უდრის გულს (სრულად)
უდრის გულს =???? დღეს სრულიად შემთხვევით მოვხვდი იმ ქუჩაზე, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე. ინსტიქტურად დავუყევი სრულებით განახლებულ ფასადიან სახლებს და მოგონებებმა წარსულში დამაბრუნეს. ჩემს ძაღლს, რომელიც ხეებისკენ ჯიუტად მექაჩებოდა, თოკი დავუმოკლე და ვიწრო შესახვევით ბავშვობის ეზოსკენ გადავუხვიე. ერთ დროს ხმაურიანი ეზო სრულ მდუმარებაში იყო ჩაძირული. ძველი ეზოდან არაფერი დარჩენილიყო ბავშვობის ფერადი მოგონებების მეტი. ჩაფიქრებული ვიდექი და ჩემმა ძაღლმა დრო იხელთა, საბელი ხელიდან გამტაცა და ფარეხების უკან გაუჩინარდა. სწრაფი ნაბიჯით ავედევნე. ერთ ფერში გადაღებილ ფარეხებს მოვუარე და სრულებით მოულოდნელად წავადექი თავს მიწის თხრაში გართულ ძაღლს. ღიმილით დავიხარე, რათა საბელი ამეღო ხელში და მოულოდნელად ფარეხის ძირში ბეტონის ჩამონგრეულ საძირკველზე მივიწყებულ საიდუმლო წარწერას გადავაწყდი. „ნინას + სოფი=????. „ ეწერა ძალიან დაბლა, ლამის მიწის ზედაპირზე, კუთხეში, თვალისგან მოფარებულ ადგილას. პაწაწინა გაუბედავი ასოებით. შევკრთი, გავშეშდი, გავირინდე. იქვე ჩავჯექი იმ ბავშვური წარწერის გვერდით და ისე, რომ თავადაც ვერ გავიგე როგორ, თვალები ცხელი ცრემლებით ამევსო. 17 წლის უკან, სოფი უბნის ყველაზე ლამაზი გოგო იყო, და არა მარტო ლამაზი. ზრდილობიანი, ბეჯითი, თითით საჩვენებელი საამაყო შვილი. ხშირად ისმოდა ჩვენს სახლებში: _ სოფის მიბაძე! _სოფის შეხედე! _ სოფის დაემსგავსე! და ეს პატარა ფრაზები ისე გვძულდა, ისე გვაბეზრებდა თავს, რომ ბოლოს ფრაზების მთქმელის ნაცვლად, თავად სოფი ამოვიჩემეთ ბავშვებმა. ვერაფრით იგებდა ჯერ ისევ პატარა გოგონა, რატომ მოიძულეს უბნის ბავშვებმა. რატომ აყოლებდნენ ავად მოწკურულ თვალებს, რატომ ჩურჩულებდნენ მის ზურგს უკან ათას სისაძაგლეს. მოგეხსენებათ ბავშვზე სასტიკი ამ სამყაროში ცოტა თუ მოიძებნება ვინმე. ბავშვის სისასტიკე ისევე, როგორც სიყვარული, სრულყოფილია და მთელი მისი ბავშვური გულწრფელი ემოციით იკვებება. და სწორედ ამ ბავშვურმა გაუგონარმა სისასტიკემ დათრგუნა ერთ დროს მზესავით გოგონა. საკუთარ თავში ჩაიკეტა და გაუცხოვდა. სოფი და ნინა ბავშვობიდან მეგობრობდნენ, სულ ერთად ყველგან და ყოველთვის. 15 წელი განუყრელი მეგობრები ახლა მტრებად ექცნენ ერთმანეთს. უფრო სწორედ ეს ნინა იქცა მის კოშმარად. ალბათ მისმა გუნებამ სწორი დრო შეარჩია და კვარცხლბეკიდან გადმოგდებული დედოფლის ადგილი უყოყმანოდ დაიკავა. ამბიციამ აჯობა გონიერებას. ჩაგვრის ახალ და ახალ გზებს იფიქრებდა ნინა სოფის წინააღმდეგ. სხვისი თუნდაც გამოგონილი ცუდის ხარჯზე მარტივი იყო საკუთარი თავის კარგად წარმოჩენა. რამდენჯერმე სცადა სოფიმ მასთან საუბარი, სცადა მიზეზი გაეგო, ანდაც თავი ემართლებინა, თუმცა კი ვერ ხვდებოდა რაში, ანდაც თავად ჰქონდა საკუთარ თავში ნაპოვნი მიზეზი, ვინ იცის?! როგორც ბავშვები ამბობდნენ: სოფიმ სიყვარული აუხსნა ნინასო. ნინამ სილა გააწნა და შეაფურთხაო. თუმცა არც ეს იცოდა ვინმემ დაზუსტებით, რაზე ისაუბრეს ყოფილმა მეგობრებმა იმ დღეს, მაგრამ ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ სოფის დედამ გოგონა ტანსაცმლის საკიდიდან ჩამოხსნა სანახევროდ გაგუდული. საკუთარი ხელით შეხსნა შვილს ყელიდან ყულფად განასკვული თოკი. გაუმართლა სოფის და გაუმართლათ უბნის მტანჯველებსაც. სოფის ოჯახმა ბინა შეიცვალა, სკოლაც და ბოლოს, როგორც გავიგეთ, ქვეყანაც. თუმცა ნამდვილად არ გვიფიქრია, რომ ამის მიზეზიც სწორედ იმ ჩვენს ბავშვობაში უნდა გვეძებნა. ამბავი ამით დასრულდა, უფრო სწორედ ამბის პირველი ნაწილი. ნინამ სკოლა დაამთავრა, არც ისე კარგად, როგორც მის მშობლებს სურდათ და არც ისე ცუდად, როგორც თავად ფიქრობდა. მისთვის რომ გეკითხათ, ყველაფერი სასწავლო პროგრამის აბსურდულობის ბრალი იყო, მის მშობლებს კი სულ სხვა მოსაზრება ჰქონდათ. ნინას შეყვარებული თომა. ჰოო, თომა სრულებით იმ მენატლიტეტის ბიჭი იყო, ოთხმოცდაათიანებში გოგონებს რომ კერპებად მიაჩნდათ. და სიყვარულის, რა თქმა უნდა, არა ესმოდა რა. ხშირად მოსდიოდა ჩხუბი ნინას ბიძაშვილთან, იმ სითამამის გამო, რასაც გოგონასთან მიმართებაში იჩენდა. ხოდა მაშინ, როცა ნინამ სკოლა დაამთავრა და სრულწლოვანი გახდა, შეყვარებულის ამპლუიდან საყვარლის სტატუსამდე აამაღლა თომამ და როგორც მოსალოდნელი იყო არასასურველი ორსულობაც დადგა. ამას რა მოყვებოდა თქვენც ხვდებით ალბათ? თომა ისე გაქრა, როგორც შარშანდელი თოვლი. ხმა გავარდა, ნინას კი სწორედ ბუმერანგივით დაუბრუნდა წყეული კარმა. თუმცა მის შემთხვევაში ალბათ სრულიად სამართლიანადაც. თუ ვინმეს რამე ბოღმა ჰქონდა გულში ჩაგროვილი, ყველამ ნინას მიმართულებით ანთხია. ისიც გაახსენეს, რაც სოფის დამართეს, წარსულის ლაქა ისე ჩამორეცხეს საკუთარ შვილებს და ისე შეახოცეს მხოლოდ ნინას, წარბი არ შეუხრიათ. სახელ და მომავალ გატეხილი, ჰოო იმ დროს ეს სინონიმები გახლდათ ნინა სახლიდან ვეღარ გამოდიოდა. დედა აბორტის გაკეთებას აიძულებდა, მამა ცემით ემუქრებოდა, ხოლო მისი ბიძაშვილი გამწარებული დაეძებდა თომას. უფრო არა იმიტომ, რომ ნინას დარდი კლავდა, არამედ იმიტომ, რომ ბედის უიღბლობით საბრალო ნინა მისი ნათესავი იყო. სწორედ იმ დღეს, როცა ნინას სხეულიდან ამ ამბავში ყველაზე უცოდველი არსება ამოგლიჯეს, ნინას ბიძაშვილმა სადღაც კლუბში, ან იმ დაწესებულებაში, რაც მაშინ კლუბად საღდებოდა, მიაგნო აწ უკვე მამად არ შემდგარი წამლით გაბრუებული თომა და ეგრეთ წოდებულ „შპიცზე“ წამოაგო. ირონიულია, რომ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას ასეთი ყოვლად საძაგელი მიზეზების გამო თავდაყირა აყენებენ. არა იმიტომ რომ დის, დეიდაშვილის, მეგობრის ღირსებას იცავენ, ( არის თუ არა ის დასაცავი მაინც) არამედ იმიტომ, რომ საკუთარი აგრესია გაამართლონ და ე.წ კაი ტიპის იმიჯი შეინარჩუნონ. ამას რაც მოყვა ალბათ გასაგებია, მისი ურაინდოესობა ბიძაშვილი ციხეში მიაბრძანეს წინასწარ განზრახული მკვლელობის ბრალდებით. თომა პირდაპირ ცივ მიწაში გააქანეს, სავარაუდოდ დამსახურებულად. ნინა კი ორად მოკეცილი გამოიყვანეს სამშობიაროდან. ასეა, ცხოვრებაში ყველა ქმედებას მოჰყვება თავისი ნაყოფი, თუ უნაყოფობა. ერთხელ არეულ ცხოვრებას დალაგება ვეღარ ეღირსა. ახლა უკვე ბიძის ოჯახისგან წაქეზებულმა კეთილმოსურნე სანათესაომ მოიძულა ნინა. თითქოს მისი ყოფნა რამეს ცვლიდა ან რამის შეცვლა შეეძლო. ბარგი ჩაულაგეს და „აქ აღარ დაგედგომებას!“ საბაბით გერმანიაში უკრეს გზაარეულ შვილს თავი. აქ ამბის მეორე ნაწილი აქ სრულდება. ამბის, რომლის დაწერაც ასე აჩქარებულ ტემპში მიწევს, მაგრამ სხვანაირად ვერც და არც მოგიყვებოდით. მაგრამ მოსაყოლად ღირდა. .... ქუჩის კუთხეში იჯდა ნინა, ოჯახ, სამშობლო და საკუთარ თავ დაკარგული. სადღაც გულის სიღრმეში სინდის და ნამუს გაღვიძებული, მაგრამ სრულიად უმწეო საკუთარი იმჟამინდელი მდგომარეობის მიმართ. აღარც ძალა, აღარც ხალისი, აღარც სურვილი აღარ ჰქონდა სიცოცხლის. ბოლო თვე იყო თავი როგორ გაჰქონდა არ ახსოვდა. სანახევროდ მშიერს, არც საკუთარი წარმომავლობითი სიამაყე აძლევდა უფლებას, რომ სამათხოვროდ გაეწვდინა ხელი და არც ისეთი არაფერი ეხერხებოდა, რომ მოწყალების სანაცვლოდ გაეღო და მის მათხოვრობას მათხოვრობა არ დარქმეოდა. იჯდა მობუზული და აღარც ფიქრობდა. მხოლოდ ელვასავით უვლიდა გონებაში სუიციდი და ყოველ გაელვებაზე აუტანელ ტკივილს აყენებდა. ცას ახედა. ამინდიც სწორედ მისი განწყობის შესაფერისი იყო. ნელა წამოდგა და ფეხათრევით გაუყვა უკვე რამდენჯერმე მოზომილ გზას. სახლიდან ხიდამდე... ხიდიდან სახლამდე და ისევ უკან... მოაჯირზე გადაძვრა, წამით შეიცადა, წყალს ჩახედა, ცხოვრებაში პირველად გაუხარდა, რომ ცურვა არ იცოდა. ანუ მალე დასრულდებოდა. სულ რამდენიმე წუთის ტკივილი და მოვიდოდა ნანატრი სიმშვიდე. ჰაერი ჩაისუნთქა, თითქოს ბოლო გემრიელი ულუფა და გააოცა იმან, რომ ჰაერს მართლაც ტკბილი გემო ჰქონდა. თუმცა ამასაც დაკარგული ჰქონდა აზრი და მნიშვნელობა. მოაჯირს ხელები გაუშვა და გადაფრინდა.... _ ქართველი ყოფილა. ალბათ როგორ გაუჭირდა საწყალს, რომ აქამდე მივიდა!_ უყვებოდა დედას სოფი და სწრაფად ემზადებოდა. უკვე რამდენიმე თვე იყო ქართველთა დიასპორის იურიდიული მხარის თარჯიმანთა ბიუროს წარმომადგენელად მუშაობდა. მით უფრო მგრძნობიარე გახლდათ მაშინ, როცა საქმე სუიციდს ეხებოდა. ალბათ წლების წინანდელი საკუთარი ამბავი დღემდე აჩნდა დაღად. _ გარეთ ცივა დედი, თბილად ჩაიცვი!_ გაუღიმა დედამ და საკუთარი ხელით შემოახვია ცისარტყელას ფერებში მოქსოვილი თბილი კაშნი. სოფი სწრაფად გავიდა სახლიდან და კარი გაიხურა. ხშირად ფიქრობდა სოფის დედა, რა იქნებოდა შვილი რომ იმ მძიმე ტოქსიკური ჭაობისთვის დროულად არ გაერიდებინა. სხვისთვის არაფრად ფასობდა მისი დედისერთა ქალიშვილი. ისე თელავდნენ ფეხქვეშ 15 წლის გოგონას, მხოლოდ შურის და ბოღმის გამო, თვალს არ ახამებდნენ და რა მოყვებოდა იმის გამჟღავნებას, რომ სოფი მათგან საკუთარი ორიენტაციითაც განსხვავებული იყო? ადრე თუ გვიან გასკდებოდა ეს ამბავი, და სოფი გესლის და ტკივილის ახალ ტალღას გადაჰყვებოდა. არადა ახლა როგორი ლამაზი, ბედნიერი, წარმატებული ლაღი და გულისხმიერი იყო. მიუხედავად გამოყოლილი ტკივილისა ქართველი პრიორიტეტად მიაჩნდა. ახლაც ვიღაც უცნობის დასახმარებლად გარბოდა, და მონდომებას სწორედ ის უორმაგებდა, რომ უცნობი ქართველი გოგონა იყო. მისი ხნის, მისი თანატოლი, მისი სქესის, მასავით ტკივილგამოვლილი და საკუთარ ომში დამარცხებული. ხოდა წამით არ ნანობდა სოფის დედა წლების წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, მას საკუთარი შვილი თავისუფალი და ბედნიერი სურდა ეხილა და რაც მთავარია ცოცხალი. ჰოო, რაც მთავარია ცოცხალი! პალატის კარი რომ შეაღო და საწოლზე მობუზული გოგონას სახეს შეხედა ადგილზე გაქვავდა სოფი. წარსულმა და გადავიწყებულმა ტკივილმა გულზე მოუჭირა. გაქცევის მძაფრმა სურვილმა დაუარა სხეულში. კუნთები დაეჭიმა. ბრაზმა, იმედგაცრუებამ, წყენამ, შურისძიების მძიმე საცეცებმა ერთდროულად დაიწყეს ფათური მის გონებაში. მის წინ იდგა ის, ვინც ოდესღაც საკუთარი თავის პოვნაში, აღიარებასა და მიღებაში დაეხმარა. საკუთარი ბავშვური, ყველაზე გულწრფელი, ყველაზე უანგარო სიყვარული და ამავ დროულად ყველაზე დიდი მტერი. მისი ყველა დარდის ტკივილის და დანებების სათავე. უკან დაიხია და დახურულ კარს მიაწყდა მხრებით. _ ქალბატონო სოფია გთხოვთ!_ გამოაფხიზლა იურისტის ხმამ. კვლავ ნინას გახედა. ის იჯდა თავ დახრილი, დანებებული, გამტყდარი. ახლა მისთვის ალბათ ყველაფერი სულ ერთი იყო. „ რა შეემთხვა? აქ რატომ არის?“ გაუელვა ინტერესმა სოფის. ამ ინტერესმა აიძულა თავი ხელში აეყვანა და მისკენ ნაბიჯი გადაედგა. კარზე ზარი რომ მოესმა,მიხვდა შვილი დაბრუნდა სამსახურიდან წინსაფარი შეიხსნა სოფის დედამ და კარის გასაღებად წავიდა. კარი რომ გააღო შეცბა. თუმცა გონს მალე მოეგო. პირველად არ ხდებოდა, რომ სოფის სახლში მოყავდა ისინი, ვისაც დახმარება სჭირდებოდათ. ახლაც არ დაიბნა,კარი ფართოთ გამოაღო და გულითადად გაიღიმა, თუმცა ღიმილი წამსვე შეახმა სახეზე. მაშინვე იცნო სტუმარი,ან რა დაავიწყებდა საკუთარი შვილის სუიციდის ინიციატორს?! მისი სახის დანახვაზე უარესად მოიბუზა ნინა. უკან დაიხია, გაქცევა დააპირა. რომ არა სოფი, დაუფიქრებლად დაეშვებოდა კიბეზე. _ დედა!_ ოდნავ სიმკაცრე დაეტყო ხმაში._ ნახე ვინ არის ჩვენი სტუმარი!_ მკლავში ხელი ჩაავლო და სახლში შეიყვანა. .... რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა ნინა საქართველოში. უკვე წარმატებულ, შემდგარ და თავდაჯერებულ ქალად. რომელსაც აღარ სჭირდებოდა საყრდენი. ახლა თავად შეეძლო ყოფილიყო სხვისი იმედი, როგორც მაშინ სოფი გახდა მისთვის ის ხავსი, რომელსაც მოეჭიდა. არაფერი მოუთხოვია სოფის მისთვის სიკეთის სანაცვლოდ. ცხოვრების იმ ეტაპზე, გაუწოდა დახმარების ხელი, როცა გადამწყვეტი წამი დაუდგა. როცა მშობელმა დედამ აქცია ზურგი. სოფი წამოდგომაში დაეხმარა და საკუთარ გზაზე გაუშვა, როგორც სხვა უამრავი წაქცეული მანამდე. ერთხელაც კი არ უხსენებია წარსული, წყენა, ტკივილი. თუმცა ამაზე საუბარი რომ არ შეეძლო, ეს ალბათ ნიშნავდა, რომ იარა ჯერაც პირმოუკრავი ჰქონდა.... ...... ვიჯექი ძველი ფარეხის იმ კუთხეში, სადაც ფასადის გალამაზების საჭიროებაც კი არ იდგა. ვუყურებდი იმ პატარა ლურსმნით ამოკაწრულ გაუმხელელ საიდუმლოს და ვტიროდი. ეს ორიოდ სიტყვა პატარა გაუბედავი გოგონას უზარმაზარ სევდას იტევდა და ახლაც კი 17 წლის შემდეგ ისევ იქ მელოდა, საკუთარ საიდუმლო ადგილას. რა იყო ეს? იქნებ შეხსენება იყო, რომ ყველას აქვს ამ მზის ქვეშ საკუთარი ადგილი? რომ მიუხედავად დამცირებისა და დაუმსახურებელი ტკივილისა, ის მაინც არსებობდა და არსებობის სრული უფლება ჰქონდა? რომ ვერც დრომ, ვერც სხვათა უგულო გადაწყვეტილებებმა ვერ აიძულეს საკუთარი პაწაწუნა ადგილის დათმობა? ან იქნებ, ეს ის იყო, ის ბუმერანგი, კარმამ რომ სილასავით დამიბრუნა იმ მზიან, უღრუბლო დილას? თორემ როგორ მოხდა, რომ ამდენი წლის შემდეგ, ასე მოულოდნელად, თითქოს შემთხვევით ჩვენ ისევ ვიჯექით გვერდიგვერდ? მესიჯის ხმამ გამომაფხიზლა ფიქრებში გართული. „ნინა სად ხარ? გელოდები. ერთი შანსი მომეცი შვილო. მომეცი უფლება ყველაფერი თავიდან დავიწყო!“ მწერდა დედაჩემი. მე კი მხოლოდ სოფიზე ვფიქრობდი იმ წამს. მის სიკეთეზე, სინათლეზე, დიდსულოვნებაზე. ვინ ვიყავი მე და რა უფლება მქონდა, რომ დედაჩემს არ ვპატიობდი იმას, რაც საკუთარ თავს თავად დავმართე. წამით თვალები დავხუჭე. თავი ფარეხის ჟანგიან კედელს მივაყრდენი. ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. მობილური ავიღე და ერთი სიტყვა დავწერე: „ მოვდივარ.“ თითები სიყვარულით გადავუსვი ბეტონზე ამოკაწრულ სევდიან მოგონებას. ბავშვობის ეზო და მოგონებები დავტოვე, ოდნავ იმაზე უკეთესმა, ვიდრე აქ მოსვლამდე ვიყავი. დასასრული ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


