შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამანთე (სრულად)


დღეს, 12:28
ავტორი ვე რა
ნანახია 188

ამანთე


როცა რუ დავითანხმე ჩემთან, მთაში ახალ შეძენილ საოჯახო სასტუმროში, ჩამოსულიყო. თითქოს მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი მომშორდა. და არც მინანია. ის ბოლო ზაფხული ყველას გონებაში დარჩა, როგორც ყველაზე არანორმალური, ყველაზე გიჟური და ყველაზე სევდიანი რამ. რაღაც ისეთი, რამაც ჩვენი ყველას ცხოვრება თავდაყირა დააყენა სულ რაღაც ერთ თვეში. და მერე ისე მოულოდნელად და უეცრად ჩაქრა, როგორც დიდი ბრდღვიალა მზე ქრება ხოლმე მთების გადაღმა.......
.......

_ ანუ მოიფიქრე და აღარ გადათქვამ არა?_ მიყურებდა კომპიუტერის ეკრანის მიღმიდან და მხიარულად უციმციმებდა უზარმაზარი ტბებივით უძირო ცისფერი თვალები. მესმოდა ისევ იმ ბოლო სიმღერას რომ უსმენდა, აკვიატებული ჰქონდა. გული მომეწურა. არ იმჩნევდა, მაგრამ ვხედავდი, ვგრძნობდი, რომ ამ ბედნიერებით, რასაც ასხივებდა, ყველაზე დიდ სირთულეს ებრძოდა.
_ ხოო, მოვდივარ! მაგრამ იცოდე, ერთი სიტყვა რომ გავიგო იმაზე, ხომ ხვდები? ბარგს ჩავალაგებ და უკან დავბრუნდები. ხომ გაიგე?_გაბზეკილი საჩვენებელი თითით წარბშეკრულმა დამემუქრა და უეცრად ისევ გაეცინა. მას არ შეეძლო დიდხანს უხასიათოთ ყოფნა.
_ რუ, ოღონდ ერთი უცხოც იქნება.
_ ვინ უცხო?_ მკითხა ინტერესით. მას სულ აინტერესებდა ხალხი. ახლაც დაუფარავად გამოხატა ინტერესი.
_ ჩემი ბიძაშვილი რომაა არჩილი, გიყვებოდი, ხომ იცი? აი ეგ!
_ აა ის უჟმური, უცხვირპირო შუსუსუ?_ თვალები უცნაურად მოწკურა._ გვეღირსება ანუ ბნელეთის უფლისწულის გაცნობა!
გამეცინა. არ იცნობდა და დასანახავად ვერ იტანდა უკვე. წამით ვიფიქრე, იქნება ჯობდა, არჩილისთვის უარი მეთქვა. ისევ და ისევ რუსთვის, იქნებ ჯობდა სიმშვიდეში ყოფილიყო?! მაგრამ ხელი ჩავიქნიე. მაინც ისეთი უსიტყვო და მშვიდი იყო არჩილი. ალბათ ერთმანეთს ორ სიტყვასაც კი არ გაუცვლიდნენ. ეს ორი ადამიანი მზესა და მთვარესავით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და შანსი არ იყო რამე საერთოს პოვნა მოეხერხებინათ.

_ ვიცეკვოთ არ გინდა? _ ისევ ვერაფრით ისვენებდა ის.
ეკრანი უკან გასწია და სკამიდან ჩახტა. ვუყურებდი როგორ მოუქნელად ცეკვავდა, ცეკვა სულ არ ერქვა იმ სასაცილო ფართხალს, მაგრამ მას მაინც უხდებოდა. ვიგრძენი გული ყელში მომებჯინა.უბრალოდ არ შემეძლო მისი მყიფე ბედნიერების ყურება.
.........
ერთი თვით გავაუქმე სტუმრების ვიზიტები და მთელი ორსართულიანი სახლი მხოლოდ მეგობრებისთვის შევინახე. მთელი დღე ვალაგებდი,ვაწესრიგებდი იქაურობას. მსურდა მაქსიმალური კომფორტი დამეხვედრებინა მათთვის. ორ დღეში ყველას აქ მოვუყრიდი თავს. წინასწარ მიხაროდა. რამდენხანს ვგეგმავდი და ძლივს ყველა დავითანხმე. მთელი დღე ვღიღინებდი სასიამოვნო განწყობაზე მყოფი.
პირველები ქრაში და ედი ჩამოვიდნენ. რუმ დაარქვა ეს სასაცილო სახელები. ამტკიცებდა რომ ელის ანუ ჩემს, ოპოსუმებს გავდნენ მულტფილმიდან „გამყინვარება’’. მათ არანორმალური სიდი მოჰყვა. ერთხელ ახსენა საწყალმა ბანდულა კატა მყავსო და რუმ მაშინვე იმ სასაცილო ზარმაცას სახელი, სიდი დაარქვა. შენც მასავით ბანდულა ხარო. ხამურით მოედნენ გარემოს. წამში აავსეს იქაურობა.
აი თავად რუ იგვიანებდა. მოსაღამოვდა და ის მაინც არ ჩანდა. ვრეკავდი და არ მპასუხობდა. ვიფიქრე კიდეც, რომ ისევ გადაიფიქრა მოსვლა. ის იყო მობილური ავიღე, რომ უცნაურ კადრს მოვკარი თვალი. გაოცებისგან თვალები დავჭყიტე. აღმართზე შავმა მოტოციკლმა ამოუხვია, შორიდანვე ვიცანი, არჩილი იყო, მაგრამ როცა მის მხარს უკან რუს გაბადრულ სახეს მოვკარი თვალი, მოულოდნელობისგან ვიფიქრე, მეჩვენებოდა.
არჩილს მოტოციკლი გაჩერებულიც არ ჰყავდა წესიერად, რომ რო გადმოხტა. აჩიმ თვალი უკმაყოფილოდ გამოაყოლა. რუს ეს არ ადარდებდა. ზურგზე უზარმაზარი სამგზავრო ჩანთა მოეკიდებინა და ორივე ხელით ებღაუჭებოდა მხრებში ჩაჭერილ სამკლავეებს.
_ ვააა ელიიიი!_ იყვირა მხიარულად._ რა მაგარიაა ეეე! ჩანთა მოიხსნა იქვე მოტოციკლთან მიაგდო და ხელებგაშლილი გამოიქცა. გაკვირვებულმა არჩილს გავხედე. იდგა ჩვეულზე მეტად მოქუფრული და თვალს არ აცილებდა. ადვილი იყო მისი ემოციის ამოცნობა. რუ იმაზე მეტად არ მოსწონდა, ვიდრე დანარჩენი სამყარო. ამოვიოხრე. არ შევმცდარვარ. ეს ორი ერთმანეთს აშკარად მოიძულებდა.
_ თქვენ სად შეხვდით ერთმანეთს?_ ვკითხე ინტერესით რუს.
_ ეს უჟმური, იქ ქვემოთ წყალთან ვიპოვნე!_ აიჩეჩა მხრები, გაურკვევლად მიპასუხა და დანარჩენების სანახავად ისე გაიქცა, საკუთარი ზურგჩანთა არც გახსენებია.
_ ეს ვინაა?_ მკითხა არჩილმა, როცა რუმ სახლში შეირბინა ბავშვივით მხიარული ჭყლოპინით.
_ ეს რუა, და გთხოვ, ჩემი ხათრით აიტანე ცოტა ხნით. და მასე ნუ იბღვირები, არც ისე ცუდი ვინმე, როგორც ფიქრობ!_ გავუღიმე, დავიხარე და რუს ჩანთა სახლისკენ წავიღე. _ მაინც როგორ გიპოვნა?
_ არანორმალურია ჩვეულებრივი! წყაროსთან გავჩერდი, ბალახზე წამოვწექი მეთქი ორი წამი დავისვენებ, დამღალა გზამ და ეს საიდანღაც გამოვარდა, თავზე დამახტა და ჩემს კოცნას ცდილობდა!_ გაოგნებული შევტრიალდი უკან.
_ რას ცდილობდა?_ ვკითხე დაეჭვებით. კარგად ვიცოდი რუს აშლილობებზე. ვიცოდი უცხოებთან ფიზიკურ შეხებას ვერ იტანდა. შანსი არ იყო მსგავსად მოქცეულიყო, მაგრამ არჩილი ის ტიპი არ იყო, რამე გამოეგონა.
_რაც გაიგონე, ცდილობდა ჩემთვის ეკოცნა! თვალები დროზე რომ არ გამეხილა...
_ მეკოცნა, კი როგორ არა!_ საიდანღაც მოიძურწა რუ._ ხელოვნურ სუნთქვას გიკეთებდი უბრალოდ!
_რას უკეთებდი?_ ახლა მთლად გამოვშტერდი._ რად უნდოდა ხელოვნური სუნთქვა?
_ მეგონა გადმოვარდა იმ ჯართიდან და სულს ღაფავდა!_ ჯიუტად არ თმობდა თავისას რუ.
_ უკვე ვნანობ რომ ჩამოვედი!_ ამოიოხრა არჩილმა.
_ წადი მერე უკან ვინ გებღაუჭება! _ თვალი თამამად გაუსწორა რუმ.
_ შენ გკითხო წავალ თუ დავრჩები?_ მოიქუფრა არჩილი.
_ ვერ ვიტან აუტანელ კაცებს!_ გამოაცხადა რუმ და ხელები გულზე დაიკრიფა._ და კიდევ უჟმურებს!
_ რა ხდება ვინ გააბრაზა ჩემი პატარა რუ?_ ოთახში სიდი შემოვიდა და არჩილის დანახვაზე ფართო ღიმილით გაიღიმა._ ვაა აჩი? აქ საიდან? ელის არ უთქვამს არაფერი.
_ ხო, იმედი არ მქონდა, რომ მოვიდოდა._ გამეცინა მე.
_და იქნებ ჯობდა არც მოსულიყო?_ საკმაოდ ხმამაღლა ჩაიჩურჩულა რუმ. წარბის აწევით გადავხედე.
_ გაიცანი აჩი, ეს ქრაშია, ეს ედი!_ რუს მოვუყრუე და გავაცანი ოთახში შემოსული აკისკისებული გოგოები.
_ სასიამოვნოა!_ ქრაშმა ადამიანურად, როგორც სჩვეოდა, ლამის აკადემიურად გაუწოდა ხელი. ედიმ დაეჭვებით ახედ დახედა.
_ ჩემთვისაც!_ უპასუხა აჩიმ. და კარგად დავინახე როგორ გააჯავრა რუმ ზურგს უკან. დაელმებული თვალებით გაიბღინძა და მიბაძა ვითომ. თვალები დავუბრიალე. ვიცოდი მისი უცნაური აკვიატებები. ავადაც და კარგადაც აბეზარი ხდებოდა ხოლმე. თავად სულ არ ადარდებდა ეს,და მით უფრო ახლა. აჩის ისე ათვალიერებდა, როგორც ახალ საკბილოს. მივხვდი სულს გაუმწარებდა.
საღამომდე დრო მხიარულად გავიდა, თუ არ ჩავთვლიდი, რომ რუ და აჩი ერთმანეთის არსებობას ბოლო ამოსუნთქვამდე აიგნორებდნენ. მოგვიანებით ეზოში მდგარი ბამბუკის ხის მაგიდა გავშალეთ. ბოლოს ვივახშმეთ და ტკბილეული ჩაი და ყავა გავამზადე.
_ ყავა ვის უნდა?_ ვიკითხე ყველას გასაგონად. გოგოებმა ბეჯითი მოსწავლეებივით ასწიეს ხელი.
_ მე ჩაი მინდა, რამე ბალახბულახის!_ გამოაცხადა სიდმა.
_ მეც ჩაი!_ მხარი აუბა აჩიმ.
_ ყავას არ სვამ?_ ჰკითხა ქრაშმა ინტერესით. ისე არც ქრაში იყო რუზე ნაკლები მავნე. უბრალოდ მას ეთიკა და საზღვრები ამშვიდებდა, მუდმივად აბორგებული და მშფოთვარე რუსგან განსხვავებით, მშვიდი და სტაბილური იყო.
_ არა,ბოლო დროა ყავას აღარ ვსვამ. მაგას მოვაკვლევინებ თავს!_ მორიდებით გაუღიმა მან. რუს გავხედე. თვალმოჭუტული უყურებდა. აშკარად რაღაც მავნებლურს ფიქრობდა. აჩის მობილური აბზუილდა. დახედა, უსიამოდ ამოიოხრა და საპასუხოდ გავიდა. სწორედ იმ წამს ჩამოვარიგე მაგიდაზე ცხელი სითხით სავსე ფინჯნები. მოულოდნელად რუ წამოიწია. სამარილეს დაავლო ხელი და ისე სწრაფად ჩაცალა აჩის ფინჯანში მისი შეჩერება ვერ მოვასწარი. ბედნიერმა გაიკრიჭა და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა. ყველა გაისუსა. ხმა არავის ამოუღია. ყველა სეირის სანახავად მოემზადა.
არჩილმა საუბარი დაასრულა. ნელი ნაბიჯით დაუბრუნდა საკუთარ ადგილს. მშვიდად ამოიღო საშაქრიდან ერთი კოვზი შაქარი, ნელა ჩაყარა, მოთმინებით მოურია. და ჩამოწოლილი სიჩუმით გაოცებულმა მოავლო თვალი მაგიდას. ისე რომ არაფერი უეჭვია, ფინჯანი აიღო და გრაციოზული მოძრაობით მოსვა ჩაი. მზაკვარი გრინჩივით გაიკრიჭა რუ, როცა საზიზღარმა გემომ ფინჯნიდან პირდაპირ აჩის სახეზე გადაინაცვლა. საწყალს ჯერ ხველა აუტყდა, მერე კინაღამ გული აერია, იქვე ბალახზე გადააფურთხა პირში შერჩენილი სითხე და სული რომ მოითქვა და გაოგნებული მზერით ასწია სახე თვალში ახრახარებული რუ მოხვდა. ისე დაეძაბა სხეული, ვიფიქრე ახლა წამოხტებოდა და იქვე მიაგუდავდა იმ საწყალს.
_ ეს ხუმრობაა ახლა?_ იკითხა ავი ხმით.
_ რა ვიცი, მე კი გამახალისა და!_ ჯერ ისევ იცინოდა რუ.
_ შენ ვერ ხარ არა? _ ფეხზე წამოდგა გაცოფებული.
_ ხოოო გიჟი ვარ საბუთიანი! მერე?_ არ ტყდებოდა რუ.
_ ცანცარა!
_ უჟმური!
_ ჩემგან შორს დაიჭირე თავი! ამ სულელური ვაიხუმრობის ნერვები არ მაქ!
_ თორემ?_ საზურგეს ნებიერად მიეყრდნო რუ. ყველა დაიძაბა. აშკარა იყო აჩი ძლივს იკავებდა თავს, რომ რამე ისეთი არ ეთქვა. რუ კი მის გამოწვევას ცდილობდა. წამით ჩუმად იყო აჩი. თვალებით ბურღავდა, მის გამხდარ გამჭვირვალე სახეს.
_ ავადმყოფია ვიღაცაა!_ ჩაილაპარაკა ბოლოს გაბრაზებით. ნელა ჩამოერეცხა სახიდან ბედნიერი ღიმილი რუს. მზერა აემღვრა. თვალი აარიდა და მინდორს გახედა უაზროდ. აჩი ადგა და სახლისკენ წავიდა დასვრილი მაისურის გამოსაცვლელად.
_ მგონი ზედმეტი მოგივიდა!_ მხარი გაკრა ედიმ. მაგრამ რუ თითქოს იქ აღარ იყო. ცარიელი მზერით უყურებდა შორს რაღაცას. ნელა ადგა. და ისე რომ პასუხი არ გაუცია სიდის კითხვაზე, სად მიდიხარო, სახლიდან მინდორში მიმავალ ბილიკს გაუყვა.
_ სულ ასე იცის! აურევს ყველაფერს და მერე მიდის!_ თვალი გააყოლა ქრაშმა._ საზღვარს რატომ არღვევს სულ?
_ თავი დაანებეთ!_ ვუთხარი მათ და რუს გავხედე. ბილიკიდან გადასული პირდაპირ ლამის ნახევრად ჩასული მზისკენ მიდიოდა თითქოს. საღამოს ბინდი წვებოდა მინდორზე და რუც ამ ბინდს ერწყმოდა.
_ წავალ აჩის დაველაპარაკები!_ ვთქვი და სახლისკენ შევბრუნდი.
ოთახში დაუკაკუნებლად შევედი. ჯერ ისევ გაბრაზებულს გადავაწყდი. ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა. სახეზე ჩვეული პირქუში გამომეტყველებით.
_ სად წავიდა?_ მკითხა გაბრაზებული ხმით.
_ ვინ?_ ვერ მივხვდი.
_ ის შეშლილი. _ თავი ფანჯრისკენ გააქნია.
_ რა ვიცი, ალბათ ეწყინა და დამშვიდდება და მოვა.
_ მაგას ეწყინა კიდე? ეგ საერთოდ ნორმალურია?
_ კარგი რა, იხუმრა უბრალოდ, უყვარს უცნაური ხუმრობები.
_ ანუ ეს ხუმრობა იყო?
_ შენ არანაირი ხუმრობა არ გესმის ძმაო! კი ხუმრობა იყო და არ იყო საჭირო ასეთი აგრესია! ის უბრალოდ მხიარული გოგოა.
_ ცანცარაა!
_ ხო ცანცარაა და მხიარული! მაგრამ დამიჯერე, თუ შანსს მისცემ და გაიცნობ მოგეწონება! მის გაგებას შეძლებ.
გაოცებულმა გამომხედა.
_ ის მომეწონება?_ ირონიულად გაეღიმა._ ის უკანასკნელი არსებაა, ვინც ოდესმე მომეწონება.
_ კარგი! მასე იყოს, უბრალოდ მოითმინე მაშინ! სულ ცოტა მოითმინე! ერთი აუტანელი ადამიანის ატანას რა უნდა? დავიჯერო, არ მოგბეზრდა სულ სერიოზული და მოზომილი ურთიერთობები? სცადე,იქნება ღირდეს უფრო ცოცხლად იგრძნო თავი!

_ ნე ართულებ რა ნეს. ან ეს რა უცნაურ სახელებს ეძახით ერთმანეთს?
_ უბრალოდ ვხალისობთ.
_ სისულელეა!_ გამოაცხადა მტკიცედ და ისევ ფანჯარას გახედა._ რას აკეთებს?
მივედი და მიც მის გვერდით დავდექი. შორს მინდორზე იწვა რუ და თითქოს ხელით ცაში ღრუბლებს ურევდა.
_ წავალ დავუძახებ. აქ ცივა ამ დროს._ ვუთხარი აჩის.
_ დაუძახებ რა ბავშვია? ვერ იგრძნობს სიცივეს?_ უკმაყოფილო ხმა ჰქონდა. რუს არსებობაც კი აღიზიანებდა მგონი. არათუ მასზე მზრუნველობის ჩემი სურვილი.
_ იგრძნობს!_ დავუქნიე თავი და რუს დასაძახებლად წავედი. შორიდანვე მომესმა ის უცნაური სიმღერა.
მივედი და თავზე დავადექი. თვალდახუჭულს.
_ რუუუ! რას აკეთებ ნორმალური ხარ? ცივია მიწა
_ ვეჩვევი!_ მიპასუხა ჩვეულად მხიარულად.
_ რუუუ! შეწყვიტე რა! არ დაიღალე?
_ დავიღალე ნეს! მგონი მართლა დავიღალე! _ ამომხედა და ცაზე უფრო ცისფერი ჰქონდა თვალებით.
_ ხოდა წამოდი და დაანებე თავი მას! ის სათამაშო არაა, ადამიანია! თანაც კარგი ადამიანი. _ მსურდა აზრზე მომეყვანა. თუმცა ვიცოდი არაფერს ჰქონდა აზრი. რაც უფრო შეეწინააღმდეგებოდა ჩემი სულელი ბიძაშვილი, მით უფრო გამოიწვევდა მის ინტერესს.
_ კარგი, როგორ არა! ყველაზე სულელი კაცია, ვისაც კი ვიცნობ!_ გაჯიუტდა ისევ.
_ რა დაგიშავა, რატომ აითვალწუნე?_ გვერდით მივუჯექი.
_ რა დამიშავა?_ წამოჯდა და გაოცებულმა შემომხედა. _ სულაც არაფერი! პირიქით საინტერესოდ მეჩვენება!
_მას თავისი დარდი აქვს!
_ ისე როგორც ყველას!_ ჩაილაპარაკა ჯიუტად. რა უნდა მეპასუხა? დარდის რუს თუ არა სხვას ალბათ არავის არ ესმოდა.
_ აღარ გააბრაზო რა! მშვიდად და მხიარულად გავატაროთ დრო და თუ ღმერთი გწამს ეს სულელური მუსიკა გამორთე.
_ ეჰ, მე კი მწამს ღმერთის, მაგრამ მას არ ვწამვარ!_ ადგა და ხელი გამომიწოდა.
_ რუ, ის რაც გითხრა..._ ხელი აიქნია და გამაწყვეტინა.
_ ისეთი არაფერი უთქვამს, რაც არ დავიმსახურე.
გვერდიგვერდ მივდიოდით სახლისკენ. ვხედავდი აღმართზე სიარული ღლიდა. მაგრამ სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. იქნებ ჯობდა აქ არ ჩამომეყვანა?! ვფიქრობდი გულში.

_სიდ ცეცხლი აანთე რააა! ზეფირები შევწვათ!_ სიდს მიეტუზა. სიდი ძალიან უყვარდა. ყოველთვის გამორჩეულად. ისიც მხარს უბამდა ათას სისულელეში. მასზე არასდროს ბრაზობდა და არ მავნებლობდა.იმ ორი ოპოსუმიგანაც კი იცავდა თავისებურად.
_ აქ მაგრად ცივა არა ღამე?_ სიდმა შეშა ლამაზად დააწყო და ცეცხლის ასანთები სითხე მიასხა.

_ ეს რა მაგარი რამეა!_ მოეწონა რუს როცა ცეცხლი ადვილად აბრიალდა. პატარა სპრეი ხელში აიღო და შეათამაშა.
_ არიქა დაუმალეთ, სანამ რამე გადაწვა!_ ახარხარდა ედი.
_ არ მგონია მაგი წინადადება აზრს მოკლებული იყოს!_ თავი დაუქნია ქრაშმა._ რამეს რა უჭირს, ვინმე არ ააბრიალოს!
_ აუ რა მოსაწყენები გახდით რა! აბა თქვით ბოლოს როდის იყავით ჭიაკოკონაზე? _ უცნაური იდეები არ ელეოდა რუს.
_ახლა ჭიაკოკონა რამ გაგახსენა?_ ჰკითხა სიდმა. და მის გვერდით დაჯდა კვლავ.
_ ჭიაკოკონა მიყვარს, არ გინდათ მოვაწყოთ? გინდა თმა დაგიწნა?_ მისკენ გაიშვირა გალეული თითები რუმ.
_ მოშორდი აქიდან!_ შეუბღვირა სიდმა.
_ ახალი დაწვნა ვისწავლე სპეციალურად შენთვის!_ გაიბუსა რუ ყასიდად._ იცი რამდენი ვიწვალე?
_ აფერისტი! მოდი ჰო თორემ სად მაქ შენი ბუტიაობის თავი!_ დანებების ნიშნად ხელი ჩაიქნია სიდმა და მისგან ზურგით დაჯდა. რუ საკუთარ მუხლებს დაყრდნობილი მთელი მონდომებით ცდილობდა რაღაც უცნაური წნულის გაკეთებას და გამხდარ თითებს სიდის თმაში ხლართავდა.
აჩი სახლიდან გამოვიდა, ისევ მობილურზე საუბრობდა. მოშორებით გაჩერდა და სანამ საუბარს დაასრულებდა მათ უყურებდა. თავი უსიამოდ გადააქნია. ალბათ ფიქრობდა, რომ სიდი დიდ მსხვერპლს იღებდა,მის სულელურ კაპრიზს რომ მოთმინებით იტანდა.
_ აბა ლამაზია?_ ისე აბურდული ჰქონდა საწყალ სიდს თმა, როგორც ჭინკების დაწნული ცხენის კუდი. მაგრამ რუ მაინც აღფრთოვანებული დასჩერებოდა საკუთარ „შედევრს“.
_ საერთოდ არაა ლამაზი!_ უპასუხა აჩიმ და მის პირდაპირ დაჯდა ალბათ ჯინაზე. რუმ ისე დააიგნორა მისი სიტყვები. ვითომ არც არსებობდა. გოგოებს გახედა და კითხვა ისეთი თავდაჯერებით გაიმეორა, ორივემ დაუქნია თავი. და ამით სიდი კიდევ ერთხელ წამებას გადაარჩინეს.
_ ამაზე მახინჯი ნაწნავი არასდროს მინახავს!_ გაიმეორა აჩიმ და საზურგეს მიეყრდნო. რუმ ზედაც არ შეხედა. _ ჩემი ორი წლის დისშვილი ამაზე ასჯერ ლამაზად მოახერხებდა!
_ შეწყვიტე!_ ვანიშნე თვალების ბრიალით. მაგრამ აჩის მისი გაბრაზება სურდა.
_ სიდ შენ ყველაფერი რატომ გიხდება?_ გაუღიმა რუმ სიდს, რომელიც სასოწარკვეთილი დაჰყურებდა საკუთარ თმას. და ალბათ იმას ფიქრობდა რა არითმეტიკული გამოთვლით უნდა დაეშალა აბურდული ნაწნავი._ შენ ისეთი ლამაზი ხარ! ზოგს გვირგვინი რომ დაადგა, ისეთი გოდორა თავი აქვს ვერც კი მიხვდები, რომ გვირგვინი ადგას!
აგრძელებდა რუ. ფარულად თუ პირდაპირ აჩის აყენებდა დარტყმას.

_კარგი ამის ეგო ისედაც კოსმოსშია გაჭრილი! ნუღარ გადარევ!_ იცინოდა ქრაში.
_ სულაც არ ვირევი, _ გაიბღინძა სიდი._ სიმართლე სინათლეა!
_ აუუუ!_ ახარხარდა ედი._ იკაშკაშე ვარსკვლავოო!
_ ისედაც კაშკაშებს ნახე ავანთე!_ გაეცინა რუს, ლოყებში ჩაავლო თითები და აქეთ იქეთ გაუწელა. _ ყველაზე საყვარელია! ყველაზე ლამაზია!
დავინახე, როგორ გააჟრჟოლა აჩის. მისთვის წარმოუდგენელი იყო ალერსის და სიყვარულის იმ ფორმით გამოხატვა, როგორც ამას რუ აკეთებდა. ალბათ მას რომ ვინმე ასე შეხებოდა წამში აორთქლდებოდა იმ ადგილიდან. რას გაუგებ ადამიანებს? ვფიქრობდი გულში. ჩემს წინ ორი კაცი იყო. ერთი ტკბებოდა გრძნობების იმგვარი პირდაპირი და შეულამაზებელი გამოხატვით, მეორესთვის კი ეს ჯოჯოხეთის ტოლფასი იყო.
იმ ღამეს დიდხანს ჭორაობდნენ გოგოები. აჩის განიხილავდნენ თმის წვერიდან დაწყებული ფეხის თითამდე. მესმოდა როგორ თამამად აქილიკებდა რუ ჩემს უხასიათო ბიძაშვილს. და იმასაც კი არ დარდობდა, კედლის მიღმა მწოლ აჩის ესმოდა თუ არა მისი სიცილი.
_ ერთი მოყევი, რანაირად აღმოჩნდი მის მოტოციკლზე?_ ვკითხე ბოლოს, რომ სხვა რამეზე გადაეტანა ყურადაღება, სანამ აჩი შემოუვარდებოდა მიაგუდავდა კნუტივით.
_ მოკლედ ტაქსისტმა გამაბრაზა, ასე თქვა, ქალს რა უნდა საჭესთანო! ხოდა კინაღამ ჩავაფრინდი თმაში. გააჩერა მანქანა იმ არაკაცმა და გადადიო მითხრა! გადმოვედი და ფული არ გადავუხადე! რატომ უნდა გადამეხადა, არ მომიყვანა ადგილამდე! ასე მითხრა! ხოდა იდექი აქ და ვნახავ ერთი რას იზამო! დაქოქა მანქანა და დამტოვა მიყრუებულში. რას ვიზამდი? ავიღე ჩანთა და წამოვედი, მართლა რა მიყრუებული ყოფილა! მთელი დღე მოვდიოდი და არავინ შემხვდა! ბოლოს ძალიან დავიღალე და წყაროსთან გავჩერდი. ვიფიქრე ცოტას დავისვენებდი. ხის ქვეშ დავჯექი და მუსიკა ჩავრთე ყურსასმენებში. მერე.., დამეძინა._ წამით გაჩუმდა და მე მივხვდი, რომ ძილი არაფერ შუაში იყო. თუმცა მან ასე გადაწყვიტა თქმა. გამომხედა და უცნაურად გაეღიმა._ მერე კიდე, რომ გავიღვიძე და მისი ბაიკი დავინახე. ისე გამიხარდა. სირბილით გამოვედი გზაზე და ის კიდე წაქცეული იყო! ვიფიქრე ცუდად გახდა!
_ მასე რატომ იფიქრე? არ შეიძლებოდა სხვასაც დასძინებოდა?_ გაუკვირდა ედის.
_ არ ვიცი!_ აიჩეჩა მან მხრები_ მივუახლოვდი და შევეხმიანე. არ მიპასუხა. დავიხარე და ...
გაჩუმდა და დაფიქრდა. თვალებში უცნაურმა სხივმა გაუელვა. უნებურმა ღიმილმა წამით გადაურბინა ტუჩებზე._ ვიფიქრე ეს რა მახინჯი კაციათქო!
გამეღიმა მის ნათქვამზე. კარგად ვიცოდი, უკუღმა რომ იცოდა საუბარი. არაფრით იტყოდა, რომ აჩი დანახვისთანავე მოეწონა. მით უფრო ახლა.
_ ხოდა გადაწყვიტე მახინჯი კაცისთვის ხელოვნური სუნთქვა გაგეკეთებინა?_ ჰკითხა დაეჭვებით ქრაშმა.
_ ადამიანია, მერე რა რომ მახინჯია! ხომ აქვს უფლება სუნთქვის?_ გაიოცა რუმ. მართლა პატარა მსახიობი იყო._ ხოდა იმან კიდე მხრებში ჩამავლო ხელი და მაგრად შემანჯღრია. კინაღამ ისიც გადავიფიქრე, რომ გამოყოლა მეთხოვა.
_ რა გიქნა?_ აშკარად რაღაცას იგონებდა.
_ აი ასე მიქნა!_ მის წინ მჯდარ ედის ჩაავლო მხრებში ხელები და შეაჯანჯღარა_ რა ვიცი რა ეგონა? ალბათ რომ დამინახა შეეშინდა.
_ შენი შეეშინდა ამხელა ახმახს?_ ისევ დაეჭვდა ქრაში._ აღიარე ახლა რა უქენი!
_ არაფერი!_ მხრები აიწურა რუმ. აშკარად რაღაცას არ ამბობდა ბოლომდე.
_ არ გიცნობდე მაინც რა! _ ხელი კრა ედიმ და საწოლზე წააქცია. _ მავნე და არასერიოზული გოგო ხარ და სხვების ნერვებზე თამაში გიყვარს!
_ სადა აქ მაგას ნერვები მერე!_ ხმამაღლა გაეცინა რუს.
_ ხოდა მით უფრო დაანებე თავი! ყველა ყოველთვის კი არაა შენი სულელობების ხასიათზე! მით უფრო თუ ნევროზი აქვს ტიპს!
თავი კი არ უნდა მოაბეზრო!
_ უჟმურებო! _ცხვირი აიბზუა რუმ_ გართობის აზრზე არ ხართ! მარტო სიდს ესმის ჩემი! თქვენ ყველა უჟმურები ხართ! მორჩა მე ვიძინებ გამორთეთ შუქი!
თქვა და საბანში გაეხვია. თუმცა საძინებლიდან კიდევ დიდხანს ისმოდა ქრაშის და ედის ქაქანი.

დილით გარეთ გასულს უცნაური სურათი დამხვდა. აჩი ვერანდაზე იდგა და ინტერესით აკვირდებოდა მინდორში ველოსიპედზე მჯდარი რუს ცოდვილობას. თავს ვერ იმაგრებდა, იმ რამდენიმე წუთის მანძილზე ორჯერ მოახერხა წაქცევა. მაგრამ ჯიუტად აგრძელებდა მცდელობას. მერე სრულებით არანორმალური რამ მოიფიქრა. ველოსიპედი თავ დაღმართზე დააყენა და ისე დაჯდა ფეხები სატერფულებზე არც კი შეუხია.
_ რა ჯანდაბას აკეთებს უნდა დაიმტვრეს?_ მკითხა გაოგნებულმა აჩიმ._ გააჩერე სანამ რაღაცას მოიწევს.
_ დაანებე თავი! ისეთი არაფერი მოუვა, რომ ვერ აიტანოს._ ვუპასუხე მე. გაკვირვებულმა გადმომხედა და თავად წავიდა რუსკენ.
ვხედავდი რაღაცას რომ მოთმინებით უხსნიდა, მაგრამ რუ არ უსმენდა. ბოლოს ახსნა ყელში ამოუვიდა. ველოსიპედი უბრალოდ წაართვა და სახლისკენ წამოიღო.
_ ჰოო, აი ეს კი არ უნდა გექნა!_ ჩავილაპარაკე ნირწამხდარმა. მის ზურგს უკან რუ იდგა გაცოფებული და ტორეადორი ხარივით ქშინავდა._ ვფიქრობ დღესაც რაღაც ცირკს დადგამენ.
ავიჩეჩე უმწეოდ მხრები. მათ შორის გაჩაღებული ომის შეჩერება მე არ შემეძლო. სეირის ყურების მეტი გზა არ მრჩებოდა.

ხოდა რუს შურისძიების კასკადი დილიდანვე დაიწყო. საუზმისას ედიმ წყლის მოტანა სთხოვა. სწრაფად წამოხტა წუწუნის გარეშე და სახლისკენ გაიქცა. მაშინვე უნდა მეეჭვა რაღაც, მაგრამ...
როცა აჩის გამოუარა გვერდით,თავლმოჭუტულმა გადახედა და მთელი სურა ყინულიანი წყალი ზედ გადაასხა ვითომ შემთხვევით. წამის უსწრაფესად მიიღო მიამიტი სახე და ბოდიშებად დაიღვარა. როგორც კი აჩიმ თვალი აარიდა, ზურგს უკან ენა გამოუყო. და გამარჯვებული სახით წავიდა სკამისკენ. საუზმის მერე ცხელი ყავით დასწვა თითები. კვლავ ვითომ შემთხვევით, რა თქმა უნდა. და ისევ ბოდიშები დააფრქვია გაცოფებულ აჩის. შემდეგ მარილის ნაცვლად შაქრიანი სალათა გააკეთა. მერე კიდევ რაღაც სისულელე და ასე დაღამებამდე. კულმინაცია იყო, როცა აჩიმ ღრიალით გამოიტანა თავისი საამაყო ჩაფხუტი სახლიდან.
_ სადაა ის არანორმალური!_ ვხედავდი როგორ იჭყიტებოდა სახლის გვერდიდან რუ ბედნიერი სახით. რა მათქმევინებდა სად იყო.
_ რა ქნა ამჯერად?_ დაინტერესდა სიდი.
_ ნახე უყურე!_ მთელი ჩაფხუტი ენგრი ბირდსის სტიკერებით დაეფარა. აჩიმ აძრობა რომ სცადა, აეხა და ნაწილი ჩაფხუტზე დარჩა._ მოვკლავ გეფიცებით!
მგონი არც ტყუილად იმუქრებოდა.
_ კარგი, არაა საქმე ცუდად!_ ქრაშმა ცხელ წყალში ჩაალბო ტილო და ჩაფხუტს დააფარა._ დალბება და აძვრება მარტივად. როცა ჩაფხუტი ჩვეულ მდგომარებას დაუბრუნდა მხოლოდ მას მერე გამოიძურწა რუ სამალავიდან. ისე მივიდა, ვითომ აქ არაფერი და არც მეტი არც ნაკლები აჩის მიუსკუპდა გვერდით. და სრულებით არაორდინალური კითხვა დასვა , და უმანკო მზერა მიაპყრო კითხვის ადრესატს.
_ ეს რაღაც ამხელა თავზე რანაირად გეტევა?_ ჯერ გაოცებულმა შეხედა აჩიმ, უყურა უყურა და მოულოდნელად ხამამაღლა გაეცინა. იცინოდა და იცინოდა. არ მახსოვს ბოლოს როდის იცინა ამდენი.
ბოლოს ჩაფხუტი აიღო და მისი მხიარულებით ნირწამხდარ რუს ჩამოამხო თავზე.
_ აი ასე! _ უთხრა და ორი თითით ჩამოაფარა მაღლა აწეული მინა. _ თავზე უნდა დავაწებო ეს ჩაფხუტი, რომ ამის აუტანელი სახე აღარ დავინახო!
იმ დილის მერე სიტუაცია შეიცვალა. რუს მავნებლობები მიზანს ვეღარ აღწევდა. აჩი თითქოს წინასწარ შიფრავდა მის გეგმებს და უმეტესად მათ დროულად აღკვეთას ახერხებდა. რაც კიდევ უფრო აგიჟებდა რუს. მაგლითად დაინახა როგორ ეპარებოდა სარწყავი მილით შეიარაღებული რუ. მაგრამ ისეთი სახე მიიღო, ვითომ ვერ ხედავდა. საჭიროზე ახლოს მიიტყუა, შემდეგ დაიჭირა, მილი წაართვა და ისე გაწუწა. თუმცა უცნაური ის იყო რომ თავადაც სველდებოდა და სულ ვერ ამჩნევდა ამას. ბავშვებივით იცინოდნენ.
ამას გარდა აჩი მის უცნაურობებს აკვირდებოდა და ბოლოს სრულებით მოსალოდნელი კითხვით მომადგა:
_ არა გიჟი არაა, მაგრამ რატომ იქცევა ასე? რაღაც მიზეზი ექნება! და ეს მიზეზი მე არ ვარ! მე უბრალოდ საჭირო დროს საჭირო ადგილზე ვარ.
_ არ ვიცი. _ ავარიდე მზერა._ ეგ სულ მასე აფრენს.
_ რატომ უსმენს იმ სიმღერას გამუდმებით?_ გამიკვირდა ესეც რომ შეამჩნია.
_ რომელ სიმღერას? გავისულელე თავი. აჩი სახიფათოდ ახლოს იყო მის სიმართლესთან.
_ გეყო ნეს! კარგად იცი რასაც გეკითხები!
_ არ ვიცი, მოსწონს ალბათ, ან როგორც შენ აგიკვიატა, ისე აიკვიატა ეგ სიმღერაც.
_ რაღაცას არ მეუბნები, მაგრამ გავარკვევ!_ თავი გადაქნია მან უკმაყოფილოდ და ოთახიდან გავიდა.
იმ საღამოს აჩი სადღაც აპირებდა ბაიკით წასვლას. გარეთ გამოვიდა და პატარა ზურგჩანთა მაგიდაზე დადო. რაღაცისთვის უკან შებრუნდა. რუს რომ თვალები აენთო, მივხვდი ვერ იყო საქმე კარგად. სახლს გახედა. ის იყო აჩი კარიდან გამოვიდა, რომ რუმ ჩანთიდან მოტოციკლის გასაღები აიტაცა და გიჟივით დაეშვა ბაიკის სადგომისკენ. წამიერად ამიტანა შიშმა, რუ არათუ ბაიკს ველოსიპედსაც კი ვერ ატარებდა.
_ დაიჭირემეთქი!_ დაუძახე აჩის გულგახეთქილმა. რას აპირებდა ეს თავქარიანი ადამიანი? ნუთუ ამდენად შორს შეეძლო შეატოპა? ნუთუ საკუთარი სიცოცხლით ითამაშებდა სწორედ ახლა?
გახედა გაქცეულს და მომენტალურად იაზრა, რასაც აპირებდა. ვერანდის მოაჯირს გადაევლო და უკან გამოუდგა. ზუსტად მოტოციკლთან მიუსწრო და დაიჭირა უკვე ზედ გადამჯდარი.
გასაღები ხელიდან წაგლიჯა და ისე ბუმბულივით აიტაცა, თითქოს წინა არ ქონდა. მხარზე მოკიდა აფართხალებული და სახლისკენ წამოაპრონწიალა. სახეზე ეტყობოდა გაცოფებული იყო . რუ კი ცდილობდა ხელიდან დასხლტომოდა და ჩვეულად გაქცეულიყო.
_რა ხდება ახლა რატომ ჩხუბობენ?_ სახლიდან სიდი გამოვიდა და რუს საშველად დააპირა წასვლა.
_ არ ჩაერიო სიდ! ახლა მეტისმეტი მოუვიდა. აჩის ბაიკს იპარავდა._ შევაჩერე სიდი._ წარმოგიდგენია რომ არ მიესწრო და დაეჭირა რა მოხდებოდა?
სიდი გაჩერდა.
_ რატომ იქცევა ასე? ეს მართლა მეტისმეტი უკვე! საკუთარ სიცოცხლეს მასხრად იგდებს? _ აშკარა იყო სიდიც ბრაზობდა ახლა. აჩიმ მაგიდასთან მიიყვანა რუ და უხეშად ჩააგდო ბალიშებიან სკამში. თან თავზე დაადგა სულთამხუთავივით დოინჯშემორტყმული. რუ ჯიქურ უსწორებდა თვალს და ოდნავადაც არ ეტყობოდა, რომ ნანობდა რამეს.
_ შენ საერთოდ ნორმალური ხარ?_ გაბრაზებას ვერ მალავდა და არც ცდილობდა აჩი._ რას აკეთებ ? ეს ხუმრობაა? რა გინდა? მაინცდამაინც ჩემი ბაიკით უნდა მოკვდე? რა ხარ ასეთი არანორმალური?
თან და თან ხმას უწევდა გაუცნობიერებლად, მაგრამ რუს წარბიც არ შეხრია. თავხედურად არ აცილებდა მზერას.
_ ნუ მიყურებ მასე! საერთოდ არ ვიცი რა გითხრა! გიჟი ხარ, ავადმყოფი გიჟი!_ დავინახე როგორ შეეცვალა ამ სიტყვებზე რუს სახე. ემოცია გაუქრა.
აჩი მასთან ჩხუბს აგრძელებდა. ვერ ამჩნევდა რომ რუ აღარ უსმენდა. ფეხზე ადგა და წასვლა დააპირა. აჩიმ მკლავში ჩაავლო ხელი.
_ სად მიდიხარ? მოსმენაც არ გინდა არა?
_ გამიშვი!_ ხმადაბლა უთხრა რუმ. ხმაც სახესავით ცარიელი ქონდა.
_ გაგიშვა არა?
_ ხელი გამიშვი!_ ხელის წართმევა სცადა რუმ.
_ აჩი გაუშვი!_ შევახე მხარზე ხელი. მივხვდი ცოტაც და ტირილს დაიწყებდა.

_ ხო ასე რომ ყველა თავზე ხელს უსვამთ, ამიტომაა თავხედი და უპასუხისმგებლო!_ ჩაილაპარაკა აჩიმ და ხელი უშვა. უაზროდ წინ გაემართა რუ. პირდაპირ ტყისკენ. ალბათ ახლა მარტო ყოფნა ყველაფერს ერჩია. ალბათ ახლა არავის დანახვა არ სურდა.
_ სად მიდის?_ გახედა მოღუშულმა.
_ გაანებე თავი აჩი! მე დაველაპარაკები, როცა დაბრუნდება._ დავამშვიდე ბიძაშვილი. ხელი ჩაიქნია, ჩანთა აიღო და რუს საპირისპირო მიმართულებით გაემართა მოტოციკლით.

მთელი დღე არცერთი გამოჩენილა და არც მეორე. მზე ისე გადავიდა მთის უკან, ზარიც კი არ შემოსულა მათგან.
საღამოს უკვე ნერვიულობა დავიწყეთ. რუს არ სჩვეოდა გაბუტვები. მით უფრო ამდენი ხნით. სიდიც ადგილს ვერ პოულობდა და ტყეში წავიდა. გოგოებმაც ცოტა ხნის შემდეგ ტყისკენ გაიწიეს. სწორედ მაშინ მოგვესმა აჩის მოტოს ხმა. რატომღაც მისკენ იმედით გავიხედეთ, გვეგონა წინანდელივით რუსთან ერთად მოვიდოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა.
_ რა ხდება?_ იკითხა, როცა ჩვენი შეწუხებული სახეები დაინახა.
_მთელი დღეა რუ არ ჩანს._ უპასუხა ანერვიულებულმა ქრაშმა.
_ რას ქვია არ ჩანს, სადაა?
_ ტყეში რომ წავიდა, და არ დაბრუნებულა. ჯერ ერთი საათის წინ სიდიც წავიდა და არც ის ჩანს.
_ მთელი დღეა არ ჩანს?_ ჩაილაპარაკა აღელვებულმა აჩიმ. _კარგი თქვენ სახლში დარჩით, ვინიცობაა დაბრუნდეს. მეც სიდს გავყვები. ნუ ნერვიულობთ, ალბათ სადმე ზის და ჩვეულად თავის სულელურ მუსიკებს უსმენს. და არც დაძახილი ესმის.
აჩიც სწრაფი ნაბიჯით ტყეს მიეფარა. მისი წასვლიდან ოციოდ წუთში სიდი გამოჩნდა.
_ ხომ არ დაბრუნებულაო?_ რომ იკითხა მივხვდით, რომ ვერ იპოვნა. უკვე რაღაც ცუდზე ვფიქრობდი, რომ ტყიდან აჩი და რუ გამოვიდნენ. მათი დანახვისას შვება ვიგრძენი. გაფითრებული რუ უცნაურად მობანცალებდა, აჩის დახმარების მცდელობას სისუსტის მიუხედავად აიგნორებდა. არადა ეტყობოდა სიარული კი არა ფეხზე დგომაც უჭირდა. აჩის კი დახმარების უფლებას არ აძლევდა. სიდი მაშინვე მის შესახვედრად წავიდა. ჩვენც მივყევით.
_ სად იყავი რუ? გვანერვიულე! კარგი რაა, ასე არ შეიძლება!_ თან ბრაზობდა და თან უხაროდა მისი დანახვა ქრაშს.
_ კარგი დაანებე თავი, ვერ ხედავ რა დღეშია, რა დაგემართა რუ?_ ედიც ვერ იკავებდა თავს. მხოლოდ მე არ მითქვამს არაფერი. შემომხედა და თავი უარის ნიშნად გააქნია. მას არ სურდა, რომ მათ რამე ცოდნოდათ. ადამიანის ფერი აღარ ედო. სიდს დაეკიდა მკლავზე. მან კი ხელი მოხვია და ლამის ხელში აყვანილი შეიყვანა სახლში.
_ სად იყო?_ ვკითხე უხმოდ მდგარ აჩის.
_ და შენ ფიქრობ, რომ არაფერი გაქვს სათქმელი?_ გამომხედა მან და ხმას დაუწია.
_ მისი მკლავები ვნახე. ადგილი არ აქვს მთელი. სულ დალურჯებული და დანემსილი აქვს. ეს ის არის, რასაც ვფიქრობ? მისი სიფითრე, სისუსტე და მისი აუტანელი ჭირვეულობა. რა სჭირს მას? რას მალავ ნეს?
_ არაფერს! ეს შენ არ გეხება!_ ვუპასუხე მკაცრად. ზურგი ვაქციე და სახლისკენ წავედი. რუ მთელი ის დრო მოსაცმელს ან მკლავიან მაისურს ხმარობდა. არც კი ვიცოდი, თუ მკლავებზე რამე ჰქონდა
_ ნეს ვინ არის რუ? რა ქვია სინამდვილეში?_ უკან ამედევნა აჩი.
_ ეს შენ არ გეხება. თავი დაანებე! _ მივუბრუნდი გაცეცხლებული.
გაჩერდა და უცნაურად შემომხედა. ახლა მის თვალებშიც ინტერესი იდგა. სწორედ ისეთი, როგორიც რუსაში როცა მას უყურებდა.
_ ხომ გითხარი აჩი! ის მოახერხებს შენს თავში შემოძრომას! თუ ეს არ გსურს, ახლავე წადი აქიდან,მერე გვიანი იქნება!

იდგა და დაფიქრებით მიყურებდა. არსად წამსვლელს არ ჰგავდა. იმ ორიოდ კვირაში რაც ვერ მოახერხა რუმ, იმ დღეს გამოუვიდა. აჩი დაინტერესდა. ეს არ ხდებოდა ხშირად. ანდაც პირიქით ძალიან იშვიათად ხდებოდა.
მეორე დღეს გვიან გაიღვიძა რუმ. მშვიდად გამოვიდა ოთახიდან. წარბიც არ შეუხრია. ვითომ წინა დღეს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარიყო. მაგიდასთან მოვიდა და ფეხაკეცილი ჩაჯდა. მაგიდაზე ვიღაცის მიტოვებული წიგნი დაინახა. აიღო და გადაშალა.
_ როგორ ხარ?_ ჰკითხა აჩიმ. მან კი მხრები აიჩეჩა, ყურსასმენები მოირგო და წიგნში იპოვა თავშესაფარი. იმ დღის შემდეგ. უფრო დუმდა ვიდრე ხმაურობდა. არც საერთო საუბარში ერეოდა დიდად. უფრო მეტიც განრიდებას ცდილობდა. რაღაცას ფიქრობდა. რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდა. საკუთარ დარდს არავის უზიარებდა, არც მე. სრულიად მარტო იყო საკუთარ ომში.
ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ ყველას ენატრებოდა მისგან ჩვეული არეულობა. და რამდენჯერაც აჩი მიუახლოვდა, იმდენჯერ რაღაც მოიფიქრა რუმ და გაეცალა.
ერთ საღამოს აჩი და სიდი სადღაც წავიდნენ სიდის პიკაპით. ნაჯახები წაიღეს. და უკან გრძლად დაჩეხილი გამხმარი ტოტებით დაბრუნდნენ. შუა მინდორში მიზიდეს ეს ყველაფერი და უზარმაზარი კოცონის აგებას შეუდგნენ. აივნიდან უყურებდა რუ მათ საქმიანობას. იდგა და თვალს არ აშორებდა. მოუთმენლად ცმუკავდა ადგილზე, ბოლოს ვეღარ გაუძლო, სწრაფად დაეშვა ეზოში და მათკენ გაიქცა.
_ მეც მინდა მოგეხმაროთ რაა!_ იძახდა ბედნიერი სიცილით._ ეს ხომ ჭიაკოკონაა? ცეცხლი უნდა ავანთოთ?
ჩვენ კი ვისხედით და მათ უცნაურ აღტყინებას ვაკვირდებოდით.
_ არ ფიქრობთ, რომ რაღაც ხდება?_ იკითხა ქრაშმა.
_ კიი რუ უცნაურად იქცევა! ვერ ვიგებ, ხან გიჟივით იცინის, ხან ხმას არ იღებს! რა ხდება ნეს?_ ედიმ სახელით მომმართა. აშკარა იყო არ ხუმრობდა, ხაზს უსვამდა, რომ სერიოზულად აინტერესებდა.
_ არ ვიცი. ეს მას კითხეთ. ყველაზე უკეთ თავად იცის რა ხდება ალბათ!_ ავირიდე მათი დაკითხვა.
_ ან ეს რა სიმღერაა? „ ამანთე“ რით არ მობეზრდა? ორი კვირაა ლამის გამუდმებით უსმენს.
_ ეგ კი არა გუშინ გავიგონე, აჩიც მაგას უსმენდა ჩუმად. რაღაცნაირი ტექსტი აქვს ამ სიმღერას._ ვითომ გააჟრჟოლა ქრაშს. _ მძაბავს!
_ გაუვლის, ხომ იცი, აიკვიატებს რამეს და გაუვლი მერე, აღარც ახსოვს ხოლმე!_ თითქოს თავს იმშვიდებდა ედი.
მე კი ვუყურებდი, როგორ ებღაუჭებოდა რუ მოზრდილ მორს, მანქანის ძარაზე და ვერ ვხვდებოდი, საიდან მქონდა ამდენი თავშეკავება, რომ არათუ მათთვის მოყოლა, არამედ საკუთარ თავთანაც კი არ შემეძლო ამ ყველაფერზე ფიქრი. რუ კი ძველებურად აჟიტირებული, მართლაც ანთებული იმ პატარა სხვისთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით ღიმილად იღვრებოდა. რა ახარებდა ასე? ალბათ ის რომ ჯერ კიდევ რაღაც სამისოდაც ხდებოდა ამ სამყაროში, რაღაც მხოლოდ მისთვის და მის გამო. რაღაც, რასაც თან წაიღებდა, სადაც არ უნდა წასულიყო, როცა აქიდან წავიდოდა.
მთელი საღამო და მერეც ლამის შუაღამემდე არ მოშორებია რუ ცეცხლს. პატარა ბავშვივით მთელი მონდომებით ახტებოდა ჩანავლულ ნაკვერჩხალს და ხმამაღლა ემუქრებოდა დემონებს და ბოროტ სულებს. იყო რაღაც ჯადოსნური ემოციის იმგვარ ველურს გამოვლინებაში, რაც მას სჩვეოდა.
_ უცნაურია ეს შენი მეგობარი!_ გვერდით მომიდგა ჩაფიქრებული არჩილი._ ვცდილობ მის გაგებას და მაინც არ მესმის. როგორ შეიძლება ასეთი გულწრფელობით უხაროდეს უბრალოდ კოცონი? როგორ შეიძლება ერთ დღეს სრულებით არარაციონალური ავი ადამიანი, მეორე დღეს ასეთი ბავშვი იყოს? ან როგორ შეიძლება ასეთი გულღია ღიმილის მიუხედავად მისგან ამხელა სევდა იღვრებოდეს? ვუყურებ და არ მჯერა რომ არსებობს. მგონია ერთ წამსაც ადგება და გაქრება, და ეს იმდენად უბრალო მარტივი მომენტი იქნება...._ გაჩუმდა და გადმომხედა გაკვირვებულმა. _ შენ რა ტირი?
გაოცებულმა ამოვისვი თვალში თითები. გამიკვირდა,
ცრემლებმა გაიელვეს თითებზე.
_ წავალ მოვიცვამ რამეს! შემცივდა!_ ავიჩეჩე მხრები და სახლისკენ წავედი.
მოგვიანებით დავინახე ჩამქრალი ნაცეცხლურის გვერდით ისხდნენ რუ და აჩი. რაღაცას საუბრობდნენ ხმადაბლა. მერე რუმ თავი დაუქნია. ყურსასმენები ამოიღო, ერთი მას გაუწოდა , მეორე თავად მოირგო ყურზე და მუსიკა ჩართო. ეჭვი არ მეპარებოდა ისევ იმ სიმღერას უსმენდნენ.
დასვენების დღეები ილეოდა. და რაც უფრო ახლოვდებოდა განშორების დროს, მით უფრო ვსევდიანდებოდი. სამაგიეროდ რუ იყო ბედნიერი. ბოლო დროს ვამჩნევდი ლოყებზე ძველი ვარდისფერი დაუბრუნდა. ალბათ განწყობის დადებითისკენ შეცვლამ იმოქმედა მასზე. როგორღაც, ჩემდა გასაკვირად აჩისთან საერთო ენა გამონახა. სულ უკან დაჰყვებოდა ლეკვივით, პატარ_ პატარა მავნებლობებს უწყობდა და მისი შეკრული წარბებით ხალისობდა. საღამოობით უცნაურ გართობებს იგონებდა. ხან სიდს აიძულებდა მასთან ცეკვას, სანამ თავად არ გასძვრებოდა ქანცი, ან გოგოებს ტაროს უშლიდა და ათას სისულელეს ბოდიალობდა. პატარა მაგიურ რიტუალებს აწყობდა, ტყიდან სასაცილო ფერად სოკოებს და გირჩებს ეზიდებოდა, ველოსიპედს არ ეშვებოდა და ვერაფრით ახერხებდა წონასწორობის დაცვას. და ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, როცა აჩი მოტოციკლით აკატავებდა,
_ საით წავიდეთ?_ ეკითხებოდა ის და რუ მხოლოდ ერთ სიტყვას ყვიროდა ხელებგაშლილი.
_ მზისკენ!

ხანდახან ოთახში იკეტებოდა და მობილურზე საუბრობდა. ჩუმად პუტუნებდა, რომ ვერავის გაეგონა.
_ ჩამოვალ... არ დავაგვიანებ.... არაფერია...ნუ გეშინია...

მესმოდა მისი ხმადაბალი ჩურჩულის ფრაგმენტები და კითხვის დასმა მეშინოდა.
.......

_ ეგ სად იშოვნე? _ გაოცებული ვუყურებდი გაზეთის უბრალო ქაღალდში გამოხვეულ ოთხ უზარმაზარ მზესუმზირის ყვავილს. შავი გულებით და მზესავით მკვეთრი ყვითელი ფურცლებით._ მას მოუტანე?
ვკითხე და შინაგანად გამიხარდა მისი ჟესტი.
_ რატომ მხოლოდ მას?_ გაიოცა აჩიმ. და დავინახე, როგორ უყურებდა ვერანდის ხის კიბეზე მჯდარ ლამის გამჭვირვალე რუს. საყვარელ ლიმნებ ამოქარგულ კარდიგანში გამოხვეულს.
_ მიეცი და აანთე! _ ვთქვი ჩურჩულით. და თითქოს მიხვდა, რომ მასზე ვლაპარაკობთ, ჩვენკენ გამოიხედა. თვალები წამიერად აუციმციმდა. წამოხტა და გამოიქცა.
_ ჩემია?_ ჰკითხა ჩვეულად თავხედი და ჭირვეული ბავშვივით.
_ რატომ მარტო შენი?_ ტუჩის კუთხეში გაპარულმა ღიმილმა გაყიდა აჩი. მაგრამ რუ მას არ უყურებდა, არ შეუმჩნევია. ჯერ ვითომ ეწყინა, გაიბუსხა და მართლა ბავშვივით დაუშვა ძირს ქვედა ტუჩი. მერე ყველაზე დიდ ყვავილს მოკიდა თითები და ნელა ამოაცალა გაზეთიდან. სხვა ქალი ინსტიქტურად დაყნოსავდა ყვავილს, მადლობას იტყოდა, გაიღიმებდა. მან კი გულში ჩაიკრა მზესუმზირა. უსიტყვოდ ზურგი გვაქცია და მინდორში აჩემებული ადგილისკენ წავიდა რწევა რწვით და ჩუმი ღიღინით.
_ ეგოისტი!_ ჩაილაპარაკა ღიმილით აჩიმ და ყველას ჩამოგვირიგა მზესუმზირები.
...........
იმ დილით, როცა აჩის დაურეკეს სამსახურიდან წვიმდა.
_ სხვა გზა არ არის უნდა წავიდეო!_ გამომიცხადა და ათიოდ წუთში მზად იყო წასასვლელად. ყველას დაგვემშვიდობა რუს გარდა. ის არ ჩანდა. ცოტა ხანს ყოყმანობდა, მაგრამ ხელი ჩაიქნია. _ როგორც კი შევძლებ დავბრუნდებიო! დაგვპირდა და წავიდა.

......

მთელი ორი კვირა წვიმდა. ცამ პირი მოხსნა და აღარ გადაიღო. ხასიათიც ამინდივით მქონდა ამღვრეული.
გზიდან რომ ხმამაღალი ბღუილი მომესმა მივხვდი სტუმარი ახლოვდებოდა და ისიც მივხვდი ვინ იქნებოდა. ჰაერი ჩავისუნთქე და გამბედაობა მოვიკრიბე. მოსახვევში აჩის შავი ბაიკი გამოჩნდა. სწრაფად მოდიოდა. თითქოს ჩქარობდა.
დახურულ ვერანდაზე ვისხედით ყველა. სიდის გარდა. სიდმა სამი დღის წინ წაიყვანა რუ სახლში. ჯერ კიდევ არ ჩანდა. აჩიმ მოტოციკლი გააჩერა, და ჩვენკენ გამოემართა. თან ჩაფხუტი მოიხსნა. შუბლი წვიმას შეუშვირა, დასველების აღარ მორიდებია.
_ გამარჯობა!_ მოგვესალმა ყველას და მიმოიხედა. აშკარა იყო მას ეძებდა._ როგორ ხართ? აქამდე ვერაფრით მოვახერხე გამოქცევა! სად არის ის ხათაბალა იხვის ჭუკი?
მოგვათვალიერა და სახე დაუსერიოზულდა. ხმას არ ვიღებდით. ან ვერ. მიხვდა რაღაც ხდებოდა.
_ მშვიდობაა?_ მკითხა და თვალი გამისწორა. თავი უარის ნიშნად გავაქნიე.
_ სად არის?_ იკითხა ხმა არეულმა. მაშინვე მიხვდა, მის გამო ვდუმდით ახლა, ისევე როგორც მის გამო ვიცინოდით მანამდე.
_ წავიდა!_ უპასუხა ქრაშმა. მერე ვეღარ გაუძლო და ატირებული წამოხტა ფეხზე._ არასდროს ვაპატიებ ამას! არასდროს!
ზურგი გვაქცია და სახლისკენ წავიდა. ვითომ უემოციო ყველაზე მატად ვერ იკავებდა ახლა ემოციებს.
_ რა ხდება ამიხსენით ვინმემ!_ ჩაილაპარაკა აჩიმ. _ სად არის სიდი?
_ სიდმა წაიყვანა რამდენიმე დღის უკან. ჯერ არ დაბრუნებულა._ უპასუხა ედიმ.
_ სად წავიდა?_ დაძაბული იდგა. ხვდებოდა ეს წასვლა არ იყო ჩვეული წასვლა._ რა თქვა სად წავიდ!
გაიმეორა ცივად.
_ მზესთან! _ ძალა გამოცლილი დავჯექი და საკუთარ ხელებს დავეყრდენი._თქვა რომ მზესთან წავიდა!
დიდხანს ვუყვებოდი შემდეგ მის ამბავს. იმას რასაც მალავდა. იმ გარდაუვალ დასასრულს, რასაც ვერაფრით გაექცეოდა.
_ მისი მკლავები!_ ახლაღა გაიაზრა ბოლომდე აჩიმ.
_ ჰოო, პირდაპირ ქიმიების კურსიდან ამოვიდა აქ. და ისევ უკან დაბრუნდა. არ ქონდა ხანგრძლივი რემისია.
_ სად არის ახლა? სად არის ნეს?
_ არ უთქვამს. არ ვიცით. მხოლოდ თქვა, რომ ყველაფერს მივხვდებით, როცა დრო მოვა._ მეტი პასუხი არ მქონდა. ეს რუს არჩევანი იყო._ ეს დაგიტოვა. თქვა რომ ხშირად უსმინო და არ დაგავიწყდეს, რომ შენ ის სწორედ სიბნელის ბოლო წამს აანთე! და ამის გამო მადლიერია....
რუს მობილური გავუწოდე. სადაც ფონზე მთვარე და მზესუმზირა ეხატა და სრულ სიცარიელეში მხოლოდ ერთი სიმღერა ჰქონდა დატოვებული. აჩიმ სიმღერა ჩართო:
„ამანთე

ამანთე! არ მომცე ჩაქრობის უფლება.
ამანთე! რომ ერთად
გავუძლოთ ცხოვრებას.
იყავი იმედი და ჩემი სინათლე,
ჩემი რეალობა და ჩემი ოცნება!

ამანთე! არ მომცე ტირილის უფლება!
ამანთე, მინდა რომ სინათლით აგავსო!
და მერე სიცივით რომ გადაიღლები.
ჩემმა სიყვარულმა
თავიდან გაგათბოს.

ამანთე! მომეცი სიცოცხლის ხალისი.
მომეცი ფერები, მაჩუქე სამყარო!
ჩამკიდე ხელი და
ვიაროთ მხარდამხარ.
ამანთე! არ დამთმო! არ დამაღალატო...“ (ra ve)

ეძებდა, მაგრამ ვერ პოულობდა. თითქოს რუ ადამიანი კი არა, მართლაც სუპერნოვად ქცეული მზე იყო და ერთ დღესაც უბრალოდ აფეთქდა. აფეთქდა და სამყაროდან გაქრა......


Game over...

ვე რა



№1 სტუმარი სტუმარი ოქტომბრის`ეული

რაღაც ძალიან მეტკინა,რა სევდიანია.....გაგრძელებას ვისურვებდი....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent