შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეზობელო კარისაო ( სრულად )


10-12-2024, 20:58
ავტორი Antonio Gover
ნანახია 2 551

- ძალიან მომწონს, მართლა, უბრალოდ ჯერ ვერ გადავწყვიტე, -ტროტუარზე მდგარი გამხდარი, ჯინსის შარვალსა და თეთრ მაისურში გამოწყობილი, მოკლედ თმაშეჭრილი გოგონა მორყეულ ღობეს ეყრდნობოდა ხელით, მოხუც ქალს ესაუბრებოდა და თან ღობის იქით მდგარ, საკმაოდ შელახულ, ძველისძველ სახლს ვერ აშორებდა მზერას, სასაცილოდ აჩეჩილ, მოკლე, წაბლისფერ კულულებში დაატარებდა თხელ თითებს და დროდადრო ნერვიულად იკვნეტდა ქვედა ტუჩს.
- დიდხანს ვერ დაგელოდები შვილო, ფული მჭირდება და მიტომ ვყიდი ასე იაფად, გავყიდი თუ არა ქუთაისში უნდა გადავიდე საბოლოოდ, იქ ჩემი ქალიშვილი ცხოვრობს, იცი რომ მასაც ნუნუკა ჰქვია? ამიტომაც გამომიწია შენკენ გულმა თორემ სხვასაც ბევრს უნდოდა მისი შეძენა, ხომ ხედავ რამხელა ბაღი აქვს, მიწა საკმაოდ დიდია და ხეებით და მცენარეებით არის სავსე, მე ვეღარ ვუვლი, ისედაც ეს ბოლო დროა სულ იქ ვარ ხოლმე ათასში ერთხელ ჩამოვდივარ სახლის დასახედად, -ქალს ეტყობოდა როგორ უჭირდა ამ თემაზე საუბარი.
- მესმის, მესმის მაგრამ... არ ვიცი, ყველაფერი ძალიან ძველია, უამრავი დრო და ფინანსები დასჭირდება შეკეთებას, ერთადერთი ბაღის გამო თუ გადავწყვეტ და...
- ლამაზია არა? მე და ჩემს ქმარს კოლიას გვიყვარდა აქაურობა, ყველა ხე მისი დარგულია, -თვალები აუცრემლიანდა მოხუცს, -ყველაზე მეტად უკანა ეზოში უყვარდა ხოლმე ყოფნა, ვერანდაზე ვსაუზმობდით, ვსადილობდით და ვვახშმობდით, მაშინ მთელი უკანა ეზო ფერადი ვარდებით იყო სავსე, ახლა ვეღარ ვახერხებ რომ მოვუარო.
- ალბათ როგორი შესანიშნავი იქნებოდა იქაურობა, -თვალები გაუბრწყინდა გოგოს ვარდებით და ხვიარა მცენარეებით კედლებმორთული ვერანდის წარმოდგენისას, სიგიჟემდე უნდოად შეძენა, თუმცა საკუთარი ბიუჯეტი იმის საშუალებას ნამდვილად არ აძლევდა რომ შეცდომა დაეშვა, მშვენივრად იცოდა ასეთი ძველი სახლი როგორი პრობლემური შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, ახლა თუ ამ სახლს იყიდდა მერე ალბათ მინიმუმ ათი წელი სესხის დაფარვას მოუნდებოდა და სხვას ვერაფერს ეღირსებოდა, ცოტ-ცოტა კი შეავლებდა ხელს მაგრამ... სხვა თუ არაფერი სახლი იმ მდგომარეობაში მაინც უნდა ყოფილიყო რომ საცხოვრებლად გამომდგარიყო, ისე არ გამოვიდოდა რომ თან ამდენი ფული გადაეხადა მასში და თან ნაქირავებ ბინაში ეცხოვრა, უამრავი რამ ჰქონდა გასათვალისწინებელი, დასაანგარიშებელი, გასათვლელი...
- ნუნუკა, აბა რა გადაწყვიტე შვილო? -მოხუცს აშკარად ეჩქარებოდა მისი პასუხის მოსმენა.
- ნუნუკა არა, ნუკი მქვია ქალბატონო ნაზიკო და ჯერ არ ვიცი, იქნებ ხვალ...
ავტომობილის ხმამ შეაწყვეტინათ საუბარი, მოსახვევში უზარმაზარი, დაჟანგული პიკაპი შემორიხინდა, მყუდრო ქუჩის იდილია წამში გაფანტა, იქაურობა გაბოლა, მთელი ქუჩა აამტვერა და პირდაპირ მათ წინ გაჩერდა აძაგძაგებული, კარი გაიღო და მაღალი, ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა, ნაცრისფერი მაისური და ძველი გაქექილი ჯინსი ეცვა, გრძელი, ცეცხლისფერი თმა კეფაზე ჰქონდა შეკრული.
- გამარჯობა ნაზიკო ბებო, -მოხუცს მიესალმა და ეჭვით სავსე ლურჯი თვალებით შეათვალიერა მისი სტუმარი, -როდის ჩამოხვედით? მეგონა ქუთაისში იყავით, ხდება რამე?
- იმის გარდა რომ ამ ჯართს ტექ კონტროლი აქვს გასავლელი? -თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ნუკიმ მაგრამ ზედმეტად ხმამაღლა იმისთვის რომ სხვას არავის გაეგო.
- ამას ჩემს მანქანაზე ამბობ? -გულზე მიიდო თითი წითურმა და ისე გაიკვირვა თითქო ცოტა ხნის წინ უახლესი მოდელი კოსმოსური ხომალდიდან ჩამოსულიყო და არა გადასაგდები ჯართიდან.
- შენი აზრით? -არ შეეპუა ნუკი.
- ვინ არის ეს თავხედი გოგო? -ნაზიკოს მიუბრუნდა წითური რომელიც გაღიმებული უსმენდა მათ კამათს.
- მე მიწოდე თავხედი? შე მართლა თავხედო და გაბღენძილო, -მთელი მისი დაღლილობა და სიბრაზე ვერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მასზე გადმოაფრქვია ნუკიმ, თუმცა არც უნანია, თავიდანვე ანტიპათიურად განეწყო ამ არამკითხეს მიმართ, -ქალბატონო ნაზიკო, ახლა არ მითხრათ რომ ეს უცნაური არსება თქვენი მეზობელია.
- კი შვილო, ნიკა ჩემი მეზობელია, აგერ ამ სახლში ცხოვრობს, საერთო კედელი გაქვთ, სახლს შენ თუ იყიდი...
- რააა? როგორ თუ საერთო კედელი? ახლაღა დაუკვირდა ნუკი იმას რომ ორ სახლს შუაში გამყოფად ღობე კი არა საერთო კედელი ჰქონდა.
- თქვენ რა სახლს ყიდით? -როგორც ჩანდა ნიკასთვის ეს ახალი ამბავი იყო, -სახლს ყიდით და თანაც ეს ალქაჯი ყიდულობს?
- რას ამბობ შვილო, ნუნუკა ძალიან კარგი გოგოა.
- ნუნუკა? სერიოზულად? -გოგოს სიბრაზისგან აწითლებულ ლოყებს შეხედა და მერე გულიანად გადაიხარხარა, -თავხედი ალქაჯი ნუნუკაღა მაკლდა მეზობლად, არადა აქამდე რა მშვიდად ვცხოვრობდი, ნაზიკო ბებო თუ გაყიდვა გინდოდათ მე რატომ არ მითხარით.
- რა ვიცოდი შვილო, უცბად დაგვჭირდა ფული, ჩემმა ნუნუკამ სახლი გავყიდოთო და...
- თუ გადაიფიქრებს...
- არ ვაპირებ შენი სიმშვიდის დარღვევას, -უხეშად შეაწყვეტინა ნუკიმ სიტყვა, -შენ ნამდვილად ვერ აგიტანს კაცი, მტერს არ ვუსურვებ შენისთანა მეზობელს, ამ სახლის ყიდვა იმიტომ მინდოდა რომ მშვიდად მეცხოვრა, შენ და შენი ჯართი კი ახლა რომ ასე მიშლით ნერვებს მერე რას იზამთ, -გამწარებული ნაზიკოს მიუბრუნდა, -ბოდიში ქალბატონო ნაზიკო მაგრამ უარი უნდა გითხრათ.
- ძალიან კარგი, -კმაყოფილმა ჩაიღიმა ნიკამ, ცხვირი მაღლა აპრიხა და ზურგი შეაქცია, -ასეც ვიცოდი რომ აქაურობა საშენო არ იყო, მშვიდობით ალქაჯო.

თვალები დახუჭა ნუკიმ და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, -დამშვიდდი, დამშვიდდი, სისულელე არ ჩაიდინო, ნერვებს არ აყვე, ვის რაში ადარდებს რას ფიქრობს ეს თვითკმაყოფილი წითური მელა, -საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და ამშვიდებდა, ის იყო ნაზიკოსთან დამშვიდობებას აპირებდა რომ ძრავის ხმა მოესმა, ნერვიულად აუთამაშდა მარჯვენა თვალი, გაცოფებულმა გახედა წითურს რომელსაც ეზოში შეჰყავდა ის დაჟანგული ჯართი, მერე სარკეში მის თვითკმაყოფილ სახესაც მოჰკრა თვალი და ცხოვრებაში პირველად მიიღო ასეთი დაუფიქრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება.
- თანახმა ვარ, ამ სახლს ვყიდულობ, -ხელი გაუწოდა მისი საქციელით გაკვირვებულ ნაზიკოს, -წავიდეთ იუსტიციაში და გადმომიფორმეთ, დღესვე უნდა გადმოვიდე აქ რომ იმ საძაგელს სიცოცხლე გავუმწარო, ვაჩვენებ მაგას როგორ უნდა ჩემი დაცინვა და ასე ცხვირაპრეხილი სიარული.
- ვის ემუქრები ნიკას? რას ერჩი შვილო მშვენიერი ბიჭია, ეგ არის რომ ზედმეტად უყვარს სიწყნარე და სიმშვიდე, მარტო ცხოვრობს და მიჩვეულია...
- ეგ თქვენ გაჩვენებთ ასე თავს თორემ მე დავინახე თუ არა მაშინვე მივხვდი რა ჩიტიც ბრძანდება, ერთი თავის თავზე შეყვარებული ნარცისია და მეტი არაფერი, თანაც მაგის ჯართის პატრონი რა სიმშვიდეზე ლაპარაკობს საერთოდ, დადის და წამლავს გარემოს გამონაბოლქვით.
- კარგი შვილო, როგორც გინდა, მაგრამ იცოდე ასე მოქცევა არ გამოგადგება, ზედმეტად ჯიუტი და ბრაზიანი ხარ, -ნაზიკომ ღიმილით გადააქნია თავი, - თუმცა მოგვარდებით თქვენ ერთმანეთში დარწმუნებული ვარ, მოვიცვამ რამეს და გავიდეთ ჩვენ.
-
მშვიდად ეძინა ნიკას, წელსზემოთ შიშველი, სახით ბალიშში ჩამხობილი იწვა საწოლში, სამსახურში ერთკვირიანი შვებულება ჰქონდა აღებული და მუშაობით გადაღლილი ახლა მთელი დღე ძილს აპირებდა, მშვიდად ფშვინავდა, ღია ფანჯრებიდან დილის გრილი ნიავი და ჩიტების ხმა შემოდიოდა, უყვარდა ეს უბანი, ეს ქუჩა და ეს სახლი, ასეთი სიწყნარე და სიმშვიდე მგონი სხვაგან არსად იყო მთელ თბილისში, ერთ რამედ უღირდა საღამოობით სამსახურიდან მოსულს ვერანდაზე, სურნელოვანი ჩაის დალევა და მერე ჰამაკში წამოწოლილს ძილი...
მარტო ცხოვრობდა უზარმაზარ სახლში, ზედმეტად უყვარდა სიმშვიდე და მარტოობა, მანიაკალურ ყურადღებას აქცევდა წესრიგს და სისუფთავეს, ერთადერთი რასაც მისი რკინის ნერვების და მოთმინების განადგურება და მიწასთან გასწორება შეეძლო მასთან დაუპატიჟებლად სტუმრობა და მის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა იყო, მისი უზარმაზარი წითური კატის ლისას გარდა არავის ჰქონდა უფლება მის სახლში რამეს ზედმეტად და დაუკითხავად შეხებოდა, ამიტომაც აფასებდა ასე ძალიან ამ მშვიდ, წყნარ და ყველასგან მოშორებულ პატარა, ძველისძველ უბანს.
- რა ჯანდაბაა, -გაბრუებული წამოჯდა საწოლში კედელზე ყურისწამღები ბრახუნი რომ მოესმა, კარგა ხანი დასჭირდა გამოსაფხიზლებლად, ბრახუნი კი არა და არ წყდებოდა, გვიან გაიაზრა რომ ნაზიკოს სახლში ხდებოდა რაღაც, საათს შეხედა, ათს ათი წუთი უკლდა.
- რა სჭირს ამ ქალს, ამ დილაადრიან რა ბრახუნი აუტყდა, თანაც ქუთაისში არ უნდა წასულიყო? რა ბედი მაქვს ძილსაც რომ არ მაცლიან, -ბუზღუნით წამოდგა, გაწეწილი თმა კეფაზე შეიკრა და ის იყო ოთახიდან უნდა გასულიყო რომ კიდევ ერთხელ დაიგრუხუნა კედელმა, შეშფოთებულმა შეხედა საეჭვოდ გამოზნექილს, მეჩვენებაო იფიქრა, მიუახლოვდა და ის იყო ხელი შეახო რომ კედელი დაიბზარა და გასკდა, უკან გადახტა შეშინებული, კედელი ზრიალით ჩამოიქცა, აგურის ნამტვრევები და ცემენტის ნაფშხვენები გაიფანტა საგულდაგულოდ გაპრიალებულ იატაკზე.
მუხლებზე მდგარი, ნაცრისფერი მტვრით დაფარული ახველებდა და ცდილობდა როგორმე რამე გაერჩია, როგორც იქნა მტვერი დაიწმინდა და დაინახა როგორ გადმოაბიჯა კედლიდან, სამუშაო კომბინეზონში გამოწყობილმა, პირბადით პირაკრულმა გოგონამ ხელში უზარმაზარი უროთი...



- ასეთი გაცოფებული ნუ მიყურებ, ცოტა არ იყოს მეშინია, -ნუკი ბრაზისგან სახემოღეცილ ნიკას დაჰყურებდა ზემოდან და რატომღაც სულაც არ ეტყობოდა შიში, ალბათ უფრო დაბნეული იყო, ეს უზარმაზარი ხვრელი სულაც არ შედიოდა მის გეგმებში რომლებიც მეზობლის გასამწარებლად ჰქონდა დასახული.
- უნდა გეშინოდეს, -ავისმომასწავებლად ჟღერდა ნიკას ხმა, ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს თუმცა უკვე ძალიან იყო გაბრაზებული, ჯობს თუ ცოტა უკან დავიხევ და შევეცდები ყველაფერი ტკბილი სიტყვით მოვაგვაროო მისი სახის შემხედვარემ გაიფიქრა ნუკიმ.
- შეგვიძლია მოვრიგდეთ, ვეცდები რაც შეიძლება მალე ამოვაშენო ეს კედელი, სულ რამდენიმე დღე დამჭირდება ან ერთი კვირა, შეიძლება ორიც... შეიძლება ცოტა მეტიც, რა მნიშვნელობა აქვს, საბოლოოდ ხომ ამოვაშენებ როდისმე, მანამდე კი რამეს ჩამოვაფარებ და ეგ იქნება.
ერთი შეხედვით მშვიდად საუბრობდა და აღელვებას არ იმჩნევდა, დოინჯშემორტყმული უყურებდა უზარმაზარ ხვრელს და იმ წუთას იმას ფიქრობდა საიდან უნდა მოეტანა დამატებითი თანხა ამ ხვრელის ამოსავსებად და მეზობლის კედლის შესარემონტებლად, გამწარებულმა დახედა უროს და ამოიოხრა, თურმე ტყუილად არ ამბობდა ბებიამისი რასაც საკუთარ თავს დაუშავებს ადამიანი იმას სხვა ვერავინ ვერ უზამსო, მოინდომა აქ შურისძიება, სად ჯანდაბიდან უნდა მოეტანა ხელოსნისთვის გადასახდელი ფული, რაც ჰქონდა მთლიანად ამ სახლში გადაიხადა და ახლა ისიც საფიქრალი ჰქონდა თავი რით გაეტანა, ასეთი გაუთვალისწინებელი ხარჯებიღა აკლდა, ოღონდ ახლა გამომძვრალიყო ამ სიტუაციიდან და საერთოდ აღარ გამოიხედავდა აქეთ...
- ახლავე გადი აქედან, ისეთი ხმით დაიღრიალა ჯერ კიდევ ჩაჩოქილმა ნიკამ რომ შიშისგან შეხტა ნუკი და დაფეთებულმა შეხედა.
- კარიდან გავიდე თუ იქიდან, -ხვრელზე ანიშნა.
- საიდანაც გინდა, მომშორდი და თვალით აღარ დამენახო, -წამოდგა და მთასავით აესვეტა წინ, წითური აბურდული თმები და მთელი სახე ნაცრისფერი მტვერით ჰქონდა დაფარული, ბრაზისგან უელავდა თვალები, ბევრი ეცადა ნუკიმ მაგრამ ვერაფრით შეიკავა თავი რომ არ გაეცინა.
- ბოდიში, -ჩაიჩურჩულა და კბილებსშორის მოიქცია ტუჩი, მაგრად მოუჭირა კბილები რომ როგორმე შეეკავებინა სიცილი.
- სასაცილოდ გაქვს საქმე? საინტერესოა ასეთს რას აკეთებდი, სახლი კინაღამ თავზე დამანგრიე, შეხედე რა დღეშია აქაურობა, ამ ყველაფერს ვინ დაალაგებს? -ხელი მოატარა ირგვლივ და სახე შეეჭმუხნა როცა კარგად გაიაზრა ოთახი რა დღეში იყო.
- რატომ მიყვირი? რა ჩემი ბრალია თუ ასეთი მყიფე კედლები აქვს ამ სახლს, სულ რამდენჯერმე დავარტყი ურო, მეგონა უბრალოდ შეგაწუხებდა ხმაური და... -პირზე ხელი აიფარა და საცოდავად აახამხამა თვალები როცა მიხვდა რაც წამოცდა.
- შენ რა სპეციალურად გამოანგრიე კედელი? -ხმა წაერთვა ბრაზისგან, დაიძაბა, მთელი სხეული გაეჭიმა, -დაფეთებულმა დაიხია უკან ნუკიმ.
- სპეციალურად ცოტა ცუდად ჟღერს, -საცოდავად ამოიკნავლა შეშინებულმა, -ასეთი გეგმა ნამდვილად არ მქონია, უბრალოდ მინდოდა რომ...
- გინდოდა რომ ჩემთვის ნერვები მოგეშალა, გილოცავ გამოგივიდა, ახლა აქედან დამეკარგე თუ არ გინდა საბოლოოდ დავკარგო მოთმინება.
- მოიცადე, სანამ წავალ ხომ უნდა შევთანხმდეთ ზარალის ანაზღაურებაზე, მოდი დავჯდეთ და დავილაპარაკოთ, ხომ უნდა დავიანგარიშოთ ხარჯები, -კიდევ ორი ნაბიჯით დაიხია უკან ნუკიმ და იქვე პატარა, მრგვალ მაგიდაზე მდგარ უზარმაზარ, ჩინური იეროგლიფებით მოხატულ ვაზას დაეჯახა, ვაზა ზრიალით დაასკდა იატაკს და რამდენიმე ნაწილად დაფშვნილი გაიშალა ძირს.
- ეს რა ქენი, იცი მაინც როგორი ძვირფასი ვაზა იყო? -ყელიდან ხრიალისმაგვარი ხმა ამოუვიდა ნიკას.
- რა ვქენი, ისეთი არაფერი, ძალით ხომ არ მინდოდა, შენი ბრალია ასეთ ცუდ ადგილზე რომ გიდევს, კედლები ხომ არ გივარგა და ვაზის დასადებ ადგილსაც კი ვერ არჩევ სწორად, -უკან დახევის და მობოდიშების ნაცვლად შეტევაზე გადასვლა გადაწყვიტა ნუკიმ, -რა გაჩხუბებს, რა მოხდა, ახლა არ მითხრა რომ რომელიმე ჩინელი იმპერატორის ნაქონი იყო, ჯანდაბას, თუ ასეთი მნიშვნელოვანია შენთვის ეს მახინჯი ვაზა ამასაც ავანაზღაურებ, მითხარი რა ღირს.
- ახლავე დაიკარგე აქედან, გადი თორემ უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებ და შემომაკვდები, შენი არაფერი მჭირდება, არაფერს არ გთხოვ, ოღონდ წადი ად თვალით აღარ დამენახო, -მკლავში ხელი ჩაავლო და კარისკენ დაუპირა წაყვანა.
- მოიცადე, სად მიგყავარ, -თევზივით ასხმარტალდა და ხელიდან დაუსხლტა, -კარიდან გასვლა რა საჭიროა, ამხელა ხვრელს ვერ ხედავ? ისე ახლა რომ დავფიქრდი ძალიან კარგი იდეა მომივიდა, შეგვიძლია კედელი ასე დავტოვოთ და როცა რამე დაგჭირდება შემომძახებ ხოლმე.
- შენ საერთოდ ნორმალური თუ ხარ? -ამოიხვნეშა და ხელი გაუშვა, მის მკლავზე გაჩენილი სიწითლე რომ დაინახა უსიამოვნოდ შეჭმუხნა წარბები.
- მადლობის მაგიერია? -ხმაში გულწრფელი წყენა გაუკრთა ნუკის, -უბრალოდ ვიფიქრე რომ თუ რამე დაგჭირდებოდა...
- შენგან რა უნდა დამჭირდეს? -ალმაცერად შეათვალიერა, თმაგაწეწილი და მთლიანად ცემენტის მტვრით დაფარული გოგო.
- უამრავი რამ, მაგალითად ერთი ცალი ხახვი, ერთი ჭიქა შაქარი ან ვინმე ვინც მოგისმენს ხოლმე როცა გულის გადაშლა დაგჭირდება...
- მომისმენს?
- ჰო, ზედმეტად მარტოსული ჩანხარ.
- და გგონია რომ შენ მჭირდები?
- კარგი ჰო, არ გინდა და ნუ გინდა, -უცბად დანებდა, მხრები აიჩეჩა და სასაცილოდ აატრიალა თვალები, -მაგრამ... თუ რამე და მაინც მოგინდეს, ან ვინიცობაა და ღამე მარტო დაძინების შეგეშინდეს, უბრალოდ გამომძახე და...
- დიდი ხანია მარტო ვცხოვრობ და მარტო მძინავს, -ღიმილი შეეპარა ხმაში, თუმცა ეცადა არ შეემჩნია, მშვენივრად ხვდებოდა რომ ის რასაც მას სთავაზობდა სინამდვილეში თავად სჭირდებოდა, იქნებ თავად იყო მარტოსული, იქნებ ღამე მარტო ძილისაც ეშინოდა, თუ ასეა რატომ იყიდა ეს სახლი და მარტო რატომ გადაწყვიტა ცხოვრება, ან იქნებ სულაც არ იყო მარტო.
- რაზე ფიქრობ? -მისმა ხმამ გამოარკვია და მოიღუშა.
- არა მგონია ისეთი ურთიერთობა გვქონდეს ერთმანეთს ასეთ კითხვებს ვუსვამდეთ.
- უბრალოდ გკითხე, კარგი რა, მთლად ასეთი უჟმურიც ნუ იქნები, ახლა იცი რას ვიზამ, ამ ყველაფერს დავალაგებ, წავალ ტილოებს მოვიტან და...
- არა, საჭირო არ არის, -შეშფოთებულმა მიმოიხედა ირგვლივ, იმის წარმოდგენაც კი არ უნდოდა რას დაამსგავსებდა აქაურობას ცოტა ხანს კიდევ რომ გაჩერებულიყო აქ, -არაფერს გაეკარო, დასუფთავების სამსახურს დავურეკავ, ისინი მიხედავენ ყველაფერს.
- გგონია არ ვიცი როგორ დავალაგო? სახლის საქმეები კარგად გამომდის, მართლა, თანაც ჩემი ბრალია და მე დავასუფთავებ ყველაფერს.
- არ მაინტერესებს რა იცი და რა არა, კიდევ ერთხელ გეუბნები, გადი შენს სახლში და აქეთ ცხვირი აღარ გამოყო, საღამოს ხელოსანსაც მოვიყვან რომ კედელი ამოაშენოს, შენგან არაფერი მინდა გარდა იმისა რომ ჩემს საკუთრებაში ფეხი აღარ შემოდგა გასაგებია?
მხრებში გამართულმა, თითით მბრძანებლურად მიანიშნა ხვრელისკენ და ცხვირაპრეხილმა აიქნია თავი რომ დამტვერილი ცეცხლისფერი თმა გადაეყარა სახიდან, ბევრი ეცადა ნუკი რომ სიცილი შეეკავებინა მაგრამ ვერაფრით მოახერხა, გულიანად ახარხარდა.
- ასეთი უჟმური, უხეში და თვითკმაყოფილი ნარცისი რომ არ იყო შეიძლებოდა მეფიქრა რომ სიმპათიური და მიმზიდველი ხარ, -ჩაიფხუკუნა და სანამ პასუხს მიიღებდა მანამდე გაძვრა ხვრელში, -არ იდარდო, ამას რამეს ჩამოვაფარებ, -უკვე თავის ტერიტორიაზე მყოფმა მოაძახა შუა ოთახში მდგარს.
- ნარცისი? ეს საიდანღა მოიტანა, -უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და მერეღა მოხვდა თვალში საწოლის თავზე დაკიდებული უზარმაზარი ნახატი საკუთარი გამოსახულებით, რომელიც მეგობარმა აჩუქა ორი წლის წინ, ოცდახუთი წლის იუბილეზე.
-
- რა გჭირს რა დაღლილი სახე გაქვს, -ნოდო ჩამოუჯდა მაგიდაზე და ცხელი ყავით სავსე ჭიქა მიაწოდა, -წესით ახლა შვებულებაში არ უნდა იყო?
- ჰო, წესით უნდა ვიყო მაგრამ ვინ დამაცადა, დილით კოტემ დამირეკა და ისე ძალიან მთხოვა ორი საათით გამოდი სამსახურშიო უარი ვერ ვუთხარი, ეგეც რომ არა ცოტა ხნით მჭირდებოდა სახლიდან გამოსვლა რომ არ გავგიჟებულიყავი.
- ოო ასეთი რა ხდება? -ნოდომ წამსვე ცქვიტა ყურები და მაგიდიდან იქვე მდგარ სავარძელში გადაინაცვლა რომ უფრო კომფორტულად მჯდარს მოესმინა ჭორები, გაეღიმა ნიკას.
- რა ხდება და ახალი მეზობელი მყავს, ჩემს გვერდით რომ მოხუცი ქალი ცხოვრობდა ხომ გახსოვს, მან გაყიდა სახლი.
- ესე იგი ცუდად გაქვს საქმე.
- რას გულისხმობ?
- სამი წლის წინ ჩემმა მეზობელმაც გაყიდა სახლი და მრავალშვილიანი ოჯახი გადმოვიდა, შვილებთან ერთად ბებია, ბაბუა, ბიძები, დეიდები, მთელი დინასტია, სახლი გასარემონტებელი იყო და რომ დაიწყეს მთელი სამი თვე არ გაჩერებულან, ახლაც ისეთი ხმაურია ხოლმე, ცალკე ბავშვების ყვირილი, ცალკე მათი მშობლების ჩხუბის ხმა, მთელი დღე და ღამე კონცერტებს ვუსმენთ, არც თხოვნა ესმით და არც გაფრთხილება, შენი მეზობლები რამდენი არიან?
- ერთი.
- ერთი? არ გქონია საქმე სანერვიულოდ.
- ერთია მაგრამ ასს უდრის, თანაც მგონი ჩემი გამწარება აქვს ჩაფიქრებული.
- შენი გამწარება? ეს უკვე საინტერესოა, -ნოდოს ეშმაკური ღიმილი გადაეკრა ტუჩებზე და მზერა ცნობისმოყვარეობით აევსო, -ასეთი რა უქენი, როგორ მოახერხე მისი გადარევა.
- კარგი რა, ისე ამბობ თითქოს ხალხის გამწარება ჩემი ყველაზე საყვარელი გასართობი იყოს, უბრალოდ საძაგელი, თავხედი გოგოა და პირდაპირ ვუთხარი ჩემი აზრი.
- დარწმუნებული ხარ რომ მართლა ასე ფიქრობ მასზე?
- რა თქმა უნდა.
- აბა რატომ იღიმი?
- მე ვიღიმი?
- ჰო, მასზე რომ ლაპარაკობდი თან იღიმოდი, მოგწონს?
- გაგიჟდი? -წარბები მაღლა ასწია ნიკამ და შუბლი შეკრა, მოიღუშა, ერთი წამითაც კი არ დაუშვია იმის გააზრება რაც ნოდომ უთხრა, -შენ მგონი რაღაც გეჩვენება, სულაც არ გამიღიმია, ნამდვილი თავხედია და ალქაჯი, იცი დღეს რა გააკეთა? ჩემს საძინებელში კედელი გამოანგრია.
- პირდაპირ საძინებელში? მგონი შორს მიმავალი მიზნები აქვს, ფრთხილად იყავი.
- მეც მაგას არ ვამბობ? აშკარად რაღაც აქვს დაგეგმილი, მოიცა, შენ რა იგულისხმე? -სიცილის შეკავებისგან მთლიანად გაწითლებულს შეხედა გაბრაზებულმა, -შენ ხომ ვერაფერს გეტყვის კაცი, ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება, მაგას სჯობს ხელოსნის ნომერი მომიძებნო რომ ის ხვრელი დღესვე ამოვაშენებინო.
- რატომ უნდა ამოაშენებინო, მშვენიერი იდეაა ხვრელი საძინებელში, ხან შენ გახვალ, ხან ის გამოვა და იცხოვრებთ ტკბილად და ბედნიერად, -მთელი ხმით ახარხარდა და სანამ ნიკა ფეხზე წამოდგებოდა მანამდე უკვე გამქრალი იყო ოთახიდან.
-
ჩვეულებისამებრ ჭიშკართან გააჩერა პიკაპი და გადმოვიდა, საღამოს შვიდი საათი ხდებოდა, ორი საათით დამეხმარეო კოტემ და მთელი დღე მოუხდა თავაუღებლად მუშაობა, დაღლილი და მოთენთილი კარს მიეყრდნო და ყურადღებით შეათვალიერა სიმწვანეში ჩაფლული სახლი, მისი მყუდრო ნავსაყუდელი, თვალები დახუჭა და სიამოვნებისგან გააკანკალა როცა თბილი წყლით სავსე ჯაკუზი, ჭიქა წითელი ღვინო და წყნარი, სასიამოვნო მუსიკით გაჟღენთილი გარემო წარმოიდგინა, გახალისებულმა მოარგო სახლში შესასვლელ კარს გასაღები და დერეფანში ფეხი შედგა თუ არა მაშინვე მიხვდა რომ რაღაც ვერ იყო რიგზე...




სამზარეულოს კართან იდგა და ცდილობდა გაერჩია რა ხდებოდა, მთელი ოთახი კვამლით იყო სავსე, დამწვრის სუნი იდგა, სუნთქვა შეიკავა და ვარაუდით წავიდა ფანჯრისკენ, ბედზე მაშინვე მიაგნო, გამოაღო და შემობრუნებულმა, კუთხეში მდგარი, საცოდავად მხრებაწურული, სახეგამურული, ძალად მეზობელი რომ დაინახა გამწარებულმა ისეთი ხმით იღრიალა გოგო შიშისგან ერთ ადგილზე შეხტა, კედელს აეკრა, ტაფას ჩაავლო ხელი და ხმალივით გამოიშვირა მისკენ, თითქოს ასე აპირებდა მისგან თავდაცვას.
- ჩემს სამზარეულოში რას აკეთებ? მე შენ რა გითხარი აქ აღარ დაგინახოთქო, რა ჯანდაბა ხდება, გინდა რომ სახლი გადაწვა? ასეთი რა დაგიშავე? -მიუხედავად იმისა რომ საშინლად იყო გაცოფებული მაინც ცდილობდა რომ ზედმეტი არ მოსვლოდა თანაც როცა მის აწყლიანებულ თვალებს უყურებდა...
- უბრალოდ მინდოდა შენთვის ვახშამი მომემზადებინა, -ხმა უთრთოდა ნუკის, ტაფა ისევ ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული და ტუჩებს ისე საწყლად ბრიცავდა ეტყობოდა რომ ძლივს იკავებდა თავს არ ეტირა.
- ვინ გთხოვა რამის მომზადება, ხომ გითხარი რომ...
- ვიცი, ვიცი, გასაგებია, -მოულოდნელად აუწია ხმას და ტაფა მთელი ძალით დაახეთქა მაგიდაზე, -ვიცი, მახსოვს რომ მითხარი აქ აღარ შემოვსულიყავი, მაგრამ დილანდელის გამო მობოდიშება მინდოდა, ვიფიქრე თუ რამე გემრიელს მოგიმზადებდი და მოგიბოდიშებდი დაზავებას შევძლებდით.
- ამისთვის აუცილებელი იყო ჩემი სამზარეულო გამოგეყენებინა და გადაგეწვა?
- გადამეწვა? ნუ აზვიადებ გთხოვ, ჩემს მხარეს სამზარეულო მოსაწესრიგებელია, თანაც სახლის პატრონს გაზის ფული გადასახდელი ჰქონია თურმე და გათიშული ყოფილა, ვიფიქრე რომ შენთან მოვამზადებდი, საჭმელი ღუმელში შევდგი, მერე საძინებლის დალაგება დავიწყე და...
- რა თქვი? რა დაიწყე? -სიტყვა გააწყვეტინა და თან გულში ფიქრობდა იმედია არასწორად გავიგეო.
- რა და საძინებლის დალაგება, საჭმლის თავის დროზე გამოღება დამავიწყდა და რომ გამოვიღე ღუმლიდან ცეცხლი ეკიდა და ბოლავდა, მოიცადე, სად გარბიხარ? -ჩქარი ნაბიჯით მიმავალს მიჰყვა უკან, საძინებელში შევიდა ნიკა, გაფაციცებული, ყურადღებით ათვალიერებდა თითოეულ დეტალს, ყველაფერი იდეალურად იყო დასუფთავებული, მთელი ოთახი სისუფთავისგან ბრწყინავდა, ხვრელზეც როგორც დილით ნუკი შეპირდა, სქელი, ნაქსოვი პლედი იყო ჩამოფარებული.
- აქაურობა მართლა შენ დაალაგე? -მოჭუტული თვალებით შეხედა ღია კარში მდგარს და ძლივს შეიკავა ღიმილი მისი გამურული სახის დანახვისას, უცნაური გოგო იყო, ნიკა ვერ ხვდებოდა რატომ ჰქონდა მის მიმართ ასეთი ურთიერთ საწინააღმდეგო გრძნობები, ორი წუთის წინ მისი მოკვლა უნდოდა ახლა კი უყურებდა გამურულს თმააწეწილს თვალებგაფართოებულს, უშნო იასამნისფერ კომბინეზონში გამოწყობილს და ერთადერთი რაც უნდოდა გულიანად გადახარხარება იყო.
- მე დავალაგე, ხომ გითხარი სახლის საქმეები კარგად გამომდისთქო, შენ კი არ გჯეროდა, ახლაც ისე მიყურებ თითქოს რაღაც საშინელება ჩამედინოს, სამზარეულოსთვის ბოდიში, წავალ მივალაგებ და აღარ შეგაწუხებ, ჩემს სამზარეულოს რომ მოვაწესრიგებ მერე მოვამზადებ შენთვის ვახშამს და...
- არ გინდა, საჭირო არ არის, -ხელები მაღლა ასწია ნიკამ და შეეცადა რაც შეიძლებოდა თბილად გაეღიმა, -ვახშამი საჭირო არ არის, ვახშმის გარეშეც მივიღებ ბოდიშს, თანაც საღამოობით მაინც არ მიყვარს ჭამა.
- მაშინ საუზმეზე დაგპატიჟებ.
- არა გმადლობ, დილით მხოლოდ ყავას ვსვამ.
- კექსი რომ გამოგიცხო? -არ ნებდებოდა ნუკი, -იცი რა კარგ კექსს ვაცხობ? მე ალუბლიანი მიყვარს, შენ თუ გინდა შოკოლადიანს გამოგიცხობ ან ვაშლის ჯემით.
- ტკბილის ჭამას ვერიდები.
- ალბათ ვარჯიშობ კიდეც, გეტყობა, -მის უზადო ფიგურას ააყოლა შემფასებლური მზერა და მერე ეშმაკურად ჩაეღიმა.
- არც მთლად უმაგისობაა, -მისი მზერა და მრავალმნიშვნელოვანი ღიმილი არ შეიმჩნია ნიკამ.
- ჰოდა ბატიბუტს მაინც გავაკეთებ და ფილმს ვუყუროთ, საშინელებათა ფილმები გიყვარს?
- არ მიყვარს და თანაც ამაზე მეტი საშინელება რაც დღეს ჩემს სახლში ხდება, არა მგონია ხდებოდეს სადმე, საშინელების საკმარისზე მეტი დოზა მივიღე უკვე.
- შენ ეტყობა ის ფილმი არ გაქვს ნანახი, ბოროტი მონაზონი რომ ხოცავს ხალხს, იცი რა საშინელია? მგონი სული ყავს ჩასახლებული და...
- გეყოფა, გაჩუმდი, -სასოწარკვეთილება შეერია ნიკას ხმას, კეფაზე შემოიჭდო თითები, თვალები დახუჭა და ამოიხვნეშა -ძალიან ბევრს ლაპარაკობ, მე კი არაფერი არ მინდა სიმშვიდის და სიწყნარის გარდა, რატომ არ გესმის? სამსახურიდან დაღლილი მოვედი და მინდოდა დამესვენა, შენ კი ასეთი დომხალი დამახვედრე, წადი რა სახლში, სამზარეულოსაც მე დავალაგებ, ხვალ ხელოსანი მოვა და კედელს ამოაშენებს, მანამდე კი წადი გთხოვ და აღარ დამენახო.
- არა რა, ზედმეტად უჟმური ხარ, შენი გამოსწორება არ იქნება, ნორმალურად არ იკვებები, ტკბილი, ბატიბუტი და საშინელებათა ფილმები არ გიყვარს, მარტო ცხოვრობ და ღიმილითაც კი იშვიათად და გამოზომილად იღიმი, არადა გიხდება ღიმილი, შემთხვევით უცხოპლანეტელი ხომ არ ხარ?
- ჰო, სპეციალურად შენთვის ჩამოვედი დედამიწაზე, შენი უცნაურად მოაზროვნე ტვინი უნდა გამოვიკვლიო.
- ხუმრობაც რომ არ გამოგდის, -დანანებით გადააქნია თავი ნუკიმ და ის იყო ხვრელში გაძრომას აპირებდა რომ ნიკამ შეაჩერა.
- ამ სავარძელზე მაისური რომ იყო მიფენილი სად არის?
- იმ მაისურზე ამბობ ფერადი კალმებით რომ იყო დაჩხაპნილი? გადავაგდე, უფრო სწორად რომ გითხრა დავხიე და ნაჭრებად გამოვიყენე, იმედია არ გაბრაზდები, მაინც გადასაგდები იყო.
- ჩემი საყვარელი ფეხბურთელების მიერ ხელმოწერილი მაისური დახიე და ტილოდ გამოიყენე? -ეს უკვე მისთვისაც კი ზედმეტი იყო, მარტო ცხოვრებას, მარტო ყოფნას იყო მიჩვეული, უყვარდა მარტოობა, სამსახურისგან, ადამიანებისგან, გარე სამყაროსგან დაღლილს, ეს ერთადერთი ადგილი გააჩნდა სადაც თავისუფლად შეეძლო სუნთქვა, სადაც შეეძლო ყველასა და ყველაფრისგან დაღლილს ისევ მოეკრიბა ძალები ხვალინდელ დღესთან შესახვედრად, ახლა კი... ახლა გრძნობდა ეს ერთი ბეწო უცნაური გოგო როგორ ამხობდა თავზე საათივით აწყობილ ცხოვრებას, ამ ერთ დღეში იმდენი რამ მოხდა... იმდენი... უკვე პირთამდე იყო სავსე მისი მოთმინების ფიალა, სუნთქვა აუჩქარდა, სიბრაზისგან მთლიანად გაწითლდა, გაუცნობიერებლად გადადგა მისკენ ნაბიჯი.
- მოგკლავ, ცოცხალი ვერ გადამირჩები, -ხრიალისმაგვარი ხმა ამოხდა და ის იყო ყელში უნდა სწვდომოდა რომ უზარმაზარი, წითური კატა გაებლანდა ფეხებში კნავილით, შედგა, შეჩერდა, კატას დახედა გონებაარეულმა, მერე საკუთარ ხელს შეხედა და ნუკის რომელსაც შიშისგან გაფითრებულს ტუჩები უცახცახებდა და ცრემლები ეკიდა გრძელ წამწამებზე.
- არ მინდოდა, გეფიცები ძალით არ მიქნია, -სლუკუნ-სლუკუნით ამოთქვა რამდენიმე სიტყვა, აღარაფერი უთქვამს ნიკას, ზურგი შეაქცია და ხმაურით გაიჯახუნა საძინებლის კარი.
-
- მეგონა დამახრჩობდა, მართლა, იცი რა სახე ჰქონდა? საშინლად იყო გაცოფებული, აი ასე, ზუსტად ასე წამოიღო ხელი და ის ის იყო უნდა შემხებოდა რომ ის დიდთავა წითური კატა შემოვიდა და გადამარჩინა, გეფიცები შიშისგან მთელი ღამე ვერ დავიძინე, ან როგორ უნდა დამეძინა, ჩვენი საძინებლების შუაში პლედჩამოფარებული უზარმაზარი ხვრელია...
უკანა ბაღში გამავალ ვერანდაზე მჯდარი ნუკი, ენაგაკრეფილი უყვებოდა წინა დღის თავგადასავალს მეგობარს, ტუჩებზე ღიმილმოდებული უსმენდა დაბალი, შავთმიანი, სასიამოვნო გარეგნობის მქონე გოგონა.
- რას შენ მოყევი იმის მერე კიდევ კარგად გადარჩენილხარ, ყოჩაღ შენს მეზობელს, მე მაგდენსაც ვერ მოგითმენდი.
- ნუცი შენ რა მის მხარეზე ხარ?
- სიმართლის მხარეზე ვარ, ვინ ვინ და მე მაინც ძალიან კარგად ვიცი როგორი ხათაბალა ხარ, კაცს კედელი დაუნგრიე, სამზარეულო გადაუწვი, ხელმოწერებიანი მაისური გადაუგდე და აქეთ ხარ დიდ გულზე?
- ოოფ არ მიყვარს შენთან ლაპარაკი, ყოველთვის მე მამტყუნებ.
- იმიტომ რომ შენი მეგობარი ვარ, ნამდვილი მეგობრები იმისთვის არსებობენ რომ შეცდომებზე მიგვითითონ და მათ გამოსწორებაში დაგვეხმარონ, ან სანამ შეცდომას დავუშვებთ მანამ ჩაგვავლონ ყურში ხელი და კარგა გვარიანად შეგვაჯანჯღარონ.
- ოჰ, შენ და შენი მაღალფარდოვანი სიტყვები, აბა ახლა რაზე უნდა მიმითითო?
- იმაზე რომ ეგ შენი მეზობელი არც ისე ცუდი ბიჭი ჩანს და რას ერჩი ვერ გამიგია, უკეთესი იქნება თუ მასთან ურთიერთობის დალაგებას ეცდები, ხომ გაგიგია მეზობელო კარისაო სინათლე ხარ თვალისაო, თანაც ბოლოს და ბოლოს ერთადერთი კედელი გყოფთ ერთმანეთისგან.
- უკვე კედელიც აღარ გვყოფს.
- მითუმეტეს, -თვალები ეშმაკურად აუციმციმდა ნუცის.
- რაზე მიმანიშნებ?
- ისეთზე არაფერზე, ვამბობ რომ უკეთესია თუ მეზობლებთან კარგი ურთიერთობა გექნება, რამე რომ დაგჭირდეს, რამე რომ გაგიჭირდეს, ის პირველი იქნება ვინც შენს დასახმარებლად მოვა.
- კი როგორ არა, დახმარება კი არა ერთი სული აქვს როდის დამახრჩობს, -ჩაიბუზღუნა და თბილი პლედი საგულდაგულოდ მოიხვია მხრებზე, ცხვირი ხმაურით მოიხოცა, -მგონი გავცივდი.
- ამ შუა ზაფხულში რამ გაგაცივა?
- გუშინ ცივი წყლით ვიბანავე და ეტყობა მაგის ბრალია, ცოტა სიცხეც მაქვს მაგრამ წამალი დავლიე და გადამივლის.
- გაგიჟდი? ცივი წყლით რატომ იბანავე?
- სახლის პატრონმა გაზის დავალიანება დამიტოვა გადასახდელი, ორასორმოცდაათი ლარია და ახლა ნამდვილად არ მაქვს მაგდენი ფული რომ გადავიხადო და ჩავრთო, არადა წყლისთვის მხოლოდ გაზის გამათბობელი მაქვს.
- რა სულელი ხარ, რატომ არ დამირეკე, რამდენიც გინდა მოგცემ, ხომ იცი მაქვს გადადებული.
- არ არის საჭირო, შენი შეწუხება არ მინდა, თანაც რამდენიმე დღეში პროექტს დავასრულებ ახლა რაზეც ვმუშაობ და კარგად გადამიხდიან, ნახე მგონი ვიღაც გირეკავს, -ტელეფონი მიაწოდა და მისი გაღიმებული სახის დანახვისას თვითონაც გაეღიმა.
- შაკოა არა?
- კი შაკოა, უნდა შევხვდე და ეტყობა უნდა რომ გამახსენოს, უნდა წავიდე და იცოდე კიდევ რამე სისულელე არ ჩაიდინო, თუ სიცხე აგიწევს ან რამე დაგჭირდება დამირეკე კარგი?
- კარგი, -თავი დაუქნია ნუკიმ და საღამოს ბინდში გახვეულ მწვანედ გადაბარდულ ბაღს გახედა...


საწოლში იწვა სიცხისგან გათანგული და მთელი სხეულით თრთოდა, საშინლად სწყუროდა არადა თავის წამოწევასაც კი ვერ ახერხებდა ბალიშიდან, თვალები ეხუჭებოდა მაგრამ მთელი ძალით ებრძოდა ძილს, იცოდა ასეთ დასუსტებულს და სიცხისგან გონება არეულს კოშმარებთან გამკლავება გაუჭირდებოდა, ვერ შეძლო გაძალიანება, მაინც ჩაითრია ძილის კოშმარულმა საცეცებმა...
- მომიახლოვდი, -სადღაც შორიდან მოესმა საძულველი ხმა, მუხლები აუკანკალდა შიშისგან, მოიბუზა, დაპატარავდა, თვალები მოჭუტა რომ როგორმე რამე დაენახა უკუნეთ სიბნელეში.
- მომიახლოვდი მეთქი, რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, -ყვირილი და მერე ტყავის ქამრის ტკაცუნის უკვე ნაცნობი ხმა რომ მოესმა შიშისგან შეხტა და თვალები ცრემლით აევსო, უკან დაიხია უნებურად, შებრუნდა, სიბნელეში ბეწვის ხიდივით გაჭიმულ სინათლის ზოლს გააყოლა თვალი, ოდნავ შეღებულ კარში მდგარი მაღალი, ქერათმიანი ქალი რომ დალანდა სახე გაუბრწყინდა და იმედით აევსო მზერა.
- დედა დედიკო, მიშველე, წამიყვანე აქედან, -სასოწარკვეთილმა შეჰღაღადა ქანდაკებასავით უძრავად მდგარს და საბოლოოდ გამოაცალა ფეხქვეშ ნიადაგი მისმა უტყვმა სახემ და შემზარავმა დუმილმა, მისკენ გადადგა ნაბიჯი, თავი გააქნია ქალმა, შებრუნდა, ზურგი შეაქცია და კარი გაიხურა, გულისგამაწვრილებელ სიჩუმეში იმდენად აუტანელი იყო საკეტში გასაღების გადატრიალების ხმა...
- სად აპირებ წასვლას? -ახლოდან, ზედმეტად ახლოდან მოესმა დამცინავი ხმა, მერე თითების მტკივნეული მოჭერა იგრძნო მხარზე, გაძალიანება სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა, სიბნელეს სიცივეს და სულისგამყინავ შიშს უკვე ისე ჰყავდა შებორკილი ნაბიჯის გადადგმასაც კი ვერ ახერხებდა.
- გთხოვ გამიშვი, -საცოდავი კნავილისმაგვარი ხმა აღმოხდა და თმაში მტკივნეულად ჩავლებული თითების გამო ხმამაღლა დაიგმინა, -გთხოვ...
- რას მთხოვ? გინდა ვითამაშოთ? ვიცი რომ გიყვარს ჩემთან თამაში, -ამჯერად კაბის ქვეშ იგრძნო ცივი, უხეში თითების შეხება, ერთმანეთში აირია, ტირილის, ვედრების, ხარხარის და მოშიშვლებულ ზურგზე ტყავის ქამრის დარტყმის ხმები...
-
ღამის თორმეტი საათი ხდებოდა, მისაღებში დივანზე წამოწოლილი ნიკა ნერვიულად ათამაშებდა ხელში ტელევიზორის პულტს, ალბათ ამაღამაც ამ დივანზე დაიძინებდა, არ შეეძლო მშვიდად სძინებოდა საძინებელში როცა იცოდა რომ მარტო არ იყო, ნეტავ მას თუ ეძინა მშვიდად? თუმცა ისეთი უცნაური იყო მისგან არაფერი გაუკვირდებოდა, სხვა გოგო მის ადგილზე ალბათ სხვაგან გადაბარგდებოდა და კედლის ამოშენებამდე სახლში ცხვირსაც არ შემოყოფდა, ის კი... მას რატომღაცსაერთოდ არ ეტყობოდა შიში და რიდი, -ოჰ როგორც იქნა, გახარებული წამოდგა კარზე ზარის ხმა რომ მოესმა.
- მობრძანდით თაზო ძია, -მაღალ, ჭაღარათმიან, სამუშაო უნიფორმაში გამოწყობილ ხელოსანს კარი გაუღო და პირდაპირ საძინებლისკენ გაუძღვა, ერთი სული ჰქონდა ის ოხერი ხვრელი როგორმე ამოეშენებინა და იმ აუტანელ თავხედ გოგოსთან ყველანაირი კავშირი გაეწყვიტა.
- ცოტა ადრე მინდოდა მოსვლა, ნოდარიმ რომ მითხრა ეჩქარებაო ვიფიქრე რომ დღესვე მოვახერხებდი გაკეთებას მაგრამ დროზე ვერ მოვრჩი იმ საქმეს რაც აღებული მქონდა, ესაო, ისაო, ათასი სხვა რამ მოიგონა დამკვეთმა და დამაგვიანდა, დღეს უბრალოდ შევხედავ რა არის საჭირო და ხვალ დილით მოვალ ადრე, მასალასაც მოვიტან, სულ რაღაც სამი ოთხი დღის საქმეა და...
- ოთხი დღე? სერიოზულად? უფრო მალე ვერ მორჩებით? -სასოწარკვეთა გაერია ხმაში.
- აბა როგორ? -ხელები გაშალა კაცმა და ისეთი სახით შეხედა ნიკას ყველანაირი იმედი გადაუწურა, -ჯერ ხომ უნდა ამოვაშენო, მერე უნდა გავლესო, რომ გაშრება მერე...
- კარგი, კარგი, გასაგებია, ეცადეთ რაც შეიძლება მალე დაასრულოთ და მეც ვალში არ დაგრჩებით, მოიცა, ერთი წუთით, ეს რა ხმაა, თქვენც გესმით? -გაჩუმდა და მიაყურადა, პლედ ჩამოფარებული ხვრელის მიღმიდან მოდიოდა ხმა, რაღაც ტირილისა და ვედრების მსგავსი.
- მგონი ვიღაც ტირის და შველას ითხოვს, -კაცმა ხვრელისკენ გაიწია თუმცა ნიკამ შეაჩერა.
- მე შევალ თაზო ძია და ვნახავ რა ხდება, თქვენ აქ დამელოდეთ.
- კარგი შვილო, თუ დახმარება დაგჭირდეს დამიძახე, -აშკარად ეტყობოდა რომ ცალკე ცნობისმოყვარეობა და ცალკე იმ ადამიანის დახმარების სურვილი აწუხებდა ვისი ტირილის ხმაც უკვე საკმაოდ მკაფიოდ ისმოდა.
ფრთხილად გადასწია პლედი ნიკამ და წელში მოხრილმა შეაბიჯა ოთახში, შესვლისთანავე ყურადღებით მოათვალიერა იქაურობა, ძველისძველი ავეჯით გაწყობილ ოთახს სუსტი ყვითელი შუქი ანათებდა, უზარმაზარ საწოლში ჩაკარგული, პატარა, გამხდარი, მოკუნტული სხეული რომ დაინახა გული უცნაურად შეეკუმშა, ისეთი უმწეო ჩანდა, ისეთი სუსტი და დაუცველი, ისეთი მარტოსული... ჭრელი საღამურები ეცვა ნუნუკას, საბანზე ზემოდან იწვა, თმა უწესრიგოდ ჰქონდა აჩეჩილი, სხეულზე მთელი ძალით იხვევდა მკლავებს და ავადმყოფურად ცახცახებდა, ბორგავდა...
- მიშველეთ, გთხოვთ დამეხმარეთ, გეხვეწებით წამიყვანეთ აქედან, დედა, სად ხარ დედა, გთხოვ გაჩერდი, მტკივა, -საცოდავად ბუტბუტებდა, დროდადრო ხმამაღლა ყვიროდა, სლუკუნებდა, ცრემლებით ჰქონდა დასველებული სახე, სულით ხორცამდე შეძრა მისმა ასეთმა მდგომარეობამ ნიკა, საწოლზე ჩამოჯდა, არ უყოყმანია, ერთი წამითაც არ უფიქრია ისე დასწვდა მოცახცახე სხეულს, ხელში აიტატა, კალთაში ჩაისვა და გულზე მიიხუტა, დაიხარა, ლოყაზე მიადო ლოყა, იგრძნო როგორი ცხელი იყო.
- დამშვიდდი, აქ ვარ შენთან, ნუ გეშინია, უბრალოდ კოშმარს ხედავ, ყველაფერი კარგადაა, -თბილი ხმით ეჩურჩულებოდა და ნაზად ეფერებოდა მხრებზე და ზურგზე, ნელ-ნელა მშვიდებოდა ნუნუკა, ბორგვა შეწყვიტა, გაჩუმდა, სუნთქვა დაუმშვიდდა, გაჭირვებით გაახილა თვალები და დაბინდული მზერით შეაჩერდა ქვემოდან, მისკენ დახრილს და თბილად მომღიმარს.
- გამიშვი, ახლავე გამიშვი, ნუ მეხები, -განწირული ხმით იყვირა და აფართხალდა, მიხვდა ნიკა რომ გოგომ ვერ იცნო და ჯერ ისევ კოშმარული სიზმრის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მთელი ძალით მოხვია მკლავები, შებოჭა და ჩაეხუტა.
- მშვიდად, ნუ ყვირი, მე ის არ ვარ გესმის? ნიკა ვარ შენი მეზობელი, დავიჯერო შენი შემოქმედება, ჩვენს საძინებლებს შორის ხვრელი დაგავიწყდა? უსაფრთხოდ ხარ, ჩემს გვერდით არაფერი გემუქრება გესმის? -ხელს არ უშვებდა, ელაპარაკებოდა და გრძნობდა როგორ დუნდებოდა ნელ-ნელა, ბოლოს როცა იგრძნო რომ დამშვიდდა ოდნავ მოშორდა და ზემოდან დახედა სახეაფორაჯებულს და თვალცრემლიანს.
ერთხანს დაჟინებით უყურებდა ნუნუკა, მერე ღიმილი გადაეფინა ბაგეზე და ასეთი ლამაზი არასდროს არაფერი მინახავსო თავისდა უნებურად გაიფიქრა ნიკამ.
- არ წახვიდე, მარტო არ დამტოვო, მეშინია, არ მიყვარს მარტო ყოფნა, მარტო რომ ვარ კოშმარები მესიზმრება, როგორც კი ვიძინებ ის მოდის... მოდის და... -დაღლილი ხმა ჰქონდა, ოდნავ ჩახლეჩილი და მისუსტებული, წვრილი მკლავები შემოხვია წელზე ნიკას და მის მკერდში ჩარგო სახე.
- ჩუ, დამშვიდდი, მე შენთან ვარ, მარტო არ ხარ, ნუ გეშინია, არ წავალ, შენთან დავრჩები და შენს მშვიდ ძილს ვუდარაჯებ, დახუჭე ეგ ლამაზი თვალები და დაიძინე, -თმაზე გადაუსვა ხელი და ნუნუკამაც პატარა საყვარელი კნუტივით მინაბა თვალები, ორიოდე წუთში მშვიდად ფშვინავდა ნიკას ძლიერ მკლავებში კომფორტულად მოთავსებული.
გამონგრეულ კედელთან იდგა თაზო ძია, ოდნავ გადაწეული პლედის უკნიდან უყურებდა მის თვალწინ გათამაშებულ სულისშემძვრელ სცენას და ორივე ლოყაზე ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები.
-
ქურასთან იდგა ნიკა და ჩაფიქრებული ურევდა წვნიანს, ადრიანი დილა იყო, სამზარეულოს ღია ფანჯრიდან დილის მზის სხივებში გახვეული ბაღი მოჩანდა, ამოიოხრა, უძილობისგან ჩაწითლებული თვალები მოისრისა, ახლა მხოლოდ ერთი ჭიქა ცხელი ყავა თუ უშველიდა, ყავის აპარატში კაფსულა მოათავსა, ღილაკს დააწვა და ორივე ხელით დაეყრდნო მაგიდას, თვალები მაგრად დახუჭა და ტანში უსიამოვნოდ გასცრა ნუნუკას ზურგი რომ გაახსენდა, მთლიანად იარებით დაფარული...
ღამით თაზო ძია გააცილა თუ არა, მას შემდეგ გვერდიდან არ მოსცილებია, მაღალი სიცხე ჰქონდა ნუნუკას, ბოდავდა და ემუდარებოდა მარტო არ დაეტოვებინა, ერთი წამითაც არ უფიქრია მისი მიტოვება, მთელი ღამე წამლებს ასმევდა და საფენებს უცვლიდა შუბლზე, იძულებული იყო ოფლისგან მთლად დასველებული საღამურებიც გამოეცვალა მისთვის, სწორედ მაშინ დაინახა მისი ზურგი, საშინელება იყო, ვინ უნდა მოქცეოდა ასე, ვის უნდა გაემეტებინა...
- ლისა შე გაიძვერა, სად იყავი, ისევ მასთან შეიპარე? ხომ გითხარი არ შეაწუხოთქო, ისედაც წუხელ მთელი ღამე ვერ მოგაშორე მის საწოლს, -ფეხებში გაბლანდულ, უზარმაზარ წითურ კატას დახედა, მერე ცხელი სურნელოვანი სითხით სავსე ჭიქა აიღო და იქვე იატაკზე ჩაჯდა, კარადას მიეყრდნო ზურგით და თვალები დახუჭა, მის ფეხებსშუა მოკალათდა ლისა და აკრუტუნდა.
- ნუნუკა მოგწონს არა? -თავზე ხელი გადაუსვა ფისოს და მანაც თითქოს თანხმობის ნიშნად დაიკნავლა, -ჰო მართალი ხარ, კარგი გოგოა, ლამაზია, მიმზიდველი, ასეთი აუტანელი ხასიათი რომ არ ჰქონდეს... -ჯანდაბა, რა სისულელეებზე ვფიქრობ, ესღა მაკლია, არავითარ შემთხვევაში, -საკუთარ თავზე და ფიქრებზე გაბრაზებული წამოხტა ფეხზე და ისევ წვნიანით სავსე ქვაბს მიუბრუნდა, თეფშზე ამოიღო, სინზე დადო პურთან და ალუბლის კომპოტთან ერთად.
- წავედით ლისა ჩვენი მეზობელი გამოვკვებოთ, ალბათ ახალგაღვიძებულს ძალიან ეშიება, -იქვე მჯდარ თათების ლოკვაში გართულ კატას მიმართა და მანაც თითქოს ყველაფერი სიტყვა სიტყვით გაიგოო თავი ამაყად ააღირა და წინ გაუძღვა.
-
გაჭირვებით გაახილა თვალები, ქუთუთოები საშინლად ჰქონდა დამძიმებული, ყელი გამშრალი და ძალიან სწყუროდა, თავის წამოწევა სცადა მაგრამ რომ ვერ მოახერხა უძლურების შეგრძნებამ იმდენად წაუჭირა ყელში სიმწრის ცრემლები მოადგა თვალებზე, ისევ მარტო იყო, სულ მარტო როგორც ყოველთვის, წყურვილით რომ დამხრჩვალიყო წყლის მიმწოდებელიც კი არ ჰყავდა არავინ, პირველად შეეცოდა ასე ძლიერ საკუთარი თავი, რას არ მისცემდა რომ ახლა ვინმე ჰყოლოდა გვერდით, თუნდაც ის აბეზარი მეზობელი... მეზობელი?
- დამესიზმრა? მგონი დამესიზმრა, -ჩაილაპარაკა და ყველანაირად ეცადა როგორმე გაეხსენებინა რა მოხდა ღამით, ბუნდოვნად ახსოვდა მის საწოლზე ჩამომჯდარი ნიკა, მისი ხმა, მკლავები, სითბო და სურნელი, ახსოვდა რომ ელაპარაკებოდა, ამშვიდებდა, წამლებს ასმევდა, ეს ყველაფერი სიზმარი ვერ იქნებოდა, შეუძლებელია ყოფილიყო, თავს ძალა დაატანა რომ წამომჯდარიყო და მაშინღა შეამჩნია რომ საკუთარი საღამური არ ეცვა, მამაკაცის მაისურში და შორტში იყო გამოწყობილი.
- ვაიმე, -შეშინებულმა წამოიკივლა როცა ხვრელზე ჩამოფარებული პლედი გადაიწია, ოთახში უზარმაზარი წითური კატა შემოცუნცულდა და უკან მისი წითური პატრონი შემოჰყვა ხელში სინით და ტუჩებზე თბილი, გულითადი ღიმილით...




მობუზული იჯდა საწოლში აწითლებული ლოყებით და ვერაფრით ახერხებდა იქვე, საწოლზე ჩამომჯდარი მეზობლისთვის თვალი გაესწორებინა.
- ბოდიში, საერთოდ არ მიფიქრია შენი შეწუხება, მე... მე უბრალოდ... -ძლივს ისმოდა მისი ჩახლეჩილი ხმა, ერთმანეთზე გადაჭდობილ თითებს იწვალებდა თავჩაღუნული.
- არ შევწუხებულვარ, ცუდად იყავი და დახმარება გჭირდებოდა, ბოდავდი, მაღალი სიცხე გქონდა, ახლა როგორ გრძნობ თავს?
- ვბოდავდი? მართლა? რას ვამბობდი? -თავი ასწია და მზერა გაუსწორა, უცნაურად უყურებდა თითქოს ნიკას სახეზე ცდილობდა იმის წაკითხვას რამე ზედმეტი ხომ არ წამოსცდენია, მაშინვე მიხვდა ნიკა რომ მასთან მის კოშმარებზე და მითუმეტეს იმ იარებზე არ უნდა ესაუბრა ზურგზე რომ ჰქონდა.
- ისეთს არაფერს, ამბობდი რომ ძალიან სიმპათიური ვარ და ძალიან მოგწონვარ, -ეშმაკურად ჩაიცინა და სინს გადასწვდა, ცხელი წვნიანით სავსე თეფში აიღო და ხელში მიაჩეჩა გაოგნებულს, -იცოდე ბოლომდე უნდა შეჭამო.
- მე მაგას არ ვიტყოდი, არავითარ შემთხვევაში, საერთოდ არ მომწონხარ, -სასაცილოდ წარბებშეკრული უყურებდა ნუნუკა და ისეთი საყვარელი იყო ნიკამ ვერაფრით შეიკავა თავი რომ გულიანად არ გადაეხარხარა.
- რატომ არ მოგწონვარ?
- იმიტომ რომ... იმიტომ რომ... უფ რა მნიშვნელობა აქვს, მაინცდამაინც რამე მიზეზი უნდა მქონდეს? უბრალოდ არ მომწონხარ და მორჩა.
- გული დამწყვიტე, არადა როგორი სიყვარულით მოგიმზადე ეგ წვნიანი, -ამოიოხრა და გათამაშებული სევდიანი ღიმილით გადააქნია თავი.
- მართლა? მართლა ჩემთვის მოამზადე? იცი რამდენი ხანია ჩემთვის არავის არაფერი მოუმზადებია?
ნუნუკას აწითლებულმა ლოყებმა, მისმა გულუბრყვილო გამოხედვამ და გულწრფელმა სიხარულმა გააკვირვა, მართლაც რომ უცნაური გოგო იყო, ძალიან საყვარელი და მიმზიდველი, განსაკუთრებით ასეთ მდგომარეობაში როცა აურზაურის მოწყობის თავი არ ჰქონდა.
- ჭამე სანამ გაციებულა, -თეფშზე ანიშნა და მანაც დაეჭვებულმა წაიღო კოვზი პირისკენ.
- უჰ რა გემრიელია, -თვალებმინაბულმა ჩაილაპარაკა როგორც კი გასინჯა, ორ წუთში მოასუფთავა თეფში და მშიერი თვალებით შეაჩერდა მომღიმარს.
- კიდევ მინდა.
- ზედმეტი მოგივა, ახლა ეს კომპოტი დალიე და გეყოფა, მერე კიდევ გაჭმევ, -პატარა ბავშვებს რომ ელაპარაკებიან ზუსტად ისე ესაუბრებოდა, ის კი არადა ძლივს შეიკავა თავი რომ თავზე ხელი არ გადაესვა ან საყვარლად აწითლებულ ლოყებზე არ ეჩქმიტა.
- ტანსაცმელი შენ გამომიცვალე? -ახლაღა გაახსენდა ნუნუკას რომ თავისი საღამურები აღარ ეცვა და სირცხვილისგან აუელვარდა სახე, გააღიმა ნიკა მისმა ასეთმა მდგომარეობამ.
- შენი საღამურები სველი იყო, ისე ვერ დაგტოვებდი და რაკი შენს კარადებში ქექვა არ მინდოდა ჩემი შორტი და მაისური ჩაგაცვი, გეფიცები თვალდახუჭულმა გამოგიცვალე.
- მართლა? -საყვარლად აახამხამა თვალები.
- მართლა, შენთვის ერთხელაც არ შემომიხედავს.
- ჰო, კარგი, ყველაფრისთვის დიდი მადლობა, შენ რომ არა...
- მადლობა საჭირო არ არის, -ნიკა ფეხზე წამოდგა და საწოლზე ნებივრად გაშხლართულ ლისას დახედა ღიმილით, -მე მივდივარ, ლისა შენთან დარჩება, ადექი, თბილი შხაპი მიიღე და გამოიცვალე, წამლებიც დალიე, დღეს მთელი დღე სახლში ვარ, თუ რამე დაგჭირდეს გამომძახე და გამოვალ.
- კედლის ამოშენებას არ აპირებ? მეგონა უკვე ამოშენებული გექნებოდა.
- ხელოსანი ვერ ვიპოვე, არავის არ სცალია, -უდარდელად აიჩეჩა მხრები და ნუნუკას თვალებში გამკრთალი სიხარულის დანახვისას თითქოს რაღაც ჩასწყდა გულში, რა თქმა უნდა იმის თქმას არ აპირებდა რომ დილით ადრე დაურეკა თაზო ძიას და უთხრა ცოტა ხნით გადაედოთ კედლის ამოშენება.
-
- შენი პატრონი მატყუარაა, მითხრა მთელი დღე სახლში ვიქნებიო და ისე გაქრა არც დაუბარებია სად მიდიოდა, -ნიკას სამზარეულოში იჯდა მის მაისურში გამოწყობილი და თმააბურდული, მის მიერ მომზადებულ წვნიანს შეექცეოდა, სკამზე შემოსკუპებულ ლისას ელაპარაკებოდა და თან საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები, რა ვალდებული იყო ნიკა მისთვის დაებარებინა სად წავიდოდა და როდის დაბრუნდებოდა, ისედაც ასე ძალიან წუხდებოდა მისი გულისთვის, ჯერ იყო და კედელი დაუნგრია, მერე ის ძვირფასი ვაზა დაუმსხვრია, ხელმოწერებიანი მაისურიც...
- გეყოფა ნუკი რაზე ფიქრობ? ატყობ რომ უკვე სახიფათო ხდება მასზე ასეთი დამოკიდებულება? ის არავინ არის, უბრალოდ მეზობელია, თანაც შენ არავინ გჭირდება, მარტოობას შეჩვეული ხარ, მარტო ცხოვრებას შეჩვეული ხარ, გესმის?
მოღუშულმა ჩახედა ცარიელ თეფშს, წამოდგა, ყველაფერი მიალაგა, აქ აღარასდროს გამოვალო გაიფიქრა და საძინებლისკენ წავიდა, ლისა უკან რომ აედევნა შედგა და მუქარით დაუქნია თითი.
- ნუ მომყვები, შენ მისი კატა ხარ და ჩემთან არაფერი გესაქმება, დისტანცია დაიცავი თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ იცოდე.
- მიავ, -პასუხად ხმამაღლა დაიკნავლა ლისამ, ზურგი შეაქცია და პირველი გაძვრა ხვრელში.
- თავხედი კატა, ეს ალბათ არას ნიშნავდა, რა გაეწყობა, დღეს ხვალ ეს კედელი ამოშენდება და შენც ვეღარ შემოხვალ ხოლმე, -რაღაცნაირად გული დასწყდა ამოშენებული ხვრელი რომ წარმოიდგინა, გული დასწყდა რომ ამ ფუმფულა წითურ არსებას ვეღარ ნახავდა მაგრამ უფრო მეტად მისი წითური პატრონი ადარდებდა რომელზე ფიქრებსაც მთლიანად მოეცვა მისი გონება.
-
- არ უნდა წამოვსულიყავი, -ბარის მყუდრო, ჩაბნელებულ კუთხეში, ნოდოს გვერდით მჯდარი ნიკა ნება-ნება წრუპავდა სასმელს და თვალწინ სიცხისგან ლოყებაწითლებული და თმააბურძგნული ნუნუკა ედგა თვალწინ.
- რაღაც უცნაურად იღიმი, რა გჭირს?
- რა უნდა მჭირდეს? ჩემი ახალი მეზობელი ხომ იცი, იმ დღეს რომ გიყვებოდი, ცუდად იყო, სიცხე ჰქონდა და შევპირდი მთელი დღე სახლში ვიქნები რამე რომ დაგჭირდესთქო.
- სერიოზულად? -ნოდომ გაკვირვებულმა აწკიპა წარბები, -ეგ ის მეზობელი არ არის კედელი რომ გამოგინგრია? ასე არ ამბობდი თავხედია და ვერ ვიტანო?
- კი ასე იყო მაგრამ ახლა ცუდად არის და რა ვუყო, სულ მარტოა, ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს, -რაღაცნაირად თავის მართლებასავით გამოუვიდა.
- კარგი რა, მიხედავს თვითონ თავის თავს, -ნოდომ უდარდელად აიქნია ხელი, -თანაც ამ ბოლო დროს სულ სახლში ზიხარ შინაბერასავით, ახლა დანარჩენებიც მოვლენ და ცოტა გავერთოთ, აი მოვიდნენ, -შემოსასვლელისკენ გაიშვირა ხელი.
- არ გითქვამს რომ თიკოც უნდა მოსულიყო.
- მგონი დროა შერიგდეთ, თითქმის მთელი თვეა რაც პატარა ბავშვებივით ხართ გაბუტულები, იცი მაინც რა დღეშია უშენოდ? -მხარზე მოუთათუნა ხელი ნოდომ, მათკენ მომავალ ქერათმიან ქალღმერთს გაუსწორა მზერა ნიკამ, გრძელი ფეხები ჰქონდა თიკოს, სავსე ფორმები და ულამაზესი, უნაკლო სახე, სამი წელი იყო რაც ერთად იყვნენ, ერთად კარგად გრძნობდნენ თავს, ერთმანეთს კარგად ეწყობოდნენ, მათ შორის პირველი განხეთქილება მაშინ ჩამოვარდა როცა ერთი თვის წინ თიკომ ქორწინებაზე ჩამოაგდო ლაპარაკი, ოჯახი მინდა და შვილიო უთხრა, მიყვარხარ და შენგან შორს ყოფნა და ასე კვირაში რამდენჯერმე შეხვედრა აღარ მინდაო, ნიკას რეაქციამ და სიტყვებმა ცოტაც მოვიცადოთო ძალიან დასწყვიტა გული...
- ძალიან მომენატრე, -ყელზე მოხვია თხელი მკლავები და ტუჩებზე შეეხო ნაზად, ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი ნიკამ, როგორ ძალიან მომნატრებიაო გაიფიქრა და თავადაც წაეტანა ბაგეებზე, რამდენიმე წუთში საერთოდ აღარ ახსოვდა ამოსაშენებელი კედელი და შარიანი მეზობელი, გვარიანად შემთვრალი, თიკოსთან ერთად მუსიკას აყოლებდა სხეულს.
- წამოდი ცოტა კიდევ დავლიოთ, -ბარისკენ წაიყვანა თიკომ, -თითო ჭიქა გამოცალეს, საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა ნიკა, სიამოვნებდა მისი სიახლოვე, წელზე მოხვია ხელი და ახლოს მიიზიდა, მოშიშვლებულ მხარზე მიაკრო გახურებული ტუჩები.
- შენთან წავიდეთ, ამაღამ შენთან დავრჩები, -ჩასჩურჩულა და მისი სურვილით ანთებულ და სასმლისგან თავგზა არეულ ნიკას საერთოდ არ უფიქრია იმაზე რომ ეს არც თუ ისე კარგი აზრი იყო, მეგობრებს დაემშვიდობა, ავტომობილის გასაღები ნოდოს გადასცა და ტაქსი გამოიძახა.
-
- დალევ რამეს? -სახლში შესულმა შესთავაზა თიკოს და თან ხელში აყვანილი წაიყვანა ჩაბნელებული მისაღებისკენ.
- ახლა მხოლოდ შენი შიშველი სხეულის შეგრძნება მინდა, -მაისურის ქვეშ შეუცურა ქალმა თითები და ერთი მარტივი მოძრაობით გადააძრო თავზე, დაკუნთულ მკერდზე აატარა ხელი... იქვე მდგარ სასადილო მაგიდაზე შემოსვა ნიკამ და მის ფეხებს შორის მოთავსდა, კაბა მაღლა აუწია, მკერდზე დააწვა გაშლილი ხელისგულით და მაგიდაზე გადააწვინა...
ის იყო ქამრის ბალთისკენ წაიღო თითები რომ ჩამრთველის ტკაცანი მოესმა, ჭაღის კაშკაშა ნათებამ მოსჭრა თვალი და ხმამაღალი შეკივლებაც რომ გაიგონა დაფეთებული მიბრუნდა უკან, მისაღების ღია კარში ნუნუკა იდგა, სველი თმით, სასაცილოდ დამრგვალებული თვალებით და სხეულზე შემოხვეული პირსახოცით რომელიც ფაქტობრივად არაფერს არ უმალავდა...



- ეს გოგო ვინ არის და აქ რას აკეთებს? -მაგიდაზე ჩამომჯდარი, ფეხებგაშლილი, მკერდმოშიშვლებული და გაწეწილი თიკო ისეთი თვალებით უყურებდა ნუკის მზერით რომ შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანის მოკვლა იქვე გააცხებინებდა სულს.
- ღმერთო ასეთი რა დავაშავე რომ ეს გამომიგზავნე მეზობლად? -ჭერს შეჰღაღადა ნიკამ და მერე ერთ ადგილზე გაშეშებულ, ლოყებაღაჟღაჟებულ ნუნუკას შეხედა რომელსაც ხელით ეკავა მკერდთან გადაჯვარედინებული პირსახოცი და ცდილობდა ნიკასთვის თვალი აერიდებინა, გაცოფებული ძლივს მოერია სურვილს რომ პირდაპირ ასეთ ფორმაში არ გაეძახებინა გარეთ.
- ბოდიში, არ მინდოდა, ხომ იცი ცხელი წყალი არ მაქვს და შენი აბაზანით ვისარგებლე, მერე ხმა გავიგონე და ვიფიქრე რომ...
- ხმა გაიგონე და პირდაპირ ასე გამოტანტალდი მისაღებში?
- ისეთი უცნაური ხმები ისმოდა მეგონა ქურდები იყვნენ.
მაგიდიდან გადავარდნილ დამსხვრეულ ვაზას დახედა ნიკამ და ძლივს შეიკავა ღიმილი, თვითონვე აკვირვებდა საკუთარი თავი, ორი წუთის წინ მისი დახრჩობა უნდოდა ახლა კი რას არ მისცემდა მასთან ჩახუტება რომ შეძლებოდა.
- ასეთ ფორმაში აპირებდი ქურდებთან შებრძოლებას? ძალიან კი შეეშინდებოდათ ხომ იცი, როდემდე უნდა იდგე გაშეშებული, გაცივდები, წადი რამე ჩაიცვი და სულ ცოტა რამდენიმე საათი მაინც აღარ დამენახო, შენი სახლიდან აქეთ გამოსვლა არ გაბედო გესმის?
ნუნუკა გავიდა თუ არა იქვე მიგდებულ მაისურს დასწვდა, გადაიცვა და თიკოს მიუბრუნდა რომელიც უკვე ჩამომხტარიყო მაგიდიდან და კაბას ისწორებდა.
- ამიხსნი ვინ იყო ეს შიშველი გოგო თუ რას აპირებ? -ყინულივით ცივი ჰქონდა ხმა, ცოტახნის წინანდელი ვნებისა და სიგიჟისგან აღარაფერი იყო დარჩენილი.
- დამშვიდდი, დაჯექი და ყველაფერს აგიხსნი, -იქვე ახლოს მდგარი სავარძლისკენ ანიშნა ნიკამ თუმცა აშკარა იყო რომ თიკოს მშვიდი საუბარი არ უნდოდა.
- დავჯდე და გეჭორაო როცა ის საძინებელშია? შეგეძლო გეთქვა სხვა ვინმე თუ გყავდა, ასეთი რამის გაკეთება და ჩემი ასე დამცირება რა საჭირო იყო, იცი როგორ მიყვარხარ და მაინც ასე მექცევი, რატომ? რა დაგიშავე ამიხსენი, -ცრემლებით აევსო თვალები და წასასვლელად გაიწია თუმცა ნიკამ არ გაუშვა, მკლავში ჩაავლო ხელი, ძალით მიიყვანა დივანთან, დასვა და გვერდით მიუჯდა.
- ყველაფერი არასწორად გაიგე, -ნუნუკასთან არაფერი მაკავშირებს, ჩემი ახალი მეზობელია, უბრალოდ დახმარება სჭირდებოდა და დავეხმარე.
- დახმარებაში შენთან ერთად ცხოვრებაც შედის? იცოდი რომ აქ იყო და მაინც მომიყვანე?
- შეგიძლია რომ ცოტა ხანს გაჩუმდე? -ხმას აუწია ნიკამ, -რა სისულელეს ამბობ თუ ხვდები, მაცადე აგიხსნა რა ხდება, ნუნუკა ჩემი მეზობელია, მარტო ცხოვრობს, გუშინ სიცხე ჰქონდა და დავეხმარე, ახლა კიდევ ცხელი წყალი არ ჰქონია და ამიტომ იძულებული გახდა რომ...
- გინდა რომ ეს სისულელე დავიჯერო? ადრე არ მატყუებდი მაინც, ახლა რა დაგემართა, ასე რამ შეგცვალა, უნდა წავიდე.
- გთხოვ დარჩი.
- დავრჩე როცა ის საძინებელშია?
- საძინებელში არ არის, -ნიკამ ამოიოხრა და თავმობეზრებულმა გადაატრიალა თვალები, -ხომ გაიგონე, ვუთხარი სახლში წასულიყო.
- თუ არ მეშლება კარი იქით არის.
- ახლა რასაც გეტყვი არ დაიჯერებ მაგრამ მაინც უნდა გითხრა, ჩემი და ნუნუკას საძინებლის შუაში უზარმაზარი ხვრელია, იქიდან გადის ხოლმე თავის საძინებელში, მოგიყვები რაც მოხდა, მგონი უბრალოდ ჩემს გაბრაზებას ცდილობდა და შემთხვევით უროთი კედელი გამოანგრია, მერე...
- შენ რა დამცინი? -სიტყვა შეაწყვეტინა თიკომ და გამწარებული წამოხტა ფეხზე, გინდა რომ ეს სისულელე დავიჯერო?
- არადა ყველაფერი მართალია, -ხმა რომ მოესმათ ერთდროულად მიტრიალდნენ მისკენ, -ღია კარში ნუნუკა იდგა, ამჯერად ნიკას შორტსა და მაისურში გამოწყობილი, იდგა და უხერხულად აცეცებდა თვალებს.
- ხომ გითხარი აქ აღარ დაგინახოთქო, -მთელი ხმით იღრიალა ნიკამ, ნუნუკა შიშისგან რომ შეხტა და თვალები ცრემლებით აევსო მაშინვე ინანა თავისი საქციელი.
- მე... მე უბრალოდ მინდოდა მისთვის ყველაფერი ამეხსნა, -საცოდავად ამოისლუკუნა და თიკოს გაუსწორა მზერა რომელიც ზიზღით ათვალიერებდა საცოდავად მხრებაწურულ გოგოს.
- შენ უნდა ამიხსნა რამე? მიდი გისმენ.
- ნიკამ მართალი თქვა, მე მისი მეზობელი ვარ, სრულიად შემთხვევით გამოვანგრიე კედელი, ხელოსანიც ვერ ვნახეთ რომ ამოგვეშენებინა ჰოდა არის ასე თავისთვის ის ხვრელი, ხან მე გამოვდივარ აქეთ, ხან ნიკა გამოდის იქით და...
- გეყოფა, გაჩუმდი საკმარისია, -ზედმეტად როლებში შეჭრილი ნუნუკა ძლივსძლივობით გააჩუმა ნიკამ და თიკოს მიუბრუნდა, -ხომ გაიგონე რა თქვა, უბრალოდ მეზობელია.
- ჰო, რა თქმა უნდა ყველაფერი გასაგებია, ნუნუკა შენი მეზობელია, თქვენს საძინებლებს შორის უზარმაზარი ხვრელი გაქვთ რომელიც ამ უცნაურმა არსებამ უროთი გამოანგრია მხოლოდ იმიტომ რომ შენ გაებრაზებინე, ამოსაშენებლად ამხელა ქალაქში ერთი ხელოსანი ვერ იპოვეთ, მას შენი ტანსაცმელი აცვია, შენი აბაზანით სარგებლობს, ხან შენ შედიხარ იქით, ხან ეგ გამოდის აქეთ, თქვენ საერთოდ ნორმალურები თუ ხართ? -მთელი ხმით იკივლა, იქვე მიგდებულ ჩანთას ხელი დაავლო და უკანმოუხედავად გავარდა გარეთ, ნიკა არ გაკიდებია, იდგა და თვალცრემლიან ნუნუკას უყურებდა, მერე კი თავშეუკავებელი, ხმამაღალი სიცილი აუტყდა...
-
- უკვე ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ნუნუკა ნახა ჩემთან, ვერაფრით შემოვირიგე, არ ჯერა რომ ჩემსა და იმ ახტაჯანას შორის არაფერი ხდება.
- ვიცი, გუშინ დამირეკა და მეწუწუნა, -ნოდომ უკვე გაცივებული ყავა მოსვა და სასაცილოდ დაიჯღანა, -ნუ დარდობ, მობეზრდება გაბუტვა და შეგირიგდება.
- არ ვდარდობ, უბრალოდ არ მინდა ჩემზე ნაწყენი იყოს, -მხრები აიჩეჩა ნიკამ და ნაძალადევად გაიღიმა.
- აღარ გიყვარს? -ისე შეიცხადა ნოდომ თითქოს რაღაც საშინელი კატასტროფის შესახებ გაეგო.
- არც არასდროს მყვარებია, უბრალოდ მასთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი შევეჩვიე და...
- და როგორც კი შენს ცხოვრებაში ის გამოჩნდა მაშინვე გაიაზრე რომ თიკოსთან ურთიერთობა აღარ გსიამოვნებს.
- ვინ ის? ვის გულისხმობ?
- თავს ნუ ისულელებ, შენს მეზობელს ვგულისხმობ რა თქმა უნდა.
- კარგი რა, რამდენი ხანია თვალით არ მინახავს და მგონი... მგონი მომენატრა, -უნებურად ხმამაღლა წამოსცდა და თავადვე გაკვირვებული დარჩა თავისივე სიტყვებით, ნოდოს ეშმაკური ხითხითისთვის ყურადღება არ მიუქცევია ჩაფიქრებულს.
- კი მაგრამ მონატრება როგორ მოახერხე როცა იქვე გყავს ერთი ხვრელის მოშორებით.
- კედელი იმ ამბის მერე ამოვაშენებინე, მერე სამსახურშიც გამოვედი, მგონი ისიც ყველანაირად მარიდებს თავს, ერთი კვირაა ქუჩაშიც კი არ გადამყრია, სამაგიეროდ მოღალატე ლისა გადაცხოვრდა მასთან.
- სერიოზულად?
- ჰო, საღამოობით შემოივლის ხოლმე ორი წუთით, დამხედავს და ისევ მასთან მიდის, ნეტავ როგორ არის? სულ მარტოა და ისევ რამე რომ უჭირდეს?
- ჰოდა თუ ასე ძალიან გადარდებს მიაკითხე და მოიკითხე რა პრობლემაა.
- შენთვის ადვილი სათქმელია, რა მიზეზით მივაკითხო?
- კატას ვეძებ და შენთან ხომ არ არისთქო კითხე.
- არ არის ცუდი იდეა ხომ იცი...

გახალისებული მართავდა ავტომობილს გადაწყვეტილი ჰქონდა, როგორც კი სახლში მივიდოდა და ცოტას დაისვენებდა მაშინვე მიეკითხა ნუნუკასთვის, ჩვეულებისამებრ ჭიშკართან გაჩერდა და ჩამოხტა თუ არა მაშივე თვალში მოხვდა, მაღალი, ჭაღარათმიანი, შავ ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი რომელიც ჭადრის ჩრდილს შეფარებული დაჟინებით შესცქეროდა ნუნუკას სახლის ფანჯრებს, ეცნო, ეს კაცი გუშინაც დაინახა და გუშინწინაც, მაშინაც ასე იდგა და იქაურობას ათვალიერებდა, ეს ყველაფერი ნამდვილად საეჭვოდ გამოიყურებოდა, ნეტავ ვინ იყო და რა უნდოდა...
- მეგობარო, -შეეხმიანა და მისკენ გადადგა თუ არა ნაბიჯი კაცი მაშინვე შებრუნდა და უკანმოუხედავად სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას, როგორც კი ვნახავ ნუნუკას მის შესახებ აუცილებლად ვკითხავო გაიფიქრა ნიკამ და ჭიშკრისკენ წავიდა ნელი ნაბიჯით.
- რაღაც ხდება და აუცილებლად უნდა გავარკვიო რა, ეი ლისა, -მეზობლის ღობეზე მჯდარ კატას დაუძახა და მისკენ წამოსულს თავზე გადაუსვა ხელი, -წამოდი გაჭმევ, შენი საყვარელი სასუსნავები მოგიტანე, ოღონდ მერე ისევ ნუნუკასთან უნდა წახვიდე, მერე მე მოვალ და ვიკითხავ ლისა შენთან ხომ არ არისთქო და ამ დროს გამოჩენა არ გაბედო გასაგებია?
კარგიო თავი დაუქნია ლისამ და იმით ნასიამოვნები რომ სახლში საყვარელი საჭმელი ელოდა კრუტუნ-კრუტუნით გაუძღვა წინ...





აბაზანიდან ახალგამოსულმა შორტი ამოიცვა და ის იყო მაისურს წამოავლო ხელი რომ კივილის და ყვირილის ხმა მოესმა და ერთ ადგილზე გაშეშდა, დაიძაბა, ხმა ნუნუკას ოთახიდან გამოდიოდა, ალბათ ახლად ამოშენებული კედლის ბრალი თუ იყო ასე მკაფიოდ რომ ისმოდა ან ზოგადად თხელი კედლების ბრალი, კიდევ რომ მოესმა სასოწარკვეთილი კივილი მიშველეთო და ზედ მამაკაცის ყვირილის ხმაც რომ დაერთო მიხვდა რომ მეზობელს დახმარება სჭირდებოდა, ერთადერთი რაზეც მაშინ იფიქრა იყო ის რომ სანამ გარეთ გავიდოდა ქუჩიდან შემოუვლიდა და სახლამდე მიაღწევდა შეიძლებოდა უკვე გვიან ყოფილიყო, გამწარებულმა მიმოიხედა ირგვლივ და იქვე კუთხეში გამოსაჩენ ადგილზე, რელიქვიასავით მოთავსებული უზარმაზარი ურო მოხვდა თვალში რომელიც კედლის ამოშენების შემდეგ რატომღაც უკან აღარ დაუბრუნებია მეზობლისთვის, უროს ხელი დაავნო, მთელი ძალით მოიქნია და სინანულის გარეშე დასცხო ახლად ამოშენებულ კედელს...

- დამშვიდდი, აქ ვარ, შენთან, ყველაფერი კარგად იქნება, -გულში მთელი ძალით იკრავდა თვალცრემლიან ნუნუკას და თან ცდილობდა იქვე იატაკზე უგონოდ მწოლი, სახედასისხლიანებული მამაკაცისთვის თვალი არ მოეშორებინა.
- მაინც მიპოვა, მაინც მომაგნო, თავს არასოდეს დამანებებს, -საცოდავად სლუკუნებდა ნუნუკა.
- ვინც არ უნდა იყოს ვერაფერს დაგიშავებს, შენს გვერდით ვარ, პოლიცია გამოვიძახე, ახლა უკვე მალე მოვლენ და წაიყვანენ, მშვიდად, -თავზე უსვამდა ხელს და გული უკვდებოდა ასეთ შეშინებულს და დამფრთხალს რომ ხედავდა.
- ჩემი მამინაცვალია, -ნიკას არაფერი უკითხავს ისე დაიწყო მოყოლა ნუნუკამ, -შვიდი წლის ვიყავი როცა მამა გარდაიცვალა და დედა ორიოდე თვეში მეორედ დაქორწინდა, თავიდან კარგად მე ქცეოდა, მერე... მერე დედას ცემა დაიწყო, მეც მცემდა ხოლმე, მთვრალი საერთოდ არაადეკვატური ხდებოდა, ხშირად დედაჩემის თვალწინ მცემდა ხოლმე ის კი ხმას არ იღებდა, უბრალოდ იდგა და გვიყურებდა...
- ის იარები... ზურგზე...
- ქამრით მცემდა, -ისე უბრალოდ თქვა მიხვდა ნიკა ეს მხოლოდ ერთხელ და ორჯერ არ იყო მომხდარი, თითქოს უკვე შეჩვეული იყო ნუნუკა, ხელები მომუშტა გამწარებულმა და კბილი კბილს დააჭირა.
- მოვკლავ, -ამოიხრიალა და ასადგომად წამოიწია თუმცა ნუნუკამ არ გაუშვა, მთელი ძალით მოხვია მკლავები.
- არ წახვიდე, ჩემთან იყავი.
- არ მესმის, დედაშენი ამ ყველაფერს ასე როგორ უყურებდა, როგორ შეეძლო...
- მიყვარსო ამბობდა, მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლიაო, თოთხმეტი წლის ვიყავი რომ დაიღუპა, მოიწამლაო თქვეს, დღესაც არ ვიცი რა მოხდა სინამდვილეში, დედაჩემის დაღუპვიდან ერთი თვეც არ იყო გასული ჩემზე ძალადობა რომ სცადა, ძლივს მოვახერხე თავის დახსნა, თავში ბოთლი ჩავარტყი და უგონოდ მყოფი დავტოვე, მაშინ ჩემი მეზობელი ნაირა დამეხმარა, კიბეზე ჩავრბოდი გულამოვარდნილი და ამომავალს შევეჩეხე, გამაჩერა, მიხვდა რომ რაღაც მიჭირდა, არაფრით გამიშვა, სახლში წამიყვანა და მაიძულა ყველაფერი მომეყოლა.
- პოლიციას არ გამოუძახა?
- გამოუძახა მაგრამ ჩემს მამინაცვალს დაუჯერეს, მე არა, მერე გვიან აღმოვაჩინე რომ საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მომუშავე მეგობრები ჰყოლია, არ დაუწერიათ, სამაგიეროდ ერთი კარგი რამ მაინც მოხდა, ბებიამ მომაკითხა და წამიყვანა, მამაჩემის დედამ, არ ვიცნობდი, ახალი ჩამოსული იყო საფრანგეთიდან და თანაც თურმე წლების განმავლობაში არ ელაპარაკებოდა მამაჩემს, მან გამზარდა, სამი წლის წინ დაიღუპა, ბინა სადაც ვცხოვრობდით ბიძაჩემმა და ბიცოლაჩემმა მიითვისეს თუმცა ცოტა დანაზოგი დამიტოვა ბებიამ, მეც ვმუშაობ, სესხიც ავიღე და ამ სახლის ყიდვა მოვახერხე, ამ ბოლო წლებში საერთოდ დამავიწყდა ამ მანიაკის არსებობა არადა თურმე მეძებდა და მითვალთვალებდა, დღეს სახლის კარი ღია მქონდა, უპრობლემოდ შემოვიდა, საძინებელში ვიყავი, დანარჩენი შენც იცი...
რამდენი რამ გადაუტანია ამ პატარა გოგოსო ფიქრობდა ნიკა, ამღვრეული თვალებით დაჰყურებდა ზემოდან მის მკლავებში განაბულს და საოცრად სიამოვნებდა მისი ასეთი ნდობა, კარგა ხანს ისხდნენ ასე ერთმანეთზე მიკრულები და მერე ერთდროულად აუტყდათ სიცილი პოლიციის სირენების ხმა რომ გაისმა.
- როგორც ყოველთვის დროულად მოვიდნენ, -გაწეწილ, მტვრით დაფარულ თმას ისწორებდა ნიკა და ისე გულიანად იცინოდა თვალს ვერ აშორებდა ნუნუკა.
- შენი თავი რომ დაგენახა როგორი იყავი საძინებელში რომ შემოვარდი, წელსზემოთ შიშველი, გრძელი, გაშლილი თმით, ხელში უროთი, თორს გავდი, მართლა.
- თორს?
- ჰო, სერიოზულად, ვგიჟდები თორზე.
- ანუ მოგწონვარ?
- მე ეგ ვთქვი?
- დაახლოებით.
- კარგი, ვაღიარებ რომ ძალიან სექსუალური იყავი, -საყვარლად გაიკრიჭა იქვე მწოლი სხეული რომ შეირხა შიშისგან შეჰკივლა, მთელი ძალით ჩააფრინდა ნიკას, სწორედ ამ დროს შემოაღეს კარი პოლიციელებმა.
-
ბუზღუნ-ბუზღუნით ალაგებდა არეულ სამზარეულოს, ნახევრად გამომცხვარი ნამცხვარი, დამწვარი კარტოფილი, რაღაც გაურკვეველი ფერის და გემოს მქონე სალათა...
- მე შენ რა გითხარი სამზარეულოში შემოსული არ დაგინახოთქო, -მთელი ხმით იღრიალა და მისაღებში გასულს რაღაც უზარმაზარი ბურთი რომ გაებლანდა ფეხებში და ნაბიჯარეული მუხლებით რომ დაასკდა იატაკს საბოლოოდ გადაეკრა სიბრაზისგან ბინდი თვალზე, -ეს რაღა ჯანდაბაა, ნუნუკა სად ხარ?
- რა გაყვირებს, ჩემი ბურთია, სავარჯიშოდ ვიყენებ, -საძინებლიდან რომ გამოვიდა გულზე ახუტებული უზარმაზარი ყუთით და ტუჩებზე ჩვეული საყვარელი ღიმილით მაშინვე უკან დაიხია ბრაზმა და მისი ადგილი ჩახუტების და კოცნის სურვილმა დაიკავა.
- მაინცდამაინც ჩემს მისაღებში უნდა ივარჯიშო?
- დიდი ამბავი, აბა ჩემთან ადგილი არ არის, ხომ იცი მისაღებში მოსწავლეებისთვის ძლივს მყოფნის ადგილი, ახლა ვფიქრობდი და საძინებელში სახელოსნო ხომ არ მოვაწყო?
- და ჩემს საძინებელში გადმოხვალ? კარგი რა, ლამისაა მთელი სახლის ოკუპირება მოახდინო, თანაც ხომ შეგიძლია ერთი დღე მაინც მოიქცე ნორმალურად, სამზარეულო რა დღეში ჩაგიგდია.
- ნუ ბრაზობ, სიბრაზე და ბუზღუნი საზიანოა, მალე დაბერდები, შენთვის ნამცხვრის გამოცხობას ვაპირებდი დღეს ხომ შენი დაბადების დღეა.
- ის რაღაც საერთოდ არ ჰგავს ნამცხვარს.
- ვიცი და ამიტომ გადავწყვიტე სხვა უფრო კარგი საჩუქრებისთვის დამეთმო დრო, პირველი საჩუქარი, და და და დაააამ, -გულზე ახუტებული ყუთი მოიშორა და ხელმოწერებით დამშვენებული ფეხბურთის მაისურით წარსდგა მის წინაშე.
- ჩემი მაისური? კი მაგრამ როგორ? -ნიკა გაოგნებული ათვალიერებდა მაისურს, ნამდვილად ის იყო.
- როგორ და იმ დღეს არ გადამიგდია, უბრალოდ ისე ცუდად მომექეცი რომ გადავწყვიტე გამებრაზებინე მერე კი დამავიწყდა მეთქვა, ახლა კი მთავარი საჩუქარი, გახსენი, -ყუთი მიაწოდა.
- იმედია შიგ რამე სახიფათო არ დევს.
- კარგი რა, მიდი გახსენი და წინასწარ გეუბნები რომ თვითონ გავაკეთე, საკუთარი ხელით, მინდა იცოდე რომ რაც არ უნდა მოხდეს შენს გვერდით გატარებული თითოეული წამი, კარგიც და ცუდიც, ძვირფასი და მნიშვნელოვანია ჩემთვის, -საყვარლად უციმციმებდა თვალები და ერთ ადგილზე ცმუკავდა მოუთმენლობისგან.
- კარგი, ვნახოთ ამჯერად რა ჩაიდინე, -ყუთი გახსნა და ღიმილი სახეზე შეაშრა, თავისი ჩინური ვაზა რომ დაინახა, ამოიღო და იქვე მაგიდაზე დადო, დიდხანს უყურებდა თვალმოუშორებლად და თითებით ეფერებოდა ოქროს ფხვნილით ამოვსებულ ბზარებს, მერე შებრუნდა და მისი მომლოდინე გოგო მთელი ძალით ჩაიკრა გულში, -მიყვარხარ, -აღმოხდა და სულაც არ უგრძვნია უხერხულობა, ნუნუკას მოშიშვლებულ მკლავს რომ დაეცა მისი ცრემლი...
-
- რაღაც უნდა გითხრა, -ოთახში შებაჯბაჯდა და სამუშაო მაგიდასთან მჯდომ ნიკას დაადგა თავზე, -ოჯახში მალე მატება გვექნება.
- რაა? მატება? უკვე დაიწყო? -დაფეთებული წამოხტა, ჯერ უაზროდ დაარტყა ოთახს ორი წრე, მერე ნუნუკა ხელში აიტაცა და კარისკენ წაიყვანა, -მშვიდად, ღრმად ისუნთქე, მალე მივალთ სამშობიაროში.
- გაგიჟდი? სამშობიაროში რა მინდა, ჯერ ორი თვე გვაქვს წინ, დამსვი ახლავე, -გაოცებისგან თვალებ დამრგვალებული უყურებდა ქვემოდან დაბნეულ ნიკას.
- აბა მატებაო? -დასვა და მის წინ დაიჩოქა, მუცელზე მიადო ლოყა, -მეგონა რომ მამიკოს პრინცესამ ამქვეყნად მოვლენა იჩქარა ეს იყო და ეს, ნუ დამცინებ ახლა მაგის გამო, რა მატებაზე ლაპარაკობდი?
- რა და ლისამ ორსული ცოლი მოიყვანა.
- ვინ მოიყვანა? რა ცოლი, რას ამბობ?
- შეხედე, -ფანჯრის რაფაზე მჯდარი ლისასკენ მიუთითა რომელსაც გვერდით მუცელგაბერილი შავ-თეთრი კატა ეჯდა.
- ესღა გვაკლდა.
- იმედია არ გააგდებ, -წარბები აწკიპა და გაბერილ მუცელზე დაიწყო ხელები, -მისი ეს პოზიცია უკვე კარგად იცოდა ნიკამ რასაც ნიშნავდა, ხელები ასწია და ორი ნაბიჯით დაიხია უკან.
- არა რა თქმა უნდა არ გავაგდებ, მაგრამ...
- ჰოდა თუ ასეა ეს აიღე და დავიწყოთ, -კალამი და ფურცელი მიაჩეჩა ხელში.
- რა უნდა დავიწყოთ?
- საყიდლების სია ჩამოვწეროთ, პირველი, საწოლი ლისას ცოლისთვის, მეორე, კნუტებისთვის...
უსმენდა ენად გაკრეფილს, უყურებდა ლოყებაწითლებულს, თმააწეწილს, მუცელგაბერილს, უყურებდა და არ ჯეროდა საკუთარი ბედნიერების.
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომეწონა ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკა

კაი იყო მაგრამ ბოლოს ძალიან დაჩქარებული წესით იყო დაწერილი❤️❤️

 


№3  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან კარგი იყოოო.

 


№4 სტუმარი ნანამია

აუ, ძაან საყვარლობააა... ბევრი ვიხალისე, მადლობა ,მჭირდებოდა ასეთი დადებითი ემოციებით დატვირთული ისტორია...

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

რა კარგი იყო მადლობა❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent