შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვიტაცე K-POP აიდოლი (თავი II)


გუშინ, 08:30
ავტორი An_iri
ნანახია 54

თავი 2
დილის ხუთი საათი ხდებოდა. ის პერიოდი, როცა თბილისს სძინავს — მშვიდად, ეგოისტურად, თითქოს არც აინტერესებდეს ჩემი აფორიაქებული სული. ფანჯარა ფართოდ გამოვაღე. ოთახში თბილისური ალიონის ნესტიანი და მტვრიანი ჰაერი შემოიჭრა. თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე. მომნატრებოდა... მიუხედავად იმ ტკივილისა, რამაც აქედან გამაქცევა მაიძულა, მიუხედავად იმ ჭორებისა, რაც ამ ქალაქის ქვაფენილებზე დავტოვე, თბილისი მაინც ჩემი ერთადერთი თავშესაფარი აღმოჩნდა.
კონცენტრირება ვცადე, მაგრამ ამაოდ. ჩემს თავში ნამდვილი როკ-კონცერტი იმართებოდა — ათასი კითხვა, შიში და ადრენალინი ერთმანეთში ირეოდა. ჩვეულებრივ, ამ დროს მეძინა, მაგრამ დღეს... დღეს ჩემს მისაღებ ოთახში, ჩემს ძველისძველ დივანზე, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული „ობიექტი“ იწვა.
პანიკა ნელ-ნელა, ცივი წვეთებით მოჰყვებოდა ხერხემალს. სამზარეულოში ვიდექი, ხელში ცარიელი ჭიქა მეჭირა და გაშტერებული ვუყურებდი კედელს, სადაც ძველი საათი წამებს კი არ ითვლიდა, თითქოს ჩემს დანაშაულს ათარიღებდა.
მე ის მოვიტაცე.
მართლა გამოვაპარე კონცერტის კულისებიდან, სადაც ათასობით ფანი მის სახელს სკანდირებდა. შევაპარე აეროპორტში, კეპისა და სათვალის მიღმა დამალული, ისე, რომ ვერც ერთმა კამერამ ვერ დააფიქსირა მისი დაღლილი მზერა. ოცდაორი საათი ფრენას მოვანდომეთ. ოცდაორი საათი ჰაერში, სადღაც მიწასა და ცას შორის, სადაც დრო გაჩერდა.
ამ დროის განმავლობაში ხმა არც ერთს არ ამოგვიღია.ის მომყვებოდა... მომყვებოდა ისე, როგორც პატარა, შეშინებული ბავშვი მიჰყვება დედას ბნელ დერეფანში. ხმისამოღებლად, უკითხავად, სრული, უსიტყვო ნდობით. და სწორედ ეს ნდობა იყო ყველაზე მტკივნეული. მის სიჩუმეში მესმოდა ამ ნდობის ყვირილი — ისეთი ხმამაღალი, რომ ყურებში მიგუბებდა.
მის თვალებში, როცა თვითმფრინავის ფანჯრიდან ღრუბლებს უყურებდა, იკითხებოდა იმედგაცრუება და რაღაც ისეთი სასოწარკვეთა, რომელიც ჩემთვის ასე ახლო და ნაცნობი იყო. ეს იყო იმ ადამიანის მზერა, რომელსაც საკუთარი თავი წაართვეს და მხოლოდ ლამაზი შეფუთვა დაუტოვეს სხვების გასართობად.
ჩემი კორპუსის მერვე სართულზე ამოვიყვანე. ლიფტში მისი მხარი ჩემსას ეხებოდა და ვგრძნობდი, როგორ კანკალებდა. არა სიცივისგან, არამედ იმ სიმძიმისგან, რასაც „თავისუფლება“ ჰქვია.
მე ის გამოვაპარე... გამოვაცალე იმ ქარიშხალს, რომელიც მის განადგურებას აპირებდა. მე უბრალოდ მისი დაცვა მინდოდა. მინდოდა, რომ ისეთ ადგილას ყოფილიყო, სადაც ვერავინ იპოვიდა, სადაც პაპარაცების ნაცვლად მხოლოდ ჩემი აივნის ყვავილები დაინახავდნენ. სადაც ისევ ის ნოა იქნებოდა, რომელიც პირველად ერთი წლის წინ გავიცანი — ცივი ნიღბის მიღმა დამალული, თბილი, ემოციური ბიჭი, რომელსაც უბრალოდ სუნთქვა სწყუროდა.
სამზარეულოს კარი ოდნავ შევაღე და მისაღებ ოთახში შევიხედე. ნოას ეძინა. მის სახეზე დილის სუსხიანი სინათლე ეცემოდა და იმ მომენტში ის აღარ ჰგავდა მსოფლიო ვარსკვლავს. ის ჰგავდა ადამიანს, რომელმაც 22-საათიანი ფრენის შემდეგ, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, მშვიდად ჩაისუნთქა.
________________________________________

საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა, ვის წინაშე ვიდექი. როცა სონ ჰიონმა მითხრა, რომ ერთ-ერთი პოპულარული ჯგუფისთვის ინგლისური უნდა მესწავლებინა, ჩემი რეაქცია იყო: „იმედია, წესიერი ბიჭები არიან და ნერვებს არ მომიშლიან“. ჩემთვის ისინი უბრალოდ სტუდენტები იყვნენ, მე კი — მასწავლებელი, რომელიც ცდილობდა, თავისი ქართული წარსული და ის სკანდალური ჭორები სეულის ვიწრო ქუჩებში დაემალა.
მაგრამ პირველივე შეხვედრა კატასტროფით დაიწყო. სონ ჰიონმა გაჭირვებით წამომაყენა ფეხზე. როგორც კი გასწორება ვცადე, ხელმეორედ დამეხვა თავბრუ და ის იყო, მეორედ უნდა გავშხლართულიყავი იატაკზე, რომ ვიღაც ამომიდგა ზურგს უკან და მხრებში წამავლო ხელი.
— ფრთხილად, — გავიგე ნაცნობი დაბალი ბარიტონი და ერთიანად ჟრუანტელმა დამიარა სხეულში. ეს არ იყო თბილი ხმა, უფრო ცივი, თავდაჯერებული და რაღაცნაირად... ბრძანებლური.
ფრთხილად მივაბრუნე თავი. ჩემს ზურგს უკან ნოა მედგა. მისი სახე ისე ახლოს იყო, რომ მის გუგებში საკუთარი დაბნეული გამოსახულება დავინახე. წარბშეკრული მაკვირდებოდა, თითქოს რაღაც ეგზოტიკურ მწერს სწავლობსო.
— უუუ.. უკაცრავად... — ენა დამება და შევეცადე მისი ხელებისგან გამეთავისუფლებინა თავი. — როდის მოხვედი? წეღან დავინახე, როგორ გადიოდი ოთახიდან.
— მე ხომ ანგელოზი ვარ?! შემიძლია ნებისმიერ დროს გავქრე და მერე არსაიდან გავჩნდე, — მითხრა ცინიკურად და მხრებზე კაუჭებად მოჭერილი თითები უფრო მეტად მომიჭირა. ეს ბიჭი აშკარად სარგებლობდა იმით, რომ ჩემზე ერთი თავით მაღალი იყო.
— ნოა, ნუ აშინებ ადამიანს, — მომესმა თბილი ხმა. მზერა მაღალ, ყავისფერთმიან ბიჭზე გადავიტანე, რომელსაც ისეთი სანდომიანი ღიმილი ჰქონდა, რომ მაშინვე მომეწონა. — მე დაიკი ვარ.
— დაიკი... — ჩავილაპარაკე ჩემთვის და უცებ თავში რაღაცამ გამინათა. — დაიკი? აომინე დაიკი? იცი აომინე დაიკი?
დაიკის თვალები გაუფართოვდა, მერე კი ისეთი ხარხარი მორთო, რომ მთელი ოთახი შეზანზარდა. — ვატყობ, შენც გიყვარს ანიმეები! — გამიღიმა მან და სავარძელზე მიმითითა. — ნოა, გესმის? აომინეო!
ზლაზვნით დავჯექი მითითებულ ადგილას და დასისხლიანებულ ხელს დავხედე, რომელიც დაცემისას ვიტკინე. ნოა ისევ იქ იდგა, ხელები გადაეჯვარედინებინა და ისეთი მზერით მიყურებდა, თითქოს ფიქრობდა: „ეს გოგო საიდან მოიყვანეს?“.
— კი, მიყვარს, მაგრამ... თქვენ რატომ იცით ინგლისური ასე კარგად? — ვიკითხე დაბნეულმა.
— ძალიან არეულად საუბრობ, — მითხრა გაღიზიანებულმა ნოამ. ის მოულოდნელად ჩემ წინ ჩაიმუხლა. მისი მოძრაობები ისეთი სწრაფი და თავდაჯერებული იყო, რომ რეაქციის მოხდენაც ვერ მოვასწარი. ჩემი დასისხლიანებული ხელი თავის გრძელ თითებში მოიქცია.
— ანიკა, ნოა და დაიკი ავსტრალიიდან არიან, — ამიხსნა სონ ჰიონმა ღიმილით, — ინგლისური მათი მშობლიური ენაა.
— მერე მე რატომ ვარ აქ? — წამოვიძახე და ნოას ხელიდან ჩემი ხელის გათავისუფლება ვცადე, მაგრამ მან ოდნავ მომიჭირა თითები. — იმიტომ, რომ დანარჩენებმა არ იციან, — თქვა ნოამ ისე, რომ ჩემთვის არ შემოუხედავს. — და იმიტომ, რომ შენ უნდა გვასწავლო, როგორ არ დავიბნეთ ინტერვიუების დროს. თუმცა, როგორც ვხედავ, თავად უფრო მეტად იბნევი.
— მე არ ვიბნევი! უბრალოდ... მოულოდნელი იყო.
— მართლა? — ნოამ თავი ასწია და თვალებში ჩამხედა. — და ისიც მოულოდნელი იყო, რომ საერთოდ არ იცოდი, ვინ ვიყავით? შენს სახეზე ეწერა: „ესენი ვინ ჯანდაბა არიან?“.
— სიმართლე გითხრა, კი, — ვუპასუხე ჯიუტად და ცხვირი ავპრიხე. — არ ვთვლი, რომ ყველამ უნდა იცოდეს შენი არსებობის შესახებ.
დაიკიმ ისევ ჩაიფხუკუნა. — მომწონს ეს გოგო! ნოა, მგონი, ღირსეული მეტოქე იპოვე.
ნოას ჩემი ხელი თავის გრძელ თითებში ჰქონდა მომწყვდეული და ნორმალურად სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.— ნუ ცმუკავ, — წაიბუტბუტა უხეშად, ისე, რომ ჩემთვის არ შემოუხედავს. — შენი ბრალია, საკუთარ ფეხებში რომ იხლართები.
მიუხედავად მისი უხეში სიტყვებისა, ის, თუ როგორ ეხებოდა ჩემს ნაკაწრს, სულ სხვა რამეზე მეტყველებდა. ის ისეთი სიფრთხილით მიმუშავებდა ჭრილობას, თითქოს მსოფლიოში ყველაზე ძვირფას და ნატიფ ნივთს ეხებოდა. მისი თითების ყოველი მოძრაობა იყო საოცრად ნაზი, თითქოს ეშინოდა, ტკივილი არ მოეყენებინა. მთელი ჩემი ბრაზი, რომელიც მის ცინიზმზე დამიგროვდა, სადღაც გაქრა. დავყურებდი მის დახრილ თავს, მის ქერა თმას, რომელიც შუბლზე ჩამოჰფხატოდა და ვგრძნობდი, როგორ მეცვლებოდა მის მიმართ დამოკიდებულება.
— აი, ასე, — თქვა მან, როცა დაამთავრა. მან ბამბა გადააგდო და ფეხზე ისეთი სისწრაფით წამოდგა, თითქოს რცხვენოდა იმ წუთიერი სიახლოვის, რომელიც ჩვენს შორის გაჩნდა. ისევ ის ქედმაღალი გამომეტყველება მიიღო და ზემოდან დამხედა.
— ახლა კი, „მასწავლებელო“, ადექი და გვაჩვენე, რა შეგიძლია. ოღონდ ანიმეების გარეშე, თუ შეიძლება. ავსტრალიაში კალათბურთელების სახელებით არავინ გვესალმება.
დაიკიმ ისევ ჩაიფხუკუნა, ნოამ კი ზურგი შემაქცია და თავის ადგილზე დაჯდა, თუმცა შევამჩნიე, როგორ შეათვალიერა ჩემი ხელი კიდევ ერთხელ, რომ დარწმუნებულიყო — სისხლდენა ნამდვილად შეწყდა.


გაკვეთილი დაიწყო.
ვცდილობდი, სერიოზული სახე შემენარჩუნებინა, თუმცა შიგნით უკვე ვგრძნობდი — ეს გაკვეთილი მშვიდად ვერ ჩაივლიდა.
დაფასთან დავდექი, მარკერი ავიღე და ღრმად ჩავისუნთქე.
— კარგი, რადგან დაიკიმ და ნოამ ინგლისური საკმაოდ კარგად იციან, — დავიწყე მშვიდი, აკადემიური ტონით, — დღეს ყურადღებას გავამახვილებთ ამერიკულ სლენგსა და ინტერვიუების ეტიკეტზე. მაგალითად…
— მაგალითად, — შემაწყვეტინა ნოამ, რომელიც სავარძელში ისე გადაწოლილიყო, თითქოს პლაჟზე კოქტეილს სვამდა და არა გაკვეთილზე ისმენდა, — როგორ ვუთხრათ ჟურნალისტს თავაზიანად, რომ მისი კითხვა ისეთივე მოსაწყენია, როგორც შენი გაკვეთილის შესავალი?
ოთახში რამდენიმე წამით სრული სიჩუმე ჩამოვარდა.
დაიკიმ ინსტინქტურად ჰკრა ხელი ნოას მკლავზე, თითქოს ეუბნებოდა — ახლა ნამდვილად გადააჭარბე, თუმცა თვითონაც ძლივს იკავებდა სიცილს.
ჰოში თვალებს აცეცებდა, თითქოს ჩხუბის დაწყებას ელოდა.
უ-ჯინი ინტერესით გადმოიხარა წინ.
ჰა-ჯუნი კი ჩუმად აკვირდებოდა ყველაფერს — ზედმეტად ფხიზლად.
მე ნელა შევბრუნდი ნოასკენ.
არ ავჩქარდი.
ეს იყო ზუსტად ის მომენტი, სადაც ან უნდა დამეხია უკან, ან… თამაში მიმეღო.
— ასეთ შემთხვევაში, — ვთქვი მშვიდად და თვალებში პირდაპირ შევხედე, — შეგიძლია თქვა: “That’s an interesting perspective.”
მცირე პაუზა გავაკეთე.
— თუმცა შენს შემთხვევაში, ნოა, ალბათ უფრო გამოსადეგია ფრაზა: “I’m being a brat.”
ჰაერი დაიძაბა.
დაიკის ლამის სუნთქვა შეუჩერდა.
ჰოში ჩუმად ჩაახველა, რომ სიცილი დაეფარა.
ნოამ კი თვალები მოეჭუტა.
მან ნელა დადო ტელეფონი მაგიდაზე.
ისეთი მოძრაობით, თითქოს მთელი ოთახის ყურადღება სპეციალურად იქით მიიქცია.
შემდეგ ჩემსკენ გადმოიხარა.
— Brat? — გაიმეორა ნელა, დაბალი ხმით. — იცი, რომ მაგ სიტყვისთვის შეიძლება გაგათავისუფლონ?
მე არც უკან დამიხევია და არც ხმა ამიკანკალებია.
— იცი, რომ მასწავლებლისთვის ხელის შეშლისთვის შეიძლება კუთხეში დაგაყენო? — ვუპასუხე მშვიდად და ირონიულად გავუღიმე. — თანაც, მე აქ იმისთვის ვარ, რომ გასწავლოთ, როგორ ილაპარაკოთ რეალურ სამყაროში და არა იმისთვის, რომ თქვენს ეგოს მოვეფერო.
ნოას სახეზე რაღაც შეიცვალა.
გაკვირვება.
შემდეგ — ინტერესი.
ის მიჩვეული იყო, რომ მის წინაშე ყველა ქედს იხრიდა.
მე კი… არ ვიხრიდი.
— კარგი, ანიკა, — თქვა მან ბოლოს და ტუჩის კუთხე ოდნავ აუთამაშდა. — მოდი, ასე მოვიქცეთ.
მე და დაიკი წარმოვიდგენთ, რომ ჟურნალისტები ვართ.
შენ კი… შენ მოგვცემ ინტერვიუს.
ვნახოთ, როგორ გაუმკლავდები „რთულ“ რესპონდენტებს.
— სიამოვნებით, — ვუპასუხე დაუფიქრებლად და სავარძელი მათ პირისპირ მივიდგი.
დაიკიმ ვითომ მიკროფონი აიღო ხელში და სერიოზული სახე მიიღო.
— ანიკა მასწავლებელო, — დაიწყო, — რას იტყვით იმაზე, რომ თქვენი სტუდენტი ნოა მსოფლიოში ყველაზე აუტანელი ადამიანია?
— ეგ კითხვა ზედმეტად მარტივია, — ვთქვი მე უყოყმანოდ და ნოას თვალი ჩავუკარი, — მაგაზე პასუხი ყველამ იცის.
ოთახში ჩუმი სიცილი გაისმა.
— ჩემი ჯერია, — თქვა ნოამ.
ის წინ გადაიხარა.
ძალიან ახლოს.
— ანიკა, თუ ასეთი კარგი მასწავლებელი ხარ, რატომაა, რომ როცა ჩემს თვალებს უყურებ, წინადადების დასრულება გიჭირს?
პაუზა გააკეთა.
— ეგეც რომელიმე ანიმეს გავლენაა?
ვიგრძენი, როგორ წამომენთო ლოყები.
ეს ბიჭი ნამდვილი დემონი იყო.
პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდა — და ზუსტად იცოდა, როგორ გამოეყენებინა თავისი მზერა.
მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებდი.
— ეგ იმიტომ, — მივუგე სწრაფად, თუმცა გული გამალებით მიცემდა, — რომ ვცდილობ ამოვიცნო, შენს თავში საერთოდ ხდება რამე…
პატარა პაუზა.
— თუ მხოლოდ ცინიზმი გაქვს დარჩენილი.
ოთახში ჰაერი თითქოს გაწყდა.
ჩვენ ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით.
არც ერთი არ ვხუჭავდით თვალს.
ნოას ტუჩის კუთხეში პატარა, ძლივს შესამჩნევი ღიმილი გაკრთა.
ეს არ იყო ცინიკური.
ეს იყო… აღიარება.
ის მიხვდა —
მე არ ვიყავი ისეთი, ვისაც ადვილად დააშინებდა.
იმ დღეს მივხვდი ორ რამეს:
პირველი — ნოა იყო ყველაზე აუტანელი ადამიანი, ვინც კი ოდესმე შემხვედრია.
და მეორე —
მე ის მაინტერესებდა.

გაკვეთილი დამთავრდა, მაგრამ სონ ჰიონმა მთხოვა, რამდენიმე წუთით კაბინეტში გავყოლოდი, საბუთების მოსაწესრიგებლად და სამუშაო დეტალების ბოლომდე შესათანხმებლად. შეხვედრამ დაახლოებით ნახევარ საათს გასტანა და როცა დერეფანში გამოვედი, მუსიკის ხმა მომესმა — მძლავრი, რიტმული ბასი, რომელიც კედლებს აზანზარებდა. ნახევრად ღია კარში შევიხედე და ადგილზე გავშეშდი.
ეს იყო სავარჯიშო დარბაზი. ბიჭები რეპეტიციას გადიოდნენ, ოფლში გაწურულები. ის, რასაც ვხედავდი, არ ჰგავდა ჩვეულებრივ ცეკვას. ეს იყო სინქრონული მაგია, ცეცხლოვანი რიტუალი, რომელშიც მათი სხეულები ერთ მუსიკალურ ორგანიზმად იქცეოდნენ.
განსაკუთრებით ნოა... ის შუაში იდგა. მისი ყოველი მოძრაობა იყო ზუსტი და საოცრად ქარიზმატული. მინდოდა, მზერა მომეცილებინა, მაგრამ არ შემეძლო. მისი სველი მაისური ტანზე მიჰკვროდა, გამოკვეთდა მხრების მკვეთრ ხაზებსა და მკერდის დაძაბულ კუნთებს. თითოეული ნაბიჯისას მისი სხეული იჭიმებოდა, კანი ოფლისგან პრიალებდა და ამ ყველაფერში იყო რაღაც ველური მიმზიდველობა.
ქერა თმა სახეზე მიკრობოდა, კისრის ძარღვები დაჭიმული ჰქონდა. ის ჰგავდა მითიურ არსებას, რომელიც მუსიკის რიტმზე იქმნებოდა. მე უბრალოდ ვერ ვაცილებდი თვალს. კანზე ბატი-ბუტი მაყრიდა, თითქოს მის ყოველ მოძრაობას ჩემი სხეულიც გრძნობდა. ჰაერში ოფლისა და მისი ძვირადღირებული სუნამოს ნაზავი ტრიალებდა, რაც რაღაც თრობისმაგვარს იწვევდა ჩემში.
მოულოდნელად მუსიკა შეწყდა. ნოამ თავი ასწია, სველი თმა უკან გადაიწია და პირდაპირ ჩემსკენ გამოიხედა. მის თვალებში მაშინვე გაჩნდა ის ნაცნობი ნაპერწკალი, რომელიც ამბობდა: „მივხვდი, რას აკეთებდი“. მის სახეზე კმაყოფილი ღიმილი გამოჩნდა. მან ტუჩის კუთხე ჩატეხა და თვალი ჩამიკრა.
ვიგრძენი, როგორ წამომიხურდა ლოყები, სისხლი მთელ ტანში ჩამექცა. ეს იყო მწველი სირცხვილი და ამავდროულად, უცნაური სიამოვნება. სასწრაფოდ მოვცილდი კარს, თითქოს მისი მზერა ფიზიკურად მეხებოდა.

— ანიკა, არ გშია? — მკითხა სონ ჰიონმა, როცა სამზარეულოში შევხვდი. — ძალიან, — ვუპასუხე და უცებ იდეამ გამიელვა თავში. — მინდა ბიჭებს რაღაც ქართული მოვუმზადო. მადლობის ნიშნად, რომ პირველ გაკვეთილზე არ შემჭამეს.


სამზარეულოში საოცარი სუნი დატრიალდა. ხაჭაპური უკვე ოქროსფრად ბზინავდა და ბიჭებიც, დამშეულები, სათითაოდ შემოცვივდნენ ოთახში. დაიკი და ჰარუ აღფრთოვანებულები შეექცეოდნენ ცხელ ნაჭრებს, მე კი კუთხეში ვიდექი, კმაყოფილი ვუყურებდი მათ და ინსტინქტურად დასიხლიანებულ ხელს წინსაფარზე ვიწმენდდი.
ნოა ყველაზე ბოლოს შემოვიდა. ის არ მივარდნია მაგიდას. მისი მზერა ჯერ ბიჭებზე გადავიდა, მერე კი მაშინვე ჩემს ხელზე შეჩერდა, რომელიც დილით ასე ფრთხილად დამიმუშავა. დავინახე, როგორ დაეჭიმა ყბის კუნთები. მისი თვალები ელვისებურად აივსო ბრაზით.
— ეს რა არის? — იკითხა მან ისეთი ცივი ხმით, რომ დაიკის ხუმრობა ჰაერში გაეყინა.
— ხაჭაპურია, გასინჯე... — დავიწყე მე, მაგრამ მან ორი ნაბიჯით გადაჭრა მანძილი და მაჯაში ხელი ჩამავლო.
— მე შენ რა გითხარი? — მისი ხმა ჩურჩულს ჰგავდა, მაგრამ იმაზე საშიში იყო, ვიდრე ყვირილი. მან ჩემი ხელი ზემოთ ასწია და ყველას დაანახა აწითლებული ნაკაწრი, რომელიც ცხელ ტაფასთან ტრიალისგან ისევ აწითლებულიყყო. — გითხარი, რომ ხელი არ გაგენძრია! რატომ ხარ ჯიუტი? გგონია, შენი სამზარეულოში ტრიალი ვინმეს სჭირდება?
— ნოა, უბრალოდ მინდოდა მადლობა გადამეხადა... — ენა დამება მის ასეთ აგრესიაზე.
— მადლობა? — მან ხელი უხეშად გამიშვა, თითქოს ეშინოდა, რომ უფრო მეტს მატკენდა. — შენგან მადლობა არავის უთხოვია! შენი საქმე ინგლისურის სწავლებაა და არა დაჭრილი ხელებით ცომში ქექვა.
მისი ყოველი სიტყვა მათრახივით მხვდებოდა. მეგონა, მართლა სძულდა ჩემი გაკეთებული კერძი, მაგრამ მის თვალებში რაღაც სხვა დავინახე — იქ იყო პანიკური ღელვა, რომელსაც ის ვერ მართავდა. ის იმდენად ღელავდა ჩემს უმნიშვნელო ნაკაწრზე, რომ მზად იყო მთელი სამყარო ეჩხუბა.
— აიღე, ნოა. ნუ ყვირიხარ, — ვუთხარი ჩუმად და ერთი ნაჭერი გავუწოდე.
მან ისევ ისე გაბრაზებულმა გამომართვა, თითქოს შხამს აწვდიდნენ. გასინჯა. დავინახე, როგორ გაუბრწყინდა თვალები ერთი წამით, როგორ მოეშვა დაჭიმული მხრები, მაგრამ ნიღაბი არ მოუხსნია.
— ცუდი არაა, — თქვა მან ჩვეული ცინიზმით, თუმცა მეორე ნაჭერსაც დასწვდა. — თუმცა, ცოტა მეტი მარილი მოუხდებოდა. და კიდევ... ერთხელაც თუ დაგინახავ, რომ ამ ხელს საფრთხეში აგდებ, პირადად ვიზრუნებ, რომ აქედან გაგათავისუფლონ. გასაგებია?
— რა თქმა უნდა, — ჩავიცინე მე..— შენ ხომ ისეთი „მარილიანი“ ხარ, სხვანაირად როგორ იქნებოდა.
ბიჭებმა ხარხარი მორთეს. ნოამ კი ზურგი შემაქცია, რომ თავისი სახე დაემალა, მაგრამ მე დავინახე — მისი ყურები ოდნავ გაწითლებულიყო.

...
ნოას ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან.
— საინტერესოა…
თავი ავწიე. დივანზე იჯდა, ერთი ფეხი მეორეზე გადაედო და ხელში ჩემი ძველი ჟურნალი ეჭირა. ის ჟურნალი, რომელიც დარწმუნებული ვიყავი, წლების წინ დავკარგე. ან დავმალე. ან უბრალოდ დავივიწყე — როგორც საკუთარ თავი.
გული ყელში ამომიჯდა.
გარეკანზე მე ვიყავი.
წითელ კაბაში. თავდაჯერებული ღიმილით. მიკროფონით ხელში.
ის ქალი, რომელიც აღარ არსებობდა.
ნოამ ჯერ ჟურნალს დახედა, მერე მე. ნელა. ყურადღებით. თითქოს დეტალებს აკავშირებდა.
— I knew it, — ჩაილაპარაკა. —
სუნთქვა წამით შემეკრა.
— რატომ დამალე? — მკითხა და ჩემსკენ გამოემართა. თითოეული ნაბიჯი გამიზნულად ნელი იყო. — რატომ გამოიქეცი საქართველოდან, ანიკა?
უკან დავიხიე, სანამ ზურგით კედელს არ მივეყრდენი. არ მინდოდა ეს ასე ყოფილიყო. არ მინდოდა ვინმეს ასე მარტივად ენახა ის, რაც წლების განმავლობაში საკუთარ თავსაც კი დავუმალე.
— შენ არ გაქვს უფლება… — დავიწყე, მაგრამ სიტყვები გამიწყდა.
ნოა ხელით კედელს მიეყრდნო, მე კი კედელსა და თავის ხელში მომაქცია, ისე რომ არ შემხებია. სწორედ ეს იყო ყველაზე რთული — მან სივრცე წამართვა, მაგრამ სხეული არა. არჩევანი დამიტოვა, თითქოს.
მისი მზერა ჩემს ტუჩებზე ჩამოცურდა. ნელა. ზედმეტად ნელა.
— მაქვს, — ჩაიჩურჩულა.
გული გამალებით მიცემდა. მინდოდა მეთქვა, რომ ის ცდებოდა. რომ ეს წარსული არაფერს ნიშნავდა. მაგრამ ორივემ ვიცოდით — ნიშნავდა.
— ეს აღარ ვარ მე, — ძლივს ამოვთქვი.
მისი თვალები ამჯერად ჩემსას შეხვდა. ცივი აღარ იყო. უფრო სერიოზული. ფრთხილი.
— ტყუილია, — მითხრა ჩუმად. — შენ უბრალოდ ის ხარ, ვინც ძალიან დაიღალა.
მისი ხმა აღარ იყო გამომწვევი. არც ცინიკური.
და სწორედ ეს მაშინებდა ყველაზე მეტად.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ისეთი, სადაც სიმართლე ზედმეტად ხმამაღალია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent