ნისლისფერი-ნაწილი1
ჭავჭავაძე გადავჭერი, ისე რომ შუგნიშანს და მომავალ ავტობუსებს საერთოდ არ მივაქციე ყურადღება, 5 სრულდებოდა დღის, აბაშიძის ქუჩისკენ დავიძარი, ვიფიქრე ცოტას ფეხით გავივლი და ტვინს გავანიავებთქო, ახლა მხოლოდ ეს თუ მიშველის, სხვა არაფერი. ყურსასმენები მოვიხსენი, ტელეფონი გამოვრთე და უბრალოდ საკუთარი ფიქრების მოსმენა დავიწყე. საქმემ გადამღალათქო ვერ ვიტყვი. საქმეზე ფიქრიც კი არ შემიძლია ამ დროს. ტვინში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა.... ფილტვის წვრილუჯრედოვანი სიმსივნე, მეტასტაზებით დაცხრილული მთელი ტვინი და სხეული. არაფერს რომ აზრი არ აქვს და ადამიანი გონებაზეც რომ არ არის ეს ის მდგომარეობაა. ყველაზე მეტად ის გამიჭირდა მამაჩემის სახელი რომ დამიძახა. თან დამაჯერებლად მეუბნებოდა როგორ ვერ გიცანი, კოტე შენ ხარო. ვისზეა ლაპარაკი და მამიდაზე, ყველაზე საყვარელ ადამიანზე ჩემთვის. ნერვოლოგიურ განყოფილებაში წევს უკვე 2 დღეა და ზუსტად 2 დღეა რაც დიაგნოზი გავიგეთ. ყველაზე მძმეა როცა ყველაზე კარგად შენ გესმის რა სჭირს და რა ამაოა ამ მდგომარეობაშ ნებისმიერი მცდელობა მისი გადარჩენის. უბრალოდ მოსანახულებლად ავაკითხე და ეღვიძა, გამიხარდა, მან კი ვერ მიცნო. სული მეხუთებოდა უკვე იქ და მეც გამოვიქეცი. კიდევ კარგი ჩემი შემცვლელიც მოსული დამხვდა, სასწრაფოდ გადავაბარე პაციენტები და გამოვვარდი. ყველაზე კარგი თერაპია ფეხით სიარულია ჩემთვის, სხვა არაფერი, ყველაფრის გარეშე, არც მუსიკა და არც ვინმე მოსაუბრე. სახლისკენ გავუყევი გზას. მხოლოდ ერთი გვრჩებოდა, ველოდებოდით როდის შეწყვეტდა არსებობას და მერე ყველაფერი მორჩებოდა. მანამდე რა იყო ? არაფერი, არცერთი სიმპტომი და ყველაზე მეტად ეს მიჩენდა საშნელ ბრაზს საკუთარი თავის მიმართ, როგორ გამომეპარა და ვერაფერს მივხდი, მაგრამ ყველაფერი წამებში მოხდა, გონება აერია და მერე უკვე დიაგნოზიც დავუსვით კლინიკაში. ყველაფერი ძალიან ცუდად რომ იყო სახეზე ეწერა ჩემს კოლეგას, და ცხადი იყო ჩემთვისაც, აი ყველაზე რთული ამის ახსნა იმ ნათესავებისთვის იყო, ვინც საერთოდ ვერ ერკვევა მედიცინაში და ხან რას უკავშირებდნენ ამ მდგომარეობას და ხან რას. ვერ იჯერებდნენ კიბო ესე მალე როგორ მოკლავსო?! საოცარია რეებზე ფიქრობს ადამიანი ამ დროს, როცა ერთი და მნიშვნელოვანი ამ დროს მხოლოდ ის ადამიანი და ის მდგომარეობააა, მიზეზს რა მნიშვნელობა აქვს?! ამაზე ფიქრიც აღარ მინდა. დავიღალე. თვალები დავუხუჭე ძალიან მაგრად, ძალიან მაგრად. მინდოდა გონება გათიშულიყო და მხოლოდ სიცარიელე ყოფილიყო. „სამყარო მეღადავება ნამდვილად“ გავიფიქრე რაღაც კაფესთან ვიდექი,გარეთ დასასხდომი მაგიდები შუშით და ყვავილებით შემოესაზღვრათ. არ გავიხედები გამორიცხულია, გონების თამაშია გადაღლილობისგან! თავს ვარწმუნებ და არ ვაძლევ საშვალებას „პროვოკაციას“ აყვეს. მაინც მიმტყუვნა ნებისყოფამ. სპილენძისფერი თმა მეცა თვალში, დიდი თეთრი კბილები და ფართო სიცილი, წითელი პომადა ოდნავ რომ გადაშლოდა, თეთრი პერანგი ეცვა და უბრალო ჯინსი, სათვალე გაეკეთებინა და გულიანად იცინოდა. საპირისპირო მხარეს კი მისი დაქალი იჯდა მარიკო, წლებია არ მინახავს და არც ის შეცვლილა, ისიც გულიანად იცინოდა, თუმცა მისი გარეგნობა არაფრით დამამახსოვრდა. მხოლოდ მას ჩაებღაუჭა გონება. მისმა სიცილის ხმამ, ასე ნაცნობმა და სანუკვარმა ჩემი ყველაზე ძლიერი ნებისყოფაც კი დათრგუნა და გამახედა მისკენ. ზიზღი ვიგრძენი მხოლოდ. მეზიზღებოდა ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი, მისი სიცილი კი ისე მაღიზიანებდა მზად ვიყავი ყველაფერი დამელეწა. ყველაზე საყვარელი ხმა იყო ეს ჩემთვის ერთ დროს. სტუდენტობის დროს ათას სისულელეს რომმაკეთებინებდა და მათქმევინებდა ოღონდ ლიზიზე ეს სიცილი დამენახა და ეს ხმა გამეგო. რატომ შემხვდა მაინდამაინც ახლა? სამყარო მეღადავება კი, ყველაზე რთულ პერიოდში კიდევ უფრო მირთულებს და მირევს გონებას. მივშტერებოდი დებილივით და აშკარად შესამჩნევი ვიყავი უკვე. იმდენად გადაღლილი და ემოციებით გარემოცული ვიყავი, საერთოდ ვერ შევამჩნიე როგორ დამინახა მარიკომ და ლიზას ჩემზე ანიშნა, მასაც სახე მიეყინა და ღილიმი რასაც ქვია შეახმა სახეზე. ისე ცოტა ასაკიც შეპარვოდასავით, ოდნავ ნაოჭიც გაჩენია თვალებთან. ის პატარა 23 წლის გოგო აღარ იყო ბოლოს თბილისის აეროპორტში რომ ვნახე. რა დროს ესააა ! ავდექი და ფეხს ავუჩქარე. -ლევან! გავიგონე მაგრამ არ შევბრუნდი, პირიქით მგონი უკვე გავრბოდი. ის კი მომსდევდა თურმე. შიგადაშიგ მესმოდა მისი ხმა. -გაჩერდი, ლევან! -პატარა ბავშვი ხარ? სად გარბიხარ? მე კი ყურს არ ვუგდებდი, ამხელა კაცი თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი შუა აბაშძეზე, მომდევდა გოგონა, და შიგადაშიგ რაღაცეებს მიყვიროდა. ალბათ გამვლელებს გიჟი ან ქურდი ვეგონე, ეს გოგო კი ჩემი მსხვერპლი , რომელიც ნივთის დაბრუნებას ლამობდა. მართლა ძალიან დავიღალე. ბარნოვის კუთხეში ჩავიკეცე და ტროტუარზე ჩამოვჯექი. კი, ამდენი ვირბინე და ამდენივე ვარბენინე ლიზიც. წამომეწია. გვერძე ჩამომიჯდა და ჩემთან ერთად დაიწყო ქოშინი. ხმას ვერცერთი ვიღებდით. ან რას ამოვიღებდით, დაღლილობისგან გული მიგვდიოდა. წამოვდექი ფეხზე მე, სირბილის თავი აღარ მქონდა. წინ სუპერმარკეტი იყო და იქით დავიძარი. ლიზა იჯდა, აშკარად ადგომის თავი აღარ ქონდა, ფეხები გაშალა და ხელები გადაიჯვარედინა. მე უკან წყლის ორი ბოთლით დავბრუნდი, თავზე ვედექი და მას გავუწოდე ერთი სანამ ჩემს ბოთლს ვცლიდი. მანაც გამომართვა და არყის ერთი შოთივით გადაკრა ნახევარი ლიტრი წყალი. მე ისევ გვერდით მივუჯექი. -თბილისში რას აკეთებ? -დავიწყე მე, ჩემს ხმას მაქსიმალურად ვეცადე სიუხეშე არ დაკლებოდა, არც რაიმე ემოცია და გრძნობა ყოფილიყო, პირიქით სარკაზმით გამეჟღინთა. -მშობლიურ ქალაქში ჩამოსვლის ნებართვა შენგან მჭირდება თუ?- არც მან დამაკლო სარკაზმი. -რაც გინდა ის ქენი!-დაბალ ტონალობაში წარმოვთქვი ავდექი, წყლის ბოთლი იქვე ნაგვის ყუთში ჩავაგდე და ბარნოვის ქუჩას გავუყევი. -მეღადავები? უკნიდან ძალიან გაბრაზებული ხმა მომესმა. გავხედე, ფეხზე წამომდგარიყო და თვალებში ეტყობოდა რომ გაბრაზდა. -რატო? -რა რატო? ჯერ ამდენი მარბენინე, ისე გამოიქეცი ერთი არ გამომხედე, ახლა კი ისე მიდიხარ არც ეხლა მეუბნები რამეს. ამდენი წლის შემდეგ მხოლოდ ეს გაქ სათმელი? რომ რაც მინდა ის ვაკეთო? -ჰო, მაგის ჩემგან თქმა არ გჭირდება. ისედაც ეგრე იქცევი. -ლევან, რა გინდა?-მომიახლოვდა ის -შენ მომდევ და კიდევ მე რა მინდა? -მხრები ავიჩეჩე, საოცრად მაოგნებს ჩემი სიმშვიდე, ესეთი ფეხებზე დამოკიდებულება. ან უბრალოდ თავი არ მაქვს სენტიმენტების. არც მინდა. როგორ მოიქცეოდა ნეტა სხვა, ან მე სხვა მდგომარეობაში რომ ვიყო ახლა. იქნებ აქეთ გავკიდებოდი. ან ისე ძლიერად ჩავხუტებოდი ძვლებივ კი ჩამემტვრია მისთვის. მე ჰო სიცოცხლეზე მეტად მენატრებოდა ჩემი ლიზიკო. ახლა კი, მეზიზღებოდა მხოლოდ. ვუყურებდი და გული მერეოდა. ესე რომ მომექცა ყველაფრის ღირსი იყო. არადა მოგონებებში სულ ვოცნებობდი ერთ დღეს შემხვედროდა და მერე ყველაფერი დალაგდებოა. ლიზა... ყველაზე ლამაზი გოგო მთელ ვერაზე. არა, მთელს თბილისში და უფრო მეტიც კონტინენტზე. ახლა ჩემ წინ იდგა გაკაპასებული, ოდნავ წაშლოდა წითელი პომადა და კონტურად ესვა მხოლოდ. ცისფერი თვალებს ხშირად ახამხამებდა და დროდადრო ჭიმავდა, ასე იქცეოდა როცა ცრემლები აწვებოდა ან რამეზე ძალიან ბრაზობდა. -რატო გაიქეცი? -შენი ნახვა არ მინდოდა! ლოგიკურია. -დამცინი? -არაა, უფრო შენს მოშორებას ვცდილობ!-ღმერთო რეებს ვეუბნები, ეს კიდე მაინც წინ მიდგას. ხელები გადააჯვარედინა, თვალში ყვითელი ოქროს რგოლი მომხვდა, მარცხენა თითზე რომ წამოეცვა. -ვაა გათხოვდი?-ძალიან გახარებული ხმით წარმოვთქვი მე. ღმერთო ლევან შენ რომ პატრონი გყოლოდა მედიცინაზე ვინ ჩაგაბარებინებდა? თან ვფიქრობ ჩემთვის. არა მართლა ყოჩაღ ლევანჩიკ, მაგრად შეგძლებია გრძნობების მართვა. -კი- შეიშმუშნა და თავი გვერდით გაწია. -გილოცავ! დიდ ბედნიერებას გისურვებ! - ფართოდ გავიღიმე- იტალიელია? -არა,- თავი დახარა- თემოს გავყევი... გასვიანს... აქ ცოტა შევბარბაცდი, ჩემი სარკაზმი გაქრა და სამსახიობო ნიჭმაც უდროოდროს მიმტყუვნა. სახე მომერყა ვიგრძენი და თვალები გადმომცვივდა გაკვირვებისგან. თავზე ხელი გადავისვი. და არ ვიცი რა მეთქვა, მაგრამ ვიცი რამე უნდა მეთქვა. -მომიკითხე თემო. ეს ვთქვი ძალიან ჩუმად, ძლივს გასაგონად. და გავბრუნდი. ერთი დაძახილი გავიგონე ზურგსუკან, მაგრამ არც მე გამიხედავს და აღარც ის ამდევნებია. ამდენ ადამიანში, სრულიად უცხო ქვეყანაში ჩემი ყველაზე საყვარელი ქალი დაქორწინდა ჩემი ბავშვობის მეგობარზე. თემო და მე ერთ ეზოში გავიზარდეთ ჯანაშიაზე. ერთ კლასში დავდიოდით, ბავშვობიდან დღე არ მახსოვს მის გარეშე. სკოლის მერეც სულ ჩემთან ამოდიოდა. იმის მიუხედავად რომ მასთან შედარებით ღარიბულად ვცხოვრობდით, ამბობდა აქ თავს უფრო თავისუფლად და სახლში ვგრძნობო. მამიდაჩემი ნინას გაკეთებულ ღარიბულ სადილსაც გემრიელად შეექცეოდა და იძახდა დედაჩემს ესეთი არ გამოსდისო. მეც მის გარეშე დღე არ წარმომედგინა. გაღვიძებისთანავე გავრბოდით ეზოში. სკოლის შემდეგაც სულ ერთად ვიყავით. მე ერთი სული მქონდა მემეცადინა, ის კი მიყურებდა და მეუბნებოდა ნეტა რად გინდა ამდენი სწავლაო. მისთვის ცხოვრება შედარებით მარტივი იყო. ყოველშემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან. თემო ჯანდაცვის მინისტრის შვილი იყო. იმ დროს მდიდარი, შეძლებული ოჯახის შვილი. მასწავლებლებიც ნიშანს უსიტყვოდ უწერდნენ და ნებისმიერ იმ დროინდელ უნივერსიტეტში გარანტირებული ადგილი ჰქონდა. მას ეს ყველაფერი არც კი აინტერესებდა. ძალიან სიმპათიურიც იყო. მაღალი, ფართო მხრებით. სწორი ცხვირი ქონდა, წვრილი ტუჩები და სულ მომღიმარი სახე. წაბლისფერი თმა და მწვანე თვალები კი საუცხოო იერს აძლევდა. ყველა გოგო ჭკუას კარგავდა მასზე და ის კი ხან ვისთან ერთობოდა ხან ვისთან. მე კი სიღარიბეში გავიზარდე. მამა რომ აფხაზეთის ომში დაიღუპა 6 წლის ვიყავი. მე და ჩემი უფროსი და დედამ და მამიდამ გაგვზარდეს. ზოგჯერ პურის ფულიც გვიჭირდა. თემოს ოჯახი გვეხმარებოდა. მამამისი ცდილობდა მეც ისე მდგომოდა გვერდში როგორც საკუთარ შვილს. მე ერთადერთი სურვილი მქონდა, მესწავლა და ჩემი შრომით დამეღწია თავი ამ სიღარიბისთვის. ვფიქრობ ასეც არის. უნივერსიტეტში მოვეწყვე 2002 წელს. წიგნებიდან თავს არ ვიღებდი იმ პერიოდში და თემო მაშინაც ჩემი დაცინვით იყო დაკავებული. მე მედიცინა მინდოდა. მან არ იცოდა. დედაჩემი მეუბნებოდა რომ ვერ მოვხდებოდი და ტყუილად ვწვალობდი. მაგრამ მე ჩემი გავიტანე და მოვეწყვე. წითელ დიპლომზეც დავამთავრე. მერე სრულიად მოულოდნელად გავიგე რომ თემომაც მედიცინაზე ჩააბარა. მერე ისიც გავიგე რომ ჩემი მოხვედრა სულაც არ იყო ჩემი ცოდნის დამსახურება და ამაში თემოს და მამამისის ხელი ერია. მაშინ მეგონა ცივი წყალი გადამასხეს. თემოს მამას ვეჩხუბე საშინლად და მას მერე აღარ ველაპარაკებოდი. კაცი ვერც კი მიხვდა რა მაბრაზებდა. მათ ეგონათ ფული იყო მთავარი და სიკეთე გამიკეთეს. მე კი მინდოდა ჩემი შრომის შედეგი ყოფილიყო ყველაფერი და არა გავლენიანი მეგობრის. თემო აქაც ჩემს გვერდით იდგა, ოღონდ ახლა უკვე როგორც მეგობარი აღარ, უფრო კონკურენტი. ცდილობდა ყველაფერში გამჯიბრებოდა და ჩემზე წინ წასულიყო. აღარ ვმეგობრობდით. მე სანიტრად ვმუშაობდი რომ თავი მერჩინა, დროც არ მქონდა სხვა რამისთვის. ცდილობდა შემრიგებოდა, მაგრამ მე ძალიან ნაწყენი ვიყავი მასზე. მაგრამ მაინც შევრიგდით, თუმცა მისი გაჯიბრება ჩემს მიმართ არ შეცვლილა. წარსულში მოგზაურებამ მომწყვიტა რეალობას. სახლში შევედი და დედაჩემი დამხვდა ატირებული, წინ ფოტოები გაეშალა და დასტიროდა ჯერ კიდევ ცოცხალ მამიდაჩემს. -შეჭამ რამეს?- ამომხედა და ცრემლები მოიწმინდა. -დედა რას აკეთებ?-თავი ვეღარ შევიკავე და ხმას ავუწიე -ფოტოებს ვათვალიერებდი...-წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. -და რატო? -რა რატო? -არჩევდი? სახლიც დაგილაგებია და ავეჯი გადაგიადგილებია.-ყვირილამდე ცოტა მაკლდა უკვე. გატრიალდა და საჭმლის გაცხელება დაიწყო. -მოკვდა ვინმე დედა? რაღაც არ მახსენდება ეგ ეთქვა ვინმეს. ცოცხალია ჯერ ნინა და ნაადრევად დაგიწყია მზადება! -რეებს მელაპარაკები ლევან?-შემომიტრიალდა და ჩაწითლებული თვალებით შემომხედა გაკაპასებულმა მანაც შემიყვირა, ლოყაზე ცრემლები ჩამოუგორდა.- არ იცი ჩემზე კარგად ? -არ მშია. უკან გამოვბრუნდი. *** გაზქურასთან იდგა და ყავას იდუღებდა, უცებ ყავისფერი მასა ამოისხა და გარშემო ყველაფერი მოთხვარა. -აუუუ-ამოიწუწუნა და საჩქაროდ ჩააქრო ქურა. დამწვარი და გადადუღებული ყავა რაც გადარჩა ჭიქაში უნდა ჩამოესხა, როცა მისმა საყვარელმა მაუღლემ სამზარეულოში შემოაბიჯა. -რა გააკეთე?- უკმაყოფილო ხმა ქონდა კაცს.-რა ფეთხუმი და დაუდევარი ხარ.-ჩაილაპარაკა ჩვეული უკმაყოფილო ხმით და მიუჯდა მაგიდას. -კვერცხის მოხარშვა მაინც მოახერხე?-ისევ ცოლს გახედა, რომელიც გულმოდგინედ აწყობდა თეფშზე საჭმელს. -აი გაგიმზადე საუზმე. - წინ დაუდო ნახევარი ავოკადო, მოხარშული კვერცხი და ყველის ერთი ნატეხი. -ეს მაინც შეძელი. -დამცინავად ჩაიცინა კაცმა და ტოსტი აიღო და გახლიჩა, ნაფხვენები მოეყარა საუზმეს და უკმაყოფილომ დახედა თეფშს.-ვამაყობ შენით-ასევე არ დაუკლია სარკაზმი და ჩაილაპარაკა თავისთვის. ცოლიც გვერდით მიუჯდა, ქმრის თეფშს ფორთოხლის ფრეში მიუდგა, თვითონ კი გადარჩენილი ყავის ფინჯანი დაიდგა წინ და სიგარეტს გაუკიდა, ღრმად ჩაუშვა ფილტვებში კვამლი და ასევე ღრმად ამოისუნთქა. ამის დანახვაზე კაცმა ჭამა შეწყვიტა და მობეზრებულმა ამოიხვნეშა. -მერამდენე შენიშვნა მოგცე? -რა გინდა?-ქალმა ისე შეხედა გეგონება წარმოდგენაც არ ქონდა რაზე ქონდა საუბარი მის მეუღლეს და კამკამა მწვანე თვალები შეანათა. -პირველი, ჩემო საყვარელო მეუღლევ ის, რომ საუზმეზე ფორთოხლის ფრეშს არ ვსვამ, კუჭს აღიზიანებს შენც გაითვალისწინე, არც ეგ შენი საფირმო ყავა ვარგა უზმოდ.- კაცი ამდროს წინ წაიწია, სახე ახლოს მიუტანა და კბილებში გამოსცრა-და სიგარეტს სახეში ნუ მაბოლებ-ამ დროს სახე განსაკუთრებით ზიზღით დაემანჭა და ნამდვილად დაემგვანა საშიშ პერსონაჟს მურტფილმიდან. -მე მსიამოვნებს. -უდარდელად ჩაილაპარაკა ქალმა და ისევ მოქაჩა სიგარეტი. ამ დროს არაადამიანური ხმა გაისმა სამზარეულოში და მუშტის ბრახუნმაც არ დააყოვნა. -გაეთრიე აივანზე თუ გსიამოვნებს და დილას ნუ მიშხამებ! -გამიშვი და არცერთ წამს არ ჩაგიშხამებ! ამჯერად ქალი წამოდგა და ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა მთელი ვნებით, რომელიც სიყალბით იყო გაჟღენთილი. კეკლუცად ჩაიცინა და აივანზე გავიდა. იქ გააგრძელა დილის რიტუალი თბილისის საოცარ ხედზე. თურქულ ყავას არ ქონდა კარგი გემო, თუმცა მაინც გემრიელად სვამდა. მონატრების გემო ქონდა. თბილისში სვავდა მხოლოდ და სულ თბილისთან ასოცირდებოდა. ამიტომ ამ ქალაქის გემო მისთვის უშაქრო თურქული ყავა იყო. კმაყოფილი იყო თითქოს დღის გეგმა შეასრულა. ცოტახანში ნიჟარაში ჩაყრილი ჭურჭლის ხმაც გაიგო და კარის გაჯახუნებისაც. ახლა მარტოა და შეუძლია თავისუფლებით დატკბეს, იმ ნამდვილი თავისუფლებით რომელსაც ტყვეობაში მიაღწია და ყოველდღე უკვე 10 წელია იცავს და არაფრით თმობს. ეს აგიჟებს მის ქმარს. მისი დაუმორჩილებლობა, გაუტეხელი ხასიათი, ყოველდღე ერთი და იგივე. არც დათმობს! იცის ადრე თუ გვიან ფიზიკურ თავისუფლებასაც მიაღწევს და იმას გააკეთებს რაც ყველაზე ძალიან უნდა. თან ახლა ისიც იცის, რომ ამდენი წლის მერეც იმ ადამიანს მის დანახვაზე პულსი ეცვლება და მიმიკაც თბილი უხდება. ბევრი ეცადა მისი საყვარელი კაცი ამის დაფარვას თუმცა წამის მეასედში გამკრთალი მიმიკა რასაც ვერ დაიმორჩილებ მაინც შეამჩნია და სამუდამოდ ჩაიბეჭდა გონებაში, ასეთი, ამ ასაკში ჰომ პირველად ნახა. ისევ ისეთია... უფრო დაკაცებული, ცოტა თმაც გაცვენია, ხმა დაბოხებია და ვარჯიშიც დაუწყია, მაგრამ... თვალები ისევ იგივე გამჭირვალე ისრიმისფერი იყო. მისი საყვარელი თვალები ისევ იმ მზერით, წამით, თუმცა ის წამიც საკმარისი იყო მისთვის ისევ იმედი მიცემოდა და ოცნებებში გადაშვებულიყო. იტალიაში ყოველი დღე მარტო გატარებული ფლორენციისს ქუჩებში ხეტიალი და გონებაში ის, ყველა ფიქრში და ოცნებაში ის მის გვერდით იყო და ამ მომავალს ერთად აშენებდნენ. რამდენჯერ წარმოედგინა მისი ნახვა, ყველანაირი. იტალიაშც კი შემთხვევით, ყველა ქვეყანაში ექიმების შეკრებაზე ქმარს მხოლოდ იმ იმედით დაყვებოდა, იქნებ ისიც იყოსო. ყველა ქვეყანაში ეძებდა და ბოდიალობდა იმ იმედით იქნებ გადავეყაროო. ქმარს მარტივად იშორებდა. არქიტექტურას ვათვალიერებ და ინსპირაციას ვეძებო. ახლა კი, თავიანთ უბანში, სრულიად შემთხვევით ნახა და რეაქცია ისეთი იყო ვერასდროს,ვერცერთ სიზმარსა თუ ოცნებაში რომ ვერ დაუშვებდა. კაცი, რომელსაც ის იცნობდა არსაიდან არ გარბოდა, ყველაფერს თავით ანგრევდა, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, მისთვის გამოუსვლელი არაფერი არსებობდა. ეს კაცი კი მის დანახვაზე თავქუდ მოგლეჯილი გაიქცა! ამის გახსენებაზე ისტერიული სიცილი აუტყდა, ვეღარ ჩერდებოდა, ისტერიულად იცინოდა და თან თავს იქნევდა, ცეცხლისფერი თმა ჩამოეყარა და თავს გრძნეულივით აქნევდა და ისტერიული სიცილი ტირილმა შეცვალა და აივნის იატაკზე მუხლებით დაეცა, ხელები მუაჯირს შემოაჭდო, რომელიც გისოსებს გავდა. ციხეში იყო, ნამდვილ ტყვეობაში. სხეული დატყვევებული იყო და ვერ წავიდოდა მისგან სანამ ამას თვითონ მისი მეუღლე არ მოინდომებდა. ცოტახანში თავი ხელში აიყვანა. ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა რამდენჯერმე და გაიღიმა, ფართოდ თეთრი კბილები გამოაჩინა, წამოფრინდა იატაკიდან ღიღინ ღიღინით გაეშურა თავიის ოთახისკენ და გამზადება დაიწყო. არ გეგონოთ შეიშალა. ასე იცოდა. ხშირად ემართებოდა ასე. მერე უბრალოდ „დაამუღამა“ როცა შეტევა დასრულდებოდა და ყველაფერს ცრემლებს ამოატანდა უბრალოდ თავის თავს უღიმოდა და ცდილობდა ხასიათზე მოეყვანა. შავი აბრეშუმის ხალათი შემოიცვა და სააბაზანოს მიაშურა. კაფეში გასვლას და მუშაობა ქონდა დღის გეგმაში. რა თქმა უნდა, ისევ იქ, ისევ იმის ნახვის იმედით გაჟღენთილი გონებით. *** მორიგე ვარ, მამიდაჩემთან ვიყავი და ვაჭმევდი მიმღებიდან რომ დამირეკეს- 53 წლის ქალი ინფარქტით და სასწრაფო კორონაროგრაფიაა საჭიროო. პაციენტი გამზადებული მაგიდაზე დამხვდა და მეც საქმეს შევუდექი. ყველაფერი სტანდარტულად მიდიოდა. -სტენტის ჩადგმას ვიწყებ-გადავხედე ჩემს ასისტენტს. რომელიც სულ კუდში დამსდევდა და ცდილობდა მაქსიმალურად ბევრი ესწავლა ჩემგან. მეც ყველაფერს ვუხსნიდი და კმაყოფილი მიყურებდა. -ფუ შენი, რაღაც მიშლის ხელს და ვერ გადავდივარ. - ბევრი ვიწვალე და ბოლოს აღმომხდა. -პარკუჭოვანი ფიბრილაციააა-თინამ გაფითრებულმა გახედა მონიტორს და მერე მე გამომხედა. -დროზე შოკის მაგიდა შემოაგორეთ! თინა გავარდა და მოარბენინებდა მაგიდას, მე გულის მასაჟი დავიწყე. ჩემი ექთანი ვენასთან იდგა და რაც შეეძლო სწრაფად მედიკამენტები შეყავდა. -აღდგა, სინუსია. და მეგონა ყველაფერი დასტაბილურად. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვერაფერი შევძელი და ისევ იგივე განმეორდა. -შენ ყველაფერი გააკეთე მის გადასარჩენად. იატაკზე ვიჯექი და თინა მომიჯდა, ხელზე ხელი დამადო და ჩემს დამშვიდებას შეეცადა. -პირველი გვამი არაა. -ცინიკურად ჩავიცინე და გავხედე, თინას თვალები ჩაუქრა და უსიამოვნოდ შეიშმუშნა. -ვიცი. -შენც მიეჩვევი. -აბა რას განიცდი? მოურიდებლად მკითხა და თვალებში ჩამხედა. შავი თვალები აქვს თინას, ძალიან შავი და ბრჭყვიალა. მუდმივად უციმციმებს, როცა ბრაზდება ძალიან უდიდდება და უმრგვალდება, ახლაც ასეთი მზერა აქვს, დაჟინებული, მომთხოვნი და თითქოს რაღაცაზე მიბრაზდება. კარგი გოგოა, ჭკვიანი, განათლებული და ძალიან მორიდებული, ფრთხილი. ჩვენთან რეზიდენტურად გადის, უფროსის რეზიდენტია, თუმცა მან მე გადმომაბარა და ისიც მე მომეკედლა. სხვებთან თქვენობით ლაპარაკსაც კი ვერ ბედავს. ამასწინათ სადღაც ერთად ვიყავით და სასმლით გაგულისებულმა მითხრა მხოლოდ შენთან ვგრძნობ თავს კომფორტულად და თავისუფლადო. ახლაც ეტყობა, რომ დიდი ხანია ამის კითხვა უნდა და ვერ ბედავდა. -მამიდაჩემი კვდება, ისიც დაახლოებით ამ ასაკის არის. ამიტომ იმოქმედა. -მამიდაზე ვიცი. -აბა ზედმეტ კითხვებს რატომ მისვავ? დავიჯერო ლოგიკა არ გიჭრის სათანადოდ? -შენ სულ ასეთი უხეში რატომ ხარ? -ჰო მითხარი მიმარტივებს შენთან ურთიერთობას უხეშობაო, მეც გეხმარები.-თვალი ჩავუკარი და წამოვდექი, საორდინატოროში ავედი. ნახევარი საათი წამოწოლილი ვიყავი და ჭერს ვუყურებდი. გონებას ვთიშავ, ნებისმიერ ფიქრს უკან ვაგდებ და ვცდილობ ესე ვიწვე. მაინც ვერ დავაღწიე თავი ფიქრებს. „შემოდი საორდინატოროში, პაციენტები გავიაროთ“ თინის მივწერე და დაველოდე. „სახლში წავედი“ პასუხმა გამაოცა. ძალიან პასუხისმგებლიანი თინი ასე გაუფრთხილებლად წავიდა მორიგეობიდან? რაღაც არ გავს მის საქციელს. როგორც უკვე გითხარით, ჩვენი რეზიდენტია, მორიგეობები წესით მხოლოდ 4 ეკუთვნის და ისიც განსაზღვრულ ექიმებთან, თუმცა ჩემს ყველა მორიგეობაზე რჩება და მეხმარება. მარჯვენა ხელი გახდა 6 თვეში ჩემი, ყველა პაციენტი იცის და რაც არ უნდა დამჭირდეს ყვეაფერი ახსოვს. ნამდვილი ენციკლოპედიაა. ძალიან მორცხვია, ჩვენს განყოფილებაში სულ ბიჭები ვართ ექიმები, ის ერთადერთი გოგოა. საქართველოში ინტერვენციონისტი ქალებიც ნაკლებად გვყავს. ის კი მესამეა. თავდაუზოგავად ცდილობდა დათო ჭაჭიაშვილი (კარდიოლოგიის ხელმძღვანელი) დაეთანხმებინა რომ სქესის მიუხედავად შეეძლო ეს საქმე და არაფერი შეუშლიდა ხელს ამ მიზნის მიღწევაში. სიმორცხვის მიუხედავად, ძალიან თავდაჯერებული გოგოა საქმეში, ყოველთვის იცის რას აკეთებს და რა უნდა. თუ სიმართლის დამტკიცებას ეხება საქმე, მისი მორცხვი ხასიათი სადღაც ქრება და ნებისმიერს გადაუვლის თუ იცის რომ მართალია. ერთხელ დათოს ისე ეკამათებოდა პაციენტთან დაკავშირებით და იმდენად ითხოვდა პროცედურის ჩატარებას, რომელიც ყველა ჩვენგანის აზრით არაფერში იყო საჭირო, ბოლომდე თავისი გაიტანა, ბოოლოს თქვა მე გადავიხდი თუ ჩემი ვარაუდი არ გამართლდებაო. თვითონვე ჩაატარა, გვერდით ვედექი მე და ისეთი გამარჯვებული სახით გამოვიდა კატლაბიდან. ისეთი ამაყი და თავდაჯერებული იყო, როცა თავისი სიმართლე დაამკიცა. თუმცა დათოსთან კამათის შემდეგ, შემთხვევით შევედი გასახდელში და უცებ სლუკუნი შემომესმა. კარადებს შორის გავიხედე და თინი იჯდა და ტიროდა. ხელები მაგრად შემოვხვიე და ჩავიხუტე, არ ვიცოდი რა ატირებდა ან რა უნდა მექნა, რაღაც სხეულმა მიმითთა და მეც ავყევი. ბოლოს გული რომ იჯერა და ჩემი მკლავებიდანაც დაიხსნა თავი ამიხსნა, სხვას რომ ვეკამათები სულ ესე მემართებაო. მითუმეტეს ჩემზე დიდს და უფროსს მითუმეტესო. ძალიან კარგი გოგოა თინი. მამიდასთან აღარ ავსულვარ, აღარ მინდოდა ნახვა. ემოციურად გადაწვას ვგრძნობდი. დილით ავედი და შორიდან დავხედე, მისი მკურნალი ექიმი შემეჩეხა დერეფანში და მიმიკით მაგრძნობინა უარესობააო. მაინც გულმა არ გამიძლო და შუბლზე ვაკოცე, სიცივე შეპაროდა და ნამიანი იყო. ბევრი გამკიცხავს, მაგრამ ესე ადამიანის ყურებას, მირჩევნია აქამდე გამომეგლოვა. ალბათ, პროფესიულია. ბევრი სიკვდილი მინახავს, ახალგაზრდაც, მოხუციც. ზოგი სახეზეც არ მახოვს, ზოგის სახელი და გვარი სულ მემახსოვრება. ზოგისთვის სიკვდილი შვება უფრო იყო. ზოგისთვის ძალიან ნაადრევი და მოულოდნელი. მამიდაჩემისთვის ახლა შვებაა. ყველაზე ლოგიკური და გარდაუვალი გამოსავალი. სახლისკენ ისევ ფეხით დავიძარი. ეს პერიოდია ფეხით სიარულს მივეჩვიე. არც ისე შორია თან. არ ვფიქრობ, არაფერზე საერთოდ. ფალიაშვილით წავედი. აბაშიძეზე შეიძლება ისევ ლიზა შემხვდეს და არ მინდა. სახლთან სურპრიზი დამხვდა. თავად თემო გასვიანი. ხელებ გაშლილი შემომეგება და გადახვევას აპირებდა მე უკან რომ დავიხიე. - არ მომესალმები? - გამარჯობა თემო. - ნინა მამიდაზე გავიგე, ძალიან ვწუხვარ. - მადლობა. - ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილია შენი ოჯახი. - ჰო. - სადმე თითო ჭიქა რომ დავლიოთ რას იტყვი? ეტყობოდა ჩემთან ლაპარაკი უნდოდა, მე კი მისი დანახვაც გულის რევის შეგრძნებას მგვრიდა. ან როგორ შეეძლო ესე გამომცხადებოდა და რომ დავლევდით რას მეტყოდა? რამეს ამიხსნიდა? -დაღლილი ვარ. -1 საათი, ნუთუ არ მოგენატრე? -არა. კარგად თემო. და სადარბაზოში ავედი. დედაჩემმა მითხრა ამოსული იყოო, მოგვიკითხაო, ვისკი ჩამოგიტანაო და მაგიდაზე დადებულ ირლანიურ ვისკს გახედა. ავიღე და ჭიქაში ჩამოვისხი, ბოთლიც ოთახში შევიტანე და მარტო დავიწყე დალევა. ფანჯარაში დავინახე მანქანაში როგორ ჯდებოდა, ძალიან კარგად ეცვა, ყველაფერი ძვირფასი, თემო კიდევ უფრო დახვეწილი იყო, ახლა თავისი გავლენაც ქონდა და მამამისზე დამოკიდებული აღარ იყო. არ ვიცი რა უნდოდა, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ვიგრძენი გულის წყვეტა და თითქოს მომინდა მენახა და ერთად დაგველია. სასმლის ბრალია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.