შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორიგამი არქივიდან I


დღეს, 16:33
ავტორი belle...
ნანახია 861

„რაც ადამიანი არსებობს, სიკეთე და ბოროტებაც არსებობს,
თანაც გვერდიგვერდ.
მაგრამ ბოროტება ისე ხმაურობს,
ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო.
- ჭაბუა ამირეჯიბი.“
„ო, რამდენ ბატკანს შეიწირავს ცბიერი მგელი,
სხეული მისი ბატკნის ქურქში თუ გაიმართა...
- უილიამ შექსპირი. 96-ე სონეტი.“

პროლოგი

„წამიერია ის ზღვარი, რომელიც ყოფასა და არყოფნას ჰყოფს
ერთ წამს შენს სახლში სითბოა და ვახშმის სუნი დგას, მეორე წამს კი სისხლი და სიცივეა.
- სტივენ კინგი“

სვანეთი, მესტია, 1993 წელი, უშხვანების სახლი.

მესტია, სქელი, ფუმფულა, თოვლის ქურქში გახვეულიყო. სავსე მთვარის შუქზე, თეთრი ბამბის ქულები თვალისმომჭრელად ბრწყინავდნენ. ბოლო ორი დღის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა. ციდან სქელი ფიფქები ზანტად მოფარფატებდნენ დედამიწისკენ და ადამიანისგან დატოვებულ ყოველგვარ კვალს, აუჩქარებლად შლიდნენ.
უშხვანების სახლში საშობაო განწყობა იგრძნობოდა. დიასახლისი სამზარეულოში დაფუსფუსებდა და ნაირ-ნაირ კერძებს ამზადებდა. რკინის ღუმელზე შემოდგმულ ალუმინის ქვაბში, ჩურჩხელისთვის თათარა იხარშებოდა. მურისგან ძირგაშავებულ ტაფაში კი თაფლი ლღვებოდა გოზინაყისთვის.
ნავთის ლამპა, ხის მაგიდაზე, მორცხვად ბჟუტავდა და პაწაწინა, ღარიბულ სამზარეულოს სუსტად ანათებდა. დისტანცირებული სახელმწიფოს გადამკიდე, მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა მოსახლეობას - შუქს საღამოს რვა საათზე რთავდნენ და თორმეტი საათისთვის თიშავდნენ. შიშველ კედელზე მილურსმული ძველიძველი საათი, საღამოს ხუთ საათს უჩვენებდა. ზამთრის გამო ადრე ღამდებოდა. ამიტომ დიასახლისი იძულებული იყო ნავთის ლამპითა და თაფლის სანთლებით გაეტანა თავი ელექტროენერგიის ჩართვამდე.
ოჯახის უფროსს, როგორც ყოველთვის, მურყვანების საჯინიბოში აღამდებოდა. მარიამმა ქმარს სთხოვა არ დაეგვიანებინა. საშობაო სამზადისმა უამრავი საქმე გაუჩინა, ცეცხლის ალზე მხიარულად ტკაცუნებდნენ უკანასკნელი კოტრები - შეშა იყო დასაჩეხი. თბილ ბუხარს მიფიცხებული სახლის პატარა ბინადრები, დათვის ტყავისგან შეკერილ ფუმფულა ხალიჩაზე წამოგორებულიყვნენ.
თორმეტი წლის, წაბლისფერთმიანი ბიჭუნა, დიდი ინტერესით კითხულობდა წიგნს. მის გვერდით წამოწოლილი პატარა გოგონა, ძმის დარად, ინტერესით ჩასჩერებოდა ნაწარმოებს, რომლის კითხვაც ჯერ არ შეეძლო. მარტოდ თამაში დიდი ხნის წინ მობეზრებოდა. ჰაერში მოქანავე ფეხებთან, უყურადღებოდ ეგდო დედის შეკერილი ნაჭრის თოჯინა.
- გი... გიი... გიი - მკლავზე დაექაჩა ძმას.
სამი წლის პატარას, ძმის სახელის თქმა ეძნელებოდა. ამიტომ მეტსახელი მოუფიქრა - ორი ასობგერა, რომელიც წარმოთქმისას ლოყებს გაღიმებას აიძულებდათ.
- ზღაპადი, ზღაპადი... მომიყევი.. გიი.
უფრო ძლიერად დაქაჩა იდაყვზე, როცა უფროსი ძმის ყურადღებას, მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ ეღირსა.
- გიიი!
- მოისვენებ, ნამცეცა?! - ამოიოხრა ბიჭუნამ. როგორც იქნა, თავი აიღო წიგნიდან.
- თხოოვ... მმმ! - შეეხვეწა და დიდი ყავისფერი თვალები მუდარით აუჟუჟუნა - მომიყევი... ზღაპადი.
- ზღაპარი, „რ“, ნამცეცა. - შეუსწორა ღიმილით.
- ზღაპადი!...
გაიმეორა ჯიუტად და წარბშეკრულმა გულხელი დაიკრიფა. ბიჭს გაეცინა და უმცროს დას, ახლად დაბანილი, აფუებული თმა უარესად აუჩეჩა. ძმის წვალებით გაღიზიანებულმა, სატირლად გამზადებული ტუჩები სასაცილოდ მობრიცა.
- კარგი, ჰო. არ იტირო. რა ზღაპარი მოგიყვე? - დანებდა, როცა პატარას თვალებში ცრემლები აუბრჭყვიალდა.
- მე, ომ მიყვას! - სახე მაშინვე გაუნათდა, ცრემლებში ღიმილმა გამოანათა - პინცესაზე!
- მეფის სამი ქალიშვილი? - დააზუსტა.
- მმმ.
თავი ენერგიულად დაუქნია. ყავისფერი ხვეული კულულები წელზე აუთამაშდა. საბავშვო ისტორიაზე შეყვარებული, მხოლოდ უფროს ძმას ღლიდა თხოვნით მეასედ მოეყოლა ერთი და იგივე ამბავი, რადგან, მშობლებისგან განსხვავებით, „გი“-ს ეფექტურად გამოსდიოდა ისტორიის გადმოცემა. ხმას სასაცილოდ უთავსებდა ზღაპრის გმირებს, რასაც ნამცეცა კისკისამდე მიჰყავდა.
მარიამს, შვილების შემხედვარეს, გული სიყვარულით უთბებოდა. ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ასე გაუმართლა. და-ძმას შორის ძლიერი კავშირი აიმედებდა. სამშობიაროდან სახლში დაბრუნებულს ეშინოდა, რომ უფროსი ვაჟი, ყურადღების ნაკლებობის გამო იეჭვიანებდა.
გაოცდა, როცა ბიჭუნას, ფუმფულა პლედში გახვეული პაწია არსების დანახვისას, თბილი ღიმილი მოეფინა ტუჩებზე და პატარა ხელები გაუბედავად გაიწოდა - თუ შეიძლება, ხელში დავიჭერო. მარიამმა ფრთხილად დაუწვინა მკლავებზე მძინარე ახალშობილი. როგორი წითელი და უშნოაო ეცინებოდა - „გი“-ს. პატარა ხელები მჭიდროდ შემოეხვია პლედისთვის და გოგონას ნაზად არწევდა მკლავებში. უზარმაზარი სიყვარული ეკითხებოდა გამაოგნებლად ლამაზ თვალებში.
ის დღე იყო და ის წამი, ისე მოხიბლა პატარა „უშნო“ არსებამ, სკოლიდან მოსული, ჩანთას მიაგდებდა და პირდაპირ აკვნისკენ გარბოდა მონატრებული, რომ დისთვის ეკოცნა. ხშირად ჩამოსძინებია აკვანზე. ატირებულს კი პირველი არწევდა, სანამ რომელიმე მშობელი მოასწრებდა ღამით გაღვიძებას. თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა პატარა დაიკოს.
ჩემი პატარა პრინცესააო - ღიმილით ეთამაშებოდა ბუთქუჩა ტერფებზე. როდესაც მისი ნამცეცა წამოიზარდა, ძმის ფეხდაფეხ იწყო სიარული. ყველგან უკან დასდევდა წრუწუნას კუდივით. „გი“ მისთვის სუპერგმირი იყო, სიყვარულის ხატი. როდესაც ავადმყოფი, მაღალი სიცხით იწვა საწოლში - დედის ნაცვლად „გის“ ეძებდა თვალებით. ის იყო მისი უებარი წამალი. მისი ჩახუტება ყველა ტკივილს უამებდა „ნამცეცას“. „გი“ იყო მისი სამყარო, მთელი მისი ბედნიერება, რომელიც ავი ბედისწერის დამსახურებით, სულ მალე, თვალსა და ხელშუა, უკვალოდ უნდა გამქრალიყო. ქვეცნობიერში დაკარგულ მოგონებად უნდა ქცეულიყო...
- ლამაზად დაჯექი და მომისმინე, ფეხები გაასწორე, თორემ გეტკინება, - მოკეცილი ფეხები გააშლევინა და ახლოს მიიჩოჩა - ყურადღებით მისმენ?
- აჰამ.
თავი დაუქნია, ძამიკოს გვერდით წამოწვა და ლამაზი მრგვალე სახე პატარა ხელისგულებს დააყრდნო. თვალები აღფრთოვანებისგან უბრწყინავდა. „გი“-ს გაეცინა და დინჯად დაიწყო ზღაპრის თხრობა.
- იყო და არა იყო, რა. ერთ დიდ და მშვიდ სამეფოში ბრძენი მეფე ცხოვრობდა.
- წკვიანი მეფე? - შეაწყვეტინა აღფრთოვანებულმა, რომ რთული სიტყვის მნიშვნელობა ახსოვდა.
- ჭკვიანი მეფე, - თავი დაუქნია - მას ჰყავდა სამი ქალიშვილი — უფროსი, გონიერი, შუათანა, მშვიდი და კეთილი, ხოლო უმცროსი — ყველაზე ცნობისმოყვარე და გულადი. სამივე ისეთი ლამაზი იყო, რომ მზეც კი უფრო თბილად ანათებდა მათ დანახვაზე.
- მე, მე, ლომელი ვალ? - შეაწყვეტინა ყურებამდე გაკრეჭილმა და გრძელი წამწამები კეკლუცად ააფახურა.
- ყველაზე გონიერი, ყველაზე კეთილი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ცნობისმოყვარე და ყველაზე აბეზარი! - დაასრულა სიცილით.
- გიი!
უკმაყოფილოდ შეკრა წარბი. იცოდა რას ნიშნავდა სიტყვა „აბეზარი“. მამა იტყოდა ხოლმე მეზობელ ქალზე, ინოლაზე, როგორი ჭორიკანა და „აბეზარიაო“. სახე უკმაყოფილოდ ემანჭებოდა, მის დანახვაზე, როცა უშხვანებს შემოუვლიდა ყავაზე. არც „ნამცეცას“ უყვარდა მეზობელი, რახან მამამ თქვა „აბეზარიო“ თვითონაც აითვალწუნა. თან სულ ცუდი სუნი ასდიოდა, ინოლას და მუდამ ჭრელაჭრულა ყვავილებიან კაბას ატარებდა, ჩალაქავებული სვეტერით.
სამზარეულოდან მარიამის ჩუმი სიცილი მოისმა. ქვაბებს კი უტრიალებდა, დიასახლისი, მაგრამ შვილებს ყურადღებით უსმენდა.
- კარგი, ჰო. - შუბლზე აკოცა გაბუსხულს - გავაგრძელო, თუ ყოველ წამს აპირებ შემაწყვეტინო?
გოგონამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ისევ ყურადღებად იქცა. „გი“ ხალიჩაზე შესწორდა და თხრობა განაგრძო:
- მეფეს ძალიან უყვარდა თავისი შვილები, მაგრამ ერთი რამ აშინებდა: სამეფოს საზღვართან, მაღალ მთებს იქით, დევები ცხოვრობდნენ, რომელთაც ადამიანების მოტაცება ჩვევად ჰქონდათ ქცეული. ამიტომ მეფე მუდამ აფრთხილებდა ქალიშვილებს, ბაღში შორს არ წასულიყვნენ.
თვალებადქცეულს, ისეთი რეაქცია ჰქონდა, თითქოს პირველად ისმენდა ისტორიას. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა „გი“ დევებს ახსენებდა, აუხსნელი შიში ეპარებოდა პატარა გულში. ძმასთან კიდევ უფრო ახლოს მიჩოჩდა დამფრთხალი.
- ერთ ღამეს, როცა სამივე ქალიშვილი ბაღში გავიდა, შორეული მთიდან სამი ბოროტი დევი ჩამოვიდა. თითოეულმა მათგანმა ერთი გოგონა გაიტაცა და სამ მთაზე, სამ ციხეში გამოკეტა. დილით მეფემ რომ გაიგო, რა მოხდა, დიდად დამწუხრდა და გამოაცხადა: ვინც ჩემს ქალიშვილებს იპოვის და სახლში დააბრუნებს, ნახევარ სამეფოს ვაჩუქებო.
- გიი... - შეაწყვეტინა უცებ.
- მმ?
- მე თუ დევმა მომიტაცა, მიშველი?
ყავისფერი სფეროები ძმას მომლოდინედ მიაჩერდნენ. ბიჭუნას გული დაუმძიმდა, თავადაც არ იცოდა, რატომ იმოქმედა დის სულელურმა კითხვამ ასე, მაგრამ წამით აუტანელი ტკივილი იგრძნო სხეულში. წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა. პატარა ხელი კი დაემუშტა.
- ვერავინ ხელს ვერ გახლებს, სულელო! - შეუბღვირა.
- მომცებნი? - ქვედა ტუჩი ამოებურცა სატირლად გამზადებულს.
- ცხრა მთას იქით გიპოვი, ნამცეცა! სადაც არ უნდა იყო, გიპოვი და სახლში დაგაბრუნებ!
- მპიდები?
- გპირდები.
ხელი მოხვია და გულში ჩაიხუტა. მარიამს, ხორცის დასაჭრელად შემართული დანა, ჰაერში გაუშეშდა. მკერდში მწველი ტკივილი იგრძნო და აფორიაქებულმა ბავშვებს გამოხედა ინსტიქტურად. მხოლოდ მამაზეციერმა იცოდა, რომ იმ წამს დედის გულმა საფრთხე იგრძნო - ხუთი მამაკაცის წყვილი ფეხით მომავალი უშხვანების სახლისკენ! საჩუქრებით ხელდამშვენებულებს, მასპინძელი მოუძღვოდათ.
ირაკლი უშხვანს, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ თვით სატანას ეპატიჟებოდა სახლში. ეშმაკს, რომლესაც საშობაო დღესასწაულის სისხლიან კოშმარად ქცევა ჰქონდა განზრახული.
ნეტავ, სცოდნოდა სვანს, რომ იმ საღამოს უკანასკნელად ხედავდა საყვარელ ოჯახს. მარიამი კი, ბოლოჯერ მასპინძლობდა „სტუმრებს“. ნეტავ, სცოდნოდა, რომ სატანას ჯერ ცოლი უნდა გაეუპატიურებინა და მოეკლა, თავად ირაკლისთვის კი თავი უნდა მოეჭრა ძირში! რატომ არცერთმა ანგელოზმა არ უჩურჩულა ყურში, რომ ბავშვები სადისტური სცენის მოწმეები გახდებოდნენ?! რატომ ზეციდან არავინ აწვდინა ხმა „გი“-ს, დისთვის ხელი მოეკიდა და გაქცეულიყო?! შორს, ძალიან შორს, სადაც „დევები“ ვერ მისწვდებოდნენ?!
რატომ დუმდა ზეცა, როცა დედამიწაზე ეშმაკი კარდაკარ დაიძურწებოდა ბავშვების სისხლით მოწყურებული??? ნუთუ, ადამიანი, მართლა მარტო იყო ბოროტების წინაშე? თუ, ზემოდან მართლა უყურებდა ღვთის თვალი ბავშვების ტანჯვას, რატომ არ ჩამოიქცა ცა მრისხანებით? რატომ ადგილზე არ დაიწვნენ სატანის გამოგზავნილი „დევები“, სანამ პატარებს ცხოვრებას დაუსახიჩრებდნენ? რატომ? რატომ?... რატომ, დუმდა მამაზეციერი?! არ იყო მაშველი... არსად იყვნენ ანგელოზები...
იმ ავადსახსენებელ საღამოს ეშმაკი გამარჯვებას ზეიმობდა. „გი“ ბოლოჯერ ხედავდა საყვარელ დას, სანამ გაიტაცებდნენ და თურქებს მიჰყიდნენ ცხვარივით. პატარა, უდანაშაულო გოგონა კი „დევების“ კლანჭებში უნდა აღმოჩენილიყო, დაუცველი. ბედისწერამ ისურვა, რომ „ნამცეცასთვის“ დადებული პირობა, ძმისთვის სიცოცხლის ერთადერთ მიზეზად ქცეულიყო.
უშხვანების სახლში, შობის ღამეს მესიის ნაცვლად ნამდვილი ბოროტება იშვა. ბოროტება, რომელიც წლების შემდეგ, ბუმერანგად დაუბრუნდებოდა სამყაროს და დაღვრილი სისხლის თითოეული წვეთისთვის მძიმე ხარკს მოითხოვდა უკან.
დაუნდობელი და ცინიკოსია სამყარო, როდესაც უშხვანებისთვის ჯოჯოხეთი მზადდებოდა - ამასობაში, გარეთ, უმანკოდ ბარდნიდა. ციდან სქელი ფიფქები ზანტად ეშვებოდნენ დედამიწისკენ. სამარისებულ სიჩუმეში, თოვლის ფუმფულა ქულები, თვალისმომჭრელად ბზინავდნენ მთვარის შუქზე. სამყარო გასუსულიყო ტრაგედიის მოლოდინში.
- მარიამ! - ირაკლი უშხვანმა ფართო ღიმილით შეაღო სახლის კარი - ძვირფასო, სტუმრები გვყავს...


თავი პირველი

„ადამსების“ ოჯახი

„არავინ იცის, რა იმალება სხვა ადამიანის სახლში,
სანამ კედლები ლაპარაკს არ დაიწყებენ.
- შერლი ჯექსონი“

თამრიკო ლესელიძე, ინტრიგანი დედაკაცი გახლდათ - სხვის ცხოვრებაზე უფრო მეტი იცოდა, ვიდრე საკუთარზე. როდესაც კაკაბაძეებმა ახალი მაცივარი იყიდეს, თამროს მახვილმა თვალმა შორიდანვე ამოიცნო მოდელი. მამა-შვილის ცოდვილობას, გაჭირვებით, რომ ეზიდებოდნენ მძიმე ყუთს სახლისკენ, მოაჯირზე ჩამოყრდნობილი აკვირდებოდა. მოგვიანებით, როცა ლუიზა კაკაბაძე ტრაბახობდა, ქმარმა ახალი მოდელის „სამსუნგი“ მიყიდაო, ტუჩებს მაგრად აჭერდა ერთმანეთს, რომ არ გასცინებოდა. ძალიან კარგად ახსოვდა, ყუთზე დიდი ასოებით ეწერა - „ბოში“.
ერთი კვირის შემდეგ, ლესელიძემ ტაბატაძეების ოჯახურ მელოდრამაშიც ჩაჰყო თავისი გრძელი ცხვირი და აღმოაჩინა, რომ ოჯახის უფროსი ცოლს ღალატობდა. ერთ დღეს თამარას კბილმა შეაწუხა და მეზობელს ესტუმრა კლინიკაში. ბატონმა მერაბმა, პირის ღრუ მოუთვალიერა და უთხრა ღრძილების ანთება გაქვს, ჯერ მცენარეული ნაყენები ივლე, შემდეგ კი როცა ანთება ჩაცხრება კონსულტაციაზე მოდი, ვნახოთ რისი გაკეთება დაგჭირდებაო. საჭირო ნაყენი და წამლები ფურცელზე ჩამოუწერა და გაუწოდა. თამარა ლაქლაქში გაერთო, სანამ აიბარგებოდა და კაბინეტის კარი ისე გამოიხურა რეცეპტი მაგიდაზე დარჩა.
კლინიკიდან გამოსული დაფიქრდა, რომელ აფთიაქში შესულიყო, რომ აღმოაჩინა საჭირო ფურცელი თან არ ჰქონდა. მაშინვე უკან მიტრიალდა და დაუკაკუნებლად შეაღო კაბინეტის კარი. თვალებგაფართოებული ადგილზე გაიყინა - მერაბს ასისტენტი საწერ მაგიდაზე შემოესვა და ვნებიანად ჰკოცნიდა. კარის ხმაზე საყვარლებმა ამბორი მაშინვე შეწყვიტეს და მზერა არასასურველ მოწმეზე გადაიტანეს. ექიმს ფერი დაეკარგა, თამარს კი თვალები დაუვიწროვდა...
იმ საღამოს ქმარი ცოლს გამოუტყდა, რომ სხვაზე იყო შეყვარებული. ლესელიძეს მზია ტაბატაძის კივილი სამზარეულოში ესმოდა, როგორ ემუქრებოდა მოღალატე კაცს, ბავშვებთან ერთად სახლსაც წაგართმევო. წარბებაწკეპილი მშვიდად ივლებდა გვირილის ნაყენს პირის ღრუში და ფიქრობდა ახალი სტომატოლოგი სად მოეძებნა. დიახ, თამრიკო ლესელიძის მახვილ თვალსა და გრძელ ცხვირს არაფერი გამოეპარებოდა, იმ უცნაურ დილამდე...
მზე ნელ-ნელა იწვერებოდა მთებს მიღმა, ჩიტები ხმამაღლი ჭიკჭიკით ეგებებოდნენ ალიონს. სასიამოვნოდ გრილოდა. გამთენიისას თამარა შარდის ბუშტმა გამოაღვიძა. ტუალეტში გაბარბაცდა ნახევრად დახუჭული თვალებით. თემური, საწოლის მეორე ბოლოს ხმამაღლა ხვრინავდა. აბაზანიდან გამოსულს წყალი მოსწყურდა. სამზარეულოში გაფრატუნდა უხალისოდ. თან ხალათს მჭიდროდ იკრავდა წელზე. წყალი მოუშვა და ონკანს ჭიქა შეუშვირა. მოწყურებულმა მოიყუდა და თითქმის ბოლომდე გამოცალა.
ის იყო საძინებელში უნდა დაბრუნებულიყო, რომ ეზოდან მანქანის კარის ყრუ ჯახუნის ხმა შემოესმა. გაბრაზდა, თემურს ისევ დაავიწყდა ფანჯრის დახურვა! პეპლებითა და ბუზებით ივსება სახლიო! - უჯავრდებოდა ხოლმე ქმარს, როცა მოწევის შემდეგ ხშირად ტოვებდა ფანჯარას ოდნავ შეღებულს. თუმცა, რაფას მიახლოებულმა, ეზოში, რომ გადაიხედა ბუზიც დაავიწყდა და პეპელაც.
გივი ჭკადუა აჩქარებით ალაგებდა საბარგულში ჩემოდნებს. წარბშეკრულმა ჯერ იფიქრა, მათ ოჯახშიც ხომ არ მოხდა განხეთქილება და მანანამ ქმარი სახლიდან ხომ არ გამოისროლაო, რომ სადარბაზოდან ქალი გამოვიდა. გულზე ფუმფულა პლედს იხუტებდა, სწრაფად დაიკავა მგზავრის ადგილი და კარი მიიხურა. ლესელიძე თვალებად იქცა. - მანანამ იმშობიარა?! როდის? თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ქალს ხელებში ჩვილი ეკავა, აბა სხვას რას მიიხუტებდა გულზე ასე ძლიერად?! როცა თავის თეორიაში ეჭვი შეეპარა, ახალშობილის მოგუდული ტირილი შემოესმა და პირზე ხელი აიფარა.
ვერაფერი გაეგო. მანანა უამრავჯერ იყო თამრიკოსთან ყავაზე. უზარმაზარი მუცლით დღე-დღეზე ელოდებოდა ბავშვის დაბადებას. ტვინს უჭამდა ლესელიძეს, თუ რამდენი რამ უყიდეს ბავშვს და როგორ ლამაზად მოაწყეს ბავშვის ოთახი ცოლ-ქმარმა. რატომ ერთხელაც არ დასცდენია სიტყვა, რომ გადასვლას აპირებდნენ? იმიტომ, რომ არ აპირებდნენ! ვინ არემონტებს ოთახს ახალშობილისთვის, როცა გადაცხოვრებას გეგმავს?! თან გამთენიისას, სხვებისგან უჩუმრად და დაუმშვიდობებლად!
აქ რაღაც რიგზე ვერ არისო! - ფანჯრის მინაზე ცხვირმიჭ....ტილი ფიქრობდა ლესელიძე. გივიმ, ბოლო, უზარმაზარი ჩემოდანი ხვნეშით ჩადო საბარგულში და დაკეტა. განცგაწყვეტილმა შუბლზე მომდგარი ოფლი ხელის ზურგით შეიწმინდა. მერე ცარიელ ეზოს მალულად მოავლო თვალი და რომ „დარწმუნდა“, მარტო იყო უბანში, მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა. დაეჭვებულმა ლესელიძემ თვალი გააყოლა, როგორ მიეფარა ლურჯი „ფორდი“ კორპუსებს. ფარდა ჩამოაფარა და დოინჯშემორტყმულმა აბსტრაქტულ წერტილს გაუშტერა თვალი. კი, მაგრამ რა მოხდა???
მომხდარიდან სამ საათში, როზა მოადგა კარს, წლების წინ დასწავლული ჩვევით - შაქარი, ხომ არ გექნება, თამრიკოო? ლესელიძეს ერთგული თანამოაზრის დანახვა ძალიან გაუხარდა, მაშინვე შინ შეიპატიჟა და ყველაფერს მოუყვა. როზამ მისდა გასაკვირად, უკვე იცოდა ჭკადუების გადაბარგების ამბავი. უთხრა - სადარბაზოში ხმაურმა გამომაღვიძაო. წამომდგარა და სამზერედან გაუხედავს. დაუნახავს, როგორ ეზიდებოდა გივი მძიმე ჩემოდნებს ბინიდან. მანანა არ შეუმჩნევია, მაგრამ ბავშვის ტირილი მომესმა პირველი სართულიდანო - გაცხარებით ეჩურჩულებოდა თამრიკოს. მანანამ როდის იმშობიარა, კი მაგრამო?! - იკვირვებდა თვალებგაფართოებული. ლესელიძეს იგივე კითხვამ დაუფრთხო დილის ძილი.
ყურადღების გადასატანად, ახალი თურქული ყავა მოხარშა და კარადიდან წინა დღით გამომცხვარი, სავსე თეფშით, „სნიკერსის“ ნამცხვარი გამოიღო და მეგობარს წინ დაუდგა. მაგიდას მიუსხდნენ, გაბზეკილი თითით ფინჯნებიდან ყავას წრუპავდნენ, თან მომხდარზე მსჯელობდნენ.
თავიანთი თეორია შეთხზეს, რა მიზეზით შეიძლებოდა წყვილი ყველასგან უჩუმრად გამთენიისას გაპარულიყო - როზა ირწმუნებოდა, ჩვილი გივისი არც იქნებოდა, დილიდან დაღამებამდე საპატრულო მანქანით დარბოდა ქალაქში, ბავშვს როდის გააკეთებდაო? კაცს სახალხოდ თავის მოჭრის შეეშინდა და დროზე გაარიდა ოჯახი სამეზობლოს, სანამ სიმართლე გამოაშკარავდებოდაო.
თამარამ შუბლზე მიიკაკუნა საჩვენებელი თითი - რას ბოდიალობ ქალო, თუ ღმერთი გწამსო?! მთელმა უბანმა იცოდა, რომ მანანას ქმარზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. მეზობლებში ტრაბახობდა - ჩემი გივი სახელმწიფო სამსახურშია, პოლიციელი კაცია და ქალაქის უსაფრთხოებას ემსახურებაო. ოი, როგორ აღიზიანებდა ლესელიძეს ქალის მაღლა გაბზეკილი ცხვირი და გაბღენძილი ლაპარაკი!
როზამ ყავა მოწრუპა. ცოტახანს დაფიქრდა და ბოლოს დაახეთქა, შეიძლება გივი დააწინაურეს და ახლა უფრო დიდ ბინაში გადავიდნენ, ხომ იცი ბავშვს რამდენი რამე სჭირდებაო. კი, კი, ეგრე იქნებოდაო - თავს აქნევდა როზა საკუთარ მოსაზრებაში დარწმუნებული.
თამარა ეჭვობდა. კარგად იცოდა მანანას გაბერილი ეგოს ამბავი. ქმარი პატრულიდან გამომძიებლად, რომ გადაეყვანათ, შანსს არ გაუშვებდა ხელიდან მეზობლებში არ ეტრაბახა. მას მაინც ეტყოდა, ისე, ჯიბრზე, მისი გულის გასახეთქად! უჰ, რა გააჩუმებდა?! უყვარდა ლესელიძესთვის ქუსლის დაჭერა - თამარას ქმარი მთელი ცხოვრება საჭეს უჯდა და ქალაქში ტაქსაობდა. საღამოს კი, ძმაკაცებთან ერთად ხის მაგიდასთან არაყს სვამდა, მისი თქმით - რთული სამუშაო დღისგან განსატვირთად.
ქალს უკმაყოფილოდ მოეკუმა ტუჩები და ყურადრება ისევ როზაზე გადაიტანა. მოსაუბრეს უკვე მობეზრებოდა ჭკადუების უთავბოლო საქციელის განხილვა და ახლა სხირტლაძეების ტრაგედიაზე ოხრავდა - საწყალი, რეზი, დედამისი ასე ვინ დათარსაო?! - თავს აქნევდა დანანებით.
რეზი სხირტლაძე, ახალგაზრდა თორმეტი წლის ფეხბურთელი გახლდათ. ქალაქის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. ბურთს ისე მართავდა, თითქოს დაბადებიდანვე ფეხზე ჰქონდა მიბმული. პატარა „მარადონას“ ეძახდნენ. მწვრთნელი ნიჭიერ ყმაწვილს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდა. რამდენიმე წელი და თბილისის მთავარ ნაკრებში მოხვდებიო - ბეჭებზე ძლიერად უტყაპუნებდა ხელს ახალგაზრდას. ყოველაფერი საათივით აეწყობოდა კიდეც, რომ არა „უბედური შემთხვევა“, რომელიც წყევლად დაატყდა თავს სხირტლაძეების ოჯახს.
მწვრთნელმა გუნდი სვანეთში წაიყვანა - იქაურ ნაკრებთან უნდა ეთამაშათ. საღამოს ექვსი საათი ხდებოდა, როცა მესტიაში ჩავიდნენ. მარშუტკის მძღოლმა დაიწუწუნა, ოთხი საათი საჭეს ვუჯექი, თავი მისკდება, უნდა გამოვიძინოო. ბავშვები და მწვრთნელი წინასწარ ნაქირავებ სახლში ჩამოსვა, თვითონ კი სასტუმროს მიაშურა.
იმ საღამოს ფეხბურთელები სავარჯიშოდ უნდა გასულიყვნენ. მწვრთნელმა დაიჟინა - ტაქტიკას კიდევ ერთხელ გადავხედოთ, ბოლო დეტალები დავამუშავოთო. ბავშვები დაღლილები იყვნენ, მაგრამ არავინ შეწინააღმდეგებია.
რეზი, მგზავრობას ვერ იტანდა - საკმარისი იყო მარშუტკაში ვინმეს უკანა სავარძელზე ჩაეტენა, რომ კატასავით გული ერეოდა მთელი გზა. დედამ შვილის პრობლემა, რომ კარგად იცოდა „დრამინას“ მთელი კოლოფი გამოატანა. გზაში ერთი აბი დალიე, დაგაძინებს და ცუდად აღარ გახდებიო. რეზიმ ერთის ნაცვლად ორი დალია. ამიტომ, როცა მძღოლმა ანჯაფარიძეების ძველ სახლთან შეაჩერა მანქანა, გაგუდულს ეძინა.
მწვრთნელმა ძლივს მოაფხიზლა - მხარზე ურტყამდა, სახეზე ხელებს უსვამდა, მაგრამ ბიჭი ძლივს ახელდა თვალებს. სახლში, რომ დაბინავდნენ, ცოტა წაიხემსეს და სავარჯიშოდ აპირებდნენ მოედანზე გასვლას. სხირტლაძეს, ჯერ კიდევ წამლების ზემოქმედების ქვეშ მყოფს, არათუ სავარჯიშოდ წასვლა, ფეხზე დგომა უჭირდა. გულის რევის შეგრძნება გულ-მუცელს უწვავდა და თვალთ ებინდებოდა.
სახლის კეთილმა დიასახლისმა, დალი ანჯაფარიძემ, ბავშვი საძინებელისკენ წაიყვანა, მწვრთნელს კი თვალები გადაუბრიალა - როგორმე მის გარეშე გაიტანეთ ერთი საღამო, ვერ ხედავ? ბავშვი თავს შეუძლოდ გრძნობსო!
ზერეკიძემ, მხოლოდ იმიტომ დაანება ბიჭს გამოძინება, რომ ჯგუფში საუკეთესო იყო და იმედი ჰქონდა თამაშს არ ჩააგდებდა. ხელი ჩაიქნია და დანარჩენი ბავშვები სტადიონზე წაიყვანა. რეზიმ კი, მასპინძლის გამზადებულ საძინებელში მოიკალათა, გემრიელად დაამთქნარა და თვალები დახუჭა.
ღამდებოდა, როცა პატარა სხირტლაძე, დამწვრის მძაფრმა სუნმა გამოაღვიძა. ხველა აუტყდა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს რაღაც უხილავი ფილტვებიდან ჟანგბადს ჰპარავდა. ყელზე ხელი წაიჭირა და დაზაფრული კედელს მიეკრა - საძინებელი ცეცხლის ალში გახვეულიყო. შოკში მყოფს გაქცევა არც კი უფიქრია, სქელი კვამლი თვალებს უწვავდა და გუდავდა, წესიერად ვერაფერს ხედავდა. მკლავი აიფარა ცხვირზე და ისტერიულ ხველებას მოჰყვა. ოთახში ჟანგბადი ილეოდა. სადღაც შორიდან გულისშემძვრელი კივილი გაისმა. ვიღაცამ შეამჩნია, რომ უჭირდა! დასახმარებლად მოვიდოდნენ! უშველიდნენ! გონება დაკარგა...
სახანძრო მანქანამ ანჯაფარიძის სახლამდე, რომ მიაღწია და მაშველებმა ბიჭი გარეთ გამოიყვანეს, მოზარდის სხეული ბოლავდა. ერთიანად დამწვარსა და დასისხლიანებულს ვერავინ სცნობდა. მაშინვე საავადმყოფოში გააქანეს. არავის ეგონა, რომ გადარჩებოდა, მაგრამ ექიმებმა ბიჭი სიკვდილს ხელებიდან გამოგლიჯეს. თუმცა... სამუდამოდ დასახიჩრდა. მთელი ერთი თვე იწვა პალატაში ერთიანად შებინტული. ტკივილისგან, რომ არ გიჟდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მორფინის წყალობით, რომელიც ორგანიზმს მუდმივად მიეწოდებოდა.
გადასხმებით „კვებავდნენ“ მის სხეულს. დედამ რომ ჩამოაკითხა და შვილის მდგომარეობა საკუთარი თვალით ნახა, არაადამიანურად იკივლა და გული წაუვიდა. მისი საყვარელი რეზიკო, მუმიას დამსგავსებოდა!
არავინ იცოდა, საიდან გაჩნდა ანჯაფარიძეების სახლში ცეცხლი. დიასახლისი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ, სტუმრების უკან დაბრუნებამდე, სადგომში ძროხას წველიდა. გარეთ გამოსულს კი, რძით სავსე ვედრო ხელიდან გაუვარდა, პირზე ხელები აიფარა და ხმამაღლა იკივლა - სახლი, სადაც შვილები გააჩინა, ბუდე, რომელიც სიყვარულით ააშენა ქმართან ერთად - ცეცხლის ალში გახვეულიყო!
ქალის ხმაზე მეზობლები გამოცვივდნენ გარეთ. ვიღაცამ მოისაზრა და სახანძროში დარეკა. იქით მამაკაცი აბურტყუნდა - ნეტავ, შიგნით ვინმე ხომ არ არისო?! დალის მთლად წაუვიდა ფერი, მუხლებზე დაირტყა ხელები, არიქა შიგნით ბავშვიაო. თუმცა, ვერავინ გაბედა ალმოდებულ შენობაში შესვლა, სანამ სახანძრო არ მოგრიალდა ხმამაღალი სირენებით.
მაშველების გმირული და თავდაუდებელი მცდელობის მიუხედავად, სხირტლაძეს დროულად ვერ მიუსწრეს - ცეცხლმა ბიჭს სახე, ცვილის ნიღაბს დაუმსგავსა. თუმცა... გადარჩა! მხოლოდ, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ეს უკვე რეზისთვის უნდა გეკითხათ.
პირველად საავადმყოფოში, გონს რომ მოვიდა, ბუნდოვან ბურუსში დედის ტირილისგან შესიებული სახე გაარჩია. ტვინმა ძალიან ნელა აღიდგინა მომხდარი - მწვანე თვალებში ჯოჯოხეთური ცეცხლის მოგონება აუგიზგიზდა. დედისთვის სიტყვის თქმა ვერ მოასწრო, ენით აუწერელი ტკივილი ეკვეთა და კინაღამ ჭკუიდან შეშალა. ბავშვის ღრიალზე ექთნები მოცვივდნენ და ბიჭს მორფინი შეუყვანეს ვენაში. ჯოჯოხეთურმა ტკივილმა ნელ-ნელა უკან დაიხია, რეზი ისევ გაეთიშა სამყაროს, რომელმაც სამუდამო სიბნელისთვის გაწირა.
პოლიცია დიდხანს იძიებდა მომხდარს, მაგრამ საქმე ისე დაიხურა, ვერ გაიგეს ვინ და რა მიზეზით გადაწვა ანჯაფარიძეების სახლი. გუნდის მწვრთნელი ადამიანს არ ჰგავდა, ბოლოს და ბოლოს საუკეთესო ფეხბურთელი დაკარგა! თვითონ და თავისი გუნდი კი სასწაულებრივად გადაურჩნენ რეზის ბედს, ვინ იცის, იქნებ სიკვდილსაც.
მოგვიანებით, როცა დალი მეზობლის სახლში ითქვამდა სულს და მომხდარის გადახარშვას ცდილობდა, ქმარი დაბრუნდა ბავშვებთან ერთად თბილისიდან. ქეთი ანჯაფარიძეს კასტინგი ჰქონდა სამოდელო სტუდიაში. ივა, კი მხოლოდ იმიტომ გაჰყვა, მამასა და დას, რომ სტუმრებისთვის თავი აერიდებინა - წასვლის წინ დედასაც დაუბარა, ჩემს საძინებელში არავინ შეუშვაო.
უკან დაბრუნებულს ისეთი ამბავი დახვდა, სულ გადაავიწყდა გზაში მამასთან კამათი და დის კასტინგში გამარჯვებაც. გახევებული შესცქეროდა ატირებულ მშობელს, რომელიც ქმარს ეხუტებოდა გულში და ხმით მოსთქვამდა: „კინაღამ ბავშვი მოვკალით... სახლი ნახშირად იქცა, ოთარ!... ახლა რაღა გვეშველება...“
ერთი თვის შემდეგ, როცა რეზის ტრანსპორტირება შესაძლებელი გახდა, თბილისის საუკეთესო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა დაზიანებული სხეული, რომ ნახეს გულწრფელად გაიკვირვეს, რომ ბოლო ხარისხის დამწვრობას ბავშვი ცოცხალი გადაურჩა. ყველაფერს აკეთებდნენ რაც შეეძლოთ, რომ ახალგაზრდა ბიჭისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ.
ჯოჯოხეთური ტკივილი, უამრავი ჩხვლეტა, ბანდაჟი და საზიზღარი სუნის მქონე წამლები გამოიარა რეზიმ, სანამ მშობლიურ სახლს დაუბრუნდა - შეცვლილი, გაუცხოებული და გაველურებული. საძინებლის კარი რომ შეიკეტა, დედამისმა პირზე აიფარა ხელი. სასოწარკვეთილს ცხელი ცრემლები გადმოსცვივდა. ქმარმა გულზე მიიხუტა ცოლი და ანუგეშა - დრო მივცეთ, ადრე თუ გვიან ყველაფერი დალაგდებაო...
არაფერი დალაგებულა. დროს არ განუკურნავს ჭრილობები. იმ კოშმარული მოგზაურობის შემდეგ, სიმპათიური რეზი სხირტლაძე მესხეთის ქუჩას „ფრედი კრუგერის“ სხეულით დაუბრუნდა! - რა უნდა გამოსწორებულიყო?! ერთადერთი, ცეცხლს ბიჭის ლამაზი, მსხვილი ტუჩები გადაურჩა. დანარჩენი სახე კი ვარდისფერ ცვილის უფორმო ნიღაბს დამსგავსებოდა - ჩამომდნარი თვალის ქუთუთოებიდან, წყვილი მწვანე სფერო შეჰყურებდა სამყაროს, რომელიც მთელი გულით ეზიზღებოდა...
მას შემდეგ შვიდმა გრძელმა წელმა განვლო. მესხეთის ქუჩაზე სიმშვიდეს დაესადგურებინა. ცხოვრება თითქოს წესრიგის კალაპოტში ჩადგა და იარებს ნელ-ნელა იშუშებდა - ბატონი მერაბი, მოკაკვული კუდით, ცოლს დაუბრუნდა და შერიგება სთხოვა. ლესელიძემ ეს, რომ გაიგო მთელი ერთი კვირა ჭორავდა მზია ტაბატაძეს როზასთან, თუ როგორი უტვინო დედაკაცია, უკან რომ მიიღო მოღალატე კაცი. ერთხელ თუ ფეხი გადაუბრუნდა, მეორედაც იზამს, ოღონდ ამჯერად უფრო ფრთხილადო - სისინით წინასწარმეტყველებდა თამარა, როზა კი თანხმობის ნიშნად უქნევდა თავს.
ჭინჭარაძეებმა ბოლოს და ბოლოს ბანკის ვალი გაისტუმრეს და სახლიდან გაგდებით აღარავინ ემუქრებოდა, რასაც თამრიკო ირონიული ფხუკუნით შეხვდა. მოკლედ, ცხოვრება თავისი რიტმით მიდიოდა, ტაატით, მოსაწყენად... სანამ უბანში „ადამსების“ ოჯახი არ გადმოვიდა საცხოვრებლად. ყველაფერი კი ასე დაიწყო...
ერთ მშვენიერ დღეს, თამარამ ქმრის საყვარელი ბრაუნის გამოცხობა გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ მაცივარში საჭირო რაოდენობის კვერცხი არ ჰქონდა. იძულებული გახდა მაღაზიაში ჩასულიყო და „ნისიად“ აეღო. საღამოს თემური რომ მოვა სამსახურიდან, ფულს წავართმევო - ფიქრობდა, როცა გასასვლელად ემზადებოდა.
საკუთარ ანარეკლს თვალი შეავლო სარკეში. იისფერი ზედატანიდან ფქვილი ჩამოიფერთხა, თმა შეისწორა და კარს მიაშურა. ის იყო საკეტი გადაატრიალა, რომ სადარბაზოდან ხმები მოესმა. სწრაფად გავიდა სადარბაზოში და გრძელი კისერი კიდევ უფრო წაიგრძელა, რათა დაენახა რა ხმაური იყო კიბეებზე.
რამდენიმე მამაკაცს თვალი მოჰკრა როგორ ეზიდებოდნენ ავეჯს კიბეებზე. წარბი შეიკრა. ახალი მეზობლები გადმოდიოდნენ? კი მაგრამ, სად? ერთადერთი ჭკადუების ბინა იყო თავისუფალი... თვალები გაუფართოვდა. სახლის კარი სწრაფად გადაკეტა გარედან, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და სწრაფად დაეშვა კიბეებზე. მესამე სართულზე ორ მამაკაცს შეეჩეხა, შუაში მოზრდილი კომოდი მოექციათ და ღია ბინის კარისკენ მიათრევდნენ. წინათგრძნობა გაუმართლდა - ახალი მეზობლები ჭადუების ყოფილ ბინაში გადმობარგებულიყვნენ!
აღტაცებულმა მაშინვე თვალები დააცეცა, ახალი მეპატრონეების დანახვის იმედით. მუშებმა, რომლებმაც კომოდი ბინაში შეიტანეს, ხუთ წუთში უკან გამობრუდნენ. ორივეს ღვარად ჩამოსდიოდა ოფლი სახეზე. ლესელიძე ერთ-ერთს მიეჭრა:
- გამარჯობა, ახალი მეზობლები ხართ? - გაუღიმა ყველაზე დაბალსა და მელოტს.
მსუქანს მოკლემკლავიანი მაისური გაბანჯგვლილ ღიპს ძლივს უფარავდა. ქოშინებდა, თან გაცვეთილი ცხვირსახოცით გაოფლილ კისერს იწმენდდა.
- არა, ქალბატონო, ჩვენ მხოლოდ ავეჯი გადმოგვაქვს. სახლის პატრონი შიგნითაა.
თავი ბინისკენ გაიქნია. გვერდი აუარა აბეზარ ქალს და მეწყვილესთან ერთად კიბეებზე დაეშვა დარჩენილი ავეჯის ამოსაზიდად. თამრიკო ერთ ადგილზე ცქმუტავდა და თითებს იმტვრევდა. დაეკაკუნებინა? ასე შეჭრა ეუხერხულა. არც კი, იცნობდა გადმოსულებს! დახმარება, რომ შეეთავაზებინა? ჰო, მშვენიერი აზრი იყო. ახალგადმობარგებულებს უამრავი საქმე ექნებოდა. დამატებითი ხელი, ვის არ არგებდა ასეთ დროს?
საკუთარ ფიქრებს გაუღიმა და თამამად გადადგა ნაბიჯი ნახევრად შეღებული კარისკენ, მაგრამ დასაკაკუნებლად გაწვდილი ხელი ჰაერში გაუშეშდა - ზღურბლზე მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი გამოჩნდა. ლესელიძე უცნობის შავ თვალ-წარბმა და ხშირმა წამწამებმა დაამუნჯა. წამით სულ გადაავიწყდა თავისი გეგმა და გაშტერებული მიაჩერდა ოჯახის უფროსს.
- ეეე... მმმ...
აბლუკუნდა და დარცხვენილი ერთიანად აჭარხლდა.
- რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
თავაზიანმა, დაბალმა, ბოხმა, ბარიტონმა მთლად წაართვა საღი აზრი ქალს. ასეთი სიმპათიური მამაკაცი, თავის დღეში არ ენახა! პოპულარული ჟურნალიდან გადმოსულ მსახიობს ჰგავდა, გატაცებით, რომ ათვალიერებდა გვერდიდან გვერდამდე, როცა ქმარი სახლში არ იყო.
ნავარჯიშები სხეული კარგად ეკვეთებოდა ტანზე მომდგარ შავ სვეტერში. მაღალი ყვრიმალები და მკაცრი სახის ნაკვთები ამშვენებდა ეშხიანს. როგორ ჰგავს არაბსო - გაუელვა გონებაში და ზეთისხილისფერი კანი მოუთვალიერა.
- ეეე... - ნერწყვი გადაყლაპა და თვალები ააფახურა - მე თქვენი მეზობელი ვარ, მინდოდა... მინდოდა დახმარება შემომეთავაზებინა.
ამოღერღა როგორც იქნა. საკუთარ თავზე ნერვები ეშლებოდა, რომ ასე ერეოდა აზრები. შერცხვა კიდეც - პატარა გოგონასავით აბლუკუნდა ამხელა ქალი!
- სულგრძელობაა თქვენი მხრიდან, - სქელ ტუჩებს თავაზიანი ღიმილი მოეფინათ - გმადლობთ, მაგრამ თავს გავართმევთ.
- მაა... მამი...
მოესმა ბავშვის ხმა მამაკაცის ზურგიდან, კაცის გრძელ ფეხებს პატარა ხელები შემოეხვივნენ და დარჩენილი ღრიჭოდან შავთმიანმა გოგონამ გამოჰყო თავი.
- მა, ვინაა ეს მოხუცი?
კრიტიკულად შეათვალიერა კართან უხერხულად ატუზული ქალი. ლესელიძეს ისეთი სახე გაუხდა თითქოს სილა გააწნესო. „მოხუცი?“ სულ რაღაც ორმოცი წლის იყო, რას ნიშნავდა „მოხუცი“?! ერთიანად აჭარხლებულმა ვერაფრით დაატრიალა ენა პირში. მამაკაცი დაიხარა და გოგონა ხელში აიყვანა.
- ელ, როგორ მიმართავ, უცნობ ქალბატონს?!
სუსხიანი მზერა გაუსწორა შვილს. გოგონას შერცხვა და ლოყები წამოუწითლდა. მამის გამკიცხავ გამოხედვას ვერ გაუძლო და თვალები დახარა.
- აააჰ, არაფერია, არაუშავს, მხოლოდ ბავშვია...
ყალბი სიცილით სცადა სიტუაციის განმუხტვა ლესელიძემ. სხვა დროსა და სხვა სიტუაციაში, დიდი სიამოვნებით გააცლიდა ღინღლებს უზრდელ ლაწირაკს! მაგრამ მამის თანდასწრებით მეტი ვერაფერი გაბედა.
- ზრდილობას ბავშვობიდან ითვისებს, ადამიანი! ხომ ასეა, ელ? - იკითხა ყინულივით ცივი ხმით. თამრიკო კიდევ უფრო აირია.
- კი, მამა. ბოდიში.
ამოიბურტყუნა უხალისოდ და სწრაფად მოეხვია კისერზე, რათა მამის სუსხიან, შავ თვალებს გაქცეოდა.
- კარგი, ბავშვს ცუდად ნუ ვაგრძნობინებთ თავს. - ხელი აიქნია უხერხული სიცილით ლესელიძემ - სხვათა შორის მე თამრიკო ვარ.
ხელი გაუწოდა მეზობელს. შავგვრემანმა ნელა გადაიტანა მზერა გამოწვდილ ხელზე და წამიერი ყოყმანის შემდეგ დინჯად ჩამოართვა.
- სულა, სულა სავანელი.
გრძელი თითები ძლიერად და იმავდროულად ფრთხილად შემოეჭდნენ ქალის მტევანს. ლესელიძეს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. მუხლებში სისუსტე იგრძნო. გულმა ისე დაუწყო ბაგაბუგი შეეშინდა, ხმა არ გაიგონოსო. ხელი სწრაფად გაითავისუფლა და ერთი ნაბიჯით დაიხია უკან.
- კარგი... - უხერხულად შეისწორა თმა და კაბიდან უხილავი მტვერი ჩამოიფერთხა - მოკლედ, თუ რამე დაგჭირდეთ, ორი სართულით მაღლა ვცხოვრობ. კიბეებიდან მარცხენა კარი ჩემია. შემაწუხეთ, რა დროც არ უნდა იყოს.
- დიდი მადლობა, კეთილი დახვედრისთვის.
სულამ ოდნავ დაუკრა თავი ახალ მეზობელს და ქალს ისევ აურია „მონასტერი“. ლესელიძე არ იყო მიჩვეული ასეთ მოპყრობას. თემურამ ბოლოს ოცი წლის წინათ აკოცა ხელზე, ისიც ჯვრისწერის დღეს. მამაკაცისგან თავაზიანი მანერებით განებივრებული ნამდვილად არ იყო.
- მაშინ... ეეე... - აბლუკუნდა - დროებით!
ხელი დაუქნია, ქუსლებზე შებზრიალდა და არეული ნაბიჯით დაეშვა კიბეებზე. სავანელი, ბავშვით ხელში, სადარბაზოში გამოვიდა და ქალის ზურგს მიადევნა მზერა. ყბაზე კუნთი დაეჭიმა. მარცხენა ნელა შემართა და გაშლილი ხელისგული, ყელზე მიკრულ გოგონას, თავზე გადაუსვა. ნახშირივით შავი თვალები უძირო სფეროებს მიუგავდა. იყო მის გამოხედვაში რაღაც... იდუმალი.
სადარბაზოს მტვრიან ფანჯარას წვიმის პირველი მსხვილი წვეთი მოხვდა. სადღაც შორიდან ქარმა ყრუ ქუხილის ექო მოიტანა. სულა სავანელი აუჩქარებლად შებრუნდა ბინაში და კარი მიიხურა.
თამარა არეული ნაბიჯით ჩადიოდა კიბეებზე. რცხვენოდა საკუთარი თავის! ახალმა მეზობელმა პირველივე დანახვისას მოხიბლა. მოკვდებოდა ვიდრე აღიარებდა, მაგრამ საშინლად შურდა სულა სავანელის ცოლის. ასეთი მამაკაცი, რომ ჰყოლოდა სახლში მასზე ბედნიერი ქალი დედამიწის ზურგზე არ ივლიდა. ჰო... ასე ფიქრობდა ლესელიძე და წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ მწარედ ცდებოდა...
ტყვიისფერ ცაზე სწრაფად მოგროვდნენ შავი ღრუბლები. ქუხილის ექომ იმძლავრა. წვიმის მსხვილი წვეთები კანტიკუნტად, მაგრამ მძიმედ ეცემოდნენ გამომშრალ, დამსკდარ ნიადაგს. თამარა სადარბაზოდან გამოდიოდა, როცა დამაბრმავებლად იელვა. შეშინებული, გამაყრუებელი ქუხილის მოლოდინში, მოიკუნტა და თავზეხელებწაფარებულმა მაღაზიისკენ მოუსვა. ჭკადუების ყოფილი ბინის ფანჯარასთან ფარდა შეირხა. ცამ გამაყრუებლად დაიგრგვინა, თითქოს სამყარო შუაზე გაიპოო...
მესხეთის ქუჩაზე საინტერესო ამბები უნდა დატრიალებულიყო, მეტად საინტერესო...


თავი მესამე

„სკოლის ეზოში დაპარკინგება არ შეიძლება!“

„ყველაზე საშინელი ის მზერაა, რომელსაც ვერ პოულობ,
მაგრამ ზურგზე ყინულივით გრძნობ...“

გამოღებული ფანჯრიდან გრილი ნიავი უბერავდა და რძისფერ ფარდას ზანტად აფრიალებდა. კლასში, ბავშვებს თავები ჩაეხარათ და საკონტროლოს წერდნენ. სამარისებულ სიჩუმეს, კალმების რვეულებზე წრიპინის ხმა არღვევდა მხოლოდ. საწერ მაგიდასთან მჯდარ მათემატიკის მასწავლებელს ცხვირზე სათვალე წამოეცვა და ჟურნალს ჩასჩერებოდა.
ერთადერთ მოსწავლეს, რომელიც საკონტროლო წერით თავს არ იწუხებდა, სახე გრილი ნიავისთვის მიეშვირა და მზერა ლაჟვარდისფერი ჰორიზონტისთვის გაეშტერებინა. ნახშირივით შავ სფეროებს, ფარული სევდა უტივტივებდათ სიღრმეებში. ფერმკრთალს თვალის უპეები ჩალურჯებოდა. გამომშრალ ტუჩებს სინაზე და სიგლუვე აკლდათ. გამოყვანილი სახე და ასაკისთვის შეუფერებელი მკაცრი სახის ნაკვთები ამშვენებდა. თავზე კაპიუშონი წამოეფარებინა. ბლუზის ჯიბეებში კი დამუშტულ ხელებს მალავდა. ფეხები ერთმანეთისთვის გადაეჯვარედინებინა და სკამზე გადაწოლილი ღრმა ფიქრებს მისცემოდა.
- სავანელი!
საკლასო ოთახში სირაძის მკაცრი ხმა გაისმა. ყველამ თავი ასწია, ჯერ მასწავლებელს შეხედეს, შემდეგ კი ცნობისმოყვარე მზერა მოსწავლეზე გადაიტანეს, რომელსაც საერთოდ არ გაუგია, რომ სწორედ მას მიმართავდნენ.
- შენ გელაპარაკები, სავანელო! - ხმას აუწია იზამ.
ნიცამ, მეგობარს ფეხი მიარტყა უჩუმრად. ელმა თვალები აახამხამა და გონს მოსულმა მეგობარს შეხედა. გოგონამ თვალები დაუბრიალა და თავით ანიშნა მასწავლებელზე, რომელიც მზერით ხვრეტდა შორიდან. მოფხიზლებული სკამზე შესწორდა.
- ბატონო?
- რახან ასე არხეინად ზიხარ, ვვარაუდობ, რომ საკონტროლო უკვე დაამთავრე?! - წარბები მაღლა გაექცა იზას.
- დიახ.
უპასუხა მშვიდად. რვეული დახურა და ისევ ჯიბეში ჩაიდო მარჯვენა. დავალება, რომელიც სირაძემ მოამზადა საკონტროლოსთვის, ათასჯერ ჰქონდა გავლილი კერძო მეცადინეობაზე, ამიტომ არ გასჭირვებია. სხვებისგან განსხვავებით, ათ წუთში მორჩა მუშაობას და კალამი გვერდით გადადო. სირაძე გოგონას სიმშვიდემ და თავდაჯერებამ გააღიზიანა. თავი მაღლა ასწია და შეუღრინა:
- რახან უკვე მორჩი, რვეული მომიტანე! და ქუდი მოიხადე გაკვეთილზე! მშვენივრად იცი, წესები!
ელი ნელა წამოდგა. სკამი ხმაურით გახოხდა უკან. რვეული აიღო, სირაძეს საწერ მაგიდასთან მიუტანა და გამოწვდილ ხელში ჩაუდო. იზამ ბატატა ხელებში ჩაბღუჯა ნაშრომი და წარბშეკრულმა ნამუშევარს თვალი გადაავლო. ელი მიხვდა შეცდომებს ეძებსო და ცივად გაეღიმა.
- ქუდი! - გამოსცრა კბილებში.
ელმა კაპიუშონი გადაიძრო. ფანჯრიდან მონაბერმა ცივმა ნიავმა ყორანივით შავი თმა აუფრიალა. მასწავლებელმა, შეცდომის პოვნის იმედით, თითოეული დავალება ორჯერ გადაიკითხა გულდასმით, მაგრამ უშედეგოდ. გაღიზიანებულმა ტუჩები მოკუმა.
- შეიძლება ადგილს დავუბრუნდე, თუ ისევ გაქვთ კითხვები? - სავანელს ართობდა ქალის უსუსურობა.
- დაჯექი! და ყურადღებით იყავი გაკვეთილზე!
დაუცაცხანა გაბრაზებულმა. ელი მორჩილად დაუბრუნდა თავის ადგილს. სკამზე აუჩქარებლად დაეშვა და მზერა ისევ ჰორიზონტზე გადაიტანა. კლასი ისევ დავალებას მიუბრუნდა. იმედი გაუცრუვდათ, არადა წარმოდგენას ელოდნენ! აყალმაყალი ხელს აძლევდათ, მასწავლებელს ყურადღება მოდუნებული ჰქონდა ხოლმე, რაც გადაწერის შანს ზრდიდა. თუმცა, არა ამჯერად.
ოც წუთში იზამ ხმამაღლა, რომ გამოაცხადა საკონტროლო დასრულდა, რვეულები დახურეთო - ბავშვების ოხვრა და წუწუნი მოჰყვა.
- ჩავაფლავე! სამიანს დამიწერს. - წაიბურტყუნა ნიცამ - კვადრატული განტოლებების არაფერი მესმის!
- წეროს და იკითხოს, რა გენაღვლება? - მხრები აიჩეჩა ელმა.
- რა მენაღვლება?! - გამოაჯავრა გაღიზიანებულმა - შენი ატანა არ აქვს, მაგრამ ხუთიანზე ნაკლებს ფიზიკურად ვერ გიწერს. მარტივია ასე საუბარი შენი ტყავიდან!
- გადაგეწერა, დაგიშალე?
- მიხვდებოდა, რომ შენგან გადავაკოპირე! რამდენჯერაც დაფასთან გამიყვანა განტოლება ვერ ამოვხსენი! საკონტროლო კი ხუთიანზე დავუწერე?! სამიანის ნაცვლად ორიანს მომარტყამდა გასწორებისას! - სახე ხელებში ჩარგო სასოწარკვეთილმა.
ელს სიცილისგან მხრები აუთამაშდა. ნიცა ყველაზე ლამაზი გოგონა იყო კლასში. გარეგნობით ნამდვილად აბრმავებდა ბიჭებს. გრძელი, აბრეშუმივით ნაზი კაკაოსფერი თმა, ლამაზად ეტალღებოდა წვრილ წელზე. პატარა მრგვალ სახესა და დიდი ყავისფერ თვალებს გრძელი წამწამები და სქელი წარბები უმშვენებდა. მარწყვისფერ სქელ ტუჩებს ქვემოთ, გამოყვანილ ნიკაპზე პატარა ხალი იქცევდა ყურადღებას. დიახ, მშვენიერი გოგონა გახლდათ, ნიცა გოგოლაძე, მხოლოდ მათემატიკის არაფერი გაეგებოდა!
- როგორ დაწერეთ?
წინა მერხიდან ქერა თავი მოატრიალა ლიზამ. ზღვისფერი თვალები ეშმაკურად უციმციმებდა.
- სახეზე არ აწერია?
ცერი გაიშვირა ელმა ნიცასკენ, რომელსაც ისეთი გამომეტყველება ჰქონდა თითქოს ტირილს ძლივს იკავებსო.
- ნუ ნერვიულობ, ნიცა. მეც ჩავაფლავე! - თავისებურად დაამშვიდა ანამ და სირაძეს ისეთი სიძულვილით გახედა, თითქოს სულ მისი ბრალი იყო, რომ „სასტავი“ საკონტროლოში ჩავარდა - ელის გარდა, ყველა ჩავფლავდებით. დიდი ამბავი!
- ამომიყვანეთ ყელში, ახლა იდიოტური საკონტროლო! - თვალები გადაატრიალა შეღონებულმა - ლიზა - ისტორიაშია ძლიერი, ანკა - ბიოლოგიაში, ნიცა... ნიცა - ბიჭების დაკერვაში, მე მათემატიკა გამომ...
ვეღარ დაასრულა, რადგან ნიცას მოქნეულმა მარჯვენამ კუჭისთავში უწია და წამით სუნთქვა შეეკრა. კანდელაკსა და შერვაშიძეს სიცილი წასკდათ.
- თქვენ, ოთხნი! - იზამ აკრეფილი რვეულები მაგიდას დაახეთქა - შეწყვეტთ ჩემს გაკვეთილზე საუბარს, თუ კლასი დაგატოვებინოთ?!
ელი გაჭირვებით გასწორდა წელში. მარჯვენამ მართლა მწარედ უწია. სირაძემ გაღვივება ვერ მოასწრო, რადგან სწორედ ამ დროს ზარი დაირეკა და მთელი კლასი წამოიშალა. მასწავლებელს სახე ჩამოუგრძელდა. გაცოფებულმა რვეულებს და ჩანთას ხელი წამოავლო და ცხვირაბზუებული კლასიდან გავარდა.
- რა სჭირს ამ ქალს? - ქალს თვალი გააყოლა ნიცამ - დღეს ნერვებზეა.
- როდის არ არის ნერვებზე? - ელს დაამთქნარა - უბრალოდ ეგეთი ტიპია. რომ არ იკივლოს წნევა აუწევს.
- კიდევ ორი გაკვეთილი დაგვრჩა, გეოგრაფია და ქიმია. - ლიზამ გაკვეთილების ცხრილს ჩახედა - საზიზღარი დღე მაქვს დღეს! არც გეოგრაფიაში მისწავლია და ქიმიისაც ვერაფერი გავიგე.
- ქიმიისას ვერავინ ვერაფერს იგებს, ყელტიტველა თამილას გარდა. - შენიშნა ელმა.
მუდამ კეფააპარსული ქიმიის მასწავლებელი მოკლე, ქერა თმას ატარებდა. ბავშვები ზურგსუკან დასცინოდნენ, ყელტიტველა ქათამს ჰგავს, სოფლის ორღობეში მორბენალსო. ასე შეერქვა თამილას ზედმეტსახელიც.
- არაუშავს, ორი გაკვეთილიც და სახლში წავალთ! წამოხვალთ ჩემთან?
ნიცამ მომლოდინედ გადახედა მეგობრებს. ლიზამ და ანამ თანხმობის ნიშნად დაუქნიეს თავი. ელმა ტუჩზე იკბინა.
- ახლა არ მითხრა, რომ დღესაც არ გცალია! - სახე მოეღრუბლა გოგოლაძეს.
- მათემატიკა მაქვს, პრინცესა, ვერ გავაცდენ. გურანდა ტყავს გამაძრობს!
- კი მაგრამ, რამდენჯერ გაქვს მათემატიკა კვირაში?
- სამჯერ. - ცალი თვალი მოეჭუტა.
- მერეც გიკვირს, რომ კლასში პირველია? - ანამ მოწყალებით გადმოხედა ნიცას.
- შაბათ-კვირას იყოს. მანამდე არ მცალია. თქვენ შეიკრიბეთ, რა პრობლემაა.
- და ხვალ? - ასე მარტივად დათმობას არ აპირებდა.
- ხვალ კიტას შევპირდი დახმარებას მათემატიკის ტესტში.
- შენ „კომაროვში“ უნდა სწავლობდე, აქ რა გინდა?! - შერვაშიძემ აღფრთვანებით შეათვალიერა მეგობარი - აბიტურიენტს თუ ტესტში ეხმარები მეათეკლასელი, აქ მართლა რა გინდა?
- „კომაროვში“ არა, „ჰარვარდში“! - წაიბურტყუნა - უბრალოდ მათემატიკა მომწონს. ლოგიკური თემატიკაა, თან საინტერესო, უამრავი თავსატეხით. მე კი თავსატეხების ამოხსნა ძალიან მიყვარს.
- კრიმნალური თავსატეხები აქვს მხედველობაში. - ცბიერად გაეღიმა ლიზას - მისი ოთახი ბოლოს როდის ნახეთ? მთელი კედლები აჭრელებული აქვს წებოვანი ქაღალდებითა და გაზეთიდან ამოხეული ფურცლებით. თავი სერიული მკვლელის ბუნაგში მეგონა საძინებელში, რომ შევედი!
- რაო? - ნიცას თვალები დაუმრგვალდა - მე, რატომ არაფერი ვიცი?
- სერიოზულად? მე მეგონა უბრალოდ ბავშვობის ჰობი იყო, მართლა წერ რამე საინტერესოს? - წამოენთო შერვაშიძე.
ელმა ლიზა თვალებით გაანადგურა. არ უყვარდა თავისი ნაწერების აფიშირება და არც მის ჩვენებას აპირებდა მეგობრებისთვის! წერდა მხოლოდ და მხოლოდ თავისთვის, რომ ღამღამობით დრო როგორღაც გაეყვანა. ყურადღება, რომ არ მოედუნებინა, ფხიზლად, რომ ყოფილიყო და არა იმიტომ, სხვებს მის სულში ხელები ეფათურათ! კალამთან და ფურცელთან გულწრფელი და რეალური იყო, ისე როგორც არასდროს არავისთან. წერაში იპოვა ემოციებისგან განთავისუფლების საშუალება.
ბავშვობიდან უყვარდა ისტორიების შექმნა. სიამოვნებას ანიჭებდა პერსონაჟების გამოგონება და მათთვის სულის მიცემა. ასეთ დროს გარესამყაროს ეთიშებოდა და მთელი არსებით ისტორიაში ეფლობოდა.
პირველად მეექვსე კლასში დაწერა მოთხრობა. ლიტერატურის მასწავლებელმა დაავალათ ბავშვებს ისტორია გამოეგონებინათ და შემდეგ კლასში წაეკითხათ. დიდი ენთუზიაზმით შეუდგა დავალების შესრულებას. გვიანობამდე ფურცლებზე მოხრილი უჯდა მაგიდას. იმდენად გაერთო, რომ პატარა მოთხრობის ნაცვლად მოზრდილი ისტორია გამოუვიდა.
მეორე დღეს სკოლაში მისულს ლიტერატურის მასწავლებელმა ნაშრომის წარდგენა სთხოვა, ელმა მორიდებით აცნობა ცოტა გრძელი ამბავი გამომივიდაო, მაგრამ მასწავლებელმა დაიჟინა მოგისმენთო. ისტორია გოგონაზე იყო, რომელსაც მამა და საუკეთესო მეგობარი მოუკლეს, ტკივილითა და ბოღმით დაბრმავებულმა კი შურისძიება გადაწყვიტა.
თითქმის მთელი გაკვეთილი კითხულობდა, კლასი კი გასუსული უსმენდა. ბოლოს როცა დაასრულა და რვეული დახურა, კლასში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. დაბნეულმა მიმოიხედა, ყველა მას მისჩერებოდა გაფართოებული თვალებით. მასწავლებელმა სათვალე მოიხსნა და სერიოზულად ჰკითხა - ისტორიას გაგრძელება თუ აქვსო?
ის დღე იყო პირველი ნაპერწკალი, რომელმაც მოტივაცია მისცა, წერა გაეგრძელებინა. თუმცა, ისტორიების შეთხზვა ჰობს არ გასცდენია. წერდა მაშინ, როცა ამის სურვილი და მოთხოვნილება ჰქონდა. არასოდეს აღიქვამდა თავის შემოქმედებას სერიოზულად.
გოგონას საყვარელი ჟანრი კრიმინალი და დეტექტივი გახლდათ. ოთახში თაროები სავსე ჰქონდა ამ თემატიკის წიგნებით. ბოლო დროს კი სურვილი გაუჩნდა კიდევ ერთხელ აეღო კალამი ხელში და ამჯერად რაიმე სერიოზული შეექმნა. ისტორია, რომელიც ფაქტებზე იქნებოდა დაყრდნობილი. გაზეთიდან ამოხეული ფურცლებიც ამას ემსახურებოდა - ეძებდა დანაშაულს, რაც მისი ინსპირაციის წყაროდ იქცეოდა. კრიმინოლოგიის წიგნებში იქექებოდა, რათა დამნაშავის ფსიქოლოგია ზედმიწევნით შეესწავლა. აინტერესებდა, როგორ მუშაობდა ფსიქოპატის გონება.
- ახალ ისტორიაზე ვმუშაობ, - აღიარა ბოლოს.
- ოჰო, ხომ წაგვაკითხებ?! - ლიზა მაშინვე გამოცოცხლდა.
- არა, იმიტომ რომ გრძელი ენა გაქვს! - შეუბღვირა მეგობარს.
- წამაკითხებ, თან პირველს! - თავდაჯერებით მოიღერა კისერი და ქერა კულულები ზურგს უკან გადაიყარა - ყველამ იცის, რომ საუკეთესო მსმენელი და შემფასებელი ვარ.
- ცოტაოდენი თქვენი თავდაჯერება მომცა და ცხოვრებაში არ დავიკარგები, - ამოიოხრა ანამ.
შესვენების ზარი დაირეკა და კლასში გეოგრაფიის მასწავლებელი შემოკაკუნდა, გველისტყავის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით. შავი, ტანზე მომდგარი, მუხლებამდე კაბა ეცვა, თეთრი პერანგით. მოკლე შავი თმა კეფაზე შეეკრა კოსად. ცხვირზე კი შავჩარჩოიანი სათვალე წამოეცვა. ორმოც წელს მიღწეულ ქალს მკვეთრი მაკიაჟი უფრო აბერებდა.
ლელა ნიჟარაძე, მკაცრი ქალი იყოო, ვერ იტყოდით. უყვარდა ბავშვები. განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა ბიჭები! კიტას ნაამბობიდან იცოდნენ გოგონებმა, რომ მოურიდებლად ეფლირტავებოდა მეთორმეტე კლასელებს. ქმარი არასდროს ჰყოლია. მამაკაცის ალერსს მონატრებულს, ჰორმონები ტვინში ურტყამდნენ.
სკოლაში ზურგსუკან ჭორაობდნენ, რომ ლელას ზედმეტად მაღალი სტანდარტები ჰქონდა. ეცინებოდათ - სარკეში მაინც თუ იყურებაო?! შეიძლება, ნიჟარაძე თვალწარმტაცი გარეგნობიღ არ გამოირჩეოდა, მაგრამ მახინჯი ნამდვილად არ ეთქმოდა. ერთი ეგ იყო, ცოტა გატყლარჭული საუბარი სჩვეოდა, რაც ბევრს აკარგვინებდა მოთმინებას. განსაკუთრებით - სავანელს!
- გამარჯობა.
მიესალმა კლასს და მაგიდას მიუჯდა. გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს. ოთხივემ ამოიოხრა და წიგნი უხალისოდ გადაშალეს...
სანამ მეთორმეტე საჯარო სკოლაში გაკვეთილები ტარდებოდა, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, ვერცხლისფერ სედანში მჯდარი მამაკაცი, სიგარეტს უკიდებდა და კვამლისგან თვალებდავიწროებული, შორიდან შესცქეროდა ფიზიკის კაბინეტის გამოღებულ ფანჯარას.
სტადიონზე ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ. დროდადრო ყვირილისა და ოვაციების ხმა მოჰქონდა ქარს. მძღოლს, ქურთუკის ჯიბეში ტელეფონი აუზუზუნდა. სიგარეტი ტუჩის კუთხეში გადაიტანა და აპარატი ამოაძვრინა. ეკრანიდან უცხო ნომერმა შემოანათა. ძველისძველი ტელეფონი ზანტად გახსნა და ყურზე მიიდო.
- ერთი საათია ველოდებით, არსად ჩანს! - ყოველგვარი მისალმების გარეშე მიუგო ბოხმა ხმამ მეორე მხრიდან.
- მმმ... - აუჩქარებლად მოქაჩა ფილტრს და ზანტად გააბოლა. მზერა ისევ საკლასო ოთახისკენ გადაიტანა - ცეცხლს ეთამაშება, ! გავაფრთხილე, რომ დაგვიანების შეთხვევაში მწარედ მოვთხოვდი პასუხს! მითითებებს დაელოდეთ!
ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიცურა. კიდევ ერთხელ მოქაჩა სიგარეტს და ნამწვი ფანჯრიდან მოისროლა, ფილტვებიდან ბოლოჯერ ამოუშვა ბოლი და წარბშეკრულმა მანქანა დაქოქა...
სტადიონზე, ერთ-ერთი მოსწავლე, ინტერესით შესცქეროდა მძღოლს, როგორ უყურებდა სკოლის შენობას და წარბებს შორის ნაოჭი უღრმავდებოდა. თვალი გააყოლა სედანს, სანამ საბოლოოდ არ მიეფარა კორპუსებს. დაეჭვებულმა მზერა ფიზიკის კაბინეტზე გადაიტანა, სადაც ამ დროს მეათე კლასს გეოგრაფიის გაკვეთილი უტარდებოდა.
- კიტა! - დაუყვირა თანაკლასელმა - აზრზე მოდი, შენს გამო წავაგებთ!...

თავი მეოთხე

„ფრედი კრიუგერი“

„ფიზიკური იარები, ჩვენს სულიერ სიძლიერეზე მეტყველებენ!“

ბინდდებოდა, საღამოს გრილი ნიავი ხის ფოთლებს ნაზად აშრიალებდა. ლამპიონები იღვიძებდნენ. ქუჩებში მანქანები კანტიკუნტად მოძრაობდნენ. ელმა, უზარმაზარი შავი ჭიშკარი გამოიკეტა. სკოლის მძიმე ჩანთა მხრებზე შეისწორა და ნელი ნაბიჯით გაუდგა სახლის გზას. მათემატიკის კერძო მასწავლებელმა, იმდენი დავალება მისცა, ტვინი გადახურებული პროცესორს მიუგავდა. თვალები ორი თითით მოისრისა. თავზე კაპიუშონი წამოიფარა და ხელები ბლუზის ჯიბეებში ჩამალა.
გზიდან ტროტუარზე გადავიდა და ვიწრო ბილიკს ტაატით გაუყვა. სიამოვნებდა ღამით სიარული, გვიან საღამოს თან ახლდა გრილი ნიავი და სიწყნარე ქუჩებში. მეცადინეობისგან გადაღლილს მეტი არაფერი სჭირდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ სიმშვიდე! პირველ გზაჯვარედინს, რომ მიუახლოვდა მეზობელი შუკიდან უზარმაზარი ნაგაზი გამოძუნძულდა. გოგონას დანახვაზე შედგა და მოჭრილი ყურები ინტერესით აცქვიტა. წამში იცნო მეგობარი, ენა გადმოაგდო და კუდის ქიცინს მოჰყვა.
- ბათუ!
გაეღიმა ელს და კავკასიურ ნაგაზს ბომბორა თავზე ხელი გადაუსვა. ბათურას პატრონი არ ჰყავდა. შემთხვევითი გამვლელების მოწყალებაზე იყო დამოკიდებული, თუ ვინმე რამეს გაიმეტებდა ძაღლისთვის. ან უბნის მაცხოვრებლები თუ გადმოუგდებდნენ პურს, ეგ იყო. ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობას არაფრად ადარდებდა მაწანწალა ძაღლები, რომლებსაც თავშესაფარი არ გააჩნდათ და შიმშილით იღუპებოდნენ ქუჩებში.
უზარმაზარი სხეულისა და საშიში შეხედულების გამო, ბათურას ხალხი უფრთხოდა. მხოლოდ ელმა იცოდა, როგორი კეთილი გული ჰქონდა ნაგაზს. ერთ საღამოს, მათემატიკიდან გამოსული, კინაღამ მაწანწალა ძაღლმა დაგლიჯა. ბათურა რომ არ ჩარეულიყო, გოგონას ფეხს მოაჭამდა. იმ ავადსახსენებელი დღიდან დამეგობრდნენ და კავკასიური ნაგაზი, ყოველთვის დინჯი ნაბიჯებით აცილებდა ახლადშეძენილ მეგობარს სახლამდე.
- გშია? - გახედა ძაღლს, ნაგაზმა კუდი ააქიცინა თანხმობის ნიშნად - მეც მშია. წამო, საცხობში გავიაროთ. იმედი მაქვს, ჯერ კიდევ ღია იქნება.
ერთად გაუდგნენ გზას. ორას მეტრში ციცინო ბებოს საცხობი გამოჩნდა. მომცრო „ბუტკაში“ შუქი ენთო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მიუსწრეს. ელმა ნაბიჯს აუჩქარა, ბათურამ კი ძუნძულს. შენობას მიუახლოვდა და ვიტრინაში დატანებულ პატარა ფორთოჩკაში შეიჭყიტა.
- საღამომშვიდობის, ციცინო ბებო, ხორციანი ღვეზელი, ხომ არ გექნება?
- გამარჯობა, შვილო, - გაუღიმა თოვლივით თეთრთმიანმა, ერთი ციდა მოხუცმა - მაქვს, მხოლოდ ერთი ცალი დამრჩა.
- მეყოფა, - ბათურას თვალი ჩაუკრა, ძაღლმა კი დრუნჩი მოილოკა - ერთი ხორციანი ღვეზელი და ერთიც პატარა ხაჭაპური იყოს.
- ახლავე, ბებო.
- გმადლობთ.
პლასტმასის თეფშზე ათლარიანი დაუტოვა. წელში გასწორდა და ქუჩა მოათვალიერა, სად შეეძლოთ დროებით ჩამოჯდომა? საცხობის გვერდით, სასამართლოს შენობა იდგა. რკინის შემოსაზღვრული გალავნის წინ, კი ხის ძელსკამი გაჭიმულიყო.
- გამომართვი, ბებო. - მოხუცმა ცელოფანი გაუწოდა.
- გმადლობთ, ხურდა არ მინდა, ღამემშვიდობის.
სანამ მოხუცი გაპროტესტებას მოასწრებდა ზურგი აქცია და ბათურასთან ერთად შერჩეული ადგილისკენ გაეშურა. ხის სკამზე ჩამოჯდა და თბილი ხორცის ღვეზელი ძაღლს გაუწოდა.
- შეგერგოს, მეგობარო.
კავკასიურმა ნაგაზმა ფრთხილად გამოართვა საჭმელი, მადლიერებით გაუქიცინა კუდი, თათებზე დაეშვა და მშვიდად დაიწყო ჭამა. ელმა ხაჭაპურს უკბიჩა. ჯერ კიდევ თბილი ყველი რეზინივით იწელებოდა. უგემრიელესიაო, ამოიკრუსუნა ნასიამოვნებმა.
ერთხანს უხმოდ შეექცეოდნენ საჭმელს. ელმა ხაჭაპური, რომ დაამთავრა, ხელსახოცით პირი მოიწმინდა, ცხიმიანი ქაღალდი კი ცელოფანში ჩაუძახა. თანმხლებს გადახედა, ბათურას თავისი ღვეზელი დაესრულებინა და დრუნჩს კმაყოფილი ილოკავდა.
- წავედით, სახლისკენ?
დაეკითხა წინამძღოლს, ბათურა საპასუხოდ წამოდგა. დანაყრებულს მხნეობა შემატებოდა. ელს გაეცინა. ქუჩას თვალი მოავლო და ზურგჩანთა მოიკიდა. ადგომა დააპირა, მაგრამ შედგა. თავი მარცხნივ მიაბრუნა, სადაც წამის წინ იყურებოდა და წარბი შეიკრა. მოშორებით, ორას მეტრში, „საქართველოს ბანკის“ წინ ვერცხლისფერი სედანი გაჩერებულიყო. დაეჭვდა. საღამოს ცხრა საათი ხდებოდა, ბანკი კარგა ხნის წინ დაიკეტა. რას აკეთებდა მძღოლი ასეთ დროს ქუჩაში მარტოდმარტო? რამდენიმე წუთის წინ შენობას ჩაუარა. შეეძლო დაეფიცა, რომ იქ არანაირი მანქანა არ იდგა!
თვალები მოწკურა და მზერა სარეგისტრაციო ნომერზე გადაიტანა და ეჭვები კიდევ უფრო გაუმძაფრდა. იგივე მანქანა სკოლასთან შეამჩნია! ფანჯარასთან მჯდარს ჩვევად ჰქონდა ვიწრო ქუჩის თვალიერება. როგორც წესი სკოლის ქუჩაზე, მანქანის გაჩერება მხოლოდ მგზავრის გადმოსმის მიზნით შეიძლებოდა, დაპარკინგება აკრძალული იყო! ამიტომ, მაშინვე თვალში მოხვდა უპარდონოდ ჩამომდგარი სედანი.
დაახლოებით, ათ-თხუთმეტ წუთს იდგა. მძღოლი მანქანიდან არ გადმოსულა, არც არავინ ჩაუსვამს. ჩაწეული ფანჯრიდან მხოლოდ სიგარეტის კვამლი გამოდიოდა. მძღოლის სახე არ დაუნახავს, მაგრამ სანომრე ნიშნებს კი მიაქცია ყურადღება. ახირება ჰქონდა ასეთი - რა იცი, როდის გამოგადგებაო - ფიქრობდა თავისთვის. ამჯერად, ნამდვილად გამოადგა! მზერა მანქანის სარეგისტრაციო ნომრისთვის გაეშტერებინა.
- იგივე სედანია... - წაიჩურჩულა ხმადაბლა - დამთხვევაა?
თავი არაკომფორტულად იგრძნო. ჩაბნელებულ სალონში არც კი ჩანდა შიგნით ვინმე იჯდა თუ არა, ახლოს მისვლა კი ვერ გაბედა. უბრალოდ დამთხვევა, რომ ყოფილიყო? არ იფიქრებდა მძღოლი - ეს ვერ არისო?! ან, უარესი! რომ აღმოეჩინა მანქანა მას დასდევდა კუდში, საქმეს ხომ არ გაუადვილებდა, სტალკერს?! თავისი ფეხითაც ხომ არ ჩამხტარიყო საბარგულში?!
ბათურას თავზე გადაუსვა ხელი. კავკასიური ნაგაზის თბილი სხეული სიმშვიდეს ჰგვრიდა. იცოდა, რამე რომ ყოფილიყო, მარტო არ იყო. შემობრუნდა, კაპიუშონი თავზე შეისწორა და აჩქარებული ნაბიჯით გაუყვა გზას. ძაღლი ძუნძულით აედევნა უკან. მთელი სხეულით დაძაბული აყურადებდა, თუ მანქანა ფარებს აანთებდა და უკან გაჰყვებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. მგონი პარანოია მეწყებაო - ჩაიბურტყუნა ცხვირში.
როდესაც ორივემ მესხეთის ქუჩაზე შეუხვიეს. ელს დაჭიმული ორგანიზმი მაშინღა მოუდუნდა. ნაცნობმა სადარბაზოს დანახვამ, სიმშვიდე მოჰგვარა. ცოტაც და სახლში იქნებოდა. უბნის მაღაზია უკვე დაეკეტათ. შენობაში მრუმე სიბნელეს დაესადგურებინა. ეზოში სულიერი არ ჭაჭანებდა, ერთი ადამიანის გარდა, რომელიც ხის მაგიდას მისჯდომოდა და ელის მსგავსად კაპიუშონში მალავდა სახეს. ცალი ხელი ჯიბეში ჩაემალა, მეორით კი სიგარეტს აბოლებდა.
დაუფიქრებლად გაემართა კაპიუშონიანისკენ. მძიმე ჩანთა ხის მაგიდაზე მიაგდო და მისალმების გარეშე, შავოსანს გვერდით მიუჯდა. ძელსკამს მოხერხებულად მიეყრდნო და თავი მაღლა გადასწია. ღამის ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. თითქოს ვიღაცას ზეცაში ბრილიანტის ნაფშვენები გაებნიაო - თვალისმომჭრელად ბრწყინავდნენ. საოცარი სიმშვიდე სუფევდა. მხოლოდ ჭრიჭინების ხმა არღვევდა სამარისებულ მდუმარებას.
- მძიმე დღე გქონდა? - იკითხა ხრინწიანი ხმით გვერდით მჯდომმა.
- შეიძლება ასეც ითქვას, - უპასუხა ხმადაბლა - მიხარია შენი ნახვა, რეზი. დიდი ხანია არ გამოჩენილხარ.
- მაინც და მაინც მიმზიდველად არ გამოვიყურები, საზოგადოებაში ხშირად, რომ ვიპარადო. - ღიმილით მიაბრუნა თავი გოგონასკენ.
ლამპიონების შუქზე, დასახიჩრებული სახე, მკვეთრად გამოისახა. ორი თხილისებრი ჭრილის ფორმის ხვრელში, ღრმად ჩამჯდარი, წყვილი მწვანე თვალი მეგობრულად უმზერდა გოგონას. წარბებისა და წამწამების გარეშე დარჩენილი ჩამომდნარი ცვილისებრი კანი, მართლაც საზარელი სანახავი გახლდათ. დამწვრობას გადარჩენილი, მსხვილი ბაგეები ჟინიანად ექაჩებოდნენ სიგარეტის ფილტრს. ელმა აუჩქარებლად გადაიტანა მზერა მოსაუბრეზე.
- გულწრფელად გითხრა?
- შენ, ყოველთვის გულწრფელი ხარ, ელ.
- რეზი... დარწმუნებული ვარ, ყველაზე ნაკლებად ამის მოსმენა გინდა, მაგრამ... ადამიანები მუდამ მიაშტერდებიან, შენს ფეხსაცმელს, ტელეფონს, სამოსს, იარებს. გააკრიტიკებენ შენი ცხოვრების სტილს, გემოვნებას, თმის ფერს, თუ იდიოტურ ჭორფლს ცხვირზე. მაგრამ, ეს მათი პრობლემაა და არა შენი.
- მე ასე არ ვფიქრობ... - უპასუხა ხმადაბლა და სიგარეტი გადააფერფლა.
- როცა სახლში სამყაროს ემალები, - აგრძელებდა თითქოს არ შეუწყვეტინებიათ - ისე გამოდის, თითქოს მათ ეთანხმები, რომ არ გაქვს უფლება ხალხს შორის თავისუფლად იარო - არადა, გაქვს! არ მაღელვებს როგორ გამოიყურები! მაღიზიანებს ის, რომ შენს ნიჭს და შესაძლებლობებს ოთხ კედელში ამწყვდევ! გაქცევა ყოველთვის მარტივი გამოსავალია, მე კი არ მგონიხარ ის ადამიანი, ვინც იოლ გზებს ეძებს. არავის თანაგრძნობა არ გჭირდება, ერთადერთი რაც გჭირდება სახლიდან გამოსვლაა, რადგან დრო გარბის. შეძლება შენი სახე შეიცვალა, მაგრამ გარეთ სამყარო იგივეა - ისევ ისეთი ბრუტალური და საინტერესო, როგორიც გახსოვს. შენს სახეზე იარები ამბობენ, რომ ჯოჯოხეთი გამოიარე და გადარჩი. ეს ფაქტია და არა სირცხვილის მიზეზი.
დაასრულა მკაცრად და სახეზე ხელი ჩამოისვა. სიჩუმე ჩამოწვა. გრილმა ნიავმა ფოთლები ნაზად ააშრიალა. ელმა უეცრად საშინელი დაღლილობა იგრძნო. კისერი მოისრისა და მზერა სპორტულ ფეხსაცმელებს გაუშტერა. Საშინლად არ უნდოდა სახლში ასვლა. სულს უხუთავდა ოჯახში გამეფებული დაძაბული ატმოსფერო. ყოველ ჯერზე, სახლის ზღურბლზე გადაბიჯებისას ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს მძიმე ლოდებს ჰკიდებდნენ მხრებზე.
სხეული, თავდაცვის რეჟიმზე გადასული, გიტარის სიმივით ეჭიმებოდა, მუდმივ მზადყოფნაში. "მუდმივი სიფხიზლე!" - მრისხანეთვალა მუდის სიტყვები მოაგონდა "ჰარი პოტერიდან" და კინაღამ გაეცინა. მისი რეალობა ძალიან შორს იყო ჯადოსნურისგან...
- ნაღვლიანი მეჩვენები, მოხდა რამე? - ფიქრებში გართული გამოერკვა და თავი ასწია.
მთელი ეს დრო, რეზი, უხმოდ აკვირდებოდა უმცროს მეგობარს. თხილისებრი ხვრელებიდან მწვანე თვალები მზრუნველად შესცქეროდნენ.
- სახლში იმდენი სამეცადინო მელოდება, ფეხები გარეთ მრჩება.
ნაძალადევად გაუღიმა და ამოიოხრა. სხირტლაძეს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ზრდასრულ ადამიანს ესაუბრებოდა და არა არასრულწლოვან მოზარდს. მისი ქცევები, მანერები, გამოხედვაც კი - ასაკს სევდიანად უსწრებდა. ელი წამოდგა, მძიმე ჩანთა მხრებზე მოიგდო და თვალები ორი თითით მოისრისა.
- შეხვედრამდე, რეზი. გამიხარდა შენი ნახვა. ჩემს ნათქვამზე იფიქრე...
ხელი აუწია და ნელი ნაბიჯით გაუდგა სახლისკენ გზას. Ბიჭმა თვალი გააყოლა მიმავალს. ხვდებოდა, რომ იმ ღამეს ერთადერთი არ იყო ვისაც გულწრფელი საუბარი არ სურდა.
ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, კოლოფიდან ახალი ღერი ამოაძვრინა და საღ Ბაგეებს შორის მოიქცია. გაუკიდა და ძლიერად მოქაჩა ფილტრს. უეცრად ამოვარდნილმა ქარმა ისევ ააშრიალა ტირიფის გრძელი ფოთლები. იდუმალი ღამე იდგა, ცივი, უტყვი, მშვიდი.
მეხუთე სართულს ახედა. ელის ბინაში შუქი ენთო. ადამიანმა, რაც უფრო ნაკლები იცის, მით უფრო მშვიდად სძინავსო - გაუელვა გონებაში. ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი მიწაზე დააგდო და ფეხი გაუსვა. ნელა წამოდგა და ბნელს შეერია მოჩვენებასავით.


******

„რა არ ვიცი, მამა?“

„რთულია განკურნება, როდესაც ჭრილობებს შეხორცება არ სურთ!“

კედლზე დაკიდებული შავჩარჩოიანი საათი ღამის ორს უჩვენებდა. საწერ მაგიდასთან მჯდომ ელს უკვე თავბრუესხმოდა დაღლილობისგან. უძილობის მიზეზი, სასტუმრო ოთახში ჩართული ტელევიზორი და კომენტატორის ხმამაღალი შეძახილები გახლდათ. სულს არ ეძინა. Სავარძელში იჯდა და ფეხბურთს უყურებდა.
მამის სიფხიზლე მოსვენებას უკარგავდა და მიუხედავად იმისა, რომ ქუთუთოები ტყვიასავით დამძიმებოდა, თვალზე რული არ ეკარებოდა. გაბრუებულმა საიმონს გახედა. დის საწოლში გაშხლართული გემრიელად ფშვინავდა. Სახეზე ხელი ჩამოისვა და თვალები დაქაჩა. კალამი მოიმარჯვა და წერა განაგრძო. იცოდა, რომ გადამწვარ გონებაზე გონივრულს ვერაფერს მოიფიქრებდა, მაგრამ ისტორიაზე მუშაობა საშუალებას აძლევდა არ ჩასძინებოდა.
კიდევ ათ წუთს გაძლო ასე, სკამზე გაშეშებულმა, როცა თვალებში შავი წერტილები აუთამაშდა, გონება გაეთიშა და თავი მკერდზე ჩამოუვარდა. თუმცა, ძილი არ დასცალდა. კარის ჭრიალმა მოაფხიზლა და თავი ელვის სისწრაფით წამოსწია - საძინებლის კარის ჩარჩოს, სულა მიჰყრდნობოდა გულხელებდაკრეფილი.
- რატომ არ წვები ლოგინში? - იკითხა ხმადაბლა.
ერთი კვირა გასულიყო, სიტყვა არ უთქვამთ ერთმანეთისთვის. ელს შეცვლილი ეჩვენა. წვერი გაეპარსა და თმა კოხტად შეეჭრა. სახეზე ფერი ედო, ნახშირივით შავი თვალები ფხიზლად შესქცეროდნენ. ისევ მომხიბვლელ არაბს დამსგავსებოდა, რომელიც ხალხში სიმპათიასა და ნდობას იწვევდა.
- არ მეძინება. - მიუგო უემოციოდ.
უფროსი სავანელი კარს მოშორდა და ოთახში შემოვიდა. მძინარე საიმონს დახედა და ნაზად გადაუსვა თავზე ხელი. შემდეგ კი, ელისკენ წამოვიდა. საწერი მაგიდის კუთხეში მიჩურთული დაბალი პუფი გამოსწია და შვილის წინ ჩამოჯდა. სიმაღლით ერთმანეთს გაუთანაბრდნენ. გოგონას მთელი სხეული დაეჭიმა. სულ გადაავიწყდა ძილიც და დაღლილობაც. ადრენალინი ტვინში ჩაქუჩივით ურტყამდა.
- რატომ არ იძინებ? - გაუმეორა კითხვა და შვილს თვალებში ჩახედა.
- იცი, რატომაც! - კბილებში გამოსცრა - ოთხი წელია ნორმალურად არ მძინავს!
- ფხიზელი ვარ, ნუ გეშინია.
- მეშინოდა ბავშვობაში! - თვალებში მძვინვარება აემღვრა - დღეს შენი აღარ მეშინია!
სულა ერთხანს უხმოდ შესცქეროდა გოგონას. ამოუცნობი იყო მის თვალებში მოთამაშე ემოციები. სქელ ტუჩებს ენის წვერი გადაატარა და გაშლილი ხელის გული სახეზე ჩამოისვა.
- იმ დღეს ვწყევლი, როცა თავს დამესხნენ... - წამოიწყო ხმადაბლა.
მზერა იატაკისთვის გაეშტერებინა. ელი კბილს კბილზე აჭერდა ძლიერად. ყელში მობჯენილ ცრემლებს უდიდესი ძალისხმევით იკავებდა. არაფრის დიდებით არ აჩვენებდა სისუსტეს! მშვენივრად მოეხსენებოდა, როგორი იდეალური მანიპულატორი ბრძანდებოდა, სულა სავანელი!
- ბევრი რამ არ იცი, ელ... - წაიჩურჩულა ბოლოს.
- ერთი მოგონება არ ამომდის გონებიდან, - შეაწყვეტინა ცივად - კლდის პირას გაჩერებული მანქანა, გურანდას გაფითრებული სახე და შენი ტრიუმფალური ღიმილი! მაშინ იმდენად პატარა ვიყავი, არც კი მესმოდა რა ხდებოდა. მკითხე გაზს დავაჭირო, მამიო?! გახსოვს?! გურანდა თავს აქნევდა შეშინებული, მე კი კისკისით გითხარი, გაზს დააჭირე ,მამი-თქო! გახსოვს?! - ხელები ისე დაემუშტა, რომ ფრჩხილები მტკივნეულად შეესო ხელის გულებში - ბავშვური უტვინობით ვერც კი მოვისაზრე, რომ თვითმკვლელობა გქონდა გადაწყვეტილი და ჩვენი თან გაყოლაც გინდოდა! - უკვე მთელი სხეულით ცახცახებდა - არასოდეს ამომივა ყურებიდან გურანდას კივილი, როცა გაზის პედალს წიხლი დასცხე და ვერასოდეს გავიგებ, რატომ ჩაქრა მანქანა მიზეზის გარეშე! როგორ ფიქრობ, რომელმა შეგიშალა ხელი? ანგელოზმა, თუ ეშმაკმა?! არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ერთს უსიკვდილოდ გპირდები - აღარასდროს მოგცემ საშუალებას გურანდას, ან საიმონს რამე ავნო! თუნდაც ეს ორივეს სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს!
ჩაისისინა ავად. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. ადრენალინი პირდაპირ დუღდა ძარღვებში! სულამ უხმოდ მოიწმინდა თვალები. წამოდგა, გოგონას კისერზე მოჰხვია ხელი და შუბლზე ნაზად აკოცა. ელს თითქოს დენმა დაარტყაო, ხელის კვრა მოუნდა, მაგრამ მამამისი სწრაფად გაეცალა. უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან და კარი გაიხურა. სულ ცოტახანში ტელევიზორის ხმა მიწყდა. მთავარი კარის გაჯახუნების ექო ყრუდ გაისმა ბინაში...


თავი მეხუთე

„როცა გამჩენი არ გასვენებს!“

„გიყვარდეს უანგაროდ, ეს არის ხელოვნება!“

მაღვიძარა ზუსტად შვიდი საათისთვის ახმაურდა. ძილბურანში მყოფი ჯერ ვერაფრით გამოერკვა რა აწუხებდა და თავზე ბალიში წაიფარა. როცა გამაღიზიანებელმა მელოდიამ ჯიუტად განაგრძო ტვინის ბურღვა, მერეღა გამოერკვა. ხელი ბრმად გაიწოდა ტელეფონისკენ და ხმა ჩააგდებინა. ჯერ კიდევ ბალიშში თავჩარგულმა ამოიოხრა და წელი გაჭირვებით აითრია. ძვლებმა ტკაცუნი დაიწყეს.
გაიზმორა და ნამძინარევი თვალები მოისრისა. მიმოიხედა. საიმონი მაღვიძარას არ გაუღვიძებია, ტკბილად ეძინა კედლის მხარეს, წამითაც არ გატოკებია ფეხი. ელს მუდამ შურდა ძმის უნიკალური უნარის. თავად ფხიზელი ძილი ჰქონდა, საკმარისი იყო ოთახში რაიმეს გაეფაჩუნებინა, რომ მაშინვე თვალები ჰქონდა დაჭყეტილი.
ფეხები უნდილად გადმოკიდა საწოლზე. გადაღლილი ორგანიზმი ისევ ძილს სთხოვდა. გამთენიისას ჩასთვლიმა და სულ რაღაც სამი საათით მოხუჭა თვალი. დაამთქნარა და ტანზე დაიხედა. ისევ შავი ბლუზა ეცვა, იმავე ფერის სპორტული შარვალით.
- დიდებულია...
ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ, კიდევ ერთხელ დაამთქნარა და წამოდგა. კარი უხმაუროდ გამოაღო და აბაზანაში გალასლადსა. ცივი წყალი შეისხა სახეზე, კბილები გამოიხეხა და ჯერ კიდევ გუშინდელი ტანსაცმელი გასარეცხების კალათში მოისროლა. წამიერად შეყოყმანდა, საშინლად ეზარებოდა დილაუთენია ბანაობა, მაგრამ თმები მომაკვდავი მცენარის ყურჩამოყრილ ფოთლებს მიუგავდა. სახე დაეღმიჯა, საშხაპე კაბინაში შევიდა და წყალი მოუშვა.
თბილი შხაპი ესიამოვნა. სისუფთავის შეგრძნებამ ახალი ძალებით აავსო. სახე წყალს შეუშვირა. თბილმა ნაკადმა წუხანდელი ღამის მოგონება გამოუღვიძა. საკუთარი სიტყვები და სულას სახე მოაგონდა. არ სჯეროდა, რომ ნიანგის ცრემლებს გულწრფელად შეეძლოთ ტირილი! მანიპულატორი, მუდამ მსგავს ხერხებს მიმართავდა გურანდას შესანარჩუნებლად. ყოველ ჯერზე, როცა გაქცევას დააპირებდა, სულა მუხლებზე ეცემოდა თვალცრემლიანი - არ მიმატოვო, უშენოდ მართლა დავიღუპებიო!
ელს იმდენჯერ ჰქონდა მსგავსი სცენა ნანახი, რომ იმუნიტეტი გამოიმუშავა. მამამისში გასაჭირში მყოფ კაცს კი არა, ცივსისხლიან ფსიქოპატს ხედავდა, რომელმაც მშვენივრად იცოდა, გიტარის რომელ სიმს უნდა შეხებოდა, რომ მსხვერპლში თანაგრძნობა გაეღვიძებინა!
თვალდახუჭულმა სახეზე ხელები ჩამოისვა. თბილი წყალი ღვარად ჩამოსდიოდა ღაწვებზე... სერიოზულად დაფიქრდა, მამამისის ნიჭის რამდენი პროცენტი გადმოულოცეს გენებმა? პატარაობიდანვე ხედავდა განსხვავებას მასა და მის თანატოლებს შორის. ჯერ კიდევ ბაღის ასაკში მყოფი იქცევდა მასწავლებლების ყურადღებას.
სხვა ბავშვებთან ერთად თამაში არ უყვარდა. ერჩივნა მარტო მჯდარიყო და არავის შეეწუხებინა. ზეთოვანი ფანქრებით ფურცელზე მუდამ იგივე გამოსახულებას ხატავდა. მასწავლებელი დააინტერესა გოგონას დაჟინებულმა მონდომებამ და ჰკითხრა - რატომ ხატავ ერთსა და იმავესო? ელმა, უპასუხა - იდეალურობამდე ბევრი უკლია, ვიმუშავებ იქამდე სანამ სრულყოფილი არ გამოვაო... და მართლაც, სახატავ რვეულში, ყოველ გვერდზე, მონარქის პეპელა ნელ-ნელა რეალურ ფორმებს იძენდა.
გურანდას იმედი ჰქონდა, იქნებ სკოლაში მისული მაინც გაერიოს ხალხშიო. შიშობდა, სახლში პატარა მიზანთროპი მეზრდებაო. ელს კი უბრალოდ მყუდროება უყვარდა. პირველ კლასში იყო, როდესაც, გურანდას ნატვრა აუხდა. ნიცა გოგოლაძე, ლიზასა და ანას თანხლებით, სავანელის მაგიდას მოადგა ამაყად თავაწეული და ოფიციალურად ტონით ჰკითხა - სურვილი თუ გაქვს, შემოგვიერთდეო? ელმა ერთი ახედა გოგონებს და კინაღამ გაეცინა. ნიცა წინამძღოლივით ქერასა და ჭორფლიანის შუაში იდგა. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა „პრინცესული“ ხასიათი. ოი, როგორ არ უყვარდა ასეთი „ტრიპაჩი“ გოგონები! მერე გურანდას გულისშემაღონებელი ქადაგება მოაგონდა, როგორ არ უნდა იაროს ადამიანმა „ეული მგელივით“ და უხალისოდ გამოუწია სკამი ახალ „მეგობრებს“ მის გვერდით.
იმ სასაცილო დღიდან ერთად იზრდებოდნენ. სავანელი, გოგონებში ისე გამოირჩეოდა, როგორც ყვავი წიწილებში, მაგრამ საბოლოოდ ერთმანეთს მიეჩვივნენ.
დროის გასვლასთან ერთად, ელში ახალი თვისებები იღვიძებდნენ. მაგალითად, მიხვდა, რომ ადამიანებით მანიპულირება რთული ხელოვნება სულაც არ არის. ამას რამდენიმე ცხოვრებისეული პრინციპიც დაუმატა - ყოველთვის გამოიყენე შექმნილი სიტუაცია შენს სასარგებლოდ! თუ, გინდა წარმატებას მიაღწიო, იმოქმედე ცივი გონებით და არა გრძნობებით!
რაც შეეხება თანაგრძნობას და სხვების დახმარებას... „ცხვრების“ კოდექსიდან მოპარული ფრაზაა, რომელსაც უფსკრულის პირამდე მიჰყავხარ! არ არსებობს, მაშველი ან საშველი! არსებობს, რეალობა და შენ, მარტოდმარტო მდგარი, ამ რეალობის წინაშე! თუ, გინდა გადარჩე, არასოდეს აჩვენო მტერს, რომ ტკივილის გეშინია!...
ფიქრებიდან გამოერკვა, წყალი მოკეტა და სახეზე ხელი ჩამოისვა. თმა დაუდევრად გაიწურა და ტანზე პირსახოცი შემოიფარა. საიმონის გაღვიძება არ უნდოდა, ამიტომ თმების გაშრობა აბაზანაში გადაწყვიტა, რაც მთელი გულით სძულდა. პატარა ოთახში დაგროვებული ნესტიანი ჰაერი გაშრობისას თმას ყალყზე უყენებდა.
თავი რომ მოიწესრიგა, პირსახოცშემოფარებული ისევ საძინებელში გავიდა და ტანსაცმელის არჩევას შეუდგა. გარდერობიდან თეთრი კაპიშონიანი ზედა გამოაძვრინა, შავი ჯინსის შარვალთან ერთად და კარი მიხურა. წარმოიდგინა ნიცას დაღრეჯილი სახე, მისი ჩაცმულობის დანახვისას და ჩუმად გაეცინა.
გოგოლაძეს ძალიან უყვარდა მოდურად ჩაცმა. არასოდეს მოირგებდა ერთი და იმავე სამოსს ერთი თვის განმავლობაში (რაც ელს ავადმყოფობად მიაჩნდა). მისი გარდერობის კარი, რომ გაგეღოთ ტანსაცმელების ზღვაში ჩაიხრჩობოდით! მიუხედავად ამისა, გოგოლაძე მაინც წუწუნებდა, ხოლმე ჩასაცმელი არაფერი მაქვსო, რასაც სიგიჟემდე მიჰყავდა დედამისი
ტელეფონს ხელი წამოავლო და საათს დახედა, რვის ნახევარი ხდებოდა. ნახევარი საათის განმავლობაში ბანაობაც მოასწრო, ჩაცმაც და მზად იყო წასასვლელად, როცა ნიცა ოცდაათი წუთის განმავლობაში მარტო წამწაებს იპრეხდა ხოლმე სარკის წინ! ის იყო ეკრანი უნდა დაებლოკა, რომ მესენჯერის ჩატში ლიზას შეტყობინება შემოვიდა:
ლიზა: თხებო, გაიღვიძეთ!
ანა: თხის კიკინი მესმის!
ნიცა: ვემზადები, თმას ვიშრობ.
ლიზა: იბანავე, გოგო?
ანა: არა, ლიზიკო, მშრალ თმას იშრობს! ორმო! ქვევრი!
ლიზა: ორი გრადუსია გარეთ, გაეყინება ნუშის ზეთით გადალოკილი თავი! რა ქვევრი, გოგო?!
ნიცა: ჩემი თმის ლაქი სად წაიღღეთ, ჰეეეეელფ! Ბოლოს რომელმა იხმარეთ:?!@
ანა: ღღღღ, ჩვენ არ აგვიღღღღია და როგორც ბოლოს მახსოვს არც არავინ გვიხმარია. ტფფფფ ;?//
ლიზა: რა დებილობებს იწერებით?
ნიცა: კლავიატურამ აუია.///><
ელს გაეცინა. Სწრაფად აკრიფა შეტყობინება და გაგზავნა:
ელი: ნიცა, კალკულატორით იწერები? Xd
ნიცა: ვიპოვე! სარეცხის კალათაში ჩამიგდია. ათ წუთში გამოვდივარ, უჩემოდ არ წახვიდეთ!
ელი: თმის ლაქს, კალათში რა უნდოდა?
ანა: იმედი მაქვს თავის "ქოშებს" სახლში დატოვებს, თორემ სკოლაში ამ საუკუნეში ვერ მივალთ. ჰჰჰჰჰჰჰ.
ლიზა: @ელი შენ არ იცი ნიცა საწოლის ქვეშ რას მალავს ;დდდდდდ
ნიცა: ეზოში ვარ, იდიოტებო! გელოდებით!
ელი: @ლიზა რას თუ ვის? Xd
ანა: მევედი და ეგაა, მახასიას გამოვცდი.
ლიზა: მევედი, შევედი, გევედი,,, სათ ხარტ? ვერ გხედავთ.
ნიცა: დღეს თუ გცალიათ ლიზიკოს წავყვეთ და სათვალეები ვუყიდოთ, ას მეტრში ვერ გვხედავს. შემობრუნდი!
ელმა თავი გააქნია. ტელეფონი დაბლოკა და შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიჩურთა. ჩანთან ზურგზე მოიგდო, საიმონს საბანი შეუსწორა, თავზე ნაზად აკოცა და სახლიდან გასვლა დააპირა, როცა გურანდას ხმა წამოეწია.
- ელ... არ ისაუზმებ?
- არ მშია, დედა. Სკოლაში შევჭამ მოგვიანებით. - გურანდასთვის არ შეუხედავს, თვალს არიდებდა.
- ყველაფერი რიგზეა? - შვილს მიუახლოვდა და ნიკაპში ხელი ამოსდო - რატომ გაქვს დასიებული თვალები? ისევ ღამე გაათენე?
- პირიქით, ძალიან ბევრი მეძინა და მაგიტომ, - თავი გაარიდა - უნდა წავიდე.
- მოიცადე!
მკლავში წაავლო ხელი. ელს თვალები დაეხუჭა. კბილი კბილს დააჭირა, ღრმად ჩაისუნთქა და როგორც შეეძლო, მშვიდად მიუბრუნდა დედამის.
- კიდევ რამე?
- მამაშენი არ გინახავს?
- არ მინახავს.
- წუხელ ადრე ჩამეძინა. ჯერ კიდევ ტელევიზორს უჯდა. ღამით წავიდა, თუ დილით?
- დედა, არ მინახავს-თქო. არ ვიცი, სად არის და არც მაინტერესებს!
- ელ... - გურანდას ხმაში საყვედური გამოერია - მამაშენზე ასე ნუ საუბრობ!
- ღმერთო მოთმინებას ნუ დამაკარგვინებ... - ჩაიბურტყუნა ხმადაბლა - არ ვიცი სად არის შენი ქმარი, მაგრამ მიხვედრას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. ან სვამს, ან იკეთებს! საღამოს, კი სახლის კარს წიხლით შემოგვიღებს, ძველი ზღაპარია, ნუ ნერვიულობ!
- ელ! - გურანდას ბრაზი დაეტყო - ნუ ლაპარაკობ-მეთქი, მამაშენზე ასე!
- შენს თავს, უსმენ?! რასაც შენ გიკეთებს, ამის მერე რანაირად იცავ?!
- ჩვენი პრობლემები ჩვენი საქმეა, ელ. რაც არ უნდა მოხდეს, ის ყოველთვის მამაშენი იქნება.
- უკაცრავად? - კისერი წაიგრძელა ხომ არ მომეყურაო - თქვენი "პრობლემები" თქვენი საქმეა? მე და ჩემს ძმას თქვენი "პრობლემები" არ გვეხება?
დედამისს ისე უყურებდა, თითქოს პირველად ხედავსო. ენას კბილი დააჭირა, სანამ ისეთი რამე წამოსცდებოდა რასაც შემდეგ ინანებდა.
- ელ... - გურანდას თვალებში ტკივილი აერეკლა.
თავის ქნევით დაიხია უკან. სახლის კარი გამოაღო და უკანმოუხედავად დაეშვა კიბეებზე. ხელები ისე დამუშტვოდა ფრჩხილები ხელის გულში მტკივნეულად ესობოდა. სადარბაზოს გამოსასვლელთან მეზობელს შეეჩეხა. პირქუში დილამშვიდობის მიუგდო და გვერდი აუარა.
- ელ...
იმ დილას უკვე მეორედ შეაჩერეს. მოთმინების ზღვარზე მყოფი შედგა, კბილები გააღრჭიალა და ნელა შემობრუნდა ლესელიძისკენ.
- დიახ?
- ეე... ძვირფასო, გუშინ დაგიკაკუნეთ, მაგრამ კარი არავინ გამიღო. ალბათ, დედა სახლში არ იყო. თემურის დაბადების დღე აქვს ხუთშაბათს. სამეზობლოს ვეპატიჟები და გამიხარდება, თუ თქვენც მოხვალთ.
ელს წარბები მაღლა გაექცა. გულში გაიფიქრა - ეს ქალი ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდაც ჩემს მშობლებს შორის სიტუაცია დაყონოსოსო. სულა ხმას იშვიათად უწევდა სახლში. ძირითადად ხმადაბალი და გესლიანი მუქარები ახასიათებდა, თუ ბავშვები იყვნენ ოთახში თავის შეკავებას მაქსიმალურად ცდილობდა. ნასვამზე კი თავს ვერ აკონტროლებდა. რამდენჯერმე ბინიდან გურანდას შეშინებული კივილისა და ტირილის ხმები შემოესმათ მეზობლებს და ჭორაობა დაიწყეს, რომ სავანელი ცოლს სცემდა.
გურანდა, საზოგადოებაში, ქმრის მსგავსად იდეალური მსახიობი გახლდათ. Მისი მომღიმარი სახის შემხედვარე ვერავინ იფიქრებდა, რის გამოვლა უწევდა სახლში. უბნის ჭორიკნები საგონებელში ჩავარდნენ. ვერაფრით გაეგოთ, რა ხდებოდა სავანელების ოჯახში. თამარა ლესელიძემ, კი ცხოვრების მისიად იქცია თავსატეხის ამოხსნა. ელი გაშტერებული იდგა და ქალს შეჰყურებდა, ვერ გაეგო ნერვები მოშლოდა, თუ გასცინებოდა.
გურანდა სახლში არ უშვებდა აბეზარ დედაკაცს. სულამაც რამდენჯერმე თავაზიანად დაიფრინა. ასე დილაუთენია, კი ყველაზე ნაკლებად მეგობრულ ოჯახს, ქმრის დაბადების დღეზე ეპატიჟებოდა. ელმა ტუჩის კუთხე საჩვენებელი თითით მოიქავა, ორი ნაბიჯით მიუახლოვდა თამარას და თვალი თვალში გაუყარა.
- იცით, ქალბატონო თამარ, ვგიჟდები ლიტერატურაზე... - წამოიწყო მოჩვენებითი ინტერესით - წუხელ ისევ შემომაღამდა წიგნის კითხვაში. ერთ-ერთი თავის კითხვისას, ძალიან საინტერესო ქართულ ანდაზას წავაწყდი...
- ეე... - ლესელიძეს სახეზე ეწერა, რომ მაგრად დაიკარგა. ვერ ხვდებოდა, რა შუაში იყო გოგონას ნაამბობი მის შემოთავაზებასთან - მმ... მართლა?
ამოღერღა და დაბნეულობის დასაფარად გაიღიმა.
- დიახ, - თავი დაუქნია ენთუზიაზმით - ანდაზა იუწყებოდა: "არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო!"
ფართოდ გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. ლესელიძეს ღიმილი სახეზე შეახმა.
- სასიამოვნო დილას გისურვებთ, ნახვამდის!
თავი ოდნავ დაუკრა, მხარზე ჩანთა შეისწორა და სკოლისკენ გაუდგა გზას. Რა თამარას ბრალი იყო, რომ დილაუთენია გურანდამ მისი მოთმინების ფიალა ბოლომდე ამოწურა? გამწარებულს ლესელიძე შერჩა ხელთ, თავისი გრძელი ცხვირითა და ენით. Პროვოცირებისთვის მეტი რაღა უნდოდა?
დაბღვერილმა ქურთუკის ჯიბეში ჩამალა ხელები. ჯერ დილის ცხრა საათიც არ გამხდარიყო, რომ სინდისზე უკვე ორი ადამიანი ეჯდა. ფეხს აუჩქარა. ერთი სული ჰქონდა უბანს გასცლოდა - სკოლაში ყურადღებას მაინც გადავიტან, სანამ მთლად გამოვსულვარ ტყავიდანო!
სკოლის ეზომდე თხუთმეტ წუთში მიაღწია. Შორს არ ცხოვრობდა, ამიტომ ტრანსპორტს არ იყენებდა. ის იყო, შესასვლელის კიბეზე შედგა ფეხი, რომ სამეული უკან წამოეწია.
- შემახსენეთ, ელს სპორტული ტანსაცმელი დავუწვა, მის სახლში რომ მოვხვდებით!
ნიცამ ამაყად ყელმოღერებულმა მეგობრის მხარდამხარ განაგრძო სიარული. ელს ნუშის ზეთის სუნი ეცა ცხვირში და ზიზღით დაიმანჭა. ნუშის ატანა არ ჰქონდა! ნიცა როგორც ყოველთვის დიდებულად გამოიყურებოდა. "ქოშებზე" უარი ეთქვა. რძისფერ ესპადრილებს, ტანზე მომდგარი ღია ფერის ჯინსის შარვალი, თეთრი სვეტერი და რძიანიშოკოლადისფერი ქურთუკი შეეხამებინა. სამეულში თვალშისაცემად გამოირჩეოდა.
ლიზამ ჩაიფრუტუნა და ელს მკლავი გამოსდო. ქერა ქულულები მაღლა აეკეცა. Ზღვისფერი თვალები როგორც ყოველთვის ეშმაკურად უციმციმებდა, მუდამ ვარდისფერი ბაგეები კი სიცივისგან გალურჯებოდა. ელის მსგავსად მასაც სპორტული ტანისამოსი მოერგო. ყავისფერი შარვალი და ამავე ფერის ოვერსაიზ ბლუზა, ფეხზე თეთრი კონვერსებით.
- ჩამომეცალე, პრინცესა... - ანამ გვერდით გასწია ნიცა და ელს სახე ყურადღებით მოუთვალიერა - აქ ვიღაც ხასიათზე ვერ არისო?...
სქელი მრგვალი ტუჩები მრავალმნიშვნელოვნად მოეღრიცა. Გრძელი, სწორი, წაბლისფერი თმა მაღლა აეწია და ცხენის კუდად შეეკრა. ჭორფლიან სახეზე მსუბუქი მაკიაჟი დაეტანა. ტანზე კი მოხერხებული სამოსი მოერგო. კანდელაკის მსგავსად, ფეხზე კონვერსები მოუჩანდა. წელზე მომდგარი შავი შარვალი და უბრალო ბამბის მოკლესახელოიანი მაისური ეცვა სპორტული ბომბერის ქვეშ.
- რა მოხდა "ადამს"?
- გურანდამ, ნერვებზე მომშალა! ჯავრი კი მეზობელზე ვიყარე. ეკუთვნოდა, მაგრამ მაინც...
დერეფანი გაიარეს და მესამე სართულისკენ კიბეებს აუყვნენ. სამივე ყურთასმენად იქცა.
- ა? - ლიზა კიდევ უფრო მჭიდროდ მიეკრა მეგობარს - გაფიცებ, რომელი მეზობელი?
- უეჭველი ის კაჭკაჭი იქნებოდა, რა ჰქვია? ტამარა? - ანამ თვალები გადაატრიალა.
- წარმოუდგენელია, ქალი ჩემზე ჭორიკანაა. დაჯერება მიჭირს! - თავისი ორი გროში დაამატა ნიცამ და ოთხივეს უნებურად გაეცინა.
- ჰა, მოყევი, რა მოხდა? - ლიზამ მუჯლუგუნი მიჰკრა ელს.
- ქმრის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა მთელი ოჯახი.
თვალები გადაატრიალა, ჯერ კიდევ ქალის უტიფრობით გაღიზიანებულმა.
- ღადაობ? - ანამ სიცილის შესაკავებლად პირზე მიიფარა ხელი - მაგიტომ შერისხე, დედაკაცი? ჩვენ არ დაგვპატიჟებს? ეე მიყვარს დაბადების დღეები!
- ხანდახან მგონია, რომ ტვინში ყველა უჯრედი მოგიკვდა, რომელიც საღად აზროვნებაზეა პასუხისმგებელი! - მოწყალებით გადახედა ლიზამ დაქალს - კაჭკაჭს, სხვა მიზეზით სურდა ელის ოჯახის შეტყუება სახლში, ვცდები?
ელმა მხოლოდ წამით შეხედა მეგობარს თვალებში და კლასში პირველი შევიდა. ლიზასთვის მისახვედრად ესეც საკმარისი იყო და თავის ქნევით მიჰყვა უკან. ოთახი უკვე გადაჭედილი დახვდათ. Ბავშვები ხმამაღლა ეყაყანებოდნენ ერთმანეთს. ოთხეულმა თავიანთ მერხს მიაშურა.
- ვერ გავიგე, - წამოიწყო ნიცამ, როცა ელის გვერდით დაიკავა ადგილი და ჩანთა ზურგს უკან სკამის საზურგეზე ჩამოკიდა - რატომ გეტენებათ ეგ ქალი?
ლიზა და ანაც შემობრუნდნენ წინა მერხიდან. ელი დაბღვერილი და გაჩაჩხული იჯდა სკამზე, თან პირში ენას ღეჭავდა.
- ეეე... - ჩაახველა ლიზამ, როცა მიხვდა ელი პასუხის გაცემას არ აპირებდა - ზოგადად, ეგ ქალი, ცოტა ვერ არის... ერთხელ ელთან ავდიოდი გზაში, რომ გამომიჭირა და ისე დამაყარა კითხვები თავი დაკითხვაზე მეგონა.
- გამაცანით, რა იქნება! - ანას თვალები წამოენთო - დიდი სიხარულით მოვუყვები ვინმეს, ბიძაჩემის სევდიან ისტორიას. სახლში სიტყვას ვერ დაძრავ, დედაჩემი ეგრევე ყალყზე დგება, მამაჩემი კი ხვიხვინს იწყებს და ხველებად ასაღებს ცოლმა ტაფა რომ არ გამოუქანოს სამზარეულოდან.
გოგონებს სიცილი აუტყდათ. ანას ბიძას მართლაც სევდიანი ამბავი შეემთხვა. შეყვარებულმა კაცმა სატრფო რომ ვერ დაითანხმა ცოლობაზე, ქალის მოტაცება გადაწყვიტა. გაუბედავი ახალგაზრდა საქმეს ალკოჰოლით ხელში შეუდგა.
ოცდათხუტმეტი წლის „ყმაწვილმა“, მანქანა მოამზადა მერიკოს საბარგულში ჩასატენად. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა - ქალი, თავზე ტომარით, საბარგულში აღმოჩნდა. მხოლოდ დანიშნულების ადგილზე გაირკვა, რომ ახალი "პატარძალი" სხვისი ცოლი გამოდგა!
ნასვამმა სოსოიამ, სიბნელეში, შეყვარებულის ნაცვლად მის სატრფოსთან მიმავალი ახლო მეგობარი გაბაწრა. გაგიჟებულმა ქალმა საწყალ კაცს ჯერ კინაღამ თვალები დასთხარა, შემდეგ კი პოლიციაში უჩივლა და გისოსებს მიღმა გამოამწყვდია - ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.
- იცინეთ იცინეთ, რა გენაღვლებათ! დედაჩემს, სირცხვილით თავი ვერ გამოუყია გარეთ. მამაჩემი, კი სიდედრის სახის წარმოდგენაზე ბჟირდება გალურჯებამდე. ეგეთი ბედნიერი, ბოლოს მაშინ ვნახე, ახალი მერსედესი რომ იყიდა.
გოგონები უკვე ხარხარებდნენ. თავად ელსაც კი გადაეყარა სახიდან ღრუბელი და მეგობრებს სიცილში აჰყვა.
- ტუში ჩამომეწუნწკლა!
ცრენლებამდე მისული ნიცა თვალის უპეებს ფრთხილად იმშრალებდა საჩვენებელი თითით.
- მთავარია წვინტლი არ დაგეკიდოს ცხვირზე, გოგოლაძე, ტუში კიდევ ასატანია!
ნიცასა და ელს შორის შუკვანმა შემოჰყო გადაპარსული თავი. გაკრეჭილი საღეჭ რეზინს ღეჭავდა და ყბებს ენერგიულად აქნევდა. ნიცამ მარჯვენა მოუქნია და გოგონებისკენ გადმოკიდებულს სიფათში ანათა.
- ჩვენი შოკოლადი ბიჭიც მოსულა! - თვალები აუციმციმდა ლიზას - სად ეგდე, არამზადავ?
- აუა! - წარბშეკრულმა ნატკენი ლოყა დაიზილა, თან ნიცას უბღვერდა - ხან იქ, ხან აქ, ხან მეც არ ვიცი, სად... ელი, რომ მოვიპარო დროებით, დამნესტრავთ კრაზანებო?
- თუ ხუთ წუთში უკან არ დააბრუნებ, თამილა დაგნესტრავს, დიდი სიამლვნებით!
თვალი ჩაუკრა ანამ. ელმა კიტას გადახედა. მანაც თავით ანიშნა გარეთ გავიდეთო.
- სავანელს ისედაც ვათქმევინებთ, სვანო!
მიაყვირა ლიზამ. შუკვანმა მხოლოდ სიცილით ჩაუკრა თვალი გოგონებს და ელი კლასიდან გაიყვანა. როგორც კი, დერეფანში ფანჯარასთან განმარტოვდნენ, კიტას ფართო ღიმილი სახიდან ჩამოერეცხა.
- რა ხდება? - ელს წარბებს შუა ღრმა ნაოჭი გაუჩნდა.
- წუხელ სახლში არ გამითევია ღამე, დელავერში ვიყავი!
ელს წარბები მაღლა გაექცა. ყველაფერს მოელოდა, მაგრამ არა იმას, რომ საუკეთესო მეგობარი პირად ინტიმურ თემებზე დაუწყებდა ლაპარაკს, დილაუთენია!
- ბორდელში რა გინდოდა? - კინაღამ გაეცინა - იმდენი გოგო დაგდევს უკან.
- კახპებისთვის არ წავსულვარ! - მოუთმენლობა დაეტყო შუკვანს. ელს წარბი შეეკრა.
- ამოღერღავ?!
- ბიჭებთან ერთად კლუბში ვიყავი. ცოტა დავლიეთ და ღამის სამი საათისკენ დავიშალეთ. სახლში ვბრუნდებოდი, დელავერს რომ ჩავუარე და მამაშენი შევნიშნე. თავიდან მეგონა, სასმელმა გამომათაყვანა და რაღაცეები მეჩვენება თქო, მაგრამ თავს დავდებ, სულა იყო! დელავერიდან გამოაგდეს. გალეშილი მთვრალი იყო. დაცვას აუშარდა. შიგნით შესვლა უნდოდა, მაგრამ ხელი ჰკრეს. მერე... მერე, არსაიდან ვიღაც მელოტი ტიპი გაიჩითა მანქანით. სულა იმის დანახვაზე სულ გაგიჟდა. საცემად გაიწია, მაგრამ სედანიდან ვიღაც ტიპები გადმოცვივდნენ. სულა, მანქანაში შეტენეს და იქაურობას გაეცალნენ. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, აზრზე ვერც მოვედი. ვიდექი გამოშტერებული და შორიდან ვუყურებდი სანახაობას. სულა, სახლში დაბრუნდა დილას?
ელი ენაჩავარდნილი უსმენდა შუკვანს. ხელისგულები გაუოფლიანდა. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და ჩუმად დაილაპარაკა:
- წუხელ... ჩემს ოთახში შემოვიდა. - მოაგონდა მამამისი, რომელიც თვეების შემდეგ პირველად გამოიყურებოდა ადამიანურად - უსიამოვნო საუბარი გვქონდა... კარი გაიხურა და წავიდა. იმის მერე არ გამოჩენილა. დღეს დილას დედაჩემი მეკითხებოდა, სად არისო.
შუკვანი წარბშეკრული უსმენდა. გაპარსულ ყბაზე ხელი მოისვა.
- იჩხუბეთ?
- არა. - თავი გააქნია - ძირითადად მე ვსაუბრობდი... კარგი არაფერი მითქვამს...
- რა ვქნათ? - ხმას დაუწია, როცა თანაკლასელებმა გვერდით ჩაუარეს - პოლიციაში მივიდეთ?
- არა... - დაუფიქრებლად გამოსცრა კბილებში - ბევრი არაფერი გვაქვს სათქმელი და მეორეც, სულას კარგად იცნობენ. იციან მისი შარიანი ხასიათი. მანამდეც ბევრჯერ უჩხუბია. გვეტყვიან, ცოტა დაიცადეთ და სახლში მოვაო.
- ელ! მამაშენი მანქანაში ძალით ჩატენეს და ღმერთმა უწყის სად წაიყვანეს!
- დაე, მოკლან! - დაიღრინა გაღიზიანებულმა - ყველა დაისვენებს!
შუკვანს სახე შეეცვალა. წელში გასწორდა და მეგობარს ყურადღებით დააკვირდა სახეზე.
- არ ფიქრობ ეგრე... - თავი გააქნია - გაბრაზებული ხარ. ვერ იტან. იქნებ, გძულს კიდეც, მაგრამ ვიცი, რომ არ ფიქრობ ეგრე. მამაშენია, რაც არ უნდა იყოს, მშობელია...
კარგად იცოდა, რას გრძნობდა გოგონა. თავადაც იგივეს განიცდიდა ლოთი დედამისის მიმართ. სძულდა და სტკიოდა მისი არსებობა ერთდროულად, მაგრამ მშვენივრად მოეხსენებოდა სვანს, რომ ელი მამამისს განსაცდელში არ მიატოვებდა.
- გაკვეთილზე უნდა დავბრუნდე, - თვალი აარიდა, კიტას.
- მოიცადე! - მკლავში წაავლო ხელი. ელს სიბრაზისგან თვალები დაეხუჭა, ცოტაც და ნამდვილად ვიფეთქებო - არაფერი მოვიმოქმედოთ? ვიჯდეთ და ველოდოთ, როდის მოგვიგდებენ მამაშენის სხეულს კართან?
- და რა იცი რომ ძმაკაცები არ არიან? - გახედა წარბაწეულმა.
- ძმაკაცები მანქანაში ძალით არ ტენიან ერთმანეთს! - დაიღრინა გაღიზიანებულმა.
ცოტახანს ერთმანეთს უბღვერდნენ, ბოლოს ელმა ამოიოხრა. დოინჯშემორტყმულმა წამით ერთ წერტილს გაუშტერა თვალი.
- დრო მჭირდება მოსაფიქრებლად. - თქვა ბოლოს - გაკვეთილების მერე ვილაპარაკოთ. სახლში დავრეკავ. თუ, სულა არ გამოჩნდება, საღამოს დელავერს მივაკითხავ.
- ფპპ! - ჩაიფრუტუნა შუკვანმა - გამორიცხულია! არავითარ შემთხვევაში!
- უკეთესი აზრი გაქვს?! - შეუღრინა.
- არა, მაგრამ მოვიფიქრებ! - გამომწვევად გაუსწორა თვალი მეგობარს.
- გაკვეთილების შემდეგ ვილაპარაკოთ!
თავი დაუქნია და კლასისკენ გაეშურა. დოინჯშემორტყმული სვანი ფანჯრისკენ შეტრიალდა. წარბშეკრულმა, უგულისყუროდ მოავლო ქუჩას თვალი და ფიქრებს მიეცა.

******

გაკვეთილზე დაბრუნებულ ელს, მეგობრებმა კითხვით სავსე მზერა მიაპყრეს. პასუხად მხოლოდ თავი გააქნია და კუთვნილი ადგილი დაიკავა მერხთან. საბედნიეროდ, ფეხდაფეხ მასწავლებელი შემოჰყვა და მთელი კლასი მაშინვე დადუმდა. ნიცა, შიგადაშიგ გამოხედავდა. აინტერესებდა, რა უნდოდა შუკვანს, მაგრამ ქიმიის მასწავლებელს მოერიდა. საშინელი ხასიათი ჰქონდა, თამილას. შეეძლო მოსწავლე მხოლოდ ჩურჩულისთვისაც კი გაეპანღურებინა გაკვეთილიდან.
ელი, არავის და არაფერს აქცევდა ყურადღებას. მზერა შევარდისფრებული ჰორიზონტისთვის გაეშტერებინა და შუკვანის ნაამბობს ხარშავდა გონებაში. ღამით სულა დასალევად წასულა, თან სად?! - ბორდელში! გარეთ გამოუპანღურებიათ. აქ შეეძლო ევარაუდა, რომ დაწესებულებაში ან ვინმეს აუშარდა, ან ხელები დაიგრძელა რომელიმე ქალთან! ბოლო მოსაზრებას სწრაფად აუარა გვერდი, ზიზღით ტუჩებმოღრეცილმა და კიდევ ერთ საინტერესო ფაქტზე დაფიქრდა - „არსაიდან გამოჩენილი სედანი“. თვალები აახამხამა. ისევ ეს წყეული სედანი!
მასწავლებელს გახედა, ლაღიძის გამოკითხვით იყო დაკავებული. ტელეფონი უჩუმრად ამოაძვრინა ჯიბიდან. მაგიდის ქვეშ, სწრაფად აკრიფა შეტყობინება და შუკვანს გაუგზავნა:
ელი: რა ფერის იყო სედანი, გახსოვს?
ფეხი ნერვიულად უთამაშებდა. ნიცამ თვალების ბრიალით გადმოხედა - ხომ არ გაგიჟებულხარო?! უხმო საყვედურს წაუყრუა. შუკვანი არაფერს იწერებოდა. ისევ აკრიფა მოკლე ტექსტი და გააგზავნა:
ელი: მაღირსებ, პასუხს???????
მზერა ისევ მასწავლებეზე გადაიტანა. თამილას ტელეფონით ხელში რომ გამოეჭირა, ეგრევე დირექტორთან წააცუხცუხებდა. დარეჯანას ღრიალის ხასიათზე კი ნამდვილად იყო! ორ წამში ტელეფონი აუზუზუნდა და ყურადღება ისევ ეკრანზე გადაიტანა.
კიტა: სორი, ახლა ვნახე... ვერცხლისფერი სედანი იყო, რატომ მეკითხები?
ელს ღრმა ნაოჭი გაუჩნდა წარბებშუა. თითები სწრაფად ათამაშდნენ ეკრანზე.
ელი: მანქანის ნომერი შეამჩნიე?
კიტა: UV-248-VU, მარტივი იყო, დამამახსოვრდა. რატომ, მეკითხები?
ტელეფონზე ისე შემოაჭდო თითები, რომ გაუთეთრდა. აპარატი ჯიბეში შეინახა. სახე და თვალები აემღვრა. ყბაზე კი კუნთი დაეჭიმა. ეს ყველაფერი დამთხვევა ვერ იქნებოდა! ბოლო დროს ეჭვობდა, რომ ვერცხლისფერი სედანი უკან დასდევდა. ჯერ სკოლის შენობასთან შეამჩნია, შემდეგ მეცადინეობიდან, რომ ბრუნდებოდა იქვე ნახა ბანკთან გაჩერებული.
ნორმალური ცხოვრება რომ ჰქონოდა, იქნებ მანქანისთვის ყურადღება არც კი მიექცია! თავში აზრდაც კი არ მოუვიდოდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. მაგრამ სულას წარსულიდან გამომდინარე... შარიან მამამისს, თავისუფლად შეეძლო არასასურველი ტიპების გადამტერება! შუკვანის ნაამბობი, ამ მოსაზრებას ადასტურებდა!
თვალები დააცეცა გამოსავლის პოვნის იმედით. თამილა ცოცხალი თავით არ გაუშვებდა გაკვეთილიდან, თუ სერიოზული მიზეზი არ ექნებოდა... თითებით მოსინჯა სკამის ფეხი და პირქუში კმაყოფილება იგრძნო, როცა თითის ბალიშები გამოშვერილი ლურსმნის ბასრ წვერს შეეხნენ.
მაგიდაზე მდებ კალამს ხელი გაჰკრა, რომელიც ყრუ ტყაპანით დაეცა იატაკს. წელში მოიხარა ასაღებად. საჩვენებელი თითი, კი ლურსმნის წვერს ძლიერად დააჭირა. მწველმა ტკივილმა ტანში ელექტრომუხტივით დაუარა. წელში რომ გასწორდა, თითები ცხვირზე წაევლო. ხელისგულზე სისხლის წვრილი ნაკადი მოიკვლევდა გზას და მაჯისკენ მიემართებოდა. ფეხზე წამოდგა.
- უკაცრავად, შეიძლება ტუალეტში გავიდე? ცხვირიდან სისხლი მდის.
თამილამ მკაცრად გამოხედა მოსწავლეს. ეზიზღებოდა, როცა გაკვეთილის ახსნას აწყვეტინებდნენ, მაგრამ მუჭში გამოჟონილ სისხლს, რომ მოჰკრა თვალი, აღელვება დაეტყო.
- ყველაფერი რიგზეა? თავს ცუდად ხომ არ გრძნობ?
- სიმართლე გითხრათ, სუსტად ვარ...
წაეშველა იმედმიცემული, იქნებ სკოლა საერთდ გაეცდინა?
- სკოლის ექიმთან, პირველ სართულზე! ახლავე! გამოგაყოლებ ვინმეს. გოგოლაძე! - გადახედა ნიცას. ისიც მაშინვე წამოდგა.
- არ არის საჭირო. ჩემით წავალ.
მეგობარს სწრაფი მზერა ესროლა - ადგილზე დაჯექიო და სანამ მასწავლებელი რამის თქმას მოასწრებდა, აჩქარებული ნაბიჯით მიაშურა გასასვლელს. კარი გამოიხურა თუ არა, სისხლით მოთხვრილი ცხვირი ჯანსაღი ხელით მოიწმინდა. ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და გასისხლიანებულ თითზე გადაიხვია. უკვე მეორე სართულზე ჩარბოდა, როცა კიბეებზე მანდატური შეეფეთა.
- რატომ არ ხარ გაკვეთილზე? - შეუღრინა.
- სკოლის ექიმთან მივდივარ, - გადახვეული თითი აჩვენა - სისხლი მდის!
ფორმიანმა ეჭვით შეათვალიერა შებინტული ხელი. შუახნის, ტარიელ კეჟერიძე, უკვე შვიდი წელი ხდებოდა, რაც მეთორმეტე საჯარო სკოლაში მანდატურად მუშაობდა. გაიძვერა მოსწავლეებისგან, ყველა სახის ტყუილი, თუ ხრიკი გამოეცადა, ამიტომ ლოგიკური იყო, რომ დაეჭვებულმა მაშინვე სისხლის კვალს დაუწყო ძებნა და შეამჩნია კიდეც.
- გამოგყვე? - ხმა შეურბილდა.
- უბრალო ნაკაწრია. გადახვევა სჭირდება მხოლოდ.
მამაკაცი შეყოყმანდა, მაგრამ ბოლოს თავი დაუქნია და მესამე სართულისკენ გააგრძელა გზა. ელი მაშინვე მოტრიალდა და დაბლა დაეშვა. სანამ ტარიელი ყველა კუთხე კუნჭულს მოჩხრეკდა, ურჩი მოსწავლეების გამოჭერის იმედით, გარეთ გასვლას და დაბრუნებას მოასწრებდა კიდეც.
პირველი სართულის დერეფანი გაირბინა და სკოლის მთავარი კარი გამოაღო. გარეთ გამოსულს, გრილი სიო შეეგება. ციოდა. გულაჩქარებული ქოშინებდა და პირიდან ორთქლს უშვებდა. თვალი მოავლო ქუჩას. გამვლელები კანტიკუნტად მოჩანდნენ. მთავარ გზაზე მოძრავი მანქანების ხმა შორიდან ისმოდა, მაწანწალა ძაღლი კუდის ზანტი რხევით მიუყვებოდა ტროტუარს, დრო და დრო კი ჩერდებოდა და შემხვედრ ნარჩენებს ყნოსავდა, საკბილოს პოვნის იმედით. არსად ჩანდა ვერცხლისფერი სედანი! რაც მის ეჭვს ადასტურებდა - მძღოლს, სკოლის მოსწავლეზე მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა...



პ.ს. გამარჯობა მეგობრებო <3 <3 <3 ^_^ ძალიან მიხარია თქვენთან დაბრუნება, აი უზომოოოდ!!!! დიდი დრო გავიდა, მას შემდეგ, როცა ბოლოს ჩიხით დავასრულე საიტზე გამოჩენა. (ისევ უნდა გითხრათ, რომ ძალიან ძალიან ძალიან მომენატრეთ!!!!!) იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩახლართული ამბავი ჯერ არ დასრულებულა, გაგრძელებით მოვედი. (ნუ პირობა, პირობაა!) დარწმუნებული ვარ არავინ ელოდებოდა ისტორიის წარსულიდან თხრობას, მაგრამ ვფიქრობ, საინტერესო იქნება ახლოდან შეხედოთ გოგონას დღიურს. ბევრ კითხვამზე გაგცემთ პასუხს, სანამ "აწმყოში" დავბრუნდებით (ეე... ეგ უკვე მესამე, ცალკე ისტორია იქნება. ამაზე მოგვიანებით). ახლა მხოლოდ დღიურის მთავარი გმირის ცხოვრებაში იმოგზაურებთ და მანამდე თქვენთვის უცნობ ბევრ დეტალს აღმოაჩენთ. ^^
მითითება - დღიურში აღწერილი სიტუაციები ხშირად არ ემთხვევა ნაწარმოებში გადმოცემულ სცენებს, თუ რატომ? ეს ცალკე გამოცანაა. ხომ იცით, თავსატეხების გარეშე არ შემიძლია! ;დდდდდ
მოკლედ, სასიამოვნო თავგადასავალს გისურვებთ. გელოდებით კომენტარებში ^_^ დიდი სიყვარულით თქვენი "პაზლების ქურდი" <3 <3 <3 <3



№1 სტუმარი სტუმარი ტატა

რაო?! ანაბელ, თუ მჯეროდე

 


№2  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი ტატა
რაო?! ანაბელ, თუ მჯეროდე


როგორც მოულოდნელად გავუჩინარდი, ისე მოულოდნელად დავბრუნდი ;დდდ <3 <3 <3 მომენატრეთ უზომოდ!! <3 <3 <3

 


№3  offline მოდერი Catherine Di Perso

უშხვანები- ხუთი კაცი - "გი" - პატარა და. ტყუილად არ დამალავდა ახლა ანტილოპა ამ "გი"-ს.
გივი და მისი ცოლი ჩვილს სადღაც მიარბენინებენ, ის ალბინოსია? რატო მირბის? იყიდა? შემდეგი შენ იქნებიო მილენას რომ გაუძრო, იცოდა რაღაცა იმ უპატრონომ, ხო?!
რეზი სხირტლაძე - 12 წლის მწვანეთვალება ფეხბურთელი - ტყუილად არ ახსენებდა ეს ჟოჟო ბავშვი ამ კვატ ტასიკოს. მწვრთნელი ზერეკიძე - ES GVARI PIRVEL NAWILSHIC MAXSOVSSS - და ანჯაფარიძის სახლში მოიყვანა რევაზა.
● ვერცხლისფერი - "მისთვის ნომერ პირველ სტიქიურ „ურჩხულს“ წვის ძალა დაჰკარგვოდა." - ცეცხლზეა საუბარი. - "ახლა, რომ ზერეკიძეს კარი გამოეღო, დირექტორის კაბინეტში ვიზიტს ვერ გადარჩებოდნენ." - ე.ი. ზერეკიძე იაგამის და ელის სკოლაში მუშაობდა.
ანჯაფარიძის სახლში ხანძარია - ნომერ პირველი სტიქიური ურჩხულიო იქ იყო - რა კავშირში არიან???
კაროჩე, ვცვლი ჩვენებას :დდდ ქალდანი და ანჯაფარიძე ერთი ვერ იქნება გავიგე, გაგების დონეზე გავიგეეე. დანიილი და მისი ძმა, რომლის სახელიც არ ვიცით + მონარქმა კახაძე იქ მიიყვანა, სახლის აღწერილობა რომ ანჯაფარიძისას ჰგავს + ეს დამწვარ-ჩაბუგული ბავშვი რეზი, რომელსაც კავშირი აქვს ელთან და ალბათ, ივასთანაც. ცაო დამსეტყვე, კატია ტაბურეტკა მესროლე და ერთი ეს გამაპუტინა, ასე უტუხად რომ დამარეჯექთა "ნწ"-ო. კი, ბოღმის ბუკეტი ვარ, გინდა ერთი-ორი ყვავილი გესროლო? გადაწყვიტე, სანამ ორია, თორე ბოლოს გული არადა ტრ'აკი მიგრძნობს, მთელი თაიგული შენთან იქნება. :დდდ
ახალი მეზობელი - ზეთისხილისფერი კანი და "როგორ ჰგავს არაბსო". ამის ბავშვს რა ჰქვია ხო, ელი, სხვა რა ერქმეოდა? მეც კაი ბოცვერი ვარ. ხო უნდა დაგვაბნიოს გრძელი ბრინჯივით ამხელა ფილარმონია ხალხი ამ ჟოჟობამ. :) სულაოო, არაბს ჰგავსო, იქ კიდე თურქები ბაღნებს იტაცებენ, მუსტაფააა ბისმილააა.
ლუკას კიტას რატომ ეძახის, გამარკვიეთ ვინემმმმ.
რეზი ელზე უფროსია, ამას ვაფიქსირებთ. ყველა ახალი პერსონაჟი რომ პოტენციური მონარქია?! ან ელი რატო ხატავდა ბავშვობაში ამ ნედაპეპელას?! მონარქი დაჯგუფებაა, სიმონ?! თან რა უბედურებაა ეს სვანების ცვენა, კაცო. ბებია მყავს ლეჩხუმელი, არ წავა ? :დდდდდ
რა მწარედ დამცინი ახლა, ბობერ, ხმა მესმის! სუსი! კაი ხო, თამრიკო არ იქნება. თვითონ დასდევს ნაჩნოი ბაბაჩკებს.
მიყვარხარ, ნიანგო, მაგრამ ბუმბულებს თუ არა, ეშვებს მაინც გაგაცლი, სანამ გამაჭაღარავებ. თან ტრილოგიას წერს, თან ასე გემრიელად. ოხ!

 


№4  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
უშხვანები- ხუთი კაცი - "გი" - პატარა და. ტყუილად არ დამალავდა ახლა ანტილოპა ამ "გი"-ს.
გივი და მისი ცოლი ჩვილს სადღაც მიარბენინებენ, ის ალბინოსია? რატო მირბის? იყიდა? შემდეგი შენ იქნებიო მილენას რომ გაუძრო, იცოდა რაღაცა იმ უპატრონომ, ხო?!
რეზი სხირტლაძე - 12 წლის მწვანეთვალება ფეხბურთელი - ტყუილად არ ახსენებდა ეს ჟოჟო ბავშვი ამ კვატ ტასიკოს. მწვრთნელი ზერეკიძე - ES GVARI PIRVEL NAWILSHIC MAXSOVSSS - და ანჯაფარიძის სახლში მოიყვანა რევაზა.
● ვერცხლისფერი - "მისთვის ნომერ პირველ სტიქიურ „ურჩხულს“ წვის ძალა დაჰკარგვოდა." - ცეცხლზეა საუბარი. - "ახლა, რომ ზერეკიძეს კარი გამოეღო, დირექტორის კაბინეტში ვიზიტს ვერ გადარჩებოდნენ." - ე.ი. ზერეკიძე იაგამის და ელის სკოლაში მუშაობდა.
ანჯაფარიძის სახლში ხანძარია - ნომერ პირველი სტიქიური ურჩხულიო იქ იყო - რა კავშირში არიან???
კაროჩე, ვცვლი ჩვენებას :დდდ ქალდანი და ანჯაფარიძე ერთი ვერ იქნება გავიგე, გაგების დონეზე გავიგეეე. დანიილი და მისი ძმა, რომლის სახელიც არ ვიცით + მონარქმა კახაძე იქ მიიყვანა, სახლის აღწერილობა რომ ანჯაფარიძისას ჰგავს + ეს დამწვარ-ჩაბუგული ბავშვი რეზი, რომელსაც კავშირი აქვს ელთან და ალბათ, ივასთანაც. ცაო დამსეტყვე, კატია ტაბურეტკა მესროლე და ერთი ეს გამაპუტინა, ასე უტუხად რომ დამარეჯექთა "ნწ"-ო. კი, ბოღმის ბუკეტი ვარ, გინდა ერთი-ორი ყვავილი გესროლო? გადაწყვიტე, სანამ ორია, თორე ბოლოს გული არადა ტრ'აკი მიგრძნობს, მთელი თაიგული შენთან იქნება. :დდდ
ახალი მეზობელი - ზეთისხილისფერი კანი და "როგორ ჰგავს არაბსო". ამის ბავშვს რა ჰქვია ხო, ელი, სხვა რა ერქმეოდა? მეც კაი ბოცვერი ვარ. ხო უნდა დაგვაბნიოს გრძელი ბრინჯივით ამხელა ფილარმონია ხალხი ამ ჟოჟობამ. :) სულაოო, არაბს ჰგავსო, იქ კიდე თურქები ბაღნებს იტაცებენ, მუსტაფააა ბისმილააა.
ლუკას კიტას რატომ ეძახის, გამარკვიეთ ვინემმმმ.
რეზი ელზე უფროსია, ამას ვაფიქსირებთ. ყველა ახალი პერსონაჟი რომ პოტენციური მონარქია?! ან ელი რატო ხატავდა ბავშვობაში ამ ნედაპეპელას?! მონარქი დაჯგუფებაა, სიმონ?! თან რა უბედურებაა ეს სვანების ცვენა, კაცო. ბებია მყავს ლეჩხუმელი, არ წავა ? :დდდდდ
რა მწარედ დამცინი ახლა, ბობერ, ხმა მესმის! სუსი! კაი ხო, თამრიკო არ იქნება. თვითონ დასდევს ნაჩნოი ბაბაჩკებს.
მიყვარხარ, ნიანგო, მაგრამ ბუმბულებს თუ არა, ეშვებს მაინც გაგაცლი, სანამ გამაჭაღარავებ. თან ტრილოგიას წერს, თან ასე გემრიელად. ოხ!


რამდენი ვიცინე ;დდდდდდდდდდდდდ მარტო შენი რეაქციის გამო ღირდა თავშეუკავებლობა და ასე უცებ მოტანტალება, რასაც ჯერ არ ვგეგმავდი, მაგრამ რახან პირობა მოგეცი სიტყვას ვერ გადავედი ;დდდდ <3 <3 <3 ნუ აი ის ზერეკიძე სად გამომიხლართა ორჯერ წავიკითხე ეგ მომენტი თვალი ხომ არ მატყუებს მეთქი ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ ეს ვინ არის!!!! ნუ აბა ახლა ყველაფერს ხომ არ ვიმღერებ კაცო! ლუკას კიტას იმიტომ ვეძახი, რომ კიტა ჰქვია ;დდდდდდდ მაგრამ კიტას ლუკა უნდოდა და ბოლოში ლუკა გამოვიდა კიტა კაცი ;დდდდდდდდდდდდდდდდდდ დამასიკვდილებენ დღიურის ამბავი როცა გასკდება.... ეეე, არაფერი მითქვამს ;დდდდდ არც დამიწერია. ჩუმად ვარ! გინდა ყვავილები მესროლე და გინდა ვენოკი ხმას არ ვიღებ!!! წარსულში რაღაცეები მოხდა, რამაც შემდეგ გავლენა იქონია აწმყოზე, ბოლოს ყველა კენჭი თავის ხვრელში ჩახტება ლამაზად მაგრამ მანამდე ცოტა გავერთოთ ;დდდდდ ეს ისტორია სვანეთის ჰაერზე დაიწყო და სვანები შემომიჩნდნენ, თავიდანვე ასეთი იყო გეგმა და ასეც დარჩა ბოლომდე. რაც შეეხება გივის ;დდდდდდდდდდდდ უი უი, რომ გაიგებ რა "გრეხები" აქვს მაგ ინკასატორს, იქნებ სიკვდილამდე გააძრო ბუმბულები. მერე ხომ ვიცით რომ ისედაც ბრიდავენ ;დდდდდ ისე ასეთი თემატიკით ჯერ არ მიმუშავია. ვაღიარებ, მაგრად გამიჭირდა... სანამ ფეხი ავუწყე ახალ ყალიბს ნერვები ათიათასჯერ მომეშალა და გვერდზეც მივაგდე ხოლმე. არაფრის დამწერი არ ვარ-თქო, მაგრამ აგერ! ბოლოს მომიღებთ თქვენ, ბოლოს! ;დდდდდ
პ.ს. მიყვარხარ არანორმალურო <3

 


№5 სტუმარი სტუმარი დარინა

ვერც პაროლი გავიხსენე და ვერც აღვადგინეეე, ისეთი დაბნეული გახარებული და ბედნიეირ ვააარ, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ დღეს შენი სიახლე დამხვდებოდა, ვკითხულობდი და ძველი დრო და ემოციები მახსენდებოდა, როგორ მოუთმენლად ველოდი ყოველ ახალ თავს, სადღაც ფიქრებშიც ჩემმა ალექსმა ჩამიქროლა :დდდ მიხარიხარ რომ
აქ ხააარ, ბედნიერებაა შენი კითხვაა და იმედია სუუუულ დაგვიბრუნდიიი, ხომ იცი როგორ მიყვარხარ ❤️❤️❤️ წავალ გულს მოვიოხებ და ისტორიაზე მერე მოვიფიქრებ რა დავწეროოო.

 


№6  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი დარინა
ვერც პაროლი გავიხსენე და ვერც აღვადგინეეე, ისეთი დაბნეული გახარებული და ბედნიეირ ვააარ, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ დღეს შენი სიახლე დამხვდებოდა, ვკითხულობდი და ძველი დრო და ემოციები მახსენდებოდა, როგორ მოუთმენლად ველოდი ყოველ ახალ თავს, სადღაც ფიქრებშიც ჩემმა ალექსმა ჩამიქროლა :დდდ მიხარიხარ რომ
აქ ხააარ, ბედნიერებაა შენი კითხვაა და იმედია სუუუულ დაგვიბრუნდიიი, ხომ იცი როგორ მიყვარხარ ❤️❤️❤️ წავალ გულს მოვიოხებ და ისტორიაზე მერე მოვიფიქრებ რა დავწეროოო.


ჩემო საყვარელო როგორ მომენატრე😘😘🥰🥰 ცოტა დრო კი გავიდა მაგრამ დავბრუნდი და არსად წასვლას არ ვაპირებ😘😘 მომენატრა "სახლი" ❤️❤️ აქაური გარემო და კლიმატი. ერთი სული მქონდა ბოლო წერტილს როდის დავსვამდი რომ პირველი თავები შემომეგდო😘😘 ახალი ემოციები გველის წინ იმედი მაქვს ძველებურად შევძლებ შენი გულის მოგებას😘😘 ბევრი კოცნა და ჩახუტება შენ😘 მადლობა ამ საყვარელი კომენტარისთვის😘😘

 


№7 სტუმარი Mariam kiknadze

გავრისკე და მოვედი, წავიკითხე. იმედია სიტყვას შეასრულებ და ასე აღარ დაიკარგები. გამიხარდა ძალიან შენი დაბრუნება. თინეიჯერებზე და სკოლის მოსწავლეებზე ისტორიები ჩემი სტილი არაა, მაგრამ შენ რადგან ასე საინტერესოდ წერ, მოგყვები. აბა ველოდები შემდეგ თავს.

 


№8  offline ახალბედა მწერალი belle...

Mariam kiknadze
გავრისკე და მოვედი, წავიკითხე. იმედია სიტყვას შეასრულებ და ასე აღარ დაიკარგები. გამიხარდა ძალიან შენი დაბრუნება. თინეიჯერებზე და სკოლის მოსწავლეებზე ისტორიები ჩემი სტილი არაა, მაგრამ შენ რადგან ასე საინტერესოდ წერ, მოგყვები. აბა ველოდები შემდეგ თავს.


მიხარია, რომ მენდე მარიამ🥰🥰 მადლობა ნდობისთვის😘😘 დანარჩენი თავად შეაფასე... ❤️❤️

 


№9  offline წევრი ირო

ჯერ ისტორია არ წამიკითხავს.იმდწნად გამეხარდა შენი დანახვა.ბედნიერი ვარ რომ გამოჩნდი ახლა წავიკითხავ და მერე კიდწვ უფრო მეტად ჩაგეხუტები.სულ ცოტას გსაყვედურობ რომ ვერ იცლიდი.❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent