შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომენტარის გარეშე (თავი 12) – დასასრული


30-06-2025, 10:10
ავტორი Daisyd
ნანახია 251

სააბაზანოდან წყლის ხმა კარგა ხანს ისმოდა, მამაკაცი საჭიროზე დიდ დროს ატარებდა საშხაპეში, თითქოს გაპარვის უფლებას აძლევდა.
ალბათ, ასეც უნდა მოქცეულიყო.
მაგრამ არ განძრეულა.
უფრო სწორად, ვერ მოძრაობდა. სხეული ქანდაკებასავით გაშეშებული ჰქონდა, მაგრამ გონება აუტანლად ხმაურობდა.
კვლავ იმაზე დაიწყო ფიქრი, რა მოხდებოდა, სხვა ადამიანები რომ ყოფილიყვნენ – არა ასეთი სასტიკი ორბიტის ცენტრში მოქცეულები, არა სტრატეგიისა და სიჩუმის მძევლები. იქნებ ალექსანდრე ფილოსოფიის პროფესორი ყოფილიყო რომელიმე ევროპულ ქალაქში, რომელიც მორალზე ესაუბრებოდა სტუდენტებს და შინაგანად ყველაფერში ეჭვი ეპარებოდა? შეიძლება მისი ლექტორიც ყოფილიყო, უკანა მერხზე იჯდებოდა და თავს მოაჩვენებდა, რომ არ აინტერესებდა, მაგრამ ჩუმად დაწერდა ესეებს მასზე შთაბეჭდილების მოსახდენად. ნათლად წარმოიდგინა სცენა, როგორ იკამათებდნენ, კანტზე ან მორალურ რელატივიზმზე და ბოლოს მაინც გაანადგურებდნენ ერთმანეთს უფრო დახვეწილი ენით.
წამში ახალი სცენა წარმოუდგა თვალწინ. ახლა თვითონ ასწავლიდა — ლიტერატურას, პატარა უნივერსიტეტში, ათასი შეკითხვისგან გადაღლილი, მაგრამ მაინც მტკიცედ იცავდა ეთიკას სტუდენტებთან. და ალექსანდრე... ის ადვოკატი იქნებოდა, ბრწყინვალე, დაუნდობელი. ან იქნებ თვითონ სოციალური მუშაკი ყოფილიყო. ან თერაპევტი, ის კი...ღმერთო, ვინ იქნებოდა დარჩია?
თავი უმართავ ქარიშხალში ეგონა. გონებაში ყველაფერი ისე სწრაფად ტრიალებდა, ტკივილამდე იყო მისული. როლები განუწყვეტლივ იცვლებოდა, ამოსუნთქვასაც ვერ ასწრებდა, სანამ ერთ სცენას მეორე ჩაანაცვლებდა. მის ერთ ნაწილს ყვირილი სურდა, მეორეს კი სიცილი. „ნამდვილად უნდა დავიტესტო ADHD–ზე“–ხმამაღლა გაიფიქრა, სრული სერიოზულობით. ის, თუ როგორ იცვლებოდა მის გონებაში არხები, ისე, თითქოს გაფუჭებული პულტით იმართებოდა, უბრალოდ დაღლილობის შედეგი ვერ იქნებოდა. ფიქრები არ წყდებოდა.
მკერდი დაჭიმული ჰქონდა, პანიკის ტალღები იგრძნო.
_კარგი, შენელდი, რაიმეზე კონცენტრირდი_საკუთარ თავს დაუწყო ლაპარაკი. ერთი წამით თვალები დახუჭა და თითის წვერები ერთმანეთს მიაჭირა. წაკითხული ჰქონდა ამის შესახებ – "დამიწების ტექნიკა", ქარიშხლის დამშვიდების გზები.
_დაასახელე ხუთი რამ, რისი დანახვაც შეგიძლია, ოთხი - რისი შეხებაც, სამი - რისი გაგონებაც…_მისი სუნთქვა არათანაბარი იყო, მაგრამ მთავარია, სუნთქავდა. მაჯის შიდა მხარე მოისრისა და ნახევრად გონდაკარგულმა ჩაიჩურჩულა:
_კარგი. რას ვეტყვით ალექსანდრეს? რა არის პირველი წინადადება? მხოლოდ ერთი. უბრალოდ ერთი აარჩიე...აი ალექსანდრეც._ამოისუნთქა, როცა აბაზანიდან გამოსული დაინახა.
_ისევ აქ ხარ._მისი ტონითა და გამომეტყველებით ვერ მიხვდებოდით, გახარებული იყო თუ – გაბრაზებული.
_იმედგაცრუებული ხარ?
_გაკვირვებული._კართან დარჩა და დისტანციას ინარჩუნებდა, თითქოს არ იყო დარწმუნებული, თავს დაესხმებოდა თუ გაიქცეოდა._შენს ადგილას ყველა ნორმალური ადამიანი უკვე წასული იქნებოდა.
_თუ ვერ შეამჩნიე, არც ისე კარგად გამომდის ნორმალური ადამიანებივით მოქცევა._ღრმად ჩაისუნთქა. გაიხსენა, როგორ უნდა შეენარჩუნებინა ფოკუსი, როცა გონება ნაწილებად იშლებოდა._სწორედ იმაზე ვფიქრობდი, გუშინ რომ ვსაუბრობდით. რა მოხდებოდა, სხვა ცხოვრებაში რომ შევხვედროდით ერთმანეთს.
ალექსანდრემ წარბები აწია, აშკარად არ ელოდა საუბრის ამ მიმართულების გაგრძელებას.
_წარმოვიდგინე ჩვენი ალტერნატიული სამყარო._ტუჩებზე მსუბუქი ღიმილი გადაეფინა.
_ჰო?_ფრთხილად გადადგა მისკენ ერთი ნაბიჯი.
_ალბათ პროფესორი იქნებოდი. ფილოსოფიის ან პოლიტიკური თეორიის. ერთ-ერთი მათგანი, ვინც დოსტოევსკის წიგნებს და ბერგმანის ფილმებს მსუბუქ გართობად თვლის…
დარჩია უკვე დაინტერესებული ჩანდა, მაგრამ არ აწყვეტინებდა.
_მე კი სტუდენტი, რომელიც ყურადღებას არ მოგაქცევდა, მაგრამ დედლაინამდე ღამეს გაათევდა, რომ შენი აზრის საპირისპირო დაემტკიცებინა.
_და აუცილებლა ვიკამათებდით.
_ჰო, ბოლოს დამითმობდი, როცა მოგებზრდებოდა...მირჩევდი წიგნებს, რომელთა შესახებაც არასდროს მსმენია. ნაწარმოებებს, სახელებით, რომელთა წარმოთქმასაც ვერ შევძლებდი.
_და შენ იტყოდი, რომ უკვე წაკითხული გქონდა._თქვა და კიდევ უფრო მიუახლოვდა.
_ცხადია. ვიკიპედიას გადავხედავდი და ისეთ ფრაზებს დავიზეპირებდი, როგორიცაა „სიმბოლური ძალადობა“ და „ზღვრული იდენტობა” და იმედი მექნებოდა, რომ ვერ შეამჩნევდი, რომ სისულელეებს ვამბობდი.
_მაშინვე შევამჩნევდი. საშინლად უტიფარი სახე გაქვს, როცა ისეთ რამეზე იტყუები, რაც არ გაინტერესებს.
_მაგრამ ზედმეტად თავაზიანი იქნებოდი და არ შეიმჩნევდი. თავიდან._ ახლა მისგან მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა, საკმარისად ახლოს, რომ მის წამწამებში ჯერ კიდევ ჩარჩენილი წყლის წვეთები დაენახა._ელიტარულ რესტორნებში დამპატიჟებდი, უამრავი ჩანგლითა და არაკომფორტული სავარძლებით.
_მთელი დროის განმავლობაში იწუწუნებდი.
_და შენ მთხოვდი, გავჩუმებულიყავი.
_მაგრამ არ გაჩუმდებოდი, რადგან თავს ვერასოდეს იკავებ როცა გგონია, რომ ინტელექტუალურად უპირატესი ხარ._უკვე იღიმოდა._და შემდეგ დაჟინებით მოითხოვდი „მაკდონალდსში“ წასვლას, რადგან „არაა საჭირო, ყველა ვახშამი კულტურული გამოცდილება იყოს, ალექსანდრე._თქვა მისი ხმით.
_ზუსტად! მერე ერთად გადასვლას გადავწყვეტდით და აუცილებლად ვიჩხუბებდით კედლების ფერებსა და დეკორაციებზე.
_ყველაფერი თბილი და ხმაურიანი მოგინდებოდა – ბალიშები ისეთ ფერებში, რომლებიც ბუნებაში არ არსებობს.
_შენ კი მთელ სახლს თეთრად შეღებავდი, რადგან „უკვდავი და დახვეწილია.“_თვალები გადაატრიალა.
_სამეზობლოს ყველა მაწანწალა კატის სახლში მოყვანას მოიურვებდი.
_მხოლოდ ერთ კატას ავიყვანდი...ან ორს, თუ წყვილი იქნებოდნენ. შენ კი იტყოდი, რომ ალერგიული ხარ, იმის მიუხედავად, რომ არაფერზე გაქვს ალერგია, გარდა ნამდვილი ადამიანური გრძნობებისა და იმის აღიარებისა, როცა ცდები.
_ყვავილებზეც. მაგრამ მაინც გიყიდდი. ყოველ პარასკევს.
_არ დაგავიწყდებოდა._კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკე._მაგრამ ხომ იცი, რომ ძალიან მალე მოვკვდებოდით მოწყენილობისგან.
_კი, ნამდვილად ასე იქნებოდა._ღიმილი გაუქრა.
_მთელი ეს ოჯახური ნეტარება, ეს ჩვეულებრივი ბედნიერება ორივეს გაგვაგიჟებდა.
_მოგენატრებოდა ადრენალინი, საფრთხის მუდმივი განცდა.
_შენ კი – ჭადრაკის თამაში, სტრატეგია, შენი ყურადღების ღირსი მოწინააღმდეგეების ყოლა.
_ჩუმი სიყვარულისთვის არ ვართ შექმნილები.
_არა. ჩვენ მხოლოდ ისეთი სიყვარული შეგვიძლია, რომელიც ყველაფერს წვავს.
წამით ხმა აღარ ამოუღიათ, მხოლოდ თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს.
_რა ვუყოთ ამას?_იკითხა ბოლოს მამაკაცმა.
_შევწყვიტოთ თავის მოჩვენება, თითქოს სხვანაირები შეგვიძლია ვიყოთ._თითის წვერებზე აიწია და ყელზე მოეხვია.
_და ვინ ვართ?
_შენ ალექსანდრე დარჩია ხარ._თითები ფრთხილად აასრიალა მის თმებში._მთავრობის სპიკერი. პროფესიონალი მანიპულატორი. კაცი, რომელიც უძრავად დგას, სანამ სხვა ადამიანების სამყარო იწვის, რადგან დიდი სურათი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდუალური მსხვერპლი.
მამაკაცს სუნთქვა შეეკრა და თვალებში რაღაც ბნელი გაუკრთა.
_კიდევ რას მეძახდი?_ხელები წელზე მოხვია და უფრო ახლოს მიიზიდა._მომწონდა შენი კომენტარები.
_“გაზლაითინგის პრინცზე“ რას ფიქრობ?_შესთავაზა გამომცდელად.
_კრეატიულია._მისი თითები ახლა თეძოებზე ეხებოდნენ._კიდევ?
_ფსიქოლოგიური ომის ექსპერტი._სუნთქვა გაუხშირდა, როცა შეხება კიდევ უფრო მიზანმიმართული გახდა.
_განაგრძე!_ბოხი ხმით უბრძანა._მისი ხელები უკვე პერანგის ქვეშ დასრიალებდნენ.
_მთავრობის...ოქროსფერი რეტრივერი._ძლივს ამოთქვა, სანამ დარჩია ნელა, მტანჯველად უკოცნიდა ყელს._ძალიან ერთობი, ხომ?
_ვტკბები._ამჯერად გოგონას სახე მოიქცია ხელებში._რაო, რას ამბობდი? „თუ ფანტასტიკა გაშინებთ, შესაძლოა არასწორ სფეროში ხართ, ბატონო დარჩია!“
_ვიცოდი, რომ კითხულობდი ჩემს პოსტებს_ნიშნისმოგებით უთხრა და ოდნავ მოშორდა._შენი ჯერია!
_მაცადე, გავიხსენო...თავიდან ვფიქრობდი, რომ აუტანელი იყავი.
_მხოლოდ აუტანელი?_წარბი აწია.
_ამპარტავანი პატარა იდეალისტი გმირის კომპლექსით და საშიში ენით.
_და?_ნინას ხმამაღლა ეცინებოდა.
_თავის ტკივილი...ცეცხლთან მოთამაშე.
_მე უფრო ორიგინალური ვარ. მაგრამ განაგრძე, კიდევ მაინტერესებს._დაინტრიგებულმა ხელები გადაიჯვარედინა.
ალექსანდრემ ყოყმანით შეხედა - მხოლოდ ერთი წამით - შემდეგ ხმა ჩაუწყდა:
_გაუმართლებლად მამაცი. გამაღიზიანებლად ლამაზი.
გული აუჩქარდა, მაგრამ არ შემკრთალა.
_ეს არასდროს გითქვამს.
_მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი._ისევ მიუახლოვდა და ყბაზე თითი ჩამოუსვა._იმ მომენტიდან, როცა იმ შეხვედრების ოთახში დაგინახე ანთებული თვალებით.
_ანუ ის დაცინვა მხოლოდ ნიღაბი იყო?
_ნიღაბი, ყურადღების გადატანა, უარყოფა. აირჩიე.
_კარგი მსახიობი იყავი!_გაეღიმა.
_შენ კი რთულად რთულად დასაიგნორირებელი.
_ანუ თავიდანვე არ გქონდა შანსი.
_არც ერთი წამით._სწრაფად დაეწაფა მონატრებულ ტუჩებს და საწოლისკენ უბიძგა, თავის შეკავება აღარ შეეძლო.
_მაინც არ მომწონს შენი საუბრის მანერა._გოგონა საუბარს არ წყვეტდა, სანამ დარჩია მოთმინებით უხსნიდა ჯინსის ელვას._ეს ნელი, დამამცირებელი ტონი, თითქოს განსაკუთრებით სულელ ბავშვს უხსნი ელემენტარულ ცნებებს.
_ვიცი, რომ გიყვარს ჩემი ხმა._უდარდელად ჩაიბურტყუნა და შარვალი ოთახის მეორე ბოლოში მოისროლა.
_ვიტან, რადგან რადგან ალტერნატივა შენი საშინელი რელიზების კითხვაა.
_ჩემი რელიზები ლაკონური და ფაქტობრივია.
_ისინი მოსაწყენი და უსულოა, როგორც მათი ავტორი._უემოციოდ ამბობდა, მაგრამ მისი სხეული საპირისპიროს ამტკიცებდა.
_მატყუარა._ალექსანდრემ ხელები მისი პერანგის ღილებზე გადაიტანა.
_მე არ ვარ მატყუარა ამ ურთიერთობაში.
_ორივე ვტყუით. განსხვავება ისაა, რომ მე ვაღიარებ.
_განსხვავება ისაა, რომ შენ ისეთ რაღაცებზე იტყუები, რაც მნიშვნელოვანია.
_შენ კი..._მხარზე აკოცა და ნაზად უკბინა._იმაზე, რომ ეს არ გენატრება.
_ვინ გითხრა, რომ მენატრება?
_არა? მაშინ რატომ ხარ აქ?
_იმიტომ, რომ...საშინელი გემოვნება მაქვს. არავინაა იდეალური.
_კიდევ კარგი._საბოლოოდ გაათავისუფლა ტანსაცმლისგან და კოცნით დაუყვა მის სხეულს._მორჩი?
_მაინც მგონია, რომ მანიპულატორი ნაძირალა ხარ._თვალდახუჭულმა ამოიოხრა, როცა ტუჩები მუცელზე იგრძნო.
_ვიცი.
_და მორალურად გაკოტრებული.
_ალბათ.
_და ხალხს ჭადრაკის ფიგურებივით იყენებ.
_მხოლოდ მაშინ, როცა საჭიროა..შენ არასოდეს.
_რატომ არა?
თავი ასწია, რომ მისთვის შეეხედა.
_იმიტომ, რომ შენ ფიგურა არ ხარ, ნინა. მთელს დაფაზე უფრო მნიშვნელოვანი ხარ.
გოგონას გამომეტყველებაში რაღაც შეიცვალა, თითქოს ბოლო კედელი ჩამოინგრა. მისი სახე თავისკენ მიიზიდა და ფრთხილად შეეხო ტუჩებზე.
ალექსანდრე ამჯერად უფრო ნაზად, აუჩქარებლად კოცნიდა. კონცენტრირებული იყო არა იმაზე, რაც სურდა, არამედ ქალზე, რომელიც ამ მოპარულ მომენტში მისი მთელი სამყარო გახდა.
მშვიდი ინტენსივობით მოძრაობდნენ, ყოველი შეხება იმას გამოხატავდა, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემდნენ. ეს არ იყო უბრალოდ სიყვარული - ეს იყო რაღაც უფრო ბნელი, უფრო რთული, უფრო გულწრფელი.
მოგვიანებით, უბრალოდ სიჩუმეში იწვნენ ერთმანეთში გადახლართულები. ნინას თითები დარჩიას მკერდზე წრეებს ხატავდნენ, თავი კი მხარზე ჰქონდა მიდებული. ალექსანდრეს ხელი ნაზად მოძრაობდა მჭედლიშვილის თმაში.
_რაღაც გადავწყვიტე._ფრთხილად დაიწყო გოგონამ.
_უნდა ვინერვიულო?
_შენ არა, ჩემს რედაქტორს მოუწევს, როცა ვეტყვი, რომ სტატიას აღარ ვაქვეყნებ.
_ნინა...
_მაცადე, სანამ გადავიფიქრებ._ღრმად ამოისუნთქა._მინდა ყველაფერი მოგცე, რაც მაქვს. მთელი ჩემი კვლევა, ყველა წყარო, მთელი ის ჭუჭყი, რასაც თვეების განმავლობაში ვპოულობდი.
_სერიოზულად?
_სრულიად სერიოზული ვარ. მინდა, ამ ერთხელ შენს მხარეს ვიბრძოლო, ვიდრე წავალ.
_ხვდები, რას ამბობ?
_მშვენივრად მესმის._წამოჯდა და ზეწარი შემოიხვია._ვთმობ ჩემს ისტორიას. ჩემს ექსკლუზივს. ჩემს დიდ წარმატებას.
_და, შესაძლოა, შენს რეპუტაციას, თუ ამას ვინმე გაიგებს. მთელ შენს კარიერას.
_შეიძლება. ან იქნებ საბოლოოდ ვიყენებ ჩემს უნარებს ისეთი რამისთვის, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი სახელი.
ალექსანდრე მის გვერდით ჩამოჯდა და ორივე ხელი თმაში გადაისვა.
_ანუ ყველაფერს წყალში ყრი...
_გგონია, შენს გამო?_მთლიანად შებრუნდა მისკენ._რაღაც მცდარი რომანტიკული იდეისთვის, რომ ერთად შეგვიძლია ქვეყნის გადარჩენა?
_მაშინ რატომ?
დიდხანს ჩუმად იყო და სიტყვებს ფრთხილად არჩევდა.
_იმიტომ, რომ დავიღალე აუთსაიდერობით._თქვა ბოლოს და ბოლოს._ქვების სროლით სისტემისთვის, რომლამდეც ვერ აღწევენ, სტატიების წერით, რომლებიც ადამიანებს დანაშაულის გრძნობას მხოლოდ ხუთი წუთით უღვიძებს, სანამ კომფორტულ ცხოვრებას დაუბრუნდებიან.
_და გგონია, ჩემთან მუშაობა განსხვავებული იქნება?
_ვიცი, რომ ეფექტური იქნება._ხელი ჩაკიდა და თითები მისაში ახლართა._ალექსანდრე, შენ იცი, როგორ ითამაშო ეს თამაში. როგორ გააკეთო საქმე, წუწუნის ნაცვლად.
_ხომ იცი, რომ ეს საქმე ზოგჯერ უდანაშაულო ადამიანების დაშავებისას თვალის დახუჭვასაც მოიცავს?
_მესმის, კი._მტკიცედ შეხედა მის მზერას._და შესაძლოა, ეს მეც ისეთივე მორალურად გაკოტრებულად მაქცევს, როგორიც შენ ხარ. მაგრამ, სულ მცირე, რაღაცას გავაკეთებ, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ სხვა ადამიანების შეცდომები აღვწერო.
_ხვდები, რას თმობ და რად გინდა იქცე?
_შენნაირად?_გაეღიმა._შეიძლება ეს არც ისე ცუდია.
_ნინა...
_ნუ._თითი ტუჩებზე მიადო._ნუ ეცდები გადამაფიქრებინო. ნუ მეტყვი, რომ შეცდომას ვუშვებ ან შედეგებს ვერ ვხვდები. აღარ ვარ შენი გულუბრყვილო პატარა ჟურნალისტი.
_არა,_რბილად დაეთანხმა._არ ხარ.
_ანუ? გამოიყენებ ჩემს კვლევას?
დიდხანს იყო ჩუმად და მის სახეს სუსტ შუქზე აკვირდებოდა.
_ანუ ვაკეთებთ ამას._თქვა ბოლოს._ერთად ვწვავთ სისტემას!
_როგორც ჩანს.
_არ გეშინია?
_კი, მაგრამ უფრო მეტად აღელვებული ვარ. ეს არასწორია, არა?
_ალბათ, მაგრამ მეც იმავეს ვგრძნობ._სახეზე ორივეს საშიში ღიმილით გამოესახათ._ხომ იცი, რომ დაგიცავ, გინდა თუ არა ეს.
_შენ არასდროს აკეთებ იმას, რაც სინამდვილეში მინდა._თქვა ნინამ, მაგრამ მის ხმაში ბრაზი არ იგრძნობოდა.
_ამას არც დაგპირებივარ.
_მაგრამ ერთ რამეს უნდა დამპირდე...
_ვიცი, რასაც მთხოვ. არ შეეხებიან კონსტანტინეს, თუ მშვიდად იქნება.
_ძვირი დაგიჯდება?
მხრები აიჩეჩა.
_ალბათ, ერთი არც ისე კომფორტული სავარძელი...ნუ მიყურებ ასე, ის პოზიციაც მაკმაყოფილებს, რომელზეც ვარ.
_მიყვარხარ!_იქამდე თქვა, სანამ გაიაზრებდა და აღიარებით გაშეშებულ მამაკაცს ტუჩებზე დააცხრა. უკვე კარგად იცნობდა მათ გემოს, მაგრამ თავს ისე გრძნობდა, თითქოს პირველი კოცნა იყო – და, ალბათ, რაღაც გაგებით ასეც იყო, რადგან აქამდე არასოდეს შეხებიან ერთმანეთს ნიღბების, ტყუილების, თავის მოჩვენების გარეშე.
_ნინა, ფრთხილად, შეიძლება დამახრჩო!_ნახევრად სიცილით უთხრა, კოცნებს შორის ოდნავ ამოსუნთქვა რომ შეძლო.
_რამე პრეტენზია გაქვს?_ჰკითხა წარბაწეულმა, ისე, რომ თითქმის არ მოშორებია.
_არასოდეს_ხელები აწია „დანებების ნიშნად“._მაგრამ ასე თუ გააგრძელებ, ვშიშობ, ამ ოთახის დატოვებას ვეღარ შევძლებ.
_მართალი ხარ._ერთხელაც აკოცა და საწოლის კიდეს მიეყრდნო._ცოტა დრო გვაქვს. უნდა გადავწყვიტოთ, თბილისში როდის დავბრუნდეთ.
_დასაწყისისთვის რამე ჩაიცვი, თორემ ვერაფერზე ვკონცენტრირდები._უხალისოდ წამოდგა და კარადიდან ხალათი ესროლა.
_ჩვენი გრძნობები ორმხრივია, ბატონო დარჩია._სცადა მზერის არიდება.
_ჩემი უფრო დიდია, დარწმ..._სიტყვა თავში მოხვედრილმა ბალიშმა შეაწყვეტინა._კარგი, ვიცვამ. რამდენიმე დღით კიდევ შეგვიძლია დავრჩეთ. განვიტვირთოთ, ენერგია მოვიკრიბოთ...ასე ამბობენ, დროის გაწელვა რომ უნდათ, არა?
_შენ სტრატეგიულ შესვენებას უწოდებდი._გაეღიმა და თვითონაც ადგა._რამდენიმე დღე კარგი იქნებოდა, კი.
_ჰოდა წასვლებზე აღარ ვილაპარაკოთ._ნინა მიხვდა, რომ მხოლოდ თბილისს არ გულისხმობდა.
_ხომ იცი, რომ მოგვიწევს.
_გავყოთ: ერთი კვირა სტამბოლი, სამი კვირა – თბილისი.
_ისე ამბობ, თითქოს ხელშეკრულებას აფორმებდე.
_ძალიან არაფორმალურს._მშვიდად გადაიხარა მისკენ._გავიდეთ სავახშმოდ?
_ადგილს მე შევარჩევ.
_არც მიფიქრია, რომ ხმის მიცემის უფლება მქონდა.
_დემოკრატია მკვდარია._გაუღიმა და სააბაზანოსკენ გაემართა.
_დახმარება არ გჭირდება?
_შამპუნს როგორმე მივწვდები, ასეთი დაბალიც არ ვარ._გაეცინა, მაგრამ სანამ წყალს მოუშვებდა, დარჩია უკვე კარის ჩარჩოსთან იყო.
_ახლა ერთ გუნდში ვმუშაობთ, ხომ არ დაგავიწყდა?_ნებართვას არ დალოდებია, ისე დადგა მის უკან.
_ძალიანაც ნუ მიეჩვევი!_ეცადა, წელზე მოხვეული ხელი დაეიგნორებინა.
_ვშიშობ, უკვე გვიანია.
_მეგონა, დასახმარებლად შემოხვედი._წარბაწეული შემობრუნდა.
_რა თქმა უნდა, მკაცრი პროფესიონალიზმი._ჩაახველა და ნაზად დაიწყო შამპუნის შეზელა მის თმებში._ვიცი, მოგენატრები.
_რა ამპარტვნული განცხადებაა, ბატონო სპიკერო.
_უბრალოდ ფაქტია.
_კომენტარს ვერ გავაკეთებ ფანტასტიკის ჟანრზე._დაცინვით ჩაილაპარაკა და ხელი უჯიკა, როცა შამპუნმა თვალები აუწვა.
_ერთი სული გქონდა, მაგ ფრაზას როდის მიხსენებდი, არა?
_პირველივე წამიდან... ვეღარ ვახელ, იდიოტო.
_იმიტომ, რომ თვალებში ვერ უნდა მიყურებდე, როცა იტყუები._რამდენიმე წამით უყურა მის წვალებას, სანამ დახმარებას გადაწყვეტდა._ამიერიდან გეცოდინება, რომ სპიკერზე სიტყვიერი თავდასხმები ჩვენი გუნდური მუშაობის მოდელის ნაწილი არ არის.
_დიქტატურა გამოაცხადე?
_არა, უბრალოდ სტრუქტურა საჭიროა.
_კონტროლს გულისხმობ.
_სემანტიკა._უემოციოდ ჩაილაპარაკა._გადაწიე თავი!
გოგონამ ამოიოხრა, მაგრამ დაემორჩილა და რამდენიმე წამით უბრალოდ იდგნენ, ორთქლი და წყალი ავსებდა მათ სიტყვებს შორის არსებულ სივრცეს. მისი ხელები მტკიცე, თბილი და ფრთხილი იყო. კონტროლს არაფრით არ ჰგავდა.
_შენ უფრო მოგენატრები!
_არა, არ ვაპირებ._გადაჭრით თქვა და წყალი გადაკეტა.
ნინას სახეზე დაბნეულობა გამოესახა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. დარჩიამ კაუჭზე ჩამოკიდებულ პირსახოცს ხელი დაავლო და უდარდელი მოძრაობებით შეუდგა მის გამშრალებას, სანამ არ გაეცინა.
_მართლა გგონია, რომ ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო სტრატეგისტს ორი გრაფიკის კოორდინაცია არ შეუძლია? რამდენადაც მახსოვს, იტალია დედამიწის მეორე ბოლოში არ გადაუტანიათ._სხვათა შორის უთხრა და კაბინიდან გავიდა.
_და ზუსტად როდის გადაწყვიტე, რომ შენთან ურთიერთობას გავაგრძელებდი?_ისიც უკან მიჰყვა.
_უკომენტაროდ.
_სერიოზულად!
ამოიოხრა და ხელი სველ თმაზე გადაისვა.
_არ მინდა კამათი. გადაწყვეტილება შენზეა. ყოველთვის._ოდნავ დაიხარა და ხმას დაუწია._მაგრამ მე ძალიან დარწმუნებული ვარ ჩემს მოლაპარაკების უნარებში.
მჭედლიშვილმა ღიმილი ვეღარ შეიკავა.
_ვერაფერს დავუწუნებ შენს უნარებს, უნდა ვაღიარო.
_კარგია, მომწონს როცა ერთ აზრზე ვართ.
ზურგიდან მოეხვია და სარკეში მათ ანარეკლს დააკვირდა. ორთქლი სილუეტებს აბუნდოვნებდა, მაგრამ არა მათ შორის არსებულ უსიტყვო კავშირს. გამოსახულება მუნკის „კოცნას“ ჰგავდა – ლამაზი და შემზარავი, სასოწარკვეთილი ჩახუტება, სადაც ვნება და ტკივილი განუყოფელი იყო.
_ერთად შეუჩერებლები ვიქნებით!_ჩურჩულით, მაგრამ მტკიცედ უთხრა!
_მაშინ დროს ნუ დავკარგავთ!_ნინაც დაეთანხმა და ადრენალინის მოზღვავება იგრძნო._ერთი სული მაქვს, ცეცხლს როდის ავანთებთ!..

The End


***
მთელი გულით გიხდით უდიდეს მადლობას, რომ ბოლომდე გამომყევით ამ „მოგზაურობაში“. თქვენი მხარდაჭერა, ცნობისმოყვარეობა, მოლოდინი იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
დასასრულზე ბევრი არ მიფიქრია. არა, გატყუებთ, ვიფიქრე, მაგრამ ამ პერსონაჟებისთვის სხვაგვარი თავიდანვე არ წარმომედგინა და ბოლომდე იმავე აზრზე დავრჩი, რომ ღია უნდა დამეტოვებინა – რეალურად ახლა იწყება ყველაფერი, თუმცა თუ ჩემსავით კარგად გაიცანით ნინა და ალექსანდრე, რთული გამოსაცნობი არაა, რომ არაფერზე დაიხევენ უკან.
კიდევ ერთხელ მადლობა და მოუთმენლად ველი თითოეული თქვენგანის შეფასებებს. ეს ის შემთხვევაა, როცა „კომენტარის გარეშე“ დატოვება არ შეიძლება smile მიყვარხართ heart_eyes



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

ჩემი აზრით, ეს ღია დასასრული იდეალური გადაწყვეტაა.
წყვილი შეუდარებელი!
ნამდვილი ხანძარი ყველა გაგებით და მაინც, იდეალური თანხვედრა.
კაცმაც და ქალმაც, როცა ურთიერთობაში არიან,უნდა იცოდნენ სად გაჩერდნენ, რაზე გადის მათი ბედნიერების ხიდი, რა დევს სასწორზე და რისთვის ღირს ბოლო ამოსუნთქვამდე ბრძოლა.

მადლობა, რომ გამოჩნდით და თქვენი ნიჭის სამყაროსთვის გაზიარება გადაწყვიტეთ.
არაჩვეულებრივად წერთ და ვფიქრობ სწრაფად პროგრესირებადიც ხართ.
წარმატებებს გისურვებთ.

 


№2  offline წევრი Daisyd

მე♥უცნაურე
ჩემი აზრით, ეს ღია დასასრული იდეალური გადაწყვეტაა.
წყვილი შეუდარებელი!
ნამდვილი ხანძარი ყველა გაგებით და მაინც, იდეალური თანხვედრა.
კაცმაც და ქალმაც, როცა ურთიერთობაში არიან,უნდა იცოდნენ სად გაჩერდნენ, რაზე გადის მათი ბედნიერების ხიდი, რა დევს სასწორზე და რისთვის ღირს ბოლო ამოსუნთქვამდე ბრძოლა.

მადლობა, რომ გამოჩნდით და თქვენი ნიჭის სამყაროსთვის გაზიარება გადაწყვიტეთ.
არაჩვეულებრივად წერთ და ვფიქრობ სწრაფად პროგრესირებადიც ხართ.
წარმატებებს გისურვებთ.


მიხარია, რომ ერთ აზრზე ვართ ???? დიდი მადლობა ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან კარგი იყო,სხვანაირ დასასრულს არც ველოდი♥️♥️ იმედია კიდევ გაგვახარებ სიახლეებით,წარმატებები♥️♥️♥️

 


№4 სტუმარი მე❤

იდეალური დასასრული.სხვანაირად ვერც წარმომედგინა.

 


სხვანაირ დასასრულს არც ველოდი და ალბათ არც მოუხდებოდა ამ წყვილს...მადლობა და იმედია კიდევ გააგრძელებთ ახალი ისტორიების შექმნას.

 


№6 სტუმარი სტუმარი ხათუნა

შესანიშნავად გადმოსცემთ ორი დიდი ინტელექტუალის ურთიერთობას. ორი ტოლის და სწორის.
კონსტანტინეც რომ არ დაავიწყდა- ბრავოო ნინა!
მამაცი ნინა. სიყვარულიც ესეთი იცის...
ვკითხულობ ისტორიას და მაშინვე მეფიქრება, რომ ავტორი უაღრესად ინტელექტუალი, თანამედროვე და მეტიც, განათლებულიცაა.
და შორს არაა ნინას პროფესიასთან- აქ ისეთი დეტალებია.
მადლობა.
ველი ახალ ისტორიას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent