შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარტნიორი დანაშაულში (1)


20-09-2024, 12:50
ავტორი ავრორა
ნანახია 1 344

ქალაქის თავს დატეხილმა ხმაურმა მალევე ჩემს სახლშიც რომ გადმოინაცვლა და კარზე გაუსაძლისი ბრახუნი ატყდა, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემმა ოჯახის წევრებმაც გაიგეს ახალი ამბები.
ო, რა ამბავი დატრიალდებოდა აქ.
დედა შვილს არ აიყვანდა ხელში.
ყოველ შემთხვევაში, დედაჩემი ლომის ხახაში თუ მომისვრიდა დღევანდელი დღის შემდეგ, თორემ მოსაფერებლად ნამდვილად არ იქნებოდა აქ მოსული.
ოქროსფერი დეიზი მაშინვე ფეხებთან მომიცუცქდა და წვივებზე გამისვა თავისი ფუმფულა კუდი. აწკმუტუნდა სასოწარკვეთილად. საწყალ ძაღლს დედაჩემის ეშინოდა.
-კარგი, რა, დაიკიდე, დეიზო, - ამოვიფრუტუნე უკმაყოფილოდ და ზანტი ნაბიჯებით წავედი კარის გასაღებად. -იყვირებს და წავა.
ამდენი ფიქრისგან თავი მისკდებოდა უკვე.
-შენ გააფრინე, გოგო?
გრიგალივით შემოვარდა დედაჩემი ოთახში. იმხელა ხმაზე გაჰკივლა, საცოდავი დეიზი წკმუტუნით გავარდა ჩემი საძინებლისკენ. პირველად მომინდა ჩემი შინაური ცხოველი ვყოფილიყავი.
მამაჩემი ჩუმად შემოვიდა. ზურგზე დაეკრიფა ორივე ხელი და იმხელა იმედგაცრუებით შემომხედა, რომ იმ წამს პირველად შევიგრძენი დანაშაული საკუთარი იმპულსური გადაწყვეტილებების გამო.
-რას აკეთებ, გვკლავ, დედა? გვარცხვენ? რა გიდევს, შვილო, მაგ თავში? ჩალა? -ჩანჩქერივით ეღვრებოდა პირიდან შეკითხვები დედას. -ან წყალი დამალევინე, ან ოთხმაგი კაპუჩინო!
-ლელა, დაწყნარდი. -ხმა ამოიღო მამამ.
მინის მაგიდასთან ჩამოჯდა სამზარეულოში და შუბლი ისე მოისრისა, თითქოს უდიდესი განსაცდელის წინაშე იდგა.
როგორ უნდა ამეხსნა მათთვის ყველაფერი? სიმართლე რომ მეთქვა, უარეს დღეში ჩავყრიდი. მერე მართლა დაემართებოდა გულის შეტევა დედას, მამაჩემს მართლა აღარ ექნებოდა ქალაქში გამოსაყოფი თავი.
-გვითხარი რატომ ჩაიდინე ეს. რატომ ჩაგვყარე ასეთ დღეში, მამა?
მკითხა მკაცრად. მე მაშინვე შემცივდა. მისგან არ ვიყავი მიჩვეული ასეთ საუბარს, მაგრამ ახლა ვიმსახურებდი და უნდა ამეტანა.
-დილიდან მირეკავს რატის დედა და მეუბნება, შენმა გოგომ სხვა კაცის გამო თუ ჩაშალა ქორწილი, რატომ თავიდანვე არ გვითხარიო!
ეს შეკითხვა დედაჩემის დასმულს უფრო ჰგავდა, მაგრამ არც ჩემი ყოფილი საქმროს დედას ჰქონდა მთლად დაშაქრული ენა.
გეგონებათ, ძალიან უნდოდა, რომ მისი რძალი ვყოფილიყავი. არც ჩემი სიმაღლე აკმაყოფილებდა, არც წარმომავლობა, არც თმის ფერი და არც კარიერული მიღწევები. არ იკითხავთ თვითონ რას წარმოადგენდა? სტაჟიან დიასახლისს, რომელსაც საკმარისი დრო ჰქონდა ყავის ნალექით რომ იდეალური რძლის სახე დაეხატა.
-შვილო, ეგ კაცი ირემაშვილების სერიოზული ბიზნეს ოპონენტია. ამას თუ იმიტომ აკეთებ, რომ რატი გაამწარო...
-არაფრის გამო არ ვაკეთებ ამას, მამა. -ძალიან ვცდილობდი,ხმა არ ამკანკალებოდა, როცა ტყუილს ვამბობდი. მამა ისე მიყურებდა, ალბათ ხვდებოდა ისედაც. -რატის გასამწარებლად მითუმეტეს.
-მითხარი, რა გააკეთა, რა გაწყენინა და მე მოვთხოვ მას პასუხს, ეს ცირკი რა საჭიროა? ოჯახის შექმნა სათამაშო ამბავი არ არის, მთელი ქვეყანა გიყურებთ, ანა!
-დედა, ასე როდის გამოშტერდი? -თვალები დააწვრილა ლელამ. აშკარად ვერ მცნობდა, ალბათ, ფიქრობდა რომ ჩემნაირ არსებას ის ვერ გააჩენდა და სამშობიაროში ამოუცვალეს ბავშვი. -თვითშეფასება, თავმოყვარეობა, სად დაგეკარგა, ანა!
-შენ ასე თვლი, რომ სწორია, ანა? ერთ საქმროს სამი თვის წინ დაშორდი და ახლა მეორეზე დაინიშნე... - კაცს არ სჯეროდა, ამას რომ ამბობდა. -შენი და სად არის, რატომ არ მოვიდა?
-არ ვიცი. -ცივმა ჟრუანტელმა დამიარა ჩემი ნახევარდის გახსენებისას. დედაც ხმას არ იღებდა. -დავურეკე და არ მიპასუხა. მამა, მე ასე ვთვლი, რომ სწორია. ანდრო ყიფიანი ზუსტად ის ადამიანია, ვინც მე გვერდით მჭირდება, პრინციპული, წარმატებული და ჩამოყალიბებული. ხანდახან სამი წელი არ არის საკმარისი ადამიანის გასაცნობად, ზოგჯერ კი სამი თვეც საკმარისია.
კარგად დაზეპირებული ლექსივით ჩამოვარაკრაკე ჩემი სათქმელი. ამაზე ბევრი ვიფიქრე, მინდოდა დამაჯერებელი ვყოფილიყავი და სრულიად უცხო ადამიანზე ისე უნდა მელაპარაკა, ყველას ერწმუნა, რომ მასზე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული.
ჩემი მშობლები პირამოკერილი აქციის მონაწილეებივით მიყურებდნენ, რომლებიც ჩემს გადაწყვეტილებას უსიტყვოდ აპროტესტებდნენ.
-ჩემი ქალიშვილი ცოლად რომ უნდა, არ დაავიწყდეს, რომ მას მამაც ჰყავს. -ფეხზე წამოდგა მამაჩემი.
დედამაც უსიტყვოდ გაიმეორა მისი ქმედება. ისე იყო მოქოქილი, არ მეგონა ასე მალე თუ დაშოშმინდებოდა.
როგორ ვერ ვიტანდი ამ ოფიციალურ საუბრებს და გარკვევა-გამორკვევებს, მაგრამ მამაჩემს უყვარდა, როცა ყველაფერი წესის და რიგის მიხედვით ხდებოდა. მეც მიყვარდა წესრიგი, უბრალოდ მასზე ჩემებური წარმოდგენა მქონდა.
ახლა ანდრო ყიფიანისთვის უნდა მეთხოვა, რომ მამაჩემისთვის ჩემი ხელი ეთხოვა?
კარგი, ანა, ნუ შეშფოთდები. უკან არ დაიხევ. თუ საჭირო იქნება, ამასაც გააკეთებ.
ჩემი მშობლები სახლიდან რომ გავაცილე, საკუთარი გადაწყვეტილების სიმძიმე დამაწვა მხრებზე. სად ვიყავი, ყველაფერი ჯერ კიდევ ახლა იწყებოდა.
<>
ანდრო ყიფიანი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საწვავის იმპორტირებისა და რეალიზების ბიზნესს ჩასდგომოდა სათავეში.
ყიფიანებსა და ირემაშვილებს შორის დაპირისპირება კი უკვე ორ ათწლეულზე მეტს ითვლიდა. როგორც სხვა ყველაფერი, ეს დაპირისპირებაც მემკვიდრეობით ერგოთ მომავალ თაობებს. ბიზნესი ხომ ბინძური საქმეა, წარმატების შესანარჩუნებლად სათანადო მსხვერპლის გაღება უწევთ მათ წინამძღოლებს.
საქმე ის არის, რომ ანდრო ყიფიანი ამ ყველაფერს შესაშური ოსტატობით ახერხებდა. მამამ ბიზნესის ამბებში ადრეული ასაკიდან ჩართო. მის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩაიბარა გენერალური დირექტორის პოზიცია ახალგაზრდა კაცმა.
არსად ჩანდა მისი სახელი და გვარი საქმიანობის წრის გარეთ, არც სოციალური ქსელები ჰქონდა, არც ტელევიზიაში ჩნებოდა და არც ინტერვიუების გაცემით იწუხებდა თავს. მისი სახელი უფრო მეტმა ადამიანმა იცოდა, ვიდრე თავად ის.
ანა ანჯაფარიძისა და ანდრო ყიფიანის ნიშნობის ამბავმა კი საბოლოოდ დაარღვია მის გარშემო არსებული ყველა საინფორმაციო ბარიერი.
თურმე არაფერი ყოფილა ირემაშვილების ათი ნაბიჯით უკან დახეული ბიზნესი, რომელიც ისედაც სულს ღაფავდა რატისა და მისი და-ძმების ხელში.
დაპირისპირების მეორე, ყველაზე ცხელი ეტაპი იწყებოდა.
ამჯერად ქალის მონაწილეობით.
<>
ჩვენს შორის ქორწინების კონტრაქტი იდო.
ანდრო ყიფიანი მშვიდად იჯდა თავის სავარძელში, საზურგეს მიყრდნობოდა და სახეზე მაკვირდებოდა. ალბათ, ჩემი რეაქცია აინტერესებდა.
ყველა პუნქტი დაწვრილებით გაეთვალისწინებინა.
-თუ რამე არ მოგწონს, შეგვიძლია შევცვალოთ. -მითხრა მან. მშვიდი და აუღელვებელი ხმა ჰქონდა, თუმცაღა ეს არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ მეც მშვიდი და აუღელვებელი ვყოფილიყავი. -ან დავამატოთ.
-ვადა არ გიწერია. -ჩავახველე მორიდებით, -მმმ.. ჩვენი შეთანხმების.
-შეწყვეტის ვადა ორივე მხარის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე მოხდება. მას შემდეგ, რაც მთავარი პირობა შესრულდება.
-სექსუალური პარტნიორების ყოლა გვეკრძალება? -წარბები ავზიდე გაოცებით, როცა კიდევ ერთი პუნქტი ჩავიკითხე. ისე გამიკვირდა, გეგონებათ ფრჩხილის ლაქის ფერზე ხშირად საყვარლებს ვიცვლიდე.
ანდრომ წარბები აზიდა. ოდნავ გაეღიმა. ალბათ მიხვდა კიდეც, მისგან რომ იყო გასაკვირი ამგვარი პირობის შესრულების მოთხოვნა.
-ერთმანეთის რეპუტაციას ვუფრთხილდებით მანამ, სანამ ცოლ-ქმარი გვქვია. არ გაწყობს? -ისევ წინანდელი გამომეტყველება დაიბრუნა. რბილი და შეუვალი იყო ერთდროულად.
არ მაწყობს? როგორ არ მაწყობს! მაშინვე უსიამოვნო გრძნობა დამიტრიალდა მუცელში, თუმცა არ მივაქციე ყურადღება. ერთმანეთის შურისძიების ზუსტი მიზეზი არცერთმა ვიცოდით და ყველაზე საინტერესო ამბავი ის იყო, რომ არცერთი ვსვამდით ზედმეტ შეკითხვებს.
-ქორწილის ზუსტი თარიღი შეგიძლია შენ აარჩიო. აუცილებლად ათ ოქტომბრამდე უნდა იყოს, შემდეგ ტენდერები და ბიზნეს ფორუმები იწყება და არ მეცლება ამისთვის, -ისეთი საქმიანი ტონით საუბრობდა, მისთვის ესეც აშკარად ბიზნესის ნაწილი იყო.
დიდად აღარც მე მადარდებდა როდის დავდგებოდი საკურთხეველთან და როგორი კაბით დავმშვენდებოდი. ქორწილი საერთოდ აღარ მინდოდა, სიმართლე რომ ვთქვა, მაგრამ ამას არც მამაჩემი დასთანხმდებოდა და არც ის კაცი, ვინც ეს კონტრაქტი შეთხზა.
-მანამდე მამას უნდა შენთან შეხვედრა.
-რა თქმა უნდა. უკვე შევუთანხმდი.
ხო, რატომ ვიფიქრე, რომ მის წუთების სიზუსტით გაწერილ განრიგში საცოლის მამასთან შეხვედრის დრო არ გამოინახებოდა?
-რატიმ დარეკა. -ცივად გამეღიმა მე. მასაც დაინტერესებით დაუმძიმდა თვალები. ნიკაპით ცალ ხელს ეყრდნობოდა და ისე მიყურებდა. -როგორც ყველას, რა თქმა უნდა, მასაც აქვს ეჭვი, რომ ამას შურისძიების გამო ვაკეთებთ...
-რა გითხრა კონკრეტულად?!
-ძირითადად, შენ გლანძღავდა. -ვუთხარი მსუბუქი ტონით. -მერე მეც დამემუქრა, რომ მისი შერცხვენის გამო აუცილებლად მომთხოვდა პასუხს.
დიდად სასიამოვნო არ იყო ჩემთვის რატის თავგადასულ მუქარაში გადასული მონოლოგების გახსენება. ზიზღი, ბრაზი, შეურაცხყოფა და სირცხვილი თავს იყრიდნენ და მახრჩობდნენ. დეტალები აღარ მითქვამს ჩემი ახალი საქმროსთვის.
-პირველი მოსაწვევი მას გავუგზავნოთ. -ვთქვი გამწარებულმა.
ანდროს არაფერი უთქვამს. წარმოდგენა არ მქონდა, რას უპირებდა რატი ირემაშვილს, მაგრამ მთელი გულით მინდოდა, რომ ჩემზე სადარდებელი დრო აღარ დარჩენოდა, ისეთ დღეში ჩაეგდო.
-ჯერ მამას შევხვდები. -მითხრა რამდენიმე წამის დაგვიანებით. -შემდეგ ჩემს სახლში უნდა გადმოხვიდე.
-გადმოვიდეთ. -შევუსწორე მე.
-თ?
-ხო, მე და დეიზი. ჩემი ძაღლი. ჩაამატე კონტრაქტში. მე მოვუვლი, შენ არ შეგაწუხებს.
-ანა, არ მიყვარს სახლში ცხოველები. -ხმა ისე დაუსერიოზულდა, თითქოს მისი კომპანია მილიონიანი ზარალის წინაშე დააყენა ჩემმა ძაღლმა.
-ისეთი პატარაა, ვერც დაინახავ. ჩემს ოთახში ვაცხოვრებ. -ლამის შევევედრე.
რა თქმა უნდა, არაფერი მითქვამს იმასთან დაკავშირებით, როგორ უყვარდა დეიზიკოს დილაადრიან ყეფა და წკმუტუნი, როცა ვენატრებოდი. ცოტა მოლანდებებიც სჭირდა შტერ ძაღლს, მწერებს ისე ერჩოდა, როგორც დაუძინებელ მტრებს.
-არა. -მითხრა მშვიდად და იმხელა სიმკაცრით, რომ ენა ჩამივარდა.
არადა, ლამაზი ღიმილი მაქვს და წამწამებსაც თვალწარმტაცი მშვენიერებით ვაციმციმებ. აშკარად არ გაჭრა ამ კაცზე. ალბათ, თვალებში დოლარები უნდა მეხატოს, შთაბეჭდილება რომ მოვახდინო.
-მე შენი საცოლე ვარ. -ისე შევახსენე, გეგონებათ წლებია შეყვარებულები ვართ და უკადრებელი მაკადრა, -როგორც ბიძაშვილის გადაგდებას ვერ მომთხოვ, ისე ვერ მომთხოვ დეიზის გაშვებას.
-ანა, ბიძაშვილი და ძაღლი ერთი და იგივეა?
-არა, რა თქმა უნდა. დეიზი უფრო მეტად მიყვარს ვიდრე ჩემი ნებისმიერი ბიძაშვილი. -ვუთხარი სრული გულწრფელობით.
ის ჩემს ნათესავებს არ იცნობდა. კიდევ კარგი, თორემ იმ კონტრაქტს სანაგვეზე მოისვრიდა და ისე დამემშვიდობებოდა, ხელსაც არ ჩამომართმევდა.
-ჩაამატე მანდ პუნქტი, რომ უნდა ვიზრუნოთ იმათზე, ვინც მოვიშინაურეთ. -თვალებით კონტრაქტისკენ მივანიშნე.
გულის სიღრმეში შიშის ფეთება მქონდა, რომ მოთმინების ფიალა აევსებოდა და იქედან გამომაპანღურებდა, ერთი ამოიოხრა, თვალებიც ოდნავი უკმაყოფილებით გაეცრიცა და ისევ სკამის საზურგეს მიეყრდნო.
ზედმეტს არაფერს ცდილობდა, რომ ჩვენი იდეალური ქორწინების ამბავი დამაჯერებელი გამხდარიყო გარეშე თვალთათვის.
დიდად სასიამოვნო ტიპი არის-მეთქი რომ ვთქვა, მთლად სიმართლე არ იქნება. აშკარად მძიმე ხასიათი ჰქონდა, თუ ჰქონდა საერთოდ ხასიათი. დაძაბულობა ნამდვილად არ იგრძნობოდა მის თანამშრომლებში, უფრო მეტად რიდი და თავშეკავება. მასზე მეც არაფერი ვიცოდი იმის გარდა, რომ ყველაფერს მათემატიკური სიზუსტით გეგმავდა, საშინლად მოწესრიგებული და პედანტი იყო ყველაფერთან დაკავშირებით და არ ვიცი, მართლა არ ვიცი, რატომ ჩავთვალე, რომ ასეთ ადამიანთან საქმის დაჭერა მარტივი იქნებოდა.
მაგრამ მაშინ მიღირდა...
<>
მამაჩემის სამუშაო ოთახში ისეთი დაძაბულობა სუფევდა, მე და დედაც კი თავს ვიკავებდით სუნთქვისაგან.
იმიტომ კი არა, რომ გვეშინოდა, უბრალოდ გვინდოდა ოთახის კარზე ყურმიდებულებს კარგად გაგვეგო, რაზე საუბრობდნენ.
-სად გეჩქრებათ, ანდრო? -მშვიდი იყო მამაჩემი. ჟრუანტელი მივლიდა. არ მჯეროდა, რომ ასე უნამუსოდ ვაბრმავებდი ჩემს მშობლებს. -სამი თვე ძალიან ცოტაა ადამიანის ისე გასაცნობად, რომ მასთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტო.
-ზოგჯერ საკმარისია. -ისე ბუნებრივად გასცა პასუხი, მეც კი დავიჯერე.
-ძალიან, ძალიან იშვიათად არის საკმარისი.
-თქვენი შვილი ეს იშვიათი შემთხვევაა, ბატონო გიორგი. -წამიერმა სიჩუმემ მე და დედაჩემი გადაგვყლაპა. -თქვენც ხომ იცით, ანას გულწრფელობის საოცარი უნარი აქვს. შეუძლებელია მისი გაცნობა და შეყვარება ვერ მოახერხო.
რაო? რას ბოდავს... სად ნახა ჩემი გულწრფელობა? ერთი სიმართლე ვუთხარი და ათი დავუმალე.
აშკარად ჩემზე უკეთესი მსახიობია ეს კაცი.
დედაჩემმა ისეთი თვალებით გამომხედა, აშკარად მე კი არა ოქროში ამოვლებულ ქანდაკებას უყურებდა. ის პირველი მსხვერპლი იყო ანდროს უბადლო შესრულების. გეგონებათ გუშინ საძაგელი სიტყვებით არ გამომლანძღა.
-ზრდასრული კაცი ხარ, ჩემი შვილიც ზრდასრული ქალია. იმედი მაქვს, იცით, რასაც აკეთებთ. არ მინდა რომელიმეს სახელი უსამართლო ტყუილებში გაისვაროს, ანდრო. ანა შეიძლება თავს აჩვენებს, რომ ასე არ არის, მაგრამ მისთვის სიმშვიდე და ხალხის პატივისცემა მნიშვნელოვანია. წინა ურთიერთობა ყველასგან გაურკვეველი მიზეზით დაანგრია...
-მე ვიცი მიზეზი, -აჰა, კიდევ ერთი ჭკვიანურად მოფიქრებული ტყუილი. მე გული ისე ამიჩქარდა, რომ გასკდეს არ გამიკვირდება. ვნერვიულობდი. -ჩვენს შორის არაფერია დაფარული. ჩემს ცხოვრებაში არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა გაუაზრებლად, ოჯახთან დაკავშირებული მითუმეტეს. თქვენი ქალიშვილი ჩემ გვერდით მხოლოდ მშვიდად კი არა, ბედნიერიც იქნება.
შერეული გრძნობები გამიჩნდა მის მიმართ. ვეღარ ვიგებდი, სად ამბობდა სიმართლეს და სად სტყუოდა. ისეთი დამაჯერებელი იყო, ისეთი დარწმუნებული საკუთარ სიტყვებში, რომ არ მცოდნოდა ჩვენი ურთიერთობის დეტალები, მის ყველა სიტყვას ვირწმუნებდი.
რომ შეხედავდი, ისედაც ისეთი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ შეუძლებელი იყო მასში ეჭვი შეგეტანა. იფიქრებდი, რომ ასეთი მაღალი, მხრებში გაშლილი და თავდაჭერილი სწორედ იმიტომ იყო, რომ ცხოვრებაში შეცდომა არ დაუშვია, რომ ტყუილი და მლიქვნელობა შორს იდგა მისგან.
ორსახოვნება აღარ მაკვირვებდა, სამაგიეროდ, იმაში მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ ანდრო ყიფიანი პირობას არაფრის ფასად არ დაარღვევდა.
და მაშინ ესეც საკმარისი იყო, ან საკმარისზე მეტიც.
ოთახიდან რომ გამოვიდნენ მე და დედა უკვე სუფრას ვშლიდით. ვცდილობდი, ბუნებრივად ვყოფილიყავი და აშკარა არ გამხდარიყო, პირველად რომ უნდა მევახშმა ჩემს საქმროსთან ერთად.
-ხომ დალევ? -მამამ წითელ ღვინოს თავი მოხსნა. ამ საფერავს წლების განმავლობაში ინახავდა, ვერ მივხვდი, მაინც და მაინც ახლა რატომ მოინდომა მისი გახსნა. -უარი არ მიიღება.
ოდნავ შეჭოჭმანდა ანდრო. მეც მას შევხედე. სადღაც შორს მიმალულ ემოციებში ეტყობოდა, რომ მხოლოდ პატივისცემის გამო არ სურდა უარის თქმა.
-ანდრო არ სვამს, მამა.. -დახმარება ვცადე, ოდნავ მივუახლოვდი ყიფიანს.
-პირველად არის ოჯახში, რას ჰქვია არ სვამს? -უკვე ჭიქებში ასხამდა გიორგი ღვინოს.
და აი ისიც, მეოთხე თავის მეშვიდე ქვეპუნქტი.
10.7.უსაფრთხოებაზე ზრუნვის ვალდებულება: გულისხმობს გამოუვალ სიტუაციებში პარტნიორისათვის სავარაუდო საფრთხის თავიდან არიდებას.
ანუ ის თუ ნასვამი იქნება, საჭესთან მე უნდა დავჯდე.
მშვენივრად იმუსაიფეს. მამა აშკარად იცნობდა ანდროს მამას. ერთი-ორი გადაკრული სიტყვა ახსენეს მასზე, სიღრმეებში არ ჩასულან.
კარის და შემდეგ ნაბიჯების ხმამ ჩემი ყურადღება მიიქცია. ფეხსაცმლის კაკუნს მალევე მოჰყვა ჩემი დის, (უფრო სწორად, ნახევარდის) მაღალი, ტანადი სხეულის გამოსახულება.
იდეალური იყო. გრძელი ქერა თმა ოდნავ გვერდზე გადაეყარა, ღია ცისფერი თვალები სირენებივით უნათოდა და ისე იღიმოდა, თვალს ვერ მოსწყვეტდი.
-რა ხდება, რა ამბავია? -ღიმილით შემოგვხედა სუფრაზე მსხდომთ. ანდროს უფრო დიდხანს გაუსწორა მზერა. -გამარჯობა. შენ ანდრო უნდა იყო.
-ჩემი დაა, ლინდა.
აუხსნელადაც მიხვდა ანდრო, ვინც იყო. დიდად არ ვგავდით მე და ლინდა ერთმანეთს, თუმცა ჩემს რეაქციებს ისე აკვირდებოდა ყიფიანი, რომ აშკარად რაღაცის წაკითხვა უნდოდა.
არც მე ვარ შენზე ნაკლები მსახიობი-მეთქი, მინდოდა მეთქვა, მაგრამ ჯერ არ ვიყავით კულისებში.
რაც არ უნდა იყოს, მაინც ვერ ვახერხებ და თავს ბოლომდე ვერ ვერევი. საშინლად მბოჭავს და თავბრუს მახვევს ლინდას შემომატება ჩვენს სუფრასთან. ჩემს დაკვირვებულ მზერას უდარდელი ღიმილით პასუხობს, მის გულს არაფრის დარდი არ ეკარება აშკარად, როცა ჩემი იგლიჯება და კუწმაწდება ათას ნაწილად.
თითქოს სისხლი გადამესხა. ცეცხლი შემენთო და ყველა მიზეზი გადამავიწყდა, რის გამოც უარი უნდა მეთქვა იმაზე, რასაც უკვე დავთანხმდი.
უხმოდ ჩავიარეთ კიბეები. თავისი გასაღებიც უსიტყვოდ გამომიწოდა ანდრომ და მგზავრის ადგილას დაჯდა.
საკუთარ პარამეტრებს მოვარგე მისი უზომოდ გაშლილი მძღოლის სავარძელი.
რა უნდა მეთქვა? მადლობა? არადა, ლაპარაკის თავიც არ მქონდა, უკვე იმდენი ვინერვიულე. არც თვითონ იღებდა ხმას.
რამდენჯერმე გავხედე მის ჩაფიქრებულ პროფილს. არ ჰქონდა მკაცრი გამომეტყველება, მაგრამ რაღაც ამძიმებდა მის სახეს. მძიმედ სუნთქავდა, ამიტომაც მესმოდა ასე გარკვევით მისი სუნთქვის ხმა.
-შენს ოჯახს როდის გავიცნობ? -ვიკითხე ბოლოს.
ვიცოდი, რომ მამა გარდაცვლილი ჰყავდა, მაგრამ დედა და და არ უხსენებია. მართალია, ჩვენი ურთიერთობა მშრალი შეთანხმების გარდა სხვა არაფერი ყოფილა და არც ოჯახის წევრებს ჰქონდათ იმაზე მეტი მნიშვნელობა, ვიდრე ეს შეთანხმება გვავალდებულებდა, მაგრამ მაინც დავინტერესდი.
-მამა გარდაცვლილია. დედა და და საზღვარგარეთ არიან. იქ ცხოვრობენ. -მითხრა მოკლედ.
-არ ჩამოვლენ ქორწილისთვის?
-არა.
-რატომ? -აშკარად ეტყობოდა, რომ არ უნდოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ არ მოვეშვი.
-არ არის საჭირო შენთვის ამის ცოდნა, ანა.
-რატომ? შენ ხომ გაიცანი ჩემი ოჯახი. ჩემები თუ იქნებიან ქორწილში, შენები რატომ არ უნდა იყვნენ?
-მე ვწყვეტ, ვინ იქნება ჩემი მხრიდან ქორწილში. -მკაცრად გამომხედა მან. მიმანიშნა, რომ ტონით თუ ვერ მიხვდი, გამოხედვამ მაინც მიგახვედროს, რომ შეწყვიტო შეკითხვების დასმაო. -მე არ ვინტერესდები იმ დეტალებით, რომელიც არ მეხება. ნურც შენ...
-რომ მკითხო, გიპასუხებ. ასეთი დეტალები უნდა ვიცოდეთ ერთმანეთზე, ანდრო.
-შენს დასთან რატომ არ გაქვს კარგი ურთიერთობა? -ნიშნისმოგებით მკითხა მან.
-საიდან მოიტანე? -გაცინება ვცადე მე.
-ტყუილის თქმას გირჩევნია არაფერი თქვა, ანა.
-მშვენიერი ურთიერთობა მაქვს!
-გზას უყურე.
-საერთოდ შენ რატომ არ დაჯექი საჭესთან? ჯარიმას ვერ გაწვდები? -გავბრაზდი. მეც დაღლილი ვიყავი. მას არავინ დააკავებდა იმის გამო ,რომ ორი ჭიქა საფერავი დალია.
ისეთ სისულელედ მოეჩვენა ჩემი შეკითხვა, პასუხიც კი არ გამცა.
-ჯერ შენთან წადი. -მეგონა თვალები მოხუჭული ჰქონდა, თურმე ყველაფერს ხედავს.
-რატომ? დაგტოვებ ჯერ შენ.
-ჯერ შენთან წადი. ტაქსით გავალ მე სახლში.
ისე გამიმეორა, აღარ შევწინააღმდეგებივარ.
ჯერ ერთი, აზრი არ ჰქონდა და მერე მეორეც, ძალიან ვიყავი დაღლილი და არ მქონდა ამდენი მოგზაურობის თავი შუაღამის ქალაქში. დიდად გადასარევი კომპანიონი ისედაც არ ყოფილა, საშინლად ნელა მიიზლაზნებოდა დრო მის გვერდით.
<>
დილაადრიან რატი ირემაშვილი შემოიჭრა ჩემი კორპუსის ეზოში.
ისე ჰაეროვნად შემოსრიალდა მისი პორშე, ხმა ყველაზე ცნობისმოყვარე მეზობლებსაც არ გაუგიათ. სამაგიეროდ მანქანის მეპატრონე გადმოვარდა დაჭრილი მხეცივით.
-რატი, რა გინდა აქ? -ვკითხე მშვიდად და ხმადაბლა. კართან ვიდექი უკვე, რომ არ დაეკაკუნებინა.
-მელოდი, ძვირფასო? -ორი კიბის ქვემოთ გაჩერდა ის და ამომხედა გამოუძინებელი, განრისხებული თვალებით.
-შენ არა.
-ააა, შენს ახალ საქმროს ელოდები? -ის ორი საფეხურიც ამოიარა და წინ დამიდგა. -სალაპარაკო მაქვს შენთან.
-შიგნით ვერ შემოხვალ, რატი, ხომ იცი. -ჯარისკაცივით გავმაგრდი კარში, -მე არ მაქვს შენთან სასაუბრო და ჯობია წახვიდე, სანამ ანდრო მოვა.
-ანდრო... -თავი გააკანტურა და წელით მიეყრდნო კიბის მოაჯირს. გულზე გადაიჯვარედინა ხელები. -ამას რატომ აკეთებ? რატომ გინდა ჩემზე შური რომ იძიო? ხო იცი, რა საშინელია ეგ კაცი, მაგას ცოლად როგორ მიყვები, გოგო! მე რომ გამამწარო ასე... უთავმოყვარეოდ როგორ იქცევი?!
-სიტყვები აკონტროლე. შენზე შური რატომ უნდა ვიძიო? აღარ მიყვარხარ და დავშორდით. გავიცანი ადამიანი, რომელიც მიყვარს და მას მივყვები ცოლად. შენ აღარ გეხება დანარჩენი.
-კარგად იცი, რომ მე მეხება ყველაფერი, რაც გეხება შენ. რაც ეხება იმ ეშმაკ ყიფიანს. ხომ იცი, მისი დამსახურებით რომ განულდა ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო. ფულის გამო ეგ ტიპი არავის დაინდობს. შენ რით შეგაყვარა თავი? -თავი გვერდზე გადახარა და კარგად დამაკვირდა. საკუთარ თავს ამდენის უფლებას როგორ აძლევდა, ასეთი არაკაცი როგორ იყო.
ისე მინდოდა ყველაფერი პირში მიმეხალა, რომ უთქმელმა სიტყვებმა დამახრჩეს და ხმა ვეღარ ამოვიღე.
-ვერ დავიჯერებ, რომ შენ ვინმეს ფულის და ძალაუფლების გამო მიყვები ცოლად.
-ყველაფერი ნათელია, რატი. წადი და ნუ მოდიხარ აქ. ვიცი, რთულია შენთვის, მაგრამ მეცი პატივი და თავი გამანებე.
-ჰო, რთულია ჩემთვის, რომ თავი გაგანებო შენ. -რა თქმა უნდა, უკუღმა გაიგო მისმა თავმა ყველაფერი. -ვისი ცოლიც არ უნდა გახდე...
-ისიც გისმენს, ვისი ცოლიც უნდა გახდეს და კარგად დაფიქრდი, სანამ რამეს იტყვი. -ერთი სართულით ქვემოდან მოისმა ანდროს ხმა.
მშვიდად ამოდიოდა კიბეებზე და ეს სიტყვებიც ისე აუღელვებლად და ტონის უცვლელად თქვა, თითქოს ორი სართულით მაღლა არ უნდა გაგვეგონა.
-მოვიდა სასიძოც.
ქვემოთ ჩაიხედა რატიმ ღიმილით.
მე აღარ მომწონდა უკვე ეს სიტუაცია.
-შენ რა გინდა სხვისი საცოლის კართან? -შეუფერებელი სიმშვიდით ჰკითხა ანდრომ.
-სამი თვის წინ...
-ფრთხილააად. -სახე გაეყინა ყიფიანს, -სამი თვის წინ ცოცხალი იყავი, სამ წამში შემიძლია აღარ იყო.
-ასე რომ არ დამთავრდება, შენც ხომ იცი?
-რატი, გეყოფა. -კარიდან გამოსვლა ვცადე მე, თუმცა ანდრომ ისე გამოსწია ხელი გვერდზე, აშკარად უნდა დავტეულიყავი იქ, სადაც ვბრძანდებოდი.
-როგორ დამთავრდება აბა? მოიფიქრე კარგად და მერე გამეცი ოღონდ პასუხი.
უთხრა და შემდეგ ისე შემობრუნდა ჩემკენ, ვითომ არაფერი უთქვამს საერთოდ.
დაუპატიჟებლად შემომეჭრა სახლში და ზურგსუკან მიიხურა კარი.
წკავწკავით გამოექანა დეიზი მისკენ. შეკრული წარბებით დააჩერდა ანდრო ზემოდან და მისით მოხიბლულმა ოქროსფერმა, უკან დაიხია, გაეპრანჭა და მიელაქუცა.
-ეს არის ის? -მკითხა ზერელედ.
-რატი?
-რატი ვიცი ვინც არის, ანა, შენს ძაღლზე გეკითხები. -ისევ დეიზის გახედა. აშკარად ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა ეცხოვრა მასთან ერთად.
-ხო, ეს არის დეიზი.
გამიკვირდა, რატიზე რომ აღარაფერი მკითხა. მელოდა, სანამ ფეხსაცმელს ვიცვამდი და დეიზის თავის თეფშზე საუზემს ვუყრიდი.
-ჭკვიანად იყავი და ჩუსტები არ შემიჭამო. -დავარიგე ჭკუა ოქროსფერს, რომელიც საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას და მხრებში გავსწორდი. -აჰა, შენი გასაღები.
-მე დაგტოვებ სამსახურში.
-არ არის საჭირო, მეც მყავს მანქანა. -ჩემი „ვოლვოს“ გასაღები ავუფრიალე, გეგონებათ ამით გავაოცებდი.
ერთად ჩავიარეთ ერთი სართული. ჩემმა მოთმინებამ მეტად ვეღარ გაუძლო. ამაზე აუცილებლად უნდა მემუშავა, თორემ აშკარად უფრო მეტ შეკითხვას ვსვამდი ვიდრე თვითონ და არ იყო გამორიცხული კონტრაქტით შეეზღუდა კითხვების რაოდენობა.
-რას აპირებ რატისთან დაკავშირებით?
-რას უნდა ვაპირებდე? -გადმომხედა ოდნავი გაკვირვებით. -არაფერს.
-მართლა შენ გამო... კოტრდება?
-ჩემ გამო არა, -აშკარად არ ესიამოვნა შეკითხვა, ვერ გაიგებდი სიმართლეს ამბობდა თუ უბრალოდ იმას, რისი მოსმენაც მსურდა. -სულელი რომ არის, იმის გამო კოტრდება.
ბოლომდე მაინც ვერ ვხვდებოდი, მას მაინც რაში სჭირდებოდა ეს ყველაფერი, მთელი ეს მასკარადი და დადგმული სცენარით ცხოვრება. რასაც აჩენდა, ალბათ არაფერი არ იყო რეალური. სინამდვილის დაფარვა კი კარგად შეეძლო. ამას გაცნობის დღიდან მივხვდი.
და არც უნდა დავინტერესებულიყავი. სხვათაშორის, ესეც კონტრაქტის ნაწილი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასაც ექნებოდა უფლება სცოდნოდა, რატომ ვიყავი თანახმა ამ ქორწინებაზე.
<>
-როგორ ენდობი ამ კაცს? -სამუშაო ოთახში შემომეჭრა ელენე.
-ჩუმად, მშვიდად...
ზოგადად, სიტყვა სიმშვიდის მნიშვნელობა ისედაც არ ესმოდა ჩემს მეგობარს. დიდი აურზაურა ვინმე იყო. მაგრამ ამას ჩემი ზედმეტი ახსნები არც სჭირდება, თავზე აბურდულ ხვეულ თმაზე ეტყობოდა, რომ ქაოსი იყო მისი სიმშვიდის ნაწილი.
-მშვიდად კი არა თუ გავრეკე! -ხმადაბლა აყვირდა ის. -როგორ რისკავ? ადამიანს არ იცნობ წესიერად, ანა. ეს არასწორია. გიჟი რომ აღმოჩნდეს?
-კარგი რა. ადამიანში ერთხელ რომ შევცდი, არ ნიშნავს სულ ასე იქნება.
-არ ნიშნავს, მაგრამ დიდი შანსია. მაგ კაცზე არავინ არაფერი იცის. თვითონ რომ მოვიდა ოჯახის გასაცნობად, შენ თუ გაგაცნო თავისი?
ენა ჩამივარდა. რა უნდა მეთქვა?
-იმდენი ფული აქვს... ყველაფერი შეუძლია გააკეთოს და დაფაროს დაუფიქრებლად. გოგო ნუ გადამრევ. რატის კი არა არავის გამო არ უნდა გააკეთო ასეთი რაღაც. მითუმეტეს ყველა ისედაც ყველაფერს ხვდება.
-ფული მეც მაქვს, ელენე. -ხმა გამიცივდა. -თუ ძალაუფლება ამაშია. თან ყველაფერი.. სამართლებრივად რეგულირდება ჩვენ შორის.
-რაო? -სახე მოეჭყანა მას. მოძველებული კომპიუტერივით ნელა მუშაობდა მისი ტვინი. როგორც იქნა ჩაიტვირთა და თვალები გაუფართოვდა. -კონტრაქტი გაქვთ?
-გვაქვს.
-ბეწვის ხიდზე რომ გადიხართ ორივე, ხომ ხვდებით? ვინმემ რომ იპოვოს ეგ კონტრაქტი...
-ვერავინ იპოვის. ჩვენ სამის გარდა არავინ იცის.
-იმან იცის მე რომ ვიცი?
-არა და არც უნდა გაიგოს. -თვალებით გავაფრთხილე. -მსახიობობას მოუხმე.
-ვაიმე, ვაიმე. -შუბლზე იტკიცა ხელი.
-რატი იყო მოსული დღეს ჩემთან.
-ნაგავი ვირთხა! როგორ გაბედა მოსვლა?
-ჩვეულებრივად. არც მან იცის, რომ ვიცი. გაურკვევლობაშია და თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობს. -ყველა ემოციისაგან დამეცალა სხეული. -იმ ერთ ნაბიჯზე ხომ გსმენია, სიყვარულს და სიძულვილს რომ აშორებს ერთმანეთისგან. მე ნაბიჯის გადადგმაც არ დამჭირდა, ერთ წამში გადამეტვირთა ყველაფერი.
-რა გითხრა? -ზრდასრული ქალის სახე დაიბრუნა ელენემ და მშვიდად დამიჯდა წინ.
-ფულის გამო რომ არ მიყვები ვიციო.
-საქონელი! ფულის გამო თვითონ მოჰყავდი ცოლად.
-თავს არ გაგანებებო.
-უნამუსო. კაი, ნუღარ მიყვები თორემ ამეშალა ნერვები და დღეს კვლევა მაქვს დასამთავრებელი! -თვალებზე მიიჭირა თითები. აზმუვლდა ბრაზისაგან.
-ანდრო მოვიდა მაგ დროს.
-ოჰოოოოო. -მაშინვე დაქაჩა ნასრესი და ჩაწითლებული თვალები. -რაო „სიძე პრო მაქსმა“?
-არ ათქმევინა არაფერი. ის იმუქრებოდა და ამან ზურგი შემოაქცია და სახლში შემომაბრუნა.
-აი ეგრე! იმედია საცოდავ ირემაშვილს ეგონა, რომ მაგარი სექსიც გქონდათ თან, როცა კარი მიუხურეთ ცხვირწინ.
-ელენე. -სახე დამეჭიმა. უსიამოვნო შეგრძნება დამიტრიალდა მუცელში. -ნუ ამბობ ასეთ რაღაცებს, როგორ ვერ ვიტან!
-კონტრაქტში მაგაზე რა წერია ისე? თვეში ერთხელ უნდა ქნათ თუ...
-არა! -შევყვირე შეშფოთებულმა. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ასეთი უსირცხვილობა. -არაფერი გვექნება ერთმანეთთან და არც სხვასთან, სანამ ერთად ვართ.
-ეგ იმან ჩაწერა? -თვალები მალე ბუდეებიდან ამოუცვივდებოდა ელენეს ამდენი სულისშემძვრელი ინფორმაციის მოსმენის შედეგად. -გოგო... თქვენ...კაი არაფერი!
-თქვი.
-არაფერი, არაფერი. -ხელები აიქნია. არაფრის დიდებით არ გეტყვიო. -კაი,გეტყვი. მაგის გარეშე როგორ უნდა გაძლოთ?
-ელენე... -ნერვები ამეშალა. მეც რას ჩავაცივდი, ხომ ვიცოდი ჭკვიანურს და დალაგებულს რომ არაფერს მეტყოდა?
-ა, უი, შენ ხო ისედაც... -ჩაიფრუტუნა მერე. -virgin.
-გადი და საქმეს მიხედე.
-როგორი ტიპია ისე? -ადგილიდან არ დაძრულა, განაგრძობდა დაცინვას.
-რავი, ჩვეულებრივი.
-ჩვეულებრივი? -არ დამიჯერა, მეც სისულელე ვთქვი, რა თქმა უნდა, არ იყო ჩვეულებრივი.
-ელენე, როგორ გინდა რომ დაგიხასიათო? მისი სულის სიღრმეები არ მაინტერესებს. ორივესთვის საქმის ნაწილია ეს...
-კაი, კაი. -ჩაიქირქილა და დაუკმაყოფილებელი გავიდა ჩემი ოთახიდან.
მას ყველაზე მეტად ვენდობოდი. ჩემი ყველა ძვირფასი და მნიშვნელოვანი საიდუმლოების სკივრის გასაღები მხოლოდ ელენეს ჰქონდა.
<>
რატი რომ არ მოისვენებდა ასე მარტივად, მშვენივრად ვიცოდი. მთელი ქალაქი მასზე ლაპარაკობდა.
ჩემზეც, რა თქმა უნდა. ჩემზე უფრო მეტსაც ლაპარაკობდნენ. კარგად მლანძღავდნენ, როგორ ვარჩიე ერთი კაცის თავს მეორე და როგორ დამაბრმავა ანდრო ყიფიანის ოქროს მთებმა.
როგორ მივატოვე საყვარელი ადამიანი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან და რთულ დროს.
მართლებიც იყვნენ.
ფაქტი ფაქტად რჩებოდა, რატი ირემაშვილი ნამდვილად არ იდგა თავისი ცხოვრების ყველაზე საამაყო საფეხურზე. თავზე ენგრეოდა ყველაფერი.
ასეთ დროს განსაკუთრებულად ეპოტინებიან ხოლმე ადამიანები თავიანთ ძვირფასებს, უფრთხილდებიან მათ ვინც გვერდით უდგათ, ვისაც უყვართ, ვინც ჯოჯოხეთშიც ჩაყვებათ სიყვარულიანად.
მართალი იყო ანდრო ყიფიანი, სულელი გახლდათ რატი ირემაშვილი და მეც სულელი ვიყავი, შეიძლება მასზე უფრო სულელი...
დიდი დრო არ დასჭირვებია ისეთი ამბის გამოსაქექად, რაც ყიფიანების ოჯახის რეპუტაციის მთებს შეაზანზარებდა.
იმ საღამოს ანდროს ბიძასთან და ბიცოლასთან ვიყავით სტუმრად ვახშამზე.
-სარძლოს გაცნობა უნდათ. -მითხრა მან. თითქოს თავისი სურვილი დიდად არ ყოფილა ჩემი იქ წაყვანა.
-ასე წამოვიდე? -ოფისის ფორმაში ვიყავი გამოწყობილი. პიჯაკი და მაღალქუსლიანი მეცვა. ზედმეტად ოფიციალურად გამოვიყურებოდი საქმროს ოჯახთან შესახვედრად.-გამოვიცვლი მაინც.
-ჩვეულებრივი საღამოა, ანა. თავისუფლად იყავი.
ამას ხომ ვერაფერს გაუგებ. ვერ იყო რაღაც ხასიათზე, მაგრამ დიდად კლოუნის როლის შეთავსებაზე აღარ მიფიქრია.
თვითონაც გაიხადა პიჯაკი და უკანა სავარძელზე გადაკიდა. მკლავებიც შეუხსნა თეთრ პერანგს და ოდნავ აიკეცა.
არც ტატუები ჰქონდა და არც რაიმე განსაკუთრებული გარეგნობაში. ხორბლისფერი კანი კი სასიამოვნოდ შეეფერებოდა მის ჩაცმულობასა და მწვანე თვალებს, რაც კარგი ჰქონდა, ვერ დაუკარგავდი.
იმდენად შეუძლებელი იყო მისი ემოციების დანახვა და შეცნობა, რომ მიჭირდა მე თვითონაც მქონოდა რაიმე წარმოდგენა ამ ადამიანზე. ცივი პატივისცემის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი. ზუსტად ისე, როგორც უბრალო თანამშრომელთან, რომელსაც სამსახურში მხოლოდ გამარჯობას და ნახვამდის ეუბნები.
სამაგიეროდ ბიძა და ბიცოლა ჰყავდა სახემოცინარი და ბედნიერი ხალხი.
ველოდი, რომ ძალიან დიდები იქნებოდნენ, ერთი-ორ ჭაღარასაც შევამჩნევდი მათ თმაში და გულის სიღრმეში მაინც ვღელავდი უფროს თაობასთან შეხვედრის წინ, მაგრამ აშკარად პატარა ძმა უნდა ჰყოლოდა ანდროს მამას. თანატოლებს ჰგავდნენ.
ბიცოლაც... ამ სახელის დაძახებაც კი მომერიდა ისე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა მარიამი.
პატარა შვილიც ჰყავდათ - ალექსანდრე. ოქროსფერთმიანი ბიჭი, რომელსაც ორი წამი დასჭირდა მხრებზე რომ შეფრენოდა ბიძამისს.
ანდრომაც ღიმილით შემოისვა ბიძაშვილი კისერზე.
-ეს დოდო ვინ არის?
-ანდროს საცოლეა, ალექს, მე შენ რა გასწავლე? -შვილს ახედა მარიამმა. ხელით მე მანიშნა, შემოდიო.
-კეთილი იყოს... -ისე დაება ენა,როგორც ლექსის მოყოლისას.-თქვენი ფეხები.
-ყოჩაღ დე!
მხრებიდან უცებ და სიცილ-კისკისით ჩამოიგდო ანდრომ ბავშვი და ახალშობილივით მოიქცია ხელებში. აკოცა რამდენჯერმე.
ვერ ვიტყვი, რომ მოულოდნელი იყო მისგან ასეთი გულთბილი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ, მე ხომ არც ვიცნობდი წესიერად, მაგრამ რაღაც უცნაური იყო მაინც მისი ამ მდგომარეობაში დანახვა.
-ანა, როგორც იქნა გაგიცანით. ანდროს საერთოდ არაფერი უთქვმს შენზე! -საყვედურით აიმაღლა ხმა,ადრესატს რომ გაეგონა.
-არ უყვარს ლაპარაკი და იმიტომ. -ბიძამ უცებ გამოუსწორა „დანაშაული“ ძმისშვილს. -თორემ დარწმუნებული ვარ, ბევრი აქვს სათქმელი.
კი, როგორ არა, რომ დააჯინო ერთ ათგვერდიან კონტრაქტს ჩამოგირაკრაკებთ.
-ჩემზე ნუ ლაპარაკობთ. -შენიშვნა მოგვცა.
-ო, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია! -დაემუქრა მარიამი. -ძალიან გვახარებს შენი გაცნობა, ანა.
-მეც. -გულწრფელად გავუღიმე და ალბათ ეს იყო პირველი მართალი სიტყვა, რაც ანდრო ყიფიანის გარემოცვაში წამომცდა.
ძალიან მოკლე სიტყვა კი იყო იმ კაცის კვალობაზე, ვისაც ცოლად მივყვებოდი, მაგრამ მართლა მახარებდა ნორმალური ადამიანების გაცნობა მის გარშემო.
გვერდით ბავშვიანად მომიჯდა. არანაირი ოფიციალური ვახშმის სახე იმ საღამოს არ ჰქონია, როგორც ანდროს პირიდან ნათქვამი ჟღერდა. ის ხომ ყველაფერს საქმიან იერს აძლევდა ისედაც.
ძალიან ოჯახური იყო ყველაფერი. მეც თავისუფლად ვიგრძენი თავი.

მოგვიანებით აზუზუნდა მისი ტელეფონი. არ აპირებდა პასუხის გაცემას, თუმცა არ მოასვენეს. ნელ-ნელა რეკვები მიშკასთანაც ატყდა და მარიამთან ერთად მეც დავფეთდი, ელენემ რომ შემოუტია ჩემს მობილურს.
-ელე, რა ხდება? -აივანზე გავედი. ეჭვი მქონდა, რომ რაღაც ისეთს მეტყოდა, რასაც ყიფიანებთან ექნებოდა კავშირი.
-ინტერნეტში შედი! აფეთქებულია ყველაფერი ყიფიანის დედის ამბებით!
-რა? -შევშფოთდი მე. უნებურად გავხედე ანდროს დაძაბულ სხეულს, ღია ფანჯარაში რომ მოჩანდა. -რა ამბებით...
ისე მოეჭირა მობილურისთვის ხელები ანდროს, რომ სახსრები გათეთრებოდა.

„სკანდალური კადრები ქართველი ბიზნესმენის, ანდრო ყიფიანის დედის პირადი ცხოვრებიდან. ეკა სანიკიძე თამაზ ირემაშვილის საყვარელია. იხილეთ წყვილის კადრები დუბაიდან“

<<<>>>
მაინტერესებს როგორ მოგეწონებათ ^_^

შემდეგს დავდებ სამ დღეში.



№1 სტუმარი სტუმარი თამარი

კარგი დასაწყისია, ველოდები მოვლენების განვითარებას, ვფიქრობ საინტერესო ისტორია იქნება

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

გელოდებით????????

 


№3 სტუმარი სტუმარი თეა

საინტერესოაა , ეცადეთ მალე დადოთ ხოლმეე რომ მეტი მკითხველი გყავდეთ ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი Mariami

dzaliann kargiaaa warmatebebii❤️

 


№5  offline წევრი ავრორა

სტუმარი თამარი
კარგი დასაწყისია, ველოდები მოვლენების განვითარებას, ვფიქრობ საინტერესო ისტორია იქნება

დიდი მადლობა თამარ ვეცდები საინტერესო იყოს!
სტუმარი თეა
საინტერესოაა , ეცადეთ მალე დადოთ ხოლმეე რომ მეტი მკითხველი გყავდეთ ❤️

მალე იქნება შემდეგი მადლობაა
სტუმარი Mariami
dzaliann kargiaaa warmatebebii❤️

მადლობაა
სტუმარი ნანა
გელოდებით????????

მალე დავდებ მადლობა რომ წაიკითხეთ <3

 


№6 სტუმარი Елка

Дасацхиси момецона моутменлад давелодеби. Мадлоба

 


№7  offline წევრი ავრორა

Елка
Дасацхиси момецона моутменлад давелодеби. Мадлоба

მადლობა თქვენ <333 მალე იქნება!

 


№8 სტუმარი Ლილიკო

Ძალიან მომეწონა, კარგი დასაწყისია, შემდეგ თავს როდის დადებით?

 


№9  offline წევრი ავრორა

Ლილიკო
Ძალიან მომეწონა, კარგი დასაწყისია, შემდეგ თავს როდის დადებით?

დიდი მადლობა. შემდეგი თავი ატვირთულია და ელოდება ადმინის დადასტურებას.

 


№10 სტუმარი სტუმარი იაკო

კარგი დასაწყისია, თუმცა ვერ გავიგე ეს გოგო რა მიზეზით დათანხმდა ამ ქორწინებას, ალბათ შემდეგ თავებში გავიგებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent