შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დილა მშვიდობისა სამყაროვ ( სრულად )


25-03-2025, 23:35
ავტორი Antonio Gover
ნანახია 1 329

მაისის ბოლოს გადავედი ახალ სახლში საცხოვრებლად, თბილი და მზიანი იყო იმ წელს გაზაფხული, დიდი ხნის მიტოვებული და მოუვლელი ეზო უამრავი ყვავილით ბუჩქით და უზარმაზარი, ძველისძველი, ხავსმოდებული ხეებით იყო სავსე, სახლი არც თუ ისე დიდი იყო, ერთსართულიანი, ოდნავ შემაღლებულზე იდგა, წითელი კრამიტით იყო გადახურული და ოდესღაც თეთრად შეღებილი და ახლა ალაგ-ალაგ აქერცლილი ხის დარაბები ჰქონდა, ორი კვირის წინ სრულიად შემთხვევით გავიარე იმ ქუჩაზე და დავინახე თუ არა მაშინვე უცნაურად მიმიზიდა, მივხვდი რომ ეს სახლი და ეზო ჩემი უნდა ყოფილიყო, პატრონს დიდად არ გაუგიჟებია თავი როცა საკმაოდ გვარიანი თანხა შევთავაზე, ისედაც მიტოვებული ჰქონდათ, ვიყიდე თუ არა მაშინვე ოდნავ შეავვლე ხელი, ერთ-ერთი საძინებელი გავარემონტე რომ გადმოსვლა შემძლებოდა, დანარჩენს მერეც მივხედავდი...

- ჯერ გაგერემონტებინა, სად გეჩქარებოდა? -ჩემი ბავშვობის მეგობარი ირაკლი ამრეზით ათვალიერებდა, უბრალოდ შელესილ კედლებს, შელახულ სახურავს, ბალახგადავლილ ბილიკებს და სრულიად უადგილო ადგილზე გაზრდილ, წითელი მსხვილი ბლით დახუნძლულ უზარმაზარ ხეს.
- ნელ-ნელა დავიწყებ და შევავლებ ხელს, ჯერ სახლს გავარემონტებ, მერე ეზოს მივხედავ, ცოტა გულს გადავაყოლებ, დამსახურებული შვებულება უნდა ავიღო და აქაურობას მივხედო, -სიამოვნებით მოვიფშვნიტე ხელისგულები რომ წარმოვიდგინე უახლოეს მომავალში როგორ წალკოტად ვაქცევდი აქაურობას.
- ანუ უკვე აქ რჩები?
- ჰო, დღეიდან აქ ვიცხოვრებ.
- დაცვა სად გყავს? -იქაურობას ისე მოავლო თვალი თითქოს სადმე ხის უკან ჩასაფრებულ, შეიარაღებულ დაცვის წევრს დაინახავდა ბიძაჩემი რომ უზარმაზარ ფულს უხდიდა უსაფრთხოებისთვის.
- არანაირი დაცვა, მარტო მინდა ვიცხოვრო, ხომ იცი დაცვა არაფერში მჭირდება, თვითონაც მშვენივრად მოვახერხებ რომ საკუთარ თავს მივხედო.
- მე კი ვიცი მაგრამ ყველამ ხომ არ იცის, რა ვიცი მაინც დაფიქრდი არაფერი მოხდეს ისეთი, -ეჭვი და ცოტაოდენი ღელვა გაურია ხმაში, გამეღიმა.
- დაცვა და ათობით დამხმარე-მოსამსახურე რომ მჭირდებოდეს იმ ციხესიმაგრეში დავრჩებოდი, ყელში ამომივიდა ყველაფერი.
- ქალბატონი მარიამი რას იტყვის ამ ყველაფერზე, გგონია მოეწონება ის იდეა რომ სადღაც გარეუბანში უნდა იცხოვროს ამ ერთ ბეწო სახლში?
- მარიამი საერთოდ რა შუაშია? ვინ გითხრა რომ აქ უნდა იცხოვროს.
- დანიშნულები ხართ ნიკლაუს, ხომ იცი ასე ადვილად არ დანებდება, თანაც მისი მშობლები და ბიძაშენი გაგიჟდებიან რამე ისე რომ არ წავიდეს.
- მაგათი აზრი ვის აინტერესებს იკა, პატარა ბავშვი ხომ აღარ ვარ, იმ ნიშნობას რაც შეეხება წარმოდგენა არ მქონდა თუ მარიამი გამოცხადებას აპირებდა, ალბათ ფიქრობს ასე მაიძულებს რომ ცილობა შევთავაზო თუმცა შენ ხომ იცი მაგის ცოლად მომყვანი არ ვარ.
- არ აპირებ? მართლა? -ირაკლის სიხარულისგან ისე გაუბრწყინდა სახე და ისე გაბედნიერდა თითქოს რაღაც სასწაული გაეგოს.
- რათქმაუნდა არ ვაპირებ.
- კიდევ კარგი, -შვებით ამოისუნთქა გულზე ხელმიდებულმა, -ხომ იცი არ მომწონს ეგ გოგო, თვითონაც არ ვეხატები გულზე, არ იმჩნევს მაგრამ მგონი ჩემზე ეჭვიანობს, რომ დაქორწინებულიყავით ალბათ სახლშიც არ შემომიშვებდა თქვენთან.
- მგონი აზვიადებ.
- რას ვაზვიადებ, სულ ცდილობს გაგაკონტროლოს, მაგის შიშით ერთად ვერ წავსულვართ სადმე, არ გახსოვს ორი კვირის წინ ბარში რომ დაგვადგა?
- დამშვიდდი საყვარელო, ხომ იცი შენს თავს ვერცერთი ქალი ვერ შემიცვლის ვინც არ უნდა იყოს, -ხელი მოვხვიე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე, სასაცილოდ დაიჯღანა, ნაკოცნი ხელის ზურგით მოიწმინდა და ქურდულად მიმოიხედა ირგვლივ.
- ნუ იდორბლები თუ ძმა ხარ, არავინ დაგვინახოს.
- დაგვინახონ, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, გულს ნუ მტკენ და ძმას ნუ მეძახი, დასამალი არაფერი მაქვს, შენთან ერთად ყოფნა მინდა, დაე მთელმა ქვეყანამ გაიგოს ჩვენი სიყვარულის შესახებ, -ბოლომდე შევიჭერი როლში.
- გეყოფა, მართლა არ გაიგონოს ვინმემ, რმა აგაცანცარა ამხელა კაცი, არადა უკვე ბერდები, ბოლოს და ბოლოს ერთ კვირაში ოცდაცხრა წლის ხდები, ხუმრობა საქმე ხომ არ არის, -საყვარლად გამეკრიჭა და უკვე საკმაოდ წამოზრდილი თმა ამიჩეჩა.
- არასდროს არ აღიარებ ხომ? -ტუჩები ნაწყენი ბავშვივით გავბუშტე და მოვიღუშე, ვიცოდი ვერ გაუძლებდა და ამყვებოდა, ბავშვობიდან ასეთი იყო, ერთ სიტყვას არ შემარჩენდა ხოლმე, ასეც მოხდა, ეშმაკურად აუციმციმდა თვალები, მხრებში გაიმართა და კისერი ისე მოიღერა მივხვდი ცუდად მქონდა საქმე.
- მართალია გული დამწყდა რომ ჩემგან ასე შორს გადმოხვედი თუმცა ერთი კარგი მხარეც აქვს ამ ყველაფერს, როგორც იქნა ჩვენი სასიყვარულო ბუდე გვექნება სადაც შევძლებთ თავისუფლად შევხვდეთ ერთმანეთს და დავტკბეთ ჩვენი ურთიერთობით, -ისეთი სერიოზული იყო და იმდენად ხმამაღლა ლაპარაკობდა აშკარად ერთი სული ჰქონდა ვინმე შემოგვსწრებოდა რომ შევერცხვინე და მერე ჩემზე ეხალისა, ახლა უკვე მე დავიწყე აქეთ-იქით ყურება ხომ არავინ გვისმენსთქო, დარწმუნებული ვიყავი ახალი მეზობლით დაინტერესებულ არამკითხეებს ყური ღობეზე ექნებოდათ მოდებული, ჩემი რეაქციით და საკუთარი გამარჯვებით გახალისებულმა იკამ სიცილით დამკრა მხარზე ხელი და წასასვლელად შებრუნდა, -ბიძაშენმა იცის შენი შვებულების შესახებ? ხომ იცი ახალი პროექტები...
- ურჩევნია საკუთარ საქმეს მიხედოს, -ჩავიღრინე და ირაკლისაც მეტი არაფერი უთქვამს, დანებების ნიშნად ხელები ასწია და ჭიშკარს გარეთ გაჩერებული ავტომობილისკენ წავიდა, სახლში არ შევსულვარ, იქვე სახლთან ახლოს მწვანე ბალახში გავიშხლართე გულაღმა და თვალებმოჭუტულმა ავხედე მოწმენდილ ზეცას, თვალწინ კადრებად ჩამიქროლა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ.

თორმეტი წლის ვიყავი როცა დედამ მე და მამა სხვა კაცის გამო მიგვატოვა და წავიდა, როგორც მერე გავიგე თურმე ის კაცი ფრანგი ყოფილა და საფრანგეთში წასულან საცხოვრებლად, ახლაც იქ ცხოვრობს, ძმა მყავს თუმცა არასდროს მინახავს, დედაჩემი ხშირად ცდილობს ჩემთან დაკავშირებას თუმცა ვერ ვპატიობ რომ მის გამო მამამ თავი მოიკლა... მისი წასვლიდან ორი თვის შემდეგ ვიპოვე თოკზე ჩამოკიდებული, მაშინ საშინელი დღეები გამოვიარე, ჯერ დედის დაკარგვა არ მქონდა მონელებული და მამაც დავკარგე, სულ მარტო დავრჩი, იდეალური ფერადი ცხოვრება წამში ჩამომექცა თავზე, დაკრძალვაზე ჩამოვიდა ბიძაჩემი უკრაინიდან და აღარც წასულა, აქ დარჩა, თავისი და მამაჩემის დანატოვარი ბიზნესი გააერთიანა და რაკი არც ცოლი ჰყავდა და არც შვილი საკუთარი შვილივით გამზარდა, მკაცრი, ჯიუტი და თავისებური კაცია თუმცა ის რომ არა არ ვიცი რა იქნებოდა, რაც წამოვიზარდე მას მერე ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში თუმცა როცა საქმე მარიამს და მის ოჯახს შეეხება...
- შეიძლება? -მორიდებულმა ხმამ გამომარკვია და გაბრუებული, მოთენთილი წამოვჯექი, თავზე თეთრთმიანი, სასიამოვნო გარეგნობის მოხუცი ქალი მედგა, ერთი ხელით ხელჯოხს ეყრდნობოდა, მეორე ხელში თეთრ ტილო გადაფარებული თეფში ეკავა, წამოვდექი და მივესალმე, ღიმილით დამიკრა თავი.
- შენს მეზობლად ვცხოვრობ შვილო, ა ეს კედელი საერთო გვაქვს, -ძველისძველი, წითელი აგურით ნაშენები კედლისკენ გაიშვირა ხელი, რომლის მიღმა სიმწვანეში ჩაფლული პატარა სახლი მოჩანდა, -ნაზიკო მქვია, ჩემი გამომცხვარი ფუნთუშები მოგიტანე, მიხარია რომ აწი ამ სახლშიც იცხოვრებს ვიღაც, წინა პატრონები სულ საზღვარგარეთ იყვნენ უმეტესად და სახლი უპატრონოდ ჰქონდათ მიტოვებული.
- მე ნიკო ვარ, -ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად და მეორე ხელით თეფში ჩამოვართვი, თბილი იყო და ტილოს ქვეშიდან საოცრად მადისაღმძვრელი ვანილისა და დარიჩინის სურნელი იფრქვეოდა, -რატომ შეწუხდით ნაზიკო ბებო რა საჭირო იყო.
- საჭირო იყო შვილო, საჭირო, მეზობლები ერთმანეთს ხომ უნდა ვიცნობდეთ, მინდა რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს, დღეს დილით ჩემი შვილიშვილი დაბრუნდა იტალიიდან, გაცვლითი პროგრამით იყო წასული, უნივერსიტეტიდან, გაგაცნობ და დარწმუნებული ვარ დამეგობრდებით.
დიდხანს აღარ დარჩენილა, მალევე წავიდა და სასიამოვნო ემოციებით სავსე დამტოვა, როგორც კი ჭიშკარს გაცდა მაშინვე მოვუღე ბოლო რამდენიმე ფუნთუშას.
-
მშვიდად, უსიზმროდ მეძინა ჩემს ახალ საძინებელში, დილის ცხრა საათზე კარგად დასვენებულმა და გამოძინებულმა გავახილე თვალები.
- დილა მშვიდობისა სამყაროვ, -ხმამაღლა მივესალმე სიმშვიდით სავსე გარემოს, ერთხანს გაუნძრევლად ვიწექი გულაღმა და ნახევრად გამჭვირვალე ფარდას შევყურებდი რომელსაც დილის გრილი ნიავი აფრიალებდა, მერე წამოვდექი, მაისური გავიძვრე და ის იყო აბაზანაში უნდა შევსულიყავი რომ რაღაც უჩვეულო ხმა მომესმა, ფეხაკრეფით მივედი ფანჯარასთან და მივაყურადე, ვიღაც ღიღინებდა თან ისე საყვარლად... დაინტერესებულმა გადავწიე ფარდა და ზედ ფანჯარასთან მდგარ უზარმაზარ ბლის ხეზე უცხო ეგზოტიკური ფრინველივით შემოსკუპებული არსებაც დავინახე.
იქნებოდა ოციოდე წლის, მოკლე, ჭრელი, ღმად გულამოღებული სარაფანი ეცვა, ფეხშიშველი იყო, მბზინავი ჩალისფერი თმა ტალღებად ეყარა მხრებზე, ტოტზე იყო ჩამომჯდარი, გრძელ გარუჯულ ფეხებს საერთოდ არ უმალავდა კაბა, უდარდელად ღიღინებდა და თვალებმინაბული შეექცეოდა ბალს, გრძელი წამწამები ჰქონდა, პატარა სწორი ცხვირი და მსხვილი ტუჩები, ულამაზესი იყო, ისეთი რომ კარგა ხანს ვერ მოვაშორე თვალი.
- დილა მშვიდობის, -როგორც იქნა შემამჩნია, ლურჯი თვალები მომაპყრო და გაღიმებული მომესალმა, საერთოდ არ უუცხოებია ჩემი დანახვა, არც შეშინებია და არც დაუმორცხვია, მიუხედავად იმისა რომ მე წელსზემოთ შიშველი ვიდექი ფანჯარაში ის კი ფართოდ ფეხებგაშლილი იჯდა ბლის ტოტზე და კაბა ფაქტიურად არაფერს არ უფარავდა.
- მშვიდობიანი დილა, -სალამი დავუბრუნე და ის იყო უნდა მეკითხა ვინ იყო და აქ რას აკეთებდა რომ თვითონ დამასწრო.
- შენი მეზობელი ვარ, აქვე გვერდით ვცხოვრობ, შეიძლება ბებიაჩემს იცნობ კიდეც, ნაზიკო ჰქვია, მე გუშინ დავბრუნდი იტალიიდან, გამიხარდა როცა გავიგე რომ ეს სახლი საცხოვრებლად შეიძინეს და აქ რაღაც უზარმაზარ მახინჯ კორპუსს არ ააშენებენ, აქაურობა მიყვარს, ამ ბალს ხომ არ მოჭრი ძალიან გემრიელია, იმედია არ ბრაზობ რომ დაუკითხავად ვჭამ, იმდენი ასხია ორივეს გვეყოფა, ბებიამ რომ მითხრა სახლი გაიყიდაო ვნატრობდი რომ ახალი პატრონი ვიღაც უჟმური მოხუცი არ აღმოჩენილიყო შენ კი ძალიან სიმპათიური და საყვარელი ჩანხარ, ეს კუნთები შენია? ნამდვილია? მაგრად გამოიყურები, ეტყობა ვარჯიში გიყვარს, მგონი მე და შენ დავმეგობრდებით, მოდი ხელი გამომიწოდე და ფანჯარაში გადმოვძვრები, ჩაი დავლიოთ ერთად, იქნებ ყავა გიყვარს, მაგრამ რომ იცოდე ისეთ ჩაის ვამზადებ...
შეუჩერებლად ლაპარაკობდა, ისე სწრაფად რომ სიტყვის ჩაგდებასაც ვერ ვახერხებდი, იღიმოდა, საყვარლად უციმციმებდა თვალები, უცნაური ვიღაც ჩანდა, უშუალო, უკომპლექსო, ზედმეტად მოურიდებელი, აშკარად არ უფიქრდებოდა თუ რას ამბობდა და აკეთებდა, მაგრამ საქმე ის იყო რომ საშინლად მიზიდავდა...





- რა ლამაზი დღეაააა, -სასაცილო ჩხავილით დამაცხრა თავზე ხელში სანთლებ ანთებული, მოცუცქნული, ბლებით მორთული ტორტით, საწოლზე ამოძვრა და ფეხებზე დამასკუპდა გულაღმა მწოლს, გაბრუებულმა შევხედე საათს, რვა ხდებოდა, აუტანელი სიცხის გამო არაფერი მეფარა და მხოლოდ საცვლით ვიწექი მას კი აშკარად არ უქმნიდა უხერხულობას ჩემი ასეთ მდგომარეობაში ხილვა.
- რა დროს დილაა და საერთოდ ეს რა ჯანდაბაა, -გაბრუებულმა და გაღიზიანებულმა შევუღრინე და წამოდგომა ვცადე თუმცა ადგილიდან არ განძრეულა.
- როგორ თუ რა დღეა, შენი დაბადების დღეა და თან ჩვენი გაცნობის ერთი კვირისთავი, უნდა აღვნიშნოთ, სურვილი ჩაიფიქრე და ჩააქრე.
მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი და ღრმად ჩავისუნთქე რომ როგორმე დავმშვიდებულიყავი, თუმცა ეს როგორ უნდა მომეხერხებინა ვერ ვხვდებოდი, ულამაზესი გოგო, ნამდვილი ღვთაება რომელზეც უკვე ერთი კვირა იყო მაბოდებდა, უმოკლეს სარაფანში გამოწყობილი იჯდა ჩემს ფეხებზე, ჩემსავე საწოლში და იმ საყვარელი მაცდური ღიმილით მიღიმოდა ასე რომ მიბნევდა ხოლმე თავგზას.
- მიდი ნიკლაუს შეუბერე თორემ დადნა სანთლები, შემომცინა და ტორტი ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა, სიცილი ვერ შევიკავე.
- ასე მხოლოდ იკა მეძახის, მეუბნება რომ ვამპირ კლაუსს ვგავარ.
- არადა მართლა გავხარ, მისნაირი ცუღლუტური და გამომწვევი გამოხედვა გაქვს და ლამაზი თვალები, ისე იკა რა საყვარელი ვინმეა არა?
ჩემდაუნებურად შევკარი წარბები და მოვიღუშე, დავიჯერო იკა მოსწონდა? არადა ამ ერთი კვირის განმავლობაში სულ სამჯერ ჰყავდა ნანახი ისიც რამდენიმე წუთით, მე კი ერთი წამითაც არ მშორდებოდა, იმ დღის მერე როცა ბლის ხიდან ჩემს ფანჯარაში გადმოძვრა და ის უგემრიელესი ჯადოსნური ჩაი გამიკეთა, ჩემთან უფრო მეტ დროს ატარებდა ვიდრე თავის სახლში, უთენია დამადგებოდა ხოლმე თავზე და შუაღამისას მიდიოდა სახლში, სახლის დალაგებასა და გარემონტებაში მეხმარებოდა, ეზოს საკუთარი ხელით დავგეგმავ და გავალამაზებო შემპირდა.
- გადადი ჩემი ფეხებიდან, ვერ ხედავ შიშველი ვარ? -ცოტა არ იყოს უხეშად გამომივიდა, გაკვირვებულმა და მგონი ცოტა ნაწყენმა შემომხედა და წარბაწეული წამოდგა, ტორტი იქვე დადო და თვითონ შეუბერა სანთლებს სული.
- რაც არ გინდა ღმერთმა არ მოგცესო ბებიაჩემი ამბობს ხოლმე, არ გინდოდა და ნუ გინდოდა, მშვენივრად ჩავიფიქრე სურვილი, ადექი ახლა და გამოდი გარეთ, დღევანდელი დღე დავგეგმოთ, სიშიშვლეს რაც შეეხება უნდა გითხრა რომ შენს მეგობარს ძალიან გაუმართლა, -ეშმაკური მზერა ამატარა სხეულზე და სიცილით გავიდა გარეთ, ვერ ვხვდებოდი რა შუაში იყო ჩემი მეგობარი, ხანდახან მართლა ძალიან უცნაურ რაღაცებს ამბობდა და თავგზას მირევდა ხოლმე, გავიდა თუ არა შვებით ამოვისუნთქე, გადავბრუნდი და თავი ბალიშში ჩავრგე რომ ჩემი სასოწარკვეთილი ღმუილი არ გაეგონა, უკვე ძალიან მიჭირდა ასეთი სიტუაციის ატანა, ჩვენი ნაცნობობის პირველივე დღეს გამომიცხადა რომ ჩემთან მეგობრობა უნდოდა, მე დანახვისთანავე მომეწონა ის კი არასდროს გადადიოდა ზღვარს, მიუხედავად იმისა რომ ძალიან თამამი იყო, ჩემს თვალწინ თითქმის შიშველი დაიარებოდა და ჩემს კალთაში ჩაჯდომასაც არ ერიდებოდა მაინც არასდროს მოუცია ჩემთვის იმის საბაბი რომ მეგობრობის გარდა სხვა რამეზე დავლაპარაკებოდი, აშკარა იყო რომ მისთვის როგორც კაცი არ ვარსებობდი, ოდნავადაც არ ვიზიდავდი, საერთოდ ვერ ამჩნევდა ჩემს მის მიმართ დამოკიდებულებას და ეს აბსურდული სიტუაცია ნელ-ნელა მიღებდა ბოლოს...
- არ მოდიხარ? -მთელი ძალით მომიბრახუნა კარზე და ფიქრებიდან გამომარკვია, სპორტული შარვალი ამოვიცვი და სამზარეულოში გავედი, იქ მელოდა, მაგიდასთან იჯდა, ცალი ფეხი სკამზე ჰქონდა აკეცილი, კაბის წვრილი სამხრე მაცდურად ჰქონდა ჩამოშვებული მკლავზე, მაღლა უწესრიგოდ აწეული თმიდან ჩამოშვებული თმის კულულები მხრებზე ეფინებოდა, ჩაის ფინჯანი ეჭირა ხელში და მიყურებდა ულამაზესი მოციმციმე თვალებით...
- ჩაი შენთვისაც გავამზადე, ტოსტიც გაგიკეთე, დაჯექი და ჭამე, -მის მოპირდაპირედ მდგარ სკამზე მიმითითა და მერე ეჭვით დახედა ჩემს ტელეფონს რომელსაც ცოცხალი თავით არ ვპასუხობდი.
- მადლობა ნაია, -ჩაის ფინჯანი ტუჩებთან მივიტანე და თვალებ მილულულმა შევისუნთქე სასიამოვნო არომატი.
- ტელეფონს რატომ არ პასუხობ? -შეწუხებული ხმა ჰქონდა არადა აშკარად აინტერესებდა რა ხდებოდა და ვინ რეკავდა ასე გამწარებული, მიუხედავად იმისა რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ კარგად გავიცანით ერთმანეთი და ყოველდღე უამრავ რამეზე ვსაუბრობდით ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრი არაფერი იცოდა.
- ჩემი მომავალი ცოლი მირეკავს, -ვუპასუხე და ყურადღებით დავაკვირდი მის რეაქციას, სახეზე არც ბრაზი და არც ეჭვიანობა მხოლოდ გულწრფელი გაოცება აღებეჭდა.
- ხუმრობ?
- რატომ უნდა ვხუმრობდე, მარიამი ბიძაჩემის შერჩეული საცოლეა, მამამისთან მეგობრობს, საერთო ბიზნესიც აქვთ, ეს ერთგვარი სარფიანი გარიგებაა.
- ასეც ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი სიყვარული არაფერ შუაში იყო, -ისეთი ხმით გამოაცხადა თითქოს თავიდანვე ყველაზე და ყველაფერზე ჰქონოდეს ინფორმაცია.
- ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?
- კარგი რა, შეიძლება მას მოსწონხარ კიდეც, არც გამიკვირდება იმიტომ რომ ძალიან სიმპათიური და მიმზიდველი ხარ მაგრამ შენ რომ არ მოგწონს ამას ვხვდები, ბრმა უნდა ვიყო რომ ვერ დავინახო, ჰო მართლა, იკა რას ამბობს იმაზე რომ შეიძლება იძულებული გახდე და დაქორწინდე.
- იკა მარიამს ვერ იტანს, რატომღაც გულზე არ ეხატებათ ერთმანეთი, -გამეცინა როცა გამახსენდა რა სიტყვებით ამკობდა ხოლმე.
- ალბათ მასზე ეჭვიანობს, -საყვარლად გადაიკისკისა და ხმაურით მოსვა ჩაი მერე კი გემრიელად ჩაკბიჩა ტოსტი, პირდაღებული, მონუსხული შევყურებდი და ამწუთას საერთოდ არ მაინტერესებდა არც ბიძაჩემი, არც მარიამი და არც მოსალოდნელი ქორწილი.
- ქორწილი არ იქნება, -რატომღაც ხმამაღლა წამომცდა.
- მართლა? -გაკვირვებულმა მიატოვა ჩაი, -დარწმუნებული ხარ?
- ახლა უკვე ასი პროცენტით? თუ როდისმე დავქორწინდები მხოლოდ საყვარელ ადამიანზე.
- მართალი ხარ, როგორ გაუმართლა შენს მეორე ნახევარს, სასწაული ვინმე ხარ, მეც მინდა შენნნაირი შეყვარებული, -ამოიოხრა და საყვარლად გადაატრიალა თვალები, -იკა საოცრად იღბლიანია, თქვენ ორივე იმსახურებთ ბედნიერებას.
- ვერ ვხვდები, იკა რა შუაშია და საერთოდ... -სიტყვა კარზე ზარის ხმამ შემაწყვეტინა, უსიტყვოდ წამოვდექი და კარისკენ წავედი, გამოვაღე...

- ნიკოლოზ ძვირფასო, -აფთარივით შემომაფრინდა სხეულზე მარიამი და სიტყვა არ მათქმევინა ისე დამაცხრა ტუჩებზე, გაჭირვებით მოვიშორე და ის იყო რაღაც მწარე და გულისმომკვლელი უნდა მეთქვა რომ ჩახველების ხმა მოგვესმა, ერთდროულად შევბრუნდით, მისაღებიდან გამომავალ კარის ჩარჩოს ეყრდნობოდა ნაია და ისე გვიყურებად მაშინვე მივხვდი რაღაც ეშმაკობა რომ ჰქონდა ჩაფიქრებული, ფეხშიშველი იყო, თმა გაშლილი და აწეწილი ჰქონდა, მხრები და გულმკერდი ზედმეტად მოშიშვლებული და კაბაც რატომღაც უფრო მოკლე ჩანდა ვიდრე დილით.
- ნიკლაუს საყვარელო, -ხმა გაინაზა, ტუჩები გამობერა და წამწამები აახამხამა, -ეს ქალბატონი ვინ არის? ალბათ შენი რომელიმე ნათესავია, უთხარი საუზმეზე დაგვეწვიოს, ბოლოს და ბოლოს შენი ოჯახი შენს საცოლეს ხომ უნდა იცნობდეს.
პირდაღებულები და გაშეშებულები ვუყურებდით მე და მარიამი, მე მისი გეგმის გამოცნობას ვცდილობდი მარიამი კი ალბათ ჩვენი ცოცხლად გატყავების ყველაზე მტკივნეულ გაზას ეძებდა.
- ნიკოლოზ ვინ არის ეს ქალი? -მკლავში ჩამაფრინდა და თან მისკენ ხმალივით მოიღერა წითლად შეღებილი მოკაუჭებული ფრჩხილი.
- მაპატიეთ რომ არ გაგეცანით, -ჩემს მაგივრად ისევ ნაიამ ამოიღო ხმა, მოგვიახლოვდა და მარიამ ხელი გაუწოდა, -მესმის თქვენი თქვენს ადგილზე მეც ასეთი რეაქცია მექნებოდა, მოულოდნელია არა? მე ნაია ვარ ნიკის საცოლე...
-
- ეს რატომ გააკეთე, -დივანზე მჯდარს და დამნაშავე ბავშვივით კალთაში ხელებ ჩაწყობილს ვედექი თავზე, ისეთი სახე ჰქონდა და ისე აცეცებდა თვალებს ვხვდებოდი ოდნავადაც არ აწუხებად დანაშაულის გრძნობა იმის გამო რაც გააკეთა.
- სიკეთე გაგიკეთე, არასასურველ ქორწინებას გადაგარჩინე და აქეთ ხარ დიდ გულზე? -შემომიტია და როცა დავინახე თვალები როგორ აუწყლიანდა მაშინვე უკან დახევა გადავწყვიტე.
- უბრალოდ გამაკვირვე და დამაბნიე ნაია, თუ ამის გაკეთებას აპირებდი წინასწარ უნდა შემთანხმებოდი.
- როდის უნდა მომესწრო შეთანხმება, იმპროვიზაცია ვცადე, ისე აღიარე როგორი მსახიობი ვარ? ნახე როგორ გარბოდა? -სიცილი აუტყდა და მეც ამიყოლია, მართლა სასაცილო იყო მარიამის გაოგნებული სახე და მისი მუქარა რომ ყველაფერს ბიძაჩემს ეტყოდა, თუმცა ბიძაჩემს რომ ვიცნობდი ვხვდებოდი სასაცილოდ ნამდვილად არ გვქონდა საქმე, დარწმუნებული ვიყავი ცოტა ხანში აქ ისეთი ამბავი ატყდებოდა დედა შვილს არ აიყვანდა ხელში ისედაც მიკვირდა ამდენი ხანი რომ დუმდა და მთელი კვირა რომ არ მოვუკითხივარ ახლა კი მშვენიერი საბაბი ეძლეოდა იმისთვის რომ ისევ ჩაეყო ცხვირი ჩემს ცხოვრებაში.
- ცუდად გვაქვს საქმე, იცი რა მოხდება როცა ბიძაჩემი გაიგებს რომ საცოლე მყავს? -გვერდით მივუჯექი უდარდელად მოკისკისე ნაიას და თვალები დავხუჭე, მხარზე დამადო თავი და გაიტრუნა.
- რა უნდა მოხდეს? თუ იძულებული ხარ რომ დაქორწინდე გამოგყვები ცოლად, მგონი შენთვის მარიამზე უკეთესი ვარიანტი ვარ, სიმართლე რომ გითხრა მეც მომაბეზრეს ჩემებმა თავი, გათხოვდი, გათხოვდი, ძახილით, ალბათ კი მიხვდებოდი ბებიაჩემმა რომ დაგადგა თვალი და ოცნებებში უკვე ჩვენი შვილთაშვილებიც კი ჰყავს წარმოდგენილი, არადა ქორწინება ყველაზე ბოლოა რაზეც შეიძლება ამ ეტაპზე ვიფიქრო, შეგვიძლია დავქორწინდეთ და ორივემ ჩვენ-ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ, ერთმანეთს არაფერში შევზღუდავთ, ჩვენებიც დაწყნარდებიან და ცოტა ხნით მაინც დაგვანებებენ თავს, შენც თავისუფლად გექნება ურთიერთობა შენს საყვარელ ადამიანთან...
ვუსმენდი და ნელ-ნელა იწყობოდა ფაზლი ჩემს გონებაში, ასეთი ბრმა როგორ ვიყავი, აქამდე როგორ ვერ მივხვდი რა ხდებოდა...





- სერიოზულად? ახლა შეიძლება მოვკვდე, -მუცელზე ხელებ შემოჭერილი ირაკლი იატაკზე გაფენილ ხალიჩაზე გორავდა და ისტერიულად ხარხარებდა.
- გეყოფა რა გჭირს, ბავშვი ხომ არ ხარ, -დივანზე ჩამოვჯექი და შევეცადე სერიოზული სახე მიმეღო მაგრამ არ გამომივიდა და სიცილში ავყევი, იკა როგორც იქნა მოსულიერდა წამოიწია და ფეხმორთხმით დაჯდა.
- ესე იგი ფიქრობს რომ გეი ხარ?
- ფიქრობს რომ გეი ვარ და შენ ჩემი შეყვარებული ხარ, გუშინ როცა მარიამი მოვიდა ჩემთან და ნაიამ გამოუცხადა რომ ჩემი საცოლე ვარ მერე ცოტა ვისაუბრეთ და მივხვდი თურმე რატომ იქცეოდა ასე, რატომ იყო ასეთი თამამი, რატომ არ მერიდებოდა და რატომ ვერ ხედავდა ჩემში კაცს.
- ახლა რა გიხარია?
- საიდან მოიტანე რომ რაღაც მიხარია.
- თვალები გიბრწყინავს და იღიმი, მოგწონს არა? ვიცი რომ მოგწონს, ვხედავ როგორ უყურებ ხოლმე, ალბათ გიჟდებოდი ყურადღებას რომ არ გაქცევდა, ახლა კი...
- საოცარი ვინმეა, სასაცილო, საყვარელი, მიმზიდველი, ვგიჟდები მასზე, თუმცა ვფიქრობ როცა ყველაფერს გაიგებს სიტუაცია გართულდება.
- კი მაგრამ მაინც ვერ ვხვდები ასეთი რამ რატომ იფიქრა.
- ალბათ გაიგონა იმ დღეს ბაღში ერთმანეთს რომ ვეხუმრებოდით და...

- სწორად მიხვდით, -ნაიას ხმა რომ გავიგეთ ერთდროულად წამოვხტით ფეხზე და ჯარისკაცებივით დავდექით სმენაზე, მისაღებში შემოსასვლელი კარის ჩარჩოს ეყრდნობოდა, გვიყურებდა და სახეზე ერთდროულად იმდენი ემოცია ჰქონდა აღბეჭდილი ვერ ვხვდებოდი რას გრძნობდა და ფიქრობდა, ვხედავდი როგორ ყოყმანობდა შემოსულიყო თუ არა მერე კი თითქოსდა რაღაც გადაწყვეტილება მიიღოო თავდახრილმა გადმოდგა ნაბიჯი და დივნის კუთხეში ჩამოჯდა მორცხვად, ხელები კალთაში ჩაიწყო, ფეხები ერთმანეთზე გადააჯვარედინა და მხრებში მოიხარა, თვალს ვერ მისწორებდა, ღაწვები საყვარლად ჰქონდა აწითლებული.
- მე წავალ რაღაც სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, -ჩემდა გასაკვირად ირაკლი ისე გაიძურწა ოთახიდან ბოლომდე გმირულად შეძლო თავის შეკავება და სიცილი არ აუტეხავს თუმცა დარწმუნებული ვიყავი ჭიშკარს გასცდებოდა თუ არა კიდევ ერთხელ დაემართებოდა სიცილის პანიკური შეტევა, ნაიას მივუჯექი გვერდით და ის იყო მისი ხელისკენ წავიღე ხელი რომ შეკრთა და გვერდით მიიწია რომ არ შევხებოდი, გამეღიმა, ახლა სულაც აღარ ჰგავდა იმ თამამ და მოურიდებელ გოგოს კალთაში რომ მიჯდებოდა ხოლმე ან ჩემს მკლავზე თავმიდებული თვლემდა ხოლმე ჩემს საწოლში.
- ბოდიში, ყველაფერი არასწორად გავიგე, იმ დღეს შემთხვევით გავიგონე შენი და იკას საუბარი, გეფიცები არ გაყურადებდით უბრალოდ გავიგონე და ვიფიქრე... ვიფიქრე რომ...
- იფიქრე რომ წყვილი ვიყავით?
- ბოდიში, -სახეზე აიფარა ხელები და მხრები აუცახცახდა, -ღმერთო რა სისულელეებს ვაკეთებდი, ისე მოურიდებლად ვიქცეოდი, ალბათ რას ფიქრობდი ჩემზე, როგორ მრცხვენია შენი, -ხმა უთრთოდა, ტუჩებს საყვარლად ბრიცავდა და ცოტა აკლდა ატირებამდე, სურვილს გულში ჩამეკრა და აღარასდროს გამეშვა ვერაფერს ვუხერხებდი.
- დამშვიდდი კარგი? მოდი ჩამეხუტე და დამშვიდდი, -მკლავები გავშალე და მერეღა მივხვდი რომ ალბათ აღარაფერი იქნებოდა ძველებურად, ასეც მოხდა, გაოცებულმა შემომხედა დამრგვალებული თვალებით და უხერხულად გამიღიმა, ცივად ჩამოვუშვი ხელები ძირს, არ მომწონდა რომ ჩვენს შორის საზღვრის გავლებას ცდილობდა თუმცა რაც მთავარია ახალ ისე მიყურებდა როგორც კაცს და არა როგორც საუკეთესო დაქალს.
- დალევ რამეს? -წამოვდექი და სამზარეულოსკენ წავედი, უკან მომყვა და მაგიდას მიუჯდა.
- ჩემზე არ ბრაზობ? -ჩემი ურეაქციობით გაკვირვებულმა მკითხა და ქვემოდან ისე საყვარლად ამომხედა აწყლიანებული თვალებით სიცილი ვერ შევიკავე.
- საკუთარ თავზე ვბრაზობ, ასეთი ბრმა როგორ ვიყავი, როგორ ვერ მივხვდი რომ...

- უნდა გელაპარაკო, -ყოველგვარი გაფრთხილების, კაკუნის და სალმის გარეშე შემოიჭრა სამზარეულოში ბიძაჩემი, მის სახეს რომ შევხედე მაშინვე მივხვდი მარიამს უკვე მოესწრო ენის მიტანა, ღმერთმა იცის რა საძაგლობები უთხრა და როგორ გააზვიადა სიტუაცია რომ ასეთი გაბრაზებული იყო და ცეცხლისმფრქვეველ დრაკონს გავდა.
- მე დაგტოვებთ, -საწყლად ამოიკნავლა ნაიამ და წამოდგა.
- არსადაც არ მიდიხარ, -დასჭექა ბიძაჩემმა და ნაიაც გაყინულივით გაშეშდა.
- რა ხდება? ასე რა გაგბრაზა, ან ნაია საერთოდ რა შუაშია, -ჩაის მომზადებას თავი დავანებე, კარადას მივეყრდენი და მკლავები მკერდთან გადავიჯვარედინე.
- სწორედაც რომ შუაშია, ის არის არა?
- ვინ ის?
- შენი საცოლე, ის ვის გამოც მარიამი მიატოვე და ვის გამოც მეგობრები საშვილიშვილოდ გადამკიდე, -სიტყვა საცოლე განსაკუთრებით გამოკვეთა.
- იცით... მე... მე მაპატიეთ, რაღაც გაუგებრობა...
- ნაია არეული ცდილობდა როგორმე აეხსნა სიტუაცია თუმცა ეს სულაც არ მაწყობდა, მივუახლოვდი, გვერდით ამოვუდექი და წელზე მოვხვიე მკლავი.
- ბიძია გაიცანი, ეს ნაიაა ჩემი საცოლე, -ომახიანად გამოვუცხადე და თან ნაიას ვანიშნე ხმა არ გაეღო, არც ჰქონდა ხმის გაღების თავი ისეთი დაბნეული და შეშინებული იყო, სახე ჩემს მკერდში ჩარგო და გაყუჩდა, ბიძაჩემს აღარაფერი უთქვამს, ერთხანს დაკვირვებით გვათვალიერებდა მე ად ჩემზე ტკიპასავით მოკრულ ნაიას, მერე გამეტებით დასცხო ხელი კედელს და უკანმოუხედავად გაიქცა, ის იყო ვიფიქრე უკვე ცხრა მთა აქვს გადავლილითქო მობრუნდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მტკიცე ხმით და ღიმილით გამოაცხადა.
- ქორწილი უნდა დავგეგმოთ, ძალიან ნუ გადადებთ ბავშვებო.
-
- ახლა რა უნდა ვქნათ, -ნაია ბოლთას სცემდა მისაღებში და დროდადრო რაღაც გაუგებარ სიტყვებს ბუტბუტებდა, რომ მივხვდი გაჩერებას არ აპირებდა მკლავში მოვკიდე ხელი ძალით მივიყვანე დივანთან და დავსვი.
- დამშვიდდი გესმის? ყველაფერი კარგად იქნება, -ფრთხილად მოვეფერე ლოყაზე, თვალები აუცრემლიანდა და ტუჩები აუცახცახდა.
- ბიძაშენთან მივალ და ყველაფერს ავუხსნი, ვეტყვი რომ ჩემი ბრალი იყო და ყველაფერი მე მოვიგონე.
- არავითარ შემთხვევაში თუ ამას გააკეთებ იძულებული ვიქნები მარიამი მოვიყვანო ცოლად, ბიძაჩემთან მიხვალ თუ არა მეორე დღესვე დაგეგმავს ჩემსა და მარიამის ქორწილს, -შეძლებისდაგვარად გავაზვიადე სიტუაცია რომ მისი რეაქცია მენახა და ტანში სიამოვნებისგან გამცრა როცა ჩემი დაკარგვის საშიშროებისგან გამოწვეული ბრაზი შევნიშნე.
- აბა რა ვქნათ? -ხელები გაშალა, ისევ ჩემგან ელოდა ინიციატივას.
- უნდა დავქორწინდეთ, -პირდაპირ მივახალე.
- რაა? რას ამბობ? -ისე შეიცხადა თითქოს თავად არ ყოფილიყოს ჩვენი ყალბი ქორწინების ინიციატორი, -ცოლად არ გამოგყვები, უფრო სწორად ვერ, არ შემიძლია.
- რატომ? როგორც მახსოვს შენ თვითონ შემომთავაზე.
- ჰო მაგრამ მაშინ...
- მაშინ გეგონა რომ გეი ვიყავი, ახლა უკვე იცი რომ არ ვარ, რა შეიცვალა? მე ისევ ისე მჭირდება შენი დახმარება როგორც მაშინ.
- არ შემიძლია ნიკ როგორ არ გესმის, შენი ცოლი ვერ ვიქნები მაშინ როცა ვიცი ჩემს მიმართ საერთოდ არაფერს არ გრძნობ, ასე შენს გვერდით ვერ ვიცხოვრებ, ვერ ვითამაშებ რომ საერთოდ არ მაღელვებ, მაშინ როცა შენი ყოველი ღიმილი და ყოველი შეხება ჭკუიდან მშლის, არ შემიძლია.
ვუსმენდი და პირთამდე ვივსებოდი ბედნიერებით, ნაიას მოვწონდი, ვუნდოდი, ვაღელვებდი, ასე მეგონა არანორმალური სისწრაფით მფეთქავი ჩემი გული გულისფიცარს გამოანგრევდა, ვეღარ მოვითმინე, წამოვაყენე, გულში ჩავიკარი და როცა ულამაზეს, ვნებიან ტუჩებზე შევეხე...
გაინტერესებთ რა მოხდა შემდეგ?
მთელი თვე საქორწინო სამზადისს მივუძღვენით, ორივე მთლიანად ვიყავით ჩართული ამ პროცესში, ერთმანეთი უკეთ გავიცანით, შევეჩვიეთ, შევიყვარეთ, მივხვდით რომ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილები, ქორწილის შემდეგ ბიძაჩემის შემოთავაზებაზე რომ იმ საშინელ სასახლეში გვეცხოვრა უარი ვთქვით, ჩვენს პატარა, ლამაზ სახლში გავაგრძელეთ ცხოვრება და რა თქმა უნდა ბლის ხე არ მოგვიჭრია.
-
დილა უთენია ვიღვიძებ, ჯერ კიდევ ნახევრად ბნელა, ბინდბუნდში გახვეულ ოთახს ვავლებ თვალს და ბედნიერებისგან გული მიჩქარდება მისი მშვიდი სუნთქვა რომ მესმის ჩემს გვერდით, ყურებამდე გაღიმებული ვეყრდნობი ხელს და ზემოდან დავყურებ მძინარს, ისეთი მშვიდია როგორც ეს ბოლო რამდენიმე თვეა აღარ ყოფილა, დღისით უზომოდ ჭირვეულობს და უმიზეზოდ ღვრის ცრემლებს, ღამით კი პატარა შემცივნებული კნუტივით მეკვრის და მთხოვს რამე მოვუყვე რომ დაძინება შეძლოს, მეც არასდროს მბეზრდება უამრავი გამოგონილი თუ ნამდვილი ამბის მოყოლა მისთვის, ბალიშზე უწესრიგოდ გაშლილ თმებზე ვეფერები, მერე საყვარლად გამობურცულ მუცელზე ვადებ ხელს და საპასუხო შეხებას რომ ვგრძნობ მგონია ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს ამ ცისქვეშეთში, იშმუშნება, წამწამებს ახამხამებს, მგონი იღვიძებს, თვალებს ახელს, ირგვლივ ყველაფერი ნათდება და მეც გრძნობებ მორეული ვჩურჩულებ...
- დილა მშვიდობისა სამყაროვ.
-
დასასრული



№1 სტუმარი სტუმარი სოფი

საყვარელი, თბილი და სახალისო ისტორიაა

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკა

აუ მომეწონა რა თბილი ისტორია ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი daldonidaldoni

ძალიან კარგი საინტერესო და ლამაზი ისტორიაა.

 


№4 სტუმარი Ana-maria

ძალიან თბილი და ტკბილი ისტორიაა ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent