შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომენტარის გარეშე (თავი 2)


29-05-2025, 19:17
ავტორი Daisyd
ნანახია 324

როდესაც "რეზონანსის" ოფისს მიადგა, უკვე დამშვიდებული იყო. უფრო სწორად, ასე ეგონა. ჩუმად ჩაუარა მაგიდებს, მხოლოდ თავი დაუკრა კოლეგებს, თვალით კონტაქტს მოერიდა და თავის საყვარელ საწერ კაბინაში ჩაიკეტა.
არანაირი ყურადღების გადატანა.
არანაირი ფიქრები.
მხოლოდ სიტყვები.
მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობდა.
ეკრანზე მოძრავ კურსორს უყურებდა და ცდილობდა გაეხსენებინა, რა იწვევდა მის იმგვარ განრისხებას, როცა თითები გონებისგან დამოუკიდებლად, ავტომატურად კრებდნენ საჭირო წინადადებებს. მაგრამ ამჯერად მხოლოდ ის ახსენდებოდა, როგორ უძრავად იდგა მამაკაცი დერეფანში. როგორ მშვიდად, როგორ ახლოს.
ნინას ყბა დაეჭიმა. ახალი დოკუმენტი გახსნა, სათაური აკრიფა —„სტრატეგიული დუმილი“ — და მაშინვე წაშალა.
რამდენიმე წუთში თათო გამოჩნდა ტიხრის უკან. ხელში ყავა ეჭირა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, „იმაზე უკეთ გიცნობ, ვიდრე გგონიას“ რომ ნიშნავდა. მასზე ორი წლით უფროსი კოლეგა, რომელიც უნივერსიტეტშიც და სამსახურშიც მუდამ მის გვერდით იყო, უკვე მის საუკეთესო მეგობრად ქცეულიყო.
_რამე ისმის სამინისტროსგან?_თავად დაასწრო კითხვის დასმა.
_არაფერი. მაგრამ „ფოკუს მედიიდან“ დაგვირეკეს. თავაზიანები იყვნენ, ცხადია._თვალები გადაატრიალა._კონტრნარატივს ამზადებენ.
ნინა დაიბნა. _უკვე?
_“ანონიმური წყაროები“ სწრაფები არიან, ხომ იცი. ცილს გწამებენ „არასანდო ინფორმატორებზე დაყრდნობაში“. რაღაც იმის შესახებაც თქვეს, რომ „პირადი ვენდეტა გაქვს მამაკაცი ლიდერების წინააღმდეგ“.
_კრეატიულია._ცინიკურად ჩაიცინა.
_კარგად გათვლილი. ოფიციალურად არ გპასუხობენ. სხვებს ავალებენ.
_ლაჩრები.
_ტაქტიკოსები._თათომ შეუსწორა და ხმას დაუწია._და ის ტაქტიკოსი, ვისაც დღეს ებრძოდი – ალექსი დარჩია, ყველაზე მაგრად ერკვევა ამ თამაშში.
_მე არ ვთამაშობ.
_მაშინ უკვე აგებ. რაო, რაზე ილაპარაკეთ?
_ხომ იცი, არაფერი ხელშესახები. მართლა კარგი დემაგოგია._პირველად აღიარა მისი მოწინააღმდეგის უპირატესობა.
_უფლება არ მისცე, ტვინში შეგიძვრეს.
_ვეცდები. დღეს სადმე გასვლაზე რას იტყვი?
_აუცილებელიც კი არის, იმედია, დროულად დაასრულებ.
_არაფერი საინტერესო არ მაქვს, რამე მარტივ თემას მოვამზადებ მომდევნო კვირისთვის._ეკრანისკენ მიბრუნდა...
შუადღისთვის ერთი და იგივე აბზაცი ექვსჯერ დაწერა და ექვსივეჯერ წაშალა. ინსტინქტურად გახსნა სტატიის კომენტარები, მაგრამ თავი აიძულა, დაეხურა.
15:12-ზე ელფოსტა მიიღო, სათაურისა და მისალმების გარეშე, მხოლოდ ერთი მიმაგრებული ფაილით.
თავდაპირველად იფიქრა, სპამი იყო, მაგრამ მაინც გახსნა. საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი იყო, დასკანერებული.
გამგზავნი: შპს EkorTrans.
მიმღები: მალტური, სავარაუდოდ, ფიქტიური კომპანია, ციფრული ანგარიშით.
თანხა: €482,000.
თარიღი: ოთხი თვის წინ.
ნინამ თვალები დააჭყიტა. სახელი ეცნობოდა — თითქოს სადღაც მოესმინა და ყურადღება არ მიუქცევია. ფაილი გახსნა, რომელშიც უკონტექსტო ინფორმაციას ინიშნავდა და სამინისტროების მიმწოდებლების სიას გადახედა.
აი ისიც.
EkorTrans – საშუალო რგოლის ქვეკონტრაქტორი, მესამე დონის ლოჯისტიკური ხელშეკრულებით, რკინიგზის გაფართოებისთვის. არაფერი განსაკუთრებული. არაფერი თვალსაჩინო.
და სწორედ ამაში იყო მთელი აზრი.
კიდევ ერთხელ გახსნა ფაილი.
რატომ ეს კომპანია? რატომ გამოუგზავნეს იმეილი მას? ვინ უგზავნიდა?
დოკუმენტურად, EkorTrans აბსოლუტურად არაფრით გამორჩეული იყო: რეგიონული ლოჯისტიკური კომპანია ქუთაისიდან. ორი ძმა მართავდა და სახმელეთო გადაზიდვას უზრუნველყოფდა.
შეამოწმა სატენდერო ისტორია. EkorTrans არც ყველაზე იაფ სერვისს სთავაზობდა სახელმწიფოს და არც ყველაზე კვალიფიციური ჩანდა, მაგრამ მაინც აირჩიეს — ორჯერ. მიზეზი ვერ აღმოაჩინა, ამიტომ ისე მოიქცა, როგორც ყოველთვის, როცა რაღაცას ვერ პოულობდა – ირაკლის მიადგა. „რეზონანსის“ მონაცემთა ანალიტიკოსი საუკეთესო იყო თავის საქმეში.
ირაკლი სამმონიტორიან კომპიუტერთან იჯდა, თითქოს უკვე ელოდა.
_ყველაფერი მჭირდება ამ კომპანიაზე._ბარათი გაუწოდა._მფლობელი, გადახდები, ოფიციალური და ოფშორული კავშირები. დედლაინი – გუშინ. ვისკი ჩემზე იყოს.
_აჰ, კიდევ კარგი, თორემ ვფიქრობდი, რაღაც მოსაწყენზე მომიწევდა მუშაობა და სახლში დროულად წავიდოდი._მობეზრებული ხმით უთხრა და საქმეს შეუდგა.
ნინამ სკამი გამოსწია და თავისი ლეპტოპიც გახსნა.
_ ფიზიკური მისამართი არ არსებობს. ბოლო საგადასახადო აქტივობა ოთხი თვის წინ ფიქსირდება. იმ საფოსტო ინდექსზე, რომელზეც გაფორმებულია, ასევე არსებობს სილამაზის სალონი და დაკეტილი საცხობი._რამდენიმეწუთიანი ძებნის შემდეგ უთხრა.
_ანუ ფეიკია?
_ფიქტიური.
_ევროკავშირის საბაჟო სააგენტოს მიერ შავ სიაშია შეყვანილი ორი წლის წინ — ყალბი ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენის გამო. ეს ქართულ ჩანაწერებში არ ჩანს.
_მართლა?_გაოცებული ხმით ჰკითხა._ეს ნიშნავს, რომ ვიღაც აქ მფარველობთ.
_ან მათთან თანამშრომლობს._დააბოლოვა თათომ, რომელიც ახლახანს შეუერთდათ.
ნინა წამოდგა და წინ და უკან სიარული დაიწყო, შემდეგ ისევ გახსნა სამინისტროს კონტრაქტორების სია. EkorTrans სადღაც 37 კომპანიის ჩამონათვალში იყო ჩამალული. არცერთი წითელი დროშა. არცერთი აშკარა კავშირი სკანდალთან.
_საიდან აღმოაჩინე?_თათომ გამომცდელი სახით შეხედა.
_ანონიმურად მომწერეს. ვიღაცას უნდა, რომ გამოვიძიო.
_ან მის ნაცვლად გაისვარო.
_რაც არ უნდა იყოს… ისე ვერ დავტოვებ.
რევაზისთვის ჯერ არაფერი უთქვამს. თუ ამბავს დაწერდა, დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს ნამდვილი ცეცხლი იქნებოდა და არა _ მხოლოდ კვამლი. მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან ნერვიულობდა იმაზე, რომ ვიღაც აკვირდებოდა, ეხმარებოდა – ან ხაფანგს უგებდა.
და ნინა —ჭკვიანი, მაგრამ ჯიუტი ნინა — ვერ გაჩერდებოდა, სანამ სიმართლეს არ გაიგებდა...
მეორე დღეს პარლამენტის შენობაში ინფრასტრუქტურის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომას აშუქებდა. სანამ Erkotrans-თან დაკავშირებულ სქემას გამოიკვლევდა, სტანდარტული მუშაობა უნდა განეგრძო. უსაფრთხოების კონტროლის გავლის შემდეგ დაცვის თანამშრომელს გაჰყვა. კომიტეტის შვიდი წევრი ნახევარწრედ განლაგებულიყო. მაგიდის ორივე მხარეს ხმაამოუღებლად ბეჭდავდნენ ასისტენტები. მარჯვნივ, ოდნავ შემაღლებულ მერხთან – რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე და ალექსანდრე დარჩია ისხდნენ.
შავი პიჯაკი, თეთრი პერანგი. ჰალსტუხის გარეშე. მშვიდი გამომეტყველება. როგორც ყოველთვის.
ოთახში შესულ მჭედლიშვილს თვალი წამით გააყოლა და მაშინვე აარიდა, ისე, რომ არც კი დაუხამხამებია. მისი გვერდით მჯდომისკენ გადაიხარა და რაღაც ჩუმად უთხრა.
ნინა მედიისთვის განკუთვნილ რიგში დაჯდა. მეორე ადგილი კედლიდან. ბლოკნოტი გახსნა და კალამი და ჩამწერი მოამზადა.
მისთვის აღარ შეუხედავს.
კომიტეტის სხდომა გარედან უჩვეულოდ მოსაწყენი ჩანდა.
მონოტონური საუბარი — ფონდების განაწილებაზე რეგიონული რკინიგზის განვითარებისთვის. ტერმინები მშრალი და უხეში: „გაცემის ტემპი,“ „მასალის ტრანზიტის დერეფნები,“ „სახელმწიფო-კერძო ლოჯისტიკური ინტეგრაცია.“ იწერდა ყველა უცხო სახელსა და ფირმას, რომელსაც ყურს მოკრავდა.
ორი საათის შემდეგ თხუთმეტწუთიანი შესვენება გამოცხადდა.
ნინა დერეფანში მდგარი აპარატისკენ დაიძრა და ცხელი შოკოლადი ჩამოასხა, ყავა უკვე საკმარისზე მეტი რაოდენობით დაელია.
_გასაფერადებელი რვეულიც წამოიღე?_უკვე კარგად ნაცნობი ხმა გაიგონა, სანამ პირველ ყლუპს მოსვამდა. ნელა შემობრუნდა და მის გვერდით მდგომ დარჩიას დაცინვა ასაკზე ირონიული ღიმილით ჩამოართვა.
_იცი, რა შევამჩნიე?_ძველი მეგობარივით დაუწყო საუბარი, თან სივრცეში იხედებოდა, თითქოს სხვებს აკვირდებოდა, მაგრამ სინამდვილეში მისთვის თვალის გასწორების გამბედაობა ჯერ არ ჰქონდა._რაც უფრო მაღალ პოზიციაზეა ადამიანი, მით უფრო მეტი მეტაფორითა და გადატანითი მნიშვნელობის მქონე სიტყვით საუბრობს. არასდროს გეტყვიან უბრალოდ “ჩვენ არ გვაინტერესებს” — ამბობენ, “სტრატეგიულ ინიციატივებზე ვფოკუსირდებით.” არ იტყვიან, “ფული გავფლანგეთ“ — ამბობენ, “ის გადანაწილდა ინფრასტრუქტურის ცვალებადი საჭიროებების გათვალისწინებით”.
მამაკაცს ხმა არ ამოუღია, მაგრამ ნინა შეჩერებას არ აპირებდა.
_და როცა ამ საჭიროებებზე ეკითხები, ილუზიონისტებივით ჟონგლიორობენ სიტყვებით. დამიჯერე, სტაჟიორებისგან უფრო მეტი ფაქტი მაქვს მოსმენილი, ვიდრე იმ ხალხისგან, რომელთაც ექვსნიშნა ხელფასი აქვთ.
კვლავ უკომენტაროდ დარჩა, შოკოლადი კიდევ ერთხელ მოსვა და განაგრძო.
_მესმის, შენც ერთ–ერთი მათგანი ხარ. დავარცხნილი, გაწონასწორებული ჩინოვნიკი, რომელმაც კარგად იცის მისი სიტყვების ან დუმილის ფასი და შესაბამისად იყენებს. მართლა მესმის, მაგრამ თუ კიდევ ერთ პანელს მოვუსმენ, რომელზეც მოადგილე მინისტრი ფრაზით „გრძელვადიანი ხედვის ჩარჩო“ ამართლებს იმას, რომ სოფლის სკოლას წყალი არ მიეწოდება — რამეს ვესვრი._ოდნავ ახედა, სურდა, მისი რეაქცია დაენახა, დარწმუნებულიყო, რომ ადამიანური ემოცია საერთოდ გააჩნდა. ალექსანდრეს მკრთალად ჩაეღიმა, თითქმის.
_ღმერთო, ოდესმე ჩუმდები?
ნინამ წარბი აწია და თვალი გაუსწორა.
_მხოლოდ მაშინ, როცა ოთახში ვინმე ჩემზე ჭკვიანია.
მოეჩვენა, რომ მამაკაცზე წამით შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო.
_წარმატებებს გისურვებ ასეთი ადამიანის პოვნაში._კიდევ ერთხელ აათვალიერა და სხდომის ოთახში გაუჩინარდა.
საკუთარ ადგილზე დაბრუნებული ნინა ახლა მის სიტყვით გამოსვლას უსმენდა.
არაფერი ახალი არ უთქვამს.
სტანდარტული ტექსტი: სამინისტროს გამჭვირვალობა, პროცესების გადახედვა, სტრატეგიული განვითარების მაჩვენებლები.
მაგრამ რაღაც არ იყო რიგზე, ყველაფერი ზედმეტად მოზომილი იყო, კიდევ უფრო გაწერილი.
ნინამ თვალები დააწვრილა.
ყველაფერს სწორად ამბობდა — და მაინც, ქვეტექსტი ყვიროდა:
„ეს კედელია. ნუ ეცდები მის მიღმა გახედვას.“
შეხვედრის დასრულების შემდეგ თათოს მესიჯი გახსნა
„დღეს როგორია გაზლაითინგის პრინცი?“
„ცივი. ფორმალური. ცარიელი.“–დაწერა და წაშალა.
„გაურკვეველია“–თავიდან აკრიბა და გაგზავნას დააჭირა.
ოთახში ბოლო წამამდე დარჩა. დაკვირვებით უყურებდა, როგორ ესაუბრებოდა ალექსანდრე მინისტრის მოადგილეს, სანამ გვერდითა კარიდან გავიდოდა. მისკენ არც მოუხედავს.
ღამით, სამუშაო მაგიდასთან დაბრუნებულმა ნინამ საბანკო გადარიცხვის ფაილი ხელახლა გახსნა. თავიდან გაეცნო მათ კონტრაქტებს — ოთხი სხვადასხვა მიწოდების გრაფიკი. სამი გაყალბებული ინვოისი, თუ სწორად გამოთვალა.
ჯერ ისევ არ ჰქონდა ინფორმაცია, ვინ გამოუგზავნა დოკუმენტი.
ჯერ ისევ — არც ერთი სახელი.
მაგრამ ვიღაც სურდა, ეპოვნა.
და ამ ეტაპზე — ყველა ეჭვმიტანილად უნდა ჩაეთვალა.
მომდევნო კვირის ბოლოსთვის მას უკვე სამი ახალი კომპანიის სახელი ჰქონდა. ორ მათგანს – RKM-სა და EkorBuild-s ჰქონდა საერთო საბანკო ანგარიში EkorTrans-თან. MKD Legal კი თბილისში იყო დარეგისტრირებული. მისი ვებსაიტიც იპოვა, რომელიც მხოლოდ ფორმალურად არსებობდა – მხოლოდ ოთხი სტატიკური გვერდი. არც ისტორია არც სიახლეების განყოფილება. მითითებული საკონტაქტო ნომერი ორჯერ აწკრიალდა და შემდეგ გადაერთო გამორთულ ხმოვან ფოსტაზე. მითითებული მისამართი — ლესელიძის ქუჩა 22 — რეესტრში ექვს სხვა კომპანიას ემთხვეოდა.
მან გადარიცხვების კვალის ძებნა დაიწყო.
სამივე კომპანია ბოლო ორი წლის განმავლობაში იღებდა სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ კონტრაქტებს.
არაფერი გამორჩეული. უბრალოდ ისეთი ტიპის გრანტები, რომლებსაც არავინ აკვირდებოდა ზედმეტად. მეათეხარისხოვანი გზების შეკეთება, სოფლების ხიდების რეკონსტრუქცია, სანიაღვრეების შეკეთება. სამუშაოები, რომელიც წინასაარჩევნო წელს კარგად გამოიყურება, მაგრამ ჰედლაინებში არ ხვდება.
თუ კომპანიები საერთოდ არ არსებობდნენ, თუ ფული არსად არ იფლანგებოდა, თუ ვიღაცამ ეს სწორედ ამ მიზნით არ გააკეთა.
მის რვეულში უკვე სამი გვერდი იყო კავშირებით სავსე:
„• Erkotrans = მოჩვენებითი კომპანია
• RKM = იგივე სტრუქტურა
• EkorBuild = ჩნდება სანაპირო განვითარების კონტრაქტში გარემოზე ზემოქმედების ყალბი დოკუმენტებით“
შუაში ერთი საერთო წერტილი:
MKD Legal
ქვემოთ მიაწერა:
„გამოარკვიე, ვის ეკუთვნის ეს იურიდიული კომპანია.“
თათო ყავის აპარატთან იპოვა და ამობეჭდილი ფურცლები გადააწოდა.
_მითხარი, რომ კავშირები არსებობს და არ მეჩვენება.
თათომ ფურცლებს სწრაფად გადახედა და წარბები შეკრა.
_არა. ამას ცუდი სუნი ასდის.
_ფიქტიური კომპანიები, მცირე კონტრაქტები. არაფერი ისეთი, პარლამენტის და საზოგადოების ყურადღება რომ მიიპყროს, მაგრამ საკმარისი ათობით მილიონის ჩუმად გადასარიცხად.
_ფრთხილად იყავი, კარგი? ეს ხალხი დიდ საფასურს იხდის, რომ ველაფერი დაფარული დარჩეს.
_დიდხანს ვეღარ დაფარავენ.
_ინფორმატორი აღარ გამოჩენილა?
_არა და იმეილებიც უკან მიბრუნდება, ალბათ გააუქმა._მხრები აიჩეჩა._ბარგი ჩაალაგე?
_თითქმის, რაღაცებს ვიყიდი. ბოდიში, სხდომები მთლიანად შენ შეგატოვე. როგორც კი ჩამოვფრინდები, შვებულებაში გაგიშვებ.
_არაა საჭირო.
_არც გეკითხები, ქეთევანი უკვე გელოდება. ეცადე, ჩემს დაბრუნებამდე გაზლაითინგის პრინცის შავ ზღვაში არ ჩაიძირო.
_რა მოიგონე?_თვალი აარიდა.
_ნინიშ, გუშინ გაგიცანი? შენ გგონია, ვერ ვამჩნევ, როგორ ემზადები, როცა იცი, რომ ისიც ესწრება შეხვედრას?
_ბავშვად მთვლის._როგორც იქნა, აღიარა, რა აღიზიანებდა ყველაზე მეტად და გაიხსენა ყველა ეპითეტი, რომლითაც მამაკაცს „შეუმკია“ ბოლო პერიოდის განმავლობაში – „იდეალისტი“, „გულუბრყვილო“, „მეოცნებე“._კნინობითი მომართვებით ცდილობს ჩემს დამცირებას.
_დააიგნორე, ხედავს, რაც მოქმედებს შენზე და ნუ მისცემ უფლებას, სათავისოდ გამოიყენოს. მაგრამ თუ მოგწონს, გადადგი ნაბიჯი და უფრო მარტივად ამოიგდებ გონებიდან.
_რა უნდა მომეწონოს მასში?__თავი მექანიკურად გააქნია. ვერ ხვდებოდა, თათოს დაჯერებას ცდილობდა თუ – საკუთარი თავის.
_რა ვიცი, ქარიზმატულია, ტანზეც არა უშავს, ეტყობა, ვარჯიშობს და სახეზეც რას დაუწუნებ..._სიცილით დაიწყო გოგონამ დარჩიას „ღირსებების ჩამოთვლა“.
_შემეშვი._ნინამ ხელი სიცილით ჰკრა და ლამის ყავა გადაასხა.
_ო’კეი, სორი. თქვენ ხომ უბიწოების აღთქმა გაქვთ დადებული._არ ეშვებოდა მის დაცინვას._დღეს ჩემთან დარჩი რა, იქნებ ჩალაგებაშიც მომეხმარო.
_არ დაგიმსახურებია, მაგრამ ოღონდ ცოტა ხნით მოგიშორო და გამოვალ.
_თენქიუ, გპირდები, სექ*უალურ თეთრეულს ჩამოგიტან, მგონი მალე დაგჭირდება._სიცილით უთხრა და გაიქცა, სანამ კიდევ ერთხელ მოხვდებოდა.
დილით კიდევ ერთი იმეილი მიიღო.
სათაურით – „იმედია, სწორ გზაზე დგახარ.“
მიმაგრებული ფაილი გახსნა, სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტი იყო, კონფიდენციალურად აღნიშნული. ხელმოწერა დაინახა _ კ.კვარაცხელია. მაშინვე ირაკლისთან მივიდა.
_კვარაცხელია რეგიონალური განვითარების სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტში მუშაობდა. დაახლოებით ერთი წლის წინ თანამდებობა დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე._გადაამოწმა ბიჭმა.
_ანუ გაათავისუფლეს.
_ალბათ. მაგრამ ეს ნახე — მისი სახელი ჯერ კიდევ ფიგურირებს ათამდე ნებართვის საქმეში, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად წავიდა.
_ანუ ვიღაც მის სახელს იყენებდა. ან სინამდვილეში საერთოდ არ გადამდგარა.
არ იცოდა, ამ ინფორმაციით რა გზას უნდა დადგომოდა.
სამუშაო მაგიდასთან დაბრუნდა, ისევ გახსნა ანონიმური შეტყობინება და სწრაფად აკრიფა პასუხი:
„მეტი მჭირდება. მომეცი რაღაც, რასაც ვერავინ გააყალბებს.“
გაგზავნას დააჭირა და დაელოდა...

ინფორმატორი აღარ გამოჩენილა. რამდენიმე დღის შემდეგ პასუხის იმედიც დაკარგა და ელ–ფოსტის ისტერიული შემოწმება შეწყვიტა.
კომიტეტის სხდომები უკვე ყელში ჰქონდა ამოსული, ვეღარ ითვლიდა, მერამდენედ ისმენდა ერთი და იგივე, მხოლოდ განსხვავებული ფორმულირებით ნათქვამ წინადადებებს. დღევანდელი განხილვა განსაკუთრებით გაიწელა. როცა დასრულდა, უკვე ათი საათი იყო დაწყებული.
ქარიშხალი უმოწყალოდ ცემდა ფანჯრებს. ლობიში გასულმა ტელეფონს დახედა და ტაქსის აპლიკაცია კიდევ ერთხელ განაახლა – არანაირი სიახლე. თათო ახლახანს დაბრუნებულიყო და მისი შეწუხება არ უნდოდა, უკვე ირაკლისთან დარეკვას აპირებდა, გვერდით მაღალი ფიგურა რომ ამოუდგა.
_ისევ აქ ხარ და მოჩვენებებს დასდევ?_ეტყობოდა, დღეს ბევრი დამაჯერებელი ტყუილი თქვა, კარგ ხასიათზე იყო.
_მხოლოდ ისეთ მოჩვენებას, ამ შტორმისგან რომ მიხსნას._მექანიკურად უპასუხა, ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს.
_ეს თხოვნაა?
_არც მიფიქრია. მოჩვენებად რომ იქცე, ჯერ სული უნდა გაგაჩნდეს._დაუფიქრებლად უთხრა და პირველად გაიგონა მამაკაცის ხმამაღალი სიცილი.
გაუკვირდა. ალექსანდრესაც.
_პასუხები ყოველთვის მზად გაქვს.
_ალბათ არ დაიჯერებ, მაგრამ ზოგიერთი ჩვენგანი სარკესთან არ ვარჯიშობს, რა უნდა თქვას.
_ფეხით წახვალ?_დარჩიას ოდნავაც არ წყენია მისი დაცინვა.
_შორს არ ვცხოვრობ._მხრები აიჩეჩა.
_რა გაეწყობა._ხელები აწია._მგზავრების კარს მაინც ღიას დავტოვებ, თუ ბიულთ ეტინის საჭიროება არ გაქვს._პარკინგისკენ დაიძრა. ნინამ ამოიოხრა და წამიერი ყოყმანის შემდეგ უკან გაჰყვა.

***
გამიხარდება, თუ თქვენს მოსაზრებებს დააფიქსირებთ ისტორიასა და პერსონაჟებზე. ვეცდები, მალე გავაგრძელო.



№1 სტუმარი სტუმარი ლიაკო

თქვენი ისტორია ძალიან მომწონს, განსხვავებულია, პირველივე თავიდან მოგდევთ და ძალიან საინტერესო და დინამიურად ვითარდება მოვლენები, ამ საიტზე ასეთი კარგი ისტორია კარგა ხანია არ დადებულა, წარმატებებს გისურვებთ. უდავოდ ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით. . იმედია დიდხანს არ გვალოდინებთ

 


№2 სტუმარი სტუმარი დარინა

ძალიან საინტერესო და განსხვავებულია, თან რაღაცნაირი იდუმალიი, მომწონს როგორ ვითარდება მოვლენები, ნინაზე ოფიციალურად ვგიჟდები მიყვარს შეუპოვარი და ჯიუტი ქალები რომლებიც უკან არაფრის გულისთვის არ იხევს, მგონია ბატონ ალექსანდრესაც ნინას ეს შეუპოვრობა და სიჯიუტე იზიდავ, მაგიტომ ვითომდა დისტანცირებს მაგრამ მაინც იწვევს თავისი რეპლიკებით, ვნაცოთ აბა რამდენად იდუმალია ალექსანდრე. ვგრძნობ რომ ძალიან ცეცხლი წყვილი გვეყოლება რომლებიც ერთმანეთს აუცილებლად დაწვავენ ჩვენც ეს გვინდა მე განსაკუთრებით ალექსანდრეს კისრის მლგრეხას ველოდებიი :დდ წარმატებები და გელოდები შემდეგი თავით

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

ნინას და ალექსანდრეს სახით წინ ძალიან მაგარი წყვილი გველის და საინტერესო ისტორიები. ველით გაგრძელებას. წარმატებები

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

ისე მომწონს აი არვიცი რავთქვა,საინტერესოა,ზედმეტადაც კი და რატომღაც ვფიქრობ ჩვენი იდუმალი პიროვნება თვით ბატონი დარჩიაა.მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები,ამიტომაც მოთმინებით ველი შემდეგს.

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

უკვე მომწონს ბატონი დარჩია. აქ ისეთი ცეცხლი დაინთება, მალე დადეთ რა გაგრძელება?

 


№6  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ბოლო პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ძველი ავტორების მოთხრობებს ვკითხულობდი, თუმცა ეს ძალიან საინტერესოა, ძალიან მომწონს და მოუთმენლად ველოდები მოვლენების განვითარებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent