უფლის სახელით
ეკლესიაში ვდგავარ. გვერდით მათხოვარი მიდგას და ალბათ მასაც არ უჭირს ჩემსავით. მთხოვა დამეხმარეო. ვუყურებ და ვფიქრობ, მე კი დაგეხმარები, მაგრამ შენ თუ შეგიძლია ჩემი დახმარება-მეთქი. ნაცვლად ამის თქმისა, ჩანთიდან ვიღებ ხურდას, ვუწვდი და ცხარე ცრემლებით ვტირი. ის კი ჩუმ-ჩუმად აპარებს ჩემკენ თვალს და ალბათ გულში ხვდება, რომ მასზე მეტად დასახმარებელი მე ვარ... „უფალო, მადლითა შენითა ჰქმენ კეთილ მონა ესე შენი ცირა“-უკვე ვეღარც ვითვლი, ამ ლოცვას დღეში რამდენჯერ წარმოვთქვამ. მეგობარმა მირჩია, მრისხანებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებაო. წარმოგიდგენია? მე და მრისხანება, მე და სიძულვილი. შენ სიძულვილი არ შეგიძლიაო, ერთხელ მითხარი. მეც მასე მეგონა, მასე მეგონა, სანამ შენ არ მასწავლე სიძულვილი... იცი, არც კი ვიცი, იმას რა ჰქვია, რასაც ახლა შენ მიმართ ვგრძნობ. სიძულვილი? ზიზღი? ბრაზი? იმედგაცრუება? ხან მგონია, რომ შენს მოკვლასაც თავისუფლად შევძლებდი, მაგრამ თუ საკუთარ თავთან გულახდილი ვიქნები, სინამდვილეში ეს სიძულვილი შენთან ვერყოფნით გამოწვეული აუტანელი ტკივილია; უშენოდ დარჩენილი მეს სიძულვილია; უიმედო მოლოდინია; შენ გარეშე გათენებული დღეების დაღამებაა; შენზე ფიქრებით გათენებული ღამეების ძაძებია; სულში ჩასახლებული მარტოსულობის აჩრდილია; რეალობასთან გაყრილი მოგონებების კივილია; ჩვენი ოცნების ქოხის ნანგრევებქვეშ მოყოლილის განწირული კივილია; აუხდენელ ოცნებებზე მოტირალის ჩაყლაპული ცრემლებია; უსიყვარულო სიყვარულის კრახია; საკუთარი თავისგან გადამალული გრძნობების ნიღაბია; ფრთების შეკვეცით სასოწარკვეთილი, დაცემული ანგელოზის წაუკითხავი ლოცვებია... „ჩვენ შორის ღმერთმა გაიარა“ - თურმე ასე გამოითქმებოდა შუმერების ენაზე „მე შენ მიყვარხარ“. ჩვენ შორის გაიარა ღმერთმა? არა, ჩვენ ღმერთმა გვერდი აგვიარა - ალბათ, ასე გამოითქმებოდა შუმერების ენაზე ჩვენი შეუმდგარი სიყვარული. გამოვედი ეკლესიიდან. თოვს. რამდენი ხანია არ უთოვია. გახსოვს, როგორ მინდოდა, რომ გვეგუნდავა? მაგრამ სანამ ერთად ვიყავით, თოვლი არ მოსულა. თითქოს ესეც ნიშანი იყო, ნიშანი იმისა, რომ ჩვენს ოცნებებს ახდენა არ ეწერათ. პარკში, ჩვენს საქანელაზეც თოვლი დევს. ახლა ერთად რომ ვყოფილიყავით... რომ ვყოფილიყავით...როგორი თეთრია თოვლი, როგორი თეთრი და ლამაზი, სანამ ატალახდება. მერე კი შეხედვაც აღარ გინდება. როგორ ჰგავს ჩვენს ურთიერთობას. ისე ლამაზად დაიწყო, როგორიც თოვლია და ტალახივით საზიზღრად დასრულდა... ყველაფერი, რაც ლამაზად იწყება, თურმე ყველაზე საშინლად მთავრდება. რატომ, რატომ არ შეიძლება ლამაზად დაიწყოს და არც არასდროს დასრულდეს? თუმცა ყველა სიზმარი ხომ როდისღაც მთავრდება, რა მნიშვნელობა აქვს ლამაზია თუ არა, მაინც გაგეღვიძება ადრე თუ გვიან და სიზმარიც დამთავრდება. დავხუჭავ თვალებს და წამში წაგშლი, აღარ გაგიხსენებ, არასდროს, გესმის? არასდროს!... ვხუჭავ თვალებს და ვატყუებ ყველას, მაგრამ ვერა, ვერ ვატყუებ ჩემს თავს. თვალწინ მიდგას, როგორ ვისხედით აქ ერთად, როგორ მპირდებოდი, რომ სიბერეშიც მოვიდოდით და აქ დავსხდებოდით. გულს მტკენს ამ ყველაფრის გახსენება და ცრემლებს ვერ ვიკავებ. ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ჩვენს საფლავზე ვარ. რეზი + თაკო = <3 ეს წარწერა ისევ ამშვენებს პარკის იმ ბილიკს, რომელზეც არაერთხელ გაგვივლია ერთად. დასანანია, მაგრამ წყვილის მიერ გაკეთებული წარწერები ხან იმაზე დიდხანს ძლებს, ვიდრე მათი ურთიერთობა. არ ვიცი, რეზი და თაკო ისევ ერთად არიან თუ არა, მაგრამ ჩვენი გზები რომ გაიყო, ეს კი ცხადია. გახსოვს? როცა პირველად ეგ წარწერა წავიკითხე, გავიცინე და ვთქვი, რეზი ალბათ თაკოს ატყუებს-მეთქი. სინამდვილეში ეს სიტყვები შენზე აცხადდა. წინასწარმეტყველურად გაიჟღერა ჩემმა სიტყვებმა და თითქოს უკვე მაშინვე ვიგრძენი, რომ ამ ბილიკზე დიდხანს აღარ გვეწერა ერთად სიარული. როგორი ტყუილი ყოფილა ყოველი შენი სიტყვა...ყვავილებსაც კი ვეღარ ვიტან, მათაც ტყუილის სუნი აქვთ უკვე ჩემთვის. ისე გამაძღე ტყუილებით, აღარც კი მშივდება... სამწუხაროდ, შენ არ ხარ ერთადერთი მატყუარა. ტყუილის ეპიდემიაა დედამიწაზე და რატომღაც არავის ეშინია მისი, ყველამ დიდი სიამოვნებით მიიღო ის და არავინ ცდილობს მისგან თავის დაცვას... ნეტავ რეზი და თაკო მაინც თუ არიან ბედნიერები? იმედია, იმედია... გახსოვს? მეუბნებოდი, კარგი მებაღე ვიქნები, კარგად ვიცი ყვავილების მოვლაო, მაგრამ რა გააკეთე? სიბნელეში დამტოვე და წყალი არ დამისხი... ვკვდები უწყლოდ, უსინათლოდ და არც არავინაა ჩემი მშველელი. ტკივილი სადღაც სულის სიღრმეში სიმწრისგან იცინის... დროის გასვლა არაფერს ცვლის. მზე ანათებს, მაგრამ ცივია, სითბოს ვერ ასხივებს. სინათლემ დაკარგა ძალა და მთლიანად სიბნელემ შთანთქა. თვალგახელილ ბრმას ვგავარ, რომლისთვისაც მუდამ ღამეა. ყველაფერს ძველებურად ვხედავ, მაგრამ ძველებურად ვეღარაფერს აღვიქვამ. ცოცხალი ვარ, მაგრამ მხოლოდ ვითვლები ცოცხლად. სინამდვილე ისაა, რომ მე სიცოცხლეშივე გარდავიცვალე, წარსულის ბოროტმა ლანდმა შთანმთქა სამუდამოდ. აღვდგები კი მკვდრეთით? ვინ იცის, ვინ იცის... ჩემი სული უფსკრულში გადავარდნილი მანქანის მსგავსად დაილეწა და აფეთქდა. გადარჩა უსულო დამწვარი სხეული. თურმე სიკვდილზე საშიში სიცოცხლეშივე სიკვდილი ყოფილა. იქნებ სიკვდილმა მიხსნას კიდეც ამ ტანჯვისგან. მტკივა! გესმის? მტკივა! სიცოცხლე მტკივა. ეკლესიაშიც კი ვერ ვგრძნობ შვებას, რადგან ეკლესიაც შენს თავს მახსენებს. მახსენდება ერთად როგორ ვანთებდით სანთლებს, როგორ მკოცნიდი შუბლზე ხატების წინ, როგორ მეუბნებოდი, რომ შენი ოცნება ჩემთან ერთად საკურთხეველთან მისვლა იყო, რომ ჩემთან ერთად გინდოდა სიკვდილამდე და მის შემდეგაც, მარადისობაში...ჩვენი პირველი პაემანიც ხომ ეკლესიაში იყო. როგორ შეგეძლო, უფლის სახელით ჩემთან მოსულს, ისეთი ლამაზი სიტყვების მერე ასეთი ულამაზო საქციელის ჩადენა? რა აზრი აქვს სიტყვების თქმას, რომლებსაც არასდროს შეასრულებ? შეიძლება მე მომატყუო, ჩემსავით გულუბრყვილო კიდევ ათასი გოგო მოატყუო, მაგრამ როგორ აპირებ უფლის მოტყუებას? რა პასუხს გასცემ, როცა მის წინაშე მოგიწევს წარდგომა? გგონია, მკვლელობაზე ნაკლები დანაშაულია ადამიანისთვის სულში ჩაფურთხება? მით უმეტეს, იმ ადამიანისთვის, რომლის გულიც და სულიც შენი სიყვარულით იყო სავსე... დამიჯერე, ადამიანის სულიერად მოკვლა და მოსიარულე მიცვალებულად ქცევა ბევრად უფრო სასტიკი დანაშაულია, ვიდრე მისი ფიზიკურად მოკვლა. წახვედი და მარტო დამტოვე ჩემს ტკივილებთან, არადა, მპირდებოდი შენზე ყოველთვის ვიზრუნებო. როგორ უეცრადაც გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, ასევე უეცრად გაქრი, მაგრამ რა ვუყო იმ მოგონებებს, რომლებსაც ვეღარ გავაქრობ? ყოველი ჩვენი ადგილის გავლისას, თითქოს მინის ნამსხვრევები მერჭობა ფეხებში და აუტანელ ტკივილს ვგრძნობ. ყველგან მეჩვენება, რომ ისევ იქ ხარ, მაგრამ რეალობა მწარეა, შენ წახვედი, წახვედი და დამტოვე შენზე მოგონებებთან ერთად, შენსავე შექმნილ ცრუ სამყაროში, რომლიდანაც ვეღარ გამოვდივარ... დრო მოვა, ინანებ...ერთ დღესაც შენც ასე მიგატოვებენ, მარტო დარჩენა ცხოვრებას გაგიმწარებს, სულიერ სიცივეს იგრძნობ და არავინ იქნება გვერდით, რომ გაგათბოს... არავინ გეყოლება, რომ გაგაღიმოს... არავინ გეყოლება, რომ განუგეშოს, მარცხი გადაგატანინოს და მომავლის რწმენა ჩაგინერგოს.... ინანებ, მაგრამ ვაი, რომ გვიან იქნება... ვაი, რომ აზრი აღარ ექნება სინანულს, ვეღარაფერს შეცვლი, წარსულს ვერაფრით დააბრუნებ... თვითონ გადახვალ წარსულში, იქ ყველას ნახავ, ვისაც გული ატკინე, მაგრამ აწმყოდან გადასული მოჩვენება ისეთივე შეუმჩნეველი იქნები მათთვის, როგორც ერთ დროს ისინი იყვნენ შენთვის... გეტკინება, ისე გეტკინება, როგორც მათ ატკინე...იმაზე მეტად გეტკინება, ვიდრე ახლა მე მტკივა... გეტკინება, მაგრამ ვერავინ გიწამლებს, ვერავინ დაგიამებს მარტოსულობის ტკივილებს... ყველაფერს, რასაც მას ვერ ვეუბნებოდი, ვწერდი. ვწერდი და მერე ამ ნაწერებს ვანადგურებდი. ნეტავ მოგონებების განადგურებაც შემეძლოს. ან იქნებ არც ღირს? იქნებ ჯობია ყველაფერი კარგად მახსოვდეს, რომ მომავალში გავითვალისწინო და აღარავინ მივიჩნიო ანგელოზად, რომ შემდეგ მასში სატანის დანახვისას აღარ ვიგრძნო ამხელა იმედგაცრუება. ტკივილი სწორედ იმედგაცრუებას მოაქვს. როცა წინასწარ მზად ხარ მარცხისთვის, დამარცხება ისეთი მტკივნეული აღარაა, როგორც მაშინ, როცა თვლი, რომ წაგება გამორიცხულია, უცებ კი საპირისპიროდ ხდება ყველაფერი. ყველა იმედი, ყველა ოცნება, ყველა წარმოდგენა თავზე გენგრევა. ეს მიწისძვრის დროს შენობის ნანგრევებქვეშ მოყოლას ჰგავს. იმედგაცრუების ტკივილი ნანგრევებივით გაწვება და სუნთქვაში გიშლის ხელს. მე რომ ის ანგელოზად არ წარმომედგინა, არ მექნებოდა ასეთი რეაქცია მის ტყუილებზე. ადამიანისგან ტყუილიც ჩვეულებრივი ამბავია და ღალატიც, აი, ანგელოზისგან კი წარმოუდგენელია. რატომ მეგონა ანგელოზი? პირველ რიგში, მისი ეკლესიურობის გამო. ეკლესიაში გავიცანით ერთმანეთი. ის უფლის სახელით მოვიდა ჩემთან. თავიდანვე ღმერთზე საუბარმა დაგვაახლოვა. თავისი ხელით გაკეთებული ჯვარი მაჩუქა, თავისი ხელით გაკეთებული სამაჯური გამიკეთა ხელზე. ისე საუბრობდა, ისე იქცეოდა, წესიერებისა და პატიოსნების განსახიერება იყო, ყველაფერს ვერც გადმოვცემ. შემაყვარა თავი და გაქრა. ჰო, აი, ასე უბრალოდ, ერთ დღესაც გაქრა. სოციალურ ქსელში დამბლოკა, ტელეფონის ნომერიც გამოცვალა და იმ სახლიდანაც წავიდა, რომელიც ნაქირავები ჰქონდა. ისევ სოციალურ ქსელში დავიწყე მისი ძებნა და მისი ნამდვილი გვერდი აღმოვაჩინე. შოკში ჩავვარდი, გვარი ნამდვილი უთქვამს, მაგრამ სახელი სხვა რქმევია და რაც ყველაზე მთავარია, ცოლ-შვილი ჰყოლია. თურმე ადამიანი, რომელიც ჩვენს საერთო მომავალს გეგმავდა და მარადიულ სიყვარულს მპირდებოდა, უკვე დაოჯახებული ყოფილა. ღმერთო, რა საშინელებაა იმის გაგება, რომ ცოლშვილიან მამაკაცზე ხარ შეყვარებული. თან როგორ კაცზე? რომელიც ორმაგად დამნაშავეა. თავის ცოლთანაც და ჩემთანაც. როცა უთქმელად მიმატოვა, მაშინვე შემძულდა, მაგრამ ახლა საკუთარი თავიც მძულს ასეთი ამაზრზენი კაცის სიყვარულის გამო. როგორ შეეძლო?! რაში სჭირდებოდა ჩემი მოტყუება?! განა ცოტაა ისეთი ქალი, ვინც ცოლიანი კაცის საყვარლობაზე თანახმაა? რაღა ჩემნაირი გულუბრყვილო გოგოსთვის უნდა აეგო ოცნების კოშკები?! სოფლიდან ქალაქში სამუშაოდ ჩამოსულმა უცებ თავი მართლაც უცოლოდ წარმოიდგინა და მოინდომა შეყვარებულობანას თამაში. ვერ მოვითმინე და მაინც მივწერე, მინდოდა გაეგო, რომ ყველაფერი გავიგე, მან კი ვითომც არაფერი, იცით რა მითხრა? ახლა ხომ უკვე იცი სიმართლე და ყველაფერი თავიდან შეგვიძლია დავიწყოთ, ცოლად ვერ შეგირთავ, მაგრამ შეგვიძლია ისევ შეყვარებულები ვიყოთო. არანაირი დანაშაულის გრძნობა, თურმე საერთოდ არ აქვთ სინდისი ასეთ ადამიანებს. ასეთისთვის რაღა უნდა მეთქვა? უთქმელად დავბლოკე. როგორი მატყუარა და გრძნობებზე მოთამაშე ყოფილა, მე კი რადგან ეკლესიაში გავიცანი, ღვთისგან გამოგზავნილი საჩუქარი მეგონა. რა სულელი ვიყავი. არა, მე ასეთი კაცი არ მყვარებია. მე მხოლოდ ჩემი წარმოდგენა მიყვარდა. ჩემს წარმოდგენაში კი ის ასეთ სულმდაბალ საქციელს ვერასდროს ჩაიდენდა. რა წამსაც სიმართლე გავიგე, იმწამსვე დასრულდა ჩემში ის გრძნობა, რასაც მის მიმართ განვიცდიდი და იმხელა სიცარიელე დამრჩა, რომ ვეღარც წარმომიდგენია, როდისმე თუ შეივსება. გავბრაზდი მასზეც, საკუთარ თავზეც და ღმერთზეც, ასეთი ტკივილისთვის რომ გამიმეტა. გავბრაზდი, მაგრამ ღმერთზე უარი გაბრაზებულმაც ვერ ვთქვი და ამიტომაც ვკითხულობ გამუდმებით მრისხანების საწინააღმდეგო ლოცვას: „უფალო, მადლითა შენითა ჰქმენ კეთილ მონაჲ ესე შენი...“ მარჯვენა ხელზე ნაიარევი მაქვს. ეს ნაიარევი მხოლოდ ნაიარევი არაა. ის მუდამ მახსენებს, რომ სიძულვილს მხოლოდ დამახინჯება შეუძლია. ეს ნაიარევი ყოველთვის გამახსენებს იმ დღეს, როცა სიმართლე გავიგე და მის ყველა საჩუქარს სასტიკად გავუსწორდი. ჩვენი განშორებიდან 6 თვის განმავლობაში მათ კარადაში ვინახავდი და კარადის გაღებისაც კი მეშინოდა, რომ მათთვის თვალი არ მომეკრა. ვერც ველეოდი მათ და არც მათი დანახვა მინდოდა. მთელი მისი „ზღაპრული სიყვარული“ და ჩემი ოცნებები ერთ ყუთში ინახებოდა. საჩუქრები ზოგისთვის დაშორების შემდეგაც ძვირფასია და ამიტომაც ვერასდროს ელევიან მათ, მაგრამ რა უნდა ყოფილიყო ჩემთვის ძვირფასი, როცა ყველაფერი ტყუილი იყო? სიყვარულით რომ ეჩუქებინა, ალბათ მათ ვერასდროს გადავყრიდი, მაგრამ მისი სიყვარული ისეთივე ყალბი აღმოჩნდა, როგორიც მისი ყველა სიტყვა, ჩემთვის ნათქვამი. ამიტომ ეს ყუთი ჩემთვის სასიამოვნო კი არა, მტკივნეული მოგონება იყო, მისი ტყუილების ნაკრები, რომელიც აუცილებლად უნდა მომეშორებინა სახლიდან. მძულდა ისიც და მისი ტყუილების ნაკრებიც. მისი ფოტო გავხსენი კომპიუტერში და მისსავე თვალწინ გავუსწორდი ყველაფერს. რაც გასატეხი იყო, დავლეწე, რაც დასაჭრელი იყო, დავჭერი და სწორედ ამ დროს მივიღე ეს ჭრილობაც, როცა ხელით შევეხე ჩემს დამსხვრეულ ოცნებებს. სიძულვილი ტკივილზე ძლიერი იყო და არც მტკენია, მაგრამ ნაიარევი კი დამრჩა, რომელიც იცით რაზე მაფიქრებს? ეს პატარა სიმახინჯეც კი, სიძულვილისგან დანატოვარი, როგორ აუშნოვებს სხეულს და სულს რაღას უზამს სიძულვილი? უარესად დაამახინჯებს. ამიტომ მე სიძულვილზე უარი ვთქვი და ჩემს თავს დავპირდი, რომ ეს ნაიარევი ყოველთვის დამაფიქრებს მანამ, სანამ ვინმეს სიძულვილს თავს დავამახინჯებინებ. სიძულვილი ამახინჯებს! სიძულვილი აბოროტებს! სიძულვილი კლავს! დამწვარი კანივით ვიგლეჯთ ადამიანებს, რომლებმაც ტკივილი მოგვაყენეს, რათა ახალი კანივით ჩაანაცვლონ ისინი ახალმა ადამიანებმა, მაგრამ შევძლებ კი ისევ ვინმეს ნდობას? ვიღას უნდა ვენდო, მას შემდეგ, რაც ადამიანი, რომელიც ანგელოზი მეგონა, ხორცშესხმული სატანა აღმოჩნდა? იმ ამბიდან ხუთი წელი იყო გასული. ამ ხუთმა წელმა ვერაფერი დამავიწყა, მაგრამ ჩემმა ტკივილმა მიიძინა, მოგონებები ისეთი მტკივნეული აღარ იყო, როგორც პირველ ხანებში. დრო დაჭრილ გულს თავდაპირველ სახეს ვეღარ უბრუნებს, მაგრამ ჭრილობიდან სისხლდენას აჩერებს. ნაიარევი რჩება, თუმცა ღია ჭრილობასავით მტკივნეული აღარაა. ნებისმიერი განსაცდელის მიუხედავად, ცხოვრება მაინც გრძელდება და სიურპრიზებითაა აღსავსე. ბედნიერება და უბედურება მუდამ თან სდევს ერთმანეთს. ერთმა წუთმა, ერთმა შემთხვევამ შეიძლება ყველაფერი რადიკალურად შეცვალოს და თავდაყირა დააყენოს. ნოემბრის საღამო იყო. თითქოს არაფრით გამორჩეული, ერთი ჩვეულებრივი საღამო, თუმცა იმ საღამომ ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. თეატრში მივდიოდი. რას ვიფიქრებდი, რომ სპექტაკლის სანახავად წასული, საავადმყოფოში აღმოვჩნდებოდი და თან ეს დღე ჩემი ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი აღმოჩნდებოდა, იმხელა ტკივილისა და იმედგაცრუების შემდეგ. უბედურმა შემთხვევამ შემახვედრა ჩემს ბედნიერებას და ახლა, თუნდაც დროის უკან დაბრუნება შეიძლებოდეს, არც დავფიქრდებოდი, ისევ დავგორდებოდი კიბეზე, ოღონდ მას ვეპოვე. მას, ვის მკლავებში სიკვდილიც არ იქნება ჩემთვის საშიში. ყველაფერი ისე უცებ მოხდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი. თეატრთან ჩასასვლელ კიბეზე ჩავდიოდი, არასაკმარისი განათების გამო, საფეხურები კარგად არ ჩანდა, ფეხი არასწორად დავადგი და დავგორდი. არემარე ჩემმა კივილმა გააყრუა. ტკივილისაგან მოკუნტულსა და თვალდახუჭულს, მამაკაცის ხმა ჩამესმა: - როგორ ხართ? გესმით ჩემი? თვალები გავახილე და მის შეშფოთებულ მზერას წავაწყდი. ისეთი უცხო და, იმავე დროს, ძალიან ახლობელი იყო. მართლაც უახლოესი ადამიანივით იზრუნა ჩემზე. არასდროს, იმ დღემდე არასდროს მიგრძვნია უცნობი ადამიანისგან ისეთი ღელვანარევი ზრუნვა, ალბათ იმიტომაც იყო ჩემთვის შთამბეჭდავი. ტკივილის მიუხედავად, ძალიან სასიამოვნო იყო მისი, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანის ყურადღება. დაშავებული მე ვიყავი, მაგრამ ის ისე ღელავდა, მომინდა მენუგეშებინა და ამიტომაც გავიღიმე, არაფერია, უარესი ტკივილიც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში-მეთქი. სასწრაფოს გამოძახებაზე უარი ვუთხარი, მაგრამ მაინც გამოიძახა, სერიოზული არაფერი გამოგვეპაროსო. თვითონ კი თავისი მანქანით უკან გამოგვყვა. მელოდებოდა, სანამ გამოკვლევებს მიტარებდნენ. საბედნიეროდ, სერიოზული დაზიანებები არ აღმომაჩნდა და საავადმყოფოდან იმ დღესვე გამომწერეს. მთხოვდა, სახლამდე მაინც მიგაცილებო, მაგრამ არ დავთანხმდი. იმ ამბის შემდეგ, ძალიან მიჭირდა ვინმეს ნდობა და უცხო მამაკაცს ჩემს მისამართს ვერ გავაგებინებდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი ადამიანი ჩანდა, მეშინოდა ესეც ისეთი "ანგელოზი" არ აღმოჩენილიყო. რადგან შინ წაყვანაზე ვერაფრით დამიყოლია, ტაქსი გამომიძახა, მე მადლობა გადავუხადე და ჩვენი გზები გაიყო. რაღაცნაირი გულის წყვეტა მაინც ვიგრძენი. გავიფიქრე: იქნებ კარგი ადამიანის გაცნობის შანსი გავუშვი ხელიდან? იქნებ ბედისწერამ შეგვახვედრა ერთმანეთს, მე კი ხელი ვკარი? მალევე უკუვაგდე ეს ფიქრები და ჩემს თავს შემოვუძახე: ცირა, სასწრაფოდ ამოიგდე ეგ სისულელეები თავიდან! არანაირი ბედისწერა არ არსებობს! მაგ გულუბრყვილო ფიქრებმა ერთხელ უკვე დაგწვა და ნუღა დაუშვებ მსგავს შეცდომას! მაგრამ ბედისწერას თავისი გეგმები ჰქონდა ჩვენთან დაკავშირებით. შვებულების შემდეგ, სამსახურში დაბრუნებულს სიახლე დამხვდა. ახალი უფროსი გვყავს, ბატონი ირაკლი კუპატაძეო, მომახარეს თანამშრომლებმა. გამოიცანით, ვინ იყო ჩვენი ახალი უფროსი? დიახ, დიახ, სწორედ ის მზრუნველი უცნობი,რომლისთვისაც იმ დღეს სახელიც კი არ მიკითხავს. ძალიან ბევრი კი ვაწვალე, სანამ ჩემს ნდობას მოიპოვებდა, მაგრამ მან ეს შეძლო, ჩემი დაჭრილი გული გაამთელა და ყველა ტკივილი შორეულ წარსულში დატოვა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მის გაცნობამდე არც მიცხოვრია. რამდენი ტკივილიც არ უნდა გადაგატანინოს ცხოვრებამ, თურმე როცა შენს ადამიანს შეხვდები, მასთან გატარებული ერთი ბედნიერი წუთიც კი ყველაფერს გადაფარავს. ირა+ცირა=<3 "ეს წარწერა წაიშლება, ჩვენი სიყვარული კი არასდროს დასრულდება",- თქვა ირაკლიმ და თოვლზე გაკეთებულ წარწერას ფოტო გადაუღო. მე კი თოვლის გუნდა ვესროლე და სიცილით გავიქეცი სახლისკენ, რომელსაც ბუხარზე მეტად ჩვენი სიყვარული ათბობდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.