შუშის ფარდა (სრულად)
მოქმედება I ბნელ დარბაზში ოცდაათამდე მაყურებელი ელოდება შუქების ანთებას. საათებად გაწელილ რამდენიმე წუთში, მხოლოდ ჩურჩული და ნაბიჯების ჩუმი ხმა ისმის. ზოგი წუწუნებს, ზოგი ადგილს ეძებს, ზოგი სკამზე იშმუშნება, სწორდება, სანახაობის დასაწყისის მოლოდინში კომფორტულად მოკალათებას ცდილობს. ... ამ ყველაფრის ხმა უცნაურად და შიშის მომგვრელად ისმის რამდენიმე მეტრის დაშორებით, შემაღლებულზე. ... ზოგჯერ, მაყურებლები ჩურჩულს წყვეტენ, იმიტომ, რომ შუშაზე ხელების ჭრაჭუნის ხმას იგებენ აქა-იქ. ხანაც მოპრიალებულ იატაკზე ისმის ტყავის ფეხსაცმელის ჭრაჭუნი. ... საიდანღაც, ორი ადამიანის მზერა იგრძნობა. იგრძნობა თუ არა, არავინ იცის, მაგრამ რაღაც ენერგია უთუოდ მოდის. მოდის და მოდის... მოქმედება II ეს ენერგია უკვე თითო შუქის ნათურად იწყებს მაყურებლამდე მისვლას. მარჯვნივ, მარცხნივ და შუაში ჩამწკრივებული დიდი ნათურები სათითაოდ ინთებიან წამის მეასედებში, თუმცა, შუქის ანთების ეს ხანმოკლე პროცესიც საკმაოდ იწელება. ბოლოს, მაყურებელს წინ უდგება სცენა. დიდი სცენაა, და შუაში უზარმაზარი, ბრტყელი, დაბურული შუშის მართკუთხედი დგას. ესაა სცენის "ფარდა". მაყურებელი ხმაურს და სკამებზე შმუშნას უმატებს. ზოგიც ერთმანეთს ჩურჩულით ეჩხუბება - ჩურჩულის შეწყვეტას და სრულ სიჩუმეს სთხოვს. მოქმედება III შუშის ფარდის მიღმა, ჩრდილები დაბორიალობენ. ყველაზე წინ ორი ჩრდილი ჩანს, - ორივეს შავი სამოსი აცვია. ორივე საშუალო სიმაღლის და გამხდარია, მხოლოდ თმების სიგრძის და ფიგურების შედარებით თუ გაირკვევა, რომ ერთი მამაკაცია, მეორე კი მანდილოსანი. დადიან აქეთ-იქით. ამასობაში, შუშის ფარდა ჭრაჭუნს იწყებს. ნელნელა ზემოთ იწევა. ჩრდილებმა ფუსფუსს მოუმატეს. ცოტათი აწეული შუშის ფარდის მიღმა, მათი შავი ფეხსაცმელები და ავეჯის ფეხები გამოჩნდა. ერთ ხანს აჭრიალეს რაღაც სკამები, მაგიდები, სადგამები, აქა იქ გამოწიეს, დაალაგეს. მოქმედება IV ერთ მომენტში, სცენის პრიალა იატაკზე მოულოდნელი დატყაპუნების ხმა გავარდა. კაცი მსახიობი იატაკზე წვება და გაფართოებული თვალით უყურებს დარბაზს. იატაკზე დადებულ ლოყაზე, ცოტათი ამოსული წვერი უჩანს, ნახევრად გამოჩენილ შუბლზე კი ხშირი, ხუჭუჭა თმა. მალევე ფეხზე დგება. მოქმედება V - ბევრნი არიან? - არც ისე. - უკვე ფარდა მალე აიწევა. - გამოვჩნდებით? - მთლიანად. - და უნდა გამოვჩნდეთ? - სხვანაირად როგორ? შუშის ფარდის მიღმა მუნჯური სანახაობა იმართება. დაბურული ფარდის წყალობით, მსახიობთა ჩრდილებს ბუშტუკები აზით კონტურად მთლიანი სხეულის გარშემო, დაბურვის ეფექტად. ერთმანეთს ხელებს უშლიან, თმას უსწორებენ, მერე ხელებს ჩაჰკიდებენ ერთმანეთს და ერთ ხანს, ასე დგანან. წინა რიგიდან ტუჩების მოძრაობაც სჩანდა. ქალი მსახიობი სწრაფად და თამამად ისროდა სიტყვებს, კაცს კი ნერვიულობა ეტყობოდა, სიტყვების გაწელვა ჩრდილის მიმიკებზეც შესამჩნევი იყო. მოქმედება VI შუშის ფარდა როგორც იქნა აიწია და სცენის დიდი ნაწილიც ჩანს. სცენის კიდემდე ნელი ნაბიჯებით გამოდის კაცი შავებში. მისგან ცოტა მოშორებით, შავებში შემოსილი ქალი დგას. ამ ქალის უკან კი სადღაც კიდევ ხუთი ან ექვსი ადამიანი ზის გასაშლელ სკამებზე. კაცი ჭაღარა, ხუჭუჭა თმას იჩეჩავს და თავის ფეხსაცმელს შესცქერის. მერე ბოლთას სცემს, და ხელს ისე ასრიალებს კეხიან ცხვირსა და ჩამოწელილ სახეზე, თითქოს, უსწორმასწორო, მრავალჯერ ჩამონგრეული კლდეა. მოქმედება VII ბოლთის ცემაში კაცი კულისებში გადის, მას კი უკან იმ ქალის მზერა მიჰყვება. მაყურებელსაც და გასაშლელ სკამებზე ჩამომჯდარ დასსაც უსასრულო, უემოციო სახეები აქვთ. ზოგის სიმძიმეს, მჭიდროდ შეკრული, ვაი-აჯანყებულივით, ნახევრამდე ცაში აწვდენილი მუჭი იჭერს, თუმცა, სიზიფესავით ძირს უვარდება და მერე ისევ იგივეს აკეთებს. ოღონდ, აქაურ, მოკვდავ სიზიფეებს, დასასრული ელით. ესაა აქაური სიზიფეების უბედურება. დასასრულის სიხარული, თუმცა, მაინც გარდაუვალი ლოდინი. და მერე წოლა სიჩუმის ცივ ლოგინში, ერთ დროს მგოსან, ახლა, ჩუმ, უსახო ლოდივით. კულისებიდან ჩრდილივით გამოდის ის კაცი. ქალი მაშინვე იატაკს უწყებს ცქერას. მოქმედება VIII კაცს ხელში ერთი გვირილა უჭირავს. მაყურებელი ჩურჩულს იწყებს, მათ სახეებზე ღიმილი იზმორება - მანამდე სწორი ხაზი უკუღმა ამოტრიალებულ, ახალ გაღვიძებულ კატას ჰგავს. ის კაცი ქალს თმაში უმაგრებს გვირილას. მოქმედება IX გასაშლელ სკამებზე მჯდარი დასის წევრები შეწუხებულები და უფრო გაბრაზებულები ჩანან. ერთი სკამიდან დგება. გვერდზე გადის. ცოტა ხანში, შუშის ფარდა ჭრიალს იწყებს და ქვემოთ ჩამოდის ნელი ტემპით. ის კაცი და ქალი ერთმანეთს უყურებენ, მერე ფარდას ახედავენ, რომელიც დანასავით წვრილად ადგათ თავზე, თითქოს შუაზე უნდა გაიკვეთონ. ერთმანეთის ხელებს ერთმანეთის ხელების ბუდეებად კრავენ და შიგ თითებს ათამაშებენ. ადგილიდან არ იძვრიან. მოქმედება X უკნიდან ფორტეპიანო იწყებს კვნესას, არსაიდან კი უხილავი მთხრობელი არღვევს აქამდე გრძელ, გაუსაძლის სიჩუმეს. - ამ ფარდის მიღმა გამოსულებს, უკნიდან ნაწყენები უბღვერენ, წინიდან კი სულ უცნობები უღიმიან. უკან გაბრუნებულებს, უცნობი, წაშლილი სახეები მისდევენ უკან, კულისებში კი დამცინავად უღიმიან. - მთხრობელი ჩერდება. კაცი ქალის ხორცის ბორკილს მაჯიდან იხსნის და წინ გადის, შუშის ფარდას ზუსტად შუაში უდგება. ქალი უკან გადის. მოქმედება XI ფარდა სადაცაა თავზე დაედება კაცს. კაცი ხელებს მაღლა სწევს და დროებით იმით იჭერს ფარდას, თუმცა, რათქმაუნდა, ძალა დიდ ხანს არ ეყოფა. ხელები მოხუცი ხეებივით მყარად დგანან, მუხლები კი ნელნელა კანკალს იწყებენ, ცოტა ხანში ჩაიკეცებიან და კანკალის სამოსში გაახვევენ კაცის მთლიან სხეულსაც. მაგრამ, მთავარი მაინც ისაა, რომ ასე, შუაში მდგარს, ამ კაცს აღარც ვინმეს დაბღვერილი სახე ადარდებს და აღარც ღიმილის მოლოდინში აფათურებს თვალებს. ასე, შუაში მდგარს, არც უკან გაბრუნება უნდა და არც რამე ახლის საძიებლად, წინ წასვლა. მოქმედება XII უკვე მუხლებზე მდგარ კაცს, რომელსაც ფარდა ისევ მყარად უჭირავს, გვერდით მუხლებზევე უდგება ის ქალი. ის შუშის ფარდა უფრო ხმამაღლა ჭრიალებს. დასი ბორგავს. მაყურებელი აღშფოთებული და გალურჯებულია, შემოდგომის ქარიანი საღამოს ფრად. ... ქარის მაგივრად ის შუშის ფარდა ხმაურობს თავისი ჭრიალით. მუხლმოდრეკილებს, ყველასგან შეუმჩნევლად, მზერის ხიდი გაუბამთ. მერე არის სრულიად შესამჩნევი, მკაფიო, ენების დაკლაკნილი ხიდი. ბოლოს, ორი ხორცისფერი მთა იკვრება, ისე, თითქოს რაღაც მიწისძვრის მსგავსმა შეაერთაო და ტყუპად ისველებენ თავებს "შუშის ფარდის ჭრიალა ქარის ხმით", წვიმა არაა. ... ისევ ქვრება შუქი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.