პირობითი სიყვარული (თავი 3)
31 იანვრის დილა თბილისის გარეუბანში მდებარე მდიდრულ ვილაში ისეთივე გამაღიზიანებლად მოღრუბლული გათენდა, როგორც ნინას განწყობა. სახლი, რომელიც საგანგებოდ ქორწილისთვის იყო დაქირავებული, თეთრი ყვავილებით აევსოთ და ნინას თვალში ეს ყველაფერი საშინელ გემოვნებასა და ფუფუნების უაზრო დემონსტრირებას გავდა. გოგონა სარკის წინ იდგა. მას ეცვა სადა, თეთრი, სხეულზე გამოყვანილი ატლასის კაბა. არანაირი მაქმანები, არანაირი "პრინცესული" გაბერილი კალთები, მხოლოდ თეთრი ქსოვილი, რომელიც მის თითოეულ მოძრაობას ჰყვებოდა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები იატაკზე ისეთი ხმით კაკუნებდნენ, რომ ნინას საკუთარი თავიც კი ნერვებს უშლიდა. "ნინა, გთხოვ, სუნთქვა შეიკარი, ელვა ბოლომდე უნდა ამოვწიო"- ამოიოხრა ელენემ, რომელიც უკვე ნახევარი საათი იყო, მეგობრის გარშემო დაფუსფუსებდა. დღეს მასაც დიდი როლი ჰქონდა, თავისი მეგობრის ხელის მომკიდე უნდა ყოფილიყო. "მეტი რაღა შევიკრა, ელე, ისედაც ვერ ვსუნთქავ ამ სახლში!"- ნინამ სარკიდან მეგობარს გახედა. -"შეხედე ჩემს სახეს, მართლა გგონია, რომ ვინმეს სჯერა ამ ბედნიერი პატარძლის როლის? მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ მისი შვილი საუკეთესო „ვალუტაა" ბაზარზე და აჰა, გამომაწყვეს კიდეც შესაბამისად" "ნინ, საოცრად ლამაზი ხარ, მართლა,”- სცადა ელენემ დაწყნარება. -"უბრალოდ... ეცადე, დღეს მაინც არ აჩვენო ყველას, როგორ გძულს ეს ყველაფერი. ბათუ.." "ბათუ საერთოდ ცალკე თემაა!"- ნინა მკვეთრად შემობრუნდა და კაბის კალთა ფეხებში აებლანდა, რაზეც კიდევ უფრო გაბრაზდა. -"ის ტიპი ისეთი თავდაჯერებულია, გეგონება მართლა რაღაც საჩუქარი გამიკეთა ამ ქორწინებით. საერთოდ არ ადარდებს, მე რას ვფიქრობ. დგას თავისი იდეალური სიფათით და ისეთ სახეს იღებს, თითქოს ყველაფერს აკონტროლებს. მეზიზღება მაგისი სიმშვიდე! იცი, რა მინდა? აი, იმ საკურთხეველთან რომ საერთოდ არ მივიდე!" "ნინა, არ გაბედო!"- ელენემ თაიგული მიაწოდა. -"მამაშენი იქაა, მთელი თბილისი გიყურებს. უბრალოდ გაუძელი ამ რამდენიმე საათს" "გავუძლებ, აბა რას ვიზამ"- ნინამ თაიგულს ხელი მაგრად მოუჭირა. -"მაგრამ ჩემი მომავალი, ძვირფასი, ქმარი მწარედ ინანებს, რომ ამ ყველაფერს დასთანხმდა. ჰგონია, რომ წყნარ და მორჩილ ცოლს მიიყვანს სახლში? ვნახოთ... ვნახოთ, როგორია, როცა შენი ცხოვრება ერთ დღეში თავდაყირა დგება" ამ დროს კარზე მძღოლმა დააკაკუნა. ნინამ ღრმად ჩაისუნთქა, სარკეში საკუთარი თავი ერთხელაც შეათვალიერა, ზურგში გაიმართა და ოთახიდან ისე გავიდა, თითქოს ყველაზე მოსაწყენ, მაგრამ სავალდებულო შეხვედრაზე მიდიოდა. ცდილობდა რაიმე დადებითი მაინც მოეძებნა ამ დღისთვის, მაგრამ ვერაფრით შეძლო. *** ბათუ სარკის წინ იდგა და საკუთარ ანარეკლს ისე უყურებდა, თითქოს უცხო ადამიანს ათვალიერებდა. სანდრო გვერდით ედგა და მის პიჯაკის ბოლო შტრიხებს ასწორებდა. უტა კი, ჩვეულებისამებრ, ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარიყო, ცალ ხელში ჭიქა ეჭირა და ძმას ეშმაკური მზერით აკვირდებოდა. ", ცოტა მოეშვი"- თქვა უტამ და ჭიქა ჰაერში შეათამაშა. -"ისეთი სახე გაქვს, გეგონება ციმბირში მიდიოდე და არა საკუთარ ქორწილში. მთელი ქალაქი მანდ იქნება, ყველა შენ გიყურებს" ბიჭმა იგრძნო, როგორ მოუჭირა ყელში ჰალსტუხმა, თითქოს ჟანგბადი აღარ ჰყოფნიდა. არადა, იცოდა, რომ იდეალურად იყო შეკრული. მან გაუაზრებელი მოძრაობით ხელი მიიტანა ყელთან, კვანძი მკვეთრად მოუშვა და ჰალსტუხი საერთოდ მოიხსნა. "ყელში მიჭერს”- ჩაილაპარაკა ბათუმ და შავი ნაჭერი მაგიდაზე დააგდო. -"ვერ ვიტან ამ ოფიციალურობას, უბრალო ხელის მოწერა გვერჩივნა, მეც და ჩემს მომავალ ცოლსაც"- უკანასკნელ სიტყვებზე გადახარხარება მოუნდა. "ეგ ჰალსტუხი კი არ გიჭერს, ძმაო, ეგ პასუხისმგებლობა გგუდავს"- მშვიდად თქვა სანდრომ, ჰალსტუხი აიღო და ისევ ბათუს მიაწოდა. -"მაგრამ სხვა გზა არ გაქვს. დღეს ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. ნინა ჭავჭავაძე რთული გოგოა, ყველამ იცის მისი ხასიათი, მაგრამ დღეს ის შენი ცოლი ხდება. ეცადე, ქალაქს სალაპარაკო არ მისცე" "ნინა..."- გაიმეორა ბათუმ და ჰალსტუხი ისევ გამოართვა. -"ნინა უბრალოდ თავნებაა. ჰგონია, რომ თუ დღეს ფეხებს დააბაკუნებს, რამე შეიცვლება. სინამდვილეში კი, ორივე ერთ ნავში ვართ და ორივეს გვეზიზღება ეს სიტუაცია" "გეზიზღებათ თუ არა, ერთი რამ ფაქტია"- ჩაერთო უტა და ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა. -"დღეს მაგაზე ლამაზ პატარძალს თბილისში ვერ ნახავ. ვიღაც ტიპები ლაპარაკობდნენ, ისეთი კაბა შეურჩევია, ნახევარი თბილისი გულის შეტევას მიიღებსო. მართალია, მწარე ენა აქვს და ხასიათი ფეთქებადი, მაგრამ აბაშიძეებს ყოველთვის გემოვნება გვქონდა"- ბათუმ ირონიულად ჩაიღიმა და ჰალსტუხი ხელახლა გაიკეთა, ამჯერად უფრო თავისუფლად. "სილამაზე ბიზნესში ვერ დაგვეხმარება, უტა. მე მჭირდება სტაბილურობა, ნინა კი მოსიარულე ქაოსია. უბრალოდ მინდა ეს საღამო მალე დამთავრდეს. სახლში მივალთ, კარებს ჩავკეტავთ და ყველა თავის ცხოვრებას დაუბრუნდება" "ვნახოთ, ვნახოთ"- მხარზე ხელი დაჰკრა სანდრომ. -"მგონი, შენ სათანადოდ ვერ აფასებ იმას, რაც დღეს იწყება. წავედით, მანქანები უკვე ეზოშია"- ბათუმ ბოლოჯერ შეისწორა პიჯაკი. შინაგანი მოუსვენრობა არ ტოვებდა. *** სანამ ბათუ და ბიჭები ოთახიდან გავიდოდნენ, მისაღებში ლევან აბაშიძე და დავით ჭავჭავაძე ერთმანეთს შეხვდნენ. ორივე კაცი ისე გამოიყურებოდა, თითქოს დიდებული ბრძოლის წინ სტრატეგიას სახავდნენ. "ყველაფერი მზად არის?"- იკითხა დავითმა და საათს დახედა. -"ნინა უკვე მზად არის. იმედი მაქვს, ბათუც მზადაა იმისთვის, რაც წინ ელოდება. ჩემი ქალიშვილი მარტივი ადამიანი არ არის" "ჩემი ბიჭი ყველაფრისთვის მზადაა, დავით"- მშვიდად უპასუხა ლევანმა და მეგობარს მხარზე ხელი დაადო. -"ზუსტად მაგიტომ გადავწყვიტეთ, რომ მათთვის ცალკე სახლი გვეყიდა. მათ სივრცე სჭირდებათ, რომ ერთმანეთს შეეჩვიონ" "სწორი გადაწყვეტილებაა"- დაეთანხმა დავითი. -"მათ ახალ სახლში სიმშვიდე იქნება. არ მინდა, ვინმე მათ ურთიერთობაში ჩაერიოს და ეს ჩარევა ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს. იქ, იმ სახლის კედლებში, მხოლოდ თვითონ იქნებიან. ან საერთო ენას გამონახავენ, ან..." "ან ერთმანეთს დახოცავენ"- გაეცინა ლევანს. -"მაგრამ ბიზნესი ბიზნესია. მთავარია, ხალხმა დაინახოს, რომ აბაშიძეების და ჭავჭავაძეების გაერთიანება მხოლოდ ფურცელზე არ არსებობს. მათ ახალი ოჯახი აქვთ" სანამ მშობლები სტუმრების მიღებით იყვნენ დაკავებულნი, ბათუმ სანდროსა და უტას ანიშნა, ცოტა ხნით მარტო დამტოვეთო. მან ზუსტად იცოდა, რომელ ოთახში ელოდებოდა გოგო. ოთახში ნინა და ელენე იყვნენ. ელენე მაშინვე ფეხზე წამოდგა, როცა სიძე დაინახა. ნინა კი სარკის წინ იჯდა, ზურგით კარისკენ. "ელენე, თუ შეიძლება ცოტა ხნით უტასთან გადი, რაღაცა აინტერესებდა ქორწილზე"- თქვა ბათუმ დაბალი, მტკიცე ხმით. ელენემ ნინას გადახედა, გოგონამ კი მხოლოდ თავი დაუქნია დაგვტოვეო. კარი დაიხურა. ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. ბათუ ნელა მიუახლოვდა და სარკეში ნინას ანარეკლს დააშტერდა. "არ მეგონა, თუ ასე გიხდებოდა თეთრი ფერი"- ჩაილაპარაკა ბიჭმა და მის უკან დადგა. ნინამ სარკეშივე აზიზღით შეხედა. "ჩემს დაცინვას თუ აპირებ, შეგიძლია გარეთ გახვიდე. იქ სტუმრები გელოდებიან" "არ დაგცინი"- ბათუ დაიხარა და ხელები სავარძლის საზურგეს დააყრდნო, ისე რომ მისი სახე ნინას სახესთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა. -"უბრალოდ მოვედი, რომ შეგახსენო: გარეთ რომ გავალთ, ყველამ უნდა დაიჯეროს, რომ ეს შენი ცხოვრების საუკეთესო დღეა. არ მინდა, ვინმემ ეჭვი აიღოს"- ნინა მკვეთრად შემობრუნდა. მათი სახეები ახლა ერთმანეთისგან სულ რამდენიმე სანტიმეტრით შორს იყო. ბათუმ მისი აჩქარებული სუნთქვა იგრძნო. "შენ რა, მართლა გგონია, რომ შეგიძლია მიბრძანო როგორ გავიღიმო?"- ნინას ხმა ბრაზისგან უთრთოდა. -"ეს ქორწილი შენი და მამაჩემის მორიგი გარიგებაა. მე ჩემი როლი ვითამაშე - კაბა ჩავიცვი. მეტს ნუ მთხოვ" - ბათუმ ხელი ნაზად მოჰკიდა ნიკაპზე და აიძულა, თვალებში ჩაეხედა. "მე არ გთხოვ, ნინა. მე გეუბნები. თუ ვინმე მიხვდება, რომ ერთმანეთის დანახვაც არ შეგვიძლია, აქციების ფასი იმაზე სწრაფად დაეცემა, ვიდრე შენ რამეს მიაღწევ. ასე რომ, ადექი, აიღე შენი თაიგული და გარეთ ისე გადი, თითქოს მართლა გიხაროდეს ჩემი ცოლობა"- ნინამ მისი ხელი უხეშად მოიშორა. "მეზიზღები, ბათუ აბაშიძე" "ვიცი"- ჩაიღიმა ბათუმ და კარისკენ გაბრუნდა. -"მაგრამ იცი, რა არის ყველაზე სასაცილო? ზიზღი გაცილებით უფრო გულწრფელი ემოციაა, ვიდრე ის სიყვარული, რომელსაც გარეთ სტუმრები ჩვენგან ელიან" ნინამ ღრმად ჩაისუნთქა. ბათუ კართან გაჩერდა, ზურგით იდგა და ელოდებოდა. მან იცოდა, რომ გოგონას დრო სჭირდებოდა. როცა ნინა ფეხზე წამოდგა, ატლასის კაბის შრიალმა ოთახში სიჩუმე დაარღვია. ბათუ შემობრუნდა. მისი მზერა ახლა უფრო მშვიდი იყო. მან დაინახა ნინას აკანკალებული თითები, რომლებიც თაიგულს ისე უჭერდნენ, თითქოს გადარჩენის ერთადერთი გზა ის ყოფილიყო. "ნინა"- თქვა მან დაბალი ხმით. -"ვიცი, რომ არცერთს არ გვინდოდა ეს დღე ასე ყოფილიყო. მაგრამ ახლა, როცა იმ კარებს გავაღებთ, მე შენი მტერი კი არა, შენი საყრდენი ვიქნები. ხელი ჩამკიდე"- ნინამ გაოცებით შეხედა. ელოდა ირონიას, ელოდა მორიგ მწარე სიტყვას, მაგრამ ბათუს ტონი ახლა სხვა რამეზე მეტყველებდა. -"არავის მივცემ უფლებას დღეს შენზე რამე ზედმეტი თქვას. უბრალოდ მენდე, სულ რამდენიმე საათით"- ნინამ ყოყმანით გასწია ხელი. ბათუს სხეულის სითბომ უნებურად დაამშვიდა. "კარგი, ბათუ"- ჩაილაპარაკა ნინამ და თავი ამაყად ასწია. -"ვნახოთ, როგორი მსახიობი ხარ" ბათუმ ჩაიღიმა და კარი გამოაღო. დარბაზში ასობით სტუმარი ფეხზე წამოდგა. პროჟექტორების შუქი პირდაპირ მათკენ იყო მიმართული. ნინამ იგრძნო, როგორ გაუქვავდა სხეული. დავით ჭავჭავაძე და ლევან აბაშიძე დარბაზის ბოლოში იდგნენ და კმაყოფილი სახეებით უყურებდნენ შვილებს. ნინა ყველაფერს ბუნდოვნად ხედავდა. წყვილმა თავიანთი სახელების გვერდით ხელი მოაწერეს, მათი ქორწინება კი სანდროს და ელენეს მიერ დადასტურდა. "გილოცავთ!"- გაისმა დარბაზში და აპლოდისმენტების ტალღამ ყველაფერი დაფარა. ბათუ ნინას წინ დადგა, ორივე ხელი ლოყებზე დაადო და აკოცა, თუმცა მხოლოდ მათ იცოდნენ, რომ ბათუს ცერა თითი იყო მათ ტუჩებს შორის ბარიერი. *** საღამო იწურებოდა. რესტორნის გრანდიოზულ დარბაზში, სადაც რამდენიმე საათის წინ აპლოდისმენტების ხმა არ წყდებოდა, ახლა მხოლოდ სიჩუმე და ნაჩქარევად მიტოვებული მაგიდების სევდიანი იერი სუფევდა. სტუმრები ნელ-ნელა დაიშალნენ. ამაღლებულ ადგილზე მსხდომი ახალდაქორწინებულები და მეჯვარეები გადაღლილობისგან ძლივს ინარჩუნებდნენ ზრდილობიან გამომეტყველებას. ნინას ეჩვენებოდა, რომ მას ღიმილი სახეზე სამუდამოდ შეახმა, ყოველი მომდევნო განვლილი წუთი კი სულ უფრო მეტად აუტანელი ხდებოდა. ელენე ხშირად გადახედავდა მეგობარს, თითქოს მის თვალებში იმ ძალის პოვნას ცდილობდა, რომელიც ნინას ფეხზე დგომაში ეხმარებოდა. სანდრო და ბათუ კი ჩუმად, მხოლოდ მათთვის გასაგონი ფრაზებით ცვლიდნენ აზრებს ბიზნესსა და ხვალინდელ გეგმებზე, თითქოს ეს ქორწილი მხოლოდ მცირე შესვენება ყოფილიყო მათ გადატვირთულ გრაფიკში. ბოლოს, როცა დარბაზი თითქმის დაიცალა, დავითი და ლევანი მათთან მივიდნენ. ორივე მამა კმაყოფილი ჩანდა - სპექტაკლმა იდეალურად ჩაიარა, თბილისი კიდევ დიდხანს ისაუბრებდა ამ დღეზე. "მგონი, დროა დავიშალოთ"- თქვა დავითმა მბრძანებლური ტონით. -"ნინა, ბათუ, თქვენი ცხოვრება ახლა იწყება"- ბათუ ფეხზე წამოდგა, მხრებში გასწორდა და ნინას ხელი გაუწოდა. რესტორნიდან ყველანი ერთად გამოვიდნენ. იანვრის ცივმა ჰაერმა ნინას სახეზე სასიამოვნოდ დაჰბერა, თითქოს დარბაზის ჩახუთული ატმოსფეროსგან გაათავისუფლაო. მანქანებთან მისულები შეჩერდნენ. ნინამ იგრძნო, როგორ აუკანკალდა მუხლები – ეგონა, რომ ახლავე მოუწევდა ქმრის მანქანაში ჩაჯდომა და იმ ახალი, უცხო სახლისკენ წასვლა, რომელიც მისთვის საპყრობილესთან ასოცირდებოდა. თუმცა, ბათუმ ყველასთვის მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა. მან დავითს შეხედა, შემდეგ კი მზერა ნინაზე გადაიტანა. "ბატონო დავით, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ნინა დღეს თქვენთან წამოვა"- თქვა ბათუმ მშვიდად -"ბევრი ნივთი აქვს წამოსაღები, ალბათ დამშვიდობებაც უნდა თავის ოთახთან. დღეს ორივე ძალიან გადავიღალეთ და მირჩევნია, ხვალ დილით მშვიდად გადავიდეთ სახლში" დავითმა წარბები აზიდა. ეს არარსებული წესების დარღვევა იყო, მაგრამ ბათუს ლოგიკამ და მისმა მტკიცე გამოხედვამ დაარწმუნა. "როგორც გინდათ"- მოკლედ მოუჭრა დავითმა. -"ნინა, დღეს წამოდი ჩვენთან" ბათუ ნინასთან მივიდა. ისე ახლოს დადგა, რომ გოგონამ მისი სუნამოს მძაფრი, გრილი სურნელი იგრძნო. "გეძლევა ერთი ბოლო ღამე შენს ოთახში"- ჩუმად, მხოლოდ მისთვის გასაგონად ჩაილაპარაკა ბიჭმა. -"გამოიყენე ეს დრო იმისთვის, რომ კარგად გააცნობიერო: ხვალიდან შენი ცხოვრება ჩემს სახლში და ჩემი წესებით გრძელდება" "მადლობა „კეთილშობილებისთვის", ქმარუკა"- ჩაილაპარაკა ნინამ ირონიით, თუმცა გულში სიმსუბუქე იგრძნო. -"არ მეგონა, თუ ასე ადვილად გამიშვებდი" "ხვალ დილით თერთმეტზე გამოგივლი. არ დაიგვიანო"- ბათუ თავის მანქანაში ჩაჯდა და სანდროსთან ერთად დაიძრა. ნინა კი მშობლების მანქანის უკანა სავარძელზე მოკალათდა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია, ფანჯრიდან თბილისის განათებულ ქუჩებს უყურებდა და ცდილობდა დაემახსოვრებინა ეს მარტოობა. სახლში მისულმა, პირდაპირ თავის ოთახში აირბინა. კარი ჩაკეტა და ზურგით მიეყრდნო. ოთახი ზუსტად ისეთივე დახვდა, როგორიც დილით დატოვა – მისი წიგნები, მისი ნახატები, მისი სურნელი... მაგრამ ყველაფერი უცხოდ ეჩვენებოდა. სარკის წინ დადგა და თავის ანარეკლს დააშტერდა. თითზე ბრილიანტის ბეჭედი უბრწყინავდა, რომელიც ყოველ წამს ახსენებდა, რომ ის უკვე ვიღაცის ცოლი იყო. მან ნელა დაიწყო კაბის გახდა, თითქოს ამით იმ ხელოვნურ ნიღაბსაც იხსნიდა, რომელიც მთელი დღე ეკეთა. თეთრი ატლასი იატაკზე დაეშვა. ნინამ ღრმად ამოისუნთქა. ეს იყო მისი ბოლო ღამე თავისებურ თავისუფლებაში, ბოლო ღამე ჭავჭავაძეების სახლში. ხვალ თერთმეტ საათზე მისი ცხოვრება თავდაყირა დადგებოდა და ამჯერად გვერდით აღარც ელენე ეყოლებოდა და აღარც მამის ავტორიტეტი დაიცავდა. მხოლოდ ის და ბათუ იქნებოდნენ - ორი ადამიანი, რომელთა ბედისწერაც დიდი ხნის წინ დაიწერა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


