შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წიგნები, რომლებიც იცვლებიან. (თავი I)


გუშინ, 10:49
ავტორი CinemonGirl
ნანახია 11

წიგნები, რომლებიც იცვლებიან.
თავი I — მარგინალი
დილის ცივი ჰაერი გამჭვირვალე ნისლის პატარა ფენას ეხებოდა, როცა მარგარიტა ქუჩას კვეთდა. სწრაფი ნაბიჯების ხმა თანაბრად ისმოდა სიჩუმეში. მისი გრძელი, წაბლისფერი თმა, რომელიც მოუწესრიგებლად ჰქონდა შეკრული, ქარში კიდევ უფრო ეწეწებოდა, მაგრამ ყურადღებას სულაც არ აქცევდა. მაღაზიისკენ მიეჩქარებოდა, რომ დროულად გაეღო და ყველა წიგნი, შესაფერისი პატრონის ხელში გადაეცა.
პირველ რიგში, მაღაზია უნდა გაენიავებინა, მტვერი გადაეწმინდა და წიგნებისთვის ადგილი მიეჩინა თაროებზე. ეს იყო შრომატევადი სამსახური, მაგრამ მისთვის ყველაზე საყვარელი. წიგნების კითხვის დრო ულევად ჰქონდა. გემრიელ, თურქულ ყავას იდუღებდა, ჩამოჯდებოდა და საათობით კითხულობდა. ზოგჯერ ისეც ყოფილა, რომ კითხვით გართულს, ვერც კი შეუმჩნევია მომხმარებლის შემოსვლა. დღეს შედარებით რთული დღე ჰქონდა. ამიტომაც მიეჩქარებოდა, ხოლო ფიქრებით კი უკვე იქ იყო.
ქუჩის კუთხეში ჩასმული წიგნების მაღაზიის თავზე, ხის აბრა ეკიდა სახელით „მარგინალი“. ვიტრინიდან თაროები მოჩანდა, სავსე ძველი და ახალი წიგნებით. ეს იყო ძველი ბუკინისტური მაღაზია, სადაც ძველ წიგნებს ახალი სიცოცხლე ეძლეოდათ. სახელიც ამას ნიშნავდა: მარგინალი — წიგნის არშიაზე გაკეთებული ჩანაწერი, ის, რაც ძირითად ტექსტს მატებს რაღაც ახალს, პირადულს და ცოცხალს.
მაღაზიის კარის შეღებისას ზანზალაკმა დაიწკრიალა. ქუჩიდან ნიავი მყისიერად შევარდა და მაინც მოახერხა ვიტრინასთან ჩამოკიდებული, მძიმე ფარდის შერხევა. მაღაზიის ჰაერი დილით კიდევ უფრო მკაფიოდ იგრძნო. უსაფრთხოების კოდი სწრაფად შეიყვანა, მოსაცმელი იქვე მდგომ საკიდზე დაკიდა და პირდაპირ უკანა, მოსასვენებელი ოთახისკენ გასწია. ჯეზვეში სწრაფად მოხარშა ყავა, საყვარელ ფინჯანში ჩამოასხა და სიხარულით მიუბრუნდა თაროებს.
მაღაზიას თვალი მოავლო. თაროები ჭერის სიმაღლემდე იყო ჩასმული, სავსე კლასიკით, ახალი გამოცემებით და ძველი, მტვრიანი კოლექციით. შუაში პატარა დახლი იდგა, სადაც მარგარიტა მუშაობდა, გვერდზე კი კუთხეში რამდენიმე სავარძელი მკითხველისთვის, ვინც წასაკითხად ჩერდებოდა. ფარდები გადაწია. მზე ნელ-ნელა იპარებოდა მაღაზიაში და აფერადებდა თაროებს. მტვრის, ძველებური ფურცლების სურნელი და ყვითელი ანოტაციებით სავსე თაროები ახსენებდა, რომ ეს იყო სამყაროთა შორის კარიბჭე, რომელსაც მხოლოდ ყურადღებიანი თვალები აღიქვამენ. მის გულში ჩუმად იდგა სიამაყე იდეალურად დალაგებული თაროებით, მოწესრიგებული სივრცითა და იმ როლით, რომელსაც ეს მაღაზია მის ცხოვრებაში თამაშობდა. ამ გრძნობის გამოხატვას მხოლოდ საკუთარ თავთან და წიგნებთან საუბრისას ახერხებდა.
მარგარიტამ მუშაობა დაიწყო. სწრაფად გადაფურცლა დღიური და მტვრიანი ნაჭერი აიღო. „დღეს, ჩემო ძვირფასო ტოლსტოი, შენი რიგია“. გაიფიქრა მან და „ანა კარენინას“ ახალი ეგზემპლარი თაროდან ჩამოიღო. ეს მისი ჩვეულება იყო ყოველდღე ერთ წიგნს მაინც გულდასმით ეპყრობოდა.
ის მხოლოდ თერთმეტი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. დედამ, რომელსაც კითხვა ყველაფერზე მეტად უყვარდა, ქალიშვილს ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას“ გმირის სახელი დაარქვა. მისთვის ეს სახელი ყოველთვის რაღაც იდუმალებასთან და მაგიასთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ წიგნის ძველი, გაყვითლებული ეგზემპლარი ინახებოდა მარგარიტას საწოლის გვერდით. წიგნები მას დედის ხმას ახსენებდა. ზუსტად იცოდა, რომ კითხვით შეძლებდა იმ საიდუმლო კარების პოვნას, საიდანაც დედას გაუჩინარების შემდეგ მისთვის ხმის ჩახლეჩილი ექო მაინც ესმოდა.
ყავა მოსვა, თვალი მოავლო იმ წიგნებს, რომლებიც დღეს უნდა დაეხარისხებინა და დახლის ქვემოდან ბლოკნოტი ამოიღო. ეს მისი მეორე, საიდუმლო რუტინა იყო. ზოგჯერ, როდესაც რომელიმე წიგნი განსაკუთრებულად ეხებოდა გულზე, მარგარიტა შიგ ანოტაციას აკეთებდა. მოსაზრებას, ფრაზას, ან უბრალოდ რჩევას მომავალი მკითხველისთვის. შემდეგ ამ წიგნს მაღაზიის რომელიმე კუთხეში ტოვებდა, ან საერთოდაც, მიზანმიმართულად დებდა გასაყიდად. ეს იყო მისი მარგინალი, რომელიც ძირითად ტექსტს მატებდა რაღაც პირადულს. გუშინ, მაგალითად, შტეფან ცვაიგის ძველ ბიოგრაფიაში, ოდნავ მოყვითალო ფურცელზე, რაღაც მიაწერა. იმ წიგნს ახლა უკვე ახალი ამბავი ექნებოდა მოსაყოლი.
******
ნიკოლაი ვიწრო, ძველი თბილისის ქუჩაზე იდგა. ფეხქვეშ გაცვეთილი, აგურისფერი ქვები მოჩანდა, რომელიც თითქოს ქალაქის ხანგრძლივ ისტორიას ინახავდა. ირგვლივ ძველებური, ნაქარგივით აჟურული აივნები ეკიდა, რომლებსაც დროისგან დამსკდარი საღებავი სცვიოდა. სულ რაღაც გუშინ დაბრუნებულიყო სამშობლოში და მაშინვე ჩაერგო თავი საქმეში, რადგან დრო მისთვის ყველაზე ძვირფასი რესურსი იყო.
როგორც არქიტექტორ/რესტავრატორი, მეგობრის თხოვნით უძღვებოდა საქმეს. სულაც არ აპირებდა ამდენი წლის მერე დაბრუნებას, მაგრამ რახან მისმა კომპანიამ ეს საქმე აიღო, გადაწყვიტა თავადვე ყოფილიყო პროექტის ხელმძღვანელი. ძველი შენობა, რომლის რესტავრაციაც უნდა დაეწყო პირდაპირ მტკვრის სანაპიროს ხმაურიან, ქაოსურ მოძრაობას გადაჰყურებდა. ნიკოლაი, რომელმაც 25 წელი გაატარა მოწესრიგებულ დასავლურ გარემოში, ამ ქაოტურ, მაგრამ ხიბლით სავსე სივრცეს აღიქვამდა, როგორც მისი პროფესიული სიზუსტის გამოცდას.
საბოლოო ნახაზების შესადგენად მის თანაშემწესთან, სოფისთან ერთად ათვალიერებდა ობიექტს. სოფი არქიტექტურის ბაკალავრის კურსდამთავრებული იყო. ნათესავების დახმარებით, მარტივად გაიკვლია გზა არქიტექტირის თანაშემწედ ნიკოლაის მეგობრის, გიორგის კომპანიაში. ვინაიდან ნიკოლაის თანაშემწე აუცილებლად სჭირდებოდა, სწორედ მას მიეცა შესაძლებლობა, რომ თავისი წვლილი შეეტანა საქმეში.
- ბატონო ნიკოლაი, ბოდიში, რომ გაწყვეტინებთ. საღამოს ვახშამი გაქვთ. თქვენს მშობლებთან, ბატონ გიორგისთან და ინვესტორებთან ერთად. - შეახსენა სოფიმ.
- კი, მახსოვს. შვიდზე. - მთელი დღეა ცდილობს ამაზე არ იფიქროს, დიდად არ ახარებს მშობლებთან შეხვედრის ამბავი, მაგრამ საქმიანი ვახშამია და აუცილებელია მისი იქ ყოფნა. სოფის მიუბრუნდა - სოფი, კიდევ ერთხელ შევიდეთ. მინდა, ზედა სართულები ვნახო, სანამ მუშაობა დაიწყება. იქ არავინ ასულა?
- არა, ბატონო ნიკოლაი, მესამე სართული ავარიულია და შესვლა საშიშიაო, მუშებმა გაგვაფრთხილეს.
- რადგან სრულყოფილი გეგმა მჭირდება, რომელიც მოულოდნელობებს გამორიცხავს, აუცილებელია ცოტა თვალი შევავლო. შენ აქ დამელოდე და მალე დავბრუნდები. - უსაფრთხოების ქუდი ჩამოიცვა და შენობისკენ წავიდა.
შენობაში სიცარიელე სუფევდა. ჭერი თითქმის მთლიანად იყო ჩამონგრეული. მხოლოდ ხის ტრაგიკული კვნესა არღვევდა სიჩუმეს, რომლის მიზეზიც დანგრეული კედლებიდან შემოსული ქარი იყო. ნელა და ფრთხილად მიუყვებოდა ძველ, მორყეულ კიბეს. მესამე სართული ნესტით იყო გაჟღენთილი. ნელ-ნელა წინ მიიწევდა და ათვალიერებდა ჩამონგრეულ კედლებს, ზუსტად საზღვრავდა სად უნდა დაედა ფეხი და თუ ნაბიჯის ხმა არ მოეწონებოდა სწრაფად დგამდა, მეორესაც. დაცვენილი ფანჯრების ადგილას დამცავი ბადეები იყო აკრული, ჩამონგრეული კელდებიდან კი ძლივს აღწევდა სინათლე ოთახში. მობილური აანთო. შუქის სხივმა გაანათა ოთახის კუთხე, სადაც ჩამონგრეული კედლის ნაშთზე, კოხტად იდო ერთი ძველი წიგნი. ამ ბინძურ და მტვრიან ადგილას უადგილოდ, თითქოს განზრახ დატოვებულ სამხილს ჰგავდა. წიგნი ხელში აიღო და კარგად დაათვალიერა, ეს იყო ალბერ კამიუს „შავი ჭირი“.
- ბატონო ნიკოლაი, ამოვიდე? - გაისმა სოფის ხმა მოულოდნელად.
- არა. რაც საჭირო იყო ვნახე და ჩამოვდივარ - გასძახა მშვიდად. წიგნი ინსტინქტურად ჩაიდო მოსაცმელის ჯიბეში და საქმეს მიუბრუნდა.
*****
მარგარიტა ქალაქში მარტო ცხოვრობდა. დედის გარდავალების შემდეგ, მამამისი სოფელში დაბრუნდა, იქ სადაც გაიზარდა და პატარა ფერმა მოიწყო. მარგარიტასაც ასე ეხმარებოდა, უკვე ასაკოვანი კაცი. გოგოც ცხოვრობდა მარტო და ის იყო მისი საკუთარი სამყაროს უსიტყვო მეურვე. სახლში დაბრუნებულს, კარებშივე შეეგება სიცარიელე. საღამოს გოგოებს ელოდა, ამიტომ სწრაფად უნდა მოწესრიგებულიყო. შხაპი მიიღო, მოწესრიგდა, კომფორტულ სახლის ტანსაცმელში გამოეწყო და კარზე ზარის ხმაც გაისმა.
- ლიკუნა, მალე მოსულხართ! გვანცა სად არის? - გადაეხვია მეგობარს და სახლში შემოიპატიჟა.
- მთელი გზა გიჟივით მოჰყავდა მანქანა, ჭკუიდან გადამიყვანა. რაღაც საშინლად დაძაბული ზარი ჰქონდა კლიენტთან, ალბათ ქორწილის დეტალებს ვერ ათანხმებენ. ღვინო და რამდენიმე სახეობის ყველი მოვიტანეთ.
- არ მიკვირს, პატარძლები და მათი კაპრიზები - თვალები აატრიალა მარგარიტამ - შენ რას შვრები? დღეს მშვიდობა იყო სამსახურში? - გოგოებმა სამზარეულოსკენ გადაინაცვლეს, ღვინისთვის ჭიქები და ცოტა მისაყოლებელი გამოალაგეს.
- რა ვიცი, ნორმალური იყო. ეს ჩვენი უფროსი კი არაა პრეტენზიული, მაგრამ ხო იცი რძის საწარმოში რამდენი საქმეა, დღეს რძე მივიღეთ და თითქმის ყველაფერი დავაყენეთ. ერთი დღე არ ვიყავი და ყველაფერი არეული დამხვდა, ჭიქების ადგილას კოვზები. ყველაფერი დავარეცხინე გამწარებულმა.
- სამაგიეროდ სამომავლოდ შენს საქმეს გამოადგება. ილიასთან რა ხდება?
- რაჭაში წავიდა ისევ დანარჩენი არაფერი შეცვლილა.
- წარმოგიდგენიათ? პატარძალს უნდა, რომ საქორწილო ტორტი იყოს ექვსფენიანი, ოქროსფერი, და მიტანა უნდათ აეროპორტში! კინაღამ გავგიჟდი! - ენერგიულად შემოვიდა გვანცა და სკამზე დაესვენა.
- დამშვიდდი, ღვინო დალიე. შენ ყოველთვის ახერხებ ყველაფრის მოგვარებას. - ბოკალი მიწაოდა და გვანცამაც პირველ ყლიპს რა დააყოვნა.
- ამათ მგონი მართლა სულელები ვგონივართ. გვანცა, შენ რომ არ იყო, ამ ქალაქში ყველა ქორწილი ტრაგედიით დასრულდებოდა.
- ტრაგედიებს ნუღა ახსენებ, კაცებთანაც მეყოფა. საკმარისია ეს სილამაზე დაინახონ და სხვა აღარაფერი აღარ აინტერესებთ - დემონტრაციულად მიანიშნა საკუთარ თავზე და ღვინო მოსვა - ჩემი ბედის ირონიაც ზუსტად ეგაა, რომ ქორწილებს ვუწყობ წყვილებს, თავად კი არავის დაუფასებივარ ისე, როგორც საჭიროა.
- ეგ მათი დანაკარგია - ჩაერთო მარგარიტაც.
- კარგი, გვეყოს კაცები და ტრაგედიები, ახლა ჩვენებულად გავერთოთ - ფეხზე წამოდგა ლიკუნა და წაიცეკვა.
*****
ნიკოლაის საქმიანი ვახშამი, როგორც ყოველთვის, უნაკლო იყო, მაგრამ სრულიად ემოციებისგან დაცლილი. რესტორანი მდიდრულად ბრწყინავდა, თუმცა მისი ბზინვარება უსიცოცხლო და ყალბი ჩანდა მის თვალში. ეს იყო მარგიანების საქმიანი წრის ვახშამი: სრულყოფილი ეთიკისა და ცივი ვახშამი.
მარგიანი. მამისგან მხოლოდ ეს გვარი მიიღო, რომელიც თითქმის არაფერს ნიშნავდა მისთვის. გვარი, რომელიც ამძიმებდა. არადა საკმარისი იყო სადმე გაჟღერებულიყო, რომ ყველა ფეხზე იდგა. ეს ლადო და დარია მარგიანების დამსახურება იყო. მათი შრომა ჩაიდო ამ გვარში. ლადო მარგიანი, სახელგანთქმული და ცნობილი ბიზნესმენი იყო საქართველოში. არც ისე მეგობრული, მაგრამ სანდო პარტნიორი იყო საქმეში, ასე მოიხვეჭა მთელი მისი საქმიანი სახელი. რომ არა მისი მკაცრი სახელი, ვერც იფიქრებდი, რომ ეს ქერა და მწვანეთვალება კაცი ის ლადო მარგიანი იყო, რომლის სახელიც ასე ქუხდა მთელს ქვეყანაში. ხოლო მისი ცოლი დარია, ერთ-ერთი პროფესიონალი ადვოკატი იყო. სწორედ დარია უძღვებოდა ლადოს კომპანიებს სამართლებრივი კუთხით. ადვოკატთა გუნდს ედგა სათავეში და მათი ხელით აგვარებდა საქმეებს. მეტად დახვეწილი გემოვნების პატრონი დარია, მუდამ დახვეწილი და კლასიკური სტილით ამშვენებდა მეუღლეს გვერდით. ჩალისფერი თმა, ყავისფერი თვალებით, მშვიდი და თავდაჭერილი მზერით გამუდმებით იქცევდა ხოლმე გარშემომყოფების ყურადრებას.
მეორეს მხრივ კი ნიკოლაი, შავგვრემანი, მკაცრი ნაკვთებითა და ათლეტური აღნაგობით, აშკარად განსხვავდებოდა ლადოსგან. რომ არა მისი მსგავსება მამის მხრიდან პაპასთან, ძნელად თუ იტყოდა ვინმე, რომ ნიკოლაი, ლადო და დარია მარგიანების ერთადერთი შვილი იყო. მის გარეგნობაში, სწორედ ეს უძველესი კვალი იკვეთებოდა, რაც მას მარგიანების ოჯახურ "ოქროს სტანდარტს" აშორებდა.
- ნიკოლაი, გიორგიმ მითხრა, რომ პროექტის დაწყების დეტალები გაქვს. დარწმუნდი, რომ ბიუროკრატიას მინიმუმამდე დაიყვან. აქ, საქართველოში, ყველაფერი ნიუ-იორკივით სწრაფად არ ხდება. - ამაყი და საკუთარ შვილში დარწმუნებული იყო ლადო. ნიკოლაი პრაქტიკულად არასდროს ეძახდა მათ დედას და მამას, მათი საუბარი ყოველთვის ფორმალური მიმართვით მიდიოდა.
- გეგმა მოწესრიგებულია. სწორედ ამიტომ ჩამოვედი, რომ უზუსტობები მინიმუმამდე დამეყვანა. გიორგის ყველაფერი დაწვრილებით ავუხსენი.
- კარგია, რომ შენ ხარ საქმეში. თბილისში დაბრუნება არ არის იოლი, მაგრამ შენს საქმეზე კონცენტრირება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. იმედია, აქაურ წრეშიც გაერევი. - მათი საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ თბილ სადილზე წარმოითქმოდა, კონტრაქტის მშრალი პუნქტებივით ჟღერდა.
- მიხარია, რომ შენ უძღვები ამ პროექტს და ჩამოხვედი - მხიარულად ჩაერია საუბარში გიორგი. - პირადად მე მისი მჯერა - ინვესტორებს გადახედა. - ზედმეტი შექება არცაა საჭირო, ყველას გვაქვს ნანახი, მისი როგორც არქიტექტორული შედევრები, ასევე რესტავრაციები. - ღიმილიანად აქებდა გიორგი მეგობარს ინვესტორების გასაგონად.
- მადლობა, გიორგი, უპირველესად ჩვენი მიზანია, რომ ამ შენობის თავდაპირველი იერი არ დაიკარგოს და ძველი თბილისის ისტორიამ ისევ იცოცხლოს ამ შენობაში. რა თმა უნდა ეს უმიშვნელოვანესია, მაგრამ მინდა აგიხსნათ, რომ რესტავრაცია თითქმის შეუძლებელია და დაგვიანებულია. ვეცდებით დაზიანებული ადგილები თითქმის ცვლილების გარეშე გავამყაროთ, მაგრამ ეს სახეს მაინც შეუცვლის ოდნავ, რა თქმა უნდა. სამუშაოს კეთებისას სიტუაცია თავად გვიკარნახებს, როგორ ჯობს მოვიქცეთ. ფასადი ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად შენარჩუნდება, ძველი საღებავი ნელა აიფხიკება და თავიდან გადაიღებება.
- იქნებ აივანი იასამნისფერში შევღებოთ? - ჩაერია ერთ-ერთი ინვესტორის ცოლი - ძალიან ბევრ ქალაქში მინახავს და ულამაზესია, რაიმე თბილი ტონი მოუხდებოდა - ისეთი თავდაჯერებულობით გამოხატა, მოსაზრება, რომ ნიკოლაის კინაღამ გაეცინა.
- ძველ თბილისში, იასამნისფერ აივნებს ვერ ნახავდით. საერთოდ იმ დროს რთული იყო ასეთი ფერის საღებავის თბილისში დამზადება ან შემოტანა. ამიტომ აივანი ან მომწვანო ფერის იქნება ან ხის ნაზი ტონალობა. - კატეგორიულობა გაურია ნიკოლაიმ ხმაში.
- ნუ უწყენთ მისი საყვარელი ფერია, სახლშის ინტერიერის დიზაინიც ძირითადად ამ ფერშია მოწყობილი. - მეუღლის გამართლება სცადა ინვესტორმა.
- უნდა გითხრათ, რომ ინტერიერში იასამნისფერის გამოყენება ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც არ უნდა საყვარელი ფერი იყოს. იასამნისფერის გამოყენებას ყველა პროფესიონალი დიზაინერი ერიდება. პირდაპირ თვალს აღიზიანებს და დაძებულ ატმოსფეროს აფრქვევს. მაგრამ ზოგის არჩევანი ასეთია და როგორიც უნდა ისეთი მისაღები ექნება, რაც შეეხება ქალაქის ექსტერიერს, მითუმეტეს კულტურის ძეგლს აქ ნამდვილად არ არის ექსპერიმენტების ადგილი. - სუფრასთან დაძაბულობა მატულობდა, ინვესტორი გაღიზიანდა ნიკოლაის სიტყვებზე, გიორგის ლამის ყბა დარჩა ღია. ინვესტორმა პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ლადომ დაასწრო საუბრის წამოწყება.
- ნუგზარ, მივანდოთ თავის საქმის პროფესიონალს ეს საქმე, დარწმუნებული ვარ არავინ დარჩება უკმაყოფილო. - ნაძალადევად გაუღიმა ლადომ, ნუგზარს. - ასე არაა დარია?
- ასეა. დარწმუნებული ვარ, ნიკოლაიმ წმინდა პროფესიული თვალსაზრისით გამოთქვა აზრი, რაც მისი სფეროა. - სიტვაციის ოსტატურად გამუხტვა სცადა დარიამ. - მაპატიეთ, თქვენთან ქალბატონები მალე დავბრუნდებით. - ნუგზარის ცოლს ანიშნა გაჰყოლოდა და მაგიდა დატოვეს.
- ნიკოლაი, აივანზე გავიდეთ მოსაწევად - გიორგიმაც მოარიდა იქაურობას ნიკოლაი. ისიც არ გაჯიუტებულა და დამყოლად გაჰყვა მეგობარს. - რა გჭის? ლამის უთხარი თქვენი დიზაინერი, ხო უგემოვნოაო და თქვენც არანაკლებო.
- ყოველ შემთხვევაში არ დამიმალავს ის რასაც ვფიქრობ.
- მესმის, მაგრამ ეგ კაცი, რასაც ხედავ ცარიელი ფულის ტომარაა და გვჭირდება, შენც კარგად იცი რა ჯდება ასეთი პროექტები.
- კარგად ვიცი, მაგრამ იმ შენობას იასამნისფრად მაინც არ შევღებავ.
- რა თქმა უნდა არა! მაგრამ არაა აუცილებელი გადაჭრით და შეურაცხმყოფელად დაუწყო საუბარი. - არ ეპუებოდა გიორგი - მე და ლადო მივხედავთ ამ კაცს, ისეთს არაფერს დაგიკვეთავთ რაც სამარცხვინო იქნება. არ გსმენია, რომ ორი ყური იმისთვისაა ერთში შეუშვა და მეორედან გამოუშვა? - ნიკოლაის ამ სიტყვებზე გაეღიმა. ქართული გამოთქმები ულევია და ყოველთვის შეგიძლია ნებისმიერ სიტუაციას მოარგო.
- არავის მოტყუებას არ ვაპირებ
- მაგას არავინ გეუბნება - მხარზე დაჰკრა გიორგიმ ხელი და რესტორანში შებრუნდნენ.
ვახშმი დაბრუნებიდან მალევე დასრულდა. როგორც ჩანს ლადომ მალევე მოთაფლა ნუგზარი, რომელიც მალევე წავიდა თავის ცოლთან და დანარჩენ ინვესტორებთან ერთად. ნიკოლაიმ ბარში დარჩენა გადაწყვიტა. ჯერ არ უნდოდა სახლში დაბრუნება. ბარში ლამაზი, მაგრამ უსახო გოგო გამოელაპარაკა. თავად მივიდა მსხვერპლი მასთან. ეს იყო მისი ჩვეული წამალი. დროებითი, ზედაპირული ყურადღება, რომელიც გულის სიცარიელეს ვერასდროს ავსებდა. ასეთი ურთიერთობები მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ჰგავდა, ყოველგვარი გრძნობებისა და ზედმეტი მოლოდინების გარეშე.
დაღლილობის მიუხედავად, გამთენიისას გაეღვიძა. უფრო მის გვერდით მწოლი ქალის შეხებამ გააღვიძა. ზიზღით მოიშორა გადახვეული მკლავი. ქალის სურვილი, რომ მასთან სიახლოვე ეგრძნო, ნიკოლაის სხეულს ყინულივით სერავდა. ეს იყო კიდევ ერთი წარმავალი კავშირი, რომელიც მას არაფერს აძლევდა, სამაგიეროდ, სიცარიელეს დროებით ავიწყებდა. ის მიჩვეული იყო, რომ ადამიანები, ისევე როგორც ქალაქები, დროებითი იყო. სიგარეტის კოლოფის ასაღებად, მაგისდასთან მივიდა, სადაც ობიექტიდან წამოღებული წიგნი დახვდა. აღარც ახსოვდა, როდის მოიტანა სახლში. აივანზე გასულმა წიგნიც ხელს გააყოლა.
სიგარეტს მოუკიდა და ქალაქს გადახედა. ღამის თბილისი შედარებით მშვიდი და განათებულია. ღამით ქალაქი ისვენებს, აქა-იქ სახლებში შუქები ანთია და სითბო ჟონავს ფანჯრებიდან, მაგრამ რამდენიც არ უნდა უყურო შენამდე მაინც ვერ მოაღწევს. განა ძალიან ბევრია მისცე ადამიანს ის მინიმალური, რაც ჰაერივით სჭირდება. მშობლებმა ყველაფერი მისცეს, იმისთვის რომ აქამდე საკუთარი ფეხით მოსულიყო. თავისი კომპანია გაეხსნა, მართალია კომპანია საკუთარი ძალისხმევითა და ხარჯებით შექმნა, მაგრამ მის განათლებაში მშობლებმა ჩადეს ინვესტიცია და ახლა დამოუკიდებელი კაცია. თანაც ასეთი სახელოვანი ოჯახიდან, მაგრამ მის მშობლებს არასდროს არ უფიქრიათ, რომ მათი გვერდით ყოფნა ამ ყველაფერზე მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც ახლა გააჩნია. დარია და ლადო მარგიანებმა ორი წლის ნიკოლაი, მარტო გაგზავნეს ძიძასთან ერთად ამერიკაში სასწავლებლად და მას მერე წელიწადში რამდენჯერმე ნახულობნენ, ერთადერთ შვილს. დაბადებისდღეებზე და განსაკუთრებულ დღესასწაულებზე. განა ასეთი რთული იყო მათთვისაც, რომ შვილთან ერთად ეცხოვრათ და მათ სახლის ფანჯრიდანაც ზუსტად ასეთი შუქი გადმოღვრილიყო გარეთ და ნაცრისფერი სამყარო გაეფერადებინათ, ოდნავ მაინც.
ფიქრებიდან გამოერკვა და წიგნს მოავლო თვალი, „შავი ჭირი“. არც კი ახსოვდა, როგორ ჩაიდო ჯიბეში. მხოლოდ მაშინ გაახსენდა მისი ამბავი, როცა გამოსაცვლელად შემოირბინა სახლში, პალტოს ჯიბეში აღმოაჩინა და იქვე, მაგიდაზე მიაგდო. ერთი შეხედვით უბრალო წიგნი ჩანდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ვიღაცას გულიანად წაეკითხა და კარგადაც გაეცვითა ტარებაში, ან იქნებ ეს ის წიგნი იყო, რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა და უამრავი ადამიანი გამოიარა. შუაში გადაფურცლა, სადაც გულმა უკარნახა და პატარა ხელნაწერი დახვდა. ლამაზი, გაკრული, ოდნავ დახრილი ხელით მიწერილი.
„შეიცვალე სამყარო. თუ ამას ვერ ახერხებ, შეცვალე შენი დამოკიდებულება მის მიმართ. სხვა შანსი არ მოგეცემა.“
პირველივე წამს გულში უცნაური, მკვეთრი სიმძიმე იგრძნო. სწრაფი სკცეპტიციზმი, მალევე შეცვალა უსახელო გრძნობამ. თითქოს სიტყვები პირდაპირ იმ ადგილს შეეხო, რომელსაც წლებია საგულდაგულოდ მალავდა. წარწერამ დაუფიქრებლად დააბრუნა იმ ბავშვობაში, როცა გაუგებარ სამყაროში მარტოდ მყოფი ცდილობდა, რაღაც მაინც მოეხერხებინა, რაღაც მაინც შეეცვალა… მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, რადგან მის გვერდით არავინ იდგა. ახლა კი, ამ მოკლე ფრაზამ თითქოს ზუსტად ის უთხრა, რასაც პატარა ნიკოლაი მთელი ცხოვრება ელოდა მაგრამ აღარ სჯეროდა. ფიქრებში წასულმა მოულოდნელი გაღიზიანებაც იგრძნო რაღაც აიძულებდა ეღიარებინა, რომ შესაძლოა თვითონვე იყო მიზეზი იმ ყველაფრის, რასაც ვერ ცვლიდა. თითქოს ვიღაც უცხო, დაუკითხავად ჩაერია მის შინაგან წესრიგში და უთხრა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდა: „შენც შეიძლება რამეში ცდებოდე.“ მაგრამ ეს ბრაზი მალევე გადაიზარდა უხილავ, ჩუმ სევდაში. ისეთ სევდაში, რომელიც ადამიანს მხოლოდ მაშინ ეუფლება, როცა თავისი სისუსტე მოულოდნელად და დაუნდობლად ეცხადება.
მაგრამ იყო კიდევ ერთი განცდა, რომელიც ყველა სხვაზე მეტად აწუხებდა ინტერესი. უბრალო ცნობისწადილი კი არა, რაღაც უფრო ღრმა, თითქმის დაუფარავი მიზიდულობა. ვინ არის ადამიანი, ვინც საკუთარ ხელწერილს ამდენ სიმართლეს ანდობს? ეს კითხვა ისე ჩაუსახლდა, თითქოს წარწერის ავტორი მასზე ბევრად მეტს ხედავდა, ვიდრე საზღვრებიდან მოჩანს. სიგარეტი უკვე ბოლომდე ჩამწვარიყო. უკვე დილის ექვსი საათი ხდებოდა ლოგინში დაბრუნებას არანაირი აზრი არ ჰქონდა. სპორტულები ამოიცვა და სარბელად გასწია.
ნიკოლაის მომდევნო დღეები ჩვეული გრაფიკით გრძელდებოდა. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა წიგნის კითხვა გადაწყვიტა. უცნობის სიტყვებმა მოულოდენლად გამოაღვიძა მისი შინაგანი სამყარო. „შეიცვალე სამყარო... შეცვალე შენი დამოკიდებულება...“ – ეს სიტყვები, მიუხედავად მისი ძალისხმევისა, გამუდმებით უტრიალებდა თავში, როგორც ბზარი მის იდეალურ გეგმაში. მუშაობისგან თავისუფალ ყველა წუთს, წიგნის კითხვას უთმობდა. ეს იყო მისი ერთადერთი პირადი სივრცე, რომელშიც სიმშვიდე პოულობდა და შინაგანი სიცარიელე ავიწყდებოდა.
******
- მარგარიტა! - სიხარულით შემოვარდა გვანცა სახლში, რიმელსაც უკან ლიკუნა მოყვებოდა. თვალები რაღაც განსაკუთრებულად უბრწყინავდა ორივეს - ვერ დაიჯერებ! მოკლედ. გურმმა, რომელიც ერთი ჩემი კლიენტია, შემდეგ კვირას საღამოს ვუგეგმავ. რაღაც ძალიან კარგი ამბავი მითხრა. ღონისძიებაზე ვსაუბრობდით, გურამი გამომცემლობის დირექტორი და მთავარი რედაქტორია, საღამოს ინვესტორების მოსაზიდად აწყობს, გაფართოვებას გეგმავენ, ხოდა ამაზე საუბრისას გახსენე. ვესაუბრებოდი როგორ გიყვარს წიგნები და რა საოცრად წერ, ხოდა მითხრა, რომ სწორედ ასეთ კადრებს ეძებენ და მზადაა დასაწყისისთვის ერთ-ერთი რედაქტორის თანაშემწედ, მიგიღოს სტაჟირებაზე, რა თქმა უნდა ანაზრაურებადი იქნება. შენ ხომ წიგნების სული ხარ! - სიხარულისგან ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა გვანცა და მარგარიტას რეაქციას ელოდა.
- მგონი ამან ვერ გაიგო რა უთხარი. მარგარიტა!
- უბრალოდ ვიაზრებ! - წამოდგა და სიყვარულით გადაეხვია მეგობრებს - არ მჯერა! გვანცა ეს ხომ იდეალური შემოთავაზებაა. სტაჟირება რახანაა ნახევარ განაკვეთზე მამუშავებენ ალბათ და შემეძლება მარგინალშიც დავრჩე.
- რა ამბავი გახარა გოგომ და ამან კიდე მარგინალიო. სულ რომ წამოსაფხეკი გამხდარიყავი იქიდან ამ შანსს ხელიდან მაინც არ გაგაშვებინებდით. - სიცილით ჩაერია ლიკუნა. - მგონი უნდა ავღნიშნოთ.
- ოჰ, ხვალ ისვენეს ქალბატონი და მოუნდა მხიარულება. - ირონია გაურია ხმაში გვანცამ - უბრალოდ სასწაული ქალი ვარ - თავი შეიქო გვანცამ დემონსტრაციულად - აი, ეს გურამი კი რაღაცნაირი კაცია, ცოტა შეუხედავი და დაბღვერილი, მაგრამ რა გინდა ადამიანს რაღაცაში გამოადგება რა. ისე, მე დიდხანს ვერ გავჩერდები, ხვალ ძალიან რთული დღე მაქვს და აი ხვალინდელ დღეს კი დავაგვირგვინებდი თქვენთან ერთად.
- მშვენიერი, მაშინ ხვალ შევიკრიბოთ ისევ ჩემთან. ცოტა სასმელი გავაძლიეროთ და მე ხვალისთვის რამეს მოგიმზადებთ. ლიკუ იქნებ შენ ტირამისუ გაგვიკეთო ხვალისთვის?
- კარგი ხვალ ვიმხიარულოთ, რახან ტირამისუ გინდათ, მაშინ კეთება დღესვე უნდა დავიწყო და მეც არ გავჩერდები დიდხანს.გვანცას გავყვები.
- ეს ხო სულ მე უნდა ვატარო, შენი მძღოლი კი არ ვარ - ვითომ პრეტენზიულად უთხრა და სიცილი დააყოლა. - უი ხო, მაგ ღონისძიებაზე თქვენც მოდიხართ. გადაწყვეტილია! ჯერ ერთი, მარგარიტას გურამი უნდა გავაცნო და მეორე - თვალები კიდევ უფრო გაუბრწყინდა - ერთი ძალიან კარგი ბიჭი გავიცანი და ისიც იქნება. მინდა რო შეაფასოთ.
- ოპაა, როგორ გამოიყურება? - კითხა ლიკუნამ ინტერესით.
- სხვათაშორის დიდად ჩემი ტიპაჟი არაა გარეგნობით, მაგრამ სიმპატიურია. ლუკა ქვია. ძალიან მაღალი არაა, მაგრამ ჩემზე მაღალია, ასე რომ წავა.
- რას საქმიანობს? - იკითხა მარგარიტამ
- არ ვიცი, ვერ ვკითხე. არ ჩამოვარდა შესაფერისი გარემო, ამიტომაც მჭირდებით, რომ შემიფასოთ. ხო მოდიხართ?
- სხვა გზას დაგვიტოვებ? - იკითხა ლიკუნამ - ასე რომ მოვდივართ.
გოგოებმა კიდევ ცოტახანს იჭორავეს. ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ. გვანცამ, ლიკუნა ბავშვობაში გაიცნო, მერე მალევე მარგარიტაც გაიცნო და ორივესთან მეგობრობდა. ბოლო რამდენიმე წელია რაც სამივე ერთად ისე მყარად შეიკრა, რომ თავისუფალ დროს ძირითადად ერთად ატარებდნენ. სამი სრულიად განსხვავებული ადამიანი, განსხვავებული გემოვნებებით, მაგრამ სამივე ერთად ერთი მთლიანობა იყო.
დილით ჰაერი ჯერ კიდევ ოდნავ გრილი იყო, მაგრამ მზის პირველი სხივები უკვე თბილად ეხებოდა მაღაზიისკენ მიმავალ გზას. მარგარიტა ჩქარი ნაბიჯით მიიწევდა მაღაზიისკენ. თეთრი, თხელი ბეწვის მოსაცმელი ეცვა. შიგნით მოყავისფრო თხელი ოდნავ ამოღებული ზედა და მაღალწელიანი, თავისუფლად ჩამოშვებული ჯინსი ეცა. მისი ჩექმის რბილი ხმა ყოველ ნაბიჯზე შეუმჩნევლად ერწყმოდა დილის სიმშვიდეს. ჰაერში ახალი ყვავილების, ნამიანი ბალახისა და ახლომდებარე სახლების ფანჯრებიდან გამოსული სუსტი არომატის სუნი ირეოდა. გაზაფხული თავს ნელ-ნელა ამჟღავნებდა.
ამ დილით მარგარიტა ცოტა მეტად ჩქარობდა, მაღაზიის მეპატრონესთან ქალბატონ ნელისთან საუბარი ვერ გადაედო. რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა განეხილათ, მათ შორის მისი ახალი შემოთავაზების ამბავი. ამიტომაც უნდოდა რაც შეიძლება მალე დალაპარაკებოდა. დაღლილ, მძიმესავით გაწელილ გრძნობას ვერ იშორებდა, რომ უფროსი შესაძლოა ზედმეტად მკაცრი ყოფილიყო. ნაბიჯი ოდნავ შეანელა, ნერვიულობა ისევ ჩაენაცვლა მსუბუქ ღელვას. „კარგი, ამასაც გავართმევ თავს,“ ჩუმად შიგნით ჩაიბურტყუნა. მაღაზიის კარი გააღო და დღის საქმეს მიუბრუნდა. ნელის მოსვლამდე საქმით აპირებდა ყურადღების გადატანას.
დილამ შუადღისკენ გადაიწია. დღეს ქალბატონი ნელი აუცილებად მოვიდოდა ჩანაწერებისთვის, რომ ბუღალტერია მოეგვარებინა. მარგარიტაც დახლტან იჯდა და ჩანაწერებს ამოწმებდა, არ უნდოდა ამის გამო ქალბატონი ნელი უკმაყოფილო დარჩენილიყო, ასე უფრო რთული იქნებოდა ახალი ამბის მისთვის შეტყობინება.
კარი მოულოდნელად ხმაურით გაიღო და მაღაზიაში ქალბატონი ნელი შემოვიდა. მისი ნაბიჯები ყოველთვის მკვეთრი და თავდაჯერებული იყო, თითქოს სივრცეს ჯერ ფეხის ხმა აინტერესებდა და მერე ადამიანი. ფერადი შარფი ყელზე სუსტად ქანაობდა, თმა ოდნავ არეული ჰქონდა, მაგრამ მაინც ისეთი სახით დადიოდა, თითქოს ასე იყო სწორი და ძალით არაფერს აკეთებდა.
- დილა მშვიდობისა, - ჩვეული ხალისით მისალმა მარგარიტა.
- დილა მშვოდობის. ვხედავ, დღიური გადაგიმოწმებია. - უთხრა გამომცდელი თვალებით. ელვის სისწრაფით შეათვალიერა სივრცე, თითქოს თვალით იმახსოვრებდა თითოეულ ნივთს, მერე ჩანთა მაგიდაზე დადო და საქაღალდე ფურცლების ხმაურით გახსნა. - ესეიგი ყველაფერი წესრიგშია. - მარგარიტამ თავით დაუქნია და წამოდგა.
- კი, ყველაფერს გადავხედე. ფასებს დღესვე განვაახლებ. - ნელიმ ოდნავ ამოიოხრა, ისე თითქოს თავადაც არ სურდა ზედმეტი კრიტიკა, მაგრამ ჩვევები წინ უსწრებდა სიტყვებს.
- კარგი. მთავარია, დღესვე იყოს, წინა წელს ისეთი ამბავი მქონდა კლიენტთან რომ... - მოულოდნელად შეჩერდა და ხელი ისე ააქნია, თითქოს მნიშვნელობა არარაფერს ქონდა. - თუ ყავა ჯერ არ დაგილევია, ჩემთვისაც მოადუღე, თორემ ამ ტვინს სხვა ვერაფერი ვერ აამუშავებს.
- ახლავე. - უკანა ოთახში გავიდა ყავის მოსადუღებლად. იქამდე ნელიმ ჩანაწერების ჟურნელს, ფურცლებს დემონსტრაციულად შლიდა. ჩანაწერები, ერთი შეხედვით ზუსტი იყო, სტრუქტურა არ მოსწონდა. თითქოს ყველაფერი ცოტა აღიზიანებდა, მაგრამ არცერთ დეტალზე ხმამაღლა არ ამბობდა უარს.
- ვისი ჩანაწერებია? - იკითხა რიტორიკულად. - თუმცა აქ შენს გარდა სხვა არავინ მუშაობს და ვისი იქნება. ჯერ-ჯერობით ყველაფერი სწორია, მაგრამ მე როგორც გასწავლე ისე წერე, უფრო გასაგებია.
- გადაკეთებ.
ნელის სახეზე რაღაც უცნაური სითბო გაკრთა, მაგრამ იქვე ქარხნული სიმკაცრით ჩაანაცვლა.
- ცუდი არაა. ვნახოთ. უბრალოდ წესრიგი გვჭირდება, საპასუხისმგებლო საქმეა.
მარგარიტამ თავი დაუქნია, თუმცა გულში გრძნობდა, რომ ნელი დღეს რაღაც განწყობაზე ვერ იყო. ყავის ფინჯანი ნელისთვის ფრთხილად დადო მაგიდაზე და მერე ჩუმად მიუჯდა გვერდით, თითქოს თითოეული ნაბიჯი მნიშვნელოვანი იყო.ნელი იმ დროს უკვე საკუთარ საქაღალდეში იყო ჩაფლული.
- ყოჩაღ მარგარიტა, ყველაფერი გამართულადაა. მინიმალური შეცდომებია, მაგრამ ისეთი არაფერი საქმეს რომ გააფუჭებს. - მისი შექება სულაც არ ჟღერდა ისე სასიამოვნოდ, როგორიც თავად მის მიერ წარმოთქმული სიტყვები იყო, მაგრამ უკმაყოფილებას მაინც ჯობდა. - რაღაც არ ხარ ხასიათზე, რამის თქმა ხომ არ გინდა?
- ქალბატონო ნელი, შეიძლება, ერთ თემაზე დაგელაპარაკოთ?
- უკვე მელაპარაკები. თქვი. - თავი არ ამოუყვია საქმიდან ისე უპასუხა.
- ზუსტად, ჯერ არაფერი ვიცი, მაგრამ მინდა რომ წინასწარ გაგაფრთხილოთ, რომ მოულოდნელობები თავიდანავირიდოთ. შემდეგი თვიდან შესაძლოა სტაჟირება დავიწყო გამომცემლობაში. ზუსტი პასუხი მალევე მეცოდინება. მოულოდნელად გამოჩნდა ეს შესაძლებლობა. ამიტომ თუ ძალაში დარჩება მაღაზიაში ასე ვეღარ ვიმუშავებ. - სიტყვას ასრულებს და უფროსის რეაქციას აკვირდება, რომელიც არ აყონებს, ნელიმ გაუნძრევლად ამოხედა სათვალეებიდან. ისეთი გამოხედვა აქვს, რომელიც ჯერ კითხვას სვამს და მერე მსჯავრს.
- რა დროსაა ახლა ეს? - სიმკაცრე გაურია ნელიმ ხმაში. - მაღაზია ყველაზე დატვირთულ პერიოდს იწყებს და შენ ახლა წასვლაზე მელაპარაკები?
- არ ვგეგმავ წასვლას… - სიმშვიდის შენარჩუნება სცადა მარგარიტამ. - უბრალოდ ნახევარ განაკვეთზე გადავალ.
- და რა სტაჟირებაზე გიწვევენ ასეთი ხმაურით? რაღაც ისეთი, რაც აქაურობას სჯობია?- კითხა ინტერესით
- რედაქტორის თანაშემწედ გამომცემლობაში. დიდი ხანია მინდა… და ახლა პირველად მომეცა შანსი.
ნელი დადუმდა. რას ეტყოდა, ამ განცხადების გამო სამსახურიდან ვერ გაუშვებდა. ღრმად და ნელა ამოისუნთქა. დიდად ამ ამბის მოსმენა არ გაუხარდა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა. ჩანაწერების წიგნი ნელა დახურა, თითქოს პარალელურად თავში გეგმებს ახარისხებდა.
- შენნაირ ადამიანს ვერ დავკარგავ, - გამომცდელად შეხედა მარგარიტას.- ვერც გაგიშვებ, მაგრამ არც ეს ახალი ამბავი მომწონს. ვიღაცის მოძებნა მოგვიწევს და მერე მოგიწევს მაღაზიაში მისი საქმიანობა დეტალურად შეასწავლო. - ქაღალდების შეკვრას გვერდზე გადადო და თითები მაგიდაზე რიგრიგობით დააკაკუნა, როგორც სჩვევია ხოლმე გადაწყვეტილების მიღებისას. - კარგი, დავიწყებ მეორე თანამშრომლის ძებას, შენც თუ ვინმე გამოსადეგი გაიგე, ჯერ მე მითხარი და მერე ვნახოთ. დანარჩენს ახლა თანამშრომელს შეუთანხმებ. - კმაყოფილმა ყავა მოსვა და ფინჯანს დააშტერდა.
- მადლობა, ქალბატონო ნელი. - მადლიერი თვალები მიანათა. - კიდევ ერთ საკითხზე მინდოდა განმეხილა… თაროებს ეხება.
- კიდევ კარგი, სწრაფადვე მოაყოლე, თორე კინაღამ გულმა დამარტყა, როგორც წესი არ გჩვევია ამდენი რამის ერთიანად საუბარი.
- ვიფიქრე, ახალი გამოცემები წინ გადავიტანო, კლასიის გვერდით მეორე კედელზე. ხალხი სწრაფად იპოვის იმას, რასაც ეძებს. - ამჯერად ნელის სახე უკმაყოფილებას გამოხატავს. ცოტა რთულია მისთვის სიახლეები.
- თაროები ჩვენი ისტორიაა. - ამბობს მკაცრად. - ეს მაღაზია ოჯახური მემკვიდრეობაა და ყველაფერი ყოველთვის ასე იყო, ამიტომ ასეც იქნება.
- მაგრამ ბოლო პერიოდი, ხშირად კითხულობენ თანამედროვე ლიტერატურას, განსაკუთრებით ქართველ მწერლებს. იქნევ ვცადოთ დროებით?
- „დროებით“ ყოველთვის საბოლოოდ რჩება. - სიმკაცრე შეერია ხმაში.
- მინდა რომ მაღაზია ახალ მკითხველებს მაქსიმალურად მოვარგოთ.
- კარგი, დღეს განსაკუთრებით დამყოლ ხასიათზე ვარ. თუ არ გაამართლებს გადმოლაგებაც და უკან გადალაგებაც შენ მოგიწევს, დამატებითი შრომისთვის ხელფასი მაინც არ მოგემატება.
მისი თანხმობა მარგარიტასთვის ბევრს ნიშნავდა. მომსახურების სფერო საკმაოდ რთული სამუშაოა. ათასგვარ ადამიანთან გაქვს შეხება, მაგრამ ყველაზე აუტანელი სიტყვაძუნწი და მწარე ენის პატრონი უფროსები არიან. მარგარიტა მიჩვეული იყო ნელის ამგვარ საუბარს, ამიტომ არც არაფერი სწყენია. მერე რა რომ ნელი მისი უფროსი იყო, გრძნობდა, რომ მარაზია მისი ერთგული იყო.
******
უკვე შუა ღამე იყო, დაღლილობის მიუხედავად, ძილი არ ეკარებოდა ნიკოლაის, ოთახის აივანზე იჯდა და წიგნის ბოლო გვერდებს კითხულობდა. სუსხიანი საღამო იყო და სახლის კომფორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ჭიქა ღვინით ანებივრებდა გონებას. რამდენიმე წამით კითხვა შეწყვიტა. ჯერ ქალაქს გახედა, მერე ისევ წიგნს დააჩერდა და უცბად დაფიქრდა რა უნდა გაეკეთებინა კითხვის დასრულების შემდეგ. რაღაც იმ გრძნობის მსგავსია, კარგ სერიალს რომ უყურებ და ბოლოს მიუხედავად იდეალური დასასრულისა სიცარიელის შეგრძნება რომ გიჩნდება და ფიქრობ, ახლა რაღას ვუყურო. საკუთარი თავი ამ ფიქრებში რომ გამოიჭირა თავი გააქნია, განა რა იყო ამ წიგნში ასეთი, რასაც შეეძლო დანაკლისის გრძნობა დაეტოვებინა. საბოლოოდ ისევ წიგნს მიუბრუნდა და კითხვა განაგრძო. ძილი უკვე გატეხვოდა და დაწოლას აზრი არ ჰქონდა.
მძიმე, ნესტიანი ჰაერის სუნით გაჟღენთილი გვერდები თითქოს მისი სულის სუნი იყო. ბოლო ფურცელიც წაიკითხა და ის იყო წიგნის დახურვას აპირებდა, რომ ფურცელის მეორე მხარეს მელნის კვალი შენიშნა. კიდევ ერთი წარწერა დახვდა, იგივე ხელით ნაწერი. კმაყოფილება იგრძნო მოულოდნელად, თავადაც გაუკვირდა, მაგრამ ყურაადღება არც მიუქცევია.
„იპოვე გმირი, რომელიც სიყვარულის დასაბამს ეძებს, იქ, სადაც მარადიული თვალები გიყურებენ.“
თავდაპირველად, სიტყვებმა აზრი დაკარგეს. გმირი, სიყვარულის დასაბამი, მარადიული თალები... ეს არც ციტატას გავდა და არც რაიმე შენიშვნას წიგნზე. უბრალოდ სიტყვები იყო, მაგრამ მისი გონება მყისიერად, არქიტექტურული სიზუსტით აამოქმედა. ეს არ იყო საიდუმლო კოდი, რომელიც ლოგიკურ ამოხსნას საჭიროებდა, არამედ კულტურული მინიშნება, რაც მართალია მის დასავლურ ცოდნას სცდებოდა, მაგრამ გენეტიკური მეხსიერება, ასე მარტივად არ დანებდებოდა.
„მარადიული თვალები“ მისთვის მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. იქნებ საუბარი სკულპტურაზე ან ძეგლზეა. მაგრამ თბილისში იმდენი ძეგლია, სააკაძის, აღმაშენებლის, ჭავჭავაძის, რუსთაველის... გონებამ არეული აზრები სწრაფად მიაწყო ლოგიკურად. „სიყვარულის დასაბამი“ ეს სიტყვები თბილისში მხოლოდ ერთ სახელს აცოცხლებდა. შოთა რუსთაველი, ადამიანი, რომელმაც უკვდავი პოემა შექმნა სიყვარულის ფილოსოფიაზე და შიგ ჩააქსოვა მთელი სიბრძნე. ამ ქალაქის ნებისმიერ მცხოვრები, ამას უყოყმანოდ იტყოდა. ფეხზე წამოდგა და აივნიდან ქალაქის ხედს გადახედა. თვალები დახუჭა და მის გონებაში მაშინვე გაჩნდა რუსთაველის გამზირი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიარა. ცენტრალური მოედნი, სადაც პოეტის მონუმენტი დგას. უძრავად, მშვიდად და მარადიულად უყურებდა ქალაქს, მის ქაოსს, მის ისტორიას – თითქოს ყველაფერს ხედავდა.
კმაყოფილების გრძნობამ დაკრა, ნუთუ ასეთი მარტივი იყო ეს მინიშნება, ან უბრალოდ სწორი ინტერპრეტაციები მისცა სიტყვებს. ეს არ იყო ბიზნეს-პროექტი, რომლის დანახვისთანავე ხვდებოდა მის ავკარგიანობას; ეს იყო თამაში, რომელიც ითრევდა, აიძულებდა გამოსულიყო მშრალი ლოგიკის საზღვრებიდან და ინტუიციას მიჰყოლოდა.
ოთახში შებრუნდა, მოსაცმელს და მანქანის გასაღებს დაავლო ხელი. უნდოდა გაეგო რამდენად ზუსტი აღმოჩნდებოდა მისი ვარაუდი. მისი სახლიდან არც ისე შორი გზა იყო რუსთაველამდე. ინტერესი კლავდა, რამდენად სწორად მიხვდა მინიშნების შინაარსს. ძირითადად ქალაქში მანქანით მძღოლი ემსახურება ხოლმე, რადგან ქალაქის ქუჩები ჯერ კარგად არ იცის, მაგრამ ნავიგაციის დახმარებით მარტივად უნდა მისულიყო რუსთაველის ძეგლამდე.
ადგილზე მისულმა სწრაფად მოათვალიერა გარემო. უკვე შუაღამეს გადაცდენოდა. ქალაქში თითო-ოროლა მანქანა მოძრაობდა. ფეხით მოსიარულეები კი არავინ ჩანდა. კარგად მოათვალიერა ძეგლი, მაგრამ ვერაფერს მიხვდა. ისიც კი არ იცოდა ვინმე უნდა შეემჩნია თუ რამე. წრე შემოარტყა, მაგრამ ახალი არაფერი იყო. ქანდაკებას ახედა, მართლაც როგორი მარადიული თვალებით იმზირებოდა ქალაქისკენ. იქნებ სულაც არასწორად ამოიკითხა ის სიტყვები, ან იქნებ ამ სიტყვების ადრესატი იყო არასწორი. კიბეებზე ჩადიოდა, როცა მის თავზე მორყეული ფილის ნატეხიდან რაღაცას მოჰკრა თვალი. ნაპრალიდან აშკარად მოჩანდა ფაილში ჩადებული წიგნი. ნუთუ აქამდე ვერავინ შეამჩნია. ხელი შეყო, უცბად გამოაძვრინდა, ფაილი გადახსნა და ნამდვილად წიგნი შერჩა ხელში. გარშემო მიმოიხედა, შეამოწმა ამ უცნაური სცენის შემსწრე ხომ არავინ იყო. რომ ვერავინ დაინახა ისევ წიგნს დააჩერდა. ეს იყო გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“.

პირველი თავის დასასრული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent