სარკევ სარკევ მითხარი (თავი სამი)
თავი სამი იმ დღეს, როცა ანას დაგეგმილ ექსკურსიაზე წასასვლელად სახლიდან გამოვლასლასდი, ჯერ კიდევ მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა, რომ საწოლში დავბრუნებულიყავი, და პლედში ჩამძვრალს მეწუწუნა საკუთარ ბედზე, მაგრამ ანამ იცოდა, როგორ უნდა დავეთანხმებინე. საქმე იმაში იყო, რომ ბავშვობიდან ერთი გაუბედავი ოცნება მქონდა. მინდოდა რამე ექსტრემალური სიგიჟე ჩამედინა. რადგან რამდენიმე წლის უკან სიმაღლის ფობია დამჩემდა და ყველა ის ოცნება, რაც წარსულში მქონდა, ლამის შეუძლებელი გახადა, ახლა ამ სურვილს უფრო აკვიატების სახე ჰქონდა მიღებული. ხოდა იმ ჩემმა არანორმალურმა დაქალმა ტური ისე დაგეგმა, რომ სანამ ღამის გასათევ, საკარვე ადგილს მივაღწევდით მტირალას პარკში უნდა გაგვევლო და ზიპლაინზე გვესრიალა. ამ აზრმა დალაგებული ფიქრები და მტკიცედ გადაწყვეტილი უარი ამირია. თანაც მე ძალიან მიყვარდა ბუნებაში ბოდიალი,მიუხედავად უცნაური პრობლემებისა, რაც მუდამ თან მახლდა ხოლმე მსგავსი ამბების დროს, თუმცა ამაზე მოგვიანებით. ზურგაჩანთა გავიმზადე, უფრო სწორედ ზურგჩანთები. მიუხედავად იმისა, რომ სამი დღით და ორი ღამით მივდიოდით, მე სათადარიგო სამოსიდან დაწყებული: ფანრის, სასტვენის, სათადარიგო დამტენის, წამლების, ბინტების, ბამბების და სხვა და სხვა რამეების მთელი კოლექცია მქონდა თან წასაღები. ამჯერად მწვანე საყვარელი ჰუდი მოვირგე წარწერით : „Once upon a time... But I'm not a princess!“ ვინმე იფიქრებდა არაფერიო, მაგრამ მე კი ვიცოდი, რატომ მაინცდამაინც ის. მე ხომ ამ, ერთი შეხედვით, უკონტექსტო წარწერებით ვცდილობდი საკუთარი თავის, განწყობის და ემოციების გამოხატვას. სადაბაზოდან გამოსულს მოულოდნელი სურათი წარმომიდგა თვალწინ. ნიკას მანქანასთან ზურგით მიყრდნობილი იდგა ანა, ამჯერად იისფერ მოტკეცილ სპორტულებში გამოწკიპული და არანაკლებად გამომწვევად წარმოაჩენდა საკუათარ უნაკლო სხეულს, ვიდრე იმ დღეს, პარკში. მის გვერდით ნიკა იდგა. ცაში იყურებოდა უდარდელი სახით და სიგარეტს მშვიდად ეწეოდა. ისე უდარდელად იქცეოდნენ ორივენი, თითქოს ორი დღის უკან მე მქონდა ორგია იმავე მანქანის ძარაზე გაჩაღებული. ის უჟმური ანტონიო მანქანაში იჯდა და საზურგეზე თავმიყრდნობილი თვლემდა. უჟმურთან ერთად მგონი მაგარი მოსაწყენი ვინმეც იყო. ისევ ანას შევხედე და ინსტიქტურად საკუთარ ჰუდს დავხედე. კიი, ნამდვილად ასე იყო! მისგან განსხვავებით მე პრინცესა არ ვიყავი, არც მსურდა რომ ვყოფილიყავი და არც არასდროს მომინდებოდა. თავი მობეზრებულად გადავაქნიე და ნიკას მივაჩეჩე ჩემი ჩანთები. თავად ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა და დავეხმარე აზრზე მოსულიყო. _ ვატყობ ისევ ამ ჯაბახანით მომიწევს ჯანჯღარი!_ ჩავილაპარაკე ანას გასაგონად. ნუ თუ სხვაც გაიგონებდა, არც ამაზე ვდარდობდი დიდად._ რატომ არ დამელოდა კომა? ვკითხე ანას. _ კომას გენაცვალე, ეს ორი დღეა ახალი მეგობარი ჰყავს!_ ირონიულად ჩაიცინა მან._ ეტყობა იფიქრა შენნაირი ჭირიანი მეგობრის ყოლას ბევრად სიცოცხლის უნარიანი ციცი ჯობიაო! აკისკისდა პრინცესულად. თავი გავაქნიე და ამრეზით გავხედე ფანჯარას. _ ქალს რომ თავში ტვინი არ ექნება, ამის ცოცხალი მაგალითი ხარ შენ!_ არც ვაციე, არც ვაცხელე და ნიკას გასაგონად დავაბრეხვე. _ იმას მანქანა მაინც ჰყავს ადამიანური. ისე ვუსვამდი ხაზს მის ჯაბახანას, თითქოს მართლა მადარდებდა მანქანის მოდელი ან ღირებულება, უბრალოდ ვხედავდი, რომ ნიკას თავისი პიკაპი სამყაროს ყველა მანქანას ერჩია და ასე ნერვებს ვუშლიდი. _ მორჩი წუწუნს!_ მითხრა ანამ და ჩანთიდან რაღაც ამოიღო. ზურგს უკან მალავდა და ეშმაკურად მიყურებდა. _შენთვის საჩუქარი მაქვს! _ გაიკრიჭა მხიარულად. მივხვდი რაღაცას მაიმუნობდა. _ აჰა, ეს ნივთი დაძინებაში დაგეხმარება! გამომიწოდა შავი აბრეშუმის არშიებშემოვლებული თვალსაფარი ძილისთვის. ინსტიქტიქტუად გამოვართვი და სიცილი ვერ შევიკავე ზედ ვარდისფერად ეწერა: „ მე მძინარე მზეთუნახავი ვარ, არ შემაწუხოთ!“ _ ეს რა მაგარია!_ გავბედნიერდი მომენტალურად_ სად იპოვნე? _ რაღაც საიტს მივაგენი მაქმანის სექსუალური საცვლები შევირჩიე და იქ იყო ესეც. გინდა განახო რა ვიყიდე?_ ჩანთას მიუბრუნდა ისე, თითქოს საკუთარ საძინებელში ვისხედით. გაოგნებულმა შევხედე ბიჭებს. ანტონიო ფანჯრიდან იხედებოდა და სიცილის შეკავებას ცდილობდა , ნიკას კი აშკარად ერთი სული ჰქონდა ანასთან ერთად ემოგზაურა მის ჩანთაში და სათითაოდ მოეზომებინა მისთვის ის ფსევდო საცვლები. _ ნახე ეს შავი სულ გამჭვირვალეა..._ ის იყო ალამივით აპირებდა აფრიალებას, რომ თვალები დავუბრიალე. მის ნაცვლად მე ვგრძნობდი თავს უხერხულად. არა, იმ არანორმალური ნიკას გამო არა. ირონიულად მომღიმარი ანტონიოსი მერიდებოდა რატომღაც. ის ანას არ იცნობდა, და კაცმა არ იცოდა ახლა რას ფიქრობდა ჩემი ბავშვობის თავქარიან მეგობარზე. _ ანააა!_ შევუღრინე ავად. _ აქ არავის აინტერესებს დამიჯერე შენი ნიფხვები! გონზე რომ მომეყვანა, რამე ძალიან უხეში უნდა მეთქვა, ის კი უეცრად პირდაპირ ნიკას მიუბრუნდა და გვერდზე თავგადახრილმა ბავშვური გულუბრყვლობით ჰკითხა: _ არც შენ გაინტერესებს? _ დავინახე, როგორ გამოხედა ნიკამ უკანა ხედვის სარკეში და როგორ გადაყლაპა ნერწყვი. ისიც დავინახე, სულ ოდნავ როგორ გააქნია თავი ანტონიომ უარის ნიშნად. რაღაცნაირად უკონტექსტოდ გაიღიმა ნიკამ და ისევ გზას გახედა. ვხედავდი, როგორ ნერვიულად ათამაშებდა თითებს საჭეზე და რაღაცას გამალებით ფიქრობდა. ახლა ანტონის დავაკვირდი. მშვიდი თავდაჯერებული სახით იჯდა. და შიგადაშიგ სულ ოდნავ ეპრიხებოდა მაღლა ტუჩის კუთხე. აშკარა იყო, რაღაცას ხლართავდა ჩემი დაქალის წინააღმდეგ. „ჰმ,“ ჩავიცინე უხმოდ. „ ანუ საბოტაჟს გვაქვს ჩვენს წითელ ხომალდზე არა?!“ გავიფიქრე გულში. გადავწყვიტე მისთვის მეთვალთვალა. ანა იმაზე უარესს ვეღარ გააკეთებდა, რაც ფესტივალზე ქნა, მაგრამ ამ ჩუმჩუმელა კაცს აშკარად შეეძლო გავლენა მოეხდინა თავის ბოთე ძმაკაცზე და ის ანას ლამაზი კლანჭებისგან ეხსნა. _ ოთხი კარავი გვაქვს ხომ?_ ვკითხე ანას. ძალიან რომ შემაწუხა უხერხულმა სიჩუმემ. _ კი,მაგრამ ჯობდა ერთი პირადად შენი ხარახურისთვის წამოგვეღო. რა ჯანდაბა მოგაქვს ამდენი?_ მკითხა ანამ სიცილით. _ ხარახურა ესაა, აქ რომ ყრია, მე საჭირო ნივთები დამაქვს!_ შანსი არ გავუშვი, რომ ნიკა არ მომეწამლა. ამას ჩემი სულელი ანა უპატრონო თუ ეგონა, სულ მალე მიხვდებოდა, რომ არაფერი მაკლდა ბოროტი სიდედრის სიავემდე და საჭიროების დროს უარესიც კი შემეძლო. ცერად გამომხედა გაკვირვებულმა, თითქოს გულმა უგრძნო, რომ მასზე ვფიქრობდი. _ ვერა რაღაც მინდა გკითხო._ მითხრა კეთილგანწყობილი ღიმილით. _ რამე დაგიშავე? ვატყობ დიდად არ მოგწონვარ. _ სწორად ატყობ!_ ვუპასუხე სერიოზულად._ მაგრამ პრობლემა შენში კი არა, შენს ტიპაჟშია. _ რაში? _ მკითხა ინტერესით. და სანამ პასუხს გავცემდი ანტონიომ დამასწრო. _ ამბობს, რომ მექალთანე თავქარიანი ტიპები არ მოსწონს! _ და რა? მოსაწონია?_ მივუბრუნდი არა მკითხე მოყვარეს. _ არა, შენ გაქვს უფლება ვინც გინდა არ მოგწონდეს, ისევე, როგორც მე. _ მიპასუხა და მზერა ჩემიდან ანაზე გადაიტანა, რომელსაც სულ არ ადარდებდა ანტონიოს დამოკიდებულება. ტიკ_ტოკისთვის იღებდა რაღაც მორიგ სულელურ ვიდეოს და ტუჩებს იხვივით ბრიცავდა. _ ანუ გინდა მითხრა, რომ ჩვენ დამოკიდებულება მსგავსია არა?_ შევხედე თვალებში და ირონიულ მზერას თავი არ ავარიდე. _ კიი, სწორედ! _ თავი დამიქნია მან. აღარაფერი მითქვამს. ან რა უნდა მეთქვა? ზოგჯერ მას კი არა მეც არ მომწონდა ანას ცანცარობები. მაგრამ მის პირადს პატივს ვცემდი და ვცდილობდი გაგებით მოვკიდებოდი. უბრალოდ მანამდე არასდროს არავიზე გაუფეტიშებია ასე. ეს, რა თქმა უნდა, სიყვარული არ იყო, მაგრამ არც მხოლოდ ვნება ყოფილა. ვხედავდი როგორ უყურებდა ანა ნიკას და მის თვალებში რაღაც სხვა აღფრთოვანებას ვკითხულობდი. დაახლოებით ჰგავდა ეს მზერა კომას მზერას, როცა ეგონა, რომ ვერავინ ვერ ხედავდა. ამოვიოხრე და თავი ჩაწეული ფანჯრის ჩარჩოზე ჩამოვდე. თავი მიბრუოდა და ვგრძნობდი სიცხის საცეცები ჯერ ისევ მივლიდა შუბლში. თვალებიც უცნაურად მეწვოდა. ანას ნაჩუქარი თვალსაფარი მოვირგე, სავარძელში კომფორტულად მოვთავსდი და ძილს უფლება მივეცი თავის ტკბილ ბლანტ ჭაობში ჩავეთრიე. უცნაურია, მაგრამ სიჩუმემ გამომაფხიზლა. თვალი გავახილე და იქაურობა მოვათვალიერე. თითქოს აღარ გამკვირვებია, რომ მარტო ანტონიო იჯდა მანქანაში. კარი გამოეხსნა, გრძელი ფეხები მანქანიდან გარეთ გადაეწყო და შორეულ ლამაზ ჰორიზონტს გასცქეროდა ჩაფიქრებული. ვუყურებდი და ვხვდებოდი, ფიქრებით აქიდან ძალიან შორს იყო. რასაც იმ წამს ხედავდა, აშკარად აბედნიერებდა. რაღაცას თბილად უღიმოდა. „რა უცნაური წყვილიათქო?!“ გავიფიქრე. ერთი შეხედვით საერთო არაფერი ჰქონდათ მას და ნიკას. ნიკა თავქარიანი, ჰაეროვანი, მხიარული, სადღაც კეთილი ბიჭი იყო. ჭრიჭინასავით მომენტით ცხოვრობდა. შანსს ხელიდან არ უშვებდა, გამბედავი იყო და შედეგების არ ეშინოდა. აი ანტონიო კი.... ვერაფრით ვახერხებდი მისი ფსიქოტიპის შექმნას. ჩუმი და წყნარი ბიჭი იყო. საკუთარი სამყარო ჰქონდა, სადაც საკუთარ წესებს და კანონებს ემორჩილებოდა. იმ თავისი ნაჭუჭიდან გამოსვლას არ ჩქარობდა თითქოს. ალბათ სისუსტედ მიიჩნევდა, რომ საკუთარი ბნელი მხარე სამზეოზე გამოეატანა. სხვის პირადს საკუთარივით სცემდა პატივს. მაგრამ იმას, რომ დამოკიდებულებები სახეზევე ეწერა ვერსად გაექცეოდა. აშკარა იყო, არც მე და მით უფრო არც ანა გულზე არ ვეხატებოდით. თუმცა კარგად მახსოვდა, იმ დღეს რომ არ მიმატოვა. ჩემთან რომ დარჩა და იზრუნა, რომ არავის დაერღვია ჩემი სიმშვიდე. ამის გამო სინამდვილეში მადლობელი ვიყავი, უბრალოდ მადლობის თქმა, ასე მეგონა, ჩემს მადლიერებას გააუფასურებდა. _ რაზე ფიქრობ ანტონიო?_ ვკითხე ჩემდა მოულოდნელად მასაც გაუკვირდა ჩემი კითხვა. _ ისეთზე არაფერზე._ გამიღიმა და პირდაპირ ყვითელ ყვავილებიან მინდორს გახედა. ყველა იქ იყო, ერთობოდნენ, სურათებს იღებდნენ, სიცოცხლე უხაროდათ. ნიკას ანა აეყვანა ხელში და აფრიალებდა. სავარაუდოდ რაღაც ახალ ტრენდს იღებდნენ. იმ წამს პირველად გავიფიქრე, რომ მართლა ერთნაირები იყვნენ. რომ იქნებ ერთმანეთს კიდევაც მოუტანდნენ სიხარულს. ვინ იცის?... _ შენ რატომ ხარ მასეთი ავი?_ მომესმა უეცრად მისი სანახევროდ სერიოზული კითხვა. _ ავი არ ვარ!_ გამეცინა მე. _უბრალოდ ასეთი ვარ. შენ ვერ მიხვდები! ავიჩეჩე მხრები. როგორ ამეხსნა მისათვის, რომ ადამიანები რამდენადაც მიყვარდა, იმდენადვე მძულდა სწორედ. რომ ცუდსა და კარგს შორის სწორხაზოვნ დიფერენცირებას ვახდენდი. რომ სანახევროდ არაფერი არც მსურდა და არ მიყვარდა. მათ შორის არც ემოციების გამოხატვა. და ყველაზე მთავარი, უმეტესად სწორედ მაშინ მიცრუვდებოდა იმედი, როცა გაღიმებას ვიწყებდი, ამიტომ წინასწარ ბედს შეგუებული ნაკლებად ვიღიმოდი. _ისე, მაინც მაგარი საძაგელი ვინმეა ეს შენი ძმაკაცი!_ ვუთხარი მოღუშულმა, როცა დავინახე, როგორ აკოცა ნიკამ ანას. და მით უფრო, როცა კომას არეულ სახეს მოვკარი თვალი. _ საძაგელისა რა გითხრა, მაგრამ სულელი ნამდვილად არის!_ მიპასუხა მან ჩვეულად მშვიდად. მე ვიფიქრე, რომ ამას იმიტომ ამბობდა, რომ ანა არ მოსწონდა. ისევ წარბშეკრულმა გავხედე და ზურგი ვაქციე. კარი გავაღე და ისევ მანქანაში ჩავჯექი. _ წამალი დალიე,მგონი ისევ სიცხე გაქვს!_ მომაძახა მან ირონიულად. და სულ არ მიფიქრია, რომ მართლა იმას გულისხმოდა, რასაც ამბობდა. _ სიცხეც გაქვს და ბოდვაც!_ ჩავილაპარაკე ჩემთვის და ისევ ის პრინცესული თვალსაფარი ჩამოვიმხე თვალებზე. ნაკრძალში ხეტიალის და მილიონობით სურათის გადაღების შემდეგ. როგორც იქნა ზიპლაინიც გაახსენდათ. ნერვიულობამ ისე ამიტანა ვიგრძენი , როგორ გამეყინა თითის წვერები. არავისთვის მითქვამს, რომ სიმაღლის დაუძლეველი შიში მქონდა და თან ზიპლაინით ვაპირებდი დაშვებას. არც კომამ იცოდა ამაზე რამე. ანა ხმას არ იღებდა, ჩემს სურვილს მხარს უჭერდა. უბრალოდ თავადაც ღელავდა და შიგადაშიგ დაეჭვებული მიყურებდა. თვალებით მეკითხებოდა, იქნება ჯობია გადაიფიქროო. მე კი ჯიუტად ვაპირებდი საკუთარი თავისთვის გამოცდის მოწყობას. ხის პატარა პლატფორმაზე ოთხნი ვიდექით. ინსტრუქტორი ანა, ანტონიო და მე. დანარჩენები რიგს ქვემოთ უცდიდნენ. თოკი ზედ მდინარის თავზე ეშვებოდა. აი აქ კი უარესად ამიჭრელდა თვალები. შუბლი გამიხურდა, აშკარა იყო შიშის და ნერვების ფონზე სიცხე მიწევდა. პლატფორმის მოაჯირს დავეყრდენი და აჩქარებული გულის დამშვიდება ვცადე მშვიდი სუნთქვით. ჯერ ის იყო საშინელი გრძნობა, რომ ამ სიმაღლეზე ვიდექი, ვცდილობდი ძირს არ ჩამეხედა და ყურადღება ცაზე გადამეტანა, მაგრამ უარესი თუ არა, არანაკლები იყო მდინარე ჩემს ქვემოთ. ცურვა მე არ ვიცოდი, სიმაღლის მეშინოდა. რა ჯანდაბას ვაკეთებდი საერთოდ აქ?! _ ხომ არ გეშინია? _ მკითხა ანტონიომ და ჯერ მე შემომხედა, მერე ანას. უარის ნიშნად თავი გავაქნიე. შემეშინდა ლაპარაკისას ხმა არ ჩამწყდომოდა ნერვიულობისგან. _ პირველი რომელი იქნებით?_ იკითხა ინსტრუქტორმა მხიარულად. ანტონიოზე მივანიშნე. მეგონა მისი ახლოს ყოფნა და დაკვირვებული მზერა უფრო მძაბავდა. ის აღჭურვილობა ამოაცვეს, დიდად სანდოობას რომ ვერ იწვევდა ჩემში. მაღლა თოკზე დაამაგრეს და მზად იყო. ვითომ აქ არაფერი ისე გადახტა პლატფორმიდან ის არანორმალური. და მის ნაცვლად მე შემიხტა გული. ისე მომიჭირა შიშმა მარწუხი, ლამის სუნთქვა დამავიწყდა. სადღაც ხეებში მიკარგულ ანტონიოს მივადევნე თვალი და მივხვდი შფოთი პანიკაში გადადიოდა. თუ არ ვიჩქარებდი, ჩანაფიქრს ვერ ავისრულებდი. ამიტომ ანა გავწიე და შემდეგი მე დავდექი. კიბეზე ნიკა ამოვიდა და ანას მიეტუზა მაშინვე, მაგრამ მე ახლა არც ანას და მით უფრო არც მიკას ნერვი არ მქონდა. კიდესთან მივედი და თვალები დავხუჭე. „ იქნება არ ღირდეს?!“ მკითხა საკუთარმა თავმა და სანამ მე პასუხს გავცემდი, ჩემი ყოყმანით დაღლილმა ინსტრუქტორმა წელზე მიბიძგა. ვიგრძენი, რომ ინფარქტს გადავრჩი, მაგრამ ვაი ამ გადარჩენას. თვალდაქაჩული ჩავცქეროდი მქუხარე მდინარეს და ვერაფრით ვახერხებდი კივილს. სამყარო თავბრუსდამხვევი სისწრაფით ტრიალებდა და მეც უცნაურ სიმსუბუქეს ვგრძნობდი. როგორ გამუქდა და გაბლანტდა სიმწვანე არ გამიგია და მერე უეცრად ჩამოწვა მხსნელი, მშვიდი სიბნელე.... ამბავს აქვს მეორე ნაწილიც, რომელსაც ყვება antonio gover და ვისაც სურს მოიძიოს, ან დაელოდოს როდის ატვირთავს ))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.