შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ობოლი ბავშვი ცოცხალი მშობლებით"


დღეს, 11:18
ავტორი Mariana_045
ნანახია 43

ამბობენ, ობლობა ყველაზე დიდი ტკივილია, რომელიც ბავშვს შეიძლება შეხვდეს. მაგრამ არსებობენ ბავშვებიც, რომელთა მშობლებიც ცოცხლები არიან, თუმცა ისინი მაინც ობლებად გრძნობენ თავს.ადამიანები სულ უფრო მეტ დროს უთმობენ სამსახურს, კარიერას და ყოველდღიურ პრობლემებს. ხშირად მათ ავიწყდებათ, რომ ბავშვს მხოლოდ საჭმელი, ტანსაცმელი და სათამაშოები არ სჭირდება. მას სჭირდება ყურადღება, სიყვარული, მხარდაჭერა და მშობლებთან გატარებული დრო.ასეთი ბავშვები ხშირად ცდილობენ ყურადღების მიქცევას სხვადასხვა გზით. ზოგჯერ ისინი იკეტებიან საკუთარ თავში, ზოგჯერ კი პირიქით — პრობლემურ ქცევას ავლენენ. სინამდვილეში მათ მხოლოდ ერთი რამ სურთ: იგრძნონ, რომ ვიღაცისთვის მართლაც მნიშვნელოვანნი არიან.მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ შვილებისთვის შრომობენ და მათ უკეთეს მომავალს უქმნიან. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ბავშვობის დაბრუნება შეუძლებელია. გამოტოვებული დაბადების დღეები, შეუსრულებელი დაპირებები, ერთად გაუტარებელი საღამოები და გულწრფელი საუბრები ვერანაირი ფულით ვერ ანაზღაურდება.ბავშვისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მშობლის დროა. რამდენიმე წუთიანი გულწრფელი საუბარიც კი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ყველაზე ძვირადღირებული ნივთი.
სწორედ ამიტომ, ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ.ერთი უახლოესი მეგობარი მყავს. იგი ფორტეპიანოს წრეზე გავიცანი.დღემდე ნათლად მახსოვს დღე, როცა ჩემი სოფია პირველად ვნახე.ფორტეპიანოს კლასში შემოვიდა და უნებურად ყველა ჩვენგანის ყურადღება მიიქცია. მას გრძელი, ყავისფერი თმა ჰქონდა, რომელიც მსუბუქად ეხვეოდა მხრებზე და ყოველ მოძრაობაზე თითქოს ცოცხლდებოდა. მზის სხივები რომ მოხვდებოდა, თმაში ოქროსფერი ელვარება ჩნდებოდა.დახვეწილი აღნაგობა ჰქონდა, თავდაჯერებული,ამავდროულად საოცრად მშვიდი ნაბიჯებით დადიოდა. ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ცხოვრებაში არასოდეს ენახა სირთულე.კიდევ ერთი რამ, რაც სოფიაში პირველივე შეხვედრისას შევამჩნიე მისი ხელები იყო.ფორტეპიანოს კლავიშებზე რომ დააწყო თითები, უნებურად გავხედე. ულამაზესი, გრძელი და სიფრიფანა თითები ჰქონდა. ისეთი ნაზი და დახვეწილი, თითქოს სწორედ მუსიკისთვის იყო შექმნილი.მახსოვს, მაშინ გავიფიქრე, რომ ასეთი თითები მხოლოდ ფორტეპიანოზე უნდა უკრავდეს მეთქი.იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელსაც ასე ლამაზად შეეძლო გაღიმება. ეს არ იყო უბრალოდ ტუჩებზე დახატული ღიმილი — ის თვალებამდეც აღწევდა და მთელ სახეს უნათებდა.თვალები კი... სწორედ თვალები იქცევდა ყველაზე მეტად ყურადღებას.დიდი, მუქი წაბლისფერი თვალები ჰქონდა. ისეთი ღრმა და თბილი, რომ ადამიანს უნებურად უჩნდებოდა სურვილი, კიდევ ერთხელ შეეხედა მათთვის. იმ დროს მეგონა, რომ ამ თვალებში მხოლოდ ბედნიერება ცხოვრობდა.ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რამდენი ტკივილი, მონატრება და უთქმელი სევდა იმალებოდა მათ სიღრმეში.პირველი შთაბეჭდილებით სოფია იმ გოგოებს ჰგავდა, რომელთა ცხოვრებაც ზღაპარივითაა. გოგოს, რომელსაც ყველაფერი აქვს — მოსიყვარულე ოჯახი, ბედნიერი ბავშვობა, ლამაზი მომავალი.დღეები გადიოდა...მე და სოფია დავმეგობრდით.ერთ დღესაც გაკვეთილის დასრულების შემდეგ მის გვერდით აღმოვჩნდი და საუბარი გავაბით.

- ფორტეპიანო რატომ აირჩიე? - ვკითხე და მაშინვე სახე გაუნათდა...
- დედიკოს ძალიან უყვარს ეს ინსტრუმენტი. მისი ოცნება იყო, მეც დამეკრა. ამიტომ შემომიყვანა აქ. - იმ დროს არ ვიცოდი, რამდენად მძიმე ცხოვრება ჰქონდა. პირიქით, მეგონა, მდიდარი მამის გოგონა იყო. ყოველთვის მოწესრიგებული ტანსაცმელი ეცვა, გაკვეთილებზე არასდროს აგვიანებდა და სახეზეც მუდმივად ღიმილი დასთამაშებდა. ხშირად ვფიქრობდი, ალბათ ზაფხულობით რომელიმე კუნძულზე ისვენებს-მეთქი, ხან ერთ ქვეყანაში დაფრინავს და ხან მეორეში.სინამდვილე კი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა...ერთხელ, გაკვეთილის შემდეგ, სახლში ვბრუნდებოდი. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გავდიოდი, როცა ნაცნობი სახე შევნიშნე... თავიდან ვერ ვიცანი...გოგონა გზის პირას იდგა და გამვლელებს წყალსა და სალფეთქებს სთავაზობდა...რამდენიმე წამი გაოცებული ვუყურებდი...სოფია იყო...ჩემი სოფია...ხელში წყლის ბოთლები ეჭირა, სახეზე კი ისეთი დაღლილობა ეტყობოდა, რომელიც არასოდეს შემიმჩნევია...მასთან მივედი...
- სოფია? - ოდნავ შეკრთა. რამდენიმე წამი ხმა არ ამოუღია და მეც კითხვა დავუმატე - აქ რას აკეთებ? -სახე გვერდზე გაიბრუნა.
- ვმუშაობ...
- მუშაობ?
- ფორტეპიანოს გაკვეთილებისთვის ფული ხომ არის გადასახდელი. - იმ დღეს პირველად გავიგე მისი ცხოვრების შესახებ.მაშინ პირველად დავინახე მის თვალებში სევდა.იმ დღიდან სოფიას სხვანაირად შევხედე.ყოველ დილით სკოლაში მოდიოდა. მერე ფორტეპიანოს გაკვეთილებზე გარბოდა. გაკვეთილების შემდეგ კი ქუჩაში დგებოდა და წყალს ყიდდა. ზოგჯერ ღამე გვიან ბრუნდებოდა სახლში.ერთხელ ვკითხე:
- არ იღლები? - გაეღიმა.
- ძალიან.
- მაშინ რატომ არ ანებებ თავს?
- იმიტომ, რომ დედიკოს ოცნებაა. - ეს სიტყვები ისე თქვა, თითქოს სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ყოფილიყო.როგორ მახსოვს ერთხელ ფორტეპიანოს კონცერტი გვქონდა. ყველა ბავშვთან მშობლები მოვიდნენ. ზოგი დედასთან იჯდა, ზოგი მამასთან.სოფია სცენის მიღმა იდგა და დარბაზს ათვალიერებდა.
- ელოდები ვინმეს? - თავი დამიქნია.
- დედას...ვთხოვე მოსულიყო,მაგრამ ალბათ ვერ მოიცალა...
კონცერტი დაიწყო.პირველი ნომერი შესრულდა.მეორეც.მესამეც.სოფიას დედა არ ჩანდა.როცა სოფიას გამოსვლის დრო დადგა, სცენაზე ავიდა და დაკვრა დაიწყო.იმ დღეს ყველაზე ლამაზად დაუკრა.თითქოს თითოეულ ნოტში საკუთარი მონატრება ჩააქსოვა.როცა დასრულდა, დარბაზი ტაშით აივსო.სოფიამ კი მხოლოდ ერთი ადგილი მოათვალიერა...ადგილი, რომელიც ცარიელი იყო...სოფიას დედა არ მოვიდა...მაშინ მივხვდი, ხშირად ისეთ მარტოობას გრძნობდა ჩემი მეგობარი, თითქოს მთელ სამყაროში მხოლოდ თვითონ დარჩენილიყო.სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ზოგჯერ ყველაზე მძიმე ობლობა ის არის, როცა მშობლები ცოცხლები არიან, მაგრამ მათი დრო, ყურადღება და სითბო შენამდე ვერ აღწევს.ასეთი ბავშვები არ ტირიან ხმამაღლა...ამ დღის შემდეგ სოფია ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. არა იმიტომ, რომ მებრალებოდა ან მეცოდებოდა. არც იმიტომ, რომ მისი დახმარება მინდოდა. უბრალოდ, ის ისეთი ადამიანი იყო, რომელსაც ვერ დაივიწყებდი. მის გვერდით ყოფნისას ხვდებოდი, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ადამიანი მაშინაც კი, როცა ცხოვრება გამუდმებით გამოცდებს უწყობს.ერთხელ, დიდი ყოყმანის შემდეგ, სოფიამ თავისი ცხოვრების კიდევ ერთი საიდუმლო გამიმხილა.იმ დღეს ფორტეპიანოს გაკვეთილის შემდეგ პარკში ვისხედით. დიდხანს დუმდა. მერე უცებ მკითხა:
- იცი, ფხიზელი ადამიანი როგორი სახისაა? - გაკვირვებულმა შევხედე.
- რას გულისხმობ? - რამდენიმე წამი არაფერს ამბობდა.
- მე თითქმის აღარ მახსოვს... - მაშინ გავიგე სიმართლე.სოფიას დედა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული...სიტყვები ვერ ვიპოვე...ვცდილობდი წარმომედგინა ქალი, რომელზეც სოფია ყოველთვის სიყვარულით ლაპარაკობდა. ქალი, რომლის გამოც ქუჩაში იდგა და წყალს ყიდდა. ქალი, რომლის ოცნებასაც საკუთარ ოცნებაზე წინ აყენებდა.
- ბოლოს როდის ნახე ფხიზელი? - ძლივს ვკითხე.სოფიამ მხრები აიჩეჩა.
- არ მახსოვს. - მის ხმაში ბრაზი არ იყო.არც სიძულვილი.მხოლოდ დაღლილობა.ის დაღლილობა, რომელიც ბავშვს არ უნდა ჰქონდეს.იმ საღამოს პირველად მივხვდი, რომ სოფია მხოლოდ სიღარიბეს არ ებრძოდა. ის ყოველდღიურად იბრძოდა იმისთვის, რომ ბავშვობა საერთოდ არ დაეკარგა.სანამ სხვა ბავშვები სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ და დედებს დღის ამბებს უყვებოდნენ, სოფია შინ დაბრუნებისას ფიქრობდა, რა მდგომარეობაში დახვდებოდა დედას...ან დახვდებოდა საერთოდ...ზოგჯერ ქალს ეძინა.ზოგჯერ საკუთარ თავსაც ვეღარ ცნობდა.ზოგჯერ კი სოფია საათობით იჯდა მის გვერდით და ელოდა, როდის გაიღვიძებდა.
- მაინც გიყვარს? - ერთხელ ვკითხე.სოფიას თვალები აუწყლიანდა.
- ძალიან.
- ამ ყველაფრის შემდეგაც?
- დედაჩემია... - მაშინ მივხვდი, რომ სიყვარული ყოველთვის მარტივი არ არის. ზოგჯერ სიყვარული ტკივილსაც ნიშნავს. ლოდინსაც. იმედგაცრუებასაც.სოფია ყოველ დღე იმედით იღვიძებდა, რომ იქნებ იმ დღეს მაინც დაენახა დედა ისეთი, როგორიც ბავშვობაში ახსოვდა. ისეთი, რომელიც ეფერებოდა, უღიმოდა და მომავლის გეგმებზე ელაპარაკებოდა.ხშირად ვფიქრობდი, რამდენად უსამართლოა ცხოვრება. რატომ უნდა ზრუნავდეს ბავშვი უფროსზე, როცა პირიქით უნდა იყოს? რატომ უნდა ეძებდეს გოგონა დედის თვალებში იმ ადამიანს, რომელიც ნელ-ნელა ქრება?და მაინც, სოფია არ ნებდებოდა.მეორე დღეს ისევ სკოლაში მოდიოდა.ისევ ფორტეპიანოსთან ჯდებოდა.ისევ უკრავდა.და როცა მისი თითები კლავიშებს ეხებოდა, მეჩვენებოდა, რომ თითოეული მელოდია ჩუმი თხოვნა იყო: „დედა, დამიბრუნდი...“
მამის შესახებ სოფია იშვიათად ლაპარაკობდა. თავიდან მეგონა, უბრალოდ არ უნდოდა ამ თემის გახსენება, მაგრამ ერთ დღეს თავად დაიწყო საუბარი.გარეთ წვიმდა. ფორტეპიანოს გაკვეთილის შემდეგ ფანჯარასთან ვისხედით და წვეთებს ვუყურებდით, როგორ ეცემოდნენ მინას.
- მამაჩემი სამი წლის რომ ვიყავი, მაშინ წავიდა, - თქვა უცებ.მისკენ შევბრუნდი.
- გახსოვს? - სევდიანად გაეღიმა.
- არა. მხოლოდ რამდენიმე ბუნდოვანი მოგონება მაქვს. არ ვიცი, მართლა მახსოვს თუ მერე იმდენჯერ მოვისმინე ეს ისტორიები, რომ ჩემი წარმოსახვა გახდა. - ცოტა ხანს გაჩუმდა,მერე ისევ გააგრძელა - დედა მიყვებოდა, რომ იმ დღეს ჩემი საყვარელი სათამაშო ხელში მეჭირა და კართან ვიდექი. მამას ჩემოდანი ჰქონდა გამზადებული. მე კი მეგონა, სადღაც სასეირნოდ მიდიოდა და უკან მალე დაბრუნდებოდა. - ყელში რაღაც გამეჩხირა.
- მერე?
- თურმე კართან მივსულვარ და მიკითხავს მეც თუ წამიყვანდა - სოფიამ მწარედ გაიღიმა. - დედას ახსოვს, რომ პასუხიც არ გაუცია. თავზე ხელი გადამისვა და წავიდა. - წვიმის ხმამ ჩვენი სიჩუმე შეავსო.
- მას შემდეგ არ დაგიკავშირდა?
- თავიდან, თურმე, რამდენიმე თვე რეკავდა. მერე თვეში ერთხელ. მერე წელიწადში ერთხელ. ბოლოს საერთოდ გაქრა. - სოფიამ ფანჯარაში გაიხედა.
- იცი, ყველაზე მეტად რა მტკივა?
- რა?
- ის კი არა, რომ წავიდა. ის, რომ არც ერთხელ არ დაბრუნებულა იმის სანახავად, როგორი გავიზარდე. - მისი ხმა თითქმის ჩურჩულს ჰგავდა.
- არ უნახავს, პირველად როგორ წავედი სკოლაში. არ იცის, რომ ფორტეპიანოზე ვუკრავ. არ იცის, რომ წყალს ვყიდი, რათა გაკვეთილების ფული გადავიხადო. არ იცის, რომ ზოგ ღამეს მეშინია და ვერ ვიძინებ. - რამდენიმე წამი ჩუმად იყო.
- ალბათ ქუჩაში რომ ჩამიაროს, ვერც მიცნობს. - არ ვიცოდი, რა მეთქვა.ზოგჯერ ადამიანის ტკივილის წინაშე სიტყვები უძლურია.
- გაბრაზებული ხარ მასზე? - სოფიამ მხრები აიჩეჩა.
- ადრე ვიყავი... ძალიან... ყოველ დაბადების დღეზე ვფიქრობდი, იქნებ წელს მაინც დამირეკოს-მეთქი. მერე მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება არ შეიძლება ელოდო ადამიანს, რომელსაც შენი პოვნა არასოდეს უცდია. - ფანჯარაზე წვიმის წვეთები ისევ ნელა ჩამოცურავდნენ.
- მაგრამ მაინც მენატრება, - დაამატა ჩუმად. - არა ის მამა, რომელიც მყავდა. ის მამა, რომელიც შეიძლებოდა მყოლოდა. - ამ სიტყვებმა ყველაზე მეტად შემძრა.მაშინ მივხვდი, რომ ზოგჯერ ადამიანი კონკრეტულ ადამიანს კი არ მისტირის, არამედ იმ სიყვარულს, რომელიც არასოდეს მიუღია. იმ ჩახუტებას, იმ მხარდაჭერას, იმ სიამაყეს, რომელიც უნდა ეგრძნო და ვერასოდეს იგრძნო.სოფიას მამა ცოცხალი იყო...სადღაც არსებობდა...სუნთქავდა, ცხოვრობდა, ალბათ იცინოდა კიდეც...მაგრამ სოფიასთვის ის იმაზე შორეული იყო, ვიდრე ადამიანი, რომელიც საერთოდ აღარ არის ამქვეყნად.და სწორედ ამიტომ იყო სოფია ცოცხალი მშობლების ობოლი.ამის მიუხედავად, სოფიას მათზე არასოდეს დაუწუწუნია...არც ერთხელ.არც მაშინ, როცა მამაზე მიყვებოდა, რომელმაც სამი წლის ასაკში მიატოვა. არც მაშინ, როცა დედაზე ლაპარაკობდა, რომელსაც ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღების შემდეგ საკუთარი შვილი ავიწყდებოდა.ხშირად ვფიქრობდი, მის ადგილას მე რას ვიზამდი...ალბათ გავბრაზდებოდი...ალბათ ვიყვირებდი...ალბათ მთელ სამყაროს დავადანაშაულებდი იმ უსამართლობისთვის, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა...მაგრამ სოფია სხვანაირი იყო.ზოგჯერ მგონია, სოფია იმაზე ადრე გაიზარდა, ვიდრე უნდა გაზრდილიყო. ბავშვებმა მშობლების შეცდომების ტარება არ უნდა ისწავლონ. არ უნდა სწავლობდნენ პატიებას იმ ასაკში, როცა ჯერ კიდევ ველოსიპედის ტარებასა და ოცნებების დევნას უნდა სწავლობდნენ.მაგრამ სოფიამ ეს ყველაფერი მაინც შეძლო.და ალბათ სწორედ ამიტომ ვარ აღფრთოვანებული მისით.არა იმიტომ, რომ ბევრი გადაიტანა.არა იმიტომ, რომ რთული ცხოვრება ჰქონდა.არამედ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად კეთილ ადამიანად დარჩა.ის არ ჰგავდა იმ ადამიანებს, რომლებსაც ტკივილი ამსხვრევს.სოფია იმ ადამიანებს ჰგავდა, რომლებიც ტკივილს საკუთარ გულში ატარებენ, მაგრამ სხვებისთვის მაინც სინათლის გაზიარებას ახერხებენ.და სწორედ ეს არის მისი ყველაზე დიდი გამარჯვება...
მერე ყველაფერი გართულდა...თავიდან ვერაფერი შევამჩნიე. მეგონა, უბრალოდ ავად იყო ან სკოლაში ჰქონდა საქმე...ერთ დღეს არ მოვიდა ფორტეპიანოს გაკვეთილზე...მეორე დღესაც არ გამოჩენილა...მესამე კვირას უკვე ყველანი ვკითხულობდით, სად იყო სოფია...ტელეფონზე არ პასუხობდა...შეტყობინებებს არ კითხულობდა...რაც დრო გადიოდა, მით უფრო მძიმე ხდებოდა მოლოდინი...და მერე გავიგე.ისეთი ამბავი, რომლის დაჯერებაც არ მინდოდა...სოფიას დედა გარდაიცვალა...ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მიღების გამო...რამდენიმე წუთი სიტყვაც ვერ ვთქვი.მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი — ჩემს სოფიაზე...როგორ იყო?ვინ ჰყავდა ახლა?ვინ ჩაეხუტებოდა?ვინ ეტყოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა?მერე დეტალებიც გავიგე...დეტალები, რომლებიც დღემდე არ მასვენებს.იმ საღამოს სოფია ადრე დაბრუნებულა სახლში...დედას ეძახდა...პასუხი არავინ გასცა...თავიდან არაფერი უფიქრია. ასეთი რამ ადრეც მომხდარა... ზოგჯერ დედას მთელი დღე ეძინა...მაგრამ იმ დღეს რაღაც განსხვავებული ყოფილა...სიჩუმე...უცნაური, მძიმე სიჩუმე...სოფია ოთახში შესულა...დედა საწოლზე იწვა.არ ინძრეოდა...არ სუნთქავდა...სოფიას თავიდან სჯეროდა, რომ ეძინა...ეძახდა...აღვიძებდა... ხელებს უჭერდა...ტიროდა...ეხვეწებოდა...მაგრამ უკვე გვიანი ყოფილა...ქალი, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა...რომელიც მიუხედავად ყველაფრისა მაინც უყვარდა, უკვე წასული იყო...მოგვიანებით მითხრეს, რომ სოფიას დედა უკვე გაციებული ყოფილა...ეს სიტყვები რომ გავიგე, გულში რაღაც ჩამწყდა...ვცდილობდი წარმომედგინა, რას გრძნობდა იმ წუთებში...როგორ უყურებდა ადამიანს, რომლის გადარჩენასაც მთელი ცხოვრება ცდილობდა...ადამიანს, რომელსაც ბრაზის ნაცვლად ყოველთვის პატიობდა...ადამიანს, რომლის ფხიზლად ნახვაზე ოცნებობდა...და რომელიც ახლა ვეღარასოდეს გაიღვიძებდა....ყველაზე მეტად ერთი რამ მტკივა...სოფიას დედა არასოდეს შეუძულებია...ბოლო დღემდე უყვარდა...ბოლო დღემდე სჯეროდა, რომ ერთ დილას ყველაფერი შეიცვლებოდა...რომ დედა გაიღვიძებდა, გაუღიმებდა და ეტყოდა:„დავბრუნდი, შვილო“...მაგრამ ეს დღე არასოდეს დადგა...და ასე დარჩა სოფია სრულიად მარტო...მამა, რომელმაც წლების წინ მიატოვა...დედა, რომელიც სიკვდილმა წაართვა...და ოცნებები, რომლებსაც ისევ ორივე ხელით ეჭიდებოდა...იმ დღეებში ხშირად ვფიქრობდი, რამდენად უსამართლოა ცხოვრება...რატომ ხდება, რომ ყველაზე მძიმე ტვირთი ზოგჯერ ყველაზე პატარა მხრებს აწვება?მაგრამ სოფია ხომ ყოველთვის სხვანაირი იყო.მაშინაც კი, როცა მთელი სამყარო თავზე ენგრეოდა, ის მაინც დგებოდა.და მე ვიცოდი, რომ ერთ დღეს ფორტეპიანოსთან აუცილებლად დაბრუნდებოდა.არა იმიტომ, რომ ტკივილი გაქრებოდა.არამედ იმიტომ, რომ მუსიკა ერთადერთი ადგილი იყო, სადაც მისი გატეხილი გული ჯერ კიდევ სუნთქვას შეძლედა...მაგრამ იმ დღის მერე სოფიას ფორტეპიანო შეძულდა...და სწორედ მაშინ შევხვდი ისევ...როცა დავინახე, თავიდან ვერ ვიცანი...ჩემი ნაზი, ლამაზი მეგობარი ისე შეცვლილიყო, თითქოს დრო მის წინააღმდეგ განსაკუთრებით სასტიკად მოქცეულიყო. სახე გამხდარი ჰქონდა, თვალები — ჩაწითლებული და ჩაღრმავებული. თითქოს ძვლები სახეზე თავისუფლად ჩანდა და ყველა მათგანს დაითვლიდით. ღიმილიც კი სადღაც დაკარგვოდა.მხოლოდ მაშინ, როცა დამინახა და ოდნავ გაეღიმა, მივხვდი — ეს ისევ სოფია იყო.
- სოფია… - ძლივს ვთქვი. - ეს შენ ხარ? - მხრებში ჩაეშვა.
- მგონი კი… - ჩუმად თქვა.რამდენიმე წამი ერთმანეთს ვუყურებდით. თითქოს არც ერთმა არ ვიცოდით, საიდან დაგვეწყო.
- რატომ გაქრი ასე? - ვკითხე ბოლოს.თვალები დახარა.
- არ გავმქრალვარ… უბრალოდ აღარ ვარ ის, ვინც ადრე ვიყავი.
- შენ ისევ ჩემი სოფია ხარ. - მწარედ გაეღიმა.
- არა… ის სოფია, რომელიც ფორტეპიანოსთან იჯდა და ელოდა, რომ დედა მოვიდოდა… აღარ არსებობს. - ყელში რაღაც მომაწვა.
- არ უნდა შეწყვიტო ცხოვრება იმის გამო, რაც მოხდა…
- და როგორ უნდა გავაგრძელო? - უცებ ამომხედა. - როცა სახლში მისულს აღარავინ მხვდება? როცა ოთახში სიჩუმეა? - გავჩუმდი.ის განაგრძობდა, უფრო მშვიდად, მაგრამ მძიმე ხმით:
- ფორტეპიანოს რომ ვუყურებ, მხოლოდ ის მახსენდება, რომ მასზე მხოლოდ მისთვის ვუკრავდი… და ახლა ის აღარ დაბრუნდება მოსასმენად.
- სოფია…
- იცი, რა არის ყველაზე ცუდი? - შემაწყვეტინა. - ის, რომ მენატრება მაშინაც კი, როცა ვიცი, რომ არ უნდა მენატრებოდეს.მისი ხმა ბოლოს თითქმის ჩურჩულად იქცა.
- ზოგჯერ მგონია, რომ თუ არ დავუკრავ, თითქოს საერთოდ გაქრება მისი აჩრდილი და ასე ცუდად აღარ ვიქნები... - სიჩუმე ჩამოწვა.ვერაფერი ვუთხარი ისეთი, რაც მის ტკივილს გააქრობდა.
- და ახლა? - ვკითხე ბოლოს. - რას აპირებ? - სოფია შორს გაიხედა.
- არ ვიცი… - თქვა ნელა. - უბრალოდ ვცდილობ, არ დამავიწყდეს, როგორ ვსუნთქავდი ადრე.- შემდეგ წამით გაჩერდა და დაამატა:
- მაგრამ სიმართლე გითხრა… ზოგჯერ მგონია, რომ მეც მასთან ერთად დავრჩი იმ ოთახში. - ეს სიტყვები ყველაზე მძიმე იყო.იმ წუთში მივხვდი, რომ სოფია არ იყო უბრალოდ მეგობარი, რომელიც დაკარგულს გლოვობდა.ის თავადაც რაღაც ნაწილით იქ დარჩა - დედასთან, ფორტეპიანოსთან, იმ ცხოვრებასთან, რომელიც ერთ დღეს უბრალოდ დაინგრა.
და შენ რას იტყვი, მკითხველო?შეძლებდი სოფიას ადგილას სუნთქვას?შეძლებდი ყოველდღე გაღვიძებას იმ იმედით, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა, როცა ცხოვრება გამუდმებით საპირისპიროს გიმტკიცებს?შეძლებდი პატიებას?იმ ადამიანების სიყვარულს, რომლებმაც ყველაზე დიდი ტკივილი მოგაყენეს?გიფიქრია, რამდენი სოფია არსებობს ჩვენს გარშემო?რამდენი ბავშვი დადის ჩვენს ქუჩებში, ზის ჩვენს გვერდით კლასში, გვიღიმის, გველაპარაკება, მაგრამ გულში ისეთ ტკივილს ატარებს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით?რამდენი ბავშვი ელოდება მშობლის ზარს, რომელიც არასოდეს რეკავს?რამდენი ბავშვი ბრუნდება სახლში, სადაც სიყვარული აღარ ცხოვრობს?რამდენი ბავშვია იძულებული ძალიან ადრე გაიზარდოს?ჩვენ ხშირად მხოლოდ ღიმილს ვხედავთ...ვერ ვხედავთ უძილო ღამეებს...ვერ ვხედავთ ცრემლებს, რომლებიც ბალიშზე რჩება...ვერ ვხედავთ ბრძოლებს, რომლებიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს...სოფია მხოლოდ ერთი გოგოს ისტორია არ არის...სოფია იმ ბავშვების სახეა, რომლებმაც ბავშვობა დაკარგეს, მაგრამ ადამიანობა შეინარჩუნეს...იმ ბავშვების, რომლებიც ყოველდღე იბრძვიან და მაინც პოულობენ ძალას, რომ გაიღიმონ...ამიტომ, სანამ ვინმეს ცხოვრებას ერთი შეხედვით შეაფასებთ, გახსოვდეთ:ყველაზე ბედნიერი ღიმილის უკანაც შეიძლება იმალებოდეს ისტორია, რომელსაც ვერასოდეს წარმოიდგენდით.იქნებ სწორედ თქვენს გვერდით ზის ახლა ვიღაც, ვისაც ყველაზე მეტად არა რჩევა, არამედ ერთი კეთილი სიტყვა, ერთი ჩახუტება და ერთი ადამიანი სჭირდება, რომელიც მოუსმენს.და თუ ამის შემდეგ სოფიაზე დაფიქრდით, თუ ერთხელ მაინც მოავლეთ თვალი თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს უფრო ყურადღებით, მაშინ მისი ისტორია ამაოდ არ მოყოლილა...რადგან ზოგჯერ ერთი ადამიანის გადარჩენა სწორედ იმით იწყება, რომ ვიღაცამ მისი ტკივილი დაინახა.მოეფერეთ თქვენს სოფიებს...რადგან მათ სჭირდებით.ზოგჯერ იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგიდგენიათ.მათ არ სჭირდებათ სასწაული, ძვირადღირებული საჩუქრები ან ხმამაღალი დაპირებები.ხშირად მხოლოდ ერთი სიტყვაც ჰყოფნით...ერთი გულწრფელი „როგორ ხარ?“...ერთი ყურადღებით მოსმენილი ისტორია...ერთი ჩახუტება...რადგან ზოგჯერ ერთი ჩახუტებაც საკმარისია, რომ გულში ფერადი ბაღნარი აყვავდეს...იმ გულში, სადაც აქამდე მხოლოდ სიჩუმე, მონატრება და ტკივილი ცხოვრობდა...საკმარისია ერთი კეთილი სიტყვა, რომ ადამიანს ფრთები შეასხა...საკმარისია ერთი გაწვდილი ხელი, რომ კიდევ ერთხელ მოუნდეს ბრძოლა...ბრძოლა საკუთარი თავისთვის...ოცნებებისთვის...ხვალინდელი დღისთვის...ამიტომ მოეფერეთ თქვენს სოფიებს...მოეფერეთ მათ, ვინც ჩუმად იტანჯება...მოეფერეთ, სანამ გვიან არ არის...და იქნებ სწორედ თქვენ იყოთ ის ადამიანი, რომელიც მის გულში ჩამქრალ სინათლეს ისევ აანთებს...გულში ჩაიხუტეთ, ვიდრე დანებებულან...ვიდრე ცხოვრების სიმძიმეს მათში უკანასკნელი იმედიც ჩაუქრია...ვიდრე მარტოობას შეეგუებიან...და იქნებ სწორედ მაშინ აყვავდეს მათ გულში ის ფერადი ბაღნარი, რომელსაც ასე დიდი ხანია ელოდებიან...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent