პირობითი სიყვარული (თავი 10)
მარტის მზის სხივები მისაღებ ოთახში დაუნდობლად იჭრებოდნენ, თითქოს სპეციალურად ეძებდნენ ბათუს დახუჭულ ქუთუთოებს. ბიჭმა ამოიხვნეშა, სხეული დაუმძიმდა, მაგრამ ინსტინქტურად ხელი იმ სითბოსკენ გააცურა, რომელიც მთელი ღამე მის მკერდს ათბობდა. ხელი სიცარიელეს მოხვდა. ბათუმ თვალები დააფახულა. დივანი ცარიელი იყო. მხოლოდ პლედი ეგდო უწესრიგოდ და ჰაერში ნინას ნაცნობი, ნაზი სუნი ტრიალებდა. წამით გული შეეკუმშა ეგონა, ყველაფერი დაესიზმრა, მაგრამ მეხსიერება სხვა რამეს ეუბნებოდა. ის სიტყვები... საკუთარი აღსარება, რომელიც ალკოჰოლმა ამოათქმევინა, ახლა თავში მჭედლის უროსავით ურტყამდა. ამ დროს ნინა სამზარეულოში იდგა და ყავის აპარატის ხმას უსმენდა. ის გაცილებით ადრე ადგა. როგორც კი იგრძნო, რომ ბათუს სუნთქვა შეიცვალა და გამოფხიზლების პირას იყო, მაშინვე ფეხაკრეფით გაეცალა. არ უნდოდა, ბიჭს მის მკლავებში გაღვიძების უხერხულობა ეგრძნო. არ უნდოდა, იმ ღამის ემოციებისთვის ოფიციალური სტატუსი მიენიჭებინათ. -ის უბრალოდ მთვრალი იყო.-ეუბნებოდა საკუთარ თავს და თან კვერცხს ტაფაზე გაუაზრებლად ტეხდა. „მთვრალი კაცის ბოდვაა და მეტი არაფერი. ნუ მიეჩვევი ამ სითბოს, ნინა, თორემ მერე წასვლა მართლა გაგიჭირდება." ფიქრებში გართულს, კიბეზე მძიმე ნაბიჯების ხმა შემოესმა. ბათუ უკვე სამსახურისთვის გამზადებულიყო, თეთრი პერანგი, საგანგებოდ გასწორებული საყელო და ის გაუვალი მზერა, რომელიც აბაშიძეების სავიზიტო ბარათი იყო. -დილა მშვიდობისა!-თქვა ნინამ ისე, რომ ტაფისთვის თვალი არ მოუშორებია. ხმაში მცირე თრთოლვა მაინც გაეპარა. -დილა მშვიდობისა!-მიუგო ბათუმ. ის მაგიდასთან დაჯდა. ნინამ თეფში წინ დაუდგა და ყავა დაუსხა. ბათუ ჩუმად საუზმობდა, ნინა კი ზურგით იდგა და თითქოს ფანჯრის ხედით იყო მოხიბლული. -ნინა...-დაარღვია სიჩუმე ბათუმ. ნინა მხრებში გასწორდა. -გუშინდელზე... ზედმეტი მომივიდა. ბევრი რამ ვთქვი, რაც არ უნდა მეთქვა.-ნინა შემობრუნდა. მის სახეზე სევდიანმა ღიმილმა გადაირბინა. -ნუ ღელავ, ბათუ. ვიცი, რომ სასმელი გალაპარაკებდა. მე უკვე დამავიწყდა ყველაფერი.-ბათუმ ჭიქა ჰაერში შეაჩერა და ნინას თვალებში ჩახედა. რაღაცნაირად ეწყინა კიდეც, ასე მარტივად რომ დაავიწყდა გოგოს. მას კი ყოველი წამი ახსოვდა, როგორ ეკვროდა გოგონას სხეული და როგორ ჰგავდა ის წუთები ნამდვილ ცოლ-ქმრულ ცხოვრებას. -კარგია, თუ ასეა.-თქვა ბოლოს, ფეხზე წამოდგა და პიჯაკი აიღო. -სამსახურში მივდივარ. ბევრი საქმე მაქვს. საღამოს ალბათ დამაგვიანდება, არ დამელოდო. -კარგად.-მიაყოლა ნინამ. კარი დაიხურა. ნინა მაგიდასთან დაჯდა, ბათუს ნახევრად დაცლილ ყავის ჭიქას დახედა და იგრძნო, რომ ამ დილით მათ შორის კედელი კიდევ უფრო ამაღლდა. ერთი თბილი ნაბიჯი, უსასრულო ბარიერს უდრიდა. ბათუ ისევ გაურბოდა საკუთარ თავს და, რაც ყველაზე მთავარია, გაურბოდა მას. ნინა მაგიდას ალაგებდა, როცა ტელეფონმა დაივიბრირა. უცხო ნომერი იყო, ეკრანს დახედა და ინსტინქტურად უპასუხა. -როგორ ხარ, პატარავ?-გაისმა ნაცნობი, ოდნავ ხავერდოვანი და ირონიული ხმა. ნინას წამით სუნთქვა შეეკრა. -ვატო?-ძლივს ამოთქვა მან. ეს „პატარავ" ცუდად მოხვდა ყურს. -მე ვარ, ნინა. რას შვები აბა?-ვატოს ხმაში ის თავდაჯერებულობა იგრძნობოდა, რომელიც ნინას ყოველთვის აფრთხობდა. -ავადმყოფი ხომ არ ხარ?-გულწრფელად იკითხა გოგონამ. ვერ ხვდებოდა, საიდან ჰქონდა ამ კაცს იმის გამბედაობა, რომ ბათუ აბაშიძის ცოლისთვის ასე დაერეკა. -უნდა შეგხვდე დღეს.-მოკლედ მოჭრა ვატომ, თითქოს ბრძანებას გასცემდა. -რას ამბობ?-ნინამ ტელეფონი ყურიდან მოიშორა და გათიშვას აპირებდა, მაგრამ დინამიკიდან ვატოს აჩქარებული ხმა ისევ მისწვდა. -შემხვდი და რაღაცას გაგიმხელ!-ამ სიტყვებმა ნინა შეაყოვნა. მან ისევ მიიდო ტელეფონი ყურზე. რაღაც მის შიგნით, ალბათ ის ძველი, მებრძოლი ნინა, რომელიც სიმართლის ძიებას იყო მიჩვეული, უცებ გამოფხიზლდა. -რას?-იკითხა ინტერესით. -შემხვდი და გაიგებ. პირველი შეხვედრის კაფეში არ გვინდა, მოგწერ მისამართს. -და რომ არ მოვიდე?-სცადა ნინამ სიმტკიცის შენარჩუნება. -ვიცი, რომ მოხვალ, პატარავ...-ჩაილაპარაკა ვატომ. ნინას უნდოდა ეთქვა, რომ ამ სისულელე ზედმეტ სახელს ნუ ეძახდა, მაგრამ ზარი გაითიშა. გოგონა რამდენიმე წუთს გაუნძრევლად იდგა შუა სამზარეულოში. 'შეცდომას ვუშვებ'- გაუელვა თავში. 'ბათუმ რომ გაიგოს, მომკლავს... ან უარესი, იფიქრებს, რომ მართლა მოღალატე ვარ'- მაგრამ მეორე მხრივ, ვატოს სიტყვებმა მოსვენება დაუკარგა. იქნებ ეს მამამისის ვალებს ეხებოდა? იქნებ ამილახვრების ახალ გეგმას? მალევე ტელეფონმა დაიწკაპუნა. მისამართი მოვიდა, ერთ-ერთი წყნარი კაფე ქალაქის გარეუბანში. ნინა კიბეებზე არბოდა, გული ისე უცემდა, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო. საძინებელში შესულმა კარადის კარები გამოაღო და ნერვიულად დაიწყო ტანსაცმლის არჩევა. ეცვა ის დათუნიებიანი პიჟამო, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ ბათუსთვის სამყაროს ცენტრი იყო, ახლა კი ეს სამოსი ზედმეტად ბავშვურად ეჩვენებოდა. ‘რა უნდა მითხრას? რა აქვს ისეთი, რისი გამხელაც ასე დაჟინებით უნდა?'- ფიქრები თავში ქაოსურად დაურბოდნენ. ნინამ მუქი ჯინსი და ნაცრისფერი, მაღალყელიანი სვიტერი გადაიცვა. სარკეში საკუთარ თავს შეხედა და თვალების ქვეშ ოდნავი ჩრდილები შეამჩნია, უძილო ღამის კვალი. ‘იქნებ მამაჩემზე იცის რამე? იქნებ ის ვალები საერთოდ არ არსებობს და ეს ყველაფერი აბაშიძეების დადგმული სპექტაკლია?’-ამ გაელვებამ სუნთქვა შეუკრა. ბათუს წუხანდელი აღსარებაც კი ახლა სხვა ჭრილში დაინახა. 'ხომ არ შეიძლება ყველაფერი ასე მარტივად იყოს? ბათუ აბაშიძე და სიყვარული? არა, ნინა, ნუ ხარ სულელი' ხელები უთრთოდა, როცა თმას უბრალო კუდად იკრავდა. ვატოს ხმაში ისეთი დარწმუნება იგრძნობოდა, რომ ნინამ ქვეცნობიერად იგრძნო, ის, რის გაგებასაც აპირებდა, მის ცხოვრებას ისევ თავდაყირა დააყენებდა. 'თუ ეს ტყუილია და უბრალოდ ჩემი ნახვა უნდა? მერე რა? წამოვალ და მორჩა. ბათუ ვერაფერს გაიგებს, ის მაინც გვიანობამდეა ოფისში. მთავარია, სიმართლე გავიგო. სიმართლე იმაზე, თუ რატომ ვარ ამ სახლში გამოკეტილი' ჩანთა აიღო, ტელეფონი შიგ ჩააგდო და ოთახიდან გავიდა. კიბეებზე ჩამოსვლისას ერთხელ კიდევ გადახედა მისაღებ ოთახს. კარი ფრთხილად გამოიხურა. გარეთ მარტის ცივი ჰაერი დახვდა, რომელმაც ოდნავ გამოაფხიზლა. ტაქსი უკვე ჭიშკართან იდგა. ჩაჯდა თუ არა, მისამართი უკარნახა და ფანჯარაში გაიხედა. გულში უცნაური სიმძიმე ჰქონდა, თითქოს ბათუს ღალატობდა, თუმცა საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ ამას მხოლოდ სიმართლისთვის აკეთებდა. 'ათი წუთი... მხოლოდ მოვუსმენ და წამოვალ'- იმეორებდა გონებაში, სანამ ტაქსი ქალაქის გარეუბნისკენ მიქროდა. კაფე "ნისლი" ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორც მისი სახელი, ნახევრად ჩაბნელებული, მყუდრო და ადამიანებისგან თითქმის დაცლილი. ჰაერში ყავისა და ძველი ხის სუნი ტრიალებდა. ნინა შიგნით შევიდა და თვალიერება დაიწყო. ვატო კუთხის მაგიდასთან იჯდა, ზურგით ფანჯრისკენ, და მის გამოჩენას ისეთი ღიმილით შეხვდა, თითქოს ზუსტად იცოდა, რომ გოგონა უარს არაფერზე იტყოდა. როგორც კი ნინა მიუახლოვდა, ვატო ფეხზე წამოდგა. მისი მზერა ნინას სახეზე ისე დასრიალებდა, თითქოს თითოეულ ნაკვთს იმახსოვრებდა. -შენნაირი მშვენიერი არსება თუ მენახოს ოდესმე...-თქვა მან დაბალი, ხავერდოვანი ხმით და სკამი გამოუწია. -ეს ნაცრისფერიც როგორ გიხდება, შენს თვალებს აცოცხლებს.-ნინა არ დაჯდა. ჩანთა მაგრად ჩაბღუჯა და ვატოს თვალებში ცივად ჩახედა. მისი გული ისე გამეტებით ცემდა, ეგონა, გარშემო ყველას ესმოდა. -ეგ უნდა გეთქვა?-მიუგო მკვახედ.-სწრაფად მითხარი, რაც გაქვს სათქმელი. არ მინდა, აქ ვინმემ დაგვინახოს.-ვატო არ აჩქარებულა. ის ნელა დაჯდა, ხელები მაგიდაზე გადააჭდო და ნინას ქვემოდან ამოხედა. მის თვალებში რაღაც უცნაური, გამომწვევი ნაპერწკალი კამკამებდა. -ანუ... არ გითქვამს ბათუსთვის, მე რომ მხვდებოდი?-ვატოს პასუხის მოსმენა არ დასჭირვებია. ნინას თვალებში გაკრთომილმა წამიერმა შიშმა და დაძაბულობამ ყველაფერი თქვა. ვატომ კმაყოფილმა ჩაიღიმა. -მომწონს საიდუმლოდ რომ შევხვდით. ეს ჩვენს პატარა პაემანს უფრო... პიკანტურს ხდის, ასე არ ფიქრობ? -ეს პაემანი არ არის, ვატო!-ნინა მაგიდასთან დაჯდა, რადგან იგრძნო, რომ მუხლები ეკვეთებოდა.-შენ მითხარი, რომ რაღაცას გამიმხელდი. სიმართლე მინდა და არა შენი იაფფასიანი კომპლიმენტები.-ვატო ოდნავ წინ გადმოიხარა. მისი სუნამოს მძაფრი სუნი ნინას რეცეპტორებს ეცა. ბიჭმა ხელი ნელა გასწია მაგიდაზე, თითქოს ნინას ხელზე შეხებას აპირებდა, მაგრამ გოგონამ ხელი მაშინვე უკან გასწია. -სიმართლე ისეთი რამაა, ნინა, რისთვისაც მომზადებაა საჭირო.-ჩაილაპარაკა მან და თვალი თვალში გაუყარა.-შენ გგონია, რომ იმ სახლში დაცული ხარ. გგონია, რომ ბათუ შენი მხსნელია. მაგრამ დაფიქრებულხარ, რატომ აგირჩია მან მაინცდამაინც შენ? რატომ გადაიხადა ამდენი მილიონი ერთი უბრალო გოგოს სანაცვლოდ? ნუთუ გჯერა, რომ აბაშიძეები ქველმოქმედები არიან? -რას გულისხმობ? -იმას, რომ ბათუ ბევრად უფრო ჰგავს მამამისს და ბაბუამისს, ვიდრე შენ გგონია.-ვატომ ხმას აუწია. -მე შენში იმას ვხედავ, რასაც ის ვერასდროს დაინახავს. შენს ნამდვილ ფასს.-ვატომ ისევ გაიღიმა და ოფიციანტს ანიშნა. -მოდი, ჯერ დავლიოთ რამე. მითხარი, ნინა, ბათუ თუ გეუბნება ხოლმე, რა ლამაზი ხარ, როცა ბრაზობ?-ნინა გრძნობდა, როგორ ეხვეოდა თავბრუ. ვატოს ყოველი სიტყვა საწამლავივით იყო, რომელიც ნელ-ნელა წამლავდა იმ იმედს, რომელიც გუშინ ღამით ბათუს მკლავებში გაუჩნდა. ვატომ ოფიციანტს თვალით ანიშნა, რომ ორი ყავა მოეტანა და ისევ ნინას მიუბრუნდა. მისი მზერა ახლა უფრო თავხედური გახდა, თითქოს გოგონას ყოველი ნერვიული მოძრაობით ტკბებოდა. -პატარავ, ნუ მიყურებ ასე, თითქოს შენს დაღუპვას ვლამობდე.-თქვა მან და ხელი ისე ახლოს მიიტანა ნინას ხელთან, რომ გოგონამ მისი სითბოც კი იგრძნო.-პირიქით, მე ერთადერთი ვარ, ვინც შენს გადარჩენას ცდილობს. -ვატო, გეყოფა!-ნინამ ხმა გაიმკაცრა, თუმცა შინაგანად გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ძალა.-სიმართლე მითხარი და წავალ. აღარ მინდა შენი მოსმენა. -სიმართლე ისაა, რომ ბათუს შენი დაცვა კი არა, შენი გამოყენება სჭირდება. იცი, რატომ დათანხმდა მამაშენის ვალების დაფარვას ასე მარტივად? იმიტომ, რომ იმ მიწების წილი, რომელიც ახლა მამაშენს ფორმალურად ეკუთვნის, ბაბუამისის გეგმაში გადამწყვეტია. შენ ხარ მხოლოდ ხიდი, რომლითაც ის ამ ქონებას დაეპატრონება. როგორც კი ხელშეკრულება დასრულდება და ქონება მათ ხელში გადავა, შენ საერთოდ აღარავის ეხსომები.-ნინა გაფითრდა. ვატომ იგრძნო, რომ გოგო უკვე ზღვარზე იყო. მას მზერა კაფეს კარისკენ გაურბოდა, თითებით კი ნერვიულად ათამაშებდა ჩანთის სახელურს. ბიჭმა ჩაიღიმა, თითქოს ამ დაძაბულობით ტკბებოდა. მან ხელი აწია და დარბაზის სიღრმეში მდგარ შავებში გამოწყობილ მამაკაცს თითით ანიშნა. მამაკაცი მაშინვე დაიძრა მათკენ. ნინამ დაინახა, როგორ დადო მან მაგიდაზე სქელი, ყავისფერი კონვერტი და უსიტყვოდ გაბრუნდა. ვატომ კონვერტს ხელი დაადო, მაგრამ ნინასკენ არ გაუცურებია. -აი, შენი თავისუფლების ფასი, პატარავ.-ჩაილაპარაკა ვატომ და ოდნავ წინ გადაიხარა. მისი მზერა ნინას ტუჩებზე შეჩერდა, მერე კი ისევ თვალებს დაუბრუნდა. -მომეცი!-ნინამ ხელი გაუწოდა, მაგრამ ვატომ კონვერტის ნაცვლად მისი თითები დაიჭირა. -ნუ ჩქარობ... იცი, რაზე მწყდება გული? რომ ბათუმ პირველმა მოგაგნო. მე შენს თვალებში იმ ცეცხლს ვხედავ, რომელსაც ის თავისი წესებით აქრობს. მას შენნაირი სტიქია არ სჭირდება, მას მორჩილი ცოლი სჭირდება. მე კი... მე შენს ქარიშხალსაც შევიყვარებდი.-ნინამ იგრძნო, როგორ აეწვა ლოყები. ვატოს ფლირტი აშკარა და თავხედური იყო. მან მთელი ძალით გამოსწია ხელი, კონვერტს ხელი სტაცა და ფეხზე წამოდგა. -შენ არაფერი იცი ჩემზე და არც ბათუზე!-გამოსცრა ნინამ, თუმცა ხმაში ეჭვის ნოტები მაინც გაეპარა. -ვნახოთ...-ბიჭი სკამის საზურგეს მიეყრდნო და კმაყოფილმა უყურა, როგორი აკანკალებული ხელებით ტენიდა ნინა კონვერტს ჩანთაში. ნინამ პასუხი აღარ დაუბრუნა. თითქმის სირბილით დატოვა კაფე. ის ტაქსიში ჩაჯდა და მძღოლს მისამართი მიაძახა. გოგონა პირდაპირ მისაღები ოთახისკენ გაეშურა, აკანკალებული ხელი ჩანთაში ჩაყო და კონვერტის კუთხეს ჩაეჭიდა. უნდა გაეგო. ახლავე უნდა ენახა ის საბუთები, რამაც ვატოს ასეთი თავდაჯერებულობა შესძინა. ნუთუ ბათუ მართლა მერაბთან ერთად გეგმავდა ამ ყველაფერს? ზუსტად იმ მომენტში, როცა კონვერტის პირი უნდა გაეხია, ზურგსუკან ნაცნობი, მშვიდი და დახვეწილი ხმა გაისმა. -ნინა, დედიკო, უკვე მოხვედი?-ნინა ადგილზე გაშეშდა. ელვისებურად დამალა კონვერტი ჩანთის სიღრმეში და შემობრუნდა. ოთახში ლიზა დადიანი იდგა, დედამისი, რომელიც ყოველთვის სიმშვიდესა და უსაფრთხოებასთან ასოცირდებოდა. ლიზას სახეზე ისეთი ნაზი ღიმილი ეხატა, ნინას წამით დანაშაულის გრძნობამ დაუარა. -დე... აქ ხარ?-ნინამ სუნთქვა ძლივს დაირეგულირა. -ჰო, საყვარელო. ბათუმ დამირეკა, ცოტა მოწყენილი მეჩვენაო და მთხოვა, იქნებ ნინასთან გაიაროო. ვიფიქრე, მარტო არ დაგტოვებდი.-ლიზა მივიდა და შვილს შუბლზე აკოცა. -სად იყავი? ლოყები სულ აწითლებული გაქვს, გარეთ ისევ ასე ცივა?!-ნინას გული გამეტებით უცემდა. ჩანთა მხარზე ლოდივით აწვებოდა. იქ, შიგნით, გადამწყვეტი საბუთუ იდო, ლიზა კი ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა, რომ ნინას ყველაფერი ერთმანეთში აერია. -ჰო, ცოტა გავიარე, ჰაერი მჭირდებოდა.-ჩაილაპარაკა ნინამ და სცადა გაეღიმა. -მოდი, ჩაი დავლიოთ და ვიჭორაოთ.-ლიზამ ხელი გადახვია და სამზარეულოსკენ წაიყვანა. -მომენატრე. მომიყევი, აბა, როგორ ხარ? როგორ გეპყრობა ბათუ? ხომ იცი, მე და მამას შენი ბედნიერება ყველაზე მეტად გვადარდებს.-ნინა იჯდა და უსმენდა დედას, რომელიც ისეთი დედობრივი სინაზით საუბრობდა მათ მომავალზე, რომ ვატოს შხამიანი სიტყვები სულ უფრო აუტანელი ხდებოდა. -დე, მართლა გჯერა, რომ ბათუ კარგი ადამიანია?-უცებ იკითხა ნინამ. ლიზამ ჩაის ჭიქა დადო და შვილს ხელზე ხელი დაადო. -ნინა, მე ვხედავ, როგორ გიფრთხილდება. ის, რაც ჩვენთვის გააკეთა... მამაშენი რომ გადაარჩინა... დედაშვილურად გეუბნები, მაგ ბიჭის თვალებში შენ მიმართ ისეთ რამეს ვხედავ, რასაც ვერცერთი ხელშეკრულება ვერ იყიდის. ნუ ეძებ პრობლემებს იქ, სადაც არ არის, ჩემო ლამაზო.-ნინა უსმენდა დედას და გრძნობდა, როგორ ეხსნებოდა ნელ-ნელა დაძაბულობა, თუმცა ის კონვერტი მაინც აწვალებდა. -დე, გახსოვს, ბავშვობაში რომ მეუბნებოდი, ზღაპრებში მთავარი გმირი ყოველთვის პოულობს გამოსავალსო?-ნინამ თითები ჭიქას შემოაჭდო. -მახსოვს, საყვარელო,-ლიზა მის პირდაპირ დაჯდა და შვილს თბილად შეხედა. -და დღესაც მჯერა ამის. შენ ყოველთვის მებრძოლი იყავი. და მერე გამოჩნდა ბათუ... -მოდი, ამაღამ ბათუზე აღარ ვილაპარაკოთ.-სთხოვა ნინამ და სცადა ხმაში სიმსუბუქე შეეტანა. -დე, შენ... შენ არასდროს გინანია რამე?-უცებ ჰკითხა ნინამ. -ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სხვების გამო მიიღე და მერე მთელი ცხოვრება თან დაგდევდა?-ლიზა გაჩუმდა. მისი მზერა სადღაც შორს წავიდა. ნინამ იგრძნო, რომ დედამ მის კითხვაში რაღაც უფრო მეტი დაინახა, ვიდრე უბრალო ცნობისმოყვარეობა. -ცხოვრებაში სულ გვიწევს არჩევანის გაკეთება, ნინა. ზოგჯერ სხვისთვის გაღებული მსხვერპლი ყველაზე დიდ ბედნიერებად იქცევა ხოლმე. მთავარია, შენს გულს უსმინო და არა იმ ხმებს, რომლებიც გარედან მოდიან. ხმები ბევრია, სიმართლე კი მხოლოდ შენშია.-მათ კიდევ დიდხანს ისაუბრეს. როცა ლიზამ ჩანთა აიღო და წასასვლელად მოემზადა, ნინა ისე მაგრად ჩაეხუტა, თითქოს მისი გაშვება არ უნდოდა. -ყველაფერი კარგად იქნება, დე?-ჩასჩურჩულა მან. -აუცილებლად, ჩემო ლამაზო. შენ არ ხარ მარტო.-ლიზამ ლოყაზე აკოცა და კარისკენ წავიდა. ნინა მისაღებში დარჩა, დივანზე დაეხეთქა და ჩანთიდან ყავისფერი კონვერტი ამოაძვრინა, მაგრამ ახლაც შეეშალა ხელი. სახლის ეზოდან მანქანის საბურავების ხმა მოესმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


