი როდის დაბრუნდებოდა უკან.
დამცირებისგან იმდენად ვიყავი გულანთებული, ისე შემიტყუა შურისძიების და სამაგიეროს გადახდის სურვილმა, რომ გვერდით მოვლენებზე არ მიფიქრია.
არ მიფიქრია, რომ საკუთარი ცხოვრებითაც ისევე ვმანიპულირებდი, როგორც გარშემომყოფების.
რომ იმ კაცს, რომელსაც ფანჯრიდან ამოუხსნელი სხეულივით ვაკვირდებოდი, წესიერად არც კი ვიცნობდი და არც მას სურდა ჩემთვის საკუთარი ცხოვრების გაცნობა.
ამაზე ხომ არ შევთანხმებულვართ.
მისთვის ხომ შეთანხმებისა და საქმის ნაწილი იყო ეს ყველაფერი და თანამშრომლებს ხომ არ აქვთ უფლება მოითხოვონ პირადი დეტალები სხვების ცხოვრებიდან.
ტელეფონი რომ გათიშა, შინ შემობრუნდა.
გვარიანად გრილოდა, იქვე მიკეცილი პლედი მხრებზე მქონდა შემოხვეული.
თვალი გამოვაყოლე.
-რამე გაარკვიე? -ვკითხე მოუსვენრად და მეც შევყევი სამზარეულოში.
-ანა, შენთვის აჯობებს თუ არ ჩაერევი. -ისე მიპასუხა, რომ არც კი შემომხედა.
წყლის ჭიქა გაავსო და დალია.
-მე უკვე ჩარეული ვარ, -გვერდით მივუდექი, მე არ ვაშორებდი თვალს. ასე ვაიძულებდი რომ შემოეხედა ჩემთვის. -საჭიროა, რომ ვიცოდე, რას აპირებ. სულ აქ ვერ დავიმალებით.
-არ ვიმალებით. -ისეთი გამაფრთხილებელი ტონით მითხრა,გეგონებათ შეურაცხყოფა მივაყენე.
-აბა რას ვაკეთებთ? ზედმეტ კითხვებს და თვალებს ვემალებით. ნუ გეშინია, ჩემთვის დეტალების ცოდნა ნამდვილ ცოლქმრულ გრძნობებს არ გააჩენს ჩვენს შორის.
ამ სიტყვების მოსმენისას გაეღიმა. ჩათვალა რომ სისულელეს ვეუბნებოდი, ან არარეალურს ვაჯერებდი.
-ჩვენ შევთანხმდით,რომ ერთად ვითამაშებდით ამ თამაშს. ჩემი წილი ტალახი ამის გამო მეც მომხვდება, მაგრამ „შენი საქმე არ არის“ იცოდე ჩემთან არ გამოგივა. ჩემი საქმეა. -საუბარს რომ არ მაწყვეტინებდა, ამან უარესად ამაშვებინა აფრები, ენას ვეღარ ვაჩერებდი. -ერთმანეთის რეპუტაციაზე ზრუნვა ჩემთვის მხოლოდ საყვარლებისგან თავის შეზღუდვით არ შემოიფარგლება. ასეთ რაღაცებში უნდა მენდობოდე,როგორც თანამზრახველს.
-და შენ? -ნაცრისფერი თვალები დააწვრილა მან,მაკვირდებოდა და ამან ცოტა დამძაბა. -შენც მეტყვი ყველაფერს,რისი ცოდნაც მჭირდება? შენ არაფერს მიმალავ, ანა?
სირცხვილმა სახე ამიწვა.
როგორ უნდა მეთქვა მისთვის ყველაფერი... და მაშინვე გამიქრა ის მცირეოდენი ბრალდება მის მიმართ, რაც მქონდა, როგორც კი ვიგრძენი, რომ მეც სირცხვილი მამოძრავებდა,მეც რაღაცას ვმალავდი მისგან.
ნიშნისმოგებით ჩაეცინა ჩემს უტყვ სახეზე.
-მიღალატა. -ვუთხარი უემოციოდ.
ვცდილობდი მის სახეზე კონცენტრირებას, ის საზარელი კადრები რომ არ გამხსენებოდა და ცრემლები არ წამსკდომოდა.
მწვანე თვალები ჰქონდა, სინათლე საიდანაც დაჰკრავდა, იქედან ნაცრისფერი სხივებიც ეპარებოდა. სწორი ცხვირი და ღია საფერავისფერი ტუჩები. ხორბლისფერ კანზე შემოჰყროდა დაბალი წვერი. თმაც მუქი წაბლისფერი ჰქონდა, ოდნავ გრძელი. სწორი წარბებიც სქლად შეფენოდა გახსნილ და ოდნავ დამძიმებულ შუბლზე.
-ვისთან? -მკითხა მან. არ იშორებდა იმ დამპალ ღიმილს.
-რა მნიშვნელობა აქვს?
-როგორ არ აქვს. -ღიმილი მოშორდა სახიდან, მძიმედ და დაკვირვებით მიყურებდა. -გინდა გითხრა?
-შენ არ იცი. -საკუთარ თავს უფრო ვაჯერებდი ამ სიტყვებს ვიდრე მას.
-შემიძლია მივხვდე.
თვალი მოვარიდე. ზედმეტად ჭკვიანი იყო და მან ეს იცოდა. იცოდა სწორ დროს როგორ უნდა გამოეყენებინა თავისი გონება და არეულმა გრძნობებმა სხეული გამიშეშეს.
არც ყვირილით სამყაროს დაქცევა და არც მუშტების ქნევა არ იყო იმდენად შიშისმომგვრელი და საზარელი, რამდენადაც გონებით მოქმედი ჭკვიანი და ცბიერი ადამიანი.
და ის ჩემ წინაშე იდგა.
-ამის ცოდნა რაში გჭირდება, ანდრო?
უკან დავიხიე. მეგონა მე მესხმოდა თავს.
-ჩვენ ხომ თანამზრახველები ვართ?- საკუთარი სიტყვები მკაცრად შემახსენა.
თითქოს დანაშაული იყო მათი დავიწყება.
პასუხის გაცემა მეტად აღარ მოუთხოვია. თვალებში მიყურებდა და ამით მახვედრებდა, რომ იცოდა, ორივეს გვქონდა რაღაც ისეთი დასამალი ერთმანეთისაგან, რისი გამხელაც არ უნდა მოგვეთხოვა.
მე თუ დავარღვევდი წესებს,ისიც დაარღვევდა.
ქორწილთან მოახლოვდა ჩემი იმპულსური და დაუფიქრებელი ქმედებების აღსასრულიც. ამ კაცთან გაუაზრებელი შეცდომების დაშვება არ იქნებოდა უსაფრთხო.
-იმედია, რატისთან რომ არ უნდა დარეკო, ამის თქმა შენთვის არ დამჭირდება. -გამაფრთხილებლად მომმართა.
-რატომ?
-რატი შენ აღარ გეხება, ანა.
ჩემს სახელს რაღაცნაირი სულისშემძვრელი სიმძაფრით ამბობდა. მეგონა მახსენებდა, რა მერქვა.
-შენ ჩემს საცოლედ გიცნობს ხალხი. სხვა კაცის საქციელი შენთან მიმართებით ჯერ მე მეხება და ბოლოს შენ.
-მე შემიძლია პასუხი გავცე იმას, ვისაც ჩემთან პრობლემა აქვს, ანდრო.
-არასწორად იგებ, -ოთახიდან გასასვლელად გამზადებული ისევ უკან მომიბრუნდა. -რატის პრობლემა შენ კი არა, მე ვარ. შენ რომ ჩემი საცოლე ხარ, ეგეც აწუხებს და არა მხოლოდ ის, რომ შენ მიატოვე. ღირსება იმან შეულახა, რომ სამ თვეში მისი მტრის გვერდით დადექი, იმის გვერდით, ვისაც მთელი ცხოვრებაა ეჯიბრება და ვერაფრით აჯობა.
უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა ყველაფრის გააზრებისას.
თითქოს გონს მოვდიოდი და აღარ მომწონდა ის ადგილი, სადაც ყოფნა თავად ავირჩიე დაბრმავებულმა.
ვიცოდი რომ სახეზე მეტყობოდა ყველაფერი. გრძნობების დამალვა მასთან არ მიცდია.
-მე სიტყვას შევასრულებ. შენ მიიღებ იმას, რაც გინდოდა, ანა.
ამ სიტყვებმა დიდად ვეღარ დამამშვიდეს.
-შენს ხელშიც უბრალოდ სათამაშო ვარ, რომლითაც რატის ისე აწვალებ, როგორც პატარა ბავშვს.
-და მე არ ვარ ის, ვისი მეშვეობითაც მისი გამწარება და დამცირება გინდა? -ცივად გაეღიმა. -მან ხომ გიღალატა, დაგამცირა..
სული ამეწვა. როგორ მარტივად ამბობდა ამ სიტყვებს...
-შენც ხომ იმას აირჩევ, ვის გვერდით ყოფნაც მას მხოლოდ კი არ გაამწარებს, არამედ დაამცირებს. ნუ ჩართავ საქმეში გრძნობებს, ანა. ასე ყველაფერს გაურთულებ საკუთარ თავს.
-რომელ გრძნობებზე საუბრობ? -უკან დავუბრუნე თავისი მლიქვნელური გამომეტყველება.
-ნუ გეშინია, ვიცი რომ არ მოგწონვარ. -მერე ისე შემათვალიერა, თითქოს საკუთარი გრძნობების გადამოწმება უნდოდა. -შენც იცოდე, რომ ეს ორმხრივია. მე არ მიყვარს, როცა საქმეში გრძნობები ერევა.
-დარწმუნებული ვარ, შენთან არავის შექმნია ეგ პრობლემა.
-ნუ იქნები ძალიან დარწმუნებული, -უფრო ფართოდ გაეღიმა, თითქოს ვართობდი. მე არ მეცინებოდა. -ვისაც გრძნობები და პრობლემები ექმნება, ის საქმიდან გადის. ჩემი სათამაშო არ ხარ, ჩემთვის შენც ისეთივე იარაღი ხარ, როგორც მე შენთვის და პირადად ნუ იღებ რაღაცებს...
-არაფერს ვიღებ პირადად. რატისთან მე შენამდე დიდი ხნით ადრე მქონდა ურთიერთობა...
-რატიზე მე გაგაფრთხილე, ანა, -თვალები ნაცრისფრად აუელვარდა.
-რა გეგმები გაქვს მასთან დაკავშირებით?!
-ბიზნესში იცი როგორ ხდება? თუ შენს ყველაზე ძლიერ კარტს პირველივე სვლაზე გაათამაშებ, კონკურენციას ვეღარ გაუწევ იმათ, ვისაც ყველა სვლა წინასწარ აქვს დაგეგმილი. საკუთარი ძლიერი მხარის გამოჩენა ყველაზე დიდი სისუსტეა, დღემდე ამას რომ ვერ მიხვდა ეგ სულელი, ამიტომაც ჰგონია ახლა, რომ რაღაც ჭკვიანური ჩაიდინა, როცა რეალურად ყველაფერი თავზე ენგრევა.
-ეს ბიზნესი არ არის, ანდრო. -დაბნეულს გამეღიმა, მიკვირდა, ამდენს როგორ ვერ ხვდებოდა. -შენი ოჯახის პირადი...
ირონიული ღიმილი რომ გადაეკრა სახეზე,მივხვდი, რომ დიდ სისულელედ მიაჩნდა ჩემი აზრები და წარმოდგენები ბიზნესთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით.
ან რა მიკვირდა ადამიანისგან,რომელიც ასეთი რეაქციით ხვდებოდა დედამისის რეპუტაციის განადგურებას.
რომლისთვისაც ოჯახიც საქმის ნაწილი იყო.
-მეორე სართულზე სამი საძინებელია, აირჩიე რომელიც გინდა.
-მესამეზე? -სხვენის ოთახი გამახსენდა მაშინვე მრგვალი ფანჯრით.
-ეგ ოთახი ჩემი დისაა, მაგრამ შეგიძლია შეხვიდე.
-და გყავს? -აღარც მახსოვდა წესიერად.
-მყავს. -ჩაილაპარაკა უემოციოდ. ზურგი შეექცია უკვე ჩემთვის და ოთახიდან გადიოდა.
აღარ დამისვამს ზედმეტი შეკითხვები.
მეორე დილით თბილისში ადრიანად დავბრუნდით.
<>
მთელი ქალაქი ჩვენს ერთად გამოჭერას ცდილობდა. ჩემთვის გაუგებარი იყო, რატომ არ სურდა ანდროს რომ თვალში მოვხვედროდით მათ, ვინც ასე ელოდა ჩვენს გამოჩენას.
ვერ ვუგებდი. წარმოდგენა არ მქონდა რას ხლართავდა, მაგრამ როგორღაც ახერხებდა რომ ჩვენი ურთიერთობა გარეშე თვალთაგან უხილავად დარჩენილიყო.
-პაპარაცები გააქრო მაგ კაცმა თუ რა უბედურებაა? -ოთახში ჩამომიჯდა ელენე. -რაო რა გითხრა ისე დედამისზე?
-არაფერი ელე, საერთოდ არაფერი. ერთადერთი რაც გამიმხილა ის არის, რომ არ იცოდა ირემაშვილის საყვარელი რომ იყო.
-ქალმა რა იკადრა? -თავი გაოცებულმა გააკანტურა. -მთელმა ქალაქმა იცის მაგათი მტრობის ამბავი და ტიპი საყვარლად დაუდგა შვილის ტოლა კაცს.
-არ ვიცი, ძალიან დაბნეული ვარ. მე ანდროს რეაქციაც მაოცებს. უფრო სწორად ურეაქციობა მაოცებს. გახევდა ფოტო რომ ნახა, ისე დაიძაბა მეგონა აფეთქდებოდა, მაგრამ მერე ცბიერი ადამინივით დაიწყო ლაპარაკი. რომ ვერ გაიგებ რა უტრიალებს თავში, მაგრამ თან რომ გრძნობ კარგი არაფერი…
-ეგ რომ რატი დებილაშვილივით ყველაფერზე ვარდებოდეს და ჩხუბობდეს, ახლა იქ არ იქნებოდა სადაც არის. თან როგორი შესამჩნევია,ან, როცა დედაშენი ასე იქცევა?
-ამაყია. -ჩავფიქრდი მე, უკვე ვსწავლობდი მის თვისებებს. -ამას არასდროს შეიმჩნევს…
-ამით მაინც ჰგავხართ ერთმანეთს. სხვა რა გადაგარჩენთ ამ საგიჟეთში სადაც თქვენი ნებით გაყავით თავი, მე არ ვიცი.
-ჩემები გაჭირვეულდნენ. რომ მეგონა დავითანხმე და დამშვიდდნენ, მერე ეს ამბავი მოხდა.
-აბა რა იქნება? არც შენ აგცდება ყვითელი ამბები.
<>
ჩემი მშობლების სახლში ისეთი სიმშვიდე სუფევდა, იფიქრებდით რომ იქ სულიერს ფეხი წლებია არ დაუდგამს.
-მოხვედი? -მკითხა დედამ მას შემდეგ რაც დამინახა.
უძილარს ჰგავდა. გული მომეწურა მისი დანახვისას.
-მარტო ხარ?
-ხო, მამაშენი ჯერ არ მოსულა სამსახურიდან. -მითხრა დაღლილმა და მაგიდასთან ჩამოჯდა, -შენ როგორ ხარ?
-არ ვიცი, დავიღალე…
-დედა… -ჰაერი შეისუნთქა და მერე გამომხედა. -შენ ის კაცი მართლა გიყვარს?
-კარგი რა… -თვალი მოვარიდე. -რატომ მეკითხები ახლა ამას?
-არ ვიცი., დე, ადამიანი მართლა უნდა გიყვარდეს მისთვის ამხელა მსხვერპლზე რომ მიდიოდე. მე არ მინდა შენს ბედნიერებას წინ გადავუდგე, მაგრამ კარგად დაფიქრდი სანამ ასეთი ოჯახის წევრობას დათანმხდები.
-როგორის დედა?
-არ ნახე შვილო როგორ უსირცხვილოდ იქცეოდა ის ქალი?
-და რახან ერთი ოჯახის წევრი უსირცხვილოა დანარჩენებიც ასეთები არიან? ან რომ არ მომეშვით იმ დღეს, ყველა ცალკე რომ მირეკავდით, რა უნდა მეთქვა? კაი მივატოვებ-მეთქი? მამა რომ მელაპარაკებოდა ანდრო გვერდით მეჯდა. არ მინდოდა რომ სირცხვილი ეგრძნო. ეს იცი რა საშინელია როცა ოჯახის წევრი გარცხვენს და ახლობლები ამის გამო გშორდებიან? სხვანაირად გიწყებენ ყურებას? ვინც არ უნდა იყო...
ხმის ამოუღებლად მიყურებდა დედა.
-რატის მის გამო დაშორდი? ხომ იცი, ჩემთვის ყველაფრის თქმა შეგიძლია, დე..
ლელას ფეთქებადი ხასიათი კი ჰქონდა, მაგრამ როგორც კი სიმშვიდეს მოუხმობდა მისი მღელვარე გონება, მაშინვე საოცარ ქალად გარდაიქმნებოდა.
მისთვის რაღაც-რაღაცების თქმა ნამდვილად შემეძლო, მაგალითად იმის, რომ ანდრო ყიფიანი მაშინ შემიყვარდა, როცა რატის ვხვდებოდი, მაგრამ ეს ხომ არ იქნებოდა სიმართლე?
აი სიმართლის თქმა კი ამ შემთხვევაში შეუძლებელი იყო, რადგან დარწმუნებული ვარ, დედაჩემიც კი ვერ იფიქრებს, რომ მისი გაზრდილი შვილი ამის გამკეთებელია.
-მერე გავიცანი ანდრო, ახლა რაც მოხდა ყველაფერი რატის მოწყობილია, დედა. გუშინწინ მოვიდა და დამემუქრა, რომ ვინანებდი მის დამცირებას. -ტუჩებზე ხელები რომ იტკუცა დედაჩემმა სულის მოთქმა დავაცადე,სანამ გავაგრძელებდი. -ანდრომაც მომაკითხა სამსახურში წასაყვანად და მასაც იგივე უთხრა.
-თქვენც რა ჯინაზე იქცევით? თითქოს ძალით იწვევთ და ამწარებთ და აი შედეგიც!
-დედა, შენ მას ამართლებ?
-არ ვამართლებ, მაგრამ ფაქტია რომ ასეთ რამეს არ გააკეთებდა ნახევარი წელი მაინც რომ მოგეცადათ.
აღარაფერი მითქვამს. ერთი სული მქონდა, სახლში როდის წამოვიდოდი.
<>
უკვე შუაღამე იყო, როცა შინ დავბრუნდი. იქაურობა ჩემოდნებითა და შეფუთული ნივთებით იყო სავსე.
გამიჭირდებოდა აქაურობასთან შელევა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც იმდენად ბუნდოვანი იყო ჩემი მომავალი, რომ არც კი ვიცოდი როდის დავბრუნდებოდი უკან.
იმ ღამეს ბოლოჯერ ვიძინებდი ჩემს საძინებელში. ხვალიდან კი ანდროსთან მომიწევდა შეგუება.
სექტემბრის პირველ რიცხვებში თბილისში ბიზნეს-ფორუმი იმართებოდა, სადაც მსხვილი ადგილობრივი კომპანიის ლიდერები იყრიდნენ თავს უცხოელ ინვესტორებთან ერთად და შეხვედრის შემდეგ ძვირადღირებულ წვეულებაზე შამპანურის ჭიქებს უჭახუნებდნენ ერთმანეთს.
-საღამოს გამოგივლი, -მითხრა, როცა ყველა გავაცილეთ.
თავადაც ეხმარებოდა ანდრო მუშებს მის სახლში ჩემი ნივთების შემოტანაში. შაბათი დღე იყო.
-მანამდე რაღაც საქმე მაქვს, -გააგრძელა საუბარი თავისთვის, ალბათ იცოდა, რომ აუცილებლად დავუსვამდი შეკითხვებს.
მეტი აღარაფერი მითქვამს. არასდროს მეტყოდა „რაღაც საქმეში“ რას გულისხმობდა.
საფერავისფერი კაბა გამოვიღე გარდერობიდან. ოთხკუთხედი გული ჰქონდა. საოცრად უხდებოდა ჩემს მკერდსა და მრგვალ სახეს.
ელენეს დავურეკე მაშინვე.
-ზედმეტი ხომ არ იქნება? -ეჭვისთვალით ვუყურებდი კაბას. ელენე ლამის ტელეფონში შემომძვრალიყო, ამ სახლის ყველა კუთხე-კუნჭული აინტერესებდა.
მე კი წესიერად არც შემიხედავს არაფრისთვის.
-რაც არ უნდა ჩაიცვა ყველას ყურადღება რომ თქვენზე იქნება, ხომ იცი? ამიტომ იყავი მაქსიმალურად ლამაზი და მომხიბვლელი. თან მე იმის რეაქციაც მაინტერესებს.
-ვისი? -გულწრფელად გამიკვირდა.
-აი ვისი და პრეზიდენტის! შენი ქმრის,გოგო.
-არაა ჯერ ჩემი ქმარი.
-ასე ძალიანაც ნუ დაგეტყობა, რომ სიხარულით მეცხრე ცაზე ხარ. -ჩემი უმარილო გამომეტყველება გაიმეორა ელენემაც. -ის დებილი რატიც იქნება ხომ?
გახსენებაც კი არ მინდოდა, ვის წინაშე მომიწევდა თავის ისე დაჭერა, თითქოს თეატრალურ დადგმას არ დამემსგავსებინოს ჩემი ცხოვრება.
ტანზე მომდგარი კაბა ვიწრო წელსა და განიერ მენჯებს უფრო მეტად მიკვეთდა, თეძოებიდან კი თავისუფლად იშლებოდა წვივებამდე.
თმა დახვეული და დაუდევრად აკრული მქონდა ყელისა და მხრების გამოსაჩენად. აქა-იქ ჩამომვარდნოდა ერთი-ორი კულული, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევდი.
კაბა იმდენად ძვირფასი იყო სამკაულებითა და მძიმე მაკიაჟით გამდიდრება აღარც მიცდია.
ვერცხლისფერ ბრჭყვიალა ჩანთაში მოვათავსე ხმაგათიშული მობილური და ოთახიდან გასულს ანდროც იქ დამხვდა.
კედელზე ჩამოკიდებული გრძელი სარკის წინ იდგა და ჰალსტუხს იკრავდა. შავი კლასიკური შარვალი და თეთრი პერანგი ეცვა. ასეთი სამოსი როგორღაც უფრო მაღალს და საიდუმლოდ რომ ითქვას, სიმპათიურსაც აჩენდა.
თმა აშკარად თითებით გადაევარცხნა, ნახევარი დაუდევრად ჩამოჰყროდა შუბლზე. ყოველ ორ წამში მის გასწორებას ცდილობდა.
ფეხის ხმაზე ოდნავ მოაბრუნა ჩემკენ თავი და რამდენიმე წამი დამითმო შესათვალიერებლად.
არ ვიცი რატომ მაგრამ უნებურად თავი შებოჭილად ვიგრძენი. თითქოს ისეთი დეტალები შეამჩნია ჩემს გარეგნობაში, რასაც ქალები საგულდაგულოდ ვმალავთ, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ არ გვინდა მამაკაცებმა იპოვონ.
უბრალოდ ანდრომ ეს მარტივად ამოხსნა. თვალი გადამაყოლა მოღეღილ ყელსა და ლავიწებზე, რომლებიც ოქროსფრად ბზინავდნენ.
თვალი რომ მომარიდა, მხოლოდ შემდეგ მითხრა:
-ლამაზი ხარ.
ფრიალით შემოიცვა მხრებზე შავი პიჯაკი და სარკის გვერდით მდგომი კომოდიდან პატარა წითელი ყუთი აიღო.
მის თითებს შორის უფრო მომცრო გამოჩნდა. ადგილიდან არ ვიძროდი, ნელ-ნელა საერთოდ ვკარგავდი ჭკუას ერთი იმპულსური გადაწყვეტილების გამო და უკვე ნორმალურ სიტუაციებშიც აღარ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი.
თითის აკვრით ახსნა ყუთს თავი და ერთდროულად სადა და თვალისმომჭრელმა ბეჭედმა შემომხედა.
მაჯაზე ფრთხილად მომკიდა თითები და ბეჭედიც ისეთი სიზუსტით შეცურდა ჩემს თითზე, თითქოს სპეციალურად ჩემთვის გამოეჭედათ/
-ზომა საიდან იცოდი? -ვკითხე და ხელზე აბრჭყვიალებული ბეჭედი ღიმილით შევათვალიერე. -ლამაზია.
-საგვარეულო ბეჭედია. -ყუთი უკან დააბრუნა და მხოლოდ წამიერი მზერა გაიმეტა ბეჭდისათვის.
-საგვარეულო რა საჭირო იყო? -თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ბეჭდის თვალსაც სხივი მოაკლდა.-ჩვეულებრივიც საკმარისი იქნებოდა. შენს ნამდვილ საცოლეს უნდა გაუკეთო რომ გეყოლება და არა მე.
მას უბრალოდ ჩაეცინა.
-ჯერ შენ არ მომიყვანიხარ და უკვე ახალ ცოლებს განვიხილავთ?
-ეს ხომ დასრულდება ოდესმე, ანდრო. მე სულ შენი ცოლი არ ვიქნები... მე არ მენდომებოდა ისეთი ნიშნობის ბეჭედი,რომელიც ჩემი ქმრის სხვა ცოლს ეკეთა უკვე.
-ჩემი მეორე ცოლიც თუ შენნაირად იფიქრებს,მას ახალს ვუყიდი. - ისე თავისუფლა საუბრობდა ამაზე, თითქოს სერიოზულად თავადაც ვერ აღიქვამდა საკუთარ სიტყვებს.
მერე თავით მანიშნა რომ საუბარი მორჩა და გასასვლელისაკენ წავსულიყავით.
-დეიზი, ჭკვიანად! -მივაძახე სახლში მარტო დატოვებულ ოქროსფერს და მანაც ორჯერ დაწკავწკავებით მიპასუხა.
ანდრო წარბებშეკრული ისე აკვირდებოდა ჩემი და დეიზის ურთიერთობას , აშკარად ფიქრობდა,რომ ჭკუიდან ვიყავი გადასული ძაღლს ადამიანივით რომ ველაპარაკებოდი.
არც შევმცდარვარ, იმ ვილას რომ მივუახლოვდით, სადაც წვეულება იმართებოდა, ჟურნალისტები და ოპერატორები მაშინვე ჩვენკენ გამოქანდნენ.
-ახლა უამრავ შეკითხვას დაგისვამენ...
-ცუდია, ეს რომ მათთან შეხვედრამდე ორი წუთით ადრე გაგახსენდა, -გავაწყვეტინე გაღიზიანებულმა.
მთელი დღე ხმას არ მცემს და ახლა უნდება ჩემი „გაფრთხილება“? მაშინ,როცა აზრი არ აქვს?
-ვიცი, რომ ჭკვიანი ხარ და არ გჭირდება ჩემი ჭკუის დარიგება, ანა. -ისეთი თვალებით შემომხედა, რომ მიმანიშნა რამდენად უადგილო იყო ჩემი ცინიზმი.
დაცვა ძლივს აკავებდა შეშლილ მედიას.
კარი ანდრომ გამიღო და გამოსვლაში დამეხმარა. ეს ჯენტლმენური ხრიკები არ ეშლებოდა.
როგორც კი ჩემს წელზე მოთავსდა მისი გავარვარებული თითები ვიგრძენი, რომ მეც უნდა მეთამაშა ჩემი როლი. ისეთი გაბრწყინებული და მონუსხული თვალებით შევხედე, ღიმილი ვერ შეიკავა ჩემს მცდელობაზე.
-კარგი ხარ, -ოდნავ მომიჭირა წელზე შემოხვეული თითები.
იმდენი კითხვა გაჟღერდა ჩვენი მისამართით, რომ სათვალავი ამერია. წესიერად ვერცერთი მათგანი გავიგონე. ახსენებდნენ ქორწილს, ღალატს, საყვარლებს, ტყუილებსა და სიმართლეს, ყველა სიტყვას, რითაც იქ მყოფი საზოგადეობის დახასიათება შეიძლებოდა.
და უკვე მეც მათი ნაწილი ვიყავი.
ამ საერთო ტყუილის, მსახიობობის, თამაშის ნაწილი.
ფულის სურნელი ასდიოდა ირგვლივ ყველაფერს.
შიგნით სიმშვიდე იყო, ვერ აღწევდა ჟურნალისტების ყაყანი.
თავისი რამდენიმე ბიზნეს პარტნიორი გამაცნო ანდრომ. მილოცვები მივიღეთ ქორწილთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი ყალბად კეთილგანწყობილი გაცნობითი პროცესი იყო.
ცოცხალი, კლასიკური მუსიკა გასდევდა ფონად ამ პროცესიას.
რატი რომ შევნიშნე ის მაშინ უზარმაზარი დარბაზის მეორე კუთხეში იდგა და სწორედ მაშინ გამომხედა,როცა მე შევხედე.
ღიმილი გადაეფინა სახეზე და შამპანურით სავსე ჭიქა ასწია.
რამდენიმე წამით მარტო დავრჩი მაგიდასტან და ჩემკენ გადმოდგმული ნაბიჯები მაშინვე შეეყინა,როცა ახალგაზრდა ქალი დამიდგა გვერდით.
ქერა თმა შავი კაბის ფონზე მეტად უბზინავდა. მწვანე თვალებითა და ცბიერი გამოხედვით მივამსგავსე მას, თავის ძმასა და ჩემს ქმარს.
კატო ყიფიანს წითელი სითხით ნახევრად სავსე ჭიქა ეჭირა ხელში და ისე მიღიმოდა, თითქოს ძალიან კარგად მიცნობდა უკვე.
-ჩემმა ძმამ სამწუხაროდ არ გამაცნო შენი თავი. -მსუბუქად მომიჭახუნა.
იმ წამს მივხვდი ჩემ ირგვლივ რამდენ ადამიანს სურდა ჩემთან დამარტოხელება.
ჩემი საყვარელი საქმრო ვიღაც ჭაღარაშეპარულ ბიზნესმენს ესაუბრებოდა და აღარც ახსოვდა,რომ იქ ვიყავი.
-ანა, -ხელი გავუწოდე მე. შევეცადე არ შემემჩნია დაძაბულობა და მღელვარება.
-ვიცი, ძვირფასო, -თვითონაც ჩამომართვა და ფართოდ გაეღიმა. გულწრფელობას ვერ დავწამებდი იმ ღიმილს.-მე კატო. ანდროს არ უყვარს ჩემი ხსენება, ახლაც ძლივს მომესალმა, მხოლოდ იმიტომ რომ ამდენი ხალხია ირგვლივ და ძლივს შეკოწიწებულ ოჯახის იმიჯს უფრთხილდება.
წარბები მაღლა ავზიდე გაოცების ნიშნად. ორი წინადადებაც არ დასჭირვებია საკუთარი განწყობის გასამჟღავნებლად.
-ნუ გიკვირს. შენ ჩემს ძმას არ იცნობ, ასე მშვიდად ამიტომაც ხარ მის გვერდით. მე კი როგორც ქალი ქალს გეტყვი, რომ დროზე უშველო თავს.
-ვერაფრით მივიღებ იმ ქალის რჩევას, რომელიც მისთვის უცნობ ადამიანთან საკუთარ ძმაზე ასე საუბრობს. ამ ფორმით გამჟღავნებული „კეთილი რჩევაც“ ფარისევლურად ჟღერს...
-ოჰო, მასზე ნაკლები შხამი არც შენ გქონია,- კარგად მომათვალიერა და მზერა ჩემს თითზე წამოცმულ ბეჭედზე შეაჩერა. -ასე იცავ კაცს, რომელმაც არავინ შემოიტოვა გვერდით? ერთი არასწორი ნაბიჯი და შენც ჩემს გზას გამოგიყენებს, მის სიამაყეს შეგწირავს, ოღონდ თავად არ გამოჩნდეს გასვრილი.
როგორი უტიფარი და უსირცხვილო იყო. დარწმუნებული ვარ, არც დედამისის ამბავი მიაჩნდა დიდ ტრაგედიად და თვითონ რა გააკეთა ხომ ღმერთმა უწყის.
ისე არ მიყვარდა ადამიანების მათი შეცდომებით გაზომვა,რომ ხმას ვერ ვიღებდი შეურაცხყოფის გარეშე რომ დარულებულიყო ეს დიალოგი.
-ვიცი ახახლა რასაც ფიქრობ.. რაც დედა ის შვილი..
-ზოგადად ყოველთვის ვცდილობ საყოველთაოდ გავრცელებული საზოგადოებრივი აზრები ადამიანებს პირადად არ მოვარგო ხოლმე, მაგრამ როცა შენ თავად მესაუბრები ამ ტონით, პრივილეგიას კარგავ ჩემგან მეგობრული მოპყრობა დაიმსახურო. აშკარად არ მიცნობ და არც იცი, მე რას ვფიქრობ. ანდროს რაც არ უნდა ეთქვა ჩემთვის, მე მაინც შენ დაგიტოვებდი უფლებას საკუთარი თავი გაგეცნო და თვითონ მოგეხდინა შთაბეჭდილება. ეს უფლება სამწუხაროდ არასწორად გამოიყენე და მე თუ ახლა შენზე ვფიქრობ, რომ ეგოისტი ადამიანი ხარ, რომელიც თავისი ძმის ურთიერთობაში შხამის ნთხევით არის დაკავებული და რეალურად არაფრის გამოსწორებას ცდილობს მასთან დედმამიშვილური ურთიერთობის დასაბრუნებლად, ეს მხოლოდ შენი სიტყვების შედეგია.
ისე მისმენდა, აშკარად ცდილობდა ჩემს მწარე სიტყვებს მისი სახიდან თვითკმაყოფილი გამომეტყველება არ ჩამოერეცხა.
საუბარში გართულმა ვერც კი შევნიშნე, როგორ დამითბო ზურგი სხვა სხეულის სითბომ.
შემდეგ წელზე ხელი ვიგრძენი და ოდნავი ბიძგით გამწია გვერდით ანდრომ. თავად ჩემსა და კატოს შორის ჩადგა.
მის გვერდით ფერი საერთოდ დაკარგა კატომ.
-შენს ცოლს ვუყვებოდი, როგორ არ შეგიძლია ოჯახის წევრების სიყვარული. -წამიერად გაუტყდა ხმა და ცრემლებიც შევნიშნე იმ თვალებში,რომლითაც ასე ჰგავდა საკუთარ ძმას. -ისიც ვუთხარი, როგორი უგრძნობი და გულცივი ადამიანი ხარ. სამწუხაროდ სულელია და ვერ ხვდება, რომ ვერც მის შეყვარებას შეძლებ და ახლა ოსტატურად ატყუებ. ამიტომაც გიცავს ასე თავგამოდებით.
-მორჩი სცენებს, კატო, და დაბრუნდი შენს მეგობრებთან. -წარბიც არ შეხრია ანდროს.
-მამა მაპატიებდა. შენ მას არაფრით ჰგავხარ. -ბოლოს ცრემლები ვეღარ შეიკავა და სასწრაფოდ გაგვერიდა ჩვენ წინაშე რომ არ ეტირა.
ცოტა ხნით ხმის ამოღება ვერ შევძელი. გულწრფელად მეგონა, რომ ოდნავ მაინც დაეტყობოდა დის მდგომარეობის გამო წუხილი. რაც არ უნდა დაეშავებინა, თავის ძმასთან საუბრისას სინანული ნამდვილად დაეტყო კატოს.
ის კი იდგა ჩემ გვერდით უძრავად და ნელ-ნელა ეცლებოდა ჩემს თვალში ყველა ის თვისება, რის გამოც ადამიანად აღვიქვამდი.
-რა დაგიშავა ასეთი? -ვკითხე ბოლოს. ვცდილობდი მის ადამიანობას ჩავბღაუჭებოდი. -შენი დაა.
-ძალიან ერევი ყველაფერში, ანა.
-სხვანაირად არ გამოვა..
-რა არ გამოვა? შეკითხვების დასმისგან თავის შეკავება? ჩემი და ჩემი დის ურთიერთობას როგორმე მოვუვლი.
-რატომ წახვედი და დამტოვე აქ მარტო თუ არ გინდოდა ვინმესთან რომ მესაუბრა?
-ძალიან იყავი გართული შენს ძვირფას რატისთან თვალებით კონტაქტში და ვერც კი შენიშნე,როგორ გითხარი, რომ ორი წუთის საქმე მქონდა. -ისე მკაცრად მითხრა, თავი დამნაშავედ მაგრძნობინა. -მეტი აღარ დალიო.
-რატომ, კონტრაქტში გაქვს მითითებული ალკოჰოლის დღიური დოზა და მე პირობებს ვარღვევ?
-არა, სითამამე ენას გიგრძელებს.
ირგვლივ ფუტკრებივით გვეხვეოდნენ ადამიანები. კითხვებს მიღმა ინტერესს მალავდნენ არა ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობების,არამედ იმ სკანდელების მიმართ, რაც ჯერ კიდევ ტრიალებდა ხალხში.
ბოლოს სულის მოსათქმელად ისევ აივანზე ვარჩიე გასვლა.
ისე ციოდა, მხრები საერთოდ გამეყინა,მაგრამ შიგნით გაჩერებაც აღარ შემეძლო. მზერა გამომაყოლა ანდრომ. ვხვდებოდი, რომ ჩემს ყველა ნაბიჯს აკონტროლებდა და მისი ეს გულგრილობა და სიამაყე სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ რამე გამორჩებოდა მის თვალებს.
ვერანდა მეორე სართულზე იყო და ზემოდან დაჰყურებდა უკანა ეზოს. ჟურნალისტებს აქ შემოსვლის უფლება არ ჰქონათ. მანქანებიც კოლონაც იქვე ჩამწკრივებულიყო და ზოგიერთი სტუმარი უკვე ტოვებდა წვეულებას.
ვიცოდი რომ რატი გამომყვებოდა. ნაბიჯებით ვიცანი და სინამდვილეში ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა ანდროს რეაქცია.
-როგორ დაგტოვეს ყიფიანებმა მარტო? არ ეშინიათ რომ ვინმე სხვა ჩაიგდებს მათ საყვარელ სარძლოს ხელში?- გვერდით დამიდგა და ეზოს მანაც ჩემსავით გადახედა.
-ვინმე სხვა ვინ, შენ? -ვკითხე ისე, რომ არც შემიხედავს.
-შენი მოტაცება არ გამიჭირდება.
-ჩემი მოტაცების შედეგებთან გაგიჭირდება გამკლავება, რატი. -გავუღიმე. მისი გამწარებული გამომეტყველება მატკბობდა. -შენ ასეთი ხარ,ყოველთვის ასეთი იყავი. უამრავ შეცდომას უშვებ და შედეგებზე ფიქრი აღარ შეგიძლია. აქ რისთვის გამოხვედი?
-არ გაჰყვე ცოლად. შენ მაგ კაცს არ იცნობ. არ იცი რისი გამკეთებელია.
-მეც რო მოვისმინო ჩემზე რას ბოდავ ხომ შეიძლება? -გულზე ხელები დაეკრიფა ანდროს. იმ წამს მომეჩვენა,რომ ჩემზეც იმდენად ბრაზობდა, რამდენადაც რატიზე. -ზურგსუკან სირულად ლაპარაკშიც არ ჩაგეთვლება.
-შენთვის არ იქნება სიახლე საკუთარ თავზე ძვირების მოსმენა, ბატონო ანდრო.
ეს იყო რატის მიზანიც. მისი გამოწვევა. იმ წამს გავიაზრე, რომ ამ დაძაბულობას არათუ ხელი შევუწყვე მე თვითონ გამოვიწვიე და საკუთარი ნებით გაჩენილი ნაპერწკლები დამწვავდა.
-აი, ანამ კი არ იცის, ვისაც მიჰყვება ცოლად.
-შენ მგონი ენა მართლა არ გჭირდება ისე არასწორად იყენებ, -ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დაუახლოვდა ანდრო მას.
მომეჩვენა,რომ მხოლოდ იმიტომ მალავდა ხელებს მისთვის რომ არ დაერტყა.
-გავიგე შენი დედიკო ჩამოსულა, -ამ სიტყვების რატის პირიდან გაგონებისას სასწრაფოდ მათკენ დავიძარი მეც.
მის წინაშე სახეს არაფრით კარგავდა ანდრო.
-რატი გეყოფა. -მკლავში დავქაჩე მაშინვე, საჩხუბრად წამომართული უკან რომ გამომეგდო.
-შენ შედი. -მუცელზე მომხვია ხელი ყიფიანმა და ფაქტობრივად მიბრძანა მოთხოვნა შემესრულებინა.
-ყველა ჩვენ გვიყურებს, გეყოფათ!
-ახლა გვიყურებს ყველა,ანა? გააკეთე რასაც გეუბნები. -წელზე მიბიძგა ფრთხილად და უცხო თვალისგან შეუმჩნევლად. -მძღოლი სახლში წაგიყვანს.
-მიდი, ძვირფასო, დანარჩენს ჩვენ ერთად გავარკვევთ. -მკლავები ისე დაიკაპიწა რატიმ თითქოს ჩხუბში იწვევდა.
-უშენოდ არ წავალ. -ისე მტკიცედ გავუსწორე ანდროს თვალი, რომ მეგონა ადგილიდან ვერ დამძრავდა ყველაზე ძლიერი სულიერიც.
-გაგიმეორო? -ხელი გამაშვებინა და მანამ არ გაუღიათ ხმა არცერთს, სანამ აივნიდან შინ არ შევედი.
მძღოლიც იქვე შეთქმულივით დამხვდა და წინააღმდეგობის გაწევას აღარც ჰქონდა აზრი.
რაც უნდოდათ, ის გაეკეთებინათ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ანდროს მოთმინების ფიალა იმდენად ღრმა იყო, რატი მის დაცლას ვერ შეძლებდა.
შინ მისულმა მაშინვე მოვიშორე ატკივებული ტერფებიდან ქუსლიანი ფეხსაცმელი.
ტანსაცმელიც გამოვიცვალე და შხაპიც მივიღე. ხალათითა და სველი თმით ვიჯექი შემოსასვლელში და უშედეგოდ ვცდილობდი ანდროსთან დაკავშირებას.
-რომ მიპასუხო, რა მოგივა! -გათიშულ ტელეფონს ვეჩხუბებოდი მასზე გაბრაზებული. -ჩემი ბრალია, დეიზი..
ჩემს კალთაზე თავჩამოდებულ ძაღლს მოვეფერე. მანაც ჩუმად დაიკრუტუნა და ისეთი თვალებით ამომხედა თითქოს მითანაგრძნობდა.
კარის ხმაზე ორივემ იქეთკენ გავიხედეთ.
მან გასაღები გააჟღარუნა და მერე მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა სახლში.
რახან ტელეფონზე არ მპასუხობდა, ვიფიქრე რომ შინ საერთოდ არ დაბრუნდებოდა დღეს. დაღლილი სახე ჰქონდა და განრახ მარიდებდა მზერას.
მის წესრიგში რაღაც შეცვლილიყო. არეული თვალებით გამომხედა, როცა ხმა ამოვიღე.
-სად იყავი? -ვკითხე ხმადაბლა.
-რატომ არ გძინავს? -ჩემიდან ძაღლზე გადაიტანა მზერა.
-რატომ გამომიშვი იქედან მარტო?
-რატომ გახვედი მარტო? -გეგონებოდათ ენერგია დაუბრუნდაო ისე შემომხედა. -ხომ იცოდი,რომ გამოგყვებოდა თუ ჩემი დის ნათქვამი სიტყვების დატესტვა გინდოდა, ანა? გინდა გაიგო როგორი ვარ სინამდვილეში? საკუთარი საქციელის შემდეგ სახლამდე მარტო მგზავრობამ შეგაწუხა?
-უბრალოდ სუფთა ჰაერზე მინდოდა გასვლა!
-უბრალოდ? -მომიახლოვდა ცივი ღიმილით. სხეული გამეყინა და მაშინღა გავიაზრე, რომ თხელი მატერიის გარდა არაფერი ფარავდა ჩემს შიშველ ტანს. -არ გირჩევ ჩემს გამოწვევას. მე არ ვიქნები პირველი,ვინც ჩვენს შეთანხმებას დაარღვევს.
-დამშვიდდი, არც მე ვაპირებ...
-მე მშვიდად ვარ, ანა, -ვერც კი მივხვდი როდის მომიახლოვდა ასე ძალიან. ტუჩებზე ცინიკური ღიმილი აუთამაშდა და სახიდან მზერა ჩემს მძიმე სუნთქვასა და სიცივისა და დაძაბულობისგან დაბერილ ძუძუსთავებზე გადაიტანა. სველ თმას აბრეშუმის მატერიაც დაესველებინა და ზედ ისე მიმწებებოდა საკუთარი ფუნქცია საერთოდ დაეკარგა. -ეს შენ ხარ ძალიან აღელვებული იმიტომ რომ იცი, არასწორად მოიქეცი დღეს. თუ რამე სხვა მიზეზიც გაქვს შენი ფორიაქისთვის?
-რა უთხარი რატის? -უკან დავიხიე აკანკალებული ხმით და გულზე ხელები გადავიჯვარედინე, როგორმე რომ დამეფარა გამომწვევად გამომზეურებული მკერდი. ისე ვიქცეოდი თითქოს არ მადარდებდა რომ მიყურებდა.
-სველი თმით არ დაიძინო. -მითხრა და გვერდი ამიარა, -მეორედ შენს ასეთ ქცევას ასეთი სიმშვიდით აღარ შევხვდები. ჩემთან მოთამაშეს რასაც ვუპირებ, შენც კარგად იცი.
-და რას მიზამ? -ვერ ვიტანდი მუქარას. სულ არ მედარდებოდა როგორი ვიდექი მის წინაშე. -ოჯახის წევრებივით მე ვერ დამსჯი და შენი მუქარა სხვებთან მიმართებითაც ცარიელ სიტყვებს ემსგავსება ნელ-ნელა.
-ანა. -გამაფრთხილებელი ჰქონდა ტონი.
კარზე კაკუნი გაისმა.
სადედამთილოს გაცნობის დღეც მოვიდა.......


<<<>>>
აბა როგორ მოგწონთ??? მადლობა ყველას ვინც კითხულობთ.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

მომწონს თან ძალიან ????♥️♥️

 


№2 სტუმარი ნანო

კარგია,ოღონდ უფრო მალ-მალე დადე ხოლმე.მშვენივრად ვითარდება სიუჟეტი.

 


№3  offline წევრი ავრორა

სტუმარი ნანა
მომწონს თან ძალიან ????♥️♥️

დიდი მადლობა♥️♥️
ნანო
კარგია,ოღონდ უფრო მალ-მალე დადე ხოლმე.მშვენივრად ვითარდება სიუჟეტი.

მადლობა, ახალი თავი გუშინ დილით ავტვირთე და დღეს გვიან დაიდო ამიტომ ჩემი დანაშაული არ არის დაგვიანება????

 


№4 სტუმარი მე❤

ძალიან საინტერესოა.კარგად წერთ,დალაგებულად და აზრიანად.❤

 


№5 სტუმარი Ლილიკო

Ძალიან კარგია მომეწონა????❤️

 


№6 სტუმარი Spirit

ახსლი თავი როდის გვექნება?

 


№7  offline წევრი Meri_Emi

ძალიან კარგია. კარგად წერთ. ველოდები შემდეგ თავს,მოუთმენლად ❤️❤️

 


№8  offline წევრი ავრორა

მე❤
ძალიან საინტერესოა.კარგად წერთ,დალაგებულად და აზრიანად.❤

დიდი მადლობა <3
Ლილიკო
Ძალიან კარგია მომეწონა????❤️

მიხარია რომ მოგწონთ
Meri_Emi
ძალიან კარგია. კარგად წერთ. ველოდები შემდეგ თავს,მოუთმენლად ❤️❤️

მიხარია ვეცედბი მალე იყოს ..

 


№9 სტუმარი Maromaro

rakargiaa imedia male dadeb, bevri warmateba shen❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან მომწონს, კარგად ვითარდება მოვლენები.
არ დააგვიანო გთხოვ.

 


№11 სტუმარი Ლილიკო

Ძალიან საინტერესოა, შემდეგ თავს როდის დადებთ?

 


№12 სტუმარი Ნინი

Მომეწონა დასაწყისი კარგი ისტორიაა, შემდეგ თავს როდის დადებთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent