შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომენტარის გარეშე (თავი 7)


10-06-2025, 22:35
ავტორი Daisyd
ნანახია 1 134

_მეჩქარება, ხომ იცი!_სერიოზული ხმით უთხრა მამაკაცს, რომელიც ზურგიდან მოხვეოდა და კისერსა და მხრებზე გაუჩერებლად კოცნიდა, სანამ ყავის დასხმას ცდილობდა.
_მეც, მაგრამ პრესსპიკერები არასოდეს აგვიანებენ._მისი ტუჩები ლავიწის ძვალზე ეხებოდნენ და მთელს სხეულს სასიამოვნო იმპულსებს უგზავნიდნენ.
_უბრალო მოკვდავები ასეთი პრივილეგიებით ვერ ვსარგებლოთ._ჭიქა ნერვიულად დადგა და სცადა ხელიდან დასხლტომოდა, მაგრამ ამაოდ. ალექსანდრემ სწრაფად შემოაბრუნა თავისკენ და შეხედა მზერით, რომელიც გულისცემას წამში უჩქარებდა.
_ხომ იცი, არ მიყვარს დაუმთავრებელი საქმეები._ხმა ახლა უფრო დაბალი იყო, თითქმის საშიში._მაინცდამაინც უნდა დაგიჩოქო?
ნინამ თვალები დაახამხამა და ტუჩები ერთმანეთს მიაწება, რომ არ გაღიმებოდა იმის გახსენებაზე, რა სასიამოვნო შეგრძნება იყო, როცა დარჩია მის წინ მუხლებზე იდგა.
_ახლა არა, ალექსანდრე. შეგიძლია, მარტომ „დაამთავრო“.
_დაუჯერებელი ხარ._ყბადაჭიმული ცივად მოშორდა და მაცივრიდან წყალი აიღო._რობოტს მე მეძახი და ემოციებს ისე ადვილად თიშავ, თითქოს ღილაკებით იმართებოდეს.
_ნუ ადრამატულებ._მშრალად უთხრა, მაგრამ თითები ძლივს დაიმორჩილა, ღილები რომ შეეკრა.
_დაელოდე, მალე იმასაც გეტყვი, რომ თავს გამოყენებულად ვგრძნობ.
_და მე გიპასუხებ, რომ უნდა გიხაროდეს, შენ რომ შეგარჩიე გამოსაყენებლად.
_როდის გნახავ?_მოთხოვნა იყო, კითხვით შეფუთული.
_არ ვიცი, ორშაბათის პრესკონფერენციაზე რაიმე ახალი ტყუილის თქმას თუ აპირებ, მოვალ._ვითომ ვერ ხვდებოდა, რას გულისხმობდა, დერეფანში გავიდა და ფეხზე ჩაცმა დაიწყო.
_ნინა!_ხმას აუწია დარჩიამ, რომელიც უკან მიჰყვებოდა.
_მოგწერ._გულუბრყვილო სახით გაუღიმა._გავიქეცი, ახალი სტაჟიორი მყავს, ხომ იცი._ჩანთა სწრაფად აიღო და მამაკაცი მარტო დატოვა თავისი შამპუნისა და ყავის სურნელთან ერთად, რომლის დალევაც ვერ მოასწრო.
_ისევ გაზლაითინგის პრინცთან ერთად „არ გეძინა“?_მისალმებისთანავე ჰკითხა თათომ.
_ღმერთო, ასე შესამჩნევია?
_მხოლოდ ჩემთვის, დამშვიდდი._გვერდით მიუჯდა._მაგრამ როდის აპირებ ამ სიგიჟის დასრულებას?
ნინამ მხრები აიჩეჩა.
_მალე აქ ისედაც აღარ ვიქნები, მანამდე თუ გაგრძელდა.
_ანუ გადაწყდა იტალია?
_დიდი ხანია. მხოლოდ ის დარჩა გადასაწყვეტი, ტურინს დავთანხმდები თუ – მილანს. მერე დამეხმარე პლუსებისა და მინუსების ანალიზში.
_რა თქმა უნდა. ალექსანდრემ იცის?
_არა, არასოდეს ვლაპარაკობთ ერთმანეთის ამბებზე.
_საერთოდ ლაპარაკობთ?_გაეცინა გოგონას.
_ძირითადად მე...მაგრამ შენ სხვა რამეს გულისხმობდი._თავადაც აყვა, როგორც კი გაიაზრა.
მათი საუბრები მართლა არასოდეს იყო ხანგრძლივი. თითქოს ცხოვრება ორ ნაწილად იყო გაყოფილი: ერთი, რომელშიც სხვადასხვა მხარეს იდგნენ და მეორე – სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ საზოგადოების, მედიისა და კამერების გარეშე. ყოველთვის, როცა მასთან იყო, ნინა თავს აიძულებდა დაევიწყებინა, რომ მამაკაცი იმ ყველაფრის სიმბოლო იყო, რის წინააღმდეგაც მთელი არსებით იბრძოდა. თუმცა, სინამდვილეში, საზღვრები ამ სამყაროებს შორის მკვეთრი არ იყო, უბრალოდ ბრძოლის წერტილი იცვლებოდა: სიტყვებიდან შეხებაზე, ბრაზიდან – სურვილზე.
თათო არასოდეს განსჯიდა – ეს თვისება მასში ყველაზე მეტად მოსწონდა. მაგრამ გოგონა მის რეალობაში დაბრუნებას არ ერიდებოდა და ხშირად ახსენებდა, რომ ზოგიერთი ბილიკი, რაც არ უნდა საინტერესო ყოფილიყო, ბოლოს კლდისკენ მიდიოდა.
_ლადო რატომ არ ჩანს?_ჰკითხა, როცა სიცილით გული იჯერეს.
_ნუ მახსენებ._თვალები აატრიალა._გუშინ მთელი დღე გვერდით მეჯდა. საღამოს რაღაც ფაილების შედარება და უზუსტობების გამოვლენა ვთხოვე, თავიდან რომ მომეშორებინა, ალბათ, ახლაც მუშაობს.
_ნუ ხარ სასტიკი, შენც იყავი სტუდენტი.
_ზუსტად ამიტომ._ბოროტულად ჩაეღიმა._ჯობია, შეეგუოს რა ელის.
რევაზს წინასწარ არ გაუფრთხილებია, სტაჟიორი თუ ეყოლებოდა. წინა ორშაბათის ტრადიციული შეხვედრის შემდეგ გააცნო და სთხოვა, თავაზიანად მოექეციო.
ლადო წერეთელი მეოთხეკურსელი იყო – დიდი ზურგჩანთით, სათვალითა და აბურდული შავი თმით. ყურსასმენებს არ იშორებდა და თითებს ნერვულად ათამაშებდა, მაგრამ ნინასთან მუშაობის შესაძლებლობით აღფრთოვანებული იყო, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით.
მჭედლიშვილს არ უფიქრია, ბიჭი სერიოზულად მიეღო.
სტაჟიორებს ფორმების შევსება, ციტატების გადამოწმება და აუდიომასალების გაშიფვრა ევალებოდათ და არა — წყაროების პოვნა.
ამიტომ, როცა რამდენიმე საათში ბიჭი მის მაგიდასთან გამოჩნდა, მკერდზე მიწებებული საქაღალდით, არც კი აუწევია თავი.
_რაღაც არასწორია ამ საცხოვრებელი გრანტის პაკეტში.
_ყოველ საცხოვრებელ გრანტის პაკეტში რაღაც არასწორია.
ლადო წამით შეყოვნდა, მაგრამ მაინც განაგრძო.
_არა — ამჯერად მართლა განსხვავებულია. ერთი ინვოისი აკლია. საბოლოო გადახდა შესრულებულია, მაგრამ შესრულების ანგარიშის ჩანაწერი არ არსებობს. და კონტრაქტორი კომპანია? ფიზიკური ოფისი საერთოდ არ აქვს. უბრალოდ ფოსტის ყუთია გლდანში.
ამან მისი ყურადღება მიიპყრო და საქაღალდისკენ ხელი გაიწვდინა. წერეთელმა საქაღალდე გადასცა — აშკარად ნერვიულობდა.
გვერდები გადაფურცლა — ბიუჯეტის ფურცლები, გრანტის დამტკიცებები, ხელმოწერები და შემდეგ…
კონტრაქტორის სახელი, რომელმაც გააშეშა.
RKM ჰოლდინგი.
გული აუჩქარდა, მაგრამ ბიჭისთვის არაფერი უთქვამს, კითხვას განაგრძობდა.
_შეიძლება არაფერია. მაგრამ რიცხვები არ ემთხვევა. და კონტრაქტში ერთი უცნაური იურიდიული შუამავალი ფიგურირებს.
_MKD Legal?
_ჰო... შენ როგორ—?_ლადო დაიბნა.
ნინამ პასუხი არ გასცა.
_ცუდი არ ხარ!_უთხრა რამდენიმეწამიანი ჩაფიქრების შემდეგ.
_ეს კომპლიმენტია?
_არა, გაფრთხილება. ამიერიდან უფრო ღრმად ჩაეფლობი._მეილი სწრაფად გახსნა და Erkotrans–თან დაკავშირებული დოკუმენტების საქაღალდე გაუზიარა.
_მადლობა!_აღტაცებულმა ბიჭმა მოლოდინით ნერწყვი გადაყლაპა.
მაშინვე კვარაცხელიასთან სცადა დაკავშირება, მაგრამ ნომერი გათიშული აღმოჩნდა.
„ახალი ამბავი მაქვს, დამირეკე“–ვოთზაფზე შეტყობინება დაუტოვა.
ეს ადამიანი ისე ხშირად უჩინარდებოდა, ზოგჯერ ფიქრობდა, საერთოდ არ არსებობდა და მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო.
წერეთელმა მთელი კვირა მის მიერ შეგროვებული მასალის კითხვაში გაატარა. ეცნობოდა დოკუმენტებს, ერთმანეთს ადარებდა ოფიციალურ და დაფარულ ინფორმაციებს კომპანიების შესახებ, იაზრებდა მათ შორის არსებული კავშირის სიღრმეს. საქმე აბურდულ ძაფის გორგალს ჰგავდა, რომელსაც თავს და ბოლოს ძლივს უპოვნიდი. ზოგჯერ ნინას ეკითხებოდა, თუ სწორად გაიგო კონკრეტული მონაკვეთი და დასტურის შემდეგ კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით აგრძელებდა მუშაობას. გოგონას არ სურდა აღიარება, მაგრამ ახალი კოლეგა მოსწონდა.
ორშაბათს ოფისში მისულიც არ იყო, მის წინ რომ გაჩნდა – ეტყობოდა, რომ ღამენათევი იყო.
_აბა, როდის ვიწყებთ?_მხიარულად გაუღიმა ნინას, რომელიც, ბევრი მცდელობის მიუხედავად, დილის ადამიანი არ იყო და ყავას მექანიკურად სვამდა.
_რას?
_MKD-ის ნამდვილ მფლობელზე ნადირობას.
გოგონას გაეცინა.
_ძალიან ჩქარობ, უოტსონ.
_იქნებ შენ შენელდი?
_რას გულისხმობ?
_არ ვიცი, ლექტორები იმდენს საუბრობდნენ შენზე, ყველა ცნობილი სტატია ზეპირად ვიცით...
_მართლა?
_არ იცოდი?
ნინამ მხრები აიჩეჩა.
_სერიოზულად? მესამე კურსზე იყავი, პრემიერ–მინისტრს პირდაპირ ეთერში კორუმპირებული რომ უწოდე, გამოსაშვებ საღამომდე კი უკვე „რეზონანსის“ თანამშრომელი გახდი. რევაზს ასე მარტივად სტაჟიორებიც კი არ აჰყავს.
_შენც აქ ხარ, ასე რომ, დიდად გამორჩეულად თავს ვერ ვგრძნობ._სერიოზულად დაიწყო, მაგრამ ბიჭის სახეს რომ შეხედა, დაინდო._ვხუმრობ, ერთ–ერთი საუკეთესო შენაძენი ხარ. ჭკვიანად თუ იქნები, შეიძლება, რეკომენდაციაც გაგიწიო.
_ჭკვიანად ყოფნა რას ნიშნავს?
_ჩვენს პროფესიაში – თავზეხელაღებულობას. მაგრამ ჯერ ის მითხარი, ჩემთან მუშაობამ იმედები გაგიცრუა?
_არა, უბრალოდ...
_თქვი, არ გავბრაზდები.
_მგონია, რომ ზოგჯერ აღარ გაქვს იმედი, რომ რამეს შეცვლი.
_ამის იმედი დიდად არც არასოდეს მქონია.
_აბა შენი მიზანი მხოლოდ გამოაშკარავებაა?_ფრთხილი ხმით იკითხა, ეშინოდა, ზღვარი არ გადაეკვეთა.
ნინამ მაშინვე არ უპასუხა. ფინჯანი მაგიდაზე დადო, ზურგით სავარძელს მიეყრდნო და ხელები გულზე დაიკრიფა. გარშემო ოფისი თავის რიტმში აგრძელებდა ცხოვრებას — ზარების ხმა, პრინტერის ბრუნვა — მაგრამ მისთვის ყველაფერი გაჩერდა. მხოლოდ ლადოს უყურებდა — მასზე მხოლოდ ორი წლით უმცროსს, რომელსაც მასავით სჯეროდა, რომ ამ პროფესიას სამყარო უნდა გადაერჩინა.
_მჯეროდა, რომ საკმარისი იყო._ თქვა ბოლოს.._მეგონა, საჭირო იყო მხოლოდ სიმართლის ჩვენება. ვფიქრობდი, როცა ადამიანები გაიგებდნენ, აღშფოთდებოდნენ, იბრძოლებდნენ. რაღაცას შეცვლიდნენ.
_და ასე არ იქცევიან?
_ხანდახან, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. ყურადღებას ვადა აქვს. აღშფოთება ჩერდება. ყველა თავის ცხოვრებას აგრძელებს.
_და მაინც არ გაჩერდები, არა?
_არა_ხმადაბლა. დაეთანხმა — მაგრამ შეიძლება უკვე არც იმ ცვლილებაზე ვფიქრობ. ალბათ ახლა უბრალოდ იმაზე ვზრუნავ, რომ თვითონ არ გავხდე ამ ტყუილის ნაწილი. თუნდაც არავინ მისმენდეს.
წერეთელი ცოტა ხანს დუმდა და უყურებდა.
_ეს მაინც იმედს ჰგავს ჩემთვის.
აღარ უპასუხა. მხოლოდ ოდნავ გაეღიმა — იმ ღიმილით, რომელიც შეიძლება თანხმობასაც ნიშნავდეს და უბრალოდ ნაზ უარყოფასაც — და მზერა ფანჯრისკენ გადაიტანა.
როდესაც ლადო თავის ჩანაწერებს დაუბრუნდა, ნინას ფიქრები გასცდა ნიუსრუმის ხმაურს – იმ ამბებს, რომლებზეც წერდა, იმ ხალხს, ვისაც ებრძოდა, იმ სკანდალებს, რომელთაც ნათელს ჰფენდა.
როდის შეიცვალა მისი რწმენა?
მართლა დაკარგა იმედი?
თუ უბრალოდ გაიაზრა, რომ ზღვარი შავსა და თეთრ ფერებს შორის ასეთი მკვეთრი აღარ იყო?
რომ ზოგჯერ ადამიანები, ვის წინააღმდეგაც იბრძვი, იძენენ სახეს, სახელს, ხმას, რომელიც ღამის ორ საათზე გეჩურჩულება და ყველაფერს გავიწყებს.
და იქნებ ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ ის იყო — არა იმედის სრული დაკარგვა, არამედ იმის სწავლა, რომ მის გარეშეც შეგიძლია იცხოვრო.
ფიქრებიდან თათოს ხმამ გამოარკვია:
_დღეს 8–ზე მოვალთ, ჰო? ღვინო ჩვენი, არჩევანი – შენი.
_ღვინოს მეც მშვენივრად ვარჩევ. ლადოსაც უთხარი, ოქეი?
_ჰმ, მგონი მალე ვიეჭვიანებ.
_არ არის ცუდი ტიპი._გაეღიმა._შენთვის ვატრენინგებ, მე სულ არ გეყოლები.
_მოუთმენლად ველი მაგ დღეს. წვეულებას რისთვის ვაწყობთ აბა, რა გგონია?
_როგორი სოციალურები ვართ, წვეულება ოთხ ადამიანზე.
_ექსკლუზიური წრეა...წავედი, დედლაინი მაქვს. მანამდე ჩვენს პატარას დავპატიჟებ.
თვალი ღიმილით გააყოლა და თავადაც მიმდინარე საქმეზე მუშაობა დაიწყო, სანამ ფიქრები კვლავ გაიტაცებდა...
საღამოს მისი ბინა სავსე იყო სამეგობროს ხმაურიანი, ქაოტური სითბოთი. თათომ ღვინოზე იზრუნა, ირო ორი განსხვავებული ყველის დაფით დაგვიანებით მოვიდა („ერთი მილანისთვის, მეორე ტურინისთვის“, - განაცხადა მან), ლადომ კი სნექები აიღო თავის თავზე.
_მაშ, ჩვენს მომავალ საერთაშორისო აკადემიურ სელებრითს დილემა აქვს, - დრამატულად გამოაცხადა თათომ და ჭიქა ასწია._მილანი თუ ტურინი. პრესტიჟი თუ პოეზია?
_გაჩუმდი, - გაიცინა ნინამ და დივანზე ჩამოჯდა._ორივე პრესტიჟულია, უბრალოდ დამეხმარეთ გადაწყვეტილების მიღებაში.
_კარგი, ლოგიკას მივყვეთ._მოჩვენებითი სერიოზულობით დაიწყო ირაკლიმ._მილანი: უფრო დიდი ქალაქი, მეტი სამუშაო შესაძლებლობა. მოდური ხალხი. მოდის დედაქალაქი. მეტი ყურადღების გამფანტველი ფაქტორი.
_ტურინში ცხოვრება გაცილებით იაფია._ჩაერთო ლადო.
_და მგონი უფრო ხშირად თოვს._დაამატა ირომ.
_მილანში ის პროფესორი არ ასწავლის, შენ რომ გიჟდები?_ჰკითხა თათომ._Le Monde–სთვის რომ მუშაობდა.
_ჰო, ბატონი რიჩი. და თავის კვლევით ცენტში ადგილიც შემომთავაზა. მაგრამ ტურინი სრულ სტიპენდის მპირდება.
_აჰა! ესე იგი უფასო განათლება იბრძვის ინტელექტუალური სიყვარულის წინააღმდეგ. იდეალების კლასიკური ომი.
_საჭმელი არ დაგავიწყდეს._თქვა ირომ._სულს გავყიდი მილანურ რიზოტოში. ეს მნიშვნელოვანია.
წერეთელს უკვე გუგლი ჰქონდა გახსნილი.
_QS-ის რეიტინგის მიხედვით...
ყველამ ერთად ამოიხვნეშა.
_გაჩუმდი, ლადო! გოგონამ გულით უნდა გადაწყვიტოს და არა – შენი მოსაწყენი ფაქტებით.
უფრო მეტს იცინოდნენ, ვიდრე განიხილავდნენ. ყველა ლოგიკური მსჯელობა საბოლოოდ ხუმრობაში გადაიზარდა და სადღაც მესამე ბოთლის შემდეგ, ნინა სავარძელში მოკალათებული, გაწითლებული და სიცილისგან სუნთქვაშეკრული უსმენდა სამეულის კამათს იმაზე, თუ რომელ ქალაქში იყვნენ უფრო ლამაზი მამაკაცები. ხელსახოცზე, რომელზეც „ნამდვილი მიზეზები“ უნდა ჩამოეწერათ, მხოლოდ „მილანი: პროშუტო“ და „ტურინი: ტრიუფელი“ ეწერა.
შუაღამე დიდი ხნის დამდგარი იყო, ბიჭებმა ტაქსი რომ გამოიძახეს და კიბეები სიმღერით ჩაიარეს, ნინას თავი მაგიდაზე ედო, თათო კი, რომელმაც სტუმრები მის ნაცვლად გააცილა, ჩვეული სისხარტით დაფუსფუსებდა ბინაში – ცარიელ ბოთლებს აგროვებდა და ზედაპირებს წმენდდა.
_შენი ტელეფონი მთელი საღამოა ანათებს. არ გგონია, რომ დროა დაიგნორებულ შეტყობინებებს გადახედო?
ნინამ ამოიგმინა, ტელეფონს ხელი დასტაცა და მბრწყინავ ეკრანს მოჭუტული თვალებით მიაშტერდა, შემდეგ კი მეგობარს გადააწოდა.
თათომ ტილო მიაგდო და შეტყობინებებს დააკვირდა „უცნობი“ ნომრისგან, დროის ნიშნულები ცივ ფორმალობაში გახვეული მზარდი იმედგაცრუების ისტორიას მოგვითხრობდა.
სამშაბათი: „გადმომირეკე.“
ოთხშაბათი: „ნინა, სერიოზულად. დამირეკე.“
ხუთშაბათი: „რა ჯანდაბა ხდება? უპასუხე ტელეფონს.“
პარასკევი „ვიცი, რომ კითხულობ.“
შაბათი: „ნუ მეთამაშები!“
კვირა „მწყობრიდან გამოვდივარ“
დღეს: „ცდები, თუ გგონია, შეგრჩება.“
_ღმერთო, ძალიან გაბრაზებულია, მართლა მთელი კვირაა აიგნორებ?
_ვიცი, ვიცი_ნინამ შუბლი ხელისგულებით დაიფარა. _უბრალოდ... მჭირდებოდა დრო. ყველაფერზე ფიქრი. ჩვენზე...რეალობაზე.
_რაზე ფიქრი? იმის შესახებ, რომ მორჩა?
_ალბათ. ჰო. არ ვიცი._სიტყვები ერთმანეთში ერეოდა._მგონი მზად ვარ ვუთხრა, რომ დასრულდა. უბრალოდ... დღეს არა. ასე არა.
მაგრამ სანამ ამას ამბობდა, თითები უკვე ტელეფონის ეკრანზე დასრიალებდნენ – სწრაფად აკრიბა მისი ნომერი, სანამ გონება გააჩერებდა. ორი ზარის შემდეგ ნაცნობი ხმა გაისმა – მკვეთრი და გაწონასწორებული:
– ბოლოს და ბოლოს. ნინა, ზუსტად რას...
_ალექსსსანდრე!_არაბუნებრივად მხიარული იყო._ როგორ ხარ? შენზე ვფიქრობდი და იმ... იმ ძალიან სერიოზულ სახეზე, როცა გაბრაზებული ხარ. შტორმის ღრუბელს ჰგავხარ! მაგრამ სიმპათიურს. სიმპათიური შტორმის ღრუბელი ხარ.
პაუზა.
_ნინა, კარგად ხარ?
_ფანტასტიურად! იცოდი, რომ იტალიაში აპერიტივოს დრო აქვთ გამოყოფილი? ოფიციალურად დალევის დროა ვახშმის წინ! რა მაგარი რამეა! უნდა გადავიდეთ იტალიაში. ვისწავლი, როგორ გავაკეთო რიზოტო. ან პასტა. როგორ ფიქრობ, ის იტალიური შარფები მომიხდება? დრამატულად რომ იკრავენ?
_რაზე ლაპარაკობ?_მამაკაცის ხმაში დაბნეულობა იგრძნობოდა, რომელსაც სიბრაზე დროებით ჩაენაცვლებინა.
– და ენა! „ჩაო ბელლა!“ ყველაფერი მუსიკას ჰგავს. ყავის შეკვეთაც კი რომანტიკულია იქ. ესპრესო, კაპუჩინო, მაკიატო... დღეს ლადომ მამეცადინა, გინდა გაგაგონო ჩემი იტალიური აქცენტი? მამა მიაა!
უფრო ხანგრძლივი პაუზა დადგა. როცა ისევ ალაპარაკდა, ტონი შეცვლილი ჰქონდა.
_შენ...მთვრალი ხარ?
_არა! ანუ... ალბათ ცოტათი. სამშაბათია! მოიცა, რომელი დღეა დღეს? აქვს მნიშვნელობა? დრო ხომ გამოგონილი ცნებაა, ბოლოს და ბოლოს.
_ღმერთო, რამდენი დალიე?– ნინას თითქმის მოესმა, როგორ გადაისვა ხელი თმაზე, როგორც ყოველთვის აკეთებდა გაღიზიანების დროს.
_ცოტა ღვინო, თათოსთან ერთად. აქ არის და ჩემს სამზარეულოს ისე ალაგებს, თითქოს დედაჩემია. მაგრამ დედაჩემი ამ დროს უკვე შვილიშვილებზე მკითხავდა.
_მიეცი ტელეფონი ვინმეს ფხიზელს. ახლავე.
_მაგრამ შენთან საუბარი მინდა! ჩვენზე! იმ ფორმალურ ტექსტებზე, რომ მიგზავნი. ასე ვინ ლაპარაკობს?
_კარგი, მომისმინე, მოვდივარ.
_რა? არა, არ გამოვიყ...
_არსად წახვიდე._ ნინა დაბნეული მიაჩერდა ტელეფონს.
_გამითიშა! რა უხეშია. ძალიან არაიტალიურია მისი მხრიდან.
_აქ მოდის?_თათომ საკმარისზე მეტი გაიგონა.
_როგორც ჩანს. გამოვიცვალო? დაშორებისთვის კარგად გამოვიყურები? რა დრესკოდი აქვს დაშორებას?
ოცდასამი წუთის შემდეგ კარზე მტკიცედ დააკაკუნეს. თათო ნინას დივანზე სწორად დაჯდომაში დაეხმარა და გასაღებად თავად დაიძრა.
_სად არის?_იკითხა ალექსანდრემ შესავლის გარეშე.
_მისაღები ოთახი. და ჯერ კიდევ მთვრალია.
თავი დაუქნია და გვერდით ჩაუარა, მაგრამ გოგონამ ხელი მოჰკიდა.
_მოიცადე._ მისი ხმა დაბალი, მაგრამ მკაცრი იყო._არ მომწონხარ, ალბათ გეცოდინება. მგონია, რომ შენი თანაპარტიელებივით ამპარტავანი და ქედმაღალი ხარ და…
_ახლა მუქარაზე გადახვალ?
_ვფიქრობდი, მაგრამ ისეთი სახე გაქვს, ემოციურად უკვე გაგანადგურეს, ამიტომ ჯერჯერობით დაგზოგავ.
_მადლობა დანდობისთვის!
როდესაც ალექსანდრე მისაღებ ოთახში გაუჩინარდა, თათომ გაიგონა, როგორ გაბრწყინდა ნინას ხმა გაოცებისგან და რაღაცისგან, რაც შეიძლება შვება ყოფილიყო. ინსტინქტების მიუხედავად, ყველაფრის მიუხედავად, რაც მის შესახებ, იცოდა, აღმოაჩინა, რომ მას, გოგონასთან მიმართებით, ენდობოდა.

***
არ იცით, როგორ მაბედნერებს თქვენი შეფასებები.
დიდი თავებით ვერ განებივრებთ, მაგრამ კონკრეტულ მომენტში მირჩევნია ხოლმე გავჩერდე, მოცულობის მიუხედავად.
შესაძლებლობისთანავე დაგიბრუნდებით.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

როგორ გაურკეველ ამბავში არიან და მაინც რა კარგია ერთად უწევთ ყოფნა, აშკარა დმძიმე დიალოგი იქნება... მაინტერესებს ძალიან რა ხდება ალექსანდრეს თავს ლ

 


№2  offline წევრი მე♥უცნაურე

იტალიაში გადავიდეთო, სულაც არ ჰგავს დაშორების მოსურნე ქალის ფრაზას :D
და მაინც,ჯანდაბამდის გზა ჰქონია პოლიტიკას და იდეალებს, როცა ადამიანი ასე გავსებს და გაბედნიერებს.

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიზა

მმმმ ძალიან კარგი თავი იყოოო , ვიმდოვნებ ნინას და ალექსანდრესს დიალოგს მალე წავიკითხავვ

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

საინტერესოა,ველოდები შემდეგ თავს

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

ოღონდ არ მოკლა..არ დააშორო და ჯანდაბაა
.დაველოდები მომდეცნო თავებს. არ დააგვიანო ხოლმე

 


№6 სტუმარი სტუმარი გვანცა

სიტყვები უძლურია რომ რაიმე ვთქვა, ერთს ვიტყვი მხოლოდ ყოველი თავი ერთმანეთზე უკეთესია და თქვენ უფროდაუფრო ვითარდებით, ვეღარ ვძლებთ ამ ისტორიის გარეშე , ველით გაგრძელებას, თქვენ კი წარმატებებს და ულევ ფანტაზიას გისურვებთ ნიჭიერო ადამიანო. გ ვახარებთ თქვენ

გთხოვთ ცუდად არ გააგრძელოთ. არ დაადოროთ ალექსანდტე და ნინა. უფრო დაძაბული და რომანტიული გახადეთ სიუჟეტი

 


№7 სტუმარი სტუმარი ხათუნა

უკვე მეორედ ვკითხულობ ამ თავს. ის მომენტი მომწონს- რეალიზებული ქალი კიდევ მეტად რომ ცდილობს მეტი ისწავლოს, განვითარდეს, მეტი ცოდნა შეიძინოს. რომ არ ჩამოეკიდა ალექსანდრეს კისერზე. პირად განვითარებაზე რომ ფიქრობს...
ინტელექტუალ და შემდგარ მამაკაცებს ეს აგიჟებთ და ინტერესი უღვივდებათ უფრო მეტი ნინას მსგავსი ქალის მიმართ.
ძალიან საინტერესო მომენტია ფოკუსირებული თქვენგან.
ბრავოო...
ველოდები შემდეგს

 


№8 სტუმარი სტუმარი ლიაკო

ძალიან მომწონს ეს ისტორის. ველოდები შემდეგს. საოცრება ხართ

 


№9 სტუმარი სტუმარი თიკო

სიმპათიური შტორმის ღრუბელი :D ამათი დაშორება იქნება? :(
გთხოვთ მალე გააგრძელეთ

 


№10  offline წევრი Daisyd

მეგობრებო, უზომოდ მადლიერი ვარ ასეთი შეფასებებისთვის heart_eyes
მომდევნო თავიც ატვირთულია და მართლა შტორმის ღრუბელი გველოდება :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent