სეზონებს შორის (სრულად)
პროლოგი ცხოვრება პირველად მაშინ გავიცანი, როცა მივხვდი - ის მხოლოდ გაზაფხული არ არის. ბავშვობაში მეგონა, რომ ცხოვრება მზის სხივივით იყო: თბილი, ნათელი და სამართლიანი. მეგონა, რომ კარგი ადამიანები აუცილებლად კარგ დასასრულს მიიღებდნენ და რომ ტკივილი მხოლოდ დროებითი სტუმარი იყო. მაგრამ წლები რომ გავიდა, ნელ-ნელა დავინახე მისი მეორე მხარეც - ჩრდილი, რომელიც მზეს თან ახლავს და ზოგჯერ უფრო გრძელიც არის, ვიდრე თვითონ ნათელი. ცხოვრება უხილავი რეჟისორია. სცენას ისე ცვლის, გაფრთხილების გარეშე, რომ ვერც ხვდები, როდის დამთავრდა ერთი აქტი და დაიწყო მეორე. გართმევს იმას, რაც ყველაზე ძვირფასია - ადამიანს, ნდობას, სიმშვიდეს - და სანაცვლოდ გაძლევს დუმილს. ეს დუმილი კი ყველაზე მძიმეა, რადგან სწორედ მაშინ გესმის საკუთარი გულისცემა ყველაზე ხმამაღლა. მისი სიბოროტე ხმაურიანი არ არის. ის ჩუმად მოდის. ზოგჯერ ერთი სიტყვით, რომელიც გულში გესობა. ზოგჯერ ერთი გადაწყვეტილებით, რომელიც შენს ნაცვლად მიიღეს. ზოგჯერ უბრალოდ იმით, რომ ძალიან ეცადე და მაინც არ გამოვიდა. ცხოვრება არ გპირდება სამართლიანობას. არ გპირდება, რომ შრომა ყოველთვის დაფასდება ან სიყვარული - დაბრუნდება. ის უბრალოდ გიბიძგებს წინ, მაშინაც კი, როცა ფეხები გეღლება. 1 თავი იმ საღამოს ისეთი წვიმა მოდიოდა, თითქოს ქალაქიდან რაღაცის წაშლა სურდა. ასფალტი ისეთი სველი იყო რომ შუქნიშის შუქებს იქვე დამდგარი გუბურების წყალი ირეკლავდა. ნინა ქოლგას არ ხსნიდა - წვიმა ძალიან უყვარდა. ყოველთვის ფიქრობდა, რომ წვიმაში ადამიანები ცოტათი უფრო გულწრფელები ხდებოდნენ. -ნინა, გაგიჟდი? დასველდები! - დაუძახა მისმა მეგობარმა, თაკომ, რომელიც კაფის კართან იდგა და ხელს უქნევდა. -ხუთი წუთი წვიმაში ყოფნა არ კლავს, თაკო. დამაცადე, - სიცილით უპასუხა ნინამ და ბოლოს მაინც შევიდა. კაფე ნახევრად ცარიელი იყო. თბილი განათება და ახლადდაფქული ყავის სუნი ერთმანეთს ერწყმოდა. თაკოსთან ერთად მაგიდაზე კიდევ ორი ადამიანი იჯდა - ლევანი, რომელსაც ნინა ბავშვობიდან იცნობდა, და კონსტანტინე იგივე კოსტა. ნინამ ჯერ ლევანს გაუღიმა. -შენ ისევ აგვიანებ, - უთხრა ლევანმა. -მე არა, დრო იგვიანებს ხოლმე ჩემთან, - უპასუხა ნინამ და მერე პირველად შეხედა კოსტას. კოსტამ თავი ოდნავ დაუქნია მისალმების ნიშნად, მის თვალებში კი რაღაც სერიოზული, დაღლილი სიმშვიდე ჩანდა. -ეს კოსტაა, - თქვა თაკომ. - ლევანის უნივერსიტეტის მეგობარი. ცოტა ხნით დაბრუნდა ქალაქში. -ცოტა ხნით? - ნინამ ინტერესით გაიმეორა. თუ გამიმართლებს, ცოტა ხნით, - მშვიდად უპასუხა კოსტამ. საუბარი თავდაპირველად ჩვეულებრივად დაიწყო - სამუშაოზე, ქალაქზე, საცობებზე. ნინა ხშირად ერთვებოდა, კითხვებს სვამდა, თაკოსა და ლევანს ეხუმრებოდა. კოსტა ძირითადად უსმენდა. როცა ლევანმა ჰკითხა: -შენ რა ქენი ბოლოს, ის პროექტი დაიხურა? კოსტამ მოკლედ უპასუხა: -დაიხურა. -და ახლა? -ახლა ვცდილობ, ისევ არ ჩავიდინო იგივე შეცდომა. ნინამ შეამჩნია, რომ კოსტა სიტყვებს ზედმეტად არ ფლანგავდა. ეს არ იყო უხეშობა - უფრო თვითდაცვა. რამდენიმე წუთში თაკო ტელეფონზე სასაუბროდ გავიდა, ლევანიც გაყვა. მაგიდასთან მარტო ნინა და კოსტა დარჩნენ. -შენ ყოველთვის ასე ჩუმად ხარ? - ბოლოს ნინამ დაარღვია სიჩუმე. კოსტამ თვალები ასწია. -არა. -ანუ ჩვენ არ გაგვიმართლა? კოსტას ტუჩის კუთხე ოდნავ შეირხა. -უბრალოდ ზედმეტი საუბრები არ მიყვარს. -მე პირიქით, - ნინამ მხრები აიჩეჩა. - მგონია, სიტყვები თუ არ თქვი, მერე სხეულში გროვდება და მძიმდება. -ყველა სიტყვა არ ღირს ხმამაღლა თქმად. -და როგორ არჩევ, რომელი ღირს? კოსტა წამით შეყოვნდა. -როცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ წინააღმდეგ არ გამოიყენებენ. ნინას ღიმილი ნელა გაქრა. ამ პასუხში რაღაც მეტი იყო, ვიდრე უბრალო სიფრთხილე. -ვიღაცამ გამოიყენა? -ყველას ერთხელ მაინც იყენებენ, - მოკლედ თქვა მან. ნინა ცოტა წინ გადაიხარა და თვალებში შეაჩერდა. -მაინც მგონია, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. -ეგ ყველაზე საშიში ილუზიაა, - უპასუხა კოსტამ მშვიდად და თვალები აარიდა, მის უკან კედელს გაუსწორა მზერა. საღამოს ბოლოს, როცა კაფედან გამოვიდნენ, წვიმა ისევ მოდიოდა. თაკომ ტაქსი გააჩერა. -მე და ლევანი ერთად წავალთ, - თქვა მან. - თქვენ? ნინამ კოსტას შეხედა. -ფეხით მივდივარ, აქვე ვცხოვრობ. -მეც, - თქვა კოსტამ. ისინი გვერდიგვერდ წავიდნენ. არც ისე ახლოს, არც ისე შორს. -მართლა გგონია, რომ ადამიანების ნდობა ილუზიაა? - ისევ დაიწყო ნინამ. -არა, - კოსტამ თავი გააქნია. - უბრალოდ ფასი აქვს, და ზოგჯერ ძალიან ძვირი ჯდება. -მე მგონია, უნდობლობა უფრო ძვირი ჯდება, - მშვიდად უპასუხა ნინამ. - ბოლოს მარტო რჩები. კოსტამ ნაბიჯი შეანელა. -მარტო ყოფნა ყოველთვის ცუდი არ არის. -როცა არჩევანი შენია - არა. მაგრამ როცა შიშის გამო ირჩევ, მაშინ უკვე სხვაა. კოსტამ პირველად შეხედა პირდაპირ თვალებში. წვიმის შუქში მისი მზერა უფრო მკვეთრი ჩანდა. -შენ ბევრი იცი შიშზე? -არა, - გაეღიმა ნინას. - უბრალოდ მჯერა, რომ თუ ადამიანს თავიდანვე ეჭვით შეხედავ, ის ან დაგიმტკიცებს, რომ მართალი იყავი… ან დაიღლება. -და შენ არ იღლები? -ვიღლები. მაგრამ მაინც ვცდი. რამდენიმე წამი ორივე გაჩერდა. მერე კოსტამ ჩუმად თქვა: -ეგ რთულია. -ვიცი, - უპასუხა ნინამ. - მაგრამ ადვილს ყველა ირჩევს. მათ გზაჯვარედინზე მოუწიათ გაჩერება. -აქედან მე მარცხნივ, - თქვა ნინამ. -მე პირდაპირ. სიჩუმე ისევ ჩამოვარდა. -სასიამოვნო იყო, - თქვა ნინამ გულწრფელად. -ჰო, - მოკლედ უპასუხა კოსტამ, მერე დაამატა: - განსხვავებული. ნინამ გაიცინა. -ეგ კომპლიმენტია? -ალბათ. ისინი სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. ნინა მიდიოდა და გრძნობდა, რომ რაღაც უცნაური სიმძიმე და სიმშვიდე ერთდროულად მიჰყვებოდა. კოსტა კი პირველად დიდი ხნის შემდეგ ფიქრობდა, რომ ვიღაცამ კითხვა დაუსვა არა იმისთვის, რომ პასუხი გაეკრიტიკებინა - არამედ იმისთვის, რომ გაეგო. იმ საღამოს არცერთმა არ იცოდა, რომ ეს უბრალოდ შეხვედრა არ იყო. ეს იყო პირველი ბზარი მათ საკუთარ კედლებში. 2 თავი მათი შეხვედრიდან ორი თვე გავიდა. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა - და მაინც, რაღაც იცვლებოდა. ნინა ხანდახან ფიქრობდა, რომ ცხოვრება სწორედ ასეთ „არაფერში“აკეთებს ყველაზე დიდ “ყველაფერს”. არ ყვირის, არ აფრთხილებს - უბრალოდ ნელა, შეუმჩნევლად გცვლის. კოსტა იმ წვიმის საღამოს შემდეგ რამდენჯერმე ნახა. პირველად ისევ იმავე კაფეში, თითქოს შემთხვევით. მერე - ლევანის საშუალებით. მათი შეხვედრები ხმაურიანი არ იყო. არ იყო სწრაფი და არც იმპულსური. უფრო ჰგავდა ფრთხილ სიახლოვეს, სადაც ორივე ზომავდა მანძილს. ნინას დღეები სწრაფად გადიოდა. დილაობით უნივერსიტეტში მიდიოდა - ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. განსაკუთრებით ბავშვთა ფსიქოლოგია აინტერესებდა. -რატომ ბავშვები? - ერთხელ თაკომ ჰკითხა, როცა აუდიტორიიდან გამოსულები კიბეებზე ჩამოდიოდნენ. -იმიტომ, რომ ბავშვობაში ყველაფერი უფრო მართალია,- უპასუხა ნინამ. - ემოცია ემოციაა, არა თამაში. დიდები კი ხშირად თამაშობენ -შენც? - ჩაიცინა თაკომ. -ვცდილობ, არა. ნინას სჯეროდა, რომ ადამიანების ქცევას მიზეზი ყოველთვის ჰქონდა. რომ სიცივე შეიძლება შიშიდან მოდიოდეს და აგრესია - ტკივილიდან. ალბათ ამიტომაც არ აშინებდა კოსტას ჩაკეტილობა. მასში რაღაც დასაცავს, თითქოს ბავშვურ ნაწილს გრძნობდა. უნივერსიტეტის შემდეგ ნინა ხშირად მოხალისედ მუშაობდა ბავშვთა ცენტრში. ხატავდა მათთან ერთად, ზღაპრებს იგონებდნენ. -ნინა, შენ რატომ არ ხარ სერიოზული? - ერთხელ პატარა გოგომ ჰკითხა, როცა ფანქრით ხელები დაუხატა. -ვარ, - გაეცინა ნინას. - უბრალოდ სერიოზულობა ყოველთვის სახეზე არ ჩანს. საღამოობით თაკოსა და მარიამთან ერთად იკრიბებოდა. ხანდახან კინოში მიდიოდნენ, ხანდახან უბრალოდ თაკოს სახლში იკრიბებოდნენ და მუსიკას უსმენდნენ. -კოსტაზე რას იტყვი? - მარიამმა ერთ საღამოს პირდაპირ ჰკითხა. -არაფერს, - უპასუხა ნინამ ჩვეულებრივ, მაგრამ სახე მაინც გაუნათდა. -ეგ „არაფერი“საშიშია, - ჩაიცინა თაკომ. - შენ როცა არაფერს ამბობ, ესე იგი უკვე რაღაც ხდება. ნინამ მხრები აიჩეჩა. -უბრალოდ განსხვავებულია. -ცუდად განსხვავებული? - ჰკითხა მარიამმა. -არა… - ცოტა ხნით დაფიქრდა. - თითქოს მუდმივად მზადაა, რომ რაღაც წაართვან. და მაგიტომ წინასწარ იკეტება. -შენ გინდა მისი გახსნა? - ჩუმად ჰკითხა თაკომ. ნინამ ფანჯარაში გაიხედა. -არ ვიცი. შეიძლება. მაგრამ არ მინდა ვიღაცის გადარჩენა მინდოდეს. ეგ არასწორია. ——————————————————— კოსტას ცხოვრება ნაკლებად ხილული იყო. ის იშვიათად ყვებოდა თავის საქმეებზე. ლევანმა ერთხელ ნინას უთხრა: -ცოტა რთულია. მას შემდეგ, რაც ის პროექტი ჩაუვარდა, აღარავის ენდობა. -რას გულისხმობ? - ჰკითხა ნინამ. -პარტნიორმა თანხა გაიტანა და ყველაფერი მას დააბრალა. სასამართლომდე მივიდნენ. ძლივს გამოვიდა იქიდან. ნინა გაჩუმდა. იმ ღამეს კოსტას სიტყვა გაახსენდა: „როცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ წინააღმდეგ არ გამოიყენებენ.“ ოქტომბრის ბოლოს ლევანმა ჯგუფურ ჩატში დაწერა: „ნოემბრის 12 - არავინ არაფერი დაგეგმოთ. ჩემი დაბადების დღეა.“ თაკომ მაშინვე უპასუხა: - „სად?“ - „სახლში. ცოტა ხალხი. ზედმეტი ფორმალობების გარეშე.“ ნინამ ტელეფონს დახედა. კოსტაც იქნება? - ეს კითხვა სწრაფად გაჩნდა და მაშინვე გააქრო. ——————————————————— დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე კოსტამ პირველად დაურეკა ნინას თვითონ. -ლევანის სახლში მოდიხარ? - მოკლედ და პირდაპირ ჰკითხა. -კი. შენ? -ალბათ. -ალბათ? - გაეცინა ნინას. - დაბადების დღეა, დაკითხვა არა. -ხალხმრავლობა არ მიყვარს. -მე მიყვარს, - უპასუხა ნინამ. - მაგრამ შენ თუ იქ იქნები, მე ხმაურს გადავიტან. მეორე მხარეს რამდენიმე წამი სიჩუმე იყო. -რატომ? - ჰკითხა კოსტამ. -იმიტომ, რომ ხმაურში შენ მაინც ჩუმი იქნები. კოსტამ ჩუმად ჩაიცინა. -უცნაური ხარ. -ვიცი. ————————————————————— ნოემბრის 12. ლევანის ბინა სავსე იყო ადამიანებით. მისაღებში მუსიკა მაღალ ხმაზე იყო ჩართული, სადაც ლევანი ყველას ეხუტებოდა, ხოლო სამზარეულოდან სიცილის ხმები გამოდიოდა. -ნინა! - იყვირა მან, როცა ნინა სახლში შესული დაინახა. - ისევ დაგაგვიანდა! -ტრადიციებს არ ვღალატობ, - უპასუხა ნინამ და ჩაეხუტა. თაკო უკვე იქ იყო, მარიამიც. რამდენიმე ახალი სახე ჩანდა. კოსტა ჯერ არ ჩანდა. -მოვა? - ჩუმად ჰკითხა ნინამ ლევანს. -თქვა, მოვალო. მუსიკას კიდევ უფრო აუწიეს. ვიღაცამ შამპანური გახსნა. ნახევარ საათში კარი ისევ გაიღო. კოსტა შემოვიდა. ის ისევ მშვიდი იყო, მაგრამ ამჯერად მზერა უფრო დაძაბული ჰქონდა. ლევანს მიულოცა, ხელი ჩამოართვა. მერე ნინას თვალი მოჰკრა. -მოვედი, - თქვა უბრალოდ. -ვხედავ, - გაეღიმა ნინას. - რთული იყო? -გზაზე არა. აქედან - არ ვიცი. -გაიგებ, - უთხრა ნინამ. საღამო ნელა იშლებოდა. ერთ მომენტში ლევანის მეგობარმა, გიგამ, ცოტა ნასვამმა ხმამაღლა თქვა: -კოსტა, შენ ხომ ბიზნესში ხარ? ეგ შენი ამბავი მართალია, რომ პარტნიორმა გაგყიდა? ოთახში რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ნინამ იგრძნო, როგორ დაეძაბა კოსტა. -მართალია, - მოკლედ თქვა მან. -და მაინც ენდობი ხალხს? - გიგამ გააგრძელა სიცილით. -გიგა, საკმარისია, - ჩაერია ლევანი. მაგრამ კოსტამ თავად უპასუხა: -არა. აღარ. ნინამ პირველად დაინახა მის თვალებში არა სიმშვიდე, არამედ მყარი გამოკვეთილი კედელი. საღამოს გვიან, აივანზე გავიდნენ. -არ მოგეწონა კითხვა, - ჩუმად თქვა ნინამ. -ეგ კითხვა არ იყო. ეგ წარმოდგენა იყო, - უპასუხა კოსტამ. -ზოგჯერ ადამიანები უბრალოდ უხერხულად ინტერესდებიან. -არა, - თავი გააქნია კოსტამ. - ზოგჯერ უბრალოდ უნდათ დაინახონ, სად გტკივა და რა არის შენი ტკივილის ზღვარი. ნინა აივნის მოაჯირს დაეყრდნო. -და შენ აძლევ უფლებას, რომ გატკინონ? -არა. ამიტომაც აღარ ვყვები. -მაგრამ დღეს მაინც თქვი. კოსტამ პირველად შეხედა ყურადღებით. -იმიტომ რომ შენ იქ იდექი. ნინა გაჩუმდა და ინტერესით შეხედა კოსტას. -ეგ რას ნიშნავს? -არ ვიცი, - თქვა კოსტამ გულწრფელად. -უბრალოდ… როცა შენ ხარ, მგონია, რომ სიტყვა იარაღი არ იქნება. მუსიკა შიგნიდან ისევ ისმოდა. სიცილი. ხმაური. ცხოვრება თავისი ხმაურიანი ფორმით. ნინამ ნელა თქვა: -მე ვერ დაგპირდები, რომ არასოდეს გატკენ. -ვიცი. -მაგრამ შეგპირდები, რომ არასოდეს გამოვიყენებ შენს სიმართლეს შენს წინააღმდეგ. კოსტამ ღრმად ჩაისუნთქა. -ეგ საკმარისია. იმ ღამეს პირველად არ იდგნენ ერთმანეთის გვერდით როგორც უბრალოდ ნაცნობები. რაღაც შეიცვალა - პატარა, მაგრამ მკაფიო გადაადგილება მოხდა. სახლში დაბრუნებულმა ნინამ იგრძნო, რომ ცხოვრება, რომელიც ყოველთვის გაზაფხულად ეგონა, ნელ-ნელა შემოდგომასაც აჩვენებდა. და მაინც - მას არ შეშინებია. რადგან ახლა უკვე იცოდა: ზოგჯერ ყველაზე ჩუმი ადამიანები ყველაზე ხმამაღალ ბრძოლებს ატარებენ გულით. 3 თავი ხანდახან ურთიერთობა ხმაურით არ იცვლება. არ ხდება დიდი აღიარებები, არც დრამატული დაპირებები. უბრალოდ ერთ დღეს იღვიძებ და ხვდები, რომ ადამიანი, რომელიც გუშინ „ვიღაც“ იყო, დღეს უკვე შენი ფიქრების ნაწილად იქცა. ნინასა და კოსტას შორის სწორედ ასეთი, ჩუმი გადაადგილება მოხდა. მათი ურთიერთობა არ ჰგავდა სწრაფად აალებულ ცეცხლს. უფრო ჰგავდა ნელ, ფრთხილ ალს - სადაც თითოეული შეხება გააზრებული იყო, თითოეული სიტყვა - აწონილი. ნინა ჯერ კიდევ ლაღად იცინოდა, გეგმებს ხმამაღლა ამბობდა, მომავალზე თამამად საუბრობდა. კოსტა კი ჯერ კიდევ ფრთხილად დგამდა ნაბიჯებს, თითქოს მიწას ამოწმებდა ყოველი ნაბიჯის წინ. მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადი იყო - ისინი ერთმანეთს შემთხვევით აღარ ხვდებოდნენ. კოსტა, რომელმაც ყველაფერი საკუთარი ხელით ააშენა და შემდეგ იმავე ხელებით დაკარგა, ახლა თავიდან იწყებდა. არა იმიტომ, რომ არჩევანი არ ჰქონდა - არამედ იმიტომ, რომ გაჩერება მის ბუნებაში არ იყო. და სწორედ ამ თავიდან დაწყების პროცესში ნინა ნელ-ნელა მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ————————————————— ლევანის დაბადების დღიდან ორი კვირა გავიდა. იმ ღამის შემდეგ ნინასა და კოსტას შორის სიჩუმე აღარ იყო მძიმე. ის ჯერ კიდევ ფრთხილი იყო, მაგრამ აღარ იყო ფარად აღმართული კედელი. უფრო ჰგავდა კარს, რომელიც ბოლომდე არ იღებოდა, თუმცა უკვე აღარ იყო ჩაკეტილი. კოსტამ თავად შესთავაზა შეხვედრა. -ხვალ დრო გაქვს? - ჰკითხა მოკლედ. -მაქვს. გამოცდამდე ჯერ შორს ვარ, - გაეცინა ნინას. - სად? -ოფისში მოდი. -ოფისში? - გაუკვირდა. - რომანტიკულად არ ჟღერს. -არც ვცდილობ, - უპასუხა მშვიდად. ოფისი ქალაქის გარეუბანში იყო, ნახევრად ცარიელ ბიზნესცენტრში. კედლები თეთრი, ავეჯი მინიმალისტური. ფანჯრებიდან შემოდგომის მზე ეცემოდა, მაგრამ ოთახში მაინც სიცივე იგრძნობოდა. -აქ მუშაობ? - იკითხა ნინამ, როცა შემოვიდა. -ვმუშაობდი, - შეასწორა კოსტამ. - ახლა ვცდილობ ისევ დავიწყო. მაგიდაზე გაფანტული იყო ფურცლები, კონტრაქტები, ჩანაწერები. კოსტა არ ჩანდა დამარცხებული. უფრო კონცენტრირებული იყო. თითქოს მარცხმა გაჩერება კი არა, სიფრთხილე ასწავლა. -ლევანმა რაღაც მითხრა იმ პროექტზე, - ფრთხილად დაიწყო ნინამ. კოსტამ თვალები არ აარიდა. -რაც თქვა, სიმართლეა. პარტნიორმა ფული გაიტანა. პასუხისმგებლობა ჩემზე დარჩა. სასამართლომდე მივიდა საქმე. ტექნიკურად დავამტკიცე, რომ არ ვიყავი დამნაშავე. პრაქტიკულად - ყველაფერი დავკარგე. -და ახლა? -ახლა თავიდან ვაწყობ. სხვა მიმართულებით. მარტო. ნინამ ოთახი მოავლო თვალი. -მარტო იმიტომ, რომ ასე გინდა? თუ იმიტომ, რომ აღარავის ენდობი? კოსტამ მცირე პაუზა გააკეთა. -ორივე. -მარტო მუშაობა რთულია. -რთულია. მაგრამ დამოკიდებული არ ხარ. ნინა მაგიდასთან დაჯდა. -იცი, ბავშვებთან რომ ვმუშაობ, ხშირად მეკითხებიან - „თუ ერთხელ მატკინა, მეორედ რატომ უნდა ვცადო?“ და მე ვეუბნები, რომ ადამიანი ერთი შემთხვევა არ არის. -ბავშვები მარტივად პატიობენ, - თქვა კოსტამ. -იმიტომ რომ ჯერ არ ასწავლეს ეჭვი. კოსტა ფანჯარასთან მივიდა. -მე ეჭვი არ მისწავლია. გამოცდილებამ მასწავლა. -გამოცდილება არ ნიშნავს, რომ ყველამ იგივე უნდა გაგიკეთოს. -არ ნიშნავს. - შემობრუნდა. - მაგრამ პასუხისმგებლობა ჩემზეა. თუ კიდევ ერთხელ შეცდომას დავუშვებ, ვეღარავის დავაბრალებ. ნინა წამოდგა და მის გვერდით დადგა. - შენ შეცდომა არ დაუშვი. ენდე. -ენდობა ადამიანი მაშინ, როცა კონტროლი ჰგონია, რომ აქვს, - მკაცრად თქვა კოსტამ. - მე კონტროლი დავკარგე. -შეიძლება კონტროლი ზედმეტი იყო. კოსტამ მას შეხედა. მზერაში გაღიზიანება არ იყო, მაგრამ იყო დაძაბულობა. -შენთვის ყველაფერი თეორიაა, ნინა. ფსიქოლოგია, ახსნა. ჩემთვის - რეალური თანხები, პასუხისმგებლობა, თანამშრომლები. -არ ვაკნინებ, - მშვიდად უპასუხა ნინამ. - უბრალოდ მგონია, რომ თუ ყველაფერი საკუთარ თავზე აიღე, მერე საკუთარ თავსვე სჯი. რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა. -მე არ მეშინია, - თქვა კოსტამ ბოლოს. - უბრალოდ აღარ მინდა დაუფიქრებლად ვინმეს მივანდო ჩემი შრომა. -ეგ უკვე განსხვავებულია, - ჩუმად თქვა ნინამ. ———————————— იმ საღამოს ნინა თაკოსთან მივიდა. -ის მშიშარა არ არის, - თქვა პირდაპირ, სანამ თაკო რამეს ჰკითხავდა. -ვინ? - გაიცინა თაკომ. -კოსტა. -მე ეგ არ მითქვამს. -ვიცი. მაგრამ ზოგჯერ ისე გამოიყურება, თითქოს რაღაცას ემალება. თაკომ ჩაი მოსვა. -და შენ რას ფიქრობ? -რომ არ ემალება. უბრალოდ ამჯერად ყველაფერს თვითონ უნდა მოერიოს. -შენ რა როლი გაქვს? ნინა დაფიქრდა. -არ მინდა მისი „გადამრჩენი“ ვიყო. მინდა პარტნიორი ვიყო. ოღონდ ჯერ არ ვიცი, ის მზად არის თუ არა. ————————— რამდენიმე დღეში კოსტას ყოფილმა პარტნიორმა, ირაკლიმ, დაურეკა. ნინა მაშინ კოსტასთან იყო, როცა ზარი შემოვიდა. კოსტამ ეკრანს შეხედა და თვალები შეეცვალა. -უპასუხე, - უთხრა ნინამ. კოსტამ ზარი აიღო. -რა გინდა, ირაკლი? ნინა მხოლოდ კოსტას პასუხებს ისმენდა. -არა, მე აღარ მაქვს ინტერესი… -… -არა, შენთან ერთად არაფერს ვიწყებ… -… -სასამართლოში რაც მოხდა, საკმარისი იყო. კოსტამ ზარი გათიშა. -რა უნდოდა? -იკითხა ნინამ. -ახალი პროექტი. ამბობს, რომ „შეცდომები ყველას მოსდის“. -და შენ? -შეცდომა იყო ნდობა, -მკაცრად თქვა კოსტამ. -ან შეცდომა იყო ადამიანის არასწორად შერჩევა, -ნელა დაამატა ნინამ. კოსტამ ღრმად ჩაისუნთქა. -მე მასთან აღარასდროს ვიმუშავებ. -და სხვასთან? -ვნახოთ. -ეგ „ვნახოთ“ უკვე ნაბიჯია, - უთხრა ნინამ. კოსტამ პირველად გაუღიმა ნამდვილად. -შენ ყველაფერში პროგრესს ხედავ? -არა. უბრალოდ როცა ბრძოლა არ შეწყვეტილა, ეგ უკვე რაღაცას ნიშნავს. კოსტა მაგიდას დაეყრდნო. -მე არ გავჩერებულვარ. არც მაშინ, როცა ყველაფერი ჩამომიშალეს. -ვიცი. -და არც ახლა გავჩერდები. ნინამ მის თვალებში ის დაინახა, რაც ადრე ვერ შეამჩნია - სიჯიუტე, ძალა, რაღაც მკაცრი პრინციპი. -უბრალოდ, - დაამატა კოსტამ, - ამჯერად ფრთხილად ვიბრძოლებ. ნინამ ჩუმად თქვა: -ფრთხილად ბრძოლა სირცხვილი არ არის. იმ ღამეს ნინა სახლში გვიან დაბრუნდა. სარკეში ჩაიხედა და გაახსენდა საკუთარი სიტყვები: ცხოვრება მხოლოდ გაზაფხული არ არის. კოსტა გაზაფხული არ იყო. ის უფრო გვიანი შემოდგომა იყო - ცივი, მკაცრი, მაგრამ მაინც სიცოცხლის ნარჩენებით სავსე. და ნინა პირველად დაფიქრდა: შეიძლება სიყვარული მხოლოდ თბილი სინათლე არ არის. შეიძლება ის ორი განსხვავებული ძალის თანაარსებობაა - ერთი, რომელიც ენდობა, და მეორე, რომელიც იბრძვის. მთავარია, რომ არცერთი არ დანებდეს. 4თავი არსებობს ბრძოლები, რომლებიც გარედან იწყება - სასამართლოებით, ხელშეკრულებებით, ღალატით. და არსებობს ბრძოლები, რომლებიც ბევრად ადრე იწყება - სახლში, სამზარეულოს პატარა მაგიდასთან, როცა ბავშვი პირველად ხვდება, რომ ფული ყოველთვის საკმარისი არ არის. კოსტას სიჩუმე ლევანის დაბადების დღიდან უფრო გასაგები გახდა, მაგრამ ნინამ ჯერ კიდევ არ იცოდა, სად იწყებოდა მისი სიმტკიცე. ის ხედავდა შედეგს - თუმცა არა საფუძველს. -დღეს ჩემთან წამოხვალ? - ერთ საღამოს ჰკითხა კოსტამ. -სად? - გაეღიმა ნინას. -სახლში. მისგან ნათქვამ ამ „სახლში“ სხვანაირი წონა და მნიშვნელობა იგრძნობოდა. ————————————————— კოსტას სახლი ქალაქის გარეუბანში იდგა, ძველ კორპუსში, რომლის კედლებსაც დრო აშკარად ეტყობოდა. სადარბაზოში ნესტისა და სახლებიდან გამომავალი მოხარშული სადილის შერეული სუნი იდგა. კიბეები ოდნავ ჩამოფშვნილს ჰგავდა, მაგრამ სუფთა იყო. თითქოს აქ ადამიანები ყველაფერს აკონტროლებდნენ, რაც მათ ხელში იყო - და დანარჩენს უბრალოდ იტანდნენ. კარი პატარა გოგომ გააღო - დაახლოებით თექვსმეტიოდე წლის. თვალებში ბავშვური სინათლე ჰქონდა, მაგრამ მოძრაობაში სიფრთხილე ეტყობოდა. ის იმ ასაკში იყო, როცა ადამიანები თან ბავშვებიც არიან და თან მოულოდნელად დიდებიც. ნინას გაუღიმა, თუმცა თვალით სწრაფად შეაფასა - თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ეს ადამიანი მის ძმას არ ატკენდა. -გვიან მოხვედი, - უთხრა მან კოსტას. -საცობი იყო, - მშვიდად უპასუხა კოსტამ. - ეს ნინაა. გოგომ ნინას გაუღიმა. -მე ანა ვარ. ბინაში სისუფთავე იგრძნობოდა, სითბო იდგა - არა კომფორტის, არამედ ადამიანების. სამზარეულოს პატარა მაგიდა ფანჯარასთან იდგა, საიდანაც ნაცრისფერი ეზო ჩანდა. ფარდები ოდნავ გაცვეთილი იყო, მაგრამ გარეცხილი და სუფთა. კედელზე ძველი საათი ეკიდა, რომელიც ყოველ წამს ოდნავ ხმამაღლა ტიკტიკებდა. იქვე ქალი იჯდა - ფერმკრთალი, თუმცა თბილი თვალებით. კოსტას შეხედვისას სახე უთბებოდა. ნინა მიხვდა, რომ ამ სახლში კოსტა მხოლოდ შვილი არ იყო - ის იყო საყრდენი. -დედა, ეს ნინაა, - თქვა კოსტამ. -ძალიან მიხარია, - ქალმა ნელა თქვა. - ხშირად მესმის შენი სახელი. ნინამ გაკვირვებით შეხედა კოსტას. ის არასოდეს ეუბნებოდა, რას უყვებოდა ოჯახს. -მოდი, შვილო, - მშვიდად თქვა მან ნინას მიმართ. - კოსტას მეგობრები იშვიათად მოჰყავს. -დედა... - კოსტას ხმა დაბალი იყო. -რა „დედა“? - ქალმა ნაზად გაუღიმა. - კარგი რამეა, როცა სახლში ხმაური შემოდის. ვახშამი უბრალო იყო. საუბარი - თავშეკავებული. მაგრამ ნინა ხედავდა, როგორ იცვლებოდა კოსტა სახლში. მისი ხმა უფრო რბილი ხდებოდა, მზერა - ყურადღებიანი. -წამლები იყიდე? - ჰკითხა დედამ. -კი, — მოკლედ უპასუხა კოსტამ. - ექიმთანაც დავრეკე, პარასკევს მივალთ. ნინა მიხვდა - აქ ბრძოლა ყოველდღიური იყო. ვახშმის შემდეგ ანა და კოსტა აივანზე გავიდნენ. შუქები ანათებდა, მანქანების შორეული ხმა იკარგებოდა ჰაერში. აივანი პატარა იყო, მაგრამ სწორედ იქ ეტყობოდა კოსტას სახეზე ის დაძაბულობა, რომელსაც სხვაგან მალავდა. ნინამ მაშინ პირველად იგრძნო - კოსტა არ იყო უბრალოდ მოტყუებული ბიზნესპარტნიორი. ის იყო ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან იძულებული გახდა, ემოციებზე წინ პასუხისმგებლობა დაეყენებინა. ნინამ უნებლიეთ მოისმინა მათი საუბრის ნაწილი. -ისევ ირაკლი გირეკავდა? - ჰკითხა ანამ. -კი. - და? -არაფერი შეიცვლება. -შენ ხომ არ დანებდები? - ანას ხმაში შიში არ იყო - იყო სერიოზულობა მისი ძმის მსგავსად, რაც მისი ასაკის გოგონებისგან განასხვავებდა, თითქოს მძიმე ცხოვრებას კვალი მასზეც დაემჩნიაო. -არასოდეს, - თქვა კოსტამ მკაცრად. - უბრალოდ ამჯერად ფრთხილად ვივლი. ნინას გულში რაღაც შეეცვალა. ეს კაცი არ იყო გატეხილი. ის უბრალოდ გადამეტებულად პასუხისმგებელი იყო. საღამოს, როცა სახლში დაბრუნდნენ, ნინამ ჩუმად თქვა: -შენ ბევრად ადრე დაიწყე ბრძოლა, არა? კოსტამ თვალი არ აარიდა. -მამა ადრე გარდაიცვალა. ვალები დარჩა. დედა მაშინვე ავად გახდა. ანა პატარა იყო. არჩევანი არ მქონდა. -უნივერსიტეტში როგორ ჩააბარე? კოსტამ მცირე ღიმილით თქვა: -გრანტით. და მერე ერთ სტუდენტურ ინოვაციურ პროგრამაში გავიმარჯვე. იდეა აპლიკაციაზე მქონდა - მცირე ბიზნესებს ონლაინ გაყიდვების პლატფორმა, მარტივი სისტემით. დაფინანსება მივიღე. ეგ იყო პირველი რეალური შანსი. -და ირაკლი? -უნივერსიტეტში გავიცანი. ჭკვიანი იყო. ენერგიული, ბაზრის კარგი ხედვა ჰქონდა. მითხრა, რომ გაფართოება შეგვეძლო. ვენდობოდი. აპლიკაცია განვითარდა, მომხმარებლები დაემატა, მცირე შემოსავალიც გაჩნდა. მეგონა, რომ ამჯერად სწორად აარჩიე ადამიანი.- რამდენიმე წამით გაჩერდა. - მერე გაირკვა, რომ კონტრაქტში ისეთი პუნქტები ჩაწერა, რაც საბოლოოდ მას აძლევდა ფინანსურ წვდომას. მე გვიან მივხვდი. -და ყველაფერი დაკარგე? -ფული -კი. იდეა - არა. - მის ხმაში სიმტკიცე დაბრუნდა. - იდეა ჩემია. ნინა ჩუმად უსმენდა. -შენ არასოდეს ყოფილხარ მშიშარა, - თქვა ბოლოს. კოსტამ მსუბუქად ჩაიცინა. -მაგას არავინ მიბრალებს. —————————————————— ნინა იმ ღამეს სხვა რამეზეც ფიქრობდა. მას სჯეროდა, რომ კოსტას მარტოობა ნაწილობრივ არჩევანი იყო - ნაწილობრივ კი უნდობლობა. და უნდობლობა შეიძლება ნელა, დაუნახავად დაანგრიო, თუ გვერდით დადგები. რამდენიმე კვირაში უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური დაფინანსების პროგრამა გამოცხადდა. პირობები თითქმის იდეალურად ემთხვეოდა კოსტას პროექტის განახლებულ ვერსიას. ნინა თავის ლექტორს ესაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით: -იდეა უკვე არსებულ პროექტზეა, მაგრამ განახლებული ვერსია, - უთხრა ნინამ. -ავტორი თავად უნდა იყოს ჩართული, - უპასუხა ლექტორმა. - დოკუმენტაციაც მასზე უნდა გაფორმდეს. ნინა დაფიქრდა. თუ მოვამზადებ და შემდეგ ვეტყვი? სიურპრიზი იქნება… მას არ უნდოდა კოსტას გვერდის ავლა. უბრალოდ უნდოდა, დაემტკიცებინა, რომ მარტო არ იყო. მან განაცხადის მომზადება დაიწყო — ბიზნესგეგმა, ბაზრის ანალიზი, კონკურინტების შედარება, მომხმარებელთა ქცევა, ინოვაციური ფუნქციების ჩამოწერა. ყველაფერი კოსტას იდეაზე დაყრდნობით. ღამეებს ათენებდა, ცხრილებს ამზადებდა, პრეზენტაციის სლაიდებს აწყობდა. მაგრამ დახმარებასა და ჩარევას შორის ხაზი ხშირად უხილავია. რამდენიმე კვირის შემდეგ კოსტამ შემთხვევით იპოვა ფაილები მის ლეპტოპში. -ეს რა არის? - ჰკითხა მშვიდად, მაგრამ მკაცრად. ნინამ თავი ასწია. -უბრალოდ… ვიფიქრე, რომ -განაცხადია? - მისი ხმა უკვე გამკაცრდა. -ჰო. ახალი სტუდენტური დაფინანსება. შენს იდეაზე. მე უბრალოდ… -შენ უბრალოდ რა? — კოსტამ პირველად შეხედა ისე, როგორც ლევანის დაბადების დღეზე გიგას. -დაგეხმარე, - თქვა ნინამ. -ჩემი სახელით? -საბოლოოდ შენ უნდა გაგეგზავნა. მე მხოლოდ მოვამზადე. კოსტამ ლეპტოპი დახურა. -მე გითხარი, რომ მარტო ვმუშაობ. -მაგრამ მარტო რატომ უნდა იყო? - ნინას ხმა ამჯერად აღარ იყო მშვიდი. - პარტნიორობა არ ნიშნავს კონტროლის დაკარგვას. -ჩემთვის ნიშნავს, - მკაცრად თქვა კოსტამ. - ერთხელ უკვე დავკარგე. ოთახში ჰაერი შეიცვალა. ნინას გულწრფელობა ეჭვს არ იწვევდა - მაგრამ პროცესმა ის კვლავ იმ წერტილში დააბრუნა, სადაც გადაწყვეტილებებს მის გარეშე იღებდნენ. -მე ირაკლი არ ვარ! - ნინასაც გაუმკაცრდა ხმა. -მე ეს არ მითქვამს. -მაგრამ ისე იქცევი, თითქოს ყველა შეიძლება იყოს. სიჩუმე ჩამოვარდა. კოსტამ ნელა თქვა: -შენ კარგი განზრახვა გაქვს. მაგრამ როცა ჩემ გადაწყვეტილებებს ჩემ გარეშე იღებ, ეგ დახმარება აღარ არის. -მე უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა, რომ მარტო არ ხარ. -მარტო ყოფნა მე ავირჩიე. -შიშის გამო. კოსტას თვალებში ცივი სიმტკიცე გაჩნდა. -არა. პასუხისმგებლობის გამო. ნინა გაჩუმდა. -მე არ მინდა, რომ ვინმემ ჩემი ბრძოლა ჩემ მაგივრად იბრძოლოს, - დაამატა კოსტამ უფრო მშვიდად. - თუ დავეცემი, ჩემივე ნაბიჯით უნდა დავეცე. -და თუ გვერდით ვიდგები? -მაშინ გვერდით იდექი. ჩემს წინ ნუ ივლი. ეს სიტყვები მძიმე იყო. ნინამ ჩუმად თქვა: -მე შენს წინ არ მივდივარ. უბრალოდ მინდა, შენს გვერდით ვიდგე ისე, რომ კედლად არ გადამექცე. კოსტა გაჩუმდა. გაბრაზება აღარ ჩანდა - მხოლოდ დაძაბულობა. -დრო მჭირდება, - თქვა ბოლოს. -რისთვის? -რომ ვისწავლო, დახმარება ღალატი არ არის. იმ ღამეს პირველად გაჩნდა ნაპრალი. არა იმიტომ, რომ სიყვარული გაქრა - არამედ იმიტომ, რომ ორივე თავის სიმართლეს იცავდა. ნინა ფიქრობდა, რომ ნდობა გაზიარებაა. კოსტა ფიქრობდა, რომ ნდობა პასუხისმგებლობის განაწილებაა - და პასუხისმგებლობას სხვას ვერ გადააბარებ. და მაინც, არცერთი არ წავიდა. რადგან ორივემ იცოდა - ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. —————————————————— კოსტა ისევ სახლში წავიდა - დედასთან და ანასთან. სამზარეულოში ჩუმი მუსიკა ისმოდა ტელევიზორიდან. დედა წამლებს ალაგებდა. ანა გაკვეთილებს ამზადებდწ, მაგიდაზე წიგნები ელაგა. -კოსტა, კარგად ხარ? - ჰკითხა დედამ. -ჰო. -ტყუილს ვერ მეტყვი, - მშვიდად თქვა მან. კოსტამ ჩაიცინა. -ერთი ადამიანი ცდილობს დამეხმაროს. და მე ვბრაზდები. -იმიტომ, რომ გეშინია, - ჩაერთო ანა. - შენ ყოველთვის ასე ხარ. როცა რაღაც კარგია, ჯერ ეჭვით უყურებ. კოსტა დას მიუბრუნდა. -შენ როდის გახდი ასეთი ჭკვიანი? -მაშინ, როცა შენ სულ სერიოზული იყავი და ვიღაცას უნდა ეთქვა სიმართლე. ლალიმ (დედამ) ფინჯანი დადო. -კოსტა, შენ მთელი ცხოვრება მარტო იბრძვი. მაგრამ ოჯახი მარტო ბრძოლა არ არის. გაზიარებაც არის. -და თუ ისევ მარცხი იქნება? -მაშინ ერთად დავმარცხდებით, — თქვა ანამ. კოსტამ ფანჯარაში გაიხედა. ეზოში ბავშვები თამაშობდნენ. დრო თითქოს არ ჩქარობდა. მან იგრძნო, რომ მისი ბრძოლა მხოლოდ ფულზე არ იყო. ეს იყო ბრძოლა იმისთვის, რომ ანას არ ეგრძნო ის სიმძიმე, რაც თავად იგრძნო თექვსმეტი წლის ასაკში. რომ დედას აღარ ეფიქრა ვალებზე. რომ მომავალში გადაწყვეტილებები აღარ ყოფილიყო გადარჩენის, არამედ არჩევანის შედეგი. იმავე ღამეს ნინას შეტყობინება მიწერა - მოკლე, ზედმეტი ემოციის გარეშე. „განაცხადი ერთად გადავხედოთ. მაგრამ ამჯერად - ერთად.“. ბოლო სიტყვა განსაკუთრებით გამოკვეთა. ეს სრული შერიგება არ იყო. არც სრულად მიღება. ეს იყო პირველი პატარა ნაბიჯი - პასუხისმგებლობის გაყოფისკენ. 5 თავი არსებობს მომენტები, როცა ადამიანი არც ხმამაღლა აცხადებს გადაწყვეტილებას და არც ვინმეს ატყობინებს, ისე რომ მხოლოდ შენ იცი, როდის შეიცვალა რაღაც საბოლოოდ. კოსტა ამ ქალაქში დროებით დაბრუნდა. არავის უთქვამს, რომ დარჩენილიყო. არც თვითონ აპირებდა. ის ქალაქში მხოლოდ რამდენიმე თვე უნდა დარჩენილიყო - სასამართლო დავების გამო, ირაკლისთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. გეგმავდა, რომ როგორც კი ყველაფერი დასრულდებოდა, ისევ წავიდოდა. იქ, სადაც ნაკლები იყო მოგონება და ნაკლები - პასუხისმგებლობა. —————————————— უნივერსიტეტის კაფეში ისხდნენ. ლეპტოპი გახსნილი იყო, ნინას ბლოკნოტი სავსე ჩანაწერებით. კოსტა პირველად უყურებდა მის ნამუშევარს ისე, როგორც პარტნიორი - და არა როგორც ეჭვიანი მფლობელი. -ბაზრის სეგმენტაცია კარგად გაქვს გაშლილი, - თქვა ბოლოს, ეკრანიდან თვალის მოუცილებლად. - მაგრამ ფინანსურ პროგნოზში ოპტიმიზმი ზედმეტია. ნინამ გაიღიმა. -მე ფსიქოლოგიას ვსწავლობ, გახსოვს? ადამიანები უფრო ოპტიმისტურად იქცევიან, ვიდრე ციფრები ვარაუდობს. ამას გარდა ფურცლებზე ჩანდა მომხმარებელთა ქცევის სქემები, მოტივაციის თეორიები, ფერის გავლენა გადაწყვეტილებებზე. -შენ მართლა ფიქრობ, რომ ღილაკის ფერს შეუძლია გაყიდვებზე გავლენა იქონიოს? - ჰკითხა კოსტამ, თვალს ეკრანს არ აშორებდა. -არ „ვფიქრობ“. კვლევები ამბობს, - მშვიდად უპასუხა ნინამ. - გადაწყვეტილების მიღების პროცესში ემოციური ტრიგერები უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე ლოგიკა. -ბიზნესი ლოგიკაზე უნდა იდგეს. -ბიზნესი ადამიანებზე დგას, - შეასწორა ნინამ. - და ადამიანები ყოველთვის ლოგიკურები არ არიან. კოსტა ამჯერად არ შეეპასუხა. რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა მის ჩანაწერებს. -კარგი, - თქვა ბოლოს. - მომხმარებლის გზის რუკა თავიდან ავაწყოთ. შენი პერსპექტივით. ნინამ გაოცებით შეხედა. -სერიოზულად? -ჰო. თუ ერთად ვაკეთებთ, ბოლომდე ერთად ვაკეთებთ. ეს უკვე მხოლოდ პროექტი აღარ იყო. ეს იყო სივრცე, სადაც კოსტა პირველად უშვებდა სხვას საკუთარ პროცესში. ნინა გაჩუმდა. ეს სიტყვები ბევრად მეტს ნიშნავდა, ვიდრე საქმიანი შენიშვნა. —————————————— ნინას ცხოვრება ამ პერიოდში თითქოს ორად იყო გაყოფილი — უნივერსიტეტი და კოსტა. ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ახალი კვლევითი პროექტი დაიწყო - „ნდობა და კონტროლის მექანიზმები ინტერპერსონალურ ურთიერთობებში“. თემამ უცნაურად ახლოს მოხვდა. ლექციისას ლექტორმა იკითხა: -რა ფიქრობთ - კონტროლი როდის ხდება დამცავი მექანიზმი და როდის - შიში? ნინა რამდენიმე წამი დაფიქრდა. -როცა ადამიანი ერთხელ დაკარგავს მნიშვნელოვანს, კონტროლი ხდება უსაფრთხოების ილუზია. მაგრამ თუ ეს გაგრძელდა, ნელ-ნელა იწყებს ურთიერთობების შეზღუდვას. -და გამოსავალი? -ნდობა, - თქვა ნინამ მშვიდად. - მაგრამ ნდობა რისკია. -და რა არის ნდობის ძირითადი კომპონენტი? სტუდენტებმა სხვადასხვა პასუხი თქვეს — პატიოსნება, თანმიმდევრულობა, უსაფრთხოება. ლექტორმა თავი დააქნია. ნინამ ხელი ასწია. -ნდობა არის პროგნოზირებადობა. როცა იცი, რომ ადამიანი ხვალაც ის იქნება, ვინც დღეს არის. -და მაინც ადამიანები ირჩევენ. ლექციის შემდეგ თაკომ ჰკითხა: -ისევ კოსტაზე ფიქრობ, არა? ნინამ არ უარყო. -ის არ არის არასტაბილური. უბრალოდ… ძალიან ბევრს აკონტროლებს. -იმიტომ, რომ ოდესღაც ვერ გააკონტროლა, - თქვა თაკომ. - ფსიქოლოგი ხარ, ნინა. ნუ დაგავიწყდება. ნინა ჩაფიქრდა. თეორია მარტივი იყო. პრაქტიკა - რთული. —————— იმავე დღეს ნინამ ეს საუბარი კოსტას მოუყვა. -ანუ მე ფსიქოლოგიური შემთხვევა ვარ? - ნახევრად ხუმრობით თქვა კოსტამ. -არა. შენ ადამიანი ხარ. უბრალოდ შენს თავში ყველაფერს პასუხისმგებლობის ენაზე თარგმნი. -იმიტომ, რომ სხვანაირად ძვირი ჯდება. -მაგრამ ყველა გადაწყვეტილება ვალად ვერ ჩაითვლება, - უთხრა ნინამ. კოსტამ შეხედა. -შენ რატომ სწავლობ ფსიქოლოგიას? ნინამ გაიღიმა. -იმიტომ, რომ მინდა გავიგო, რატომ ეშინიათ ადამიანებს ბედნიერების. -და გაიგე? -ჰო. იმიტომ, რომ ბედნიერება კონტროლს არ ექვემდებარება. სიჩუმე ჩამოვარდა. ეს დიალოგი მათ შორის ბევრად ღრმა იყო, ვიდრე უბრალოდ საუბარი. ———————————————————— შემდეგ დღეებში ისინი უფრო ხშირად მუშაობდნენ ერთად. ნინა მომხმარებელთა ქცევის კვლევას ამზადებდა, კოსტა - ტექნიკურ მოდელს. ხანდახან კამათობდნენ, ხანდახან იცინოდნენ. რამდენიმე კვირაში აპლიკაციის განახლებული ვერსია მზად იყო სატესტოდ. კოსტას ძველ პატარა ოფისში იდგნენ - ფანჯრიდან შემოდიოდა საღამოს შუქი, ეკრანზე კი პირველი ტესტ მომხმარებლის სტატისტიკა ჩანდა. -სამი რეგისტრაცია ერთ დღეში, - თქვა კოსტამ, თითქოს თავს არ აძლევდა ემოციის უფლებას. -ეს მხოლოდ დასაწყისია, - ნინამ ღიმილით უპასუხა. კოსტამ ამჯერად არ შეიკავა. -მადლობა. ნინა შეჩერდა. -რისთვის? -იმისთვის, რომ ჩემს გვერდით იდექი და წინ არ გამისწარი. ხელზე ხელი მოუჭირა და გვერდიდან მიიხუტა. ეს იყო ის სიტყვები, რომლებიც მას ადრე უთხრა. ახლა სხვანაირი ტონით ჟღერდა. იმავე საღამოს, სახლში დაბრუნებულმა, კოსტამ ანას უთხრა: -მგონი აქ დარჩენა მინდა. ანამ წიგნი დახურა. -დროებით? -არ ვიცი. -ნინას გამო? კოსტამ დაფიქრდა. -თავიდან ასე მეგონა. ახლა მგონია… ჩემი არჩევანია. დედამ სამზარეულოდან მშვიდად თქვა: -როცა არჩევანი შიშის გარეშე მიიღება, მაშინ სწორია. კოსტამ ფანჯარაში გაიხედა. ეზოში ბავშვები თამაშობდნენ, როგორც ყოველთვის. მაგრამ პირველად იგრძნო- ეს ქალაქი მხოლოდ წარსულის ტვირთი აღარ იყო. ------------------------------------ რამდენიმე დღის შემდეგ ნინამ ჰკითხა: -მართლა აპირებდი წასვლას? -ჰო. -და ახლა? კოსტა მიუახლოვდა. -ახლა პირველად არ მინდა წასვლა. -ჩემ გამო? -არა მხოლოდ. - შეჩერდა. ქ შენ მაჩვენე, რომ დარჩენა სისუსტე არ არის. ნინა ჩუმად იდგა. -და თუ ერთ დღეს მე მომიწევს წასვლა? კოსტამ თვალებში შეხედა. -მაშინ წახვალ. და თუ ჩვენ რეალურები ვართ, დაბრუნდება. ეს არ იყო დრამატული აღიარება. ეს იყო ზრდასრული მშვიდი არჩევანი. კოსტა ქალაქში დროებით დაბრუნდა. მაგრამ დარჩენა პირველად საკუთარი ნებით მოინდომა. და ნინამ პირველად დაინახა- კაცი, რომელიც მარტოობას არჩევდა, ნელ-ნელა სწავლობდა, რომ ყოფნა მეორე ნახევართან ერთადაც შეიძლებოდა. 6 თავი ხდება ყველას ცხოვრებაში მომენტი, როცა დაშორება ჩხუბით არ იწყება. არც ბრალდებით. ის იწყება შესაძლებლობით. ნინას მეილმა საღამოს რვა საათზე მოაღწია. საგანი: Exchange Program – Prague. ჯერ რამდენიმე წამი ეკრანს უყურებდა გაოცებული. მერე გახსნა. სამთვიანი კვლევითი პროგრამა… სტიპენდია…. პროექტი ზუსტად იმ თემაზე, რაც აინტერესებდა - ნდობა და ურთიერთობებში ემოციური რეგულაცია. გული აუჩქარდა… სამი თვე… სამი თვე ქალაქიდან, უნივერსიტეტიდან… და… კოსტასგან… ოთახში სიჩუმე იდგა. ფანჯარასთან თეთრი ფარდა ირხეოდა. თითქოს გარემოც ელოდა, რას გადაწყვეტდა. დილით სასაუზმოთ როცა ჩავიდა ოჯახს უთხრა. მამამ - ბატონმა დავითმა ჩანგალი დადო. -პრაღა? -გაიმეორა ნელა. - ეს სერიოზული შესაძლებლობაა. დედამ -ქალბატონმა ეკატერინემ თვალებში შეხედა და ჰკითხა: -შენ გინდა? მზად ხარ ამისთვის? ნინა გაჩუმდა -მინდა… მაგრამ- -მაგრამ? -ჰკითხა დედამ. -აქ რაღაც დავიწყე. არის ერთი ადამიანი… მამამ მსუბუქად გაიღიმა. -ცხოვრება ყოველთვის მოძრაობს, ნინა. თუ ადამიანი შენია, სამი თვე ვერ წაგართმევს. ეს სიტყვები დამამშვიდებლად ჟღერდა. მაგრამ გრძნობები ასე მარტივად არ ეწყობოდა ლოგიკაში. მეორე დღეს თაკოს და მარიამს კაფეში შეხვდა. -ვაუ, პრაღა?! - მარიამმა თითქმის წამოიძახა. - ეგ უნდა წახვიდე, აბა რა! თაკომ უფრო ჩუმად შეხედა. -და კოსტა? ნინამ თითებით ფინჯანს შემოხვია. -არ ვიცი როგორ მიიღებს. -თუ არ მიიღებს, პრობლემა პროგრამაში კი არა, მასში იქნება, - თქვა თაკომ მშვიდად. -შენც ხომ იცი, რომ მისთვის კონტროლი უსაფრთხოებაა, - ნინამ ჩუმად უპასუხა. -და შენ რა ხარ? მისი უსაფრთხოების ზონა თუ საკუთარი ადამიანი? - დაამატა მარიამმა. ეს კითხვა დიდხანს დარჩა ჰაერში. კოსტასთვის ეს ამბავი საღამოს უნდა ეთქვა… ოფისში იდგნენ. ეკრანზე ახალი სტატისტიკა ანათებდა - ამჯერად ოცდაშვიდი რეგისტრაცია ერთ კვირაში. -სამი თვე? - მხოლოდ ეს თქვა კოსტამ ძლივს გასაგონად. -ჰო. სიჩუმე… გარედან მანქანების ხმა ისმოდა. ოთახში ჯერ კიდევ დაძაბულობა იგრძნობოდა- ჰაერში ყავის, ფურცლების, და.. კიდევ რაღაცის სურნელი ტრიალებდა, მაგრამ ვერ მიმხვდარიყვნენ რა იყო ეს “რაღაც” -კარგი შანსია, -თქვა ბოლოს კოსტამ. ნინამ შეხედა. ზედმეტად მშვიდი იყო. -შენ რას ფიქრობ? -ვფიქრობ, რომ უნდა წახვიდე. -და ჩვენ? კოსტამ თვალები აარიდა. -ჩვენ თუ სამ თვეში წაიშლება, მაშინ არც არსებულა. სიტყვები მკაცრი იყო, მაგრამ ტონი - უფრო თავდაცვითი. ნინამ იგრძნო, როგორ გაეყინა რაღაც შიგნით. -ეს ასე მარტივად გგონია? -არა, - ამოიოხრა კოსტამ. - უბრალოდ… არ მინდა ვიყო მიზეზი, რის გამოც შენ არ წახვალ. ეს უკვე სიმართლე იყო. ——————————————— რამდენიმე დღეში კოსტას პროექტმა ინვესტორის დაინტერესება გამოიწვია. ლევანმა პირველმა შეატყობინა. -ძმაო, სერიოზული ხალხია. შეხვედრა უნდათ, - თქვა ტელეფონში. საღამოს ბარში შეხვდნენ. ლევანი კოსტას უყურებდა ისე, თითქოს პირველად ხედავდა. -შენ მართლა მოახერხე. კოსტამ მხრები აიჩეჩა. -ჯერ არაფერია. -და მაინც სხვანაირი ხარ, - თქვა ლევანმა. - ადრე ყველაფერს მარტო აკეთებდი. ახლა ვიღაც გყავს გვერდით. კოსტა ჩუმად დარჩა. -ნინა მიდის, - თქვა ბოლოს. ლევანი გაჩუმდა. -და შენ გეშინია. -მე არ მეშინია, - ავტომატურად უპასუხა. ლევანმა გაიცინა. -პირველად ცხოვრებაში არ ცდილობ გააკონტროლო რაღაც. ეგაა შენი შიში. კოსტამ ჭიქას შეხედა. -როცა ერთხელ დაკარგავ ადამიანს, მერე წინასწარ ემზადები, რომ ისევ არ დაგემართოს. -და ამის გამო ჯერ კიდევ არ მომხდარს კარგავ? - ჰკითხა ლევანმა. ამ კითხვამ ჰაერი გაჰკვეთა და პირდაპირ კოსტას მოხვდა მოხვდა. ცოტახნით სუნთქვა გაუჭირდა. არაფერი უპასუხია და ვისკი ბოლომდე გადაჰკრა. ———————————— ხომ გაგიგიათ “გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო”. მართალია, კონსტანტინემ ცოტა ამოისუნთქა და ბიზნესის საქმე კარგად წავიდა ნინას დამსახურებით, მაგრამ მისი წასვლის ამბით ცოტა გულდაწყვეტილი იყო, ასპარეზზე ისევ ირაკლი გამოჩნდა. ინვესტორთან შეხვედრის წინ ძველ ოფისში მივიდა - თითქოს შემთხვევით. -გავიგე, რომ საქმე კარგად მიდის, - თქვა ირაკლიმ, ოთახი შეათვალიერა. - საინტერესოა, როგორ სწრაფად აღდგა ყველაფერი. კოსტამ თვალებში შეხედა. -რისთვის მოხვედი? -გასაფრთხილებლად. წარმატება ბევრს აღვიძებს. ფრთხილად იყავი ვის ენდობი. -ეს შენგან ირონიულად ჟღერს. ირონიულად მიუგო კოსტამ. ირაკლის გაეღიმა. -მე უბრალოდ ვამბობ - ადამიანები მიდიან. ბიზნესში ემოცია არ მუშაობს. ეს სიტყვები ზედმეტად დროულად დაემთხვა ნინას წასვლას. თითქოს სპეციალურად შეარჩიაო. ირაკლი წავიდა, მაგრამ მისი ჩრდილი ოთახში დარჩა კოსტასთან ერთად. ————————— ნინას წასვლის დღე სწრაფად მოვიდა. აეროპორტში დილა იყო. ცივი, როგორც ზამთრის თებერვალი, თეთრი,ცივი შუქით ჭახჭახებდა იქაურობა. ირგვლივ ხალხის ხმაური და ჩემოდნების ბორბლების ხმა ისმოდა. ნინა დედას ჩაეხუტა. -სამი თვე სწრაფად გავა. მამამ შუბლზე აკოცა. -ამაყები ვართ შენით შვილო. კოსტა ცოტა მოშორებით იდგა. თითქოს არ უნდოდა ემოციები საჯაროდ გამოემჟღავნებინა და ნინას პირად სივცრეში შეჭრილიყო. ამჯერად ნინა მას მიუახლოვდა, ცოტახნით უყურეს ერთმანეთს, კოსტა თითქოს მის ყველა დეტალს იმახსოვრებსო. უყურებდა როგორ აცეცებდა ნინა დაბნეულობისგან მის თაფლისფერ თვალებს, როგორ ჭმუხნიდა ცხვირს, როგორ ისწორებდა ხუჭუჭა, დაუმორჩილებელ თმას მისი გრძელი, თლილი თითებით, და როგორ აწვალებდა ქვედა ტუჩს, თითქოს რაღაცის თქმა სურსო. - მომწერ? - ბოლოს ისევ ნინამ დაარღვია დუმილი. -ყოველდღე, თუ მოასწრებ და გეცლება. -მოვასწრებ, აუცილებლად… ისევ სიჩუმე… მაგრამ მათ შორის ამჯერად სიტყვებზე მეტი იდგა. -კოსტა, - ნინამ ჩუმად თქვა, - ეს გაქცევა არ არის. -ვიცი… -და არც შენგან დაშორება მინდა. კოსტამ ხელი მოჰკიდა. -წადი. და დაბრუნდი არა იმიტომ, რომ გელოდები. არამედ იმიტომ, რომ გინდა. ეს იყო მისი ნდობის ყველაზე რთული ფორმა. ნინა შემობრუნდა. გასასვლელისკენ წავიდა. ერთხელ მაინც რომ არ შემოეხედა უკან - არ შეეძლო. და… მობრუნდა… თანაც ძალიან დიდი სისწრაფით… გამოიქცა… და… ჩაეხუტა… კოსტამაც მაგრად მოჰხვია მკლავები სიფრიფანა წელზე… პირველად არაფერს აკონტროლებდა. მეტიც სურვილიც დაჰკარგვოდა ეკონტროლებინა.. ნინას მშობლებს იქვე თვალები დაეხარათ, თითქოს მათი მარტო დატოვება სურდათო… ————— ნინას წასვლის საღამოს ოფისში დაბრუნდა. მონატების შეგრძნებები სტანჯავდა, არადა მხოლოდ რამდენიმე საათის წინ გააცილა, როცა ეკრანი ინვესტორის მესიჯმა გაანათა: “Dear Konstantine, we are gladly to notify you that we are ready to proceed.” (თარმგნ: “ძვირფასო კონსტანტინე, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ”) წარმატება მოვიდა ზუსტად იმ დღეს, როცა ნინა წავიდა. ტელეფონი აიღო. შეტყობინება დაწერა. „ჩაფრინდი?“ რამდენიმე წუთში პასუხი მოვიდა. „ჰო. ახლა გავდივარ აეროპორტიდან, ფანჯარასთან ვიჯექი. ქალაქი ისე პატარა ჩანდა ზემოდან.“ კოსტამ აკრიფა: „აქ ყველაფერი კიდევ უფრო დიდი გახდა.” და პირველად იგრძნო - დისტანცია მხოლოდ კილომეტრებში არ იზომება. ის იზომება იმაში, რამდენად გაუძლებ გაურკვევლობას. გარეთ ქალაქი ჩვეულებრივ ცხოვრობდა. მაგრამ ორივესთვის რაღაც ახალი დაიწყო - ურთიერთობა, სადაც სიყვარული უნდა დაემტკიცებინათ არა ყოფნით, არამედ ნდობით 7 თავი არსებობს მომენტები, როცა ადამიანი ყველაზე მეტს სწავლობს არა ახლოს ყოფნით, არამედ დისტანციით. ნინა სამი თვე პრაღაში მუშაობდა კვლევით პროგრამაზე. ყოველი დღე იყო ექსპერიმენტი ნდობის, კონტროლის და განცდების საკითხში. უნივერსიტეტში სტუდენტებთან, ლექტორებთან, უცხო ქალაქის გარემოში – მისთვის ყველაფერი ახალი და მღელვარე იყო. გზადაგზა ისწავლა, როგორ განესაზღვრა საკუთარი ფიქრები, როგორ გაეგო სხვების მოტივაცია და ემოციური რეგულაცია, რაც ფსიქოლოგიის სფეროსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. მაგრამ ყოველდღე კოსტას მონატრება უფრო და უფრო დიდ ანაბეჭდებს ტოვებდა მის გულში. ყოველ შეტყობინებაზე გული რიტმს იცვლიდა. ვირტუალური შეხვედრები, მცირე ვიდეო- ზარები და ტექსტები - ყველაფერი ჰქონდა. თუმცა არაფერწ შეძლო ნამდვილი სიახლოვის შეგრძნების შეცვლა. კოსტაც სამი თვის განმავლობაში სწავლობდა ნდობას. მის გვერდით არავინ იყო მუდმივად, თუმცა ნინას თითოეული ნაბიჯი, თითოეული ჩანაწერი, თითოეული იდეა მისთვის სიგნალი იყო იმისა, რომ ვიღაც არსებობდა, ვისი ნდობაც შეიძლებოდა. ხშირად იჯდა ფანჯარასთან, საღამოს ქალაქის განათებულ ქუჩებს უყურებდა. აპლიკაციის გაუჩერებელი განვითარება და ინვესტორების გამოჩენა არ უშლიდა ხელს რეალობის განცდას: ნინა შორს იყო. ამ დროს ის ხვდებოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი ნდობის, მოთმინების და ემოციური მოთმინების უნარი. კოსტამ ამ პერიოდში ბიზნესი ფეხზე დააყენა. ინვესტორებთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ახალი გუნდი ჩამოაყალიბა, პასუხისმგებლობა გაანაწილა - პირველად ისე, რომ არ ეგონა, ყველაფერი მარტო უნდა ეტვირთა იგი ანასთან საღამოობით ხშირად საუბრობდა მიდ მომავალზე, გეგმებსა და უნივერსიტეტზე, დედაც ექიმთან დაჰყავდა და უკვე აღარ გრძნობდა, რომ ცხოვრება მხოლოდ ვალების გადახდა იყო ამასობაში მაისიც მოვიდა, ზამთრის ცივი დღეები ძლივს-ძლივობით გადააგორეს და დადგა ბედნიერი გაზაფხული, ისეთივე ბედნიერი როგორიც ნინას უყვარდა. დრო მოვიდა, ნინა ჩამოფრინდა. აეროპორტში ისევ დილა იყო, ისევ თეთრი, ცივი შუქი გადმოდიოდა ფართო ფანჯრებიდან, მაგრამ ამჯერად ისეთივე ცივი აღარ იყო, რადგან დრო დგებოდა მათი შეხვედრის. ნინა ჩანთებით გამოვიდა, გული აჩქარებოდა, სუნთქვა აერია. კოსტა უკვე იდგა გამოკვეთილ ადგილას, თვალებში ის სიცარიელე აღარ იყო, რაც ამ ადგილზე წინათ ყოფნისას თვითონ დატოვა. მათ შორის რამდენიმე ნაბიჯიც საკმარისი აღმოჩნდა. -მენატრებოდი… - ჩუმად თქვა ნინამ. კოსტამ ხელი მოჰხვია მქწ წელზე, ისე მაგრად, თითქოს მთელი სამი თვე ერთ წამში უნდა დაებრუნებინა. თითები ერთმანეთში გაიხლართნენ. ნინამ თავი მხარზე დაიდო, ცრემლები ჩამოუგორდა. -რა მოიფიქრე? გინდა დარჩე? - ჩურჩულით ჰკითხა კოსტამ. -შენ თუ რჩები… მეც ვრჩები - ნინა მოხვია ხელები მის ყელზე, კოსტა ოდნავ უკან დასწია და შუბლზე მიაკრა ტუჩები. -ჩვენი ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, - თქვა კოსტამ დაბალი ხმით. - მაგრამ ახლა ვიცი, რომ ერთად გავუძლებთ. ნინამ თავი დაუქნია. თვალები აუკაშკაშდა და გაუბრწყინდა, როგორც ნდობის ნამდვილი ნიშანი. ————————— შემდეგ დღეებში ისინი ერთად დაბრუნდნენ ნინას ოჯახთან. -როგორი იყო? - ჰკითხა დედამ, ქალბატონმა ეკატერინემ, თვალებში სიყვარულით და სითბოთი. -ცუდი არ ყოფილა… ბევრი ახალი რამ ვისწავლე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია… - ნინამ აჰხედა კოსტას, და თვალებში გარკვევით ეტყობოდა ემოციური სიმტკიცე. -რა? - ჰკითხა მამამ, ბატონმა დავითმა. -მოვიწყინე… და როცა მიხვდი, რომ ვინმე ასეთი გელოდა… ყველაფერს სხვა მნიშვნელობა მიეცა. კოსტამ ნაზად მოჰხვია ნინას ხელი. -და ახლა? - ჰკითხა დედამ. -ახლა ვფიქრობ, რომ გამაჩნია ძალა, - თქვა ნინამ, მხარზე ნაზად შეხებამ თითქოს ყველას გადასცა სითბო. ————————— შემდეგ ერთ საღამოს კაფეში შეხვდა ნინას მეგობრებს-თაკოს და მარიამს. -რა სასიამოვნოა შენი დაბრუნება! - მარიამმა ხმამაღლა წამოიძახა და ნინას გადაეხვია. -და კოსტა? - ჩუმად ჰკითხა თაკომ. ნინამ ღიმილით შეხედა. - ყველამ იცით… მისი ნდობა და მოთმინება ყველაფერს ცვლის. -შენ ხომ თავიდანვე იცოდი, რომ ეს მარტივი არ იქნებოდა, - მარიამმა დაამატა. -ვიცი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ შეუძლია და მზად არის- ნინამ თქვა… ღამე ნინა კოსტასთან დარჩა ახალ სახლში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შეიძინა, მართალია დიდი ბინა არ იყო, მაგრამ საკმაოდ მყუდრო და კომფორტული იყო. კოსტასეული… დაბრუნებულებს სიჩუმე, მშვიდი ჰაერი და ემოციური სიმშვიდე დახვდათ. -არავინ იცის, რამდენად შევძლებთ წინსვლას, - თქვა კოსტამ ნინას ყელზე ხელები მოხვია. -მაგრამ ახლა ვიცი, რომ ერთად შევძლებთ, - ნინამ თავი მხარზე დადო. -და თუ კვლავ დავდნებით, - კოსტამ ტუჩები შუბლზე მიაკრო, - ისევ ერთად ავდგებით. ნინა მხოლოდ ღრმად ამოისუნთქა. თითები ერთმანეთში გადახლართა, თვალები დახუჭა და პირველად რეალურად მშვიდად იგრძნო თავი. კოსტასთვის ყველა ბრძოლა, დაშორება, ჩაშლილი პროექტები, სირთულეები… ყველაფერი ამ წამში გადაიზარდა ნდობის, სითბოსა და მთლიანობის შეგრძნების სიმბოლოდ. -დროს ვეღარ შევიცვლით, - ჩურჩულით თქვა ნინამ. -არ არის საჭირო, - კოსტამ მტკიცედ უპასუხა. - ახლა აქ ვართ, და ეს საკმარისია. გარე სამყაროში ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. მაგრამ მათთვის ცხოვრება ახლა სხვა იყო. სიყვარული უკვე არ საჭიროებდა კონტროლს, სიტყვებს ან დისტანციას. ნდობა და ფიზიკური სიახლოვე გახდა ახალი რეალობა, სადაც ისინი ერთად გადარჩნენ, გაიზარდნენ და კვლავ გაემზადნენ წინაშე მდგარი ყველა გამოწვევისთვის. ეპილოგი ერთ საღამოს, ქალაქის იმავე ქუჩაზე, სადაც პირველად ერთად გაიარეს, ნინამ ხელი ჩაჰკიდა კოსტას. ქარი თბილი იყო, მაგრამ უკვე იგრძნობოდა მომავალი სეზონის სუნი. -იცი, - თქვა ნინამ ჩუმად, - ადრე მეგონა, რომ ცხოვრება ან გაზაფხულია, ან ქარიშხალი. კოსტამ მისკენ გაიხედა. -და ახლა? -ახლა მგონია, რომ ცხოვრება სეზონების მონაცვლეობაა. და მთავარია, ვისთან ერთად ხვდები. კოსტამ ნაზად მოჰხვია ხელი მხარზე. შუბლზე აკოცა - ჩუმად, თითქოს პირობა დადოო. ნინამ თავი მის მკერდზე მიადო. მისი გულის ცემა მშვიდი იყო. სტაბილური. ისეთი, რომელიც აღარ გარბოდა საკუთარი შიშებისგან. -მე გვიანი შემოდგომა ვარ, - ნახევრად ღიმილით თქვა კოსტამ. -და მე გაზაფხული, - უპასუხა ნინამ. -შემოდგომასაც სჭირდება გაზაფხული. -და გაზაფხულს - ფესვები, - ჩუმად დაამატა ნინამ. მათ არ ჰქონდათ იდეალური ცხოვრება. ექნებოდათ კამათები, ახალი გამოწვევები, გაურკვევლობები. მაგრამ ახლა იცოდნენ - არც გაზაფხული არის მუდმივი და არც გვიანი შემოდგომა უსასრულო. ცხოვრება ორივეა ერთად. სიბნელეც და სინათლეც. დაშორებაც და დაბრუნებაც. შიშიც და ნდობაც. და როცა ბოლოს და ბოლოს ხვდები, რომ ცხოვრება არც მტერია და არც მეგობარი - მხოლოდ გამოცდაა - არჩევანს აკეთებ. ნინამ და კოსტამ ერთმანეთი აირჩიეს. გაზაფხული და გვიანი შემოდგომა, ერთ ქალაქში, ერთ ქუჩაზე, ერთი გულის ცემის სიჩქარით. და ცხოვრება პირველად აღარ ჰგავდა მხოლოდ სეზონს… ის ჰგავდა მათ…. ***************************************** თუ აქამდე მოხვედი, ეს ნიშნავს, რომ კოსტასა და ნინას ისტორია ბოლომდე გაიარე. სიმართლე გითხრა, დიდხანს ვფიქრობდი დამედო თუ არა ეს მოთხრობა. დიდი ხნის წინ დავწერე - იმ დროს, როცა თვითონაც „სეზონებს შორის“ ვიყავი. მერე არაერთხელ გადავიკითხე, ბევრჯერ გადავაკეთე, და საბოლოოდ ეს არის რაც შენამდე მოვიტანე. ეს ისტორია ჩემთვის მხოლოდ სიყვარულზე არ არის. ეს არის არჩევანზე, ნდობაზე, შიშის გადალახვაზე და იმაზე, რომ ზოგჯერ ადამიანები სხვადასხვა სეზონიდან მოდიან - მაინც ერთ სივრცეში ხვდებიან. თუ ამ ამბავში საკუთარი თავი სადმე იპოვე, თუნდაც ერთ ფრაზაში, ერთ დიალოგში ან ერთ ჩახუტებაში - მაშინ ეს ტექსტი უკვე ცხოვრობს. მადლობა, რომ დრო დამითმე <3 გამიხარდება თუ შთაბეჭდილებებს გამიზიარებ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


