შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"როცა საკუთარი თავი შემძულდა"


გუშინ, 23:55
ავტორი Mariana_045
ნანახია 28

როგორც დიდი ფიოდორ დოსტოევსკი გვასწავლიდა- ,,ყველაფერს აქვს ზღვარი,რომელიც არ უნდა გადავკვეთოთ:რადგანაც გადაკვეთის შემთხვევაში,უკან დაბრუნება უკვე შეუძლებელი იქნება“... დიახ,ამ ზღვარს დიდი ხნის წინათ გამოვცდი და ახლა... ახლა უბრალოდ აღარ შემიძლია უკან დაბრუნება...


იცით,ბავშვობიდან მე და ტყუილები განუყოფელი მეგობრები ვიყავით... პატარაობისას მამიკომ თეთრი,ფუმფულა ირემი მაჩუქა... ხელს არ ვუშვებდი,ყველგან თან დამყავდა,ფიმი დავარქვი და ჩემი სულის ნაწილი გახდა... ღამით ფიმი ჩემთან ერთად იძინებდა,ხოლო დილით ერთად ვიღვიძებდით... სწორედ ასეთი განუყრელები ვიყავით მე და ჩემი ტყუილებიც... თითქოს ხელი ჩამკიდეს და ჩემგან წასვლას ვერ ბედავდნენ... ან იქნებ მე არ ვუშვებდი მათ? როცა პირველად მოვიტყუე პატარა ვიყავი... ისეთი უმნიშვნელო იყო, თითქოს არც ღირდა ამაზე ყურადღების გამახვილება-დავაგვიანე და ვთქვი, რომ გზაში დავეცი...არავინ გადაამოწმა... ყველამ დამიჯერა... იმ დღეს არც კი მიფიქრია თუ როგორ ადვილად შეიძლება სიმართლის გადაფარვა ტყუილით... შემდეგ ეს ჩვევა ჩემში ისე გაიზარდა, როგორც სარეველა-ყველასთვის უხილავი, მაგრამ მძლავრი... სკოლაში კლასელებს ვუყვებოდი ისტორიებს, რომლებიც არასდროს მომხდარა... მეგობრებს ვატყუებდი ჩემს “საოცარ” ცხოვრებაზე... ნათესავებს — ჩემს “წარმატებებზე”... თითოეული ამბავი ერთმანეთზე უფრო ლამაზი, უფრო საინტერესო და უფრო მიმზიდველი იყო, ვიდრე ჩემი რეალობა... თითქოს ჩემი ნამდვილი მე საკმარისი არ იყო... მე ვუღალატე საკუთარ თავს... ეს სიტყვები თავში ისე მიტრიალებს, თითქოს ვიღაც გამუდმებით ჩამჩურჩულებს... დიახ… მე შევქმენი ჩემში მონსტრი... თავიდან პატარა იყო-უწყინარი, უხილავი... მაგრამ მე თვითონ ვკვებავდი მას... ყოველი ტყუილით, ყოველი დაფარვით, ყოველი “არაუშავს”-ით... გავიდა დრო...გავიზარდე...უნივერსიტეტში ჩავაბარე... მაგრამ ჩემი ცხოვრება არ შეცვლილა... შეიცვალა მხოლოდ ტყუილების მასშტაბი... ისინი უფრო მძიმე გახდა… უფრო მტკივნეული…და მაინც ვაგრძელებდი... რა დამავიწყებს?!სულ ცხადად და დაწვრილებით მახსოვს ის დღე,როცა დედაჩემმა ჩემი მასწავლებლისგან გაიგო ამ ჩვევაზე...იმ დღეს კლასელებს მოვატყუე, რომ ავარიაში მოვყევი...დეტალებშიც კი გავაცოცხლე სიუჟეტი-როგორ მოხდა, ვინ დაშავდა, როგორ გადავრჩით…ისე ვყვებოდი, თითქოს მართლა იქ ვიყავი...და მათაც დამიჯერეს...
საღამოს კი… სიმართლე სახლში დამხვდა...ზუსტად მახსოვს ჰაერი თითქოს დამძიმებული იყო... დედა მიყურებდა-არა როგორც ადრე… რაღაც სხვა იყო მის თვალებში... და მერე დაიწყო... მისი ხმა პირველად გავიგონე ასეთი… გატეხილი, გაბრაზებული, იმედგაცრუებული... ყვიროდა… მეკითხებოდა… ცდილობდა გაეგო-რატომ? მე კი ვიდექი და ვერაფერს ვამბობდი... და ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ იმ წამს გვერდით აღარ მყავდა მამა... ჩემი მფარველი... ის, ვის კალთასაც ყოველთვის ვეფარებოდი, როცა მეშინოდა... იმ დღეს კი ვერავის შევეფარე... მხოლოდ საკუთარი ტყუილების წინ ვიდექი... მერე დედამ ფსიქოლოგთან წამიყვანა... ერთი წელი...წამლები…სესიები…უსასრულო საუბრები… „რატომ იტყუები?“, „რას გრძნობ?“ , „რისი გეშინია?“ კითხვები, კითხვები, კითხვები… მე კი პასუხები არ მქონდა...ან არ მინდოდა მქონოდა... ვიჯექი და ვლაპარაკობდი… მაგრამ არა საკუთარ თავზე-ისევ ისტორიებს ვყვებოდი...ისევ ვიმალებოდი... ერთი წლის შემდეგ…შედეგი-ნული...არაფერი შეცვლილა... და მაშინ პირველად გავიაზრე,რომ მე უკვე ასეთი ვიყავი...საზიზღარი... არ ვიმართლებ თავს…მაგრამ ჩემს სულში ამდენი სიბნელე ერთ დღეში არ დაბადებულა... ჩემი ასეთად ყოფნის უკან წლებია ჩამწკრივებული-ტკივილით სავსე, ჩუმი და დაუნდობელი წლები... ადამიანს არაფერი ამახინჯებს ისე, როგორც დაკარგვები, რომლებიც გულში მოუშუშებელ იარებს გიტოვებს... დედის მონატრებამ, მამის უდროოდ დაცარიელებულმა ადგილმა,საუკეთესო მეგობრის დაკარგვით ჩამქრალმა სამყარომ ჩემში ნელ-ნელა რაღაც გატეხა... და იქნებ…ჩემი ტყუილებიც სწორედ იმ გატეხილი სულის გამთელების უიღბლო მცდელობა იყო,რომ როგორღაც გადარჩენილიყო...
პატარა ვიყავი, როცა დედა ემიგრაციაში წავიდა... იმ ასაკში, როცა ბავშვებს ჯერ კიდევ ზღაპრების სჯერათ, მე უკვე ნასწავლი მქონდა როგორ უნდა დამემალა მონატრება... დედა წავიდა…ჩემი ლამაზი მომავლისთვის, როგორც ყველა მეუბნებოდა... მაგრამ პატარა ბავშვებს მომავალის ხომ არ ესმით?! ბავშვს მხოლოდ ის ესმის, რომ დედის სურნელი ოთახიდან ქრება... და იმ დღიდან, დიდი სახლის პატარა დიასახლისი გავხდი... ჩემი ტოლები ეზოში თამაშობდნენ, თოჯინებს აძინებდნენ, საღამოობით დედებს ეხვეოდნენ… მე კი რაღაც საქმეში ვიყავი გართული-ჭურჭლის რეცხვა...სარეცხის დაკეცვა...ოთახების დალაგება...დედიკოს მაგივრად ხომ ვიღაცას უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი... და მეც ჩუმად, დაუღალავად ვაკეთებდი... ხანდახან სკამზე შემოვდგებოდი, რომ მაღალ თარომდე მიმეწვდინა ხელი... იმ წამს განსაკუთრებით პატარა ვიყავი...იმაზე პატარა, ვიდრე სინამდვილეში უნდა ვყოფილიყავი... სახლი სუფთა იყო…ტანსაცმელი დაკეცილი…მაგრამ ჩემი ბავშვობა ნელ-ნელა იზრდებოდა... ყველაზე მტკივნეული კი ის იყო, რომ ადამიანი, რომელიც ჩემი მესაიდუმლე უნდა ყოფილიყო…ჩემი დაქალი…ჩემი თავშესაფარი…ნელ-ნელა უცხო ქალად გადაიქცა... ქალად, რომელსაც ტელეფონის მეორე მხრიდან ვესაუბრებოდი... ქალად, რომელიც ყველაფერს თანხმდებოდა, რასაც ვთხოვდი... „გიყიდი.“„გამოგიგზავნი.“„რასაც გინდა, ყველაფერს შეგისრულებ.“ და მართლაც-მაბედნიერებდა ძვირიანი ტანსაცმლით, უცხოეთიდან გამოგზავნილი ტკბილეულით, ლამაზად შეფუთული საჩუქრებით... მაგრამ როგორ უნდა აევსო ამ ყველაფერს ის სიცარიელე, რომელსაც დედის ჩახუტების ფორმა ჰქონდა? მე მისი სუნამოს სურნელი მინდოდა, რომელიც მაისურზე დამრჩებოდა… მისი ხელები თმაზე… მისი ხმა, როცა ღამე დამიძახებდა... მაგრამ ამის ნაცვლად ტელეფონის ეკრანი მქონდა... და ალბათ სწორედ მაშინ დაიწყო ჩემში რაღაცის გატეხა... იმიტომ რომ ბავშვი, რომელსაც სიყვარულის ნაცვლად მხოლოდ ნივთები ეძლევა,ერთ დღეს აუცილებლად ისწავლის გრძნობების დამალვას... და მეც ვისწავლე... ვისწავლე როგორ გამეღიმა მაშინ, როცა შინაგანად ცარიელი ვიყავი... ვისწავლე როგორ მეთქვა „კარგად ვარ“, როცა მთელი ღამე ჩუმად ვტიროდი... ვისწავლე როგორ შემექმნა სხვა რეალობა- უფრო ლამაზი, უფრო ბედნიერი, უფრო თბილი... იქნებ ამიტომაც მივეჯაჭვე ტყუილებს ასე ძალიან… იმიტომ რომ ისინი მაინც მაძლევდნენ იმას,რასაც ცხოვრება არასდროს მაძლევდა ბოლომდე...
ერთ წელსაც, ცეკვით უცხოეთში მივდიოდი... იმ დღეებში უცნაური შიში დამყვებოდა, აუხსნელი, მძიმე, თითქოს გულში უხილავი ქვის ლოდი მედო... გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მამა გავაცილე...მამიკო ოპერაციისთვის ემზადებოდა... მაშინ არ ვიცოდით, რომ რამდენიმე თვიან სიცოცხლეს რისკი არჩია... არ გვითხრა…არ შეგვაშინა...მოგვატყუა-ალბათ სიყვარულით, ალბათ იმიტომ, რომ ბოლო დღეებში ჩვენს თვალებში შიში არ დაენახა... მოგვიანებით გავიგეთ, რომ იმ ოპერაციის შემდეგ მისი გადარჩენის მხოლოდ მცირედი შანსი არსებობდა... მაგრამ იმ საღამოს მე უბრალოდ შვილი ვიყავი, რომელსაც ეგონა, რომ მამა მალე სახლში დაბრუნდებოდა...ზუსტად მახსოვს ის ღამე... მამიკომ წასვლამდე დამიძახა და ძლიერად ჩამეხუტა...ძალიან ძლიერად... იმდენად ძლიერად, რომ ტკივილიც კი ვიგრძენი... და მაშინ დავიწუწუნე კიდეც - „მეტკინა…“ ეს სიტყვა დღემდე ყელში მეჩხირება...
რა ვიცოდი, რომ ეს უკანასკნელი ჩახუტება იყო... რა ვიცოდი, რომ იმ წამს მამა უკანასკნელად მიკრავდა გულში... რა ვიცოდი, რომ იმ წამს მამა უკანასკნელად ისმენდა ჩემი გულისცემას? რომ მცოდნოდა…ღმერთო, როგორ გავუძლებდი იმ ტკივილს… როგორ მივიკრავდი მეც მთელი ძალით… როგორ არ გავუშვებდი ხელებს ისე მარტივად… იმ ღამეს მამიკოს სურნელი დარჩა ჩემს ტანსაცმელზე... მე კი ვერც კი მივხვდი, რომ ეს სურნელი მალე მოგონებად გადაიქცეოდა... მე უცხოეთში წავედი...მამიკო-ოპერაციაზე... ოპერაციამ ცუდად ჩაიარა... თორმეტი დღე მამიკო სიკვდილს ებრძოდა... თორმეტი უსასრულოდ გრძელი დღე… მე კი არაფერი ვიცოდი...ვცეკვავდი...ვიღიმოდი...ვიდეოებს ვიღებდი... და წარმოდგენაც არ მქონდა, რომ სადღაც, თეთრ, ცივ საავადმყოფოს ოთხ კედელში, მამაჩემი სიცოცხლის უკანასკნელ ნაპერწკალს ებღაუჭებოდა... მოგვიანებით დედა მომიყვა,რომ მამიკოსთან იჯდა და ელაპარაკებოდა...უყვებოდა ჩემზე...ჩემს ცეკვაზე...იმაზე, მალე როგორ დავბრუნდებოდი... სწორედ მაშინ… უგონოდ მყოფ მამიკოს მარჯვენა თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა... ერთი ცრემლი...მხოლოდ ერთი... მაგრამ ალბათ იმ ერთ ცრემლში მთელი მისი სიყვარული, მონატრება და დამშვიდობება იყო ჩატეული... მეცამეტე დღეს დავბრუნდი... მეგონა, მამიკოს ვნახავდი...მეგონა, ისევ ჩამეხუტებოდა...მეგონა, ყველაფერი კარგად იქნებოდა...მაგრამ დილით… შემზარავმა ხმამ გამაღვიძა...პერანგის ამარა გამოვვარდი გარეთ... და დედა დავინახე-ჩამონგრეული, ატირებული, გატეხილი… მამიკოს სახელს განუწყვეტლივ იმეორებდა, თითქოს ამ სახელის დაძახებით შეძლებდა მის დაბრუნებას...ხელს გამეტებით ირტყმდა,თითქოს ამით იმ ტკივილს გადაამეტებდა იმ წამებში,რომ გრძნობდა...მე კი ვიდექი…გაშეშებული... ვერც ვტიროდი...ვერც ვყვიროდი...ვერც ვიჯერებდი... იმ დღეს მამიკო გამიფრინდა...
სიკვდილო… ნუთუ არ შეგეცოდე?ნუთუ ერთხელ მაინც არ შეჩერდი და არ შეხედე იმ პატარა გოგოს, რომელსაც ჯერ კიდევ ბავშვური თვალებით სჯეროდა, რომ მამამისი ყველაზე ძლიერი იყო ამ სამყაროში? ან იქნებ არც იცოდი…იქნებ უბრალოდ ისე ჩუმად მიხვედი, რომ არც შეგიტყვია, ვის რას ართმევდი?ნუთუ არ შეგრცხვა, რომ წაიყვანე ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ უამრავი ოცნება ჰქონდა? ადამიანი, რომელიც ისე უყვარდა ყველას, თითქოს თვითონ სიყვარული იყო? ადამიანი, რომელიც სხვებს არ ტკენდა -და მაინც ყველაზე დიდი ტკივილი შენგან მიიღო?
უნდა გცოდნოდა, რომ იმ პატარა გოგომ იმ დღეს მხოლოდ მამა არ დაკარგა...მან საკუთარი თავიც დაკარგა...

წლების შემდეგ… როცა მეგონა, რომ ბოლოს და ბოლოს სიბნელეში ერთი პატარა ნათელი წერტილი მაინც დავინახე და მისკენ ფრთხილად, ნელ-ნელა დავიწყე სვლა… ცხოვრებამ კიდევ ერთხელ გამომაცა ფეხქვეშ მიწა...არა უბრალოდ მიწა... არამედ ისეთი ღრმა, ისეთი ცივი, ისეთი უძირო ორმო, საიდანაც უკან ამოსვლა შეუძლებელი იყო... ბავშვობიდან ერთი განსაკუთრებული მეგობარი მყავდა… მზის სხივს ვეძახდი...ის კი-ტყუპის ცალს მეძახდა... ჩემზე დღეებით დიდი იყო და ყოველთვის ცდილობდა უფროსად გამოჩენილიყო... მაგრამ ჩემთვის არ იყო უბრალოდ მეგობარი... ის იყო უფროსი ძმა... როცა რამე მტკიოდა, ვიცოდი-სად უნდა გავქცეულიყავი... ის ყოველთვის ჩემთან იყო... მაშინაც კი, როცა სიტყვები არ მყოფნიდა,უკვე ხვდებოდა ყველაფერს... ერთ საღამოს… მეზობელმა დარეკა... სასწრაფოა ჩვენ მხარეს და რა ხდებაო... ეს სიტყვები თითქოს ჰაერში ჩამოინგრა... აივანზე გამოვვარდი... ჩემი მზის სხივის ეზოსთან სასწრაფო იდგა... მაგრამ მაშინ ვერ დავიჯერე...ვერ დავუშვი...ვერ გავბედე... ხუთი წუთი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ყველაფერი შეცვლილიყო... გავიგეთ…რომ ჩემი მზის სხივიც გამიფრინდა...მის სახლთან მივვარდი… და დავინახე... დიდი, შავი პარკი... ჩემი მეგობარი შიგნით იყო... ის, ვინც სიცილით მოდიოდა ჩემთან… ის, ვინც პრობლემებს წამში აგვარებდა და ჩემს ნაცვლადაც კი ნერვიულობდა... ის, ვინც ჩემს სამყაროს აფერადებდა… ახლა უბრალოდ… სიჩუმე გახდა...ვიღაცეებს მიჰყავდა... და იმ წამს, თითქოს დრო გაჩერდა... არ მახსოვს როგორ ვსუნთქავდი...არ მახსოვს როგორ ვცოცხლობდი იმ წამს... იმ ღამეს არ დამიძინია...ერთი წამითაც არ დამიხუჭავს თვალი... ჩემს ოთახში აღწევდა მისი დედის ხმა-განწირული, გატეხილი... თუ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს…მე ის იმ ღამეებში ვნახე... და ბოლო დღეს…მე მივედი მასთან... ჩემი მზის სხივი უკვე აღარ იყო თბილი...გაყინული იყო... უკანასკნელი ძალები მოვიკრიფე და მოვეფერე...შუბლზე ვაკოცე... სიცივემ, რომელიც მის კანზე დამხვდა…მთელი ჩემი სხეული გააქვავა...გაყინა... ვემუდარებოდი...ჩუმად...გონებაში...გულში... „გთხოვ… დარჩი…“ „გთხოვ… არ წამართვა…“ „გთხოვ… ნუ მიდიხარ…“ მაგრამ პასუხი აღარ იყო...მხოლოდ სიჩუმე... მე მისი სურათი საფლავამდე ჩახუტებულმა მივიტანე... ჩემი ხელებით მივაყარე მის საფლავს მიწა…თითქოს ჩემი საკუთარი ხელები მღალატობდნენ..პატარები როცა ვიყავით,ერთნაირი ველოსიპედები გვქონდა… ერთად ვისწავლეთ ტარება... ზუსტად მახსოვს როგორ ვეცემოდით-მუხლები გადატყავებული, ხელები დაკაწრული, თვალებში ცრემლები, მაგრამ მაინც სიცილი გვრჩებოდა... ის ყოველთვის ჩემზე სწრაფად ატარებდა, მე კი უკან მივდევდი... მაგრამ ჩემი მზის სხივი არასდროს მტოვებდა... ხანდახან გაჩერდებოდა, გადმომხედავდა და მელოდა... მხოლოდ ერთი კითხვა დამრჩა: სიკვდილო…ნუთუ მაშინაც არ შეგრცხვა? ნუთუ მაშინაც ვერ იგრძენი, რას ნიშნავს იმის წაყვანა, ვინც სხვისი ცხოვრების მთელი სინათლე იყო?ნუთუ ვერ დაინახე ჩემი მზის სხივის ჩაქრობა?

ამ ყველაფრის შემდეგ კი… როცა წლების ტკივილი როგორღაც ზურგს უკან მოვიტოვე… როცა თითოეული დაკარგვა, თითოეული სულის ყვირილი, თითოეული ცრემლიანი ღამე გულის ერთ ბნელ სკივრში საგულდაგულოდ ჩავკეტე… საკუთარი თავი ტყუილებით შევავსე... ბევრი ტყუილი მითქვამს...პატარა...დიდი...გამანადგურებელი... ისეთი ტყუილებიც, რომლებიც უბრალოდ წამიერად მაცინებდა… და ისეთებიც, რომლებმაც ადამიანებს გული ატკინა... ზოგი დაუფიქრებლად წამომცდენია... ზოგი საკუთარი თავის გადასარჩენად მითქვამს... და ახლა… კიდევ ერთხელ დავდექი იმ გზაზე, სადაც საუკეთესო ადამიანები ხელებიდან მეცლებიან... ისინი…ვისაც ჩემს ტყუილებზე უცინიათ…ვისაც მათ გამო უტირიათ…ვისაც უძილო ღამეებში უნერვიულიათ ჩემზე... და ერთი კითხვა მრჩება…როგორ შევძელი ამდენ ტყუილთან ერთად ცხოვრება?როგორ არ მრცხვენოდა? მაგრამ არა…სირცხვილი ზედმეტად პატარა სიტყვაა იმის აღსაწერად, რასაც ახლა ვგრძნობ...ახლა თითოეული ტყუილი მახრჩობს... ვგრძნობ, როგორ დადიან ისინი ჩემს თავში, როგორც დაუპატიჟებელი აჩრდილები-ტვინის თითოეულ კუთხეში დაბორიალობენ, კედლებს ეხეთქებიან, მოსვენებას მიკარგავენ... და ალბათ იმ მცირედ დარჩენილ ნამუსზეც, რომელიც ჩემში ჯერ კიდევ ცოცხალია,ცეცხლად მეკიდებიან... ხანდახან მგონია, რომ საკუთარ ფიქრებში ვიწვი... ვცდილობ დავიძინო და მახსენდება...ვცდილობ გავიცინო და ისევ მახსენდება... თითოეული სიტყვა, თითოეული მოგონილი ისტორია, თითოეული იმედგაცრუებული მზერა… ყველაფერი უკან ბრუნდება... და იცით, ყველაზე საშინელი რა არის?პირველად გავაანალიზე მათი დაკარგვის საფრთხე... აქამდე თითქოს არ მჯეროდა, რომ ადამიანები მართლა შეიძლება წავიდნენ... მეგონა, როგორმე ისევ მაპატიებდნენ…ისევ დარჩებოდნენ… თუმცა ახლა ვხვდები ნდობასაც ჰქონია წერტილი,სადაც ყველაფერი მთავრდება... და ამ სიმართლის დანახვის შემდეგ… საკუთარი თავის არათუ მრცხვენია… საკუთარი თავი მძულს...კი… მე ვუღალატე საკუთარ თავს... მე შევქმენი ჩემში მონსტრი-ჩუმი, მზარდი და დაუნდობელი... ხოლო როცა მისი მოკვლა ვცადე… ხელი გამეყინა...რადგან ის მე ვიყავი... პასუხი უკვე ვიცოდი-მძიმე, ცივი, დაუნდობელი... არა...რა თქმა უნდა, არა...ისინი არ დარჩებიან... მე ხომ არ ვიმსახურებდი მათ-იმ ადამიანებს, რომლებიც სიყვარულით მაძლევდნენ ყველაფერს, მე კი სიცრუით ვუბრუნებდი... და ახლა...ცხოვრებაში პირველად...პირველად ვიგრძენი,რას ნიშნავს ნამდვილი მარტოობა...როცა პატარა წარმატების გამზიარებელიც აღარ მყავს...როცა ვიღაცისთვის დღევანდელი ჩაცმულობის გაზიარება მინდა...როცა უბრალოდ ვინმესთვის დილა მშვიდობისას მიწერა მინდა...მაგრამ აღარავინ მყავს...ვიცი,რომ ოდესმე ნახავთ და წაიკითხავთ...ვიცი გვიანია,თუმცა ბოდიში...გულწრფელი,სინანულით და ტკივილით სავსე ბოდიში...ნეტავ,თქვენი დაკარგვა არ ყოფილიყო ამ ტყუილების საფასური...ნეტავ,თქვენი დაკარგვა არ ყოფილიყო ის,რამაც მომაფხიზლა...მინდა იცოდეთ,რომ მთელი არსებით მიყვარხართ და მენატრებით...მტკივა...მტკივა ის,რომ ერთ დროს ჩემი სულის ნაწილები იყავით და ახლა უბრალოდ გვერდს მივლით თითქოს არ მიცნობთ...თითქოს პირველად მხედავთ...მტკივა ის,რომ დაუნდობელი,ცივი მზერით მაგრძნობინებთ ჩემს დანაშაულს... ნეტავ,შემეძლოს მოსვლა...ნეტავ,შემეძლოს დროის უკან დაბრუნება...ნეტავ,შემეძლოს ბოდიში მოხდათ ხმამაღლა...მკითხველო...შენ კი იცოდე...თუ კი მცირედი შანსი დაგრჩენია...ესაუბრე...არ შეგეშინდეს,რომ სიმართლე გატკენს...დამიჯერე,მათი დაკარგვა უფრო გატკენს,ვიდრე იმ წამს სიმართლის აღიარება...უბრალოდ ადექი და დაელაპარაკე... გადაარჩინე საკუთარი თავი და ისინი ვინც გიყვარს...სანამ გვიანი არ იქნება და მათ დაკარგავ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent