შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთქმელი სიტყვების ღაღადი


13-08-2025, 20:17
ავტორი Violet-writer girl
ნანახია 40

– ფანჯარა გამოაღე, გთხოვ, მინდა წვიმის ხმა მესმოდეს, – მთხოვა ბატონმა ზაზამ და მისმა თვალებმა სევდიანი გამომეტყველება მიიღო.
გავიფიქრე, ალბათ, წვიმა რაღაცას ახსენებს-მეთქი. სამწუხაროდ, ამ პაციენტის მდგომარეობა უიმედოა, დიდი ხანი არ დარჩენია. წლებია მედდად ვმუშაობ და ბევრი მომაკვდავი მინახავს. სიკვდილის წინ ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან და ბევრ რამეს ნანობენ, დროის უკან დაბრუნება უნდათ და რომ არ შეუძლიათ, უსუსურობის შეგრძნება ავადმყოფობაზე მეტად აწუხებთ. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ თითქოს ფიქრს მიმიხვდა, მოხუცი ალაპარაკდა:
–ყოველთვის, როცა წვიმს, მეჩვენება, რომ წვიმის წვეთები დიდი ხნის წინ სიმწრით ჩაყლაპული, საკუთარი თავისგანაც გადამალული, ცრემლების დაგვიანებული ამოხეთქვა, წვიმის წვეთების ხმა კი ვერთქმული თუ ართქმული, უთქმელი სიტყვების სასოწარკვეთილი ღაღადია.
თავსხმა წვიმის დროს წვეთები თითქოს ჩქარობენ, ცდილობენ დაკარგული დრო აანაზღაურონ და რამე გამოასწორონ, იქნებ მათ, ვისაც უნდა მოესმინა ისინი, მაგრამ ვერ ან არ მოისმინა, ახლა მაინც შეძლონ მოსმენა, მაგრამ თანდათან ხვდებიან, რომ მათი იმედი ფუჭია, უიმედობით ძალას კარგავენ, წვიმაც თანდათან იკლებს და ბოლოს სულ გადაიღებს, გადაიღებს იქამდე, სანამ ახალი იმედით აღვსილი წვიმის წვეთები კვლავ აღაღადდებიან და შეეცდებიან დაგვიანებული ამბის ადრესატამდე მიტანას.
მერე კი, მერე ისევ გადაიღებს...
გადაიღებს და ჩემი სულიც დამშვიდდება. თითქოს, რაც ვერ ვთქვი, წვიმამ თქვა, რაც ვერ ვიტირე, მან ამოიტირა...
მოხუცი ცოტა ხნით გაჩუმდა. სახეზე უდიდესი ტკივილი აღებეჭდა, რაღაცას იხსენებდა, ამოიოხრა და საუბარი განაგრძო:
– ვერ შევძელი... ვერ შევძელი, მეთქვა: „მიყვარხარ“, „დარჩი“, „მჭირდები“, „უშენოდ მოვკვდები“...
გაიღო დროის უხილავი კარი და წარსულში გადავიდა აწმყო, რომელიც უნდა ქცეულიყო მომავლად, მაგრამ ვერ შეძლო.
წავიდა... წავიდა და თან გაჰყვა მისი მე... დავრჩი, მაგრამ ვერ გადავრჩი... სული დამეხრჩო ჩაყლაპული ცრემლების მდინარეში... ვარ, მაგრამ მე აღარ ვარ... ვსუნთქავ, მაგრამ ჰაერი არ მყოფნის... დღეა, მაგრამ ჩემთვის ბნელა... მცივა, სულში მცივა... მტკივა, უმისობა მტკივა...
ვინ ვარ მე? მე მკვლელი ვარ. საკუთარ თავში მოვკალი სიყვარული, ისე, როგორც აბრეშუმის პარკში კლავენ ჭუპრს და პეპლად გადაქცევისა და გამოფრენის საშუალებას არ აძლევენ. მოვკალი სიყვარული, მაგრამ მეც მასთან ერთად მოვკვდი. სიყვარულის მკვლელი ცოცხალი ვეღარ დარჩება. სიყვარული ხომ სინათლეა, რომლის გარეშეც ადამიანში ვერ მოხდება „ფოტოსინთეზი“.
დღეს კიდევ ერთი წყეული დღე გათენდა უმისოდ...
რად მინდა მზის დანახვა, როცა მის გარეშე ჩემთვის მუდამ ღამეა?! ახალი დღის გათენებასთან ერთად, ადამიანი თითქოს ხელახლა იბადება, მე კი ყოველდღე ვკვდები. ეს ჩემი სასჯელია. უმისოდ გატარებული ყოველი დღე ჩემთვის სასიკვდილო განაჩენივითაა, მაგრამ ამ სასჯელს დამსახურებულად ვიტან ყოველდღე. ალბათ უკვე მალე მოვკვდები და ბოლო მოეღება ჩემს ტანჯვასაც.
რამდენი რამის თქმა მინდოდა მისთვის... წამი ყოფილა მართლა ცხოვრება. ვიდრე სიტყვებისთვის სულის ჩაბერვას ვცდილობდი, ყველაფერი დამთავრდა, ცხოვრებამ ელვასავით წამიერად გაიელვა და როგორც ელვას ვერ დაიჭერ, ისე ვერ შევძელი ცხოვრების დაჭერაც.
რამდენი რამის თქმა შემეძლო მაშინ, მაგრამ გონებამ არ დამანება. მკვლელია გონება, მკვლელი! გულის თითოეულ ფეთქვაში მისი სახელი ისმოდა, მაგრამ გონება ყოველთვის ახშობდა მას. ვერ შევიცანი ჩემში სიყვარული, რომელსაც თამთას მიმართ ვგრძნობდი. ჩემმა გულმა დიდი ხნის წინ ჩაიცვა მისი სიყვარულით მოქსოვილი პერანგი, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე გონებას არ სურდა ამის აღიარება.
გვიან მივხვდი, რომ ყოველთვის ის მიყვარდა! მიყვარდა, მაგრამ საკუთარ თავში მოგზაურობას დიდი ხანი მოვანდომე, გვიან შევიცანი სიყვარული ჩემში და ეს სამუდამო ტანჯვად დამიჯდა.
რატომ?! რატომაა საკუთარი თავის შეცნობა ასეთი რთული?! რატომ დამჭირდა ყველაფრის მისახვედრად წლები?! რატომ უნდა დამეკარგა იმისთვის, რომ ჩემში მეპოვა?! რატომ?!
მომინდა, რამით დამემშვიდებინა, ახლოს მივედი და ხელი მოვკიდე. ბატონ ზაზას ჩემი ხელი ეჭირა. მე მიყურებდა და თან უსასრულობას სწვდებოდა მისი მზერა. ოფლმა დაასხა, ეტყობოდა, რომ ტკივილით იტანჯებოდა, მაგრამ მაინც სიყვარულის ღიმილი ჰქონდა სახეზე.
– ოდესმე... ოდესმე ისევ შევხვდებით, სულერთია, სად, რომელ სამყაროში... შევხედავთ ერთმანეთს და ფეხქვეშ გამოგვეცლება აწმყო, დროის უხილავი ძალა ხელს გვკრავს და ორივენი წარსულის უფსკრულში გადავცვივდებით. ის ძველებურად ხელს გამომიწვდის, მეც მას, როგორც გადარჩენის ერთადერთ საშუალებას, ისე მოვეჭიდები, ერთმანეთში მოგონებებს დავინახავთ და ეს იქნება ისეთი ბუნებრივი, თითქოს დრო არც გასულა.
რას ვიგრძნობთ? სიხარულს? მწუხარებას? სინანულს? არ ვიცი, შეიძლება ორივეს სხვადასხვა გრძნობა დაგვეუფლოს, მაგრამ დროის უკან დაბრუნებისა და ყველაფრის შეცვლის სურვილი კი, ალბათ, ორივეს გვექნება, რადგან ადამიანები ყოველთვის წარსულს მისტირიან და არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისები.
რას ვეტყვით ერთმანეთს? ნუთუ სიტყვებს ექნებათ ძალა, უკან დაგვიბრუნონ დაკარგული წუთები? ნუთუ გადავურჩებით დაუფასებელი წუთების მრისხანებას? ნუთუ გავუძლებთ წარსულის ხმის სიძლიერეს, ისე, რომ სმენა არ წაგვერთვას სამუდამოდ? ნუთუ ჩვენი თვალები შეძლებენ წარსულის ნათელი ფერების შემდეგ აწმყოს შავ-თეთრი ფერების აღქმას?
რომ შეგვეძლოს თუნდაც ერთი დღის გაცოცხლება, რომელს ჩავბერავდით სულს?
რომ შეგვეძლოს...
რომ შეგვეძლოს...
ნეტავ შეგვეძლოს...
დღეს საკუთარი თვალით ვიხილე სიყვარულის ძალა, მომაკვდავი ადამიანის თვალებში ჩამდგარი სიყვარულის სხივები. სიკვდილიც კი ვერ ყოფილა სიყვარულზე ძლიერი, მანაც ვერ წაართვა მოხუცს იმის ძალა, რომ ჰყვარებოდა. სიკვდილის წინაც კი არ დაუკარგავს თამთასთან შეხვედრის იმედი, იმედი ყველაფრის გამოსწორებისა, იმედი საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნისა... მე ზუსტად არ ვიცი, რა ხდება გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ მჯერა, რომ თუ ნამდვილად არსებობს იმქვეყნიური სამყარო, იქაც განაგრძობდა თამთას სიყვარულს ზაზა.
არასოდეს დამავიწყდება მისი თვალები... როგორი სიყვარულით მიცქერდა მოხუცი, როცა სიკვდილის წინ ჩემ ნაცვლად თავის დაკარგულ სატრფოს ხედავდა. როგორ მინდოდა, რომ იმ დროს თამთა ჩემს ადგილას ყოფილიყო და მას ენახა ის სიყვარული, რომელმაც ამდენ წელს გაუძლო, ენახა გვიან, მაგრამ მთელი არსებით შეცნობილი სიყვარული...
ვგრძნობდი, რომ ეს მისი უკანასკნელი წუთები იყო, ნეტავ შემძლებოდა მისი დახმარება, მაგრამ ახლა მხოლოდ მოსმენით თუ დავეხმარებოდი, რომ სიკვდილის წინ მაინც ამოეთქვა წლების განმავლობაში დაგროვილი სათქმელი, რომელიც ამხელა ტკივილს აყენებდა თავისი უთქმელობით.
მოხუცი შორს წასული ფიქრებიდან უცებ დაბრუნდა რეალობაში და მითხრა:
–ახალგაზრდავ!
ვიცი, შეიძლება დღეს სიყვარული შენთვის თაროზე შემოდებული წიგნივითაა, რომლის წაკითხვაც ახლა გეზარება და გგონია, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს. არ მინდა, რაიმე დაგაძალო, მაგრამ არც ის მინდა, რომ ჩემსავით გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, შენი ცხოვრების ერთადერთი ნამდვილი სიყვარული ქარს გაატანო და მხოლოდ მოგონებები დაიტოვო სანუგეშოდ. ყველა საჭირო სიტყვა დროულად უნდა თქვა, თორემ უთქმელი სიტყვები აუცილებლად იძიებენ შურს. ვერაფრით გადაურჩები მათ შურისძიებას.
გიყვარს? უთხარი! ყველაფერი უთხარი! იბრძოლე! არ დანებდე! თორემ მერე გეტკინება... უთქმელი სიტყვები გეტკინება, მისგან შენში დარჩენილი სიცარიელე გეტკინება, სიცოცხლეც გეტკინება მის გარეშე...
გავა წლები, გავა, მაგრამ ვერ იგრძნობ... ვერ იგრძნობ, იმიტომ, რომ დრო შენთვის იქ შეწყვეტს სვლას, სადაც მას დაშორდები...
სანამ დროა, შეიცანი სიყვარული შენში და ნუ დაკარგავ! ნუ დაკარგავ ნურც მას და ნურც საკუთარ თავს! თავგანწირვა სიყვარულისთვის ბრძოლით გამოხატე და არა დანებებითა და თავის დაკარგვით!
იბრძოლე, სანამ გვიანი არაა!
სანამ შენთანაა!
სანამ სუნთქავ!
სანამ დღეა!
სანამ თბილა!
სანამ გრძნობ!
გიყვარდეს!
უთხარი!
აგრძნობინე!
იბრძოლე!
არ დანებდე!
არ დაკარგო დრო!
ერთი ამოსუნთქვით მითხრა ეს სიტყვები და ძალაგამოცლილმა თვალები დახუჭა.
საწოლის გვერდით, ტუმბოზე იდო გრიგოლ აბაშიძის „ლაშარელა“, რომელიც ერთ-ერთ გვერდზე იყო გადაშლილი. მივხვდი რატომაც, იქ დაწერილ ლექსს თავის თამთას უძღვნიდა:
„მე იმ დღეებს ვერ ვივიწყებ, იმ გაფრენილ წამთა,
როცა ცაში მიუწვდომლის სიახლოვე მწამდა.
ახლა ვდგავარ შავ უფსკრულთან, პირდაღებულ ხრამთან,
თამთა, სად ხარ, საოცნებო, გაფრენილო თამთა?!
გაზაფხული ვეღარა სძლევს სულში ჩამდგარ ზამთარს,
მე უშენოდ დარშიც მყინავს, თამთა, თამთა, თამთა..
შენს საძებრად ღრუბელივით ხევ-ხევ ვივლი, მთა-მთა,
ცხრამთას იქით დაკარგულო, თამთა, თამთა, თამთა...“
თვალებიდან ერთბაშად წამსკდა ცრემლები, რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვიკავებდი, რომ ბატონ ზაზას არ დაენახა. ერთდროულად წუხილსაც ვგრძნობდი და სიხარულსაც. წუხილს მოხუცის გამო, სიხარულს კი იმის გამო, რომ მე ჯერ კიდევ მქონდა შანსი, მეტად დამეფასებინა დრო, არ დამეკარგა არცერთი წუთი და გამეკეთებინა დღეს ის, რაც ხვალისთვის მქონდა გადადებული.
–აუცილებლად ვეტყვი! – შევპირდი მოხუცს და პალატიდან გავედი ჩემი სამომავლოდ გადადებული სიყვარულის გადასარჩენად.
– არ დაკარგოთ დრო! – დღეს თითქოს ეს გვითხრა წვიმამაც და გადაიღო, ალბათ იქამდე, სანამ ახალი ამბის მოსაყოლად საჭირო წვეთებს შეაგროვებს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent