შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაღალდის ჭიქა (თავი სამი)


13-06-2025, 12:20
ავტორი ვე რა
ნანახია 100

თავი 3

ნელა წამოჯდა და გამოწვდილი იოგურტი ინსტიქტურად გამოართვა. ჩუმად იყო, ხმას არ იღებდა. ხელში პატარა ვარდისფერ კოლოფს ათამაშებდა და რატომღაც იმაზე ფიქრობდა, რომ მარწყვის კი არა მოცვის სურდა. სადღაც გონების სიღრმეში უელავდა ის, რაც სულ ცოტა ხნის წინ ნახა. აროც საკუთარ ფიქრებში გართული გაჰყურებდა წყლის ბრჭყვიალა ზედაპირს. თითქოს დავიწყებოდა კიდეც, რომ მარტო არ იყო.
„ შენ ვამპირი ხარ!“ ხმამაღლა გახმიანდა რუმის გონებაში. „შეუძლებელია, ეს ხომ შეუძლებელია?“ ეწინააღმდეგებოდა ადამიანური, რაციონალური გონება. ეს ხომ სულ ასე ხდება არა? რაც არ უნდა ცხადად შეიგრძნო სხვა სამყაროს არსებობა, შინაგანად მაინც უარყოფ. ამ უარყოფით თითქოს ყველაფერს ამარტივებ. თითქოს ზედმეტ საფიქრალს და პრობლემებს, რაც ამ ირეალური ამბის დაჯერებას მოჰყვება, ამით თავიდან აიცილებ. თითქოს თუ იტყვი, რომ ვამპირების არსებობის არ გჯერა, ამით ისინი მართლაც გაქრებიან და შენც მშვიდად გააგრძელებ შენს ჩვეულ რუტინულ, მოსაწყენ ცხოვრებას. ოდნავ სასაცილოა, ასე არ ფიქრობთ?
კოლოფი ფრთხილად დადო რუმიმ და მუხლებზე წამოიწია. კიდევ ერთხელ სურდა ენახა, უნდა კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო, რომ არაფერი მოელანდა. ნელა_ ნელა დახარა თავი და სცადა მისთვის თვალებში ჩაეხედა.
_ რას აკეთებ?_ არ მოუხედია ისე ჰკითხა არომ. სწრაფად გასწორდა რუმი.იმ რომ შეხედა შეეცოდასავით. რაც არ უნდა ყოფილიყო, ის ერთი უბრალო გოგო იყო, ალბათ არ იყო მარტივი მისთვის ამ რეალობის გაცნობიერება, მიღებაზე რომ აღარაფერი ეთქვა. ხედავდა, როგორ დააცეცებდა არეულ მზერას მის სახეზე და რაღაც პატარა ნიშანს ეძებდა, საკუთარ სიცხადეში დასარწმუნებლად...
_ არაფერი მოგჩვენებია. ყველაფერი სიმართლეა._ უთხრა მშვიდად და მტკიცედ.
_ კი, მაგრამ ახლა რომ მზეა?_ „აჰა, დაიწყო!“ ჩაეცინა გულში.
მისგან ჯერ არდასმული კითხვების თანრიგიც კი ზუსტად იცოდა.
_ რატომ არ იწვები? რატომ არ ციმციმებ? სწრაფად დარბიხარ? ძალა გაქვს? ნივრის გეშინია? ნაკურთხი წყლის? გულში სოლი რომ ჩაგარჭო მოკვდები? მართლა უკვდავი ხარ? რამდენი წლის ხარ?.... და ბოლოს თავად კითხვების მეფე: „ რას ჭამ?“
ხოო ეს უცნაური კლიშე, რაც ასე სძულდა აროს. საკვირველი იყო, რომ ვამპირებიც ვერ ასცდნენ კლიშეებს. ან იქნება მათ ყველაზე მეტი ტყუილ_მართალი მიაწერეს ადამიანებმა საუკუნეების მანძილზე? და არა მარტო ადამიანებმა.
_ ხვდები ხომ, რომ ახლა უაზრო ფილმს არ უყურებ?_ რუმიმ მხრები გაუგებრად აიჩეჩა. თითქოს ეწყინა ეს კითხვა რომ დაუსვა. არა უფრო ის, კითხვაში ირონიული ნოტები ასე დაუფარავად რომ გაურია.
_ კარგი ვეცდები უფრო მარტივად გითხრა. ეგ ყველაფერი თავად გამოიგონეთ, როცა ადამიანები რამეს ახსნას ვერ უძებნით, გეშინიათ და მერე რაღაცეებს იგონებთ საკუთარი შიშების გასამართლებლად. მაგალითად იმას, რომ ჩვენ თქვენი სისხლი გვწყურია. თან მუდმივად!_ ზიზღით გააკანკალა თითქოს.
_ ჰოო?_ ჰკითხა რუმიმ ეჭვით.
_ ჰოო! არ გჯერა? აბა, მითხარი რისი გემო აქვს სისხლს?_ რუმი დაფიქრდა. სისხლის გემო წარმოიდგინა. მართლა კარგად იცოდა მისი საძაგელი გემო. როცა თითს გაიჭრიდა და სისხლის გასაჩერებლად ჭრილობას ტუჩებს ადებდა. ესეც რა უცნაური ჩვევა აქვთ ადამიანებს არა? ისე გამოდის, ვამპირებზე უფრო, ისევ თავად არიან საკუთარი სისხლის დეგუსტატორები.
_ ჟანგიანი რკინის!_ უპასუხა წამის შემდეგ თავდაჯერებით.
_ ხოდა მითხარი, როცა ამდენი გემრიელი რამ არსებობს დედამიწაზე, მე რა გიჟი ვარ ჟანგის გემოზე გადავირიო?_ ასეთი მარტივი, დამაჯერებელი და ადამიანური ახსნა აქამდე არასდროს მოესმინა რუმის. და სწორედ მაშინ, როცა დამშვიდდა და ოდნავ მოეშვა, არომ უცნაური რამ ჩაილაპარაკა.
_ თუმცა მაინც არის რაღაც, რაც დამოკიდებულებას იწვევს თქვენდამი.
_ რა?_ ჰკითხა შემკრთალმა.
_ რა და ენერგია. თუმცა ამაში ბრალი არ გვაქვს. ვიღაცამ ეს უჩვენოდ გადაწყვიტა, _ თითი მაღლა აღმართა არომ და ისევ გაუკრთა სახეზე იდუმალი ღიმილი._ და ჩემთვის პირადად აზრი არ უკითხავს. მინდა თუ არა, როცა ეს საჭირო გახდება, ჩემგან სრულებით დამოუკიდებლად, მე შენს ენერგიას შევიწოვ.
ამბობდა, მაგრამ აშკარად არ სიამოვნებდა ამის აღიარება.
_ ჩემგან?_ გაოცებისგან თვალებგაფართოებულმა რუმიმ მოხრილი საჩვენებელი თითი გულზე მიიდო. აროს მის გაოგნებულ სახეზე გულიანად გაეცინა.
_ არა, ზოგადად ყველასგან. ვინც კონკრეტულ მომენტში ახლოსაა. ეს თვითგადარჩენის ინსტიქტს გავს. და არც თუ ისე ხშირად ხდება, როგორც ახლა გგონია. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.
_ ანუ მართლა ნამდვილი ხარ?_ თანდათან ფხიზლდებოდა რუმი მიღებული შოკისგან. მისი გონება ნაბიჯ_ნაბიჯ იაზრებდა მოსმენილს._ წარმოუდგენელია! ეს რა ხდება თურმე! რეინკარნაცია, ვამპირები?
_ კარგი, ნუ გაგიჟდები! „_ები“ არა! მეეჭვება ჩემ გარდა კიდევ იპოვნო ვინმე, მით უფრო შენით!_ სახალისო იყო აროსთვის რუმის ემოციები. და სადღაც იქნებ ისიც სიამოვნებდა, რომ ვინმესთვის განდობა შეეძლო. რადგან ნებისმიერი საიდუმლო მუდამ ჯიუტად ცდილობს გონების სიღრმიდან სამზეოზე გადმოვიდეს. და როცა დაბადებას მოახერხებს, მისი მფლობელი შვებით სუნთქვას იწყებს. თითქოს პირადი, პატარა, მოუსვენარი დემონისგან განთავისუფლდა.
_ ჩვენ რა შუაში ვართ?_ ახლა უკვე სწორ კითხვებს სვამდა რუმი.
_ ეგ მეც არ ვიცი, მაგრამ მუდმივად გხვდებით, ხან თავად გეძებთ, ხან თავისთავად ხდება. როგორებიც არ უნდა იყოთ, მაინც გცნობთ._ მშვიდად უყვებოდა არო.
_ ანუ ჩვენს აურას ცნობ?_ დააზუსტა რუმიმ.
_ რაც გინდა ის დაარქვი აურა, ენერგია!_ მხრები აიჩეჩა არომ.
_ რატომ?
_ აი ეგ კი, როგორც ვთქვი, ვერაფრით ამოვხსენი. ვერც ის გავიგე, რატომ გროვდებით სულ ერთად. ერთმანეთს იზიდავთ, თითქოს რაღაც უნდა გააკეთოთ, და ამისთვის ერთმანეთი გჭირდებათ, მაგრამ რა? მუდამ საერთო საქმეს ხართ დაკავებული. სულ ცდილობთ სამყაროს შეცვლას. სულ ხმაურობთ, იბრძვით, მაგრამ ისე სრულდებით მიზანს ვერასდროს აღწევთ.
აროს სიტყვებმა დააფიქრა რუმი. ამაზე ხომ თავადაც ბევრი იფიქრა. მეოცნებეების პოვნა მისთვის გადარჩენა იყო. მათი დახმარებით იმის აღმოჩენა, რომ ხატვა შეეძლო კიდევ ნამდვილი სასწაული. მანამდე თითქოს საკუთარი აბურდული ემოციებით, მტკივნეული ფიქრებით და აუხდენელი ოცნებებით სავსე იყო რუმი და დაცლას ვერ ახერხებდა. თითქოს საკუთარ სხეულში იხრჩობოდა. თითქოს სათქმელი გუდავდა. მერე კი ყველაფერი ბევრად გამარტივდა. მან თავისუფლად სუნთქვა შეძლო. მაგრამ რაზე საუბრობდა არო? ნუთუ საუკუნეების მანძილზე ხდებოდა ასე? სხვადასხვაგვარად და მაინც იდენტურად. იქნებ ამიტომ იყო, რომ მათთან სიმყუდროვეს გრძნობდა? იქნებ ამიტომ ჰქონდა განცდა, რომ მათ იცნობდა? სულ აოცებდა რუმს თუ რამდენად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და მაინც ახერხებდნენ მეგობრობას. და ის მუდმივი დანაკლისი, რასაც ოდნავ ავსებდნენ მეოცნებეები? ის ამოუხსნელი სიცარიელე? იქნება სწორედ ის დავიწყებული წარსული იყო?
_ წამოდი მათთან!_ უთხრა ბოლოს სრულებით მშვიდად. _აპირებ მათაც მოუყვე? როგორ უნდა დააჯერო?_ ჰკითხა არომ მხიარულად და მანდარინი გაფრცქვნა. შუაზე გაყო და გამოუწოდა.
_ მანდარინი რომ არ არსებულიყო..._ ისე თქვა თითქოს კითხა. ისევ ვერ შეძლო რუმიმ გაოცების დამალვა.
_ თავად შევქმნიდი!_ დაასრულა ის ფრაზა, რომელსაც ყოველთვის ამბობდა, როცა ამ მომჟავო გემოთი აღფრთოვანების გადმოცემა სიტყვიერადაც სურდა ხოლმე._ ესეც იცი?
არომ უბრალოდ მხრები აიჩეჩა, თითქოს რა არის ამაში გასაოცარიო.
ზოგჯერ, იმისთვის რომ დაუჯერებელი დაიჯერო წყალზე გავლა და ზღვის ორად გახლეჩა სულ არაა საჭირო. უბრალოდ მანდარინის შუაზე გაყოფაც კამარა. კიი ზოგჯერ ეს სრულებით საკმარისია, ან საკმარისზე მეტიც.

მიმოყრილი ნივთები ჩანთაში ჩააწყო რუმიმ. პლედიც და დაცლილი თერმოსიც შეინახა. ჩანთა მოიკიდა და ისევ იმ ბილიკს გაუყვა, რომლითაც მოვიდა.
_ მძიმე არაა?_ ჰკითხა არომ ღიმილით. იცოდა, რუმი ჯიუტად გააქნევდა თავს და მართლა მძიმეც რომ ყოფილიყო, არ აღიარებდა. უბრალოდ მისი დროში გაფანტული მსგავსებების თავიდან აღმოჩენა ახალისებდა.
_ ის სმაილი, ჭიქაზე,რას ნიშნავს?_ პასუხის ნაცვლად ეს ჰკითხა რუმიმ.
_ შენს უჟმურ სახეს, როცა რამით უკმაყოფილო ხარ!_ უპასუხა და უკან მოხედა. გაეცინა, როცა ზუსტად ის ემოცია დაინახა. თვალმოჭუტული იდგა რუმი, ხელები ზურგჩანთის სახელურებში ჰქონდა გამოდებული და უყურებდა ასე სასაცილოდ._ წამოდი დროზე, ახლა სხვების გაოცების ჯერია!
გალერიის უკანა ეზოში ისხდნენ. რაღაცაზე კამათობდნენ და თან მხიარულად იცინოდნენ. სწორედ ამ მომენტს შეესწრნენ რუმი და არო.
_ თითქოს საერთოდ არ აქვთ სადარდებელი არა?_ ჰკითხა ხმადაბლა რუმიმ.
_ ხოო, ხომ იცი ვინ იცინის ყველაზე ხშირად?_ კითხვითვე უპასუხა არომ. ეს სცენა ალბათ მილიონჯერ ჰქონდა ნანახი, მაგრამ კვლავ იგივე სიმშვიდის გრძნობა დაუფლა. ვინ_ვინ და არომ ზუსტად იცოდა, რას ნიშნავს მათი ყოლა, ვისაც შენი ესმის. ვინც ისეთს გიღებს, როგორიც ხარ. ვინც შენ შეცვლას არ ცდილობს. ვინც უპირობოდ შენ მხარესაა. მაგრამ დანაკარგზეც ბევრი იცოდა არომ. საუკუნეების მანძილზე პოულობდა კარგავდა და ისევ პოულობდა უცილობელ დანაკარგამდე და ეს იმაზე ბევრად რთული და მტკივნეული იყო, ვიდრე ახლა თქვენ გგონიათ. სწორედ ასეთ მომენტებში ფიქრობდა არო, რომ ერთ ადამიანურ დასასრულს თავადაც იმსახურებდა, მაგრამ ადამიანების მსგავსად ისიც არ იყო საკუთარ სურვილებსა და არჩევანში ბოლომდე თავისუფალი. თუმცა ადამიანებისგან განსხვავებით მან ესეც კარგად იცოდა და მათსავით ცრუ ილუზიების მსხვერპლი აღარ იყო. თუმცა რამდენად სასიამოვნო იყო ამის ცოდნა, ამაზე რა გითხრათ?!
_ შეხედე რა ფერია! ცეცხლია გეფიცები!_ ლუციას წითელი კი არადა ალისფერი ტუჩსაცხი ეკავა ხელში და აღფრთოვანებული დასცქეროდა.
_ კარგი რაა! შენ კიდევ ალისფერი გაკლია?_ გაეცინა მომწვანო თმიან ლინს და უცნაური კასტეტის ფორმის, ოთხი ერთმანეთზე გადაბმული, ვერცხლისფერი ბეჭედი კმაყოფილმა შეისწორა ხელზე. ეს ბეჭედი დაახლოებით იმ დანიშნულებისა იყო, როგორიც რუმის წიწაკის სპრეი. თუმცა ლინი დამხმარე ნივთების გარეშეც მშვენივრად მოახერხებდა თავდაცვას თუ ეს საჭირო გახდებოდა.
_ ნახე როგორ მიხდება!_ თვალი ჩაუკრა ლუციამ. ჩანთიდან პატარა მრგვალი სარკე ამოიღო. ტუჩები გაბზიკა და ტუჩსაცხი გულიანად გადაისვა.
_ არაა, ამის სანახავად ცხოვრება ნამდვილად ღირდა!_ გაეცინა აროს.
_ რად გულისხმობ?_ ინტერესი არ ასვენებდა რუმს.
_ რას და აბსოლუტურად ყველა ცხოვრებაში ლუცია ბიჭი იყო. ეს რომ ამბავი იყოს და არა რეალობა, ალბათ ავტორსაც კი მოიძულებდა ამის გამო!_ ფეხი ფეხზე გადადებულ, გამომწვევ ფორმებიან ლუციას დააკვირდა რუმი და უცებ მისი აკვიატებული ნახატები გაახსენდა. ხუთიდან ორ ჩანახატში ვიღაც წითურ ელფს ხატავდა ლუცია. თან ისეთი ჟინით და გამეტებით ხატავდა, თითქოს წარმოსახვით პერსონაჟს კი არა საკუთარ გულისსწორს ასახავდა. შეეძლო საათობით მდგარიყო ამ უცნაური წითური კაცის სურათის წინ და ვნებიანი თვალებით გარინდულს ეოცნება მასზე, იმაზე, რომ ერთ დღეს მას აუცილებლად შეხვდებოდა.
_ ვაიმე!_ პირზე მიიფარა ხელი რუმიმ, რათა ხმამაღალი სიცილი დაეხშო_ ანუ საკუთარ თავზე ოცნებობს? ანუ საკუთარ თავს ხატავს და ...
მეტი ვეღარ შეძლო, გულიანად გაეცინა. იდგა და სიცილს ვერ წყვეტდა. იცინოდა ცრემლებამდე, ისე, როგორც ალბათ არასდროს. ახლა ისე ავსებდა ბედნიერების გრძნობა, ვერც კი იაზრებდა თავად. და რაც არ უნდა უცნაური ყოფილიყო, საკუთარი თავის ნაცვლად იმ წარსულში დარჩენილი ლუციენის ცხოვრება ახსენდებოდა, ისე ავსებდა გადავიწყებული მოგონებები გონების ცარიელ თაროებს, როგორც სურათები გალერიის კედლებს და ყოველი ახალი სურათი ახალ მოგონებას უცოცხლებდა საკუთარი წარსულიდან. აი რა აკლდა რუმს, აი რა აწამებდა.... ცარიელი, დაკარგული მოგონებები. ივსებოდა მასში გამჩდარი სიცარიელე და სუნთქვა ბევრად, ბევრად, ბევრად ადვილი ხდებოდა.
_ მათაც უნდა გაიხსენონ!_ სიცილსა და ტირილს შორის ჩაილაპარაკა მან. _ ამის დავიწყება არ შეიძლება!
_ გაიხსენებენ, მაგრამ ვერ დაგპირდები, რომ ამით ყველა კმაყოფილი იქნება!_ უპასუხა არომ. ყველას ყურადღება მიიქცია რუმის წამის წინანდელმა უცნაურმა ისტერიამ. ისხდნენ და მოლოდინით და ინტერესით ელოდნენ. ერთი სული ჰქონდათ კითხვები ქარბორბალასავით დაეწიათ მათთვის. ნელა შებრუნდა რუმი აროსკენ. თვალებში შეხედა და ხელი გაუწოდა.
_ კეთილი იყოს ჩვენი დაბრუნება მეგობარო!_ სხვისთვის სრულიად გაუგებარი ფრაზა, აროსთვის სრულებით გასაგები იყო.
_ ნამდვილად!_ გაუღიმა მანაც და გამოწვდილ ხელზე თითები მოუჭირა.



ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent