კომენტარის გარეშე (თავი 4)
ცხელი დარბაზი და მოჩვენებითი ღიმილები უკვე ყელში ჰქონდა ამოსული. აივანზე გასული ქვის მოაჯირს მიეყრდნო და ქალაქს გადახედა, იმედი ჰქონდა, ცივი ჰაერი რამეს შეცვლიდა. მართლაც გრილოდა, გრძნობდა, რომ კანკალებდა, მაგრამ არ იყო დარწმუნებული – ტემპერატურის ბრალი იყო თუ – სიბრაზის. რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, კარი რომ აჭრიალდა. არ შებრუნებულა. მისი მოზომილი ნაბიჯების ხმას უკვე სცნობდა. ჰაერი გასქელდა. სული ეყინებოდა იმის მოლოდინში, რას ეტყოდა. _იცი, თუ ყურადღების მიქცევა გინდოდა, უფრო მარტივი გზებიც არსებობს. ნინამ თვალები დაახამხამა, ქალაქის სინათლეებს მზერას არ აშორებდა. _ყოველთვის გგონია, რომ ყველაფერი შენ გეხება? _მხოლოდ მაშინ, როცა ნახევარ ღამეს ატარებ იმ ადამიანებთან ფლირტში, ვისაც ვერ იტან. მხოლოდ ახლა შემობრუნდა, თვალები უელავდა. მამაკაცს პიჯაკი გაეხადა, ჰალსტუხიც მოეხსნა და თმა ოდნავ აბურდული ჰქონდა. რომ არ ცოდნოდა, ვინ იყო, იფიქრებდა, რომ მის წინ ადამიანი იდგა. _შენი აზრით, ეს ფლირტი იყო? _უფრო – წარმოდგენა. _და სიამოვნებით უყურებდი. რა იცი, რომ ახლაც არ ვთმაშობ? _ძალიან აშკარა ხარ, მჭედლიშვილო. _არც ვცდილობდი, არ ვყოფილიყავი. მიზეზი არ უკითხავს. მშვენივრად იცოდა. _დღეს...განსხვავებულად გამოიყურები. თავი ძლივს შეიკავ, რომ არ გაღიმებოდა. _ეს შენი დიპლომატიური გზაა იმის სათქმელად, რომ იდეალისტ სტუდენტს აღარ ვგავარ? _არა, ეს ჩემი ძალიან არადიპლომატიური გზაა იმის სათქმელად, რომ დღეს აქ როგორც ჟურნალისტი არ მოსულხარ. _და შენ რატომ ხარ აქ, ამ აივანზე? _არ ვიცი, ალბათ მაინტერესებდა, რამდენ ხანს გააგრძელებდი საუბარს, სანამ რამეს გავაკეთებდი. _გგონია, შეგიძლია უბრალოდ გადაწყვიტო როდის ვილ... _ოდესმე სუნთქავ?_ჩურჩულით შეაწყვეტინა. _არა. ყოველთვის სწრაფად ვლაპარაკობ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვბრაზდები და როცა შენ ხარ ახლოს, ყოველთვის გაბრაზებული ვარ. იმიტომ, რომ ყოველთვის ახერხებ გაწონასწორებული ადამიანის იმიჯი გქონდეს, მაშინ როცა სინამდვილეში ყველა ღირებულებას ებრძვი, რომელსაც წესით უნდა იცავდე. _ცოტა ხნით გაჩერდი, გთხოვ._დარჩიამ ღრმად ამოისუნთქა. _რატომ? მორალური პედესტალიდან ხომ არ გაგდებ? _არა, უბრალოდ, მანდომებ, გაკოცო. ამან გააჩუმა. მხოლოდ ორი წამით. მექანიკურად უკან დაიხია და დაფრთხა, როცა მამაკაცი კიდევ უფრო მიუახლოვდა. უკვე მოაჯირსა და მას შორის იყო მოქცეული. _შეცდომაა, ინანებ იც... _ღმერთო, ისევ ლაპარაკობ._ალექსანდრე მისკენ დაიხარა და რაკი გოგონა არ გაწეულა, სწრაფად, მოწყურებულად დაეწაფა მის ტუჩებს. ეს არ იყო ნაზი, გაუბედავი შეხება. მისი ხელები წელსა და კისერზე ძლიერად უჭერდნენ, ტუჩები კი მის სახეზე დათამაშობდნენ და ყველა ნაკვთს უკოცნიდნენ. ეს იყო სიგიჟის რამდენიმე წამში ჩატეული ყველა უთქმელი სიტყვა და ემოცია, რომლის განცდის უფლება არ ჰქონდათ. როცა ერთმანეთს საბოლოოდ მოწყდნენ, მამაკაცმა ისე შეხედა, თითქოს უკვე იცოდა, რა მოხდებოდა. _ არ უნდა... _ვიცი._ჩუმად უპასუხა. ნინას საკუთარ თავთანაც არ უნდოდა აღიარება, რომ გული დაყწდა. იცოდა, ეს წამები აღარ განმეორდებოდა. ცივი გამომეტყველება ჰქონდა, მიუხედავად სისხლში დარჩენილი ცეცხლისა. აივანიდან ისე გავიდა, მისკენ აღარ მოუხედავს. მაგრამ მთელი გზა გრძნობდა, როგორ უმზერდა უკნიდან. აქედან უნდა წასულიყო, მაგრამ ჯერ არა, სანამ სუნთქვას არ გააგრძელებდა. წყლის ბოთლი აიღო და ისე მოსვა, თითქოს იხრჩობოდა. ნელ–ნელა იგრძნო, რომ პულსი დაურეგულირდა და ტელეფონს დახედა – 11 სრულდებოდა. დროა, ტაქსი გამოეძახებინა. ჟურნალისტებს დაემშვიდობა და გასასვლელისკენ სვლა დაიწყო, როცა უცნობმა ხმამ შეაჩერა. _მის მჭედლიშვილი? უცებ შებრუნდა. ქერა მამაკაცი ესაუბრებოდა, 35 წლამდე ასაკის. ეცნო, მაგრამ ვერ გაიხსენა – საიდან. _დიახ? _მინდოდა მოგესალმებოდით, სანამ წახვიდოდით: კონსტანტინე კვარაცხელია. _ხელი გაუწოდა და თავაზიანად უთხრა. ნინას გულისცემა კვლავ აუჩქარდა. გაახსენდა დოკუმენტებზე ხელმომწერი პიროვნება. ხელი გაუბედავად ჩამოართვა. _არა მგონია, თქვენთან ინტერვიუ მქონოდა. _არა, რა თქმა უნდა, ერთი წლის წინ ვმუშაობდი რეგიონულის შესყიდვებზე. დღეს უბრალოდ ვიზუალური ეფექტისთვის დამპატიჟეს, რომ ვიღაცებს აჩვენონ, ხალხი უკვალოდ არ ქრება. _კარგი._კიდევ უფრო დაიბნა._შემიძლია დაგეხმაროთ? _უბრალოდ მინდოდა შემექეთ, კარგ საქმეს აკეთებთ...საშიშს. _მადლ...მეილებს თავად მიგზავნიდით?_წამი დასჭირდა გასააზრებლად. მამაკაცს არ დაუდასტურებია, მაგრამ უარიც არ უთქვამს. ამბავი კიდევ უფრო ჩაიხლართა. კვარაცხელიამ პიჯაკის შიდა ჯიბიდან პატარა ბარათი ამოიღო. ხელნაწერი. არ ჰქონდა ლოგო, არ ეწერა უწყების სახელი. მხოლოდ სახელი და ნომერი. _თუ კონფიდენციალურად საუბარი მოგინდება._ჩურჩულით უთხრა._ელ–ფოსტა არც ისე სანდოა. _ასეთი გულუბრყვილო გგონივართ? _მგონია, რომ მამაცი ხართ._გაუღიმა და წამში ისევე გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა. ნინა მიხვდა, რომ ძილი დღესაც არ მოუწევდა და თათოს სახლს მიადგა. _ისე გამოიყურები, თითქოს გვარი გადამალე._კარის გაღებისთანავე უთხრა მოდებაძემ. _ღვინო მჭირდება._პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა. ან დამამშვიდებელი. _წითელი თუ თეთრი? _სულ ერთია, მთავარია, პიჯაკების დავიწყებაში დამეხმაროს. თათომ ჭიქა ხმაამოუღებლად მიაწოდა და დაელოდა, როდის დაცლიდა. _დაიწყებ? _ალექსანდრე დარჩიას ვაკოცე._ყოველგვარი შესავლის გარეშე უთხრა. _რა?_პირზე ხელები სიცილით აიფარა._არც კი მჯერა. როგორ მოხდა? _შემთხვევით. _რას ნიშნავს შემთხვევით? ვინ დაიწყო? _ორმხრივი იყო. _განმიმარტე „ორმხრივი“. _როგორც ყოველთვის, ვლანძღავდი, მერე მითხრა, რომ ბევრს ვლაპარაკობ და ეს ჩემს კოცნას ანდომებს. თათომ პირი რამდენჯერმე გააღო და დახურა. _სე*სუალურად ჟღერს. _ასეც იყო._აღიარა. _როგორი კოცნა იცის მინისტრების საყვარელმა სპიკერმა? _რა ვიცი, გამოცდილია._სახე ხელით დაინიავა._მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო რამ მოხდა. _ახლა არ მითხრა, რომ გააგრ... _ნუ სულელობ._უცებ გააწყვეტინა._კონსტანტინე კვარაცხელია გავიცანი. _ვინ არის კონსტ...ღმერთო, რამე ხომ არ წამოგცდა? _არ იყო საჭირო, თურმე თავად მიგზავნიდა დოკუმენტებს. ნომერი დამიტოვა, ალბათ დაშიფრულ მეილებსაც ამოწმებენ. _ვერაფერი გავიგე. _ვერც მე, დამნაშავე მეგონა და ალბათ, არის კიდეც, როგორც ჩანს, უნდა სხვებიც ჩაიძირონ მასთან ერთად... _შენი ხელით._თათომ დააბოლოვა._რას აპირებ, ბოლომდე მიყვები? _ალბათ, მაგრამ ვერაფერს გამოვაქვეყნებ, სანამ დარწმუნებული არ ვიქნები. _მთავარია, იმაში იყო დარწმუნებული რომ საფრთხე არ გემუქრება._აღელვებული ხმით უთხრა… მომდევნო დღეები ჩუმად გაატარეს. ალექსანდრე დარჩიას ყველგან ხედავდა – პრეს–კონფერენციებზე, კომიტეტის სხდომებზე, დელეგაციების შეხვედრებზე, თუმცა ერთხელაც არ უსაუბრიათ, ისეთი შესაშური პროფესიონალიზმით არიდებდნენ თავს ერთმანეთს, გეგონებოდათ, უსიტყვო ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული. ნინა ცდილობდა, ისე მოქცეულიყო, თითქოს არაფერი შეცვლილა, თითქოს ის კოცნა არაფერს ნიშნავდა, მხოლოდ წამიერი მომენტით ტკბობა იყო. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა თვალს დახუჭავდა, ახსენდებოდა, როგორ ეხებოდა მამაკაცის ტუჩები და როგორ რეაგირებდა მისი სხეული. სძულდა საკუთარი თავი, რომ ეს ახსოვდა და უფრო უარესი – უნდოდა, განმეორებულიყო. ალექსანდრე კიდევ უფრო კარგად აჩვენებდა თავს, უფრო სწორად, ნინა თვლიდა, რომ თამაში საერთოდ არ სჭირდებოდა. ჩვეულ სტილში მართავდა გამოსვლებს და გამოსცემდა რელიზებს, მის ოთახში ყოფნას არასოდეს იმჩნევდა, თვალებში შეხედვა ერთხელაც არ უცდია. მჭედლიშვილი ვერ ხვდებოდა, ეს კარგი იყო თუ – ცუდი. ორშაბათს, 10 საათზე სტატია გამოაქვეყნა – ფინანსთა მინისტრის მამიდაშვილის მიერ მოგებული ტენდერის შესახებ. 12 საათზე სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც პუბლიკაციას “დროული, სპეკულაციური და ჟურნალისტურად დაუდევარი“ უწოდა. ხელწერა კარგად იცნო და ტელეფონი ბალიშზე დაახეთქა. უნდოდა, მივარდნილიყო და დაპირისპირებოდა, მაგრამ წარმოიდგინა მათი საუბრის შესაძლო სცენარები და მიხვდა, რომ ყველა მათგანში მარცხდებოდა, რადგან მის მხარეს მხოლოდ სიმართლე იყო, რომელიც მამაკაცს არ აინტერესებდა. არა, აღარ მისცემდა ტვინში შეძრომის უფლებას. უკვე გამოცდილებით იცოდა, რომ დუმილი და დაიგნორება ზოგჯერ სიტყვებზე მძლავრი იარაღი იყო. სამუშაოზე უფრო დაძაბული იყო, ვიდრე ჩვეულებრივ. ინტერნებს ეჩხუბებოდა, ფაილებს ორჯერ ეცნობოდა, სქოლიოებს ამატებდა დოკუმენტებს, რომლებსაც არავინ ნახულობდა. Erkotrans–ის რუკა გაფართოვდა — სამი კომპანია, ერთი იურიდიული ფირმა და ფიქტიური მიმწოდებლების ქსელი კავშირზე სხვადასხვა მისამართებით. ნინას არ სჭირდებოდა კოცნა. სჭირდებოდა ფაქტები, ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გამოქვეყნებას გაუძლებდა. ოთხშაბათს თათომ კიდევ ერთი პრეს–კონეფერნციის გაშუქება სთხოვა, თვითონ კახეთში მიდიოდა. უკვე ვეღარ ხვდებოდა, რა ჰქონდა ამდენი სალაპარაკო ხელისუფლებას, რომელიც არაფერს აკეთებდა. ოფისში აღარ მისულა, პირდაპირ სამინისტროსკენ გაემართა და ადრე გამოცხადებულს „გაუმართლა“ – ლობიში შეეჩეხა გაზლაითინგის პრინცს, თანაშემწესთან ერთად. _ნინა, არ მეგონა დღეს თუ გნახავდით._ვეღარ შეძლო მისთვის თავის არიდება. ზედმეტად გადაღლილი ჩანდა. _მინდოდა, მადლობა პირადად გადამეხადა ლამაზი განცხადებისთვის._საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა წამში დაავიწყდა. _რომელი განცხადებას გულისხმობთ?_ვითომ ვერ ხვდებოდა. _ის, რომელშიც დამაბრალეთ, რომ მიწის კორუფციული გარიგებით გადაცემა მომეჩვენა. თანაშემწემ უხერხულად გადახედათ. ალექსანდრემ თავი ოდნავ დაუქნია და ისიც უკვალოდ გაქრა. ახლა მხოლოდ ორნი იყვნენ. _აჰ, ეგ განცხადება, ჰო. _შენ სიმართლე გადაწერე. _უბრალოდ კონტექსტში ჩავსვი. _ფაქტები შემოაბრუნე. ყოველთვის ასე აკეთებ. _შენ პროვოცირებ, მე განვმარტავ. ეს არის ჩვენი რიტმი. _ეს არ არის რიტმი, შენ ხალხს ატყუებ. _არა. მე ვირჩევ, რომელი ჭეშმარიტება დაიმახსოვრონ. გოგონას სიტყვები გამოელია. გრძნობდა, მალე გული აერეოდა. _შენ ფიქრობ, რომ ფაქტების გამოვლენა სიძლიერეა._გააგრძელა მამაკაცმა._გგონია, გამოვლენილი მხეცი კლანჭებს კარგავს, მაგრამ ასე არ ხდება. უბრალოდ უფრო კარგად იმალება. _მე ვფიქრობ, რომ სიჩუმე თანამონაწილეობაა_თქვა ნინამ, დაბალი, მაგრამ მტკიცე ხმით._და შენ კარიერა გაიკეთე ძალიან ჩუმად ყოფნით. ეს მიზანში მოხვდა. სრული გამარჯვება არ იყო, მაგრამ მაინც საკმარისი წამიერი ტკბობისთვის. ალექსანდრეს აღარაფერი უპასუხია. კონფერენცია მოკლე იყო, ტრადიციული თეატრი. _ბოლო შეკითხვაც._გამოაცხადა მდივანმა და მიკროფონი ნინას გადასცა. თითქმის არც მოუსმენია, რაზე საუბრობდნენ, ამიტომაც პირველივე შეკითხვა დასვა, რომელიც თავში მოუვიდა. _ტენდერებში არსებული დარღვევების გათვალისწინებით — რაც თქვენს ოფისს ჯერ არ დაუდასტურებია — როგორ უთავსებს სამინისტრო საკუთარ გამჭვირვალეობის კამპანიას იმ ფაქტს, რომ მისი შესყიდვების ჩანაწერები კვლავ დახურულია? სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა. ალექსანდრემ ისე შეხედა, თითქოს ნინა წინასწარ ნაცნობი ცვლადი იყო განტოლებაში, რომელიც მას უკვე ჰქონდა ამოხსნილი. _არსებობს განსხვავება კრიტიკულ შეკითხვებსა და უარესის მოლოდინს შორის. ყველა თანამდებობის პირი დამნაშავე არ არის — და არც ყველა გამოძიების პირად გამოცდილებაზე დაფუძნებაა სწორი. ეს სიტყვები სახეში გარტყმას ჰგავდა. ნინას გარდა ვერავინ გაიგო, რას გულისხმობდა, მაგრამ მას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მუცელში დანა გაუყარეს. მამამისის ამბავთან პარალელის გავლება ზედმეტი სისასტიკე იყო, მისი მხრიდანაც კი. _კითხვების დასმა ობიექტურობას ნიშნავს, და არა – ბრალდებას._ძლივს ჩაილაპარაკა._მაგრამ გასაგებია თქვენი პასუხი, მადლობა. ოთახი ნელი ნაბიჯებით დატოვა. არ გაქცეულა, არ უტირია. მაგრამ ფრჩხილებმა ნახევარმთვარის ფორმის ნაკვალევი დაუტოვა ხელისგულებზე. სახლში მისულმა მაშინვე კომპიუტერი ჩართო და ფაილი გახსნა, რომელშიც იტალიური უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე მისაღებ დოკუმენტებს ინახავდა. რამდენიმე მოინიშნა და გადახედა, რა საბუთები აკლდა. პრაქტიკული გამოცდილება უკვე ჰქონდა, დრო იყო, თეორიული ცოდნის გაღრმავებაზე კვლავ ეზრუნა, თავადაც გამხდარიყო ისეთი განათლებული, ისეთი ძლიერი, რომ სიმართლისთვის ომში არ დამარცხებულიყო. ეს უკანდახევა არ იყო – უბრალოდ ძალების მოკრება შემდგომი ბრძოლისთვის, რომელიც ახლა ზედმეტად უთანასწოროდ მიაჩნდა. აბაზანიდან ახლახანს გამოსული თმას იშრობდა, კარზე კაკუნის ხმა რომ გაიგონა. თითქმის შუაღამე დამდგარიყო, არავის ელოდა – თათო კახეთში რჩებოდა, ირაკლი კი არასოდეს მოდიოდა გაუფრთხილებლად. ჩათვალა, რომ ვიღაცას მისამართი შეეშალა, მაგრამ მეორე კაკუნი უფრო ხმამაღალი იყო. საჭვრეტიდან გაიხედა და მესამე დაკაკუნების შემდეგ გააღო. კართან ალექსანდრე დარჩია იდგა – სველი თმითა და სპორტული ტანსაცმლით. თითქმის ადამიანური იმიჯით. *** შედარებით მოკლე თავია, მაგრამ ვერ ვახერხებ წერას ჯერჯერობით და არ მინდოდა, ძალიან დამეგვიანებინა. ვეცდები, მალე დაგიბრუნდეთ. ველოდები შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.