რატომელა [სრულად]
უცნაური გოგო იყო რიკი. რაც თავი ახსოვდა, ყოველთვის ეძებდა პასუხს კითხვაზე “რატომ”. თუ ვერ პოულობდა, შფოთვა კანქვეშ უძვრებოდა და თავქუდმოგლეჯილი დარბოდა მთელს ორგანიზმში. იპოვიდა რიკის სულის უსიერ ტყეში უძველეს ხეს, რომელიც აწ უკვე დაიღლილიყო დედამიწის პარაზიტების ცხოვრებაზე თვალყურის დევნით და მისი ნახევრად ჩამპალი ფესვების ღრღნას იწყებდა. ხშირად ყოფილა მის ცხოვრებაში სიტუაცია, როდესაც მისი ეს ჩვევა მასვე აყენებდა ზიანს. აი, ერთ-ერთი მათგანიც… - მაკდონალდსის ლოგო ასეთი რატომაა? - ღეჭვით გართულმა ჰკითხა მის პირისპირ მჯდომ მამაკაცს. - ასე გადაწყვიტეს. - კი, მაგრამ რატომ? - იმიტომ, რომ შემქმნელს ეს ფერები მოსწონს. - რატომ მოსწონს, ნეტავ, მაინცდამაინც ეს ფერები? - იმიტომ, რომ შენ იკითხო. - მობეზრებით აატრიალა თვალები არტურმა. - რა უხეში ხარ. - წარბი შეკრა, თუმცა ღეჭვა არ შეუწყვეტია. - აბა, რა ამბავია? ეს ქვაფენილი ასე რატომ დევს? - ტონს უწევდა. - სამზარეულოში ჭურჭელი მარცხნივ რატომ გიდევს და არა მარჯვნივ? ასე რატომ იღიმი, ტირი, ბრაზდები… არ მოგბეზრდა? - აგრესიას ვერ ფარავდა კაცი. - არტურიტო, რა გჭირს? რატომ ბრაზდები? - თვალები ააფახულა რიკიმ. ოკეანის ტალღებივით დაკულულებული თმა ყბის ძვალს ძლივს სწვდებოდა, გამოკვეთილი ყვრიმალები კი მწველი მზის გავლენით შეფაკლულიყო მის სახეზე. - მეხუმრები? - რელიეფური მხრები უღონოდ ჩამოუშვა კაცმა. - არა, მართლა მაინტერესებს. - თქვა და კუპრივით შავი თვალები ისევ მაკდონალდსის ლოგოს შეავლო. როგორც კი პასუხი მიიღო, მამაკაცში რაღაც გატყდა. უფრო სწორად, მისი გრძნობების ჭურჭელმა ათას ბზარს ვერ გაუძლო და საბოლოოდ ჩამოიმსხვრა. - მორჩა. - იმედგაცრუებამ გადაურბინა სახეზე. - დამთავრდა. - რა მორჩა? რატომ? - ქათმის წიწილივით დაიგრძელა კისერი რიკიმ. გარუჯულ სხეულზე გამოკვეთილი ლავიწის ძვლები კიდევ უფრო მიმზიდველს აჩენდა, მაგრამ არა მის წინ მჯდომი ადამიანისთვის. - სჯობს შენ შენი გზით იარო, მე ჩემი. - ანუ… - ჰო. - მშორდები? - ხმა აუთრთოლდა. - გშორდები. - რატომ? - თვალების აწყლიანებამაც არ დააყოვნა. - აი, ამიტომ! მომბეზრდა არარსებული მიზეზის ძიება! - მაგრამ მიზეზი, ჰომ, ყოველთვის არსებობს! - კი, არსებობს! მაგრამ ზოგჯერ სჯობს, რომ ყველაფერი “უბრალოდ” იყოს და არა - ვაშლს ვაშლი იმიტომ ჰქვია, რომ ვიღაცას ჩაკბეჩის დროს ვაშლი მოესმა. - ღრმად ამოიხვნეშა და თავი ხელებში ჩარგო. - ამდენად რთულია? - რა? - წარბქვეშ ამოხედა. - ამდენად რთულია მიპასუხო, თუნდაც ეს სულელურად ჟღერდეს? - თავი მარცხნივ გადახარა. - არა, რთული არ არის. მოსაბეზრებელია. - თავიდანვე რატომ არ მითხარი? - ხმა გაეყინა. - თავიდან მესაყვარლებოდა, უცნაურობის ელფერს გძენდა, სიღრმეზე მიუთითებდა, მაგრამ… - დაიბნა, არ ელოდა სიტუაციის ასე შემობრუნებას. - მაგრამ, რა? - მაგრამ მეგონა, რომ გინდოდა საინტერესო გამოჩენილიყავი და მაგიტომ იქცეოდი ასე. - თავის მართლების სუნი ეცა რიკის და არ დააყოვნა. - თავს იმართლებ? - არა, უბრალოდ, გიხსნი. - გაღიზიანება დაუბრუნდა არტურს. - თავს იმართლებ. გინდა მე ამკიდო პასუხისმგებლობა შენს წარმოსახვაზე. მომაწერე ის თვისება, რაც არ მაქვს და ახლა ცდილობ, რომ თავი დამნაშავედ მაგრძნობინო, რათა შენ მშვიდად იყო. - ისევ შენი ფსიქოანალიზი. - სიტყვა გაწელა კაცმა. - მართალი ხარ. ღორებს საგალობლებს არ უმღერიან და არც მარგალიტებს უყრიან. - ჩიზბურგერის ბოლო ლუკმა უგემურად გადასანსლა, თანხა მაგიდაზე დადო და გასასვლელისკენ გაემართა. - საჭმლის გემო ისევ ვერ გაიგე, როცა მიზეზს ეძებდი? - გასამწარებლად წამოსროლილმა ნათქვამმა მიზანს არ ააცილა და რიკის გულზე ისარივით ჩაესო. “ნუთუ, ამდენად მომაბეზრებელი ვარ?” იმას, რაც არტურს უთხრა, გონებით იაზრებდა, თუმცა ყოველთვის ეპარებოდა ეჭვი საკუთარ თავში. “იქნებ, ჩემი მსჯელობა არ შეესაბამება რეალობას? იქნებ, სჯობს ვცადო შევიცვალო? რატომ უნდა შევიცვალო? ადამიანმა ისეთი არ უნდა მიმიღოს, როგორიც ვარ?” და სხვა მრავალი ფიქრი ირეოდა მის გონებაში. სინათლის სისწრაფით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და არ აძლევდნენ გონებას იმის საშუალებას, რომ კითხვის არსი გაეგო, გადაეხარშა და პასუხი გაეცა. ამ პროცესის გამო კი რიკიმ ტკივილი იგრძნო, რომელიც თავის არეს დაეპატრონა და სავარაუდოდ, არასდიდებით გაუშვებდა ძლიერ მარწუხებს. გასასვლელისკენ აღებული გეზი შეიცვალა, რადგან სხეული უდუნდებოდა. ნაბიჯები აერია და გარეთ, ჰაერზე დაჯდომა ამჯობინა. ქოშინებდა და გრძნობდა აზრთა ლაშქარმა ფეხი როგორ აიდგა მის თავში და შხამიანი მახვილებით უსერავდა ტვინის ნაოჭებს. - ვერ ვასწრებ! - ამოთქვა და ორივე ხელი თმაში შეიცურა. შავი დალალები სახეზე ჩამოეყარა და ორიოდე მარილიანი წვეთი აპრეხილი ცხვირის წვერიდან ზედაპირზე დაეცა. მეხსიერებას მხოლოდ ერთი ბიძგი დასჭირდა, რათა შტორმივით დაეტეხა თავს მტვერმოდებულ მოგონებათა კასკადი ქალისთვის. ყველა სიტუაცია გაახსენდა, როცა ამ კითხვამ დააზარალა. ხელახლა ასტკივდა ნაიარევებად შენიღბული ჭრილობები. მაგრამ არ დასცალდა ტკივილით “ტკბობა”. - რატომ მიღალატე, კორნელ? - მოპირდაპირე მაგიდიდან სლუკუნგარეული ჩურჩული მოესმა რიკის. “რატომ ტირის?” ეს იყო პირველი ფიქრი, რომელმაც გონებაში უდარდელად მოკუნტრუშე ანტილოპის მსგავსად გაირბინა და თან წაიღო მხეცად ქცეული დარდი. ქვიშის საათის გადმობრუნებას ჰგავდა მისი განწყობის ცვლილება, მეტისმეტად რადიკალური იყო. კისერი ისევ დაიგრძელა და მოსაუბრეებს მოურიდებლად ჩააშტერდა. - რას ეძახი ღალატს, ლიზა? - ხორბლისფერი კანი ჰქონდა მამაკაცს. დიდრონ ხელებზე კანი გაუხეშებოდა, თუმცა მის გრძელ ფალანგებს ეს მომხიბვლელობას არ უკარგავდა. მათ შორის გაჩრილი იაფფასიანი სიგარეტის ღერს კორნელის გაცრეცილი ტუჩების ამბორი ისევე არ უგემია, როგორც მის წინ მჯდომ ლამაზმანს. - რატომ დაწექი მასთან? - სასოწარკვეთილება ქურდბაცაცას მსგავსად ამოყვა მბგერ იოგებს. - უბრალოდ. - მოკლედ მოუჭრა. - აი, ასე უბრალოდ მომიქნიე სანაგვეზე? - ნერვული სიცილი დაერთო თან ქალის მდგომარეობას. - იცი, რა მაღიზიანებს ადამიანებში? თავიანთ იმედებს ჰაერზე რომ ამყარებენ. - მიუხედავად ემოციურობისა, ლიზა მაინც ჩურჩულებდა. თითქოს, არ სურდა გარშემომყოფებს მათი არსებობა შეემჩნიათ, მაგრამ რიკის ცნობისმოყვარეობის გაჩერება უკვე შეუძლებელი ხდებოდა. თვალი სწრაფად მოავლო ალაგ-ალაგ შევსებულ მაგიდებს და ტერიტორია დაზვერა. - იმის თქმა გინდა, რომ ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავდა? - “არ მესმის!” უკმაყოფილება სახეზევე აღებეჭდა რიკის და წამოდგა. იქვე მდგარ დიდ ქოთნის მცენარეს ამოეფარა და მთელი გულისყურით დაიწყო მოსმენა. სასაცილო დასანახი იყო. მცენარე მხოლოდ სახეს უფარავდა. ერთი-ორი უკმაყოფილო მზერაც დაიჭირა საკუთარ თავზე. - რა გინდა, ლიზა? - ახლაღა დააკვირდა რიკი კაცის თვალებს. ცალ თვალზე ნაცრისფერი ლიბრი გადაკვროდა, მეორე კი ოკეანის სიღრმეში გამეფებული სილურჯისგან დალოცვილს მოგაგონებდათ. რიკის წამიერად ნესტოები მარილიანი, აქაფებული ტალღების სუნმა აუწვა. “რატომ აქვს ასეთი ლურჯი თვალი? მეორე თვალზე რა მოუვიდა?” - გაგიკვირდება და შენთან ყოფნის გარდა არაფერი, კორნელ. - ქალს ქერა კულულები მხრებზე უსწორმასწოროდ ჩამოშლოდა, რაც მის იერს არ შეეფერებოდა. ულამაზესი პროფილი, აპრეხილი ცხვირი და სქელი ტუჩები უმშვენებდნენ პირისახეს. “რატომ ეხვეწება? ძალიან ლამაზია და ამ ტიპზე უკეთესი რატომ ვერ იპოვა?” - მე კი შენთან ყოფნის სურვილი არ მაქვს. - სიგარეტის ღერს როგორც იქნა შემოხვია ბაგე და ზანტად მოქაჩა. რამდენს დათმობდა ახლა ლიზა, რომ ამ ღერისთვის ადგილი გაეცვალა? რა ირონიულია, ზოგჯერ ადამიანს სიგარეტისაც შეიძლება შეშურდეს. - რა ვქნათ? - კორნელის ხმამ გამოაფხიზლა წარმოსახვის ბნელ ჭაობში ჩათრეული ლიზა, რომელსაც თვალები მხოლოდ პირში გაჩრილ ნიკოტინის მანქანაზე ჰქონდა გაშტერებული. - ფეხქვეშ გინდა გაგეგო?! - ბრაზისგან ალმური მოედო სახეზე ქალს. “ფეხქვეშ გაგება? რატომ იმცირებს ასე თავს?” იმცირებენ, სტკივათ, მაგრამ მაინც არ მიდიან. თუმცა… - ფეხქვეშ გინდა გამეგო, ლიზი? - ტუჩის კუთხე მოსალოდნელ ცალყბა ღიმილით შეუთამაშდა კორნელს, თუმცაღა არ გაიღიმა. - მზად ვარ ესეც კი გავაკეთო! - ხელები მსუბუქად დაარტყა მაგიდას, თავისი სიმტკიცის გამოსახატად. “ჯანდაბა! ეს გოგო სულელია! რატომაა ასეთი სულელი? განა, რა ტრავმა გადაიტანა ამისთანა?” ადგილზე ცქმუტავდა რიკი და ეშმაკუნა უკვე მარცხენა მხარზე კი არა, თავზე ეჯდა და გაჰკიოდა მიდი და დაკითხვა მოუწყვეო. - შემომხედე. - ორი თითი ნიკაპქვეშ ამოუდო, ხოლო ცერა ნიკაპზევე დაადო კორნელმა. - კარგად შემომხედე, არ მოგერიდოს. - ნაფაზი დაარტყა და სახეში შეაბოლა ქალს. - მე მჭირდება ისეთი ქალი, რომელმაც საკუთარი თავის ფასი არ იცის და ფეხქვეშ გამეგება იატაკის ტილოსავით? - ახლა უკვე ფართოდ გაიღიმა კაცმა და ეს ღიმილი არამხოლოდ ლიზასთვის, არამედ რიკისთვისაც შიშის მომგვრელი აღმოჩნდა. “რატომ იღიმის ასე საზარლად? ფსიქოპატია? რატომ დამბურძგლა? რატომ მიკივის ორგანიზმი, რომ სჯობს გავეცალო აქაურობას?” განა, რა იცოდა რიკიმ, ვისთან ჰქონდა საქმე? მაგრამ რიკი რის რიკი იქნებოდა, რომ ორგანიზმის განწირული კივილისთვის ყური დაეგდო და არ ეპოვნა პასუხი კითხვაზე - რატომ? - მაშინებ, კორნელ. - ხმაზე დაეტყო, რომ ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა ქალს. - რას გრძნობ შიშის გარდა ? - ტკივილს. - კიდევ? - ბრაზს. - კიდევ? - უბედურებას! - აქ უკვე ხმა ვეღარ გააკონტროლა ქალმა. - არასოდეს შეეგუო მოცემულობას. - ლამის, დამარცვლით უთხრა კაცმა და მის სახეს ხელი გაუშვა. - ყოველთვის ამ ფრაზას ამბობ! ვერასოდეს ვხვდები - რას გულისხმობ! არ ვეგუები მოცემულობას და ფეხქვეშ გაგებაც კი შემოგთავაზე. არ მუშაობს შენი ფრაზა! რაღატომ ამბობ ამას?! - მარილიანმა ბურთულებმა კალაპოტი გაჭრეს ქალის ღაწვებზე. მხრები შეშინებული პაწია მხეცივით უკანკალებდა, მაგრამ ეს კორნელში ვერანაირ ემოციას აღძრავდა. ბევრს შეშურდებოდა კაცის ახლა, ამ სცენის შემყურეს. მაღალი, ქერა, ჩამოსხმული ტანითა და ანგელოზის სახით ქალი ფეხქვეშ გაგებას სთავაზობდა… კორნელს კი საკუთარი თავის არ შურდა, პირიქით, იმაზე ფიქრობდა რა შეცდომა დაუშვა, რომ ამ მდგომარეობაში ჩავარდა. - უბრალოდ. - მხრები აიჩეჩა კაცმა და კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა. - უბრალოდ, წადი, ლიზა. - რატომ? რითი მჯობია? სახე? ტანი? რამე განსაკუთრებული პოზა იცის? - სასოწარკვეთილების ყულფში ჰქონდა გაყოფილი თავი და ის ნელა, მტანჯველად უფრო და უფრო უჭერდა. - უბრალოდ, იცის ადამიანის მიერ დაფიქსირებული პოზიციის პატივისცემა. უბრალოდ, იცის საკუთარი თავის ფასი და ადამიანური ურთიერთობები არ დაჰყავს სახე-ტანი-პოზამდე. უბრალოდ, არ აღიქვამს საკუთარ თავს ხორცის ნაჭრად და უბრალოდ, არ ეგუება მოცემულობას. - მისი ბოხი ხმა მეტისმეტად დიდი რაოდენობით სიმშვიდის მოლეკულით იყო გაჟღენთილი, რაც დამშვიდების ნაცვლად შინაგან ფორიაქს უფრო იწვევდა მსმენელში. - ვცდილობდი გამეგო შენთვის, კორნელ. ვცდილობდი, ღმერთია მოწმე. არარაობა ხარ! იმედია გულს ისევე გატკენენ, როგორც მე მატკინე! - მიახალა ქალმა და ადგილი დატოვა. “აი, ასე, ყოჩაღ! ეს, რაღატო იღიმის?!” უმზერდა კორნელს, რომელიც სწრაფი ნაბიჯით მიმავალ ლიზას ზურგს მისჩერებოდა. - კიდევ დიდხანს აპირებ მანდ დგომას? - ისე დასვა კითხვა, რომ მისკენ არც გაუხედავს. - რატომ? - დაუფარავი ცნობისმოყვარეობით მიაჭრა მაგიდასთან და კორნელის წინ დასკუპდა. - უბრალოდ. - მზერა გაუსწორა და ახლა უკეთ შეძლო რიკიმ კორნელის ნაკვთების შესწავლა. გონებაში “საკმაოდ სიმპატიურადაც” კი შერაცხა, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი მაინც კაცის პასუხი იყო. - რაზე მიპასუხე? - ჩაეკითხა. - ყველაფერზე. - რატომ უღალატე? - უბრალოდ. - რატომ ხარ ასე მშვიდად? - უბრალოდ. - რატომ იღიმოდი? - უბრალოდ. - რატომ გაინტერესებდა მისი გრძნობები? - უბრალოდ. - რატომ მპასუხობ კითხვებზე? - უბრალოდ. - როგორ შეიძლება რამე “უბრალოდ” იყოს? ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. - წარბი შეჭმუხნა ქალმა. - რატომ? - კითხვა შეუბრუნა და უგემური კარტოფილი ჩაკბიჩა. - რა რატომ? - დაიბნა რიკი. - რატომ აქვს ყველაფერს თავისი მიზეზი ? - იმიტომ, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს. - რატომ? - იმიტომ, რომ ეს სამყაროს კანონზომიერებაა. - რატომ? - იმიტომ, რომ ასე უფრო მარტივია. - რატომ? - იმიტომ, რომ ადამიანები პრიმიტიული არსებები არიან. - რატომ? - იმიტომ, რომ ყველაფერს ართულებენ. - რატომ? - იმიტომ, რომ ასე უფრო საინტერესოა. - და შენ ეძებ კითხვებზე პასუხს იმიტომ, რომ ასე უფრო საინტერესოა, არა? იმიტომ, რომ პასუხის ცოდნის გარეშე ყველაფერი მოსაწყენია, ვერაფერს აკონტროლებ, ყველაფერი რთულდება და უფრო საინტერესო ხდება, როცა ეძებ, ქექავ, სწავლობ? იმიტომ, რომ საკუთარ თავთან თავს ვერ ირთობ. იმიტომ, რომ საკუთარი თავი არ გყავს და როცა იღებ პასუხს კითხვაზე “რატომ”, თავს ცოცხლად გრძნობ? - ცინიზმის ხაფანგში მოაქცია კაცმა რიკი. თავად რიკი კი ცუნამივით თავსდამტყდარ შიშს ვერაფერს უხერხებდა. ადგილს მიელურსმა და თვალები ცრემლით აევსო. - მე… - ხავილისმაგვარი ხმა ამოუშვა ყელიდან. - არასოდეს შეეგუო მოცემულობას. - … - უბრალოდ. - თითქოს მიხვდაო, რა კითხვის დასმა სურდა. - … - უბრალოდ, ზოგჯერ ჩაღრმავება პასუხების ნაცვლად, უფრო მეტ კითხვას წარმოქმნის. ამიტომ მირჩევნია ყველაფერი “უბრალოდ” იყოს. - რატომ არ მყავს საკუთარი თავი? - ეს კითხვა კორნელისთვის არ იყო განკუთვნილი, მაგრამ კაცმა მისცა თავს უფლება ეპასუხა. - იმიტომ, რომ გამოიარე ის, რაც გამოიარე. გრძნობდი იმას, რასაც გრძნობდი. ინახავდი ტკივილს, დარდს, ბრაზსა და ბოღმას და შენი პატარა “მე” ერთ მშვენიერ დღეს ამ კოლექციაში შემოგეკარგა. - როგორ ვიპოვო? - ამ კოლექციაში უნდა იქექო და დაუსვა საკუთარ თავს კითხვა - რატომ ვინახავ ამას აქ? როცა პასუხი არ გექნება, ან არ დაგაკმაყოფილებს, უკანმოუხედავად მოისროლე ყველაფერი სანაგვეში. - ვინ ხარ? - ადამიანი, რომელმაც ერთ ქალს გული ატკინა, ხოლო მეორეს სულში იქექება დაუკითხავად. - ვერ ვხვდები როგორი ადამიანი ხარ. - თავი გააქნია რიკიმ და ორივე ხელი სახეზე შემოაჭდო კაცს. - ერთს ტკენ, მეორეს ეხმარები. - ერთი შეხედვით რაც ჩანს, ზოგჯერ სულაც არ შეესაბამება რეალობას. - თქვა და ხელი ხელზე დაადო რიკის. ცერა თითით მიეფერა და გაიღიმა. მსგავსი გულწრფელი ღიმილი კაცის სახეზე ჯერ არ ენახა და გაოცება აირია აღფრთოვანების ქსელში. - ანუ თეორიულად, არც იმას ატკინე, არც მე მეხმარები? - ჯერ კიდევ ვერ თოკავდა თავს ქალი. - მე ეს არ მითქვამს. - ღიმილში სიუჟეტი გამოკრთოდა. სიუჟეტი, სადაც მოსიყვარულე მამა უმზერდა თავის შვილს და ერთობოდა პატარა “რატომელას” გულუბრყვილობით. - რატომ თქვი? - იმიტომ, რომ ვიცოდი, მსგავსი რეაქცია გექნებოდა. - რატომ? რაში გჭირდებოდა ჩემი რეაქცია? - წინ წამოიწია რიკი და სახე ახლოს მიუტანა კაცს. - ასე ვერთობი. - დისტანცია კიდევ უფრო შეამცირა კორნელმა. - ანუ შემგროვებელი ხარ? ემოციებს აგროვებ? - არავითარ შემთხვევაში. ვიცნობ ერთ შემგროვებელს, შეშლილია. თუმცა მე მის დონემდე კიდევ ბევრი მიკლია. - თავი გააქნია კაცმა. - რა გართობს მაშინ? - უნებურად თავადაც მისკენ წაიწია რიკი. - ადამიანური ემოციები. - რატომ? - ცხვირის წვერებით ეხებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ არც ერთი აპირებდა სახის არიდებას. - იმიტომ, რომ ადამიანები ერთმანეთის გარეშე არაფერს წარმოვადგენთ, მხოლოდ ერთმანეთით შეგვიძლია ვიადამიანოთ. - თქვა და ტუჩის კუთხეში უწყინარი კოცნა დაუტოვა ქალს. … კიდევ დიდხანს იჯდა რიკი მარტო მაგიდასთან. ირეოდა ხალხი მის ირგვლივ. სიცოცხლე დუღდა ქალაქში. მისთვის კი დრო გაჩერდა. არა, დრო თავისი არსით უკვე აღარ არსებობდა. გონებაში კი მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებდა. - რატომაც არა? პ.ს. ვერ ამოვწურე კორნელი, რა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.