შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომენტარის გარეშე (თავი 1)


27-05-2025, 00:09
ავტორი Daisyd
ნანახია 256

ნიუსრუმში მუშაობის ყველაზე რთული ნაწილი ძველ ხალიჩებში გაჟღენთილი სიგარეტის კვამლი არ იყო;
არც ის, როგორ აქცევდა თეთრი განათება ყველას მოჩვენებად;
ეს არც გვიან ღამეები იყო, არც დედლაინებზე შფოთვა და არც პასიურ–აგრესიული ბარათები იმაზე, თუ ვინ დატოვა ჭიქები ნიჟარაში.
ყველაზე მძიმე იყო სიჩუმე, რომელიც ახალი სტატიის გამოქვეყნებას ახლდა. ის სამი წუთი, როდესაც ელოდი, გადატრიალება მოახდინე თუ დედამიწა კვლავინდებურად აგრძელებდა ბრუნვას.
ნინა მჭედლიშვილი თავის მაგიდასთან უსიცოცხლოდ იჯდა, თითებს ნერვულად ათამაშებდა და ეკრანს უყურებდა, რომელზეც მისი ოთხი კვირის მუშაობისა და კოფეინის ოვერდოზის შედეგს ხედავდა:
„შეცვლილი პრიორიტეტები: როგორ მიედინებოდა სახელმწიფო თანხები მინისტრების ახლობლების სამშენებლო კომპანიებში“.
სტატია კიდევ ერთხელ გადაიკითხა – 2400 სიტყვა და არც ერთი ზედმეტი, ყველაფერი მრავალჯერ გადაემოწმებინა.
სკამზე გასწორდა, ეცადა მხრების ტკივილი დაეიგნორებინა.
ნიუსრუმი კვლავ ახმაურდა. ერთ-ერთ სტაჟიორს ისევ დაეღვარა ყავა. ვიღაც პრინტერს აგინებდა. სამყარო არ გაჩერებულა მხოლოდ იმიტომ, რომ მან, შესაძლოა, სულ ცოტა ხნის წინ დაწყებული კარიერა ცეცხლის ალში გაახვია.
_ან ძალიან მამაცი ხარ, ან ძალიან სულელი._ნინამ აიხედა. რევაზ გვაზავა კარის ჩარჩოში იდგა — იმ მინის კაბინის წინ, რომელიც რედაქციის ხელმძღვანელობას ეკუთვნოდა. პასუხს არ დალოდებია._შიგნით. ახლავე.
ნინა მიჰყვა.
რევაზმა კარი მოხურა. ორმოცდაათ წლამდე, მუდამ დაღლილი, მაგრამ პარლამენტის წევრთა უმრავლესობაზე ბევრად გონებამახვილი. ათ წელზე მეტია, რაც მართავდა „რეზონანსს“ — იმ პატარა ონლაინ მედიას, რომელიც ჯერ კიდევ სჯეროდა მედიის საზოგადოებრივ პასუხისმგებლობის.
_მაგარია,_თქვა რევაზმა. წყაროები სუფთაა. იურისტებმა ორჯერ გადაამოწმეს. ენა მკაფიოა._თითქოს პირველად წაიკითხა.
ნინამ თავი დაუქნია. ელოდა “მაგრამ”-ს.
_მაგრამ მინისტრებთან დაახლოებული სამი კომპანიაა ნახსენები.
– დოკუმენტაცია მაქვს — კონტრაქტები, რეგისტრირებული შპს-ები, დროითი აცდენები…
– ვიცი. – რევაზი გაჩერდა. – ვიცი. ძალიან კარგია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენს გაჩუმებას არ შეეცდებიან.
ნინამ ხელები გულზე დაიკრიფა.
– არ მაინტერესებს, მე არ მომიტყუებია.
– არა, მაგრამ ისინი დაამცირე. და ეს უარესია._რევაზი მაგიდას მიეყრდნო, უკვე როგორც მენტორი, არა როგორც რედაქტორი._ნინა, მინდა იცოდე — ეს შეიძლება იყოს სტატია, რომელმაც კარიერულ გზას გაგიხსნას ან დაგისრულებს. სახელმწიფო მოხელეები საჯარო შერცხვენას არ ივიწყებენ.
– არაფერი პირადული. უბრალოდ, არ მინდა გადასახადის გადამხდელთა ფული ოლიგარქის იახტის ფონდში ჩაიძიროს.
– და თუ ეს ოლიგარქი მინისტრის ცოლისძმაა?
ნინას თვალი არ დაუხამხამებია.
– მაშინ არასწორი ცოლისძმა აირჩია.
რევაზმა თავი გააქნია, მაგრამ გაეღიმა.
_თავს გაუფრთხილდი.
თათო უკვე ელოდებოდა ოფისში — ხელში ნახევარი სენდვიჩი და ტელეფონი ეჭირა.
– ყველაფერი რიგზეა?
– არა უშავს მგონი.
– ღმერთო, იმედი მაქვს, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი გაცვია.
–ძალიან მძიმეა, მხოლოდ კოფეინის იფმედად ვარ, შენ რაზე წერ?
– ბინების გამოსახლება ბათუმში. ჩემმა წყარომ ორი ფაილი გადმომცა და მითხრა, მამაცი ხარო, მერე ნომერი შეცვალა.
– სერიოზულადაა საქმე.
– სახუმაროდ როდის გვაქვს?
ნინამ მხრები აიჩეჩა და კვლავ თავის სტატიას მიუბრუნდა.
თორმეტი საათისთვის უკვე 7,000 ნახვა ჰქონდა.
12:15-ზე საიტი გაიჭედა.
როცა აღდგა, ციფრი გაორმაგებული იყო. კომენტარები უკვე საბრძოლო ველი გახდა: მხარდამჭერი აქტივისტები, რომლებიც სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ, იურისტები, კონსპიროლოგები და რამდენიმე ბოტი, რომლებიც ერთნაირი გრამატიკით „ჟურნალისტური ფაბრიკაციების“ ავტორობას აბრალებდნენ.
ნინა გაუნძრევლად კიძთხულობდა კომენტარების ნაკადს, როცა შეტყობინება მიიღო.
„ისევ რაიმე საშიში დაწერე? მეზობელმა მომწერა ტელევიზორში შენი სახელი გაუგონია.“
გაეცინა, თითქმის. ყელში გაჩხერილმა ბურთმა გააჩერა.
პასუხი მისწერა:
„კარგად ვარ, დე, გპირდები.“
ქეთევანს არასდროს ესმოდა რატომ აირჩია ნინამ ეს გზა — „პროფესიით მოკამათე“– ასე ეძახდა.
მამა სამშენებლო უბედური შემთხვევისგან დაეღუპა, როცა თექვსმეტი წლის იყო. სასამართლო პროცესებმა ზუსტად აჩვენა, როგორი უმწეოები იყვნენ საშუალო კლასის ოჯახები, როცა ხელისუფლება თავისიანებს იცავდა. ნინას არასდროს დაავიწყდებოდა ადვოკატების თვითკმაყოფილი სახეები, რომლებიც „ვწუხვართ თქვენი დანაკარგისთვის“-ს ამბობდნენ და პარალელურად დოკუმენტებს უწვდიდნენ მოტირალ დედამისს,
ჟურნალისტობა არ აურჩევია იმისთვის, რომ „ხალხის ხმა ყოფილიყო“. ეგ სლოგანი მხოლოდ ნაჭრის ჩანთებისა და არასამთავრობოებისთვის იყო შექმნილი.
ამ გზას იმიტომ დაადგა, რომ უნდოდა ვინმეს მაინც ემხილა საზოგადოების მანკიერებები, მაშინაც კი, როცა ყველა თვალს ხუჭავდა.
სტატია თავის ექუნთზე გააზიარა:
“საჯარო კორუფციის გამჟღავნება მხოლოდ მაშინ არის საშიში, როცა არასწორი ხალხია ხელისუფლებაში. მადლობა მხარდაჭერისთვის“.
_ტელევიზორი ჩართეთ_ოთახის მეორე კუთხიდან გაიგონა თათოს ხმა და მაშინვე წამოდგა.
ეკრანი აციმციმდა. ტრიბუნა, დროშა. ჟურნალისტების ზღვა, ტელეფონებით ხელში.
და შემდეგ — ის.
ალექსანდრე დარჩია.
თითქოს დაბადებიდან სცენაზე იყო. მუქი ლურჯი პიჯაკი, მშვიდი გამომეტყველება, ზუსტი, მკვეთრი პოზა. ხმა — რბილი, დაბალი, ხავერდოვანი, ფოლადივით მტკიცე.
მთავრობის პრესმდივანი.
ადამიანი, რომელსაც, თათოს თქმით, „ბიუროკრატიული გაზლაითინგი ხელოვნების დონეზე ჰქონდა აყვანილი.“
ნინას მასთან ინტერვიუ არ ჰქონია. ჯერ. ცდილობდა, მაგრამ არ პასუხობდა. მის გამოსვლებს უყურებდა, ტრანსკრიპტებს კითხულობდა, ტერმინოლოგიას ისე შიფრავდა, როგორც კოდს.
ვერც კუთხეში მოაქცევდი და ვერც უგულებელყოფდი.
ბრიფინგის დასრულების შემდეგ ჟურნალისტმა იკითხა:
– სამინისტრო კომენტარს გააკეთებს რეზონანსის დილის სტატიაზე?
დარჩიამ ოდნავ ჩაიცინა.
–მედიის თავისუფლებას მხარს ვუჭერთ, მაგრამ კომენტარს ვერ გავაკეთებთ... ფანტასტიკის ჟანრზე.
რამდენიმე ჟურნალისტმა გადაიხარხარა.
სიტყვებმა ნინაზე უფრო დიდი ზემოქმედება იქონიეს, ვიდრე ეგონა.
არც მშვიდი პასუხი გასცა, არც უარყო.
ისე მოიქცა, თითქოს მისი სტატია არც არსებობდა. თითქოს ნინა არ არსებობდა.
_ლაჩარი_ჩაიდუდღუნა.
_თავისი საქმის პროფესიონალია._ზიზღნარევი აღფრთოვანებით უყურებდა თათო.
განრისხებული დაბრუნდა მაგიდასთან და ფეისბუქი გახსნა.
„თუ ფანტასტიკა გაშინებთ, შესაძლოა არასწორ სფეროში ხართ, ბატონო დარჩია.“ – პოსტი 20 წუთში ვირუსივით გავრცელდა.
საათის ბოლოს უკვე უამრავი გაზიარება ჰქონდა. ზოგი მას უშიშარს უწოდებდა, ზოგი — გულუბრყვილოს.
ნინამ არც ერთს არ უპასუხა.
სტატიას თავიდან ბოლომდე გადახედა.
თითოეული აბზაცი, ყველა ბმული შეამოწმა. უნდოდა დარწმუნებულიყო — ზეწოლის ქვეშაც გაუძლებდა.
რამდენიმე წუთში რევაზმა კვლავ თავიდან იხმო.
_უკვე დარეკეს?
_ჰო, ხვალ შეხვედრა უნდათ. უბრალოდ შენი წყაროების გადამოწმება, სტანდარტული პროცედურაა. ლანო გამოგყვება, თუ გინდა, მეც.
_არაა საჭირო, მზად ვარ._მტკიცედ უპასუხა, მაგრამ მარტო დარჩენილი შფოთვამ მაინც შეიპყრო.
ღამე თეთრად გაათენა, მთელი ღამე ალექსანდრე დარჩიას გამოსვლებს უყურებდა და მის მიმიკებს სწავლობდა, რომლებიც იშვიათად იცვლებოდა, ხშირად თვალებსაც კი არ ახამხამებდა.
ყოველი სიტყვა ისე ჟღერდა, თითქოს ფილტრში იყო გატარებული - მოზომილი, გააზრებული, საკმარისად მკვეთრი, რომ გულწრფელი გამოჩენილიყო, მაგრამ რეალური არაფერი გამოევლინა.
მაშინაც, კი, როცა ჩამჭრელ შეკითხვებს უსვამდნენ, უფრო სწორად, განსაკუთრებით მაშინ, არ იბნეოდა, არასდროს ყოყმანობდა. თითქოს საჯაროდ გამოსვლის უნარი მის დნმ-ში იყო ჩაწერილი.
ამაში იყო მისი ძალა – არა ხმამაღალი, რაღაც უფრო ცივი.
თითქმის მექანიკური.
_რობოტი_თავისთვის ჩაილაპარაკა გოგონამ.
რობოტი, რომელსაც 31 წლის ასაკში უკვე დოქტორის ხარისხი ჰქონდა საერთაშორისო სამართალში. მის ფონზე ნინა სრულიად არაფერს წარმოადგენდა. იცოდა, რომ მამაკაცს შეეძლო, ცოცხლად გადაეყლაპა, მისი არსებობის შემჩნევას საჭიროდ თუ ჩათვლიდა.
და მაინც, შიშზე მეტად მოლოდინით იყო აღელვებული.
ორი საათის ჩაძინებული იყო, მაღვიძარამ რომ დარეკა.
_რაც არის, არის._საკუთარ თავს ელაპარაკებოდა სარკეში, როცა ცივი წყლით გამოფხიზლებას ცდილობდა._იცოდი, რაც გელოდა, როცა პროფესია აირჩიე.
ჩაშავებული უპეები ქონსილერით მაქსიმალურად დაიფარა და სწრაფად მოემზადა.
სამინისტროს შენობას ძველი ქაღალდებსა და ძალაუფლების სუნი ასდიოდა.
ნინა იურისტთან ერთად შესასვლელთან იდგა, თითებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე ათამაშებდა. დაცვის თანამშრომელს თავიც არ აუწევია — უბრალოდ გაუწოდა ბეიჯები წარწერით „სტუმარი“.
_ოთახი 501_ თქვა._ლიფტიდან მარცხნივ, მაგრამ მიგაცილებენ.
ნინა შეტრიალდა და 30 წლამდე ასაკის ქალი დაინახა, — ნაცრისფერი პიჯაკით, უსახური გამომეტყველებითა და მკვეთრი, გამჭოლი მზერით.
_გამომყევით.
არანაირი სახელი. არც მისალმება. მხოლოდ მისი ქუსლების ხმა მარმარილოზე.
შენობა ბიუროკრატიის ძეგლი იყო: სტერილური კედლები, ჩარჩოში ჩასმული სერთიფიკატები, მოტივაციური ციტატები პროგრესის შესახებ. არაფერი გულწრფელი, არაფერი ღია. ნინა თავს ძლივს იკავებდა, რომ არ გადაეღო. დარწმუნებული იყო, კამერებში აკონტროლდებოდნენ.
სამი კაცი და ერთი ქალი უკვე ისხდნენ, როცა ოთახში შევიდა.
_გამარჯობა, ნინა_თქვა ქალმა და წამოდგა._მადლობა, რომ მოხვედით.
_რა თქმა უნდა._მათ წინ დაჯდა და იურისტი გააცნო, ოთახში მყოფებმაც წარადგინეს საკუთარი თავები. ყველა მათგანი იცნო.
_ეს დისციპლინური შეხვედრა არ არის_დაიწყო ცისკარიძემ, რეგიონული განვითარების მინისტრის ერთ–ერთმა მრჩეველმა._ეს არის შიდა მოკვლევა, რომლის მიზანიც ბოლო დროს თქვენს მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული მასალის გარემოებების დადგენაა. ჩვენ ვემხრობით გამჭვირვალობას.
ნინამ სიცილის შეკავება სცადა.
გამჭვირვალობა მათი ახალი საკვანძო სიტყვა იყო. პრესრელიზებში მშვენივრად გამოიყურებოდა და პრაქტიკაში არაფერს ნიშნავდა.
_მოხარული ვარ განვმარტო ჩემი სტატიის ნებისმიერი ნაწილი.
თავდასხმა მის ლექსიკონზე დაიწყეს. ტონზე. სიტყვების არჩევანზე და არა — ფაქტებზე. მათ უარყოფა უფრო რთული იყო, სიტყვებზე გამოკიდება კი შეეძლოთ.
_“კლანის წევრებზე გადაცემული კონტრაქტები“—მიკერძოებაზე მიანიშნებს._თქვა შენგელიამ.
_ეს მიკერძოება იყო. ხუთიდან სამ კომპანიას პირდაპირი ფინანსური ან პირადი კავშირი ჰქონდა სამინისტროს თანამშრომლებთან.
_არ არის მტკიცებულება, რომ ამ კავშირებმა გავლენა მოახდინა კონტრაქტებზე.
_არც იმის მტკიცებულებაა, რომ გავლენა არ მოუხდენია. ამიტომაც გვაქვს ზედამხედველობის მექანიზმები._წამით ეგონა, ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ არ ანაღვლებდა. დაე, ეგრძნოთ თავი უხერხულად.
რამდენიმეწამიანი სიჩუმე კარის გაღებამ დაარღვია.
ალექსანდრე დარჩია ისე შემოვიდა, თითქოს შენობა მას ეკუთვნოდა — და ალბათ, რაღაც დონეზე, ასე იყო კიდეც.
_ბოდიშით დაგვიანებისთვის, წინა შეხვედრა გაიწელა._თქვა მშრალად, თავის წარდგენაზე არც უფიქრია.
მის პირდაპირ დაჯდა და მზერა გაუსწორა.
ნინას გააჟრჟოლა. ეკრანებიდან მისი ცივი, შავი თვალები ასე მკვეთრად არ ჩანდა.
_ბატონო ალექსანდრე._წამოიწყო ცისკარიძემ._სტატიის კონტექსტზე ვსაუბრობდით. გნებავთ, განაგრძოთ?
_მგონი, საზოგადოების რეაქცია თავისთავად საუბრობს._ისე უპასუხა, რომ მჭედლიშვილისთვის თვალი არ მოუცილებია.
_და რა რეაქცია იყო ეს?_ ჰკითხა ნინამ, მონოტონური ტონით.
_კარგი სპექტაკლი დაიდგა._ოდნავ გადაწია ზურგით._დღეს აღშფოთება კარგად იყიდება, სტატია ნამდვილად დროულად გამოქვეყნდა.
_სიმართლის თქმა წარმოდგენა არ არის.
_არა, მაგრამ შეფუთული სიმართლე კი შეიძლება იყოს.
_აქ მედიის როლზე არ ვსაუბრობთ._ჩაერთო არსენიშვილი.
_რატომაც არა._დაგეგმილზე ხმამაღლა გამოუვიდა ნინას და ჩაახველა, სანამ წყობიდან გამოვიდოდა._აქ რაც ხდება, წარმოდგენა არ არის? მშვენიერი გზა აირჩიეთ იმისთვის, რომ სტატია გააკრიტიკოთ ისე, რომ შიგნით ნახსენებ კორუფციაზე არც კი ილაპარაკოთ.
ალექსის ტუჩებზე რაღაც შეირხა. ღიმილივით, მაგრამ არა გულწრფელი. არც დაცინვა იყო — სადღაც შუაში.
_ფრთხილად, ქალბატონო ნინა. მგონი არასწორია, როცა ოთახში მყოფ ყველა ადამიანს უნდობლობით ეკიდები.
_ როცა არ დაიმსახურებენ, მაშინ გავჩერდები.
შეხვედრა კიდევ ნახევარ საათს გაგრძელდა – პატივისცემით შეფუთული შეკითხვები, არაპირდაპირი მუქარები, დიპლომატიური უარყოფები.
როდესაც საბოლოოდ დასრულდა, ოთახი სწრაფად დაიცალა.
ნინა ცოტახნით კიდევ დარჩა. მძიმედ სუნთქავდა, მერე ლანოს უთხრა, გარეთ შეგხვდებიო და დერეფნის მეორე მხარეს წასულ დარჩიას ლიფტთან დაეწია.
_სტატია არც კი წაგიკითხავთ. უბრალოდ ერთი თვითკმაყოფილი წინადადებით მოიშორეთ. რაც, სხვათა შორის, ზედგამოჭრილი სათაური იქნება თქვენი კარიერისთვის: „კომენტარი არ მაქვს.“ ზედმეტადაც კი გიხდებათ — რადგან არაფერი გითქვამთ ოდესმე, რაც წინასწარ გაწერილი არ იყო.
_დაასრულეთ?_მობეზრებულმა ჰკითხა.
_ჯერ კიდევ ვიწყებ. ახლა გადავდივარ იმ ნაწილზე, სადაც თქვენს პრესსტრატეგიას საბჭოთა რადიომაუწყებლობას ვადარებ.
_იმედიც მქონდა, რომ ვისაუბრებდით._მისი სიტყვები კვლავ უკომენტაროდ დატოვა._არაოფიციალურად.
_თქვენთან არაფერია არაოფიციალური.
_პატარა ხართ, მინდოდა უბრალოდ გამეფრთხილებინეთ._ოდნავ ჩაეღიმა, როცა ერთი თავით დაბალი გოგონა მექანიკურად წელში გასწორდა.
_მუქარა? მშვენიერი სტარტია.
_არანაირი მუქარა, მხოლოდ სიმართლე.
ნინა გაუნძრევლად იდგა.
ალექსანდრემ ნაბიჯი გადადგა მისკენ — ნელა, მშვიდად.
_ვინც ამ სტატიაში ნახსენებია — ისინი დამცირებას ვერ იტანენ. და თქვენ ისინი არა მხოლოდ გამოავლინეთ, არამედ არაკომპეტენტურები გამოიყვანეთ. ამას არ გაპატიებენ.
_მაპატიონ, რომ აქ პატიების სათხოვნელად არ მოვსულვარ.
_აქ იმისთვის მოხვედით, რომ დაგვენახა, არ გეშინოდათ. და ეს შეძელით.
გოგონას არაფერი უთქვამს, მაგრამ გული ისე ხმაურობდა, ეგონა, ამოუვარდებოდა.
სძულდა, რომ ასე ახლოს მდგომი ალექსანდრეს სიმშვიდე არ ირღვეოდა.
სძულდა მისი მკვეთრი ღაწვები, აუღელვებელი მზერა. მთლიანად უნდა სძულებოდა.
_გგონია, ეს ჩემთვის თამაშია?_ვერც მიხვდა, როგორ გადავიდა შენობით ფორმაზე, მამაკაცის მენტორული მიმართვა საშინლად აღიზიანებდა.
_მგონია, რომ სწორად ვერ აფასებ იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც მზადაა ყველაფერი გადაწვას თამაშში გასამარჯვებლად.
გოგონა კიდევ უფრო მიუახლოვდა, ახედა და გარკვევით დაიჩურჩულა:
_მაშინ მათ უნდა ეშინოდეთ, რადგან ცეცხლი ჩემი სტიქიაა.
_როდის დაამთავრე უნივერსიტეტი, გუშინ?_ალექსანდრეს თითქმის გაეცინა._ ფრთხილად იყავი, სანამ გაანათებ, ზოგს არ უყვარს, როცა უყურებენ.
ნინა შეტრიალდა. გული კვლავ სწრაფად უცემდა.
კუთხეს რომ მიუახლოვდა, კიდევ ერთხელ გახედა.
_მაშინ ცეცხლთან ახლოს არ უნდა იდგნენ.
***
არ მეგონა, ისევ თუ დავწერდი, მაგრამ აქ ვართ.:) იმედი მაქვს, შეფასებებს გამიზიარებთ.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან საინტერესო დასაწყისია, მოუთმენკად ვრლოდები გაგრძელებას :)

 


№2  offline წევრი Daisyd

ablabudaa
ძალიან საინტერესო დასაწყისია, მოუთმენკად ვრლოდები გაგრძელებას :)


დიდი მადლობა :) უკვე ავტვირთე და, იმედია, მალე დადასტურდება.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგი დასაწყისია.მოუთმენლად ველი გაგრძელებას, წარმატებები

 


№4 სტუმარი სტუმარი გვანცა

საინტერესო და დამაინტრიგებელი ისტორიაა, აი ისეთი რომელიც სულს აგიფორიაქებს და სურვილს გაგიჩენს მალე წაიკითხო გაგრძელება. ერთს გთხოვთ უფრო რომანტიკული გახადეთ ისტორია და თქვენი გმირები კარგად აღწერეთ

გაგრძელებას როდის დადებთ?

ნინას და ალექსანდრეს პერსონაჟები უფრო დინამიური და საინტერესო გახადეთ. ძალიან კარგად დაიწყეთ. წარმატებებს გისურვებთ

 


№5  offline წევრი Daisyd

სტუმარი გვანცა
საინტერესო და დამაინტრიგებელი ისტორიაა, აი ისეთი რომელიც სულს აგიფორიაქებს და სურვილს გაგიჩენს მალე წაიკითხო გაგრძელება. ერთს გთხოვთ უფრო რომანტიკული გახადეთ ისტორია და თქვენი გმირები კარგად აღწერეთ

გაგრძელებას როდის დადებთ?

ნინას და ალექსანდრეს პერსონაჟები უფრო დინამიური და საინტერესო გახადეთ. ძალიან კარგად დაიწყეთ. წარმატებებს გისურვებთ


დიდი მადლობა შეფასებისთვის ❤️ მომდევნო თავი დადასტურებას ელოდება.
ისეთი პერსონაჟები მყავს, რომანტიკა რამდენად გამოვა არ ვიცი, მაგრამ ვნახოთ.


სტუმარი ნინო
ძალიან კარგი დასაწყისია.მოუთმენლად ველი გაგრძელებას, წარმატებები


მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent