“მე დაგელოდები” — ნაწილი 1
ეს ყველაფერი ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა… ანას ტელეფონზე მოულოდნელი ზარი შემოვიდა. რამდენიმე წუთი უყურებდა ეკრანს და ვერ იჯერებდა — ეგონა ეჩვენებოდა. ხელის კანკალით გადაუსვა თითი ეკრანს და მის ხმას დაელოდა. — გამარჯობა, ანა… როგორ ხარ? არ ვიცი, მიცანი თუ არა. — კარგად ვარ, ვაჩე… შენ როგორ ხარ? (მიუხედავად იმისა, რომ მისი ნომერი წაშლილი ჰქონდა, მაინც ახსოვდა. მისი ხმა კი… როგორ შეიძლებოდა მისი დავიწყება?) — შენთან საქმე მაქვს. შეგიძლია შემხვდე? ანა დაიბნა. არ იცოდა რა ეთქვა. ეს ყველაფერი ხომ ორი წლის წინ დასრულდა — მაშინ, როცა ვაჩე მოულოდნელად გაქრა მისი ცხოვრებიდან. რამდენჯერმე სცადა დარეკვა, ბოდიშის მოხდა, მაგრამ ანა არც ზარებს პასუხობდა და არც მესიჯებს კითხულობდა. ვაჩე ანას ამბებს მხოლოდ მეგობრებისგან იგებდა. ახლა კი — მოულოდნელი ზარი და შეხვედრის თხოვნა. უნდოდა მისი ნახვა? გრძნობები ჯერ კიდევ ჰქონდა, თუმცა ამას არავის უმხელდა. ალბათ ჯერ ისევ ჰქონდა ის გულის ტკენა. ხვდებოდა, რატომ გამოჩნდა ვაჩე ორი წლის შემდეგ ზუსტად მაშინ, როცა მის დავიწყებას ცდილობდა. — ანა, აქ ხარ? ვიცი, გული გატკინე… და ამ ყველაფრის შემდეგ არ მაქვს უფლება გირეკავდე და შეხვედრას გთხოვდე. თუ უარს მეტყვი, გაგიგებ. ანა რამდენიმე წუთი დუმდა. — კარგად ვარ… კარგი, შეგხვდები — თქვა ბოლოს. (ალბათ იმიტომ დათანხმდა, რომ აინტერესებდა მიზეზი. ყველაზე მეტად კი პასუხებს ელოდა იმ კითხვებზე, რომლებიც ამდენი ხანია ღრღნიდა: რატომ მიატოვა, რატომ არ აუხსნა, რატომ წავიდა ისე, რომ გული ასე ატკინა.) — კარგი, მაშინ ერთ საათში ჩვენს ადგილას გელოდები — თქვა ვაჩემ და გაუთიშა. ანას მანქანა მშვიდად მიჰყავდა. ქუჩები თითქმის ცარიელი იყო, თითქოს ქალაქსაც კი არ უნდოდა იმ შეხვედრისთვის შეეშალა ხელი. საათს დახედა — დრო ჯერ კიდევ ჰქონდა. „ერთ საათში…“ ვაჩეს ხმა ისევ ყურში ჩაესმოდა. იმავე ტონით, იმავე სიმშვიდით, თითქოს ორი წელი საერთოდ არ გასულიყო. ფიქრები ერთმანეთში ერეოდა. უნდოდა ეკითხა, რატომ წავიდა. რატომ გაქრა ისე, რომ ერთი სიტყვაც არ დაუტოვა. რამდენჯერ წარმოედგინა ეს შეხვედრა და მაინც ვერ ხვდებოდა, რას ეტყოდა პირველად. წითელ შუქზე გაჩერდა. ტელეფონი ისევ დაინახა გვერდით დადებული. ერთი წამით გაიფიქრა, მიეწერა თუ არა. „მოვდივარ.“ მაგრამ ვერ გაბედა. მწვანე აინთო. მანქანა ნელა დაიძრა. ანამ ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ცდილობდა გულის რიტმი დაემშვიდებინა. ყველაფერი ძალიან ახლოს იყო — პასუხები, სიმართლე, ის სიტყვები, რომლებიც ორი წელი ეძებდა. მოულოდნელად ძლიერი სინათლე დაინახა… ხმა ვერ გაიგო — მხოლოდ წამიერი სიცარიელე, თითქოს ყველაფერი დადუმდა… ვაჩეს სცენა უკვე ერთი საათი გავიდა, მაგრამ ანა არსად ჩანდა. ნუთუ გადაიფიქრა? იქნებ ვერ შეძლო მოსვლა… იქნებ ვერ მაპატია ყველაფერი. ფიქრებში იყო, როცა ტელეფონმა დარეკა. — გამარჯობა, ვაჩე ბურდულს ვესაუბრები? — დიახ, მე ვარ. — კლინიკიდან გიკავშირდებით ანა მეტრეველთან დაკავშირებით… სიტყვები თითქოს ჰაერში გაიყინა. — ახლავე გამოვდივარ — ძლივს ამოილაპარაკა. მანქანას გიჟივით მართავდა… კლინიკასთან მანქანა დაუდევრად გააჩერა და შიგნით შევარდა. — ანა მეტრეველის მდგომარეობა მაინტერესებს… — შეგიძლიათ ექიმს გაესაუბროთ. ვაჩემ ყელში ბურთი იგრძნო. — როგორ არის? — ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პალატაში სიჩუმე იდგა… ანა იწვა. მშვიდად. თითქოს უბრალოდ ეძინა. ვაჩე ნელა მიუახლოვდა. — მე მოვედი… აღარ დავაგვიანებ. მისი ხელი ფრთხილად აიღო. — მაპატიე… სიჩუმე ჩამოვარდა. და შემდეგ — ძალიან ნელა — ანას თითები ოდნავ შეირხა. ვაჩემ ოდნავ გაიღიმა. — ჰო… მე დაგელოდები… ახლა უკვე მართლა. და იმ მომენტში ყველაფერი არ დასრულებულა — ის უბრალოდ თავიდან დაიწყო. გაგრძელება იქნება… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



