პირობითი სიყვარული (თავი 1)
თბილისის თავზე, იქ, სადაც ვაკის ხმაურიანი ქუჩები ნელ-ნელა წყნეთისკენ მიმავალ სიმწვანეში გადადის, ჭავჭავაძეების სახლი ისე იდგა, როგორც მიუწვდომელი ციხესიმაგრე. ეს არ იყო უბრალოდ არქიტექტურული ნაგებობა, ეს იყო განაცხადი ძალაუფლებაზე, რომელიც თაობებს გადაეცემოდა. სახლის შიგნით ჰაერიც კი სხვანაირი იყო – გაჯერებული ძვირადღირებული ხის, ძველი წიგნებისა და ლიზა დადიანის საყვარელი ფრანგული სუნამოს ნაზავით. აქ ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა: მეცხრამეტე საუკუნის ტილოებს ოქროსფერ ჩარჩოებში და თანამედროვე, მინიმალისტურ ავეჯს, რომელიც ხაზს უსვამდა, რომ ეს ოჯახი დროს არ ჩამორჩებოდა, ის დროს თავად მართავდა. ნინა ჭავჭავაძისთვის ეს სახლი ერთდროულად იყო სამყაროს ცენტრიც და ყველაზე კომფორტული თავშესაფარიც. 21 წლის ასაკში მას არასოდეს უგრძვნია „არას" სიმკაცრე. მისთვის თავისუფლება ისეთივე ბუნებრივი მოცემულობა იყო, როგორც დილის მზის სხივი, რომელიც მის ფართო ოთახში შემოიჭრებოდა ხოლმე. "ნინა, მართლა გგონია, რომ მამაშენი ამაზე დაგთანხმდება?"- ელენე დადიანი ნინას საწოლზე იჯდა და ლონდონის ერთ-ერთი უნივერსიტეტის საიტს ათვალიერებდა. -"მაგისტრატურა საზღვარგარეთ? მარტო? შენ ხომ დავითის ერთადერთი სუსტი წერტილი ხარ"- ნინამ სარკეში თავის ანარეკლს თვალი ჩაუკრა და თმები გადაიწია. მას აბრეშუმის ხალათი ეცვა, რომელიც მის ყოველ მოძრაობაზე შრიალებდა. "დავითი ყოველთვის დამთამხმდება, ელე, თუ კარგად ავუხსნი, რომ ეს ჩემი კარიერისთვისაა საჭირო"- ნინამ გაიღიმა და ოთახში გაიარა. -"თანაც, დედას უკვე მოეწონა იდეა, მას უყვარს, როცა ჭავჭავაძეების სახელი ევროპულ წრეებშიც ისმის. იცოდე დღეს საღამოს კლუბში მივდივართ, სწორედ ამის, ჩემი მომავალი თავისუფლების აღსანიშნავად" ნინას ოთახი მისი პატარა სამეფო იყო. აქ სრული ქაოსი სუფევდა: იატაკზე დაყრილი დიზაინერული ფეხსაცმელები, მაკიაჟის ათასგვარი საშუალება და კედელზე გაკრული პოლაროიდის ფოტოები, სადაც ის და ელენე თბილისის საუკეთესო წვეულებებზე იცინოდნენ. მას სჯეროდა, რომ ცხოვრება ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც ხედავდა: ლამაზი, ხმაურიანი და სრულიად უსაფრთხო. ნინამ არ იცოდა, რა ხდებოდა ქვედა სართულზე, მამის კაბინეტში. დავით ჭავჭავაძე ფანჯარასთან იდგა, სიგარას ეწეოდა და შორს, მთებისკენ იყურებოდა. მის მაგიდაზე კი იდო საქაღალდე, რომელზეც მსხვილი ასოებით ეწერა: „აბაშიძეების ჰოლდინგი". იმ მომენტში ნინასთვის სამყარო მხოლოდ საღამოს კაბის შერჩევა და გართობა იყო. მან არ იცოდა, რომ მისი თავისუფლების საათები უკვე დათვლილი იყო და ის პასუხისმგებლობა, რომელსაც არასდროს შეხებია, კარს მიღმა ელოდა. ნინამ შავი კაბა საწოლზე დააგდო და სავარძელში ჩაეშვა. ელენემ პლანშეტი გვერდზე გადადო და ბიძაშვილს ეშმაკურად შეხედა. "ნინ დღეს ვის გაგიჟებას აპირებ?"- ნეტავ ვისზე რას ამბობდა ქერა? "საერთოდ, თბილისელი ბიჭების პრობლემა ეგაა, ჰგონიათ, რომ თუ მამების ბიზნესებში წილები აქვთ, ჩემს ყურადღებასაც ავტომატურად მიიღებენ"- ნინამ თვალები აატრიალა. -"არავინ მჭირდება. მინდა, რომ ჩემი გადაწყვეტილებები მხოლოდ ჩემს ოთახში არ წყდებოდეს. აი, ნახავ, ლონდონში რომ წავალ, იქ საერთოდ სხვა სამყარო დამხვდება. აქ კი... აქ ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველას აკონტროლებს. ზოგჯერ მგონია, რომ ეს ქალაქი ერთი დიდი მისაღები ოთახია, სადაც მამაჩემი ზის და ყველას უყურებს"- ელენემ ამოიოხრა და წამოდგა. ნინასთან მივიდა და მხარზე ხელი გადახვია. "ჰო, ოღონდ მაგ მისაღებ ოთახში შენ ყველაზე სასურველი სტუმარი ხარ. დავითი შენზე აფანატებს, ნინა" "ჰოდა, ეგაა პრობლემაც"- ნინა ტელეფონს დასწვდა. -"ხანდახან მინდა, უბრალოდ ნინა ვიყო და არა "ჭავჭავაძეების ერთადერთი ქალიშვილი". მაგრამ დღეს... დღეს არანაირი დრამა! დღეს მხოლოდ მუსიკა და კოქტეილები" გოგოებმა მზადება დაიწყეს. ნინასთვის ეს პროცესი რიტუალს ჰგავდა – ყოველი ფუნჯის მოსმა, თმის ყოველი ღერი იდეალურად უნდა ყოფილიყო. ის არ ემზადებოდა უბრალოდ კლუბისთვის, ის ემზადებოდა თავისი როლისთვის: ყველაზე ლამაზი, ყველაზე მიუწვდომელი და ყველაზე დამოუკიდებელი გოგოს როლისთვის ამ ქალაქში. "ელე, ის წითელი ტუჩსაცხი მომაწოდე"- თქვა ნინამ და სარკეს ისე მიუახლოვდა, თითქოს საკუთარ ანარეკლში რაღაც პასუხს ეძებდა. იმ მომენტში მას ეამაყებოდა საკუთარი თავი. ეგონა, რომ მართავდა ყველაფერს: თავის საღამოს, თავის მომავალს და იმ ადამიანებსაც კი, ვინც მის გარშემო ტრიალებდნენ. "მზად ხარ?"- იკითხა ელენემ, როცა ბოლო შტრიხები დაასრულეს. "მზად ვარ. დღეს თბილისი ჩვენია"- ნინამ ჩანთას ხელი დაავლო და ოთახიდან ისე გავიდა, რომ შუქის ჩაქრობაც არ გახსენებია. *** კლუბის შესასვლელთან რიგი ისე გაიყო, თითქოს უხილავმა ძალამ გასასვლელი გაათავისუფლაო. ნინა ჭავჭავაძეს არ სჭირდებოდა არც სახელი და არც მოწვევა, მისი გამოჩენა თავისთავად ნიშნავდა, რომ წვეულება სწორედ ახლა იწყებოდა. შიგნით ნეონის ლურჯი და იასამნისფერი სხივები კვამლში იკარგებოდა, რიტმი კი ისეთი სიმძლავრით სცემდა, რომ ჰაერი ვიბრირებდა. "ნინა, ნახე, ვინ არიან იქ!"- ელენემ თვალით ერთ-ერთი VIP მაგიდისკენ ანიშნა, სადაც ნაცნობი სახეები ჩანდნენ, თუმცა ნინას მათთვის არც შეუხედავს. ის პირდაპირ ბარისკენ გაემართა. მისი ნაბიჯი თავდაჯერებული იყო, ტყავის კაბა კი სხეულზე ისე ეკრობოდა, რომ ყველა გამვლელის მზერას მაგნიტივით იზიდავდა. "ორი მოჰიტო"- გადასძახა ბარმენს და მაღალ სკამზე ისე მოკალათდა, თითქოს ეს ხმაურიანი სივრცე მისი პირადი ოთახი ყოფილიყო. მალე მათ ირგვლივ წრე შეიკრა. ბიჭები, რომელთა გვარებიც თბილისის ბიზნეს-კატალოგებში ფიგურირებდა, ცდილობდნენ მისი ყურადღება ერთი მოკლე ფრაზით მაინც მოეპოვებინათ. ნინა იცინოდა, კოქტეილს ნელა სვამდა და მათ ისე ესაუბრებოდა, თითქოს დიდსულოვნად ჩუქნიდა თითოეულ წამს. "ნინა, მართლა ლონდონში მიდიხარ?"- ჰკითხა ერთ-ერთმა, რომელიც მასთან ზედმეტად ახლოს იდგა. -"თბილისი უშენოდ ძალიან მოსაწყენი იქნება" "თბილისი ისედაც მოსაწყენია, გიო"- ნინამ ჭიქა ასწია და ირონიულად გაუღიმა. -"ზოგიერთებს უბრალოდ ჰგონიათ, რომ აქაურობა სამყაროს ცენტრია. მე კი მინდა ვნახო, რა ხდება იქ, სადაც არავინ იცის, ვინ არის მამაჩემი"- ცეკვის დროს ნინა თავს სრულიად დაკარგულად გრძნობდა. ის ხუჭავდა თვალებს და წარმოიდგენდა, რომ ეს მუსიკა იყო მისი ერთადერთი რეალობა. არანაირი გვარი, არანაირი მოვალეობა, მხოლოდ სხეულის მოძრაობა და ადრენალინი. საღამო მხიარულების პიკზე იყო, როცა ნინას ტელეფონმა ვიბრირება დაიწყო. ეკრანზე "ლიზა" ეწერა. ნინამ თვალები აატრიალა და ზარი გათიშა. "დღეს არა, დედა, დღეს ჩემი ღამეა", – გაიფიქრა მან და ისევ ცეკვა გააგრძელა. ნინა და ელენე ერთმანეთს არ სცილდებოდნენ. ელენე მისთვის ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვისთანაც ნინას შეეძლო აკრული ღიმილი ჩამოეხსნა და უბრალოდ გიჟურად მოქცეულიყო. როცა დიჯეიმ რიტმი ააჩქარა, ნინამ იგრძნო, რომ იატაკი აღარ ჰყოფნიდა. ადრენალინი და ალკოჰოლი მის სისხლში ერთმანეთს ერწყმოდა. "ელე, შემომხედე!"- ელენე იცინოდა და ნინას ხელებს ახმარდა, როცა გოგონა მოულოდნელად მაგიდაზე ავარდა. ნინა მაგიდაზე იდგა, ნეონის შუქი მის კანზე იცვლებოდა, ირგვლივ კი აღფრთოვანებული ბიჭების გუნდი ბედნიერებით უსტვენდა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ნინას მთელი ღამე თვალს არ აცილებდა, მასთან ერთად აჰყვა რიტმს, მაგიდაზე ავიდა, ხელი წელზე მოხვია და ნინამაც, სრულიად თავისუფალმა და მთვრალმა, თავი უკან გადააგდო და აჰყვა. იმ წამს მას ეგონა, რომ კლუბის ჭერი ცა იყო, თვითონ კი ვარსკვლავი. ელენე ქვემოდან უყურებდა, იცინოდა და ნინას ბედნიერებით ხარობდა. მათთვის ეს იყო უბრალო გართობა, ერთი ჩვეულებრივი ღამე, სადაც წესები არ არსებობდა. ნინამ არ იცოდა, რომ სიბნელეში რამდენიმე ტელეფონის კამერა სწორედ მისკენ იყო მომართული, მისთვის ეს თავისუფლების პიკი იყო. *** მეორე დღის მზემ ნინას ოთახში დაუნდობლად შემოაღწია. გამოღვიძება მტკივნეული იყო. თავის ტკივილი ყოველ მოძრაობაზე აწუხებდა. ნინა საწოლში გაშხლართულიყო, აბრეშუმის საბანი ნაწილობრივ იატაკზე ეგდო, წინა ღამის მაკიაჟს კი ოდნავ დაესვარა ბალიშს. მან თვალები ძლივს გაახილა და საათს შეხედა – პირველის ნახევარი იყო. სწორედ ამ დროს კარი გაიღო. არანაირი კაკუნი, მხოლოდ მკვეთრი, ნაცნობი მოძრაობა. ლიზა დადიანი შემოვიდა. ის უკვე სრულიად გამოწყობილი იყო, მუქი ლურჯი ორეული, იდეალური ვარცხნილობა და ისეთი გამომეტყველება, რომელიც კარგს არაფერს მოასწავებდა. მან ერთი ხელის გაკვრით გადასწია ფარდები და ოთახი დღის შუქით აივსო. "დედა, გთხოვ..."- ნინამ ხელი თვალებზე აიფარა. "ადექი, ნინა. თხუთმეტ წუთს გაძლევ თავის მოსაწესრიგებლად"- ლიზას ხმაში არანაირი სითბო არ იგრძნობოდა. ისე საუბრობდა, თითქოს საქმიან შეხვედრაზე ყოფილიყო. "რა მოხდა? ასეთი სასწრაფო რა არის?"- ნინა ნელა წამოჯდა, თმა ასჩეჩვოდა და ვერ ხვდებოდა, რატომ იყო დედამისი ასეთი დაძაბული. "მამაშენი კაბინეტში გელოდება. მნიშვნელოვანი საუბარია. და გირჩევ, ისეთი სახით არ შეხვიდე, თითქოს მთელი ღამე კლუბებში ათენებდი, თუნდაც ეს სიმართლე იყოს"- ლიზა ისე გავიდა, რომ პასუხს არც დალოდებია. ნინა რამდენიმე წამით გაუნძრევლად იჯდა. შიგნით, სადღაც მუცლის არეში, უსიამოვნო სიცივე იგრძნო. ეს არ ჰგავდა ჩვეულებრივ საყვედურს. მან ნაჩქარევად გადაივლო ცივი წყალი, სახეზე "ნიღაბი" მოირგო და შიშველი ფეხებით მამის კაბინეტისკენ გაეშურა. დავით ჭავჭავაძის კაბინეტის კარი მძიმე იყო, მუხის ხისგან ნაკეთები. ნინამ ღრმად ჩაისუნთქა, სახელურს ხელი მოჰკიდა და შიგნით შევიდა. დავითი მაგიდასთან იჯდა. წინ რამდენიმე დოკუმენტი ედო და მათ ისეთი კონცენტრაციით უყურებდა, თითქოს შვილის შემოსვლა არც შეუმჩნევია. "დაჯექი, ნინა"- თქვა მან ისე, რომ თავი არ აუწევია. -"სასაუბრო გვაქვს. და მინდა, რომ ამჯერად ყველაფერს სერიოზულად მოეკიდო"- ნინა სავარძელში ჩაეშვა. კლუბის ნეონის ნათება და თავისუფლების ის განცდა, რომელიც გუშინ ჰქონდა, საბოლოოდ გაუქრა. ნინა სავარძელში ჩაეშვა და სცადა, ხმაში თავდაჯერებულობა დაებრუნებინა. "მამა, თუ გუშინდელზე გინდა საყვედური, ელენესთან ვიყავი და..." "ელენესთან იყავი?"- დავითმა სიტყვა გააწყვეტინა და ნელა ასწია თავი. მის მზერას გოგონამ თვალი აარიდა. -"აი, შენი „ელენესთან ყოფნა" მან მაგიდაზე რამდენიმე ფერადი ფოტო დაახეთქა. ნინას გული შეეკუმშა. ფოტოებზე ის იყო – მაგიდაზე შემდგარი, თვალებდახუჭული, ვიღაც უცხო ბიჭის მკლავებში, რომელიც მას ზედმეტად მჭიდროდ ეხებოდა. კადრები ისეთი მკაფიო იყო, რომ ნინამ კლუბის მუსიკის ხმაც კი გაიგონა იმ წამს. "ეს ფოტოები დღეს დილით ჩემს მაგიდაზე იდო, ნინა. სანამ შენ გეძინა, ეს კადრები უკვე ნახევარმა თბილისმა ნახა"- დავითის ხმა დაბალი იყო, რაც ბევრად უფრო მკაცრად ჟღერდა, ვიდრე ყვირილი. -"შენ გგონია, რომ ჭავჭავაძის გვარი მხოლოდ პრივილეგიაა? არა, ეს პასუხისმგებლობაა, რომელიც შენ ფეხქვეშ გათელე ამ შენთვის უცხო კაცთან ერთად" "მამა, ეს უბრალოდ ცეკვა იყო... მე 21 წლის ვარ!"- ნინას ხმა აუკანკალდა, მაგრამ კის ხმაში ბრაზი უფრო იგრძნობოდა, ვიდრე სინანული. "21 წლის ხარ და ჯერ კიდევ ვერ ხვდები, რომ შენი ყოველი ნაბიჯი ჩემი ბიზნესის ნაწილია"- დავითი წამოდგა და მაგიდას დაეყრდნო. -"ამ ფოტოებმა დღეს ჩემს პარტნიორებთან საუბარი გამირთულა. შენი "თავისუფლება" მე ძალიან ძვირი მიჯდება. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ამ თამაშს წერტილი დავუსვათ" მან ნინას წინ ახალი საქაღალდე დადო. "გუშინ ლეპტოპი ჩართული დაგრჩენია, ლიამ ნახა. შენ გგონია ლონდონში წასვლის უფლებას მოგცემ? აქ რანაირად იქცევი და იქ სრულიად აშვებულზე რას იზამ?"- ნინამ საშინელი ბრაზი იგრძნო დამხმარე ქალის, ლიას მიმართ. -"ლონდონზე დაივიწყე. შენ თბილისში რჩები. და შენს მომავალს ახლა უკვე მე ვმართავ" ნინამ საქაღალდეს დახედა. მასზე „აბაშიძეების ჰოლდინგის" ლოგო ეხატა. "მამა გავიწყდება სრულწლოვანი, რომ ვარ?" დავითმა ირონიულად ჩაიღიმა. ეს არ იყო სიცილი, ეს იყო იმ კაცის რეაქცია, რომელმაც წინასწარ იცის, რომ მოწინააღმდეგე წაგებულ თამაშშია. მან ნელა გადახედა მაგიდაზე მიმოფანტულ ფოტოებს, შემდეგ კი ისევ შვილს მიაჩერდა. "სრულწლოვანი?"- გაიმეორა მან მშვიდად. -"სრულწლოვანება მხოლოდ ციფრები არ არის, შვილო. ეს პასუხისმგებლობაა, რომელსაც შენ ვერ გაუმკლავდი. სანამ ამ სახლში ცხოვრობ, ჩემს ფულს ხარჯავ და ჩემს გვარს ატარებ, შენი „სრულწლოვანება" მხოლოდ იურიდიული ფორმალობაა"- დავითმა თითი საქაღალდეზე დააკაკუნა. "ამ საქაღალდეში დევს დოკუმენტები, რომლებიც ჭავჭავაძეებისა და აბაშიძეების ბიზნესების გაერთიანებას ეხება. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენი პოზიციები ბაზარზე შეურყეველი გახდეს. და ამ გაერთიანების მთავარი პირობა..."- მან პაუზა გააკეთა, თითქოს ნინას რეაქციას აკვირდებოდა -"შენი და ბათუ აბაშიძის ქორწინებაა." ნინას ეგონა, რომ მოესმა. ოთახში ჰაერი ერთბაშად გაიყინა. მას უნდოდა გაეცინა, ეთქვა, რომ ეს მამამისის კიდევ ერთი სასტიკი ხუმრობა იყო, მაგრამ დავითის თვალებში მხოლოდ სიცივე ჩანდა. "რა?"- ძლივს ამოთქვა ნინამ. -"ბათუ აბაშიძე? მამა, შენ საერთოდ გესმის, რას ამბობ? მე მას საერთოდ არ ვიცნობ! ეს შუა საუკუნეები არ არის! შენ ვერ გაყიდი შენს შვილს ვიღაცის ბიზნეს პარტნიორობის გამო! "მე არავის ვყიდი"- დავითის ხმა ახლა უფრო მყარი იყო. -"მე შენს მომავალს ვაზღვევ. აბაშიძეების ოჯახი ჩვენი სტილისა და დონის ხალხია. ლევან აბაშიძე ჩემი დიდი ხნის პარტნიორია. მისი ვაჟი, ბათუ, განათლებული, პერსპექტიული ბიჭია. ეს ქორწინება ორივე ოჯახისთვის სტაბილურობის გარანტიაა" "სტაბილურობის?"- ნინა ფეხზე წამოვარდა. ბრაზი ისეთი ძლიერი იყო, რომ ხელები უთრთოდა. -"შენ გინდა, რომ ჩემი ცხოვრება ბიზნეს-კონტრაქტად აქციო? არანაირი ქორწინება არ იქნება! მე არ ვაპირებ შენს თამაშებში მონაწილეობას. ხვალვე წავალ ამ სახლიდან, თუ საჭიროა!" დავითი არც კი განძრეულა. მან მშვიდად აიღო საქაღალდე და ნინას მიაწოდა. "წადი"- თქვა მან მოულოდნელად. -"შეგიძლია წახვიდე. ოღონდ, იცოდე: იმ წამსვე, როცა ამ კარს გაიხურავ, ყველა შენი საბანკო ბარათი დაიბლოკება. შენი ავტომობილი ოჯახის საკუთრებაა და მას აქ დატოვებ. ლონდონის სწავლის საფასურს, რომელიც უკვე გადავრიცხე, უკან გამოვითხოვ. შენ დარჩები მხოლოდ ნინა – გვარისა და ფინანსების გარეშე. ვნახოთ, რამდენ ხანს გასტანს შენი „სრულწლოვანება" და თავისუფლება თბილისის ქუჩებში" ნინა გაოგნებული უყურებდა მამას. ის ვერ იჯერებდა, რომ კაცი, რომელიც მას ყოველთვის „პრინცესას" ეძახდა, ახლა ასე დაუნდობლად უსვამდა ხაზს მის უსუსურობას. "შენ ამას არ იზამ..."- ჩაილაპარაკა მან, თუმცა ხმაში დარწმუნებულობა აღარ ჰქონდა. "მე ეს უკვე ვქენი, ნინა. გადაწყვეტილება მიღებულია"- დავითი სავარძელში გადაწვა და შვილს თვალი თვალში გაუყარა. -"თუმცა, იცოდე, მე ბევრს არაფერს გთხოვ. ეს არ არის უვადო პატიმრობა. სულ რაღაც ერთი წელი. თუ ამ ერთ წელიწადში დაამტკიცებ, რომ შეგიძლია დაჭკვიანდე, მოიპოვებ ჩემს ნდობას და მორჯულდები, პირობას გაძლევ ლონდონში წახვალ. სწავლის საფასური უკვე გადახდილია და შენს ლოდინში არაფერი მოუვა. ერთი წელი ჭავჭავაძეებისა და აბაშიძეების კავშირისთვის, სანაცვლოდ კი შენი თავისუფლება" ნინა გაოგნებული უყურებდა მამას. ეს "ერთი წელი" მის ყურში განაჩენივით ჟღერდა, მაგრამ ამავდროულად ერთადერთი იმედი იყო. "ერთი წელი..."-გაიმეორა მან ჩურჩულით. "დიახ. მომავალ კვირას ვახშამია. აბაშიძეები ჩვენთან მოდიან. შენ იქ იქნები, გაიღიმებ და მოიქცევი ისე, როგორც ჭავჭავაძის ქალს შეეფერება. ახლა კი, გადი. თავი მტკივა შენი კივილისგან" ნინამ საქაღალდეს ხელი სტაცა, კარი ისეთი ძალით გაიხურა, რომ მძლეოსანს შეშურდებოდა. მას სჭირდებოდა ჰაერი, სჭირდებოდა ელენე, მაგრამ ყველაზე მეტად სჭირდებოდა გეგმა, როგორ გადაეტანა ეს ერთი წელი ისე, რომ საკუთარი თავი არ დაეკარგა ამ დიდ ბიზნეს-თამაშში. თან ფიქრობდა და ეშინოდა, იმის თუ როგორ უნდა ეცხოვრა სრულიად უცხოსთან თუნდაც ერთი წლით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



