შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა (თავი მეორე)


გუშინ, 21:41
ავტორი Persephone.notesfromabyss
ნანახია 455

ავტ. შენიშვნა: ნაწარმოებში ხსენებული თემი, სალხინებელი რეალურად არ არსებობს. მასში შეგხვდებათ საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი სიტყვები, წეს-ჩვეულებანი თუ ლანდშაფტი. რიტუალთა ნაწილი გამოგონილია, ისევე, როგორც მმართველობის სისტემა. მოვლენები ჩვენ საუკუნეში ხდება, მაგრამ სიუჟეტის თავისებურებიდან გამომდინარე, მკითხველი შეიძლება დააბნიოს პერსონაჟთა ცხოვრების წესმა და მეტყველებამ. ეს არის სამყარო, სადაც ავტორის ფანტაზია ერთმანეთში აქსოვს ქართულ, ბერძნულ, რომაულ მითოლოგისაც. ამბავი ნახევრად სიურეალისტურია, სალხინებელში შეხვდებით ყველაფერს, რაც ქართულ რეალობაში უკვე გინახავთ.


თავი მეორე

გუბაზმა შავი პერანგის ღილები შეიკრა. მართას დაკრძალვისთვის ანა ისე მოირთო, თითქოს ლხინში წასასვლელად ემზადებოდაო იგი. ბეშქენი კართან ელოდებოდა მშობლებს.
-საწყალი თუთა, რა დღეში იქნება?!-შენიშნა სებემ და თასმები შეიკრა.
-არ მოუვა მაგას არაფერი.-ფერუმარილი წაიცხო ქალბატონმა.
-მართას ხელშია გაზრდილი, რაებს ლაპარაკობ?-შეესიტყვა ქმარი.-ნუ ამოიჩემე ეგ გოგო.
-ამტანია ბავშვობიდან და ეგ ვიგულისხმე.-წყენა გაერია ცოლს ხმაში.-იოსებს სულ დაწიოკებული ჰყავდა ეგენი, მაგრამ მოაღწია დღემდე, გაუძლებს ამასაც.
-მამამისს?-დაინტერესდა სებე.
-ჰო, მართაც და ნანაც რამდენჯერ გამოაგდო სახლიდან, თუთასაც დაათრევდნენ აქეთ-იქეთ. ერთხელ, მახსოვს თუთა მიუვარდა მამამისს გაგიჟებული და...
-დედა!-დაიყვირა ბეშქენმა. ქალბატონი შეხტა.-არაა ეგ ჩვენი სალაპარაკო. გავედით თუ მივდივართ, აწი გამოასვენებენ კიდეც იმ ქალს.
-მართალი ხარ შვილო.-დაეთანხმა ბატონიც.-იქ ლაქლაქი არ გავიგო ახლა. სამძიმარზე რომ ვიყავი გული მომიკვდა.
-ამ მამა-შვილს კაცი ვერ დაგელაპარაკებათ!-ჩაიფრუტუნა ანამ და ჩანთას დაავლო ხელი.
***
გოგოებს სამზარეულოში მოეყარათ თავი და ფლავს ხარშავდნენ. მზიანი დღე იყო, ამინდს დაკრძალვის არაფერი ეტყობოდა, დედაბუნების საზეიმო, გაკაშკაშებულ განწყობას მართას სიკვდილის პირქუში ჩრდილი დაჯახებოდა და სამტროდ იწვევდა.
თუთას მეგობრები ადგილს ვერ პოულობდნენ, გოგონა კუბოსთან გაშეშებული იჯდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. თავიდან, პირველ დღეს თუთა თვალებჩაწითლებული იყო, მაგრამ მხნედ გამოიყურებოდა, განკარგულებებს გასცემდა და ბებიას ტანსაცმელს არჩევდა. ხალხს ეგებებოდა, სამძიმარს იღებდა და დედამისს დამამშვიდებლებს ასმევდა. იოსები დედის სამძიმარზე არ ჩანდა, რამდენიმე კეთილისმსურველმა მოიკითხა კიდეც, მოჩვენებითი მზურნველობით მოეფერნენ თუთას ჩამოშლილ კულულებს და მამა არააო, სადააო? წარბის აწევითა და ტუჩების პრუწვით ამოთქვეს მთავარი გულისტკივილი.
თაია ყავადანთან იდგა და ტუჩს იკვნეტდა, მეტისმეტად ჩამოცხა და ქურასთან ტრიალი კიდევ უფრო გაუსაძლისი იყო.
-წუხელ, მთელი ღამე სკამზე იჯდა, ნანამაც ვერ ააყენა.-შუბლი შეიკრა კატომ.-რამე უნდა მოვიფიქროთ, გაგიჟდება ასე, თავს რამე არ აუტეხოს, თუთაა მაინც.
-გაჩუმდი, ჯვარი წერია!-შეშფოთდა მერი.
-თბილისში მივდივარ ხვალ და წავიყოლებ, აქ ახლა მარტო ამის დარჩენა არ ივარგებს. მე დავრჩებოდი, მაგრამ ვმუშაობ ზეგ.-ფლავს მოურია თაიამ, მერე ცხელი ყავაც გადმოდგა და ჭიქებში ოსტატურად სწრაფად ჩამოასხა.
-ისედაც ცუდად იყო.-წამოიტირა კატომ.-ჰგონია მალავს, მაგრამ ჰომ ვიცით არა?! არა, ბოლო პერიოდში კი შეიცვალა, გამხიარულდა, მაგრამ ახლა ძალიან ვნერვიულობ ხალხო.
-წუხელ ჩვენ ვიყავით აქ, მაინც არ ეძინებოდა თუთას და დამლაპარაკებელი არ აწყენსო, გვეგვესაც საერთოდ არ უძინია, მე გამიშვა გამთენიას, თვითონ ფეხი არ მოუცვლია, იქნებ რამე დასჭირდეთო.- ამოთქვა მერიმ.
-დეიდამისი?
-ღამე ვერ დავრჩებიო მაგანაც.
-პაატა სადაა?
-თევზზეა წასული.
-ლადო?
-მღვდელი უნდა მოიყვანოს.
-მამა შიოც მოვიდა, ნანამ მითხრა წეღან.-ქვაბი გადმოდგა თაიამ.
-ძალიან მეცოდება თუთა, დედამისი ცხედარს ვერც მიეკარა, ქალები გვიან მოვიდნენ, ყველაფერი თვითონ გააკეთა და…-კატომ ყავის ჭიქაზე შემოჭდობილ თავის თითებს დახედა.-ვერ ვხვდები, არ მესმის, რატომ ავალდებულებენ. გუშინ გავიგე, ნანამ ოთახიდან ძალით გამოიყვანა, ჭირისუფლებთან უნდა იჯდეო, ხალხი ლაპარაკობს, რატომ ხმამაღლა არ ტირიო.
-გვეგვე რაღაცაზე ეხუმრა, გაეცინა და მერე ტანია ვითომ ჩურჩულით ბურტყუნებდა, რა ჯანდაბა აცინებსო.-გაიხსენა მერიმაც.
მეგობრებმა ერთმანეთს გადახედეს. დაბნეულობის, დაღლილობისა და დარდისაგან ამოღამებული თვალები თითქმის ტანისამოსივით ჩაშავებოდათ.
შემოსასვლელში მამა საბა ფულს ითვლიდა.
-დავუჩქაროთ ცოტა, ქელეხის მერე წასასვლელი ვარ დამაგვიანდება ლადო.-მხარზე ხელი დაუტყაპუნა ბიჭს.
-კი მამაო.
ოთახში აუტანელი სუნი იდგა, სიცხის, ნაირ-ნაირი ყვავილების, ნახევრად ჩამწვარი სანთლების და ერთმანეთში შეზავებული სუნამოების. ზოგ ქალს ხელში დიდი, ჭრელი მარაო ეჭირა და ღონივრად იქნევდა. გასვენებას ხალხისთვის ლაპარაკის საღერღელი აეშალა.
-ცოტა მოსუქებულა თუთა ჰო?-მარაოს მიღმა წაილაპარაკა მეზობელმა ლამარამ.
-გავიგე, მამამისი სამძიმარს არ იღებს.
-რასამობს ქა? რათა?
-მე დედა არ მყავს კაიხანიაოო.-მრავალმნიშვნელოვნად დაატრიალა ტანიამ თვალები.
-ვარდივით კია თუთა, ფერხორცს არ უჩივის, ნანა ისეთი გალეულია…
-გაწყვეტილია შრომაში.
-ნეტა რა! დაბაში გართობასაც არ იკლებს, ვიღაცა პატრა ბიჭთან ერთად დაუნახავთ ამას წინათ!
-რას ამბობ?! იოსებმა არ გაუგოს!
-იოსები ისეა ნანას ქმარი, როგორც მე ვარ ჩინურის მასწავლებელი!
-ისე, ყოჩაღ ჩვენ ბიჭებს ! ციბრუტივით ტრიალებს ყველა.
- თუთას ხათრით, რას არ იტრიალებენ!
ბერი შიო ჭირისუფალთან შევიდა, ოთახის კუთხეში ჩამოჯდა და თუთას დააკვირდა ყურადღებით.
ახალგაზრდა ქალი თითქოს რამდენიმე დღეში ჩამომდნარიყო. მილეულ მთვარეს ჰგავდა, მუქი თმა გასწეწვოდა და უკან გადაეწია, გაფითრებული ხელები გულზე დაეწყო და სადღაც შორს იყურებოდა. დროდადრო ტუჩებს იჭამდა, ტირილი აუვარდებოდა და სახეს ბავშვივით, მუჭით იმშრალებდა. მისი ტანჯვის ყურება გულზე ცეცხლად ედებოდა შიოს. თუთას ისედაც ეტყოობოდა სევდის მიჯნურ-მეგზური რომ იყო მთელი ცხოვრება. ხედავდა ხოლმე ბერი, ხედავდა სადღაც მიმავალს, სულ ჩაფიქრებულს, სულ მჭმუნვარეს, მისი სიცილიც მოესმინა, განსაკუთრებულად ხმაურინი და მჭექარე. უგულო და მტკივნეული უნდა იყოს ამ სიცილის რეალური სახეო, გაიფიქრებდა ხოლმე ბერი. ჯოჯოხეთის ცეცხლში გახვეულივით იხოკავდა თუთა ღაწვებს, თუმცა არაფერს არ ამბობდა. დედამისი და შემოკრებილი ქალები სიტყვით დასტიროდნენ მიცვალებულს, იხსენებდნენ, მჯიღს იცემდნენ, გოგონა კი პირზე ხელს იფარებდა, შლეგიანივით იტაცებდა თმაზე ხელს, გაუშვებდა, თითქოს საკუთარ თავს ებრძვისო.
ასე ეგონა ბერს, ურჩხული ლამობდა თუთას სხეულიდან ამოხტომას და ქალი არ ანებებდა ბოლომდე სამზეოზე გამოსვლას.
***
თუთას ტანი ეყინებოდა, ეკრუნჩხებოდა, ეგლიჯებოდა და სტკიოდა.
უნდოდა ბებიას უკანასკნელად დალაპარაკებოდა, მაგრამ დამუნჯებულიყო. ენას პირში ვერ აბრუნებდა.
ბებიამისად ვერც აღიქვამდა ამ ყბამოქცეულ და კიდურებმოგრეხილ სხეულს, ცვილის ფიგურასავით დასახიჩრებულს. აღარც შეხება უნდოდა, განმარტოების საშუალებას არ აძლევდნენ, თანაც ეძინებოდა.
ბებისთან გამოთხოვება კი არა, მძიმე პასუხიმსგებლობა იყო დაკრძალვა, მარტო ის სურდა, ამ დღეს ჩაევლო და აქედან წასულიყო. ნერვებს უშლიდა იმის წარმოდგენა, რომ სინამდვილეში, თვითონაც უნდოდა მხოლოდ დაჯდომა და ტირილი შესძლებოდა, მაგრამ ქელეხის სუფრასა და მიცვალებულის გაპატიოსნებაზე ფიქრი მოუწია, განა იმიტომ, რომ ამ საქმეში განსწავლული იყო, არამედ იმიტომ, რომ მის გარდა ემოციების მოთოკვა ვერავინ ვერ შეძლო და მამამისის ნაცვლად, კუბოზე გვეგვე და პაატა გააგზავნა. ფლავს თაია, კატო და მერი ხარშავდნენ, დედამისი გულამოსკვნილი ქვითინებდა, დეიდამისი ისევ აგვიანებდა.
მგონი, აქამდე არც კი იცოდა, რომ მართა ასე უყვარდა. მის სიკვდილზე არასოდეს უფიქრია, მართა სულ რაღაცას იტკიებდა, სულ წამლებს სვამდა, მაგრამ მაინც მუხლჩაუხრელად შრომობდა, ის კი იცოდა თუთამ, ბებია უკვდავი არ იყო, იცოდა და მაინც, მეხივით დაატყდა თავს მართას გარდაცვალება.
მართას დაკოჟრილი ხელების შეხებას გრძნობდა ბეჭებზე, ძილის წინ, ზღაპარს რომ უყვებოდა და ზურგზე ხელს უსვამდა. შეხება ნაზი იყო, ვარდის ფურცელივით ნაზი, მაგრამ ხელისგულები ჰქონდა ბებიას უხეში, მიწაზე მუშაობისაგან სახეშეცვლილი. და ზღაპარს აღარ იკითხავთ? მაშინაც ეურჩებოდა ღამე ძილს თუთა, ბებიას უფრო ადრე ეძინებოდა და გოგონა ან თვითონ აგრძელებდა ზღაპარს, ან ანცად გამოაფხიზლებდა ხოლმე მართას და კატეგორიულად სთხოვდა, ზღაპარი დაასრულეო.
სკოლაში ისე არ გაუშვებდა შვილიშვილს, პირჯვარი არ გადაესახა, არ დაელოცა და ვიშვიშით არ გაეცილებინა.
ახლა თავს დამნაშავედ გრძნობდა თუთა, არ ეფერებოდა ხშირად, ბევრს ეჩხუბებოდა, არ უთმობდა, აბრაზებდა და ანერიულებდა მოხუცს. სძულდა საკუთარი თავი, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, მართა რომ გაცოცხლებულიყო, ისევ ისე მოიქცეოდა, რადგან ასეთი ხასიათი ჰქონდა ორივეს, ასეთი იყო მათი ურთიერთობა.
რამდენიმე დღეში დაეწყო ბებიას ცოცხალ ხატებას გაფერმკრთალება, თუთას უკვე ეშინოდა, რომ მისი ხმის ჟღერადობა ზუსტად აღარ ახსოვდა, ვეღარ იგონებდა როგორი გემო ჰქონდა ბებიის გამომცხვარ პურს და ზღაპრების დასასრულიც დავიწყებოდა.
აი, მიაყრიდნენ მიწას და საერთოდ წაიშლებოდა მართას ნაკვალევი, გარშემო ყოველივე ისეთივე იყო, როგორიც მართას სიცოცხლეში და არც მისი წასვლის მერე გაჩერდებოდა ცხოვრება. არაფერი ეტყობოდათ ამ ხეებს, ამ ზეცას, აუტანლად აჭერდა მზე და ლაპლაპა, შავი კუბო სწრაფად ეშვებოდა ზუსტად გათხრილ სამარეში.
სხვების ტირილზე და სიტყვებზე უფრო მეტად ეტირებოდა გოგოს, გაახსენდა, როგორ ტიროდნენ ხოლმე მართა და თვითონ გასვენებებში ერთად და როგორ დარდობდა ბებია, ნეტა მეც ასე თუ დამიტირებო.
აი, ჩაასვენეს სასახლე. სასახლე? რა სახელია სასახლე? საერთოდ რაში გვჭირდება ოთხი ფიცარი, სუდარა, ან საფლავი, რა მნიშვნელობა აქვს? ცოცხლებს უფრო მეტად გვადარდებს ეს ყოველივე, სულის დასაწყნარებლად გვინდა, თავს ვიტყუებთ და ვირთობთ, რაღაც წესებს ვიგონებთ, რომ გლოვას კალაპოტი და მიმართულება მივცეთ. თუთამაც ასე არ ქნა? ემოციები საქმეზე გადაიტანა, მართას საკაბე ქსოვილები და ხორბალი არჩია, ლოცვები იკითხა, კუბოს ფიცრები არჩია, დამჭკნარი ყვავილები მოიშორა, თავისი გლოვა საბელგამობმული ათრია ხუთი დღის განმავლობაში.
სადაა იოსები? დედამისის გასვენებაში რატომ არ ჩანს? დედამთილს რა გულმხურვალედ ემშვიდობება ნანა, არა, დედა ასეთი გულჩვილია, ეჭვი არ ეპარება თუთას და მაინც, სადაა ეს ისოები?
უხმო ქვითინისაგან ორად მოიკეცა გოგონა, ხელი შეაშველა ვიღაცამ, წყალი მოარბენინეს, ბუნდოვნად არჩევდა მეგობრების ხელებს. ბატონის ფიგურა გამოჩნდა, სახიდან თმა გადაუწია, ქალბატონმაც კი გულში ჩაიკრა, ამასობაში, დედამისი ისევ ძალუმად ატირდა და პატარასავით ჩაებღაუჭა.
გამოერკვა თუთა, ცრემლი მოიწმინდა და დედას ძლიერად ჩაავლო ხელი. იმასაც მოსწმინდა ცრემლები და დეიდას ანიშნა, გაიყვანეო.
მორჩა, მზე ანათებს, ანათებს და ანათებს, კუბოს სახურავს ბელტები ეცემა.
ნადირივით დაიღმუვლა თუთამ, საკუთარ ყელს ჩააფრინდა, უნდოდა ხორხი გამოეგლიჯა და რამე ეთქვა, ვეღარ სუნთქავდა, ლოყები ცრემლებისგან დამდუღრულივით დასწვოდა. თეთრმა ღამეებმა და შიმშილისგან ამწვარმა კუჭმა თავისი ქნა, დარეტიანებულივით შებარბაცდა.
პაატამ დროულად აიყვანა ხელში და გოგონა ისევ გამოფხიზლდა, შეეწინაღმდეგა.
-დამსვი, წამოვალ ჩემით. მადლობა.-ეცადა გაეღიმა, მაგრამ გაიფიქრა, ალბათ როგორ ვიმანჭებიო.
პაატამ სიბრალულით სავსე ღიმილით უპაუხა და ჩამოსვა.
ორიოდე აჩურჩულებული ტუჩი შეამჩნია თუთამ.
ბეშქენი კიდევ ერთხელ გადაეხვია, ლადოც, ბიჭები ბუზებივით დაეხვივნენ.
მაინც ესიამოვნა ეს ყურადღება,თანადგომა, წამით გაუელვა, იქნებ მიხარია ბებიაჩემის სიკვდილი, მიხარია, რომ ეს ყურადღება დავიმსახურეო.
იქნებ ვთამაშობო ამ მწუხარებას, იქნებ, რეალურად, ვერაფერს ვერ ვგრძნობო და ისე შეზარა თავისმა თავმა, ლამის გული აერია იქვე, რომ შეძლებოდა, წიხლით შესდგებოდა საკუთარ თავს.
ო, როგორ ვერ იტანდა ვერაფერს, როგორ ვერ იტანდა, როგორ უნდოდა დაეძინა?!
ბებიამისმა იცოდა თქმა, ძილი სიკვდილის ძმა არისო, ადე გოგო, ამდენი ძილი არ შეიძლებაო და რას წარმოიდგენდა მოხუცი, რომ ზუსტად მაგიტომ უყვარდა თუთას დღისით დაძინება, სწორედ მაგიტომ, რომ ეს ძილი სიკვდილს ჰგავდა.
ძილი სიკვდილის ძმა არისო.
ჰოდა, ძილის ძმასთან წასულიყო ბებიამისი და თან გაეყოლებინა ის არშემდგარი თუთას ბავშვობაც, რომელიც სიყრმეშიც არ ღირსებოდა გოგოს და ამის მერე, აბა, რაღას ეღირსებოდა?
***
“ისევ მიდის ზაფხული და
ეს წელიც მე მხრებით ვზიდე.
გულით ისევ დანა დამაქვს,
შენგრეული სულის ძგიდე.
ამ ცხოვრებას ვერა ვგუობ,
თავი მე არ მეჩემება,
წარსულიდან მქრქალი ლანდი
მარტო სიზმრად მეფერება.
მე დამყვება შობის დარდი,
ჩაგვრა, ცემა, ტანჯვა, გვემა.
ჩემ თავს მე არ შევუყვარდი,
ეს ყოფილა ჩემი წყევლა.
შემოდგომას მოაქვს თეთრი,
ზამთრისფერი სუდარები,
ალბათ ვერავის ვერ ვეტყვი,
სარკეს რას ვემუდარები.
მინდა თავში მედოს ჩალა,
ბუმბული და სიმსუბუქე.
წვიმად თუ არ მოვიდოდი,
წლობით რაღას ვიგრუხუნე?
აღარ მინდა ჩემად ყოფნა,
არც სხვად ქცევა შემიძლია.
ასე, ტანჯვით სიცოცხლისთვის
ბევრი აღარ შემითქვია.
აღარავინ აღარ მინდა,
მაინც ყველას ვუწვდი ხელებს,
იქნებ, ასე უნდა მივხვდე,
რა გაკვალავს ამ ხშირ ტევრებს?
ღამე სიფხიზლე მაწამებს,
მერე, დღისით ძილი მახრჩობს.
ტვინი შხამით ამევსება,
დამშრალი ცრემლები მათრობს.
ყველა მიყვარს, ყველა მე მძაგს,
დაბლა ვეღარ დავდგი ფეხი.
ქვესკნელში ვარ ჩაჭედილი,
მიწას მოწყდა ჩემი ფესვი.
შიგნიდან მჭამს ჩემი ლეში,
გვამში ჩამისხეს მე ტყვია,
არ მასვენებს შეკითხვები,
აბა, ამას ყოფნა ჰქვია?”
***
მართას წლისთავიც უცებ მოვიდა, მეორე წელმაც გაირბინა და სალხინებელს შემოდგომამ თავისი ოქროცურვილი, იაგუნდისფერი ფოთლებით მორთული მანტია მოაფარა. ყურძნის მძივებით დახუნძლული მტევნები ჩამოარიგა.
ბატონის სახლში ღვინის ფესტივალისთვის სამზადისი ერთი თვით ადრე დაიწყო, მთელი ქვეყნიდან მოიწვიეს საუკეთესო სომელიიები, წინასწარ შეირჩა გუბაზის რთვლისთვის მკრეფავთა ჯგუფი, თავისი ხელით ამოქარგა ქალბატონმა ნადიმისათვის ახალი სუფრა.
ფესტივალამდე ორიოდე კვირა იყო დარჩენილი, მანამდე ბატონის ვაჟის დაბრუნებას ელოდა მთელი თემი.
ბეშქენი მართას სიკვდილიდან მალევე, გერმანიაში გაუშვა გუბაზმა სასწავლებლად. წელიწადი რომ გამოხდა, ანამ ვეღარ აიტანა ვაჟის სიშორე, ქმარს ევედრა ჩვენ მაინც ჩავაკითხოთო იმ ცივ ქვეყანაში. გუბაზმა სალხინებელი ვერ მიატოვა, მაგრამ ქალბატონი სტუმრად გაგზავნა და დროებით დააშოშმინა.
დღეს ეწურებოდა ბეშქენს დათქმული ვადა და სამშობლოში ბრუნდებოდა.
-ნეტავ, როგორ იმგზავრა?-წამდაუწუმ საყელოს ისწორებდა დედა.-უნდა დავხვედროდით!
-არ უნდოდა ადამიანს, გვთხოვა გზაში ძილს ვაპირებო.-მეათასედ გაუმეორა გუბაზმა.
-ბესარიონის სახე უნდა დაენახა პირველი?-ვერ წყნარდებოდა ანა.
-რა იყო, ბესარიონის სახისგან რა გინდა?-გაიცინა ქმარმა.
-რად გინდოდა ამდენი საჭმელი, კი არ შიმშილობდა იქ?-სიცილით უთხრა სებემ და მაგიდაზე ანიშნა.
-მე რა ვიცი, იქ რას ჭამდა, მონატრებული იქნება აქაურობას!-წარბი შეიკრა ბიცოლამ.
-გული არ გაუწყალო ბავშვს იცოდე, მოვა და მოსვენება ენდომება...-გუბაზს წინადადების დასრულება არ დასცალდა, კარი პირთამდე გაიღო და ბეშქენი შემოვიდა.
ანამ შეჰკივლა და შვილს ჩაეკონა. როგორ გამხდარხარო, როგორ მომენატრეო, რა გინდოდაო იმ დასაწვავ ქვეყანაშიო, ცრემლმოლეული გაიძახოდა ქალბატონი და ვაჟს სუროსავით ეხვეოდა.
-არ დაახრჩო, მიმიშვი მეც.-სიცილით მიეჭრა გუბაზი და ბეშქენი გულში მაგრად ჩაიკრა.
-ბეშქენ, შე ძველო!-სებემაც არ დააყოვნა და ბიძაშვილს მიეახლა.
ხვევნა-კოცნა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდა, ბეშქენმა საჩუქრები უძღვნა დედ-მამას, მამიდაშვილს, არც ქეთო და ტანია გამორჩენია, გემრიელად შეექცა ვახშამს და ანასაც ძლივძლიობით დააღწია თავი, ცოტას წავუძინებ და დავბრუნდებიო.
-აღარსად გავუშვებ!-ამოისლუკუნა ქალმა.
-კაცია უკვე.-სიამაყით შენიშნა გუბაზმა და შვილს სიყვარულით გააყოლა თვალი.
***
თუთამ თავისი წიგნაკი გადაშალა, ბებიას გარდაცვალების მერე, ჩანაწერები თითქმის აღარ გაუკეთებია. აღარც თავისი სიკვდილთან გარიგება ახსოვდა, თუმცა, ახლა მისი განახლება გადაწყვიტა. წელიწადზე მეტი დაჰყო ქალაქში, იშვიათად ჩადიოდა სალხინებელში და სმასაც უმატა.
ახალი საკვირაო სკოლა იხსნებოდა თემში, დამხმარე მასწავლებლად მოეწყო თუთა, გვეგვემ და მერიმ სთხოვეს დირექტორს, სწავლა დაასრულა და დიდი სიხარულით მოამზადებს ბავშვებსო. დირექტორი ძალიან მაღალი, პირხმელი და უკმეხი ქალი იყო, ლამარა. საჯარო სკოლიდან წამოსულიყო და ახალგაზრდებისთვის დამატებითი გაკვეთილების ჩატარება ბატონთან საუბრის მერე გადაეწყვიტა. გუბაზი მოსწავლეთა განათლებაზე ბევრს დარდობდა, დაბაში მოსამზადებლად სიარული უჭირთო და სიხარულით დასთანხმდა ლამარას. საკვირაო სკოლა პატარა, კოხტად გამართული შენობა იყო, გასაუბრებაზე მისულ თუთას ძალიანაც მოეწონა და ლამარაც, რაღაც სასწაულის ძალით, დაარწმუნა, გამოგადგებითო.
თავად გვეგვე და მერი თემიდან წავიდნენ, უფრო სწორედ, მარტო სალხინებელი კი არა, ქვეყანაც დატოვეს. გასულ გაზაფხულზე, მერის მოკრძალებულ სამზარეულოში ისხდნენ, როცა მეგობარს უეცრად აცნობა ახალი ამბავი.
-აუტანელია უკვე აქ ყოფნა.-უთხრა მერიმ.-წინაზე ლადოსთან ვსვამდით, გვეგვეც დათვრა, პაატაც და რაღაც სისულელეზე იჩხუბეს, ბატონის ყურამდე ვინ მიიტანა არ ვიცი, მაგრამ მოვიდა და სმა აგვიკრძალა, მეც კი! ყველა ქვევრი დაცალა. გვეგვეს ბაბუამისის გადანახული და დაძველებული კონიაკიც კი წაართვა. არ მინდა, შვილი სალხინებელში გავაჩინო. ნორმალური ცხოვრება მინდა.
-აუცილებელია სადღაც გადახვეწა?-დასევდიანდა თუთა.
-შორს თუ ვიქნებით, დღესასწაულებზეც აღარ ჩამოვალთ.-მხრები აიჩეჩა გოგომ.
-და ყველა უნდა წავიდეთ?-უცებ წამოენთო თუთა, ზისტად ისე, როგორც სკოლაში იცოდა ხოლმე. წყნარი და მორჩილი თუთა გაალმასებული ისეთ მომენტში შეებმებოდა მასწავლებლებს, როცა მისგან ამას არავინ ელოდა. გოგონას ხმაში რაღაც აუტანელი მედიდურობა და დამცინავი კილო უფრო ახელებდათ ხოლმე პედაგოგებს. მისი გააფთრების მიზეზს ვერ ხვდებოდნენ და გაოგნებულნი ისმენდნენ თუთას ტირადას. მერისაც ეს მოაგონდა.-წავიდეთ, წავიდეთ და მივატოვოთ ყველამ ყველაფერი, არასოდეს არაფერი შეიცვლება ასე!
-და რომ დავრჩე, შევცვლი?-გაცხარდა მერიც.-გეყოფა რა თუთა, ბატონობის გადაგდება ჩვენ წასვლა არ წასვლაზე რომ იყოს დამოკიდებული, დავრჩებოდი.
-ვიცი მერი, ვიცი.-ამოიოხრა გოგომ.-მაგრამ ცალ-ცალკე, ყველა მაგას გავიძახით. შენ გგონია, მე მართლა ღრუბლებში დავფრინავ და იმის მჯერა, სამიოდე სიტყვას თუ ვიტყვი მორჩა, ბატონი აღარ გვეყოლება? წლების ნაშენებ და ნალოლიავებ სისტემას ვინ დაანგრევს ერთ დღეში? უბრალოდ, ცვლილება საიდანღაც ჰომ უნდა დაიწყოს?
-შენიდან?
-თუნდაც! არ ვიცი, მე…-ღრმად ჩაისუნთქა.-მიმოიხედე, ხალხს ამ ყმობაში სული ამოჰხადა და ვერც კი ხვდებიან…
-თუთა,-თანაგრძნობით გადახედა მეგობარს მერიმ.-საკუთარ ცხოვრებას მიხედე, დირექტორთან სიტყვას შეგაწევ წასვლამდე. იმუშავე და შენთვის იყავი, გთხოვ! ან წადი თემიდან, ან კიდევ მოერგე მანდაურობას. დედაშენი დაბაში მუშაობს, მაგრამ მამაშენი?
-მამაჩემის ნამუშევარი მე თვალითაც არ მინახავს!-გულხელი დაიკრიფა ცხვირაწეულმა თუთამ.
-დეიდაშენი მეგის ამბავი მაინც არ იცი? ბატონის კლასელია და ბავშვობის მეგობარი.
-ვიცი, მაგრამ მაგით მე რა? დეიდაჩემის მეგობარი რადგანაა, ვიაროთ მაგის ჭკუაზე?
-შენ ცხოვრებას მიხედე თუთა, ვერ ხედავ, ყველა სადღაც მიდის, ყველა რაღაცას აღწევს, სალხინებლის გმირად ყოფნა ვერ გიშველის.-დაღლილი სახით გაუმეორა მერიმ.
-კი, ყველა სადღაც მიდის, ყველა რაღაცას აღწევს, ჩემ გარდა.-გულზე ცეცხლის ენებივით ეცა მეგობრის სიტყვები თუთას.-მე ჰომ ყველაზე ნიჭიერად ვითვლებოდი, მაგრამ უკან-უკან წავედი და გებრალებით.
-რა შუაშია? შენც შენ თავზე იზრუნე, მაგას გეუბნები.
-კარგი,-თუთა გაჩუმდა, საუბარს აზრი აღარ ჰქონდა.
-დაველაპარაკები დირექტორს.
-მადლობა, შევხვდები.
გვეგვეს და მერის დიდი გაცილება მოუწყვეს, უცნაურია, ეს ამბავი უკვე შორეულ წარსულად ეჩვენებოდა ქალს.
მერე თუთამ გადაწყვიტა, ჩემი ცხოვრების ახალი თავის დაწყებამდე ძველ გეგმას უნდა დავუბრუნდეო და წერა დაიწყო.
„შიში, სიცარიელე, სიცივე, რწყევამდე მისული შფოთვა.
ეს წელი ჩემი ბოლო შანსია, ლმობიერად ვეღარ ვაპატიებ ჩემ თავს გაფლანგულ ცხოვრებას, საწოლში ლპობას და უმიზნობას, მაგრამ, სხვაგვარად ცხოვრება საერთოდ არ ვიცი. ლაღი, ორგანიზებული და ბეჯითი არც აქამდე ვყოფილვარ, ზუსტად ამიტომ, მეშინია, რომ ვერც ახლა გავხდები. მახსოვს, ბავშვობაში სკოლის გაცდენის უფლება არ მქონდა, მაშინაც კი, თუ ვავადმყოფობდი, უნდა წავსულიყავი და თუ ძალიან ცუდად გავხდებოდი, მერე იქიდან გამომიშვებდნენ. სამაგიეროდ, გავიზარდე და სახლში მუდმივი აყალ-მაყალის გამო იმდენს ვაცდენდი, თითქოს ცხოვრების გაჩერება, გამოტოვება, გადახვევა მინდოდა. იქნებ, სულიერად მძიმედ არ ვარ? იქნებ სიცოხლეს ჰაერში ვფანტავ, უდიერად ვეპყრობი? ყოველთვის ისე ვიქცევი, მომავალს ძირი თავად გამოვუთხარო.
თავს ძალიან მარტოდ ვგრძნობ. კი, მიყვარს მარტოობა, თუმცა ასე მგონია, სხვა არჩევანი არც მაქვს. მე მარტო ყოფნას მიჩვეული ვარ. დედა სულ შორს იყო, მასთან გატარებულ დროს ქვიშის საატი სცრიდა. მამაჩემს ხანდახან ახსოვს შვილი, მაგრამ მისი ყოფნა არ მიგრძვნია და თუ ვგრძნობდი, სასიამოვნო ნამდვილად არ იყო.მისგან მარტო ის მინდოდა, არ ეყვირა, არ ეჩხუბა და არავის დაგვმუქრებოდა. სულ იმას მიმეორებდნენ, რომ არავის ვადარდებდი ამ სამყაროში და ისიც ვიცოდი, სანიმუშო თუ არ ვიქნეოდი, ბებია და დეიდა მიმატოვებდნენ. მე ვიყავი დიდი პასუხისმგებლობა, დიდი ინვესტიცია და მძიმე ჯვარი, რომელიც აღსაზრდელად ხელიდან ხელში გადადიოდა. ერთმანეთთან შუღლში, სიძულვილსა და ჯიბრში გადამაქციეს ორმაგ აგენტად, რომელმაც იცის, როგორ ასიამოვნოს ყველას, მაგრამ ეზიზღება თავისი არასანდო, გამცემი და პირფერი თავი. უხერხულად, უგერგილოდ, კონტრაბანდით დატვირთული ჩემოდანივით გადამცემდნენ ერთიმეორეს და მაშინვე იწყებოდა დაკითხვა. დროთა განმავლობაში, ისე დავიხვეწე, რომ ცნობებს პირდაპირ ვაწვდიდი და ასე გადამაქციეს მოღალატედ, რომელსაც არ შეუძლია მხარე აირჩიოს და ჯერ-ჯერით ყველა მხარე ეზიზღება, ყველაზე მეტად კი საკუთარი, მარიონეტული ყოფა.
ამ ჩანაწერების არსსაც ვერ ვხვდები, გულზე მეშვება? იქნებ ჩემი პიროვნულობის გზამკვლევს ვაწყობ? მინდა წაიკითხონ და გამიგონ? თავად მინდა იდენტობის რაღაც სურათი შევქმნა, რადგან წარმოდგენაც არ მაქვს, სინამდვილეში ვინ ვარ?
ალბათ, ყველაფერი ერთად.
ადამიანების გაცნობა-დაახლოება არ მიყვარს, ან თავს ვარიდებ, ან მზად ვარ მთელი ჩემი ოჯახის ისტორია მოვუთხრო და მერე სინანულისა და ორჭოფობის ზღვაში ვიხრჩობი.
რა მოხდება, თუ ვინმე წამიკითხავს და გაგების ნაცვლად შემიძულებს? იქნებ, ყველა იგივეს განიცდის, იქნებ ძალიან ვაზვიადებ და ვამძაფრებ ჩემ გამოცდილებასა და ტკივილს? იქნებ უნდა შევალამაზო, შევამსუბუქო, გავაპრიალო და გავქლიბო? საკუთარ აზრებშიც კი მინდა ჩემი თავი სრულვყო, საზოგადოებისთვის უფრო იოლად მისაღები და გასაგები გავხადო. არადა, ადამიანებს სირთულეები იზიდავთ, გამოწვევები, ამოსახსნელი რებუსები, ასე რატომ მეშინია, რომ ჩემი ამოხსნა არავის ენდომება? როდესაც ვინმე ცდილობს და მეუბნება, რომ საინტერსო ვარ, უცნაური და განსხვავებული, რატომ არ მჯერა, რატომ დავცინი, თავიდან რატომ ვიშორებ?
მგონი, ძალიან მინდა ვიღაცამ გამიგოს, მომისმინოს, დამიყვავოს და შემიყვაროს. ჩემი მეგობრები სულ მისმენენ, ვუყვარვარ, მაგრამ ისინი მეგობრები არიან, მე მინდა სხვამ შემიყვაროს, მაგრამ დავიჯერებ?
თუ არ შემიყვარებს, დამაფასოს მაინც, ცალკეულ, დამსხვრეულ ნაწილებად კი არ აღმიქვას, არამედ ერთიან, გამთლიანებულ სურათად.“
***
შიომ ბიბლიოთეკაში ფუსფუსს თავი ანება და მერხებზე წიგნების განაწილებას მიჰყო ხელი. ლადო კიბეზე მარდად ავიდა და ბოლო ნათურა დაამაგრა.
-ხვალ პირველ ჯგუფთან გვაქვს შეხვედრა.-ბიჭმა ხელებიდან მტვერი დაიბერტყა.-ისე, სკოლის მერე ისევ სკოლაში მოდიან, მემგონი როგორ ვეზიზღებით.
-ჰოდა, სწავლა უნდა შევაყვაროთ, კვირაში სამი დღე ისეთი გაუსაძლისადაც არ უნდა ვაქციოთ, ბავშვებმა გვლანძღონ ჩემო ლადო.-თბილად გაუღიმა შიომ ბიჭს.
-ლამარამ ესენი გამომატანა, ხვალ ვინც მოვა, ყველამ შეავსოს.-ფურცლების დასტა შემოიტანა ოთახში თუთამ.
-მოდი, დაჯექი.-შესთავაზა ლადომ.
გოგომ უხერხულად აიწურა მხრები და სკამზე ლარივით დაჭიმული დაჯდა.
-მოკლედ, აგერ მამა შიო შევაწუხე, ახლა შენც უნდა მოგიყვე როგორ გამიტეხეს გული.-ორივე ხელი გაშალა ბიჭმა.
-ვინ?-გაეღიმა თუთას.
-ქალაქელმა გოგომ ჩემო თუთა.
-ნუ გეშინია, გაუძლებ.
-მტკივნეულია სიყვარული თუთიკო.
გოგონამ წარბი ირონიულად აწია.
-ვიცი, მაგრამ სანამ ზედმეტად გაწვალდები, თუ ურთიერთობას დაასრულებ, მაგ ტკივილსაც შეამსუბუქებ.-მერე ისევ გაიცინა.-ღმერთო, როგორი დრამატულები ვართ.-საკუთარ თავზეც გაეცინა.-რას ლაზღანდარაობ ამხელა კაცი ნეტა ვიცოდე.
-გოგო, გული მტკივა მეთქი!- ვითომ ფრიად დასერიოზულდა ლადო, თუმცა სიცილს ძლივს იკავებდა.
-კუჭს ვიტკიებ მე კიდევ, ექიმთან ჰომ არ წავიდეთ?-აჰყვა თუთაც.
-ქალები უგულოები ხართ, გაქრეს თქვენი სახსენებელი!
-რატომ იწყევლები?-გადიკისკისა გოგონამ და უეცრად, ბერს გახედა მორიდებით. მამა შიოს ხელში წიგნი ეკავა, თუთამ თვალები მოწკურა.-ნიცშე?
-თავიდან ვკითხულობ.-თბილად მიუგო ბერმა.
-კარგა ხანია აღარაფერი წამიკითხავს, გულს ვეღარ ვუდებ.-დანანებით აღნიშნა გოგომ.
-წიგნი ბოლოს პირველ კლასში გადავშალე!-ხელი აიქნია ლადომ.
-მე გათხოვებ ერთ წიგნს, ჩანაწერები აქვს, გაჩერდი, წაიკითხე და გააგრძელე ხოლმე.-შიოს თვალები, გამლღვალი თაფლივით ტკბილი, მზესავით ანათებდა, ბიჭის ხუმრობისთვის ყურადღება არ მიუქცევია. თუთას გული სითბოთი აუვსო.
-მადლობა მამაო.
შიო ლამარას მშენებლობის დროიდან ეხმარებოდა, პირადი ბიბლიოთეკიდან გაიღო სკოლისთვის წიგნები და დირექტორს დაჰპირდა, სურვილის შემთხვევაში, ბავშვებს გავესაუბრები კიდეცო.
თუთას ყოველთვის მოსწონდა ბერი, ძალიან ახალგაზრდა, ძალიან სუფთა და ძალიან ბრძენი. მასთან რწმენაზე ლაპარაკი მართლა შეიძლებაო, ახლაც ეს გაიფიქრა.
თაიამ ყავა და ტკბილეული შემოიტანა, შიომ იუარა, ლადო ისევ სიყვარულზე ლაპარაკობდა და თაიას და თუთას უტკიცებდა, გული მართლა გამიტყდაო. თაია მათემატიკის ამოცანებს ხსნიდა და ბავშვებისთვის სავარჯიშოებს ადგენდა, ნახევარ განაკვეთზე საჯარო სკოლაში მოეწყო, ნახევარ განაკვეთზე აქ. თუთას მეგობართან მუშაობის იდეა ახარებდა, თაია მასზე მზის სინათლესავით დადებითად მოქმედებდა.
ახალგაზრდები არ ჩუმდებოდნენ, შიო მოსიყვარულე გამომეტყველებით ადევნდებდა თვალს თუთას, თაიასა და ლადოს. უცნაურ სევდასაც მოექნია ბერის სახეზე კუდი, თითქოს თავის ძველ ცხოვრებას უყურებსო სარკმელში.
ანაზდად, საკლასო ოთახში უცხო ადამიანმა შემოაბიჯა, მაგრამ თუთა ლაპარაკში იყო გართული და მისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია. ბიჭმა თავი კალედ წარუდგინა და ყველას ხელი ჩამოართვა, თუთამ უგულისყუროდ უთხრა თავისი სახელი და საუბარი განაგრძო, მაგრამ წამით, სულ წამით მისი მზერა ბიჭის თვალებს შეხვდა და თუთამ გაიფიქრა, რომ კაცის ნაცვლად ველურ მელას, ნადირს აშტერდებოდა.
***
კალისტრატე ბარათაშვილმა სალხინებლის ტყეში შეაბიჯა.
თემში სამუშაოდ ჩამოსვლაზე ბიჭმა ბევრი იფიქრა, აქაურობა ყოველთვის იტაცებდა თავისი მისტიკურობით, ტრადიციებითა და მმართველობის მეტად უცნაური სისტემით. გუბაზ ანდრონიკაშვილს თორმეტი თავადისაგან შემდგარი საბჭო ჰყავდა, კალისტრატეც, ან უფრო კალე (როგორც ყველა იცნობდა), გარდაცვლილი ბაბუამისის ადგილის დასაკავებლად ჩამოვიდა. ქალაქში აღზრდილ კალეს სალხინებელში აღარავინ ჰყავდა, საბჭოშიც, ბაბუას ნაცვლად სკამზე ბიძამისი, ოთარ ბარათაშვილი იჯდა. მოულოდნელად, ოთარმა ცოლი შეირთო და ქვეყანა დატოვა, ახალგაზრდა ძმიშვილზე ბატონს სიტყვა შეაწია და კალემაც აღარ დააყოვნა.
ბატონის საბჭო, ოდესღაც ძლევამოსილი, ახლა ბატონის ერთპიროვნულ დიქტატურაში ცურავდა. დარჩენილი თავადები, უკვე მოხუცებულნი, გუბაზს არც წინააღმდეგობას უწევდნენ, არც ახალ იდეებს სთავაზობდნენ, დიდი ბატონის ძღვენით ხელს იმართავდნენ,მის სასახლეში ნადიმობას არ იკლებდნენ და დინებას მშვიდად მიყვებოდნენ.
კალე ფრთხილი იყო, სიეშმაკითა და გამოზომილი ნაბიჯებით გამორჩეული, გუბაზი მაშინვე მოხიბლა სიტყვაკაზმულობით, სერიოზულობითა და სიდინჯით.
ბიჭი ხალხში მალევე გაერია და მათთან ურთიერთობით დაღლილს, მარტოობის ძლიერი სურვილი შემოაწვა.
ტყეს თავქვე დაუყვა, ადრე აქ ბაბუას მოჰყავდა, ცდილობდა ის ბილიკი ეპოვნა, რომელიც პირდაპირ ჩანჩქერთან მიიყვანდა.
დილის მერე ბიჭი ამოუხსნელ ფორიაქს ჩავარდნოდა ტყვეობაში. სულ იმ გოგონაზე ფიქრობდა, საკვირაო სკოლაში, რომ ნახა. სკოლაში გუბაზმა გაუშვა, როგორც საბჭოს ახალ წევრს და ბაბუამისის სასახელო შთამომავალს, ლამარასთვის გადასაცემი, ჯეირნის გამოსახულებიანი, მოოქრული წიგნი ანდო.
კალემ მადლობა გადაუხადა ამხელა პატივისათვის, მაგრამ არც იმდენად თბილად, რომ გუბაზს ეფიქრა მსახურივით განკარგულებების შესრულება აღაფრთოვანებსო, თუმცა საკმარისად იმისათვის, რომ ზრდილობიანი და პასუხისმგებლიანი გამოჩენილიყო. ბატონი ას თვალსა და ყურს გამოიბამდა, კალეს საქმის გაფუჭება არ უნდოდა.
მაგრამ ქალთან შეხვედრამ დროებით გადაავიწყა გუბაზი, სალხინებელი, საბჭო, თავისი თავადური ჩამომავლობაც.
თუთას უცნაური ხმა ჰქონდა, ეკლესიის სამრეკლოს რეკასავით წკრილა და თან მშვიდი. ისედაც, რაღაც სიმშვიდეს ასხივებდა მთელი თავისი არსებით. ფერმკრთალ, მეტყველ სახეზე კალესთვის ნაცნობი სიღრმე იკითხებოდა, თუმცა, ამ სიმშვიდეში ქარიშხლიანი მღელვარებაც გამოსჭვიოდა, თითქოს თუთას დუმილი ნაავდრალ ზღვასავით ღრიალებდა. ბავშვური გულიბრყვილობით გაფართოებული თვალები მოხატულ პირსაბურავს ჰგავდა, მის მიღმა თუთას ცეცხლოვან, იქედნურ ღიმილში მზაკვრობისა და ჩამარხული, კარგად მოთვინიერებულ-დაბმული ვნების მაცდური ნაპერწკალი გიზგიზებდა.
თუთას საუბარს ბიჭი შორიდან აკვირდებოდა, ქალის ხელები, ტუჩები, თვალები, დაუმორჩილებლად ჩამოშლილი თმის დალალებიც კი მასთან ერთად მეტყველებდნენ. გოგონა ერთდროულად იყო უკიდურესად წყნარი, მოდრეკილი, დამცხრალი, თითქოს ყოველ სიტყვაზე საუკუნეებით ადრე ნაფიქრი აქვსო და ამავდროულად თავისუფალი, ლაღი, მხოლოდ ერთხელ შეხედა კალეს, იმ მზერაშიც ინტერესთან ერთად გაკრთა ქალის კმაყოფილება, საკუთარი სილამაზით გამოწვეული. გეგონებოდათ, თუთა კალეს ყველაფერს მიუხვდაო და მახეში გაბმული ნადირი წამში გადაიქცა მონადირედ.
კალემ მისი ყურადღება არ მიიპყრო, მსუბუქად ჩაერთო საუბარში, თუმცა თუთას მალევე გამოერიდა. თუთა ობობას ჰგავდა, რომელიც ბერ შიოსა და ლადოს თავის აბლაბუდაში ახვევდა და თან, გუმანით გრძნობდა, რომ კალეც მასთან სათამაშოდ იყო მისული.
ძალიან მიმზიდველი იყო თუთა, თან ამოუცნობი, დაფარული, თან მთის ნამივით გამჭვირვალე. ზუსტად იცოდა კალემ, კიდევ შეხვდებოდა გოგონას, შეხვდებოდა და თუთასაც აიძულებდა, ისევე შეეხედა ბიჭისთვის, როგორც უკვე თავად უყურებდა თუთას.
ხშირი ტევრი ოდნავ შეთხელდა და შემოდგომის მზემ ხეთა შტოები გაარღვია.
ზურმუხტისა და ბაჯაღლოს თვლებივით ელვარებდნენ ფოთლები, ჯერ მთლად ვერ მორეოდა სიყვითლე ზაფხულისაგან დატოვებულ ფარჩას.
წყლის ხმა შემოესმა კაცს, გაუხარდა, სწორად მივდივარო და ნაბიჯს აუჩქარა.
ჩანჩქერი აწყვეტილი ღრიანცელით ეშვებოდა დაბლა და ლოდებს მთელი ძალით ეხლებოდა.
კალე იქამდე შედგა, სანამ მისი გონება გაიაზრებდა, რომ უნდა შემდგარიყო და გვერდულად ამოეფარა ბუჩქნარს.
სიპ ქვაზე ახალგაზრდა ქალი იჯდა. იასამნისფერი, წინ ჩაღილული კაბა ეცვა და მუქ ნაწნავებს იშლიდა.
ზურგითაც შეიცნო კაცმა მასში დილით ნანახი ქალი.
სუნთქვა შეეკრა უნებურად.
„ტყაშმაფა“, გაუელვა ფიქრში.
თუთას ტანხატულა გველებივით დაეხვია ნაწნავები და თლილ, ცვილისფერ თითებს შორის მოექცია მზეზე სპილენძისფერშეპარული კულულები, სავსებით ფერმიხდილი ეჩვენა კალეს იგი დღის შუქზე, საიქიოდან მობრუნებულივით, რაღაცას ღიღინებდა თავდავიწყებით.
თმა გაიშალა და თავი გადააქნია, ველურ ჯეირანს ჰგავდა იმ მომენტში, ერთი მოძრაობით წაიძრო ლენტებშებმული ბალერინები და ტერფი ცივ წყალში ჩაუშვა.
ნელა, მიჯნურივით ნაზად გაიხსნა შებნეული ღილები, თხელი ნაჭერი რუდუნებით ჩამოსცილდა მის სხეულს.
მარმარილოს ქანდაკებას ჩამოჰგავდა თუთას თლილი ტანი, უთხელესი საღამური ემოსა კაბის შიგნიდან, სანთლის ალივით მოფარფატე და მარგლიტისფერი, მაქმანების დანახვაზე ნერწყვი გადაყლაპა კალემ.
მთვარესავით შორეული ეჩვენა იგი, ჩაბურულ ტყეში სინათლე მხოლოდ თუთას ეფინებოდა და ეს სინათლე კიდევ უფრო აფერმკრთალებდა მისი სპილოსძვლისფერ მკლავებსა და ფეხებს.
ყოველი თუთას გაფართხალება, ყოველი ჩასუნთქვა, რაღაცას ამოძრავებდა კალეში, განიცდიდა ძლიერ სურვილს, მიახლებოდა ქალს და ლეღვის შტოსავით მოეზიდა, თუმცა არამიეწიერად ეცხადებოდა თუთა, დევების დედის გამოთლილ ქალს წააგავდა, ცოცხალთა სამყაროს რომ არ ეკუთვნოდა ბოლომდე.კაცმა ტოტს ტკაცუნით დააბიჯა და ქვებს მიუახლოვდა.
ქალი შველივით დაფრთხა, მუხლამდე წყალში წაიფორხილა და გადავარდა.
თითქმის უხმოდ შეჰკივლა, იფიქრებდით ბოლო წამს დაიჭირაო ამომავალი ყვირილი.
-მემგონი, ცურვისთვის უკვე გვიანია.-ეშმაკურად გაუღიმა კალემ.
ელდანაცემი თუთა წამოდგა, სახეზე რისხვამ გადაურბინა და კაცის ურცხვ მზერას გაუსწორა თვალი.
კალე დაჟინებით მიშტერებოდა, მელასავით ცბიერს, თვალები ავად უელავდა და მორიდების ნატამალიც არ ეტყობოდა.
სანამ თუთა დაიბნეოდა, მხრებში გაიმართა, სახიდან თმა გადაიყარა და თვითონაც ღიმილით უპასუხა.
-არც ვაპირებდი ცურვას, შენი წყალობით დავსველდი.
ბიჭი წამით თავად დააბნია თუთას ხმაში დაჭერილმა ველურმა, დარცხვენისა და ირონიის ნაზავმა. დააბნია და შეაკრთო ქალის უდარდელმა ტონმა და მსუბუქად აწეულმა წარბმა.
თუთას სახისთვის თვალი არ მოუშორებია, მაგრამ იცოდა წყლის წვეთები წურწურით ჩამოსდიოდა მის მოტმასნილ საღამურს, თეთრ მარმარილოს სვეტებს წააგავდა ბარძაყები და თითქმის შიშველი ქალი, თავისი მედიდურობით, იმაზე მეტად შემოსილის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე, როდესაც პირველად იხილა.
-კარგად გამოიყურები სველიც.-არხეინად გაუწოდა კაცმა ხელი.
-ვიცი.-ისევ ჩაიღიმა ქალმა და თავისით ამოვიდა წყლიდან.
-მადლობას ველოდებოდი.
-თავხედი ხარ და მადლობა მაგისთვის გადაგიხადო?—სარეცხივით დაიგრიხა თმა.-რა იყო, მე მითვალთვალებ?
-აგედევნე.-კაბა მიაწოდა კალემ. თუთა საამურ სურნელს აფრქვევდა, თვალებს თუ დახუჭავდით, იფიქრებდით რომ იასამანთა ბაღში იდექით. მისი თვალები, ზურმუხტისფერი ცეცხლით აბრიალებული, ტყის ფოთლებზე გამართულ მზის სხივთა როკვას ჰგავდა.
გოგონას სუნთქვა გასცემდა მხოლოდ, სუნთქვა და ოდნავ, სულ ოდნავ ბროწეულისფრად შეწითლებული, მაღალი ღაწვისთავები.
კალეს კი საკუთარი გულის ცემა, თუმცა თავდაჭერილს, გარედან არაფერი ეტყობოდა.
-ნოზივით აქ რას ჩამომჯდარხარ?
-ვისვენებ, მარტო ყოფნა მიყვარს, ბოდიში, რომ შენ არ შეგითანხმდი.
-მიპატიებია.-არხეინად მიუტევა კაცმა.
-რამხელა დიდსულოვნებაა ბატონო კალე.-დაიფრუტუნა ქალმა და ღილები შეიკრა, იასამნისფერი კაბაც დასველდა, წამში გაიჟღინთა.
-შეგიძლია დიონისოს მარანი სადაა მიმასწავლო?-ჩაეკითხა კალე.
-აქ ნამდვილად არა.
-აქ არც ვეძებდი. მერე ვაპირებ შევიარო, ბატონმა მირჩია.
-მიგიყვან თუ გინდა.-შესთავაზა თუთამ.
-არა, ჯერ-ჯერობით აქ დავრჩები და მერე სხვა საქმე მაქვს.
თუთას სახეზე წყენამ გადაურბინა, იუკადრისა, აქაოდა როგორ იუარაო ჩემი შემოთავაზება, თუთას ბიჭები იშვიათად ეუბნებოდნენ რამეზე უარს, თუმცა თავი მოთოკა და კვლავაც გაიღიმა.
-კარგი ბატონო, -ფეხსაცმელი აიღო.-სანაპიროზეა, კარლოს სანაყინეს გაცდები და მეორე შესახვევი, მარტივად დაინახავ.
-მადლობა.-თავი დაუკრა კალემ და თვითონ გაიხადა პერანგი.
თუთამ წამწამები ააფახულა, იჭვნეულად გაიხედა გვერდზე და უკან დაიხია.
-აბა, შეხვედრამდე.
-ნახვამდის თუთა.
-უი, მართლა,-ქალმა ზურგიდან გამოხედა.-ბუჩქებში მალვას მოეშვი კალე.-და გზა კისკისით გააგრძელა.
-რამდენი ხანია რაც ცუდად ხარ თუთა?-დაუძახა კალემ.
თუთა გაშრა, წარბაწეული მოტრიალდა და გაეცინა.
-არ ვარ ცუდად, საიდან მოიტანე?
-გეტყობა.-თვალი ჩაუკრა ბიჭმა და წყალში შევიდა.
ქალმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ თავი გადააქნია და გაუჩინარდა.
კალემ დიდხანს, დიდხანს უყურა მიმავალს.
თუთა ლამის გარბოდა და ბეჭები ეწვოდა კალეს მზერისაგან, მაგრამ უხერხულობასთან ერთად, ამ შეხვედრითა და მზერით მოგვრილი სიამეც დასთამაშებდა სახეზე.
***
მწუხრმა შემოაბიჯა, კალემ ქებულ მარანს მიაკითხა და მშრალი, წითელი ღვინო დააგემოვნა. თვალებით თუთას ეძებდა, ბიჭი ვარაუდობდა, რომ გოგონა მის სანახავად შემოივლიდა, მაგრამ თუთა იქ არ იყო.
კალე ბჭობდა, მართლა არ აინტერესებდა თუთას, თუ პირიქით, გამიზნულად არ მიიღო კაცის არაპირდაპირი მიწვევა და ისევ საპირისპირო სვლა გააკეთა. კალე გრძნობდა, რომ ჩვეული აღტაცების მორევში ეფლობოდა, რაც უცხო არ იყო მისთვის, ადამიანები თავიდან ყოველთვის აღტაცებას იწვევდნენ, შეუცნობელი და ლამაზი სიღრმე გეძახდა, გულის სიღრმეში თითქოს ბიჭს იმედი ჰქონდა, ახლა მაინც გაუგებდა ჭეშმარიტ სიახლოვეს გემოს, თუმცა მაინც ზედაპირული თამაშებით სრულდებოდა ყველა ურთიერთობა. იმიტომ არა, რომ მაინც და მაინც, ქალთა საზოგადოებას არ სცემდა პატივს, ზოგადად ადამიანები აბეზრებდნენ თავს, ყველაფერი სწყინდებოდა, კატა-თაგვობანაც, ძალაუფლებაც, კონტროლიც. დღის ბოლოს ცარიელი იყო, გამოფიტული, თავისივე გათამაშებულ წარმოდგენაში ჩაკარგული.
თუთაც ახალი ხილი იყო, თანაც კარგი მოთამაშე ჩანდა, სხვებთან შედარებით ჭკვიანი, გაქნილი, ამასთანავე გულწრფელი და მშვიდი.
უცნაურია, თითქოს გოგონა თავის ნამდვილ ემოციას ისე პირდაპირ ატარებდა ნიღაბივით, რომ სიცხადე თავისთავად ილინთებოდა ცრუ, დაყენებულ ქმედებაში და თუთას თავისი აშკარა სიშიშვლე ფარავდა მთვარეზე ვაზივით დახვეული ღრუბლის ფთილასავით.
ზღვის ნაპირს დაუყვა კალე, აღელვებულს მხრები დასჭიმვოდა. რაღაცნაირი დღე ჰქონდა, გრძელი, მძიმე. ტალღები გიჟური ძალით ეხლებოდოდნენ მიწას, გაშმაგებით ართმევდნენ სიმყარეს, მაგრამ მიწის შეხება მათ წონასწორობასაც არღვევდა და ზღვა იმღვრეოდა, თრთოდა, თრთოდა წინ მიმავალი გოგონას მხრების მსგავსად.
-ისევ შეგხვდი.-დაუძახა ბიჭმა და გვერდით ამოუდგა.-მგონი დამდევ.
თუთას იქედნურად ჩაეღიმა და ბიჭს შველივით ყელმოღერებულმა გადახედა.
-უფრო სათუოა, რომ შენ დამდევ.
-ისევ შენ მარტოობის საათში შემოვიჭერი?
-ფართო სურათს თუ შევხედავთ, ყოველთვის ვიღაცის მარტოობის საათში ვიჭრებით, ამიტომ, მზად ვარ კიდევ ერთხელ გაპატიო.
-ლამაზი სიტყვები გიყვარს.-შენიშნა კაცმა.
-რანაირად არ უნდა მიყვარდეს?-გაიოცა თუთამ.-პირველად, ნამდვილად სიტყვა იყო.
-მეც მიყვარს, არ გედავები.
-დავა არც ისეთი ცუდია, როგორც ერთი შეხედვით გვგონია.-მხრები აიჩეჩა გოგომ და კენჭს ფეხი გაჰკრა.
-მაგრამ მაინც, არ მგონია კონფლიქტური იყო.
-არც ვარ, მაგრამ შენ რატომ მაკვირდები და შემისწავლი? ქანდაკებასავით გარს მივლი, გინდა ყოველი მხრიდან შემომხედო.
-საინტერესო ხარ ჩემთვის.-ავად გაუღიმა კალემ.
-ადამიანები საინტერესონი არიან, ყველას დაკვირვება უნდა მოგწონდეს.
-მომწონს, უბრალოდ, უფრო მეტად შენი.
-ან პირდაპირი ხარ, ან მატყუარა,-სახიდან გადაიყარა გოგომ თმა.-ან, შენ პირდაპირობას იყენებ, რომ შთაბეჭდილება მოახდინო და ცოტა იცრუო.
-შენც დაკვირვებული ყოფილხარ.-მკლავი მსუბუქად მიარტყა კალემ და თავადაც გაეცინა.
-თან ყოველ სიტყვაში ცდილობ, მსმენელის ყურადღება არ დაკარგო და ისეთ რაღაცას ეუბნები,რითიც მის პიროვნულობას ხაზს უსვამ, რადგან იცი, რომ ეს დადებითად მოქმედებს ყველაზე.-ჰორიზონტზე შეაჩერა მზერა თუთამ.
-რა თქმა უნდა, ხმის ტემბრსაც კი ვაკონტროლებ, სხვათაშორის, შენც იმავეს აკეთებ.
-შესაძლოა.
-რატომ ხარ თუთა ცუდად? ჩაკეტილი ხარ, ძალიან შესამჩნევად არა, მაგრამ მე...
-ყველა დაკვირვებულ თვალს შეუძლია შემამჩნიოს.-გააწყვეტინა გოგომ.
-გგონია მალავ.-ქალის გონების ჩონჩხის დანაწევრებას აგრძელებდა კალე.
-არა, არ ვმალავ.-უარყო.-უბრალოდ არ ვსაუბრობ, დამალვა ისაა, როცა გრცხვენია, ან საკუთარ თავსაც არ უტყდები, მე ჩემ თავს კარგად ვიცნობ.
-ყველასთან ასეთი ღრმა საუბრები გაქვს?
-რა თქმა უნდა არა.-ლაღად გაიცინა თუთამ.-მხოლოდ მათთან, ვინც ცდილობს თავისი ჭკუით თავბრუ დამახვიოს.
-იქნებ შენ მახვევ თავბრუს?-უცოდველად აახამხამა კალემ თვალები.
გოგონას სახეზე თითქოს ალმურმა გადაირბინა, მაგრამ არ გაჩერდა. კალეს ტყუილი არც უთქვამს, მათრობელა ყვავილის ნექტრით გაბრუებულ მწერს ჰგავდა. თუთა არც თამაშზე ეუბნებოდა უარს და არც თავს ასულელებინებდა, თან მოსწონდა კალეს ყურადღება, თან ცხადად აგებინებდა, ვიცი რასაც აკეთებო და მაინც, საპასუხოდ ანკესს აგდებდა.
-შესაძლოა.-გაიმეორა ქალმა.
-ეგ სიტყვა ძალიან გიყვარს.
-ალბათობის დაშვება მიყვარს.
-ყველაფერზე გაქვს პასუხი თუთა?
-სხარტად ვაზროვნებ.
-ცოტა მოდუნებული ხარ, გამოცოცხლება გჭირდება.
-შენ მთავაზობ?-წარბები აწია და ეშმაკურად აუპარპალდა თვალები.
-შესაძლოა.-იგივე მზერით გამოეპასუხა კალე.
-საინტერესოა, მაგრამ სახლში მაგვიანდება.
-სად ცხოვრობ? თუ უნდა დამიმალო?-ჩაეკითხა კალე.
-რატომ უნდა დაგიმალო?-გაიკვირვა ქალმა.-კლდესთან ვცხოვრობ, ტყის შესასვლელთან რომაა.
-მარტო?
-დიახ, ჩემი თავიც მყოფნის.
-გიყვარს მარტოობა.-ეს კითხვა აღარ იყო.
-ძირითადად, კი. შენც უნდა გიყვარდეს.-აღნიშნა თუთამ.
-რატომ გგონია?
გოგომ კალეს ჩრდილგადაფენილ სახეს ხარბად შეავლო თვალი.
-დაკვირვებულ, ანგარიშიან ადამიანებს ხალხის კვლევა მოსწონთ, თავის ნაბიჯებს წინასწარ გათვლილ სვლებად გადააქცევენ და საკუთარ თავთა დიდ დროს ატარებენ.
-ნამდვილად.-კალე ეცადა, ხმაში აღტაცება არ შერეოდა.
-იცი, უკვე მაღიზიანებ.-მიახალა.
-რა? რატო?-კალეს გაეცინა.
-იაფასიან თეატრალურ დადგმას ჰგავს ეს საუბარი, ძალიან ხელოვნურია.-თუთამ წარბები შეკრა. თითქოს რაღაც მჟავე გაღეჭა.
-მართლა ხელოვნური გგონია, თუ გულის სიღრმეში მოგწონს, უბრალოდ თანამედროვე, საზოგადოებისთვის მისაღებ დიალოგში არ ჯდება და ამიტომ უარყოფ?-ჩაეძია.
-აჰა! ისევ!-თვალები აატრიალა.
-როგორც იტყვი.
-ნახვამდის, აქედან მარტო წავალ.-თუთა შედგა და გამოემშვიდობა.
-მერე გამოგივლი.-ურცხვად დაჰპირდა კალე.
-რისთვის?-მოჩვენებითი გაკვირვებით გააქნია თავი თუთამ.
-შექსპირის სონეტების კრებულს მოგიტან, ჩანაწერები აქვს თან დართული, მგონია, რომ უნდა მოგეწონოს.
-შექსპირი მიყვარს, შენ ჩანაწერებზე რა მოგახსენო, ვნახოთ.
-შეხვედრამდე თუთა.-ბიჭი შედგა.
-შეხვედრამდე კალე.-თმათა ფრიალით გაეცალა გოგონა.
კალემ გრძნობამორეულმა ამოისუნთქა, კმაყოფილებით ჩაიცინა და თავადაც გაბრუნდა.
***
კოკამ ჩამოშლილი თმა გადაუწია თუთას, თუთა კი დასარეცხ სარეცხზე ფიქრობდა.
-რა გჭირს?-კოკამ ტუჩი აიბზუა და გაიწია.
-დავიღალე.-აინუშიაც არ ჩააგდო გოგომ და სათვალე მოიხსნა.
-წავალ მაშინ.-კოკა წამოდგა.-ხვალაც მუშაობ?
-ჰო,-უმეხად მიუგო თუთამ და ხალათი მჭიდროდ შემოიხვია.
-შეგხმიანები საღამოს.-კართან მივიდა ბიჭი.
-ხვალ ვერა, მამაჩემთან უნდა წავიდე.
-კარგი. აბა ჰე, კარგად.
-კარგად.
გოგომ კარი გადაკეტა და ამოიხვნეშა.
წამით დაუფლებული კმაყოფილების შეგრძნება გაქრა. კოკა მოსაწყენი იყო, მასთან საუბრის სურვილიც არ უჩნდებოდა, თავის მხრივ, არც კოკა იყო თუთაზე შეყვარებული, უბრალოდ თუთას სიცივე, ემოციური სიშორე და ურთიერთობის სიმარტივე ხიბლავდა, ხანდახან გამოუვლიდა და მალევე მიდიოდა, არც თუთა დარდობდა, არც კოკა იკლავდა თავს ნერვიულობით.
ზოგჯერ, გულს ურევდა ეს ყოველივე ქალს, ხშირად, უბრალოდ არ აინტერესებდა.
იცოდა თუთამ, მალევე დაიშლებოდნენ, ერთად არც კი იყვნენ, მათ შორის არაფერი არ ხდებოდა, უბრალოდ თავს იქცევდნენ. დღესაც
კალე მოაგონდა.
სიახლე. ყელში ამოსვლოდა გოგოს ერთი და იგივე ხალხი, ადგილები, ქმედებები, სიახლე იყო კალე, საინტერესო, ოდნავ განსხვავებული, მოხიბლულიყო გოგონა, მაგრამ თავად კალეზე მეტად იმას მოეხიბლა, რომ ბიჭს გამოეხატა მოწონება.
ალბათ ამითაც თავს გაირთობდა და მერე ისიც მობეზრდებოდა, ან კალე თვითონ გაექცეოდა და თუ კალე მიატოვებდა, მერე თავს დაიტანჯავდა და ხსენებული მიტოვებისაგან გამოწვეული უნუგეშო ტრფობით დატკბებოდა.
ისევ წერას მიჰო ხელი.
„ მინდა ყველას ვუყვარდე, რათა შევავსო სიცარიელე, გამოწვეული იმით, რომ მე არ მიყვარს საკუთარი თავი. რა ძნელია, როგორ ელოდები სამყაროსგან მიმღებლობას მაშინ, როდესაც თავად იჩენ შენივე თავისადმი განუზომელ სისასტიკეს. ასე იმიტომაც გეშინია განსჯის, გმობის და ტკივილის, რადგანაც ვერ წარმოგიდგენია, რომ სხვამ არ გიბოძოს ვერცხლის ლანგრით იგი, რასაც სადილად, სწორედ შენ იმზადებ. მეშინია, რომ ისინიც კი, ვინც სიყვარულითა და სითბოთი გამიმასპინძლდებიან, დამიახლოვდებიან და აღმოაჩენენ იმ შხამს, რომლითაც ვიწამლები და საბოლოოდ, იგივეს შემომთავაზებენ.
ნეტავ, ერთხელ მაინც, ვინმეს მართლა გამოვდგომივარ? ვყოფილვარ იმედიანი ნავსაყუდელი ქარიშხლის ჟამს? მე მინდა ის პორტი ვიყო, სადაც ყველა გემი ჩერდება, სხვაგვარად, იმ ქარიშხალს დავემსგავსები, რომელიც ყოველივეს აცამტვერებს. არ მინდა უფსკრული ვიყო, მაგრამ თავს შვ ხვრელად ვგრძნობ, ბერმუდის სამკუთხედად, თითქოს, ყველაფერი იკარგება ჩემში. ვიცი, შეუძლებელია ასეთი საშინელი ვიყო, თუმცა ვერ ვუმკლავდები. თითქოს ყველა გავაცურე, ჩემი სიმახინჯე დავმალე და ახლა, მას მარტოდენ მე ვხედავ. გაბზარულ სარკეში ვიყურები და თავი დამსხვრეულად ამიტომაც მეჩვენება, თუ მე ვარ ეს ნატეხებად ქცეული სარკე?“
წიგნაკი დაიხურა.
თუთა ქათქათა საბანში შეწვა და ემბრიონივით მოიკუნტა, წინ მთელი ღამე იყო გადასაგორებელი.
უეცრად, ფანჯარას კენჭი მოხვდა.
გოგონამ სარკმლიდან თავი გაჰყო.
-გღვიძავს?-კალე ეზოში იდგა და იცინოდა.-გამიხარდა, მეგონა დაიძინებდი.
-მე სულ მღვიძავს.-ჩასძახა თუთამ.-ოღონდ, ფანჯრებს ნუ ჩამილეწავ, გამაფრთხილე ხოლმე.
-შემომიპატიჟებ?
-სითავხედეა, მაგრამ სტუმრის პატივისცემა მასწავლეს, მეც ჰომ არ ვიუზრდელებ.-დაიჟღურტულა გოგომ.-კართან დამელოდე და ეცადე, იორდასალამის ბუჩქი არ გადამითელო, ჩამოვდივარ.
-კარგი.-თავი დაუქნია ბიჭმა.
თუთამ ნაჩქარევად გადაიცვა გრძელი კაბა და სარკეში თავის მომცინარ გამოსახულებას შეხედა.
იცოდა, ეს მოწოლილი აღფრთოვანება სწრაფად დაიწვებოდა, არ შეიძლებოდა მისი ნდობა, მაგრამ წამიერი გაელვებით უნდა დამტკბარიყო. იმასაც ხვდებოდა, უნდა გაბრაზებულიყო ბიჭზე, არ შეიძლებოდა მისი უტიფრობის წახალისება, მაგრამ თავს ვერ იკავებდა.
კალე მორჩილად ელოდებოდა.
***
თემში შუაღამე ყოველთვის წყნარი იყო, ზღვის ხმაც კი ექოსავით გაისმოდა და მისი ძახილი, სამყაროსავით შორეული, მრავლისმნახველი და მომნუსხველი, თითქოს ქარში იკარგებოდა.
ბატონის კარზე ძილი არავის ეკარებოდა. ქალბატონი შვილისა და მულიშვილისთვის თბილ, ჭრელ ზედატანებს ქსოვდა. ბიჭებს უკვე კაცობაში გადაებიჯებინათ და ეს ფერადი, ბავშვური სამოსი მათთვის ყოვლად შეუსაბამო იყო, თუმცა ანას არ უნდოდა ყმაწვილკაცები ბოლომდე გაეშვა და ცდილობდა, ჩვეულებისამებრ, ისევ პატარებივით მოქცეოდა ორივეს. განსაკუთრებით, მაინც ბეშქენის განიერი მხარ-ბეჭი, მოზრდილი თმა-წვერი და შეცვლილი მზერა აშინებდა. დედა გრძნობდა, რომ შვილი ახლა აღარ ეკუთვნოდა.
გულდასმით, აუჩქარებლად გამოჰყავდა ანას თვლები და იმ დროს იხსენებდა, როდესაც ბეშქენი სულ ერთი ციდა იყო.
ბიჭი დაბადებისას ჭირვეული არ ყოფილა, ბამბის ფთილასავით თეთრს ოქროსფერი ღინღლი სასაცილოდ ექოჩრებოდა, ფაფუკ ლოყებზე ვარდისფრად აყვავებულიყვნენ აპრილის ატმები და სულ დედის მკლავებში ეძინა. გუბაზი მაშინ ხშირად დადიოდა ქალაქში, ანა ახლადგათხოვილი, პატარა, რაღაცნაირად უმწეო იყო. ამხელა სახლ-კარს ვერაფრით ეგუებოდა თავიდან, მარტო დარჩენილი დედას ევედრებოდა ხოლმე, მოდი და მიპატრონეო, მაგრამ ვაჟის დაბადებამ რაღაც შეცვალა მასში.
ბეშქენი ისეთი მოცუცქნული გახლდათ, ისეთი უწყინარი, დაუცველი, მთელი სამყარო კუშტი და პირქუში ეჩვენებოდა დედას მანამდე, თუმცა ბავშვის სახეს დაინახავდა თუ არა, გეგონებოდათ ბეშქენი მზესავთ ანათებდა და მის სხივქვეშ ყოველივე ლამაზდებოდა. ფუმფულა ხელებს უკოცნიდა ანა, განაბულ ჩვილს მკერდზე იწვენდა და ოცნებობდა, სულ ასე დარჩენილიყვნენ. ბიჭი კი იზრდებოდა, იზრდებოდა და იზრდებოდა, დროს ვერაფერს უხერხებდა დედა, ხან მისი ჩვილობა გამოსტაცა ხელიდან, ხან ბავშვობა, ახლა კაცობა ებოძებინა დროს ბეშქეენისთვის.
ქმარს, ახლა რომ ფანჯარას მისჯდომოდა არხეინად და წიგნი გადაეშალა, ანას სიყვარულის არ ესმოდა. ვერ გაუგებდა, რატომ იყო დედა ასე, სისხლიანი ჯაჭვით გადაბმული შვილზე, რომ ანას ბეშქენის გარდა არავინ ჰყოლია იმ ცივ ღამეებში, რომ სახლის ხმაური და ყბაღია, რუხი შიში ბეშქენის ნამცეცა ფეხისგულებმა გადაფარეს მაშინ. გუბაზი კარგი მამა იყო, კარგი ქმარიც, უნდოდა ანასთვის ექიმი მოეყვანა, არ მოსწონდა ძველი წესისამებრ მოლოგინება, ნერვიულობდა, სახლში მშობიარობას არ გადაჰყოლოდა ცოლი. ანამ თავად დაიჟინა, ბებიაქალი დამეხმრება და ისე გავაჩენო.
ქალბატონი ერთი გაწრიპული, ქერა გოგო იყო, ძვალწვრილსა და ტანდაბალს ძალიან გაუჭირდა ორსულობა. ხელით დაატარებდა გუბაზი, ცივ ნიავს არ აკარებდა, დღენიადაგ საუკეთესო ხილსა და ბოსტნეულს უზიდავდა.
სალხინებელში მამები შვილებთან დიდ დროს არ ატარებდნენ, ანაც მეუღლისაგან არაფერს ელოდებოდა. იცოდა, თავად უნდა ერწია შვილის აკვანი, გუბაზი კი შუბლზე კოცნითა და პირველი ნადირობით დაასაჩუქრებდა ბიჭს, თუმცა ბატონი ბეშქენზე ისევე ზრუნავდა, როგორც ანა. უამრავი ღამე უტეხია გუბაზს ატირებული ბავშვის დასამშვიდებლად, დათვივით ტორებს ჰხვევდა ხოლმე თავის ვაჟკაცს და ისეთი სინაზითა და სიფაქიზით ეპყრობოდა ბავშვს, თითქოს ფაიფურის თოჯინას ეთამაშებაო, მაგრამ შიშნარევი მოუხერხებლობის ნიშანიც კი არ აჩნდა გუბაზის ქმედებას. ქალბატონი ხშირად ფიქრობდა, ნეტავ გოგო რომ გვყოლოდა, იმასაც ასე ზედ თუ გადაჰყვებოდაო. ერთხელ ჰკითხა კიდეც ქმარს, ბატონმა ცოლის ნათქვამზე გაიცინა და მიუგო, ნეტავ გოგო გვეყოლოს და მას უფრო გავანებივრებო, მერე ვაჟი კისერზე შემოისვა და დისშვილს დაედევნა.
სულ აინტერესებდა ანას, როგორი იყო გუბაზის სიყვარული შვილისადმი, მაინც ეგონა, ჩემსავით ვერავინ შეიყვარებსო ბეშქენს. სხვა შვილიც კი არასოდეს უნატრია ქალბატონს, მხოლოდ თავის ვაჟზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. ძალიან უნდოდა, ბეშქენს მოქსოვილი ზედა ჩაეცვა, თავადაც ვერ ხვდებოდა, ასე ძალიან რატომ სურდა ბიჭი ისევ ისე გამოეწყო, მაგრამ ხვდებოდა, თუ უარს ეტყოდა ბეშქენი, რაღაც სამუდამოდ გაწყდებოდა მათ შორის, თითქოს ვაჟი დედის კალთას ბოლომდე გაეშვებოდა, უკან მოიტოვებდა ბავშვობის უკანასკნელ მძივებს და გადაეშვებოდა იმ სამყაროში, სადაც დედისთვის მეტად მიუწვდომელი შეიქმნებოდა.
გუბაზი წიგნის კითხვას ისე გაეტაცა, ოჯახის წევრებს ვეღარ ამჩნევდა. ვერცხლისფერი ჯარისკაცები მდევარივით აჰკიდებოდნენ ბატონის ხშირ, ღამისფერი თმით დაფარულ თავს და შუქზე ნამის წვეთებივით ციმციმებდნენ.
სებე აივნიდან შემოვიდა და მშვილდივით მოჭიმული ჩამოჯდა სავარძლის კიდეზე. ბიჭს სახეზე მოუთმენლობა ეწერა.
-ბეშქენი?-სებეს ჰკითხა ანამ.
-აივანზე ზის.-უპასუხა სებემ.
-არ შესცივდეს...
-ბავშვი კი არაა, აცადე მარტო ყოფნა.-წიგნი დახურა გუბზმა.
-იქნებ რამეზე დარდობს?-ვერ ისვენებდა ქალი.
-იდარდოს მერე, კაცს სადარდებელს რა დაულევს? არასოდეს არაფერმა თუ არ შეაწუხა, მაგისგან რა ბატონი დადგება? ბატონი კი არა, ადამიანადაც არ ივარგებს ყოველთვის ბედნიერი და უზრუნველი კაცი!-აღნიშნა გუბაზმა, თან წამოდგა და ცოლს თავზე გადაუსვა ხელი.
-რა გჭირთ ხალხო?-სებეს გაეცინა.-ლუდს ვსვამდით და შემოვედი მე, დარდი არა ის კიდე!
-ახლა წავალ და ერთ ჭიქას მეც გეახლებით.-ბატონმა აივნისაკენ გასწია.
ბეშქენი სარწეველა-სავარძელში იჯდა და სახეზე მსუბუქი ბრიზი ელამუნებოდა, ოდნავ შემთვრალი და დაღლილი ეჩვენა მამას.
-ხვალ დიდ მიღებას ვაწყობ, შენ საპატივსაცემოდ, ყველა აქ იქნება.-გვერდით მიუჯდა ვაჟს.
-არ მინდა რა,-შეიშმუშნა ბეშქენი.-ამდენი ხალხის ნერვები არ მაქვს, საბჭოშიც არეულობაა.
-გინდა, საჭიროა.-მამამ მხარზე ხელი დაუტყაპუნა.-შენ კიდევ ბევრი რამ არ იცი ბეშქენ, მთელი ეს ნადიმები, ხალხი, ქეიფები და ღიმილი დროსტარებისთვის კი არ არის, შენ ბატონი უნდა გახდე, თუ გინდა კარგი ბატონი იყო, ხალხს უნდა უყვარდე. ხალხს რომ უყვარდე, უნდა მოესვლებოდეს შენთან, უშუალოდ და თბილად უნდა მიუდგე ყველას, მაგრამ თან შენი სახლის დიდებულებით უნდა მოხიბლო და გააოცო, რომ იცოდნენ ბატონი ხარ, გულმოწყალე ბატონი და არა უბრალოდ მეგობარი ან მეზობელი. ახლა კი გეზარება, მაგრამ რამდენი ხანია, შენ ჩამოსვლას ელოდებიან, პატივისცემა უნდა გამოიჩინო, შორეულ ქვეყანაზე მოუყვე, ყველას სახელით მიმართო და თავი უქნიო, ჰკითხო, რამე ჰომ არ უჭირთ, რა ხდებოდა სალხინებელში? თუ გინდა ეს ხალხი მართო, მათთან ახლოს უნდა იყო.
-კარგი რა მამა!-თავი გაბეზრებით გააქნია ბეშქენმა.
ბატონს ჩაეღიმა.
-ბეშქენ, ბეშქენ, შენ ჯერ პატარა ხარ, გგონია ყველაფერი იცი, შენი ახალგაზრდული გულწრფელობა და პირდაპირობა კარგია, ქარიზმას შეგმატებს და დაგიფასდება, მაგრამ ჩემი გამოცდილება და სიბრძნეც უნდა შეითვისო. აუცილებელი არაა ყველაფერი გესმოდეს, რასაც ვიძახი, მაგრამ მომისმინე და დაიმახსოვრე. იქნებ, მერე მაინც გაიგო, მოგეწონოს და გამოიყენო?
-ძალიან დაღლილი ვარ მამა, არ მინდა ახლა ეს შეგონებები. რამდენიმე დღეა, რაც ჩამოვედი და მაინც მგონია, ისევ გზაში ვარ. -ბეშქენმა ამოიოხრა.-ყველაფერი მომენატრა, თან მღლის აქაურობა.
-მე დედაშენი არ ვარ, კუდში გდიო, არც მრავალსიტყვაობით შეგაწყენ თავს, უბრალოდ, ვხედავ, გაიზარდე, დაკაცდი და ახლოვდება შენი ბატონობის ჟამი, მინდა მოგამზადო, მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და საერთოდ მოუმზადებელი, არ მინდა, შენც ჩემსავით დაბნეული იყო.
-ვიცი.
-რაზე ფიქრობ?
-კალე ბარათაშვილი არ მომეწონა.-პირდაპირ ამოთქვა ვაჟმა.-რამდენი წელია, საბჭოში ახალგაზრდა არ გყოლია, აქ არ გაზრდილა, არ ვიცნობთ, არ ვენდობი და არ მეგონა თუ ასე იოლად მიიღებდი.
-აბა რა მექნა ბეშქენ? ახალგაზრდები ძალაა, ადვილია იბატონო, მაგრამ ზოგჯერ გავიწყდება, როგორი იყავი ძალაუფლებამდე, ისიც გავიწყდება, სიყრმისას როგორ აფასებდი მოვლენებს. კალე ჭკვიანი ბიჭი ჩანს, ჭკვიანი ხალხი სახიფათოა, გეთანხმები, მაგრამ მაშინ უფრო საშიშნი არიან, როდესაც შენ მხარეს არ დგანან.
ბეშქენს გულზე სიმწარე მოეძალა, აღარ უნდოდა ეს გაბმული, ბატონის გაკვეთილები, ბატონური წინადადებები, ბატონური დარიგებები, მამამისთან უნდოდა საუბარი, თუმცა მამა იძულებულს ხდიდა, თვითონაც ასე, მაღაფარდოვანი სიტყვების რახუნითა და ქარაგმებით ელაპარაკა მუდამჟამ.
-იქნებ ციხის შიგნიდან გატეხვა უნდა? ბატონობის წესს როგორ შეეგუება?-ჩაეკითხა ვაჟი.
-ჯერ-ჯერობით, კალე მხოლოდ საბჭოს წევრია, აჯანყების მოწყობას არ გეგმავს, თუ დაგეგმავს, ჯობია ახლოს მყავდეს. რა გგონია, თემში ყველას მოსწონს ეს ბატონობის ტრადიცია? არასოდეს არავის სდომებია, რომ მემკვიდრეობით გადაცემა, მუდმივობა შეეცვალა? კალეს თუ მე უარვყოფ, ძალაუფლების მაძიებელი და თემის პოლიტიკით დაინტერესებული სხვასთან წავა, თანამოაზრეებს ან თავად იპოვის, ან ისინი იპოვიან.-ბატონმა ბეშქენს ლუდის კათხა მიაწოდა.
-მაინც, მოდი ყურადღებით დავაკვირდეთ.
-ჩვენ ყველას უნდა დავაკვირდეთ.-დაეთანხმა მამა.
***

კალე პარმაღთან ძაღლივით ჩამომდგარიყო.
-დაგპირდი და მოვედი.

გოგონა კარის ზღურბლს არ სცილდებოდა, მისაღებში ანთებული სინათლე გახურებული სპილენსძისფერ ათინათს ადებდა მის ჩამოშლილ, სურნელოვან თმას. სახეზე ჩრდილი დასთამაშებდა და მოქანცულს ჰგავდა, მაგრამ ორივე თვალი უხსენებელის პირში მოქცეული, ზღაპრული ხვითოს ქვასავით უბრწყინავდა და რაღაც ავი, ძალიან ავი ელვარება გადაჰკრავდა.
კალე კი თითქოს უფრო მეტად გაშლილიყო, მაისის მზით გამთბარი ვარდის კოკორივით, სიცოცხლე და სიხალისე შეეძინა, ბავშვური სიანცისა და ავაზაკობის ელექ ერთიანად შეესვა ბიჭს.
-ვინ გელოდებოდა რო?-წარბები ასწია ცალყბა ღიმილით თუთამ.
-არ მელოდებოდი?-წარბის აწევითა და ღიმილითვე დაეკითხა კალე.
-ვიცოდი, ვიცოდი რომ მოხვიდოდი, მაგრამ არ გელოდებოდი.-თუთამ გაიცინა.
-იქნებ გამიმასპინძლდე?
-არა.-ღიმილი არ მოუშორებია.
-აბა, სტუმრის პატივისცემა ვიციო?-არხეინად დაეყრდნო კარს კალე ცალი ხელით და ქალს სახე ახლოს მიუტანა.
თუთამ ისევ წარბი აწია.
-ვიცი, და აი ეს ფანდიც ვიცი.-დამცინავად აატრიალა თვალები.-რამე ახალი მოიფიქრე კალე. გიმასპინძლებ, ოღონდ მაშინ, როდესაც მე მოგიპატიჟებ.
-დასანანია, მაგრამ რა პრობლემაა?! იყოს ასე, სახლში არ შემოგივარდები.
-უკვე სცადე, შეგახსენებ მაინც.
-მე უბრალოდ ეს მოგიტანე.-უცოდველად გაიოცა კაცმა და მწვანეყდიანი წიგნი გაუწოდა.
-იცი, რაოდენ გასაკვირიც არუნდა იყოს, შენ გამოჩენამდეც მსმენია შექსპირის შესახებ.-ისევ გაკენწლა თუთამ.
-ნუთუ?!-შეიცხადა კალემ.
-დიახ, დიახ,-თავი ენთუზიაზმით დაუქნია.-ვაგლახ! წაკითხვაც მოვასწარი უკვე, ჯერ კიდევ მაშინ, სკოლაში რომ ვსწავლობდი და შენ ალბათ რუს რეპერებს უსმენდი.
-საკუთარი განათლების სხვების დასამცირებლად გამოყენება გაუნათლებლობაა ქალბატონო თუთა.-დამოძღვრა კაცმა.
-ზოგადად კი, მაგრამ დღეს შეიძლება.
-რაღაც ჩანაწერები აქვს, ვიფიქრე პატივს დამდებდი, თუმცა, რადგან არ გსურს...
-ვინ გითხრა, რომ არ მსურს?-ამჯერად ღიმილმა თვალებიც გაუთბო ქალს.-მომეცი, თავიდან წაკითხვას თავისი ხიბლი აქვს.-წიგნი ჩამოართვა.
-სანაცვლოდ რას მთავაზობ?
-კარგ ღვინოს დაგალევინებ მერე, აი, რომ წავიკითხავ.
-თეთრი თუ წითელი?
-შავი.
-მამაშენისაა?
-ღორის დაკვლაზეც ჰომ არ დაგპატიჟო ბარემ? ზედმეტი ნუ მოგივა!-ხელები გაასავსავა ქალმა.
ღორის ხსენებაზე კალეს სიცილი აუტყდა და მისი შემყურე, თუთასაც გაეცინა.
-ესეიგი, ღორის დაკვლა წმინდა თემაა?-კარს მოშორდა ბიჭი.
-ძალიან.
-მაშინ, დაგემშვიდობები თუთა, გავივლი, მლაშე ჰაერს ჩავისუნთქავ.-ორივე ხელი ფართოდ გაშალა თეატრალური ეფექტისთვის.
-ნახვამდის. რევერანსები მეზარება ბატონო კალე.-წიგნი იღლიაში ამოიჩარა ქალმა.-დავიძინებ მე.
-ჰომ იცი, რომ არ დაიძინებ?-ხმას დაუწია კალემ და ეშმაკურად აუთამაშდა ბაგე.
-კარგი, მოვიშოროთ ეს იდუმალი ტონი, მომბეზრდა უკვე.-ხმაში კვლავაც დამცინავი ნოტები გაერია თუთას.
-რა ტონი?-თავი გაისულელა კაცმა.
-აი, ეს მიბნედილი თვალები და ჩურჩული, თავიდან საინტერესო იყო, ახლა უკვე დებილობაა. არაა აუცილებელი, ეს „ორი განსხვავებული სული შეხვდა ერთმანეთს“ ცირკი, ვითამაშეთ, გვეყო.
-იქნებ მართლა მჯერა, რომ შენ განსხვავებული ხარ?-თან ჭიშკრისკენ დაიწყო სვლა კალემ.
-და რამდენ გოგოს ეუბნები მაგ ფრაზას?-თვალები მოწკურა თუთამ.
-ბევრს.-უდარდელად წამოიძახა კაცმა.
-არ ვარ განსხვავებული, ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომც ვიყო განსხვავებული, შენ მე არ მიცნობ, დღეს მნახე პირველად და წარმოდგენა არ გექნებოდა ჩემ განსხვავებულობაზე.
-განსხვავებული იმიტომაა ადამიანი, რომ თავიდანვე ეტყობოდეს.-არ დაეთანხმა კალე.
-ვერ ვიტან, ვერაფრით ვერ ვეგუები, როცა მატყუებენ და ცდილობენ თავი მომაწონონ. ძალიან მალე მწყინდება და მზიზღდებიან ადამიანები მაგის გამო.
-შეგიძლია შეგზიზღდე, მაგრამ არ გატყუებ.-მაინც არ ეპუებოდა კაცი.
-კარგად იყავი კალე, იცოდე, სახლის კართან გლახასავით ნუღარ ჩამომიდგები.-მოუჭრა ქალმა.-აბა, შევხედრამდე. -თან ხელი დაუქნია.
-კარგად იყავი თუთა.-ჭიშკარი ჟღარუნით დაიკეტა და კაცი წყვდიადის მუცელმა ჩანთქა.
თუთას უნდოდა, კართან შეყოვნებულიყო, თუმცა უკანმოუხედავად დურთა თავი თავის გაჩახჩახებულ სახლში.



№1 წევრი AnNa_L

თუთა ძალიან მომწონს! 🖤 ძალიან ღრმა და რაღაც საოცარი პერსონაჟია. ❤️❤️ და მგონია, რომ იპოვა ისეთი ასამიანი, რომელიც ‘გაუგებს, მოუსმენს, დაუყვავებს და შეიყვარებს. დააფასებს კიდეც და ცალკეულ, დამსხვრეულ ნაწილებად კი არ აღიქვამს, არამედ ერთიანს’! უბრალოდ დროის საკითხია, როდის გაიზრებს იმ ადამიანის არსებობას მის ცხოვრებაში.







და კიდევ ორ სიტყვას ვიტყვი ბატონ გუბაზზე, ძალიან კარგი მმართველია, ჭკვიანი და დინჯი. ნუ სხვანაირი არც წარმომედგინა მსგავსი თემის მმართველი. მაგრამ ეს ანა ვერ მოვიდა ჩემამდე, რაღაცნაირი ქალია და ქალბატონობისთვის შეუფერებელი…. ეს ორი თავი ასეა, ვფიქრობ. ვნახოთ რა იქნება…..

ძალიან, მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️


🫶ავტორო, ამ საიტმა შენი სახით ძალიან კარგი მწერალი შეიძინა 🫶❗️

 


№2 წევრი Persephone.notesfromabyss

AnNa_L
თუთა ძალიან მომწონს! 🖤 ძალიან ღრმა და რაღაც საოცარი პერსონაჟია. ❤️❤️ და მგონია, რომ იპოვა ისეთი ასამიანი, რომელიც ‘გაუგებს, მოუსმენს, დაუყვავებს და შეიყვარებს. დააფასებს კიდეც და ცალკეულ, დამსხვრეულ ნაწილებად კი არ აღიქვამს, არამედ ერთიანს’! უბრალოდ დროის საკითხია, როდის გაიზრებს იმ ადამიანის არსებობას მის ცხოვრებაში.







და კიდევ ორ სიტყვას ვიტყვი ბატონ გუბაზზე, ძალიან კარგი მმართველია, ჭკვიანი და დინჯი. ნუ სხვანაირი არც წარმომედგინა მსგავსი თემის მმართველი. მაგრამ ეს ანა ვერ მოვიდა ჩემამდე, რაღაცნაირი ქალია და ქალბატონობისთვის შეუფერებელი…. ეს ორი თავი ასეა, ვფიქრობ. ვნახოთ რა იქნება…..

ძალიან, მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️


🫶ავტორო, ამ საიტმა შენი სახით ძალიან კარგი მწერალი შეიძინა 🫶❗️
პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ასეთი გულიანი შეფასებისათვის ❤️აუცილებლად მალე იქნება და დაველოდოთ როგორ განვუთარდება მოვლენები, მსგავსი ტიპის მკითხველის არსებობა, ერთიორად ზრდის კიდეც ავტორის მოტივაციასაც და წერის ხარისხსაც ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent