შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომენტარის გარეშე (თავი 6)


8-06-2025, 19:34
ავტორი Daisyd
ნანახია 1 026

მისაღებ ოთახში, უზარმაზარი დივნის მოპირდაპირე კუთხეებში ისხდნენ და ხმის ამოღებას არც ერთი არ ჩქარობდა. ალექსანდრე თავს უცნაურად გრძნობდა, გოგონას სიჩუმე ზედმეტად უჩვეულო იყო და იაზრებდა, რომ ეს მდგომარეობა უფრო აწუხებდა, ვიდრე მასთან კამათი.
_მეგონა, ოფიციალურ კომენტარს მომთხოვდი სტატიისთვის – „ნანობს თუ არა ალექსანდრე დარჩია პატარა იდეალისტთან დაწოლას.“_კვლავ თავის თავზე აიღო სიჩუმის დარღვევა.
_და რას უპასუხებდი?
მან მხრები აიჩეჩა.
_ვნანობ, რომ რაღაც ისეთი მოგეცი, რისი დამახინჯებაც შეგეძლო.
_ეს პასუხი კი არა, თავის არიდებაა – კლასიკური პოლიტიკოსი.
_კლასიკური ჟურნალისტი – თავად წყვეტ, რა არის სიმართლე და ისე წერ, როგორც გინდა.
_არა, მე იმას ვწერ, რასაც შენ მალავ. ხმამაღლა ვამბობ, რაზეც სხვები ჩურჩულებენ, დიდი განსხვავებაა.
_მაგრამ როცა არაფერს ვმალავდი, როცა რაღაც ნამდვილი მოგეცი...იარაღად აქციე.
_და შენ უბრალოდ გაქრი.
_არ წავსულვარ, უბრალოდ კედლები ისე სწრაფად ჩამოანგრიე, სახლის გარეთ აღმოვჩნდი. თვითონ გააფუჭე ყველაფერი.
_შენ დაიწყე, იმ საშინელი ხუმრობით.
_ჩემი შეცდომა ისაა, რომ მეგონა, გაიგებდი.
_ისიც, რომ გეგონა, ნაიარევის გარეშე გაგიშვებდი.
_ახლაც იმისთვის მოხვედი, რომ დამკაწრო?
_არა, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ მსხვრევადი მარტო მე არ ვარ._მათ შორის მანძილი სწრაფად დაფარა და ძლიერად აკოცა.
ალექსანდრეს ინიციატივა არ გამოუჩენია. უბრალოდ დაჰყვა მის ნებას. რამდენიმე წამში უკვე ბალიშებზე იყო გადაწოლილი, მაისურის გარეშე, გოგონა კი მუხლებზე ეჯდა და თავისი პერანგის ღილებს სადისტურად ნელა იხსნიდა, თან ყოველ ჯერზე ისვენებდა და მამაკაცის ყელსა და ტუჩებზე კოცნის კვალს ტოვებდა.
_არ შემეხო...ჯერ არა._მკვეთრად წამოცდა, როცა ხელები თეძოზე იგრძნო.
დარჩიას თავის შეკავება უკვე ძალიან უჭირდა, მაგრამ მაშინვა დაემორჩილა. იცოდა, რომ გოგონას სჭირდებოდა, კონტროლი ეგრძნო, დარწმუნებული ყოფილიყო, რომ სიტუაციას თავად მართავდა. თვალები დახუჭა, როცა მისი თითები ელვაზე იგრძნო და სიამოვნების მწვერვალის მისაღწევად ემზადებოდა, როცა უცებ მარტო აღმოჩნდა.
_გადავიფიქრე._ნინა წამში დაბრუნდა იატაკზე და პერანგი სწრაფად მოიცვა. შებრუნებას აპირებდა, მაჯებში ხელი რომ მოუჭირეს და პირვანდელ პოზიციაში დააბრუნეს. უჭირდა, მაგრამ მამაკაცის ანთებულ თვალებს თავისი თაფლისფერები თამამად გაუსწორა.
_გადაიფიქრე? ასე მარტივად?
_ჰო, აღარ მინდა და ხომ არ დამაძალებ?_საკუთარ თავთანაც არ უნდოდა აღიარება, როგორ მოსწონდა ამაზე ფიქრიც კი.
_ასე გინდა?_ყბაზე ძლიერად მოუჭირა და უხეშად აკოცა.
_არა._იცრუა ნინამ.
_კარგია, რადგან ვერ მიიღებ._მწარედ ჩაიცინა, დაბნეული გოგონა დივნის მეორე მხარეს დასვა და ელვა შეიკრა. სუნთქვა წამებში დაირეგულირა და საუბარი განაგრძო:
_იმიტომ კი არ გაჩერდი, რომ აღარ გინდოდა, არამედ იმიტომ, რომ ვერ აღიარე – ის უფრო მოგწონდა, როცა მე ვაკონტროლებდი სიტუაციას.
ხმა არ ამოუღია.
_მოგწონდა შენი იმ ნაწილის გათიშვა, რომელიც მუდამ დაძაბულია და კონტროლის სურვილითაა შეპყრობილი, მაგრამ ეს თან გაშინებს, ამიტომ გირჩევნია მოიტყუო.
_მადლობა ფსიქოლოგიური პროფილისთვის, ამაშიც დატრენინგებული ხარ?_უნიჭო ხუმრობით სცადა სიტუაციის განეიტრალება, მაგრამ სულ ტყუილად. ამჯერად ალექსანდრე იყო ის, ვინც არ ჩუმდებოდა.
_სურვილი გაქვს, მთელს ტანზე გრძნობდე ჩემს შეხებას._მისკენ გადაიხარა და ისე გაჩერდა, მხოლოდ მილიმეტრი აშორებდა მის კანს._მაგრამ გინდა, მე დავიწყო, რომ ბოლოს ისევ დამადანაშაულო შენი „სიამაყის“ გადასარჩენად, რომელიც ჩემნაირ ადამიანთან ყოფნის უფლებას გიკრძალავს.
ეზიზღებოდა, რომ მამაკაცი გადაშლილი წიგნივით კითხულობდა.
_აუტანელი ხარ!_თავი უკან გადაწია, ეგონა, სიმხურვალისგან მალე დაიწვებოდა.
_არ ინერვიულო, არ მოგეკარები, სანამ არ მთხოვ._გაეცინა მის რეაქციაზე და წამოდგა._ასე რომ, ან მითხარი, რა გინდა, ან ჩაიცვი და დავიძინოთ.
წამით რომ დაფიქრებულიყო, იცოდა, გაიქცეოდა, ამიტომ გაუაზრებლად მიუახლოვდა.
_გგონია, ვერ ვიტყვი?
_მგონია, მთელი ცხოვრება უკრძალავდი შენს თავს სურვილების ქონას.
_ცდები. ახლა, მაგალითად, სურვილი მაქვს, გაგარტყა.
_სამართლიანია.
_...ან გაკოცო.
_კიდევ უფრო უკეთესი._უკვე მთელი ძალით ცდილობდა სიცილის შეკავებას.
_ან ორივე.
_რომლით დაიწყებ?
გამბედაობა მოიკრიბა და ჩახრინწული ხმით უთხრა:
_შემეხე.
ალექსანდრე არ განძრეულა, უბრალოდ გამომცდელი სახით უყურებდა.
_გთხოვ._დააბოლოვა, უკვე ბრაზი ახრჩობდა.
_აქ?_მამაკაცმა მათ შორის არსებული ბოლო მილიმეტრებიც დაფარა და წელზე შეეხო.
თავი უხმოდ დაუქნია.
_თქვი.
_ჰო, აქ.
_თვალებს ნუ ატრიალებ!_ხელები ნელა ჩაასრიალა მისი თეძოებისკენ._და აქ?
_ჰო, გთხოვ._ვეღარ სუნთქავდა.
საძინებელში შეიყვანა და საწოლზე ისე რბილად დასვა, თითქოს ეშინოდა, არ დამსხვრეულიყო. ნელა, მოთმინებით გააშიშვლა და ყოველ ჯერზე, როცა ეხებოდა მის ტუჩებს, მკ*რდს, წელს, ნებართვას იღებდა.
მანამ, სანამ ნინამ სიტყვებით პასუხი არ შეწყვიტა და მისი სახელის ჩურჩული არ დაიწყო.
როცა კულმინაციას მიაღწიეს, აღარ აწვალებდა, უბრალოდ უყურებდა მის სახეს, თითქოს ეს ერთადერთი რეალური რამ იყო სამყაროში.
გოგონა კი ხვდებოდა, რომ ეს იყო დანებება – საკუთარ სურვილებთან და არა –მასთან.

როცა გაეღვიძა, ალექსანდრე კვლავ მის გვერდით იწვა - ცალი ხელი ბალიშის ქვეშ, მეორე - მის წელზე მოხვეული, თმა აბურდული, სუნთქვა თანაბარი, სახე კი მშვიდი – არა კამერებისთვის დაჭიმული, არამედ – მართლა მშვიდი, ასეთი ჯერ არ ენახა. მამაკაცი ოდნავ შეიშმუშნა, ფრთხილად რომ წამოდგა, მაგრამ მალევე გადაბრუნდა და ძილი განაგრძო.
ნინამ სწრაფად გადაიცვა და აბაზანა მოძებნა. სახეზე ბლომად ცივი წყალი შეისხა და თმას ივარცხნიდა, როცა ზარის ხმა გაიგონა, რასაც მალე ალექსანდრეს ნაბიჯები მოჰყვა. უცებ შეიმშრალა და მისაღებში გავიდა, სადაც მამაკაცი ძირს დაყრილ ტანსაცმელს აგროვებდა.
_კარგია, ჩაგიცვამს._გაუღიმა გოგონას და შესასვლელისკენ დაიძრა._მოემზადე.
_რა იყო, შენი ცოლია?_ნინაც უკან მიჰყვა.
_უარესი.
_ქმარი?_პირზე „გაოცების“ ნიშნად ხელები აიფარა.
დარჩიამ თვალები გადაატრიალა და კარი გამოაღო.
_დილა მშვიდობის, დედა!
ზღურბლთან მაღალი, ლამაზი, წაბლისფერთმიანი ქალი იდგა, ხელში ქაღალდის პარკებით.
_მთელი თვეა არ გამოჩენილხარ, ვიფიქრე ერთხელ მაინც მოგიმზადებდი ნორმალურ საჭმელს._ხმაურით შემოაბიჯა და ნინას დანახვაზე წამით გაჩერდა._ოჰ, არ მეგონა, აქ სულიერს თუ ვნახავდი._ალექსანდრეს გადახედა.
_ეს ნინაა, დედა. ნინა–სალომე._ერთმანეთი წარუდგინა და ქალს პარკები გამოართვა.
_სასიამოვნოა!_ხელი გაუწოდა დაბნეულმა გოგონამ.
_ჩემთვისაც._დაუფარავად შეათვალიერა._ისე, ჭამა შენც არ გაწყენდა.
_დედა!_მობეზრებული ხმით დაუძახა სამზარეულოსკენ წასულმა.
_რა?_ქალი უკან მიჰყვა და ნინაც გაიყოლა. შეგეძლო, ტელეფონისთვის გეპასუხა და ხელს არ შეგიშლიდი. მაპატიე._გოგონას გადახედა.
_უკვე წასასვლელად ვემზადებოდი._უხერხულად გაუღიმა.
_გთხოვ, შენობით მომმართე და ყავაზე მაინც დარჩი, თორემ, ვიფიქრებ, დავბერდი.
_რას ამბობთ._მექანიკურად კვლავ თავაზიანი ფორმა გამოიყენა და ალექსანდრეს შველა თვალებით თხოვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავი გაიქნია და მზერითვე ანიშნა, რომ სალომეს წინააღმდეგ უძლური იყო._დავრჩები, რა თქმა უნდა.
ათი წუთის შემდეგ სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა მის წინ, ყავას წრუპავდა და ცდილობდა დარწმუნებულიყო, რომ არ ესიზმრებოდა.
_ბოლოს რომ ვესტუმრე, მაცივარში მხოლოდ სამი კვერცხი, სოიოს სოუსის ბოთლი და რომელიღაც დიპლომატის მემუარები ჰქონდა._სალომე ისე თავისუფლად ესაუბრებოდა, თითქოს დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობდნენ.
_სადილამდე მორჩებით ჩემს დაცინვას?_კარადაზე მიყუდებულს თვალები მაღლა აღეპყრო და მარტო დარჩენაზე ოცნებობდა.
_მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანამდე გაძლებ. ნინა, შემახსენე, რობოტებს დამუხტვა რამდენ ხანში ერთხელ სჭირდებათ?
გოგონამ თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა გაიცინა.
_ეს უკვე შევიწროებაა._გაცოფებული შემობრუდა._ნინას ეჩქარებოდა.
_ასეთი დაძაბული თუ ხარ, ჯობია, ყავა აღარ დალიო, პულსს აჩქარებს._სალომემ მშვიდი სახით გადააწოდა სენდვიჩი და მჭედლიშვილს მიუბრუნდა, თითქოს არაფერი მომხდარა._ყურადღებას ნუ მიაქცევ, ათ საათამდე ძალიან უჟმურია...და ათის შემდეგაც. ნელ–ნელა მიეჩვევი და დააიგნორებ.
_დარწმუნებული ხარ, რომ შენი შვილია?_გოგონაც აყვა ხუმრობაში.
დაძაბულობა, რომელიც სამზარეულოში შესვლამდე ჰქონდა, უკვალოდ გაქრა.
_ცხრამეტი წლის ვიყავი, ყურებამდე შეყვარებული. თორემ უკეთესს ვიშვილებდი, ალბათ.
_წარმოუდგენელია, ორ წუთში შექმენით ალიანსი ჩემს წინააღმდეგ._დარჩიას მოთმინების ბოლო წვეთი ამოეწურა._ამიტომ არ ვპასუხობ შენს ზარებს.
_ჩემი აზრით, ეს ხშირად უნდა გავაკეთოთ, რას იტყვი?_ნინამ და ალექსანდრამ მაშინვე ერთმანეთს გადახედეს._დამშვიდდით, ასე შემოჭრას აღარ ვაპირებ. ამ რობოტს უბრალოდ უბრალოდ დაავიწყდა გავეფრთხილებინე, რომ ვიღაცას ხვდებოდა.
_არ ვხვდებით!_თითქმის ერთდროულად უპასუხეს.
_უბრალოდ ვმეგობრობთ._დაამატა მჭედლიშვილმა და მკვლელი მზერით გახედა დარჩიას, რომელიც ტუჩზე კბილებს აჭერდა, რათა სიცილი შეეკავებინა.
_რა თქმა უნდა, გეტყობათ, კარგად უგებთ ერთმანეთს._სალომესაც ეცინებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, იმდენი ტაქტი ჰქონდა, მეტი კომენტარისგან თავი რომ შეეკავებინა._ნინა, რას საქმიანობ?
_ჟურნალისტი ვარ...
_სპორტული._არ დაასრულებინა დარჩიამ. გოგონას ყავა გადასცდა.
_საინტერესოა. მე სპორტის არაფერი გამეგება, მხოლოდ კალათბურთს ვუყურებდი, სანამ ეს ბატონი თავს დაანებებდა.
_მართლა თამაშობდა?_ქალს ისე ჰკითხა, თითქოს ალექსანდრე იქ არ იყო.
_მთელი ათი წელი. ბავშვობიდან ისეთი მაღალი იყო, ყველას ეგონა, პროფესიონალი გახდებოდა – ახლოს ვიყავით, არა?_გაეცინა.
_გვიანი არ არის. NBA-ში დასჭირდებათ მოთამაშე, რომელიც მეტოქეებს ემოციურად გაანადგურებს შუა მატჩის დროს. გინდა, შენი ნომერი ნაცნობებს გადავუგზავნო?_“თბილად“ გაუღიმა მამაკაცს, რომელმაც დემონსტრაციულად დატოვა ოთახი.
_უკვე ძალიან მომწონხარ._სალომეც ყურებამდე იღიმოდა._მგონი, ჩემს შექმნილ რობოტს ემოციებს უბრუნებ._ჩურჩულით უთხრა.
ნინამ ვეღარაფერი უპასუხა. ემოციებზე სასაუბროდ მზად არ იყო, საკუთარ თავთანაც კი.
_ახლა მართლა მეჩქარება._საათს დახედა და წამოდგა._ყავისა და საუბრისთვის დიდი მადლობა, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.
_ასევე, შეხვედრამდე...ალექს, გააცილე მეგობარი._ეცადა, უკანასკნელი სიტყვისთვის ხაზი არ გაესვა, მაგრამ მაინც ხელოვნური ჩანდა.
_მშვენიერია, დედაშენი ფიქრობს, რომ „მეგობრები ვართ ბენეფიტებით“._ჩუმად უთხრა დარჩიას, რომელიც კარს უღებდა.
_მგონი ეგ უფრო მარტივი ასახსნელია, ვიდრე ის, რომ სინამდვილეში „მტრები ვართ ბენეფიტებით“. პოპკორნს მოამზადებდა.
_არაფერიც არ ვართ._თვალები აატრიალა.
_შეგახსენებ!_ერთი სიტყვა იყო საკმარისი, მთელ ტანში ჟრუანტელს რომ დაევლო. თავი გაიქნია და დაუმშვიდობებლად გაქრა.
ხვდებოდა, რომ რაღაც იცვლებოდა...

და მართალიც იყო.
ერთხელაც არ უსაუბრიათ, თუ რა იყო ეს.
ოფიციალურად არა.
არ ყოფილა იარლიყები, არც დაპირებები, არც „სად მიდის ეს“ საუბრები.
მაგრამ მამაკაცისგან შეტყობინებების მიღება დაიწყო.
არაფერი დრამატული.
„ცოცხალი ხარ?“
„რამე ჭამე, მგონი კიდევ გახდი.“
„შეწყვიტე კომიტეტის წევრებისთვის ყურება ისე, თითქოს მათი ცემა გინდა.“
„სტატიას არ წამაკითხებ? მაინტერესებს, რამდენად გძულვარ.“
ამას ფლირტს ვერ უწოდებდა, მაგრამ მიზიდულობის უარყოფა შეუძლებელი იყო.
ზოგჯერ უპასუხოდ ტოვებდა, მაგრამ უმეტესად სარკასტულ კომენტარებს უკეთებდა. ხანდახან კი, როცა ყოველდღიურობა განსაკუთრებით აუტანელი ხდებოდა, მოკლედ წერდა:
„უნდა გნახო.“
„ისევ გაქვს ის ღვინო?“
„მოდი. თავაზიანობა არაა საჭირო.“
ისიც, რა თქმა უნდა, მიდიოდა, კითხვებისა და ახსნა–განმარტების გარეშე. ხან შუაღამისას, ხან დილის სამ საათზე ჩნდებოდა — ჩუმად, დაჭიმული მხრებით და თვალებით, რომელთა წაკითხვა არავის შეეძლო. გოგონა უსიტყვოდ უშვებდა და კარი მათ უკან საიდუმლოსავით იკეტებოდა.
ერთმანეთს ასე ფრაგმენტულად სწავლობდნენ – ყველაფრით, რასაც არ ამბობდნენ და რის დამალვასაც საგულდაგულოდ ცდილობდნენ.
ალექსანდრემ შეიტყო, რომ გოგონას ისე ეძინა, თითქოს ჩხუბობდა და მუდამ უფრო მეტი ადგილის დაკავებას ცდილობდა, ვიდრე სხეული უშვებდა, ხმამაღლა ფიქრობდა და წარმოსახვით ოპონენტებს ეკამათებოდა, ტელეფონს კი ხშირად კარგავდა; ნინამ კი შეამჩნია, რომ მამაკაცი ჩანაწერებს არა თემების, არამედ ემოციების მიხედვით ალაგებდა – პირველი ბრაზი, ბოლოს – გადადგომა, ახალი ამბების კომენტარების განყოფილებებს სტრატეგიის გამო კითხულობდა და არა – ინტერესის და არასდროს სვამდა შუაღამისას მომზადებულ ყავას - უბრალოდ ფინჯანი ეჭირა და ფიქრობდა.
დარჩიას არ აღუნიშნავს, რამდენად ხშირად ესიზმრებოდა კოშმარები გოგონას, ეს უკანასკნელი კი არ ეკითხებოდა, რატომ უჭერდა ხანდახან ხელს, როცა ეგონა, რომ ეძინა.
საჯაროდ ისევ უცნობები იყვნენ.
უფრო სწორად — მოწინააღმდეგეები.
ალექსანდრე კვლავ პირდაპირ ეთერში ასწორებდა ნინას სტატიაში ნახსენებ ფაქტებს, ეს უკანასკნელი კი ცივად უღიმოდა და წერდა, რომ მონატრება სხვაგვარადაც შეეძლო გამოეხატა.
ასეც იქცეოდა.
ასე ცხოვრობდნენ – სიჩუმეში, მოპარული ღამეების, გამოტოვებული ზარებისა და პასუხგაუცემელი ვოისების ფონზე.
იცოდნენ, რომ ეს არ გაგრძელდებოდა, არა მხოლოდ პოლიტიკის, ძალაუფლების ან მედიის გამო. ჯერ არც ერთს არასდროს მიეშვა ვინმე ასე ახლოს, სანამ გაქცევის გეგმას არ შეიმუშავებდა.
და ეს — რაც არ უნდა ყოფილიყო — წინასწარ გაწერილი სცენარის გარეშე მიმდინარეობდა.
მაგრამ მაინც რჩებოდნენ.
რადგან, თუნდაც ცოტა ხნით — ეს ნამდვილი იყო…
***
მეგობრებო, უდიდესი მადლობა აქტიურობისთვის!!! ვეცდები, არ დავაგვიანო.



№1 სტუმარი სტუმარი ....

მინდა,რომ უსასრულოდ ვიკითხო❤️❤️

 


№2 სტუმარი daldonidaldoni

ძალიან ძალიან საინტერესოა

 


№3  offline წევრი მე♥უცნაურე

ძალიან კარგად წერთ! სასიამოვნოა თქვენი აღმოჩენა!

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

რა კარგია რომ არსებობთ, ვტკბები ამის კითხვით. არასოდეს მომბეზრდება ნინას და ალექსანდრეს ამბავი.

 


№5 სტუმარი სტუმარი ხათუნა

უდიდესი მადლობა თქვენ- ასე რომ წერთ.
ნუ დონეა... დაკარგული მქონდა იმედი - აღარავინ წერდა საინტერესოს და თანაც კარგად.მაგრამ აი, გამოჩნდით თქვენ და მოუთმენლად ველოდები ყოველ მომდევნო თავს.
რთული , მაგრამ ძალიან საინტერესო ურთიერთობა აქვთ ამ ორ ინტელექტუალ პიროვნებას, ნინას და ალექსანდრეს, არაბანალური. არასტანდარტული.
რა ბედნიერებაა ორი ასეთი ლეველის ადამიანი რომ შეხვდება ერთმანეთს.
მოკლედ, მიხარია თქვენი გამოჩენა.
გელოდებით

 


№6 სტუმარი SA-LO

იმდენად კარგია უსასრულოდ გინდა გაგრძელდეს, როგორც იქნა გამოჩნა ვიღაც ვისაც დაველოდებით როდის დადებს ახალ თავს❤️

 


№7 სტუმარი სტარი

მალე დადეთ ხოლმე რა

 


№8 სტუმარი სტუმარი გვანცა

ამ საიტზე ასეთი კარგი ისტორია კარგა ხანია არ დადებულა, ველით შემდეგს

 


№9  offline წევრი Daisyd

სტუმარი ნინო
რა კარგია რომ არსებობთ, ვტკბები ამის კითხვით. არასოდეს მომბეზრდება ნინას და ალექსანდრეს ამბავი.


მე თქვენი შეფასებების კითხვით ვტკბები ????❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინო

გაგრძელებას როდის დადებთ, შეგვიბრალეთ, გელოდებით

 


№11  offline წევრი Daisyd

გაგრძელებაც ატვირთულია და ველოდები დასტურს innocent უსაყვარლესები ხართ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent