შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორიგამი არქივიდან III


დღეს, 14:59
ავტორი belle...
ნანახია 0

******

"რაც უფრო ნაკლები იცი, მით უკეთ გძინავს"

- რა ბზიკმა უკბინა გოგოლაძეს?
შუკვანთან ერთად ტროტუარს მიუყვებოდა. ღამდებოდა, ლამპიონები ნელ-ნელა იღვიძებდნენ. თორნიკესთან აპირებდნენ წასვლას, როცა მეგობარმა სვანს დაურეკა და ბოდიშის მოხდით აცნობა - გეგმები შეიცვალა, მწვრთნელი კიდევ ორი საათით გვტოვებს ვარჯიშზეო. ამიტომ ორივე ელის სახლისკენ გაუდგა გზას.
- მისმენ? - შუკვანმა იდაყვი გაჰკრა მეგობარს.
- მმ..? - ფიქრებიდან გამოერკვა და თავი ასწია.
- რატომ გავარდა გოგოლაძე სახლში სიტყვის უთქმელად?
- საიდან უნდა ვიცოდე? - წარბი შეეკრა.
- კი მაგრამ, მასთან არ იყავი ორი საათის წინ? - დაიბნა.
- ვიყავი.
- მერე?
- სერიოზულად გაინტერესებს გოგოები რას ჭორაობენ, როცა მარტონი არიან? - გაღიზიანდა.
- ზოგადად არა, - აღიარა და მხრები აიჩეჩა - მაგრამ, სპორტდარბაზში კანდელაკს სერიოზულად წაეკიდა. არა?
- ნუ ჭორაბ! - შეუბღვირა.
- კარგი, ჰო, - ხელი შემართა დანებების ნიშნად - არ ვერევი. უბრალოდ, მერე არ აღმოჩნდეს, რომ რამე ჩემი მოსაგვარებელია, თორემ გოგოლაძემდე შენ აირტყამ!
ელს წარბები აეწკიპა მაღლა. სვანს კი გოგონას გამომეტყველებაზე სიცილი წასკდა.
- ფეხი თასმაზე არ დაგებიჯოს, სვანო, ფრთხილად იყავი!
- მართლა, დღეს ხატია ამბობდა ახალი მოსწავლე გადმოგდით კლასშიო.
- ახალი მოსწავლე? - გაუკვირდა ელს - სადაცაა სკოლას დაამთავრებ, ვინ იცვლის სკოლას ბოლო სასწავლო წელს?
- წინა სკოლიდან გამოპანღურებული.
შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა ცას ახედა. ჩაბნელებულ კაბადონზე ვარსკვლავები ბრჭვიალებდნენ გაბნეული ბრილიანტებივით. მშვიდი საღამო იდგა.
- სკოლიდან გამოაგდეს? - ჩაეკითხა.
- ეგრე ამბობენ. ვიღაც მაგრად უცემია. დირექტორმაც გამოაპანღურა. მამამისმა კი ჩვენთან გადმოიყვანა. სკოლა როგორმე ხომ უნდა დაამთავროს?!
- გეგონება თავზეხელაღებული ტიპები აკლდეს მეთორმეტე საჯაროს! - თვალები გადაატრიალა.
- ეგ ნაკლები სადარდებელია. მე ის მაინტერესებს, არეშიძე თუ მოვიდა გონს. კლასელები ყოფილან სანახავად კლინიკაში, მაგრამ ახლოს არავინ მიუშვეს. მამამისს თავისი ძაღლები ჰყავს დაყენებული ოცდაოთხი შვიდზე, რომ არავინ მიუგუდოს გველის წიწილი! - დაასრულა ღვარძლით და გადააფურთხა.
- პოლიცია თუ ეჭვობს, რომ არეშიძემ გამოასალმა სიცოცხლეს მაჩაბელი, დასაკითხად მიაკითხავენ. მეეჭვება მიშიკოს მკაცრმა უარმა შეაჩეროს ფორმიანები.
- ის დაბალი ღიპიანი, დეტექტივი საქმის აზრზე არ არის, საერთოდ მიკვირს ეგეთი კარტოფილი ხალხი რანაირად აჰყავთ სამსახურში! მაგრამ ის მეორე... - შეყოყმანდა - ყოველ ჩემს სიტყვას წონიდა, თან ისეთი თვალებით მიყურებდა დაძაბული ვცდილობდი ზედმეტი არ წამომეროშა. ტყუილად გავისარჯე. ისედაც არ დამიჯერა. ქექვას დაიწყებს, ეჭვი არ მეპარება.
ელს მოაგონდა მაღალი მამაკაცი, ტუჩზემოთ ულვაშითა და გამჭოლი მზერით. ელს ისე მიმართა, შთაბეჭდილება დარჩა, რომ მის მშობლებს იცნობდა. მაგრამ საიდან?
- მაგასთან სიფრთხილეა საჭირო - დაეთანხმა მეგობარს - თუ გამოთხარეს, რომ მაჩაბელის მკვლელობაზე ყველაფერი ვიცოდით და არაფერი ვთქვით, თანამონაწილეობის ბრალდებით შეუძლიათ სასამართლოში გვიჩივლონ.
- დიდი მადლობა, „ადამს“! ჭეშმარიტი მეგობარი ხარ! - სარკასტრულად გადახედა გოგონას - კიდევ რამე საიდუმლო ხომ არ გაქვს ჯიბეში? იმიტომ, რომ შექმნილი პრობლემა ცოტა არ იყოს მემსუბუქება!
- რაც უფრო ნაკლები იცი, მით უკეთ გძინავს. ასე, რომ დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის.
- მოიცა, - შედგა და გოგონას წარბშეკრულმა გადახედა - ეგ რას ნიშნავს?!
- ვიხუმრე!
- ხუმრობაც, რომ ხასიათივით ბნელი გაქვს!
შეუღრინა და ისევ ტაატით გაუყვა ბილიკს, რომელსაც მესხეთის ქუჩის ჩიხამდე მიჰყავდა ორი. ელმა ენას კბილი დააჭირა, სანამ იმაზე მეტს წამოროშავდა, ვიდრე სურვილი ჰქონდა...
შუკვანმა სახლამდე მიაცილა და უკან გაბრუნდა. ელი სახელურს დაექაჩა და ბინაში შევიდა. მისაღები ოთახიდან ტელევიზორისა და ხმადაბალი საუბრის ხმა ისმოდა. სამზარეულოში კი ტაფაზე რაღაც გემრიელობა იწვებოდა. ნერწვი მოადგა, მთელი დღე გარეთ დაწანწალებდა აწყვეტილი ძაღლივით. საშინლად მოშივდა და დაიღალა. ახლა მხოლოდ წყლის გადავლება და თავის ოთახში განმარტოება უნდოდა. იქნებ რამე დაეწერა კიდეც... ცხრა საათამდე მთელი ორი საათი დარჩენილიყო. დრო ჯერ კიდევ ჰქონდა.
ქურთუკი გაიხადა და საკიდზე ჩამოკიდა. ფეხსაცმელები პატარა ტუმბოში შეალაგა და მისაღები ოთახისკენ გაეშურა, გზად კი სამზარეულოში შეიჭყიტა. გურანდა ტაფას უტრიალებდა. ცხელ ზედაპირზე აშიშხინებულ ცხიმში სოკო და კარტოფილი იწვებოდა ერთდროულად. კუჭმა მტკივნეულად შეახსენა თავი.
- საღამომშვიდობის... - მიესალმა დედას.
- მოხვედი? - გაუცინა - ვახშამი მალე იქნება, დე, ხელები დაიბანე და ვჭამოთ.
- საიმონი სადაა?
- სძინავს შენს ოთახში.
- და ლილი?
- მამაშენთან ერთად ტელევიზორს უყურებს ოთახში.
- ა? - ხომ არ მომეყურაო. წარბშეკრულმა მისაღებს მიაშურა.
ბებიამისი და მამამისი გვერდიგვერდ ისხდნენ რბილ დივანზე და ახალ ამბებს უყურებდნენ. ყავის პატარა მაგიდაზე ორი ფინჯანი ყავა იდგა. ვერსად შენიშნა სულას საყვარელი ლუდის ბოთლი და ბოროტი ღიმილით აეპრიხა ტუჩის კუთხე. უფროს სავანელს დღემდე ახსოვდა მენაბდის მარჯვედ ნასროლი ბოთლი, რომელმაც ნეკნები ჩაუმტვრია. ჰაჰ! კომედია!
- ტომი და ჯერი დამეგობრდნენ?
დამცინავად იკითხა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო. ორივემ ერთდროულად ამოხედა. ლილის სახეზე ღიმილმა გადაურბინა სულას არა. კინაღამ გაეცინა. როგორც ჩანდა ორში ყველაზე მეტად სიძეს უჭირდა.
ის იყო სულამ პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ტელეფონი აუზუზუნდა შარვლის ჯიბეში და ყურადღება გაუფანტა. აპარატი ამოაძვრინა და როგორც კი ეკრანს დახედა სახე შეეცვალა. ტუჩები ზიზღით მოეღრიცა. ელს კი თვალები დაუვიწროვდა. რატომ ჰქონდა სულას ისეთი სახე, თითქოს რაღაც ძალიან ამაზრზენი გადაეყლაპოს? დაეჭვებულმა თვალი გააყოლა მამამის, რომელიც ელის საძინებელში გაუჩინარდა ტელეფონით ყურზე. ბებიამ და შვილიშვილმა ერთმანეთს გადახედეს. სწორედ ამ დროს ოთახში გურანდა შემოვიდა.
- ვახშამი მზად, არის, გამოდით ვჭამოთ, სულა სადაა? - თვალები დააცეცა ქმრის პოვნის იმედით.
- ტელეფონზე ლაპარაკობს.
ლილი ფეხზე წამოდგა, შვილს მოჰკიდა იდაყვში ხელი და სამზარეულოში გაიყოლა, სანამ კარს მიიხურავდა ელს მრავალმნიშვნელოვანი მზერა ესროლა. რა წამსაც ქალები თვალს მიეფარნენ, მაშინვე თავისი საძინებლის კართან აიტუზა და მიაყურადა. სულა ხმადაბლა საუბრობდა, რომ ბავშვი არ გაეღვიძებინა. ელმა კიდევ უფრო დაძაბა ყურთასმენა.
- ... გითხარი! ერთ კვირაში... - მოესმა მამამისის მოგუდული ხმა - სამი დღე... უფრო სწრაფად ვერ შევძლებ!...
ვიღაცასთან კამათობდა. წარბშეკრულს მთელი ტანი დაეჭიმა და კიდევ უფრო აეკრა კარს, რომ არაფერი გამორჩენოდა საუბრიდან.
- სამი დღე!
გაიმეორა ღრენით და როგორც ჩანს ყურმილი გათიშა, რადგან მისი ფეხის ხმა ახლოვდებოდა. ელვის სისწრაფით მოსწყდა კარს და სავარძელში ჩაებერტყა. ოთახიდან გამოსულს კი თავი ისე მოაჩვენა, თითქოს საინფორმაციოს უყურებდა. იაპონიაში უზარმაზარ ცუნამს სახლები და მანქანები მიჰქონდა.
- ვახშამი მზად არის, - ზედ არ შეუხედავს მამამისისთვის ისე აცნობა - სამზარეულოში გელოდებიან.
- შენ არ გშია?
- არ მშია.
მუცელი პროტესტის ნიშნად აუბუყბუყდა. კბილი კბილს დააჭირა.
- წამოდი, ჭამე ჩვენთან ერთად! - სულას ხმაში სიმკაცრე გამოერია.
- ვინ დაგირეკა?
თავი მოატრიალა და მამამას თვალი გაუსწორა. სულას სახეზე შეეტყო, კითხვა არ ესიამოვნა.
- ალბათ არ ფიქრობ, რომ ანგარიშს ჩაგაბარებ?! - ყბა ბრაზით მოეღრიცა.
- ფიქრობ? - ირონიულად გაეღიმა - მგონი ჯობია ვინმემ მაინც იცოდეს სად გეძებოს, თუ ისევ უპარდონოდ ჩაგტენიან მანქანაში, ა?
სულას ისეთი სახე გაუხდა, გეგონება შემოულაწუნესო. თვალები სახიფათოდ წამოენთო და ხელები დაემუშტა.
- დაუკვირდი სიტყვებს! - გამოსცრა კბილებში. მართლა საშიში შესახედი იყო.
- დაგინახეს! - ფეხზე წამოდგა, აღარ ეცინებოდა, არანაკლებ აჯაგრული მამას წინ დაუდგა - და საერთოდ, ვინ არის, ის ხალხი? რა უნდათ შენგან? ვალი გაქვს?
სულას მუდამ ხურბლისფერ სახეზე მკვდრის ფერი დაედო. შვილის მსგავსს ნახშირივით შავ თვალებს მძვინვარების ცეცხლი უგიზგიზებდათ. კბილები გააღრჭიალა.
- ელ... - დაიღრინა გამაფრთხილებლად - არც ერთი სიტყვა მეტი...
- პასუხი გამეცი! - უკან არ დაიხია - შენს გამო მთელს ოჯახს შეიძლება პრობლემა შეექმნას! გემუქრებიან?!
სულა მთელი სხეულით ცახცახებდა. ელს ასეთი გაშმაგებული დიდი ხანია არ უნახავს. შეშლილს ჰგავდა. სამზარეულოს კარი გაიღო და ზღურბლზე ლილი გამოჩნდა.
- კიდევ რამდენ ხანს გელოდოთ, თქვენ ორს? - მკაცრად იკითხა - ვახშამი გაცივდება!
მამა-შვილი ერთხანს კიდევ ბურღავდა ერთმანეთს თვალებით. შემდეგ კი მოულოდნელად ადგილს მოსწყდა და სწრაფი ნაბიჯით მიაშურა გასასვლელს. ლილის ისე ჩაუქროლა სიტყვაც არ აღირსა. კარი გამოგლიჯა და ისე გაიჯახუნა გურანდა გამოვარდა სამზარეულოდან შეშინებული.
- რა მოხდა?
ორივე ქალი გოგონას მიაჩერდა გაოცებული. ელის საძინებლიდან საიმონის ტირილის ხმა მოისმა.
- სულას ისევ გადაუტრიალდა თავში „ცოფის ჭანჭიკი“, არაფერი ახალი. მე საიმონთან ვიქნები.
ქალებს თვალი მოარიდა და საძინებელში გაუჩინარდა. საიმონს ხმაურზე შეშინებულს გამოღვიძებოდა და მოთქმით ტიროდა.
- პირუტყვი! - ჩაისისინა მამამისზე გაცოფებულმა და ძმას მიეჭრა - აქ, ვარ, ნუ გეშინია, ყველაფერი რიგზეა.
ხელში აიყვანა ასლუკუნებული და გულზე მიიხუტა. ფუმფულა ლოყებს ცხელი ცრემლები უსველებდნენ.
- დაი...
სუნთქვას ამოაყოლა და ასლუკუნებულმა პატარა ხელები ძლიერად მოხვია გოგონას კისერზე.
- აქ ვარ... - თავზე აკოცა და ზურგზე მოეფერა - აქ ვარ, ყველაფერი რიგზეა. მშვიდად.
- დაი...
- ჩშშშ...
საწოლზე ახოხდა და ბეჭებით კედელს მიეყრდნო. გულზე მიკრობილი საიმონი ერთხანს სლუკუნებდა. პატარა გულს ბაგაბუგი გაჰქონდა.
- სანამ ცოცხალი ვარ, ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს... - უჩურჩულა ყურში ძმას - სანამ პირში სული მიდგას, უსაფრთხოდ ხარ...

თავი მეცხრე

"შენი ცხოვრება „შემთხვევით“ არ გამოსწორდება, არამედ ცვლილების წყალობით.
- ჯიმ რონ."

დილაუთენია ხმაურმა გააღვიძა. თვალები აახამხამა. ფანჯრებს მიღმა ჯერ კიდევ ბნელოდა. დეზორიენტირებულმა მიმოიხედა. საიმონი კედლისკენ გადაბრუნებულიყო და მშვიდად ფშვინავდა. სამზარეულოდან კამათის ხმა ისმოდა. მაშინვე მოფხიზლდა და ფეხზე წამოვარდა. ქალის კივილი საძნებლის კართან დაეწია. შიშმა ელექტროდენივით დაუარა სხეულში. სახელური გამოგლიჯა და მისაღებში გავარდა. უცნაური ხროტინი სამზარეულოდან მოისმოდა. მაშინვე იქით მოუსვა და ზღურბლზე გაქვავდა. სულას ლილი ძირს წაექცია, ღონიერი ხელები ყელში წაეჭირა და გუდავდა. ერთიანად აჭარხლებული ქალი ძლივსღა სუნთქავდა.
ახროტინებული ყოველ წამს უფრო და უფრო ლურჯდებოდა. ინსტიქტმა ავტომატურად მომართა ორგანიზმი, დაუფიქრებლად ესცა მაგიდასთან მდგომ სკამს და მთელი ძალით გადაალეწა სულას ბეჭებზე. მამაკაცმა სიმწრით დაიყმუვლა, წამში უშვა ხელი მოხუცს და მოცელილი გვერდით გადავარდა. ლილიმ მომენტით ისარგებლა და ისტერიული ხროტინით ჩაისუნთქა ნანატრი ჟანგბადი. მაგრამ ელი უკვე ვეღარაფერს ამჩნევდა. თვალებზე მეწამული ბინდი გადაჰკვროდა. ამოკში მყოფს ხელში შერჩენილი სკამის მოტეხილი ფეხი უცახცახებდა. გონებაში ისევ გაისმა ცივი ხმა : "საკმარისია... ეს უკვე მეტისმეტია!..." სანამ გააზრება მოასწრო უკვე მამამისს ეჯდა გულმკერდზე, სკამის ფეხი კი ყელში მიებჯინა და არაადამიანური ძალით აწვებოდა. Სულა აფართხალდა. ხელების ქნევას მოჰყვა, რომ შვილი მოეშორებინა, მაგრამ ძვრა ვერ უყო გაგიჟებულს.
- მოკვდი! - სისინებდა გაავებული - ჩაძაღლდი, ბოლოს და ბოლოს!
გურანდას კივილმა პატარა სამზარეულო გაავსო. მაშინვე ხელებში ესცა შვილს, რომ როგორმე აეწიწკნა სულას მკერდიდან, მამაკაცი ბრძოლის ძალას ნელ-ნელა კარგავდა.
- ელ, არა! - ჩასძახოდა ყურში - შეეშვი! ხელი გაუშვი!
როცა გურანდას ლილიც მიეხმარა, ორმა ქალმა ძლივს ააწიწკნეს ახროტინებულ კაცს მოზარდი. ამოკში მყოფი ადგილზე ბრდღვინავდა და თავის გათავისუფლებას ლამობდა.
- მოვკლავ! - ღრიალებდა გონებადაბინდული, მამამისზე არანაკლებ შეშლილი სახე ჰქონდა - გამიშვით! ხელები მომაშორეთ!
სულა ხველებით წამოდგა ფეხზე. Წონასწორობის შეკავება უჭირდა. Ბეჭები და ხორხი სტკიოდა. შვილს ახედა, რომელიც ქალებისგან თავის დახსნას ცდილობდა გაშმაგებული და მისკენ იწევდა.
- ბებიაჩემს შეეხე! - ღრიალებდა თვალებდაქაჩული - არ შეგარჩენ! მეტს აღარ შეგარჩენ! მომაშორეთ ხელები-მეთქი! მოვკლავ! ჩემი ხელით გავგუდავ!
მის დაწყნარებას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. სულამ ბოლოჯერ შეხედა შვილს თვალებში და ბარბაცით გავიდა სამზარეულოდან. გზადაგზა მძიმედ ახველებდა.
- დაწყნარდი, შვილო! გეხვეწები, დაწყნარდი!
გურანდას ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები თვალებიდან. ლილიც არ გამოიყურებოდა უკეთ, ყელზე ნათითურები აჩნდა და ხრიალით ისუნთქავდა ჰაერს ფილტვებში, რომელებსაც წამის წინ კინაღამ სამუდამოდ გადაუკეტეს ჟანგბადი.
- გამიშვით-მეთქი! - იყვირა განერვიულებულმა.
როგორც კი ხელი შეუშვეს, მაშინვე გავარდა საძინებელში. ნერვიულად მოჩხრიკა შარვლის ჯიბეში შუკვანის ნაჩუქარი დანა. არც კი აქცევდა ყურადღებას ბოლო ხმაზე ატირებულ საიმონს, რომელსაც შეშინებულს გაღვიძებოდა მთელს ამ აურზაურში! როგორც კი ცივ ლითონს მიაგნეს თითებმა, მუჭში მოიმწყვდია ცივი იარაღი და უკან გამოიქცა.
სულას კვალი აღარსად იყო. გასასვლელი კარი გამოგლიჯა და უკან დაედევნა. მძვინვარებამ საღად აზროვნების უნარი წაართვა, არ ფიქრობდა იმაზე რა მოხდებოდა ასეთ მდგომარეობაში თუ გადააწყდებოდა მამამისს. ხელში ძლიერად ჩაებღუჯა ცივი ლითონი და რამდენიმე საფეხურს ერთდროულად ახტებოდა. მეორე სართულამდე ჩასული პოლიციელებს შეეფეთა. თავი ძლივს შეიმაგრა, რომ ერთ-ერთი არ გადაეთელა.
- ფრთხილად! - გვერდზე გახტა ფორმიანი - რამეს დაიშავებ!
ელი ბოლო საფეხურზე გაშეშდა. ხელი ავტომატურად გაუჩინარდა ზურგსუკან და დანა პიჟამის უკანა ჯიბეში ჩაიცურა. ადრენალინი ტვინში აწვებოდა. გული ისე ხმამაღლა უცემდა პოლიციელების კითხვა ძლივს გაიგონა.
- ასე სად გეჩქარება? - წარბი შეიკრა ერთ-ერთმა.
- სკოლაში! - დაუფიქრებლად წამოროშა. ორივე ფორმიანს წარბები მაღლა გაექცა და გოგონა თავით ფეხებამდე შეათვალიერეს.
- პიჟამით? შაბათს? გამთენიის ხუთ საათზე?
მის თავში ისეთი არეულობა ხდებოდა, პასუხის მოფიქრება გაუჭირდა. საბიედნიეროდ მეორე პოლიციელი მიეშველა.
- სავანელების ბინას ვეძებთ, მეზობლებმა დარეკეს ყვირილის ხმა გამოდის ბინიდანო.
- და შენ სავარაუდოდ ერთ-ერთი სავანელი უნდა იყო... - დაასრულა მეორემ და კიდევ ერთხელ შეათვალიერა გოგონა თავით ფეხებამდე.


******

"ეშმაკის პენტლა"

- ესე იგი... - ჩიქოვანმა, რომელიც პირველი გაეცნო ქალებს, ქუდი მოიხადა და ლილი ყურადღებით შეათვალიერა - სიძესთან კამათი მოგივიდათ?
- ვის არ მოსდის სახლში კამათი? - ჩაიხიხინა ლილიმ. ყელზე ხელი მიიდო, ყოველი სიტყვის წარმოთქმა მძიმედ უჯდებოდა - ბოდიშს ვიხდით შეწუხებისთვის. ასე გამოვიდა.
- სად არის თქვენი სიძე?
თვალი მოავლო მისაღებ ოთახს მეორე პოლიციელმა, თითქოს სულა რომელიმე კომოდიდან აპირებდა გადმოხტომას.
- წავიდა. - ჩაერია გურანდა, ნამტირალევს თვალები ჩასწითლებოდა და დასიებოდა. ხელში საიმონი ეკავა და გაუცნობიერებლად არწევდა მკლავებში - კამათის გაგრძელება აღარ უნდოდა და სახლიდან გავიდა, არ ვიცი სად.
- ჰმ..
შეფიქრიანდა ჩიქოვანი, მოხუცის ყელს დაჟინებით აკვირდებოდა. მოხუცს გრძელყელიანი სვეტერი ეცვა, მაგრამ საყელო ბოლომდე ვერ უფარავდა შეწითლებულ კანს.
- მხოლოდ იკამათეთ? სხვა არაფერი მომხდარა?
- მხოლოდ ვიკამათეთ - თავი დაუქნია ლილიმ და საყელო მაღლა აქაჩა, სასხვათაშორისოდ, თითქოს სვეტერს ისწორებდა - სიდედრი და სიძე ერთმანეთს იშვისთად უგებენ ჩვენს რეალობაში, არა?
- შეიძლება, - დაეთანხმა ჩიქოვანი - მაგრამ ხელით შეხება მეტისმეტი მგონია. თქვენ რას ფიქრობთ, ქალბატონო ლილი?
- დაგეთანხმებოდით, მსგავს სიტუაციას რომ ჰქონოდა ადგილი!
მოხუცმა გამომწვევად გაუსწორა თვალი პოლიციელს. ელი სავარძელში მჯდარი ჩუმად შეჰყურებდა სანახაობას და კბილებს აღრჭიალებდა. Სახეზე ჩამოისვა ხელი, ჰაერზე უნდა გასულიყო, სანამ საკუთარივე ემოციებში გაიგუდებოდა. წამოდგა, რომ შეაჩერეს.
- შეიძლება ვისაუბროთ?
ჩიქოვანმა ელს კი ჰკითხა, მაგრამ გურანდას შეჰყურებდა ნებართვის თხოვნით. ელი არასრულწლოვანი იყო, არ შეეძლოთ გოგონას დაკითხვა მეურვის ნებართვის გარეშე.
- ვფიქრობ, ჩემს შვილებს დასვენება და სიწყნარე სჭირდებათ!
ელმა ჯერ დედამისს გახედა, შემდეგ პოლიციელებს. თავი გააქნია ირონიული ღიმილით და საძინებლის კარი მიიკეტა.
აივანზე იდგა და ჯერ კიდევ ჩაბნელებულ ჰორიზონტს გაჰყურებდა. ორგანიზმიდან ყველა ემოცია ნელ-ნელა უორთქლდებოდა, სულში მხოლოდ ყრუდ მოგიზგიზე მძვინვარება შემორჩენილიყო. ხელებს დახედა. სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ, ეს თითები ზრდასრული ადამიანის ყელს შემოხვეოდნენ მძლავრად, რომელმაც მისი თავიდან მოშორება ვერ შეძლო. რა მოხდებოდა დედას და ბებიას რომ არ აეგლიჯათ სულას სხეულიდან აფექტში მყოფი? მთვრალ მამამისს ეყოფოდა კი ძალა თავის დასაცავად? თვითონ თუ შეძლებდა შეჩერებას?
მანამდეც არაერთხელ აღმოჩენილა მსგავს სიტუაციაში, არაერთხელ გამოუწიწკნია გურანდა მთვრალი მამის კლანჭებიდან, მაგრამ არასოდეს უგვრძნია ასეთი მრისხანება, რატომ?დედა ბებიაზე ნაკლებად არ უყვარდა! იქნებ რაღაც ავადმყოფური თვალსაზრისით მიეჩვია ერთი და იმავე სურათს? იქნებ გულის სიღრმეში ადანაშაულებდა კიდეც დედას? სახე ხელებში ჩარგო და ღრმად ჩაისუნთქა.
მომხდარი ისევ ნაცნობი ბილიკებით გაიკვლევდა გზას - სახლში ბიძამისები მოვლენ. შოთი და ნუკრი ისევ ეჩხუბებიან გურანდას, დაარწმუნებენ, რომ ავადმყოფ ქმარს გაშორდეს. ლილი თავისთან წაიყვანს შვილს, შვილიშვილებით. რამდენიმე კვირის შემდეგ, კი, გურანდა ისევ დაუბრუნდება ჯალათს და ყველაფერი ისევ "კალაპოტში" ჩადგება. ისევ მოვლენ მამამისის ნათესავები, რძლის ტვინის გამოსალაყებლად და ისევ იჯდება ელი ფანჯრის რაფაზე ღამეების თენებაში, დედამისის სადარაჯოზე, საჭიროწების შემთხვევაში დროულად ჩასარევად.
ყელში უზარმაზარი ბურთი იგრძნო, რომელიც ვერანაირმა ნერწვმა ვერ ჩაიტანა. პირიქით, გაიბერა და მთელი სხეული გაავსო. ღრიალი მოუნდა.
- ნუთუ ეშმაკის პენტლა არასოდეს დაირღვევა?! - გამოსცრა კბილებში - ნუთუ გამოსავალი მართლა ერთია?...
აცახცახებული ხელები დაემუშტა. გულის სიღრმეში იცოდა, სიმართლე - სანამ სულა ცოცხალი იყო, არასოდეს ეღირსებოდათ სიმშვიდე! გურანდა ვერასოდეს დააღწევდა თავს მანიაკ ქმარს.
Ზურგუსკან ნაბიჯების ხმა შემოესმა. თავი გვერდით მიაბრუნა. აივანზე ლილი გამოვიდა. მხრებზე შალი მოეხურებინა.
- როგორ ხარ? - ჰკითხა ელმა და კისერი მოუთვალიერა. ნათითურებს ლურჯი ფერი შეჰპარვოდათ და თითქმის მთლიან ყელს უფარავდა.
- ვიცოცხლებ, - უპასუხა ხმაჩახლეჩილმა - ყელი მტკივა, მაგრამ ეგ არაფერი. გამივლის. შენ როგორ ხარ?
Წაბლისფერი თვალები ყურადღებით მიაპყრო შვილიშვილს. ელმა მხრები აიჩეჩა.
- დღეს რაც მოხდა... - ზურგზე დაუსვა ხელი გოგონას - ამ დონემდე არ უნდა მივსულიყავით. ბავშვები მედარდებით, ფსიქიკა გიმახინჯდებათ ასეთი პირუტყვის ხელში. რაც ჩემი თვალით ვნახე... შემეშინდა, ელ.
სავანელმა ისევ ჰორიზონტს გახედა. უნდოდა რაიმე ეთქვა ლილისთვის, რითაც დაამშვიდებდა, გაამხენევებდა. მაგრამ თავში არაფერი მოსდიოდა. ფუჭი საუბარი კი საშინლად არ უყვარდა.
- მეგონა მოკლავდი... - წაიჩურჩულა მოხუცმა.
- მოვკლავდი, რომ არ ჩარეულიყავით. გონება გამეთიშა, საღად ვერ ვაზროვნებდი.
- ეს უკვე მეტისმეტია! - ლილის მთელი ამდენი ხნის განმავლობაში პირველად წამოუვიდა ცრემლები - ამის ატანა აღარ შემიძლია. რას დაგამგვანა იმ უპატრონომ! რა გიგავს მოზარდის?! სად არის შენი უდარდელი ღიმილი? ბავშვური სიხალისე?! სად არის შენი ბავშვობა?! ცემა-ტყეპის მეტი არაფერი გინახავს ოჯახში! შენს სახეზე გულწრფელი სიცილი როდის ვნახე აღარც მახსოვს! ღმერთო!
ცხელი ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ნაოჭებისგან დაღარულ სახეზე. აკანკალებული მარჯვენით ცდილობდა თვალების შემშრალებას, მაგრამ უშედეგოდ. ელს ყბაზე კუნთი დაეჭიმა. მარჯვენა წელზე მოხვია მოხუცს და გულში ჩაიკრა. ვერ იტანდა ლილის ასეთ ვერსიას. Ბებიამისი ყოველთვის მყარად იდგა ფეხზე, მუდამ მტკიცე და მკაცრი, იშვიათად აძლევდა თავს სისუსტის გამოჩენის უფლებას, მით უფრო სხვების თანდასწრებით. შვილიშვილი ბებიას დამსგავსებოდა ამ მხრივ.
- ბიძაჩემებს დაურეკე? - თემის შეცვლა სცადა.
- ათ წუთში მოვლენ.
არც დრო იყო და არც მომენტი, მაგრამ კინაღამ გაეცინა. რამდენიმე წუთის წინ განა არ ფიქრობდა, რომ ზუსტად ასე განვითარდებოდა მოვლენები?
- მოუყევი მომხდარი?
- დეტალებში!
ხველა აუტყდა, ელს ჩამოეხსნა და გულზე მიიდო ხელი. ძლიერმა სპაზმა წამით სუნთქვა შეუკრა, მაგრამ მალე შეუშვა და ღრმად ჩაისუნთქა.
- ის მარჯვენა გაუხმეს, იმ დამპალს! - წაისისინა და ყელი მოისრისა - ჩემი ხელით უნდა დავაინვალიდო, მაგას პოლიციას როგორ დავუთმობ!
- მაგიტომ არ უთხარი პოლიციას არაფერი?
- აბა რა გეგონა?! - დაიჩხავლა გაავებულმა - გურანდასავით იდიოტი ვარ და თავზე ხელს გადავუსვამ მომხდარის შემდეგ?! მაგან არ იცის, ვისზე ასწია ხელი, ეგ გველის წიწილი ეგა! გამჩენი დედა უნდა დავაკლა თავზე, ფეხებზე, რომ ჰკიდია საკუთარი შვილი! იცი რა მითხრა შენი მშობლების ქორწილის დღეს? ლილიჯან, დღეიდან ჩემს ბიჭს შენ გაბარებო! იცოდა რა არაკაციც იყო და ხელები დაიბანა!
ელს ტუჩის კუთხე აეპრიხა. არასოდეს შეხვედრია მამამისის დედას, ყოველ შემთხვევაში თვითონ არ ახსოვდა. ლილის მონაყოლით იცოდა, რომ როცა ელი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, სულა ცოლს აიძულებდა ხშირად მოენახულებინათ თავისიანები. ორი წლის ბავშვს რა უნდა ჩარჩენოდა გონებაში? დროთა განმავლობაში, როდესაც სულამ ბიზნესი მოიკეთა და ფულსაც შოულობდა, თავისიანები მუდამ კარზე ედგნენ ათასი სათხოვარით - ერთი მეშოკი ფქვილი? შაქარი? მარილი? ზეთი? იქნებ სიგარეტიც? ორი კოლოფი, მურთაზი ბევრს ეწევა! ახალი ფეხსაცმელები? Ზამთარი მოდის დედაშენი ფეხშიშველი ხომ არ ივლის? თბილი კურტკა? მამაშენს ძველი დაეხა, აღარ ჩაიცმევა ის ძონძი! და ა.შ. სანამ ერთ დღეს სულას ყელში არ ამოუვიდა და ყველანი არ დაიფრინა მაღაზიიდან. ეგ დღე იყო და ეგ, მას შემდეგ არავის გახსენებია სავანელი ან მისი ოჯახი. გურანდა ხმამაღლა არასოდეს გამოხატავდა პრეტენზიას, მაგრამ საკმარისი იყო მათი სახელი გაეგონა, რომ ტუჩები უსიამოვნოდ ეღრიცებოდა. ერთადერთი სულას დები ინარჩუნებდნენ მის ოჯახთან კონტაქტს, ხშირად სტუმრობდნენ, რითაც ელს ნერვებს უშლიდნენ. Მათი სახლის ზღურბლზე გამოჭიმვა, ცაზე სვავების გამოჩენას ჰგავდა - ათასი რჩევა-დარიგებებით, როგორ უნდა, ან არ უნდა ეცხოვრათ სავანელებს.
- საიმონი, როგორ არის? დაწყნარდა?
- აღარ ტიროდა, დედამისთან რომ დავტოვე, მაგრამ ბავშვი შეშინებული აცეცებს თვალებს აქეთ-იქით, რა გასაკვირია?!
ელმა გულზე სიმძიმე იგრძნო. მას შემდეგ რაც სამზარეულოში მოხდა, ბავშვთან მიკარების ეშინოდა. საიმონს და ასეთ მდგომარეობაში არასოდეს უნახავს, არასოდეს მიუტოვებია მომტირალი და შეშინებული მარტოს. თავი დაკარგა! სხეული ავტომატურად მუშაობდა. გონება დაუბნელდა. მისმა ტირილმაც კი ვერ შეაღწია შავ ბურუსში, რომელმაც დააბრმავა. Სახეზე ხელი ჩამოისვა.
- როგორც კი ბიჭები მოვლენ, აქედან წაგიყვანთ! - წამოიწყო ლილიმ - ჩემთან იქნებით. ბარგი ჩაალაგე, ამ ცხოველთან ერთ დღესაც აღარ გაჩერდებით! მაგას მე მივხედავ! ჩემი წერა უნდა გახდეს, ეგ არის მაგისი ბოლო!
ელს ზურგი შეაქცია და ოთახში შებრუნდა. დილის სუსხიანმა ნიავმა თმა აუფრიალა. Შემუქებულ ჰორიზონტს ნელ-ნელა მზის სხივები ეპარებოდა. თენდებოდა. როგორი შემაძრწუნებელია სამყარო - ერთი საათის წინ შეიძლებოდა ლილი მენაბდეს ვეღარასდროს ენახა ალიონი და იმავდროულად სწორედ ეს განთიადი შეიძლებოდა ყოფილიყო სულა სავანელისთვის უკანასკნელი.
საძინებელში შებრუნდა და ტელეფონს დაუწყო ძებნა. საწოლში მიაგნო, საბნის ქვეშ მიგდებულს. სასურველი ნომერი ამოაგდო და გადარეკა. მესამე ზუმერზე როგორც იქნა უპასუხეს.
- რა უბედურებაა, "ადამს", დილაუთენია, ხაშია? - მოისმა ყურმილიდან კიტას ნამძინარევი ზმუილი.
- ქალაქიდან წასვლა მომიწევს, ცოტახნით. წასვლამდე გნახავდი, თუ გამოხვალ.
- აა? - ტელეფონში ფაფხურის ხმა მოისმა, რასაც შუკვანის შედარებით ფხიზელი კითხვა მოჰყვა - რა ხდება? Მშვიდობაა?
- ყველაფერს პირადად მოგიყვები, გამოხვალ?
- მოიცა, მამაშ... ათ წუთში შენთან ვიქნები!
კითხვა აღარ დაასრულა. მიხვდა, რომ სულა სახლში არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ელი დილაუთენია თავისთან არ მიიპატიჟებდა. ყურმილი დაკიდეს. ელმა ტელეფონი საწოლზე მიაგდო და ჩაცმას შეუდგა. სწორედ იმ მომენტში, როცა უმცროსი სავანელი აივანზე იჯდა მეგობრის მოლოდინში, უფროსი სავანელი შვილის ნათლიას უკაკაუნებდა კარზე თავშესაფრის პოვნის იმედით, სანამ ცოლის ძმები მიაგნებდნენ და ძვალ-რბილს გაუერთიანებდნენ. მთელს ამ დრამას, კი ვერცხლისფერი სედანის მძღოლი შორიდან შეჰყურებდა და ტუჩებზე ცბიერი ღმილი დასთამაშებდა...


******

"უტეხი ფიცი"

შუკვანი ელის მონაყოლს ისმენდა და ყურებს არ უჯერებდა. ცხელი ყავის ფინჯნებით ხელში აივანზე ისხდნენ და ხმადაბლა საუბრობდნენ. განმარტოება ამჯობინეს, როდესაც სახლის კარი ნუკრიმ და შოთიმ შემოაღეს. სიტუაცია მაშინვე დაიძაბა. ნუკრი ლამის ტყავიდან გამომხტარიყო, შოთი მოჩვენებით სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მაგრამ მისი კბილების ღრჭიალი ყველას ესმოდა სამზარეულოში. ლილიმ მომხდარის მოყოლა, რომ დაიწყო გურანდას ტირილი აუვარდა. შუკვანმა კი ელი და მისი ძმა სამზარეულოს გამოარიდა.
საიმონი ელის ოთახში ერთობოდა თავისთვის. დას აივნის ღია კარიდან ძმაზე თვალი ეჭირა. წარამარა გამოხედავდა ხოლმე პატარას. თხრობა რომ დაასრულმა შუკვანმა ხმადაბლა შეიგინა.
- და ახლა რას აპირებთ? ბებიაშენთან რამდენ ხანს იქნებით?
- იქ დიდხანს არ გავჩერდები - წარბშეკრულმა დილის შევარდისფრებულ ცას გახედა - საერთოდ არ წავიდოდი, მაგრამ ლილი ძალიან არის განერვიულებული, არ მინდა დავუმატო. რამდენიმე დღე დავრჩები, რომ ცოტა დაწყნარდეს, შემდეგ კი სახლში დავბრუნდები.
- ხომ იცი, რომ დაბრუნდება? - შუკვანს წარბი შეეკრა - რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში, მაგრამ დაბრუნდება!
- ვიცი, - მზერა აბსტრაქტული სივრცისთვის გაეშტერებინა - მაგრამ ეს დღე ადრე თუ გვიან დადგება, გამოსავალი გაქცევა არ არის. მისი არ მეშინია, კიტა, დიდი ხანია აღარ მეშინია.
- მასთან მარტოს არ დაგტოვებ! - ყბაზე კუნთი დაეჭიმა - ჭკუა ხომ არ დაგიკარგავს?
- და რას მიზამს? მომკლავს? - ცივად გაეცინა - ჩემზე ხელი არასოდეს აუწევია, მე კი დღეს დილას კინაღამ სკამის ფეხით მივგუდე. ჩვენ ორს შორის თუ ვინმეა მეორესთვის სახიფათო, ალბათ ისევ, მე!
- ელ, ჭკუაზე არ არის, რატომ არ გესმის?! საღ აზრზე მყოფი კაცი მაგას იზამდა? რა იცი რა მოუვლის თავში? საგიჟეთშია დასამწყვდევი!
- იქაც არ მიჰყავთ, თორემ კი! ფხიზელზე, რომ დაელაპარაკები, შენ უფრო იგრძნობ გიჟად თავს, ვიდრე მასზე მიიტან ეჭვს. დამიჯერე.
- ეს რეალობას არ ცვლის, მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება სახიფათოა, ელ!
- ყოველთვის იყო, - თავი მოატრიალა და მზერა გაუსწორა - მაგრამ, ამჯერად ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ჯერ არ ვიცი, რა და როგორ, მაგრამ ამას ბოლოს მოვუღებ. სულას საშველი არ არის. ან თვითონ მოკვდება, ან ვინმეს შეიწირავს. ის არასდროს გამოჯანმრთელდება, მე კი საიმონისთვის სხვანაირი მომავალი მინდა...
ძმას გახედა. პატარა, სათამაშო მანქანით თამაშობდა, მაგრამ აკლდა მის სახეს ბავშვური სიხალისე. კოპები შეეკრა და უჩვეულოდ სერიოზული თვალს ადევნებდა საკუთარ მარჯვენას, რომელიც მანქანას ზიგზაგისებურად დაატარებდა ფუმფულა ხალიჩაზე.
- ელ... - კიტამ გოგონას ხელი თავისაში მოიქცია და მსუბუქად დაქაჩა თავისკენ, რომ მისი ყურადღება მიეპყრო - რამეს მოვიფიქრებთ, ყოველთვის ვპოულობდით გამოსავალს, ახლაც მოვიფიქრებთ.
- ერთ რამეს უნდა დამპირდე... - ბიჭის ნაცრისფერ თვალებს მზერა გაუსწორა.
- მაინც? - შუკვანს შიში დაეტყო სახეზე.
- დაიფიცე, რომ რაც არ უნდა მოხდეს... როგორც არ უნდა მოვიქცე, მხარს დამიჭერ.
- ელ... მაშინებ! - არ ტყუოდა, წამში გაფითრდა.
- კიტა, დამპირდი, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო გვერდით დამიდგები... - წლები იყო ელს იცნობდა, მის მუდამ ცინიკურ და ცივ გამოხედვას იმდენად მიეჩვია, რომ გოგონას შავ თვალებში ამოკითხულმა სასოწარკვეთამ დააბნია და დააფრთხო ერთდროულად - დაიფიცე, რომ დამეხმარები, თუნდაც არ მეთანხმებოდე!
- ელ... - შუკვანს გული ცუდს უგრძნობდა.
- მარტო... თავს ვერ გავარმთევ, კიტა... ჩემთვისაც კი მეტისმეტია.
- რა უნდა გავაკეთო? - ყბაზე კუნთი დაეჭიმა. კბილი კბილს გაუსვა და გოგონას მტკიცედ მიაჩერდა თვალებში.
მზე ნელ-ნელა ამოიწვერა ცის კაბადონზე, მცხუნვარე სხივები ბიჭის პროფილს მიეალერსნენ. ნაცრისფერი სფეროები მზის შუქზე აუელვარდა. მზრუნველობით სავსე მზერით მისჩერებოდა მეგობარს. ცეცხლშიც გაივლიდა მის დასახმარებლად, ოღონდ ეთხოვა. სავანელს შავი თმა ნიავმა აუფრიალა. ნახშირისფერ თვალებს ყოველგვარი სხივი ჩაკვდომოდათ. ასე უსიცოცხლო და ცივი არასოდეს უნახავს შუკვანს. გული მოეწურა. ხელი გაიწოდა, გრძელი თითები ელისაში ახლართა და ძლიერად გადააჭდო.
- ელ... - ლამის ჩურჩულით დასცდათ ბაგეებს - ხომ იცი, რომ შენი გულისთვის ყველაფერს ვიზამ?
- ფრთხილად, სვანო, სანანებელი არ გაგიხდეს შენი სიტყვები.
გამომშრალ ტუჩებზე მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა. გადაღლილსა და გამოფიტულს, მიწისფერი დასდებოდა სახეზე.
- არ ვხუმრობ! - მზერა გამჭოლი გაუხდა.
- პირობას მაძლევ?
- პირობას გაძლევ!
უპასუხა დაუფიქრებლად და ძლიერად მოუჭირა ხელი. ერთმანეთის პირისპირ მჯდომ მოზარდებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ რას უმზადებდათ ბედისწერა. შუკვანი ვერასდროს იფიქრებდა, რომ იმ დილას სავანელების აივანზე, მეგობრისთვის მიცემული პირობა, სულ მალე, მძიმე ლოდად დააწვებოდა მხრებზე...
გრილმა ნიავმა შორიდან მოიტანა ჩიტების საამური ჭიკჭიკი, ლამაზი და მშვიდი დილა გათენდა. არაფერი მოასწავებდა ქარიშხალზე, რომელიც აუჩქარებლად უახლოვდებოდა მესხეთის ქუჩას...


თავი მეათე

"ჭრილობები წარსულიდან"
"ადამიანი ყველაფერს აიტანს, თუ მასში აზრზს ხედავს..."

ლილისთან, სოფელში, დრო ნელა გადიოდა. ელი, თითქმის თავისი ოთახიდან არ გამოდიოდა. იჯდა ძველებურ საწოლზე და ბებიამისის ბიბლიოთეკას კითხულობდა. ლილის შვილიშვილის მსგავსად ძალიან უყვარდა დეტექტივები, წიგნების განჯინა გამოტენილი ჰქონდა ამ ჟანრის წიგნებით. ელსაც მთელი დღე კითხვაში გაჰყავდა. ხანდახან საჭმელად თუ გაიტყუებდნენ სამზარეულოში ეგ იყო.
ღამღამობით, კი როცა ყველა იძინებდა, ფარდო ვერანდაზე გადიოდა, თბილი პლედით ხელში და დივანზე ჩამომჯდარი ნაძვის ტყეს გასცქეროდა. ლილის ორსართულიანი ძველი სახლი, უზარმაზარი ბაღით, სოფლის ბოლოს, ტყესთან ახლოს იდგა. ყველაზე ახლო მეზობელი კილომეტრში ცხოვრობდა.
Ბებია-ბაბუამ ეს სახლი ორმოცდაათი წლის წინ საკუთარი ხელით ააშენეს. თავიდან სახლს მხოლოდ პირველი სართული ჰქონდა, მოზრდილი სამზარეულოთი, ერთი მისაღები ოთახითა და სამი საძინებლით, შემდეგ ლევანმა, ელის ბაბუამ, მეორე სართული დაადგა თავს. Მოზრდილი ტარასა გააკეთა და საძინებლები დაამატა კიდევ ერთი სამზარეულოთი. დროთა განმავლობაში ქვედა სართულმა ფართო სარდაფის ფუნქცია შეითავსა.
ხშირად მკაცრ ზამთარში ლილი ქათმებსაც ქვემოთ ერეკებოდა ხოლმე, რომ ახლადგამოჩეკილი წიწილები სიცივეს არ დაეხოცა. უზარმაზარი ბაღის ნახევარ ნაწილზე ვენახი გადაშლილიყო სხვადასხვა ჯიშის ყურძნით. განაკვეთის მეორე ნაწილს კი ვაშლის, მსხლისა და ალუბლის ხეები ამშვენებდა. ლილის უყვარდა ბაღში მუშაობა - კარტოფილს თესავდა, მწვანილებს ახარებდა. Ხახვი, ნიორი, წიწაკა, სიმინდი და რა აღარ მოჰყავდა. სანამ ლევანი ცოცხალი იყო, ცოლ-ქმარი ერთად უვლიდა მდიდარ ბაღ-ბოსტანს. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მთელი მეურნეობა ცოლს დააწვა მხრებზე.
შვილები სოფლის საქმით არასოდეს ინტერესდებოდნენ. გურანდა რაც გათხოვდა საკუთარ ოჯახსა და ბიზნეს უნდებოდა, ნუკრი და შოთი კი რას საქმიანობდნენ არავინ იცოდა. დილაობით ადრე გადიოდნენ სახლიდან და გვიან ღამით ბრუნდებოდნენ ხოლმე. ლილი, რომ ეკითხებოდა შვილებს - რას დაბოდიალობთ ამ ქალაქშიო, ორივე პირში წყალს იგუბებდა. მოხუცი ხვდებოდა, რომ ბიჭები ჩვეულებრივი საქმით არ იყვნენ დაკავებულნი. ხშირად ტელეფონზე ურეკავდნენ ხოლმე და ორივე მაშინვე გარბოდა, ხან კი უცხო ტიპები აკითხავდნენ. სტუმრებს სახლში არასოდეს ეპატიჟებოდნენ. ჩასხდებოდნენ მანქანაში და იქ საუბრობდნენ ხოლმე საათობით.
ერთხელ, როცა ძმები სახლში არ იყვნენ, პოლიციამაც მოინახულა ლილის კარ-მიდამო. მიიხედ-მოიხედეს და საეჭვო რომ ვერაფერი იპოვეს, მუქარასღა დასჯერდნენ - შენს შვილებს გადაეცი, რომ მათზე თვალი გვიჭირავს და ტყავში დაეტიონო. ლილიმ მიმავალ საპატრულო მანქანას წარბშეკრულმა გააყოლა თვალი, გული მღელვარებით უცემდა.
ლილის სახლს გარშემო მხოლოდ ტყე და გორები ერტყა. ზამთარში, მტაცებელი ცხოველები ხშირად სტუმრობდნენ სოფელს. მგელმა, დევნოსაძეებს, რამდენჯერმე შეუჭამა ცხენი საჯინიბოში. წუწკი მელა კი დღეგამოშვებით ეზიდებოდა ხოლმე ქათმებს სოროში, სანამ ერთ-ერთმა მეზობელმა დამბაჩით არ გაუხვრიტა შუბლი.
ლილის სახლის წინ ღელე ჩადიოდა. წყლის ჩხრიალის ექო მძინარე სოფელში შემაძრწუნებლად ისმოდა. შუაღამისას ჭრიჭინების ხმას, ხშირად ტურების ყმუილიც ერთვოდა. ლილის ზიზღს ჰგვრიდა ეს არსებები. ოდითგანვე წინაპრებმა ჩააგონეს, როცა ტურები ტირილს იწყებენ, ახლომახლო ვიღაც მოკვდებაო. მათი ხმის გაგონებისას, მოხუცს ეკლები აყრიდა ტანზე.
ელს, რატომღაც არ აშინებდა ტურების კივილი. ღამღამობით უყვარდა ვერანდაზე ჩამოჯდომა, ყურს უგდებდა ბუნებას და შორეულ ტყეს გასცქეროდა იქამდე, სანამ ძილი არ მოერეოდა. ფიქრებში ჩაფლულს ხშირად ისე ათენდებოდა თავზე, ვერც კი გებულობდა.
სოფელში ყოფნის მესამე ღამეს, ვერანდაზე, როცა სავანელმა ჩვეულისამებრ მოიკალათა დივანზე თბილი პლედით მხრებზე შემოხვეულმა, სიმშვიდე მძიმე ნაბიჯების ხმამ დაურღვია. დივანზე ზამბარა საცოდავად აჭრიალდა, როცა მოხუცმა შვილიშვილის გვერდით დაიკავა ადგილი.
- რატომ არ გძინავს ღამღამობით? - გოგონას ცხელი ჩაის ფინჯანი გაუწოდა. ელმა გამოართვა და გაყინული თითები გვარიანად შემთბარ ფაიფურს მიაკრა.
- ჩვევაში მაქვს, - მხრები აიჩეჩა - მიყვარს აქაური სიწყნარე, სულიერად მამშვიდებს.
ღამის გრილმა ნიავმა ალუბლის ხის ფოთლები ააშრიალა. ბნელში გახვეული ტყე ექოდ ირეკლავდა ღელის საამურ ჩუხჩუხს. ჭრიჭინების ხმა მყუდროებას სძენდა მთვლემარე სოფელს. მსუქანი შავი ხოჭო ვერანდის მოაჯირზე დასკუპებულიყო. სავსე მთვარის შუქი, პრიალა ჯავშანზე ეცემოდა და თვალისმომჭრელად ელვარებდა.
ელს უნებურად "რიტა სკიტერი" მოაგონდა, "ჰარი პოტერიდან" და კინაღამ გაეცინა. საოცარია, როგორ დიდ სიამოვნებას ჰგვრის ადამიანს საყვარელ წიგნთან მაკავშირებელი პაწაწინა დეტალები, რომელსაც ყოველდღიურობაში აწყდება. თუმცა, სავანელს მწარედ უნდა შეეხსენებინა საკუთარი თავისთვის, რომ მის რეალობას ჯადოსნურთან არაფერი ჰქონდა საერთო...
- მოგიყევი, როგორ გამათხოვეს 14 წლის? - სიჩუმე დაარღვია ლილიმ. ელმა ხოჭოს თვალი მოსწყვიტა და ბებიამის გახედა.
- დეტალები არ გითქვამს.
- დედაჩემს გულზე არასოდეს ვეხატებოდი. მიზეზი, დღემდე უცნობია ჩემთვის. - ცალყბად ჩაეცინა. ცხელი ჩაი ფრთხილად მოსვა და დანისლული მზერა სადღაც შორს, მოგონებების მორევში, ჩაეკარგა. - მაშინ რთული პერიოდი იდგა. ოჯახს უჭირდა. მშობლებს ოთხი შვილი ვეზრდებოდით, თავი ძლივს გაგვქონდა. მამა მოსკოვში გაემგზავრა სამუშაოდ. ბევრს ვერაფერს გვიგზავნიდა. რამდენიმე თვის შემდეგ, კი იმ გროშების გამოგზავნაც შეწყვიტა. დედაჩემს რომ შემოსავალი მოაკლდა ჩემი "გაყიდვა" გადაწყვიტა. სარფიანი გარიგებით, რაშიც სოლიდური თანხა აიღო, ჩემზე თხუთმეტი წლით უფროს, მდიდარ სომეხს მიმათხოვა. ვჭირვეულობდი, არ მინდოდა ოჯახი, სწავლა მწყუროდა, მინდოდა ცხოვრებაში რაიმესთვის მიმეღწია, მაგრამ დედაჩემს ჩემი ამბიციები ფეხებზე ეკიდა. მამამ არაფერი იცოდა, მოსკოვიდან დაბრუნებულმა შეიტყო მომხდარი და კინაღამ გაგიჟდა, მაგრამ რაღას იზამდა? უკვე "ოჯახი მქონდა". სიმართლე კი ის იყო, რომ ჩვენ ორს არაფერი გვქონდა საერთო. ის ჩემთან შედარებით ზრდასრული მამაკაცი იყო, მე კი ჯერ კიდევ ბავშვი. არანაირი გამოცდილება მე არ მქონდა. როცა გვერდით მომიწვებოდა ხოლმე ღამ-ღამობით საწოლის კიდისკენ მივხოხავდი. არ მინდოდა თითი დაეკარებინა. უნდა ვაღიარო, არასოდეს არაფერი დაუძალებია. მოთმინებას იჩენდა. ფიქრობდა, დროთაგანმავლობაში გული მომიბრუნდებოდა, მაგრამ იმედები გავუცრუე. ჩვენმა „ოჯახობანას“ თამაშმა წელიწადნახევარს გასტანა. ვერ ავიტანე მამაკაცის გვერდით ცხოვრება, რომელიც არ მიყვარდა და წამოვედი. ჩემი სახლში მობრუნება ჩემებმა საშინლად მიიღეს. მაშინ სხვა დრო იყო, ოჯახის დანგრევა დიდ სირცხვილად ითვლეობდა. დედაჩემმა ჩემოდნებით ხელში, რომ დამინახა კარის ზღურბლზე სცენები მოაწყო - სირცხვილო, ახლა როგორ დავენახო მეზობლებსო?! აცრემლებულმა მამას გავხედე. არაფერი უთქვამს, მაგრამ მისი გამკიცხავი გამოხედვაც საკმარისი იყო ჩემი გულის მოსაკლავად. ავად თუ კარგად, მაინც მიმიღეს. თუმცა, დედაჩემმა ჩემი გამოქცევა ვერ მოინელა. მამწარებდა როგორც შეეძლო. სახლის საქმე იყო, თუ ფიზიკური სამუშაო ყველაფერს მე მავალებდა. ასეთ წნეხს დიდხანს ვერ გავუძელი, სამსახური ვნახე და გარეთ გავედი, რომ სახლში არ ვმჯდარიყავი და მისთვის არ მესმინა. ქვანახშირის შახტაში ვმუშაობდი. სწორედ იქ გავიცანი პაპაშენიც. ახალგაზრდა და სიმპათიური ყმაწვილი იყო, მრავალშვილიანი ოჯახიდან. დედამისი, რუსუდანი, დედაჩემზე უარესი გამოდგა, წარმოგიდგენია? - მოგონებებში წასულს გაეღიმა - საზიზღარი ხასიათი ჰქონდა, ეჭვიანი და მესაკუთრე. ამ ყველაფრის შემხედვარემ თავი შორს დავიჭირე. რა ჯანდაბად მინდოდა მეორე კუდიანი დედაბერი სახლში? მაგრამ, პაპაშენმა თვალი დამადგა, ვერაფრით მოვიშორე. არასდროს მომწონდა, მასში არაფერი მიზიდავდა. არ იყო ჩემი გემოვნების. მაგრამ ჯიუტი იყო ის ოხერი! დაიფიცა, ლევანი არ მერქვას შენ თუ ჩემი ცოლი არ გახდეო! დედამისმა რომ გაიგო, მისი შვილი რას აპირებდა, გადაირია. განათხოვარს სახლში არ შევუშვებო, ქოჩორზე ტრიალებდა. ისე გაუმწარა შვილს ცხოვრება, რომ ჯინაზე ადგა და სხვა მოიყვანა ცოლად. ექვსი თვეც არ გასულა, რომ გააგდო, დედამის კი უთხრა ახლა მეც ცოლგაცილებული ვარ, ასე რომ ლილის ვერაფრით ვეღარ დაიწუნებო. ერთი შოკის გადატანა ვერ მოასწრო რუსიკომ, რომ მეორე დაატყდა თავს. ლევანმა მომიტაცა. სხვა გზა არ მქონდა, მეორედ ვეღარ წამოვიდოდი ოჯახიდან, სახლში აღარავინ შემიშვებდა, იმ დროინდელ საქართველოში კი თავი გარეთ არ გამოეყოფოდა განათხოვარ ქალს. ასე შევრჩით მე და პაპაშენი ერთმანეთს.
- და დედამისმა როგორ გადაიტანა თქვენი დაოჯახება?
- ჩემი მისვლის პირველივე დღიდან მიზნად დაისახა ჩემი წამება. ცხოვრებას მიმწარებდა. ყველანაირად ცდილობდა დავემცირებინე, როცა პაპაშენი სახლში იყო ხოლმე მაინც და მაინც ბევრს ვერაფერს ბედავდა, ლევანი უყვიროდა ხოლმე და ერიდებოდა. მაგრამ როცა შვილს დაიგულებდა სახლიდან გასულს შანს ხელიდან არ უშვებდა, რომ და დავეგესლე. პირველად ნუკრიზე, რომ დავორსულდი, საჭმელსა და ტკბილეულს მიმალავდა ხოლმე. ლევანთან სიტყვა არ დამიძრავს. არ მინდოდა ჩემს გამო დედა-შვილს ეჩხუბა.
- შენ მგონი ხუმრობ, - ჩაიფრუტუნა ელმა - ბებრუხანა ცხოვრებას გიმწარებდა, შენ კი ხელს აფარებდი? ან სად ჯანდაბაში იყვნენ შენი მშობლები?
- სამი შვილი ისე გავაჩინე ჩემი ოჯახი არაფერში დამხმარებია. დედაჩემს ფეხებზე ეკიდა, პაპაშენის ატანა არ ჰქონდა. და-ძმასაც არ ვაინტერესებდი. მამაჩემი კი ჩემი მეორე გათხოვებიდან მალევე დაიღუპა, რაც იმას ნიშნავდა, რომ უპატრონოდ დავრჩი. სამ შვილს მარტოდმაერტო ვზრდიდი. ლევანიც არაფერში მეხმარებოდა. არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ მისი შეყვარება ვერასოდეს შევძელი. მასთან ყოფნა არ მსიამოვნებდა. ვცხოვრობდით ერთ ჭერქვეშ, რადგან უკვე ასეთი იყო ჩემი რეალობა და მეც ჩემს მოვალეობას ვასრულებდი. როცა მე და ლევანი ცალკე გადავედით საცხოვრებლად და ეს სახლი ავაშენეთ, ცოტა ამოვისუნთქე. ბავშვებიც პატარები აღარ იყვნენ, სკოლაში დადიოდნენ და მეც ისე აღარ მიჭირდა. თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა, შვილები წამომეზარდნენ. ნუკრი უკვე სრულწლოვანი ხდებოდა. ჩემს ნათესავებთან კონტაქტი არ მქონდა, მხოლოდ დასთან, ნინასთან ვურთიერთობდი. მაგასაც თუ ურთიერთობა ჰქვია. მირეკავდა როცა ვჭირდებოდი. როცა მისი ერთადერთი გოგონა გაათხოვა სომეხზე ქორწილში არც კი დაგვპატიჟა. მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, უმისოდ არაფერი წყდებოდა ქალაქში. ქალი იყო, მაგრამ ისეთი მკაცრი და სასტიკი, მამაკაცებსაც კი ეშინოდათ მისი. შვილის გათხოვებით ხარობდა, მართალია სიძე დიდად თვალში არ მოსდიოდა, მაგრამ დიდი ფულის პატრონი იყო და ეიმედებოდა, ჩემს ნაბოლარას არაფერი მოაკლდებაო - ლილის ირონიულად გაეცინა - რომ სცოდნოდა, რას უმზადებდა ბედი შორენას, სიძეს საკურთხეველთან დაასხმევინებდა ტვინს, ვიდრე ერთადერთ ქალიშვილს ცოლად მიათხოვებდა.
მოხუცმა ამოიოხრა. თვალებში კაეშანს ჩაებუდებინა. ერთი შეხედვითაც მიხვდებოდა ადამიანი, რომ მიუხედავად გამოვლილი უბედურებისა, ქალს ყველაზე მეტად მისი ცხოვრების ეს ეპიზოდი სტკიოდა. ელს ბევრჯერ სმენია ეს ისტორია, მაგრამ ლილის დეტალები არასოდეს მოუყოლია, ამიტომ ყურადღებით უსმენდა ბებიის თითოეულ სიტყვას. მოაჯირზე შემომჯდარი ხოჭო ადგილიდან არ იძვროდა, თითქოს ისიც აყურადებდა ისტორიას, რომელიც სისხლიან დასასრულს იუწყებოდა. ლილიმ კიდევ ერთი ყლუპი ჩაი მოსვა, ჩაახველა და თხრობა განაგრძო:
- სიძე კაცმა ცოლი მოსკოვში წაიყვანა. რაღაც პერიოდი კარგად ცხოვრობდნენ. ცოლს არაფერს აკლებდა. როცა შორენა დაორსულდა ნინა ლამის ცას ეწია სიხარულისგან. შვილიშვილზე ოცნებობდა. შვილთან აპირებდა ჩაფრენას, როდესაც შორენამ იმშობიარა, მაგრამ ქალაქში უბედურება მოხდა, რამდენიმე ბავშვი ოჯახიდან უკვალოდ გაუჩინარდა. ნინა საქმეში ჩაერთო. მთელი ქალაქი დააყენეს ფეხზე. პოლიციას ძებნაში ეხმარებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. დღესაც არავინ იცის რა მოხდა, ან სად აორთქლდნენ პატარები. რუსეთში მყოფ შორენას კი, ამასობაში უცნაური წერილები ხვდებოდა ბინის კარზე მიკრული. იწერებოდნენ, რომ ქმარი ან ვალს დააბრუნებდა, ან მის ოჯახს სისხლით აზღვევინებდნენ. დამპალ სომეხს ფული დიდი ხნის წინ გაუფლანგავს, ნარკოტიკებზე ყოფილა დამოკიდებული. მთელი ქონება წამალს მოახმარა. უკაპიკოდ დარჩენილს, კი არაფერი ჰქონდა რითაც ვალის გადახდას შეძლებდა და გაიქცა. შორენა მარტო დარჩა სახლში, ახალშობილით ხელში. მევალეებმა ჩემი დის შვილი და მისი ახლად დაბადებული ვაჟი ცოცხლად გამოწვეს ბინაში. ჩემმა დამ , რომ გაიგო ერთადერთი შვილი დაკარგა, ადგილზე მოიცელა. ორი დღის განმავლობაში ვცდილობდით მის მოფხიზლებას. დეპრესიაში ჩავარდა, დღედაღამე მარტო სვამდა და ეწეოდა. როცა პირველმა ტალღამ გადაიარა, სასოწარკვეთა და შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი მძვინვარებამ ჩაანაცვლა. ყველაფერი გაარკვია და რომ გაიგო, შვილი სიძის გამო მოუკლეს, შურისძიება განიზრახა. მოსკოვში ქართველები მოძებნა და სიძეს მოსაკლავად მიუგზავნა. გაქნილმა სომეხმა დიდი ალბათობით ორმაგი შესთავაზა, რადგან როცა ნინა საქართველოში დაბრუნდა „მკვდრის“ ფოტოსურათებით ხელში, ნუკრიმ მაშინვე შეამჩნია ფოტოების სიყალბე. ეგრეთწოდებულ მიცვალებულს ერთ ფოტოში პირი ღია ჰქონდა, მეორეში კი დამუწული. ნინას შეეშინდა. იმ დღის მერე სახლში მარტო დარჩენას ვეღარ ბედავდა, იცოდა, რომ სიძე პასუხს აუცილებლად დაუბრუნებდა. მანია დასჩემდა. ეჩვენებოდა, რომ გამუდმებით ვიღაც უთვალთვალებდა. სახლშიც კი, როცა მე და ნუკრი მის გვერდით ვიყავით, ყოველ გაფაჩუნებაზე ან პატარა ხმაურზეც კი კივილით წამოხტებოდა ხოლმე. სმას უმატა. დის ასეთ მდგომარეობაში მარტო დატოვება არ შემეძლო. პაპაშენი მიბრაზდებოდა, მიყვიროდა - ოჯახს მათ სწირავ ვისაც შენი ბედი არასოდეს ანაღვლებდაო! მართალიც იყო. ყველას მაშინ ახსენდებოდა ლილი, როცა რამე სჭირდებოდათ. მე არავინ დამხმარებია არასდროს. მაგრამ რა მექნა, ნინას ასეთ მდგომარეობაში მარტოს ვერ მივატოვებდი. დღითიდღე კარგავდა საღ აზრს. ყველაფერი კი მაშინ გაუარესდა, როცა შორენას საფლავი გათხარეს.
- რა ქნეს? - ელმა ყურებს არ დაუჯერა. წინ გადაიხარა და ბებიამის გაოცებულმა შეხედა - რა ჯანდაბად უნდოდათ გვამი?
- გეტყვი... მე და ნინა თითქმის ყოველ საღამოს ავდიოდით ხოლმე საფლავზე სანთლის დასანთებად. იმ ერთ წყეულ ღამეს კი, საშინელი ამინდი იყო. ისე ძლიერად თოვდა მეგონა თან ჩაგვმარხავდა სასაფლაოზე. ნინამ სანთელი ვერაფრით აანთო. რა წამსაც ძაფს მიეკარებოდა ცეცხლის ენა მაშინვე ქვრებოდა. ნიავი არ იყო, მხოლოდ უხვად ბარდნიდა. ნინამ ბოდვა დაიწყო, ვგრძნობ რომ აქ ვიღაც არის ჩვენს გარდაო. Მიჩვეული ვიყავი მისი სისულელეების მოსმენას, ამიტომ ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ შენ შემიძლია გამოგიტყდე, რომ უნებურად შემეშინდა. წამით აღარ მინდოდა სასაფლაოზე გაჩერება, ნინას კი ფეხი ვერ მოვაცვლევინე. იჯდა საფლავის ქვასთან, ხის სკამზე და სიცივისგან ცახცახებდა. დიდი წვალების მიუხედავად, სანთელი მაინც ვერ დაანთო. არ ვიცი ელ, ზებუნებრივი ძალების არ მჯერა, მაგრამ გიყვები იმას რაც ჩემი თვალით ვიხილე. არ იყო ეს ბუნებრივი. სასაფლაოზე აქა იქ სანთლები ენთო, შორენას საფლავზე კი ვერცერთი ვერ ავანთეთ. რაღას ვიზამდი მივუჯექი გვერდით, მაკანკალებდა სიცივისგან. ერთხანს ასე მდუმარედ გავლიეთ ნახევარი საათი, როცა სამარისებულ სიჩუმეში თოვლზე ფეხსაცმლის ჭრაჭუნი შემოგვესმა. დაფეთებულები მაშინვე ფეხზე წამოვვარდით. ნინას იარაღი ჰქონდა თან წამოღებული. რაც გაიგო, რომ სიძე მიგზავნილ მკვლელებს ცოცხალი გადაურჩა, ცეცხლსასროლ იარაღს ყველგან თან დაატარებდა, ტუალეტშიც კი. თვალები დავაცეცეთ, მაგრამ სიბნელეში ვერავინ დავლანდეთ. ნინა გიჟივით იმეორებდა, ვგრძნობ აქ ვიღაც არის ჩვენს გარდაო. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, მკლავში ჩავაფრინდი და გამოვიქეცი. წინააღმდეგობა არ გაუწევია, თვითონაც შეშინებული, უკან დამედევნა. Ახლა, რომ მახსენდება ვფიქრობ, ნეტავ სად მქონდა ჭკუა მაშინ?! იმ ღამეს მეორედ მივიდნენ საფლავის გასათხრელად და საქმის დასასრულებლად, შეეძლოთ ადგილზე დავეხოცეთ. ვინ რას გაიგებდა?
- კი მაგრამ, რატომ თხრიდნენ შორენას საფლავს? - წარბი შეიკრა ელმა.
- სიძეს უნდოდა თავის მიწაზე გადასვენება, ჩემი ცოლ-შვილი ჩემების გვერდით უნდა დაიმარხონო. მე ყოველთვის მიზეზი მეგონა ეგ. შორენას სომხებმა დიდი ძვირფასეულობა ჩაატანეს თან. მაგათი მოდგმის წესია ეგეთი. იმ ნაძირალას კი ფული სჭირდებოდა. რა შეუშლიდა ხელს, რომ კუბო დაესუფთავებინა? შორენა იმქვეყნად ვერ მოიხმარდა ოქროულობას.
- მერე, რა მოხდა? - უკვე კარგა ხნის გაცივებული ჩაი მოსვა და ადგილზე შესწორდა დაინტერესებული.
- სახლამდე მშვიდობით მოვაღწიეთ. ნინას ისტერიკა ჰქონდა, გაჰკიოდა შვილს მომპარავენ სამარიდანო. როგორღაც დავითანხმე, რომ მეორე დღეს პოლიციაში წავსულიყავით და იმ ღამეს საწოლში ძალით დავაწვინე. არყის ბოთლთან და პისტოლეტთან ერთად ჩაეძინა ნანერვიულებს. სამზარეულოში, რომ გამოვედი მეც არ ვიცი, რატომ მაგრამ ფანჯარაში გავიხედე და ქუჩა მოვათვალიერე. სწორედ მაშინ შევამჩნიე, როგორ შეინძერა მოპირდაპირე კორპუსის ჩაბნელებული ფანჯრის მიღმა ფარდა. ეჭვი შემიჩნდა, რომ ვიღაც წამის წინ იქიდან მითვალთვალებდა. გული შიშით დამიმძიმდა. იქნებ ნინას არაფერი ეჩვენებოდა? იქნებ მართლა უპირებდნენ მოკვლას? ნუკრი გვიან მოვიდა სახლში. ერთინად აცახცახებული რომ დამინახა ყველაფერს მომაყოლა. წარბშეკრული მისმენდა. ბოლოს თქვა, პოლიცია მაგას ვერ უშველის, იტყვიან შენი შვილი თუ არის, მისი ცოლიაო. ჯობია ჟურნალისტები ჩარიოთ საქმეში, ხმაურს გამოიწვევს და იქნებ ხელი აიღოს სკანდალის შიშითო. ასეც მოვიქეცით. ერთი კვირის განმავლობაში სიწყნარე იყო. ყოველღამე ადიოდა ნუკრი საფლავზე დასახედად. არავის აღარაფერი არ გაუთხრია. ერთ საღამოს კი, სასაფლაოზე ასული გაცივდა. უკან დაბრუნებული რომ ვნახე რა დღეში იყო, ნინას ვუთხარი, რომ შვილი სახლში უნდა წამეყვანა და ქმრისთვისაც დამეხედა. ერთი კვირა გადიოდა საკუთარ ოჯახში ცხვირი არ შემიყვია. უხალისოდ, მაგრამ მაინც დამთანხმდა. რამდენიმე თვის შემდეგ ის იყო ერთადერთი საღამო, როცა ნინა მარტო დარჩა სახლში. მეორე დილას პოლიცია ამომადგა სახლში. მითხრეს - ნინას სახლში ლიმონკები შეუყარეს და ააფეთქესო. ადგილზე დაიღუპა.
მომჭკნარ სახეზე ჩამოგორებული კურცხალი სწრაფად შეიწმინდა.
- მას შემდეგ ლამის მთელი ცხოვრება გავიდა. მე კი დღემდე ვფიქრობ, იმ დღეს, რომ არ დამეტოვა...
- იმ დღეს რომ არ დაგეტოვა, შენც ზედ მიგაყოლებდნენ ბიძაჩემთან ერთად! - დაასრულა ელმა და ხელი გადახვია ბებიას - ნინა არ ცდებოდა. უთვალთვალებდნენ. ფაქტია, მაშინ დაესხნენ თავს როცა მარტო იყო სახლში. ესე იგი იცოდნენ როდის წახვედით. ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს. როგორ ფიქრობ, რამდენ ხანს იჯდებოდნენ ფანჯრის მიღმა? ერთ დღესაც, რომ მობეზრებოდათ და ყველანი ჰაერში აეწიეთ? ისედაც ბევრი მსხვერპლი გაიღე, ბებიაჩემო, შენი ნათესავებისთვის, მაზოხისტურად ბევრი!
ლილიმ ცხვირი მოიხოცა. სახე ასწითლებოდა. აწეული წარბებით დახედა დამჭკნარ ხელებს. თვალებში ცრემლები უბრჭყვიალებდა.
- ნინას გვამის გატანაც ვერ მოასწრეს ბინიდან, სანათესაო მის ძვირფასეულობას რომ ეზიდებოდა სახლში. ანდერძის წაკითხვაც კი ვერ მოასწრო ნოტარიუსმა, ყველაფერი დაიტაცეს. ერთადერთი, ნინამ, ბარი, ჩემს ნუკრის დაუტოვა მინდობილობით. ჩუქებაც არ გაუკეთა ავმა დედაკაცმა! მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი დარბოდა ყოველ მის თხოვნაზე. ეს ამბიციით არ გაგვიკეთებია. ამას არ ვგულისხმობ. უბრალოდ დაუნახავი და უამდური იყო მთელი მისი ცხოვრება. როგორც კი გაიგეს, რომ ბარი ნუკრის უნდა ემართა, მაშინვე ჩვენკენ გამოიშვირეს თითი, ნინა ქონებისთვის მოკალითო. ასე მითხრა საკუთარმა ძმამ, ელ. სახეში მომახალა, კლიენტების წინაშე. ჩანთას ხელი მოვკიდე, შვილსაც და წამოვედით. ოხრად დავუტოვე ყველაფერი სვავებს. იმ დღეს დასთან ერთად მთელი ჩემი ოჯახი დავკარგე, უკან აღარასდროს მიმიხედავს. ორმოცი წელი გავიდა მას შემდეგ. დღემდე არ ვიცი კვდებიან თუ რჩებიან.
ელმა ხელის ზურგით მოსწმინდა ბებიას სველი ლოყები და ინტერესით ჰკითხა.
- ჩვენს სომეხ სიძეს, რა ბედი ეწია?
- ფპპპ, - ჩაიფრუტუნა ლილიმ - ცოცხალია და ჯანმრთელი. ახალი ოჯახი და შვილი ჰყავს. ცხოვრებით ტკბება.
- სიდედრის მკვლელობა ასე ხახვივით შერჩა? - წარბები მაღლა აზიდა.
- არც პირველს და არც უკანასკნელს, - მრავალმნიშვნელოვნად მოისვა ხელი ყელზე. ელს ყბაზე კუნთი დაეჭიმა.
- სულას ეგ ხახვივით არ შერჩება, ლილი.
- არ მინდა შვილები გამიბოროტოს, მაგ არაკაცმა! - ისევ აეცრემლა თვალები - ჩემი ხელით უნდა მოვკლა! ჩემი წერა უნდა გახდეს!
- რატომ პოლიციაში არ წახვედი, ნინას მკვლელობის შემდეგ? იცოდი ვინც იდგა მკვლელობის უკან.
- პოლიციაში? - დამცინავად გამოხედა შვილიშვილს - შენ მართლა გჯერა სამართალდამცავი უწყების? ჯერ ერთი, რომ დამამტკიცებელი საბუთების გარეშე არავინ დამიჯერებდა, მეორეც ფოტოები რომც მეჩვენებინა ის ნაძირალი თავს მაინც დაიძვრენდა, გავლენა ჰქონდა ქალაქში და დღემდე აქვს. თან, სადაც ჩემი და სასიკვდილოდ გაიმეტეს, მეც მის გზას გამიყენებდნენ ჩემს ოჯახთან ერთად. ელ, სამი შვილი და შვილიშვილი მყავდა, ვისი და რისი გულისთვის უნდა მომეთხოვა სამართალი? გული მტკივა, რომ და მომიკლეს, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას ძაღლი იყო. პატარაობიდანვე და ზრდასრულ ასაკშიც. Ბოლო თვეების განმავლობაში მის გვერდით ჯოჯოხეთი გამოვიარე, მინდოდა ეს ყველაფერი უბრალოდ დასრულებულიყო. ჩემს ოჯახთან ერთად მინდოდა მშვიდი ცხოვრება.
- მაგრამ არ დაგცალდა, არა?
- არ დამცალდა, - თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად - პაპაშენს სიმსივნე დაუდგინეს. კიბო გაუჩნდა ნერვიულობით. ხელებში მელეოდა ნელ-ნელა, მე კი ვერაფერს ვშვებოდი. რაც კი რამ გვებადა ყველაფერი გავყიდეთ, რომ ქიმიოთერაპიის ვალები გაგვესტუმრებინა. მაინც ვერაფერი ვუშველეთ. მახსოვს ბოლოს ხელში როგორ აგიყვანა. ძალა არ ჰქონდა, მკლავები უკანკალებდა. იტირა, რომ შვილიშვილის ხელში დაჭერაც კი აღარ შეეძლო. ძალიან უყვარდი პაპაშენს.
- მახსოვს, შეშის ღუმელში ვაშლებს როგორ მიწვავდა ხოლმე ხის ტოტზე წამოცმულს. - უნებურად გაეღიმა ელს - მთვარის შუქზე, კი ზღაპრებს მიყვებოდა, როცა დაძინება არ მინდოდა. აქ მოსვლისას, მის სულს ვგრძნობ. ყოველ ღამით როცა დივანზე ვჯდები და მძინარე სოფელს შევყურებ მის არსებობას ვგრძნობ. ალბათ მენატრება და იმიტომ.
ლილიმ შვილიშვილს მხარზე ჩამოადო თავი. ორივე დაბინდული მზერით გაჰყურებდა ჩამუქებულ ტყეს. ტურების ხმა ზედმეტად ახლოდან მოისმა. ღელემდე ჩამოსულანო გაიფიქრა ელმა. ვიღაც მოკვდება... ვიღაც ამ წუთისოფელს დატოვებს, ტურები ამიტომ ტირიანო, ეუბნებოდა ხოლმე ბებია. სხეულს ცივმა ჟრუანტელმა დაუარა...


******

"Sweet Home"
ელს მალე მობეზრდა სოფელში ყურყუტი. სპეციალურად არიდებდა თავს ფეისბუქის ჩატში შემოყრილ შეტყობინებებს. გოგონას უეცარმა გაუჩინარებამ თავად ლიზასაც კი გადაავიწყა წყენა და კითხვებს კითხვებზე აყრიდა მეგობარს, თუ სად გაუჩინარდა და რატომ მათ არაფერი გააგებინა წასვლამდე. ნიცა ინიციატივით გამოდიოდა ჩავაკითხოთო, ანამ კი ორივეს უშლიდა, თუ ბებიამისი ცუდად არის, ჩვენი სიფათების ხილვა იქ არავის არაფერში სჭირდებაო.
ელი შემოსულ შეტყობინებებს გაუხსნელად კითხულობდა. ტელეფონს ბლოკავდა და ჯიბეში იდებდა. არ უნდოდა მეგობრების მოტყუება, მაგრამ სიმართლის თქმაც არ ეპიტნავებოდა. ისიც საკმარისი იყო, რომ მთელი უბანი მათ ოჯახზე ჭორაობდა. ადრე თუ გვიან გოგონების ყურამდე მიაღწევდა კიდეც მომხდარი. პატარა ქალაქში ცხოვრობდნენ, ყველამ ყველაფერი იცოდა ერთმანეთზე. ჭორები და ახალი ამბები ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა. იცოდა, რომ გოგონები არ ჩაეძიებოდნენ, რახან თავად არ ისურვა საუბარი თემას არ წამოჭრიდნენ. ალბათ ურთიერთპატივისცემა იყო ერთადერთი ძლიერი მაკავშირებელი რგოლი ოთხეულს შორის, რომელიც უამრავი განსხვავების მიუხედავად მაინც ერთად იჭერდა გოგონებს.
კიტა ყოველდღე ურეკავდა და სიახლეებს ეკითხებოდა. აინტერესებდა სულა ხომ არ გამოჩენილა ჰორიზონტზე. ელი თავის ეჭვებს უმხლედა - დიდი ალბათობით, ბიძაჩემებმა მიაგნეს და რომელიმე თხრილში მიაკლეს ძაღლივითო. შუკვანი გრძნობდა გოგონას ირონიაში გამორეულ იმედს და გული უმძიმდებოდა. სავანელს ახასიათებდა ნამდვილი ემოციების დაფარვა, ირონიითა და სარკაზმით. თუმცა, შუკვანი იოლად კითხულობდა წინადადებებს შორის ჩამალულ ნამდვილ განცდებს, მაგრამ ხმამაღლა არასდროს უმხელდა გოგონას.
ბოლო საუბრისას, კიტამ ელს აცნობა, არეშიძე გონს მოვიდაო. იმდენი რამ გამოაირა ბოლო დროს, უგონოდ მყოფი თანასკოლელი საერთოდ გადაავიწყდა. სიახლემ კი ხელახლა აუწვა შიგნეულობა, უცნობი კაპიუშონიანი მოაგონდა დანით ხელში. ბოლოს მათმა შეხვედრამ ჩიხში უსიამოვნოდ ჩაიარა.
არეშიძის ჩვენებით, რომელიც პოლიციას მისცა, უთქვამს, რომ მომხდარიდან არაფერი ახსოვდა. უეცრად მწვავე ტკივილი ვიგრძენი მუცლის არეში და შემდეგ თვალთ დამიბნელდაო, - აშტერებდა დასაკითხად მისულ პოლიციელებს. ელი და კიტა ეჭვობდნენ, რომ გიგი ტყუოდა. ან ეშინოდა თავდამსხმელის, რომელსაც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, ან თავად სურდა შურისძიება.
არც ერთი ვარაუდი არ ჟღერდა სახარბიელოდ. თუ თავდამსხმელი მათი სკოლელი აღმოჩნდებოდა, მეთორმეტე საჯარო სკოლას ახალი დრამები ელოდა სასწავლო წლის დასასრულამდე. მიხეილ არეშიძე იქამდე არ მოისვენებდა, სანამ დამანაშავეს მიწიდან არ ამოთხრიდა, რაც ავტომატურად გულისხმობდა ახალ პრესიებს სკოლაში. შუკვანს უკვე წამოსცდა, რომ გეგეშიძე და ჟვანია გვარიანად უცემიათ უცნობ ტიპებს, როდესაც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
გეგეშიძეს ორი ნეკნი ჰქონია ჩამტვრეული, ჟვანიას კი წინა კბილი დაუკარგავს ერთ-ერთი თავდამსხმელის მუხლზე. კიტას მეგობრები მოენახულებინა, ბიჭებს უთქვამთ დაკითხვა მოგვიწყვეს და ჩვენგან რომ ვერაფერი გაიგეს თავი მიგვანებესო. შიშობდნენ ეს დასასრული სულაც არ არის, სათითაოდ დაგვერევიან ყველას სანამ არეშიძე თავისას არ მიაღწევსო.
ელს გულმა რეჩხი უყო. შიშობდა, რომ შუკვანი რაიმე შარში გაჰყოფდა თავს, ამიტომ სოფელში ყურყუტის მეხუთე დღეს, გამოაცხადა სახლში ვბრუნდებიო და ლილისა და გურანდას პროტესტის მიუხედავად ბარგი ჩაალაგა. კიტას დაურეკა და სთხოვა მანქანით ჩამოსულიყო მის წასაყვანად. ლილის გააფთრებულ მზერას თვალს არიდებდა. არ უნდოდა ბებიას წყენინება, მაგრამ ყელში ამოუვიდა ძველმოდურ ოთახში წოლა და წიგნების კთხვა. უკვე ობი ეკიდებოდა. ცხოვრება არ შეჩერებულა, წამი არ გაჩერებულა. დედამიწა ჩვეული ტემპით აგრძელებდა ბრუნვას, მას კი უმოქმედოდ ჯდომა აგიჟებდა. თავის ცხოვრებას უნდა დაბრუნებოდა, მეგობრებს, სკოლას, მიზნებს, მომავალს! სულას უფლებას არ მისცემდა ეს ყველაფერი წაერთმია!
საიმონს გამომეშვიდობა. სახე დაუკოცნა და დედას მიაწოდა ხელებში. უთხრა თავს მივხედავო და კიტას გაჰყვა უკან ჩემოდნით ხელში. ისარგება იმით რომ შოთი და ნუკრი სახლში არ იყვნენ, თორემ მათთან ძიძგილაობის ნერვები ნამდვილად არ ჰქონდა. გიორგის მანქანაში ჩასხდნენ და ქალაქისკენ გაუდგნენ გზას.
შინ დაბრუნებულს ყველაფერი ისევ ისე დახვდა, როგორც დატოვეს. ელი მიხვდა, რომ სულა იმ ავადსახსენებელი დილის შემდეგ სახლში არ დაბრუნებულა და სერიოზულად დაფიქრდა ბიძაჩემებმა მართლა ხომ არ მოკლესო. ბნელი ფიქრების გასაფანტად ბიჭები ყავაზე დაპატიჟა. თაროები გადაქექა ტკბილეულის პოვნის იმედით. გაუხსნელი ნამცხვრების შეკვრასა და რძიანი შოკოლადის ფილას მიაგნო. გამოიღო და მაგიდასთან მიიტანა. გიორგი სამზარეულოს ინტერესით ათვალიერებდა. მიუხედავად იმისა, რომ მეზობლები იყვნენ და მეგობროდნენ კიდეც, ელთან მანამდე არასოდეს ყოფილა. კიტა შუკვანი, ერთადერთი ბიჭი იყო სამეგობროში, რომელსაც ელის კარის ზღურბლზე გადმოებიჯებინა. სულას სძულდა ყველა მამრი თავის ჭერქვეშ.
- როგორი უცნაური შეგრძნებაა, „ადამსების“ სამზარეულოში ჯდომა - გიორგი აქეთ-იქით იყურებოდა - ასე მგონია ოთახიდან ვინმე ნაჯახით გამომიხტება.
კიტამ მეგობარს კისერში წაუთაქა. ელს კი ღიმილი მოეფინა ტუჩებზე. სამეგობრომ მისი ხისტი და უკარება ხასიათის გამო შესაფერისი მეტსახელი მოუფიქრა - "ადამსი". მაგრამ სარკასტრული ის იყო, რომ მისი ოჯახი მართლა ჰგავდა „ადამსების“ ოჯახს, მის მეგობრებს კი წარმოდგენაც არ ჰქონდათ ამაზე. შეიძლება გიორგი ბევრს ხვდებოდა, ბოლოს და ბოლოს მეზობლები იყვნენ და ეჭვიც არ ეპარებოდა რომ ბოლო დროინდელი ამბები მის ყურამდე უეჭველი მივიდოდა, მაგრამ არაფერს იმჩნევდა, პირიქით, გულახდილად ხუმრობდა.
- ფრთხილად იყავი ტაბატაძე, ყოველ წამს შეიძლება რაღაც კოჭში გწვდეს.
საპასუხოდ გიორგიმ ენა გამოუყო. გოგონას გაეცინა.
- ეეე... - შუკვანმა ჩაახველა - გიოსთან ვრჩები ეს დღეები. სახლში ცოტა დაძაბული სიტუაცია მაქვს და ჯობია სოფოს ცოტახნით გავერიდო.
ელმა შუკვანს გახედა. იცოდა, რომ იმიზეზებდა ოჯახურ სიტუაციას, სინამდვილეში ელთან ახლოს ყოფნა უნდოდა, ყოველი შემთხვევისთვის. გოგონამ მადლიერება იგრძნო მეგობრის მიმართ.
- არ მოგერიდოს, - ტაბატაძემ ფეხები არხეინად გაჩაჩხა და ყავა მოწრუპა - ჩემი იატაკი მუდამ მზად არის ერთგულად გემსახუროს!
- იმედი მაქვს, დღეს მაინც გამოიცვლი წინდებს! ორი დღეა თავბრუმესხმის. მე კი, ვიტამინების ნაკლებობის ბრალი მეგონა! სახლში რომ მოდის ხოლმე, ოთახის კუთხეში აყუდებს, ეს ჩემისა!
- ჩემი საძინებელი, ჩემი წესები, შუკვანო! შენიც შეგიძლია მიაყუდო, დაგიშალე?
- როგორი ამაზრზენები ხართ! - ელს ზიზღით მოეღრიცა ტუჩები. ორივე ახორხოცდა.
- შენ ის უნდა ნახო, ღამით რა ხმაზე აკუებს ხოლმე, რაღა გაზის კამერაში შეგიგდია ადამიანი, რაღა ამის საძინებელში! - ხარხარებდა შუკვანი - მოწევა რომ მოგინდეს სანთებელას ვერ აანთებ, ჰიპერაფეთქების შიშით!
- ხე, ხე, ხე, - გამოაჯავრა გიორგიმ, თან თვითონაც ეცინებოდა - ამოვწყდით, სვანო! პირი არ გამაღებინო, თორემ ყველაფერს დავამღერებ, რას აკეთებ ხოლმე საბნის ქვეშ, როცა გგონია, რომ არავინ გიყურებს!
- არ მჯერა, რომ თქვენთან რაიმე საერთო მაქვს... - ელს თან ეცინებოდა, თან ნერვები ეშლებოდა ბიჭების უწმაწურ ხუმრობებზე. - რა ხდება სკოლაში? არეშიძეზე რამე ახალი ხომ არ ისმის?
ორივე მაშინვე დასერიოზულდა. გოგონამ ჯერ ერთს გადახედა, შემდეგ მეორეს.
- რა სახეები გაქვთ?
- არეშიძის მამა გამწარებულია, - წამოიწყო გიორგიმ - თავისი ძაღლები, რომ მოგვიქსია ბიჭებს იცი. Გაკვეთილების შემდეგ მე და კიტა მანქანით დავბრუნდით სახლში, კიტას თავისი ნივთები უნდა წამოეღო სახლიდან და უნდა ამოვსულიყავით...
- მერე?... - დაიძაბა.
ჟვანიასა და გეგეშიძეს არ აკმარეს, სხირტლაძე და ზიბზიბაძე გამოუჭერიათ ქუჩაში, ორივე მაგრად ცემეს. ფიქრობენ რომ რაღაც ვიცით და არ ვამბობთ. Ბიჭებს სერიოზული არაფერი სჭირთ, მაგრამ კარგად დაჟეჟეს. გზაში ვიყავით შენთან მოვდიოდით, რომ დაგვირეკეს.
სავანელმა წარბი შეიკრა.
- საიდან მოიტანა მამამისმა, რომ რამე იცით? ან თქვენ რა შუაში ხართ, ბიჭები თუ ცემეს?
- საქმეც იმაშია, რომ შეეშალათ, - შუკვანი სკამზე შესწორდა - სახეზე არ გვიცნობენ და აერიათ. გიოსთან ერთად ბოულინგის სათამაშოდ ვაპირებდით წასვლას. კლასში ვსაუბრობდით, მაგრამ გეგმები შეიცვალა რომ დარეკე. ჩვენს ნაცვლად სხირტლაძე და ზიბზიბაძე წავიდნენ. ბიჭებს ადგილზე ელოდებოდნენ.
- მოკლედ, შენ რომ არა "ადამს" მაგრად დაგვჟეჟავდნენ. - გოგონას მხარზე წამოარტყა ხელი.
- მოიცა, - დაიბნა - რა იცოდნენ სად იქნებოდით?
- აზრზე არ ვარ, - მხრები აიჩეჩა კიტამ - შეიძლება გაკვეთილების მერე ვინც პირველი წაიჭირეს ათქმევინეს სად შეიძლებოდა ვყოფილიყავით. Ბიჭებმა იცოდნენ, რომ ბოულინგზე მივდიოდით. დარწმუნებული არ ვარ, ვვარაუდობ. აბა სხვანაირად რანაირად უნდა გაეგოთ?!
- ორშაბათს, ჩვენი ბიჭების გარდა თუ ვინმეს ექნება ფინგალი სახეზე, შენი თეორია ხორცს შეისხამს, მე კი დავუმატებ, ენის ჭარტალისთვის! - მორიგი ნამცხვარი გაიქანა ხახაში ტაბატაძემ და ყავა მოსვა.
- მაინც ვერ გავიგე, თქვენ რატომ გიკავშირებთ არეშიძის მამა გიგის დაჭრას?
ბიჭები დადუმდნენ.
- კიტა?! - ხმა და გამოხედვა გაუმკაცრდა.
- ნუ შეიძლება, ბოლოს შევლაპარაკდით და ცოტათი მოხვდა ყბაში, მაგრამ სულ ცოტათი. კვალიც კი არ დამჩნევია სახეზე, არ მიცემია.
- რაზე შელაპარაკდით? - ჩაეკითხა.
- ჰაჰ, მე ვეტყვი! - გიორგი ხალისით შესწორდა სკამზე - შერმადინის ასული გახსოვს? გრძელფეხება, გრძელწამწამება, ქერა ანგელოზი?
- არ მითხრა, რომ გოგოს გამო იჩხუბეთ...
მოწყალებით გადახედა მეგობარს. შუკვანმა ღრმად ამოისუნთქა და ლოყები გამობერა.
- ჩემი ინიციატივა არ ყოფილა - ხელები დანებების ნიშნად ასწია მაღლა - სესილიმ მითხრა თავს არ მანებებს, სულ კუდში დამდევს არ ვიცი თავიდან როგორ მოვიშოროო. მეც კულტურულად ვთხოვე დაეყენებინა... ნუ... შევლაპარაკდით, ვიმეორებ არ გვიჩხუბია, არ მიცემია, თავი არ გამიხეთქია! გიორგიც იქ იყო მოწმეა!
- უფრო მამლების ყელყელაობას ჰგავდა მათი შელაპარაკება ვიდრე კაცურ გარჩევას! - სიცილი აუტყდა ტაბატაძეს. შუკვანმა მუხლი მიარტყა ძმაკაცს.
- და? - ელი უკვე ღიზიანდებოდა რომ ყოველი სიტყვა ძალით უნდა ამოეგლიჯა პირიდან - რა შუაშია ეს ყველაფერი მომხდართან?
- არეშიძეს იმბეცილი და ჩამორჩენილი ძმაკაცები ახლდა, ის ჯოჯოები ვისთან ერთადაც სულ მოძრაობს ხოლმე. ალბათ მამამისმა გამოჰკითხა ბოლოს უთანხმოება ვისთან ჰქონდა და გაიგო. ჰოდა ვეჭვობთ ჩვენთან გასაუბრების სურვილით იწვის.
- ხვდებით, რომ არასასურველ შარში ჰყოფთ თავს? - წარბშეკრულმა მეგობრებს გადახედა - არეშიძემ თუ აკრიფა, დიდად არ დაგიდევთ სიმართლესა და ტყუილს. მას "დამნაშავე" სჭირდება და დიდი სიამოვნებით იპოვის რომელიმე თქვენგანში, თუ სხვა გზა არ დარჩება. გაბრაზებულია, ვინმეზე რომ არ იყაროს გულის ჯავრი, საკუთარი ბოღმა დაახრჩობს!
- და რა ვქნათ, შიშით სახლში დავიმალოთ? - შუკვანს ირონიულად ჩაეცინა.
ელი ჩაფიქრდა. ერთ რამეში ღრმად იყო დარწმუნებული, თუ არეშიძის თავდამსხმელს დროულად ვერ იპოვიდნენ შუკვანს პრობლემები შეექმნებოდა. წამწამებს ქვემოდან გახედა მეგობარს, რომელიც უდარდელად შეექცეოდა ნამცხვარს და მხიარულად იკრიჭებოდა.
სანამ სავანელების სახლში სამი მოზარდი მშვიდად შეექცეოდა ტკბილეულს და ერთმანეთში ხმადაბლა საუბრობდა, სულას, შვილის ნათლია, ცივი ტილოს კომპრესს უცვლიდა დასახიჩრებულ სახეზე.
მამაკაცი ისე გამეტებით ეცემათ, ერთიანად გასიებულს, სახის ნაკვთებიც კი აღარ უჩანდა. ორივე თვალს მწიფე ქლიავისფერი დასდებოდა, თვალის ახელაზე კი ლაპარაკი ზედმეტი იყო. Ბალიშს მისვენებული ქალის ყოველ შეხებაზე, ყრუდ გმინავდა და ამოვარდნილი კბილიდან მდინარე სისხლს ზიზღით ყლაპავდა გამწარებული.
ირინას ხელები უკანკალებდა. სულამ საავადმყოფოში წასვლა არ ისურვა, ქალს კი გული უსკდებოდა, რომ ხელებში ჩააკვდებოდა. შოთი მენაბდე ასეთი გაცოფებული თავის დღეში არ ენახა. შემოაკვდებოდა კიდეც სიძე, ნუკრი და ირინას ქმარი, რამაზი, რომ არ ჩარეულიყვნენ.


თავი მეთერთმეტე

"ორიგამი არქივიდან"

ღამით, სანამ დასაძინებლად დაწვებოდა, კარი ორმაგი საკეტით ჩაკეტა. შუქი ყველა ოთახში ჩააქრო და საძინებელში განმარტოვდა. უცნაური და ყურსმიუჩვეველი სიჩუმე გამეფებულიყო ბინაში. სამზარეულოს ონკანიდან მოწკაპუნე წვეთის ხმა, კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა მარტოობას.
არსად ისმოდა საიმონის დამამშვიდებელი ღუღუნი. აღარავინ უყურებდა ტელევიზორს გამთენიის სამ საათამდე. შემაძრწუნებელ მდუმარებას მოეცვა ყოველი კუთხე-კუნჭული. საწერ მაგიდასთან მდგომი სკამი გამოსწია და ჩამოჯდა. სანათი აანთო და უაზროდ მიაშტერდა კედელზე გამოკრულ ფურცლებს.
როგორი უაზრო, ცარიელი და არაფრისმეტყველია ჩემი მომავალიო - ფიქრობდა უცნაურად დამძიმებული. ცარიელ ბინაში ჩაბუდებული ბნელი აურა სხეულზე ედებოდა ხავსივით და ნელ-ნელა თავის ზეგავლენის ქვეშ აქცევდა. თითქოს სახლი ხმადაბლა აჩურჩულდა მისი კედლების წიაღში ნანახ უამრავ ბოროტებაზე.
მარტოდ დარჩენილს კი ეს ჩურჩული ყრუ ექოდ ჩაესმოდა გონებაში - ლილის ხროტინი, რომელიც ისტერიკულად ცდილობდა ჟანგბადის ჩასუნთქვას, გურანდას ქვითინი, საიმონის განწირული კივილი... სკამის მსხვრევის ხმა მამამისის ბეჭებზე! ყელში წაჭერილი ხის ჯოხი და განწირულად მოფართხალე სულა, შვილის კლანჭებში მოქცეული...
თვალები დაეხუჭა. ყურებზე ხელი აიფარა და მაგიდას დაეყრდნო იდაყვებით. უხაროდა, რომ მარტო იყო, რომ არავინ უყურებდა ასეთ მდგომარეობაში. უხაროდა, რომ შეეძლო ყოფილიყო სუსტი - თუნდაც ცოტახნით. გონებაში ისევ აჩურჩულდა ნაცნობი ცივი ხმა „ეს უნდა დასრულდეს! ამას ბოლო უნდა მოეღოს, სანამ ვინმეს შეიწირავს“... კბილი კბილს დააჭირა და გაცოფებულმა ხელის ერთი მოსმით, მაგიდაზე მდები ნივთები, იატაკზე გადმოყარა. გაისმა შუშის მსხვრევის ხმა და პატარა სანათი ჩაქრა. ოთახში ისევ სიბნელემ დაისადგურა. ერთადერთი, აივნიდან შემომავალი სავსე მთვარის შუქი სუსტად ანათებდა ოთახს.
თავი მაღლა გადასწია და თვალები გაახილა. თეთრმა ჭერმა უძლურების შეგრძნება გაუათკეცა. არსად იყო მინიშნება, არავის არსად წაეჯღაბნა ხელით, როგორ უნდა მოიქცე მსგავს სიტუაციაში. რატომ ცხოვრებას თან არ მოჰყვა ინსტრუქცია, რომელიც მსგავსი შემთხვევებისთვის სასარგებლო რჩევები ექნებოდა თან დართული? მაგალითად, მითითება ასეთი პარაგრაფისთვის - როგორ მოვიშოროთ თავიდან გამზრდელი მშობელი?!
აგიჟებდა რეალობა... აგიჟებდა ის აზრი, რომ ახლა, როდესაც ოთახში სულ მარტოდმარტო გამომწყვდეულიყო, ფიქრობდა, რომ ვერასოდეს შეძლებდა სულას მოკვლას. კი, აფექტში მყოფმა ჭკუა დაკარგა და იქნებ მართლაც მიეგუდა მამამისი იატაკზე, მაგრამ... ოდესმე აპატიებდა თავს? რა აჩერებდა? რატომ არ შეეძლო სულას სხეულიდან ამოგლეჯა?! რატომ ვერ იმეტებდა ბოლომდე?! რა ჯანდაბა სჭირდა?! ნაძირალამ კინაღამ ბებია გაუგუდა, დედის მოკვლა კი არაერთხელ სცადა, ის კი იდიოტივით იჯდა და საკუთარ თავს კითხვას უსვამდა, რატომ არ შეეძლო უბრალოდ დანა ხელში აეღო და ოჯახის კიბო გამოეფატრა?!
საკუთარ თავს ვაგიჟებო, გაიფიქრა და წამოდგა. ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო და ოთახის კარი გამოაღო. სახლში ერთი წუთითაც ვეღარ გაჩერდებოდა, სული ეხუთებოდა ჰაერზე უნდა გასულიყო. შუკვანი ორი სართულით დაბლა, გიორგისთან იცდიდა. საკმარისი იყო მიეწერა, რომ ბიჭი მაშინვე გამოვიდოდა სახლიდან, მაგრამ რატომღაც მარტო ყოფნა მოუნდა. სახლის კარი გაიხურა და კიბეებზე დაეშვა. ქურთუკი მჭიდროდ შემოიკრა ტანზე.
გარეთ გამოსულს შესცივდა და კაპიუშონი წაიფარა თავზე. მესხეთის ქუჩაზე მაწანწალა კატაც კი არსად ჩანდა. ორად ორი ლამპიონი საცოდავად ბჟუტავდა და უბანს მკრთალად ანათებდა. უბის წინ მდგარ ხის მაგიდას გახედა, ცარიელი იყო. რეზის სახლში ყოფნა გადაეწყვიტა. ძალიანაც კარგი. არავის დანახვა არ უნდოდა. ხელები ქურთუკის ჯიბეში ჩამალა და უმისამართოდ გაუდგა გზას.
ღამის სიჩუმეს აყურადებდა. არსად ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. დრო და დრო ტირიფს ღამის ნიავი თუ ააშრიალებდა ზანტად. სამარისებულ სიჩუმეს მოეცვა უბანი. ფეხებს გაუცნობიერებლად მიჰყავდნენ ჩიხისკენ, რომელიც უბნელებს ასე აშინებდათ. ელს კი ძალიან უყვარდა ჩაბნელებული შუკა. ხშირად როცა ემოციები ტყავში აღარ ეტეოდა, ჩიხისკენ მოიკვლევდა გზას, კუთხეში მდგარ ნაგვის ბუნკერზე შემოხტებოდა და იჯდა ასე უაზროდ, სანამ წელი არ ასტკივდებოდა. ან უკანალი არ გაეყინებოდა ცივ ლითონზე. მოსწონდა შუკის უსწორმასწორო ბილიკი, ალაგ-ალაგ ამოტეხილი ასფალტი, სადაც წყლის გუბურებს უყვარდათ გამოჩენა წვიმის შემდეგ.
ნაგვის ბუნკერზე მჯდარი, კენჭებს მოაგროვებდა ხოლმე მუჭში და გუბურისკენ ისროდა მობეზრებული. ყოველი კენჭის ყრუ დგაფუნი წყალში კი სიამოვნებას ჰგვრიდა.
ბნელი ჩიხისკენ მიჰყავდათ ფეხებს, ნაცნობი ბილიკებით. მაგრამ უცნაურად მოშხამულს არ უნდოდა არსად და არავისთან რასაც იცნობდა, ვისაც იცნობდა. მარტოობა სწყუროდა როგორც არასდროს. საყვარელ გზას გვერდი აუარა და მოსაზღვრე ქუჩაზე გადავიდა. აუჩქარებლად მიუყვებოდა ასფალტოვან გზას. გონებაში ცივი ხმა ისევ ჩურჩულებდა ხმადაბლა: "არსებობს ცხოვრებაში ორი არჩევანი - სწორი და მარტივი. შენ რომელს აირჩევ, ელ?"
- მოკეტე, კარიო!
წაისისინა ხმადაბლა. ნერვიულად მიმოიხედა, სწრაფად გადაჭრა ქუჩა და ჩუბინიძის გამზირზე გააგრძელა გზას. კორპუსებს ჩაუარა. ის იყო პარკისკენ უნდა აეღო გეზი, რომ ერთ-ერთი ბინიდან ხმაური შემოესმა, რასაც ვიღაცის ხმადაბალი გინება მოჰყვა. გარკვევით გაიგონა, რადან ირგვლივ სამარისებულ სიჩუმეს დაესადგურებინა.
გზის გაგრძელება დააპირა, მაგრამ ინტუიციამ მწარედ მოწიწკნა შიგნიდან. შედგა და კორპუსს გახედა. წარმოდგენა არ ჰქონდა ხმა, რომელი ბინიდან მოესმა, სინათლე არცერთ ფანჯარაში არ ენთო. მიმოიხედა და რომ დარწმუნდა ქუჩაში მარტო იყო სადარბაზოში შესხლტა. კიბეებს ნელ-ნელა აუყვა. საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები - სად ჰყოფდა ცხვირს? ან რის საფუძველზე გადაწყვიტა შემოწმება, საიდან მოდიოდა ხმაური? შეიძლება, ბინის რომელიმე ბინადარი ღამით წამოდგა წყლის დასალევად, რამეს წამოჰკრა ფეხი და უნებურად ჭიქა ან ლარნაკი დაამსხვრია. რა იყო აქ გადასარევი?
მაგრამ... ინსტიქტი სულ სხვა რამეს კარნახობდა. თუნდაც, ახირების გამო აპირებდა მთელი კორპუსის ავლა-ჩამოვლას. საქმე არ ჰქონდა, არსად ეჩქარებოდა. ყურადღებას მაინც გადაიტანა სხვა რამეზე. რადგან ცივი ხმა მის გონებაში, რომელიც წამდაუწუმ უჩურჩულებდა "უკან დაბრუნდიო", უკვე ნერვებს უშლიდა. პირველი სართულის ყველა კარი მოათვალიერა, თითოეულს მიაყურადა, ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. დიდი იმედი ჰქონდა, კორპუსში თამარას ან როზას მსგავსი ჭორიკანა დედაკაცი არ ცხოვრობდა და სამზერედან არ უთვალთვალებდა გოგონას უცნაურ საქციელს. როგორ უნდა აეხსნა, რას დაბოდიალობდა უცხო სადარბაზოში?
მეორე სართულისკენ აუყვა კიბეს. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ქუჩის მხრიდან რომელიღაც ბინიდან შემოესმა ხმაური, თან ისე გარკვევით, მაღალ სართულზე ვერ იქნებოდა. მეორე სართულის კარები მოათვალიერა. ვერაფერი უცნაური ვერ შენიშნა. სადარბაზოში შუქი არ ინთებოდა, სიბნელეში კი რაიმეს გარჩევა ჭირდა. ისევ მიაყურადა თითოეულ მათგანს - სიჩუმე. თავი გააქნია. მესამე სართულს აუყვა ნელ-ნელა, თან ფიქრობდა რომ მის ტვინში, რაღაც მართლა ვერ იყო რიგზე. კიტას, რომ დაენახა რას აკეთებდა...
კიბეები აათავა და კარებს მოავლო თვალი. გადაწყვიტა ისევ თითოეულისთვის მიეყურადებინა, მაგრამ საძაგელმა სუნმა ყურადღება გაუფანტა. თითქოს რაღაც მომკვდარიყო და აყროლებულიყო. ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა მუხის ხის კარს, საიდანაც სიმყრალე გამოდიოდა. კარი ოდნავ შეეღოთ. კიდევ უფრო დაეჭვდა. ცხვირზე ხელი აიფარა. წამით შეყოყმანდა, სახელოს დაექაჩა, რომ შიშველი ხელის მტევანი დაეფარა და მსუბუქად უბიძგა კარს.
მთელი ტანით დაძაბული ანჯამების ჭრიალს მოელოდა, მაგრამ საბედნიეროდ უხმაუროდ დაემორჩილა. სახე დაემანჭა და ცხვირზე სვეტერის საყელო აქაჩა, ჰაერი ხრწნაშეპარული ლეშის სუნად ყარდა. უკვე ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ბინაში რაღაც საშინელება მოხდა. ხვდებოდა, რომ თუ წინ გააგრძელებდა გზას უკან დასახევი აღარ ექნებოდა. შიგნით ვიღაც იყო! ფიქრს თავი ანება და შიგნით შევიდა. ფრთხილად დგამდა ნაბიჯებს, კატასავით მიიპარებოდა რბილ ხალიჩაზე. ფეტორის სუნს მიჰყვა, მეძებარი ძაღლივით. კვალმა მისაღებ ოთახამდე მიიყვანა. სანამ კარს შეაღებდა ფაჩუნის ხმა მოესმა. ადგილზე გაიყინა და სმენა დაძაბა. ვიღაც ძალიან ფრთხილად მოძრაობდა შიგნით. დარწმუნდა, მარტო არ იყო! ადრენალინი ძარღვებში მოაწვა, გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, თან ისეთ ხმაზე არც გაუკვირდებოდა შიგნით მყოფს რომ გაეგონა. "ჯანდაბა, ელ, არანორმალუირი ხარ!" კარს იდაყვი ჰკრა და მისაღებ ოთახში შეიჭრა - ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა. ძლივს დალანდა მამაკაცი, რომელიც სავარძელში უმოძრაოდ გაშეშებულიყო. მის გვერდით კი ყვავილების ლარნაკის ნამსხვრევებს მოჰკრა თვალი სანამ დაეძგერებოდნენ და მწარედ მიახეთქებდნენ კედელზე.
წამით სუნთქვა შეეკრა და კვნესა აღმოხდა, სანამ წელში გაიმართებოდა მეორედ უბიძგეს ძლიერად და ოთახის კუთხეში მდგარ შუშებიან განჯინას მიახეთქეს. ატყდა ერთი ლაწალუწი. დამფრთხალი შავოსანი არც დაფიქრებულა, ისე მოუსვა გასასვლელისკენ. ელი გაჭირვებით წამოდგა. დაელმებულმა ფეხებთან დამსხვრეულ ფაიფურის ლარნაკს დახედა, თავად არაფერი მოსვლია, მხოლოდ წელი სტკიოდა გაუსაძლისად.
სავარძელში ჩასვენებულ მამაკაცს გახედა, ეჭვი არ ეპარებოდა რომ მკვდარი იყო. სიბნელეში მის სხეულს კარგად ვერ ხედავდა, მაგრამ ფანჯრიდან შემომავალი ლამპიონების შუქი სახეზე ეცემოდა. ღიად დარჩენილ მწვანე თვალებში შიში და გაოცება მოკვდომოდა. პირი არაბუნებრივად დაეღო, სახე კი სისხლის შხეფებით მოთხვროდა.
წამით ისე დააჰიპნოზა ნანახმა, რომ სულ გადაავიწყდა, ხმაურზე შეიძლებოდა ვინმეს გაღვიძებოდა. გარეთ გამოსულიყო და შეემოწმებინა რა ხდებოდა. მისი ყურადღება ხომ მხოლოდ სულელურმა ლარნაკმა მიიქცია, რომელსაც დიდი ალბათობით შავოსანი გამოედო და დაამსხვრია. რომ არა მისი ეს შეცდომა, ელს თავში აზრადაც არ მოუვიდოდა სადარბაზოში შესვლა.
თვალები აახამხამა. თითქოს ახლაღა გამოერკვაო, მაშინვე ადგილს მოსწყდა და გასასვლელისკენ გაიქცა. გზადაგზა ცდილობდა არაფერს შეხებოდა. ღია კარში გავარდა და კიბეებზე უხმაუროდ დაეშვა. სამ საფეხურს გადაახტებოდა ერთდროულად, მაგრამ ეშინოდა რომ არასასურველ ყურადღებას მიიქცევდა. ის იყო სადარბაზოდან უნდა გამოვარდნილიყო, რომ კიბის ბოლო საფეხურზე რაღაცას მოჰკრა თვალი. არც დაუხედავს რა იყო, დაუფიქრებლად წამოავლო ხელი და ჯიბეში ჩაიჩურთა. კაპიუშონს სახისკენ დაქაჩა და გარეთ გამოვიდა. ქუჩას მოავლო თვალი სულიერის ჭაჭანება არ იყო. გულაძგერებულმა ჯერ მშვიდად აუარა გვერდი კორპუსს და როცა დაიგულა, რომ ქუჩას საკმარისად მოშორდა, სირბილით გააგრძელა გზა.
აქოშინებული საკუთარი სახლის კართანღა შეჩერდა. სწრაფად გადაატრიალა გასაღები, ხმამაღალ ჩხაკუნზე გააჟრჟოლა. მშვიდ და ბნელ სადარბაზოში საკეტის გადატრიალება თოფის გავარდნის ხმასავით გაისმა. ბინაში შესხლტა და კარი ზურგსუკან მიიკეტა. ხელები უკანკალებდა. კაპიუშონი თავიდან გადაიძრო და ორი საკეტით გადაკეტა კარი. ურდული, რომ ჰქონებოდა იმასაც დაადებდა.
მოჭარბებული ადრენალისგან აგზნებულმა თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი. ნორმალური თუ იყო? სად ჯანდაბაში ეტენებოდა? ვინ უთხრა სადარბაზოში შედიო?! ან რამ აიძულა ბინაში შესვლა, როცა მიხვდა, რომ შიგნით კარგი არაფერი ელოდა?! რამ დააკარგვინა ჭკუა?! ნუთუ, სულასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებამ, თავდაცვის ინსტიქტი სრულიად დაუქვეითა?! - დიდი ალბათობით! წინააღმდეგ შემთხვევაში, არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ღამის სამ საათზე არ დაიწყებდა ბოდიალს გარეთ და სხვისი ბინების ჩხრეკას!
გვამი... იქ გვამი იყო! - ახლაღა დაარტყა ტვინში რეალობამ. ჯერ კიდევ ძლიერ შოკში მყოფი, ჰოლში გადიგამოდიოდა არანორმალურივით. Ბინაში გვამი იყო! შიგნით კი სავარაუდოდ მკვლელი!
- ჭკუა სულ დავკარგე! მართლა ვერ არის ჩემი საქმე კარგად!
ბუტბუტით შევიდა სამზარეულოში. გაუცნობიერებლად სწვდა ელექტროჩაიდანს და ჩართო. ჭიქა თაროდან ჩამოიღო და ჩაის დაუწყო ძებნა. შეამჩნია, რომ ხელები საშინლად უკანკალებდა. რამდენჯერმე მომუშტა და გაშალა.
- წყნარად! - შეუძახა თავს.
ჩაის ფერი ჭიქაში ჩააგდო და მაგიდას ჩამოეყრდნო. სუნთქვაზე კონცენტრირდა. ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, კიდევ... კიდევ... დაწყნარდა. ყურებში გუგუნის ხმამ იკლო. გული დაუმშვიდდა. ხელებმაც შეწყვიტეს ცახცახი, ორგანიზმი მოუდუნდა.
ელექტროჩაიდანში ჯერ წყალი აბუყბუყდა, შემდეგ კი ხმადაბალი ტკაცუნით გამოირთო. ელმა მდუღარე ჭიქაში მოაპირქვავა. ცხელი ჭიქა მაგიდასთან მიიტანა და ჩამოჯდა. მარჯვენა ფეხი ნერვიულად უთამაშებდა.
- მისაღებში, გვამი იყო! გვამი! გამოფატრული, გვამი! - ჩურჩულებდა თვალებგაფართოებული - მკვლელი... მოიცა...
წელში გასწორდა წარბშეკრული.
- მკვლელი ვერ იქნებოდა... როგორ? გვამი ყარდა, გაუსაძლისად ყარდა! Ზოგადად ადამიანის სხეული გარდაცვალების წამიდან იხრწნება, ფერმენტული უჯრედები შიგნიდან იწყებენ დაშლას, ნაწლავებში არსებული ბაქტერიები კი გამრავლებას და ქსოვილების ჭამას, მაგრამ... სხეული ლპობას 24 საათიდან 72 საათამდე შუალედში იწყებს. პირველი ოცდაოთხი საათის განმავლობაში სუნი ადამიანისთვის შეუმჩნეველიც კია, თუმცა მწერები გრძნობენ! ბინაში კი გვამი არაადამიანურად ყარდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მინიმუმ ორი სამი დღის განმავლობაში შიგნით ესვენა!
ჩაფიქრებულმა თავი მოიქექა და ცხელი ჩაი მოსვა გონების დასაწმენდად. როგორც კი პირველმა შოკმა გადაუარა, ტვინმა საღად აზროვნება დაიწყო. ყოველ დეტალს უკირკიტებდა და გონებაში ანალიზებდა.
- მაშინ ვინ იყო ის შავოსანი შიგნით? რას აკეთებდა გვამთან?
თავის თავთან ლაპარაკს აგრძელებდა ანგარიშმიუცემლად. თუ თავად არ მოუკლავს ის კაცი, რა უნდოდა დანაშაულის ადგილზე? მერე გაახსენდა, რომ თვითონაც უპარდონოდ შეეკვეტა ბინაში. არც ის მიუპატიჟებიათ "წვეულებაზე", მაგრამ შიგნით აღმოჩნდა და კინაღამ ტვინი მიასხმევინეს კიდეც კედელზე.
საფეთქელი დაიზილა. "რა იცი, რომ დანაშაულის ადგილზე არ დაბრუნდა? მკვლელი ყოველთვის ბრუნდება იქ, სადაც მკვლელობა ჩაიდინა." ასისინდა გონებაში "კარიო".
- მაშინ ძალიან გამიმართლა, რომ ზედ არ მიმაყოლა!
სარკასტრულად დაუბრუნა პასუხი ალტერეგოს, თმა ნერვიულად აიჩეჩა და ჩაი მოსვა. ცხელი სასმელი სიამოვნებდა. სკამზე გადაწვა და ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაიყო. თითებში ქაღალდი მოხვდა. ახლაღა გაახსენდა, რომ წამოსვლისას რაღაც იპოვა. ქაღალდი ამოაძვრინა და მაგიდაზე გაშალა. ეჭვი არ იყო, მკვლელობის ადგილიდან მოეპარათ! კიდეებზე სისხლის ლაქები აჩნდა. მოყვითალო ფურცელს სიძველის ელფერი დაჰკრავდა. უსწორმასწორო კიდეები კი იმაზე მიანიშნებდა, რომ ფურცელი საიდანღაც ამოხიეს. მაგიდისკენ დაიხარა და წარბშეკრული ყურადღებით დააკვირდა ზედაპირს.
- პოლიციის არქივიდან ამოხეულს ჰგავს...
წაიბუტბუტა ცნობისმოყვარეობით ანთებულმა. წლებს მელანი გაეხუნებინათ. სისხლის კვალი კი უფრო ართულებდა წაკითხვის შესაძლებლობას. ერთადერთი რაც გარკვევით ჩანდა ოქმის შვიდციფრიანი ნომერი გახლდათ, რომელიც დოკუმენტს თავში ერთვოდა. გახუნებულ ნაწერს კიდევ უფრო ჩაუკირკიტა. ბევრი წვალების შემდეგ ორი სიტყვის ამოკითხვა შეძლო.
წელში გასწორდა და თვალები აახამხამა. ვინ იყო დანიილ ქალდანი? თავი გვერდით გადახარა და ყურადღებით დააკვირდა ფურცელს. არ იყო დაკუჭული, მხოლოდ ნაკეცები აჩნდა. სანამ გაიაზრებდა თითებმა ავტომატურად იწყეს ფურცლის დაკეცვა. სულ რაღაც რამდენიმე წამში ხელის გულზე ორიგამის პეპელამ გაშალა ფრთები. ხელი მაღლა შემართა და პეპელა ყურადღებით შეათვალიერა - მიხვდა, რომ ხელში მნიშვნელოვანი მტკიცებულება ეჭირა.
- შენ საიდანღა მოფრინდი? - ჩაიბურტყუნა და პეპელა მაგიდაზე დასვა - ჰოო... ეს არ ჰგავს ჩვეულებრივ მკვლელობას...
რეალურად სავანელი ვერც კი იაზრებდა რაში გაჰყო თავი. ვინმეს რომ ეთქვა მისთვის ეგ ერთი საღამო წლების კოშმარად გექცევაო, არასოდეს შეაღებდა იმ წყეული ბინის კარს. ხმაურის გაგონებისას, შეჩერდებოდა, მაგრამ ისევ გააგრძელებდა გზას უმისამართოდ. არაფრის დიდებით არ აიღებდა გეზს სადარბაზოსკენ, რომელიც ყველა კოშმარის სათავედ უნდა ქცეულიყო!
როდესაც უჩვეულოდ აგზნებული თავის საძინებელში გავიდა და საწერ მაგიდას მიუჯდა, ცხოვრებაში პირველად არ შეუწუხებია არეულობას. ნივთები, რომელიც მაგიდიდან მოისროლა ისევ ძირს ეყარა. მაგიდის პატარა სანათი რომელსაც უნებურად წირვა გამოუყვანა, საცოდავად ეგდო სკამის ფეხთან, გატეხილ ნათურასთან ერთად.
ფურცელი და კალამი მოიმარჯვა და წერას შეუდგა. ოთახში შუქის ანთებითაც არ შეუწუხებია თავი. Მთვარის შუქი მაგიდას ეცემოდა, მწირი სინათლეც ჰყოფნიდა წერისთვის. ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად დაქროდა თბილი მარჯვენა ფურცელზე და ახალი ისტორიის ქსოვას იწყებდა. შემაძრწუნებელი იყო, ის ფაქტი, რომ სისხლში ამოთხვრილი პეპელა იქცა შთაგონების წყაროდ. სულში, ნანატრი ნაპერკალი ხელახლა აინთო და გაღვივდა. უკუნ სიბნელეში ცეცხლის ალივით მოასკდა ორგანიზმს უცხო ემოცია.
ვერაფრით აგიხსნიდათ რას გრძნობა. ვერცერთ მისთვის ნაცნობ მეტაფორასა, თუ ეპითეტს ვერ დაგისახელებდათ, რომელიც იმ წამს მის მდგომარეობას სრულფასოვნად აგიღწერდათ. ემოციების მორევში მიუჩვეველი რიტმით ფეთქავდა, სავანელის გული. თბილი მარჯვენა ელივს ვისწრაფით დაქროდა ფურცლებზე და გაშმაგებით ჯღაბნიდა ყოველ სიტყვას, ჩქარობდა ორგანიზმში მოხეთქილი ნიაღვრის გადმონთხევას, თითქოს ეშინოდა, რომ გულში აგიზგიზებული კოცონი ისევე უეცრად ჩაქრებოდა, როგორც აინთო.
მაგიდაზე დასკუპებული ორიგამის პეპელა მშვიდად იცდიდა საწერ მაგიდაზე. სისხლით ჩალაქავებულ ფრთებს მიღმა, დიდ და ბინძურ საიდუმლოს უმალავდა სამყაროს. როდესაც მისმა შემქნელმა გვამის ახლოს მიატოვა, პოლიციისთვის შეტყობინების გადაცემა დაავალა. ორიგამის კი, პატრონისგან განსხვავებით, სულ სხვა გეგმები ჰქონდა. ჯერ უცნობის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც სიბნელეში შიგთავსის წაკითხვა ვერ მოასწრო, შემდეგ კი ჯიუტი და ამოუხსნელი ჟინით ისკუპა კაპიუშონიანის ჯიბიდან და სადარბაზოს უკანასკნელ საფეხურზე დაფრინდა, მისი რეალური სამიზნის მოლოდინით. დიდხანს ცდამ არ მოუწია, რამდენიმე წუთში გაუცნობიერებლად წამოავლეს ხელი და ჯიბეში ჩაიჩურთეს. ასე გაშალა ფრთები სავანელის ხელისგულზე. პიროვნებასთან, ვისაც ასე ელოდა... კმაყოფილი გასუსული იჯდა მაგიდის ზედაპირზე და ცნობისმოყვარეობით ელოდა, რა მოხდებოდა შემდეგ...
საათის ისრები ერთმანეთს მისდევდნენ. ჩაბნელებულ ჰორიზონტს ნელ-ნელა ნათელი ეპარებოდა. საწერ მაგიდაზე მოხრილი სხეულის გვერდით ფურცლების გროვას სისქე უფრო და უფრო ემატებოდა. ისეთი სისწრაფით იწერებოდნენ წინადადებები, თავად ავტორსაც კი გაუჭირდებოდა ნაჯღაბნში სიტყვების გარჩევა.
თენდებოდა, მზის ამოსვლას ახალი დღე, ახალი ამბებით უნდა დაეწყო. ჩიქოვანის ქუჩაზე, მეორე კორპუსის, მესამე სართულის მეზობელს კარი უნდა გაეღო სადარბაზოს დასახვეტად. ყოველდღიური რუტინა კი კოშმარს უნდა ჩაენაცვლებინა, მეზობლად შეღებული კარის სახით. ამაზრზენ სიმყრალეს ქალი გულის რევამდე უნდა მიეყვანა. შეშინებულსა და ცნობისმოყვარეობით ანთებულ ციცინოს, მეზობლის მისაღებ ოთახში, ბინის მეპატრონის გვამი უნდა აღმოეჩინა. სავარძელში გაშეშებული, ოცდახუთი ჭრილობით გულმკერდზე. ქალის შემზარავ კივილს ფეხზე უნდა დაეყენებინა მთელი ქალაქი...


******

"ნაიარევი"

როდესაც დილაუთენია შუკვანმა თვალი აახილა, პირველად, ტელეფონს გადასწვდა მთქნარებით, რომ საათი ენახა. დილის რვა ხდებოდა, მაშინვე ფეხზე წამოფრინდა და სკამზე დაუდევრად მიყრილი ტანსაცმლის ჩაცმას შეუდგა. ტაბატაძეს საბანი ფეხებშორის ამოეჩარა და პირდაღებული გემრიელად ხვრინავდა. დაღებული პირიდან ნერწვი გადმოსდიოდა და ბალიშს უსველებდა. Შუკვანს მეგობრის დანახვაზე ბოროტი ღიმილი გამოესახა ტუჩებზე. ჯერ ტელეფონი მოიმარჯვა, საკმაოდ მახინჯი სურათი გადაუღო და კმაყოფილმა ჯიბეში ჩაიცურა. შემდეგ კი მეგობარს წიხლი უთავაზა გაბზეკილ უკანალში.
- პობუტკააა!
- ააა...
ტაბატაძეს გულგახეთქილს გამოეღვიძა და შიშისგან გაშავებული კინაღამ იატაკზე დაენარცხა. დაფეთებულმა თვალები დააცეცა. შუკვანის გაკრეჭილი სიფათი რომ დაინახა, გამწარებულმა ბალიში გაუქანა. მერე ალბათ, სასჯელი ემსუბუქა, დაიხარა და საწოლის ქვეშიდან ცალი ფეხსაცმელი გამოაძვრინა, მაგრამ სანამ სროლას მოასწრებდა შუკვანი უკვე სიცილით გადიოდა ოთახიდან.
გიორგის მშობლები ერთი კვირით წასულიყვნენ ბათუმში დასასვენებლად, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბიჭებს თავისუფლად შეეძლოთ ყირაზე გადასვლა. აბაზანაში გავიდა კბილების გამოსახეხად და მერეღა გაახსენდა, რომ კბილის ჯაგრისი დაავიწყდა. მხრები აიჩეჩა, კბილის პასტას გადასწვდა და გაღებულ ხახაში მოაპირქვავა. პიტნის გრილმა არომატმა მაშინვე მოაფხიზლა.
კბილები თითით გამოიწმინდა და ნიჟარაში ჩააფურთხა. ონკანიდან წყალი მოუშვა და გადახოტრილი თავი შეუშვირა. თავპირი დაიბანა და პირსახოცს გადასწვდა. უხეშად შეიმშრალა და საკუთარ გამოსახულებას სარკეში შემფასებლურად მიაჩერდა. სიმპათიური ყმაწვილი გახლდათ კიტა შუკვანი - მაღალი ყვრილმანებით, გამოკვეთილი ყბის ძვალითა და სწორი ცხვირით. ლამაზ დიდ ნაცრისფერ თვალწებს კი გრძელი წამწამები და ხშირი წარბები უმშვენებდა. სქელი ვარდისფერი ტუჩები არაერთ გოგონას უჩქარებდნენ გულს. ნავარჯიშები სხეული და სიმაღლე ხელს უწყობდა საპირისპირო სქესთან წარმატებაში.
ერთადერთი, რაც საკუთარ გარეგნობაში მთელი გულით ეზიზღებოდა, ეს ნაიარევი იყო, რომელიც მარცხენა წარბს უჩეხავდა უხეშად. Გუშინდელი დღესავით ახსოვდა დედის ნასროლი ღვინის ცარიელი ბოთლი. სასმელი მოაკლდა იმ დღეს, ფულიც არ ჰქონდა რომ ახალი ეყიდა და მთელს ქვეყნიერებაზე გამწარებულმა შვილზე იყარა გულისჯავრი.
ბევრი მანდილოსანი მის იარაში "პოეტურ სილამაზეს" ხედავდა, მაგრამ შუკვანისთვის არ არსებობდა მეტად საძულველი ნიშანი სხეულზე, როგორც ეს მახინჯი, იარა წარბზე, რომელიც ახსენებდა, რომ ოჯახი არ გააჩნდა, რომ გამზრდელ დედას მასზე მეტად სასმელი უყვარდა.
ცხვირით მოქაჩა, საკუთარ ანარეკლს თვალი აარიდა და პირსახოცი საკიდზე დააბრუნა. ხოტორა თავზე კიდევ ერთხელ გადაიტარა ხელი და აბაზანიდან გამოვიდა. ტაბატაძე უკვე ამდგარიყო. თავგადაჩეჩილი ტრუსების ამარა ფეხშიშველი დაბოდიალობდა სამზარეულოში და ყავას ამზადებდა.
- სკოლაში არ მოდიხარ? - ჰკითხა გაკვირვებულმა სკამზე დაეხეთქა და ნახევრად შიშველ ძმაკაცს ახედ-დახედა.
- შემეშვი, თუ ძმა ხარ! - ხელი აუქნია და დაამთქნარა - ვინ მოიგონა მეთორმეტე კლასი?! კია კუკუ! არაფერს ახალს ჩვენ არ ვსწავლობთ, მთელი წლის მასალას გვამეორებინებენ! გეგონება ერთხელ ტანჯვა არ მეყოფოდა!
- რა გაკვეთილი, რა მეცადინეობა, ! ახლა ვერთობით თუ ვერთობით. თორემ მერე ყველა თავის გზაზე წავა, ზოგი უნივერსიტეტში, ზოგი საპახაოდ.
- სენტიმენტებს შეუწუხებიხარ დილაუთენია, სვანო. შეყვარებული ხომ არ ხარ?
- ეეე...
ხელი აუქნია და ცხვირწინ დადგმულ ყავას გადასწვდა.
- შენადა, იმ შერმადინის გოგოს მართლა ხომ არ ელოლიავები?
ტაბატაძე არხეინად გაიჩაჩხა სკამზე და ფეხები მაგიდას შემოალაგა. ნეტარებაში მყოფი ტკბებოდა იმ ფაქტით, რომ სახლში დედამისი არ იყო და არავინ წაუთაქებდა კისერში პირუტყვივით ნუ იქცევიო! გაბანჯგვლული მარჯვენა ფეხი მარცხენას გაუსვა და სკამზე გადაწვა.
- თუ ძმა ხარ... გოგოს თუ გამოველაპარაკე მაინც და მაინც ველოლიავები?
- რა ვიცი, არეშიძეს კი ემამლაყინწებოდი!
- აი ეგეთი ჩასვრილი ლექსიკონით რომ მოძრაობ, მაგიტომ არ გყავს არავინ! - თვალი ჩაუკრა მეგობარს. ტაბატაძემ უდარდელად დაამთქნარა.
- ორიგინალური პიროვნება ვარ, - გადაჩეჩილ თავზე გადაისვა ხელი და ყავა მოსვა - ვგიჟდები ჩემს თავზე!
- მარტო ხომ არ დაგტოვო? მარჯვენაც გამოაცოცხლე ბარემ!
- მოვითმენ შენს წასვლამდე.
შუკვანს გაეცინა. თავი გააქნია და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. ელისგან შეტყობინება არ მოსვლია, არადა გააფრთხილა უჩემოდ სკოლაში არ წახვიდეო. მეორე მხრივ, რახან არაფერი მოსწერა ესე იგი, ყველაფერი რიგზე იყო. გულზე მოეშვა.
- ბიჭო... - გიორგის ხმაში გამორეულმა ყოყმანმა თავი ააწევინა - "ადამსთან" თავი შევიკავე, დარწმუნებული ვარ არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ იმ დღეს მართლა სერიოზულად გართულდა სიტუაცია...
კისერზე მოისვა ხელი. მანამდე კიტასთან მომხდარ ინციდენტზე არ უსაუბრია. ეუხერხულებოდა შუკვანთან ამ თემის წამოჭრა, იცოდა მეგობარი როგორ რეაგირებდა გოგონას სიტუაციაზე და ცეცხლზე ნავთის დასხმა არ უნდოდა. მით უფრო ახლად მომხდარზე. თუმცა, შექმნილი სიტუაცია სერიოზულად აშფოთებდა. შუკვანმა ამოიოხრა, ტელეფონი უნდილად მიაგდო მაგიდაზე და თავი კედელს მიადო.
- აზრზე არ ვიყავი, ვაფშე რა ხდებოდა, დედაჩემი ადრე ადგა ბარგს ალაგებდა და რამე, ბათუმისთვის. კივილის ხმა რომ გაიგონა გარეთ გავიდა. ლესელიძეს ხო იცნობ, ეგრევე სადარაჯოზე იდგა უკვე ტელეფონით ხელში. დედაჩემს უთხრა რაღაც ცუდი ხდებაო, ეგრევე პოლიციაში დაურეკავს. მე დეტალების აზრზე არ ვარ, რა იყო და როგორ. დედაჩემისგან ჭორის მოსმენა კიდე არ მინდოდა. მშვიდობაა? "ადამსი" მარტო დაბრუნდა სახლში, ის არანორმალური რომ მოვიდეს...
- გიო... - გააწყვეტინა ძმაკაცსს - არ გვინდა ამაზე საუბარი.
- ბიჭო, დებილი არ ვარ. ვხვდები, ჩემთან რა მიზეზით რჩები. "ადამსი" შენზე ნაკლებად არ მედარდება. ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობთ, არც სამეგობროში და რამე. გამაფრთხილე გოგოებთან სიტყვა არ დამეძრა, არადა "ადამსის" ახლო მეგობრები არიან. ვერ ვხვდები, ძმა. ჩემს ოჯახზე ყველაფერი იცი, ისიც კი მამაჩემი ვის ხმარობდა, სავანელების სიტუაციას კიდე ტაბუ დავადეთ. არ ვიცი ეს ელს ეხმარება თუ პირიქით აზიანებს.
- მისმინე, - მეგობრისკენ გადაიხარა და თვალებში ჩახედა - ჩემი ძმა ხარ, სიცოცხლეს განდობ, ჩემი სიტუაციაც იცი... მაგრამ ელი... აზრზე არ ხარ რას ებრძვის. ჩვენი პრობლემები მისთან შედარებით, ფიკუშია ძმა. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, თუ თავად მოესურვება მოყვება.
- კარგი, კარგი...
ხელები მაღლა ასწია დანებების ნიშნად და ისევ ყავას გადასწვდა. ხმამაღლა მოხრუპა და ტუჩები გააწკლაპუნა. Ბოლოს კი შუკვანს ისე შეხედა თითქოს ახლაღა შეამჩნია მისი არსებობა სამზარეულოშიო.
- კიდევ დიდხანს აპირებ აქ ჯდომას? მარჯვენა მექავება! გააჯვი, ჩემი სახლიდან!
შუკვანს ღრუბელი გადაეყარა სახიდან და გაეცინა. წამოდგა ტელეფონს ხელი წამოავლო და გასასვლელს მიაშურა.
- რძე წამოიღე, რომ დაბრუნდები, ძვირფასო! თორემ ყავისთვის აღარ გვაქვს. - ფეხის გული მოიფხანა და სკამზე მოხერხებულად შესწორდა. საპასუხოდ აწეული შუათითი მიიღო.
შუკვანმა კიბეები აირბინა მეოთხე სართულზე და ელის კარზე დააკაკუნა. არავინ რომ არ გამოხედა, გულმა რეჩხი უყო. კიდევ უფრო ძლიერად დააბრახუნა და დოინჯშემორტყმულმა მიაყურადა. ჯერ არაფერი ისმოდა, ბოლოს კი როცა სერიოზულად ანერვიულდა შორიდან ფეხის ხმა შემოესმა. საკეტმა ოთხჯერ გაიჩხაკუნა, რაზეც შუკვანს წარბები მაღლა გაექცა და ზღურბლზე ნამძინარევი სავანელი გამოჩნდა. ლოყაზე დამჩნეული წითელი კვალი მიანიშნებდა, რომ რაღაც გრძელსა და მრგვალზე ჩამოეძინა, სავარაუდოდ კალამზე! მელნით მოთხვრილი ნიკაპი მოუთვალიერა მეგობარს.
- ცოცხალი ხარ? - კრიტიკულად შეათვალიერა, ჯერ კიდევ გუშინდელ ტანსაცმელში გამოწყობილი.
- რატომ ჩამომიღე კარი დილაუთენია, შუკვანო, გამოშტერდი?!
- მალე ცხრა გახდება, ორშაბათია და სკოლა გელოდება. რავიცი აბა?!
- ა?
წუთი დასჭირდა ნათქვამის გადასახარშად. ბოლოს ნახევრად მოჭუტული თვალები გაუფართოვდა, ქუსლზე შებზრიალდა და უსიტყვოდ მოუსვა აბაზანისკენ. შუკვანი თავის ქნევით შევიდა ბინაში და კარი მიიხურა. სამზარეულოში გაბოდიალდა და მაგიდასთან დაეხეთქა სკამზე. მოლოდინში ოთახის თვალიერება დაიწყო, გიორგისთან არაფერი უჭამია. წინა დღეს გვიან დაბრუნდნენ ელის სოფლიდან, მისი სახლიდან კი შუაღამეს დაიშალნენ. ვეღარაფრის ყიდვა ვერ მოასწრეს. მუცელი აუყუყუნდა.
- ეელ.. - გასძახა მეგობარს - საჭმელი არაფერი გაქვს?
- მაცივარში ნახე!
მოესმა მოგუდული ხმა აბაზანიდან.
- სიამოვნებით, სიამოვნებით.
წახალისებული მაშინვე ფეხზე წამოდგა და საკბილოს პოვნის იმედით მაცივრის კარი გამოაღო. ლილის შემწვარი კოტლეტები მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა თეფშზე. Ბედნიერმა, გულში მადლობა გადაუხადა მოხუცს. თეფში გამოიღო და ტაფას დაუწყო ძებნა. ყველა კარადის კარი გამოაღო და როგორც იქნა მიაგნო, ყველაზე პატარას ხელი წამოავლო და გაზქურაზე შემოდო.
ცეცხლი აანთო და იქვე მიდგმული ზეთს გადასწვდა. საუზმის მზადებაში გართულს ელმა ელვისისწრაფით ჩაუქროლა. საძინებელში შეირბინა და კარი მიიკეტა. შუკვანმა კოტლეტები ტაფაზე გააცხელა და კუჭამწვარმა მაგიდასთან მიიტანა.
- "ადამს"! თუ ახლავე არ გამოხვალ საჭმელად, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! მგელივით მშია!
როცა პასუხი არავინ გასცა, მხრები აიჩეჩა და ყველაზე მსუქან კოტლეტს მადიანად უჩხვლიტა ჩანგალი. ის იყო პირისკენ გააქანა, რომ როგორც იქნა სამზარეულოში სავანელი გამოჩნდა. შედარებით უკეთ გამოიყურებოდა, თუ არ ჩავთვლიდით დასიებულ უპეებს, რომელიც პატარა მეშოკებს მიუგავდა. გაკვირვებულმა კოტლეტებს დახედა, არც კი იცოდა სახლში საჭმელი თუ იყო.
- სად იპოვე? - მაგიდას მიუჯდა და თვითონაც წამოაცვა ერთი ცალი ჩანგალზე.
- რა იყო, არ გეძინა? - მოზრდილი ლუკმა გადაყლაპა და სახე მოუთვალიერა მეგობარს.
- მეძინა!... ორი საათი.
სწრაფად ღეჭავდა საჭმელს, თან საათს დაჰყურებდა, ოცდაათი წუთი დარჩენილიყო სკოლის დაწყებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში სვავი დარეჯანას კლანჭებში ამოჰყოფდნენ თავს, მისთვის კი თავგადასავლები საკმარისზე მეტი იყო, ბოლო კვირის განმავლობაში.
- კი მაგრამ, სახლში შენს გარდა არავინ იყო. რამ არ დაგაძინა? - წარბი შეიკრა სვანმა.
- ვწერდი! - ავადმყოფური აგზნებით წამოენთო ნახირივით შავი თვალები. შუკვანმა წარბები აზიდა.
- წერდი? რას მივაწერო, სასწაული?
- არ მინდა მადა დაგიკარგო, - მოკლედ მოუჭრა და კიდევ ერთ კოტლეტს გადასწვდა. ჭამაში იგრძნო როგორ მოშიეობდა. წინა დღით საუზმის გარდა არაფერი ეჭამა.
- უკვე ვნერვიულობ... - კიტას წარბი შეეკრა.
- წავედით! ვეღარ მოვასწრებთ!
ელი წამოდგა, ჩანთა ზურგზე მოიკიდა, შუკვანს კაპიუშონში წაავლო ხელი და ძალით წააპრონწიალა კარისკენ. სვანმა ბოლოჯერ მოასწრო ჩანგლის ტაკება კოტლეტისთვის და გამარჯვებული კაცის სახითა და ყბების ქნევით უკან მიჰყვა მეგობარს.
სკოლაში დროულად მივიდნენ. შესასვლელი კარის ზღურბლს გადააბიჯეს თუ არა, ზარი დაირეკა. შუკვანმა სარანგიძის სახლიდან წამოღებული ჩანგალი გოგონას ჩაუტენა ჩანთაში და კიბეებზე აირბინა თავისი კლასისკენ. ელმა თავი გააქნია და აუჩქარებლად აუყვა მესამე სართულს. კლასის კარი, რომ შეაღო ყველა მას მიაჩერდა. უმრავლესობას სახეზე გაკვირვება ეხატა - აშკარად არ ელოდნენ მის დაბრუნებას. არამკითხე აზრმა შეუღიტინა - უკვე იცოდნენ მომხდარის შესახებ? სავარაუდოდ სხვა შემთხვევაში ასეთი გაოცებული სახეები არ ექნებოდათ. არავინ ელოდა მის გამოჩნეას კლასში.
ზურგჩანთა მხარზე შეისწორა და თავის ადგილს მიაშურა, სადაც მეგობრები უცდიდნენ. სამივეს გაფართოებოდა თვალები.
- რა იყო, პირველად დამინახეთ სკოლაში მოსული? - გაღიზიანდა. ჩანთა სკამის საზურგეზე მიაგდო და ჩამოჯდა.
- არა, გვეგონა რომ შენი გვამი მტკვარმა სადღაც ბუჩქებში გამორიყა "ადამს" და მაგიტომ არ შეგეძლო ჩატში ორი სიტყვის მოწერა, რომ ცოცხალი ბრძანდები! - ლიზამ დოინჯი შემოირტყა. წარბები ავისმომასწაველბად შეკვროდა.
- ვფიქრობდით, ორი დღე კიდევ თუ არ გამოჩნდა, მისი სულის პატივსაცემად ჯგუფურად წავიდეთ ეკლესიაში და სანთელი დავუნთოთო! - მხარი აუბა ანამ. სახეზე ბრაზი და წყენა ეხატა.
- ეეე... - ნიცამ მეგობრებს გადახედა, თითქოს ვალდებული იყო თავისი მხრიდან ორი გროში საყვედურიც დაემატებინა, ბოლოს ხელი ჩაიქნია და სავანელს მოეხვია - მომენატრე, ელ...
ლიზას და ანას სახე ჩამოუგრძელდათ.
- ეს ნახე! - ქერას აღშფოთებისგან ლამის სუნთქვა შეეკრა - ჩვენ აქ პროტესტს გამოვხატავთ, გოგონი!
- გამოხატეთ! - ნიცა ელს ეხუტებოდა და გრძელ წამწამებს აფახურებდა - მე ასე გამოვხატავ მონატრებას.
კიდევ უფრო მაგრად ჩაეკრა გოგონას. ელმა მეგობარს თავზე გადაუსვა ხელი. Ბოლოს მათი შეხვედრა სასიამოვნოდ არ დასრულებულა. მას შემდეგ იმდენი რამე მოხდა, თითქოს საუკუნეს გაევლო.
- ჩვენც მოგვენატრა და ვინერვიულეთ, უცებ რომ აორთქლდა უსიტყვოდ! - თვალები დაუბრიალა ლიზამ.
- ლილი გახდა შეუძლოდ... დიდად წერის თავი არ მქონდა.
ჩაიბურტყუნა ხმადაბლა. რთულია ადამიანებს გაგება მოსთხოვო, როცა იოტისოდენა წარმოდგენაც არ აქვთ რეალობაზეო - გაიფიქრა უხალისოდ.
- კარგი, ჰო, მთავარია გამოჩნდა! - ანამ ხელი ჩაიქნია და ყურებამდე აეწელა ღიმილი - სკოლის ახალი ამბები არ გაინტერესებს?
ელმა წამწამებს ქვემოდან გახედა მეგობარს. კიდევ რა მოხდა?!...


******

"იაგამი"

- მგონი ეზოში ჩამოსვლა ცუდი აზრი იყო, - ნიცა უსიამოვნოდ იშმუშნებოდა - ჯერ კიდევ არ დათბა ნორმალურად. მცივა!
- ნუ წუწუნებ, გოგოლაძე, მზე ანათებს! - შეუტია ლიზამ და ქერა თმა უკან გადაიყარა, სახე კი მზის სხივებს მიუშვირა.
- ვერ ვიჯერებ, რომ გეოგრაფია გვიცდება!
ხარობდა ანა. პირველი გაკვეთილი სასიამოვნო სიახლით დაიწყო. მასწავლებელი სკოლაში არ გამოჩნდა. დანარჩენებს გაკვეთილები ჰქონდათ სხვა კლასებში, ამიტომ მთელი კლასი ეზოში ჩავიდა. ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ. გოგონები კი სკამზე ჩამომსხდარნი მზეს ეფიცხებოდნენ.
- ეელლ... - შეანჯღრია ნიცამ - სულ ჩაფიქრებული ხარ, ვითომ ჩვენთან ხარ, მაგრამ გონებით სულ სხვაგან დაფრინავ.
- რა გაგიკვირდა, სულ ეგრე არაა?! - წარბები აზიდა ანამ.
- ნწ, ნიცას ვეთანხმები, დღეს განსაკუთრებით არაამქვეყნიურია.
დაეთანხმა კანდელაკი და სავანელი ეჭვით შეათვალიერა. ელს უნებურად თავში გაუელვა - ნეტა შენ როგორ განწყობაზე იქნებოდი მკვდარი რომ გეპოვა ბინაში და დანაშაულის ადგილიდან მნიშვნელოვანი მტკიცებულება მოგეპარაო?! პლუს მაგას სავარაუდო დამნაშავეს შეეფეთა. ხმაურს რომ არ დაეფრთხო, იქნებ ვერც კი მჯდარიყო ახლა მეგობრებთან ერთად?
- რეაქცია არ ჰქონია ჩვენს სიახლეებზე, - თვალები მოეწკურა გოგოლაძეს - საავადმყოფოდან ძლივს გამოწერილ არეშიძეს, მეორედ მოუნგრიეს ახლადგაკერილი თავყბა, ისიც სკოლაში და ისიც ყველას თანდასწრებით და ისიც ახალმა მოსწავლემ!
- რა მოარბენინებდა სკოლაში ასე უცებ? - ლიზამ მხრები აიჩეჩა - ეგ სწავლით თავს არ იკლავს. მერეც მთელი ამბები დაატრიალეს, არიქა ან გადარჩება, ან არაო და რამდენიმე კვირაში როგორ წამოფრინდა ფეხზე სწავლას მოწყურებული? უეჭველი გააბუქეს და ბევრიც მოიგონეს, ასე უცებ ფეხზე ვერ დადგებოდა „გამოფატრული“.
- მე ის უფრო მაინტერესებს, ახალი ასე რით გაამწარა, ერთმანეთს არც კი იცნობენ. - დაეჭვდა ანა - არეშიძე ჯერ კიდევ საავადმყოფოში იყო, როცა ავალიანი შუკვანის კლასში გადმოიყვანეს.
- რა იცი, რომ მანამდე არ იცნობდნენ ერთმანეთს? - წარბები აზიდა ლიზამ - რაღაცით უნდა გაემწარებინა, რახან ასე გაიმეტა და მეორედ გაისტუმრა საავადმყოფოში. მით უფრო, რომ სწორედ მსგავსი მიზეზის გამო გამოაგდეს წინა სკოლიდან!
- ფპპპ, - ჩაიფრუტუნა შერვაშიძემ - არ ვიცი მათ შორის რა მოხდა, მაგრამ დარეჯანამ კინაღამ ინფარქტი მიიღო. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ დორბლებსაც ვერ ყრიდა, როგორც სჩვევია ხოლმე. მეგონა ბოღმისგან გასკდებოდა!
- რატომ? - პირველად დაეტყო ინტერესი ელს.
- რა, რატომ? შენ, მგონი, მართლა არ გვისმენ, მთელი დღეა! - ანამ თვალები გადაატრიალა - გოგო, ავალიანის მამა პოლიციელია, თან უმაღლესი რანგის, პატივსაცემი და ა.შ. კარგად იცი, დარეჯანა როგორ ეგლისება ასეთ ტიპებს. არეშიძე არასოდეს მოსწონდა, მამამისისგან დიდი ვერაფერი ხეირი აქვს. პოლიციის, კრიმინალური განყოფილების უფროსის ვაჟი, უფრო სარფიანი სტავკაა.
- მოიცა, ახალი რომელიც შუკვანის კლასში გადმოვიდა, პოლიციელის შვილია?
- ეჰემ, - თავი დაუქნია ლიზამ - მადლობა, რომ გვისმენ ხოლმე! ანა, ისეთი ენთუზიაზმით გიყვებოდა...
- ამიტომ, ვაჟბატონს მხოლოდ თითი დაუქნიეს და ოფიციალური საყვედური გამოუცხადეს, სკოლიდან გარიცხვის მუქარით, რასაც დარეჯანა არასოდეს იზამს! - დააგვირგვინა ნიცამ და მკლავებზე ხელები ჩამოისვა. მოკუნტულს ცივი ჟრუანტელი უვლიდა ტანში.
- აუფ...
ცალყბად ჩაეცინა ელს. სხვას არც არაფერს ელოდა. სამყარო ასე იყო მოწყობილი, ძლიერი იმარჯვებს, სუსტი მარცხდება.
- და არეშიძე მეორედ მოხვდა საავადმყოფოში?
- აჰამ, - თავი დაუქნია ლიზამ - ახლა არეშიძის მამა ავალიანზე იკრიფება. სულ თუ არაფერი, ერთი კარგი რამ მაინც მოხდა, ჩვენს ბიჭებს შეეშვება. გითხრა შუკვანმა, ჩვენი ბიჭები რომ მიტყიპეს?
- მომიყვა. - თავი დაუქნია.
- ეეე... - ნიცამ ჩაახველა - კი გავიგეთ, რომ ავალიანი პრივილეგირებული ბიჭუნაა სკოლაში და რამე, მაგრამ გაკვეთილის გაცდენის უფლებასაც აძლევენ?
- ა? - ვერ მიხვდა შერვაშიძე.
ნიცამ თავი გაიქნია ეზოსკენ. გოგონემა მიიხედეს. სტადიონს მაღალი ფიგურა უახლოვდებოდა. ნაბიჯებს დინჯად და მოზომილად დგამდა. ფეხზე თეთრი კედები მოუჩანდა. შავი ჯინსის შარვალზე, კი იმავე ფერის ჰუდი შეეხამებინა. კუპრივით შავი ქოჩორი ზღარბივით ასჩეჩოდა. მუქი ლურჯი თვალები გამომწვევად უელავდა. სახეზე ისეთი ფერი ედო, თითქოს საუკუნეა მის კანს მზე არ უნახავსო. უპეები ჩაშავებოდა. სქელი ტუჩები კი გამოშრობოდა და ალაგ-ალაგ დახეთქოდა. მკვეთრი სახის ნაკვთები სიმკაცრეს სძენდა ახალგაზრდას. სტადიონს მოახლოებული შედგა. მზერა კი ერთ წერტილზე გაუშტერდა.
- ვაუ... - გაეცინა ლიზას - ერთ რამეს ვერ დაუწუნებ, ნამდვილად არამიწიერად სიმპათიურია!
- კანდელაკო, მგონი სხვა ლიგაში თამაშობ. მეჩვენება, თუ ახალი ელს მიშტერებია?!
- არა, არ გეჩვენება, - გოგოლაძეს თვალები დაუვიწროვდა - მართლა ელს მიშტერებია, მაგრამ მე ის უფრო მიკვირს, რომ არც სავანელი აშორებს თვალს!
სამივემ გოგონაზე გადაიტანა მზერა. ელი მეგობრებს არ უსმენდა. თვალებით ჭამდა ახალმოსულს, უფრო სწორად ერთმანეთს ჭამდნენ თვალებით.
- ოოო, ბოი... - კანდელაკმა ტუჩებზე აიფარა ხელი - თქვენ, რა ერთმანეთს იცნობთ????


******

"დილერი"

ელი ჩაფიქრებული იჯდა სკოლის შენობის სახურავზე. ბეტონის მოაჯირს ჩამოყრდნობილი, ჰორიზონტს გასცქეროდა. თმას გრილი ნიავი უფრიალებდა. მის თავში იმდენი რამ ხდებოდა, ყველასგან განმარტოება არჩია ცოტახნით. მეგობრებთან მოიმიზეზა თავს შეუძლოდ ვგრძნობ, სკოლის ექთანს შევუვლიო და იქაურობას გაეცალა.
გოგონებმა თვალი გააყოლეს მეგობარს. მიხვდნენ, რომ იტყუებოდა. რაც სავანელი უკან დაბრუნდა, თავის თავს არ ჰგავდა. ვერ ხვდებოდნენ რა რეაქცია ჰქონოდათ. ელი მუდამ თავისებური იყო, ცოტა უცნაური, ცოტა ახირებული. ხალხის სიახლოვე არ უყვარდა, მაგრამ მანამდე არასოდეს გაურბოდა მეგობრებს. ხვდებოდნენ რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ეს იმ ჭორების ბრალი უნდა ყოფილიყო, რომელიც სკოლაში უკვე გავრცელდა.
ასეთი სიტუაციისთვის მოუმზადებელნი, გოგონას „გაქცევის“ საშუალებას აძლევდნენ. თან დამწუხრებულები ერთმანეთს გადახედავდნენ კითხვით აღსავსე გამომეტყველებით - რა ვქნათო? რახან ჯერ პასუხი არ გააჩნდათ, თავს ისულელებდნენ, რომ მისი მიზეზების სჯეროდათ.
სავანელს ზურგს უკან, ფეხის ნაბიჯების ხმაზე, თვალები დაეხუჭა, შუბლი უკმაყოფილოდ შეეჭმუხნა და ანგარიუშმიუცემლად ღრმად ჩაისუნთქა.
- სასიამოვნოა, შენი ისევ ნახვა, ელ... - გაისმა დაბალი, ბოხი ხმა უკნიდან.
- რასაც შენზე ვერ ვიტყოდი... - თვალები გაახილა და წამით დაფიქრდა - წარმოდგენა არ მაქვს რა გქვია.
ავალიანის ჩუმმა სიცილმა ჟრუანტელი მოჰგვარა ტანში. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გოგონას მიუახლოვდა და გვერდით ამოუდგა. მუქ ლურჯ თვალებს სიცივე ედგათ.
- გაცნობა ვერ მოვასწარით, - მხრები აიჩეჩა - ცოტა უხერხულია.
- შენთან საერთო არაფერი მაქვს! - წაიღრინა, ისე რომ ზედაც არ შეუხედავს, ჯიუტად გასცქეროდა ჰორიზონტს - სარკასტულია პირდაპირ, მამიკომ იცის რითი ხარ დაკავებული?
- და შენ იცი? - გვერდით მდგომმა, გოგონაზე გადაიტანა მზერა.
ელი წელში გასწორდა, სახეზე ბრაზი და გაღიზიანება ეხატა. ხელები დამუშტვოდა. თავი მიაბრუნა და ბიჭს თვალი თვალში გაუყარა.
- ფეხებზე , რას აკეთებ! - თითოეულ ასობგერას მწარედ სცრიდა კბილებში - მაგრამ, მამაჩემისგან თავი შორს დაიჭირე!
ავალიანს უცნაური გამომეტყველება დასთამაშებდა სახეზე. ინტერესით ათვალიერებდა გოგონას, თითქოს აფასებდა. ნახშირივით შავ თვალებში კითხვებზე პასუხს ეძებდა.
- ინტერესის თემა იყო, მან თავისი მიიღო მე ჩემი.
- შენ შენი ჯერ კიდევ არ მიგიღია! - თვალები გააკვესა ავად - ნუ მაიძულებ ამაზე ვიზრუნო!
- ერთი ეს მითხარი... - წინ გადაიხარა და გოგონას უტიფრად შესცინა სახეში - მომეყურა, თუ ნამდვილად დამემუქრე?
- ჯერ მხოლოდ, გაგაფრთხილე!
წაიჩურჩულა ავად. მხარი უხეშად გაჰკრა და ირონიულად მომღიმარი მარტო დატოვა სახურავზე.
- ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე... ცხვირს იქ ჰყოფ, სადაც არაფერი გესაქმება, ელ!
წაიჩურჩულა ავალიანმა და ყბაზე კუნთი დაეჭიმა. გონებაში გეგმას სახავდა, როგორ ჩაეგდო სავანელის ჩანთა ხელში...


თავი მეთორმეტე

"დანაშაული და სასჯელი"

მათემატიკის გაკვეთილზე ნახევარ კლასს ზეზეულა ეძინა. მასწავლებელმა რთული ფორმულები გამოიყვანა დაფაზე და მითითება გასცა დამოუკიდებლად ამოეხსნათ თავიანთ რვეულებში. გადაწერის შემთხვევაში ბავშვებს, კლასიდან გაგდებით დაიმუქრა. სირაძეს უყვარდა ასეთი დავალებების მიცემა, როცა გაკვეთილის ჩატარების ხასიათზე არ იყო. ბოლოს, როცა ბავშვებს ჩამოუვლოდა და რვეულებში ჩახედავდა, არასწორი პასუხების შემთხვევაში საშულაება ჰქონდა კეთილსინიდიერად ეღრიალა. ელს ახალისებდა მასწავლებლის ვერაგი ხასიათი. კიდევ უფრო დიდ კმაყოფილებას გრძნობდა, როცა მის რვეულს ამჟავებული გამომეტყველებით უვლიდა გვერდს უკომენტაროდ.
თუმცა, ამჯერად სავანელი ერთადერთი იყო კლასში, რომელმაც მასწავლების დავალება ყურად არ იღო. უჯრებიან ფურცელს უხმოდ დაშტერებოდა და რვეულის კიდეს გაუცნობიერებლად აწვალებდა. გვერდით მჯდომ ნიცას შავი დღე ადგა. მათემატიკა მისთვის აქილევსის ქულს წარმოადგენდა. ელისგან გადაწერას ვერ ბედავდა, იცოდა, იზას ვერ მოატყუებდა.
ბოლოს ხელი ჩაიქნია მცდელობაზე და გაღიზიანებულმა კალამი მიაგდო, პასუხი კი არა, ფორმულის აზრი არ ესმოდა, ვინ მოიგონა, რატომ და საერთოდ რა ჯანდაბად იყო საჭირო ცხოვრებაში მათემატიკა! ტუჩი მოიკვნიტა და ელს გახედა ცერად. მეგობრის დანისლული თვალები, რომ შეამჩნია კალამს წამოავლო ხელი, თავისი რვეული ბოლო ფურცელზე გადაშალა და წერას შეუდგა.
ორ წამში ნაწერი გოგონას მიუწია გვერდით და მუჯლუგუნი მიჰკრა. თავით ანიშნა ფურცელზე - წაიკითხეო. ელი გამოფხიზლდა და მზერა რვეულზე გადაიტანა : " დარჩები დღეს ჩემთან?"
სავანელმა ნიცას გახედა, გოგონას საპასუხოდ თვალები დაუმრგვალდა და წამწამები ააფახურა. კალამს ხელი წამოავლო და უკვე დაწერილ შეტყობინებას ქვემოთ მიაჯღაბნა "გთხოოოოვ! გოგოებიც მოვლენ, რამდენი ხანია დრო ერთად არ გაგვიტარებია!"
ელს ტუჩის კუთხე აეწია. რვეული ახლოს მიიწა და საპასუხოდ მიაჯღაბნა - "კანდელაკი იატაკზე წვება!". ნიცამ ჩუმად ჩაიხითხითა.
- სავანელი!
სირაძე გამოძახებულივით წაადგა თავს გოგონებს. ელმა რვეული დახურა და თავისკენ მისწია.
- სავანელი, რას მალავ მანდ? - მათემატიკის მასწავლებელს თვალები ეჭვით დაუვიწროვდა.
ელმა ქალს ახედა, იგრძნო როგორ დაუარა გაღიზიანებამ ორგანიზმში.
- რას ნიშნავს, ვმალავ? - წარბი შეიკრა.
- რვეული მომეცი!
ცხვირწინ გაუტკაცუნა თითები. ნიცა მოიკუნტა. ელმა მშვიდად გაუწოდა რვეული. იზამ ნერვიულად გადაშალა და გოგოლაძის ნახევარი საათის ნაცოდვილარ მაგალითზე გაეყინა მზერა. თვალები მოეწკურა, შემდეგ კი ელს ავად გადმოხედა.
- ეს შენი რვეულია? - იკითხა გესლიანად.
ნიცამ პირი გააღო, რაღაცის სათქმელად, მაგრამ ელმა ფეხზე ფეხი მწარედ დააბიჯა. გოგონას ტკივილისგან სახე მოექცა.
- დიახ. - უპასუხა მშვიდად.
- გინდა მითხრა, რომ ეს სისულელე, შენ დაწერე, სავანელო?! - ცხვირწინ აუფრიალა რვეული.
- პასუხი უკვე გაგეცით, დასმულ კითხვაზე. - წარბები აზიდა. მიუხედავად იმისა, რომ შიგნიდან ბრაზისგან იხრუკებოდა მშვიდ გამომეტყველებას ინარჩუნებდა.
- როგორ ბედავთ, ჩემს მოტყუებას?! - გაცეცხლებულმა რვეული მერხზე დაახეთქა და მშიერი სვავის თვალებით გადახედა გოგოლაძეს.
- არ არის აუცილებელი თქვენობით მესაუბროთ, ქალბატონო იზა. ზრდილობიანი მომართვაც საკმარისია.
კლასში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. ბავშვებმა თითქოს სუნთქვაც კი შეიკრეს. ნიცას თვალები დაეხუჭა, მათემატიკის მასწავლებელმა ძალიან ნელა მიატრიალა თავი სავანელისკენ, რომელიც სკამის საზურგეს მიყრდნობილი მშვიდად შესცქეროდა, როგორ გადადიოდა ქალის სახე შუქნიშნის ფერებში. Მწვანე, ყვითელი და როცა წითელი აენთო გველივით წაისისინა:
- ახლავე! დირექტორთან! სავანელი! - თითოეულ მარცვალს გესლად აფრქვევდა პირიდან.
ამოიოხრა და აუჩქარებლად წამოდგა. სკამი ხმაურით გახოხდა უკან. ბავშვები დამრგვალებული თვალებით მიაჩერდნენ. მათემატიკის მასწავლებელს ვერავინ უბედავდა თავხედურად საუბარს. ყველამ იცოდა, რა მოჰყვებოდა სირაძესთან უხეშობას. თუმცა, ქალმა მოახერხა და ელის მოთმინების ფიალა, ბოლომდე ამოწურა.
- წინ გამიძღვებით, თუ უკან მომყვებით?
- ქალი არ ვიყო, შენი თავი სკოლიდან თუ არ გავაგდებინო, თავხედო!
სიტყვები სახეში შეადორბლა მოსწავლეს. ელმა ოდნავ გასწია თავი უკან და დემონსტრირებულად მოიწმინდა სახე.
- ელლ... - ნიცას ტირილამდე აღარაფერი აკლდა.
- ხმა ჩაიწყვიტე, გოგოლაძე! შენთვისაც მოვიცლი! - დაუცაცხანა იზამ და ელს გადაუბრიალა თვალები - წინ გამიძეხი!
- როგორც ინებებთ...
თავი დაუკრა ღიმილით და ქურთუკის ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა მერხებს შორის გაიკვლია გზა. იგრძნო, როგორ გააყოლა თვალი მთელმა კლასმა. კარი გამოაღო და დერეფანში გავიდა. მასწავლებელმა ავად მიუგდო ბავშვებს უკან დაბრუნებულს მაგალითი ყველას გამოყვანილი გქონდეთ, თორემ წლიურს არ გაღირსებთო და მშიერი მგელივით მიჰყვა გოგონას უკან.
დირექტორის კაბინეტი, მეორე სართულზე, მარცხენა ფლიგელში მდებარეობდა. დარეჯანა, ყველაზე ფართე და მზიან კაბინეტში წამოსკუპებულიყო. ოთახის კედლები უზარმაზარი, მასიური ხის, კარადებს დაეფარათ, რომლებიც სქელტანიანი წიგნებით გამოეტენათ. ოთახის ცენტრში კი ლამაზი მუხის ძვირდაღირებული მაგიდა დაედგათ, რომელსაც ახალი მოდელის პერსონალური კომპიუტერი და ქოთანში ჩარგული მეწამული ფერის „როდოდენდრონი“ ამშვენებდა.
დირექტორი, ყვავილს უფრო ადამიანურად ეპყრობოდა, ვიდრე მის გარშემო მყოფ ხალხს. სირაძე ბოროტ აღფროვანებას გრძნობდა, როცა მოსწავლეს გველეშაპთან მიაცუნცულებდა. ერთი სული ჰქონდა, როდის ჩაუკაკლავდა ყველაფერს დარეჯანას, შემდეგ კი, სახეგაცისკროვნებული გვერდით გადგებოდა და ენითაუწერელი სიამოვნებით მიადევნებდა თვალს მოვლენების განვითარებას. მშვენივრად მოეხსენებოდა დირექტორის ავადმყოფური ხასიათი და თუ გოგონას ხელითაც შეეხებოდა, მთლად ცას ეწეოდა სიხარულისგან!
დირექტორის კაბინეტს, რომ მიაღწიეს იზამ კარზე დააკაკუნა. დაელოდა როდის შეიპატიჟებდა პითონი თავის ბუნაგში. შემოდიო - ამაზრზენი ხრინწიანი ხმა, რომ გაიგონა შიგნიდან კარი შეაღო.
- მაპატიეთ, დარეჯან მასწავლებელო, რომ გაწუხებთ, მაგრამ მოსწავლესთან პრობლემა მაქვს.
- ოჰ, იზა... შენ ხარ... შემოდი.
ხმა შეურბილდა დირექტორს. ელს კინაღამ გაეცინა. დარეჯანა თუ ვინმეს ისე ძალიან არ უჯღაოდა მასწავლებლებიდან, სწორედ სირაძეს. ძაღლი ძაღლის ტყავს არ გაძიძგნისო, ფიქრობდა სიტუაციის შეუფერებლად გამხიარულებული.
- შედი! - შეუღრინა სავანელს და გოგონას უკან შეჰყვა.
ელისდა გასაოცრად, კაბინეტში, დირექტორს უკვე სტუმრობდა ვიღაც. სკამზე არხეინად გაჩაჩხული ავალიანი მობეზრებული გამომეტყველებით შესცქეროდა ჭერს, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს სადაცაა მოწყენილობისგან ჩამოეძინებაო. ბიჭმა მობეზრებული მზერა სტუმრებზე გადაიტანა და როცა ახალმოსულში ელი ამოიცნო, პირველად დაეტყო სახეზე ინტერესი. სკამზე შესწორდა და ჯერ გოგონას გადახედა, შემდეგ კი ცნობისმოყვარე მზერა მასწავლებელს მიაპყრო. დარეჯანმა ახლადმოსულები შეათვალიერა და სირაძეს მიუბრუნდა:
- გისმენ, იზა, რა მოხდა?
მათემატიკის მასწავლებელმა, მაშინვე ტუჩები მოილოკა და კრიახით მოჰყვა კლასში მომხდარ ინციდენტს. სავანელმა ფარულად გახედა ავალიანს და აღმოაჩინა, რომ ბიჭიც უყურებდა. ტუჩებზე კი მკრთალი ღიმილი დასთამაშებდა. ყბადაჭიმულმა თვალი აარიდა.
- უზრდელი და თავხედია! - დაასრულა ქოთქოთი მათემატიკის მასწავლებელმა.
- ჰმმ...
დარეჯანამ მზერა ელზე გადაიტანა, გოგონას ისევ სიმშვიდე ეწერა სახეზე. გადაჯვარედნიებულ ხელებს რიტმულად სცემდა მაგიდის ზედაპირზე. თავი გვერდით გადახარა და ხმადაბლა, მაგრამ გარკვევით ჰკითხა:
- მართალია, რასაც მასწავლებელი ამბობს?
- რას გულისხმობთ, ქალბატონო დარეჯან? მასწავლებლის მიერ აღწერილ სიტუაციას, თუ ჩემს პიროვნულ დახასიათებას?
- ხედავთ?! - გაშლილი ხელი გაიშვირა გოგონასკენ. აღელვებისგან ჟანგბადი დააკლდა ფილტვებში და ენა აებლუკა - ესსს.. ესს
- იზა! - ხელის აწევით დაადუმა - ვიმეორებ, მართლა არ უსმენდი მასწავლებელს გაკვეთილზე?
- სიმართლე გითხრათ, არაფერი იყო მოსასმენი, - მიუგო სერიოზულად - მასწავლებელმა დავალება დაფაზე დაწერა და საწერ მაგიდას მიუჯდა ტელეფონით ხელში. არა, არ ვუსმენდი, რადგან გაკვეთილს არ ატარებდა.
სირაძეს ადგილზე შეაქანა. სახეზე მიწისფერი დაედო. ყურებს არ უჯერებდა, რომ გოგონას კადნიერება ეყო ურცხვად დაედანაშაულებინა მასწავლებელი უსაქმურობაში. მოსწავლის თავხედობამ წონასწორობა დააკარგვინა, სულ დაავიწყდა, რომ დირექტორის კაბინეტში იყო და კივილით გაუქანა მარჯვენა. სანამ ვინმე რეაგირებას მოასწრებდა მოქნეული ხელი ჰაერში დაუჭირეს. ელს მძლავრად ჩაებღუჯა ქალის მაჯა, ნახშირივით შავ თვალებში ცეცხლი ენთო. კბილი კბილს გაუსვა გამძვინვარებულმა.
- არც კი იფიქრო!
გამოსცრა კბილებში და ისე ძლიერად მოუჭირა ხელი, ქალს კვნესა აღმოხდა. მწვავე ტკივილმა თითქოს მოაფხიზლა, თვალები აახამხამა და ხელის გამოგლეჯვა სცადა, მაგრამ ელი ისე ჩაჰფრენოდა მცდელობამ უნაყოფოდ ჩაუარა.
- კიდევ ერთხელ სცადე, ხელის აღმართვა და მარჯვენას მოგამტვრევ!
დაიღრინა და ქალს უხეშად უბიძგა, მასწავლებელი უხერხულად წაბარბაცდა და კინაღამ ავალიანს ჩაუხტა კალთაში, რომელიც გოგონას დაუფარავი ინტერესით მისჩერებოდა. დირექტორი წარმოდგენას უხმოდ შესცქეროდა. რამდენიმე წამს სავანელზე გაუშტერდა მზერა, რომელიც მათემატიკის მასწავლებელს დაუფარავი ზიზღითა და სიძულვილით მიშტერებოდა.
- ჰმმ - ჩაახველა - სავანელი, მასწავლებელზე ხელის აღმართვისთვის, მინიმუმ სკოლიდან გარიცხვა გემუქრება. გაკვეთილზე ყურადღებით არ ხარ. ადამიანს, რომელიც თავის დროსა და ენერგიას გითმობს, რათა რამე გასწავლოს, უპატივცემულოდ და აგდებით ეპყრობი! ეს, ჩემს სკოლაში დაუშვებელია!
ელმა მზერა დირექტორზე გადაიტანა. ქალის რეაქციას არ გაუკვირვებია. თავად ფიზიკურად უსწორდებოდა მოსწავლეებს და იზას რა ლოგიკით შეუსწორებდა საქციელს?!
- მხოლოდ იმიტომ, რომ დედაშენს დიდ პატივს ვცემ, ერთი კვირით დათხოვილი ხარ სკოლიდან! სახლში დაჯდები და შენს საქციელზე დაფიქრდები, როცა გონს მოეგები მასწავლებელს ბოდიშს მოუხდი და მხოლოდ შემდეგ დაუბრუნდები სწავლას. რაც შეგეხება, შენ ავალიანი! შენც ერთი კვირის შემდეგ დაუბრუნდები სკოლას, სხვა დროსაც თუ დაიგრძელებ ხელებს, პირადად ვიზრუნებ, რომ დაგიმოკლდეს! თავისუფლები ხართ!
მოსწავლეები კაბინეტიდან გამოყარა. მასწავლებელს კი თავისთან უხმო თბილი ხმით - ჩამოჯექიო. გარეთ გამოსულებმა ერთმანეთს გადახედეს და ორივეს ერთდროულად აუტყდა სიმწრის სიცილი. როგორ გინდა სიმართლით თავი გაიტანო, იქ სადაც, ძაღლების ნაცვლად კატებს აყეფებენ?
ელი და ავალიანი სიტყვის უთქმელად დაიშალნენ თავიანთ კლასებში. სავანელმა საკლასო ოთახის კარი რომ შეაღო ყველამ, სინქრონულად, მისკენ მიატრიალა თავი.
- ელ! - ნიცა სკამიდან წამოხტა, როცა გოგონა მისკენ გაეშურა - რა მოხდა? გეჩხუბნენ? ჩემ გამო გეჩხუბნენ!
ნერვიულობისგან გაწვრილებულ ხმაში ცრემლი გამოერია.
- დარეჯანამ ბევრი იღრიალა? - შეშფოთებული ჩანდა ლიზა. ანაც დაძაბული შეჰყურებდა პასუხის მოლოდინში.
ელმა ნიცას გვერდი აუქცია, წიგნს და რვეულს წამოავლო ხელი და ჩანთაში ჩაუძახა.
- რას აკეთებ? - თვალები დაუმრგვალდა გოგოლაძეს.
- სკოლიდან ერთი კვირით დამითხოვეს.
- რააა?
კანდელაკს თვალები დაუმრგვალდა. შერვაშიძემ პირზე აიფარა ხელი, ნიცას კი ცრემლები წამოსცვივდა.
- წავალ და ვეტყვი, რომ ჩემი ბრალი იყო!
მთელი კლასი ოთხეულს მისჩერებოდა პირდაღებული. ელმა ნიცას მაჯა დაუჭირა, სანამ სულელივით გავარდებოდა კლასიდან.
- ეი, - გოგონა თავისკენ შეაბრუნა - სირაძეს მხოლოდ მიზეზი სჭირდებოდა, რომ დამტაკებოდა, შენ არაფერ შუაში ხარ! ჩუმად ისხედით, მეტად ნუ გააღიზიანებთ, ისედაც საკმარისი სირცხვილი ჭამა.
როცა ელმა უხეშად უბიძგა და წაბარბაცდა, მის სახეზე მანამდე არნახული შიში ამოიკითხა. სავანელს მუდამ უხეშად ელაპარაკებოდა, როგორც სხვა დანარჩენებს, ის კი მიუხედავად ქალის უზრდელური გამოხდომებისა თავაზიანად პასუხობდა. კაბინეტში, მოსწავლის მძაფრმა რეაქციამ კი გვარიანად შეანჯღრია. პირველად იგრძნო შიში და სირცხვილი ერთდროულად.
- რა ჩაიდინე? - კანდელაკმა ჩვეულისამებრ სწორი კითხვა დასვა.
- არაფერი ისეთი, რასაც არ იმსახურებდა, - მხრები აიჩეჩა - მოკლედ, რაღაც პერიოდი აქ სასურველი პიროვნება არ ვარ, ასე რომ გაკვეთილების მერე შევხვდებით.
- მოხვალ ჩემთან? - ტუჩები უკანკალებდა ნიცას.
- მოვალ, - თავი დაუქნია - დროებით.
გოგონებს ხელი დაუქნია და მერხებს შორის გაიკვლია გზა. არცერთ მოსწავლეს არ ამოუღია ხმა. Მხოლოდ მაშინ აჩურჩულდნენ ერთმანეთში, როცა სავანელმა კარი გაიხურა.
- რას ბუტბუტებთ იდიოტებივით? - ყველასთვის მოულოდნელად იფეთქა ნიცამ და გაჯავრებულმა პატარა ბავშვივით დააბაკუნა ფეხი იატაკზე - რატომ არცერთი არ იღებთ ხმას, როცა სირაძე ბოლო სიტყვებით გლანძღავთ, ლაჩრებო?! თქვენ მარტო ზურგსუკან პროტესტი და ჭორაობა გამოგდით! ღირსები ხართ, როგორც გექცევათ!
იწივლა გაკაპასებულმა და მოწყვეტით დაეხეთქა სკამზე. სახე ხელებში ჩარგო და ჩუმად ატირდა. ლიზამ და ანამ ერთმანეთს გადახედეს...
საკლასო ოთახიდან გამოსული ელი, ნელა ჩაუყვა კიბეებს. ტელეფონი ამოიღო და შუკვანს შეტყობინება მისწერა, სკოლის შემდეგ არ დალოდებოდა, მოკლედ დაურთო სკოლიდან დროებით დამითხოვესო და აპარატი ჯიბეში შეინახა. მეორე სართულზე ჩადიოდა, როცა დერეფანში მათემატიკის მასწავლებელს შეეფეთა. ელი რომ დაინახა შეცბა. უხერხულად დააცეცა თვალები, თავი დახარა და ნაბიჯს აუჩქარა, რომ გვერდი აევლო, მაგრამ ელი წინ გადაუდგა.
მარტონი იყვნენ, აქ არ იყვნენ არასასურველი მოწმეები, აღარ სჭირდებოდა თავაზიანობის ნიღბის მორგება სახეზე. მასწავლებელი ადგილზე შედგა და ორი კიბით დაბლა მდგარმა გოგონას გაოცებით ამოხედა. არ ეგონა, რომ წინ გადაეღობებოდა. სირაძეს ბევრი რამ არასწორად ეგონა...
- ბოდიშს ხომ არ ელოდებით ჩემგან, ქალბატონო იზა? - ხმაში ღვარძლი გამოერია.
- გზიდან ჩამომეცალე! - გვერდის ავლა სცადა, მაგრამ გზა ისევ მოუჭრეს.
- კარგად დაიხსომე ჩემი გაფრთხილება, - სუსხიანად გაისმა გოგონას ხმა სიწყნარეში - კიდევ ერთხელ სცადე ხელის აღმართვა და მარჯვენას დაკარგავ! ნათქვამია, ნაყოფი ვაშლის ხიდან შორს არ ვარდებაო. დაფიქრდი, იზა, მიხვდები რასაც ვგულისხმობ...
თვალი თვალში გაუყარა ენაჩავარდნილს. მზერის მოუცილებლად აუარა გვერდი და აუჩქარებლად გააგრძელა გზა. მოაჯირს დაყრდნობილი ავალიანნი, კიბის სათავიდა გადმოჰყურებდა სანახაობას. სახეზე გაურკვეველი ემოციები დასთამაშებდა. როცა სირაძე გონს მოეგო და თვალები აახამხამა, სწრაფი ნაბიჯით აუყვა კიბეებს. ბიჭის დანახვაზე კომენტარიც კი არ გაუკეთებია, რომ გაკვეთილს არ ესწრებოდა. გვერდით ჩაუქროლა ანერვიულებულმა და საკლასო ოთახში მიიმალა. ავალიანმა თავი მოატრიალა და ისევ კიბეებს ჩახედა. ყბაზე კუნთი დაეჭიმა, ფიქრიანად აკაკუნებდა საჩვენებელ თითს მოაჯირზე

******

"არასწორი გადაწყვეტილება"

ელი ზურგჩანთამოკიდებული მიუყვებოდა სახლისკენ გზას. დირექტორის კაბინეტში მომხდარს მასზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. მიჩვეული იყო დარეჯანას მხრიდან უსამართლო მოპყრობას. არაერთხელ გამოუგდია სავანელი სკოლიდან. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, მისი უმაღლესი მოსწრების წყალობით, საქმე გარიცხვამდე არასოდეს მიდიოდა.
მათემატიკის ოლიმპიადაში მუდამ პირველ ადგილს იღებდა. ბოლო დროს კი, სკოლებმა საერთოდ განაცხადეს უარი, ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე, თუ მოხალისეთა სიაში სავანელი ჩაეწერებოდა. სხვა ბავშვებს გამარჯვების შანსს არ უტოვებსო - ბურტყუნებდნენ უკმაყოფილოდ.
ამას გარდა, ჭადრაკის საზრიანი მოთამაშეც გახლდათ უმცროსი სავანელი. სკოლების შეჯიბრში მოპოვებულმა წარმატებამ მის "მწვრთნელს" ამბიციები გაუღვივა. საზღვარგარეთ უნდოდა ტურნირზე გოგონას წაყვანა. დიდებულ მომავალს უწინასწარმეტყველებდა ჭკვიან სტრატეგოსს, მაგრამ სულამ ყველა გეგმაში ჩაუფურთხა.
ავადმყოფმა ეჭვიანმა გოგონას უარი განუცხადა თანხმობის დოკუმენტებისთვის ხელის მოწერაზე. მოიგონა, ვითომ, გურანდა, ბავშვებთან ერთად, მისგან გაპარვას აპირებდა საზღვარგარეთ. შვილს უარი უთხრა გამგზავრებაზე, რითაც მის კარიერას პირველი დარტყმა მიაყენა.
ელის მასწავლებელმა უარი მტკივნეულად გადაიტანა, გოგონასთან კამათიც კი მოუვიდა - თუ ხვდები, როგორ მომავალს უხურავ კარსო. ორ სიტყვაზე მეტიც წამოსცდა - დედაშენს თავში იმდენი ტვინი არ აქვს, რომ შვილს წარმატებაში ხელი შეუწყოსო!
ეგ იყო და ეგ... ელი უკან აღარასდროს დაბრუნებულა. მიუხედავად მასწავლებლის მოგვიანებითი ბოდიშებისა - ზედმეტი მომივიდაო, კარი სამუდამოდ გამოუხურა ოთახს, სადაც ასე ძალიან უყვარდა ხოლმე სკოლის შემდეგ განტვირთვა.
გურანდას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ელი მეცადინეობებზე აღარ დადიოდა. დროს შუკვანთან ატარებდა ხოლმე, რომ დედამისს ეჭვი არ აეღო, სახლში რატომ ხარო. რომ გაეგო რა მოხდა მასწავლებელსა და მას შორის გული ეტკინებოდა, ამიტომ გადაწყვიტა ყველაფერი ისე დაეტოვა როგორც იყო. მეცადინეობისთვის გადასახდელ ყოველთვიურ ორმოცდაათლარს, შეუმჩნევლად უკან უტენიდა ხოლმე საფულეში.
ერთადერთი, რაც მის უსახო რეალობას ფერებს აძლევდა, წერა იყო. როცა ფურცლებს მიუჯდებოდა კალმით ხელში, საძულველი სამყაროდან თავის პირად პლანეტაზე ინაცვლებდა, სადაც არ ჰყავდა მოძალადე მამა, დამპალი სკოლის სისტემა და წართმეული ოცნებები. ბოლო დროს ვეღარაფერს წერდა. ის მაგიუი „ვენა“ დაეკარგა, საიდანაც მწველი მუხტი მოდიოდა კალმის გავლით ფურცელზე. სასოწარკვეთით ეძებდა თემას, რაშიც მისი ტვინი მთელი არსებით ჩაერთვებოდა.
წუხანდელი ღამით მომხდარმა, კი ადრენალინის მოზრდილ დოზით შემოულაწუნა. დიდი ხანია ასეთი აგზნებით არ უწერია. ფურცლებზე დაათენდა და ენერგიაგამოცლილს საწერ მაგიდაზე ჩამოეძინა, სანამ შუკვანმა არ წამოაგდო ფეხზე დილაუთენია.
მომხდართან დაკავშირებით თავის რეაქციაზე დაფიქრდა. პირველმა შოკმა რომ გადაუარა, გონებაში მხოლოდ უკიდურესი ცნობისმოყვარეობა დაილექა. ხვდებოდა, რომ ასეთი მიდგომა მკვლელობის მიმართ არ იყო ნორმალური, ან ჯანსაღი, მაგრამ განა იყო მის ცხოვრებაში რაიმე ნორმალური, ან ჯანსაღი?
ვერც კი გაიაზრა, როგორ მიიყვანეს ფეხებმა დანაშაულის ადგილთან. გამოერკვა და თავი ასწია. ქუჩა ყვითელი ლენტით გადაეკეტათ. სადარბაზოსთან საპატრულო პოლიციის რამდენიმე მანქანა იდგა, სასწრაფოს კი სირენები გამოერთო, მხოლოდ შუქები ელავდნენ მუქ ლურჯ ფერებში. მოშორებით „სვავების“ კამპერს მოჰკრა თვალი - სიახლეს მოწყურებილი ჟურნალისტები, ლენტის ქვეშ გაძრომას ცდილობდნენ, მაგრამ სადარაჯოდ მდგარი პოლიციელები მკაცრი სახეებით გზას უღობავდნენ.
- ესე იგი, იპოვეს...
ჩაილაპარაკა თავისთვის და თვალები წამოენთო. გაახსენდა, რომ წინა ღამით, როცა ბინიდან გამოიქცა კარი ღია დატოვა, არაფერს შეხებია. ხრწნაშეპარული გვამის მძაღე სუნი სადარბაზოში უნდა ეგრძნოთ მეზობლებს. წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. დაინტერესდა, გვამი თუ უკვე გადაასვენეს პროზექტურაში? ალბათ ბინის ყოველ სანტიმეტრს ამოწმებდნენ.
ცოტა არ იყოს ანერვიულდა. დიდი იმედი ჰქონდა ღამით უცნობთან ძიძგილაობაში თავისი იქ ყოფნის კვალი არ დატოვა. რანაირად უნდა აეხსნა რას აკეთებდა მოკლულის ბინაში? ღამის სამ საათზე??? ვინ დაუჯერებდა, რომ უაზრო ახირებამ და იშვიათმა ინტუციამ შეიტყუეს მოკლულის ბინაში?! გიჟად ჩათვლიდნენ! ან უარესი, იფიქრებდნენ, რომ მომხდართან რამე აკავშირებდა. ეგღა აკლდა! ფპპ, თუ ვინმეს მკვლელობას ამკიდებენ, მხოლოდ სულასიო! - გაიფიქრა მწარე ირონიით.
მეორე ნაბიჯი გადადგა შეკრებილი ბრბოსკენ და ადგილზე გაშეშდა. ხალხში ნაცნობი სახე დალანდა. თვალები აახამხამა, ავალიანის ფიგურა ისე სწრაფად აორთქლდა, თითქოს ზმანება ყოფილიყოს. თვლაები დააცეცა, მაგრამ ვეღარსად დალანდა. ისიც კი იფიქრა, ხომ არ მომეჩვენაო. ახლოს მისვლა გადაიფიქრა.
საინფორმაციოში საკმარისს მოისმენდა, არ იყო აუცილებელი პოლიციას თვალში მოხვედროდა. უცნაურ აღტკინებას გრძნობდა, მას ჰქონდა რაღაც, რაც პოლიციას ძალიან სჭირდებოდა და არა მხოლოდ პოლიციას, უცნობი, რომელიც ბინაში დახვდა...
მთელი დილა ამაზე ფიქრობდა. უცნობი, თუ მართლა მკვლელი იყო, რატომ მოიპარავდა ორიგამის მკვლელობის ადგილიდან? პეპელა შეტყობინება უნდა ყოფილიყო პოლიციისთვის. არა? იქნებ ცდებოდა? იქნებ მკვლელმა, სწორედ მსხვერპლისგან მოიპარა ძველისძველი ოქმის ფურცელი? Საეჭვო იყო, აშკარად ამოხეულს ჰგავდა.
თუ მართლა გარდაცვლილს ეკუთვნოდა, სახლში არ უნდა ჰქონოდა ჟურნალი? "და მკვლელმა მოპარვის დროს იფიქრა, უბერალოდ ფურცელი რომ წავიღო მოსაწყენი იქნება, მოდი ორიგამის გავაკეთებო?" გონებაში ირონიულად გაისმა ცივი ხმა. ელმა თვალები გადაატრიალა.
- ძალიან ბევრი კითხვებია, პასუხების გარეშე!
ზურგჩანთა მხარზე შეისწორა და ბრბოს ზურგი აქცია. სკოლიდან გამოაგდეს, დედამისი და მისი ძმა სახლში არ იყვნენ, მათემატიკისა და ინგლისურის მეცადინეობებს ის კვირა წაუყრუა. ჭადრაკის წრიდან წამოვიდა. რა საქმე ჰქონდა?
- პირად გამოძიებას ვიწყებ! - დიდი ხნის შემდეგ პირველად მოეფინა გულწრფელი ღიმილი ტუჩებზე.


******

"შეთანხმება"

კარზე დააკაკუნა. ცოტახანს შეიცადა და როცა არავინ გამოეხმაურა ისევ დააკაკუნა, თან მოუთმენლად ცქმუტავდა ადგილზე. ბინიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ჯიუტად დააკაკუნა მესამედ. კარის საკეტმა ყრუდ გაიჩხაკუნა, ოდნავ შეაღეს. კარში დატანებული ღრიჭოდან "ცვილის მასკას" მოჰკრა თვალი.
- არ მჯერა, რომ ასე გამიმართლა. სახლში მარტო ხარ? - მისალმებით თავი არ შეუწუხებია, პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
- კარი მხოლოდ იმიტომ გავაღე, რომ სამზერედან შენ დაგინახე.
მასპინძლის ხმაში გაკვირვება იგრძნობოდა. კიდევ უფრო ფართოდ გახსნა კარი და ცარიელ სადარბაზოს თვალი მოავლო. რომ დარწმუნდა, მარტონი იყვნენ, მზერა ისევ ელზე გადაიტანა. ჩამომდნარი თვალის ხვრელებიდან, დაკვირვებით მისჩერებოდნენ მწვანე სფეროები.
- აქ რას აკეთებ, ელ?
- შენი დახმარება მჭირდება, რეზი. შეიძლება, შიგნით ვილაპარაკოთ?!
ერთხანს შეყოყმანდა, მაგრამ ცნობისმოყვარებამ სძლია და გვერდით გადგა. სავანელი მარდად შესხლტა ბინაში და კარი მიიხურეს. მანამდე არასოდეს ყოფილა რეზისთან. სხვა დროსა და სიტუაციაში, თავს ალბათ უხერხულადაც კი იგრძნობდა, მაგრამ იმდენად იყო აგზნებული სხვა ვერაფერზე ახდენდა კონცენტრაციას.
- ჩემს ოთახში გავიდეთ. არ ვიცი, დედაჩემი როდის დაბრუნდება.
ხელით ანიშნა თეთრი კარისკენ. ელმა თავი დაუქნია და უკან მიჰყვა. როცა საძინებელში განმარტოვდნენ, სავანელს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. სხირტლაძის ოთახის უდიდესი ნაწილი კომპიუტერის მონიტორებს დაეკავებინათ. ელმა ექვსი ეკრანი მოთვალა და გვერდით მდგომს გადახედა.
- პირადი საიდუმლო ბაზა გაქვს საძინებელში? - რეზიმ მხრები აიჩეჩა.
- სახლში დრო რამით ხომ უნდა გავიყვანო? შეამჩნევდი, აქტიური ცხოვრების წესს არ მივდევ.
კომპიუტერების წინ, მოხერხებულ სავარძელში ჩაეშვა და სტუმარს იქვე მდგარ რბილ სავარძელზე ანიშნა ჩამოჯექიო. ელი მითითებას დაემორჩილა.
- მეორე სავარძელი რად გინდა?
სასხვათაშორისოდ იკითხა, სანამ მთავარზე გადავიდოდა. დროის მოგება უნდოდა, რათა აზრები დაელაგებინა, როგორ წამოეწყო საუბარი.
- ხანდახან მამაჩემი შემოდის ხოლმე, ფეხბურთს ვთამაშობთ ერთად. თუმცა... აქ, ჩემი დღიური რუტინის საკითხავად არ მოსულხარ, ხომ ასეა?
ელმა თვალებში შეხედა ბიჭს. Რეზისთან ხშირად საუბრობდა ღამღამობით, როცა ცარიელ ეზოში შეეჩეხებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. განსაკუთრებულად ახლო ურთიერთბა არ აკავშირებდათ. ცოტა არ იყოს ყოყმანობდა. თვით შუკვანსაც კი დაუმალა მომხდარი... ჯერჯერობით.
- სიმართლე გითხრა, - წამოიწყო რეზიმ, როცა პასუხი დაუგვიანეს - ცნობისმოყვარეობა მკლავს, რამ მოგიყვანა ჩემთან?
- ინფორმაცია მჭირდება, ვფიქრობ დახმარება შეგიძლია... - მრავალმნიშვნელოვნად გადახედა კომპიუტერებს. რეზის ტუჩებზე ღიმილი მოეფინა.
- ესე იგი, ჭორები შენამდეც მოვიდა?
- ლესელიძემ, შენთან პოლიცია რომ ნახა მოსული, მთელს ქვეყანას მოსდო, სხირტლაძეების ბიჭი "დარქნეტში" დაძვრებაო. ჯერ სად გაიგონა "დარქნეტი" და მეორეც სულ სხვა რამ ჰგონია... მოიცა, როგორ უთხრა როზას... "შვაიცარიის ბანკია გოგო, მგონი ეგ, ფული უნდოდა მოეპარა, მარა ხელი შეუშალეს!"
ლესელიძის გატყლარჭულ ლაპარაკის მანერას ისეთი სიზუსტით გამოაჯავრა რეზის სიცილი აუტყდა.
- მერე, შეცდომა არ შეუსწორე? - აჰყვა.
- ღამე მშვიდად მხოლოდ იმიტომ სძინავს, რომ "ურჩხულების" არ სჯერა, ასე რომ დავტოვოთ საქმე ისე, როგორც არის.
- სასწაული ტანდემია, - ეცინებოდა რეზის - მაგ ორმა უფრო მეტი იცის მთელ ქალაქზე, ვიდრე პოლიციას მოეპოვება ინფორმაცია თავიანთ ბაზაში.
- შეიძლება, - თავი დაუქნია ღიმილით - მაგრამ შენ ყველაზე მეტი იცი...
ნიკაპი მოისრისა წარბაწეულმა. ბიჭმა ერთხანს უყურა წინ მჯდომს, შემდეგ ხელები გულზე დაიკრიფა და ხმადაბლა წამოიწყო.
- „დარქნეტში“ ისე ვერ შეაღწევ, ავტომატურად შენი აიპმისამართი, რომ არ დაფიქსირდეს პოლიციაში.
- ამიტომ მოგადგნენ მაშინ?
- შეცდომა დავუშვი, - თავი დაუქნია - მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, გამოუცდელი...
- „დარქნეტში“ რას ეძებდი?
რეზი ისევ დადუმდა. აშკარა იყო გოგონას ისევე არ ენდობოდა, როგორც ელი მას. მაგრამ რომელიმეს უნდა გადაედგა პირველი ნაბიჯი, რათა საუბრის გაგრძელებას აზრი ჰქონოდა. ელმა ამოიოხრა.
- რასაც გეტყვი, ამ კედლებს მიღმა არ უნდა გავიდეს, რეზი.
- რატომ ფიქრობ, რომ ჩემი ნდობა შეიძლება? - ბიჭის ხმაში ცნობისმოყვარეობა გამოსჭვივოდა.
- პასუხი ბანალურია - წელში გასწორდა და თვალი გაუსწორა - ძაღლზე მძაფრი ინტუიცია მაქვს. არ ჰგავხარ იმ ადამიანს, ვისაც მეზობლებთან ჭორაობა უყვარს.
რეზიმ ერთხანს მდუმარედ შესქცეორდა მოსაუბრეს, შემდეგ სკამზე შესწორდა და ხელით ანიშნა გააგრძელეო.
- წუხელ მკვლელობა მოხდა, მოპირდაპირე ქუჩაზე...
- გავიგე, დილას საინფორმაციოში გადმოსცემდნენ.
- რა თქვეს? - დაინტერესებული სკამზე შესწორდა. თვითონ ჯერ არ ენახა რეპორტაჟი.
- ვიღაც მანიაკს ოცდახუთი ჭრილობა მიუყენებია მსხვერპლისთვის. გვამმა სანამ ხრწნა არ დაიწყო და არ აყროლდა, ყურადღება არავის მიუქცევია, რომ გარდაცვლილი სამი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა. მეზობლები ინტერვიუში ამბობდნენ, ახალი გადმოსული იყო, გამარჯობას თუ იტყოდა უბანში, თორემ ახლოს არავინ იცნობდაო. დილას მეზობელს უნახია კარი შეღებული და სუნი უგრძვნია. უცნაურია... - უცებ ჩაფიქრდა და სტუმარს ყურადღებით დააკვირდა - კარი შეღებული იყო, მკვდარი ვერ გააღებდა, სამი დღის განმავლობაში ერთ ადგილზე ლპებოდა. ერთადერთი ლოგიკური დასკვნა გამომაქვს, რომ ვიღაცამ უკვე ნახა სხეული და უკან გამობრუნდა, კარის მიხურვა კი დაავიწყდა, პოლიციაში დარეკვაც...
მზერით ხვრეტდა წინ მჯდომს. ელმა ისევ ნიკაპზე მოისვა ხელი და იდაყვი მაგიდას ჩამოაყრდნო.
- გუშინ ღამით ქუჩაში ვსეირნობდი, ერთ-ერთი ბინიდან ხმაური რომ შემომესმა. მსხვრევის ხმა და ჩუმი გინება, ქუჩის მხარეს გამომავალი ფანჯრებიდან შემომესმა. ფარდებს მიღმა კი შუქი არ ენთო. ვიცი რომ იდიოტურად ჟღერს, მაგრამ შემოწმება გადავწყვიტე. მესამე სართულამდე ავედი, როცა შეღებული კარი შევამჩნიე. საზიზღარმა სუნმა უფრო დამაეჭვა, სისულელე გავაკეთე და ბინაში შევედი. შიგნით უკვე ვიღაც იყო, ხელი მკრა და ბინიდან გაიქცა. ფეხზე რომ წამოვდექი გვამი მერე შევნიშნე. ახლოს არ მივსულვარ. მაშინვე წამოვედი სახლიდან. არაფერს შევხებივარ, რომ კვალი არ დამეტოვა. არც პოლიციაში დამირეკავს, რანაირად ავუსხნიდი რას ვაკეთებდი მოკლულის ბინაში?
რეზი ჩუმად ისმენდა გოგონას მონათხრობს. Როცა დაასრულა მცირე პაუზის შემდეგ იკითხა.
- და ჩემთან რისთვის მოხვედი?
- სანამ სადარბაზოდან გამოვიდოდი კიბეებზე რაღაც ვიპოვე. დიდი ალბათობით იმ უცნობს დაუვარდა, როცა გარბოდა.
ჯიბიდან ხელი ამოიღო და ორიგამის პეპელა მაგიდაზე დაუსვა რეზის. Ბიჭი ყურადღებით დააკვირდა ქაღალდს. ცვილის ნიღბის გადამკიდე კაცი ვერ ამოიკითხავდა მის ემოციებს სახეზე. მაგრამ თვალები... მწვანე სფეროებს წამით უცნაური სხივი ჩაუდგათ, რომელიც მალევე აორთქლდა. სავანელს ეს ყველაფერი შეუმჩნეველი დარჩა.
- გაშალე, ნახე შიგნით რა არის...
რეზიმ ჯერ ელს ახედა, შედმეგ კი ხარბი მზერით ისევ პეპელას დაუბრუნდა. ფრთხილად შეეხო ფრთებზე და გული გადაუხსნა. მწვანე სფეროები მდუმარედ დაქროდნენ სისხლისგან დალაქავებულ და სიძველისგან გაყვითლებულ ფურცელზე.
- თითქმის არაფერი იკითხება... - ბიჭის ხმაში იმედგაცრუება იგრძნო ელმა.
- საქმის ნომერისა და ბოლოში მოხსენიებული სახელისა და გვარის გარდა, - თითით აჩვენა ადგილები სადაც მელანი ჯერ კიდევ გარკვევით ჩანდა ზედაპირზე - მინდა გავიგო, ვინ არის დანიილ ქალდანი.
- არქივის ოქმიდან ამოხეულ რაპორტს ჰგავს, - გადააბრუნ-გადმოაბრუნა ფურცელი - ასეთ აქტებს პაპაჩემის დროს ავსებდნენ, ხელით, ან საბეჭდი მანქანით, მაშინ კომპიუტერები არც კი არსებობდა. საქმის ნომერი დიდს ვერაფერს მოგვცემს. ეგეც რომ არ იყოს, პოლიციის ძველი საქმეების ფაილებში ქექვა გონივრულად არ მეჩვენება. მით უფრო რომ პირადი ინტერესი არ გაქვს, რისთვის რისკავ?
- ჯერჯერობით სხვა არაფერი მაქვს საქმე და შენ?
რეზის ღიმილი მოეფინა ტუჩებზე. მწვანე თვალებში პირველად აუკიაფდა აღტაცება.
- დანიილ ქალდანი - ელმა თითი დაუკაკუნა ფურცელზე - თუ მის ვინაობას დავადგენთ, იქნებ მივხვდეთ, რატომ დატოვა მკვლელმა ეს ფურცელი დანაშაულის ადგილზე.
- ხვდები, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულება აწაპნე პოლიციას?
- მე არაფერი ამიწაპნია, - შეუსწორა მშვიდად - იმ უცნობმა ტიპმა მოიპარა, მე მხოლოდ ძირს დაგდებული ვიპოვე და ავიღე.
- რაზე ფიქრობდი? ხომ შეიძლებოდა ადგილზე მოეკალი?
- კარგი კითხვაა... აბა? შემოდიხარ თავზეხელაღებულთა სექტაში?
- როგორც თქვი... სხვა რა საქმე მაქვს? - ტუჩის კუთხეში ღიმილი ჩაუტყდა - კიდევ ვინ იცის ამის შესახებ?
- არავინ, მხოლოდ ჩვენ ორმა.
- დაე ასე დარჩეს! სკოლისთვის საგამოცდო ტესტების მოპარვას არ ვაპირებთ...
ტუჩი მოიკვნიტა, შუკვანისგან დასამალი არაფერი ჰქონია, დღემდე... ხვდებოდა, რომ სახიფათო "თამაში" წამოიწყო, გულის სიღმრეში კი არ უნდოდა ამაში მეგობრის გარევა. შუკვანს თავისი პრობლემები თავზესაყრელად ჰქონდა... ელს კი... ყურადღების გადატანა უნდოდა თავისი ცხოვრებიდან...

თავი მეცამეტე

"წარსულის ფურცლებიდან"

საღამოვდებოდა. სოფელში ნახირს მოერეკებოდნენ. ძროხები ნასწავლი ბილიკებით ტაატით მიუყვებოდნენ სახლისკენ გზას. გზადაგზა ზანტად იცოხნებოდნენ და კუდს იქნევდნენ აბეზარი ბუზების მოსაშორებლად. აქა-იქ მეზობლის ძაღლი უყეფდა საქონელს. საერთო გნიასს ცხვრების ბღავილის ხმა ერთვოდა. საღამოს რვა საათი ხდებოდა.
გურანდა, ვერანდის მოაჯირს დაყრდნობილი, სოფლის ხმებს უგდებდა ყურს. ლოყაზე ეულად ჩამოგორებულ ცრემლს კი, დროდადრო საჩვენებელი თითით იმშრალებდა. რაც ელი წავიდა, გულში უზარმაზარ სიცარიელეს გრძნობდა. შორეულ ტყეს გაუშტერა მზერა. ხვდებოდა, რომ შვილებს იმედები გაუცრუა. Სხვანაირი მომავალი უნდოდა მათთვის. ნათელი, უზრუნველი, მოსიყვარულე ოჯახით. მათ სახლში კი, მხოლოდ კოშმარს ეპოვა მოხერხებული ადგილი.
ამოიოხრა და ლამის გული ამოაყოლა თან. სახეზე ხელები აიფარა - როგორ მისცა შვილს მარტოდ წასვლის უფლება?! მაგრამ ისე დაიჟინა, იცოდა ვერ გადააფიქრებინებდა. არ უნდოდა გულში მაინც ეღიარებინა, რომ ელი დიდი ხანია ზრდასრული ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდა, რადგან აუტანელ ტკივილს აყენებდა ის ფაქტი, რომ მისი შვილის წართმეული ბავშვობა მას და სულას უმძიმებდა მხრებს. ქმრისგან განსხვავებით კი, დედას წელში ამტვრევდა ეს სიმძიმე.
რამდენი დრო გავიდა, რამდენმა წყალმა ჩაიარა და რამდენი რამ შეიცვალა წლებთან ერთად, თითქოს ბავშვობა წინა საუკუნეში გამოიარა. დედა მკაცრი ჰყავდა. ლილი დისციპლინას აჩვევდა ბავშვებს ადრეული ასაკიდან. სუფთად უნდა ჩაეცვათ, კარგად უნდა ესწავლათ, ზრდილობიანები ყოფილიყვნენ და არასოდეს შეებრუნებინათ სიტყვა უფროსისთვის, თუნდაც სიმართლე მათ მხარეს ყოფილიყო.
რაც თავი ახსოვდა მამამისი სულ ყანაში მუშაობდა და მოსავალი მოჰყავდა ოჯახისთვის, მშრომელ კაცს, დილიდან დაღამებამდე თოხი და ბარი ეჭირა ხელში. სახლში დაბრუნებისას კი განტვირთვას არაყში ეძებდა. შვილებისთვის თითქმის არასოდეს ჰქონდა დრო. მათი აღზრდა მთლიანად ცოლს გადაულოცა, რის გამოც ხშირად მოსდიოდათ ხოლმე კამათი ოჯახში.
გურანდა კარგად სწავლობდა. პატარაობიდანვე გამორჩეული სილამაზის გოგონა გახლდათ, გრძელი ლამაზი ხვეული თმითა და დიდრონი შავი თვალებით. კოხტა სხეული ამშვენებდა მოზარდს, რის გამოც მთხოვნელები არ აკლდა. თექვსმეტი წლის ასაკში იყო, როდესაც მეზობლის ბიჭმა დიდი მოწიწებით მიართვა ვარდები სახლში და გოგონას მშობლებს გურანდას ხელი სთხოვა.
ლევანმა ბიჭი ისეთ ნოტაზე დაიფრინა, მისი მხეცური ღრიალი ერთი თვე ყურებში ედგა სამეზობლოს. ერთადერთ ქალიშვილს თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. შეიძლება იდეალური მამა არასოდეს ყოფილა, მაგრამ შვილები მთელი გულით უყვარდა. ლილი შვილს არიგებდა, ჯერ კარგად ისწავლე, პროფესია მიიღე, ფეხზე რომ დადგები და დამოუკიდებლად შეძლებ თავის რჩენას, ოჯახის შექმნაზე მერე იფიქრეო. ცხოვრება კიბეა, არავინ იცის რა მოხდება მომავალში, საკუთარი თავის იმედად თუ იქნები მხოლოდ, სხვანაირად ვერ გადარჩები შვილოო.
ხშირად უმეორებდა ლილი ქალიშვილს სიფრთხილე გამოეჩინა, რადგან რაც დრო გადიოდა, მისი ერთადერთი გოგონა უფრო და უფრო მშვენდებოდა, ხელის მთხოვნელების რიცხვი კი მატულობდა. რამდენჯერმე მისი მოტაცებაც კი სცადეს, როცა სასწავლებლიდან სახლში ბრუნდებოდა. გურანდას კივილზე მეზობელი გამოვარდნილა გარეთ და ასე გადაურჩენია მოზარდი თავდამსხმელის კლანჭებს.
ლილის უნდოდა შვილი ექიმი გამოსვლოდა, სუფთად კაბინეტში დაჯდები და კარგ ფულსაც იშოვიო, ოცნებობდა ღიმილმორეული. გურანდას კი, სულ სხვა გეგმები ჰქონდა - მოსამართლეობა უნდოდა. საბოლოო ჯამში კი, ბედის ირონიით პედაგოგი გახდა. თავიდან დაწყებითი სკოლის პედაგოგად დაიწყო მუშაობა, სამი წლის შემდეგ კი ისტორიას ასწავლიდა მაღალ კლასებში.
პატივსაცემი, ახალგაზრდა პედაგოგი ქალი თავისთვის სამყოფ ფულს გამოიმუშავებდა. ლამაზად იცვამდა, საუკეთესოს მიირთმევდა და ძალიან კარგ დროს ატარებდა დეიდაშვილთან, შორენასთან ერთად. Ბავშვობიდანვე დებივით იზრდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ დედებს იდეალური ურთიერთობა არასოდეს ჰქონიათ, ნინას "ავჩარკა" ხასიათის გამო, გოგონებს ერთად დროის ტარება ძალიან უყვარდათ. დიდი მიზნები და ოცნებები ჰქონდათ. ლამაზი ოჯახი და ბევრი შვილები უნდოდათ ჰყოლოდათ. ოი, ცხოვრებავ, მუხთალო, როგორ მრუდედ გაუყენე ორივე ქალს ბედის ბილიკი...
პირველად, შავებში გამოწყობილი ბედისწერა შორენას მიადგა კარზე. ახალგაზრდა, ლამაზ გოგონას თვალი სომეხმა დაადგა და იქამდე არ მოისვენა, სანამ ნინა არ დაითანხმა და მისი ერთადერთი ქალიშვილი შეირთო ცოლად. შემაძრწუნებელია იმაზე ფიქრი, რომ მათი შეხვედრის პირველივე წუთიდან ბოროტად ხითხითებდა კუთხეში მოკალათებული ეშმაკი. იცოდა რა ბედი ელოდა შორენას წინ... ცოცხლად უნდა გამოეწვათ ახალშობილით ხელში. იმ წყეულ ბინაში უნდა დაფერფლილიყო, აუხდენელ ოცნებებთან ერთად...
შორენას სიკვდილი გურანდამ მძიმედ გადაიტანა. ტირილში ათენებდა და აღამებდა. სულით-ხორცამდე სძრავდა მომხდარი. ვერც კი დაეჯერებინა, რომ მისი უმცროსი დეიდაშვილი ვეღარასდროს ჩაიხუტებდა კისკისით გულში, ვეღარასდროს ეტყოდა "გური, წამო დავლიოთ, სანამ ნინაჩკა მოსულა!" დიახ, აღარასდროს დადგებოდა ასეთი დღე. შორენამ სამუდამოდ მიატოვა წუთისოფელი...
ერთი წლის თავზე, როცა ქალმა შავები გაიხადა, მას შეხვდა - დავით გახოკიძეს. სიმპათიურ, ახალგაზრდა ქერა ყმაწვილს, რომელმაც პირველივე შევედრისას მოაჯადოვა. თავაზიანი, კეთილი და უშუალო პიროვნება გახლდათ, დავითი. გურანდა თავს თავისუფლად გრძნობდა მასთან.
სკოლაში მასწავლებლები, რომ უყურებდნენ როგორ აკითხავდა გახოკიძე გურანდას აღტაცებით ჩურჩულებდნენ, როგორ შეეფერებიან ერთმანეთსო. გაცნობიდან ერთ წელში დავითმა გურანდას ხელი სთხოვა, რაზეც ქალი უყოყმანოდ დასთანხმდა. ყველაფერი ზღაპრულად გამოიყურებოდა - სიმპათიური სიძეკაცი, ლამაზი ქორწილი და შაქარივით "ტკბილი" დედამთილი. ყველაფერი მართლაც იდეალურად გამოიყურებოდა, სანამ არ დაღამდა...
ახალდაქორწინებულების საძინებელში კი სამარისებულ სიჩუმეს დაესადგურებინა. ასე მოხდა პირველ ღამეს, შემდეგ მომდევნო ღამეს... და კიდევ და კიდევ... გურანდა ბალიშში ჩუმად ტიროდა, რომ მისი ხმა არავის გაეგონა. წელიწადი ითმინა, "ქმარი" გვერდით მწოლიარე, როგორც ხის ნაფოტი. ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ, მაგრამ საერთო არაფერი ჰქონდათ. კარგი მეზობლები უფრო იყვნენ ვიდრე ცოლ-ქმარი.
ნელ-ნელა გურანდას სამსახურში ზურგსუკან ჩურჩული დაიწყეს, რატომ არ ორსულდება ეს გოგო, რამე პრობლემა ხომ არ აქვსო. ცალკე ლილის უვიწროვდებოდა ეჭვით თვალები და ერთ დღესაც სტუმრად მისულ შვილს ჩააცივდა ამიხსენი შენს თავს რა ხდებაო! - გურანდას ცრემლები წასკდა, დარცხვენილმა სახეზე აიფარა ხელები და ძლივს ამოღერღა, რაც გავთხოვდი ჩემთვის თითი არ დაუკარებია, დედა, იმპოტენტიაო. დასცეცხლა ლილის ახალმა ამბავმა. სიბრაზისგან კიარ გაწითლდა, გაშავდა. სიძეს სახლში მიუვარდა და დედაბუდიანა ყველა დათათხა, იცოდით, როგორი "ინვალიდი" გყავდათ შვილი და ჩემი გოგო სუვენირად გინდოდათ სახლში დაგესვათ და მეზობლებს ეყურებინათ, როგორი ლამაზი რძალი გყავთო.
ის დღე იყო და ლილიმ შვილს ხელი მოჰკიდა და სახლში წამოიყვანა. გამწარებული დავითის დედა მეზობლებში მოჰყვა ჭორაობას, რძალი ქალიშვილი არ გამოდგა, ჩემი ბიჭი მოატყუაო. ოი, როგორ მწარედ აზღვევინა მენაბდემ ურცხვი ტყუილი უსინდისო დედაკაცს, მთელი სამეზობლოს გასაგონად უკივლა, წამოდი ჩვენი შვილები წავიყვანოთ ექიმთან და გამოჩნდება ვინ არის ქალიშვილი და ვინ იმპოტენტიო!
დავითმა თავი ჩახარა და სამუდამოდ აქცია ზურგი ყოველდღიურ ცხოვრებას. მონასტერს შეაფარა თავი, გურანდა კი გულგატეხილი დაუბრუნდა სკოლას. დრო გადიოდა, ქალს შიში დასჩემდა. პირველმა უიღბლო ქორწინებამ მომავლის შიშს მიაჩვია. შორენას გარდაცვალების შემდეგ, ბნელი ფიქრები დასჩემდა - თითქოს ვერაგ ბედისწერას ასე გადაეწყვიტა, რომ რასაც ბავშვობაში ოცნებობდნენ, კოშმარად უნდა ქცეოდათ გოგონებს.
ცხოვრებას იმედის თვალით მაშინღა მოხედა, როცა მის ცხოვრებაში ახალი მამაკაცი გამოჩნდა. იმ საბედისწერო დღეს, გურანდა გვიანობამდე დარჩა სკოლაში. საკონტროლო ჰქონდა გასასწორებელი, სამუშაოს შინ წაღება კი არ უნდოდა, სახლში ვერასდროს ახერხებდა კონცენტრირებას. მოსწავლის ერთ-ერთი მშობელი გარეთ ელოდებოდა გურანდას. შვილის მასწავლებელი გაცნობის დღიდან თვალში მოსვლია ძმისთვის. ერთხელ კი ძალით მოუკიდია იდაყვში ხელი სულასთვის და გურანდა შორიდან დაუნახებია - შეხედე, ანგელოზივით გოგოა, ახალგაზრდა, ლამაზი და პატიოსანიო. სულამ რა წამსაც ქალს მოჰკრა თვალი, გულში ჩავარდნია, თავისი თავისთვის კი პირობა მიუცია, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემი ცოლი გახდებიო.
გურანდას მომავალმა მულმა გააცნო ორი ერთმანეთს. სულა ქალს ისე ფაქიზად ეპყრობოდა, თითქოს ედემის ბაღში აყვავებული ერთადერთი ვარდის კოკორი ყოფილიყო. თავს დასტრიალებდა, უფრთხილდებოდა. ყოველ საღამოს სკოლასთან ელოდებოდა და სახლამდე აცილებდა, როგორც ნამდვილი ჯენტლმენი. ლამაზად ესაუბებოდა და გაცვეთილი ენით დღითიდღე თავბრუსახვევდა ქალს.
გურანდამ, როცა პირველად გააცნო მშობლებს სულა, მამაკაცმა უზარმაზარი ყვავილების თაიგული მიიტანა სატრფოს დედისთვის, ხელზე ეამბორა და თავი ამაყად წარუდგინა - სულა სავანელი გახლავართ, ერთი უბრალო კაცი, დიდი ამბიციებით და გადაწყვეტილი მაქვს თქვენი შვილი ხელის გულზე ვატაროო. ლილის ეჭვით მოეწკურა თვალები. წარსულის გამოცდილებამ სიფრთხილეს მიაჩვია. Მიუხედავად იმისა, რომ სულას იშვიათი ნიჭი ჰქონდა, ადამიანების მოხიბვლის, დედის გული მოუსვენრად ფეთქავდა ყოველ ჯერზე, როცა სულას ხედავდა შვილის გვერდით.
თუმცა, გურანდამ დაიჟინა, კარგი ადამიანი ჩანს დედა, ცხოვრებაში გამახარებს, აღარავინ მინდა მეტი, დავიღალე, ოჯახი და სიმშვიდე მჭირდებაო. ხელი ჩაიქნია, რახან ასე გიწევს მისკენ გული როგორც გინდა ისე მოიქეციო. ასე ჩავარდა სამსხვერპლო ცხვარი მშიერი მგელის მკლავებში.
ოი როგორი ბრმა იყო გურანდას გონიერება და სიფხიზლე... არ ეხერხებოდა ადამიანების ამოცნობა. გულუბრყვილო და მიამიტი, კაცის მომხიბვლელმა ენამ შეაცდინა. ამას კი მაშინ მიხვდა, როცა ქორწინების ღამეს ახლად გამომცხვარ ცოლს ცხვირპირიდან ადენინა საკუთარი ქორწილი და სიცილ-კისკისიც. მეჯვარეზე იეჭვიანა, როგორ გაბედე მასთან ცეკვა ჩემს უკითხავადო, ჯერ სახლში არ შემომიშვიხარ, უკვე სხვისკენ გაგირბის თვალებიო.
ენაჩავარდნილი გურანდა თვალებგაფართოებული შეჩერებოდა მოღრიალე ქმარს, რომელსაც სიბრაზისგან დუჟი სდიოდა პირიდან. მოკუნტული, ჯერ კიდევ ქორწილის კაბაში კედელზე ჩაცურდა და ყურებზე ხელები აიფარა. ერთიანად ცახცახებდა, ლოყებზე კი ცხელი ცრემლები აწვიმდა - მიხვდა, რომ გაუყოფელში გაჰყო თავი, მაგრამ უკვე გვიანიაო, საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი - ხალხი რას იტყვის, მეორე ოჯახი დაანგრია, პირველიც მისი ბრალი იქნებოდაო.
მეორე დღეს, როცა სულას ალკოჰოლი გამოჰქარდა და აზრზე მოვიდა, ბოდიშები უხადა, მთვრალი ვიყავი და არ ვიცოდი რას ვროშავდიო. თვალებდასიებული ქალი, კი რომელმაც მთელი ღამე ტირილში გაათენა, როცა მისი ქმარი ხმამაღლა ხვრინავდა საწოლში, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით შესჩერებოდა მამაკაცს. თავი დაუქნია და... აპატია. იმის შემდეგ, კიდევ ბევრჯერ აპატია, სანამ არ გაიაზრა, რომ მანიაკს გაჰყვა ცოლად, ავადმყოფ ეჭვიანს, რომელიც საკუთარ ცოლის ძმაზეც კი ეჭვიანობდა.
სულა ეჭვიანობდა ყველაზე - მეზობელზე, უბრალო გამვლელზე, უცნობზე, ნაცნობზე, გურანდას სამსახურზე, მის დიპლომზე, მის განათლებაზე, მის გარეგნობაზე. ერთ დღეს, როცა ნერვებმა ამოასხა, ცოლს დიპლომი დაუხია და სკოლაში სიარული აუკრძალა. სახლში იჯდები და შვილს მიხედავო! ლილიმ ეს რომ გაიგო კინაღამ ჭკუიდან გადავიდა, მთელი ერთი წელი მუხლჩაუხრელად იბრძოდა, რომ მის ქალიშვილს პედაგოგის სამსახური ეშოვა სკოლაში და თავისი შემოსავალი ჰქონოდა. მისმა სიძემ, კი ყველაფერი ქარს გაატანა.
სანამ სიძეს დაეტაკებოდა გაცოფებული, გურანდა ჩადგა შუაში, გაბერილ მუცელზე ხელს ისვამდა და ეუბნებოდა - თუ კარიერასა და ჩემს ოჯახს შორის უნდა გავაკეთო არჩევანი, ოჯახს ვირჩევ, დედაო. ლილიმ დიდხანს უყურა წყენით ქალიშვილს, ბოლოს კი უკან დაიხია, თავი ჩახარა, გატრიალდა და წავიდა.
გურანდა იმედოვნებდა, რომ შვილის დაბადება სულას შეცვლიდა. მოუთმენლად ელოდებოდა, როდის აიყვანდა ხელში ახალშობილს. როცა ბოლოს და ბოლოს იმშობიარა, სულამ რაღაც პერიოდი მართლაც მოიგრიხა რქები. შვილს ესიყვარულებოდა, ცოლს ეფერებოდა, ახალი ბიზნესი წამოიწყო, ქუჩაში ვაჭრობას მიჰყო ხელი.
ჯერ ხილბოსტნეულს ყიდდა ყუთებით ქუჩაში, მერე ცოტა პროდუქტები მოიმარაგა, არჩევანის გასამრავლებლად, ბოლოს იმდენი ფული მოაგროვა, რომ საკუთარი მაღაზია გახსნა და სახლში ნაირ-ნაირებს ეზიდებოდა. თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. თითქოს მრუდე გზა, ეკლებით მოქარგული, უკან დარჩა.
სულამ სახლში გამოკეტილ ცოლს გარეთ გამოსვლის უფლება მისცა და გვერდით ამოიყენა. ცოლ-ქმარი მუხლჩაუხრელად მუშაობდა მაღაზიაში. გვიან კეტავდნენ და ადრე აღებდნენ. ერთმანეთი უყვარდათ და შვილით ხარობდნენ. თბილისსა და ბათუმში ერთად დადიოდნენ მატარებლით პროდუქტების მოსატანად. Მერე თავიანთი მანქანაც იყიდეს, ბოლოს კი ბინა შეიძინეს.
მართალია თავიდან ავეჯი არ ჰქონდათ. Მაღაზიიდან წამოღებული ყუთებით გაჰქონდათ თავი, რომელიც ხან მაგიდის მოვალეობას ასრულებდა და ხანაც თაროების. იატაკზე გაშლილ მატრასზე ეძინათ, მაგრამ ბედნიერები იყვნენ. პატარა ქალაქში მალე გავრცელდა ხმა, რომ სავანელს სხვებზე კარგად მისდიოდა საქმე, რამაც ქალაქის ტურები მიიზიდა, როგორც ლეშმა სვავები.
ერთ საღამოს, გვიან ღამით, მაღაზიის დაკეტვისას ცოლ-ქმარს ორი ტიპი წამოადგა თავზე - "ბიუჯეტში" ფული უნდა შემოიტანო, თუ გინდა, რომ არავინ შეგეხოს და შენი საქმე წყნარად აკეთოო. სულას ცალყბად ჩაეცინა და სამ ასოზე გაუშვა ორივენი. ბანდიტებმა უარი იუკადრისეს და სულას მუშტებით შეუტიეს. ორი, ერთზე? თავს გაუტეხავდნენ სულას მისი ცოლი რომ არ ჩარეულიყო. თავდამსხმელებს ფრჩხილებით ჩამოუხოკა სახე, დედა ლომივით იბრძოდა ქალი ოჯახის დასაცავად.
ცოლ-ქმარმა ორ ბანდიტს კუდით ქვა ასროლინა. მაღაზიაში მარტო დარჩენილნი ქოშინებდნენ, გურანდას ბანდიტის ხელუკუღმა გარტყმული ხელი ეწვოდა და აწითლებულ ლოყას ფრთხილად ისინჯავდა, სულას კი ტუჩი და წარბი გახეთქოდა. ნაცემ-ნატყეპებმა ერთმანეთს გადახედეს და ისტერიული სიცილი აუვარდათ. დამტვრეული არყის ბოთლები, რომელიც ქალმა თავზე გადაამსხვრია თავდამსხმელებს ფრხილად წამოკრიფეს და სახლისკენ გაუდგნენ გზას, სადაც პატარა ელი, გულისხმიერი მეზობლის მეთვალყურეობის ქვეშ, მშობლებს ელოდა მოუთმენლად.
ერთი პატარა გამარჯვება ავ წყევლად მოუბრუნდა უკან სავანელების ოჯახს. ინციდენტიდან, ერთი თვის თავზე სულამ პროდუქტების საყიდლად გადაწყვიტა წასვლა ბათუმში. ცოლი სახლში დატოვა შვილთან ერთად და მარტო გაემგზავრა. ხულოს ტყესთან სატვირთო მანქანა გააჩერებინეს ნიღბიანებმა. მანქანიდან გადმოათრიეს და უმოწყალოდ გაუსწორდნენ. მოქნეულმა წიხლებმა თავში უწიეს სავანელს, გაბრუებული ბუნდოვნად ხედავდა, როგორ მოუღერა ერთ-ერთმა უზარმაზარი ლოდი, რომ მისთვის საბოლოოდ გაეჭეჭყათ თავი. მაგრამ მეორემ ხელი შეუშალა - რას აკეთებ, ხომ არ გაგიჟდიო?! იცნო ხმა სავანელმა, თავდამსხმელში ახლო მეგობარი ამოიცნო, რომელიც შვილის დაბადების დღეზე, მის გვერდით მჯდარი, მაღლა სწევდა სადღეგრძელოდ ჭიქას.
ცრემლები წასკდა სიმწრისა და ტკივილისგან. კახა.. ეს რა გამიკეთეო აღმოხდა ხრიალით, სიტყვა აღარ ათქმევინეს. წიხლი ჰკრეს და ხრამში დააგორეს, იმის იმედით, რომ თავისით მოკვდებოდა. მანქანიდან პროდუქტის საყიდლად გამზადებული ფულის მოზრდილი დასტა მოიპარეს და სატვირთო ცეცხლის ალში გახვიეს.
ცოცხალმკვდარმა სავანელმა სამი დღე იარა სახლამდე. ყოველი ნაბიჯის გადადგმა აუტანელ ტკივილად უჯდებოდა, მაგრამ ბრაზი და ბოღმა, რომელიც სულში უგიზგიზებდა, ნაწამები სხეულის საწვავად ქცეულიყო. ჯიქურ მიიწევდა წინ, იმედით, რომ ცოლ-შვილს კიდევ ერთხელ ნახავდა. შინ დაბრუნებულს, კარი გურანდამ რომ გაუღო ქალს პირკატა ეცა, კივილი კი ყელში გაეჩხირა. პატარა ელი დამრგვალებული თვალებით მისჩერებოდა სისხლში ამოთხვრილ გაველურებულ მამაკაცს, რომელშიც ვერაფრით სცნობდა საყვარელ მამას.
იმ დღიდან, იმ წუთიდან, გულის ერთ დარტყმაში შეიცვალა პატარა ელის უდარდელი ცხოვრება, გურანდასი კი ჯოჯოხეთად იქცა. გაბოროტებულმა სულამ ჯერ პოლიციას მიაკითხა, მაგრამ დახმარების ნაცვლად მუქარით გამოისტუმრეს უკან, მომხდარის ქექვას შეეშვი და გირჩევნია საერთოდ გაეცალო ქალაქს, შენი ოჯახისთვის ასე აჯობებსო.
სიბრაზისგან ათუხთუხებული, კახა კახაძეს მიუვარდა და მისი მოკვლა სცადა. მელოტმა კინაღამ ჭიაყელასავით გასრისა მთვრალი სავანელი. კინწისკვრით გამოისროლა სახლიდან და დამცინავად მოაძახა, ეს ერთი მიპატიებია, ძველი ნაცნობობის ხათრით, მეორედ ანდერძს აგიგებო. სასტიკად ნაცემი კოჭლობით დაბრუნდა სახლში. ვერავისზე რომ ვერ იყარა გულისჯავრი, გააფთრებულს ხელში გურანდა შერჩა - იმ ღამეს ჭკუიდან გადასულმა პირველად სცემა ცოლი.
მეორე დღეს, როცა გათენდა და აზრზე მოვიდა მუხლებზე ხოხვით მივიდა გურანდასთან და პატიება სთხოვა, ყველაფერს მოუყვა და მის კალთაში თავჩარგულმა ბლომად ცრემლიც დაღვარა. გურანდა აკანკალებულ ხელს თავზე უსვამდა ბავშვივით აქვითინებულ ქმარს, თან დალილავებული სახიდან უხმოდ მომდინარ ცრემლებს იწმენდდა.
ნათქვამია, როცა კაცი ერთხელ ასწევს ქალზე ხელს, ის ამ ჩვევას ვეღარასდროს მოიშლისო... - არ სჯეროდა გურანდას! სულა სმას მიეჩვია, საყვარელ ბუნაგად კი "დელავერი" იქცია - სატანის ბუდე და არაოფიციალური ბორდელი, სადაც ყოველ კუთხე კუნჭულში თეთრი ფხვნილი ფრიალებდა პატარა ტომსიკებით.
მეპატრონის კახპები კლიენტებს მუხლებზე უჯდებოდნენ, გამომწვევი სამოსითა და ნარკოტიკებით ბიუსჰალტერში. ყურში გველებივით უსისინებდნენ, რომ ფხვნილი ეყიდათ. სადაც არ უნდა გაგეხედათ მამაკაცების დაბინდულ, გამოშტერებულ მზერას წააწყდებოდით. ქალების მაცდური კისკისი კი შორიდან ჩაესმოდათ ექოდ ყურში.
სულა სავანელმაც, სხვების მსგავსად, „დელავერის“ ერთ კუთხეში მოიკიდა ობი. იჯდა და სვამდა კახპებთან ერთად. ცოლის ნაწვალები ფულით კოკაინს ყიდულობდა და ვენებში უშვებდა. სახლში მისული კი საწყალ ქალს უმოწყალოდ უსწორდებოდა. საქმეს რომ მორჩებოდა, ნაცემსა და ატირებულს ლოგინში აწვენდა, გვერდით მიუგორდებოდა და ყურში ჩასჩურჩულებდა - შენს იქით გზა არ მაქვს, გურანდა, ჩვენ ერთად მოვკვდებითო. თუ ოდესმე ჩემგან წასვლას გადაწყვეტ, ჯერ შენ მოგკლავ და მერე თავს მოვიკლავო.
ქმრისგან ზურგით მწოლიარე გულამოსკვნილი ქვითინებდა. საკუთარი გაჩენის დღეს სწყევლიდა, იმ დღეს სწყევლიდა, როცა სავანელს პირველად შეხვდა. მთელი გულით ნანობდა, რომ დედას არ მოუსმინა და მასზე გათხოვება დაიჟინა. ახლა კი გვიანი იყო, ძალიან გვიანი... ასე ფიქრობდა. ეშინოდა, რომ სულა პირობას შეასრულებდა. იცნობდა ავადმყოფ ქმარს. გამკეთებელი იყო - მოკლავდა!
სადაც არ უნდა გაქცეულიყო, ყველგან მიაგნებდა. მოკლავდა და შვილი უპატრონოდ დარჩებოდა. წლები გადიოდა. გურანდა დალილავებულ სხეულს ყველას უმალავდა - შვილს, დედას, ნაცნობებს, ნათესავებს, მთელს სამყაროს! მხოლოდ როცა მარტო დარჩებოდა და სარკის წინ ათვალიერებდა შიშველ სხეულზე გამოყვანილ მოლურჯო-მოყვითალო ლაქებს, პირზეხელებაფარებული მწარედ ტიროდა.
კაცი, რომელსაც ცოლად გაჰყვა, ჯალათად ექცა, კაცმა, რომლმაც ხელის გულზე ტარებას დაჰპირდა, ჯოჯოხეთი ანახა. ხშირად, როდესაც თავს მარტოდ დაიგულებდა, იჯდა, ტიროდა და ზე ფიქრობდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ასეთ ნაბიჯს არ დგამდა, პატარა გოგონა იყო, დიდი, შავი, ნახშირისფერი თვალებით.
სულა უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა. ერთხელ მოტყუებით წაიყვანა თავისებთან, რაღაც საქმე მაქვს და მალე დავბრუნდებითო. გზაში კი, მანქანა გააჩერა და ქოხისკენ მიუთითა. იქ, რაღაც ნივთები მაქვს და წამოდი მომეხმარე მანქანაში ჩავტვირთოთო. გურანდას ეჭვი შეეპარა, მაგრამ მაინც მორჩილად გაჰყვა უკან, როცა სულამ კარი შეაღო, გურანდამ სახელოში დამალული დანის პირი შეამჩნია და თვალები გაუფართოვდა, მიხვდა იმ აყროლებულ ფიცრულში უპირებდა გამოფატვრას. მაშინვე უკან გამოიქცა შეშინებული. მანქანასთან რომ მიირბინა, მეზობელი შემოხვდა, მოხუცმა გაიხარა სავანელების რძლის ხილვით, მათკენ მორბენალმა სულამ კი ნაბიჯი შეანელა.
ვინ იცის რა მოხდებოდა, ოთარი პაპა რომ არ გამოჩენილიყო ზუსტად იმ დროს, იმ ბილიკზე? ღმერთმა გამომიგზავნაო, ფიქრობდა გულაჩქარებული გურანდა და ქმარს შიშით სავსე მზერას არ აშორებდა.
მეორედ მანქანაში ელი ეჯდათ, სულამ დისშვილის ქორწილში ბლომად დალია, მაგრამ დაიჟინა ტარება შემიძლიაო. Საჭეს მიუჯდა და ცოლ-შვილი ძალით ჩაისვა მანქანაში. გურანდას უარის თქმის შეეშინდა, ხალხის წინ კონცერტებს მომიწყობსო და ისევ ცხვარივით გაჰყვა. მანქანის სპიდომეტრზე ისარი ასოცზე რომ ათამაშდა გურანდამ ტირილით სთხოვა შეენელებინა. სულამ კი გაზს მოუმატა, თან შვილს აგულიანებდა - მოგწონს სისწრაფე მამიო? გახარებული გოგონა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა კისკისებდა და ტაშს უკრავდა ხალისით. აღმუვლებული "ბეემვე", მოსახვევში რომ შევარდა სახიფათოდ და ხრამისკენ გაიწია, გურანდამ თვალებზე აიფარა ხელი. სულამ კი ელს გამოსძახა - გაზი მივცე, მამიო?! გაზი მიეცი, გაზი მიეციო - აჭყიპინდა აჟიტირებული. მხოლოდ, როცა დედის სახეზე ცრემლები დაინახა, წარბი შეიკრა. აღარ ემხიარულებოდა. მანქანა კი რომელიც დამშეული მხეცივით მიიწევდა ხრამისკენ - კიდესთან ჩაქრა.
ასე უმიზეზოდ. გურანდამ კიდევ ერთხელ ირწმუნა მფარველი ანგელოზის მადლი და შვებისა და სასოწარკვეთისგან ისტერიკული ტირილი აუვარდა. ელს იმ დღეს, რაღაც ძალიან მძიმე და დიდი ჩასწყდა სხეულში. დიდი, გონიერი თვალები მამამისს მიანათა, პატარას წარბებშორის ღრმა ნაოჭი გასჩენოდა, პირველად იყნოსა ეშმაკის სიმყრალე მამის სხეულში...
მამაზეციერმა უამრავჯერ ანიშნა გურანდას ხელი მოეკიდა შვილისთვის და შორს გაქცეულიყო მანიაკისგან, მაგრამ ყოველ ჯერზე შეშინებული და ფსიქიკურად დაბეჩავებული ხელისგულებს მიღმა ემალებოდა ქმრის მუშტებსა და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ელმა ყურადღებით დაიწყო მამის შეთვალიერება. შეხებისას დედის შეჭმუხნული სახე და ჩუმი კვნესა ეჭვს უფრო და უფრო უღვივებდა, რვა წლისამ კი გაიაზრა, რომ მამამისიგან თავი უნდა დაეცვათ.
მოგონებებში წასულ გურანდას ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა სახეზე ცრემლები. რამდენჯერ გადაარჩინა შვილმა? რამდენჯერ ჩაუდგა შუაში გაგიჟებულ მამამისს, რომელიც უკვე ბავშვსაც აღარ ერიდებოდა და მისი თანდასწრებით სცემდა ცოლს? პატარა ელი ფრჩხილებითა და კბილებით იცავდა დედას, შემდეგ ორსულ დედას, შემდეგ დედას და პატარა ძმას.
ფიქრობდა და ვერაფრით იხსენებდა საკუთარი შვილის ბავშვურ კისკისს, სიხალისეს, სილაღეს. პატარა სავანელი რაც ჭკუაში ჩავარდა და მიხვდა რა ხდებოდა მშობლებს შორის, ქვად იქცა. გაიყინა, გაირინდა და გაუხეშდა. პატარა გოგონა, რომელიც დედის კალთისკენ გარბოდა, მოფერების იმედით, სერიოზულ, მუდამ ჩაფიქრებულ და შეტევაზე გადასასვლელად გამზადებულ მანქანას დაემგვანა.
ყოველი მისი უემოციო გამოხედვა, ცოცხლად სტკიოდა სხეულზე დედას. უჭირდა შვილის სიცივესთან შეგუებ. მის თითოეულ გამოხედვაში ბრალდებას კითხულობდა - რას აკეთებ, ჯერ კიდევ მის გვერდით! ეშინოდა პასუხის გაცემის, ეშინოდა ეთქვა დაგვხოცავსო, ეშინოდა მოეყოლა როგორ აუტანა მთვრალმა სულამ საკუთარ მშობლებს „ლიმონკა“ სახლში და გამოუცხადა, ჩემი გამოჩენისას თუ ლოგინის ქვეშ არ დაიმალებით ხოლმე, ყველას ჰაერში აგწევთ ღამით, როცა გეძინებათო.
როგორ აეხსნა შვილისთვის, ჩემს სულს და სხეულს ვწირავ რომ ჩემი შვილები დაგიცვათო? არ ესმოდა ელს, არ ესმოდა ლილის, არ ესმოდათ გურანდას ძმებს. არავის ესმოდა მისი. სამყარომ ყური მოიყრუა და თვალი დაიბრმავა გურანდას ტანჯვის წინაშე.
დატანჯულმა, როცა იფიქრა ვეღარაფერი შემაშინებსო, რამდენიმე დღის წინ, საკუთარი თვალით ნახა მამის მკერდზე მჯდარი შვილი, რომელიც მას დახრჩობას უპირებდა. ჯერ კიდევ ცხადად გრძნობდა, თითებში ელის ძლიერ ხელებს, რომელიც მარტომ ვერაფრით ააგლიჯა ხის ნაჭერს. გაოცებულსა და შეშინებულს წარმოდგენა არ ჰქონდა საიდან ჰქონდა ამხელა ძალა მოზარდს, მაგრამ ნამდვილი შიში მაშინ იგრძნო, როცა თვალებში ჩახედა - შავ სფეროებს სიკვდილის წყურვილი დაპატრონებოდათ. ჩვეული სიცარიელე და გულგრილობა მძვინვარებას ამოევსო, რომელიც მზად იყო მოეკლა.
მოკლავდა კიდეც, ლილი რომ არ მიხმარებოდა. ფილტვებში ჟანგბადი ეცოტავა, ძლიერმა სპაზმმა ლამის გაგუდა. გულზე ხელი მიიდო და პირით ჩაისუნთქა ჰაერი. მჭიდრო მარწუხებმა არაფრით დაიხიეს უკან. შიშმა მოიცვა ყველა უჯრედი. ელი სახლში დაბრუნდა... თითქოს ახლაღა გადახარშა ტვინმა მომხდარიო. ხელებაკანკალებული თვალების ცეცებას მოჰყვა. უნდა დაბრუნდეს... სახლში უნდა დაბრუნდეს, სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს არ დაუშვებს, რომ შვილმა მამა მოკლას, ან პირიქით...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent